пятница, 3 ноября 2023 г.

ფრანგი დიპლომატების ცნობები XVI საუკუნის II ნახევრის საქართველოს ისტორიისთვის

დოკუმენტი №1
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფეს ანრი III-ს კონსტანტინოპოლი, 1578 წლის 1 მაისი1
    თქვენო უდიდებულესობავ, მუსტაფამ2, მესამე ფაშამ, რომელიც ესტუმრა სკუტარს3 (Scutary) გასული თვის 5 რიცხვში, 18-ში დატოვა ხსენებული ადგილი თავის ბანაკთან ერთად და, როგორც ამბობენ, ერზერუმისკენ გაემართა. მას თან ახლავს ხუთი ათასი იანიჩარი და ბრწყინვალე პორტას დაახლოებით სამი ათასი სიპაჰი. გზად ის აპირებს აიღოს აზიის ყველა სიმაგრე. ასე რომ, მას 150 ათასი კაცი ეყოლება4. ხვალ ან ზეგ გაემგზავრება ხუთი გალერა, ორი შალანდა და რამდენიმე მრგვალი ხომალდი. ხსენებული ბანაკისთვის განკუთვნილი არტილერიით, იარაღითა და აღჭურვილობით დატვირთული ეს გემები შავი ზღვის გავლით ჩავლენ ტრაპიზონში. თუმცა, როგორც ამბობენ, სპარსელი [ირანის შაჰი] მშვიდობისკენ ისწრაფვის. სარწმუნო წყაროებიდან ვგებულობ, რომ სპარსეთის საზღვრებიდან მომავალ შიკრიკებს დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ აბრუნებენ უკან. აქედან გამომდინარე, შეიძლება მართლაც დამყარდეს მშვიდობა, თუ მართალია, რომ ხსენებულ სპარსელს ეს ნამდვილად სურს. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, მას, უკვე მოხუცსა და ძალიან მდიდარს, მშვიდობა უნდა ერჩივნოს ომს, რათა სიბერეში წყნარი ცხოვრებით დატკბეს4. ამასთან, ეს ხალხი ვერ მალავს, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მათ ისევე ან მეტადაც სჭირდებათ მშვიდობა, ვიდრე მეზობლებს. პორტაში ამბობენ, რომ დიდი სულტანი ამას არ დათანხმდება, თუ სპარსელი არ გადასცემს მას სერვანს [შირვანს] და არ მისცემს შესაძლებლობას აღადგინოს და კვლავ დაასახლოს დიდი ხნის წინ ნანგრევებად ქცეული მოსაზღვრედ მდებარე ძველი ქალაქი, სახელად ყარსი. თუ მშვიდობა მართლა დამყარდა, მაშინ მუსტაფა ფაშა ქართველების5 დასაპყრობად გაემართება6.

1. Ernest Charrière . Négotiations de la France dans le Levant, v.III, (Paris, 1850), 740-742.
2. საუბარია ლალა მუსტაფა ფაშაზე.
3. კონსტანტინოპოლის უბანი, ქალაქის აზიურ ნაწილში.
4. ე. მამისთვალიშვილი ასახელებს 110 ათასს (ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 185).
5. ალბათ, საუბარია ირანის შაჰ ხუდაბენდეზე, რომელიც ირანს მართავდა 1578 წლის 13 თებერვლიდან. ხუდაბენდე ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა სუსტი ჯანმრთელობით და უნებისყოფობით. ამიტომ მისი მმართველობა ირანში შიდა არეულობის მიზეზი გახდა. ყოველივე ამას ხელს უწყობდა მისი ცოლის ინტრიგები, ყიზილბაში ხანებისა და ვეზირების თავგასულობა, რომელთა პოლიტიკამაც სახელმწიფო ხაზინა დააცარიელა. ხუდაბენდეს სუსტი მმართველობით ისარგებლეს ოსმალებმა და მურად III-მ განაახლა ომი ირანთან. შაჰის მმართველობის ეს სისუსტე ჟუიეს ამ წერილშიც ნათლად ჩანს.
6. აქ საქართველოს რომელი მხარეა ნაგულისხმევი, ძნელი დასადგენია, რადგან თუ მშვიდობა (ამასიის ზავი) არ დაირღვა (როგორც წერილშია ნათქვამი), მაშინ ოსმალებს ქართლისა და კახეთის დასაპყრობად მოქმედი ზავის პირობები არ მისცემდა უფლებას. ამიტომ საუბარი უნდა იყოს ან სამცხეზე, ან იმერეთზე.
7. ფრანგი დიპლომატის წერილის შინაარსს ეხმაურება ოსმალო ისტორიკოსის, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობაც, იმ ნაწილში, სადაც საუბარია ომის დაწყების წინა პერიოდზე. მისი თქმით: „ყიზილბაშებთან ჯერ კიდევ დაზავებასა და მშვიდობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ისინი (ოსმალები) ამბობდნენ, რომ საქართველოს ბეგთაგან (სავარაუდოდ საუბარია სამცხის იმ ნაწილის დიდგვაროვნებზე, რომლებიც ყიზილბაშებს ემორჩილებდნენ, - ავტ.) ზოგიერთები ურჩობენ, ამიტომ ჩვენ მათ დასამორჩილებლად მივდივართო“ (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ, (თბილისი, 1964), 38)

დოკუმენტი №2
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფეს ანრი III-ს კონსტანტინოპოლი, 1578 წლის 20 ივლისი
    თქვენო უდიდებულესობავ, ამ თვის 11 რიცხვში მურატ-აღა გავი- და პორტადან თოთხმეტი გალერითა და ერთი გალიოტით და, როგორც  ამბობენ,  ეგეოსის  ზღვის  კუნძულებისკენ  [არქიპელაგისკენ] გაემართა. თუმცა, ზოგს ჰგონია, რომ ის ალჟირში წავიდა, რადგან ერთი თვის წინ აქ ითქვა, რომ პორტუგალიის მეფე1 მზად იყო, დიდი ძალებით კუნძულებისკენ [არქიპელაგისკენ] გაემართა. თუმცა, ზოგს ჰგონია, რომ ის ალჟირში წავიდა, რადგან ერთი თვის წინ აქ ითქვა, რომ პორტუგალიის მეფე მზად იყო, დიდი ძალებით წასულიყო მაღრიბის ნაპირებისკენ, რათა დახმარებოდა ფესის (Fez)2 მოხუც მეფეს ლაშქრობაში მალი მალუქის წინააღმდეგ, რომელმაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა ამ ხალხს. მეორე დღეს აქ ჩამოვიდა ხუთი გალეონი და ერთი გალერა მაღრიბის ტრიპოლიდან. ისინი ზღვაში შეხვედრიან პონანისკენ (Ponent) მიმავალ ვენეციურ ბარჟას. მაგრამ ბარჟამ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია, რომ გალერებიდან ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, ხოლო ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა კიდეც. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მან [მურატ-აღას ფლოტმა] ვენეციურ ხომალდს თავი მიანება და გზა განაგრძო. სპარსეთის საზღვრებიდან რამდენიმე შიკრიკი ჩამოვიდა. ბოლო დღეებში ხმა გავრცელდა, რომ სპარსელებმა, შეიტყვეს რა, რომ სენიორთან მშვიდობის დამყარებას აპირებდა, მოკლეს თავიანთი ახალი მეფე აგმატი (Aghmat), რომელმაც მანამდე თავისი ძმა, ისმაილი ჩაანაცვლა, და ტახტზე მისი ვაჟი დასვეს3. ამბობდნენ იმასაც, რომ ისინი მრავალრიცხოვანი ჯარით ვანისკენ გაემართნენ. აქ მოხდა შეტაკება, რომელშიც თურქებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, მრავალი მათგანი დაიღუპა, ზოგი ტყვედ ჩავარდა. ხმების თანახმად, მუსტაფა-ფაშა თავისი ბანაკით სასწრაფოდ ჩამოვიდა ერზერუმში ვანის ფაშას დასახმარებლად, მისი დაჟინებული თხოვნით. ამ ახალი ამბების შემდეგ სასახლეში გადაწყდა, რომ დიდი სულტანი თავად უნდა გაემგზავროს იქ: ამის შესახებ, თქვენო უდიდებულესობავ, შევიტყობთ იმ სამზადისის მიხედვით, რომელიც აქ მომავალში იქნება შემდგომი სიახლეების შესაბამისად. ამბობენ ასევე, რომ თათრები [ყირიმელი თათრები], რომელთაც ბანაკთან შესაერთებლად ქართველების მხარეს წასვლა ჰქონდათ ნაბრძანები, ამ ქართველებმა და რამდენიმე სპარსელმა, რომლებიც მათ გამოვლას ელოდნენ, დაამარცხეს. ფლორენციის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მალე გათავი- სუფლდება და სამ კვირაში ან ერთ თვეში მაინც გაემგზავრება. მას შემდეგ, რაც დიდ სულთანს ეახლა, მას ყოველდღე უგზავნიან სანოვაგეს. მე კიდევ ერთხელ დამიდასტურეს და დამარწმუნეს, რომ მას ეს პატივი ნამდვილად ხვდა წილად ძველი კაპიტულაციის4 ხელახლა დადასტურების შემდეგ. ამის თაობაზე მე ვაცნობე თქვენს უდიდებულესობას წერილში წმინდა ეტიენის ორდენის ოთხ გალერასთან დაკავშირებით5.

1.  იგულისხმება პორტუგალიის მეფე სებასტიან I (1557-1578 წწ.)
2. სავარაუდოდ, მაღრიბის ერთ-ერთი მხარის მმართველი; მასთან ერთად ჟუიე თავის წერილებში ახსენებს მაროკოსა და ალჟირის მმართველებს. როგორც წერილებიდან ჩანს, აფრიკის ამ ქვეყნებზე კონტროლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფრანგები, პორტუგალიელები და ესპანელები. ამიტომაც ფრანგულ კორესპონდენციებში ხშირად არის ამ ამბებზე საუბარი. შარიე განმარტავს, რომ აფრიკაში დაგეგმილი ექსპედიციები სერიოზულ გამოცდას უწყობდა ევროპის მმართველებს. ლაშქრობა, რომელსაც პორტუგალიაში ამზადებდა ახალგაზრდა მეფე დონ სებასტიანი, ფესის შერიფის, მულაი აბდულ-მელექის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლის მეტოქეც, მოჰამედ ალმოსტანსარი, პორტუგალიის მეფეს დახმარების სათხოვნელად ეახლა. ახალგაზრდა პრინცი მზად იყო გამგზავრებულიყო აფრიკაში მრავალრიცხოვანი ლაშქრით, რომლის ვერც მეთაური, ვერც წევრთა დიდი ნაწილი ვეღარ დაბრუნდებოდა და სხვა მთავრობების საზრუნავი გახდებოდა მათი ჩანაცვლება (Ernest Charrière . Négotiations de la France dans le Levant, v.III, 746-749).
3. 1576 წლის 14 მაისს გარდაიცვალა შაჰ-თამაზი და იმავე წლის 22 აგვისტოს ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა ისმაილ II-მ, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იმეფა და თავისი სისხლიანი მმართველობის გამო მოკლეს შეთქმულებმა. რაც შეეხება წერილში ნახსენებ აჰმადს (აგმატი), სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო თამაზის ერთგული ვაჟი ჰეიდარ-მირზა, რომელსაც მამის სიკვდილის შემდეგ სურდა ტახტის მიღება, მაგრამ ისმაილის მომხრეებმა მოკლეს. ჟუიეს ამ ცნობაში, სადაც ისმაილის ჩანაცვლებაზეა საუბარი, უნდა ვივარაუდოთ, ის ფაქტი, რომ შაჰ-თამაზი ჰეიდარს თავის მემკვიდრედ ამზადებდა, მიუხედავად იმისა, რომ, წლოვანებით ისმაილზე უმცროსი იყო. რაც შეეხება შაჰის მეორე ვაჟს, რომელზეც წერილშია საუბარი, ეს უნდა იყოს მუჰამად ხუდაბენდე, რომელიც ისმაილის სიკვდილის შემდეგ (1577 წლის 24 ნოემბერი), 1578 წლის 13 თებერვალს ავიდა ტახტზე.
4. მ. სვანიძე აღნიშნავს, რომ 1582 წელს „ჟაკ ჟერმინმა განაახლა თურქეთთან კაპიტულაცია და დიდი ქრთამით შეძლო გალათაში კათოლიკური ეკლესიის შენარჩუნება“. (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 277).
5. ყირიმელი თათრების დამარცხებაზე უფრო მოგვიანებით (1580 წელს) მოგვითხრობს ისქანდერ მუნშიც, რომელიც აღნიშნავს, რომ დარუბანდის გზით შემოსული ადილ-გირეი ხანის ლაშქარი შირვანში დაამარცხეს სპარსელებმა, ხოლო თვით სარდალი ტყვედ იგდეს და შაჰს გაუგზავნეს. სპარსელი მემატიანე ამ ამბების თხრობისას აღნიშნავს სიმონ  მეფის  და  ალექსანდრე  I-ის  დამოკიდებულებას  მიმდინარე  მოვლენებისადმი. (ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 32-35).
 
დოკუმენტი № 3
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს  1579 წლის 3 და 15 ივნისს გაგზავნილი წერილები1
    დღეს ჩამოვიდა ქართველი ელჩი, ქვრივი2 დედოფლის გამოგზავნილი.  ეს  უკანასკნელი  თავისი  ვაჟის  ნაცვლად  მართავს  დიდ პროვინციას, რომლის პატრონიც მისი შვილია. როგორც ჩანს, ელჩის ჩამოსვლის მიზანია მშვიდობის ან დროებითი ზავის მიღწევა სენიორსა და სუფის შორის3. ელჩის ჩამოსაყვანად შკოდერში გაგზავნეს ორი გალერა, რაც უაღრესად დიდი პატივია და ამ ქვეყნის არცერთ ელჩს აქამდე ასეთი პატივი არ ღირსებია. ჩვეულებრივ, აქ მათ ღებულობენ, როგორც ტრანსილვანიის ან ვლახეთის ელჩებს, როცა მათ ძღვენი მოაქვთ. ამას წინათ ჩამოვიდა ასევე ერთი თათარი, რომელიც, როგორც ამბობენ, დიდი-ხანის ძმის მრჩეველი იყო. ხსენებული ძმა სპარსეთში იმყოფება ტყვეობაში. მის თაობაზე სუფიმ წერილი მისწერა დიდ სენიორს, მისი გათავისუფლება სთხოვა და შესთავაზა, რომ ამ ტყვეს თავის ერთ-ერთ ქალიშვილს გაატანდა ცოლად, მზითევში კი შირვანის სამეფოს მისცემდა. ამ გზით ეს მხარე თათრებს დაუბრუნდებოდათ, რომლებიც ადრე მისი მფლობელები იყვნენ. დიდ-ხანთან დაუყოვნებლივ გაგზავნეს კაცი მისი აზრის გასაგებად. ძნელი გასაგებია, რა ჭორია და რა – მართალი ამ ხმებში. საფიქრებელია, რომ ის გარემოება, რომ ამ მხარეს ნებისმიერ ფასად უნდა და სჭირდება მშვიდობა, ალაპარაკებს ხალხს ასე. თუმცა, საქმე ძალიან წინ წავიდა და სპარსელებს საკმარისად დიდი უპირატესობა აქვთ იმისთვის, რომ ასე მარტივად დაათმობინონ მათი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი მეზობელი მხარე, როგორიცაა შირვანი (3 ივნისის წერილი).
    ქალაქში სხვადასხვა ხმები დადის დღეს ჩამოსული ქართველების თაობაზე. ამბობენ, რომ ამ ქვრივი დედოფლის ვაჟი ჩამოვიდა, რათა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც გასულ წელს დედოფალმა შირვანში მიმავალ მუსტაფა ფაშას ბანაკს გაუწია, ითხოვოს,  რომ  შავი  ზღვისკენ  გაგზავნილმა  ხალხმა  მის  მიწებზე  არ გაიაროს და არ დააზიანოს მისი [სამფლობელო]. მისი მიწები სწორედ იმ ადგილის მეზობლად მდებარეობს, სადაც ისინი უნდა დაბანაკდნენ. სხვები ამბობენ, რომ ამ ორ ქართველ დიდებულს, რომლებმაც ისლამი მიიღეს და დიდი სენიორის სამსახურში ჩასადგომად ჩამოვიდნენ, სურთ აჩვენონ მას უფრო დაუცველი გზები და გადასასვლელები ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილის ადვილად დასაპყრობად. არიან ისეთებიც, რომლებიც სულ სხვაგვარად ლაპარაკობენ. ასე რომ, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, ვინ არის ეს ხალხი და რისთვის ჩამოვიდნენ აქ. მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩამოსვლისას მათ ძალიან დიდი პატივი მიაგეს (15 ივნისის წერილი)“4.
    „საბერძნეთის ბეგლარბეიმ ჩვეული ცერემონიით დატოვა კონსტანტინოპოლი ამ თვის სამ რიცხვში. ცხრაში დიდი სენიორი, რომელიც ისევ ძველ სასახლეში იმყოფება, მივიდა დივანში. მას ხელზე ემთხვივნენ:  ერთი  სანჯაკი  და  ახლახან  დანიშნული  აღმწერელი, თათრების დიდი ხანის ელჩი, რომელიც ამბობს, რომ მისი ბატონი სპარსეთში მიდის ორი ათასი მეომრით, რაგუზის, ვლახეთისა და მოლდავეთის ელჩები, რომელთაც ძღვენი მიართვეს ფაშას, ასევე ბოლოს ჩამოსული ორი ქართველი, როგორც შემდგომში შევიტყვეთ, ძმები არიან. ისინი გასულ წელს ეახლნენ მუსტაფა ფაშას ბანაკში, როცა ის ერზრუმიდან შირვანში მიდიოდა და დიდი დახმარება გაუწიეს მის ბანაკს. ძმებს შორის უმცროსი, რომელიც ოცდათოთხმეტი ან ოცდათხუთმეტი წლის უნდა იყოს, ისევ ხსენებულ მუსტაფასთან არის. როგორც ჩანს, მან იმედი მისცა ფაშას, რომ თურქი გახდებოდა, რაც გააკეთა კიდეც ახლახანს1. მას დაუყონებლივ მიანიჭეს ფაშას ტიტული და კუთვნილი მიწების ბეგლარბეიდ გამოაცხადეს. სწორედ იქ უნდათ დიდი კარიბჭის აღმართვა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სპარსეთის საზღვართან. მის უფროს ძმასაც შესთავაზეს მუსლიმი გამხდარიყო, მაგრამ მან არ ინდომა. სასახლეში ამბობენ, რომ მას აქ დატოვებენ, თუ არ მოინდომებს აღიაროს თავი სანჯაკად და დიდი სენიორის ქვეშევრდომად. ამ ორმა ძმამ ხელზე მთხვევისას რამდენიმე საჩუქარი მიართვა სენიორს. მათ შორის თავიანთი ძმისწული, ათი-თორმეტი წლის ყმაწვილი2. ის დაუყონებლივ გაამაჰმადიანეს და სხვა ბიჭებთან ერთად სასახლეში მოათავსეს. დაიწყო უახლოეს დღეებში ახალი ბეგლარბეის წინადაცვეთისადმი მიძღვნილი დღესასწაულის სამზადისი.

1. Ernest Charrière . Négotiations de la France dans le Levant, v. III.
2. იგულისხმება ათაბაგ ყვარყვარე IV-სა და მანუჩარ II-ის დედა.
3. ფრანგი დიპლომატი წერილებში სენიორად მოიხსენიებს ოსმალთა სულტანს, ხოლო სუფის სახელით – ირანის შაჰს. სავარაუდოდ, შაჰის სუფად მოხსენიება, მათი საგვარეულოს წარმომავლობის, სეფიანების ფრანგული ვარიანტია.
4. ჟუიეს ამ წერილის შინაარსს ადასტურებს ასევე ესპანური წყარო, კერძოდ, კრისტობალ დე სალასარის წერილი, გაგზავნილი ვენეციიდან ესპანეთის მეფე ფელიპე II-სადმი. წერილის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს კონსტანტინოპოლიდან მოსულ ცნობებს, რომელიც ეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ ამბებში არის ჩართული ინფორმაცია სამცხის მმართველების დიპლომატიური საქმინობის შესახებ სულტნის კარზე: „მოვიდა ერთი ქართველი, რომელიც ამბობდა, რომ იგი არის ამ ხალხის ელჩი და ჩამოვიდა თურქებსა და სპარსელებს შორის საზავო მოლაპარაკების მიზნით. ამის გამო მის მიმართ გამოიჩინეს დიდი ყურადღება. მის შესახვედრად გააგზავნეს ბევრი ჯარისკაცი, ხოლო მოსაყვანად – ორი გალერი. სინამდვილეში კი იგი გაგზავნილი იყო ერთ-ერთი ქართველი მმართველი ქალბატონის მიერ, რომლის სამფლობელო ესაზღვრება თურქეთის მიწებს ერზერუმის მხრიდან. ამ მმართველ ქალბატონს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თურქებთან (ამბობენ, რომ ეს ქართველი იყო ამ ქალბატონის ვაჟი), რათა ამ მმართველი ქრისტიანისთვის მიეცათ ზოგიერთი პრივილეგია“ (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), 310).

დოკუმენტი №4
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს 1578 წლის 20 აგვისტოს წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს3
    თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი უკანასკნელი წერილის გამოგზავნიდან მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ წინა საღამოს, ძალიან გვიან, მოლდავეთიდან ჩამოვიდა მაცნე იმის შესატყობინებლად, რომ საზღვრებთან შეამჩნიეს ამ ქვეყანაში შესასვლელად გამზადებული ოთხი ათასი კაზაკი და რომ იმავე ღამეს პირველმა ფაშამ სასწრაფოდ გაგზავნა შიკრიკი. მას მეზობელი ბეებისა და სანჯაყებისთვის უნდა გადაეცა მისი ბრძანება, დაუყოვნებლივ გასულიყვნენ კაზაკებთან შესაბრძოლებლად. ამის შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ კაზაკების რაოდენობა ხუთასს არ აღემატებოდა და რომ ვოევოდა პეტრომ რამდენიმე თანმხლებ უნგრელთან ერთად დაამარცხა ისინი, ცოცხლად შეიპყრო მათი მეთაური და სამდღიანი ტყვეობის შემდეგ სიკვდილით დასაჯა. სპარსეთის საზღვრებიდან ხშირად ჩამოდიან მაცნეები. მათ იმდენი ერთმანეთის საწინააღმდეგო ამბავი ჩამოაქვთ იქიდან, რომ უკვე აღარ ვიცით, რომელს დავუჯეროთ. ერთნი ამბობენ, რომ იქ საქმეები კარგად მიდის ამ სენიორისთვის, რომ მუსტაფა ფაშა შევიდა ქვეყანაში და უძველეს, ნანგრევებად ქცეულ ქალაქ ყარსში ააშენა4 ციხესიმაგრე, რომლის აღდგენაც ამ სენიორს სურდა; რომ ქართველებმა გაუგზავნეს მას ელჩები და ხუთი ათასი კაცი ამ ციხესიმაგრის აგებაში დასახმარებლად. სხვა ხმების თანახმად, ის ორჯერ შეებრძოლა სპარსელებს და ბევრი ხალხი დაკარგა. ამბობენ, რომ მუსტაფა ფაშამ მას შემდეგ ძალიან გააძლიერა ციხე-სიმაგრე. აქ ზოგიერთები თვლიან, რომ დიდმა სენიორმა და პირველმა ფაშამ დაზუსტებულად არაფერი იცის იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ მხარეში. შიკრიკებმა, რომელთაც შეტყობინებები ჩამოაქვთ, არც იციან და არც შეუძლიათ თქვან რაიმე ისეთი, რაც დასამალია. ამიტომ უფრო ხშირად დივანსა თუ ქალაქის ქუჩებში ჰყვებიან ამბებს ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. ეს კი საბოლოო ჯამში ამ სენიორის რეპუტაციისა და უპირატესობის წარმოჩენას უფრო უწყობს ხელს.

1. იმავე 4 ივლისით დათარიღებულ წერილში, ჟუიეს აღნიშნული აქვს სხვა ამბებთან ერთად მანუჩარის გამუსლიმების ამბავი: „გასული თვის ოცდახუთ რიცხვში შედგა ხსენებული გათურქებული ქართველის წინადაცვეთა. ზეიმს დაესწრნენ ფაშები და მთელი პორტა“ (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 806). მართალია წერილის ავტორს კონკრეტულად არ აქვს დასახელებული, თუ ვინ იყო ის გამუსლიმებული ქართველი, მაგრამ, როგორც ვიცით, თავისი ძმის, ყვარყვარესგან განსხვავებით მანუჩარმა პირველმა მიიღი ისლამი და ოსმალთა მოკავშირეც გახდა. ამის შესახებ ჟუიე სხვა წერილებშიც აღნიშნავს.
2. „მესხური მატიანე“ არაფერს წერს ამ ყმაწვილის შესახებ, როცა საუბრობს მანუჩარის და ყვარყვარეს კონსტანტინოპოლში ყოფნაზე.
3.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 752-753.
4. „მესხური მატიანის“ ავტორიც გადმოგვცემს ამ ამბავს: „მეორედ მოვიდა ლალა ფაშა და კარი ააშენა. ტფილის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა და ნუზლი შეიტანა“. თუმცა, როგორც ქრ. შარაშიძე აღნიშნავს, ლალა ფაშას მეორედ მოსვლის ამბავი მემატიანეს დათარიღებული არ აქვს (ქრ. შარაშიძე. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს), (თბილისი, 1961), 52.
 
დოკუმენტი №5
ფრანგი დიპლომატი ჟუიე ფოთის ციხესიმაგრის1 ხელახლა აგების შესახებ, 1579 წლის 19 მაისი
    საზღვაო კაპიტანი უჩიალი გუშინწინ დილით გავიდა ამ პორტიდან ოცდაათი გალერით. ის აპირებს შავი ზღვითა და მდინარე ფაზისით ჩავიდეს სამეგრელოში, აღმართოს ძლიერი ციხესიმაგრე, რომელიც ამ ბატონს ჰქონდა ქართველებთან საზღვარზე და რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. ახლა მისი აღდგენა და გამაგრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე იყო. ვრცელდება ხმები, რომ ის აპირებს გაჩერებას ტრაპეზუნში, რათა აღადგინოს ყარსის ციხესიმაგრე, რომელთან მისვლასაც საზღვაო გზით ათ დღეზე მეტი სჭირდება. სხვა გალერებიც ემზადებიან მის გასაყოლად. როგორც ჩანს, სულ ორმოცი ან ორმოცდახუთი გალერა იქნება. კაპიტანი დიდხანს ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ეს მოგზაურობა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ამას ვერ მოახერხებდა, განაცხადა, რომ გალერების უმეტესობა ასეთ ზღვაში დაიღუპებოდა. და, როგორც საიდუმლოდ ამბობენ, იმისთვის, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს, მან არსენალიდან აარჩია თორმეტიოდე ყველაზე ძველი და ცუდად გამართული ხომალდი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ მდინარემდე მიღწევა ნამსხვრევებად ქცევის გარეშე. აღარაფერი ისმის იმაზე, რომ გალერები თეთრ ზღვაზეც უნდა გაგზავნოს ეგეოსის ზღვის დასაცავად, ვინაიდან იმედი აქვთ, რომ ამისთვის ეს ორმოციოდე გალერაც საკმარისი იქნება. ესპანეთის ელჩი ძალიან მოუთმენლად ელოდება ამ ამბავს, რომ ამ მხრივ დამშვიდებული იყოს. თუმცა, აქ მასზე ახალი ჯერ კიდევ არაფერი გვსმენია და მდივანი მას ისევ რაგუზში ელოდება. ზოგიერთები თვლიან, რომ დიდი სენიორი ამ წელს არ დაიძვრება აქედან, მაგრამ მუსტაფა-ფაშას კი გაუგზავნის რაც შეეძლება მეტ ჯარისკაცს და რომ თუ ეს ომი შეთანხმებით ან სხვაგავარად არ დასრულდა, ის უკვე მომავალ წელს გაემართება ალეპოსკენ. ამასობაში კი საკვებისა და აუცილებელი ნივთების მომარაგებასაც მოასწრებენ1.

1. ჟუიე აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს პორტების ფოთის, სოხუმისა და ბათუმის როლის შესახებ მიმდინარე ომის დროს არმიების საბრძოლო იარაღითა და ფურაჟით მომარაგების საქმეში. ფრანგი დიპლომატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს სამეგრელოში არსებული ფოთის ციხესიმაგრის ხელახლა აგების ამბებს და აღნიშნავს, რომ ამ ციხის (ზოგჯერ ჟუიე მას ფაზისის პორტს ან ციხეს უწოდებს, ასევე მდინარე რიონს ფაზისის ან ფასოს სახელით მოიხსენიებს) დასაცავად საკმაოდ დიდი გარნიზონი ჰყავდათ.

დოკუმენტი №6
ფრანგი დიპლომატი ჟუიე 1579 წლის 3 და 18 აგვისტოს წერილებში იტყობინება, ოსმალებს აქ მშვიდად ყოფნის საშუალებას ადგილობრივი მთავრები არ აძლევდნენ
    აქ მუსტაფა-ფაშას შესახებ არაფერი გაგვიგია მას შემდეგ, რაც მან დატოვა არზერუმი და თავის ბანაკთან ერთად, რომელშიც, როგორც ამბობენ, ორასი ათასი ფეხოსანი და ცხენოსანია, ყარსის გზას დაადგა. აქ ის აპირებს ააგოს ციხესიმაგრე, რომლის აშენებაც უკვე გადაწყვეტილია. რაც შეეხება კაპიტან უჩიალის2, ამბობენ, რომ მან მიაღწია მდინარე ფასოს (Fasso) [ფაზისი] სამეგრელოში, სადაც მცირე შეტაკებები ჰქონდა რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა რიცხვში ქართველებიც იყვნენ, რომლებიც მათზე თავდასასხმელად იყვნენ მოსულები. ამის შემდეგ კაპიტანმა დაიწყო ციხესიმაგრის აგება, ის თითქმის დამთავრებულია, და კიდევ ერთის აშენებას აპირებს იქვე ახლოს3.

1. ჟუიე ამას ფრანგ დიპლომატ დე ვილერუას ატყობინებს 1579 წლის 19 მაისის წერილს დამატებულ კორესპოდენციაში. თუმცა, როგორც წერილიდან ვხედავთ, ოსმალთა კაპიტანს დიდად არ ხიბლავდა რიონის შესართავთან საზღვაო ექსპედიციის მოწყობა, ჯერ ერთი, როგორც შემდგომ წერილებში ჩანს, ადგილობრივი მმართველების მხრიდან თავდასხმის შიშის გამო და მეორე, იმ მძიმე კლიმატური პირობების გამო, რომელშიც ოსმალთა გარნიზონსა და სამეგრელოში ციხის ასაგებად გაგზავნილ მუშახელს უხდებოდათ ყოფნა.
2. იგი იყო ცნობილი საზღვაო კაპიტანი ეულდი ალი (ზოგ წყაროში იგი ადმირალადაც მოიხსენიება) და გააგზავნეს სწორედ ამ ციხის ასაგებად, რათა უზრუნველეყო ოსმალთა მოკავშირე თათრების გადმოსვლა ყირიმიდან.
3. ოსმალების მიერ სამეგრელოში საზღვაო პორტების დაკავების მცდელობას, რისთვისაც ქართველებს წინააღმდეგობა გაუწევიათ, კონსტანტინოპოლში მყოფი უნგრელი დიპლომატიც გადმოგვცემს. ოსმალებმა ჯართან ერთად ციხის ასაგებად ხელოსნებიც გაგზავნეს, მაგრამ უნგრელი დიპლომატის ცნობით: „შეიტყვეს თუ არა ქართველებმა ულუს-ალი ჩვენს მიწაზე ციხესიმაგრის (ფოთის) აგებას აპირებსო, ერთიანად გაუზიდიათ ტერიტორიიდან ვარგისი ქვები, დაუნგრევიათ ძველი ციხის ნაშთები და სამშენებლო მასალა ზღვაში გადაუყრიათ“. (ლაიოშ ტარდი. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, 134-135).
 
დოკუმენტი №7
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს. კონსტანტინოპოლი, 1578 წლის 25 ოქტომბერი1
    თქვენო უდიდებულესობავ, ორი დღის წინ ჩამოვიდნენ შიკრიკები სპარსეთიდან. მათ გვამცნეს, რომ მუსტაფა-ფაშა შევიდა შირვანის ქვეყანაში. ის შეებრძოლა ემირ ხანს, სპარსეთის თვალსაჩინო დიდებულს. ხანი დიდი ჯარით ჩაება ბრძოლაში, რათა არ მიეცა მუსტაფა-ფაშასთვის უფრო შორს წასვლის საშუალება. როგორც ელჩები ამბობენ, მსხვერპლი ძალიან დიდი იყო როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. საბოლოოდ, თურქების არტილერიისა და არკებუზების ზეწოლით, სპარსელებმა უკან დაიხიეს. ამრიგად, მუსტაფა ამ ლაშქრობის გამარჯვებული და ქვეყნის კარგა დიდი ნაწილის ბატონ-პატრონი გახდა. აქ მან ააშენა ციხესიმაგრე და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ იქ გამოზამთრება ყოფილიყო შესაძლებელი. ელჩებმა თქვეს ასევე, რომ იქ იყო სამი ქართველი დიდებული2 ამალით, რომლებიც ეახლნენ ფაშას და დიდძალი სანოვაგე მიართვეს.
    მის ბანაკს შეუერთდნენ ასევე თათრები3, რომლებიც მანამდე მან საშოვარზე გაგზავნა. ასე რომ, შეიძლება გამოვთვალოთ, რომ მის ბანაკში, ქართველებისა და თათრების ჩათვლით, ასორმოცდაათი ათასი  ადამიანია.  მიუხედავად  ამისა,  მუსტაფასგან  უკვე  სამოცი დღეა, არავინ გამოჩენილა, ვინაიდან, როგორც ეს ელჩები ამბობენ, იქ არავის ატარებენ და მხოლოდ ის ხალხია, ვინც მანამდე შევიდა ქვეყანაში. ახლა შესასვლელები ჩაკეტილია შიკრიკებისა და სხვა ადამიანებისთვის, თუ ისინი ძალიან ბევრნი არ არიან. დღეს კონსტანტინოპოლიდან  გავიდა  ახალი  ფაშა, რომელიც  ბუდისკენ  [ბუდასკენ]  მიემართება.  უკვე  აღარ  საუბრობენ  მოლდავეთზე, რომელიც ირწმუნება, რომ მის საზღვრებთან მყოფმა კაზაკებმა იქაურობა დატოვეს.

1.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III.,761-762.
2. სამი ქართველი დიდებული, რომლებიც ოსმალთა ბანაკში გამოცხადნენ, სავარაუდოდ, ესენი კახთა მეფის, ალექსანდრეს ელჩები უნდა ყოფილიყვნენ. როცა ქართლის დაპყრობის შემდეგ, ოსმალები კახეთის საზღვრებს მიადგნენ, ალექსანდრე II-მ მალევე შეცვალა პოლიტიკა. ის მიხვდა, რომ ირანელები კავკასიაში ოსმალთა ძალებს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და გადაწყვიტა, ახალ მბრძანებლებთან ეძია მშვიდობა. ამიტომ აახლა ლალა ფაშას სურსათით დატვირთული ელჩები, რომლებიც წერილში ქართველ დიდებულებად არიან მოხსენიებულნი. ამას ადასტურებს ტომაზო მინადოის და დონ ხუან სპარსელის ცნობაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ თბილისიდან გამოსულ ლალა ფაშას კახეთის მეფის ელჩები შეხვდნენ და ალექსანდრეს სახელით მორჩილება განუცხადეს. სარდალი მეტად ნასიამოვნები დარჩა და მეფეს საპატიო ხალათი გაუგზავნა. სამაგიეროდ, ოსმალები ალექსანდრეს ხელშეუხებლობას და ქრისტიან მეფედ ქვეყნის მართვის უფლებას ჰპირდებოდნენ. წერილში მოხსენიებული სამი ქართველი დიდებულის შესახებ ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც. მემატიანე აღნიშნავს, რომ ლალა ფაშამ გამოიარა სამცხე და თბილისი, სადაც დაუდ-ხანმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა და გაეცალა ქალაქს: „ამისთჳს ლალა ფაშამ ინება წარვლინებანი სპათა შიდა ქართლს და დედოფალსა ზედა. არამედ მუხრანის ბატონი ვახტანგ იყო უფლისწულობით, ვითარცა განმგე ქართლისა და მორჩილებდნენ ყოველნი. ამან მოიყვანა ამილახვარი ბარძიმ და ჴსნის ერისთავი ელიზბარ ლალა ფაშისა თანა, და დაიჴსნა ამან ქართლი და თემი მოწყუედისაგან. ხოლო ლალა ფაშამ ამათ თჳსნი მამულნი მიანიჭნა და მეოთხესა დღესა განუტევა პატივითა“ (ქართლის ცხოვრება, IV, 410). ვახუშტის ცნობაც ზემოთმოყვანილი რელაციის სანდოობას უსმევს ხაზს, თუმცა ქართველი ისტორიკოსი ამ დიდებულებში ქართლის თავადებს მოიაზრებს.
3. იგულისხმება ყირიმელი თათრები.

დოკუმენტი №8
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს კონსტანტინოპოლი, 1578 წლის 2 ნოემბერი
    თქვენო უდიდებულესობავ, როგორც ვგებულობთ, ორი შიკრიკი გაიგზავნა ანატოლიის ბეგლარბეისთან, ასევე ალეპოსა და დამასკოს ფაშებთან, რათა ისინი სასწრაფოდ გაემგზავრონ მუსტაფა-ფაშასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ჩაკეტილია შირვანში, სადაც ის კარგა ხნის წინ შევიდა. ფაშა აპირებდა ქალაქის საბოლოო დაპყრობას და იქ გამოზამთრებას იმ პირობების იმედით, რაც რამდენიმე ქართველმა დიდებულმა შეუქმნა. ეს უკანასკნელნი ეახლნენ ფაშას, მიართვეს სანოვაგე და აღუთქვეს ყველანაირი დახმარება, რასაც კი შეძლებდნენ. მაგრამ ვერ აიტანეს რა თურქების თავხედობა, რომელთაც მოინდომეს მათი გაძარცვა და დახოცვა, როგორც კი მათ ქვეყანაში შევიდნენ, ქართველები განუდგნენ თურქებს, შეებრძოლნენ და უამრავი დახოცეს კიდეც. ვინც გადარჩა, სპარსელებსა და ქართველებს შუა აღმოჩნდა ჩაკეტილი. ასე რომ, დიდი გაუგებრობაა ამ მუსტაფას თაობაზე. ამბობენ, რომ ის ძალიან მჭიდრო ალყაშია მოქცეული და სურსათის ნაკლებობას განიცდის. ხსენებული ბატონის ცნობით, რომელმაც სარწმუნო წყაროებიდან შეიტყო, მუსტაფა ფაშას ერთ-ერთი ერთგული თურქისთვის უთქვამს, რომ უკვე დაღუპულად თვლიდა თავსაც და მთელ ბანაკსაც. ამბობენ ასევე, რომ კაიროს ფაშასთანაც გააგზავნეს შიკრიკი, ზოგის აზრით, იმ მიზნით, რომ ის ჩამოვიდეს ანატოლიაში და მიხედოს იქაურობას ბეგლარბეგის არყოფნის მანძილზე, სხვათა მოსაზრებით კი – მისი შირვანში წარგზავნის მიზნით. შიკრიკების დაგზავნა მოწმობს, რომ საქმეები ამ მხარეში არც ისე კარგად მიდის ამ ბატონებისთვის, როგორც ამას აქ ჩამოსული ელჩები გვატყობინებენ. ახლა უკვე სავარაუდოა, რომ უსაფუძვლო არ უნდა იყო ის ჭორი, რომელიც ქართველებთან გამანადგურებელი შეტაკების შემდეგ გავრცელდა და რომელზეც არ ლაპარაკობენ, თუმცა ზოგიერთები ბედავენ და საიდუმლოდ აცხადებენ, რომ ამ ბრძოლაში მუსტაფა მოკლეს.

დოკუმენტი №9
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს კონსტანტინოპოლი, 1578 წლის 17 ნოემბერი
    თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი ბოლო წერილის შემდეგ აქ ჩამოვიდნენ მაცნეები ერზერუმიდან, ვანიდან და ყირიმიდან, მაგრამ ჯერ ვერ ვგებულობთ, რა ამბები ჩამოიტანეს. მხოლოდ ის ვიცი, რასაც პორტასა და ქალაქში ამბობენ. კერძოდ ის, რომ მუსტაფა-ფაშამ დაამარცხა ქართველები, რომლებსაც ის ალყაში ჰყავდათ მოქცეული, დიდი გარნიზონი დატოვა შირვანში და თავად ერზერუმში ბრუნდება გამოსაზამთრებლად. მაგრამ ვინაიდან მისგან დიდი ხანია არავინ გამოჩენილა, უნდა ვიფიქროთ, რომ ის სადმე კარგად დაცულ ადგილას იმყოფება, მით უმეტეს, რომ პორტაში დარწმუნებით ამბობენ, ანატოლიის (Natolye) ბეგლარბეი უკვე გაემგზავრა მუსტაფა-ფაშასგან მიღებული ბრძანების შესაბამისად. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დღეებში აზიაზე პატარა რაზმებად გაატარეს დაახლოებით ხუთასი ან ექვსასი იანიჩარი და კიდევ სამასამდე  იანიჩარია,  რომლებსაც  დღეს  სკუტარიში  გამგზავრება  უბრძანეს. დავინახეთ ასევე, როგორ ჩაიარა კავალერიამ. ამ თვის ოთხ რიცხვში ის ხუთი გალერა დაბრუნდა, რომელმაც ტრაბიზონში წაიღო მუსტაფას ბანაკის აღჭურვილობა და აქამდე იქ იმყოფებოდა. საბერძნეთის ბეგლარბეი გუშინ კონსტანტინოპოლს მოუახლოვდა, დღეს უკვე ჩასული იქნება იქ, ვინაიდან სამი დღის წინ დატოვა ანდრიანოპოლი [ადრიანოპოლისი].

დოკუმენტი №10
ფრანგი დიპლომატის ჟუიეს წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს
კონსტანტინოპოლი, 1579 წლის 16 იანვარი
    თქვენო უდიდებულესობავ, აქ, ანატოლიასა და კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა რამდენიმე ისეთი გასაცოდავებული იანიჩარი და სიპაჰი, რომ მათ დანახვაზე გული სიბრალულით აგევსებოდათ. ისინი ბანაკიდან გამოქცეულან და ამბობენ, რომ სხვაც ბევრი იქცევა ასე. ასე რომ, მათი სიტყვებით,მუსტაფა-ფაშა თითქმის მარტო დარჩა, ვინაიდან ორი ათასი იანიჩარი იმ ხუთი ათასიდან, რომელიც მან აქედან წაიყვანა, ავადმყოფობით თუ სხვა მიზეზებით გარდაიცვალა. დარჩენილთაგან ფაშამ სხვადასხვა მხარეს გაგზავნა შიკრიკები და იანიჩარების ასისთავები გაქცეულების ბანაკში დასაბრუნებლად და უმძიმესი სასჯელით დაემუქრა ურჩებს. დაბრუნებული თხუთმეტი თუ ოცი სიპაჰი ერთ დღეს დივანის წინაშე წარადგინეს. მათ განაცხადეს, რომ ამ ომმა ისინი სრულიად გაანადგურა და რომ იქ დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნათ. ამის გამო არც ერთი დაბრუნებული აღარ შეუშვეს [ბანაკში].
     ამ თვის ექვს რიცხვში დიდი სენიორის ყაზარმიდან გამოიტანეს ექვსი შუბი, რომლებიც შემდეგ გაეგზავნა მუსტაფა-ფაშას, რათა მას გაენაწილებინა ისინი ოსმან-ფაშას, თათართა [მბრძანებლის] ძმასა და სხვა მეთაურებს შორის, რომლებიც შირვანში სპარსელთა დამარცხების მომსწრენი იყვნენ მაცნის პირით, რომელმაც ამ დამარცხების ამბავი ჩამოიტანა, მუსტაფამ დიდი რაოდენობით ფული ითხოვა ომის ხარჯებისთვის. ეს თხოვნა დიდ სენიორს მაინცდამაინც არ ესიამოვნა და მხოლოდ ნაწილი უბოძა. ვინაიდან აქაური ხაზინისთვის ხელის ხლება არ უნდოდა, სენიორმა უბრძანა ხაზინადარებს, შეძლებისდაგვარად მოეძიათ ეს თანხა აზიიდან და სხვა ადგილებიდან მიღებული შემოსავლებიდან.
    ამ თვის ცამეტ რიცხვში, გვიან, ესპანეთიდან ჩამოვიდა სენიორ მარლიანის1 კაცი, რომელიც მისმა მეგზურებმა ფაშასთან მიიყვანეს2. ფაშა მას დიდხანს ელაპარაკა თავის მისაღებში, სადაც აუდიენციას მართავს ხოლმე, შემდეგ კი მარლიანის საცხოვრებელში გააგზავნა. როგორც მითხრეს, ამ კაცმა თქვა, რომ როდესაც ის ტოვებდა კათოლიკე მეფის კარს3, ის, ვინც ელჩად უნდა ჩამოვიდეს, სახელად დონ ხუან დე როკა დე ვალენცა, უკვე ემზადებოდა გამოსამგზავრებლად და რომ ის ახლა, ალბათ, უკვე ნეაპოლში იქნება, ხოლო აქ ორ თვეში ჩამოვა. მას უთქვამს ასევე, რომ მალე გაიგზავნება მაცნე, რომელიც მას დახვდება და წინამძღოლობას გაუწევს ამ იმპერიაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შიკრიკს დავალებული ჰქონდა ასე ლაპარაკი, შეიძლება ასე იყო მოწერილი წერილშიც, რათა ხსენებულ მარლიანს ამ წელსაც, ისევე, როგორც წინა წელს, ორივე მხრიდან მეტი საშუალება ჰქონდეს ხანმოკლე ზავის მისაღწევად, რის შემდეგაც ხსენებული ელჩი თავისუფლად ჩამოვა. აქ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ ზავს ის მარტივად მიაღწევს, ვინაიდან ამათაც ისევე სჭირდებათ ზავი, როგორც იმ კათოლიკე მეფეს სპარსეთის ომის გამო. [ამ ომში] მათ ბევრად მეტი საქმე გამოუჩნდებათ, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ4.
    გვატყობინებენ ახალი დიდი შეტაკების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა შირვანში მას შემდეგ, რაც მუსტაფა-ფაშამ არზრუმისკენ უკან დაიხია. გავრცელებული ხმების თანახმად, სპარსელებს ოცდაათი ათასი ცხენოსანი ჰყავდათ და მათგან მხოლოდ ათი ათასი გადარჩა. ამბობენ, რომ თათრები, რომლებიც ასე დროულად გამოჩნდნენ თურქების დასახმარებლად, ის მეომრები იყვნენ, ვინც აქედან გაგზავნეს. ისინი ჯერ არ იყვნენ ჩასულნი მუსტაფა-ფაშას ბანაკში, ვინაიდან კასპიის ზღვის ნაპირს მიუყვებოდნენ. ასე რომ, მათი გამოცხადება შირვანში სასწაულს ჰგავდა, მით უმეტეს, რომ მათი ჩასვლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თანაც გამოჩნდენ იმ დროს, როცა თურქებს თითქმის უკვე დაკარგული ჰქონდათ ქალაქი და შვიდი თუ რვა ათასი დაღუპული ჰყავდათ. ზოგიერთი ადგილიდან საიდუმლოდ ვრცელდება ხმები, რომ სპარსელს კიდევ ორი ბანაკი აქვს შირვანზე გასალაშქრებლად და არსებობს საფრთხე, რომ დაიკავოს ქალაქი, თუ უკვე არ უქნიათ  ეს.

1. ამ წყაროში ჟუიესთან პირველად არის მოხსენიებული ესპანელი დიპლომატი ხუან დე მარლიანი, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კონსტანტინოპოლში და დეტალურ ინფორმაციებს აწვდიდა ესპანეთის სამეფო კარს. მისი მოხსენიება ფრანგულ კორესპოდენციებში იმის დასტურია, რომ ფრანგული დიპლომატია ფხიზლად ადევნებდა თვალს ესპანელი აგენტების საქმიანობას, რადგან საფრანგეთი დაინტერესებული იყო, რომ ხელი შეეშალა ესპანეთ-ოსმალეთის მჭიდრო პოლიტიკური კონტაქტებისთვის.
2.  ეს ფაშა უნდა იყოს დიდვეზირი სოკულუ.
3.  იგულისხმება ესპანეთის მეფე ფელიპე II.
4.  წარმატებისა და მარცხის მონაცვლეობა, რასაც ადგილი ჰქონდა ირანთან ომში, ძირითადად განპირობებული იყო მოულოდნელი თავდასხმებით, ასევე იმით, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ხელმძღვანელობდნენ ქართველი მთავრები, რომლებიც ხშირად ერთი მხარიდან მეორესთან გადადიოდნენ. მათ შორის იყო თავადი ლევანი, რომელიც ხელს უწყობდა თურქებს, რათა მათ დაეხსნათ საქართველო სპარსელთა ბატონობისგან  და  უზრუნველეყოთ  მისი  დამოუკიდებლობა.  თურქებს  ეხმარებოდნენ თათრებიც, რომლებიც შემოუერთდნენ მათ კასპიის ზღვის სანაპიროს გავლით და გამოიარეს რკინის კარიბჭე ანუ დემირ-კაპი. ბოლო ამბები დაწვრილებით აღწერა თვითმხილველმა ასისთავმა ანუ ოსმან-ფაშას თანაშემწემ, რომლის წერილიც ბატონმა ჟუიემ ანრი III-ს გაუგზავნა. ბრძოლაში, რომელიც სამი დღე გაგრძელდა, თავიდან არც ერთი მხარის უპირატესობა არ იგრძნობოდა, რაც თურქების დამარცხებას უფრო სავარაუდოს ხდიდა. მათი გამარჯვების ბედი მხოლოდ თათრების მოულოდნელმა გამოჩენამ გადაწყვიტა. (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 775-776).

დოკუმენტი №11
1579 წლის აგვისტო1
    როდესაც მუსტაფა სპარსეთში გაგზავნეს, იგი უნდა წასულიყო ქართველთა მიწების გავლით. მან გაუგზავნა დიდი საჩუქრები ორ ბატონს, რომელთაც ერქვათ: ერთს – ალფაეტ ბეი2, ხოლო მეორეს  მანუჩარი და აღუთქვეს მათ მნიშვნელოვანი ღირსებები და მმართველობა. იმ საზღვრებში იყო კიდევ ერთი ქართველი ბატონი, რომელიც ატარებდა სახელს – კოკოლა ბეი3, რომელმიც შვიდი თუ რვა წლის წინ, სეფიანების ერთგული, ქრისტიანობიდან სპარსეთის სექტის მაჰმადიანი გახდა. იგი თავიდანვე წინააღმდეგობას უწევდა მუსტაფას, მაგრამ მიხვდა, რომ ვეღარ გაუმკლავდებოდა მას, თავის დედასთან, ცოლთან, ბავშვებთან და ყველა თავისიანებთან ერთად შაჰთან გაიქცა.
    ასე რომ, მუსტაფას შეეძლო თავისუფლად გაევლო ამ სამი ბატონის მიწაზე. მაგრამ აუცილებელი იყო გაევლო კიდევ ერთი ქართველი ბატონის სამფლობელო, რომელის სახელი იყო ლევან ბეი4, უფრო ძლიერი, ვიდრე ეს სამი. მაგრამ დაინახა რა ლევან ბეიმ, რომ იმ სამმა მისცა მას უფლება თავისუფლად გაევლო მათ მიწაზე, უფრთხილდებოდა რა ქართველ მბრძანებლებთან ერთგულებას, რწმენას, მათდამი ნდობას და ასევე, თურქეთის ჯარს რომ არ გაენადგურებინა მისი ქვეყანა, ხოლო სპარსეთის შაჰს იმ დროს არ გააჩნდა საკმაო რაოდენობის  გაერთიანებული  ძალა,  უკეთესად  ჩათვალა მუსტაფასათვის ნება მიეცა გაევლო მის ქვეყანაზე. ამიტომ მან მუსტაფას მიართვა დიდი საჩუქარი და აღმოუჩინა პატივი. მუსტაფამ გაიარა მის სამფლობელოზე და გადადიოდა რა ერთ დიდ მდინარეზე, რომელსაც ერქვა სივჩივური და რომელიც საქართველოსა და სპარსეთის საზღვარზეა, მასზე გადასვლის დროს დიდი ზარალი განიცადა: ჩაიძირა და დაიხრჩო ბევრი ხალხი მისი ჯარიდან. ამ გზით იგი წავიდა შირვანში. აღმოჩნდა, რომ იქ არ იყო არავითარი სპარსული გარნიზონი. ისინი გაიქცნენ ქვეყნის სიღრმეში თავიანთი ცოლებით, ბავშვებით და ოჯახებით, დატოვეს რა იმ ადგილას მხოლოდ თურქული სექტის სპარსელები და სომხები.
    მუსტაფა შევიდა ამ ქალაქში და დაეუფლა მას., დაეუფლა მეორე ადგილსაც, რომელსაც ეწოდებოდა შემახია. მან დაიწყო შირვანში სიმაგრისა და მეჩეთის აგება და დატოვა იქ ფაშა, დეფტარდარი და თავისი სხვა წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც მუსტაფამ საქართველოზე გაიარა, ყველა ქართველმა მმართველმა დაიწყო მონანიება, რომ მისცა შესაძლებლობა მუსტაფას გაევლო მის ტერიტორიაზე. ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ ამას და ყველა გამოთქვამდა უკმაყოფილებას. მათ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს თურქების წინააღმდეგ მოქმედება. ისინი ხელს უშლიდნენ თურქებს პროდუქტების შემოტანაში, იჭერდნენ ყველას, ვინც მუსტაფას მხრიდან იყო გამოგზავნილი. არა მარტო იჭერდნენ, არამედ ხოცავდნენ. ასე რომ, მუსტაფა შებოჭილი აღმოჩნდა.
    ბოლოს ჯარი, რომელიც მუსტაფას დარჩა, დაბრუნდა ერზერუმში იმავე გზით, ქართველთა მიწების გავლით. ეჭვობენ, რომ ზოგიერთმა მმართველმა მისცა მას საშუალება, გაევლო მის ტერიტორიაზე. სპარსელები აიღებდნენ შირვანს, მოულოდნელად რომ არ გამოჩენილიყვნენ დიდი რაოდენობით თათრები, რომლებიც გაერთიანდნენ რა თურქებთან, თავს დაესხნენ სპარსელებს და ბევრი დახოცეს. თუმცა სპარსელებმა თავიდანვე სერიოზული ზარალი მიაყენეს თურქებს, რომლებიც კაიტა აღას მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. შემდეგ, როდესაც სპარსეთის მმართველის შვილი ჯარით მოვიდა, მან კვლავ დაიკავა შირვანი და აიძულა თათრები გაქცეულიყვნენ და დახოცა ყველა, ვინც ხელში ჩაუვარდა – თურქები, სომხები და სხვა, ვინც შირვანში აღმოჩნდა.
    ამის შემდეგ სპარსეთის შაჰი საყვედურობდა ქართველ ლევან ბეის იმის გამო, რომ მან მისცა შესაძლებლობა მუსტაფას თავისი ჯარით გაევლო მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ის კი თავის მხრივ არ ღებულობდა ამ საყვედურს და პასუხობდა, რომ მას არ შეეძლო მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, რამდენადაც სხვა ქართველმა მმართველებმა მას მხარი არ დაუჭირეს, ხოლო მარტო მას არ გააჩნდა საამისო ძალები, რომ წინააღმდეგობა გაეწია თურქეთის ჯარისათვის. მაგრამ დაჰპირდა სპარსეთის შაჰს, რომ მომავალში მისი დახმარებით თურქებს გაუწევდა წინააღმდეგობას და არ გაატარებდა თავის ტერიტორიაზე. უნდოდა რა დარწმუნებულიყო სხვა ქართველ მმართველთა განზრახვაში, ლევან ბეიმ ჰკითხა მათ ამის შესახებ, ხოლო მხარი დაუჭირეს რა მის სურვილს, მათ დაიფიცეს თავიანთ შვილებთან და ცოლებთან ერთად ერთგულებაზე. ამიტომ წარმოგვიდგება შეუძლებლად, რომ მუსტაფა დაბრუნდეს სპარსეთში ბრძოლის გარეშე. რამდენადაც თურქებსა და სპარსელებს შორის ძევს მეტად ძნელად გასავლელი გზა – საქართველო, სადაც იგი წინააღმდეგობას შეხვდება. მუსტაფამ ეს იცის.
    ხედავდა რა ამ შეუძლებლობას, მუსტაფამ გაიარა გასულ წელთან შედარებით, სამჯერ უფრო გრძელი გზა. ქართველ მმართველთა მიწებზე იგი ვერ გაივლიდა, ვინაიდან ისინი უეჭველად გაერთი- ანდებოდნენ, ხოლო ეს საკმარისი იყო, რომ იგი ვერ გასულიყო ამ ტერიტორიაზე. მანუჩარს შეეძლო შეექმნა 10 ათასიანი ფეხოსანთა და ცხენოსანთა ლაშქარი, ალფაეტ ბეის – არა ნაკლები 3 ათასისა, ლეონ ბეის – 40 ათასი ცხენოსანისა და 10 ათასი ფეხოსნის. ყველა ისინი შედგებოდნენ რჩეული მებრძოლებისაგან და იყვნენ უფრო მამაცნი, ვიდრე თურქი ან სპარსელი. გარდა ამ სამი მმართველისა, არის კიდევ ერთი მმართველი, რომლის ტერიტორიაზე მუსტაფას არ გაუვლია. იგი მუსტაფას არ დაემორჩილა. მისი სახელია მოლიე5, ე.ი. მეფეთა მეფე, რომელსაც შეუძლია გამოიყვანოს 50-დან 60 ათასამდე კაცი. გარდა ამისა, მას შეიძლება დაეხმარონ სხვა ქართველი მმართველები6.
    თურქები არ ფიქრობდნენ ამ წელს სპარსეთში ლაშქრობას, მაგრამ უნდოდათ, გაეკეთებინათ ყოველივე შესაძლებელი ყარსის გამაგრებისათვის, რომელიც დიდი მნიშვნელობის ადგილია. იგი მდებარეობს სამი პროვინციის ცენტრში, სამკუთხედის შუაში. აქ ერთი მხრივ თურქეთის სამფლობელოა, მეორე მხრივ – ქართველების, ხოლო მესამე მხრივ – სპარსელების. ვინც ამ ადგილის ბატონი გახდება, მას შეუძლია მიბრუნდეს იმ მხარისაკენ, რომელსაც იგი მოისურვებს, თურქებისათვის ხელსაყრელი იქნება სპარსეთის წინააღმდეგ აქედან გაილაშქროს. თურქებს არა აქვთ რამდენადმე უფრო წინ გამაგრებული სხვა ადგილი ერზერუმამდე.
    სპარსელებს შორის ამბობენ: საჭიროა, რომ ყოველი ქვა, რომელიც ჩადებულია ყარსის ციხესიმაგრეში, ღირდეს ერთი თურქის თავი და რომ ეს თავი უნდა იყოს იმდენი, რამდენი ქვაცაა იქ ჩადებული. ქართველები არიან ბერძნული წესის ქრისტიანები და მათ აქვთ საკუთარი ენა, რომელიც არის არც თურქული და არც ბერძნული. მათი მცირე ნაწილი ხარკს უხდის თურქებს, ხოლო მეტი ნაწილი – სპარსელების დიდი მეგობრები არიან. მათ არა აქვთ ციხესიმაგრეები, ხოლო ისინი, რომლებიც დანგრეულია, არ სარგებლობენ არტილერიით, რათა უფრო ადვილი იყოს მოქმედება შეტევისა და უკან დახევის დროს.
    სპარსელები უეჭველია, რომ შირვანში ხალხს ჩაასახლებენ. ეს არის სამოგებო სავაჭრო ადგილი და იგი იძლევა მათი ყოველწლიური შემოსავლის ერთდიდ ნაწილს. სპარსეთის შაჰმა ინდოეთიდან მიიღო დიდი დახმარება. დადებულიქნა ზავი ხორასანის მმართველ ჩიეჩიბაშთან და სპარსეთის სასარგებლოდ მონაწილეობა მიიღო შირვანის აღდგენაში.
    ქართველები თვლიან, რომ თურქებს უნდათ, ააგონ ციხესიმაგრე მდ. ფაზისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ადგილზე, სამეგრელოს (რომელსაც ძველად კოლხეთი ეწოდებოდა) გვერდით, იმ ადგილას, სადაც ძველად მდებარეობდა ქალაქი სჩევასია, უგასიას პროვინციასთან ახლოს. როგორც კი ეს ციხესიმაგრე აგებული იქნება, იქ შეიძლება დასვან ბატონი თურქი, უგასიის, სამეგრელოსა და ასევე ჩერქეზეთის საწინააღმდეგოდ. გასულ წელს იყო ცდა, აეშენებინათ ეს ციხესიმაგრე, მაგრამ სამეგრელოს მმართველი სახელად ბაჩია, მაშინ ემზადებოდა წინააღმდეგობის გასაწევად და გვგონია, რომ იგი ამჟამადაც იგივეს გააკეთებს, მაგრამ თურქეთის ძალები დიდია, ხოლო ქართველთა მიწები ძალიან გამოსადეგია ყველაფრით უზრუნველყოფისათვის. ამიტომ ფიქრობენ, რომ თურქებმა იქ გაგზავნეს დიდძალი აღჭურვილობა, რაც სწრაფად გაკეთდა.

1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), 315-319.
2. ალფაეტ ბეი, ი. ტაბაღუას აზრით, უნდა იყოს ყვარყვარე ათაბაგი, რადგან ალფაეტ ბეი ათაბაგის დამახინჯებული ლათინური ტრანსკრიპციაა (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა,  დოკუმენტები  საქართველოს  ისტორიისათვის  ესპანეთის  არქივებსა  და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), 102.
3.  კოკოლა ბეი არის სამცხელი გეოდალი კიკოლა შალიკაშვილი.
4.  ლევან ბეი – იგულისხმება კახეთის მეფე ლევან II (1520-1574 წწ). თუმცა ამ დროისათვის ის ცოცხალი აღარ იყო. კახეთში ამ დროს მეფობდა მისი ძე ალექსანდრე II (1574-1605 წწ). საერთოდ, ფრანგი დიპლომატებისაგან განსხვავებით, ხუან დე მარლიანის ცნობებში მოცემული რიგი ისტორიული პირებისა და გეოგრაფიული ადგილების იდენტიფიკაცია ძნელდება, ან, როგორც ამ კერძო შემთხვევაში გვაქვს, მცდარი, ძველი ინფორმაციის წყაროს ეყრდნობა. გეოგრაფიული ტერმინების დასახელებისას, სავარაუდოდ, ადგილობრივი ტოპონიმების დამახინჯებული ლათინური ტრანსკრიპციაა. ი. ტაბაღუა აღნიშნავს, რომ ლევან ბეი, ეს არის ლევანის შვილის მნიშვნელობით ნახმარი და იგულისხმება ალექსანდრე II. მინადოი ალექსანდრე კახთა მეფეს ლევენტოღლის (სუფიქსი ოღლი, ოღლუ თურქულად შვილს ნიშნავს) სახელით მოიხსენიებს. წერილებში მოცემული სხვა ტერმინების განმარტებებიც იხილე ი. ტაბაღუას ხსენებულ ნაშრომში, ი. ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV–XVII სს.), თბ. 1993 , გვ. 102-105. წერილში ნახსენებია ასევე „მეფეთა მეფე“: „რომლის ტერიტორიაზეც მუსტაფას არ გაუვლია და არც ემორჩილება მას. მას ჰქვია მოლიე და დიდი ჯარის გამოყვანა შეუძლიაო. ასევე მას სხვა ქართველი მმართველებიც დაეხმარებიანო“. ასევე კორესპოდენციაში ქართველების ქრისტიანობაზეა საუბარი: „ბერძნული წესის მიმდევრები, საკუთარი ენა, მცირე ნაწილი ხარკს თურქებს უხდის, ხოლო დიდი – სპარსელების მეგობრები არიან. არ აქვთ ციხესიმაგრეები, არ სარგებლობენ არტილერიით“ ი. ტაბაღუა ფიქრობს, რომ მოლიე უნდა იყოს იმერეთის მეფის დამახინჯებული ლათინური ტრანსკრიპცია, რადგან მეფეთ-მეფეს ევროპულ წყაროებში იმერეთის მეფეს უწოდებდნენ. ი. ტაბაღუა, ibid. გვ. 319.
5. კონტექსტის მიხედვით მასში უნდა ვიგულისხმოთ იმერეთის მეფე გიორგი II (1565-1583), თუმცა „მოლიე“ – გაუგებარია რას ნიშნავს. თუ მასში, მართლაც, გიორგი მეფე იგულისხმება, უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე გვაქვს სახელის უკიდურეს დამახინჯებასთან. იმერეთის მეფეს უცხოურ წყაროებში კი უწოდებდნენ „მეფეთ მეფეს“.
6. ალბათ, იგულისხმება სამეგრელოსა და გურიის მთავრები.

დოკუმენტი №12
ფრანგი დიპლომატის  დე ჟერმინის წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს.
კონსტანტინოპოლი, 1579 წლის 26 სექტემბერი1
    თქვენო უდიდებულესობავ, მიმდინარე თვის თერთმეტ რიცხვში მე ვაცნობე თქვენს უდიდებულესობას, რომ პორტაში წინა დღეს ჩამოვედი და რომ ჩამოსვლისას ისეთივე პატივით მიმიღეს, რომლითაც ჩვეულებრივ ხვდებიან თქვენს ელჩებს. თხუთმეტ რიცხვში აუდიენცია მქონდა პირველ ფაშასთან. შეხვედრის დროს ვუთხარი ყველაფერი, რითაც კი შეიძლებოდა დამერწმუნებინა, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომელთა მოგვარებაც თქვენ გვირგვინთან ერთად გერგოთ, იყო იმ ხანგრძლივი მეგობრობისა და ურთიერთგაგების პატივისცემა და შენარჩუნება, რომელიც თქვენს წინამორბედ მეფეებსა და ოსმალეთის იმპერატორებს შორის არსებობდა; [აღვნიშნე აგრეთვე] თქვენი უდიდებულესობის კეთილგანწყობა და სურვილი, შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა ამ სენიორთან. ამის შემდეგ მოვუბოდიშე დიდი დაგვიანების გამო, გამოვხატე აგრეთვე კმაყოფილება როგორც ხსენებული ბატონის იმპერიაში ჩამოსვლის, ასევე კეთილი სურვილის გამოხატვის გამო (რაც მან თქვენი უდიდებულესობისადმი გამოგზავნილ ბოლო წერილებშიც დაადასტურა), რომ შეინარჩუნოს მტკიცე მეგობრობა და აღასრულოს ის სასარგებლო მისიები, რაც ამ წერილებში მიუთითა, ასევე იმ ღირსებებისა და სანაქებო თვისებების გამო, რომლებსაც, როგორც თქვენს უდიდებულესობას მოეხსენება, ის ფლობს. ამაზე ფაშამ მიპასუხა, რომ ის ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი ჩასვლით, ვინაიდან ეს კიდევ უფრო განამტკიცებდა ამ ძველ ერთობას, რომელიც არც თქვენი და არც მისი წინამორბედების დროს არ ყოფილა ასეთი მტკიცე. მან თქვა, რომ ეს უკვე აჩვენა იმ დაწყებულ მოლაპარაკებებში, რომლითაც ესპანეთის მეფე მასთან მეგობრული დამოკიდებულების დამყარებას ცდილობდა, განაცხადა რა, რომ მისი უმაღლესობა ამ მეგობრობაში თქვენს უდიდებულესობასაც გულისხმობდა. მე ვუპასუხე, რომ ხსენებული სენიორი, როგორც წინდახედული პრინცი, სწორად აფასებდა, რომ თქვენთან მეგობრობა ფაშასთვის უფრო სასარგებლო და მომგებიანი იქნება, ვიდრე მასთან და რომ თქვენს უდიდებულესობას ნაკლებად აღელვებს, მოჰყვება თუ არა ამ მეგობრობას მშვიდობა ან დროებითი ზავი ესპანეთის მეფესთან. მთავარია, რომ მან ზიანი არ მიაყენოს თქვენ შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს, საფრანგეთის დროშისთვის მინიჭებულ პრივილეგიებს და ამდენი მეფის მიერ აღიარებულ თქვენს სამშვიდობო მიდგომას და რომ თქვენი უდიდებულესობა იყოს ისეთი ძლიერი, რომ მოახერხოს წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი პრინცისთვის, ვინც ამ მეგობრობას შეუშლის ხელს. ამის შემდეგ მან თქვა, რომ პორტას კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ეძებს პატრონს, ომისთვის იქნება ეს თუ მშვიდობისთვის და რომ ამ დროებითი ზავის საქმე ძალიან კარგად მიდის და ყველაფერი, რაც მოხდება, იმდენად მომგებიანი იქნება ამ სენიორისა და მისი მეგობრებისთვის, რომ ისინი კმაყოფილნი დარჩებიან. მე დაწვრილებით ვუამბე ესპანეთის მეფის მიერ შექმნილი საზღვაო ჯარის ყველა თავისებურების შესახებ, როგორც თქვენს უდიდებულესობას ვწერდი ამის თაობაზე რაგუზიდან. ყოველივე ამან ის, ცოტა არ იყოს, გააკვირვა, ვინაიდან მარლიანის მიერ მისთვის მიწოდებული შეტყობინებების თანახმად, ეს ჯარი შექმნილია პორტუგალიის და არა ალჟირის კამპანიისთვის. ამის თაობაზე მას ეჭვები კიდევ ექნება, სანამ მარლიანის ხალხი არ ეწვევა ძღვენით. ეს საჩუქრები, როგორც ამბობენ, ხსენებული მეფის სახელით მოაქვს სენიორ ანტონიო გევარის, რომელიც რაგუზის გზით მოდის. თქვენო უდიდებულესობავ, რაც შეეხება აქაურ გარემოებებს, სპარსეთთან ომი ისევ გრძელდება. ბანაკიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად, მუსტაფა-ფაშა ჯერ კიდევ ყარსშია. იმ სიმაგრის წყალობით, რომელიც აღადგინა, მან შეძლო გზა ჩაეკეტა სპარსელთათვის, რომლებიც აგრძელებენ ტიფლისის ალყას მცირე რაოდენობის კავალერიით2. მათი ჯარის უდიდესი ნაწილი უფრო წინ არ წავიდა ამ ქვეყანაში, რათა სხვაგანაც გაეწია წინააღმდეგობა თათრებისთვის,3 რომლებიც დიდმა სენიორმა გამოგზავნა. ამ უკანასკნელმა დაავალა მუსტაფა-ფაშას თავისი ჯარი გამოსაზამთრებლად ამასიაში წაეყვანა. საბერძნეთის ბეგლარბეის კი, რომელიც ხორვატიაში იყო წასული, იქაურობის დატოვება და თავის ხალხთან ერთად სოფიაში ჩასვლა უბრძანა ოქტომბრის 28-სთვის, იმ დღისთვის, რომელსაც თურქები კატუგუნს უწოდებენ, რაც ბედნიერ დღეს ნიშნავს, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. ამ თვის ოც რიცხვში აქ ჩამოვიდა ცამეტი გალერა იმათგან, რომელიც ჯარის სარდალმა უჩიალიმ4 [ეს ის ადრე ნახსენები ლუჩიალია] წაიყვანა ციხესიმაგრის ასაშენებლად. ეს ციხესიმაგრე, როგორც ამბობენ, მან მდინარე ფასოზე [ფაზისზე] ააგო, სამეგრელოში. ამბობენ ასევე, რომ მან სამეგრელო პორტას მოხარკე გახადა, ისევე, როგორც იოანიტები5 და ქართველების ნაწილი და ყოველ ოჯახს ოცდახუთი ასის6 გადახდა დააკისრა, რაც წელიწადში დაახლოებით ორმოცი ათას ეკიუს შეადგენს, თუ ეს სწორია. ხსენებულმა სარდალმა და მისმა ორმა გალერამ, როგორც ამბობენ, კატასტროფა განიცადა. ორი ხომალდი დაიკარგა, თავად სარდალი კი ჯარის ნარჩენებთან ერთად აქვეა და ერთგულად ელოდება შემთხვევას, რომ ემსახუროს ბარბარიას [ბერბერები], თუ ამის საჭიროება იქნება, და დროულად შეძლოს ამის გაკეთება. ეს შეიძლება საჭირო გახდეს ესპანეთის დასახმარებლად, თუ ეს ფლოტი წამოიწყებს ლაშქრობას ალჟირზე, როგორც ვარაუდობენ.

1. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 814-827 . დე ჟერმინის ამ წერილის პირველი ნაწილი მოიცავს დიპლომატიური სამსახურის კორესპოდენციას მათი მიმდინარე საქმიანობის შესახებ. აქ ჩანს, თუ როგორი ინფორმირებული იყო საფრანგეთის სამეფო კარი კონსტანტინოპოლში და ზოგადად აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასეთივე ხასიათისაა ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილი ჟუიეს წერილების შინაარსიც. როგორც ჟუიესთან, ასევე დე ჟერმინის კორესპონდენციებიდან ნათლად ჩანს, რომ კავკასიასა და საქართველოში არსებულ სიტუაციას ყოველთვის გულდასმით ადევნებდა თვალყურს ფრანგული დიპლომატია. ამ წერილის პირველი ნაწილის სრული ტექსტი ზემოთაა მოტანილი.
2.      ეს ინფორმაცია უკვე ეხება სიმონ I-ის აქტიური სამხედრო კამპანიის იმ ნაწილს, როცა მეფემ თავისი ერთგული რაზმებისა და მოკავშირეების დახმარებით დაიწყო ოსმალთა შევიწროება ქართლში და, ფაქტობრივად, ციხეებში გამოკეტა მათი გარნიზონები. სიმონმა ირანელების დახმარებით ალყა შემოარტყა თბილისს და გორს, რაც სულტნის შეშფოთებას იწვევდა და ეს ნათლად ჩანს ამ წერილშიც.
3. აქ იგულისხმებიან ყირიმელი თათრები, რომლებიც კავკასიაში შემოსვლას დარუბანდის გზით ცდილობდნენ, რომელსაც წყაროები ხშირად დემირ-კაპის სახელით მოიხსენიებენ.
4. იგულისხმება ლუჩიალი ანუ ეულდი ალი.
5. სავარაუდოდ, აქ იგულისხმებიან მალტის ორდენის წევრები.
6. As –ასი ფულისა და ზომის ერთეული ძველ რომაელებში.

დოკუმენტი №13
ფრანგი დიპლომატის დე ჟერმინის წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს
კონსტანტინოპოლი, 1580 წლის 9 იანვარი1
    თქვენო უდიდებულესობავ, მთელი ჩემი ძალები გამოვიყენე, რათა მიმეღო ფაშას პასუხი წერილებზე, რომლებიც თქვენ მისწერეთ და იმ წინადადებაზე, რომელიც მე მოვახსენე ფუენტარაბიასთან2 დაკავშირებული გეგმის თაობაზე. ხანგრძლივი ლოდინისა და ფაშას უამრავი ხრიკის შემდეგ (ის ამბობდა, რომ ვერ უპასუხებდა წერილებს, რადგან არ მიუღია ისინი), მან ბოლოს და ბოლოს უბრძანა ამ სენიორის პირველ დრაგომანსა3 და პირველ მდივანს წერილების მოძებნა და პირობა მომცა, რომ წაკითხვის შემდეგ მომცემდა პასუხს. რაც შეეხება დახმარების მოლოდინს, ის ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელობისა და ღირებულების საქმეში აჯობებდა, თქვენს უდიდებულესობას თავად მიეწერა სათანადო წერილი მისი უმაღლესობისთვის და მიემართა მისთვის თხოვნით, როგორც ამას აკეთებდით მსგავს შემთხვევებში, და არა ცარიელი სიტყვები დაებარებინა ელჩისთვის, როგორი რწმუნების წერილებიც არ უნდა ჰქონდეს მას თქვენგან... ახლა, როცა ეს სენიორი აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მესამე პირთან, მას მიუღებლად მიაჩნია ამისთვის ხელის შეშლა მსგავსი საშუალებებით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რა მოგებაც ამ იმპერიას უნახავს ადრე თქვენი სამეფოდან.
    [მან თქვა ასევე, რომ] კარგად იცის, რომ ხსენებული სენიორისგან ითხოვენ ამ მოლაპარაკებების შეწყვეტის გარანტიასა და წერილობით პირობას.. თქვა ისიც, რომ მას არ შეუძლია გაუშვას ესპანეთის მეფის მინისტრები მათი ბოლომდე მოსმენის გარეშე. მითხრა ისიც, რომ დავალებული აქვს ამ სენიორისგან, დამარწმუნოს, რომ თუ ეს მოლაპარაკებები დასრულდება ხანმოკლე ზავით ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ამით არავითარი ზიანი არ მიადგება ძველ მეგობრობას თქვენს უდიდებულესობასთან და რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც თქვენ მისი დახმარება დაგჭირდებათ, თუ მიმართავთ მას თხოვნით და მისწერთ ამის თაობაზე, ის უყურადღებოდ არ დაგტოვებთ ხანგრძლივ საუბარში გავახსენე ის დახმარება და შემწეობა, რომელიც თქვენს უდიდებულესობას ამ იმპერიისთვის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზის გამო გაუწევია; მიუხედავად ამისა, მე აღმოვაჩინე და გამოვცადე ის, რაც ვიწინასწარმეტყველე ბოლო წერილში – ამ სენიორს არ სურს ჩაერიოს და მოისმინოს ეს საქმე; ასე თვალთმაქცობს იმიტომ, რომ ესპანეთის მეფის ჯარის ეშინია, იცის, რომ ის ძალიან დიდია, მით უმეტეს, ამჟამად საკმაოდ შევიწროებულსა და სპარსელებთან ცუდ ურთიერთობაში მყოფს, არ უნდა ორი ასეთი ძლიერი მტერი ჰყავდეს ორ სხვადასხვა ადგილას 4.

1. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 850-853.
2. ფუენტარაბია – ქალაქი ბასკეთში.
3. დრაგომანი – თარჯიმან-დიპლომატის თანამდებობა ოსმალთა იმპერიაში.
4. ამ დოკუმენტში რელიეფურად ჩანს, რომ ოსმალთა კარზე საფრანგეთი განსაკუთრებული მდგომარეობით სარგებლობდა და ეს უკანასკნელი ოსმალეთ-ესპანეთის მოსალოდნელი ალიანსის ჩაშლის იმედს არ კარგავდა.

დოკუმენტი №14
ფრანგი დიპლომატის დე ჟერმინის წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს
კონსტანტინოპოლი, 1580 წლის 9 იანვარი
    დავძენ, რომ იმ წერილების თანახმად, რომლებიც თქვენმა ტრიპოლელმა კონსულმა ნოემბრის შვიდ რიცხვში მომწერა, ამ სენიორმა მოკლე ხანში ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა სპარსელებისა და მათი მოკავშირეების მხრიდან. ამ ქართველებმა ისე დაჯაბნეს თურქთა კავალერია, რომ გააძევეს ისინი არზერანამდე [არზრუმამდე]. თურქებმა უამრავი მეომარი და ცხენები დაკარგეს. ამას გარდა, მათი კავალერია დიდად დაზარალდა საკვების უქონლობის გამოც. პორტაში ფიქრობენ, რომ მუსტაფა-ფაშამ არზერანს შეაფარა თავი მცირერიცხოვან ამალასთან ერთად. ომის დაწყებიდან დღემდე მან დაახლოებით ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი დაკარგა, მათ შორის: ორმოცი ათასი თათარი, ოცდათხუთმეტი ათასი თურქი გასულ წელს გამართულ ბრძოლაში, მათგან რვა ათასი ერთ შეტაკებაში, დანარჩენები კი დაავადებებითა და საბრძოლო სამუშაოებში მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალნენ. შვიდი მილიონი და მეტი ოქროს დახარჯვის შემდეგ ომისთვის ყველაზე მეტად გულანთებული ორი პრინცი აგრძელებს ბრძოლას, არც ერთსა და არც მეორეს მშვიდობაზე ლაპარაკის გაგონებაც კი არ უნდათ. ამის გამოა, რომ ხსენებული სენიორი აგზავნის სინან-ფაშას, რათა ის ჩაუდგეს სათავეში ჯარს მუსტაფა-ფაშას ნაცვლად, ამასთან, ძალიან მკაცრად უბრძანებს ყველა თავისიანს მასთან ერთად გადადგილებას1.

1. დე ჟერმინი ასევე აცნობებს ანრი III-ს ესპანელი აგენტების საქმიანობის შესახებ და აფრთხილებს მეფეს, რომ მათი აგენტურა საკმაოდ აქტიურად მუშაობდა, რათა დასავლეთსა და ოსმალთა იმპერიაში წინააღმდეგობები შეექმნათ საფრანგეთის საზავო მოლაპარაკებებისათვის დიდ ვეზირთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან: „რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებას, ის ყოველდღიურად განიხილება, ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დროს, მსჯელობა უკვე მიდის კონკრეტულ მუხლებზე. ხსენებულმა ფაშამ ამ მიზნით თქვენი ბოლო დათმობაც გადასცა პირველ მდივანს, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მის მუხლებს შეესაბამებოდეს. სხვათა შორის, მარლიანი პორტაში ძალიან კარგად იყენებს იმ შეხედულებებს, რომლებიც აქ აქვთ თქვენს სამეფოში მომხდარი არეულობების თაობაზე. სენიორ ალანსონის მიერ თქვენი ნებართვის გარეშე გადადგმული ნაბიჯების და გერმანელთა ზრახვების ხელის შეშლის მიზნით შამპანში ჩამოყალიბებული ლაშქრის  თაობაზე… და ყოველივე ამას აკეთებს ისე, რომ თავისი ნათქვამით აკნინებს თქვენი სამეფოს ძლიერებას და წარმოაჩენს თავისი პატრონის ნაღვაწის მნიშვნელობას. ამასთან, ძალიან სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, რომ მარლიანს კვლავაც არ სურს, ეახლოს ამ სენიორს და არც იმ ძღვენის მირთმევას აპირებს, რომელსაც შეთანხმების საბოლოოდ დადებიდან ხუთ ან ექვს დღეში ელიან რაგუზიდან ლე გევარენის ხელით – არ უნდა ფლორენციის მმართველის გულისწყრომა დაიმსახუროს. ფაშა კი, პირიქით, საბაბად იშველიებს რა პორტაში დამკვიდრებულ ჩვეულებას, აცხადებს, რომ არ შეუძლია და არ უნდა ვითარების გაუარესება. ისევე, როგორც მარლიანის სურვილზე, დაიპყროს პორტუგალია, ის ამბობს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების დადების მომენტისათვის ეს ქვეყანა ესპანეთის მეფეს ექნება დაკავებული. რაც შეეხება ვაჭრობას ლევანტში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვაჭრობა იქნება მხოლოდ თქვენი დროშის ქვეშ; თუმცა, როგორც ამბობენ, ფაშას დაჰპირდნენ, რომ მარლიანი მიაწვდის ყველაფერს, რასაც ის მოისურვებს. მაგრამ მინდა მჯეროდეს, თქვენო უდიდებულესობავ, რომ ისინი არ არიან ისეთი მომზადებულები, როგორც მარლიანს უნდა წარმოაჩინოს, იმ სირთულეებისთვის, რომლებიც მათ აქვთ და რომლებიც შორმსჭვრეტელ ადამიანს უფრო ამ მოლაპარაკებების ნაადრევი შეწყვეტის მოლოდინს უჩენს, ვიდრე მათი წარმატებით დამთავრების იმედს“ (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 850-853).
 
დოკუმენტი №15
ფრანგი დიპლომატის დე ჟერმინის წერილი საფრანგეთის მეფე ანრი III-ს
კონსტანტინოპოლი, 1580 წლის 16 აპრილი1
    თქვენო უდიდებულესობავ, შევიტყვე რა, რომ სენიორ მარლიანი აპირებდა ფაშასთან შეხვედრას პერას მთავარ ეკლესიაში2 მოხვედრის მიზნით, მე დავასწარი მას და ნათლად ვაგრძნობინე ფაშას, რომ, თუ მას ამის უფლებას მისცემს და ასეთ დარტყმას მიაყენებს თქვენს ძალაუფლებას, ამას არ მოვითმენ, ყველა ღონეს ვიხმარ და სიცოცხლესაც არ დავზოგავ, რომ მარლიანი მომავალში სათანადოდ მოიქცეს. ამას გარდა, გავწყვეტ ფაშასთან ურთიერთობას იმის გამო, რომ ხსენებული ბატონის მიზანია, ზიანი მოგადგეთ თქვენ. ამ განზრახვამ შეიძლება მრავალი უსიამოვნება გამოიწვიოს და გახდეს განხეთქილების მიზეზი. ფაშა გაკვირვებული დარჩა ყოველივე ამით და სასწრაფოდ ამიხსნა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა მარლიანის ცერემონიაზე დასწრების ნებას. მართლაც, ფაშამ მეორე დღეს გაგზავნა მარლიანთან [კაცი] და შეატყობინა ბრძანება, რომ მას არ ჰქონდა იმ საჯარო ცერემონიებზე დასწრების უფლება, რომლებსაც ესწრება თქვენი ელჩი.. და თუ ის გაბედავდა ამ ბრძანების დარღვევას, მას სახლიდან გამოსვლას აუკრძალავდნენ... მოკლედ, მე დავესწარი წმინდა კვირისა და აღდგომის ყველა ცერემონიას, ჩემს ლოჟაში ადგილი დავუთმე ვენეციის მმართველის თანაშემწეს, სენიორებს პერადან, რაგუზიდან, ვენეციელ ვაჭრებსა და სხვებს, რომლებიც ჩვეულებრივ თან მახლავან ხოლმე.3
    ...ახლახან შემატყობინეს სპარსეთის ბანაკიდან მოსული ერთი ამბავი, რომ სუფიმ თავისი რვა ათასი მოლაშქრით აიღო სამი ციხესი-მაგრე, კერძოდ, ტიფლისი და კიდევ ორი სხვა ქართველების საზღვართან. ტყვედ აიყვანეს შვიდი თუ რვა ათასი იანიჩარი, რომლებიც იქ გარნიზონში იყვნენ, კიდევ სხვა ჯარისკაცები. ყველანი დიდი ზარ-ზეიმით მიჰგვარეს სუფის. ეს კიდევ უფრო აჩქარებს ომის სამზადისსა და სინან-ფაშას გამგზავრებას, რომლის დროშებიც ამჟამად შკოდერშია აღმართული. ორ დღეში აქ სამიდან ოთხი ათასამდე აქლემი გაატარეს, რომელთაც სინანისთვის საჭირო ფული და აღჭურვილობის ნაწილი გადაჰქონდათ. ამას გარდა, ეს ცხოველები უთვალავი რაოდენობით იმყოფებიან ანატოლიაშიც. იქ არის აგრეთვე შვიდი-რვა ათასი დიდი და პატარა საარტილერიო მოწყობილობა, დატვირთული ზემოხსენებულ ცხოველებზე. ჩემამდე მოვიდა აგრეთვე ამ სენიორთან დაკავშირებული ამბავი, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება არ გაგზავნოს ჯარი თეთრ ზღვაში წელს, ვინაიდან გადაწყვეტილი აქვს სპარსელთან სამართლიანად დაზავება4.

1.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 889-900.
2.      იგულისხმება კათოლიკური ეკლესია.
3. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ფრანგი დიპლომატი დე ჟერმინი ყველა ხერხს იყენებდა ესპანეთ-ოსმალეთის დაახლოების ჩასაშლელად. მან შანტაჟის წყაროდ გამოიყენა პერას კათოლიკეთა ეკლესიაში მარლიანისა და ოსმალო ფაშას შეხვედრაც კი.
4. შარიე აღნიშნავს, რომ მუსტაფა-ფაშას ნაცვლად მურად III-მ ჯარის მთავარსარდლად ირანთან ომში სინან ფაშა დანიშნა; ამავე დროს ეს იყო საშუალება, რომ დაებალანსებინა მუსტაფა-ფაშას გავლენა მას შემდეგ, რაც მან გაბედა კონსტანტინოპოლში დაბრუნება სულტნის ბრძანების საწინააღმდეგოდ. ეს დაძაბული სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს თანაბარი წონის მქონე ორი მეტოქე უპირისპირდებოდა და რომელსაც ძლივს აგვარებდა უძლური და სახელგატეხილი დიდი ვეზირი, უცბად განიმუხტა ირანის ახალი შემოტევით, რაც აიძულებდა ახალ მთავარსარდალს დაუყოვნებლივ დაეწყო საომარი მოქმედებები (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 889-901).

დოკუმენტი №16
ფრანგი დიპლომატის დე ჟერმინის 1580 წლის 1 მაისის წერილი2
    სპარსეთის განზრახვა ჩემი ბოლო წერილის მერე სამმა სხვადასხვა შიკრიკმა დაადასტურა. მათ თქვეს, რომ ტიფლისის ალყა დიდხანს გაგრძელდა. იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ალყის განმავლობაში აღმოჩნდნენ, ქალაქში მყოფნი იძულებულნი იყვნენ, ეჭამათ ძაღლებისა და ცხენების ძვლებისგან დამზადებული ფქვილი. [გვითხრეს ასევე,] რომ სპარსელს გადაწყვეტილი აქვს, აიღოს ყარსი, მას მხოლოდ ეს ციხესიმაგრე დარჩა ასაღები, ვინაიდან მან უკვე გაანადგურა და დაამარცხა ან გადმოიბირა დიდი ნაწილი იმ ძალებისა, რომლებიც მუსტაფა-ფაშამ დატოვა თავისი გამგზავრების შემდეგ; მოკლა ოცდაათი ათასი თათარი, რომლებიც მოსულიყვნენ ტიფლისზე ალყის მოსახსნელად, შემდეგ კი იქიდან გამგზავრებულიყვნენ საზღვრებისკენ ას ორმოცდაათი ათასი ცხენით, გაეშალათ იქ თავისი დროშები, დალოდებოდნენ და დაემარცხებინათ სინან-ფაშა ქვეყანაში შემოსვლამდე. ვინაიდან [სინან-ფაშას]1 ქალიშვილი დაქორწინებული იყო ამ მხარის ძლიერი დიდებულის, ქრისტიანი ქართველის – სიმონ-ხანის ძმაზე, მისგან დაპირებული სამოცი ათასი კაცის მოშველიებასაც ელოდა. ხსენებულმა ძმამ წაიყვანა ამ სენიორის ხალხი, გაამაჰმადიანა ისინი, დააყენა ტფილისისა და სხვა ქალაქების ვოევოდებად, თუმცა შემდეგ გამოიპარა იქედან და სპარსეთში გაიქცა.

1. ვინ შეიძლება იყოს წერილში მოხსენიებული ეს დიდებული? სიმონის ძმა დაუდ-ხანი არა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაუდ-ხანის მეუღლე იყო ალექსანდრე II კახთა მეფის ნათესავი. კიდევ სხვა ცნობით, დაუდ-ხანის ცოლი შამხლის მმართველის ქალიშვილი იყო (ტარკის საშამხლო ჩრდ. კავკასიაში, დაღესტანი). სავარაუდოდ, სწორედ ამათ იხსენიებს დე ჟერმინი თავის წერილებში, როცა საუბრობს კასპიისპირეთიდან შირვანზე თათრების თავდასხმებზე და ოსმალების მოკავშირეებზე ყიზილბაშების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც სიმონი ქართლში დაბრუნდა, ლალა ფაშას ჩააბარა დაუდ-ხანმა ციხეები და თბილისი, თვითონ კი სტამბოლში წავიდა და იქ რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 411; ვახუშტის ეს ამბავი მოქცეული აქვს 1578-80 წლებში. შეიძლება ეს იყოს სიმონის ძმა გიორგი, რომელიც სინან ფაშამ თბილისის გამგებლად დანიშნა მას შემდეგ, რაც ადრინდელი გამგებელი აჰმედ ფაშა გადააყენა, რადგან უკმაყოფილო იყო თბილისის გარნიზონის სარდლობის მოქმედებით. თუმცა მ. სვანიძის ვარაუდით, ეს გიორგი (გამაჰმადიანებული იუსუფი) იმერეთის მეფის, გიორგის შვილია, ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს), თბ. 2009, გვ. 229.


Комментариев нет:

Отправить комментарий