четверг, 23 ноября 2023 г.

სტატია „საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება“ (ბარბარე კეკუტია)

კომპლექსური დავალების პროდუქტი - სტატია
შესავალი
 საქართველო XV საუკუნიდან მოყოლებული იყო დაშლილი, და შიდა  ომები, ლეკიანობა, და ტყვეთა სყიდვა ტანჯავდა. საქართველო XV საუკუნეში დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად: იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხის საათაბაგო (რომელიც დაიპყრო ოსმალებმა). შემდგომში იმერეთს გამოეყო: აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის და სვანეთის სამთავროები. შიდა არეულობას ემატებოდა ირანელთა, ოსმალთა და ჩრდილო კავკასიელთა გამუდმებული შემოსევები საქართველოში.
 როგორ გაგრძელდა პოლიტიკური  ვითარება საქართველოში?
    რა ღონისძიებები გაატარა ერეკლე II ემ და სოლომონ I-მა თავიანთი სამეფოების ფეხზე დასაყენებლად? 
    რა საგარეო და საშინაო ფაქტორები ახდენდა გავლენას ქრთულ სამეფოებზე?

ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში
    ვახტანგ VI-ს მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ქართლში მმართველობა მოიშალა და დაიწყო თურქებისა და სპარსელების გაბატონება, ანუ ოსმალობა და ყიზილბაშობა, რასაც ემატებოდა „ლეკიანობა“. ასეთ ვითარებაში ქართლის აჯანყებებს სათავეში ჩაუდგა თავადი გივი ამილახვარი. მასთან ომში ირანის ახალ მმართველს ნადირ-შაჰს მხარდაჭერა კახეთის ხანმა თეიმურაზ II-მ აღმოუჩინა. თეიმურაზი აქამდეც ერთგულად ემსახურებოდა შაჰს, ჯარებს უგზავნიდა, რომელთაც ზოგჯერ მისი ერთადეთი ვაჟი ერეკლე სარდლობდა.
    თეიმურაზს ცოლად ვახტანგ VI-ს ასული თამარი ჰყავდა, და უპატრონო ქვეყნის მმართველობის ამბიცია კახელ ბატონს ამის გამოც გაუჩნდა. 1744 წელს მამაშვილის დამსახურება შაჰმა გულუხვად დააფასა და თეიმურაზი – ქართლის, ხოლო ერეკლე-კახეთის მეფედ დასვა.
    1747 წელს ნადირ შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანი თითქმის 50 წლიან შიდა ომებში ჩაიძირა და დაიშალა. მაშინ ქართლ-კახეთმა მისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიარიდან მამა-შვილი ცდილობდნენ ლეკიანობის აღკვეთას და კავკასიაში პოლიტიკური გავლენის გავრცელებას. სამხრეთ კავკასიის სახანოებს ესხმიან  ერთის მხრივ დაღესტანელი ფეოდალები, მეორეს მხრივ ირანის ტახტის მაძიებლები. მამა-შვილი ორივე მხარესთან გარკვეულ წილად წარმატებულ ომს აწარმოებდნენ. 50-იანი წლებიდან მათ მოახერხეს ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოების დაქვემდებარება. თუმცა ლეკთა შემოსევები მაინც გრძელდებოდა.
    ლეკიანობისა და ირანის საბოლოო დაჩოქების სურვილით თეიმურაზ II-ემ რუსეთთან კავშირი დაამყარა და 1761 წელს გაემგზავრა რუსეთში. ამ დროს რუსეთი ევროპის ქვეყნებთან ერთად „შვიდწლიან ომში“ იყო ჩართული და თეიმურაზის იდეით არავინ დაინტერესდა, ამიტომ მან ერთხანს იცადა რუსეთში, რა დროსაც გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. ამ ყველაფრის შედეგად 1762 წლს ერეკლემ ქართლს კახეთიც შეუერთა.







რეკლე მეფის ღონისძიებები ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად:
1. გაიხსნა ფაბრიკები და განვიტარება დაიწყო წარმოებამ
2. განავითარა სამთამანდო წარმოება.
3. განახლდა ზარაფხანა და იჭრებოდა ვერცხლის და სპილენძის ფული.
4. აამუშავა იარაღის დამამზადებელი ქარხნები.
5. ქალაქში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა.
6. დიდი ყურადღება დაუთმო განათლების სისტემას, იხსნებოდა სკოლები.
7. აღადგინა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები.
8. მეფის ირგვლივ შეკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეები.
9. თბილისი გადაიქცა სამხრეთ კავკასიის სავაჭრო ცენტრად.
10. საქართველოთი დაინტერესდნენ ევროპის ქვეყნებიც.
11. შემოიტანა რეფორმები ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად:
12. შექმნა მორიგე ჯარი, რომელიც არსებობდა 1774-81 წლებში. მორიგე ჯარის შექმნით ერეკლე II წოდებრივ ფეოდალურ ლაშქარს შლიდა და აწესებდა საყოველთაო სამხედრო სამსახურს მოწინავე ქვეყნების წაბაძვით. მორიგე ჯარმა შესაძლებელი გახადა სამეფოში ერთდროულად 5 ათასი მოლაშქრის გამოყვანა. ის მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამორჩენილი ვაჭრობა-მრეწველობის და ბურჟუაზიის არარსებობის გამო სამეფოს არც ბიუჯეტი და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნდა მსგავსი რეფორმის სიმტკიცისთვის. 
13. შეზღუდა თავადები, გააუქმა ურჩი საერისთავოები და სახანოები და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელთა ფენა.

დასავლეთ საქართველო პოლიტიკური მიმოხილვა და სოლომონ მეფე
    XVII საუკუნიდან მოყოლებული, დასავლეთ საქართველოში ქაოსი სუფევდა: იმერეთის სამეფოს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის სამთავროები, სვანეთისა და რაჭის საერისთავოები. მეფეებს ეურჩებოდნენ საგვარეულო  სათავადოებიც. მეფე-მთავრებს შორის მუდმივი შინაომები მომდინარეობდა. ქვეყანას ხშირად ესხმოდნენ ოსმალები რომლებიც ამავე დროს ქართველებს ხარკს ახდევინებდნენ; ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე ციხეში XVIII საუკუნიდან ჩააყენეს ოსმალთა რაზმები, მათვე დაიკავეს ქვემო გურია, ფოთი, სოხუმი და მთელი აფხაზეთი, ანუ დასავლეთ საქართველო ზღვას მოსწყვიტეს.
    ამ ყველაფერს დაემატა ტყვეთა სყიდვა: ჯერ ოსმალები იტაცებდნენ ქართველებს, შემდეგ, შიდა ომების დროს ჩავარდნილ ტყვეებს ყიდნენ ქართველები; შემდეგ თავადებმაც დაიწყეს თავიანთი გლეხების მონათა ბაზარზე გაყიდვა, ბოლოს გლეხებმაც დაიწყეს ერთმანეთის მოტაცება და თუ ვერავის მოიტაცებდნენ, ოჯახის წევრებსაც ყიდდნენ.
    ასეთ უმძიმეს ვითარებაში 1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის სოლომონ I. მის გამეფებას ეწინააღმდეგებოდენ დედა და ბიძები, რაჭის ერისთავი და აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა. მან გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. სოლომონი აქტიურად მოქმედებდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ოსმალების ქვეყნიდან გაძევებისათვის.
    1757 წლს ოსმალთა ჯარები დასავლეთ საქართველოში შემოიჭრენ, სოლომონმა რომელიც წინასწარ ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის, მტერთან დასახვედრად ხრესილის მიდამოები შეარჩია. ბრძოლაში სოლომონს სამეგრელოსა და გურიის მტავრებთან ერთად თავადების უმეტესობა მიემხრო, ხოლო ოსმალების მხარეს რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე გადავიდნენ. ბრძოლა დეკემბერში გაიმართა. სოლომონმა თავისი ჯარით უეცრად შეუტია ოსმალთა არმიას და დაამარცხა ისინი. ბრძოლაში 3 ფაშა და ლევან აბაშიძე მოკლეს. სოლომონი ხვდებოდა რომ ეს გამარჯვება დროებითი იყო, ამიტომ მან უამრავი ღონისძიებები გაატარა იმერეთის სამეფოს გასაძლიერებლად:
1. ერთგული თავადებისგან შექმნა „ფიცის კაცების“ რაზმი, რომელზე დაყრდნობითაც მეფემ გაიმყარა პოზიციები იმერეთში და სამეგრელო-გურიის მთავრებიც დაიმორჩილა,
2. აკრძალა ტყვეთა სყიდვა და ვინც გააგრძელებდა და არ დაემორჩილებოდა, სიკვდილით დასჯიდნენ.
3. თეიმურაზ II-თან და ერეკლე  IIთან მეგობრიბის ხელშეკრულება დადო.
4. აღსდგა ქუთაისის ეპარქია.
5. ეკლესიას დაუბრუნდა ჩამორთმეული მიწები.
6. გლეხები გათავისუფლდნენ საეკლესიო გადასახადებისგან.
7. ციხესიმაგრეები მოაქცია მეფის მართველობაში, რადგან გაეძლიერებინა თავდაცვის უნარიანობა.
8. ზოგი ციხე თავადებისგან შეიძინა, ზოგიც კი ურჩ დიდებულებს ჩამოართვა.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი და საქართველო
    XVIII საუკუნის მეორე ნახევრისთვის რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II-ე ამუშავებს გეგმას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა დაიპყროს შავი ზღვის ირგვლივ ტერიტორია და კავკასიის რეგიონი. ამ საქმის წარმატებისთვის აუცილებელი იყო ოსმალეთის დამარცხება, რადგან მას ექვემდებარებოდა შავი ზღვის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები. რუსეთს წარმატების იმედს აძლევდა ის ფაქტიც რომ, შავი ზღვის სანაპიროებზე ქვეყნების უმეტესობა – იმერეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, მოლდოვას სამთავრო,  ვლახეთის სამთავრო, ბულგარეთი, საბერძნეთი, მათ შორი-ახლოს მდებარე სერბეთი – მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყნებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე (რადგან ეკლესია საზოგადოების განწყობილებას აყალიბებდა) ეს ქვეყნები რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ. ამ იდეით რუსეთმა ოსმალეთთან ომი წამოიწყო და დაამარცხა კიდეც. 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ზავით რუსეთმა ოსმალეთს წაართვა შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, ამასთან ყირიმის სახანო ოსმალეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო დაიპყრო.
    რა ინტერესები ჰქონდათ აღნიშნულ ომში ერკლე II-ესა და სოლომონ I-ს?
    სოლომონ I-ეს სურდა რუსეთის დახმარებით იმერეთის ციხეებიდან ოსმალთა ჯარების განდევნა და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა. ერეკლე II-ეს სურდა რუსეთის დახმარებით, ოსმალეთის მიტაცებულ სამცხეს საათაბაგოს დაბრუნება.
    ქართველი მეფეების თხოვნით, 1769 წელს საქართველოში რუსთა მცირე ჯარით ჩამოვიდა გერმანული წარმოშობის ავანდიურისტი, გენერალი გოტლიბ ტოტლებენი. ის ყველაფერს აკეთებდა, ერთის მხრივ სოლომონ-ერეკლეს დასაპირისპირებლად და მეორეს მხრივ ერეკლეს ხელისუფლების დასასუსტებლად. სოლომონმა რუსების ზარბაზნების დახმარებით, იმერეთის ციხეებიდან გაყარა ოსმალები. ერეკლე მეორემ, ტოტლებელთნ ერთად ილაშქრა სამცხეში, თუმცა, ტოტლებენმა გზაში მიატოვა, უკან გამობრუნდა, ერეკლეს რომელსაც გზა გადაუჭრა თურქ-ლეკთა ჯარებმა 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში, ერეკლემ მტერი დაამარცხა და თბილისში დაბრუნდა, ამდენად ერეკლემ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
    ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთი გამოცხადდა მართლმადიდებელთა მფარველად. ოსმალეთს აეკრძალა ქრისტიანი ქვეყნებისათვის, მათ შორის იმერეთის სამეფოსთვის ხარკის მოთხოვნა და ტყვეთა სყიდვა. ამდენად ამ ომის შედეგები იმერეთის სამეფოსთვის დადებითი იყო, მიუხედავად იმისა რომ ოსმალები და აფხაზები იმერეთს მაინც ესეოდნენ.

გეორგიევსკის ტრაქტატი:
    1781 წელს ლევან ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ „მორიგე ჯარი“ დაიშალა რადგან, არც ერეკლეს ვაჟებს სურდათ მისი ხელმძღვანელობა და არც თავდაებს მასში მონაწიელობა. 60 წელს გადაცილებულ ერეკლეს ენერგია აღარ ყოჩნიდა, აქტიური ბრძოლების საწარმოებლად. ასეთ ვითარებაში რუსებმა დაარწმუნეს ერეკლე, რომ თითქოს მის წინააღმდეგ ერთიანდებოდა სოლომონ I, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის ძე, ლეკები და ირანი, რათა მოკლან ერეკლე და ქართლის სამეფოში ალექსანდრე გაამეფონ. ასეთ ვითარებაში ერეკლე დათანხმდა, რუსი დიპლომატების წინადადებას, დახმარებისთვის მიემართა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-თვის.
    1783 წლის ივლისში ქართლ-კახეთის ელჩებმა გარსევან ჭავჭავაძემ და იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა და რუსეთის წარმომადგენელმა პავლე პოტიონკინმა, ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთს დაექვემდებარა. საშინაო პოლიტიკაში ქართლ-კახეთს შეეძლო დამოუკიდებლად მმართველობა თუმცა, საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნებართვის გარეშე სხვა ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ დაამყარებდა.
ტრაქტატის მნიშვნელოვანი პუნქტები
1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებს,რომ იგი უარს ამბობს, დაემორჩილოს ირანს და რომელიმე სხვა სახელმწიფოს და არ ცნობს არავის უმაღლეს უფლებას, გარდა რუსეთის იმპერატორისა, შედის  მის მფარველობაში და აღუთქვამს მას სამუდამო ერთგულებას.
2. რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ქართლ-კახეთის მეფეს სამუდამო მფარველობას, მისი სამფლობელოს მთლიანობას, როგორც არსებული, ისე მომავალში შეძენილის გათვალისწინებით.
3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული მეფეები სამეფო ნიშნებს მიიღებენ რუსეთის იმპერატორისგან და დადებენ ერთგულების ფიცს ტრაქტატზე თანდართული ტექსტის მიხედვით.
4. ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან დიპლომატიურ ურთიერთობებს  სხვა სახელმწიფოებთან წინასწარ შეუთანხმებს რუსეთს.
11. ტრაქტატი იდება სამუდამოდ, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს.


    გეორგიევსკის ტრაქტატმა გააბრაზა ირანი, ოსმალეთი და დაღესტანი. ლეკები უფრო გამძინვარებით და დიდი ლაშქრებით მოდიოდნენ. ტრაქტატით რუსეთი ვალდებული იყო ჯარით დახმარებოდა ქართლ-კახეთს. რუსის ჯარი პერიოდულად ჩამოდიოდა და როცა ომის საფრთხე იქმნებოდა, მოდიოდა. 1785 წლს დაღესტანელი ფეოდალი ომარ ხანი 20000 კაცით შემოვიდა ქართლ-კახეთში. რუსეთზე მინდობილი ერეკლე მოუმზადებელი დახვდა. ომარ ხანმა დასახლებები ააოხრა და ერეკლეს დიდი ფულის გადახდის შემდეგ შინ წავიდა, 2 წლის შემდეგ ისევ შემოესია, ერეკლე ამჯერად მზად დახვდა და დაამარცხა.
    1794 წელს ირანის მბრძანებელი გახდა აღა მაჰმად ხანი, რომელმაც ერეკლეს მოთხოვა გაეუქმებინა ტრაქტატი და ძველებურად ირანის ქვემდებარე მოკავშირე გამხდარიყო, რუსეთის იმედით ერეკლემ უარი შუთვალა. 1795 წლის სექტემბერში 35000-იანი ჯარით ირანის შაჰი მოულოდნელად შემოესია ქართლ-კახეთს. რუსები ცოტა ხნის წინ წავიდნენ კავკასიიდან. ერეკლემ მხოლოდ 6-7000 მებრძოლი შეაგროვა, რომლის მესამედი იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ გამოუგზავნა. კრწანისთან ორდღიან ბრძოლაში მტერმა გაიმარჯვა, შემდეგ თბილისი აიღო და რამდენიმე კვირა ქალაქსა და ქართლის მიწებს აოხრებდა. ერეკლე მიხვდა რომ რუსეთი მას გამუდმებიდ ატყუებდა და ნანობდა ტრაქტატის დადებას.
    1797 წელს აღა მაჰმად ხანი ისევ დაიძრა საქართველოზე, მაგრამ გზაში შეთქმულებმა მოკლეს. ქართლ-კახეთმა თავი ირანისგან საბოლოოდ დააღწია.
    1798 წელს ერეკლე ისე გარდაიცვალა რომ დანგრეული ქვეყნის აღდგენა ვეღარ მოასწრო.


ქართლ-კახეთისა სამეფოს გაუქმება
    1798 წლის 11 იანვარს ერელე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილი - დაავადებული , გიორგი XII. იმავე წელს ახალი შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. გიორგი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან. ამავე დროს მან რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა და არ დაეხმარებოდა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. იმპერატორმა ტრაქტატის აღდგენა გადაწყვიტა - 1799 წელს მან გიორგი დაამტკიცა მეფედ, ხოლო მისი შვილი დავითი - მემკვიდრედ. ამასთან ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარიც გამოგზავნა ივალე ლაზარევის სარდლობით. ამას მოჰყვა გიორგის მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა აჯანყების, ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ბაბა-ხანთან გაიქცა.
    გიორგის ძმებთან ერთად მისი ვაჟებიც არ ემორჩილებოდნენ და ქვეყანაში სიტუაცია ქაოსური იყო, რომელთან გამკლავება ავადმყოფ მეფეს აღარ შეეძლო. ამით ისარგებლა ლაზარევმა, მეფე თავის გავლენის ქვეშ მოაქცია და რუსეთის იმპერატპორისადმი „სათხოვარი პუნქტები“ დააწერინა, რომლითაც ტრაქტატის პირობები იცვლებოდა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე: ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ. 
    1) გიორგი XII რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა პირადად მისი, მემკვიდრეების, სამღვდელოების, დიდებულებისა და ყველა ქვეშევრდომის სახელით. ქართლკახეთის მეფე შეასრულებდა რუსეთის იმპერატორის ყველა კანონსა და ბრძანებას, ხოლო რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთში მიიღებდნენ, როგორც მემკვიდრე ხელმწიფესა და თვითმპყრობელს.
    2) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ გიორგი XII უნდა დარჩენილიყო ქართლ-კახეთის მეფედ, სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ სამეფო ტახტი მის მემკვიდრეებს.
    3) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ გიორგი XII-ს რუსეთის იმპერატორისაგან უნდა მიეღო ჯამაგირი და სოფლები რუსეთში
    4) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებამდე დაუყოვნებლივ უნდა გაზრდილიყო ქართლ-კახეთში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა.
ამასთან ერთად, გიორგი XII აყენებდა მისი „სათხოვარი პუნქტების“ (ნოტის) განხილვისა და დროულად დამტკიცების საკითხს. გიორგი XII-ს განზრახული ჰქონდა „სათხოვარი პუნქტების“ დამტკიცების შემდეგ რუსეთის იმპერატორისათვის წარედგინა კიდევ რამდენიმე დოკუმენტი (თხოვნა).
    ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის 1800 წლის 24 ივნისის „სათხოვარ პუნქტებს“ (ნოტას) რუსეთის საიმპერატორო კარზე სერიოზულად მოეკიდნენ. 1800 წლის 18 დეკემბრისათვის შედგენილი იქნა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მანიფესტი ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა.
    გიორგი XII-ის გაუაზრებელმა პრორუსულმა საგარეო პოლიტიკამ დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული.
    ამის საფუძველზე ქართველ ელჩებმა – გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა – 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება. ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება.
    18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. თბილისში 1801 წლის იანვარში ჩამოსული ზემო აღნიშნული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად პეტერბურგს გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე I ცოცხალი აღარ დახვდათ (იგი შეთქმულებმა მოკლეს 1801 წლის 11 მარტს). ქართველმა რწმუნებულებმა რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1800 წლის 19 ნოემბერი პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. ნოტის თანახმად ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მმართველად უნდა დანიშნულიყო მეფის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იმპერატორის მოადგილე იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლებას მოკლებული მეფის ტიტულით, მისი თანაშემწე უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული დიდმოხელე, რომელიც მეორე პირი იქნებიდა მეფის შემდეგ. ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობამ ქართველი ელჩები 1800 წლიდან საქმეს ჩამოაშორა და მათ თხოვნას ანგარიშს არ უწევდა.


    ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე დღეს იმპერატორმა დაამტკიცა დებულება ახალშეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ.  ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში.

    1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I აცხადებდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობა და დაცვა ხდებოდა რუსეთის მონარქების მოვალეობა.
2) 1796 წელს იმპერატომა ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს გადასარჩენად გაგზავნა ჯარი, რომელმაც ქართლ-კახეთი იხსნა საფრთხისაგან, თუმცა ამ ჯარის მოულოდნელმა უკან გაწვევამ გააცრუა ქართველთა იმედები.
3) რუსეთის ჯარის გაწვევის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაატყდა მრავალი უბედურება: ურწმუნოთა თავდასხმები, ქალაქებისა და სოფლების გაჩანაგება, ადამიანების გატაცება და ბოლოს დაპირისპირება სამეფო ოჯახის წევრებს შორის.
4) მტრები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ და საბოლოოდ მოესპოთ ქართლ-კახეთის სამეფო.
5) მთელ აზიაში ცნობილი ქართველთა სიმამაცეც კი ვერ იხსნიდა ქვეყანას დაღუპვისაგან.
6) რუსეთის ჯარის შემოსვლამ ქართლ-კახეთის სამეფოში (1799 წ. – ვ. გ.) და ომარ-ხანის დამარცხებამ იხსნა ქვეყანა განადგურებისაგან.
7) რუსეთმა შეძლო ქართლ-კახეთის სამეფოს მტრების დაოკება, შეწყდა დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. ასეთ ვითარებაში ქართლ-კახეთმა ითხოვა (იგულისხმება გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“ – ვ. გ.) ქვეყანაში უშუალოდ რუსული მმართველობის დამყარება.
8) როცა მე ტახტზე ავედი, უკვე გამოცემული იყო 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე.
9) მე მსურდა, გამეგო, თუ შეიძლებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს პირვანდელი პირობებით რუსეთის იმპერიის მფარველობაში დარჩენა (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები – ვ. გ.). გაირკვა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში შეუძლებელი იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანა დაღუპვის პირას იყო და იგი აუცილებლად დაიღუპებოდა, თუ მას რუსეთი არ შეიერთებდა .
10) ამ ვითარებამ და ქართველი ერის თხოვნამ გადაგვაწყვეტინა, დაგვეცვა ერთმორწმუნე ქვეყანა.
11) თქვენი იმედები გამართლდება, თქვენ მოტყუებულნი არ დარჩებით.
12) ქართლ-კახეთის სამეფოს მართვა ჩვენ იმიტომ კი არ გადავწყვიტეთ, რომ ისედაც უზარმაზარი იმპერიის ტერიტორია გაგვეფართოებინა, არამედ იმიტომ, რომ, ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობიდან გამომდინარე, ყურად ვიღეთ წამებულთა ხვეწნა-მუდარა.
13) ქართლ-კახეთში შემოღებულმა მმართველობამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება, კანონის დაცვა.
14) გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგს დავავალეთ ქართლ-კახეთის მმართველობის ორგანიზება და იგი დავნიშნეთ მთავარმმართველის თანამდებობაზე.
15) აღდგება გაჩანაგებული სოფლები და ქალაქები.
16) ქართლ-კახეთის ყველა მცხოვრებს შეუნარჩუნდება მისი წოდებრივი მდგომარეობა, აღმსარებლობა (რელიგია) და პირადი უსაფრთხოება.
17) უფლისწულებს შეუნარჩუნდებათ საუფლისწულო მამულები, მამულებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მიეცემათ ფულის სახით, თუ ისინი არ დაარღვევენ დადებულ ფიცს.
18) ამ მანიფესტის აღიარების (მიღების) ნიშნად ქართლ-კახეთის მოსახლეობამ უნდა დაიფიცოს თანდართული ფიცის ნიმუშის მიხედვით. სამღვდელოებამ, როგორც სულიერმა მოძღვრებმა, დაფიცებისას მაგალითი უნდა მისცეს ხალხს.
19) ქართლ-კახეთის მოსახლეობა შეიტყობს კეთილი მმართველობის ფასს: ქვეყანაში დამკვიდრდება მშვიდობა, მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება; აღიკვეთება თვითნებობა; შეიქმნება პირობები პირადი, საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის; განვითარდება მიწათმოქმედება, რეწვა, ვაჭრობა. კანონი ყველას ერთნაირად დაიცავს.
20) რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მოსახლეობას აღუთქვამდა, რომ რუსული მმართველობის შემოღება მათთვის ჯილდო იქნებოდა.
ასე გათელა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ფეხქვეშ გეორგიევსკის ტრაქტატით გარანტირებული ქართლ-კახეთის სამეფო სახლის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები. ასე დასრულდა საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია.




იმერეთის სამფეოს გაუქმება
    1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. 
    სოლომონი ცდილობდა სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის დამორჩილებას, შვიწროვებულმა გრიგოლმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. 1803 წელს სამეგრელო რუსეთის მფარველობაში შევიდა.
    „გრიცხავთ რა თქვენ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომთა შორის, ჩვენ გვსურს ეს არა ისედაც ვრცელი იმპერიის გასაფართოებლად, არამედ თანავუგრძნობთ სამეგრელოს სამთავროს მკვიდრთა გაჭირვებულ მდგომარეობას, რომელთაც მეზობელი ქვეყნები ყოველი მხრით ავიწროებენ. მოვიღეთ რა მოწყალება, გადავწყვიტეთ, ეს ჩვენი ერთმორწმუნე ხალხი მივიღოთ რუსეთის იმპერიის მფარველობა-დაცვის ქვეშ, რომლის ფრთებქვეშაც, დაე, მიეცეს სამეგრელოს მშვიდობიანობა და იგემოს მან დიდი ხნის მოწყურებული მყუდროება და უშიშროება, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სხვა ოლქების თანაბრად“.
    1804 წელს სამეგრელოს სანაპიროზე რუსეთმა პორტი რედუტ კალე ააგო (ქართული პორტები - ფოთი, ბათუმი, სოხუმი ოსმალებს ეჭირა) და ზღვიდანაც დაუკავშირდა საქართველოს. მალე რუსეთის ჯარი სამეგრელოდან და ქართლიდან შემოიჭრა იმერეთში. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ 1804 წლის 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა.
ელაზნაურის ტრაქტატის პირობები
1. იმერეთის მეფე სოლომონ II ხდება რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომი;
2. სოლომონ II-ს საშვილიშვილოდ უმტკიცდება იმერეთის მეფობა;
3. იმერეთის ტახტის მემკვიდრე, თუ სოლომონს შვილი არ ეყოლებოდა, იქნებოდა მისი ნათესავი კონსტანტინე;
4. იმერეთის ტახტზე ასვლა მტკიცდებოდა რუსეთის იმპერატორის სიგელით;
5. ქვეყნის მართვა-გამგეობა და სამართალი იმერეთის მეფის ხელთ რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეებში კი მას რუსული კანონებით უნდა ეხელმძღვანელა;
6. იმერეთის სამეფოში რუსული ჯარი უნდა ჩამდგარიყო, რომელიც ბინით, გათბობითა და სურსათ-სანოვაგით იმერეთის მეფეს უნდა უზრუნველეყო.

    ურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა. 1806 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო და რუსთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონი იძულებული გახდა ვარციხეში გამოკეტილიყო თანამებრძოლებთან. იგი არ ეხმარებოდა რუსებს ომში, რაც ძალიან აღიზიანებდა რუსულ ხელისუფლებას.
    1809 წლიდნ რუსეთმა გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია ომში. მაშინ იმერეთის მეფეს მოსთხოვეს პეტერბურგში „დეპუტაციის“ წევრად ჩასვლა, რაც ელაზნაურის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანასა და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მუხლების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზემო იმერეთის თავადები ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.
 1810 წლის დასაწყისში სოლომონ მეფემ მოლაპარაკება სცადა ტორმასოვთან. მთავარმართებელი კი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. მანამდე მან სოლომონს სამი ძირითადი პირობა წაუყენა:
1. მეფემ სამი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს პეტერბურგში გასაგზავნი დესპანები: კონსტანტინე ბატონიშვილი, მეფის სიძე მალხაზ ანდრონიკაშვილი, სოლომონ ლიონიძე, სეხნია წულუკიძე, ქაიხოსრო წერეთელი და როსტომ ნიჟარაძე;
2. დაუყოვნებლივ გადავიდეს საცხოვრებლად ქუთაისში;
3. გაგზავნოს დესპანთა ხელით უმაღლესი თხოვნა მადლობის გამოსაცხადებლად, რომ იმპერატორმა სამუდამოდ მიიღო იმერეთი ქვეშევრდომად.
    ტორმასოვმა სამი დღე მისცა მეფეს. სოლომონ მეფე კარგად მიხვდა ტორმასოვის განზრახვას: პეტერბურგში გასაგზავნი დეპუტაციის შემადგენლობაში მისი უერთგულსი პირები ირიცხებოდნენ, მათი გამგზავრებით მეფის პოზიციებს დაასუსტებდნენ, ხოლო მეფის ქუთაისში გადასვლა მის ხელში ჩაგდებას ნიშნავდა.
    სოლომონ მეფე მოლაპარაკების გახანგრძლივებას ცდილობდა. იგი ტორმასოვს დასთანხმდა, რომ დეპუტაციას გააგზავნიდა, მაგრამ გასაგზავნი პირების სიას თავად შეადგენდა. მადლობის წერილსაც გაატანდა, ხოლო მათი დაბრუნების შემდეგ ქუთაისშიც დაბრუნდებოდა. სოლომონ მეფესთან მრავალგზის უნაყოფო მოლაპარაკებების შემდეგ მთავარმართებელმა ტორმასოვმა განკარგულება გასცა, 1810 წლის 20 თებერვლისათვის მზად ყოფილიყვნენ სამხედრო შენაერთები და მათი მოკავშირე დასავლეთ საქართველოს მთავრები, რომ იმერეთის მეფე იარაღის ძალით განედევნათ და ქვეყანა რუსეთისათვის შეეერთებინათ. 20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოაცხადეს ტორმასოვის მოწოდება სოლომონ მეფის ხელისუფლების გაუქმების შესახებ.


    1810 წლის 28 მარტს სოლომონი რუსეთთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩავიდა. მოლაპარაკებების ნაცვლად რუსეთმა მეფე დაატყვევა და პეტერბურგში გადაყვანას უპირებდა. 11 მაისს მეფემ ტყვეობას თავი დააღწია და 25 კაციან ჯგუფთან ერთად ახალციხეში გადავიდა, სადაც იმერეთის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. აჯანყება წარმატებულად დაიწყო, თუმცა ჯერ ჩხერის ციხესთან (ხარაგაული), შემდეგ სოფელ ცხრაწყაროსა და მდინარე ჭიშურასთან მარცხის შემდეგ მეფე ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა. სექტემბრის მიწურულს სოლომონი იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსეთმა იმერეთის სამეფო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო, ხოლო მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი – ვორონეჟში გადაასახლეს. სოლომონ მეფე 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.

დასკვნები
1. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო დაქუცმაცებული და და შიდაომებითა და დაპირისპირებებით იყო მოცული, რასაც ემატებოდა ლეკიანობა და ტყვეთა სყიდვა.
2. ოსმალეთი და ირანი ამ დროს უკვე ძალიან დასუსტებულნი იყვნენ და ძალა არარ შესწევდათ საქართველოს დასაპრყობად, თუმცა დღეების გამწარება ისევ შეეძლოთ.
3. რუსეთის იმპერია ამ დროს ბევრად ძლიერი იყო ოსმალეთთან, ირანთნ და დაშლილ საქართველოსთან შედარებით, როგორც ფინანსურად, ჯარის რაოდენობითა და აღჭურვილობით, ამიტომ დაშლილი საქართველოს დაპყრობა უბრალოდ დროის ამბავი იყო. სამწუხაროდ ეს პროცესი შიდა არეულობამ და ერთმორწმუნეობის იდეამ დააჩქარა.

გამოყენებული ლიტერატურა
სასკოლო სახელმძღვანელო
https://www.youtube.com/watch?v=UYVxsmPkal4
https://www.youtube.com/watch?v=6uZSdS4jqB
https://www.youtube.com/watch?v=_54fcx73l7E
https://umurgulia82.blogspot.com/2019/07/1801-1921.html
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94_II


Комментариев нет:

Отправить комментарий