არაბი ისტორიკოსი აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ ალ-ბალაზური დაიბადა დაახლოებით 820 წელს ბაღდადში. მეტსახელი მიიღო მცენარე ბელაზურისგან (ქართ. აკაჟუ). დიდი პატივით სარგებლობდა აბასიანი ხალიფების მუთავაქილის, მუსტაინისა და მუტაზის კარზე 850-იან 860-იან წლებში. ხალიფა ალ-მუხტადის დროს დაკარგა ხალიფთა წყალობა და ამიერიდან ცხოვრობდა დიდად გაჭირვებაში. ისტორიების წერის გარდა იყო მთარგმნელი და პოეტი.
ბალაზურმა დაწერა ისტორიული შრომა „ფუთუჰ ალ-ბულდანი“ („ქვეყნის დაპყრობა“), რომელშიც ძირითადად არაბთა დაპყრობითი ომების ისტორიას აღწერს 622 წლიდან 869 წლამდე და იყოფა 90 თავად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მას კავკასიის ისტორიისათვის. წიგნში საგანგებო თავები აქვთ დათმობილი აზერბაიჯანის და არმენიის (არაბთა მიერ ამიერკავკასიაში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც შედიოდა სომხეთი, ალბანეთი და ქართლი) დაპყრობას. მოთხრობილია არმენიისა და მისი მმართველი ვალიების, თბილისისა და საქართველოს სხვა მხარეების დაპყრობისა და „დაცვის სიგელების“ გაცემის შესახებ. მნიშვნელოვანი ცნობებია მურვან ყრუსა და ბუღა თურქის კავკასიაში ლაშქრობათა შესახებ.
ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ შემონახულია არაბი ისტორიკოსების ბალაზურის (820-892 წ.), ტაბარის (838-929) და იაკუთის (1179-1229) თხზულებებში. „დაცვის
სიგელი“-ს ტაბარისეულ ვარიანტებს შორის მცირეოდენი განსხვავება შეინიშნება. შესაძლოა
ეს განსხვავებები გადამწერთა დამახინჯებისა და შეცდომის, ანდა დამატებისა და შეგნებული
ინტერპოლაციის შედეგი იყო; თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში, სხვადასხვა
წყარო ჰქონოდათ ხელთ. რაც შეეხება იაკუთის ტექსტს, იგი ბალაზურიდან მომდინარეობს და
თითქმის მთლიანად იმეორებს მას. ტექსტში მოცემული უმნიშვნელო განსხვავებები კი აშკარად
გადამწერთა ბრალი უნდა იყოს.
არმენიის
დაპყრობა
„... შიშმატის,
კალიკალას (კარინი, ერზერუმი), ხილატის, არჯიშისა (არჭეში) და ბაჯუნაისის (ბიჯნისი)
ადრე ერქვა მეოთხე არმენია; ოლქი ბასფურაჯანი (ვასპურაკანი), დაბილი (დვინი),
სირაჯ-ტაირი და ბაგრევანდი - მესამე არმენია; ჯურზანი
(ქართლი) კი - მეორე, ხოლო სისაჯანი (სისაკანი,
სიუნიქი, სივნიეთი) და არანი - პირველი. სხვები
ამბობენ, რომ მეოთხე არმენია შედგებოდა მხოლოდ შიშმატისგან; კალიკალა, ხილატი,
არჯიში და ბაჯუნაისი შეადგენდნენ მესამე არმენიას; სირაჯ-ტაირი, ბაგრევანდი, დაბილი და
ბოსფორაჯანი - მეორეს; ხოლო სისაჯანი, არანი და
ტიფლისი - პირველს...
...გადმოგვცემენ რომ უსმან იბნ აფანმა, როგორც კი იგი ხალიფა გახდა (644 წლის 6 ნოემბერს), თავის ნაცვალს სირია-მესოპოტამიაში და თავდაცვის ხაზზე - მუავიას უბრძანა არმენიაში გაეგზავნა ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიქრი, რომელსაც კარგად იცნობენ უმარი, უსმანი და მათი მოადგილენი სირიის დაპყრობის და ბიზანტიაში შეჭრის დროს გამოჩენილი მამაცობის გამო.
სხვები
კი ამბობენ და ეს უფრო სწორია, რომ უსმანმა თვითონ გაუგზავნა ჰაბიბს ბრძანება არმენიაში სალაშქროდ და ის სასწრაფოდ გაემართა იქითკენ, ერთნის გადმოცემით 6000-ით, მეორეთა გადმოცემით 8000 სირიელი და მესოპოტამიელით.
იგი მიადგა
კალიკალას და ალყაში მოაქცია. მის წინააღმდეგ გამოვიდა მოსახლეობა, მაგრამ მან ბრძოლა
გაუმართა და აიძულა ისინი დაბრუნებულიყვნენ ქალაქში. ამის შემდეგ მათ პატიება ითხოვეს
და დათანხმდნენ დაეტოვებინათ ეს ადგილი და ეხადათ ჯიზია. მან ბევრი გაასახლა და ისინი
ბიზანტიაში წავიდნენ.
ჰაბიბმა
კალაკალაში რამდენიმე თვე დაჰყო. შემდეგ მან შეიტყო, რომ არმინიაკოსის პატრიკი მუსლიმანთა წინააღმდეგ ამზადებდა დიდ ლაშქარს და რომ მას მოუვიდა დამხმარე ჯარი ალანისა, აბხაზისა და სამანდარისა (ხაზარეთის ქალაქი, დარუბანდიდან 8 კმ-ზე) - ხაზარეთიდან და (ამიტომ) უსმანს სთხოვა დახმარებოდა. უსმანმა კი მუავიას მისწერა (ჰაბიბისათვის) მიეშველებინა ის სირიელები და მესოპოტამიელები, რომლებიც ისურვებდნენ მონაწილეობის მიღებას საღვთო ომში და ნადავლში. მუავიამ 2000 კაცი გაუგზავნა ჰაბიბს, ხოლო ჰაბიბმა (ისინი) კალიკალაში ჩააყენა, მიწები დაუნაწილა და მათგან მოსაზღვრე რაზმი შეადგინა.
ჰაბიბის წერილის მიღებისთანავე უსმანმა ბრძანება გაუგზავნა აგრეთვე თავის ნაცვალს ქუფაში საიდ იბნ ალ-ასი ბენ უმაიას, რომ მისთვის მიეშველებინა ლაშქარი ალ-ხაილის ზესახელით ცნობილი სალმან იბნ რაბია ალ ბაჰილის მეთაურობით, რომელიც იყო ხელგაშლილი... და მამაცი ადამიანი. სალმანი ჰაბიბისკენ გაემართა 6000 ქუფელით (მაგრამ) ვიდრე ჰაბიბს მაშველი ჯარი მოუვიდოდა, ამასობაში გამოჩნდნენ
ბიზანტიელები თავისი (მოკავშირეებით) და ევფრატთან დაბანაკდნენ. მუსლიმებმა (აღარ დააყოვნეს)
იერიში მიიტანეს მათზე ღამე, დაამარცხეს ისინი და გაწყვიტეს მრავალი...
ამბობენ,
რომ სალმანი (იქ) მივიდა იმის შემდეგ, როდესაც (სირიელმა) მუსლიმანებმა მტერი დაამარცხეს, მიუხედავად ამისა ქუფელებმა ნადავლის ნაწილი მოითხოვეს, მაგრამ სირიელებმა უარი უთხრეს, რის გამო ჰაბიბსა სალმანს შორის დაიწყო სერიოზული დავა... ამის შესახებ აცნობეს უსმანს და მან მისწერა, რომ ნადავლი გაენაწილებინათ მხოლოდ სირიელებზე, სალმანს კი წასულიყო სალაშქროდ არ-რანში.
როგორც სხვები გადმოგვცემენ, სალმან იბნ რაბია არმენიაში შევიდა უსმანის ხალიფობის დროს. მან იქ ხელთ იგდო ტყვეები, ნადავლი და 25 წელს (ჰიჯრას) წავიდა... მოსულის ჰადისში მყოფ ვალიდ იბნ უკბასთან. ვალიდმა იქ მიიღო უსმანის წიგნი, რომელშიც ნათქვამი იყო: მუავიასგან მოვიდა წერილი და ითხოვს დამხმარე ჯარს, რადგან თურმე ბიზანტიელები თავს უყრიან დიდ ლაშქარს მუსლიმანთა წინააღმდეგ. უსმანმა ვალიდს უბრძანა, მუავიასათვის მიეშველებინა 8000 კაცი და მან ეს შეასრულა - (გაგზავნა ჯარი) სალმან იბნ რაბია ალ-ბაჰილის სარდლობით. (ბიზანტიელთა წინააღმდეგ) ამდენივე ჯარი გაგზავნა ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით მუავიამაც. მათ დაიპყრეს ბევრი ციხე და ხელთ იგდეს მრავალი ტყვე, მაგრამ მათ შორის დაიწყო დავა ძალაუფლებისათვის და სირიელებმა განიზრახეს სალმანის მოკვლა... პირველი ვერსია უფრო სწორია. ის მე მიამბეს კალაკალის უხუცესებმა და მომწერა ამ ქალაქის ყადიმ ალ-ატაფ იბნ სუფიან აბუ ალ-ასბაღმა.
მუჰამად იბნ საიდმა მიამბო ალ-ვაკიდისაგან გაგონილი ამბავი, რომელიც მას აბდ ალ-ჰამიდ იბნ ჯაფარისგან, ხოლო ამ უკანსკნელს კი მამამისისგან მოუსმენია, რომ ჰაბიბ იბნ მასლამამ ალყაში მოაქცია დაბილის (დვინი, ერევნიდან სამხრეთით 20 კმ-ზე) მოსახლეობა და დაბანაკდა ქალაქის გარშემო. იქ ის შეხვდა მავრიან ბიზანტიელს, თავს დაესხა ღამე, მოჰლა იგი, (მავრიანოსის მკვლელობა მართლაც მცდარია) წამოიღო რაც კი რამ იყო მის ბანაკში და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა მასთან სალმანი. მაგრამ უფრო სანდო ცნობებით ისინი (ჰაბიბი და სალმანი) ერთმანეთს შეხვედრიან კალიკალასთან.
გადმოგვცემენ, რომ ჰაბიბმა კალიკალას აღების შემდეგ განაგრძო გზა და მივიდა ქალაქ მარბალამდე (ხლათის ოლქში, ვანის ტბის ახლოს). იქ მასთან
გამოცხადდა ხლათის პატრიკი იად იბნ ღანამის დაცვის სიგელით (641 წლისა), რომელიც მას ანიჭებდა პიროვნების, ქონებისა და ოლქის ხელშეუხებლობის გარანტიას და ტოვებდა მის გამგებლად იმ პირობით თუ გადაიხდიდა ხარკს. ჰაბიბმა პატრიკი იადთან გაგზავნა, ხოლო თვითონ წავიდა ალ-ჰარსსა და უდაბნო ალ-ვარქსს შორის დაბანაკდა. იქ მას ეახლა ხლათის პატრიკი მასშე შეწერილი გადასახადით და მიართვა საჩუქრები, მაგრამ საჩუქრები არ მიიღო. ხლათში შესვენების შემდეგ ჰაბიბი გაემართა ას-სამისკენ, სადაც შემოეგება ბასფურაჯანის (ვასპურაკანი) ერთ-ერთი ოლქის, მაქსის მმართველი, რომელიც დაამტკიცა თანამდებობაზე, გააყოლა კაცი და მისცა მშვიდობისა და თავდაუსხმელობის სიგელი. ამის შემდეგ ჰაბიბმა არჯიშისა (არჭეში, ხლათის ოლქში, ვანის ტბის ჩრდ. ნაპირთან) და ბაჯუნაისისკენ (ბიჯნისი, დღევ. სოფ. ბჯნი კოტაიქის პროვ.) დაძრა თავისი ლაშქარი, დაიკავა (ეს ადგილებიც) და მოსახლეობისგან აიღო გადასახადი ჯიზია. მასთან მივიდნენ ამ ოლქების გამგებლები და დაუმტკიცა თავ-თავიანთი სამფლობელოები იმ პირობით, რომ გადაიხდიდნენ ხარაჯას (მიწაზე სულადობრივი საადგილმამულო გადასახადი).
ვაკიდი ამბობს, რომ ამის შემდეგ ჰაბიბის ცხენოსანი ჯარი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა ქვეყანაში, შეჩერდა ჯურნთან (ქალაქი დვინთან ახლოს) და მიაღწია აშუშს, ზათ ალ-ლუჯუმს (ლიჯამი, ლოჭინი), ქუთის მთას, ალ-აჰრარის ხეობას და დაიკავა დაბილის ყველა დასახლებული ადგილი. იქიდან ჰაბიბმა ლაშქარი გაგზავნა სირაჯ ტაირს (სომხეთის ოლქი) და ბაგრევანდს, რომლის პატრიკი მოვიდა მასთან და ქალაქის სახლით დადო საზავო ხელშეკრულება, რითაც იკისრა ხარკი, მუსლიმანებთან მეგობრული დამოკიდებულება და მტრის წინააღმდეგ ბრძოლა.
შემდეგ ჰაბიბი მივიდა ქალაქ ან-ნაშავს, დაიპყრო ის და (დადო მასთან)
ისეთივე ხელშეკრულება როგორიც დაბილში. აქ ჰაბიბთან გამოცხადდა ბასფურაჯანის პატრიკი
და დადო მასთან ხელშეკრულება მთელი ქვეყნისა და ოლქების სახელით. ამ ხელშეკრულებით
პატრიკი ვალდებულებას ღებულობდა ყოველწლიურად ხარკის გადახდაზე. შემდეგ ჰაბიბი წავიდა
სისანჯანისკენ (სისაკანი, სიუნიკი, სივნითი, დღევ. ყარაბაღში), შეებრძოლა მის მცხოვრებლებს და გააქცია, შემდეგ დაიპყრო ვაისი (ვაიცძორი) და სისანჯანში ციხე-სიმაგრის მფლობელებთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათ იკისრეს ხარკი. ამის შემდეგ ის გაემართა ჯურზანში (ქართლში).
ქალაქ დაბილის უხუცესებმა, მათ შორის ბარმაქ იბნ-აბდ ალლაჰმა, მიამბეს, რომ ჰაბიბ იბნ მასლამა გაემართა ჯურზანის დასაპყრობად. როდესაც მივიდა ზათ ალ-ლუჯუმს (=ლოჭინს?), მათ თავიანთ ცხენებს მოხსნეს აღვირები და მიუშვეს საძოვრად. მაგრამ ამ დროს მათ დაესხნენ გლეხები, რომლებმაც არ მისცეს დრო ცხენებზე ასამხედრებლად, შეებრძოლნენ, დაამარცხეს და წაართვეს რამდენიც შეძლეს აღვირები და ცხენები. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, მუსლიმები დაეცნენ მათ, გაჟლიტეს და წაართვეს ყველაფერი უკან, რაც ადრე დაკარგეს; ამის გამო ამ ადგილს ეწოდა „ზატ-ულ-ლუჯუმი“ ანუ აღვირის შემთხვევა. ამბობენ: ამის შემდეგ მოვიდა
ჰაბიბთან ჯურზანის პატრიკისა (ქართლის ერისმთავრის) და მისი მოსახლეობის ელჩი, სადაც
ჰაბიბი გაემართა, რომელმაც გადასცა წერილი და სთხოვდა მიეცათ მათთვის ხელშეუხებლობისა
და პატიების (სულჰისა და ამანის) წიგნები, რაც მან მაშინვე
შესარულა და მისწერა მათ:
და შემდეგ აია რა: ჭეშმარიტად ნიკოლა, მოციქული თქვენი, წარმოგვიდგა მე და ჩემთან მყოფ მორწმუნეებს და მოგვახსენა თქვენი
სახელით, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომლიც განადიდა ალლაჰმა და აღმატებულიყო. ასე ქმნა
ალლაჰმა, დიდება მას მრავალგზის, ალლაჰიმც აკურთხებს მუჰამედს, მოციქულს მისას, საუკეთესოს
მის ქმნილებათა შორის და გაუმარჯვებს მას. და მოგვახსენეთ, რომ თქვენ გსურთ ზავი ჩვენთან.
მე შევაფასე თქვენი ძღვენი, ჩაგითვალეთ იგი ჯიზიაში და დაგიწერეთ ამანი, რომელშიც გიდებთ
პირობას. თუ მიიღებთ და შესარულებთ მას (ხომ კარგი), თუ არა, გამოგეცხადებათ ომი ალლაჰისა
და მოციქულის სახელით. მშვიდობა მას, ვინც მისდევს ჭეშმარიტ გზას“.
შემდეგ
ის (ჰაბიბი) მივიდა ტიფლისში და მისწერა მის მცხოვრებლებს (შემდეგი) დაცვის სიგელი:
„სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. ეს არის წიგნი ჰაბიბ იბნ მასლამასაგან
ტიფლისის მოსახლეობისადმი მანგლისიდან, კირმიზის (არმაზის?) ჯურზანიდან, მათი პიროვნების,
ეკლესიების, სენაკების, ლოცვისა და სარწმუნოების შეუვალობის პირობით, დამცირებისა (ე.ი.
მორჩილების) და ჯიზიას აღიარებით, ყოველ კომლზე - დინარი.
თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააერთიანოთ კომლები ჯიზიას შესამცირებლად, და არც ჩვენ,
რომ დავანაწილოთ ისინი მის გასადიდებლად. ჩვენ გვექნება თქვენი კეთილი რჩევა და თქვენი
შეწევნა ალლაჰისა და მისი მოციქულის, ალლაჰიმც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს, მტრების
წინააღმდეგ, რამდენადაც თქვენ შეგეძლებათ; გამასპინძლება ღამით გაჭირვებული მუსლიმისა
კეთილად, წიგნის ხალხთათვის, ჩვენთვის ნებადართული საჭმელით. და თუ ჩამორჩება კაცი
მუსლიმი თქვენთან, მაშინ თქვენზეა მისი მიყვანა მართლმორწმუნეთა უახლოეს რაზმამდე,
თუ ეს თქვენთვის შეუძლებელი არ არის. და თუ თქვენ მოიქცევით და შეასრულებთ ლოცვას,
მაშინ იქნებით ჩვენი თანამოძმენი სარწმუნოებაში. თუ არა, მაშინ ჯიზიაა თქვენზე. და
თუ შეემთხვათ მუსლიმებს რაიმე საქმე, ვერ მოიცალეს თქვენთვის და დაგიმორჩილათ მტერმა
თქვენმა, ამის გამო თქვენ არ დაისჯებით და არ იქნება ეს დარღვევა თქვენი პირობისა.
ესაა თქვენი უფლებები და ესაა თქვენი მოვალეობები. მოწმეა ალლაჰი და ანგელოსნი მისნი.
საკმარისია ალლაჰი მოწმედ“.
გადმოგვცემენ რომ (ტიფლისის დამორჩილების შემდეგ) იმავე ჰაბიბმა დაიკავა ჰავარიქი (ჯავახეთი ან ხერკი), ქსოვრისი, ქისალი (ქსანი ან სისალი თბილისსა და ბარდავს შორის), ხუნანი, სამცხე, გარდაბანი, ქუსთასჯი, შავშეთი და ბაზალეთი სამშვიდობო შეთანხმებით, და პირობა დადო რომ არ დაღვრიდა მოსახლეობის სისხლს და არ ახლებდა ხელს მათ სალოცავ სახლებსა და კედლებს, მაგრამ სამაგიეროდ მათ უნდა გადაეხადათ გადასახადი მიწაზე და კომლზე. მან სამშვიდობო შეთანხმება დადო აგრეთვე კლარჯეთის, თრიალეთის, კახეთის, კუხეთის, არტაანის, დარიალის მოსახლეობასთან, და სამშვიდობო ზავი დადო აგრეთვე სანარიელებთან (წანარები) და დიდოელებთან, იმ პირობით, რომ ისინი გადაიხდიდნენ ხარკს.
ამასობაში სალმან იბნ რაბიამ უსმანის ბრძანებით, ილაშქრა არ-რანს (ჯერ ეწოდა ალბანეთს არაბულად, შემდეგ ტერმინი დავიწროვდა მტკვარსა და არაქსს შორის), დაიკავა ბაილაკანი (არ-რანის აღმოსავლეთით მტკვრისა და არაქსის შესართავთან), პურის აღება დამთავრებული რომ იყო იმ დროს მიადგა ბარზას (ბარდავი, არ-რანის ქალაქი მტკვარზე), დაეუფლა მას და აგრეთვე სოფლებს: შავშინს, მასვანს, უდს, ალ-მასრბანს, ალ-ჰარჰილანს, თაბარს და არ-რანის სხვა ადგილებს. იქიდან გაემართა შამქორისაკენ, აიღო იგი და გადავიდა მტკვარზე არაქსის შესართავთან, ერთმანეთზე მიყოლებით დაიკავა კაბალა (ყაბალა), შაქინი (შაქი), კამიბარანი, ხაიზანი, შარვანი, მასკატი (ოლქი კასპიის ზღვის პირას, დარუბანდის სამხრეთით), შაბურანი, (კასპიის ზღვასთან შარვანის ჩრდილოეთით), ქალაქი ალ-ბაბი (დარუბანდი) და ყველგან დადო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ როგორც კი სალმანი ალ-ბაბიდან ხაზართა ქვეყნისკენ დაიძრა, მდინარე ბალანჯართან ხაკანის ლაშქარს შეეჩეხა და ბრძოლაში დაიღუპა.
რაც შეეხება ჰაბიბს, ამბობენ, რომ მან არმინიაში თავისი მრავალი დაპყრობების შესახებ უსმან იბნ აფანს აცნობა წერილობით და სალმანის დაღუპვის ამბავიც შეატყობინა. უსმანს სურდა ჰაბიბი დაენიშნა არმინიის გამგებლად, მაგრამ იცოდა რა მისი კარგი თადარიგიანობის ამბავი, გადაიფიქრა და იგი სათავეში ჩაუყენა სირია-მესოპოტამიაში, საზღვარზე გაგზავნილ საექსპედიციო ლაშქარს. ის ხშირად ესხმოდა თავს ბიზანტიას... მაგრამ მუავიამ დამასკოში გადაიყვანა და 42 (662-3) წელს იქვე გარდაიცვალა 45 წლის ასაკში“.
შენიშვნა
იბნ ალ-ფაკიჰი 903 წლისთვის დაწერილ „ქითაბ ალ-ბულდანში“ („ქვეყნების წიგნი“) ჩამოთვლის ჰაბიბის მიერ საქართველოში დაპყრობილ პუნქტებს: „დაიპყრო ჰაბიბ იბნ მასლამამ ოსმან იბნ აფანისათვის არმენიის ნაწილები: ჯურზანი, ქასფარი, ქისალი, ხუნანი, სამსახი, ალ-ჯარდამანი, ქსიფიბისი, შავშითი და ბაზალითი სულჰით, იმ პირობით, რომ გადაიხდიდნენ გადასახადს სულზე და მიწაზე. და შეუთანხმდა სანარიელებს, კლარჯეთისა და დუდანიის მცხოვრებლებს გადასახადზე“.
ბ) ჯარრაჰ
იბნ აბდ ალლაჰის ლაშქრობა
722-724 წლებში
ქართლში შემოვიდა არაბთა სარდალი ჯარრაჰ იბნ აბდ ალლაჰი. მას წარუდგინეს ჰაბიბ
იბნ მასლამას დაცვის სიგელი, რომელიც მან განაახლა. ჯარრაჰის სიგელი რამდენსამე დამატებით
მუხლს შეიცავს.
„ჯარრაჰ იბნ-აბდ ალაჰ ალ-ჰაკამმა ასევე მისწერა
ტიფლისის მოსახლეობას სიგელი შემდეგი შემადგენლობის: „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა,
მწყალობლისა. ეს არის წიგნი ჯარაჰ იბნ აბდ ალლაჰისაგან ტიფლისის მოსახლეობისადმი, მანგლისის
თემიდან, ჯურზანის ოლქიდან, იმაზედ, რომ მომიტანეს მე წიგნი შეუვალობისა ჰაბიბ იბნ
მასლამას მიერ მათთვის გაცემული დამცირებისა და ჯიზიას აღიარებისა და იმის შესახებ,
რომ დაეზავა იგი მათ მიწებზე, ვენახებზე და წისქვილებზე რომლებსაც ეწოდება ავარი (მდ.
ვერეს ხეობა?) და საბინა მანგლისის თემიდან და ტაცამი (დიღომი?) და დიდუნა (დიდუბე?)
კოგოვიტის (ხვეთი, თბილისის ჩრდილოეთით, სომხური გეოგრაფიიდან) თემიდან, ჯურზანის ოლქიდან
იმ პირობით, რომ გადაიხდიან ამ წისქვილებზე ყოველწლიურად 100 დირჰემს ერთბაშად
(1 დინარი=12 დირჰემს). და დავუმტკიცე მათ შეუვალობა მათი, ზავი მათი და ვბრძანე, რომ არაფერი არ მოემატოს ამას. და ვისაც წაეკითხება წიგნი ჩემი არ დაერღვიოს იგი, თუ ალლაჰიმც ისურვებს“.
გ) მურვან
ყრუს ლაშქრობის ერთი დეტალი
„ხალიფა ჰიშამმა
საიდ ჯურაშიტის ორწლიანი მმართველობის შემდეგ არმენიის მმართველად დანიშნა მერვან იბნ
მუჰამედი, რომელიც დამკვიდრდა ოლქ
კისალში დ
ააშენა იქ
ქალაქი, 40 ფარსანგზე ბარდადან და
20 ფარსანგზე ტიფლისიდან. შემდეგ იგი
შევიდა ხაზართა ქვეყანაში ალანთა კარიდან (ე.ი.
დარიალიდან), ხოლო
ასიდ იბნ
ზაფირ სულიამიტს და აბუ
იაზიდს მათთან მყოფი მთების მეფეებთან ერთად უბრძანა შეჭრილიყვნენ ალ-ბაბ
უ ალ
აბუაბის (ე.ი.
დარუბანდის) მხრიდან. მერვანი დაესხა იმ დროისთვის ხაზართა მიწაზე მცხოვრებ სლავებს და აიყვანა ტყვედ 20000 ოჯახი და კახეთში დაასახლა; მოგვიანებით (ამ სლავებმა) მოკლეს თავისი მეთაური და
გაიქცნენ, მაგრამ (მერვანი) დაეწია და გაჟლიტა“.
დ) ხალიფა მანსურის
(754-775) დროიდან
„ხალიფა მანსურის დროს მისმა დანიშნულმა არმენიის ამირა იაზიდ იბნ უსაიდ სულიამიტმა დაამარცხა წანარნი ისე, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ეკისრათ (საადგილმამულო)
ხარკი“.
ე) ხალიფა მუთასიმის
(833-842) დროიდან
„ხალიფა მუთასიმ ბილაჰის დროს ამ (არმენიის საამირო) ქვეყნის მმართველად დანიშნულ იქნა ჰასან იბნ ალია ბადაგიტი, რომელიც ცნობილია ალ-მამუნის მეტსახელით; მან დაითხოვა პატრიკები და დიდგვაროვნები ამ ქვეყნისა და იმდენად მსუბუქად ეპყრობოდა, რომ ისინიც გულგრილად ეკიდებოდნენ ხელისუფლებას და ძალიან სასტიკად დაბალ ფენებს, ამ დროს აჯანყდა ისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაიბ, უმაიადების კლიენტი, და დაიპყრო თავის ხელში ჯურზანი“...
ვ) ხალიფა მუთავაქილის (847-861) დროიდან
„მორწმუნეთა მბრძანებელმა მუთავაქილ ალ-ალაჰმა თავისი მმართველობის მეორე წელს არმენიის მმართველად დანიშნა იუსუფ იბნ მუჰამედ იბნ იუსუფ ალ-მერვაზი, რომელიც ხილატში გამოცხადდა, დააპატიმრა მისი პატრიკი ბაკრატი აშოტის ძე და გაგზავნა იგი (ხალიფას რეზიდენცია) სურრა-მან-რაიში (სამარა).
ამით მან გამოიწვია პატრიკთა და დიგვაროვანთა გაღიზიანება. ცოტა ხანში ერთი მისი მეთაური ალ-ალია იბნ აჰმედი გაემგზავრა სისაჯანის ერთ მონასტერში, რომელსაც ქრისტიანი არმენიელები დიდ პატივს სცემდნენ და მიჰქანდათ მაში მრავალი შეწირულობა, დაიპყრო რაც მასში იყო და შეურაცხყო მისი ბინადარნი. ამით მან გამოიწვია პატრიკთა რისხვა, რომლებმაც დაიწყეს ერთმანეთთან მიმოწერა და მოუწოდებდნენ ერთმანეთს აჯანყებისკენ. ისინი აქეზებდნენ ხოუთებს - ესენი გლეხები არიან სახელწოდებით არტანი - იუსუფის წინააღმდეგ აჯანყებისკენ და აამხედრენ ისინი მის წინააღმდეგ იმ საბაბით, რომ მან გაგზავნა მათი პატრიკი (სამარაში).
როგორც პატრიკებმა, ისე ყველა აჯანყებულმა გაუგზავნეს (ხოუთებს) როგორც ცხენოსანი ისე ქვეითი ხალხი დამხმარედ, და ისინი დაესხნენ მას (იუსუფს) ტარონში სწორედ იმ მომენტში, როდესაც მან თავისი ხალხი სოფლებში მიმოფანტა, მოკლეს იგი და ხელთ იგდეს ყველფერი, რაც კი მის ბანაკში იპოვეს. მაშინ მორწმუნეთა მბრძანებელმა მუთავაქილ ალ ალაჰმა არმენიაში მმართველად გაგზავნა ბუღა უფროსი, რომელიც გამოცხადდა ბედლისში, შეიპყრო მუსა იბნ ზურარი (ერზენისა და
ბალისის ამირა), ერთ-ერთი იმათთაგანი, რომლებიც იუსუფის მოკვლელობაში მონაწილენი
იყვნენ ბაგრატთან სიმპატიების გამო. შემდეგ ის დაესხა ხოუთებს, გამოიწვია მათში
დიდი განადგურება და ბევრი მათგანი აიყვანა ტყვედ. ამის შემდეგ მან ალყა შემოარტყა
ბაკში აშოტ (არწრუნ) იბნ ჰამზა იბნ ხაჩიკს, ბოსფორაჯანის პატრიკს, აიძულა
გამოსულიყო ციხე-სიმმაგრიდან და გაგზავნა იგი სამარაში (სადაც სახალხოდ დასაჯეს
სიკვდილით). შემდეგ ის დაიძრა ჯურზანზე, შეიპყრო ისჰაკ იბნ იზმაილი აწამა და მოკლა იგი.
მან
(კვლავ) დაიპყრო ჯურზანი და შეიპყრო ბევრი ამბოხებაში დამნაშავე არანიდან, არმენიიდან და
სისაჯანიდან, როგორც ქრისტიანები, ისე სხვები.
დაამაყარა რა ქვეყანაში ისეთი წესრიგი, როგორიც ადრე არ ყოფილა, ბუღა დაბრუნდა 241 (855-856) წელს სამარაში“.
Комментариев нет:
Отправить комментарий