§ 1. ბიჭვინთა და მისი „ქვეყანა“
ბიჭვინთა უაღრესად რთულ და საინტერესო ძეგლთა კომპლექსს წარმოადგენს. დასახლებათა ეს სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონომიკურ „ქვეყანაში“ მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. სწორედ ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე, რაც იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ სამწყსოს ძირითად კონტიგენტს აქ რომაელ ჯარისკაცებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი, 4 სხვადასხვა დროის ეკლესიის ნანგრევებია დადასტურებული, რომლებიც ერთიმეორეზეა დაშენებული. ბიჭვინთის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, მათ შორის მოზაიკა, სხვადასხვაგვარადაა დათარიღებული, მაგრამ ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოები IV–VI სს-ებით არის განსაზღვრული.
ნაქალაქარის ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის, სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970–73 წლების საველე სამუშაოებმა, დადასტურდა ურთიერთმონაცვლე 5 სამშენებლო დონე. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე. ნაგებობის ზომებია: 25X10 მ, კედლის სისქე 0,8 მ. ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის ჭურჭლის ფრაგმენტერბი, რომელიც საგანგებოდ იქნა შესწავლილი ნ. უგრელიძის მიერ და IV ს-ის პირველი ნახევრით განსაზღვრული. ი. ციციშვილის მიერ ეს ბაზილიკა IV ს-ის დასაწყისით თარიღდება. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი უძველესი ეკლესია წარმოადგენს – დარბაზული ნაგებობა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც IV ს. I ნახევრით თარიღდება. რ. რამიშვილის აზრით, ბიჭვინთის უძველესი ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებით და არქეოლოგიური მასალებით შეიძლება დათარიღდეს III ს-ის 70-80-იანი წლებით და ნასტაკისის III ს-ის II ნახევრით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად უნდა ჩაითვალოს უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად საქართველოს ტერიტორიაზე.
III–IV სს-ში ბიჭვინთა მძლავრ აღმავლობას განიცდის, თუმცა IV ს-ის 70-იან წლებში ჰუნების დამარბეველმა ლაშქრობამ დიდი დარტყმა მიაყენა მას, რაც კარგად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებით, გლიპტიკური ძეგლების და ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. ბიჭვინთის სამაროვანზე III–IV სს-ის 26 ბეჭედია აღმოჩენილი, IV ს-ის 70-იანი წლებიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით საბეჭდავი ბეჭდები არ მოგვეპოვება, VI ს. მხოლოდ ერთი ფარაკიანი ბეჭედია ცნობილი იუსტინიანე I-ის გამოსახულებით. IV საუკუნე ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალის უჩვეულო სიუხვით (500-ზე მეტი მონეტა) გამოირჩევა, რომელთა უმრავლესობა ანტიოქიაშია მოჭრილი (104), რაც კარგად ადასტურებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ორ ადრექრისტიანულ ცენტრს – ანტიოქიასა და ბიჭვინთას – შორის. თითქმის თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი მცირე აზიის ქალაქების: ნიკომედიის (48), ქიზიკისა (44) და კონსტანტინოპოლის (40) საფასეები; საინტერესოა, რომ IV ს-ის მონეტებიდან არც ერთი ცალი არაა მოჭრილი საკუთრივ რომის ზარაფხანაში. IV ს-ის დამდეგისთვის, როგორც ცნობილია, მთელი აღმოსავლეთის ეკლესიების ცენტრი ანტიოქია იყო. მისი სულიერი გავლენა ვრცელდებოდა არ მარტო მცირე აზიაზე, პონტოსა და აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, არამედ სპარსეთზე, სომხეთსა და საქართველოზე. სწორედ ამ უჩვეულო აღმავლობის პერიოდში იგება მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდით და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით და მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით, რომელიც ყველაზე უკეთ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში და ნართექსში შემოინახა. ბაზილიკის ზომებია: 28,03X13,2 მ. ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს ადრექრისტიანული აფხაზეთისა. პირველად ამ მოზაიკას იხსენიებს 1915 წელს ა.ზოტოვი. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV–VI სს-თი არის დათარირებული. ჩვენის აზრით, გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა.
IV ს-ის შუა ხანებში ბიჭვინთამ დიდი ნგრევა განიცადა, პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა მთლიანად დანგრეულია, მაგრამ იმავე IV ს-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ: იცვლება აფსიდის ფორმა, იქმნება ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, მცირდება ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტებს ცვლიან ბურჯები აგურის შრეების დატანებით. შენობის ზომებია: 28,4X14,6 მ, კედლის სისქე 0,90-1,10 მ კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლონერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე. ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალობა და წყობაში ქვის გადაბმა. აფსიდის კონგლომერატის ბლოკების წყობაში აგურის ორი რიგის შრეებია დატანილი. შიგნიდან კედლები შელესილი ყოფილა და მოხატული ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალით აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილში და ჩრდილოეთის ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებით იფარება. ამავე დროსაა აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოიქცია.
IV ს-ის ბოლო მესამედში ბიჭვინთა ძირფესვიანადაა აოხრებული, რადგან ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი ფენა უშუალოდ ფარავს IV ს-ის არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. როგორც ჩანს ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდილოეთ ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხია ჩაშვებული.
VI ს-ის პირველ მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ყველაზე ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წლებში, სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და ნართექსით. შენობის ზომებია: 17,45X11,6 მ. კედლები დაახ. 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1,92-1,96 მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი მოწმობს. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლები შელესილი ყოფილა, რასაც ბათქაშის შემორჩენილი უბნები მოწმობს.
პიტიუნტის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან გარკველ მსგავსებას პოულობს ბულგარეთში კაბილეს ძეგლზე გამოვლენილი ადრექრისტიანული ბაზილიკები. აქ, ბიჭვინთის ტაძრების მსგავსად რამდენიმე (სამი) სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა. კაბილეს I ბაზილიკა წარმოადგენს სამნავიან, ე.წ. „ელინისტური“ ტიპის ბაზილიკას ნახევარწრიული აფსიდითა და ნართექსით. ტაძარი IV ს. შუა წლებშია აგებული; მისი განადგურება კი, გოთების თავდასხმას (378 წ.) უკავშირდება. II ბაზილიკაში ხდება ცვლილებები აფსიდასა და დეკორაციაში. ჩნდება ბაპტისტერიუმი და სადიაკვნე. ბიჭვინთის მეორე ბაზილიკის მსგავსად აქაც ნაოსის იატაკი მოზაიკით იფარება. მოზაიკა რამდენიმე პლასტისაგან შედგება და ძირითადად ტრადიციული გეომეტრიული მოტივებითაა წარმოდგენილი. კაბილეს მესამე ბაზილიკა V ს-ის დასაწყისშია აგებული. მისი განადგურება კი 587 წელზე მოდის, როცა თრაკიელთა მიწები სისხლისმღვრელი ომების არენად იქცა.
ბიჭვინთის ნაქალაქარის ზღუდის გარეთ, მის უშუალო სიახლოვეს, ჯერ კიდევ ქალაქის ფუნქციონირების პერიოდში ჩნდება დასახლება. იგულისხმება X ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მისგან დასავლეთით 40 მ-ის მანძილზე 1980–81 წლებში გ. ლორთქიფანიძისა და ზ. აგრბას მიერ გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. პირველი პერიოდი V–VI სს-ით თარიღდება, მეორე კი – VI–VII სს-ით. ბიჭვინთის დიდი ტაძრის მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1925 წელს ა. ბაშკიროვმა ჩაატარა, შედეგად მიაკვლია დიდი ბაზილიკური ტიპის სამნავიანი და სამაფსიდიანი ტაძრის ნანაგრევებს, რომელიც მან გვიანბიზანტიური ეპოქით დაათარიღა. 1925 წელს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა სამხრეთი ფასადის კედლის ფრაგმენტები და ორი გვერდითი 4,10 მ-ის სიგანის აფსიდები, ისინი ბაშკიროვის მიხედვით, გეგმაში ნახევარწრიულია, ნახევრადექვსწახნაგა წრეში ჩასმული. აგებულია ქვიშაქვის კვადრებით, გამოუყენებიათ აგურის სარტყელებიც, რომელთა რაოდენობა 2-დან 4 რიგამდე მერყეობდა. გათხრები მას ამ ორ აფსიდას შორის ჩაუტარებია, სადაც ცენტრალურ საკურთხეველს ვარაუდობდა. მან აფსიდის კედლის საძირკველი და საკურთხევლის „ფსევდო-მოზაიკური“ იატაკი დააფიქსირა. ამ ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევებში ექსპედიციამ ადრებიზანტიურ, იონიური ტიპის მასიურ კაპიტელს მიაკვლია, რომლის ახლო პარალელია ვაშნარის ბაზილიკის მცირე მარმარილოს სვეტისთავი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. აღნიშნული ბაზილიკა ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ახ.წ. VI–VII სს-ით დაათარიღა. ძეგლი სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი ზომებია: 17,5X7,60 მ. კედლების სისქეა 0,80 მ. წყობა შერეულია, ჩრდილოეთი კედელი opus mixtum-ითაა ნაგები, აგურის 4 რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს-დან დაწყებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე. სამხრეთ აფსიდის ქვეშ ექსპედიციამ კიდევ უფრო ადრეული (6,1 მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება) V–VI სს. მცირე ეკლესიის ნანგრევები გამოავლინა, ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა, სვეტის ძირი და სხვა ნაწილები. ეკლესიის აღმოსავლეთით ისევე, როგორც თავად ტაძარში, რამდენიმე უინვენტარო ადრექრისტიანული სამარხი დადასტურდა. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. ჩრდილოეთი აფსიდის დასავლეთით გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი, მისი ზომებია: 2X0,4X0,3 მ, კედლების სისქეა 5 სმ. ყველა სამარხი ქრისტიანული წესის დაცვითაა გამართული.
ბიჭვინთის ნაქალაქარიდან 400–500 მ მანძილზე სამხრეთით 1963 წელს თ. მიქელაძის მიერ გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი გეგმით უჩვეულოა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, აღმოსავლეთით ორი, სრულიად ტოლი გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. შენობის ზომებია: 28,5X14 მ (ტაბ. I,6). კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ აგურის გამოყენებით. აფსიდისა და კედლების გაყოლებით მერხები შემოინახა. ტაძარს ექვსი შესასვლელი აქვს: ორ-ორი – სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთი მხრიდან. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შუაში პილასტრები აქვთ. ტაძრის ცენტრში, ძირითადი პილასტრების გადაკვეთაზე, დგას მძლავრი სწორკუთხა ბურჯი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებაში გამოყენებული ყოფილა თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკეთები სვეტები, რომელთაც ოთხკუთხა ბაზა აქვთ და ცილინდრული კორპუსი. ეს უკანასკნელი ორნამენტირებულია.
ბიჭვინთის ორნავიანი ბაზილიკის ყველაზე ახლო პარალელია ქუთაისის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია (თავდაპირველად იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო). ო. ლანჩავა საერთო მონაცემებით ქუთაისის ორნავიანი ეკლესიის ფუნქციონირებას VI–VII სს-ით განსაზღვრავს. თ. მიქელაძის აზრით, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია V ს-ის დასასრულსა და VI ს-ის დასაწყისში უნდა აეგოთ, ხოლო XII ს-ში ძეგლი, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას, რასაც სამხრეთი ნავის დასავლეთი კარის ზღურბლზე კედლებისა და გადახურვის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი იმპ. ნიკიფორე III ბოტინიატის (1078–1081 წწ.) 5 ოქროს მონეტა ადასტურებს.
ბიჭვინთის კონცხს განეკუთვნება კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი სოფ. ალაჰაძეში, „აჰაშნიხ“ ბორცვზე. ნანგრევები სოფ. ალაჰაძის ტერიტორიაზე დიდი ხანი იქცევდა სიძველეების მოყვარულთა და მოგზაურთა ყურადღებას. მაგ., XIX ს. 80-იან წლებში ალაჰაძეში მიკვლეულმა ნანგრევებმა პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია და, როგორც ცნობილია, 1886 წელს მან დაიწყო ამ ნანგრევების გათხრა-გაწმენდა, მოხერხდა ამ ნაგებობის გეგმის მოხაზვაც. უვაროვას მიერ გამოქვეყნებული მასალა ეჭვს არ იწვევს, რომ გაწმენდილი ნაგებობა სამაფსიდიანი მცირე ეკლესიაა. ამ ეკლესიის გათხრისას პ. უვაროვას არქეოლოგიური მასალა არ შეხვედრია. ამის გამო გამთხრელი თვლიდა, რომ მის მიერ გამოვლენილი მცირე ეკლესია თავის დროზე უნდა გაეძარცვათ და მერე დაენგრიათ.
საინტერესო დაკვირვებები აქვს აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მკვლევარს ი. აძინბას. იგი თვლიდა, რომ პ.უვაროვას მიერ გაწმენდილი პატარა სამაფსიდიანი ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა. ი. აძინბამ სცადა ტოპონიმის, ბორცვის სახელის – „აჰაშნიხ“ – ახსნა – „ახაშ“ – აფხაზურად ნიშნავს ტყის მსხალს, „ნიხა“ – ხატს, ღვთაებას.
1970 წელს საძიებო თხრილების გაჭრისას სამაფსიდიანი მცირე ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთით ორიოდე მეტრზე დიდი სამნავიანი ტაძრის ნანგრევები აღმოჩნდა. ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის ისტორიის აღდგენა შესაძლებელი გახდა 1985–86 წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. 1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. მისი გარეთა ზომებია: 50X28 მ. ცენტრალური აფსიდა შვიდწახნაგოვანია, გვერდითები კი ნახევარწრიული. დასავლეთით მოთავსებულია ნართექსი, რომლის სიგანე მხოლოდ ცენტრალური ნავის სიგანეს უდრის. გვერდითი ნავები ვიწროა. საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების 5 წყვილი. ბაზილიკის კედლები ნაგებია opus mixtum-ის ტექნიკით, გამონაკლისს წარმოადგენს აფსიდა, რომელიც თლილი კირქვით არის ნაგები (გარდა ცენტრალური აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილის ფრაგმენტისა, სადაც აგურის წყობაა გამოყენებული). მშენებლობისას გამოყენებულია თავისებური ელემენტი – კერამიკული ყუთები, რომელთაც შესაძლოა, ანტისეისმური დანიშნულება ჰქონდათ. ალაჰაძის ბაზილიკას ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები ახასიათებს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ნივნივისებური გადახურვა, ნართექსის არსებობა, შუა ნავის სიმაღლე გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუაზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძების არსებობით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს.
Opus mixtum-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგებს პოულობს დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის ძეგლებთან – პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი, არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი. ეს წყობა, საერთოდ, დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის. დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები, და არა კოლონები. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება, ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან. მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1,8 მეტრს აღწევს სიგანეში), ნართექსის ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ძეგლი VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება.
ალაჰაძის №2 ეკლესია №1 ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. №2 ეკლესიამ დაიკავა №1 ეკლესიის მხოლოდ ცენტრალური ნავი. სწორედ ეს ეკლესია აღმოჩნდა 1970–1971 წწ. გათხრების შედეგად. ეს ეკლესიაც სამნავიანი ბაზილიკაა, ერთი აფსიდით, უორნამენტო ფასადით და ორფერდა გადახურვით. მისი დათარიღება შეიძლება მიახლოებით VIII–IX სს-ით. მან უფრო ხანგრძლივად იარსება, ვიდრე პირველმა ბაზილიკამ. ეს კამაროვანი ბაზილიკა ნართექსის გარეშე გამოხატავს ბაზილიკური ფორმის ევოლუციის პროცესს, ბაზილიკაში „ელინისტური“ ნიშან-თვისებები ადგილს უთმობენ „აღმოსავლურს“.
ალაჰაძის №3 ეკლესია აიგო მაშინ, როცა №2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. იგი განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტიპს, ოთხი საყრდენით. ნაგებობის გარეთა ზომებია: 20,7X11,6 მ. აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია სამაფსიდიანი სკურთხეველი. აფსიდები გარედან ნახევარწრიული ფორმისაა, შიგნიდან კი ნალისებური. სამივე აფსიდას ჰქონდა ბემა. ეკლესია ნაგებია თლილი კირქვისაგან, თაღებში გამოყენებულია აგური. აქაც გვხვდება კერამიკული ყუთები, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პ. უვაროვა აღნიშნავდა, მაგრამ ისინი უფრო უხეშადაა შესრულებული, ვიდრე №1 ეკლესიაში აღმოჩენილი ყუთები. დეკორატიული დეტალებიდან შემორჩა მხოლოდ ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესია შეიძლება დათარიღდეს X ს-ით. იგი აფხაზეთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფს განეკუთვნება (ბზიფი, ლიხნი, ანაკოფია, მოქვი, ბიჭვინთა). განსაკუთრებით უახლოვდება ლიხნის ეკლესიას.
ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი – ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა.
კიდევ ერთი, ადრე შეუსწავლელი, ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გაითხარა რამდენიმე სამარხი, აქვე აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები, ფილაქვა ჯვრის გამოსახულებით. გამთხრელის მიერ ტაძარი IV–V სს-ით თარიღდება.
ბიჭვინთის ნაქალაქარსა და ბიჭვინთის „ქვეყანაში“ გამოვლენილი ქრისტიანული ტაძრების სიმრავლე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობაზე ქრისტიანული თემის გავლენის ზრდის და გარკვეული დემოგრაფიული აღმავლობის მანიშნებელია.
§ 2. სებასტოპოლი – ცხუმი
სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა 50-იანი წლებიდან დაიწყო და შეუნელებელი ინტერესით გრძელდება დღესაც. 1959 წელს ლ. სოლოვიოვისა და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის, ანუ კასტელუმის გათხრების დროს მნიშვნელოვან სხვა ნაგებობებთან ერთად №1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კედლის მოზაიკის კენჭები. გამთხრელებმა ისინი გარეგნული ფორმით წრომის მოზაიკას (VII ს.) მიამსგავსეს და აქ ეკლესიის არსებობა ივარაუდეს, აქვე გაითხარა რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც. მკვლევართა ვარაუდი, სოხუმში ადრექრისტიანული ტაძრის არსებობის შესახებ, დადასტურდა მოგვიანებით, 1987–1990 წლებში სოხუმის ე.წ. „თურქული ციხის“ ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, როცა აქ არქიტექტურული ნაგებობები (სამეურნეო, საცხოვრებელი, აბანო) და, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, ეკლესიის ნაშთი გამოვლინდა. გათხრების მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა. Pპირველი, ანუ ზედა ფენა – განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეები, რომელიც ძირითადად კერამიკული ნაწარმითაა წარმოდგენილი; და მეორე, ანუ ქვედა ფენა – ადრებიზანტიური პერიოდი (VI ს-ის ბოლო VII ს-ის დასაწყისი); რაც შეეხება VIII–IX სს. – აქ ქრონოლოგიური წყვეტილია.
ეკლესიის გეგმა სრულად არ იკითხება. ესაა სამნავიანი ეკლესია ხუთწახნაგოვანი აფსიდით, რომელიც რიყის ქვითაა ამოყვანილი კირხსნარზე, შემორჩენილია 35-40 სმ სიმაღლეზე. ნავები ერთმანეთისაგან სვეტების სამი რიგითაა გამოყოფილი.
აფსიდის ირგვლივ ოთხკუთხა ბოძებია გამართული, ისინი აგურითა და ქვითაა ნაგები კირხსნარზე. სულ 8 ბოძია გამოვლენილი, რომელიც 45-50 სმ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ყველა მათგანს შიდა მხრიდან რკალისებური ფორმა აქვს. ეს ბოძები აფსიდასთან მიმართებაში ასიმეტრიულადაა განლაგებული. მოპირკეთებაში გამოყენებულია opus sectile-ის წყობა, პროკონესული მარმარილოს პატარა ფილებისა და აგურების მონაცვლეობით. საყურადღებოა, რომ ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის ფრაგმენტი რომაული ლეგიონის დამღით XV Legio Apollinaris. ანალოგიური დამღიანი (LEG XV) კერამიკული ფილები ცნობილია ბიჭვინთის კასტელუმიდან. ლ. ხრუშკოვას აზრით, ეკლესია V ს-ის პირველ ნახევრში აიგო, იუსტინიანეს დროისათვის კი უკვე განადგურებული ჩანს. თუმცა ცნობილია, რომ V საუკუნე, მაგალითად ბიჭვინთაში არქეოლოგიურად სუსტადაა წარმოდგენილი, ცხოვრება აქ ჩამკვდარია ჰუნთა დამარბეველი თავდასხმების გამო, რომელიც სავარაუდოდ სებასტოპოლისსაც უნდა შეხებოდა. შესაბამისად ეკლესიის მშენებლობას არა V ს-ში, არამედ VI ს-ში უნდა ჰქონოდა ადგილი, მით უფრო, რომ ცნობილია იუსტინიანეს მიერ სებასტოპოლისში აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შესახებ.
საინტერესოა, რომ 1988 წელს ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა საფლავის ქვა ბერძნული წარწერით, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „აქ განისვენებს ჯარისკაცი-ლეგიონერი ორესტი, რომლის მოსაგონრადაც აღვმართეთ ეს ეკლესია“. მოხსენება ამ საფლავის ქვისა და წარწერის შესახებ გაკეთდა ლ. ხრუშკოვას მიერ ბიზანტინისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესსზე სანქტ-პეტერბურგში 1995 წელს.
ეკლესიის სიახლოვეს, ერთ რიგზე 3 სამარხი გაითხარა, როგორც ჩანს ქრისტიანული. სამარხები კირხსნარითაა ამოყვანილი და ბრტყელი აგურით გადახურული. სამივე სამარხი უინვენტაროა. მათ პარალელურად, კიდევ ერთი, მეოთხე სამარხი გაითხარა, ასევე უინვენტარო, რომლის იატაკი აგურითაა მოგებული, კედლები კი კირხსნარითა და ბრტყელი აგურით ამოყვანილი. სამარხი თავთან რამდენადმე ფართეა, ბოლოსკენ კი ვიწროვდება. მისი ზომებია: სიგრძე 1,9 მ, სიგანე თავთან 0,60 მ, სიგანე ბოლოში 0,35 მ. სამარხი IV–V სს-ის ფენაშია ჩაჭრილი. გამთხრელის აზრით, სამარხები უფრო ადრეული უნდა იყოს, ვიდრე თავად ეკლესია. თანმხლები მასალის არარსებობის პირობებში, და მხოლოდ სტრატიგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით სამარხი V ს-ის II ნახევრითაა დათარიღებული. მსგავსი ფორმის სამარხები, აგურით ნაგები, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილია ოჩამჩირიდან, ბიჭვინთიდან და განთიადიდან. ეს სამარხებიც გამთხრელთა მიერ VI ს-ითაა დათარიღებული.
80-იან წლებში სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილია საინტერესო არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიმბოლოებით შემკული კერამიკული ნაწარმი. ისინი ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნგრევის ფენაშია აღმოჩენილი, ესაა ამფორის ფრაგმენტები ბერძნული წარწერით, რომელსაც წინ ქრიზმა უსწრებს; კერამიკული ხუფის ფრაგმენტი, ასევე ბერძნული წარწერით ჯვართან ერთად; წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტი ზედ ამოკვეთილი ასოებით XP; ასევე წითელლაკინი ჯამის ფრაგმენტი ძირზე ჯვრის გამოსახულებით, რომელიც ახლო ანალოგს პოულობს ბიჭვინთის წითელლაკიან ჯამებთან, ძირზე ჯვრის გამოსახულებით. ეს ფენა იუსტინიანეს დროინდელი ბრინჯაოს 544–545 წწ-ში მოჭრილი მონეტით თარიღდება (მონეტა განსაზღვრა ს. შამბამ). ამავე ნგრვის ფენაში აღმოჩნდა ანასტასიუს I (491–518 წწ.) და იუსტინიანე II (565–578 წწ.) კონსტანტინოპოლში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, იუსტინიანე II და სოფიას (574–5 წწ.) მიერ თესალონიკებში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა და ერთიც კაბადოკიის კესარიში მოჭრილი მონეტა არა უგვიანეს III ს-სა.
სოხუმის ციხის ტერიტორიაზე, ადრეც აღმოჩენილა IV–VI საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ნატეხები ქრისტიანული ჯვრებით.
ცნობილია, რომ VI ს-ის ბოლოდან ეგრისს გამოეყო აბაზგია თავისი ეკლესიით, რომელიც VII ს-ის შუა ხანებში სებასტოპოლისის ავტოკეფალურ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. ამ დროისათვის, დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა საეკლესიო ცენტრი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა.
პირველი ქრისტიანული ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში ბიჭვინთაში ჩნდება, რომელიც დღესდღეობით აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უძველეს საეკლესიო ცენტრს წარმოსდგენს. მაგრამ, VI საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბიჭვინთა, როგორც ქრისტიანული ცენტრი, კარგავს თავის პირველობას. კერძოდ, 542 წლიდან, როცა ლაზთა მეფის თხოვნით, ირანელებმა ლაზიკაში ილაშქრეს, ხოლო რომაელებმა, იმის შიშით, რომ ირანელები ხელში ჩაიგდებდნენ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისს, თავად დაწვეს და დაანგრიეს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები. ამის შემდეგ ბიჭვინთას ბიზანტიის საიმპერატორო კარი თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას და იუსტინიანეს მიერ ჩატარებული დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები მხოლოდ სებასტოპოლისს შეეხო. პროკოპი მოგვითხრობს: ...იუსტინიანე მეფემ მთელი ეს სებასტოპოლისი განაახლა ზღუდისა და სხვა სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა და გაამშვენიერა ის გზებითა და სხვა ნაგებობებით, რის გამოც ის სილამაზითა და სიდიდით ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავ ქალაქად იქცა.
როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაწინაურდა სებასტოპოლისი, როგორც საეკლესიო ცენტრი. თუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი ნიკეის საეკლესიო კრების დროს პოლემონის პონტოს ეპარქიის შემადგენლობაში შედის, შემდეგი დროის საეკლესიო ნუსხათაგან უადრესში, რომელიც VII საუკუნით თარიღდება (VII ნოტიცია), ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარაა მოხსენებული, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებულთა შორის დასახელებულია ჯერ სებასტოპოლის საეპისკოპოსო, შემდეგ კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო. ამიერიდან ბიზანტიის ხელისუფლება ყოველმხრივ უწყობს ხელს სებასტოპოლის დაწინაურებას. VI ს-ის 60–70-იან წლებში უნდა მომხდარიყო სებასტოპოლის ეპისკოპოსის არქიეპოსკოპოსის ხარისხში აყვანა, რადგან დიდი ტრადიციებისა და ავტორიტეტის მქონე ბიჭვინთის საეპისკოპოსოსათვის პირველობის წართმევა სხვანაირად გაძნელდებოდა და მეორეც, ბიზანტიას ირანთან გაჭიანურებული და წარუმატებელი ომის პირობებში ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი სჭირდებოდა ეკლესიის სახით. ამის მოგვარება კი საარქიეპისკოპოსოს შექმნით შეიძლებოდა, რადგან არქიეპისკოპოსებს, როგორც ეპარქიათა ხელმძღვანელებს, ემორჩილებოდნენ ეპისკოპოსები და ქორეპისკოპოსები.
სებასტოპოლის დაწინურება მისი გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. IV ს-ის მეორე ნახევარში რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ შედგენილი „Tabula Peutingeriana“, რომელიც საგზაო რუკას წარმოადგენს, აღნიშნულია დასავლეთ საქართვალოზე გამავალი სავაჭრო გზები. ერთი ასეთი გზა ტრაპეზუნტიდან მოდის, ფაზისზე გაივლის და სებასტოპოლისში მთავრდება. მეორე გზა იმავე სებასტოპოლიდან იწყება და სომხეთის ქალაქ არტაშატისკენ მიემართება. ს. ჯანაშიას აზრით, სებასტოპოლიდან უკვე მაშინ, ისე როგორც შემდეგში, გზა გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს გზა კოდორის ხეობას მიჰყვებოდა და ყუბანის ზემოთა შენაკადების ხეობებში გადადიოდა ქლუხორის ზეკარით. Aამ გზას „აფხაზეთის გზას“ უწოდებდნენ. როგორც ჩანს ამ გზამ დიდი როლი ითამაშა განსაკუთრებით VI საუკუნიდან სებასტოპოლის დაწინაურებაში, რადგან ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ჩრდილოეთით გადანაცვლების შემდეგ ვაჭრები ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვაზე მდ. კოდორით გადიოდნენ და აქ მთავარი ნავსადგური სებასტოპოლისი იყო.
დღეისათვის არქეოლოგიური გათხრები სოხუმის ციხის ტერიტორიაზე დასრულებული არაა. აქ გამოვლენილი ეკლესიის ნაშთი და ჩვენს მიერ მოყვანილი არქეოლოგიური მასალა კი, მხოლოდ დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო ეკთეზისებში დაცული ცნობებისა.
§ 3. ოჩამჩირე – გიენოსი
ქ. სოხუმიდან 55 კმ სამხრეთით მდინარეებს აძიკვარასა და ღალიძგას შორის მდებარეობს ქ. ოჩამჩირე. ეს პუნქტი უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა დასახლებული, რაც 1934–36 წლებში ლ. სოლოვიოვის, მ. ივაშჩენკოს და ბ. კუფტინის მიერ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე, წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ოჩამჩირე, ანტიკური წყაროების გიენოსი, შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. მას, როგორც „ელინურ ქალაქს“ მოიხსენიებს ფსევდო სკილაქსი. მისი დაარსება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების გაჩენას უკავშირდება და უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ძვ. წ. VI საუკუნისა. ცხოვრება აქ გვიან ანტიკურ ხანაშიც გრძელდება. 30-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილი სამი საცხოვრებელი ბორცვიდან ერთი ნავსადგურის მშენებლობის დროს მთლიანად განადგურდა, ორი მათგანი კი დღეს პორტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1981–85 წლებში ს. შამბას მიერ წარმოებული გათხრების შედეგად ნაქალაქარის აღმოსავლეთ ბორცვზე გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის ეკლესიის ნაშთი, რომელიც 4,5 მ სიმძლავრის კულტურულ ფენაზეა დაშენებული. კულტურული ფენის უადრესი ჰორიზონტი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. გამოვლენილია სამი კუტურული ფენა. ზედა, პირველი ფენა შედგებოდა კირხსნარიანი აგურის სამშენებლო ნაგვისაგან, რომელიც ადრექრისტიანული ტაძრის ნგრევის შედეგად წარმოიშვა. დიდი ოდენობით დადასტურდა მოწითალო ფერის თიხისაგან დამზადებული კარგად გამომწვარი კვადრატული ფორმის აგურები, მათი ზომებია 25X30, 32X16, 31X20, 30X17, 40X24 სმ და ა.შ., სისქე დაახლოებით 5 სმ. აგურებზე ხშირია სხვადასხვა ასო-ნიშნების, ირიბი ჯვრების ან ოვალური წრეების გამოსახულება, რომელიც გამოწვამდეა თითით დატანილი. ამავე ფენაში გამოვლინდა სარკმლის მინა.
მეორე ფენა მოყვითლო-მურა თიხნარს წარმოადგენს, რომელიც 60 სმ სიღრმეზე იწყება. ამ ფენაშია ჩაშვებული 1 მ სიმძლავრის ეკლესიის აფსიდის ფუნდამენტი, რომელიც რიყის ქვითა და კირხსნარითაა ნაგები. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე აღმოჩნდა დიდი ოდენობით მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ნ. სოროკინას მიერ IV–V სს-ით განისაზღვრა. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე, აფსიდის სიახლოვეს, აღმოჩნდა თეთრი მარმარილოს კოლონის ფრაგმენტები; ოქროს ფირფიტა ჯვარი (33X24 მმ, წონა 2,15 გრ); წელშზნექილი ამფორისა და კრამიტის ფრაგმენტები, ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში აღმოჩენილი ცალების მსგავსი; ამავე ფენაში იყო ჩაშვებული 7 უინვენტარო დასავლეთით დამხრობილი სამარხი.
180 სმ სიღრმეზე იწყება მესამე ფენა, რომელიც ქალაქის ცხოვრების უძველესი ისტორიის ამსახველია. აღმოჩნდა ელინისტური ხანის ბრინჯაოს ბეჭედ-საბეჭდავი, სკვითური ტიპის ისრისპირი (ძვ.წ. V ს.), პითოსის ფრაგმენტები ზოომორფული გრაფიკული გამოსახულებით, ზოლიანი იონური კერამიკის ფრაგმენტები, რომელიც ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება, წვრილფიგურული ატიკური კილიკის 2 ფრაგმენტი, ძვ.წ. VI ს., შავფიგურული კილიკის ფრაგმენტები და ა.შ.
ეკლესია ძალზედ ცუდადაა შემონახული. აფსიდის ნაწილში მხოლოდ ფუნდამენტია შემორჩენილი, მაგრამ გეგმის აღდგენა მაინც ხერხდება. ესაა დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით. ნაოსი გართულებულია მინაშენებით. აღმოსავლეთიდან ეკვრის ორი, ერთმანეთისადმი სიმეტრიულად განლაგებული ეკვდერი. ჩრდილოეთ ეკვდერის ზომებია 4,80X5,60მ, სამხრეთის – 5,60X5,60მ. ნაოსს დასავლეთიდან ეკვრის ნართექსი, რომელიც ნაწილობრივ სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს. ეკლესიის გარეთა ზომებია 23X19,5 მ. ნაოსის სიგრძისა და სიგანის შეფარდება (დაახ. 4 : 5) ნაოსის სიმოკლეზე მიუთითებს. ეკვდერთა არსებობის გამო ეკლესიას გეგმაში ჯვრის ფორმა აქვს, რითაც იგი კაპადოკიის „croix libre“ ტიპის ძეგლებს უახლოვდება (Buzluk, Çanlikilise, VI ს. დასაწყისი).
ეკლესია, ნართექსის გარდა, აგურითაა ნაგები, რომელიც ზოგან ოთხი რიგის სიმაღლეზე შემოინახა. ნართექსი ნაწილობრივ opus mixtum-ის ტექნიკითაა ნაგები. უკეთ შემოინახა მისი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კუთხე. ჩრდილოეთი კედელი 0,3 მ სიმაღლეზე რიყის ქვითაა ამოყვანილი, რომელსაც აგურის სარტყლები მოსდევს, იგი 0,33 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. მსგავსი ტექნიკაა გამოყენებული ნართექსის აღმოსავლეთით კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესია შიგნიდან მობათქაშებული და მოხატული უნდა ყოფილიყო. მოპოვებულ ბათქაშებზე შემორჩენილია მოწითალო, მოვარდისფრო, ყვითელი და მწვანე შეფერილობის საღებავების ნაკვალევი.
ნაოსის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა კანკელის ფრაგმენტები, რომელიც ადგილობრივი მუქი კირქვისგანაა დამზადებულია. დეკორი მეტად მარტივი და სადაა, იგი პროკონესული მარმარილოს ნაკეთობათა მინაბაძს წარმოადგენს. კანკელის ერთ-ერთ ბოძზე ორ წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარია გამოსახული.
ეკლესიის ყველა ნაწილში, აფსიდის გამოკლებით, 14 სამარხი გაითხარა, ერთი სამარხი გაითხარა ნართექსის ჩრდილოეთ ნაწილში (№1), 4 მათგანი ნაოსის დასავლეთ ნაწილში (№№ 8,11,12,13), 6 სამარხი (№№ 2–6) სამხრეთ ეკვდერში, 1 ჩრდილოეთ ეკვდერში (№10) და ერთიც ნაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში (№9). ისინი ძირითადად აგურითაა ნაგები. აგურების უმრავლესობაზე გამოწვამდე სხვადასხვა ნიშანია დატანილი. 6 სამარხი უინვენტაროა. სამარხთა უმრავლესობა დასავლეთითაა დამხრობილი, დაკრძალვის წესიც ქრისტიანულია. ყურადღებას იქცევს №7 სამარხი, რომელიც ძვირფას ოქროს ნივთებს შეიცავდა. სამარხი ქვითა და აგურით იყო ნაგები კირხსნარზე. სამარხის შიდა მხარე კი რიყის ქვით იყო მოპირკეთებული. გადახურული იყო აგურით კირხსნარზე. სამარხის სიგრძე – 2,57 მ, დასავლეთ ნაწილის სიგანე – 0,86 მ, ფეხებთან ვიწროვდება. სამარხი ქალის იყო, რომელსაც ოქროფენილი სამოსი ეცვა, 50 ნახევარსფერული ოქროს ბალთით გაწყობილი; აღმოჩნდა ოქროს ბეჭედი ოთხფურცლიანი ვარდულის გამოსახულებით, ოქროს საყურეები საკიდებით, რომელსაც ახლო ანალოგი მცხეთაში ეძებნება. 8 გრუნტული სამარხი (№№15–22) გაითხარა აფსიდის გარეთაც. ყველა ეს სამარხი ეკლესიას უკავშირდება, რადგან შენობის ფუნდამენტი არსად არ არღვევს და არ ფარავს სამარხს. აგურების ფორმაც ეკლესიის კედლის წყობაში და სამარხების წყობაში ერთნაირია, ისევე, როგორც ნიშნები აგურებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამარხები და ეკლესია თანადროულია. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ჩვენთვის ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება.
ეკლესიის დათარიღებისათვის გასათვალისწინებელია სამშენებლო ტექნიკის თავისებურება. შენობა მთლიანად აგურითაა ნაგები, ნართექსის ჩრდილოეთი კედლის გარდა, რომელიც opus mixtum-ის ტექნიკაა ამოყვანილი ორრიგიანი აგურის სარტყლებით, წყობაში აგურის სისქე არ აღემატება დუღაბის სისქეს. 30-იან წლებში ა.მ. შნაიდერის მიერ გამოითქვა აზრი, რომ ამ ტექნიკის თავისებურება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძეგლის უფრო ზუსტად დათარიღებისთვის. თავისებურება კი მდგომარეობს, opus mixtum-ის წყობაში აგურის რაოდენობასა და აგურის და დუღაბის ურთიერთმიმართებაში. კონსტანტინოპოლის ძეგლების მაგალითზე, რომლებიც კარგადაა დათარიღებული, იუსტინიანესა და მისი შემდგომი პერიოდის ძეგლებზე, დუღაბის სისქე აგურის რიგებს შორის ნახევრად აღემატება აგურის სისქეს; V ს-ში დუღაბისა და აგურის სისქე თანაბარია. ანალოგიური მონაცემები დამახასიათებელია ცარიცინგრადის შენობებისთვის. ეს თეორია მოგვიანებით მეცნიერების ლემერლის და ბობჩევის მიერ იქნა განვითარებული, მაგრამ ამ თეორიის სისწორეში ეჭვი იქნა შეტანილი ვარდციხის არქეოლოგიური გათხრების დროს, სადაც აგურის სარტყელთა განლაგებაში თეორიით გათვალისწინებული კანონზომიერება დარღვეულია.
ძეგლის დათარიღებისათვის და მისი ფუნქციონირების დროის დადგენისათვის მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის გათხრებისას აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას: წელშეზნექილი ამფორის ფრაგმენტებს, მინას, ოქროს ფირფიტა ჯვარს, სამარხეულ ძეგლებსა და არქიტექტურულ დეტალებს.
არსებული მასალების შეჯერების საფუძველზე გიენოსის ეკლესია V ს-ის ბოლო – VI ს-ის დასაწყისით თარიღდება. ეკელესია ფუნქციონირებდა VII ს-შიც. უფრო გვიანი პერიდის მასალა არაა აღმოჩენილი. აფხაზეთის ადრექრისტიანულ ტაძრებს შორის გიენოსის ეკლესიას ზუსტი ანალოგი არ მოეპოვება, თუმცა ეკვდერების არსებობით, დასავლეთი ნაწილის რამდენადმე გართულებული და აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ფორმებით იგი წებელდის №3 ეკლესიას უახლოვდება, რომელიც ასევე V–VI სს-ით თარიღდება.
§ 4. ანაკოფია – „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“
ანაკოფია ანუ ფსირცხა, „მატიანე ქართლისაის“ სიტყვით – „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“, მდებარეობს ახალი ათონის ტერიტორიაზე. VII–VIII სს-ში იგი აბაზგთა საერისთაოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ჩვენს წყაროებში (იგივე „მატიანე ქართლისაიში“) პირველად იხსენიება VIII ს-ის ამბებთან დაკავშირებით, როცა მისი აღება ამაოდ სცადა მურვან-ყრუმ. VIII ს-ის დასასრულიდან, როცა აფხაზთა სამეფო შეიქმნა, ანაკოფია მისი მთავარი ქალაქი გახდა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს არც მას შემდეგ, რაც სამეფოს დედაქალაქმა ქუთაისში გადაინაცვლა.
ციხე-სიმაგრეს საკმაოდ დიდი ფართობი (7 ჰა) უჭირავს. ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება: ციტადელი და დიდი გალავანი. ძველი ანაკოფიის ციტადელი ივერიის მთის თხემზე მდებარეობს. იგი IV–V სს-ით თარიღდება. ანაკოფიის ციტადელის შუაში ჩრდილოეთის კედელთან დგას ანაკოფიის ტაძარი, თავის დროზე იგი ა.ს. ბაშკიროვის მიერ იყო აღწერილი და გამოკვლეული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნართექსის გარეშე. ა.ს. ბაშკიროვი აღნიშნულ ეკლესიას VIII ს-მდე დროით ათარიღებდა. ტაძარს არაერთი გადაკეთების კვალი ეტყობა. პირვანდელი სახით მხოლოდ საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი (ნახევარწრიული აფსიდა). იგი კირქვისაგან არის ნაგები, რომელსაც ბრტყელი აგურის რიგები დაჰყვება. სწორედ ამ ეკლესიიდან მომდინარეობს ანაკოფიის რელიეფები, რომლებიც, როგორც ფილაქვის ფორმიდან ჩანს, სარკმლის ქუდის ფუნქციას ასრულებდა. ანაკოფიის ეს ადრექრისტიანული საკულტო ნაგებობები X–XI სს-ში ახალმა ეკლესიებმა შეცვალეს.
1957 წ. №3 კოშკის ჩრდილოეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი ეკლესია წინ წამოზიდული ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. კედლები ამოყვანილია ნაკლები გულმოდგინებით დამუშავებული კირქვითა და რიყის ქვის მინარევით. აფსიდის ჩრდილოეთი კედელი შემოინახა 2,15 მ სიმაღლეზე, დანარჩენი კედლები კი – 1 მ სიმაღლეზე. ტაძრის გარე ზომებია: სიგრძე – 9,20 მ, სიგანე – 4,50 მ. სარკმლის ნახევარწრიული თაღები აგურითაა ნაგები, რომლებიც ტაძრის შემდგომი გადაკეთების შედეგად მთლიანად დაიხურა. ტაძრის აფსიდამ კი რესტავრაციის შემდეგ ნახევარწრიულის ნაცვლად მრავალწახნაგა ფორმა მიიღო. ეკლესიის ახლო ანალოგია გუდავის ბაპტისტერიუმი. ეკლესიის შიგნით გაითხარა სამი სამარხი, რომელიც გვიანი დროით (X–XI სს.) თარიღდება. ეკელესიის გარეთ კი გაითხარა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეთა ხანის ოთხი სამარხი. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო: ზარაკის მაგვარი საკიდებით, ბრინჯაოს სარკით, სფერული ფორმის ბრინჯაოს და პასტის თვალა მძივებით, ბრინჯაოს სამაჯურით და რკინის დანებით. სამარხები დასავლეთისკენაა დამხრობილი, დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, მაგრამ წარმართული ელემენტებით, რაც მ. თრაფშის აზრით, იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ აქ ადგილობრივი მოსახლეობა იყო დაკრძალული. ტაძარში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა სხვადასხვადროინდელია. ესაა ძირითადად კერამიკის სხვადასხვა ფრაგმენტი, რომლებიც VII-XII სს-ებს განეკუთვნება, კანკელის პილასტრის ფრაგმენტები, კრამიტის ნამსხვრევები (სოლენები და კალიპტერები), მინის ჭურჭელი, X–XI სს-ის ბიზანტიური (კონსტანტინე VII-ს მმართველობის /913–959/ დროინდელი) სპილენძის ანონიმური მონეტა და სხვა.
ანაკოფიის ციხე-სიმაგრის კულტურული ფენებიდან, რომელიც სიმაგრის საერთო სტრატიგრაფიის გათვალისწინებით VII–XII სს-ით თარიღდება, გამოვლინდა საინტერესო კერამიკული მასალა. მათ შორისაა ტანდაღარული ამფორის ფრაგმენტი ზედ ამოტვიფრული მცირე ზომის ჯვრით წრეში.
ანაკოფიის ციხეში გამოვლენილი ეკლესიები არქეოლოგიურ მონაცემებზე და ციტადელის თარიღზე დაყრდნობით ადრექრისტიანული ხანით უნდა დათარიღდეს, ამის სასარგებლოდ მეტყველებს შემორჩენილი ხუროთმოძღვრული დეტალებიც.
§ 5. გუდავა – ზიღანეოსი
გუდავა მდებარეობს ოჩამჩირიდან ათიოდ კილომეტრზე, მდ. ოქუმის შესართავთან მარცხენა სანაპიროზე, სოფ. გუდავას ტერიტორიაზე (გალის რ-ნი). ნ. ბერძენიშვილმა ეს პუნქტი ძველ წყაროებში მოხსენიებულ „გუდაყვასთან“ გააიგივა. გუდაყვა კი ცნობილია როგორც „ზიღანეოსი„. „მატიანე ქართლისაიში“, იქ სადაც ლაპარაკია აფხაზთა მეფეების საეკლესიო პოლიტიკის შესახებ, ნათქვამია: „ბაგრატმა ააგო ბედიის ტაძარი და იქ გადმოიტანა („მოცვალა“) გადი-სი (ქ-ცა: გუდაყვისა) საეფისკოპოსო. „გუდაყვა“ (გუდავა – ?) კი ერთი XI–XII სს-ში გადაწერილი სვინაქსარის ცნობით, არის ბერძნული ზიღანეოს. ბერძნული ტაქტიკონიდან ვიცით, რომ სწორედ ეს ქალაქი იყო საჯდომი ლაზიკის მიტროპოლიტის ერთ-ერთი ხელქვეშე ეპისკოპოზისა“.
პირველად ზიღანეოსი იხსენიება III და IV სს-ის მიჯნის ამბების აღწერისას „ორენტის მარტვილობაში“, რომლის მიხედვით, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის ეპოქაში, ქრისტიანთა დევნის დროს ზიღანეოსში დაკრძალეს ორენტის ერთ-ერთი თანამოღვაწე – კირიაკი. IV–V სს. მიჯნაზე Notitia dignitatum-ის მიხედვით გუდავაში დგას მუდმივი რომაული გარნიზონი – ვალენტის II კოჰორტა. VII–IX სს. ბიზანტიის საეკლესიო წყაროები არაერთხელ მოიხსენიებენ ზიღანეოსში, დასავლეთ საქართველოს ოთხი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთს. დღეისათვის გუდავის ტერიტორიაზე მხოლოდ ბაპტისტერიუმია არქეოლოგიურად დადასტურებული.
სანათლავს, როგორც წესი, აგებდნენ ეკლესიასთან. ეკლესია მისგან ჩრდილოეთით უნდა მდგარიყო. მაგრამ ეს ადგილი დღევანდელი მდინარის კალაპოტში ხვდება, მდ. ოქუმი კი ცნობილია თავისი „მოძრავი“ კალაპოტით, რომელიც ინტენსიურად რეცხავს თავის მარცხენა სანაპიროს, ამიტომ საფიქრებელია რომ, ისევე როგორც ნაწილობრივ თვით სანათლავი, ეკლესიაც მდინარემ ჩამორეცხა და წაიღო.
არქეოლოგიური კამპანია გუდავაში 1968–72 წლებში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციის მიერ პ. ზაქარაიას ხელმძღვანელობით. შედეგად გამოვლინდა მცირე ზომის სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები ნახევარწრიული შვერილი აფსიდიდ. ნაგებობის ზომებია 10,6 X 7 მ. იგი ბაპტისტერიუმად განისაზღვრა აფსიდის აუზისებური ფორმის გამო. ნაგებობის ნანგრევებში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულებიანი ანტეფიქსები, რომლებიც ანალოგების (მსიგხუას ტაძრის ანტეფიქსები) მიხედვით თარიღდება არა უგვიანეს X საუკუნისა. 1972 წელს სანათლავის ძირში გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის პროკონესული მარმარილოს ხუროთმოძღვრული დეტალები, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს მის არსებობაზე მთელი ადრე შუა საუკუნეების მანძილზე X ს-ის ჩათვლით. შიგ სანათლავში აღმოჩნდა აგრეთვე საძვალე და დაზიანებული ორმოსამარხი.
ბაპტისტერიუმის ჩრდილო-დასავლეთით 50–100 მ მანძილზე 1969 წლის გათხრების შედეგად გამოვლინდა დიდძალი არქეოლოგიური მასალა, რომელთაგან ყველაზე დამახასიათებელია რომაული წითელლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ადგილობრივი გვიანანტიკური ყავისფერკეციანი ამფორები (IV–V სს.), ყვითელ და წითელკეციანი იმპორტული (მცირე აზიური) ამფორები, „ხალიანი მინის“ ფრაგმენტები (IV ს.), IV ს-ის 16 სპილენძის მონეტა კონსტანტინე დიდისა და ლიცინიუსის სახელზე მოჭრილი. აღმოჩენილ მონეტებზე დაყრდნობით გუდავის ბაპტისტერიუმი ზოგიერთი მკვლევარის მიერ IV ს-ითაა დათარიღებული. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ბაპტისტერიუმი შესაძლოა IV–V სს. დათარიღდეს.
§ 6. განთიადი
განთიადის, იგივე ცანდრიფშის ბაზილიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. განთიადში, ქ. გაგრიდან 14 კმ ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი წინ გამოზიდული აფსიდით. ნაგებობას თავდაპირველად ნართექსიც ჰქონია, გათხრებით დადგინდა პატარა პორტიკის არსებობაც. ძეგლი ძლიერ დაზინებულია, კარგად შემორჩა მხოლოდ ცენტრალური აფსიდა კონქით და ბემა კამარით. ბაზილიკის კედლები ნაგებია საშუალო ზომის სწორი ფორმის კვადრებით (საშუალოდ 30X20–15სმ), რომელთა ზედაპირი ნაკლები გულმოდგინებითაა გამოთლილი. სწორედ ასეთი კვადრებითაა ნაგები დასავლეთ საქართველოს ადრექრიტიანული ბაზილიკები (ნოქალაქევი, ვაშნარი, სეფიეთი, ციხისძირი) ისე, როგორც ამ რეგიონში, ამავე დროს აგებული თითქმის ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობა.
ვ. ლექვინაძის აზრით, განთიადის ბაზილიკას თავდაპირველად ხის გადახურვა და ორსართულიანი გვერდითი ნავები ჰქონდა. მას როგორც ხით გადახურულ ძეგლს პარალელები ეძებნება თრაკიის ადრექრისტიანულ ბაზილიკებთან, სადაც სახურავად აგრეთვე ხეა გამოყენებული. თრაკიის ეს ბაზილიკები ზოგადად IV–VI სს-ით თარიღდება. მათი დიდი ნაწილი კი VI ს-ის შუა წლებს განეკუთვნება და იუსტინიანე დიდის (527–565 წწ.) აქტიურ ქრისტიანიზაციას უკავშირდება.
განთიადის ბაზილიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ნაგებობის სიმოკლე, რაც შუა ნავის ცენტრში ახალი საკულტო ცენტრის გაჩენაზე მიუთითებს. ეს თავისებურება უფრო ქრისტიანული აღმოსავლეთის კამაროვანი ბაზილიკებისთვისაა დამახასიათებელი. ბაზილიკის ნავების სიგანე აღემატება ნავების სიგრძეს. ასეთი შემოკლება ცნობილია ყირიმიდან, ესაა პამპუკ-კაიას ბაზილიკა და ბაზილიკა სეფიეთში, რომელიც ყველაზე ახლო პარალელს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ძეგლებიდან.
1980 წელს არქიტექტორ-რესტავრატორის ნ. ზაზუნიშვილის მიერ განთიადის ბაზილიკის კამარის რესტავრირების დროს აღმოჩნდა კირხსნარით შედუღაბებული ამფორები. ეს მეთოდი ტრადიციაულია რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების და ხმის გაძლიერების მიზნით გამოიყენება. ბემის კამარაში ამფორები 2–3 ფენას ჰქმნიდა, კონქაში – ერთ ფენას. ამფორები უსისტემოდ იყო განლაგებული. რამდენიმე ეგზემპლარი სრულადაა შემორჩილი, დანარჩენები კი ჩალეწილია. ზოგიერთი მათგანი ძველთაგანვე დაუმსხვრევიათ. მათი რიცხვი ორ ათეულს აღემატება.
ჭარბობს ძირწვეტიანი წელშეზნექილი ამფორა 0,70–0,75 მ სიმაღლის, დაბალი ყელით, მოწითალო-მოყავისფრო კეცით, თანაბარი გამოწვით. ამ ტიპის ამფორები მრავლადაა აღმოჩენილი მთელს დასავლეთ საქართველოში, და არა მხოლოდ. მათ უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით; მეორე ტიპის ამფორა ორი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა მრგვალძირიანი, სფერულმუცლიანი, ტანდაღარული ამფორა, 0, 52 მ სიმაღლის ფართე და მოკლე კორპუსით და მასიური ყურებით, კეცი ღიაყავისფერია. ამფორის ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებულ კერამიკულ ტარას წარმოადგენდა იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში; მესამე ტიპი ერთი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა ფართოძირიანი ამფორა, ოვალური კორპუსით, დაბალი ყელით, დუგმისებრი ყურით.
საინტერესოა, რომ ლ. შერვაშიძის მიერ დრანდის ტაძრის კამარებში, ასევე, აღმოჩნდა ამფორები, რომელიც, ალბათ, იგივე კონსტრუქციული მიზნით იყო გამოყენებული, როგორც განთიადში. დრანდაში წარმოდგენილია შვიდი ტიპის ამფორა, მათ შორისაა ცანდრიფშის ამფორათა ტიპებიც. დრანდის ამფორები მ. ხოტელაშვილისა და ა. იაკობსონის მიერ იქნა შესწავლილი, მათი თარიღი VI ს-ის I ნახევრით განისაზღვრა. განთიადის ამფორებიც ზოგადად VI ს-ით თარიღდება, არა მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსების, არამედ თიხის რაგვარობის მიხედვითაც. აღნიშნულ ამფორებს უფრო დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ, დრანდის ამფორებზე მსჯელობის დროს.
უშუალოდ ბაზილიკაში 15 სამარხია გათხრილი. ისინი უსისტემოდაა განლაგებული 0,7–1,25 მ სიღრმეზე იატაკის დონიდან. ყველა სამარხი დასავლეთითაა დამხრობილი. სამარხის აღმოსავლეთი ნაწილი შევიწროებულია. ეს სამარხები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს. პირველ ტიპს წარმოადგენენ წვრილი ქვით, კირხსნარით, კრამიტითა და აგურით ნაგები სამარხები, რომელიც ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხში თხელი და კარგად გამომწვარი აგურია გამოყენებული. 15 სამარხი შიგნიდან კირხსნარით იყო მოპირკეთებული, მსგავსად მოწყობილი სამარხი გაითხარა შაპკის ციხეში.
სამარხთა მეორე ტიპი მხოლოდ ქვითაა ნაგები, არცერთ მათგანს ძირი არა აქვს. სამარხთა ორივე ტიპი, როგორც ჩანს, სინქრონულია, ამაზე ინვენტარიც მიუთითებს. სამარხეული ინვენტარი ძირითადად მინის ჭურჭლითაა წარმოდგენილი; იგი თავისებური ფორმით გამოირჩევა, ესაა მაღალი, ვიწრო, ცილინდრული ფორმის ცისფერი მინის სასმისი, მსუბუქად შეზნექილი ძირითა და გადაშლილი პირით. მსგავსი ფორმის სასმისი, აფხაზეთის სამარხებიდან, რომელიც ასე მდიდარია მინის ნაწარმით, უცნობია. ხრუშკოვას აზრით, ანალოგები მას აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც არ მოეპოვება. იგი ვარაუდობს ამ მინის ადგილობრივ წარმოებას. ქიმიურმა ანალიზმა უჩვენა, რომ განთიადის მინის სასმისების შედგენილობა უახლოვდება ანტიკურ (ეგვიპტურ) რეცეპტს: Si-Na (K)-Ca.
განთიადის სამარხების უახლოეს ანალოგს წარმოადგენს ბიჭვინთაში და ოჩამჩირის ეკლესიაში გათხრილი სამარხები, რომლებიც აგურითაა ნაგები კირხსნარზე. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება.
ტაძარში გათხრების შედეგად გამოვლინდა დეკორატიული მარმარილოს (სავარაუდოდ პროკონესული) 70 ფრაგმენტი. პროკონესის კარიერები და სახელოსნოები კონსტანტინოპოლისა და სხვა დიდი ქალაქების ტაძრებისთვის აწარმოებდა დიდი რაოდენობით კაპიტელებს, კოლონებსა და ორნამენტირებულ ფილებს. საზღვაო გზით ეს პროდუქცია ხმელთაშუა და შავიზღისპირეთის ბევრ ქვეყანაში გაჰქონდათ. აღმოჩენილია იგი აფხაზეთშიც, უმთავრესად ბიჭვინთა – ადლერის ზღვისპირა ზოლში. განთიადის მარმარილოს დეტალების მნიშვნელოვანი ნაწილი სალიტურგიო მოწყობილობას – კანკელსა და ამბიონს განეკუთვნება. მარმარილოს ერთ-ერთ ფრაგმენტზე ბერძნული წარწერა შემორჩა, იგი ცენტრალურ ნავში 6 სამარხთან აღმოჩნდა. მისი მაქსიმალური სიგრძეა 28 სმ, ჭრილი 13X9 სმ. მარმარილოს ერთი ბოლო ჩამოტეხილია. წარწერა ლამაზადაა შესრულებული, შემორჩენილა 5 ასო-ნიშანი CГIAC. ლ. ხრუშკოვა ამ წარწერას ეპიტაფიად მიიჩნევს და აღადგენს როგორც ABACГIAC.
ბაზილიკაში აღმოჩენილი, საეკლესიო ნივთებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს კოვზი, ზიარებისათვის აუცილებელი საგანი, ჯვარი და კერამიკული საკმევლის ფრაგმენტი.
აფსიდის ჩრდილოეთ ნავში გათხრების შედეგად გამოვლინდა სანათლავი ემბაზი, რომელიც იატაკის დონიდან ნახევარი მეტრით ქვემოთ იყო განლაგებული. რეზერვუარი წვრილი ქვებით იყო ნაგები. ემბაზს სამფურცელას ფორმა ჰქონდა. მსგავსი ფორმის ემბაზი არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია იგი პალესტინაში (ბეთლემის ბაზილიკა, IV ს.) და კონსტანტინოპოლში (VI ს.). საკურთხევლის მსგავსად მოწყობა, სანათლავი ემბაზის აფსიდაში განლაგება, დამახასიათებელია სირიის ძეგლებისათვის. მსგავსი მეთოდი ცნობილია აფხაზეთში – გუდავის ბაპტისტერიუმი.
განთიადის ბაზილიკის ბევრი თავისებურება ძეგლის ადრეულ თარიღზე მიუთითებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ნიშნები. დაბალი არდაბაგი, მსგავსად სირიისა და მცირე აზიის ბაზილიკებისა, ამავე დროს აქ გამოყენებულია კონსტანტინოპოლური ტიპის ამბიონის დეტალები, რაც ამ რეგიონში, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის, ისე კონსტანტინოპოლის გავლენებზე მიუთითებს. სამი აფსიდის არსებობა, ცენტრალური აფსიდა ბემით, შემოკლებული ზომები – უფრო განვითარებული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. არქეოლოგიური მასალები – სამარხთა ტიპები, არქიტექტურული დეკორატიული დეტალები, ამფორები და მინის ჭურჭელი (in situ) – VI ს-ით უნდა დათარიღდეს. ხრუშკოვა ბაზილიკას 542 წლამდე აგებულად მიიჩნევს, დროით, როდესაც ბიზანტიელები იძულებულნი შეიქნენ დროებით დაეტოვებინათ პიტიუნტი. ეს თარიღი ეთანხმება ვ. ლექვინიძის მოსაზრებას, რომელიც განთიადის ბაზილიკის აგების თარიღს პროკოპი კესარიელის მონაცემების საფუძველზე, (იგულისხმება იუსტინიანეს მიერ აბაზგებისათვის ტაძრის აგებაზე) 527–542 წლებს შორის ათავსებს. V–VI სს-ით განსაზღვრავს განთიადის ბაზილიკის თარიღს პ. ზაქარაია.
§ 7. აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები
არქიტექტურული თემა „სამეკლესიანი ბაზილიკისა“ უგუმბათო ტაძრის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. ამ ტიპის შენობა თავისი გარეგანი ფორმებით სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, მაგრამ შიგნიდან, როგორც სივრცის ორგანიზებით, ისე კონსტრუქციული აზრით, იგი სრულიად განსხვავდება ბაზილიკისგან, რადგან სვეტების თუ საბჯენების ნაცვლად, რომელიც ბაზილიკის შიდა სივრცეს ნავებად ჰყოფს, აქ კედლები ჩნდება და იქმნება სამი დამოუკიდებელი, რამდენადმე წაგრძელებული, მეტნაკლები სიმაღლის სათავსო. შუა ჩვეულებრივ შესამჩნევად უფრო დიდი და მაღალია, ვიდრე გვერდის სათავსები. ერთმანეთთან ისინი საკარე ღიობით არიან დაკავშირებულნი. შენობათა ამ ტიპმა საინტერესო ევოლუცია განიცადა საქართველოში და განსაზღვრულ ხანაში მოგვცა მხატვრულად დასრულებული ნაწარმოები. ბაზილიკის ეს ტიპი უცხო არ არის სხვა ქვეყნებისთვისაც, მაგრამ, როგორც გ. ჩუბინაშვილი განმარტავს, მხოლოდ ჩვენში მიიღეს ამ ტაძრებმა სახე განსაზღვრული დამოუკიდებელი ტიპისა. ამ სახის ძეგლები შემორჩენილია ქვემო ქართლში (ბოლნისი, ვანათი), მაგრამ მათი შემოქმედებითი განვითრების საფუძვლად მიჩნეულია კახეთი. აქ სამეკლესიანი ბაზილიკის ორ ათეულამდე ძეგლია შემონახული; მით უფრო ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ამ ტიპის ძეგლების არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, შენობის ეს ტიპი ერთნაირად მოსაწონი და მისაღები უნდა ყოფილიყო ამერ-იმერეთის ყველა მკვიდრთათვის. ეს გარემოება ბუნებრივად და კანონზომიერად გამოაჩენს სამეკლესიანი ბაზილიკების თითქმის ერთდროულ აღმოცენებას ქართლში, კახეთსა და აფხაზეთში. როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები საინტერესო „ვარიაციას“ წარმოადგენენ ამ საერთოქართული თემისა.
აფხაზეთში ამ ტიპის ოთხი ძეგლია შემორჩენილი: ძველ გაგრაში, აბაანთის ციხეში (სოფ. ლიხნი), ქიაჩის მთაზე და ამბარაში, მიუსერის კონცხზე. მათგან უძველესია ძვ. გაგრის ეკლესია, რომელიც გაგრის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი ჯერ კიდევ 1833 წელს უნახავს, ჩაუხატავს და აღუწერია დიუბუა დე მონპერეს: ...აქ შემორჩა მხოლოდ ეკლესია, აშენებული ქვის ლოდებისაგან და გამაგრებული კამარებით, ისევე, როგორც კოშკები და კედლები. ეს ყველაზე არქაული, ყველაზე უბრალო ეკლესიაა, რომელიც კი შეიძლება ვნახოთ ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიებს შორის. მხოლოდ ნავი კამარის ქვეშ, ნახევარწრიული საკურთხეველი აღმოსავლეთით, ეკვდერი დასავლეთით და ორი უხეში პორტიკი გვერდებზე. არ არის არავითარი მორთულობა.
ეკლესიას საფუძვლიანი რემონტი XIX ს-ში ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, მან ძირითადად შეინარჩუნა ძველი სახე. თავისი გარეთა ფორმებით ეკლესია სამნავიან ბაზილიკას ჰგავს – ფასადზე მკაფიოდ არის გამოვლენილი ბაზილიკური სილუეტი: მაღალი ცენტრალური ნავი ორფერდა სახურავის ქვეშ, დაბალი, ცალი ფერდით გადახურული გვერდის ნავები. მაგრამ გარეთა ბაზილიკური სილუეტი რამდენადმე არ ეთანხმება ეკლესიის ინტერიერს – შიდა სივრცე კედლებითაა სამ ნაწილად დაყოფილი და გასასვლელებით დაკავშირებული. სამივე „ეკლესიას“ ცალკე შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთი „ეკლესია“ რამდენადმე მოკლეა, ვიდრე ორი დანარჩენი. კარების, აფსიდის, კონქის, კარების თაღების მოყვანილობაში შეინიშნება ერთგვარი გადახრა ნალისებური ფორმისაკენ, რაც ადრექრისტიანულ ხანაზე მიანიშნებს.
გაგრის ეკლესიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მან შემოგვინახა ქართული (და არამხოლოდ ქართული) ადრექრისტიანული რელიეფებისათვის ასე დამახასიათებელი მოტივი – წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი. აქ რელიეფური ჯვრის სამი გამოსახულება გვაქვს – სამხრეთ და დასავლეთ კარის ტიმპანებსა და დასავლეთ კედელზე.
დამათარიღებელი მნიშნელობა აქვს გაგრის ეკლესიის კედლის წყობის მიმართებას ციხის კომპლექსის ფენებთან. ციხის ზღუდის წყობაში იკითხება სამი განსხვავებული ტექნიკა. ეკლესიის და ციხის ზღუდის I ფენის წყობის ერთგვარი ხასიათი მათ თანადროულობაზე უნდა მიუთითებდეს. რაც შეეხება ზღუდის II ფენას, ის XIX ს-ეს, ხოლო III ფენა გაგრაში ოლდენბურგელი პრინცის მოღვაწეობას (1901 წლიდან) უკავშირდება.
მკვლევართა უმრავლესობა ამ ძეგლს V–VI სს., უფრო VI ს-ით ათარიღებს (ლ.რჩეულიშვილი, მ. დიდებულიძე, დ. თუმანიშვილი, ლ. ხრუშკოვა). ძველი გაგრის ეკლესია კომპოზიციურ მსგავსებას ავლენს კახეთის ზოგირთ ძეგლთან, მაგალითად, ბოლნისხევის წმ. ევსტატეს ეკლესია გრემთან, ვაზისუბნის „სამკარიანი“ ეკლესია. ეს ძეგლები გ. ჩუბინაშვილის მიერ VI საუკუნითაა დათარიღებული.
ძალზედ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი ეკლესია აბაანთის ციხეში. მდებარეობს სოფ. ლიხნში, დასახლება აჯიმჩიგრაში, მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. ნაგებობის კომპოზიცია აქ უფრო რთულია, ვიდრე ძვ. გაგრის ეკლესიისა. დასავლეთით შენობას მთელ სიგრძეზე ეკვრის ნართექსი. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს წინ გამოზიდული ხუთწახნაგოვანი შუა აფსიდა. ძეგლის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია აბაანთის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ტაძრის თანადროული სასარკმლე მინა, რომელიც ნ. უგრელიძემ VII–VIII სს-ით განსაზღვრა, არქიტექტურული თავისებურებითაც ძეგლი ამ დროით თარიღდება.
ამბარისა და ქიაჩის ეკლესიები უფრო მასიურია, ვიდრე ორი წინამორბედი. ამბარის ეკლესია ქვარგვალითა და შირიმი ქვითაა ნაგები. შუა „ეკლესია“ აქ მკვეთრად უპირისპირდება გვერდით „ეკლესიებს“, იგი სიმაღლითა და სიგანით აღემატება ორ დანარჩენს. კამარა, რომელიც დღეს ჩამოქცეულია, ეყრდნობოდა თაღების პილასტრებს. რთულადაა მოწყობილი ეკლესიის სამხრეთი ფრთა, რომელიც ორად იყოფა და ორივე აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება. დასავლეთით ეკლესიას მთელ სიგრძეზე ნართექსი ეკვრის, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ დარბაზს უკავშირდება სამი თაღოვანი გასასვლელით. ნართექსის შუა ნაწილზე კი პატრონიკეა გამართული. ძეგლი სტილური მონაცემებით VII–VIII სს-ით თარიღდება.
ამ ტიპის ტაძრების ყველაზე გვიანდელ ნიმუშს ქიაჩის ტაძარი წარმოადგენს. იგი ნაკლული სახითაა შემორჩენილი, მაგრამ ძეგლის კომპოზიციის აღდგენა შესაძლებელია. გაურკვეველია მხოლოდ დასავლეთ ნაწილის გადაწყვეტა. უკეთაა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი და შუა „ეკლესიის“ სამხრეთ კედელი. ტაძრის დათარიღებისას გასათვალისწინებელია შუა „ეკლესიის“ ორგანიზაცია – იგი ძლიერ წაგრძელებულია, რომლის ანალოგი ადრეულ ძეგლებში არ მოგვეპოვება. მსგავსება შეიმჩნევა „გარდამავალი პერიოდის“ ძეგლებთან, მაგ., ნეძვის მონასტრის ეკლესია IX ს.; გარდა ამისა, დარბაზის კედლები დანაწევრებულია სამი წყვილი, მკვეთრად წინ წამოწეული, ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომლებიც ერთმანეთთან კედლის თაღებითაა დაკავშირებული. ეს ფორმა VIII–IX და X სს-ების პერიოდს უკავშირდება. ქიაჩის ტაძარი, ოდესღაც წმ. მთავარანგელოზთა, მთელს დასავლეთ საქართველოში ცნობილი სალოცავი ყოფილა.
აფხაზეთის სამეკლესიან ბაზილიკებს კახეთისა და ქართლის ამავე ტიპის ძეგლებისაგან განსხვავებით გარკვეული თავისებურება ახასიათებს, მაგალითად, დასავლეთი ნაწილის დაგეგმარება; თუკი აღმოსავლურქართულ კომპოზიციებში აქ, როგორც წესი, ღიათაღებიანი სტოაა მოთავსებული, რომელიც ერთმანეთთან გვერდით „ეკლესიებს“ აკავშირებს, მიუსერასა და აბაანთაში დასავლეთით ნართექსია მოთავსებული. მაგრამ, როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, ეს ელემენტიც (ნართექსი) თვით ქართული ხუროთმოძღვრებისთვისაც არაა უცნობი (მაგ. წრომი), ამიტომაც ნართექსი, არა იმდენად წმინდაბიზანტიურ ფორმად უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც უფრო საერთოქრისტიანულად.
რათქმაუნდა, ამ ეკლესიების არსებობა აფხაზეთში არ შეიძლება ასახავდეს ქართლის პირდაპირ პოლიტიკურ ზემოქმედებას დასავლეთ საქართველოზე, მით უმეტეს, ცნობილია ბიზანტიის როლი იმდროისათვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ქართლსა და ეგრისს შორის საეკლესიო-კულტურული ერთობის არსებობას VI–VII სს-ში (ს. ჯანაშია, ზ. ალექსიძე). ამ ერთობის რეალურობის ახსნას შეეცადა ზ. ალექსიძე სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის, „მოქცევაი ქართლისაი“-სა და „ქართლის ცხოვრების“ მონაცემებზე დაყრდნობით. იოანე დრასხანაკერტელი წერს: „ამ მოსემ (სომეხთა კათალიკოსმა) ხელი დაასხა წმინდა საკრებულოს უხუცესს კირიონს ქართლის სამწყსოს, გუგარქის და ეგრისის არქიეპისკოპოსად“. ზ. ალექსიძე განმარტავს: თუ იოანე კათოლიკოსს სწორი წარმოდგენა აქვს ქრონოლოგიაზე, იგი 599 წელს უნდა გულისხმობდეს, ე.ი. X ს-ის სომეხი ისტორიკოსის მიხედვით, VI–VII სს-ების მიჯნაზე ქართლისა და ეგრისის ეკლესიები ერთი მწყემსმთავრის ხელქვეით გაერთიანებულა. ეს მწყემსმთავარია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების აქტიური მონაწილე, ცნობილი ქართველი მოღვაწე, კირიონ ქართლის კათალიკოსი.
ქართლისა და ეგრისის საეკლესიო-კულტურულ ერთიანობაზე მოსაზრება აქვს გამოთქმული ს. ჯანაშიას. მისი დაკვირვებით: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით, VI ს. 70-იანი წლებიდან VII ს. 60-იან წლებამდე) ეგრისი და ქართლი ერთ საერთო საეკლესიო-რელიგიურ ფარვატერსა და ბიზანტიის ერთიანი პოლიტიკური ეგიდის ქვეშ ექცევიან. ისევე როგორც უფრო ადრე ირანი, ეხლა ბიზანტიის მთავრობაც ეცდებოდა გარკვეული ორგანიზაციული თანხმობა დაემყარებინა ადგილობრივ ეკლესიებს შორის. რა კონკრეტული სახით ხორციელდებოდა იგი ამჟამად გადაჭრით ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც გავლენა საეკლესიო-კულტურული, უნდა გავრცელებულიყო, სწორედ ამ დროს, ქართლიდან ეგრისში“. ს. ჯანაშია კიდევ უფრო აზუსტებს ამ ერთობის თარიღს: „ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა ასეთ ხანად მიგვეჩნია VII ს. I ნახევარი (იქნებ უფრო 30-იანი ან 50-იანი წლები), როცა ზემოაღწერილი კავშირი მყარდება ქართლსა და ეგრისს შორის, თვით კონსტრუქცია-კი ჩაგვეთვალა უფრო საეკლესიო-კულტურულისა და საეკლესიო-ორგანიზაციული ერთობის ანარეკლად, ვიდრე პოლიტიკური მთლიანობის გამოხატულებად“.
ამ საეკლესიო-კულტურული ერთიანობის ფაქტობრივ საილუსტრაციო მასალად შეიძლება, ალბად, მივიჩნიოთ არქიტექტურული თემა „სამეკლესიანი ბაზილიკებისა“, რომელიც საერთოა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის. როგორც ვ. ბერიძე შენიშნავს, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთში, ბუნებრივია, შემთხვევითი არ შეიძლება იყოს. იგი რეალური კულტურულ-ისტორიული ვითარების მაჩვენებელია. დ. თუმანიშვილის სამართლიანი დაკვირვებით კი, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე გვარწმუნებს, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველოსა და, კერძოდ, აფხაზეთში ბიზანტიელთა უმწვერვალესი ძლიერების ხანაში ცოცხალი და მოქმედი ყოფილა ადგილობრივი საწყისი და იგი იმავე ბუნებისაა, რაც აღმოსავლეთ თუ სამხრეთ საქართველოში; ასე რომ, ამ ძეგლების მოწყვეტა ზოგად ქართული ნიადაგიდან ისტორიულად გაუმართლებელია.
§ 8 აფსილთა ქვეყანა – წებელდა
ახ. წ. I ს-დან წერილობით წყაროებში სანიგებისა და ლაზების მეზობლად, მათ შორის მდებარე ტერიტორიაზე აფსილებად წოდებული ტომი ჩნდება. პლინიუს უფროსი აფსილებს იხსენიებს მდ. ასტელეფოსის (კოდორი) და მდ. ხრისოროასის (კელასური) მახლობლად, ხოლო ფლავიუს არიანე ასახელებს მათ მეფეს („ბასილევსს“) იულიანეს, რომელსაც სამეფო ხელისუფლება ადრიანეს მამის, იმპერატორ ტრაიანესაგან მიუღია. პლინიუსის ჩვენებებიდან გამომდინარე, აფსილებს აღებულ ხანაში (ახ. წ. I–II სს.) უნდა სჭეროდათ მდ. კოდორის ხეობა (წებელდის მხარე). ჩრდილო-დასავლეთით მათი მიწა-წყალი ციხე-ქალაქ სებასტოპოლამდე აღწევდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი სვანთა ქვეყანამდე. მაგრამ პლინიუსის ცნობით, არ ჩანს, რომელი ტერიტორია ეჭირათ აფსილებს შავი ზღვის სანაპიროზე. თუ გავითვალისწინებთ ახ. წ. II ს-ის გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის ჩვენებას, ასევე მემნონის ცნობას, რომელშიც ჩრდილოეთ კოლხეთის ზღვისპირეთის მოსახლეობად მხოლოდ ორი ეთნიკური ერთობა – ლაზები და სანიგებია დასახელებული, მაშინ აფსილებს ამ ხანაში (ძვ. წ. I–ახ. წ. I სს.) სანაპირო ზოლის დიდი მონაკვეთი არ უნდა სჭეროდათ.
ახ.წ. I ს-დან აფსილთა სამთავრო საკმაოდ დაწინაურებული პოლიტიკური ერთეულია, რაც თავისთავად გულისხმობს აფსილთა ეთნიკურ ერთობაში შესაბამისი სოციალური-ეკონომიკური პირობებისა და კულტურის განვითარების გარკვეული დონის არსებობას. ამას ადასტურებს აფსილთა პოლიტიკური ცენტრის – წებელდისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებიც. მკვლევარნი შენიშნავენ, რომ წებელდაში გამოვლენილი კულტურა აღმოცენდა ადგილობრივ ბაზაზე. იგი წარმოადგენს კოლხური კულტურის ტრადიციების შემდგომი განვითარების შედეგს, ავლენს უწყვეტ კავშირს კოლხური კულტურის ტრადიციელბთან, მაგრამ, ამავე დროს, მასში შეინიშნება მთელი რიგი თავისებურებანი.
წებელდის კულტურის ქრონოლოგიური ჩარჩოები მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ II–V სს-ში თავსდება; მკვლევართა მეორე ნაწილის მიხედვით კი II–VII სს.
აფსილთა ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ადვილად უკავშირდებოდა ერთი მხრივ, კოლხეთის შიდა და ზღვისპირა რაიონებს, მეორე მხრივ, ჩრდილო კავკასიას, რის შედეგად კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში, ასევე ეთნიკური თვალსაზრისითაც შეინიშნება აფსილთა მჭიდრო ურთიერთობები როგორც მეზობლად მცხოვრებ ქართველ მოსახლეობასთან, ისე ჩრდილოკავკასიის ტომებთან. ყველაფერი ეს ზეგავლენას ახდენდა წებელდის კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებაზე, ასევე, აფსილთა ისტორიის შემდგომ მსვლელობაზე. მ. ინაძის აზრით, ქართული მოსახლეობის გარემოცვაში მოხვედრა (აქ იგულისხმება მეგრულ-ჭანური, სვანური და აღმოსავლურ-ქართული მოსახლეობაც) და მასთან ხანგრძლივი კონტაქტი უთუოდ ზეგავლენას ახდენდა აფსილთა ენასა და კულტურაზე. მათ მიწა-წყალზე დადასტურებულია არა ერთი ქართული, მათ შორის სვანური ტოპონიმი, რაც აფსილთა ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობის კიდევ ერთი მოწმობაა.
პროკოპის გადმოცემით, „აფსილები ლაზების ქვეშევრდომნი არიან“. ახ. წ. VI ს-ის ამბების აღწერისას არაფერია ნათქვამი აფსილთა მთავარზე. ამასთან, ლაზთა მეფეს აფსილეთში თავისი მოხელეები (მაგისტროსი) ჰყავდა. აღნიშნული გარემოება ზოგიერ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ აფსილეთი VI ს-ში უშუალოდ იყო შესული ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში.
ისტორიული წებელდა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიცავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიას, სამხრეთით ესაზღვრებოდა ქედს (აპიანჩას, აგიშის, ჩიჟოუშის მთები), აღმოსავლეთით – მდ. კოდორს, დასავლეთით – მდ. კელასურს, ჩრდილოეთით – კავკასიის მთავარ ქედს. II–VII სს-ში ეს ტერიტორია მთლიანად შედიოდა წებელდის არქეოლოგიური კულტურის არეალში, რომელიც თავის მხრივ დასავლურ-ქართული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მისი ლოკალური ვარიანტი იყო, რასაც დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ნივთიერი მასალაც ადასტურებს. ცნობილია, რომ წებელდური კულტურის ერთ-ერთ ძირითად განმასხვავებელ ატრიბუტად ე.წ. წებელდური ტიპის ცული და ძაბრისებურპირიანი კერამიკაა მიჩნეული. ე.წ. წებელდური ტიპის ცულის აღმოჩენის ფაქტი დასავლეთ საქართველოს არაერთ პუნქტში დასტურდება: ჩხარი, ლეჩხუმი, ზუგდიდის რ-ნი, აჯამეთი, ურეკი, ვანი, ვარდციხე და სხვა; ხოლო, რაც შეეხება ძაბრისებურპირიან კერამიკას, მსგავსი ფორმის ჭურჭელი ცნობილია ბუკისციხიდან, ურეკიდან, სოფ. ლიას სამარხებიდან და ვარდციხიდან. ვ. ჯაფარიძის დაკვირვებით ეს ჭურჭელი თავი არსებობით სამარხებს უკავშირდება და ძირითადად სარიტუალო ჭურჭელია; გენეზისით კი, შესაძლოა, უფრო ადრეული ხანის (ელინისტური), ასევე სპეციფიურ კერამიკას – ქვევრსამარხებს უკავშირდებოდეს.
ისტორიული წებელდის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ცნობილია 15-ზე მეტი ნასახლარი, 10 ციხე-სიმაგრე და 20 სამაროვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები თავმოყრილია წებელდისა და აზანთის მიდამოებში მდ. კოდორის მარჯვენა სანაპირზე. აქვე გამოვლენილია ქლუხორისაკენ მიმავალი ძველი გზა.
აფსილეთის შიდა რაიონებში ქრისტიანობის გავრცელებაზე მიუთითებს ის მასალა, რომელიც წებელდის ნეკროპოლზე აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი და მინის სასმისები ჯვრის გამოსახულებით, პატარა გულსაკიდი ჯვრები, რკინის ბეჭედი ჯვრის გამოსახულებიანი ვერცხლის საბეჭდავით, ჯვრისფორმის ფიბულები. წებელდის ნეკროპოლის სამარხთა დამხრობაში და მოწყობის წესში რაიმე კანონზომიერბის დანახვა ძნელია, მით უფრო, რომ კრემაციული სამარხები აქ VII ს-მდე გვხვდება, თუმცა მეტნაკლები სიხშირით აქ ქრისტიანული წესით გამართული სამარხებიც დასტურდება.
მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობის შეღწევა წებელდაში III ს. ბოლოსა და IV ს-ში ხდება (მ. თრაფში, ზ. ანჩაბაძე, გ. შამბა, მ. გუნბა, მ. ინაძე), მეორენი (ი. ვორონოვი, ა. იუშინი) უარყოფენ ამ თარიღს, და ქრისტიანობის გავრცელებას VI ს. მეორე ნახევარსა და VII ს. უკავშირებენ.
წებელდაში ადრებიზანტიური ხანის ოთხი ეკლესიაა გამოვლენილია, რომელთაგან ორი წებელდის სიმაგრეშია გათხრილი. 1977–79 წლებში წებელდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ი. ვორონოვი) გაითხარა 3 ეკლესია. №1 ეკლესია, რომელიც მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, გვიან შუა საუკუნეებშია აგებული №2 ეკლესიის ადგილზე, როგორც ჩანს, №2 ეკლესიის ქვების გამოყენებით, ორივე ეკლესია, №1 და №2, ქვის რიგების დაცვითაა ნაგები. №2 და №3 ეკლესიები ადრექრისტიანული ხანით თარიღდება.
წებელდის №2 ეკლესია. №2 ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ნახევარწრიული შვერილი აფსიდით, რომელსაც შიგნიდან ნალისებური ფორმა აქვს. Eეკლესიას დასავლეთით ეკვრის ნართექსი. ეკლესიის ზომებია 17 X 7,7 მ. ძირითადად მხოლოდ ფუნდამენტია შემორჩენილი, რამდენადმე უკეთაა შემონახული აფსიდის კედელი (0,65 მ). კედლის სისქეა 0,95–1,0 მ. ეკლესიის აფსიდის ნალისებური ფორმა ანალოგებს პოულობს ადრექრისტიანული ხანის აღმოსავლეთ საქართველოს და კაბადოკიის ძეგლებთან. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძეგლებიდან მისი ანალოგია ციხისძირის ბაზილიკა. ეკლესიის დეკორს წარმოადგენდა ადრექრისტიანული სიუჟეტებით შემკული კაპიტელი – იმპოსტი, რომელიც საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა, მართალია დღეს დაკარგულია, მაგრამ ა. მილერის პუბლიკაციითაა ცნობილი; ეკლესიის დეკორს წარმოადგენდა აგრეთვე კარნიზი, რომელიც ფიგურული აგურით იყო შედგენილი, თავისი ფორმით – კბილანებით – იგი პარალელებს პოულობს ამიერკავკასიის მთელ რიგ ძეგლებთან, მისი გავრცელების დრო საქართველოში (კონდამიანი, მცხეთის ჯვარი, იდლეთი, ოლთისი) და სომხეთში (მასტარა, მრენი, მაზარჯუკი, ადიამანი, ალამნი, ავანი) VI ს-ის ბოლო – VII ს-ის I ნახევრით განისაზღვრება. №2 ეკლესიაც ამ დროით თარიღდება.
წებელდის №3 ეკლესია. №3 ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა ნართექსით და ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიის ზომებია 22,47X17,8 მ. სამხრეთ კედელს საკარე ღიობამდე ქვის სკამი მიუყვება (განი – 0,3 მ, სიმაღლე – 0,32 მ). ეკლესიის საკურთხეველში შემორჩა სინტრონის ნაშთი. ეკლესიას სამხრეთით ეკვრის სამ განყოფილებიანი ბაპტისტერიუმი, რომლის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ემბაზი, რომელსაც შიგნიდან რამდენადმე ასიმეტრიული ჯვრის ფორმა აქვს, გარედან კი ოთხკუთხედშია ჩაწერილი. მისი გარეთა ზომებია 2X2 მ. ემბაზის საფუძველი და კედელი აგურითაა ნაგები და დაფარულია ფერადი დუღაბით. ემბაზის შიგნით აღმოჩნდა ნარინჯისფერკეციანი ამფორის ფრაგმენტი, რომლითაც სავარაუდოდ ემბაზის წყლით მომარაგება ხდებოდა. წებელდის ადრექრისტიანული ბაპტისტერიუმი განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ბოსნიის ბაზილიკების ჯგუფთან, ჩობან-დარესთან (პრესლავთან, ბულგარეთი) და ზალლისთან (შვეიცარია). ბოსნიის ბაზილიკები თარიღდება V ს. II ნახევრით – VI ს. დასაწყისით, ჩობან-დარე – V–VI სს-ით, ზილლისი კი – V ს-ით.
წებელდის ბაზილიკა ბაპტისტერიუმით წარმოადგენს მთელ კომპლექსს, რომელიც რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს (domus esslesiae) – ევქარისტიულს, ნათლობის და მემორიალურ ფუნქციას. წებელდის ბაპტისტერიუმიანი ბაზილიკა იუსტინიანემდე დროით უნდა დათარიღდეს, ვინაიდან იუსტინიანეს ეპოქისათვის დამახასიათებლია (აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისათვის) ბაზილიკის სტანდარტული ტიპი (სამნავიანი ნაგებობა წინ გამოზიდული ხუთწახნაგა აფსიდითა და ნართექსით), რომელიც არსებითად განსხვავდება წებელდის ეკლესიისაგან. წებელდის ბაზილიკა V ს-ის ბოლო – VI ს. პირველი ათწლეულით თარიღდება.
წებელდის ეს ეკლესია ვერ პოულობს ანალოგებს ამიერკავკასიის ადრექრისტიანულ ძეგლებთან. საერთოდ ბაპტისტერიუმები ამ რეგიონში ძალზედ ცოტაა. ყველაზე ადრეული მაგალითია ქართლში – ბოლნისის სამნავიანი ბაზილიკა, სადაც სანათლავი სამხრეთ ეკვდერში უნდა ყოფილიყო გამართული. ბაპტისტერიუმად მიიჩნევენ, აგრეთვე, ვაშნარის სამნავიანი ბაზილიკის (VI ს.) სამხრეთი ნავის აღმოსავლეთი ნაწილის მინაშენს. ბიჭვინთის ბაზილიკაში კი სანათლავი, გეგმაში სწორკუთხა ემბაზით, მოწყობილია ნართექსში. ერთადერთი მაგალითი აფხაზეთში ცალკე მგდომი ბაპტისტერიუმისა დასტურდება სოფ. გუდავაში, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა სუბარი.
შაპკა. წებელდის ციხიდან 7 კმ დასავლეთით, ბორცვზე „შაპკა“, 1983 წელს ო. ბგაჟბას მიერ თავდაცვითი ნაგებობის შიგნით 2 კოშკის ზემოთ გამოვლინდა, გეგმაში კვადრატული ფორმის (8,86X8,40 მ) ეკლესია. გამოიყო კულტურული ფენის ორი ჰორიზონტი – VI ს. და გვიანი შუა საუკუნეები. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლები ზოგან 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია გეგმაში კვადრატული ფორმის (4X4მ) საკურთხევლის პლატფორმა „საყდრის“ ნაშთებით ცენტრში, რომელიც კარგად დამუშავებული ქვებით იყო მოპირკეთებული. პლატფორმამ შემოინახა სამრიგიანი აგურის სარტყლის ნაშთები. საკურთხეველს ჩრდილოეთით ებჯინება მონუმენტური ქვის სამარხი (2X0,8მ), რომელიც შიგნიდან ფერადი დუღაბითაა დაფარული. საკურთხევლის შესასვლელთან აღმოჩნდა მინის ჭრაქებისა და ამფორების (VI ს.) ფრაგმენტები. ეკლესია VI ს-ით თარიღდება. ტიპოლოგიურად შაპკის ეკლესია უახოვდება სირიისა და მესოპოტამიის ნესტორიანულ ეკლესიებს.
მრამბა. სოფ. მრამბაში (წებელდიდან 4-7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) 1981-82 წლებში წებელდის ექსპედიციის მიერ (აფხაზეთის ინსტიტუტი და აფხაზეთის სახელმწ. მუზეუმი) ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა ადრექრისტიანული დარბაზული ტიპის ეკლესია წინ წამოზიდული, გარედან ხუთწახნაგოვანი (წახნაგთა სიგრძეა 1,3-1,8 მ) და შიგნიდან ნალისებური ფორმის აფსიდით (სიგანეა 2,72 მ, სიღრმე 2,45 მ). ეკლესია ნაკლები გულმოდგინებით დამუშავებული ქვის კვადრებითაა ნაგები. აფსიდის ნაწილში კედლის სისქეა 0,9 მ, შენობის დანარჩენ ნაწილებში კი 1,1 მ, კედლები 0,2-0,3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ტაძარი მოგვიანებით, XI-XIV სს-ში, საფუძვლიანად შეუკეთებიათ. მრამბის ტაძარს ახლო ანალოგები ეძებნება კაბადოკიაში, ესაა Anatepe-სა (VII ს. პირველი ნახევარი) და Yedikapulus-ის (600 წ.) დარბაზული ტიპის ეკლესიები ხუთწახნაგოვანი აფსიდით.
მრამბის ტაძარს უკავშირდება, აქვე აღმოჩენილი, ადრექრისტიანული სიუჟეტებითა და სიმბოლოებით შემკული კირქვის ფილები. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი წრეში, ყურძნის მტევნები და ჩიტები; აქვეა აღმოჩენილი ფილაქვა თევზის სქემატური გამოსახულებით, ანტეფიქსი ჯვრით და სხვა სიმბოლოებით, აგრეთვე ფილა ოთხფურცლიანი ვარდულით და ა.შ. ეს ფილაქვები სავარაუდოდ მრამბის ამ უძველესი ეკლსიის ფუნქციონირების დროინდელია და VI–VIII სს-ით თარიღდება. სწორედ მრამბის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან, 1 მეტრის სიხლოვეს აღმოჩნდა ქვიშაქვის მონოლითური სარკოფაგი, რომელიც აფხაზეთში აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის ქვის ოთხ მონოლითურ სარკოფაგს შორის ერთ-ერთია. მას უფრო დეტალურად ქვემოთ სარკოფაგებზე მსჯელობისას შევეხებით აგრეთვე ფილა ოთხფურცლიანი ვარდულით და ა.შ. ეს ფილაქვები სავარაუდოდ მრამბის ამ უძველესი ეკლესიის ფუნქციონირების დროინდელია და VI–VIII სს-ით თარიღდება. სწორედ მრამბის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან, 1 მეტრის სიხლოვეს აღმოჩნდა ქვიშაქვის მონოლითური სარკოფაგი, რომელიც აფხაზეთში აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის ქვის ოთხ მონოლითურ სარკოფაგს შორის ერთ-ერთია. მას უფრო დეტალურად ქვემოთ სარკოფაგებზე მსჯელობისას შევეხებით.
§ 9 ხაშუფსე
ხაშუფსე მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 30 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაგრის რ-ნში, მდ. ხაშუფსეს ხეობაში. 1967 წელს აფხაზეთის ინსტიტუტის მიერ დაზვერვითი სახის სამუშაოების დროს (ს. შამბას ხემძღვანელობით) მდ. ხაშუფსეს, აჩმარდისა და ლაფსთის ხეობაში გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები.
ხაშუფსეს ციხეში, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს, გამოვლენილია VI ს-ის ეკლესია – დარბაზული ტიპის ნაგებობა ნახევარწრიული შვერილი აფსიდიდ, რომელსაც შიგნიდან ნალისებური ფორმა აქვს. დასავლეთით ეკვრის ნართექსი. ეკლესიის ზომებია 16,2X6,9 მ. თავად ხაშუფსეს ციხე, ისევე როგორც ეკლესია, არქეოლოგიურად შესწავლილი არაა. ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ მანძილზე მდებარეობს ხაშუფსეს გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც 3 ჰა ფართობზე ვრცელდება. ეს სამაროვანი ჯერ კიდევ 1952 წელს დაზვერა მ. თრაფშმა. შემდგომი დაზვერვითი სამუშაოების დროს აქ გამოვლინდა დიდი ოდენობით გვიანანტიკური ხანის კერამიკის ფრაგმენტები და რკინის შუბის პირები, რომელიც პირდაპირ ანალოგს პოულობს ამავე პერიოდის წებელდის სამაროვნის მასალასთან.
მდ. ხაშუფსეს მარცხენა სანაპიროზე, ზღვიდან 28 კმ მანძილზე, სოფ. აჩმარდაში, იგივე დაზვერვითი სამუშაოების დროს, დადასტურდა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ზედაპირულად აიკრიფა თხელკედლიანი წითელლაკიანი კერამიკის ფრაგმენტები, რომაული სპილენძის მონეტა და სხვ.
მდ. ხაშუფსეს დასავლეთით ზღვიდან 30-40 მ მანძილზე, წინასწარული დაზვერვით ცხადი გახდა, რომ ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული ვიდრე, შუა საუკუნეებამდე აქ სამაროვანი და სამოსახლო არსებობდა, განსაკუთრებით მჭიდროდ ყოფილა იგი დასახლებული ანტიკურ ხანაში. ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში აქ ლაფსთის სამაროვანი ფუნქციონირებს.
მდ. ხაშუფსეს ხეობაში განლაგებული სამაროვნები, როგორც წესი, მცირე ბორცვების ფერდობებზეა შეფენილი. ხაშუფსეს ხეობის ეს ძეგლები შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ აფხაზეთი ამ დროს ჩრდ. კავკასიას არა მხოლოდ კოდორის ხეობით და ქლუხორის უღელტეხილით უკავშირდებოდა, არამედ მისგან ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხაშუფსეს ხეობითაც.
§ 10 დრანდა
დრანდის ტაძარი მდებარეობს ქ. სოხუმიდან 18 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. კოდორის მარჯვენა სანაპიროზე, შემაღლებულ პლატოზე, სოფელ დრანდაში.
შუა საუკუნეებში დრანდა ეპისკოპოსთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“ წერს: „კოდორის… წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუნბათიანი, შვენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიას შორისისა ადგილთა. არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი“.
ძეგლი არაერთგზის დაზიანებულა, განსაკუთრებით XVII–XVIII სს-ში თურქთა ბატონობის პერიოდში. XIX ს-ში იგი მრავალჯერ იყო რესტავრირებული. ხელახლა დაზიანდა ხანძრის შედეგად 1877–78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რამაც ტაძრის ფრესკებიც იმსხვერპლა. ეს ფრესკები, რომლებიც სავარაუდოდ XIII–XIV სს-ებს განეკუთვნებოდა 1846 წელს ს. საბლინს და მოგვიანებით, 1860 წელს დ. ბაქრაძეს უნახავს და აღუწერია. კაპიტალური რემონტი ძეგლს 1880–83 წწ-ში ჩაუტარდა, როცა ახალ ათონელმა ბერებმა აქ მამათა მონასტერი დააარსეს, რომელმაც 1921 წლამდე იარსება. 1900-იან წლებში ტაძრის გუმბათი რუსული ეკლესიის ნირზე იქნა გადაკეთებული. 1978 წ. დრანდაში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით), რომლის მთავარი მიზანი ძეგლის თავდაპირველი სახის აღდგენა იყო.
ძეგლი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ძეგლის გარეთა ზომებია: ჩრდილოეთიდან სამხრეთით – 19,5 მ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, აფსიდისა და ნართექსის ჩათვლით – 27,3 მ. კონსტრუქციის ბირთვს გუმბათი და მისი მზიდი კედლები წარმოადგენენ. გუმბათი, რომლის შიდა დიამეტრი 10,3 მ, ემყარება კედლების მრგვალ შვერილებს და არა კვადრატს. თაღი შეკრულია 16 წახნაგზე. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია სამსხვერპლო და სადიაკვნო შიგნიდან ნახევარწრიული და გარედან სამწახნაგოვანი აფსიდით. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი შიგნიდან ნახევარწრიულ, გარედან ხუთწახნაგოვან აფსიდას წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთი კუთხეები მრგვალ ოთახებს (4 მ დიამეტრის) უჭირავს, რომელიც აღმოსავლეთ სათავსოების მსგავსად ყრუ გუმბათით იყო გადახურული. სამშენებლო მასალად ძირითადად აგურია გამოყენებული, პერიფერიული და ზოგი სხვა კედლები კი აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაშენი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტაძრის დაბალი პროპორციები. გ. ჩუბინაშვილი დრანდას „მცხეთის ჯვრის“ ტიპის ერთ-ერთ ვარიაციად მიიჩნევდა, სადაც ქართულ მხატვრულ გაგებასთან ბიზანტიური ხასიათის ელემენტებია შერწყმული. ასეთივე ხასიათი ჩანს მასალაშიაც: რიყის ქვა და აგურის სარტყლები. იგივე აზრს იზიარებდა ლ. რჩეულიშვილი. თუმცა არსებობს მოსაზრება დრანდის ტაძრის წმინდა ბიზანტიური წარმომავლობის შესახებაც.
დრანდის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს გუმბათქვეშა სივრცის წრიულობა (და არა კვადრატულობა), ტაძრის კომპოზიციაში გუმბათის დომინირებული მდგომარეობა. ადრექრისტიანული ტაძრებისათვის გუმბათქვეშა სივრცის წრიულობა არაა დამახასიათებელი, სამაგიეროდ, მსგავსი გადაწყვეტა გვხვდება ჯვრის ფორმის ბაპტისტერიუმებსა და მარტირიუმებში. ა. ვისოცკი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის პროტოტიპად ანტიკური ხანის ტაძარს მიიჩნევს და დრანდის ტაძარს უდარებს ისეთ ადრექრიტიანულ ძეგლებს, როგორიცაა ბინბურ-კილისის 8 ეკლესია (VI ს.) მცირე აზიაში და ქერსონესის ბაპტისტერიუმი (VI ს.), ანტიკურ არქიტექტურაში დრანდის პარალელს წარმოადგენს ვენერასა და რომის ტაძარი (III ს.) ოსტიაში.
ე. ნოიბაუერის მიხედვით დრანდის ტაძარს გეგმის მიხედვით ბიზანტიის ისეთ ძეგლებთან ეძებნება პარალელები, როგორიცაა კონსტანტინოპოლში Kalender Halens Camii (S. Maria Diakonissa) და Hodja Atik Mustapha Camii (Petrus -und Markuskirche), V ს.; მაგრამ რადგანაც, ავტორის აზრით, მსგავსი გეგმის ტაძრები ფართოდ, მხოლოდ IX ს-დან ვრცელდება, დრანდის ტაძარიც, შესაბამისად, IX ს-ით უნდა დათარიღდეს.
ვ. ლექვინაძე დრანდის უახლოეს ანალოგად მიიჩნევდა ცარიცინგრადის ტეტრაკონქს, რომლის გუმბათქვეშა სივრცე ოვალურია. ეს ტეტრაკონქი, ჩაწერილი ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, მსგავსად დრანდისა, მაგრამ ცარიცინგრადის ტეტრაკონქი, დრანდის ტაძრისაგან განსხვავებით ბაპტისტერიუმი ან მარტირიუმია.
დრანდის ტაძარში, სადაც ჯვარ-გუმბათოვანი და როტონდას თემებია თავმოყრილი და მთელს კომპოზიციაში გუმბათს დომინირებული მდგომარეობა უჭირავს, რ. მეფისაშვილის აზრით შეიძლება პარალელების გავლება ბიზანტიის ისეთ ცნობილ ძეგლებთან, როგორიცაა ვიტალის ეკლესია რავენაში, ან სერგიისა და ვაკხას ეკლესიები კონსტანტინოპოლში. იგი ტაძარს არქიტექტურის თავისებურებიდან გამომდინარე ჯერ VII ს-ით ათარიღებდა, მოგვიანებით მან შეცვალა თავისი ეს მოსაზრება და არქეომაგნიტური მეთოდით მიღებულ თარიღზე დაყრდნობით, ძეგლი VIII ს-ით დაათარიღა.
დრანდაში ბიზანტიურ გავლენაზე (სამშენებლო ტექნიკა) მიუთითებს დ. თუმანიშვილი, თუმცა აღნიშნავს გარკვეული პარალელების არსებობას მცხეთის ჯვარსა და დრანდას შორის: „ამ უკანასკნელის ამგებთ თვალი მცხეთის წმ. ჯვრის ტაძრებისკენ გაქცევიათ და საკურთხევლის გარეთკენ წახნაგოვნად გამოსული ნახევარწრიული უბეები (ე.წ. აფსიდები) პატარა თაღებით გადაუბამთ, რასაც სხვაგან ვერსად ნახავს კაცი“. ამ პარალელზე (თაღების მოტივი) მსჯელობს რ. მეფისაშვილი, რომელიც ასევე ხედავს მსგავსებას დრანდასა და მცხეთის ჯვარს შორის და ჯვრის ტიპის სხვა ძეგლებს შორის. მსგავსი თაღები ამკობს კუმურდოს (964 წ.) ფასადებს, თრიალეთის ახალქალაქს (X–XI სს.), წმ. ნიკოლოზის ეკლესიას გელათში (XIII–XIV სს.).
დრანდის ტაძრის სამშენებლო სპეციფიკიდან გამომდინარე არაა გამოსარიცხი, რომ დრანდა ბიზანტიური ხელოვნების აქტიურ ზეგავლენას განიცდიდა, და იგი შეიძლება, სავარაუდოდ, საიმპერიო ძეგლების რიცხვშიც მოექცეს, რადგან აქ, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია იმდროისათვის არსებული პოლიტიკური სიტუაცია, კერძოდ, ბიზანტიის ინტერესები და აქტიურობა აღნიშნულ რეგიონში; ამავე დროს აშკარაა მცხეთის ჯვარსა და დრანდის ტაძარს შორის არსებული კომპოზიციური მსგავსება და სიახლოვე.
დრანდაში მეტად საინტერესო აღმოჩენას ჰქონდა ადგილი სარესტავრაციო სამუშაოების დროს. გუმბათის ყელის საძირკველსა და ყრუ გუმბათს შორის სივრცე ამოვსებული იყო 30-მდე მთელი ამფორით, ისინი ნახევრად ჩაწვენილ მდგომარეობაში, პირქვე იყო დამხობილი. ეს მეთოდი ტრადიციულია რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების და ხმის გაძლიერების მიზნით გამოიყენებოდა. ამ მეთოდის გამოყენება კი აღმოჩენილ ამფორათა და ტაძრის თანადროულობაზე მიუთითებს, ამიტომაც ამ ამფორათა განსაზღვრა და სწორი ანალიზი ერთ-ერთი ხელშემწყობი კომპონენტთაგანი უნდა იყოს ძეგლის სწორად დათარიღების საქმეში. აღმოჩენილ ამფორათაგან 24 მათგანი დღეს აფხაზეთის მუზეუმში ინახება, დანარჩენი კი ხელუხლებელი დარჩა აღმოჩენის ადგილას. მკვლევარები მსგავს კოსტრუქციულ გადაწყვეტას დრანდის ტაძრის დანარჩენ კამარებსა თუ გუმბათის ქვეშაც ვარაუდობენ. მსგავსი მეთოდი ცნობილია განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში. დრანდაში 7 ტიპის ამფორაა წარმოდგენილი, რომელთა განხილვასაც ქვემოთ შევეცდებით:
1. კონუსური ფორმის, მაღალყელიანი ამფორა, ოვალური ყურით, დაღარული ტანით. შემორჩენილია მხოლოდ კორპუსის ზედა ნაწილი, 43,5 სმ სიმაღლის; ყელის სიმაღლეა – 8,5 სმ; პირის დიამეტრი – 7 სმ. კეცი მოწითალო-ჩალისფერია, იშვიათი თეთრი ჩანართებით.
მსგავსი ტიპის ამფორის ფრაგმენტები აღმოჩენილია ბიჭვინთის ნაქალაქარზე VI სს-ის ფენებში; ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ამგვარი ამფორები ცნობილია ქერსონესში და ტამანის ნახევარკუნძულზე, რომლებიც იაკობსონის კლასიფიკაციით 1 ტიპს განეკუთვნება (V–VI სს.); ცნობილია ეს ტიპი დასავლეთ შავიზღვისპირეთში, რუმინეთში (Tomi, Sacidava, Dinogetia), სკორპანის მიხედვით ტიპი XVII, თარიღდება V–VI სს.. რამდენიმე ეგზემპლარი მსგავსი ამფორისა დაცულია სინოპის მუზეუმში, IV ს.. Opaiţ-ის მიხედვით Topraichioi-ში აღმოჩენილი ეს ტიპი (conical amphora of Seleucia in Pieria type) სირიული წარმომავლობისაა, და სკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი დუნაის ქვემო წელზე IV ს-ის ბოლოს – V ს-ის პირველ ნახევარში. არსებობს სხვა მოსაზრებაც ამ ტიპის ამფორის (LRA17) ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ, რომელიც მიმოქცევაში იყო IV ს-ის ბოლოდან ვიდრე VII ს-ის დასაწყისამდე.
2. თითისტარისებრი მოყვანილობის ამფორა, ბოლოში შევიწროებული კორპუსით, კონუსური, შიგნიდან ღრუ ქუსლით. კორპუსი მთლიანად დაღარულია. ამფორა თხელკედლიანია. კეცი – მოწითალო-ყავისფერი, წმინდად განლექილი, ქარსის უმნიშვნელო შემცველობით. ბრტყელი ყურები ყელს ებჯინება. ამფორის სიმაღლეა 56,5 სმ, პირის დიამეტრი – 3,5 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 20,5 სმ.
ანალოგიური ამფორის ძირის (50ც.) და პირის ფრაგმენტები მრავლადაა აღმოჩენილი პიტიუნტის ნაქალაქარზე, IV–V სს-ის ფენებში; ცნობილია ეს ტიპი ნოქალაქევიდან და გუდავადან, რომელსაც ვ. ლექვინაძე, გაიდუკევიჩზე დაყრდნობით, სამოსურ ნაწარმად მიიჩნევს და IV–V სს-ით განსაზღვრავს; დასტურდება ეს სახეობა გონიო-აფსაროსის ადრე შუა საუკინეთა ფენებში.
მსგავსი ამფორები აღმოჩენილია ყირიმსა და ოლბიაში, IV ს., ბოსფორის თითქმის მთელ ტერიტორიაზე: ტირიტაკაში (IV ს.), პანტიკაპეონსა და ფანაგორიაში (III–IV სს.), ჰერმონასაში (IV ს.), ინკერმანში – გვიანანტიკური ხანის ჩერგუნსკის სამაროვანზე და ქერსონესში. ბოსფორის ქალაქებში აღმოჩენილ ამ ტიპის ამფორებს გაიდუკევიჩი სამოსურ ნაწარმად მიიჩნევდა. აღმოჩენილია ისინი რუმინეთში (Sacidava, Dinogetia, V–VI ს-ის ფენებში); ათენის აგორაზე (VI ს-ის ბოლო); კართაგენში; Caesarea-სა და Berenice-ში (Berghazi, ლიბია). ამ ამფორათა აღმოჩენის ფაქტი დასტურდება სამხრეთ საფრანგეთის არაერთ ძეგლზე (Marseille, Collioure, Port-Vendres, Lunel, Aigues-Vives, Venéjan, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Methamis, Mandelieu, Saint-Laurent-d’Aigouse, Nimes, Saint-Bonnet-du-Gard), რომლებიც აქ აღმოსავლურ იმპორტს წარმოადგენს და თარიღდება IV–VI სს-ით.
Reynolds-ის და Pieri-ს კლასიფიკაციით ეს LRA3 ტიპია; Peacock and Williams-ის კლასიფიკაციით აღნიშნული ამფორა class 52 შეადგენს და თარიღდება IV ს-ის ბოლო – VII ს-ით. Keay-ის მიხედვით ეს LLIV ტიპია. ამ სახეობის ამფორა, მხოლოდ ჯერ ცალყურა, ჩნდება უკვე I ს-ში, IV ს-დან მას მეორე ყური უჩნდება, და ამ სახით ეს ტიპი VI ს-ის ბოლომდე განაგრძობს არსებობას. Keay მიიჩნევს, რომ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ამფორის ეს სახეობა VI ს-ის ბოლომდე გამოიყენებოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კი VII ს-ის პირველ ნახევარშიც უნდა ყოფილიყო ხმარებაში, რასაც Yassi Ada-ში ამ ტიპის ამფორის ერთი ძირის ფრაგმენტის აღმოჩენა ადასტურებს, Yassi Ada-ში გემის ჩაძირვა კი 625–626 წწ-ის შემდგომი დროით თარიღდება. ამ ტიპის ამფორის ორყურა ვარიანტი IV ს-ის დასაწყისში პირველად ათენის აგორასა და Caesaraea-ში ჩნდება, IV ს-ის ბოლოთი თარიღდება კართაგენში აღმოჩენილი ცალები. მათი საწარმოო ცენტრი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს უკავშიდება, კერძოდ დასავლეთ თურქეთს, ეფესოსა და სარდის მიმდებარე რეგიონებს.
3. ამფორა ღეროსებრი ქუსლით, დაბალი, ფართო ყელით, ოვალურ-გამოზნექილი ფორმის კორპუსით რომელიც ქვედა ნაწილშიDშესამჩნევად ფართოვდება. კორპუსი მთლიანად დაღარულია. ამფორის სიმაღლეა 60 სმ, პირის დიამეტრი – 10 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 24,5 სმ.
რადგანაც პუბლიკაციაში, რომელსაც ვეყრდნობით ამფორათა აღწერილობით ნაწილში (ვინაიდან პირადად ამ ამფორათა ნახვის საშუალებას მოკლებულნი ვართ ცნობილი მიზეზების გამო), არაა მოცემული ინფორმაცია ამფორის ყურის შესახებ, ფოტოზე კი ცალყურა ამფორაა გამოსახული, სავარუდოდ საქმე სწორედ ცალყურა ამფორასთან უნდა გვქონდეს.
როგორც ცალყურა ამფორა, იგი LRA3 ტიპის ადრინდელ ცალყურა ტიპს ემსგავსება, რომელიც I–IV სს-ში იყო მიმოქცევაში. IV ს-დან კი მას მეორე ყურიც უჩნდება. IV ს-ით დათარიღებული ცალყურა ეგზემპლარები ცნობილია ოლბიიდან, ტანაისიდან, Slaveni-დან, Tomis-დან, Noviodunum-დან და Beroe-დან. მათი წარმომავლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს უკავშირდება. მაგრამ, თუკი ამ ტიპს განვიხილავთ, როგორც ორყურა ამფორას, მსგავსი ტიპი ცნობილია ყირიმიდან (ტირიტაკა), რომელსაც გაიდუკევიჩი სამოსურ ნაწარმად მიიჩნევს და IV–V სს-ით ათარიღებს, იაკობსონის კლასიფიკაციით ტიპი 6 (IV–V სს.), ცნობილია ისინი ვარნიდან, IV–VI სს., რუმინეთში - Medgidia-დან (IV ს.), Cernavodă-დან (IV ს.), Tomi-დან (V–VI სს.), სკორპანის მიხედვით ტიპი IV.
4. კვერცხისფორმისებრი ამფორა, მრგვალძირიანი, ფართო ყელით, მასიური დუგმისებრი ყურებით. კორპუსი მთლიანად ღრმა ღარებითაა დაფარული. თიხა ჩალისფერია. ამფორის სიმაღლეა 40 სმ, პირის დიამეტრი – 9,5 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 27 სმ (ტაბ. IX, 2-4).
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები ცნობილია ბიჭვინთის ნაქალაქარის VI სს-ის ფენებიდან, აქვე აღმოჩნდა წელშეზნექილი ამფორის ნატეხებიც; ანალოგიური გოფრირებულ ამფორათა ფრაგმენტები აღმოჩენილია ნოქალაქევში, ციხისძირსა და გუდავაში, მათ ვ. ლექვინაძე იაკობსონზე დაყრდნობით V–VI სს-ით განსაზღვრავს. ამ სახეობის ამფორათა ფრაგმენტები ცნობილია წებელდის ციხის VI ს-ის ფენებში.
ამფორის ეს ტიპი ცნობილია ქერსონესიდან, იაკობსონის კლასიფიკაციით ტიპი 8 A (IV ს.), კარგადაა იგი წარმოდგენილი დასავლეთ შავიზღვისპირეთში (Sacidava, Tomi, Histria), საბერძნეთში (Athenian Agora, Corinth) III–VI სს. ფენებში, სამხრეთ საფრანგეთში (მარსელი, V–VII სს.), რომელიც აქ სირია-პალესტინის იმპორტს წარმოადგენს. ეს ტიპი სირია-პალესტინაში უკვე ძვ.წ. II ს-ში ჩნდება და არსებობს ვიდრე ახ.წ. IX ს-მდე. ეს ამფორა LRA5/6 ტიპს განეკუთვნება და კარგადაა წარმოდგენილი ეგვიპტეში ნილოსის შუა წელზე, ისრაელში (Atlit, V–VI სს), რავენაში, VI ს-ის დასაწყისი. Peacock and Williams-ის კლასიფიკაციით ეს პალესტინური ამფორები class 46 შეადგენს და თარიღდება V–VI სს-ით. მსგავსი ამფორები, მხოლოდ უფრო მაღალი ყელით და უფრო სფერული კორპუსით ცნობლია იერუსალიმიდან (პუბლიკაციაში ამ ტიპის ამფორა მოიხსენიება ტერმინით jar), ისინი აქ VI ს-ის ბოლოდან არსებობენ ვიდრე VII–VIII სს-მდე.
5. ამფორა ცილინდრული კორპუსით, დაბალი, ვიწრო ყელით და მასიური ქობით, დუგმისებრი ყურით. თიხა ჩალისფერია. კორპუსი დაღარული. ამფორის სიმაღლეა 40 სმ, პირის დიამეტრი – 3,5 სმ, კორპუსის დიამეტრი – 18,5 სმ. ეს ტიპი წინა ტიპის ამფორას უახლოვდება თავისი ფორმით.
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები მრავლადაა აღმოჩენილი ბიჭვინთის ნაქალქარზე VI ს-ის ფენებში; ეს სახეობა დასტურდება წებელდის ციხის VI ს-ის ფენებშიც. ცნობილია ქერსონესში და ტამანის ნახევარკუნძულზე. აღნიშნული ტიპი, ისევე, როგორც წინამორბედი, იაკობსონის კლასიფიკაციით ხვდება ტიპ 8-ში (IV ს.); ცნობილია ილიჩევსკის ნაქალაქარიდან (IV ს.). მსგავსი სირია-პალესტინური წარმოშობის ამფორები აღმოჩენილია ათენის აგორასა და კორინთში, IV–VI სს. ფენებში; Tarragona-ში (კატალონია, ესპანეთი), IV ს-ის ბოლო – V ს-ის შუა ხანები, ტიპი LRA4; ამფორის ეს ტიპი დასტურდება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გალიის არაერთ ძეგლზე, V–VI სს. (Trèves, Genève, Tours, Bordeaux), და სამხრეთ საფრანგეთში (Collioure, Tautavel, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Fréjus, Viviers, Vaison-la-Romaine, Aix-en-Provence, V-VI სს.). ამ ტიპის წარმოება პალესტინასა (ღაზას რეგიონი) და ეგვიპტეში ხდებოდა და მიმოქცევაში იყო IV ს-დან ვიდრე VI ს-ის ბოლომდე; თუმცა Arthure-ის აზრით ეს ტიპი, რომელიც აგრეთვე Gaza type-ად იწოდება, იწარმოებოდა ძირითადად გაზასა და აშკელონში IV ს-დან VII ს-ის ბოლომდე, ხოლო აშკელონის ბოლოდროინდელმა გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის წარმოება VIII ს-შიც გრძელდება, უმაიადთა დინასტიის დროს. G. Majcherek-ი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ამფორათა წარმოების ცენტრად მხოლოდ გაზისა და მისი მიმდებარე რეგიონის მიჩნევა არ იქნებოდა მართებული, მათი წარმოება მთელს სამხრეთ პალესტინაში ან Pelusium-სა და Negev-ს შორის არსებულ მოსზღვრე რეგიონშიც უნდა ვივარაუდოთ. ეს ამფორა ძირითადად უმაღლესი ხარისხის ღვინის საექსპორტოდ გამოიყენებოდა.
6. წელშეზნექილი ამფორები. Aამ ტიპის ამფორები დრანდის კომპლექსში უმრავლესობას წარმოადგენს. მათი სიმაღლე 71–75 სმ შორის მერყეობს. კეცი სხვადასხვაგვარია, ღია ვარდისფერიდან ვიდრე ყავისფრამდე. გამოწვა არათანაბარია. კორპუსის ზედა ნაწილის დიამეტრია 17,5 სმ, შეზნექილ ადგილას – 13,5 სმ, კორპუსის ქვედა ნაწილის დიამეტრია – 15–16 სმ.
აფხაზეთში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში, წელშეზნექილი ამფორები ფართოდაა გავრცელებული. ეს ტიპი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად ადგილობრივ კოლხურ ამფორად მოიხსენიება. ესაა მუქ წითლად და მოყავისფროდ გამომწვარი ამფორა, პატარა ბრტყელგანივკვეთიანი ყურებით, წაგრძელებული წელში შეზნექილი კორპუსით და ოდნავ მომრგვალებული კონუსური ძირით. დიდი რაოდენობითაა ეს ტიპი აღმოჩენილია ბიჭვინთაში IV–VI სს-ის ფენაში; ცნობილია ეს ტიპი ნოქალაქევიდან და გუდავიდან; ამფორის ეს სახეობა აღმოჩენილია ურეკში, გრიგოლეთში, ფოთში, ნოსირში, მათ თარიღს ნ. ხოშტარია ზოგადად IV–VI სს-ით განსაზღვრავს; რამდენიმე მთელი ეგზემპლარი ყავისფერკეციანი წელშეზნექილი ამფორისა აღმოჩენილია ვარდციხეში, რომელიც სტრატიგრაფიული მონაცემებითა და თანმხლები მასალების მიხედვით ზოგადად IV ს. მეორე ნახევარი – VI ს-ით თარიღდება. რამდენიმე არასრული ეგზემპლარი ცნობილია პატრიკეთიდან, ბათუმის ციხიდან და ქობულეთ-ფიჭვნარიდან; ციხისძირში ამ ტიპის რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი, დასტურდება ისინი პეტრა-ციხისძირის აკროპოლისზე და სამაროვანზე, სადაც ეს ტარა ჩვილი ბავშვების დასაკრძალავ ჭურჭლადაც არის გამოყენებული და ზოგადად IV–VI სს-ით თარიღდება. 30-ზე მეტი ყავისფერკეციანი წელში გამოყვანილი ამფორა აღმოჩნდა გონიოს ციხის 2 კოშკში, რომლის პირველი სართული VI ს-ში ამფორათა საწყობად გამოიყენებოდა, ფენა სანდოდ თარიღდება იუსტინიანეს (527–565 წწ.) კონსტანტინოპოლში და ანტიოქიაში მოჭრილი 40 ნუმიანი სამი მონეტით. განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში აღმოჩენილ ამფორათა შორის სწორედ ეს სახეობა წარმოადგენს უმრავლესობას; ცნობილია იგი ბომბორიდან (გუდაუთა) და გიენოსიდან (ოჩამჩირე); კერამიკული ტარის ამ სახეობის თავისებური ვარიანტი წარმოდგენილია წებელდაში და კოდორის ხეობაში გამოვლენილ სამაროვნებსა და ნამოსახლარებზე: წებელდის ციხეზე VI–VII სს-ის ფენებში; სოფ. ოლგინსკოეს მახლობლად კრემაციულ სამარხში; ალრახუს (სამარხი №8), აბგიძრახუს (სამარხები №12, №13, №41, №43, №44), აპიანჩას (სამარხები №20, №21, №38), აჰაცარახუს (სამარხი №41) და ახაჩარხუს (სამარხი №2, №43) სამაროვანებზე. ამ ამფორათა თავისებურება მდგომარეობს ამფორის პირის ძაბრისებურ და გოფრირებულ გაფორმებაში, აგრეთვე წელის შეზნექილობა აქ კორპუსის უფრო ქვედა ნაწილშია გამოყვანილი, ხოლო კორპუსის ზედა ნაწილი უფრო გამობერილია. გარდა ამისა, წებელდურ წელშეზნექილ ამფორათა რამდენიმე ეგზემპლარის ძირზე დასტურდება გამჭოლი ნახვრეტის არსებობა (აბგიძრახუს №44 სამარხი, აჰაცარახუს №39 სამარხი), რასაც რ. ფუთურიძე პრაქტიკული დანიშნულებით ხსნის: ამ ნახვრეტში და ამფორის ყურებში თოკის გაყრით უფრო გაადვილდებოდა ამფორის ზურგზე მოკიდება. მაშ, ამფორის ეს სახეობა კოლხეთის შიდა რეგიონებში სახმელეთო ტარას წარმოადგენდა. წებელდის სამაროვნებზე აღმოჩენილ წელშეზნექილ ამფორებს მ. თრაფში ზოგადად არაუადრეს III-IV სს-ით ათარიღებს.
კერამიკული ტარის ეს სახეობა კარგადაა წარმოდგენილი ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში. ცნობილია ისინი ქერსონესიდან (VI–VII სს.), მირმიკიონიდან (IV–VI სს.), ტირიტაკიდან და ქერჩიდან (IV ს.), ილიჩევსკის ნაქალაქარიდან (IV ს.), პანტიკაპეონიდან (IV ს.), ერთი ეგზემპლარი დაცულია კრასნოდარის მუზეუმშიც (სემიბრატნოეს სამაროვნიდან, მდ. ყუბანის მარცხენა სანაპირო); ცნობილია ისინი ვარნიდან – IV–VI სს., რუმინეთიდან (Tomi, Histria), სკორპანის მიხედვით ტიპი XV, VI ს. დასტურდებ ეს სახეობა სამხრეთ შავიზღვისპირეთში, ქ. სინოპთან, დემირსიში (სინოპიდან 15 კმ სამხრეთით), აქვე გაითხარა ახ.წ. II–IV სს-ში მოქმედი კერამიკის გამოსაწვავი ქურები. ეს ამფორები, მართალია, ავლენენ კავშირს კოლხეთის ამფორებთან, თუმცა შეიმჩნევა განსხვავებებიც, მაგალითად არც ერთ მათგანზე არაა კოლხური ამფორებისთვის ესე დამახასიათებელი რელიეფური სპირალური ხვია, აგრეთვე არ აღინიშნება არათანაბარი გამოწვა და ა.შ.
ამფორის ეს სახეობა, ისევე როგორც სხვა ტიპები, ძირითადად, ღვინის და ზეითუნის ზეთის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა საინტერესო აღმოჩენას ჰქონდა ადგილი ტირიტაკაში, 1939 წელს. IV–V სს-ის ფენებში აღმოჩნდა მომცრო ზომის წელშეზნექილი ამფორა, რომელიც შავი კუპრით, თუ ფისით იყო დახუფული, შიგ კი თხევადი ნავთობი ინახებოდა. ანალოგიური ნავთობის ნალექიანი წელშეზნექილი სამი მთლიანი ამფორა აღმოჩნდა „ნატეხების“ ნამოსახლარზე, ქ. ფოთის სამხრეთით, პალიასტომის ტბის მცირე ყურეში. ამ ამფორათა აღმოჩენით დასტურდება, რომ ეს ტიპი, აგრეთვე, ნავთობის ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენებოდა.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ წელშეზნექილი ამფორები გენეტიკურად ელინისტურ ხანაში წარმოებულ კოლხურ ყავისფერკეციან ამფორებს უკავშირდება, მსგავსი ელინისტური ხანის კოლხური ყავისფერკეციანი ამფორები ცნობილია ეშერისა და ვანის ნაქალაქართა კულტურული ფენებიდან. მათი შემდგომი განვითარების ეტაპად ბიჭვინთაში, სებასტოპოლისში და ბოლოდროინდელი გათხრების შედეგად, გონიოში აღმოჩენილი II-III სს. ყელწიბოიანი ამფორები ითვლება, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისთვის კი გორგიპიის ნაქალაქარის II ს. ბოლო – III ს. დასაწყისის კულტურულ ფენებში აღმოჩნილი წელშეზნექილი ამფორა. საინტერესოა, რომ 1998 წელს გონიო-აფსაროსის შიდა ციხის სამხრეთ-დასვლეთ კუთხეში სამეურნეო დანიშნულების უბანზე გაითხარა ყელწიბოიანი ამფორების დამამზადებელი ქურა-სახელოსნო. ყელწიბოიანი ამფორების შემდგომი განვითარების ეტაპს, როგორც ჩანს, IV–VI სს-ში გავრცელებული პროფილირებულპირიანი წელშეზნექილი ამფორები წარმოადგენენ. კერამიკული ტარის ამ სახეობის ადგილობრივ კოლხურ წარმოებაზე მათი მრავლად აღმოჩენის ფაქტი მოწმობს. ამ ამფორათა წარმოება კი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ შავიზღვისპირეთშიც ხდებოდა, რასაც ამ რეგიონებში აღმოჩენილი წელშეზნექილი ამფორების სიმრავლე და მათი მრავალფეროვნება ადასტურებს.
7. ამფორის უკანასკნელი ტიპი წარმოდგენილია მრგვალძირიანი პატარა დერგის მაგვარი ამფორით, მოკლე ცილინდრული კორპუსით და ოდნავ შევიწროებული ბოლოთი. კეცი მოვარდისფრო-ნაცრისფერია. Yყურები და კორპუსი დაღარული. ამფორის სიმაღლეა 47,5 სმ, დიამეტრი – 26,5 სმ, ყელის სიმაღლე – 9 სმ. ამფორის მხრებზე წითელი საღებავით შესრულებულია წარწერა. ანალოგიური ამფორა აღმოჩნდა განთიადის ბაზილიკის კამარაში.
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები ცნობილია ბიჭვინთაში, წებელდაში, ნოქალაქევში და გონიო-აფსაროსის ადრე შუა საუკინეთა ფენებში. ამ ტიპის ამფორები აღმოჩენილია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში: ქერსონესში, ფანაგორიასა და მირმეკიონში, IV–VI სს. ფენებში; ტირიტაკაში, IV ს., თუმცა ეს ტიპი აქ მოგვიანო VIII–IX სს-ის ფენებშიც დასტურდება; პანტიკაპეონში (IV ს.); ტამანის ნახევარკუნძულზე, ილიჩევკის ნაქალაქარზე (IV ს.), ამ ტიპის ამფორათა არსებობას ყირიმში, ტამანის ნახევარკუნძულზე და კავკასიაში სოკოლსკი IV–VII სს-ით განსაზღვრავს, ხოლო ილიჩევკის ნაქალაქარზე აღმოჩენილ ამფორათა შორის იგი ადგილობრივ (წითელკეციან) და იმპორტულ (ღია ფერის კეცის მქონე) ნაწარმს გამოყოფს. ცნობილია ეს ტიპი რუმინეთში (Sacidava, Histria, Tomis,), სკორპანის მიხედვით ტიპი VIII, VI ს.; Opait-ის მიხედვით ეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული ამფორაა, ტიპი LRA1, რომელიც ფართოდ ვრცელდება V ს-ის ბოლოს, VI ს-ის დასაწყისში; მსგავსი ეგზემპლარები დაცულია ვარნის მუზეუმში; მთელი სერია მსგავსი ამფორებისა აღმოჩენილია Yassi Ada-ში (ბოდრუმთან, თურქეთი) ჩაძირულ გემზე, ეს ამფორები LRA1 ტიპის ამფორებს განეკუთვნება და გემზე აღმოჩენილი მონეტების მიხედვით თარიღდება VII ს-ის პირველი ნახევრით. ანალოგიური LRA1 ტიპის ამფორა ცნობილია კართაგენიდან, სამოსიდან, ათენის აგორიდან (V ს. ბოლო –VI ს. დასაწყისი), Kourion-იდან (კვიპროსი) და რომიდან, IV ს. Ballana-ს და Qustul-ის ნეკროპოლებიდან (ქვედა ნუბია), Benghazi-დან (ლიბია) და დარდანელიდან. LRA1 ტიპის ამფორები აქტიურად იყო მიმოქცევაში IV–VII სს-ში. დასტურდება ეს ტიპი სამხრეთ საფრანგეთის არაერთ ძეგლზე (Marseille, Collioure, Port-Vendres, Tautavel, Pataran, Colian, Venéjan, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Fréjus, Antibes, V–VII სს.). ამ ტიპის ეგზემპლარები ირლანდიაშიც კია ნაპოვნი.
LRA1 ტიპის ამფორები ძირითადად ღვინის და ზეითუნის ზეთის გადასატანად გამოიყენებოდა, ზოგიერთი მათგანის შიდა პირი კუპრის თუ ფისის ფენით იყო დაფარული. ამ ტიპის ამფორათა წარმომავლობა ანტიოქიის რეგიონს უკავშირდება. Alexandretta-ს ყურეში (დღ. Iskanderum) და კილიკიის სანაპიროზე აღმოჩენილია LRA1 ტიპის ამფორათა გამოსაწვავი ქურები, მათი წარმოება კვიპროსზე, როდოსსზე და სამოსზეც ხდებოდა, მხოლოდ ირანელთა აქტიური თავდასხმების შემდეგ (611–15 წწ.), მათი წარმოება განახევრდა, ან სულაც შეწყდა.
LRA1 და LRA2 ტიპის ამფორებზე ხშირია გრაფიტოების და დიპინტების დატანა, წარწერა ჩვეულებრივ ბერძნულ ენაზეა შესრულებული, თუმცა აშდოდიდან ცნობილ ეგზემპლარზე წარწერა არამეულ თუ ებრაულ ენაზეა შესრულებული. ეს წაერწერები ჩვეულებრივ ამფორის შემადგენლობას, წონას და მფლობელის ვინაობას აღნიშნავდა. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება დრანდის ეგზემპლარზე წითელი საღებავით დატანილი წარწერის შინაარსი.
ამრიგად, დრანდის ტაძარში გამოვლენილი ამფორები იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში საკმაოდ გავრცელბულ კერამიკულ ტარას წარმოადგენდა, მათი ქრონოლოგიური ჩარჩო IV–VII სს-ებს შორის თავსდება. ზოგიერთი მათგანის წარმოება კი უფრო მოგვიანო ხანაში, VIII ს-შიც ხდებოდა (დრანდა 4, LRA5/6; დრანდა 5, LRA4; დრანდა 7, LRA1;). გამოვლენილი ამფორების შუქზე კარგად ვლინდება ის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რომელიც დასავლეთ საქართველოს, ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს შორის უნდა არსებულიყო აღნიშნულ პერიოდში.
დრანდის ტაძრის თარიღის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მას მცხეთის ჯვრის ერთ-ერთ ვარიაციად განიხილავენ და VIII ს-ით ათარიღებენ (გ. ჩუბინაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე, დ. თუმანიშვილი), მეორენი VII ს-ით, მესამენი ტაძარს წმინდა ბიზანტიურ მოვლენად მიიჩნევენ და VI ს-ით ათარიღებენ (ა. იაკობსონი, ვ. ლექვინაძე, ლ. ხრუშკოვა), ამ შემთხვევაში მკვლევარები ძირითადად ტაძრის გუმბათქვეშ აღმოჩენილ ამფორათა უმრავლესი ნაწილის (იგულისხმება წელშეზნექილი ამფორები) თარიღიდან გამოდიან, რომელიც აქტიურად იყო მიმოქცევაში სწორედ IV–VI სს-ში, VII ს-ით დათარიღებული ამ ტიპის ამფორები საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია; მაგრამ დრანდის ტაძარს არქეომაგნიტური მეთოდით მიღებული თარიღიც გააჩნია, რომელიც ტაძრის აგურის ანალიზის შედეგად იქნა მიღებული – VIII საუკუნის ბოლო (პლიუს-მინუს 50 წელი). მაგრამ, რადგანაც არქეომაგნიტური მეთოდით დათარიღებაში დიდია ალბათობისა და ცდომილების ხარისხი, ამიტომ უფრო მართებული უნდა იყოს ძეგლის დათარიღებისას უკეთ განსაზღვრულ არქეოლოგიურ მონაცემებს დავეყრდნოთ, როგორსაც ამ შემთხვევაში ტაძრის მშენებლობის დროინდელი ამფორები წარმოადგენენ, ამავე დროს გასათვალისწინებელია ძეგლის ჯვარ-გუმბათოვანი კონსტრუქცია და მისი მიმართება მცხეთის ჯვართან, შესაბამისად დრანდის ტაძარი VI ს-ის ბოლო, VII ს-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს.
საინტერესოა, რომ დრანდა VI ს. და შემდეგ საუკუნეთა ამსახველ წერილობით წყაროებში, მათ შორის არც VII–IX სს-ით დათარიღებულ Notitia episcopatuum-ში არ მოიხსენიება. თავის დროზე ამის ახსნა სცადა ი. ვორონოვმა, იგი დრანდის ტაძარს სებასტოპოლისის არქიეპისკოპოსთა კათედრად მიიჩნევდა. მისი ეს მოსაზრება მოგვიანებით გაიზიარა ვ. ლექვინაძემ. მაგრამ ეს მოსაზრება ალბათ ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება დღეს, როცა სოხუმში უკვე გათხრილია VI საუკუნის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ სებასტოპოლისის ეპისკოპოსთა კათედრას წარმოადგენდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий