четверг, 9 декабря 2021 г.

კოლები, კორაქსები, ჰენიოხები, სანიგები (უ. მურღულია)

რას მოგვითხრობს წყაროები აღნიშნული ხალხების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „კოლები ტომი კავკასიონთან, კოლხური ტომის კორაქსების მახლობლად“.
ჰელანიკე მითელენელი (ძვ.წ. V ს.): „კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი – კორაქსები“.
პალეფატე აბიდოსელი (ძვ.წ. IV ს.): „კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები ფლობენ პართენიოსს (დღევ. კოჯა ირმაკი) ევქსინის პონტომდე“
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „აქაელების შემდეგ ცხოვრობენ ჰენიოხები. ჰენიოხების შემდეგ კორაქსები. კორაქსების შემდეგ მოდის მხარე კოლიკა. კოლიკას შემდეგ (ანუ აღმოსავლეთით) არიან მელანქლაინები (სარმატული ტომი) და მათთან არის მდინარეები  მეტასორისი (მოქვი) და აიგიპოსი (კოდორი). მელანქლენების შემდეგ ცხოვრობენ გელონები (სარმატული ტომი).
გელონების შემდეგ არიან კოლხები, რომელთა ტერიტორიაზეა პოლისი დიოსკურიადა, ელინური პოლისი გიენოსი (ოჩამჩირესთან), და მდინარე გიენოსი (ღალიძგა) და მდინარე ქერობიოსი (კელასური), მდინარე ქორესი (ენგური), მდინარე ქარიუსი (ხობი), მდინარე ფასისი და ელინური პოლისი ფასისი, და ამ მდინარეზე ზევით აყოლებით 180 სტადიონზე (33 კმ) არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა; იქ არის მდინარე რისი (სუფსა), მდინარე ისისი (ნატანები), მდინარე ლაისტონი, მდინარე აფსაროსი (ჭოროხი)“.
არისტოტელე (ძვ.წ. 384–322): „კავკასიონის ქვემოთ არის ტბა (კასპიის ტბა), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვას უწოდებენ. რადგან ამ ტბას მრავალი და დიდი მდინარე ერთვის და ცხადი გამოსავალი კი არა აქვს, იგი მიწის ქვეშ მიედინება კორაქსებისკენ და გამოდის პონტოს ე.წ. სიღრმეებთან. ფასისის გაყოლებაზე თავდაპირველად ცხოვრობდა ჰენიოხების ველურ ტომი, შემდეგ კი მილეტელები, ქალაქ ფასისის ბერძენ კოლონისტები“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „სინდების მხარე. მათ სამხრეთით ცხოვრობენ აქეელები, ზიგები, ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (ანუ გრძელწვერებიანები). მათ სამხრეთით მდებარეობს ფთიროფაგების (ანუ გირჩისმჭამელები) ხეობა. ჰენიოხების ქვემოთ მდებარეობს კოლხიდა, რომელიც მოთავსებულია კავკასიისა და „მოსხური მთების“ ძირებს შორის.
სინდების ოლქისა და გეორგიპიის (სინდების დედაქალაქი) შემდეგ ზღვაზე მოდის სანაპირო აქეელების, ზიგების და ჰენიოხების, რომელიც მაღალმთიანია /ეს მთები კავკასიის მთების ნაწილია/ და ღარიბია ნავსაგურებით. მათ სამხრეთით კი პიტიუნტია. ეს ხალხები ცხოვრობენ საზღვაო ყაჩაღობით, რისთვისაც მათ ჰყავთ პატარა, ვიწრო და მსუბუქი ნავები, რომლებიც იტევს დაახლ. 25 კაცს, იშვიათად კი – 30-ს. ასეთი ნავების ფლოტილიით ისინი თავს ესხმიან როგორც სავაჭრო ხომალდებს, ისე პონტოს სანაპირო ქალაქებს და ბატონობენ ზღვაზე. ხანდახან მათ ეხმარება ბოსფორის სამეფოს მოსახლეობა, რომლებიც მათ ხომალდებს აძლევენ სადგომს, ანდა უმართავენ ბაზარს საკვების საშოვნელად. შინ დაბრუნებისას, რადგან არ აქვთ ნავსადგურები, მათ უწევთ ნავის მხარზე გადება და ტყეში წაღება, სადაც თავიანთ საცხოვრებელში შეინახავენ ხოლმე. თავის ქვეყანაში ისინი ტყეში ცხოვრობენ და მწირი მიწის დამუშავებას მისდევენ, მაგრამ ნაოსნობის დრო მოაწევს თუ არა, მაშინვე ნავებს ზღვაზე გაიყვანენ. ასევე იქცევიან ისინი როდესაც უცხო ქვეყნის ნაპირებთან მოუწევთ შეჩერება. სასწრაფოდ ნავებს ტყეში შეიყვანენ და იქ დამალავენ, ხოლო თვითონ ფეხით დადიან დღე და ღამე, როდესაც მსხვერპლს მარტოკას მოიხელთებენ, შეიპყრობენ რათა მონად გაჰყიდონ. თუ მსხვერპლი გამოთქვამს გამოსასყიდის მიცემის სურვილს, უკავშირდებიან მის ნათესავებს და გამოსასყიდლის გადახდის შემდეგ მას სიხარულით ათავისუფლებენ. ამ მხარეების მმართველები ხშირად ეხმარებიან ტყვედ ჩავარდნილ საკუთარ მოსახლეობას. ისინი ხშირად თავს ესხმიან მეკობრეთა ხომალდებს და ატყვევებენ თავისი ეკიპაჟით. რომზე დაქვემდებარებული ოლქები კი უფრო სუსტად დაცულია, რადგან რომის გამოგზავნილი მმართველები ნაკლებად ზრუნავენ აქაურებზე.
ასეთია აქაურთა ცხოვრება. მათ მართავენ სკეპტუხები, რომლებიც თავის მხრივ ექვემდებარებიან ტირანებსა და მეფეებს. მაგ. როდესაც მითრიდატე ევპატორი, პომპეუსის მიერ თავისი ქვეყნიდან დევნილი გარბოდა ბოსფორისაკენ ჰენიოხების მიწის გავლით, ამ დროს ჰენიოხებს ჰყავდათ 4 მეფე. აქედან მითრიდატემ გაიარა ზიგებისა და აქეელების მიწები და ჩავიდა ბოსფორში, გაიარა რა სულ ფასისიდან დაახლ. 4000 სტადიონი (712 კმ).
ბატის (დღევ. ნოვოროსიისკთან) შემდეგ არტემიდორი (არტემიდორ ეფესელი ძვ.წ. II–I) ასახელებს კერკეტების სანაპიროებს /სადაც არის დასახლებები და ნავმისადგომები/ სიგრძით 850 სტადიონი (151 კმ); შემდეგ აქეელების სანაპირო 500 სტადიონი (89 კმ); შემდეგ ჰენიოხების სანაპირო 1000 სტადიონი (178 კმ); შემდეგ დიდი პიტიუნტი, საიდანაც დიოსკურიამდე 360 სტადიონია (64 კმ). მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა და სოანებს და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): „ევქსინის პონტოს დანარჩენი ნაწილი ამ სანაპიროს დასახლებულია ველური და გაუნათლებელი ხალხებით. ისინი ცხოვრობენ ღია ზღვასთან. ესენი არიან – მელანქლენები, სერები, სირაკები (სერები და სირაკები სკვითური ტომები იყვნენ და ნოვოროსიისკის რაიონში ცხოვრობდნენ), კოლიკები, კორაქსები, ფთიროფაგები, ჰენიოხები, აქეელები, კერკეტები და სინდები. უკანასკნელნი ცხოვრობენ პონტოსა (შავი ზღვის) და მეოტიდის (აზოვის ზღვის) საზღვარზე.
ჰენიოხების მხარეში არის ქალაქი დიოსკურიადა, დაარსებული კასტორისა და პოლუქსის მიერ, რომლებიც მოვიდნენ იაზონთან ერთად“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით (დღევ. ვიწეწყალი, ვიძე-სუ ანუ ტაიროღლუ), რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი. აბსაროსთან ახლოს, მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კი – ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მიედინება მდინარეები აკამფსეონი (აკამფსისი, ჭოროხის შესართავი ნაწილი).
ფასისის შესართავიდან პონტოს სანაპიროების გაყოლებით არის კიდევ ერთი მდინარე ხარიენტი (ან ქარიენტი, ფსევდო სკილაქსის ხარიუსი, არიანეს ხარიენტი, პტოლემეოსის ხარიუსტი = დღევ. ხობის წყალი) და ხალხი – სალტიები, რომელთაც ადრე ეძახდნენ ფთიროფაგებს, შემდეგ სხვა ხალხი სანნები (აქ ტექსტში შესაძლოა შეცდომაა და სუანები უნდა ეწეროს), მდინარე ხობოსი (ან ქობოსი = ფსევდო სკილაქსის ხორსის/ ქორსის და დღევ. ენგურს) კავკასიონიდან სუანების (ანტიკური ავტორები სვანებს – სუანებს, ან სოანებს ეძახიან), მხარის გავლით მოედინება. შემდეგ მდინარე როანი (დღევ. ჭურია ენგურის სამხრეთით, ხობის რაიონში, ან გაგიდა ენგურის ჩრდილოეთით, გალის რაიონში), ეკრიგტიკას (ეგრისი) მხარე, მდინარეები: სიგამა (ან სიგანია, ზიგანი, დღევ. ოქუმი), ტერსოსი (=არიანეს ტარსურა მოხე; დღევ. მოქვის წყალი), ასტელეფოსი (კოდორის ჩრდ. შესართავი), ხრისორროასი (დღევ. მდ. კელასური), აბსილების (=აფსილები) ტომი, სებასტოპოლისის ციხე-სიმაგრე (დიოსკურიადას ნანგრევებზე და მის აღმოსავლეთით) ფასისიდან 100 მილზე (148 კმ), სანიკების (სანიგების) ტომი, ქალაქი კიგნუმი (გიენოსი? მდებარეობით არ ემთხვევა) და მდინარე და ქალაქი პენიუსი (პიტიუნტი და ბზიფი). შემდეგ მოდის ჰენიოხების ტომები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა სახელით.
მათ ემიჯნება პონტოს მხარე კოლიკა. პონტოს აღმ. სანაპიროს დანარჩენი ნაწილი დასახლებულია ველური ხალხებით: მელანქლენებით, კორაქსებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა); ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ ტიმოსთენეს თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენები (ე.ი. რომაელები) თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით.
დიოსკურიადადან შემდეგი ქალაქია ჰერაკლია სებასტოპოლისიდან 70 მილზე (103,6 კმ). ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ აქეელები, მარდები და კერკეტები (ჩერქეზთა წინაპრები), მათ უკან სერრი და კეფალოტომები (ნიშნავს თავის მკვეთავებს). ამ მხარის ყველაზე ბრწყინვალე ადგილი იყო უმდიდრესი ქალაქი პიტიუსი (პიტიუნტი, ბიჭვინთასთან), აწ გაძარცვული ჰენიოხების მიერ“.
მემნონ ჰერაკლეელი (ახ.წ. I–II ს-ბის მიჯნა): „ჰერაკლეის ისტორიის“ ფრაგმენტებში წერს: სინოპელი კლეოხარეს მიმდევრები „ნავებზე დასხდნენ და გაიქცნენ პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთის მხარეებში. ამ ადგილებში ხომ სახლობდნენ სანიგები და ლაზები“.
დიონისე პერიეგეტი (ახ.წ. II ს.): „სავრომატების მეზობლად, ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ სინდები, კიმერიელები, და ევქსინთან ახლოს განლაგებული კერკეტები, ტორეტები და გავლენიანი აქეელები. მათ შემდეგ მეზობელ მიწაზე ცხოვრობენ ჰენიოხები, და ზიგები, წამოსულები პელაზგთა მიწიდან. პონტოს ყველაზე შორეულ ნაპირთან, ტინდარიდების ქვეყანასთან ცხოვრობენ კოლხები“.
აპიანე (II ს.) ჰენიოხებს ასახელებს მითრიდატეს მოკავშირეებში ტავრების, აქეელების, ლევკოსირების, ხალიბების, სკვითებისა და არმენიელების გვერდით.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ათინიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწეწყალი, ტაიროღლუ). ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან (სანებს სხვა ისტორიკოსები მაკრონებთან აიგივებენ). ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები (აბაზგები) არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი. მდინარე აქეუნტი ჰყოფს ძილქებსა და სანიგებს. ძილქების მეფე სტაქემფაკია. ამასაც შენგან აქვს ტახტი მიღებული“.
 დიონ კასიუსი (153–235): „არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ ტრაიანე მივიდა სატალაში (არმენიის ქალაქი, აწინდელი სოფელი სადაღი, მდ. კელკიტ-ჩაის ნაპირას) და ანქიალე – ჰენიოხებისა და მაქელონების მეფე საჩუქრებით დააჯილდოვა“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „ფაზისის შემდეგ ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ე. წ. კოლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლხების ტომია იქ. მდინარე აქეუნტიდან მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ. ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და შემდეგ მდინარე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლაინები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი აგრეთვე ცხოვრობენ ზიქები“.
სტეფანე ბიზანტიელი (VI ს.): „კოლები – ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია. კორაქსების კედელი (იგულისხმება კელასურზე სპარსელთა სასაზღვრო-დამცავი კედელი, რომელიც სწორედ VI ს-ში აიგო) და კორაქსების ქვეყანა“.
პროკოპი კესარიელი (VI ს.): „აბაზგების საზღვრების შემდეგ კავკასიონის მთის გასწვრივ ცხოვრობენ ბრუქები, აბაზგებსა და ალანებს შუა. ხოლო ევქსინის პონტოს ნაპირას ზიქები არიან დამკვიდრებული. ზიქებს ძველად რომაელთა თვითმპყრობელი უყენებდა მეფეს, ამჟამად კი ეს ბარბაროსები არაფერში აღარ ემორჩილებიან რომაელებს. ამათ შემდეგ ცხოვრობენ საგინები (ე.ი. სანიგები). საგინების შემდეგ დამკვიდრებულია ჰუნთა მრავალი ტომი“.
    და სად ცხოვრობდნენ – კოლები, კორაქსები, ჰენიოხები და სანიგები?
ფსევდო სკილაქსის ცნობით გამოდის რომ კოლხებს უჭირავთ აფხაზეთის შავიზღვისპირა დაბლობების ზონა (კოლხეთის დაბლობის გაგრძელება) მდ. გუმისთადან და დიოსკურიადან. მათ ზევით აფხაზეთის მთიან ზონაში, კოდორის ქედის აღმ. ნაწილში ცხოვრობდენ გელონები. მათ დასავლეთით კოდორის ქედის აღმ. ნაწილსა და ჩხალთის ქედზე ცხოვრობდნენ მელანქლაინები. მელანქლაინების და დიოსკურიასთან მცხოვრები კოლხების და მდინარე გუმისთას დასავლეთით მდებარეობდა კოლიკას მხარე (კოლების საცხოვრისი). მათ დასავლეთით ცხოვრობდნენ კორაქსები, კორაქსების დასავლეთით ჰენიოხები, ხოლო ჰენიოხების დასავლეთით აქაელები.
სტრაბონის ცნობით:
1. აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სკვითური ტომია ჩამოსახლებული – ფთიროფაგები. 2. ჰენიოხები უკვე პიტიუნტის (ბიჭვინთის) ჩრდილოეთით ბზიფის ქედამდე აღწევენ და უჭირავთ სანაპიროს 178 კმ-იანი ზოლი. მათ 4 ბელადი ჰყავთ, ანუ 4 ტომისგან შედგებიან.
პომპონიუს მელას ცნობით დიოსკურია ჰენიოხების მხარეში მდებარეობს.
    პლინიუსის ცნობით: მელანქლენები და კორაქსები ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა). ჰენიოხები ცხოვრობენ პენიუს-ბიჭვინთასა და ბზიფის დასავლეთით და მათ მიერ გაძარცვულია პიტიუს-ბიჭვინთა.
    პტოლემაიოსის რუკის ანალიზით ისტორიკოსები ასკვნიან რომ მდ. კორაქსი თანამედროვე მდინარე ბზიფია, ხოლო კორაქსული მთები თანამედროვე მდ. ბზიფის ირგვლივ მდებარე – ბზიფისა და გაგრის ქედები. შესაბამისად აქ უნდა ეცხოვრათ კორაქსებსა და კოლებს. პლინიუსი კორაქსულ მთებს ანუ ჰენიოხების მთებსაც უწოდებს, რაც უფრო სარწმუნოს ხდის აღნიშნულ აზრს, რადგან ყველა მონაცემით ჰენიოხები კავკასიის მთების აფხაზურ და მის მიმდებარე ნაწილში ცხოვრობდნენ მდინარე შახემდე.
    რუკის დასალაგებლად აუცილებელია ფთიროფაგების საცხოვრისის განსაზღვრა.
    1. სტრაბონის აზრით ისინი კოლხებისა და სვანების მეზობლად ცხოვრობენ. გირჩისმჭამელები დადიოდნენ დიოსკურიაში სავაჭროდ (და შესაბამისად ეცნობოდნენ აფხაზეთის სანაპიროებს).
    2. პლინიუსიც კოლხებისა და სვანებს შორის ათავსებს და თან აზუსტებს მდინარეებით: ფთიროფაგებამდე ათავსებს ხობს, ხოლო შემდეგ ენგურს. ამასთან მოიხსენიებს მათ სახელს – სალტიებს. ასე რომ სტრაბონისა და პლინიუსის ცნობათა შეჯამებით ფთიროფაგებ-სალტიების საცხოვრისი გამოდის ეგრისის ქედიდან კოდორის ქედამდე, ანუ ფსევდო სკილაქსის გელონების მეზობლად. აქვე გავიხსენოთ ჰეროდოტეს ცნობა, რომლის მიხედვითაც გელონები ცხოვრობდნენ ჩრდ. კავკლასიაში მდ. დონსა და მდ. ყუბანს შორის ბუდინების მეზობლად. ბუდინები კი სკვითების ქვეყანაში ერთადერთი გირჩისმჭამელი ტომი იყო. შესაბამისად გამოდის შემდეგი: ძვ.წ. V–IV საუკუნეებში აზოვის ზღვისპირეთიდან გადმოსახლდნენ სკვითურ-სარმატული ტომების – მელანქალაინების, გელონებისა და ბუდინების ნაწილი და განლაგდნენ ჩხალთის, კოდორისა და ეგრისის ქედებზე. გელონები საკმაოდ მალე გაითქვიფნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და გაქრნენ, ბუდინებმა კი დაკარგეს თავიანთი სახელწოდება და პლინიუსის დროს უკვე სალტიებად იწოდებოდნენ.
    3. არიანეს ცნობით „პიტიუნტიდან ქ. ნიტიკემდე 150 სტადიონია (28 კმ. რადგან ბიჭვინთადან გაგრამდე 22 კმ-ია არიანეს გამოთვლით გამოდის რომ ნიტიკე გაგრიდან დასავლეთით 5–6 კმ-ზე მდებარეობს. აქ კი ანტიკური ნაქალაქარის ნაშთები აღმოჩენილი არ არის.). აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. მათ ის ფთიროფაგებს (გირჩის მჭამელებს) უწოდებს. ეს აზრი დღემდეა შემონახული მათ შესახებ“.
    4. V ს. ანონიმის ცნობით „პიტიუნტიდან აბასკოსამდე ანუ (ბზიფიდან ფსოუმდე) მხარეს ეწოდებოდა სტენიტიკის მხარე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდებოდა) ამ ქვეყანაში წინათ სკვითური ტომი მოსახლეობდა, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის მჭამელია. მართლაც, ეს აზრი ახლაც არსებობს ამ ტომის შესახებ“.
    არიანესა და ანონიმის ცნობით ფთიროფაგებს ტრიგლიტები ეწოდება და ისინი უკვე ბზიფსა და ნიტიკეს (ან ფსოუს) შორის ზღვისპირა ზოლში ცხოვრობენ. მართალია ჩვენთვის უცნობი რჩება ის ფაქტი, რომ სალტიები გადმოსახლდნენ აფხაზეთის ბოლოში, თუ ბუდინების ახალი ტალღა შემოვიდა აქ, თუმცა ის მაინც გავარკვიეთ თუ რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ისინი.
    აქედან გამომდინარე ძვ.წ. VI–I საუკუნეებში კოლები ცხოვრობდნენ მდ. გუმისთადან – მდ. ბზიფამდე ზღვისპირა ზოლში. ბზიფის შესართავთან და ბზიფის ხეობის გაყოლებით ბზიფის ქედზე ცხოვრობენ კორაქსები. ბზიფის შესართავის და მის შენაკად გეგას დასავლეთით მდ. შახემდე ცხოვრობდნენ ჰენიოხები, რომლებიც 4 ტომისგან შედგებიან. კოდორისა და ჩხალთის ქედზე ცხოვრობენ მელანქლაინები.
    როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარების ანალიზით ვგებულობთ ჰენიოხებს თავს ესხმიან ჯიქები, რაც აჩქარებს ჰენიოხთა 4 ტომიანი კავშირის დაშლას (მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აღნიშნული ტომების მომწიფება სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შესაქმნელად). შედეგად ჰენიოხთა ძველ საცხოვრისსა მის აღმოსავლეთით მდებარე აფხაზეთის მონაკვეთში ჩნდება სამი ახალი ხალხი; სანიგები (როდესაც ჰენიოხები სამხრეთით მიდიან, მათი ყოფილი ტერიტორიის დიდ ნაწილს სწორედ სანიგები იკავებენ), აბასკები და აფსილები. რაც შეეხება საკუთრივ ჰენიოხებს, (რომლებიც ალბათ კავშირში ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ და ამის გამო მოიხსენიებდნენ ყველა ამ მონათესავე ხალხებს ამ ერთი – კრებითი სახელით) ახ.წ. I ს-ის შუა ხანებიდან რიზეს რაიონში სახლდება, მაკრონებს უერთდება და საერთო სამეფოს ქმნის.
ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრიდან პლინიუსის ცნობით სებასტოპოლისამდე (დიოსკურიას გვერდით აიგო) ალბათ მელანქლაინების შევიწროვების ხარჯზე ცხოვრობენ ახალი ხალხი – აბსილები (აფსილები/აფშილები), სებასტოპოლისსა და პიტიუნტს შორის ზღვისპირა ზოლში კოლების შევიწროვების ხარჯზე ცხოვრობენ ახალი ხალხი – სანიგები.
    ახ.წ. 131 წლისთვის არიანეს ცნობით აფხაზეთის ტერიტორიაზე კელასურამდე ცხოვრობენ აფსილები და აბასკები, კელასურიდან აქეუნტამდე სანიგები, რომელთა ტერიტორიაზეა სებასტოპოლისი. აქეუნტიდან დასავლეთით კი ცხოვრობენ ზიხები/ჯიქები. ამდენად ახ.წ. II საუკუნისთვის აფხაზეთის ზღვისპირა მონაკვეთში ძველი მცხოვრებლები – მელანქლაინელები, კორაქსები, კოლები და ჰენიოხები აღარ სჩანან. სამაგიეროდ ჰენიოხებს ახ.წ. I–IV საუკუნეებში მაკრონებთან ერთად სამეფო აქვთ რიზეს მხარეში (ამაზე მაკრონების საკითხის მიმოხილვისას ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით.).
    ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე დგინდება, რომ მელას ცნობა დიოსკურიის ჰენიოხთა ქვეყანაში მდებარეობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებითაც გარკვევით ვგებულობთ რომ ჰენიოხები ძლიერი მეკობრეები იყვნენ, თავს ესხმოდნენ ზღვისპირა ქალაქებს და აპარტახებდნენ. მათ მიერ იყო გაძარცვული პიტიუნტი. ასე რომ სრულებით შესაძლებელია ჰენიოხების თავდასხმები ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი დიოსკურიის დაცარიელებისა და ჰენიოხთა ნაწილი დასახლებულიყო მის ტერიტორიაზე. სწორედ ამ კუთხით უნდა გავიგოთ მელას ცნობა.
    ახ.წ. V საუკუნის ანონიმის ცნობით კორაქსებსა და კოლების ქვეყნის ადგილზე ახლა მელანქლაინების ტომია, ხოლო სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) სპარსელების მიერ VI საუკუნის შუა ხანებში მდ. კელასურზე აგებულ კედელს კორაქსულ კედელს უწოდებს. თუ ამ ცნობებს სიმართლედ მივიღებთ გამოვა რომ მელანქლაინებმა ბზიფის აუზში გადაინაცვლეს, ხოლო კორაქსებმა პირიქით, ჩხალთის ქედზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულებით შესაძლებელია ავტორები სიზუსტეში ცდებოდნენ (ანონიმის შეცდომებზე სხვა თავებშიც ვისაუბრეთ), არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ მსგავსი გადაადგილებები მართლაც მოხდა. ალბათ უფრო ზუსტნი ვიქნებით ამ ცნობებს თუ მივუმატებთ არიანეს ცნობებს, რის შემდეგაც მივიღებთ შემდეგ ვითარებას: მელანქლაინებს მოაწვნენ ჰენიოხებს გამოყოფილი აფსილები და აბასკები და მათი ადგილები დაიკავეს კოდორის მთებსა და მის საპირისპირო ზღვისპირა ზოლში, ხოლო მელანქლაინებმა უფრო დასავლეთით გადაინაცვლეს და კორაქსებს შეერივნენ. სანიგებმა კი კოლებისა და კორაქსების ტერიტორია დაიკავეს ზღვისპირა ზოლში, ისინი აიძულეს მთლიანად მთებში ასულიყვნენ და ცოტა აღმოსავლეთისკენ გადაადგილებულიყვნენ (დასავლეთიდან ზიქები აწვებოდნენ). სანიგებს შორის ბზიფიდან ფსოუმდე ზღვისპირა ზოლში ცხოვრობენ გირჩისმჭამელთა ტომი.
    ახ.წ. V საუკუნისთვის აფხაზეთში საზღვრები ახლებურად არის გადანაწილებული. აბასკები უფრო დასავლეთით წაწეულან (ფსოუმდე), ხოლო სანიგებს დარჩათ ტერიტორია აქეუნტიდან (შახედან) აბასკოსამდე. პროკოპის ცნობით აბაზგების ცენტრი არის ტრაქეა (ანაკოფია ან გაგრა) და მათ შემდეგ არიან ჯიქები და მხოლოდ შემდეგ სანიგები. VII საუკუნიდან მოყოლებული კი სანიგების ბოლო საცხოვრისი უჯვე ჯიქებს აქვთ დაკავებული და ამიერიდან სანიგების ხსენება წყაროებში ქრება. უკანასკნელად სანიგეთს თამარის პირველი ისტორიკოსი იხსენიებს XII საუკუნის ამბების თხრობისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий