ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფილაქტე სიმოკატა (VI–VII) წარმოშობით ეგვიპტიდან, წარჩინებული ალექსანდრიელის ოჯახიდან იყო. ათენში მიიღო რიტორიკული განათლება, რის გამოც
თეოფილაქტემ კარგად იცოდა, უყვარდა და დიდად აფასებდა ანტიკურ კულტურას. ბერძნულის გარდა უნდა სცოდნოდა სირიული და სპარსული ენები. ბიზანტიელ ავტორთა შორის იგი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ არაბთა დაპყრობითი ომების დაწყების წინა ხანაში მოღვაწეობდა, იყო ავგუსტ ჰერაკლეს (610–641) მრჩეველი.
დაახლ. 630 წელს მან დაწერა 8 წიგნისგან
შემდგარი „იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის ისტორია“, რომელიც 582–602 წლების ამბებს მოიცავს და VI ს. ბიზანტიელი ავტორის მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს. გარდა სპარსეთ-ბიზანტიის ომისა, უხვ ცნობებს გვაწვდის თურქებისა და სლავების შესახებ. თეოფილაქტეს თხრობის მთავარი თემაა ის ომები, რომელთაც ბიზანტიის იმპერია ბალკანეთის ნ-კ-ზე ავარებთან და სლავებთან, აღმოსავლეთში კი სასანიანთა სპარსეთთან აწარმოებდა.
თეოფილაქტეს „ისტორია“, მართლაც მნიშვნელოვანი საისტორიო თხზულებაა. ქართველ მკვლევართათვის მასში განსაკუთრებით ფასეულია ბიზანტიისა და სპარსეთის მუდმივი ინტერესების სფეროში შემავალი კავკასიის ქვეყნების (იბერიის, ეგრისის, სომხეთის), ასევე სხვადასხვა ადგილობრივი (მაგ. სვანების) და აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსული ხალხების (ავარების, თურქებისა და სხვა) შესახებ არსებული ცნობები.
რაც შეეხება თეოფილაქტეს „ისტორიის“ წყაროებს: მენანდრე პროტიქტორის (რომელსაც ქებით იხსენიებს) თხზულების გარდა მას გამოყენებული აქვს იოანე ლიდესა და იოანე ეფესელის „ისტორიები“, ევაგრეს „საეკლესიო ისტორია“, ელჩობების მოხსენებები, ცირკის პარტიათა და სასახლის ქრონიკალური ჩანაწერები. მისი „ისტორიის“ ერთი ნაწილი (III წიგნის IX თავიდან V წიგნის XV თავის გარკვეული ნაწილი) უშუალოდ იოანე ეპიფანელის თხზულებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. თვით თეოფილაქტეს შრომა უხვად ჰყავთ გამოყენებული თეოფანე აღმსარებელს,
კონსტანტინე პორფიროგენეტსა და სხვებს.
ბიზანტია სპარსეთის 572-591
წლების ომი
როდესაც რომაელებსა და სპარსელებს შორის დაირღვა ყველა ხელშეკრულება, რომის ავგუსტმა იუსტინემ აღმოსავლეთში სტრატეგოსად გაგზავნა მარკიანე, რომელიც იყო პატრიკიოსთა სიიდან, სარგებლობდა დიდი გავლენით და იყო მეფის ნათესავი. ევფრატის გადალახვის შემდეგ (572 წლის) ზაფხულის მიწურულს მივიდა ოსროენას მხარეში, სადაც აარჩია 3000 მეომარი და გაგზავნა არზანენას მხარეში, ისე რომ ბარბაროსებმა ვერაფერი შეიტყვეს. ასე რომ, რომაელთა მებრძოლები ისე შეიჭრნენ მიდიელთა მიწებზე, რომ მათ ვერაფერი გაიგეს და მათ მიწებმა განიცადეს ბევრი საშინელება: ისინი სასტიკად გააპარტახეს, გაძარცვეს და რომაელთა ჯარმა მოიპოვა ბევრი ნადავლი. შემდგომი (573) წლის ადრე გაზაფხულზე მარკიანე დარას მხრიდან შეიჭრა სპარსელთა სამფლობელოებში. ბარბაროსები ბანაკად იდგნენ ნისიბინთან. აქ სოფელ სარგათონთან ბრძოლაში რომაელებმა კვლავ დაამარცხეს სპარსელები და ალყაში მოაქციეს ციხე-სიმაგრე თებოთონი, მაგრამ რამდენიმე დღის ბრძოლის მიუხედავად ვერ აიღეს და გაბრუნდნენ დარაში. შემდეგ ისინი კვლავ შეიჭრნენ მტრის საზღვრებში, რათა იუსტინე მეფის ბრძანებით ალყა შემოერტყათ ნისიბინისთვის. სპარსეთის მეფე ხოსრო უფროსი3 დაიძრა ბაბილონიდან, გადალახა ტიგროსი და უდაბნოების გავლით მიემართებოდა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იგი ჩავიდა სპარსულ სოფელ აბარონში, რომელიც რომაული ქალაქ კირკენსიასთან (მდებარეობდა მდ. აბორის ევფრატთან შესათავში) ახლოს იყო. სპარსელთა მეფემ თავის სარდალ ადორმაანს მისცა 6000 კარგადაღჭურვილი მეომარი და დაავალა ეძარცვა რომაელთა მიწები, თვითონ კი მდ. აბორის გასწვრივ გაემართა ნისიბინთან ალყაზე მდგარი რომაელების წინააღმდეგ. ადორმაანს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ისე გაძარცვა ყველაფერი ანტიოქიამდე, დაანგრია ყველა ლამაზი შენობა ქალაქის გარეუბანში და შევიდა კელესირიაში (სამხ. სირია, ცენტრით დამასკი). შემდეგ აიღო ქ. აპამეია (ანტიოქიის სამხ-აღმ-ით), მისცა ცეცხლს და დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
როდესაც
ომი რომაელთათვის ასე წარუმატებლად დაიწყო, იუსტინემ გაგზავნა ნისიბინში აკაკიუს
არქელაოსის ძე, რომ გადაეყენებინა მარკიანე მთავარსარდლობიდან. მარკიანე
დამორჩილდა მეფის ბრძანებას და დატოვა ნისიბინი. როდესაც რომაელთა არმია იდგა
მარდისთან, სპარსეთის მეფე როგორც ქარიშხალი დააცხრა ქალაქ დარას (573 წ. მაისში) და 6 თვე ჰყავდა იგი ალყაში, რომელიც ძალიან იყო გამაგრებული და მძიმე ბრძოლით შეძლო მისი აღება. როდესაც ეს ამბები გაიგო იუსტინემ, დაავადებით შეწუხებულმა, რომელიც სულ უფრო გიჟდებოდა და შიშობდა, რომ ამას სხვა წარუმატებლობებიც მოჰყვებოდა, (574 წელს) გადაწყვიტა დაედო სპარსელებთან ზავი. რადგან დაავადება სულ უფრო ავიწროვებდა მან იშვილა ტიბერიუსი, გამოაცხადა თანამმართველად და აკურთხა კეისრად (574 წლის 7 დეკემბერს). ტიბერიუსი აქამდე სამეფო დაცვის ხელმძღვანელი იყო. მისი კეისრად გამოცხადების შემდეგ, მიღებული ტრადიციიდან გამომდინარე ახალმა კეისარმა ამის შესახებ აცნობა სპარსეთის მეფეს.
გაზაფხულის (575 წლის) დადგომისთანავე მან ზავის დასადებად ელჩები გაგზავნა სპარსეთში. ამავე დროს კი ემზადებოდა ომისთვის და აღმოსავლეთის სტრატეგოსად დანიშნა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი იუსტინიანე გერმანეს ძე. ახალმა სტრატეგოსმა დაიწყო იქაურ ჯარში დისციპლინის დამყარება, ხოლო კეისარი აგროვებდა ფულს და მისი წყალობით მოკავშირედ იხდიდა სხვადასხვა ტომებს. როდესაც ზავის ვადა ამოიწურა (576 წელს ზავი დაიდო 1 წლით) სპარსეთის სარდალმა ტამ ხოსრომ სპარსეთის არმია განალაგა დარას მეზობლად. მის წინ განლაგდა რომაული არმია, მაგრამ დიდი ხანი არც ერთი მხარე არ იწყებდა ბრძოლას. ბოლოს დაიწყო მოლაპარაკება რომელიც დასრულდა შეთანხმებით: აღმოსავლეთში (მესოპოტამიის
ფრონტზე) იდებოდა ზავი 3 წლით ძველი პირობებით, თუმცა ეს შეთანხმება არ ეხებოდა არმენიას. რადგან არმენიაში ომი გრძელდებოდა, რომაელთა სტრატეგოსიც იქ გაემართა. მაშინ სპარსელთა ჯარს გაუძღვა თვით ხოსრო და ისიც
რომაულ არმენიაში შევიდა. ხოსრომ უშედეგოდ სცადა ჯერ თეოდოსიპოლის აღება, შემდეგ
სებასტიის (დღევ. სივასი) და კესარიისკენ (დღევ. კაისერი) დაიძრა მაგრამ ამ დროს ევფრატის ნაპირებთან გადაეყარა რომაელების ჯარს (150000 კაცი), რომელსაც იუსტინიანე მოუძღოდა.
როდესაც
რომაელთა მებრძოლებმა გაიგეს, რომ, სპარსელებს თვით ხოსრო მოუძღვისო ძალიან
შეშინდნენ, მაგრამ იუსტინიანემ ბრწყინვალე სიტყვით გაამხნევა ისინი და მძიმე
ბრძოლაში სასტიკი მარცხი აგემა სპარსელებს, რომელნიც გადამწყვეტ მომენტში ბრძოლის
ველიდან გაიქცნენ (თანასარდლები კურსი და ვარდან მამიკონიანი. ბრძოლაში გადამწყვეტი იყო კურსის შეტევა, რომელმაც
აკაფა მტრის მარცხენა ფლანგი და არეულობა შეიტანა). რომაელმა მებრძოლებმა
გაძარცვეს სპარსელთა ბანაკი, სამეფო პალატა და ხელთ იგდეს საბრძოლო სპილოები
დიდძალი ნადავლთან ერთად. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა სპარსელთა მეფემ გაიარა ქალაქ
მელიტენასთან, ნახა ის დაუცველი და გადაწვა, რის შემდეგაც გადალახა ევფრატი და
არზანენას გავლით წავიდა შინ. ამ მარცხმა ხოსრო იმდენად შეაშფოთა, რომ ბრძანება
გამოსცა, რომლის მიხედვითაც ამიერიდან სპარსეთის არცერთი მეფე თვითონ არ უნდა
წასულიყო საომარ კამპანიაში.
სანამ
სპარსელები დაბნეულები იყვნენ, რომაელთა არმია აგრძელებდა წინსვლას, ანადგურებდა
გზაზე ყველაფერს და მივიდა ბაბილონის მხარის
ცენტრამდე. ჰირკანიის (კასპიის) ზღვამდე მიღწევის შემდეგ ზამთრის
(576/77) დადგომის გამო რომაელები იქვე დაბანაკდნენ და მხოლოდ გაზაფხულის (577 წლის) დადგომისთანავე გამობრუნდნენ უკან. ამ მარცხმა საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია
სპარსელებში, რომლებიც ყველაფერს მეფეს აბრალებდნენ. შესაძლო აჯანყების შიშით
შეპყრობილმა ხოსრომ გადაწყვიტა კეისარ ტიბერიუსთან დაეწყო მოლაპარაკება ზავის
თაობაზე. ამის შეტყობისთანავე საზავო მოლაპარაკებისათვის ტიბერიუსმა სპარსეთში
გაგზავნა სენატის გამორჩეული წევრები იოანე და პეტრე და აგრეთვე მაგისტრი თეოდორე.
თავის მხრივ მათთან მოსალაპარაკებლად ხოსრომ გამოგზავნა სარნახორგანი და სხვა
გამორჩეული სპარსელები. სანამ მათი შეთანხმება მოხდებოდა 577 წელს არმენიაში გაიმართა დიდი ბრძოლა ტამ ხოსროსა
და იუსტინიანეს შორის, რომელშიც რომაელები დამარცხდნენ.
მაშინ მიდიელებმა უარი თქვეს ზავზე და კვლავ
აღენთნენ ომის სურვილით. ამის გამო მოლაპარაკება ჩაიშალა და ელჩები უშედეგოდ დაბრუნდნენ უკან. ასეთ სიტუაციაში ტიბერიუსმა
(577/78 წლის ზამთარში) აღმოსავლეთის სტრატეგოსად დანიშნა სამეფო დაცვის უფროსი მავრიკიუსი და გაგზავნა არმენიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის მიმართ საზავო
ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო, სარნახორგანმა მაინც დაძრა თავისი ჯარები
კონსტანტინისა და თეოდოსიპოლის წინააღმდეგ და ანადგურებდა მათ ირგვლივ მიწებს,
ხოლო ტამ ხოსრომ, რომელიც სარდლობდა სპარსულ ჯარებს არმენიაში და რომელმაც შეატყო, რომ მაშინ შეკრებილი რომაელთა ჯარები ბევრად უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მისი საკუთარი ჯარები, დატოვა არმენია, გვერდი აუარა რომაელთა ციხე-სიმაგრე კითარიზონს და ამიდის მახლობლად დაუწყო განადგურება სოფლებსა და დაბებს. შემდეგ კი არზანენეს გავლით გაბრუნდა შინისკენ. დაინახა რა, რომ ბარბაროსებმა დასტოვეს არმენია, მავრიკიუსი შეუდგა აღმოსავლეთის ქვეყნების გაპარტახებას. შეიჭრა არზანენაში, სადაც არავინ შეეწინააღმდეგა და დაიკავა ძლიერი ციხე-სიმაგრე ათუმონი, სხვა სიმაგრეები კი დაანგრია. რომაელებმა აქ დაატყვევეს 10900 სპარსელი, რომელიც კეისრის ბრძანებით გაასახლეს კიპროსზე (იოანე ეფესელის ცნობით კი არზანენედან არა სპარსელები, არამედ 10000-მდე ქრისტიანი გადასახლეს კიპროსზე).
არზანენეს განადგურების შემდეგ სტრატეგოსმა განაგრძო გზა და მიუახლოვდა ნისიბინს. შემდეგ მოუხვია
ტიგროსთან და კურსი და რომანოზი გაგზავნა მდინარის იქეთა მხარის ასაწიოკებლად. თვითონ კი აიღო ციხე-სიმაგრე სინგარონი (ნისიბინის სამხ-აღმ-ით, ბეტ-არაბაიეს პროვინციაში), თუმცა რადგან ზამთარი ახლოვდებოდა, მიატოვა, მობრუნდა რომაულ საზღვრებში და საზამთრო ბანაკი მოაწყო. ამ წელს მოკვდა იუსტინე (578 წლის 4 ოქტომბერს) და ავგუსტად ეკურთხა ტიბერიუსი (26 ოქტომბერს).
შემდგომი წლის დასაწყისში ავადმყოფობისგან მოკვდა მეფე ხოსრო და მემკვიდრედ დატოვა თავისი ძე ჰორმიზდა. სამეფო გვირგვინი რომ დაიდგა ჰორმიზდამ, ძალიან გაიდვა თავს, არაფრად მიიჩნია მიღებული წესი და არ გაუგზავნა ტიბერიუსს ტახტზე ასვლის მაუწყებელი სიგელი: ეს მოასწავებდა თვითმპყრობელი ტიბერიუსისადმი უპატიო მოპყრობას. თვითმპყრობელმა შესთავაზა ჰორმიზდას შეეწყვიტათ ომი და დაედოთ ზავი ორივე მხრისთვის თანაბარ პირობებზე დამყარებული; იმან კი ელჩები თავხედურად მიიღო და აშკარად მოითხოვა – რომაელებს ხარკი ეხადათ (562 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული), არმენიელები და იბერიელები ქვეშევრდომებად ჰყოლოდა, რომაელებს უნდა დაეთმოთ ეს ქვეყნები მისთვის, დარაც ამიერიდან რომაელებს არ უნდა მოეთხოვათ, თუმცა მისმა მამამ ხოსრომ სურვილი გამოთქვა თანაბარ პირობებში დაზავებოდა ტიბერიუსს და არც რომაელთა სახელმწიფოსთვის დარაზე
გადაცემაზე ამბობდა უარს.
როდესაც
ტიბერიუსისათვის გახდა ცნობილი ჰორმიზდას ზრახვების შესახებ, ზაფხულის (579 წლის) დადგომისთანავე მისი
დავალებით მავრიკიუსი შეიჭრა სპარსეთში, გაგზავნა რომანოზი და თეოდორიხი, ხოლო
მარტინი ტიგრის იქეთა მხარეს მიწების გასაძარცვავად. მთელ ზაფხული რომაელები ძარცვავდნენ სპარსელთა აყვავებულ მხარეებს. ზამთრის დადგომისთანავე რომაელთა მთავარსარდალი წავიდა კაპადოკიის კესარიაში. როცა დადგა შემდეგი (580) წლის ზაფხული ის დიდი ჯარებით მოვიდა რომის ქალაქ კირკენსიაში. აქედან ის შეიჭრა ბაბილონიაში არაბეთის უდაბნოს გავლით მტრისთვის რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. მას თან ახლდა აქაურო მომთაბარე-ბარბაროსების მმართველი ალამუნდარი4;
ამბობენ რომ სწორედ მან შეატყობინა სპარსელებს მეფეს რომაელთა ლაშქრობის შესახებ.
რაც ბუნებრივია, რადგან სარაცინების ტომი ყველაზე არაერთგულია და მზად არის
ემსახუროს ხან ერთს, ხან მეორეს. ამიტომ სპარსეთს მეფემ მიმართა მთავარი დარტყმა
ქალაქ კალინიკზე (მდ. ევფრატის მარცხენა ნაპირზე, მის შუა დინებაში, თანამ. რაკკა)
და დანიშნა მთავარსარდლად გამოჩენილი სარდალი ადორმაანი. ასეთ ვითარებაში
მავრიკიუსმა შეცვალა თავისი გეგმა, გაანადგურა სურსათი, რომლის წაღებასაც სწრაფად
ვერ შესძლებდა და რჩეული რაზმებით სასწრაფოდ დაიძრა კალინიკისაკენ. ქალაქთან გამართულ ბრძოლაში რომაელებმა გაიმარჯვეს და სპარსელებმა გაქცევით უშველეს თავს.
შემდგომ (581) წელს მიდიელთა მეთაური ტამ ხოსრო დიდი ძალებით დაიძრა კონსტანტინიზე (ჩრდ. მესოპოტამიაში, მდ. აბორის ზემო წელზე, დღევ ქ. ვირანშეჰირი, შანლიურფას პროვინცია, თურქეთი). აქ (ივნისში) მოხდა დიდი ბრძოლა, რომელშიც სპარსელები დამარცხდნენ და მათ მეთაური დაიღუპა. ბარბაროსები დამცირებულნი დაბრუნდნენ შინ. რომაელთა სტრატეგოსმა კი გაამაგრა ყველა ციხე-სიმაგრე და დაბრუნდა ბიზანტიონში (582 წლის გაზაფხულში, სადაც ტრიუმფი მიუძღვნეს). რადგან ამ დროს ტიბერიუსის ცხოვრება დამთავრდა მავრიკიუსმა თავისი დამსახურებებისათვის მიიღო ჯილდოდ ძალაუფლება ყველა რომაელზე (582 წლის 14 აგვისტოს); რის შემდეგაც უარი თქვა ყველა ყოფილ წოდებაზე.
582 წლიდან მავრკიუსმა არმენიის ფრონტის სარდალი თრაკიელი იოან მისტაკონი (დიდულვაშა) აღმ. არმიის სარდლად გამოიყვანა. მისი ჩამოსვლიდან მალევე მდ.
ნიმფეის ტიგროსთან შესართავთან მოხდა ბრძოლა (582 წლის ზაფხული) მასსა და სპარსელ სარდალ ხარდარიგანს შორის. რომაელთა მარჯვენა ფლანგს სარდლობდა კურსი, ხოლო მარცხენას არიულფი. იოანემ და არიულფმა წარმატებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს, სპარსელები მეთოდურად იხევდნენ უკან და მარცხისთვის იყვნენ განწირულნი. თუმცა ამ დროს კურსი, რომელსაც სარდალ იოანესი შურდა და ეშინოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მეტ დიდებას მოიპოვებდა, ბრძოლაში საერთოდ არ ჩაერთო და თავისი ჯარი საერთოდ გაიყვანა აქედან. ამის დანახვამ რომაელებს პანიკა დამართა, ხოლო სპარსელები გაამხნევა და შედეგად გაამარჯვების ნაცვლად რომაელებმა ძლივს მოახერხეს ბარბაროსებისგან თავის დაღწევა და თავის სიმაგრეებში შეფარება.
583 წლის გაზაფხულზე მიდიელთა ჯარების მეთაურმა ხარდარიგანმა ალყა შემოარტყა ციხე-სიმაგრე ათუმონს (არზანენეს რომაულ ნაწილში, მარტიროპოლის ჩრდილოეთით. დღევ. თუმი მდ. ილიჯეზე) და ცდილობდა მის აღებას. ამის გაგებისთანავე რომაელი ტაკსიარხი მივიდა ახლოს მდ. ნიმფეისთან და ცდილობდა ციხე-სიმაგრე აკბასის (მარტიროპოლისის აღმოსავლეთით. თანამ. ბატმანსუ)
აღებას. მაგრამ ეს ციხე მდებარეობდა მთის მწვერვალზე, რომლისკენაც მიდიოდა მხოლოდ
ერთი ვიწრო გზა და ამიტომ ფაქტიურად მიუწვდომელი იყო, როგორც ასაღებად, ისე ალყისთვის. როდესაც რომაელმა სტრატეგოსმა
სცადა შეტევა, ციხის მცველებმა აანთეს ცეცხლი, რითაც ანიშნეს ათუმონთან მდგარ
თავისიანებს საფრთხის შესახებ. მაშინ ხარდარიგანის ჯარები სწრაფად მოვიდნენ და
დაამარცხეს არეული რომაელები, რომელთა ნაწილი ტყვედ ჩავარდა, ხოლო დანარჩენებმა
გაქცევით უშველეს თავს.
583 წელს ავგუსტმა თავის მეგობარი არმენიული წარმოშობის ფილიპიკუსი თავის დაზე გორდიაზე დანიშნა და ავგუსტის დაცვის მეთაურად დანიშნა. 583 წლის შემოდგომაზე კი იოან მისტიკონის ადგილზე დანიშნა და სპარსეთზე შეტევა დაავალა.
ახალმა სტრატეგოსმა შეკრიბა ჯარები და ჩავიდა კარხამორანში (სოფელი ტიგროსის მარჯვენა მხარეს, ქ. ამიდას სამხრეთ-აღმოსავლეთით). აქ შეიტყო რომ ხარდარიგანი აპირებს
იზალის მთაზე ასვლას მაიაკარირის ციხე-სიმაგრესთან. ამიტომ წავიდა ამ ადგილებიდან და დადგა ნისიბინის ახლოს მდებარე ვაკეზე. აქედან კი დაეშვა სპარსელთა მიწაზე, იშოვა ბევრი ნადავლი და უკან გაბრუნდა (583 წლის შემოდგომა).
ცოტა ხნის შემდეგ, ფილიპიკუსმა გადაწყვიტა დაერბია ბეარბაესის მხარე (ბეტ-არაბაის მხარე, რომლის ცენტრი იყო ნისიბინი). როდესაც ამის შესახებ შეიტყო
მიდიელთა სარდალმა, სასწრაფოდ დაიძრა კავალერიით. მაშინ შეშინებულმა ფილიპიკუსმა
ჯარი ორ ნაწილად გაჰყო და ისე გამოიქცა მიდიელთა მიწებიდან და დიდი წვალებით
დაბრუნდა თეოდოსიპოლში.
584 წლისთვის ფილიპიკუსმა დაგეგმა დაერბია არზანენე (დღევ. დიარბაქირის ჩრდილოეთით), მაგრამ ავად გახდა და გაემართა მარტიროპოლში (დღევ. სილვანი, დაირბაქირის მხარეში) და ჯარები ჩააბარა ტაგმატარხ სტეფანსა და ჰუნ აპსიხს. ხარდარიგანმა კი შეკრიბა ჯარები და თავს დაესხა ტიბერიოპოლს, რომელსაც ადრე მონოკარტომი ერქვა და ეწოდა ეს სახელი ტიბერიუსის 581 წელს სპარსელებთან გამარჯვების საპატივცემულოდ. ციხე-სიმაგრე კარგად გაემაგრებინა ფილიპიკუსს, ამიტომ სპარსელმა იგი ვერ აიღო და სამაგიროდ მარტიროპოლის მიდამოებს დაეცა და ქალაქიდან 12 მილზე მდებარე იოანე წინასწარმეტყველის ტაძარი დაარბია. მეორე დღეს გადავიდა სოფელ ზორბანდში და იქ 10 დღის დგომის შემდეგ დაბრუნდა უკან.
ამასობაში ფილიპიკუსი გამოკეთდა, მაგრამ რადგან უკვე ზამთარი (584 წლის) იდგა, დაითხოვა ჯარები და წავიდა ბიზანტიონში ავგუსტთან შესახვედრად.
როდესაც გაზაფხული (585 წლის) მოვიდა და დათბა, ფილიპიკუსი წავიდა აღმოსავლეთში და როდესაც მივიდა ამიდაში (დღევ. დიარბაქირი. ამიდა ბიზანტიის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სამხედრო ცენტრი იყო ზემო მესოპოტამიაში), სპარსელებმა მოსალაპარაკებლად გამოუგზავნეს სატრაპი მებოდი (ალბათ უნდა იყოს მობედი, რაც სპარსულად ერთ-ერთ ქურუმულ თანამდებობას ერქვა) და შესთავაზეს ეყიდათ ზავი დიდი ფულის გადახდით. რომაელებმა იგი დაცინვით გაისტუმრეს. რამდენიმე დღის შემდეგ სტრატეგოსს ეწვია სპარსეთიდან ნისიბინელი სასულიერო წოდების პირი და იგივე შესთავაზა მას. ეს წერილი სტრატეგოსმა ავგუსტს გადაუგზავნა. ავგუსტმა კი შემოუთვალა შეეწყვიტა მოლაპარაკება, რადგან ეს პირობები დამამცირებელი იყო რომაელი ხალხისთვის. მაშინ ავგუსტის დავალებით ფილიპიკუსმა შეკრიბა ჯარები და ომის გასანახლებლად დაიძრა ქ. ბიბასისკენ, რომელთან მიედინება მდინარე არზამონი (მდ. აბორის შენაკადი, მარდინის სამხრეთ-დასავლეთით). რომაელმა სტრატეგოსმა ბანაკი მოაწყო იზალას მთის ახლოს, ნაყოფიერ ველებთან.
მიდიელთა
სატრაპი სასწრაფოდ გამოეშურა მდ. ბურონთან მოწყობილი ბანაკიდან და რომაელებს
მიუახლოვდა. ფილიპიკუსმა მარცხენა ფლაგს უსარდლა ემესის (დღევ. ჰომსი) არქონტი
ილიფრედი და ჰუნი აპსიხი. მარჯვენა ფლანგს –
ტაქსიარხი ვიტალიუსი. ცენტრს კი თვით ჩაუდგა სათავეში ჰერაკლე უფოსთან (მომავალი ავგუსტის ჰერაკლეს მამა) ერთად. სპარსელთა მარჯვენა ფლანგს სარდლობდა მებოდი, მარცხენას მისი ნათესავი აფრაატი, ხოლო ცენტრს ხარდარიგანი. ბრძოლა მოხდა სოლახონთან (დარას დასავლეთით 12 მილზე) 585 წლის ზაფხულში. რომაელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და დარამდე სდიეს გაქცეულ სპარსელებს.
მეორე დღეს სტრატეგოსმა დაათვალიერა ჯარი, დაჭრილები გაგზავნა მახლობელ სიმაგრეებში სამკურნალოდ, ხოლო დანარჩენი ჯარით გაეშურა სპარსელთა მახლობელი მიწების ასაწიოკებლად, რომლებიც დაუცველად იყო მიტოვებული.
585 წლის შემოდგომაზე ფილიპიკუსი შეიჭრა არზანენაში, გაძარცვა და გაემართა ციხე-სიმაგრე ქლომანორისკენ. ამ დროს მასთან მივიდნენ ძმები მარუფასი და იოვიი, რომელთაც უთხრეს, რომ ადგილობრივთა მეთაურები არიან და რომაელებს თუ სურთ ამ მხარეში გაბატონება უნდა გაჰყოლოდნენ მათ და ისინი ასწავლიდნენ ადგილებს რომლებიც უნდა დაეკავებინათ. ამ
დროს დაზამთრდა და რომაელებმა აქვე გამოიზამთრეს.
586 წლის გაზაფხულზე ძმებთან ერთად 20 კაციანი რაზმით საჭირო ადგილების დასაზვერად სტრატეგოსის დავალებით გაეშურა ჰერაკლე უფროსი. ამასობაში ხარდარიგანმა შეკრიბა ჯარები და გაემართა ქლომანორთან დაბანაკებული რომაელების წინააღმდეგ და გზაში ჰერეკლეს რაზმს გადაეყარა. ჰერაკლემ მოასწრო გაქცევა და აცნობა სტრატეგოსს სპარსელთა მოახლოების შესახებ. ფილიპიკუსმა მართალია მოახერხა რაზმებად დაყოფილი და არზანენას საძარცვავად გაშვებული არმიის თავმოყრა, მაგრამ მტრის წინააღმდეგ ეფექტური გეგმა ვერ შეიმუშავა. სპარსელებმა დაიწყეს მისი ჯარისთვის უკნიდან შემოვლა. მაშინ სტრატეგოსმა ჯერ ქლომანორი მიატოვა, შემდეგ კი შეშინებული მთელი ჯარით პანიკურად გაიქცა და ჩავიდა
ათუმონში. არადა რომაელებს შეტევა რომ წამოეწყოთ, შიმშილისგან დასუსტებული
სპარსელები დიდხანს ვერ გაძლებდნენ. სპარსელებმა ხელთ იგდეს რომაელთა დატოვებული მთელი სურსათი და
გამოკვებილები ნელა მიყვებოდნენ უკან გაქცეულთ, პერიოდულად მათ არიერგარდს ისრებს
უშენდნენ და თანდათან გაანადგურეს იგი. სტრატეგოსმა დარჩენილი ჯარი გადაიყვანა
მდინარე ნიმფეიზე და სამშვიდობოს გასვლის შემდეგ წავიდა ამიდაში. შემდეგ იზალას
მთასთან დაბანაკდა, აღადგინა ირგვლივ მდებარე სიმაგრეები თახატონი და ალალისი,
გარნიზონები ჩააყენა იქ; ბოლოს ჯარის სარდლობა ჰერაკლე უფროსს გადაულოცა და
მწუხარებაში ჩაძირულმა ომის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ცოტა
ხნის შემდეგ ჰერაკლემ შეკრიბა ჯარი და დაიძრა თამანონიდან, გაიარა მელაბასის მთები
(ტიგროსის მარცხენა მხარეს, ნიმფიის ტიგროსთან შესართავის აღმოსავლეთით), რომელიც
სპარსეთის საკუთრება იყო, სამხრეთით მოხვევის შემდეგ მივიდა კარდუხთა მთებამდე
(მდ. ტიგროსის მარცხენა შენაკად ხაბურის ქვემო დინების ჩრდილოეთით) და გააპარტახა მთელი ტერიტორია, გადავიდა ტიგროსზე და სიღრმეში შესვლისთანავე ცეცხლს მისცა ყველაფერი რაც კარგად გამოიყურებოდა და მობრუნდა თეოდოსიპოლში ფილიპიკუსთან.
როდესაც გაზაფხულდა (587 წ.) და ბალახი ამოვიდა, ფილიპიკუსმა ჯარის 2/3 მისცა ჰერაკლეს, ხოლო დანარჩენი თეოდორე ტურავდინელს და დაავალა მათ გაეგრძელებინათ სპარსეთის მიწებზე თავდასხმები. სტრატეგოსი თვითონ თავს ავად გრძნობა და არ შეეძლო საბრძოლო ლაშქრობებში მონაწილეობა.
ჰერაკლე შეიჭრა მიდიელთა მიწაზე და მოუწყო დიდი უბედურება. იგი მიადგა მაღალ კლდეზე მდებარე ძლიერ სიმაგრეს,
წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო იგი და ჩააყენა მასში გარნიზონი. თეოდორე ტურავდინელმა აღადგინა ციხე-სიმაგრე მატეარონი (საზღვარზე, ტიგროსსა და რავდიას შორის), რომელიც ინგრეოდა სიძველისგან. ამ დროს მასთან მოვიდნენ ადგილობრივი გლეხები და შესთავაზეს აეღო ბეიუდაესის ციხე-სიმაგრე, რადგან იქ მცირე გარნიზონიაო. თუმცა სიმაგრე მაღალ კლდეზე იდგა, ძნელად მისადგომი იყო და მხოლოდ ერთი ასასვლელი ჰქონდა,
რომელსაც კოშკი იცავდა. ამიტომ, როდესაც რომაელები დილით თავს დაესხნენ, ადგილობრივები მშვიდად იცავდნენ თავს. რომაელებმა მძიმე
ბრძოლითა და სხვადასხვა ხერხის მოგონებით აიღეს სიმაგრე. მცველთა ნაწილი გაჟლიტეს,
ნაწილიც კი ტყვედ აქციეს. ზამთრის დადგომასთან ერთად ფილიპიკი გაბრუნდა
კონსტანტინეპოლში და სტრატეგოსად დატოვა ჰერაკლე.
ფილიპიკუსმა გზაში შეიტყო რომ ავგუსტმა აღმოსავლეთის სარდლობა პრისკეს გადასცა (588 წლის გაზაფხულზე), ამიტომ ტარსში (კილიკიის მთავარი ქალაქი) მისულმა ჰერაკლეს მისწერა დაეტოვებინა არმია. ისიც დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, არმენიაში საიდანაც იყო წარმოშობით და სარდლობა გადასცა ნარსესს, ქ. კონსტანტინის ჰეგემონს (=
ქალაქისა და მისი რაიონის მმართველს. აგრეთვე კრეფთა ხარკს ავგუსტისთვის და იყო მოსამართლე). სირიის ანტიოქიაში ჩასულმა პრისკემ უბრძანა ჯარებს მონოკარტში შეკრება
და როდესაც ბანაკს მიუხლოვდა ჯარები შემოეგებნენ. ამ დროს პრისკემ დაარღვია ძველი სამხედრო წესი, რომელიც ცხენიდან დაქვეითებას, ჯარის რიგებში ფეხით გავლას და მისალმებას მოცავდა. ამით ძალიან გაანაწყენა მეომრები, მაგრამ, რადგან აღდგომა დღე იდგა ჯარისკაცებმა ხმა არ გაიღეს. 3 დღის შემდეგ ჯარში გამოცხადდა ავგუსტ მავრიკიუსის კანონი ჯარისთვის ჯამაგირის
მეოთხედამდე შემცირების შესახებ. ამან ჯარში ამბოხება გამოიწვია. პრისკემ სცადა მათი დამშვიდება, მაგრამ ვერ მოახერხა. ჯარისკაცები მის კარავს ქვებს ესროდნენ და ერთი მოხვდა კიდეც. მაშინ შეშინებული სტრატეგოსი ქ. კონსტანტინში გაიქცა და აქედან მახლობელ ქალაქებს და გარნიზონების მეთაურებს მოუწოდა მომარაგება არ შეემცირებინათ ჯარისკაცებისთვის,
თუმცა ამბოხება ძლიერდებოდა.
ჯარისკაცებმა
გაძარცვეს სტრატეგოსის კარავი, დაანგრიეს და მთელი ქონება წაიღეს. რაზმების
მეთაურები თავქუდმოგლეჯლი გარბოდნენ თავიანთი მებრძოლებისგან. პრისკემ ჯარს
მოსალაპარაკებლად გაუგზავნა კონსტანტინის ეპისკოპოსი და შეუთვალა, რომ, ავგუსტმა
გააუქმა თავისი კანონიო. ამასთან ხმები გავრცელა თითქოს აჯანყება ფილიპიკუსის
ბრალია და მან ურჩია ავგუსტს ეს ამ კანონის გამოცემაო. ჯარისკაცებმა არ დაუჯერეს
ეპისკოპოსს და თვითონ აირჩიეს სტრატეგოსად დამასკის დუკსი გერმანე (მას არ სურდა,
მაგრამ სიკვდილით დაემუქრნენ). გერმანემ კი დააფიცა ისინი იმაზე, რომ ამიერიდან
აღარ გაძარცვავდნენ ავგუსტის ქვეშევრდომებს და იბრძოლებდნენ მტერთან. ეპისკოპოსმა
ისევ სცადა ჯარისკაცები დაეყოლიებინა პრისკეს ერთგულებაზე, თუმცა მათ პირიქით
მოუწოდეს გაეძევებინა პრისკე ქალაქიდან. მეტიც მათ დაიწყეს მავრიკიუსის
გამოსახულებების მსხვრევა და გაიძახოდნენ, რომ არ სურთ მოთმინონ ავგუსტად მეწვრილმანე
(ვაჭარი). მაშინ პრისკმა მომლაპარაკებლად გაგზავნა ედესის ეპისკოპოსიც, თუმცა
კვლავ უშედეგოდ. ბოლოს ყველაფერი პრისკემ მავრიკიუსს აცნობა. ავგუსტმაც იგი
გადააყენა და ფილიპიკუსი დააბრუნა.
ამ
დროს ედესაში ჩავიდა ამბოხებულ ჯარისკაცთა ელჩობა, რომელმაც მოითხოვა პრისკეს დაეტოვებინა ედესა. პრისკემ იუარა. მაშინ ამბოხებულებმა გამოყვეს 5000 მებრძოლი და გაუშვეს ედესაზე შესატევად. ამ დროს მოვიდა ფილიპიკუსის დანიშვნის ამბავი და პრისკემაც დასტოვა ედესა და წავიდა კონსტანტინეპოლში. ამბოხებულებმა გადაწყვიტეს არ შეეშვათ ფილიპიკუსი მონოკარტის ბანაკში. რომაელთა უმოქმედობითა და არეულობით ისარგებლეს სპარსელებმა შემოიჭრნენ რომაელთა სამფლობელოებში და თავს დაესხნენ კონსტანტინს. აქაური ქალაქები ორმაგ ომში იყვნენ, რადგან მათ ერთდროულად თავსიანების და მტრების ჯარები ძარცვავდნენ. ამბოხებულთა არმიამ კონსტანტინზე თავდასხმა არაფრად ჩააგდო, რადგან თვლიდნენ რომ ეს მათ არ ეხებოდათ. თუმცა გერმანმა შეკრიბა 1000 ერთგული მებრძოლი და მოიგერია კონსტანტინზე თავდამსხმელები (588 წლის ზაფხული). შემდეგ დიდი მცდელობით შეკრიბა აგრეთვე 4000 მებრძოლი და გაგზავნა სპარსეთის მიწებზე თავდასასხმელად. ამავე დროს მავრიკიუსმა ავგუსტთა სასახლის მმართველი არისტობულე გაგზავნა ამბოხებულ ჯარისკაცებთან საჩუქრებით, რათა შერიგებოდა მათ.
როგორც კი რომაელთა ჯარები დამშვიდნენ, მათი ერთი ნაწილი დაიძრა მარტიროპოლისკენ, ხოლო მეორე ნაწილი შეიჭრა სპარსულ სამფლობელოებში. სპარსელთა სარდალმა მარუზასმა მათ გზა გადაუჭრა, უკან გაბრუნებულ რომაელებს დაედევნა და მარტიროპოლის კედლებთან მათ მთავარ ძალებს გადაეყარა. რომაელებმა გერმანუსის სარდლობით (588 წლის შემოდგომა) სასტიკად დაამარცხეს სპარსელები, რომელთაგან 3000 კაცი ჩავარდა ტყვედ. მხოლოდ 1000-მა სპარსელმა გაასწრო ნისიბინში. მარუზასი ბრძოლის ველზე დაეცა
და მისი თავი გერმანემ გაგზავნა ბიზანტიონში. ამ გამარჯვებით გახარებულმა
ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს შერიგებოდნენ ავგუსტს და გაუგზავნეს ძღვენად ბრძოლაში
მოპოვებული ნადავლი. ფილიპიკუსი კი ამ დროს იჯდა იეროპოლში (მემბიჯი, სირიაში) და ელოდა ამბოხის დასრულების გამოცხადებას. ბრძოლიდან ცოტა ხანში დადგა ზამთარში და ჯარები დათხოვეს.
შემდეგი (589) წლის გაზაფხულზე ავგუსტმა ჯარისკაცებისთვის დასარიგებლად გამოგზავნა ოქრო. ამ წელს გაცხარდა ბრძოლა სპარსელებსა და რომაელებს
შორის. კილიკიის დასახლებებში მყოფ ფილიპიკუსს ავგუსტმა გაუგზავნა ბრძანება
წასულიყო სირიაში. ქ ანტოქიის არქიეპისკოპოსმა ძლივს შეარიგა ამბოხების მეთაურებთან. ამ დროს კი სპარსელებმა დაიკავეს მარტიროპოლი (589 წლის მაისი). ეს მათ მოახერხეს არა ომით, არამედ ცბიერებით. სიტასი ჯერ გაიქცა სპარსელებთან, გამოართვა 400 მებრძოლი, რომლითაც მიადგა ქალაქს და ადგილობრივებს უთხრა, რომ ისინი შეეშვათ, რადგან რომაელთა მხარეს გადმოდიოდნენ. ამ ეშმაკობით აიღო მან ქალაქი. ამის გაგებისთანავე ქალაქისკენ დაიძრა ფილიპიკუსი და მიადგა მის კედლებს. საპასუხოდ სპარსეთის მეფემ გამოგზავნა სურენის ძე მებოდი და მის დასახმარებლად გამოუშვა აფრაატი, რომელსაც დაევალა ომის წარმოება არმენიაში. მარტიროპოლთან ბრძოლაში (589 წლის 1 ივლისს) მიუხედავად მებოდის დაღუპვისა რომაელები დამარცხდნენ. მარტიროპოლის გარნიზონს კი მიუმატეს სპარსელებმა ახალი ძალები. ფილიპიკუსი კი უმალვე მოხსნეს თანამდებობიდან და ამჯერად აღმოსავლეთის სარდლად ავგუსტმა დანიშნა კომენტიოლი.
სტრატეგოსი უმალვე ჩავიდა სპარსეთის საზღვართან და ნისიბინის ახლოს, სისარბონთან
შეებრძოლა მოწინააღმდეგეს. ბრძოლის დაწყებისთანავე კომენტიოლმა ზურგი აჩვენა მტერს
და გამოიქცა. სპარსელები დაედევნენ. ამ დროს ჩაერთო ჰერაკლე უფროსი, რომლის
სიმამაცისა და სამხედრო ხელოვნების წყალობით რომაელებმა გაიმარჯვეს. სპარსელთა
სარდალი აფრაატი დაიღუპა. მეორე დღეს რომაელებმა აიღეს სპარსელთა ბანაკი,
გაძარცვეს და საჩუქრები ავგუსტს გაუგზავნეს.
ამასობაში სპარსეთში ასპარეზზე გამოვიდა რეის მარზპანი ბაჰრამი, რომელიც იყო რაზაკემის მხარიდან, მიჰრამის გვარიდან (მამამისი ბაჰრამ გუშნასპი არმენიის მარზპანი იყო 550-იან წლებში და მონაწილეობდა ბიზანტიასთან აღნიშნული ომის საწყის ეტაპზე). ის ამბობდა რომ მიდიელებს ჰყავთ 7 გვარი, რომელიც განაგებს მნიშვნელოვან საქმეებს და ეს უფლება მიიღეს ძველი კანონის მიხედვით. ამბობენ რომ ბაჰრამი იყო მიჰრამის სახლიდან, არშაკიდების გვარიდან და თავიდან იყო სამეფო დაცვის წევრი, შემდეგ კავალერიის უფროსი, დადიოდა მეფე ხოსრო უფროსთან ერთად, როდესაც სპარსელებმა აიღეს დარა იუსტინე უმცროსის დროს.
ბაჰრამი
სპარსელთა მეფესთან, ხოსრო უფროსთან ერთად შეიჭრა თვით არმენიაშიც და საომარ საქმეებში გამოჩენილი კაცი შეიქმნა. ცოტა ხნის შემდეგ იგი სპარსული ჯარის სარდლად დაინიშნა და უმაღლესი თანამდებობაც მიიღო. 588 წლის ზაფხულზე (ჰორმიზდას მეფობის XI წელს, რომელიც მოიცავს 588 წლის 2 ივლისიდან 589 წლის 1 ივლისამდე პერიოდს)
სპარსეთს აღმოსავლეთიდან თავს დაესხა დასავლეთ თურქთა ხაკანის ყარა ჩურინის (576 წლიდან დას. თურქთა ხაკანი,
599–603 წლებში სრულად თურქთა ხაკანი) ვაჟი საბა შაჰი (იგივე იანგ სოუხ თეგინი, პაიკენდისა და ბუხარას მმართველი 587 წლიდან) და აწიოკებდა. ბაჰრამმა პირადად
მოკლა ისრის ტყორცნით მტრის სარდალი, ტყვედ იგდო მისი ძე, გაანადგურა მტრის
ლაშქარი და გაძარცვა თურქთა სატახტო ქ. დაკლა (588 წლის ივლისი-აგვისტო). საპასუხოდ ბაჰრამს საჩუქრად გადაეცა პროვინცია
ქუშანშაჰრი (დღევ. პაკისტანში), გამოცხადდა გმირად და ქვეყნის მხსნელად. ამის
შემდეგ უზომოდ გათამამებულს ბატონობის სურვილები აღეძრა.
მერვე წელს მავრიკიუსის ავტოკრატორობისა სპარსელთა
მეფე ჰორმიზდას მიერ სვანეთის წინააღმდეგ იგზავნება (589 წ. მაისის შუა რიცხვებში) სპარსელთა სტრატეგოსი ბაჰრამი ბარბაროსთა ლაშქრითურთ. და რადგან სპარსელები
მოულოდნელად თავს წამოადგნენ, ხალხი გამოფხიზლდა დაუდევარი ძილისგან. სვანეთი ხომ საშინლად
იძარცვებოდა, უბედურება აუტანელი იყო, ვინაიდან კოლხიკე უსარდლო იყო და მომვლელისგან
ობლად დარჩენილი, რადგან ამ დროს აღმოსავლეთში ომი იყო გაჩაღებული. ამრიგად, როდესაც
ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბინავებული ჰუნები, რომელთაც სპარსელები
ჩვეულებრივ თურქებს ეძახიან, სპარსელთა მეფე ჰორმიზდამ, ასე ვთქვათ, სასტიკად დაამარცხა,
ბაჰრამმა ომი კოლხიდის წინააღმდეგ გადაიტანა. თურქთა წინააღმდეგ ბრძოლებში სახელგანთქმული
ბაჰრამი სვანეთს მიმართავს, და ხელთ იგდებს რა დიდძალ ნადავლს, გზავნის მას ბაბილონიაში
და დაიბანაკებს მდინარე არაქსზე, რომელსაც ბარბაროსები ერასს უწოდებენ. ხოლო მავრიკიუსმა
რომ გაიგო ეს ამბები, რომანოზი დანიშნა ომის ხელმძღვანელად. ეს სტრატეგოსი კოლხიდაში
რომ მივიდა შეუთანხმდა იქაურ მმართველებს, დაიძრა იქიდან და დაბანაკდა თვით ალბანიის
წინააღმდეგ.
ბაჰრამმა, რომ შეიტყო რომაელების მოსვლა, გაიხარა;
მას უყვარდა რომაელებთან შებრძოლება, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ბედი მას რაღაცნაირად
მუდამ უღიმოდა. ამიტომაც მან გადალახა მეზობელი მდინარე და კანძაკისკენ (განძაკი) დაიხია:
თითქოს შიდა სპარსეთში ითრევდა რომაელებს. ეს რომ შენიშნა რომანოზმა, უკან დაბრუნება
მოიწადინა: კარგად გამოზომა, თუ რა იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი. როდესაც ბრბომ ბუზღუნი
და ჯავრობა დაიწყო და წინ წასვლას ჩემულობდა, სტრატეგოსი გონიერი სიტყვებით ამშვიდებდა სამხედრო სილაღის სიმსივნეს. მან 50 ჰოპლიტი გაგზავნა მტრის მოძრაობის გამოსაკვლევად. ესენი სპარსელთა ჯარის ორ მზვერავს წააწყდნენ, რომლებიც რომაულად იყვნენ გადაცმულნი. ხოლო ამ მზვერავებმა მოინდომეს გზა-კვალი აებნიათ მტრისთვის: არწმუნებდნენ მათ რომაელები ვართო და ამით თავიდან იცილებენ საფრთხეს. იმათ დაარწმუნეს რომაელები, რომ ღამით
ერთი უცნობი ბილიკით წაიყვანდნენ მათ და აჩვენებდნენ, თუ როგორ იწვა მტერი ბალახზე
სრულიად დაუცველი. რომაელებიც, გახარებულნი იმით, რომ მტერს მოსრავდნენ, და მოტყუებულნი
ამ დაპირებით, შეპყრობილ იქმნენ სპარსელთა ჯარის მიერ, წაყვანილ იქმნენ ტყვეებად და მათ წამების ქვეშ უპასუხეს შეკითხვებზე და ყველაფერში გამოუტყდნენ ბაჰრამს, სახელდობრ, თუ რატომ ვერ გაბედა რომანოზმა სპარსეთის მიწა-წყალში შეჭრა, რომ მას თავის გარშემო მეტად მცირე მებრძოლი ძალები ჰყავს. ამ დატყვევებულთაგან სამნი გადარჩნენ და იმათ შეატყობინეს რომანოზს მომხდარი უბედურება. ბაჰრამი კი გადავიდა მდინარეზე და კვლავ რომაელთა მიწა-წყალი მისცა აოხრებას; რომაელთა ჯარის მეთაურმა უკან დაიხია. ბარბაროსებმა რომ გაიგეს ეს, შეუტიეს რომაელთა რაზმებს. კოლხიდის სტრატეგოსმა შეკრიბა ჯარი და მოსინჯა, თუ როგორი სულისკვეთება სუფევდა რომაელთა რაზმებში და მამაცურად იყვნენ თუ არა განწყობილნი საბრძოლველად. რადგან რომაელთა ჯარს ბრძოლის სურვილი აღმოაჩნდა, მათმა სტრატეგოსმა გამოარჩია ყველაზე მამაცი ჯარისკაცები და მებრძოლი ნაწილი თავისთან წაიყვანა, ხოლო დანარჩენი ბანაკის სადარაჯოდ განაწესა. ამრიგად, მებრძოლი ჯარის რაოდენობა 10000 კაცამდე რომ აღმოჩნდა, სტრატეგოსმა უბრძანა 2000 მძიმედ შეიარაღებულს დაწინაურებულიყო. ესენი
წააწყდნენ ერთ სპარსულ ფალანგს, რომელიც დაწინაურებულიყო და თავის ჯარზე წინ მიდიოდა,
და გაანადგურეს ის მთლიანად. ციცაბო ადგილი შეხვდათ და ბარბაროსებისათვის შეუძლებელი
შეიქმნა გაქცევა. რომაელები გაშლილად დაედევნენ და სდიეს თვით ბარბაროსთა ბანაკამდე
ისე, რომ ბაჰრამიც კი გაოცებული იყო საქმის ასეთი დატრიალებით; შემდეგ რომაელთა ეს
მეწინავე რაზმი უკან გამობრუნდა. ეს შეიტყო რომაელთა სტრატეგოსმა და თუმცა რომაელთა
მხედრობა მიდიელებთან შებმას ისწრაფვოდა, მაგრამ რომანოზმა მაინც არჩია შეეწყვიტა ბრძოლა
და შეესვენა, რადგან ეშინოდა ურიცხვი ჯარის მქონე ბარბაროსებისა. მაგრამ, რადგან მან
ვერ შესძლო ლაგამი ამოედო ეხლახან მოპოვებული წარმატებით გათამამებული ქვეშევრდომებისთვის,
შეუდგა ჯარების დარაზმვას საბრძოლველად. ბარბაროსებიც, თავისი მხრით, დაირაზმნენ შესახვედრად;
ორივე ჯარი დაბანაკდა ალბანიის დაბლობში. საბრძოლველად დაწყობილ ჯარებს ჰყოფდა ერთმანეთისაგან
ერთი ღრმა შენაკადი, მდინარე არაქსის შტო; წყლის ნაპირებზე დაბინავებული ჯარები ერთმანეთს
ესაუბრებოდნენ კიდეც. მესამე დღეს სპარსელებისგან მოციქულიც მოდის რომანოზთან და მოითხოვს
ომის დაწყებას, რათა გადაწყდეს საკითხი, რომ ან რომაელებმა დაუთმონ სპარსელებს წყალზე
გადასვლა, ან ბარბაროსებმა რომაელთა ჯარებს.
5 დღიანი ცდის შემდეგ მეტოქეები ერთმანეთს შეებნენ. რომაელებმა
მეტოქის ცენტრი აჩეხეს, მაშინ ბაჰრამმა მარცხენა ფლანგიდან მოაშველა ძალები, მაგრამ
ისინიც მძიმე დღეში ჩააგდეს, რის შემდეგაც სპარსელთა მთელმა არმიამ იწყო გაქცევა. სპარსელთა
გვამებს რომაელები ძარცვავდნენ.
ამ ამბით განრისხებულმა ჰორმიზდამ ბაჰრამი გადააყენა
არმიის სარდლობიდან, უკიდურესად დასაცინად „ჯილდოდ“ გაუგზავნა ქალის სამოსი და მისი
დაპატიმრება გადაწყვიტა. ამას მოჰყვა ბაჰრამსა და ჰორმიზდას შორის სამოქალაქო ომი.
ბაჰრამმა ააფორიაქა ჯარი ტყუილების მოგონებით, თითქოს მეფე გაჯავრებული იყო სპარსელთა ჯარზე და სიკვდილით ემუქრებოდა ბაბილონურ ჯარებს (მათ სარდლობდა ბაჰრამი) იმ დამარცხებათა გამო რომლებიც მათ შეემთხვათ სვანეთში. დასამოწმებლად მას მოჰყავდა ვითომც ჰორმიზდას განკარგულებები, ნამდვილად მის მიერ შეთხზული, რომლებითაც სამეფო პრიტანეონებიდან ჯარებისთვის გასაცემად დაწესებული სურსათის რაოდენობა მცირდებოდა. ამიტომ მთელ ჯარში საშინელი ღელვა და აჯანყების სუნი ტრიალებდა.
ჰორმიზდასადმი
საყოველთაო სიძულვილმა ხელი შეუწყო ბაჰრამს არმიის სწრაფად ზრდაში. მისი მხარე
დაიჭირა ნისიბინის ახლოს მდგარმა ჯარებმაც, რომლებიც ადრე დაამარცხეს რომაელებმა.
მათ მოკლეს ჰორმიზდას წარმომადგენელი ხუბრიადანი, აიღეს ქალაქი ნისიბინი და
გაძარცვეს, რითაც დაადასტურეს აჯანყებულთა მხარეს დგომა. სანამ ბაჰრამი
მოკავშირეებს კრეფდა, ჰორმიზდა
პანიკას მოეცვა და არ იცოდა რა ექნა.
ამ დღეებში (589 წლის შემოდგომა) სტრატეგოსმა კომენტიოლმა (რომელიც
უშედეგოდ ცდილობდა მარტირიპოლის დაბრუნებას) აიღო ციხე-სიმაგრე აკბასი და ზამთრის დადგომის გამო დაითხოვა ჯარები. ცოტა ხნის შემდეგ ბაჰრამმა დაიწყო მიდიურ სიმაგრეებზე თავდასხმები. ჰორმიზდამ შეკრიბა ჯარი და უსარდლა თეროხანი. იგი მიადგა მდინარე დიდ ზაბს (ტიგროსის შენაკადი) და ცდილობდა მოლაპარაკებით ამბოხებულთა გადმობირებას. ბაჰრამს იგი ჰპირდებოდა სამეფო წყალობასა და უამრავ საჩუქარს. თავის მხრივ ბაჰრამმა მის ჯარს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღწერდა ჰორმიზდას სასტიკ და უკანონო გადაწყვეტილებებს, რისი წყალობითაც თეროხანის ჯარში არეულობა გამოიწვია. შედგა შეთქმულება დილიმნიტების მეთაურ ზოარაბისა და სარდლის მეშუბე სარამის (ადრე ხოსროს დროს მეფის დაცვის უფროსი იყო) მონაწილეობით. ღამით მათ მოკლეს თეროხანი და გაძარცვეს მისი ქონება. 5 დღის შემდეგ ჰორმიზდამ ყველაფერი შეიტყო, მიდიიდან ქტესიფონში გადავიდა და დარჩენილი ძალების შეკრებას შეუდგა. ამ ამბიდან 3 დღის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა ვინმე ბინდოი5, რომელიც უსამართლოდ ჰყავდა დაპატიმრებული ჰორმიზდას და ახლა მისმა ძმამ ბესტამმა გამოიყვანა ციხიდან, ისე რომ ამაში ხელი არავინ შეუშალა. სწორედ ამ დროს ჰორმიზდას სამეფო სასახლეში შემოიჭრნენ (590 წლის 6 თებერვალს) მოკლული თეროხანის აღელვებული ჯარისკაცები, რომლებიც ჰორმიზდასადმი კეთილად ნამდვილად არ იყვნენ განწყობილნი. ბინდოი გაუძღვა მათ და დაიკავა სასახლე. შემდეგ ბინდოიმ ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდა, მოაძრო თავიდან სამეფო გვირგვინი და გადასცა სამეფო დაცვას,
რომელმაც წაიყვანა ციხეში. როდესაც უფლისწულმა ხოსრომ გაიგო მამის დამხობის შესახებ
შეშინებული გაიქცა აზერბაიჯანში, მაგრამ ბინდოი დაუკავშირდა მას, შესთავაზა ტახტი და ერთგულებისა და უვნებლობის ფიცის მიცემის შემდეგ უფლისწული დაბრუნდა სასახლებში. მალე ჰორმიზდას სასამართლო მოაწყვეს, რომელზეც მამის თვალწინ მოკლეს მისი უმცროსი ძე და ერთ-ერთი ცოლი. ბოლოს ჰორმიზდაც დააბრმავეს და დააბრუნეს ციხეში.
ამის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა და სპარსული წესების დაცვით დასვეს ხოსრო ტახტზე (15 თებერვალი 590 წელი). ხოსრო II (590; 591–628) მამამისს ციხეში კეთილად ექცეოდა და ყოველივე საჭიროს უგზავნიდა, თუმცა ის არაფერს იღებდა და ყველას შეურაცხყოფდა. შედეგად იგი ციხის მცველებმა ცემით მოკლეს.
ხოსრომ ზარ-ზეიმით აღნიშნა ტახტზე ასვლა, დაარიგა ოქრო და ციხიდან გამოუშვა ბევრი ადამიანი. მეფობის მეექვსე დღეს მან მისწერა ბაჰრამს და დაპყრობილი მიწებისა და ერთგულების სანაცვლოდ ქვეყანაში მეორე კაცად გახდომას პირდებოდა და პირობის შესრულებას ფიცით განამტკიცებდა.
ბაჰრამმა საპასუხოდ მოუწოდა ტახტიდან გადამდგარიყო. მაშინ ხოსრომ მეორედ უფრო ტბილად და მეგობრულად შესთავაზა აჯანყებაზე უარის თქმა და როცა დარწმუნდა ამ მიმართულების უშედეგობაში, შეკრიბა ერთგული ჯარები, გავიდა ქტესიფონიდან და მდ. ტიგროსის ნაპირებთან, ბაჰრამის ბანაკის ახლოს დაბანაკდა. ერთი ხანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. შემდეგ შუბისა და მშვილდის სროლა ერთმანეთის მიმართ, თუმცა საქმე ბრძოლამდე არ მიდიოდა, რადგან ხოსრო ძალიან ფრთხილობდა. ერთ დღესაც მან რამდენიმე მეომარს შეატყო უზურპატორისადმი თანაგრძნობა და სიკვდილით დასაჯა. მეორე დილით აღმოაჩინა, რომ ჯარის საბრძოლო განწყობა დაცემული იყო და გადაწყვიტა გაქცეულიყო. ერთ ბნელ ღამეს ბაჰრამი მოულოდნელად დაეცა მოწინააღმდეგიც
ბანაკს და დაიწყო ხოსროს მოკავშირეთა ხოცვა. მისდა მოულოდნელად ხოსროს მებრძოლებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა და უზურპატორის მხარეს გადავიდნენ. ხოსრო იძულებული გახდა მცირერიცხოვან მცველებთან ერთად გაქცეულიყო (28 თებერვალი 590 წელი).
ხოსრო ქტესიფონში მცირე ხნით დარჩა, შემდეგ გადავიდა
ტიგროსზე და ბევრი ფიქრის შემდეგ (თუ საით უნდა წასულიყო) ანათონის გავლით ჩავიდა რომაულ
ქალაქ კირკენსიაში. ბაჰრამმა სცადა მისი დადევნება, მაგრამ მხოლოდ ბინდოის შეპყრობა
მოახერხა. ხოსრომ ქალაქის გარნიზონს აცნობა თავისი ამბავი და რომ სურს რომაელთა მეფემ
მისცეს ჯარები ტახტის დასაბრუნებლად. ქალაქის მმართველმა პატივით მიიღო ხოსრო ცოლებით,
შვილებით და პირადი მცველებით და ამის შესახებ აცნობა იეროპოლში მდგარ სტრატეგოს კომენტიოლს.
მანაც პატივით მიიღო სტუმარი და ამის შესახებ აცნობა მავრიკიუსს. ამით დაიმედებულმა
ხოსრომ, ერთის მხრივ თავისი ერთგული სატრაპი მირაგდუნი გაგზავნა მარტიროპოლის გარნიზონის
გადმოსაბირებლად, ხოლო მეორე მხრივ ბესტამი გაუშვა აზერბაიჯანში იქაურთა გადმოსაბირებლად.
სანამ ხოსრო ამ ამბებით იყო გართული, ბაჰრამი ბევრს ცდილობდა როგორმე კანონიერად კურთხეულიყო სპარსელთა მეფედ, მაგრამ არავინ ცნობდა და რადგან ვერაფერი მოახერხა, სპარსული დღესასწაულის ნავრუზის დაწყებისთანავე (9 მარტი 590 წელი) თვითონვე აკურთხა საკუთარი თავი მეფედ, რის შემდეგაც რეპრესიებს შეუდგა და თავი სპარსელებს მალევე შეაძულა.
გაზაფხულის (590 წ.) დადგომისთანავე ხოსრომ
ელჩები გაგზავნა მავრიკიუსთან, რომელთა პირით აუწყებდა, რომ: „თუ დამეხმარები ტახტის
დაბრუნებაში, ჩვენ კვლავ მოგცემთ მარტიროპოლს, დაგიბრუნებთ დარას, ყოველგვარი დასაჩუქრების
გარეშე დავთანხმდებით ზავს და უარს ვიტყვით არმენიაზეო“.
სპარსელი ელჩების სიტყვა მოეწონათ სენატსა და ავგუსტს და დაადგინეს ხოსროსადმი დახმარება და ბაჰრამის წინააღმდეგ ომის დაწყება. 5 დღის შემდეგ ელჩობა თვით ავგუსტმა მიიღო პატივით და აცნობა, რომ ყველა ტყვედ აყვანილ სპარსელს გაათავისუფლებდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ იგდეს ხელთ რომაელმა მებრძოლებმა. ბოლოს რომაელ სარდლებთან ერთად ჩავიდა კონსტანტინში საბოლოო საკითხების მოსაგვარებლად. მალე ყველაფერი ბაჰრამმა გაიგო და ელჩების პირით მავრიკიუსს შეუთვალა, რომ თუ არ დაეხმარებოდა ხოსროს, გადასცემდა ნისიბინსა და მიწებს ტიგროსამდე. ავგუსტმა ყურადღება არ მიაქცია. ამასობაში სპარსეთში ბაჰრამის მიმართ სიძულვილი იზრდებოდა და მალე გამოჩენილმა სატრაპებმა ზამერდისა და ზოანამბის მეთაურობით შეთქმულება მოაწყვეს და უზურპატორის სამეფო სასახლეში მოკვლა სცადეს, მაგრამ ბაჰრამის დაცვამ იმარჯვა და შეთქმულებს გაუსწორდა, თუმცა კი მათ მოასწრეს და ბინდოი მეორედ დაიხსნეს ციხისგან და სიკვდილისგან. ბინდოიმაც აღარ დაახანა, მეგობრებთან ერთად ჩავიდა აზერბაიჯანში და იქაურები ხოსროს ირგვლივ დარაზმა. შემდეგ დაუკავშირდა არმენიის რომაელ სარდალ იოანეს და ყველაფერი უამბო. იოანემაც ინფორმაცია ავგუსტს გაუგზავნა. მალე იოანესთან ჩავიდა ხოსროს მიერ გაგზავნილი ბესტამი და თავის ძმის ამბის გაგებამ ძალიან გაახარა. მალე ნისიბინის მმართველმა გაიგო რა ხოსროს რომაელები ამოუდგნენ მხარშიო, ცნო ხოსროს უზენაესობა და ტიგროსამდე ყველა მიწები მას დაუქვემდებარა. მალე მარტიროპოლში ალყაში მყოფმა სპარსულმა გარნიზონმაც საიდუმლოდ აცნობა ხოსროს ერთგულების შესახებ. მაშინ ხოსროს ჩარევით სპარსელებმა დასტოვეს ქალაქი და გადასცეს რომაელებს.
ბაჰრამმა მოიწვია საბჭო, დაადგინა ომის დაწყება, გაჰყო ჯარი ორ ნაწილად, ერთს უფრო დიდ ნაწილს უსარდლა მირადურინი და გაგზავნა ანათონისკენ, ხოლო მეორეს უსარდლა ზადესპტრატი და გაგზავნა ნისიბინზე. ზადესპტრატმა ქალაქთან
მიახლოებისთანავე ნისიბინის მეთაურ სოლხანს გაუგზავნა ელჩობა და სცადა გადმობირება, მაგრამ სოლხანმა დააპატიმრა ისინი და ხოსროს გაუგზავნა. მეტიც მან გაგზავნა რაზმი, რომელმაც ღამით ჩუმათ მოკლა ბაჰრამის სარდალი, შემდეგ კი მისი თავი გაუგზავნა ხოსროს (591 წლის თებერვალი). ამასობაში ანათონზე გაგზავნილი ჯარი აჯანყდა, მოკლა სარდალი და მისი თავიც ხოსროს გაუგზავნეს. ასეთ შეცვლილ ვითარებაში ხოსრომ გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა, დაუკავშირდა ავგუსტ მავრიკიუსს და სთხოვა სასწრაფოდ დახმარებოდა ჯარითა და დიდი რაოდენობით ფულით, – „როდესაც ტახტზე ავალ ყველა ვალს დაგიბრუნებთო“. ავგუსტმა ფული სასწრაფოდ გაუგზავნა. მაშინ ხოსრომ მავრიკიუსს ამჯერად აღმოსავლეთის სარდლობიდან კომენტიოლის გადაყენება სთხოვა – „ყველაფერში ხელს მიშლისო“. ავგუსტმა ამჯერადაც დაუჯერა და მის ადგილზე კომენტიოლისვე თანაშემწე ნარსესი დანიშნა (591 წლის გაზაფხული).
შემდეგ ხოსრო დაიძრა მადრისისკენ (მდებარეობდა დარას ჩრდ-დას-ით, დღევ. მარდინი), რომელიც დარადან 3 ფარსანგზე მდებარეობდა. ნისიბინის მახლობლად ყველა სიმაგრის მმართველმა აღიარა ხოსრო. უკანასკნელმა მათი დაცვა რომაელებს დაავალა. მალე ხოსრომ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა დარა, რის შემდეგაც მიდიელი დიდებულები სულ უფრო თამამად გადმოდიოდნენ მის მხარეზე. უსაფრთხოებისთვის ხოსრომ თავისი ცოლ-შვილი გადაიყვანა ძალიან გამაგრებულ მიდიურ ქალაქ სინგარონში, რომელიც, ირგვლივ წყლის რესურსების არარსებობის გამო მტრის მხრიდან ალყისთვის გამოუსადეგარი იყო. შემდეგ მობედს მისცა 2000 კაციანი კარგად შეიარაღებული სპარსულ-რომაული რაზმი და დაავალა სინგარონიდან საიდუმლოდ გაელაშქრა ქტესიფონზე და ბაჰრამის დაცვა გაენადგურებინა. როდესაც ხოსროს მოქმედების შესახებ შეიტყო, უზურპატორი ომისთვის მზადებას შეუდგა. ამასობაში ზაფხული მოვიდა. ხოსრო სპარსულ-რომაული ჯარებით დაიძრა დარადან და მივიდა ამოდომზე, დარადან 14 ფარსანგზე. აქ ცოტა დასვენების შემდეგ განაგრძეს გზა და 3 დღის შემდეგ მიადგნენ ტიგროსს, საიდანაც ხოსრომ რჩეული ათასეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ეს რაზმი და მდ. ზაბთან წააწყდა ბაჰრამის მიერ მოწინააღმდეგეთა მოზრდილ რაზმს, რომელთაც ბრიზაკი მეთაურობდა და ასევე მტრის დაზვერვა ევალებოდა. ხოსროს ათასეულმა გაანადგურა მოწინააღმდეგე და ბრიზაკის თავი ხოსროს გაუგზავნა. გახარებულმა ხოსრომ განაგრძო გზა, მიაღწია სოფელ დინაბადონს, სადაც სპარსელებმა და რომაელებმა ერთად ისაუზმეს, მეორე დილით კი გადავიდნენ მდინარე ზაბზე (დიდი ზაბი).
ამასობაში მებოდი რაზმით შევიდა ბაბილონიაში სატახტო ქალაქებთან ახლოს. აქედან ცბიერმა სარდალმა გაგზავნა ცნობა სელევკიის სასახლის დაცვის ხელმძღვანელთან, რომ მოემარაგებინა დიდძალი ფული და სურსათი, რადგან იქვე მალე გაჩნდებოდა მოკავშირეთა ჯარები და გულგრილობისათვის დაისჯებოდა სიკვდილით. შეშინებულმა დაცვის უფროსმა, რომელსაც ბაჰრამისგან სამეფო საგანძურის დაცვა ჰქონდა დავალებული, ღამით მიატოვა სასახლე და რაზმითვე გაიქცა ქტესიფონში. მეორე დღეს, ღამით, მებოდი შევარდა დაუცველ ქალაქში და რომაელებს უბრძანა აეტეხათ გამარჯვების ყიჟინა, ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთ ენაზე და მოეკლათ ყოველივე ვინც შეხვდებოდათ. ამით შეშინებულმა სელევკიელებმა უბრძოლველად დაანებეს ქალაქი. მალე სელევკიის მხარესა და თვით ქტესიფონში გავრცელდა ცნობა, თითქოს ქალაქი რომაელებმა აიღეს და ახლა დედაქალაქისკენ მოდიანო. ამით შეშინებულმა სამეფო საგანძურის მცველმა ქტესიფონიც დატოვა და თავს რაზმთან ერთად მეზობელ ქალაქ „სპარსულ ანტიოქიაში“ გადაინაცვლა.
მაშინ მებოდმა დაიკავა ქტესიფონი და ამჯერად „სპარსულ ანტიოქიას“ გაუგზავნა მუქარის წერილი ლათინურად, დამორჩილებოდნენ რომის ავგუსტის ჯარებს. მაშინ ამ ქალაქის მოსახლეობაც განუდგა ბაჰრამს, შეიპყრეს სამეფო საგანძურის მცველი თავის მომხრეებთან ერთად და გადასცეს მებოდს. მებოდმა შეპყრობილები წამებით დახოცა, ხოლო მათი მეთაური ცხვირისა და ყურების დაჭრის შემდეგ გაგზავნა ხოსროსთან. 6 დღის შემდეგ მებოდმა ბრძანა გაეჟლიტათ იუდეველები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ ბაჰრამის სახელმწიფო გადატრიალებაში. ამ ტომის ბევრი ადამიანი გამორჩეული იყო სიმდიდრით და ცხოვრობდა სპარსეთში. როდესაც ვესპასიანემ იერუსალიმი აიღო (ახ.წ. 70 წ.) და გადაწვა, რომაელთა შიშით ბევრი ებრაელი გადასახლდა ბაბილონიაში, რომელიც ბაჰრამის სამფლობელო იყო. იქ ისინი ჩაერთვნენ ვაჭრობაში, ცურავდნენ წითელ ზღვაზე და დააგროვეს დიდძალი ქონება, რის შემდეგაც დაეხმარნენ ბაჰრამს ძალაუფლების მოპოვებაში. მებოდმა მათ წინააღმდეგ წამების მრავალფეროვანი ხერხი გამოიყენა. მთავარი სამეფო სასახლის აღების შემდეგ, მან საუკეთესო საგანძური ხოსროს გაუგზავნა.
ამასობაში ხოსროს სპარსელები და რომაელები ხნეფის მხარეში (დიდი და პატარა ზაბის რაიონში) შეიჭრნენ. შემდეგ დილით აღმ. ლეგიონების სარდალმა ნარსესმა მარჯვენა ფლანგის სარდალი კომენტიოლი გაგზავნა 1000 მხედრით, რათა დაეკავებინა მეორე ზაბზე (პატარა ზაბი) გადასასვლელი. მიუხედავად ამისა ბაჰრამი მშვიდად იყო, რადგან ფიქრობდა, რომ არმენიიდან მომავალი რომაული ჯარი გზების უვარგისობის გამო ვერ მოასწრებდა ჩამოსვლას და აღმ-ის ჯარებთან გაერთიანებას. ამ დროს სტრატეგოსმა ნარსესმა დაატყვევა ბაჰრამის მზვერავი და მისგან ყველაფერი შეიტყო, რის შემდეგაც დაიკავა გადასასვლელები და შეიჭრა ნენასინების მიწაზე. ბაჰრამმა შეიტყო, რომ გათვლებში შეცდა და მიხვდა რა რომ არმენიიდან მომავალი არმიაც ახლოვდებოდა, გაჰყო თავისი ლაშქარი ორად და გაგზავნა ისინი შესაბამისად რომაელთა ორი არმიის წინააღმდეგ ჩრდილოეთით და დასავლეთით. მალე ბაჰრამმი მიხვდა რომ არმენიიდან მომავალი არმია ახლოს იყო. ბაჰრამის არმიის გამოჩენისთანავე „არმენიის“ არმიის სარდალმა იოანემ ბრძანა საბრძოლო მოწყობა. თავის მხრივ ბინდოიმ მოაწყო სპარსული ფალანგა. მხოლოდ მდინარე ჰყოფდა მოწინააღმდეგეებს. ამასობაში აღმ. არმიით ნარსესი და ხოსროც მოვიდნენ დასახლება სიგარონთან და გაიგეს რა „არმენიის“ არმის ბაჰრამის წინაშე დგომა, მოუწოდეს იოანეს მათ მისვლამდე არ შესულიყო ბრძოლაში.
აქვე ხოსრომ შეიტყო მობედისგან ქტესიფონისა და სელევკიის დაკავების შესახებ და ყველაფერი ნარსესს აცნობა. რამდენიმე დღეში რომაელთა ორივე არმია ხოსროსა და მისი ბიძის, ბინდოის რაზმებთან ერთად გაერთიანდნენ. ახლა ხოსროსა და მის მოკავშირეებს 60000-ზე მეტი მებრძოლი ჰყავდათ, ხოლო ბაჰრამს 40000. მოკავშირეები სამ რიგად იდგნენ. ცენტრს სარდლობდნენ ნარსესი და ხოსრო, მარჯვენა მიდიელთა ფალანგას ბინდოი და სარამი, ხოლო მარცხენა „არმენიის“ არმიას იოანე. ბაჰრამმაც სამ რიგად დააწყო არმია და რამდენიმე დღე ცდილობდა ტაქტიკური მანევრით მოულოდნელად თავს დასხმოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ რომაელები ფხიზლად იდგნენ და აიძულეს პირდაპირ მიეღო ბრძოლა (ტიგროსის შენაკად ბლარაფთან 591 წლის შემოდგომაზე). ბაჰრამი თავიდან მოწინააღმდეგის მარჯვენა ფლანგს ეკვეთა და საბრძოლო სპილოებითა და გმირული ბრძოლით გააქცია იგი, მაგრამ როდესაც ცენტრზე გადავიდა ნარსესმა მოახერხა მისი დამარცხება. უზურპატორი ბრძოლის ველიდან გაიქცა, რის შემდეგაც რომაელებს ხელთ დარჩათ მთელი მისი ბანაკი, სადაც იყვნენ ბაჰრამის ცოლები და შვილები და მთელი სამეფო საგანძური. მათი ნაწილი ხოსროს გადასცეს.
მეორე დღეს გამოყვეს 10000 მებრძოლი მარინისა და ბესტამის მეთაურობით და ბაჰრამს დაადევნეს. მათ დაბრუნებამდე კი რამდენიმე დღე ზეიმობდნენ და აღნიშნავდნენ გამარჯვებას. როდესაც მარინი და ბესტამი დაბრუნდნენ (ბაჰრამს ვერ დაეწივნენ. უზურპატორმა თავი ძველ მტრებს – თურქებს შეაფარა), ხოსრომ რომაელებს მიუთითა რომ დრო იყო მათი შინ დაბრუნებისა, თვითონ კი სპარსული ჯარებით ბაბილონიაში უნდა წასულიყო. (სიმოკატა აქ გადმოგვცემს ხოსრომ ეს რომაელები მეომრები არ დაასაჩუქრაო. არადა არაბი ისტორიკოსი ტაბარის ცნობით კი ხოსრომ მავრიკიუსს გაუგზავნა 20000000 დირჰემი ჯარისკაცებისთვის დასარიგებლად. ხოსროს მიერ გულუხვ დასაჩუქრებაზე საუბრობს თავის ქრონიკაში მიქაელ სირიელიც). წასვლის წინ რომაელმა სარდლებმა დაუბარეს ხოსროს რომ არ დაევიწყებინათ მათი აღმოჩენილი დახმარების შესახებ. ბოლოს ხოსრომ, რომელსაც ეშინოდა თავისი ქვეშევრდომების ერთგულების, მავრიკიუსს შეუთვალა მიეცა მისთვის 1000 მებრძოლი პირადი დაცვისთვის. მავრიკიუსმაც გაუგზავნა. მაშინ ხოსრომ ავგუსტს თბილი წერილი, ხოლო ანტიოქიის პატრიარქ გრიგორის წამებული წმ. სერგის კუთვნილი ოქროს ჯვარი (ძვირფასი ქვებით შემკული) გაუგზავნა, რომელიც ხოსრო კავადის ძეს ეგდო ხელთ ქალაქის აღებისას.
ხოსრომ გამოსცა კანონი ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შესახებ. მისი ნებართვით აღადგენდნენ დანგრეულს და აგებდნენ ახალ ქრისტიანულ ტაძრებს. ახალმა შაჰინშაჰმა სიკვდილს მისცა ყველა ვისაც ბაჰრამთან რამე აკავშირებდა. დასაჯა თვით ბიძამისი ბინდოი მეფეზე (ჰორმიზდ IV-ზე) ხელის აღმართვისთვის და ჩაახრჩო ტიგროსის სიღმეში. ასე დასრულდა ეს დიდი სპარსული ომი“.
ფოკას (602-610) ტირანობა
დუნაის ჯარებმა აჯანყება მოაწყვეს მავრიკიუსის წინააღმდეგ და თავიანთი ცენტურიონი ფოკა აიღციეს ავგუსტად. როცა იგი კონსტანტინეპოლს მიადგა, ქალაქიც მის მხარეს გადავიდა და ფოკამ აიღო დედაქალაქი. მავრიკიუსი შეიპყრეს. 27 ნოემბერს მის წინაშე დახოცეს ხუთი ვაჟი - ტიბერიუსი, პეტრე, პავლე, იუსტინე, იუსტინიანე და ძმა პეტრე, ბოლოს კი თვით ავგუსტი.
„როდესაც ტირანი დათვრა თავისი უწმინდური საქმეებით, სხვებისკენ მიმართა მკვლელობის ჟინი: მახვილით მოჰკვეთა თავი მავრიკიუსის ძმას, თავის სტრატეგოსს; მოკლული იქნა აგრეთვე კომენტიოლი, ევროპის სტრატეგოსი; აგრეთვე გიორგი, ფილიპიკეს ჰიპოსტრატეგოსი; გარდა ამისა პრეზენტინე, პეტრეს აზრების მესაიდუმლე, - ამ თანამდებობის პირს რომაელები ჩვეულებრივ დომესტიკს ეძახიან. თვითმპყრობელ მავრიკიუსის ვაჟი თეოდოსი, რომელიც ლაშქრობიდან დაბრუნებულიყო, მოწამეს ტაძარში შევარდა დასამალად. ეს რომ შეიტყო ტირანმა, ალექსანდრე გაგზავნა ყმაწვილის მოსაკლავად. ალექსანდრემაც მოკლა თეოდოსი, და აგრეთვე კონსტანტინე, ხალხში ლარდისად წოდებული, მიათრია ე.წ. „დიადრომოსში“ და მახვილით მოკლა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ალექსანდრეს გერმანემ მოაგონა საფრთხისაგან გადარჩენა. ამიტომ, ამბობენ, ალექსანდრემ თეოდოსი კი არ მოკლა, არამედ ვიღაც მსგავსი, ხოლო თვით თეოდოსი მოულოდნელად ხიფათს გადარჩენილი აღმოსავლეთში წავიდა და მრავალი ადგილი გამოიცვალა, ხოლოს კოლხიდაში მივიდა; ამის შემდეგ კი ბარბაროსთა უდაბნოებში გადავიდა, და მის დაუძლურებულ სხეულს ასე მოეღო ბოლო“.
Комментариев нет:
Отправить комментарий