четверг, 9 декабря 2021 г.

ტიბარენები, მოსინიკები, შკვითინიები (უ. მურღულია)

1. ტიბარენები
რას მოგვითხრობს წყაროები ტიბარენების შესახებ?
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია. (1 ტალანტი 60 მინა ანუ 2,4 კგ ოქროს ან ვერცხლს უდრის).
მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხებისავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა“.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „მოსინიკების (რომლებიც ძვ. კერასუნტ-ვაკფიკებირის დასავლეთით ცხოვრობდნენ) ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მივიდნენ ხალიბებთან. ხალიბები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლებიც ძირითადად რკინის წარმოებით ირჩენს თავს და ემორჩილებიან მოსინიკებს.
აქედან ელინები მივიდნენ ტიბარენებთან. მათი ქვეყანა შედარებით უფრო ვაკე ადგილია და მისი ზღვისპირას განლაგებული დასახლებები სუსტად დაცულია. ელინთა სარდლებს სურდათ თავს დასხმოდნენ ადგილობრივებს და მიეცათ მათი სახლები ჯარისკაცებისთვის საძარცვავად, რის გამოც პირველ ჯერზე უარი უთხრეს ტიბარენთა ელჩებს საჩუქრების მიღებაზე, მაგრამ როდესაც მსხვერპლშეწირვა ჩაატარეს და მისი შედეგები განიხილეს, დარწმუნდნენ, რომ ღმერთებს ომი არ სურთად. ამიტომ ელინებმა ტიბარენთა საჩუქრები მიიღეს, 2 დღის მანძილზე მშვიდობიანად გაიარეს მათი ქვეყანა და ჩავიდნენ ბერძნულ ქალაქ კოტიორაში, რომელიც წარმოადგენდა სინოპის კოლონიას ტიბარენთა ქვეყანაში. როგორც კოლონია კოტიორა სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა.
კოტიორას მოსახლეობა სტუმრებს არასტუმართმოყვრულად დახვდა. არც ბაზარი გაუმართეს და არც საჩუქრები უძღვნეს. ამასთან მალე ჩამოვიდა სინოპის წარმომადგენელი, რომელმაც ქსენოფონტეს მოსთხოვა აეხსნა თუ რისთვის მოვიდნენ ამ ქალაქში. როდესაც უკანასკნელმა ყველაფერი აუხსნა, მასპინძლებმა ნება მისცეს ქალაქში დარჩენილიყვნენ.
ქსენოფონტეს რაზმი კოტიორაში 45 დღე (5 აპრილი–18 მაისი) დარჩა და ამ ხნის მანძილზე საკვებს ძირითადად პაფლაგონიელებისგან ყიდულობდნენ. შემდეგ გემები იშოვეს და შინისკენ ზღვით გაემართნენ“.
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „მაკროკეფალების შემდეგ არიან მოსსინიკები, რომელთა ტერიტორიაზეა ზეფირიოსის (ზეფფრე, თანამ. კაიკ-ლიმანი) ნავსადგური, ელინური პოლისი ხოირადესი (ჰეკატეოსის ცნობით ხოირადესი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს) და კუნძული არეია (არესის კუნძული, თანამ. გირესუნ-ადა). ისინი ცხოვრობენ მთებში.
მოსინიკების შემდეგ არიან ტიბარენები, შემდეგ კი ხალიბები, რომელთა ტერიტორიაზეა დახურული პორტი გენეტი (იასუნის კონცხსა და ჩამის კონცხს შორის), ელინური პოლისი სტამენეა (ჰეკატეოსთან ეს ქალაქი ხალიბებისაა, როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა მიიტაცეს და ბერძნულ ქალაქად აქციეს) და ელინური ციტადელი იასონია (დღევ. იასუნის კონცხთან)“.
ეფორე (ძვ.წ. 405–330): „ტიბარენები გატაცებულნი არიან თამაშით და სიცილით და ამას თვლიან უდიდეს ბედნიერებად. მათ მეზობლად არიან ხალიბები და ლევკოსირთა ტომი“.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შემდეგ (აღმოსავლეთით) კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტის კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები.
ხალიბთა მიწის უკან მოტოვების შემდეგ არგონავტებმა სწრაფად შემოუარეს გენეტელი ზევსის კონცხს და ტიბარენების ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ტიბარენებში ასეთი წესი არსებობს: როცა ქალები თავიანთ ქმრებს შვილებს შესძენენ ხოლმე, ქმრები თავს შეიბურავენ, საწოლზე დაემხობიან და გამკვეთი ხმით კვნესიან, ცოლები კი კარგი საჭმელით ჰკვებავენ მათ და მშობიარობიდან განთავისუფლების აღსანიშნავად აბანოს უწყობენ.
ტიბარენთა შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს წმინდა მთას და იმ მხარეს, რომლის მთებშიაც მოსსინიკები ცხოვრობენ ეგრეთწოდებულ მოსსინებში“.
აპ. როდოსელის სქოლიასტი: „ტიბარენები ყველაზე უფრო სამართლიანი ადამიანები არიან. ისინი არასოდეს არ ჩაებმებიან ბრძოლაში, სანამ არ გაიგებენ წინასწარ ბრძოლის დღეს, ადგილს და დროს“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. აქვეა „მცირე არმენია“. ამ ადგილების ახლოს ცხოვრობენ აპეტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს, რომლებიც კოლხიდის ზევით (სამხრეთით) მდებარეობენ; მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს.
ტიბარენებს და ხალდებს კოლხიდამდე, ფარნაკიასა და ტრაპეზუნტს მართავს პითოდორიდა, ჭკვიანი ქალი, სახელმწიფო საქმეების გაძღოლის უნარით. იგი ტრალელი პითოდორეს ასულია. გაჰყვა რა ცოლად პოლემონს (პოლემონ I, პონტოს მეფე ძვ.წ. 38–8; ბოსფორის მეფე ძვ.წ. 16–8), ერთი პერიოდი იყო ქმრის თანამმართველი; ქმრის სიკვდილის შემდეგ ე.წ. ასპურგიანთა (ასე უწოდებდნენ ბარბაროსულ ტომს, რომლებიც ცხოვრობდა სინდიკიასთან ახლოს) ქვეყანაში მემკვიდრეობით მიიღო მმართველობა. პოლემონისგან მას ჰყავდა ორი ვაჟი და ასული ანტონია ტრიფენა. უკანასკნელი წაყვა ცოლად კოტის VIII თრაკიელს (ოდრისთა მეფე ახ.წ. 12–19 წლ.); რის შემდეგაც კოტისი მუხანათურად მოკლეს (ახ.წ. 19 წ.), ის კი დარჩა ქვრივი მასთან შეძენილ შვილებთან ერთად. უფროსი ვაჟი მისი შვილებიდან მართავს ქვეყანას (თრაკიას). რაც შეეხება პითოდორიდას ვაჟებს, ერთი მათგანი (პოლემონ II, პონტოს მეფე ძვ.წ. 3–ახ.წ. 17 წლ.) ეხმარებოდა დედას ქვეყნის მართვაში, ხოლო მეორე (ზენონი) დანიშნეს დიდი არმენიის მეფედ (მეფობდა ახ.წ. 18–34 წლებში). თავად პითოდორიდა ცოლად გაჰყვა არქელაოსს (ზემოთ ნახსენები კაპადოკიისა და მომავალში მცირე არმენიის მეფეც) და ცხოვრობდა მასთან სიცოცხლის ბოლომდე (ახ.წ. 17 წლამდე). ახლა ის ქვრივია (გარდაიცვალა ახ.წ. 23 წელს), ფლობს ზემოთნახსენებ მხარეებს და სხვებს უფრო კულტურულს, რომელთა აღწერაზე ახლა გადავალ…“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): „ხალიბების მეზობლები არიან ტიბარენები, რომელთათვის ყველაზე კარგია თამაში და სიცილი. კონცხის მეორე მხარეს ხის კოშკებში ცხოვრობენ მოსინები“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (დღევ. გირესუნის რაიონში) კორდულას (კორდილა მდინარე ადიენსა და ათინას შორის, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით) პორტი, ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში) მაქორონები (მაქელონები)“...
დიონიოს პერიეგეტი (ახ.წ. II ს.) ძველ ცნობებზე დაყრდნობით გვამცნობს: „კოლხეთიდან და ფასისიდან დასავლეთით და ევქსინის სანაპიროებზე, თრაკიის სრუტემდე პირველები მოდიან ბიზერები, მათ მეზობლად ბექირების, ფილირების, მაკრონების ტომები, და ასევე ისინი რომლებიც ცხოვრობენ ხის მოსინებში. მათ შემდეგ მრავალრიცხოვანი წვრილფეხა პირუტყვის მფლობელი ტიბარენები; მათ შემდეგ ცხოვრობენ მოუსავლიან მიწებზე ხალიბები, რომლებიც მუდმივად ამუშავებენ მყარ რკინას“.
ევსევი კესარიელი (260–340): „ტიბარენები მახლობელ მოხუც ნათესავებს ცოცხლებს გადაისროდნენ ხოლმე კლდიდან, თუმცა როდესაც ქრისტიანობა მიიღეს, ამ წესს გადაეჩვივნენ“. ახ. წ. I ს. ავტორის, ისიგონე ნიკეელის ცნობით „ლიგიელები კლდეებიდან გადაისვრიან ხოლმე თავის მშობლებს, როდესაც ისინი სიბერის გამოუსარგებლონი ხდებიან“.
ლიგიები თუ ლიგისტინები ჰეროდოტეს ცნობით დას. მატიენების, მარიანდინების და სირიელების (ლევკოსირები ანუ კაპადოკიელები) მეზობლად ცხოვრობდენ. პომპონიუს მელას ცნობით მდ. ჰალისსა და თემისკირას შორის მდებარეობდა ქალაქი ლიკასტოსი. ამდენად ლიგიები ტიბარენებიდან არც ისე შორს, ხალიბების დასავლეთით ცხოვრობდნენ. მოხუცებისადმი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია კი პირველად მათზე გავრცელდა და მხოლოდ ორი საუკუნის შემდეგ გადავიდა ტიბარენებზე“.
ამიანუს მარცელინუსი (330–395): „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „მოსინიკები უწინ ცხოვრობდნენ ქ. ფარნაკიიდან ქ. კოტიორის სანახებამდე, ხოლო ტერიტორია კოტიორიდან ვიდრე პოლემონის (დღევ. ქ. ბოლამანი) სანახებამდე წინათ ცხოვრობდა მეზობელი ტომი ტიბარენებისა, რომლებიც სულ იცინოდნენ, ყოველგვარი შემთხვევის გამო და თვლიდნენ, რომ ეს ბედნიერება იყო“.
სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.): „ტიბარენია – ქვეყანა პონტოში, ხალიბებისა და მოსინიკების მეზობლად“.
სად ცხოვრობდნენ ტიბარენები?
მოსხების საკითხზე მსჯელობისას უკვე გავარკვიეთ, რომ ამ დროისთვის ისინი ცენტრალურ ანატოლიაში, ტიბარენების სამხრეთით ცხოვრობდნენ. ჰეროდოტეს და ქსენოფონტეს ცნობებიდან აშკარაა, რომ ტიბარენები ზღვისპირა ზოლში ცხოვრობდნენ და მოსინიკები, მაკრონები, მოსხები და ხალიბები მათი ნათესავი ხალხები იყო. ქსენოფონტეს და სტრაბონის ცნობიდან ჩანს რომ დასავლეთის ხალიბები ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში ორ ნაწილად იყოფოდნენ და მათ შუაში ტიბარენები ცხოვრობდნენ. ამდენად ტიბარენების დასავლეთით და აღმოსავლეთით ხალიბები ცხოვრობდნენ. ზღვისპირა ზოლი ქსენოფონტეს ცნობით კერასუნტ-ვაკფიკებირის ჩათვლით ეკუთვნოდა კოლხეთის სამეფოს. მათ სამხრეთით იყვნენ მაკრონები, ხოლო მათ დასავლეთით მოსინიკები, შემდეგ ხალიბების მცირე ჯგუფი, რომელსაც უნდა ეცხოვრა მომავალი ფარნაკიის ირგვლივ (ამას ადასტურებს სტრაბონი) და მათ შემდეგ იწყებოდა ტიბარენების მიწა. ასე რომ ტიბარენების აღმოსავლეთ საზღვარი გირესუნის ახლოს გადიოდა. ტიბარენების დასავლეთ საზღვარი უფრო ზუსტად არის ცნობილი და იგი ჩამის კონცხისა და ქ. პერშემბეს ხაზის გასწვრივ (სამხრეთით) გადიოდა. ჩრდილოეთიდან ტიბარენებს შავი ზღვა ესაზღვრებოდა, ხოლო სამხრეთით ტიბარენების და მოსხების საზღვარი მდინარე კელკიტზე გადიოდა. ტიბარენების ტერიტორიაზე მდებარეობდა ბერძნული ქალაქი კოტიორა (ორდუ) და მდინარე მელეტი.
ძვ.წ. VI საუკუნის მეორე ნახევარში ტიბარენები აქემენიდურმა სპარსეთმა დაიპყრო და თავის სატრაპიაში გააერთიანა. ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში ბერძნებთან ომებში დამარცხებული და შედარებით დასუსტებული სპარსეთი კარგავს შავიზღვისპირა ზოლზე გავლენას და ტიბარენები დამოუკიდებლობას იპოვებენ.
ძვ.წ. II საუკუნეში პონტოს მეფეებმა ხალიბების, მოსინიკების, ტიბარენების, მაკრონების... საცხოვრისი დაიპყრო, რასაც მოჰყვა აღნიშნული ქართველური ხალხების გაერთიანება და ერთ ხალხად – ჭანებად (ხალდებად) ჩამოყალიბება.

2. მოსინიკები და შკვითინიები
რას მოგვითხრობს წყაროები მოსინიკების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „მოსინიკები ცხოვრობენ მარების მეზობლად და დასავლეთიდან მათ ესაზღვრებიან ტიბარენები. მოსინიკების ქვეყანაში არის ქალაქი ხოირადეს“.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხებისავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს (მოსინიკებს) განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა მეცხრამეტე სატრაპია“.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „კერასუნტიდან, რომელიც ელინული კოლონია იყო კოლხების ქვეყანაში (კერასუნტ-ვაკფიკებირი) დასავლეთით ზღვისპირა გზით ელინები მივიდნენ მოსინიკების ქვეყნამდე. საზღვართან მათმა მეგზურმა ტრაპეზუნტელმა ტიმესიტიმ მიმართა მოსინიკებს: „როგორ გავიაროთ თქვენს ქვეყანაზე, როგორც მეგობრებმა თუ როგორც მტრებმა?“ მოსინიკებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ მათი სიმაგრეების აუღებლობაში, მიუგეს რომ მათ ქვეყანაზე არ გაატარებენ. მაშინ ტიმესიტიმ აცნობა ელინებს, რომ მთის იქეთა მხარის მოსინიკები მტრები არიან ამ მოსინიკების. გადაწყდა მთისიქითა მოსინიკებთან კავშირზე მოლაპარაკება და ამ მიზნით გაიგზავნა ტიმესიტი, რომელმაც მოიყვანა მთისიქითა მოსინიკების მეთაურები. ქსენოფონტემ მათთან ტიმესიტის თარჯიმნობით მოლაპარაკება გამართა. ქსენოფონტემ უთხრა: „მოსინიკებო, ჩვენ გვინდა ელადაში დაბრუნება ფეხით, რადგან არ გვყავს ხომალდები, მაგრამ ჩვენ გზას გვიღობავენ ის ხალხი, რომელიც როგორც გავიგეთ თქვენი მტრები არიან. გახდით ჩვენი მოკავშირეები, დავსაჯოთ ისინი ყველა იმ წყენისთვის, რომელიც ოდესმე თქვენთვის მოუყენებიათ. თუ უარს გვეტყვით, დაფიქრდით, როდის მოვა თქვენს დასახმარებლად კიდევ ასეთი სამხედრო ძალა?“. ამაზე მოსინიკების მეთაურმა მიუგო, რომ თანახმაა კავშირზე. „მაშინ – თქვა ქსენოფონტმა – გვითხარით, რაში შეიძლება გამოგადგეთ, როცა გავხდებით მოკავშირეები, და თქვენ რით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ ქვეყანაზე გასავლელად?“. მოსინიკებმა მიუგეს: „ჩვენ შეგვიძლია შეგვიძლია შევიჭრეთ მოპირდაპირე მხრიდან ჩვენი მტრების მხარეში, თქვენ კი მოგცემთ ნავებს და ხალხს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენ და გაჩვენებენ გზას“. შეთანხმება ფიცით განამტკიცეს და მოსინიკთა მეთაურები წავიდნენ.
მეორე დღეს მოსინიკები მოვიდნენ 300 ნავით. თითოეულში იჯდა 3 კაცი. აქედან ორი გადმოდიოდა ნაპირზე და სამხედრო წყობით ეწყობოდა, ხოლო ერთი რჩებოდა ნავში. უკანასკნელებმა გასცურეს უკან, ხოლო დარჩენილები მოეწყვნენ დაახლოებით 100 კაციან მწკრივებად. ყოველ მათგანს ჰქონდა ტყავგადაკრული დაწნული ფარი, მარჯვენა ხელში ეჭირათ 2,78 მეტრიანი შუბი, რომელსაც ერთ მხარეს ჰქონდა წვერი, მეორე ბოლო კი მომრგვალებული ჰქონდა. ტანზე პატარა ნაქსოვი პერანგები ეცვა, რომელიც მუხლებამდე ვერ სწვდებოდა, ჰქონდათ მჭიდრო ტილოს ჩანთები, თავზე ტყავგადაკრული ხის მუზარადები /ჰგავდა პაფლაგონურს/. ჰქონდათ აგრეთვე რკინის ცულები.
ამ დროს ერთმა დაიწყო სიმღერა და სხვებიც აყვნენ, რის შემდეგაც სამხედრო წყობით სიმღერით გაემართნენ საბრძოლველად. ელინთა მოკავშირე მოსინიკები მიადგნენ მათ მოწინააღმდეგე მოსინიკების ციხე-ქალაქის იმ ადგილს, რომელიც თავდასხმისათვის უფრო ხელმისაწვდომად ჩანდა.
ამ ქალაქს ჰქონდა აკროპოლისი, რომელიც იყო კიდეც მოსინიკთა ორი დაჯგუფების მტრობის მიზეზი, რადგან ვინც მას დაეუფლებოდა ის ითვლებოდა ყველა მოსინიკთა მეთაურად. ელინთა მოკავშირე მოსინიკები ამ აკროპოლისს საკუთრად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ იგი ძალით წაართვეს მათ ელინთა მოწინააღმდეგე მოსინიკებმა.
როდესაც მთისიქეთა მოსინიკები და მათ გაყოლილი ელინთა ნაწილი მიადგნენ ციხე-ქალაქს იქედან გამოიჭრნენ მთისაქეთა მოსინიკები, დაესხნენ მომხვდურთ, დაამარცხეს, დახოცეს ნაწილი, დანარჩენი გააქციეს და უკან დაედევნენ, ვიდრე არ დაინახეს მათ საშველად მომავალი ელინთა მთავარი ძალები. მაშინ მტერი მოსინიკები უკან სიმაგრეში შევიდნენ, თან გაიყოლეს ელინთა და მტერ მოსინიკთა თავები, იქედან ანახებდნენ მათ ელინებს და თან დამცინავად მღეროდნენ. ამან ელინების საბრძოლო სულისკვეთება შეარყია.
მაშინ ქსენოფონტემ გაამხნევა მეომრები და მეორე დღეს დაიწყო იერიში ქალაქზე (მომხრე მოსინიკები მარცხენა ფლანგზე დააყენა). თავიდან პელტასტებმა შეუტიეს. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ასევე მსუბუქად შეიარაღებული მოსინიკები, რომლებიც ქვებს ესროდნენ. მაშინ მათ ელინებმა მშვილდისრები დაუშინეს. საპასუხოდ მოსინიკები ხელჩართულ ბრძოლაში შევიდნენ და პელტასტებს უკან დაახევინეს. ამ დროს იერიში ჰოპლიტებმა წამოიწყეს და მათ დანახვაზე მოსინიკები უკან ქალაქში გაიქცნენ. პელტასტები და ჰოპლიტები უმალ დაედევნენ სიმაღლეზე და მალე მიაღწიეს მოსინიკთა მთავარი ქალაქის სახლებს. აქ მასპინძლები ბრძოლით შეხვდნენ მომხდურთ. ზოგი ისრებს ისროდა, ზოგი გრძელი და მსხვილი შუბით იბრძოდა. მოსინიკები ერთხანს წევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლეს, თავიანთი სახლები ცეცხლს მისცეს და უკანმოუხედავად იწყეს გაქცევა ქალაქიდან. მოსინიკთა მეფე რომელიც იმყოფებოდა ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე აგებულ ხის კოშკში (მას მოსინიკები საკუთარი ხარჯით კვებავდნენ და ამასთან კოშკში ჰყავდა დაცვა) არ მოისურვა მისი დატოვება, ისევე როგორც წინა მეფემ, რომელიც იმყოფებოდა ადრე აღებულ სიმაგრეში და ორივენი დაიწვნენ ხის კოშკებთან ერთად.
ელინებს მოსინიკთა სახლების ძარცვისას დიდძალი განიავებული პური დახვდათ, რომელიც მოსინიკების სიტყვით შარშანდელი გამოსავლისა ყოფილა, და ახალი ჯერ კიდევ გაულეწავი პური სდგმიათ. დიდ ქილებში ჩადებული, დაჭრილი და დამარილებული ზღვის ღორის (დელფინების) ხორცი დახვდა; დოქებში კიდევ ამ თევზის ქონი იყო შენახული, რომელსაც მცხოვრებნი ძროხის ერბოს მაგივრად ხმარობდნენ. ბლომად ჰქონდათ წაბლი, რომელსაც მოხარშულსა სჭამდნენ ან არადა პურად გამომცხვარს. ახლო-მახლო მთები სავსე იყო ხოლმე ამ ხეებით. ხვდებოდათ აგრეთვე ღვინოც, რომელიც უწყლოდ მეტად ცხარე იყო და გემოთი მწკლარტე, წყალ-ნარევი კი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელი იყო.
ელინებმა მოიმარაგეს საკვები, აღებული სიმაგრე მოკავშირე მოსინიკებს გადასცეს და გზა განაგრძეს. ყველა ადვილად მისაღწევი სიმაგრე მოწინააღმდეგე მოსინიკებისა ან დაცარიელებული ხვდებოდათ ელინებს ანდა უბრძოლველად ნებდებოდა. მათი სიმაგრეების უმეტესობა სწორედ ასეთი იყო. ისინი ერთმანეთისგან საშუალოდ დაახლოებით 14 კმ-ით იყვნენ დაშორებულნი. მოსახლეობა ერთმანეთს ამ „ქალაქებიდან“ გადაუძახებდა ერთმანეთს და ესმოდათ ერთმანეთის, რადგან ეს ქვეყანა სავსე იყო მთებითა და ღრმა ხეობებით.
მეგობარი მოსინიკების ქვეყანაზე გავლისას ელინებს აჩვენეს მდიდარი მშობლების მსუქანი ვაჟები, რომლებიც იკვებებოდნენ მოხალული წაბლით, ჰქონდათ ძალიან თეთრი კანი /საერთოდ ყველა მათგანი თეთრკანიანია/ და ერთნაირი სიმაღლე და სიგანე (ტანის აღნაგობის) ზურგი მთლიანად მოხატული ჰქონდათ, ხოლო წინა მხარე დაფარული ჰქონდათ ტატუირებული ყვავილებით (ეტყობა ტანისამოსი ძალიან მოკლე, წამოსასხამის მაგვარი, ჰქონდათ, თორემ სხეული რომ ტანისამოსით დაფარული ჰქონოდათ, მაშინ ტანის მოხატვას რაღა აზრი ექნებოდა).
ქსენოფონტეს აზრით მოსინიკები ყველა ტომებზე უფრო ველური ბუნების არიან. მათ დაურიდებლად სქესობრივად შეუღლება სწადდათ იმ როსკიპებთან, რომელნიც ელინებს თან მიჰყავდათ. როცა ისინი მარტოკა არიან, თავი ისე უჭირათ, თითქოს საზოგადოებაში ყოფილიყვნენ: თავისთვის მაღალ ხმაზე ლაპარაკობენ, ხარხარებენ, ადგებიან და ცეკვას დაიწყებენ, თითქოს სხვებს აჩვენებენ თავის ხელოვნებას.
მოსინიკების ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მივიდნენ ხალიბებთან. ხალიბები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლებიც ძირითადად რკინის წარმოებით ირჩენს თავს და ემორჩილებიან მოსინიკებს (ხალიბი ანტიკურ ავტორებთან რკინის მწარმოებელი ტომების აღსანიშნავადაც იხმარება, ასე რომ სრულიად შესაძლებელია ეს მოსინიკების მორჩილი ხალიბები რეალურად რკინის წარმოების მცოდნე მოსინიკების დასახლება ყოფილიყო). აქედან ელინები მივიდნენ ტიბარენებთან“.
ფსევდო სქილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „ბექეირების შემდეგ არიან მაკროკეფალები (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები), რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ფსორონი (დღევ. არაკლი, სურმენეს დასავლეთით) და ელინური პოლისი ტრაპეზუსი.
მაკროკეფალების შემდეგ არიან მოსსინიკები, რომელთა ტერიტორიაზეა ზეფირიოსის (ზეფფრე, თანამ. კაიკ-ლიმანი. ზეფირი ძველ საბერძნეთში დასავლეთის თბილ ქარს ერქვა. ქართულად კი არის ერთგვარი ბამბის ქსოვილი; ჩვეულებრივ იყენებენ მამაკაცის საპერანგედ.) ნავსადგური, ელინური პოლისი ხოირადესი (ჰეკატეოსის ცნობით ხოირადესი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს) და კუნძული არეია (არესის კუნძული, თანამ. გირესუნ-ადა, ქ. გირესუნის სანაპიროსთან, მდ. აკსუ ჩაის შესართავის პირდაპირ). ისინი ცხოვრობენ მთებში.
მოსინიკების შემდეგ არიან ტიბარენები, შემდეგ კი ხალიბები, რომელთა ტერიტორიაზეა დახურული პორტი გენეტი“.
არისტოტელე (ძვ.წ. 384–322): „ყვებიან, რომ მოსინიკების თითბერს (სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი, რომლის 50%-მდე დანამატია თუთია), გამოირჩევა მკვეთრი ბრწყინვალებით და მეტის-მეტად თეთრია; მოსინიკები სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენ. ამბობენ, რომ ასეთი შენადნობის გამომგონებელმა არავის გაუმხილა თავისი საიდუმლო; ამის გამო ამ ქვეყნის სპილენძის ძველი ნაკეთობები გამოირჩევიან შესანიშნავი ხარისხით, ხოლო მოგვიანო ხანის ნაკეთებობი კი არაო“.
სხვათაშორის ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის (გენეტის ანუ იასუნის) კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ რომ ჩაუვლით, თქვენ მიადგებით ერთ მწირ კუნძულს, (არესის კუნძული, არეია, არეტიადა. თანამ. გირესუნ-ადა, გირესუნის სანაპიროსთან, მდ. აკსუ ჩაის შესართავის პირდაპირ) ათასგვარი ხერხით რომ მოიგერიებთ თავხედ ფრინველებს რომლებიც მრავლად დასტრიალებენ თავს ამ უდაბურ კუნძულს. ოდესღაც მასზე ამაზონების დედოფლებმა, ოტრერემ და ანტიოპემ არესს აუგეს ქვის ტაძარი, როცა ისინი ლაშქრად მიდიოდნენ. ამ კუნძულზე მიდგომა თქვენთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდება; ამიტომ მეგობრულად გირჩევთ, იქ აუცილებლად მიაცუროთ ხომალდი. მაგრამ რატომ უნდა გითხრათ რა მოხდება იქ? ეს ხომ კვლავ ღვთის წყრომას გამოიწვევს! ამ კუნძულის გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ.
ტიბარენთა შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს წმინდა მთას და იმ მხარეს, რომლის მთებშიაც მოსსინიკები ცხოვრობენ ეგრეთწოდებულ მოსსინებში. აი ამ მოსსინებისაგან მიიღეს მოსსინიკებმა თავისი სახელი. მოსსინიკებს სულ სხვა ზნე-ჩვეულება და კანონები აქვთ. ყველაფერს იმას, რის გაკეთებაც დასაშვებია აშკარად ხალხში ან მოედანზე, ისინი სახლში აკეთებენ; ხოლო რასაც ჩვენ სახლში ვასრულებთ, იმას მოსსინიკები შენობის გარეთ შუაგულ ქუჩაში სჩადიან უსირცხვილოდ. მოსსინიკებში სირცხვილად არ ითვლება სქესობრივი კავშირის საჯარო შესრულება. ისინი, ვით ღორები საძოვარზე, ისე ყრიან მიწაზე და ერთად ესიყვარულებიან ქალებს, და ოდნავადაც არ ერიდებათ დამსწრეების და ერთი მეორის. ყველაზე უფრო მაღალ მოსსინში მათი მეფე ზის და თავის მრავალრიცხოვან ხალხს მართალ სამართალს უსჯის. მოსსინიკთა მეფის მდგომარეობა მეტად სავალალოა. თუ იგი სამართლის განსჯის დროს რაიმე შეცდომას დაუშვებს, ხალხი მას ჩაკეტავს და მთელ დღეს აშიმშილებს. მთელი ღამე მიცურავდნენ არგონავტები მოსსინიკების სანაპიროს გასწვრივ“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. აქვეა „მცირე არმენია“. ამ ადგილების ახლოს ცხოვრობენ აპეტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს, რომლებიც კოლხიდის ზევით (სამხრეთით) მდებარეობენ; მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს. მთელი ამ მხარის მოსახლენი სრულიად ველურნი არიან, ხოლო აღემატებიან სხვებს ჰეპტაკომიტები (ჰეპტაკომიტი შვიდსოფლელებს ნიშნავს, რაც უდრის შკვითინიებს; ისინი კი მოსინიკების მეზობელი და მონათესავე ხალხი იყვნენ, რის გამოც სრულიად ბუნებრივია სტრაბონის მხრიდან მათი ერთმანეთში არევა, მითუმეტეს, რომ შკვითინიებიც ხის სახლებში ცხოვრობდნენ, რომელთა სახელი ბერძნულად მოსინიკთა თვითსახელს გავს), რომელთაც სკიდისეც მთის მწვერვალები უჭირავთ (ქ. რიზეს მახლობლად მთებში მდებარე სანჯაყის არაბული სახელია „კურა სება“, რაც არაბულ ენაზე „შვიდ სოფელს“ ნიშნავს); ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ხეებზე ან ხის კოშკებში, რის გამოც ძველად ეძახდნენ მოსინიკებს, რადგან ამ ხის კოშკებს ეწოდება „მოსინები“. ისინი იკვებებიან ნადირის ხორცითა და ტყის ხილით; აგრეთვე თავს ესხმიან მგზავრებს, ძარცვავნენ და ამით ივსებდნენ თავის დანაკლისს. ჰეპტაკომიტებმა გაანადგურეს პომპეუსის 3 მანიპულა (ე.ი. 600 მებრძოლი), როდესაც ისინი გადიოდნენ ამ მთიან მხარეს; ბარბაროსებმა გზაზე დაალაგეს ჯამები დამათრობელი თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა იქაური ხეებიდან. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ თაფლისგან გონებადაკარგულ პომპეუსის მეომრებს და ამოჟლიტეს. ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგანი თავს ეძახდა ბიზერებს.
არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოართვეს შესაბამისად კარენიტი (არზრუმის მხარე) და ქსერქსენე (დერქსენე, სომხური დერჭანი, დღევ. თურქეთის ქ. თერჯანის ოლქი, არზრუმის დასავლეთით), რომლებიც ესაზღვრება მცირე არმენიას და ამჟამად მისი ნაწილია“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): „პაფლაგონიის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალიბები. ხალიბების აღმოსავლეთ მეზობლები არიან ტიბარენები, რომელთათვის ყველაზე კარგია თამაში და სიცილი. ტიბარენების აღმოსავლეთით, კონცხის მეორე მხარეს ხის კოშკებში ცხოვრობენ მოსინები. მთელ სხეულს ისინი იფარავენ ნიშნებით და იკვებებიან უცხო ადამიანების დასანახად. ქორწინება მათი მოუწესრიგებელი და სრულიად ღიაა. მეფეებს ისინი ირჩევენ ხმის მიცემით, ჰყავთ ის გამოკეტილი დაცვის თანხლებით და როცა ისინი ცუდი მმართველობის გამო იმსახურებენ დასჯას, მთელი დღე აშიმშილებენ. საერთოდ ისინი უხეშები, გაუნათლებელნი არიან და მტრულად ექცევიან უცხოელებს.
მათი მეზობლები – მაკროკეფალები (მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (ძვ. კერასუნტი, დღევ. ვაკფიკებირი) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი)“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (დღევ. ვაკფიკებირი) კორდულას პორტი, ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში) მაქორონები (მაქელონები ან მაკრონები?)...“
დიონიოს პერიეგეტი (ახ.წ. II ს.) ძველ ცნობებზე დაყრდნობით გვამცნობს: „კოლხეთიდან და ფასისიდან დასავლეთით და ევქსინის სანაპიროებზე, თრაკიის სრუტემდე პირველები მოდიან ბიზერები, მათ მეზობლად ბექირების, ფილირების, მაკრონების ტომები, და ასევე ისინი რომლებიც ცხოვრობენ ხის მოსინებში. მათ შემდეგ მრავალრიცხოვანი წვრილფეხა პირუტყვის მფლობელი ტიბარენები; მათ შემდეგ ცხოვრობენ მოუსავლიან მიწებზე ხალიბები, რომლებიც მუდმივად ამუშავებენ მყარ რკინას“.
ამიანუს მარცელინუსი (330–395): „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „ფარნაკიიდან ვიდრე კოტიორის მიდამოებამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ე.წ. მოსინიკებისა, რომლებიც თავიანთი ჩვეულებებით, ადათებით და საქმიანობით მეტისმეტად ბარბაროსები იყვნენ: ამბობენ რომ ისინი ყველანი ცხოვრობენ ხის ძალიან მაღალ კოშკებში, მუდამ აშკარად აკეთებენ ყოველგვარ საქმეს: თავიანთ მეფეს, რომელიც კოშკის ზემო სართულშია შებორკილი და ჩაკეტეილი, ყურადღებით უთვალთვალებენ; ვინც მას ყურადღებით დარაჯობს, მათ დავალებული აქვთ უყურონ, რომ მან ყველაფერი კანონიერად განაგოს: თუ ის გადაუხვევს კანონიერებას, ამბობენ, რომ მას უდიდეს სასჯელს ადებენ და საჭმელს არ აძლევენ“.
რას მოგვითხრობს წყაროები შკვითინიების შესახებ?
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მიადგნენ მდ. ჰარპასს (ჭოროხი), რომლის სიგანე 4 პლეთრი (124 მეტრი) იყო. აქედან მათ 4 დღეში 20 ფარსანგი (106,8 კმ) დაფარეს შკვითინიების (შკვითი მეგრულად 7-ს ნიშნავს, ე.ი. ეს სახელი შვიდსოფლელებს ნიშნავს. ამასვე ადასტურებს სტრაბონი და სხვა ბერძენი ავტორები, რომლებიც ამ მცხოვრებ ხალხს ჰეპტაკომიტებს უწოდებს, რაც ბერძნულად შვიდსოფლელებს ნიშნავს) ქვეყნის ვაკეებზე და მივიდნენ ერთ სოფელში, სადაც დაყვეს 3 დღე და შეივსეს სურსათის მარაგი“.
ქსენოფონტე არ აღწერს ჰარპასის გადალახვას, რადგან არც გადაულახიათ. ამ დროს გაზაფხული იყო და ადიდებული ჭოროხის გადალახვა დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა. ბერძნებს ჯერ ტაოს სამხრეთ ნაწილზე უნდა გაევლოთ, შემდეგ, კოპის ქედსა და სპერს შორის მცხოვრები ხალიბების მიწა და მიდგომოდნენ ჭოროხის საწყის ნაწილს, სადღაც ბაიბურთის სამხრეთით. შემდეგ შემოევლოთ ჭოროხის სათავისთვის და აქედან ჩრდილოეთით დაიძრნენ და ჭოროხის მარცხენა სანაპიროს გავლით იარეს გვიმნიასამდე. შემდეგ შემოუარეს დღევ. მდ. დოღანკენტის სათავე ნაწილს, საიდანაც უნდა დაწყებულიყო მაკრონების ქვეყანა.
„აქედან 4 დღეში გაიარეს 20 ფარსანგი (106,8 კმ) და მივიდნენ დიდ, მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქ გვიმნიასამდე (რომელიც სავარაუდოდ მდებარეობდა ბაიბურთის დასავლეთით, ჭოროხსსა და დოღანკენტს შორის). ამ ქვეყნის მმართველმა გამოუგზავნა ელინებს მეგზური, რომელსაც უნდა წაეყვანა ისინი მეზობელი, მტრული ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზით ზღვამდე. როდესაც მეგზური მოვიდა, უთხრა ელინებს რომ 5 დღეში მიიყვანდა იმ ადგილამდე, საიდანაც დაინახავდნენ ზღვას. როდესაც მეგზურმა ელინები მიიყვანა მეზობელი მტრულად განწყობილი ხალხის ტერიტორიაზე (რადგან ქსენოფონტე ამ ხალხის სახელს არ ასახელებს, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ესეც შკვითინიების სხვა ჯგუფი იყო) მოუწოდა მათ დაეწვათ და გადაეწვათ ეს მხარე. მაშინ ელინები მიხვდნენ, თუ რატომ გააყოლა მეგზური შკვითინიების მეთაურმა მათ. შკვითინების შუა მდებარე ადგილიც თითქმის მიუვალ ზღუდეს ჰგავდა. ძირს წყალი დიოდა და მდინარეს ორსავე ნაპირას ხშირი ტყე უდარაჯებდა.
მეხუთე დღეს ელინები მივიდნენ მთა ფეხესთან (დიოდორე მას უწოდებს ხენიის. მთის მდებარეობა გაურკვეველია. როგორც ჩანს ბერძნები ტრაპეზუნტისაკენ მიდიოდნენ ჩრდ. პონტოს მთების ამ მხარეში მდებარე ერთადერთი – ზიგანის უღელტეხილით). როდესაც არიერგარდის ჯარისკაცები ავიდნენ მთაზე უმალ ატეხეს ყვირილი. ქსენოფონტემ იფიქრა რომ მტერი უტევდათ მათ წინიდან, მაშინ როდესაც ელინებს უკან ასევე მტერი ჰყავდათ დატოვებული. ქსენოფონტე დაიძრა მთისკენ და მის მისადგომებთან მდგარი ბარბარსოების მცირე რაზმი გაანადგურა. ელინებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ტყვე და 20 ნადირის ტყავით დაფარული ფარი. როდესაც მთაზე დამატებითი ნაწილებიც ავიდნენ მათი ყვირილი გაძლიერდა. მთასთან მიახლოებისას ქსენოფონტე დააკვირდა და მიხვდა, რომ ისინი „ზღვას“ იძახდნენ. მალე ყველანი მთაზე ავიდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ. მალე ელინებმა ნადავლიდან არასასურველი ნივთები, მათ შორის ფარები ერთად დააგროვეს რათა დაეტოვებინათ. შემდეგ ქსენოფონტემ ტყვეები გაათავისუფლა და მათ მეთაურს ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნა – ცხენი, ვერცხლის თასი, სპარსული სამოსი და 10 დარიკი.
შკვითინმა მეგზურმა ელინებს ასწავლა ახლო სოფელი სადაც დაისვენებდნენ და ზღვისაკენ გზა, რომელიც მაკრონების ქვეყანაზე გადიოდა. დაღამებისთანავე მეგზურმა მიატოვა ელინები და დაიმალა. დასვენების შემდეგ ელინებმა 3 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) დაფარეს მაკრონთა ქვეყანაზე“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. აქვეა „მცირე არმენია“. ამ ადგილების ახლოს ცხოვრობენ აპეტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს, რომლებიც კოლხიდის ზევით (სამხრეთით) მდებარეობენ; მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს. მთელი ამ მხარის მოსახლენი სრულიად ველურნი არიან, ხოლო აღემატებიან სხვებს ჰეპტაკომიტები, რომელთაც სკიდისეს მთის მწვერვალები უჭირავთ; ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ხეებზე ან ხის კოშკებში, რის გამოც ძველად ეძახდნენ მოსინიკებს, რადგან ამ ხის კოშკებს ეწოდება „მოსინები“. ისინი იკვებებიან ნადირის ხორცითა და ტყის ხილით; აგრეთვე თავს ესხმიან მგზავრებს, ძარცვავნენ და ამით ივსებდნენ თავის დანაკლისს. ჰეპტაკომიტებმა გაანადგურეს პომპეუსის 3 მანიპულა (ე.ი. 600 მებრძოლი), როდესაც ისინი გადიოდნენ ამ მთიან მხარეს; ბარბაროსებმა გზაზე დაალაგეს ჯამები დამათრობელი თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა იქაური ხეებიდან. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ თაფლისგან გონებადაკარგულ პომპეუსის მეომრებს და ამოჟლიტეს. ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგანი თავს ეძახდა ბიძერებს“.
ჰეპტაკომიტი შვიდსოფლელებს ნიშნავს, რაც უდრის შკვითინიებს. სკიდისე/ სკვიდისი – ვიწრო მნიშვნელობით მოიცავდა ჭოროხის მარცხენა ნაპირზე აღმართულ ლაზისტანის ქედს, ხოლო ფართო მნიშვნელობით აგრეთვე სოღანლისა და კალკანის ქედებსაც. ლაზისტანის ქედი სავარაუდოთ კოლხეთის მთის სახელით იყო ცნობილი. ლაზისტანის ქედზე, ქ. რიზეს მახლობლად მთებში მდებარე სანჯაყს არაბულად ქვია „კურა სება“, რაც „შვიდ სოფელს“ ნიშნავს. ეს. ყველაფერი აღნიშნული კი ადასტურებს ანტიკურ „შვიდსოფლელთა“ ამ მხარეში ცხოვრებას. ტერმინი „შკვითინები“ საფუძვლად უდევს დასავლურ-ქართველური (მეგრულ) ჭანური რიცხვითი სახელი შკვითი (შვიდი). ბერძნულში „შ“ ბგერის უქონლობის გამო თავკიდური ბგერა „სკვითინები-ს“ შესაბამისი ბერძნული სიგმითაა გადმოცემული.
ეთნიკური სახელის სკვითინების წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს 7 ეთნო-სოციალური ერთეულის გაერთიანებასთან ერთ დიდ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულად (ძვ. წ. V საუკუნის დასასრული).
სად ცხოვრობდნენ მოსინიკები?
თუ სტრაბონის ცნობების გარეშე განვიხილავთ ყველა ცნობას გამოვა რომ: მოსინიკების სამფლობელო ვრცელდებოდა გირესუნის რაიონიდან და კ. გირესუნ-ადადან – ფილოკალეია-გიორელემდე. ანტიკური ქალაქის ფილოკალეიას სახელი აშკარად აქ მცხოვრებ ხალხს – ფილირებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელთაც მხოლოდ აპ. როდოსელი და დიონიოს პერიეგეტი იცნობს. ეტყობა ეს ხალხი მცირე ჯგუფი იყო და მოსინიკების გაერთიანებაში შედიოდა. სამხრეთით მოსინიკები აღწევდნენ მდ. კელკიტამდე და შესაბამისად ეკავათ გირესუნის ქედის დიდი ნაწილიც.
სტრაბონის მიხედვით შკვითინიები მოსინიკები იყვნენ და აგრეთვე დერქსენეს მხარეც მათ ეკავათ ვიდრე არმენიელები წაართმევდნენ. შკვითინიები ქსენოფონტესა და სტრაბონის ცნობათა შეჯერებით ცხოვრობდნენ ლაზისტანის, სოღანლისა და გიუმუშჰანეს მთებში. სოღანლისა და გიუმუშჰანეს მთებს და მდინარეების – დოღანკენტისა და ჭოროხს შორის მდებარეობდა მათი დედაქალაქი – გვიმნიასი. აქედან კი დერქსენეს მხარემდე საკმაოდ ახლოა. გიუმუშჰანეს ქედი გირესუნის ქედის უშუალო გაგრძელებაა. ასე რომ თუ სტრაბონის ორივე ცნობას გავიზიარებთ და მოსინიკთა სხვა ავტორების მიერ მითითებულ საცხოვრისთან შევაპირისპირებთ (რომლებიც უმეტეს წილად მხოლოდ სანაპიროებს აღწევენ და შიდა მხარეების დახასიათებისგან თავს იკავებენ) – წინააღმდეგობაში არ მოვდივართ. პირიქით ისინი ერთმანეთს ავსებენ და გამოდის, რომ მოსინიკებს ბევრად დიდი ტერიტორია სჭერიათ, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს. ამასთან ემთხვევა მოსინიკებისა და შკვითინიების დახასიათება ანტიკურ ავტორებთან – ორივეს ამ მხარის ყველაზე ველურ ხალხად მიიჩნევენ.
ძვ.წ. VI საუკუნის მეორე ნახევარში მოსინიკები აქემენიდურმა სპარსეთმა დაიპყრო და თავის სატრაპიაში გააერთიანა. ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში ბერძნებთან ომებში დამარცხებული და შედარებით დასუსტებული სპარსეთი კარგავს შავიზღვისპირა ზოლზე გავლენას და მოსინიკები დამოუკიდებლობას იპოვებენ.
ჰეკატეოსის, ქსენოფონტესა და ფსევდო სკილაქსის ცნობების შეპირისპირებით ვგებულობთ აგრეთვე იმასაც, რომ ძვ.წ. IV საუკუნის შუა ხანებისთვის ბერძენ კოლონისტებს მოსინიკების სანაპიროს დიდი ნაწილი (თუ სრულად არა) მიუტაცებიათ. სამაგიეროდ შიდა ტერიტორიებზე მოსინიკებს უნდა შეევიწროვებინათ ხალიბები, რასაც მოჰყვა ხალიბთა ერთიანი სივრცის დარღვევა და მათ შორის მოსინიკთა დასახლებების გაჩენა.
ძვ.წ. II საუკუნეში პონტოს მეფეებმა ხალიბების, მოსინიკების, ტიბარენების, მაკრონების... საცხოვრისი დაიპყრო, რასაც მოჰყვა აღნიშნული ქართველური ხალხების გაერთიანება და ერთ ხალხად – ჭანებად (ხალდებად) ჩამოყალიბება. მოსინიკების კუთვნილი დერქსენე, ხალიბების კუთვნილ კარენიტთან ერთად „დიდი არმენიის სამეფომ“ მიიტაცა, რის შემდეგაც მოსინიკთა აღნიშნული ნაწილი გაარმენდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий