среда, 15 ноября 2023 г.

„დღიური“ - არქეოლოგის ჩანაწერები ქვის ხანის საქართველოს შესახებ (დიანა ნაყოფია)

მოგზაურობა „ქვის ხანის საქართველოში“
3 თებერვალი 2014 წელი
  მე გახლავართ დიანა, დამწყები არქეოლოგი. პერიოდულად ასისტენტად მიწევს მონაწილეობა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, მართალია ჯერ მოხალისედ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში თავად შევძლებ საკუთარი სამეცნიერო ექსპედიციები მოვაწყო. დღეს გადავწყვიტე გავაკეთო დღიური, სადაც მოგითხრობთ, ჩემს მიერ ნანახი არქეოლოგიური ძეგლების შესახებ, რომელთა ინფორმაციებითაც შევეცდები წარმოდგენა შეგიქმნათ ქვის ხანაში მცხოვრები ადამიანების ყოფაცხოვრების შესახებ. ასევე მოგიყვებით მეცნიერთა ჩანაწერების და აღმოჩენების შესახებ რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება.

14 აპრილი 2014 წელი
    ქვის ხანა იწყება ჰომინინების გაჩენით, რომელთაგან დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ჰომოგეორგიკუსისა და ჰომოერექტუსის ნაშთები. ამიტომ გადავწყიტე ჩემი სამეცნიერო ექსპედიციები დამეწყო სწორედ დმანისის ნაქალაქარის აღმოჩენებით.
    დმანისის ისტორიული ნაქალაქარი ქვემო ქართლში, ქ. თბილისადან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ის დაშორებით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, მდ. მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან წარმოქმნილ კონცხზე მდებარეობს. ნაქალაქარი 2 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ქალაქი და ქალაქის გარეუბანი.

    1983 წელს დმანისის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ცხოველის ძვლები, მარტორქის კბილი, რომელიც დათარიღებით სავარაულოდ კავკასიაში 1,5-2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ერთი წლის შემდეგ იპოვეს ქვის იარაღები,  1991  წელს კი – ჰომინინის ქვედა ყბა კბილებით რომელიც დათარიღებით 1,77 მილიონი წლის წინანდელია. ასევე არქეოლოგთა ჯგუფის მიერ, ნაპოვნია იგივე  ასაკის 2 მცირე ზომის თავის ქალა. იმის შემდეგ კვლევები სულ გრძელდება, ამიტომ სიხარულით შევუერთდი დმანისის ექსპედიციას და არაერთი უახლესი აღმოჩენების მონაწილეც გავხდი: თანდათან მიწიდან ამოდიოდა გეორგიკუსებისა და ერექტუსების ნაშთები, რომელთა ასაკი მეცნიერებმა 1-1,5 მილიონი წლებით განსაზღვრეს.




    ბოლო დღეს ვსაუბრობდით  და ვდაობდით იმაზე რომ, განიცადა თუ არა ადამიანმა აფრიკის კონტინენტიდან წასვლის შემდეგ ბიოლოგიური ევოლუცია. ჯგუფის ერთი ნაწილი ვეთანხმებოდით იმას, რომ ადამიანი აფრიკიდან წამოსვლის შემდეგ წავიდა სხვა კონტინენტზე  და იქ განიცადა ევოლუცია. მაგრამ ჯგუფის  მეორე ნაწილი ეთანხმებოდა აზრს რომ ადამიანს სხვა კონტინენტზე წასვლის შემდეგ არ განუცდია ბიოლოგიური ევოლუცია.
    დღე დასასრულს მიადგა, როცა ლორთქიფანიძის და ვეკუას ჩანაწერები  შემხვდა რომელიც დმანისელ ჰომონინებზე მაწვდიდა ინფორმაციას ისე ვერ დავტოვებდი სამუშო ადგილს რომ ეს არ წამეკითხა. ამიტომ დავიწყე კითხვა, დიდი დრო არ დამჭირვებია ძალიან საინტერესო და საინფორმაციო იყო. მინდა რომ ამის შესახებ თქვენც მოგიყვეთ და თქვენს იცოდეთ სავარაუდოდ რას აკეთებდა ძველი პალეოლითელი ადამიანი.
    ჩანაწერის მიხედვით ჰომინინის შთამომავლები ევროპისა და აზიის მხარეს გავრცელდა, ისინი ამზადებდნენ ქვის იარაღებს, სავარაუდოდ იყენებდნენ ცეცხლსაც, მაგრამ დმანისის  ნაქალაქარზე ამის კვალი არა ჩანს, ასევე ევროპაში შემდგომი ადამიანის ასაკი დაახლოებით 800000 წლის იყო. არქეოლოგიური გათხრები დღემდე გრძელდება, ხოლო დღეისათვის აღმოჩენილია ხუთი სხვადასხვა სახეობის და ასაკის ინდივიდის ძვლები. მათი სიმაღლე დაახლოებით 1,5 მ., წინ გამოშვერილი სახეები და ტვინი მცირე ზომის განსხვავებით თანამედროვე ადამიანისგან.


20 მაისი 2014 წელი
    დღეს გადავწყვიტე მოგიყვეთ თუ რა გარემოში ცხოვრობდნენ დმანისელი ადამიანები, რა იზრდებოდა დმანისის ტერიტორიაზე 1,7–1,8 მილიონი წლის წინ და რომელი ცხოველები ბინადრობდნენ ქვის ხანაში დმანისის ტერიტორიაზე. მე და ჩემმა ჯგუფმა არაერთი არქეოლოგიური კვლევა ჩავატარეთ დმანისის ტერიტორიაზე და დავადგინეთ რომ 1,7-1,8 მილიონი წლის წინ დმანისის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული: სოჭი,  ფიჭვი, წიფელი, რცხილა, თელა, წაბლი, ცაცხვი და მუხა. ველურად ხარობდა მარცვლოვანი და კენკროვანი მცენარეებიც. ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ასევე უამრავი სხვადასხვა ცხოველის ძმალი: აფთრის, მგლის, დათვის, იაგუარის, ანტილოპას, ავაზას, ბიზონის, ჯიხვის, მარტორქის, სპილოს, ჟირაფისა და სხვა უამრავი ცხოველის ნაშთი. დღემდე უამრავი ქართველი თუ უცხოელია დმანისის გამოკვლევებში ჩართული და ვთვლი რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.
 
10 აგვისტო 2014 წელი 
    მოდი ვისაუბროთ პალეოლითისა და მეზოლითის ხანაზე საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგთა ჯგუფების დახმარებით ნაპოვნია 400-მდე პალეოლითური სადგომი, რომლებსაც ჩვენ რეგიონების მიხედვით ვაჯგუფებთ მაგალითად: 1. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი; 2. რიონ-ყვარელის აუზი; 3. შიდა ქართლი; 4 ქვემო ქართლი; 5. ჯავახეთის ზეგანი და 6. იორ-ალაზნის აუზი. არა მხოლოდ პალეოლითის სადგომები არამედ მეზოლითის ნამოსახლარებიცაა ნაპოვნი. უმეტესად მათი ნასახლარი აღმოჩენილია მღვიმეებსა და გამოქვაბულებში.
    საქართველო უმეტესად მთაგორიანი ქვეყანაა და იმდროინდელი ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა. ნამოსახლარის სიუხვით საქართველოს ტერიტორიაზე ზემო იმერეთი გამოირჩევა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ. როგორც გაირქვა პალეოლითის ბოლო პერიოდსა და მეზოლითში საქართველოში, მცხოვრებ ადამიანებსაც უსწავლიათ ხატვა, სამკაულების გაკეთება, შეუქმნიათ სამარხების გარკვეული ტიპი, დაუმზადებიათ უძველესი ქსოვილი და მთლიანობაში საკმაოდ დიდ განვითარებას მიუღწევია. ახლა მინდა რომ თითოეულ აღმოჩენაზე დაწვრილებით გესაუბროთ.



23 ოქტომბერი 2014 წელი
    როგორც დაგპირდით, მინდა იმერეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში არსებულ მნიშვნელოვან ნამოსახლარებზე გესაუბროთ, სადაც ჩანს ქვის ხანის ადამიანების განვითარების მნიშვნელოვანი წინსვლა:
    1. ცუცხვათის სარიტუალო ადგილი ცუცხვათის მღვიმოვანში. ცუცხვათის მღვიმოვანი – მრავალსართულიანი მღვიმეა საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, ოკრიბა-არგვეთის სერზე, ზღვის დონიდან 250–400 მ სიმაღლეზე. მღვიმური კომპლექსი გამომუშავებულია ცუცხვათის ქვაბულში გამდინარე პატარა მდინარე შაბათაღელის მიერ 6–7 ჰა ფართობზე, ქვედაცარცული ასაკის მასიურ კირქვებში.  მღვიმის შესასვლელი ლოდებით იყო დაფარული, თაროზე ცხოველის ძვლები, დათვის კბილები, წინაა კიდურები და თავის ქალა ვიპოვეთ, ეს ყველაფერი კი ნეანდერტალელებს დაუკავშირეს, რადგან, სავარაუდოდ, ეს ადგილი მათი სარიტუალო ადგილი იყო, სადაც ნადირობასთან დაკავშირებით მართავდნენ რიტუალებს. ნაპოვნი დათვის ძვლები გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.



    2. საგვარჯილეს მღვიმის ნაკეთობები. საგვარჯილე მღვიმეა იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლის ხეობაში, 220 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. ეხის ტიპის სიღრუეა (სიგრძე 13 მ, სიგანე 37 მ, სიმაღლე 20 მ).
    მღვიმეში ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის ადამიანთა ნაცხოვრები ადგილებია. ჩვენთვის საინტერესო იყო ზედა პალეოლითის დამახასიათებელო ნივთების – ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი – ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა – აღმოჩენა-შესწავლა.




    3. წალკის (თრიალეთის) პეტროგლიფები. პეტროგლიფები გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებზე თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულებებია. ამ მხრივ, წალკის მუნიციპალიტეტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. სოფელ განთიადთან (ყოფილი თიაქილისა, ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ზე), მდ. ქციის მარჯვენა შენაკადის, მდ. ავდრისხევის ხეობაში მდებარეობს თრიალეთის პეტროგლიფები. ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები. ისინი წარმოდგენილი არიან პატარ-პატარა პანოების სახით, რომელზეც, ძირითადად, ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული: კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვ.
    გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებებია ასახული. ანთროპომორფული ფიგურები წარმოდგენილია მშვილდისრიანი პატარა კაცუნების სახით. ნახატები მცირე ზომისაა (დაახლ. 2,5 – 18-20 სმ შორის), ძირითადად, 1-2 მმ სიგანისა და სიღრმის. ნახატებს სხვადასხვა პერიოდს მიაკუთვნებენ – მეზოლითიდან (12-9 ათასი წლის წინ) ბრინჯაო-რკინის ხანამდე.




    4. მეზოლითური სამარხი კოტიას კლდის მღვიმეში. კოტიას კლდის მღვიმე სოფელ სვერიდან 1.5–2 კმ-ის მანძილზე, მდინარე საძალიხევის აუზში მდებარეობს.
    პირველი ჩონჩხი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს, კოტიას კლდის არქეოლოგიური გათხრისას აღმოაჩინეს, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. ახალგაზრდა 30-35 წლის მამაკაცი „კოტე“, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული: იგი ქვით მოკირწყლულ იატაკზე გულაღმა ესვენა და პირში კაჟისგან დამზადებული იარაღი ჰქონდა. მას ქვით ჩაჩექვილი აქვს თავის ქალა და ფეხის ტერფები. ასევე, გულმკერდში ჩარჭობილი აქვს ცხოველის ნეკნი დაახლოებით 15 სმ-ის. ექსპედიციაში ჩაერთო ისრაელის ინსტიტუტი, რომელმაც მეზოლითელი ადამიანი 9700 წლით დაათარიღა.




    5. სელის ბოჭკოები ძუძუანას მღვიმიდან. ძუძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში,  სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ნეკრისის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 515 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მრავალფენიან (ზედა პალეოლითიდან ადრინდელ ბრინჯაოს ხანამდე) მღვიმენამოსახლარს. აღმოაჩინეს 1966 წელს არქეოლოგ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
    ძუძუანას მღვიმის სიღრმეა 160 მ, შესასვლელის სიგანე 22 მ, სიმაღლე 10–15 მ. საერთო სიგრძე 175 მ. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ უძველესი, ადრეული ზედაპალეოლითური 34000 წლის წინანდელი სელის ძაფი იპოვეს, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა. 2007 წელს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მღვიმეში აღმოაჩინეს სელისგან დამზადებული, შემდეგ კი მცენარეული საღებავებით  შეღებილი ბოჭკოები. სამწუხაროდ ამ ექსპედიციაზე მე არ ვიმყოფებოდი და ჩანაწერის ნახვა მომიწია. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა რომ მოცემული ბოჭკოები მსოფლიოში უძველესია. ამ მღვიმის აღმოჩენამდე უძეველესად მიიჩნეოდა ჩეხეთში აღმოჩენილი ჭინჭრის  ქსოვილი რომელიც დაათარიღეს 29 ათასი წლით. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ოფერ ბარ-იოზეფის თქმით „სელის ფერადი ბოჭკოები, შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ გამოქვაბულში ფერად ქსოვილს ამზადებდენ. დაადასტურდება ტყავისა და ბეწვის  დამუშავებაც“.




ასე მთავრდება ჩემი „ვირტუალური მოგზაურობა“ პალეოლითისა და მეზოლითის ხანაში, ამიტომ მინდა მოკლეთ შევაჯამო მოვლენები. პალეოლითის მანძილზე საქართველოში სხვადასხვა სახეობის ადამიანი ცხოვრობდა, მათგან უძველესი დმანისის სადგომებშია აღმოჩენილი – ჰომოგეორგიკუსი და ჰომოერექტუსი. პალეოლოთელი ადამიანის საქმიანობა იყო: მამაკაცების – ნადირობა, ქვისგან, ობსიდიანისგან, ხისგან და ძვლისგან შრომისა და საბრძოლო იარაღების დამზადება. ქალები და ბავშვები კი დაკავებულნი იყვნენ შემგროვებლობითა და ცეცხლის მოვლით. პალეოლითის ბოლო ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი უკვე იწყებს პეტროგლიფებით ინფორმაციის გადაცემას. ასევე ამზადებდნენ სელის ქსოვილებს და იყენებდნენ საღებავს. 

3 დეკემბერი  2014 წელი
    ახლა ვიწყებ მოგზაურობას ნეოლითის (ახალი ქვის ხანა) ხანაში, რომლის არაერთი ნასახლარი არის გათხრილი საქართველოს ტერიტორიაზე.
    „ნეოლითურმა რევოლუციამ“ სხვადასხვა დროს მიაღწია თითოეულ ადგილას, ის ახლო აღმოსავლეთიდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. ნეოლითი საქართველოში იწყება 8 ათასი წლის წინ. ზოგიერთ ექსპედიციებში მეც მივიღე მონაწილება: საქართველოში გავთხარეთ არაერთი ნეოლითური სადგომი, უმეტესად: შავიზღვისპირეთში, აჭარა-გურიის ტერიტორიასა და მდინარეების ხეობებში. სადგომთა შორის არის: ხუცუბანი, კისტრიკი, გურიანთა და სხვა. დიდი ალბათობით შავიზღვისპირა კლიმატმა შეუწყო ხელი მათ დასავლეთში დასასახლებლად რათა მიწათმოქმედება განევითარებინათ.

18 მარტი 2015 წელი
    ნეოლითური ნასახლარებია აღმოჩენილი იმირის გორაზე, არუხლოს გორაზე, შულავერის გორაზე და სხვა ადგილებში. პირველად იმირის გორას ექსპედიციაში გავემგზავრე. იმირის გორა ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გორანამოსახლარია სოფელ იმირის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას, მარნეულის მუნიციპალიტეტში. პირველად გაითხარა 1966-1971 წლებში (ა. ჯავახიშვილი, ო. ჯაფარიძე). წარმოადგენს 4-5 მ სიმაღლისა და 90 მ დიამეტრის ბორცვს, რომელიც წარმოიქმნა ალიზის ნაგებობათა ნგრევისა და პერიოდული განახლების შედეგად. 5 მ-ზე მეტი სისქის კულტურის ფენაში დადგენილია 7 სამშენებლო ჰორიზონტი. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა და მათ შორის მოქცეული სამეურნეო ეზოსაგან. ცრუგუმბათოვან ნაგებობათა უმრავლესობა წრიულგეგმიანია.
    დიდი ინტერესეითა და ღელვით ვაკვირდებოდი სამოსახლოებს და ფუნჯის ფაქიზი მოძრაობით ვცდილობდი, ჩემი სიახლეებიც შემემატებინა, ისედაც გრანდიოზულ აღმოჩენებში. როგორც გავარკვიე, აღმოჩენილ ღია ტიპის სადგომებში დაფისირდა, როგორც საცხოვრებლის დანიშნულების, ასევე სხვა დანიშნულების მქონე ნაგებობებიც. მცირე ზომის მრგვალი ორმოები  ხის ბოძებისთვის, ხის წნულებითა თიხით შელესილი თიხადატკეპნილი იატაკები. ნაპოვნია კერის ნაშთები, ორმოები რომლებიც სამეურნეო დანიშნულების იყო, კეთლები კი ასევე თიხით იყო შელესილი. ბოძების ჩასადგმელი ორმოების განლაგებით ივარაუდება, რომ სახლის ფორმა კვადრატულია ან სწორკუთხაა.
    დღეისათვის სულ ესაა, და შემდეგში მოგიყვებით ნეოლითის სხვა ნამოსახლარებზე.

24  აპრილი  2015 წელი 
    დღეს ნეოლითურ სადგომებზე არქეოლოგების მიერ გათხრების შედეგად ნაპოვნ საგნებზე გესაუბრებით. ნეოლითურ სადგომებზე გაგზავნილმა ორმა არქეოლოგთა ჯგუფმა გამოიკვლია, რომ ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით იყო გარეული ცხოველების ძვლები, ასევე იყო შინაური ცხველების: ძაღლი, ღორი, ძროხა, ცხვარი. ყველაზე დიდი რაოდენობით კი ღორის ძველები იყო, რასაც გარშემო მყოფი მუხისა და წიფლის ხეების არსებობითა და სიუხვობით  შეიძლება ავხსნათ.  მეტად დასაკვირვებელია ის ფაქტიც რომ გარდა სხვა შინაური ცხოველებისგან იმდროინდელმა ადამიანმა ძაღლი ნადირობისთვის მოიშინაურა, რათა დაეცვა მას პატრონი და სანადიროდ დახმარებოდა. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, რომელიც ხელითაა ნაძერწი და მარტივი ფორმის ორნამენტითაა შემკული.

23 მაისი  2015 წელი
    ექსპედიციაზე წასვლის წინ ჯგუფს საკმაოდ სასაცილო ამბავი გადაგხვდა თავს: ავტობუსი რომლითაც ექსპედიიციის ჩატარების ადგილას მივდიოდით, უეცრად გაფუჭდა და საბურავი გაუსკდა. სულ რაღაც 200 მ-ში იყო ექსპედიციის ადგილი. არქეოლოგებმა საჭირო მასალას ხელი დავტაცეთ და ფეხით მივედით დანიშნულების ადგილას. ძალიან დამღლელი და შრომატევადი დღე იყო. დავიწყეთ შულავერ-შომუთეფეს კულტურის კვლევა, რომელიც მოიცავს ნეოლითსა და ენეოლითს და აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სადაც ნაპოვნია ნეოლითური ნამოსახლარები დათარიღებით მიაწერეს ძვ.წ მე-4 ათასწეულს.
    საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა უამრავი ექსპედიცია შულავერის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და არხულოს გორებზე, საიდანაც დამტკიცდა რომ პირველი სოფლები შეიქმნა დაახლოებით 8000 წლის წინ.
    ამჯერად არუხლოს გორის სოფელის შესწავლაში მივიღე მონაწილეობა. არუხლოს გორა შულავერ-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან, მდინარეების ქცია-ხრამისა და მაშავერას შესართავის მახლობლად. არუხლოს გორაზე გათხრილია ქ.წ. VI-V ათასწლეულის ალიზის მრგვალი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ორმოები და სხვ.
    დაკვირვებით გავარკვიე, რომ სოფელი გაშენებული იყო 1 ჰა მიწაზე, რომელშიც დაახლოებით 60 წრიული ტიპის სახლი იყო, თითოეულ სახლში კი 5-დან -8-მდე ადამიანი ცხოვრობდა. დამრგვალებით შეგვიძლია ვთქვათ რომ დასახლებაში მთლიანად 400-500 ადამიანი ცხოვრობდა. გუმბათოვანი გადახურვის ტიპი, წრიული ფორმის, დიამეტრით 2 დან 5 მ.-მდე, სახლები ალიზის მასალით იყო ნაშენები და შელესილი იყო თიხით. სახლში იყო კერის ნაკვალევიც, მეცნიერთა ვარაუდით სახლს თავზე ქონდა სარკმეველი საიდანაც სინათლე შემოდიოდა და კვამლი გადიოდა სახლიდან. არუხლოს გორას შემოვლებული ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. კვლევებისას აღმოჩნდა ქვიშანარევი თიხისგან ნაძერწი ჭურჭელი, მიწის დასამუშავებელი ქვის, ძვლისა და რქის იარაღები, ქვის ქანდაკებები და მრავალნაბეჭდიანი თიხის ბულა, რომელზედაც ირემი და ლომია გამოსახული.


29 ივლისი  2015 წელი
ბოდიშს გიხდით რომ აქამდე ვერ მოვიცალე მეტად გადატვირთული 3 კვირა იყო. იმდენად გადატვირთული რომ ეხლა მოვახერხე დაჯდომა და თქვენთვის ამბების გაზიარება, თან იმდენად ცუდი ამინდები იყო რომ ხასიათზეც არ ვიყავი.
    ამჯერად შულავერის გორას შესასწავლად გავემგზავრე. შულავრის გორა ადრინდელი სამიწათმოქმედო პერიოდის გორანამოსახლარია ქვემო ქართლში. მდებარეობს მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპირო ზოლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში. ძეგლი შეისწავლეს 1965-1971 წლებში (ო. ჯაფარიძე, ა. ჯავახიშვილი).
    ბორცვი წარმოქმნილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრების გამო კულტურული ნაშთებისა და სამშენებლო ნანგრევების დაგროვების შედეგად. გამოყოფილია 9 სამშენებლო ჰორიზონტი. შულავრის გორაზე გამოვლენილი ყველა ნაგებობა, საცხოვრებელი თუ სამეურნეო. გეგმით წრიული ან ელიფსურია, გადახურვა – კონუსური ან ცრუგუმბათური. ნაგებობები მეტად მარტივია – არ გააჩნია ცალკე კედელი და ცალკე გადახურვა. საცხოვრებელი შენობების დამახასიათებელი ელემენტია კედლის გასწვრივ გამართული თიხის კვერცხისებული მოყვანილობის კერა უქრობი ცეცხლისათვის. ნაგებობები ძირითადად ნაშენებია ძირბრტყელი – ამობურცული ალიზით. ამავე კულტურის მოგვიანო ნასოფლარებისაგან განსხვავებით, აქ ნამოსახლარის გეგმარება მოუწესრიგებელია, დასახლება კი – უფრო მჭიდრო. უძველესი ფენებიდან მოყოლებული შულავრის გორის მოსახლეობა ბინადარი იყო – მისდევდა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. მისთვის ცნობილი იყო შინაური ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი და ძაღლი, აგრეთვე ხორბლეული კულტურები (ფეტვი, ხორბალი, ქერი, ოსპი). ნაპოვნია ველურიდან კულტურულზე გარდამავალი ყურძნის წიპწა.

    საერთოდ ძეგლზე, განსაკუთრებით კი ქვედა ფენებში თიხის ჭურჭელი მეტად იშვიათია. ქვედა დონეების ჭურჭელი სუსტადაა გამომწვარი, ხელითაა ნაძერწი და მარტივი ფორმა აქვს. ჭურჭელი კვერცხისებური მოყვანილობისაა, შუა ჰორიზონტებიდან მოყოლებული ჩნდება რელიეფური კოპებით შემკული ჭურჭელი, ზედა ჰორიზონტებში კი გვხვდება ჭდეული ორნამენტით შემკული კერამიკა.
    შულავრის გორაზე აღმოჩენილია ძვლის სადგისები, საპრიალებლები, კოვზისებური ნივთები და სხვა. ირმის რქისაგან ნაკეთები თოხები, ობსიდიანისა და კაჟის მარავალფეროვანი ნაწარმი, ხელსაფქვავები; იშვიათია გახეხილ-გაპრიელებული ქვის იარაღები. ნაპოვნია შუაში ფართონახვრეტიანი მარგილის დასამძიმებელი მასიური ოვალური ქვები. განადგურებული ზედა ფენების ზედაპირულ მასალაში აღმოჩენილია ჭდეული წიწვოვანი სახით შემკული თიხის მცირე ზომის (ქანდაკების სიგრძე 5 სმ.) ანთროპომორფული ქანდაკება.
    ძვ.წ. V ათასწლეულის ბოლოს შულავერ-შომუთეფეს ხალხი იწყებს თვითნაბადი სპილენძისგან მარტივი ნივთების დამზადებას, სწორედ აქედან იწყება ენეოლითი (სპილენძ-ბრინჯაოს ხანა). გარდამავალი ხანა ქვის ხანასა და სპილენძის ხანას შორის.



3 აგვისტო 2015 წელი
    საღამო ხანი იყო, დაძინებას ვაპირებდი, როცა კარზე კაკუნის ხმა მომესმა. დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ავდექი და რას ვხედავ – ჩემი კოლეგა მინდია იდგა კართან, ყოფილი ექსპედიციების წევრებთან ერთად. ისინი მეტად აჟიტირებულნი იყვნენ, და სურდათ ნეოლითური ხანის კვლევებში მონაწილეობის დროს მიღებული ცოდნა ჩემთან ერთად შეეჯამებინათ. დავიწყეტ საუბარი პერიოდზე როცა ადამიანმა დატოვა ბუნებრივი საცხოვრისი და დაიწყო  მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ისე ემოციური და სიხარულით აღსავსე იყო ჩვენი საუბრები ხალხის განვითარებაზე, სახლის ტიპებზე, თუ რა სილამაზით და სიმეტრიულად აგებდენ საცხოვრებლებს, წრიული ფორმის ნაგებობენი შეკრულად, მჭიდროდ და მყარად იყო შედგენილიო.
    გავიხსენეთ, რომ მეზოლითი სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელი გრძელდებოდა დედამიწაზე, რაც დიდი გამყინვარებით დასრულდა. სწორედ შემდეგ დაიწყო ხანა, როცა ადამიანებმა ისწავლეს მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, დახვეწეს შრომისა და საბრძოლო იარაღები, შექმნეს საყოფაცხოვრებო კერამიკული ნაწარმი. გადავიდნენ ბინადრულ ცხოვრებაზე. ამ მოვლენას დაერქვა „ნეოლითური რევოლუცია“.




    ამით დასრულდა ჩემი ქვის ხანის მოგზაურობაც. ძალიან მოხარული დავრჩი რომ  ექსპედიციები რომელშიც ვმონაწილეობდი და რომელითაც დავინტერესდი თქვენთან ერთად განვიხილე და თქვენთან ერთად ვიმოგზაურე ქვის ხანაში.  სამწუხაროდ ასე დასრულდა ჩემი ქვის ხანის ექსპედიციები, რადგან მიმიწვიეს ბრაზილიის ამაზონიაში ექსპედიციაზე. დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მოგითხრობთ ჩემი ექსპედიციის შესახებ, ახლა კი გემშვიდობებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий