ჰაბსბურგთა სამეფო კარი და წმინდა ტახტი ირან-ოსმალეთს შორის მიმდინარე ომსა და მასში ქართველების მონაწილეობას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. ამის უმთავრეს არგუმენტად შეიძლება დასახელდეს ის ფაქტი, რომ ომის მიმდინარეობის კვალდაკვალ ევროპაში ქვეყნდებოდა ბროშურები და წიგნები, რომლებშიც აღწერილი იყო აღნიშნული მოვლენები. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში დავასახელებთ იტალიელი ტომაზო მინადოის (1545-1618) წიგნს1, რომელიც ეძღვნება დასახელებულ პერიოდში ოსმალეთსა და ირანს შორის მიმდინარე ომს. ეს იტალიელი ექიმი რამდენიმე წელი ცხოვრობდა კონსტანტინოპოლსა და ალეპოში. მინადოის დიდი ცოდნა და უშუალო დაკვირვება დაედო საფუძვლად ამ წიგნს2, რომელიც დაიწერა იტალიურ ენაზე და 1587 წელს3 პირველად გამოქ- ვეყნდა რომში. საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ წიგნი მიეძღვნა რომის პაპ სიქსტუს V-ს4. ამ ნაშრომისადმი უდიდეს ინტერესზე მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ იგი მაშინვე ითარგმნა და გამოიცა ესპანურ (1588 წ.), გერმანულ (1592 წ.) და ინგლისურ (1595 წ.) ენებზე5. უდავოა, რომ ამ ნაშრომის რეკორდული გამოცემა მიუთითებდა მის პოპულარობაზე მთელ ევროპაში. მას ფართოდ ეცნობოდნენ მეცნიერები6 და დასავლეთის პოლიტიკური მესვეურები. ირანის ყოვლისმომცვლელი ისტორიის7 პირველმა ავტორმა, პიეტრო ბიძარომ თავისი ნაშრომი, რომელშიც შევიდა ტომაზო მინადოის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წიგნიდან ვრცელი მონაკვეთი ირან-ოსმალეთის ომზე8 და მასში ქართველების მონაწილეობაზე (გვ. 513-644)9, „1583 წელს გამოაქვეყნა ანტვერპენში“9. ყურადღებას იპყრობდა გერმანელი ორიენტალისტის იოჰან ლეუენკლავიუსის სქელტანიანი (898 გვ.) წიგნი,10 რომელშიც აღწერილია უმთავრესად 1578 წლის ოსმალეთ-ირანის ომი და მასში ქართველთა მონაწილეობა11.
1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della guera fra Turchi, et Persiani descritta in quattro libri cominciando dall’ano MDLXXVII. nel quale furo li primi movimenti di lei, segundo per tutto l’anno MDLXXV, Rome, I. Tornerio & B. Donangeli.
2. Nancy G. Sirasi. History, Medicine and the Tradition of Renaissance Learning, Ann Arbor, (Michigan, 2007), 247.
3. მეორე იტალიური გამოცემა დაიბეჭდა ორჯერ, 1588 წელს ვენეციაში, ხოლო მეორე ტურინში.
4. Nancy G. Sirasi. History, Medicine and the Tradition of Renaissance Learning, Ann Arbor, 252.
5. იქვე, 350.
6. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 85.
7. იგი მოიცავს სპარსეთის ძველ ისტორიას ადრეულ ახალ დრომდე.
8. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 84.
9. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 118.
10. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England,D PhilEarly Modern Literature and Culture, 84.
11. Leuenclavius I., Historiae Musulmanae Turcorum, de monumentis ipsorum exscriptae, Libri XVIII. Francofurti, MD XCI (1591).
12. Лаиош Тарди. Грузия в общественном мнении средней Европы и грузино-венгерские связи в XVI веке, Автореферат диссертации на соискание ученой степени доктора исторических наук. (Тбилиси, 1973), 14.
გარდა ამ წიგნებისა, აღნიშნულ თემაზე, უფრო კონკრეტულად, ირან-ოსმალეთის ომში ქართველების მონაწილეობაზე, ევროპაში არაერთი ბროშურა (ჟ. ბუსარდოს, ლ. ჰოისტერის, ფ. ბილერბეკის, დ. ჰიტრუესის და სხვ.) გამოიცა1. ამათგან პროპაგანდისტული ფუნქციის მატარებელია ლეონარდ ჰოისტერის ბროშურა2. მისი სათაური, „ახალი ბედნიერი ამბავი დიდი თურქების დამარცხებისა, რომელიც ხმელეთზე 181 წლის მანძილზე არ მომხდარა, რაც სპარსეთის ძლიერმა მეფემ და ქართველებმა მიაყენეს. ეს მოხდა შემდეგნაირად: ათასობით თურქი მოკლეს და რამდენიმე ათასი დაატყვევეს, ხოლო გაქცევისას ხუთასი აქლემი წყალში დაიხრჩო“3, რომელიც დასახელებაშივე შეიცავს კომენტარს, ჩვენი აზრით, ავტორს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ოსმალებისაგან შიშით დაზაფრული გერმანელებისათვის ამ იმპერიის დაძლევაზე იმედი ჩაესახა და ასევე ეჩვენებინა, რომ ირანელთა და ქართველთა ალიანსი მომავალში მას დაანგრევდა. აქვე გვინდა დავეყრდნოთ ჟილ ვაინშტეინის აზრს, რომ „ასეულობით ბროშურა XVI საუკუნეში ძალიან სწრაფად ავრცელებდა ინფორმაციებს პოლიტიკურ ანდა სამხედრო ფაქტებზე, ასევე კომენტარებსა თუ პროგნოზებს ოსმალეთის იმპერიის მალე დანგრევაზე“4. ჰოისტერის ნაშრომი სწორედ ამგვარი ფუნქციის მატარებლად უნდა მივიჩნიოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამგვარი ბროშურები მრავალი ადამიანისათვის იქნებოდა ხელმისაწვდომი და იგი „ქუჩაში ხდებოდა ინფორმირებული“5 მიმდინარე მოვლენებზე. ასეთი სახის ბევრი ნაშრომი დაიბეჭდა პაპების ინიციატივით6. ასე რომ, დასახელებული ნაშრომებით ევროპული საზოგადოება საკმაოდ იყო ინფორმირებული ქართველთა საბრძოლო თვისებებსა და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებულ ბრძოლაზე, რაც ცხადია, „უფლის სახელით მებრძოლ ჰაბსბურგთა სამყაროში“7 დიდ დაინტერესებას იწვევდა.
1. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 112-115; Лаиош Тарди. Грузия в общественном мнении средней Европы и грузино-венгерские связи в XVI веке, 14.
2. Gute glükliche Neweseitung: und ware Seschreinung von der jetzigen grossen Türckischen Niderland, dergleichen in 181 jaren zu Land nicht ergangen, geschehen von dem geweltigen König in Persia und Georgianern, wie folget Alldavieltausent Türken zu fand erschlagen und gefangen etlich tausent aber sampt fünfhundert Camelin in der flucht ertruncken, Anno MD LXXIX ( 1579); ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 115.
3. პროფ. ი. ტაბაღუას განსხვავებული თარგმანი. იხ: ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 115.
4. Ogier de Busbecq. Les Lettres Turques, Paris, P. David 1646, édition Honoré Champion, (2010), 27-28.
5. იქვე, 27-28.
6. იქვე, 27.
7. Джонатан Райли-Смит. История крестовых походов, (Москва, 1998), 155.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჰაბსბურგთა სამეფო კარი და ვატიკანი ირან-ოსმალეთის ომის მიმდინარეობას დიდი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ, თუმცა ჰაბსბურგები კონფლიქტში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, თუმცა ოფიციალურ პირებს სურდათ, რომ ყოფილიყვნენ ომის მსვლელობის კურსში, რათა განესაზღვრათ როდის მოუწევდათ ოსმალებთან დაჯახება1. 1583 წელს ოსმალეთსა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს შორის ახალმა კრიზისმა იჩინა თავი. 1584 წლის აგვისტოს ბოლოს რეჩ-პოსპოლიტას მეფე სტეფანე (იშტვან) ბატორი (1576-1586) უკვე აცხადებდა, რომ მის ჯარს მოლდავეთში, ვლახეთსა და ბულგარეთში რამდენიმე ციხის აღების შემდეგ პირდაპირი შეტევა უნდა განეხორციელებინა ადრიანოპოლსა და კონსტანტინოპოლზე. მეფის აზრით, ამ კამპანიას ასევე შეუერთდებოდნენ რუსები, ირანელები და ქართველები2. 1586 წელს პაპის კარზე იმედოვნებდნენ, რომ მეფე სტეფანე ბატორის გეგმის საფუძველზე ქართველები და ირანელები განაახლებდნენ წმინდა ტახტთან კონტაქტებს, ხოლო საკუთრივ ირანელებს ქრისტიან მოკავშირეთა ძალებს გააორმაგებდნენ3. წყაროებიდან ირკვევა, რომ სტეფანე ბატორს კონტაქტები ჰქონდა ქართველებთან და ჩერქეზებთან. მათთან პოლონეთის მეფე ხშირად აგზავნიდა ტრანსილვანიელ დიპლომატ იანოშ ბენგიერის. საკუთრივ მის კარზე იმყოფებოდა ჩერქეზი, სახელად აურელო (Aurelo), რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ირანისა და კავკასიის შესახებ4. პროფ. ლაიოშ ტარდი მიიჩნევს, რომ სტეფანე ბატორიმ „გარიგება დადო ამ შორეული ქვეყნის მმართველებთან, რის შესახებაც ვიგებთ პაპისადმი შაჰის წერილიდან. სხვათა შორის, მიუხედავად პოლონეთის მეფის გარდაცვალებისა, წერილი ანტიოსმალურ ლიგას საბოლოო გამარჯვებამდე მხარდაჭერას აღუთქვამდა“5. სტეფანე ბა- ტორი თავის მხრივ პაპს საქართველოში კათოლიკობის გავრცელების პერსპექტივას უსახავდა6.
ბუნებრივია, ანტიოსმალური ლიგის შექმნის ინიციატივა ტრადიციულად რომის პაპებს ეკუთვნოდათ. პაპმა გრიგოლ XIII-მ (1572- 1585) სცადა ევროპაში ჯვაროსნული სული და ირანთან კავშირის პროექტი აეღორძინებინა7. ამ პაპს, ვიდრე „...საუკუნის ნებისმიერ სხვა პონტიფიკს, ჰქონდა პირადი ინტერესი აღმოსავლეთისა და ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანი თემისადმი. მისი გული ახლოს იყო თურქების წინააღმდეგ კავშირის განახლების მიზანთან, რომელიც დადო წინამორბედმა პაპმა პიუს V და ლეპანტოს გამარჯვებით დასრულდა.“8 პაპი გრიგოლ XIII იმედოვნებდა, რომ ვენეციის, რომის საღვთო იმპერიისა და პოლონეთის ძალებს გააერთიანებდა ოსმალების წინააღმდეგ9, მაგრამ პონტიფექსი 1585 წელს გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო წელს გარდაიცვალა სტეფანე ბატორი.
1. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 63.
2. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 200.
3. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 200.
4. იქვე.
5. იქვე.
6. P.Pierling. Le Saint-Siège, la Pologne et Moscau 1582-1587, (Paris, 1885),133-134. ციტ-ა: ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I (XV-XVI სს.), 267, შენ. 1.
7. The Cambridge History of Iran, Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 385.
8. J. Donnelly. Antonio Possevino. S.J. as papal mediator between Emperor Rudolf II and King Stephan Bathory. Archivum Historicum Societatis. Vol. 69, (2000), 13.
9. J. Donnelly. Antonio Possevino. S.J. as papal mediator between Emperor Rudolf II and King Stephan Bathory. 131.
აღნიშნული მიზნით მომდევნო პაპმა სიქსტუს V-მ 1587 წელს ეგვიპტესა და ირანში დიპლომატიური მისიით გაგზავნა ორიენტალისტი ჯოვანი ბატისტა ვიკეტი (1552-1619)1. ის ირანში მაშინ ჩავიდა, როცა შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა. სანამ ვიკეტი ირანში იყო, დაიწყო ომი ოსმალებთან, რის შედეგადაც შაჰმა რიგი ტერიტორიები დაკარგა. 1587 წელს ვიკეტი იტყობინებოდა სეფიანთა ირანის ხაზინის სიცარიელეზე, პოლიტიკურ და სამხედრო სისუსტეზე, ქვეყანაში არსებულ ქაოსზე, ოსმალთა ძალების წინააღმდეგ საარტილერიო შეიარაღების უსუსურობაზე. „ისინი ქარის წინააღმდეგ არიან, როგორც მტვერი“2 – წერდა ვიკეტი. ცხადია, მისი ასეთი შეფასებიდან გამომდინარე, ევროპელი ლიდერები ირანში დასაყრდენ ძალას ვერ დაინახავდნენ3. სანამ ჯოვანი ბატისტა ევროპაში დაბრუნდებოდა (1587 წ.), სეფიანთა ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. ამიტომ პაპის დესპანს თან მიჰქონდა მოჰამედ ხოდაბანდეს წერილი პაპ სიქსტუს V-სთან და არა ახალი შაჰისა4.
ცნობილია, რომ 1587 წლის 16 ოქტომბერს სეფიანთა დინასტიის მეხუთე შაჰი აბას I ავიდა ტახტზე. ეს უკანასკნელი თავის კარიერას იმპერიაში ძნელად დასაძლევ კრიზისულ მდგომარეობაში იწყებდა. მძიმე შიდა კონფლიქტებით სულშეხუთული ქვეყანა საგანგებო სიტუაციაში იმყოფებოდა. ამიტომ შაჰმა ქვეყნის შიგნით5 დაპირისპირებული ემირების მიმართ არა ძალისმიერი, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა არჩია6. ასევე საჭირო იყო გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება – პირველ რიგში ოსმალებთან დაზავება, რაც ადვილი მისაღები არ იყო შაჰისათვის, მაგრამ უზბეკებსა და ოსმალებთან ერთდროული ბრძოლა შეუძლებელი იყო. საზავო მოლაპარაკებები პორტასთან ერთჯერადი დიპლომატიური აქტებით ვერ გადაწყდებოდა და იგი დროში გაიწელა 1590 წლის 21 მარტამდე7.
1. დაწვრ. იხ: A.M. Piemontese. La diplomazia di Gregorio XIII e la lettera del re di Persia a Sisto V, “Miscellanea Bibliotecae Apostolicae Vaticanae”, XIV,( 2007), 363-410; 370-372; The Cambridge History of Iran, Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 385.
2. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 63.
3. იქვე.
4. A.M. Piemontese. La diplomazia di Gregorio XIII e la lettera del re di Persia a Sisto V, 370-372.
5. რვა წლის განმავლობაში (1590-1598 წწ.) შაჰ აბას I მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა და ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებდა (Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles, 303).
6. Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles, 303.
7. The Cambridge History of Iran, Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 385.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შაჰ მოჰამედ ხუდაბენდესთან, ასევე, მეფე სიმონ I-თან 1585 წელს1 კავშირის ინიციატორად გამოვიდა რომის პაპი გრიგოლ XIII და რეჩ პოსპოლიტას მეფე სტეფანე ბატორი. სავარაუდოა, რომ 1587 წელს პაპ სიქსტუს V-ის დესპანის, ჯოვანი ბატისტა ვიკეტის შაჰის კარზე ვიზი- ტის კონტექსტში ჩამოყალიბდა ჰაბსბურგებთან სიმონ მეფის დიპლომატიური კონტაქტის დამყარების სურვილი, რომლის მიზანი იყო „დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ ძალებთან დახმარების ძიება2“, რადგან ძალაწართმეულ ირანში ქაოსი გამეფდა. ჯერ კიდევ ოსმალეთთან დროებით დაზავებამდე (1588 წ.) სიმონმა პაპ სიქსტუს V-სა (1585- 1590) და ესპანეთის მეფე ფელიპე II-სთან (1556-1598) 1587 წელს გაგ- ზავნა თავისი დესპანი. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სიმონ მეფე ამ პოლიტიკურ ნაბიჯებს ევროპაში დგამდა არა შაჰის კარის კარნახით, არამედ დამოუკიდებლად, თუმცა სეფიანთა ინტერესების გათვალისწინებით. ამჯერად არანაირი წერილობითი წყარო არ გაგვაჩნია, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ სიმონ მეფემ ორიენტაცია ევროპაზე სეფიანთა რჩევით გადადგა. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავდა სიმონის მიერ პოლიტიკურ ირანოფილობაზე უარის თქმას. პირიქით, ის სრულად ითვალისწინებდა ირანის სამეფო კარის ტრადიციული ანტიოსმალური ლიგის შექმნის მიზანს და, როგორც ბოლომდე სეფიანთა მოკავშირე, მასში საკუთარ პოლიტიკურ კურსს ატარებდა.
1. 1585 წელი, ანტიოსმალური ლიგის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქტიურობით აღინიშნა. იმპერატორმა რუდოლფ II-მ რუსეთის რეგენტ ბორის გოდუნოვის თანხმობის საფუძველზე რომის პაპს, ესპანეთის მეფეს, გერმანელ მთავრებსა და ვენეციის დოჟს ელჩები გაუგზავნა. ყველანი თანახმა იყვნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ ალიანსი და მოსკოვში თავიანთი ელჩები მიევლინებინათ. თავის მხრივ, რუსეთის მეფეს უნდა გაეწია შუამავლობა, რათა ირანის შაჰი შეერთებოდა ალიანსს და ამ უკანასკნელს არ
დაედო ზავი ოსმალებთან (Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom// Byzantinoslovaca VII, Byzantologický seminár A. Avenaria Zborník k životnému jubileu profesora Miroslava Daniša, (Bratislava 2020), 225 ).
2 Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 142.
სანამ უშუალოდ პრობლემაზე გადავალთ, აქვე აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, ოსმალთა სულტნის კარი, ჩანს, ფხიზლად ადევნებდა თვალს ქართლის სამეფოსა და ტრანსილვანიის სამთავროს შორის ურთიერთობის განვითარებას. პროფ. ლ. ტარდი პირველწყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 1587 წლის 22 ნოემბერს ტრანსილვანიის მთავარმა სიგიზმუნდ ბატორიმ, საქართველოს მეფის მომავალმა მოკავშირემ, სულტან მურად III-საგან სპეციალურად გაგზავნილი შიკრიკის, მუს- ტაფას ხელით მიიღო წერილი1. „ტრანსილვანიის ვოევოდას, ჩემს შვილს ჟიგმონდ ბატორის, მიიღეთ ჩემგან სალამი. ჯარი, რომელსაც მეთაურობს ფერჰად ფაშა ქართველების წინააღმდეგ, იბრძვის და მოიპოვა დიდი გამარჯვებები. ქართველები გაჟლიტეს ანდა ტყვედ იგდეს. ასე რომ, უზენაესმა ბრწყინვალე გამარჯვება მოგვანიჭა... ეს სიმართლეა, ჩემს იმპერიაში ქართველებზე გამარჯვებას დიდი სიხარულითა და ბედნიერებით ზეიმობენ და თქვენც, ასევე თქვენს ხალხს, ეს ძალიან უნდა უხაროდეს, ეს ყველა ქვეყანაში უნდა იცოდნენ. თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ. დაე, ღმერთი გიცავდეს“2. აქედან ნათლად ჩანს, რომ ოსმალეთი თვალს ადევნებდა სიმონ მეფის კავშირებს ტრანსილვანიასთან და ისიც კარგად უწყოდა, თუ ეს უკანასკნელი რა იმედებს ამყარებდა საქართველოსთან ალიანსზე. ახლა სულტანი სიგიზმუნდ ბატორს დიპლომატიურად მიანიშნებდა ამის შესახებ და ამით ანელებდა ტრანსილვანიის სწრაფვას საქართველოსთან კავშირის დასამყარებლად. სიგიზმუნდმაც დიპლომატიურადვე უპასუხა მურად III-ს: „თქვენი უდიდებულესობის წერილი ჩავუშმა მუსტაფამ გადმომცა რამდენიმე დღის უკან, რომელიც მორჩილად მივიღე. მასში თქვენი უდიდებულესობა გვაუწყებს იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც უფალმა მიანიჭა ფერჰად ფაშას ქართველებზე. მეც ეს ახალი ამბავი დიდი სიხარულითა და იმედით მოვისმინე, ვადიდე უფალი, რომ ეს წარმატება მოგანიჭათ და ერთ-ერთი მთავარი მტერი თქვენი უდიდებულესობის ფერხთა ქვეშ განრთხმულია“3. როგორც ვხედავთ, მთავარმა სიგიზმუნდმაც სულტანს არაგულწრფელად უპასუხა, თუმცა იგი აკმაყოფილებდა ტრანსილვანიასა და ოსმალეთს შორის არსებულ ვასალურ ურთიერთობას. ქართველების დაპყრობის შესახებ ასევე ცრუ ინფორმაციები გაიგზავნა იმპერატორის კარზე პრაღაში4.
1. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 210.
2. იქვე.
3. იქვე.
4. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 211.
ამრიგად, დასუსტებული ირანისგან დახმარების მიღება გამორიცხული ჩანდა. ასეთ ვითარებაში სიმონ I-მა თავისი პოლიტიკა მიმართა დასავლეთისაკენ. მისი ძირითადი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ გაერკვია, ოსმალების წინააღმდეგ მომავალ ბრძოლაში იქნებოდა თუ არა შესაძლებელი დასავლეთის დახმარების მიღება. როგორც ვნახეთ, სიმონ მეფის კავშირი არ იყო სპონტანური. მას წინ უძღოდა რომის პაპისა და ჰაბსბურგთა კარის დიპლომატიური კავშირების გამოცოცხლება სეფიანებსა და ქართველებთან. ასეთი ინტერესის უტყუარი არუგმენტია ის 30-მდე დიდი თუ მცირე წერილი, რომელიც 1579 წლიდან 1591 წლის ჩათვლით კონსტანტინოპოლიდან გაიგზავნა ესპანეთის სამეფო კარზე1. ეს იმას ნიშნავდა, რომ ესპანეთის სამეფო კარი ფხიზლად ადევნებდა თვალს ირან-ოსმალეთს შორის მიმდინარე ომს და სიმონ მეფის ბრძოლები მათი დაინტერესების საფუძველი ხდებოდა2.
ევროპის სასულიერო ცენტრთან, რომთან, სიმონ I-მა დიპლომატიური კავშირი დაამყარა 1587 წელს. ამ დროს მას დასავლეთში იცნობდნენ, როგორც დიდ ორგანიზატორს, მხედართმთავარს, ჭკვიან დიპლომატსა და კარგ პოლიტიკოსს3. პირველწყაროების მიხედვით, რომის პაპ სიქსტუს V-სა და ესპანეთის მეფე ფელიპეთი4 ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების წინადადებით სიმონ მეფემ 1587 წელს5 ორი დესპანი გააგზავნა: ერთი მათგანი იყო ქართველი წარჩინებული, სიმონ მეფის „კარზე კარგად მიღებული პიროვნება“6, მეორე იყო წარმოშობით სომეხი ალექსანდრე7. ისინი დასავლეთში სხვადასხვა გზით გაემგზავრნენ. პირველ დესპანს, ქართველ წარჩინებულს, რომელიც მომლოცველის სამოსლით იერუსალიმზე გავლით გაემგზავრა, მიჰქონდა სიმონ მეფის წერილები და საჩუქრები რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან8. ეს უკანასკნელი „ზემოხსენებული წერილებითა და საჩუქრებით“ ერზერუმში ფერჰად ფაშამ ხელთ იგდო და დაატყვევა9. მეორე დესპანი, წარმოშობით სომეხი ალექსანდრე, როგორც ვაჭარი, სავაჭრო გემით კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში გაემგზავრა10. აქედან ეს უკანასკნელი 1588 წლის იანვრამდე11 ჩავიდა რომში „ექვსი შეკვრა ქართული აბრეშუმით“12.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 309-360.
2. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 63.
3. Delle relationi universali di Giovani Botero Benese, parte seconda, (Roma, 1603), 286.
4. ესპანეთის მეფე ფელიპე II-მ (1556-1598) გააგრძელა მამამისის კარლ V-ის ანტიოსმალური კოალიციის შექმნის პოლიტიკა. ქრისტიანული ევროპის მედროშე ესპანეთის მეფე ცდილობდა, საპირწონე ძალა მოეძებნა თავისი მეტოქე სახელმწიფოების ძალისხმევის გასამკლავებლად, რომლებიც ზღვაზე თუ ხმელეთზე პირველობას ეცილებოდნენ. ამ მხრივ ტრადიციული მოკავშირის ძიება კვლავაც სეფიანთა კარზე იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ფელიპე II-მ შაჰ მუჰამედ ხოდაბანდესთან გაგზავნა ელჩი, რომელსაც შაჰი კვლავაც ოსმალთა წინააღმდეგ ევროპელებთან ერთიანი ფრონტით გამოსვლაზე უნდა დაეთანხმებინა (Э. Шахмелиев. К вопросу o времени начало упадка Венеции, 124-125).
5. Luis Gil Fernández. El Imperio Luso-Español y la Persia Safávida. Tomo I: 1582-1605, Fundación
Universitaria Española, (Madrid, 2006), 79.
6. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 348.
7. იქვე.
8. იქვე.
9. იქვე; Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 142-143; ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი, ქართველი მეფეების წერილები: სიმონ I-ის ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან ფილიპე IV-ს, კრ. საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან, II (თბილისი, 1995), 197.
10. Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 142.
11. ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩავიდა რომში სიმონ მეფის მეორე დესპანი, ალექსანდრე სომეხი, უცნობია. თუ ამოვალთ იქიდან, რომ მისი რომში ჩასვლის შესახებ პირველი ცნობა დათარიღებულია 1588 წლის 5 თებერვლით (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 342), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალექსანდრე რომში, ალბათ, 1587 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის 5 თებერვლამდე ჩავიდა. აქედან გამომდინარე, ვერ ვირწმუნებთ პროფ. ჯ. ვათეიშვილის აზრს, რომ ალექსანდრე რომში 1589 წლის დასაწყისში ჩავიდა (ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I, 92).
12. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 358.
13. პროფ. ი. ტაბაღუა მიიჩნევს, რომ სიმონ მეფემ პაპ სიქსტუს V-ს 1588 წელს მისწერა წერილი (Ilia M. Tabagua. I rapporti tra la Georgia Cristiana e la Santa Sede, vol. I, (Tbilisi, 1996), 18); დაუსაბუთებელია თ. ხომასურიძის განმარტება, რომ სიმონ მეფემ რომში წერილი გაგზავნა 1583 წლის 8 თებერვალს (თ. ხომასურიძე. XVI საუკუნის მედიტერანიზმი: ესპანეთის უნივერსალური მონარქიის და ოსმალეთის იმპერიის ანტაგონიზმი კარლოს V-ის და ფელიპე II-ის ხანაში, 151).
პირველწყაროები ხსენებული ორი დესპანის საქართველოდან რომში გაგზავნის შესახებ სხვა დამატებით ცნობებს არ გვაძლევენ. მოხმობილის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმონ მეფემ 1579 წლის დასაწყისში, ან პირველ ნახევარში, რომში ორი დესპანი გაგზავნა. პირველს, ქართველ წარჩინებულს, მიჰქონდა სიმონ მეფის წერილები და საჩუქარი რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. ეს უკანასკნელი ფერჰად ფაშას ჩაუვარდა ხელში ერზერუმში, ცხადია, სიმონის წერილებთან და საჩუქრებთან ერთად. მისი შემდგომი ბედის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით და, ჩანს, მას ვერასოდეს გავიგებთ. მეორე დესპანი ალექსანდრე სომეხი მივიდა დანიშნულ ადგილამდე „ექვსი შეკვრა ქართული აბრეშუმით“, რომელიც განკუთვნილი იყო ესპანეთის მეფე ფელიპე II-სათვის. ალექსანდრეს, ბუნებრივია, ხელთ არ ჰქონდა სიმონ მეფის წერილები რომის პაპისა და ესპანეთის მეფი- სადმი, არც ნდობის სიგელი, რაც ამ მისიის მნიშვნელობას დიდად აკნინებდა. მაგრამ ზეპირი განცხადების საფუძველზე მასთან მაინც შედგა ესპანეთის დიპლომატიური წარმომადგენლის მოლაპარაკებები. ეს ფაქტი მიუთითებდა იმაზე, რომ სიმონ მეფის ანტიოსმალური კავშირის გეგმამ და საქართველოს ელჩის განცხადებებმა ეფექ- ტი მოახდინეს ესპანეთის მხარეზე. პირველწყაროების კვალდაკვალ პაპ სიქსტუს V-ის ბრძანებით სანტა სევერინას1 კარდინალმა ჯულიო ანტონიო სანტორიომ2, აღმოსავლეთის ქრისტიანების მფარველმა3, რომში პაპის კარზე ესპანეთის ელჩს, ოლივარესის მეორე გრაფს, ენრიკე დე გუსმანს4 შეატყობინა სიმონ მეფის ელჩის, ალექსანდრე სომეხის ჩამოსვლის შესახებ და მასთან, ჩვენი აზრით, შეხვედრა სთხოვა. ამის შესახებ გრაფი ოლივარესი ესპანეთის მეფე ფელიპე II-ს 1588 წლის 5 თებერვალს აუწყებდა: „მისი უწმიდესობის ბრძანებით, კარდინალმა სანკტა სევერინამ მაცნობა აქ ერთი ქართველის5, სახელად ალექსანდრეს ჩამოსვლის შესახებ, რომელიც აქ გამოგზავნილია სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მეფის, სიმონის დავალებით“6. ამ ცნობის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ალექსანდრესთვის, რომელსაც ხელთ არ ჰქონდა რწმუნების სიგელი და არც სიმონ მეფის წერილი პაპისადმი, პონტიფექსთან აუდიენცია მეტად ძნელი საქმე იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, თვით პაპმა, ალბათ გაიგო რა ესპანეთის მეფესთან სიმონ მეფის განზრახვის შესახებ, იზრუნა გრაფი ოლივარესისა და სიმონის დესპანის შეხვედრის ორგანიზებაზე. თავის მხრივ, დონ ენრიკე დე გუსმანმა, „როგორც ჭეშმარიტმა დიპლომატმა, უცებ ნახა შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოსავლეთში ახალი მოკავშირე შეეძინათ“ სიმონ მეფისა და ირანის შაჰის სახით7. ასეა თუ ისე, ეს შეხვედრა 1588 წლის 5 თებერვლამდე შედგა. ამავე თარიღით ვრცელ წერილში გრაფი ოლივარესი ესპანეთის მეფეს აუწყებდა თარჯიმნის მეშვეობით ალექსანდრესთან გამართული მოლაპარაკებების8 შინაარსს. მისი სრულად მოტანა, მაშინ როცა არ გაგვაჩნია სიმონ მეფის წერილები პაპისა და ესპანეთის მეფისადმი, აუცილებელია იმაში გასარკვევად, თუ რას ისახავდა მიზნად ეს ელჩობა.
1. სანტა სევერინა – ქალაქი კროტონის პროვინციაში, კალაბრიის რეგიონში, სამხრეთ იტალია.
2. ჯულიო ანტონიო სანტორიო (1532-1602), ადრე კარლ V-ისა და ფელიპე II-ის ლეგატი, ხოლო შემდეგ სანტა სევერინას არქიეპისკოპოსი (1566-1602), კარდინალი.
3. José Manuel Floristan. Las relaciones hispano-armenias en los ss. XVI-XVII, 52.
4. ენრიკე დე გუსმანი (1540-1607), ოლივარესის მეორე გრაფი, 1582-1591 წლებში იყო რომში ესპანეთის მეფის ელჩი.
5. აქ გრაფი ოლივარესი ალექსანდრეს ქართველად ასახელებს, ხოლო ამავე წლის მარტის წერილში – სომხად, რასაც სხვა წყაროებიც ეთანხმებიან. ჩვენი აზრით, ჩანს, გრაფი ოლივარესი პირველი წერილის დაწერის დროს (1588 წლის 5 თებერვალი) ალექსანდრეს ეთნიკურობაში ჯერ გარკვეული არ იყო და მას, რადგან იგი ქართველი მეფის დესპანი იყო, ქართველად მიიჩნევს.
6. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 342.
7. Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 143.
8. გადაჭარბებულია პატივცემული ჯ. ვათეიშვილის აზრი, რომ გრაფი ოლივარესი „...რე- გულარულად აუწყებდა თავის მეფეს ქართველ ელჩთან მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ“ (ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, 92). ამას ერთხელ ჰქონდა ადგილი 1588 წლის 8 თებერვლის წერილით.
წერილის დასაწყისში ოლივარესი ესპანეთის მეფე ფელიპე II-ს ძალზე მოკლედ აუწყებდა, რომ სიმონ მეფე „მოსვენებას არ აძლევს თურქეთის სულტანს“, რის შესახებაც თვით ელჩმა მოახსენა მას. ოლივარესი გამოთქვამდა წუხილს, რომ ალექსანდრეს არ ჰქონდა „წერილი, არც რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა“, რასაც ამბობდა, მაგრამ მისი სანდოობის არგუმენტად გრაფს დესპანის მიერ ჩამოტანილი „აბრეშუმის ბარდანები“1 მიაჩნდა. ალექსანდრეს ინფორმაციიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად სიმონ მეფის წინადადება უნდა ჩაეთვალათ, რომ „...აქედან (დასავლეთიდან, ავტ.) წარმართონ ომი თურქეთის სულთნის წინააღმდეგ“, რაც უფრო მეტ მოგებას მოუტანდა ესპანეთის მონარქიას2.
წერილიდან ყურადღებას იქცევს ერთი საეჭვო ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს იმას, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა სიმონ მეფეს პაპისა და ესპანეთის მეფის სატახტო ადგილსამყოფლის შესახებ. „ეს ალექსანდრე, რომელთანაც მე საუბარი მქონდა და კარგად მივიღე, ამბობს, რომ ის და მისი ბატონი (სიმონ მეფე, ავტ.) ფიქრობდნენ, რომ თქვენი უდიდებულესობა იმყოფება აქ [რომში] და რომ პაპთან ერთად მართავდით ერთი – საერო, ხოლო მეორე – სასულიერი საქმეებს. დაინახა რა, თუ რაოდენ დიდი მანძილია აქედან ესპანეთამდე, მას სურს დაბრუნდეს სამშობლოში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისმა ბატონმა არ დაკარგოს იმედი მისი მეტად დაგვიანების გამო და არ დაემორჩილოს თურქეთის სულთანს“3. ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ სიმონ მეფემ არ იცოდა, რომ პაპი და ესპანეთის მეფე ერთად არ მმართველობდნენ რომში. უფრო ვფიქრობთ, ეს არასწორი წარმოდგენა საკუთრივ ელჩ ალექსანდრეს მიეწერება, რაც გრაფმა ოლივარესმა სიმონ მეფეზეც გადაიტანა. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს თარჯიმნის მიერ ალექსანდრეს აზრის არასწორ გადმოცემასთან.
ესპანეთ-ირანის ურთიერთობის ხასიათში4 კარგად გარკვეულმა გრაფმა ოლივარესმა სიმონ მეფის დესპანს დაუყოვნებლივ შესთავაზა პაპ სიქსტუს V-ის წინაშე შუამავლობა, რათა ამ უკანასკნელს ქრისტიანი მმართველებისათვის ერთიანობისკენ მოეწოდებინა. ის წერდა: „ვფიქრობ, შევეცადო, რათა პაპმა ხელი შეუწყოს მას იმაზე მეტად, ვიდრე ეს შესაძლებელია და მისცეს იმედი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ქრისტიანი მმართველების ერთიანი ძალით მხარდაჭერაზე თურქეთის წინააღმდეგ; ამასთანავე, რათა მან [სიმონმა] განაგრძოს მოკავშირეობა სპარსეთის შაჰთან, როგორც ამას აქამდე აკეთებდა“5. ამ მიზნით, ოლივარესი პაპს ურჩევდა, რომ ალექსანდრესთან ერთად ან მისი წასვლის შემდეგ საქართველოში გაეგზავნა კონსტანტინოპოლის გავლით დესპანი, „რომელიც ჩავიდოდა მოსალაპარაკებლად ქართველებთან: სიმონთან, ალექსანდრესა და ბასაგიუსთან6, თურქეთის წინააღმდეგ მათი ერთობლივი მოქმედების მიზნით“7. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ სიმონ მეფე ესპანეთის მონარქს სთავაზობდა საქართველოს სამი მეფის (კახეთის, ქართლისა და იმერეთის) კავშირს დასავლეთის ანტიოსმალურ ძალებთან გასაერთიანებლად. ამავე მიზნით, გრაფი ოლივარესი ფელიპე II-ს ურჩევდა გაეგზავნა დესპანი პოლონეთის გავლით რეჩ-პოსპოლიტასა და რუსეთის მეფეებთან, რათა შეერთებოდნენ ამ საერთო საქმეს. ამის შემდეგ ეს დესპანი უნდა წასულიყო საქართველოში „ამ ქვეყნის მმართველებთან“, რათა ალიანსის საკითხები მოეგვარებინა8.
ერთი სიტყვით, სიმონ მეფის ინიციატივამ გამოაცოცხლა დასავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიოსმალური ძალის, ესპანეთის სამეფო კარის მაღალი რანგის დიპლომატის, გრაფ ოლივარესის ინტერესი საქართველოს მიმართ. ამ მისწრაფებაში შეიძლება დავინახოთ ის მნიშვნელობა, რომელსაც ოლივარესი ანიჭებდა სიმონ მეფის წინადადებას ანტიოსმალური კავშირის შექმნის შესახებ. სწორედ ამიტომ იტოვებდა იმედს გრაფი ოლივარესი, რომ მეფე ფელიპე II სიმონ მეფის წინადადებას „გონივრულად, კარგი სულისკვეთებით“ მიიღებდა და „მას მფარველობას“ აღმოუჩენდა9. გრაფთან ერთად, სიმონ მეფის წინადადებამ ასევე დააინტერესა სანტა სევერინას კარდინალი, ჯულიო ანტონიო სანტორიო. ქართველ ელჩზე ზრუნვა უმთავრესად თავის თავზე აიღო გრაფმა ოლივარესმა. მიუხედავად გრაფის დიდი მცდელობისა, პაპი სიქსტუს V აღნიშნულ წამოწყებას არაკეთილგანწყობილად შეხვდა. „სანკტა სევერინა, – წერს გრაფი ოლივარესი ფელიპე II-ს, – მძიმე საფიქრებელშია ჩავარდნილი, ვინაიდან პაპს არ უნდა ამ პიროვნებას რაიმე მისცეს მეფისათვის“10.
1. რომის პაპისა და ესპანეთის მეფისათვის ჩატანილი საჩუქრები ადასტურებდა იმას, რომ ალექსანდრე დიპლომატიური მისიით იყო გაგზავნილი.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 342-343.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 343.
4. Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 144.
5. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 343.
6. იგულისხმება ბაშიაჩუკი ანუ იმერეთის სამეფო.
7. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 343.
8. იქვე.
9. იქვე, 344.
10. იქვე.
თუ რა იყო პაპის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, ლუის ხილი ფერნანდესი წერს: „პაპი სიქსტუს V ამას სხვა არაფრად თვლიდა, თუ არა ესპანეთის მეფის მორიგ ინტრიგად და ცივი უარი თქვა ქართველი ელჩისათვის ფული გამოეყო“1. შეიძლება ეს იყო სიმონ მეფის ელჩისადმი პაპის მხრიდან ცივი დამოკიდებულების მიზეზი, მაგრამ უმთავრეს გარემოებად მივიჩნევთ იმას, რომ ქართლის მეფის დესპანს არ გააჩნდა რწმუნებები. იმ ეპოქაში, როცა აღმოსავლეთიდან მრავალი თვითმარქვია დესპანი ჩადიოდა, პაპმა არჩია ალბათ, დიდი სიფრთხილე გამოეჩინა და შედეგიც შესაბამისი დადგა.
პაპის მიერ საქართველოს ელჩის ფულით უზრუნველყოფაზე უარი, ესპანელ დიპლომატს, გრაფ ოლივარესს, რთულ მდგომარეობაში აყენებდა. ამიტომ მან გამოსავალის მოძებნა დაიწყო სანტა სევერინას კარდინალთან ერთად. ეს უკანასკნელი ურჩევდა ოლივარესს, რომ ქართული აბრეშუმის2 ცალები, რომელიც ალექსანდრე დესპანმა ჩაიტანა რომში, ყველა ეყიდა იმაზე მეტად, ვიდრე ღირდა და ამ ფულით სიმონ მეფისათვის ესპანეთის მეფის სახელით ღირსეული საჩუქარი გაეკეთებინა. საკუთრივ ეს აბრეშუმის ცალები კი ესპანეთის სამეფო კარისათვის გაეგზავნა.3 თავის მხრივ, ამ დიპლომატიური მისიის ჩარჩოებში, იმდროინდელ სამყაროში ერთგვარ ვალუტად მიჩნეული აბრეშუმის (ამ შემთხვევაში ქართული აბრეშუმის) ჩატანა ლათინურ დასავლეთში უდავოდ ზრდიდა საქართველოს ეკონომიკურ მნიშვნელობას დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.
1. Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв.,144.
2. ირკვევა, რომ სიმონ I-ის დესპან ალექსანდრეს ქართული აბრეშუმი რომში მიჰქონდა გასაყიდად. ამ უკანასკნელის მისიის მანძილზე, ჩანს, ვერ მოხერხდა ამ აბრეშუმის რეალიზება. შემდეგში იგი კარდინალ ჯულიო ანტონიო სანტორიოს თაოსნობით ვენეციაში გაიყიდა და აღებული ფული მან ბანკში შეიტანა ალექსანდრეს ანგარიშზე (დაწვრ. იხ: ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I., 94-96).
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 344; Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 144.
ზემომოტანილი წერილისა და ასევე, ჩვენი აზრით, ალექსანდრე დესპანისაგან დამატებით ვრცელი ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, გრაფმა ოლივარესმა 1588 წლის მარტში შეადგინა ვრცელი წერილობითი რეზიუმე. მასში ჩამოთვლილია ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეთა ძალმოსილება და ხაზგასმულია, რომ ამ სამი ქრისტიანი მმართველიდან „ასაკით, წარჩინებულობით, მნიშვნელობით და სახელით პირველი არის სიმონი“1. ამ კონტექსტში საკვანძო მომენტია სიმონ მეფის პროირანულ ორიენტაციაზე ხაზგასმა2, დოკუმენტის ენაზე „შაჰის მხარეს მიეკუთვნება და ასრულებს მის მითითებებს“3. ამას მოსდევს ახსნა, რომ „...თურქები სულ უფრო ძლიერნი ხდებიან...“, ხოლო „...ორი სხვა ქართველი მეფე მხოლოდ თავიათ თავზე ფიქრობენ“4. ეს ორი ფაქტორი ხსნიდა სიმონ მეფის გადაწყვეტილების კვანძს, კერძოდ, თუ რატომ გაგზავნა მან დესპანი რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. საკუთრივ წყაროში ვკითხულობთ:
„სიმონი ხედავდა რა, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა თურქების ძალებს, გადაწყვიტა გაეგზავნა სომეხი ალექსანდრე თავის ელჩად მის უწმიდესობასთან და თქვენს უდიდებულესობასთან, რათა მათთვის ეთხოვა რჩევა და დახმარება ამ საქმეში და, რათა მასთან გაეგზავნათ ადამიანი ინფორმაციით არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო თავის მხრივ, იგი შეეცდება გაერთიანდეს ალექსანდრესთან და ბაშიაჩუკთან – ორ სხვა ქართველ მეფესთან, თურქეთის სულტნის წინააღმდეგ და მათ სამივეს, მისი სიტყვებით შეუძლიათ შეკრიბონ ასი ათასი კაცი, სამხედრო საქმეში კარგად მომზადებულნი; ეს გარდა ქრისტიანების იმ დახმარებისა, რომელიც შესაძლოა მოვიდეს აღმოსავლეთიდან და მოხდება გაერთიანება სპარსელებ- თან და, რომ გაიგზავნება მქადაგებლები, წმინდა კათოლიკურ რწმენაში მათი მოქცევის მიზნით.“5
1 ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 346.
2 ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 346.
3 იქვე.
4 იქვე.
5 იქვე.
მოტანილი წყარო1 არაორაზროვნად გვიჩვენებს, რომ სიმონ მეფე ორმხრივი ელჩობის საფუძველზე ცდილობდა გაეგო, თუ რა სახის დახმარების აღმოჩენა შეეძლო მისთვის რომის პაპსა და ესპანეთის მეფეს, ასევე სხვა ქრისტიან მმართველებს. გარდა ამისა, დასავლეთის ანტიოსმალური ძალების მიერ რეალური მოკავშირეობის აღმოჩენა საწინდარი ხდებოდა იმისა, რომ სიმონ მეფეს კახეთისა და იმერეთის მეფეზე ზეგავლენა მოეხდინა, რათა ისინიც ჩაბმულიყვნენ ანტიოსმალურ კოალიციაში. ასეთ შემთხვევაში ქრისტიან- ულ ევროპას აღმოსავლეთიდან 100 ათასი ქართველ ქრისტიანთა ჯარი ეყოლებოდა მოკავშირედ. ვფიქრობთ, ეს რიცხვი გადაჭარბებულია, მაგრამ მისი მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ ხაზი გაესვა ელჩს ქართველთა სამხედრო და პოლიტიკური ძლიერებისათვის. თავისი განზრახვისათვის ჭეშმარიტი და ნამდვილი მნიშვნელობა რომ მიეცა, სიმონ მეფე სთავაზობდა რომის პაპს სპარსეთში გაეგზავნა კათოლიკე მისიონერები „...მათი მოქცევის მიზნით“. ეს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია და მიანიშნებდა იმაზე, რომ სიმონ მეფემ კარ- გად იცოდა, სეფიანთა ევროპული პოლიტიკის ჩარჩოებში, რას ემყარებოდა ირანში კათოლიკე მისიონერებისათვის გზის გახსნა. ეს იყო დიპლომატიური საშუალება, რათა რომის პაპს, ვითარცა ევროპის სულიერ მამას, ირანელებთან ერთად დაერაზმა ევროპის სახელმწიფოები ოსმალების წინააღმდეგ.
და ბოლოს, წყაროების თანახმად, სიმონ მეფის დესპან ალექსანდრეს რომის პაპისა და ესპანეთის მეფისათვის არცთუ ისე უმ- ნიშვნელო საჩუქრები2 მიჰქონდა, რაც კარგად ავლენდა იმდროინდელი დიპლომატიური ეტიკეტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ამით ელჩობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მას ელჩის პატივით მიღებაზე მაღალი გავლენა უნდა მოეხდინა. წყაროებში ამ საჩუქრების საფუძვლიანად დასახელება სწორედ ამას მოასწავებდა.
თურქების მოსაგერიებლად გაეერთიანებინათ სამი ქართველი მეფისა და ირანის შაჰის სამხედრო ძალები, მაშინ როდესაც პაპი და ესპანეთის მეფე აპირებდნენ ქართველებისათვის „მქადაგებლები გაეგზავნათ მათი კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოსაქცევად“ (ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I, 93). რამდენადაც ჩვენ სულ სხვა აზრი გამოგვაქვს დასახელებული წყაროს ინფორმაციიდან, ჯ. ვათეიშვილის ეს მცდარი დასკვნა, ვფიქრობთ, პირველწყაროს არასწორი წაკითხვის შედეგია.
1. ამ წყაროზე დაყრდნობით, ისე რომ ის არ მოაქვს, ჯ. ვათეიშვილს, ჩვენი აზრით, გამოაქვს მცდარი დასკვნა, თითქოსდა ეს იყო სიმონ მეფისათვის მიცემული რეკომენდაციები. ავტორი წერს: „ესპანეთის მეფისა და რომის პაპის მიერ საქართველოს მეფისათვის შემზადებულ რეკომენდაციებში აქცენტი გაკეთებული იყო იმის აუცილებლობაზე, რომ
2. პაპისათვის მისართმევ საჩუქრებში შედიოდა: „ძაფით ნაქსოვი დიდი ხალიჩა ოქროთი და აბრეშუმით მორთული; ბალიშის გადასაფარებელი უძვირფასესი ფარჩა; საუნაგირო ბალიშის ფარჩა მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით მორთული“. რაც შეეხება ესპანეთის მეფეს, ფელიპე II-ს, მას შემდეგი საჩუქრები გაეგზავნა: „დაშნა ოქროს გრავიურით მორთული, ძვირფასი ქარქაშით; ძვირფასი ქვებით მორთული ოქროს დიდი ბროში, მეფის ცხენის კისერზე ჩამოსაკიდებელი; კისერზე ჩამოსაკიდებელი შესანიშნავი ფარჩა; მეტად ფაქიზი ნამუშევარი ექვსი რულონი ქართული აბრეშუმი“. (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 347).
საქართველოსა და განსაკუთრებით სიმონ I-სადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სანტა სევერინას კარდინალმა თავის თარჯიმანს, წარმოშობით სომეხ მარკო ანტონიო აბაგაროს1 დაავალა, შეესწავლა და შეედგინა ცნობები საქართველოზე. ზემოდასახელებული ორი დოკუმენტისა და ქართველთა დესპანისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკო ანტონიომ შეადგინა გაცილებით ვრცელი დოკუმენტი, რომელსაც დიპლომატიის ენაზე შეიძლება ვუწოდოთ ვრცელი მოხსენებითი ბარათი საქართველოზე. ამ მეტად საინტერესო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტში ირან-ოსმალეთის 1578-1587 წლების ომის კონტექსტში ზოგადად საუბარია საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ქართველთა საბრძოლო იარაღებზე, ქართველი ქალების სილამაზესა და მამაცურ სულისკვეთებაზე, ქართველთა წეს-ჩვეულებებზე2 და მეომრულ თვისებებზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ნათქვამია: „ქართველები მეტად მარჯვენნი არიან როგორც ფეხოსანთა, ისევე ცხენოსანთა ბრძოლაში; შეუკავებელნი არიან შეტევის დროს და შიშს ჰგვრიან მტერს თავიანთი ყვირილით. ისინი მთელი რწმენით ერთგულნი არიან მათი ბატონებისადმი და ბრძოლის დროს ემორჩილებიან მათ ბრძანებას სანამ ცოცხალნი არიან. ისინი საგანგებოდ დახელოვნებულნი არიან ომში სამხედრო ხერხების გამოგონებაში და მათ გამოყენებაში, სხვანაირად თითქმის არ იბრძვიან მტერთან, იშვიათად ან არასოდეს არ ჰყრიან იარაღს, განუწყვეტლივ რჩებიან ბრძოლის ველზე, კარვის ქვეშ და იძინებენ მიწაზე“3.
1. რომში ალექსანდრეს თარჯიმანი იყო მარკო ანტონიო აბაგარო. ამ უკანასკნელმა გარკვეული როლი შეასრულა საქართველოს ელჩის მიერ დიპლომატიური კონტაქტების დამყარებასა და მოლაპარაკებებში. ხოსე მანუელ ფლორისტანის თანახმად, „მარკო ანტონიო აბაგარო იყო ნათესავი (შვილი?) აბგარ დეპირ დე ტოკატისა (Abgar Depir de Tokat), რომელიც ეჩმიაძინის კათალიკოსმა მიქაელ სებასტაცმა (1567-1576) რამდენიმე წლის უკან გააგზავნა პაპ პიუს IV-სთან (1559-1565) წერილით, რომელშიც იგი ჰპირდებოდა, რომ მისი კარნახით თავის ეკლესიაში შეიტანდა დოქტრინალურ და დისციპლინურ ცვლილებებს, თუკი დაეხმარებოდა მუსლიმური მმართველობისაგან გათავისუფლებაში“ ( José Manuel Floristan. Las relaciones hispano-armenias en los ss. XVI-XVII, 52).
2. ქართველთა ჩვეულებიდან მოკლედ ხაზგასმულია ერთ არასრულფასოვან წესზე: „ჭამის დროს ქართველები ჯდებიან,-ვკითხულობთ ამ მოხსენებით ბარათში,-მიწაზე ისევე, როგორც ყველა სხვა ზღვისგაღმა მცხოვრები ხალხები, მაგრამ ჯდებიან უფრო ხალიჩებზე და ბალიშებზე“ (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 349). ჯდომის ასეთი „პრიმიტიული“ წესი აღორძინების ეპოქის ევროპულ სკამებთან კონტრასტში მოდიოდა და აღნიშნავდა არაცივილიზებულობას (Rami Mahjoub. De Constantinople à Istanbul: la représentation nuancée des Ottomans par des voyageurs européens aux XVe et XVIe siècles. Thèse de doctorat en littérature générale et compare, (Nice, 2017), 52).
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 350.
მარკო ანტონიო აბაგარო ყურადღებას ამახვილებს ბრძოლებში ქართველ სასულიერო პირთა მონაწილეობაზე და წერს: „ქართველ მეფეებს ომში თან მიჰყავთ ერის პრიმატი მრავალრიცხოვანი სამღვდელო პირით, მღვდელმთავართა საზეიმო ტანისამოსში ჩაცმულნი ჯვრებითა და ანთებული სანთლებით. ისინი წინ მიუძღვებიან ჯარს. სიარულის დროს ჯარი მღერის ფსალმუნს და მღვდლები ლოცულობენ მათი გამარჯვებისათვის, ხოლო მტრის მიახლოვების დროს, როდესაც უკვე მიცემულია სიგნალი ბრძოლისათვის, სამღვდელო პირები აკურთხებენ მებრძოლებს და თანდათანობით უკან იხევენ მანამ, სანამ არ აღმოჩნდებიან მთელი ბანაკის უკან, სადაც შეუძლიათ შიშის გარეშე ილოცონ ბრძოლაში მონაწილეთათვის, თან მუდმივად ხელში უჭირავთ მაღლა აწეული შტანდარტი ჯვრით“1.
უდავო ფაქტია, რომ სასულიერო პირების ბრძოლაში მონაწილეობა, პირველ რიგში, პასუხობდა ჯარის სულიერ მოთხოვნილებას. ისინი მხედრებს სულიერად ამხნევებდნენ, ალბათ, ესაუბრებოდენ კიდევაც ბრძოლის მნიშვნელობაზე, რათა გამოემუშავებინათ მათში საბრძოლო სულისკვეთება და სირთულეების დაძლევის უნარი. ფსალმუნების მღერა და მღვდლების ლოცვა მეომრებს გმირული ბრძოლისა და თავგანწირვისთვის განაწყობდა. ამრიგად, მღვდლები გვერდში ედგნენ მებრძოლებს, სულიერად განამტკიცებდნენ მათ, და ასეთ შემთხვევაში ლაშქარი უკვე წარმოადგენდა ქრისტიანულ ჯარს. უფრო მეტიც, „ქართული სასულიერო პირების ზედა ეშელონი, ისევე როგორც ევროპაში, საზოგადოების არისტოკრატიული ფენიდან წარმოდგებოდა და სამხედრო საქმეს ახლოს იცნობდა. მათთვის უცხო არ იყო არც საომარი კამპანიების წარმართვა და არც უშუალოდ ბრძოლაში მონაწილეოა“2.
1. იქვე.
2. მ. წურწუმია. ომის იდეოლოგია საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი (თბილისი, 2019), 194.
ამის შემდეგ ჩვენ მიერ სახელდებულ მოხსენებით ბარათში საინტერესოდაა აღწერილი საქართველოს დროშა. „იმ მრავალ დროშათა შორის, რომლებიც ომში მიაქვთ, ქართველთა მეფის დროშა ჩვეულებრივზე უფრო მდიდარია და ლამაზი. ის გაკეთებულია ოთხკუთხოვანი თხელი წითელი ქსოვილისაგან, ოქროთი მდიდრულად მორთული ულამაზესი ჯვრით, ყოველ წახნაგზე ორნამენტებით მორთული უძვირფასესი ქვებით და მარგალიტებით, მწვერვალზე გამოხატულია მეფის გვირგვინი“1. ჩვენი ღრმა რწმენით, ქართველთა ჯვრიანი დროშის დასავლეთევროპულზე უფრო მდიდრულად და ლამაზად წარმოდგენა მიმართული იყო იქითკენ, რომ ამას ესპანელ მესვეურებზე ქართველების მიმართ ჯვაროსნული ომის იმპულსი გამოეწვია.
ერთი სიტყვით, მოტანილი დოკუმენტი რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ გვთავაზობს ქართველთა საბრძოლო თვისებების შესახებ. ადრეულ საუკუნეებში და შემდეგშიც, დასავლეთ ევროპულ წყაროებში არაერთ მსგავს და უფრო აღმაფრთოვანებელ შეფასებებსაც ვხვდებით, მაგრამ ჩვენი მიზნისთვის ეს არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ცნობა ავტორმა დიპლომატიური მიზნით შეადგინა, რათა ესპანეთის სამეფო კარისათვის ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის მეფის თავგანწირული ბრძოლის რეალური სურათი დაეხატა. ქართველთა იშვიათი სამხედრო ხელოვნებისა და „ხერხების გამოგონებაზე“ სპეციალურად ხაზგასმა მადრიდის სამეფო კარის წინაშე ოსმალთა წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის საიმედო მოკავშირეს სახავდა სიმონ მეფის ანტიოსმალური ხაზის გა- მოკვეთით. მასში საქართველოს დიდი როლი ეკავა და ცნობის ავ- ტორს ერთგვარი ექსპრესიით სურს, რომ ესპანეთის სამეფო კარმა სიმონ I-ის დასახმარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 350.
ცნობაში საქართველოს კათალიკოსის, წყაროს ენით „ერის პრიმატის“, მეთაურობით სასულიერო პირთა ბრძოლებში მონაწილეობაზე ხაზგასმა და დეტალურად ქართველთა საბრძოლო წესის აღწერა გარკვეული დიპლომატიური ხაზის მატარებელი იყო. კერძოდ, ავტორს სურდა ესპანეთის სამეფო კარისთვის ეჩვენებინა ქართველთა ჯვაროსნული სულისკვეთება და მათი ურყევი ნება აღმოსავლეთში ქრისტიანობის დაცვისათვის ბრძოლაში. იმ კონტექსტში, როცა „ესპანეთში ჯვაროსნული მოძრაობა აგრძელებდა არსებობასა და განვითარებასაც კი“1, ქართველთა ჯვაროსნობის რელიეფურად წარმოჩენა ახალი შინაარსით ავსებდა ესპანეთ-საქართველოს ურთიერთობას. ყოველივე ეს სიმონ I-ის მიერ ესპანეთის მეფე ფელიპე II-სთან სწორედ ამ ზეპირ მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა და მიანიშნებდა, რომ ოსმალთა წინააღმდეგ ქართველთა ჯვაროსნობა კათოლიკური მადრიდის კარს მეორეხარისხოვან თემებზე არ დაეყვანა. ამ მიზანს ისახავდა ესპანეთის სამეფო კარისადმი ღიად მინიშ- ნება იმაზე, რომ სიმონ მეფეს „თვითონ არ შეეძლო მარტო წინაღდგომოდა თურქეთის ძალებს და გადაერჩინა სახელმწიფო და ქრისტიანული რელიგია ამ მხარეში...“. ამიტომ „...მან გადაწყვიტა, სანამ გაათავისუფლებდა სხვებს, გაეგზავნა თავისი ელჩები მისი უწმიდესობა ჩვენი უფლისათვის და ესპანეთის წმიდა მეფისათვის, როგორც ეკლესიის და წმიდა ქრისტიანული რწმენის მეთაურისა და დასაყრდენისათვის, რათა ეთხოვა მათთვის რჩევა და დახმარება“2. ასეთი გახლდათ სიმონ მეფის პირველი დიპლომატიური ნაბიჯები დასავლეთში. მოტანილი წყაროების საფუძველზე შეიძლება საბოლოოდ დავასკვნათ: კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი სეფიანთა ირანის მოკავშირე სიმონ I-მა 15873 წელს, საკუთარი ინიციატივით, ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად, რომის პაპ სიქსტუს V-სთან და ესპანეთის მეფე ფელიპე II-სთან ორი დესპანი გაგზავნა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა – ალექსანდრემ შეძლო დიპლომატიური მისიის შესრულება. ამ უკანასკნელის პაპთან შეხვედრას ორი ფაქტორი უშლიდა ხელს; პირველი, დესპანს არ გააჩნდა არანაირი რწმუნებები ზეპირი განცხადებებისა და პაპთან და ესპანეთის მეფესთან ჩატანილი საჩუქრების გარდა. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პაპს ის ქართლის მეფის ელჩად ეღიარებინა; მეორე, სწორედ ამ დროს პაპი სიქსტუს V უნდობლად და სიფრთხილით ეკიდებოდა ესპანეთის მეფის, ფელიპე II-ის საგარეო პოლიტიკას. პონტიფექსის აზრით, ესპანეთის მეფე რელიგიურ მოტივს პოლიტიკური მიზნით იყენებდა, ეშინოდა მისი იმპერიალისტური ამბიციების4 და აქედან გამომდინარე, არ ქომაგობდა ესპანელებს. კურიის კარზე ესპანეთის ელჩი გრაფი ოლივარესი ინტერესით მოეკიდა სიმონ მეფის ინიციატიას ჰაბსბურგთა ანტიოსმალურ მიზნებში და შეძლო პაპი სიქსტუს V-ის მიმხრობა5. ამის საფუძველზე გრაფმა ოლივარესმა და კარდინალმა სანტა სევერინამ შეადგინეს ვრცელი მოხსენებითი ბარათი საქართველოს შესახებ და გაგზავნეს მადრიდის კარზე. მართალია, პაპის პოზიციის გამო ამ მცდელობას დაბრკოლებები შეექმნა, მაგ- რამ ორ სამეფოს შორის კონტაქტი მაინც შედგა. უეჭველია, ესპანეთის სამეფო კარი ინფორმირებული იყო სიმონ მეფის ანტიოსმალურ გეგმებსა და ფელიპე II-სთან ალიანსის მისწრაფებაზე. ამდენად, ამ მისიის დიპლომატიური მნიშვნელობა დიდი იყო, რადგან, ერთი მხრივ, იგი დასავლეთში ზრდიდა საქართველოსადმი ინტერესს საკუთარი მისწრაფებების მისაღწევად და, მეორე მხრივ, სიმონ მეფეს აძლევდა საშუალებას, გაეგო ევროპელთა აზრი კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიმონ მეფის ელჩმა ალექსანდრემ ნახა რა, რომ მის მისიას წარმატების ნაკლები შანსი ჰქონდა და თანაც ელჩობის თავდაპირველ მარშრუტში მადრიდი არ შედიოდა, უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რის შესახებაც არანაირი ცნობა არ გაგვაჩნია.
სანამ სიმონ მეფის ელჩის, ალექსანდრეს დიპლომატიური მისია მიმდინარეობდა, მანამ ირან-ოსმალეთს შორის დაზავების პირობები აქტიურ ფაზაში შევიდა. აშკარად ჩანდა, რომ სეფიანთა ირანს არ შეეძლო ოსმალთა იერიშებს გამკლავებოდა და შორსმჭვრეტელი შაჰ აბას I სულტანთან უსიამოვნო ზავის დადებას ცდილობდა, რათა რეფორმების გატარებისათვის დრო ჰქონოდა6.
1. Джонатан Райли-Смит, История крестовых походов, 155.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 357.
3. ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე ათარიღებს ჯ. ვათეიშვილი მეფე სიმონ I-ის წერილს ფელიპე II-სადმი 1586 წლის 14 აგვისტოთი (ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I, 93). საერთოდ, ეს წერილი დღემდე მიუკვლეველია და ის, ალბათ, არც არსებობს ბუნებაში. როგორც ვნახეთ, დესპანი, რომელსაც ეს წერილები მიჰქონდა, ერზერუმში დაატყვევა ფერჰად ფაშამ და მის შესახებ მეტი სხვა არაფერია ცნობილი.
4. J. Lynch. Philip II and Papacy//Transactions of the Royal Historical Society, vol.11, December (1961), 23.
5. ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი. ქართველი მეფეების წერილები: სიმონ I-ის ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან ფილიპე IV-ს, 199.
6. Andrev J. Newman. Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire, 50-72.
ეს გარემოება აიძულებდა სიმონ მეფეს, შეეწყვიტა ბრძოლა და ოსმალებს დაზავებოდა. ეს მოხდა 1588 წლის 18-20 ოქტომბერს თბილისში, როცა სიმონ მეფემ ფერჰად ფაშას მორჩილება გამოუცხადა1. ჩვენი აზრით, ოსმალურმა მხარემ სერიოზულად შეაფასა სიმონ მეფის შეუპოვარი ბრძოლის მნიშვნელობა და საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება ამჯობინა. საზავო ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთი ცნობდა სიმონ I-ს ქართლის ქრისტიან მეფედ2, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას და არ ერეოდა მის საქმეებში. სანაცვლოდ ოსმალეთი ინარჩუნებდა ომის შედეგად დაპყრობილ ტერიტორიებს და ქართლის ციხეებში თავის გარნიზონებს, ხოლო დანაჩენ ტერიტორიაზე სიმონის ხელისუფლება ვრცელდებოდა. ასევე, ქართლის მეფე ვალდებული იყო ოსმალეთისათვის ყოველწლიური ხარკი ეხადა3. მოკლედ, შექმნილი ვითარება ითხოვდა ოსმალეთთან საომარი მდგომარეობიდან დიპლომატიურ ურთიერთობაზე გადასვლას. მართებულია მოსაზრება, რომ ეს სიმონ მეფის დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო, რადგან ოსმალეთი იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო და 1578 წელს დაარსებული ქართლის საფაშო გაეუქმებინა4. ამით ოსმალეთის ცენტრალურმა მმართველობამ უარი თქვა ქართლის სამეფოს ინკორპორაციაზე. ჩვენი აზრით, ამგვარი კომპრომისით სულტანი ცდილობდა, რომ სიმონ I-ის ირანული ორიენტაციისათვის, ასევე დასავლეთში მოკავშირეების ძიებისათვის საფუძველი გამოეცალა. კომპრომისული გადაწყვეტილებისას შეუძლებელია სტამბულში არ გაეთვალისწინებინათ 1587 წელს „ფიცის წიგნით“ კახეთის სამეფოსთან კავშირში მყოფი, კავკასიაში შესული ახალი მოთამაშის, რუსეთის დიდი ინტერესები. თუმცა სულტნის კარის კომპრომისული გადაწყვეტილება, ძირითადად, მაინც სიმონის შეუპოვარმა ბრძოლებმა განაპირობა.
ამავე პერიოდში შაჰ აბას I დარწმუნდა, რომ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების განახლება აუცილებელი იყო, რაც იმით დასრულდა, რომ 1590 წლის 21 მარტს დაიდო სტამბოლის ხელშეკრულება. მის თანახმად, შაჰის კარმა ოსმალეთს დაუთმო თავრიზი, ყარაჯადაღი და მისი შემოგარენი; განჯა, ყარაბაღი და მისი შემოგარენი; შირვანი და მისი რაიონები; საქართველო და მისი ნაწილები; ნიჰავანდი და მისი რაიონები; ლურისტანის რაიონი5. ამით ოსმალეთის კარმა ყველა მიზანს მიაღწია. ეს დამამცირებელი ხელშეკრუ- ლება აუცილებელი იყო სეფიანთა ირანის არსებობისათვის6, ამიტომ მას შაჰ აბას I დროებით საშუალებად თვლიდა7.
1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 347.
2. დაწვრ. იხ: მ. სვანიძე, ს. ჯიქია. საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან 1588-1590 წლებში.-მაცნე, (იაეხის), №6, (1966), 226-229.
3. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 349.
4. იქვე, 351.
5. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 354.
6. Andrev J. Newman. Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire, 52-54.
7. ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 90; მ. სვანიძე. საქართველო- ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., 181.
ერთი სიტყვით, 1590 წელს ირანის კამპანიის 12-წლიანი სერია დასრულდა. სულტანმა მცირე პაუზის შემდეგ, როცა ჩაახშო შიდა აჯანყებები, დაიწყო მოქმედება ჰაბსბურგების წინააღმდეგ1. იმპერატორის კარი ჯერ კიდევ 1588-89 წლებში გრძნობდა, რომ სიტუაცია საომარ მდგომარეობას ჰგავდა.2 1590 წელს სულტან მურად III-ს მრჩევლები არწმუნებდნენ, რომ ომი გამოეცხადებინა ავსტრიისათვის3. ამავე დროს დაიწყო ე.წ. სასაზღვრო მცირე ბრძოლები, რომლებიც 1591 და 1592 წელს ბოსნიასა და ხორვატიაში მიმდინარეობდა4. 1593 წლის ზაფხულში ოსმალებსა და რომის საღვთო ომპერიას შორის დაიწყო ახალი ომი, რომელიც 1606 წლამდე გაგრძელდა და ცნობილია „ხანგრძლივი თურქული ომის“ სახელით. ავსტრიელები ოსმალების შემოტევებს დიდი ჯარით დახვდნენ, რომელიც შედგებოდა იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე შეკრებილი (უნგრელები, იტალიელები, ჩეხები, გერმანელები, ბელგიელები) ძალებისაგან. ომის პირველ წლებში (1593-95 წწ.) ავსტრიელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და გაჩნდა იმედი იმისა, რომ ისინი მალე ხელთ იგდებდნენ ბუდას, მაგრამ ოსმალების კონტრშეტევამ და იმპერიის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის, დიორის დაკავებამ აჩვენა, რომ ომი მეტად სასტიკი და დაძაბული იქნებოდა5.
1. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II, 1166-1174; Cemal Kafadar. Prelude to Ottoman Decline Consciousness:Monetary Turbulence at the end of the Sixteenth Century and the Intellectual Response,Osmanlı Araştırmaları / The Journal of Ottoman Studies, LI, (2018), 283.
2. Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 221.
3. Carl M. Kortepeter. Ottoman Imperialism During the Reformation: Europe and the Caucasus, New York University Studies in Near Eastern Civilization, (London, 1973), 217; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 64.
4. Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603., 54; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries. 64.
5. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries. 64.
რომის საღვთო იმპერიის წინააღმდეგ ოსმალთა შეტევებმა ახალი სიცოცხლე შესძინა ირანსა და ქართლის სამეფოსთან ჰაბსბურგთა მიერ დიპლომატიური კავშირების განახლებას. 1593 წლის დასაწყისში იმპერატორმა რუდოლფ II-მ (1576-1612) მთელ ევროპაში გაგზავნა დიპლომატები მხარდაჭერის მისაღებად. მას იმედი ჰქონდა, რომ შექმნიდა დიდ ანტიოსმალურ ლიგას2. ამას მხარს უჭერდა რომის პაპი კლიმენტ VIII (1592-1605), რომელსაც სურდა ყველა ანტიოსმალური ძალის გაერთიანება3. მასში უნდა შესულიყო რომის პაპი, ესპანეთი, ვენეცია, გერმანიის სამთავროები და ავსტრია4. რუსეთი, ირანი და საქართველო ალიანსის აღმოსავლეთის წევრებად იყო მიჩნეული, რომელშიც რუსეთს შუამავლის პოზიცია ეკავა. ამ მიზნით იმპერატორმა რუდოლფ II-მ დიპლომატი ნიკოლას ფონ ვარკოჩი5 (Nicholas von Warkotsch) ახლა უკვე მეორედ, 1593 წელს, გაგზავნა რუსეთში, თუმცა ამჯერადაც მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ შუამავლის როლი შეესრულებინა ანტიოსმალური ლიგის შექმნასა და ირან-ჰაბსბურგთა ურთიერთობაში6. მაშინდელ რეგენტს, ბორის გოდუნოვს, ოსმალებთან ომი არ სურდა7 და ჩანდა, რომ ანტიოსმალური ლიგის პროექტს საკუთარი პოლიტიკური ზრახვების მისაღწევად იყენებდა8.
1. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 74.
2. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century,Hungarian diplomacy in the East, 203.
3 Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. revue de Kartvelologie”, vol. XXXII, (Paris, 1974), 197.
4. სილეზიელი წვრილი მემამულე ნიკოლას ფონ ვარკოჩი რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა რუდოლფ II-მ პირველად გაგზავნა მოსკოვში 1588 წლის 3 ოქტომბერს, მაგრამ ჰაბსბურგებსა და პოლონელებს შორის კონფლიქტის გამო უკან დაბრუნდა. ამავე წლის 20 დეკემბერს ის ისევ გაგზავნეს და 1589 წლის მარტის ბოლოს ჩავიდა მოსკოვში ანტიოსმალური ლიგის შექმნისა და მასში რუსეთის მეშვეობით ირანის ჩაბმის წინადადებით (Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 219-220).
5. Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 227.
6. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 74.
7. Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 227.
მოკლედ რომ ვთქვათ, ვარკოჩისათვის ნათელი გახდა, რომ რუსეთს არ სურდა ომი ოსმალებთან, თუმცა იმპერატორს ბორის გოდუნოვმა ფინანსური დახმარება აღუთქვა. ჰაბსბურგთა ელჩისათვის მოსკოვში უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იგი 1593 წლის 22 ოქტომბერს შეხვდა ირანის ელჩს, ჰაჯი ხოსროვს, რომელთანაც განიხილა ანტიოსმალური კავშირის საკითხი. ელჩი არწმუნებდა ვარკოჩს, რომ ოსმალების წინააღმდეგ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის, რუსეთის მეფისა და „სხვა ხელისუფალთა გაერთიანებულ კავშირს“ შაჰიც შეუერთდებოდა1. ვარკოჩი კარგად ამჩნევდა, რომ რუსები არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ სამხრივი კავშირით, თუმცა იმპერატორსა და ირანს შორის პირველი კონტაქტები გააადვილეს2. ამ შეხვედრის მნიშვნელობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ ევროპა პირველად იღებდა ინფორმაციას ირანის ახალ შაჰზე, აბას I-ზე3.
ერთი სიტყვით, იმ წლებში, როცა შაჰ აბას I თავის შიდა პრობლემებს აგვარებდა, ხოლო იმავდროულად რომის საღვთო იმპერიასა და ოსმალებს შორის ომი მიმდინარეობდა, ირანელებმა და ავსტრიელებმა ვერ შეძლეს რუსეთის დარწმუნება, რომ იგი ჩართულიყო ამ კამპანიაში4. მიუხედავად ამისა, მაინც გაგრძელდა დიპლომატიური ინიციატივები, რათა მსოფლიო ანტიოსმალური ლიგისათვის რუსეთი შეემატებინათ, ხოლო ამ უკანასკნელს აზიელ მოკავშირეებთან (ირანი, ჩერქეზეთი, საქართველო) შუამავლობა გაეწია. ამ დროს რომის პაპი, კლიმენტ VIII, რომელიც ტახტზე ავიდა 1592 წლის იანვრის ბოლოს, ენერგიულად შეუდგა ანტიოსმალური ძალების5 დარაზმვას. „ამისათვის მას დარწმუნების ყველა საშუალება, როგორც მორალური, ასევე ფინანსური, აღმოაჩნდა ხელთ“6. პონტიფექსს ახლა ლიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად ტრანსილვანიის მთავარი სიგიზმუნდ (ჟიგმონდ) ბატორი (1581-1599) მიაჩნდა7. ამ კონტექსტში საგულისხმოა აქვე იმაზე ხაზგასმაც, რომ პაპმა თავისი ნუნციუსი გაგზავნა ტრანსილვანიაში, სადაც მას აქამდე სულტნისაგან აკრძალული ჰქონდა ლეგატის ყოლა8.
1. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 74.
2. Niederkorn J.P. Die europäischen Mächte und der ‘lange Türkenkrieg’ Rudolfs II, (Vienna, 1993), 455-457.
3. David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 75.
4. Rudi Matthee. Anti-Ottoman Concerns and Caucasian Interests: Diplomatic Relations Between Iran and Russia, 101–128.
5. ერთ-ერთი ინგლისური წყაროს თანახმად, ესპანეთის მეფემ იმპერატორს ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად გაუგზავნა 20 000 ქვეითი და 4000 ცხენი (List and Analysis of State, Foreig series of Elizabeth I, ed. R. B. Werhem. Preserved in: The Public Record Office, vol. VI (Turkey, Asia and Nirth Africa 431), London, 1980).
6. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 203.
7. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 202.
8. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 203.
პაპმა კლიმენტ VIII-მ გადაწყვიტა რა ყველა ანტიოსმალური ძალის გაერთიანება, 1593 წლის 21 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებული მისიით გაგზავნა ხორვატიელი არქიეპისკოპოსი ალექსანდრე კომულოვიჩი, რომელსაც ევალებოდა სწვეოდა ტრანსილვანიის მთავარს, მოლდავეთისა და ვლახეთის ვოევოდებს, პოლონეთის მეფეს, რუსეთის მეფეს, სამეგრელოს მთავარსა და ყაბარდოს მფლობელებს1, რათა ისინი ჩაება ანტიოსმალურ კოალიციაში. ამასთანავე, კომულოვიჩს ჰქონდა სპეციალური მითითება, რომ სამეგრელოს მთავრის მეშვეობით კონტაქტი დაემყარებინა ქართლის სამეფოსთან2. უფრო მეტიც, „1595 წლის 29 აპრილს მოსკოვში ჩამოსულმა ალექსანდრე კომულოვიჩმა რომის პაპისაგან მიიღო ინსტრუქცია, რომ იგი გამგზავრებულიყო ჩერქეზების ქვეყანაში და იქიდან მჭიდრო კონტაქტი დაემყარებინა კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან“3. სამწუხაროდ, არავითარი მასალა არ გაგვაჩნია, რომელიც გვიჩვენებდა საქართველოში კომულოვიჩის დიპლომატიური მისიის შედეგებს, ან საერთოდ, შედგა კი იგი? მაგრამ „დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ მისი ან მისი მსგავსი დიპლომატ-აგენტების წყალობით მოხდა ევროპის სახელმწიფოებთან სიმონ მეფის დაკავშირება“4. რაც შეეხება კომულოვიჩის მისიის მიზანს, რომ მოსკოვი ანტიოსმალური ლიგის რეალურ წევრად ექცია, მან ჭეშმარიტი განხორციელება ვერ პოვა. თუმცა რუსეთის მეფე პაპისადმი წერილში, ამიერიდან როგორც ალიანსის წევრი, აცხადებდა, რომ მან მიმართა შაჰ აბას I-ს, რომელთანაც რეგულარული კონტაქტები ჰქონდა და მოუწოდა ალიანსში შესვლის თაობაზე; მოსკოვის სამეფო კარი ასევე პირობას დებდა, რომ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ანალოგიურ წინადადებას შესთავაზებდა5. ამ უკანასკნელი ფაქტიდან ვხედავთ, რომ რომის პაპი მოსკოვის მეშვეობით ცდილობდა კახეთის მეფის ანტიოსმალურ ლიგაში შესვლაზე დაყოლიებას. რუსეთის მეფეც ამიტომ აუწყებდა კომულოვიჩის მეშვეობით პაპს, რომ კახეთის მეფეს მოუწოდებდნენ სპარსეთის შაჰთან ერთად ალიანსის მოკავშირეობაზე6. ჩვენი აზრით, პაპის კარზე კარგად ერკვეოდნენ რუსეთის სახელმწიფოს კახეთის სამეფოსთან ურთიერთდამოკიდებულების ხასიათში. ვფიქრობთ, პაპს მიაჩნდა, რომ „ფიცის წიგ- ნით“ რუსეთის ხელდებულ კახეთის სამეფოზე რუსეთს რეალური გავლენა ექნებოდა და ამიტომ მისი ლიგაში გაწევრიანებაზე ზრუნვა მას ეკისრებოდა. დაბოლოს, კომულოვიჩის მისიის შედეგად ითვლებოდა ისიც, რომ რუსეთის მეფემ მოუწოდა ყირიმის ხანს უნგრეთზე თავდასხმისაგან თავი შეეკავებინა. მიუხედავად ამისა, ეს დიპლომატიური წარმატებები ილუზორული იყო7.
1. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII., 152.
2. იქვე.
3. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII., 154; Laios Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 209; ლ. ტარდი. საქართველო- უნგრეთის ურთიერთობა XVI საუკუნეში, 166.
4. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში, (თბილისი, 1981), 280; მისივე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I, (XV-XVI სს.), 302.
5. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 213.
6. იქვე.
7. იქვე, 209.
პროფ. ლ. ტარდის მიერ მოხმობილი მასალებიდან ჩანს, რომ დასავლეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართული ძალების ირანთან გაერთიანებას1. თავის მხრივ სიმონ მეფე კარგად იყო ინფორმირებული 1595 წელს რომის პაპის ხელშეწყობით პრაღაში ხელმოწერილ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე2. ვფიქრობთ, ამის შემდეგ, ალბათ, მალე, რომის პაპი კლიმენტ VIII, ჰაბსბურგთა იმპერატორი რუდოლფ II და ტრანსილვანიის მთავარი სიგიზმუნდ ბატორი სიმონ მეფესთან კავშირის ინიციატივით გამოვიდნენ. ეს უკანასკნელი რომის პაპს 1596 წლის 6 მაისს სწერდა: „შენმა უწმიდესობამ მოგვიწოდა ჩვენ, გამოგზავნა რა აქ ეჩმიაძინის დიდი სავანის რწმუნებული, სახელად ტერ იაკობი3; ჩვენ მივიღეთ შენი ღირსეული წერილი, მაგრამ ვერ შევძელით მისი გაგება და მან ზეპირად გვაცნობა ყველაზე მთავარი... ქრისტიანების გამარჯვება უწმინდურ აგარიანებზე...“4 1596 წლის 14 აგვისტოს კი სიმონი ესპანეთის მეფე ფელიპე II-ს სომხურ ენაზე5 მიწერილი წერილით აუწყებდა, რომ იმპერატორმა რუდოლფ II-მ „პატივი დაგვდო და გამოგვიგზავნა ეპისტოლე და... კავშირის წერილი“6. „ასევე ტრანსილვანიის მმართველი დამპირდა, რომ თავისი ქვეყნიდან ის [თურქეთს] გამოუცხადებს ომს და ამგვარად, იგი – ერთი მხრივ, თქვენი უდიდებულესობა (იმპერატორი რუდოლფ II, - ავტ.) – მეორე მხრივ და ჩვენ – მესამე მხრივ, შევ- ძლებთ გავანადგუროთ თურქეთის სულთნის ძალები“7.
1. იქვე, 213.
2. ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას 1595 წლის 25 იანვარს ხელი მოაწერეს იმპერატორმა რუდოლფ II-მ, ტრანსილვანიის ვოევოდამ სიგიზმუნდ (ჟიგმონდ) ბატორიმ. ალიანსს მოგვიანებით შეუერთდნენ მოლდავეთისა და ვლახეთის მმართველები (Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 213; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I (XV-XVI სს.), 309).
3. მართებულია პროფ. ლ. ტარდი, როცა ტერ იაკობს ირანსა და საქართველოში რომის პაპისაგან გამოგზავნილ დესპანად მიიჩნევს (Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie „Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie“, vol. XXXII, 161).
4. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ. - გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 76.
5. ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოში არავინ მოიპოვებოდა, ვინც წერილს ლათინურ ენაზე დაწერდა. ადრე ამას საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერები აკეთებდნენ. XVI საუკუნეში კი წმინდა ტახტთან საქართველოს კავშირი გაწყდა. საკუთრივ კი „... ლათინურად დაწერილი წერილით აღჭურვილი ელჩი ევროპაში იხვეჭდა სახელს და გამორჩეულ ინტელექტუალურ ნიშანს ატარებდა.“ (Rami Mahjoub. De Constantinople à Istanbul: la représentation nuancée des Ottomans par des voyageurs européens aux XVe et XVIe siècles, 26). ლათინურს ახლა საქართველოში ბერძნული ენაცვლებოდა და ამიტომ დაიწერა სიმონ მეფის წერილი ბერძნულ ენაზეც, რაც, ალბათ, გამოწვეული იყო იმით, რომ ბერძნულიც ლინგვა-ფრანკას წარმოადგენდა და რომსა და ესპანეთის სამეფო კარზე ბერძნები მრავლად იყვნენ. წერილის სომხურ ენაზე დაწერა კი, როგორც ჩანს, იმანაც განაპირობა, რომ მაშინდელ ქრისტიანულ დასავლეთთან კავშირისას სომხური ენა ხანდახან ლინგვა-ფრანკას ფუნქციას ასრულებდა. „რაც შეეხება სომხურ ენას, ის უფრო იყო ცნობილი, ვიდრე ქართული ან სპარსული და დასავლეთის მეფეებისა და მთავრებისათვის მეტად მისაწვდომი იყო მათ ქვეყანაში სომხური თემის არსებობის გამო“ (José Manuel Floristan. Las relaciones hispano-armenias en los ss. XVI-XVII, 52).
6. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 223; ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი. ქართველი მეფეების წერილები: სიმონ I-ის ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან ფილიპე IV-ს, 360.
7. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 363.
როგორც ვხედავთ, მოტანილი წყაროები პირდაპირ ასახელებენ, რომ პაპმა კლიმენტ VIII-მ სიმონ მეფესთან გამოგზავნა ორივე მხარისათვის კარგად ცნობილი დესპანი, წარმოშობით სომეხი, ტერიაკობი1 და მოუწოდა თავისი ძალებით ჩაბმულიყო ოსმალების წინააღმდეგ ომში. საფიქრებელია, რომ ამავე ტერ იაკობს მოჰქონდა სიმონთან იმპერატორ რუდოლფ II-ის, ესპანეთის მეფე ფელიპე II-ისა და ტრანსილვანიის მმართველ სიგიზმუნდ ბატორის წერილები. სამწუხაროდ, რომის პაპისა და სამივე სუვერენის წერილები სიმონ მეფისადმი დღემდე უცნობია. თუმცა რომის პაპის, იმპერატორ რუდოლფ II-ისა და ტრანსილვანიის მთავრის, სიგიზმუნდის წერილების არსებობას, როგორც ვნახეთ, პირველწყაროები ადასტურებს. ამის ირიბ არგუმენტად შეიძლება სიმონ მეფის ესპანეთის მეფისადმი ზემოხსენებული წერილი მივიჩნიოთ. მართალია, მასში არ ჩანს, რომ იგი ფელიპე II-ის წერილის პასუხია, თუმცა სამთა კავშირზე, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, შეთანხმების ტონი გვაფიქრებინებს, რომ იგი ესპანეთის მეფის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე პასუხს წარმოადგენს.
ამგვარად, დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომის პაპმა სიმონ მეფესთან დესპანი ტერ იაკობი, სავარაუდოდ, 1595 წლის მეორე ნახევარში გამოგზავნა, როცა ოსმალებისათვის კრიტიკული პერიოდი იყო. კერძოდ, ამ დროს მოლდავეთი, ვლახეთი და ტრანსილვანია აღდგნენ ოსმალების წინააღმდეგ; დუნაიზე დაეცა ოსმალთა ციხესიმაგრე გიურჯინი და გარდაიცვალა სულტანი მურად III. ამას წინ უსწრებდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, მხარეებს შორის დიპლომატიური აქტიურობა. ასეთ ვითარებაში ჰაბსბურგთა იმპერატორ რუდოლფ II-ისა და ესპანეთის მეფე ფელიპე II-ის2 ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაბმის წინადადებას სიმონ მეფე ორგანიზებული ინიციატივით გამოეხმაურა და შეიძლება ვთქვათ, მისი ქართული ვარიანტიც უმალვე შეიმუშავა. ამ აზრის მყარ არგუმენტად მივიჩნევთ სიმონ მეფის მიერ ფელიპე II-სადმი გაგზავნილი ზემოხსენებული წერილიდან შემდეგ ცნობას: „მე სიმონ ხანმა, – წერდა ის ფელიპე II-ს, – გურჯისტანისამ, ალექსანდრე ხანმა ლევანდინოსამ და შაჰ აბასმა სპარსეთისამ, ჩვენ სამმა ვითათბირეთ, ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ ამიერიდან ჩვენს ძალებს წინ წავწევთ და თურქს თავს მოვჭრით, წმინდა იერუსალიმს და ქრისტიანებს თურქის ხელიდამ გავათავისუფლებთ“3. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირანისა და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების ანტიოსმალური კავშირის შექმნის საკითხი სიმონ მეფის აქტიური მონაწილეობით განიხილებოდა.
წყაროების უქონლობის გამო, თუ ვინ იყო უშუალო ინიციატორი აღნიშნული კავშირის შექმნისა, ზუსტად არ ვიცით. კონკრეტულად 1598 წლამდე არც ირანის შაჰის, აბას I-ის ანტიოსმალური კავშირის აქტიურ პოლიტიკაზე მოგვეპოვება წყაროები და არც ისტორიოგრაფიაში იკითხება ამის შესახებ რაიმე. ამ დროს აღმოსავლეთში უზბეკების წინააღმდეგ ბრძოლით დაკავებული შაჰ აბასი4, ბუნებრივია, ორ ფრონტზე ომს ერიდებოდა, თუმცა ირანსა და ევროპას შორის კონტაქტებს მხარს უჭერდა. უფრო მეტიც, არაერთი წყარო არსებობს, რომელიც გვიჩვენებს, 1590 წლიდან, თუ როგორ უწყობდა ხელს შაჰი ირანის ტერიტორიაზე ქრისტიანებისა და კერძოდ, კათოლიკე მისიონერების დამკვიდრებას5. შაჰ აბასის ამგვარმა დამოკიდებულებამ ქრისტიანებისადმი განაახლა ევროპის ინტერესი ირანის მიმართ და გზა გაუხსნა დიპლომატიურ ინიციატივებს. „1593 წელს პაპმა კლიმენტ VIII-მ ირანში გაგზავნა მისია და მის მმართველს მო- უწოდა იარაღით ხელში გამოსულიყო ოსმალების წინააღმდეგ“6.
1. პირველწყაროებიდან ირკვევა, რომ ტერ იაკობი რომის პაპს აქამდეც გამოუგზავნია შაჰ აბასთან, საქართველოს პატრიარქთან და მეფეებთან დიპლომატიური მისიით (Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII., 162; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 158, შენ. 265); ტერ ავეტისიანის მიხედვით, სომეხი სასულიერო პირი ტერ იაკობი, ანუ ტერ-აკოფ მარგარიანი ოცი წლის მანძილზე მოგზაურობდა ამიერკავკასიასა და ვენეციას შორის. „მას მიჰქონდა კორესპონდენცია ვენეციელებთან, რომის პაპთან, ასევე წაუღია წერილი ქართველი მეფის სიმონისაგან“ (Тер-Аветисиян С. В. Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфийских купцов XV-XVII вв. (Тбилиси, 1937), 26). სავარაუდოდ, 20-წლიანი მოღვაწეობა დასავლეთ-აღმოსავლეთში მიუთითებს იმაზე, რომ ტერ-იაკობი სეფიანების მხარდაჭერითა და მფარველობით სარგებლობდა და უპირატესად სწორედ მათი შუამავალი იყო.
2. ოსმალეთის წინააღმდეგ აღმოსავლელ მოკავშირეებთან (სეფიანთა ირანი, საქართველოს სუვერენები) კავშირის ძიება ხელს უწყობდა ანტიოსმალური ბრძოლის მირაჟის გაგრძელებებას, რომელმაც XVI საუკუნის ბოლოს უკვე დაკარგა წინანდელი ეტაპების ინტენსივობა (José Manuel Floristán Imízcoz. Bizancio Después de Bizancio: La Herencia Imperial de Constintinopla y la Politica Exterior de los Austrias Españoles (1517-1621), 868).
3. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 223; ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361.
4. Travelers accounts as source for the study of religion in Safavid Iran by Roger John Bel, (Arizona, 1978), 65; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 203.
5. A Chronicle of the Carmelites in Persia and the mission of the XVII and XVIII centuries, vol. I, 80.
6. Rudi Matthee. Iran’s Relations with Europe in the Safavid Period, Diplomats, Missionaries, Merchants and Travel., p. 13; https://www.academia.edu/5898785/Irans_Relations_with_Europe_in_the_Safavid_Pe- riod_Diplomats_Missionaries_Merchants_and_Travel?auto=download
შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი პოლიტიკოსის, შაჰ აბასის ამ ფსევდოქრისტიანული საფარვლის ქვეშ დიდი დიპლომატია იმალებოდა. კერძოდ, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ამ მოჩვენებითი კეთილგანწყობილებით1 შაჰ აბასი ცდილობდა ოსმალების წინააღმდეგ გამოეყენებინა ქრისტიანული ევროპის, რუსეთისა და საქართველოს მოკავშირეობა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლში ინგლისის ელჩი ედვარდ ბარტონი (1593-1598) 1595 წელს ლონდონს ატყობინებდა: „[სულტანმა] მურადმა წაიღო მისგან [იგულისხმება სეფიანთა შაჰი,-ავტ.] შირვანი, თბილისი, დერბენტი, თავრიზი, ერევანი, ნაკტსუანი [ნახიჭევანი], გენჯი [განჯა], მაშინ, როცა თათრებმა აიღეს ბუხარა და ხორასანი. დაზავებისთვის იგი [შაჰი] იძულებული იყო მიეცა ძმისშვილი მძევლად. აქამდე ის ინარჩუნებდა მშვიდობას, როგორც უფრო ნაკლები სამხედრო პოტენციის მქონე, და ასე გააგრძელებს ზავის პირობებში ყოფნას, სანამ არ დაინახავს, როგორ იმოქმედებს იმპერატორი შემდეგ ზაფხულს. თუმცა იგი შეფარვით ხელს უწყობს და უბიძგებს ქართველებს, რომლებიც იყვნენ ბერძნული წესის ქრისტიანები და უძველესი მტრები თურქებისა, მცხოვრებნი კასპიისა და შავ ზღვას შორის და ასევე შემორტყმულნი მიუვალი მთებით “2.
ამ დიპლომატიის კონტექსტში ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ შაჰ აბასს „თავისი საძინებლის შესასვლელში ეკიდა იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტი, რადგან მას პატივს სცემდა ოსმალებთან ომის გამო“3. მართებულია თვალსაზრისი, რომ შაჰ აბას I-ის ეს შემწყნარებლური პოლიტიკა მანამ გაგრძელდებოდა, „სანამ იგი დარწმუნდებოდა, რომ რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოთა დაუხმარებლად შეძლებდა იმის მიღებას, რასაც იგი ოსმალეთისაგან მოითხოვდა, კერძოდ, 1555 წლის ამასიის ზავის პირობების აღდგენას“4. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, უფრო დამაჯერებლად მიგვაჩნია ის ვარაუდი, რომ შაჰ აბასი შესაძლებელია 1595-96 წლებისათვის ბოლომდე არც იყო გარკვეული ანტიოსმალური ლიგის შექმნის პრობლემაში5 და ვფიქრობთ, ამ პოლიტიკის კონტექსტში, უდავოა, შაჰის სრული ნდობით, სიმონ მეფე გამოვიდა ჰაბსბურგებსა და ვატიკანთან დიპლომატიური ურთიერთობისა და კომუნიკაციის შუამავლად. უფრო კონკრეტულად, რადგან 1592-1598 წლებში სეფიანთა კარი შეუძლებლად მიიჩნევდა ოსმალეთის წინააღმდეგ ომის განახლებას, შაჰ აბას I-მა ლოდინის რეჟიმი არჩია, თუმცა დასავლეთთან სიმონ მეფის მეშვეობით მაინც მოქმედებდა6. მოკლედ, აღმოსავლეთის ანტიოსმალური კოალიციის ინიციატორი იყო ქართლის მეფე სიმონ I, ხოლო მისი მოკავშირე გახლდათ შაჰ აბასი7. რაც შეეხება სიმონისადმი, როგორც ურყევი მოკავშირისადმი შაჰ აბას I-ის ნდობას, ამ უკანასკნელმა იგი ბოლომდე შეინარჩუნა ქართლის მეფის მიმართ, რადგან სიმონ I-ს პოლიტიკური ირანოფილ- ობიდან არ გადაუხვევია8.
ამრიგად, მოხმობილი წყაროები და ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ სიმონ მეფე ტერ იაკობის რომიდან დიპლომატიური მისიით ჩამოსვლის შემდეგ აქტიურად ჩაება ანტიოსმალური სამთა კავშირის (ირანი, კახეთის სამეფო, ქართლის სამეფო) შექმნაში9. ამ მხრივ მისი ენერგიული მოქმედება გვარწმუნებს იმაშიც, რომ შეიძლება მას ოსმალებსა და ჰაბსბურგებს შორის მიმდინარე ეს ომი თავისი 1587 წლის თხოვნის ნაწილადაც მიეჩნია, რასაც ახლა დასავლეთი დადებითად პასუხობდა. ამის შესაბამისად, სიმონ მეფე დამოუკიდებლობით სარგებლობდა, თუმცა მის ინიციატივებს სეფიანთა პოლიტიკა განსაზღვრავდა. ამ ფარგლებში სიმონ მეფე ცდილობდა სეფიანთა და ჰაბსბურგთა დიპლომატიურ ველზე საკუთარი ინტერესებით ემოქმედა.
ასეთი იყო მდგომარეობა დასავლეთსა და აღმოსავლეთში, როცა სიმონ I-მა 1596 წლის აგვისტოს მიწურულს10 საქართველოდან გამგზავრებულ ტერ იაკობს, რომელსაც ახლა შაჰ აბასი უკან აგზავნიდა რომში დიპლომატიური მისიით, გაატანა წერილები რომის პაპსა და დასავლეთის მონარქებთან, კერძოდ: რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ რუდოლფ II-სთან, ესპანეთის მეფე ფელიპე II-სა და ვენეციის რესპუბლიკის მმართველთან11. ტერ იაკობს ასევე მიჰქონდა კახეთის მეფის, ალექსანდრე II-ის წერილები რომის პაპთან და ჰაბსბურგთა იმპერატორთან და პატრიარქის, დომენტი II-ის (1595-1610) წერილი რომის პაპთან12.
1. ამას დაუფარავად გამოხატავდა შაჰ აბასის მიერ ტანსაცმელზე პატარა ჯვრის ტარება (Travelers accounts as source for the study of religion in Safavid Iran by Roger John Bel, 69).
2. List and Analysis of State, Foreig series of Elizabeth I, ed. R. B. Werhem. Preserved in: The Public Record Office, vol. VI (Barton’s Report -464), (London, 1980).
3. Anthoine di Gouvea. Relation des grandes guerres et victoires obtenues par le roy de Perse Cha Abbas trans. from Portuguese, (Rouen, 1646), 424.
4. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 194.
5. Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 225.
6. მ. პაპაშვილი. სიმონ I-ის წერილი ფილიპე II-სადმი დიპლომატიური მიმოწერის ნიმუში. - ჟურნ. საისტორიო ვერტიკალები. დამატება, 18 (2009), 34.
7. ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 59-128.
8. ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან, 229.
9. ინგლისური წყაროების მიხედვით, ანტიოსმალური კოალიციის ჭრილში ქრისტიანი ქართველები აქტიურ მონაწილეებად არიან მიჩნეულნი, თუმცა კი, ინგლისელთა თვალში სეფიანებთან მხარდამხარ მოიაზრებიან. ინგლისის სახელმწიფო კანცელარიის 1595 წლის იანვარ-დეკემბრის ანგარიშში ვკითხულობთ: „როგორც ამბობენ, სპარსეთის მეფე საქმის კურსშია ტრანსილვანიელების წარმატებების შესახებ და რომ ამ ამბებმა საკმაოდ პრობლემატური უნდა გახადოს ოტომანების მიერ ამ საფრთხის არიდება. პოლონელები ელოდებიან იმპერატორის პირობებს ლიგის შეკვრასთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ მოსკოველებიც შეუერთდებიან. ივლისში გრიმსტონმა (იგულისხმება ედუარდ გრიმსტონი, ინგლისელი პოლიტიკოსი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი თემთა პალატიდან, კალეს ინსპექტორი. ავტ). შეიტყო ვენეციაში, რომ სპარსელები მჭიდრო კავშირში არიან ქართველებთან და მოსკოვის სამეფოსთან ოტომანების საკითხზე. ჩერქეზებმა აიღეს ბენდერი (ქალაქი ისტორიულ ბესარაბიაში, ავტ.) და შევიდნენ ალბა ციტაში (სავარაუდოდ, ესეც ბესარაბიაა, ავტ.). ნოემბერში ბარტონმა რეპორტში მოიხსენია მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ქართველმა პრინცმა სიმონმა, რომელიც, მიუხედავად მცირერიცხოვანი ძალებისა, მაინც ახერხებდა დამოუკიდებლად დაეჭირა თავი, რასაც ხელს უწყობდა მიუდგომელი მთებიც მისი სამეფოს გარშემო, გადაწყვიტა აჯანყებულიყო თურქების წინააღმდეგ და თავი მოეაზრებინა სპარსელთა პროტექციის ქვეშ. ეს უკანასკნელი (სეფიანთა სახელმწიფო, ავტ.) თავის მხრივ, ჯერ ღიად არ აპირებდა კონფრონტაციაში შესვლას თურქებთან, სანამ არ დაინახავდა გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით იმპერატორის მხრიდან...“ (List and Analysis of State, Foreig series of Elizabeth I, ed. R. B. Werhem. Preserved in: The Public Record Office, vol. VI (Turkey, Asia and Nirth Africa 431), (London, 1980).
10. არაა მართებული აზრი, რომ „ტერ იაკობი სიმონ I-მა გაგზავნა 1596 წლის მაისის დასაწყისში“ (Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 279). ასევე უზუსტობას შეიცავს პროფ. ჯ. ვათეიშვილის მითითება, რომ სიმონ I-ის წერილი ფელიპე II-სადმი დათარიღებული იყო 1586 წლის 14 აგვისტოთი (ჯ. ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I, 93). თუ ამოვალთ იქიდან, რომ ფელიპე II-სადმი სიმონ მეფის ბერძნულ ენაზე მიწერილი წერილი, რომელიც მიჰქონდა ტერ იაკობს, დაწერილია 1596 წლის 25 აგვისტოს, მაშინ ეს უკანასკნელი საქართველოდან რომში გაემგზავრებოდა 25 აგვისტოს შემდეგ.
11. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 160-161.
12. იქვე, 161-162.
აღმოსავლეთის კოალიციის, წყაროს ენით „სამთა კავშირის“1, წევრთა მიერ დიპლომატიური უფლებებით აღჭურვილი ტერ იაკობი2 1596 წლის აგვისტოს მიწურულს საქართველოდან გაემგზავრა დასავლეთში, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის გავლით. დესპანი ამას ასე აღწერს: „საქართველოდან გავიარე ვანის პროვინციაზე, რათა ალეპოში ჩავსულიყავი. თან მახლდა საიდუმლო მზვერავი, რომელიც სიმონ მეფემ გამაყოლა. ალეპოში ვენეციის საპატიო კონსულს გადავეცი სიმონ მეფის წერილი. ბატონი კონსულისაგან მივიღე ფული, პური და ყველაფერი, რაც ჩემთვის აუცილებელი იყო“3. როგორც ვხედავთ, ტერ იაკობის უსაფრთხოდ მგზავრობა სათანადოდ იყო ორგანიზებული სიმონ მეფის მიერ. როგორც ირკვევა, მთელი პროცესი და მისია უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ. ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ მთელი მისიის მანძილზე ტერ იაკობს ოსმალური ტანსაცმელი ემოსა4, რაც დესპანის მიერ თურქული ენის ცოდნასაც ამოწმებს5. ყოველივე ეს მიუთითებდა იმაზე, რომ გათვალისწინებული იყო არა მარტო ოსმალეთის ტერიტორიაზე, არამედ ევროპაშიც ოსმალეთის დაზვერვისაგან თავის დაღწევა და დიპლომატიური მისიის საიდუმლოდ შენახვა.
ასეა თუ ისე, აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“, ანუ „საქართველოსა და სპარსეთის“6 დესპანი ტერ იაკობი 1597 წლის 20 ივნისამდე ვენეციაში ჩავიდა და 21 ივნისს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წინაშე წარდგა სიმონ მეფის 1596 წლის 6 მაისის წერილით, რომელიც ბერძნულ ენაზე იყო დაწერილი7. ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, იგი წარმოადგენდა ერთგვარ სარეკომენდაციო ბარათს და მიზნად ისახავდა, რესპუბლიკას ხელი შეეწყო მისიისათვის, ასევე უზრუნველეყო რომში დესპანის პატივით გამგზავრების ორგანიზება. აი, რას ვკითხულობთ მასში: „სიმონ, ღვთის წყალობით, მეფე ქართლისა და მთელი იბერიისა, თქვენ, მარკოს ვიკარიუსებს, დიდ მოციქულებსა და ევანგელისტებს, ქალაქ ვენეციის ძლიერ და განათლებულ ბატონებს. თქვენს კეთილ ყურადღებას მივაქცევ, რომ ამჟამად ჩვენ კვლავ ვაგზავნით ღირსეულ მამას, იაკობს, რომელიც გამოგზავნილი იყო ჩვენი უწმიდესი პაპის მიერ, რომელიც რომში ზის. მაშასადამე, ჩვენ გთხოვთ, დახმარება გაუწიოთ მას და რომს გაგზავნოთ ძლიერი ესკორტით. აი, ყოველივე ის, რასაც თქვენ გთხოვთ. დაე, ღმერთი იყოს თქვენთან. ამინ! 1596 წლის 6 მაისი. სიმონ, ქართლისა და სრულიად იბერიის მეფე“8.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 362.
2. ტერ იაკობი თავის ვაჟიშვილთან ერთად გაემგზავრა დიპლომატიური მისიით.
3. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 163.
4. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 160; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 282.
5. Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 280.
6. ლაიოშ ტარდი. ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში.- კრ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები II, (თბილისი, 1978), 209.
7. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 160.
8. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 160; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 158; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I, (XV-XVI სს.), 314-315.
მოტანილი წყაროდან ყურადღებას იქცევს ერთი დიპლომატიური დეტალი. კერძოდ, სიმონ მეფე ვენეციის მხარეს სთხოვდა, რომ „სამთა კავშირის“ დესპანი ტერ იაკობი რომში ძლიერი, ანუ დიდი ესკორტით გაეგზავნათ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ სიმონ მეფე კარგად აცნობიერებდა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ვენეციის რესპუბლიკასა და ვატიკანში დიპლომატიურ ცერემონიალსა და ეტიკეტს პოლიტიკური ამოცანის მნიშვნელობის დემონსტრირებისას. საკუთრივ, რესპუბლიკის საბჭომ გამოიჩინა ინტერესი დესპანის მისიის მიმართ და გაიმართა დიპლომატიური მოლაპარაკებები თარჯიმნის მეშვეობით. უფრო აქტუალური იყო ტერ იაკობის ელჩობის მიზნის გაგება. დესპანთან გამართული საუბრების შედეგად ვენეციის მხარეს ჰქონდა სრული ინფორმაცია სამთა კავშირის წევრებზე და მათ სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალზე. დაინტერესებულ მხარეს დესპანი რომის პაპთან მისიის მიზანს კონკრეტულად უსახელებდა; „პაპმა შეახსენოს ევროპელ ქრისტიანებს, რომ გააერთიანონ საკუთარი ძალები მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად“1.
ცნობილია, რომ დესპანი ტერ იაკობი ვენეციიდან არა რომში, როგორც ეს იყო დაგეგმილი, არამედ ვენაში გაემგზავრა, სადაც 1597 წლის 10 ივლისს ჩავიდა. დესპანის მიერ მარშრუტის შეცვლის ნამდვილი გარემოება ჩვენთვის უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობდა საფუძვლიანი მიზეზი. ვინაიდან „ამ დროს ვენეციის რესპუბლიკასა და ვატიკანს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო“2, შეიძლება იგი ამ მოვლენას დავუკავშიროთ. მიუხედავად ამისა, ვენეცია თავისი კონსულების საშუალებით ხელს უწყობდა ტერ იაკობის მისი- ას. „პრაღაში მყოფმა ვენეციის რესპუბლიკის ელჩმა, ფრანკო ვენდრამინმა ყურადღება მიაქცია საქართველოსა და სპარსეთის ელჩს და როცა დონ ჯაკომო3 იმპერატორ რუდოლფის კარზე იმყოფებოდა, თავის შთაბეჭდილებებზე ვრცელი მოხსენებითი ბარათი მოამზადა“4. მასში მოცემულია ტერ იაკობთან საუბრის მოკლე შინაარსი და აღმოსავლური „სამთა კავშირისა“ და ანტიოსმალური ლიგის ერთიანი მოქმედების საბოლოო მიზანი, „რათა ძირიან-ფესვიანად აღმოიფხვრას ოსმალეთის იმპერია“5. ასეთი მოხსენებითი ბარათის შედგენა იმაზე მიუთითებდა, რომ ვენეციის ელჩმა პრაღაში სცადა, ტერ იაკობის მისიის საქმე წინ წაეწია და იმპერატორისთვის ფაქტები სწორი განმარტებებით მიეწოდებინა.
ვენაში ჩასული ტერ იაკობი მეორე დღესვე6 მიიღო ავსტრიის მმართველმა ერცჰერცოგმა მაქსიმილიან III ავსტრიელმა7. ამ უკანასკნელს დესპანმა ზეპირად მოახსენა აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ სუვერენთა სურვილები და ზრახვები8. ერთი კვირის შემდეგ ელჩი გაემგზავრა იმპერატორ რუდოლფ II-სთან პრაღაში, სადაც ჩავიდა აღნიშნული წლის 17 ივლისს9. იმპერატორთან ელჩის აუდიენცია შედგა 28 ივლისამდე10, მანამდე რუდოლფ II ინფორმირებული იყო „სამთა კავშირის“ წევრების განზრახვაზე, კერძოდ, ოსმალებთან ომის დაწყების მზადყოფნაზე. თავის მხრივ ტერ იაკობმა იმპერატორის ყურადღება მიაქცია იმას, რომ ეს სასურველი გარემოება არ უგულებელყო, არამედ განეგრძო უკვე დაწყებული ომი ოსმალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, დიპლომატიური მსჯელობის საგანი იყო საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის საკითხი. იმპერატორს ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათით ასევე ეუწყა, რომ „სპარსეთისა და საქართველოს მეფეებმა რუსეთის მეფესთან ერთად თურქეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრესო11“, ხოლო იმპერატორს საკუთრივ უნდა დაერაზმა ანტიოსმალური ლიგის ყველა ძალა ოსმალების გასანადგურებლად12. როგორც ამ წყაროდან ვხედავთ, რუსეთის მეფე აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ წევრადაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ჩვენ სხვა წყარო ან ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ამდენად ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია. უფრო ვფიქრობთ, ტერ იაკობის ეს ზეპირი განცხადება პრაღაში ვენეციის ელჩის, ფრანკო ვენდრამინისადმი ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ ერთი წევრი, კერძოდ, კახეთის მეფე ალექსანდრე II რუსეთის მფარველობაში იმყოფებოდა. შესაძლებელია ამ კონტექსტით ტერ იაკობმა იმპერატორის დარწმუნება სცადა, რომ მოსკოვი და კახეთის სამეფო ერთ პოზიციაზე იდგნენ. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმპერატორი თავად ცდილობდა ამ დროს მოსკოვის ჩაბმას ანტიოსმალურ ლიგაში13.
1. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 161-163.
2. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 158.
3. ტერ იაკობი ევროპულ წყაროებში იხსენიება ასევე დონ ჯაკომოდ, დონ ჯაკობოდ, დონ ჯაკონოდ, დონ ჯაკოპოდ (ე. ხინთიბიძე. ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის თაობაზე.-ჟურნ. ცისკარი, №6 (1986), 152).
4. ლაიოშ ტარდი. ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში, 210.
5. ლაიოშ ტარდი. ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში, 210, შენ. 45.
6. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 217.
7. Lajos Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 165.
8. იქვე.
9. Lajos Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 165; Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 216.
10. Lajos Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 167.
11. ლაიოშ ტარდი. ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში, 210, შენ. 45; Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 217.
12. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 167; Laios Tardy. Relations entre la Hongrie et la Géorgie aux XIIIe-XVIIIe siècle, “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie, vol. XXV, (Paris, 1968), 124; ლაიოშ ტარდი. ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარ- სეთის ურთიერთობაში, 210, შენ. 45.
13. Lukáš Rybár. Misia Mikuláša Varkoča a Lukáša Pauliho do Moskvy v roku 1589 a otázka spojenectva Habsburgovcov s Perziou proti Osmanom, 227.
ირანისა და საქართველოს ელჩმა, ტერ იაკობმა პრაღაში თითქმის ორ თვეზე მეტხანს დაყო. 1597 წლის 20 სექტემბრის1 შემდეგ ის გაემართა რომში პაპ კლიმენტ VIII-სთან. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ პაპმა კლიმენტ VIII-მ სიმონ მეფის პაპისადმი 1596 წლის 6 მაისის წერილს 1598 წლის 1 აპრილს2 უპასუხა, უნდა ვიფიქროთ, რომ ტერ იაკობი ვატიკანში თითქმის ექვსი თვე დაყოვნდა. ამის უმთავრესი მიზეზი, ალბათ, დესპანის ავადმყოფობა იყო. პაპი სიმონ მეფეს დასახელებულ წერილში სწერდა: „სხვა საკითხებზე სიტყვიერად გეტყვის ჩვენი საყვარელი შვილი იაკობი, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ შენთან რამდენადმე დაგვიანებით, ვიდრე ჩვენ ეს გვინდოდა, ნაწილობრივ მისი ცუდი ჯანმრთელობის, ხოლო ნაწილობრივ ქრისტიანული რესპუბლიკის3 უძნელესი საქმეების გამო, რომლითაც ჩვენ ვიყავით დაკავებული“4.
რომში ტერ იაკობის დიპლომატიური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიმდინარეობდა სიმონ მეფის იმ წერილის საფუძველზე, რომელიც პირადად ელჩმა ჩაიტანა კურიის კარზე და გადასცა პაპ კლიმენტ VIII-ს. ამ უკანასკნელს ტერ იაკობმა ასევე წარუდგინა კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი II-ის წერილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სიმონ მეფისა და კათალიკოსის ეს წერილები 1596 წლის 6 მაისს დაიწერა საქართველოში, ცხადია, ქართულ ენაზე, თუმცა მათი დედანი დღემდე მიუკვლეველია. ამჟამად ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ სიმონ მეფის პაპისადმი მიწერილი ქართული წერილის ლათინური თარგმანი, რომელიც, ცხადია, რომში შესრულდა. სანამ ამ წერილის საფუძველზე მსჯელობას დავიწყებთ, ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ იგი დიპლომატიური მიმოწერის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. მასში არ არის გაზვიადებული ქება-დიდება პაპისა, ესა თუ ის ფაქტი აღწერილია მოკლედ, თითოეული აზრი დასაბუთებულია და ემსახურება საერთო ქრისტიანული მიზნის მისაღწევად ქართლის მეფის სრული მზაობის წარმოჩენას.
წერილი იწყება ქრისტიანულ სამყაროში რომის პაპის სულიერი როლისა და სტატუსის შედარებით ვრცელი ფორმულირებით. კერძოდ, ნათქვამია: „უმაღლესო, ბრწყინვალეო, უწმინდესო, ჩვენო უნეტარესო ბატონო, ჩვენო მამაო პაპო; მოძღვართა მოძღვარო, ხელმწიფეთა ხელმწიფევ, მეცამეტე მოციქულო, ჩვენო მამაო და დიდი რომის პაპო; ოქროს საყვირო, ღვთის მიერ შთაგონებულო ორღანო; პეტრეო – მსაჯულო და ზეცის სამეფოს კლიტეთა მფლობელო; პავლეო – წარმართთა მასწავლებელო, რომელიც მესამე ცამდე ამაღლდა, აღფრთოვანებული იყო სამოთხით და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა გამოთქმა შეუძლებელია; ყოველი ქვეყნის მქადაგებელო, ლამპარო ეკლესიათა, რომლებშიც არიან წმინდანები და მოციქულთა თაყვანსაცემი აკლდამები, სადაც განისვენებენ წმიდანთა ნაწილები; კათოლიკური ეკლესიის მფლობელი, დიდი და უბრწყინვალესი რომის მმართველო, მზის მსგავსად მთელი დასავლეთის მანათობელო; დიდო მთავარო რომის პაპო; ვითარცა სილვესტრო, მეფეთა წინასწარმეტყველო, ბატონო და მფლობელო, სულიერო მამაო, უწმინდესო პაპო, დაბლა მუხლმოდრეკილი ვეამბორებით შენს წმიდა მარჯვენას.“5
გიორგი მთაწმინდელის მსგავსად, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის რელიგიურ განსხვავებებზე ხაზგაუსმელად6, პროლათინური განწყობით, სიმონ მეფე ქრისტიანთა სულიერ მამას ამ- ცნობს, რომ მისმა წინადადებამ ანტიოსმალურ ლიგასთან შეერთების შესახებ, რომელიც ტერ იაკობის მეშვეობით ეუწყა, დიდი სიხარული მიანიჭა. ის წერს: „დაე, ჩვენ და ქრისტიანი ხალხის ყველა მართლმორწმუნეს მოგვანიჭოს ყოვლისშემძლე მოწყალე ღმერთმა უდიდესი ძალა და ქრისტიანების გამარჯვება უწმიდურ აგარიანებზე და გვიბოძოს ჩვენ დიდება, იმედი, დამშვიდება და გააბნიოს ისინი, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშეა. ვევედრებით ყოვლად კეთილ ღმერთს, რათა მან გაამაგროს შენი დიდი უწმიდესობის ძალები და თავისი წმიდა დახმარებით გაგვანთავისუფლოს ჩვენ მტერთა ხრიკებისაგან“7. როგორც ვხედავთ, აქ ქრისტიანთა ერთობა უშუალოდ წარმოდგენილია პაპის სულიერი მეთაურობის ქვეშ და არანაირად არ იგრძნობა, რომ სიმონ მეფე მართლმადიდებელი, ანუ „სქიზმატური“ ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელია. „მისი შეხედულებით მთელი ქვეყნის ქრისტიანები ერთს ეკლესიას შეადგენენ და პაპი კი ყველას მოძღვარი და მამაა, და ამიტომაც ვალდებულია შეეწიოს აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ქრისტიანებსაც, რომელნიც თავისივე შვილები არიან“8. არ შეგვაქვს ეჭვი სიმონ მეფის მხურვალე რწმენაში, რომ მის მიერ ყველა ქრისტიანის მეთაურად რომის პაპის მიჩნევა პოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს9, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცხადია, ქრისტიანთა ერთობა უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკას, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებში და, პაპის მსგავსად, სიმონიც მისდევს დასავლეთის დიპლომატიის მაგალითს.
1. 1597 წლის 20 სექტემბერს ტერ იაკობი ჯერ კიდევ პრაღაში იმყოფებოდა (LaiosTardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXII, 168).
2. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 228; Г.
3. პროფ. ჟორდანიასა და პროფ ზ. გამეზარდაშვილის პაპის ლათინურ ენაზე დაწერილი წერილის „Christianae Reipublicae”-ს არასწორ გაგებას ეფუძნება ის აზრი, რომ კლიმენტ VIII-ს მხედველობაში ჰქონდა იმ ეპოქის ევროპულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობები (Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч.I, 284, შენ. 11). ამ შემთხვევაში „Christianae Reipublicae“ მიემართება ვენეციის რესპუბლიკას, რომელსაც სხვაგვარად „რესპუბლიკას“, ან „ქრისტიანულ რესპუბლიკასაც“ უწოდებდნენ.
4. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 230; Г.
5. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ.-გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 76; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 522-523.
6. ქართველო ქრისტიანებო შეერთდით. თხზულება მხედრისა, (სტამბოლი, 1922), 86.
7. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ.-გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 76-77.
8. ქართველო ქრისტიანებო, შეერთდით. თხზულება მხედრისა, 86.
9. იქვე.
მუსლიმთა წინააღმდეგ ქრისტიანობის დაცვისათვის ქართვე- ლების თავდადებული ბრძოლა, ხსენებულ წერილში, პირველ რიგში, ქართლის მეფის, ლუარსაბ I-ის მაგალითით იწყება: „კვლავ ვა- უწყებთ შენს უწმიდესობას, რომ ჩემი მამა, მეფე ლუარსაბი იყო უნეტარესი მეფე, წმიდა და ღმერთის მიერ კურთხეული მეფე. როგორც ალბათ, უკვე იცის შენმა უწმიდესობამ, ღვთისმოსაობის თუ ქრისტესადმი სიყვარულის გამო, ურჯულო აგარიანებმა მოკლეს იგი ომში; მან მიიღო წვალებით სიკვდილი და დაღვარა თავისი სისხლი, მაგრამ არ შეასრულა მათი სურვილი“1. შემდეგ სიმონ მეფე მამამისის გზის გამგრძელებლად წარმოაჩენდა თავს და საგანგებოდ უსვამდა ხაზს, რომ „რამდენი ომი, უბედურება, უკუღმართობა და სხვა განვიცადეთ ქრისტეს სიყვარულის გამო, სანამ ჩვენ არ დაგვიჭირეს ომში და არ ჩაგვსვეს ციხეში, ჩავვარდით რა სპარსელების ხელში. მაგრამ უფლის დახმარებით, მისი შემწეობითა და შენი წმიდა ლოცვების შემწეობით, გავთავისუფლდით და კვლავ ავედით ჩვენს ტახტზე. კვლავ განუწყვეტლივ ვიბრძოდით მკაცრი ოსმალების წინააღმდეგ და ბევრი ბრძოლა გავუმართეთ მთავარ ოსმალებს“2. ამით მეფე აქცენტს აკეთებდა რა ქრისტიანული საქმისათვის მის მიერ გაწეულ ბრძოლაზე, ახლა, როგორც ალიანსის პოტენციური მოკავშირე, პირობას დებდა, რომ არ გააწბილებდა წმინდა ტახტის იმედს და გააგრძელებდა უკომპრომისო ბრძოლას: „ჩვენ ქედს არ მოვიხრით, სანამ მთელია ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე, ჩემი პატარა შვილის სიცოცხლე. მე დავღვრი ჩემს სისხლს ჯვარცმულისათვის, ჩემი უფლისათვის. სანამ მე ცოცხალი ვარ, არ დავზოგავ ჩემს სიცოცხლეს ომში და ამაო არ იქნება ჩვენი დანაკარგები“3. ამ საერთო ქრისტიანულ საქმეში სიმონ მეფე უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევდა რომის პონტიფექსის პრიმატობას. ამ მიზნით პაპს მოაგონებდა, რომ „ამჟამად ქრისტიანობა და მთელი ქვეყნიერება შენშია შეკრული და შენს ხელშია. ო, ჩემო წმიდა მამაო, გვიბოძე ჩვენ სიმამაცე და დახმარება, რათა გადავარჩინოთ ქრისტიანი ხალხი... ასევე მოვახსენებ შენს უწმიდესობას, რათა შენ აღმოუჩინო დახმარება და გულმოწყალება ქრისტიანებს და იხსნა ისინი ურჯულოების ხელიდან“4.
1. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ, გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 77.
2. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ, გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 77.
3. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ.-გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 77.
4. ი. ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ. გაზ. კომუნისტი, 1990, 19 აგვისტო; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 77.
ჩვენ თითქმის მთლიანად მოვიტანეთ სიმონ მეფის პაპისადმი მიწერილი წერილი. როგორც ვნახეთ, მასში არაა ნახსენები ირან-საქართველოს კავშირი. საინტერესოა ის, რომ ლუარსაბის სიკვდილი ირანელებთან ბრძოლის კონტექსტში არაა წარმოდგენილი. უბრალოდ ნათქვამია, რომ ის აგარიანებთან, ანუ მუსლიმებთან ბრძოლაში დაიღუპა. რაც შეეხება სიმონის ალამუთის ტყვეობას, ისიც ზოგადადაა ნახსენები. ბრძოლის მთელი პათოსი ოსმალების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ისინი არიან აღიარებულნი ქრისტიანების საერთო მტრად და არა ირანელები. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმონმა კარგად იცის, ვატიკანს ერთხაზოვანი დამოკიდებულება არ გააჩნია ირანისადმი, მაგრამ ამ ეტაპზე პრაგმატული პოლიტიკა მოითხოვს, ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს. მეფემ ჩინებულად უწყის, რომ რომის თვალში ირანიც ქრისტიანობის მტერია, მაგრამ იგი ჯდება ფორმულაში: „სპარსეთის სოფი არის „კარგი მუსლიმი“, როცა ის იბრძვის ოსმალების წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც კი ისინი დაუმეგობრდებიან ოსმალებს, იგი ხდება ქრისტეს მტერი და „ცუდი მუსლიმი“1. ეს აზრი დასტურდება სიმონ მეფისადმი პაპის 1598 წლის 1 აპრილის საპასუხო წერილის შემდეგი ადგილიდან: „...შენს უბედურებასა და ტანჯვა-წამებაზე სპარსეთის საკანში, რომლის შესახებაც მოგვაგონებ, ნაკლებ საზარლობად არ მიგვიღია. მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომელიც არ გვაძლევს უფლებას, გამოვარკვიოთ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე შეგვიძლია; უფალმა თავისი ძალებით შენ საკნიდან გამოგიყვანა და განამტკიცა შენი სამეფო, გაამაგრა შენი ტახტი, ხოლო შენ თვითონ სამუდამოდ გიფარავს და გწვრთნის ახალი ბრძოლისათვის, ძალით აღავსებს შენს მკლავებს, რათა თავად წარმატებით იბრძოლო მისი მტრების წინააღმდეგ, ღვთისა და ქრისტიანი ხალხის მტრებთან, განსაკუთრებით, თურქებთან, მათი სიმრავლის წინააღმდეგ, რომლებიც აღგზნებული არიან ყოვლისმომცველი დაუკმაყოფილებელი სურვილით (წარმართონ თავისი ძალები) ქრისტიანობის წინააღმდეგ; ცდილობენ რა ისინი, ვინც გამარჯვებული და უძლეველი ჯვრის დროშას მისდევენ, უსასტიკესი მონობის უღელს დაუმორჩილონ“2. ვიმეორებთ, პაპის სიტყვებში: „შენს უბედურებასა და ტანჯვა-წამებაზე სპარსეთის საკანში, რომლის შესახებაც მოგვაგონებ, ნაკლებ საზარლობად არ მიგვიღია...წარმატებით იბრძოლო... ღვთისა და ქრისტიანი ხალხის მტრებთან, განსაკუთრებით, თურქებთან...“ იკითხება ის აზრი, რომ პონტიფექსი, როგორც ქრისტიანების სულიერი მამა, ირანელებსაც მათ მტრად მიიჩნევს, მაგრამ ოსმალები ამ ეტაპზე უფრო საშიშ განსაცდელს უმზადებენ ქრისტიანებს, ვიდრე ირანელები.
როგორც სათანადო ადგილას აღვნიშნეთ, ტერ იაკობს ესპანე- თის მეფესთანაც მიჰქონდა სიმონ I-ის სომხურ და ბერძნულ ენაზე3 დაწერილი წერილები, რომელთაგან პირველი თარიღდებოდა 1596 წლის 14 აგვისტოთი, ხოლო მეორე – ამავე წლის 25 აგვისტოთი. როგორც პირველი ელჩობის (1587-1588 წწ.) შემთხვევაში, ასევე ახლაც, ჩვენ არ ვიცით ირან-საქართველოს დესპანი მადრიდში დიპლომატიური მისიით ეწვია თუ არა მეფე ფელიპე II-ს. ამის შესახებ წყაროები დუმან. სიმონ მეფის წერილი ესპანეთის სამეფო კარს რომ გადაეცა, ეს ეჭვს არ იწვევს, რადგან არსებობს ფელიპე II-ის საპასუხო წერილი4, რომელიც ესკორიალში დათარიღებულია 1598 წლის 25 ივლისით5.
თავისთავად სიმონ მეფის წერილი ესპანეთის მეფისადმი დღემდე იქცევს მკვლევართა ყურადღებას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი ანალიზი ამოწურულია. ამჯერად ჩვენი მიზანია წერილის, როგორც დიპლომატიური მიმოწერის ნიმუშის, ასევე პრობლემის საერთო ქრისტიანული პოლიტიკისა და დიპლომატიის თვალსაზრისით განხილვა.
1. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 3.
2. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 229; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 273.
3. პროფ. ე. ხინთიბიძემ ძირეული არგუმენტების მოშველიებით დაამტკიცა, რომ ტერ იაკობს სიმონის არა მარტო სომხურ და ბერძნულ ენაზე დაწერილი წერილები მიჰქონდა, არამედ ქართულ ენაზე დაწერილიც (დაწვრ. იხ: ე. ხინთიბიძე. ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის თაობაზე.- ჟურნ. ცისკარი, №6 (1986), 150-156).
4. არსებობს საპასუხო წერილის ესპანური, ლათინური და ბერძნული ვერსია (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 370-372).
5. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 370.
ეს წერილი დიპლომატიური მიმოწერის თვალსაზრისით საინტერესოა. ამასთან დაკავშირებით უმჯობესია ითქვას, რომ ასეთი სახის დიპლომატიური შინაარსით დატვირთული წერილი, არც სიმონ მეფემდე და არც მის შემდგომ, არც ერთ ქართველ მეფეს მიუწერია დასავლეთ ევროპის მონარქებისათვის. წერილის დასაწყისში, სულ შვიდიოდე სტრიქონში, რელიგიური თავაზიანობა და ესპანეთის მეფისადმი მორჩილებაა გამოცხადებული. კერძოდ, ნათქვამია: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ვწერ სიყვარულით ამ წერილს და გიგზავნით წმიდა კოცნას მეფეთა მეფეო, ქრისტეს ყველა მორწმუნეთა მეფეო და მბრძანებელო, ყოველთა მეფეთაგან და ქრისტიანთაგან პატივცემულო...მიიღე ეს წერილი შენი მონისაგან. შენს ფერხთ წინაშე ქედს ვიხრი და თავს შენს ფერხთ ქვეშ ვდებ. შემდეგ პირს ვაღებ და მოკრძალებით გელაპარაკები, როგორც მონა თავის უფალს“1. ამ ამონარიდში გამოყენებული საკვანძო სიტყვა „ქრისტეს ყველა მორწმუნეთა მეფეო და მბრძანებელო“, უწინარეს ყოვლისა, ხაზს უსვამდა ესპანეთის, როგორც „რელიგიის დამცველი სახელმწიფოს“2 როლს და გამოხატავდა ფელიპეს მეთაურობით ოსმალთა უღლისაგან ქრისტიანთა გათავისუფლების იმედს, ხოლო „მოკრძალებით გელაპარაკები, როგორც მონა თავის უფალს“, აღნიშნავდა საერთო ქრისტიანული საქმის მეთაურისადმი მორჩილებასა და მსახურებისათვის მზადყოფნას. რაც შეეხება აზრს, „მსახურმა შენს ფერხთა წინაშე“ – მიანიშნებდა პოლიტიკური დაახლოების პროცესის დასაწყისს, რომელიც საერთო მტერზე გამარჯვების შემდეგ „ქრისტეს-სიყვარულისათვის“ ურთიერთმეგობრობის გადამწყვეტი ფაქტორი გახდებოდა. როგორც ვხედავთ, მოტანილ ციტატაში იმდროინდელი ეპოქის მონარქებისადმი მიწერილი დიპლომატიური წერილებისათვის დამახასიათებელი გადაჭარბებული ქება-დიდება არ იკითხება. ესპანეთის მეფისადმი მორჩილებაზე ზომიერად გამოყენებული კომპლიმენტი მიმღებ მხარეს პირდაპირ აკავშირებდა ანტიოსმალური ლიგის საკითხთან. წყაროს ენით ეს აზრი ასეა გადმოცემული: „როგორც მსახურმა შენს ფერხთა წინაშე...თურქებისაგან შევიწროებულნი ვიყავით. ახლა ვხედავთ, რომ ქრისტიანთა სამეფო (ე.ი. ესპანეთის სამეფო, ავტ.) ფეხზე წამოდგა და დაიძრა“3. სიმონი მკაცრი პრაქტიციზმით ითხოვდა, რომ ფელიპე II-ს თავის მხარეზე მიემხრო იმპერატორი რუდოლფ II და ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ესპანეთის მეფის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. ეს მოწოდება მართებული იყო და რეალურ წარმოდგენას ემყარებოდა. ჩანს, სიმონ მეფემ კარგად იცოდა, რომ ამ დროს ინგლისის ელჩი, ედვარდ ბარტონი4, კონსტანტინოპოლში სულტანს აქეზებდა, რომ ესპანეთზე საზღვაო თავდასხმები ეწარმოებინა5. ასეთ შემთხვევაში გასაგებია, თუ რატომ მიმართავდა სიმონ მეფე ფელიპე II-ს, რომ მის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. საკუთრივ, „შენს მონა სიმეონ ხანს შეკითხვის ღირსად გახდი, გიპასუხებ, რომ ღვთის წყალობით მტკიცედ ვდგევარ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, სიკვდილამდე ავიტან ამ ტანჯვას ქრისტეს სიყვარულისათვის, შენი დიდი მეფობისა და მისი უდიდებულესობის კეისარ იმპერატორისათვის, რომელმაც პირველმა მოგვმართა წერილით და სიტყვიერად და ფეხზე დაგვაყენა ქრისტიანთა საქმისათვის“6.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 360; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 222-223.
2. William Reger. The Limits of Empire: European Imperial Formations in Early Modern World History, (London and New York), 2017, 2; ხომასურიძე თ. XVI საუკუნის მედიტერანიზმი: ესპანეთის უნივერსალური მონარქიის და ოსმალეთის იმპერიის ანტაგონიზმი კარლოს V-ის და ფელიპე II-ის ხანაში, 54.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 360-361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 223.
4. ედვარდ ბარტონის ელჩობა კონსტანტინოპოლში (1593-1598 წწ.) ემთხვევა ზემოხსენებული „ხანგრძლივი თურქული ომის“ პერიოდს. ის მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა სულტან მეჰმედ III-სთან და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ოსმალეთის მმართველ წრეებში. ესპანელ ჰაბსბურგებსა და სეფიანებს შორის კომუნიკაციის საფუძველზე ინგლისის დიპლომატიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კოალიციაში აუცილებელი იქნებოდა ქართველების ჩართვა. 1595 წელს ინგლისში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ბარტონი იუწყებოდა, რომ „სპარსელები და ქართველები ერთად იყვნენ ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ“ (თ. ქარჩავა, თ. წითლანაძე. ლევანტური კომპანიის შექმნა და ტიუდორთა დიპლომატიის შედეგები XVI საუკუნის ოსმალთა იმპერიაში, 408). ბარტონის ინფორმაციით ოსმალებისათვის ორი ფრონტის შექმნა - როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან აქტუალურად განიხილებოდა. ის წერს: „...თურქებმა შეიტყვეს, რომ იმპერატორმა გაგზავნა ელჩი სპარსეთში, რათა ერჩია მისთვის ომში ჩაბმა თურქების წინააღმდეგ. ელჩი იკვეხნიდა თურქებზე მოპოვებულ გამარჯვებებს და ახსენებდა სპარსელებს თავიანთ ბოლო ომებში განცდილ ზარალს, რასაც მოჰყვა სხვადასხვა დიდი და მდიდარი პროვინციებისა და სამეფოების დაკარგვა სპარსელთა მიერ. ახლა ამის გამოსწორება ადვილი იქნებოდა და ოსმალები დიდ ზარალს მიიღებდნენ, თუკი სპარსელები ლიგას შეკრავდნენ იმპერატორთან და ერთობლივად შეიჭრებოდნენ თურქების მიწებზე. ელჩის მოსმენის შემდეგ სპარსელებმა (როგორც ოსმალები გვამცნობენ) ის სიკვდილით დასაჯეს და ინფორმაცია თურქებს გადასცეს... თუმცა, როგორც ვენეციელები გვამცნობენ, იმპერატორის ელჩი კარგად იქნა მიღებული და აღუთქვეს კიდეც, რომ სპარსელთაგან გაიგზავნებოდა ელჩი, რათა მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება იმპერატორთან იმ პირობით, რომ ამ ზაფხულს იმპერატორი გამარჯვებას მოიპოვებდა. სხვა შემთხვევაში სპარსელები არ აპირებდნენ თურქებთან კავშირის დარღვევას“ (List and Analysis of State, Foreig series of Elizabeth I, ed. R. B. Werhem. Preserved in: The Public Record Office, vol. VI (Report -350), London, 1980).
5. ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი. ქართველი მეფეების წერილები: სიმონ I-ის წერილი ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან–ფილიპე IV- ს, 202.
6. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 224.
როგორც ვხედავთ, სიმონ მეფე ძალზე ოსტატურად მიანიშნებს ფელიპე II-ს, რომ იმპერატორმა რუდოლფ II-მ მას ანტიოსმალური კავშირის წინადადებით მიმართა. ამან ქართლის მეფე საერთო ქრისტიანული საქმისათვის ფეხზე დააყენა და ახლა მას უნდა უზრუნველეყო რომის საღვთო იმპერიის იმპერატორთან და ანტიოსმალური ლიგის ყველა ქრისტიან სუვერენთან კავშირის შეკვრა, რათა „ეს უცხო თესლი და ქრისტიანული სარწმუნოების მტერი, თურქი ერი... აღმოფხვრილ იქნეს“1. ამ ციტატაში დაუფარავად იკითხება იმდროინდელ ევროპელთა გულსა და გონებაში ოსმალებისადმი არსებული დამოკიდებულება, კერძოდ, საერთო მტრისადმი სიძულვილი. აშკარაა, ამ შემთხვევაში რელიგიური ფაქტორი გამოყენებული იყო საერთო მტერზე გამარჯვების მისაღწევად და ლაკონიურად შეახსენებდა ესპანეთის მეფეს, თუ რა მტკივნეულად აქვს გაცნობიერებული ეს საფრთხე საქართველოს მეფეს, რომ საერთო ძალების გარეშე ქრისტიანებს არა აქვთ საკმარისი სამხედრო ძალა ოსმალების დასაძლევად. ამდენად წინადადებაში, „...ქრისტეს ყველა მორწმუნეს მიმართ ეს უცხო თესლი და ქრისტიანული სარწმუნოების მტერი, თურქი ერი, უნდა აღმოფხვრილ იქნეს“, იკითხება მხოლოდ ის, რომ მუსლიმური ოსმალეთი არის ქრისტიანობის მტერი, ე. ი., ხაზი ესმება არა რელიგიურ მტრობას, არამედ მუსლიმ ოსმალთა პოლიტიკას და მათი სამხედრო წარმატებების შეჩერებას.
ამ აზრს, წერილის მომდევნო ნაწილში, სახელმძღვანელო პრინციპად უდევს აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ მაგალითი, რომელიც კარგად ეწერება ერთიანობის ინტერესებში. „მე სიმონ ხანმა, - წერს ქართლის მეფე ფელიპე II-ს, - ქართველთა მეფემ, ალექსანდრე ხანმა... და შაჰ აბასმა... ჩვენ სამმა ვითათბირეთ, ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ ამიერიდან ჩვენს ძალებს წინ წავწევთ და თურქს თავს მოვჭრით, წმ. იერუსალიმს და ქრისტიანებს თურქის ხელიდან გავათავისუფლებთ.“2 ამ ციტატადან ისე ჩანს, რომ სიმონის წინადადებას აქვს რელიგიური ქვეტექსტი, რომელიც სრულად ეხმიანება ესპანეთის სამეფო კარის იმდროინდელ განწყობას. კერძოდ, „აგარიანთა იმპერიის დანგრევა და წმინდა ადგილების აღდგენა“, ანდა „მუჰამედის სექტისა და თურქთა იმპერიის დანგრევას“3, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც მთელი მუსლიმი ხალხის, სრულიად მუსლიმური რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებად. აქ სიმონ მეფე უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ მუსლიმური სახელმწიფო ოსმალეთი არის ყველა ქრისტიანის მტერი. ამ განწყობაში, მიუხედავად ლეპანტოსთან (1571 წ.) ოსმალეთის იმპერიის სამხედრო- საზღვაო ძალების დიდი წარუმატებლობისა, კარგად იკითხება ის სერიოზული საფრთხე, რასაც იგი წარმოადგენდა კონტინენტალური და აღმოსავლეთის ქრისტიანობისათვის.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 224.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 360-361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 223.
3. Alexandra Merle. Le Miroir Ottoman, (Paris, 2003), 52.
სიმონ მეფე გამორიცხავს ოსმალებთან პრობლემის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ამიტომ მოუწოდებს ფელიპე II-ს, გავლენა მოახდინოს რუდოლფ II-ზე, რათა მან ზავი არ დადოს „თურქეთთან, რომ ამან არ შეძლოს, შეავიწროვოს ჩვენი ერი და ყოველი ქრისტიანი“1. ამ ფაქტით ქართლის მეფე ცხადყოფდა, რომ ოსმალებთან დაზავებას შეეძლო ზიანი მიეყენებინა ქართველებისათვის და საერთოდ მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. ამიტომ ის მოუწოდებდა ესპანეთის მონარქს, რომ რეალურად შეეფასებინათ ქრისტიანთა საერთო მოწინააღმდეგე და მისგან მოსალოდნელი საფრთხე. საკუთრივ ამ საერთო ქრისტიანულ საქმეში ქართველთა მოვალეობასა და ვალდებულებაზე წერდა: „მე და ჩემი თავადები ქრისტეს სარწმუნოებისათვის ტანჯვასა და სიკვდილზე თავს ვდებთ, რათა ჩვენს დროში ვიხილოთ წმ. იერუსალიმი და ქრისტეს წმინდა საფლავი ქრისტიან სამეფოთა ხელში“2. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმონ I ესპანეთის მეფეს ოსმალებისაგან დანგრეული ქრისტიანული სამყაროს აღდგენისაკენ მოუწოდებდა და ამ ომს ჯვაროსნული ბრძოლის ტონს ანიჭებდა. ეს დიპლომატიურ ხერხთან ერთად, სიმონ მეფის რელიგიურ სულისკვეთებასაც გამოხატავდა. ამაში ხედავდა ის ქრისტიანი მესვეურების ერთიანობის საფუძველს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიმონ მეფე ევროპაში „XVI საუკუნემდე შენარჩუნებული შუა საუკუნეების ჯვაროსნული სულისკვეთებით“3 მოქმედებდა, რომელიც „ამ საუკუნის მეორე მეოთხედიდან სრულიადაც არ წარმოადგენდა წარსულის გადმონაშთს“4. ეს მისწრაფება შინაგანად, ურწმუნოთა წინააღმდეგ ომი, არ უკავშირდებოდა აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ ერთ-ერთ წევრს მუსლიმურ ირანს. იგი არ ექვემდებარებოდა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანს, რადგან დასავლეთთან მოკავშირე ირანი სიმონ მეფის პოლიტიკური ირანოფილობის ჩარჩოში საერთო ქრისტიანული ინტერესებისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი ალამუთის ტყვეობით განცდილი ტკივილი.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 224.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 224.
3. José Manuel Floristán Imízcoz. Bizancio Después de Bizancio”: La Herencia Imperial de Constintinopla y la Politica Exterior de los Austrias Españoles (1517-1621), 868.
4. იქვე, 869.
საგულისხმოა, სიმონ მეფე უშვებდა ვარაუდს, რომ შაჰ აბას I-ს შეიძლება ქრისტიანთა საქმისათვის თავი აერიდებინა. „აგრეთვე, სპარსეთის შაჰს ურჩიე, რომ ერთმანეთს შორის შეთანხმებულად ვიყოთ და ქრისტიანთა კეთილი საქმეებისათვის ვიზრუნოთ“1, – წერდა სიმონი ფელიპე II-ს. ქართლის მეფე, როგორც ჩანს, არ იზიარებდა შაჰ აბასის „ლოდინის პოლიტიკას“ ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის თაობაზე 1590 წლის ზავის შემდეგ. სიმონ მეფის წინადადებაში, „სპარსეთის შაჰს ურჩიე, რომ ერთმანეთს შორის შეთანხმებულად ვიყოთ“, აშკარად ჩანს, რომ ის ესპანეთის მეფეს შუამდგომლობას სთხოვდა ოსმალეთის წინააღმდეგ ირანის შაჰთან შეთანხმებული მოქმედების შესახებ. სამწუხაროდ, ასეთი რამ ვერ მოხერხდა.
ჩვენი ღრმა რწმენით, სიმონის წერილი ქართული ევროპული საგარეო პოლიტიკის ისტორიაში დიპლომატიური მიმოწერის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით ის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ქართლის მეფე უბრალოდ მთხოვნელის როლში კი არ გამოდიოდა დასავლეთის წინაშე, არამედ ოსტატურად მიუთითებდა იმ ხელსაყრელ მომენტზე, რომელსაც შეეძლო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოსმალებისგან გათავისუფლება. წერილში ეს საკითხი დასმულია ზუსტი არგუმენტების მოშველიებით, რეალური საფუძვლების ჩვენებითა და პრაქტიციზმით გაჯერებული გეგმით. სიმონი, როგორც რეალური ანტიოსმალური ძალა აღმოსავლეთში, ესპანეთის მეფისა და გერმანიის იმპერატორისაგან ითხოვდა ორმხრივი სამხედრო კავშირის საფუძველზე, ანტიოსმალური ბრძოლის წარმოებას და პოლიტიკური „ირანოფილობის“ ჩარჩოებში დამოუკიდებელ, პოლიტიკურ კურსს ატარებდა. ამგვარი პოლიტიკის დადებითი შედეგები ესახებოდა მას ოსმალთაგან საქართველოს ინკორპორაციის თავიდან აცილების გზად, რაც იმდრიონდელი საერთაშორისო ურთიერთობების სწორ გააზრებას ემყარებოდა2.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 361; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 224.
2. მ. პაპაშვილი. სიმონ I-ის წერილი ფილიპე II-სადმი – დიპლომატიური მიმოწერის ნიმუში, 39-40.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ როდის დაასრულა სიმონ მეფის დეს- პანმა ტერ იაკობმა თავისი დიპლომატიური მისია დასავლეთში, კერძოდ რომში, ან როდის დაბრუნდა საქართველოში. თუ ამოვალთ იქიდან, რომ რომის პაპის კლემენტ VIII-ის წერილი სიმონ მეფისა და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი II-სადმი დათარიღებულია 1598 წლის 1 აპრილით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამის შემდეგ გამოემგზავრებოდა ის საქართველოში.
ერთი სიტყვით, უდავოა, რომ საქართველოსა და დასავლეთს, კერძოდ, ვატიკანსა და ქართლის სამეფოს, შორის დამყარდა დიპლომატიური კავშირი. ამაზე მიუთითებს ალექსანდრეს, ტერ იაკობისა და სხვა დიპლომატ-მისიონერების მოღვაწეობა ევროპის მრავალ ქვეყანაში. წმინდა ტახტთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ არა მარტო ქართველ მეფეებსა და უფლისწულებს, არამედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებსაც. თვით პაპი კლიმენტ VIII საპასუხო წერილში, რომელიც 1598 წლის 1 აპრილსაა დაწერილი, სიმონ მეფეს სწერდა: „როგორც კათოლიკური ხელმწიფე, უძღვნი ჩვენს თავმდაბლობას შენს პატივს და მორჩილებას ღმერთის პატივისათვის და ნეტარი პეტრეს დიდებისათვის, როგორც ყველა კათოლიკე მეფე და ხელმწიფე. იმავე დროს, როგორც ყველა კათოლიკე მეფე და ხელმწიფე წინ დგას, ისე წინ დგახარ ღვთისმოსავი პატივისცემით ყველა მორჩილთა და რწმენის მასწავლებლისა და დედის – წმინდა რომის ეკლესიის მიმართ, მასში ინახება თვითონ ქრისტეს მიერ ნაანდერძები რწმენის საგანძური, თავის პირველქმნილი სახით, მასში მოთავსებულია რწმენის ქვაკუთხედი და მარად ნეტარი პეტრეს კათედრა, რომლის შესახებ უფალი ქრისტე ამბობდა: „დაე, ნუ გაღატაკდება მისი რწმენა“1. პაპი სიმონ მეფეს მის მიერ გადატანილი ბრძოლების გამო დიდ თანაგრძნობას უცხადებდა და აუწყებდა, „არ შევწყვეტთ თხოვნას..., რათა შევაგულიანოთ ქრისტიანი მეფეები და ხელმწიფეები… გამოვიდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ თავად, რამდენადაც საშუალებას მოგვცემს საკუთარი ძალა, თუმცა ჩვენ ჩვენს შესაძლებლობაზე მეტსაც ვცდილობთ, უკუვაქციოთ თურქების შემოტევა და რისხვა, ვაგზავნით რა უკანასკნელ წლებში უნგრეთში დახმარებას და ჯარს“2.
1. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 228-229.
2. იქვე, 229-230.
აქედან გამომდინარე, ქართლის მეფეს არ უნდა დაეხია უკან და მხნედ ებრძოლა ოსმალების წინააღმდეგ1. როგორც მოტანილი ამონარიდიდან ვხედავთ, პაპი კლიმენტ VIII სიმონ მეფისადმი მიმართვაში საერთოდ არ ახსენებს კონფესიურ განსხვავებებს და რომ არ იცოდე ეს, ძნელია მიხვდე, რომ სიმონი კათოლიკე მეფე არაა. მართალია, ამას პოლიტიკური კონტექსტი გააჩნდა, მაგრამ ვფიქრობთ, პაპი ოსმალების წინააღმდეგ სიმონ მეფის ათწლიან ბრძოლას საერთო ქრისტიანული იდეალის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა, ხოლო თვით მას კათოლიკური ევროპის შვილად აღიარებდა. სიტყვა რომ არ გავაგრძელოთ, დიპლომატია რელიგიური ნიშნით მოქმედებდა და წმინდა ტახტს ამ დროს იმაზე მეტის გაკეთება არ შეეძლო, რაც ფაქტობრივად სიმონ მეფის დესპანის მიმართ გამოიჩინა. რომის პონტიფექსი კათოლიკოს-პატრიარქს ვრცელ წერილში, რომელიც დაწერილია 1598 წლის 1 აპრილს, დიდი თავმდაბლობით აუწყებდა, რომ მეთაურობდა რა მსოფლიო ეკლესიას, ცდილობდა ერთად შეეკრიბა ყველა მართლმორწმუნე და კათოლიკე, განსაკუთრებით ღირსი პატრიარქები და ეპისკოპოსები, რათა ისინი მისი მზრუნველობის ქვეშ რომის ეკლესიის გარშემო დაერაზმა. პაპი ქართველ პატრიარქს კათოლიკური სარწმუნოებისადმი ერთგულების გამო ენით უთქმელ მადლობასა და სიყვარულს უთვლიდა. რომის მღვდელმთავარი საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას აღმოსავლეთში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მან მუსლიმურ გარემოცვაში შეძლო ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნება. ამიტომ საქართველოს პატრიარქს პაპი მოუწოდებდა, როგორც აქამდე, ამის შემდეგაც ურყევად შეესრულებინა თავისი მწყემსებრივი სამსახური. ამ გზაზე კლიმენტ VIII მას აღუთქვამდა ყოველმხრივ მხარდაჭერას „სარწმუნოების შენარჩუნებისათვის“. ქართული და რომაული ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში სახარება იქადაგა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა2, ხოლო რომის ეკლესიის ფუძემდებელია პეტრე მოციქული3. მართალია, წერილში არაა ნათქვამი, რომ ანდრია და პეტრე მოციქულები სულიერი და ხორციელი ძმები იყვნენ, მაგრამ სასულერო იერარქებისათვის ეს ისედაც ნათელი იყო და ამაზე მინიშნების საჭიროება არ არსებობდა. უბრალოდ ამით ნათქვამი იყო, რომ რომისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიები მოძმე ეკლესიები არიან, რადგან ანდრია და პეტრე ძმები იყვნენ. ჩვენს დროში კი ამ ფაქტს ახალი ძალა ენიჭება.
1. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), 230.
2. Г. Жордания, З. Гамезардашвили.Римско-католическая миссия и Грузия, ч.I, 286-287.
3. იქვე, გვ. 286.
დაბოლოს, მადრიდის სამეფო კარს სიმონ მეფის წერილი უპასუხოდ არ დაუტოვებია. მოჰქონდა თუ არა ტერ იაკობს ესპანეთის მეფის, ფელიპე II-ის წერილი სიმონ მეფესთან, რომელიც დათარიღებული იყო ესკორიალში 1598 წლის 25 ივლისით? ამ კითხვაზე ჩვენ ზუსტი პასუხი არ გაგვაჩნია, ცხადია, სათანადო წყაროების არარსებობის გამო. მოვლენების განვითარების შემდგომი ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუ წერილი არა, ესპანეთის მეფის დამოკიდებულება უდავოდ ცნობილი უნდა ყოფილიყო სიმონ მეფისათვის. საკუთრივ ფელიპე II ძალზე ლაკონიურად პასუხობდა სიმონ მეფის მიერ 1596 წლის 14 აგვისტოს მიწერილ წერილში დასმულ საკითხებს. ესპანეთის მონარქი „საქართველოს სახელგანთქმულ მეფეს“ სალამს უძღვნიდა და მოხარული იყო, რომ „კათოლიკური სარწმუნოების დაცვის საკითხში სიმტკიცესა და შეურყევლობას“ იჩენდა. ამის შემდეგ სულ ერთი წინადადებით სიმონს შეახსენებდა, რომ ანტიოსმალური ალიანსის საკითხთან დაკავშირებით მისი სურვილი შეასრულა და ირანის შაჰი არაერთხელ შეაგულიანა და „თუ კიდევ გახდება საჭირო, კიდევ ერთხელ ვიკისრებ ამ მოვალეობას“1-ო. ესპანეთის მეფე პირობას დებდა: „რაც ჩემგან არის საჭირო, ყველაფერს ვიღონებ, დაწყებულ საქმეს არ ვუღალატებ, არავითარ მოვალეობაზე უკან არ დავიხევ რომის პაპთან და უბრწყინვალეს იმპერატორთან, ჩემს უძვირფასეს დისწულთან ერთად ამ საქმის სასარგებლოდ“2. ეს ენთუზიაზმით სავსე პასუხი განმტკიცებული იყო იმ არგუმენტით, რომ მეფემ ანტიოსმალური ლიგის წევრების მიერ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის განხორციელება „ყოველ მხრიდან თავმოყრილ ლეგატებს“ მიანდო3. როგორც ვხედავთ, წერილი ლაკონიურია და ორიენტირებულია მხოლოდ ძირითად სათქმელზე. მასში იგრძნობა, რომ სიმონ მეფის წერილმა მისცა საფუძველი ალიანსის გამოცოცხლებას. ამის შესახებ წერილის ბერძნულ ვერსიაში ვკითხულობთ: „რაც შეეხება შენს თხოვნას...მინდა ვუსურვო ღმერთის ნება-სურვილი რწმენის დაცვისათვის გაერთიანებულ მონარქებს, რათა ისინი ყველა თავიანთი ძალით ესწრაფოდნენ მათ მიერ დასახულ მიზნებისაკენ“4.
1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 370.
2. იქვე.
3. იქვე.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 371.
ჩვენი აზრით, ანტიოსმალური კოალიციის მნიშვნელოვანმა წევრმა1, ქართლის მეფე სიმონ I-მა, ძალზე იჩქარა, როცა 1598 წლის ზაფხულში ომი განაახლა ოსმალების წინააღმდეგ. რამდენადაც ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა უკვე რომიდან დაბრუნებული ტერ იაკობი, რომელსაც მეფის ზუსტი ინფორმირება შეეძლო დასავლეთის ანტიოსმალური ლიგის საომარი მზადყოფნისა და ფრონტის გახსნის შესახებ, ვერ ვიტყვით, რომ სიმონი მოქმედებდა ევროპულ ძალებთან შეთანხმებით. ასევე ვერ ვირწმუნებთ ლ. ტარდის მიერ მოხმობილი წყაროს ინფორმაციას, რომ სიმონ მეფემ შაჰ აბასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ2. ეს ასე შეეძლოთ აღექვათ ევროპაში და გაზეთ „ფუგერის“ ფურცლებზეც ამ განწყობით გამოქვეყნდა, თუმცა რეალობა სხვა იყო. სიმონ მეფის მიერ ოსმალების წინააღმდეგ 1598 წლის ზაფხულისათვის განახლებულ ბრძოლაში3 არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ აღმოსავლეთის „სამთა კავშირის“ წევრებს, შაჰსა და კახეთის მეფეს. ვიმეორებთ, ოსმალების წინააღმდეგ სიმონ მეფის მიერ ბრძოლის განახლება დასავლეთში შეეძლოთ მიეღოთ, როგორც აღმოსავლეთის ანტიოსმალური ალიანსის მოქმედება დასავლეთის ლიგის ამოცანებში. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, 1599 წელს სიმონ I ოსმალებთან ბრძოლაში დამარცხდა, თვით მეფე ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ იედიყულეს ციხეში დაასრულა სიცოცხლე. ასე რომ, „სიმონ მეფე დაღუპა მოუთმენლობამ, უფრო კი ინფორმაციის ნაკლებობამ.“4
ოსმალებისათვის ეს დიდი გამარჯვება იყო, რადგან მათ ხელში აღმოჩნდა ოცი წლის განმავლობაში სულტნის წინააღმდეგ ქედუხრელი მებრძოლი. საგულისხმოა, რომ დასავლეთის პრესაში ოსმალების განადგურების საქმეში სიმონ I-ის დამსახურებას ადარებდნენ იანოშ ჰუნიადის, სკანდერბეგისა და დონ ხუან ავსტრიელის დამსახურებას.
ამრიგად, მიუხედავად ანტიოსმალური კოალიციის წარუმატებლობისა, XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში საქართველოსა და დასავლურ სამყაროს, უწინარეს ყოვლისა, წმინდა ტახტს შორის დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირები აღდგა. ამაზე მიუთითებს ალექსანდრეს, ტერ იაკობისა და სხვა დიპლომატების მისიები ევროპის მრავალ ქვეყანაში. სიმონ I-ს ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპებთან (გრიგოლ XIII, სიქსტუს V, კლიმენტ VIII) და ევროპის მო- ნარქებთან (ფელიპე II, რუდოლფ II, სტეფანე ბატორი, სიგიზმუნდ ბატორი, მაქსიმილიან III). ყველა წერილში ის პაპის წინაშე პირობას დებდა, რომ იბრძოლებდა ოსმალების წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რათა დაეცვა ქრისტიანული საქართველო და საერთოდ, ქრისტიანები მტრისაგან. მან ეს პირობა ბოლომდე პირნათლად შეასრულა. მიუხედავად აღნიშნული კოალიციის ჩაშლისა, წმინდა ტახტისა და დასავლეთის ანტიოსმალური ძალების მორალური მხარდაჭერა იმედის ნაპერწკალს უნერგავდა მუსლიმებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ პოლიტიკოსებს. ჩანს, ეს მორალური მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მომდევნო საუკუნეებშიაც ქართველ მესვეურებს ოდნავადაც არ განელებიათ აღნიშნული მიზნებითა და ამოცანებით დასავლეთთან ურთიერთობის სურვილი.
1. Лаиош Тарди. Грузия в общественном мнении средней Европы и грузино-венгерские связи в XVI веке, 16.
2. Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie „Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie“, vol. XXXI, 200; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I,(XV-XVI სს.), 321.
3. ქართლის ცხოვრება, IV.,418.
4. Фернандес Луис Хил. Дипломатические контакты между Грузией и Испанией в XV-XVII вв., 147.
წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98
Комментариев нет:
Отправить комментарий