суббота, 4 ноября 2023 г.

საფრანგეთის სამეფო კარის დიპლომატია და საქართველო XVI საუკუნის ბოლო მეოთხედში

    XVI საუკუნეში ევროპის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ოსმალეთის იმპერია რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ევროპელი მმართველები ძლიერი ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ნაცვლად ცალ-ცალკე, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცდილობდნენ ოსმალებთან დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირების დამყარებას. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს XVI საუკუნის 20-30-იან წლებში საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მოლაპარაკებები სულტან სულეიმან ბრწყინვალესთან და მათ შორის 1536 წლის 18 თებერვალს კონსტანტინოპოლში „მშვიდობის, მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ“ დადებული ხელშეკრულება1.
    ცნობილია, რომ XVI საუკუნეების ევროპის ქვეყნების აღმოსავლურ პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი ირან-ოსმალეთს შორის არსებულ წინააღმდეგობებს ეკავა. ევროპული დიპლომატია ფხიზლად ადევნებდა თვალს იმ პროცესებს, რომელიც ჯერ კიდევ XV საუკუნის შუახანებიდან განვითარდა ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონში. მიმდინარე პროცესების მიმართ დაინტერესებას ნათლად ასახავს აღმოსავლეთში და, კერძოდ, კონსტანტინოპოლში აკრედიტებული ევროპელი დიპლომატების რელაციები და ანალიტიკური სახის მოხსენებები თავიანთი ქვეყნების მმართველი წრეებისადმი. ამ მხრივ, ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, საინტერესოა  XVI საუკუნის II ნახევარში კონსტანტინოპოლის საფრანგეთის მისიაში მოღვაწე ფრანგი დიპლომატების – ჟუიესა და დე ჟერმინის – წერილები აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებსაც ისინი პერიოდული ანგარიშის სახით უგზავნიდნენ საფრანგეთის მეფე ანრი III-ს (1574-1589)2.

1. Lamar Jensen. The Ottoman Turkis in Sixteenth Century French Diplomacy. Sixteenth Century Journal, vol 16, Issue 4 (Winter, 1985), 455.
2. ჟუიესა და დე ჟერმინის წერილები მოთავსებულია ფრანგი ისტორიკოსის ე. შარიეს წყაროების  კრებულის  ოთხტომეულში.  ჩვენი  კვლევისათვის  საინტერესო  წერილები მოცემულია მესამე ტომში (Ernest Charrière. Négotiations de la France dans le Levant, ou cor- respondances, memoires et actes diplomatiques des ambassadeurs de France á Constantinople et des ambassadeurs... a Venise, Raguse, Rome ets., v. III, MDCCCL). ეს წყაროები ასე თუ ისე ჩართული იყო კვლევებში (ვ. ჩოჩიევი, ე. მამისთვალიშვილი, მ. სვანიძე და სხვა), მაგრამ ისინი სრულად არ ყოფილა გამოყენებული.
 
    მათ წერილებში ასევე ასახულია XVI საუკუნის მეორე ნახევრის ოსმალეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ოსმალთა დიპლომატიური წრეები, თავის მხრივ, აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ, რათა ევროპის ქვეყნებს საერთო სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინა არ შეემუშავებინათ ოსმალთა აღმოსავლური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ჟუიესა და დე ჟერმინის რელაციებში, ასევე, ანალიტიკური სახით წარმოდგენილია კონსტანტინოპოლში მყოფი სხვა ევროპული მისიების დიპლომატიური საქმიანობის ამსახველი ამბები, რაც საფრანგეთის სამეფო კარს აღმოსავლური საგარეო კურსის შემუშავებაში ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატების ეს წერილები მარტო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მშრალი ქრონიკა როდია. ფრანგი დიპლომატები თავიანთ წერილებში საკუთარ პოზიციასაც წარმოგვიდგენენ, რადგან სამეფო კარს გამოცდილი და ადგილზე მყოფი წარმომად- გენლების ანალიზი სჭირდებოდა აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესასწავლად. ამ წერილებში, მართალია, ფრაგმენტული ცნობებია დაცული საქართველოს შესახებ, მაგრამ მათი ინფორმაციები საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ რა ადგილი ეჭირა საფრანგეთის აღმოსავლურ პოლიტიკაში საქართველოს საკითხს.
    საფრანგეთის სამეფო კარი ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობებს, რომელიც მთელი XVI საუკუნის  განმავლობაში ხანგამოშვებით, მოკლე შესვენებებით, ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე. ეს ყურადღება კი იმით იყო გამოწვეული, რომ საფრანგეთს არ სურდა, ასეთი მძლავრი მოკავშირის ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთის საკითხებზე გადართულიყო, რადგან ეს ხელ-ფეხს უხსნიდა მის მთავარ მოწინააღმდეგეებს, ჰაბსბურგებს, ვენეციას, უნგრეთს, რათა საფრანგეთის მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 1555 წლის ამასიის ზავის დადების პერიოდში, როცა საფრანგეთის სამეფო კარი მიესალმა მშვიდობის დამყარებას. კონსტანტინოპოლში მყოფმა საფრანგეთის ელჩმა კოდინიაკმა დიდი სამუშაო გასწია ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში. სამაგიეროდ, უნგრეთის მეფის ელჩობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ზავისათვის ხელი შეეშალა1.
    ფრანგულენოვანი წყაროები, ამ პერიოდის სხვა, ანალოგიურ ესპანურ და იტალიურენოვან წყაროებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასპექტები საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში. ასე რომ, საფრანგე- თისთვის საქართველოთი დაინტერესების რეალური მოტივები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ მეფე ანრი III-ის მრჩეველმა და პარიზის პარლამენტის პრე- ზიდენტმა ჟაკ ოგიუსტ დე ტუმ (1553-1617) თავის კლასიკურ ნაშრომში „თავისი დროის ისტორია“ (Historiae sui temporis, t. I-IV, Parisis, 1604- 1609) „საკმაოდ დაწვრილებით აღწერა თურქების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლა 1578-1588 წლებში“2.
    საფრანგეთის სამეფო კარი ჯერ კიდევ ამასიის ზავის შემდეგ და- ინტერესებული იყო საქართველოში შექმნილი ვითარებით. მეფე ანრი II-ის (1547-1559) ელჩი დ’არმონი ხელმწიფეს რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციებს აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. დ’არმონი მეფის დავალებით სულეიმან I-ის ბანაკშიც კი იმყო- ფებოდა, რათა მისი კორესპონდენციები რეალური ამბების ამსახვე- ლი ყოფილიყო3. განსაკუთრებული ადგილი ასეთ მოხსენებებში სამ- ცხეს ეჭირა, რადგან ამ სამთავროს კონტროლი მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ფორპოსტს ქმნიდა ლაზეთის, დასავლეთ საქართველოს, სომხეთის, ქართლ-კახეთისა და შირვანის მიმართულებით4.

1. ამასიაში ზავის დადების დროს ჩასული იყო იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ელჩი, რომელიც, თავის მხრივ, ითხოვდა, რომ სულტანს ეშუამდგომლა შაჰის წინაშე, რათა სეფიანებს დაებრუნებინათ ქართლის ციხეები: სურამი, ახალდაბა, ალი, ქორთუმი, მაგრამ ეს მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სულეიმანმა მიიღო ბაგრატის ელჩი, სულტანმა არ ისურვა ამ პირობებში კვლავ გაემწვავებინა ურთიერთობა და მხო- ლოდ თავისი რეკომენდაციის სახით გადასცა ქართველი მეფის მოთხოვნა სეფიანთა მხარეს, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შაჰმა არ დააკმაყოფილა (საერთა- შორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 145-149).
2. მ. პაპაშვილი. ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ოგიუსტ დე ტუ სიმონ I-ის თურქების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 44-51.
3. სწორედ მას აქვს ერთ-ერთი პირველი ცნობა ერზერუმის ახლოს, 1548 წელს, სულტანთან ქართველი დიდებულების დელეგაციის მისვლის შესახებ, რომლებიც თვით დ’არმონსაც შეხვედრიან, ანრი II-სადმი პატივისცემა გამოუხატავთ და მცირე საჩუქრებიც გაუცვლიათ. ეს ქართველი დიდებულები, სავარაუდოდ, სამცხის მთავრის ელჩები უნდა ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, 1569-70 წლებში, საფრანგეთის ელჩობა კვლავ საინტერესო მოხსენებებს აწვდიდა მეფეს ოსმალთა ინტერესის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის, ასტრახანის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა ვოლგა-დონის სამდინარო მაგისტრალის მშენებლობას და ამ გზით ასტრახანის სავაჭრო გზის ხელში ჩაგდებას. ეს კი უნდა მომხდარიყო აღმოსავლეთ კავკასიის, კერძოდ, ქართლ-კახეთისა და შირვანის დაპყრობის შედეგად (Ernest Charriére. Négotiations de la France dans le Levant, t. III, 57; 80; 82; 89; Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato, 330-339; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში  ოსმალეთ-ირანის  ომების  დროს  და  საქართველო  (XVI  საუკუნე),  122- 123, 158-159).
 4. ჯერ კიდევ 1536 წლიდან, როცა ოსმალებმა დაიწყეს ტაო-კლარჯეთის მხარეების ანექსია, მათ აქ სამცხე-საათაბაგოს მიწებზე შექმნეს ართვინის, ოლთისის, კისკიმისა და ნარმანის სანჯაყები. ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური წესების შემოღების პირველი ცდები, რომელიც საბოლოოდ ამ მხარეების გაოსმალება-ინკორპორაციას ისახავდა მიზნად. სამცხის საკითხს ირან-ოსმალეთის დაპირისპირებაში რომ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს რეგიონის ამ ორი დიდი მოთამაშის, სელიმ I-ისა და შაჰ ისმაილის პირველ დიდ კონფლიქტშიც ჩანს. სამცხის სამთავროში სწორედ ამ დროიდან ჩამოყალიბდა პროირანული და პროოსმალური პარტიები და სამთავროს უფლისწულები ხელისუფლების მოპოვებას ამ ძალებზე დაყრდნობით ცდილობდნენ.
    ჟუიეს რელაციებშიც ჩანს, რომ სამცხის მმართველები ძველი, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ინარჩუნებდნენ, რადგან მათი ქვეყანა რეგიონის ორ დიდ მოთამაშეს შორის კონფლიქტის სასაზღვრო ზონაში მდებარეობდა. ფრანგი დიპლომატი თავის წერილებში ყურადღებას ამახვილებდა სამცხის უფლისწულების – მანუჩარისა და ყვარყვარეს – დიპლომატიურ საქმიანობაზე, კერძოდ იმაზე, რომ ძმები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სულტან მურად III-ის კართან, რათა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთვის სასურველი პოლიტიკური სარგებელი მიეღოთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჟუიეს წერილებიდანაც ჩანს, რომ 1555 წლის ამასიის ზავის პირობების მიუხედავად, რომლის ძალითაც ოსმალებს დასავლეთ საქართველო ერგოთ, 1578 წლისათვის მათი პოზიცია იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მყარი არ იყო. წერილებში აღნიშნულია, რომ ამ მოვლენების მიმდინარეობისას ოსმალებმა დაიკავეს დასავლეთ საქართველოს საზღვაო პორტები. საზღვაო აკვატორიაში უსაფრთხო მიმოსვლა მათი ექსპანსიური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იყო. ჟუიეს 1578 წ. 20 აგვისტოს წერილში ნახსენებია ყირიმის მხრიდან კაზაკთა რაზმების გამოჩენის ამბავი, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამორიცხული არ იყო სამეგრელოსა და გურიის მთავრებს ეს რაზმები გამოეყენებინათ თავიანთი საზღვაო აკვატორიის დასაცავად და ოსმალთა გემებ- ზე თავდასასხმელად2.

1.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 235.
2. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 752-753. 1579 წლის 3 და 18 ივნისის წერილებიდანაც ჩანს, რომ ყარსის ციხისა და სამეგრელო-გურიის პორტების კონტროლი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენდა. 1578 წლის საომარი მოქმედებების დროს ოსმალები აქტიურად იყენებდნენ ტრაპიზონისა და ბათუმის ნავსადგურებს თავიანთი ძალების ფურაჟითა და საომარი ტექნიკით მოსამარაგებლად. (იხ. დოკუმენტი № 3)

    ირან-ოსმალეთის მეორე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრანგული წყაროები ყურადღებას ამახვილებენ რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე. ძირითად შემთხვევებში, ირან-ოსმალეთის ომისა და კავკასიიდან მოსული ამბები ჩასმულია საერთო მიმოხილვისა და ანალიზის კონტექსტში. ამის საილუსტრაციოდ მოვიტანთ ჟუიეს 1578 წლის 20 ივლისის წერილს. ის წერდა: „სპარსეთის საზღვრები- დან რამდენიმე შიკრიკი ჩამოვიდა. ბოლო დღეებში ხმა გავრცელდა, რომ სპარსელებმა, შეიტყვეს რა, რომ სენიორთან მშვიდობის დამყარებას აპირებდა, მოკლეს თავიანთი ახალი მეფე აგმატი (Agh- mat)1, რომელმაც მანამდე თავისი ძმა, ისმაილი ჩაანაცვლა და ტახ- ტზე მისი ვაჟი დასვეს2. ამბობდნენ იმასაც, რომ ისინი მრავალრიცხოვანი ჯარით ვანისკენ გაემართნენ. აქ მოხდა შეტაკება, რო- მელშიც თურქებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, მრავალი მათგანი დაიღუპა, ზოგი ტყვედ ჩავარდა. ხმების თანახმად, მუსტაფა-ფაშა თავისი ბანაკით სასწრაფოდ ჩამოვიდა ერზერუმში ვანის ფაშას დასახმარებლად, მისი დაჟინებული თხოვნით. ამ ახალი ამბების შემდეგ სასახლეში გადაწყდა, რომ დიდი სულტანი თავად უნდა გაემგზავროს იქ: ამის შესახებ, თქვენო უდიდებულესობავ, შევიტყობთ იმ სამზადისის მიხედვით, რომელიც აქ მომავალში იქნება შემდგომი სიახლეების შესაბამისად. ამბობენ ასევე, რომ თათრები [ყირიმელი თათრები], რომელთაც ბანაკთან შესაერთებლად ქართველების მხარეს წასვლა ჰქონდათ ნაბრძანები, ამ ქართველებმა და რამდენიმე სპარსელმა, რომლებიც მათ გამოვლას ელოდნენ, დაამარცხეს“3.

1. ალბათ, იგულისხმება შაჰ თამაზის ერთგული ვაჟი ჰეიდარ-მირზა.
2. იგულისხმება შაჰი მუჰამად ხუდაბენდე.
3. Ernest Charrière . Négotiations de la France dans le Levant, v. III, 746-749.
 
    ფრანგი დიპლომატის ამ ცნობაში ნათლად ჩანს ოსმალების ის სტრატეგიული გეგმა, რითაც ისინი იმედოვნებდნენ, რომ ყირიმელი თათრების საშუალებით, დარუბანდის გზით ახალ ფრონტს გაუხსნიდნენ ირანელებს შირვანისა და კახეთის მიმართულებით. ოსმალური წყაროებიც მიუთითებენ, რომ როდესაც მუსტაფა ლალა ფაშა ერზრუმთან ჯარებს აგროვებდა, სულტანმა თხოვნით მიმართა თავის ვასალ ყირიმის ხანს, მუჰამედ გირეის, რომ დახმარება გაეწია მისთვის ამ ომში. ამავე დროს დაღესტნის, შამხლის, ავარიის მმართველებს გადასცეს ბრძანება, რომ შეეტიათ კასპიის ზღვის მხრიდან შირვანში მყოფი ყიზილბაშებისათვის1. სწორედ ამ ამბებზე მიუთითებს ჟუიე აღნიშნულ წერილში, როცა საუბრობს თათრების გამოჩენასა და ქართველებისა და ირანელების ერთობლივი ძალებით მათ დამარცხებაზე.
    ფრანგულ დიპლომატიას ყურადღების გარეშე არ დარჩენია სამცხის ათაბაგ ყვარყვარე IV-ისა და მისი ძმის, მანუჩარის, 1579 წლის აპრილში კონსტანტინოპოლში სულტნის კარზე ჩასვლის ამბავი. ამავე წლის ივნისითა (3,15) და ივლისით (4) დათარიღებულ წერილებში მთელი სიცხადით გადმოცემულია როგორც მათი ვიზიტის მიზანი, ასევე მანუჩარის მიერ მუსლიმობის მიღების ამბავი2.
    ოსმალებს რომ სერიოზული მცდელობები ჰქონდათ დასავლეთ საქართველოს საზღვაო აკვატორიის ხელში ჩაგდებისა, მეტყველებს მათი მრავალწლიანი სამხედრო-საზღვაო ექსპედიციებიც ფოთის, ბათუმისა და სოხუმის მიმართულებით. ჯერ კიდევ XVI საუკუნის 60- 70-იან წლებში ბათუმში ფეხმოკიდებულ ოსმალებს საკმაოდ აწუხებდათ აფხაზი და ჩერქეზი მეკობრეების თავდასხმები და ამის გამო ბათუმის ბეგლარბეგებს სულტნის მთავრობა საზღვაო აკვატორიაში აქტიური მოქმედებებისაკენ მოუწოდებდა, რათა არ დაეშვათ სავაჭრო და სამხედრო გემებზე მათი თავდასხმები3. ეს მცდელობები განპირობებული იყო იმითაც, რომ ამ აკვატორიიდან ოსმალებს ტყვეები გაჰყავდათ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ აკვატორიის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ 1578 წელს აქტიური საომარი მოქმედებების პერიოდში მიენიჭა. 1579 წლიდან 1585 წლის ჩათვლით ოსმალებმა თანდათან მოახერხეს ფოთისა და სოხუმის აკვატორიების ხელში ჩაგდება. სოხუმში საბეგლარბეგო დააარსეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ფოთის ციხესი-მაგრის აშენებას და გამაგრებას უთმობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. საბოლოოდ ამ პერიოდში მათ ფოთში საზღვაო საგამგებლო დააარსეს, რომელიც ბათუმის საბეგლარბეგოს დაუქვემდებარეს. ომის პერიოდში, 1579 წლის ზაფხულში, ოსმალებმა ფოთიდან, რიონის გზით, ქუთაისზეც სცადეს თავდასხმა, მაგრამ მარცხი განიცადეს. სწორედ აქ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა ჟუიეს 3 და 18 აგვისტოს წერილებში აღწერილი ამბები4.

1. საომარი მოქმედებების დაწყების წინ მუსტაფა ლალა ფაშამ ქართველ მეფე-მთავრებსაც გაუგზავნა წერილები, სადაც მოუწოდებდა მათ, დახმარება გაეწიათ კავკასიაში შემოსულ ოსმალთა რაზმებისათვის. განსაკუთრებით მოითხოვდა ოსმალთა სარდალი იმერეთის მეფისგან სრულ მორჩილებას, ახსენებდა რა მას წერილით სულტნისადმი პატრონყმულ დამოკიდებულებას. ასევე ამ მიმართვებში ხაზს უსვამდა კახეთის მეფე ალექსანდრე II- სადმი განსაკუთრებულ ნდობას, რადგან სწორედ იგი მიაჩნდათ ოსმალებს თავიანთი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აღმოსავლეთ კავკასიაში (ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია I (XV-XVI სს), 186-188).
2.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 806.
 3. მეკობრეების თავდასხმები არა მარტო ოსმალთა გარნიზონებს, არამედ სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობასაც აწუხებდა. ამიტომ მთავრები ხშირად სანაპირო ზოლის დასაცავად გამაგრებით სამუშაოებს აწარმობდნენ და მცირე ზომის ხომალდებით იცავდნენ თავს მეკობრეთაგან. თუმცა ოსმალურ დოკუმენტებში მეკობრეთა რიცხვში მეგრელებიც არიან მოხსენიებულნი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სავარაუდოდ დადიანი ხელს უწყობდა აფხაზ და ჩერქეზ მეკობრეებს აჭარისა და გურიის მხარის სოფლებსა და ოსმალთა გარნოზონებზე თავდასხმებში (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 267-268).
4  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე),  264-268.

    1579 წლის სექტემბრიდან კონსტანტინოპოლიდან აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ უკვე სხვა ფრანგი დიპლომატი, ჟერმოლის ბარონი დე ჟერმინი აწვდიდა კორესპონდენციებს საფრანგეთის სამეფო კარს. დე ჟერმინი 1579 წელს ოსმალეთის იმპერიაში დაინიშნა ელჩად. სანამ ელჩი გახდებოდა, მანამდე, 20 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთში ბევრ ფრანგულ მისიაში მონაწილეობდა. მისი მთავარი მიზანი საფრანგეთ-ოსმალეთის დიპლომატიური თანამშრომლობის ტრადიციების გაგრძელება იყო. XVI საუკუნის რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ამ ორი ქვეყნის ალიანსი ჰაბსბურგების ძალაუფლების საპირწონე უნდა ყოფილიყო. ამიტომ ფრანგი დიპლომატების მთავარ მიზანს, ოსმალეთ-სეფიანთა ომამდე, სწორედ ოსმალეთის ამ საგარეო ვექტორის შენარჩუნება იყო. დე ჟერმინი საფრანგეთის წარმომადგენელი იყო და თავისი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენა ევალებოდა; ასევე მის დიპლომატიურ მოვალეობებში შედიოდა ვენეციის ბაილოს დახმარება და აგრეთვე იმ თურქი კორსარების დასჯა, რომლებიც ფრანგულ ფლოტს ესხმოდნენ თავს. მთავარი მისია კი ოსმალთა იმპერიის და ესპანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლა იყო. მეფე ანრი III თვლიდა, რომ ვენეციის ბაილოს მხარდაჭერა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვენეცია დაეხმარებოდა საფრანგეთს ესპანეთ-ოსმალეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელის შეშლაში. დე ჟერმინმა დროებით ჩაშალა ოსმალთა მოლაპარაკებები ესპანეთის წარმომადგენელ ხუან დე მარლიანთან, რაშიც მას ლუჩიალი1 და სემისი-ფაშა დაეხმარნენ. სწორედ ადმირალ ლუჩიალის წყალობით მიიღო მან აუდიენცია დიდ ვეზირთან და აუხსნა, თუ რა მოჰყვებოდა ამ მშვიდობას. ანრი III კმაყოფილი იყო ადმირალისა და დე ჟერმინის ახლო ურთიერთობით და იმედი ჰქონდა, რომ მათი მეგობრული ურთიერთობები ესპანეთთან ოსმალეთის საზავო ხელშეკრულების გაუქმებას გამოიწვევდა2.

1. დე ჟერმინმა კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ამ საზღვაო კაპიტანთან და როგორც მის წერილებში ჩანს, მისგან ინფორმაციებს იღებდა ოსმალთა საზღვაო ექსპედიციების შესახებ.
2. ანრი III-ეს როდესაც დასჭირდა გარკვეულ საკითხებში უფრო ღრმა ცოდნა, ის დაუკავშირდა კონსულტაციისათვის  საფრანგეთის  ყოფილ  რეზიდენტ  ჟუიეს,  რომელიც  ვენეციაში იმყოფებოდა.  ჟუიესთან  შემდგომში  კონსულტაციებს  გადიოდა  ეკატერინე  მედიჩიც. ოსმალეთის მისიის დამთავრების შემდეგ ჟუიე ვენეციაში გამგზავრებულა. ის, სავარაუდოდ, ხელმოკლედ ცხოვრობდა, რაზეც მისი კეთილისმყოფლის, ბატონი ფერიეს წერილიც მიგვითითებს: „თქვენო უდიდებულესობავ, ცუდი არ იქნება, თუ გარკვეული საჭიროებების გამო, ჩემი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამოისობით, ჩავრთავთ ამ ამბებში მდივან ჟუიეს... მას ერთი დენიეც კი არ მიუღია... და გვსურს, რამდენიმე ეკიუ ვიშოვოთ ამისათვის“. მისი მფარველი ასევე ხაზს უსვამდა, რომ მან (ჟუიემ) თავის სფეროში დიდი გავლენა და რეპუტაცია მოიპოვა. ამ რეკომენდაციით, სავარაუდოდ, მას, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ანრი III-ის კარზე წარმატებული კარიერა ელოდა (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 824, 827, 889-890); Michalewicz N., Playing the Ottoman Political Game: The Embassy of Jacques de Germigny in Constantinople (1579-1584), George Mason University, Fairfax, VA. https://www.academia.edu/40094286/Playing_the_Ottoman_Political_Game_The_Embassy_of_Jacques_de_Germigny_in_Constantinople_1579_1584_ დე ჟერმინმა ასევე დაწერა ნაშრომი: “Recueil des pieces choisies extradites fur de Mr. de Germigny, de Chalon sur Saône, Baron de Germoles, Conseiller du Roy, son Ambassadeur à la Porte du grand Seigneur“, Lyon, M.DC.LXI (1661 წ.)
 
    ჟუიეს მსგავსად დე ჟერმინი სათანადო ყურადღებას აქცევდა ოსმალეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას. საფრანგეთის მეფისადმი 1579-80 წლებში გაგზავნილი მისი წერილები1 ასახავს ირანელებთან ომში ოსმალების მიერ განცდილ ახალ-ახალ მარცხს. ამაში  დე ჟერმინი  მნიშვნელოვან როლს აკუთვნებდა ქართველებს. ამასთან დაკავშირებით 1580 წლის 9 იანვრის მორიგ წერილში ის საფრანგეთის მეფეს აუწყებდა: „ამ ქართველებმა ისე დაჯაბნეს თურქთა კავალერია, რომ გააძევეს ისინი არზრუმამდე. თურქებმა უამრავი მეომარი და ცხენები დაკარგეს.“2.
    ფრანგი დიპლომატების ამ ცნობებს ადასტურებენ ქართული ნარატიული წყაროებიც, რომლებიც დეტალურად მოგვითხრობენ ამ პერიოდის ამბებს. იმის გამო, რომ ოსმალთა ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მუსტაფა ლალა ფაშას მიერ წარმოებული სამხედრო და დიპლომატიური საქმიანობით, მიიღეს გადაწყვეტილება, შეეცვალათ სარდლობა აღმოსავლეთის ფრონტზე. მუსტაფა ლალა ფაშას ნაცვლად მთავარსარდლად დაინიშნა სინან ფაშა. 1580 წლის 7 იანვარს ლალა ფაშა სტამბულში გამოიძახეს. სინან ფაშა ადრიდანვე მტრობდა ლალა ფაშას და ცდილობდა სახელი გაეტეხა მისთვის დიდი ვეზირისა და სულტნის თვალში. შექმნილი ვითარება მან კარგად გამოიყენა და 7 თებერვალს ოსმალებმა იგი აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი  მოქმედებების მთავარსარდლად დანიშნეს3. 

1.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 814-827; 850-853.
2.  იქვე, 850.
3. პროფ. მ. სვანიძე აღნიშნავს, რომ ლალა ფაშას ჩამოქვეითების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიმონ მეფის გმირული წინააღმდეგობა იყო. თუმცა წყაროებში აღნიშნულია, რომ ლალა ფაშას და შემდგომ მის შემცვლელ სინან ფაშას ჰქონდათ მცდელობები ზავის დადებისა სიმონთან. ასევე, ეს საზავო მოლაპარაკებები სიმონის სურვილიც იყო. ლალა ფაშას და სიმონის ურთიერთობებზე წერს ვახუშტი ბატონიშვილი. მას შემდეგ, რაც დაუდ-ხანმა თბილისი და ქართლის „ყოველნი ციხენი“ ოსმალებს დაუტოვა, ოქტომბერში ჩამოსულ სიმონს, როგორც ჩანს, დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა სურდა ლალა ფაშასთან: „ამავ ქორონიკონს (1578 წ. ა.გ.) მოვიდა სვიმონ მეფე ოკდონბერსა შინა და მოიყვანა არჩილ ძე ბაგრატისა და ტყუენი ყოველნი დატყუევებულნი ქართლისანი და დადგა სომხითს. ეზრახა ლალა ფაშას და ვინაoთგან ავადმყოფობდა მეფე, ვერ იხილა ფაშა. შემდგომად წარვიდა ლალა ფაშა მუხრანიდან სამცხეს, ხოლო სვიმონ დაიპყრა ქართლი, რამეთუ მსურველ იყვნენ ქართველნი. შემდგომად აღიღო ლორე, გორი და ყოველნი ციხენი ქართლისანი, თჳნიერ ტფილისისა მეფემან“. ამის შემდეგ ლალა ფაშა კიდევ ერთხელ ჩანს იმ პერიოდში, როცა მან მანუჩარ ათაბაგი გამოგზავნა „მირმარითა“ ქართლის დასარბევად, მაგრამ მხოლოდ სადგერი დაარბიეს და უკუიქცნენ სიმონის შიშით (ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, 411).
 
    სინან ფაშას მოსვლას სამცხეში „მესხური მატიანე“ 1580 წლის ამბების ქრონიკაში იხსენიებს, თუმცა აღნიშნავს, რომ: „მას უკან მეორე წელიწადს სინან-ფაშა მოვიდა, ტფილის წავიდა და ორნივ თანა გაჰყვეს“1. სინან-ფაშამ დიდი სამუშაოები ჩაატარა წესრიგის აღსადგენად სამცხესა და ქართლ-კახეთში. მან ელჩები გაუგზავნა იმერეთისა და კახეთის მეფეებს და ძველი მორჩილების დადასტურება სთხოვა. მან მოლაპარაკებები გამართა სიმონ მეფესთან, სადაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოსმალების სარდლობა სიმონს თბილისის ბეგლარბეგად დანიშვნას სთავაზობდა, ყოველწლიური ხარკისა და მორჩილების აღიარების სანაცვლოდ. ოსმალო ისტორიკოსი მუნეჯიმ ბაში აღნიშნავს კიდეც, რომ შეთანხმება შედგა, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ჩანს, საზავო ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ომი ისევ გრძელდებოდა2.
        სინან ფაშას შემდეგ, ხელისუფლებამ აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად მეჰმედ ფაშა დანიშნა, რადგან დიდვეზირი არც სინან ფაშას საქმიანობით იყო კმაყოფილი. მან ვერ შეძლო ქართლის ციხეებში ჩაკეტილი ოსმალური გარნიზონების გეგმაზომიერი მომარაგება.  სულტნის  ხელისუფლებას  განსაკუთრებით  ადარდებდა  თბილისში ალყაშემორტყმული გარნიზონის მძიმე ხვედრი. დე ჟერმინი 1580 წლის 1 მაისის წერილში იუწყებოდა აქ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ის წერდა: „სპარსეთის განზრახვა ჩემი ბოლო წერილის მერე სამმა სხვადასხვა შიკრიკმა დაადასტურა. მათ თქვეს, რომ თბილისის ალყა დიდხანს გაგრძელდა. იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ალყის განმავლობაში აღმოჩნდნენ, ქალაქში მყოფნი იძულებულნი იყვნენ, ეჭამათ ძაღლებისა და ცხენების ძვლებისგან დამზადებული ფქვილი. [გვითხრეს ასევე,] რომ შაჰს გადაწყვეტილი აქვს აიღოს ყარსი, მას მხოლოდ ეს ციხესიმაგრე დარჩა ასაღები, ვინაიდან მან უკვე  გაანადგურა და დაამარცხა ან გადმოიბირა დიდი ნაწილი იმ ძალებისა, რომლებიც მუსტაფა-ფაშამ დატოვა თავისი გამგზავრების შემდეგ; მოკლა ოცდაათი ათასი თათარი, რომლებიც მოსულიყვნენ, რათა მოეხსნევინებინათ ალყა ტიფლისზე, შემდეგ კი იქიდან გამგზავრებულიყვნენ საზღვრებისკენ ას ორმოცდაათი ათასი ცხენით, გაეშალათ იქ თავისი დროშები, და- ლოდებოდნენ და დაემარცხებინათ სინან-ფაშა ქვეყანაში შემოსვლამდე. ვინაიდან [სინან-ფაშას]3 ქალიშვილი დაქორწინებული იყო ამ მხარის ძლიერი დიდებულის, ქრისტიანი ქართველის – სიმონ-ხანის ძმაზე, მისგან დაპირებული სამოცი ათასი კაცის მოშველიებასაც ელოდა. ხსენებულმა ძმამ წაიყვანა ამ სენიორის ხალხი, გაამაჰმადიანა ისინი, დააყენა თბილისისა და სხვა ქალაქების ვოევოდებად, თუმცა შემდეგ გამოიპარა იქედან და სპარსეთში გაიქცა“4. ოსმალთა სარდლობისათვის ვერც მეჰმედ ფაშამ გაამართლა იმედები, რადგან მანუჩარის განდგომის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა სამცხიდან ქართლ-კახეთსა და შირვანში მიმავალი გზების უსაფრთხოება. განსაკუთრებით გააქტიურდა მანუჩარ ათაბაგი, რომელიც სიმონის დახმარებით, პარტიზანული ბრძოლებით სერიოზულ ზიანს აყენებდა მტერს.

1.  აქ საუბარია ძმებზე, ყვარყვარესა და მანუჩარზე.
2. მ. სვანიძე ფიქრობს, რომ მუნეჯიმ ბაშის ცნობა სიმართლეს არ უნდა შეეფერებოდეს, რადგან სხვა დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს, თუმცა საზავო მოლაპარაკება რომ გრძელდებოდა, ამის დასტურია ის, რომ სიმონის ელჩობა 1582 წელს სტამბოლში ჩავიდა სულტნის უფლისწულის წინადაცვეთის დღესასწაულზე (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 277).
3. ვინ შეიძლება იყოს წერილში მოხსენიებული ეს დიდებული? სიმონის ძმა დაუდ-ხანი არა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაუდ-ხანის მეუღლე იყო ალექსანდრე II კახთა მეფის ნათესავი. კიდევ სხვა ცნობით, დაუდ-ხანის ცოლი შამხლის მმართველის ქალიშვილი იყო (ტარკის საშამხლო ჩრდ. კავკასიაში, დაღესტანი). სავარაუდოდ, სწორედ ამათ იხსენიებს დე ჟერმინი თავის წერილებში, როცა საუბრობს კასპიისპირეთიდან შირვანზე თათრების თავდასხმებზე და ოსმალების მოკავშირეებზე ყიზილბაშების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც სიმონი ქართლში დაბრუნდა, ლალა ფაშას ჩააბარა დაუდ-ხანმა ციხეები და თბილისი, თვითონ კი სტამბოლში წავიდა და იქ რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 411). ვახუშტის ეს ამბავი მოქცეული აქვს 1578-80 წლებში. შეიძლება ეს იყოს სიმონის ძმა გიორგი, რომელიც სინან ფაშამ თბილისის გამგებლად დანიშნა მას შემდეგ, რაც ადრინდელი გამგებელი აჰმედ ფაშა გადააყენა, რადგან უკმაყოფილო იყო თბილისის გარნიზონის სარდლობის მოქმედებით. თუმცა მ. სვანიძის ვარაუდით, ეს გიორგი (გამაჰმადიანებული იუსუფი) იმერეთის მეფის, გიორგის შვილია (ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს), 229).
4.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 901-902.

    ასეთი გახლდათ ძირითადად კონსტანტინოპოლში მოღვაწე ფრანგი დიპლომატების 1578-1580 წლის კორესპონდენციები. შემდგომი წლების ამბები მათ ძალზე მცირედ აქვთ მოცემული. როგორც ვხედავთ კორესპონდენციები მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციებს იძლევიან XVI საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის რიგი საკითხების უფრო ნათლად და ობიექტურად გასაშუქებლად. ეს ცნობები მნიშვნელოვნად ავსებს ამ ეპოქის გარშემო არსე- ბული ქართული წყაროების მონაცემებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მომენტი, რომ ჩვენ მიერ მოყვანილი ფრანგი ავტორები ამ მოვლენების თანამედროვენი და მონაწილენი არიან. ქართული საზოგადოებისთვის ნაცნობ ესპანურ და იტალიურ წყაროებთან ერთად, შემოვიტანეთ ამ მოვლენების თანადროული ფრანგული ცნობებიც. ამ კორესპონდენციებმა კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიტანა ირან-ოსმალეთის ომის გარშემო კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ამ მოვლენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იგი გასცდა რეგიონალური კონფლიქტის ჩარჩოებს და საერთო ევროპული რეზონანსი შეიძინა. ფრანგული წყაროების მოშველიებით და გაანალიზებით, ჩვენ ნათლად დავინახეთ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა საქართველოს ევროპული დიპლომატიისა და პოლიტიკის კონტექსტში.
წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98


Комментариев нет:

Отправить комментарий