вторник, 10 августа 2021 г.

კარდინალ რიშელიეს დიპლომატია (თ. პაპასქირი)

არმან ჟან დიუ პლესი კარდინალი დე რიშელიე გამოჩენილი ფიგურაა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში. მან პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის ჰეგემონობას ევროპაში და ბოლო მოუღო ჰაბსბურგების ძლიერებას. სწორედ რიშელიეს შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ განაპირობა საფრანგეთის გამარჯვება 30-წლიან ომში და შემოუერთა მას მეტად მნიშვნელოვანი ტერიტორიები.
რიშელიე არცთუ ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო. მამამისმა სახელი იმით „გაითქვა“, რომ თავისი ძმის მკვლელი დუელში კი არ გამოიწვია, არაედ საფრიდან მოკლა, რის შემდეგაც პოლონეთში გაიქცა ანრი ვალუასთან (იმ პერიოდში პოლონეთის მეფესთან, მომავალში საფრანგეთის მეფე ანრი III). შემდგომში ის ანრი IV-ის მრჩეველიც გახდა, მაგრამ ნაადრევად გარდაიცვალა. რიშელიეს სულაც არ იზიდავდა სასულიერო კარიერა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოუწია, ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე, აბატად გახდომა (რიშელიეს საგვარეულოს ეკუთვნოდა ლიუსონის საეპისკოპოსო, რომლის ეპისკოპოსიც უნდა ყოფილიყო რიშელიეს უფროსი ძმა /საერთოდ შუათანა/, მაგრამ მან მოულოდნელად უარი თქვა სასულიერო კარიერაზე და ცოლი მოიყვანა), რათა ოჯახს არ დაეკარგა 2 ათ. ლივრი წლიური შემოსავალი. რიშელიეს საეკლესიო კარიერა ძალიან სწრაფი აღმოჩნდა. უკვე 21 წლის ასაკში ის გახდა ლუსონის ეპისკოპოსი, რაც საეკლესიო წესების დარღვევა იყო _ 23 წლამდე ეპისკოპად კურთხევა არ შეიძლებოდა (რიშელიემ უბრალოდ მოატყუა რომის პაპი პავლე V და მხოლოდ ეპისკოპოსის რანგში აყვანის შემდეგ გაუმხილა მან პაპს თავისი ნამ¬დ¬ვი¬ლი ასაკი და შენდობა ითხოვა, რაც მიიღო კიდეც. პაპმა შორსმჭვრეტელურად განაცხადა: ეს ყმაწვილი შორს წავაო).
საფრანგეთის სამეფო კარზე რიშელიე წინსვლას ანრი IV-ის წყალობით ელოდა. მეფემაც შეამჩნია ნიჭიერი ახალგაზრდა ეპისკოპოსი, მაგრამ ანრი IV-ის მკვლელობამ ხელი შეუშალა რიშელიეს კარიერის განვითარებას. რიშელიე იმდენად პატივმოყვარე იყო, რომ მან მაინც მოახერხა სამეფო კარზე მოხვედრა, თუმცა ის შეცდა მფარველის შერჩევაში. ის გახდა დედა-დედოფლის მარია მედიჩის პირადი აღმსარებელი და დედოფალიც სულ უფრო ენდობოდა მას, მაგრამ ლუი XIII-მ მოახდინა გადატრიალება, მოაკვლევინა მარშალი დ’ანკრი (დედოფლის საყვარელი კონჩინო კონჩინი) და თავად აიღო ძალაუფლება ხელში (უფრო სწორად, ხელისუფლება ხელთ იგდეს მისმა ფავორიტებმა, პირველ რიგში, ალბერ დე ლუინმა). მარია მედიჩი გააძევეს კარიდან, ხოლო მისი მომხრეები, მათ შორის, ლუსონის ეპისკოპოსი, შერისხეს.
რიშელიეს საკმაო ხანი დასჭირდა, რათა მეფეს კეთილი თვალით შეეხედა მისთვის. ლუი XIII არ ენდობოდა დედამისის ყოფილ მომხრეებს, მაგრამ რიშელიემ მაინც მოახერხა გავლენიანი მფარველების გაჩენა სამეფო კარზე და თვითონაც ყოველმხრივ სცადა მეფის კეთილგანწყობის მოპოვება. ბოლოს და ბოლოს, ლუი XIII გატყდა და 1622წ. ლუსონის ეპისკოპოსისათვის კარდინალის ჩაჩი სთხოვა რომის პაპს ურბან VIII-ს. კარდინალად დანიშნული რიშელიე სულ მალე მეფის მარჯვენა ხელად იქცა და და 1624წ. დაინიშნა პირველ მინისტრად. დაიწყო 18-წლიანი პერიოდი, როდესაც საფრანგეთს ფაქტობრივად მართავდა რიშელიე.
თავის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში რიშელიე ანრი IV-ის კურსის გამგრძელებელი იყო. რიშელიე სავსებით ნათლად ხედავდა საფრანგეთის საზღვარს მდ. რაინზე და სწორედ ეს იყო მისი მიზანი, მაგრამ მანამდე საფრანგეთში ისევ დასაწყობი იყო შინაპოლიტიკური სიტუაცია. მარია მედიჩის 7-წლიანმა რეგენტობამ და მეორე 7-მა წელმა, როდესაც ქვეყანას ლუი XIII-ის ფავორიტები მართავდნენ, საფრანგეთი მრავალი წლით უკან დახია. ზოგიერთი დიდგვაროვანი ფეოდალი ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, ჰუგენოტები კი ლამის სახელმწიფოდ სახელმწიფოში იქცნენ. გართულდა საგარეოპოლიტიკური მდგომარეობაც. 1618წ. დაიწყო 30-წლიანი ომი და იმპერიამ მის პირველ ეტაპზე დიდ წარმატებებს მიაღწია. იმპერატორ ფერდინანდ II-ს სულ ცოტა აკლდა, რომ საბოლოოდ დაემორჩილებინა გერმანია. ეს იქნებოდა უძლიერესი დარტყმა საფრანგეთისათვის, რომელიც მთლიანად ჰაბსბურგების სამფლობელოებით იქნებოდა გარშემორტყმული. რიშელიე გრძნობდა, რომ თუ ეს მოხდებოდა, მაშინ საფრანგეთი უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. 1624წ. პროტესტანტების მხარეზე და იმპერიის წინააღმდეგ ომში ჩართვა საფრანგეთს არ შეეძლო. ჯერ საჭირო იყო ქვეყნის დაწყობა. ამიტომ რიშელიემ დაიწყო ე.წ. „პისტოლების დიპლომატიის“ გატარება (პისტოლი იყო ფულის ერთეული საფრანგეთში და უდრიდა 10 ლივრს). მან სცადა ისეთი მოკავშირის მოძებნა, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჩაებმებოდა ომში იმპერიის წინააღმდეგ. ასეთი მოკავშირე აღმოჩნდა დანია, რომელმაც სუბსიდიები მიიღო ინგლისისა და ნიდერლანდებისაგან. 1625 წელს დანია ომში ჩაება და რიშელიემ შვებით ამოისუნთქა. მან მთელი ყურადღება ჰუგენოტებს მიაპყრო და გაანადგურა ისინი. 1628წ. ლაროშელის აღებით მან მოსპო სახელმწიფო სახელმწიფოში, თუმცა დამარცხებულ ჰუგენოტებს ის ლმობიერად მოექცა და აღმსარებლობის უფლება შეუნარჩუნა (1629წ. „წყალობის ზავი“).
ამასობაში იმპერიამ დანიასაც მოუღო ბოლო და 1629წ. ლიუბეკის ზავით ომიდან გამოთიშა. რიშელიემ ისევ ჩათვალა, რომ ფრანგული არმია ჯერაც არ იყო საომრად მზად და კვლავ „სხვისი ხელებით ომის“ პოლიტიკა არჩია. მან გააგზავნა თავისი საუკეთესო დიპლომატები (ფანკანი, შარნასე და ა.შ.) გერმანიაში, რათა უზრუნველეყო პროტესტანტული სამთავროების მხარდაჭერა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბაიერნის მომხრობა, რაც მოხერხდა კიდეც რიშელიეს მარჯვენა ხელის, კაპუცინი ბერის ჟოზეფის (ფრანსუა ლეკლერ /ჟოზეფ/ დიუ ტრამბლე, მეტსახელად „რუხი კარდინალი“. აქედან წამოვიდა კიდეც ტერმინი „რუხი კარდინალი“). თუმცა რიშელიეს მთავარ წარმატებად იქცა მორიგება შვედეთთან. მან ფული გადაუხადა შვედეთის მეფე გუსტავ-ადოლფს (ყოველწლიურად 1 მლნ. ლივრი, სანამ შვედეთი იომებდა იმპერიის წინააღმდეგ), რომელიც 1630წ. ჩაება ომში და რამდენიმე სასტიკი მარცხი აგემა იმპერიას. 1632წ. გუსტავ-ადოლფი ლიუტცენის ბრძოლაში დაიღუპა (ბრძოლა მაინც შვედებმა მოიგეს) და სიტუაციაც შეიცვალა. იმპერიამ კვლავ იძალა. 1635წ. პრაღის ზავით პრაქტიკულად ყველა პროტესტანტულმა სამთავრომ სცნო იმპერატორის ძალაუფლება.
რიშელიემ, რომელიც ჰუგენოტების მერე ყველა დიდებულს გაუსწორდა (ყველაზე ცნობილი მათგანი _ ანრი დე მონმორანსი სიკვდილითაც კი დაასჯევინა), ბოლოსდაბოლოს, საჭიროდ ჩათვალა უშუალოდ ომში ჩაბმა და 1635წ. აპრილში კომპიენში გააფორმა შეთანხმება შვედეთთან იმპერიის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი მოქმედებების შესახებ. საფრანგეთ-შვედეთის კავშირს შეუერთდნენ ვენეცია, სავოია და გაერთიანებულ პროვინციათა რესპუბლიკა. 1635წ. 19 მაისს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ესპანეთს, შემდეგ კი უკვე გერმანული ერების საღვთო რომის იმპერიასაც. დაიწყო 30-წლიანი ომის ბოლო _ IV ეტაპი, რომლის დასაწყისშიც ფრანგებს უმძიმესი ბრძოლები გადახდათ. 3 წლის განმავლობაში ესპანელები საფრანგეთის ტერიტორიაზე იდგნენ, 1636წ. კი პარიზსაც დაემუქრნენ, მაგრამ შემდეგ უპირატესობა საბოლოოდ გადავიდა ფრანგების ხელში. მათ გადაიტანეს ომი იმპერიისა და ესპანეთის მიწებზე, დაიკავეს ლოთარინგია, ესპანური ნიდერლანდების ნაწილი.
დამარცხებებს ესპანეთში არეულობაც მოჰყვა. 1639წ. დაიწყო აჯანყება კატალონიაში, რასაც რიშელიემ უმალ დაუჭირა მხარი. ხოლო როდესაც ესპანეთის ფაქტობრივმა მმართველმა ჰერცოგმა ოლივარესმა კატალონელების აჯანყების წინააღმდეგ პორტუგალიელების გამოყენების გეგმა შეიმუშავა, უკვე თავად პორტუგალიის ჯერი დადგა. რიშელიეს აგენტებმა შეძლეს პორტუგალიაში აჯანყების ინსპირირება (პორტუგალია 1580 წლიდან ესპანეთის მიერ იყო დაპყრობილი), რის შედეგადაც პორტუგალიამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ხოლო მისმა მეფემ ჟუან IV ბრაგანსამ სასწრაფოდ გააფორმა ხელშეკრულება საფრანგეთთან. კატალონელებთან კავშირში კი ფრანგულმა ჯარებმა გაათავისუფლეს რუსიიონი. ომის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნა 1642წ. ნოემბერში, როდესაც შვედებმა ლენარტ ტორსტენსენის მეთაურობით გაანადგურეს იმპერიის ჯარები ბრეიტენფელდის მეორე ბრძოლაში, თუმცა რიშელიე თავად ვერ მოესწრო ომის დასრულებას _ ის 1642წ. 4 დეკემბერს გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მემკვიდრემ _ კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ ვესტფალიის ზავით მიაღწია გამარჯვებას ამ ომში და საფრანგეთიც უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია ევროპაში.
გადმოცემის თანახმად, რიშელიემ სიკვდილის წინ განაცხადა: „მე მტრები არ მყავდა, ჩემი მტრები სახელმწიფოს მტრები იყვნენ“. სწორედ რიშელიე აღმოჩნდა პირველი მმართველი, რომელმაც ყველაზე მაღლა სახელმწიფო ინტერესი დააყენა. მის კრედოს დიპლომატიაში წარმოადგენდა მოლაპარაკებების წარმოება. მისი მტკიცებით, დიპლომატიაში უმთავრესი სწორედ მოლაპარაკებების წარმოება იყო და ისინი უნდა ეწარმოებინათ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომის დროს. თვით ისეთი მოლაპარაკებებიც კი, რომლებიც წარუმატებლად სრულდებოდა, რიშელიეს სასარგებლოდ მიაჩნდა, რადგანაც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა და მათი მწარმოებელი გაფრთხილებული იყო ყველაფერ იმის შესახებ, რაც ხდებოდა მსოფლიოში. ამავე დროს, ის მეტად ფაქიზად ეპყრობოდა კავშირების დადების საკითხს. რიშელიეს მიაჩნდა, რომ საშიშროების შემთხვევაში ნებისმიერი კავშირი კანონიერი იყო. ამასთან, ის ხაზს უსვამდა, რომ კავშირის დადების შემდეგ აუცილებელი იყო მისი დაცვა: „კავშირებს ისევე უნდა სცე პატივი, როგორც რელიგიას“.
რიშელიემ უდიდეს წარმატებებს მიაღწია საგარეოპოლიტიკურ არენაზე, მოახერხა საფრანგეთში ხელისუფლების საბოლოოდ ცენტრალიზება მეფის ხელში, მაგრამ ყოველივე ეს პიროვნულად მეტად ძვირად დაუჯდა. ის პრაქტიკულად არავის არ უყვარდა სახელმწიფოში. არისტოკრატები მას ვერ იტანდნენ, რადგანაც რიშელიე მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა მათ თვითნებობას და დამოუკიდებლობას, უბრალო ხალხში რიშელიე ძალზე არაპოპულარული იყო მის მიერ დაწესებული მაღალი გადასახადების გამო. ყოველივე ეს იმაში გამოიხატა, რომ რიშელიეს სიკვდილიდან 150 წლის შემდეგაც კი მისი სახელი საძულველი იყო საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. სწორედ ამიტომ საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში მისი აკლდამა გაძარცვული იქნა, ხოლო მისი ნეშტიდან გადარჩა მხოლოდ თავი (გადაარჩინა ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა, რომელსაც ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა) და ერთი თითი (თითი ბეჭდიანად ერთ-ერთმა მძარცველმა წაიღო, წლების შემდეგ კი მისმა ოჯახმა დააბრუნა, ოღონდ, რასაკვირველია, ბეჭდის გარეშე). რიშელიეს აკლდამა ხელახლა იქნა დარბეული 1968წ. ამბოხებული სტუდენტების მიერ, თუმცა ამჯერად ამ აქციას მხოლოდ რიშელიეს პორტრეტი შეეწირა (სტუდენტებს რიშელიე თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მოღვაწედ მიაჩნდა). მიუხედავად ამგვარი ექსცესებისა, რომელიც ძირითადად გაუნათლებელი ბრბოს მიერ იყო ჩადენილი, მოაზროვნე ფრანგები ყოველთვის პატივს სცემდნენ კარდინალ რიშელიეს, ადამიანს, რომელმაც საფრანგეთი აქცია ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, თუმცა ამისთვის მას, კათოლიკე კარდინალს, მოუწია კათოლიკური სახელმწიფოების წინააღმდეგ პროტესტანტებთან ერთად ბრძოლა. ალბათ სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ რომის პაპმა ურბან VIII-მ, რიშელიეს სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ განაცხადა: თუ ღმერთი არსებობს, მაშინ რიშელიეს ბევრ რამეზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ თუ არ არსებობს, მაშინ მისი ცხოვრება მეტად იღბლიანი იყოო.
* * *
იყო შემთხვევები, როდესაც კარდინალი რიშელიე თავს უფლებას აძლევდა, თვით მეფეც კი გაეკრიტიკებინა, მაგრამ ამ კრიტიკას იგი იშვიათი ოსტატობით, მონარქისადმი ერთგულებისა და მისი უფრო მეტი განდიდების საბურველში გახვეულს წარმოაჩენდა.სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 1629 წლის იანვარში, როდესაც კარდინალმა დედა-დედოფლისა და მეფის პირადი მოძღვრის, მამა სიუფრენის თანდასწრებით, კრიტიკის ქარცეცხლში გახვია ლუი XIII, მაგრამ ეს იშვიათი სიფაქიზითა და წინდახედულობით გააკეთა. რიშელიემ ჯერ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები წარუდგინა მეფეს, იქვე აღნიშნა, რომ მათი სულისჩამდგმელი თავად მონარქი ბრძანდებოდა, მაგრამ დასძინა, რომ მათი განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი მისი უდიდებულესობა საკუთარ ხასიათში არსებულ მრავალრიცხოვან მანკიერებას აღმოფხვრიდა! კარდინალმა ჩამოთვალა ეს მანკიერი თვისებები: ეჭვიანობა, შური, სულსწრაფობა, წუთიერი კაპრიზების აყოლა. რიშელიემ მოუწოდა მეფეს, რომ მუდმივად ჯიბრში არ ჩასდგომოდა თავის უმცროს ძმას, უფლისწულ გასტონს. სასურველი იყო, რომ მეფეს დაეთმო ძმისთვის მაშინ, როდესაც ეს დათმობა ხიფათს არ შეუქმნიდა სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა, მისი დათმობა დაუშვებელი იქნებოდა მაშინ, თუკი იგი მეფის ღირსებისა და მისი ძალაუფლების შელახვას გამოიწვევდა.
ამ კრიტიკის დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო მისი ბოლო მონაკვეთი, რომელშიც რიშელიემ იშვიათი ოსტატობით გადააჭდო ერთმანეთს მენტორის დარიგება და მორჩილი კარისკაცის ერთგულება. „მეფემ ან თავად უნდა მართოს სახელმწიფო, ანდა ისეთ პირს გადააბაროს, ვისაც უპირობოდ ენდობა. ხოლო ეჭვიანობა ასეთი პირის მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა შური საკუთარი აჩრდილისადმი, რაც ზიანს აყენებს მეფის სიდიადეს. იგი ხომ მზეა, მის გარშემო მყოფნი კი მხოლოდ პლანეტები არიან, რომლებიც მხოლოდ მისი ბრწყინვალებით არიან გასხივოსნებულნი. განა ეკადრება მზეს, რომ მათი შურდეს?“ - დაასკვნა კარდინალმა.
რიშელიე შეაგონებდა მეფეს, კეთილგანწყობა გამოეხატა უფლისწულებისა და კარისკაცებისადმი. იმავე დროს, იგი გამუდმებით ახსენებდა მეფეს, აღეკვეთა სამეფო კარზე შავი ჭირივით მოდებული ცილისწამება და ჩირქის მოცხება. იგი დაჟინებით სთხოვდა მას, მკაცრად დაესაჯა დამსმენები და ცილისმწამელები, რომლებიც ჩირქს სცხებდნენ მეფის ერთგულ ადამიანებს. აქ რიშელიე, გარკვეულწილად, თავსაც იზღვევდა. სასახლის კარზე ბევრი უთხრიდა მას ძირს და ცდილობდა მის გზიდან ჩამოცილებას. „მეფეს არ ეკადრება დაივიწყოს იმათი დამსახურება, ვისაც მისთვის კარგი სამსახური გაუწევია, - ამბობდა რიშელიე და იქვე ამატებდა, - კარგი საქმის სანახევროდ მხარდაჭერა არ ივარგებს“. აქ კარდინალი გულისხმობდა ახალ, მიმზიდველ წინადადებებსა და პროექტებს. ამგვარი წამოწყებების ბოლომდე მხარდაჭერა იყო საჭირო.დაუშვებელი იყო მათი შუა გზაზე გაჩერება.
ამ კრიტიკულ დარიგებაში რიშელიე დაჟინებით შეაგონებდა მეფეს, დაუნდობელი ყოფილიყო მათ მიმართ, ვინც კანონს დაარღვევდა. ამ მომენტთან დაკავშირებულია ძალზე საინტერესო მსჯელობა, რომელიც ეხება კანონიერებას, უზენაესის მიერ მეფისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობის ფილოსოფიურ, ზნეობრივ მხარეს. დანაშაული, რიშელიეს თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს! მონარქი, რომელიც ღვთით ბოძებულ ძალაუფლებას არ იყენებს და დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს, უდიდეს ცოდვას სჩადის! თავად მეფე უცოდველ ცხოვრებას უნდა მისდევდეს, მაგრამ მას მაინც ვერ ასცდება ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამება, თუკი შესაბამისი სიმკაცრით არ შეასრულებს მისთვის უფლის მიერ ბოძებულ სასჯელის დაკისრების ვალდებულებას. სამართლის განჩინება მიუკერძოებელი უნდა იყოს. გამონაკლისები დაუშვებელია. დამნაშავე კანონის სრული მოთხოვნით უნდა დაისაჯოს!
მაგრამ, რიშელიეს თქმით, მეფეს არც წახალისება უნდა ავიწყდებოდეს. მეფე გულუხვი უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც თავისი ერთგულებით, ღვაწლითა და დამსახურებით ტახტისა და სახელმწიფოს წინაშე, ამის ღირსია. მეფეს, ეუბნებოდა მონარქს რიშელიე, არ უნდა გაუვარდეს მხოლოდ ძუნწისა და მკაცრის სახელი.
ყოველივე ზემოთ ხსენებული გვიდასტურებს, რომ გამჭრიახ კარდინალს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი მონარქის პიროვნება. პირველი მინისტრი, იმავდროულად, შესანიშნავი ფსიქოლოგიც გამოდგა! და ბოლოს, რათა შეერბილებინა თავისი ზოგიერთი მკაცრი გამოთქმა და სრულად გაენეიტრალებინა მეფის სავარაუდო გულისწყრომა, კარდინალმა თავისი ნოტაცია მონანიებით დაასრულა, რომელშიც გააცამტვერა საკუთარი თავი, როგორც ურიცხვი ცოდვებისა და მანკიერების მატარებელმა! მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მძიმე ტვირთის ტარება უხდებოდა მას, სუსტი ჯანმრთელობის მქონეს, რა მძიმე იყო ურიცხვ და ურთულეს სახელმწიფო საქმეებთან გამკლავება. რიშელიემ მოწიწებით სთხოვა მონარქს, უფლება მიეცა მისთვის გადამდგარიყო, სწორედ მაშინ, როცა მეფეს ჯერ კიდევ სჯეროდა მისი, ვინაიდან მეფისა და დედა-დედოფლის ნდობა, როგორც კარდინალმა თავად აღნიშნა, მისთვის უდიდესი ჯილდო იყო.
რიშელიეს გათვლა უზადო გამოდგა! მეფემ არა მარტო დინჯად და ყურადღებით მოუსმინა კარდინალს, არამედ დაუდასტურა კიდეც, რომ აუცილებლად ყურად იღებდა მის რჩევა-დარიგებებს,ხოლო რაც შეეხება პირველი მინისტრის გადადგომას, ამაზე, მისი აზრით, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო!
ამგვარად, რიშელიემ თავისი მჭევრმეტყველებისა და გამჭრიახობის წყალობით მორიგ ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია.


Комментариев нет:

Отправить комментарий