четверг, 6 февраля 2020 г.

ქართული საისტორიო ტრადიცია დავით-სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ (ი. ჯიჩონაია)

თამარ მეფის მეორე ქმრის ოვსი უფლისწულის დავით-სოსლანის პიროვნება, მისი წარმომავლობა, სახელმწიფოებრივი საქმიანობა ყოველთვის იპყრობდა ქართველ მემატიანეთა თუ ისტორიკოსთა ყურადღებას. შედეგად შუა საუკუნეების ქართულმა საისტორიო ტრადიციამ შექმნა საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა ამ უაღრესად კოლორიტული ფიგურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტებზე. ამჯერად ჩვენ შევჩერდებით დავით-სოსლანის წარმომავლობის საკითხზე, კერძოდ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რამდენად დასაბუთებულია XII-XIIIსს. ქართველ მემატიანეთა და მოგვიანო პერიოდის (XVIII-XIXს. დამდეგის) მოღვაწეების წარმოდგენა დავით-სოსლანის „ორთავე კერძოთა გვართაგან“ ბაგრატიონობის შესახებ.
როგორც ცნობილია, თამარის პირველი ქორწინება რუს უფლისწულთან, ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ძესთან – იურისთან (გიორგი „რუსი“), უდღეური გამოდგა. დაქორწინებიდან ორნახევარი წლის შემდეგ (1187წ. გაზაფხულზე)1, თამარი, ვაზირებთან და დიდებულებთან შეთანხმებით, გაცილდა თავის თანამეცხედრეს და ის ქვეყნიდან „მიაბრძანა“.2
სამეფო კარის წინაშე კვლავ დადგა მეფისათვის ქმრის შერჩევის პრობლემა, ვინაიდან „იურვოდეს შემჭირნენი უწაღმართობისა და შვილის უსმელობისანი“.3 გამოჩნდა არაერთი პრეტენდენტი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს ოვს უფლისწულზე – დავით სოსლანზე. აი, რას წერს მემატიანე ამის შესახებ: „იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინაითგან თვის ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობის მიზეზითა, მოეყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა. და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო. ჰკადრეს და მოახსენეს დედოფალსა რუსუდანს მკვიდრთა ამას სამეფოსათა, იგი განაღმაცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე _ ქმნითა მომხსენებელ და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: „უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი შვილნი ხელმწიფეთანი – ბერძენთა ჰრომთანი, სულტანთა და სკვითთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღვივნა არშემძლეობამან თვინიერ ბრძანებისა საუფლოსა“.4 თამარი ერთი ხანობა ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ, გაითვალისწინა რა, რომ ქვეყანას ტახტის მემკვიდრე სჭირდებოდა, ხელახლა დაქორწინების თანხმობა მისცა. „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა... მოთხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარსა ბედნიერობასა, სვიანობასა დღეკეთილობა თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანისა, თანა ბედნიერ და განმარჯუებულ იქმნა და წაღმართ-წაღმართითა მით მოთხრობითა წინამდებარითა გეუწყოს.
ესე დავით წელიწდის მიქცევამდე ესრეთ წაეჯობინა ყოველსა მშვილდოსანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ხელთა სიკეთითა, ვითა დღე ჩანს, რომელ შინა ვინ ყოფილა მისი მასწავლებელი და თანა მოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი“.5
როგორც ამ ცნობიდან ირკვევა, თამარის ხელის მთხოვნელთა შორის „ოვსი ხელმწიფენი“ ადრიდანვე ყოფილან. მართლაც, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ავტორი ცალკე ამბად მოგვითხრობს, თუ როგორ „მოსრულ იყვნეს (ჯერ კიდევ თამარის პირველ დაქორწინებამდე – ი.ჯ.) ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახე-კეთილნი, მოჰაჯენი და მთხოვნელნი, ღირსნი და მინდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: „ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა!“ და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი, წარსრულთა თვისად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხვია მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათვის ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს“.6
როგორც ვხედავთ, ოვს უფლისწულთა პირველი მცდელობა, ღირსი ყოფილიყვნენ თამარის ქმრობისა, ტრაგიკულად დასრულდა. წყაროდან არ ჩანს, თუ რის გამო დაიწუნეს საქართველოს სამეფო კარზე ოვსი უფლისწულნი, თუმცა სავარაუდოა, რომ იმ ეტაპზე რუსი მთავრის კანდიდატურა უფრო მიმზიდველი იქნებოდა. დავით-სოსლანის კანდიდატურაზე მსჯელობისას, როგორც დავინახეთ, მემატიანე ხაზს უსვამს მის წარმომავლობას. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ იმდროინდელი ქართული საზოგადოების თვალში ოვსთა ტომი გამორჩეული იყო ფიზიკური სიძლიერითა და მხედრული სიქველით („კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა“). აღსანიშნავია, რომ თამარის პირველი ისტორიკოსისგან განსხვავებით, ვახუშტი ბაგრატიონს სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა ოვსთა მეომრულ თვისებებზე. მისი დახასიათებით, ისინი ყოფილან „ვერ შემმართებელნი და შემპარავნი ლაშკართა შინა და გამომსვლელნი“.7
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ოსთა ეფრემიანობაზე. დღეს უკვე გარკვეულად ითვლება, რომ ქართული მატიანის ეფრემში რომელიღაც ოვსთა მეფე კი არ იგულისხმება, ან როგორც ი. გაგლოითი წერს: „родоначальник всех осетин“,8 – არამედ ბიბლიური პერსონაჟი, კერძოდ, იაკობის შვილიშვილი, იოსებ მშვენიერის ძე9. ძველი ქართული ტრადიციით, ეფრემი მოიაზრება ოვსი ბაგრატიონების წინაპრად, ისევე როგორც დავით წინასწარმეტყველი – ქართველი ბაგრატიონებისად. ე. ი. ამ შემთხვევაში ტერმინებს: „დავითიანი“, „ეფრემიანი“, – გარკვეულწილად პოლიტიკური დატვირთვა აქვთ. „დავითიანად“ იწოდებოდნენ ქართველი ბაგრატიონები და ისინი საქართველოს სამეფოს ტახტის მპყრობელნი იყვნენ, ხოლო „ეფრემიანები“ – ოსი ბაგრატიონები – დავითიან-ბაგრატიონთა გვერდით შტოს განეკუთვნებოდნენ10.
ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ თითქოს „ეფრემის ძეობა“ დავით-სოსლანისათვის „სუსტი ადგილი იყო“, ვინაიდან ქართველი ბაგრატიონები თავს ბიბლიური დავითის, ებრაელთა მეფის ჩამომავლებად თვლიდნენ. ეფრემი ამ დავითის ძმისწული იყო ბიბლიით და მას დავითის ჩამომავლებთან შედარებით მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ დასჭირდა თამრის პირველ ისტორიკოსს იმის ხაზგასმა, რომ ოვსი უფლისწული იყო „ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო“.11 ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, თუ რატომ უნდა მიეცეს დავით-სოსლანის „ეფრემის ძედ“ მოხსენიებას ამგვარი შეფასება. ან რატომ უნდა გავიაზროთ „ეფრემის ძეთაგან“ ოვსი უფლისწულის თამარის საქმროდ შერჩევა როგორც რაღაც უპრეცედენტო, იძულებითი მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებული დასაბუთება სჭირდებოდა, კერძოდ, იმის მტკიცება, რომ ეს არჩევანი ღვთის ნებით არის ნაკარნახევი და რომ დავით სოსლანი დედითაც და მამითაც ბაგრატიონი იყო12.
პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ მივიღებთ ამ მოსაზრებას, ის არის, რომ თამარის ისტორიკოსის ცნობაში, იქ, სადაც ლაპარაკია დავით-სოსლანის „ეფრემის ძეობაზე“, კონტექსტიდან გამომდინარე, მისი პიროვნებისადმი რაიმე ჩრდილის მიყენების არავითარი კვალი არა ჩანს. ანუ „ეფრემის ძეობა“ არის მხოლოდ განმარტება იმისა, რომ თამარის საქმრო წარმომავლობით ოვსი ბაგრატიონებისაგან მოდის და მეტი არაფერი13. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი„-ს კიდევ ერთ ფრაგმენტში, სადაც „ეფრემიანობა“ დავით-სოსლანის პიროვნების ღირსებების წარმოსაჩენადაა გამოყენებული. მემატიანე წერს: „ანუ ვისმცა ØÄÁÀ ÌÉáÃÏÌÏÃÀ ÃÀÅÉÈÉÓ ÌÏÚÌÉÓÀ, ბაყათარისა და თარხნის მსგავსისა, Ä×ÒÄÌÉÀÍÉÓÀ და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა, მსგავსთა როსტომისთა და გივისთა“.14
ასეთივე დატვირთვა აქვს „ეფრემიანობას“ თამარ მეფის იამბიკოშიც, რომელიც შეტანილია „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ტექსტში: „შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ, ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი, ÅÉÍ ÃÀÅÉÈ, ÞÄÄÁÒ Ä×ÒÄÌÉÓ ÌÏÉÓÀÒÌÀÍ, მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით“.15 დავით-სოსლანის განდიდების მიზნით ახსენებს „ეფრემიანობას“ XII ს. მეხოტბე ჩახრუხაძეც, რომელიც თამარის მეორე ქმარს უწოდებს: „ეფრემის ძირთა აღმორჩებულს“, „ეფრემის თვისსა“ და „ეფრემის ძირთა ისართა მთლელს“.16 ამრიგად, როგორც ვხედავთ, არავითარ მინიშნებას იმისა, რომ „ეფრემიანობის“ გამო დავით-სოსლანი მიუღებელი იყო საქართველოს სამეფო კარისთვის ვერც „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ში და ვერც რომელიმე სხვა თხზულებაში, სადაც ასევე ნახსენებია თამარის მეორე ქმრის „ეფრემიანობა“, ვერ ვხვდებით. პირიქით, თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტიდან სრულიად გარკვევით ჩანს, რომ დავით-სოსლანის კანდიდატურას არა თუ არ შეხვედრია რაიმე წინააღმდეგობა, არამედ საყოველთაო მოწონება ჰქონია. მის კანდიდატურას ერთსულოვნად მხარს უჭერდნენ როგორც „ვაზირები“, ისე „დიდებულნი იმერნი და ამერნი“. რასაკვირველია, აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქორწინებას საერთოდ არ ჰყავდა მოწინააღმდეგენი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მათ გაჩუმება არჩიეს და მხოლოდ მაშინ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც ამისთვის შესაფერისი მომენტი დაინახეს17. როგორც ცნობილია, ამ ძალებმა 1191წ. კინაღამ დაამხეს თამარ-დავითის ხელისუფლება.
ერთი სიტყვით, სავსებით შესაძლებელია, რომ მართლაც არსებობდა რაღაც მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს სამეფო კარზე გარკვეულ წრეებს არ სურდათ დავით-სოსლანი თამარის ქმრად, მაგრამ ეს მიზეზი ნამდვილად არ იყო ოვსი უფლისწულის „ეფრემიანობა“, რომლის გამოც ის შეიძლებოდა არ ეცნოთ თამარის ღირსად. როგორც ცნობილია, საქართველოს მეფეები არასოდეს გაურბოდნენ დინასტიურ ქორწინებებს ოვსეთის სამეფო სახლის წარმომადგენლებთან. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ XI-XII საუკუნეებში ჩვენთვის ცნობილი საქართველოს 5 დედოფლიდან ორი (ბორენა, ბურდუხანი) ოვსეთის მეფეთა ასული იყო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აზრი იმის შესახებ, თითქოს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ავტორის მიერ დავით-სოსლანის „ეფრემის ძეობაზე“ ხაზგასმა გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ისახავდა და შეფარვით თამარის მეორე ქმრის ღირსების შელახვისკენ იყო მიმართული, უნდა გადაისინჯოს.
დავით-სოსლანის წარმომავლობასთან დაკავშირებით მკვლევართა გარკვეული ინტერესი გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ის იყო გიორგი I-ის და ოვსთა მეფის ასულ ალდას (გიორგი I-ის ე.წ. „მეორე ცოლის“) შვილის, დემეტრე უფლისწულის შთამომავალი. ეს ცნობა გვიანდელია და ეკუთვნის ვახუშტი ბაგრატიონს. აი, რას წერს ბატონიშვილი ისტორიკოსი ამასთან დაკავშირებით: „ესე დავით იყო მეფის გიორგი ძის დიმიტრისაგან, რომელი წინარევე ვახსენეთ, რამეთუ დიმიტრის ანაკოფიას აფხაზეთს დაშთა ძე და ივლტოდა ბებიით ოვსეთს; მუნ შვილებულმან იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა და ძე იგი მისი ოვსეთს მყოფი მამულით იწოდა მეფედ ოვსთა და ძის ძის-ძე დიმიტრისა, და ამ დავითის მამა შერთეს რუსუდანს, რომელმან შეიყუარა ქალწულება ოთხმოცისა წლისა დღეთა, ხოლო ესე ნუ გიკვირნ, რამეთუ ორნი ესე რუსუდან დანი იყვნენ: თამარის გამზრდელი ხვარასნის სულტნის ცოლი იყო, და და მისი რუსუდანვე შემყუარე ქალწულებისა ოვსთა მეფის რძალი იყო; ორნივე დანი იმყოფებოდნენ სახლსა თვისსა. ხოლო ქმარსა ამისსა სხუას ცოლთან ესუა ძე დავით, რომელი წარმოიყვანა ამან რუსუდან და აღზარდა ძედ თვისად, არამედ ეყოდა თამარს დედით, რამეთუ დედა თამარისა ოვსთა მეფის ქალი იყო. რამეთუ დედით მესამე ნათესავი იყო, ხოლო დიმიტრით მეხუთე, და იყო წარჩინებული შუენიერებითა და ახოვნებითა და საღმთო-სამხედროთი სრული“.18
საინტერესოა, რომ ვახუშტი არ აზუსტებს, თუ კონკრეტულად რომელი წყაროდან აქვს მას აღებული ინფორმაცია ბიზანტიაში გახიზნული დემეტრე უფლისწულის ვაჟის ოვსეთში დამკვიდრების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის შესახებ რაღაც „წერილი“ (დაწერილი მასალა) არსებობდა. აი, მისი კომენტარი: „ხოლო დაიდუმა მწერალმან (თამარის ცხოვრების აღმწერმა მემატიანემ) დავითის დიმიტრის ჩამომავლობა, ვინათგან... არღარა ნათესავ იყო თამარისა, არამედ იმისთვის... ახსენა დედით, ვინათგან უახლოეს იყო; ÂÀÒÍÀ ßÄÒÉËÉ მუნვე აცხადებს, დავითის დიმიტრის ძეობასა“.19 იქვე ვახუშტი ბატონიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თამარი მხოლოდ მაშინ დათანხმდა ოვს უფლისწულზე დაქორწინებას, როდესაც მისი „ბაგრატიონობა სცნა“.20 დავით-სოსლანი რომ ნამდვილად ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო, ვახუშტის თქმით, ამის „მოწამე არს მცირე ეკლესია კასრის... ხევსა შინა, სადაცა დახატულ არიან და დაწერილნი ზედ დიმიტრი და ძე მისი დავით, რომელი ქმარი იყო თამარისა; არამედ ეფრემის ძეობა ნუ გიკვირს.., ვინაიდგან... ოვსეთს მკვიდრობდნენ: მუნებრი გვარი ახსენა და არღარა დიმიტრით... ბაგრატიონობა“.21
ამრიგად, ვახუშტი ბაგრატიონს მოეპოვება დამატებითი ინფორმაცია დავით-სოსლანის წარმომავლობაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თამარის მეორე ქმრის მამის ხაზით ბაგრატიონობას. ვახუშტი ბატონიშვილისეულმა ვერსიამ ასახვა ჰპოვა „ქართლის ცხოვრების“ გვიანდელ (ვახტანგ VI-ის შემდგომი ხანის) ხელნაწერებში. ასეე, მაგალითად, „ქართლის ცხოვრების“ ე.წ. რუმიანცევისეულ ნუსხაში „მატიანე ქართლისა“-ს ტექსტს აქვს რამდენიმე რედაქციული ხასიათის მინაწერი: 1) „ამის გიორგის ძე და ძმა ბაგრატ მეფისა ესე დიმიტრი, რომელი აქ დაუწერიათ, ამის ნათესავისაგან იყო ქმარი თამარ მეფისა“; 2) „მიკვირს მეფის თამარის ქმარი ხომ ამ დემეტრეს თესლისაგან იყო, და რატომ არ დაწერეს ან რა ხნისა მოკუდა და ვის ქალთან დარჩა შვილი“; და 3) „აქ სცან ბაგრატოვანება დავითისი, თუ იყო თუა არა. დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყო“.22 შესაბამისი განმარტებები ვახტანგ VI-ის შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში (გარდა თეიმურაზისეული ნუსხისა) მოცემულია აგრეთვე „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს თხზულების ტექსტშიც. აქ სწერია: „რამეთუ ოვსთა მეფის შვილი იყო ყრმა იგი და გუარადცა ბაგრატოანი, რამეთუ დიმიტრი, ძე გიორგი მეფისა, რომელი დაშთა ოვსთა მეფის ქალისაგან, მის დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყო, ძეთაგან მისთა“.23
ბაგრატიონთა ოვსეთში დამკვიდრების ამბავი ცნობილი ყოფილა ანტონ I კათოლიკოსისთვისაც, რომელსაც ის ამოუკითხავს „ძველთა შინა მატიანეთა საქართველოსათა“. ამ მატიანეებში გადმოცემული ისტორიის თანახმად, თამარის მეორე ქმარი ყოფილა „ძე ოვსთა მთავრისა, სახელით დავით, რომელი იყო მისივე დავითიან- ბაგრატიონისა შთამომავლობათაგან ესრეთ, რამეთუ: მეფენი ვინმე იყვნეს ძმანი ორნი ამისვე სამეფოისანი, დავითიან-ბაგრატოვანნი, შვილთაგან მრავალჯერ მოხსენებულისა გურამისთა. პირველსა უკვე ძმასა ეწოდა დიმიტრი და მეორესა გიორგი. დიმიტრი უკვე იყო მეფედ, მაგრამ ძმამან გიორგი მიუღო მეფობა. და ძე უკვე ესვა ერთი ყმა მცირე მეფესა დიმიტრის. იგიცა მისტაცა ძმამან მისმან გიორგი და მისცა ოვსთა მთავარს მზევლად. ხოლო მთავარი იგი ოვსეთისა იყო უშვილო და მემკვიდრედ თვისსა შეიწყნარა ყმა იგი. და მაშინ ოვსნი და ყაბარდოელნი იყუნეს ყოველნი ქრისტიანენი. და ამის ყრმისაგან იშვნეს მრავალნი ოვსეთსა შინა. ხოლო შემდგომად ამის მრავალ წელთა მისცა და თვისი რუსუდან ცოლად მეფემან გიორგი, მამამან თამარისამან, მთავარსა ოვსთასა ბაგრატოვანსა. ხოლო ჟამსა სიჭაბუკისასა დაქვრივდა ქალი იგი და მოიქცა ძმისავე თვისისა საქართველოდ და მოიყვანა თვისთა თანა ძე მაზლისა თვისისა ყრმა დავით, ქმარი თამარისი, და აღზარდა იგი. ხოლო გიორგი ასულიცა თვისი თამარ მისცა აღზრდად დასა მას თვისსა რუსუდანს“.24
მიუხედავად იმისა, რომ ანტონ კათოლიკოსს ნამდვილად აქვს არეული გიორგი I-ის ვაჟთან, დემეტრე უფლისწულთან დაკავშირებული ამბავი (მას შეცდომით დემეტრე უფლისწული გიორგის ძმად მიაჩნია), დემეტრეს ვაჟის ოვსეთში გაგზავნისა და იქ ოვსთა მთავრის მიერ მისი მიშვილების ფაქტი უთუოდ საყურადღებოა და მისი შეჯერება ვახუშტის ცნობასთან შეიძლება. როგორც ზემოთ დავინახეთ, ვახუშტიც წერს, რომ ანაკოფიას დარჩენილი დიმიტრის ძე „ივლტოდა ბებიით ოვსეთს; მუნ ÛÅÉËÄÁÖËÌÀÍ“ კი „იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა“. და მაინც, ანტონ კათოლიკოსის ცნობა ზუსტად არ იმეორებს ვახუშტის მონათხრობს, ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ის სხვა წყაროთი სარგებლობდა.
არანაკლებ საინტერესოა იოანე ბატონიშვილისეული ვერსია, რომელიც მას მოცემული აქვს „ქართლის ისტორიაში“. მასში ვკითხულობთ: „მოესმათ დიდებულთა ანბავი ესე, რომელ არს ოსთა მეფისა ეფრემ ბაგრატიონისასა შვილობილად აყვანილი ძე გიორგი მეფის ძის დიმიტრისა შთამომავლობისაგან, ვითარცა სწერია ეკლესიასა კასრის ხევისასა და არსცა დახატულ და ეგრეთვე აღწერასა შინა გუართა მეფეთასა, ესრეთ: მეფე დიმიტრი, და დიმიტრის ძე დავით, ძე დავითისა ათონ, და ძე ათონისა ჯადარონ, და ძე ჯადარონისა სოსლან დავით. რამეთუ დიმიტრის დაშთა ძე დავით ანაკოფიას და გარემოებების გამო განივლტო ბებიითურთ თვისით და მივიდა ოვსთა მეფისა ეფრემისად: და ამას ჰყვა ქალი მშვენიერი და მიათხოვა ამა დავითსა. იხილე ოლთისელის გიორგი ხუცის აღწერილსა შინა: და შემდგომად ორისა წლისა შვა ძე ათონ და მოკუდა დედა ყრმისა მის. და იგი ყრმა თვით ეფრემმან აღიყუანა შვილად თვისად, ხოლო დავით მოვიდა ქართვლსავე. და ამა ათონის შვილის შვილი იყო სოსლან დავით და ამისათვის უწოდენ ეფრემის ძეთაგანს, ვინაიდგან პაპა ამისი ეფრემმან აღზარდა“.25
იოანე ბატონიშვილის ამ ცნობაში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მას ხელთ ჰქონია ვინმე „ოლთისელის გიორგი ხუცის აღწერილი“ ისტორია. აკად. კ. კეკელიძის აზრით, არაა გამორიცხული, რომ იოანე ბატონიშვილის მიერ ნახსენები „ოლთისელი გიორგი“ იყოს XI ს. II ნახევრის მოღვაწე გიორგი ოლთისარი, რომელიც გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალების შემდეგ იყო ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი (დაახლ. 1065-1075წწ.).26 ეს თუ ასეა, მაშინ, ბუნებრივია, ინფორმაცია დავით-სოსლანის გიორგი I-ის ვაჟის დემეტრე უფლისწულის ძისაგან ჩამომავლობის შესახებ უთუოდ მეტ ნდობას იმსახურებს.
როგორც ვხედავთ, შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო ტრადიციას ნამდვილად ჰქონდა შემონახული სრულიად კონკრეტული ინფორმაცია დემეტრე უფლისწულის ვაჟის ოვსეთში დამკვიდრებისა და იქ ქართველ ბაგრატიონთა გვერდითი შტოს გაჩენის შესახებ. მიუხედავად ამისა, მკვლევარები თავდაპირველად მაინც იჩენდნენ ერთგვარ სიფრთხილეს და გვერდს უვლიდნენ ამ ფაქტს. კერძოდ, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობას მაინცდამაინც სარწმუნოდ არ მიიჩნევდა აკად. მ. ბროსე27. ასეთივე პოზიცია ეკავა ოსეთის ისტორიის ცნობილ მკვლევარს ვ. პფაფს, რომელიც ამასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ვახუშტი „сильно запутывает дело“.28 მათგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი მ. ჯანაშვილი, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ვახუშტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეტანა ჩრდილოეთ კავკასიაზე ქართული მატიანეების ცნობების რუსულ პუბლიკაციაში29.
ი. ჯავახიშვილი თამარის მეორე ქორწინების გაშუქებისას აღნიშნავდა, რომ თამარის საქმრო იყო „ოსთა მეფის შთამომავალი, ზემოთ ÃÄÃÉÈ ქართველ ბაგრატიონთა ასულის შვილი“30 და გვერდს უვლიდა დავით-სოსლანის მამის ხაზითაც ბაგრატიონობას. ეს გარემოება სავსებით სამართლიანადაა მიჩნეული იმის დასტურად, რომ დიდ მეცნიერს, როგორც ჩანს, ეჭვი შეჰქონდა ოვსი უფლისწულის წარმომავლობის ვახუშტისეულ ინტერპრეტაციაში31. თავისი დიდი მასწავლებლისაგან განსხვავებით, აკად. ს. ჯანაშია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობას და მის საფუძველზე თვლიდა, რომ დავით სოსლანი ეკუთვნოდა ბაგრატიონების ქართული სამეფო დინასტიის გვერდით შტოს, რომელიც ოსეთში XI საუკუნეში დამკვიდრდა და ცნობილია ბაგრატიონ-ეფრემისძის სახელით32. ამ თვალსაზრისმა ქართულ ისტორიოგრაფიაში განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი XXს. 60-იანი წლებიდან, როდესაც ქართველი მეცნიერები გამოეხმაურნენ ჩრდილოეთ ოსეთში, ნუზალის ეკვდერში აღმოჩენილი მამაკაცის ნეშტის იდენტიფიკაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ამ თემას საგაზეთო პუბლიკაციებში შეეხნენ მ. დუმბაძე33 და ი. მეგრელიძე34, ხოლო ი. ლოლაშვილმა სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა მას, რომელშიც დამაჯერებლად დაასაბუთა დავით-სოსლანის „ორთავე კერძოთა გვართაგან“ ბაგრატიონობა35.
დავით-სოსლანის ბაგრატიონობას აღიარებს მ. ლორთქიფანიძე36. უკანასკნელ ხანს ამ საკითხზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება აკად. რ. მეტრეველმა. მან, სათანადო მასალების მოშველიებით, დაადასტურა ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული თვალსაზრისის სისწორე37. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ნაშრომში მაინც ვხვდებით დავით-სოსლანის მამის ხაზითაც ბაგრატიონობის უარყოფის მცდელობას. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საქართველო-ოვსეთის ურთიერთობის აღიარებული მკვლევარი გ. თოგოშვილი, რომელმაც დავით-სოსლანის მამის ხაზით ბაგრატიონობის ვახუშტი ბატონიშვილისეული ახსნა ბუნდოვნად და არადამაჯერებლად მიიჩნია38. მისი მტკიცებით, თამარის მეორე ქმრის ბაგრატიონად (მამის ხაზითაც) გამოცხადება უნდა აიხსნას ვახუშტი ბაგრატიონის „დინასტიურ-პატრიოტული ინტერესებით“.39 აქედან გამომდინარე, გ. თოგოშვილის აზრით, „ამ საკითხის წინ წამოწევა და ვახუშტის ამ სუბიექტური მოსაზრების სინამდვილედ მიჩნევა მეცნიერულად მცდარია“.40
უფრო შორს მიდიან ოსეთის ისტორიის რუსი და ოსი მკვლევარები, რომლებიც საერთოდ უარყოფენ დავით-სოსლანის ბაგრატიონობას, როგორც მამის, ისე დედის ხაზითაც. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 1946წ. არქეოლოგმა ე. პჩელინამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო თავისი ნაშრომი „Нузальская часовня в Северной Осетии“, როელშიც ნუზალის ეკვდერის ქართული წარწერის (მასში მან ამოიკითხა „ათონ, ჯადრონ, სოსლან“) საფუძველზე დაასკვნა, რომ ამ აქ მოხსენიებული სოსლანი არის თამარის მეორე ქმარი. ამასთან, იმავე ეკვდერში აღმოჩენილი მამაკაცის გვამი რატომღაც ასევე მიიჩნია დავით-სოსლანისად.
მკვლევარის აზრით, დავით-სოსლანი იყო ცარაზონთა ოსური საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელთა საგვარეულო საძვალედაც ოსებში ითვლებოდა ნუზალის ეკვდერი41. ე. პჩელინას ამ „აღმოჩენას“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოგვიანებით XXს. 60-იან წლებში, როდესაც დაიწყო ნუზალის ეკვდერში აღმოჩენილი ე.წ. დავით-სოსლანის ნეშტის ანთროპოლოგიური შესწავლა და მისი ფიზიკური გარეგნობის რეკონსტრუქცია. ეს საქმე ითავა ქირურგმა თეიმურაზ მამუკაევმა, რომელმაც 1969წ. გამოაქვეყნა კიდეც ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სპეციალური ნაშრომი42. მასში ავტორი დავით-სოსლანის შესახებ არსებული ლიტერატურული ისტორიული და ფოლკლორული მასალებისა და ნუზალის ეკვდერში აღმოჩენილი ნეშტის ანთროპოლოგიური, პალეოპათოლოგიური შესწავლის საფუძველზე ასკვნიდა, რომ ნეშტი ეკუთვნოდა დავით-სოსლანს43. ე. პჩელინასა და თ. მამუკაევის თვალსაზრისი მთლიანად გაიზიარა ცნობილმა ოსმა მეცნიერმა, ამჟამად ოსური სეპარატიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ი. გაგლოითიმ, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ საისტორიო წყაროები არ ადასტურებენ თამარის მეორე ქმრის ბაგრატიონობას არც დედის და არც მამის მხრიდან, რომ ნუზალის აკლდამაში სწორედ დავით-სოსლანია დაკრძალული, რადგან ის ეკუთვნის ცარაზონთა ოსურ გვარს, ოსებში კი არსებობდა მიცვალებულთა საგვარეულო აკლდამებში დასაფლავების ჩვეულება44.
ჩვენ, რასაკვირველია, ვერ ჩავერევით ისეთი სპეციფიკური საკითხის გარკვევაში, როგორიცაა ნუზალის ეკვდერში აღმოჩენილი მამაკაცის ნეშტის ანთროპოლოგიური და პათოლოგანატომიური შესწავლა და ამის საფუძველზე პიროვნების იდენტიფიკაცია45, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ განცხადება იმის შესახებ, თითქოს საისტორიო წყაროები არ ადასტურებენ დავით-სოსლანის ბაგრატიონობას, მტკნარი სიცრუეა. ი. გაგლოითი არაფრად აგდებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობას, რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ „თამარის ქმარი დავით იყო ოვსთა მეფე, ტომი ბაგრატიონთა“46 და ამ ინფორმაციის გაჩენას მატიანეში რატომღაც პოლიტიკური კონიუნქტურით ხსნის. კერძოდ, ამით მემატიანე თითქოს ცდილობდა ლაშა-გიორგის მამის ხაზითაც ბაგრატიონობის ხაზგასმას47. მკვლევარი ასევე უნდობლად ეკიდება „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ცნობას იმის შესახებ, რომ თამარის საქმრო – ოვსი უფლისწული იყო „ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო“.48 არადა, ეს ცნობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მასში არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ოვსი უფლისწული ორივე (როგორც დედის, ისე მამის) მხრიდან იყო სამეფო გვარის. ამ სამეფო გვარში კი უდავოდ იგულისხმება ბაგრატიონთა გვარი. აღსანიშნავია, რომ გ. თოგოშვილი ფაქტობრივად აღიარებს ამ ცნობის ამგვარ გაგებას49.
აბსოლუტურად მიუღებელია ოს მკვლევართა მცდელობა, დავით-სოსლანი მიაკუთვნონ ცარაზონთა საგვარეულოს და ამით ახსნან მისი დასაფლავება ნუზალის აკლდამაში. ამ თვალსაზრისს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობა იმის შესახებ, რომ დავით-სოსლანი დასაფლავებულია გელათში. „წარიყვანეს მაშინვე ÂÄËÀÈÓ, – წერს მემატიანე. – დამარხეს (ლაშა-გიორგი – É.ã.) ÓÀ×ËÀÅÓÀ ÌÀÌÉÓÀ ÌÉÓÉÓÀÓÀ“.50 ე. ი. აქ სავსებით ცხადადაა მითითებული, რომ დავით-სოსლანი გელათს დაკრძალეს. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ თამარ მეფეს დაეშვა თავისი თანამეცხედრის არა სამეფო საძვალეში დაკრძალვა. როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მ. დუმბაძე, ქრისტიანული წესით ცოლ-ქმარი ერთად უნდა დაეკრძალათ. აქედან გამომდინარე დავით-სოსლანი იქვე უნდა იყოს დაკრძალული, სადაც თამარი51.
აღსანიშნავია, რომ არც ე. პჩელინასა და თ. მამუკაევს შეაქვთ ეჭვი ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობაში მოყვანილი ფაქტის რეალურობაში და ისინიც ვარაუდობენ, რომ დავით-სოსლანი თავდაპირველად შეიძლება მართლაც გელათში დაასაფლავეს, მაგრამ, მათი აზრით, ცარაზონები თავიანთ დიდ ნათესავს იქ არ დატოვებდნენ და ოსური ჩვეულების თანახმად, ნუზალში საგვარეულო აკლდამაში გადაასვენებდნენ52.
სრულიად აშკარაა, რომ ამ ვარაუდს გააჩნია ერთი სერიოზული ნაკლი, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითა ი. ლოლაშვილმა: ოსურ გადმოცემებში, რომლებსაც ასე ბრმად ენდობიან ე. პჩელინა და თ. მამუკაევი, არაფერია ნათქვამი დავით-სოსლანის გელათიდან ნუზალში გადასვენებაზე53.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა ეჭვს ქვეშ დადგეს დავით-სოსლანის „ორთავე კერძოთა გუართაგან“ ბაგრატიონობა უპერსპექტივოა. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ დავით-სოსლანის წარმომავლობის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონისეულ კომენტარში არაფერია მაინცდამაინც დაუჯერებელი. ასე რომ, ქართულ ისტორიოგრაფიაში შემუშავებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ დავით-სოსლანი იყო ქართველ ბაგრატიონთა გვერდითი შტოს (რომელსაც სათავე დაუდო ოვსეთში დამკვიდრებულმა გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის გიორგი I-ის ვაჟის დემეტრე ბაგრატიონის შვილმა) წარმომადგენელი, გადასინჯვას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დავით-სოსლანის წარმომავლობის შესახებ ვახუშტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ყველაფერი სწორია და უკრიტიკოდ მისაღებია.
პირველ რიგში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ თამარის საქმრო ოვსი უფლისწული ყოფილა გიორგი III-ის დის რუსუდანის ქმრის ვაჟი პირველი ცოლისაგან. ოღონდ ეს რუსუდანი სხვაა და არა ის ცნობილი რუსუდან დედოფალი, ხვარასნის სულტნის ცოლყოფილი, რომელიც აქტიურად ფიგურირებს XIIს. 60-80-იანი წლების მოვლენებში. ვახუშტის თქმით, ამ რუსუდანს თავისი ქმრის ვაჟი აღუზრდია „ძედ თვისად“. როგორც ვხედავთ, ვახუშტის ეს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“-ს ცნობასთან, რომლის მიხედვითაც დავით სოსლანი რუსუდან დედოფალს ნათესავად ერგებოდა არა მისი დის, კიდევ ერთი რუსუდანის (რომლის არსებობა თამარ მეფის პირველმა მემატიანემ არ იცის) მეშვეობით, არამედ „მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა“. ამ წინააღმდეგობის დაძლევა მოინდომა კ. კეკელიძემ, რომელმაც მიიჩნია, რომ რუსუდანი ერქვა სწორედ დავით აღმაშენებლის ასულს, რუსუდან დედოფლის მამიდას და არა მის დას54.
ი. ლოლაშვილის აზრით კი, ვახუშტი აშკარად ცდება, რადგან რუსუდანი ერქვა არა გიორგი III-ის კიდევ ერთ დას, არამედ მის ასულს, თამარის დას, რომლის ოვსეთში გათხოვების შესახებ არაფერია ცნობილი55. ერთი სიტყვით, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაში მართლაც შეიძლება ყველაფერი ზუსტი არ იყოს, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც არ გვაძლევს იმის უფლებას, კატეგორიულად უარვყოთ დავით-სოსლანის წარმომავლობის შესახებ ქართულ საისტორიო ტრადიციაში საკმაოდ ფეხმოკიდებული ვერსია.
შენიშვნები
1. П. М. Мурадян. К хронологии некоторых событий в Грузии и Армении конца XIIв. – „Вестник Матенадарана“, №9, 1969, გვ. 134; À. ÀÁÃÀËÀÞÄ. XII-XIIIსს. საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის შესწავლისათვის. – „ÌÀÝÍÄ“, ისტორიის... სერია, #2, 1974, გვ. 145.
2. რუსი უფლისწულის იური ანდრიას ძის საქართველოში ყოფნისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაწვრილებით იხ.: É. ÝÉÍÝÀÞÄ. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან (X-XVIსს.), თბ., 1956, გვ. 89-157; Ò. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. შიდაკლასობრივი ბრძოლა საქართველოში XII საუკუნეში, თბ., 1979, გვ. 295-324; З. В. Папаскири. Эпизод из истории русско-грузинских взаимоотношений. – „История СССР“, №1, 1977, გვ. 135-141; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимоотношений, Тб., 1982, გვ. 123-146.
3. ÉÓÔÏÒÉÀÍÉ ÃÀ ÀÆÌÀÍÉ ÛÀÒÀÅÀÍÃÄÃÈÀÍÉ. – ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 46.
4. იქვე.
5. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 47.
6. იქვე, გვ. 43.
7. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. IV, გვ. 637.
8. Ю. С. Гаглоиты. Средневековые летописи о Давиде-Сослане. – „Литературная Осетия“, №33, 1969, გვ. 122.
9. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი ქართული პოლიტიკური აზროვნებისა კლასიკური ხანის ლიტერატურაში. – „ÄÔÉÖÃÄÁÉ ÞÅÄËÉ ØÀÒÈÖËÉ ËÉÔÄÒÀÔÖÒÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÃÀÍ“, I, თბ., 1956, გვ. 313, 318.
10. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი.., გვ. 312-318; É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება, თბ., 1971, გვ. 78.
11. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი.., გვ. 312-318; Â. ÈÏÂÏÛÅÉËÉ. საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIVს. დამლევამდე), სტალინირი, 1958, გვ. 144; З. В. Папаскири. У истоков.., გვ. 61-62.
12. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი.., გვ. 318; Â. ÈÏÂÏÛÅÉËÉ. საქართველო-ოსეთის.., გვ. 151.
13. ასევეა ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ დავით-სოსლანი იყო „ყრმა ეფრემის ძისაგან ოვსთა მეფისა“ (იხ. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. IV, გვ. 176)..
14. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 65.
15. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 75. მეფე თამარის „იამბიკო სავედრებელი ქართველთა შამქორს გამარჯვებისათვის“ შესახებ დაწვრ. იხ.: Ð. ÉÍÂÏÒÏÚÅÀ. თამარ მეფის იამბიკონი. – „ÌÍÀÈÏÁÉ“, #3, 1941.
16. É. ËÏËÀÛÅÉËÉ. ძველი ქართველი მეხოტბენი, I, 1957, გვ. 19, 26, 21; É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 78.
17. იმის შესახებ, თუ რატომ მაინცდამაინც თამარის მეორე ქორწინებიდან 3-4 წლის შემდეგ გახდა აქტუალური გიორგი „რუსის“ მობრუნება სასახლეში, იხ.: Æ. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. XIIს. საქართველოს შინაპოლიტიკური ცხოვრების ერთი მოვლენის გაგების საკითხისათვის. – „საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა II რესპუბლიკური კონფერენციის ÌÀÓÀËÄÁÉ“, თბ., 1980.
18. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. IV, გვ. 176.
19. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. IV, გვ. 176.
20. იქვე, გვ. 176-177.
21. იქვე, გვ. 177.
22. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 291, სქოლიო 2.
23. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 46, სქოლიო 4. იგივე ტექსტი მოცემულია „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“-ს ტექსტშიც. იხ.: ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 121, სქოლიო 6.
24. É. ËÏËÀÛÅÉËÉ. რუსთაველი და თამარის ისტორიკოსის ვინაობის პრობლემა, თბ., 1961, გვ. 38-39.
25. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი.., გვ. 314.
26. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. ერთი მომენტი.., გვ. 315.
27. M. Bროსსეტ. Hისტორიე დე ლა Gეორგიე, I, შტ. P., 1829, გვ. 421.
28. В. Пфаф. Путешествие по ущельям Северной Осетии. – „Сборник сведений о Кавказе“, I, 1871, გვ. 32.
29. М. Г. Джанашвили. Известия грузинских летописей о Северном Кавказе и России. – „Сборник по описанию местностей и племён Кавказа“, вып. 22, Тифлис, 1897, გვ. 33.
30. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, წ. II, – თხზ. ტ. II, თბ., 1983, გვ. 379.
31. Â. ÈÏÂÏÛÅÉËÉ. ვახუშტი ბაგრატიონი ოსეთისა და ოსების შესახებ, თბ., 1977, გვ. 81.
32. ს. ჯანაშიას ეს დასკვნა მოცემულია მის კომენტარში, რომელიც დაიბეჭდა 1946წ. გაზ. „Заря Востока“-ში (იხ.: Раскопки в Северной Осетии. – „Заря Востока“, №123, 1946.
33. М. К. Думбадзе. Ещё раз о Давиде-Сослани. – გაზ. „Вечерний Тбилиси“, №304, 1966.
34. É. ÌÄÂÒÄËÉÞÄ. დავით სოსლანის შესახებ, – გაზ. „ßÉÂÍÉÓ ÓÀÌÚÀÒÏ“, #23, 1971.
35. იხ.: É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება.
36. М. Д. Лордкипанидзе. История Грузии XI-начала XIII века, Тб., 1974, გვ. 150.
37. Ò. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. მეფე თამარი, თბ., 1991, გვ. 158-163.
38. Â. ÈÏÂÏÛÅÉËÉ. ვახუშტი ბაგრატიონი.., გვ. 81.
39. იქვე.
40. იქვე.
41. ე. პჩელინას ამ ნაშრომის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოაქვეყნა გაზეთმა „Заря Востока“-მ 1946 წლის 123-ე ნომერში სათაურით: Раскопки в Северной Осетии (მასში დართული იყო აკად. ს. ჯანაშიას კომენტარი). მოგვიანებით ამ ნაშრომისა და ჩრდილოეთ ოსეთში ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების გამოწვლილვითი ანალიზი გააკეთა ი. ლოლაშვილმა. იხ.: É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება.
42. Т. Б. Мамукаев. Тайна Нузальской часовни, Орджоникидзе, 1969.
43. იქვე, გვ. 104-105. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 24-25.
44. Ю. С. Гаглоиты. Средневековые летописи.., გვ. 120-127; É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 23-24.
45. აღსანიშნავია, რომ თვით ოს მეცნიერებში არის სხვა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიქრობენ (ბ. ალბოროვი), რომ ნუზალის აკლდამაში ნაპოვნი მამაკაცის ნეშტი ეკუთვნის არა დავით- სოსლანს, არამედ ბაყათარ-ოვსს. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 19-20.
46. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. I, გვ.
47. Ю. С. Гаглоиты. Средневековые летописи.., გვ. 123.
48. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. II, გვ. 46.
49. Â. ÈÏÂÏÛÅÉËÉ. ვახუშტი ბაგრატიონი.., გვ. 77.
50. ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, ტ. I, გვ.
51. М. К. Думбадзе. Ещё раз о Давиде-Сослани;. É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 72.
52. É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 117.
53. იქვე.
54. Ê. ÊÄÊÄËÉÞÄ. რუსთველოლოგიური შტუდიები. – „ÄÔÉÖÃÄÁÉ ÞÅÄËÉ ØÀÒÈÖËÉ ËÉÔÄÒÀÔÖÒÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÃÀÍ“, IV, თბ., 1957, გვ. 1-7.
55. É. ËÏËÀÛÅÉËÉ. დავით სოსლანის აკლდამის.., გვ. 83. თამარის დის – რუსუდანის შესახებ სრული ინფორმაცია იხ.:

Комментариев нет:

Отправить комментарий