ინგლისის ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა ამიერკავკასიაში დამკვიდრებაზე. ამის რეალური შესაძლებლობა XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა 1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისთან მუდროსის დროებით ზავს მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც მოკავშირე ანტანტის ქვეყნებს ბათუმის დაკავების უფლება მიენიჭათ. დაზავებას ანტანტის სახელით ხელი მოაწერა ადმირალმა კალთროპმა, ხოლო ოსმალეთის მხრიდან - ჰუსეინ რაულმა, ჰიკმეტმა და საადულმა. დაზავების XV მუხლის თანახმად: „ამიერკავკასიის რკინიგზის იმ ნაწილში, რომელიც უნდა გადაეცეს მოკავშირეებს დანიშნული იქნებიან მოკავშირეთა ოფიცრები მეთვალყურეებად... მოკავშირეებს აქვთ უფლება დაიკავონ ბათუმი“.1 1918 წლის 3 დეკემბერს ბათუმის პორტში ინგლისური კრეისერი „ლივერპული“ გამოჩნდა. ინგლისელების ამიერკავკასიაში გაბატონებას უდიდესი მიზანი ჰქონდა; სტრატეგიულად და გეოგრაფიულად კავკასია აერთიანებდა იმ ხიდს, რომელსაც შავი ზღვა არაბეთის ზღვასთან უნდა დაეკავშირებინა. ბაქოს ნავთობი, საქართველოს მანგანუმი და სხვა მრავალი წიაღისეული სიმდიდრე დიდ ინტერესს იწვევდა ინგლისის მმართველ წრეებში. მუდროსის ზავის პირობების თანახმად, ბრიტანეთის გავლენა მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.
ინგლისის ხელისუფლება, ისევე როგორც მოკავშირე სახელმწიფოები, მომხრე იყო ერთიანი რუსეთის. იგი, ასევე, არ გამორიცხავდა რუსეთიდან გამოყოფილი დამოუკიდებელი რესპუბლიკების მხარდაჭერასაც. საქართველოს საკითხი მოკავშირეებისთვის ბოლომდე ნათლად არ იყო გარკვეული. ისინი მთელი რიგი პრობლემების წინაშე იდგნენ, როგორიცაა - ოსმალეთის იმპერიის დანაწილების საკითხი, ძველი რუსეთის აღდგენა. რუსეთში იმ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და საბოლოოოდ ერთი ხელისუფლება არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა მთავარი სტრატეგიული ადგილები ბოლშევიკებს ეჭირათ. ინგლისის ხელისუფლება რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომს ხელსაყრელ პირობად მიიჩნევდა, რათა ამიერკაკასია რუსეთისთვის ჩამოეცილებინა.2 მოკავშირეები მეფის რუსეთის აღდგენით იყვნენ დაინტერესებული. ინგლისის ხელისუფლება თავის ძველ მოკავშირეს, მეფის რუსეთს უჭერდა მხარს. მოკავშირეთა საბჭომ გადაწყვიტა, მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია თეთრგვარდიელებისთვის, რითაც აშკარა გახდა ანტანტის წევრ სახელმწიფოთა მხრიდან დიდი და ძლიერი რუსეთის შექმნის სურვილი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ პარიზის საზავო კონფერენციაზე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა. დელეგაციის წევრებმა დიდი მუშაობა გაწიეს წამყვანი სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში. 1919 წლის 18 იანვარს დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ კერზონს შეხვდნენ. მათ განუმარტეს ინგლისელ მინისტრს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლშევიკების წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას არ აპირებს, ხოლო თავდაცვის მიზნით საქართველოს სჭირდებოდა ანტანტის დახმარება სურსათით და სამხედრო მასალით.3
ცხადია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას გულისხმობდა და დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო, საკმარისი გარანტია ვერ იქნებოდა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ამას წამყვანი სახელმწიფოების მიერ ვერც ქვეყნის ფორმალური ცნობა უშველიდა. საქართველოს სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომელიც ქვეყანას გარეშე მტრებისგან დაიცავდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ინგლისის საოკუპაციო ჯარის ბათუმში ყოფნას უნდობლობით უცქერდა. 1919 წლის 28 აპრილს სოციალისტური პარტიების ამსტერდამის კონფერენციამ ქართველი სოციალ-დემოკრატის, ირაკლი წერეთლის, თხოვნით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ამასთანავე, უცხო სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლი გამორიცხული უნდა ყოფილიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ემიგრანტი ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მანველიშვილი წერს: „მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა ინგლისის მიერ გამოწვდილი ხელი ვერ გამოიყენეს, ქართველი სოციალისტები ხედავდნენ საფრთხეს ინგლისის იმპერიალიზმში... მათ ასეთ მოქმედებაზე ევროპის პრესაშიც ბევრი იწერებოდა და ეს ჩვენს ქვეყანას ახასიათებდა, როგორც მოუმზადებელ ერს დამოუკიდებლობისთვის...“4
1920 წლის იანვარში ვერსალის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს „დე ფაქტო“ დამოუკიდებლობა ცნო. პარიზში მყოფმა ბრიტანეთის დელეგაციის წევრმა ფორმს ადამსმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კავკასიაში ინგლისელებს ნდობით არ ეპყრობიან, რაც მისი აზრით, უსაფუძვლო იყო, რადგან ინგლისის ხელისუფლება იმ პირობით ეხმარებოდა დენიკინს, რომ მან კავკასიის წინააღმდეგ არ იმოქმედოს და, თუ გენერალმა შეტევა განიზრახა, მთელი ანტანტა კავკასიის მხარეს დაიჭერდა.5
ამიერკავკასიაში ინგლისის ხელისუფალთა პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. ინგლისის ხელისუფლებამ, დაკარგული ნდობის აღსადგენად, საქართველოში უმაღლესი კომისრის პოსტზე ოლივერ უორდროპი გამოგზავნა. მას დაევალა, ინგლისელებს და ქართველებს შორის არსებული უნდობლობისთვის ბოლო მოეღო. საქართველოში გამომგზავრებამდე ო. უორდროპმა პარიზში სამშვიდობო კონფერენციაზე მყოფი ქართული დელეგაციის წევრები მოინახულა. მან ქართველებს განუმარტა, რომ კავკასიიდან ინგლისის ჯარის წასვლის შემთხვევაშიც საქართველოს დამოუკიდებლობას დენიკინის მხრიდან საფრთხე არ მოელოდა. სინამდვილეში დენიკინის აგენტურა საქართველოს ხელისუფლების შევიწროებას აფხაზეთსა და ბათუმის ოლქში ანტიქართული ძალების გამოყენებით ცდილობდა, ხოლო სომხეთ-საქართველოს საომარი შეტაკების დროს მოხალისეთა არმია სომხეთის ინტერესებს იცავდა.
1919 წლის აგვისტოში ბრიტანელებმა ბაქოდან ჯარების ევაკუაცია დაიწყეს. 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანი ბოლშევიკებმა დაიკავეს. 1920 წლის მაისში ბოლშევიკები საქართველოს დაპყრობასაც შეეცადნენ, თუმცა მაშინ ეს ვერ მოახერხეს. ბოლშევიკური აგრესიის თავიდან აცილების მიზნით 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ხელშეკრულება დადო. რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ხელშეკრულების V მუხლის მიხედვით, საქართველომ საკუთარი ტერიტორიიდან უცხო ძალების გაყვანაზე ვალდებულება აიღო. უცხო ძალაში ბათუმში მყოფი ინგლისის ჯარი იგულისხმებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ა. მანველიშვილი აღნიშნავს: „..ცხადია, სანამ საქართველოში ინგლისის ჯარები იქნებოდნენ, მათთვის საქართველოზე თავდასხმა ადვილი არ იქნებოდა. ბოლშევიკებს ბათუმი აინტერესებდათ და არა სიღნაღი და ზესტაფონი, ხოლო იქ ინგლისელები იყვნენ და ბოლშევიკებს სურდათ ეს ეკალი ქართველების ხელით მოეგლიჯათ... აღნიშნულ მუხლზე ხელის მოწერით საქართველო სჭრიდა იმ ტოტს, რომელზედაც მისდა უნებურად თვითონ იჯდა. ე.ი. თავისი სურვილით უარს ამბობდა დასავლეთის ყოველგვარ დახმარებაზე. მითვე უარყო დასავლეთის ორიენტაცია, რომლისთვისაც ორი წელიწადი მუშაობდა“.6 ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, საზღვაო კაპიტან ლუკის განმარტებით, 7 მაისის ხელშეკრულება შეიცავდა „ორაზროვან პუნქტებს, რომლებიც უნდა იკითხებოდეს ისე, თითქოსდა საქართველო იძულებულია გაყაროს მოკავშირეები“.7
1920 წლის ივნისში ანტანტის უმაღლესმა საბჭომ ინგლისის ჯარების ბათუმიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. 1920 წლის 28 ივნისს ინგლისის წარმომადგენელმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოს ეროვნული მთავრობისთვის გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 1920 წლის ივლისში ინგლისმა ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას გადასცა. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ კერზონის საიდუმლო წერილიდან ჩანს, რომ მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს განმარტება მოსთხოვა, თუ რა იყო 7 მაისს ბოლშევიკებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილი მიზეზი, მაშინ როცა ქართველი დიპლომატები მუდმივად აპროტესტებდნენ ბოლშევიკების აგრესიას ქართული სახელმწიფოს მიმართ.8
1920 წლის 12 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ კერზონს ოფიციალური წერილით მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა რუსეთ-ოსმალეთის მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, რაშიც, მისი აზრით, მთავარ როლს ანტანტის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის „დე იურე“ ცნობა შეასრულებდა. წერილში აღნიშნულია: „ჩემი მთავრობა ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ის უნდა მოემზადოს ბათუმზე ქემალისტების რაზმების შეტევის მოსაგერიებლად. ქემალისტების მთავრობისთვის, რომელიც მოსკოვის საბჭოთა მთავრობასთან კავშირში მოქმედებს, ეს შეტევა შეადგენს მხოლოდ ერთ ეპიზოდს ანტანტის წინააღმდეგ მათ საერთო ბრძოლაში. ეს მოქმედება მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს: დაიკავოს ის ტერიტორიები, რომელსაც ოსმალეთი ითხოვს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის საფუძველზე. მისი მიზანია, ასევე, გადაეღობოს ევროპას აღმოსავლეთისაკენ მიმავალ დიდ გზაზე, რომლის კარიბჭესაც ბათუმი წარმოადგენს და რომლის ბუნებრივი მეპატრონეც საქართველოა. საქართველოს მთავრობამ მიიღო საჭირო ზომები, რათა მოიგერიოს ეს დარტყმა. საქართველოს რესპუბლიკას დიდი იმედი აქვს, რომ მისი შეიარაღებული ძალები დაიცავენ საკუთარი ტერიტორიის მთლიანობას. იბრძვის რა საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად, საქართველოს რესპუბლიკა იმავდროულად იცავს ცივილიზაციის საქმესაც, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ინტერესებს ამიერკავკასიაში და წინა აზიაში. მისი ეს ბრძოლა ემყარება დიდი ბრიტანეთის დახმარების იმედს... აქამდე, საქართველოს რესპუბლიკას თავისი თავის იმედი ჰქონდა, რამაც საწინააღმდეგო შედეგებამდე მიგვიყვანა. საქართველო იტოვებს უფლებას განაცხადოს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია ანტანტის ინტერესებშიც შედის. საქართველოს რესპუბლიკის ახლანდელი გადაუწყვეტელი მდგომარეობა საერთაშორისო თვალსაზრისით, აქეზებს ქემალისტებს მიზანში ამოიღონ ბათუმი. მეორე მხრივ, ევროპის ორჭოფული დამოკიდებულება საქართველოს საერთაშორისო სტატუსის მიმართ აფერხებს რესპუბლიკის ბრძოლისუნარიანობას... მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ვაუწყო თქვენ აღმატებულებას და ამასთანავე, ბრიტანეთის მთავრობას იმ გადაუდებელი და დაჟინებული პირობების აუცილებლობაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ბრიტანეთის პოლიტიკის ახალი კურსი საქართველოს მიმართ“.9
1920 წლის 28 ნოემბერს წითელმა არმიამ სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და 4 დეკემბერს ერევანში შევიდა. სომხეთის მთავრობა მათ უბრძოლველად ჩაბარდა. ბოლშევიკების აგრესია ევროპელი მმართველებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1920 წლის დეკემბერში ინგლისის მთავრობა სპეციალური ნოტით, რომელსაც ხელს ლორდ კერზონი აწერდა, შეეკითხა რუსეთის ხელისუფლებას, ხომ არ აპირებდა საქართველოს დაპყრობას. საპასუხო ნოტაში, რომელსაც ხელს აწერდა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი, ნათქვამია: „..ნოტა პროტესტს აცხადებს წინააღმდეგ იმის მტკიცებისა, თითქოს ბათუმი და საქართველო იმყოფება რუსეთის საფრთხის ქვეშ. ეს არ არის მართალი. ერთადერთი მოსალოდნელი საფრთხე არის საფრთხე ანტანტისა. რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ანტანტამ კი არა (ანტანტამ 1921 წლის 27 იანვარს აღიარა საქართველოს იურიდიული დამოუკიდებლობა _ ლ. ს.). რუსეთის მთელი პოლიტიკა მიმართულია პატარა ერების თვითგამორკვევის სასარგებლოდ, არავითარ მოთხოვნას საქართველოს მიმართ ადგილი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ბათუმი არ იყოს დაკავებული მტრის ძალების მიერ. საბჭოთა რუსეთს არ მიუღია და არც აპირებს მტრულ მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ ბათუმის დაკავებით...“10
სინამდვილეში, საქართველოს დაპყრობის პირველი გეგმა რუსეთის XI არმიის მეთაურის ჰეკერის მიერ, სწორედ 1920 წლის დეკემბერში დაიწერა. 1920 წლის 18 დეკემბერს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის, ტროცკისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჰეკერი წერს: „...როგორც უკვე მოგახსენეთ, XI არმიის რეოლუციური სამხედრო საბჭოს კრებაზე 3 დეკემბერს, ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით - თუ ქიაზიმ ყარაბექირის ნაწილები დაიცავენ მეგობრულ ნეიტრალიტეტს, რადგან XI არმიას მე-2 კავალერიის კორპუსი რომც შეუერთდეს, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ოპერაციებში, ჩვენს მეთაურობას არ ეყოლება თავის განლაგებაში საკმარისი ძალები თურქთა წინააღმდეგ უსაფრთხო ბარიერის შესაქმნელად... რაც შეეხება ქართული არმიის და გვარდიის მდგომარეობას, მე აქ არ შევეხები მას, რადგან ამის შესახებ დაწვრილებით მოვახსენე XI არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს 1920 წლის 24 ნოემბერს. მე მხოლოდ გავიმეორებ, რომ, მიუხედავად მათი სისუსტისა და რევოლუციური სულიერი განწყობისა, ქართულ ნაწილებს შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა... მე მიმაჩნია, რომ ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ფრთხილი მომზადების შემდეგ, რათა თბილისის მოსახლეობაზე თავდასხმა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“.11 აანალიზებს რა ქართველების და თურქების ძალებს, ჰეკერი დაასკვნის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება მხოლოდ იმ პირობებში შეიძლებოდა, თუ ოსმალეთის ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა. დოკუმენტიდან ჩანს, როგორ საგულდაგულოდ ემზადებოდნენ ბოლშევიკები საქართველოზე გასალაშქრებლად. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მომავალში ოსმალების ნეიტრალიტეტიც მოიპოვა და მეგობრობაც, ისევე როგორც ინგლისის ხელისუფლების.
1921 წლის 6 იანვარს, როდესაც პარიზში, ანტანტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარების საკითხი დაისვა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ კერზონი ამ ფაქტის წინააღმდეგ გამოვიდა და არწმუნებდა თავის მოკავშირეებს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს არ დაინდობდა. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 27 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ინგლისმა საქართველოს „დე იურე“ დამოუკიდებლობა აღიარა. ამ აღიარებას საქართველოსთვის პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან 1920 წლის დეკემბერში ინგლისმა და საფრანგეთმა, სხვებთან ერთად, უარი განაცხადეს საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე, რითაც საქართველო ფაქტიურად გაწირეს. ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები კავკასიის ქვეყნებს განიხილავდნენ, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებით უნდა მოეგვარებინა მომავალი პოლიტიკური სტატუსი. ლოიდ ჯორჯი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ინგლისისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, უარი ეთქვა ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მხარდაჭერაზე და მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების გზები მოეძებნა. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ კერზონმა განაცხადა; „ასეთი უშედეგო მოქმედება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ინგლისმა უნდა გადასინჯოს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ“.12 ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა ჯერ კიდევ 1920 წლის ბოლოს, განუცხადა საბჭოთა ელჩს, რომ ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა.
ლოიდ ჯორჯის მთავრობამ ჯერ კიდევ 1920 წლის მეორე ნახევარში დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკება სავაჭრო ხელშეკრულების დასადებად. მართალია, ხელშეკრულებას ხელი 1921 წლის 16 მარტს მოაწერეს, მაგრამ მისი პროექტი ორი თვით ადრე მზად იყო. როდესაც 1921 წელს რუსეთის წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს, რუსეთის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ინგლისი ამაში ხელს არ შეუშლიდა. ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ინგლისი თავის თავს არადაინტერესებულ მხარედ აცხადებდა კავკასიის საქმეებში. ინგლისის უმაღლესი რანგის ხელისუფალთა საიდუმლო მიმოწერებიდან ჩანს, რომ ინგლისის მთავრობა, რომლის უმაღლესი წარმომადგენელი კავკასიაში, სტოკსი ბათუმში იმყოფებოდა, კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში რუსეთის წითელი არმიის მოქმედებების შესახებ.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ასე აფასებდა ინგლისის ხელისუფლების პოლიტიკას: „..ლოიდ ჯორჯის და კლემანსოს მიმოწერიდან აშკარა გახდა, რომ ვერსალის ზავიდან ორი აზრი ებრძოდა ერთიმეორეს რუსეთის შესახებ. ლოიდ ჯორჯი ყოფილა მომხრე დიდი რუსეთის და მასთან მორიგებით ყველა საკითხის გადაწყვეტის. ეს ტრადიციული პოლიტიკაა ინგლისის ლიბერალიზმისა. კლემანსო კი პირიქით, დიდ რუსეთს აღარ ცნობს დროის შესაფერისად და ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა რუსეთიდან გამოყოფილი სახელმწიფოების მფარველობას..“13
ევროპის ქვეყნებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აკაკი ჩხენკელი ლორდ კერზონმა პირველად რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადების მეორე დღეს, 1921 წლის 17 მარტს, მიიღო. როგორც ა. ჩხენკელის მემუარებიდან ჩანს, კერზონმა მხოლოდ თანაგრძნობა გამოხატა გაჭირვებაში ჩავარდნილი საქართველოს მიმართ და მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დელეგაცია არ წავიდა ზოგიერთ დათმობაზე მისი მეზობლების მიმართ სან-რემოში, როცა კიდევ შეიძლებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების მდგომარეობის განმტკიცება. ბოლოს მან დააიმედა ქართველი ელჩი, რომ, როცა ახლო აღმოსავლეთის შესახებ საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში, ინგლისის ხელისუფლება კვლავ შეძლებდა საქართველოს დახმარებას.14
ა. ჩხენკელის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ლორდ კერზონმა იმავე დღეს საიდუმლო წერილით აცნობა ბათუმში მყოფ თავის წარმომადგენელს - სტოქსს. წერილში აღნიშნულია, რომ ა. ჩხენკელს სურდა, ინგლისის ხელისუფლებისგან რჩევები მიეღო საქართველოში შექმნილი მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერზონი წერს: „მას (ა. ჩხენკელს - ლ. ს.) გაცნობიერებული ჰქონდა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც მისი მთავრობა იმყოფებოდა და ცდილობდა, ვითარების შესამსუბუქებლად რაიმე გამოსავალი ეპოვა. მე ვუთხარი მას, რომ ვწუხვარ საქართველოს დამარცხების გამო, რომელსაც არ ჰყავდა კარგი მეგობარი, რაშიც მე გასული ორი წლის მოვლენებმა დამარწმუნა. მე ვიგრძენი, რომ საქართველო გარკვეულწილად დარწმუნებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში. ერთადერთი დაბრკოლება კავკასიაში ბოლშევიკების წინსვლის შესაჩერებლად იყო ძლიერი კავშირი, ან ამიერკავკასიის სამი ქვეყნის კონფედერაცია. მე თავის დროზე შევეცადე, გავლენა მომეხდინა საქართველოს წარმომადგენლებზე. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი პირადი მდივანი რ. ვანსიტარტი სან-რემოში ეცადა, რათა სტიმული მიეცა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის - მიეღწიათ შეთანხმებისათვის. ეს მოლაპარაკება საქართველოს პოზიციის გამო ჩაიშალა, რადგან საქართველომ უარი თქვა სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მიცემაზე. ამ მთავარი შეცდომით იყო განპირობებული ქართველების სასჯელი“.15 ლორდ კერზონს მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, როცა 1920 წლის 12 აპრილს მისი წარმომადგენელი ვანსიტარტი სპეციალურად ჩავიდა პარიზში, შეხვდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების დელეგაციებს და განუცხადა მათ, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს არ ჰქონდათ მომავალი, თუ ვერ შეთანხმდებოდნენ. ამიერკავკასიის რესპუბლიკების დელეგაციასთან შეხვედრა-კონსულტაციები 20 აპრილიდან იტალიის საკურორტო ქალაქ სან-რემოში განახლდა, სადაც მოკავშირეთა უმაღლესი საბჭო ბათუმის საკითხს განიხილავდა. ინგლისელები ჩქარობდნენ მიეღოთ საზღვრების გამიჯვნის შესახებ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის ხელმოწერილი საბოლოო შეთანხმების ტექსტი.
დელეგაციის წევრებთან თათბირს ხშირად ესწრებოდა თვით ვანსიტარტი. ლორდ კერზონი თვლიდა, რომ ბოლშევიზმის „დამყარება ბაქოსა და ბათუმში იქნება საფრთხე სპარსეთისა და ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის“.16 სან-რემოში, კონფერენციის 22 აპრილის სხდომაზე კერზონმა დააყენა წინადადება, ბათუმის საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე და საქართველოს გამგებლობაში მის გადაცემამდე, გარდამავალ პერიოდში, მოკავშირეთა დამატებითი ძალებით ქალაქის გამაგრების შესახებ. იგი მაშინ გამართლებულად მიიჩნევდა, ანტანტის ქვეყნებს გარკვეული სამხედრო რისკი გაეწიათ ბათუმის და, საერთოდ, ამიერკავკასიის შენარჩუნებისთვის.
სან-რემოში ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბლოკის შექმნის იდეის ჩაშლის, აზერბაიჯანის გასაბჭოების და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ბოლშევიკებისთვის სასარგებლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინგლისის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ბათუმში მოკავშირეთა სამხედრო ძალის ყოფნა შემდგომში ვითარებას ვერ შეცვლიდა. ამიტომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის დატოვების შესახებ. ინგლისის ხელისუფლება, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ჯარი გაეყვანა შუა და წინა აზიიდან. ინგლისელი დიპლომატი ა. მური ასე ხსნიდა კავკასიაში შემოსვლის მიზეზებს: „დროებითი ზავის შემდეგ ჩვენ აუარებელი ჯარი შევიყვანეთ კავკასიაში... საერთოდ, რატომ მივედით ჩვენ იქ? ... ჩვენ ეს გავაკეთეთ, რათა გვეცადა ბაქოს ნავთიანი ადგილები ხელთ ჩაგვეგდო, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით იმისთვის მომზადებული, რომ მათი გულისთვის გვებრძოლა“.17
1921 წლის მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ოსმალეთის ჯარებისგან ბათუმის გათავისუფლების დროს, ოსმალო ასკერები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ ქართველებს ინგლისელების და ფრანგების მაშველი ძალები ეხმარებოდნენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლშევიკებთან ომის პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც დაეხმარა საქართველოს, საფრანგეთი იყო.2 საფრანგეთის ესკადრამ, ადმირალ დიუმენილის ბრძანებით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საარტილერიო მხარდაჭერა გაუწია აფხაზეთიდან შემოჭრილი წითელი არმიის ნაწილების მოგერიებაში და მათი პოზიციები გაგრის მისადგომებთან - სოფელ პილენკოვოში (განთიადი), ასევე გუდაუთისა და ახალი ათონის რაიონში, დაბომბა.18 საფრანგეთი, ასევე, ცდილობდა, ქართველი მეომრები იარაღით მოემარაგებინა.19 ოსმალების წინააღმდეგ ბათუმისათვის გამართულ ბრძოლებში უცხოეთის სახელმწიფოთა ხომალდებს მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ თვით ანტანტის წევრ სახელმწიფოებს შორის არ იყო ერთგვარი თანხმობა ამიერკავკასიის საკითხთან დაკავშირებით. ინგლისის მოკავშირე საფრანგეთის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებდა ბათუმში მყოფი ინგლისის ჯარის უმოქმედობას, რომელსაც წესრიგის ნაცლად მთელ ოლქში ქაოსი შეჰქონდა. საფრანგეთის უმაღლესი კომისარი კავკასიაში შარდინი საკუთარი მთავრობისადმი გაგზავნილ საიდუმლო წერილში შენიშნავს, რომ მათი მოკავშირეები (იგულისხმება ინგლისელები - ლ. ს.) რჩებიან ძალიან სუსტები ამ მხარეში, მათ ვერ შეძლეს, ხელი შეეშალათ სომხეთ - საქართველოს ომისთვის20 თავის მხრივ, ამერიკის ხელისუფლება, რომელიც უკმაყოფილო იყო ინგლისელთა გადაწყვეტილებით - იტალიისთვის გადაეცა ამიერკავკასიის მანდატი, გულდასმით ადევნებდა თვალს ინგლისში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას: საფინანსო კრიზისს, საშინაო მდგომარეობის უკიდურეს დაძაბულობას, მზარდ ანტიინგლისურ მოძრაობას ეგვიპტეში, ინდოეთში, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში, ამიერკავკასიაში და ცდილობდა, მოკავშირის ეს არახელსაყრელი პირობები საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად გამოეყენებინა.
ინგლისის მაშინდელი ხელისუფლების უმოქმედობამ უბიძგა რუსეთს საქართველოზე თავდასხმისაკენ. ინგლისის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი ნედლეულის წყარო და გასაღების ბაზარი იქნებოდა ინგლისის მრეწველობისთვის. სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ლოიდ ჯორჯის პრორუსული პოლიტიკა, რასაც საბოლოო ჯამში საქართველოს დამოუკიდებლობა შეეწირა.
შენიშვნები
1. Ключников Ю., Сабанин А.. Муждународная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях, часть II, Москва, 1926, стр: 188-189.
2. Afanasyan Serge, L’ Armenie, L’Azerbaidjan et la Géorgie de l’independance à l’instauration du pouvoire Soviétique 1917-1923“, éd., l’ Harmattan, Paris, 1981, p. 68.1. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების ასლები, საქმე #1483.
3. მანველიშვილი ალ., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სანფრანცისკო, 1984, გვ: 223
4. მასალები მოხსენებისათვის პარიზის საქართველოს დელეგაციის მუშაობის შესახებ, 1920 წ., საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების ასლები, საქმე #1483.
5. მანველიშვილი ალ., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სანფრანცისკო,
1984, გვ: 273-274.
6. სიორიძე მ., „ბათუმის საკითხის“ ინტერნაციონალიზაცია 1919-1920 წწ., წიგნში: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, ტომი III, ბათუმის ოლქი 1877-1920, ბათუმი, 2008, გვ: 488.
7. Earl Curzon to Colonel Stokes (Tiflis), confidential, Foreign Office, October 21, 1920,, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fო 371/ 6277.
8. Le ministre des affaires étrangères de République Géorgienne, A son excellence le ministre des affaires etrangères de Grande Bretaghe, Paris, le 12 novembre, 1920, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fო 371/ 4948.
9. მანველიშვილი ალ., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან ფრანცისკო, 1984, გვ. 283;
10. გელაშვილი გ., ბოლშევიკების აგრესია (საქართველოს წინააღმდეგ ბოლშევიკების საომარი გეგმის გამოაშკარავება), კრებულში _ ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2 (6), თბილისი, 2009, გვ: 472-476.
11. ტაბაღუა ი., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან (ლექციების კურსი), თბილისი, 1994, გვ. 212;
12. ნოე ჟორდანიას წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს თბილისში, პარიზი, 9 აპრილი, 1923 წ., საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი , ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების ასლები, საქმე #1323.
13. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ა. ჩხენკელის მემუარი დიპლომატიური მუშაობის შესახებ საზღვარგარეთ (1921-1922 წწ), საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების ასლები, საქმე #872.
14. Earl Curzon to Colonel Stokes (Batoum), confidential, Foreign Office, March, 17, 1921, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fო 371/ 6269.
15. ტაბაღუა ი., ბათუმის საკითხი სან-რემოს კონფერენციაზე (1920 წ), მაცნე (ისტორიის სერია), #3, გვ: 93-94, 1982.
16. ნოზაძე ვ., ევროპა და კავკასია (ბრძოლა ნავთისთვის), გაზეთი _ დამოუკიდებელი საქართველო, #52, პარიზი, 1930.
17. Mamoulia G., Les combats indépendantistes des Caucasiens entre URSS et puissances occidentales. Le cas de la Géorgie (1921-1945), éditeur Harmattan, Paris, 2009, p. 26.
18. ჩაჩანიძე თ., ფრანგული ესკადრის ოპერაციები საქართველოს სანაპიროსთან, ჟურნალი არსენალი , #6, ივნისი, 2006, გვ: 41-42.
19. Zürrer W., Kaukasien 1918-1921. Der Kampf der Großmächte um die Landbrücke zwischen Schwarzem und Kaspischem Meer, Drost Verlag Dusseldorf, 1978, p. 455.
20. Afanasyan S., L’Armenie, L’Azerbaidjan et la Géorgie de l’independance à l’instauration du pouvoire Soviétique 1917-1923, éd., l’ Harmattan, Paris, 1981, p: 88.
დამოწმებანი:
1. მანველიშვილი ალ., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან ფრანცისკო, 1984.
2. გელაშვილი გ., ბოლშევიკების აგრესია (საქართველოს წინააღმდეგ ბოლშევიკების საომარი გეგმის გამოაშკარავება), კრებულში _ ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2 (6), გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2009.
3. ნოზაძე ვ., ევროპა და კავკასია (ბრძოლა ნავთისთვის), გაზეთი _ დამოუკიდებელი საქართველო , #52, პარიზი, 1930.
4. ტაბაღუა ი., ბათუმის საკითხი სან-რემოს კონფერენციაზე (1920 წ), მაცნე (ისტორიის სერია), #3, 1982.
5. ტაბაღუა ი., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან (ლექციების კურსი), თბილისი, 1994.
6. სიორიძე მ., „ბათუმის საკითხის“ ინტერნაციონალიზაცია 1919-1920 წწ, წიგნში _ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა , ტომი III, ბათუმი, 2008.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკროფირების ასლები, საქმე #1483.
8. ჩაჩანიძე თ., ფრანგული ესკადრის ოპერაციები საქართველოს სანაპიროსთან, ჟურნალი _ არსენალი , #6, ივნისი, 2006.
9. Afanasyan S., L’ Armenie, L’Azerbaidjan et la Géorgie de l’independance à l’instauration du pouvoire Soviétique 1917- 1923, éd. l’ Harmattan, Paris, 1981.
10. Earl Curzon to Colonel Stokes (Batoum), confidential, March 17, 1921, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა , აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fო 371/16269.
11. Luke to Secretary of State for Foreign Affairs, confidential, August 14 th, 1920, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fო 371/ 4945.
12. Le ministre des affaires étrangères de République Géorgienne, son excellence le ministre des affaires etrangères de Grande Bretaghe, Paris, le 12 novembre 1920, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fo 371/ 4948.
13. Mamoulia G., Les combats indépendantistes des Caucasiens entre URSS et puissances occidentales. Le cas de la Géorgie (1921-1945), éditeur Harmattan, Paris, 2009
14. tchenkeli A., Lloyd George, Premiere Mministre de Ggrange Bretagne, President de la conference de Londres, Le 8 Mars, 1921, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა , აკაკი რამიშვილის არქივი, საქმე #Fo 371/16269.
15. Zürrer W., Kaukasien 1918-1921. Der Kampf der Großmächte um die Landbrücke zwischen Schwarzem und Kaspischem Meer, Drost Verlag Dusseldorf, 1978.
16. Ключников Ю., Сабанин А., Муждународная политика новейшего времени в договорах нотах и декларациях, часть II, Москва, 1926.
Комментариев нет:
Отправить комментарий