ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის XVII საუკუნის ირანული წყარო შაჰ აბას I-ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფზალ ალთავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს. თხზულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა.
წარმოშობით ისფაჰანელი ფაზლი ბეგ ხუზანი ირანული ბიუროკრატიის მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა. მის ნათესავებს ძირითადად მაღალი თანამდებობები ეკავათ. ფაზლის კარიერაც თავიდანვე კავკასიასთან და, კერძოდ, საქართველოსთანაც იყო დაკავშირებული. 1608 წელს შაჰ აბასმა ბარდავის მმართველად დანიშნა ფეიქარ ბეგი, (იგივე ფეიქარ ხანი, კახეთის მმართველი (1616-1625) რომლის ვეზირი გახდა ფაზლის უფრო ძმა, მუჰამად ბეგი. ფაზლი ხუზანიმ თექვსმეტი წლის ასაკში ფეიქარ ბეგის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი თავად გახდა ფეიქარ ბეგის ვეზირი. ეს თანამდებობა მას ათი წლის განმავლობაში ეკავა (1616-1625). ფაზლის საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი შაჰ აბასის მმართველობის პერიოდი და, განსხვავებით ისქანდერ ბეგ მუნშისგან, ნაკლებად პანეგირიკულია შაჰ აბასთან მიმართებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოთ დასახელებული ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი გახლდათ. სწორედ ამიტომ, როგორც სეფიანთა ირანისა და საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი, ქართველების შესახებ მრავალი ცნობის ავტორადაც გვევლინება.
„აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნელოვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდისა (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად.
ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიპეტიებს.
თხზულებაში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიისთვის დღემდე უცნობი არაერთი ფაქტი. იგი მოიცავს ისეთ პასაჟებს, რომლებიც ინფორმაციულად ავსებს და განსხვავებული კუთხით გვაჩვენებს საქართველოს ისტორიისთვის უკვე ნაცნობ მოვლენებსაც.
კონსტანტინე მირზას მიერ მამისა და ძმის მოკვლა
ამ დროს მოვიდა ამბავი იმის შესახებ, რომ კონსტანტინე ხან ქართველი, რომელიც მამამის ალექსანდრე ხანთან და სულთნებთან ერთად, როგორც ეს დაიწერა გასულ წელს, გურჯისთანის ველაიათში გაეშურა. ასე შეთანხმებულან, რომ ნოურუზის შემდეგ შეკრებდა რა ლაშქარს, სულთნებთან ერთად შირვანისკენ წავიდოდა.
ამ ამბავმა მაჰმუდ ფაშას ყურამდე რომ მიაღწია, ისიც აღიჭურვა საბრძოლველად. [მათ] შირვანიდან და დაღესტნიდან ემატებოდათ ხალხი. ნოურუზის დღესასწაულის შემდეგ კონსტანტინე მირზამ, რომელიც წლების განმავლობაში მამის სამფლობელოში არ ჩასულიყო, რამდენიმე ქართველ დიდებულთან და აზნაურთან ერთად, რომელთაც [ასევე] სწყუროდათ ხანთან [ალექსანდრესთან] ლაპარაკი (ხანსაც [კონსტანტინეს] ძალიან უნდოდა ქართველებთან, მამასა და ძმასთან შეხვედრა), პატივისცემით შეუთვალა თავის დიდებულ მამას: „აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ქვეყანა ვმართო. გამომდინარე თქვენი მსახურებიდან მისი უდიდებულესობისადმი [და პირობისგან], დაე, იყოს მყარი ეს სიტყვა, თუკი გარკვეული რაოდენობის ქართველებს მოგვაშველებთ, ისინიც [შაჰის ხალხი], საქართველოს გასათავისუფლებლად იმოქმედებენ, რათა ჩვენ, მონებმა, შევძლოთ, ოსმანთა ტომს სული ამოვხადოთო“.
ალექსანდრე ხანი დროს განზრახ აჭიანურებდა და დღეები ასე გაჰყავდა. ერთი თვის შემდეგ კონსტანტინემ სულთნებს უხმო და თავისი მამისა და ძმის უმადურობის შესახებ უამბო, რომელთაც [როგორც ჩანს] წინასწარ შეუტყვიათ რა ამბავი მისი უდიდებულესობისა და ჯეღალისგან (შირვანის ბეგლარბეგი), გამარჯვების კვალის მატარებელი ლაშქარი შეუყოვნებიათ. [კონსტანტინემ] საკუთარი მამისა და ძმის მოკვლა გადაწყვიტა. ალექსანდრე ხანის ვეზირი, ხოჯა ზია ედ დინ ქაში, ჯალალ ესფაჰანისთან (ხანის მოდიროლმულქი – თურქ. ობერცერემონმაისტერი) ერთად უფროსთან გაგზავნა, რათა დახმარება და [შემდგომი] განკარგულება მიეღო. მათ, მიუხედავად ბევრი სჯაბაასისა, აშკარა პასუხი არ ჩამოუტანიათ. ჯალალ ესფაჰანიმ, რომელიც მისი უდიდებულესობის კარზე მიღებული გონიერი კაცი იყო, მოახსენა [მას], რომ ხანის მიზანი დიდებული ლაშქრის მორჩილების მიხედვით ქმედებაა. გადაწყვიტა, დილით ალექსანდრე ხანი, შაჰმირ ხანი, (კონსტანტინე ხანის ხელქვეითი ამირა, რომელიც წარმოშობით შაქის ველაიათის ძველ ვალიებს ეკუთვნოდა) ალი ხან სოლთანი და მამამისის მაჯლესის სხვა წევრები შეეკრიბა, რათა დალაპარაკებოდა მათ. უეცრად, უზრდელად მიმართა მამას. ალექსანდრე ხანი მოლბა და მშვიდად დაპირდა, ალაჰის შეწევნით ლაშქარს მოვუხმობ და გამოგიგზავნიო. ხანი აღელვებული იყო და უხეშად ელაპარაკებოდა მამამისს. გორგინ მირზა [უფლისწული გიორგი], რომელიც მისი უფროსი ძმა იყო, შეეწინააღმდეგა კონსტანტინეს, დატოვა შეკრება, ქართულად უთხრა მას, ნეტავ, საერთოდ არ დაბადებულიყავიო და თავისი კარვისკენ წავიდა. კონსტანტინე მირზა უკან გაჰყვა, შევიდა მის კარავში და [ხმლით] აკუწა იგი. შემდეგ მივიდა მამასთან და შაჰმირ ხანსა და ალი ხან სოლთანს, რომლებიც ალექსანდრე ხანის მახლობლად ისხდნენ, თბილად ესაუბრებოდნენ მას [ალექსანდრეს] და საბრძოლო საკითხებს განიხილავდნენ, უთხრა: „რას დამდგარხართ, მოკალით ეს ბებერი ურჯულო და მისი ორგულობის სასჯელი აჩვენეთ! მე მოვუღე ბოლო გორგინ ხანს!“ და მაშინათვე შაჰმირ ხანმა გადაუგდო რა ხმალი ალი ხან სოლთანს, ამ უკანასკნელმა ბოლო მოუღო ალექსანდრეს.
როდესაც ქართველებმა ალექსანდრე და მისი ვაჟი კონსტანტინე მირზას ხელით მოკლულნი იხილეს და შეხედეს, რომ აღარ არსებობდა მემკვიდრე ხალხის თვალში, გორგინ ხანის ცოლი (ავტორს ეშლება. ქეთევან დედოფალი გიორგის ძმის, დავითის ცოლია.), იმ დროის ყველაზე ბრძენი ქალი, ქეთევან დედოფალი, რომლის შვილები, უფლისწული თეიმურაზი და ქალიშვილი ელენე ბეგუმი მის უდიდებულესობასთან იმყოფებოდნენ, არ ჰქონდა რა მას სხვა გზა გარდა სიმშვიდისა და კეთილგანწყობისა, თავისი ქმრის ძმას დამორჩილდა. კონსტანტინე ხანმა კეთილგანწყობა გამოიჩინა რა მის მიმართ, ბრძანა, შეეკრიბათ ქართველები და მზის სხივის სადარი კეთილგონიერებისა და კეთილსინდისიერების მქონე საქართველოს გონიერი მეფის, მისი ქმრის, ადგილას მალე გამოეგზავნათ თეიმურაზი.
დედოფალმა შეკრიბა ის ქართველები, რომლებისთვისაც მუსლიმი მეფე მიუღებელი იყო და რომლებიც დავითის ტახტზე მორასა გვირგვინით შემკულს დასვამდნენ ქალს იმ შემთხვევაში, თუკი არ ეყოლებოდათ მამაკაცი მეფე. დედოფალმა ეს გარემოება მოახსენა რა ხანს, მიხვდა, რომ [შესაძლოა] ხანს [კონსტანტინეს] ამეფებდნენ, მის წინაშე დაიჩოქა, როგორც ამას ეტიკეტი მოითხოვდა, და [მას] პატივი და მორჩილება აღუთქვა.
უავგუსტოესის ნახიჩევანისკენ გამგზავრება, კონსტანტინე ხანის მორჩილების გზიდან აცდენა, შემახის ციხის ძირში კონსტანტინეს ლაშქარზე, შუა ღამით, დედოფლისგან თავდასხმა, კონსტანტინეს არდებილში, სამეფო კარზე მისვლა და საქართველოში მისი ძმისშვილის, თეიმურაზ ხანის მეფობა. კონსტანტინე ხანის საქართველოში დაბრუნება, თეიმურაზ ხანთან შებრძოლება, კონსტანტინეს მოკვლა და თეიმურაზის მმართველობა.
ამ ამბების შემდეგ ნახჭევანისკენ წაბრძანდა, რათა თუკი ჯეღალისგან ამბავი მოვიდოდა, მაშინ თავრიზში ინებებდა წასვლას. ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ მეჰმანდარისგან (კარის მოხელე – უცხოელი სტუმრების მიმღები და გამცილებელი) ჯანყის შესახებ შეატყობინეს და ყარაბაღისკენ წავიდა, აიღო რა განჯისა და ბარდავის ველაიათები, ღვთის შეწევნით, დიდებით მოსილი და გამარჯვებული შირვანში ჩავიდა რა, კონსტანტინე ხანისკენ დახმარება გაგზავნა. ამბავი მოუვიდა, რომ მისი [კონსტანტინეს] მამის სიკვდილისა და გლოვის შემდეგ, შირვანის ამბების და მაჰმუდ ფაშას შემახას ციხეში გაქცევისა და მისი [კონსტანტინეს] მმართველობის შემდეგ, საქართველოსა და შირვანის ველაიათებში, გარემოება შეიცვალა. დიდგვაროვნები, რომლებიც მას გვერდში ედგნენ, ნაცვლად სიკეთის გამომჟღავნებისა, მოიძულა. თვლის რა თავის თავს ამ ველაიათის ბატონპატრონად, ხშირად შეურაცხჰყოფასაც აყენებს მათ! თავისი ძლიერი და მკაცრი ხელი დაატყო რა იმ ველაიათს, მოსახლეობისგან უამრავ საჩუქარს ღებულობს. დაახლოებით ათას თუმანს, ათ ხარვარ (წონის საზომი ერთეული, რომელიც 300კგის ტოლია) აბრეშუმს, ოცი ხარვარის რაოდენობის მოსავალს. ამგვარი ვითარების გამო, შემახას ციხის აღების შემდეგ, უკვე ამბოხის სუნი დადგა. ის ვეღარ იქნება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ შეიყვარა, ახლობლად მიიჩნია და სიკეთე აჩვენა.
ქართველები და მისი უდიდებულესობის [ფრთის ქვეშ] მყოფი საქართველოს მნიშვნელოვანი მმართველის, [ქეთევან] დედოფლის, შვილი და კონსტანტინე [ხანის] ძმისშვილი – თეიმურაზ ხანი, მამისა და ძმის მკვლელ კონსტანტინე ხანს და, ასევე, კონსტანტინეს მხარეს მდგომ იმ დაწყევლილ ქართველებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა თავადვე გამოწვრთნა, ერიდებოდნენ.
რადგან კონსტანტინე არ ენდობა თავადებს, აზნაურებსა და თავის ნათესავებს, ამან კიდევ უფრო მეტად გაააბრაზა დედოფალი და აზნაურები. მათ იცოდნენ, რომ კონსტანტინეს ნდობა არ შეიძლებოდა. საქართველოში მუსლიმ მეფეს კანონიერად არ ცნობდნენ. და დედოფალმა, რომელსაც ეშინოდა, ლუარსაბ ხანის და დავითის მოდგმის დინასტია არ დამარცხებულიყო, თავისთან იხმო ალექსანდრე ხანის ეშიკაღასიბაში (თურქ. ობერ ცერემონმაისტერი) ქაიხოსრო ბეგი, გვარამის ძე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოსი იყო, ალავერდის მღვდლები, აზნაურები, მოურავები და მხარის ქედხოდები. მათ ერთმანეთთან მოითათბირეს [თქვეს], რომ, თანახმად დავით წინასწარმეტყველისა, რომლის წინასწარმეტყველებასაც მიაწერენ თავიანთი [ბაგრატიონთა] სამეფო შტოს წარმოშობას, არ შეიძლება, კახეთის მეფე მუსლიმი იყოს, თანახმად – უფლისა, რომელსაც ისი ღმერთს უწოდებენ, მამისა და უფროსი ძმის მკვლელი არ ეგების, გამეფდესო!
მისი უდიდებულესობის ბრძანების თანახმადაც, ქართველებისგან კონსტანტინე ხანის მორჩილება მართებულად არ მიიჩნეოდა რა, მისი [კონსტანტინეს] ახლობელი დიდგვაროვნებიც განაწყენებულები არიან მასზე, ერთხმად კონსტანტინეს მოკვლაზე შეთანხმდნენ რა, ალექსანდრე ხანის დიდი ხნის ქვეშევრდომს , ხოჯა ზიაედდინ ქაშის, რომელსაც ქართველები ემორჩილებოდნენ, მალულად შეატყობინეს ამ ამბოხის შესახებ და იმ ღამეს, როცა ქაიხოსრო ბეგი და ირაკლი ბეგი ქეშიკად (ქეშიკი – მცველი, ყარაული) იდგნენ, თვითონ არ მივიდა და აზნაურებსაც აუკრძალა [მისვლა].
ერთმა ღოლამმა, შეიტყო რა ეს ამბავი, ხანს მოახსენა, ქართველები აჯანყებას აპირებენო. პატივმოყვარე ხანმა ხოჯა ზია ედ-დინი იხმო და ჰკითხა [ამ ყველაფრის შესახებ]. ხოჯამ, რომელიც არ თვლიდა რა, რომ ხანის საქმე შემოქმედის, სამყაროსა და კაცობრიობის წესის თანახმად მიდიოდა, უთხრა, რომ, შესაძლოა, გემდურიან იმის გამო, რომ ფულს ართმევდი მათ და ავიწროებდიო და მას გარკვეული ხარჯის გაღება ურჩია.
ხანი დათანხმდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჯალალ ესფაჰანის, რომელიც ხანის მოდიროლმულქი იყო და ხოჯა ზიაედ დინის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად, რამდენსაც ხოჯა მოისურვებდა, იმდენს მისცემდა ხაზინიდან. რადგანაც ბრძენმა ვეზირმა ქართველებს სიმართლე უთხრა და აუკრძალა მათ მისვლა [როგორც უკვე ითქვა], ყველა ის აზნაური, რომელიც იმ ღამეს ქეშიკში იდგა, დაეთანხმნენ ხოჯას, რომ გარიჟრაჟზე ხანის ხაზინიდან აიღებდნენ ფულს. ღამე კი გადაწყდა, რომ, როცა ხანი ამ გარემოებას შეიტყობდა, მეტი გზა, გარდა მისი მოკვლისა, აღარ რჩებოდა. ღამის გუშაგები ყვირილით (ყიჟინით) გარს შემოეხვივნენ მას და, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ, შეცვივდნენ ხანის კარავში. ფირი ბეგ ჩაქერლუმ, (მოლაზემი ყარაბირიასეა ნახსენები ეს პიროვნება ისქანდერ მუნშისთან) რომელიც მის უდიდებულესობას ხანის ამბის გასაგებად გამოეგზავნა, შეიტყო რა ეს ამბავი, მივიდა ხანის კარავში და ალი ხანის (მოვაფეყის) კარავში გადაიყვანა იგი [კონსტანტინე]. ალი ხანი რუმელი (თურქი) იყო და მის უდიდებულესობასთან ერევანში მსახურბოდა. როდესაც ყიზილბაშებმა ქართველები დაინახეს, იფიქრეს, თურქების მხარეს გადავიდნენო, ქარნას დააძახეს და ხანი მხედარზე შესვეს. ქართველებმა რომ ქარნას ხმა გაიგონეს, მიხვდნენ, რომ ხანი ცოცხალია და დაიქსაქსნენ. დედოფალი და თავადები საქართველოს გზას გაუდგნენ. ხანმა მათ მთელი ღამე სდია უკან, მაგრამ ვერ დაეწია. თურქებმა იფიქრეს, ქართველები და ყიზილბაშები თურქების ციხესიმაგრიდან გამოჰყავთო და ღამით ციხიდან არ გამოსულან. დილით ხანი ქართველებს დაეწია. ქაიხოსრო ბეგი და შარმაზან ბეგ ვაქილი მასთან მივიდნენ და უთხრეს, ჩვენი დევნა კარგს არაფერს მოგიტანს, სანამ კიდევ ერთი კაცი მაინცაა ცოცხალი ჩვენგან, უკან არ დავიხევთო! სულთნებიც, მიხვდნენ რა, რომ ვერ შეებრძოლებოდნენ, გაბრუნდნენ. დილით, როდესაც თურქებმა ყიზილბაშთა ბანაკი შეამჩნიეს და ლაშქრის კვალი ვერ დაინახეს, ყალაყჩიები, რომლებიც შიშით ციხის ძირას მისულიყვნენ, ცოტა ხანში მაჰმუდ ფაშასთან მივიდნენ.
როდესაც ქართველების დაპირისპირების შესახებ დაიწყეს ლაპარაკი, გარკვეულ ჯგუფს ხანის ბანაკის დაცვა დაავალეს რა, რბევა დაიწყეს. დაჭრილმა თიზრუსულთანმა და მისმა ხალხმა ათასი უბედურების მერე, მიმოფანტულებმა და გაბნეულებმა, სოლთნებთან და ხანთან არდებილში ჩააღწიეს.
ყარაფირ ჩაქერლუ, რომელიც მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა და კონსტანტინე ხანის ამბის გასარკვევად ხოჯა ზია ედდინთან ერთად ბანაკში მოსულიყო, გადასცა რა მათ ხანის თხოვნა (ბოდიში), თავადაც მოიბოდიშა. მისმა უდიდებულესობამ, რაყამები და თბილი [თავაზიანი] წერილები გააგზავნა და საქმე ხსენებული სარდლის, ჯაღალ ოღლის, მოსვლაზე რომ მიდგა, ხანს არავინ დაეხმარა.
კონსტანტინე ხანმა ვაჭრებისგან ისესხა ფული და ხსენებულ სულთნებთან ერთად შირვანში წავიდა. მისი უდიდებულესობა ავის მომასწავებელ ფიქრებს შეეპყრო, ღმერთმა ნუ ქნას, ხანი მღალატობდეს და მოჰამად ფაშასთან იყოს გაერთიანებულიო. რაყამი დაწერა და გაგზავნა, რომ [კონსტანტინე] შირვანში არ წასულიყო და უკან გამობრუნებულიყო. კონსტანტინეს თავისი სიამაყისა და ამპარტავნების გამო შერცხვა, ვერ მივიდა ქვეყნიერების ორბიტის ბანაკში და შირვანისკენ დაიძრა.
დედოფალმა და ქართველმა დიდებულებმა გლოვის შემდეგ მისი უდიდებულესობის სახელზე არზა დაწერეს, აზნაურ ფარამარზ ბეგს გაატანეს და თეიმურაზ ხანის ჩამოყვანას სთხოვდნენ [შაჰს]. ხოლო თავად, ეშინოდათ რა იმის, რომ ხანი თავს დაესხმოდათ, ლაშქართან ერთად ზაგემიდან ჯანალის სანახებსა და გრემში წავიდნენ. კონსტანტინე ხანი, რომელმაც ქართველების დახოცვა და ამ მხარის დაპყრობა გადაწყვიტა, იორს გადმოვიდა და საქართველოში შემოვიდა. ქართველებს ეშინოდათ მისი, თანაც არც მისი უდიდებულესობისგან მოსულიყო პასუხი. ამასობაში ფარამარზ ბეგი მისი უდიდებულესობისგან დაბრუნდა. [შაჰმა] თეიმურაზ ხანს ხანობა და ოლქის მმართველობა უბოძა. ქართველებმა კონსტანტინესთან შებრძოლება გადაწყვიტეს. როდესაც პატივმოყვარე ხანმა ძმისშვილის მოსვლის ამბავი შეიტყო, გაბრაზდა და გრემის ველზე საბრძოლველად დაბანაკდა. ყარჩიღა ბეგს (კონსტანტინეს ღოლამი, იგივე ყარჩირა სულთანი), რომელსაც იგი ძალიან ენდობოდა, ავანგარდი ჩააბარა და გარკვეული რაოდენობის ყიზილბაშებიც მიაშველა. იმის გამო, რომ [კონსტანტინე] მისი უდიდებულესობის ნებართვის გარეშე მოვიდა, შაჰმირ ხანი, ალი ხან სოლთანი და დანარჩენი სულთნები გაბრაზდნენ და განუდგნენ მას. ყარჩიღა ხანსა და მის ჩარხჩიებს (ცხენოსანი მეომრების ავანგარდი) ნაძირალა ქართველებიც შეუერთდნენ, რომელთაგანაც ქვეითი ჯარი შეიქმნა.
ცოტა ხანში ყარჩიღა ბეგმა მამაც ქართველებთან ბრძოლა გააჩაღა, ქართველები დიდი სიმამაცით იბრძოდნენ. კონსტანტინე ხანმა დაინახა რა, რომ ყიზილბაში სულთნები სუსტები იყვნენ და ვერ იბრძოდნენ, ვეღარ მოითმინა და შუბით შევარდა ბრძოლის ველზე. მამაცმა ქართველებმაც უკან აღარ დაიხიეს და გაჩაღდა ბრძოლა.
დედოფალი, თეიმურაზ ხანის დედა, ქვეით ჯარს მიუძღოდა და ხანის მოკვლის ბრძანება გასცა. როგორც ქართველებს სჩვევიათ, სასტიკად იბრძოდნენ. ალი ხან მოვაფეყი, სოლთან ჩაქერლუ და, ასევე, სხვა ახალგაზრდა ყიზილბაშები თავგანწირვით უტევდნენ და ძალიანაც კი უნდოდათ, მაგრამ ვერა და ვერ ამარცხებდნენ ხანს. განწირული იყო კონსტანტინე ... ასე ჰქონდა მას გადაწყვეტილი... არ იხევდა უკან, შეუტია ქართველებს და დედოფალს შეურაცხყოფდა და აგინებდა. ამ დროს ერთერთმა ცხენზე ამხერდრებულმა გმირმა აზნაურმა ხანი შებოჭა და, რადგანაც ამ უკანასკნელს არავინ მიეშველა, ყიზილბაშთა ლაშქარიც გატყდა. ყიზილბაშმა სულთნებმა სადავეები მიაბრუნეს და გაიქცნენ. ერთი ფარსახის მანძილზე სდიეს მათ ქართველებმა. ხანის მოკვლის შემდეგ დეოფალმა მუსლიმებსა და ქართველებს ერთმანეთის ხოცვა აუკრძალა. ვისაც ნახავდნენ ქართველები, გააშიშვლებდნენ და ასე ტოვებდნენ. ხოლო თავად [დედოფალი] თეიმურაზთან ერთად კონსტანტინეს [ცხედრისთვის] წავიდა. იქ მყოფმა რამდენიმე მუსლიმმა და ხოჯა ზია – ედდინმა, რომელიც იმ დროს მისი მრჩეველი იყო, ხანის ცხედარი კუბოში ჩადეს და არდებილის გზას გაუყენეს. როგორც ამ მისრაში წერია: „თავად კლავ ჰაფეზს და თავადვე გლოვობ?!“ თავად [დედოფალი] ზაგემისკენ წავიდა, ძველი წესისამებრ მისი უდიდებულესობის სახელზე მონეტა მოჭრა და ხუტბა აღავლინა. გაძარცვულ ვაჭრებს დაუყვავა რა, მათ ფული მისცა და დაჭრილ და უმწეო ყიზილბაშებს მცველად და ხარჯებისთვის კაცი მიუჩინა, ხოლო თუკი გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩენა მოუნდებოდათ, დედოფლის მემკვიდრის, თეიმურაზ ხანის ამალაში აიყვანდნენ რა [მათ], გასამრჯელოს მისცემდნენ, თუ არა და, მისცემდნენ ჯიბის ფულს და გაისტუმრებდნენ.
ებრაელი ხოჯა იაყუბის ვაჟმა, ხოჯა ლალეზარმა, რომელიც იმ ველაიეთის ვაჭართა თავი და ძალზედ კეთილშობილი კაცი იყო, იმ დღეს სამი ათასი ხელი პერანგი და საცვალი შეკერა. ზოგს კაბა და თავსაბურავი, ზოგსაც ცხენი და ჯიბის ფული მისცა და გაძარცვული ხალხი და მუსლიმები ქალაქ ზეგამიდან გაისტუმრა. ასე რომ, ხოჯამ იმ დღეს ხუთი ათასი თუმანი გაიღო.
ამ ამბების შემდეგ დედოფალმა ხოჯა ზიაედდინი და ფარამორზ ბეგი მის უკეთილშობილებასთან გაგზავნა, [რომელთაც მას]მომხდარის შესახებ მოახსენეს.
მაშინ, როცა ჯალალ ოღლი ხოიში (ქალაქი ირანის აზერბაიჯანში), ხოლო მისი უდიდებულესობა თავრიზის სუფიანში (დასახლება ქ.თავრიზის მახლობლად ირანის აზერბაიჯანში) მისულიყო, ხოჯა ზიაედდინისათვის ვეზირობა სთხოვეს.
მისი უდიდებულესობის ბრძანებით მას საქართველოს კახეთის ვეზირობა მისცეს და გაისტუმრეს. ძვირფასი ხალათები უბოძეს [ასევე] თეიმურაზ ხანს, მის თავადებსა და აზნაურებს.
მოულანა შარმი ყაზვინის თავის მატიანეში უთქვამს:
„ქართველმა კონსტანტინემ [საკუთარი] მამა მოკლა,
ამისათვის ის განგებამ დასაჯა,
წინ აღუდგა რა იგი მურშიდის (სულიერი მოძღვარი) ბრძანებას,
მისი თავი ტანს მოშორდა.
მის სიკვდილზე ბრძენს უთქვამს,
ოდეს ყოფილა, მამის მკვლელი ცოცხალი დარჩენილიყოს!“
Комментариев нет:
Отправить комментарий