четверг, 9 декабря 2021 г.

მითრიდატე VI დიონისე ევპატორი (უ. მურღულია)

1. მითრიდატე ძალებს იკრებს
სტრაბონი მითრიდატეს გამეფების ამბავს ასე გადმოგვცემს: „დორილაოს ტაქტიკოსი, ჩემი დედის დიდი ბაბუა მითრიდატე ევერგერტის მეგობარი იყო. სამხედრო ხელოვნების კარგი ცოდნის გამო ხშირად გზავნიდნენ მეომრების დასაქირავებლად ელადასა და თრაკიაში. როდესაც ამ საქმისთვის კრეტაზე იყო წასული, შეიტყო, რომ მეფე მისმა მეგობრებმა მოღალატურად მოკლეს და ძალაუფლება გადავიდა ქვრივი დედოფლის ხელში, ამიტომ უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე და დარჩა კნოსოსში. მას სტეროპა მაკეტიდელისგან ჰყავდა ორი ძე – ლაგეტი და სტრატარხი.
მითრიდატეს ევერგერტს დარჩა ორი ვაჟი, რომელთაგან ტახტი ერგო 11 წლის მითრიდატეს, რომელსაც უწოდეს ევპატორი. ევპატორი დაიბადა და აღიზარდა სინოპეში. მისი ძმადნაფიცი იყო დორილაოსი ფილეტერის ძე, ხოლო ეს ფილეტერი იყო კნოსოსში დარჩენილი დორილაოს ტაქტიკოსის ძმა.
როდესაც მითრიდატე დაკაცდა და მეფობას შეუდგა, ძალიან ზრუნავდა თავის ძმადნაფიც მითრიდატესა და მის ნათესავებზე. ერთხელ მან შესთავაზა დორილაოსს ჩამოეყვანა კნოსოსიდან მისი ნათესავები. ამასობაში დორილაოს ტაქტიკოსი გარდაიცვალა, ამიტომ ლაგეტმა და სტრატარხმა ქონება დასტოვეს კნოსოსში ჩამოვიდნენ პონტოში. ლაგეტის ქალიშვილი იყო ჩემი დედა. ამასობაში დორილაოსმა კომანის ქურუმობას მიაღწია. სანამ ის პატივსაცემი კაცი იყო პონტოში, მისი ნათესავებიც ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელაც ის დადანაშაულებულ იქნა სამეფოს ღალატსა და რომაელთა სასარგებლო აჯანყების ორგანიზებაში, რის შემდეგაც დაიღუპა ის და ბევრი მისი ნათესავი“.
მონათხრობიდან აშკარაა, რომ მეფის მკვლელობის შემდეგ ძალაუფლება ხელთ იგდო „სხვა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“ დედოფლის მეთაურობით, რის შემდეგაც მეფის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი საცხოვრებლად დარჩა კრეტაზე და მისმა შთამომავლებმა მხოლოდ მითრიდატე ევპატორის მიერ ძალაუფლების მიერ ხელში აღების შემდეგ მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება.
მემნონის ცნობით მითრიდატე გამეფებისაც 13 წლის იყო. ისტორიკოს იუსტინეს გადმოცემით მითრიდატეს დაბადებისას ცაზე კომეტა გამოჩნდა, რაც ასტრონომების გამოთვლით ამ პერიოდში ძვ.წ. 134 წელს მოხდა. აქედან გამომდინარე მემნონის ცნობა მითრიდატეს ასაკთან დაკავშირებით უფრო ზუსტი უნდა იყოს.
ლაოდიკეა ფაქტიურად მეფესავით მართავდა ქვეყანას. მან ააგო ახალი სამეფო რეზიდენცია – „ლაოდიკეა“ მდ. ლიკოსზე და ერთი შეხედულებით ფულსაც საკუთარ სახელზე ჭრიდა (ნაპოვნია ვერცხლის პონტოური მონეტა წარწერით „ბასილისა ლაოდიკა“, თუმცა ა. შერვინ-უაითის გამოკვლევით მითრიდატეს დედას არა ლაოდიკა, არამედ „ნისა“ ერქვა).
დედოფალი არ აპირებდა ვაჟებისთვის ტახტის დათმობას და ძალაუფლების გამყარებისთვის მოკავშირეებს ეძებდა. ამ მიზნით მან რომის რესპუბლიკას დაუთმო (119 წ.) „დიდი ფრიგია“. რომაელებმა თავიდან თავისუფალ მხარედ გამოაცხადეს, თუმცა 116 წელს რომის პროვინციად აქციეს. ამ პერიოდიდან რომაელი ვაჭრები მთელი მცირე აზიის ეკონომიკის დაპატრონებას შეუდგნენ, რის გამოც ამ მხარეში მათ მიმართ სიძულვილი სულ უფრო იზრდებოდა.
ლაოდიკეამ დაკარგა პაფლაგონიაც, რომლის ტახტი პილემენ II-ის ნათესავმა ასტრეოდონტმა (119–108) დაიკავა.
ყველაფერმა ამან პონტოს პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილონი, როგორც ჩანს, იმედს სრულიად ახალგაზრდა მითრიდატე ევპატორზე ამყარებდნენ. ლაოდიკა ხვდებოდა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს, ამიტომ საკუთარი შვილის მოკვლა გადაწყვიტა. ერთი ცნობით მითრიდატემ გაასწრო და თავი შეაფარა მცირე არმენიას, რომლის მეფე ანტიპატრემ შეიფარა, იშვილა და საკუთარი სამეფოც უანდერძა.
კიდევ უფრო ლეგენდარულ ამბავს გადმოგვცემს პომპეუს ტროგუსი: „როდესაც მითრიდატე ბავშვი იყო სვამდნენ ველურ ცხენზე და აიძულებდნენ ესროლა ისარი, ასმევდნენ საწამლავს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მითრიდატე მუდმივად იღებდა საწამლავის საწინააღმდეგო წამლებს. ხანჯლით სიკვდილს რომ გაქცეოდა ახალგაზრდა მეფე იძულებული გახდა გაქცეულიყო დედაქალაქიდან და დაკავებულიყო ველურ ცხოველებზე ნადირობით. 7 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ველურ ბუნებაში, რის შემდეგაც დაბრუნდა, დედა დააპატიმრა და ტახტზე დაჯდა...“.
ბევრი რამ ადასტურებს, რომ მითრიდატე განდევნილი (და მითუმეტეს 7 წლით) და ველურად აღზრდილი არ ყოფილა:
1. პონტოს სპილენძის მონეტების გამოკვლევით დგინდება, რომ 120–110 წლებში სამეფო მონეტები მუდმივად იჭრებოდა ახალგაზრდა მითრიდატე ევპატორის პორტრეტით.
2. მითრიდატე მუდმივად ვარჯიშობდა, რამაც მის სხეულს შესძინა სიკაჟე, მოქნილობა, ამტანობა – გამძლეობა, რასაც მნახველნი განცვიფრებაში მოჰყავდა. იგი გამორჩეული იყო სიმამაცით და ახოვნებით. ბრძოლაში შეუპოვრობა და სიკასკასე ახასიათებდა. ალექსანდრე მაკედონელივით ბრძოლის დროს ყოველთვის იქ იყო სადაც ჯარს უჭირდა და პირველ დარტყმას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა. ახოვნების გამო მტრის იარაღისთვის ადვილი სამიზნე იყო, რის გამოც მრავალჯერ დაიჭრა, თუმცა სწრაფადვე დგებოდა ფეხზე. ეს ყველაფერი უნდა გამხდარიყო მიზეზი მასზე ლეგენდების შექმნისა.
3. პლინიუს უფროსის ცნობით: მითრიდატე, მეფე 22 სხვავასხვა ტომისა, აწარმოებდა მართლმსაჯულებას ამდენსავე ენაზე და შეკრებილთ მიმართავდა ხოლმე თვითოეულ ტომს მის ენაზე“. სხვა ადგილას იგივე ავტორი წერს: „დანამდვილებით ცნობილია, რომ მითრიდატე მხოლოდ ერთი იყო მოკვდავთა შორის 22 ენაზე მოლაპარაკე, და რომ თავისი 56 წლის მეფობის განმავლობაში მას არ დასჭირვებია თარჯიმნის დახმარება მის ქვეშევრდომ ტომთა არცერთ მოსახლესთან საუბრის დროს. ამგვარად, მის მაღალ სულიერ ღირსებასთან ერთად, მას გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესი მედიცინის მიმართ, და ჰკრებდა რა სხვადასხვა ცოდნას თავისი ყველა ქვეშევრდომთაგან, რომელთაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭირათ, დასტოვა თავის საკუჭნაოებში ამგვარი თხზულებები კიდობნებით, რომლებშიაც მოცემულია შხამისა და მის საწინააღმდეგო საშუალებათა ნიმუშები და მათი მოქმედების აღწერილობა. ხოლო პომპეუსმა, – დაეუფლა რა მეფის მთელ ამ საგანძურს, უბრძანა ლიბერტინს ლენეის, ეთარგმნა ყველაფერი ჩვენს ენაზე, და ამგვარად, მისმა სახელოვანმა გამარჯვებამ არანაკლები სარგებელი მოუტანა ადამიანის სიცოცხლეს, ვიდრე სახელმწიფოს“.
4. მითრიდატეს მიერ 22 ენის ცოდნაზე მოგვითხრობენ აგრეთვე ფაბიუს კვინტილიანე (ახ.წ. I ს.) და იულიუს სოლინუსი (ახ.წ. IV ს.).
5. პაულუს ოროზიუსის (დაახლ. ახ.წ. 380–420) ცნობით „მითრიდატეს მუდამ თან ახლდნენ ფილოსოფოსები და ყველა ხელოვნებაში უაღრესად გამოცდილი ადამიანები“.
დაახლ. 116 წელს სრულწლოვანებას მიღწეულმა მითრიდატე ევპატორმა ძმასთან ერთად ქვეყნის მართვა ხელში აიღო (ამას ადასტურებს დელოსისადმი გაგზავნილ ძღვენთან დაკავშირებული ორი დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულნი არიან მხოლოდ ძმები რეგენტის გარეშე და ეს დოკუმენტები თარიღდება 116/115 და 115/114 წლებით). როგორც ჩანს დედამისი ამას შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც დააპატიმრებულ იქნა (იგი საპატიმროში გარდაიცვალა).
მითრიდატე VI ტახტზე ასვლისთანავე შეუდგა თავისი იდეის განხორციელებას მცირე აზიაში გაბატონების თაობაზე. დაახლ. 115 წელს მან მოისყიდა კაპადოკიის გავლენიანი დიდებული გორდიუს ფრიგიელი, რომელმაც მოკლა მეფე. ამის შემდეგ კაპადოკიის ტახტზე დაჯდა მცირეწლოვანი არიარათ VII ფილომეტორი (115–103; 102–101), ხოლო რეალური მმართველი გახდა დედამისი, მითრიდატე ევპატორის და – ლაოდიკა IX (115–103).
როგორც ჩანს მითრიდატე ქრესტის ძალაუფლება ფორმალური იყო, რასაც ვერ ეგუებოდა. 113 წელს იგი ძმის წინააღმდეგ შეთქმულებაში იქნა მხილებული და სიკვდილით დასაჯეს. ევპატორმა დედამისსა და ძმას სამეფო პატივით დაკრძალვა მოუწყო.
ამასობაში გარდაიცვალა მეფე ანტიპატრე და „მცირე არმენია“ მისივე ანდერძის მიხედვით, ტრაპიზონის მხარის ჩათვლით, პონტოს სამეფოს ნაწილი გახდა, რის შემდეგაც იგი კოლხეთს უშუალოდ გაუმეზობლდა.
სტრაბონი ასე აღწერს პონტოს საზღვრებს მითრიდატეს მეფობის დასაწყისში: „როდესაც მითრიდატე ევპატორი მეფედ გახდა ის ფლობდა ქვეყანას შემდეგი საზღვრებით: ჰალისიდან ტიბარენების მხარემდე და არმენიამდე; ჰალისის აქეთა (დასავლეთ) მხარეს ფლობდა ამასტრიამდე და პაფლაგონიის ზოგიერთ ნაწილს. ამას გარდა მან დასავლეთით მოიპოვა სანაპირო ჰერაკლიამდე, აგრეთვე საპირისპირო მიმართულებით სანაპირო მცირე არმენიამდე და კოლხიდამდე; ეს ქვეყნები შეუერთა მან პონტოს.
თუ გავცურავთ პროპონტიდიდან ევქსინის პონტოში, მარცხნივ ბიზანტიონის (იგი ეკუთვნის თრაკიელებს) მეზობელი ადგილები დევს, ხოლო მარჯვნივ მდებარეობს ქალკედონის მოსაზღვრე ოლქები. პირველები აქ ცხოვრობენ ბითინიელები, შემდეგ მარიანდინები (ზოგიერთი მათ ეძახიან კავკონებს), შემდეგ მდინარე ჰალისამდე – პაფლაგონელები, და ბოლოს კაპადოკიელები, რომლებიც არიან პონტოში და სხვა ხალხები რომლებიც არიან კოლხიდამდე. ყველა ამ მხარეს ეწოდება „მარჯვენა მხარე“ ევქსინის პონტოსა. მთელს ამ სანაპიროზე ბატონობდა კოლხიდიდან ჰერაკლიამდე მითრიდატე ევპატორი; ხოლო მის დასავლეთით მხარეებს ფლობდა ბითინიის მეფე. მეფეების დამხობის შემდეგ რომაელებმა შეინარჩუნეს საზღვრები; ჰერაკლეა შეუერთეს პონტოს, ხოლო მის უკან გადაეცა ბითინიას.
განიმყარა რა ძალაუფლება, მითრიდატე ევპატორი გახდა კოლხიდისა და ყველა ამ ქვეყნის მფლობელი, რომელიც დაუთმო მას სისიდის ძე ანტიპატრემ. მითრიდატე იმდენად დიდ მზრუნველობას იჩენდა ამ მხარეების მიმართ, რომ ააშენა იქ 75 ციხე-სიმაგრე, სადაც ინახავდა თავის განძეულის დიდ ნაწილს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ შორის – გიდარა(?), ბასგედარიზა (სინორიას დას-ით, მცირე არმენიაში) და სინორია. უკანასკნელი მდებარეობდა უშუალოდ დიდი არმენიის საზღვართან, რის გამოც თეოფანემ შეცვალა მისი სახელი „სიუნორია“-თი (რაც ნიშნავს სასაზღვრო მიწას). მართლაც, პარიადრის მთელი მთიანი ჯაჭვი შესაბამისია ასეთი სიმაგრეებისათვის, რადგან აქაურობა მდიდარია წყლითა და ტყეებით და ბევრი ადგილი დაფარულია ციცაბო კლდეებით. ყოველშემთხვევაში აქ ააგეს ხაზინის შესანახი სიმაგრეების უმრავლესობა“.
V ს. ანონიმი: „პონტოს სამეფო ბარბაროსებისა ვრცელდება ტიბარენიამდე, ჭანიკემდე და კოლხიდამდე“.
სტეფანოზ ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) I ს. გეოგრაფ მენიპე პერგამონელზე დაყდნობით წერს: „პონტოს სამეფო აღწევს ტიბარენიამდე, ხალდიამდე და სანიკემდე“.
მცირე არმენიის შეერთების შემდეგ მითრიდატემ ყურადღება ბოსფორის სამეფოს მიაქცია, რომელსაც ამ დროისთვის უშვილო მოხუცი პერისად V (125–109) მართავდა. მას სკვითები ავიწროვებდნენ. მათგან მძიმე დღეში იყო ყირიმის სამხრეთში მდებარე ელინური ქალაქი ქერსონესიც, რომლის საშველად 110–109 წლებში მითრიდატემ ორჯერ გაგზავნა თავისი სარდალი დიოფანტე. მან უკუაქცია სკვითები და პონტოელებმა მტკიცედ მოიკიდეს იქ ფეხი.
სტრაბონის ცნობით ქ. ქერსონესი „ადრე ავტონომიით სარგებლობდა, მაგრამ ბარბაროსთა თავდასხმებით აოხრებული, იძულებული გახდა თავის მფარველად გაეჩინა მითრიდატე ევპატორი, რომელსაც ჰქონდა სურვილი ბარბაროსებზე ლაშქრობისა... ეს ლაშქრობები იყო რომაელებთან ომის სამზადისი. ამიტომ, ასეთი იმედებით აღტკინებულმა, მან ხალისით გაგზავნა ჯარი ქერსონესში და დაუწყო ბრძოლა სკვითებს“.
108 წელს დიოფანტე უკვე ბოსფორის მეფესთან გაიგზავნა დიპლომატიური მისიით. მან დაითანხმა პერისადი დახმარების სანაცვლოდ მითრიდატე მემკვიდრედ ეცნო. ამ დროს ბოსფორში აჯანყება დაიწყო ადგილობრივი არმიის ერთ-ერთმა სარდალმა, სკვითმა დიდებულმა სავმაკმა, რომელმაც მოკლა პერისადი და ბოსფორის ტახტს დაეუფლა. დიოფანტემ ძლივს გაასწრო და ქერსონესში დაბრუნდა.
108 წელს ასტრეოდონტის უძეოდ სიკვდილთან ერთად შეწყდა პაფლაგონიის სამეფო დინასტია. მაშინ მითრიდატე ახლო მეგობრებთან ერთად საიდუმლოდ გაემგზავრა პაფლაგონიაში და შეისწავლა იქაური ვითარება. დადგინდა, რომ ერთმართველობის შეწყვეტის გამო ცალკეული მხარეების მმართველები გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ და ცალ-ცალკე სერიოზულ ძალას არ წარმოადგენდნენ. აქედან ბითინია მოინახულა და მისი მეფე ნიკომედე III (128–94) მოკავშირეობასა და პაფლაგონიის გაყოფაზე დაითანხმა. ბოლოს მოინახულა „პროვინცია აზია“ (ყოფილი პერგამონი), სადაც დარწმუნდა ადგილობრივი მოსახლეობის რომაელებისადმი სიძულვილში.
107 წელს დიოფანტე მესამედ შეიჭრა ყირიმში, დაამარცხა, დაატყვევა სავმაკი და მითრიდატესთან გაგზავნა. ბოსფორის სამეფო მითრიდატეს იმპერიას შეუერთდა. მასთან ერთად პონტოს შეუერთდა ელინური ქალაქი ოლბიაც.
ამის შემდეგ პაფლაგონიის ჯერი დადგა. იგი ამ დროისთვის ძლიერ იყო შემცირებული. სტრაბონი მას ასე აღწერს: „პომპეიპოლისის შემდეგ მოდის პაფლაგონიის დანარჩენი შიდა მხარე, რომელიც მიემართება დასავლეთით ბითინიისაკენ. ჩემს დრომდე ცოტა ხნით ადრე, მიუხედავად იმისა რომ ეს მხარე ძალიან პატარაა, ჰყავდა რამდენიმე მმართველი, მაგრამ რადგან პაფლაგონიის სამეფო შტო შეწყდა ახლა ამ მხარეს მართავენ რომაელები. ბითინიის სასაზღვრო მხარეებს ეწოდებათ ტიმონიტიდა, გეზატორიდა, მარმაროლიტიდა, სანისენა და პოტამიეი. პაფლაგონიის დედაქალაქი იყო მორზეიას მხარეში მდებარე განგრამი, რომელიც იყო პატარა ქალაქი და ამავე დროს ციხე-სიმაგრე“.
106 წელს მითრიდატესა და ნიკომედეს არმიები შეიჭრნენ პაფლაგონიაში, ქვეყანა ადვილად დაიპყრეს და გაინაწილეს. მითრიდატემ ჩრდილოეთ მხარე ნიკომედემ პაფლაგონიის სამხრეთ ნაწილი დედაქალაქ განგრასთან ერთად.
პომპეუს ტროგუსი მოგვითხრობს: „როდესაც სენატმა მიიღო ცნობა, რომ პაფლაგონია ამ ორი მეფის ძალაუფლების ქვეშაა, გაუგზავნა მათ ელჩები და უბრძანა დაებრუნებინათ პაფლაგონიის ხალხისთვის მისი ძველი მდგომარეობა. რადგან მითრიდატე თვლიდა უკვე დიდებით რომაელი ხალხის თანასწორად ამაყად უპასუხა: მე მერგო მემკვიდრეობით სამეფო, რომელზეც ჰქონდა მემკვიდრეობითი უფლება ჩემს მამას; მიკვირს, რატომ მედავებით იმას, რასაც მამაჩემს არ ედავებოდითო. ამასთან არ შეუშინდა მუქარას და დაეუფლა აგრეთვე გალატიას. რახან ნიკომედეს არ შეეძლო ამდაგვარი პრეტენზიის წამოყენება პაფლაგონიის მეფედ აკურთხა საკუთარი ძე, რომელსაც უწოდა პაფლაგონიური სამეფო დინასტიის სახელი პილემენ III (106–89) და ელჩებს განუცხადა, რომ ქვეყანა დაუბრუნა ტახტის კანონიერ მფლობელსა და პაფლაგონიის სამეფო შტოს წარმომადგენელს. ასე დაბრუნდნენ ელჩები რომში, გახდნენ რა დაცინვის მსხვერპლი“.
ამის შემდეგ კოლხეთის ჯერი დადგა. ამას ანტიკური ავტორები შემდეგნაირად გადმოგვცემენ:
მემნონი: „პონტოს მეფემ ფასისის ირგვლივ არსებული ტერიტორიები ომის გზით დაიმორჩილა“. აპიანე: „მითრიდატე მამის სამეფოს ფლობს, მან დაიმორჩილა მრავალი ხალხი და მათ შორის მეომარი კოლხები“. სტრაბონი: „როდესაც მითრიდატე ევპატორის ძალაუფლება გაძლიერდა, კოლხიდა დაექვემდებარა მის ბატონობას. ამიერიდან მეფე თავისი სამეგობრო წრიდან მუდმივად გზავნიდა პირებს კოლხიდის მმართველად. ამ მართველებს შორის იყო მოაფერნე – ჩემი დედის მამის ძმა. კოლხიდიდან მეფე იღებდა ყველაზე მეტად ფლოტისთვის საჭირო მასალებს. სხვაგან აღნიშნავს: „ქვეყანა მის ხელში გადავიდა“; კოლხეთი „მან შეუერთა პონტოს“.
ცნობილმა ნუმიზმატმა კ. გოლენკომ მითრიდატეს მონეტების შესწავლის საფუძველზე დაასკვნა, რომ პონტოს მიერ კოლხეთის ანექსია ძვ.წ. 105 წელს უნდა დაწყებულიყო, რადგან პონტოს სამეფოს მონეტების ცირკულაცია კოლხეთში სწორედ ამ წლიდან იწყება.
ამიერიდან კოლხეთი პონტოს სატრაპიად იქცა, ხოლო ქვეყნის მართვის უფლება პონტოს მეფისნაცვალს გადაეცა.
კოლხეთის შემდეგ მითრიდატემ კაპადოკია ამოიღო მიზანში. მისი დისშვილს უკვე სრულწლოვანებისთვის მიეღწია და სადაცაა ტახტს დაეუფლებოდა, ამიტომ პონტოს მეფე გეგმებს აწყობდა ოპერაციის წარმატების ჩასატარებლად, თუმცა ნიკომედე ბითინიელმა დაასწრო.
პომპეუს ტროგუსი მოგვითხრობს: 103 წელს „ბითინიის ჯარები კაპადოკიაში შეიჭრნენ. მაშინ მითრიდატემ „თავისი დისშვილის დასახმარებლად“ პონტოში ჯარები გაგზავნა. კაპადოკიის მმართველმა ლაოდიკეამ, რომელიც კარგად იცნობდა საკუთარ ძმას და ეჭვობდა, რომ მას კაპადოკიის დინასტიის ამოწყვეტა სურდა, უარი უთხრა მითრიდატეს დახმარებაზე, ცოლად გაჰყვა ბითინიის მეფე ნიკომედეს და აკურთხა იგი კაპადოკიის მეფედ. თუმცა მითრიდატემ უკან არ დაიხია, გაწმინდა ქვეყანა ბითინიის ჯარებისგან და არიარათ VII ტახტზე აღადგინა (102 წ.).
რამდენიმე თვის შემდეგ მითრიდატემ ზრახვანი გაამჟღავნა და კაპადოკიის მეფეს მოუწოდა გორდიუსისთვის სამშობლოში დაბრუნების ნება მიეცა. არიარათმა მტკიცე უარი თქვა მამის მკვლელის მიღებაზე, რის შემდეგაც მითრიდატემ შეკრიბა 80000 ქვეითი, 10000 მხედარი, 600 საბრძოლო ეტლი და შეიჭრა კაპადოკიაში. არიარათს ყველაფერი წინასწარ შეეტყო და სათანადოთ მომზადებულიყო. მეზობელი მეფეების დახმარებით მისი არმია არანაკლები იყო. მაშინ მითრიდატემ ცბიერებას მიმართა და მოლაპარაკებაზე მიიწვია დისშვილი. შეხვედრის წინ არიარათის კაცმა მითრიდატეს გაჩხრეკა იწყო და როდესაც მუცლის ქვედა ნაწილის დათვალიერებას შეუდგა მითრიდატემ მწარედ იხუმრა: „მეშინია რომ იქ ნახავთ სხვა სახის ხანჯალს, ვიდრე ისეთს რომელსაც ეძებთ“. „მეძებარი“ ამაზე წამოეგო, რითაც ისარგებლა პონტოელმა და უხერხულ ადგილას დამალული ხანჯლით დისშვილი ორივე ქვეყნის ჯარების თვალწინ მუხანათურად მოკლა (101 წ.).
შემდეგ მითრიდატემ დაიკავა კაპადოკიის დედაქალაქი მასახა (დღევ. კაისერი) და მის მეფედ თავისი 8 წლის შვილი არკათიუსი დასვა არიარათ VIII-ის (101–96; 95–86) სახელით, რომელსაც რეგენტად გორდიუსი დაუნიშნა.
კაპადოკიის დაპყრობის შემდეგ მითრიდატე რამდენიმე მეგობართან ერთად საიდუმლოდ კვლავ გაემგზავრა პროვინცია აზიის ქალაქების მოსანახულებლად. გაარკვია მისი ქალაქებისა და მხარეების მდებარეობა. აქედან გადავიდა ბითინიაში და შეარჩია ხელსაყრელი ადგილები მომავალი გამარჯვებებისთვის, რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში, სადაც უკვე მკვდრად თვლიდნენ. აქ მან ნახა ახალშობილი (ფარნაკე დაიბ. 97 წ.), რომელიც შვა ლაოდიკეამ მის არყოფნაში. თვლიდა რა ქმარს დაღუპულს, ლაოდიკეას საყვარლად დაესვა თავისი ძმისა და მეუღლის მეგობარი და ახლა, თავისი დანაშაული რომ დაემალა გადაწყვიტა მოეკლა მითრიდატე. ლაოდიკეამ მას შეხვედრისას მიაწოდა საწამლავით სავსე ფიალა, თუმცა მეფეს უკვე შეეტყო მსახურისგან ყველაფერი და სასმისი უკანვე შეუბრუნა. ასე დაიღუპა მითრიდატეს ერთადერთი კანონიერი მეუღლე და დედოფალი, რომლისგანაც 4 ძე (მითრიდატე უმცროსი, არკათიუსი, მახარე და ფარნაკე) და ორი ასული (კლეოპატრა, არმენიის დედოფალი და დრიპეტინა /გარდ. 66 წ./) ამიერიდან დედოფლად და შესაბამისად თანამმართველად აღარავინ დაუსვამს.
5 წლის შემდეგ გორდიუსის სისასტიკითა და თვითნებობით აღშფოთებული კაპადოკიელები აუჯანყდნენ მითრიდატეს, განდევნეს პონტოელთა გარნიზონები და მეფედ მოიწვიეს არიარათ VII-ის უმცროსი ძმა არიარათ IX ეპიფანე (96–95), რომელიც პროვინცია აზიაში იზრდებოდა.
95 წელს მითრიდატემ დაიწყო ომის მის წინააღმდეგ, დაამარცხა და განდევნა კაპადოკიის სამეფოდან. ამ ამბიდან მალევე ნამეფარი ახალგაზრდა მწუხარებისგან ავად გახდა და გარდაიცვალა. ნიკომედეს ეშინოდა რა იმის, რომ კაპადოკიის დაპყრობის შემდეგ მითრიდატე ბითინიის დაპატრონებასაც მოინდომებდა, ამიტომ მოძებნა ვინმე ახალგაზრდა და ლამაზი ყმაწვილი და გამოაცხადა, რომ გარდაცვლილ არიარათ VI-ს არა ორი, არამედ სამი ვაჟი ჰყავდა და ეს არის ტახტის მემკვიდრეო. უფრო მეტიც, მან გაგზავნა ლაოდიკეა გაუშვა რომში ამ ამბის ჩასატანად. პარალელურად მითრიდატემაც გაგზავნა გორდიუსი რომში და მოითხოვა არკათიუსის კაპადოკიის მეფედ ცნობა, რადგან იგი არიარათ V-ის შვილიაო. სენატორებმა არცერთის არგუმენტი არ დაიჯერეს და დაადგინეს, რომ მითრიდატეს უნდა დაეთმო კაპადოკია, ხოლო ნიკომედეს სამხრეთ პაფლაგონიიდან, რის შემდეგაც ორივე სამეფოს თავისუფლება მიანიჭეს“.
მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ გაბედეს რომის გაღიზიანება და დაცალეს ოკუპირებული მხარეები, რის შემდეგაც პაფლაგონიაში ტეტრარქებმა დაიბრუნეს ძალაუფლება, ხოლო კაპადოკიელებმა რესპუბლიკაზე უარი თქვეს (მეფის გარეშე არ შეგვიძლიაო) და მეფის არჩევნები დაინიშნა, რომელშიც პრო-რომაული ძალების კანდიდატმა არიობარზანმა (მომავალი არიობარზან I 95–63) დაამარცხა მითრიდატეს ერთგული გორდიუსი. არიობარზანე დაქორწინდა არიარათ VI-ის ასულ ათენაზე, რისი წყალობითაც არიარათების დინასტია ქალის ხაზით იქნა გაგრძელებული.
ამ დროს აღმოსავლეთში „სამოგზაუროთ და თავგადასავლების საძიებლად“ გაეგზავრა რომის ლეგენდარული სახელმწიფო მოღვაწე გაიუს მარიუსი, რომელიც 107–100 წლებში 6-ჯერ იყო არჩეული კონსულად და ამ დროს გაატარა სამხედრო რეფორმა, რომლის წყალობითაც რომის რესპუბლიკის ლეგიონები უძლიერეს სამხედრო დანაყოფებად ჩამოყალიბდნენ და თავიანთ მეთაურებზე დაქვემდებარებაში გადავიდნენ, ნაცვლად სენატისა. ამ დროისთვის მარიუსის ვარსკვლავი ჩამქრალიყო, რადგან პოლიტიკოსობა მას არ ძალუძდა და დიდი ომები აღარ იყო სახელი რომ ხელახლა მოეხვეჭა. ამიტომ წავიდა იგი მცირე აზიაში, რათა აემხედრებინა აქაური მმართველები რომის წინააღმდეგ, რის შემდეგაც სენატი მას მოუხმობდა სარდლად და საშუალება ექნებოდა ახალი ტრიუმფი მოეპოვებინა. იგი კაპადოკიისა და გალატიის მონახულების შემდეგ ეწვია პონტოს, სადაც მითრიდატემ პატივით მიიღო. მარიუსმა იცოდა რა მისი წადილი პირდაპირ მიახალა: „ან შეაგროვებ უფრო მეტ ძალას, ვიდრე რომაელებს აქვთ, ანდა გაჩუმდი და გააკეთე, რასაც გიბრძანებენ“.
ამასობაში ასპარეზზე კვლავ გამოვიდა „დიდი არმენიის“ სამეფო. ტიგრან II-მ (95–56) 70 ხეობის ფასად დაიხსნა თავი პართიის მეფის ტყვეობიდან და მამის სიკვდილის შემდეგ დაცარიელებულ ტახტზე დაჯდა, რის შემდეგად დაიპყრო მეზობელი სოფენა.
2. „პირველი ომი მითრიდატესთან“. სულას კამპანია
94 წელს მითრიდატემ გორდიუსის შუამდგომლობით სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა დიდი არმენიის მეფე ტიგრან II-სთან. პომპეუს ტროგუსი მოგვითხრობს: „მაშინ არმენიის მეფე იყო ტიგრანი. მითრიდატეს ძალიან სურდა ჰყოლოდა იგი თავის მოკავშირედ რომაელთა წინააღმდეგ, ვის წინააღმდეგაც დიდი ხანია ომს განიზრახავდა, და თუმცა რომაელებს არასოდეს არაფერი უწყენინებიათ ტიგრანისათვის, მითრიდატემ მაინც დაიყოლია იგი თავს დასხმოდა არიობარზანს, რომელიც ძალიან სუსტი იყო. ხოლო იმისათვის, რათა გაეფანტა რამე ეჭვი რომელიმე ეშმაკური ხერხის შესახებ, მან შერთო ტიგრანს თავისი ქალიშვილი კლეოპატრა. ტიგრანის პირველივე თავდასხმისთანავე, არიობარზანმა შეკრა მთელი თავისი ქონება და რომში გაიქცა. ტიგრანის საშუალებით ამგვარად, კაპადოკიაში აღდგენილ იქნა მითრიდატეს ძალაუფლება“.
ტიგრანმა არიობარზანეს ადგილზე გორდიუსი დასვა, კაპადოკიის ციხე-ქალაქებში პონტოურ-არმენიული გარნიზონები ჩააყენა.
94 წელსვე ბითინიის მეფე ნიკომედე III ევერგეტი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ნიკომედე IV ფილოპატორი (94–92; 90–89; 85–74), რომელიც არ აპირებდა მითრიდატეს უზენაესობის აღიარებას და კაპადოკიის დაპატრონებაზე ოცნებობდა. ნიკომედეს ჰყავდა ნახევარძმა სოკრატ ქრესტი, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც შეარქვეს კიდეც ქრესტი (მშვიდობისმოყვარე). როდესაც ნიკომედე IV ტახტზე ავიდა ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. სოკრატი მითრიდატესთან გაიქცა. მითრიდატემ დააქორწინა იგი თავის ქალიშვილ ორსაბარისაზე და ამზადებდა ბითინიის ტახტზე დასასმელად.
93 წელს სენატის ბრძანებით კილიკიის პროპრეტორი ლუციუს კორნელიუს სულა შეიჭრა კაპადოკიაში, დაამარცხა ტიგრანის სარდლები ბაგოია და მიტრიასი და აღადგინა არიობარზანი.
მაშინ მითრიდატემ ტიგრანთან ახალი, უფრო მჭიდრო კავშირის შესახებ შეთანხმება დასდო, რომლითაც ტიგრანი პონტოს ჯარების დახმარებით უნდა შეჭრილიყო კაპადოკიაში, რის შემდეგაც დაპყრობილ ქალაქებსა და მხარეებს დაუთმობდა მითრიდატეს, ხოლო ტყვეები და ქონება გაემგზავრებოდა არმენიაში. რაც შეეხება გავლენის სფეროების გადანაწილებას: სირია და მისი მეზობელი მხარეები უნდა დაეპყრო ტიგრანს, ხოლო მცირე აზიის მხარეები მითრიდატეს.
92 წელს მითრიდატემ სოკრატს მისცა ჯარები და შინ გაგზავნა. ნიკომედე დამარცხდა და რომში გაიქცა დახმარების სათხოვრად, სოკრატი კი ტახტზე ავიდა ნიკომედე V მემნონის (92–90) სახელით.
91 წელს მითრიდატეს დავალებით ტიგრანი ისევ შეიჭრა კაპადოკიაში და დიდძალ ქონებასთან ერთად ბევრი ტყვე გარეკა, ხოლო ქალაქებს მითრიდატე დაეუფლა. არიობარზანი ისევ რომში გაიქცა.
90 წელს ნიკომედე IV რომის ჯარით (სარდლები მანიუსი აკვილიუსი, მანიუს მალტინიუსი და პროვინცია აზიის გუბერნატორი ლუციუს კრასუსი), დაქირავებული გალატებითა და ფრიგიელებით დაბრუნდა ბითინიაში, რის შემდეგაც სოკრატე კვლავ მითრიდატესთან გაიქცა. ტახტზე აღდგენილ იქნა არიობარზანიც.
განრისხებულმა მითრიდატემ ჩათვალა, რომ მზად არ იყო რომთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, ყველაფერი სიძეს გადააბრალა და სიცოცხლეს გამოასალმა.
დაახლ. 90 წელს ტიგრანმა დაიმორჩილა კორდუენა (ანუ კარდუხების ქვეყანა) და ამიერიდან 66 წლამდე მისი მეფეები ტიგრანის ქვეშევრდომები იყვნენ.
ტიგრან II-მ 88 წ. ტიგრანი გადავიდა შეტევაზე და ჯერ პართიას წაართვა 70 სომხური ხევი, შემდეგ ატროპატენას ახბაკის მხარე, ააოხრა ადიაბენეს კუთვნილი ნინევიასა და ერბელას რაიონები, დალაშქრა პართიის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია ეკბატანაში, გადალახა ტიგროსი და დაიმორჩილა კომაგენას სამეფო და სირიული ქალაქები, რის შემდეგაც 83 წელს გამოაცხადა თავი სირიის მეფედ. დაპყრობილ იქნა აგრეთვე კილიკიის ნაწილი, საიდანაც ადგილობრივები დიდი არმენიის ახალ დედაქალაქ ტიგრანაკერტში გადმოასახლეს. შემდეგ დაიწყო ფინიკიური ქალაქები დაპყრობა, რომელიც დაასრულა 71 წლისთვის. ბოლოს არმენიელებმა დაიპყრეს პალესტინა და ეგვიპტემდე მიაღწიეს. ძვ.წ. 77 წელს მდ. ტიგროსის ზემო დინების ჩრდილოეთით, მისი მარცხენა შენაკადის ფარკინ-სუს ნაპირას, დღევ. ქალაქ ფარკინის ადგილზე დააარსა ახალი დედაქალაქი ტიგრანაკერტი.
ამასობაში რომის ბატონობის წინააღმდეგ იტალიური ხალხები აჯანყდნენ, რასაც მოჰყვა ე.წ. მოკავშირეთა ომი (იგი მიმდინარეობდა ძვ.წ. 91–88 წლებში. აჯანყების მიზეზი გახდა რომის სენატის უარი იტალიკებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აჯანყებულებმა თავიანთ კავშირს „იტალია“ უწოდეს. კავშირს სათავეში 500-თა საბჭო ედგა. აჯანყებულებს შეუერთდნენ რომაელ კოლონისტთა დაბალი ფენები, პროვინციელები. ძვ.წ. 88 წლის ზაფხულში რომაელებმა იტალიკების წინააღმდეგობა დაძლიეს. რომაელებმა მოქალაქეობა მისცეს ყველა იტალიკურ ტომს, მაგრამ იმგვარად, რომ მათ ფაქტობრივად არავითარი სოციალურ-პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდათ. ყველა იტალიკური თემი პრაქტიკულად რომის მუნიციპიუმი გახდა.). რომს აღმოსავლეთისთვის არ ეცალა და შიშობდა, რომ ამასობაში პონტო რომის მცირე აზიურ სამფლობელოებს დაეუფლებოდა, ამიტომ რომაელები მითრიდატეს შესაჩერებლად ბითინიის მეფე ნიკომედეს აქეზებდნენ მის წინააღმდეგ გაელაშქრა.
ნიკომედეს ტახტის დასაბრუნებელი ბრძოლის დროს დაქირავებული ჯარებისთვის (ფრიგიელები, გალატები) დიდი ფული ჰქონდა გადასახდელი და სახსრები კი არ ჰქონდა. ასეთ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად პონტოზე თავდასხმა და მისი გაძარცვა მიაჩნდა.
ერთ დღესაც ნიკომედემ შეკრიბა 50000 ქვეითი და 6000 მხედარი, პონტოში შეიჭრა და ამასტრიდამდე ყველაფერი გააპარტახა. მითრიდატემ უკან დაიხია და არ შეებრძოლა, რათა ბითინიის დასაპყრობად მეტი სამართლიანი არგუმენტი ჰქონოდა.
როდესაც ნიკომედე უკან დიდი ნადავლით დაბრუნდა, პონტოს მეფემ რომის სარდლებსა და ელჩებს გაუგზავნა ელჩი პელოპიდი. ამავე დროს მათთან საკუთარი პრეტენზიებით მივიდნენ ნიკომედეს ელჩები და პაექრობა დაიწყო.
ნიკომედეს ელჩები ამბობდნენ: „შეხედეთ რა დიდ სამზადისშია იგი, თითქოს რომელიმე დიდი და უკვე გამოცხადებული ომისთვის; შეხედეთ მის საკუთარ ჯარს, აგრეთვე მის მოკავშირეებს თრაკიელებისა და სკვითების – აგრეთვე ყველა უახლოეს ტომთა ჯარს, არმენიის მეფესთან მოყვრობით არის დაკავშირებული, ხოლო სირიისა და ეგვიპტის მეფეებს პერიოდულად უგზავნის ელჩებს და ცდილობს მათ მიმხრობას. მათ მოეპოვებათ 300 ბაქნიანი გემი და მასთან ერთად კიდევ სხვებსაც ამზადებს, ხოლო მესაჭეების საშოვნელად მან დაგზავნა ხალხი ფინიკიასა და ეგვიპტეში. ყველა ეს სამზადისი, ესოდენ უზარმაზარი, მიმართულია რასაკვირველია, არა ნიკომედის წინააღმდეგ, არამედ თქვენს წინააღმდეგ, რომაელებო, ამზადებს ამას ყველაფერს მითრიდატე, აღვსილი თქვენს მიმართ რისხვით“.
პელოპიდი ამბობდა: „ეხლა კი თქვენ არხეინად უყურებთ იმას, რომ ნიკომედმა ჩაკეტა პონტოში შესასვლელი, რომ იგი თავს ესხმის ჩვენს მიწა-წყალს... თუმცა მეფე სუსტი არ არის და სავსებით მზად არის თავის დასაცავად, მაგრამ იგი უცდიდა, რათა თითონ გამხდარიყავით იმისი მოწმე, რაც ხდება. ეხლა, რადგან თქვენ თითონ დაესწარით და იცით ყველაფერი, რაც მოხდა, ამიტომ მითრიდატე, თქვენი მეგობარი და მოკავშირე, გთხოვთ თქვენ, თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს /ასე სწერია ხელშეკრულებაში/, დაგვეხმაროთ ჩვენ, ნიკომედის მიერ შეურაცხყოფილთ, ანდა აუკრძალეთ მას ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება“.
ცოტა ხნის შემდეგ პელოპიდემ ისევ კატეგორიულად გაიმეორა: „მოგმართავთ დაეხმაროთ მითრიდატეს, უსამართლოდ შეუარცხყოფილს, ანდა, ბოლოს, რომაელი ხალხის წარმომადგენლებო, ხელს ნუ შეუშლით მას თავი დაიცვას და ნუ შეიწუხებთ თავს ან ერთისა ან მეორისათვის მხარდაჭერით“.
აპიანეს თქმით: „რომაელ სარდლებს დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკომედისთვის დახმარების აღმოჩენა და მხოლოდ თვალთმაქცურად უსმენდნენ ამ კამათს, მაგრამ მაინც პელოპიდის ნათქვამითა და მითრიდატესთან დადებული სამეგობრო კავშირით, – რაც ძალაში რჩებოდა, – დარცხვენილნი, დიდხანს ყოყმანობდნენ, თუ რა პასუხი გაეცათ. ბოლოს მათ მხოლოდ ის მოახერხეს, ორჭოფულად განეცხადებინათ, რომ ისინი ვერ მოითმენდნენ, რომ მითრიდატეს რაიმე უსიამოვნება შეხვდეს, მაგრამ არც იმას მოითმენენ, რომ მითრიდატემ ნიკომედეს ომი აუტეხოს და მას რაიმე დაუშავდეს“.
პელოპიდემ მყისვე შეუბრუნა სიტყვა და ამხილა ამ განცხადების გაურკვევლობა და ორჭოფობა, რის შემდეგაც რომაელმა სარდლებმა პელოპიდი ბჭობიდან დაითხოვეს, შინ გაისტუმრეს და თან გააყოლეს გუშაგები, რათა მას გზადაგზა არავინ აემხედრებინა მათ წინააღმდეგ.
გაბრაზებულმა მითრიდატემ ერთის მხრივ 89 წელსვე თავისი შვილი არკათიუს-არიარათი გაგზავნა დიდი ჯარით კაპადოკიაში, დაამარცხა მალტინიუსის ლაშქარი, განდევნა არიობარზანე და დაიკავა ქვეყანა.
მეორეს მხრივ კი ისევ გაგზავნა პელოპიდე, რომელმაც რომაელებს განუცხადა: „თქვენ უკვე მოისმინეთ, რომაელებო, რა შეურაცხყოფა მიადგა თქვენგან მეფე მითრიდატეს, როდესაც ცოტა ხნის წინათ თქვენ მას წაართვით ფრიგია და კაპადოკია; მეორეს მხრივ, რაც ნიკომედემ თქვენს თვალწინ მას ვნება მიაყენა, თქვენ უყურადღებოთ დასტოვეთ. როდესაც ჩვენ შეგახსენეთ ჩვენი მეგობრობა და კავშირი, თქვენ გვიპასუხეთ ისე, თითქოს ჩვენ კი არა ვჩიოდით, არამედ ჩვენ გვიჩიოდნენ, გვითხარით რა, რომ თქვენ რომაელთა საქმისათვის საზიანოდ მიგაჩნდათ, თუ ნიკომედი რამე ზარალს განიცდისო – გეგონება, ის შეურაცხყოფილი ყოფილიყოს. თქვენ გასცემთ პასუხს რომის სენატს, იმისთვის, რაც მოხდა კაპადოკიაში; იმის გამო, რომ თქვენ ასეთი ზიზღით მოგვეპყარით და ასეთი თვალთმაქცური პასუხი გაგვეცით, მოიქცა მითრიდატე ასე. იგი გიგზავნით თქვენ შესახებ საჩივრით თავის ელჩებს თქვენს სენატში; იგი მოგიწოდებთ თქვენ, რათა თავი იმართლოთ სენატის წინაშე თქვენი მოქმედებების გამო და იქამდე არ დაიწყოთ იღებთ რა მხედველობაში, რომ მითრიდატე მეფობს თავის სამემკვიდრეო ქვეყანაში, რომელიც გადაჭიმულია 20000 სტადიონის სიგრძეზე, და ამას გარდა, მან თითონ მოიპოვა მრავალი მოსაზღვრე ქვეყანა: კოლხები – ეს ომიანობისთვის გიჟი ტომი, ხოლო ელინთაგან ისინი, ვინც პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ, და ბარბაროსები, რომლებიც მათ ჩრდილოეთით ცხოვრობენ. მის მეგობრებად, რომელნიც მზად არიან შეასრულონ, რასაც კი იგი უბრძანებს, არიან: სკვითები, ტავრის მცხოვრებნი, ბასტარნები, თრაკიელები, სარმატები და ყველა ისინი, ვინც ცხოვრობენ ტანაისისა და ისტროსის გასწვრივ, აგრეთვე მეოტიის ტბის ირგვლივ. სომხეთის მეფე ტიგრანი მისი სიძეა, ხოლო პართელთა მეფე არშაკი (პართიის მეფეთა ტიტული) – მეგობარი. ხომალდები აუარებელი აქვს, რომელთა ნაწილი მზად არის, ნაწილი კი შენდება, და აღჭურვილობა ყოველმხრივ ყურადღების ღირსი.
სავსებით მართალია ისიც, რაც ამას წინათ გითხრეს თქვენ ბითინიელებმა ეგვიპტისა და სირიის მეფეთა შესახებ; სრულიად ბუნებრივია, რომ არა მხოლოდ ისინი შემოგვიერთდებიან, თუ ომი გაჩაღდა, არამედ თქვენს მიერ ახლად შემოერთებული აზია, ელადა, ლიბია და თვით იტალიის დიდი ნაწილი, რომელსაც ვეღარ აუტანია თქვენი გაუმაძღრობა და ანგარება, უკვე ეხლავე ეწევა თქვენთან შეურიგებელ ომს. არ შეგწევთ რა ძალა ჯერ ის დაასრულოთ, თქვენ ცდილობთ ახალი ომის დაწყებას მითრიდატესთან, აქეზებთ რა მის წინააღმდეგ ჯერ-ჯერით ნიკომედსა და არიობარზანს. თქვენ ამბობთ, რომ მეგობრები და მოკავშირეები ხართ და ასეთ ნიღაბსაც ატარებთ, ხოლო მას კი ეპყრობით როგორც მტერს. მაშ ასე! თუ ეხლაც რამემ გაიძულათ შესცვალოთ თქვენი დამოკიდებულება მომხდარი ამბების მიმართ – ან აუკრძალეთ ნიკომედს თქვენი მეგობრების შეურაცხყოფა (და თუ თქვენ ამას იზამთ, მაშინ მე პირობას გაძლევთ, რომ მეფე მითრიდატე აღმოგიჩენთ დახმარებასა და ხელის შეწყობას იტალიელების წინააღმდეგ), ან გასწყვიტეთ ეს თვალთმაქცური მეგობრობა ჩვენთან, ან წარვდგეთ რომში სამსჯავროს წინაშე“.
მაშინ რომაელმა სარდლებმა არ დაუცადეს რა სენატის ან სახალხო კრების გადაწყვეტილებას ესოდენ მნიშვნელოვანი ომის შესახებ, ისინი შეუდგნენ ჯარის შეგროვებას, რის შემდეგაც მცირე აზიაში სამი არმია განალაგეს: პირველი ლუციუს კასიუსის მეთაურობით იდგა ბითინია-გალატიის საზღვარზე, მეორე მანიუს აკვილიუსის მეთაურობით ბითინია-პონტოს გზაზე, მესამე კვინტუს ოპიუსის მეთაურობით კაპადოკიის საზღვარზე. აპიანეს ცნობით რომაელთა თითო ლაშქარს ჰყავდათ 40000 ქვეითი და 4000 მხედარი (რომაელების გარდა იყვნენ გალატები, ფრიგიელები და სხვები), ხოლო ნიკომედეს 50000 ქვეითი და 6000 მხედარი. ამასთან რომაელებს ჰყავდათ ფლოტი ბიზანტიონთან მინუციუს რუფუსისა და გაიუს პოპილიუსის სარდლობით.
მითრიდატე დიდი ხანი ემზადებოდა რომთან საომრად. მან შექმნა ძლიერი და კარგად გაწვრთნილი არმია, რომელიც 250000 ქვეითის, 40000 მხედარის, 400 სამხედრო ხომალდისგან შედგებოდა. ამასთან არკათიუსმა მცირე არმენიიდან მოიყვანა 10000 მხედარი, დორილეოსმა მოაწყო ფალანგები, ხოლო კრატერმა მოიყვანა 130 საბრძოლო ეტლი“.
მემნონის ცნობით: „პონტოელებმა შეკრიბეს 190000 ქვეითი და 10000 მხედარი. პონტოს მოკავშირეობას აღუთქვამდნენ ეგვიპტე, სირია, დიდი არმენია, ათენი, კილიკიელი მეკობრეები და ზოგიერთი თრაკიული ტომი. მითრიდატეს მოკავშირეობა დაუდასტურა აგრეთვე – პართიის, მიდიის (იგულისხმება მიდია-ატროპატენა), ფრიგიის (იგულისხმება გალატიის) და იბერიის მეფეებმა“.
პომპეუს ტროგუსი წერს: „მითრიდატე, რომელიც რომაელებთან ომის დაწყებას აპირებდა, ჰკრავს კავშირს ტიგრანთან... შემდეგ, შეგნებული ჰქონდა რა, თუ რაოდენ დიდ ომს იწყებდა, გზავნის ელჩებს დახმარების სათხოვნელად კიმვრებთან, გალო-ბერძნებთან, სარმატებთან და ბასტარნებთან; ყველა ეს ხალხები მან ადრევე გადმოიბირა თავის მხარეზე სხვადასხვა ქველმოქმედებით, განიზრახავდა რა ომს რომაელებთან, ის ბრძანებს აგრეთვე გამოცხადდეს მასთან ჯარი სკვითეთიდან, და აიარაღებს რომაელთა წინააღმდეგ მთელ აღმოსავლეთს“.
ნიკომედესა და მითრიდატეს ლაშქრები ერთმანეთს შეხვდნენ პონტოს პაფლაგონიაში მდინარე ამნეიონის პირას მდებარე ფართო ვაკეზე. ბრძოლა უკიდურესად სისხლიანი გამოდგა. მითრიდატე დორილაოსთან ერთად ფალანგით რეზერვში დადგა, ხოლო ჯარს არქელაოსი, არკათიუსი და ნეოპტოლემეოსი გაუძღვნენ (მემნონის ცნობით ეს ჯარი მოითვლიდა 40000 ქვეითსა და 10000 მხედარს). თავდაპირველად ნიკომედე გადავიდა შეტევაზე და ნეოპტოლემეოსი და არკათიუსი უკუიქცნენ. მაშინ არქელაოსი დაესხა მდევრად ქცეულ ბითინიელებს საბრძოლო ეტლებით და მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც გვერდიდან დაუწყო ბითინიელებს შემოვლა. ამ ნიშანზე ნეოპტოლემეოსი და არკათიუსიც მობრუნდნენ და მთელი ძალებით შეუტიეს. ნიკომედე დამარცხდა, მცირერიცხოვან არმიასთან ერთად პაფლაგონიაში გაიქცა და მანიუსის ბანაკში მივიდა. მითრიდატეს ხელთ ჩაუვარდა მისი ბანაკი სადაც ბევრი ფული და ტყვე იყო. ყველა მათ მიმართ მან კაცთმოყვარეობა გამოიჩინა, გაათავისუფლა, საგზაო ხარჯი მისცა და თავის სახლებში გაუშვა, ეს იმისთვის გააკეთა რომ მტერთან კაცთმოყვარის სახელი მოეხვეჭა.მითრიდატემ 150000 კაცით ბითინიის საზღვარი გადალახა სკორობის მთასთან და მტერს დაედევნა. მისი მოწინავე სარმატი მხედრების ასეული დაეწია ნიკომედეს 800 მხედარს, დაამარცხა და რამდენიმე მათგანი ტყვედ იგდო. მითრიდატემ ისინიც გზის ხარჯით გაათავისუფლა.
მანიუსი ძალიან შეშინდა და უკან წავიდა, ამიტომ ნიკომედე კასიუსთან გაიქცა. პახიასთან მანიუსის ჯარს წამოეწია პონტოს ჯარი ნეოპტოლემეოსისა და არმენიელი ნემანის სარდლობით. 40000 ქვეითისა და 4000 მხედრის მქონე რომის სარდალი ადვილად დამარცხდა. 10000 დაეღუპა, ხოლო 300 ტყვედ ჩავარდა. (მემნონის ცნობით მანიუსი დაამარცხა მითრიდატეს სარდალმა მენოფანესმა) მთელი რომაელთა ბანაკი მტერს ჩაუვარდა ხელთ, მანიუსმა კი მდ. სანგარია გადალახა და პერგამონში გაიქცა. მითრიდატემ ეს ტყვეებიც გაათავისუფლა.
ამის შეტყობისთანავე კასიუსმა და ნიკომედემ დაიხიეს ფრიგიის ყველაზე გამაგრებულ ადგილ ლეონტოკეფალიაში. აქ მათ დახვდათ ვაჭრებისგან, გლეხებისგან და სხვა არასამხედრო პირთაგან შეკრებილი არმია, რომელსაც ერთი ხანი წვრთნიდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ამ არმიით ბრძოლა არასაიმედო იყო, მითუმეტეს რომ ეს ახალგამომცხვარი მეომრებიც არ ავლენდნენ მითრიდატესთან ომის სურვილს. ამიტომ ეს ჯარი დაშალეს და გაქცევა განაგრძეს. მაშინ კასიუსმა დაიხია ბითინიის ქ. აპამეაში, ნიკომედემ პერგამონში. კვინტუს ოპიუსი გაიქცა და ქ. ლაოდიკეაში (კარიისა და ლიდიის საზღვარზე) გამაგრდა. ეს ერთადერთი ქალაქი იყო ამ მხარეში რომელიც წინააღმდეგობას სწევდა. მითრიდატემ მათ შეპირდა ხელშეუხებლობას თუ გადასცემდნენ ოპიუსს. მაშინ ქალაქის მოსახლეობამ ოპიუსის მოქირავნეები მშვიდად გაუშვა, ხოლო ოპიუსი მითრიდატეს გადასცა. მეფემ მას არაფერი დაუშავა და მუდმივად თან დაჰყავდა და აჩვენებდა სხვა რომაელ სარდლებს. ზავის დადების შემდეგ სულას იგი დაუბრუნა.
ასე რომ მითრიდატემ სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა ბითინია, ფრიგია და პერგამონს მიადგა. რომაელების ჯარმა სრული განადგურება განიცადა.
როცა მითრიდატე პროვინცია აზიაში შევიდა, მანიუს აკვილიუსი აქედანაც გაიქცა, მაგრამ ლესბოსელებმა იგი შეიპყრეს და მითრიდატეს გადასცეს. იგი ერთ-ერთი დამნაშავე იყო ომის გაჩაღებაში და შესაბამისად მითრიდატე მას ნაკლებ პატივისცემით ექცეოდა და ვირზე შესმული ატარებდა. ბოლოს, პერგამონში კისერში ჩაასხა გამდნარი ოქრო ნიშნად რომის მექრთამეობისა.
აღნიშნულ მხარეთა გარდა მითრიდატემ მოიარა აგრეთვე მისია, ლიკია, პამფილია, მთელი იონია, მაგნეზია, ეფესო და მიტილენა. შემოერთებულ მხარეებს სატრაპები დაუყენა; ყველგან მეგობრულად მიიღეს. ეფესოში მასთან სადღესასწაულო სამოსელში გამოწყობილი დელეგაცია გამოცხადდა და მას როგორც ახალ დიონისეს, აზიის მამასა და მხსნელს ისე მიესალმა. ეფესოს მოსახლეობამ რომაული ქანდაკებები გაანადგურა, რის გამოც მოგვიანებით სულამ დასაჯა. იონიიდან მობრუნებისას აიღო ქ. სტრატონიკეა, დააკისრა ფულადი ჯარიმა და ჩაუყენა გარნიზონი. აქ გაიცნო ერთი ლამაზი გოგონა – მონიმა ფილომენის ასული და მორიგ ცოლად შეირთო.
რადგან მაგნეტების, პაფლაგონიელებისა და ლიკიელების ნაწილი ბრძოლას განაგრძობდა, ამიტომ მათ წინააღმდეგ საკუთარი სარდლები გააგზავნა.
მცირე აზიაში წარმატებების მიღწევის შემდეგ მითრიდატემ თავისი ფლოტი წარგზავნა ეგეოსის ზღვისაკენ გამოცდილი სარდლის ბერძენ არქელაოსის უფროსობით. „შავი ზღვის შესასვლელში მდგომი რომაული ფლოტის სარდლები შეშინდნენ, იქიდან წავიდნენ და გადასცეს სრუტეები, ხომალდები და რაც კი იქა ჰქონდათ“ – მოგვითხრობს აპიანე.
ეგეოსის ზღვაში მითრიდატე პირველად შეიჭრა კ. კოსზე, სადაც შეაფარებული იყო ეგვიპტელი პრინცი პტოლემეოს X ალექსანდრე I-ის (110–109; 107–88) ვაჟი ალექსანდრე, რომელიც მოგვიანებით (80 წ.) თვითონაც გახდა ეგვიპტის ფარაონი პტოლემეოს XI ალექსანდრე II-ის სახელით. პრინცს მითრიდატე სამეფო პატივში აცხოვრებდა, ხოლო მისი მდიდარი ქონება პონტოს ხაზინაში გაგზავნა. მოგვიანებით პრინცმა მოახერხა სულასთან გაქცევა და მისი დახმარებით დიდხანს ცხოვრობდა იტალიაში.
პირველი წინააღმდეგობის კერა საბერძნეთში მითრიდატეს შეხვდა კ. როდოსზე, სადაც შეფარებული იყო მცირე აზიიდან გაქცეული იტალიელები ლუციუსი კასიუსისა და ნიკომედე ბითინიელის მეთაურობით. როდოსის ფლოტი ნავსადგურში გამაგრდა და სერიოზულ წინააღმდეგობას სწევდა. ძალიან გაიწელა როდოსის ალყა. ამ დროს მითრიდატესთან მოცურავდა ქვეითი ჯარი სამგზავრო გემებითა და ტრიერებით, რომელიც ქარიშხალში მოჰყვა. ვიდრე მითრიდატე ზღვის ღელვას ებრძოდა, როდოსელები მოულოდნელად გამოიჭრნენ ნავსადგურიდან, გაფანტულ პონტოელთა ფლოტს თავს დაესხნენ და დაამარცხეს. მაშინ მითრიდატემ ჩათვალა კუნძულისთვის ბრძოლა დროის ტყუილად კარგვად, დაკმაყოფილდა მისი ზოგადი ბლოკადით და დაბრუნდა ქ. პერგამონში, რომელიც მის დედაქალაქად გამოაცხადა.
ისტორიკოსი პლუტარქე აღგვიწერს პროვინცია აზიის მდგომარეობას, მითრიდატეს მიერ იქ შეჭრამდე: „პროვინცია დიდი ხნის ნაკლებობისაგან დაუჯერებელ და გამოუთქმელ სიღატაკეში იყო ჩავარდნილი. ხარკის ამკრეფნი და გადამყიდველები აზიის მცხოვრებთ ძარცვავდნენ და მონებად აქცევდნენ. კერძოდ, ისინი იძულებული იყვნენ გაეყიდათ თავიანთი ლამაზი ვაჟები და ქალები, ხოლო საზოგადო საჩუქრებად ტაძრების შესაწირავები, თავიანთი ღმერთების სურათები და წმინდა წამოსასხამები. წამება, რომელიც წინ უსწრებდა მონობას, მონობაზე საშინელი იყო. ხმარებაში იყო წკეპლებით ცემა, ჯურღმულებში ჩაყრა, სიცხე-პაპანაქების დროს მზის პირისპირ დაყენება, სიცივეში ტალახში ჩაფვლა, ან წყალში ჩაყენება, ასე რომ მონობა ბევრისთვის უფრო ადვილი, შემსუბუქება და სიმშვიდე იყო“.
როგორც ყოფილ პერგამონის სამეფოში ისე მცირე აზიის სხვა ადგილებში რომაელი მევახშეების უსაზღვრო თვითნებობით და ადმინისტრაციის ძალმომრეობით განაწამები მოსახლეობა მითრიდატეს და მის სარდლებს დიდი იმედით და თანაგრძნობით ხვდებოდა. მითრიდატესაც თავი ამ ხალხების მხსნელად მოჰქონდა და მათ სოციალური გადატრიალების თავისებურ მაცნედ ევლინებოდა. იგი აცხადებდა, რომ განზრახული აქვს მიმხრობილ მხარეებში გააუქმოს ვალები და გადაანაწილოს მიწები. ასე მაგ. პროვინცია აზიის ქალაქებს აპატია რომის სამსახურში დგომა და მისი მოსახლეობა ვალებისგან და გადასახადებისგან 5 წლით გაათავისუფლა, რითაც მისადმი პატივისცემა გაზარდა.
ომის სარდლობა ამის შემდეგ მითრიდატემ სხვებს გადასცა: პელოპიდი გაიგზავნა ლიკიაში, ძე არკათიუსი – თრაკიაში, არქელაოსი – ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ამავე დროს მითრიდატემ საიდუმლო ბრძანება მისცა საკუთარი გარნიზონების მეთაურებს „აზიაში“ მცხოვრები ყველა რომაელი და იტალიელი გაეჟლიტათ; რომაელთა მიმართ, რაიმე შებრალებისა და თანაგრძობის გამოჩენაც კი სასტიკად უნდა დასჯილიყო. სამაგიეროდ ჯილდოს მიიღებდა არამარტო ის ვინც რომაელთა დახოცვაში მონაწილეობას მიიღებდა, არამედ ისიც ვინც რომაელთა გულშემატკივრობის ფაქტებს ამხელდა, ან მოკლავდა გადამალულ რომაელს. ბატონების დაბეზღების შემთხვევაში მონა თავისუფლებას მიიღებდა, დავალიანებულს კი თავისი ვალის ნახევარი ჩამოეწერებოდა.
ასე დაიწყო აზიაში იტალიელთა ჟლეტა, რომელშიც ადგილობრივებიც სიხარულით მონაწილეობდნენ და შედეგად 80000-მდე ადამიანი გაისტუმრეს საიქიოში. აპიანე აღიარებს: „აშკარა იყო, რომ აზიამ არა მითრიდატეს წინაშე შიშით, არამედ უფრო რომაელთა სიძულვილის გამო, ჩაიდინა ასეთი საშინელი საქციელი“. დახოცილთა შორის იყვნენ არამარტო თავისუფალი კაცები, ქალები და ბავშვები, არამედ გააზატებულები და მონებიც, თუ ისინი იტალიური წარმოშობის იყვნენ.
88 წელს არქელაოსის ფლოტი შეუდგა საბერძნეთის კუნძულების დაკავებას. მხოლოდ დელოსმა გასწია მათგან წინააღმდეგობა. ამ მოვლენების დროს გაჟლეტილ იქნა 20000 რომაელი და იტალიელი.
არქელაოსმა დელოსში ნაშოვნი თანხით და 2000 კაციანი არმიით ათენში გაგზავნა ეპიკურეული ფილოსოფიის მასწავლებელი არისტიონი, რომელმაც ანტირომაულ ძალებზე დაყრდნობით ქალაქში ხელისუფლება ხელთ იგდო და ატიკა პონტოს სამსახურში ჩააყენა. მან გაჟლიტა ან მითრიდატესთან გაგზავნა პრო-რომაულად განწყობილი ათენელები. 
არქელაოსს შეუერთდნენ აქეელები, ლაკონიელები, პელოპონესელები და ბეოტიელები ქ. თესპიას გარდა, ამიტომ 87 წლის გაზაფხულზე არქელაოსმა და არისტიონმა მას ალყა შემოარტყეს. პონტოელთა მეორე სარდალმა მეტროფანმა გაანადგურა ევბეა, დემეტრიადა და მაგნეზია, რადგან უარი თქვეს მორჩილებაზე.
ამ დროს მაკედონიიდან მცირე არმიით დაიძრა მისი მმართველი სენტიუსის ლეგატი ბრეტიუს სური და ზღვაზე შემთხვევით გადაეყარა მეტროფანს. პირველივე შეტაკების დროს ბრეტიუსმა ჩასძირა მეტროფანის წინ მიმავალი ხომალდი, რის გამოც მეტროფანი პანიკაში ჩავარდა და მოკურცხლა. მაშინ ბრეტიუსმა აიღო ზღვისპირა ქალაქი სკიაფი და ხელთ იგდო იქ შენახული პონტოელთა ნადავლი; მონები ჩამოახრჩო, ხოლო თავისუფალ ხალხს ხელები მოკვეთა. შემდეგ შეუერთდა რა 1000 კაციანი ქვეითთა და ცხენოსანთა ლაშქარი შეიჭრა ბეოტიაში და ქერონეასთან 3 დღიანი ბრძოლა გამართა არქელაოსთან და არისტიონთან, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მალე არქელაოსს შეუერთდნენ ლაკონიელები და აქეელები, რის გამოც ბრეტიუსმა ჩათვალა მათთან ბრძოლა უაზროდ და წავიდა პირეოსის ასაღებად, მაგრამ არქელაოსი გაემართა ფლოტით და დაიკავა იგი. ბრეტიუსი ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მოუვიდა ლუკულუსის ბრძანება – ბრძოლის ასპარეზი სულასთვის გაეთავისუფლებინა და ისიც იძულებული გახდა მაკედონიაში გაბრუნებულიყო.
არკათიუსი რომელიც ჯერ კიდევ 88 წელს იქნა თრაკიის დასაპყრობად გაგზავნილი, გაუბედავად მოქმედებდა და სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია.
მოკლედ ერთი წლის შემდეგ მითრიდატეს ხელქვეით აღმოჩნდა თითქმის მთელი მცირე აზია, საბერძნეთი და შავი ზღვის ნაპირები. მხოლოდ მცირე აზიის პატარა ნაწილი და კუნძული როდოსი უწევდა მას დიდ წინააღმდეგობას, ხოლო ეგეოსის ზღვაზე მისი ფლოტი ბატონობდა, რომლის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი როლი მეკობრეებს ეკუთვნოდათ. მთელი დაქვემდებარებული ტერიტორია მითრიდატემ სატრაპიებად დაჰყო.
ამგვარად მითრიდატემ რომაელების ბატონობას აზიაში კატასტროფული ვითარება შეუქმნა. აპიანეს სიტყვით როცა რომაელებმა მითრიდატეს აზიაში შეჭრა შეიტყვეს მის წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტეს, მაგრამ თვითონ გართული იყვნენ განდგომილ იტალიკებთან ბრძოლაში. ამავე დროს რომის სახელმწიფო ომის წარმოებისათვის საჭირო თანხების მხრივ დიდ გასაჭირს განიცდიდა და ამიტომ გადაუწყვეტიათ გაეყიდათ ის, რაც მეფე ნუმა პომპილიუსმა ღმერთების შესაწირად დაადგინა, შეაგროვეს 9000 ფუნტი ოქრო და როცა რომაელებმა აჯანყებული იტალიკები ძირითადად დაიმორჩილეს, რომის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ენერგიულად შედგომოდა მითრიდატეს წინააღმდეგ ომის შემზადებას.
ამის შემდეგ 88 წლის კონსულებმა კენჭი ჰყარეს და აზიაში ლაშქრობა ერგო ოპტიმატების პარტიის ლიდერ ლუციუს კორნელიუს სულას, ხოლო რომში რჩებოდა კვინტუს პომპეუს რუფუსი.
87 წლის შემოდგომაზე სულა 5 ლეგიონით, რამდენიმე მანიპულით და კავალერიით ეპირში გადავიდა და უმალვე დაიწყო შეკრება ეტოლიასა და თესალიაში ფულის, მოკავშირეებისა და სურსათის; როდესაც ჩათვალა რომ ყველაფერი საკმარისად ჰქონდა, დაუკავშირდა მითრიდატეს და მოსთხოვა ზავის სანაცვლოდ დაებრუნებინა ომამდელი ვითარება, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ სასწრაფოდ შეიჭრა ბეოტიაში, რომლის უმეტესი ქალაქი ისევ რომაელებს მიემხრო. ურჩობა თითქოს გამოაცხადა თებემ, თუმცა როცა რომაელები მას მიადგნენ, ქალაქმა მათი დროშა ააფრიალა. შემდეგ სულა ატიკაში შევიდა, სადაც პონტოს ჯარები ელოდნენ.
არისტიონმა და არქელაოსმა ვერ გაბედეს შებრძოლება და შესაბამისად ათენსა და პირეოსში ჩაიკეტნენ. სულამ არმიის ნაწილი ათენის ალყაში მოსაქცევად გაგზავნა, ხოლო თვითონ პირეოსს შემოარტყა ალყა. პირეოსის კედლები პერიკლეს მიერ პელოპონესის ომის დროს იქნა აგებული, 40 წყრთის სიმაღლის და დიდი ოთრხუთხა ქვებით იყო ნაგები, რომელსაც არქელაოსი კაპადოკიელთა რაზმებით მძლავრად იცავდა, ამიტომ პირეოსის პირველმა შტურმმა შედეგი არ მოიტანა. აპიანე მოგვითხრობს: „პირეუმში, აამაღლა რა საკმარისად მიწაყრილი, სულა შეუდგა მანქანების მიზიდვას, მაგრამ არქელაოსმა თხრილი გააკეთა მიწაყლის ქვეშ და დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად ეზიდებოდა მიწას; მიწაყრილმა უცბად ძირს დაწევა იწყო, რომაელებმა მოახერხეს სწრაფად შეენიშნად ეს, უკანვე გაათრიეს მანქანები და ამოავსეს ყრილი. ამავე წესით მათ თავისი მხრით შეთხარეს კედლამდე, ისარგებლეს რა მათივე კვალით: და აი, მიწის ქვეშ ისინი ერთიმეორეს ეჯახებოდნენ და იმართებოდა ხელჩართული ბრძოლა ხმლებითა და შუბებით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ბნელში. ამასობაში სულა მიწაყრილიდან სხვადასხვა მოწყობილობათა და საშუალებებით ურტყამდა ტარანებით კედელს, ვიდრე მისი ნაწილი არ ჩამოინგრა; სურდა რა დაეწვა შორიახლოს მდგარი კოშკი, მან დაუშინა მას მრავალი ცეცხლგამჩენი ყუმბარა და ჯარისკაცთაგან ყველაზე მამაცნი გაგზავნა კიბეებითურთ.
ორივე მხრივ უდიდესი დაჭიმულობის შემდეგ, ბოლოს ცეცხლი წაეკიდა კოშკს და სულამ, დაანგრია რა კედლის ნაწილი, მაშინვე იქ სადარაჯო სიმაგრე დადგა. კედლის ძირგამოთრხილი საძირკველი, რომელიც მხოლოდ ძელებზეღა იყო დაყრდნობილი, ცეცხლის ალში გახვიეს მოტანილი ასანთი მასალის საშუალებით. კედლის ნაწილები ერთიმეორეზე ჩამოინგრნენ და თან გადაიყოლეს ზემდგომი მებრძოლები. ამ უდიდესმა და უცაბედად ყოველი მხრით მოვლენილმა არეულობამ შეაშინა კედლის დამცველები, თითქოს ის კედელიც, რომელზედაც ისინი იდგნენ, საცაა დაეცემოდა. ამიტომ ისინი შეწუხებული იყურებოდნენ აქეთ-იქით; შიში აიძულებდა მათ ყველაფრისათვის ეჭვის თვალით შეეხედათ და ამიტომ ისინი სუსტად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ.
სულა, შეუწყველად რომ ეწარმოებინა იერიში, დაღლილ რაზმებს უკან იწვევდა და მათ ნაცვლად წინა ხაზზე დასვენებულებს გზავნიდა. თავის მხრივ არქელაოსიც ასევე იქცეოდა, რის გამოც რომაელები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ და წინ ვერ მიიწევდნენ. მაშინ, ყველას გასაოცრად, სულამ ბრძანა იერიშის შეწყვეტა და უკან დახევა. შედეგად არქელაოსმა აღადგინა ჩამონგრეული კედელი და ახალი სიმაგრეებით გაამაგრა სუსტი ადგილები.
სულა ამჯერად სრულყოფილი ალყის განხორციელებას შეუდგა. დაიწყო უზარმაზარი საალყო მანქანების აგება. რკინით, კატაპულტებითა და სხვა მასალებით მას თებეელები ამარაგებდნენ. სულას შიგნიდან ეხმარებოდა ორი ვიღაც მომხრე, რომელიც საიდუმლოდ ატყობინებდნენ ქალაქის მდგომარეობასა და არქელაოსის გეგმებს.
საპასუხოდ არქელაოსმა ააგო თავდაცვითი კოშკები და დამხმარე რაზმები მოიწვია ქალკიდიდან და სხვა კუნძულებიდან. ასე რომ მისი ჯარი რაოდენობით სულას ჯარს აღემატებოდა. მოგვიანებით არქელაოსს მითრიდატესგან კიდევ ერთი ჯარი მოუვიდა დრომიხეტის სარდლობით და მაშინ მან გადაწყვიტა სულასთან შებმა. ბრძოლა ქალაქის კედლებთან სასტიკი გამოდგა. დიდხანს გადადიოდა უპირატესობა ხელიდან ხელში, მაგრამ ბოლოს რომაელებმა იმარჯვეს და აიძულეს პონტოელები ისევ ქალაქს შეკედლებოდნენ. არქელაოსმა 2000 კაცი დაკარგა და კვლავ პირეოსის გამაგრებას შეუდგა.
სულამ გადაწყვიტა პირეოსის ზღვიდან ბლოკირებაც, თუმცა ფლოტი არ ჰყავდა. როდესაც როდოსელებს სთხოვა, მათ მისცეს 6 ხომალდი, რომელთა დიდი ნაწილი მეკობრეებმა გაუნადგურეს. მაშინ სულამ ლუკულუსს დაავალა ეგვიპტესა და სირიაში გაგზავრებულიყო და მათი მეფეებისგან ეშოვა ფლოტი. ლუკულუსი პატარა ნავით წავიდა ალექსანდრიაში და გზად სულ ცვლიდა ნავებსა და მიმართულებებს, რათა ზღვაზე გაბატონებულ მითრიდატეს ფლოტს არ შეემჩნია.
ზამთარში ათენში შიმშილი დაიწყო და არქელაოსმა გადაწყვიტა საიდუმლოდ სურსათი შეეტანა ქალაქში, მაგრამ ყველაფერი ორმა უცნობმა მოღალატემ ჩაშალა, აცნობა რა სულას. სულამ შეიპყრო ათენისკენ მიმავალი რაზმი თავისი პურის მარაგით.
იმავ დღეს 87/86 წლების ზამთარში სულას სარდალმა მუნაციუსმა ქალკიდასთან ბრძოლაში დაამარცხა მითრიდატეს სარდალი ნეოპტოლემეოსი, რომლის დროსაც დაიღუპა 1500 პონტოელი და ტყვედ ჩავარდა უფრო მეტი.
სანამ ათენ-პირეოსისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდებოდა არკათიუსმა გაიარა თრაკია, ადვილად დაიკავა მაკედონიის დიდი ნაწილი, რადგან იქ რომაელთა მცირერიცხოვანი რაზმი იყო, დაუყენა მას სატრაპები და შევიდა საბერძნეთში. ერთდროულად ორი არმიის შუაში რომ არ მოქცეულიყო, სულამ სასწრაფოდ სცადა პირეოსის შტურმით აღება, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ ამ დროს ომის ღმერთი მის მხარეს აღმოჩნდა. გზაში არკათიუსი მოულოდნელად ავად გახდა და ტისეისთან ახლოს გარდაიცვალა. სარდლის გარეშე დარჩენილი არმია კი შეჩერდა. ამ დროს შიშილისგან გათანგულმა ათენელებმა ზავი შესთავაზეს თუმცა უარი მიიღეს. 86 წლის 1 მარტს ღამის შტურმის დროს რომაელები შეიჭრნენ ქალაქში. ქალაქში დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. არავინ ინდობდა არც ქალსა და არც ბავშვს. სულამ ბრძანება გასცა ამოეხოცათ ყველა ვისაც კი მოიხელთებდნენ. ათენელების მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა შეძლო აკროპოლისში გაქცევა, რომლის აღება კურიონს დაევალა. არისტიონი იძულებული გახდა ცეცხლი წაეკიდებინა მუსიკალური შეჯიბრებების შენობის „ოდეონისათვის“. განადგურებულ იქნა პლატონის აკადემია და არისტოტელეს ლიკეიონი. რამდენიმე დღის შემდეგ აკროპოლისიც დანებდა და არისტიონი თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა. სულამ ათენი თავის ჯარისკაცებს მისცა დასარბევად და გასაძარცვავად. აკროპოლიდან გატანილი იქნა 40 ფუნტი ოქრო და 600 ფუნტი ვერცხლი. ბოლოს სულამ ათენის პოლისის თავისუფლება გამოაცხადა.
ქალაქის სრული დაკავების შემდეგ სულამ მთელი ძალები პირეოსისკენ გაგზავნა და რამდენიმე დღეში ათენის ამ საპორტო ქალაქის დიდი ნაწილი იქნა დაკავებული. მასაც ათენზე არანაკლები სისასტიკით გაუსწორდნენ რომაელები. ყველა შენობა ცეცხლის ალში იქნა გახვეული. განადგურებული იქნა ე.წ. ფილონის არსენალი, რომელიც 1000 საბრძოლო ხომალდს იტევდა.
არქელაოსმა დარჩენილი მებრძოლებით ზღვაზე გაასწრო და ცდილობდა საზღვაო გზები ჩაეკეტა სულასთვის, რათა აქედან არ შეძლებოდა სურსათის მიღება.
სულას მაშველი ძალების იმედი რომიდან აღარ ჰქონდა, არც ფლოტი ჰყავდა და აღარც ფინანსები, ამის გამო იგი არ მოერიდა ძველი საბერძნეთის ცნობილი ადგილების უმოწყალო გაძარცვას და იშვიათი ენერგიითა და გამბედაობით განაგრძო ომი მითრიდატეს წინააღმდეგ.
ამასობაში არკათიუსის არმიის სარდალმა ტაქსილმა აიღო ამპოპოლისი, რის შემდეგაც მთელი მაკედონია მის ხელთ აღმოჩნდა. შემდეგ მან აქ დიდძალი სურსათ-სანოვაგე შეაგროვა, თესალიისკენ დაიძრა და მუნიხიის სანაპიროსთან ღუზაზე მდგარ არქელაოსს მოუწოდა შეერთებოდა. 
თერმოპილესთან ტაქსილის, არქელაოსისა და დრომიხეტის არმიების ნაფლეთები გაერთიანდნენ რის შემდეგაც პლუტარქეს ცნობით არქელაოსის განკარგულებაში იყო 100000-მდე ქვეითი, 10000 მხედარი და 90 საბრძოლო ეტლი. აპიანეს ცნობით სულ იყო 120000 კაცი იყო: მათ შორის კი იყვნენ – თრაკიელები, პონტოელები, სკვითები, კაპადოკიელები, ბითინიელები, გალატები, ფრიგიელები და მითრიდატეს დაპყრობილი სხვა ხალხები. მემნონის ცნობით მათ ჰყავდათ 60000-ზე მეტი მებრძოლი.
ამ დროს სულამ მოულოდნელად დატოვა რთული რელიეფის მქონე ატიკა, სადაც პონტოელებს არ შეეძლოთ მრავალრიცხოვანი არმიის გაშლა, კავალერიის და საბრძოლო ეტლების ეფექტურად გამოყენება და გადავიდა ფართო ვაკეებს მქონე ბეოტიაში, სადაც არქელაოსს ყველა ამ სიკეთით სარგებლობა და რომაელთა ადვილად დამარცხება შეეძლო. ეს ყველას გაუკვირდა, თუმცა სულას საამისო მიზეზი ჰქოდა. 1. მას ელეოდა სურსათი, რომელიც აწიოკებულ ატიკაში თითქმის აღარ მოიპოვებოდა; 2. იტალიიდან თესალიის გზით 6000 ლეგიონერით სულას საშველად მოემართებოდა მისი გამოცდილი სარდალი ლუციუს ჰორტენზიუსი, რომლის ჯარის გარეშე სულას წარმატების იმედი არ ჰქოდა. ბეოტიაში გადასვლით კი ერთად შეხვედრისთვის საჭირო მანძილს შეამცირებდა და გაზრდიდა შანს ჰორტენზიუსის არმიის გადარჩენისა, რომელსაც პონტოს მრავალრიცხოვანი არმია ემუქრებოდა.
სულას იმედი გამართლდა. ჰორტენზიუსმა ადვილად მოახერხა მოწინააღმდეგეთა მოტყუება და პატრონიდესთან შეუერთდა მას, რის შემდეგაც უკანასკნელის რიგებში 15000 ქვეითი და 1500 მხედარი იყო. (აპიანეს ცნობით მისი ჯარი რაოდენობით მოწინააღმდეგის 2/3 იყო. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რომს ჯარის რაოდენაბაში ავტორები არ ათვლიან რომის მოკავშირე ბარბაროსი მმართველების ჯარების რაოდენობას.).
ცოტა ხანში არქელაოსი 50000 ქვეთითა და 10000 მხედარით დაიძრა ფოკიდასკენ და ბანაკად დადგა ქ. ქერონეასთან ორ ბორცვს შორის გაშლილ ფართო ვაკეზე. აქვე მოვიდა სულაც. იდგა 86 წლის აპრილი ან მაისი.
მოწინააღმდეგის უპირატესობის დასაძლევად სულამ შემდეგი განლაგება აირჩია. შუაში დააყენა ლეგიონები, ფლანგებზე კავალერია თავისი (მარჯვნივ) და მურენას (მარცხნივ) სარდლობით. უკან ზურგის დასაცავად, ე.წ. რეზერვებად დააყენა ორი კოჰორტა გალბასა და ჰორტენზიუსის სარდლობით.
თავდაპირველად არქელაოსმა კავალერია და საბრძოლო ეტლები გაგზავნა, რომელიც რომაელებმა ადვილად მოიგერიეს. შემდეგ მთელი არმია დაძრა, რომელთა შორის იყო 15000-იანი გათავისუფლებული მაკედონელი მონებისგან შედგენილი ფალანგა და იტალიელი დეზერტირები. მეორე შეტევაზე პონტოს კავალერიამ გადათელა რომაელთა პირველი რიგები, მაგრამ სულამ საკუთარი კავალერიისა და ორი სარეზერვო კოჰორტის მოულოდნელი თავდასხმით უკან გააქცია პონტოელთა კავალერია, რომელმაც არია არქელაოსის ფალანგას წყობა. მაშინ მწყობრად შეუტიეს ლეგიონებმა, ხოლო პონტოელებმა ლანდშაფტის გამო ვერ შეძლეს გაშლა, ამ გზით ჯარის გადაწყობა და უპირატესობის გამოყენება, რის გამოც სასტიკად დამარცხდნენ. არქელაოსმა 10000 კაცით მიაღწია ქალკიდამდე, საიდანაც სანაპიროს გასწვრივ განაგრძო გაქცევა. აპიანეს ცნობით რომაელებმა სულ 13 კაცი (?) დაკარგეს.
სულამ აიყვანა ტყვეები, პონტოელთა დატოვებული იარაღი, ცოტა ხნით შეასვენა ჯარი და შემდეგ დაედევნა არქელაოსს, თუმცა წარუმატებლად, რადგან ბერძენი სარდალი ფლოტზე შესხდა და რამდენიმე თვე ბერძნული კუნძულებისა და სანაპიროების ძარცვით იყო დაკავებული, ხოლო სულას ფლოტი არ ჰყავდა მასთან შესაბრძოლებლად.
ასეთი მწარე წაგებებით შეშინებული მითრიდატე ფიქრობდა, რომ თუ სულა მცირე აზიაში მიუახლოვდებოდა ყველა პონტოს თავისუფალი მოკავშირე რომაელების მხარეს გადავიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა მათი დახოცვა. პირველ რიგში მიზნად ამოიღო გალატების ტეტრარქების ოჯახებიანად ამოწყვეტა, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც და მათ ქალაქებში ჩააყენა გარნიზონები, ხოლო სატრაპად დაუნიშნა ევმახი, მაგრამ გადარჩენილმა ტეტრარქებმა შეკრიბეს ჯარები და განდევნეს მისი გარნიზონები. ამდენად გალატიისგან მითრიდატეს მხოლოდ წართმეული ფული დარჩა.
ამის შემდეგ ქიოსის ჯერი დადგა. ჯერ კიდევ როდოსთან ომის დროს ქიოსელთა ხომალდი დაეჯახა მითრიდატეს ხომალდს და დააზარალა. ახლა მითრიდატე ეჭვობდა, რომ ღალატს აპირებდნენ, რადგან ქიოსელთა ნაწილი გაიქცა სულასთან. ამიტომ მითრიდატეს ბრძანებით დორილაოსმა აიღო ქალაქი, ჯერ სულასთან გაქცეულთა ქონება აკრიფა, შემდეგ მთელი ქიოსის მოსახლეობა გემებზე დასვა და პონტოსკენ გაგზავნა, მათი ქონება კი მიიტაცა. გზაზე ქიოსის მოკავშირე ჰერაკლეას ფლოტი დაესხა მათ და გაათავისუფლა ქიოსელი ტყვეები.
შემდეგ მითრიდატეს სარდალი ზენობია ჯარით ეფესოში ჩავიდა და მოითხოვა შემდეგი დღისთვის შეკრებილიყვნენ კრებაზე, მაგრამ ღამით ეფესელებმა ქიოსის ბედის გაზიარების შიშით მოკლეს ზენობია თავის მხლებლებიანად და გამოაცხადეს ქალაქში სამხედრო მდგომარეობა. მას მიბაძა ტრალმა, ჰიპეიბიმ, მესოპოლიტიანმა და ზოგიერთმა სხვა მეზობელმა ქალაქმა. მაშინ მითრიდატე ამბოხებულებს სასტიკად გაუსწორდა და ღამით ეფესოს მოსახლეობის ჟლეტა მოაწყო. შემდეგ დამშვიდდა, გამოაცხადა ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა, ჩამოაწერა ვალები და მოსახლეობა თანასწორად გამოაცხადა (მეტეკები სრულუფლებიანებად აქცია, ხოლო მონები გაათავისუფლა).
ამ დროს მითრიდატეს მოუვიდა ცნობა მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შესახებ, ამიტომ მისმა კაცებმა მთელი მცირე აზია მოიარეს და 1600-მდე საეჭვო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს.
86 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა სულას მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაიუს მარიუსი და ახალ კონსულად არჩეულ იქნა ასევე სულას მტერი ლუციუს ვალერიუს ფლაკუსი. სენატმა სულა გადაყენებულად გამოაცხადა მის წინააღმდეგ ფლაკუსი გაგზავნა საბერძნეთში. იგი ეპირში გადავიდა და თესალიაში სულას ჯარების პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მათ შორის შეტაკება არ მომხდარა. ფლაკუსის არმია ჩრდილოეთით წავიდა, განვლო მაკედონია, თრაკია და ჩავიდა ბიზანტიონში.
85 წლის დასაწყისში ქალკიდაში გადმოსხდა პონტოელთა ახალი 80000-იანი არმია დორილაოსის მეთაურობით, რომელიც შეუერთდა არქელაოსს. ამის შემდეგ ბეოტია ისევ მითრიდატეს დაექვემდებარა. სულა სასწრაფოდ დაიძრა მათ წინააღმდეგ და ორქომენთან შეებრძოლა. ბრძოლის ველი იყო შიშველი ვაკე, რომელიც ტბა კოპაიდამდე ვრცელდებოდა, რომლის ირგვლივ ტერიტორია დაჭაობებული იყო. მეტოქის კავალერიის შემოტევა რომ არ დაეშვათ რომაელები ბანაკის წინ სანგრებს თხრიდნენ, თუმცა მძიმე მსხვერპლის ფასად პონტოური კავალერია ლახავდა მას და პირველ ჯერზე გააქცია კიდეც რომაელთა ჯარები. ამ დროს სულა ჯარის შუაში გაიჭრა და მებრძოლებს განუცხადა: „რომაელებო, როგორც ჩანს, მე აქ ვიპოვი მშვენიერ სიკვდილს, ხოლო თქვენ დაიმახსოვრეთ პასუხი კითხვაზე თუ სად უღალატეთ თქვენს მეთაურ სულას, უთხარით: როცა ის იბრძოდა ორქომენთან“. ამ სიტყვების შემდეგ ცხენით ყველა რიადს ჩამოუარა და გადამწყვეტ იერიშზე გაუძღვა. ასე რომ სულამ მოახერხა მათი ხელახლა თავმოყრა და ენერგიული ფლანგური დარტყმებით აღადგინა წონასწორობა. ამ დღეს პონტოელებმა 15000 კაცი დაკარგეს (მათგან 10000-მდე მხედარი არქელაოსის გერ დიოგენეს ჩათვლით).
მეორე დღეს სულამ გმირული შეტევა წამოიწყო, რომელსაც პონტოელები ერთხანს აკავებდნენ, თუმცა ბოლოს არქელაოსმა ვეღარ გაუძლო და გაიქცა. პონტოელთა ცხედრებმა დაფარა კოპაიდას ტბა და მის ირგვლივ ჭაობები.
სულა ერთხანს დაედევნა არქელაოსს და გზაზე გაანადგურა მისი პონტოელების მომხრე სამი ქალაქი – ანფედონი, ლარიმნუ და გალეი, რის შემდეგაც გამოსაზამთრებლად დაბანაკდა თესალიაში და რადგან ლუკულუსისგან არაფერი ესმოდა თვითონ იწყო გემების აგება. ამ დროს მასთან მოვიდნენ მისი თანაპარტიელები რომიდან და შეატყობინეს მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ. ამიტომ სულამ გადაწყვიტა რომში დაბრუნება, რათა გაენადგურებინა პოლიტიკური მტრები და დაებრუნებინა ძალაუფლება.
ამასობაში პონტოელებს წარუმატებლობა შეემთხვათ მცირე აზიაშიც. ვალერიუს ფლაკუსის არმიაში თანხმობა არ სუფევდა. თვითონ სარდალს სამხედრო ხელოვნება არ ესმოდა და ჯარისკაცებში ავტორიტეტი არ ჰქონდა, ამიტომ ლეგატად გაატანეს ფლავიუს ფიმბრია. უკანასკნელმა გადაწყვიტა ძალაუფლება მოეპოვებინა და ჯარისკაცებში კონსულ ფლაკუსის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა. ამ ნიადაგზე მოხდა შეთქმულება და ფიმბრიამ ფლაკუსი მოკლა, რის შემდეგაც ჯარი მცირე აზიაში გადაიყვანა და ნიკეაში ჩავიდა.
ახალი მხედართმთავრის ფიმბრიას წინააღმდეგ მითრიდატემ წარგზავნა ლაშქარი რომელსაც სარდლობდნენ: მეფის ძე მითრიდატე უმცროსი, ტაქსილი, დიოფანტე და მენანდრე. პირველ ბრძოლაში პონტოელებმა მოიგეს და ფიმბრიას უკან დაახევინეს. მოწინააღდეგეები განლაგდნენ პროპონდიტასთან, მდინარის ორივე მხარეზე. ღამით, როდესაც პონტოელებს ეძინათ ფიმბრია დაესხა თავს მათ და სასტიკად დაამარცხა. მებრძოლთა დიდი ნაწილი გაჟლიტეს მანამ, სანამ მიხვდებოდნენ თუ რა ხდებოდა. მითრიდატე უმცროსი რამდენიმე ლიდერთან და კავალერიასთან ერთად გაიქცა პერგამონში მდგარ მეფესთან.
ფიმბრიას ჯარი მსწრაფლ გაჩნდა პერგამონის კედლებთან და მამა-შვილი იძულებული გახდა სასწრაფოდ გასცლოდა ქალაქს და თავი ახლომდებარე ნავსადგურ პიტანეს შეაფარებოდნენ, რომელსაც ფიმბრიამ ხმელეთიდან ალყა შემოარტყა და ირგვლივ თხრილი შემოავლო. მიუხედავად ამისა რომის სარდალს პონტოს მეფის შეპყრობა არ შეეძლო, რადგან ჰყავდა ფლოტი ნავსადგურის ზღვიდან ბლოკირებისთვის და შესაბამისად აქედან მითრიდატე გზა ხსნილი ჰქონდა. მაშინ ფიმბრია დაუკავშირდა ლუკულუსს (რომელიც ნავსადგურთან ახლოს ცურავდა) და შესთავაზა ზღვიდან ალყა შემოერტყა პიტანესთვის. თუ ასე მოიქცევი ჩვენ მოვარხერხებთ რომისთვის ასეთი საძულველი და მტრული მეფის შეპყრობას, რის შემდეგაც მთელი დიდება ჩვენ დაგვრჩება და სულას გამარჯვებები ქერონეასა და ორქომენთან დავიწყებული იქნებაო – წერდა იგი ლუკულუსს. ლუკულუსმა ან სულასადმი მიცემული სიტყვის გამო, ანდა იმის გამო, რომ არ ენდობოდა მოღალატე ფიმბრიას, რომელმაც საკუთარი სარდალი გამოსალმა სიცოცხლეს პასუხი არ გასცა. შედეგად მითრიდატე მშვიდად ჩაჯდა ხომალდებში და მიტილენში (ლესბოსზე) გაემგზავრა.
შემდეგ ფიმბრიამ ალყა შემოატყა ილიონს (ტროას). ქალაქიდან საიდუმლოდ ელჩობა გაიგზავნა სულასთან, რომელმაც დაავალა ილიონის ელჩებს გადაეცათ ფიმბრიასთვის, რომ ქალაქი უკვე დანებდა სულას. მაშინ ფიმბრიამ შეაქო ისინი და უთხრა რომ ისიც რომაელია და გაეღოთ ქალაქის კარი. ილიონელებმაც შეუშვეს ფიმბრია, რასაც ქალაქის კატასტროფა მოჰყვა. მსგავსი ნგრევა ილიონს ტროას ომის შემდეგ არ შემთხვევია.
აპიანე მოგვითხრობს: „როდესაც ფიმბრია აზიაში მივიდა შეუდგა კაპადოკიელთა მომხრეების დასჯას და იმათ ქვეყნებს, ვინც მას მიღებაზე უარი უთხრა, აოხრებდა. ქალაქ ილიონში შესვლისთანავე, იგი შეუდგა ყველას ჟლეტას და ყველაფერი ცეცხლს მისცა. მან არ დაინდო არც ისინი, ვინც ათენას ტაძარში შეიხიზნენ და დასწვა ისინი ტაძართან ერთად. მან დაანგრია ქალაქის კედლები და მეორე დღეს თითონ შემოუარა ქალაქს, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისგან აღარაფერი იყო გადარჩენილი. არ გადარჩა დაუნგრეველი არც ერთი სამლოცველო, არც ერთი ქანდაკება“.
მეორე მხრივ სულას ქვესტორმა ლუკულუსმა ამასობაში უკვე მოახერხა ფლოტის შექმნა კიპროსელების, ფინიკიელების, როდოსელებისა და პამფილიელებისგან, რომელთა წყალობითაც თავს ესმოდა მტრის სამფლობელოთა სანაპიროებს და ძარცვავდა. ლუკულუსმა ჯერ დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში ლექტესთან (ტროას მხარე) პონტოს ფლოტი. შემდეგ გაიგო ტენედოსთან მდგარი პონტოელთა მრავალრიცხოვანი ფლოტის შესახებ, რომელსაც ნეოპტოლემეოსი სარდლობდა და გაემართა მისკენ. ნეოპტოლემეოსის შემოხვდა მას, თუმცა დამარცხდა და უკუიქცა.
აქედან ლუკულუსი გაემართა სულას შესახვედრად, რომელიც იდგა ქერსონესთან და ემზადებოდა მცირე აზიაში გადასასვლელად. ლუკულუსმა უზრუნველყო მისი ჯარების უსაფრთხოდ გადასვლა მცირე აზიაში.
ყველაფერი ამის შედეგი კი ის იყო, რომ კუნძულებმა და მცირე აზიის ქალაქებმა უფრო გაბედულად იწყეს რომაელების მხარეზე გადასვლა.
ომის ასპარეზზე ისეთი სიტუაცია დამყარდა, რომ მცირე აზიაში გადასულ სულას ადვილად შეეძლო მითრიდატეს საბოლოოდ დამარცხება და განადგურება, მაგრამ მას დიდად აფიქრებდა ის წარმატება, რომელიც მითრიდატესთან ბრძოლაში რომის II არმიამ მოიპოვა. ასე თუ ისე სულა ჯერ კიდევ მეამბოხე მთავარსარდლად ითვლებოდა, რომელიც რომის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაემორჩილა. აზიის პროვინცია კი თითქმის მთლიანად მისი მოწინააღმდეგე რომაელი სარდლობის ხელქვეითი გახდა, ამიტომ ის არ მოერიდა ისეთი ნაბიჯის გადადგმას როგორიც მითრიდატესთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება იყო.
როგორც კი ორქომენის კატასტროფის შესახებ მითრიდატემ შეიტყო არქელაოსს სასწრაფოდ მოთხოვა ზავის დადება. მართალია სულას რომში ეჩაქარებოდა და ზავი სჭირდებოდა, მაგრამ მას სამხედრო კამპანიის ტრიუმფით დასრულება სურდა.
ასეთ ვითარებაში მას ეწვია საიდუმლო ვიზიტით დელოსელი ვაჭარი არქელაოსი, რომელმაც პონტოს სარდალ არქელაოსის სიტყვა მოუტანა. ამან ისე გაახარა სულა, რომ სასწრაფოდ წამოვიდა არქელაოსთან შესახვედრად. ისინი შეხვდნენ ზღვისპირას დელოსის ახლოს, აპოლონის სალოცავში. პირველად არქელაოსმა დაიწყო და არწმუნებდა სულას იმაში, რომ დაეტოვებინა მთელი მცირე აზია, სამაგიეროდ კი მეფე მისცემდა ფულს, ტრიერებსა და საჭირო რაოდენობით ჯარებს, რომ გაეცურა რომში და გასწორებოდა მის მოწინააღმდეგეებს. საპასუხოდ ურჩია სულამ არ ეზრუნა მითრიდატეზე და თვითონ გამეფების შემდეგ მიეცა ფლოტი და სამაგიეროდ გახდიდა რომაელი ხალხის მოკავშირედ. არქელაოსმა კატეგორიულად იუარა ასეთი ღალატის ჩადენა. მაშინ სულამ უთხრა: „არქელაოს შენ ხარ კაპადოკიელი და მონა, ან თუ საჭიროა მეფე-ბარბაროსის მეგობარი. არ მთანხმდები მე რომის მთავარსარდალს სამარცხვინო საქმეზე ასეთი დიდი წყალობის სანაცვლოდაც კი და ბედავ საუბარს ღალატზე. შენ ის არქელაოსი არ ხარ ქერონეადან რომ გაიქცა ერთი მუჭა ჯარისკაცებით, რომელიც დაგრჩა 120000-იანი არმიიდან, ორი დღე რომ იმალებოდი ორხომენის ჭაობებში და ბეოტიის მთელი გზები, რომ დაფარე სახუთარი ხალხის ცხედრებით?!“ ამ სიტყვებით დარცხვენილმა არქელაოსმა სულას დაუწყო თხოვნა შეეწყვიტა ომი და შერიგებოდა მითრიდატეს. სულა დათახმდა, ოღონდ სასტიკი პირობებით: მითრიდატე მიდის პაფლაგონიიდან და „აზიიდან“, ბითინიას უთმობს ნიკომედეს, ხოლო კაპადოკიას არიობარზანეს, რომს გადასცემს 2000 ტალანტს და 70 საბრძოლო ხომალდს, რომაელ ტყვეებსა და დეზერტირებს. სამაგიეროდ სულა უმტკიცებდა დანარჩენ სამფლობელოებს მითრიდატეს და გამოაცხადებს რომაელთა მოკავშირედ. ეს მოთხოვნები არქელაოსმა მითრიდატესთან გაგზავნა.
საუბრის დასრულების შემდეგ სულა წავიდა ჰელესპონტისკენ არქელაოსთან ერთად, რომელსაც პატივიცემით ექცეოდა. როდესაც ლარისასთან ახლოს არქელაოსი ძლიერ ავად გახდა, სულა მასზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ სარდალზე, რამაც ქერონეას ბრძოლასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. ეჭვები გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ სულამ ტყვედჩავარდნილი მითრიდატეს მეგობრებიდან ყველა გაათავისუფლა, გარდა ტირან არისტიონისა (იგი საწამლავით მოკლა), რომელიც არქელაოსის მტერი იყო. ამავე დროს სულამ სტუმარს აჩუქა 10000 პლეთრი მიწა ევბეაზე და გამოაცხადა რომაელი ხალხის მოკავშირედ. მალე მითრიდატეს ელჩები მოვიდნენ და აცნობეს სულას რომ მითრიდატე ითხოვს პაფლაგონიის დატოვებას და უარს აცხადებს ფლოტის დათმობაზე. ამაზე განრისხებულმა სულამ უპასუხა: „რას ამბობთ? მითრიდატეს პრეტენზია აქვს პაფლაგონიაზე და კამათობს ფლოტზე? მე მეგონა, რომ მომეხვეოდა ფეხებზე, თუ დავუტოვებდი მარჯვენა ხელს, რომლითაც დაღუპა ამდენი რომაელი, მაგრამ დამაცადეთ, გადავალ მე აზიაში და მაშინ ალაპარაკდება სხვაგვარად. მუქარის დასადასტურებლად სულამ ბრძანა აზიაში შეჭრა და ლუკულუსს დაავალა მოემზადებინა ფლოტი.
მაშინ შეშინებული მითრიდატეს ელჩები დადუმდნენ, ხოლო არქელაოსი ეხვეწებოდა დაწყნარებულიყო, აიღო მისი მარჯვენა ხელი და მასზე ცრემლებს ღვრიდა. ბოლოს იგი მოელაპარაკა სულას, რომ თვითონ გაეგზავნა სულასთან: დავითანხმებ შენს წამოყენებულ პირობებზე, თუ არადა თავს მოვიკლავო. არქელაოსი წავიდა და სანამ მობრუნდებოდა სულამ ილაშქრა მედების ქვეყანაში, სრულად გააპარტახა და კვლავ მობრუნდა მაკედონიაში. მისმა ლეგატებმა კი გაძარცვეს მაკედონიის მეზობლად მცხოვრები ენეტების, დარდანების და სინტების მიწები. ფილიპისთან ახლოს მას ელოდა არქელაოსი, რომელმაც უთხრა რომ ყველაფერი მოგვარებულია და მითრიდატე ძალიან თხოვს მას პირადად შეხვდეს მოსალაპარაკებლად. მითრიდატეს ეს შეხვედრა ფიმბრიას გასანეიტრალებლად უნდოდა, რომელიც მიიწევდა მცირე აზიის სიღრმეში.
85 წლის აგვისტოში მეტოქეები ერთმანეთს შეხვდნენ ჰელესპონტის პირას, მცირე აზიის ქალაქ დარდანში. სულას თან ახლდა 4 კოჰორტა ქვეითი და 200 მხედარი, ხოლო მითრიდატეს 200 საბრძოლო ხომალდი, 20000 ჰოპლიტი, 6000 მხედარი და მრავალი საბრძოლო ეტლი. მითრიდატე პირველი მივიდა და ხელი ჩამოართვა, ხოლო სულამ უმალ მიახალა – „თანხმდება თუ არა იმ პირობებს, რომელიც შეათანხმა არქელაოსთან?“. მითრიდატემ დუმილი მიაგება, მაშინ სულამ განაგრძო: „მთხოვნელები საუბრობენ პირველები – დუმილი შეუძლიათ გამარჯვებულთ“. მაშინ მითრიდატემ იწყო თავის მართლება, ნაწილს ღმერთების ნებას აბრალებდა, ნაწილს რომაელებს და ასე შემდეგ. მან აღნიშნა ის ფაქტები, რომლითაც რომაელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც მაგ. არიობარზანის კაპადოკიაში დაბრუნება, ფრიგიის ჩამორთმევა, ნიკომედეს წაქეზება; ამხილა რა რომაელების ანგარება და გაიმეორა რომ იგი იძულებული იყო თავდაცვის მიზნით იარაღისთვის მოეკიდებინა ხელი.
მაშინ სულამ შეუბრუნა სიტყვა: „შენ გააღვივე ეს ომი. შენ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი გქონდა, რადგან გსურდა გაბატონებულიყავი მთელს ქვეყანაზე თუკი რომაელებს დაამარცხებდი. შენ მაშინ დაიწყე ომი რომაელებთან, როდესაც ამათ შინა და გარეთ მრავალი გასაჭირი ადგათ კარს. რომაელები კი თავს ვიცავდით და დავიცავთ ბოლომდე“. ბოლოს კი ისევ ჩაეკითხა იღებდა თუ არა მის პირობებს, რაზეც მითრიდატემ ამჯერად თანხმობა განუცხადა. ამით გახარებული სულა მოეხვია მას, გადაკოცნა და შემდეგ წაიყვანა ნიკომედესა და არიობარზანთან, რომლებთანაც შეარიგა.
ასე რომ, საბოლოო შეთანხმების მიხედვით პონტო რომს აძლევდა 3000 ტალანტს (ეს კი ბევრად მეტი იყო იმ თანხასთან შედარებით რაც მითრიდატემ პროვინცია აზიადან გაიტანა) და 80 ტრიერს, პროვინცია აზიას, ხოლო ბითინია და კაპადოკია უბრუნდებოდა ძველ მფლობელებს. მცირე აზიის „მოღალატე“ ქალაქებს ეძლეოდათ ამინისტია, ხოლო ისინი ვინც პონტოს წინააღმდეგობა გაუწია (ქიოსი, როდოსი, ილიუმი, მაგნეზია მეანდრეზე, რამდენიმე ლიკიური და კარიული დასახლება) იღებდნენ რომის „მეგობრისა და მოკავშირის სტატუსს“. მოკავშირეებს წერილობით შეთანხმება მოგვიანებით უნდა გაეფორმებინათ და ახლა მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით კმაყოფილდებოდნენ.
ბოლოს მითრიდატემ გადასცა სულას 70 ხომალდი, 500 მშვილდოსანი, 2000 ტალანტი და გაბრუნდა პონტოში.
სულა ხვდებოდა, რომ მისი ჯარისკაცები ნაწყენები იყვნენ იმ მეფესთან შერიგებით, რომელმაც ერთ დღეში „აზიაში“ 150000 იტალიელი მოკლა, ამიტომ მათ წინაშე თავი იმართლა – წინააღმდეგ შემთხვევაში ფიმბრია და მითრიდატე გაერთიანდებოდნენ და მათი საერთო ძალის დამარცხება ჩვენს ძალებს აღემატებოდაო.
ზავის დამყარების შემდეგ სულა ფიმბრიას ჯარების წინააღმდეგ დაიძრა, რომელიც ფიატირთან (ქ. პერგამონის ახლოს) იყო დაბანაკებული. ჯარის დიდმა ნაწილმა ფიმბრიას უღალატა და სულას მხარეზე გადავიდა. მაშინ ფიმბრია პერგამონში წავიდა, შევიდა ასკლეპიოსის ტაძარში და დაიცა მახვილი. რადგან ჭრილობა მისთვის სასიკვდილო არ გამოდგა უბრძანა თავის მონას მახვილი გაერჭო. მონამ მოკლა ბატონი და შემდეგ თავიც მოიკლა.
პროვინცია აზია სულას სრულ განკარგულებაში გადავიდა. იგი სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებლებს; პროვინციას შეაწერა ომის დაწყების დროიდან გადაუხდელ გამოსაღებთა გადახდა და დიდი სამხედრო კონტრიბუცია 20000 ტალანტი. კონტრიბუციის თანხის შესაგროვებლად განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული: ჯარისკაცები განალაგა სახლებში და სახლის მფლობელებს ევალებოდათ ყოველდღე მისი მდგმურისთვის მიეცა 4 ტეტრადრაჰმა, გამოეკვება ის და მისი მეგობრები, რამდენიც არ უნდა მიეყვანა. ხოლო ცენტურიონისთვის სახლის უფროსს უნდა მიეცა ყოველ დღე 50 დრაჰმა და ამვე დროს ტანსაცმელი, როგორც სახლისთვის ისე ქუჩაში გასასვლელად. აღნიშნული ხარკის აკრეფის კონტროლი დაევალა ლუკულუსს.
სიკვდილით დასაჯა მითრიდატეს მომხრეები, რომლებიც ხელთ იგდო და განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა იმათდამი ვინც 88 წელს რომაელებისა და იტალიელების ამოხოცვაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შემდეგ სულამ მოაწესრიგა მცირე აზიის საქმეები, მეფეების ტახტზე აღდგენა გაიუს სკრიბონია კურიონს დაავალა. მან ბითინიის ტახტზე აღადგინა ნიკომედე IV, რომელსაც პაფლაგონიაც მიუმატა, ხოლო კაპადოკიის ტახტზე ხელახლა დასვა არიობარზანე.
სულამ გააუქმა მითრიდატეს ყველა რეფორმა. მაგ. მითრიდატეს მიერ გატარებული ვალების გაუქმება და მონების განთავისუფლება. აპიანეს სიტყვით მან მონებს რომლებსაც თავისუფლება მიანიჭა მითრიდატემ გამოუცხადა, რომ მაშინვე დაბრუნებოდნენ თავიანთ ბატონებს.
სულამ უხვად დააჯილდოვა ის მხარეები და ხალხები რომლებიც რომის ერთგულები დარჩნენ. ილიონელებს, ქიოსელებს, ლიკიელებს, როდოსელებს, მაგნეზიას და სხვა თავისუფლება მიენიჭა და რომაელთა მეგობრად ჩარიცხა.
პირველი ომის დასრულების შემდეგ არქელაოსსა და მითრიდატეს შორის განხეთქილება მოხდა, რის გამოც არქელაოსი რომის სამსახურში გადავიდა. აპიანეს ცნობით „მითრიდატემ ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა არქელაოსს, იმისათვის რომ მან ელადაში მოლაპარაკების დროს სულას გაცილებით მერი დაუთმო, ვიდრე საჭირო იყო. შენიშნა რა ეს, შეშინებული არქელაოსი მურენასთან გაიქცა და, აქეზებდა რა მას, დაარწმუნა იგი თითონ პირველი დასხმოდა მითრიდატეს“.
84 წელს სულამ მცირე აზიაში წესრიგის შესანარჩუნებლად გარდაცვლილი აკვილიუსის ადგილზე დატოვა ლუციუს ლიცინიუს მურენა ფიმბრიას ორი ლეგიონით და დაუბარა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა არავითარ შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირებაში არ შესულიყო მითრიდატესთან. შემდეგ მცირე აზიიდან საბერძნეთში გადავიდა და საბერძნეთმა კვლავ განიცადა რომაელების მკაცრი ოკუპაცია.
სულამ ეფესოდან ზღვით გასცურა და 3 დღეში ჩავიდა პირეოსში. აქედან გადავიდა ევბეას ქალაქ ედესპში, სადაც მკურნალობდა, ისვენებდა, ერთობოდა. შემდეგ თესალიისა და მაკედონიის გავლით მივიდა დირაქიუმის პორტში, საიდანაც 83 წლის გაზაფხულზე 1200 ხომალდით, დიდი ნადავლით, 40000-ანი არმიითა (5 ლეგიონი და დამხმარე ჯარები) და უზარმაზარი ფლოტის თანხლებით იტალიის პორტ ბრუნდიზიუმისკენ გასცურა.
როცა სულა ბრუნდიზიუმში გადმოვიდა, სადაც მას ალაყაფის კარები გაუღეს, მთელი იტალია მწვავე სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც იმ დრომდე გაგრძელდა ვიდრე სულამ სრული ბატონობა არ მოიპოვა.
ბრუნდიზიუმში სულას ყოველი მხრიდან შეუერთდნენ თავისი მომხრეები და რომში არსებული წყობილებით უკმაყოფილო ოპტიმატები, მათ შორის იყვნენ კვინტუს მეტელუსი და 23 წლის ახალგაზრდა გნეუს პომპეუსი, რომელმაც თან მოიყვანა თავისი კლიენტებისა და მოიჯარეებისგან შემდგარი 2 ლეგიონი.
მოქირავნეთა რაზმით შეუერთდა მას იტალიაში უმდიდრესი ოჯახის შვილი მარკუს ლიცინიუს კრასუსი, რომლის ძმა და მამა სულას მოწინააღმდეგე პოპულარების პარტიამ მარიუსის მეთაურობით სიკვდილით დასაჯეს.
სულა თავისი მომხრეებისა და ჯარის დახმარებით რომის სახელმწიფოს დაეპატრონა. როგორც მთელ იტალიაში ისე ქ. რომში უსაშინლესი ტერორი გაბატონდა. პლუტარქეს სიტყვით ქალაქი მოიცვა უანგარიშო და გაუთავებელმა მკვლელობამ. სულამ მაშინვე დასაჯა სიკვდილით ორმოცამდე სენატორი და დაახლოებით 1600 ე.წ. მხედარი, მან პირველმა შეადგინა სიკვდილმისჯილთა სიები (პროსკრიბციები) და ამასთან ჯილდოები დაუნიშნა იმათ ვინც მათ მოჰკლავდა, ფული დაპირდა ვინც მათ დააბეზღებდა, ხოლო სასჯელი განუსაზღვრა ვინც მისჯილებს დაფარავდა.
მცირე ხნის შემდეგ პროსკრიბირებულ სენატორებს სხვებიც მიუმატა. ყველა ისინი როცა ხელში ჩაუვარდებოდათ მოულოდნელად იღუპებოდნენ იქ სადაც მიასწრებდნენ სახლებში, ქუჩაბანდებში, ტაძრებში, ზოგიერთი შიშით სულასაკენ გარბოდა, მაგრამ მას სიკვდილამდე სცემდნენ მის ფეხებთან, მსხვერპლს მისგან გაათრევდნენ და სრესდნენ.
შიში იმდენად დიდი იყო, რომ ხმის ამოღებასაც კი ვერავინ ბედავდა. ქალაქიდან ლტოლვილებს ყველგან დაეძებდნენ და ვინც სურდათ იმას კლავდნენ. პროსკრიბციებში შეჰქონდათ იმათი სახელი, ვინც სულას მოწინააღმდეგედ, ან საეჭვო პირად იყო მიჩნეული და ქონების კონიფისკაციასთან ერთად სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა.
სულას არ დაუნდვია არა მარტო ცოცხალი ადამიანები, არამედ მიცვალებულებიც. მისი ბრძანებით საფლავიდან ამოაგდეს მარიუს უფროსის გვამი და მდინარეში ისროლეს. სასტიკად გაუსწორდა სულა იტალიის ქალაქებს, რომლებიც მარიუსელებს ემხრობოდნენ.
პროსკრიბირებულთა ქონება ჩალის ფასად იყიდებოდა აუქციონით და ამ მდგომარეობით დიდი მოგებით სარგებლობდნენ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები და სპეკულანტები, რომლებიც ხშირად უდანაშაულო ადამიანების სისხლზე აგებდნენ თავიანთ კეთილდღეობას.
აპიანეს ცნობით: „79 წელს სულამ ნებაყოფლობით აიღო ხელი თავის ძალაუფლებაზე, მოაწყო სახალხო კრება და ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გაუშვა ლიქტორები (მცველები) და დამსწრეთ წინადადებით მიმართა გამოეთქვათ აზრი მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ მსურველი არავინ აღმოჩნდა. მაშინ იგი ჩამოვიდა ტრიბუნიდან და მხოლოდ მახლობელი პირების თანხლებით წავიდა შინ. მისმა ასეთმა საქციელმა თანამედროვენი ძალიან გააკვირვა“. შესაძლოა სულას ასეთი ნაბიჯი იმით აიხსნება, რომ მის მიერ გატარებულ ღონისძიებათა შემდეგაც წინააღმდეგობები რომლებიც რომის საზოგადოებას ღრღნიდა კიდევ უფრო გამწვავდა და ეს არ გამოეპარა მის ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში აპიანე გვარწმუნებს, სულას მობეზრდა ომი, ძალაუფლება, რომი და სოფლის ცხოვრება შეიყვარაო.
დიქტატორობიდან გადადგომის შემდეგ სულა სოფლად თავის მშვენიერ მამულში დამკვიდრდა და მემუარების წერას შეუდგა. იგი გარდაიცვალა 78 წელს 60 წლის ასაკში. სულა ბრწყინვალედ დაკრძალეს და ამის წინააღმდეგაც ლეპიდუსის გარდა ვერავინ შეძლო გამოსვლა იმდენად დიდი იყო შიში მისი ვეტერანებისა და მახლობლების წინაშე. სწორად აღნიშნა ისტორიკოსმა აპიანემ, რომ „სულა სიკვდილის შემდეგაც კი საშიში იყოო“.
3. „მეორე ომი მითრიდატესთან“
85 წელს, როდესაც მითრიდატემ რომაელებთან ზედიზედ რამდენიმე მარცხი გამიცადა, მისი ბატონობის წინააღმდეგ კოლხები და ბოსფორელები აჯანყდნენ. აპიანე მოგვითხრობს: „ძვ.წ. 85 წელს კოლხეთში აჯანყებამ იფეთქა. კოლხები მოითხოვდნენ, რომ მითრიდატეს მეფედ თავის ერთ-ერთი შვილი დაენიშნა; მითრიდატემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და კოლხეთის მეფე მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსი გახდა. კოლხები დამშვიდდნენ. თუმცა, მითრიდატე დაეჭვდა შვილის ზრახვებში და გადაწყვიტა რომ ყოველივე ეს მისმა ძემ მეფობის მოპოვების მიზნით მოიმოქმედა, ამიტომ მოაყვანინა იგი, დაადო ოქროს ბორკილები და რამდენიმე ხანში მოკლა კიდეც“. 
ამრიგად, აპიანეს მიხედვით, კოლხეთს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეფის სტატუსით მითრიდატეს ერთ-ერთი ვაჟიშვილი მართავდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა კოლხეთის დამოუკიდებლობას და ის ყოველთვის პონტოს მეფის გამგებლობაში რჩებოდა. მითრიდატეს დასჯის შემდეგ კოლხეთის „მეფედ“ მითრიდატეს მეორე ვაჟი მახარე დასვეს, რომელსაც ძვ.წ. 80 წელს ბოსფორის სამეფოც მიუმატეს.
ბოსფორელების წინააღმდეგ საბრძოლველად კი მითრიდატემ ფლოტი ააგო და დიდი ლაშქარი მოამზადა. სამზადისი ისე დიდი ყოფილა, რომ აპიანეს თქმით სასწრაფოდ გავრცელდა ხმა თითქოს ის ბოსფორელების კი არა, რომაელების წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას.
ამას ისიც დაერთო, რომ აღმოსავლეთში სულას მოადგილე ლუციუს ლიცინიუს მურენა იმ საბაბით, ვითომ მითრიდატე დარდანის ზავით ნაკისრ მოვალეობებს არ ასრულებსო მის სამფლობელოში შეიჭრა და რბევას შეუდგა.
დარდანის ზავით ორივე მხარე უკმაყოფილო იყო (სულას დატოვებული ჯარები უკმაყოფილონი იყვნენ მოპოვებული ნადავლით) და შესაბამისად არცერთი მხარე ბოლომდე არ იცავდა: მითრიდატემ არ დატოვა რამდენიმე კაპადოკიური ციხე-სიმაგრე, ხოლო სულამ სასტიკად დასაჯა მითრიდატეს მხარეს მოქმედი პოლისები.
მემნონის ცნობით: „მეორე ომის დაწყებისთანავე, მურენაცა და მითრიდატეც თავთავის მხრივ უგზავნიან ელჩებს დამოუკიდებელ პოლისს – ე.წ. პონტოს ჰერაკლეას და ცდილობენ ისინი თავიანთ მოკავშირეობაზე დაიყოლიონ. მაგრამ მათ წარმოედგინათ რა რომაელთა საშინელი ძალა, ეშინოდათ მითრიდატეს მეზობლობისაც. ამიტომ, ჰერაკლეელებმა უპასუხეს ელჩებს, რომ ესოდენ მძინვარე ომიანობაში საკუთარი მიწაწყლის დაცვაც ძნელია, არა თუ სხვას დავეხმაროთო“.
მურენა მისი უფროსის წასვლისთანავე იგი შეუდგა პონტოსთან ომის სამზადისს, რისკენაც აქეზებდა მასთან შეფარებული მითრიდატეს ყოფილი სარდალი არქელაოსი. მრჩევლები მურენას მოუწოდებდნენ სატახტო ქალაქ სინოპზე თავდასხმას, თუმცა იგი ცენტრალურ პონტოში შეჭრა გადაწყვიტა და 82 წლის შემოდგომაზე თავს დაესხა კომანის დასახლებას, გაძარცვა მისი მიდამოები უმდიდრეს ტაძართან ერთად და არიობარზანთან დაბრუნდა გამოსაზამთრებლად. როცა მითრიდატეს კაცებმა მას ხელშეკრულება მოაგონეს მან განაცხადა „მე ის არ მინახავს“.
მაშინ მითრიდატემ გაგზავნა ელჩები საჩივრით სენატში მისი წარმომადგენლის საქციელთან დაკავშირებით. სენატმა გამოაგზავნა კიდეც კალიდიუსი ამ საკითხზე, თუმცა მის ჩამოსვლამდე მურენა ისევ შეიჭრა ჰალისის ხეობაში და გაძარცვა ტეტრაკოსიოკომუმის („400 სოფლის ხეობა“) მხარე, რის შემდეგაც გაბრუნდა უკან და „აზიაში“ გადაეყარა კალიდიუსს; აპიანე გვამცნობს: „კალიდიუსმა არ გადასცა რაიმე დადგენილება მურენას, მაგრამ შეკრებილი ხალხის წინაშე მან ოფიციალურად უთხრა ტრიბუნიდან, რომ სენატი უბრძანებს მას თავი შეიკავოს მეფეზე თავდასხმისაგან, რადგან მასთან ხელშეკრულებაა დადებულიო. ამის შემდეგ ნახეს კალიდიუსი მურენასთან პირისპირ მოსაუბრე; მურენას არ აუღია არაფერში ხელი თავის განზრახვებზე, პირიქით, ამის შემდეგ დაიძრა მითრიდატეს მიწა-წყლისკენ. მაშინ მითრიდატემ გადაწყვიტა, რომ რომაელები მასთან ომს აწარმოებდნენ და გორდიუსს უბრძანა გაეძარცვა ჰალისის მეორე მხარის დასახლებები. აქვე იყო განლაგებული მურენას ბანაკი, თუმცა გორდიუსმა მითრიდატეს დაუცადა და ერთობლივი ძალებით, პონტოელთა უფრო მრავალრიცხოვანმა არმიამ გაანადგურა მურენას ჯარი. მურენამ ძლივს მოასწრო მთებზე გავლით გაქცეულიყო ფრიგიაში. ამის შემდეგ კაპადოკია კიდევ ერთხელ გაწმენდილ იქნა რომაული გარნიზონებისგან.
ამ ამბებით შეშფოთებულმა სულამ აზიაში გაგზავნა ავლუს გაბინიუსი დავალებით – შეეწყვიტა მურენას მითრიდატესთან ომი და შეერიგებინა იგი არიობარზანესთან. მოლაპარაკება წარმატებით წარიმართა. მითრიდატემ არიობარზანეს მისცა საკუთარი 4 წლის ქალიშვილი ცოლად, სამაგიეროდ კი შეინარჩუნა მის მიერ კონტროლირებადი კაპადოკიის ციხე-სიმაგრეები“.
ზავის განახლების შემდეგ ძვ.წ. 80 წელს მითრიდატე დიდი ფლოტით ჩავიდა ბოსფორში, დააწყნარა მოსახლეობა და მის მმართველად დანიშნა ძე მახარე. აქედან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე მცხოვრები ზიხების, აქეელებისა და ჰენიოხების დასაპყრობად გაილაშქრა, მაგრამ მათთან ომში საშინლად ცივი ზამთრის პირობებში დაკარგა ლაშქრის 2/3 და დამწუხრებული დაბრუნდა პონტოში.
ამის შემდეგ მითრიდატემ ელჩები გაგზავნა რომში მიღწეული საზავო შეთანხმების საბოლოოდ განსამტკიცებლად. იქვე დახვდათ არიობარზანეს ელჩები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მართალია მითრიდატემ დათმო ჩრდ. კაპადოკია თუმცა ჯერ კიდევ ფლობდა გარკვეულ ტერიტორიებს, რომელთა დატოვებაზე უარს აცხადებსო. მაშინ სულამ კატეგორიულად მოითხოვა მითრიდატესგან კაპადოკიის დაცლა, რაც მითრიდატემ ამჯერად შეასრულა, რის შემდეგაც რომში ხელშეკრულების წერილობით გასაფორმებლად ელჩები ისევ გაგზავნა. მაგრამ ამასობაში სულა გარდაიცვალა და ახალ ქაოსურ პოლიტიკურ ვითარებაში პონტო აღარავის ახსოვდა, რის გამოც მოლაპარაკება ჩაიშალა და მითრიდატემ ახალი ომისთვის მზადება დაიწყო.
77 წელს მითრიდატეს მოწოდებით ტიგრანი ისევ შეიჭრა კაპადოკიაში და დიდძალ ქონებასთან ერთად 300000 კაცამდე ტყვე გარეკა ტიგრანოკერტის დასახლების მიზნით.
მითრიდატე ხომალდებს აგებდა, იარაღს აგროვებდა და 2000000 მედიმნი (1 მედიმნი = 52 ლიტრს) პური მოიმარაგა, აგროვებდა მოკავშირეებს: მითრიდატემ ელჩები დაგზავნა სკვითებთან, სარმატებთან, თრაკიელებთან და ბასტარნებთან და დადო მათთან შეთანხმებები მეგობრობისა და კავშირის შესახებ. მითრიდატეს მხარეს დადგნენ ხმელთაშუა ზღვის მეკობრეები, რომლებმაც საკუთარი ბაზები კილიკიაში, კიპროსსა და კრეტაში მოამზადეს იტალიის ზღვისპირეთზე თავდასასხმელად.
პარალელურად მითრიდატემ ელჩები გაუგზავნა ესპანეთის აჯანყებულ მმართველ კვინტუს სერვილიუსს და 3000 ტალანტისა და 40 გემის სანაცვლოდ შესთავაზა მთელი მცირე აზიის პონტოს საკუთრებად ცნობა. კვინტუსმა პონტოს შემადგენლობაში ცნო მხოლოდ ბითინია, კაპადოკია და პაფლაგონია (ანუ ის მხარეები, რომლებიც რომს ისედაც არ ჰქონდა დაპყრობილი), ხოლო პროვინცია აზიაზე უარი უთხრა. ამავე დროს კვინტუსმა სარდლად გაუგზავნა ყოფილი სენატორი მარკუს მარიუსი, ხოლო მრჩევლებად მაგიუს და ფარნიუს ლუციუსები.
მარკუს მარიუსის წყალობით პონტოს ქვეითი არმია გარდაიქმნა სტრატეგიითა და აღჭურვილობით რომაულ წყობაზე. მან აღმოსავლური მორთული ხმლები შეცვალა რომაული ტიპის ხმლებით. დაამზადებინა გრძელი შუბები და მძიმე ფარები. მხედრებისთვის აარჩია გაწვრთნილი ცხენები. დაუმატა კატაპულტები და სხვა საშუალებები. პარალელურად ხდებოდა დაქირავებულთა შეკრება და პონტოს სამეფოს მოსახლეობის ჯარში გაწვევა. მითრიდატეს მრავალეროვან არმიაში შედიოდნენ: ხალიბები, არმენიელები, ლევკოსირები, აქეელები, ჰენიოხები, ტავრები, სკვითები, იაზიგები, სამეფო სავრომატები, კორალები, თრაკიელები, ბასტარნები და გალატები. 
74 წლისთვის მითრიდატეს არმია შედგებოდა 120–150000 ქვეითისგან (მემნონი 150000, აპიანე 140000, პლუტარქე 120000), 12–16000 მხედრისგან (აპიანე 16000, მემნონი და პლუტარქე 12000) და 120 ოთხცხენიანი საბრძოლო ეტლისგან, რომელთა თვლებზეც ბასრი ცელები იყო დამაგრებული. ამას გარდა, მათ უკან მისდევდნენ ვეებერთელა ბრბოდ გამცილებლები, ბარგის მზიდავნი და ვაჭრები. ამიერიდან არმიაში აღარ იყო ოქროთი გადახურული კარვები, ხასებისათვის განკუთვნილი სააბაზანოები და მდიდრული სამეფო ჰარამხანები.
პონტოელთა ფლოტი შედგებოდა 300–400 ტრიერისგან, რომელიც ახალი იარაღით, ისრებითა და ფულით აავსო.
74 წლის შემოდგომაზე ნიკომედე IV ფილოპატორი მოკვდა. მას მეუღლე ნისასგან ჰყავდა შვილები ლიკომედი და ნისა, თუმცა მეუღლის ღალატის გამო ნიკომედემ მათ საკუთარი შვილისა და მემკვიდრის სტატუსი ჩამოართვა და სიკვდილის შემდეგ ბითინია რომს უანდერძა. ბითინია რომის პროვინციად გადაიქცა. რომაელი ვაჭრები და მევახშეები წინათ თავისუფლად პარპაშობდნენ ბითინიაში და ახლა რომაელებმა ისარგებლეს რა მეფის ანდერძით დაეუფლნენ იმ რაიონებს, რომლებიც მათ მცირე აზიურ სამფლობელოებს ესაზღვრებოდა. რომაელებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ გადაეკეტათ სრუტეები და ამით პონტოს ეკონომიკისთვის უდიდესი ზარალი მიეყენებინათ.
ამას ვერ შეურიგდა მითრიდატე, რომელმაც ლიკომედის ტახტზე პრეტენზიას დაუჭირა მხარი, რომთან მორიგი ომი წამოიწყო (მოგვიანებით ლიკომედმა დამარცხებულ მითრიდატს უღალატა და რომის სამსახურში ჩადგა).
4. „მესამე ომი მითრიდატესთან“
ა) ლუკულუსის კამპანია
74 წელს რომში კონსულებად აირჩიეს ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და მარკუს ავრელიუს კოტა. პლუტარქეს თქმით: „რომაელთა უმრავლესობა ამ დროს მითრიდატესთან ომის განახლებას მოითხოვდა. თითონ მარკუსიც ამბობდა: ეს ომი კი არ დამთავრდა, არამედ ცოტა ხნით შეწყდაო“.
ამასობაში რომში მივიდა ცნობა კილიკიის მმართველ ოქტავიუსის გარდაცვალების შესახებ. ბევრს აინტერესებდა აღნიშნული პროვინცია, თუმცა მათ შორის არ იყო ლუკულუსი, რომელსაც გაცილებით დიდი ამბიციები ჰქონდა, თუმცა სწორედ მან იაქტიურა ყველაზე მეტად და მთელი თავისი სახსრები მიახარჯა ამ თანამდებობის მისაღებად, რადგან მშვენივრად ხედავდა იმ ფაქტს, რომ ვინც კილიკიის მმართველი იქნებოდა ის უხელმძღვანელებდა ჯარს მითრიდატესთან ომში. ამ დროისთვის რომის ყველაზე გავლენიან სარდლებად ლუკულუსი, პომპეუსი და მეტელუსი ითვლებოდნენ. მეტელეუსი უკვე მოხუცი იყო, პომპეუსი ჯერ კიდევ ესპანეთის პროვინციის აჯანყებულ მმართველ სერტორიუსს ებრძოდა. ამის მიუხედავად თანამდებობა მაინც საბრძოლი იყო და ლუკულუსმა საქმეში ჩართო უაღრესად ლამაზი, ცბიერი და გავლენიანი მეძავი პრეცია, რომლის წყალობითაც ყველა გავლენიანი სენატორი ლუკულუსის მხარეს დადგა.
დანიშვნისთანავე ლუკულუსი სათავეში ჩაუდგა მის მიერვე იტალიაში შეკრებილ ლეგიონს და გაემართა მცირე აზიისკენ. ლუკულუსთან ერთად, ბითინიის არმიისა და ფლოტის სარდლად კონსული ავრელიუს კოტა. ამავე დროს პრეტორ მარკუს ანტონიუსს დაეკისრა კრეტისა და მეკობრეების წინააღმდეგ ომის წარმოება.
როდესაც ლუკულუსმა მცირე აზიის ლეგიონები ჩაიბარა, მათი საბრძოლო მდგომარეობა კატასტროფული იყო. მოშლილი იყო წესრიგი, ჯარისკაცებს დაკარგული ჰქონდათ ხელმძღვანელობისადმი ნდობა და მიცემული იყვნენ განცხრომას. განსაკუთრებით ამ კუთხით გამოირჩეოდნენ ე.წ. ფიმბრიას ლეგიონები, რომლებმაც ფიმბრიას მეთაურობით ჯერ მოკლეს კონსული ფლაკუსი, შემდეგ კი თავად ფიმბრიას უღალატეს სულასთან. ლუკუსლუსმა მოსვლისთანავე დაამყარა მტკიცე დისციპლინა და ჯარიც თანდათან დაემსგავსა სამხედრო დანაყოფს.
ძვ.წ. 73 წლის გაზაფხულზე მითრიდატემ მოახდინა თავისი ახალი ფლოტის გამოცდა და შესწირა ომისა და ზღვის ღმერთებს სათანადო მსხვერპლად წყვილი თეთრი ცხენი, რის შემდეგაც გაემგზავრა პაფლაგონიაში მდგარ სახმელეთო ჯარებთან და გამამხნევებელი სიტყვით მიმართა. ჯერ მიუთითა თავისი წინაპრებისა და მის მიერ შექმნილ დიდსა და ძლიერ სახელმწიფოზე, აღნიშნა, რომ ის „პირადად არასოდეს ყოფილა დამარცხებული რომაელთაგან“, შემდეგ ბრალი დასდო რომაელებს ანგარებასა და სიხარბეში, რომ არ სურთ მათ გააფორმონ წერილობით მასთან დადებული ხელშეკრულებები „და ელიან ხელსაყრელ მომენტს, რათა განაახლონ მათზე თავდასხმა“. მითრიდატემ დააკისრა რა ბრალი რომაელებს ამ ომის დაწყების საქმეში, აღნიშნა თავისი ჯარისა და მისი შეიარაღების ძლიერება და ბოლოს დაუმატა: ისინი ახლა გართულნი არიან იბერიაში (ესპანეთი) სერტორიუსთან სერიოზულ ბრძოლაში, ხოლო იტალიაში სამოქალაქო ომი წარმოებს. ასეთი გართულებული მდგომარეობის გამო რომაელები ვეღარ აქცევენ ყურადღებას ზღვასაც, რომელიც დიდი ხანია უკვე ზღვის მეკობრეთა ხელსია, არა ჰყავთ მათ არც არავითარი მოკავშირე და არც არავინ არის ნებაყოფლობით მათი ქვეშევრდომი. განა ვერა ხედავთ, რომ მათგან ყველაზე უკეთესნი (მიუთითა მარიუსსა და ლუციუსებზე) სამშობლოს მტრები და ჩვენი მოკავშირეები არიან.
დაასრულა რა სიტყვა მითრიდატემ, ჯარი აღაგზნო და შეესია ბითინიას, რომლის მოსახლეობა მას კვლავ სიხარულით შეხვდა. იგივე მოხდა მისიაშიც და ამ მხარის ყველა ქალაქი პონტოელებს დაექვემდებარა. იგი ქალკედონთან მივიდა, სადაც რომაელებს დაელოდა. პარალელურად მითრიდატეს ვაჟმა დიოფანტემ კვლავ დაიპყრო კაპადოკია და პირდაპირი კავშირი დაამყარა კილიკიელ მეკობრეებთან. პონტოს არმია ევმახისა და მარკ მარიუსის სარდლობით შეიჭრა ფრიგიასა და პერგამონში, რომლის ბევრი ქალაქი პონტოს მხარეზე გადავიდა. მაგრამ გალატებისა და რამდენიმე რომაული დანაყოფის (ერთს მეთაურობდა გაიუს იულიუს კეისარი) წინააღმდეგობის გამო პერგამონში ომი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა.
სანამ ლუკულუსი თავის საქმეებს აგვარებდა, კოტამ გადაწყვიტა მოწინააღდეგე მის მოსვლამდე გაენადგურებინა და მთელი დიდება მიეღო, ამიტომ როგორც კი მთავარსადლის ფრიგიაში მოსვლის ამბავი შეიტყო მითრიდატეს წინააღმდეგ დაიძრა და ქალკედონთან შეება, თუმცა სასტიკად დამარცხდა, პლუტარქეს ცნობით 4000 კაცამდე დაკარგა (მემნონის ცნობით დაიღუპა 5300 იტალიელი და 730 პონტოელი) და ქალაქში შეიკეტა, რომელსაც პონტოელები გარს შემოერტყნენ. იმავე დროს ქალაქის პორტთან საზღვაო ბრძოლა მოხდა, რომლის დროსაც რომაელებმა (სარდალი ნუდი) დაკარგეს 8000 კაცი და 4500 მებრძოლი ჩავარდა ტყვედ (მემნონი). რომაელთა 64 ხომალდიდან 4 პონტოელებმა დაწვეს, ხოლო 60 ხელთ იგდეს. (აპიანეს ცნობით ამ ბრძოლებში რომაელებმა დაკარგეს 3000 კაცი, ხოლო პონტოელებმა 20) ნუდმა რამდენიმე მებრძოლთან ერთად მიასწრო ქალკედონის კედლებთან, საიდანაც გარნიზონის წევრებმა თოკით აათრიეს კედელზე და იხსნეს მისი სიცოცხლე.
ამავე დროს რომაელთა ფლოტი პრეტორ ანტონიუსის სარდლობით დამარცხდა კრეტელ მეკობრეებთან. პრეტორი ტყვედ ჩავარდა და ორი წლის შემდეგ მოკვდა.
ლუკულუსს არმია ურჩევდა მიეტოვებინა ბედის ანაბარა კოტა და მითრიდატეს მიტოვებული პონტოს ქალაქები დაეკავებინა. არქელაოსი ურჩევდა შესულიყო პონტოში და მის დანახვაზე ისინი მის წინაშე ქედს მოიხრიდნენ. ლუკულუსმა ამაზე მიუგო, რომ ის არ მიატოვებს არცერთ რომაელს და არ მოიქცევა მშიშარა მონადირესავით, რომელიც შემოუვლის ცხოველს და გაემართება მისი ცარიელი ბუნაგისკენ და დაიძრა მითრიდატეს წინააღმდეგ 30000 ქვეითითა და 2500 მხედრით. როდესაც ლუკულუსის მოახლოების შესახებ შეიტყო მითრიდატეს რომაელი სარდალი მარიუსი დაიძრა მის წინააღმდეგ და ფრიგიაში, ოფრიასთან შეხვდა. მოწინააღმდეგენი მოემზადნენ და უნდა შებრძოლებოდნენ, მაგრამ ამ დროს საშინელი ჭაქა-ქუხილი და ელვა დაიწყო, რაც ორი მხარეს ცუდ ნიშნად ეჩვენათ და ბრძოლა გადაიფიქრეს. მაშინ ლუკულუსმა გამოკითხა ტყვედ ჩავარდნილი პონტოელები, რომლითაც დაადგინა ერთის მხრივ მოწინააღმდეგეთა არმიის სიჭარბე, მეორეს მხრივ კი მათ ბანაკში სურსათის ნაკლებობა, რის გამოც დროის გაწელვის ტაქტიკას დაადგა, რათა ფიქრობდა, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ მითრიდატე უკან დახევას დაიწყებდა და ლუკულუსიც უბრძოლველად წაიწევდა წინ.
73 წლის ზაფხულიდან მითრიდატემ ყურადღება მიაპყრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვისპირა ქალაქ კიზიკოსს, რომელიც ფლობდა ორ პორტს, 200 ხომალდს და მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენდა რომისთვის (ქალკედონთან ბრძოლებში კიზიკოსელებმა დაკარგეს 4000-მდე მებრძოლი და 10 ხომალდი).
ქალაქი კიზიკოსი მდებარეობდა კუნძულ კიზიკოსზე პროპონტიდის (მარმარილოს) ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან და მცირე აზიის კონტინენტურ ნაწილს ორი ხიდით უკავშირდებოდა. სამხრეთ-აღმ-დან კიზიკოსს თავს დასცქეროდა ადრასტის მთა, ხოლო თითონ კუნძულზე, ქალაქის ერთი ნაწილი განლაგებული იყო არკტონისა და დინდიმის მაღლობებზე. ქალაქი კიზიკოსი პროვიცია აზიის კარიბჭეს წარმოადგენდა, და თუ მითრიდატე მას დაეუფლებოდა, რომაელთა სამფლობელოებისკენ ჩრდილოეთიდან გზა გაეხსნებოდა. უწოდებდა კიდეც მას მეფე „აზიის კარებს“, რომლის დამსხვრევით ადვილად და სწრაფად შეიჭრებოდა პურით მდიდარ მხარეში, რითაც მისი ჯარი მოსალოდნელ შიმშილის თავს დააღწევდა. მეორე მხრივ კი აქ გამაგრებით შეეძლო შეეფერხებინა ხმელთაშუა ზღვიდან მტრის დამხმარე ნაწილების გადმოსხმა და დაეჩქარებინა ლუკულუსის ლაშქრის მარწუხებში მოქცევა.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მითრიდატემ უარი თქვა ლუკულუსთან პირდაპირ შებმაზე, წვიმიან გარიჟრაჟზე მიატოვა ქალკედონის ალყა და თავისი ლაშქრით კიზიკოსის ასაღებად გაემართა.
აპიანე გვამცნობს: „ნაგებობებით, რომლებიც მას ალყისთვის ჰქონდა მომზადებული, თავს დაესხა კიზიკოსს, ფიქრობდა რა, რომ ამით ერთსა და იმავე დროს თავის ცუდ პოზიციას გაიუმჯობესებდა და სანოვაგის შეივსებდა. რადგანაც, მას მისი ჯარის სიმრავლის გამო, ხალხი ჭარბად ჰყავდა, ამიტომ ქალაქს თავს ესხმოდა ყოველგვარი საშუალებით, გამოთიშა რა ნავსადგური ორმაგი კედლით და შემოარტყა რა ქალაქის დანარჩენ ნაწილებს ირგვლივ თხრილი. მან გააკეთა დიდი მიწაყრილები, ააგო მრავალი საიერიშო მანქანა, კოშკი და „კუ“ ტარანებისათვის, აღმართა მნგრეველი მანქანა ასი წყრთის სიმაღლის, რომელზედაც დადგმული იყო მეორე კოშკი კატაპულტებით, რითაც ქალაქში ქვებს და სხვა სატყორცნ ნივთებს ისროდნენ. ნავსადგურში ერთიმეორეზე გადაბმულ ორ პენტერს მოჰქონდა კიდევ კოშკი, რომლიდანაც გადმოუშვებდნენ ხოლმე ხიდს საგანგებო მოწყობილობის საშუალებით, როდესაც კედლებს მიუახლოვდებოდნენ.
როდესაც ერთ დღეს მითრიდატეს ჯარებმა მესამეჯერ მიიტანეს იერიში კიზიკოსზე, დასძრეს რა ერთდროულად ყველა საიერიშო მოწყობილობანი, კიზიკოსელები დიდ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ, რადგან ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბოდნენ, ეხმარებოდნენ რა იმ ადგილებს, სადაც სახიფათო მდგომარეობა შეიქმნებოდა. ტარანების ძელებს ისინი ქვებით ლეწდნენ, ისხლეტდნენ მათ, ანდა ლასტებით ანალებდნენ ძალას; გამონატყორცნ ცეცხლგამჩენ იარაღებს ისინი ხვდებოდნენ წყლითა და ძმრით, სხვებს კი უხვედრებთნენ ტანისამოსს ან გაუჭიმავი ქსოვილების ნაჭრებს და ამით აჩერებდნენ მათ; საერთოდ მათ ყველაფერი გამოიყენეს, რაც კი მამაც ვაჟკაცთათვის ხელმისაწვდომია: თუმცა ისინი ყველა ამ უბედურებას წინ აღუდგნენ დიდი სიმტკიცით, მაგრამ მტერმა მაინც მათი კედლის ნაწილი დასწვა და იგი საღამოს ჩამოინგრა. ცეცხლწაკიდებულ კედლებზე ვერავინ შეძლო გადარბენა, ღამით კი კიზიკოსელებმა მყისვე აღადგინეს კედელი, ხოლო იმავე დღეს ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაამსხვრია მეფის დანარჩენი მოწყობილობანიც“.
მალე ქალაქის საშველად მოვიდა ლუკულუსი ოთხი ლეგიონით, 30000 ქვეითითა და 1600 მხედრით და კიზიკოსის მახლობლად დაბანაკდა. 
72 წლის დასაწყისში კვინტუს სერტორიუსი მისმა ლეგატებმა მოკლეს, რის შემდეგაც პომპეუსს აღარ გასჭირვებია ესპანეთის აჯანყების ჩაქრობა. გაიგეს რა მთავარსარდლის დაღუპვის შესახებ, მითრიდატეს ბანაკში მყოფმა რომაელთა ნაწილმა იწყო ლუკულუსთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვა. ასე მაგ. სერტორიუსის წარმომადგენელი ლუციუს მაგიუსი შევიდა ლუკულუსთან საიდუმლო კავშირში, რომელმაც აღუთქვა ხელშეუხებლობა მითრიდატეს დაღუპვის სანაცვლოდ. მაშინ მაგიუსმა უთხრა მითრიდატეს, რომ ფიმბრიას ლეგიონები ამბოხებულნი არიან და აპირებენ შენსკენ გადმოსვლას, ამიტომ არ ღირს მის წინააღმდეგ მოქმედებაო. შემდეგ მითრიდატე დაარწმუნა არ შეწინააღმდეგებოდა რომაელებს, რომლებიც იკავებდნენ ქალაქთან მდგარ მთას. მაშინ ადრასტის მთისკენ მიმავალ ბილიკი ლუკულუსმა დაიკავა და ამით ფრიად მძიმე პირობები შეუქმნა: ერთი მხრივ იგი მოწყვიტა ხმელეთისაგან და მეორე მხრივ ზღვიდანაც შეუზღუდა სურსათ-სანოვაგის მიღება. მითრიდატეს ჯარმა მალე იგრძნო ამის შედეგი. ჯარში შიმშილი გაჩნდა, რასაც სარდლები დიდხანს უმალავდნენ მითრიდატეს.
ამის მიუხედავად მითრიდატემ ქალაქზე ფართომასშტაბიანი შეტევა გადაწყვიტა ყველანაირი შეიარაღების წყალობით. ამასთან ტყვედჩავარდნილი 3000 კიზიკელი მიიყვანა ქალაქის კედლებთან და ათხოვნინა სიცოცხლის სანაცვლოდ ჩაებარებინათ ქალაქი. ყველაფრის მიუხედავად ქალაქის გარნიზონმა პისისტრატეს ხელმძღვანელობით მოახერხა კიზიკუსის შენარჩუნება. ამასობაში დაზამთრდა, აცივდა, საკვები გამოილია, არმიაში შიმშილი და ჭირი გავრცელდა. ბოლოს მითრიდატემ ქალაქის კედლებთან რამდენიმე თხრილის გაყვანა სცადა და ამ საქმისთვის არასაჭიროდ ჩათვალა კავალერია, რომელიც ბითინიაში გაგზავნა. ლუკულუსი დაედევნა მათ, დაეწია მდ. რინდიკთან და სასტიკად დაამარცხა. 15000 კაცი, 6000 ცხენითა და დიდძალ პირუტყვთან ერთად ხელთ იგდო (მემნონიც ცნობით ტყვედ ჩავარდა 13000 პონტოელი).
ამასობაში კიზიკოსის მოქალაქეებმა ყველა ხვრელი გაანადგურეს, რის შემდეგაც მითრიდატემ დაუძლურებული არმიით მიატოვა იქაურობა. თვითონ ზღვით წავიდა პაროსში, ხოლო არმია ხმელეთით გაუშვა ლამპსაკში, თუმცა მან მდინარე ესეპისგან და ლუკულუსის თავდასხმებისგან დიდი დანაკარგი განიცადა.
ლამპსაკს ლუკულუსმა ხმელეთიდან ალყა შემოარტყა, ამიტომ მითრიდატემ მათ ხომალდები გაუგზავნა, რათა მოსახლეობასთან ერთად გაქცეოდნენ რომაულ ტყვეობას.
ბოლოს, მითრიდატემ 30000 ქვეითის სარდლად დატოვა მარკუს მარიუსი და გერმეი და თვითონ არმიის დიდი ნაწილით გასცურა ნიკომედიისკენ მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა 10000-მდე მებრძოლი და 60 ხომალდი დაუძირა. მეფემ გაჭირვებით ჩააღწია ბითინიის დედაქალაქში.
შემდეგ მარიუსი 50 ხომალდზე განლაგებული 10000 რჩეული მეომრით ალექსანდრე პაფლაგონიელთან და დიონისე-ევნუხთან ერთად გაემართა ეგეოსის ზღვაზე. ერთი ვერსიით მარიუსის ამოცანა იყო იტალიაში გადასხდომა და სამოქალაქო ომის განახლება.
ამასობაში მითრიდატეს სარდალმა ევმახმა სწრაფად გაიარა მთელი ფრიგია, გაჟლიტა ყველა გზადშეხვედრილი რომაელი ოჯახებიანად, დაიმორჩილა პისიდები, ისავრები და კილიკია, ვიდრე გალატიიის ერთ-ერთი ტეტრარქი დეიოტარ I არ დაესხა და მოკლა მის ბევრ მებრძოლთან ერთად.
ლუკულუსი ტრიუმფით შევიდა მიტოვებულ კიზიკოსში. დასვენების შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება ზღვაზე პოზიციების მოპოვებას მიაქცია და პროვინცია აზიაში შეკრებილი ფლოტი მეთაურებს გაუნაწილა. ტრიარიუსმა აიღო აპამეა და მისი მოსახლეობა სასტიკად დასაჯა. ბარბასმა აიღო პრუსია და მალევე დაიპყრო ნიკეაც, რადგან მითრიდატეს გარნიზონი იქედან გაიქცა. თვით ლუკულუსმა მოწინააღმდეგის 13 ხომალდი შეიპყრო კ. ტენედოსს და აქეის ყურეს შორის, მისი სარდალი ისიდორი კი მოკლა.
ამ დროს პონტოელთა მთავარი საზღვაო ძალები იდგნენ კ. ნეაესთან, ლემნოსსა და სკიროსს შორის. ლუკულუსმა მათ მძიმე ბრძოლაში სასტიკი მარცხი აწვნია. 32 ხომალდი დაძირა ან ტყვედ იგდო. მეთაურები მღვიმეში დაიმალნენ თუმცა რომაელებმა მაინც შეიპყრეს. დიონისე-ევნუხმა უმალ საწამლავი შესვა და მოკვდა, მარიუსი ლუკულუსმა მოაკვლევინა, რადგან როგორც რომაელი სენატორი არ შეიძლებოდა მისი ტყვედ ტრიუმფზე გამოყვანა, ხოლო ალექსანდრე ბორკილებდადებული წაიყვანეს, მოგვიანებით ტრიუმფზე ჩამოსატარებლად.
ამასობაში ბითინიის ქალაქების დაპყრობას შეუდგა რომის სარდალი გაიუს ვალერიუს ტრიარიუსი. პირველ რიგში მან ალყა შემოარტყა ბითინიის აპამეას. მოქალაქეებმა ბევრი იბრძოლეს, თუმცა ბოლოს იძულებული დახვდნენ კარი გაეღოთ და დანებებულიყვნენ. შემდეგ ტრიარიუსმა აიღო ქალაქი პრუსა აზიის მთა ოლიმპუსის ძირში და გაემგზავრა ზღვისპირა ქალაქ პრუსიასკენ. მათ გამოჩენისთანავე მოქალაქეებმა განდევნეს პონტოელთა გარნიზონი და რომაელებს კარები გაუღეს. აქედან ტრიარიუსი მივიდა ნიკეაში, რომელსაც ასევე იცავდა მითრიდატეს გარნიზონი. პონტოელები მიხვდნენ, რომ ნიკეელები არ აპირებდნენ მათთან ერთად ებრძოლათ, ამიტომ ღამით მიატოვეს ქალაქი და ნიკომედიაში გაიქცნენ მითრიდატესთან. ტრიარიუსს ეს ქალაქიც უბრძოლველად ერგო.
ამასობაში კოტამ გადაწყვიტა ძველი სამარცხვინო მარცხი გამარჯვებით გამოესწორებინა და თავისი არმიით დაიძრა ნიკომედიისკენ, თუმცა მარტო ვერ გაბედა შეტევა. ქალაქიდან 150 სტადიონზე მას შეუერთდა ტრიარიუსი. ამ დროს მითრიდატემ გაიგო ზღვაზე მისი ფლოტის განცდილი ორი დამარცხების შესახებ, რის შემდეგაც დარწმუნდა იმაში, რომ აღნიშნული ძალებით ვეღარ შეძლებდა რომაელთა შეჩერებას. ამიტომ ღამით მიატოვა ნიკომედია, ოსტატურად დაუსხლტა მტერს, ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შესცურა და სანაპიროზე ტრიერებით იწყო სვლა, თუმცა ღელვის გამო მან დაკარგა რამდენიმე ხომალდი, ძირითადი ნაწილით გზა განაგრძო და მიაღწია მდ. ჰიპიუსის შესართავს, სადაც გამოსაზამთრებლად დაბანაკდა. აქედან მან მიმართა ჰერაკლეას ლიდერ ლამახუსს, მის მეგობარს, რომ მიეღო ქალაქში. ლამახუსი დათანხმდა. ამით ისარგებლა მითრიდატემ, ხელთ იგდო ქალაქი, ჩააყენა 4000 კაციანი გარნიზონი კონაკორექსის სარდლობით და გასცურა სინოპესკენ, მაგრამ ამოვარდნილმა ქარიშხალმა მდ. გრანიკოსის შესართავთან გაუნადგურა დანარჩენი ფლოტი, რის შემდეგაც ჯერ საბარგო გემით განაგრძო გზა, შემდეგ კი მეკობრეთა მსუბუქი ხომალდით ჩავიდა სინოპში.
ლუკულუსი, კოტა და ტრიარიუსი შეიკრიბნენ ნიკომედიაში და აპირებდნენ აქედან პონტოში შეჭრას, მაგრამ ჰერაკლეას ამბავმა მათი გეგმა შეცვალა. ლუკულუსი არმიის დიდი ნაწილით წავიდოდა კაპადოკიის შიდა ოლქებზე, რათა შებრძოლებოდა მითრიდატეს, კოტა წავიდოდა ჰერაკლეაზე, რომელიც რომაელთა აზრით მათ განუდგა, ხოლო ტრიარიუსი ფლოტით დადგებოდა ჰელესპონტისა და პროპონტიდას ირგვლივ და იქ დაელოდებოდა მითრიდატეს გემების მობრუნებას კრეტისა და ესპანეთიდან.
შეიტყო რა რომაელთა გეგმები, საიდანაც გაემგზავრა ამისოსში და იქ მისვლისთანავე მითრიდატემ განალაგა გარნიზონები სასაზღვრო ქალაქებში და დაიხია ქვეყნის შიდა რაიონებში ქ. კაბირამდე. აქედან მან ელჩები გაუგზავნა ტიგრანს, მახარეს და თხოვა დახმარება. ამავე დროს ბოსფორის მეზობლად მცხოვრები სკვითების გადმოსაბირებლად გაგზავნა დიოკლი ოქროთი და სხვა საჩუქრებით. დიოკლი კი ამის ნაცვლად ლუკულუსთან წავიდა. პარალელურად მოსახლეობას ამხედრებდა რომაელთა წინააღმდეგ საომრად.
ამასობაში ლუკულუსმა სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე გაიარა ბითინია, გალატია (საიდანაც წამოიყვანა 30000 გალატიელი მოლაშქრე, რომელთაც მოჰქონდათ ხორბალი) და 72–71 წლის ზამთარში მიაღწია პონტოს სასაზღვრო მხარეს, სადაც გამოიზამთრა კიდეც.
71 წლის გაზაფხულზე ლუკულუსი შეიჭრა პონტოში და ალყა შემოარტყა ამისოსს და მის მეზობლად მდებარე ევპატორიას, ხოლო თემისკირას ასაღებად ჯარის ნაწილი გაგზავნა. აპიანე მოგვითხრობს: „იმათ, ვინც თემისკირას უტევდნენ, ააგეს მსხვილი კოშკები, გააკეთეს გრძელი თხრილები და ამოთხარეს მიწის ქვეშ ისეთი ღრმა ჩასასვლელები, რომ მათში მიწის ქვეშ ერთიმეორეს ხელჩართულ ბრძოლას უმართავდნენ დიდი რაზმები. ხოლო თემისკირის მცხოვრებლებმა ამ ჩასასვლელების ზემოთ ამოთხარეს საჭვრეტელი ორმოები და იქედან უშვებდნენ იქ მომუშავეთა წინააღმდეგ დათვებსა და სხვა გარეულ მხეცებს, აგრეთვე ფუტკრის ჟოლს. დიდ სურთულეებს განიცდიდნენ ამისოსის მოალყეებიც. მოსახლეობა თავგანწირვით იცავდა ქალაქს, პერიოდულად გამოუხტებოდა კიდეც მტერს და ზარალს აყენებდა. კაბირში (დღევ. სივასი) დაბანაკებული მითრიდატე მათ უხვად უგზავნიდა სურსათს, საბრძოლო მასალასა და მებრძოლებს, პარალელურად კი იქვე დაზამთრებული ჯარს კრეფდა“.
მითრიდატესა და ლუკულუსის აღნიშნული ომის შესახებ მეტ-ნაკლებად ერთნაირად მოგვითხრობენ აპიანე, კასიუსი და პლუტარქე, რომელთა წყაროები ავსებენ ერთმანეთს:
„ლუკულუსი მიუხედავად იმისა, რომ სურსათი ელეოდა, მთავარი ძალებით მითრიდატეს დაედევნა, რის გამოც ჯარისკაცებში დიდი უკმაყოფილება გამოწვია. ბევრი მათგანი საერთოდ ომის დასრულებას ითხოვდა, რადგან მთავარი მიზანი შესრულებული იყო. ლუკულუსი ამ ხმებს ყურადღებას არ აქცევდა და ურთულესი პირობების მიუხედავად განაგრძოდა ლაშქრობას. პურის მარაგის შესავსებად ლუკულუსმა მასთან შეერთებულ გალატების 30000-ან ლაშქარს დაავალა ზურგით ეზიდა ხორბალი, თითო ჯარისკაცს – თითო მედიმნი. ჯარისკაცების უკმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტიც, რომ ლუკულუსი მათ მხოლოდ სოფლების ძარცვის ნებას აძლევდა, ქალაქებს კი ხელს არ ახლებდა, რათა მათი გული მოეგო. ამიტომ ისინი ჩიოდნენ: იმის ნაცვლად, რომ უმდიდრეს ამისოსს შევუტიოთ მთელი ძალებით, ავიღოთ და გავძარცვოთ, მივდივართ ამ ტიბარენებისა და ხალიბების ხალხისგან დაცლილ და კულტურული ცენტრებისგან მოწყვეტილ ადგილზეო. როდესაც ლუკულუსს ადანაშაულებდნენ ნელა მოქმედებაში, რითაც საშუალებას აძლევდა მითრიდატეს სული მოეთქვა იგი ასე პასუხობდა: მე არ ვჩქარობ შემდეგი მიზნით. მირჩევნია მითრიდატე მოვიდეს გონს და ხელახლა შეკრიბოს თავის ქვეყანაში ჯარები და შეგვებას, ვიდრე კაბირს იქეთ გაიქცეს და არმენის ქვეყანაში გაიქცეს, რომელსაც მართავს მეფეთა მეფე ტიგრანი. იგი მითრიდატეს სიძეა და ბოლომდე დაეხმარება მითრიდატეს. ტიგრანს დაპყრობილი აქვს სირია, პალესტინა და კეტავს გზას პართიისაკენ. მის მხარეს იბრძოლებენ მიდიელები (იგულისხმება ატროპატენა). ასე რომ არმენიელებსა და მიდიელებთან ბრძოლას ჯობია ისევ კოლხებს, ტიბარენებსა და კაპადოკიელებს (ანუ პონტოელებს) ვებრძოლოთ, რომლებიც არაერთხელ დაგვიმარცხებია.
ასე რომ ლუკულუსი დიდხანს მშვიდად იდგა ამისოსთან და დიდ ძალისხმევას არ იჩენდა მის ასაღებად. ზამთრის მიწურულს ამისოსის ალყაზე დატოვა მურენა და თვითონ დაიძრა მითრიდატეს წინააღმდეგ, რომელიც 40000 ქვეითითა და 4000 მხედრით იდგა კაბირასთან. მითრიდატე გადავიდა მდ. ლიკოსზე (კელკიტ-ჩაი) და დაიწყო პატარა ქალაქ ქ. ტაზეირასთან დაბანაკებულ რომაელთა ბრძოლაში გამოწვევა. გაიმართა მხედართა ბრძოლა, რომელშიც რომაელები დამარცხდნენ და უკუიქცნენ. ლუკულუსი ისევ მთებში შევიდა.
ამ ბრძოლის დროს მითრიდატეს ტყვედ ჩაუვარდა ერთი ცნობილი რომაელი პომპონიუსი, რომელიც დაჭრილი იყო. მითრიდატემ ჰკითხა მას: „თუ დაგინდობ გახდები თუ არა ჩემი მეგობარი?“. ამაზე რომაელმა მიუგო: „თუ დადებ ზავს რომელებთან – კი. თუ არა – მე მტერი ვარ!“. მითრიდატე აღფრთოვანდა მისი საქციელით და არაფერი დაუშავებია პომპონიუსისთვის.
როდესაც მთებში თოვლი მოვიდა, ლუკულუსმა გადალახა ისინი და მითრიდატესკენ დაიძრა. მითრიდატემ მის შესაკავებლად და დროის მოსაგებად გაგზავნა მეწინავეთა ლაშქარი მის ნათესავ ფენიქსის სარდლობით, რომელსაც ცეცხლის ანთებით უნდა ენიშნებინა მტრის მოახლოების შესახებ. ფენიქსმა ნიშანი მისცა, თუმცა შემდეგ ლუკულუსს შეუერთდა და შესაძლებლობა მისცა მშვიდად მიახლოებოდა კაბირს.
ამ დროს მითრიდატესთან მოვიდა ერთი სკვითი მეთაური ოლკაბი, რომელიც ადრე მიემხრო ლუკულუსს, ზემოთაღნიშნულ ბრძოლაში ბევრი რომაელი გადაარჩინა, რის გამოც ლუკულუსისგან დაწინაურებაც მიიღო. ერთ დღეს ის მიიჭრა ლუკულუსის კარავთან რაღაცის სათქმელად, მაგრამ მცველებმა არაფრის დიდებით შიგნით არ შეუშვეს. მაშინ შეურაცხყოფილი ისევ მითრიდატესთან დაბრუნდა და უთხრა, რომ მასთან მყოფი სკვითი სობადაკი ღალატობს. იგი უმალ შეიპყრეს.
ლუკულუსი ვერ ბედავდა დაბლობზე ჩამოსვლას, რადგან მოწინააღმდეგის მხედრობას უფრთხოდა. იგი ერიდებოდა აგრეთვე მთის გრძელი და ძნელადსავალი გზის სვლასაც და ხელსაყრელ მომენტს მშვიდად უცდიდა. ამ დროს მას მოუყვანეს შეპყრობილი რამდენიმე ბერძენი, რომლებიც გამოქვაბულში იმალებოდნენ. მათგან ერთმა, მონადირე არტემიდორემ განუცხადა ლუკულუსს, რომ წაიყვანდა შემოვლითი და უსაფრთხო გზით, რომლითაც შემოუვლიდნენ მითრიდატეს ჯარებს და განლაგდებოდნენ პატარა სიმაგრესთან, რომელიც კაბირასთან მაღალ ხევში მდებარეობს, სადაც მოწინააღმდეგე კავალერიის უპირატესობის გამოყენებას ვერ შეძლებდა. ლუკულუსმა დაუჯერა და ღამით რომაელებმა აღნიშნული გზის გავლის შემდეგ დილით თავზე წამოადგნენ პონტოელთა ბანაკს, რომლებიც მეტად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რომაელები შვიდად უშენდნენ ისრების წვიმას. მაშინ მითრიდატემაც უარი თქვა ბრძოლის დაწყებაზე და დიდხანს უყურებდნენ მეტოქეები ერთმანეთს. მითრიდატეს ზოგიერთმა რაზმმა ვერ გაუძლო ისრების წვიმას და გაიქცა. მაშინ მითრიდატემ ძალით მოაბრუნა ისინი და ცხენოსანთა რაზმები განალაგა კაპადოკიისკენ მიმავალ გზებზე რათა დაეკეტა „სურსათისკენ მიმავალი გზები“ და დაემშია რომაელები.
ერთხელ პონტოელთა რაზმი ირმებს გამოეკიდა და რომაელთა რაზმს შეეჩეხა. შეტაკება პონტოელებმა მოიგეს და რომაელები გააქციეს. როდესაც ბანაკში მყოფმა რომაელებმა დაინახეს, თუ, როგორ მირბოდნენ მათი მებრძოლები მოთხოვეს ლუკულუს ბრძანება გაეცა ომის დაწყებაზე, რათა ეშველათ თანამოძმეებისთვის. ლუკულუსმა ამაზე უარი თქვა, ცხენს მოახტა, გზა გადაუჭრა გაქცეულებს და აიძულა მობრუნებულიყვენ, რის შემდეგაც რომაელებმა უკვე თვითონ გააქციეს პონტოელები და ჩეხვით მისდევდნენ. ამის შემდეგ აღნიშნულ მშიშარა ჯარისკაცებს ლუკულუსმა ტრადიციულად დამამცირებელი სასჯელი დაუწესა. მათ უნდა ეარათ ბანაკში უქამრო ტუნიკებით (რომაელი მამაკაცის ტრადიციული სამოსი. იცვამდნენ ტოგის ქვეშ. ტუნიკა იკერებოდა შალის ორი ნაჭრისგან, სახელოების გარეშე და სხეულს მუხლებამდე ფარავდა) და გაეთხარათ 12 ფუტი სიგრძის სანგრები.
მითრიდატეს ბანაკში იყო ოლთაკე, ერთ-ერთი ბელადი დანდარიების ტომისა, რომელიც ცხოვრობდა მეოტიდის სანაპიროებზე. ეს ადამიანი ყოველგვარ საომარ საქმეში გამოირჩეოდა ღონითა და მამაცობით, მნიშვნელოვან ამბავთა განსჯის დროს მახვილ გონებას ამჟღავნებდა. სხვებთან ურთიერთობაში კი ფრიად ალერსიანი და თავაზიანი კაცი იყო. ოღონდაც მუდამ უთანხმოება და მეტოქეობა ჰქონდა პირველობის გულისათვის ერთ-ერთ თანამემამულე ბელადთან. აი ამის გამო ოლთაკემ მითრიდატეს დიდი საქმის შესრულება აღუთქვა: ლუკულუსის მოკვლას დაჰპირდა. მეფე დათანხმდა და გეგმა კარგად რომ განხორციელებულიყო სახალხოდ რამდენიმეჯერ შეურაცხყო ოლთაკე, რის შემდეგაც უკანასკნელი ერთხელაც შეჯდა ცხენზე და გაიქცა ლუკულუსთან. ლუკულუსმა იგი სიხარულით მიიღო და როდესაც საქმეში გამოსცადა, იმდენად ენდობოდა, რომ ტრაპეზზეც ასწრებდა და სამხედრო მეთაურებთან შეხვედრებზეც. ერთხელაც დანდარიელმა გადაწყვიტა, რომ სასურველი დრო დადგა ჩანაფიქრის განსახორციელებად. მან დაავალა თავის მსახურებს მისი ცხენი გაეყვანათ ბანაკის გარეთ და თვითონ ნაშუადღეს, როდესაც ჯარისკაცები ისვენებდნენ და მთავარსარდალი მარტო იყო, დაიძრა მისი კარავისკენ: მას უკვე მოფიქრებული ჰქონდა, რომ ეთქვა მნიშვნელოვანი ამბავი ჰქონდა და როცა გაატარებდნენ კარავში მოეკლა. მაგრამ ლუკულუსს ბედმა გაუღიმა და იმან გადაარჩინა, რაც სხვა სარდლებს ღუპავდა; ეს იყო ძილი. ლუკულუსს ამ დროს ჩასთვლემია და როცა მასთან ოლთაკე მივიდა, მთავარსარდლის მსახურმა მენედემ არ გაატარა, უდროოდ მოხვედი, სარდალს ახლა ჩაეძინა მძიმე შრომისა და უძილო ღამეების შემდეგო. ოლთაკმა არ მოუსმინა მას, არ წავიდა და განაცხადა, რომ შევა უკითხავად, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეზე ძალიან სჭირდება მოლაპარაკება. მაშინ მენედემი გაბრაზდა და უყვირა: „ლუკულუსის მოფრთხილებაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს!“. მაშინ შეშინებული დანდარიელი მშვიდად გაიპარა ბანაკიდან და დამწუხრებული დაბრუნდა მითრიდატესთან.
ამ მოვლენიდან ცოტა ხანში სორნატიუსი 10 კოჰორტით გაიგზავნა სურსათის საძებნელად. მას დაედევნა მითრიდატეს ერთი სარდალი მენანდრე, რომელიც სორნატიუსმა დაამარცხა და გააქცია. შემდეგ ჯარს პური რომ მრავლად ჰქონოდა, იგივე დავალებით გაიგზავნა ადრიანე. მითრიდატემ მის წინააღმდეგ გაგზავნა ქვეითები და მხედრები მენემახისა და მირონის მეთაურობით, თუმცა ისინი რომაელებმა გაჟლიტეს, 2 კაცის გარდა.
როდესაც მითრიდატემ დაინახა ვიწრო ხეობაში შემოსული სურსათით დატვირთული ადრიანეს რაზმები, არ დააცადა ფართო ვაკეზე გამოსვლა, რათა თავისი უპირატესობა გამოეყენებინა და მთელი მხედრობა მიუსია. ამ ხეობაში მხედრებისთვის ბრძოლა მეტად რთული იყო. ამასთან ზურგიდან მათ დაარტყათ გზის მცველად მდგარმა სხვა რომაულმა რაზმმა. პონტოელთა მხედრობა პანიკამ მოიცვა და 3 ნაწილად გასკდა. ერთი ნაწილი გაიჟლიტა, მეორე ნაწილი რომაელებმა მთებში შერეკეს, მესამე ნაწილი კი სრულიად დაიშალა და დაიფანტა. მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ღამით ბანაკში მისვლა და უთხრა მითრიდატეს, რომ მთელი მისი მხედრობა დაიღუპა. მითრიდატემ იფიქრა, რომ ასეთ ვითარებაში ლუკულუსი აუცილებლად გადმოვიდოდა შეტევაზე და გაანადგურებდა, ამიტომ შეეცადა ამ უბედურების დამალვას და თავის ახლო მეგობრებს უთხრა საიდუმლოდ გაეგზავნათ სხვაგან სურსათ-სანოვაგე ბანაკიდან, რის შემდეგაც მწყობრად უნდა დაეხიათ უკან.
როდესაც მეომრებმა დაინახეს, თუ, როგორ მიჰქონდათ სურსათ-სანოვაგე ბანაკიდან იფიქრეს, რომ მათ თავს რაღაც დიდი უბედურება ტრიალებდა და არეულობა დაიწყო. ერთი ნაწილი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ბანაკიდან, მეორენი ქონებას იტაცებდნენ და მათ მფლობელებს ხოცავდნენ. ასე მოკლეს მაღალი ხარისხის ტანსაცმლის გამო სარდალი დორილეოსი და ქურუმი გერმეია. მითრიდატე ბევრს ეცადა მათ შეჩერებას, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და მცირე რაოდენობის თანამებრძოლებთან შეეფარა მთებს. ის ისე გაიქცა არათუ ქონება – სამეფო ცხენიც კი ვერ წაიყვანა, რის გამოც შუა გზაზე ევნუხმა პტოლემეოსმა დაუთმო მეფეს ცხენი.
სურსათის მოსვლისა და მითრიდატეს გაქცევის ამბების შეტყობინებისთანავე ლუკულუსმა გაჰყო ორ ნაწილად ჯარი; ერთს (გალატების რაზმს) უბრძანა მითრიდატეს დადევნება და შეპყრობა, ხოლო მეორე ნაწილს იმ პონტოელთა გაჟლეტა, რომლებიც გაქცევის შემდეგ უკან მობრუნებულიყვნენ ბანაკში. თან სარდალმა გააფრთხილა მებრძოლები, რომ არ დაეწყოთ ბანაკის ძარცვა და გაეჟლიტათ მოწინაღმდეგენი დაუნდობლად. მაგრამ როცა ჯარები დავალების შესასრულებლად წავიდნენ, მითრიდატეს ბანაკში მისულებს იმდენი ოქრო-ვერცხლი დახვდათ გადაავიწყდათ ბრძანება და ძარცვა დაიწყეს. ასე გადარჩა მითრიდატე შეპყრობას, ჩავიდა კომანში და იქედან 2000 მხედრით წავიდა ტიგრანთან. ტიგრანმა იგი თავისთან არ მიუშვა, მაგრამ ბრძანა „ჩემს ქვეყანაში ის მეფურად გყავდეთო“.
აღნიშნული ბრძოლების შესახებ ცნობებს სხვა ფაქტებით ამდიდრებს მემნონი: „მითრიდატე გზავნიდა სხვადასხვა გენერლებს ლუკულუსთან საომრად. მათ შორის ბრძოლების უმეტესობა რომაელებმა მოიგეს. მეფე შეშფოთებული იყო იმით, რომ მოახერხა მხოლოდ 40000 ქვეითისა და 8000 მხედრის შეკრება და გაუგზავნა დიოფანტესა და ტაქსილის მეთაურობით მდგარ არმიას. ომი გაჭიანურდა და რომაელებს სურსათი შემოელიათ, ამიტომ ლუკულუსმა ჯარი გაგზავნა კაპადოკიაში სურსათის მოსატანად. როცა ეს დიოფანტემ და ტაქსილმა შეიტყვეს, მათ წინააღმდეგ გაგზავნეს 4000 ქვეითი და 2000 მხედარი. როდესაც ისინი სურსათით მომავალ რომაელებს შეებრძოლენ, რომაელებმა იმარჯვეს და მეტოქეს უკან დაახევიეს. მალე ლუკულუსმა მათ დამატებითი რაზმი გაუგზავნა და შედეგად პონტოელები სრულად განადგურდნენ. გაქცეულებს გამოდევნებული რომაელები შეიჭრნენ დიოფანტესა და ტაქსილის ბანაკში. პონტოელები ერთხანს აკავებდნენ მოწინააღმდეგეს, თუმცა ბოლოს სარდლები პანიკამ მოიცვა, ბრძოლიდან მოკურცხლეს და მითრიდატეს შეუთვალეს, რომ მთელი არმია დაიღუპა. მაშინ მითრიდატემ დატოვა კაბირი და ტიგრანთან არმენიაში გაიქცა“.
პლუტარქეს ცნობით „ვერ მოახერხა რა მოულოდნელი გაქცევის გამო ფარნაკიასთან ახლოს დარჩენილი ოჯახის წევრების წაყვანა, რომელთაც რომაული ტყვეობა და ტრიუმფზე სამარცხვინო ჩამოტარება ემუქრებოდათ, გაგზავნა ევნუხი ბაკხიდი გაგზავნა მათ დასახოცად. მეფის გაუთხოვარ დათაგან ერთმა მითრიდატეს წყველა-კრულვასა და შეჩვენებაში შესვა საწამლავი, ხოლო მეორეს, სტატირას ერთი საყვედური და შეუფერებელი სიტყვა არ აღმოხდომია გულიდან. პირიქით, სტატირამ ქება-დიდება დაუწყო ძმას იმისათვის, რომ მან საკუთარი განსაცდელის ჟამს არ დაივიწყა ისინი და ყველაფერი გააკეთა, რათა მისი ახლობლები თავისუფალ და ნამუსაუხდელ ქალებად დახოცილიყვნენ“.
ასე დაიხოცნენ მითრიდატეს გაუთხოვარი დები – როქსანა და სტატირა და ცოლები – ბერენიკა ქიოსელი და მონიმა მილეტელი. ამის დანახვაზე ბევრი ქალაქის გარნიზონის თავი გადავიდა ლუკულუსის მხარეზე.
როცა კაბირი და მისი მახლობელი სიმაგრეები დაეცნენ, რომაელებს ხელთ ჩაუვარდათ დიდძალი განძი. მათ აქ იხილეს ბნელი საკნები, სადაც გამომწყვდეულნი იყვნენ ბევრი ბერძენი და სამეფო წარმომავლობის პირი (მათ შორის მითრიდატეს და ნისა), რომლებიც დიდი ხანი ითვლებოდნენ მკვდრებად. ლუკულუსმა ყველა მათგანს თავისუფლება დაუბრუნა.
ლუკულუსმა მითრიდატეს დაადევნა მარკუს პომპეუსი, ხოლო თვითონ მივიდა კაბირთან და ალყა შემოარტყა. ქალაქმა ერთი გაიბრძოლა, თუმცა როგორც კი კედლებზე რომაელები ავიდნენ მშვიდობის სანაცვლოდ კარი გააღეს. აქედან ლუკულუსი წავიდა ამისოსიკენ და ალყა შემოარტყა მას, თუმცა მისმა დამცველებმა კატეგორიული უარი განაცხადეს დანებებაზე. ამიტომ ლუკულუსმა დატოვა ალყაში და შემდეგ მიადგა ევპატორიას. ისიც მამაცურად შეებრძოლა მტერს. მაშინ ლუკულუსმა ხერხს მიმართა. იგი მშვიდად დაელოდა დროს, როდესაც გარნიზონი ყურადღებას მოადუნებდა, და როცა ეს მომენტი დადგა, რომაელებმა კედლებზე მიადგეს კიბეები, ქალაქში შეიჭრნენ, აიღეს და საასტიკად ააოხრეს. მალევე იგივე მეთოდით აღებულ იქნა ამისოსიც, რომლის გარნიზონი ნაწილობრივ სინოპეს მსგავსად მეკობრეებისგან შედგებოდა.
ამისოსის დაცემაზე მოგვითხრობს პლუტარქე: „ქალაქის ალყის გახანგრძლივების მიზეზი იყო მისი დაცვის ხელმძღვანელ კალიმაქეს ხელოვნება საბრძოლო მანქანების დამზადებაში და მის წარმოუდგენელ გამომგონებლობაში. ის ყველა შესაძლო ხერხს მიმართავდა, რომ ევნო რომაელებისთვის, თუმცა ბოლოს ლუკულუსმა მაინც მოახერხა მისი მოტყუება. 71 წლის ბოლოს, როდესაც კალიმაქემ მებრძოლები დასასვენებლად გაუშვა, ლუკულუსმა მოახერხა ქალქის კედელზე კიბეების მიყუდება და კედლის მცირე ნაწილის დაკავება, რის შემდეგ შეაღწიეს მასში. მაშინ კალიმაქე გაიქცა და ქალაქი ცეცხლს მისცა – ან იმის გამო რომ მტერს ვერ ესარგებლა გამარჯვებით, ან ამით ცდილობდა უფრო ადვილად გაქცეულიყო. ქალაქიდან გემებით ზღვაზე გაიქცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები შემოვიდნენ ამისოსში, რის შემდეგაც მოსახლეობის ხოცვას და მათი ქონების ძარცვას შეუდგნენ. ლუკულუსი მოითხოვდა ცეცხლი ჩაექროთ, თუმცა ჯარი პირიქით ძარცვა-გლეჯის ნებას მოითხოვდა. მაშინ სარდალი იძულებული გახდა დაეთმო, რადგან ჩათვალა რომ საძარცვავად შესულები მათივე ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ჩააქრობდნენ ცეცხლს, თუმცა კი პირიქით მოხდა. ჯარისკაცები ჩირაღდნებით შედიოდნენ სახლებში და ამით ცეცხლის გაძლიერებას უწყობდნენ ხელს.
როდესაც მეორე დღეს ლუკულუსი ქალაქში შევიდა შენობების დიდი ნაწილი განადგურებული დახვდა. მან დაიწყო ქალაქის აღდგენა. ვინც დარჩენილიყო ანდა უკან ბრუნდებოდა აძლევდა ტანისამოსსა და 200 დრაქმას თითოეულს.
მითრიდატეს დევნისას მივიდა ლუკულუსი ქ. ტალავრამდე, სადაც შეიტყო, რომ პონტოს მეფე 4 დღით ადრე გაქცეულიყო არმენიის მეფე ტიგრანთან და მოუხვია უკან. მან დაიმორჩილა ხალდები (ხალიბები) და ტიბარენები. დაიპყრო მცირე არმენია და აიძულა დანებებულიყო ბევრ ციხე-სიმაგრესა და ქალაქს. შემდეგ გაგზავნა ტიგრანთან თავისი ცოლისძმა აპიუს კლოდიუსი მოთხოვნით გადმოეცა მითრიდატე, ხოლო თვითონ გაემგზავრა ამისოსში, რომელიც ჯერ კიდევ არ დანებებულიყო.
ამასობაში ტრიარიუსი 70 ტრიერით გადაეყარა კრეტიდან მომავალ პონტოელთა 80 ტრიერიან ფლოტს და სრულად გაანადგურა. შედეგად მითრიდატეს ფლოტი საერთოდ აღარ დარჩა.
ლუკულუსის ლაშქრობის პარალელურად, კოტამ ფლოტით ალყა შემოარტყა პონტოს ზღვისპირა ქალაქებს: ამასტრიდას, ჰერაკლეას, სინოპს და სხვებს, რომლებიც ბრძოლას 70 წლის გაზაფხულამდე განაგრძობდნენ. ჯერ ამასტრიდა დანებდა. მალე გამოიფიტა ჰერაკლეაც. გარნიზონმა 70 წლის ზაფხულში დაკარგა რა ზღვიდან დახმარების იმედი მტერს დანებდა თავისუფალი გასვლის პირობით, ქალაქი კი რომაელებმა შეუბრალებლად გააჩანაგეს.
ჰერაკლეასა და სინოპეს ბრძოლების შესახებ მოგვითხრობს მემნონი: „ქალაქ პრუსიუსიდან კოტა დაიძრა ზღვით, მიადგა ჰერაკლეას, გადმოსხა ჯარი ხმელეთზე და სცადა იერიშით აღება, თუმცა ჰერაკლეელებმა პონტოს გარნიზონის მეთაურობით მოიგერიეს და ბევრი რომაელი დახოცეს. მაშინ კოტა მოშორებით დაბანაკდა და აკვირდებოდა ვითარებას. მან აღმოაჩინა თუ როგორ მარაგდებოდა საკვებით ქალაქი, რის შემდეგაც მოისყიდა სურსათის მიმწოდებელნი, რათა შიმშილის გამოწვევით აეღო ქალაქი. შემდეგ წინა რიგებში დააყენა ბითინიელები და ისე შეუტია, თუმცა ისევ დიდი მსხვერპლით უკუიქცა. მაშინ შექმნა საალყო მანქანები და ყველა საბრძოლო ხერხი გამოიყენა, მაგრამ კვლავ ვერაფერს გახდა. შემდეგ ჯარები მიუსია ჰერაკლეას მთელ მხარეს და გააპარტახა. შიშილისგან თავის დასაღწევად ჰერაკლეელებმა მიმართეს სკვითებს, ქერსონესს, ფეოდოსიას და ბოსფორის სამეფოს კავშირისა და სურსათის მიწოდების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს. გარნიზონის მეთაური კონაკორექსის ყველა მცდელობა ეშოვა საკვები წარუმატებლად დასრულდა.
ბოლოს კოტამ კიდევ ერთხელ სცადა ქალაქის კედლებზე შეტევა და როდესაც ისევ დამარცხდა ტრიარიუსს შეუთვალა მოსულიყო ფლოტით და ზღვიდან ალყაში მოექცია ქალაქი. ტრიარიუსი სასწრაფოდ გამოეშურა 43 ტრიერით, რომელთა შორის 20 როდოსელები იყვნენ. ჰერაკლეელებმა კარგად მომზადება ვერ მოასწრეს, თუმცა 30 ტრიერის გამოყვანა მაინც მოახერხეს. სასტიკი ბრძოლა რომაელებმა და როდოსელებმა მოიგეს. ჰერაკლეელებმა დაკარგეს 14 ხომალდი და დანარჩენით დიდ პორტში გამაგრდნენ.
მაშინ კოტამ და ტრიარიუსმა მჭიდრო ალყაში მოაქცია ქალაქი ხმელეთიდან და ზღვიდან. შედეგად ქალაქში საშინელი შიმშილი დაიწყო, რომელმაც მალე ეპიდემია და მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. გარნიზონის დარჩენილი 3000 კაციდან 1000 სწორედ უცნობმა დაავადებამ იმსხვერპლა. მოკვდა ქალაქის თავი ლამახუსიც.
ამ ამბებით შეშფოთებულმა კონაკორექსმა ქალაქის ახალ თავ დამოფელესთან ერთად გადაწყვიტა საიდუმლოდ ჰერაკლეას რომაელთათვის ჩაბარება და საამისო მოლაპარაკება დაიწყო ტრიარიუსთან (სასტიკ კოტას ისინი არ ენდობოდნენ). მოსახლეობამ შეიტყო ამის შესახებ და გარნიზონის მეთაურს მიუგზავნეს გამოჩენილი მოქალაქე ბრითაგორასი, რომელმაც მოთხოვა მას, დანებების სანაცვლოდ ტრიარიუსს ქალაქისა და მოქალაქეებისთვის არ ეხლო ხელი. კონაკორექსმა კი უპასუხა, რომ ინფორმაცია ჭორია და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს ქალაქის თავისუფლებისთვის. თანაც დაუმატა, რომ მითრიდატეს მხარში ამოუდგა ტიგრანი და მალე გამოაგზავნის ჩვენს დამხმარე ძალებსო. როგორც კი დარწმუნდა გარნიზონის მეთაური იმაში, რომ მისი ნათქვამი მოქალაქეებმა დაიჯერეს, იმ საღამოსვე ტრიარიუსისგან მიიღო პირობა მისი ჯარის ხელშეუხებლობის შესახებ. ამავე დროს რომაელები მათ უტოვებდნენ იმ ქონებას რასაც წაიღებდნენ. მაშინ კონაკორექსმა დასვა გარნიზონი ხომალდებზე და მშვიდად გასცურა ზღვით. დილით კი დამოფელემ გააღო ქალაქის კარები და შემოუშვა რომაელები. ასე დაეცა ორწლიანი ალყის შემდეგ შავი ზღვის ყველაზე მდიდარი, ლამაზი და კულტურულად აყვავებული ქალაქი.
კოტამ ქალაქის სასტიკად დასჯა გადაწყვიტა. როდესაც ჰერაკლეელები მიხვდნენ, რომ უღალატეს, უკვე გვიანი იყო. ერთნი ნებდებოდნენ, მეორენი იღუპებოდნენ, განძეული და ქონება იძარცვებოდა. მხეცური სისასტიკე დაატყდა ხალხს. კლავდნენ ყველას, მათ შორის ტაძარში შეფარებულებსაც. ძარცვავდნენ და ანგრევნდენ ყველა შენობა-ნაგებობას. ამასობაში კოტამ შეიტყო, რომ კონაკორექსი ტიუსსა და ამასტრისში გამაგრდა და ტრიარიუსს დაავალა წასულიყო მათ ასაღებად. თვითონ კი მთელი ნადავლი გემებზე დატვირთა და ბრძანა სრულად დაეწვათ ქალაქი, რაც აღსრულებულ იქნა.
თავისი არმიის დიდი ნაწილი კოტამ ლუკულუსს გაუგზავნა და თვითონ ნადავლით წავიდა რომში, თუმცა ზღვის ღელვის გამო გემებისა და სიმდიდრის დიდი ნაწილი დაკარგა. სენატმა მას ჰერაკლეას დაპყრობის გამო მიანიჭა პონტოს „იმპერატორის“ წოდება. მაგრამ მალე მთელმა იტალიამ შეიტყო თუ როგორ მოექცა რომის სარდალი დიდებულ ქალაქს, რის შემდეგაც ძვ.წ. 67 წელს კოტას ჩამოართვეს ყველა პატივი და გააძევეს სენატიდან.
როცა ტრიარიუსი მიადგა ამასტრიდას, კონაკორექსმა ხელშეუხებლობის გარანტიით ჩააბარა ქალაქი.
ამასობაში ლეონიპუსმა, რომელიც მითრიდატემ კლეოხარესთან ერთად დააყენა სინოპეს დამცველად, დაკარგა გამარჯვების იმედი, დაუკავშირდა ლუკულუსს და ქალაქის ჩაბარება დაჰპირდა. კლეოხარესმა და სელევკოსმა (მითრიდატეს კიდევ ერთი სარდალი) გაიგეს ლეონიპუსის ღალატის შესახებ და სახალხო სასამართლო მოუწყვეს, თუმცა ხალხს სჯეროდა, რომ განსასჯელი ღირსეული ადამიანი იყო და მისი ღალატი არ დაიჯერეს. მაშინ კლეოხარესმა მეგობრებთან ერთად ღამით შეიპყრო მოღალატე და მოკლა. ამან მოსახლეობის აბუნტება გამოიწვია, თუმცა კლეოხარესმა მოახერხა ტირანიის დამყარება ქალაქში და ბუნტი ჩაახშო.
ამასობაში რომის ადმირალი კენსორინუსი 15 ტრიერით მოდიოდა ბოსფორიდან სურსათით და შეჩერდა სინოპთან. კლეოხარესი და სელევკი გავიდა მათ წინააღმდეგ, დაამარცხა იტალიელები და წაართვა მათ სატრანსპორტო ხომალდები. ღალატი რომ არ დაეშვა, კლეოხარესი და მისი მეგობრები სულ უფრო სასტიკად ექცეოდნენ მოსახლეობას და სასამართლოს გარეშე კლავდნენ ვისზეც ეჭვს მიიტანდნენ. ამასობაში განხეთქილება მოხდა თვით სარდლებში: კლეოხარესს სურდა ომის გაგრძელება, ხოლო სელევკს მოსახლეობის გაჟლეტა და ქალაქის ჩაბარება რომაელთათვის დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. ვერცერთის აზრმა ვერ გაიმარჯვა, ამიტომ ქონება დატვირთეს გემებზე და გაგზავნეს კოლხეთში მახარესთან, რომელსაც საპასუხოდ სურსათი უნდა გამოეგზავნა ხომალდებით.
ამასობაში ლუკულუსი მიადგა სინოპეს და გააძლიერა ალყა. მაშინ მახარე დარწმუნდა რომაელთა წარმატებაში და ღალატის გზას დაადგა. მან გაუგზავნა ლუკულუსს ათას ოქროდ ღირებული გვირგვინი და მეგობრობა და კავშირი შესთავაზა. ლუკულუსმა კი განუცხადა, რომ ის განიხილავს ალიანსს მაშინ, თუ მახარე არაფრით არ დაეხმარება სინოპეს მოსახლეობას. საპასუხოდ მახარემ სინოპესათვის მომზადებული სურსათი ლუკულუსს გაუგზავნა.
მაშინ კლეოხარესმა დაკარგა იმედი და მეგობრებთან ერთად ღამით დატვირთა ხომალდები დიდძალი განძეულით. პარალელურად კი ჯარისკაცებს უფლება მისცა ეძარცვა ქალაქი. გამთენიისას მათ დაწვეს ის ხომალდები, რომლებიც არ სჭირდებოდათ და გასცურეს აღმოსავლეთით, სანიგებისა და ლაზების მხარეში (მემნონი). როცა ალი ავარდა, ლუკულუსი მიხვდა რაც ხდებოდა და ჯარისკაცებს უბრძანა ქალაქის კედლებზე მიედგათ კიბეები. ჯარისკაცები შევარდნენ ქალაქში და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. მალე ლუკულუსი შემოვიდა ქალაქში და ჯარისკაცები აიძულა შეეწყვიტათ მკვლელობები. ასე დაეცა სინოპე.
სტრაბონის ცნობით: „ლუკულუსმა განდევნა ქალაქიდან ტირანი. მეფის მიერ გარნიზონის მეთაურად დანიშნულმა ვაკხიდმა, რომელსაც ეშინოდა ღალატის, ბევრი ძალადობა და ხოცვა-ჟლეტა მოუწყო მოსახლეობას. ქალაქის აღების შემდეგ ლუკულუსმა ხელი არ ახლო ქალაქის ძვირფასეულობას და წაიღო მხოლოდ ბილლარის ცის გლობუსი და სტენიდის გაკეთებული ავტოლიკეს სტატუა, რომელსაც თვლიდნენ ადგილობრივები ქალაქის დამაარსებლად და ეპყრობოდნენ როგორც ღმერთს“.
ამის შემდეგ მალე დაეცა პონტოს სამეფოს უკანასკნელი ბასტიონი – ამასია (70 წლის შემოდგომა).
ლუკულუსი შეუდგა მის მიერვე განადგურებული ქალაქების აღდგენას. ასე დაასახლეს ხელახლა ამისოსი (მას ძველი ავტონომია დაუბრუნა) და სინოპე.
შემდეგ ლუკულუსი გამოსაზამთრებლად გაემგზავრა „აზიის“ ქალაქებში, რომლის მოსახლეობა ვალებისგან იყო გაწამებული. სულას მიერ დაკისრებული გადასახადების დასაფარად მოსახლეობას დიდ პროცენტებში აეღო მევახშეებისგან ვალები. ომის გამო მოშლილი ეკონომიკის შედეგად მოსახლეობამ ვერ შეძლო ვალების გადახდა და პროცენტები ისე გაიზარდა, რომ რამდენჯერმე გაეზარდათ ვალი მევახშეებისადმი (20000 ტალანტის ნაცვლად მათ მევახშეებისადმი 120000 ტალანტი ევალად უკვე, რომელთაგან 40000 უკვე გადაეხადათ). მის დასაფარად მოსახლეობას აიძულებდნენ ლამაზი ვაჟები და ქალიშვილები მიეცათ მონად გასაყიდათ, ხოლო ქალაქებს – წმინდა შესაწირავის ანდა კულტურული ღირებულების საგნების გაღებას. ვინც გადახდაზე უარს იტყოდა მონებად აქცევდნენ, აპატიმრებდნენ, აწამებდნენ.
ლუკულუსმა ჩამოაჭრა ვალები, დააწესა სესხის მხოლოდ 1%-ში მიცემა (წლიური 12%), გამსესხებელს ვალის არგადახდის შემთხვევაში შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა მევალის ქონების მხოლოდ მეოთხედზე და ა.შ. შედეგად შემდგომ ოთხ წელიწადში ვალებიდან ამოვიდა პროვინცია აზიის მთელი მოსახლეობა, რომელთაც ძალიან შეიყვარეს ლუკულუსი. სამაგიეროდ უკანასკნელის დაუძინებელი მტრები გახდნენ პროვინცია აზიის მევახშეები და მთელი პოლიტ-ეკონომიკური ელიტა.
ამასობაში ახალგაზრდა აპიუს კლოდიუსი ტიგრანთან შესახვედრად მიემართებოდა. თავიდან მას მეფის მხლებლებმა გზა აურიეს და დიდხანს ქვეყნის ზემო მხარეში დაჰყავდათ. შემდეგ მან სირიელი აზატისგან შეიტყო გზა და რამდენიმე დღეში (70 წლის ზამთარში) ჩავიდა ანტიოქიაში, თუმცა ტიგრანი რომელიღაც ფინიკიური ქალაქის დასამორჩილებლად დახვდა წასული. სანამ ტიგრანს ელოდა ფარული კავშირები გააბა მის დაქვემდებარებულ მმართველებთან, რომელთა შორის იყო კორდუენას მეფე ზარბიენი. ბევრი ქალაქი უგზავნიდა წარმომადგენლებს, რომელსაც აღუთქვამდა ლუკულუსის თანადგომას, თუმცა ჯერ-ჯერობით მოუწოდებდა გამოსვლისგან თავის შეკავებას. ტიგრანი ძალიან ამაყად დახვდა ელჩს. მას მუდამ თან დასდევდა დაქვემდებარებული მმართველები მოკლე კვართებში.
აპიუსმა ლუკულუსის სახელით პირდაპირ მოითხოვა მითრიდატეს გადაცემა, რათა ის ჩამოტარებულ იქნას მის ტრიუმფზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუცხადებს ომს. ამასთან ტიგრანი მოიხსენია „მეფედ“ და არა „მეფეთა მეფედ“, როგორც ის თავის თავს უწოდებდა. ტიგრანმა იწყინა ახალგაზრდა ელჩის პასუხი და მიუგო: „მითრიდატეს არ გავცემ და თუ რომაელები დაიწყებენ ომს, მიიღებენ პასუხს“ და თანაც არც თვითონ მოიხსენია ლუკულუსი იმპერატორად (ამ ტიტულს ჯარისკაცები ანიჭებდნენ წარმატებულ მთავარსარდალს) შემდეგ მრავალრიცხოვანი საჩუქრები მიუძღვნა ელჩს, თუმცა უკანასკნელმა მხოლოდ ერთი თასი აიღო (რათა არც რომაელები დაეეჭვებინა და არც ტიგრანი განერისხებინა ბოლომდე) და სასწრაფოდ გაბრუნდა მთავარსარდალთან.
წელიწადისა და რვა თვის მანძილზე ტიგრანს არცერთხელ მოუსურვებია ენახა მის სამეფოში მცხოვრები მითრიდატე, არც საუბარი მოსურვებია მასთან, ეპყრობოდა ზიზღით და ქედმაღლურად, დაბინავებული როგორც ჰყავდა პატიმარი თავისგან მოშორებით ჭაობიან და არაჯანსაღ ადგილებში. ამჯერად მოიხმო იგი სასახლეში, საზეიმო მიღება მოუწყო და პატივითაც ეპყრობოდა. მეფეებმა სამდღიანი მოლაპარაკების შედეგად დასახეს მოქმედების გეგმა, ოღონს მის განხორციელების დაწყებამდე საკუთარი გარემოცვაში საეჭვო პირების დასჯას შეუდგნენ. დასჯილთა შორის აღმოჩდნენ მეტროდორ სკლეპსიელი და ათენური წარმოშობის წარმოშობის რიტორი ამფიკრატი. თავის დროზე მეტროდორი გაგზავნა ტიგრანთან ელჩად მითრიდატემ დახმარების სათხოვნელად. მაშინ ტიგრანმა კითხა მას, თუ, ის მას რის გაკეთებას ურჩევდა ასეთ სიტუაციაში, რაზეც ელჩმა გულახდილად უპასუხა: „როგორც ელჩი თხოვს დაეხმაროს თავის მბრძანებელს, ხოლო როგორც მისი მრჩეველი ურჩევს უარი უთხრას დახმარებაზე“. ტიგრანმა მოუყვა მითრიდატეს ეს ფაქტი და თან თხოვა მკაცრად არ დაესაჯა, თუმცა ევპატორმა უმალ გამოასალმა სიცოცხლეს. რაც შეეხება რიტორს, რომელიც ამ დროს ტიგრანის ცოლ კლეოპატრას კარზე მსახურობდა, ბრალი დასდეს სხვა ბერძნებთან საეჭვო კავშირებში. ტიგრანმა ორივეს დიდებული დაკრძალვა მოუწყო.
მალე არმენიის მეფემ შეიტყო კორდუენას მეფის ღალატი, რის შემდეგაც მისი ბრძანებით ზარბიენი ცოლშვილით სიკვდილით დასაჯეს.
ამასობაში ლუკულუსი ეფესოში განისვენებდა, მართავდა დღესასწაულებს, ათლეტებისა და გლადიატორების ასპარეზობებს. საპასუხოდ კმაყოფილმა ეფესოელებმა დააწესეს ლუკულუსის თამაშები.
როცა აპიუს კლოდიუსი დაბრუნდა, გადაწყდა ტიგრანისთვის ომის გამოცხადება და ლუკულუსი დაიძრა პონტოსკენ. მან კვლავ ალყაში მოაქცია სინოპი, რომელიც დაეკავებინათ მითრიდატეს მომხრე კილიკიელებს. პლუტარქეს თქმით „მათ ღამით მოკლეს ბევრი სინოპელი, ცეცხლს მისცეს ქალაქი და გაიპარნენ ზღვით. მაშინ ლუკულუსი შეიჭრა ქალაქში, და იქ დარჩენილი 8000 კილიკიელი ააკუწინა, ხოლო მომხრე მოქალაქეებს დაუბრუნა ქონება და პატივითაც მოეპყრო“.
ამასობაში მან მიიღო ცნობა, რომ მითრიდატე და ტიგრანი აპირებენ შევიდნენ თავისი ძალებით ლიკაონიასა და კილიკიაში, რათა აქედან შეიჭრნენ აზიის პროვინციაში და პირველებმა გახსნან ომის ახალი ფრონტი. ლუკულუსმა პონტოში დატოვა სორნატიუსი 6000 მებრძოლით და 12000 ქვეთითა (ორი რჩეული ლეგიონით) და 3000-მდე მხედრით (ამ რაოდენობაში არ შედის მოკავშირე თრაკიელთა და სხვა ბარბაროსთა ჯარები) გაემგზავრა არმენიისკენ.
69 წლის ადრე გაზაფხულზე ლუკულუსმა მელიტენასთან გადალახა ევფრატი და სოფენაში შევიდა, რომლის მოსახლეობას პატივიცემით ექცეოდა და საპასუხოდ ისინიც ასევე პასუხობდნენ. ამ დროს ჯარისკაცებმა ლუკულუსს მოთხოვეს აეღოთ ერთი აქაური ციხე-სიმაგრე, რომელიც განძით არის სავსეო, ლუკულუსმა უპასუხა: „უმჯობესია აიღოთ ის ციხე-სიმაგრე! – და მიუთითა შორეულ ტავრის მთებზე, – ხოლო ეს ყველაფერი კი ისედაც დარჩება გამარჯვებულს“. რომაელებმა ცოტა ხნით შეისვენეს ტიგროსზე მდებარე ქ. ამიდასთან (დღევ. დიარბაქირი), რის შემდეგაც შევიდნენ არმენიაში და დაიძრნენ ტიგრანაკერტისკენ. გზად მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებას თხოვდა, ისინი კი არ ეომებოდნენ რომაელებს პასუხობდნენ, რომ არ სურთ მიაყენონ მათ რაიმე ვნება, სანამ ლუკულუსი და ტიგრანი არ გადაწყვეტენ ერთმანეთთან დავას.
პირველმა ქვეშევრდომმა რომელმაც მეფეს აცნობა რომაელთა შემოჭრის შესახებ ტიგრანმა თავი მოკვეთა – ქალაქების მღელვარება გინდაო, ამიტომ დიდი ხანი ვერავინ უბედავდა ეთქვა ლუკულუსის მოახლოების შესახებ, და ტიგრანი განაგრძობდა მშიდად მოსვენებას ვიდრე ყველა მხრიდან არ მოვიდა ხმა ამის შესახებ. ბოლოს, მიტრობარზანმა (მერუჟანმა) დაარწმუნა მეფე სიმართლეში, რის შემდეგაც ტიგრანმა მას 3000 მხედარი და მრავალრცხოვანი ქვეითი, რათა შეეპყრო ლუკულუსი და მისი ლაშქარი გაენადგურებინა (პლუტარქე). სხვა ავტორების მიხედვით არტაშატში მდგარმა ტიგრანმა სანამ არმიის შეკრებას დაასრულებდა მერუჟანი გაგზავნა მხოლოდ 2000 ან 3000 მხედრით, რათა შეენელებინა მტრის წინსვლა არმენიის სიღრმეში.
ლუკულუსი არმენების დანახვამ ააღელვა, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდა მოწყობილი ბანაკი, ამიტომ გამოჰყო ლეგატი სექსტილიუსი 1600 მხედრითა და ამაზე ცოტა მეტი ქვეითით და დაავალა გადაეკეტა გზა არმენებისთვის, მანამ სანამ დაასრულებდა მთელი არმიის საბრძოლო ბანაკად მოწყობას. იგი უნდა მიახლოებოდა მოწინააღმდეგეს, ოღონდ არ ჩაბმულიყო ბრძოლაში მანამ, სანამ არ მოვიდოდა მთავარი ძალები, თუმცა მიტრობარზანმა არ დაუცადა და თავს დაესხა მოწინააღმდეგეს. არმენელთა სარდალი ბრძოლის დასაწყისშივე დაიღუპა, რის შემდეგაც მისი არმია იარია და გაიქცა. რომაელებმა დევნისას უმრავლესობა მათგანი გაჟლიტეს.
მაშინ ტიგრანმა დედაქალაქის დაცვა დაავალა მანკეის, ხოლო თვითონ უკან დაიხია ტავრისკენ, სადაც უნდა შეეკრიბა მთელი არმია. რათა არ დაეშვა არმენიის მეფის ჯარების თავშეყრა, ლუკულუსმა ჯარის ერთი ნაწილით ტიგრანს დაადევნა მურენა, ხოლო ჯარის მეორე ნაწილით სექსტილიუსი გაგზავნა ტიგრანთან შესაერთებლად მომავალი არაბთა ჯარის წინააღმდეგ. მურენა ვიწრო ხეობის გავლისას დაესხა თავს ტიგრანს და გააქცია. არმენიელთაგან ბევრი დაიღუპა და ბევრიც ტყვედ ჩავარდა. ტიგრანის მთელი სურსათ-სანოვაგე მტერს დარჩა. პარალელურად სექსტილიუსი თავს დაესხა არაბებს, რომლებიც ბანაკის მოწყობით იყვნენ დაკავებულნი და გაანადგურა. ამის შემდეგ იგი გაემართა ტიგრანაკერტისკენ, აიღო გალავნის გარეთ მდებარე სამეფო სასახლე, რომელიც დაუცველი დახვდა და შემდეგ ქალაქი მოაქცია ალყაში. მალე მასვე შეუერთდა ლუკულუსი მთავარი ძალებით.
ქ. ტიგრანაკერტი პლუტარქეს თქმით სავსე იყო სიმდიდრითა და საუცხოო ძეგლებით. ქალაქს ერტყა 50 წყრთის სიმაღლის გალავანი. მის გარეუბანში იყო მდიდარი სამეფო სასახლე დიდი პარკებით, სანადირო ადგილებითა და ტბებით. ახლოს იყო აგებული ძლიერი თავშესაფარი. ქალაქი დასახლებული იყო ტიგრანის მიერ გადმოსახლებული ადიაბენელებით, ასირიელებით, გორდიენელებით, კაპადოკიელებით და კილიკიელი ბერძნებით. დედაქალაქის დაცვის უფროსმა მანკეიმ ირგვლივ მდებარე ოლქებიდან შეკრიბა ძლიერი გარნიზონი და ყველაფერი მოიმარაგა. იგი ქალაქს ეფექტურად იცავდა. ისრებით ხოცავდნენ მოიერიშეებს, ცეცხლს უკიდებდნენ საალყო მანქანებს.
ამასობაში ტიგრანის ირგვლივ შემოიკრიბა არმენიელები, გორდიენელები, ადიაბენას მეფე, ატროპატენას მეფე, სპარსეთის ყურის არაბები, ალბანელები, მათი მეზობელი იბერები, არაქსის ნაპირების თავისუფალი ხალხები. ლუკულუსის მიერ სენატში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით (პლუტარქე) არმენიის მეფეს ჯამში გაუხდა 20000 მშვილდოსანი, მხედარი 55000, რომელთაგან 17 ათასს ჯავშანი ეცვათ, მძიმე ფეხოსნები 150000. გზების მომწესრიგებელი და მტვირთავი მუშები 35000. აპიანეს ცნობით ტიგრანმა შეკრიბა 250000 ქვეითი და 50000 მხედარი. მემნონის ცნობით ტიგრანს ჰყავდა 80000 მებრძოლი.
როდესაც ტიგრანმა ხელახლა გადმოლახა ტავრი და დედაქალაქს მოუახლოვდა, ლუკულუსმა მურენას დაუტოვა 6000 მებრძოლი ქალაქზე საალყოთ, თვითონ კი წაიყვანა 24 კოჰორტა (დაახლ. 10000 კაცი) მძიმედ შეიარაღებული ქვეითები, მთელი მხედრობა და მშვილდოსნები ტიგრანთან შესაბრძოლებლად მდინარის ფართო ხეობაში.
ტიგრანმა 6000 კაცი გაგზავნა ტიგრანაკერტის საშველად. მათ გაარღვიეს რომაელთა ალყა, შევიდნენ ქალაქში, წამოიყვანეს მეფის მეუღლე და დაბრუნდნენ უკან. დანარჩენი მეომრებით ტიგრანი დაიძრა ლუკულუსის წინააღმდეგ.
მითრიდატე წამდაუწუმ უგზავნიდა შიკრიკებს ტიგრანს და ურჩევდა ბრძოლაში არ ჩაბმულიყო და ცხენოსანი ჯარით მტრისათვის სურსათის მისაზიდი გზა გადაეჭრა. „გაანადგურე ირგვლივ მიწები და საკვების გარეშე დატოვე ისინი, რის შემდეგაც დამშეულებს ადვილად დაამარცხებო“. ტიგრანმა ამ გეგმაზე გაიცინა და საომრად დაიძრა. იგივეს დაჟინებით თხოვდა მეფეს მითრიდატეს მიერ მრჩევლად გაგზავნილი ტაქსილე, რომელიც ეუბნებოდა რომ მორიდებოდა რომაელთა დაუძლეველ იარაღს.
დიონ კასიუსი მოგვითხრობს: „როდესაც ლუკულუსმა ტიგრანოკერტას ალყა შემოარტყა, მას ბარბაროსებმა საგრძნობი ზიანი მიაყენეს ისრებითა და ნავთით, რომელსაც ისინი მანქანებით სტყორცნიდნენ. ეს ნივთიერება კუპრითაა სავსე და იმდენად ცეცხლოვანია, რომ რასაც-კი შეეხება აუცილებლად დაწვავს და ვერავითარი სითხე ვერ ჩააქრობს. ბოლოს ტიგრანმა კვლავ მხნეობა მოიკრიბა და ისეთი ძლიერი ჯარით წამოვიდა, რომ რომაელებს შექმნილი ვითარების გამო დასცინოდა კიდევაც. ამბობენ, რომ დედაქალაქთან მისულმა ტიგრანმა დაინახა რა რომაელთა არმია დაცინვით თქვა: „თუ ელჩები არიან – ძალიან ბევრია, ხოლო თუ მტრები არიან – მეტისმეტად ცოტაა“. არანაკლებ დასცინოდნენ მათ ტიგრანის სხვა სარდლები, რომლებიც იქადნებოდნენ მარტო გამიშვით მე გავანადგურებო“. ცნობებს ადასტურებს აპიანეც, რომლის ცნობითვე – შემდგომი დღის (6 ოქტომბერი) გამთენიისას ლუკულუსმა თავის მეომრები გამოიყვანა სრული აღჭურვილობით და დაიძრა მოწინააღმდეგისკენ. მაშინ ტიგრანმაც გაამზადა ლაშქარი. ცენტრს თვითონ უსარდლა, მარცხენა ფლანგის სარდლად დანიშნა ადიაბენას მეფე, ხოლო მარცხენა და მოწინავე ფლანგს, სადაც იდგა შეჯავშნული მხედრობის დიდი ნაწილი, უსარდლა ატროპატენას მეფე.
პლუტარქეს ცნობით: „ლუკულუსმა სასწრაფოდ გადალახა და მდინარე და სწრაფად გაეშურა შესაბრძოლებლად, რათა ამით მოწინააღმდეგის ისრებისგან ნაკლები ზიანი მიეღო. პირველ რიგში მან მიზანში ბორცვთან განლაგებული მოწინააღმდეგის შეჯავშნული მხედრობა ამოიღო, რომლის მთავარი სიძლიერე გრძელი შუბები იყო. სამაგიეროდ იგი ჯავშნის გამო მოკლებული იყო მანევრირებას. ლუკულუსმა ამით ისარგებლა და მის წინააღმდეგ გვერდიდან თავდასასხმელად გაგზავნა თრაკიული და გალატიური მხედრობა. ამავე დროს ლუკულუსი 2 კოჰორტით აიჭრა ბორცვზე და ამ მხრიდან დაარტყა ჯავშნოსან მხედრებს. ქვეითი რომაელები მათ ჯავშნისგან დაუცველ ბარძაყებს და კოჭებს უჭრიდნენ და ამ გზით გამოყავდათ მწყობრიდან. ამ ყველაფერმა არმენიელი ჯავშნოსნები ისე არია, რომ იწყეს უწერიგოდ უკან გაქცევა და ცენტრში მდგარი საკუთარი ქვეითების გადათელვა, რის შემდეგაც ტიგრანის მთელი არმია უწესრიგოდ ბრძოლის ველიდან გაიქცა (რომლის დროსაც ბევრი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა), ისე რომ სერიოზულად არც ჩართულა ბრძოლაში. ტიგრანი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაიქცა. მან ჩათვალა, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრებული იყო, თავის ძეს გადასცა გვირგვინი და უბრძანა სხვა გზით გაქცეოდა სიკვდილს. ძემ იუარა გვირგვინის დადგმა და მსახურს ჩააბარა, რომელიც ტყვედ ჩავარდა და ამ გზით ლუკულუსის ნადავლს შეუერთდა დიდი არმენიის მეფის გვირგვინი. ამბობენ რომ ამ დღეს ტიგრანის 100000-ზე მეტი ქვეითი და თითქმის ყველა მხედარი დაიღუპა. რომაელებისგან დაიჭრა 100 და მოკვდა 5 კაცი“.
აპიანეს ცნობით: „ბრძოლის წინ ლუკულუსმა თავისი ქვეითები ბორცვს უკან გადამალა. როდესაც არმენილეთა მხედრობამ შეტევა დაიწყო რომაელთა მხედრობამ ზურგი აქცია. მათ დევნაში არმენიელთა ჯარი სრულიად არია. ამ დროს უკან დამალული ლუკულუსის ჯარები არმენიელებს უკნიდან მოექცა და მათ დატოვებული ნახირი უკან მიადევნა ჩამორჩენილ არმენიელ ქვეითებს, რამაც საბოლოო ქაოსი გამოიწვია მათ რიგებში. ამ დროს წინიდან მობრუნდა რომაელთა მხედრობა, უკნიდან კი ლეგიონებმა დაარტყეს და არმენიელები თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. ლუკულუსი გაქცეულ მტერს აღარ დაედევნა, ტიგრანაკერტის ალყას მიუბრუნდა და საშუალება მისცა ტიგრანს გონს მოსულიყო.
დიონ კასიუსის ცნობით: „ქალაქში აჯანყდნენ კილიკიელი ბერძნები და ღამით კავშირი დაამაყრეს რომაელებთან. მათი დახმარებით ლუკულუსმა ქალაქზე იერიში მიიტანა და იგი აიღო. შესაბამისად რომაელებმა ქალაქში ყველაფერი გაძარცვეს გარდა იმისა, რაც კილიკიელებს ეკუთვნოდა“.
აპიანეს ცნობით სიტუაცია ცოტა სხვაგვარად მოხდა: „როდესაც მანკეიმ დაინახა ტიგრანის არმიის განადგურება შეშინებულმა ნდობა დაკარგა დაქირავებული ბერძნების მიმართ და იარაღი ჩამოართვა. მაშინ შეშინებული ბერძნები ერთად შეიკრიბნენ, ჯოხებით შეიარაღდნენ, ფიქრობდნენ რომ მალე სასჯელი ელოდათ და ემზადებოდნენ. ერთხელაც მართლა გაგზავნა ტიგრანმა შეიარაღებული ხალხი მათ დასაკავებლად, თუმცა ისინი მზად დახვდნენ, მომხდურები დაამარცხეს და მათი იარაღი ხელთ იგდეს. მალე მათი შეიარაღება გაიზარდა, რის შემდეგაც კედელზე აძვრნენ და რომაელებს იწვევდნენ ქალაქში. სწორედ მათი დახმარებით შეძლეს რომაელებმა კედელზე გადასვლა და ქალაქში შესვლა“.
ლუკულუსმა სამეფო განძეულობა მან თავისთვის დაიტოვა, ქალაქი კი ჯარისკაცებს მისცა საძარცვავად. მათ სხვა სიკეთესთან ერთან იშოვეს 8000 ტალანტი მონეტა. ამასთან ლუკულუსმა ჯარისკაცებს თითოეულს ჯილდოდ 800 დრაჰმა დაურიგა. ტიგრანაკერტში რომაელებს დახვდათ ბევრი მსახიობი, რომლებიც ტიგრანმა შეაგროვა თეატრის ჩამოსაყალიბებლად და ახლა ლუკულუსი იყენებდა მათ გამარჯვების აღსანიშნავ თამაშებში. ბერძნები და სხვა ძალით გადმოსახლებულნი თავიანთ ქვეყნებში გაისტუმრა და გზის ფულიც მისცა. ხელი არ ახლეს აგრეთვე არმენიელი არისტოკრატების ცოლებს, რათა მათი ქმრების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.
აქვე ლუკულუსს ეწვივნენ ტიგრანის ყოფილი ქვეშევრდომები: კომაგენას მეფე ანტიოქე, არაბთა ბელადი ალხაედონიონი, სოფენელთა დელეგაცია და სხვები და მოკავშირეობა შესთავაზეს. ლუკულუსმა სამეფო პატივით დაკრძალა ზარბიენი, რითაც კორდუენელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. სამაგიეროდ კორდუენას მეფის სასახლეში იშოვა დიდძალი ოქრო, ვერცხლი და 3 მილიონი მედიმნი პური, რომლითაც არმიის დიდი ხნით გამოკვება შეეძლო.
ამასობაში მითრიდატეს, რომელიც მშვიდად მოემართებოდა ტიგრანთან შესაერთებლად, შემოხვდნენ ბრძოლის ველიდან გამოქცეული უიარაღო არმენიელი მებრძოლები რომლებმაც ყველაფერი აცნობეს. მალე ტიგრანიც მოვიდა. მითრიდატემ ტიგრანი, ყველასგან მიტოვებული და სასოწარკვეთილი იხილა, მაგრამ სამაგიერო კი არ გადაუხადა და ამპარტავნულად არ მოექცა, არამედ პირიქით, ცხენიდან ჩამოხტა და მასთან საერთო უბედურება დაიტირა. მერე მას თავისი ამალის შეამადგენლობა დაუთმო და მომავლის იმედით გაამხნევა, რის შემდეგაც ახალი არმიების შეკრებას შეუდგნენ. „სულით იგი უბედურებაშიც კი დიადი იყო და არ ეძლეოდა სასოწარკვეთილებას“; „ლტოლვილი და უბედურებაში მყოფიც კი, იგი თავის მიმართ პატივისცემასა და შიშს იწვევდა“; „უბედურებაში მყოფიც კი, არ წამოადგენდა უმნიშვნელოსა და საძულველ ადამიანს“ – გადმოგვცემს აპიანე.
ანალოგიურად ახასიათებს მითრიდატეს დიონ კასიუსიც: „უბედურებათა სიმძიმის ქვეშ მითრიდატე სულით არ ეცემოდა არასოდეს, იყო რა ბუნებით საქმიანი და მოქმედი და განიცდიდა რა მრავალ მარცხს, მაგრამ აგრეთვე მრავალ წარმატებასაც, ეგონა, რომ მისთვის არა იყო რა მიუღწეველი და უიმედო. იგი ამჯობინებდა დაღუპულიყო თავის სამეფოსთან ერთად, ოღონდ კი შეენარჩუნებინა ძველებური სულიერი ღირსება, – ვიდრე სამეფოს დამკარგავს ეცხოვრა დამცირებულსა და უსახელოს. ამ აზრებით ის ამაგრებდა თავის თავს, რადგან რამდენადაც ფიზიკურად სუსტდებოდა, მით უფრო მეტად უმტკიცდებოდა გონების ძალა, ისე რომ ხორციელი სისუსტე მცირდებოდა მაღალი აზრების წყალობით“.
ტიგრანი მითრიდატესთან ერთად გაიქცა არმენიის ძველ სატახტო ქალაქ არტაშატში, რომელიც მდებარეობდა მდ. არაქსის შუა წელზე. აქედან მათ დახმარების თხოვნა გაუგზავნეს პართიის მეფე ფრაატ III-ს (70–57) მიუხედავად იმისა რომ მას ტიგრანთან მტრობა ჰქონდა. სანაცვლოდ ტიგრანი მას „არმენიის 70 ხეობის“, ადიაბენას და ჩრდ. მესოპოტამიის დათმობას პირდებოდა. მითრიდატემ თავის მხრივ თხოვა ფრაატს თავს დასხმოდა რომის მესოპოტამიას. სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველაფერი ლუკულუსმა შეიტყო, ფრაატს ელჩობა გაუგზავნა და დაემუქრა ომით თუ დაეხმარებოდა მითრიდატე-ტიგრანის კავშირს, ამავე დრო კი მის მხარეზე დადგომის შემთხვევაში სოლიდურ საჩუქარს პირდებოდა. ფრაატმა ორივე მხარეს ისე უპასუხა, რომ დააიმედა თავის მხარდაჭერაში. ლუკულუსს ეს ამბავი კორდუენაში ყოფნის დროს მიუვიდა და სასწრაფოდ გაგზავნა ლეგატი სექსტილიუსი მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ფრაატმა, რომელიც თავისი არმიით მესოპოტამიისკენ მოემართებოდა, ჩათვალა რომ მოლაპარაკების გამართვით ლუკულუსი მისი წინსვლის შეჩერებას ცდილობდა, ამიტომ განაგრძო სვლა და თან ორმაგი დიპლომატია. მაშინ ლუკულუსმა, რომელიც თვლიდა, რომ არმენია და პონტო საკმარისად იყვნენ დასუსტებულნი და სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ, გადაწყვიტა პართიის წინააღმდეგ გაელაშქრა და ამ მიზნით სორნაციუსს უბრძანა პონტოდან ჯარი კორდიუნეში ჩამოეყვანა, მაგრამ უკანასკნელის არმიამ კატეგორიული უარი თქვა პართიაზე ლაშქრობაში მონაწილეობაზე და დაიმუქრა პონტოს დაუცველად დატოვებით. როდესაც ამ ცნობამ ლუკულუსის არმიაში ჩააღწია მისი ჯარიც ამბოხდა და ლუკულუსს მოუწია პართიის ნაცვლად ისევ ტიგრანის წინააღმდეგ გაელაშქრა. ომზე უარი თქვა ფრაატმაც.
მიუხედავად ლუკულუსის გამარჯვებებისა, რომში მის წინააღმდეგ უკმაყოფილება იზრდებოდა. რომის ფინანსური წრეები უკმაყოფილონი იყვნენ იმ ღონისძიებებით, რომლებიც ლუკულუსმა მცირე აზიის ქალაქებში გაატარა; სენატი გაბრაზებული იყო მის მიერ ომის გაჭიანურებით და თავის რწმუნებათა გადამეტებით. ამიტომ 69/68 წელს მას ჩამოერთვა პროვინცია აზიის მმართველობა, ხოლო კილიკიის მმართველად გაიგზავნა 68 წლის კონსული კვინტუს მარციუს რექსი 3 ლეგიონით. ამრიგად ლუკულუსმა დაჰკარგა ის პროვინციები, რომელთაც განაგებდა როგორც აღმოსავლეთის მთავარსარდალი და მისი რწმუნებანი შემოიფარგლა მარტო მითრიდატესთან და ტიგრანთან ომის წარმოებით.
ამჯერად ლუკულუსმა მიზანში ამოიღო არტაშატი, სადაც ტიგრანის ცოლები და მცირეწლოვანი შვილები იყვნენ. მან გადალახა ტავრი და ქალაქზე შეტევის დაწყებამდე სურსათის შესავსებად იწყო არმენიული სოფლების ძარცვა. არმენიელთა რაზმების პარტიზანული მცდელობები ხელი შეეშალათ რომაელთა წინსვლისთვის წაუმატებლად მთავრდებოდა.
ამავე დროს ტიგრანმა არმენიის არმიის სარდლობა მითრიდატეს მიანდო და ისიც შეუდგა არმენიის სხვადასხვა მხარეში მებრძოლების შეკრებას. მან შეკრიბა 70000 ქვეითი და დაახლ. 35000 მხედარი, რომლებიც იტალიური არმიის მსგავსად მოაწყო და საწვრთნელად პონტოელ მასწავლებლებს გადასცა. როდესაც ლუკულუსი მათ მიუახლოვდა მითრიდატემ ფეხოსნები და მხედრობის დიდი ნაწილი განალაგა ბორცვზე; დანარჩენი მხედრობით ტიგრანი თავს დაესხა საკვების საძიებლად გაფანტულ რომაელთა რაზმს მაგრამ დამარცხდა. ამით გათამამებულმა რომაელებმა მშვიდად შეაგროვეს პროდუქტი და მითრიდატესთან ახლოს დაბანაკდნენ. ამ დროს ტიგრანმა დაიწყო მოახლოება. მაშინ ლუკულუსმა ორ ჯარს შორის რომ არ მოქცეულიყო გამოყო რჩეული მხედრები და გაგზავნა ტიგრანის შესაჩერებლად, ხოლო თვითონ დაიწყო მითრიდატეს გამოწვევა საომრად, მაგრამ ამ დროს დაზამთრდა და მეტოქეები ბანაკებში შებრუნდნენ.
68 წლის გაზაფხულზე ლუკულუსმა ირგვლივ მდებარე არმენიის მხარეები დაიმორჩილა და შუა ზაფხულში არტაშატისკენ დაიძრა. მან ქვეყნის ნაწილი ააოხრა იმ მიზნით, რომ ბარბაროსებს ჩაითრევდა ბრძოლაში მიწის დასაცავად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რომაელ ცხენოსნებს დიდ სიძნელეს უქმნიდნენ მოწინააღდეგის ცხენოსნები, მაგრამ არ ეკარებოდნენ ქვეითთა ჯარს; მართლაც, როცა ლუკულუსის ქვეითნი ცხენოსნებს წამოეშველებოდნენ, მოწინააღმდეგე გარბოდა, ისინი (არმენიელები) ისრებს ესროდნენ მდევრებს; ზოგს კლავდნენ, ბევრს კი სჭრიდნენ და ეს ჭრილობები მძიმე და განუკურნებელი იყო, რადგან ისინი ორმაგი წვერის მქონე ისრებს ხმარობდნენ და უმეტეს შემთხვევაში სწამლავდნენ მათ; იარაღი ღრმად ერჭობოდა სხეულში და თუ მის ამოღებას მოახერხებდნენ, ძალიან მალე მოწამლავდა სხეულს, რადგან რკინის მეორე წვერი, რომელიც სუსტად იყო დამაგრებული, ჭრილობაში რჩებოდა.
მდინარე არსანიას (არაქსი) გადალახვის შემდეგ (68 წლის გვიან ზაფხული) ლუკულუსი იქვე განლაგებული იყო ტიგრანის წინააღმდეგ აღმოჩნდა. წინ მიდიოდა 20 კოჰორტა, ხოლო დანარჩენი იცავდა ზურგს. მის წინაშე იდგა ტიგრანი მრავალრიცხოვანი მხედრობითა და რჩეული მებრძოლებით. წინა ფლანგზე იდგნენ ცხენოსანი და მშვილდოსანი მარდები (მიდიური ტომები) და შუბოსანი იბერები, რომელზეც – უცხოელი მებრძოლებიდან ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა, როგორც საუკეთესო მებრძოლებზე. თუმცა მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ: როგორც კი მათ ერთდოულად შეუტია რომაულმა მხედრობამ და ქვეითებმა, ვეღარ გაუძლეს და გაიქცნენ. რომაელთა მხედრობა მათ ჩეხვით გამოედევნა. ამ დროს ბრძოლაში ჩაერთო ტიგრანის მრავალრიცხოვანი არმია. მაშინ ლუკულუსმა მხედრობას უბრძანა დევნა შეეწყვიტა და ტიგრანი შეეჩერებინა, თვითონ კი ატროპატენას დანაყოფებს დაესხა და გააქცია. მალევე გაიქცა მითრიდატეს სარდლობით მდგარი არმიაც, რის შემდეგაც ტიგრანის მთელი ფრონტი მოიშალა და ბრძოლის ველიდან მოკურცხლა. ლივიუსის გადმოცემით ბრძოლა ისე დასრულდა რომ დანაყოფთა დიდი ნაწილი ხელჩართულ შეტაკებაში არც კი შესულა. შედეგად ტიგრანმა ამჯერად ძალიან მცირერისხოვანი ძალები დაკარგა, თუმცა სამაგიეროდ ტყვედ ჩავარდა ბევრი არისტოკრატი.
დასვენების შემდეგ ლუკულუსმა გზა განაგრძო, მაგრამ ნაადრევად აცივდა და ჯერ კიდევ შემოდგომაზე თოვლი მოვიდა, დაიწყო ყინვები და არმენიის ეს მთიანი მხარე ძალიან ძნელადსავალი გახდა. ამას გარდა პარტიზანული თავდასხმების შედეგად ბევრი იყო დაჭრილი, რომელთაგან ზოგი მოკვდა და ბევრიც დასახიჩრდა. ყველაფერთან ერთად რომაელებს სურსათ-სანოვაგეც შემოელიათ, რის შემდეგაც ლუკულუსის ლაშქარი ისეთმა მღელვარებამ მოიცვა, რომ ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამიტომ მთავარსარდალმა ჯარი უკან მოაბრუნა და კვლავ გადავიდა ტავრზე სხვა უღელტეხილებით, რის შემდეგად შევიდა ნაყოფიერ და თბილ ქვეყანა მიგდონიაში. მასში მდებარეობდა დიდი და ხალხმრავალი ქალაქი, რომელსაც ბარბაროსები ეძახიან ნისიბინს, ხოლო ბერძნები – მიგდონიის ანტიოქიას.
ნისიბინი (ჩრდ. მესოპოტამიაში, მდინარე ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე, მისგან დაახლ. 60 კმ-ზე) მანამდე პართიელებს ეჭირათ, თუმცა ტიგრანმა წაართვა, იქ თავისი ქონების დიდი ნაწილი შეინახა და მისი დაცვა ძმას – გურის და გამოცდილ პონტოელ სარდალ კალიმახს დაავალა, რომელიც 72–71 წლებში წარმატებით მეთაურობდა ამისოსის დაცვას და მისი დაცემის შემდეგ არმენიას შემოფარებოდა.
ნისიბინს ორმაგი აგურის კედელები ჰქონდა, ღრმა თხრილით იყო გარშემორტყმული და კარგად დაცული ადგილობრივთაგან, რის გამოც მისი აღება წარმოუდგენლად ჩანდა, ამიტომ მის საშველად ტიგრანმა რაზმი არ გაგზავნა. ლუკულუსი არ ჩქარობდა. ქალაქს ალყა შემოარტყა და საჭირო დროს მშვიდად ელოდებოდა. გავიდა რამდენიმე თვე და დაზამთრდა. ერთ ბნელ ღამეს, როდესაც საშინელი ქარი და კოკისპირული წვიმა იყო, კალიმახმა მიატოვა გარეთა სიმაგრეები ზოგიერთის გარდა, შუაში მდებარე თხრილი და მცველად კედლებთან მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი დააყენა, რადგან ვერ წარმოიდგენდა ამ დღეს თუ გამოვიდოდნენ ბანაკიდან რომაელები. ლუკულუსმაც ამით ისარგებლა, რაზმები კედლებზე წინააღმდეგობის გარეშე გადაიყვანა, დახოცა მცირერიცხოვანი მცველები და ციხე-ქალაქი თავისი სიმდიდრით ხელთ იგდო (68 წლის დეკემბერი). გური ნებაყოფლობით ჩაბარდა და შეწყალებაც მიიღო, ხოლო კალიმახი ტყვედ ჩავარდა და მიუხედავად იმისა, რომ პირდებოდა ქალაქის განძეულის საიდუმლო საცავების ჩვენებას, ლუკულუსმა არ მოუსმინა და ამისოსის გადაწვის გამო დააპატიმრებინა და სიკვდილით დასაჯა.
ლუკულუსის ამ გამარჯვების შედეგი იყო არმენიიდან სირიის ჩამოშორება, რომელიც გადაეცა სელევკიდ ანტიოქოზ XIII-ს, მეტსახელად აზიატიკოსს.
ლუკულუსი ჯერ ნისიბინთან იდგა უშფოთველად, შემდეგ კორდუენაში გამარჯვებას აღნიშნავდა; ამასობაში ტიგრანმა და მითრიდატემ ძალები მოიკრიბეს და შეტევაზე გადავიდნენ. ტიგრანმა ადვილად გაათავისუფლა დიდი არმენიის რამდენიმე ოლქი და ალყაში მოაქცია რომაელთა არმია ლუციუს ფანიუსის (იგი სერტორიუსის თანამებრძოლი იყო და მან მითრიდატეს გაუგზავნა, იბრძოდა კიდეც პონტოელთა ბანაკში, თუმცა ლუკულუსის წარმატებების შემდეგ გადადის მის მხარეზე) მეთაურობით, რომელმაც საშველად ლუკულუსს მიმართა და მანაც მშველელნი გამოუგზავნა.
69–68 წლების ზამთარში მითრიდატე 4000 პონტოელითა და 4000 არმენიელი მხედარით შევიდა მცირე არმენიაში, რომელიც სიხარულით შეხვდა საკუთარ მეფეს. მან შეუტია მარკუს ფაბიუს ადრიანეს, რომელიც ლუკულუსმა დატოვა სარდლად, დაამარცხა და მოუკლა 500 კაცი. მაშინ ფაბიუსმა გაათავისუფლა მის ბანაკში მყოფი მონები, მეომრებად ჩარიცხა და კვლავ შეება მითრიდატეს. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მთელი დღე. გაშმაგებული ბრძოლის დროს მითრიდატეს ცხენი დაუჭრეს. მან ფიცხლავ ისკუპა ცხენიდან და ისეთი სიკისკასითა და გამძაფრებით შეუტია მტერს, ისეთი სიმხნე და სიმამაცე შთაბერა თავისიანებს ვაჟკაცური მოწოდებებითა და მოქმედებით, რომ რომაელები შედრკენ და ბრძოლის ველს ზურგი აქციეს. ფაბიუსის არმია სრული განადგურების პირას იყო. ამ დროს მითრიდატეს მუხლში ქვა მოხვდა და ძვალი გაუბზარა. მან მაინც შესძლო ბრძოლის გაგრძელება, თუმცა ამჯერად მტრის ისარმა გამოთხარა თვალი და ძირს დაეცა. მისმა მებრძოლებმა მეტოქეს თავი დაანებეს და მეფეს გარს შემოერტყნენ. ფაბიუსმა შეძლო მშვიდად გაქცეოდა სიკვდილს. ბრძოლის ველზე რამდენიმედღიანი სიმშვიდე დამყარდა. მეფეს გველის შხამით უმკურნალეს სკვითურმა ტომმა აგარებმა, რომლებიც მითრიდატეს მუდამ თან ახლდნენ, რის შემდეგაც კვლავ საომრად შეიმართა.
ამ ბრძოლების დროს მითრიდატეს დახმარება აღმოუჩინეს რომაელთა ბანაკში მყოფმა თრაკიელებმა, რომლებიც ადრე მითრიდატეს ჰყავდა დაქირავებული და მისი გაქცევის შემდეგ გადავიდნენ რომაელთა სამსახურში. ზოგიერთი ცნობით მითრიდატეს დაეხმარნენ აგრეთვე ფაბიუსის გათავისუფლებულმა მონებმა.
რომაელები ქ. კაბირში შეიკეტნენ და პონტოელებმა მას ალყა შემოარტყეს. სანამ მითრიდატე ფეხზე დგებოდა ფაბიუსს საშველად მოუვიდა გაიუს ვალერიუს ტრიარიუსი (იგი პერგამონიდან ლუკულუსის საშველად მოემართებოდა და გზად შემთხვევით გადააწყდა ამ დაპირისპირებას), რომელმაც გადაიბარა პონტო-მცირე არმენიის ჯარების სარდლობა.
მითრიდატემ მის დანახვაზე მოხსნა ქალაქს ალყა და ქ. კომანასკენ დაიხია, სადაც მოხდა კიდეც მითრიდატესა და ტრიარიუსს შორის რამდენიმე მცირე ბრძოლა, რომელიც რომაელთა უმნიშვნელო წარმატებით დასრულდა. ამ დროს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, რომელმაც წაიღო კარვები, ბარგის დიდი ნაწილი, გააქცია პირუტყვი და ზოგიერთი ადამიანიც კი გადასჩეხა უფსკრულში. მაშინ ისინი ერთმანეთს განშორდნენ.
68 წლის ადრე გაზაფხულზე ლუკულუსმა დატოვა დიდი არმენია და დაიძრა პონტოსკენ. მითრიდატემ ამის გაგებისთანავე ქ. გაძიურასთან (მდებარეობდა აწინდელი ტურკალის ადგილას, მდ. ირისის ნაპირზე, ქ. ტორკატის დასავლეთით) ტრიარუსის წინაშე გაშალა ბანაკი და დაიწყო სამხედრო ვარჯიში, რათაც ამით ჩაეთრია ახალ ბრძოლაში ვიდრე ლუკულუსი შემოუერთდებოდა. ტრიარიუსი უფრთხოდა მოწინააღმდეგის არმიის სიმრავლეს და მშვიდად იდგა თავის გამაგრებულ ბანაკში. მაშინ მითრიდატემ მოწინააღმდეგის გამოსაწვევად მცირე რაზმი გაგზავნა ახლოს მდგარ ციხე-სიმაგრე დადასის წინააღმდეგ, სადაც ინახებოდა რომაელთა ქონება. ამ ინფორმაციამ ტრიარიუსის ბანაკში მღელვარება გამოიწვია. ჯარისკაცები შიშობდნენ, რომ ქონების წართმევასთან ერთად მითრიდატე ალყაში მოაქცევდა და გაანადგურებდა, ამიტომ კატეგორიულად მოითხოვეს იერიშზე გადასვლა. ამასთან ტრიარიუსსაც სურდა საქმე წარმატებით ლუკულუსის მოსვლამდე დაესრულებინა. ამიტომ მან ფაბიუს ადრიანესა და სორნაციუსის ლეგიონებთან ერთად მითრიდატესთან შებმა გადაწყვიტა.
ბრძოლა მოხდა ქალაქ ზელასთან, მდინარე ირისისა და სკოტას მთის მახლობლად. ღამით რომაელები მაღლობზე გამაგრებულ მითრიდატეს დაესხნენ მაგრამ იგი მზად დახვდა. გადამწყვეტ მომენტში მითრიდატე არმენიულ მხედრობას გაუძღვა და გადათელა ლეგიონთა რიგები. მითრიდატემ რომაელთა ქვეითები ირისის ჭაობიან-ლაქაშებიან ნაპირებში შერეკა, სადაც დაიხოცნენ, ხოლო ტრიარიუსის სარდლობით გაქცეულ მხედრობას მანამ მისდევდა, სანამ ერთმა რომაელმა ცენტურიონმა თავი მონად არ გაასაღა, მოულოდნელად მიეჭრა მეფეს და ღრმა ჭრილობა მიაყენა ბარძაყში. მითრიდატეს ახლოს მდგომებმა უმალვე მოკლეს იგი, რის შემდეგაც მეფის სხეული უკან წამოიღეს და ჯარიც გამოიწვიეს. ჯარი ძლიერ დამწუხრებული იყო, თუმცა ექიმმა ტიმოთეოსმა მოახერხა სისხლის დენის შეჩერება და მეფე აჩვენა მათ მაღლობიდან. მითრიდატე მალევე გამოკეთდა და სცადა დადევნებოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ისინი უკვე შორს იყვნენ. ბრძოლაში დახოცილიყო 7000 ლეგიონერი, 24 ტრიბუნი და 150 ცენტურიონი. სამხედრო მეთაურთა ასეთი რაოდენობით დაღუპვა ერთ ბრძოლაში რომის ისტორიაში იშვიათად მომხდარიყო.
ლუკულუსის მიმართ ჯარისკაცების ასეთი ცუდი განწყობილებით ისარგებლეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. „აზიის“ მმართველმა ყოველ მხარეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომაელები ადანაშაულებენ ლუკულუს ომის გაჭიანურებაში, რის გამოც დაითხოვენ მის ჯარისკაცებს, ხოლო ვინც არ დაემორჩილება ქონებას ჩამოართმევენ. ამის გაგებაზე ლუკულუსის არმიიდან მასობრივი დეზერტირობა დაიწყო. გაქცევაზე არ ფიქრობდნენ მხოლოდ ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ჯარისკაცები, რომლებსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.
რამდენიმე დღეში მოვიდა ლუკულუსი თავისი მღელვარე არმიით და მითრიდატეს პირისპირ განლაგდა, რომელიც ტალავრისთან ახლოს მაღლობზე იყო გამაგრებული. მას მოუწია დაემალა ტრიარიუსი განრისხებული ჯარისკაცებისგან. ლუკულუსმა რამდენიმე მცირე შეტაკების დროს მითრიდატეს მხედრობისგან დიდი ზარალი ნახა. მას სურსათ-სანოვაგე ელეოდა და დახმარებას ითხოვდა, რაზეც კილიკიაში მდგარი კონსული მარციუს რექსი უარს ეუბნებოდა. ამ დროს რომაელთა ერთ რაზმს რომელიც საკვების მოსაპოვებლად იყო მიმოფანტული თავს დაესხა ტიგრანის სიძე მითრიდატე მიდიელი (ატროპატენას მეფე მითრიდატე I, ძვ.წ. 85–65) და გაანადგურა. ამას დაემატა ორი ცნობა ტიგრანის მოახლოებისა და სენატის ახალი ბრძანების შესახებ, რომლის მიხედვითაც ლუკულუსის ნაცვლად აღმოსავლეთის ლაშქრობას სათავეში 68 წლის კონსული მანიუსი აცილიუს გლაბრიონი უნდა ჩადგომოდა, რომელიც გაიგზავნა კიდეც.
მითრიდატე ერიდებოდა ლუკულუსთან გადამწყვეტ ბრძოლაში შებმას და დროს წელავდა, ვიდრე მისკენ დიდი ძალებით მომავალი ტიგრანი არ შეუერთდებოდა. ლუკულუსმა ეს შეიტყო და მეტოქეთა გაერთიანება რომ არ დაეშვა პირდაპირ ტიგრანისკენ გაემართა, თუმცა ამ დროს ჯარი საბოლოოდ აჯანყდა.
ამ ყველაფრით დაბნეულმა ლუკულუსმა გადაწყვიტა ამჯერად ისევ ტიგრანზე გაელაშქრა და ამით ჯარისკაცებს ნდობა დაებუნებინა, მაგრამ გზაში ფიმბრიას ლეგიონები საბოლოოდ აჯანყდა. მათ განაცხადეს, რომ სარდალი გადაყენებულია, თვითონ სამსახურიდან დათხოვნილები არიან, ამიტომ არ მოემსახურებიან ლუკულუსს. ამ ბუნტის მეთაური თვით ლუკულუსის ცოლისძმა პუბლიუსი კლოდიუსი იყო (მას სურდა მეთაურობა, თუმცა საშინელი რეპუტაციის გამო შანსი არ ჰქონდა, ამიტომ გადაიბირა ფიმბრიას ლეგიონები, რომლებიც ლუკულუსის მკაცრი ხელის გამო უკმაყოფილონი იყვნენ), მიზეზები კი მრავალი: ლუკულუსი პირველი რომაელი სარდალი იყო, რომელმაც ასეთი შორეული, ხანგრძლივი და მომქანცველი ლაშქრობა მოაწყო. მართალია ორი უძლიერესი არმია დაამარცხა, მაგრამ ლაშქრობები გრძელდებოდა, რამაც ჯარისკაცები მოქანცა და ჯარში დისციპლინა მეტად შეარყია. ლუკულუსმა ენერგიული და მკაცრი ზომების მიღებით შეძლო აღედგინა თავის ჯარში საგრძნობლად შერყეული დისციპლინა. იგი იყო ზედმეტად მომთხოვნი – დავალების შესრულებისას, სასტიკი – სასჯელის დაწესებისას, არ ცდილობდა ჯარისკაცებთა დაახლოებასა და დამეგობრებას, არ ასაჩუქრებდა იმათ ვინც თავს გამოიჩენდა და ა.შ. ყველაფერი ამის გამო არმია მას მიჰყვებოდა მანამ, სანამ ჯამაგირს კარგად უხდიდა. ახლა როცა რესურები ამოიწურა ჯარისკაცები ამბოხდნენ. ისინი უჩიოდნენ მთიან მხარეში ლაშქრობის სიძნელეებს და დასვენებას მოითხოვდნენ, ჯგუფებად იკრიბებოდნენ და ღამით კარვებს ყვირილით ავსებდნენ.
ლუკულუსმა სათითაოდ ჩამოუარა ამბოხებულებს, ცრემლმორეული დადიოდა კარავიდან კარავში, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ საქმეში ჩაერივნენ დანარჩენი მებრძოლები, რომლებმაც დაითანხმეს ამბოხებულნი ემსახურად ზაფხულის ბოლომდე და შემდეგ გაუშვებდნენ სახლში თუ ამ დროის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა მოწინააღმდეგე.
ლუკულუსი იძულებული გახდა შერიგებოდა ამასაც, ტიგრანის მიერ კაპადოკიაში შეჭრას და ყველაფრის აწიოკებასაც, მითრიდატეს მიერ პონტო-კაპადოკიის ციხეების დაბრუნებასაც – ოღონდაც ჯარისკაცები მასთან დარჩენილიყვნენ და მარტო არ მიეტოვებინათ. ხელი არ გაანძრია ლუკულუსის მტერმა აცილიუს გლაბრიონმაც. მეტიც აცილიუსმა ბითინიისკენ გაქუსლა. რაც შეეხება მარციუსს, მან ლუკულუსის არდახმარების მიზეზად განაცხადა, რომ ჯარმა უარი განაცხადა გაჰყოლოდა მას. მეტიც იგი წავიდა კილიკიაში სადაც მას შეუერთდა ტიგრანისგან გამოქცეული მენემახი და ლუკულუსისგან გამოქცეული ნისიბინთან ამბოხის ავტორი კლოდიუსი (იგი მარციუსის ცოლისძმაც იყო). უკანასკნელს მარციუსმა დაავალა მეკობრეთა წინააღმდეგ ფლოტის სარდლობა, თუმცა დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და გამოსყიდვის შემდეგ სირიაში გაიქცა პომპეუსისგან სასჯელის შიშით.
ამასობაში მცირე აზიაში ჩამოვიდა სენატის 10 კაციანი კომისია ლუკულუსის დაპყრობილი პონტოს საქმეთა მოსაწესრიგებლად, მაგრამ მათ ყველაფერი დაკარგული დახვდათ. ისინი გახდნენ მოწმე იმისა თუ როგორ დასცინოდნენ ჯარისკაცები ლუკულუსს და ბანაკს უნებართვოდ ტოვებდნენ. როგორც კი ზაფხული დასრულდა ფიმბრიელები შინისკენ გაემგზავრნენ, ხოლო დანარჩენ ჯარისკაცებს პომპეუსმა თავის არმიაში გადასვლა შესთავაზა. რომში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ლუკულუსის გადაყენება აუცილებელი იყო და მცირე აზიის ჯარების სარდლად ახალი გავლენიანი პირი უნდა დანიშნულიყო.
მართალია 68 წლის ბოლოდან მოყოლებული მითრიდატემ თანდათან დაიბრუნა სამფლობელოები, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პონტოს ქალაქები განადგურებული იყო, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა მოშლილი, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჟლეტილი.
მამისგან სასჯელის შიშით შეშინებულმა მახარემ კოლხეთი დატოვა და ბოსფორში დაბრუნდა, ხოლო კოლხეთის მმართველად მითრიდატემ მოაფერნე (ისტორიკოს სტრაბონის ბიძა) დანიშნა.
სტრაბონი მის შესახებ მოგვითხრობს: „დიდი ხნის შემდეგ, როდესაც პონტოს სამეფო დაცემის პირას იყო, მოაფერნემ, ჩემი დედის ბიძამ, კვლავ მიაღწია სამეფო კარზე დაწინაურებას, და კვლავ მან და მისმა ნათესავებმა მიიღეს მეფის წყალობა, გარდა რამდენიმე პირისა, რომელთაც აქამდე მოასწრეს მეფისგან განდგომა, მაგ. ასეთი იყო ჩემი დედის და მოაფერნეს მამა. უკანასკნელმა როდესაც დაინახა, რომ ლუკულუსის წინააღმდეგ მითრიდატე ვერ გაიმარჯვებდა, რომაელთა მხარეს გადავიდა. (მოაფერნეს მამას ამოძრავებდა მითრიდატესადმი შურისძიების წყურვილი, მისი ბიძაშვილის ტიბიასა და მისი ძის თეოფილეს მკვლელობის გამო). მოაფერნეს მამამ, როდესაც მიიღო ლუკულუსისგან ხელშეუხებლობის გარანტია, გადასცა მას 15 ციხე-სიმაგრე, რის საფასურადაც რომაელთა სარდალმა ომის დასრულების შემდეგ დიდი პატივი აღუთქვა. როდესაც ლუკულუსი მისმა მტერმა პომპეუსმა შეცვალა ყველა დაპირება დავიწყებულ იქნა. პომპეუსმა მიაღწია იმასაც, რომ სენატს ლუკულუსის მოკავშირე პონტოელი არისტოკრატებითვის არაფერი მიეცათ“.
ამასობაში ლუკულუსი არმიის ნაშთებით კაპადოკიიდან პერგამონისაკენ წავიდა. პლუტარქეს გადმოცემით როცა რომში შეიტყვეს პომპეუსმა მეკობრეებთან ომი დაამთავრა და ახლა ქალაქებს ათვალიერებსო სახალხო ტრიბუნმა მანლიუსმა გამოაქვეყნა კანონი, რომლის ძალით სერტორიუსის და მეკობრეების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების გმირს გნეუს პომპეუსს უნდა მიეღო ის პროვინცია და ჯარი, რომელიც ლუკულუსის ხელქვეით იმყოფებოდნენ და აგრეთვე ბითინია გლაბრიოს რომ ეკავა, ხოლო შემდეგ ბრძოლა განეგრძო მითრიდატესა და ტიგრან მეფესთან. პომპეუსს რჩებოდა საზღვაო ძალები რომლითაც გაანადგურა მეკობრეები. ამასთან ერთად პომპეუსს მიენიჭებოდა განკარგულების უფლება სხვა სარდლების მიმართ და დამოუკიდებლივ ომის გამოცხადებისა და ზავის დადების უფლება.
მანლიუსის კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ სენატის უკიდურესი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები კატულუსი და ჰორტენზიუსი. მისი თავგამოდებით დაცვა იკისრა ციცერონმა, რომელსაც როგორც პრეტორს უფლება ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისათვის. დიდი ორატორის ბრწყინვალე სიტყვამ პომპეუსის მომხრეების ზეგავლენა და იმ რომაელი პუბლიკანების, მევახშეებისა და აქციონერების წრეში წარმოქმნილმა შიმშილმა, რომელთაც აღმოსავლეთში დაბანდებული კაპიტალის დაკარგვა აფიქრებდათ თავისი გავლენა იქონია და პომპეუსის მითრიდატესთან ომში ხელმძღვანელობის საკითხი დადებითად გადაწყდა. მანლიუსის კანონი ძალაში შევიდა და პომპეუსმაც დაუსწრებლად მიიღო უზენაესი ძალაუფლება.
ბ) გნეუს პომპეუსის აღმოსავლური კამპანია და მითრიდატეს აღსასრული
ასეთი არაჩვეულებრივი უფლებამოსილებით აღჭურვილი პომპეუსი სასწრაფოდ შეუდგა მითრიდატესთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადებას. მან დიდძალი ლაშქარი შეაგროვა და ზღვაზე ზურგის გამაგრებისათვის თავისი ძლიერი ფლოტი განალაგა ფინიკიიდან – კიმერიის ბოსფორამდე (დღევ. ქერჩის სრუტემდე).
პომპეუსი გალატიაში ჩავიდა და ლუკულუსისაგან მოითხოვა არმიის გადაბარება. ლუკულუსმა განუცხადა, რომ კომფლიქტი ამოწურული იყო და უკან უნდა გაბრუნებულიყო, თუმცა პომპეუსი არ დაეთანხმა და აიძულა გადაებარებინა არმიის მთავარსარდლობა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქენი ერთმანეთს პატივით მოეპყრნენ, მთავარ საკითხებზე მაინც ვერ შეთანხმდნენ. პომპეუსმა გააუქმა ლუკულუსის ყველა დადგენილება, ჩამოართვა არმია გარდა 1600 კაცისა, რომლებიც ტრიუმფზე გამოსაყვანად დასჭირდებოდა. მეტიც, რომში ჩასულ ასაკოვან სარდალს დიდი ბრძოლა დასჭირდა ტრიუმფის გამართვის ნების მისაღებად. ბოლოს კი გამართა, თუმცა იგი ნაკლებსაზეიმო და სხვა ტრიუმფებთან შედარებით ძალიან უბრალო იყო. ლუკულუსის ტრიუმფზე ჩამოატარეს რამდენიმე შეჯავშნული მხედარი, 10 საბრძოლო ეტლი და მითრიდატეს 60 ახლობელი და სარდალი; მათ უკან მოდიოდა სპილენძისცხვირიანი 110 სამხედრო ხომალდი, 6 ფუტის სიმაღლის მითრიდატეს სტატუა, აგრეთვე სამეფო ტახტები და სხვადასხვა ძვირფასეულობა. დიდ დაფებზე იყო აღნიშნული თუ რამდენი თანხა გადასცა ლუკულუსმა პომპეუსს ომის გასაგრძელებლად, რამდენი შეიტანა ხაზინაში და რომ ყოველ ჯარისკაცს გადაეცა 950 დრაჰმა. ბოლოს მთელი რომისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას გამასპინძლება მოუწყო, რის შემდეგაც პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ხელი აიღო და დარჩენილ დროს ქეიფში ატარებდა.
*      *      *
პომპეუსმა თავდაპირველად საქმის დიპლომატიური გზით გათავება სცადა და მითრიდატესთან ამ მიზნით მოციქულად (და შესაძლოა მსტოვრად) გაგზავნა მიტროფანე, რომელიც მითრიდატემ ცივად მიიღო, რადგან ამ დროს პართიის მეფე ფრაატის დახმარების იმედი ჰქონდა და ამ საკითხზე პასუხს ელოდა. თუმცა, ამასობაში პომპეუსს ქტესიფონში მეფე ფრაატთან მოციქულები გაეგზავნა. იგი შეჰპირდა ფრაატს, რომ მესოპოტამიაში დიდ ტერიტორიას დაუთმობდა და სამაგიეროდ მისგან როგორც მოკავშირისაგან არმენიაზე ჩრდ-აღმოსავლეთიდან თავდასხმა მოითხოვა. შედეგად ფრაატმა მართლაც დაიწყო არმენიასთან ომი და მითრიდატეს კავშირზე უარი უთხრა. რათქმაუნდა პართიასთან ომის ვითარებაში მითრიდატეს ტიგრანის დახმარების იმედიც აღარ უნდა ჰქონოდა. შესაბამისად ხვდებოდა რომ ასეთ ვითარებაში მარცხისთვის იყო განწირული და სასწრაფოდ გაგზავნა პომპეუსთან ელჩები იმის საკითხად თუ, რა პირობებით დათანხმდებოდა ზავზე. პომპეუსმა შემოუთვალა: თუ გადმოგვცემ ჩვენგან გამოქცეულებს და თქვენს თავს ჩვენს ხელში“. მითრიდატე იძულებული გახდა ომი მიეღო.
როდესაც მითრიდატეს ბანაკში პომპეუსის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დეზერტირი რომაელებმა იფირეს, რომ მითრიდატე მათ მშვიდობის სანაცვლოდ პომპეუსს გადასცემდა და ყვირილი ატეხეს პროტესტის ნიშნად. მათვე აჰყვნენ პონტოელებიც, რომელთაც არ სურდათ გადმობირებული რომაელების გარეშე ომი. მითრიდატემ სიმწრით მოახერხა მათი დაშოშმინება, დაარწმუნა რა ისინი იმაში, რომ პომპეუსთან ელჩები ზავისთვის კი არა, არამედ მისი ბანაკის დასაზვერად გაგზავნა.
როცა პომპეუსი პონტოს სამეფოს 50000-მდე რომაელი მებრძოლით (აგრეთვე მცირე აზიის მმართველთა მოკავშირე ჯარებით. როგორც წესი ანტიკური ავტორები რომაული ჯარის რაოდენობის განსაზღვრისას რომაელთა მოკავშირე ბარბაროსი მმართველების ჯარებს არ ათვლიან) მიადგა, მითრიდატეს განკარგულებაში მხოლოდ 30000 ქვეითი და 3000 მხედარი (პლუტარქეს ცნობით 2000 მხედარი) იყო. მითრიდატემ არმია განალაგთა პონტოს სამეფოს დასავლეთ საზღვართან. რადგან ეს მხარე ლუკულუსის მიერ იყო გაპარტახებული, მითრიდატეს უჭირდა არმიის გამოკვება, რის გამოც ბევრი მისი მებრძოლი გარბოდა პომპეუსთან. გაქცეულთაგან, რომელსაც დაიჭერდა ჩამოახრჩობდა, თვალებს თხრიდა, ან წვავდა, რის გამოც დეზერტირობა შემცირდა, თუმცა საკვების პრობლემა სულ უფრო მწვავდებოდა.
პომპეუსმა გაგზავნა მხედრობა, რომელმაც ნაცადი მეთოდით გამოიწვია პონტოს მხედრობა, შემდეგ უკან გამოიქცნენ და მდევრების არევის შემდეგ ალყაში მოქცევა სცადეს და უკანვე დაედევნენ ჩეხვით, თუმცა მითრიდატემ ამ დროს ქვეითები ჩართო საქმეში და აიძულა რომაელები უკან წასულიყვნენ.
საკვების პრობლემის გამო მითრიდატემ დაიწყო ქვეყნის სიღრმეში შესვლა, ფიქრობდა რა გაპარტახებულ მხრეში შემოსვლით პომპეუსსაც იგივე პრობლემა შეექმნებოდა, მაგრამ პომპეუსი ამას მომზადებული შეხვდა. როცა პომპეუსი მცირე არმენიაში გადავიდა მას სასწრაფოდ თან მიჰყვა მითრიდატე, რომელიც ბუნებრივად გამაგრებულ და მიუვალ მთაზე დაბანაკდა და აქაც რომის ჯარისათვის სურსათ-სანოვაგის მიწოდებას ხელს უშლიდა, ამიტომ პომპეუსის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ თვითონ მითრიდატეც უწყლობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი კარგი პოზიცია და ადგილიდან დაძრულიყო. პომპეუსი კვალდაკვალ მისდევდა მას და მოსვენებას არ აძლევდა. ამ დროს მას წამოეწია პომპეუსის მოწინავეთა რაზმი, რომელიც მითრიდატემ მხედრობის წყალობით მოიგერია და ძნელად მისასვლელ მთაზე გამაგრდა, რომლისკენაც ერთადერთი გზა მიდიოდა და ამ გზის მცველად ოთხი რაზმი დააყენა. თავის მხრივ ამ გზას ყარაულობდნენ რომაელებიც, რათა მითრიდატე არ გაქცეულიყო. პომპეუსმა აღმ-დან მოუარა პონტოელებს და 150 სტადიონზე (26,7 კმ) გაწელა ზღუდე, რომელიც დაცული იყო გარნიზონებით, ბანაკებით და ღრმა თხრილით, რითაც პირიქით, მითრიდატეს მოუჭრა გზა მიეღო რომელიმე მხრიდან საკვები. პომპეუსის ალყას, პლუტარქეს ცნობით მითრიდატემ 45 დღეს გაუძლო, მერე კი ბრძოლისათვის უვარგისი და ავადმყოფი მეომრები ამოხოცა. დაახოცინა აგრეთვე ყველა ცხოველი ცხენების გარდა, რის შემდეგაც განაგრძო უკან დახევა. ბოლოს პონტოელთა მეწინავე ქვეითებს და რომაელთა მოწინავე ქვეითებს შორის შორიდან ისრების სროლა დაიწყო, რაც შეტაკებაში გადაიზარდა. ამის დანახვაზე ნებადაურთავად თავისიანებს მიეშველა პონტოელი მხედრების ნაწილი. მაშინ რომაელებსაც წამოეშველა მხედრობა და უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. ამით შეშინებულმა პონტოელი ქვეითების ნაწილმა მიატოვა ბრძოლა და გაიქცა უკან ბანაკში, რათა აეყვანა ცხენები და ასე უფრო ეფექტურად შებრძოლებოდა მტერს. როდესაც მთაზე მყოფებმა ქვემოდან სირბილით მომავალი თავისიანები დაინახეს, იფიქრეს რომ, მტერმა გაიმარჯვა და მთაზე ამოდიოდა, რის შემდეგაც თავქუდმოგლეჯილი გაქცევა იწყეს, თუმცა გასაქცევი არსად აღმოჩნდა და პანიკაში ჩავარდნილები კლდიდან ხევში ცვიოდნენ. როდესაც ამის შესახებ პომპეუსმა შეიტყო უპრობლემოდ ავიდა მთაზე, რომლის დროსაც გაჟლიტა ან ტყვედ იგდო 10000-მდე უიარაღოდ და მცირე ჯგუფებად კლდეებს შორის დამალული პონტოელები.
მითრიდატემ მაინც მოახერხა რჩეული ძალებით ალყისგან თავის დაღწევა და გაქცევა. პომპეუსი 3 დღის შემდეგ მას ევფრატის სანაპიროებზე დაეწია და იქვე მახლობლად დაბანაკდა, ხოლო რაკი მას ეშინოდა მითრიდატეს ევფრატზე გადასვლა არ მოესწრო, შუაღამისას დაძრა საბრძოლოდ გამზადებული მხედრობა, სასტიკად დაამარცხა. მითრიდატემ ამჯერადაც მოახერხა რამდენიმე დაქირავებულ მხედართან და 3000 ქვეითთან ერთად გაქცევა (პლუტარქეს ცნობით: „მითრიდატემ 800 კაცით გაარღვია რომაელთა ალყა, და მათ რიგებში გაიჭრა, მაგრამ ბრძოლაში ყველა შემოეფანტა და 3 მხლებლის ამარაღა დარჩა), ხოლო მთელი მისი ბანაკი პომპეუსს დარჩა. მითრიდატე მივიდა სინორეგის ციხე-სიმაგრეში (იგივე სინორია, ქ. ბაიბურთის სამხრეთით), სადაც გადამალული ჰქონდა ფული, რომლითაც დაასაჩუქრა თავისი თანამებრძოლები.
სტრაბონი გადმოგვცემს: „სინორია მდებარეობდა უშუალოდ დიდი არმენიის საზღვართან, რის გამოც თეოფანემ შეცვალა მისი სახელი „სიუნორია“-თი (რაც ნიშნავს სასაზღვრო მიწას). მართლაც, პარიადრის მთელი მთიანი ჯაჭვი შესაბამისია ასეთი სიმაგრეებისათვის, რადგან აქაურობა მდიდარია წყლითა და ტყეებით და ბევრი ადგილი დაფარულია ციცაბო კლდეებით. ყოველ შემთხვევაში აქ ააგეს ხაზინის შესანახი სიმაგრეების უმრავლესობა. ბოლოს, როდესაც პომპეუსი შეიჭრა მის ქვეყანაში და დაამარცხა, თვითონ მითრიდატე დაიმალა პონტოს სამეფოს ამ უკიდურეს მხარეში. დაიკავა მან აკილისენაში (იგივე ეკლეცი, მდ. კარა-სუს გაყოლებაზე, დღევ. თერჯანის /დერქსენე/დერჭანი/ დასავლეთით მდებარეობდა. ეკლეცის დასავლეთით მდებარეობდა დარანალის მხარე, იგივე ანალიბა, რომლის ძირითად განმსაზღვრელ ქალაქსაც მდ. კარა-სუზე მდებარე ანი – დღევ. კემაჰი წარმოადგენდა.), დასტირთან ახლოს, წყლით მდიდარი მთა (ახლოში მიედინებოდა აგრეთვე ევფრატი, რომელიც აშორებს აკილისენას მცირე არმენიისგან), მითრიდატე რჩებოდა იქ მანამდე ვიდრე ალყისგან შეწუხებული იძულებული არ გახდა მთების გავლით გაქცეულიყო კოლხიდაში, აქედან კი ბოსფორში. ამ ადგილის ახლოს, მცირე არმენიაში პომპეუსმა დააარსა ნიკოპოლისი (ანუ გამარჯვების ქალაქი. მდებარეობდა აწინდელი პიურკის მახლობლად, მდ. ლიკოსის ნაპირზე, ენდერესიდან დაახლოებით 10 კმ-ზე), რომელიც დღესაც არსებობს და მჭიდროდ დასახლებულია“.
მითრიდატეს გაქცევის შემდეგ პომპეუსს ტყვედ დარჩა მისი ბევრი ხარჭა, რომლებიც სარდლებისა და მხარეთა მმართველების ქალიშვილები იყვნენ. რომის სარდალმა მათი მამების გულის მოსაგებად ყველა მათგანი გაათავისუფლა და შინ გაისტუმრა.
სინორიადან მითრიდატე არმენიისაკენ გაემართა და ტიგრანს მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ ტიგრანმა, რომელიც ფიქრობდა, რომ ტიგრან უმცროსის აჯანყებას მხარს სწორედ ბაბუა მითრიდატეს უჭერდა, იგი არამც თუ არ მიიღო, არამედ მისი ელჩები დაატყვევა და 100 ტალანტი დაუნიშნა ჯილდოდ იმას ვინც მითრიდატეს თავს მიუტანდა, ამიტომ მითრიდატემ თან წაიღო 6000 ტალანტი და წავიდა ევფრატის სათავეებისკენ, რომ იქედან გადასულიყო კოლხების მხარეში. სწრაფად მოძრაობდა დღე და ღამე, უკვე მეოთხე დღეს გადალახა ევფრატი და შემდგომი 3 დღე იდგა ერთ ადგილზე, აიარაღებდა იმათ ვინც თან ახლდა, ან ვინც უერთდებოდა. შემდეგ შეიჭრა ხოტენელთა არმენიაში; იქ მან მოიგერია ხოტენელები და იბერები, რომელთაც სურდათ ხელი შეეშალათ ისრებითა შურდულებით და გადავიდა მდინარე აფსარზე (ჭოროხი)“.
სანამ აპიანეს თხრობას განვაგრძობთ, გავარკვიოთ ვინ იყვნენ იბერთა მოკავშირე ხოტენელები:
რამდენადმე მოულოდნელია მითრიდატეს მიერ ევფრატის დინების გადალახვა, მაშინ როდესაც მას შეეძლო ევფრატის (კარა სუ) სათავის აყოლებითა და ე. წ. გურჯი-ბოღაზის გავლით თორთომის ხეობაში შესვლა. მაგრამ, თუ აპიანესეულ ევფრატში ამ მდინარის მარჯვენა შენაკადი მდ. სერჩამი არ იგულისხმება, რომლის სათავეც მდ. ჭოროხის სათავის მახლობლად მდებარეობს, უნდა ვიფიქროთ, რომ ევფრატის გადალახვის შემდეგ მითრიდატე ჯერ აღმოსავლეთისკენ უნდა წასულიყო, დაახლოებით თანამედროვე ქ. პასინლერის მახლობლად ჩრდილოეთისკენ უნდა გადაეხვია და მდ. ოლთისისწყლის სათავისკენ (დღევ. მდ. სივრიდერე) გასულიყო. თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მითრიდატეს მარშრუტი, აშკარაა, რომ მას ტაოზე უნდა გაევლო და რომ სწორედ ტაოში მასთან შებრძოლებული მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს აპიანესთან ნახსენებ ხოტენელებსა და იბერებში. ტერმინ „ხოტენეს“, რომელშიც ხოტ – ფუძე გამოიყოფა, ტ>ჲ ფონეტიკური კანონზომიერების შედეგად, შეეძლო მოეცა ფორმა „ხოჲ“. აღსანიშნავია, რომ დიოდორე სიცილიელის „ბიბლიოთეკაში“ გვხვდება ეთნონიმი „ხაოჲ“, გამოყენებული ქსენოფონტის „ანაბასისის“ „ტაოხების“ ნაცვლად. ჰეკატეოს მილეტელს მოხსენიებული ჰყავს „ხოჲების“ ტომი, რომელეც ცხოვრობდნენ ბექირების მეზობლად. იქედან გამომდინარე, რომ ბექირები ცხოვრობდნენ ლაზისტანის ქედსა და შავ ზღვას შორის და მათ მეზობლად დასავლეთით და აღმოსავლეთით შესაბამისად მაკრონები და ეკექეირები, გამოდის, რომ ხოიჲები ბექირების სამხრეთ მეზობლები უნდა ყოფილიყვნენ და შესაბამისად მათი საცხოვრისი უახლოვდება ტაოხთა საცხოვრისს. შესაბამისად ფორმების ხაოჲ || ხოჲ-ს და ტაოხის ერთიდაიმავე ტომის აღსანიშნავად გამოყენება დასაშვები უნდა ჩანდეს.
წინა თავში უკვე აღვნიშნეთ რომ ძვ.წ. II ს-ის I ნახევრამდე აღნიშნული ტერიტორია („პარიადრეს მთისწინეთი“) იბერიის შემადგენლობაში იყო და შემდეგ არმენიელებმა წაართვეს. შესაბამისად ხოტენელებ-ტაოხების იბერებთან ერთად მოქმედება გასაკვირი აღარ უნდა ჩანდეს.
„იბერები ცხოვრობენ აზიაში, ერთნი მათ თვლიან შთამომავლებად, მეორენი კოლონისტებად ევროპელ იბერთა, მესამენი კი უბრალოდ მათ მოსახელე ტომად; მათ არაფერი აქვთ საერთო, არ წეს-ჩვეულებები და არც ენა“ – მოგვითხრობს აპიანე.
მითრიდატემ კოლხეთში მმართველად დატოვა ოლთაკე და ფაზისის გავლით ჩავიდა დიოსკურიაში, სადაც გამოიზამთრა. აქ მან დაგეგმა ჩასულიყო ბოსფორში, წაერთმია სამეფო მოღალატე მახარესთვის და მომზადების შემდეგ ისევ განეახლებინა ომი რომაელებთან.
აპიანე განაგრძობს: „მან შემოიარა სკვითთა ტომები, რომლებიც კარგი მეომრები იყვნენ და მტრულად იყვნენ განწყობილი: ნაწილი მოლაპარაკებით გადმოიბირა, ნაწილი კი იძულებით; ასე, ლტოლვილი და უბედურებაში მყოფიც კი, იგი თავის მიმართ პატივისცემასა და შიშს იწვევდა. მან ახლოს ჩაუარა ჰენიოხებს, რომლებმაც მეგობრულად მიიღეს იგი; ხოლო აქეელები კი აიძულა გაქცეულიყვნენ და სდია მათ. როდესაც მითრიდატე მივიდა მეოტიდის (აზოვის ზღვა) მხარეში, სადაც ბევრი მმართველია, ყველა მათგანმა იგი მეგობრულად მიიღეს, მისი სახელგანთქმულობისა და საქმეების გამო, აგრეთვე სამეფო ხელისუფლების გამო, და ჯერ სამხედრო ძალაც, რომელიც მას თან ახლდა, მნიშვნელოვანი იყო; მათ გაატარეს იგი თავის ქვეყანაზე და ერთმანეთთან გაცვალეს საჩუქრები. მითრიდატემ მათთან კავშირი შეკრა და დაგეგმა ახალი უფრო გასაოცარი გეგმა: თრაკიის, მაკედონიისა და პეონიის გავლითა და ალპების გადალახვით შეჭრილიყო იტალიაში. აღნიშნული კავშირების გასამყარებლად მათგან გავლენიანებს მისცა საკუთარი ქალიშვილები ცოლად.
როდესაც მახარემ მითრიდატეს მოსვლის ამბავი შეიტყო გაუგზავნა ელჩები, რომელთა პირით უხსნიდა, რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო; თუმცა, როდესაც შეიტყო რომ მამა მასზე განრისხებულია და საპატიებლად მზად არ არის, გაიქცა ქერსონესში და დაწვა გემები, რომ მამა არ დადევნებოდა. მაშინ მითრიდატემ სხვა გემები გაგზავნა მახარეს შესაპყრობად, რისი შეტყობინებისთანავე მოღალატე შვილმა თავი მოიკლა (დიონ კასიუსის ცნობით: „მითრიდატემ მოჰკლა ის მისი მახლობლების დახმარებით, რომელთაც შენდობა და გასამრჯელო აღუთქვა“). მითრიდატემ მეგობარი, რომელიც ბოსფორის მმართველად დანიშვნის დროს მახარეს გაატანა, დასაჯა სიკვდილით, ხოლო მახარეს პირადი მეგობრები, რომლებიც მას ბოლომდე ერთგულად ემსახურნენ, გაუშვა ხელუხლებელი.
*       *       *
ამასობაში პომპეუსმა მითრიდატეს სდია კოლხეთამდე და შემდეგ შეეშვა. კოლხეთში მან მოისმინა გამდმოცემები ოქროს საწმისზე, დიოსკურებსა და პრომეთეზე. შემდეგ კი მოუხვია და იმავე 66 წელს არმენიაზე გაილაშქრა.
ტიგრანი იდგა არტაშატთან და აღარ სურდა ომი. მას ჰყავდა რამდენიმე ვაჟი მითრიდატეს ქალიშვილისგან, რომელთაგან ორი თვითონ დასაჯა: უფროსმა ვაჟმა ზარიადრემ შეთქმულება მოუწყო მამას და ტახტიდან ჩამოგდებას ცდილობდა, მაგრამ იგი ბრძოლაში თანამზრახველებთან ერთად მოკლეს. ერთხელ ნადირობის დროს, როდესაც მეფე მიწაზე დავარდა და გრძნობა დაკარგა, შუათანა ვაჟმა დახმარების ნაცვლად მამის გვირგვინი თავზე დაიდგა. უმცროსმა ვაჟმა ახალგაზრდა ტიგრანმა მამას მოუარა და ფეხზე დააყენა. ცნობიერებაზე მოსულმა მოხუცმა შუათანა ვაჟის სიკვდილით დასჯა ბრძანა და ტიგრან უმცროსს გვირგვინსა და ტახტს შეჰპირდა.
მიუხედავად ამისა ტიგრან უმცროსმა ვეღარ მოითმინა მამის სიკვდილამდე, ტახტზე ასვლა განიზრახა და მოუწყო შეთქმულება როცა იგი კაპადოკიაში იმყოფებოდა, ამიტომ ტიგრან II იძულებული გახდა კაპადოკიაში დიდი ლაშქრობა შეეწყვიტა და თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. მან დაამარცხა განდგომილი და მეამბოხე ვაჟი, რომელიც თანამზრახველ მაგნატებთან ქტესიფონში გაიქცა.
ტიგრან უმცროსი ჩავიდა პართიის მეფე ფრაატთან (70–57), რომელიც იმ დროს ავიდა ტახტზე მამის სინტრიკის (სანატრუკ I 77–70) გარდაცვალების გამო, და ცოლად შეირთო ფრაატის ასული. სტუმარმა დაარწმუნა სიმამრი ფრაატი შეჭრილიყო არმენიაში, რადგან უკანასკნელი ყოყმანობდა პომპეუსთან დადებული ხელშეკრულების გამო. ფრაატი 50000-იანი ლაშქრით ტიგრანის უმცროსისა და მეამბოხე მაგნატების თანხლებით შეიჭრა არმენიაში და სატახტო ქალაქ არტაშატამდე მივიდა, დაიმორჩილა რა ყველა ოლქი, რომელზეც გაიარა და თავს დაესხა ქალაქს. მეფე ტიგრანი იძულებული გახდა თავის სამეფოს მთიან მხარეში გაქცეულიყო, მაგრამ ქ. არტაშატი მტერს მედგრად დაუხვდა და პართელებს მისი აღება გაუჭირდათ. მაშინ ფრაატმა ჯარის ნაწილი ტიგრან უმცროსს დაუტოვა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ეს რომ მეფე ტიგრანმა შეიტყო, თავი მოუყარა ერთგულ ნაწილებს, დაამარცხა მოღალატე შვილი, განდგომილი მაგნატები და მთლიანად აღადგინა თავისი ხელისუფლება.
გაქცეულმა ტიგრან უმცროსმა ჯერ მითრიდატესთან წასვლა განიზრახა, მაგრამ ამ დროს პომპეუსი მოვიდა და მას შეუერთდა, რათა მისი დახმარებით მიეღო არმენიის ტახტი. იგი პომპეუსს მდ. არაქსის პირას დაუხვდა, რომაელების ლაშქრის მეგზურობა იკისრა და პირდაპირი გზით წარუძღვა მათ არტაშატისკენ.
ტიგრან II კარგად გრძნობდა, რომ რომაელების წინააღმდეგ გამკლავებას ვერ შეძლებდა და ამიტომ მისი გულის მოსაგებად მითრიდატეს ელჩები ძღვნად გაუგზავნა. მაგრამ პომპეუსმა გზა განაგრძო, არაქსი გადალახა და არტაშატს მიუახლოვდა. მაშინ ტიგრანი იძულებული გახდა პირადად გამოცხადებულიყო პომპეუსთან მეგობრებისა და ნათესავების თანხლებით მორჩილების გამოსაცხადებლად და ქალაქი გადასცა.
პლუტარქე ტიგრანის პომპეუსთან შეხვედრას ასე აღწერს: „როცა ცხენზე შემართული ტიგრან მეფე მტრის ბანაკს მიუახლოვდა, წინ მას პომპეუსის ორი ლიქტორი შემოეგება, ლიქტორებმა მეფეს უბრძანეს ცხენიდან ჩამოსულიყო და პომპეუსს ქვეითად ხლებოდა: რომაული არმიის ბანაკში ცხენზე მჯდომი კაცი ჯერ არავის უნახავსო. ტიგრანი მყისვე დამორჩილდა ბრძანებას და ამასთან ერთად მან ხმალიც შემოიხსნა და ლიქტორებს გადასცა.
ბოლოს, მივიდა თუ არა პომპეუსთან, თავიდან ჩალმა მოიხადა და უნდოდა, ჩალმაც მის ფერხთ წინ დაედვა და თითონაც, საკუთარი ღირსებისათვის ფრიად სამარცხვინოდ, მიწაზე გართხმულიყო, რათა რომაელთა მხედართმთავარს მუხლებზე მოხვეოდა. თუმცა პომპეუსმა დაასწრო, მოჰკიდა ხელი, თავისთან მიიზიდა და გვერდით ახლოს დაისვა“.
კასიუსი გვამცნობს: „ტიგრანმა გადასცა ქალაქი და ნებაყოფლობით ეახლა პომპეუსს ბანაკში, ჩაცმული საშუალოდ წინანდელ თავის პატივსა და ეხლანდელ დამცირებასთან შეფარდებით, რათა სჩვენებოდა ერთნაირად ღირსი პატივისცემისაც და სიბრალულისაც; მან გაიხადა თავისი თეთრი ზოლებიანი კაბა და მთლად ძოწეულის ფერი მოსასხამი, ზედ დაიტოვა მხოლოდ გვირგვინი და თავსაკრავი. პომპეუსმა ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა თავისი ლიქტორის პირით (რადგან ის ახლოვდებოდა და თავისი წესის მიხედვით ბანაკში ცხენით შესვლას აპირებდა), მაგრამ, როდესაც ის ფეხით შემოვიდა, გვირგვინი მოიხსნა და ქვე დაემხო. ამის დანახვაზე პომპეუსმა სიბრალული იგრძნო, წამოხტა; ააყენა ისიც, შემოსა გვირგვინით, დასვა მახლობელ ტახტზე და მიმართა დამამშვიდებელი სიტყვებით, უთხრა რა სხვათა შორის, რომ მან არამცთუ არ დაკარგა არმენიის მეფობა, არამედ შეიძინა რომაელთა მეგობრობაც. ამითი მან მოიგო მისი გული და შემდეგ მოიწვია სადილად“.
ამრიგად პომპეუსმა იგი პატივით მიიღო, აპატია ჩადენილი საქმენი და შეარიგა შვილთან. ტიგრან უმცროსი გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ და გადაეცა სოფენე და კორდუენა (გორდიანა, კარდუხ-ქურთების სამშობლო). ტიგრან II-ს დარჩა „დიდი არმენია“ 95 წლის საზღვრებში, ანუ ის ხელს იღებდა ყველა დაპყრობილ მხარეზე და მხოლოდ „დიდი არმენიით“ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან მას უნდა გადაეხადა 6000 ტალანტი კონტრიბუცია; საჩუქრების სახით უნდა დაერიგებინა ყოველი რომაელი ჯარისკაცისთვის 150 დრაქმა, ყოველი ცენტურიონისთვის 1000 დრაქმა და ყოველი სამხედრო ტრიბუნისთვის თითო ტალანტი, სამაგიეროდ მას რომაელების „მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტული ენიჭებოდა.
შეთანხმებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა ტიგრან უმცროსი, რომელმაც უარი განაცხადა მამისათვის დაეთმო სოფენაში შენახული განძეულობა, საიდანაც ტიგრან მეფეს პომპეუსისათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. ის მამაზე თავდასხმასაც კი გეგმავდა. ამის გამო, რომაელი სარდლის ბრძანებით, გაურჩებულ უფლისწულს სამფლობელოები ჩამოართვეს, ბორკილები დაადეს და შეუერთეს ძვირფას ტყვეთა რიცხვს, რომელსაც უნდა დაემშვენებია რომში პომპეუსის ტრიუმფი. მისი სამფლობელოები ტახტზე კიდევ ერთხელ აღდგენილ კაპადოკიის მეფე არიობარზანეს გადაეცა. მასვე მიუმატეს აგრეთვე კილიკიის ქალაქი კასტაბალი და ზოგიერთი სხვა ადგილი.
საბოლოოდ პომპეუსმა ტიგრანისგან მიიღო ომის გასაგრძელებლად საჭირო სურსათ-სანოვაგე და იმაზე მეტი თანხა ვიდრე მოთხოვნილი ჰქონდა (7000 ტალანტი).
66 წელსვე პომპეუსმა პაფლაგონია რომის პროვინციად გამოაცხადა, თუმცა 65 წელს სამეფო აღადგინა და მის ტახტზე ერთობლივად დასვა პომპეუსმა პილემენ III-ის ვაჟები პილემენ IV (65–51) და ატალოს I (65–48; 47–40).
მას შემდეგ, რაც პომპეუსმა არმენია რომის გავლენის სფეროში მოაქცია, 66 წლის შემოდგომის მიწურულს ლეგატ ლუციუს აფრანიუსის სარდლობით აქ სამეთვალყურეოდ დატოვა თავისი არმიის ერთი ნაწილი. თვითონ მთავარსარდალი ძირითადი ძალებით დაიძრა ჩრდილოეთისკენ კავკასიის ხალხთა წინააღმდეგ. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ იბერები და ალბანები. იბერების მხარე ვრცელდება მოსხურ მთებამდე და ევქსინის პონტომდე, ხოლო ალბანელები ცხოვრობენ მათ აღმოსავლეთით კასპიის ზღვამდე.
დაზამთრდა. რომაელები მიუახლოვდნენ კირნოსის (მტკვარი) ზემო წელს, სადაც პომპეუსმა არმია სამ ნაწილად გაჰყო და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა. ერთს თვით მთავარსარდალი მეთაურობდა, დანარჩენ ორს – მისი ლეგატები, მეტელუს ცელერი და ლუციუს ფლაკუსი.
ალბანთა მეფე ოროისემ პომპეუსს განუცხადა, რომ გაატარებდა თავს ქვეყანაზე, თუმცა საიდუმლოდ რომაელებზე თავდასხმას აპირებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოროისი ფიქრობდა, რომ პომპეუსი მის ქვეყანაში შეჭრას აპირებდა, ამიტომ გადაწყვიტა ზამთარშივე დაესწრო, ვიდრე რომაელები ცალ-ცალკე იდგნენ და ისვენებდნენ. 17 დეკემბერი იდგა, რომაელთათვის სატურნალიების საზეიმო დღე. ოროისემ იფიქრა, რომ სწორედ ამ დღეს რომაელები ზარზეიმით გაერთობოდნენ და საომარ ყურადღებას მოადუნებდნენ.
40000 ალბანელი მიადგა კირნოსის ზემო წელს. ოროისემ თავისი არმია სამად დაჰყო და ცალ-ცალკე შეუტია რომაელთა ბანაკებს, თვით მეფე თავს დაესხა მეტელუს ცელერის ბანაკს, სადაც ეგულებოდა შეპყრობილი არმენიელი უფლისწული. ცელერი მტრის მოულოდნელ თავდასხმას მედგრად დაუხვდა და ძლიერი კონტრშეტევით უკუაქცია. ალბანელთათვის განსაკუთრებით მძიმე შეიქნა რომაულ „კასტრასთან“ (სამხედრო ბანაკი) ბრძოლა; ლუციუს ფლაკუსს თავისი ბანაკისათვის ორრიგი თხრილები შემოევლო და როცა მან მოჩვენებითი უკუქცევით ალბანელები პირველი თხრილის შიგნით შეიტყუა, ლეგიონერები ერთბაშად მოუბრუნდნენ და ჩეხვაზე გადავიდნენ. ბევრმა უკუქცეულმა ალბანელმა ფართო თხრილის გადალახვა ვეღარ მოახერხა და იქვე დაიღუპა. პომპეუსმა სწრაფად დაამარცხა მის წინააღმდეგ წამოსული ალბანელები და ბრძანება გასცა სამივე ბანაკი ერთიან იერიშზე გადასულიყო. მტკვრის გადალახვისას ალბანთა ლაშქარი კვლავ ძლიერ დაზარალდა. ოროისემ რომაელებს დაზავება სთხოვა. პომპეუსს ალბანთა დასჯა ძალიან სურდა, მაგრამ ზამთრის გამო გადადო და სამშვიდობო წინადადებაზე დათანხმდა.
65 წლის გაზაფხულზე რომაელები იბერთა მიწა-წყალზე შეიჭრნენ, სადაც მაშინ არტოკი მეფობდა. იბერები დამარცხდნენ (საქართველოში ლაშქრობა იხილეთ ცალკე თავში). ქართლიდან პომპეუსმა კოლხეთს მიაშურა და ქ. ფაზისს მიაღწია სადაც მას შეეგება სერვილიუსი თავისი ფლოტით, რომლითაც იგი პონტოს იცავდა. კოლხიდიდან პომპეუსი არმენიაში დაბრუნდა და იქიდან ალბანიაზე ხელახლა გაილაშქრა.
ალბანეთის მოსარჯულებლად წასულ რომის სარდალს გზად ქართველებისგან კიდევ ერთი „კბენის“ ატანა მოუხდა. კოლხეთიდან არმენიაში მიმავალს შკვითინიების საცხოვრისის გავლა მოუწია. სტრაბონის ცნობით: ჰეპტაკომიტებმა გაანადგურეს პომპეუსის 3 მანიპულა (600 კაცამდე), როდესაც ისინი გადიოდნენ ამ მთიან მხარეს; ბარბაროსებმა გზაზე დაალაგეს ჯამები დამათრობელი თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა იქაური ხეებიდან. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ თაფლისგან გონებადაკარგულ პომპეუსის მეომრებს და ამოჟლიტეს. ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგანი თავს ეძახდა ბიზერებს“.
დიონ კასიუსი მოგვითხრობს: „პომპეუსი დაიძრა ალბანელების წინააღმდეგ, მაგრამ არა უმოკლესი გზით, არამედ არმენიაზე გავლით, რათა ამ ხერხითაც, გარდა ზავისა, თავს მოულოდნელად დასხმოდა. ის გავიდა კირნოსზე ფეხდაფეხ სადაც ის ადვილი გასასვლელი გახდა ზაფხულის სიცხეების გამო (კოლხეთიდან ზეკარის უღელტეხილით შიდა სომხეთამდე, ხოლო აქედან კი მდ. აღსტაფის ხეობით მტკვრამდე. ამრიგად პომპეუსი მტკვარზე დაახლოებით აწინდელ ფოილოსთან უნდა გადასულიყო). მან უბრძანა გადასვლა დინების გაყოლებით ჯერ ცხენოსან ჯარს, შემდეგ აღალს და ბოლოს ქვეითებს. იმისთვის, რომ ცხენებს თავისი სხეულით შეეჩერებინათ დინება, ხოლო თუ აღალიდან რამე მაინც გადატრიალდებოდა, შეხვედროდა ორივე მხრივ მიმავალ ხალხს და არ ყოფილიყო უფრო შორს წაღებული. აქედან კამბისამდე (იორი) მას არავითარი ვნება არ შეხვედრია მოწინააღმდეგისგან, მაგრამ დიდად შეაწუხა სიცხემ და ამის გამო წყურვილმა მთელ მის ჯართან ერთად, თუმცა გზის დიდი ნაწილი ღამით გაიარა; მეგზურებმა, რომლებიც ტყვეთა რიცხვიდან იყვნენ, წაიყვანეს რომაელები ნაკლებად მოსახერხებელი გზით; თუმცა არც მდინარე აღმოჩნდა მათთვის სასიკეთო: არაჩვეულებრივად ცივმა წყალმა, რომელიც დიდი რაოდენობით დალიეს, ბევრს ავნო. არც აქ შეხვდათ მათ არავითარი წინააღმდეგობა და ისინი მივიდნენ აბანტამდე (იგივე აბასი, ალაზანი), თან მიჰქონდათ მხოლოდ წყალი, რადგან დანარჩენს ნებაყოფლობით ღებულობდნენ ადგილობრივ მცხოვრებთაგან, რის გამოც არაფრით ავიწროვებდნენ მათ.
მდინარეზე (ალაზანზე) გადასვლის შემდეგ მათ მიიღეს ცნობა ოროისეს მოახლოების შესახებ. პომპეუსს უნდოდა ბრძოლაში ჩაება იგი, სანამ გაიგებდა რომაელთა რაოდენობას, რათა არ დაეხია უკან, როდესაც მიხვდებოდა მათ მრავალრიცხოვნებას; პომპეუსმა დააწყო მხედრები წინ და გამოუცხადა მათ, თუ რა უნდა გააკეთონ, ხოლო დანარჩენებს უბრძანა ცხენოსანთა უკან მუხლებზე დაჩოქება, ფარებით დაფარვა და სრული სიჩუმის დაცვა, რათა ოროისეს არ შეემჩნია ისინი სანამ ხელჩართულ ბრძოლაში არ ჩაებმებოდნენ. და მართლაც, რადგან ოროისემ იფიქრა, რომ მის წინ მხოლოდ ცხენოსნები არიან, მან არაფრად ჩააგდო ისინი და შეებრძოლა, ხოლო როდესაც ისინი მოსაჩვენებლად უკუიქცნენ, გაცხარებით დაედევნა; მაგრამ ქვეითები მოულოდნელად ადგნენ, გაიშალნენ და მისცეს თავისიანებს უშიშრად გასაქცევი გზა თავის რიგებს შორის, ხოლო მტერს, რომელიც გაუფრთხილებლად გაერთო დევნით, იარაღით შეხვდნენ და ალყა შემოარტყეს მრავალს. მათ დაიწყეს გარემოცულთა კაფვა, ხოლო ცხენოსნებმა მოუარეს მარცხნიდან და მარჯვნიდან და ზურგიდან დაარტყეს ალყის გარეთ დარჩენილებს. ადგილზედაც ბევრნი დახოცეს იმათაც და ამათაც, ხოლო სხვები, ტყეებში შეფარებულნი, დასწვეს, უძახდნენ რა „იო კრონია, კრონია!“ უწინდელი მათი თავდასხმის მოსაგონებლად.
როდესაც შეასრულა ეს საქმეები და დალაშქრა ქვეყანა, პომპეუსმა ზავი შეკრა ალბანელებთან და ელჩების მეშვეობით ხელშეკრულებები დასდო კავკასიონის ზოგიერთ სხვა მცხოვრებლებთან, რომლებიც მოსახლეობენ კასპიის ზღვამდე, სადაც ეს პონტოდან დაწყებული მთები მთავრდება“.
ამრიგად პომპეუსმა ზავი შეკრა ოროისესთან და ალბანეთის მეფე რომაელი ხალხის „მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა“.
პლუტარქე მოგვითხრობს პომპეუსის ბოლო ბრძოლაზე ალბანელებთან: „ოროისს ჰყავდა 60000 ქვეითი და 12000 მხედარი, თუმცა მეომრები ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი და ემოსათ ცხოველის ტყავები. ჯარს მოუძღვებოდა მეფის ძმა კოსისი. როგორც კი ხელჩართული ბრძოლა დაიწყო, იგი მიეჭრა პომპეუსს და მკერდზე მძლავრად აძგერა შუბი. რომაელის ფარფლებიანმა ბექთარმა აისხლიტა ალბანელის შუბი. წამსვე პომპეუსმა მოიქნია მახვილი და მოკლა კოსიდი ადგილზე. ამ ბრძოლაში როგორც გადმოგვცემენ მონაწილეობდნენ ასევე მდ. თერმოდონტის მთებიდან მოსული ამაზონები. მართლაც, ბრძოლის შემდეგ, როცა რომაელებმა დაიწყეს ბარბაროსთა ცხედრების ძარცვა, ნახულობდნენ ამაზონების ფარებსა და ფეხსაცმელს, თუმცა ქალის არცერთი სხეული არ იქნა შემჩნეული. ამაზონები ცხოვრობენ კავკასიის იმ ნაწილში, რომელიც ვრცელდება ჰირკანიის (კასპიის) ზღვამდე, თუმცა ისინი უშუალოდ არ ემეზობლებიან ალბანელებს, არამედ მათ შორის ცხოვრობენ გელები და ლეგები. ამ ტომებს ისინი ყოველწლიურად ხვდებიან მდინარე თერმოდონტზე და ატარებენ მათთან ორ თვეს და შემდეგ ბრუნდებიან თავის სამშობლოში, სადაც ცხოვრობენ მამაკაცების გარეშე“.
კავკასიელი ალბანელების საინტერესო ცნობებს იძლევა სტრაბონი: „ალბანელები უმეტესწილად მისდევენ მეცხვარეობას და ახლოს დგანან მომთაბარეებთან; თუმცა არც ველურები არიან, და არც ძლიერი მეომრები. ისინი ცხოვრობენ იბერიასა და კასპიის ზღვას შორის. ჩრდილოეთიდან ამ ქვეყანას ესაზღვრება კავკასიის მთები. იმის გამო, რომ ეს მთები მაღლდება ვაკეებზე, მათ ეწოდება კერავნიის მთები (სტრაბონის გულისხმობს კავკასიის მთების ჩრდილოეთ მთისწინეთს). სამხრეთიდან ალბანიას ესაზღვრება არმენია; არმენია ნაწილობრივ წარმოადგენს ვაკეს, ნაწილობრივ კი მთიანი მხარეა, ისევე როგორც კამბისენე, (კამბეჩოვანი) სადაც არმენები ესაზღვრებიან ერთდროულად, როგორც იბერებს, ისე ალაბანელებს.
მდ. კიროსი, მიედინება რა ალბანეთის ტერიტორიაზე, მის შენაკადებთან ერთად ზრდის მიწის ნაყოფიერებას. ადამიანები იქ მაღლები, ლამაზები, უბრალოები და არამეწვრილმანენი არიან. ისინი ნაკლებად მოიხმარენ მონეტებს და ვაჭრობას ძირითადად გაცვლით აწარმოებენ. სხვა ცხოვრებისეული საკითხების მიმართაც გულგრილნი არიან. მათ არ იციან 100-ზე ზემოთ რიცხვები და არც ზომა-წონის ზუსტი ერთეულები. ომის, სახელმწიფო მოწყობისა და მიწათმფლობელობის საკითხებს უდგებიან მსუბუქად. თუმცა ომის დროს ისინი იბრძვიან როგორც ქვეითად წყობაში, ასევე ცხენზე, როგორც მძიმე ისე მსუბუად შეიარაღებულნი მსგავსად არმენებისა.
მეომრები მათ გამოჰყავთ იბერიელებზე მეტი. ისინი აიარაღებენ 60000 ქვეითსა და 22000 მხედარს. სწორედ ეს რაოდენობა გამოიყვანეს მათ პომპეუსის წინააღმდეგ. მომთაბარეები მათ ეხმარებიან ბრძოლის დროს, ისევე როგორც იბერიელებს. თუმცა ისინი მაინც ესხმიან თავს მათ და ხელს უშლიან მიწათმოქმედებაში. ალბანელები შეიარაღებულნი არიან მოკლე შუბებით და მშვილდებით; ისინი ატარებენ აბჯარს და დიდ წაგრძელებულ ფარებს, ასევე ნადრითა ტყავისგან დამზადებულ მუზარადებს, იბერიელთა მსგავსად. ალბანელებს ეკუთვნით კასპიანას მხარე, უკვე გამქრალი ტომის მოსახელე, რომელთა სახელიც ეწოდება აგრეთვე მეზობელ ზღვას. გზა იბერიიდან ალბანეთში მიემართება უწყლო და უსწორ-მასწორო მხარე კამბისენაზე (კამბეჩოვანი) და მდინარე ალაზანზე. როგორც თვითონ ალბანელები, ასევე მათი ძაღლები ძალიან მიდრეკილნი არიან ნადირობის მიმართ, თუმცა არცთუ წარმატებულნი არიან ამ საქმეში.
მათი მეფეები ასევე მშვენიერნი არიან. მართალია, ახლა მათ ჰყავთ ერთი მეფე, რომელიც მართავს ყველა ტომს, თუმცა ადრე ყოველ ტომს საკუთარი მეფე ჰყავდა. მათ 26 ენა აქვთ, რის გამოც რთულად ამყარებენ ერთმანეთთან კავშირ-ურთიერთობას. ამ ქვეყანაში არის ზოგიერთი შხამიანი ქვეწარმავალი, ასევე მორიელები და შხამიანი ობობები.
ალბანელნი ღმერთებისავით თაყვანს სცემენ მზეს, ზევსს და მთვარეს, მეტადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი იბერიის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყველაზე უფრო პატივცემულ კაცად ის ითვლება, ვინც ტაძარს ემსახურება; იგი დიდსა და მჭიდროდ დასახლებულს ხატის მამულს განაგებს და ხატის ყმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე; იმას, ვინც მეტად აღტაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალობს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად კარგად ასუქებენ ხოლმე; მერე მას მირონცხებულს სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავენ ხოლმე. მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან: ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის საშუალებით იციან ხოლმე. ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხიდან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით შიგ გულში ჰკრავს ხოლმე. როცა ლახვარ-ნაკრავი მსხვერპლი დაეცემა მიწაზე, ქურუმები სხვადასხვა ნიშნებისდა მიხედვით მკითხაობენ და საჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს დანიშნულ ადგილას მიიტანენ, ყველანი თავიანთ თავის განსაწმენდად ფეხს დაადგამენ ხოლმე.
მოხუცებს ალბანელები ძალიან სცემენ პატივს, თუმცა გარდაცვლილებზე ზრუნვა და მათი მოხსენიებაც კი ურწმუნოებად ითვლება. გარდაცვლილს თან ატანენ სამარხში მთელს მის ქონებას, რის გამოც ალბანელები ცხოვრობენ სიღარიბეში“.
სტრაბონი საინტერესო ცნობებს იძლევა აგრეთვე ამაზონების შესახებაც: „როგორც ამბობენ ალბანეთის მთებში ცხოვრობენ ამაზონები (სახელწოდება წარმოიშვა ირანული სიტყვისგან „ჰა-მაზან“, რაც მეომარ ქალს ნიშნავს). თეოფანე, რომელიც თან ახლდა პომპეუსს ალბანეთში ლაშქრობისას, მოგვითხრობს რომ სკვითური ხალხები – გელები და ლეგები (დაღესტანური ტომები) ცხოვრობენ ამაზონებსა და ალბანელებს შორის. ამაზონებსა და ამ ტომებს შორის საზღვარზე მიედინება მდინარე მერმადალიდა. სხვა მწერლები /მაგ. მეტროდორ სკეპსინელი და ჰიპსიკრატი/ გვარწმუნებენ, რომ ამაზონები ცხოვრობენ გარგარელების (ჩეჩნების წინაპრებად თვლიან) მეზობლად, კავკასიის მთების ამ ნაწილის მთისწინეთში, რომელსაც ეძახიან კერავნიის მთებს. ამაზონები საკუთარ თავზე თვითონ ზრუნავენ. ეწევიან ხვნა-თესვას, მებაღეობას, უვლიან პირუტყვს, განსაკუთრებით ცხენებს; ამაზონთაგან ძლიერნი ცხენზე ამხედრებულნი ნადირობენ და ომში მიდიან. ბავშვობიდან მათ უწვავენ მარჯვენა ძუძუს, რომ თავისუფლად იხმარონ მარჯვენა ხელი ყველა საქმისთვის, განსაკუთრებით კი შუბის სატყორცნად. ისინი ხმარობენ აგრეთვე მშვილდს, საბრძოლო ნაჯახს, მსუბუქ ფარს, ნადირის ტყავისგან დამზადებულ მუზარადს, მოსასხამს და ქამარს. გაზაფხულობით მათ აქვთ ორი განსაკუთრებული თვე, როდესაც ისინი ადიან მთაზე, რომელიც აშორებს მათ ქვეყანას გარგარებისგან. ამ დროს გარგარების მამაკაცებიც ადიან იქ და ამაზონებთან ერთად ატარებენ მსხვერპლშეწირვას, რომლის შემდეგ სიბნელეში საიდუმლოდ წყვილდებიან, ისე რომ არავინ იცის ვინ ვისთან მოხვდება. როდესაც ქალი დაფეხმძიმდება გარგარელი უშვებს მას სახლში. თუ იბადებოდა გოგონა ამაზონები იტოვებდნენ, ხოლო ვაჟები მიჰყავდათ გარგარებთან და ისინი მათ ღზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს.
მდ. მერმოდა (ან მერმოდალიდა) ხმაურით ეშვება მთებიდან, გაივლის ამაზონთა ქვეყანას, სირაკენას (ამ შემთხვევაში არა მოგვიანო ხანის შირაქი, არამედ სირაკების ადრინდელი საცხოვრისი ჩრდ. კავკასიაში უნდა იგულისხმებოდეს), შემდეგ გადაჭიმულ უდაბნოს და ჩაედინება მეოტიდაში. როგორც ამბობენ გარგარელები ამაზონებთან ერთად გადმოვიდნენ აქ თემისკირიდან; შემდეგ მათ დაიწყეს ამაზონებთან ომი; ბოლოს დაიდო ზავი, რომლის მიხედვით მათ კავშირი ექნებათ მხოლოდ შვილების გასაჩენად და დარჩენილ დროში კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იცხოვრებდნენ“.
პომპეუსი შემდეგ კასპიის ზღვისკენ გაემართა რათა გაერკვია ინდოეთამდე მანძილი, მაგრამ შხამიანი ქვეწარმავლების სიმრავლის გამო ზღვამდე 3 დღის მანძილზე დაშორებულმა უკან მოუხვია და მცირე არმენიაში ჩავიდა.
აქ მას ეწვია ელიმეელთა და ატროპატენელთა მეფეთა ელჩები მეგობრული ვიზიტით. პომპეუსმაც საპასუხო ელჩობა გაუგზავნა მეგობრობის დადასტურებით.
ამასობაში ტიგრან უმცროსის დატყვევებით გაბრაზებულმა ფრაატმა გაილაშქრა, კორდუენა დაიპყრო და ტიგრანის დაქვემდებარებულ ხალხებს ძარცვავდა. ამის საპასუხოდ პომპეუსის ლეგატმა ავლუს გაბინიუსმა ორი ლეგიონით დალაშქრა ჩრდ. მესოპოტამია ევფრატიდან ტიგროსამდე. მაშინ ფრაატმა პომპეუსთან გაგზავნა ელჩი და მოითხოვა: 1. საზავო ხელშეკრულების გაგრძელება, 2. მისი სიძის გათავისუფლება, 3. ევფრატის რომ-პართიის საზღვრად აღიარება.
საპაუხოდ პომპეუსმა მოითხოვა კორდუენას დაბრუნება, რაც შეეხება ტიგრანის საკითხს, უპასუხა, რომ უფლისწულზე მეურვეობის უფლება აქვს მამას და არა ფრაატს. ხოლო საზღვართან დაკავშირებით შეუთვალა, რომ იგი დადგინდებოდა სამართლიანად. ჩანდა, რომ პართიასთან მშვიდობიან შეთანხმებაზე ლაპარაკი დამთავრებული იყო. პომპეუსმა არ დაუცადა ფრაატის პასუხს, ისე დაავალა აფრანიუსს დაეპყრო სადავო ტერიტორია. დიონ კასიუსის ცნობით, აფრანიუსმა უბრძოლველად დაიპყრო კორდუენა და გადასცა ტიგრანს. პლუტარქეს ცნობით კი რომაელებმა დაამარცხეს პართიელები და მისდევდნენ არბელიტიდამდე (დღევ. ერაყის ქურთული ქალაქი ერბილი).
პომპეუსი ამითაც არ დაკმაყოფილდა და პართიის მეფეს, ოფიციალური წოდება „მეფეთა მეფე“-ს ნაცვლად უბრალო „მეფე“ უწოდა, რის გამოც განრისხებულმა ფრაატმა აუკრძალა მას გადაელახა ევფრატი. როცა პომპეუსმა ამაზე პასუხი არ გასცა 64 წლის გაზაფხულზე ტიგრანის წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო. პირველ ბრძოლაში ფრაატი დამარცხდა, მაგრამ შემდეგ შეძლო გამარჯვების მოპოვება. მაშინ ტიგრანმა და ფრაატმა ელჩები გაუგზავნეს სირიაში მყოფ პომპეუსს. ტიგრანი ითხოვდა დახმარებას, ხოლო ფრაატი ყველაფერში ადანაშაულებდა ტიგრანს. პომპეუსმა პირდაპირ ჩარევაზე უარი თქვა და საქმის გასარკვევად თავისი კაცები გაგზავნა. ტიგრანი და ფრაატი ხვდებოდნენ, რომ რომს აწყობდა მათი დასუსტება და სანამ ორივე არსებობდა რომი მათთან მეგობრობდა, რადგან მეორეს წინააღმდეგ მოკავშირედ გამოეყენებინა. ამიტომ მტრები მორიგდნენ და შინ დაბრუნდნენ. ადიაბენა დარჩა ფრაატს, ხოლო კორდუენა და ნისიბინი ტიგრანს.
შემდეგ პომპეუსი მცირე არმენიის გავლით, პონტოში ჩავიდა. პომპეუსი პონტოს სამეფოს მდიდარ ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში წლობით დაგროვილ და მტკიცედ დაცულ ძვირფას საჭურჭლეთა მფლობელი შეიქნა. მარტო ციხესიმაგრე ტალავრაში ხელში ჩაუვარდა მითრიდატეს 2000 ოქრო-ცურვილი ონიქსის ფიალა, უთვალავი ძვირფასი ჭიქა, ყანწები, ჭურჭლეული, მოქარგულ-მოსევადებული ტახტები, სავარძლები. ცხენთა მოკაზმულობანი, ყველაფერი ოქროთი მოოჭვილი, რომელთა დათვლასა და აღრიცხვას ერთი თვე დასჭირდა. მეორეგან, ნეოპოლისში პომპეუსმა ხელთ იგდო მითრიდატე პონტოელის მთელი არქივი, სადაც აღმოჩნდა მეფის საიდუმლო წერილები, მემუარები, მეცნიერული ნარკვევები, წერილობითი განკარგულებანი და ღონისძიებანი. აქ ნაპოვნი დოკუმენტებიდან (რომელთაგან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია) ნათელი ეფინებოდა პონტოელი ხელმწიფის სამხედრო და პოლიტიკურ გეგმებს, მის ყოველ ზრახვასა და ღონისძიებას, ოჯახურ ამბებს, მეფის დარდიმანდულ-ბოჰემურ ავანტიურებს, რომანტიულ-ინტიმურ იდილიებსა და სხვა პირადულ ვნებებს.
აღნიშნული წლის ზამთარი პომპეუსმა გაატარა ციხე-ქალაქ ასპისში (სირიაში) და იპყრობდა ოლქებს, რომლებიც ჯერ კიდევ წევდნენ წინააღმდეგობას. დაიკავა ციხე-სიმაგრე სიმფორიონი, რომელიც გადასცა მას მითრიდატეს ცოლმა სტრატონიკამ. იგი გაბრაზებული იყო ქმარზე, რადგან არ წაიყვანა. მან მოტყუებით გაგზავნა გარნიზონი ვითომ სურსათის მოსაპოვებლად და თვითონ შეიყვანა რომაელები, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი იქ იყო. მოგვიანებით მითრიდატე დედა-შვილს მაინც წაიყვანს და პასუხსაც აგებინებს. აპიანეს ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: „მითრიდატეს ჰქონდა ერთი გამაგრებული ადგილი მიწისქვეშა სამალავებით, რომელშიც რკინის ჩემოდნებით მალავდა დიდი რაოდენობით ფულსა და სპილენძს. მითრიდატეს ერთ-ერთმა საყვარელმა სტრატონიკამ, იცოდა აღნიშნული სამალავის შესახებ და მისი მეთვალყურეობა ჰქონდა დავალებული ვიდრე მითრიდატე შავი ზღვის ირგვლივ შემოვლას აწარმოებდა. ეს სტრატონიკა დაუკავშირდა პომპეუსს გადასცა სიმაგრე და გაანდო ამ საგანძურის საიდუმლოება, იმ პირობით, რომ პომპეუსი მის შვილს ქსითარას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუ ვინიცობაა იგი მას ხელში ჩაუვარდებოდა. პომპეუსი დაეუფლა ამ ფულებს, აღუთქვა მას, რომ ქსითარას გადაარჩენდა და ნება მისცა წაეღო საგანძურიდან თავისი საკუთარი ქონება.
ამ სამალავზე უნდა მოგვითხრობს აგრეთვე სტრაბონიც: „კაბირიდან არანაკლებ 200 სტადიონზე (35,6 კმ) მდებარეობს ბუნებრივად გამაგრებული ციცაბო კლდე – კენონ ხორიონი („ახალი ადგილი“). ამ კლდის თავიდან მოედინება დიდი რაოდენობის წყალი, ხოლო მის ძირში არის მდინარე და ღრმა უსფკრული. კლდის სიმაღლე თხემის ზემოთ იმდენად დიდია, რომ ის მიუწვდომელია; ამასთან მას ერტყმის გასაოცარი კედელი. მთელი ეს მხარე დაფარულია ხშირი ტყით, კლდიანია და უწყლო, ისე რომ 120 სტადიონზე (21.3 კმ) შეუძლებელია ბანაკის გაშლა. აქ ინახებოდა მითრიდატეს ყველაზე ძვირფასი განძეული, რომელიც პომპეუსმა შესწირა კაპიტოლიუმს და ახლაც იქ ინახება“.
66–65 წლებში პომპეუსი გადავიდა ტავრზე და დაუწყო ომი კომაგენას მეფე ანტიოქე I-ს (დაახლ. 70–40), ვიდრე უკანასკნელმა არ გააფორმა რომთან „მეგობრობისა და მოკავშირეობის“ ხელშეკრულება. მოგვიანებით ანტიოქესვე გადასცა ქ. სელევკია და მესოპოტამიის ყველა სხვა ოლქი, რომელიც მან ლაშქრობის დროს დაიპყრო.
შემდეგ რომის სარდალმა ომი დაიწყო მიდია-ატროპატენას მეფე დარიოსთან, რომელიც ჯერ ტიგრანს ეხმარებოდა, შემდეგ კი ანტიოქე კომაგენელს. დარიოსი დამარცხდა და გაიქცა. შემდეგ პომპეუსი ეომებოდა ნაბატეას მეფე არეტა III-ს (86–62) და იუდეველთა მეფე არისტობულეს ვიდრე არ აიღო იერუსალიმი. შემდეგ უბრძოლველად დაიმორჩილა კილიკიის აქამდე დაუმორჩილებელი ნაწილი, ფინიკია, დარჩენილი პალესტინა, იდუმეები, იტურეები და სხვა სირიული ხალხები.
პომპეუსი აღმოსავლეთში მოქმედებდა როგორც შეუზღუდავი მბრძანებელი და რომაელი ხალხის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იგი თავისი შეხედულებითა და სენატის შეუკითხავად ახდენდა ტერიტორიების გადანაწილებას, იხილავდა და წყვეტდა ადგილობრივ ხელისუფალთა შორის ატეხილ დავასა და შეხლა-შემოხლას, ამტკიცებდა ტახტის პრეტენდენტებს და აფართოებდა რომის პოლიტიკის ერთგულად გამტარებელი და ნება-სურვილის შემსრულებელი დინასტიების ჯგუფს.
64 წ. მან დაამთავრა პონტოს სამეფოს მოწყობა. იგი ორ ნაწილად გაჰყო: დასავლეთ ნაწილი ბითინიასთან შეაერთა და შექმნა ერთიანი პროვინცია „ბითინია და პონტო“, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი მისცა გალატიის ტეტრარქს დეიოტარს (ტოლისტობოგიების ბელადი), რომელიც გამოაცხადა კიდეც მთელი გალატიისა და ამ მხარეთა მეფედ. აპიანეს ცნობით: „მითრიდატეზე გამარჯვების შემდეგ პომპეუსმა მისცა მას ძველი სამფლობელოს გარდა პაფლაგონიის ნაწილი, მდ. ჰალისსა და ქ. ამისოსის შორის მდებარე ოლქი, ფარნაკიისა და ტრაპეზუნტის ოლქები კოლხიდამდე და მცირე არმენიამდე“. ევტროპიუსის ცნობით რომის სენატმა მცირე არმენიაც მიაკუთვნა.
კაპადოკიის ტახტზე აღადგინა არიობარზანე, რომელმაც ორი წლის შემდეგ მეფობა საკუთარ ძეს – არიობარზანე II-ს (62–51) გადაულოცა. აქედან პომპეუსი გადავიდა სირიაში და თავისებურად მოაწესრიგა იქაური გართულებული მდგომარეობა.
პომპეუსთან მივიდა ე.წ. სირიის მეფე ანტიოქე XIII სელევკიდი (67–64), რომელიც მხოლოდ ანტიოქიის ნაწილს ფლობდა და თხოვა მთელი სირიის გადაცემა. 65 წელს მას აუჯანყდა ბიძაშვილი ფილიპე II, რომელმაც ქვეყნის ერთი ნაწილი მიიტაცა და თავი მეფედ გამოაცხადა. 64 წელს სირიას შემოესივნენ არაბული ტომები. ემესასთან ბრძოლაში ანტიოქე XIII დაიღუპა. მაშინ რომის სარდალი იძულებული გახდა სირია რომის პროვინციად გამოეცხადებინა, რათა ამით არაბიზაციიდან ეხსნა. პროვინცია სირიაში შევიდა აგრეთვე კელესირია და ფინიკია. ფილიპე II-ს სამეფოდ კილიკია გამოუყვეს, სადაც იჯდა კიდეც, ვიდრე 56 წელს არ გარდაიცვალა. ამით სელევკიდების სახელმწიფოს ისტორია დასრულდა. 
*       *       *
ამასობაში მითრიდატემ დაასრულა პონტოს ზღვის შემოვლა და აიღო ბოსფორის სამეფოს მთავარი ქალაქი პანტიკაპეიონი (დაახლოებით ახლანდელი ქერჩის ადგილას), ევროპელთა მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილი პონტოს ზღვაზე და იქვე მოკლა კიდევ ერთი თავისი ვაჟი ქსითარე, დედამისის ჩადენილი დანაშაულის გამო. მითრიდატეს ამ დროს თავსთან ჰყავდა მოყვანილი დედა-შვილი და ამ დროს შეატყობინეს სტრატონიკეს ჩადენილი ღალატის შესახებ. განრისხებულმა პონტოს დევნილმა მეფემ მოკლა ქსითარე სრუტის ნაპირას, მისი დედის თვალწინ, რომელიც ამას მეორე ნაპირიდან უცქერდა, და მისი გვამი დაუმარხავად გადააგდო ზღვაში.
აპიანეს ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ მითრდატემ გაუგზავნა სირიაში მდგარ პომპეუსს ელჩები და შეუთვალა, რომ ხელს იღებდა მის მიერ დაპყრობილ მხარეებზე და მისი მამაპაპეული სამეფოს დაბრუნების სანაცვლოდ კისრულობდა ხარკის გადახდას რომის სახელმწიფოს წინაშე. პომპეუსმა მოითხოვა ტიგრანივით ისიც წვეოდა მას და პირადად ეთხოვა. მაშინ მითრიდატემ შეუთვალა რომ: „ვიდრე იგი მითრიდატედ დარჩება, ამაზე არასოდეს დათანხმდება, თუმცა გაუგზავნის შვილს ან მეგობარს“.
ხვდებოდა რა, რომ პომპეუსისგან თანხმობა არ იქნებოდა, პასუხისთვის არც დაუცდია, ისე შეუდგა ახალი არმიის შედგენას. საამისოდ ათავისუფლებდა მონებს, ამზადებდა სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღსა და მანქანებს, აგებდა საბრძოლო ხომალდებს, რისთვისაც ყველა ქვეშევრდომს დააკისრა გადასახადები.
მალე მითრიდატემ შექმნა 60 რჩეული რაზმი, თითო 600 კაციანი და აგრეთვე სხვა მებრძოლები. მათი წყალობით დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და შეუტიეს ფანაგორიას. როდესაც მითრიდატეს ჯარი შედიოდა ქალაქში, ერთმა ფანაგორიელმა, რომელიც ადრე მეფის ევნუხ („ევნუხი“ ნიშნავს „საძინებლის მცველს“. ევნუხები წარმოადგენდნენ მეფის პირად მცველებსა და მხლებლებს, რომლებიც ამავე დროს იყვნენ საჭურისები და არ ჰქონდათ დაქორწინების, ანდა შვილად აყვანის უფლება) ტრიფონს სასტიკად დაესაჯა, დაესხა მას, მოკლა და მოსახლეობას მოუწოდა დაებრუნებინათ თავისუფლება. მართალია ციხე-სიმაგრე უკვე დაეკავებინა არტაფერნ მითრიდატეს ძეს თავის ძმებთან ერთად, თუმცა ფანაგორიელებმა ალყა შემოარტყეს მთის მწვერვალს და დაწვეს იგი. მითრიდატეს ვაჟები – არტაფერნი, დარიოსი, ქსერქსე, ოკსატრი (ამათგან მხოლოდ არტაფერნი იყო 40 წლის, დანარჩენები კი ყმაწვილები იყვნენ.) და ასული ევპატრა ცეცხლისგან შეშიებულები დანებდნენ აჯანყებულთ და ტყვედ ჩაბარდნენ. მხოლოდ კლეოპატრა მითრიდატეს ასული აგრძელებდა წინააღმდეგობას. ამით ნასიამოვნებმა მეფემ გაგზავნა რაზმი და გამოიხსნა მამაცი ასული. როგორც კი ფანაგორიის აჯანყების წარმატების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მითრიდატეს განუდგა ქერსონესი, ფეოდოსია, ნიმფეი და ჩრდ. შავიზღვისპირეთის სხვა ქალაქები. მაშინ მითრიდატემ აქ შეკრებილი თავისი არმიისადმი ნდობა დაკარგა და თავისი ასულები ევნუხებითა და 500 კაციანი მცელი რაზმით გაგზავნა სკვითთა ბელადებთან, რათა ჯარის სანაცვლოდ ისინი მითრიდატეს ასულებზე დაქორწინდებოდნენ და მუდმივი მოკავშირენი გახდებოდნენ. როგორც კი რაზმი მითრიდატეს თვალს მიეფარა, ამბოხდა და მითრიდატეს ევნუხები დახოცეს, ხოლო გოგონები პომპეუსთან წაიყვანეს.
ამდენი შვილისა და ფაქტიურად მთელი სამეფოს დაკარგვის შემდეგ მითრიდატე არ ეშვებოდა რომის დაჩოქებაზე ოცნებას. იგი აქამდე დაუკავშირდა კელტებს (გალებს) და მუდმივ ურთიერთობაში იმყოფებოდა. ახლა მან გადაწყვიტა წასულიყო მათთან და იქედან შეჭრილიყო ჰანიბალივით იტალიაში, თუმცა მისი უკვე უახლოეს გარემოცვასაც აღარ სჯეროდა. გარემოცვა დაღლილი იყო ამდენი უშედეგო მოგზაურობებით, ომითა და მარცხით და რომთან შესარიგებელ გზას ეძებდა.
ამ უკმაყოფილო გარემოცვას სათავეში ჩაუდგა მითრიდატეს ძე ფარნაკე, რომელსაც მეფე ყველაზე მეტად ენდობოდა და თავის მემკვიდრეთაც ჰყავდა გამოცხადებული. იგი ფიქრობდა, რომ საქმე განწირული იყო და რომაელთა გულის მოსაგებად უკანასკნელი შანსი ჰქონდა (რომაელი ისტორიკოსის ველეი პატერკულის /ძვ.წ. I–ახ.წ. I/ ცნობით „პომპეუსმა აიძულა ფარნაკე დაეღუპა თავისი მამა“). მითრიდატემ ყველაფერი შეიტყო, შეთქმულები დააპატიმრა და წამებას შეუდგა. ამ დროს ერთმა მეგობარმა მენოფანმა დაარწმუნა მეფე, რომ ამოდენა გზაზე ლაშქრობის წინ არ ღირდა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მისთვის ასეთი ძვირფასი შვილის მოკვლა; მან უთხრა რომ ასეთი მოვლენები მოსდევს ომს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ყველაფერი მოგვარდება. მითრიდატემ აპატია შვილს, თუმცა ის იმავ საღამოს შეუდგა გეგმის განხორციელებას. პირველ რიგში მივიდა გადმობირებულ რომაელებთან, რომლებიც მითრიდატეს კარავთან ყველაზე ახლოს იდგნენ, აუხსნა მათ თუ რა რთული იქნება იტალიაზე გალაშქრება და რა საფრთხე ელით თუ დარჩებიან მითრიდატესთან, რის შემდეგაც თავის მხარეზე გადმოიყვანა. შემდეგ სხვა მახლობელ კარვებში მდგომებთან გაგზავნა თავისი მომხრეები და ისინიც გადმოიბირა. როდესაც დილით „გადმობირებულმა რომაელებმა“ დასცეს საომარი ყიჟინა, მათ აჰყვა გვერდით კარვებში მყოფნი და ფლოტი. დანარჩენები ამის დანახვაზე ან გადატრიალებას შეუერთდნენ, ანდა ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩნენ. მითრიდატემ გაიგონა რა მათი ყიჟინა გაუგზავნა კაცი საკითხავად თუ რა სურდათ. მათ დაუფარავად განაცხადეს: „ჩვენ გვინდა, რომ მეფე იყოს მისი შვილი, ახალგაზრდა იმ მოხუცის ნაცვლად, რომელიც მიენდო ევნუხების სურვილებს და მოკლა უკვე თავისი ბევრი ვაჟი, მეთაური და მეგობარი“.
ამ პასუხზე მითრიდატე გამოვიდა ბანაკიდან აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. ამ დროს მისი გვარდიის დიდი ნაწილი გადავიდა ფარნაკეს მხარეს მდგარ გადმობირებულ რომაელებთან, თუმცა იმათ პირდაპირ არ მიიღეს და მოთხოვეს მათ მხარეს დგომის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება. მაშინ გვარდიელებმა მოკლეს მითრიდატეს ცხენი, რომლითაც მოხუცი მეფე გაქცევას აპირებდა და თვლიდნენ უკვე თავს გამარჯვებულად გამოაცხადეს ფარნაკე მეფედ; ვიღაცამ მოიტანა მცენარის ღეროსგან დამზადებული გვირგვინი და დაადგა თავზე სამეფო დიადემის ნაცვლად. ხედავდა რა ამ ყველაფერს შემაღლებულ ადგილზე მდგარი მითრიდატე ერთი-მეორეს მიყოლებით უგზავნიდა ფარნაკს მაცნეებს და თხოვდა და უსაფრთხო გასასვლელს. რადგან არცერთი მაცნე უკან არ დაბრუნებულა მითრიდატემ ჩათვალა, რომ მას შეიპყრობდნენ და რომაელებს გადასცემდნენ, ამიტომ შეაქო და დიდი მადლობა გადაუხადა ჯერ კიდევ მასთან დარჩენილ თანამებრძოლებს და გაუშვა ახალ მეფესთან. იმათი ნაწილი სანამ მათი ფარნაკესთან მისვლის მიზანი გაირკვეოდა ამბოხებულმა ჯარისკაცებმა დახოცეს.
მითრიდატე ბოლოს დარჩა ორ ქალიშვილთან ერთად, გახსნა საწამლავი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. მისმა ქალიშვილებმა მითრიდატისმა (დანიშნული იყო ეგვიპტის მეფეზე) და ნისამ (დანიშნული იყო კიპროსის მეფეზე) მოისურვეს აგრეთვე საწამლავის შესმა და დიდი ხვეწნის შემდეგ დაარწმუნეს მამა. როცა სამივემ დალია, გოგონები უცებ დაიოხოცნენ, ხოლო მითრიდატეზე არ იმოქმედა, რადგან მუდმივად იღებდა საწამლავის საწინააღმდეგო წამალს. მაშინ დაინახა ახლოს მყოფი გალების მეთაური ბიტოიტი, (რომელიც ადრე ფარნაკეს მოსაკლავად გაგზავნა, თუმცა ახალ მეფეს მიემხრო და ახლა მითრიდატეს მოსაკლავად იყო გამოგზავნილი) და მიმართა: „მე ბევრი დახმარება გამიწია შენმა ხელმა ომებში, მაგრამ ყველაზე დიდ დახმარებას გამიწევ, თუ დაამთავრებ ჩემს სიცოცხლეს; რადგან მემუქრება სადღესასწაულო ტრიუმფზე გატარება, მე დიდი ხნის მანძილზე ამ ქვეყნის თვითმყრობელ მეფეს, არ შემიძლია მოვკვდე საწამლავით, რადგან ვიღებდი სხვა საწამლავებს ჩემი სულელური თავდაცვითი ღონისძიებების გამო. ყველაზე საშინელი და ასე ჩვეულებრივი საწამლავი მეფის ცხოვრებაში – ჯარის, შვილებისა და მეგობრების ღალატი – მე ვერ განვჭვრიტე, მე, რომელმაც განვჭვრიტე ყველა საწამლავი, რომელიც საჭმელთან ერთად მივირთვი და მოვახერხე მათგან თავი დამეღწია“. ბიტოიტი ამის მოსმენაზე დაღონდა და უხმოდ შეასრულა მეფის უკანასკნელი თხოვნა. ასე მოკვდა მითრიდატე. მან იცოცხლა 71 წელი, რომელთაგან 57 წელი იმეფა.
პლუტარქეს ცნობით: „პომპეუსი არაბეთში ლაშქრობისას ჯარის ვარჯიშით იყო გართული, როდესაც პონტოდან მასთან შიკრიკები მოვიდნენ. ფარნაკის წერილი, რომლითაც იგი მამის სიკვდილს აუწყებდა, პომპეუსმა ჯარს საჯაროდ წაუკითხა. ამ ამბის გამო სიხარულით აღფრთოვანებული მხედრობა, რაღა თქმა უნდა, მსხვერპლშეწირვების გამართვასა და საყოველთაო ქეიფ-დანიმებს მიეცა, თითქოს მას მითრიდატეს სახით მრავალი ათასი მტერი მოჰკვდომოდა“.
გახარებული პომპეუსი სასწრაფოდ ამისოში გაემგზავრა, სადაც დახვდა ფარნაკეს გამოგზავნილი საჩუქრები და პონტოს სამეფო ოჯახის მრავალი წევრის გვამი. მათ შორის იყო თვით მითრიდატეს ბალზამირებული ცხედარი, რომელიც ძნელი ამოსაცნობი იყო (რადგან მსახურებს ბალზამირებისას დაავიწყდათ ტვინის ამოღება); ამიტომ ამომცნობებმა მხოლოდ საბრძოლო ნაიარევებით მოახერხეს მისი ვინაობის დადასტურება. პომპეუსი დიდხანს გაკვირვებული აკვირდებოდა მეფის ძვირფას ტანისამოსსა და იარაღს. მითრიდატეს გვამის პირადად ნახვა არ ისურვა და სასწრაფოდ გაგზავნა სინოპეში, სადაც მისი ბრძანებით დიდი პატივით დაკრძალეს სამეფო სამარხში და მის მსახურებს უბრძანა დაეცვათ საფლავი.
ფარნაკემ საჩუქრების სანაცვლოდ რომის სარდალს თხოვა დაეთმო ან პონტოს, ანდა ბოსფორის სამეფო. პომპეუსმა ფარნაკეს მისცა ბოსფორის სამეფო ქ. ფანაგორიას გარეშე. ფანაგორიას კი მისცა ავტონომიური ქალაქის სტატუსი.
პომპეუსმა 63 წ. პონტოს კომანის ქურუმად დანიშნა არქელაოსი და მიუმატა მის სამფლობელოს ირგვლივ მდებარე 2 სხენი (60 სტადიონი) მიწა და უბრძანა მის მცხოვრებთ დამორჩილებოდნენ მას. არქელაოსს ექვემდებარებოდა ტაძრის 6000-მდე მონა, თუმცა არ ჰქონდა მათი გაყიდვის უფლება. ეს არქელაოსი იყო იმ არქელაოსის (მითრიდატეს სარდალი, რომელიც ძვ.წ. 84 წლიდან რომაელების მხარეს გადავიდა) ვაჟი, რომელმაც სულასა და სენატისგან მიიღო საჩუქრები, ხოლო რომის „მეგობრის“ სტატუსი კონსულ გაბინიუსისგან. როდესაც გაბინიუსი გაგზავნილ იქნა სირიაში (ძვ.წ. 57 წ.) არქელაოსი გაემგზავრა იქ, რათა მიეღო მონაწილეობა პართიასთან ომის სამზადისში, თუმცა სენატმა არ მისცა ამის უფლება. არქელაოსი ამან დაამწუხრა, თუმცა მალე უკეთესი საქმე გამოუჩნდა. ამ დროს ეგვიპტელებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ფარაონი პტოლემეოსი (პტოლემეოს XII, ფარაონი 80–58; 55–51 წლ.), ძალაუფლება ხელთ იგდეს მისმა ქალიშვილებმა კლეოპატრა VI-მ, (58–57 წლ.) და ბერნიკა IV-მ (58–55 წლ.). ბერნიკამ განდევნა კლეოპატრა და ეგვიპტის სამეფო კარი მისთვის შესაბამის საქმროს ეძებდა. მაშინ არქელაოსმა გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ალექსანდრიაში და წარუდგინა საკუთარი კანდიდატურა, როგორც „მითრიდატე ევპატორის ვაჟმა“. მისი წინადადება მიიღეს და არქელაოსი ეგვიპტეში 6 თვე მეფობდა (ძალაუფლება არ ჰქონია, რადგან არც აინტერესებდა), ვიდრე არ დაიბრუნა ტახტი პტოლემაიოსმა, რის შემდეგაც გაბინიუსმა მოკლა არქელაოსი.
არქელაოსის შემდეგ კომანის ქურუმი იყო ჯერ მისი ძე სახელით ასევე არქელაოსი (55-47), ხოლო მისი გადაყენების შემდეგ კეისარმა დანიშნა ლიკომედი, რომელსაც მიუმატეს კიდევ 4 სხენი სამფლობელო. მისი დაბერების შემდეგ კი ქურუმად ოქტავიანე ავგუსტუსმა დანიშნა დიტევტ ადიატორიგის ძე.
პომპეუსმა გარდაქმნა ზელიტიდას წმინდა მხარეც. სალოცავის ტერიტორიას მიუმატა მეზობელი მიწები და ასე ჩამოაყალიბა ქალაქი ზელა; უკანასკნელს კი შეუერთა კულუპენას და კამისენას მხარეები (ეს მხარეები მდებარეობენ მცირე არმენიისა და ლავიანსენას საზღვართან).
იმ დროს მდგომარეობა იუდეაშიც გართულებული იყო. სამეფო ტახტისათვის აქ ერთმანეთს ებრძოდნენ ძმები ჰირკანე და არისტობულე. პირველი ორთოდოქსალური დოგმატიკის მომხრე პარტიას ემყარებოდა. ეს პარტია სასულიერო წოდების ინტერესებს გამოხატავდა და იბრძოდა ისეთი საეკლესიო თემის შექმნისათვის რომელიც საერო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი იქნებოდა. მეორეს მხარს უჭერდნენ სადუკეველნი, რომელთა მიზანი ძლიერი საერო სახელმწიფოს შექმნა იყო. ეს პარტია უმთავრესად ვაჭრების, ელინიზებული ინტელიგენციისა და სამხედრო წრეებისაგან შედგებოდა.
პომპეუსი გაბრუნდა პალესტინაში, უბრძოლველად გაიმარჯვა ჰირკანეზე, რადგან მას უმნიშვნელო ძალები ჰყავდა და მტრის მხარეზე გადავიდა. არისტობულე წინააღმდეგ წავიდა, ამიტომ გამოკეტა ერთ ადგილზე მოთხოვნით მიეცა ფული და დანებებულიყო იერუსალიმში მდგარი მისი გარნიზონი. არისტობულემ უარი თქვა და ბორკილები დაადეს. ამის შემდეგ ადვილად დაამარცხა მისი მომხრეები და ალყა შემოარტყა იერუსალიმს. ქალაქის დიდი ნაწილი, რომელიც ჰირკანს ექვემდებარებოდა ადვილად აიღო, მაგრამ ტაძარი, რომელიც მაღლობზე იყო და კედლით იყო გარშემორტყმული და არისტობულეს ხალხი იცავდა მედგრად შეხვდა მოწინააღმდეგეს და პომპეუსმა ვერ აიღო. ბოლოს დღესასწაულზე (სატურნის დღე), როდესაც ტაძრის მცველები არაფერს აკეთებდნენ რომაელებმა შეანგრიეს კედელი, აიღეს ტაძარი და მთელი სიმდიდრე ხელთ იგდეს. მთელი სამეფო გადაეცა ჰირკანეს.
პომპეუსმა იუდეას ჩამოართვა დაპყრობილი ტერიტორიები და იგი სირიის პროვინციის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა, მაგრამ ერთგვარი ავტონომია დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ პომპეუსი მფარველობას იჩენდა ბერძნული ქალაქებისადმი და თვითონაც აარსებდა ახალ ქალაქებს, რომლებიც ერთგვარად ხელს უწყობდნენ აღმოსავლეთში ელინისტური კულტურის გავრცელებას. აპიანეს ცნობით პომპეუსმა მცირე არმენიაში, იქ სადაც მითრიდატე უკანასკნელად დაამარცხა ააგო ქალაქი, რომელსაც ნიკოპოლისი უწოდა (ანუ გამარჯვების ქალაქი, მდებარეობდა ლიკოსის ნაპირებთან). მან აღადგინა ომის შედეგად განადგურებული ევპატორია და უწოდა მაგნოპოლისი. აღადგინა მაზაკა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა კესარია.
62 წლის ბოლოს პომპეუსმა ლაშქარი უხვად დააჯილდოვა, თვითონ ეფესოში გასცურა და რომისაკენ გაეშურა, ხოლო ლაშქარი ბრუნდიზიუმშივე შინ გაუშვა. ამ საქციელით მან რომაელები განაცვიფრა. იგი ტრიუმფით შევიდა ქალაქში (61 წ.).
მან ნავსადგურებში შემოიყვანა 700 სავსე ხომალდი, ხოლო ამ საზეიმო მსვლელობისას მოჰქონდათ ეტლები და ტახტრევნები ოქროთი და ნაირნაირი სამკაულებით შემკობილები, დიდძალი ფული, ვერცხლი, იარაღი და მოჰყავდათ უამრავი ტყვე, რომლებიც თავიანთი სამშობლოს წესის მიხედვით იყვნენ გამოწყობილნი.
პომპეუსის მესამე ტრიუმფი მეტისმეტად დიდი და ბრწყინვალე იყოო, მოგვითხრობს პლუტარქე. ზეიმის გადახდა ორ დღეზე განაწილდა, დრო მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ზეიმის დროს წინ მიჰქონდათ დაფები იმ ქვეყნებისა და ხალხების სახელთა აღნიშვნით, რომელნიც კი პომპეუსმა დაამარცხა.
სახელმწიფო ხაზინაში ლითონის ფულის, ოქროსა და ვერცხლის ნივთების სახით შეტანილ იქნა 20000 ტალანტი იმის ჩაუთვლელად რაც ჯარისკაცებს დაურიგდათ.
აპიანეს ცნობით, ტრიუმფს საზეიმო განწყობას მატებდა აღმოსავლეთის დამარცხებული სამეფოს ოჯახის წევრები. იგი წერს, პომპეუსის ეტლს წინ მიუძღოდნენ დიდებულები, მეფეების შვილები და სარდლები, ნაწილი ტყვეების, ხოლო ნაწილი მძევლების სახით – მათი რიცხვი იყო 324. აქ იყო ტიგრან ტიგრანის ძე, მითრიდატეს ხუთი ვაჟი /არტაფერნე, კიროსი, ოკსატრი, დარიოსი, ქსერქსე/ და ორი ასული /ორსაბარისი, ევპატრა/. მოდიოდა კოლხების მეფე ოლთაკე და იუდეის მეფე არისტობულე, იბერთა სამი და ალბანთა ორი წინამძღოლი, კილიკიელთა მმართველები, სკვთების სამეფო ქალები, მითრიდატეს კავალერიის სარდალი მენანდრ ლაოდიკელი. აპიანეს ჩამოთვლილი აქვს აგრეთვე აზიის ყველა დამარცხებული ხალხის მეფე-მთავრები. „ორდღიანი ტრიუმფის შემდეგ, პომპეუსმა ტყვეები, სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა გარდა, სახელმწიფო ხარჯით სამშობლოში დააბრუნა. სიკვდილით დასაჯა მხოლოდ ორი მეფე, იუდეის არისტობულე და სომხეთის ტიგრანი“. ამ რეალობიდან გამომდინარე, ოლთაკე, როგორც მეფე, ტყვეობაში დარჩებოდა. ოლთაკე კიდეც რომ გაეთავისუფლებინათ, მას მოუწევდა დაბრუნება დანდარიების ტომში, მდ. ყუბანისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე, რადგან რომაელებს კოლხეთში სულ სხვა ხელისუფალი ჰყავდათ დანიშნული.
პლუტარქეს პომპეუსის ტრიუმფზე მოხსენიებული აქვს მხოლოდ დამორჩილებული ქვეყნები. მისი სიტყვებით, საზეიმო პროცესიაზე მოჰქონდათ დაფები, რომლებზედაც ჩამოწერილი იყო დამარცხებული ქვეყნების სია: პონტო, სომხეთი, კაპადოკია, პაფლაგონია, მიდია, კოლხეთი, იბერები, ალბანელები, სირია, კილიკია, მესოპოტამია, ფინიკიისა და პალესტინის ტომები, იუდეა, არაბეთი.
ევტროპიუსს პომპეუსის ტრიუმფზე კოლხები და იბერები დასახელებული არ ჰყავს. „რომის მოკლე ისტორიაში“ ტყვეების სახით მითითებული არიან მითრიდატეს, ტიგრანისა და არისტობულეს შვილები.

1 комментарий: