суббота, 29 февраля 2020 г.

საციციანოს დაარსების ისტორიიდან (მ. მიჩიტაშვილი)

ქვეყნის პოლიტიკური დაშლის შედეგად წარმოშობილი სამეფო სამთავროებისა და სათავადოების ისტორია მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდის ისტორიის სიღრმისეულად შესწავლისათვის.
ქართლის სათავადოებიდან ყველაზე მეტად საციციანოს ისტორიაა დაუმუშავებელი და დღემდე მონოგრაფიულად შეუსწავლელი. ისტორიული წყაროების ნაკლებობით აიხსნება, რომ ფანასკერტელების ქართლში გადმოსვლასა და საციციანოს დაარსების თაობაზე დღემდე ისტორიკოსებს შორის (დ. გვრიტიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინიშვილი, კ. გრიგოლია, დ. ბერძენიშვილი) აზრთა სხვადასხვაობაა.
ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულო სახლი ისტორიულ ტაოს უკავშირდება. IX-X საუკუნეებში ფანასკერტელები ტაოს მფლობელნი არიან და „ერისთავთერისთავებად“ იწოდებიან. საგვარეულოს სახელწოდება „ფანასკერტი“ ფანასკერტის ციხის მფლობელობის გამო ჰქონდათ მიღებული. ფანასკერტის ციხე ბაგრატ III დროს მეფის განკარგულებაშია და შემდგომ, სავარაუდოდ, დამსახურების გამო ებოძათ ფანასკერტელებს.
პირველი ცნობები სამეფო კართან ფანასკერტელთა საგვარეულო სახლის ურთიერთობის შესახებ თამარის მეფობის დროს ჩნდება. ტაოს მფლობელი გუზან აბულასანის ძე, რომელიც იმავდროულად კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელიცაა, მეფის მოღალატეთაგან პირველი მხარდამჭერია საქართველოში შემოჭრილი გიორგი რუსისა. 1191 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგაც პატიების ნაცვლად „...გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰ-არმენისასა“. თამარის ანონიმი ისტორიკოსი პირველად ახსენებს მეფის ერთგულ ზაქარია ფანასკერტელს. „...ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელნი, კალმახელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი“. (16: 55). სწორედ ზაქარია ფანასკერტელის სარდლობით კოლის მთაზე შებმიან მრავალრიცხოვან მტერს, ხელთ უგდიათ მოღალატე გუზანის ცოლ-შვილი და შაჰ-არმენისათვის გადაცემული ციხეებიც დაუბრუნებიათ ქვეყნისთვის.
თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი, სამეფოს მონაპირეთა - „რომელნი იყვნეს, ღამეთა დღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებლად“, ჩამოთვლისას ხაზგასმით აღნიშნავს ზაქარია ფანასკერტელის დამსახურებას და ერთგულებას სამეფო კარისადმი _ „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო... გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა... ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხვინა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა...იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი“ (16: 130). ერთგულებისა და თავდადების სანაცვლოდ, ზაქარია ფანასკერტელის ხელში გადადის მოღალატე გუზანის სამფლობელოები _ ტაო, კლარჯეთი და შავშეთი, რომლის რეზიდენცია ფანასკერტია.
ამდენად, XII საუკუნეში ფანასკერტელები თამარის კარზე მონაპირე ერისთავთ-ერისთავები, საკმაოდ გავლენიანნი და თამარის ერთგულებით გამორჩეულნი არიან.
XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ფანასკერტელები თავიანთ გავლენას კარგავენ, რასაც 1259 წლის რკონის სიგელიც ადასტურებს. „...მე კახამან და ხათუთამან შვილი არ გუესვა და ვიყიდეთ ხოვლე თქუენთვის მემამულეთა აღბუღასაგან... ხოვლესთან ნურცა რაი: ეგრე საქმე უც: და რა გინდა ვალი ანუ დაჭირება დაემართოს: ჩემსა გუარის კაცსა, ვითა გიშელთა და ფანასკერტელთა მამულსა თანა“ (20: 135).
ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ კარგავენ ფანასკერტელები მამულებს და თავიანთ გავლენას საკუთარ სამფლობელოებზე. ამ პერიოდში ჯაყელთა საგვარეულოდან დაწინაურებულმა სარგის ჯაყელმა დავით ულუს ერთგულების სანაცვლოდ ადვილად შეძლო სამცხის სამთავროს მოქცევა თავისი გავლენის ქვეშ. დავით ულუს აჯანყების შემდგომ, ყაენმა 1266 წ. ხასინჯუდ „სარგის ჯაყელსა კარნუქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა იერალიყითა“, რის გამოც ჩამოვარდა უსიამოვნება მეფესა და სარგის ჯაყელს შორის. სარგისის ძემ ბექამ საბოლოოდ „დაიპყრა ქუეყანა ტასისკარითგან კარნუქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისჴევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტაანი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი-დღე განდიდნებოდეს და მსახურებდეს ყაენს აბაღას და მორჩილობდეს მეფესა დიმიტრის“ (16: 312).
როგორც ჩანს, მთელი ტაოს ხელში ჩაგდება ჯაყელებს მაინც ვერ მოუხერხებიათ, თუმცა „უმრავლესი ტაო“ კანონიერ მფლობელებს-ფანასკერტელებს დაუკარგავთ. სწორედ ამით აიხსნება რკონის სიგელში ფანასკერტელთა მამულის „დაჭირება“. გაორგულებულმა ქვეშევრდომმა სარგის ჯაყელმა ყაენის ქვეშევრდომობა ამჯობინა და მამული „ხასინჯუდ“ აქცია, რითაც მეფისაგან უფრო შეუვალი გახდა. განდგომილი ათაბაგი დიდი ძალისხმევით შეეცდებოდა „მთლიანი ტაო“ დაესაკუთრებინა და საათაბაგოდან განედევნა მეფის ერთგული ფანასკერტელები, თუმცა, ფანასკერტელები, ათაბაგთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ტაოს მფლობელობას მაინც ინარჩუნებენ.
XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის პირველი ნახევრის ფანასკერტელთა საგვარეულოს ისტორიიდან განსაკუთრებით საყურადღებოა იერუსალიმის ჯვრის სვინაქსარის აღაპებში და ტიშენდორფისეულ ნუსხაში მოხსენიებული გრიგოლ ფანასკერტელის პიროვნება. ელ. მეტრეველის მოსაზრებით „აღაპი განწესებულია XIII საუკუნის დამლევს, არა უგვიანეს XIV საუკუნის პირველი წლებისა“ (11: 19-23). მას დიდი მატერიალური დახმარება აღმოუჩენია ჯვრის მონასტრისათვის წართმეული მამულების დასაბრუნებლად, რის გამოც მონასტრის კრებულმა სვინაქსარში ხუთი აღაპი გაუჩინა. როგორც ჩანს, სიცოცხლეში გაწეული შემოწირულებისათვის დაუმსახურებია აღაპის განწესების უფლება. #123 აღაპიდან ვგებულობთ, რომ: „მოსცა და შემოსწირა ჯუარისა მუნასტერსა აქიას ადგილი, რვაას დრაჰკნად ნასყიდი... მამასვე დღეს შჳდი ათასი თეთრი გავიყავით იჱრუსალემს მყოფთა ქრისტიანეთა ქართველთა. მივეცით პატრიარქსა და მისთა მონასტერთა ორი ათასი თეთრი ამასვე დღეს.“გრიგოლ ფანასკერტელს კვლავ გაუგზავნია დახმარება მურვანის ხელით: „მეორედ გამოეგზავნა მურვანის ჴელითა ოცდა ათჯერ ათასი და ვიყიდეთ აქაიას მამული ოცდაოთხი ათასად. და სხუაჲ სალოცავად გავეცით“ (11: 90, 91). ამ დროს დრაჰმა უკვე ვერცხლის მონეტაა და იერუსალიმს გაგზავნილი ფულიც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. მონასტრის არსებობის მატერიალური შეწირულობანის ისტორიისა (9: 48, 49) და გრიგოლ ფანასკერტელის გაწეული დახმარების მიხედვით, ჩანს, იგი დიდი სიმდიდრის მფლობელი და საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც იცოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის.
ამდენად, გაჩნდა ინტერესი, ხომ არ იყო გრიგოლ ფანასკერტელი ფანასკერტელთა შტოდან გიორგი ბრწყინვალის სამეფო კარზე გადმოსული პირველი ფანასკერტელი. კვლევითი მუშაობის მიუხედავად, მის შესახებ წერილობით წყაროებში ჯერ-ჯერობით დამატებითი ცნობები დღემდე ვერ მოვიძიეთ, რაც ფანასკერტელთა საგვარეულო სახლის XIV საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიას ნათელს მოჰფენდა.
ფანასკერტელების ქართლში დამკვიდრების ისტორიისათვის მეტად საინტერესო დოკუმენტია თაყა ფანასკერტელის სიგელი კათალიკოზ ელიოზისადმი (1399-1419 წ.). სიგელი შედგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1419 წელს, კათალიკოსის გარდაცვალებამდე. სიგელში მოხსენებული თაყა ფანასკერტელის და, სითიხათუნი უკვე დედოფლად არის მოხსენიებული.
სითიხათუნზე ტახტის მემკვიდრის, ვახტანგ ალექსანდრეს ძის ქორწინება 1442 წელსაა მოხსენიებული „ქართლის ცხოვრებაში“ „..დასუა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ და შერთო ფანასკერტელის ქალი და დაჲ თაყას ფანასკერტელისა დედოფალი სითიხათუნ“ (16: 475).
„ქართლის ცხოვრებაში“ ქორწინების თარიღი მცდარია, რადგან ზემოთ აღნიშნული სიგელი მხოლოდ 1419 წლამდე, კათალიკოსის გარდაცვალებამდე შეიძლებოდა დაწერილიყო, რაც არსებითად ცვლის ფანასკერტელების ქართლში დამკვიდრების ისტორიას. სიგელი მრავალ საყურადღებო ცნობებს იძლევა: „...ქ՜ კზსა ელიოზს... მოგახსენეთ სააღაპეთ პატრონისა ჩუჱნისა დიდისა დედოფლისა სითიხათუნისათვის ატენს ლუსმალაური მამული, ასე რომე ფერიცვალება-დღე პატრონისა ჩუჱნისა დისა, დედოფლისა სითიხათუნისათჳს გარდაიხდებოდეს კარგაღებული აღაპი და ფერისცვალების მეორე დღე - ჩემთვის...შემოგწირეთ მეფეთ-მეფე ალექსანდრეს ბრძანებითა და ნება-დართჳთა ატენს ლუსმალაური მამული...მე ფანასკერტელმა თაყამან პატრონისა ჩუჱნისა დისა სათიხათუნის სააღაპედ, ასე რომე მატანელთა არა-საქმე დააგდონ მას გუერც არა ყალანსა, არა კულუხსა თანა“. აღაპთა ნუსხაში ჩაწერილია: „ატენს ლუსუას მამული სააღაპოდ თაყასი“ (20: 223).
აღაპთა ნუსხის ამ ჩანაწერიდან ნათელია, რომ თაყა ფანასკერტელი ლუსუას, სააღაპე მამულის, მწირველადაა დადგენილი „მეფის ბრძანებითა და ნება-დართჳითა“. შუა საუკუნეებში მწირველად დადგენის წესის მიხედვით (7: 321)
ცნობილია, რომ მწირველი გვევლინება მისთვის ჩაბარებული სამწირველოს მეპატრონედ, მოურავად. შემწირველები მწირველებს თვითონვე ადგენდნენ. მწირველი, რომელსაც სამწირველო ჰქონდა ჩაბარებული, შეიძლებოდა სასულიერო პირი არ ყოფილიყო. შეწირულობის სიგელების მიხედვით, მწირველისაგან შემწირველი ძირითადად ერთგულებას ითხოვდა და მხოლოდ ერთგულებით გამორჩეულთ გადასცემდა, რადგან სამწირველო ყმა-მამული ეკლესია-მონასტრისთვის მხოლოდ პირობით გადაცემულ ქონებას წარმოადგენდა და არა მათ კერძო საკუთრებას. შემწირველი დაინტერესებული იყო, შეწირულების გარიგება შემდეგშიც არასდროს არ შეცვლილიყო, მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თაყა ფანასკერტელი ლუსმალაურის ყმა-მამულის მწირველია, ე. ი. შემოსავლის განმკარგველია და დაწესებულ წირვა-აღაპს იხდის. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მხოლოდ საკუთარი დის, დედოფალ სითიხათუნის ნება-სურვილით არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება. ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ჯერ კიდევ მეფე ალექსანდრეს მიერ 1412 წლის მცხეთისადმი შეწირული სააღაპე მამულების, „მრავალფერად ვალდადებულისა და ჭირნახულისა რუსასა სულისათვის სააღაპედ ატენს“ (4: 8) მწირველად, თაყა ფანასკერტელი ყოფილიყო. რადგან, თამარ მეფის დროიდან, მეფის სამწირველოში არსებობდა მწირველების დადგენის მემკვიდრეობის წესი, როცა სამწირველო ერთი და იმავე გვარის ხელში იყო. ამ წესის მიხედვით, მწირველის პატრონისათვის უმჯობესი იყო, შემდგომშიც სამწირველო ერთხელ დადგენილი პირველი მწირველის გვარის წევრთა ხელში ყოფილიყო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მცხეთისადმი შეწირული 1414 წ. სიგელი და რკონის სიგელზე გვიანდელი მინაწერიც, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სამეფო კარის სააღაპედ გაცემულ მამულებს ტანასა და თეძმის ხეობაში, მეფე ალექსანდრეს გამეფებისთანავე, პატრონობდა თაყა ფანასკერტელი. „...მეფეთა მეფესა ალექსანდრეს და ძეთა ჩემთა: ვახტანგს და დემეტრეს და ჩემთა ძმათა ბაგრატს და გიორგის... მოგვიხსენებია...რკონისა ღმრთისმშობელისათჳს ...ვნახეთ ხოვლისა სიგელი... ახლად ჩუენ შემოგვიწირავს სამლოცველოდ სულისა ჩუენისა და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისა... არა ეთხოვებოდეს და არა ეწერებოდეს არასთანა სათხოვარი და გამოსაღები, სათათროს ულუფისაგან მეტი... არა გორიდაღმან და არა ატენით... აღაპი ჩემთვის გარდაიხდებოდეს ყოვლითურთ უნაკლოდ“. ე.ი. ტანასა და თეძმის ხეობის სააღაპე მამულების მწირველს და მოურავს, ჩანს, ხოვლეს მამულისგან სათხოვარი და გამოსაღები დროთა განმავლობაში მაინც მოუთხოვია, რაზედაც მეორე მინაწერი მიგვანიშნებს: „...ჩუენ, აფხაზეთისა და ქართლის მეფეთა-მეფემან გიორგი ...მოგუიჴსენებია... ჟამთა ვითარებისაგან ატენის ციხის სათხოვარი რაიმე შესრულიყო“ (19: 157).
ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების 1392 წ. და 1447 წ. ნუსხების შედარებისას ირკვევა, რომ საეკლესიო მამულების რაოდენობა 1447 წლის ნუსხის მიხედვით, იმდენადაა შემცირებული, რომ ამ ხეობებიდან დარჩენიათ მხოლოდ „ჴუედურეთს რაცა ძუელითგან მცხეთისა ყოფილა და არის, სარკე მისითა შესავლითა... ატენის მხოლოდ წინუბნელი“ (18: 176, 187). ერთულებით მსახურება ყმა-მამულის და ქონების წყალობასაც გულისხმობდა და სამეფო კარის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, აღნიშნული მამულების მფლობელნი დროთა განმავლობაში ფანასკერტელები ხდებოდნენ.
წყაროთა მიხედვით, მეფე ალექსანდრეს გამეფებისთანავე ფანასკერტელები საკმაოდ გავლენიანი თავადები არიან. ქართლის ძლიერ თავადებთან - ამილახვრებთან, გამრეკელ-ჯავახიშვილებთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან. სამეფო კარის მხარდაჭერით იმდენად შეუვალნი ჩანან, რომ ქართლის უძლიერესი თავადები მათთან ნათესაურ კავშირს ამჯობინებენ. თაყა ფანასკერტელის მეორე და თაყა ამილახორის მეუღლეა, ხოლო გამრეკელ-ჯავახიშვილის ცოლი, გულსურაბ-ციციშვილების გვარიდანაა“ (1: 67). თაყა ფანასკერტელის სწრაფი დაწინაურებისა და აღზევების საფუძველი დემეტრე ალექსანდრეს ძის ასულთან ქორწინებით შეიძლება აიხსნას. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენებულია მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი, თაყა ფანასკერტელის მეუღლედ. „...ხ՜რებად და დიდსა ხუთ შაბთსა გაგჳჩენია რუსუდანესთ՜ს და თაყა ფ՜ნასკერტლის՜თს...დიდსა დაჭირბ՜სა შიგან დემ՜ტრე მ՜ფისა ას՜ლსა რუსუდნ՜ს და თაყა ფანასკერტელსა“. იქვე გარკვევით იკითხება აღაპი „რუსუდ՜ნისთ՜ს გ՜რდაიჴდბ՜დეს შ՜ბთს“ და თაყასთვის კვირას (8: 15).
ამის თაობაზე განსხვავებულ ვარაუდს გამოთქვამდა ს. კაკაბაძე (5: 11). ვფიქრობთ, მკვლევარს დაშვებული აქვს გარკვეული უზუსტობანი, როგორც დათარიღებაში, ასევე პირთა იდენტიფიკაციაში. ნ. მარს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით თმოგველ-უჯარმელთა ასული მამქან, ყოფილი მარინე მიაჩნდა მეფე ალექსანდრეს თანამედროვე, თაყა ფანასკერტელის მეუღლედ: „მე ცოდვითა დაღონებ՜ულმ՜ნ და ყ՜თა მონაზონთა უნარჩევესმ՜ნ თმოგველ՜თა უჯარმელთა ასლმ՜ნ მამქან ყოფილმ՜ნ მარინე ჴელ-ვყავ და აღვაშენე ჯი՜ს პტი՜სნისა გალავნისა ბურჯი სამამოსაკენ და გამოვიღე სამოცი ფლური ჩ՜ნისა ც՜დვილისა სლ՜ისა საჴსრად. ჯრ՜ო პატი՜სნო შეიწყალე სული ფანასკერტელისა თაყასი და მისისა მეუღლისა მარინესი და მისისა ძმისა როინისა და მისთა დედა-მ՜მთა“ (8: 53).
ერთი შეხედვით, იმავე აზრს ადასტურებდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის #193 სვინაქსარის მინაწერიც: „აწ სულსა სულკურთხეულსა ფანასკერტელსა თაყასა შეუნდოს ღმერთმან. მათსა მეუღლესა მამქანს შეუნდოს ღმერთმან. თმოგველ-უჯარმელსა თაყედინ-ყოფილსა თეოდოლეს შეუნდოს ღმერთმან, მათსა მეუღლეს ესტანჯარ...“ (15: 330). მინაწერი პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XVI საუკუნისაა. აღაპში მოხსენიებულ პირთა ვინაობის დაზუსტება შესაძლებელი გახადა სინის მთის სულთა მატიანეში შეტანილმა მამქან-ყოფილი მარინეს მოსახსენებელმა:
„ციციშვილს ფარსადანს შ՜ს ღ՜ნ ან...თანამეცხედრსა გულდამს შ՜ს ღ՜ნ, ან კს՜ნი და მათშა ძმასა ამილღაბარ შ՜ს ღ՜ნ ან; და მათ რძალსა მამქან ყოფილსა მარინეს შ՜ს ღ՜ნ...“ (25: 243, 241). მატიანით გაირკვა თაყა ფანასკერტელის ძმები, ფარსადან-თანამეცხედრე გულდამი და ამილღაბარ. გერგეტის სულთა მატიანის მოსახსენებელით და ამავე პერიოდის აღაპებით დადგინდა მამქან-ყოფილი მარინეს ძმის-როინის და მშობლების ვინაობა და მოღვაწეობის პერიოდი: „როინ არის ძე თაყიადინ უჯარმელის ძისა და ვახუშტის ასულის ნესტანჯარისა“ (22: 236, 206). ამრიგად, იერუსალიმის ჯვრის აღაპების, სინის მთის სულთა მატიანესა და გერგეტის სულთა მატიანის მოსახსენებელთა შედარებით განისაზღვრა მათი მოღვაწეობის პერიოდი XV საუკუნის მეორე ნახევარი და XVI საუკუნის პირველი ნახევარი.
მეფე ალექსანდრეს თანამედროვე თაყა ფანასკერტელი იმდენად აღზევებული და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ჩანს სამეფო კარისათვის, რომ ფანასკერტელთა საგვარეულო სახლთან „დამოყვრებას“ არ თაკილობენ. ჩვენამდე მოღწეული არც ერთი წყარო არ აფასებს „უგვარო“ ქვეშევრდომზე ქორწინებად, მაშინ როცა მეფე კონსტანტინე მეორე ბარათაშვილის ქალზე ქორწინებას დიდ ცოდვად მიიჩნევს: „ცოდვითა სიმრავლისა და სოფლის ვითარებისგან ცოდვისა საქმესა შეესწრა ჩუენი შვილი დავით და უხვედრი ბარათაშვილისა ასული შეირთო“ (20: 306).
ამრიგად, ეს ქორწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს სამეფო ოჯახთან მათ განსაკუთრებულ სიახლოვეს და საბოლოოდ ამყარებს ვარაუდს, რომ ფანასკერტელები სამეფო ოჯახთან მჭიდრო კავშირში გაცილებით ადრე, ალექსანდრე დიდის გამეფებამდე უნდა ყოფილიყვნენ.
ამ მოსაზრებას ადასტურებს ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი (1: 40, 41), სადაც ვკითხულობთ: „გაუწყრა მეფე კონსტანტინი შვილსა, მეფესა ალექსანდრეს და ალექსანდრე მეფე ათაბაგსა ივანესთანა წავიდა [და მამა] ჩემი თან წაჰყვა ღარიბობასა. ხუთსა წელიწადსა ღარიბობას იახლა. კონსტანტინე მეფემან ჩალაღანს გაილაშქრა და იქი მოკლეს. მოვიდა მეფე ალექსანდრე და მის ტახტზედა დაჯდა... მაშინდელი აღარავინ ცოცხალა ზაქარიას მეტი და ზაქარიას ჰკითხეთ, როგორა ჰყვა მეფესა ალექსანდრეს მამაჩემი. მერმე თაყაც/ამილახვარი/ მოიწიფა და ორნივე კამყოლად ჰყვეს და მსახურებდეს ამავე ჩუენითა მკუიდრითა მამულითა. მერმე დაჯდა ვახტანგ ბატონად და ბიძა ჩემი ამილახორი მისი ქუისლი იყო და ჴელთა შეიპყრა ვახტანგ მეფემან...“ დოკუმენტის შემდგენელი, ზევდგინისძე იმოწმებს ამ ამბების, თვითმხილველს და უშუალო მონაწილეს ზაქარიას, რადგან დოკუმენტის დაწერისას მხოლოდ ზაქარია ყოფილა ცოცხალი. ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით: „აქ მომთხრობელი იმოწმებს „ვინმე“ ზაქარიას, რომელიც თურმე „მაშინდელია“ და ახსოვს, თუ როგორა ჰყვა მეფესა ალექსანდრეს, მამა მისი (ზევდგინ)“.
ავტორისეული ინტერპრეტაციისაგან განსხვავებით, მიმაჩნია, დოკუმენტში ნახსენები „ვინმე ზაქარია“ ზაქარია ფანასკერტელია. თუ ზაქარიას ფანასკერტელად მივიჩნევთ, ბუნდოვანი ამ დოკუმენტიდან აღარაფერი რჩება. მისი შვილია ალექსანდრე დიდის თანამედროვე, თაყა ფანასკერტელი. ზემოთ განხილული დოკუმენტების მიხედვით კი თაყა ფანასკერტელის ერთი და სითიხათუნი მეფე ვახტანგის მეუღლეა, მეორე და თაყა ამილახორის მეუღლეა და ვახტანგ მეფის „ქუისლია“. პირველადი წყაროდან ჩანს მეფე კონსტანტინეს დროს ზაქარია უკვე საკმაოდ გავლენიანია, სამეფო კარზე მეფესა და ტახტის მემკვიდრეს შორის ჩამოვარდნილი განხეთქილების მომსწრე და მომრიგებელია, რაც ხაზგასმით აღნიშნავს ზაქარიას დამსახურებას, მის გავლენას სამეფო კარზე მეფე კონსტანტინეს დროს (1407-1412 წწ.) და საბოლოოდ ამტკიცებს მოსაზრებას XIV ს. მეორე ნახევარში ფანასკერტელთა ქართლში გადმოსახლების შესახებ.
ვფიქრობთ, ზაქარიას ევალებოდა და განსაკუთრებულ მზრუნველობასაც იჩენდა უფლისწულისადმი, „ხუთსა წელიწადსა ღარიბობას“ ყოფნისას. არ გამოვრიცხავთ, უფლისწულ ალექსანდრესთვის თავისი შვილიც გაეყოლებინა საათაბაგოში, რადგან ისინი ჯერ კიდევ ტაოს ერისთავთ-ერისთავები, შავშეთსა და ტაოში მამულის მფლობელნი არიან და სამცხე-საათაბაგოს კათალიკოზის სამწყსოში მოიხსენიებიან (18: 242).
ვარაუდის საფუძველს სწორედ ის გვაძლევს, რომ ალექსანდრე დიდის ტახტზე ასვლისთანავე სწრაფად დაწინაურდნენ ფანასკერტელები და მოულოდნელიც აღარ არის მწიგნობართათვის, სამეფო ოჯახთან კავშირს დინასტიური ქორწინებით რომ ამყარებენ.
ეს პირველადი წყარო ნათელს ჰფენს ზაქარია ფანასკერტელის დიდ გავლენას, აღზევებას სამეფო კარზე XIV ს. მეორე ნახევარში და იოანე ბატონიშვილის ცნობის სანდოობასაც ადასტურებს. ბატონიშვილი პირველ ციციშვილს ბაგრატ მეფის (1360-1393) დროს მოსულად ასახელებს და ზაქარიას, ანუ ზაზას უწოდებს, მაგრამ, სამწუხაროდ, წყაროს არ უთითებს: „თავადი ციციშვილი. ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდგან მოსრულნი... უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა იყო წარჩინებული მხედართა წინამძღომი ზაქარია ფანასკერტელი, რომელსა უწოდნენ ზაზად და ამან უკჱ დიდად მსახურა დროსა მოსვლისა ლანგ თემურისასა, რომელიცა ბრძოდა მეფესა და ვინაიდგან იქმნა ზაზა ფანასკერტელი აიძულა მეფემან და გარდმოასახლა საქართველოსა შინა და მიუბოძა მძოვრეთისა ხეობასა შინა სოფლები და განაყოფდა ამათთა უბოძა ნიჩბისის ხეობაზედ სოფელნი და დაასახლნა მუნ. შემდგომად ამისა მოკუდა რა ზაზა დაშთა ძე ციცით წოდებული...ჯილდოდ ამისა მეფემან /კონსტანტინემ/ უბოძა შვილთა ამისთა და თვით მას გუარად ციციშვილობა...“ (24:3729).
ამილახვართა საგვარეულო გუჯრებიც ადასტურებს ამ პერიოდში ფანასკერტელების ქართლში გადმოსვლას: „თურქები მალე გამოჩნდნენ ჭოროხის ხეობისაკენ. მიიბირეს სამცხე-საათაბაგოს მრავალი თავად-აზნაურნი, სამღვდელონი და ბოლოს თვით ათაბაგებიც. ხოლო ვინც არ დაემორჩილა, აიყარნენ და ქართლში ჩამოვიდნენ: ფანასკერტელ-ციციშვილები, დიასამიძენი, ავალისშვილები, კავკასისძენი, ზევდგინისძენი და სხვ.“ (23: 102) გუჯრებში მოხსენიებული თავად-აზნაურები სამცხის თავადთა XVI საუკუნის პირველი ნახევრის ნუსხას ეყრდნობა. ამის შესახებ საინტერესოა ს. კაკაბაძის მოსაზრება: „ის ძველი სია სამცხისა და მესხეთის თავადებისა, რომელიც საფუძვლად უდევს საკათალიკოზო სამწყსო თავადების XVI საუკუნის ნუსხას, შედგენილი უნდა იყოს არა უადრეს 1356 წლისა და არა უგვიანეს 1443 წლისა“ (6: 11). შესაბამისად ამისა, შესაძლებლად მიგვაჩნია ამავე პერიოდში ფანასკერტელებთან ერთად სამცხის თავად-აზნაურთა ერთი ნაწილის ქართლში გადმოსვლა.
ჩვენი საკვლევი თემიდან გამომდინარე, მეტად საყურადღებოა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის #136 აღაპში მოხსენიებული ზაქარია ფანასკერტელი. „ამასვე დღესა გაუჩინეთ მე, ჯუარის მამან პიმენ მოძღუარმან, ოქროპირმან კანდელაკმან, ერთსულობით კრებულმან, აღაპი ფანასკერტელსა ზაქარიას და მისსა დასა მარიხს საუკუნოი აღაპი, შეუნდვნეს ღმერთმან...“ (11: 92). აღაპში მოხსენებული ზაქარია ფანასკერტელი და მისი და მარიხ უკვე გარდაცვლილები არიან. მამა პიმენის მოღვაწეობის დათარიღება სინის მთის სულთა მატიანის ჯვრის მამათა მოსახსენებლითაც დასტურდება. (25: 245). „პიმენი იერუსალიმს მისულა 1400 წელს და ჯვრის მონასტრისთვის ცვილი და ზეთი შეუწირავს. პირველ ხანებში ის, როგორც ჩანს, რიგითი ბერი იყო, შემდეგ ჯვრის წინამ- ძღვრად აურჩევიათ... აღაპებში მონასტრის წინამძღვრად მამა პიმენი უკვე XV საუკუნის დამდეგიდან მოიხსენიება“ (10: 133). ეს კიდევ ერთი სანდო წყაროა, რომელიც ზაქარია ფანასკერტელს XIV საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწედ ათარიღებს.
ფანასკერტელების ქართლში დამკვიდრების ამავე პერიოდზე მიგვანიშნებს 1467 წ. მეფე კონსტანტინე II-ის განახლებული სიგელი, სადაც ვკითხულობთ: „...სახლის ჩუენისა თავადსა ფანასკერტელსა ზაზას და თქვენთა შვილთა ქაიხოსროს, გიორგის, სიაოშს, მერაბსა და ზაქარიას, მას ჟამსა ოდეს ჩუენის სიყვარულისთუის შავშეთს თქვენი მკვიდრი მამული დასთმეთ და ჩუენად საერთგულოდ მოხუედით და ჩუენ მოგაჴსენეთ ჴვედურეთს ორბოძლეულისეული მამული... ორბოძლეულისეული მამული მაშინაც თქვენ გმართებდა, ამად რომე ორბოძლელსა პაპისა თქუენისათვის ეღალატა და მისი მამული ნასისხლად მოეცა და განაღამცა თქვენ გქონდა სამკვიდროდ, ამას გარეთ მოგაჴსენეთ და დაგიმტკიცეთ სრუ... მამული ქვაჴვრელი, უფლისციხე და კარალეთი... და ჩუენგან თქვენთვის სამკვიდროდ ბოძებულსა მამულსა მართებს, აგრე ვერავინ დაგეცილოს და თუ ვინ დაგეცილოს მისი პირი და პასუხის გამცემნი ჩუენ ვართ და გქონდეს თქვენ ჩუენსა ერთგულსა ჩუენისა თავადსა ფანასკერტელსა ზაზას და თქვენთა შვილთა ქაიხოსროს, გიორგის, სიაოშს, მერაბსა და ზაქარიას, შვილიშვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთა ჴვედურეთს ორბოძლეულისეული თქვენი ნასისხლი მამული, რაცა ხოსაშვილსა ბაღათარს, ანუ ჴვედურეთს ქონარა და ანუ კეხისჯუარს და ამა სიგელშიგა გოწერია, სრულად და უკლებლად (13: 64). სწორედ ამ მნიშვნელოვან სიგელზე და იოანე ბატონიშვილის დაუზუსტებელ ცნობაზე დაყრდნობით გამოითქვა პირველი ვარაუდი ფანასკერტელციციშვილების ქართლში გადმოსახლების შესახებ, XIV საუკუნის მეორე ნახევარში (3: 121).
ისტორიული საბუთებიდან ცნობილია, რომ ორბოძლელები მართლაც ფლობდნენ მტკვრის გაღმა მხარის მიწაწყალს. დავით ულუს ორბოძლელისათვის მიუცია სვეტიცხოვლის მამულები, მათ რიცხვში ხვედურეთი, სამწევრისი, კეხიჯვარი, ზოვრეთი და სხვ. მეფე დავითს (1346-1360 წწ.) ეს მამულები 1355 წ. ორბოძლელისთვის გამოურთმევია და კვლავ მცხეთისათვის შეუწირავს „რაიც ჴუედურეთს და იმერჴევს მცხეთისაჲ არის და ყოფილა ალაგები“ (20: 184,196). ორბოძლელთა მამული ნასისხლად მიუღია ზაზა ფანასკერტელის პაპას ე. ი. თაყა ფანასკერტელის მამას, რაც მხოლოდ XIV საუკუნის მეორე ნახევარში შეიძლებოდა მომხდარიყო. მართლაც, აღნიშნული მამულები 1392 წ. მცხეთის საეკლესიო მამულების ნუსხაშია შეტანილი (18: 176).
ფანასკერტელების გადმოსვლა და დამკვიდრება მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზემო ქართლის თავადების, ჩიჟავაძეთა და ჯავახიშვილების შევიწროების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. თუმცა, წყალობის სახით ტანასა და თეძმის ხეობაში თემურ-ლენგის ლაშქრობებისაგან გაუკაცრიებულ სოფლებს და „საჴელო“ დაკარგულ ფეოდალთა მამულებსაც ღებულობდა. მაგალითად, მეფე გიორგის VII გარდაცვალებამდე (1393-1407 წ.) დაწერილ მცხეთისადმი შეწირულ სიგელში ვკითხულობთ: „მეფეთა-მეფის გიორგის დამან ულუმპია და ჩემმა შვილმა საზუერელმან... შემოგწირეთ ჩიჯავაძის ამირეჯიბისა სულისა სააღაპოდ ხუედურეთს ბუკისძისეული მამული მისითა სამართლიანითა სამზღვრითა და თუ თქვენ კათალიკოზმან ელიოზ კაცი დაასახლოთ ამას ბუკისძისეულსა მამულსა ზედა, არავინ იყოს შემცილე... და არავინ რაჲ საქმე დაგიგდოს... და ვინ კაცი დაასახლოთ, მუშაობისაგან მეტი არა ეთხოვებოდეს...“(20: 213). შემწირველნი პირობას დებენ, რომ თემურ-ლენგისაგან აოხრებულ და დაუსახლებელ შეწირულ მიწებზე დასახლების შემთხვევაში, მხოლოდ „მუშაობას“ (თითო დღე ხვნა, თესვა, მკა, ლეწვა) ითხოვენ და არა მიწის შემოსავალს. დოკუმენტიდან ჩანს, კახაბერ ჩიჯავაძე გარდაცვლილია და მისი „საჴელო“ ამირეჯიბობა XV საუკუნიდან გაბელისძეთა (11: 140) საგვარეულოში მკვიდრდება. რაც შეეხება თორელთა საგვარეულოს, მათი ძირითადი შტო-კახა გამრეკელებისა, შიდა ქართლში XIV საუკუნის დასაწყისიდან გადმოსახლებულან ჯავახეთიდან და გამრეკელ-ჯავახიშვილები ხდებიან (21: 45). „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ძამის ციხის მფლობელობა დაკარგეს ჯერ კიდევ, როცა „მძლავრობდენ ოვსნი ქართლს... უმძვინვარესად აოხრებდა ბაყათარ ქართლსა და მეფე დავით ვერ წინააღუდგებოდა... მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა კახას ძესა, ციხე ძამისა“ (16: 317). გიორგი ბრწყინვალემ „განასხა ძლიერებითა თვისითა“ (20: 178).
XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან ძამის ციხეს უკვე ფანასკერტელ-ციციშვილები ფლობენ. ყოველივე ამის სანაცვლოდ მეფე ფანასკერტელებისაგან ერთგულებით მსახურებას მოითხოვდა. კერძოდ, ქართლის სამეფოს საზღვრისპირა მხარის მოვლა-პატრონობასა და დაცვას, ჯავახეთიდან და თრიალეთიდან შიდა ქართლისაკენ მომავალი გზების გაკონტოლებას და მთავარ სავაჭრო მაგისტრალის საბაჟო გადასახადზე პასუხისმგებლობას“ (17: 225).
ალექსანდრე დიდის მეფობის ბოლო წლებში (1412-1442 წწ.) სამეფო კარზე შეინიშნება უთანხმოება. ჩანს, მეფე იძულებულია, სამეფო საუფლისწულოებად დაუყოს და მისცეს მემკვიდრეებს. შესაძლებელია განდგომილ, სამცხე საათაბაგოსა და სათავადოებად დაყოფილ, სეპარატისტულად განწყობილ ქვეყანაში ამ გზით ფიქრობდა კიდეც ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. ჩვენამდე მოღწეულ სიგელებში, (20: 241,257) ალექსანდრე დიდის სიცოცხლეშივე დემეტრე მეფედ იხსენიება თავისი ძმების, ვახტანგისა და გიორგის გვერდით. (4:15, 20, 28) დემეტრემ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე, ალექსანდრე დიდისაგან მიიღო სამეფო „დომენის“ მნიშვნელოვანი ნაწილი „მტკვრის გაღმა მხარის“ სრული ბატონ-პატრონობა. „შვილებისათვის მინებებული საგანმგებლოები დროთა განმავლობაში „პროვინციის მეფეთა“ სამფლობელოებად გადაიქცნენ, სადაც „ჯერეთ არ კურთხეულნი“ უკვე მეფეებად მოგვევლინნენ“ (12: 113). ფანასკერტელ-ციციშვილები და ქართლის მსხვილ ფეოდალთა გარკვეული ნაწილი ჯგუფდება „პროვინციის“ მეფე-დემეტრესთან, რათა მისი მხარდაჭერით უზრუნველყონ ყმა-მამულების გაზრდა, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა.
ამრიგად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „პროვინციის“ მეფის მხარდაჭერითა და თანადგომით „გაღმა მხარეში“, ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრის და ყმა-მამულების დაუფლებით იწყება საციციანოს, როგორც სათავადოს ისტორია. ამ მოსაზრებას ამყარებს პალეოგრაფიული წარწერებიც (2: 98), რაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე კვლევის საკითხად მიმაჩნია.
XV საუკუნის პირველ ნახევარში მამულების მოურავობიდან აღზევებულ ფანასკერტელთა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გაზრდილია, რომ ვახტანგ მეფისაგან (1442-1446 წწ.) სრულიად შეუვალნი ხდებიან. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული XV საუკუნის დოკუმენტი თუმანიშვილების კოლექციიდან. დოკუმენტი იმდენად მნიშვნელოვანია საციციანოს ისტორიისათვის, რომ საჭიროდ მივიჩნიეთ ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილის გაცნობა. მემატიანე, მართალია, ტენდენციურია საკუთარი გვარის დამსახურების წარმოჩინებისას და ფანასკერტელების საგვარეულო „ვალებისადმი“, მაგრამ მისი ცნობები ისტორიულ რეალობას მოკლებული არაა და ამ პერიოდის წყაროთაგან სანდოობით გამოირჩევა.
„ვიკადრებთ პატრონსა თაყას და მისსა შვილსა ზაზას ჩუენგან ვალი სძეს. ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალსა იქით მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება თაყას გარეთ და თაყა ამისთუის არა მიანება, რომე მისი მამული და ციხე ჩიჟავასძისათვის უნდოდა და ამაზედა თაყა დიდად შეწყინდა და ესე მოაჴსენა პატრონსა დემეტრეს, ვითა: „წასაჴდენლად უნდივარ და ჩემი თავი და მამული მისთვინ არა მოგანებაო. ამაზედან გამრეკელმან აზდომიანთა საქმე მოაჴდუნვა, რომე მისი თავი და მამული ვახტანგისად შექმნა და თაყა პატრონსა დემეტრესად დაარჩუნვა და მოარჩინა წაჴდენასა...
მესამე ვალი ესე: პატრონი ბაგრატ მეფე ქართლს ჩამოვიდა და ციციშვილსა ლაშქარი გაუძახა. გიორგი მეფესა დავეთხოვენით და არა გაგუშუნა და მისად უნდომად მამა ჩუენი და სამნივე ძმანი წავედით და ჩუენითა ლაშქრითა უშუელეთ. ერთსა დღესა შუიდჯერ შევიბენით და დავაყრევინეთ მისისა მამულისა ალაფი და კენეღარა ჩუენითა ლაშქრითა გამრეკელი და სამნივე ძმანი შევეჴოცენით თაყას გულისათვის და თუ არა, ჩემსა მამულსა შორს იახლნეს...
მეხუთე ვალი ესე: გიორგი მეფემა ატენისა მოურაობა მისცა გამრეკელსა და თაყამან ატენი სთხოვა მეფესა და მეფემან გამრეკელისა საკითხავად დაუდვა. ჰკითხა გამრეკელსა, ვითა: „თაყა ატენსა მთხოვს, მოურავი შენ ხარ და რას მივაზირებ, მივსცე თუ არაო, სიმაგრე სხუაცა აქუს და ამასცა კიდევე ითხოვსო. გამრეკელმან ფიცხლა მიცემა გაუპირა და ესე მოაჴსენა, ვითა: „ატენსა მის უკეთესსა რას აქნევ, რომე მის- თანა კაცი მოიმადლო“. თაყას გულისათვის მოურაობაცა დასთმო და მიცემასაცა გაუპირდა, თუმცა გამრეკელი არა, მეფე ატენსა თაყას არა მისცემდა, მაგრა მან აქნევინა და მეფე დია დაღონდა ატენისა მიცემასა.
მეექუსე ვალი ესე: ვახტანგ მეფე თაყას ხელთა შეპყრობასა აპირობდა. ბადაბეთს იდგეს. თაყა და ჩუენ მუდამად ერთ მესადგომენი ვიყვენით. თუით მეფესა ვახტანგს აბჯარი შეეცო და ზედ დასხმასა და ჴელთ შეპყრობასა აპირობდა. ზედა წითელაშვილი ივანე შემოესწრა და ასრე მოაჴსენა, ვითა: „რა საქნელია, რასაც აპირობთ: ჯავახიშვილი და იგი ერთად დგანან და, თუ არ მათცა კიდე დაჰჴოც, თაყას ჴელთ შესაპყრობლად არ დაგანებებსო. გამრეკელისა ბედითა დაშალეს და ვერა გაბედეს ჴელთა შეპყრობა და თუ არა, შეიპყრობდეს ჴელთა და, რაცა უარესი იყო, მას უზემდეს...“ (1: 50, 52).
დოკუმენტი ნათელს ხდის ერთიანი საქართველოს დაშლის პროცესს, თუმცა დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს არსებობას. ვახტანგ მეფემ ვერ შეძლო, გაორგულებული ფანასკერტელისთვის ყმა-მამულები და ციხე ჩამოერთმია და ჩიჟავაძისათვის გადაეცა. ჩიჟავაძეების მცდელობა, ბრძოლით დაიბრუნონ XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაკარგული მამულები, მარცხით მთავრდება. მეფეთ-მეფე ვერც ძალით ბედავს ქვეშევრდომის „ჴელთა შეპყრობას“, რადგან იცის, „შეიპყრობდეს ჴელთა და, რაცა უარესი იყო, მას უზემდეს,“ ამიტომ იძულებულია მისი „მინებება“. უფრო მეტიც, მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი ძმა, „პროვინციის მეფე“ დემეტრე და მისი სოციალური დასაყრდენი ძალა, ქართლის გავლენიანი თავადები: გამრეკელნი, თუმანიშვილები, ჯავახიშვილები, „წყლის იქითელნი დარბაზისერნი“ ფანასკერტელების მხარეს არიან.
„პროვინციის მეფისათვის“ ასეთი მნიშვნელოვანი სამფლობელოს „მინებება“ არ უნდა იყოს შემთხვევითი და თუ ჩვენს მოსაზრებასაც გავითვალისწინებთ, რომ თაყა ფანასკერტელი დემეტრეს სიძეა, მაშინ ასეთი კავშირი და ერთსულოვნება დემეტრესა და თაყას შორის ბუნებრივია.
ფანასკერტელები მეფე გიორგი VIII (1446-1465 წწ.) დროსაც ინარჩუნებენ ძლიერებასა და გავლენას. მეფე გიორგი, როგორც ჩანს, შეეცადა ფანასკერტელებისათვის შეეზღუდა მამულების შეუვალობა. არ ეხმარება საკუთარ „ყმას“, როცა „ბაგრატ მეფე ქართლს ჩამოვიდა და ციციშვილსა ლაშქარი გაუძახა“. თუმცა მეფის დახმარების გარეშეც ახერხებენ დამხმარე ძალების გამოყვანას და გამარჯვების მიღწევას. უფრო მეტიც, სათავადოს ძლიერების სიმბოლოდ ქცეული ატენის ციხე-სიმაგრის წართმევას ცდილობს, თანაც იძულებულია, ქვეშევდომებთან თავისი ქმედება გაამართლოს იმით, რომ „სიმაგრე სხუაცა აქუს“. მეფეს ატენის ციხის მოურავობა გამრეკელისათვის სდომებია. გამრეკელისვე რჩევით, რაც ძნელი დასაჯერებელია დოკუმენტის ავტორისგან, მეფეს ამიტომ აუღია განზრახვაზე ხელი. ფაქტია, მეფეს არ შესწევს ძალა, ციხის წართმევით დასაჯოს და სრულ მორჩილებაში იყოლიოს სათავადოს მფლობელი ფანასკერტელები. წყაროში პირდაპირი მინიშნებაა ფანასკერტელთა ძლიერებასა და შეუვალობაზე. მეფეს ისღა დარჩენია, „რომე მისთანა კაცი მოიმადლოს“, მიუხედავად იმისა, რომ „სიმაგრე სხუაცა აქუს და ... მეფე დია დაღონდა ატენისა მიცემასა“. მეფეს ისღა დარჩენია, სათავადოს სახელოს მნიშვნელოვანი ატრიბუტი  ატენის ციხე ფანასკერტელებს „მიანებოს“ და ასეთი „წყალობის“ გზით დაავალდებულოს მეფის ერთგულებით სამსახური. აშკარაა, რომ ფანასკერტელ-ციციშვილები უკვე სარგებლობენ სრული შეუვალობით (იმუნიტეტით) და თავიანთ მამულში უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალნი ხდებიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ XV საუკუნის 50-იან წლებში სათავადო-საციციანო ჩამოყალიბებულია და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ანგარიშგასაწევ ერთ-ერთ აქტიურ ძალად გვევლინება.
დამოწმებანი:
1. ბერძენიშვილი ნ. ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, 1937.
2. ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. I, თბ., 1960.
3. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
4. კაკაბაძე ს., ისტორიული საბუთები III, თბ., 1913.
5. კაკაბაძე ს., თორელთა გვარეულობის შესახებ, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, ტფ., 1914.
6. კაკაბაძე ს., კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, მე-XIV-XVI საუკუნის მესხეთის თავადების სია, ტფ., 1920.
7. ლომინაძე ბ., სამწირველო XIII საუკუნეში, მიმომხილველი, თბ., 1949.
8. მარი ნიკო, აღაპნი ჯვარის მონასტრისანი იერუსალიმსა შინა, ს. პეტერბურგი, 1914;
9. მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, თბ., 2002.
10. მამისთვალიშვილი ე.. ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998.
11. მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962;
12. ნინიძე დ., ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია, თბ., 2004;
13. საისტორიო არქივი, ფ. 1448, აღწ. 1; საქ. #64.
14. საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფ., 1909.
15. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რედ. მეტრეველი ელ. ტ. 12, თბ., 1976
16. ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959.
17. ქართული სამართლის ძეგლები ტ. II, საერთო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს.). ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1965.
18. ქართული სამართლის ძეგლები ტ. III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.). ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970.
19. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, თბ., 1984.
20. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილნი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, ტ. II, ტფ., 1897.
21. შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრებ. შოთა რუსთაველი, თბ., 1966.
22. შარაშიძე ქრ., საქართველოს ისტორიის მასალები (XVXVIII სს.), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ., 1954.
23. ძველი საქართველო, II, თბ., 1913.
24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. შ, #3729.
25. ჯავახიშვილი ივ.. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947.

Комментариев нет:

Отправить комментарий