ენტონი ჯენკინსონი იყო ინგლისელი დიპლომატი, ვაჭარი, მოგზაური და მეფის პირველი ელჩი რუსეთში. იგი 1557–1571 წლებში იყო რუსეთში როგორც მეფის ელჩად ან „მოსკოვის კომპანიის“ (დააარსეს ლონდონელმა ვაჭრებმა 1555 წ.) წარმომადგენლად. პირველი მისი მოგზაურობა იყო 1557 წელს რუსეთში; მეორე – 1558 წელს მოსკოვიდან ბუხარაში; მესამე – 1561 წლიდან 1564 წლამდე სპარსეთში და მეოთხე – 1571-1572 წლებში რუსეთში. აღნიშნული მოხსენება სწორედ მის სპარსეთში მოგზაურობას ეხება, რომელშიც საქართველოს ისტორიისათვის საჭირო ცნობები არის დაცული.
***
„ამომწურავი და მოკლე მოხსენება ენტონი ჯენკინსონის მოგზაურობისა ცნობილ ქალაქ ლონდონიდან სპარსეთის მიწაზე, რომელმაც ამ მოგზაურობისას გაიარა მთელი რუსეთი, მოსკოვია, კასპიის ზღვა ანუ ჰირკანიის მიდამოები. იქ გაგზავნილი იყო და ემსახურებოდა ვაჭარ-ავანტიურისტების ღირსეულ საზოგადოებას, რათა აღმოეჩინა მიწები, კუნძულები და სხვ. მოგზაურობა დაიწყო 1561 წლის 15 მაისს – მისი უდიდებულესობა დედოფლის ტახტზე ასვლიდან მესამე წელს. წინამადებარე დეკლარაცია მიმართულია და დაიწერა ზემოხსენებული საზოგადოებისათვის.
თავდაპირველად, გრეივსენდის ნავსადგურში, თქვენს ძვირფას გემში, სახელად „სვოლოიუ“-ში ჩავბარგდი, კარგი ამინდისა და ზურგის ქარის იმედად ავწიეთ ღუზა და მივენდეთ განგებას. ცურვისას ქარის მიმართულება ბევრჯერ შეიცვალა, ამიტომაც იძულებული ვიყავით გვეცვალა ხოლმე გეზი და სხვადასხვა კურსი მოგვესინჯა (აქ არ იქნება ჩამოთვლილი, იმიტომ, რომ ამის შესახებ უკვე ბრძანდებით ინფორმირებული). ზემონახსენები წელიწადის 14 ივლისს მე ჩავედი წმინდა ნიკოლოზის ყურეში, რუსეთში, და იმავე თვის 26 რიცხვში, მას შემდეგ, რაც მქონდა თათბირი იქ თქვენს აგენტებთან, რომელნიც განაგებენ თქვენი მოწყალების საქმიანობას, მე გამოვემგზავრე იქიდან,ვაგოს ქვეყნის გავლით. იმ დღიდან მოყოლებული, აგვისტოს მერვე დღეს მივედი ვოლოგდაში, რომელიც შვიდასი მილის მოშორებითაა კოლმოგროდან, სადაც მე დავრჩი ოთხი დღე, დავესწარი რა ერთ-ერთი თქვენი ნავის ჩამოსვლას, რომელიც დატვირთული იყო საიუველირო ნაწარმით სავსე სკივრითა და საჩუქრებით – რომელიც თქვენს ღირსებას მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის საჩუქრად ჰქონდა განკუთვნილი. [ნავის] ჩამოსვლისა და კიდობნის მიღების შემდეგ მე ამ ბარგით წამოვედი ქალაქ მოსკოვის მიმართულებით და მივაღწიე მას იმავე თვის [აგვისტოს] 20 რიცხვში, სადაც მაშინვე შევატყობინე ჩემი ვიზიტის შესახებ საიმპერიო მდივანს – რომ გახლდით მისი უდიდებულესობა დედოფლის მიერ მისთვის [მეფისთვის] გამოგზავნილი წერილებით [აღჭურვილი], რის შესახებაც მან იმპერატორს აცნობა. თუმცა მისი უდიდებულესობა ფრიად დაკავებული იყო დიდი საქმეებით, და მოცემულ მომენტში ემზადებოდა რა ქორწინებისთვის მაჰმადიანური რწმენის ჩერქეზ დიდგვაროვან ქალთან, ბრძანება გასცა, რომ არც ერთ უცხოელს, ელჩი იქნებოდა თუ სხვა, არ მიიღებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდგომი მკაცრი დადგენილების ძალით: სამი დღის მანძილზე, სანამ [საქორწილო] ნადიმი არ დასრულდებოდა, ქალაქის ალაყაფი უნდა დაკეტილიყო, და არავინ – არც უცხოტომელი და არც თვისტომი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მეფის ოჯახობიდან) – არ უნდა გამოსულიყო თავიანთი სახლებიდან აღნიშნული ზეიმის დროს. მიზეზი [ამგვარი განკარგულებისა] დღემდე არ არის ცნობილი.
სექტემბრის ექვს რიცხვში იმპერატორმა დიდი ნადიმი გამართა, სადაც მიწვეული იყვნენ ყველა ელჩები და უცხოელები, ვისაც რაიმე რეპუტაცია გააჩნდა და აქ საქმიანობდა. მიწვეულთა შორის მეც გახლდით, თუმცა მანამდე მისმა მდივანმა მოინდომა, რომ ჯერ მასთან მივსულიყავი და მეჩვენებინა მისი უდიდებულესობა დედოფლის წერილები. მე უარი განვაცხადე ეს გამეკეთებინა, ვუთხარი, რომ მე უნდა გადამეცა ისინი [წერილები] პირადად იმპერატორისთვის ხელიდან ხელში და არა სხვისთვის. ეს რომ მოისმინა, მდივანმა განაცხადა, რომ სანამ ჯერ თავად გულდასმით არ გაეცნობოდა აღნიშნულ წერილებს, მე არ დამიშვებდნენ იმპერატორის წინაშე. ამგვარად, მე ვერ ვიყავი ამ ნადიმზე. თუმცაღა, ერთმა წარჩინებულმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა საიმპერიო უდიდებულესობამ მომიკითხა, ვინაიდან ჩემი არყოფნის მიზეზი უცნობი იყო მისი უდიდებულესობისთვის. შემდეგ დღეს მე გავამზადე თხოვნის წერილი, რომელიც პირადად ხელში გადავეცი მის უდიდებულესობას, სადაც მოვახსენე ჩემი მისვლის მიზეზი, დადასტურებული მისი ბრწყინვალება დედოფლის წერილებით; აგრეთვე, მისივე მდივნის პასუხი. მეტად მოკრძალებულად ვთხოვე მის ბრწყინვალებას, რათა მიეღო და დაედასტურებინა მისი უდიდებულესობის [დედოფლის] წერილები ისეთივე მეგობრობითა და პატივით, როგორც მისი საკუთარი წერილები, მირთმეული ოსეპ ნაპეას მიერ, მიიღო ჩვენმა აწ გარდაცვლილმა დედოფალმა მერიმ. ან, სხვა შემთხვევაში, მას უნდა გამოვეშვი მე და ეთქვა, რომ არ გადავეცი პირადად ხელიდან ხელში ეს წერილები, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაშია მიღებული. ამგვარად, საკითხის აწონ-დაწონვისა და ჩემი სათხოვარის შედეგის კარგად განხილვის შემდეგ, მე მყისიერად მიბრძანეს მივსულიყავი მისი ბრწყინვალების წინაშე ზემოხსენებული წერილებით და გადავეცი პირადად [ისინი] ხელიდან ხელში (იმ საჩუქრებთან ერთად, რაც თქვენ განსაზღვრეთ). თანახმად ჩემი თხოვნისა, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა. იმავე დღეს მე მომეცა საშუალება, მის ბრწყინვალებასთან ერთად მესადილა დიდად მხიარულ გარემოში. მალევე ამ ამბიდან, მოვისურვე გამეგო, მომეცემოდა თუ არა ნებართვა, მისი ბრწყინვალების სამფლობელოების გავლით სპარსეთისკენ ხმელეთით წავსულიყავი, რაც გახლდათ დედოფლის სათხოვარი მისადმი, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მე ეს ნებართვა ვერ მომეცემოდა, ვინაიდან მის ბრწყინვალებას განზრახული ჰქონდა გაეგზავნა ჯარი ჩერქეზთა ქვეყანაში, სადაც ჩემი მოგზაურობა იქნებოდა საშიში და ავბედითი, და თუ იქ მე დავიღუპებოდი, ეს მისთვის იქნებოდა ღირსების შემლახველი, თუმცა იგი [პასუხის მომტანი] გულისხმობდა სხვა მიზეზებს, რაც არ იყო ხმამაღლა ნათქვამი. ამგვარად, მივიღე რა პასუხი, რომელიც ვერც ჩემს მოლოდინებს შეესაბამებოდა და, მით უფრო, არც სიამოვნებას მანიჭებდა, და დავრჩი რა იქ იმ წელს საკმაოდ დიდი ხანი, ამასობაში გავყიდე უმეტესი ნაწილი თქვენი ხამი მაუდისა და სხვა ნაწარმისა, რაც გამიზნული იყო სპარსეთისთვის. როდესაც წელიწადის ის დრო დადგა, რაც სავალდებულო ჟამი იყო ინგლისში დაბრუნებისა, მე მოვინდომე პასპორტი და საფოსტო ცხენები ფულით, რაც საჩუქრად მივიღე: თუმცა, მივიღე თუ არა პასპორტი, ინგლისში გამომგზავრებისათვის მზადმყოფს, ჩვენს სახლში მეწვია ოსეპ ნაპეა, რომელმაც დამარწმუნა, რომ იმ დღეს არ გავმგზავრებულიყავი. [მან] მითხრა, რომ იმპერატორი სწორად არ იყო ინფორმირებული, რაც დიდწილად მდივნის სიჯიუტით აიხსნებოდა, რომელიც ჩემდამი მეგობრულად არ იყო განწყობილი. მომდევნო დღეს ამ უკანასკნელთან მივედი, და იქ, მასთან ერთად, ოსეპ ნაპეაც დამიხვდა; ბევრი ბჭობისა და წინააღმდეგობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ მე იქაურობას დავტოვებდი, სურვილი გამოთქვა [მდივანმა], რომ დავრჩენილიყავი იმ დრომდე, სანამ მის საიმპერიო ბრწყინვალებასთან კიდევ ერთხელ არ ექნებოდა საუბარი ჩემს მოგზაურობასთან [რუსეთის გავლით სპარსეთში] დაკავშირებით, რითაც კმაყოფილი დავრჩი. სამი დღის შემდეგ, როცა ჩემი თავი წარუდგინეს, გადმომცა არა მარტო იმპერატორის ნებართვა, მისი სამფლობელოების გავლით მიმეღწია სპარსეთამდე, არამედ დამატებით გადმომეცა მისი დიდებულების სარეკომენდაციო წერილები უცხოელი პრინცებისადმი, რომელიც ითვალისწინებდა მის გარკვეულ საქმეებს, რაც მე დამევალა, – ახლა აქ ამაზე საუბარი დიდ დროს წაიღებს. როგორც კი მე მივიღე დასტური უსაფრთხო მოგზაურობის ნებართვის თაობაზე, ზემონახსენები [1562] წლის 15 მარტს მე კიდევ ერთხელ მომიწია ტრაპეზობა მის ბრწყინვალებასთან, სპარსეთის ელჩისა და სხვების კომპანიაში, მივიღე მისი ბრწყინვალების ხელით მოწვდილი სასმისი, დავემშვიდობე მის უდიდებულესობას, რომელმაც არა მარტო მომცა ნებართვის წერილები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არამედ აგრეთვე მნიშვნელოვანი დავალებებიც – იმ ქვეყნებში შესასრულებლად, რომლებშიც ვაპირებდი წასვლას. აღნიშნული მოგზაურობისთვის ყველა საჭირო სამზადისის შემდეგ დავტოვე ქალაქი მოსკოვი 1562 წლის 27 აპრილს, დავუყევი ქვემოთ დიდ მდინარეს, ვოლგას, ზემოთ ნახსენებ სპარსეთის ელჩთან ერთად, რომელთანაც კარგი მეგობრობა და ურთიერთობა მქონდა მთელი გზის მანძილზე, რაც ამ მდინარეს მივუყვებოდით ქვემოთ, ასტრახანამდე, სადაც ჩვენ სრულიად უსაფრთხოდ და ჯანმრთელად მივედით 10 ივნისს.
რაც შეეხება დიდ და მცირე ქალაქებს, ციხესიმაგრეებსა და ქვეყნებს, ისევე, როგორც მუსლიმებსა და მათგვარ არამორწმუნეებს, რომლებიც ამ გზაზე გვხვდებოდა, რაც მე გამოვიარე მოსკოვიდან ასტრახანამდე, მე ამას გამოვტოვებ ამ მოკლე მოხსენებაში, ვინაიდან უკვე მოგახსენეთ ყოველივე ეს დაწვრილებით ჩემი მოგზაურობის აღწერისას ბოხარისკენ [ბუხარისკენ]. ასე რომ, როგორც მოგახსენეთ, ასტრახანში მისვლისთანავე მე დავუკავშირდი იქაურ მმართველს/გარნიზონის უფროსს, რომლისადმი მიმართვაც მქონდა მისი უბრწყინვალესობისგან [რუსი ხელმწიფე], რომ არა მარტო უნდა დამხმარებოდა ყველაფრით, რაც აქ ყოფნისას დამჭირდებოდა, არამედ დავეცვი და გამოეყოლებინა 50 შეიარაღებული კაცი ორი კაპარჭით კასპიის ზღვაში, სანამ არ გავცდებოდი კონკრეტულ სახიფათო ადგილებს, რომლებშიც პირატებსა და მძარცველებს სჩვევიათ ყოფნა. სანამ ჩემი ხომალდი საზღვაო მოგზაურობისთვის იქნებოდა მზად, სპარსეთის ელჩი მანამდე, ამავე წლის 15 ივლისს გაემგზავრა თავისი ხომალდით. მე და ჩემმა კომპანიონებმა გამოვაგრძელეთ გზა ზემოთ ნახსენები ასტრახანიდან და შემდეგ დღეს, მწუხრისას, გამოვცდით მდინარის შესართავს, რომელიც 20 მილშია სამხრეთ-აღმოსავლეთით [ასტრახანიდან]. 18-ში, მზე რომ სამხრეთ-დასავლეთშია [სავარაუდოდ, ასევე მწუხრისას], ჩვენ გავცდით სამ კუნძულს, რომლებიც 9 მილის მოშორებითა და სამხრეთით ან სამხრეთ-დასავლეთით იყო ვოლგის შესართავიდან. იქიდან, ვიცურეთ რა შემდეგი დღე კიდევ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მზეზე, ჩვენ გადავაწყდით [კუნძულებს] სახელად ჩალიკა ოსტრივა, რომელიც წარმოადგენდა ოთხი მრგვალი კუნძულის ერთობლიობას, და ზემოთ ნახსენები სამი კუნძული- დან ორმოცი მილის დაშორებით მდებარეობდა. აქედან მოყოლებული, შემდეგი დღე სულ დასახელებული კურსით ვიცურეთ და მივიღეთ ნიშანი მიწიდან, რომელსაც ტუკი ერქვა, ტიუმენის ქვეყნიდან, სადაც პირატები და მძარცველები არიან. მათი შიშით ჩვენ იძულებული გავხდით აღმოსავლეთის მიმართულებით ორმოცი მილი შეგ- ვეცურა ზღვაში, სადაც, იმის გამო, რომ მიწა დავკარგეთ მხედველობიდან, მეჩეჩებზე გავიჩხირეთ და დაღუპვას ძლივს გადავურჩით. შემდეგ, 22 რიცხვში, ჩვენ დავინახეთ კარგი კუნძული, სახელად ჩატალეტი, რომელიც ნახსენები ჩალიკა ოსტრივადან ასი მილის დაშორებით მდებარეობდა. ცურვისას პირქარი ქროდა და შტორმი სულ უფრო მატულობდა, ამიტომაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ მას. იძულებული გავხდით მისგან 6 მილის მოშორებით ღუზა ჩაგვეშვა ქარშივე სამი-ოთხი ფატომის სიღრმეზე. ამგვარად, მთავარი მიწა [მატერიკი] დასავლეთით დაგვრჩა, რომელსაც ერქვა შაფკალი (ვვარაუდობთ, რომ იგულისხმება საშამხლო - მთარგმნ.) თუ კონიკი, და იყო მაჰომედიანთა [მუსლიმთა] ქვეყანა; ვიდექით ორ ღუზაზე და აღარ გაგვაჩნდა აღარავითარი მარაგი. ჩვენ ერთი ღუზა დავკარგეთ. შტორმი და ზღვა სულ უფრო მძვინვარებდა და, შესაბამისად, ჩვენი ხომალდი სულ უფრო იჟღინთებოდა წყლით. წყლის გამუდმებული ამოტუმბვით მოვახერხეთ მისი გადარჩენა, თუმცა ბევრი საქონლის გადაყრა მოგვიწია გემიდან. კინაღამ გამოვეთხოვეთ გემსაც და სიცოცხლესაც, რადგანაც ან ზღვაში გველოდა დაღუპვა, ან რომელიმე ნაპირზე, სადაც ქარი მიგვაგდებდა, სადაც შეიძლება ხელში ჩავვარდნოდით ბოროტ ურწმუნოებს, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ჩვენი გემის დაღუპვას. მართლაც საოცარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ორივე უკიდურესობიდან თავის დაძვრენა, რასაც მხოლოდ ღვთის ძალასა და წყალობას თუ მივაწერთ, ვინაიდან შტორმი გრძელდებოდა კიდევ შვიდი დღე ანუ იმავე თვის მეცამეტე რიცხვამდე. მერე დასავლეთის ქარმა დაიწყო ქროლვა და კარგი ამინდი გამოვიდა. ღუზა ამოვწიეთ და ცურვა გავაგრძელეთ, გეზი ახლა სამხრეთით გვქონდა. შემდეგ დღეს, საღამო ხანს ჩვენ მივუახლოვდით ნაპირს, ჩვენ ვიყავით იმ მიწის მიდამოებში, რომელსაც მცხოვრებლები უწოდებენ შირვანშაჰს. აქ ისევ ჩავუშვით ღუზა, ვინაიდან კვლავ პირქარმა დაიწყო ქროლვა. ჩვენ ზემოთ ნახსენებ ჩატალეტიდან ამჯერად 150 მილით ვიყავით მოშორებული. ასეთ მდგომარეობაში მოგვიწია ყოფნა აგვისტოს სამ რიცხვამდე, მერე უკვე ზურგის ქარი წამოგვესწრო, რომელიც ქროდა სამხრეთის თუ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 60 მილის გაცურვის შემდეგ, მეორე დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მზის დროით (სავარაუდოდ, დილით ან დღისით -მთარგმნ.) მივადექით ქალაქ დერბენტს, ჰირკანიის მეფის სამფლობელოში. გადავედით მიწაზე და გარნიზონის უფროსს საჩუქარი მივართვით. ის მე და ჩემს თანხმლებ პირებს სადილით გაგვიმასპინძლდა. სასმელი წყლის მომარაგების შემდეგ იქიდან წამოვედი.
ეს ქალაქი დერბენტი უძველესი ქალაქია. აქ არის ძველი ციხე, რომელიც მდებარეობს ბორცვზე, სახელად კასტოუ. ის აშენებულია ბუნებრივი გლუვი ქვისგან, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ჩვენსას, მისი კედლები ძალიან მაღალი და სქელია, და პირველად აღმართა ალექსანდრე დიდმა, როდესაც ებრძოდა სპარსელებსა და მიდიელებს. შემდეგ მან ააშენა ეს გასაოცარი სიმაღლისა და სისქის კედელი, რომელიც გრძელდებოდა ამ ქალაქიდან ქართველთა ქვეყნამდე და მის მთავარ ქალაქამდე, რომელსაც ტეფლიში [თბილისი] ჰქვია. ეს კედელი ახლა ნანგრევია, სხვადასხვა მიზეზებით დაქცეული, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საძირკველი. ეს კედელი იმიტომ აშენდა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, რომელიც ახლად დაპყრობილნი ჰყავდა ალექსანდრეს, თავისუფლად არ გაქცეულიყვნენ აქედან, ან მის მტრებს არ მოეხერხებინათ იოლად შემოჭრა. ეს ქალაქი დერბენტი, რომელიც ამჯერად სპარსეთის სუფის ძალაუფლების ქვეშაა, ზღვის პირასაა, ებჯინება ზემოთ ნახსენებ შაფკალის ქვეყანას და მდებარეობს განედის ორმოცდამეერთე გრადუსზე. აქედან მოყოლებული, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 მილის გაცურვის შემდეგ, იმავე წლის 6 აგვისტოს ჩვენ ჩამოვედით შაბრანში, სადაც ხმელეთზე უნდა გადმოვსულიყავით. ჩემი ხომალდიც გადმოტვირთეს და საქონელი ნაპირზე დააწყვეს. ჩემს კარავს ხალხი მიუჩინეს გაძლიერებული დაცვისთვის მომთაბარე მძარცველთა საფრთხისგან, რომლებიც აქ საკმაოდ ბევრია. ამ მხარის მმართველი ალკან მურსი მოვიდა ჩემთან და თავაზიანად შემხვდა. საჩუქრის მირთმევის შემდეგ მან დამინიშნა დაცვისა და მფარველობისთვის ორმოცი შეიარაღებული კაცი, სანამ შირვანის მეფისგან ახალ შეტყობინებას არ მიიღებდა. იმავე თვის 12 რიცხვში მეფისგან ცნობა მოვიდა, რომლითაც მიბრძანეს, მასთან შესახვედრად რაც შეიძლება მალე გავშურებულიყავი. ექსპედიციისთვის გამიმზადეს ცხენები ჩემთვის და ჩემი მხლებლებისათვის, ხოლო 45 აქლემი – ჩვენი საქონლის საზიდად. როგორც კი ბარგი დავტვირთეთ, იქიდან უკვე ნახსენებ 12 რიცხვში [აგვისტოს] გამო-ვემგზავრეთ და იმავე თვის 18-ში მივედით ქალაქ შამახში, ჰირკანიის ანუ სხვაგვარად შირვანის ქვეყანაში, სადაც მეფემ დაგვახვედრა მშვენიერი ადგილი, რომელიც ჩვენ გამოგვიყვეს საცხოვრებლად და სადაც ჩამოტვირთეს ჩვენი საქონელი. შემდეგ დღეს, 19 რიცხვში მიმიხმეს, რომ ვხლებოდი მეფეს, რომელსაც ერქვა აბდულა-ხანი. [მას] თავისი სასახლის კარი ამ დროისთვის მაღალ მთებში ჰქონდა კარვებით მოწყობილი, შემახიიდან 20 მილის დაშორებით, რათა მწველი სიცხისათვის თავი გაერიდებინა. 20 აგვისტოს მე წარვსდექი მის წინაშე. მან თავაზიანად მიმიღო. ხელზე ამბორის შემდეგ მან მე სადილზე მიმიწვია და მიბრძანა, მის სიახლოვეს დავმჯდარიყავი. ეს მეფე იჯდა ძალიან მდიდრულ, ოქრომკედითა და აბრეშუმით მორთულ ფანჩატურში, რომელიც ძალიან ლამაზად იდგა ბორცვზე. სიგრძით იქნებოდა 16 ფატომი, ხოლო სიგანე კი ექვსი ფატომი ჰქონდა. ფანჩატურის წინ იყო მტკნარი წყლის შადრევანი, საიდანაც მასა და მის დიდებულებს შეეძლოთ წყლის დალევა. მეფე იყო საშუალო ტანისა და მრისხანე იერის, მდიდრულად შემოსილი ოქრომკედით მოქარგული აბრეშუმის გრძელი სამოსით, რომელიც მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. თავზე ეხურა ოციოდე იარდის ინდური აბრეშუმისგან დახვეული, ნახევარი იარდის სიმაღლის წაწვეტებულბოლოიანი ტურბანი, ასევე ოქრომკედით მდიდრულად მოქარგული. ტურბანს მარცხენა მხარეს ამშვენებდა ფრინველის ბუმბული, მომინანქრებულ ოქროს ყავარში ჩამჯდარი, რომელიც ასევე მოოჭვილი იყო ძვირფასი ქვებით. მის [მეფის] მტკაველის სიგრძის საკიდიან საყურეებს დაბოლოებისას ამშვენებდა ძალიან ძვირფასი ორი ლალის ქვა. მეფის ფანჩატურის ძირი მთლიანად დაგებული იყო ძვირფასი ხალიჩებით, ხოლო უშუალოდ მას ქვეშ დაგებული ჰქონდა ოქროთი და ვერცხლით შემოსალტული ოთხკუთხედი ხალიჩა, რომელზეც ეგდო ორი შესაფერისი ბალიში. მეფე და მისი დიდებულები ფეხმორთხმით ისხდნენ კარავში. როცა მიხვდა, რომ ამგვარად ჯდომა ჩემთვის მოუხერხებელი იყო, მისმა უმაღლესობამ ბრძანა, რომ შემოეტანათ ტაბურეტი და ნება მომცა მასზე დავმჯდარიყავი ჩემი წესისამებრ. როცა სადილობის ხანმა მოაღწია, კარვის ძირზე განსხვავებული ქსოვილები გაფინეს, საჭმლის უამრავი ნაირსახეობა მოიტანეს და რიგის მიხედვით ჩამოატარეს სხვადასხვა სახეობის ხორცეულთან ერთად. როგორც დავთვალე, 140 სახეობის საჭმელი მაინც იყო. როდესაც ისინი აალაგეს და წაიღეს სუფრებთან ერთად, სხვა [სუფრები] გაფინეს, და ასევე უამრავი სახის ხილი და ტკბილეული, დაახლოებით 150 სახეობა მაინც მოიტანეს. ასე რომ, ამ ორმა სერვისმა [კერძმა და დესერტმა] მოიცვა 290 სახის საკვები. ქეიფის დასასრულს მეფემ მითხრა: ხოშ გელდი, – რაც ნიშნავს, კეთილი იყოს შენი მობრძანება, და ბრძანა, მოერთმიათ შადრევნიდან ფინჯნით წყალი, მოსვა და დანარჩენი მე მომაწოდა, თან მკითხა, მომეწონა თუ არა, არის თუ არა ასეთივე კარგი წყალი ჩვენს ქვეყანაში, რაზეც იმგვარი პასუხი მივაგე, რომ ნაამები დარჩენილიყო. შემდეგ მან სხვადასხვაგვარი კითხვები დამისვა, რაც შეეხებოდა ჩვენი ქვეყნების როგორც რე- ლიგიას, ასევე [საერთო] მდგომარეობას. შემდეგ მკითხა, ალემანიის იმპერატორს, რუსეთის იმპერატორსა და დიდ თურქს [ოსმალო სულთანს] შორის რომელი იყო ყველაზე ძლევამოსილი, ასევე ბევრ სხვა საკითხებზეც [დამისვა კითხვები], რისი მოყოლაც აქ ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს. ყოველივეზე ისე ვუპასუხე, რაგვარადაც ეგებოდა ჩემგან პასუხის გაცემა. შემდეგ მან გამომკითხა, ვაპირებდი თუ არა გზის გაგრძელებას და რა იყო ჩემი ვიზიტის მიზეზი, რაზეც ვუპასუხე, რომ მე ვიყავი მისი უდიდებულესობა ინგლისის დედოფლისგან გამოგზავნილი წერილებით დიდ სუფისთან [სეფიანი შაჰი], რათა გამომეთხოვა [მისგან] მეგობრობა და თავისუფლად გადაადგილების უფლება; ასევე, რათა ებოძებინა უსაფრთხოების გარანტიები ინგლისელი ვაჭრებისათვის მის სამფლობელოებში ვაჭრობისთვის, – ისეთივე, რაც მიენიჭებოდათ მის ქვეშევრდომებს, თუკი ჩვენს ქვეყანაში მოვიდოდნენ. ეს [მოუტანდა] პატივსა და კეთილდღეობას ორივე ქვეყანას და სარგებელს ორივე ქვეყნის ქვეშევდრომებს. კიდევ ბევრი სხვა სიტყვებიც ვთქვი, რასაც ახლა გამოვტოვებ მოხსენებაში. ყოველივე ჩემ მიერ წარმოთქმული მეფემ იმდენად მისაღებად მიიჩნია, რომ დამპირდა: არათუ მომცემდა გზის გაგრძელების საშუალებას, არამედ გამაყოლებდა შეიარაღებულ დაცვას, სანამ ნახსენებ სუფიმდე არ მივაღწევდი, რომელიც იმყოფებოდა ზემონახსენებ ქალაქ შემახადან 30 დღის სავალზე, სპარსეთის მიწაზე, ციხესიმაგრეში, რომელსაც კასბინი ეწოდებოდა. ამ მეფისგან წამოსვლიდან სამი დღის შემდეგ, 24 აგვისტოს, კვლავ მივიღე მისგან მოწვევა. დილაადრიანვე მივაშურე და ვეახელი, ისე, რომ მეფე ჯერ არც ამდგარიყო საწოლიდან (მისთვის დამახასიათებელია, რომ იფხიზლოს ღამით და თავის ქალებთან გართობის შემდეგ, რომელთა რიცხვიც 140-ს აღწევს, იძინოს დღის უმეტესი ნაწილი). მან გასცა ბრძანება, რომ მე მისი სასახლის დიდებულების შევარდენებით ნადირობას შევერთებოდი და ჩემთვის ეჩვენებინათ, თუ რა სახის გასართობი იყო ეს. ასეც მოხდა და ბევრი წერო მოვინადირეთ. ნადირობიდან უკან შუადღის სამი-ოთხი საათისთვის დავბრუნდით. მეფე ამდგარიყო და სადილობას აპირებდა, სადაც მეც მიმიწვია. როდესაც მისი კარვის შესასვლელს ისე მივუახლოვდი, რომ მისი მხედველობის არეში მოვხვდი, ორი დიდებული შემომეგება ორი ხელი მათი ყაიდის, ირიბად აჭრილი და მიწამდე დაშვებული სამოსით. ერთი იყო აბრეშუმისა, მეორე კი – აბრეშუმითა და ოქრომკედით გაწყობილი, ორივე მეფის მიერ ჩემთვის გამოგზავნილი. მათ მითხრეს, რომ გამეხადა ჩემი ზედა სამოსი – სიასამურით გაწყობილი შავი ველვეტი, ზურგზე მომასხეს ეს ორი ხელი ახალი სამოსი და ამგვარად [გამოწყობილი] მიმგვარეს მეფეს. რევერანსისა და ხელზე ამბორის შემდეგ მან მიბრძანა, მის სიახლოვეს დავმჯდარიყავი. მე ვისადილე მასთან ერთად, მეფე იყო ძალზე მხიარული და მეკითხებოდა კვლავ ბევრი რამის შესახებ, მათ შორის, [მკითხა], თუ როგორ მომეწონა შევარდნებით ნადირობა. როდესაც სადილობა დასრულდა, მე ვთხოვე მის უმაღლესობას, რომ მოეცა შეპირებული უსაფრთხოდ მგზავრობის საშუალება სუფის [სეფიანი შაჰის] კარამდე. მან დიდი პატივით გამიშვა და თავისი დესპანიც დამინიშნა (რუსეთიდან რომელიც დაბრუნდა) და სხვებიც, რომლებსაც დაევალათ ჩემი დაცვა. გზისთვის მან მიბოძა ყველაფრით აღჭურვილი ცხენი და ყოველივე ჩემი საქონელიც თან დაუბეგრავად გამატანა. კვლავ დავბრუნდი, სადაც დავყავი 6 ოქტომბრამდე, რათა მომემზადებინა აქლემები, ცხენები და სხვა საჭიროებები დაგეგმილი მგზავრობისათვის.
მაგრამ ახლა, სანამ [თხრობას] განვაგრძობდე, მსურს ზოგი რამ დავწერო ჰირკანიის, ამჟამად შირვანად წოდებულ ქვეყანაზე, მის ქალაქებსა და იმ პროდუქტზე, რაც იქ იწარმოება. ეს ჰირკანიის ქვეყანა ძველ დროს სახელოვანი სამეფო ყოფილა, სავსე ბევრი დიდი და პატარა ქალაქითა და ციხეებით. მისი მეფეები ძველ დროში იყვნენ დიდი ძალაუფლების მქონენი და იმდენად ძლიერნი, რომ შეეძლოთ სპარსეთის შაჰებთან ომი ეწარმოებინათ. თუმცა ახლა უკვე არათუ ასე აღარაა (დიდი და პატარა ქალაქები და ციხეები დამცრობილია), მეფეც კი ზემონახსენები სუფის [სეფიანი შაჰის] ძალაუფლებას დამორჩილებული ქვეშევრდომია (თუმცა მათ [შირვანელებს] თავიანთი მეფე ჰყავთ), რომელმაც დაიპყრო ისინი [შირვანელები] არცთუ ბევრი წლის წინ, მათი რელიგიური განსხვავებულობის გამო და ბრძანა, რომ არა მარტო ქვეყნის მთელი წარჩინებულები დაესაჯათ სიკვდილით, არამედ კიდევ მეტი – ქალაქების კედლებისა და ციხეების საძირკვლამდე დაქცევა ბრძანა ამ სამეფოში, რათა აჯანყების სურვილიც კი არავის გასჩენოდა. მათ შესაშინებლად ბრძანა, შამახში აღემართათ გათლილი ქვის ქონგურებიანი კოშკი, და ამ კოშკის ქონგურებზე იმ დახოცილი დიდებულების თავები წამოაცვა. ეს ქალაქი ზღვიდან მოშორებულია და აქლემებით შვიდი დღის სავალზეა. ამჟამად საკმაოდ გაპარტახებულია და მეტწილად დასახლებულია სომხებით. სხვა ქალაქი, რომელიც ქართველების ქვეყანას ესაზღვრება, სახელად არეში, არის უმთავრესი და მდიდარი ვაჭრობის თვალსაზრისით. აქ თავს იყრის დიდძალი ნედლი აბრეშუმი და თურქები, სირიელები და სხვა უცხოელები ხშირად სტუმრობენ და აწარმოებენ სავაჭრო ოპერაციებს. იქ, გარდა აბრეშუმისა, ამ სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწარმი და საქონელიც მოიპოვება, კერძოდ: ხორკლიანი და გლუვი კაკალი, ხამი ბამბა, შაბი და დაუმუშავებელი აბრეშუმი ამ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეა. აგრეთვე, მოიპოვება ყველა სახეობის სუნელი და სამკურნალო ნივთიერებები; ასევე, სხვა საჭირო რამეები, რაც აქ მოაქვთ ინდოეთიდან, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან არ არსებობს გარანტია მათი გასაღება-გაყიდვისა. თუმცა ყველაზე იაფი ნაწარმი აქ ყველა სახეობის ნედლი აბრეშუმია, რომელიც ძალზე დიდი რაოდენობითაა. არცთუ მოშორებით ამ შემახადან არის ძველი ციხე, სახელად გულისტონი, ამჟამად დანგრეული სეფიანი შაჰის მიერ, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ უძლიერეს ციხედ მსოფლიოში. ეს ციხე ალექსანდრე დიდმა გარემოიცვა და დიდი დრო მოანდომა, სანამ აიღებდა. ამ ციხის სიახლოვეს მდებარეობდა მდიდრული დედათა მონასტერი, სადაც იყო დასაფლავებული მეფის ასული, სახელად ამელექ ხანა, რომელმაც დანით მოიკლა თავი, ვინაიდან მამა აიძულებდა, ქალწულობის ფიცი დაერღვია და თათრების მეფეზე გათხოვილიყო. ამ ამბავთან დაკავშირებით იმ ქვეყნის ქალწულნი წელიწადში ერთხელ ამ ადგილს მოინახულებენ ხოლმე, რათა გოდებით დაიტირონ მისი სიკვდილი.
აღნიშნულ ქვეყანაში ასევე არის დიდი მთა, სახელად ქუიქუიფსი, რომლის წვერზე, როგორც თქმულება გვამცნობს, ცხოვრობდა დიდი გოლიათი არნეოსტე, რომელსაც თავზე ორი დიდი რქა ედგა, ყურები და თვალები ცხენისა ჰქონდა, კუდი კი ძროხისას მიუგავდა. როგორც ამბობდნენ, ამ მონსტრს ეპყრა მთაზე გადასასვლელი, სანამ აქ არ მოვიდა წმინდა კაცი, სახელად ჰოქორ ჰამშა (ხოკოირ ხამში), ერთ-ერთი სეფიანის ნათესავი, რომელიც ამოვიდა მთაზე და შეებრძოლა ამ გიგანტს. მან არა მარტო ის შებოჭა ჯაჭვებით, არამედ აგრეთვე მისი ცოლი, ლამისაჩი, და შვილი აფტერი. ამ გამარჯვების გამო ეს წმინდა კაცი ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს მთა, როგორც ამბობენ, ისეთ სუნს აფრქვევს, რომ არც ერთ ადამიანს არ ძალუძს მასთან მიახლოება. არ ვიცი, ეს ყოველივე სიმართლეს შეეფერება თუ არა, მაგრამ მაინც მოგახსენეთ, რომ გცოდნოდათ.
ახლა დავუბრუნდები თხრობას სეფიანი შაჰის კარისკენ ჩემი მოგზაურობის შესახებ. ზემონახსენები წლის [1562] ექვს ოქტომბერს მე ჩემი მხლებლებითურთ დავტოვე შემახა და სამოცი მილის გავლის შემდეგ მივედი ქალაქ იავატში, სადაც მეფეს აქვს შესანიშნავი სასახლე და ბაღები, სავსე ყველანაირი ხილით. ქალაქში მიედინება დიდი მდინარე კორი, რომელიც სათავეს ქართველების მთებიდან იღებს, მთელ ჰირკანის ქვეყანაზე გაივლის და ჩაედინება კასპიის ანუ ჰირკანიის ზღვაში, ორ ძველ ქალაქს – შაბრანსა და ბაქოს შორის, რომელიც ჰირკანიის სამეფოში მდებარეობს. იქიდან წამოსულებმა გამოვიარეთ ნაყოფიერი ქვეყანა, დასახლებული მომთაბარე ხალხით, რომლებიც ზაფხულში ცხოვრობენ მთებში, ხოლო ზამთრობით ბრუნდებიან ველად, ისე, რომ არ შედიან არც ქალაქებში და არც რომელიმე სხვა დასახლებაში. დაბრუნებისას ისინი გადაადგილდებიან ქარავნებით ანუ ხალხის დიდი ჯგუფებით, რომელთაც პირუტყვიც თან ახლავთ. თან მოჰყავთ თავიანთი ცოლები, ბავშვები და სურსათ-სანოვაგეც მოაქვთ ჯორებით. ამ ველურ ხალხს ათ დღეში გავცდით ისე, რომ არც ერთ ქალაქს თუ სახლს არ წავწყდომივართ და 16 ოქტომბერს მივედით ქალაქ არდოულში, (არდებილი) სადაც დაგვაბინავეს თლილი ქვით ნაშენ ფუნდუკში, რომელიც ამჟამინდელი სუფის [სეფიანი შაჰის] მამის, ისმაილის მიერ გახლდათ სპეციალურად აშენებული უცხოელთა და სხვა მოგზაურთა თავშესაფრად, და სადაც ყველა მიმსვლელს შეუძლია მოიპოვოს საკვები თავისთვის და ცხენისთვის, ოღონდ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ეს აწ გარდაცვლილი მეფე ისმაილი დამარხულია შესანიშნავ მეჩეთში, რომელშიც არის მდიდრულად შემკული საფლავი, რაც მან სიცოცხლეშივე აიშენა. აღნიშნული ქალაქი არდებილი მდებარეობს 30 გრადუსის მერვე განედზე, ადერრავჯანის პროვინციის ძველი ქალაქია, სადაც, როგორც წესი, იმარხებიან სპარსეთის შაჰები. აქ ჰქონდა ალექსანდრე დიდს თავისი კარი სპარსეთის დაპყრობისას. დასავლეთის მიმართულებით ოთხი დღის სავალზე არის ქალაქი თებრიზი (თავრიზი), რომელსაც ძველ დროში თაურისი ერქვა – ყველაზე დიდი ქალაქი სპარსეთში, თუმცა არც ისეთი განთქმული სავაჭრო ოპერაციებით, როგორიც იყო თავად ან როგორიც სხვა ქალაქებია ამჟამად. ეს განპირობებულია თურქეთის სულთნის დიდი შემოსევით, რომელმაც წაართვა შაჰს მთელი თავრიზი და გაჟლიტა ქალაქის მოსახლეობა. ამის შედეგია, რომ სუფიმ [შაჰმა] მიატოვა ის და სასახლის კარი მისგან ათი დღის სავალ, უკვე ნახსენებ ქალაქ კასბინში (ყაზვინში) გადაიტანა.
[ოქტომბრის] 21-ში ჩვენ დავტოვეთ ზემოხსენებული არდოული, მეტწილად მთიან ადგილებში მივუყვებოდით გზას ღამით და დღისით კი ვისვენებდით. ვინაიდან არ გვქონდა შეშა, ამიტომაც საწვავად აქლემისა და ცხენის ნაკელის გამოყენება გვიწევდა, რომელიც ძვირად ვიყიდეთ მომთაბარე ხალხისგან. ათი დღე ამგვარი მგზავრობის შემდეგ, უკვე ნახსენები წლის 2 ნოემბერს ჩვენ მივაღწიეთ ასევე ნახსენებ ქალაქ კასბინს, სადაც აღნიშნულ სუფის [შაჰს] სასახლის კარი აქვს. ჩვენ გამოგვიყვეს საცხოვრებელი მეფის სასახლის შორიახლოს. ორიოდე დღის შემდეგ შაჰმა უბრძანა შირვანის მეფის, ზემონახსენები აბდულახანის შვილს, უფლისწულ შალი მურსას, რათა მივეწვიე მის სახლში; მან შაჰის სახელით გამომკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს, ჯანმრთელად ვიყავი თუ არა, და გულთბილად მიღების შემდეგ მიმიწვია სადილზე, სადაც ძალზე მოვილ- ხინე და ამის შემდეგ დავბრუნდი ჩემს მოსასვენებელში. მომდევნო დღესვე გავგზავნე ჩემი თარჯიმანი შაჰის მდივანთან, რათა მეუწყებინა, რომ მქონდა ჩვენი ყველაზე დიდებული ქალბატონის, მისი უბრწყინვალესობა ინგლისის სამეფოს დედოფლისაგან წერილები პირადად შაჰისთვის; რომ ამ წერილებში გადმოცემული იყო ჩემი მოსვლის მიზეზი; რომ სურვილი მქონდა შაჰისთვის მოსახერხებელ დროს ვხლებოდი მის აღმატებულებას. სუფისადმი ამის შეტყობინებიდან მალევე მან [მდივანმა] შემომითვალა, რომ დიდი საქმეები იხილებოდა და მათი დასრულებისთანავე მე შემეძლებოდა წარვმდგარიყავი მის [შაჰის] წინაშე, ამასობაში კი გამემზადებინა ძღვენი, თუკი რაიმე მქონდა მისთვის მისართმევი.
ამ პერიოდში, ჩემ მოსვლამდე ოთხი დღით ადრე, ჩამობრძანდა თურქი ელჩი, რომელიც აქ გამოგზავნეს იმისათვის, რათა დაედო უვადო ზავი დიდ თურქსა [ოსმალო სულთანსა] და სუფის [სეფიან შაჰს] შორის. თან მოიყოლა ძღვნად ოქრო, შესანიშნავი ცხენები ძვირფასი აღკაზმულობით და ორმოცი ათასი ფუნტის ღირებულების სხვა საჩუქრები. ამის შემდეგ ეს დაზავება აღინიშნა მხიარული ნადიმებითა და სადღესასწაულო ცერემონიალებით, გამყარებულ იქნა ფიცით, მათი ალკარონში დაწერილი კანონის შესაბამისად: რომ დაიცავდნენ ზავს, იცხოვრებდნენ მიცემული ფიცის თანახმად, დაეხმარებოდნენ ერთმანეთს ყველა იმ მეფესთან ომში, ვინც მათ წინააღმდეგ აიღებდა იარაღს. ამ ხელშეკრულების გამო სუფიმ ბრძანა, მოეკლათ სულთნის ვაჟი ბაიაზიდი, მამაცი უფლისწული (რომელიც, მამისგან გამოქცეული, ოთხი წელი იმყოფებოდა შაჰის კარზე). გარკვეულ დროს სწორედ ამ სულთნის ვაჟმა გამოიწვია სისხლისმღვრელი ომები ამ ნახსენებ ხელმწიფეებს [სულთანსა და შაჰს] შორის და თავი განსაკუთრებულადაც გამოიჩინა. ამიტომაც თურქი [სულთანი] მოითხოვდა თავისი ვაჟის გადაცემას და ამაზე სუფისგან [შაჰისგან] უარს იღებდა. თუმცა ახლა, თურქის მოთხოვნისამებრ, მოკლული პრინცის, ბაიაზიდის თავი სუფიმ საჩუქრად გაუგზავნა მას, რაც არაადამიანი მამისთვის მისაღები და სასურველი საჩუქარი იყო. შირვანის მეფესთან ჩემი პირველი ვიზიტისას სხვადასხვა საკითხზე გვქონდა საუბარი და ისე გულთბილად ვიყავი მიღებუ- ლი, როგორც უკვე მოგახსენეთ. ზემოაღნიშნულმა მეფე აბდულა-ხანმა მკითხა, გვქონდა თუ არა ინგლისელებს მეგობრული ურთიერთობა ოსმალო თურქებთან. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ არასდროს გვქონია მეგობრული ურთიერთობა მათთან, ამიტომაცაა, რომ ისინი ნებას არ გვრთავენ, მათი ქვეყნის გავლით მოვიდეთ სუფის სამფლობელოებში; თუმცა არსებობს ხალხი, ვენეციელები, ჩვენგან არცთუ მოშორებით მცხოვრებნი, რომლებიც სულთნის დიდი მოკავშირენი არიან, ვაჭრობენ სულთნის მიწა-წყალზე ჩვენი ნაწარმით, იაფად ცვლიან მას ნედლ აბრეშუმში, რომელიც მოიპოვება (როგორც ვხვდები) აქ, და თუ იქნებოდა შაჰისა და ამ ქვეყნის სხვა მმართველების კეთილი ნება, რომ ებოძებინათ ვაჭრობის უფლება ჩვენი ვაჭრებისათვის ამ სამფლობელოებში, და თუ მოგვცემდნენ პასპორტსა და დაცულობის გარანტიას, როგორიც ნახსენებმა თურქმა [სულთანმა] უბოძა ვენეციელებს, მე ეჭვი არ მეპარება ვაჭრობის იმგვარად განვითარებაში, რაც მანამდე არნახულ სარგებელს მოიტანდა. ისინი მომარაგდებოდნენ ჩვენი საქონლით და ამასთანავე გაასაღებდნენ თავისას ისე, რომ თუნდაც ერთი თურქის მოსვლაც [არ გახდება საჭირო] მათ ქვეყანაში. ამგვარ ვაჭრობაში [ვაჭრობის სიკეთეში] დარწმუნებისთვის ბევრი სხვა არგუმენტიც წარვუდგინე მას. ამ მეფემ, რომელმაც პერსპექტივა მომხიბვლელად მიიჩნია, მითხრა, რომ იგი შაჰს წერილობით მოახსენებდა ვითარების შესახებ, რაც გააკეთა კიდევაც. მარწმუნებდა, რომ შაჰი ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებდა და მასთან უკან დაბრუნებისას თავადაც მიბოძებდა უსაფრთხოების წერილებსა და პრივილეგიებს. თურქების ელჩი ჯერ არ იყო მოსული ამ მიწაზე, დაზავების არავითარი იმედი არ ჩანდა, პირიქით, საქმე დიდი საომარი სამზადისისკენ მიდიოდა, რაც ხელს შეუწყობდა ჩემს მიზნებს, თუმცა სხვაგვარად მოხდა. თურქი ელჩის მოსვლისა და და- ზავების შემდეგ აქ მყოფმა თურქმა ვაჭრებმა გამოუცხადეს თავიანთ ელჩს, რომ ჩემი მოსვლა (ისინი მე ფრანკად მომიხსენიებდნენ) მათ ვაჭრობას დიდწილად ვნებდა და კარგი იქნებოდა, დაერწმუნებინა სუფი [შაჰი], რომ ჩემდამი კეთილგანწყობა არ გამოეხატა, თუკი მის უდიდებულესობას სურდა მოკავშირეობა და მეგობრული ურთიერთობა მის მბრძანებელთან, სულთანთან. თურქი ვაჭრების ამ მოთხოვნას ელჩმა დაბეჯითებით დაუჭირა მხარი. შემდეგ იგი დიდი პატივით გააცილეს თავის სამეფოში სულთნის ზემონახსენები ვაჟის მოჭრილი თავითა და სხვა საჩუქრებით.
ოც ნოემბერს მე გამომიძახეს ზემონახსენები სუფის, შაჰ თამაზის კარზე და დაახლოებით დღის სამ საათზე მივედი სასახლეში. სასახლის კარიბჭესთან ცხენიდან ჩამოხდომისას, სანამ ჩემი ფეხი მიწას შეეხებოდა, ჩამაცვეს წყვილი, თავად შაჰის კუთვნილი ფეხსაცმელი, სპარსულად ბაშმაკებად წოდებული, სწორედ ისეთი, რაც მას აცვია, როდესაც ღამით ლოცვას ასრულებს (მისი წესისამებრ). ამ ფეხსაცმლის გარეშე მე ნება არ მექნებოდა მის წმინდა მიწაზე დამედგა ფეხი, როგორც ქრისტიანს, მათებურად გოვერად [გიაურად] წოდებულს, რაც ნიშნავს არამორწმუნესა და უწმინდურს. ასეთად თვლიან ისინი ყველა ურჯულოსა და წარმართს, ვისაც მათებურად არა სწამს მათი არაჭეშმარიტი მოციქულების – მუჰამედისა და მურთაზალის. აღნიშნული სასახლის კარიბჭესთან ნივთები, რაც მე მისი უდიდებულესობისათვის საჩუქრის სახით მისართმევად მივიტანე, სასახლის მრავალმა მსახურმა სხვადასხვა ყუთებში გადაანაწილა, რათა ჩემ წინ წაეღოთ, ვინაიდან არც ერთ ჩემს მხლებელს ან მსახურს არ დართეს ნება სასახლეში ჩემთან ერთად შემოსულიყო, გამონაკლისი მხოლოდ ჩემი თარჯიმანი იყო. მის უდიდებულესობასთან წარდგომისას იმგვარი რევერანსით მივესალმე, როგორიც საჭიროდ ვცანი, გადავეცი მისი უდიდებულესობა დედოფლის წერილები ჩემს საჩუქრებთან ერთად. სალმის მიღების შემდეგ მან მკითხა, ფრანკთა [ევროპელთა] რომელი ქვეყნიდან ვიყავი და რა საქმიანობას ვეწეოდი. ამაზე ვუპასუხე, რომ ვიყავი ცნობილი ქალაქ ლონდონიდან, რომელიც მდებარეობს ინგლისის სამეფოში და რომ იქიდან გამომგზავნა ყველაზე ბრწყინვალე და მოწყალე მმართველმა, ელიზაბეტ დედოფალმა, რათა მეგობრული კავშირი დამემყარებინა, თავისუფალი გადაადგილების ნება მომეპოვებინა ჩვენი ვაჭრებისა და ჩვენი ხალხისთვის, რომ ჩამოვსულიყავით მის მიწა-წყალზე, მოგვეტანა ჩვენი საქონელი და წაგვეღო აქაური, ორივე მმართველის სასახელოდ და ორივე სამეფოს ორმხრივი სარგებლობისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობისთვის. კიდევ სხვა რამეებიც ვთქვი, რასაც აქ გამოვტოვებ. მაშინ მან მკითხა, რა ენებზე იყო წერილები დაწერილი. ვუპასუხე, რომ ლათინურად, იტალიურად და ებრაულად. მან [შაჰ თამაზმა] თქვა, რომ მის სამეფოში ეს ენები არავის ესმის; რაზეც მივუგე, რომ ისეთ ცნობილსა და ძლევამოსილ ხელმწიფეს (როგორიც ის იყო) არ უნდა გასჭირვებოდა თავის ვრცელ სამფლობელოებში, ამდენი ეროვნების ხალხში, ისეთი ვინმეს პოვნა, ვინც ამის თარგმნას შეძლებდა.
შემდეგ მან გამომკითხა ჩვენი ქვეყნების მდგომარეობის შესახებ, ალემანების იმპერატორის, მეფე ფილიპისა და თურქთა სულტნის ძალაუფლების შესახებ და – თუ რომელია მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი. მე იმგვარად ვუპასუხე, რომ მეამებინა – არ დავაკნინე დიდი თურქი [სულტანი], გავითვალისწინე რა [პასუხში] მისი ახლახან გაფორმებული მეგობრული ურთიერთობა. შემდეგ მან ჩემთან ვრცლად განიხილა რელიგია, მკითხა, ვიყავი თუ არა გოვერი [გიაური], რაც ურწმუნოს ნიშნავს, თუ [ვიყავი] მუსლიმანი, რაც მუჰამედის კანონების მიმდევარს ნიშნავს. ამაზე მე მივუგე, რომ მე არ ვიყავი არც ურწმუნო და არც მაჰმადიანი, არამედ ვიყავი ქრისტიანი. რა არის ეს, – ჰკითხა მან ქართველთა მეფის ვაჟს, ქრისტიანს, რომელიც გამოქცეული და შეფარებული იყო ამ სუფის [შაჰის] კარზე. მან უპასუხა, რომ ქრისტიანი ადამიანი არის მიმდევარი იესო ქრისტესი, რომელსაც სწამს, რომ იგი არის ძე ღვთისა და უდიდესი წინასწარმეტყველი. ამგვარად გწამს შენ? – მკითხა სეფიანმა. დიახ, ამგვარად, – ვუპასუხე მე. ოჰ, შე ურწმუნო, ჩვენ არ გვაქვს საჭიროება ვიმეგობროთ ურწმუნოებთან – [განაცხადა მან] და მიბრძანა გავცლოდი. მე გამიხარდა, თავი დავუკარი და წამოვედი ჩემს გზაზე, თან მახლდა ბევრი მისი კარისკაცი და სხვებიც. ჩემ უკან მოდიოდა კაცი ქვიშით სავსე თასით და ყრიდა [ქვიშას] მთელ გზაზე, რომელზეც გამოვდიოდი სასახლიდან – სადაც მიმიღო სუფიმ, იქიდან მოყოლებული, ჭიშკრამდე.
ამგვარად, დავბრუნდი კვლავ ჩემს საცხოვრებელში და იმავე ღამეს შელი მირზამ, უკვე ნახსენები ჰირკანიის მეფის ვაჟმა, რომელიც მე ძალიან კარგად მომეპყრო, ვინაიდან მამამისმა გამიწია რეკომენდაცია, შემომითვალა, რომ არაფერზე დავეჭვებულიყავი, დამაიმედა, რომ მივაღწევდი დიდი წარმატებას სეფიანთან და მისგან კეთილგანწყობასაც მივიღებდი.
ასე გავატარე რაღაც პერიოდი. ყოველდღიურად მაკითხავდნენ შაჰის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა წარჩინებულები სასაუბროდ, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის იმპერატორს, ასევე იმის გასაგებად, რა გზით ვაპირებდი დაბრუნებას ჩემს ქვეყანაში – იმავე გზით, რომლითაც მოვედი თუ ორმუზის გავლით, პორტუგალიური გემებით. ვუპასუხე, რომ არ ვაპირებდი ორმუზის გზით წასვლას, რადგან პორტუგალიელებთან მეგობრული ურთიერთობები არ გვაქვს. კარგად მესმოდა მათი აზრების: ინფორმირებული ვიყავი, რომ ეს შაჰი ომს გეგმავდა პორტუგალიელებთან და დამაბრალებდა, რომ მოვედი როგორც ჯაშუში, რათა მისი სამფლობელოების გავლით მივსულიყავი პორტუგალიელებამდე, რადგან მიგვიჩნევდა მათ და ჩვენ ერთ ხალხად და ყველას ფრანკებს გვეძახდა. თუმცა, ღვთის ნებით, ეს საკითხი მოგვარდა.
ამის შემდეგ ამ შაჰმა ითათბირა თავის დიდებულებთან და საბჭოსთან [მრჩევლებთან] ჩემთან დაკავშირებით, რომელთაც დაარწმუნეს, რომ არ უნდა მომპყრობოდა კარგად, არც წერილებითა და საჩუქრებით უნდა გავეშვი, იმიტომ, რომ ვიყავი ფრანკი და იმ ნაციიდან, რომელიც მისი „ძმის“ [ამ ეტაპზე: მოკავშირის] – დიდი თურქის [ოსმალო სულტნის] მტერია. არწმუნებდნენ, რომ თუ სხვაგვარად მოიქცეოდა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაღწევდა სულთნის ყურამდე, ეს გამოიწვევდა მათი ახლახან გაფორმებული კავშირისა და მეგობრობის დარღვევას; რომ მას არ სჭირდებოდა მეგობრობა ურწმუნოებთან, რომელთა ქვეყნებიც ესოდენ მოშორებულია მისი მიწებიდან, და რომ უმჯობესი იქნებოდა მისთვის, რომ ჩემი წერილებიანად გავეგზავნე მოხსენიებული სულთნის კარზე, როგორც საჩუქარი. ის სრულად განეწყო, რომ ასეც მოქცეულიყო, როცა ახლო მომავალში გაგზავნიდა თავის ელჩს დიდ თურქთან [სულტანთან].
მაგრამ ზემონახსენები ჰირკანიის მეფის ვაჟმა, რომელმაც გაიგო განზრახვის შესახებ, გაგზავნა შიკრიკი მამასთან, რათა შეეტყობინებინა მისთვის, რაც იგეგმებოდა. მან, გულმოწყალე ხელმწიფემ, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა, რომ მე მის მიწებზე გავიარე, და რომ ჩემი მოგზაურობა კარგ მიზნებს ისახავდა, მისწერა შაჰს, რაც გაიგო მისი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ; [იგი თვლიდა], რომ მისი დიდებულების ღირსებას არ შეჰფეროდა, რომ ჩემთვის ევნო, არამედ, პირიქით, კარგად უნდა მომქცეოდა, ვინაიდან მე მოვედი მის მიწაზე ჩემი თავისუფალი ნებით და არა იძულებით. თუ ის [შაჰი] მე ვნებას მომაყენებდა, მის ქვეყანაში ცოტა უცხოელი მოვიდოდა, რაც მისთვის არასასურველი იქნებოდა, ბევრი თანმხლები არგუმენტით [გაამყარა რა ეს მოსაზრება]. სეფიანმა შაჰმა [საკითხის] მართებულად და სრულად აწონ-დაწონვის (რაც ჰირკანის მეფის დამსახურებაა, რომელიც ყველაზე მამაცი მმართველია მის უახლოეს ქვეშევრდომთა შორის) შემდეგ შეცვალა თავისი განზრახვა, 1562 წლის 20 მარტს გამომიგზავნა ძვირფასი სამოსი, ოქრომკედით შემკული, და უვნებლად გამიშვა.
იმ პერიოდში, როცა მე დროებით ვიმყოფებოდი აღნიშნულ კასბინში, ჩემთან მოვიდნენ ინდოელი ვაჭრები, ვისთანაც მე ვაწარმოე მოლაპარაკებები სანელებლებით ვაჭრობის თაობაზე, რის შესახებაც მათ თქვეს, რომ თუ იქნებიან დარწმუნებული საქონლის გასაღებაში, შეუძლიათ ყველა სახის [სანელებელი] ისეთი რაოდენობით მოიტანონ, რამდენის წაღებასაც შევძლებთ. მე დავარწმუნე ისინი ამაში და ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ამ საქმიდან დიდძალი ქონება და მოგება შეიძლება დარჩეს.
იმავე 20 მარტს მე დავბრუნდი კასბინიდან, სადაც დავყავი მთელი ზამთრის განმავლობაში, მანამდე კი გავაგზავნე ყველა ჩემი აქლემი. 30-ე დღეს მივედი ნახსენებ ქალაქ არდოულში და 15 აპრილს კი – ნახსენებ ქალაქ ზავატში (მანამდე ავტორმა ამ ქალაქს იავატი უწოდა, სხვადასხვანაირადაა მოხსენიებული ქ. ჯავატი. მთარგმნ.), სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდა მეფე ობდოლახანი (აბდულახანი), რომელმაც მაშინვე თავისთან მიხმო და გამომკითხა ბევრი რამის შესახებ. განმიცხადა, რომ თუ არა ის, ჩემი საქმე კრახით დასრულდებოდა და სულტნის კარზე გაგზავნა არ ამცდებოდა, როგორც შაჰისგან მირთმეული საჩუქრისა, რაშიც ბოროტად არწმუნებდა შაჰს მისი ბიწიერი საბჭო, რომელშიც ზიეტები და სასულიერო პირები იყვნენ მთავარი და გადამწყვეტი მამოძრავებელი. [მითხრა], რომ შაჰს თავიდან ბევრად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ, და აპირებდა, რომ კარგი პირობები შეექმნა, რაც მოხდებოდა კიდევაც, რომ არა მშვიდობისა და კავშირის დამყარება დიდ თურქთან [ოსმალეთის სულტანთან]. მიუხედავად ამისა, მითხრა მან [აბდულახანმა], შაჰმა მომწერა, რომ კარგად მიგიღო. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ქვეყანაში. იგი [აბდულახანი] ძალიან თავაზიანად მომეპყრო, მის კარზე მე გავჩერდი შვიდი დღის განმავლობაში, აღვიჭურვე მისგან უსაფრთხოების წერილებითა და თქვენს სახელზე გაცემული პრივილეგიებით, რაც გვათავისუფლებდა ბაჟისგან. [ესენი] გადავეცი თქვენს მსახურებს – ტომას ალკოკსა და ჯორჯ რინის, რომლებიც მიემგზავრებოდნენ სპარსეთში თქვენს საქმეებზე. მისმა უდიდებულესობამ მიბოძა ორი ხელი აბრეშუმის სამოსი და გამიშვა დიდი წყალობით. თან გამაყოლა თავისი ელჩი კვლავ რუსეთის იმპერატორთან და გამანდო თავისი უმთავრესი საქმიანობის საიდუმლო, რათა მე დაბრუნებისას მომეხსენებინა მისი საიმპერიო ბრწყინვალებისთვის [რუსეთის მეფე]. ამგვარად, 10 აპრილს გამომგზავრებული, მე მივედი ქალაქ შემახაში და იქ გავჩერდი რამდენიმე დღე, რათა მომეგვარებინა აქლემებით ზღვის სანაპირომდე მიღწევის საკითხი. მანამდე იქიდან გავგზავნე კაცი, რომ შეეკეთებინათ და მზადყოფნაში მოეყვანათ ჩემი ხომალდი. შემახაში ყოფნისას ჩემთან მოვიდა ქართველი მეფის მიერ გამოგზავნილი ვინმე სომეხი, რომელმაც მომითხრო ამ მეფის სავალალო მდგომარეობის შესახებ: რომ იგი მოქცეულია ორ სასტიკ ტირანსა და ძლევამოსილ მმართველს, ზემონახსენებ თურქსა [სულთანსა] და სუფის [შაჰს] შორის, და რომ ის აგრძელებს ბრძოლას მათთან. ქრისტეს სიყვარულისთვის და როგორც ქრისტიანს, მევედრებოდა, ამავე სომხის საშუალებით ნუგეში გადამეცა მისთვის და მერჩია, თუ როგორ გაეგზავნა ელჩი დასახელებულ რუსეთის იმპერატორთან; მეთქვა, შესაძლებლად მიმაჩნდა თუ არა, რომ იმპერატორისგან დახმარების იმედი ჰქონოდა. [წარმოგზავნილმა] კიდევ ბევრი სხვა სავედრებელი სიტყვა მითხრა, [კერძოდ] რომ დაბრუნებისას მომეხსენებინა იმპერატორისთვის მისი [ქართველი მეფის] საჭიროებების შესახებ. ისიც დაამატა, რომ მეფე თავადვე მომწერდა თავის აზრებს, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ გზავნილი ჩემამდე უსაფრთხოდ მოაღწევდა. [ამ ყველაფერზე] მეც იმგვარივე ფორმით, ზეპირად შევუთვალე პასუხი: ვარწმუნებდი, რომ არა მარტო უყოყმანოდ უნდა გაეგზავნა ელჩი რუსეთში, არამედ უნდა ჩაეთვალა იმპერატორი ყველაზე ღირსეულად და მისთვის დახმარების მოსურნედ. მე ასევე ავუხსენი მას [სომეხ შიკრიკს], თუ როგორ უნდა გაეგზავნა [ქართველ] მეფეს იგი ჩირქაზის ქვეყნის გავლით, ტენერუკ მეფის კეთილი ნებით, რომლის ქალიშვილზე [რუსეთის] მეფე არცთუ დიდი ხნის წინ დაქორწინდა. ნახსენები სომეხის [შიკრიკის] ამგვარად გასტუმრებიდან ორი დღის შემდეგ თქვენი მსახური ედვარდ კლარკი ქალაქ არაშში გავაგზავნე, სადაც მოიპოვება ყველაზე დიდი რაოდენობით აბრეშუმი. დავავალე მას, გაეგრძელებინა გზა ქართულ სახელმწიფომდე და იქ როგორმე ზემონახსენებ მეფეს მიხმარებოდა. ავუხსენი მას ჩემი დავალება, [მივეცი] რეკომენდაციები და გავანდე განზრახვა, რომ როგორმე მოეპოვებინა აღნიშნული მეფისგან ჩვენი ვაჭრებისთვის თავის სამფლობელოებში თავისუფალი გადაად- გილებისა და ვაჭრობის უფლება და ყოველივეს მოგვარების შემდეგ სწრაფად დაბრუნებულიყო უკან. ეს თქვენი მსახური [კლარკი] გაემგზავრა ქალაქ არაშში და იქ ნახა ზოგიერთი სომეხი ვაჭარი, რომლებიც დაჰპირდნენ საქართველოს აღნიშნულ ქალაქში ჩაყვანას. მიუახლოვდნენ კიდეც საზღვარს, თუმცა გარნიზონის მეთაურმა გაიგო, რომ ის ქრისტიანია და გამოჰკითხა, საით მიეშურებოდა. [ამ უკანასკნელმა] გაიაზრა რა, რომ დიდი დაეჭვების გამოუწვევლად გზას წინ მეტად ვეღარ გააგრძელებდა, უპასუხა, რომ აქ მოვიდა აბრეშუმის შესაძენად და უჩვენა მას ჰირკანის მეფის წერილები, რომელიც თან ჰქონდა. ამგვარად მოახერხა უკან დაბრუნება და 15 აპრილს მოვიდა შემახაში. იმავე თვის 16 რიცხვში მე იქიდან წამოვე- დი და 21-ში მივაღწიე ზღვის სანაპიროს, სადაც ჩემი ხომალდი მზადყოფნაში დამიხვდა. ვუბრძანე, თქვენი საქონელი ჩაეტვირთათ და ზურგის ქარის მოლოდინშიღა ვიყავი.
ვიდრე განვაგრძობდე საუბარს ჩემს დაბრუნებაზე, თქვენის ნებართვით, მსურს მცირედად შევეხო სპარსეთს, დიდ სუფის [შაჰს] და მისი ქვეყნის კანონებსა და რელიგიას.
სპარსეთის მიწა არის დიდი და ვრცელი, დაყოფილი ბევრ სამეფოდ და პროვინციად, როგორიცაა გილანი, ხორასანი, შირვანი და ბევრი სხვა, სადაც მრავალი სხვადასხვა დიდი თუ პატარა ქალაქი და ციხესიმაგრეა. თითოეულ პროვინციას ჰყავს საკუთარი მეფე ან სულთანი – ყველა დიდი სუფის ქვეშევრდომი. მთავარი ქალაქების სახელებია: თევრისი (თავრიზი), კასბინი (ყაზვინი), ქეშანი (ქაშანი), იესი (იერდი), მესკიტი (მეშედი), ჰეირინი (თეირანი), არდოული (არდებილი), შემახი (შემახა), არაში და ბევრი სხვა. ზღვის სანაპიროსკენ გადაჭიმული ქვეყნის ნაწილი ვაკეა და მდიდარია საძოვრებით, მაგრამ სიღრმეში მაღალმთიანია და ციცაბო. სამხრეთით ის ესაზღვრება არაბეთსა და აღმოსავლეთის ოკეანეს, ჩრდილოეთით – კასპიის ზღვასა და ტარტარიას (თათრების) მიწებს, აღმოსავლეთით – ინდოეთის პროვინციებს, ხოლო დასავლეთით ემიჯნება ქალდეას, სირიას და სხვა თურქულ მიწებს. ყველა ეს სამფლობელო სეფიანი შაჰისა, სახელად შაჰ-თამაზის, რომელიც ისმაელ სუფის ვაჟია. ის სეფიანი, რომელიც ამჟამად მეფობს, არ არის მამაცი, თუმცა კი მისი ძალაუფლება დიდია, ხოლო მისი ხალხი – მეომარი. მისი უხერხემლობის გამოა, რომ თურქი [ოსმალო სულტანი] ბევრჯერ შეიჭრა მისი სამფლობელოებში და თავრიზამდეც მივიდა, სადაც იყო მისი [შაჰის] მთავარი კარი. და ამჟამად, მას აქეთ, რაც ის მიატოვა, ძირითადად ცხოვრობს ყაზვინში. ყოველთვის, როცა ნახსენები თურქი შემოუტევს ხოლმე, მას არ შესწევს უნარი, ბრძოლის ველზე გაუწიოს წინააღმდეგობა და უფრო მთებში გრძნობს თავს დაცულად, ვიდრე საკუთარ ციხესიმაგრეებში. ამიტომ საკუთარ სამფლობელოებში მათი დანგრევა და საარტილერიო ქვემეხების გადადნობა ბრძანა, იმ მიზნით, რომ მტერი, რომელიც მას კვალში ედგა, ვერ გაძლიერებულიყო ამ ყველაფრით.
ეს მმართველი ორმოცდაათიოდე წლისაა, საშუალო სიმაღლისა გახლავთ და ხუთი შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი დატყვევებული ჰყავს ციხეში, იმიტომ, რომ ეშინია მისი სიმამაცისა და აქტიურობის. ის [შაჰი] თავს ლამის წმინდანად მიიჩნევს და ამბობს, რომ სისხლით ენათესავება მუჰამედსა და მურთეზალის (ხალიფა ალი). მიუხედავად იმისა, რომ ეს სპარსელები მაჰმადიანები არიან, ისევე, როგორც თურქები და თათრები, ისინი თაყვანს სცემენ ამ ცრუ და გამოგონილ მურთეზალის; ამბობენ, რომ ის არის მუჰამედის ჭეშმარიტი მიმდევარი, ყოვედღიურად წყევლა-კრულვას უთვლიან მუჰამედის სამ სხვა მიმდევარს: ოვეარს (ომარს), უსირანს (ოსმანს) და აბებექს (აბუბექრს). სწორედ ამ სამმა მოკლა ნახსენები მურთეზალი. სასულიერო პირებსა და კანონებში ამ და სხვა განსხვავებების გამო მათ ჰქონდათ და ახლაც აქვთ თურქებთან და თათრებთან სისხლისმღვრელი ომები. ამჟამად მე არ მჭირდება, ვრცლად ვისაუბრო მათ რელიგიაზე, რომელსაც ასე თუ ისე მოიცავს მუჰამედის კანონები და ალკორანი. ეს ხალხი არის წარმოსადეგი და კარგი აღნაგობისა, ამაყი და მამაცი, თავი ყველა ხალხზე უკეთესი ჰგონიათ, როგორც თავისი რელიგიითა და ღვთისმოსაობით, რაც სავსებით მცდარია, ასევე ყველა სხვა თვისებით. ისინი მეომარი ხალხია, უყვართ კარგი ცხენები და მათი მოსართავები, ფიცხნი, ეშმაკნი და სასტიკნი არიან. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ყოველივე მომეთხრო ამ ხალხზე და ახლა ვუბრუნდები ჩემი დარჩენილი მოგზაურობის შესახებ თხრობას.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კასპიის ზღვასთან ჩემი ხომალდი მზადყოფნაში დამიხვდა. ზურგის ქარისა და იმის წყალობით, რომ ღმერთს მივანდეთ საკუთარი თავი, 1563 წლის 30 მაისს ჩვენ მივედით ასტრახანში. დაბრუნებისას ზღვაზე არანაკლები საფრთხის გადატანა მოგვიწია, ვიდრე მომავალ გზაზე, და [ამიტომ] გავჩერდით ასტრახანში ათ ივნისამდე. ასი შეიარაღებული პირი გამოიყო ჩემს მცველად, სანამ ვოლგას ავუყვებოდით და 15 ივლისს მივაღწიე ქალაქ ყაზანს, სადაც გარნიზონის უფროსმა კარგად მიმიღო. როცა გამომიშვა, ადგილიდან ადგილამდე გამცილებლები მახლდა და ასე მივედი 1563 წლის 20 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში, ღვთის წყალობით, დაცული, ყველა იმ საქონლით, ნავაჭრითა და სამკაულით, რაც შევიძინე იმპერატორის ხარჯით მისთვის, ასევე თქვენთვის. მე მიბრძანეს, ყველა ეს საქონელი მიმეტანა იმპერატორის ხაზინაში გაუხსნელი, რაც გავაკეთე კიდეც. საქონლისა ის ფუთები მივიტანე, რომელიც მისი უდიდებულესობის ხარჯით იყო ნაყიდი – ძვირფასი ქვები, სხვადასხვა ფერისა და სახეობის აბრეშუმის ქსოვილი, რითაც მისი უმაღლესობა ფრიად ნასიამოვნები დარჩა. ის, რაც თქვენ გეკუთვნოდათ, კერძოდ, ნედლი აბრეშუმი, სხვა სავაჭრო საქონელთან ერთად (რაც ანგარიშიდან ჩანს), მივიტანე თქვენს სახლში, სადაც ნაწილი დავტოვე და დანარჩენი კი დაიტვირთა თქვენს გემებზე, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ.
მალევე მოსკოვში ჩემი დაბრუნებიდან, მე მივედი მის უდიდებულესობა იმპერატორთან და სეფიანის მიერ მისთვის საჩუქრად გამოტანებული სამოსი გადავეცი. მისი უმაღლესობა მესაუბრა მეფის იმ საქმეებზე, რომელიც მე მომანდო საზრუნავად. ჩემმა მონათხრობმა, რადგანაც მის სურვილებს შეესაბამებოდა, ნასიამოვნები დატოვა, და მითხრა: კარგი სამსახური გამიწიე, რისთვისაც გმადლობ და ამისთვის დაგაჯილდოვებო. [რუსეთის ხელმწიფემ] ასევე ისურვა, რომ კიდევ ვიმოგზაურო იქ მისი საქმეებისთვის და გავუწიო სამსახური. მე ვუპასუხე, რომ გულითადად მოხარული ვიყავი, რომ ჩემი სამსახური ესოდენ მისაღები აღმოჩნდა მისი უმაღლესობისთვის და რომ ეს ყველაფერი, რაც გავაკეთე, მხოლოდ მოვალეობა იყო. მორჩილად დავუკარი თავი, რათა კვლავ კეთილგანწყობილი ყოფილიყო თქვენ მიმართ, და, ამავე დროს, მოკრძალებულად ვთხოვე მის დიდებულებას ახალი პრივილეგიები ებოძებინა თქვენთვის, უფრო ფართო, ვიდრე უწინდელი. ეს თხოვნა მაშინვე იქნა დაკმაყოფილებული და მეც წამოვედი. შემდეგ დავწერე მოკლე მონახაზი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო შედგენილი აღნიშნული პრივილეგიები. ყოველდღე დავდიოდი კანცელარიაში, რომ ეს საქმე აღსრულებულიყო. მოვიპოვე კიდეც ისინი, მისი უდიდებულესობის ბეჭედდასმული, რაც ჩემი იქიდან გამომგზავრებისას თქვენს იქაურ აგენტს, ტომას გლოვერს დავუტოვე შესანახად. ამ პრივილეგიების ასლები, ისევე, როგორც სხვა პრივილეგიებისა, ჰირკანიის მეფისგან ბოძებული, მე უკვე გადმოგეცით. ზამთრის პერიოდში, რაც მე მოსკოვში გავატარე, როდესაც მის საიმპერიო უდიდებულესობასთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, თქვენი მსახური ედვარდ კლარკი მოვავლინე აქ რჩევით; ასევე, მოვამზადე ნიადაგი სპარსეთში კვლავ [ხალხის] გაგზავნისა წლის შესაფერის დროს. მივანდე რა ეს საქმე თქვენს მსახურებს – ტომას ალკოკს, ჯორჯ რენისა და რიჩარდ ჩეინის, გასულ 28 ივლისს მე წამოვედი მოსკოვიდან. მივედი კოლმოგროში, დავუყევი ზღვისკენ გზას და იქ აღმოვაჩინე თქვენი გემები, დატვირთული და გამომგზავრებისთვის მზადმყოფი. თავად მე თქვენს კარგ გემზე, „სვოლოუზე“ დავჯექი 1564 წლის 9 ივლისს და ზღვით, დიდი საფრთხის გამოვლით, რაც ემუქრებოდა გემებს, საქონელსა და ჩვენს სიცოცხლეს, გასულ 28 სექტემბერს, ღვთის წყალობით, უსაფრთხოდ ჩამოვედით ლონდონში.
როგორც შეეფერება მამაც და თავდადებულ ჯარისკაცს, რომელიც თავის სახელს, სხეულსა და სიცოცხლეს რისკავს, რათა ერთგულად ემსახუროს თავის ხელმწიფეს, არად აგდებს განსაცდელსა და საფრთხეებს, რაც უკან მოიტოვა, და გამარჯვებას მოიპოვებს, არაფერი უნდა საჩუქრად, გარდა იმისა, რომ მისი სამსახური იყოს კეთილად აღქმული იმის მიერ, ვისთვისაც ეს კეთდება; მეც, ვგრძნობ რა თქვენს კეთილგანწყობას ჩემდამი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩემი მოგზაურობები თქვენთვის მისაღები და სასიამოვნოა, თავს ვთვლი ამით დიდად დაჯილდოებულად. ვევედრები მაღალ ღმერთს, რომ თქვენი წამოწყებები კეთილად აღსრულდეს, რომ მოყოლებული აქედან, ჩემი დროგამოშვებითი მოგზაურობებისგანაც (რომელსაც თქვენგან დიდი ზრუნვა, ხოლო ჩემგან არცთუ ცოტა საფრთხის გადალახვა დასჭირდა), სრულყოფილად მოიმკათ ნაყოფი, და ისიამოვნოთ ამით, მისი ბრწყინვალე უდიდებულესობის სახელის სადიდებლად, თქვენი უმაღლესობის სამეფოს ღირსებისა და სახელისათვის, აგრეთვე დიდი შემოსავლების გასაზრდელად და თქვენი და თქვენი შთამომავლების გასამდიდრებლად სამარადჟამოდ.
წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98
Комментариев нет:
Отправить комментарий