четверг, 9 декабря 2021 г.

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში. ქართლის სამეფო ძვ.წ. I საუკუნის II ნახევარში (უ. მურღულია)

1. პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში
ძვ.წ. 66 წლის იანვარში რომის სენატმა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობა სახელოვან სარდალს გნეულ პომპეუს მაგნუსს დაავალა. პომპეუსმა დაამარცხა მითრიდატე, თუმცა ხელიდან გაუსხტა, გაიქცა რა ბოსფორის სამეფოში. ამიტომ რომის სარდალმა მითრიდატეს მოკავშირეების დამორჩილება გადაწყვიტა, რათა პონტოს მეფე მარტო დაეტოვებინა და მისგან საფრთხე აღარ წამოსულიყო. ისტორიკოსი მემნონ ჰერაკლეელი სხვების მსგავსად ადასტურებს რომ სომხეთთან და სხვებთან, მითრიდატეს მოკავშირე იყოს „იბერი მეფეც“.
66 წელს არმენიის მეფე ტიგრანი უბრძოლველად დამორჩილდა რომაელებს, 65 წლისთვის ალბანელები ადვილად დამარცხდნენ და იქედან უკვე ძვ.წ. 65 წლის გაზაფხულზე დაახლ. 40000-იანი ლაშქრით ქართლის სამეფოს საზღვრებს სამხრეთიდან მოადგა, სადაც ამ დროს არტაგ II მეფობდა.
დიონ კასიუსი (ახ.წ. II–III ს-ბი) მოგვთხრობს: „ლუციუს კოტას და ლუციუს ტორკვატუსის კონსულობაში (ძვ. წ. 65 წ), პომპეუსს ომი მოუხდა იბერებთანაც. მათთან ყოველგვარი მოლოდინის გარეშე უფრო ადრე მოუხდა შებმა. იბერიელები ცხოვრობენ კირნოსის (მტკვარი) ორივე ნაპირზე და ემეზობლებიან ერთის მხრივ არმენიელებს და მეორეს მხრივ ალბანელებს. მათი მეფე არტოკი შიშობდა, რომ პომპეუსი გაემოემართებოდა მის წინააღმდეგ და ელჩები გაგზავნა პომპეუსთან ზავის დასადებად, რათა მოედუნებინა მისი ყურადღება. ამ დროს თვითონ უეცარ თავდასხმას ამზადებდა და ამ მიზნით ჯარებს კრებდა. პომპეუსმა თავისი მზვერავების წყალობით ეს ამბავი დროულად შეიტყო, იგი თვით შეიჭრა მოულოდნელად არ აცალა რა მომზადება და ძნელგასავალი ვიწრობების დაკავება, რომელიც გამაგრების შემთხვევაში თითქმის აუღებელი იყო. ფაქტიურად მან უკვე მოასწრო მისვლა ქალაქამდე ე.წ. აკროპოლამდე (იგულისხმება არმაზი) და როცა არტოკემ გაიგო, პომპეუსი უკვე ახლოს იყო. ეს ქალაქი განლაგებული იყო ყველაზე ვიწრო ადგილზე, სადაც ერთი მხრიდან მიედინება კირნოსი, ხოლო მეორე მხარეს გადაჭიმულია კავკასიონი და აშენებულ იქნა გასასვლელის დასაცავად.
საკუთრივ არტოკი იმყოფებოდა პანიკაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყვანა საკუთარი ძალები, გადალახა მდინარე და დაწვა მასზე მდებარე ხიდი (ეს ხიდი მდებარეობდა დღევ. მცხეთის სადგურთან); ხოლო ციხე-სიმაგრეში დარჩენილები მეფის გაქცევით დაბნეულნი ბრძოლაში დამარცხდნენ და დანებდნენ. პომპეუსი გახდა გასასვლელის მფლობელი, დატოვა გარნიზონი მის დასაცავად და გაემართა წინ, დაიმორჩილა მთელი ტერიტორია მდინარის ამ მხარეს.
როდესაც პომპეუსი კირნოსზე გადასვლისთვის ეზადებოდა, არტოკმა მიუგზავნა ელჩები და ზავის სანაცვლოდ შესთავაზა თვითონ ააგებდა ხიდს და მოამარაგებდა სურსათით. მეფემ ორივე ეს პირობა შეასრულა, თუმცა, როდესაც დაინახა ხიდზე როგორ გადმოდიოდნენ მისი მტრები, შეშინდა და გაიქცა მდინარე პელორზე (არაგვი), სხვა მდინარეზე, რომელიც მიედინება მის სამფლობელოებზე. ასე რომ, მან ჯერ მოიწვია მტერი, შემდეგ კი გაიქცა, იმის ნაცვლად, რომ მისთვის ხიდზე გადასვლაში ხელი შეეშალა. პომპეუსი დაედევნა და გაიმარჯვა მასზე. ის იმდენად სწრაფად მიუახლოვდა მოწინააღმდეგეს, რომ იბერთა მშვილდოსნებმა ვერ შეძლეს ეჩვენებინათ თავისი ოსტატობა და ადვილად გაანადგურა ისინი. მაშინ არტოკი გადავიდა პელორზე და დაწვა ხიდი (აქ მდებარეობდა ზადენციხე ანუ სევსამორა); მისი დარჩენილი მეომრებიდან ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიც კი ადიდებული პელორის გადალახვისას დაიხრჩო. სხვა ბევრი მებრძოლი შევიდა ტყეში, მაღალ ხეებზე დაიმალა და რამდენიმე დღე იქიდან ისრებს უშენდა რომაელებს; მაგრამ მალე ეს ხეები გაჩეხეს და მებრძოლები ამოხოცეს. მაშინ ნაბიჯი ისევ არტოკმა გადმოდგა და პომპეუსს გაუგზავნა საჩუქრები. პომპეუსმა მიიღო ისინი, თუმცა უარი განაცხადა ზავის მიცემაზე მანამ, სანამ მძევლად არტოკე საკუთარ შვილებს არ გაუგზავნიდა. ამაზე არტოკე დიდხანს აცხადებდა უარს, ვიდრე ზაფხული არ მოვიდა, პელორი დაპატარავდა და პომპეუსმაც შეეძლო მისი უპრობლემოთ გადალახვა. მაშინ არტაგმა ქედი მოიდრიკა, შვილები მძევლად მისცა და ზავიც დაიდო.
პომპეუსმა გაიგო, რომ ფასისი ახლოს იყო და გადაწყვიტა მისი საშუალებით გაეარა კოლხიდა და აქედან დაძრულიყო ბოსფორისკენ მითრიდატეს წინააღმდეგ. ის დაიძრა კიდეც კოლხიდისა და მისი მეზობლების მიწების გავლით, მაგრამ ამ დროს მიხვდა, რომ გზა ხმელეთით ბოსფორამდე ბევრ უცნობ ხალხზე გადიოდა, ხოლო საზღვაო გზა კიდევ უფრო რთული იყო, ამ მხარეში ნავსადგურების ნაკლებობის გამო. პომპეუსმა უბრძანა ფლოტს მითრიდატეს ბლოკირება მოეხდინათ, რათა ვერც უკან მობრუნებულიყო და სურსათიც მალე გამოლეოდა და თვითონ გაემართა ალბანელების წინააღმდეგ“.
როგორც ჩანს შემოჭრის წინ პომპეუსი დაბანაკებული იყო მდ. მტკვრის ნაპირას მდებარე საზამთრო ბანაკში, დაახლოებით თანამედროვე აღსტაფისა და თოუზის შესართავთა რაიონში. აქედან იგი მცხეთას აღმოსავლეთიდან უნდა მისდგომოდა. ამ დროისთვის იბერიის სამხრეთ საზღვარი ამ ზონაში იწყებოდა დაახლოებით მდ. ხრამის (ქციის) მტკვართან შეერთების ადგილას. აქედან პომპეუსს მართლაც შეეძლო სწრაფად და მოულოდნელად მისვლა მცხეთის სანახებამდე. პომპეუსს უნდა ესარგებლა სომხეთისა და იბერიის დამაკავშირებელი გზების იმ შტოთი, რომელიც აღსტაფის ქვემო დინებიდან მტკვრის აყოლებით მცხეთის რაიონამდე აღწევდა. ამას ადასტურებს სტრაბონის ცნობაც: „ხოლო არმენიიდან შემოსასვლელი არის კიროსის ვიწროებზე და არაგვისაზე. ვიდრე ერთმანეთს შეერთვის ეს მდინარეები, იმ ადგილას მდებარეობს გამაგრებული ქალაქები კლდეებზე,... ამ შემოსასვლელებით ისარგებლა პირველად პომპეუსმა, რომელიც არმენიიდან მოდიოდა, ხოლო შემდეგ კანიდიუსმა“. მართლაც, აღნიშნული გზა თითქოს აღსტაფის შესართავიდან, სულ მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვებოდა. ამ გზით მიმავალი, თბილისის შემდეგ მდებარე ვიწრობების გავლით, მართლაც არმაზციხე-მცხეთას და არგვის შესართავს მიადგებოდა.
პომპეუსის ლაშქრობის შედეგებსა და ზავზე მოგვითხრობს პლუტარქე (ახ.წ. I–II ს-ბი): „როდესაც პომპეუსი ალბანელებს დაეზავა და ახლა იბერთა წინააღმდეგ გაილაშქრა. იბერები არ ჩამოუვარდებოდნენ ალბანელებს რაოდენობით, მაგრამ გაცილებით ბრძოლისუნარიანები იყვნენ; ისინი იწვოდნენ სურვილით დაემტკიცებინათ ერთგულება მითრიდატესთვის და განედევნათ პომპეუსი. იბერები არ დაუმორჩილებია არც მიდიელებს და არც სპარსელებს; მათ მოახერხეს გაქცეულიყვნენ აგრეთვე მაკედონელთა ბატონობას, რადგან ალექსანდრე იძულებული გახდა სწრაფად დაეხია ჰირკანიიდან. თუმცა პომპეუსმა გაანადგურა ისინი დიდ ბრძოლაში, მოკლა 9000 და ტყვედ ჩაიგდო 10000 კაცზე მეტი. ძღვენის სახით პომპეუსმა არტაგისაგან მიიღო ოქროს საწოლი, ტახტი და მაგიდა.
ამის შემდეგ ის შეიჭრა კოლხიდაში. აქ მდინარე ფასიდზე მას შეხვდა სერვილიუსი, იმ ფლოტის მეთაური რომელიც იცავდა ევქსინის პონტოს.
ალბანეთსა და ქართლში ლაშქრობაზე მოკლედ საუბრობს აპიანე: „როდესაც პომპეუსი დადიოდა კოლხეთის ისტორიულ ადგილებში მითრიდატეს მეზობელი ტომები გამოვიდნენ მის წინააღმდეგ; ოროისემ ალბანთა მეფემ და არტოკმა იბერთა მეფემ 70000 მეომარი შეკრიბეს და ჩაუსაფრდნენ მდინარე კირნოსთან, რომელიც 12 სანაოსნო შენაკადით ჩაედინება კასპიის ზღვაში. კირნოსის (მტკვარი) შენაკადებიდან ყველაზე დიდია არაკი (არაქსი). შეამჩნია რა მტრის ჩასაფრება, პომპეუსმა შეაერთა მდინარის ორი ნაპირი ხიდით, განდევნა ბარბაროსები ტყეში, სადაც ისინი იმალებოდნენ და მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ, ამ ტყის ირგვლივ დააყენა მეომრები და გადაწვა. ვინც იქედან გამოიქცა, გამოედევნა და სდია მანამდე, სანამ მათ არ მისცეს მძევლები და ძღვენი. ტყვეთა შორის იყვნენ მამაკაცებზე არანაკლები ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ საბრძოლო ჭრილობები. ითვლება რომ ესენი არიან ამაზონები, ან იმის გამო რომ ამაზონების ტომი ამათ მახლობლად ცხოვრობენ, ან იმის გამო, რომ ყველა მებრძოლ ქალს ეძახიან ამაზონებს“.
იბერიიდან პომპეუსი უმოკლესი გზით – სურამის უღელტეხილით (სიმაღლე 948 მ. მასზე დღეს გადადის საავტომობილო გზა მდ. სურამულას შენაკად ჩხერიმელის აუზში) კოლხეთში გადავიდა, რომელსაც მითრიდატე პონტოელის დანიშნული მმართველები განაგებდნენ. პომპეუსთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა მითრიდატეს მიერ კოლხეთის „მეფედ“ დანიშნული ოლთაკე. ამის შემდეგ პომპეუსმა კოლხეთის მმართველად არისტარქე დანიშნა (65–48 წლ.), რომელიც თავს კოლხთა მმართველს ეძახდა და საკუთარ ფულსაც კი ჭრიდა. შემდეგ პომპეუსი ფაზისში ჩავიდა, სადაც რომაული სამხედრო ფლოტი ელოდა სერვილიუსის სარდლობით. აქ მან ცოცხალი ძალა და სურსათ-სანოვაგე შეივსო და უკან მობრუნდა, რათა ალბანეთის სამეფოზე გაელაშქრა და საქართველოდან სამუდამოდ წავიდა.

2. ბარტომ II (დაახლ. 62–45) და ქართამ I (დაახლ. 62–59)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „არტაგს ჰყავდა ორი ძე, რომელთაც გაუყო სამეფო: ერთს მისცა ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მტკვარსა, შიდა ქართლი, მცხეთა, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკვარსა ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა და ეგრისისა, ეს მისცა ბარტომს, ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი მტკვარსა სამხრეთით, ქართლი ხუნანიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა, და კლარჯეთი, მისცა ქართამს, ძესა თვისსა.
მოკვდა არტაგი და მეფობდნენ შემდგომად მისა შვილნი მისი.
ხოლო მოკვდნენ ადერკის ძენი: ბარტომ და ქართამ, და მეფე იქმნენ შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს – ფარსმან (სპარსულად ნიშნავს „სპარსულ სულს“) და შიდა ქალაქსა – კაოს.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა არტაგ, რომელმაც რაითურთით მცხეთა გაიშორა. და მეფობა ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდნენ იმიერ და ამიერ. მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას – ბრატმან. მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ. მეფობდა იმიერ არშაკ და ამიერ – არმაზაელ“.
3. ფარსმან I (დაახლ. 59–29) და კაოსი (დაახლ. 45–30)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ხოლო არტაგიდან ვიდრე აქამდე ესე მეფენი იყვნენ მეგობრობასა შინა სომეხთა მეფისასა, და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდიან სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა.
მაშინ მეფე იქმნა სომხეთს დიდი იგი მეფე იარვანდ, და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და წაუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე. და ვერ ძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარნი, და მოკვდნენ მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს.
და მას ჟამსა მოკლა სუმბატ ბიურიტიანმან იარვანდ, სომეხთა იგი მეფე, და დასვა მეფედ ძმა იარვანდისივე, არტაშან“.
მეფე იარვანდი იგივე მოსე ხორენაცის ერვანდია, რომელსაც ხორენაცის მართლა ჰკლავს სმბატ ბიურატის ძე ბაგრატიონი და ტახტზე აიყვანა არტაშესი. სმბატთან ბრძოლის დროს კი ხორენაცისვე ცნობით ერვანდს ეხმარება იბერთა მეფე ფარსმანი, თუმცა დამარცხების შემდეგ გარბის ბრძოლის ველიდან. ანტიკური და ქართული წყაროების შეპირისპირებით დგინდება რომ აღნიშნულ პერიოდში სომხეთის მეფე იყო არა ერვანდი, არამედ არტავაზდ II (55–34), რომელმაც, როგორც ჩანს მიიტაცა კიდეც იბერიის მიწები.
ხორენაცის ცნობით ერვანდის შემდეგ სომხეთში მეფდება არტაშესი, რომელსაც ჰყავს ძეები – არტავაზდი, ტიგრანი და ზარენი. ანტიკური წყაროებით კი დგინდება, რომ მეფე არის არტავაზდი, რომელსაც ჰყავს ძეები – არტაშესი, ტიგრანი და ზარეჰი.
ძვ. წ. 37 წელს პართიის უფლისწულმა ფრაატმა მოკლა მამა ორდონ II (57–37) და ტახტზე ავიდა ფრაატ IV-ის (ძვ.წ. 37–32; 32–26; 26–2) სახელით, რის შემდეგაც ყველა ძმა და რამდენიმე არისტოკრატი სიცოცხლეს გამოასალმა. არისტოკრატთა ნაწილი გაიქცა რომის ტრიუმვირ ანტონიუსთან და დაარწმუნა, რომ ახლა საუკეთესო დრო იყო პართიის დასაპყრობად.
36 წლის გაზაფხულზე ანტონიუსმა შეკრიბა დიდი ლაშქარი, რომელშიც შედიოდა: 16 ლეგიონი (60000 კაცამდე), 10000 ცხენოსანი, 30000 რეზერვი და პართიისაკენ დაიძრა.
როგორც წესი რომაელები პართიას შუამდინარეთიდან უტევდნენ, ამიტომაც ფრაატ IV და მისი მოკავშირე ატროპატენას მეფე არტავაზდ I (56–30) მთავარი ძალებით სწორედ ამ მიმართულებით წავიდნენ. ამის გამო ანტონიუსმა გეგმა შეცვალა და ჩრდილოეთიდან, სომხეთის გავლით ლაშქრობა გადაწყვიტა. დიდი არმენიის მეფე სიამოვნებით დათანხმდა და თან დიდი კორპუსით შეერთებასაც დაპირდა. ამის შემდეგ არტავაზდ II დაუკავშირდა სამხრეთ ქართლის მეფე ფარსმანს და მოთხოვა პართიასთან ომში წაჰყოლოდა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ არტავაზდ არმენიელმა ფარსმანს ანტონიუსთან უჩივლა.
დიონ კასიუსი გვამცნობს: „ზამთრის დასასრულს, გელიუსის და ნერვას კონსულობის დროს (ძვ.წ. 36 წელი), გაილაშქრა პუბლიუს კანიდიუს კრასუსმა აქაურ იბერების წინააღმდეგ, დაამარცხა ბრძოლაში მათი მეფე ფარნაბაზე (ე.ი. ფარსმან ფარნავაზიანი), გაიხადა იგი მოკავშირედ დაამარცხა ალბანელები და მათი მეფე ზობერი და მასაც მსგავსადვე მოექცა“.
ზურგის საიმედოდ გამაგრების შემდეგ ანტონიუსი და არტავაზდ არმენიელი ატროპატენაში შეიჭრნენ და მის დედაქალაქ ფრაასპას ალყა შემოარტყეს. ანტონიუსი იმდენად სწრაფად მიდიოდა, რომ დამხმარე კორპუსი საალყო მანქანებით ჩამორჩა. ამით ისარგებლეს პართელებმა და ეს ნაწილები გაუნადგურეს. ქალაქის ალყა გაჭიანურდა და ზამთარი მოახლოვდა. პართელები და ატროპატენელები მოულოდნელი თავდასხმებით ქანცს აცლიდნენ მოწინააღმდეგეს. მაშინ არტავაზდ არმენიელმა მიატოვა ატროპატენა და შინ დაბრუნდა, რამაც შეასუსტა რომაელთა ძალები. ამით ისარგებლა ფრაატმა და მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია. ანტონიუსმა მთელი თავისი სამხედრო ტალანტის წყალობით მოახერხა ალყიდან თავის დახსნა და ეგვიპტეში დაბრუნება, თუმცა კი დანაკარგი ძალიან დიდი იყო – სხვადსხვა მონაცემით 25000-დან – 42000 კაცამდე.
ცოტა ხნის შემდეგ ფრაატ IV-სა და არტავაზდ ატროპატენელს შორის მტრობა ჩამოვარდა. მაშინ 35 წლის გაზაფხულზე ატროპატენას მეფემ ელჩობა გაუგზავნა ანტონიუსს და შესთავაზა გაერთიანებულიყვნენ არტავაზდ არმენიელის წინააღმდეგ.
35 წლის ბოლოს ანტონიუსმა შეკრიბა ახალი ლაშქარი და შევიდა სირიაში, თითქოსდა პართიის წინააღმდეგ მივდივარო. 34 წლის დასაწყისში კი მოულოდნელად მოუხვია ჩრდილოეთით და მიადგა სომხეთის დედაქალაქ არტაშატს. გზაში მარკუსმა დიდი არმენიის მეფეს წერილი გაუგზავნა ორი წინადადებით: ანტონიუსის ვაჟ 6 წლის ალექსანდრესთვის მიეთხოვებინა თავისი ასული და ერთად ელაშქრად პართიაზე. არტავაზდმა ორივეზე უარით უპასუხა, თუმცა სატახტოსთან მოსულს, პირად შეხვედრაზე დათანხმდა. ანტონიუსმა არტავაზდი თავის ოჯახთან ერთად (გარდა უფროსი ვაჟის არტაშესისა, რომელიც პართიაში გაიქცა) დაატყვევა და ალექსანდრიას წაიყვანა, სადაც ტრიუმფი გადაიხადა. არტავაზდი 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ იქვე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მისი ოჯახი ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ ოქტავიანე-ავგუსტუსმა არმენიაში გამოისტუმრა.
ამრიგად 34 წელს „დიდი არმენია“ რომაელთა ხელთ აღმოჩნდა და მის მეფედ ანტონიუსისა და კლეოპატრას ვაჟი ალექსანდრე ჰელიოსი გამოცხადდა.
33 წელს ანტონიუსმა კვლავ გადაწყვიტა პართიაზე გალაშქრება და ამ მიზნით 16 ლეგიონიც შეკრიბა, მაგრამ ამ დროს შეიტყო, რომ ოქტავიანე მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა, ამიტომ პართია დაივიწყა და მასთან საომრად მზადება დაიწყო.
ალექსანდრიაში წასვლის წინ ანტონიუსმა „დიდი არმენიის“ ნაწილი არტავაზდ ატროპატენელს დაუტოვა თავის ჯარების ნაწილთან ერთად და თხოვა ოქტავიანესთან ომის დაწყების შემთხვევაში დახმარებოდა.
32 წელს პართიის მეფე ფრაატ IV არტაშესთან ერთად არმენიისკენ დაიძრა მაგრამ რომაული ჯარების დახმარებით არტავაზდ ატროპატენელმა სასტიკი მარცხი აწვნია მათ. მაშინ ფრაატს უმცროსი ძმა ტირიდატე აუჯანყდა და ჩამოაგდო ტახტიდან. რამდენიმე თვის შემდეგ სკვითების ჯარის წყაალობით ფრაატმა ტახტი დაიბრუნა და ისევ არმენია-ატროპატენას თავის გავლენაში მოსაქცევად იწყო ბრძოლა.
ძვ.წ. 31 წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის გადამწყვეტი ომი დაიწყო და ანტონიუსმაც ყველა ჯარი ეგეოსისკენ გადაისროლა. მაშინ ფრაატ IV-მ ადვილად დაამარცხა არტავაზდ ატროპატენელი, ატროპატენა დაიპყრო და ტახტზე არტავაზდის ნათესავი ასინალუსი (30–20) დასვა. შემდეგ „დიდი არმენიაც“ დაიკავა და იქ მეფედ თავისთან შეფარებული არტაშეს II (30–20) გაამეფა. ამ დროს ოქტავიანესთან, რომელიც ანტონიუსის დამარცხებასა და ეგვიპტის შემოერთებას ზეიმობდა, ჩავიდა დევნილი არტავაზდ ატროპატენელი დახმარების სათხოვნელად. ოქტავიანემ პართიასთან ომი დაწყებას დათმობა არჩია, ატროპატენას საკითხი უკეთესი დროისთვის გადადო და არტავაზდი „მცირე არმენიის“ მეფედ დასვა.
4. ქართამ-არმაზელ (დაახლ. 30–24) და არშაკ III (დაახლ. 29–13)
ლეონტი მროველი განაგრძობს: „და დასხდნენ შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს – არშაკ ფარსმანის ძე და შიდა ქართლსა – არმაზელ კაოსის ძე. იყვნენ კაცნი ესე მხნენი და შემმართებელნი, და შეითქვნენ ესენი და განიზრახეს ძიებად საზღვართა ქართლისათა. მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა – არშაკ და არმაზელ – მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გადმოიყვანეს ოვსთა მეფენი, ძმანი ორნი – ბაზუკ და აბაზუკ – სპითა ოვსეთისათა, და მათ წამოიყვანეს თანა ჯიქნი, და გადმოვიდა მეფე ლეკთა და წამოიყვანა დურძუკნი და დიდონი.
და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოიკრიბეს სპანი თვისნი, და შეიკრიბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხვი. და სიმარჯვით ფარულად შეიკრიბნენ, ვიდრე შეკრიბებოდნენ სპანი სომეხთანი. შევიდნენ ესენი სომხეთს და უგრძნულად დაარბიეს შირაკვანი1 და ვანანდი ბაგრევანდამდე2 და ბასიანამდე, და შეიქცნენ და დაარბიეს დაშტი3 ვიდრე ნახჭევანამდე, და აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, აივსნენ ყოვლითავე განძითა და გამოვლეს გზა ფარისოსისა (გარეჯის სამხრეთ ნაწილი).
მაშინ სუმბატ ბიურიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეიკრიბნენ სომეხნი მსწრაფლ და დევნა უყვეს. ხოლო ესე ჩრდილონი ყოველნი გასულ იყვნენ მტკვარსა და მისულ იყვნენ კამბეჩოანსა, დაებანაკათ იორსა ზედა, და იყოფდნენ ტყვესა და ნატყვენავსა. მაშინ სუმბატმა გაუგზავნა მოციქული და შეუთვალა: „რომელიც აღგიღიათ ნატყვენავი სომხეთში: პირუტყვი, ოქრო და ვეცხლი და ნაქსოვი, – ყოველივე მიმიცია თქვენთვის. და რომელიც დათხეულ არის სისხლი სომეხთა თქვენ მიერ, ისიცა უძიებელ იყოს თქვენ ზედა, ოღონდ რომელიც აწ გყავთ კაცნი ტყვედ, განუტევეთ და წახვედით მშვიდობით გამდიდრებულნი“. ხოლო მათ პასუხ-უგეს ასე: „არა სხვად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა, და ვერ გპოვეთ შენ. ხოლო აწ მოხვედ ჩვენთან და მიიღე ნაწილი შენი, და თუ არა, მოვიდეთ ჩვენ, სადაცა იყო, და ვერ განერიდები ხელთაგან ჩვენთა ცოცხალი“.
მაშინ სუმბატ ბიურიტიანმან განვლო მტკვარი, და ბაზოკ, ოვსთა მეფემან, შეუთვალა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და სთხოვა თავის-თავ ბრძოლა.
ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ცხენსა მისსა და გავიდა განწყობილთა შორის. და იქიდან გამოხდა ბარზოკ, და შემოსძახეს ორთავემ, და მიეტევნენ. და სცა სუმბატმა ჰოროლი სარტყელსა ზედა და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აიღო ცხენისაგან და დასცა ქვეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ამბაზუკ შველად ძმისა თვისისა, და მოზიდა სუმბატმა ჰოროლი და მიეგება და ეგრეთვე მასცა სცა და განავლო, და აიღო და დასცა ქვეყანასა ზედა და თქვა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა და ყრმათა ჩვილთათვის, რომელნიც თქვენ მოსრენით“.
მაშინ სპათა მათ ყოველთა – ოვსთა, ლეკთა და ქართველთა და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა, – ერთპირად შემოსძახეს და თქვეს: „ვინაიდან მოკლეს ძმანი ესე ორნი გოლიათნი, სიკვდილი ჩვენი არად შესარაცხელ არის“. და უფრო მეტად გაბოროტნენ და შეკრიბეს ყოველნი სპასალარობასა ქვეშ არშაკ და არმაზელისსა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნენ სუმბატს და სპათა სომხეთისათა.
მაშინ იქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და გაგრძელდა იგი სამ ჟამიდან ვიდრე მეცხრედ ჟამამდე. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და ავარდა მტვერი და დღე ბნელ იქმნა ვითარცა ღამე, და არეულ იქმნენ ერთმანეთში და ვეღარ იცნობდნენ ერთმანეთსა მტვერისაგან.
მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოსა სომეხთაგან, მეოტ იქმნენ და დაიქსაქსნენ ყოველივე. მიუდგა სუმბატ მრავალგან დაჭრილი, და სდევნა ღამემდე და მოსრა ყოველი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედი დარჩნენ. ხოლო ქართველნი უფრო გადარჩნენ გასაქცევ გზათა ცოდნის გამო. და შემოიხვეწნენ ორივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, დაჭრილნი.
მაშინ სუმბატ გამარჯვებული შემოვიდა ქართლად და მოაოხრა ქართლი, რომელიც აღარა პოვა ციხეთა და ქალაქთა გარეთ, თუმცა ციხე-ქალაქთა არა ებრძოდა, რამეთუ არ იყო მზად მსწრაფლ გამოსლვის გამო. მან ააშენა ციხე ქვეყანასა ოძრხისასა, რომელსაც ეწოდებოდა სამცხე, ადგილსა, რომელსაც ჰქვია დემოთი4, მოკიდებულად მთასა ღადოსა, და დაუტოვა მას შინა ლაშქარი შემწედ წუნდელთა, და ბრძოლად ოძრხელთა წავიდა.
მეფენი ესე ქართლისანი, არშაკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდნენ, არამედ გაამაგრეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და გაწირეს ყოველი ველნი ქართლისანი და არა დასცხრნენ კირთებისაგან სომეხთა ზედა. და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გადმოვიდნენ ქართლად, დაემეგობრნენ ქართველთა, და მარადის არბევდნენ სომეხთა.
და იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი. და იგი დადგომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწეოდნენ ეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდნენ ერთმანეთსა და დაუცხრომელად იბრძოდნენ. და მთავარი ბრძოლა მათი იყო მდინარესა ზედა, რომელსაც ჰქვია ნოსტე5.
და იყო კლარჯეთს ერისთავი არშაკ მეფისა, აზნაურთაგანივე, და იგი ავნებდა საზღვართა სომხითისათა, ქვეყანასა პარხლისასა, რომელიც არის ტაო. და ვერავინ შეუვიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა. და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნენ მკვირცხლნი და მხნენიცა.
ხოლო თვით მეფენი ქართლისანი მცხეთიდან გაემართებოდნენ სომხეთს, გზასა აბოცისასა, და მარად ასე არბევდნენ ქართველნი და ოვსნი.
მაშინ წარმოემართა ძალითა მისითა ყოვლითა არტაშეს, მეფე სომეხთა, და სპასპეტი სუმბატ ბიურიტიანი. ხოლო ქართველთა გაამაგრეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთიდან და გაავსეს ციხენი და ქალაქნი.
და მოვიდნენ სომეხნი, და დადგნენ მცხეთას, და იბრძოდნენ ხუთი თვე, და დღეთა ყოველთა იყო ბრძოლა ბუმბერაზთა.
მაშინ გაუჭირდათ ქართველთა და ოვსთა და ითხოვეს მშვიდობა, და აღუთქვეს მორჩილება და აღარა ძიება სისხლისა და საზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი, ქმნეს ფიცი და აღთქმა. და დაიმონა ისინი, ქართველნი და ოვსნი, სომეხთა მეფემან და წავიდა.
ხოლო გარდახდა ამას შინა წელნი რამდენიმე და აღშენდა ქართლი, მოოხრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნენ სომეხნი და იწყეს ბრძოლად სპარსთა.
და იპოვეს მას შინა ჟამი მარჯვე ქართველთა და ოვსთა, იწყეს დარბევად სომეხთა, რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნენ ბრძოლად სპარსთა.
და როდესაც გაამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშეს მეფემან შეკრიბა სპანი, რომელნიც შინა დარჩენოდათ, და მისცა ძესა თვისსა ზარენს, და წარმოგზავნა ქართველთა ზედა და ოვსთა.
ხოლო შეიკრიბნენ ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნენ ქვეყანასა ჯავახეთისასა, ეწყვნენ და სძლიეს ქართველთა და ოვსთა და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი, და სდევნეს საზღვარამდე სომხეთისა, ქვეყანასა პარხლისასა, რომელიც არის ტაო, მიეწივნენ ზარენს ძესა მეფისასა და შეიპყრეს ზარენ, ძე მეფისა, ტბისა მის პირსა, რომელსაც ცელი სახელ-ედების, და უკმოიყვანეს.
ხოლო ოვსთა ნებავდათ მოკლვა ზარენისი სისხლისათვის მეფეთა მათთასა, მაგრამ ქართველთა დაიცვეს ცოცხლად ძიებისათვის საზღვართა მათთასა, და დასვეს პყრობილად ციხესა დარიალსა, და ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იქმნენ სპარსთაგან.
მაშინ წელსა მესამესა, მოვიდა სუმბატ ბიურიტიანი და ძენი მეფისანი – არტავაზ და ტიგრან – ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ ქართლისა მეფეთა უბრძანეს ქვეყანასა მათსა შევლტოლა ციხეთა და ქალაქთა და მთიულეთთა, და გაამაგრეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდნენ სომეხნი და დადგნენ თრიალეთს. გაგზავნეს ერთმანეთთან მოციქულნი და დაიზავეს. მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი და აღუთქვეს შეწევნა: „თუ ვინმე აღდგეს მტერი თქვენ ზედა და მოღმართ გებრძოდეს, ჩვენ, ორივე მეფენი, თავითა ჩვენითა და სპითა ჩვენითა თანამდგომ და შემწე გექმნეთ. და თუ კვლავ მიღმართ ვისმე ებრძოდეთ, ათას-ათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდეთ. და ვქმნეთ ქალაქსა ამას ჩვენსა ქართველთასა დრამა არტაშეს მეფისა ხატითა“.
და ამისთვისცა უკუ-მოსცეს სომეხთა საზღვარი ქართლისა: ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და ამიერიდან იქმნენ მოყვარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი, და სამნივე ერთობით ებრძოდნენ მტერთა.
და აღესრულნენ არშაკ და არმაზელ, ნუგეშინისცემულნი დიდად, რამეთუ სიმხნითა მათითა უკუ-დაიბრუნეს საზღვარნი ქართლისანი. და შემდგომად მათსა მეფობდნენ შვილნი მათნი: არმაზს მირდატ და შიდა ქალაქსა – ადერკ“.
არმენ-იბერთა დაპირისპირებაზე მოგვითხრობს ხორენაციც: „ალანები გაერთიანდნენ ყველა მთიელებთან, მოიმხრეს იბერიის ქვეყნის ნახევარი და დიდძალი ხალხით შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში. არტაშესმა შეკრიბა ლაშქარი, შეებრძოლა და უკან დაახევინა. ალანებმა უკან დაიხიეს და გადავიდნენ მტკვარზე. არტაშესი მდინარის სამხრეთით განლაგდა.
რადგან ალანთა მეფის ძე შეპყრობილ იქნა არმენიელი მეომრების მიერ და მიგვარეს არტაშესს. ალანთა მეფემ ზავი შესთავაზა არტაშესს, მისცემდა რაც სურდა, მისცემდა ფიცს და დაუდებდა ხელშეკრულებას, იმისთვის რომ ალანებს აღარ მოეწყოთ ამიერიდან მეკობრული თავდასხმები არმენიელთა ქვეყანაზე.
არტაშესმა უარი თქვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებაში ჩაერთო ალანთა მეფის ულამაზესი ასული სატინიკი, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდა არმენიელთა ახალგზარდა მეფეს და დაავალა სუმბატს მოეგვარებინა მასთან დაქორწინების საქმე. ალანთა მეფე დათანხმდა, ოღონდ საპასუხოდ თავისი ძის გათავისუფლების გარდა დიდძალი ოქროც უნდა გადაეხადა გამოსასყიდათ. არტაშესი დათანხმდა და ყველაფერი მოგვარდა. სატიკიკმა მას უშვა ძე არტავაზდი და სხვა ძეები.
როდესაც უფლისწულები სრულწლოვანნი გახდნენ, არტაშესმა 4 ნაწილად გაჰყო არმიის სარდლობა: აღმოსავლეთის ჯარი დაუტოვა არტავაზდს, დასავლეთის ჯარი მისცა ტირანს, სამხრეთის ჯარი სუმბატს და ჩრდილოეთის ჯარი ზარეჰს. ზარეჰი იყო ამაყი, კარგი მონადირე, მაგრამ სამხედრო საქმეში იყო მორიდებული და ზარმაცი.  ეს შეამჩნია ვინმე ქარძამმა, იბერიის მეფემ, წააქეზა ქვეყანა ბუნტზე და შეიპყრო ზარეჰი, გამოამწყვდია კავკასიის მთებში სიბნელეში. არტავაზდი და ტირანი სმბატთან ერთად დაესხა თავს მას და ამოიყვანეს ძმა სიბინძურით სავსე ორმოდან“.

Комментариев нет:

Отправить комментарий