пятница, 13 августа 2021 г.

ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი (კ. ფიფია)

ძვ.წ. I ს. დასაწყისიდან რომის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა „აღმოსავლეთის საკითხი“. ტერიტორიული გაფართოებისაკენ კონცენტრირებული რომის გვიანდელი რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი საზღვრების გაფართოების აგრესიული პოლიტიკა კულმინაციას ძვ.წ. I ს. 60-იან წლებში აღწევს, როდესაც პომპეუსის ძლევამოსილი ლაშქრობის შედეგად წინა აზიის ბევრი ქვეყანა რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. ამ დროიდან მახლობელ აღმოსავლეთში საფუძველი ეყრება ახალ საერთაშორისო-პოლიტიკურ წესრიგს _ სამხედრო ძალით განმტკიცებულ „რომაულ რეჟიმს“, ხოლო რომის აღმოსავლური პოლიტიკა საუკუნეების მანძილზე რეგიონის კულტურულ-პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი რომის აღმოსავლური პოლიტიკის ორბიტაში და პომპეუსის სამხედრო კამპანიის არეალში ძვ.წ. 65წ. მოექცა. პომპეუსმა კოლხეთი ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად გამოყო, ხოლო მისი ყოფილი მეტროპოლია _ პონტოს სამეფო, გაუქმებულად გამოაცხადა1. აპიანეს ცნობით, პომპეუსმა კოლხთა დინასტად არისტარქე დანიშნა2.
ძვ.წ. 48-47წწ. კოლხეთი ახალი ომების არენა გახდა. ბოსფორის მეფე ფარნაკემ, ისარგებლა რა კეისარსა და პომპეუსს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომით (ძვ.წ. 49-48წწ.), მოინდომა მამისეული სამეფოს რესტავრაცია. დიონ კასიოსის ცნობით, ფარნაკემ ადვილად დაიპყრო კოლხეთი, მცირე არმენია, კაპადოკიის ნაწილი და სხვ. ოლქები3. მაგრამ მალე, ალექსანდრიიდან დაბრუნებულმა კეისარმა ძვ.წ. 47წ. ზელასთან სასტიკად დაამარცხა ფარნაკე, რომელიც ბოსფორში გაიქცა. ფარნაკეს არყოფნაში ბოსფორში აჯანყდა მის მიერ მმართველად დატოვებული ასანდროსი, რომელთანაც ბრძოლაში ფარნაკე დაიღუპა. ასანდროსთან ბრძოლაში იღუპება კეისრის მიერ ბოსფორის მმართველად გაგზავნილი მითრიდატე პერგამონელიც4.
ფარნაკეს მიერ კოლხეთის დამორჩილება უბრძოლველად არ უნდა მომხდარიყო. როგორც სტრაბონის ცნობიდან ირკვევა5, ფარნაკეს, ხოლო შემდეგ კი მითრიდატე პერგამონელის, რომელიც ბოსფორისაკენ კოლხეთზე გავლით გაემართა, კოლხეთის ტერიტორიაზე გადაადგილებას მშვიდობიანი ხასიათი არ ჰქონია6. თუ რა ვითარება იყო კოლხეთში და ვინ იდგა მისი მმართველობის სათავეში მითრიდატე პერგამონელის დაღუპვის (ძვ.წ. 47წ.) შემდეგ, წყაროებში დაფიქსირებული არ არის და ჩვენთვის უცნობია. მოგვიანებით კი მას პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ვხედავთ. სტრაბონის ცნობით, „უკანასკნელად პოლემონს ჰქონდა კოლხიდა“.7 კოლხეთის პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შეყვანა, თვითონ ანულირებული პონტოს სამეფოს რესტავრაცია და პომპეუსის მიერ შექმნილი მმართველობის სისტემის შეცვლა დაკავშირებული იყო რომის აღმოსავლური პოლიტიკის რადიკალურ ტრანსფორმაციასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა „მეორე ტრიუმვირატის“ მმართველობის პერიოდში და რაც, საბოლოო ჯამში, იყო აღმოსავლეთში ორი ძლიერი პოლიტიკური ძალის _ რომისა და პართიის ურთიერთობის ახალ ფაზაში შესვლის შედეგი.
ძვ.წ. I ს. 50-იან წლებში რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში იწყება ახალი ეტაპი _ იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის კარდინალურ მიმართულებად იქცა პართიის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხი. სანამ პონტო და სომხეთი რომის მოწინააღმდეგეები იყვნენ, რომაული დიპლომატია ყოველმხრივ ცდილობდა, არ დაეშვა აღმოსავლეთის სახელმწიფოთა კოალიციისათვის პართიის სამეფოს მიმხრობა და იგი თავს პართიის მეგობრად ასაღებდა, მაგრამ, პონტოს სამეფოს განადგურების, ტიგრან II-ის „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადების შემდეგ პართია-რომს შორის ურთიერთობა გაუარესდა და გარდაუვალი იყო მათ შორის კონფლიქტი. რომისა და პართიის მშვიდობიანი თანაარსებობის ხანმოკლე პერიოდი დასრულდა ძვ.წ. 53წ., როდესაც კარასთან ბრძოლაში პართიელებმა პირწმინდად გაანადგურეს აღმოსავლეთის მმართველის, ტრიუმვირ მარკუს კრასუსის არმია.
პართიასა და რომს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელდა და ამ დაპირისპირების შედეგად აღმოსავლეთში შეიქმნა ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მახლობელი აღმოსავლეთის შემდგომ განვითარებაზე. ბრძოლა რომსა და პართიას შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰეგემონობისათვის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო აგრესიით, მებრძოლი მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას და მოწინააღმდეგე ქვეყნის საშინაო გართულებების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. რომისა და პართიის გარშემო იწყება აღმოსავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფების გაერთიანება.
რომის აღმოსავლური პოლიტიკისა და პართია-რომის ურთიერთობაში ამ ახალი ეტაპის დაწყება გახდა სწორედ აღმოსავლეთში პომპეუსის მიერ შექმნილი მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის მიზეზი.
ძვ.წ. 42 წ. რესპუბლიკელთა დამარცხების შემდეგ, ტრიუმვირებმა (ოქტავიანე, ანტონიუსი და ლეპიდუსი) გაინაწილეს პროვინციები. აღმოსავლეთი ანტონიუსს ერგო. იგი მაშინვე გაემართა აზიისაკენ და დაიწყო ენერგიული ზომების გატარება. ანტონიუსმა საკუთარი სურვილისამებრ შეცვალა მცირე აზიის პოლიტიკური რუკა. აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ანტონიუსმა უარი თქვა პომპეუსის მიერ შექმნილ მმართველობის სისტემაზე და ხელახლა აღადგინა მის მიერ გაუქმებული სამეფოები. მათ შორის აღდგენილ იქნა პონტოს სამეფოც. მის სათავეში ძვ.წ. 40 წ. დანიშნული ფარნაკეს შვილი დარიოსი მალევე შეცვალა კილიკიის ყოფილმა მმართველმა პოლემონ ლაოდიკელმა8. პონტოს სამეფოს ტახტზე ძველი დინასტიის ახლით შეცვლა, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა მითრიდატიდების სამეფო სახლთან, მიუთითებს, რომ პართია-რომის მომავალ დაპირისპირებაში ანტონიუსი არ ენდობოდა მითრიდატეს შვილიშვილ დარიოსს, პოლემონი კი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ანტიპართიული პოზიციით, უფრო მისაღები კანდიდატურა იყო ანტონიუსისათვის9. გარდა ამისა, ანტონიუსმა ღალატისათვის სიკვდილით დასაჯა კაპადოკიის მეფე არიარატე და მისი სამფლობელო არქელაოს კომაგენელს გადასცა10. პისიდიისა და ფრიგიის მმართველმა ამინტამ მიიღო გალატიის სამეფო, პაფლაგონია გადაეცა დინასტ დეიოტარ ფილადელფოსს11. სირიისა და კილიკიის დიდი ნაწილი კვიპროსთან და კირენასთან ერთად ანტონიუსმა ეგვიპტის სამეფოს შეუერთა12, ხოლო თავისი და კლეოპატრას შვილი _ ალექსანდრე ჰელიოსი, სომხეთისა და მიდიის მეფედ აკურთხა13.
პონტოს სამეფოს აღდგენის და ანტონიუსის მიერ გატარებული ღონისძიებების ძირითადი მიზანი იყო მცირე აზიისა და სირიის რომაული სამფლობელოების გარშემო მოკავშირე, „ბუფერული“ სამეფოების მტკიცე ზღუდის შექმნა და მისი მეშვეობით ძვ.წ. 40-იანი წლების ბოლოდან პართიელთა გახშირებული თავდასხმებისაგან თავის დაცვა14. რომის მოკავშირე მეფეები იღებდნენ საშინაო საქმეებში დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი მათი ჯარები იმპერიის განკარგულებაში იმყოფებოდნენ და მათ ეკისრებოდათ რომის აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების დაცვა15.
როგორც აღვნიშნეთ, კოლხეთი რომაელებმა პონტოს მეფე პოლემონს დაუქვემდებარეს, მაგრამ სტრაბონის ზემოთ მოყვანილი ცნობის16 გარდა, ანტიკურ წყაროებში არავითარი მინიშნება არ არის პონტო-კოლხეთის იმდროინდელი დამოკიდებულების შესახებ, რაც თავისთავად აძნელებს იმის დადგენას, თუ კონკრეტულად როდის უნდა მომხდარიყო კოლხეთის შესვლა პონტოს სამეფოს შემადგენლობაში. არსებობს მოსაზრება, რომ კოლხეთის პონტოს სამეფოს სისტემაში შეყვანას ადგილი უნდა ჰქონოდა ავგუსტუსის მმართველობის დროს17. თუმცა, იმ დროს აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოლხეთის შეერთება პონტოს სამეფოსთან ანტონიუსის დროს უნდა მომხდარიყო18, რადგანაც ანტონიუსს, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაგებდა აზიას, საეჭვოა, რომ უყურადღებოდ დაეტოვებინა კოლხეთი, რომელიც მითრიდატე პერგამონელის დაღუპვის შემდეგ უმმართველოდ დარჩა, რაც უცილობლად ქმნიდა ამ ქვეყნის დაკარგვის საფრთხეს19. ამასთან, კოლხეთის პოლემონისათვის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო არა ამ უკანასკნელის ტახტზე ასვლისთანავე, არამედ ცოტა მოგვიანებით, ვინაიდან პოლემონის გამეფებისთანავე დაიწყო ხანგრძლივი ომი პართიასთან, რომელიც ძვ.წ. 35 წლამდე გაგრძელდა. ამიტომაც ანტონიუსს ამ დროს არ ჰქონდა კოლხეთის საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ პოლემონი აქტიურად იბრძოდა რომაელების მხარეზე, ძვ.წ. 36 წ. კი იგი ანტონიუსის ტაქტიკური შეცდომის გამო ტყვედ ჩავარდა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში პართიელთა მოკავშირე მიდიელების ტყვეობაში იმყოფებოდა20. ცხადია, პოლემონის გარეშე ანტონიუსი არ შეეცდებოდა კოლხეთის საკითხის მოგვარებას21.
ძვ.წ. 35 წ. როდესაც ანტონიუსმა გადაწყვიტა სომხეთის დაპყრობა, მის მხარეზე გადავიდა მიდიის ატროპატენის მეფე, რომელიც უკმაყოფილო იყო სომხეთისა და პართიის დაახლოებით. მიდიასა და ანტონიუსს შორის გამართული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დიდი როლი ითამაშა მიდიელთა ტყვეობაში მყოფმა პოლემონმა, რომელმაც იკისრა ანტონიუსთან შუამავლობა და მოახერხა კიდეც ანტონიუსსა და მიდიის მეფეს შორის კავშირის დადება. გაწეული სამსახურისთვის ანტონიუსმა ძვ.წ. 35-33 წწ. პონტოს მეფეს ჯილდოდ გადასცა მცირე არმენია22. სწორედ ამ დროს უნდა მიეღო პოლემონს კოლხეთიც, რამდენადაც ეს ორი რაიონი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო საერთო საზღვრებით და ისტორიული ბედითაც23.
ამრიგად, კოლხეთი პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნა ძვ.წ. 35-33 წწ., ანტონიუსის მმართველობის პერიოდში. ანტონიუსის დროს პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში კოლხეთისა და მცირე არმენიის გარდა შედიოდა მდინარეების ლიკოსისა და ირისის აუზის მიწები, აღმოსავლეთ ფაზემონიტიდა, ამასია, ამისო, ფარნაკია და ტრაპეზუნტი შავიზღვისპირეთის ნაწილთან ერთად24.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მის მიერ შექმნილმა პოლემონიდური პონტოს სამეფომ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ახ.წ. 63 წლამდე იარსება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოლხეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
შენიშვნები
1. Aპპ., Mიტჰრ., 118; აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1959.
2. Aპპ., Mიტჰრ., 114.
3. Dიო ჩასს., XLII, 45, 1-3; დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა. თბ., 1966.
4. Aპპ., Mიტჰრ., 120; Dიო ჩასს., XLII, 45-48.
5. შტრაბო, XI, 2, 17; თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1957.
6. კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ.წ. I საუკუნე). _ „საისტორიო ძიებანი“, I, 1998, გვ. 24-25; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 121-124.
7. შტრაბო, XI, 2, 18.
8. Dიო ჩასს., XLIХ, 25.
9. С. Ю. Сапрыкин. Из истории Понтийского царства Полеменидов (По данным эпиграфики). – „Вестник древней истории“, 1993, №2, გვ. 27-29; С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство. М., 1996, გვ. 308.
10. Dიო ჩასს., XLIХ, 32.
11. Е. С. Голубцова. Северное Причерноморье и Рим на рубеже нашей эры. М., 1951, გვ. 74; თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ. Vოლ. X. ჩამბრიდგე, 1963, გვ. 34.
12. Т. Моммзен. История Рима. Т. V. М., 1949, გვ. 329.
13. Pლუტ., Aნტ., 54; Dიო ჩასს., XLIХ, 41.
14. С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, გვ. 308.
15. Е. С. Голубцова. Северное Причерноморье.., გვ. 74; Л. С. Ильинская. Римская экспансия в Малой Азии в конце республиканского периода (I в. до н.э.). Автореферат кандидатской диссертации. М., 1966, გვ. 15.
16.სტრაბო, XI, 2, 18.
17. М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат кандидатской дисертации. Тб., 1953, გვ. 12; М. П. Инадзе. Причерноморские города древней Колхиды. Тб., 1968, გვ. 240. 18. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 126; თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1995, გვ. 27; С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, გვ. 312-313. 19. Н. Ю. Ломоури. Восточное Причерноморье и Рим в I в. н.э. – Историко-филологические разыскания, I. Тб., 1980, გვ. 133; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 127. 20. Pლუტ., Aნტ., 38; Dიო ჩასს., XLIХ, 25. 21. თ. თოდუა. რომაული სამყარო.., გვ. 27-28; Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990, გვ. 75. 22. Dიო ჩასს., XLIХ, 33, 2 - 44, 3. 23. С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, გვ. 312-313. 24. С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, გვ. 310; D. Mაგიე. ღომან ღულე ინ Aსია Mინორ. Vოლ. I (თეხტ). Pრინცეტონ, Nჟ, 1950, გვ. 434-435.

Комментариев нет:

Отправить комментарий