ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. შიდა ქართლის ამ მონაკვეთზე მრავალი ისტორიული სოფელი, საგულისხმო ტოპონიმი და ძეგლია. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შიდა ქართლს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. მხარეც დაწინაურებული იყო როგორც ეკონომიკურად, ისე ხელოვნებისა და კულტურის მხრივაც. ამიტომაც არის, რომ ადრინდელი ფეოდალიზმის დროის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები შიდა ქართლში მრავლად გვხვდება.
ეკლესია სოფელ ხცისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ის მანძილზე, წვიმოეთის ტყეში მდებარეობს და მეორენაირად წვიმოეთის ეკლესიასაც უწოდებენ. ხცისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ეპოქის მომსწრეა. ის გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ზეობის ხანაში აიგო ბაგრატისა (ქუთაისში) და ბედიის (აფხაზეთში) ტაძრებთან ერთად.
ხცისის ეკლესია განსაკუთრებით ღირებულია ოთხი წარწერით, რომლებიც ისტორიას გვიცოცხლებენ და საინტერესო ცნობებს გვაწვდიან.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით, ტაძარი 1002 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის დროს აუგია ქართლის მთავარეპისკოპოს ანანიას, რომელიც გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებული პირი ყოფილა.
„სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდისა ნათლისმცემლისსა, სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა, და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისა, და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის. ქრონიკონი იყო სკბ”.
ტექსტის ბოლოს ამ წარწერის ავტორს, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვია და «ძმათას» ნაცვლად ამოუკვეთავს სიტყვა «მამათა».
წარწერა განსაკუთრებით საინტერესოა იმ მიზეზითაც, რომ აქ მეფედ არა მხოლოდ ბაგრატია მოხსენიებული («აფხაზთა და ქართველთა»), არამედ მისი ვაჟი გიორგიც («გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩვენისა»). ეს გვაფიქრებინებს, რომ 1002 წელს მეფის ძე გიორგი უკვე მეფე ბაგრატის თანამოსაყდრედ იყო გამოცხადებული.
წარწერები არის ტაძრის დასავლეთის ფასადზეც.
«წმინდაო ნათლისმცემელო, შეიწყალე და ადიდე გურანდუხტი დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა. უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ყოველთა კურაპალატი, მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილავთა».
დედოფალი გურანდუხტი აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე გიორგი II-ის (922-957 წწ.) ასული და მეფე ბაგრატ III-ის დედაა. აღსანიშნავია, რომ მეფე ბაგრატის მიერ დასავლეთ საქართველოში აგებული ტაძრების (ბედია, ქუთაისი) წარწერებში გურანდუხტი საგანგებოდ იხსენიება, რითაც აფხაზეთის სამეფო ტახტის მიმართ ბაგრატის მემკვიდრეობის ლეგიტიმურობას ესმებოდა ხაზი. ეს პოლიტიკური მოტივი შეიძლება დავასახელოთ ხცისის ტაძრის წარწერაში დედოფალ გურანდუხტის მოხსენიების საფუძვლადაც.
აღსანიშნავია სხვა ფრაზაც:
«უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ყოველთა კურაპალატი».
ცნობილია, რომ ბაგრატოვანთა დინასტია ღვთივკურთხეულად იწოდებოდა, მემატიანეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ. შესაბამისად, ამ წარწერის მიხედვითაც ბაგრატის ლეგიტიმაციის საკითხი მტკიცეა და ურყევი.
წარწერაში მოხსენიებული ქართლის მთავარეპისკოპოს ანანიას შესახებ ქართულ მატიანეში ინფორმაცია მწირია. მოხსენიებულია ასევე ტაძრის აღმშენებელი იოვანეც: «უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე».
გამოვთქვამთ მოკრძალებულ ვარაუდს, რომ იოვანე, რომელიც, ჩვენი აზრით, საერო პიროვნება უნდა იყოს, ხომ არ შეიძლება დავაკავშიროთ იოანე (ივანე) მარუშისძის სახელთან, ქართველ დიდებულთან, რომელმაც ქართულ სამეფოთა გაერთიანებაში დიდი როლი ითამაშა?
უნდა ითქვას, რომ ხცისის ტაძრის ამომწურავად შესწავლისთვის აუცილებელია მისი რელიეფების საფუძვლიანი ანალიზიც, ძეგლის არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით გამოკვლევა ბევრ ინფორმაციას მოგვცემს. მაგალითად, რელიეფი «ხცისის ფარშავანგები» განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, შეიძლება ითქვას, მსგავსი რელიეფი საქართველოს არც ერთ ტაძარზე არ გვხვდება. რას უკავშირდება ფარშავანგების გამოსახულება შიდა ქართლში აგებულ ტაძარზე? საკითხის გამოკვლევა ჯობს ხელოვნებათმცოდნეებს მივანდოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ ხელოვნებაში ფარშავანგი უკვდავებისა და უხრწნელი სულის სიმბოლოდ აღიქმებოდა, ხოლო ადრეულ ქრისტიანობაში ის მზის სიმბოლიკას უკავშირდებოდა. ზოგჯერ კი მის გაშლილ, მარაოსებრ კუდზე გამოსახულ ფერად «თვალებს» უფლის ყოვლისმხედველი თვალის, ან ყოვლისმხედველი ეკლესიის სიმბოლოდაც რაცხდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий