მესამე მოგზაურობა ირანში – 1565-1567 წწ.
1. არტურ ედვარდსის წერილი თომას ნიკოლსს, რუსეთთან და ჩრდილოეთის ქვეყნებთან მოვაჭრე ფრიად პატივცემული კომპანიის მდივანს, სპარსეთში მოგზაურობისათვის მზადებასთან დაკავშირებით ბატონო ნიკოლსს! მუდამ მახსოვს რა ჩემი წმინდა ვალი, გისურვებთ, რომ ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენიანები და გაცნობებთ, რომ 2 მარტს თქვენი აგენტის, ტომას გლოვერის მიერ გაგზავნილი ვიყავი იაროსლავლში ვოლოგდიდან ჩამოტანილი საქონლის მისაღებად, ასევე, იმ საქონლისა, რომელიც მოსკოვში უნდა იქნეს შესყიდული და გამოგზავნილი თქვენი აგენტის, ედუარდ კლარკის მიერ, რომელიც თქვენს საქმეებზე სპარსეთში მოგზაურობის ხელმძღვანელადაა არჩეული. გარდა ამისა, მე დამევალა ბისკვიტების, ლუდის, ხორცისა და სხვა სანოვაგის მომარაგება; ასევე, იმ აუცილებელი საგნებისა, რაც გეგმის მიხედვით საჭიროა მოგზაურობისას. მე აქ დავრჩი 12 მაისამდე. ვიდრე თქვენი აგენტი ჩამოვიდოდა, მან აქ 3 დღე დაჰყო, რათა მზადებისათვის ედევნებინა თვალყური. ექსპედიციის ხელმძღვანელად მან რიჩარდ ჯონსონი დანიშნა, შემდეგ კი კოლმოგორში გაემგზავრა. რაც შემეხება მე, სიამოვნებით ვემორჩილები, ვემორჩილებოდი და დავემორჩილები ნებისმიერს, ვისაც აგენტი დანიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, შესაძლოა, ის ბოლომდე არც შეეფერებოდეს ამ თანამდებობას. 32 ფუთა შალის ქსოვილი, უხეში ტილო – სულ ეს არის, რაც დაგვრჩა. დანარჩენი 18 ფუთა, გასაგზავნად შემოთავაზებული, მოსკოვში გაიყიდა. კიდევ რა საქონელია დატვირთული ჩვენი მოგზაურობისათვის, თქვენი აგენტის წერილიდან შეიტყობთ. ედუარდ კლარკი, უპატიოსნესი ადამიანი, სპარსეთში აგენტად დაინიშნა, როგორც ამგვარი ქვეყნებისთვის ყველაზე შესაფერისი პირი იმათგან, ვისაც ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა მოწყალედ მისი თავისთან წაყვანა ინება და ის გასულ მარტს, 16 რიცხვში გარდაიცვალა. რაც შემეხება მე, ვისურვებდი, რომ უფალს ის ცოცხალი დაეტოვებინა: ჩემი სურვილი სწორედ მასთან ერთად სპარსეთში მოგზაურობა იყო. თქვენი გემი, რომელიც აქ არის აგებული ვოლგაზე და კასპიის ზღვაში ცურვისთვის, დიდი არაა, 30 ტონის წყალწყვისაა; ის ლამაზადაა ნაგები ინგლისურ სტილზე, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან მცირეა თქვენი საქონლისა და სანოვა- გისთვის. თუკი ფრიად პატივცემული კომპანია გემთმშენებელს გამოაგზავნის ჩვენთან, საკმარისად დახელოვნებულს იმისათვის, რომ 60 ან მეტი ტონის წყალწყვის გემის აგება შეეძლოს, და სრულად დატვირთვის შემთხვევაში 6 ფუტით ჩავიდეს წყალში, მგონი, ძალიან სასარგებლო იქნება, – რადგან თქვენი საქონლის დატვირთვის შემდეგ გემზე ადგილი თუ დარჩებოდა, აქ არიან ვაჭრები, რომლებიც სიხარულით გადაიხდიან საკმაოდ დიდ ფრახტს1, ოღონდ კი საკუთარი საქონელი თქვენს გემზე დატვირთონ; ამით კი თქვენი ხარჯები საგრძნობლად შემცირდებოდა. ასეთ პირობებში შესაძლებელია თქვენ მიერ დაქირავებული ადამიანებისათვის ქირის დაზოგვა, გარდა ამისა, ეს ადამიანებიცა და საქონელიც უფრო მეტად უსაფრთხოდ იქნებიან. აქაური გემები ძალზე საშიშია კასპიის ზღვაზე ცურვისთვის. აქ არიან ხუროები, რომელთაც საკმაოდ კარგად შეუძლიათ იმუშაონ, თუკი მათ ვინმე უხელმძღვანელებს.
აქ შესყიდულ საქონელზე და სპარსეთში წამსვლელთა ინსტრუქციებზე მე ჯერ არაფერი ვიცი, ამიტომ ამაზე ვერაფერს მოგწერთ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად. თუმცა, გუბერნატორის აზრით (თქვენ ეს იცით), უფრო მნიშვნელოვან საქმეებში ჩავერთე, ვიდრე ის საქმეებია, რასაც აქ ვაკეთებ. როგორც არ უნდა იყოს, ეჭვი არ მეპარება, რომ ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნული პირები ყველაფერს მაცნობებენ და ყველაფერი დროულად იქნება შესყიდული. ამრიგად, როგორც ხედავთ, სასწრაფო საქმეთა შორის, მე თქვენ ყოვლისშემძლე ღმერთს გაბარებთ, რომელიც ჯანმრთელობასა და მზარდ პატივს გიბოძებთ.
იაროსლავლი, 1565 წლის 15 მაისი,
თქვენი ბრძანებების შესასრულებლად ყოველთვის მზადმყოფი სხვა ადგილებშიც და მთელი ცხოვრება
ა. ედვარდსი.
1. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური.
2. იმავე ბატონ არტურ ედვარდსის მეორე წერილი, 1566 წლის 26 აპრილს დაწერილი მიდიის შემახადან, ფრიად პატივცემული ბატონის, სერ ტომას ლოჯისადმი, თავადაზნაურისა და ელდერმენისადმი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ბატონ ტომას ნიკოლსისადმი, რუსეთთან, სპარსეთთან და ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან მოვაჭრე ფრიად პატივცემული კომპანიის მდივნისადმი, რიჩარდ ჯონსონის წარმატებების შესახებ სპარსეთში მესამე მოგზაურობისას
ფრიად პატივცემულო სერ, მუდამ მახსოვს რა ჩემი წმინდა ვალი, ვევედრები ღმერთს, რომ მოგცეთ ჯანმრთელობა თქვენ და თქვენიანებს და შეგმატოთ პატივი! თქვენის ნებართვით გაცნობებთ, რომ უკანასკნელი წერილი ასტრახანიდან, 1565 წლის 26 ივლისს გამოგიგზავნეთ. რიჩარდ ჯონსონი, მე და ალექსანდრ კიტჩინი ასტრახანიდან იმავე თვის 30 რიცხვში გავემგზავრეთ. პირქარების გამო სასურველ ნავსადგურში – ნიზოვში, მხოლოდ 23 აგვისტოს ჩავედით. აქ, ჩვენი ხალხის დახმარებით, დიდი ტანჯვით გადმოვტვირთეთ საქონელი, დავაპროექტეთ და გავაკეთეთ ბრაშპილები და თქვენი გემი ქვიშისა და კენჭების გავლით პატარა მდინარეში გადავიტანეთ. გემსართავები და სხვა საგნები მეზობელ სოფელში დაქირავებულ სახლში გადავიტანეთ. როგორც კი აქლემები ვიშოვეთ (5 სექტემბერს), სოფელი დავტოვეთ და 11 სექტემბერს ქალაქ შემახაში ჩავედით, ხოლო 17 რიცხვში აბდალა-ხანს, ამ ქვეყნის ხელმწიფეს, 40 ცალი სიასამურის ბეწვი, 40 ცალი ვერცხლისა და ნაწილობრივ მოოქროვილი თასი, 3 ცალი ლომვეშაპის ეშვი, 4 არშინი წითელი მაუდი, 3 ნაჭერი შალის ქსოვილი და 40 წითელი მელიის ბეწვი მივართვით.
მან მიიღო ჩვენი ძღვენი, მადლობა გადაგვიხადა კეთილგანწყობისათვის და გვკითხა, კარგად გრძნობს თუ არა თავს ბატონი ჯენკინსონი და ხომ არ აპირებს კვლავ ამ ქვეყნებში ჩამოსვლას. მან თავად გვიბრძანა მის პირდაპირ დაჯდომა, მისი კარვიდან ბადროს ტყორცნის მანძილზე, სადაც ის თავის მრჩევლებსა და წარჩინებულებთან ერთად იჯდა და თავისი მაგიდიდან კერძებს გვიგზავნიდა. ჩვენთან საუბრის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ თუკი შეამჩნევდა ვინმეს, ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებდა, სამაგალითოდ დასჯიდა; ამგვარად, ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ და საწუწუნო მიზეზი არ გვექნე- ბა. პირველ ხანებში ხელმწიფე პატარა სახლს მოგვცემს, ვიდრე უკეთესს არ მოგვიმზადებენ იმ ადგილას, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება. ჩვენი ადგომა და წასვლა მას არაფრით არ უნდოდა და ეს მანამ გაგრძელდა, ვიდრე ჩვენ, ჩვენი წოდებისდა მიხედვით, იქ დარჩენა მისაღებად ჩავთვალეთ. დამშვიდობებისას მან გვიბრძანა, წერილობით გადმოგვეცა ჩვენი სურვილები და თხოვნები, რათა ამას იქით მას ეს სცოდნოდა. მაგრამ ვიდრე ჩვენ ამას გავაკეთებდით, გასულ ოქტომბერს, 2 რიცხვში, ღმერთმა კეთილი ხელმწიფის, ჩვენი მეგობრის მიწიერი სიცოცხლე შეწყვიტა. მისი აღარყოფნა იქცა მიზეზად, რის გამოც ჩვენ დღემდე ვერ ვიღებთ ზოგიერთ ვალს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეჭვი არ გვეპარება, რომ უკან დავიბრუნებთ მთელ ფულს, რაც ჩვენი ვალი აქვთ ამ მოგზაურობის განმავლობაში. რაც შეეხება ტომას ოლკოკის ვალს, მისი მიღების არანაირი იმედი არ გვაქვს; მაგრამ არც ეს ფული დაიკარგებოდა, მეფე რომ ცოცხალი ყოფილიყო. ჩვენ გვწამს, რომ მის ადგილას ღმერთი ჩვენდამი ასეთივე კეთილგანწყობილ ხელმწიფეს გამოგზავნის; ჭორების მიხედვით, რომლებიც სანდო ადამიანებისაგან გავიგეთ, ეს იქნება მისი ვაჟი, მურზად წოდებული. მამის სიკვდილის შემდეგ, ჩვენთან შეხვედრისას, ის უწინდელზე კიდევ უფრო დიდ მეგობრობას დაგვპირდა. ღმერთმა ქნას!
დაბნეულობას ჰქონდა ადგილი. მეფის მრჩევლებს შორის ვინც იყვნენ, ერთნი ციხეში სხედან, სხვებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს, მესამენი შაჰს გაუგზავნეს. ამ არეულობამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ საქონელი ისეთი მოგებით არ გაყიდულა, როგორც შეიძლებოდა. თქვენმა აგენტმა, რიჩარდ ჯონსონმა, ოთხი ცხენი იყიდა კაზვინში ალექსანდრ კიტჩინისთვის გასაგზავნად, რომელიც გასულ ოქტომბერს, 23-ში გარდაიცვალა; მანამდე კიდევ ერთი ჩვენი მეზღვაური – რიჩარდ დევისი გარდაიცვალა. მწამს, რომ ღმერთმა შეიწყალა მათი სულები. ჩვენ მათ ჩასანაცვლებლად ხალხი არ გვყოფნის. თქვენს გემს ოთხი მეზღვაური ყოფნიდა; მათგან მხოლოდ ერთი – უილიამ სმიტსი – დარჩა, პატიოსანი ახალგაზრდა, რომელიც კარგად მსახურობს. თავისი საქმის მცოდნე მატროსების ნაკლებობის გამო ქარიშხლის დროს ლამის დავიღუპეთ. ჩვენი გემის კიჩო მთლიანად წყალში აღმოჩნდა და ძალიან გაგვიჭირდა ამასთან გამკლავება, მაგრამ მოწყალე უფალმა გადაგვარჩინა. ზამთარში მეზღვაურების ყოფნა ჩვენთან ძალზე სასარგებლო იქნება, ხოლო ვაჭრები მოხარულები იქნებიან, თუ საქონელს ჩვენს გემებზე დატვირთავენ და ამაში კარგ ფრახტსაც გადაიხდიან. ამჟამად ერთ-ერთი მათგანი მზადაა ასტრახანში 20 აქლემის გადაყვანაში 20 რუბლი გადაიხადოს. კასპიის ზღვაში გემები 5 ფუტზე უფრო ღრმად არ უნდა ჩადიოდნენ წყალში, რადგან ბევრ ადგილას თავთხელებია. მომავალში ჩვენ რუსული გემების გაძლიერებას ვფიქრობთ: მაშინ ისინი კარგად მოემსახურებიან ჩვენს მგზავრობას.
მაშინ, როდესაც გარდასულ დროში შაჰისაგან მოგზაურობისათვის სიგელებისა და პრივილეგიების მიღებას დიდი შრომა და ზრუნვა სჭირდებოდა, ამჟამად მე მჯერა, რომ ღვთის დახმარებით ამ ყველაფერს მივიღებთ. როდესაც ამას მივაღწევთ, კომპანია დიდ სარგებელს ნახავს და აქ დამრჩენები მშვიდად იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საქმეები ცუდად მიდიოდა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ რადგან პრივილეგიას მოვიპოვებთ და მივიღებთ, მშვიდად ვიცხოვრებთ და დავისვენებთ და მალე ხამი აბრეშუმისა და აბრეშუმის ქსოვილებით, ყოველგვარი სანელებლებითა და მუსკატით, ასევე სხვა აქაური საქონლით მოვაჭრე დიდ ფირმად გადავიქცევით. ყოველივე ეს კარგადაა ცნობილი ბატონ ენტონი ჯენკინსონისთვის, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, უკვე კარგა ხანია დაწვრილებით აცნობა ყოველივე კომპანიას.
ჭეშმარიტება თქვენთან მომსახურე ტომას ოლკოკის მკვლელობის გამო აქამდე ბოლომდე ცნობილი არაა. ზოგი ფიქრობს, რომ მკვლელობა აქაური დიდგვაროვნის მიერ იყო მოწყობილი, რომელსაც ზემოხსენებული თქვენი თანამშრომელი დაჟინებით სთხოვდა ვალის გადახდას: დიდგვაროვანი იმდენად შეურაცხყოფილი იყო ოლკოკის სიტყვებით, რომ ეს მკვლელობა მოაწყო. თუმცა, სხვები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში მაშინ, როდესაც ოლკოკი ხელმწიფისაგან მხლებლების გარეშე მოდიოდა, მას უნამუსო ყაჩაღები დახვდნენ, რადგან ეგონათ, რომ თან დიდი ფული ჰქონდა და ამიტომაც მოკლეს. თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქმეები კარგად წავა და როდესაც უკეთ გაგვიცნობენ, მეტად შეგვიყვარებენ.
პატიოსან ვაჭრებს უხარიათ, რომ აქ ვართ და ჩვენთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაბმას ცდილობენ; ისინი ხალისით გვიწყობენ ხელს ყველაფერში და ჩვენ სასარგებლოდ საუბრობენ ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანებთან. ერთ-ერთი მათგანი – დიდგვაროვანია, რომელსაც თქვენი აგენტი დაუმეგობრდა და რომელსაც შაჰი დიდად სწყალობს. აქ და ამ ქვეყნის სხვა ადგილებში მან დიდი გავლენა მოიპოვა, განსაკუთრებით, მეფის გარდაცვალების შემდეგ; მისი სახელია ჰაჯი-მაჰმეთი (Cozamomet) და მას კარგად იცნობს ბატონი ჯენკონსონი. მეორე, ამედინ-გეგი (Ameddinbeck), ასევე ჩვენი დიდი მეგობარია, ხოლო მისი და შაჰს ჰყავს ცოლად. ორივე დაჰპირდა თქვენს აგენტს, რომ არა მარტო პრივილეგიების მიღებაში დაეხმარებიან მას, არამედ მეც გადამიხდიან იმ პირების ვალს, რომლებიც აქედან კაზვინში გაემგზავრნენ, ოღონდ კი ვინმე გავგზავნოთ მათ სანახავად. უფრო მეტად შესაფერი პირის არყოფნის გამო თქვენმა აგენტმა, ბატონმა რიჩარდ ჯონსონმა, უმოკლეს ვადაში და უპირობოდ მე შემომთავაზა გამგზავრება დასახელებულ დიდგვაროვნებთან ერთად; ჩემი ამოცანა კაზვინში ჩასვლისას, თუ ღმერთი ინებებს, სიფრთხილის გამოჩენა, დიდგვაროვნების რჩევების გათვალისწინებით ვალის ამოღება და პრივილეგიის მიღებაა. ჩემთან ერთად თარჯიმანი და ორი დაქირავებული მსახური იქნებიან; ერთ-ერთს ცოტაოდენი ინგლისური ესმის; თუ რამე შემემთხვა, მისი ნდობა შეიძლება. სუფთა ფულით 6 თუმანი (tumen) მივიღე, ერთი თუმანი 200 შაჰს უდრის, თითო შაჰი 6 რუსული პენსის ტოლია. გარდა ამისა, ორი 40-ცალიანი სიასამურის ბეწვის ფუთა მივიღე – ერთი გასაყიდად, მეორე – შაჰისთვის მისართმევად; გარდა ამისა, ნაბრძანები მაქვს დავასაჩუქრო ისინი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, ვინც შუამდგომლობის მოპოვებაში მეხმარება, ასევე, სხვებიც, ვითარებიდან გამომდინარე. და რადგან წასვლის ბრძანება მივიღე, დიდი მონდომებით ვეცდები, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიყვანო, იმის რწმენით, რომ ამ მოგზაურობაში ღმერთი მოწყალებას მოიღებს ჩემზე.
რაც შეეხება საქონელს, ნაყიდსა და გაყიდულს, თქვენ ზუსტ ცნობებს მიიღებთ თქვენი აგენტისაგან, რიჩარდ ჯონსონისაგან, რომლის ანგარიშების ნახვა მე ვერანაირად ვერ შევძელი, ამაზე არაფერი ვიცი. თქვენი შალი და ტილო კარგი ხარისხის იყო და კარგად არჩეული; ისინი იყიდება და მომავალშიც გაიყიდება თითო 150-160 შაჰად. 200 ნაჭერი უფრო იაფად გაიყიდა, რისი აუცილებლობაც არ იყო; 100 ნაჭერი 146-147 შაჰად გაიყიდა (თითო), უფრო მეტსაც გადაიხდიდნენ, მეტი წინდახედულობა რომ გამოგვეჩინა. ისინი ზემოთ დასახელებულ ორ წარჩინებულს მიჰყიდეს მანამდე, ვიდრე ცნობილი გახდა, რომ მე მათთან ერთად ვიმგზავრებდი. ამ პირებს იქ დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ, ვინაიდან უკვე დამპირდნენ ყოველგავრ დახმარებას, რაც კი შეეძლებათ. ამჟამად ინგლისისთვის შესყიდულია 11 ფუთა ხამი აბრეშუმი, 25-26 ბათმანი თითო ფუთაში. ბათმანი 7 ფუნტს უდრის; ინგლისური წონით საქონელი 6 ½ ფუნტს შეადგენს. ხამი აბრეშუმი, ერთი ბათმანი, 66-დან 70 შაჰამდე ღირს. აბრეშუმი თხელი და კარგი ხარისხისაა; ამჟამად ხამი აბრეშუმი ცოტაა. მისი აღება საქართველოში (Grozin) შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო იქ კაცის გაგზავნა, რადგან დრო დავკარგეთ. როდესაც აქ წარმომადგენლები გვეყოლება, რომლებიც ზაფხულშიც აქ იქნებიან, მაშინ საშუალება გვექნება ხამი აბრეშუმი პირველი ხელიდან, სოფლის მცხოვრებთაგან ვიყიდოთ, რომელთაც აბრეშუმი გასაყიდად ჩამოაქვთ აქაც და სხვა ადგილებშიც. ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ მინდა კომპანიამ იმის ნახევარ ფასად შეძლოს აბრეშუმის გაყიდვა, ვიდრე მასში ახლა ჩვენ ვიხდით. კომპანიას აქ წელიწადში 30-40 ათასი ფუნტის აბრეშუმის მიღება შეუძლია. თქვენი აგენტის სიტყვებიდან გამომდინარე, რომელიც ვარასში იყო ჩასული, მან და სხვებმა იქ იმდენი აბრეშუმი ნახეს, რომ თქვენ ამ საქმეში 2 000 ფუნტი შეგიძლიათ ჩადოთ, გარდა ამისა, იქ შეიძლება წითლად შეღებილი და თითო ფუნტის წონის მქონე აბრეშუმის ნაჭრების აღებაც; ვფიქრობ, რომ მათი ფუნტი ჩვენს 15 უნციას უდრის. ასეთი შეკვრები აქ 23 შაჰად იყიდება; თუ 1 შაჰი 6 პენსს უდრის, მაშინ შეკვრა 1 შილინგი და 6 პენსი ეღირება.
ასტრახანიდან 7-8 დღეში შეიძლება იმ ადგილამდე ჩასვლა, რომელსაც გილანი ეწოდება. ვფიქრობ, მომავალში ჩვენთვის იქ სიარული ძალზე სასარგებლო იქნება. იქ ძალიან იაფია კვასცი; იქიდან მოაქვთ შემახაში და ბათმანს 2 ბისტად ყიდიან, რაც ჩვენს ფულზე 5 პენსს უდრის; მე ვიყიდე და ინგლისში ნიმუშად გასაგზავნად გავამზადე 223 ბათმანი. გილანში, ასევე, ხამი აბრეშუმიცაა იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომპანიის მარაგისთვის. ვფიქრობ, რომ თუ თქვენ დიდი რაოდენობით საქონელს გამოაგზავნით ხოლმე, საწყობი სწორედ იქ უნდა იყოს. იქიდან კაზვინამდე სულ 4 დღის სავალია: ამგვარად, უფრო მარტივად და სწრაფად გაიყიდება საქონელი ყველა ქალაქში, სადაც კი ამის გაკეთება მოგვიწევს. კაზვინში მთავარი და საუკეთესო ვაჭრები ცხოვრობენ, ხოლო გარშემო ისეთი ქალაქებია, როგორიცაა თავრიზი, არდებილი და ქაშანი, ისინი ქვეყნის შუაგულში მდებარეობენ, სადაც ხალხი უფრო ცივილიზებულია და ვაჭრები დიდ პატივში არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ვაჭარს გამოვკითხე, რუსებს და სხვებს, რომლებიც ამ ქვეყნებში ნამყოფი არიან; ისინი აღიარებენ, რომ აქ მთელი საქონელი იმ ადგილებიდან ჩამოდის. კაზვინიდან ჰორმუზამდე 30 დღის სავალია აქლემებით. საქონლის ფასი, როგორც სუნელებისა, ისე მუსკატების, რაც ვიცოდი, კომპანიის გუბერნატორს მივწერე.
უნდა გაცნობოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ურთხელის ხეა მშვილდ- ისრისთვის. მე მისი ყიდვა ვუბრძანე იმ რაოდენობით, რაც სამ ცხენზე დაეტევა, რათა გავარკვიოთ ხის ხარისხი. მაგრამ ხე სეზონზე კი არ მოჭრეს, არამედ აპრილის თვეში და მეტისმეტად ნედლი აღმოჩნდა. სამი თვის მანძილზე აქაურ მოსახლეობას ვეუბნებოდი, ურთხელი მოეტანათ ჩემთვის. თქვენი აგენტი ნიმუშად რაღაც რაოდენობას გამოაგზავნის ინგლისში.
დღეს, 26 აპრილს, მე კაზვინს მივემგზავრები. ღმერთმა ბედნიერება, წარმატება და გულმხიარულად დაბრუნება მიწყალობოს, რისი იმედიც მაქვს. მე მივწერე თქვენს აგენტს, ბატონ გლოვერს, ჩემი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევისყიდოთ რუსული საქონელი ამ ქვეყნისთვის, ასევე ის, რომ გამომიგზავნოს ვინმე რუსული ენის მცოდნე; ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი ადამიანი. კომპანია კარგს იზამს, თუ მომავალში აქ გამოსაგზავნად გონებადამჯდარ ხალხს შეარჩევს, რომელთაც შემოვლილი აქვთ ქვეყანა და იციან ვაჭრობა. ხოლო პორტუგალიური ენის მცოდნე ადამიანი (თუ მოძებნიან ასეთს), კომპანიას ისეთივე სარგებელს მოუტანს, როგორც მათ, ვინც მის ჩამოსვლამდე ორი წლით ადრე იყო აქ (მითითება გაურკვეველია - მთარგ). ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ მონა, რომელიც აქაურ ენაზეც ლაპარაკობს და პორტუგალიურადაც. ის ჩვენი თარჯიმანი იქნება რუსებისაგან დამალული ყველა საიდუმლო მოქმედებისას. რუსები ნაწყენები არიან იმით, რომ აქაურ ქვეყნებთან ვვაჭრობთ, რადგან აქაურებს ჩვენ უფრო ვუყვარვართ, ვიდრე ისინი; აქაურ ხალხს რუსები სძულს მათი ლოთობისადმი მიდრეკილების გამო. სასურვე- ლია, რომ თქვენს სამსახურში მყოფ აქაურ მოხელეს ეს ნაკლი არ ჰქონდეს და რომ თქვენს მთავარ აგენტს თავდაჭერა და საკუთარი თავის მართვა შეეძლოს, რათა თავიდან აიცილოთ საჩივრები მისი უსაქციელობის გამო. (ეს არის რიჩარდ ჯონსონზე მითითება - მთარგმნ.). საკუთარი ცუდი ჩვევებიდან გამომდინარე, მან 24 რუბლად (აქაური 4 თუმანი) პატარა ბიჭი იყიდა; ის დაადანაშაულეს, რომ ბიჭი ბუხარელ ვაჭარს, აქაურ მკვიდრს მოსტაცა. ვაჭარი ითხოვდა, მას ფიცით დაედასტურებინა, რომ არ იცის, რა მოუვიდა ბიჭს, რომელშიც ფულის გადახდა არ უნდოდა. ის რომ პატიოსანი კაცი იყოს და რუსული ენა იცოდეს, დიდ სარგებელს მოუტანდა კომპანიას.
თქვენი ლონდონური წითელი ქსოვილის აქ გამოგზავნა არ ღირს; მათში, ერთ არშინში 18 შაჰზე მეტს არ იძლევიან. აქ უფრო აღმოსავლური შეფერილობის, ვენეციაში შეღებილი წითელი ქსოვილი სარგებლობს მოთხოვნით. ხალხს აქ ძალიან უყვარს მაუდი; უბრალო ხალხს, როგორც წესი, შალისა და ტილოს ტანსაცმელი აცვია, ხოლო მდიდარ ვაჭრებს – თხელი მაუდი. კარგს იზამთ, თუ 5-6 ნაჭერ შავ, მოშავო-მოყავისფრო და სხვა მუქი ფერების თხელ მაუდს გამოგზავნით, რომლის გაყიდვაც 20 შაჰად შეიძლება (ერთი არშინის), მაგრამ ამაზე ძვირად არა. აქ ჭორები დადის, რომ მისმა სამეფო უმაღლესობამ, დონ ფელიპემ მალტაში სასტიკად დაამარცხა თურქები და 70 თუ 80 მხედართმთავარი დაატყვევა (ეს მოვლენები კავშირშია თურქების მიერ 1565 წელს განხორციელებული მალტის უშედეგო ალყასთან, მთარგმნ.).
ვისურვებდი, უფრო მეტი დრო მქონდეს იმისათვის, რომ თქვენ მოგწეროთ ხოლმე; ახლა კი გთხოვთ მიიღოთ ჩემი ნაჯღაბნი და მას შემდეგ, რაც წაიკითხავთ, ბატონ ნიკოლსს გადასცეთ.
თქვენი მორჩილი მსახური ედვარდსი
3. ინგლისიდან სპარსეთში გასატანი საქონელი და მისი ფასები აქ (სპარსეთში)
1. შალი და სქელი ტილო აქ იყიდება თითო 18 შაჰად, ასე რომ, მთელი ნაჭერი სპარსეთში 4 ფუნტი და 10 შილინგი ღირს, ვინაიდან ერთი შაჰი 6 ინგლისური პენსის ტოლია, ხოლო ერთი ბისტა – 2 ½ ინგლისური პენსის, ხოლო რუსულ ფულზე – 3 პენსის.
2. კალა სპარსეთში 14-დან 18 შაჰამდე ღირს ბათმანი. ბათმანის წონაზე ზემოთ გითხარით.
3. სპილენძის ჭურჭელი –10-დან 12 შაჰამდე ბათმანი.
4. თხელი წითელი მაუდი – 25-დან 30 შაჰამდე იარდი.
5. სპილენძი – 20-დან 25 შაჰამდე ბათმანი.
სპარსეთიდან ინგლისში გასატანი საქონელი
1. ხამი აბრეშუმი – 60 შაჰი ბათმანი.
2. წიწაკა – 32 შაჰი ბათმანი.
3. კოჭა –18-20 შაჰი ბათმანი.
4. მუსკატის კაკალი – 30 შაჰი ბათმანი.
5. გოგირდი – 4 შაჰი დიდი ბათმანი; დიდი ბათმანი უდრის 12 ინ- გლისურ ფუნტს.
6. კვასცი – 2 ½ ბისტა ბათმანი და უფრო იაფიც.
7. ბრინჯი – ნახევარი ბისტა ბათმანი.
8. კაკალი, თხილი – ნახევარი ბისტა ბათმანი.
9. მიხაკი – 40 შაჰი ბათმანი.
10. ურთხელი მშვილდ-ისრისათვის (ტექსტში ფასი გამოტოვებუ- ლია).
4. ბატონ არტურ ედვარდსის წერილი, 1566 წლის 8 აგვისტოს დაწერილი მიდიის შემახადან, ფრიად პატივცემული გუბერნატორების, კონსულების, ასისტენტებისა და რუსული კომპანიის ყველა წევრისადმი და ა.შ., რომელიც აღწერს მის მიღებას სპარსეთის იმპერატორის მიერ, მის თათბირს იმპერატორთან და პრივილეგიების მიღებას, სხვა საინტერესო შენიშვნებთან ერთად
ფრიად პატივცემულო ბატონებო, მუდამ მახსოვს რა ჩემი წმინდა ვალი, რეკომენდაციას ვუწევ საკუთარ თავს თქვენს საყურადღებოდ და ვავედრებ ღმერთს თქვენი და კომპანიის დანარჩენი წევრების ჯანმრთელობას და ა.შ., გაცნობებთ, რომ უკანასკნელი წერილი, რომელიც მე აქედან გამომიგზავნეთ რიჩარდ ჯონსონის ხელით ჩემი კაზვინში გამგზავრების წინ, ამა წლის 22 აპრილით იყო დათარიღებული.
ამ ქალაქში მე 25 მაისს ჩამოვედი, არ დამიკარგავს არცერთი დღე, საათი და წამი, რათა რაც შეიძლება მალე წარვმდგარიყავი შაჰის წინაშე. იმავე თვის 29 რიცხვში მე წარვსდექი მის წინაშე და დაახლოებით ორი საათი ვესაუბრებოდი. მან ორგზის მიბრძანა მიახლოება და მეკითხებოდა, რაში მდგომარეობდა ჩემი სათხოვარი. თხოვნა რომ მოისმინა, მოწყალედ შემპირდა სიგელების გადმოცემას. ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ მიბრძანა უფრო ახლოს მისვლა და ჩვენს ხელმწიფესა და ჩვენს ქვეყანაზე მესაუბრებოდა, იმაზე, თუ რა საქონელი გვაქვს ჩვენ და რის მიღებას ვისურვებდით მისგან; მან ასევე სხვა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა და მათ ხელში არსებული საქონლის შესახებ გამომკითხა; გარდა ამისა, შემეკითხა მეფე ფილიპზე – იმაზე, თუ როგორ დაამარცხა მან მალტის ალყის დროს თურქები. ასევე, მკითხა, დიდი ხანია თუ არა, რაც რუსეთთან და მოსკოვიასთან ვვაჭრობთ, რამდენ ხანში შეიძლება ინგლისიდან რუსეთში ჩასვლა, რამდენი კვირა გრძელდება მოგზაურობა კოლმოგორიდან ასტრახანამდე. შემდეგ საუბარი რუსეთზე გადავიდა. შაჰმა გამომკითხა, რომელი ქალაქები დაიპყრო მეფემ და თავად გამომიცხადა, თუ რისი მიღება სურდა ჩვენი საქონლიდან. მიღების ბოლოს მან გამოთქვა სურვილი, რომ თქვენმა კეთილშობილებებმა მას ყველა სახის ქსოვილი გაუგზავნონ, განსაკუთრებით, ერთი, რომელსაც, როგორც მან თქვა, ქალიშვილები ამზადებენ. მან ამ ქსოვილს „კარანგი“ უწოდა. ჩემი აზრით, ეს მკვეთრი წითელი ფერის დასავლური მატყლია. დრო არ მაძლევს საშუალებას, დაწვრილებით აგიღწეროთ ჩემი საუბარი მის უდიდებულესობასთან. მასთან დაახლოებულ პირებს უკვირდათ, რომ ის ამდენ ხანს მესაუბრებოდა და თავის მდივანს საკუთარ სურვილებს აწერინებდა, რადგან იცოდნენ ჩემი განსხვავებული რწმენის შესახებ. სახელდობრ, მას სურდა ნიმუშად ყველა სახის ლონდონური მაუდი, 3 ან 4 ნაჭერი, კარგად გამოყვანილი და გასუფთავებული. აქ უფრო მეტად მოიისფრო-მოწითალო და წითელი ფერის ტანსაცმელი აცვიათ, მაგრამ სხვა ფერებსაც მიიღებენ, როცა ნახავენ. მე მუქი ჟღალი ფერის ლონდონური მაუდის სამოსი მეცვა, რომელიც მას ძალიან მოეწონა. მითხრა, კარგს იზამთ, ასეთი ხარისხის მაუდს თუ გამოაგზავნით, სასიამოვნო დასანახია, ასევე, შავ მაუდს ქალებისთვის, ნარინჯისფერსა და მეწამულთან ერთადო. აქ ბევრს აცვია თხელი მაუდი. სპარსელები ბევრს საუბრობენ ლონდონურ მაუდზე და ისინი, ვინც მისი ტარება იცის, მას ანიჭებს უპირატესობას და არა ადგილობრივ ნაწარმს, რითაც ქალები იმოსებიან. სპარსელები თვლიან, რომ ადგილობრივი მაუდი გამძლე არ არის, ვინაიდან გაცვეთის შემთხვევაში ბამბასავით იკერება. აქ ბევრს ვენეციური მაუდი აცვია, რომლის სიგანეც ერთნახევარი იარდია; ერთი აქაური არშინი ვენეციური მაუდი 24-დან 30 შაჰამდე ღირს, რაც რუსულ არშინზე 2 დიუმით გრძელია. შაჰმა ასევე მითხრა, რომ სურს ქამლოთის კარგი ქსოვილი და მეწამული, შინდისფერი და ღია წითელი ხავერდი გავუგზავნოთ: სპარსელებს უყვართ ამ ყველაფრის ტარება. გამოაგზავნეთ ასეთი შავი ქსოვილები სხვა ფერის არშიებით, ოქრომკედით ამოქარგული ფარჩით, ქსოვილებითა და ოქრომკედით ამოქარგული ხავერდით, ატლასითა და ქამხით, ყველაზე მეტი კი – მეწამული და წითელი მატერიები თავისი ყველა შეფერილობით. არ დაგავიწყდეთ დასავლური შალის გამოგზავნა, სახელდობრ, ეგრეთ წოდებული „დუჟინისა“; ის ძალიან სქელი და მჭიდროდ ნაქსოვი უნდა იყოს, ნაწილი ნაზ წითელ ფერში შეღებილი, ნაწილი – მუქი წითელი. არ არსებობს ქსოვილი, რომელიც ამაზე მეტად შეეფერება აქაურების ქუდებს.
თქვენ, რა თქმა უნდა, მიხვდებით, რომ შაჰთან ჩემი პირველი მიღების შემდეგ მე დროს არ ვკარგავდი და ყოველდღე ვაჩქარებდი იმათ, ვინც ჩემთვის სიგელს ადგენდა და წერდა, რათა ხელთ მქონოდა, როდესაც ისევ მიხმობდნენ შაჰთან, რაც მოხდა კიდეც 29 ივნისს.
ის ტანსაცმელი მეცვა, რომელიც შაჰმა მაჩუქა, ჩემთან ერთად მან მთარგმნელიც დაასაჩუქრა და თქვენი ერთ-ერთი მოხელეც. ამ დღეს მე, ჩემი სურვილისამებრ, თქვენთვის მივიღე სიგელი პრივილეგიებით, ბეჭდიანი და შაჰის მიერ ხელმოწერილი. დიდება უფალს, რომელიც ჩემთან ერთად და ჩემ ნაცვლად მოქმედებდა ყველა ჩემს წამოწყებაში.
29 ივნისი აქაურებისთვის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. მის უდიდებულესობასთან ერთად იყო მისი ყველა მხლებელი და კარის მოხელე. შაჰმა მითხრა, რომ თუკი მიღებული სიგელები არ მომწონს, მომავალში მათი შეცვლა შეიძლება. პასუხად მე ქედი მოვიხარე მის წინაშე და მის უდიდებულესობას ყველაზე გულითადი და მოკრძალებული მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, რომ ჩვენი სამეფო უდიდებულესობა ძალიან მალე შეიტყობდა მისი ვაჭრების მიმართ გამოჩენილი გულმოწყალების შესახებ. ვაჭრები კი საკუთარ თხოვნებს ხელმწიფის მიმართ ისეთი ფორმითა და რიგით გამოხატავენ, რომელთაც ყველაზე შესაფერისად და აუცილებლად მიიჩნევენ ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. შაჰმა შემდეგი სიტყვებით მიპასუხა: როდესაც ჩვენ მათ გონივრულ თხოვნებს დავინახავთ, ამის შემდეგ აღმოვუჩენთ შემდგომ წყალობას. ამის შემდეგ მე შაჰს დავშორდი.
მას შემდეგ, რაც შაჰის სიგელები მივიღე, მე არაერთხელ ვისადილე ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი დიდგვაროვნებისა და სხვათა საზოგადოებაში, რომლებიც ადრე არც კი მიახლოვდებოდნენ. ვიღაც ყოველდღე მოდიოდა ჩემს ფარდულში და ჭამდა და სვამდა ჩემთან ერთად ჩემივე ჭურჭლიდან. ზუსტად ასევე, როდესაც კაზვინიდან მომავალი სადილად ვჯდებოდი, ჩემთან სხვადასხვა პირი მოდიოდა და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მიირთმევდნენ ჩემთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა მათთან სიახლოვე, რადგან იმის გაყოფა მიწევდა მათთვის, რასაც თავადაც სიამოვნებით მივირთმევდი. ეჭვი არ მეპარება, რომ აწი ჩვენ აქ მშვიდად ვიცხოვრებთ, ვინაიდან ყველგან, სადაც არ უნდა მივიდე, საუკუთესო ხალხი თავაზიანად მხვდება.
შაჰმა მკითხა, შეძლებთ თუ არა თქვენ, რომ ყოველ წელიწადს 100000 ნაჭერი შალი და მაუდი ჩამოუტანოთ. მე ვუპასუხე, რომ თქვენ 200000 ნაჭრით მოამარაგებთ მის ქვეყანას. ამან მისი უდიდ- ებულესობა ძალზე გაახარა, რადგან, როგორც სხვა პირებისაგან გავიგე, შარშან თურქეთის ელჩმა შაჰი სასოწარკვეთაში ჩააგდო – უთხრა, რომ დიდი თურქი არ დაუშვებდა ირანში ნებისმიერი, სულ მცირე რაოდენობის მაუდის ჩატანასაც კი.
არის სირიაში ქალაქი ალეპო, სადაც მრავალი ვენეციელი მუდმივად ცხოვრობს; გარდა ამისა, სხვები იქ ყოველ წელს ჩადიან და შალს, კაკალს, ქონს, ზაფრანას, ყავას, ბამბას და სხვა საქონელს შეისყიდიან, ასევე – დიდი რაოდენობით სუნელებს. სომხები ასევე ყოველ წელიწადს ცვლიან ვენეციელებთან შალს ხამ აბრეშუმზე და ზოგჯერ 60 ნაჭერ შალსაც აძლევენ მათ 70 ბათმან სპარსულ აბრეშუმში და 40 ნაჭერ ქართულ აბრეშუმში. შალი ალეპოში ნაღდ ფულზე იყიდება, 11-12 დუკატი ერთი ნაჭერი (დუკატი აქ 12 შილინგი ღირს), რაც შალის ერთ შეკვრაში 132-142 შაჰს შეადგენს. ყვებიან, რომ შემახადან ალეპომდე ერთი თვის სავალია, ხოლო იქიდან ტრიპოლამდე – 6 დღის; ტრიპოლიდან ვენეციამდე კი ერთი თვისა და 5 დღის სავალია ზღვით.
როგორც შევიტყვე, აქედან ვენეციამდე 3 თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება ჩასვლა. ამიტომ ვისურვებდი, რომ იქ სანდო პირი და სანდო მეგობარი გაგეჩინათ, ვისაც მე აქედან წერილებს გავუგზავნიდი. აქ მე შემიძლია ერთგული ხალხის გამონახვა, რომ მათ ჩემი წერილები ჩაიტანონ ვენეციამდე და უკან პასუხები წამოიღონ. ჩემთან რომ კიდევ ვინმე იყოს, მე უყოყმანოდ გადავცემდი მას შაჰის სიგელებს თქვენთან ჩამოსატანად.
სომხებსა და სხვებს აბრეშუმის გადაცვლა სურთ ჩვენს შალზე და ჩვენი მომარაგება შეუძლიათ ყველანაირი სუნელით, თუკი ამის შესახებ წინასწარ ვაცნობებთ, რათა აბრეშუმისათვის ინდოეთში გაემგზავრონ. ისინი შემახაში ჩამოგვიტანდნენ საქონელს შემდეგ ფასად: წიწაკა – აქაური ბათმანი 18 შაჰი, ერთი ფთილა 6 პენსს უდრის.
დიდი მუსკატის კაკალი – ბათმანი 40-45 შაჰი. მიხაკი – 40 შაჰი ბათმანი.
მუსკატის კაკალი – 16-18 შაჰი ბათმანი. დარიჩინი – 40 შაჰი ბათმანი.
ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში სუნელები და მუსკატი კარგად და სარფიანად გასაღდება.
კაზვინიდან ჰორმუზამდე 6 კვირის სავალია დატვირთული აქლემებით, მაგრამ თუ კარგი ჯორით იმგზავრებ ტვირთის გარეშე, 7-8 დღეში ჩახვალ. ვფიქრობ, რომ ჰორმუზში და სხვა ქალაქებში ასეთივე დროში შეიძლება ჩასვლა დაუტვირთავი პირუტყვით. მაგრამ აქაურ გზებზე ყველგან ცხენებით უნდა ზიდო ნაყიდი სურსათ-სანოვაგე. ამიტომ გადაადგილდებიან ასე ნელა.
თავად შაჰს ძალიან უნდა ჩვენთან საქმის დაჭერა. ის მოგვცემს ფულს, აბრეშუმსა და ჩამოიტანს ჩვენთვის სასურველ საქონელს სპარსეთში, ამასთან, მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ ისეთი საქონელი ჩამოვიტანოთ, რომლითაც ჩვენც სარგებელს ვნახავთ და ისიც. ჭორების მიხედვით, და მე თავად რასაც ვხედავ, მარტო სომხებს, სხვები რომ არ ჩავთვალოთ, ყოველ წელიწადს ალეპოდან 5000 და 6000 ნაჭერი შალი და მაუდი ჩამოაქვთ. თუკი თქვენ სარფიანად გაასაღებთ აქაური წარმოების ხამ აბრეშუმს, წითლად შეღებილ აბრეშუმსა და აბრეშუმის ქსოვილებს, ამ შემთხვევაში აქეთ დიდი რაოდენობით საქონლის გამოგზავნა შეგეძლებათ. თუმცა, ვშიშობ, რომ ვენეციელები შეძლებისდაგვარად ხელს შეგვიშლიან. ვიცი, რომ მათთვის უსიამოვნო იქნება ის გარემოება, რომ თქვენ აქაურ ქვეყნებთან ვაჭრობთ, რადგან ეს ძალიან მოკლე ხანში სრულად შეცვლის მათ ვაჭრობას აღმოსავლეთთან და შეაფერხებს მათი მაუდის გაყიდვას ალეპოსა და მის მიმდებარედ. უნდა იცოდეთ, რომ ჯორს 60 ბათმანი აბრეშუმის გადატანა შეუძლია, თუმცა ამბობენ, რომ ერთ სომხურ სოფელს ყოველ წელიწადს ალეპოში 400-500 ჯორი აბრეშუმი გადააქვს, იქიდან კი შალი და ვენეციური მაუდი ჩამოაქვთ, ხოლო ჯორის ტვირთი 18 ნაჭერ შალს შეადგენს. თუმცა, მე გთხოვთ, რომ 2000 ნაჭერზე მეტ შალს ნუ გამოგზავნით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის ჩამოტანის სურვილი გამოთქვეს და მთხოვეს, ეს თქვენთვის გადმომეცა. იმის გაგება რომ შემეძლოს, რას წერთ თქვენს წერილებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეტი მასალა მექნებოდა საპასუხოდ. მათ, ვინც ახლა ასტრახანში არიან, შეუძლით, თუ მოინდომებენ, მომწერონ, ან ის წერილები გამომიგზავნონ, რომლებიც, ვიმედოვნებ, მეგობრებმა მომწერეს: აი, უკვე 8 კვირაა, რაც საქონლით დატვირთული ორი გემი ჩამოვიდა აქ.
გემზე რუსები იყვნენ, რომელთა ხელითაც შეეძლოთ 3-4 სტრიქონი მაინც გამოეგზავნათ ჩემთვის. ისინი რუსებს დაჰპირდნენ, რომ მომწერდნენ, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს. ჩემთვის ძალიან საწყენი იქნება, თუ აქედან ისე გავა გემი, რომ ვერაფერს მივწერ მათ იმის შესახებ, თუ როგორ მიდის აქ საქმეები. გავიგე, რომ მათ გემი უყიდიათ 40 რუბლად და რაღაც საქონლით დაუტვირთავთ აქ გამოსაგზავნად. უფალმა ჩამოიყვანოს აქამდე მშვიდობით. მე მის ჩამოსვლას ველოდები, თორემ უკვე ასტრახანში გამგზავრებას ვფიქრობდი იმ გემით, რომელიც ახლახან გავიდა აქედან.
გასული თვის 15 რიცხვში მე კაზვინიდან გამოვედი და 20-ში შემახაში ჩამოვედი; 4 აგვისტოს საშუალება გამოვნახე ამ ქვეყნის ყველაზე დიდი თაღლითის დასაპატიმრებლად, სახელდობრ – საბაჟოს მებაჟის, ვამხილე ის 22 თუმნისა და 100 შაჰის (200 შაჰი ერთ თუმანს შედაგენს) მითვისებაში. იმდენს მივაღწიე, რომ ის ციხეში ჩასვეს, რათა ნებისმიერ დროს სასამართლოს წინაშე წარსდგეს. როგორ დასრულდება ეს საქმე, ღმერთმა იცის; ვალს ამოვიღებთ, მაგრამ ჯერ ვერა, რადგან მან შაჰს 1000 რუბლი უნდა გადაუხადოს. მდგომარეობა ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არამყარია, რადგან მათ მმართველი, თავკაცი არ ჰყავთ; ჩემი აზრით, მმართველი მირზა გახდება. 5 ან 6 დღის შემდეგ გავიგებთ ამას და უკვე დროცაა, რადგან ხალხს უკვე მოგზაურობისაც ეშინია, დაყაჩაღების. აქ რომ მმართველი დაინიშნოს, მე სწრაფად ამოვიღებდი თქვენს ვალს, ვინაიდან ისინი გვერდს ვერ აუვლიან შაჰის მიერ ბოძებულ სიგელებსა და პრივილეგიებს. ამ დროს შაჰი წერს, რომ ვალი უბრალოდ კი არ უნდა გადაგვიხადონ, არამედ მის სწორად გადახდას დიდი ყურადღება დაეთმობა, ასე რომ (თუ ღმერთი ინებებს), ჩვენ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მალე აქ ისეთივე კარგ მდგომარეობაში ვიქნებით, როგორც რუსეთში. ვალის მიღების ორ ხელწერილში, რომლებიც რიჩარდ ჯონსონმა დამიტოვა, არც მოვალეების სახელები წერია და არც ვალის ოდენობა, ხოლო სხვა ხელწერილებზე მხოლოდ მისი ხელმოწერაა. მე რომ არ მომეფიქრებინა ჩვენს პრივილეგიაში იმ პირობის შეტანა, რომ ვალი ჩვენ ორიდან (ერთ-ერთის არყოფნისას) ნებისმიერს შეუძლია აიღოს, ზოგიერთი მოვალე ერთ პენსაც კი არ გადაუხდიდა არავის, რიჩარდ ჯონსონის გარდა, რომელმაც ხელწერილებზე მარტო თავისი სახელი დასვა. კაზვინში ფორახანისაგან (Forakan) 29 თუმნის ანგარიშად 300 შაჰი მივიღე. დანარჩენს აქ მომცემს; ჯერჯერობით სულ ეს არის, რისი აღებაც შევძელი. რაც შეეხება გაურამ-ბეგის 12 თუმანს, ვთვლი, რომ მასთან მოსალაპარაკებლად წასვლა რომ შემეძლოს, ის გადამიხდიდა ნაღდი ფულითა და საქონლით. აკონის (Ackon) ფულთან დაკავშირებით, საქონელში, რომელიც თავად ამედინ-ბეგის მეშვეობით გავყიდეთ (მას თავდაპირველად თვითონ ჰქონდა ამ ოდენობის ჩვენი ვალი), უნდა გითხრათ, რომ ვინაიდან მათ იმედი ჰქონდათ, რომ არც ერთ პენის არ გადაგვიხდიდნენ, ამედინ-ბეგი იმას უფრო ცდილობდა, ხელი შეეშალა ჩემი შუამდგომლობისათვის, ვიდრე დამხმარებოდა. თუმცა ამჟამად მე საშუალება გამოვნახე. ღმერთმა მეგობრები გამომიგზავნა, რომლებიც ყოველდღე შაჰთან არიან და მოსავენ მას. მათ მიშუამდგომლეს და საშუალება მომცეს შაჰი ჰაჯი-მაჰმეთზე ადრე მენახა. თუმცა, საბოლოოდ, ჰაჯი-მაჰმეთი ჩემი მეგობარი გახდა. მას შაჰთან უხმეს და მან აუხსნა შაჰს, თუ რა კარგი ვაჭრები ვართ, როგორ პატიოსნად ვიქცევით ყველაფერში, რამდენად დიდად გვწყალობს რუსი ხელმწიფე და როგორი კარგი საქონლის ჩატანა შეგვიძლია სპარსეთში. ასევე ბევრი სხვა რამ უთხრა შაჰს. შაჰი ყოველდღე იხმობდა მას თავისთან, რათა შირვანის ამბები გაეგო, ვინაიდან მასავით სხვას არავის შეეძლო შაჰისათვის იქაური ამბების გაშუქება. მას თქვენი 7 თუმანი და 48 შაჰი მართებს; მე ვერ მოვახერხე თანხის ამოღება, რადგან ის სულ დაკავებულია, მუდმივად კაზვინში დადის და, როგორც თავად მითხრა, იქ დიდი რაოდენობით საჩუქრების დარიგება მოუწია ორჯერ. მისი რთული მდგომარეობა რომ დავინახე, მისი ექიმობა ავიღე საკუთარ თავზე და განვკურნე სნეულებისაგან. მე მას ვაპატიე ვალი 10 ნაჭერი შალის სანაცვლოდ, რასაც მას მე და რიჩარდ ჯონსონი დავპირდით ჩვენი საქონლის ჩამოსვლის შემდეგ. ეს იმ მოსაზრებით გავაკეთე, რათა მან ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ მე დროულად მოვრჩე ჩემს საქმეს და გავემგზავრო; არადა, ვიცოდი – მან ისე მოაწყო, რომ საქმეში ჩემი დამხმარენი დაყოვნებულიყვნენ, ვიდრე თავის მიზანს არ მიაღწევდა. მანამ, სანამ შაჰისაგან პრივილეგია არ მივიღე და კაზვინი არ დავტოვე, ერთი წუთით არ დამისვენია, რადგან სურსათიც და ყველაფერი დანარჩენიც იქ ძალიან ძვირი ღირს: ყველაფერი შორიდან ჩამოაქვთ.
რაც შეეხება სხვა პატარა ვალებს (დაახლოებით 7 თუმანი), როდესაც ის ვაჭრები ჩამოვლენ, ვისთანაც ჩვენ საქმე გვაქვს დაჭერილი, ჩვენ მათ აკრეფას შევეცდებით. მინდა რაღაც რაოდენობით ვერცხლი გამოგზავნოთ ზოდებად, რომ აქ მონეტები მოჭრან; ეს ძალიან მოეწონებოდა აქაურ მბრძანებელს და ჩვენთვის სარგებლიანი იქნებოდა. აბრეშუმი შარშანდელთან შედარებით 2-3 შაჰით იაფი ღირს. გაცნობებთ, რომ ჩემს საქმიანობაზე 2 წერილი გამოგიგზავნეთ კაზვინიდან, კერძოდ, 24 და 29 ივნისს, ერთ-ერთი თქვენი მოხელის ხელით, რომელიც გილანში გავგზავნე, რათა გემზე ასულიყო და ასტრახანში ჩასულს, თქვენი კომპანიონებისათვის გადაეცა. ეს დიდი ხნის წინ შეიძლებოდა მომხდარიყო და მეც დავისვენებდი. მაგრამ ძალიან ვიწყინე, როდესაც აქ ჩამოსულმა შევიტყვე, რომ გილანში ჩემ მიერ გაგზავნილმა პირმა უყურადღებობა გამოიჩინა და არ ავიდა პირველივე გემზე, შეყოვნდა და უკანასკნელს დაელოდა. მაგრამ მე მას ჭკუას ვასწავლი სხვების სამაგალითოდ, რომ ამას იქით ასე უყურადღებოდ აღარ მოიქცეს და მსგავს საქმეებში იჩქაროს. თქვენ მიერ ბოლოს გამოგზავნილი შალი, ბატონ კუორლსთან ნაყიდი, კარგი გამოდგა – შესაფერისი სიგრძისა და კარგად შერჩეული. როდესაც კაზვინში ვიყავი, იქ გილანის მმართველის ელჩი იყო. ღვთის იმედით, აქ თუ დავრჩი და გილანში ჩასვლა შევძელი, იქაც ავიღებ მმართველისაგან ასეთივე პრივილეგიას თქვენთვის. ეს საქმე უკვე დავძარი ადგილიდან: ვიხელთე ზოგიერთი შესაფერი გარემოება და ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ ეს ძვირი არ დაგიჯდებათ; უკვე მივიღებდი კიდეც პრივილეგიას, მაგრამ არავინ მყავს, ვისაც შეიძლება ვენდო. კაზვინიდან გილანამდე ხომ სულ ხუთი დღის სავალია ჯორით და ამ ქვეყანას ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. იქ ბლომადაა აბრეშუმი, თანაც უფრო კარგი ხარისხის და უფრო იაფი, ვიდრე აქაური. იქ ასევე კვასცის დიდი მარაგია და ბათმანი ერთნახევარი ბისტა ღირს. მე ყველა დანახარჯი გამოვთვალე, აქედან კოლმოგორამდე და ფრახტი ინგლისამდე; მთელი დანახარჯის გათვალისწინებით, ერთი კასრი ეღირება 3 ფუნტი, რაც თქვენ არაუმეტეს 18-20 შილინგი დაგიჯდებათ. ჭორების მიხედვით, თქვენ წელიწადში 200-300 კასრს ტვირთავთ. აქედან ინგლისში გასაგზავნ საქონელზე არაფერი გამიგია. რაც შეეხება აქ კაკლის ყიდვას, ჩემი აზრით, ეს მოგებას არ მოიტანს. კაკალი ალეპოდან ჩამოაქვთ და 3-4 შაჰი ღირს ერთი აქაური ბათმანი, რაც 6 ინგლისურ ფუნტს უდრის. წითელი საღებავის მარცვალი, ერთი ბათმანი ასევე 200 შაჰი ღირს ნაღდი ფულით; თუ შაჰს რუსული პენსით ვიანგარიშებთ, ერთი ბათმანი 6 რუბლი გამოდის. თქვენ რაღაც რაოდენობის ფულის გამოგზავნა შეგიძლიათ და 12-13 შაჰად ერთი ფუნტი კენკრის ყიდვა შეიძლება; ამ შემთხვევაში წონაშიც მოიგებდით და ფასშიც. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ინგლისელი მაინც რომ იყოს, ვისაც თქვენთვის გადმოსაცემად ვალების სიასა და სხვა დოკუმენტებს გადავცემდი, მე რომ რამე დამემართოს, იმ შემთხვევისათვის, მე ჩემი თარჯიმნის მოახლედ ვიქცეოდი და მასთან ერთად ჰორმუზსა და ალეპოში გავემგზავრებოდი; ეს ორივე უმთავრესი სავაჭრო ქალაქებია, ამ ქვეყნის საზღვართან არსებული, სადაც ყოველი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები იყრიან თავს. ამგვარად, მე მოგზაურობაზე 4-5 თვეს დავკარგავდი, მაგრამ უფრო ღრმად შევისწავლიდი აქაურ საქმეებს და უფრო ზუსტად გაცნობებდით ყველაფერს. მე, ღვთის წყალობით, იმგვარად წავიყვან საქმეს, რომ თქვენ ყოველწლიურად აქ მოგებას ნახავთ საქონლითა და გემებით, როგორც ამას უკვე ვაკეთებთ რუსეთში. ვინაიდან, თუ ჩვენ შევძლებთ, რისი იმედიც მაქვს, შესაფერ პირობებში, დროულად გავყიდოთ საქონელი და ასევე დროულად მივიღოთ შაჰისა და სხვა პირებისგან აბრეშუმი, რომ აქედან ის ასტრახანში აპრილის დასაწყისში გაიგზავნოს, იქიდან კი კოლმოგორში სამ თვეში ან კიდევ უფრო ნაკლებ დროში ჩავიდეს და ივნისის ბოლოს უკვე თქვენს გემებზე დაიტვირთოს დანარჩენ საქონელთან ერთად, ამ შემთხვევაში დროს არ დავკარგავდით. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამის განხორციელება უახლოეს ორ წელიწადშია შესაძლებელი, როდესაც ჩვენ უკვე ფეხს მოვიკიდებთ ამ ქვეყნებში და უკეთ გაგვიცნობენ. გარდა მისა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემი შემდგომი ყოფნისას შაჰთან ითქვა, რომ ბატონმა ენტონი ჯენკინსონმა შესთავაზა შაჰს ამ ქვეყნებში არსებული მთელი ხამი აბრეშუმის აღება, რის ნაცვლადაც მაუდითა და სხვა საქონლით უნდა გადაეხადათ. გარწმუნებთ, რომ აქ ცხენის ტვირთის მიხედვით, რაც 50-60 ბათმანს შეადგენს, შეიძლება 3000-4000 ცხენის დატვირთვა, და ეს ქართული აბრეშუმის გარეშე. დროდადრო ამ ქვეყნებიდან ძალიან ბევრი აბრეშუმი გააქვთ, მაგალითად, თურქებს ერთ ჯერზე 400-500-მდე დატვირთული ცხენი გაჰყავთ, სამაგიეროდ კი მონეტების მოსაჭრელი ვერცხლი შემოაქვთ, კერძოდ, ტალერები, რომელთაც ერთ ცალს 10 შაჰად ყიდიან. უნგრული დუკატი 12 შაჰად საღდება. თურქები, რომელთაც წელიწადის ყოველ დროს ფული მზად აქვთ, აბრეშუმს იაფად ყიდულობენ სოფლელებისგან, როგორც კი მათ გასაყიდად გამოაქვთ. თუ თქვენ ვენეციელებს გაურიგდებით და აბრეშუმის გატანას საკუთარ თავზე აიღებთ, ან როგორღაც მოაგვარებთ მათთან საქმეს, დარწმუნებული ვარ, რომ შაჰის მეშვეობით 6 ბათმანი აბრეშუმი 2 ½ ნაჭერი შალი ეღირება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მომწერეთ თქვენი აზრი. ბატონმა ენტონი ჯენკინსონმა მნიშვნელოვანი სამსახური გაგიწიათ, რადგან მე ხშირად დამხმარებია მისი ბრძნული და კეთილი საქმეები, რაც აქაურებს ახსოვთ. დღემდე არ გამიგია ვაჭრებისაგან, რომლებთანაც საქ- მეს ვაწარმოებთ...(ფრაზა დაუსრულებელია; ალბათ, ედვარდსს სურდა დაემატებინა, რომ ჯენკინსონზე აუგი არ სმენია - მთარგმნ).
ღმერთმა მომცეს ჯანმრთელობა, რომ კეთილშობილი თანამგზავრები ვიხილო, ვინაიდან ჩემი მოგზაურობა რთული იყო და ხშირად ჩემი ღვიძილი სავსე იყო სევდით, ხოლო ძილი – მოუსვენარი. ჩემთან ერთად არც ერთი ინგლისელი არ ყოფილა, ვისაც მტანჯველი ფიქრებით დამძიმებულ გულს გადავუშლიდი; ამას ღმერთი უწყის, რომელმაც მტრებისაგან დამაღწევინა თავი. ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე. მთელი ცხოვრება თქვენი უმდაბლესი მსახური და თქვენი ბრძანებების მომლოდინე,
ა. ედვარდსი
5. არტურ ედვარდსის წერილი, 16 ივნისს დაწერილი ასტრახანიდან, სპარსეთში მისი პირველი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთში, სპარსეთსა და ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მოვაჭრე ფრიად პატივცემული კომპანიისადმი
ვიმედოვნებ, რომ თქვენი უკეთილშობილესობანი კმაყოფილნი დარჩებით, თუ წინამდებარე წერილში გაცნობებთ არა მარტო თქვენი პრივილეგიის სიგელის ზოგ მუხლს, არამედ გუბერნატორების, კონსულების, ასისტენტებისა და კომპანიის წევრების სახელებს; მე ასევე გაცნობებთ საქონელზე, რომელიც სპარსეთის მბრძანებელმა, იგივე იმპერატორმა, ჩამოთვალა თქვენთან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში, ჩემ მიერ გაკეთებული შენიშვნებით, რაც საჭიროდ ჩავთვალე, რომ თქვენთვის შემეხსენებინა. პრივილეგია დაწერილი, ნაბოძები და გადმოცემულია შემდეგი პირების: გუბერნატორების – სერ უილიამ გარარდისა და სერ უილიამ ჩესტერის, სერ ტომას ლოჯის, ბატონ ენტონი ჯენკინსონის, ბატონ ტომას ნიკოლსისა და არტურ ედვარდსის სახელზე.
1. ჩვენ გვებოძა უფლება, არ გადავიხადოთ არანაირი გადასახადი ან მოსაკრებელი ამჟამად და მომავალში, შაჰის მემკვიდრეების მმართველობისას. ინგლისელ ვაჭრებს, რომელთაც თქვენ ამჟამად ან მომავალში დანიშნავთ, უფლება ექნებათ, იარონ სავაჭრო საქმეებზე შაჰის მთელ სამფლობელოში და მის მიმდებარედ ყველა ქალაქში სხვა ადამიანების თანხლებით და გაყიდონ ყველა სახის საქონელი.
2. ყველა ქალაქში, სადაც თქვენი ვაჭრები ჩავლენ ან სადაც გაჩერდებიან, იქაურმა გუბერნატორებმა, მმართველებმა და მოსამართლეებმა მათ მფარველობა უნდა გაუწიონ და დაეხმა- რონ, დაიცვან ცუდი ხალხისაგან და დასაჯონ ისინი, ვინც რაიმე ზიანს მიაყენებს მათ.
3. ყველა სიდიდის დავალიანების გამო, ვინც არ უნდა იყოს მოვალე და რის გადახდაც გადავადებულია, მოვალე სასამართლოში აგებს პასუხს და ფული იმავე დღეს უნდა იქნეს გადახდილი.
4. ნებისმიერი პირი, რა მდგომარეობასა და თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, ვერ გაბედავს რაიმე საქონლის ან ძღვენის მიღებას ჩვენი ნებართვისა და თანხმობის გარეშე.
5. თუ რაიმე შემთხვევის გამო ჩვენი ვაჭრებიდან ან მოხელეებიდან რომელიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, მოკლავს შაჰის ქვეშევრდომს, ჩვენი საქონელი მაინც ხელუხლებელი იქნება და საქმეში არ იქნება ჩართული, ამასთან, დამნაშავის გარდა არცერთი სხვა პირი არ იქნება ჩართული საქმეში. დამნაშავე სამართლიანად უნდა გასამართლდეს და ხელმწიფის გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა დაისაჯოს.
6. ყველა სესხი, რაც ჩვენგან აქვთ აღებული ამჟამად ან მომავალში ისესხებენ, უნდა დაუბრუნდეს ერთ-ერთ ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ასესხა ჩვენგან და ცოცხალია თუ არა გამსესხებელი.
7. არავის აქვს საქონლის დაბრუნების უფლება, თუ ის უკვე ნაყიდი აქვს და გაყიდულია.
8. როდესაც, ღვთის დახმარებით, ჩვენი საქონელი ზღვამდე იქნება მისატანი, შაჰის ქვეშევრდომები ვალდებულნი არიან, დაგვემხარონ ხმელეთზე მის გადაადგილებაში, ზღვამდე.
ყველა ჩაწერილი მუხლი, ვიმედოვნებ, დაგაკმაყოფილებთ მანამდე, ვიდრე თქვენგან შაჰისადმი მოწერილი სხვა წერილები არ ჩამოვა; ეს უკანასკნელი, დარწმუნებული ვარ, დათანხმდება თქვენს მომავალ ზომიერ თხოვნებს, როგორც თავად დამპირდა. მე უკვე დავაყენე ეს საკითხი და შაჰს განვუცხადე, რომ, ჩემი აზრით, თქვენ გამოგზავნით წერილებს საკუთარი თხოვნებით და შეევედრებით მას მომავალში წყალობას, როდესაც საჭირო იქნება ვაჭრობის უკეთ ხელის შეწყობა. არ დაიჯერებთ, რა ხანგრძლივი და მოწყალე საუბარი მქონდა მასთან; გარწმუნებთ, ეს საუბარი ორ საათს გაგრძელდა; მის კარზე მყოფთათვის და სხვა ქვეყნების ვაჭრებისთვის ეს გასაოცარი იყო. ყოველ დასმულ კითხვაზე პასუხის შემდეგ ის მიუბრუნდებოდა ხოლმე თავის დიდებულებსა და მოხელეებს, რომელთაც რაღაც ცნობები ჰქონდათ დასავლეთის ქვეყნებზე და შემდეგ შეკითხვებს განაგრძობდა. თავის მდივანს უბრძანა, ოთხ წერილში ჩაეწერა ზემოაღნიშნული მუხლები და ოთხივე წერილი გადმომცა (ამ წერილებიდან ორი, ჩემი თხოვნის შესაბამისად, თურქულადაა დაწერილი). ერთ-ერთი წერილის უკანა მხარეს მდივანმა ის საქონელი ჩამოწერა, რომლის მიღებაც მის უდიდებულესობას სურს თქვენგან. მზის ჩასვლის შემდეგ შაჰმა კიდევ ერთი საათით დამაყოვნა, რის მერეც მე ის დავტოვე.
6. საქონელი, რომელიც შაჰმა ერთ-ერთი წერილის უკანა მხარეს ჩამოწერა და რისი მიღებაც სურს თქვენგან პირველ რიგში, ოქრომკედითა და ვერცხლით ამოქარგული ფარჩა და ოქრომკედით ამოქარგული ხავერდი.
შემდეგ, კარგი ხავერდი – წმინდა მაუდი წითელი ფერის, მეწამული, წითელი, მწვანე და შავი ხავერდი. ამ ფერებს მისი უდიდებულესობა იმიტომ ითხოვს, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლიდან ზოგი მის ქალაქ ქაშანშიც იწარმოება, ისეთი ხარისხიანი არ არის, როგორი ხარისხისაც თქვენ შეგიძლიათ გამოუგზავნოთ. ამ საქონლიდან, ვფიქრობ, ცოტას მოვიგებთ, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ შაჰს ვასიამოვნოთ, გთხოვთ რაღაც რაოდენობით გამოგზავნოთ ის და, ამასთანავე, განსაკუთრებით კარგი ხარისხის.
შემდეგ, კარგი ქამხა და ყველა სახის ატლასი და 100 ნაჭერი კარგი ხარისხის ქამლოთი, რომელიც აქ 80 შაჰი ღირს ნაჭერი (6 პენსი – 1 შაჰი). აბრეშუმის ქსოვილები ზემოთ ჩამოთვლილი ფერისა უნდა იყოს – ანუ წითელი, მეწამული, მწვანე და შავი, ასევე, რამდენიმე ნაჭერი ღია ცისფერი.
შემდეგ, 3-4 კომპლექტი საჭურველი, რომელიც პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას გაუძლებს, 10 ან 12 კარგი ხარისხის ფოლადის ნიშნით.
შემდეგ, 10 ან 12 კარგი ჯავშნის პერანგი, ძალიან კარგი ხარისხის (სხვანაირი არ სჭირდება), რომელიც ნატყორცნ ისარს გაუძლებს, და 2 კამეჩის ტყავის ქურთუკი.
შემდეგ, 10 ან 12 ნაჭერი დასავლური შალი (western karsies), სქელი და მჭიდროდ ნაქსოვი, მკვეთრი წითელი ან ცეცხლისფერი. ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო შესაფერი მატერია არ არსებობს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანების ქუდების შესაკერად.
შაჰმა ამ მატერიას კარანგი უწოდა (შენიშვნა გვერდით: „ვფიქრობ, რომ სიტყვა „კარანგის“ ქვეშ ისინი შალს გულისხმობენ“), და თქვა, რომ მას ქალიშვილები ამზადებენ და ძალიან უნდა მისი მიღება.
შემდეგ, 6 ნაჭერი თხელი ჰოლანდიური ტილო შაჰისთვის და კიდევ რამდენიმე ნაჭერი, უფრო იაფი – დიდებულებისთვის.
შემდეგ, 12 ცალი კარგი პისტოლეტი, ზოგიერთი კაჟიანი და 6 პატარა პისტოლეტი საკეტით, რომ მათი ტარება შეიძლებოდეს.
შემდეგ, 100 სამოსის ჯაგრისი (მაგრამ არა ღორის ჯაგრით), სასაჩუქრედ და გასაყიდად.
შემდეგ, კარგად აწყობილი წისქვილი, რომლითაც მოგზაურობის დროს მარცვლის დაფქვა იქნება შესაძლებელი. ჰაჯი-მაჰმეთმა მთხოვა დამეწერა, რომ ასეთი ხელმწიფისათვის მისართმევად გამოაგზავნოთ.
შემდეგ, შაჰი ითხოვს ყველა სახისა და შეფერილობის ლონდონურ მაუდს. კარგი იქნება 40-50 ნაჭერს თუ გამომიგზავნით, რადგან ვიცი, რომ მათი სარფიანად გაყიდვა შეიძლება, განსაკუთრებით ისეთი მაუდისა, რომელიც შეიძლება არშინი 20 შაჰად გაიყიდოს (ირანული არშინი ორი ინგლისური დუიმით გრძელია რუსულზე). გამოაგზავნეთ 4 ან 5 ნაჭერი მკვეთრი წითელი, მუქი ლურჯი, ცეცხლისფერი, შავი, ყავისფერი – შაჰისა და წარჩინებულთათვის; დანარჩენი სხვა მკვეთრი შეფერილობისა გამოაგზავნეთ, მაგალითად, ლონდონური მუქი ჟღალი ფერის, მუქი წითელი, ლომისფერი, მკვეთრი მწვანე და სხვა ფერები, რასაც საჭიროდ ჩათვლით. შაჰს სურს, რომ ყველა შეფერილობის ჰქონდეს. ეს საბაბი გახდება საიმისოდ, რომ ვენეციელები და თურქები უფრო ნაკლებ პატივში აღმოჩნდნენ. თავად მათაც ეშინიათ ამის და ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობენ კიდეც ამაზე. და მართლაც, შაჰის ქვეშევრდომები აპირებენ ჩვენთან სუნელებითა და სხვა საქონლით ვაჭრობას, რითაც, ჩვეულებრივ, ვენეციელები და თურქები ვაჭრობენ.
თქვენს თავს უფალს ვაბარებ, რომელიც ჯანმრთელობასა და კიდევ უფრო დიდ პატივს გიბოძებთ.
მთელი ცხოვრება თქვენი მსახური ა. ედვარდსი
7. დანართები ედვარდსის წერილებზე
გზა და მანძილი წმ. ნიკოლოზიდან (ანუ თეთრი ზღვიდან) კასპიის ზღვამდე
თუ თქვენ წმ. ნიკოლოზიდან პირდაპირ კასპიის ზღვისაკენ გაემგზავრებით, მაშინ ვოლგამდე წყალზე უნდა იაროთ – ეს ყველაზე მარტივი გზაა. დღე და ღამე სვლის შემთხვევაში ამ მანძილს ნავებით 14 დღესა და 14 ღამეში დაფარავთ; ნავები ერთი მთლიანი ხისგანაა გამოთლილი და მათ სტრუგები ეწოდება. მთლიანობაში 1100 ვერსია.
ზამთარში მარხილით 8 დღეში შეიძლება გზის გავლა. ზაფხულობით სახმელეთო გზა საფრთხილოა ჭაობების გამო; უსაფრთხოდ მას ვერ გაივლით.
ვოლოგდიდან იაროსლავლამდე 180 ვერსია ხმელეთით. იაროსლავლი მდინარე ვოლგაზე დგას, როგორც გითხარით, ვოლოგდიდან 180 ვერსში.
კასპიის ზღვიდან იაროსლავლამდე 2700 ვერსია.
ამრიგად, წმ. ნიკოლოზიდან კასპიის ზღვამდე – 3800 ვერსი (შეცდომაა, სინამდვილეში, გამოთვლების მიხედვით, მანძილი 3980 ვერსია. მოგზაურობა წმ. ნიკოლოზიდან იაროსლავლამდე 14 დღე გრძელდება წყალზე და 2 დღე – ხმელეთზე, სულ 16 დღე.
იაროსლავლიდან ასტრახანამდე 30 დღე და 30 ღამე მიდიან; ამ- რიგად, წმ. ნიკოლოზიდან ასტრახანამდე სულ 46 დღის სავალია.
ვოლგის ქვედა წელში ყოველ ზაფხულს 500 გემი მიცურავს, დიდი და პატარა, ზედა წელის ყველა ადგილიდან; ზოგი მათგანი 500 ტონა წყალწყვისაა. ისინი მინერალური მარილისა და ზუთხისათვის მიდიან.
მარილი მოთეთრო-მოწითალო კლდეებში მოიპოვება ან წმინდა ქვიშასავითაა გაბნეული, მაგალითად, ასტრახანიდან 30 მილის დაშორებით, კასპიის მხარეს. მას ყველა მოიპოვებს, ვისაც სურვილი აქვს და არაფერს იხდის მასში, მაგრამ ხელმწიფეს ფუთში 1 პენსს უხდიან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 40 ფუნტში.
ზუთხს (ocetera) ასტრახანიდან აქეთ 50 მილში იჭერენ. მეთევზეები 20 მილის მანძილზე თევზს პირდაპირ მიწაში მარხავენ. თევზჭერა სამი თვე მიმდინარეობს – მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე; ვინაიდან იქ მარილი მოიპოვება, თევზს ამარილებენ.
მდინარე იქ სიგანეში 5 ან 6 მილია, მაგრამ შუაში კუნძულებია. იაროსლავლის ქვემოთ, სადაც ვოლგა ყველაზე ვიწროა, ნაპირიდან ნაპირამდე ერთი მილია.
მდინარის ფსკერი წითელი თიხითაა დაფარული; მის ნაპირებზე მუხნარები და არყნარებია, გარდა ქალაქების მიმდებარე ადგილებისა, სადაც თევზჭერა მიმდინარეობს.
დვინა წმ. ნიკოლოზიდან უსტიუგამდე ქვიშიან და კირქვიან ფსკერზე მიედინება, მის თევზს ნაზი გემო აქვს და ცხიმიანია. თავდიდა თევზს დიდი თავი აქვს, ერთი ფუტი სიგრძეში, უფრო ვოლოგდასთან იჭერენ; ის ძალიან ნაზი და ცხიმიანია.
ნოვგოროდსა და ფსკოვს შორის (Vobsko), 180 მილის მანძილზე, მთელ სიგრძეზე სელი იზრდება; სელის მინდვრების ფართობი ამდენივეა სიგანეშიც. აქ სულ ვაკე ადგილებია.
კანაფი ფსკოვის გარშემო იზრდება, პოლონეთის საზღვართან, 300 მილის გარშემოწერილობით. კანაფი ბევრგანაა დათესილი.
ზამთრობით ეს კანაფი ვოლოგდასა და კოლმოგორში ჩააქვთ, ბაგირების გაკეთებით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
რუსები ჩეჩავენ და რთავენ მას, ხოლო ინგლისელები წნავენ და აწყობენ. ერთი აქაური ბაგირი ორ დანციგურს უდრის, ვინაიდან დანციგელები ძველ ბაგირებს აახლებენ და დამპალ მასალასაც იყენებენ, რის გამოც უამინდობისას ბაგირები არასაკმარისად მყარია.
ამ ადგილებში ფიჭვი იზრდება – ხე, რომლის ნახერხითაც ფურუნკულს მკურნალობენ, მისი ქერქისაგან რუსები ნავებისათვის თოკებს აკეთებენ, რომელთა სისქეც ადამიანის მკლავის ტოლია.
თეთრეულის არქონის გამო, ტილოებსა და პირსახოცებს ამ ხის მერქნისგან აკეთებენ. მისი შეშა მძიმეა, როგორც ჭყორის, ხოლო მისი ნახერხი ძალიან მაგარია.
ვარდისფერი კუნძული წმ. ნიკოლოზის ზღვის უბეში სავსეა ცეცხლისფერი და წითელი ვარდებით (ასკილით), იებითა და ველური როზმარინით. კუნძულის გარშემოწერილობა 7-8 მილია; მასზე კარგი საძოვრებია და მას „ვარდისფერი“ უწოდეს. თოვლი აქ დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში დნება, ორთვიანი დნობის შემდეგ მიწა ორ კვირაში შრება, ხოლო ერთი თვის შემდეგ უკვე მუხლამდე ბალახია. სექტემბრის შემდეგ ყინვები იწყება და ერთი იარდის სიმაღლის თოვლი მოდის. კუნძულზე ნაძვი და არყი იზრდება, ხოლო ინგლისელების მიერ აშენებულ სახლთან სუფთა, მტკნარი წყლის წყარო ამოდის.
Комментариев нет:
Отправить комментарий