четверг, 9 декабря 2021 г.

პონტოს სამეფოს ბოლო პერიოდი (უ. მურღულია)

1. პირველი ტრიუმვირატი რომში
პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში და აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. პომპეუსი იყო უდიდესი სარდალი, მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში გაუბედავი, რის გამოც ვერ ბედავდა თავისი ნამდვილი სწრაფვა პირველობისათვის გამოემჟღავნებინა და ამ გზაზე სენატს დაპირისპირებოდა.
ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა ყოფილი პრეტორი გაიუს იულიუს კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. მას ჰქონდა ხალხის სიყვარული, მაგრამ არც ფული ჰქონდა და არც არმია რომ სენატზე ზეგავლენა მოეხდინა და კონსული გამხდარიყო.
ძალაუფლებისკენ მიისწრაფვოდა რომის უმდიდრესი ადამიანი ლიცინიუს კრასუსი, რომელმაც ქონება სულას რეპრესიების დროს დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ მონათა უდიდესი აჯანყება (ე.წ. სპარტაკის აჯანყება ძვ.წ. 74–71) ჩააქრო, ხალხის სიყვარული მაინც ვერ მოიპოვა.
ამრიგად, ყველანაირი პირობა არსებობდა აღნიშნული სამეულის ერთობა ჩამოყალიბებულიყო, რადგან მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ საკუთარი იდეების განსახორციელებლად.
პირველი ამოქმედდა სამეულთაგან ყველაზე ჭკვიანი იულიუს კეისარი, რომელიც დაუკავშირდა გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს, რის შედეგადაც ძვ.წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს – „პირველ ტრიუმვირატს“ მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი).
ტრიუმვირებმა ქვეყანაზე სრული ძალაუფლება მოიპოვეს და სენატის არსებობა ფორმალობად აქციეს. 59 წლისთვის კეისარი არჩეული იქნა კონსულად, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ 5 წლით მიიღებდა გალიაში მმართველობას, რაც მას ჯარის შეკრების უფლებას აძლევდა. ახალ ადგილას კეისარმა დაიწყო რომის ძალაუფლების გამაგრება. ეს პერიოდი ისტორიაში გალური ომების სახელწოდებით არის ცნობილი.
ძვ.წ. 56 წელს ტრიუმვირები შეიკრიბნენ ქალაქ ლუკაში. აქ მოილაპარაკეს რომ კრასუსი და პომპეუსი კონსულები უნდა გამხდარიყვნენ, რის შემდეგაც პომპეუსს უნდა მიეღო მმართველობა ესპანეთსა და აფრიკაში, მას ლეგატების მეშვეობით უნდა ემართა, თვითონ კი რომში დარჩენილიყო, ხოლო კრასუსს უნდა მიეღო პროვინცია სირია და პართიის წინააღმდეგ ომისთვის დაეწყო მზადება.
კეისარს უფლებამოსილება გალიაში კიდევ 5 წლით გაუგრძელდა. მან მთელი გალია რომის საკუთრებად აქცია, გერმანული ტომები რეინს იქეთ გაყარა და გაილაშქრა ბრიტანეთისკენ.
ძვ.წ. 54 წელს გარდაიცვალა კეისარის შვილი, პომპეუსის მეუღლე იულია, რამაც კეისარსა და პომპეუსს შორის ურთიერთობა დაძაბა. ძვ.წ. 53 წელს პართიელებთან ომში დაიღუპა კრასუსი, რის შედეგადაც პირველმა ტრიუმვირატმა არსებობა შეწყვიტა.
სანამ პომპეუსი რომში განცხრომით ცხოვრობდა და მისი ლეგენდარული მიღწევები დავიწყებას ეძლეოდა, კეისარი გალიაში ერთი-მეორეზე გამარჯვებებს აღწევდა და მისი სახელი რომში ქუხდა. ამით განრისხებული პომპეუსი ძვ.წ. 52 წელს გადავიდა სენატის პარტიის მხარეს, რომელსაც ფილოსოფოსი ტულიუს ციცერონი მეთაურობდა. შედეგად ის კვლავ გახდა კონსული და კეისრის მომხრეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.
გალიის დაპყრობის დასრულების შემდეგ კეისარმა გადაწყვიტა ძვ.წ. 49 წელს კონსულის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ პომპეუსმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კეისარს ლეგიონების დათხოვნამდე არ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ლეგიონების გარეშე რომში ჩასვლა კი მის დაპატიმრებას ნიშნავდა, ამიტომ იულიუსმა არ იყო ყურად სენატის მოთხოვნა ჯარით არ გადმოელახა იტალიის საზღვარი.
49 წლის 10 იანვარს კეისარმა გადმოლახა პატარა მდინარე რუბიკონი (რომელიც იტალიას და გალიას ჰყოფდა) და განაცხადა „alea iacta est“ – „წილი ნაყარია“. სამოქალაქო ომი დაიწყო.
კეისარს მხარს მისი ვეტერანები, რომაული პლებსი, არისტოკრატიის ნაწილი და მხედართა ფენა უჭერდნენ. პომპეუსს კი მხოლოდ სენატი და მდიდარი მიწათმფლობელები. ძალების ამ განლაგების პირობებში პომპეუსს არ შეეძლო ჯარის შეკრება, რომელიც კეისარს აღუდგებოდა, ამიტომ მან მომხრეებთან ერთად დატოვა რომი და საბერძნეთში წავიდა ჯარების შესაკრებად. კეისარმა იტალია უბრძოლველად დაიკავა, რის შემდეგაც მან არ დაიწყო რეპრესიები და ღიად დაგმო სულას ტერორისტული რეჟიმი, რითაც მდიდარი მიწათმფლობელების მხარდაჭერა მოიპოვა.
უპირველეს ყოვლისა კეისარმა დაამარცხა პომპეუსის მომხრეები ესპანეთში, შემდეგ გადასხა ჯარები ეპირში, სადაც ბევრმა ქალაქმა მას დაუჭირა მხარი. პირველი შეტაკება დირაქიუმთან (48 წლის 10 ივნისი) კეისრის ორჯერ მცირე არმიის მარცხით დასრულდა და გაქცეული კეისარი იმან იხსნა რომ, პომპეუსმა საქმე გათავებულად ჩათვალა და აღარ დაედევნა. კეისარმა სწრაფად შესძლო ჯარების ორგანიზება და გადამწყვეტი ბრძოლა ქ. ფარსალოსთან (48 წ. 9 აგვისტოს) ბრწყინვალედ მოიგო (მას 30000 მებრძოლი ჰყავდა, პომპეუსს 50–55000). პომპეუსს მთელი არმია დაეფანტა და ლამის მარტოხელა გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მუხანათურად მოკლეს (48 წლის 29 სექტემბერი) ეგვიპტის რეგენტის ბრძანებით, რათა ამით კეისრის გული მოეგოთ.
კეისარი თავისი ლაშქრით გაემართა ეგვიპტისკენ, მოკლა პომპეუსის მკვლელობაში ბრალდებული რეგენტი, მძიმე ბრძოლის შედეგად დაამარცხა 14 წლის პტოლომეუს XIII (51–47) და მთელი ძალაუფლება გადასცა მის თანამმართველს, დასა და მეუღლეს – კლეოპატრა VII-ს (51–30), რომელიც ამჯერად მეორე ძმაზე, მცირეწლოვან პტოლომეუს XIV-ზე (47–44) დააქორწინა და ამავე დროს საყვარლად დაისვა.
2. კოლხთა მეფე არისტარქე და ფარნაკე II
ძვ.წ. 65 წელს დამარცხებული და იმედგადაწურული მითრიდატე ევპატორი ჩრდილოეთის მიმართულებით გაიჭრა, რათა ტყვეობიდან თავი დაეხსნა. ძლევამოსილი რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი ევპატორის გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების დალაშქვრას შეუდგა. სომხეთიდან დაძრული პომპეუსი იბერიაში შემოვიდა. იბერიის მეფე არტაგმა (ანტიკური ავტორების არტოკე, არტაკი) მტრის შეჩერება ვერ შეძლო, დამარცხდა, მაგრამ ტახტი საჩუქრებითა და მძევლების გადაცემით შეინარჩუნა. იბერია რომაელთა „მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა.
რომაული ლაშქრობების გარეთ რჩებოდა მითრიდატეს უკანასკნელი დასაყრდენი კოლხეთი, სადაც პონტოს მეფეს თავისი ხელისუფლების დამცველი „გამგებელი“ თუ „მეფე“ ჰყავდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთებით. რომის ლეგიონერები იბერიიდან კოლხეთში გადავიდნენ, დაამარცხეს აქ დაბანაკებული პონტოს არმია, რომელსაც სათავეში ედგა კოლხეთის „მეფე“ ოლთაკე, დაატყვევეს იგი და მის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დანიშნეს არისტარქე. ვინ იყო არისტარქე, ან რა დამსახურების გამო მიიღო მან კოლხეთის „მეფის“ ტიტული, ანტიკური ავტორები ინფორმაციას არ გვაწვდიან.
რომაული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია საოცრად დახვეწილი იყო. მსოფლიოზე საბატონოდ ამხედრებულები დაპყრობილ ქვეყნებს უწყინარი და ლმობიერი „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ აცხადებდნენ. ხელისუფლად უნიშნავდნენ ადგილობრივი წარმომავლობის დიდებულებს, ანიჭებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას, ნაკლებად ერეოდნენ საშინაო საქმეებში, მაგრამ უნდა დაეკმაყოფილებინათ მთავარი მოთხოვნა: დამორჩილებოდნენ საერთო რომაულ ინტერესებს.
პომპეუსის მიერ არისტარქეს კოლხეთის „მეფედ“ დასმა (თუმცა იგი თავის თავს მეფეს არ უწოდებდა) რომაული აღმოსავლური პოლიტიკის კანონზომიერი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო. აპიანეს თანახმად, გამარჯვებულმა პომპეუსმა აღმოსავლეთის დამორჩილებული ხალხები რამდენიმე კატეგორიად დაჰყო. ზოგიერთებს დაუტოვა ავტონომია (ომში გამოვლენილი მხარდაჭერისათვის), ზოგიერთები დაუქვემდებარა რომაელებს, ზოგს აღუდგინა სამეფო ხელისუფლება. აპიანეს ჩამოთვლილი აქვს გვირგვინოსნები: ტიგრანი – სომხეთში, ფარნაკე – ბოსფორში, არიობარზანი – კაპადოკიაში… პომპეუსის განკარგულებით დაინიშნენ აგრეთვე გალატიის ტეტრარქები, პაფლაგონიელების მეფეები, კოლხების მეფე არისტარქე.
აპიანეს დასახელებული ყველა მეფე-მთავარი ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი იყო. ამ რეალობიდან გამომდინარე, არისტარქეს კოლხობა საეჭვო არ არის.
საყურადღებოა დიონ კასიოსის მსჯელობა კოლხეთში რომაელების ლაშქრობასთან დაკავშირებით. ისტორიკოსი მოკლედ წერს, რომ პომპეუსმა „გაიარა კოლხებისა და მათი მეზობლების მიწაზე, თან მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით“. გამოდის, რომ პომპეუსს კოლხეთში ბრძოლები არ უწარმოებია და მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებით მიიკვლევდა გზას და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მოულოდნელია კოლხების მოქმედება, მტერთან მუდამ შეუპოვრები, ამჯერად რომაელებს უომრად დანებდნენ. ამ იშვიათი მოვლენის მიზეზად უნდა ჩაითვალოს არისტარქე, იგი უნდა წარმოვიდგინოთ თვისტომებთან მოლაპარაკების მთავარ ინიციატორად და უცხოელი ოლთაკეს საწინააღმდეგო განწყობის გამაძლიერებლად. როგორ ჩანს ადგილობრივი არისტოკრატის არისტარქეს სათავეში დაყენებით კოლხები ფიქრობდნენ, რომ ამით ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.
პომპეუსის გადაწყვეტილებით, ოლთაკეს ნაცვლად, კოლხეთის ხელისუფალი გახდა არისტარქე, რომელსაც ევტროპიუსი მეფეს უწოდებს, აპიანე – ტეტრაქს. რომაული გაგებით ტეტრარქი ნიშნავდა ქვეყნის მეოთხედის მმართველს. თუ ამ განმარტებას სინამდვილედ მივიჩნევთ, არისტარქე არ წარმოადგენდა ერთიანი კოლხეთის ხელისუფალს, მაგრამ წყაროები ამის შესახებ ცნობებს არ გვაწვდიან. უნდა აღინიშნოს, რომ არისტარქეს მოღვაწეობას ანტიკური ავტორების ყურადღება აღარ დაუმსახურებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმნიშვნელო ფიგურა იყო ძველი საქართველოს ისტორიაში. არისტარქეს შესახებ არსებულ მწირ ცნობებს ავსებს ნუმიზმატიკური მონაცემები. მოღწეულ ექვს მონეტაზე ამოტვიფრულია არისტარქეს სახელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მონეტებზე მითითებულია მოჭრის თარიღი, არისტარქეს მმართველობის XII წელი. სადავო არ არის, რომ პომპეუსმა კოლხეთში ილაშქრა ძვ.წ. 65 წელს. იგულისხმება, იმავე წელს გადაეცა ხელისუფლება არისტარქეს. არისტარქეს მმართველობის XII წელი იყო ძვ.წ. 53 წელი. მონეტების მოჭრის ზუსტი თარიღია ძვ.წ. 53 წელი. ამ მონეტებით ამიწურება ინფორმაცია არისტარქეს, როგორც კოლხეთის მმართველის შესახებ.
რომაული ორიენტაციის კოლხი არისტარქე აკმაყოფილებდა პომპეუსის მოთხოვნებს. იგი წლების განმავლობაში, ნომინალური დამოუკიდებლობის გაწონასწორებული ქმედებებით მართავდა კოლხეთს.
ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში კოლხეთი მითრიდატიდების ახალი აგრესიის არეალში აღმოჩნდა. რომაული მფარველობის ქვეშ მყოფი არისტარქეს მშვიდი მმართველობა ძვ.წ. 49/48 წელს დაირღვა. ამჯერად კოლხეთმა განიცადა ბოსფორის მეფის ფარნაკეს გამანადგურებელი თავდასხმა.
როდესაც კეისარსა და პომპეუსს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, სენატს მცირე აზიისთვის აღარ ეცალა, რითაც ისარგებლა ფარნაკმა და მამამისის იმპერიის აღდგენას შეუდგა. პირველ რიგში ალყა შემოარტყა ფანაგორიასა და მის მეზობელ თავისუფალ ქალაქებს. შიმშილისგან შეწუხებული ფანაგორიელები ბოლოს ქალაქიდან გამოიჭრნენ, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ფარნაკმა ხელი არ ახლო ქალაქს, გააფორმა მათთან მეგობრული კავშირის ხელშეკრულება, გამოართვა მძევლები და გზა განაგრძო.
დიონ კასიუსი მოგვითხრობს: „რადგან რომაელები მაშინ საკუთარ საქმეებში იყვნენ გართული, ხოლო შემდეგ ეგვიპტეში დაკავებული, ფარნაკემ ადვილად დაიპყრო მთელი კოლხიდა (სტრაბონის ცნობით აქ მან პირველად გაძარცვა ლევკოთეას ტაძარი) და მთელი არმენია დეიოტარეს იქ არყოფნისას და დაიმორჩილა კაპადოკიის ნაწილი და პონტოს ზოგიერთი ქალაქი, რომელიც ბითინიის ოლქთან იყო შეერთებული.
როდესაც ფარნაკე ასე მოქმედებდა, კეისარი თვით არ დაიძრა ეგვიპტიდან, რადგან ეგვიპტე არ იყო საბოლოოდ მოწყობილი და იმედი ჰქონდა სხვების მეშვეობით დაამარცხებდა და გაგზავნა გნეიუს დომიციუს კალვინიუსი, რომელსაც ჩააბარა „აზია“ და ჯარი. უკანასკნელმა შეიერთა დეიოტარე და არიობარზანე და დაიძრა პირდაპირ ფარნაკეს წინააღმდეგ, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ნიკოპოლისში (მცირე არმენიაში) იმყოფებოდა. როდესაც დომიციუსის მოახლოებით შეშინებულმა ფარნაკემ გამოთქვა მზადყოფნა დაზავებაზე მოლაპარაკების საწარმოებლად, დომიციუსმა ქედმაღლურად უარი თქვა და მეტოქეს ნიკოპოლთან ახლოს შეებრძოლა. პონტოელებმა მოიგეს და რომაელთა სამი ლეგიონიდან 2 სრულად განადგურდა. დომიციუსი აზიაში (პერგამონში) გაიქცა. გაამაყებულმა ფარნაკემ კი დაიპყრო პონტოს სხვა ოლქები (სინოპეს ჩათვლით), მედგარი წინააღმდეგობის გარეშე აიღო და გაძარცვა ამისოსი (ძვ.წ. 48 წ.), დახოცა აქ ყველა სრულასაკოვანი მოქალაქე (ფარნაკე ძარცვავდა როგორც რომაელ ისე პონტოელ მდიდარ მოქალაქეებს სხვა ქალაქებშიც) და გაემართა ბითინიასა და აზიაში იმავე იმედებით, რომელიც მამამისს ჰქონდა; მაგრამ, რადგან ამ დროს მიიღო ცნობა ბოსფორის მმართველად მის მიერ დანიშნული ასანდრეს აჯანყების შესახებ, აღარ გააგრძელა წინსვლა. ამ ასანდრემ, როგორც კი გაიგო, რომ ფარნაკე მისგან შორს წავიდა და მიხვდა, რომ თუ კი ეხლა ის (ფარნაკე) შეძლებს თავისი ზრახვების დაფარვას, ბოლოს საქმე მაინც ვერ დამთავრდება კეთილად, აჯანყება მოაწყო მის წინააღმდეგ, რადგან უნდოდა რომაელთა გული მოეგო და მათგან ბოსფორში ძალაუფლება მიეღო.
როდესაც ფარნაკე დაიძრა მის წინააღმდეგ, ამ დროს მოუვიდა ცნობა, რომ კეისარი გზაშია და მოიჩქარის არმენიისკენო. მართლაც პტოლემაოისის სიკვდილისა და დომიციუსის დამარცხების შემდეგ კეისარი უხერხულად და უსარგებლოდ თვლიდა თავის ყოფნას ეგვიპტეში“. 47 წლის მაისში კეისარი მცირე აზიისკენ დაიძრა, პონტოში შეიჭრა და ქალაქ ზელასთან (გაძიურას მახლობლად, აწინდელი ზილეჰი) ციცაბო ფერდობზე მოაწყო სამხედრო ბანაკი. წარმატებებით გაამაყებულმა ფარნაკემ ყურადღება არ მიაქცია მეტოქის სტრატეგიულ უპირატესობას და შეუტია, რის შემდეგაც სასტიკი მარცხი განიცადა და ბრძოლის ვველიდან მოკურცხლა. ამ დროიდან დამკვიდრდა კეისრის ცნობილი ფრაზა „veni, vidi, vici“ – „მიველ, ვნახე, დავამარცხე“.
ფარნაკე 1000 მხედრით გაიქცა სინოპში. კეისარმა მას დაადევნა დომიციუსი, რომელთანაც ფარნაკემ დადო ზავი, რომლითაც ფარნაკემ გადასცა სინოპე, ხოლო საპასუხოდ თავის მხედრებთან ერთამ მიიღო მშვიდად წასვლის უფლება. ფარნაკემ დაახოცინა ცხენები და გემებით დაბრუნდა ყირიმში ახალი არმიის შესაქმნელად. აქ მან შეკრიბა სკვითები და სარმატები, რომელთა დახმარებით ფეოდოსია და პანტიკაპეა დაიპყრო, თუმცა ბოლოს ასანდრესთან ბრძოლაში ფარნაკე დამარცხდა და დაიღუპა. ბოსფორის ტახტზე ასანდრე დაჯდა (47–17 წლ.), რომელმაც ცოლად ფარნაკეს ასული დინამია შეირთო.
„ფარნაკეს წასვლის შემდეგ კეისარმა კვლავ დაიმორჩილა ყველა ოლქი, რომელიც ფარნაკემ რომაელებს წაართვა და ყველაფერი ძველ მფლობელებს დაუბრუნა, არმენიის ნაწილის გარდა, რომელიც არიობარზანეს აჩუქა. მან ჯილდოდ თავისუფლება მიანიჭა ამისოსელებს, მისცა მითრიდატე პერგამონელს გალატიის ტეტრარქობა მეფის წოდებით“ – მოგვითხრობს კასიუსი.
იულიუს კეისარმა არ ცნო ასანდრეს ხელისუფლება ბოსფორში და მისი ხელისუფლების დამხობა თავის მოკავშირე მითრიდატე პერგამონელს დაავალა, რომელიც თავს მითრიდატე ევპატორის უკანონო შვილად ასაღებდა. მითრიდატე დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას, შეიჭრა მოსხების ქვეყანაში, გაძარცვა ლევკოთეას საკურთხეველი, დალაშქრა კოლხეთი, მიაღწია ბოსფორამდე, მაგრამ ასანდრეს ვერაფერი დააკლო და ბრძოლაში თვითონ დაიღუპა (ძვ.წ. 47 წელს).
კოლხეთი ბოსფორის მოვლენებს შეეწირა. სამი წლის განმავლობაში ჩრდილოეთიდან ფარნაკემ, ხოლო სამხრეთიდან მითრიდატე პერგამონელმა არისტარქეს სამფლობელო მიწასთან გაასწორეს.
ქართველ არქეოლოგთა მრავალწლიანი შრომის შედეგად დადგენილია, რომ ანტიკური ქალაქის ვანის ნანგრევებად ქცევა მოხდა ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში. ეს კი ზუსტად ის დროა, როდესაც კოლხეთში ილაშქრეს ფარნაკემ და მითრიდატე პერგამონელმა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. არქეოლოგიამ აღმოაჩინა ის, რაც ფრაგმენტულად იყო მითითებული ანტიკურ წყაროებში.
ბოსფორიდან დაძრულ ნიაღვარს, რომელსაც მცირე აზიის პოლიტიკური სურათის შეცვლა ჰქონდა განზრახული, თავისი ძლიერების პირველი დემონსტრირება კოლხეთში მოუხდა. უზარმაზარი სამხედრო ძალის სათავეში მდგომ ფარნაკეს, არისტარქემ შესაფერისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა.
ფარნაკე, როგორც მითრიდატე VI-ის მემკვიდრე, კოლხეთს თავის სამფლობელოდ თვლიდა და მოითხოვდა მამისეული უფლებების აღდგენას. ამ ლოგიკით, არისტარქე ქვეყნის არაკანონიერი მპყრობელი იყო, მითრიდატეს ძე კი იბრძოდა კანონიერების აღსადგენად. ამ პრინციპით გააგრძელა მან ბრძოლები მცირე აზიის მიმართულებით. დასაწყისში საგრძნობ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ სრული მარცხი განიცადა. ხანმოკლე აფეთქების შედეგად, მითრიდატე ევპატორის ძემ მოასწრო და კოლხეთი ნანგრევების ქვეყნად დატოვა. რაც ფარნაკეს გადაურჩა, მას ბოლო მოუღო მითრიდატე პერგამონელმა.
საყურადღებოა იმის ხაზგასმაც, რომ დასავლეთ საქართველოს მრავალი ქალაქის ნაქალაქარად ქცევა ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება, რაშიც კარგად ჩანს საერთო მტრის ნამოქმედარი. მოულოდნელად შემოჭრილმა ფარნაკეს ლაშქარმა ყველაფერი ცეცხლს მისცა.
რომის აღმოსავლური პოლიტიკის არეალში მოქცევამ კოლხეთს შედარებით წინა პერიოდთან, დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მისცა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე მას არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობაზე. არისტარქეს ეპოქის განსაკუთრებულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს მონეტის მოჭრა, რაც გამომდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკური მოთხოვნილებებით. კოლხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების ნაშთები მოწმობენ სააღმშენებლო ხელოვნების დაწინაურებაზე. მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების მოღწეული ფრაგმენტების საფუძველზე საეჭვო არ არის, რომ არისტარქეს ძველი საქართველოს ისტორიაში თვალსაჩინო როლი აქვს შესრულებული. ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლებიდან, კონკრეტულად რომელი შეიქმნა ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში. ის ფაქტი კი დავას არ იწვევს, რომ ყველა ქალაქი აღნიშნულ ეპოქაში მოექცა მიწის ქვეშ.
ფარნაკეს ლაშქრობამ შეიწირა კოლხეთის „მეფე“ თუ მმართველი არისტარქე და ნანგრევებად აქცია ქვეყნის მრავალი დასახლებული პუნქტი. კოლხეთის არქეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე ნათლად გვიჩვენებს, რომ ძვ.წ. I საუკუნეში ვანი გამორჩეული ქალაქი იყო. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის ძეგლები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდის დონეზე შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობდა კოლხეთის „მეფის“ არისტარქეს სატახტო ქალაქი. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის რეზიდენციად, ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი შეუფერებელიც კი იქნებოდა. ამდენად, მრისხანე და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ ძირითადი ბრძოლები ვანს უნდა გადაეტანა. სისხლისაგან დაცლილი ქალაქი ფარნაკემ აიღო, გაძარცვა და გადაწვა. იგი იმდენად იყო ფერფლად ქცეული, რომ მოსახლეობას, ვინც მტერს გადაურჩა, მისი აღდგენა არც კი უცდია.
ელინისტური ეპოქის მიწურულს კოლხეთის „მეფე-გამგებელმა“ არისტარქემ და მისმა დედაქალაქმა სიცოცხლე ერთდროულად დაასრულეს.
არისტარქეს მოღვაწეობა საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ბურუსით მოცული პერიოდია, რომლის შესახებ გაბმული თხრობა თითქმის შეუძლებელია. ანტიკური ავტორების ფრაგმენტული ინფორმაციები რეალობას მიუახლოვა არქეოლოგიამ, თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვერსია არ არის სინამდვილეს დაშორებული. რომაელებისაგან ძლეულმა მითრიდატიდებმა უკანასკნელი გაბრძოლების დროსაც კი, საფლავში ჩასვლის წინ კოლხეთიც დაფერფლილი დატოვეს.
3. მეორე ტრიუმვირატი
პომპეუსის სიკვდილის მიუხედავად დასავლეთ აფრიკაში ჯერ კიდევ იყვნენ მისი მხარდამჭერები. მაგ. აღმოსავლეთ ნუმიდიის მეფე იუბა I (60-46). ქალაქ თაფსუსთან ბრძოლისას პომპეუსის მომხრეები საბოლოოდ დამარცხდნენ, იუბამ და კატონმა თავი მოიკლეს, რის შემდეგაც აღმ. ნუმიდია რომის პროვინცია „ახალი აფრიკად“ გამოცხადდა.
სამოქალაქო ომი დასრულდა პომპეუსის შვილების ესპანეთში აჯანყების ჩახშობით. ძვ.წ. 45 წელს მუნდასთან ბრძოლისას კეისარმა გაიმარჯვა. გნეუს პომპეუს უმცროსი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მისმა ძმამ სექსტუსმა დროებით შეწყვიტა ბრძოლა.
ერთპიროვნული ძალაუფლების მიღების შემდეგ კეისარმა უხეშად დაარღვია რესპუბლიკური ტრადიციები და 45 წელს საკუთარ თავს 10 წლიანი დიქტატურა და ცენზორის ძალაუფლება მიანიჭა.
კეისარის დიქტატურის დროს მოხდა პროვინციების მმართველობის სისტემის შეცვლა და ფართო კოლონიზაცია. მან უხვად დაურიგა პროვინციებში თავის მომხრეებს რომაული და ლათინური მოქალაქეობა. გაზარდა სენატორთა რაოდენობა 900-მდე (უცხოელთა ხარჯზე) და შექმნა ახალი მაგისტრატურები. კეისარს Pater Patriae (ქვეყნის მამა) უწოდეს. კეისარმა საგრძნობლად შეზღუდა სენატის პოლიტიკური ძალაუფლება, რითაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. მან პართიის წინააღმდეგ ლაშქრობის მზადება დაიწყო, რაც წარმატების შემთხვევაში მის პოპულარობას და გავლენას კიდევ უფრო გაზრდიდა. კეისარმა ასევე მოახდინა კალენდრის რეფორმა მთვარის კალენდარი მზის კალენდრით შეცვალა, რომლსაც იულიანური კალენდარი ეწოდა და მხოლოდ XVI საუკუნეში შეიცვალა გრეგორიანული კალენდრით, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას აქამდე იყენებს.
სენატორებს ეშინოდათ რომ კეისარი მათ აიძულებს მის მეფედ აღიარებას. უკმაყოფილო სენატორების 60 კაციანი ჯგუფი გაერთიანდა გაიუს კასიუს ლონგინუსის და მარკუს იუნიუს ბრუტუსის გარშემო. მათ მოაწყვეს შეთქმულება რესპუბლიკის გადასარჩენად, რომელიც ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს სენატში კეისარის მკვლელობით დასრულდა.
კეისარის სიკვდილის შემდეგ კონსული მარკუს ანტონიუსი გამოვიდა სენატის წინაშე და განუმარტა, რომ კეისარის ტირანად ცნობა გამოიწვევს მისი ყველა განკარგულების გაუქმებას, რაც სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებს იქონიებს, ციცერონმა კი შესთავაზა სენატს კომპრომისული გადაწყვეტილება – კეისარი ტირანად არ გამოეცხადებინათ, მაგრამ არც მისი მკვლელები დაესაჯათ. მიუხედავად ამისა, კასიუსს და ბრუტუსს საბერძნეთში მოუწიათ გაქცევა, რადგან რომაელებმა კეისარის დაკრძალვის შემდეგ შეთქმულთა სახლების რბევა დაიწყეს.
ანტონიუსი კეისრის პოლიტიკის გატარებით უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იკრეფდა, რითაც რესპუბლიკელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამავდროულად მას კეისრის მომხრეებიც განუდგნენ, რადგან მას კეისრის მკვლელებთან თანამშრომლობაში დებდნენ ბრალს. მათი ახალი ლიდერი გახდა კეისრის დის შვილიშვილი და მემკვიდრე 19 წლის ოქტავიანე, რომელსაც ასევე ციცერონი აქტიურად უჭერდა მხარს.
თავიდან ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოება იყო, ანტონიუსი გალიაში წავიდა და ცხენოსანი არმიის სარდალ მარკუს ამელიუს ლეპიდუსთან ერთად ოქტავიანეს წინააღმდეგ ჯარების შეკრება დაიწყო. ძვ.წ. 43 წელს ოქტავიანმა დაამარცხა ანტონიუსი, მაგრამ ამის შემდეგ სენატორებმა სცადეს ოქტავიანის გვერდის ავლით უწინდელი ძალაუფლების აღდგენა. ამ მიზეზების გამო, მან გაწყვიტა სენატთან და ოპტიმატებთან კავშირი და იმავე წლის ოქტომბერში, ქალაქ ბონინში შეხვდა ანტონიუსს და ლეპიდუსს, სადაც მათ ხელშეკრულება დადეს. ეს კავშირი ისტორიაში „მეორე ტრიუმვირატის“ სახელით შევიდა.
ტრიუმვირებმა გაიყვეს დასავლეთ პროვინციები და განიზრახეს კასიუსის და ბრუტუსის წინააღმდეგ ომის დაწყება. რომში დაბრუნებისთანავე მათ დაიმტკიცეს აღებული უფლებამოსილებები და გამოაცხადეს პროსკრიპციები. პროსკრიპციულ სიებში პირველი ადგილი ციცერონმა დაიკავა. ამ სიებში ასევე შევიდნენ კეისარის მოწინააღმდეგეები და ტრიუმვირების მტრები. დასჯილების ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა.
ანტონიუსის ჯარი რესპუბლიკელების არმიას, რომელსაც სათავეში ბრუტუსი და კასიუსი უდგნენ, მაკედონიის ქალაქ ფილიპიასთან შეხვდა. ძვ.წ. 42 წლის 23 ოქტომბერს რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ტრიუმვირებმა თავიდან გაიყვეს პროვინციები: ლეპიდუსი წავიდა აფრიკაში და მალევე ჩამოშორდა პოლიტიკას, ოქტავიანეს ერგო იმპერიის დასავლეთი, ხოლო ანტონიუსს აღმოსავლეთი. კილიკიაში იგი კლეოპატრას შეხვდა, რომელსაც სურდა რომის ახალ მმართველობასთანაც გაეგრძელებინა ის ურთიერთობა რაც კეისართან ჰქონდა, თან ანტონიუსის დახმარებით გაეფართოვებინა ეგვიპტე.
ძვ.წ. 40 წელს ანტონიუსმა და ოქტავიანმა ქალაქ ბრუნდიზიუმში დადეს ახალი ხელშეკრულება, რომლის გასამყარებლად ანტონიუსმა ოქტავიანეს და მოიყვანა ცოლად. ოქტავიანემ კი არისტოკრატიასთან დასაახლოვებლად მოიყვანა სახელგანთქმული არისტოკრატის ლივიუს დრუზუსის შვილი და არანაკლებ წარჩინებული არისტოკრატის კლავდიუს ნერონის ყოფილი ცოლი ლივია. იგი ხალხს დაპირდა რომ ანტონიუსის აღმოსავლეთიდან დაბრუნებისას ისინი გადადგებოდნენ თანამდებობებიდან და აღადგენდნენ რესპუბლიკას.
ძვ.წ. 36 წელს ლეპიდუსი კავშირიდან გააგდეს, და მისი სამფლობელოები დანარჩენმა ორმა გაიყვეს.
ანტონიუსმა დიდების მოსაპოვებლად 36 წელს დიდი ლაშქრობა მოაწყო პართიის დასაპყრობად, რომელიც კრახით დასრულდა.
34 წელს ანტონიუსმა დიდ არმენიაზე ილაშქრა და მეფე არტავაზდი დაატყვევა. ეს მისი უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა.
ძვ.წ. 33 წელს ტრიუმვირატის ვადა ამოიწურა და აღარ გაგრძელებულა. ამ დროიდან ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის ღია დაპირისპირება დაიწყო. ანტონიუსი საიდუმლოდ გაეყარა ცოლს და ეგვიპტური წესით კლეოპატრაზე იქორწინა და აღმოსავლეთ პროვინციები მასთან შეძენილ შვილებს უანდერძა. აგრეთვე ანდერძით ითხოვდა მის ალექსანდრიაში დაკრძალვას.
33 წლის 1 იანვარს ოქტავიანე კიდევ ერთხელ გახდა კონსული და სენატის მომდევნო სესია ანტონიუსის მიერ ტიტულებისა და ტერიტორიების მის ნათესავებსა და დედოფალზე გადაცემის ფაქტებზე გაბედული თავდასხმით გახსნა.
ანტონიუსისა და ოქტავიანეს დაპირისპირებამ აიძულა სენატორთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც იმ წლის ორივე კონსული, დაეტოვებინათ რომი და ანტონიუსთან გაქცეულიყვნენ, თუმცა, ძვ.წ. 32 წლის შემოდგომაზე ოქტავიანემ ანტონიუსისაგან გამოქცეული ორი პიროვნება მიიღო: მუნაციუს პლანკუსი და მარკუს ტიტიუსი, რომლებმაც ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მას ანტონიუსისათვის მანამდე წაყენებული ყველა ბრალდების სიმართლეში სენატის დასარწმუნებლად სჭირდებოდა.
ოქტავიანე ძალით შეიჭრა ვესტას ტაძარში და ხელში ჩაიგდო ანტონიუსის საიდუმლო ანდერძი, რომელიც მან დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა. ანდერძი რომის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს როგორც სამეფოს, მის ვაჟებს გადასცემდა სამართავად და ალექსანდრიას მისი და მისი დედოფლის დასაკრძალავ ადგილად განსაზღვრავდა. ძვ. წ. 32 წელს სენატმა ოფიციალურად გაუუქმა ანტონიუსს კონსულის უფლებამოსილება და ომი გამოუცხადა კლეოპატრას რეჟიმს ეგვიპტეში.
ძვ.წ. 31 წლის დასაწყისში ანტონიუსი და კლეოპატრა დროებით საბერძნეთში იმყოფებოდნენ, როდესაც ოქტავიანემ წინასწარი გამარჯვება მოიპოვა: მისმა ფლოტმა, აგრიპას მეთაურობით, წარმატებით განალაგა ძალები ადრიატიკის ზღვის გასწვრივ. აგრიპამ ანტონიუსისა და კლეოპატრას ძირითადი ძალები საზღვაო მომარაგების მარშრუტებისაგან მოწყვიტა, ხოლო ოქტავიანე კუნძულ კერკირას საპირისპიროდ მატერიკზე გადმოჯდა და სამხრეთისაკენ დაიძრა. ზღვასა და ხმელეთზე ხაფანგში მოქცეული ანტონიუსის არმიიდან დეზერტირები ოქტავიანეს მხარეს გადადიოდნენ, როდესაც ამ უკანასკნელის ძალები ისედაც სრულიად საკმარისი იყო ბრძოლისათვის მოსამზადებლად.
ანტონიუსის ფლოტი აქციუმის ყურის გავლით საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე გაემართა. ეს ქმედება საზღვაო ბლოკადის გარღვევის სასოწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენდა. აქ, 2 სექტემბერს, აქციუმის ბრძოლაში, ის, გაიუს სოზიუსის მეთაურობით, შეეჯახა ბევრად დიდ ფლოტს, რომელიც უფრო მცირე ზომისა და ბევრად მანევრირებადი გემებისაგან შედგებოდა და აგრიპა მეთაურობდა. ანტონიუსი და მისი დარჩენილი ძალები იხსნა მხოლოდ კლეოპატრას ფლოტის თავზეხელაღებულმა ძალისხმევამ, რომელიც მახლობლად იცდიდა და მანამდე ბრძოლაში არ მონაწილეობდა.
ოქტავიანე გამოედევნა მოწინააღმდეგეებს და ძვ.წ. 30 წლის 1 აგვისტოს ალექსანდრიასთან დაამარცხა მათი ძალები, რის შემდეგაც, ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ანტონიუსი საკუთარ ხმალზე წამოეგო. მისმა ჯარისკაცებმა იგი ალექსანდრიაში გადაიყვანეს, სადაც ის კლეოპატრას მკლავებში გარდაიცვალა. კლეოპატრა მცირე ხნის შემდეგ მოკვდა; მან სცადა ოქტავიანეს მოხიბვლა, მაგრამ აღმოაჩინა რომ რომაელი მის მონად ქცევას აპირებდა ტრიუმფზე გასატარებლად და ასპიტის ნაკბენის ან საწამლავის საშუალებით მოისწრაფა სიცოცხლე. ოქტავიანემ ეგვიპტე შეუერთა რომის იმპერიას. ამით ელინისტური ხანა და რომის სამოქალაქო ომები დასრულდა.
რომში უკვე აღარავინ დარჩა ვინც ოქტავიანს წინ აღუდგებოდა. მან კი როგორც კეისარის შვილობილმა მოიპოვა აბსოლუტური ძალაუფლება. რესპუბლიკური მართვის ინსტიტუტები არ მოშლილა, მაგრამ მათ უკვე აღარ ჰქონდათ უწინდებური მნიშვნელობა. ოქტავიანმა „გაფილტრა“ სენატი და შეავსო იგი თავისი მომხრეებით. რომაელები ძალიან გადაიღალნენ გაუთავებელი სამოქალაქო ომებით და ამიტომ წყნარად აღიქვეს ფაქტი რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში იყო კონცენტრირებული. ძვ.წ. 27 წელს სენატმა მას უბოძა „ავგუსტის“ წოდება, რაც ლათინურად პატივცემულს ნიშნავს. ოქტავიანმა სიფრთხილის გამო არ აიღო მეფის ტიტული, არამედ არჩია პირველი მოქალაქე – princeps და იმპერატორი. ამ უკანასკნელი ტიტულით რომაელი ჯარისკაცები გამარჯვებულ მხედართმთავრებს აჯილდოვებდნენ.
პრინცეპსი ძველ რომში იყო პირი, რომელიც პირველ ნომრად იყო სენატორთა სიაში. მას ხშირად უწოდებდნენ „პირველს თანასწორთა შორის“. იგი სათავეში ედგა სენატორებს, თუმცა ეს ფორმალურად იყო, რადგან ფაქტობრივად, იგი მეთაურობდა მთელი რომის იმპერიას.
ამრიგად ძვ.წ. 27 წელს რომის პირველი პრინცეპსი გახდა გაიუს ოქტავიანე (ძვ.წ. 63–ახ.წ. 14 წ.). მას არ გაუუქმებია რესპუბლიკის დროინდელი დაწესებულებები. მის დროს ახალი წყობილება რესპუბლიკის ფორმით შეინიღბა. ძვ.წ. 23 წელს ოქტავიანე ავგუსტი ტრიბუნიც გახდა და კონსულის წოდებაც მიენიჭა. 12 წელს კი უზენაესი ქურუმის ტიტული მიიღო.
პრინცეპსის ხელისუფლება თავიდანვე მემკვიდრეობით არ ყოფილა. მას შეეძლო თავის სიცოცხლეში დაესახელებინა კანდიდატი ამ თანამდებობის დასაკავებლად. პრინცეპსს სენატი ირჩევდა, მაგრამ ეს არჩევნები ფორმალური იყო. ფაქტობრივად, არჩევნებს წყვეტდა ჯარი – სამხედრო ძალა.
პრინცეპსს ფართო უფლებები ჰქონდა. იგი იყო ქვეყნის მხედართმთავარი, მის ფუნქციებში შედიოდა ომისა და ზავის საკითხები, ხელშეკრულებების დადება უცხო სახელმწიფოებთან, პროვინციების მართვა-გამგეობა, სენატის თავმჯდომარეობა, ქურუმთუხუცესობა. მანვე მიისაკუთრა ცენზორის ფუნქციები. მას ჰქონდა ვეტოს უფლება, ანუ შეეძლო შეეჩერებინა ან გაეუქმებინა მაგისტრატების მიერ გამოცემული განკარგულებები თუ აქტები. პრინცეპსის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო. ყოველ მის განკარგულებას ჰქონდა კანონის ძალა.
პრინცეპსთან არსებობდა „პრინცეპსის სათათბირო საბჭო“, რომლის შემადგენლობაშიც პრინცეპსს შეჰყავდა თავისი ახლობელი ადამიანები, მათ შორის, იურისტებიც.
პრინცეპსთან არსებობდა „პრეტორიანული გვარდია“ – ავგუსტის პირადი მცველი ჯარი. გვარდიას ხელმძღვანელობდა პრინცეპსის მოადგილე. იგი იტალიის ჯარების სარდლადაც ითვლებოდა. ხელი მიუწვდებოდა სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, ზედამხედველობდა პრინცეპსის სხვა ორგანოებს, გამოსცემდა სავალდებულო დადგენილებებს. პრეტორიელები წარმოადგენდნენ საგანგებოდ შერჩეულ და დაწინაურებულ მხედრობის ნაწილს, ლეიბ-გვარდიას. პრეტორიელები დიდ როლს ასრულებდნენ ტახტის გარშემო არეულობებისა და გადატრიალებების დროს.
პრინცეპსთან იქმნებოდა „ავგუსტის კანცელარია“, რომელსაც რამდენიმე განყოფილება ჰქონდა, მათ შორის, წერილების, საფინანსო, კვლევა-ძიებისა და სხვ.
სპეციალურად შეიქმნა „ავგუსტის ხაზინა“ და დაეცა საერთო სახელმწიფო ხაზინის მნიშვნელობა. ავგუსტის ხაზინაში თავს იყრიდა პროვინციებიდან შემოსული ქონება, ხარკი თუ გადასახადი. ამავე ხაზინაში ირიცხებოდა პრინცეპსის პირადი შემოსავალი და ქონება.
I საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ბრძოლა პრინცეპსსა და სენატს შორის. ეს ბრძოლა დამრთავდა პრინცეპსის გამარჯვებით და ამით ბოლო მოეღო დიარქიას, ანუ სენატისა და პრინცეპსის ერთობლივ მმართველობას.
ასე გაუქმდა რომის რესპუბლიკა და დაიბადა რომის იმპერია. როდესაც ოქტავიანემ ტიბერიუსი გამოაცხადა თავის მემკვიდრედ და მომავალ ავგუსტად, ყველამ გააცნობიერა რომ რესპუბლიკის აღდგენის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
4. პოლემონიდების პონტო და კოლხეთი
ფარნაკე II-ს სიკვდილის შემდეგ პონტოს ძველი დაყოფა აღსდგა და მისი აღმოსავლეთი გალატიელ დეიოტარს დაუბრუნეს. პაფლაგონია დაიბრუნა ატალოს პილემენის ძემ. რა ბედი ეწია კოლხეთს არისტარქეს შემდეგ უცნობია. სავარაუდოდ იქ ახალ მმართველს დანიშნავდნენ, რომელსაც ქვეყანა  დაახლოებით 12–14 წელი უნდა ემართა, ვიდრე პოლემონის სახელმწიფოს არ შეუერთდა.
ძვ.წ. 40 წელს გარდაცვალნენ დეიოტარი და ატალუსი, რის შემდეგაც გალატია და პაფლაგონია რომის ტრიუმვირმა ანტონიუსმა გალატიელ ტეტრარქს კასტორ I (II)-ს (40–36) გადასცა, რომლის სიკვდილის შემდეგ ანტონიუსმა პაფლაგონია პროვინციად აქცია. 31 წელს პაფლაგონიის სამეფო უკანასკნელად აღსდგა და მის ტახტზე აყვანილ იქნა კასტორის ვაჟი დეიოტარ II (ძვ.წ. 31–6), რომლის სიკვდილის შემდეგ პაფლაგონის სამუდამოდ იქცა რომის პროვინციად. გალატიის ტახტი 36–25 წლებში ამინტა დიიტალას ძეს ეჭირა, რომლის შემდეგაც ეს მხარეც რომის პროვინციად გამოცხადდა.
დეიოტარის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე თვე აღმ. პონტოს ტახტი ცარიელი იყო. 39 წელს კი ანტონიუსმა მასზე რომის სამსახურში ჩამდგარი ფარნაკეს ვაჟი დარიუსი დასვა. 37 წელს მისი სიკვდილის შემდეგ პონტოს ტახტზე ფარნაკეს უმცროსი ვაჟი არშაკი დაჯდა, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვე იბატონა.
სტრაბონი მოგვითხრობს: „ფაზემონიტიდას მხარეში ძლიერ და მაღალ მთაზე განლაგებულია საგილია სიმაგრით და წყალსაცავებით მდიდარი პუნქტი. რომაელებმა ეს ადგილი მიატოვეს, თუმცა პონტოს მეფეები აქტიურად იყენებდნენ. აქ დაატყვევეს ფარნაკის ვაჟები და მოკლეს არშაკი, რომელიც რომის პრეფექტების ნებართვის გარეშე თამაშობდა რა ამ მხარის მმართველის როლს და დაიწყო აჯანყება. ის ჩაიგდეს ტყვედ, მის შემდეგ რაც სიმაგრე ორმა მეფემ – პოლემონმა და ლიკომედემ აიღეს, ოღონდ ეს მოახერხეს შიმშილით და არა იარაღის ძალით. ვაკიდან ყოველგვარი რესურსების გარეშე განდევნილმა არშაკმა თავი შეაფარა კლდეს, სადაც იპოვა იქაური წყალსაცავები დიდი კლდეებით დაფარული. ეს გაკეთებულ იქნა პომპეუსის ბრძანებით, რომელმაც დაანგრია სიმაგრე, რათა აქაურ მთებში დასამალი ადგილები მოესპო ყაჩაღებისთვის. ასეთი წესრიგი დაამყარა ფაზემონიტიდაში პომპეუსმა. შემდეგმა მმართველებმა კი ეს მხარე გაუნაწილეს მეფეებს“.
36 წელს ანტონიუსმა პონტოს ტახტზე ამჯერად ქ. ლაოდიკეელი არისტოკრატის ზენონის ვაჟი პოლემონ I (36–8) დასვა, რომელიც მანამდე კილიკიისა და ლიკაონიის მმართველი იყო. პოლემონი მონაწილეობდა ანტონიუსის წარუმატებელ ლაშქრობაში (ძვ.წ. 35 წ.) პართიაზე, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა რომაელებმა გამოისყიდეს და შინ დააბრუნეს. 34 წელს ანტონიუსმა პოლემონს მიუმატა მცირე არმენია.
31 წელს ანტონიუსის მოკავშირეობის გამო ოქტავიანემ პოლემონს მცირე არმენია ისევ წაართვა, თუმცა შემდგომ წლებში ერთგული მსახურების გამო დაუბრუნა.
რომაელებმა პოლემონს კოლხეთიც დაუქვემდებარეს: ჩვენთვის უცნობია, თუ როდის უნდა შესულიყო კოლხეთი პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში. ანტიკური ავტორები – პლუტარქე, დიონ კასიუსი, აპიანე და სხვა ამაზე არაფერს ამბობენ, ხოლო სტრაბონი, რომელთანაც ერთადერთი ცნობაა დაცული ამ დროის კოლხეთ-პონტოს ურთიერთობაზე, შენიშნავს: „უკანასკნელად პოლემონს ჰქონდა კოლხიდა“. ამიტომაც, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, მკვლევრები მაშინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოდიან. კოლხეთი როგორც ჩანს პონტოს სამეფოს სისტემაში უნდა შესულიყო  ანტონიუსის დროს.
ანტონიუსი 31 წლამდე დაუბრკოლებლად განაგებდა აზიის საქმეებს და საკუთარი შეხედულებისამებრ ცვლიდა მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ რუკას. ყოველი ეს ღონისძიება აღმოსავლეთის საზღვრების გამაგრების მიზნით ტარდებოდა. ამ აქციების გატარება ანტონიუსისათვის რეალური თუ იყო, მაშინ მას ხელი არ უნდა შეშლოდა კოლხეთის საკითხის გადაწყვეტაში. საეჭვოა, რომ მას უყურადღებოდ დაეტოვებინა კოლხეთი, რომელიც მითრიდატე პერგამონელის დაღუპვის შემდეგ მმართველის გარეშე დარჩა, რაც უცილობლად ქვეყნის დაკარგვის საფრთხეს ქმნიდა. ანტონიუსი „უპატრონოდ“ არ დატოვებდა ქვეყანას იმიტომაც, რომ იბერიაში ფეხის მომაგრება შეუძლებელი იყო კოლხეთში რომის ზეგავლენის სრული ბატონობის გარეშე. საეჭვოა, რომ კოლხეთის პოლემონისათვის გადაცემა ამ უკანასკნელის ტახტზე ასვლისთანავე მომხდარიყო, ვინაიდან პოლემონის მეფედ კურთხევისთანავე დაიწყო ხანგრძლივი ომი პართებთან, რომელიც ძვ.წ. 35 წლამდე გაგრძელდა. ამიტომაც ამ დროს ანტონიუსს არ ჰქონდა შესაძლებლობა კოლხეთის საკითხი გადაეწყვიტა. „კოლხეთის საკითხის“ გადაჭრაში ანტონიუსისათვის ხელი უნდა შეეშალა, აგრეთვე, იმ გარემოებასაც, რომ ძვ.წ. 36 წელს რომი-პართიის ომში რომაელების მხარეზე მებრძოლი პოლემონი ანტონიუსის ტაქტიკური შეცდომის გამო ტყვედ ჩავარდა და იგი თითქმის ერთი წლით პართელთა მოკავშირე ატროპატენელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. ცხადია, პოლემონის გარეშე ანტონიუსი არ შეეცდებოდა „კოლხეთის საკითხის“ მოგვარებას. ამიტომაც, უფრო სავარაუდოა, რომ კოლხეთის პონტოსთან შეერთება ძვ.წ. 35 თუ 34 წელს მომხდარიყო, რადგანაც, როგორც ცნობილია, ძვ.წ. 35 წელს პოლემონი განთავისუფლდა ტყვეობიდან, ხოლო ანტონიუსის მდგომარეობაც აღმოსავლეთში სასიკეთოდ შეიცვალა.
ძვ.წ. 35 წელს დამთავრდა ომი პართიასთან. ძვ.წ. 34 წლის გაზაფხულზე ანტონიუსმა წარმატებით ილაშქრა არმენიაში. შემდგომ სასტიკად დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე – სექსტუს პომპეუსი, რის შემდეგაც მან უკვე „მოიცალა“ აღმოსავლეთისათვის.
ჯერ კიდევ 36 წელს სიკვდილით დასაჯა კაპადოკიის მეფე არიარათ X (42–36), ხოლო მისი სამეფო არქელაოსს გადასცა. ანტონიუსისა და კლეოპატრას შვილი – ალექსანდრე ჰელიოსი 34 წელს არმენიის, მიდიისა და პართიის მეფედ აკურთხა, ხოლო ანტონიუსის უმცროსი შვილი ფინიკიის, სირიისა და კილიკიის მეფედ გამოცხადდა. პონტოს საჭეთმპყრობელი პოლემონი კი ანტონიუსმა მცირე არმენიის მეფედაც გამოაცხადა. გამორიცხული არ არის, რომ კოლხეთიც ამ დროს გადაეცა ანტონიუსს საგამგებლოდ პოლემონისათვის. ასეა თუ ისე, ერთი კი ცხადია: ანტონიუსის მმართველობის დროიდან კოლხეთ-პონტოს ურთიერთობის ისტორიაში ახალი, რიგით III პერიოდი იწყება, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნე გაგრძელდა და საბოლოოდ კოლხეთისთვის მძიმე შედეგით დამთავრდა. სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი ხელშესახები მასალა არ მოგვეპოვება ამ აქციისადმი კოლხთა რეაგირებაზე. კოლხებს პოლემონისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, ეს, ბოსფორის მსგავსად, წერილობით და არქეოლოგიურ მასალებში უთუოდ აისახებოდა.
ძვ.წ. 30 წელს ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, აღმოსავლეთის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი ოქტავიანე გახდა. ახალგაზრდა იმპერიის სამხედრო პოტენციალის ამოწურვის გამო, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა შეეცვალა. ამიტომ ოქტავიანე იძულებული ხდება დაკმაყოფილდეს აღმოსავლეთის საზღვრებზე ანტონიუსის მიერ შექმნილი, ფორმალურად რომზე დამოკიდებული ბუფერული სამეფოების სისტემით, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი პონტოს სამეფოს ეკავა. რომაელებმა პონტოს სამეფოს ტახტზე ისევ დატოვეს პოლემონ I, რომელიც აქციუმის ბრძოლის შემდეგ ოქტავიანეს მხარეს გადავიდა, თანაც ეს ისე დიპლომატიურად გააკეთა, რომ ანტონიუსისგან ბოძებული ყველა სამფლობელო და მათ შორის კოლხეთიც შეინარჩუნა. მაგრამ, საეჭვოა, რომ პონტოს სამეფოს შემადგენლობაში კოლხეთის დარჩენა მხოლოდ პოლემონის „დიპლომატიურ ნიჭს“ მიეწეროს, ან თუნდაც ეს აქტი მას რომისაგან დამოუკიდებლად განეხორციელებინოს. მართალია, პოლემონი მხოლოდ ფორმალურად იყო დამოკიდებული რომაელებზე და ამასთანავე იგი აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს მეფეს წარმოადგენდა, რასაც რომი გარკვეულ ანგარიშსაც კი უწევდა, მაგრამ რომის სანქციის გარეშე, მას დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება არ ჰქონდა. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პოლემონის მიერ ოქტავიანე ავგუსტუსისადმი მიძღვნილ წარწერებში იგი მას ღმერთს უწოდებდა და თავის სამეფო ტიტულსაც კი არ იხსენიებდა.
როგორც აღინიშნა, ავგუსტუსის ეპოქისათვის რომის სამხედრო რესურსები თითქმის ამოწურული იყო. აღმოსავლეთში მას მხოლოდ ოთხი ლეგიონი ჰყავდა განლაგებული; ცხადია, ამ ძალებით იგი ვერ შეძლებდა მახლობელ აღმოსავლეთში არა მარტო დაპყრობითი ომები ეწარმოებინა, არამედ ისეთი პატარა ქვეყანა დაეცვა, როგორიც კოლხეთი იყო, მით უმეტეს, როცა კოლხეთის მოსახლეობაში არ არსებობდა ისეთი ფენები, რომლებიც შეიძლებოდა რომისთვის საკმარისი დასაყრდენი ყოფილიყო. ცხადია, ყოველივე ეს ხელს უშლიდა კოლხეთის რომის პროვინციად გადაქცევას და ამიტომაც რომი იძულებული გახდა კოლხეთის „პატრონობა“ დაეკისრებინა პოლემონ I-სთვის, რომელსაც ამასთანავე ბოსფორის დამორჩილებაც დაევალა. რომაელების დახმარებით პოლემონმა ეს ამოცანაც წარმატებით გადაჭრა.
ძვ.წ. 17 წელს გარდაიცვალა ბოსფორის მეფე ასანდრე და დიდი ფიქრის შემდეგ ოქტავიანემ ეს სამეფოც პოლემონს უბოძა. პოლემონმა ბოსფორის ტახტი ადვილად რომ დაეკავებინა ცოლად ასანდრეს ქვრივი დინამია შეირთო (ძვ.წ. 16 წ.). მისი სიკვდილის შემდეგ (ძვ.წ. 14). პოლემონი მარკუს ანტონიუსის ასულის ანტონიას ასულ პითოდორიდაზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟი – ზენონი (მომავალში დიდი არმენიის მეფე) და პოლემონი და ასული ანტონია ტრიფენა (თრაკიის ერთი ნაწილის მეფე კოტის VIII-ის ცოლი) შეეძინა.
ძვ.წ. 8 წელს პოლემონი მოკლეს, რის შემდეგაც ახ.წ. 23 წლამდე პონტოს პითოდორიდა მართავდა. ძვ.წ. 3–ახ.წ. 17 წლებში მისი თანამმართველი იყო უმცროსი ვაჟი პოლემონ II.
პითოდორიდა მართავდა აგრეთვე კილიკიასა და კოლხეთსაც, ხოლო ბოსფორში რომის ჩარევით გამეფდა ასანდრეს ვაჟი ასპურგუსი (ძვ.წ. 8–ახ.წ. 38). რომს ამით ბოსფორის ადგილობრივ ტომებთან ურთიერთობის გამწვავების თავიდან აცილება სურდა.
მოგვიანებით გავლენიანი დედოფალი კაპადოკიის უკანასკნელ მეფე არქელაოს I-ზე (კაპადოკიის მეფე ძვ.წ. 36–ახ.წ. 17; მცირე არმენიის მეფე ძვ.წ. 20–ახ.წ. 17. მითრიდატეს სარდალ არქელაოსის შვილთაშვილი) დაქორწინდა და შვილებით მასთან საცხოვრებლად გადავიდა.
„კაბირი, რომელიც პომპეუსმა აქცია ქალაქად და დაარქვა დიოსპოლი, ხოლო პითოდორიდამ კიდევ უფრო გაალამაზა იგი და უწოდა სებასტია; ეს ქალაქი არის მისი დედაქალაქი“ – მოგვითხრობს სტრაბონი.
პითოდორიდა ჭკვიანი ქალი იყო და შემძლე საქმეთა გამგებლობისა. მის დროს პონტოში მშვიდობა და განვითარება სუფევდა. სტრაბონის ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიც აგრეთვე მის გამგებლობაში რჩებოდა. „უკანასკნელად პოლემონს ჰქონდა კოლხიდა, ხოლო როდესაც ის გარდაიცვალა, მისი მეუღლე პითოდორიდა მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკიაზე და ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებზე“. პითოდორიდა მიღწეულს არ დასჯერებია. მალე თავისი მეორე მეუღლის – არქელაოსის მფლობელობაში მყოფი აზიის ზოგიერთი ქვეყანა პონტოს სამეფოს დაუქვემდებარა, რითაც მან საკმაოდ გაზარდა თავისი სამფლობელოების საზღვრები მცირე აზიაში. როგორც ჩანს, ამ აქციისთვის ავგუსტუსს მისთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით, რომი ხელს უწყობდა პონტოს გაძლიერებას, ვინაიდან ეს იმ დროისათვის სრულიად შეესაბამებოდა რომის პოლიტიკას, რომლის მიზანს აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება წარმოადგენდა, მაგრამ ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში რომის აღმოსავლურმა პოლიტიკამ ტრანსფორმაცია განიცადა. ტიბერიუსმა უარყო ოქტავიანესეული პოლიტიკა აღმოსავლეთში და ე.წ. ბუფერული სახელმწიფოების გაუქმების გზას დაადგა. მან კაპადოკიის, კილიკიისა და კომაგენის სამეფოები გააუქმა და ისინი შემოუერთა რომის იმპერიას როგორც „პროვინცია კაპადოკია“.
ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში პონტოს სამეფოს სტატუსი, ისევე როგორც კოლხეთისა, არ შეცვლილა და იგივე რჩებოდა. მართალია მას მცირეაზიური სამფლობელოები ჩამოერთვა, მაგრამ სამაგიეროდ ახ.წ. 18 წელს ტიბერიუსმა დიდი არმენიის მეფედ პოლემონ I-ის ძე ზენონი დანიშნა.
ახ.წ. 17 წელს არქელაოსის სიკვდილის შემდეგ კაპადოკია და მცირე არმენია რომის პროვინციებად გამოცხადდა, ხოლო პითოდორიდა პონტოში დაბრუნდა.
პითოდორიდას სიკვდილის შემდეგ პონტოს ტახტზე იჯდა მისი ასული ანტონია ტრიფენა (ახ.წ. 23–38).
ტიბერიუსის მომდევნო ავგუსტის – კალიგულას დროს (37–41 წლ.) რომის იმპერიის პოლიტიკის მეთოდები აღმოსავლეთში მკვეთრად შეიცვალა. კალიგულამ ტიბერიუსის მიერ გაუქმებული სამეფოების აღდგენას მიჰყო ხელი. ახ.წ. 38 წელს აღდგენილ იქნა კომაგენის სამეფო. აგრიპა გამოცხადდა იუდეას მეფედ და მის სამფლობელოს ტეტრარქოს ფილიპეს მიწები შეუერთეს. შეიქმნა ახალი, დამოუკიდებელი სამეფოც – იუდეას არაბეთი, რომლის მეფე სოემი გახდა. თრაკიის მეფეებმა კოტისმა (ანტონია ტრიფენას ვაჟი კოტის IX 38–54) და რემეტალკოსმა მცირე არმენია მიიღეს, ხოლო პონტოს მეფე გახდა პითოდორიდას შვილიშვილი და ანტონია ტრიფენას ვაჟი – პოლემონ III (38–64), რომელსაც ერთ დროს პითოდორიდას მფლობელობაში მყოფი და შემდეგ ტიბერიუსის მიერ ანექსირებული მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონი დაუბრუნდა. მასვე ახ.წ. 38 წელს ბოსფორიც გადაეცა, მაგრამ იგი დიდხანს ვერ შეინარჩუნა, ვინაიდან ამ აქციას ბოსფორელები უკმაყოფილონი შეხვდნენ. ამიტომაც რომაელები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ თავიანთი გადაწყვეტილება და ახ.წ. 41 წელს ბოსფორი სამეფო ტახტის მემკვიდრეს – მითრიდატე III-ს დაუბრუნეს. პოლემონ III-ს კი, სამაგიეროდ, კილიკიის მიწები გადაეცა.
ანტიკური ავტორები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რჩებოდა თუ არა კოლხეთი პოლემონ III-ის დროსაც პონტოს სამეფოს შემადგენლობაში. მხოლოდ დიონ კასიუსთან არის დაცული ასეთი ხასიათის ცნობა: „ამ დროს (39 წელს) გაიუს კალიგულამ სენატის გადაწყვეტილებით უბოძა სოემს იტუების არაბების ოლქი, კოტისს – მცირე არმენია, რემეტალკოსს – კოტისის სამფლობელო, პოლემონ პოლემონის ძეს (კოტისის ძე იყო და პოლემონის შვილიშვილი და არა ძე) – მამისეული სამფლობელო“. ცხადია, რომაელების მიერ პოლემონისათვის გადაცემულ „მამისეულ სამფლობელოში“ კოლხეთიც უნდა იგულისხმებოდეს, ვინაიდან ის ხომ პოლემონ I-ის დროს პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ კოლხეთს, რომელსაც რომისათვის არსებითი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რომაელები უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ასეთი მდგომარეობის ქვეყანაში რომაული ზეგავლენის შენარჩუნებას, აღმოსავლეთში რომაელთა სუსტი ზეგავლენის გამო, ეჭვგარეშეა, რომი მხოლოდ შავიზღვისპირეთის ძლიერი სახელმწიფოს – პონტოს სამეფოს მეშვეობით შეძლებდა.
ამდენად პოლემონ III-ის დროსაც კოლხეთის სტატუსი არ შეცვლილა და ის წინანდებურად პონტოს სამეფოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
კოლხეთის ამგვარი მდგომარეობა ნერონის მმართველობამდე გაგრძელდა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში შეიცვალა კოლხეთის სტატუსი, რომელიც ნერონის ახალი აღმოსავლური პოლიტიკით იყო განპირობებული. ნერონმა უარყო თავისი წინამორბედების ბუფერულ სამეფოებზე დაყრდნობის პოლიტიკა და კურსი მათი გაუქმებისკენ აიღო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აგრეთვე შავიზღვისპირეთში რომაელთა პოზიციების გამტკიცებაზე. ამ საკითხების გადაჭრისათვის საჭირო იყო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების თავმოყრა. მართლაც, ახ.წ. 57 წლიდან რომაელებმა დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაისროლეს 4 ლეგიონი: XII „ფულმინატა“, XV „აპოლინარისი“, V „მაკედონიკა“, IV „სკვითიკა“. ამ ძალებით ნერონს თავისუფლად შეეძლო აღმოსავლეთში დასახული მიზნების განხორციელება. ნერონმა აღმოსავლეთში რომზე დამოკიდებული რიგი ბუფერული სამეფოები გააუქმა. 64 წელს გაუქმდა პოლემონიდების პონტოს სამეფოც და ის რომის პროვინციად გამოაცხადა. კოლხეთიც, როგორც პოლემონიდების პონტოს შემადგენელი ნაწილი, ასევე ახალშექმნილი რომის პროვინციის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, არაფერია ცნობილი პოლემონიდების ეპოქის კოლხეთის მმართველობის სტრუქტურის შესახებ, მაგრამ იმდროინდელი პონტოს სამეფოს მართვის სისტემის გათვალისწინება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც პონტოში, სადაც დამოუკიდებლობის დროიდან ახ.წ. 64 წლამდე მის ადმინისტრაციულ სტრუქტურასა და მმართველობის აპარატს არავითარი ცვლილება არ განუცდია. კოლხეთშიც მმართველობის სისტემა კვლავ იგივე რჩებოდა და წინანდებურად ის ისევ პონტოს სატრაპიას წარმოადგენდა, რომლის სათავეში უნდა მდგარიყვნენ პონტოს მეფისნაცვლები. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ორგანიზაციის სისტემას, ამ ხნის მანძილზე მას ასევე არავითარი ცვლილება არ განუცდია და ძველებურად ცალკეული სვეპტუხიებისა და „სამთავროებისაგან“ შედგებოდა. საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკური ერთეულების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ პონტოს ზედაპირული ბატონობის პირობებში კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერებულიყო. მართლაც, ახ.წ. I ს-ში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ფიგურირებს რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული – აბაზგების, აფსილების, სანიგების, ლაზების „სამეფოები“.
შედარებით უფრო მეტი მონაცემები მოგვეპოვება პოლემონიდების დროინდელი კოლხეთის ქალაქების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. როგორც ცნობილია, ძვ.წ. II საუკუნიდან იწყება კოლხეთის ქალაქების კრიზისი. ეს პროცესი პონტოს ზედაპირული ბატონობის პირობებში კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. მართლაც, ძვ.წ. I–ახ.წ. I საუკუნის მიჯნაზე საქალაქო ცხოვრება აქ თითქმის მოშლილია, მაგრამ კოლხეთის რიგი პუნქტები – დიოსკურია, აფსაროსი, პიტიუნტი და ფასისი – კვლავ განაგრძობს არსებობას. თუმცა მათ დაკარგული აქვთ წინანდებური ქალაქის სახე და შესაძლოა, „რიგით დასახლებებს“ წარმოადგენდნენ. ამას გვაფიქრებინებს როგორც კულტურული ფენებისა და მასში შემავალი ნივთიერი მასალების სიმცირე, ასევე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა მიერ კასტელუმების აშენების ფაქტიც. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქ ხის საფორტიფიკაციო ნაგებობანი ყოფილიყო, რომლებიც შესაძლოა, გამოეყენებინათ რომაელებს „დროებით“ სადგომად, ხოლო კოლხეთში რომაელთა საბოლოოდ დამკვიდრების შემდგომ, „მუდმივი“ გარნიზონის უკეთ დაცვის მიზნით, მონუმენტური თავდაცვითი ნაგებობანი აშენდა. ამ თვალსაზრისს ერთგვარად მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ რომაული ციხესიმაგრენი ზღვისპირა რეგიონში სწორედ დასახლებულ პუნქტებში (დიოსკურია, აფსაროსი, ფასისი, პიტიუნტი) აიგო, და არა იქ, სადაც ცხოვრება დიდი ხანია უკვე ჩამკვდარი იყო (ფიჭვნარი, ეშერა). ასეა თუ ისე, ერთი კი ცხადია: რომაული სამხედრო შენაერთების ჩადგომამდე აღნიშნულ ცენტრებში საქალაქო ცხოვრება არ აღორძინებულა. როგორც ჩანს, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პერიოდი კოლხეთის ქალაქებში შედარებით უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, სადაც უმოკლეს დროში გადალახულ იქნა კრიზისის შედეგები, რის შემდეგაც ინტენსიურად მიმდინარეობდა აქ საქალაქო ცხოვრება და სამშენებლო საქმიანობაც. ვფიქრობთ, ეს ფაქტი ამ ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის დონით უნდა აიხსნას.
როგორც ცნობილია, ასანდრესა და ასპურგის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ბოსფორის სამეფოში მნიშვნელოვნად განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, მისი თავდაცვისუნარიანობა, რამაც კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების აღდგენა-აღორძინებაზე. არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში ნანგრევებისაგან აღდგა პანტიკაპეონი, ოლბია, ფანაგორია, სინდიკე, გორგიპია და სხვა. ამავე დროს, ევროპული ბოსფორის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სემიონოვკის, მისოვსკის, კიტეასა და სხვა ზღვისპირა დასახლებების გამაგრება, ხოლო ბოსფორის აზიურ ნაწილში – ე.წ. „რაევსკის“ თავდაცვითი კედლებით შემოზღუდვა.
რაც შეეხება კოლხეთს, აქ ცენტრალური ხელისუფლება დიდი ხანია უკვე დასუსტებული იყო, რის გამოც ქვეყანამ ვერ შეძლო კრიზისის შედეგების გამოსწორება და მხოლოდ რომაელების მიერ დასავლეთ საქართველოში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ახ.წ. I საუკუნის დასასრულიდან ხდება კოლხეთის ზღვისპირა ცენტრების ხელახალი აღორძინება. პოლემონიდების ეპოქაში კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაც გარე სამყაროსთან ძალზე შეზღუდული ჩანს. ამ დროს კოლხეთში აღარ შემოდიოდა კნიდოსის, ატიკის, დელოსის, ჰერაკლეას ნაწარმი. მცირერიცხოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი სინოპეს ნაწარმი, რომელსაც ელინიზმის ეპოქაში კოლხეთის იმპორტულ პროდუქციათა შორის დომინირებული მდგომარეობა ეკავა. ძვ.წ. I საუკუნის დასასრულიდან კი ძირითადად მათ ადგილებს იკავებს რომაული, იტალიკური და იტალიკურის მიბაძვით დამზადებული ნაწარმი – ამფორები, მშვილდსაკინძები, ტორევტიკის ნიმუშები. იტალიკური და იტალიკურის მიბაძვით დამზადებული ამფორები ჯერჯერობით მხოლოდ ვანშია დაფიქსირებული და ისინი ძვ.წ. I საუკუნის დასასრულით თარიღდება. ამ დროს ჩნდება ე. წ. „ავცისები“. ამგვარი ტიპის მშვილდსაკინძი აღმოჩენილია სოფ. ლიას „დიდი ქირსას“ სამაროვნის №4 სამარხში, რომელიც ახ.წ. I საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ამავე სამაროვნის №5 სამარხში დადასტურებულია აგრეთვე ძვ.წ. I–ახ.წ. I საუკუნის მიჯნის რომაული პროვინციული ტიპის ფაბულაც. რომთან კოლხეთის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე მეტყველებს აგრეთვე რომაული ტორევტიკის ნიმუშები თაგილონიდან.
ამ დროს კოლხეთში შემოდიოდა ასევე პერგამონული წითელლაკიანი კერამიკაც. ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრითა და ახ.წ. I საუკუნის დასაწყისით დათარიღებული პერგამონული წარმომავლობის ნიმუშები – თხელქუსლიანი, ჭრილში სამკუთხედის ფორმის, პატარა ზომის წითელლაკიანი ლანგრები, მრგვალქუსლიანი წაბლისფერკეციანი ორყურა ჯამები აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარზე. კვლავ გრძელდება ურთიერთობა ბოსფორთან. აღნიშნულ ხანაში ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებში საკმაოდ ფართოდ ვრცელდება კოლხური „ყავისფერკეციანი“ ამფორები. ამგვარი ურთიერთობის შედეგად არის მოხვედრილი კოლხეთში ბოსფორის მეფეთა მონეტებიც: კოტის I-ის სპილენძის მონეტები და მითრიდატე III-ის „ასები“. პოლემონიდების ეპოქაში კოლხეთის ფულად მიმოქცევაშიც დომინირებული მდგომარეობა რომაულ მონეტებს ეკავათ. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სულ აღმოჩენილია ამ ხანის 109 მონეტა, აქედან 96 რომაულია, ხოლო დანარჩენი სხვა ცენტრებს ეკუთვნის: ამასტრიას – 1 („კვაზი ავტონომიური“ მონეტა), კაპადოკიას – 1 (არქელაოს კაპადოკიელის დრაქმა), პართიას – 2 (ოროდ II-ის დრაქმები), ბოსფორს – 5 (მითრიდატე III-ის ასი – 2; კოტის I-ის სპილენძის მონეტები – 3), პონტოს – 3 (პოლემონ III-ის დრაქმები).
როგორც ჩანს, ამ სქემაში პოლემონ I-ის მონეტები საერთოდ არ ფიგურირებს, ხოლო პოლემონ III-ის მონეტები მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარითაა წარმოდგენილი. პონტოს მონეტების ამგვარი სიმცირე, ერთი შეხედვით, შეიძლება პარადოქსულადაც კი მოგვეჩვენოს, ვინაიდან კოლხეთი ხომ პონტოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა ამ ფაქტმა გაკვირვება მაინც არ უნდა გამოიწვიოს, რადგანაც თვით პონტოს სამეფოს ფულად მიმოქცევაში გაბატონებული მდგომარეობა რომაულ მონეტებს ეკავათ. ეს მომენტი რომის ეკონომიკური პოლიტიკით უნდა აიხსნას. როგორც ჩანს, ამ გზით რომი ცდილობდა, ორივე ქვეყანა ეკონომიკურადაც ერთმანეთთან მჭიდროდ დაეკავშირებინა.
აღნიშნული პერიოდის კოლხეთის სამონეტო მიმოქცევის განხილვისას ჩვენს ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი გარემოება. კერძოდ, ის, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი რომაული მონეტებიდან ყველაზე მრავალრიცხოვან ერთეულს ოქტავიანეს დენარები (66 ეგზ.) წარმოადგენს. ამასთანავე, ამ დენარებისა და, საერთოდ, რომაული მონეტების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონზე ანუ არგვეთზე მოდის – სულ 59 ეგზემპლარი. ამათგან 56 ეგზემპლარი, ოქტავიანეს დენარებია, ხოლო დანარჩენი პოლემონ III-ის, ტიბერიუსისა და კალიგულას მონეტები. არგვეთის სამონეტო ბაზარზე რომაული მონეტების სიმრავლე ამ რეგიონის პოლიტიკური და გეოგრაფიულ-ეკონომიკური მდგომარეობით უნდა აიხსნას. ცნობილია, რომ არგვეთი ამ დროს (და შემდეგაც, IV საუკუნემდე) პოლიტიკურად იბერიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო გეოგრაფიულად ის კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. არგვეთის ეკონომიკური სპეციფიკა კი განაპირობა იმან, რომ აქ გადიოდა სავაჭრო გზის მთავარი მაგისტრალი, რომელიც კოლხეთს იბერიასთან აკავშირებდა. როგორც ჩანს, არგვეთის სამონეტო ბაზარი დაკავშირებული ყოფილა როგორც იბერიასთან, ასევე კოლხეთის ზღვისპირეთთანაც. ცხადია, ოქტავიანეს დენარები არგვეთში იბერიიდან უნდა იყოს შემოსული, ვინაიდან ისინი ამ დროს და შემდგომაც იბერიის სამონეტო მიმოქცევის ძირითად ერთეულს წარმოადგენდნენ, ხოლო პოლემონ III-ის დრაქმა შავიზღვისპრეთის გზითაა აქ მოხვედრილი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, აქ ამ პერიოდის რომაული მონეტები სულ 13 ეგზემპლარითაა წარმოდგენილი. აქედან 4 რომის რესპუბლიკური დენარებია, ხოლო დანარჩენი ოქტავიანეს მონეტები – 9 ეგზემპლარი. ამ მონეტების ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გავრცელებას სპეციალისტები იბერიიდან ვარაუდობდნენ, რაც ძალზე საეჭვოა, ვინაიდან კოლხეთის აღმოსავლეთ რეგიონში დადასტურებული ოქტავიანეს დენარები ყველა ერთი ტიპისაა – გაიუსისა და ლუციუს კეისარის გამოსახულებით. მაშინ როცა აფხაზეთიდან მომდინარე ავგუსტუსის 9 მონეტიდან მხოლოდ 4 ეგზემპლარია გაიუსისა და ლუციუსის ტიპისა, ხოლო დანარჩენი ისეთ ტიპებს განეკუთვნება, რომლებიც კოლხეთის აღმოსავლეთ რეგიონებში საერთოდ არ გვხვდება. საეჭვოა აგრეთვე ისიც, რომ ავგუსტუსის მონეტები, ისევე როგორც რომის რესპუბლიკური დენარები, რომაელ ჯარიკაცებს შემოჰყოლოდათ, რადგან რომაული გარნიზონები ამ დროს კოლხეთის ზღვისპირეთში ჯერ კიდევ არ იდგნენ. ამიტომაც უფრო მართებული იქნებოდა აღნიშნული მონეტების გავრცელება ქვეყნის ზღვისპირეთში პონტოს სამეფოდან გვევარაუდა, ხოლო რაც შეეხება კოლხეთის ცენტრალურ რეგიონებში რომის რესპუბლიკური მონეტების გავრცელებას, ეს ზღვისპირეთის გზით უნდა მომხდარიყო, რადგანაც ეს მონეტები იბერიაში საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
ამრიგად, პოლემონიდების ასწლოვანმა და საკმაოდ ზედაპირულმა მმართველობამ ვერ შეძლო კოლხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყანა კვლავ კრიზისს განიცდიდა: აქ თითქმის მოშლილი ჩანს საქალაქო ცხოვრება, შეზღუდულია მისი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა გარე სამყაროსთან. კოლხეთი წინანდებურად პოლიტიკურ ერთეულებად იყო დაქუცმაცებული. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდს კოლხეთის ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჯერ ერთი, კოლხეთის ჩართვამ პოლემონიდების სამეფოს შემადგენლობაში ხელი შეუწყო ქვეყანაში რომაული კულტურის გავრცელებასა და ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დაწყებას. მეორეც, პოლემონიდების პონტოს შემადგენლობაში კოლხეთის ჩართვით მთავრდება ელინისტური ეპოქა კოლხეთში და იწყება ახალი, რომაული პერიოდი.

Комментариев нет:

Отправить комментарий