თავი პირველი
ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის 40_60-იან წლებში
გიორგი VIII უმძიმეს მემკვიდრეობას იღებს საქართველოს წინა მეფეებისგან ძმისგან ვახტანგ მეოთხისგან (1442-1446) და მამისგან ალექსანდრე I დიდისგან (1412-1442), იკავებს რა სამეფო ტახტს 1446 წელს. თემურ-ლენგის ლაშქრობებით გამოწვეულ უბედურებას და რთულ საერთაშორისო ვითარებას ამძიმებს „ბატონიშვილობის“ საკითხის სიმწვავე. ალექსანდრე I დიდი შეეცადა გამწვავებული „ბატონიშვილობის“ საკითხის მოგვარებას რეფორმით, რომლის შესახებ ცნობას გვაწვდის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე პირველმა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულს, თავის სამ ძეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმგებლოები უწყალობა.
ალექსანდრე I დიდის აღნიშნული ღონისძიება გახდა საფუძველი იმის, რომ ჯერ კიდევ XVI საუკუნის საქართველოში ის ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის ხელშემწყობად მიეჩნიათ. ასეთი შეხედულება 1589 წელს კახთა მეფე ალექსანდრე II-მ (1574-1605) რუს დესპანებთან საუბარში გააჟღერა.
ვახუშტი ბატონიშვილი არ იზიარებდა მოსაზრებას ალექსანდრე I დიდის მიერ თავისი შვილებისათვის ერთიანი ქართული სახელმწიფოს დანაწილების შესახებ. Mვახუშტის აზრით: „ბრწყინვალის გიორგიდამ, ვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძისამდე იყო ერთმეფობა, გუჯართა, სიგელთა და ქორონიკონთა მოწმობითა“.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გიორგი V ბრწყინვალის (1314-1346) დროიდან მოყოლებული გიორგი VIII-ის (1446-1466 - ერთიანი საქართველოს მეფე, 1466-1476 - კახეთის მეფე) დრომდე საქართველოში ერთმეფობა იყო, ვახუშტი თავისი ნაშრომის სხვა ნაწილშიც… აღნიშნავს და იქვე აფიქსირებს მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ საქართველოში მეფეს, როგორც წესი, ქვეყნის დაშლის სურვილი არ ჰქონდა. ვახუშტის პოზიცია საქართველოს მეფის ზოგადად და კერძოდ, ალექსანდრე I დიდის ქვეყნის დაშლის პროცესის მოწინააღმდეგედ მოაზრების შესახებ, სავსებით მისაღებია.
რეალურად, ალექსანდრე დიდმა „გამრიგე მოხელენის“ ადგილზე თავისი შვილები დააყენა და მიზნად ჰქონდა ქვეყნის ცალკეული ნაწილების შემომტკიცება და ხელისუფლების ცენტრალიზაციის განმტკიცება. მაგრამ XV საუკუნეში ქვეყანაში შექმნილმა შინაპოლიტიკურმა სიტუაციამ, მათ შორის „პროვინციის მეფეთა“ ინსტიტუტის არსებობამ და ამ ფონზე არახელსაყრელმა საგარეო ვითარებამ ალექსანდრეს აღნიშნულ პოლიტიკას სულ სხვა ხასიათი მიანიჭა. შვილებისადმი მინებებული საგანმგებლოები დროთა განმავლობაში „პროვინციის მეფეთა“ სამფლობელოებად გადაიქცნენ, დიმიტრის, ვახტანგისა და გიორგის მფლობელობა „პროვინციის მეფობაში“ გადაიზარდა
„პროვინციის მეფეები“ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ XV საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამეფოსამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებში. საერთოდ კი, „პროვინციის მეფეთა“ ინსტიტუტმა გააღვივა სახასოს დაქუცმაცების პროცესი. როცა ცენტრალური ხელისუფლების საფუძველი _ სახასოს ერთიანობა და ძლიერი სამეფო დომენი მოიშალა, ქვეყნის ერთიანობასაც მნიშვნელოვანი საყრდენი მოაკლდა. „პროვინციის მეფეები“ ცდილობენ ბაგრატიონთა დამოუკიდებელ სამეფო შტოთა მფლობელობისათვის საფუძველის შექმნას და მის ეკლესიურად უზრუნველყოფას ეშურებიან. მცხეთა, როგორც კულტურულ-იდეოლოგიური ერთიანობისა და მთლიანობის სიმბოლო მათთვის მიუღებელი ხდება. აქედან გამომდინარე შესაბამისი სააზროვნო სისტემა და თვითშეგნება ყალიბდება, რაც სხვა მოვლენებთან ერთად ხელს უწყობს დაშლის პროცესს.
ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა, არსებითად საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მის ყველა ძირითად რეგიონში დაშლის პროცესს ძლიერი გავრცელება ჰქონდა, უწევს მეფობის დაწყება გიორგი VIII-ს. ეს ვითარება იძლევა საშუალებას, უკვე ამ დროიდან წარმოვაჩინოთ თითქმის თანასწორი ძალმოსილების ქართული სამეფოსამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი.
1447 წელს სამცხე-საათაბაგოში ჯაყელთა მმართველ საგვარეულოში შიდაბრძოლას ჰქონდა ადგილი. აღბუღა ათაბაგს ხელისუფლებისთვის დაუპირისპირდა ყვარყვარე (ვახუშტი ყვარყვარეს მიიჩნევს აღბუღას ბიძად [ვახუშტი, 1973, გვ. 284], თუმცა სინამდვილეში ის აღბუღას ძმა უნდა იყოს. ამ ბრძოლაში აღბუღა დამარცხდა და დახმარების სათხოვნად გიორგი მეფესთან მივიდა, რომელიც შექმნილმა ვითარებამ ძალიან განარისხა და სამცხეს გაემართა. იქ მეფეს ყვარყვარე მიეგება და თავისი „უცოდველობის“ მტკიცებას შეეცადა. ამის მიუხედავად, გიორგი მეფემ აღბუღა ათაბაგის მდგომარეობაში დააბრუნა, ხოლო ყვარყვარე თავისთან თბილისში წაიყვანა და როგორც ვახუშტი აღნიშნავს „ამიერითგან იქმნა ყუარყუარე ქუეგამხედველი მეფისა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 284].
1451 წელს გარდაიცვალა აღბუღა ათაბაგი და გიორგი მეფემ ათაბაგობა ყვარყვარეს მისცა. ამისთვის თავად ყვარყვარემ დაიჭირა თადარიგი: „ყუარყუარემ მოიბირნა მესხნი და ვაზირნი გიორგი მეფისანი და იქმნა გიორგი მეფისაგან შეწევნითა ვაზირთათა ათაბაგად“ [ვახუშტი, 1973, გვ. 703-704]. ყვარყვარესათვის ათაბაგობის მიცემა გიორგი მეფის მძიმე შეცდომა იყო, რადგან მან ვერ გაითვალისწინა ყვარყვარეს შემდგომი დროის მოღვაწეობის ხასიათი. ყვარყვარე მთელი XV საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ერთიანი ქართული სახელმწიფოს რღვევას უწყობდა ხელს. გიორგი მეფის მიერ ყვარყვარესათვის ათაბაგობის მიცემის გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც ჩანს, გარკვეული როლი ითამაშა სამეფო კარის ოპოზიციამ.
საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ განწყობილი ასეთი ოპოზიცია მთელი XV საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში არსებობდა. ამ ოპოზიციასთან ზოგჯერ საერთო ენა გიორგი მეფესაც უნდა ეპოვნა, რადგან ის საქართველოს ერთიანობის იდეას მთელი თავისი მოღვაწეობით ვერ განასახიერებდა.
საქართველოს ასეთი მძიმე საშინაო ვითარება, კიდევ უფრო სახიფათო ხასიათს იღებდა იმ სიტუაციის გამო, რომელიც ამ დროს მის ირგვლივ შეიქმნა. 1453 წლის 29 მაისს თურქებმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ კონსტანტინოპოლი აიღეს, ბიზანტიის იმპერიამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. „საქართველოსათვის ეს ისეთი უბედურება იყო, რომლის მსგავსი მის წარსულში ბევრი არ მოიპოვება“ [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 437].
ასეთ სიტუაციაში საქართველოში შიდა დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად წინააღმდეგობა წარმოიქმნა იმერეთის ერისთავის ბაგრატისაგან (იგი ალექსანდრე დიდის ძმის გიორგის შვილი და მეფე გიორგი VIII-ის ბიძაშვილი იყო), რომელიც არ კმაყოფილდება ერისთავის მდგომარეობით და მეფობისათვის იბრძვის. „ზევდგინიძეთა საჩივრის“ წიგნიდან ჩანს, რომ გიორგი VIII-ის გამეფების ახლო ხანებში ქუთაისი ბაგრატს ეკუთვნოდა, შემდეგ გიორგი მეფემ ურჩ ბაგრატს ქუთაისი „წაართო“. მაგრამ ბაგრატი ქუთაისის წართმევას არ შეურიგდა, გიორგი მეფეს დაუპირისპირდა, დაამარცხა და ქუთაისი დაიკავა. ამ შეხლა-შემოხლას 1453-1454 წლებში ჰქონდა ადგილი [ნ. ბერძენიშვილი, 1937, გვ. 12-14]. ბაგრატის მდგომარეობა მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაუმჯობესდა, ბაგრატი „პროვინციის მეფე“ გახდა [დ. ნინიძე, 1995, გვ. 174].
მაშინ როცა გიორგი მეფე ბაგრატთან არკვევდა ურთიერთობას, ყვარყვარე ათაბაგი საქართველოს მეფეს მტრობდა და ქვეყნის ერთიანობის რღვევაზე ფიქრობდა. მისი სააზროვნო სისტემა და თვითშეგნება იმდენად დაკნინებული იყო, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრობა და სიძულვილი საეკლესიო სფეროში გადაიტანა.
სამცხის ათაბაგის ნებით მესხეთის სამღვდელოების გარკვეულმა ნაწილმა წირვა-ლოცვაში საქართველოს მეფის და კათოლიკოსპატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა. ყვარყვარემ ისიც გაბედა, რომ საეპისკოპოსო პირების არჩევის უფლება მიისაკუთრა. თუ ყვარყვარემ „მაწყუერელობა ან სხვა რამე ხელი გუაძლიოს“, გვეუბნება „ანჩელის ფიცის წიგნი“ (თარიღდება 1453 წლით). რაც იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ ყვარყვარეს თავისი თავისთვის აწყურის საეპისკოპოსო კათედრის სათავეში საკუთარი კანდიდატის დანიშვნის უფლება მიუცია. ყვარყვარეს, ცხადია საეკლესიო თანამდებობების დამოუკიდებლად ვინმესთვის გადაცემის არანაირი უფლება არ ჰქონდა.
სამცხის ათაბაგის და საქართველოს მეფის და კათოლიკოს-პატრიარქის დაპირისპირებაში ეკონომიკური მომენტიც გამოიკვეთა. 25 მდიდარი მამული ჰქონდა მცხეთის საკათოლიკოსოს სამცხის სამთავროს ტერიტორიაზე. მცხეთის საკათოლიკოსოს მამულებს, სადაც არ უნდა ყოფილიყო ისინი _ ქართლ-კახეთსა თუ სამცხე-კლარჯეთში, ფეოდალური წესის თანახმად, მცხეთის საკათოლიკოსო საყდრისთვის წლიური შემოსავლიდან გარკვეული ხარჯის ძლევა ევალებოდა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 8-9] ახლა ეს დადგენილი წესი სადაო გახდა. ამასთანავე, მაშინ ფინანსიურ საშოვარზე საქართველოში მყოფი უცხოელი მღვდელმთავრის ფაქტორმა იჩინა თავი. იმჟამად ოსმალეთის აგრესიის პირობებში ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების გაღატაკებული მღვდელმთავრები ფინანსიური სარგებლობის მიღების მიზნით, ხშირად მოგზაურობდნენ ქრისტიანულ ქვეყნებში და საძრახის საქციელსაც არ თაკილობდნენ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.
საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, კერძოდ, სეპარატიზმის სიძლიერე მათი მიზნების მისაღწევად კარგ წინაპირობას ქმნიდა. უცხოელი მღვდელმთავრები თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოში საეკლესიო სეპარატიზმს უწყობდნენ ხელს და ქართველი სეპარატისტი მეფე-მთავრები მათ ანგარებიან სურვილებს აკმაყოფილებდნენ. საეკლესიო სეპარატიზმის თვალსაზრისით ამ უცხოელი მღვდელმთავრების როლზე შეხება ქვემოთ არაერთხელ მოგვიწევს, ამჯერად კი, უნდა აღინიშნოს ვიღაც „მცბიერი“ ბერძენი ცრუ წინასწარმეტყველი მიტროპოლიტის თაობაზე, რომელიც სამცხის მღვდელმთავრების სეპარატიზმს ხელს უწყობდა [ქრონიკები, II, 1897, გვ. 269].
ასეთ მძიმე სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რა პრაქტიკულ ღონისძიებას მიმართავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით IV (1443/1447-1459). მას სრული უფლება ჰქონდა სამცხის ათაბაგის და მისი მომხრეების წინააღმდეგ გამოსულიყო. კათოლიკოს-პატრიარქი დავით IV მესხეთს მივიდა და ”საფარის თავზე” საეკლესიო კრება მოიწვია. თავად ბრალმდებლის როლში გამოვიდა და ურიგო საქციელისათვის ურჩი სამცხის ეპისკოპოსები შეაჩვენა - „უჯვარო და შეუნდობელი ყვნა“ [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 26]. ამ აქტის სიმძიმეს ისიც ამაგრებდა, რომ შემდეგ ახსნისა და შენდობის უფლება მხოლოდ მცხეთის ხელთ იყო. ამ ღონისძიებამ უკან დაახევინა სამცხის ათაბაგს და მის სამღვდელოებას. სამცხის ათაბაგის მომხრე საეკლესიო პირებმა მორჩილების და ერთგულების გამოცხადება დაიწყეს [ქრონიკები, II, 1897, გვ. 267-269; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 25-27].
ამჯერად საქართველოს ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნება მოხერხდა. ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მცხეთის, როგორც კულტურულ-იდეოლოგიური ერთიანობის და მთლიანობის სიმბოლოს და მისი მესაჭის კათოლიკოს-პატრიარქის დიდმა ავტორიტეტმა. ამ დროიდან სამცხის ათაბაგმა თავისი მიზანსწრაფვა პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ გადაიტანა. ამგვარად, იკვეთება მისი მოკავშირეობის პერსპექტივა ბაგრატთან და მასთან დაკავშირებულ სხვა დასავლელ ქართველ მმართველებთან, რათა გაერთიანებული ძალებით დაასუსტონ და დაამარცხონ ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII. ეს იყო ის ძირითადი ტენდენცია, რომელიც იმ დროს განსაზღვრავდა ქართული სამეფო-სამთავროების შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებს.
ამავე პერიოდში კონფლიქტი წარმოიშვა საქართველოს სამეფო ოჯახში, რაც ყვარყვარე II-ის და გიორგი VIII-ის ურთიერთობის გაუარესების გამოძახილი შეიძლება იყოს. ამ კონფლიქტს ყვარყვარე II-ის ასულის საქართველოს დედოფლის თამარის მხრიდან სამეფო სახლის დატოვება მოყვა. თამარი გიორგი VIII-ის თანამეცხედრე იყო 1453 წლამდე, ხოლო შემდეგ კონფლიქტის გამო მამასთან მესხეთში წავიდა [დ. ნინიძე, 1997ა, გვ. 111].
იმ დროს, როცა საქართველოში მძაფრ შიდადაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, მის მიმართ თანდათანობით მწვავე ზემოქმედებას იწყებს მავნე საგარეო ფაქტორი. 1454 წელს ოსმალეთის ფლოტი თავს დაესხა სოხუმს (სებასტოპოლისს) და გაძარცვა [მ. სვანიძე, 1990, გვ. 111]. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის პირველი თავდასხმა საქართველოზე. ამ თავდასხმის შესახებ ცნობა მოეპოვება ვახუშტის: “გამოვიდნენ ორმოცდა ათნი კატარღანი სავსენი სპითა სულტან მურადისა, მაჰმადის ძისა, და აღაოხრნეს და მოსწყვიდნეს ცხომი და აფხაზეთი და ზღვის პირნი. უკუნ-იქცნენ და წარვიდნენ. ამისი მცნობელი მეფე გიორგი წარვიდა მოსწრაფედ, არამედ ვერა რასაღა ეწია. გარნა მკვიდრნივე დასხნა და უქმნა სიმაგრენი და განაგრნა მუნებურნი და მოვიდა გეგუთს“ [ვახუშტი, 1973, გვ. 284]. ვახუშტი შეცდომით ოსმალთა საქართველოზე განხორციელებულ ლაშქრობას 1454 წლის ნაცვლად ათარიღებს 1451 წლით, როცა სულთანი იყო არა მურადი, არამედ მეჰმედი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქი ისტორიკოსი კირზიოღლუ ვახუშტის ამ ცნობის საფუძველზე ასკვნის, რომ ოსმალებმა 1451 წელს დაიპყრეს აფხაზეთი და სამეგრელო და ამ დროიდან მოყოლებული 1829 წლამდე _ ადრიანოპოლის ზავის დადებამდე, ეს ქვეყნები ოსმალეთს ემორჩილებოდა [მ. სვანიძე, 1990, გვ. 113]. ამ საკითხს მ. სვანიძე, რასაკვირველია სავსებით მართებულად განმარტავს, როდესაც აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული სინამდვილის აშკარა დამახინჯებაა [მ. სვანიძე, 1990, გვ. 113].
ამასობაში დასავლეთ ევროპაში სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას უქადდა ბიზანტიის იმპერიის გაქრობა და თურქოსმალთა იმპერიის შექმნა ქრისტიანულ სამყაროს. თურქ-ოსმალთა იმპერიის ტერიტორიული გაფართოების შეჩერება და შემცირება ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დამოუკიდებლად, ამის გაკეთება არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ შეეძლო. ევროპაში გაჩნდა დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეა, რისი განხორციელებაც რომის პაპმა ითავა. რომის პაპის ინტერესების სფეროში აღმოჩნდა საქართველოც. ქართველი მეფე-მთავრები ჩართული აღმოჩნდნენ ანტიოსმალური კოალიციის მომზადების პროცესში, რამაც დროებით შეაჩერა ტრაგიკული მოვლენების განვითარება საქართველოში. ჩვენი აზრით, დ. პაიჭაძე საყურადღებო მოსაზრებას ანვითარებს, აღნიშნავს რა, რომ ანტიოსმალური კოალიციის წარმატება იყო ერთადერთი რეალური საშუალება საქართველოს გაერთიანებისთვის [დ. პაიჭაძე, 1989, გვ. 95]. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ანტიოსმალურ კოალიციას არსებული რეალობის გამო წარმატების ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.
1456 წელს რომის პაპმა კალიქსტო III-მ ცნობილი დიპლომატი ფრანცისკანელთა ორდენის წევრი ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთში გამოგზავნა, რათა აქაური წინამძღოლნი ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის მიღებაზე დაეყოლიებინა. ლუდოვიკო ბოლონიელს საქართველოში ანტიოსმალური განწყობა დახვედრია, რის გამოც იგი რომში კმაყოფილი დაბრუნდა. ლუდოვიკო ბოლონიელმა საქართველოში აღმოსავლეთში თავისი მეორე მოგზაურობის დროსაც გამოიარა 1459 წელს და აქედან ელჩები რომში მიმავალმა თან გაიყოლა [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 40-42].
1459 წლისათვის ქართველ მეფე-მთავრებს შორის უკვე ზავია დადებული, რასაც გიორგი მეფის და ყვარყვარე ათაბაგის ევროპაში გაგზავნილი წერილები აჩვენებს [მ. თამარაშვილი, 1902, გვ. 58-59]. ქართველი მეფე-მთავრები ანტიოსმალურ კოალიციაში აქტიურ მონაწილეობას აპირებდნენ. გიორგი მეფე 40 ათასი მეომარის გამოყვანას აპირებდა, ყვარყვარე ათაბაგი 20 ათასიან ლაშქარს ამზადებდა და მნიშვნელოვანია, რომ მას მხოლოდ ცხენოსნები შეადგენდნენ, ოდიშ-აფხაზეთის მმართველთა მხრიდან 10 ათასიანი ლაშქრის გამოყვანა იყო განსაზღვრული. ქართველთა მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ ტრაპიზონის, მცირე სომხეთის და უზუნ-ჰასანის თეთრბატკნიანთა სახელმწიფოები [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 295-297]. აღმოსავლეთიდან გამოსულ სამხედრო ძალებს, რომელსაც ერთიანად 120 ათასი მეომარი უნდა შეედგინა, სარდლობას ყვარყვარე ათაბაგი უპირებდა [დ. პაიჭაძე, 1989, გვ. 85].
ყვარყვარე ათაბაგი თითქოს გრძნობდა, რომ დასავლეთ ევროპაში არ იქნებოდა დიდი ენთუზიაზმი ანტიოსმალური კოალიციის მხარდაჭერის მიმართ და აცხადებდა, რომ საჭირო იყო მტრის სწრაფი დამარცხება, რადგან ის: „მუდამ დღე ძლიერდება და ვეღარც შევიძლებთ შემდეგში გულმოდგინედ შეერთებას, როგორც ახლა ვართ“ [მ. თამარაშვილი, 1902, გვ. 59].
ყვარყვარეს ჩვენი მეზობელი ოსმალების სრული განადგურების გეგმაც ჰქონდა, რაც უკვე მისი პოლიტიკური სიბეცის დამადასტურებელი იყო და არსებული რეალობის ადეკვატურ გააზრებას არ ემყარებოდა. „ეს იყო სრულიად არარეალური, უსუსური და ფანტასტიკური, ხოლო თავისი მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, არსებითად - პროვოკაციული გეგმა“ [გ. გაბუნია, 1996, გვ. 189].
ანტიოსმალური კოალიცია კი, არ შედგა. უმთავრესი როლი ამაში რომის პაპის უნიათობას და მისი დასავლელ ევროპელი პოლიტიკური პარტნიორების ოსმალების საფრთხისადმი უგულისყურობას მიუძღვის. ამ შემთხვევაში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების წინამძღოლთა პოზიცია, მათი ინტერესებიდან გამომდინარე დრომ, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად გაამართლა კიდეც. ოსმალეთის იმპერიისთვის დასავლეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი დაპყრობების წარმოება, პრაქტიკულად არასოდეს გამხდარა შესაძლებელი.
რაც შეეხება იმ ზავს, რომელიც ქართველ მეფე-მთავართა შორის დაიდო ანტიოსმალური კოალიციის მომზადების პერიოდში, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელსაც შეეძლო ქართულ სამეფო-სამთავროთა შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი საქართველოს ერთიანობის საქმისათვის აუცილებელი მიმართულებით წაეყვანა.
მაგრამ ეს დაზავება არ იყო გამოწვეული მოვლენათა ლოგიკური და კანონზომიერი ჯაჭვით, აქ გადამწყვეტი იყო კონკრეტულ მომენტში არსებული საგარეო ფაქტორი. ეს ფაქტორი კი, ხანმოკლე და უპერსპექტივო იყო და არც ქართველ მეფე-მთავართა თანხმობა ყოფილა ხანგრძლივი და პერსპექტიული. იმის შეტყობა, რომ ანტიოსმალური კოალიცია არ შედგებოდა ქართველი მეფემთავრებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, რისი გავლენითაც ისინი კიდევ უფრო დიდი სასოწარკვეთით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ვიდრე მანამდე უპირისპირდებოდნენ.
ანტიოსმალურ კოალიციაში ქართული სამეფო-სამთავროების მონაწილეობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ყვარყვარე ათაბაგმა წამოიწყო შიდაბრძოლის ინტენსიური კამპანია. ყვარყვარეს მიზნად ჰქონდა სამცხის სამთავროსათვის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება, რისთვისაც კოალიციის ორგანიზებას მიჰყო ხელი, რითაც მისი ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა ძლიერ იზრდებოდა. ყვარყვარე ათაბაგი კარგად ხედავდა, რომ პოტენციური მოკავშირეები მრავლად ჰყავდა. 1462 წელს ყვარყვარე დაუკავშირდა ბაგრატ „პროვინციის მეფეს“ და შესთავაზა გიორგი მეფის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება. ბაგრატმა კი, საქართველოს მეფის წინააღმდეგ მოსალოდნელ ბრძოლაში დახმარების წინადადებით დადიანს, გურიელს, შარვაშიძეს და სვანთა ერისთავს მიმართა, მათ თავიანთი უფლებების გაზრდას დაპირდა და მათგან დახმარების პირობაც მიიღო [ვახუშტი, 1973, გვ. 285, 704, 805].
გიორგი მეფეს მის წინააღმდეგ შემდგარი კოალიციის წევრებიდან პირველი ბრძოლის გამართვა ყვარყვარე ათაბაგთან მოუხდა. 1462 წელს საქართველოს მეფე ურჩი ათაბაგის მიმართ საჭირო ზომების მისაღებად სამცხეში გადავიდა. ყვარყვარეII-ს ამ დროს სამხედრო ძალით მხარი დაუჭირა თეთრბატკნიანთა მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა, გიორგი მეფე ასეთ ძალას ვერ გაუმკლავდა და ბრძოლაში მარცხი განიცადა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 478; ცხოვრება საქართველოსა, 1980, გვ. 39; ქრონიკები, II, 1897, გვ. 281].
ამასობაში ბაგრატმა მას შემდეგ, რაც თავის ირგვლივ გარკვეული ძალა დაიგულა, საქართველოს მეფის მიმართ აშკარა დაპირისპირების პოლიტიკაზე გადავიდა. ბაგრატმა იმერეთის ციხეებიდან გამოიყვანა გიორგი მეფის ერთგული მეციხოვნეები, რომლებიც ბაგრატს, როგორც გიორგი მეფის ნათესავს „არა ეკრძალოდნენ“. გიორგი მეფე ბაგრატის განდგომის ამბის შეტყობისთანავე იმერეთს გაემართა და ამასთანავე, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ყვარყვარე ათაბაგს მიმართა, რომ სამცხიდან მის დასახმარებლად იმერეთს წამოსულიყო. ყვარყვარე მართლაც გაემართა იმერეთისკენ, მაგრამ ეს ნელი სვლით გააკეთა [ვახუშტი, 1973, გვ. 285, 704, 805-806]. ეს ნელი სვლით მოძრაობა, სავარაუდოდ ყვარყვარეს ხრიკი უნდა იყოს, რადგან ბაგრატთან და თუ საჭირო იქნებოდა გიორგი მეფესთანაც, მას მოსალოდნელი ბრძოლის შემდეგ ერთგვარი გამამართლებელი საბუთი ჰქონოდა, რომ ის ცდილობდა ბრძოლაში მონაწილეობას, მაგრამ ეს ვეღარ მოასწრო. რაც შეეხება ბაგრატის სხვა მოკავშირეებს, როგორც ვახუშტი აღნიშნავს: „არცა უშუელეს ბაგრატს დადიანმან, გურიელმან, აფხაზთა და სუანთა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 285].
გიორგი მეფეს და ბაგრატს შორის ბრძოლა შედგა ჩიხორს, ქუთაისის მახლობლად, 1462 წელს. ამ ბრძოლაში გიორგი მეფე დამარცხდა და ქართლს დაბრუნდა [ვახუშტი, 1973, გვ. 285, 806; ქრონიკები, II, 1897, გვ. 281].
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩიხორის ბრძოლაში ყვარყვარე ათაბაგს, დადიანს, გურიელს, შარვაშიძეს და სვანთა ერისთავს უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ. ყვარყვარე ათაბაგი გიორგი მეფეს მტრობდა, მაგრამ არც ბაგრატის ზედმეტად გაძლიერება სურდა. ყვარყვარე უპირისპირდებოდა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეიძლებოდა მისი სეპარატისტული ინტერესებისათვის რაიმენაირი საფრთხე შეექმნა. ამ შემთხვევაში, ყვარყვარეს ასეთ ძალად გიორგი მეფე ეჩვენებოდა, თუმცა, შეიძლებოდა მომავალში ანალოგიურ ძალად მისთვის ბაგრატი ქცეულიყო, ამიტომაც მის დასახმარებლად ყვარყვარეს ზედმეტი აქტიურობა არ უნდა გამოეჩინა. ალბათ, ანალოგიური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ ბაგრატის სხვა მოკავშირეებიც, როდესაც „არცა უშუელეს“ ბაგრატს ჩიხორის ბრძოლაში.
ბაგრატი მართალია, ჩიხორის ბრძოლაში გიორგი მეფეს მხოლოდ საკუთარი ძალებით დაუპირისპირდა და ყვარყვარე ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანთა ერისთავი მას არ დახმარებიან, მაგრამ, ამის გამო, მათ შორის უთანხმოება მაინც არ ჩამოვარდნილა, რადგან მათთვის მთავარი იყო გიორგი მეფის საბოლოო დამარცხება, რაც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, ამიტომაც ყვარყვარეს ინიციატივით გიორგი მეფის წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია ერთიანობას ინარჩუნებდა.
უშუალოდ ჩიხორის ბრძოლის შემდეგ ბაგრატი მივიდა ქუთაისს. სადაც, როგორც ვახუშტი აღნიშნავს: „მიერთნენ დადიან-გურიელ-აფხაზნი და სუანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო-ჩინებითა, მეფედ. ამისთვის აღუსრულა მთავართა მათ აღთქმული თვისი და განთავისუფლდნენ თვინიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა” [ვახუშტი, 1973, გვ. 806]. ჩიხორის ბრძოლაში ბაგრატის მიერ გიორგი მეფის დამარცხებამ და შემდეგ ქუთაისში სხვა დასავლელ ქართველი მმართველების მიერ ბაგრატის მეფედ გამოცხადებამ, თავისთავად ცხადია, რომ ბაგრატის პოზიცია გააძლიერა, მაგრამ იგი „პროვინციის მეფის“ მდგომარეობას მაინც ვერ გასცდა და მისი აქტიურობა გიორგი VIII-ის ხელისუფლებას იმერეთში ბოლომდე ვერ ზღუდავს [ქრონიკები, II, 1897, გვ. 283; დ. ნინიძე, 1995, გვ. 175; გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, 2008, გვ. 140_141] ბაგრატის „პროვინციის მეფობა“ დასრულდა 1466 წელს, როცა მან ქართლში გადასვლა და „ტფილისის ტახტის“ დაკავება მოახერხა.
ბაგრატი არ დარჩენილა მომგებიან მდგომარეობაში ლიხთ-იქითის ერისთავთა (რომელთაც (განსაკუთრებით დადიანსა და გურიელს) ამ დროიდან მთავრებსაც უწოდებენ) მიმართ. ჩვენთვის საყურადღებოა ვახუშტის ის ცნობა, რომლის მიხედვით, ჩიხორის ბრძოლის შემდეგ დადიანი, გურიელი და სხვა ერისთავები „განთავისუფლდნენ თვინიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა“. ეს იმას ნიშნავს, რომ დადიანი, გურიელი და სხვა ერისთავები განთავისუფლდნენ მეფის ეკონომიკური დამოკიდებულებისაგან. ამიერიდან ისინი „ხარკის მიცემითა“ აღარ ემორჩილებიან მეფეს. 1462 წლიდან მათი მეფესთან დამოკიდებულება მხოლოდ „ლაშქრობასა“ და „ქუეგანწესებაში” გამოიხატება. ამდენად, 1462 წელს ბაგრატის ჩიხორთან გამარჯვება: „ეს იყო არა ლიხთ-იქეთის ტახტის, არამედ ლიხთიქეთის მთავართა გამარჯვება“ [ნ. ბერძენიშვილი, 1937, გვ. 27]. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც დადიანს, გურიელს და სხვა ერისთავებს მართებდათ მეფის „ლაშქრობა“ და „ქუეგანწესება“ ისინი ჯერ კიდევ არ არიან სრულუფლებიანი მთავრები, რადგან ასეთი მთავარი დამოუკიდებელი მფლობელია თავისი საბრძანებლის და მეფის „ლაშქრობისა“ და „ქუეგანწესების“ ვალდებულება არ აქვს. ასეთი მდგომარეობის მოპოვებამდე დადიანს, გურიელს და სხვა ერისთავებს ერთი ნაბიჯი ჰქონდათ დარჩენილი და ისინი ამიერიდან ამ ნაბიჯის გადადგმასაც ცდილობენ.
ჩიხორის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გიორგი მეფეს ყვარყვარე ათაბაგის დასჯის სურვილი არ ასვენებდა და მალე სამცხეში თავისი ლაშქრით კიდევ ერთხელ გადავიდა. ვინაიდან სამცხის დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი გიორგი მეფეს უჭერდა მხარს, ყვარყვარე ათაბაგი მას ვერ შეეწინააღმდეგა და იმერეთში ბაგრატთან გაიქცა. თუმცა მალე გიორგი მეფეც იძულებული გახდა სამცხე დაეტოვებინა, რადგან უცხოელი მტრის პრობლემამ იჩინა თავი: „მაშინ მოერთო ამბავი გიორგი მეფესა სამცხეს ყოფასა შინა, ვითარმედ “მოვიდა თავრიჟ გილაქი და თემურ, მოუხდნენ ქართლს და აოხრებენ სომხითსაცა“. მსმენელი მეფე უკმოიქცა სამცხიდამ და ეწყო მათ ძლიერად: არამედ იძლია მეფე გიორგი მათგან ცოდვათა ჩუენთათვის და მოსწყდნენ უმრავლესნი სპანი მისნი” [ვახუშტი, 1973, გვ. 286]. ის უცხოელი მტერი ვისთანაც ბრძოლაში ამჯერად დამარცხდა გიორგი მეფე, უნდა ყოფილიყო შავბატკნიანთა მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი, რომელმაც როგორც ივარაუდება ყვარყვარეს მოწვევით ილაშქრა საქართველოში [თ. ბერაძე, მ. სანაძე, 2003, გვ. 220].
ამის შემდეგ ყვარყვარე ათაბაგი სამცხეში დაბრუნდა და გურიელისა და ბაგრატის მხარდაჭერით მკაცრად გაუსწორდა სამცხის იმ დიდგვაროვნებს, რომლებიც მის ერთგულებას არ იჩენდნენ. მათი ერთი ნაწილი დაიმორჩილეს, თუ ფიზიკურად გაანადგურეს, მეორე ნაწილი კი, თავისი მამულიდან გაიქცა: „ვითარცა ზაზა ფანასკერტელი წარვიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა და სხუანიცა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 705]. ზაზა ფანასკერტელს, კონსტანტინე მეფემ (1479_1505) ქართლში სხვადასხვა მამულები უბოძა. ამ მამულებმა შექმნეს ქართლში ციციშვილთა სათავადო [დ. ბერძენიშვილი, 1960, გვ. 100_102; ქართული ეპისტოლარული წყაროების კორპუსი, I, 1989, გვ. 108]. ყვარყვარე ათაბაგი, კახაბერ გურიელი და ბაგრატი შეთანხმებულად კი მოქმედებდნენ თავიანთი სეპარატისტული მიზნებისგანსახორციელებლად, თუმცა ყვარყვარეს თავისი ერთ-ერთი მოკავშირის მიმართ მაინც მოუწია გარკვეული დათმობის გაკეთება. იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ყვარყვარემ სამცხეში გიორგი მეფის მომხრე დიდგვაროვნების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო, მან კახაბერ გურიელს „მისცა აჭარა და ჭანეთი“ [ვახუშტი, 1973, გვ. 704].
როგორც ირკვევა, გვიანი შუა საუკუნეების ქართული წყაროები ლაზეთს ჭანეთის სახელწოდების ქვეშ გულისხმობენ [მ. სანაძე, თ. ბერაძე, კ. თოფურია, 2003, გვ. 36]. ამგვარად, ამ შემთხვევაში გურიელმა სამცხის ათაბაგისგან აჭარა და ლაზეთი მიიღო.
1465 წელს გიორგი მეფე კიდევ ერთხელ მიუბრუნდა სამცხე-საათაბაგოს საკითხს და აღმოსავლეთ საქართველოში შეკრებილი ლაშქრით ყვარყვარე ათაბაგის დასამორჩილებლად გაემართა. საქართველოს მეფე თავისი ლაშქრით ფარავნის ტბასთან დაბანაკდა. გიორგი მეფესთან შინაგამცემები იყვნენ, რომლებმაც მეფის ბანაკში არეულობა ჩამოაგდეს, რითაც ისარგებლა ყვარყვარე ათაბაგმა. იგი გიორგი მეფის ბანაკს თავს დაესხა და მისი ლაშქრის დამარცხების შემდეგ თავად მეფეც დაატყვევა [ვახუშტი, 1973, გვ. 287, 705; ცხოვრება საქართველოსა, 1980, გვ. 39; მცირე ქრონიკები, 1968, გვ. 27, 100]. ერთიანი საქართველოს მეფის დატყვევება მისი ქვეშევრდომის მიერ, უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო მოვლენა იყო. როგორც ცნობილია, საქართველოს მეფეები თითქმის ყოველთვის უშუალოდ მონაწილეობდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში, რომლის გადატანაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ლაშქარს უწევდა, მაგრამ საქართველოს მეფე, როგორც წესი, ტყვედ არ ვარდებოდა. ეს იმ დროს, როცა ბრძოლაში არაერთი ქართველი მეფის სისხლი დაღვრილა. საქართველოს მეფე ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების, სოციალური სამართლიანობის, კულტურის უმთავრესი ფასეულობების სრულიად ხელშეუხებელი სიმბოლო იყო. ამჯერად ფარავნის ტბასთან ყვარყვარე ათაბაგის მიერ გიორგი VIII-ის დატყვევების ფაქტი, მხოლოდ და მხოლოდ ისედაც არამყარი ქართული სააზროვნო სისტემის და თვითშეგნების დაკნინების საფუძველი თუ იქნებოდა და ეს შემთხვევა ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებდა. ფარავნის ტბასთან გიორგი მეფის დატყვევების შემდეგ ჯავახეთი, რომელიც საქართველოს მეფის დომენისშემადგენელი ნაწილი იყო, სამცხე-საათაბაგომ შეიერთა [ე. ცისკარიშვილი, 1959, გვ. 105; დ. ბერძენიშვილი, 1975, გვ. 120].
გიორგი მეფეს თავისი უშუალო ძლიერი გარემოცვა არ ჰყავდა, „ტფილისის ტახტი“ მისი დატყვევების შემდეგ პარალიზებული იყო. რითაც ისარგებლა ბაგრატ „პროვინციის მეფემ“, ქართლში გადავიდა და მეფობას შეუდგა. ბაგრატ VI-ის ქართლში გადასვლა პირადი განდიდებისათვის იყო გამიზნული და საქართველოს ერთიანობას არაფერი შემატა, პირიქით კიდევ უფრო შეარყია.
ქართლში გადასულ ბაგრატ VI-ს მორჩილება გამოუცხადა გიორგი VIII-ის ძმის დიმიტრის (გიორგი მერვის მეფობის პირველ წლებში იგი „წყალს იქით“ - გაღმა მხარის /ანუ სათარხნოს, საჯავახიანოსს და საციციანოს/ „პროვინციის მეფე“ იყო) ძე დავითმა, მაგრამ ის ბაგრატის ბანაკში დიდხანს არ დარჩენილა. დავითმა მალე კახეთში მფლობელობის მოპოვება მოინდომა. კახეთის თავის გავლენაში მოქცევა ბაგრატსაც სურდა, მაგრამ იქაურმა დიდგვაროვნებმა იგი თავიანთ ხელისუფლად არ ინდომეს, ხოლო დავითმა მოახერხა და შექმნილ სიტუაციაში კახეთის გარკვეულ რეგიონში „პროვინციის მეფე“ გახდა [დ. ნინიძე, 1995, გვ. 169].
ამ დროს ძალიან გააქტიურდა დიმიტრის მეორე ძე კონსტანტინე. იგი სწორედ იმ ტერიტორიაზე ფლობდა გარკვეულ მფლობელობას, სადაც მამამისს ჰქონდა ცოტა ხნის წინ ძალაუფლება. კონსტანტინემ თავისი ხელისუფლების გასავრცობად გიორგი VIII-ის დატყვევების ფაქტი ხელსაყრელად მიიჩნია. თავიდან კონსტანტინეს გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა მალე მან თავისი ხელისუფლების ძლიერების გაზრდა მართლაც მოახერხა. კონსტანტინეს დაპირისპირება ჰქონდა ყვარყვარე ათაბაგთან. გიორგი მეფის დატყვევების შემდეგ ყვარყვარემ კონსტანტინეს წინააღმდეგაც მოინდომა გალაშქრება. კონსტანტინე ყვარყვარეს გაექცა და ჯერ გორის ციხეს შეაფარა თავი, შემდეგ კი, ქუთაისის ციხეში გადაინაცვლა. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწიეს ჯავახიშვილებმა, რომლებიც კონსტანტინემ შემდეგ გულუხვად დაასაჩუქრა [ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 134-135]. კონსტანტინე იმერეთში დიდხანს არ დარჩენილა. ის ქართლში მალე დაბრუნდა. 1465-1466 წლებიდან დასტურდება, როგორც ბაგრატ VI-ის ისე კონსტანტინეს (რომელსაც გამეფების შემდეგ კონსტანტინე II ეწოდება) მეფობა. ამასთან, ორივეს რეალური ძალაუფლება აქვს. ამჯერად ეს თანამეფობის ხანაა, რომელიც 1468 წლის ჩათვლით გრძელდება. 1466-1468 წლების თანამეფობა 1469 წლიდან ურთიერთქიშპის, ანუ „ორიანობის“ პერიოდით იცვლება, რომელიც 1475 წლამდე შენარჩუნდა. 1475-1477 წლები კვლავ თანამეფობის ხანაა, რომელიც უზუნ-ჰასანის 1477 წლის შემოსევამ დაასრულა. ახალმა „ორიანობამ“ 1477-1478 წლებში იარსება.
„ორიანობა“ ერთ-ერთი ფორმაა დინასტიური ბრძოლის და ორი ბაგრატიონი მეფის ურთირთდაპირისპირების აღმნიშვნელი ტერმინია. ამ დროს ერთმანეთს უპირისპირდება, ორი მეფის ტიტულით მოქმედი, რეალური ძალაუფლების მქონე ბატონიშვილი, როცა არცერთი მხარე არ უშვებს ერთ-ერთის პრიორიტეტს, არ ყაბულდება მეორე პოზიციაზე ყოფნას, არც „პროვინციის მეფეთა“ სტატუსს და მხოლოდ საქართველოს სამეფო ტახტისათვის იბრძვის. თანამეფობის საშუალებით დაპირისპირება-ქიშპი წყდება და მეფის ტიტულით მოქმედი ბატონიშვილები ტახტის განუყოფლად ახორციელებენ ქვეყნის მართვას, მაგრამ ეს შეთანხმება, ანუ მეფეებს შორის ხელისუფლების განაწილება, კონფლიქტის მხოლოდ დროებითი „მოგვარებაა“, ამიტომ იგი “ორიანობასთან” ერთად ხელს უწყობს სამეფო ტახტის დასუსტებას და სამმართველო აპარატის დაქსაქსვას _ ეს კი, ისტორიული პროვინციების განდგომის ტენდენციის გაძლიერებას, ქვეყნის ორად გაყოფას და საბოლოოდ ერთიანი სამეფოს დაშლის დაჩქარებას იწვევს [დ. ნინიძე, 2004, გვ. 82_88].
ფარავნის ტბასთან გიორგი VIII-ის დატყვევების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ყვარყვარე ათაბაგს დაანახა, რომ გიორგი VIII-ს დიდხანს ტყვეობაში დატოვება მისთვის სასარგებლო არ იყო. გიორგი VIII-ის გათავისუფლების შემთხვევაში იმის შესაძლებლობა, რომ ის „ტფილისის ტახტს“ დაეუფლებოდა და საქართველოში ცენტრალიზაციის პროცესის დაწყებას შეუწყობდა ხელს, იმჟამად არსებული რეალობის გამო, პრაქტიკულად არ იყო. ამ დროს კი, ბაგრატ VI-ს და კონსტანტინე II-ს შეეძლოთ თავიანთი „თანამეფობის“ პირობებში ყვარყვარე ათაბაგისთვის გარკვეული პრობლემების შექმნა. ამიტომაც ყვარყვარემ გადაწყვიტა გიორგი VIII-ის გათავისუფლება და მისი გამოყენება საქართველოში სეპარატიზმის პროცესის გაძლიერებისათვის.
1466 წელს ყვარყვარე ათაბაგმა გიორგი VIII ტყვეობიდან გაათავისუფლა. საქართველოს ყოფილი მეფე სამცხელ მეომართა თანხლებით კახეთში გადავიდა, სადაც უკვე მოვლენები მისთვის სასარგებლოდ განვითარდა. „დაუტევეს ჰერ-კახთა დავით და მიერთუნენ მეფესა გიორგის, და დაიპყრა მეფემან გიორგი ჰერ-კახნი. ხოლო დავით ივლტოდა დედაწულით თვისით დიდოეთს და დიდოთა შეიწყნარეს იგი და პატივ-სცეს კეთილად“ [ვახუშტი, 1973, გვ. 567]. გიორგი VIII კახეთის მეფე გახდა. საქართველოში ახალი პოლიტიკური ერთეული _ კახეთის სამეფო გაჩნდა. დავითის „დედაწულით თვიისით“ დიდოეთში გადასვლა და ის, რომ მას იქ „პატივ-სცეს კეთილად“ კი, იმაზე მიგვითითებს, რომ დავითმა „პროვინციის მეფობას“ მიაღწია სხვა რეგიონში, კერძოდ, დიდოეთში [დ. ნინიძე, 1995, გვ. 169].
ერთგვარ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ, ერთ დროს, ერთი შეხედვით, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული საქართველოს მეფე და მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომი ახლა მოულოდნელად მოკავშირეებად რომ გადაიქცნენ. ყვარყვარეს მოქმედების გეზი, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია არანაირ სიახლეს არ შეიცავს. მისი სეპარატისტული მისწრაფებები ამ დროს უკვე დიდი ხნის გამოვლენილი იყო და ის ახლაც მიზანმიმართულად მოქმედებდა, რადგან, ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური ერთეული გაჩნდებოდა, ათაბაგის სეპარატისტული ძლიერება დამატებით სიმტკიცეს შეიძენდა. რაც შეეხება გიორგი VIII-ს, მან, როგორც ჩანს, სწორედ ახლა წარმოაჩინა მკაფიოდ საკუთარი პიროვნება და ის არ აღმოჩნდა ათაბაგის იდეალებისაგან დაშორებული. გიორგი VIII ტიპიურ სეპარატისტ მმართველად მოგვევლინა. გიორგი VIII-ის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური მრწამსი, ის, რომ მას შეეძლო საქართველოში ახალი პოლიტიკური ერთეულის წარმოშობისათვის შეეწყო ხელი და შემდეგ მის სათავეში აღმოჩენილიყო, ალბათ, მისი საქართველოს მეფის რანგში წარუმატებელი მოღვაწეობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო.
XV საუკუნის 60-იანი წლები მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ქართული სამეფო-სამთავროების ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შიდაბრძოლის ხანგრძლივი კამპანია გაჩაღდა. სეპარატისტულად განწყობილმა მმართველებმა საქართველოს მეფის წინააღმდეგ კოალიციის ორგანიზება მოახერხეს, ამავე დროს დაიხმარეს უცხო ძალა, საქართველოს მეფე დაამარცხეს და ის ყველაზე ძლიერმა სეპარატისტმა დაატყვევა კიდეც. საქართველოს მეფე დამარცხების და დატყვევების შემდეგ სულიერად საბოლოოდ გატყდა და თავად გადაიქცა ერთ ტიპიურ სეპარატისტ მმართველად. ამის შემდეგ საქართველოში ახალი სახის შიდაპოლიტიკური ურთიერთობები წარმოიშვა. მართალია, ამ ურთიერთობებს ისევ სამეფო-სამთავროთა ურთიერთდაპირისპირება წარმართავს და ამ მხრივ სიახლე არ არის, მაგრამ ახლა ფართო კოალიცია თბილისის წინააღმდეგ საჭირო აღარ არის და დაპირისპირება იმ კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ხდება, რომელიც გარკვეულ მომენტში იქმნება, ამიტომაც დაპირისპირებაში მონაწილეთა შემადგენლობა ცვალებადია. ხოლო ის ინტერესი, რაც განსაზღვრავს ამ დაპირისპირების ხასიათს არის დაპირისპირებაში მონაწილეთა მიერ საკუთარი სამფლობელოსათვის რაღაც სარგებლობისა და მოგების მიღების წადილი, მოწინააღმდეგისათვის ნებისმიერი ზიანის მიყენების საფასურად. ამ პირობებში ქვეყნის დაშლის პროცესი ღრმავდება.

თავი მეორე
ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური
ურთიერთობანი XV საუკუნის 70_90-იან წლებში
XV საუკუნის 70_90-იანი წლების ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების სურათის აღდგენას წყაროთა სიმწირე და ნაკლოვანება ძლიერ ართულებს. ამ დროის მოვლენების გადმოცემისას „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტები ძირითადად თათრების მრავალრიცხოვან შემოსევებზე მოგვითხრობენ და ეს თხრობა ხშირად წინააღმდეგობებით არის აღსავსე, უფრო შინაარსიანია ვახუშტის „აღწერა“, თუმცა უზუსტობები აქაც გვხვდება.
XV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მახლობელ აღმოსავლეთში პირველობისათვის ბრძოლას აწარმოებს თეთრბატკნიანთა მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, რომელთან ბრძოლაში 1467 წელს დაიღუპა შავბატკნიანთა მბრძანებელი ჯეჰან შაჰი და მისი სამფლობელო უზუნ-ჰასანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. უზუნ-ჰასანის მთავარი მოწინააღმდეგე მახლობელ აღმოსავლეთში პირველობისათვის ბრძოლაში ოსმალეთი იყო. უზუნ-ჰასანს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა სურდა, მასში ქართული სამეფო სამთავროების ჩართვაც ჰქონდა მიზნად დასახული და ამჯერად უკვე უზუნ-ჰასანის და ყვარყვარე ათაბაგის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა. ყვარყვარე ათაბაგს არ სურდა ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა. 1472 წელს უზუნ-ჰასანმა სამცხესაათაბაგოში მარბეველი ლაშქრობა მოაწყო. თუმცა, ამას ყვარყვარე ათაბაგი არ შეუშინებია და ის ამის შემდეგაც არ ავლენდა უზუნჰასანთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს.
ამასთანავე, იმ დროს არც ოდიშის ერისთავს სურდა ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა. XV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ანტიოსმალური კოალიციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ ქართლ-იმერეთს და კახეთს გააჩნია [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 80]. ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ქართულ სამეფოსამთავროებს აღარ გააჩნიათ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს მათი შიდადაპირისპირების პრობლემის პირდაპირი ასახვაა საგარეო ფრონტზე.
ამ ხანებში ვენეციელი დესპანები იოსაფატ ბარბარო და ამბროზიო კონტარინი უზუნ-ჰასანის თეთრბატკნიანთა სახელმწიფოში დიპლომატიურ მისიას ასრულებდნენ და 1471_1475 წლებში საქართველოშიც მოუწიათ ყოფნა. ვენეციელმა დესპანებმა დაგვიტოვეს თავიანთი მოგზაურობის აღწერილობები, საიდანაც რამდენიმე ცნობა ჩვენს ყურადღებას იქცევს.
ბაგრატ მეფის სამფლობელოს ვენეციელი დესპანები საქართველოს უწოდებენ, რომლის დასავლეთით ამ დესპანთა გადმოცემით, სხვა პოლიტიკური ერთეულის საზღვრები იწყებოდა, მისი წინამძღოლი იხსენიება, როგორც „ბედიელი“ და ამ „ბედიელის“ სამფლობელოს ბაგრატის სამფლობელოსთან საზღვრავს მდინარე ცხენისწყალი, რომლის სახელდებით დამოწმება არ გვხვდება და რომელზეც ნათქვამია, რომ იქ იყო მდინარე, რომელიც ქუთაისიდან ერთი დღის სავალზე მდებარეობდა [იტალიელი მოგზაურები საქართველოში, 1894, გვ. 51]. ამ ცნობის საფუძველზე, ალბათ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამ ხანებში ოდიშის საერისთავოს “ტფილისის ტახტის” მიმართ მტკიცე მორჩილება არ უნდა ჰქონოდა.
აქვე გვინდა შევეხოთ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებობდა პოლიტიკური ერთეული “საბედიანო”, რომელიც აერთიანებდა გურიას, ოდიშს და აფხაზეთს და რომლის მთავარს „ბედიანი“ ეწოდებოდა. წყაროთა ანალიზით, ასეთი პოლიტიკური ერთეულის არსებობა არ დასტურდება და ჩვენი აზრით, თ. ბერაძემ სავსებით სამართლიანად უარყო მოსაზრება “საბედიანოს” არსებობის თაობაზე [თ. ბერაძე, 1967, გვ. 176_178; თ. ბერაძე, 2007, გვ. 138]. მოსაზრებას საბედიანოს არარსებობის თაობაზე იზიარებს ბ. ხორავა [ბ. ხორავა, 1996, გვ. 52].
იტალიელი მოგზაურები გვაწვდიან ცნობას, რომ ბათუმი „ბედიელს“ ეკუთვნის [იტალიელი მოგზაურები საქართველოში, 1894, გვ. 45], მაგრამ ეს ცნობა სინამდვილეს არ უნდა ასახავდეს. აჭარა, და ლაზეთი გურიელს კი, გადასცა ყვარყვარემ ჩიხორის ბრძოლის შემდეგ ახლო ხანებში, თუმცა თავად ბათუმი ისევ ყვარყვარეს გამგებლობაში უნდა იყოს [თ. ბერაძე, 1967, გვ. 176_177; ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 69]. იტალიელ მოგზაურთა ცნობა, რომ ბათუმის მახლობლად, სამხრეთით უკვე ოსმალეთის სახელმწიფოს საზღვარი იწყებოდა [იტალიელი მოგზაურები საქართველოში, 1894, გვ. 58], ასევე არ უნდა შეეფერებოდეს სიმართლეს. ხოლო ის ცნობა, რომ ყვარყვარეს საბრძანებელი ოსმალეთს ხარკს უხდის [იტალიელი მოგზაურები საქართველოში, 1894, გვ. 58], საკმაოდ მნიშვნელოვანი და რეალური ცნობაა, თუმცა ეს გამოხატავს არა სამცხე-საათაბაგოს შესვლას ოსმალეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, არამედ იმას, რომ დროდადრო სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ერთჯერად ხარკს იხდის.
ამბროზიო კონტარინი საქართველოში მძარცველების არსებობაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ნ. ბერძენიშვილს. მისი აზრით, იტალიელ მოგზაურს ძარცვად ეჩვენება ქართული ფეოდალური საბაჟო გადასახადები [ნ. ბერძენიშვილი, 1990, გვ. 645]. ეს გადასახადები, მიუხედავად ქართული მიწების არცთუ ისე დიდი მასშტაბურობისა, მრავალგან იქნებოდა დაწესებული ქვეყანაში შექმნილი ახალი პირობების გამო.
მართლაც, არსებული შიდადაპირისპირება და ქაოსი არ შეიძლებოდა უარყოფითად არ ასახულიყო ქვეყნის განვითარების ყოველ მხარეზე. ასეთ დროს აუცილებელი იყო ყველა ქართული სამეფო-სამთავროს წინამძღოლს სამშობლოს კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნა, თუმცა კი, პირიქით მოხდა, რადგან სწორედ ამ პერიოდის მოვლენაა საქართველოს ეკლესიის მთლიანობის დარღვევა და მისი ერთი ნაწილის დამოუკიდებლობის შელახვა.
1470_1474 წლებში შეადგინეს საგანგებო საეკლესიო დოკუმენტი “მცნება სასჯულოÁ” [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 221_231], რომელმაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია მცხეთის საკათოლიკოსოს ჩამოაშორა და იერუსალიმ-ანტიოქიის პატრიარქის ხელთქვეშეთად გადააქცია. ეს განხორიელდა ბაგრატVI-ის და ოდიშის ერისთავის შამადავლე დადიანის ნებით. მათი დამხმარე ამ საქმეში, იმჟამად საქართველოში ფინანსიურ საშოვარზე მყოფი მორიგი უცხოელი მღვდელმთავარი ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქი მიხეილი იყო.
„მცნება სასჯულოს“ ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ დამაჯერებლობა შესძინონ თავიანთ საქმიანობას. მათ იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება თავიანთი ბოროტი ზრახვა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული თავდაპირველად: „იქმნა გამოძიება მოკითხვა გუჯართა, დავთართა და იადგართა“ [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 222]. შემდეგ „მცნება სასჯულოს“ ავტორები, თითქოს იმ მასალების შესწავლის საფუძველზე, რომელიც მათ შეუგროვებიათ ანვითარებენ მოსაზრებას, რომ თავდაპირველად ქართლის და აფხაზეთის კათოლიკოსები ანტიოქიის პატრიარქთაგან იკურთხებოდნენ [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 222]. ამ მტკიცებას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. როგორც ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს: „პატრიარქმა მიხეილმა ამ მივიწყებული და მნიშვნელობამოკლებული ცნობის გამომზევებით თავისი თავი საქართველოს უზენაეს მწყემსმთავრად მოაჩვენა. Mმან ქართული ეკლესიის მოძღვრობა და უმაღლესი მესაჭეობა იკისრა“ [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 338].
„მცნება სასჯულოს“ ავტორები საქართველოს საეკლესიო მთლიანობის დარღვევის დასასაბუთებლად ანვითარებენ მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სხვადასხვა განმანათლებლებმა გაავრცელეს, აღმოსავლეთ საქართველო ქრისტიანობაზე წმიდა ნინომ მოაქცია, ხოლო დასავლეთ საქართველო კი, ანდრია მოციქულმა [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 227]. ამგვარად, დასავლეთ საქართველოში „მცნება სასჯულოს“ ავტორები ნერგავენ მოსაზრებას, რომ ის ამ თვალსაზრისით განსხვავებულია აღმოსავლეთ საქართველოსგან და შესაბამისად დასავლეთ საქართველოს ეკლესია მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს არ უნდა ემორჩილებოდეს. ასეთი „დასაბუთების” შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ „მცნება სასჯულომ” აფხაზეთის კათოლიკოსი „საყდარსა ზედა” ანდრია მოციქულის დასმულად აღიარა [ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 222]. „მცნება სასჯულო” თავისი „დასაბუთებებით“ იმის გარდა, რომ საქართველოს საშინელი სიყალბის ბურუსში ხვევს, მცხეთის საკათოლიკოსო საყდრისგან მოსალოდნელი კონტრღონისძიებებიდან იცავს თავს და ამასთანავე, მის მიმართ იერიშზე თავად გადადის. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: „პატრიარქი გაღმა ედავებოდა, რომ გამოღმა შერჩენოდა“ [ნ. ბერძენიშვილი, 1971, გვ. 102].
მცხეთის საკათოლიკოსოსგან გამოყოფილი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსად ანტიოქიელ-იერუსალიმელმა პატრიარქმა მიხეილმა აკურთხა ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე (იოვაკიმე).Mმას “მცნება სასჯულოში“ „ლიხთამერისა და აფხაზეთის კათალიკოზი” ეწოდება [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 223].
„მცნება სასჯულომ” “ლიხთამერისა და აფხაზეთის კათალიკოზის“ სამწყსოს საზღვრებად განსაზღვრა მთელი მიწა-წყალი „ჭოროხსა აქათ, ოვსეთსა აქათ, ზღუა პონტოსა აქათ, სადა დიდისა ბიჭუინტისა სამზღუარი მიაწევს” [ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 224]. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს საზღვრები მოიცავს იმერეთს, გურიას, ოდიშს, აფხაზეთს, აჭარას, შავშეთს და კლარჯეთს [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 339]. აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსის ეს სამწყსო საზღვრები ყვარყვარე ათაბაგისთვისაც არ უნდა ყოფილიყო მისაღები და მისი სეპარატიზმის გარკვეული მასშტაბით გაძლიერების საფუძველიც შეიძლებოდა გამხდარიყო. როდესაც საქართველოს ეკლესიის მთლიანობა დაირღვა და მისი ერთი ნაწილის დამოუკიდებლობა შეილახა, ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი ბაგრატ VI იმერეთიდან ქართლში უკვე დიდი ხნის გადასული იყო და ქართლთან ერთად ის დასავლეთ საქართველოს ხელისუფლადაც ითვლებოდა. ასეთ პირობებში, ლოგიკურად ბაგრატ VI არ უნდა ყოფილიყო მოვლენების ისეთი განვითარების მომხრე, როგორსაც მაშინ ჰქონდა ადგილი და საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ დაუჭირა ქართული ეკლესიის მთლიანობის დარღვევას და მისი ერთი ნაწილის დამოუკიდებლობის შელახვას მხარი ბაგრატ VI-მ, ქართულ ისტორიოგრაფიაში გარკვეულ ინტერესს იწვევდა. ეს საკითხი განმარტა დ. ნინიძის მიერ წარმოჩენილმა ბაგრატ VI-ის და კონსტანტინე II-ის ურთიერთობის რეალურმა სურათმა და კერძოდ, იმან, რომ 1469_1475 წლებში ბაგრატ VI-ს და კონსტანტინე II-ს შორის „ორიანობას” ჰქონდა ადგილი [დ. ნინიძე, 2004, გვ. 82-88].
ამ „ორიანობის” პირობებში, ბაგრატ VI დასავლეთ საქართველოს საეკლესიო სეპარატიზმის მხარდაჭერით თავისი პირადი უზნეო ინტერესებიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურად მოქმედებდა. ქართული ეკლესიის მთლიანობის დარღვევის და მისი ერთი ნაწილის დამოუკიდებლობის შელახვის დროისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო დავით V (1466_1479). დავით V-ის შემდეგ მცხეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწოდებენ, ხოლო დასავლეთ საქართველოში მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქი იხსენიება, როგორც აფხაზეთის (დასავლეთ-საქართველოს) კათოლიკოსპატრიარქი [ე. კაჭარავა, ქ. ნადირაძე, 2000, გვ. 79_133, თ. ქორიძე, 2000, გვ. 134_172]. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი მეცნიერი საჭიროდ მიიჩნევს გვიან შუა საუკუნეებში მცხეთის ტახტზე აღსაყდრებულ კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწოდოს. ასეთი მიდგომა სხვადასხვა ფაქტორების გამო, შესაძლებელია ჩვენი სიმპათიის გამომწვევი იყოს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ის რეალობას არ ასახავს.
ამგვარად, XV საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში ზოგიერთი ზნედაცემული ქართველი პოლიტიკური წინამძღოლის და უცხოელი მღვდელმთავარის მეოხებით საქართველოს ეკლესიის მთლიანობა დაირღვა და მისი ერთი ნაწილის დამოუკიდებლობა შეილახა, რაც XV საუკუნეში საქართველოს თავს გადამხდარი მორიგი დიდი უბედურება იყო და მისი ერთიანობის მკვიდრი დარღვევის პროცესის გამოვლინებას წარმოადგენდა. შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში მისი, რომელიმე უცხოური საპატრიარქოსადმი რეალური მორჩილების მომენტი არ იკვეთება, თუმცა საქართველოს ეკლესიის მთლიანობა საუკუნეების მანძილზე დარღვეული იყო. ოღონდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საინტერესო ქრონოლოგიურ საზღვრებში და შემდეგაც მთელი გვიან შუა საუკუნეების განმავლობაში, ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით (რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ყველა ქართველი პოლიტიკოსი არ გვყავს მხედველობაში), ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა ეროვნული ცნობიერება (თვითშეგნება) ძირითადად მოწოდების სიმაღლეზე იყო, მკვეთრი დაკნინება არ განუცდია და დასავლეთ საქართველოს საეკლესიო სეპარატიზმი უფრო დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ წინამძღოლთა ნებით არსებობდა, ვიდრე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო მოღვაწეთა სურვილით. როგორც ცნობილია, X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და მაშინ ქვეყნის პოლიტიკურ გამთლიანებას წინ უსწრებდა მისი საეკლესიო გაერთიანება. ამჯერად, შეიძლება ითქვას, საეკლესიო განხეთქილება პოლიტიკური დაშლის შემდეგ მოხდა, რადგან XV საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალური ერთიანობა მას არ ჰქონდა.
საქართველოს ეკლესიის მთლიანობის დარღვევის საქმეში მონაწილეობას ბაგრატ VI-ის ავტორიტეტზე უარყოფითად უნდა ემოქმედა. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული იმ არეულობის წარმოშობა, რასაც საქართველოს ეკლესიის მთლიანობის დარღვევის შემდეგ მალე დასავლეთ საქართველოში ჰქონდა ადგილი. 1475 წელს გარდაიცვალა ოდიშის ერისთავი შამადავლე დადიანი და მისი ადგილი ბაგრატ მეფის ნებით, მისმა ბიძამ ვამეყ II-მ დაიკავა. ვამეყმა ბაგრატ მეფის მორჩილება არ ინება და 1477 წელს იმერეთის რბევას მიჰყო ხელი. ბაგრატ VI თავისი ქვეშევრდომის ურჩობის ამბის შეტყობისთანავე ქართლიდან სასწრაფოდ გაემართა დასავლეთ საქართველოს და მეამბოხე დაამარცხა. ამის შემდეგ ვამეყმა ბაგრატს მორჩილება ფიცით აღუთქვა და ერისთავის პატივში დარჩენა თხოვა. ბაგრატმა ვამეყისგან მორჩილების ფიცი მიიღო და ერისთავის მდგომარეობაშიც დატოვა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 342; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 477_478; ვახუშტი, 1973, გვ. 807; თ. ბერაძე, 1999, გვ. 154; თ. ბერაძე, 2007, გვ. 138].
საქართველოში არსებული გამწვავებული შიდაურთიერთობების ფონზე ჩვენი სამშობლოს მიმართ მავნე საგარეო ფაქტორი ზემოქმედებას განაგრძობდა. 1477 წელს უზუნ-ჰასანმა საქართველოში თავისი მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი ლაშქრობა განახორციელა. უზუნ-ჰასანის განკარგულებაში ამ ლაშქრობისას 35-40 ათასი კაცი იყო. საქართველო ძლიერი მტრის თავდასხმას სათანადო წინააღმდეგობით ვერ შეხვდა. სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მეფე-მთავრები ოსმალების წინააღმდეგ 70 ათასი მეომრის გამოყვანას აპირებდნენ, ქართველებს ამჯერად, რომ ასეთი ძალა უზუნ-ჰასანის წინააღმდეგ გამოეყვანათ, მის დასამარცხებლად სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო. თუმცა უზუნ-ჰასანის ამ ლაშქრობას ორგანიზებული წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვედრია.
ქართული წყაროების ცნობები უზუნ-ჰასანის მეხუთე ლაშქრობის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა მაინც შეიძლება მათში სინამდვილის გარკვეული ანარეკლის დანახვა.
საქართველოში შემოსულ უზუნ-ჰასანის ლაშქარს ორბეთთან წარმატებით შეებრძოლა თავისი ძალებით კონსტანტინე II, მას აქტიურად უჭერდნენ მხარს ბარათაშვილები. თუმცა კონსტანტინემ მალე უზუნ-ჰასანთან შეთანხმების მიღწევაზე აიღო ორიენტაცია და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მასთან საერთო ენა გამონახა: “განზრახვითა წარჩინებულთათა მივიდა კონსტანტინე ბარათიანითურთ და მისცა ციხე ტფილისისა. ხოლო ყეენმა პატივ-სცა დიდად და მიანიჭა ბოძნი დიდ-დიდნი” [ვახუშტი, 1973, გვ. 385].
ბაგრატმა როცა იხილა შექმნილი მდგომარეობა, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებლად სცნო და რაჭას წავიდა. უზუნ-ჰასანმა სამხედროსტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი მუხრანი აირჩია, იქ დაბანაკდა და ქართლის რბევას შეუდგა. ვახუშტი ზოგადად აღნიშნავს, რომ უზუნ-ჰასანმა დაარბია ქართლი და ამასთანავე ცალკე გამოყოფს, რომ მაშინ დარბეული იქნა ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი [ვახუშტი, 1973, გვ. 85, 568]. ეს ტერიტორიები (ხერკი, საგურამო და მარტყოფი) “ტფილისის ტახტს” კახეთის სამეფოსთან ცილობის საგნად ჰქონდა ქცეული და შესაძლებელია კონსტანტინე II-ს რჩევითაც მოქმედებდა უზუნ-ჰასანი, როდესაც იქ რბევას აწყობდა.
კონსტანტინე II-ს ამ ტერიტორიებზე დიდხანს ეჭირა თვალი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. XVI საუკუნის დასაწყისისათვის ჩანს, რომ ხერკი, საგურამო და მარტყოფი კახეთის მეფის სამფლობელოებია [ჯ. გვასალია, თ. თოდრია, 1971, გვ. 33].
უზუნ-ჰასანი ქართლის აოხრების შემდეგ სამცხე-საათაბაგოში შეიჭრა და იქ სასტიკი რბევა მოაწყო [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 478].
ამის შემდეგ უზუნ-ჰასანმა ბაგრატ მეფესთან და ყვარყვარე ათაბაგთან შეთანხმებას მიაღწია, მათგან ერთჯერადი კონტრიბუციის სახით 16 ათასი დუკატი მიიღო, ლორე მისი მიდამოებით და თბილისი თავის განკარგულებაში დაიტოვა, თან მრავალი ტყვე იახლა და საქართველო დატოვა [ბ. ლომინაძე, 1979, გვ. 743].
საქართველოდან წასვლის შემდეგ უზუნ-ჰასანი მალე, 1478 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა. რასაც უკვე მისი მოკავშირე ვენეციის ოსმალებთან დაზავება მოყვა. 1479 წელს ვენეციის რესპუბლიკამ კონსტანტინოპოლში ოსმალებთან დასდო საზავო ხელშეკრულება, სადაც თავი დამარცხებულად გამოაცხადა. ეს იყო დასავლეთისა და საერთოდ, ანტიოსმალური ძალების კიდევ ერთი მარცხი [დ. ნინიძე, 1998გ, გვ. 69].
1478 წელს რაჭას მყოფი ბაგრატ VI გარდაიცვალა. ის საკმაოდ დიდხანს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან თავისი მოღვაწეობა იმერეთის ერისთავობით დაიწყო და ერთიანი საქართველოს მეფობით დაასრულა (მართალია, ბაგრატის საქართველოს მეფედ ყოფნის დროს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბაგრატს მაინც შეიძლება საქართველოს მეფე ეწოდოს), და უნდა აღინიშნოს, რომ ერთთავად თავისი მოქმედებით ქართული სამეფო-სამთავროების ურთიერთდაპირისპირების და ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცების ხელშემწყობის როლში გამოდიოდა. საქართველოს მეფის ტახტზე ბაგრატის, კონსტანტინე მეორესთან თანხმობის, თუ დაპირისპირების პირობებში, მოღვაწეობით შექმნილი მემკვიდრეობა, ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას შეუძლებელს ხდიდა. რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად დაშლილი ქვეყანა ფორმალურადაც რომ დაიშალა.
ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფის ტახტის დაკავებისათვის გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში კონსტანტინე II-მ სხვაზე მეტი მოხერხება გამოიჩინა და “ტფილისის ტახტი” ერთპიროვნულად დაიკავა. ალექსანდრე ბაგრატის ძემ, რაც მამის გარდაცვალების შემდეგ “ტფილისის ტახტი” ვერ დაიკავა, იმერეთში გადავიდა და იქ დაეუფლა ხელისუფლებას. ალექსანდრეს მეფედ კურთხევაც სურდა: “ამისთÂს მოუწოდა დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და გელოვანს. არამედ დადიანმა არღარა ინება მოსლვა. ეგრეთვე გურიელმან და სხუათა” [ვახუშტი, 1973, გვ. 807_808].
კონსტანტინე II-ს ქართლში „ორიანობის” დროინდელ მოვლენებთან უწევს იმჟამად დაპირისპირება. მან 1479 წელს “აღიღო გორი და ყოველნი სხუანი ციხენი, გამოასხნა იმერნი და შეაყენნა მცველნი თვისნი” [ვახუშტი, 1973, გვ. 385_386]. ეს „იმერნი” აღმოსავლეთ საქართველოში ასრულებდნენ მეციხოვნეთა მოვალეობას და ალბათ, ბაგრატ VI-ის მიერ იყვნენ გადაყვანილი იქ.
ამის შემდეგ კონსტანტინე II დასავლეთ საქართველოს მიუბრუნდა, „გამოიყვანნა კავკას-მთიულნი მეფემან და განზრახვითა დადიანისათა და შთავიდა იმერეთს” [ვახუშტი, 1973, გვ. 386]. ამ ძალას ალექსანდრე ვეღარ დაუპირისპირდა და გაცლა ამჯობინა, “ხოლო კოსტანტინე მეფემან დაიპყრა იმერეთი, მოერთო დადიანიცა და მისცეს ციხე ქუთათისისა, რამეთუ არა კეთილ იყო ბაგრატის გამო დადიანი ალექსანდრესი, ვინაიდან დაამდაბლა ბაგრატ დადიანი” [ვახუშტი, 1973, გვ. 808].
ამრიგად, ბაგრატზე განაწყენებული ვამეყ დადიანი კონსტანტინე II-ს, ალექსანდრეს წინააღმდეგ დაპირისპირებაში მხარში ამოუდგა, რაც ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტია. XV საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული ამ დროს პირველად მოხდა, რომ საქართველოს მეფეს, მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომის წინააღმდეგ დაპირისპირებაში მეორე ქვეშევრდომი დაემოკავშირა. აქამდე მოკავშირეობა ერთთავად საქართელოს მეფის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ, ამ შემთხვევაში შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, არსებითად, რაიმე სახის თვისებრივ სიახლესთან არ გვაქვს საქმე, რადგან, ამ ახალი მოკავშირეობის საფუძველი ისევ ძლიერი ცენტრის წინააღმდეგ ბრძოლაა, ისეთი ცენტრის, რომელმაც შეიძლება სეპარატისტულად განწყობილი მმართველის ინტერესებს რაღაც ზიანი მიაყენოს. აქ იგივე პრინციპი მოქმედებს, რომელი პრინციპითაცშეკავშირებული მმართველები გიორგი VIII-ის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა ისეთი ძალა, რომელიც დასავლელ ქართველი მმართველის თვითნებობას და სეპარატიზმს შეზღუდავს მხოლოდ იმერეთშია. თბილისის და ქართლის ფაქტორი უკვე ძალიან შორსაა. დასავლელ ქართველმა მმართველმა იცის, რომ თბილისის სურვილი საქართველოს გაერთიანებისა და ცენტრალიზიციისა რეალურად განხორციელების თვალსაზრისით, ძალიან შორეული პერსპექტივის საგანია და, ფაქტობრივად ამ ეტაპზე მისი განხორციელება გამორიცხულია, ამიტომ ის მისთვის ხილულ ცენტრს ებრძვის, რომელიც შეიძლება მის სეპარატისტულ მიდრეკილებებს რეალურად წინ აღუდგეს. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, თბილისის როლს დასავლელ ქართველი ერისთავისთვის ქუთაისი ასრულებს. ამის გამო ხდება, რომ დადიანი ამ შემთხვევაში კონსტანტინეს მხარს უჭერს, რის გამოც ალექსანდრეს გარკვეული ხნით არ ეძლევა საშუალება რომ იმერეთში მეფობა მიიღოს.
ამასობაში, ვიდრე ალექსანდრე ბაგრატის ძეს იმერეთში მორიგი გამეფების მცდელობა ექნებოდა, 1482 წელს ვამეყ II გარდაიცვალა და მისმა ძმისშვილმა, შამადავლე დადიანის ძემ ლიპარიტ II-მ დაიკავა ოდიშის ერისთავის ადგილი. 1483 წელს კი, გურიაში შეიცვალა ერისთავი. გარდაცვლილი კახაბერის ადგილი მისმა ძემ გიორგიმ დაიჭირა. იმავე 1483 წელს კონსტანტინე II არადეთის ბრძოლაში დაამარცხა ყვარყვარე II ათაბაგმა. ალექსანდრე ბაგრატის ძემ შექმნილი მდგომარეობა თავისთვის ხელსაყრელად მიიჩნია, რაჭა-ლეჩხუმის მხარდაჭერით ქუთაისი დაიკავა და იმერეთში გამეფდა [ვახუშტი, 1973, გვ. 808; ქრონიკები, II, 1897, გვ. 303, 311].
ამ დროს ალექსანდრეს მთავარი დამხმარე რაჭა-არგვეთი იყო. მას ამ რეგიონში 1478_1484 წლებში „პროვინციის მეფის” მდგომარეობაც აქვს მოპოვებული. რაჭაში ალექსანდრეს მამას ბაგრატსაც ძლიერი დასაყრდენი ჰქონდა და სავარაუდოდ, იქ ალექსანდრეს საუფლისწულოს მაგვარი სამფლობელო ექნებოდა, სადაც მისი “გაზრდილ-შეზრდილები” ცხოვრობდნენ [დ. ნინიძე, 1995, გვ. 176].
კონსტანტინე II-ს მრავალი საზრუნავი აწუხებდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ერთხანს ვერ მოიცალა იმერეთისთვის. ხოლო, როცა 1487 წელს ის ჩავიდა იმერეთში, მის დასახმარებლად ლიპარიტ დადიანიც წამოვიდა ოდიშიდან. ალექსანდრე ბაგრატის ძემ კი, ისევ აარიდა თავი კონსტანტინე II-სა და მის დამხმარე ძალასთან დაპირისპირებას და ქუთაისი დატოვა. ალექსანდრე ბაგრატის ძე საკმაოდ შორსმჭვრეტელურად იქცეოდა, როცა კონსტანტინესთან და ოდიშის ერისთავთან საომარ მოქმედებებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, იგი კარგად იყო გათვიცნობიერებული მისი დროის პოლიტიკურ რეალობაში და თავის მომენტს ელოდებოდა, რომელიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო და სულ მალე დადგა კიდეც.
კონსტანტინე II ქუთაისში იყო და არ ჩქარობდა თბილისში დაბრუნებას. მას იმერეთში თავისი ხელისუფლების განმტკიცება და ალექსანდრე ბაგრატის ძის სეპარატიზმის სრულად აღკვეთა ჰქონდა მიზნად დასახული, როდესაც უცხოელი მტრის თავის სამფლობელოში შემოჭრის თაობაზე მიიღო ცნობა: „ქუთათისს მყოფსა მოერთუა მეფესა კონსტანტინეს მოსლვა სპასპეტის ასანბეგისა ყეენისაგან და მოდგომა ტფილისისა მისგან სპითა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 808]. აქ საუბარია იაყუბ ყაენის მეორე შემოსევაზე საქართველოში, რომელიც 1487 წელს განხორციელდა, პირველ შემოსევას კი, 1483 წელს ჰქონდა ადგილი. კონსტანტინე მეფემ როცა შეიტყო იაყუბ ყაენის შემოსევის შესახებ, დასავლეთ საქართველო დატოვა და მტერთან საბრძოლველად გაემართა. „ხოლო ალექსანდრე ეზრახა იმერთა და დადიანსა, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი კუალად, აღიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი, ვინაÁთგან კოსტანტინე მეფე უცალო იყო. მერმე დაეზავა დადიან-გურიელსა. ამით დაიმშÂდა იმერეთი და დაიპყრა უმტკიცესად და დაიმორჩილნა აფხაზნი და სუანნიცა. გარნა არა ეგოდენად, ვითარცა ენება“ [ვახუშტი, 1973, გვ. 809].
ოდიშის ერისთავს კონსტანტინე მეორესთან დროებითი ტაქტიკური კავშირი რომ ჰქონდა, ეს უკვე ამჯერად მკაფიოდ გამოვლინდა. ასეთი დასკვნის საშუალებას ის იძლევა, რომ, თუ დადიანი მიზანმიმართულად უჭერდა მხარს კონსტანტინე მეფეს, ის სწორედ გასაჭირის დროს უნდა ყოფილიყო მეფის გვერდით და მასთან ერთად ბოლომდე ებრძოლა სამშობლოს ინტერესებისათვის. მაგრამ დადიანი ასე არ მოქცეულა, მან ჩათვალა, რომ კონსტანტინე მეფე მისი სეპარატისტული მიზნების მთავარი მოწინააღმდეგის ალექსანდრე ბაგრატის ძის წინააღმდეგ მის დამხმარედ არ გამოდგებოდა და ტაქტიკური მოსაზრებით ალექსანდრე ბაგრატის ძეს დაემორჩილა, თუმცა, არსებითად ეს მორჩილებაც მოჩვენებით ხასიათს ატარებდა. ამჯერად დადიანს და სხვა დასავლელ ქართველ მმართველებს იმერეთის მეფესთან დამოუკიდებელი დაპირისპირება არ შეეძლოთ, შემდეგ კი, როცა მათ ამის შესაძლებლობა ეძლევათ ისინი დიდი მონდომებით ებრძვიან იმერეთის მეფეს და უკვე ძალიან საშიში უცხო ძალის მხარდაჭერასაც არ თაკილობენ.
დასავლეთ საქართველოში წარმოქმნილი წინააღმდეგობების პარარელურად კონსტანტინე მეფეს სამცხის ათაბაგის სეპარატიზმთან უწევდა დაპირისპირება. პირველ რიგში, კონსტანტინე მეფის სამცხე საათაბაგოსთან ურთიერთობაში ჩვენს ყურადღებას იქცევს არადეთის ბრძოლა. საინტერესოა ქართულ წყაროთა დამოკიდებულება არადეთის ბრძოლის მიმართ, ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, რომ არც „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ ტექსტში და არც ვახუშტის „აღწერაში“ კონსტანტინე მეფე არადეთთან მომხდარ ბრძოლაში მონაწილედ არ იხსენიება, ხოლო „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში თითქმის არ ჩანს ყვარყვარე ათაბაგის მონაწილეობა ამ ბრძოლაში და ეს იმ დროს, როცა ყველა კინკლოსი გარკვევით აღნიშნავს, რომ არადეთთან კონსტანტინე მეფე და ყვარყვარე შეიბნენ [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 359, 361, 363]. ისე კი, 1483 წლის მითითებით აღნიშნავს ვახუშტი, რომ ბრძოლა შედგა კონსტანტინე მეფესა და ყვარყვარეს შორის, ოღონდ არ აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა არადეთს მოხდა [ვახუშტი, 1973, გვ. 386, 707]. ეს ყვარყვარე ვახუშტის მიხედვით, სამცხის ცნობილი ათაბაგი ყვარყვარე II არ არის, რომელიც ვახუშტის 1466 წელს გარდაცვლილად მიაჩნია. ვახუშტის აზრით, ამ დროს ათაბაგი მანუჩარია და მისი ნათესავია (ბიძის ძის ძე) ის ყვარყვარე, რომელიც 1483 წელს კონსტანტინე II-ს ებრძვის. ამასთან ვახუშტი იქ, სადაც XV საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს, არადეთის გორაზე მომხდარი ბრძოლის შესახებ საუბრობს [ვახუშტი, 1973, გვ. 709]. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის ცნობები არადეთის ბრძოლის შესახებ წინააღმდეგობრივია, მაინც შეიძლება მის თხზულებაში ამ ბრძოლის მიმართ სიმართლის მარცვლის პოვნა. ასევე წინააღმდეგობრივია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია არადეთის ბრძოლის შესახებ თხრობა, რომელიც „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ და მესამე ტექსტებში გვხვდება. არადეთის ბრძოლის მიმართ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მისი თარიღი 1483 წელია და ეს ბრძოლა კონსტანტინე მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის შედგა. ამ საკითხთა მიმართ ქართული ისტორიოგრაფია თანხმობას ავლენს. რაც შეეხება ბრძოლის მიზეზს, ჩვენ გვინდა დავუშვათ ვარაუდი, რომ შესაძლებელია არადეთის ბრძოლის მიზეზი იმ სადავო ტერიტორიებს უკავშირდებოდეს, რომელიც კონსტანტინე II-ს ჯერ კიდევ XV საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან უნდა ჰქონოდა სამცხის სამთავროსთან და რის შესახებ ცნობები მოიპოვება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში. მართალია, ვახუშტის ამ ცნობების სანდოობას ერთგვარად ჩრდილს აყენებს ის, რომ ამ პერიოდის სამცხის სამთავროს ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი ვახუშტის მართებულად არ აქვს მოაზრებული (ვახუშტის მთავარი შეცდომა ამ შემთხვევაში ის არის, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ყვარყვარე II 1466 წელს გარდაცვლილად მიაჩნია და მისი აზრით, 1466_1475 წლებში სამცხის ათაბაგია ბაადური და 1475_1487 წლებში მანუჩარი [ვახუშტი, 1973, გვ. 705_708]), თუმცა ამის გამო მისი ერთიანად უარყოფა მთლად გამართლებული არ უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1469 წელს კონსტანტინე II-ისა და ბაგრატ VI-ის ურთიერთობაში „ორიანობა“ იწყება. ვახუშტის მიხედვით, კონსტანტინემ მაშინ მეფედ კურთხევა მოინდომა და მან მეფედ კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად სხვებთან ერთად სამცხიდანაც მოიწვია წარმომადგენლები. ამ დროს კონსტანტინესთან სამცხის ათაბაგი არ გამოცხადდა, სამცხის ეპისკოპოსებს კი, წასვლა ვეღარ დაუშალა, რადგან ისინი საქართველოს კათოლიკოსის კურთხევის ქვეშ იყვნენ და მისი სასჯელის ეშინოდათ. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეპისკოპოსებთან ერთად კონსტანტინესთან წავიდნენ „ვიეთნიმე მესხნიცა მტკურის აღმოსავლეთისანი“ [ვახუშტი, 1973, გვ. 706]. ძირითადად სწორედ ამ არეალში _ სამცხისა და ქართლის მოსაზღვრე მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე გარკვეული ტერიტორიებისათვის უნდა ჰქონოდა კონსტანტინეს ხანგრძლივი დაპირისპირება სამცხე-საათაბაგოსთან და სწორედ ამ დროიდან ვახუშტის მიხედვით, კონსტანტინე „არ უტევებდა“ კახეთს „პყრობად ხერკს, საგურამოს, მარტყოფს და იმერთა ლიხის მთის კერძოთა, და ათაბაგსა მტკურის აღმოსავლეთსა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 383]. ამის შემდეგ 1477 წელს, როცა საქართველოში უზუნ-ჰასანი ლაშქრობს, შექმნილი არეულობით სარგებლობს ვახუშტის მიხედვით, სამცხის ათაბაგი და მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე სადავო ტერიტორიებს იკავებს [ვახუშტი, 1973, გვ. 706_707].
უზუნ-ჰასანის საქართველოდან წასვლის შემდეგ 1477_1478 წლებში კონსტანტინე II და სამცხის მმართველი სახლის წარმომადგენელი ყვარყვარე II-ის ძე მზეჭაბუკი თეთრბატკნიანთა სახელმწიფოში ერთად იმყოფებოდნენ და შემდეგ საქართველოშიც ერთად დაბრუნდნენ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 479; დ. გვრიტიშვილი, 1965, გვ. 162_163]. რაც, თუ კონსტანტინესა და სამცხის წინამძოლთა ხანგრძლივი დაპირისპირების ვარაუდს დავუშვებთ, ერთი შეხედვით, გასაკვირად გამოიყურება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დროებითი ტაქტიკური კავშირი იყო და როდესაც კონსტანტინემ „ტფილისის ტახტზე“ თავისი პოზიციები განიმტკიცა, იგი ადვილად დაირღვა. იმ დროს ასეთი სახის დროებითი ტაქტიკური კავშირები ადვილად ყალიბდებოდა და შემდეგ ასევე ადვილად ირღვეოდა ხოლმე.
შემდეგ უკვე კონსტანტინემ „ტფილისის ტახტი“ ერთპიროვნულად დაიკავა, მრავალი სხვადასხვა საზრუნავი აწუხებდა და სამცხე საათაბაგოსათვის ერთხანს ვერ მოიცალა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მიუბრუნდა. 1481 წელს, როგორც ვახუშტი გადმოგვცემს კონსტანტინემ დასავლეთ საქართველოდან ვამეყ დადიანი ჩამოიყვანა თავისი ჯარით, ასევე იმერეთიდან მეომრები დაიხმარა და თავის სამფლობელოში თავს დაესხა ათაბაგს, რომელიც მეფეს წინ ვეღარ აღუდგა და „კოსტანტინემ მიუხუნა კუალად მტკურის აღმოსავლეთისანი სრულიად და უკუნიქცა ქართლსავე“ [ვახუშტი, 1973, გვ. 707].
1481 წელს კონსტანტინეს სამცხეში განხორციელებული ლაშქრობის თაობაზე ვახუშტი თავისი თხზულების სხვა ნაწილშიც საუბრობს და აღნიშნავს რომ სამცხის მესვეურთ “მიუხუნა მეფემან სამცხე არსიანს აქათი” [ვახუშტი, 1973, გვ. 386]. ვახუშტი ამ შემთხვევაში კონსტანტინეს მიერ საკუთრივ სამცხის და ჯავახეთის დაკავებას გულისხმობს [თ. ბერაძე, 2007, გვ. 138].
1482 წელს ვამეყ დადიანი გარდაიცვალა და დასავლეთ საქართველოში ისევ დაწყო არეულობა. ამის მხილველმა ათაბაგმა კიდევ ერთხელ დაიკავა მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე სადავო ტერიტორიები. ვახუშტის მიხედვით, კონსტანტინემ ამის საპასუხოდ 1483 წელს სამცხეს ლაშქრობა მოაწყო და იქ ის დამარცხდა [ვახუშტი, 1973, გვ. 386, 707]. აქამდე ვახუშტის ცნობებს ვენდობოდით და მისი მიხედვით ვცდილობდით კონსტანტინესა და სამცხის ურთიერთობის სურათის აღდგენას, თუმცა, ამ შემთხვევაში გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტის ცნობა, იმის შესახებ, რომ 1483 წელს კონსტანტინემ სამცხეში ლაშქრობა მოაწყო და იქ ის დამარცხდა სიმართლეს არ შეესაბამება. 1483 წელს, რასაკვირველია ბრძოლა შედგა კონსტანტინესა და სამცხის წინამძღოლთა შორის, მაგრამ, ის სამცხეში არ ყოფილა. ჩვენი აზრით, სამცხის ათაბაგი იმას არ დაელოდა, თუ როდის მოაწყობდა კონსტანტინე სამცხეზე ლაშქრობას, რათა იქ სადავო ტერიტორიებზე თავისი ძალაუფლება კიდევ ერთხელ გაევრცელებინა, ქართლის ტერიტორიაზე თავად გადავიდა ლაშქრით და ახლა უკვე შეიძლება „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი დავიმოწმოთ, სადაც არის მოცემული იმ ლაშქრობის აღწერილობა, რომლის მოწყობის საშუალება ყვარყვარე II-ს კონსტანტინეს საბრძანებელში ჰქონდა და ამასთანავე, ყვარყვარე II მაშინ კახეთსაც ეწვია. ყვარყვარემ „გარდმოვლო ფარავანი და ჩამოვლო დმანისი, უმასპინძლეს ორბელიანთა და წარვიდა, ჩამოვლო ხუნანი, განვიდა მტკუარსა და მივიდა არეშს... და შემოვლო კახეთი, და შემოიარა ყარაიაზედა, შევლო მცხეთაზედა და მივიდა შიდა ქართლსა“ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 346]. არადეთი შიდა ქართლში მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს იმ გზაზე, რომელიც ქართლიდან, გორიდან რუისით და საღოლაშენ-არადეთ-მოხის-ვაყით ბორჯომის ხეობაში მიდის [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 360_361].
ყვარყვარე II-ის ლაშქრობის მარშრუტი ჯაყელების ციციშვილების მიმართ არსებული ძველი შუღლის გავლენითაც იყო აგებული, რადგანაც ციციშვილების მამულზე შევიდა გრძელი რეიდის შემდეგ ყვარყვარე ათაბაგი. მას თუ მხოლოდ სამცხეში დაბრუნება უნდოდა, უფრო მოკლე იმ გზით წავიდოდა, რომლითაც იქ მივიდა [ს. ხოსიტაშვილი, 1972, გვ. 167_168].
არადეთის ბრძოლა კონსტანტინე მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის 1483 წელს აგვისტოს თვეში შედგა. ამ ბრძოლის კონკრეტულ თარიღად „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი ასახელებს 1483 წლის 13 აგვისტოს [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 481], “პარიზის ქრონიკა” 1483 წლის 16 აგვისტოს [ცხოვრება საქართველოსა, 1980, გვ. 39], „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი 1484 წლის 12 აგვისტოს [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 347]. არადეთის ბრძოლაში კონსტანტინე მეფე დამარცხდა. იქ „ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლის მსგავსი არა სადა სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი მეფისანი“ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 481].
ამრიგად, 1483 წელს აგვისტოს თვეში მომხდარი არადეთის ბრძოლა კონსტანტინე მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის სადავო ტერიტორიების საფუძველზე აღმოცენებულ დაპირისპირებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამ დაპირისპირებას არადეთის ბრძოლის დროისათვის თითქმის თხუთმეტწლოვანი ისტორია უნდა ჰქონოდა და საბოლოოდ ის, ისევე როგორც საქართველოში არსებული ყველა სადავო საკითხი, რომელშიც მონაწილეობდა ყვარყვარე II, მის სასარგებლოდ აღმოჩნდა გადაჭრილი. ამასთანავე, არადეთის ბრძოლის შემდეგ სამცხე-საათაბაგომ „ტფილისის ტახტიდან“, შეიძლება ითქვას, რომ სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მოიპოვა.
1487 წელს, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში თეთრბატკნიანთა მბრძანებელმა იაყუბ-ყაენმა ლაშქრობა მოაწყო. გართულებული შიდაურთიერთობების ფონზე მარტო დარჩენილმა კონსტანტინე მეფემ მტრის შემოტევის მოგერიება ვერ შეძლო. თბილისი, რომელიც უზუნ-ჰასანის გარდაცვალების (1478) შემდეგ ქართველებმა თეთრბატკნიანებისაგან მალე დაიბრუნეს, ამჯერად ისევ თეთრბატკნიანებმა დაიკავეს. თუმცა მტერმა ვერც ახლა შეძლო თბილისის დიდხანს შენარჩუნება, კონსტანტინემ თბილისი მალე გაათავისუფლა [თ. ბერაძე, მ. სანაძე, 2003, გვ. 222]. ეს იყო კონსტანტინე II-ის საქართველოს მეფის რანგში მოღვაწეობის ფარგლებში გამოვლენილი უკანასკნელი წარმატება, თუმცა უკანასკნელთან ერთად ამ წარმატებას შეიძლება პირველიც ეწოდოს, რადგან აქამდე კონსტანტინეს მოღვაწეობას ერთთავად წარუმატებლობანი სდევდა თან.
ამასობაში ალექსანდრე ბაგრატის ძე იმერეთში აქტიურობდა და თავის პოზიციებს აძლიერებდა. თუმცა, ვიდრე იგი სრულად დაეუფლებოდა იმერეთში ხელისუფლებას, XV საუკუნის 90-იან წლებამდე იქ დასტურდება კონსტანტინე II-ის ძის დავითის (მომავალი ქართლის მეფე დავით X) „პროვინციის მეფობა“ [დ. ნინიძე, 1995, გვ. 172, 195]. ეს არის უკანასკნელი გამოვლინება მოვლენისა, რომელიც XIV_XV საუკუნეებში დასტურდება, როცა „ტფილისის ტახტი“ ქვეყნის მთლიანობის ერთ-ერთი ბურჯის დასავლეთ საქართველოს („ლიხთიქითის“) ერთიან სამეფოში შენარჩუნებისა და შემომტკიცების მიზნით, მის ცენტრში _ ქუთაისსა და „ქუთათისის ქვეყანაში“ („სამოქალაქო“) სპეციალური სტატუსის მქონე ბატონიშვილებს დედაქალაქიდან აგზავნის ხოლმე. ეს ხდება წინასწარ შემუშავებული ზოგად-ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ხდებოდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს არსებობის პერიოდში, როცა ქუთაისის სამეფო კარი IX საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, შიდა ქართლში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლად-განმგებლად, ერისთავად, თუ მეფის ნაცვლად (“ქართლის უფალი“) სწორედ ტახტის მემკვიდრე უფლისწულებს ნიშნავდა [გ. გაბუნია, 1996, გვ. 57].
იმ რთულმა სიტუაციამ, რომელიც XV საუკუნის ბოლოს საქართველოში შეიქმნა, ამ მოვლენას თავისი მნიშვნელობა დაუკარგა და ახლა „ტფილისის ტახტი“ სპეციალური სტატუსის მქონე ბატონიშვილების ქუთაისსა და “ქუთათისის ქვეყანაში“ გაგზავნით ვერანაირ შემომტკიცებას ვერ ანხორციელებს.
კონსტანტინე მეფეს 1478 წლიდან „ტფილისის ტახტის“ ერთპიროვნულად დაკავების დროიდან მუდმივად სხვადასხვა ბრძოლაში უწევდა მონაწილეობა. ქვეყნის დაშლის მიმდინარე პროცესის ფონზე, ქართული სამეფო-სამთავროების გართულებული შიდაპოლიტიკური ურთიერთობებით გამოწვეულ პრობლემებს, საგარეო მტრის აქტიურობა ემატებოდა. კონსტანტინე მეფეს მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან გამკლავება ძალიან უჭირდა და როგორც ჩანს, მან შექმნილ მდგომარეობასთან შეგუება გადაწყვიტა.
კონსტანტინე II-მ 1490 წელს დარბაზის სხდომა მოიწვია. „შემოიკრიბნა კათალიკოზი (ევაგრე. დაახლ. 1488_1492; 1500/1503), ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თვისნი და განიზრახვიდა, თუ რა ჰყონ განდგომილებისათვის ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობასავე თვისსა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 390] მეფემ დარბაზის სხდომის მონაწილეთაგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი რამ მოისმინა: „ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განგიზრახავთ ბრძოლასა; რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 390]. როგორც დ. გვრიტიშვილი აღნიშნავს: „ის რაც უკვე ფაქტიურად მომხდარი იყო, დარბაზმა იურიდიულად გააფორმა, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა დაადასტურა“ [დ. გვრიტიშვილი, 1975, გვ. 145_146]. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ, შეიძლება ითქვას, დარბაზმა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარების მთავარი ხაზისათვის დამახასიათებელი ძირითადი მომენტი შესანაშნავად გამოხატა, როცა მიუთითა, რომ ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგენი შესაძლოა, საქართველოს მეფის და „ტფილისის ტახტის“ გააქტიურების დროს გაერთიანდნენ და ასეთ ძალას საქართველოს მეფე და „ტფილისის ტახტი“ ვერ დაძლევს. ამ შემთხვევაში დარბაზი უახლოესი წარსულის გათვალისწინებით მსჯელობდა და მუდმივი დამარცხებების გამო შექმნილ რეალობას ურიგდებოდა. რაც შეეხება დარბაზის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საჭირო იყო ლოდინის ტაქტიკით მოქმედება, რეალურად, ამ ტაქტიკას ეფექტი ძნელად თუ ექნებოდა, რადგან დროის გასვლასთან ერთად მავნე საგარეო ფაქტორის მნიშვნელობა იზრდებოდა, რა დროსაც ქვეყნის დაშლის პროცესი ღრმავდებოდა და „ტფილისის ტახტისათვის“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა.
დარბაზის სხდომის შემდეგ მალე ქართველმა მეფეებმა და სამცხე-საათაბაგოს მთავარმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას და თავიანთ სამფლობელოებს შორის საზღვრები დააწესეს [ვახუშტი, 1973, გვ. 390; ბ. ლომინაძე, 1979, გვ. 750].
ალექსანდრე II-ის იმერეთში გამეფებით, დარბაზის გადაწყვეტილებით, ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის დადებული ზავით და საზღვრების დაკანონებით, საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის საფუძველი მთლიანად გამოეცალა. მართალია, ამ დრომდეც იყვნენ „ტფილისის ტახტს“ კახეთის სამეფო და სამცხის სამთავრო ჩამოცილებული, თუმცა ისტორიული ქართლი და იმერეთი ასე თუ ისე ერთიანობას ინარჩუნებდნენ, და თუ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მთელს ისტორიულ თავგადასავალს, საერთო-ქართული ცივილიზაციისა და ეროვნული ცნობიერების წარმოშობა-განვითარების მთლიან პროცესს ჭეშმარიტი ისტორიზმის უნივერსალური პრინციპების თვალთახედვიდან ერთს მთლიანობაში, თუნდაც რეტროსპექტულად გავიაზრებთ და შევაფასებთ, აშკარად „აღმოვაჩენთ“ „საერთო-ქართული ისტორიის“ შემდეგ უზოგადეს კანონზომიერებას, რომ „შიდა ქართლის“ და „შიდა ეგრისის“ (ისტორიული ქართლის და იმერეთის) ერთი, რომელიმე ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანება, თუ ამ სახელმწიფოს შემადგენლობიდან ამათგან, რომელიმე ერთ-ერთის განდგომა გამოხატავს უპირველესად საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანებას თუ დაშლას [გ. გაბუნია, 1996, გვ. 109_110]. ამჯერად „ტფილისის ტახტიდან“ იმერეთის და მთელი დასავლეთ საქართველოს განდგომით, საქართველოს ერთიანობის გამომხატველი ისტორიული ბირთვი დანაწევრდა, რაც უკვე, შეიძლება ითქვას, ერთიანი ქართული სახელმწიფოს მკვიდრი დაშლის მაუწყებელი იყო.
ამრიგად, 1490 წლიდან ერთიანი ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ამ დროიდან მანამდე არსებულმა ქართულმა სამეფო-სამთავროებმა ერთგვარი აღიარება მიიღეს და ამასთანავე, მაშინ საქართველოში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ერთეული ქართლის სამეფოს სახით. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ის აზრი განვავითაროთ, რომ ქართლის სამეფო ტიპიურ განკერძოებისაკენ მიდრეკილ ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად იქცა და მისი წინამძღოლები მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის იბრძოდნენ, როგორი აქტივობითაც უმეტესად (მაგრამ, არა ყოველთვის) დაკავებული იყვნენ სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლები. ქართლის სამეფო სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოში. ჩვენთვის საინტერესო ქრონოლოგიურ საზღვრებში (და პრაქტიკულად შემდეგაც) არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართლის სამეფო უცხო ძალის ნებით, რომელიმე ქართული სამეფო-სამთავროს წინააღმდეგ სამხედრო ძალით გამოსულიყო, პირიქით კი, არაერთხელ მოხდა. ამავე დროს, სხვა ქართული სამეფო-სამთავროებისგან განსხვავებით, ქართლის სამეფოს არცერთი უცხო ძალისთვის ბოლომდე ქედი არ მოუხრია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართლის სამეფოს მუდმივად ჰქონდა საქართველოს გაერთიანების სავსებით სამართლიანი პრეტენზია. ეს მომენტი განსაკუთრებით გამოვლინდა ქართლის მეფეების ლუარსაბ I-ის (1527_1556) და სიმონI-ის (1556_1569, 1578_1600) მოღვაწეობაში. თუმცა, არსებული სასტიკი რეალობის გამო ქვეყნის გამაერთიანებელი ბრძოლის გავრცობა და ბოლომდე წარმატებით მიყვანა მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
ალექსანდრე ბაგრატის ძე, როგორც აღვნიშნეთ, როდესაც იმერეთში გამეფებისათვის იბრძოდა აქტიურად სარგებლობდა რაჭა-არგვეთის დახმარებით და შემდეგ უკვე იქაური თავადები, ბუნებრივია, რომ ალექსანდრეს კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. ამიტომაც იყო, რომ როცა მათ სვანეთის ერთი ნაწილის მცხოვრებლებთან კონფლიქტი მოუხდათ, იმერთა მეფემ მათი მხარე დაიჭირა. ამ კონფლიქტის შესახებ ჩვენამდე ერთი საყურადღებო საბუთია მოღწეული, რომელიც თარიღდება 1503 წლით და ეწოდება „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე“ [სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, 1986, გვ. 112_116]. ამ საბუთიდან ჩანს, რომ ეს კონფლიქტი XV საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დაახლოებით შვიდი წელი გაგრძელდა. ეს საბუთი კონფლიქტის დასრულების შემდეგ მალე უნდა იყოს შედგენილი და გვატყობინებს, რომ „სრულიად ეცერს აქეთ, რაც სუანეთი არის“ (ბალს ზემო სვანეთი) შვიდი წლის განმავლობაში ბარს იყო მოწყვეტილი. სვანეთის ამ ნაწილს რაჭა-არგვეთის თავადებმა სარგის ჯაფარიძის მეთაურობით შეუკრეს გზა, რის გამოც ბარსმოწყვეტილი სვანები სასტიკ გაჭირვებაში ჩავარდნილან [სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, 1986, გვ. 113]. ამ ვითარებაში ბარსმოწყვეტილ სვანებს მცდელობა ჰქონდათ ეკონომიკური კავშირი დაემყარებინათ საქართველოს სხვა მხარეებთან. ისინი სავაჭროდ ლეჩხუმს ჩამოსულან, ერთ ნაწილს კახეთს სურდა თურმე “საჯამაგიროდ” წასვლა, მაგრამ ეს განაზრახი საბოლოოდ მათი რბევა-აწიოკებით დასრულებულა. ამის შემდეგ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეული სვანები ეცერის დადეშქელიანებთან და რუჩეგიანებთან მივიდნენ და ოდიშის ერისთავთან შუამავლობა თხოვეს, რათა მას ალექსანდრე იმერთა მეფესთან შუამდგომლობა გაეწია კონფლიქტის დასასრულებლად. დადიანი მართლაც ჩაერთო ამ საქმეში. იმერთა მეფესთან ჭყონდიდელი გაგზავნა და საქმის გადაწყვეტაში დახმარება თხოვა. ალექსანდრე მეფემ ამის საპასუხოდ ასეთი რამ განაცხადა: “მეფეთა მეფესა პატრონსა ალექსანდრეს, თუ ჯაფარიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო. თუ ჯაფარიძის სისხლს გარდიხდიანო, სუანთ გზას მივცემო, და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძეს საქმეს არ გარდავწყუეტო” [სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, 1986, გვ. 113_114]. საბოლოოდ ჩვენი წინაპრების მიერ გამოყენებულმა სახალხო დიპლომატიამ დადებითი შედეგი გამოიღო და კონფლიქტი შეთანხმებით დასრულდა. ბლოკადაში მოქცეული სვანები გეგუთს ჩამოვიდნენ, იქ დადიანიც მივიდა და მოილაპარაკეს, რომ სვანებს ჯაფარიძეთა სისხლში უნდა მიეცათ: “გლოლას ზედათ, ცენას იქით, ოსეთს აქათ სრულად მთიულეთის თემი”. ამასთანავე, სვანებს გადასახადების გადახდაც დაეკისრათ, სამაგიეროდ სვანებისთვის გზა უნდა გახსნილიყო და ჯაფარიძეებსაც ემართათ სვანების სისხლი და მიიღეს კიდეც მათგან სვანებმა: “ლაშხეთის სოფელი და ციხე, ხერიას ცხრა კუამლი კაცი” [სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, 1986, გვ.114]. ლაშხეთის ბალს ზემო სვანეთზე გადაცემა ერთობ მნიშვნელოვანი ცნობაა. ლაშხეთი ქვემო სვანეთის უკიდურეს თემს წარმოადგენს და სოფელი ხერია ამ თემში შედის, რადგან ბალს ზემო სვანეთი სისხლში ამ სოფელს იღებს ჯაფარიძეებიდან, რომლებიც ამ შემთხვევაში სამეფო ხელისუფლების სახელით გამოდიან, ცხადია, რომ ქვემო სვანეთი უკვე ცალკეა გამოყოფილი და უშუალოდ იმერეთის სამეფოში შედის, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გადასახადის თავის ნებით დამდებთა შორის ქვემო სვანეთის არც ერთი თემი არ გვხვდება [თ. ბერაძე, გ. ცქიტიშვილი, 1971, გვ. 41_42].
ამრიგად, სამეფო-სამთავროების გართულებული შიდაურთიერთობების ფონზე ახლა უკვე თავად ერთი პოლიტიკური ერთეულის ფარგლებში ხდება სერიოზული დაპირისპირება. ის, რომ ოდიშის ერისთავმა გარკვეულწილად იმერეთის მეფესთან და მის მომხრე თავადებთან დაპირისპირებული სვანების მხარე დაიჭირა არ იყო შემთხვევითი. ის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა, რათა თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც დოზით იმერეთის მეფის წინააღმდეგ არ ემოქმედა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ობიექტურად იმჟამად ოდიშის ერისთავის მოქმედება სამშობლოს ინტერესებს პასუხობდა, რადგან ამ კონფლიქტში სიმართლე იმერეთის მეფის და მისი მომხრეების მხარეს არ ყოფილა.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლამ დაასრულა ის ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომელსაც ასე თუ ისე ამ დრომდე ატარებდნენ საქართველოს პოლიტიკური მესვეურები. სხვადასხვა სამეფო-სამთავროს მხრიდან სხვადასხვაგვარი საგარეო პოლიტიკური კურსის წარმოების მცდელობა ჩნდება. კახეთის სამეფო XV საუკუნის ბოლოს მოსკოვის სახელმწიფოსთან ცდილობს კავშირის დამყარებას, ხოლო ქართლის სამეფო დასავლეთ ევროპაში ეძებს თავის მოკავშირეს.
1483 და 1491 წლებში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა (1476_1511) ორი ელჩობა გააგზავნა რუსეთს. ამ დიპლომატიურ მისიებს ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და სხვა სახის რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლია.
XV საუკუნის ბოლოს კახეთის წინამძღოლთა მხრიდან გამოვლენილი მცდელობა, რომ მოსკოვის სახელმწიფოსთან დაამყარონ კავშირი ისტორიკოსთა (და არამარტო ისტორიკოსთა) განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. არაერთი ისტორიკოსი XV საუკუნის ბოლოს კახეთიდან მოსკოვში ელჩების გაგზავნაში ამ ქართული პოლიტიკური ერთეულის წინამძღოლთა მხრიდან პრორუსული ორიენტაციის გამოვლინებას ხედავს და ამ ორიენტაციას ამართლებს კიდეც. საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის საქართველოში ბატონობის პირობებში სხვაგვარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმა შეუძლებელი იყო, თუმცა ასეთი პოზიცია ჩვენი თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მოღვაწე ისტორიკოსთა შორისაც გვხვდება.
ჩვენი აზრით, ცოტა რთულია XV საუკუნის ბოლოს მოღვაწე კახეთის სამეფოს პოლიტიკურ მესვეურებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში ელჩობები გაგზავნეს, ცალსახად პრორუსული ორიენტაციის მქონენი ვუწოდოთ, და თუ XV საუკუნის ბოლოს კახეთში ან საქართველოს სხვა რომელიმე ნაწილში პრორუსული ორიენტაცია ნამდვილად არსებობდა ის გამართლებას არ იმსახურებს. რეალურად, მოსკოვის სახელმწიფო, რომელსაც ამ დროს პერმანენტული დაპყრობა-გაფართოების პროცესი უკვე დაწყებული ჰქონდა, ისეთივე და შეიძლება უარესი მიზნების ყოფილიყო საქართველოს მიმართ, როგორ მიზნებსაც ჩვენს მიმართ სამხრეთელი მეზობლები ისახავდნენ, და თუ რუსები სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო, შეიძლებოდა ჩვენი კეთილგანწყობის გამომწვევი ყოფილიყვნენ, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ისინი მაინც დამპყრობლები და მოყვრულად მოსული მტრები იყვნენ და როგორც ჩვენი დიდი წინაპარი იტყოდა: ”მოყვარე-მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია”.
კახეთის მეფის შემდეგ თავისი ძალები საგარეო ფრონტზე ქართლის მეფემაც მოსინჯა. კონსტანტინე II-მ ჯერ 1493_1494 წლებში ეგვიპტეში გაგზავნა უშედეგოდ ელჩობა ოსმალთა საწინააღმდეგოდ დახმარების მიღების განზრახვით, შემდეგ კი, 1495 წელს ესპანეთის დედოფალს წერილით მიმართა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, ამასთანავე, ქართლის მეფეს მაშინ რომის პაპის კეთილგანწყობის მოპოვებაც სურდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე II-მ ესპანეთის დედოფალს თავი სრულიად საქართველოს მეფედ მოაჩვენა, რაც მის წერილში მითითებულ ტიტულატურაში გამოსჭვივის: ”ღვთისა ჩვენისა ქრისტეს ერთგული თვითმპყრობელი მეფე კონსტანტინე პანკრატოვანი, მეფე სრულიად ივერთა ქვეყნისა, ჯიქთა და მეგრელთა, აფხაზთა, იმერთა და სომეხთა, ქართველთა და ტურბანთა” [ი. ცინცაძე, 1966, გვ.71]. ესპანეთში იცოდნენ, რომ კონსტანტინე II სრულიად საქართველოს მფლობელი არ იყო და არ უწოდებდნენ სრულიად საქართველოს მეფეს, არამედ: “ქართველთა საუკეთესო უღირსეულეს იმპერატორს”, ე.ი. ქართველთა შორის უკეთეს და უფრო ღირსეულ მეფეს [ე. ხინთიბიძე, 1986, გვ. 149]. მნიშვნელოვანია, რომ იმ ბრძოლაში, რომლის გამართვაც ოსმალების წინააღმდეგ ივარაუდებოდა, კონსტანტინე მეფეს თავისი შვილის გარდა არცერთი სხვა მეფე-მთავართაგანი მოკავშირედ, ან ლაშქრობის მოსალოდნელ მონაწილედ მაინც არ დაუსახელებია [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 382]. კონსტანტინე II-ს მცდელობას, რომ დასავლეთ ევროპაში ეპოვნა მოკავშირე ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ამრიგად, XV საუკუნის ბოლოს ქართული სამეფო-სამთავროები ვერ ახერხებენ შორეული და აქტიური საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად იძულებული არიან ერთმანეთთან ურთიერთობებით შემოიფარგლონ, რა დროსაც მათი პოლიტიკური აქტივობა საერთო-ქართული ინტერესების ადეკვატურად არ ვლინდება, ამ ურთიერთობებში ძირითადად ურთიერთშუღლი ფიგურირებს.
XV საუკუნის ბოლოს კახეთში კონფლიქტია ალექსანდრე კახთა მეფესა და მის ძმას ვახტანგს შორის. არადეთის ბრძოლის (1483) შემდეგ ახლო ხანებში, ვახტანგი ქართლის გარკვეულ რეგიონში, კერძოდ, არაგვის ხეობაში გახდა „პროვინციის მეფე”. თუმცა ეს “მეფობა” მცირე ხანს გაგრძელდა და ამჯერად მას კახეთში სურს „პროვინციის მეფის” მდგომარეობის მოპოვება რის გამოც აქვს ალექსანდრე კახთა მეფესთან კონფლიქტი. ამის შესახებ ცნობები მხოლოდ „ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტში მოიპოვება, სადაც ეს კონფლიქტი 1495_1500 წლებით არის დათარიღებული და შეცდომით კახეთის იმჟამინდელ მეფედ ვახტანგია მიჩნეული: „კახეთის მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს. მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს (უნდა აღინიშნოს, რომ 1495_1500 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დოროთეოსი არ იყო. ამ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები იყვნენ აბრაამ II აბალაკი (1492_1497 წწ.) და ეფრემ I (1497_1503 წწ.) დოროთეოსის სახელის მქონე (დოროთეოზ II) საეკლესიო მოღვაწე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1503_1505; 1511_1516 წლებში) შუა ჩამოუვიდნენ, და შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე“ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 486].
ვახტანგმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, კახეთში ხელისუფლება ვერ მოიპოვა და შემდეგ საბოლოოდ მისი პაპის ყვარყვარე II-ის სამფლობელოში მესხეთში უნდა წასულიყო [დ. ნინიძე, 1995, გვ. 161]. ამ შემთხვევაში, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართლის მეფის და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისია, რომლებმაც „ტფილისის ტახტიდან” განდგომილ სამეფოში საკმაოდ სერიოზული კონფლიქტის მოგვარება შეძლეს. ჩვენი აზრით, ამ საქმეში იმდენად მნიშვნელოვანი კონსტანტინე II-ის წვლილი არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის.
გიორგი VIII-მ კახეთში დამკვიდრების შემდეგ თავის ახლადშექმნილ სამეფოში საელესიო წყობილება ნაწილობრივ შეცვალა. Mმან ალავერდის მონასტრის წინამძღვარს მთავარეპისკოპოსის ტიტული მიანიჭა და ის კახეთის სამეფოს ეკლესიის მეთაურად აქცია. ამით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელისუფლება კახეთის სამეფოში ნაწილობრივ შეიზღუდა. ამის შემდეგ ალავერდის მთავარეპისკოპოსს კახეთის მეფე ნიშნავდა და მცხეთაში მყოფი კათოლიკოს-პატრიარქი ამტკიცებდა [თ. ბერაძე, მ. სანაძე, 2003, გვ. 233]. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ნაწილობრივ შეზღუდული ხელისუფლების ფონზე არსებულ ავტორიტეტსაც უნდა ემოქმედა კახეთის სამეფოში და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდა. შემდეგ კახეთის მეფეები “ტფილისის ტახტის” მპყრობელ ხელისუფალთა მიმართ მორჩილების სურვილს არ ავლენდნენ, თუმცა მათ მცხეთის საპატრიარქო ტახტის მიმართ გარკვეული რიდი და პატივისცემა ჰქონდათ (ოღონდ, ეს ყოველთვის არ მჟღავნდებოდა და გარკვეულ გამონაკლისებს ამ მხრივაც ჰქონდა ადგილი), რასაც მცხეთისადმი განხორციელებული თავიანთი შეწირულობებითაც ხშირად აჩვენებდნენ.
ამგვარად, 1490 წელს სამეფო დარბაზის სხდომამ ერთიანი ქართული სახლმწიფოს დაშლა იურიდიულად გააფორმა, რითაც საქართველოში რამდენიმე სამეფო-სამთავროს არსებობა ოფიციალურად დადასტურდა. Eეს სამეფო-სამთავროები შორეული და აქტიური საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას ვერ ახერხებენ და იძულებული არიან ერთმანეთთან ურთიერთობებით შემოიფარგლონ. Aამ ურთიერთობებში ძირითადად ურთიერთშუღლი ფიგურირებს, რა დროსაც ქვეყნის დაშლის პროცესი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. ასეთ პირობებში ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მზარდი საფრთხის შემცველი საგარეო ფაქტორი.
თავი მესამე
ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი XVI საუკუნის პირველ მეოთხედში
XVI საუკუნის დამდეგს საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სამეფო-სამთავროები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, რაც არსებულ დაშლის პროცესს კიდევ უფრო აღრმავებდა. რთული იყო ჩვენი სამშობლოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობაც. ირანისა და თურქეთის ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხესთან ქართულ სამეფო-სამთავროებს XV საუკუნის მეორე ნახევარშიც ჰქონდათ შეხება, მაგრამ მაშინ ირანის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებს და ოსმალეთის სახელმწიფოს საქართველოს სრული დაპყრობა არ უცდიათ, ამ დროიდან კი, ირანისა და ოსმალეთის სახელმწიფოებიდან ჩვენი სამშობლოს სრული დაპყრობის საფრთხე მოდის.
ამ დროისათვის დინასტიური ბრძოლის, თუ „ბატონიშვილობის“ საკითხის ისტორიაში, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის და სხვა ფაქტორების გავლენით სათანადო ცვლილებები მოხდა _ მისი ძველი ფორმები გაქრა და ახალი წარმოიშვა; „პროვინციის მეფეთა” ინსტიტუტი აღარ მოქმედებს. XVI საუკუნიდან ტერიტორიულად მცირე, პატარა ქართულ სამეფოებში ასეთ „კნინ მეფეთა” მფლობელობისათვის აუცილებელი პირობები უკვე აღარ არსებობს.
“ბატონიშვილობის” საკითხის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი, როცა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებში ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვადასხვა წარმომადგენლები იბრძვიან უფლებრივი მდგომარეობის მოსაპოვებლად [დ. ნინიძე, 1998ა, გვ. 7_8]. ასეთ პირობებში ბაგრატიონთა არაერთი განშტოება გაჩნდა და ჩამოყალიბდა მათი გათავადებული შტოები. იმ ვითარებაში, როცა სათავადოების არსებობისათვის ხელსაყრელი პირობები იყო, ზოგიერთმა განშტოებამ ბაგრატიონთა გვარი ვეღარ შეინარჩუნა და გაჩნდა მუხრანბატონების, დავითიშვილების, რამაზიშვილების, გოჩაშვილების საგვარეულოები. დ. ნინიძე გვთავაზობს ბაგრატიონთა სახლის ზოგიერთი გათავადებული განშტოების წარმოშობის პროცესის აღმნიშვნელ ტერმინად „გაგვარება” გამოვიყენოთ [დ. ნინიძე, 1998ბ, გვ. 22]. „გაგვარებული” ბაგრატიონების გავლენა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანია, თუმცა „პროვინციის მეფეების” გავლენასთან შედარებით მცირეა.
XVI საუკუნის დასაწყისში ქართული სამეფო-სამთავროები ჩართული აღმოჩნდნენ ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირებაში. ამ დროს შიდაბრძოლებით დასუსტებული აღ-ყოინლუს სახელმწიფო ორად იყო გაყოფილი უზუნ-ჰასანის შვილიშვილებს ალვენდსა და მურადს შორის, რომლებთანაც დაპირისპირება ჰქონდა არდებილის შეიხ სეფიან ისმაილს. ალვენდთან და მურადთან გადამწყვეტი ბრძოლების წინ, სეფიანებმა 1500 წელს სამცხე-საათაბაგოში ლაშქრობა მოაწყვეს და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 19]. იმავე წელს სეფიანებმა შირვანი აიღეს. ისმაილი სწორედ შირვანში იმყოფებოდა, როცა მასთან კახეთის მეფე ალექსანდრეI-მა თავისი შვილი დიმიტრი გაგზავნა დიდი ძღვენით. ისმაილმა დიმიტრი პატივით მიიღო და შემდეგ უკან დააბრუნა “ნიჭითა და ზავითა მშÂდობისათა” [ვახუშტი, 1973, გვ. 569]. კახეთის სამეფომ ამ ნაბიჯით თავიდანვე გამოკვეთა თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზი, რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო მთელი XVI საუკუნის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცხო დამპყრობლის მიმართ ქედის მოხრასა და მორჩილების გამოცხადებაში გამოიხატებოდა. ამასობაში ალვენდთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ ისმაილმა ქართლისა და კახეთის მეფეებს და სამცხის ათაბაგს მიმართა დახმარების წინადადებით [XV ს. იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 1981, გვ. 37]. ქართლისა და კახეთის მეფეებმა და სამცხის ათაბაგმა ისმაილს 3-3 ათასი მხედარი გაუგზავნეს _ სულ 9 ათასი რჩეული მეომარი. ისმაილს თავად 7 ათასიანი ჯარი ჰყავდა. ამრიგად, ისმაილის მთავარი ძალა ქართველი ცხენოსნები გახდნენ.
1501 წელს შარურთან მომხდარ გადამწყვეტ ბრძოლაში ალვენდ აღ-ყოინლუს სამხედრო ძალები ისმაილის ლაშქარმა გაანადგურა. ისმაილი ზეიმით შევიდა თავრიზში და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. შარურთან მომხდარ ბრძოლაში ქართველებს თავი გამოუჩენიათ. 1503 წელს ისმაილმა უკვე მურად აღ-ყოინლუც დაამარცხა. აღ-ყოინლუს სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, არსებითად მისი ადგილი სეფიანების სახელმწიფომ დაიკავა [О. Эфендиев, 1961, გვ. 90, ვ. გუჩუა, 1973, გვ. 91].
ქართველები ისმაილს გარკვეული მოსაზრებით დაეხმარნენ, რაზეც, ჩვენი აზრით, მართებულად ამახვილებს ყურადღებას გ. საითიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ აღ-ყოინლუს სახელმწიფოს ქართლის, კახეთის და სამცხე-საათაბაგოს მესვეურები ხარკს უხდიდნენ და ისმაილი ქართველებს დახმარების სანაცვლოდ ამ ხარკისაგან განთავისუფლებას დაპირდა, მაგრამ ყიზილბაშების ბელადმა თავისი დაპირება არ შეასრულა და შემდეგ თანმიმდევრულად ატარებდა ქართული პოლიტიკური ერთეულების დაპყრობა-დამორჩილების პოლიტიკას [გ. საითიძე, 1998, გვ. 95-96].
სეფიანების ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძალთა წონასწორობას წარმოშობდა ახლო აღმოსავლეთში, რაშიც თავიანთი წვლილი ისმაილის მხარდამჭერმა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებმაც შეიტანეს, რომლებიც ერთობლივი ძალებით ამოუდგნენ ისმაილს მხარში, თუმცა ისინი თავად საქართველოში ერთმანეთში საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ. 1500_1515 წლებში სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკ ყვარყვარე II-ის ძე იყო. მზეჭაბუკს სამცხის პირველ პირად თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ქართლის მეფესთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. „ესე მზეჭაბუკ დაეზავა მეფესა კონსტანტინეს და პატივს სცემდა და უსმენდა” [ვახუშტი, 1973, გვ. 710_711]. თუმცა მზეჭაბუკი იმჟამად თავისი წინამორბედის ნაცად გზას ბოლომდე არ უხვევდა და გარეშე მტერთან კავშირში თავის თანამოძმეებს მაინც ექიშპებოდა. იმხანად გურიის ერისთავს ოსმალებთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა, რითაც ისარგებლა მზეჭაბუკმა, ოსმალებთან დაამყარა კავშირი და გურიის საერისთავოს შემადგენლობაში მყოფი აჭარა და ლაზეთი სამცხე-საათაბაგოს შეუერთა [ვახუშტი, 1973, გვ. 711]. რაც შეეხება მზეჭაბუკის დამოკიდებულებას მცხეთის საკათოლიკოსო საყდრის მიმართ, იგი თავდაპირველად სამცხის საეკლესიო განკერძოების მომხრე არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ მისი პოზიცია ამ საკითხის მიმართ შეიცვალა. მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესიის ქართული დედა-ეკლესიიდან ჩამოშორება განიზრახა.
მზეჭაბუკის პოლიტიკის ცვლილების მიზეზის ახსნა დიდ ინტერესს იწვევს, „რა გარემოებამ და მიზეზმა გამოიწვია ასეთი ძლიერი ცვლილება ჯერჯერობით საკმაო სიცხადით ვერ ირკვევა“, _ აღნიშნავდა ამ საკითხის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი [ივ. ჯავახიშვილი, 1982, გვ. 386_387].
ჩვენი აზრით, მზეჭაბუკის პოლიტიკის ცვლილების მიზეზის ასახსნელად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყვარყვარე II ათაბაგი XV საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ცდილობდა სამცხის საეკლესიო სეპარატიზმის იდეის ცხოვრებაში გატარებას, სამცხე ჯერ კიდევ არ იყო „ტფილისის ტახტიდან“ გამოყოფილი. ამ დროს ყვარყვარე II-ის საეკლესიო სეპარატიზმის იდეა მცხეთის, როგორც კულტურულ-იდეოლოგიური ერთიანობის და მთლიანობის სიმბოლოს და მისი მესაჭის კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ავტორიტეტის წყალობით დამარცხდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ XV საუკუნის 50-იან წლებში საეკლესიო სეპარატიზმის იდეა სამცხე-საათაბაგოში სრულად აღმოიფხვრა. ამის შემდეგ, დროთა განმავლობაში სამცხე-საათაბაგოს სეპარატისტული ძლიერება, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და XV საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავრომ „ტფილისის ტახტიდან“ სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი არ იქნებოდა, თუ სამცხის მმართველ წრეებში საეკლესიო სეპარატიზმის იდეა ისევ აქტუალური გახდებოდა.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რატომ მაინდამაინც მზეჭაბუკ ათაბაგი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, როდესაც მას ქართლის სამეფოსთან ნორმალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, დაუბრუნდა საეკლესიო სეპარატიზმის იდეას და ამ მხრივ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმასაც შეუდგა. აქ საქმე იმაში უნდა იყოს, რომ ამ დროს სამცხეს ეწვია ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი. ეს პატრიარქი საშოვარზე იყო, ფინანსიურ სარგებელს ეძებდა, რაც მზეჭაბუკ ათაბაგიდან შეეძლო მიეღო და საკუთარი ბოროტი ზრახვების აღსასრულებლად ის თავის მხრიდანაც არ მოერიდებოდა გზააბნეულ ქართველ მთავარზე მავნე ზემოქმედების მოხდენას. მზეჭაბუკ ათაბაგსაც განსაკუთრებული წაქეზება არ სჭირდებოდა და ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებში ისევ გაჩნდა საეკლესიო სეპარატიზმის პრობლემა.
განსახილველ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, კიდევ ერთი საკითხი უნდა იქცევდეს ყურადღებას. როგორც აღვნიშნეთ, XVI საუკუნის დასაწყისში ქართლი და სამცხე, კახეთთან ერთად სეფიანი ისმაილის მხარდამჭერებად გამოდიოდნენ ირანში მიმდინარე დაპირისპირებაში. ამ დროს ისმაილისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის, კახეთის და სამცხის ერთობლივ დახმარებას და მის ინტერესებში შედიოდა, რომ ამ პოლიტიკურ ერთეულებს ერთმანეთში ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდათ. ასეთი ურთიერთობა ქართლსა და სამცხეს შორის მართლაც ჩამოყალიბდა. თუმცა, სულ მალე ისმაილი ძალიან ძლიერ ხელისუფლად შეიქმნა და ქართლის, კახეთის და სამცხის მიმართ ადრე არსებული მოკავშირეობითი ინტერესები მისთვის უკვე მისაღები არ იყო. ყიზილბაშ მმართველს ამ პოლიტიკური ერთეულების დაპყრობა სურდა. ასეთ ვითარებაში ისმაილის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ ქართლი, სამცხე და კახეთი ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ და ურთიერთმოკავშირეობა არ ჰქონოდათ, და ის ყოველნაირად შეუწყობდა ხელს ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ურთიერთობების დაძაბვას. ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე ქართლის და სამცხის ურთიერთობის გაუარესების განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად, შეიძლება ქართლის, კახეთის და სამცხის მიმართ ისმაილის პოლიტიკის ცვლილების ზეგავლენაც ვივარაუდოთ.
დოროთეოს პატრიარქმა მზეჭაბუკ ათაბაგის სურვილით სამცხის საეკლესიო სეპარატიზმის იდეის პრაქტიკულად განსახორციელებლად საგანგებო დოკუმენტი შეადგინა (“წიგნი ანტიოქიის პატრიარქის დოროთეოსისა მაწყუერელისათვის ეპისკოპოსის კურთხევის უფლების მინიჭების შესახებ“ (XVI ს. დასაწყისი) [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 240_241] ), სადაც სამცხის ათაბაგს ახლებული წოდებულება აქვს მინიჭებული და ის „დიდისა პატრონის“ და „დიდისა მეფისა ჩუენისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა-დ“ იწოდება (ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თანადროულ საბუთში სამცხის ათაბაგს “მეფისა” და “ხელმწიფის” წოდებულება აქვს მიკუთვნებული. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის არაბულ ვარიანტში მზეჭაბუკი არც “მეფედ” და არც “ხელმწიფედ” არ იხსენიება და ეს ეპითეტები მხოლოდ ქართულ თარგმანში გვხვდება) იერუსალიმელ-ანტიოქიელი პატრიარქის მიხეილისა და მისი ქართველი თანამზრახველების მსგავსად მზეჭაბუკ ათაბაგი და დოროთეოს პატრიარქიც ცდილობენ თავიანთი ბოროტი ზრახვისათვის თეორიული საფუძვლების შექმნას და ქართლის მეფის და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ იდეოლოგიურ შეტევაზე გადადიან. მზეჭაბუკს და დოროთეოსს ქართლის მეფე და აღმოსავლეთ საქართველოს კაოლიკოს-პატრიარქი „უსჯულო“ გამოყავთ, ხოლო თავად მზეჭაბუკი ვითომ დიდი ღვთისმოშიში და მართლმადიდებელია [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 241].
მზეჭაბუკ ათაბაგმა და დოროთეოს პატრიარქმა სამცხეში აწყურის საეპისკოპოსო საყდრის „განმთავრება“ ცნეს საჭიროდ, რომლის მორჩილი უნდა ყოფილიყო სამცხის ყველა საეპისკოპოსო და ასეთი ფორმით არსებულ სამცხის ეკლესიას თვითმწყსობის უფლებაც უნდა მიეღო. „განმთავრებული“ საყდრის სათავეში ჯაყელთა კარზე გაზრდილი ტრაპიზონელი ბერძენის სიმონ მაწყვერლის დადგენა იყო გადაწყვეტილი. დოროთეოს პატრიარქის სახელით გამოცემულ დოკუმენტში ნათქვამია: მაწყვერელს „მივათუალეთ ყოველი საბრძანებელი პატრონისა მზეჭაბუკისი, რათა ეპისკოპოზნი მისგან ეკურთხეოდენ ყოველნივე და მისსა წესსა და ბრძანებასა ჰმორჩილობდნენ და სჯულთა მისთა ერჩდენ და მისგან იმწყესბოდენ. და მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ და მწყევარნი მისნი წყეულ და მისდა მიგვიცემიეს ხელმწიფება შეკრვისა და განხსნისა [ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ. 241].
ამგვარად, დოროთეის პატრიარქის სახელით გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, ისე გამოვიდა, რომ სამცხის ეკლესიამ თვითმწყსობის უფლება მიიღო და საქართველოს დედაეკლესიას ჩამოშორდა. მზეჭაბუკ ათაბაგმა, ერთი შეხედვით, ამ ეტაპზე თავის მიზანს მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი წარმატება იყო, სამცხის ეკლესია არც ამ ჯერზე ჩამოცილებია თავის დედაეკლესიას.
ამ დროს მზეჭაბუკ ათაბაგს სამცხის სამთავრო ტახტზე მოცილე ჰყავდა, რაც, რასაკვირველია მის პოზიციებს ასუსტებდა. ამასთანავე, სამცხეში მდებარე მცხეთის საკათოლიკოსოს კუთვნილი 25 მამულის მკვიდრი ფეოდალები სამცხის საეკლესიო სეპარატიზმის იდეას არ იზიარებდნენ. რეალურად, შექმნილ ვითარებაში მზეჭაბუკ ათაბაგს არ შეეძლო ქართლის მეფის და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტის დაძლევა. მზეჭაბუკი 1515 წელს პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა, ბერად შედგა და იმავე წელს გარდაიცვალა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 137].
საერთოდ კი, იმჟამად სამცხის ხელისუფალნი თავიანთი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტის გაფართოებას ცდილობენ და ამ საქმეში ისევ უცხოელი იღებს მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ჩვენს ყურადღებას იქცევს კონსტანტინოპოლელი დიდი რიტორის მანუილის „მოთხრობა“, რომელიც შეიცავს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხოტბაპანეგერიკს, მიძღვნილია სამცხის ათაბაგების ყვარყვარე II-ის, ქაიხოსრო I-ის (1498-1500) და მზეჭაბუკისადმი (1500-1515), და ის შედგენილი უნდა იყოს 1515 წელს [მ. ზალდასტანიშვილი, 1996, გვ. 20]. ეს „მოთხრობა“ მეტყველი მაგალითია სამცხე-საათაბაგოს სეპარატიზმის და სამცხის ეკლესიის მცხეთისგან ჩამოსაშორებლად გაჩაღებული ბრძოლისა. საინტერესოა, რომ მანუილ რიტორის „მოთხრობაში“ დაცულია სამცხის ათაბაგთა წოდებულება, რომელიც ტრაპიზონის იმპერატორთა ტიტულატურას ზუსტად იმეორებს [დ. ნინიძე, 1997ა, გვ. 114]. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებო მოსაზრებს ანვითარებს დ. ნინიძე. მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში ათაბაგები ცდილობენ „დიდი კომნენოსების“ პოლიტიკურ მემკვიდრეებად იქცნენ, მათი მიზანია სამცხე-საათაბაგო ბიზანტია-ტრაპიზონის ახლოს „პატარა ხელოვნური საბერძნეთის“ როლში გამოვიდეს [დ. ნინიძე, 1997, გვ. 113_116]. ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება ფაქტების ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარეობს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რასაკვირველია სამცხე-საათაბაგოს რაიმენაირ “ახალ საბერძნეთად”, თუ “ახალ რომად” გადაქცევის არავითარი პერსპექტივა არ გააჩნდა და საქართველოს ის ნაწილი, რომელსაც სამცხე-საათაბაგო ეწოდებოდა, თავის ნორმალურ განვითარებას მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პირობებში თუ ჰპოვებდა.
მზეჭაბუკის შემდეგ სამცხის ათაბაგი გახდა მისი ძმისწული ქაიხოსრო I-ის ვაჟი ყვარყვარე III (1515_1535). 1518 წელს ყვარყვარე III-ის გაცემული საბუთი აჩვენებს, რომ სამცხე საეკლესიო განკერძოებაზე ხელს იღებს [ქრონიკები, II, 1897, გვ. 335].
ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ქართლის მეფის ტახტზე კონსტანტინე II დავით X-მ შეცვალა. დავით X-ის მეფობაში ქართლის ხელისუფლება კრიზისს განიცდიდა. 1503_1505 წლებში ქართლის სამეფო კარზე დაპირისპირება იყო, რის შემდეგ კონსტანტინე II ბერად აღიკვეცა. დავით X-მ 1505 წელს, მართალია გამეფება მოახერხა, მაგრამ სამეფო ტახტზე მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე თავისი ძმა გიორგი ოპოზიციაში ედგა და საბოლოოდ აიძულა კიდეც რომ 1525 წელს ბერად შემდგარიყო [გ. საითიძე, 1997, გვ. 24_27]. დავით X-ის არამყარი პოზიციები სამეფო კარზე ხელს უწყობდა იმას, რომ სხვა ქართული სამეფო-სამთავროები, რომელთა წინამძღოლნიც ერთიანი საქართველოს მეფეების დროინდელი ტიტულატურით იყვნენ აღჭურვილი, დავით X-ის მეფობაში შეტევებს ახორციელებენ ქართლის სამეფოს წინააღმდეგ.
ჩვენ აქვე გვინდა შევეხოთ ჩვენთვის საინტერესო ქრონოლოგიურ საზღვრებში ქართველი მეფეების ტიტულატურის საკითხს, თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა მეფე ერთიანობის დროინდელი ტიტულატურის მსურველია და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იკუთვნებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს სახელგანთქმული მეფეების დიდ წოდებულებებს.
ჩვენთვის საინტერესო ხანისათვის კახეთის მეფეები დიდი გულმოდგინებით ცდილობენ თავიანთი პატივმოყვარე ზრახვების საკუთარ წოდებულებაში ასახვას. 1511 წლის სიგელში ავგიორგი საკუთარ თავზე ამბობს: “განმაერთებელმან ლიხთიმერისა და ლიხთამერისამან, ორისავე ტახტისა და სამეფოსამან მტკიცედ მპყრობელმან აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან იესიან, დავითიან და სოლომონიანობით აღმკულმან, ჩუენ პატრონმა მეფეთა მეფემან გიორგი“ [ს. კაკაბაძე, 1913, გვ. 44_45]. XVI საუკუნის კახეთის სხვა მეფეები ავგიორგის მსგავსად ძლიერ პრეტენზიულები არიან ტიტულატურის მიმართ. არც იმერთა მეფეები ერიდებიან ტრადიციულ ტიტულატურას. ალექსანდრე I და მისი ძე ბაგრატ III ორივე ტახტის მპყრობელებად წარმოგვიდგენენ თავს [ე. ხოშტარია, 1978, გვ. 197]. ამათი მემკვიდრეებიც XVI საუკუნეში არ უარობენ ასეთ ტიტულატურას.
ქართლის მეფეებიც ჩვენთვის საინტერესო ქრონოლოგიურ საზღვრებში ძირითადად ტრადიციული ტიტულატურით არინ აღჭურვილი. ქართველი მეფეების მიერ ასეთი სახის ტიტულატურის საკუთარ თავზე მიკუთვნების საფუძველზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ტრადიციული ტიტულატურის მქონე მეფეები არ ურიგდებოდნენ ქვეყნის დაშლას და ერთიანობის სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალული.
ჩვენ გვინდა ამ მოსაზრების სისწორეში იმერეთისა და კახეთის მეფეებთან მიმართებით ეჭვი შევიტანოთ. სახარების ერთ-ერთი ფუძემდებლური სენტენციაა: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“. ჩვენთვის საინტერესო ხანის იმერეთისა და კახეთის მეფეთა „საქმენი“ ქვეყნის ერთიანობისკენ მათ სწრაფვას არ ავლენს. პრაქტიკულად, ეს მეფეები დაინტერესებული იყვნენ ქვეყნის დაშლით, რასაც ისინი თავიანთი საქმიანობით ძლიერ უწყობდნენ ხელს. ამ მეფეებმა მეზობელი ქართული პოლიტიკური ერთეულების წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ლაშქრობაც კი, განახორციელეს (მათი ლაშქრობის ობიექტი ძირითადად ქართლის სამეფო იყო). დ. გვრიტიშვილი, რომელიც თავად იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იმერეთისა და კახეთის (და ასევე ქართლის) მეფეებისათვის ტრადიციული ტიტულატურის ჰქონა მათში ქვეყნის ერთიანობის სულისკვეთების არსებობაზე მეტყველებს, ამ ლაშქრობების შესახებ წერს: “როცა ესა თუ ის ქართველი მეფე მეორის ყმა-მამულს თავს ესხმოდა, მას სრულიად არ ეგონა, რომ იგი უკანონო საქმეს სჩადიოდა. არა, მას გულწრფელად სჯეროდა, რომ თავისი მოქმედებით სრულიად საქართველოს გამაერთიანებლის მისიას ასრულებდა და ამდენად კანონიერი იყო მისი მოქმედება. თუ ქართლის სამეფო კარზე სჯეროდათ, რომ კახელ ან იმერელ ბაგრატიონებს უკანონოდ უჭირავთ კახეთი და იმერეთი, ასევე კახელი ან იმერელი ბაგრატიონები დარწმუნებულნი იყვნენ საწინააღმდეგო გაგებაში“ [დ. გვრიტიშვილი, 1965, გვ. 173]. ჩვენ ეს მსჯელობა მართებულად არ გვეჩვენება, ასეთი მიდგომით მეტისმეტ გულუბრყვილოებად უნდა წარმოვიდგინოთ ეს თანამოძმეთა ყმა-მამულზე თავდამსხმელი მეფეები.
იმერეთისა და კახეთის მეფეებისათვის ტრადიციული ტიტულატურის საკუთარ თავზე მიკუთვნების საფუძველი, რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენის სურვილის ჰქონა კი არა, სულ სხვა რამ უნდა იყოს. ჩვენი აზრით, როდესაც ეს მეფეები ტრადიციულ ტიტულატურას იკუთვნებდნენ „გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპის ამოქმედებას ცდილობდნენ, ამი ქართლის მეფეზე, თუ, რომელიმე სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულის წინამძღოლზე შესაბამისი ზემოქმედების მოხდენას ლამობდნენ და თავიანთი უშუალო საბრძანებლის განუყოფელ მფლობელობაზე ზრუნავდნენ. ამ ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია ამ დროისათვის ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობებისათვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა. „გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპი, როგორც უკვე არაერთხელ ვნახეთ, საკმაოდ აქტიურად ფიგურირებდა საქართველოში საეკლესიო სეპარატიზმის პრაქტიკულად გამოვლენისას.
ჩვენ ზემოთ საგანგებოდ გამოვყავით კახეთის მეფის ავ-გიორგის ტიტულატურა და ჩვენი აზრით, ყველაზე მკაფიოდ სწორედ ავ-გიორგის მოღვაწეობის სრულად გააზრების საფუძველზე ჩანს, ნიშნავს თუ არა მხოლოდ ერთიანი ქართული სახელმწიფოს სახელგანთქმული მეფეების ტიტულატურის საკუთარ თავზე მიკუთვნება, საქართველოს წარსულის ყველაზე დიდი უბედურების _ ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის აღმოფხვრის და საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენის სურვილის ჰქონას.
ცნობილია, რომ ავგიორგიმ ქართლის წინააღმდეგ არაერთი ლაშქრობა განახორციელა, რაც ზოგიერთ ისტორიკოსს აძლევს საფუძველს ეს ლაშქრობები ავ-გიორგის საქართველოს გაერთიანების სურვილის პრაქტიკულ რეალიზაციად მიიჩნიოს. ამ მოსაზრების შესახებ ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი.
ახლა რაც შეეხება „ტფილისის ტახტის“ მფლობელი ქართლის მეფეებისათვის ტრადიციული ტიტულატურის ჰქონის ფაქტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ერთიანობის იდეა წოდებულებაში ცოცხლობდა. ამას ისევ ქართლის მეფეთა გაკეთებული „საქმენი” აჩენს. ქართლი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და მისი მეფენი, განსაკუთრებით კი, ლუარსაბ I და სიმონ I თავდადებით და მართლაც, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ საერთო-ქართული ინტერესებისათვის და ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღსადგენად. მათი ხანგრძლივ ბრძოლაში გამარჯვება, საბოლოოდ სწორედ ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენაში უნდა გამოხატულიყო. ქართლის მეფეები კი, უმეტესად თავიანთ ბრძოლას განმარტოებულად აწარმოებდნენ. ტრადიციული ტიტულატურის მქონე იმერეთისა და კახეთის მეფეები, მათ ან თავს ესხმოდნენ, ან საერთო-ქართული ინტერესებისათვის გამართულ სხვადასხვა ბრძოლაში მარტო ტოვებდნენ, ან ამ ბრძოლაში იმ მასშტაბით ემოკავშირებოდნენ, რომ თავიანთი პირადი ინტერესები არ დაეზიანებინათ. იმერეთისა და კახეთის მეფეებმა ეს ინტერესები, მართლაც ძლიერად დაიცვეს. ამ დროს ქართლის მეფეებმა თავიანთ ტიტულატურაში გამოხატული ერთიანობის იდეის პრაქტიკული რეალიზება ვერ შეძლეს. რაზეც, რასაკვირველია თავისი გავლენა მავნე საგარეო ფაქტორმაც მოახდინა, რომელსაც საქართველოში არსებული მუდმივი შიდადაპირისპირების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.
დავით X-ის მეფობაში არსებული ქართლის ხელისუფლების სისუსტის თავის სასარგებლოდ გამოყენება პირველად იმერთა მეფე ალექსანდრე II-მ სცადა და 1509 წელს ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო. ქართლის ტერიტორიაზე გადასული იმერეთის მეფე თავდაპირველად ასაღებად გორს მიადგა. ეს დავით X-ს შეატყობინეს, მაგრამ ქართლის მეფემ საბრძოლველად მოსვლა არ ინება და ალექსანდრე II-მ გორი დაიკავა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487; ვახუშტი, 1973, გვ. 392; ცხოვრება საქართველოსა, 1980, გვ. 40]. იმერთა მეფის მიერ ქართლის ტერიტორიაზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მის ხელში ქართლის მთელი ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი ლიახვის ხეობამდის მაინც უნდა გადასულიყო [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 210].
ალექსანდრე მეფის ქართლში განხორციელებული ლაშქრობის მიზეზის ვახუშტისეული ახსნა ასეთია: „ხოლო შემდგომად კოსტანტინე მეფის გარდაცვალებისა, მოიხსენა ალექსანდრე მეფემან შური პირველი, შემოიკრიბნა სპანი, გარდაუÃდა ქართლს...“ [ვახუშტი, 1973, გვ. 809]. ამასთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილი წერს: „თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ კონსტანტინე მეფის გარდაცვალების თარიღად წყაროები 1503, 1504 და 1505 წ. სდებენ და უკანასკნელს ვახუშტიც ჭეშმარიტად სთვლის, მაშინ თავისთავად იბადება საკითხი, რომ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ 4 წელიწადი იყო გასული ალექსანდრეს ქ. გორის ასაღებად გამოლაშქრებამდე, იმ დროისათვის საკმაოდ ხანგრძლივი მანძილი, რომ იმერეთის მეფის ეს სამხედრო მოქმედება მარტო კონსტანტინე მეფისადმი შურისძიების წყურვილის შედეგად გვეცნა. უფრო საფიქრებელია, რომ აქაც მეფეთ-მეფობისა და ორისავე ტახტისა, ლიხთიმერეთისა და ლიხთამერეთის მპყრობელობის განხორციელების იგივე წადილი უნდა იყოს მისაჩნევი“ [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 210].
ეს მოსაზრება ცოტა ხნის წინ მ. კაპანაძემ გაიზიარა და კიდევ უფრო განავრცო. მკვლევარი იმოწმებს ვახუშტის „აღწერის“ იმ მონაკვეთს, სადაც საუბარია ალექსანდრე II-ის გორს მიდგომის შემდგომ მოვლენებზე: „შეუძნდათ ესე ყოველთა და ეტყოდნენ მეფესა დავითს ბრძოლასა მისსა. არამედ დავით მეფემან არა ინება, მეტყუელმან მათმან: „რამეთუ მიეგების მეშფოთეთა შფოთი“, ხოლო ალექსანდრემ აღიღო გორი და დაიპყრა თვით“ [ვახუშტი, 1973, გვ 392: მ. კაპანაძე, 2005ა, გვ. 8]. ამის შემდეგ მ. კაპანაძე წერს: „ამ ციტატიდან ჩანს, რომ ალექსანდრე მეფის მიერ ქართლში წარმოებული სამხედრო მოქმედება და დავით ქართლის მეფის პასიურობა მიუღებელი იყო ქართლის სამეფო კარის წევრებისა და დიდი თავადებისთვისაც, რადგან თუკი ალექსანდრე მეფე წარმოებულ სამხედრო ოპერაციას წარმატებით განახორციელებდა და ქართლში გამარჯვების მოპოვებით ამ ორ სამეფოს კვლავ შეაერთებდა, ამით მათ მიერ დიდი ხნის ბრძოლით მოპოვებული უფლებები შეიზღუდებოდა. ამიტომ იყო, რომ „საქართველოების“ კვლავ ერთ სამეფოდ გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების ყოველგვარ მცდელობას წინ ეღობებოდნენ“ [მ. კაპანაძე, 2005, გვ. 8].
თავდაპირველად გვინდა შევნიშნოთ, რომ ციტატაში არ ჩანს, რომ ისინი ვინც დავით X-ს გორის ასაღებად მისული ალექსანდრე იმერთა მეფის წინააღმდეგ მოქმედებისაკენ მოუწოდებდნენ
კონკრეტულად სამეფო კარის წევრები და დიდი თავადები იყვნენ. იქ ნათქვამია „შეუძნდათ ესე ყოველთა“. „ყოველთაში“ თავისთავად ცხადია, რომ ბევრი ვინმე შეიძლება ვიგულისხმოთ (მათ შორის, თუნდაც სასულიერო სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები, დავით X-ის მეფობისას ჩვენ გვაქვს ცნობები ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ, რა დროსაც ზოგიერთის პოზიციები ქართლის მეფის პოზიციებიდან განსხვავდება), თუმცა პირველ რიგში, რასაკვირველია ქართლის სამეფო კარის წევრები და ყველაზე გავლენიანი თავადები. ამას გარდა, რაც მთავარია, რატომ უნდა ეფიქრათ ამ „ყოველთაში“ მოაზრებულ ადამიანებს, რომ ალექსანდრე II-ს საქართველოს გაერთიანების განზრახვა ჰქონდა, როცა ქართლში ლაშქრობას ანხორციელებდა.
XV საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იან წლებში ალექსანდრე II თავგამეტებით იბრძოდა „ტფილისის ტახტიდან“ დასავლეთ საქართველოს ჩამოშორებისათვის და საქართველოს ერთიანობის გამომხატველი ისტორიული ბირთვის _ ისტორიული ქართლის და იმერეთის ერთიანობის დასარღვევად და მან ეს ბრძოლა თავისთვის სასარგებლოდ დაასრულა კიდეც. ალექსანდრე II-ს არც საქართველოს ეკლესიის დარღვეული მთლიანობის აღდგენისათვის გამოუდია თავი. საქართველოს მტკიცე ერთიანობის მისაღწევად ეს აუცილებლად განსახორციელებელი საქმე იყო, ამასთანავე, ამას თუ ქართლში ლაშქრობამდე გააკეთებდა ალექსანდრე II, ამ შემთხვევაში მას ქართლშიც და მთელ საქართველოშიც მხარდამჭერები ძლიერ მოუმრავლდებოდა, რაც ამ ლაშქრობის სიძლიერესაც შეუწყობდა ხელს. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე II არც სვანთა სრულიად უსაფუძვლოდ შეზღუდვას მოერიდა და ამ ყველაფრის შემდეგ ქართლის ხელისუფლების დასუსტების პირობებში, ქართლის სამეფოს მიმართ განხორციელებული ალექსანდრე II-ის სამხედრო ოპერაცია რატომ უნდა ყოფილიყო მისი საქართველოს გამაერთიანებელი მისიის მაუწყებელი? მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ალექსანდრე II-მ ერთიანი საქართველოს სახელგანთქმული მეფეების ტიტულატურა მიიკუთვნა, არავის არ აძლევდა იმის მტკიცე საფუძველს, რომ ის საქართველოს გამაერთიანებლად მიეჩნია.
ჩვენი აზრით, ეს ტიპიური მძარცველური სახის ლაშქრობა იყო, რამაც ძმათამკვლელი დაპირისპირება გამოიწვია. ასეთი სახის ლაშქრობებით გაჯერებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ისტორია.
რაც შეეხება 1509 წელს იმერთა მეფის ალექსანდრე II-ის ქართლში განხორციელებული ლაშქრობის მიზეზს, ეს მიზეზი არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის ვახუშტის ნახსენები „შური პირველი“ იყოს. ჩვენთვის საინტერესო ქრონოლოგიურ საზღვრებში (და შემდეგაც) ზოგიერთი ქართველი მეფე-მთავრისათვის შურისძიების წყურვილის ისეთი მასშტაბები იყო დამახასიათებელი, რომ ზოგჯერ ოთხი წელი (რა დროც აშორებს ალექსანდრე იმერთა მეფის ქართლში განხორციელებულ ლაშქრობას კონსტანტინეII-ის ქართლის მეფის რანგში მოღვაწეობის დასასრულს), თუ ოთხ წელზე ბევრად მეტიც არ იყო საკმარისი, რომ მათ ეს საშინელი გრძნობა განელებოდათ. მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი, აქ მთავარი მაინც ის არის, რომ ასეთი სახის ლაშქრობებს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებოდა, ამგვარი ლაშქრობების განხორციელების საფუძველი თავად „ტფილისის ტახტიდან“ განდგომილი სამეფო-სამთავროების წარმოქმნის და განვითარების არსში იყო ჩადებული და საჭირო დროს სამხედრო ოპერაციის განხორციელების უშუალო საბაბი ყოველთვის ადვილად გამოჩნდებოდა ხოლმე.
ამასობაში, ვიდრე ალექსანდრე II ქართლის დალაშქვრით იყო დაკავებული, ოსმალეთის სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარება განიზრახა. XVI საუკუნიდან ოსმალეთმა საქართველოს სხვადასხვა მხრიდან შემოუტია: ტრაპიზონის მხრიდან, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მიმართულებიდან, შავი ზღვის სანაპიროდან. თუმცა, საქართველოს წინააღმდეგ ოსმალთა შეტევის მთავარი მიმართულება მაინც სამცხე-საათაბაგო იყო. ოსმალეთის დაპყრობით გეგმებში სამცხე-საათაბაგოს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სამცხე-საათაბაგო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გზას უკრავდა სამხრეთდასავლეთიდან მოსულ მტერს. მისი დაპყრობით ოსმალეთს საშუალება ეძლეოდა შეტევა დაეწყო, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოს, მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის სამეფოების წინააღმდეგ. მაგრამ მისი მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. სამცხესაათაბაგოს დაპყრობით ოსმალეთს გზა ეხსნებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებისკენაც. ამიერკავკასიის დაპყრობადამორჩილება კი, მას ჩრდილოეთ კავკასიაში შეჭრისა და ირანისათვის ჩრდილოეთის მხრიდან დარტყმის შესაძლებლობას აძლევდა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 38].
ამჯერად ოსმალეთი სამცხე-საათაბაგოს მიმართულებიდან აწყობდა საქართველოში ლაშქრობას. ამ სიტუაციაში სრულად იჩინა თავი ქართული სამეფო-სამთავროების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის სიმწვავემ. საქართველო, რომ მტერს ღირსეულად დახვედროდა ამისათვის აუცილებელი იყო ქართველთაგან ერთიანი პოზიციის გამოვლენა, მაგრამ ამის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა მაშინ არ არსებობდა. საქართველოში ოსმალთა პირველ დამხვდურს სამცხის ათაბაგს არ სურდა სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებთან ოსმალეთთან დაპირისპირების საქმეში საერთო ენა გამოენახა, განმარტოებულად კი, სამცხის ათაბაგს, რომც მოენდომებინა ოსმალეთისათვის თავისი საკუთარი ძალებით სათანადო წინააღმდეგობის გაწევის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. შექმნილ ვითარებაში დეზორიენტირებულმა სამცხის ათაბაგმა მზეჭაბუკმა უცხო დამპყრობლის მიმართ ქედის მოხრა მიიჩნია მართებულად და მისი ინტერესების თავისი პირადი უზნეო ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა.
1510 წელს ოსმალეთის ჯარი ტახტის მემკვიდრის სელიმის მეთაურობით სამცხეში შემოვიდა. სელიმი იმხანად ტრაპიზონის ფაშად იჯდა. მზეჭაბუკ ათაბაგმა ოსმალებს მორჩილება გამოუცხადა. ოსმალთა ჯარმა გზა მზეჭაბუკის მეგზურობით განაგრძო და იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე გადავიდა. იმერეთისათვის ოსმალთა ეს ლაშქრობა მოულოდნელი იყო, ამის გამო მოსახლეობა მტერს მოუმზადებელი შეხვდა და დახიზვნა მხოლოდ მისმა ერთმა ნაწილმა მოასწრო. ოსმალებმა დაარბიეს ქალაქები, სოფლები, დიდი ზიანი მიადგა ქუთაისს. მტერმა დაანგრია გელათის ეკლესია და ბაგრატის ,ტაძარი. ამასობაში ალექსანდრე II-ს ქართლში ხმა მიაწვდინეს იმერეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მაგრამ ვიდრე იმერთა მეფე ქართლიდან იმერეთში დაბრუნდებოდა, ოსმალებმა დატოვეს იმერეთის ტერიტორია და სამცხის გავლით საქართველოს გაეცალნენ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487; ვახუშტი, 1973, გვ. 711, 810; ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 210_212]. ბაგრატის ტაძარი საქართველოს წარსულის და აწყმოს უნიკალური ფენომენია. „ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლო-ემბლემა! აი რა არის ბაგრატი. მისი აგებით აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური გამთლიანება. მისი კურთხევით დაიწყო თვისებრივად ახალი ერა ქართველი ხალხის უხანგრძლივეს ისტორიაში. ერა, რომლის გვირგვინი შოთას „ვეფხისტყაოსანი“ გახდა. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარი რუსთაველის სიდიდის გენიოსია. მან და შოთამ ხელოვნებაში, ხოლო ბაგრატ III-მ და დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში სრულყოფილად წარმოაჩინეს ქართული ეროვნული გენიის ამოუწურავი შესაძლებლობანი.
ბაგრატ III-ის მიერ შექმნილი საქართველოს საბოლოო დაშლას მოჰყვა შედეგად ქუთაისის კათედრალის დანგრევაც. დანაწევრებულმა ქვეყანამ ტაძარს ვეღარ მოუარა. ვერ შეინარჩუნა. ამ ღვთის სახლის გავერანების შემდეგ საქართველოც ისევე კედლებჩალეწილი და დანგრეულია, როგორც თვით ბაგრატის ტაძარი“ [გ. მჭედლიძე, 1996, გვ. 5-6].
ამრიგად, 1510 წელს ოსმალთა თავდასხმის შედეგად იმერეთმა დიდი განსაცდელი გადაიტანა. ოსმალებმა, ალბათ იმერეთში შემოჭრამდე იცოდნენ ქართლში რომ აწარმოებდა ალექსანდრე იმერთა მეფე საომარ ოპერაციას. იმერთა მეფის თავის სამფლობელოში არყოფნას კი, მნიშვნელოვნად უნდა შეეწყო ხელი ოსმალთა ლაშქრობის ზემოთაღნიშნული სახით განხორციელებისათვის. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმერეთის სამეფომ ალექსანდრე იმერთა მეფის მიერ ქართლის ტერიტორიაზე დაკავებული ტერიტორია _ ქართლის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდინარე ლიახვამდე, ვერ შეინარჩუნა. ქართლის სამეფომ ეს ტერიტორია დაიბრუნა. ისე კი, ამ არეალში მდებარე მიწებზე იმერეთის სამეფოს საკმაოდ აქტიური პრეტენზია კიდევ დიდხანს აქვს.
1510 წელს იმერეთის სამეფო ტახტი ბაგრატ III-მ დაიკავა. მისი მეფობის პირველ წლებში იმერეთის სამეფო სახლში ერთიანობა არ იყო. უმცროსი ძმა ვახტანგი მეფეს განუდგა და იმერეთის წარჩინებულთა ერთი ჯგუფის თანხლებით ქართლში გაიქცა. ჩანს, ვახტანგი მამის მიერ ადრე შემოერთებულ ქართლის ნაწილზე აცხადებდა პრეტენზიას და იქ გამაგრდა [გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, 2008, გვ. 150]. 1513 წელს ბაგრატი ქართლში გადავიდა, ძმებს შორის ბრძოლა მოხისს მოხდა. ამ ბრძოლაში ვახტანგის მხარეს მონაწილეობდა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი. მოხისის ბრძოლა ვახტანგის და მზეჭაბუკის დამარცხებით დასრულდა. საბოლოოდ ამ კონფლიქტში დავით X ჩაერია და მისი ხელშეწყობით ძმებს შორის ზავი დაიდო. ბაგრატმა თავისი ძმა იმერეთში წაიყვანა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487; ვახუშტი, 1973, გვ. 810; მცირე ქრონიკები, 1968, გვ. 38; ქრონიკები, II, 1897, გვ. 331; გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, 2008, გვ. 150].
XVI საუკუნის დასაწყისში ქართლისა და კახეთის სამეფოებს შორის დაძაბული ურთიერთობა არ იყო, მაგრამ XVI საუკუნის 10-იანი წლების დამდეგისათვის ეს ურთიერთობა მოულოდნელად გამწვავდა. ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ამ დროს მოულოდნელად ურთიერთობების გამწვავება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, როგორც ქართლის და სამცხის ურთიერთობა დაიძაბა მოულოდნელად დაახლოებით ამავე ხანებში და ეს ვარაუდის სახით დავუკავშირეთ ირანის შაჰის ისმაილის პოლიტიკის ცვლილების ზეგავლენას, რაც გამოვლინდა მისი ყოფილი მოკავშირე ქართული პოლიტიკური ერთეულების მიმართ, ასევე, შეიძლება დავუშვათ ვარაუდი, რომ ეს მომენტი აღმოსავლურ ქართული სამეფოების გაუარესების საქმეზეც იქონიებდა თავის გავლენას.
ქართლის და კახეთის სამეფოების დაპირისპირების უშუალო ინიციატორი ალექსანდრე კახთა მეფის უფროსი ძე გიორგი იყო, რომელმაც მამის და უმცროსი ძმის დიმიტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართლის მიმართ ლაშქრობების განხორციელებას მიჰყო ხელი. „ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტში ნათქვამია, რომ თურმე ალექსანდრე კახთა მეფე და მისი ძე დიმიტრი ეუბნებოდნენ გიორგის: “რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთვის კახეთიცა” [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487].
საკმაოდ მნიშვნელოვანია კახეთის სამეფო კარზე მშვენივრად რომ სცოდნიათ ქართლთან თავიანთი ნათესაური ურთიერთობის ჭეშმარიტი არსის თაობაზე. ამდაგვარი აზრის შემცველი შეძახილი გვიან შუა საუკუნეებში განდგომილი ქართული სამეფო-სამთავროების მმართველ პოლიტიკურ წრეებში ხშირად არ ისმოდა ხოლმე. მაგრამ ალექსანდრე კახთა მეფის და მისი ძის დიმიტრის სიტყვებში არსებული სულისკვეთება, არ იყო თავად კახეთის მეფის რეალურად გამოხატული სტრატეგიული კურსის ამსახველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე კახთა მეფე 35 წლის მანძილზე “ტფილისის ტახტიდან” ახლადგანდგომილი პოლიტიკური ერთეულის წინამძღოლის რანგში არ იქნებოდა და შეეცდებოდა სწორედ ქართლის წინამძღოლებთან ერთად ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის ეზრუნა. რეალურად, კახთა მეფისაგან ასეთი პოზიციის დაფიქსირება ტაქტიკური მოსაზრებით იყო გამოწვეული და კახეთის სამეფო კარზე მოვლენების ფატალური განვითარება ვერ შეაჩერა. 1511 წელს გიორგის ქართლზე თავისი მორიგი ლაშქრობის განხორციელება ჰქონდა გეგმაში, როცა კახეთის მეფე და მისი უმცროსი ძე “გარდაუდგნენ წინა საფურცლეს” და იქ გაუგონარი ტრაგედია დატრიალდა. გიორგიმ მამა ალექსანდრე მეფე მოკლა, ხოლო ძმა დიმიტრის თვალები დათხარა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 350; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487; ვახუშტი, 1973, გვ. 569].
გიორგიმ თავისი თვალდათხრილი ძმა კახეთში არ გააჩერა და ის თავის ოჯახთან ერთად კახეთიდან განდევნა. დევნილები ქართლში აღმოჩნდნენ. დიმიტრი „თვალდამწვარი” ბაგრატიონთა საგვარეულოს ახალი განშტოების „დავითიშვილთა” ფუძემდებელი შეიქმნა. ამ შტოს წარმომადგენლებს “დავითიშვილთა” გარდა “თვალდამწვრიანებიც” ეწოდება [დ. ნინიძე, 1999, გვ. 5_6]. ბაგრატიონთა ეს შტო გარკვეულ როლს ასრულებდა XVI საუკუნის ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოების ურთიერთობებში.
სისხლიანი აქტის ორგანიზატორი გიორგი თანამედროვეებმა და შთამომავლობამ ავ-გიორგად შერაცხა. ავგიორგიმ კახეთის მეფობა მიისაკუთრა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს სახელგანთქმული მეფეების ტიტულატურით აღჭურვილი თავისი ახლადმოპოვებული სამფლობელოს მართვას შეუდგა. ამიერიდან ავგიორგის თავის სამეფოში იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის ქართლის წინააღმდეგ აწარმოებდა ოპონენტები აღარ ჰყავდა და ქართლის წინააღმდეგ წარმოებულ ლაშქრობებს მასშტაბური ხასიათი მისცა: „განლაღნა ავ-გიორგი და უხდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო და უფროსღა ზემო ქართლი მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე” [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 488].
ქართლის მიმართ ავ-გიორგის ლაშქრობების ინტენსივობის გაზრდის პირობებში ქართლის მეფე დავით X აქტიურობას არ იჩენდა, ატენის ციხეში ჩაიკეტა და მოვლენების განვითარებას არ აჩქარებდა. დავით X-ის ავ-გიორგის მიმართ გამოხატულ პასიურ პოლიტიკას დაუპირისპირდნენ მისი ძმები. ისინი მეფეს აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ და გადამჭრელი ზომების მიღების მომხრენი იყვნენ: “ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩუენისათა დამონებულ იყვნეს. და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თვისად. და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ” [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ.488]. დაახლოებით ასეთივე შინაარსის შემცველ სიტყვას ათქმევინებენ დავით X-ის ძმებს “სწავლული კაცნი” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 350]. ასევე გადმოსცემს ვახუშტიც _ ძმები აქტიური მოქმედების მომხრენი არიან, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ბაგრატი ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად აქტიურობს [ვახუშტი, 1973, გვ. 393]. მნიშვნელოვანია, რომ ქართლის მეფის ძმები ავგიორგის მიმართ აქტიური პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დავით მეფის ძმების არგუმენტაციის ის ნაწილი, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მათ წინაპრებს “მიუღეს” კახეთი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სააზროვნო სისტემის და თვითშეგნების სავსებით კანონზომიერ და ადეკვატურ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. ქართლის სამეფო კარზე ნათელი წარმოდგენა ჰქონიათ კახეთის ქართლისაგან დამოუკიდებლად არსებობის უსამართლო ხასიათზე. ქართლის სამეფოს მესვეურებს სრული უფლება ჰქონდათ კახეთი თავიანთი წინაპრების, ანუ თავიანთ კუთვნილებად მოეაზრებინათ, რადგან ქართლის სამეფო “ტფილისის ტახტით” სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოსი, ხოლო კახეთის სამეფო ამ ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ განდგომილ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.
დავით X-მ ავგიორგის პრობლემა ისევ თავისი ძმების აქტიური მხარდაჭერით გადაჭრა, რისთვისაც გარკვეულ დათმობაზეც წავიდა. დავით X-ის ძმამ ბაგრატმა მოითხოვა, რომ მისთვის მუხრანი მიეცათ და მან დაპირება გააკეთა, რომ ავგიორგის თარეშს ბოლოს მოუღებდა. ბაგრატის აქტიურობას შედეგად ახალი სათავადოს სამუხრანბატონოს წარმოშობა მოყვა. ბაგრატი სამუხრანბატონოს ჩამოყალიბებამდე „პროვინციის მეფის” რანგში მოღვაწეობდა. „ბატონიშვილობის” საკითხის გამწვავების პირობებში იგი უკანასკნელი „პროვინციის მეფე” აღმოჩნდა [დ. ნინიძე, 1995, გვ. 187_189]. სამუხრანბატონო 1512 წელს ჩამოყალიბდა. ამიერიდან ბაგრატი თავადია, მისი აქტიურობა ავგიორგის მიმართ მთლად უანგარო არ ყოფილა, თუმცა თავად მის წინააღმდეგ ბაგრატს თავი არ შეურცხვენია.
ბაგრატ მუხრანბატონმა ავ-გიორგის წინააღმდეგ მოქმედებისთვის სასწრაფოდ ააგო მტკვრის ციხე. ავგიორგიმ ციხეზე შეტევა მიიტანა, სამთვიანი ალყაც მოაწყო, მაგრამ ამან შედეგი არ მოუტანა. ამის მიუხედავად, ავგიორგი შემდეგაც არ იღებდა ხელს ქართლში ლაშქრობების განხორციელებაზე, რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც.
1513 წელს ავგიორგიმ ქართლზე თავისი მორიგი ლაშქრობა მოაწყო, იქ სოფლები დაარბია და დიდი ნადავლით უკან წამოვიდა. ბაგრატმა კი, ძალისის ხევში ჩასაფრება მოაწყო და იქ ავგიორგი ტყვედ ჩაიგდო. შემდეგ ბაგრატმა ავგიორგი მტკვრის ციხეში მოათავსა, საიდანაც ის ცოცხალი აღარ გამოსულა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 350_351; ახალი ქართლის ცხოვრება მესამე ტექსტი, 1959, გვ. 488_489; ვახუშტი, 1973, გვ. 393_394].
ავგიორგიმ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრადიციული ტიტულატურა მიაკუთვნა თავის თავს და მისი ქართლის მიმართ წარმოებული კამპანია ე. ხოშტარიას აძლევს იმის საფუძველს, რომ ეს ქმედება ამ ტიტულატურაში არსებული ერთიანობის იდეის პრაქტიკულ რეალიზაციად მიიჩნიოს [ე. ხოშტარია, 1978, გვ. 196]. ანალოგიურ მოსაზრებას ანვითარებს მ. კაპანაძე და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე კახთა მეფე და მისი უმცროსი ძე დიმიტრი ავგიორგის გაერთიანების სურვილის პრაქტიკულ რეალიზაციას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ კახეთის მეფის უფროსი ძე მიზანმიმართულად მოქმედებდა და იგი ალექსანდრეს და დიმიტრის მცდელობას, რომ შეეგუებინათ შექმნილი ვითარებისათვის არ შეეპუა, „ამიტომაც, სავარაუდოა, გიორგი ბატონიშვილის მიერ მამის მოკვლა და ძმისთვის თვალების დათხრა თავისი მიზნის განსახორციელებლად მისი მხრიდან წინასწარ განზრახულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს” [მ. კაპანაძე, 2005ა, გვ. 11].
როგორც აღვნიშნეთ, ივ. ჯავახიშვილი ალექსანდრე იმერთა მეფის ქართლში განხორციელებულ ლაშქრობას მის ტიტულატურაში არსებული ერთიანობის იდეის პრაქტიკულ რეალიზაციად მიიჩნევდა. ავგიორგის ქმედებებთან და ტიტულატურასთან დაკავშირებით კი, დიდი მეცნიერი უკვე სრულიად სხვაგვარი აზრის იყო: „მამა მოკლა თუ არა, გიორგი ბატონიშვილი მაშინვე კახეთის სამეფო ტახტზე ავიდა და თავისი თავი ურცხვად „ლიხთიმერისა და ლიხთამერისა ორისავე ტახტისა და სამეფოსა გამაერთიანებლად და მპყრობელად და „აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა” მეფეთა-მეფედ გამოაცხადა, ყოველი ღირსებით „აღმკულად”, რომლის დროსაც “აგარის ნათესავნი, მტერნი წინააღმდგომნი” ვითომც “სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნქცეულ” იყვნენ” [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 215].
ჩვენი მხრიდან ამ საკითხის მიმართ გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია ავგიორგის მოღვაწეობაში ქვეყნის ერთიანობისკენ მიმართული სწრაფვა დავინახოთ და მიუღებელია ეს პიროვნება დიადი ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეის მქონედ მოვიაზროთ. ქართლის სამეფო, როგორც უკვე არაერთხელ შევნიშნეთ, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და მის ხელისუფალს სრული უფლება ჰქონდა განდგომილი მხარის შემოსაერთებლად საჭირო ზომები მიეღო და ამისათვის, თუ აუცილებელი იქნებოდა სამხედრო ძალაც გამოეყენებინა. ავგიორგის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის შემდეგ წინამძღოლის გარეშე დარჩენილ კახეთში გარკვეულწილად სახელისუფლებო კრიზისი შეიქმნა. ასეთ ხელსაყრელ სიტუაციაში ქართლის მეფე დავით X კახეთში გადავიდა და იქ თავისი ხელისუფლება გაავრცელა. იმჟამად ქართლის მეფეს კახეთში წინააღმდეგობა არ შეხვედრია.
კახეთში არსებული სეპარატიზმის სრული აღმოფხვრისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის საკითხს. ავგიორგის დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ლევანი, რომლებიც ამ დროისათვის კახეთში იმალებოდნენ. ლევანი, როგორც კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე, კახეთში სეპარატიზმის აღორძინებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. “ლეგიტიმურობა, საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში, თითქმის ყველგან და ყოველთვის, საყოველთაოდ მიღებული და სავალდებულო პრინციპი იყო” [გ. გაბუნია. 1996, გვ. 72]. მართალია, დღევანდელი გადასახედიდან ლევანის ლეგიტიმურობაზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან საერთოდ კახეთში მეფის ხელისუფლების არსებობა წარმოგვიდგება სეპარატიზმის გამოვლინებად და საერთო-ქართული ინტერესებისათვის სრულიად მიუღებელ ფენომენად, მაგრამ XVI საუკუნის 10-იან წლებში საქართველოში არსებული რეალობა ლევანს და მის მომხრე რეაქციონერ თავადებს აძლევდათ საფუძველს, რომ თავიანთ ლეგიტიმურობაზე ჰქონოდათ პრეტენზია.
ამ ვითარებაში სავსებით ლოგიკური იყო, როცა ქართლის პოლიტიკურმა მესვეურებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ლევანი და დედამისი შეეპყროთ და ქართლში წამოეყვანათ. კახეთში ამ მიზნით საგანგებო რაზმი გაიგზავნა, რომელსაც ბაგრატ მუხრანბატონი, ამილახორი და ქსნის ერისთავი ხელმძღვანელობდნენ. ამ დროს კახეთში ყველაზე გავლენიანი თავადები ჩოლოყაშვილები იყვნენ, ამიტომ გასაკვირი არ იქნებოდა, რომ მათ განსაკუთრებით ეაქტიურათ კახეთში არსებული სეპარატიზმის სასარგებლოდ. სწორედ ჩოლოყაშვილების ერთ-ერთი წარმომადგენელი გარსევანი მალავდა ლევანს და დედამისს. ლევანის დედა გარსევან ჩოლოყაშვილის ახლო ნათესავიც იყო. „სწავლულნი კაცნი” და ვახუშტი ერთნაირად მოგვითხრობენ გარსევან ჩოლოყაშვილის მოხერხებული ტყუილის თაობაზე, რითაც ბაგრატ მუხრანბატონი და მისი თანმხლები პირები დარწმუნდნენ, რომ ლევანის ადგილსამყოფელის შესახებ მან არაფერი იცოდა, რის შემდეგ ქართლიდან კახეთში წარგზავნილი მისია უშედეგოდ დაბრუნდა უკან [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება პირველი ტექსტი, 1959, გვ. 351; ვახუშტი, 1973, გვ. 394].
თუმცა ამ მისიის უშედეგოდ დასრულება მხოლოდ ბაგრატ მუხრანბატონის და მისი თანმხლები პირების გულუბრყვილობით არ უნდა აიხსნებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა დ. გვრიტიშვილმა. მისი აზრით, კახეთის მეფობის პრეტენდენტის შეპყრობა და კახეთის სამეფოს გაქრობა არ უნდა ყოფილიყო ბაგრატის ინტერესებში, „თუ კახეთის სამეფო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული „უკანონო” იყო, ასევე „უკანონოდ” მიიჩნევდნენ სამუხრანბატონოსაც და გააუქმებდნენ. ამდენად დასაშვებად გვეჩვენება, რომ ბაგრატის მისია კახეთში იმიტომ ჩაიშალა, რომ თვით ბაგრატსა და მის მხლებლებს _ ამილახორსა და ქსნის ერისთავს საკუთარი ინტერესებისათვის ასე ერჩიათ” [დ. გვრიტიშვილი, 1955, გვ. 367]. ამ მოსაზრებას იზიარებს დ. ნინიძეც [დ. ნინიძე, 1997ბ, გვ. 27].
ეს მოსაზრება გვინდა ჩვენი მხრიდანაც გარკვეულწილად განვამტკიცოთ. როგორც 1548 წლით დათარიღებული საბუთი აჩვენებს, ამ დროისათვის ლევანის ასული ელენე, ბაგრატ მუხრანბატონის ძეზე ერეკლეზე იყო გათხოვილი [XEC, AD – 1585]. მართალია, ეს ქორწინება ბაგრატ მუხრანბატონის და მისი თანმხლები პირების კახეთში განხორციელებული მისიის დროიდან დიდი ხნის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, ალბათ მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქნებ ეს სწორედ იმ კეთილგანწყობილი ურთიერთობის გამოძახილი იყოს, რაც ბაგრატ მუხრანბატონს და ლევანს და მის მომხრე ძალებს შორის 1513 წელს შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო.
ქართლ-კახეთის ერთიანობის თანადროულად 1514 წელს ოსმალეთის და ირანის სახელმწიფოებს შორის პირველი ომი დაიწყო. ეს ომი დროგამოშვებით 1555 წლამდე გრძელდებოდა. მეომარი მხარეების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში თავისი ბატონობის დამკვიდრება-განმტკიცება იყო და ამ ომმა თავისი მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებზე.
ირან-ოსმალეთის პირველ ომში თავიდანვე აქტიურად აღმოჩნდა ჩართული სამცხის სამთავრო. ამ ომში პირველი დიდი ბრძოლა 1514 წლის 23 აგვისტოს მოხდა ჩალდირანის ველზე. ოსმალებმა მაშინ ირანელებს სასტიკი დამარცხება მიაყენეს. ამ დროს მზეჭაბუკ ათაბაგი ოსმალებს უჭერდა მხარს.
1515 წელს სამცხის ათაბაგის ტახტი დაიკავა ყვარყვარე III-მ, რომელსაც ხელისუფლების მოპოვების მიზნით ბიძა (მამის ქაიხოსრო I-ის ძმა) მანუჩარი დაუპირისპირდა. ორივე მხარე ხელისუფლების დაუფლებისათვის გამართული ბრძოლისას გარეშე ძალას იყენებდა. ყვარყვარე III-ს ირანელებთან ჰქონდა კავშირი, ხოლო მანუჩარს ოსმალებთან. ეს დაპირისპირება თავდაპირველად მანუჩარის უპირატესობით წარიმართა, მან 1516 წელს დაამარცხა ყვარყვარე III, რომელმაც დახმარების სათხოვნად ირანში შაჰ-ისმაილს მიაშურა. ირანის შაჰმა სამხედრო რაზმით თავისი სარდალი დივ-სულთან რუმლუ სამცხეში გამოგზავნა. მანუჩარმა დივ-სულთან რუმლუსთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავისი შუამავლები, რომლებიც ირანელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. შუამავლების დახოცვით შეშინებული მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. ირანელებმა აიღეს თმოგვის ციხე, სადაც ყვარყვარეს მოწინააღმდეგეები იყვნენ გამაგრებული, სამცხის გამგებლობა ყვარყვარე III-ს მისცეს და სამცხე დატოვეს. მანუჩარი შექმნილ ვითარებას არ შეეგუა. მისი თხოვნის შედეგად 1518 წელს სამცხეში ოსმალური სამხედრო ძალები შემოვიდნენ. ბრძოლა ყვარყვარეს ძალებს და ოსმალთა შორის ყარაჯა-არდაჰანში შედგა და ის ოსმალთა დამარცხებით დასრულდა.
სამცხის სამთავრო ტახტისათვის მიმდინარე დაპირისპირებისას ქართლის მეფე დავითი მანუჩარს უჭერდა მხარს, ხოლო იმერეთის მეფე ბაგრატი ყვარყვარეს [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 20_21; თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, 1983, გვ. 12_13, 21_22; მ. სვანიძე, 1971, გვ. 52_53].
იმ ვითარებაში როცა ირანს სამცხე-საათაბაგოში თავისი დასაყრდენი ძალა ჰყავდა, ირანის შაჰმა ისმაილმა გადაწყვიტა სამცხის გავლით ქართლის წინააღმდეგ მოეწყო ლაშქრობა. 1518 წელს შაჰ ისმაილი ნახიჩევანში იმყოფებოდა, იქ მასთან გამოცხადდა ყვარყვარე III, რომელიც შაჰმა დივ-სულთან რუმლუს რაზმთან ერთად საქართველოში გამოგზავნა. დივ-სულთან რუმლუს რაზმმა სამცხე გაიარა, შემდეგ ქართლში შევიდა და გორი და სურამი დაიკავა [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 21]. დავით მეფემ სისხლისღვრის აცილების მიზნით თავისი შვილი რამაზი შაჰის სარდალთან დიდი ძღვენით გაგზავნა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს სეპარატისტმა კახელმა თავადებმა, ლევანი მისი სამალავიდან ოჩანის ციხიდან გამოიყვანეს და კახეთის მეფედ გამოაცხადეს. ქართლის სამეფო კარი არ აპირებდა შექმნილ მდგომარეობასთან შეუგებას, მაგრამ ვიდრე ირანელებისგან ქვეყნის აოხრების საფრთხე არსებობდა მანამდე არ შეეძლო საჭირო ზომების მიღება. ახლა მთავარი იყო ირანთან შეთანხმების მიღწევა, რაც მოხერხდა კიდეც. ამ დროს მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ქართლის მეფე შაჰის მორჩილებას კისრულობდა. შაჰს იმჟამად მორჩილება აღუთქვეს ასევე ლევანმა და ყვარყვარე ათაბაგმა. ამრიგად, 1518 წლიდან ქართლის და კახეთის მეფეები და სამცხის მთავარი სეფიანების სახელმწიფოს ვასალები გახდნენ [ვ. გუჩუა, 1973, გვ. 98, 100].
დავით X-ის მეფობაში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქართლის ხელისუფლება კრიზისს განიცდიდა. ალბათ, ამიტომ იყო ქართლის მეფემ ირანთან დაზავების შემდეგ უმალვე კახეთში ლაშქრობა რომ ვერ მოაწყო. დავით X-ის ლაშქრობა კახეთში 1520 წელს შედგა. ლევანი მაშინ თავისი მომხრეებით მაღრანის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ციხეს ალყა შემოარტყა, რამაც ციხეში მყოფნი მძიმე განსაცდელში ჩააგდო და დანებებაზე ფიქრი დააწყებინა. ამ დროს ქართლში ოსმალები შემოიჭრნენ. დავით X ქართლში ოსმალთა შემოჭრის ცნობას საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა დიდხანს არც ალყის გაგრძელება შეეძლო და დანებების წინადადებით ციხეში შუამავლებად მთავარეპისკოპოსი და ამილახორი შეგზავნა. მოსალოდნელი იყო, რომ სამღვდელო პირს შედარებით ადვილად გაერთმია თავი დაკისრებული მოვალეობისათვის. მაგრამ მთავარეპისკოპოსი ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მან ციხეში მყოფ ლევანის დედას საიდუმლოდ გაუმჟღავნა ქართლის მეფის რეალური მდგომარეობა, რის გამოც ციხის მცველებმა დანებებაზე ხელი აიღეს. ამის შემდეგ დავით მეფემ ციხეს ალყა მოხსნა და ქართლში დაბრუნდა. დავითX-მ ქართლში შემოსული ოსმალები დაამარცხა და მალევე თავისი ლაშქრით კახეთში გადავიდა. თუმცა იქ უკვე ახლა მას სრულიად სხვაგვარი წინააღმდეგობა შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ ქართლის მეფემ ამჯერად თავად კახეთშიც შეავსო თავისი ლაშქრის რიგები. ლევანი მას შედარებით რიცხვმცირე ძალებით მაღაროსთან დახვდა და დაამარცხა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 353; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 490_491; ვახუშტი, 1973, გვ. 396, 571].
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართლის მეფემ მაღრანის ციხეს ალყა მოხსნა, ლევანი ფარულად დაუკავშირდა გურიის ერისთავ მამიას (1512_1534) და მას დავით X-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება თხოვა. გურიის ერისთავისთვის ეს თხოვნა მისაღები იყო და ის სამცხის გავლით ათაბაგის ხელშეწყობით ქართლში გადავიდა. სავარაუდოდ, იმერთა მეფე ბაგრატ III, რომელსაც ემორჩილებოდა გურიის ერისთავი, ქართლში განხორციელებულ ლაშქრობაში ხელს უწყობდა მას. დავითX გურიელს მოხისთან დაუხვდა და იქ შემდგარ ბრძოლაში დამარცხება თავად განიცადა. გურიელი შემდეგ მუხრანისაკენ წავიდა, სადაც მას ლევანიც შეუერთდა. დავით X კი, ნიჩბისში დადგა და იქიდან აპირებდა მუხრანში მყოფი ძალებისათვის შეტევას, ბაგრატ მუხრანბატონი და ამილახორი კი, ბაზალეთიდან უნდა დასხმოდნენ თავს ლევანს და გურიელს, თუმცა საქმე ბრძოლამდე არ მისულა. გურიელმა დავით მეფეს დაზავების წინადადებით მიმართა და შუამავლის პირით შეუთვალა: მე აქ იმისათვის მოვედი, რომ თქვენსა და ლევანს შორის მშვიდობა დავამყარო და გევედრებით “რათა ჰყოთ ზავი და სიყვარული თქუენ შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი გარემოსა ვითარცა ყეენი, რომელი იპყრობს ქუეყანათა” [ვახუშტი, 1973, გვ. 397]. გურიელი ქართლის მეფეს მშვიდობის დამყარებისაკენ კი მოუწოდებდა, რა დროსაც მავნე საგარეო ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ, რეალურად ეს სეპარატისტი ერისთავის მხრიდან გამოვლენილი პოლიტიკური სპეკულაცია იყო. იმ ზავს, რომლის დადებისაც გურიელი ითხოვდა, პრაქტიკულად ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესებისათვის სრულიად მიუღებელი მდგომარეობა უნდა გაემყარებინა.
გურიელის წინადადება ქართლის მეფისათვის მისაღები არ იყო, მას ზავის დადება არ სურდა და ბრძოლის გაგრძელებას ისევ აპირებდა, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალასთან დაპირისპირებისათვის აუცილებელი სამხედრო ძლიერება არ ჰქონდა. დავით მეფეს გავლენიანმა ფეოდალებმა, ეპისკოპოსებმა და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბასილ VI-მ (1517_1528; 1529_1531) დაზავება ურჩიეს. დავით მეფემაც ამ რჩევის გათვალისწინება მისაღებად სცნო და საბოლოოდ დაპირისპირებული მხარეები დაზავდნენ [ვახუშტი, 1973, გვ. 397].
ამრიგად, ქართლ-კახეთის ერთიანობას ბოლო მოეღო. ქართლის სამეფო კარს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა კახეთზე კონტროლი შეენარჩუნებინა და შემდეგ სრულიად საქართველოს ერთიანობის აღდგენაზე ეზრუნა. შექმნილ ვითარებაში ქართლის მეფის წინააღმდეგ გასაოცარი კოალიცია შეიქმნა, პრაქტიკულად დავით X-ის წინააღმდეგ თითქმის სრულად გაერთიანდა ყველა სხვა ქართული სამეფო-სამთავროს წინამძღოლი. კოალიციაში შესულ ქართულ სამეფო-სამთავროების წინამძღოლებს, თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ქართლის სამეფოს და “ტფილისის ტახტის”, როგორც საქართველოს ერთიანობის პოტენციური ინიციატორის არანაირი გაძლიერება არ სურდათ. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ამოქმედდა ის პრინციპი, რომლის მეშვეობით ქართველ მეფე-მთავართა მიერ კოალიციის ორგანიზება ხდებოდა გიორგი VIII-ის წინააღმდეგ. ამჯერად საგარეო ფაქტორის ზემოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე XV საუკუნის 60-იან წლებში. მართალია, ქართლის სამეფომ დავით X-ის მეთაურობით ახლა საგარეო საფრთხის განეიტრალება, ასე თუ ისე ნაწილობრივ შეძლო, მაგრამ საბოლოოდ მოწინააღმდეგე ქართულ სამეფო-სამთავროებს კახეთის შემოსაერთებლად გაჩაღებულ დაპირისპირებაში სათანადოდ რომ ვერ გაუმკლავდა, კახეთიც დაკარგა და შესაბამისად არც სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების შემოერთების მცდელობა არ ჰქონია.
ქართული სამეფო-სამთავროებისათვის მისაღები არ იყო ის ვასალური დამოკიდებულება, რომელიც მათ ირანის სახელმწიფოსთან 1518 წელს ჩამოუყალიბდათ. 1521 წელს ლევან კახთა მეფემ ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება სცადა და სრულიად მოულოდნელად თავისი ბრძოლის ფრონტი სამშობლოს ფარგლებს გარეთ გადაიტანა. ლევანმა შაქზე მოაწყო თავდასხმა. შაქი ყიზილბაშთა ვასალი იყო, მისმა გამგებელმა დახმარება შაჰ-ისმაილს თხოვა, რომელმაც ურჩი ვასალის დამორჩილების მიზნით, კახეთში დივ-სულთან რუმლუ გამოგზავნა თავისი რაზმით. ყიზილბაშთა რაზმს ლევანმა საჭირო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ყიზილბაშებმა დაარბიეს ზეგამი და გრემი, ლევანი იძულებული გახდა დამორჩილებოდა მტერს. [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 21; ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 100]. ირანის სახელმწიფოს მიმართ ხელმეორედ გავასალების შემდეგ ლევან კახთა მეფე პასიურ პოლიტიკაზე გადავიდა, თავის სამფლობელოს ნაჭუჭში დაიმალა და “მართლაც, რომ მხოლოდ კახეთის მეფე იყო, საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის აღდგენაზე ის არ ზრუნავდა” [ნ. ბერძენიშვილი, 1973, გვ. 161].
1522 წელს ირანელებმა უკვე ქართლში მოაწყვეს ლაშქრობა, რაც მნიშვნელოვანწილად ქართლში შემოსახლებულ თურქმანების ადგილობრივ მკვიდრთაგან შევიწროებას უკავშირდებოდა. ამ დროს დავით მეფეს დამხმარე ძალები მოუვიდნენ კახეთიდან და სამცხე-საათაბაგოდან, ამას გარდა ქართლის მეფემ თავისი ლაშქარი ჩრდილო კავკასიაში დაქირავებული ჯარითაც შეავსო და ირანელებს თელეთთან დაუხვდა. იქ შემდგარ ბრძოლაში ირანელებმა დავით X-ის მეთაურობით მოქმედი ლაშქრის დამარცხება შეძლეს. თელეთის ბრძოლაში თავი ისახელა ქართლის მეფის ძე ლუარსაბმა. თავად ქართლის მეფე ამ ბრძოლის შემდეგ შიდა ქართლში შეეცადა ახალი ლაშქრის შეკრებას. ამასობაში ირანელებმა კარგად გამაგრებული თბილისი მისი ციხისთავის ღალატის წყალობით აიღეს და იქ რბევა მოაწყვეს, რასაც თბილისის ციხეში ირანელთა გარნიზონის ჩადგომა მოყვა. ამის შემდეგ ირანელთა ლაშქრის დიდმა ნაწილმა სამცხე დაარბია და ტყვეებით და სხვა ნადავლით საქართველოს ტერიტორია დატოვა [ვახუშტი, 1973, გვ. 397_399; 571_572; 712, ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 100_101].
1522 წელს თელეთის ბრძოლაში ქართლისა და კახეთის სამეფოების და სამცხის სამთავროს მხრიდან გამოვლენილი სამხედრო ერთიანობის ფაქტი, ერთგვარად ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რასაც ამ დროს ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარება ქმნის. ცოტა რთულია, ამ გაერთიანების მასშტაბებზე მსჯელობა, ალბათ კახეთიდან და სამცხიდან დავით მეფესთან პატარ-პატარა რაზმები მოვიდნენ, რომელსაც პირადად არასოდეს ახასიათებდა სამხედრო ძლიერება და თელეთის ბრძოლაში ქართველთა ნაწვნევი დამარცხება აქედან უნდა გამომდინარეობდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მხოლოდ კახეთისა და სამცხის დროებითი ტაქტიკური კავშირი ქართლთან, რომელსაც რაიმე მყარი საყრდენი არ გააჩნდა და არც პერსპექტიული არ აღმოჩნდა. როდესაც საქართველოდან ირანელთა ლაშქრის ძირითადი ნაწილი გავიდა და ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლები ერთმანეთის წინაშე მარტონი დარჩნენ, მათ შორის, ისევ ისეთივე დაძაბული ურთიერთობები აღდგა, როგორიც თელეთის ბრძოლამდე არსებობდა და საერთო-ქართულ ინტერესებს არ პასუხობდა.
1522 წელს ქართლში ყიზილბაშთა მიერ განხორციელებული ლაშქრობის შედეგების აღმოფხვრა ქართლის ხელისუფლებისათვის რთული არ ყოფილა. 1524 წელს გარდაიცვალა შაჰ-ისმაილი და ირანის ტახტი მისმა მცირეწლოვანმა შვილმა თამაზმა დაიკავა, რასაც ირანში შინაარეულობის დაწყება მოყვა. ამით დავითX-მ კარგად ისარგებლა და თბილისი გაათავისუფლა, შემდეგ აღჯაყალას ციხეც დაანგრია, რასაც იქ შემოსახლებული თურქმანების შევიწროებაც მოყვა. ეს ქართლის ირანის ვასალობისგან გათავისუფლებასაც ნიშნავდა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 357; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 496; ვახუშტი, 1973, გვ. 399; ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 101].
ამ დროიდან ვიდრე XVI საუკუნის 40-იან წლებამდე საქართველოში ყიზილბაშთა ლაშქრობა არ განხორციელებულა. თავად დავით X თბილისის მტრის ხელიდან გამოხსნის შემდეგ სამეფო ტახტზე დიდხანს არ დარჩენილა და 1525 წელს ბერად შედგა. 1525_1527 წლებში ქართლში მეფობდა გიორგი IX. ვახუშტის ცნობით, მას კარგი ურთიერთობა ჰქონია იმერეთისა და კახეთის მეფეებთან და სამცხის ათაბაგთან [ვახუშტი, 1973, გვ. 400_401].
ამგვარად, XVI საუკუნის პირველ მეოთხედში ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი დაპირისპირება და დაძაბულება არ შენელებულა. ამ ურთიერთობების ცენტრში სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ერთიანი ქართული სახელმწიფოს მთავარი მემკვიდრე ქართლის სამეფო იყო, რომელმაც განდგომილი ქართული პოლიტიკური ერთეულების არაერთი შემოტევა გადაიტანა, თუმცა საბოლოოდ ეს შემოტევები ქართლის სამეფომ მოიგერია, რადგან ქართლზე შეტევისას განდგომილი პოლიტიკური ერთეულების წინამძღოლებმა ვერ შეძლეს ერთმანეთთან კავშირის დამყარება და ცალ-ცალკე ქართლის სამეფო მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდა. ხოლო, როდესაც ერთი-ერთი ქართლზე მოიერიშე სამეფოს არსებობას ქართლის სამეფოს მიღებული კონტრზომების წყალობით საფრთხე დაემუქრა, ერთიანი ქართული სახელმწიფოს მთავარი მემკვიდრე სამეფოს წინააღმდეგ დიდი კოალიცია შეიქმნა, რათა სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებს ძირშივე აღეკვეთათ ქართლის სამეფოს საქართველოს გამაერთიანებელი ყოველგვარი მისიის აღსრულების მცდელობა.
XVI საუკუნის პირველ მეოთხედში თითქმის ყველა ქართული სამეფო-სამთავროს არსებობას შიდა სახელისუფლებო კრიზისი სდევდა თან. ასეთ პირობებში ქართულ სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მზარდი საფრთხის მქონე საგარეო ფაქტორი. უცხოელმა მტერმა საქართველოში არაერთი ლაშქრობა განახორციელა, მაგრამ ეს ყველა ქართული სამეფო-სამთავროს პოლიტიკურ მესვეურს იქითკენ არ უბიძგებდა, რომ თავისი პირადი ინტერესებისათვის ლაგამი ამოედო და ურთიერთშორის მშვიდობის დამყარებაზე ეფიქრა, რის გამოც საქართველოში არსებული დაშლის შეუქცევადი პროცესი ძალაში დარჩა.
Комментариев нет:
Отправить комментарий