суббота, 1 февраля 2020 г.

ნადირ-შაჰის დაღესტანში ლაშქრობათა პოლიტ-კონომიკური შედეგები ქართლისათვის (ი. ალიმბარაშვილი)

XVIII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის სპარსეთ-ოსმალეთის ტრადიციულ დაპირისპირებაში რუსეთის მძლავრი იმპერიაც ჩაერთო.
პეტრე I-მა მიზეზად მოიდო სპარსეთის ქვეშევრდომის - სურხაი-ხან ყაზი-ყუმუხელის მიერ შემახაში რუსი ვაჭრების გაძარცვისა და დახოცვის ფაქტი და 1722 წელს ზუბოვის მეთაურობით ლაშქრობა წამოიწყო კასპიისპირეთში1. 1723 წლის 12 სექტემბერს შაჰ თამასპმა მთელი კასპიისპირეთი: ასტრაბადიდან - დარუბანდამდე რუსეთს „სამუდამო მფლობელობაში“ დაუთმო, მათ შორის, ძირითადი სააბრეშუმო რაიონებიც2.
მოვლენებს არც ოსმალეთი ჩამორჩა და, რაკი სპარსეთს თავისი მემკვიდრეობის დაცვის თავი აღარ ჰქონდა, შირვანის ცენტრში შემახა აიღო, დაღესტან-შირვანის მმართველად ჰაჯი დაუდი დასვა და დაავალა, ყოველგვარი საშუალებით განედევნა კასპიისპირეთიდან რუსეთი, რადგან იგი ყოვლად მიუღებელი იყო მისთვის3. მართლაც, პეტრე I-ის კასპიისპირეთში ლაშქრობის მოშლამ, რუსების მოიმედე ვახტანგ VI უიმედო მდგომარეობაში ჩააგდო და ოსმალეთმა თანმიმდევრულად ხელში ჩაიგდო საქართველოს, სომხეთისა და ჩრდილო აზერბაიჯანის ის ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე პეტრე I-მა ვერ დაიკავა4.
ყოველმხრივ შევიწროებულ ქართლის მეფეს საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა და 1724 წლის 15 ივლისს 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა, ხოლო უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანაში 1735 წლამდე „ოსმალობა“ მძვინვარებდა. რუსეთმა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენება სცადა და „ბრწყინვალე პორტასთან“ წინააღმდეგობის სანაცვლოდ მის მიერ დაკავებული კასპიისპირა ტერიტორიების დათმობაც შესთავაზა5. ამასობაში ნადირ-ხან ავშარიც ძალებს იკრებდა. 1733 წელს ბაღდადთან ახლოს მან სულთანის არმია გაანადგურა და ოსმალთა მიერ აღმოსავლეთ კავკასიაში მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის, ქართლისა და კახეთის სამეფოები სპარსეთის ხელთ გადავიდა. განჯის ტრაქტატით (1735 წ.) რუსეთმა ბაქო-დარუბანდი ისევ სპარსეთს დაუბრუნა და იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს ვახტანგ VI-ის მეთაურობით „სამშობლოში დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრო“6.
1735 წელს ქართლში „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიისა და კასპიისპირეთის საკითხს ნადირ-შაჰის საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი ეკავა. შაჰმა იცოდა, რომ ჩრდილო კავკასიის დაპყრობის გარეშე ქართლ-კახეთის სრული დამორჩილება შეუძლებელი იყო, ამიტომ, შეეცადა ეს საკითხი ისევ ქართველების ხელით გადაეწყვიტა. მან, ჯერ კიდევ 1734 წელს შეუსია კახურ-სპარსული მხედრობა ჭარს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია7.
1735 წლის ნოემბერ-დეკემბერში ნადირ-ხანმა კვლავ ილაშქრა სურხაი-ხან ყაზიყუმუხელის წინააღმდეგ, რომელმაც შექმნილი მომენტით ისარგებლა და შემახა დაიკავა, ყიზილბაშებს დაუწვავთ სახლები კატეხში, ჭარში, თალაში, დაუნგრევიათ ჭარის ციხეები და გაუჩეხიათ ხილის ბაღები და ვენახები, მოსახლეობის ნაწილი მთებში გახიზნულა8. ყაზიყუმუხელებს ნადირთან საპატიო პირები მიუგზავნიათ სრული მორჩილების პირობით, თანაც უცნობებიათ, რომ სურხაი-ხანი ოჯახთან ერთად ავარიაში გაქცეულიყო. შეთავაზებული პირობებისა და მოახლოვებული ზამთრის გამო, სპარსეთის მბრძანებელი დაკმაყოფილდა და უკან გაბრუნდა9.
ამ ლაშქრობის დროს კახეთის მეფე - თეიმურაზ II-ს ნადირ-შაჰისათვის დიდი დახმარება გაუწევია: „მერმე ნადირ-შა დაღისტნიდამ მობრუნდა და კარგათ ვემსახურენით და მივეგებენით და ქართველთ ბატონობა გვიბოძაო“, - ამბობს იგი ერთ საბუთში10.
ნადირ-ხანის ფავორიტი თეიმურაზ კახთა მეფის ქართლში გაბატონებას (1737 წ.)11 ქართლის დიდი თავადები: შანშე ქსნის ერისთავი, ბეჟან არაგვის ერისთავი, გივი ამილახვარი და სხვები არ შეურიგდნენ და აქტიური ბრძოლა წამოიწყეს თეიმურაზისა და ყიზილბაშთა ბატონობის წინააღმდეგ. შანშე ერისთავი წერილს წერილზე უგზავნის რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს და სთხოვს, თვითონ თუ არ ჩამოვა, ბაქარ ბატონიშვილი მაინც გამოაგზავნოს ქართლში, რადგან „ამაზე უკეთესი დრო აღარ იქნება აქაო“12.
თეიმურაზსა და მის ვაჟს - ერეკლეს დიდი ძალისხმევა მოუხდათ აბდულა ბეგ იესეს ძის, შანშე ქსნის ერისთავისა და გივი ამილახვრის წინააღმდეგობების დასაძლევად. ისინი ყიზილბაშთა ბატონობის წინააღმდეგ მუდმივად იწვევდნენ ლეკებსა და ოსმალებს. ამ წლებში (1735-1743 წწ.) ქართლი მუდმივი ბრძოლის ცეცხლშია გახვეული13.
1737-1739 წლებში ნადირ-ხანი ინდოეთში ლაშქრობს და დაღესტნისა და ჭარ-ბელაქნის წინააღმდეგ ბრძოლა ნადირის ძმამ, აზერბაიჯანის სპასალარსმა - იბრეიმ ხანმა ითავა. 1738 წლის შემოდგომაზე იგი ჭარ-ბელაქნის „უბატონო თემების დასასჯელად“ გამოემართა და მხარდასაჭერად თეიმურაზს მოუწოდა. ქართლ-კახეთისა და ყიზილბაშთა ჯარები ჭარში შევიდნენ, მაგრამ ჭარელებმა ქართულ-ყიზილბაშური კოალიციის დამარცხება მოახერხეს, იბრეიმ-ხანი ბრძოლაში დაიღუპა. ჭარელებმა ამით ისარგებლეს და შექიც დაიკავეს14.
იბრეიმ ხანის ვაჟმა ბიძამისთან (ნადირ-ხანთან) იჩივლა, რომ მამამისის სიკვდილი სამად-ბეკ თავრიზელის ბრალი იყო, რადგან თავრიზელს საკუთარი ქონების გადარჩენის ჯავრი ჰქონდა და მუდმივად მოუწოდებდა იბრეიმ-ხანს აჯანყებული ჭარელების წინააღმდეგ ლაშქრობისაკენ. „გაცეცხლებულმა“ ნადირმა სამად-ბეკ თავრიზელის ქონების სრული კონფისკაცია ბრძანა. მას ჩამოართვეს მთელი უძრავი და მოძრავი ქონება, 160 ათასი თუმანი ფულად, 220 ათასი სული ცხვარი, 30 ათასი ფაშატი ცხენი თავისი კვიცით, 20 ათასი ხარი, 7 ათასი აქლემი და სხვ15. ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ, ნადირი კვლავ მიუბრუნდა კავკასიის საკითხს და ჭარის დასაპყრობად დაიძრა. მას თეიმურაზიც შეუერთდა, რადგან მათი ინტერესები ჭარის საკითხში იმ დროისათვის ერთმანეთს ემთხვეოდა. ჯერ ჭარისა და შემდეგ დაღესტნის დამორჩილებით სპარსეთს რუსეთის წინააღმდეგ ხელსაყრელი პლაცდარმის შექმნა სურდა, ქართველი მოღვაწეები კი ჭარის დამორჩილებით ,,ლეკიანობის“ მოსპობას ფიქრობდნენ16.
1738 წლის მიწურულს ნადირ-შაჰმა მუქარით სავსე წერილი გაუგზავნა ყაიტაღის უცმის აჰმედ-ხანს, რომლითაც აფრთხილებდა, რომ განვლილ წლებში დაღესტანში ლაშქრობისას „უზენაესის ამალის“ მიერ „ლმობიერების“ გამოჩენა, მიზნად ისახავდა, რათა ადგილობრივები „სიმართლისათვის მიეჩვია და წესი და რიგი ესწავლებინა“, „მაგრამ ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ დაღესტნის მცხოვრებლები ცხოველებს ჰგვანან, რომ მათ თავისდა საზიანოდ უგვანო საქმეები ჩაიდინეს და ამიტომ დიდი სასჯელის ღირსნი არიან. ამის საფუძველზე ჩვენი უზენაესი ბატონი თვითონ, რჯულის დამცველი ურიცხვი ლაშქრის თანხლებით წამოვა დაღესტნისაკენ, სადაც შეთქმულებაა მოწყობილი, ორი-სამი წელი იმ მთებში დადგება ავარეთისა და ჩერქეზეთის საზღვრებამდე და ღვთის შეწევნით აჯანყებულების ისე დასჯას ბრძანებს, რომ ამის კვალი ქვეყნიერების მოსპობამდე დარჩეს იალბუზის თავზეო“17.
მართლაც, ნადირ-ხანმა და თეიმურაზმა 1739 წელს მძიმე დამარცხება აგემეს დაღესტნელთა გაერთიანებულ მხედრობას მალაჩი ბელადის მეთაურობით. ამ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაციის მომცემია თავად ელიზბარ ერისთავის მიერ რუსეთის იმპერატრიცა ანნა იოანეს ასულისადმი 12 ნოემბერს დარუბანდიდან გაგზავნილი წერილი: „...ელიზბარ წიგნით მოახსენებს იმპერატრიცა ანნა ივანოვნას საქართველოს ამბავს და აუწყებს, ამ ანკენისთვის თ [=9] დარუბანდის სულთანს მოუვიდა სარდლიდამ მახარობელი. სარდლის რაყამები მოიტანა და ამცნო ყიზილბაშთა ლეკზედ გამარჯვება. ყიზილბაშთა ჩფ [=1500] ლეკის თავი მოუჭრიათ, ეს საქმე ასე იყო. ლეკის ჯარი გარდასულა, ი [=10] ათასი ცხენოსანი და ზ [=7] ათასი ქვეითი - ჩერქეზი, ჩაჩანი, ავარი და შამხალიც. თვითონ ხომ არ იტყვიან რომ შამხალნიც იყვნენ და სხვა ხალხნი სრულებით [იზ] ათასი გულხადარას კაცი, რომელსაც მალაჩი ჰქვიან, ის ყოფილა თავი ამ ლაშქრისა: ეს ლეკის ჯარი რომ გადასულა საქართველოში ოთხად გაყოფილან. ზოგი ქართლისაკენ წასულან, ზოგი ერევნისკენ, ზოგი ყირბულახისკენ, ზოგი ყარსისაკენ, ეს ამბავი სეფი ხან სარდალს18 მოუვიდა, თავს დასცემია ლეკთა და აუოტნიათ, და მრავალი ტყვე და საქონელი უშოვნიათ, მრავალი ლეკი დაუტყვევებიათ და სხვანი ტყეში დაფანტულან ...ყიზილბაშთა სულ გზები შეუკრავსთ, სადაც ლეკის გამოსავალი იყო. ქალაქი ხომ ერთ-ხანად დიაღ შეწუხებული ყოფილა. რაც რამ ქალაქის ახლო-მახლო სოფლები ყოფილა იქაურნი მცხოვრებნი ლეკის შიშით ქალაქში შესულან, ერთი ლიტრა პური აბაზათ გამხდარაო“19.
ცხადია, რუსები თვალს ყურადღებით ადევნებდნენ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს და მათ სასურველ კალაპოტში მოქცევას ცდილობდნენ. ელიზბარ ერისთავიც დარუბანდში საგანგებო დავალებით უზით, რათა ინფორმაცია დროულად მიიღონ და შესაბამისად იმოქმედონ.
ნადირ-ხანის დაღესტნის წინააღმდეგ ლაშქრობა ქართლსაც ძვირად დაუჯდა. ხანმა სპარსეთის ჯარისათვის ქართველებს დიდძალი სურსათი შეაწერა, თანაც ამ სურსათის გადასატანად პირველად 3 ათასი უღელი ხარი მოითხოვა, რომელთაც განჯიდან პური უნდა აეკიდათ და დაღესტანში მიეტანათ. ისინი რომ ვეღარ დაბრუნდნენ, მეორე ჯერზე - 3 ათასი შებმული ურემი კიდევ მოითხოვა, მოგვიანებით ისევ 2 ათასი ხარი, რის შემდეგ „აღარ დარჩა ქართლში ხარი“20. 300 ათასი კოდი პური ცალკე გაიგზავნა21, რამაც ქართლის მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა.
ერეკლეს მდივან-მწიგნობარი - იესე ბარათაშვილი ამ ამბებთან დაკავშირებით წერს: „ექვსი მინალთუნი მალუჯათი იყო და ამისი პური ასე წაგვართვეს. დიაღ ბევრი შეიქნა ეს სარგებელი. სამი წელიწადი გვემართა. მერმე კამბეჩები გვთხოვეს, მერმე ხარები ითხოვეს ...მერმე სურსათი ითხოეს. მერმე მუმიაზი22 მოვიდა, მალუათს23 ერთს ორად, ზოგან ერთს სამად აწერდაო“24. გასაკვირი არ არის, რომ გაზრდილ გადასახადებს ხელახალი აჯანყება მოჰყვა. ამის გამო, შაჰი „განძვინდა საქართველოსა ზედა და განიგულა აყრა მათი და მოწყვეტა ქართლ-კახეთისა ერისა“25.
პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო თამარ დედოფალმა (თეიმურაზ II-ის მეუღლემ), რომელიც ნადირ შაჰს დაღესტანში ეახლა, „ქრმის“ უცოდველობა და ძის ერთგულება აცნობა და „ევედრა აუყრელობასა ქართლ-კახეთისასა“26. როგორც ჩანს, დედოფლის ხლებამ შაჰის მრისხანება დააცხრო, „ლმობიერ იქმნა მძლავრი იგი და პატივ-ჰსცა, ვ(ითარც)ა დედასა“27, მაგრამ მდგომარეობა კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1741 წელს ნადირ შაჰის ბრძანებით ყიზილბაშებმა მთელი ქართლი აღწერეს და მძიმე გადასახადები დაადვეს. ამის გამო, „ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა. მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებსა თავისი ხელით კაფდის და აოხრებდის“28. პურის შოვნა ქართლში იმდენად გაძნელებულა, რომ „ბალახის კურკას გაახმობდიან, დაფქვიდენ და იმას სჭამდენ“29. მძიმედ დადგა დემოგრაფიული საკითხიც, რადგან „მრავალი სული აიყარა ამ ქვეყნით და უცხოთა ალაგთა გარდაიხვეწა. ურუმის ქვეყანა ქართლის კაცით აივსო“30.
ნადირ-ხანმა აჯანყებულ ქართველებთან ბრძოლა თბილისს მჯდომ ხანს მიანდო, თვითონ კი კვლავ დაღესტნის დასაპყრობად დაიწყო მზადება. 1742 წლის ივნისში ირანის სამხედრო ძალები შირვანიდან ყაზიყუმუხისაკენ დაიძრნენ და 2 ივლისს დაიკავეს იგი. სურხაი-ხანი კვლავ ავარიაში გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ იგი მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და დერბენტში გამოკეტეს. თუმცა, ნადირ-შაჰმა შემდგომი წინსვლა მაინც ვეღარ გააგრძელა, რადგან აგვისტოში ტურჩიდაღთან ავარებისა და ანდიელების გაერთიანებულ მხედრობასთან დამარცხდა. ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სურხაი-ხანის ვაჟი - მურთუზალი. ნადირი იძულებული იყო 1743 წლის ზამთარი დერბენტის დასავლეთით, 18 ვერსის მოშორებით, სოფ. დარვაჰის მახლობლად გაეტარებინა, სადაც მისი მხედრობა მუდმივად განიცდიდა ყაიტაღელების, ტაბასარანელებისა და აკუშინელთა წვრილწვრილი რაზმების მარბიელ თავდასხმებს. ამას ემატებოდა პროვიანტისა და ფურაჟის სიმცირე, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა სპარსელებს. მოგვიანებით ამ ადგილს „ირან-ხარაბი“, ანუ „სპარსეთის უბედურება“ (Несчастье Персии) ეწოდა31.
შაჰი შეეცადა ლეკები შიმშილით გაეტეხა და მასზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაღესტანისათვის პურის მიყიდვა აუკრძალა, მაგრამ ვერც ამ ზომამ გაჭრა. ყიზილბაშებისაგან ფარულად ლეკები უხვად შოულობდნენ პურს შირვანსა და კახეთში, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიები ამ ომში ლეკების მხარეს იყო32.
1744 წელს ნადირ-ხანი უკანასკნელად დაიძრა დაღესტნისაკენ. მან თავისი მხედრობა ოთხ ნაწილად გაჰყო და ბრძანება გასცა, აეკლოთ და გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ33, ეს ლაშქრობა მთელ წელს გაგრძელებულა და ორივე მხარე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაუგდია. როგორც ამბების თანამედროვე ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: „შანადირ ბრძოდა ლეკთა ერთ წელ, შეამჭირვა და შეაძრწუნვა ფრიად, რამეთუ ჰყიდდნენ შვილთა თვისთა და სჭამდნენ ხორცსა ღორისასა. არამედ იყო სიყმილი ძლიერი სპათაცა შორის შაჰ ნადირისათა, რამეთუ ოთხი კოდი პური სამ თუმნად იყიდოდა, ამისთვის უკუნიქცა შაჰნადირ და წარვიდა სპარსეთად“34.
სხვა ცნობებით, ნადირი იმდენად სამარცხვინოდ დამარცხდა35, რომ დაღესტანში მიატოვა ძვირფასი გვირგვინი36, სამეფო ტანსაცმელი, უბრალო კაცის ცხენზე გადაჯდა და დაიძახა: „წყეულ იყვეს ჩემს შთამომავლობაში ის, ვინც როდისმე განიზრახოს მოსვლა ამ საშინელ ალაგებშიო“37.
დაღესტნიდან მობრუნებულმა ნადირმა ქართველებს ამაგი „დაუფასა“ და 1744 წლის ივლისში თეიმურაზ მეორის ქართლის, ხოლო ერეკლე მეორის კახეთის მეფედ ქრისტიანული წესით კურთხევას დათანხმდა38. ას წელზე მეტს გაევლო, რაც ქართლ-კახეთის ტახტს ქრისტიანი მეფე აღარ ღირსებოდა. ეს იყო ირანის წინააღმდეგ ქართლ-კახეთის მრავალწლიანი ბრძოლის ლოგიკური შედეგი. მიუხედავად ნადირ-შაჰის მზაკვრული გეგმისა, მამა-შვილის ერთობლივი გამეფებით მათ შორის შუღლი ჩამოეგდო, შაჰმა მიზანს ვერ მიაღწია. პირიქით, ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და „აქვნდათ მათვე ორთავ მეფეთა ვიდრე უკანასკნელ დღედმდე მეფის თეიმურაზისა ურთიერთისადმი სამაგალითო კეთილი მამაშვილობა“39.
ნადირ-შაჰს ზემოხსენებული თანხმობა მხოლოდ ერეკლე-თეიმურაზის „სიყვარულით“ არ განუცხადებია. საქმე ისაა, რომ ნადირის დამარცხება დაღესტნელებთან ნაწილობრივ რუსეთის აქტიურმა პოლიტიკამაც განაპირობა. საიმპერატორო კარმა შაჰის დაღესტანში ლაშქრობის წამოწყებისთანავე ყიზლარში 10 ათასი მანეთი გამოაგზავნა იმ დაღესტნელთა საჩუქრებისათვის, ვინც ნადირ შაჰის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდოდა. ყაბარდოში გამოიგზავნა კაზაკთა რაზმებით პოლკოვნიკი კნუტოვი და რუსეთის სამსახურში შესული, უკვე არტილერიის გენერალლეიტენანტი ბაქარ ვახტანგის ძე40.
ჩრდილო კავკასიაში ქართლის ტახტის მემკვიდრის ბაქარ ვახტანგის ძის მოყვანა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, რუსეთი ფაქტობრივად უმეფო საქართველოში მათთან თავშეფარებული ბაქარის ტახტზე დასმას ხელს შეუწყობდა41. ასტრახანში გამაგრებულ ბაქარ ბატონიშვილთან გივი ამილახორს ბარძიმ არაგვის ერისთავის ვაჟი გაუგზავნია პირობით: „რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი“42.
თ. ბოცვაძის შეფასებით, დაღესტანში ლაშქრობით ნადირ შაჰი ჩრდილო კავკასიაში ისეთი ბარიერის შექმნას ცდილობდა, რომელიც რუსეთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებს დააცილებდა და მასთან ერთად უზრუნველყოფდა მის უცილობელ და ხანგრძლივ ბატონობას მთელს ამიერკავკასიაში, რაც წარმატების შემთხვევაში მართლაც არ იყო გამორიცხული43. ბუნებრივია, დაღესტანში დამარცხების შემდეგ, ნადირ შაჰს ქართლ-კახეთის ტახტზე სპარსული ორიენტაციის, თუნდაც ქრისტიანი ერეკლე-თეიმურაზი ერჩია, ვიდრე ჯერ ოსმალთა სამსახურში მყოფი, შემდეგ „გარუსებული“ გენერალი ბაქარ ვახტანგის ძე, ამიტომ ზემოხსენებულ აქტს საჩქაროდ დასთანხმდა.
არც გივი ამილახვრისა და შანშე ქსნის ერისთავის აჯანყებებს ჩაუვლიათ უკვალოდ. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. როგორც ნ. ბერძენიშვილი წერდა: „ქართლის აჯანყების მეთაური თავადები დამარცხდნენ და დაისაჯნენ, მაგრამ ამით ქართლის ბრძოლა არ დამარცხებულა. პირიქით, აჯანყებულთა მხნე ბრძოლამ აიძულა ნადირშაჰი სავსებით უარეყო თავისი პირვანდელი გეგმა საქართველოს მიმართ და „ყიზილბაშობა“ აქ თანდათანობით „ქართველობით“ შეეცვალა“44.
ნადირ-ხანის ჩრდილო კავკასიაში მარცხით ქართველებს ეკონომიკური სარგებელიც მიუღიათ. დაღესტნელებს ზავი შეუკრავთ თეიმურაზ II-სთან და მისთვის მძევლებიც მიუციათ. როგორც „ჭარის ომების ქრონიკის“ ავტორი გადმოგვცემს, ზავის დადების შემდეგ, ქართველებსა და ლეკებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარებულა და ლეკები ხშირად ჩამოდიოდნენ კახეთში ხორბლის, სიმინდისა და მარილის შესაძენად45.
შენიშვნები
1. А. К. Материалы для истории Дагестана (Казикумухские и Кюринские ханы). Сборник сведений о Кавказских горцах, вып. II, Тифл., 1869, 9-10
2. Петрушевский И. П., Сборник: ,,История Ирана с Древнейших времен до конца XVIII века,, Л., 1958, 314
3. Джевдет паша. Описание собитии в Грузии и Черкасии по отношению к Оттоманской империи от 1192 года по 1202 год хиджри. (1775-1784). Перевод на русск. язык М. А. Гамазова. – Русский Архив. кн. I. № 3. М., 1888. 372.
4. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VI, თბ., 1973, 160.
5. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VI, 168.
6. მეგრელაძე დ., ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, 444.
7. Петрушевский И. П., Джаро-белаканские вольные общества в первой трети XIX столетия. Тифл., 1934, 15.
8. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII-XIX სს. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო პროფ. ავთანდილ იოსელიანმა , თბ., 1980, 20-21.
9. А. К. Материалы для истории Дагестана (Казикумухские и Кюринские ханы), 11-12.
10. Акты Собранные Кавказскою Археографическою Коммисиею, т. I. Тифл. 1866, 40.
11. 1736 წელს ნადირ-შაჰმა კახეთში ალექსანდრე (ალი-მირზა), ხოლო ქართლში აბდულაბეგი გაამეფა, თუმცა, ისინი სეფი ხანთან ვერ მორიგდნენ. 1737 წელს ალიმირზა შაჰნადირთან წავიდა და ირანშივე გარდაიცვალა, ხოლო აბდულაბეგი ამავე წელს დედაქალაქიდან უკანვე გაიწვიეს და თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. (იხ: საქართველოს ისტორიის ქრონიკები, 70; Акты... т. I, 39) რეალურ ძალაუფლებას იმ დროისათვის ქართლ-კახეთში თეიმურაზ II ფლობდა.
12. Броссе М., Переписка на иностранных языках Грузинских царей с Росийскими государиями от 1659 г. по 1770 г. СПБ., 1861, 205.
13. ალიმბარაშვილი ი., ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2011, 66-83.
14. История Азербайджана, с древнейших времен до начала XX века, под ред. И. Алиева, Баку 1995, 258.
15. Петрушевский И. П. Очерки по истории феодальных отношений в Азербаиджане и Армении в XVI- начале XIX вв. Ленинград 1949, 115-116.
16. მეგრელაძე დ., ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, 449.
17. სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში. წიგნი I, ნაკვეთი IV, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ქართული თარგმანი და წინასიტყვაობა დაურთო ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1977, 39-40.
18. სეფი ხანი - ნადირ ხანის მიერ დანიშნული ქართლის გამგებლი 1736-1441 წლებში.
19. Броссе М., Переписка на иностранных языках Грузинских царей с Росийскими государиями от 1659 г. по 1770 г. СПБ., 1861, 226-227.
20. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა . თბ., 1981, 55.
21. კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა(1500-1810 წწ.), ტფ., 1922, 162.
22. მუმეიზი - ხარკის ამკრეფი მოხელე.
23. მალუათი - მალუჯათი - ყიზილბაშთა მიერ ქართლის მოსახლეობაზე დაკისრებული ხარკი.
24. ბარათაშვილი ი., ცხოვრება-ანდერძი, ქართული პროზა, ტ. V. თბ., 1983, 567.
25. ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1989, 42.
26. ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, 42.
27. ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, 42.
28. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, 46.
29. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, 48.
30. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, 49.
31. А. К. Материалы для истории Дагестана (Казикумухские и Кюринские ханы), 12.
32. ბოცვაძე თ., ჩრდილო კავკასიის ხალხები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში (XV-XVIII სს.), თბ., 1990, 327.
33. А. К. Материалы для истории Дагестана (Казикумухские и Кюринские ханы), 13.
34. ბატონიშვილი ვ., აღწერა სამეფოსა საქართველოსა. – ქართლის ცხოვრება IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, 519
35. „ქრონიკების“ ცნობით, ნადირ-ხანს ჯარი ისე დაემშა, რომ ორი უზბაში თავისი ჯარებით ლეკების მხარეს გადავიდნენ (იხ: საქართველოს ისტორიის ქრონიკები, 77 ) ხოლო, „ჭარის ომების ქრონიკის“ ავტორი, ნადირ-შაჰის მარცხს შემდეგ შეფასებას აძლევს: „С уцелевшей частью своего войска вступил в Дербенд позором, так как не мог отомстить дагестанцам“-ო (Хроника войн для Джара. под ред. В. Хулуфлу и с прим. Е. Пахомова, Баку 1931, 36 ).
36. მოგვიანებით ნადირ შაჰის ძვირფასი გვირგვინი, გაძარცვულ მდგომარეობაში შამილს ჩავარდნია ხელთ და ინახავდა მას მოკრძალებით, როგორც ალაფს, დავლას დაღესტნის სასახელოდ, თუმცა, გვირგვინისათვის ხეირი არც შამილის ცოლებს დაუყრიათ და ხანჯლებით სათითაოდ ჩუმად აცლიდნენ ბრილიანტებს.
37. გაზ. „დროება“, 17. 12. 1877 წ. №219.
38. ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, 85.
39. ისტორიებრი აღწერა ღირსთა ხსომისა შემთხვეულებათა საქართველოსა შ~ა აღწერითა ზნეობათა და ჩვეულებათა მსახლობელთათა მის ქვეყნისა, თხზული საქართველოს მეფის ირაკლის ძის ვახტანგის მიერ. სარგის კაკაბაძის გამოცემა. ტფ., 1914, 25.
40. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, 76.
41. ლომსაძე შოთა. სამცხე-ჯავახეთი, (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე). თბ., 1975, 57.
42. ბატონიშვილი ვახუშტი, 515.
43. ბერძენიშვილი ნიკო. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VI თბ., 1973, 174.
44. ბერძენიშვილი ნიკო. XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან. – საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. II თბ., 1965, 182.
45. Хроника войн для Джара, 36
დამოწმებანი:
ალიმბარაშვილი ი., ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2011
ბარათაშვილი ი., ცხოვრება-ანდერძი - ქართული პროზა, ტ. V. თბ., 1983.
ბატონიშვილი ვ., აღწერა სამეფოსა საქართველოსა. – ქართლის ცხოვრება IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973.
ბერძენიშვილი ნ., XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან. – საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. II თბ., 1965.
ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VI თბ., 1973.
ბოცვაძე თ., ჩრდილო კავკასიის ხალხები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში (XV-XVIII სს.), თბ., 1990. გაზ. „დროება“, 17. 12. 1877 წ. № 219.
ისტორიებრი აღწერა ღირსთა ხსომისა შემთხვეულებათა საქართველოსა შ~ა აღწერითა ზნეობათა და ჩვეულებათა მსახლობელთათა მის ქვეყნისა , თხზული საქართველოს მეფის ირაკლის ძის ვახტანგის მიერ. სარგის კაკაბაძის გამოცემა. ტფ., 1914.
კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810 წწ.), ტფ., 1922.
ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი, (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე). თბ., 1975.
მეგრელაძე დ., ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973.
ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა. თბ., 1981.
პაპუაშვილი თ., საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008.
საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII-XIX სს. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო პროფ. ავთანდილ იოსელიანმა , თბ., 1980.
სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში. წიგნი I, ნაკვეთი IV, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ქართული თარგმანი და წინასიტყვაობა დაურთო ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1977.
ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1989.
А. К. Материалы для истории Дагестана (Казикумухские и Кюринские ханы). Сборник сведений о Кавказских горцах, вып. II, Тифл., 1869.
Акты Собранные Кавказскою Археографическою Коммисиею, т. I. Тифл. 1866.
Броссе М., Переписка на иностранных языках Грузинских царей с Росийскими государиями от 1659 г. По 1770 г. СПБ., 1861.
Джевдет паша, Описание событий в Грузии и Черкесии по отношению к Оттоманской империи от 1192 года по 1202 год хиджри. (1775-1784). Перевод на русск. язык М. А. Гамазова. – Русский Архив. кн. I. № 3. М., 1888.
Петрушевский И. П., Джаро-белаканские вольные общества в первой трети XIX столетия. Тифл., 1934.
Петрушевский И. П., Сборник: „История Ирана с Древнейших времен до конца XVIII века“ Л., 1958.
Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербаиджане и Армении в XVI-начале XIX вв. Ленинград, 1949.
Хроника войн для Джара, под ред. В. Хулуфлу и с прим. Е. Пахомова, Баку, 1931.
История Азербайджана, с древнейших времен до начала XX века, под ред. И. Алиева, Баку, 1995.

Комментариев нет:

Отправить комментарий