пятница, 6 марта 2020 г.

რამდენიმე საარქივო დოკუმენტი კრწანისის ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთში შექმნილი ვითარების შესახებ (ი. ალიმბარაშვილი)

კრწანისის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში მონოგრაფიულადაა შესწავლილი (5; 8) და მის ფართო განხილვას არ ვაპირებთ. გვინდა პირველწყაროთა და რამდენიმე საარქივო დოკუმენტზე დაყრდნობით მკითხველს ის ვითარება და ჩვენეული ანალიზი შევთავაზოთ, რომელიც ამ ბრძოლის შემდეგ შეიქმნა ქვეყანაში.
კრწანისის ბრძოლამ დაგვანახა, რომ:
1) ერეკლე II-ის მიერ XVIII საუკუნის 70-იან წლებში თავდაცვის სფეროში გატარებული მრავალი ღონისძიებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა სტაბილური (თუ არ ჩავთვლით საარტილერიო რეფორმას, ისიც, ზარბაზან-მეზარბაზნეებთან ერთად, აღა-მაჰმად-ხანს ჩაუვარდა ხელში) და ირანის შაჰის 35 ათასიან ბრბოს ერეკლე ფაქტიურად უჯაროდ დახვდა, თუმცა, შაჰის შემოსევის შესახებ რამდენიმე წლით ადრე იცოდა;
2) მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, 80-იანი წლებიდან ერეკლემ საბოლოო არჩევანი რუსებზე გააკეთა და ბოლომდე ჰქონდა მათი იმედი. ამიტომ მისმა სწორხაზოვანმა პოლიტიკამ (მხოლოდ რუსეთზე ორიენტაციამ) ქვეყანა საბედისწერო შედეგებამდე მიიყვანა;
3) ცხადყო 1791 წელს მიღებული კანონის  „საუფლისწულოების შესახებ“ მოუქნელობა და ქვეყანა კიდევ უფრო დაანაწევრა (ერეკლეს კრწანისის ველზე ყოფნისას ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი სიღნაღში იმყოფებოდა და ჯარის შესაკრებად მხოლოდ ზერელე ზომებს იღებდა იოანე ბატონიშვილმა, რომელსაც ქსანი ეჭირა, მხოლოდ 50 მებრძოლი მოიყვანა; ვახტანგ ბატონიშვილმა არაგვიდან 300 კაცი და სხვ. (5: 158).
4) წინასწარ არ იყო სათანადო ზომები მიღებული მოსახლეობისა და მისი ქონების უსაფრთხოების მიზნით. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართლში, კახეთში და მით უფრო, თბილისში - დახიზვნა ვერ მოასწრო და ქონება (მათ შორის სამეფო გვირგვინები, მეტეხის, სვეტიცხოვლისა და სიონის სამკაულები და წმინდა ნაწილები) (5: 147) მთლიანად მტერს ჩაუვარდა ხელში;
5) წარმოაჩინა მმართველობით-ადმინისტრაციული აპარატის უნიათობა და უმოქმედობა, ხოლო რიგ შემთხვევებში დანაშაულებრივი საქმიანობა. მეფეს მთიულეთში გახიზვნიდან ერთი კვირის შემდეგაც კი არანაირი ცნობა არ ჰქონდა ქართლ-კახეთში შექმნილი ვითარებისა და ტყვედჩავარდნილთა რაოდენობის შესახებ (5: 159; 8: 239-240; 3:540, დავთარი 6);
6) ზემოხსენებულის მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ აღა-მაჰმად-ხანის ურდოებს გაქცეულ-დახიზნული მოსახლეობა ადგილობრივი მთიულების, იმერთა ლაშქრის ერთი ჯგუფისა და მეფის მოხელეთა ძალადობა-მტაცებლობის მსხვერპლი გახდა. როგორც ამ ამბების უშუალო თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი წერს: „აწიოკებდნენ იასაულნი დაყენებულნი მეფისაგან და არა ანებებდნენ პატრონთა თვისთა უკანონობისა ძალით“ (4: 76);
7) დაადასტურა მონარქიული წყობილების ერთ-ერთი უარყოფითი სეგმენტი. მოხუცი მეფის ინდიფერენტულობა და სიფხიზლის მოდუნება მისი ასაკით უნდა აიხსნას. ნაკლებად სარწმუნოდ გვეჩვენება, ახალგაზრდა ერეკლე შვილებსა და რუსებზე ეგზომ დამოკიდებული შეხვედროდა მოახლოებულ საფრთხეს, როგორც ეს კრწანისთან მოხდა. თუნდაც ამ ამბებამდე ათი წლის წინ ხომ ომარ-ხანის 20 ათასიანი ურდოს თავდასხმა მეფემ მოხერხებული მანევრირებით ააცილა თბილისს.
8) დაბოლოს, კრწანისთან მარცხის ძირითადი მიზეზი, ჩვენი აზრით, არსებული ფეოდალურ-ბატონყმური სისტემა იყო. ერეკლე მეორე, პირველ რიგში, „თვითმპყრობელი“ მეფე იყო. იგი ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობის მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს ებრძოდა და არა მთლიან სისტემას. დიდ ფეოდალებს ძალაუფლებასა და მიწებს ართმევდა, სათავადოებს აუქმებდა, მაგრამ გათავისუფლებულ მიწებსა და გლეხებს ან სახასოდ (მეფის საკუთრებად) აცხადებდა, ან უფლისწულებს ურიგებდა. ეს ფაქტი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ იყო არსებულზე უკეთესი. (1: 9).
როგორც ითქვა, კრწანისის ბრძოლის შემდეგ, ერეკლე ოჯახით ანანურს გაიხიზნა. ირკვევა, რომ ბრძოლიდან ერთი კვირის შემდეგაც მეფე ინფორმაციის ნაკლებობას უჩიოდა. 17 სექტემბერს კახეთში მყოფ გიორგი ბატონიშვილს მამა სწერს: ,,...მერე რა ეს საქმე მოხდა (იგულისხმება კრწანისის ბრძოლა ი. ა.), ორი-სამი წიგნი შენ მოგწერე და ორი წიგნი კახთათვის მიმიწერია. გაღმა, გამოღმა, ქვემოთ და ზემოთ არც წიგნი და არც კაცი არავინ მოვიდა მანდედამ, რომ თქვენი ამბავი შემეტყო და ან პასუხი მომსვლოდა. დღეს ერთი მთიული მოსულიყო და ეთქვა, რომ კახეთი აიყარაო და თიანეთისკენ ამოვიდნენო, თქვენგან ვერც ამისი გავიგონეთ რა.
...წიგნები დავწერეთ და ხვალ გიგზავნით. ისევ ყარამანს და ქაიხოსრო სუფრაჯს ვატანთ. ჯერ შორს ქვეყნიდან (რუსეთიდან ი. ა.) ამბავი არა მოსულა რა. ეს წიგნი რომ მოგივიდეს შენი ამბავიც და კახეთის მდგომარეობა მომწერე. თუ გაღმითის ლეკების ამბავი იცოდე რამ, ისიც მაცოდინე. მანდაური საქმე არც საღმრთო კაცისაგან და არც საეროსაგან არა ვიცოდი რა, რომ პასუხი მომეწერაო“ (9: ფ. HD; საბ. 2087).
ერეკლე გაკვირვებას გამოთქვამს და შვილს ინერტულობის გამო საყვედურობს: „ეს როგორ არ უნდა ვიცოდე, რომ ამ ამბავზედან შენ რა ჰქენ და ან კახთ. ერთი თავადიშვილი რომ ყოფილიყო აქ იმისთვისაც უნდა შეგეტყობინებინათ და მე რატომ არ უნდა ვიცოდე. ეცადე და ოთხას-ხუთასი კაცი იშოვნე და ჩვენთან გამოგზავნე დაუგვიანებლად“ (9: ფ. HD; საბ. 2087).
ოთარ ამილახვრისადმი 1795 წლის 18 სექტემბერს გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ მეფისათვის ქართლში შექმნილი ვითარებაც უცნობია: „მერე ომს უკან შენი (ოთარ ამილახვრის  ი. ა.) და მაგ მხარის ამბავი აღარა ვიციო“ და დიდ-მოხელეს მთიულეთში ხლებასა და სურსათით მომარაგებას ავალებს: „თქვენ უნდა რომ რომელიც ზემო ქართლის თავადნი და აზნაურნი იმყოფებით, ვინც სახლში ორნი და სამნი იყვნეთ, ერთი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ და აქ სურსათზედ ნაკლებობა არის და რამდენსამე დღით სურსათი უნდა მოიტანოთ, რომელიც ჩვენი ერთგულია ახლა გამოჩნდებაო“ (3: 539/7648, დავთარი 6).
ცნობილია, რომ ერეკლემ ისე დატოვა მთიულეთი, რომ არც ამილახვარი უნახავს თვალით და არც გიორგი ბატონიშვილს გაუგზავნია მისთვის ხუთასი კაცი.
როგორც ჩანს, მეფემ არც ტყვედჩავარდნილთა რაოდენობის შესახებ იცოდა რაიმე. 20 სექტემბერს ერეკლე სულხან თუმანიშვილს სწერს: „მერე შენი საათი და აზათხანისეული თვალი უთხოვნია იმ კაცს და ორიოდ აზრი სხვა არის. და ახლა ეგ საათი მზათ უნდა დაიჭირო და გამოგვიგზავნო, რომ უნდა გაუგზავნოთ (აღა-მაჰმად-ხანს ი. ა.). რაც იქ ტყვე არის იმას გვაძლევენ და ჩვენი მოქალაქეები გვწერენ ოც ათასს სულს ნუ დაგვკარგავთო, ოცი ათასი რომ არ იყოს, თხუთმეტი ათასი ხომ იქნება და თუ ასეც არ არის ათი ათასი სული ხომ იქნება და ისევ ამათ მოვატანინებ მაგის ფასსაო (9: ფ. HD; საბ. 11442).
ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დროული დახიზვნა ვერ მოასწრო. შაჰის ბრძანებით, ტყვედ მიჰყავდათ უფრო მეტად ქალები და მოზარდი ქალ-ვაჟები, მამაკაცებს კი ხოცავდნენ, რადგან ტყვეთა დიდი მასის წაყვანა უჭირდათ. კრწანისის ბრძოლის შემდეგ თბილისის მოსახლეობა 20 ათასამდე შემცირებულა, აქედან 7 ათასი ქვრივი ყოფილა (5: 50-151).
სპარსელები მიტოვებულ ქალაქს დარევიან და სახლებისა და ეკლესიების საძირკვლების თხრა დაუწყიათ დამალული ქონების პოვნის იმედით (5: 143).
ვისაც წინდახედულობა გამოუჩენია და ქონება წინასწარ მთიულეთში დაუხიზნავს, არც ის ჩავარდნილა უკეთეს დღეში, რადგან იგი ადგილობრივ ქურდ-მტაცებლებს ჩავარდნიათ ხელში.
1795 წლის სექტემბერ-ოქტომბერში (კრწანისის ბრძოლის შემდეგ) ქვეყანაში შექმნილი ვითარების სრულყოფილ სურათს იძლევა შიოშ თუმანიშვილის მიერ 1795 წლის 6 ოქტომბერს თავისი ბიძის  მანუჩარ თუმანიშვილისადმი მთიულეთიდან გორში მიწერილი ვრცელი წერილი. თუმანიშვილებს საქონელი წინასწარ დუშეთში დაუხიზნავთ ვინმე ელიზბართან.
თვით შიოშ თუმანიშვილი კრწანისის ბრძოლის შემდეგ სოღანლუღის გზიდან წამოსულა მელიქის აბანოს გასასვლელით, მაგრამ უწესრიგოდ უკანდახეული ჯარი ვიწროებში გაჭედილა და საცობები შექმნილა. როგორც თუმანიშვილი აღნიშნავს: „ასე გახდა ჩემი ცხენი, რომ ჰარაქათის იმედი არარა მქონდაო“. შიოში გარეთუბნისკენ წასულა ავლაბრის გზით და სოლოლაკიდან ადევნებდა თვალს ბრძოლის დასკვნითი ეტაპის ტრაგიკულ პერიპეტიებს ხოცვა-ჟლეტასა და დატყვევებას. გამოქცეულთათვის ყიზილბაშებს დიღმის მინდვრებამდე უდევნიათ.
თუმანიშვილი მარტოდმარტო მისულა იმ ღამით წილკანს. დუშეთისაკენ აღარ გამგზავრებულა, რადგან გზაზე ძარცვა-თარეში და ხოცვა-ჟლეტა ყოფილა გაჩაღებული. შიოში, შიშიანობის გამო, მხოლოდ მეორე დღეს მისულა დუშეთს, სადაც მრავალ ლტოლვილს მოეყარა თავი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ წინა დღეებში გადაუღებელ წვიმებს გაუვალი ტალახი მოჰყოლია, რის გამოც გადაადგილება „დიდათ საზარელი“ გამხდარა. თუმანიშვილს ელიზბარის ძებნა დაუწყია. აღმოჩნდა, რომ ელიზბარს თუმანიშვილების საქონელი წიწუაშვილთან გაუბარებია დუშეთში.
თუმანიშვილს ერეკლესაგან რამდენიმე დღით გათავისუფლება უთხოვია და ანანურიდან დუშეთში დაბრუნებულა, მაგრამ ყუთები დამტვრეული, ხოლო საქონელი აკლებული დახვედრია. შიოშს ორიოდ ქურდიც დაუჭერია. მათ მოპარული და დატაცებული ნივთები ორმოებში დაუფლავთ და ზედ წყალს უდენია. ისიც გამორკვეულა, რომ მიმბარებელი წიწუაშვილი თვითონ ყოფილა პირველი ქურდი. მას ამ საქმეში არღუთაშვილი ფარსადანა და პაპა შეუამხანაგებია.
როცა საქმე გამჟღავნებულა, წიწუაშვილს გაპარვა მოუხერხებია, მაგრამ თუმანიშვილს მისი თანამზრახველები დაუჭერია და ზარალის ანაზღაურება მოუთხოვია. შიოშ თუმანიშვილი ბიძასთან იწერებოდა, რომ მიბარებული ნივთების სია გამოეგზავნა, რადგან „ილაჯი გამიწყდა ჯერ ერთის ქურდის ლაპარაკი და მოკითხვა რა არის, რომ ასის ქურდისა რა იყოს. რაც გადამხდა თუ სულ დავსწერე ერთი დასტა ქაღალდი მოუნდებაო“ (3: 546/7648, დავთ. 6).
წერილში ასევე ხაზგასმულია ტყვედწაყვანილთა მძიმე ხვდრის შესახებ: „თქვენი სიმამრი და მოყვარე სტეფანე ცოლით შვილის და რძლით დატყვევებულ იყო ურდოში, თითო თითოდ დაეხსნა და წამოსულან თურმე გზად ორი ჯარისკაცი უკან დარჩომილა. შემოხვდნენ, მოიტაცეს კიდევ სოლომონის ცოლი და წაიყვანეს ...დავაპირე (შიოშ თუმანიშვილმა ი. ა.) შვიდი რვა ცხენი მექირავნა და წამომეყვანა. ოჰანეზამ მითხრა, არ წამოვლენ, შიშვლები არიანო ...შეუთვალე თუ წამოხვალ, ცხენებს მოვაშველებ, თუ არა, რაც შეიძლება საშიშვლოს გამოგიგზავნიო.
...ქ. სხვა ვინმე ვინც შინ იყვნენ სულ დატყვევდა. ავეტიკა გამოპარული იყო ისევ შინ გავგზავნე, თუ რამ შენახული დარჩა, ეგების არ წაეღოსთ. ამით მაქვს იმედი, რომ ცეცხლი მალე მოჰკიდებია ჩვენს სახლს, იქნებ ვეღარ მიუდგნენ. ქ. ბატონის სასახლე და მელიქისა და მილახვარისა თუ სხვა ჩინებული სახლები გადაუწვამთ. ბაზარი მთლათ გადაუწვამთ და ცუდი სახლიც კლდის უბნისაკენ თუ სხვაგან იშ[ვი]ეთ მორჩომილა. მრავალი ტყვე გამოპარულა ...იქნება ჩვენიც მოსულიყვნენ, გიქუა მეღვინე ხუთ აბაზათ დაუხსნიათ, ვინც იხსნება, იაფად არის სადმე (3: 546-547/7648, დავთ. 6).
24 ოქტომბერს შიოში კვლავ უგზავნის სულხან და მანუჩარ თუმანიშვილებს წერილს, რომელშიც კახეთში მეფის კარზე შექმნილ ვითარებას აუწყებს. თუმანიშვილი ბიძას შეახსენებს, საკუთარ სახლსა და ქონებას მიხედოს: „ჩვენი რაც შევინახეთ კბილა ავეტიქამ მითხრა ცეცხლმა მიასწრო ეგების დარჩომილიყოს. კაცნი გავაგზავნეთ, იქნება ერთერთაც არის ვიპოვნოთ რამე ჭურჭელი, ანუ ფართალიო“ (3: 548-549/7648, დავთ. 6).
ძმისწული ბიძებს შექმნილი მდგომარეობიდან სწორი დასკვნების გამოტანას სთხოვს, მომხდარის ძირითად მიზეზად ურთიერთქიშპს ასახელებს და მომავლის იმედს არ ჰკარგავს: „რაც დაიწვა ამასაც ჩვენის საცვლით და საჭმლით ყერათს გავსწევთ და საქმე შესრულდება თუ მშვიდობა არის სიყვარული და ერთობა. თუ ეს არ იქნება, კარგი მოხდა რომ მტერმა წა[ა]ხდინა თორემ მაინც წახდებოდა. ახლა უფრო დავტკბებით ყერათში შევალთ და თქვენს თავს ვიცნობ ღ[მერ]თ[მა]ნ სისრულე მისცესო“ (3: 544/7648, დავთ. 6)..
გორში დარჩენილ ბიძებს შიოში სთხოვს, რომ მომავალში სიფხიზლე გამოიჩინონ და გორის ციხეში ბინა წინასწარ დაიბეონ: „თქვენი ბინა გორი არის და ციხეშიაც რომ ბინა გქონდეს კარგი იქნება თუ აქამდეინ გამოუცდელნი ვიყავით, ახლა მაინც სიფრთხილით მოვიქცეთო“ (3: 548/7648, დავთ. 6).
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, მეფის მთიულეთში გახიზვნის გამო, ქვეყნის ყველა კუთხეში ქაოსმა და უწესრიგობამ დაისადგურა. „უკეთუ რა გადარჩათ აუკლებელ და წაუღებელ ყიზილბაშთა და გამოეტანათ ვისმე რამე, იგიცა აიკლეს. გამოქცეულთა იმერთა და სხვათა აგრეთვე მეკობრეთა ქართველთა და მთის კაცთაო“, ჩივის ამ ამბების მომსწრე იოანე ქართველიშვილი (4: 73).
ძარცვა-თარეში მხოლოდ რიგით ადამიანებს არ შეეხო. არც ერეკლე და მისი ოჯახი აღმოჩნდა უკეთეს დღეში. „აეკლოთ და წაეღოთ ყოველივე არა თუ მარტო ჩემი, მეფის ძის იულონისა. ყოველივე რაცა აქვნდა, ქათალიკოზისა ყოვლის შესამოსლით და სვეტის ცხოვლით სამკაულით“, გადმოგვცემს იულონ ბატონიშვილის ქონების მდგომარეობის შესახებ იოანე ქართველიშვილი (4: 73).
დავით ბატონიშვილი უარეს დღეში აღმოჩნდა: „მე ხომ ასე დავიღუპე სულს აქეთ აღარა მაქვს რა, ათათ (სიც) ხუთასი ცხვარი, ორი გუთნეული, ოცი ჭაკი ცხენი, ას ორმოცდა ათი სული საქონელი, ორმოცდა ათი სული აქლემი, ოთხმოცდა ათი თუმანი თეთრი ჩემი ბეგთ[რები], ორი თოფის კონდახი, სადაფის კრაოტი, სამი კომლი ყმა ტანთ ფეხთ, თოთხმეტი ლიტრა აბრეშუმი. დავრჩი ასე არ ვიცი საით გადავარდე თუ აქ ვიყო რაღა ვსჭამო თუ არა რა ვქნაო“, სწერდა საკუთარ ძმას ბაგრატ ბატონიშვილს 20 სექტემბერს უსასოოდ დარჩენილი დავით გიორგის ძე (3:541/7648, დავთ. 6).
შიოშ თუმანიშვილის სოლომონ და მანუჩარ თუმანიშვილებისადმი ზემოთ მოტანილი წერილის მიხედვით, თელავში დაბრუნებულ ერეკლეს „არც ერთი საფენი და არც ერთი საცვალი არ გამოჰყვა, კაბა ქისიყის მოურავისა ეცვა“ (3: 548/7648, დავთ. 6).
ფაქტი იყო, რომ ჯანმრთელობაშერყეული ერეკლე ქვეყნის მართვას დიდხანს ვეღარ შეძლებდა, ხოლო არსებული რეალობის პირობებში უფლისწული გიორგი ვერ ჩანდა იმ პიროვნებად, რომელიც უაღრესად გართულებულ საშინაო და საგარეო ვითარებაში ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანდა, ამიტომ ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლეში სამეფო კარზე ჩამოყალიბდა ორი დაპირისპირებული დაჯგუფება. ერთს დედოფალი დარეჯანი მეთაურობდა თავისი შვილებით (იულონ, ალექსანდრე, ფარნაოზი, მირიანი, ვახტანგი) და მეორეს გიორგი XII.
როგორც ჩანს, ქვეყანაში მომზადდა შეთქმულება, რომელიც სამეფო კარზე გარკვეულ საკადრო ცვლილებებს ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს შეთქმულება ერეკლეს კანცლერის სოლომონ ლიონიძის წყალობით, მეფისათვის ცნობილი გახდა. თუმცა, სოლომონის მონაწილეობა ამ საქმეში ერეკლე II-მდე სხვაგვარად მიიტანეს.
შეთქმულება 1796 წლის აგვისტოში გამჟღავნდა. არსებობს აღნიშნული წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული ერთი დოკუმენტი. ესაა შიოშ თუმანიშვილის წერილი, მისი ძმის, მანუჩარისადმი მიწერილი, სადაც შიოში აღნიშნავს: „სხვა ამბის მოწერის გონება არ მაქვს, თორემ მრავალი საკურველი საქმე გამოცხადდა სოლომონ მდივანბეგისაგან და უფრო იმიტომ არ მოგახსენე, რომ არ გარდაწყვეტილაო“ (2: 130, დოკ. № 6).
მომდევნო წერილში ლიონიძის სახელი უფრო ხშირად ისმის. სოლომონთან ერთად საქმეში ფიგურირებენ ვინმე გოდერძი, იოსებ მისკარბაში (ბასატამაშვილი), გოგია ნაზარბეგიშვილი და სხვა „მოქალაქენი“. ჩვენ მხოლოდ ის ნაწილი მოგვყავს წერილიდან, სადაც შეთქმულების შესახებაა საუბარი: „აქაური ამბავი ეს არის“, სწერს შიოში მანუჩარს: „ბატონმა (იგულისხმება ერეკლე II ი. ა.) რომ მელიქი და მოქალაქენი დაიბარა, თურმე სოლომონ ანდრია დეკანოზის შვილისაგან სხვადასხვა რიგის მანქანებით, მუხანათობით დაბეზღებულნი ყოფილიყვნენ. პირველად მთიულეთს მოახსენა თურმე ბატონს: (ბატონი გამორჩეული ჰყავთო, აღა მაჰმად ხანთან კაცი გაგზავნილი ჰყავთო, წიგნსაც სწერენ და თუ ამ სამს დღეზე შენს თავს არ უშველე, საქმე წასულიაო). მასუკან დუქნების საქმეზე მიშკარბაშს და სოლომონს რომ ჩხუბი მოსვლოდათ, გაჯავრებულს სოლომონს ბატონიშვილის გიორგის მაგიერ მეფესთან მისაწერად ერთი შავი გაეკეთებინა, რომ მრავლის საშინელის დაბეზღებით აევსო და უფრო ბასტამაშვილის საქმეზედ და უძლიერესი სიტყვები ეს ეწერა: მოქალაქეები და მიშკარბაში ამბობენო, ჯერ რუსს უყუროთ და მერე აღა-მაჰმად ხანს წიგნი მივსწეროთო. ბატონი კახეთს ბრძანდებოდეს და იქ იბატონოსო. ბასტამაშვილი ასე ჯანყურად მელაპარაკა, რომ ქვეყანას გაუკვირდაო და თუნდ თქვენი შვილიც არ ვიყო, რადგან თქვენი გამოგზავნილი ვარ, ამისთანა ურჩება რად უნდა მჭირდესო. ასე მოუნდომებია სოლომონს, რომ გიორგი ბატონიშვილს ესეები ბატონთან მოაწერინოს. შავი რომ მირთმეოდა გიორგი ბატონიშვილს, არ ეყაბულებინა. ჩუმათ გარდაეწერებინა, შავი შეენახა და თავისი წერილი ისევ მიეცა.
ამაზედ ბატონიშვილი რომ ვერ აეყოლიებინა, მერე მწერლის შვილი გოდერძი ეშოვნა და ბატონისათვის მოეხსენებინა ეს ამბავი: მიშკარბაში იოსებ, ბასტამაშვილი და ნაზარბეგის შვილი გოგია ბატონიშვილთან მოვიდნენო და მოახსენეს დიამც მამაშენი არ გვივლისო და დაგვღუპაო. შენ მაინც მოგვიარეო. მამაშენმა თავისი მამა რუსეთს გადაკარგა და იქ მოკლაო, რომ მაშინ შენზედ უფრო პატარა იყოო. მრავალი ავი სიტყვა არის სულ მოწერა არ იქნება. ეს ასე მოხსენებოდა შვიდი-რვა თვის უწინ და გოდერძის დაეფიცებინა ბატონი ნუ გამცემო. ესეები ბატონმა გამოაცხადა, სოლომონ აშკარადა თქვა მოქალაქეების დამბიზღებლად და გოდერძის სახელს არ ბრძანებდა და მოხსენებულს სიტყვებს აცხადებდა და მომხსენებული თქვენ იპოვნეთო. მე ნაფიცი ვარო. როგორც მოხდა, ვიპოვეთ და დავიჭირეთ. მოვიდა და კიდევ როგორც დაებიზღებინა, წერილით მოართო და მოეხსენებინა: მართალი მომიხსენებია, სამართალში პირს დაუდგებიო. ...გაგზავნა ბატონმა ყოვლად სამღვდელონი, დარბაისელნი და მეც (შიოშ თუმანიშვილი  ი. ა.) ფიცით ჰკითხა თავის შვილს გიორგის მართლა ამათგან ეს შენ გაგიგონიაო თუ არა. საშინელი ფიცი შემოუთვალა: ჩემთან არა უთქვამთრაო. და მაშინვე ფიცი ირწმუნა და ბატონი ხათრიჯამი შეიქმნა (დარწმუნდა ი. ა.). გოდერძი წამოდგა და სთქვა: ამ საქმეს ასე გავარჩევ, ყველანი გაშტერდეთო და წაიყვანეს დაჭერილი“ (2: 131-132, დოკ. № 7)
როგორც ვხედავთ, შეთქმულების გეგმა „შავში“ სწერია, რომელსაც სოლომონი გიორგი ბატონიშვილს წარუდგენს. გიორგი სოლომონს ბოლომდე არ ენდობა და „შავის“ ერთ პირს იტოვს, რადგან არის რაღაც საკითხი, რომელზეც ბატონიშვილი „ყაბულს“ არ არის. რა არის ამ უნდობლობის მიზეზი, ქვემოთ ვიტყვით.
სოლომონის მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ შეთქმულების ამბავი ერეკლემდე როგორმე მივიდეს. როდესაც გიორგი ბატონიშვილისაგან ამას ვერ აღწევს, იგი ერეკლესთან „მწერლის შვილს“ გოდერძის აგზავნის. შეთქმულების უკმაყოფილება იმითაა გამოწვეული, რომ ერეკლე „მათ არ უვლის“ და მისი „წყალობით დაიღუპნენ“. ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და ერეკლეს ოპონირებენ, თითქოს მან გაგზავნა და „გადაკარგა“ გიორგისთან შედარებით ახალგაზრდა მამა (იგულისხმება თეიმურაზ II) რუსეთში და „იქ მოკლა“.
უნდა ითქვას, რომ ნაზარბეგიშვილისა და ბასტამაშვილის ბრალდებები ერეკლეს მისამართით საკმაოდ მძიმეა და პირადი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას. ამიტომ ფაქტებსაც განგებ ამძიმებენ. მაგ. ჯერ ერთი, თეიმურაზ მეორის რუსეთში გამგზავრების მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია. მეფე ვარაუდობდა, რომ ჯარს გადმოიყვანდა ჩრდილოეთიდან, ან შესაბამის თანხას მიიღებდა, რითაც ლეკიანობის პრობლემას მოაგვარებდა. უფრო მეტიც, მეფე რუსებს სთავაზობდა, რომ ირანის ტახტზე რუსებისათვის სასურველ პირს დასვამდნენ, მაგრამ ეს ელჩობა ისევე უშედეგოდ დამთავრდა, როგორც ყველა სხვა წინამორბედი და, მეორეც, ოპონენტების სიტყვებიდან ჩანს, თითქოს რუსეთში წასული თეიმურაზი გიორგი ბატონიშვილზე ახალგაზრდაა. სინამდვილეში 1760 წლისათვის, როდესაც თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა, 60 წელს იყო მიღწეული (დაიბადა 1700 წელს), ხოლო 1796 წლისათვის გიორგი XII 50 წელს არ იყო გადაცილებული (დაიბადა 1746 წელს).
შეთქმულთა გეგმის მიხედვით, ერეკლე მხოლოდ კახეთის მეფობას უნდა დასჯერდეს. ქართლში ბატონობისათვის მათ „ბატონიც გამორჩეული ჰყავთ“. თუ ადგილობრივი ძალებით მიზანს ვერ მიაღწევენ, რუსის იმედი აქვთ და არც აღა-მაჰმად-ხანთან კავშირს გამორიცხავენ.
წერილს თარიღი არ უზის, მაგრამ იგი წინა წერილის ახლო ხანებში, ანუ 1796 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა იყოს დაწერილი. შეთქმულება ჯერ კიდევ შვიდი-რვა თვის წინ, ანუ 1796 წლის დასაწყისში გამჟღავნებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთქმულები მანამ არ მოქმედებდნენ. შესაძლოა, ერეკლესათვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ სოლომონი ჯერ კიდევ კრწანისის ბრძოლაში დამარცხებულ და მთიულეთში გახიზნულ ერეკლეს აფრთხილებს შეთქმულების აღა-მაჰმად-ხანთან კავშირის შესახებ და რომ „ბატონიც“ შერჩეული ჰყავთ. სოლომონი კატეგორიულია და მეფეს თავის გადასარჩენად მხოლოდ სამი დღის ვადას აძლევს. იმ დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით, ეს „ბატონი“ გიორგი უფლისწული უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველს შემდეგი გარემოებები გვაძლევს:
პირველი: კრწანისის ომის დროს გიორგი ბატონიშვილი საოცარ გულგრილობას იჩენს. ერეკლეს კრწანისის ველზე ყოფნისას ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი სიღნაღში იმყოფება და ჯარის შესაკრებად მხოლოდ ზერელე ზომებს იღებს (5: 158);
მეორე: შიოშ თუმანიშვილის მეორე წერილიდან ნათლად ჩანს, რომ სოლომონ ლიონიძის მცდელობის მიუხედავად, გიორგი ბატონიშვილი შეთქმულების შესახებ ერეკლეს გაფრთხილებისაგან (საქმის კურსში ჩაყენებისაგან) თავს იკავებს და ლიონიძე იძულებული ხდება, „მწერლის შვილ“ გოდერძის საშუალებით შეატყობინოს ერეკლეს შეთქმულების მზადების შესახებ;
მესამე: ფაქტია, რომ შვილსა თუ შვილებზე გულნაკლული ერეკლე კრწანისის შემდეგ მართლაც აღარ დაბრუნებულა დედაქალაქში და თელავში გაატარა სიცოცხლის დარჩენილი დღეები;
მეოთხე: დამსახურების მიუხედავად, შეთქმულების გამომჟღავნებისთანავე სოლომონ ლიონიძე ქართლ-კახეთის სამეფო კარიდან მოკვეთეს და იგი სოლომონ მეორესთან გადაიხვეწა. იმერეთის მეფემ კარგად იცოდა ლიონიძის ფასი და დიდი პატივითაც მიიღო. თუმცა, ერეკლე მალევე მიმხვდარა თავის შეცდომას. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ „მოთქმით ტირილში“ ლიონიძე ასეთ ფრაზას ამბობს: „იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმა აღარ დააცალაო“ (6: 27). ერეკლეს ერთგული და უსამართლოდ შერისხული მსახურისათვის ძველი მამულ-წყალობებიც სრულად განუახლებია (7: 54-55, დოკ. 37) ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რაც ქვეყანაში კრწანისის ბრძოლის შემდეგ შეიქმნა, ხოლო ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ქართლ-კახეთის დღეები დათვლილი იყო.
დამოწმებანი:
1. ალიმბარაშვილი ს., აღმოსავლეთ საქართველოს თავდაცვითი სისტემა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 2008.
2. ბერძნიშვილი მ., მასალები XVIII ს. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, წიგნში: ქართული წყაროთმცოდნეობა, წიგნი I, თბ., 1965.
3. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (გიემ).
4. იოანე ქართველიშვილის მემუარები, ავთ. იოსელიანის გამოკვლევით რედაქციითა და შენიშვნებით, თბ., 1952.
5. კაკაბაძე ს., კრწანისის ომი, თბ., 1991.
6. კანდელაკი ნ., სოლომონ ლიონიძე, ქართული მჭერმეტყველების კლასიკოსი, თბ., 1962.
7. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები, ტ. 2, ისტორიული დოკუმენტები, ტექსტი შენიშვნებითა და საძიებლებითურთ გამოსაცემად მოამზადა შ. ბურჯანაძემ, თბ., 1953.
8. ცინცაძე ი., აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969.
9. ხელნაწერთაეროვნულიცენტრი.

Комментариев нет:

Отправить комментарий