მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, ავგუსტ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმის პატრიარქ სოფრონის თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.
ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური სწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი - კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა დიოფიზიტობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.
638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი - ავგუსტი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანტ II (641-668), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როდესაც აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპ თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და დიოფიზიტური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის - მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი - კონსტანტინეპოლელი პატრიარქები - სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.
როცა კონსტანტ II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და მაქსიმე. მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. გადმოცემით აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და გარდაიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა.
მამა მაქსიმეს ლაზეთში გადასახლების, გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილის შესახებ ცნობებს გვაწვდის ანასტასი აპოკრისიარის წერილი, რომელიც მან დაწერა სულ მალე წმ. მაქსიმე გარდაცვალების შემდეგ და თეოდოსი განგრელის სამახსოვრო მინაწერი.
ანასტასი აპოკრისიარი 662 წელს გადმოასახლეს ლაზიკაში წმ. მაქსიმესთან და სხვა ანასტასისთან ერთად, რომელსაც ანასტასი ბერს უწოდებენ (წმ. მაქსიმეს მოწაფე 619 წლიდან). ეს სამივე ერთად ჩავიდნენ ლაზიკაში 662 წლის 8 ივნისს. ანასტასი ბერი გარდაიცვალა იმავე წლის 24 ივლისს, წმ. მაქსიმე 13 აგვისტოს, ხოლო ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ანასტასი აპოკრისიარმა მიწერა წერილი თეოდოსის იერუსალიმში, რომელიც დაიწერა 665 წლის 1 სექტემბრისა და 666 წლის 31 აგვისტოს შორის (IX ინდიქტიონი). ამ წერილში მან აღწერა თავისი და მისი თანამოღვაწეების თავგადასავალი ლაზიკაში ჩასვლის შემდეგ. წერილში ის გამოთქვავდა სურვილს, რომ ვინმე ღვთისმოშურნე ჩამოსულიყო მასთან მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასამოწმებლად გადასახლების ადგილას და თან ჩამოეტანა 649 წ. ლატერანის კრების მონოთელიტთა მწვალებლობის მამხილებელი განჩინებანი. ამ წერილის ადრესატი იყო იერუსალიმში მოღვაწე მღვდელ-მონოზონი თეოდოსი, რომელიც წარმოშობით განგრელი (ქალაქი პაფლაგონიაში,
დღევ. კანქრუ) იყო. მან ჯერ კიდევ „ტიპოსის“ გამოცემის (648 წ.) და ლატერანის კრების შემდეგ, ძმასთან, თეოდორესთან ერთად, თავი მიუძღვნა მართლმადიდებლობისთვის დევნილთა მსახურებას. სწორედ მან გააცილა ლაზიკაში გადასახლებაში, 662 წელს, სამი აღმსარებელი. ისე მოხდა, რომ თეოდოსი გაემგზავრა ანასტასისთან წერილის მიღებამდე. გზად გაიარა ქერსონესში, სადაც ჯერ კიდევ 648 წელს იყვნენ გადასახლებული ანასტასის კონსტანტინეპოლელი მოწაფეები, ძმები ევპრეპი და თეოდორე, ხოლო შემდეგ 654 წელს რომის პაპი მარტინე. ქერსონესში მას ცოცხალი მხოლოდ თეოდორე დახვდა, ხოლო ლაზიკაში მან ანასტასის გარდაცვალების შემდეგ ჩამოაღწია. მან მოინახულა ადგილი, სადაც გარდაიცვალა ანასტასი და როდესაც უკან ბრუნდებოდა 668 წლის 20 აგვისტოს, მას წამოეწია ალანიაში „betararu“-ში მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი გრიგოლი, რომელმაც გადასცა ანასტასის წერილი, ლიტერატურული მემკვიდრეობა და სხვადასხვა რელიქვიები. ეს წერილი შემდგომში გამოაქვეყნა თეოდოსიმ, სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ასახავდნენ მონოთელიტებთან კამათის ისტორიას. წერილს მან დაურთო, აგრეთვე, თავისი სამახსოვრო მინაწერი, რომელშიც ასახა წერილის ავტორისა და მისი მოწაფეების თეოდორე და ევპრეპის შესახებ ცნობები. იქვე არის მოთხრობილი წმ. მარტინეს, წმ. მაქსიმესა და ანასტასი ბერის შესახებ. მინაწერი დაწერილია 668 წლის 1 სექტემბრიდან 669 წლის 31 აგვისტომდე შუალედში (XII ინდიქტიონი).
1. მაქსიმეს გადასახლება ლაზეთში ა. აპოკრიასის წერილის მიხედვით
მაშინ მსაჯულებმა შემდეგი განაჩენი გამოიტანეს მათ წინააღმდეგ (662 წ. სინოდის კრებაზე): ვინაიდან ამ სინოდმა ჭეშმარიტი ღმერთის, ყოვლის შემძლე ქრისტეს დახმარებით კანონიკურად განსაღვრა თქვენს წინააღმდეგ - მაქსიმე, ანასტასი და ანასტასი - ის, რაც საჭიროა... უმაღლესი მსაჯულისათვის გადაგცემთ მსაჯულს (ე.ი. ღმერთს) და ამით შევასრულებთ კანონთა ზუსტ დაცვას, რადგან სიცოცხლეს გიტოვებთ თქვენ, - და ვუბრძანებთ ბრწყინვალე ეპარქოსს, რომელიც აქ არის ჩვენთან ერთად, ახლავე წაგიყვანოთ თქვენ ქალაქის პრეტორიუმში, გგვემოთ ზურგზე შოლტების დარტყმით, ხოლო ღმრთის შემცოდე ენები შიგინდანვე დაგაჭრათ, შემდეგ მახვილით მოგკვეთოთ მრუდე მარჯვენენი, თქვენს ღმრთიმგმობელ გონებას რომ ემსახურებიან, ამ ბილწ ასოთა მოკვეთის შემდეგ მოგატარონ ამ სამეფო ქალაქის თორმეტივე უბანში და გაგზავნოთ თქვენ სამუდამო სატუსაღოდ, ისიც მუდმივი ყარაულობის ქვეშ, ლაზიკის ქვეყანაში, რომ მთელი თქვენი სიცოცხლე ივაგლახოთ თქვენი ღმრთისმგმობელი შეცდომების გამო და რომ თქვენ მიერ ჩვენთვის მოაზრებული კრულვა თქვენს თავსვე დაატყდეს.
მაშინ იპარქოსმა ჩაიბარა ისინი, დასაჯა, მოსჭრა მათ ენები და პატიოსანი ხელები, და, როდესაც შემოატარა მთელი ქალაქი, თანახმად ტირანის განკარგულებისა, ლაზიკეში გააძევა ეს ჭეშმარიტი აღმსარებელნი და ქრისტესთვის წამებულნი.
მაშინვე დიდი მოწამე მაქსიმე გადასახლებულ იქნა, როგორც სწერს ანასტასი, ხუცესი და აპოკრისიარი უხუცესი რომისა, თეოდოსი უხუცესს, რომელიც წმინდა ქალაქში ცხოვრობდა:
როდესაც ისინი ჩავიდნენ ქრისტესმოყვარე ლაზთა ქვეყანაში, მაშინვე დააშორეს ისინი ერთმანეთს თვით ის დიდი მაქსიმე, ამ წერილის დამწერი და მისი სეხნია. ეს ქნეს მათ იმ ქვეყნის მაშინდელი მმართველის განკარგულებით; წაართვეს მათ ყველაფერი, რაც კი ჰქონდათ, ისე რომ აღარაფერი დარჩათ იმ ნივთებიდან, რომლებიც საჭიროებისთვის შეიძინეს მათ ქრისტესმოყვარე პირებისაგან. ის ღვთაებრივი კაცი, - მე წმინდა მაქსიმეს ვგულისხმობ, - რომელსაც არც სახედარზე შეჯდომა შეეძლო, აღარც საკაცეზე დაწოლა, რადგან ლოგინად იყო ჩავარდნილი, დადვეს წნელებისგან მოწნულ ლასტზე და ისე წაიღეს და მოათავსეს ერთ ციხეში, რომელსაც ეწოდება სქიომარი და რომელიც მდებარეობს მახლობლად ალანებად წოდებული ხალხისა. უფალი ამბა ანასტასი და ამ წერილის დამწერი შესხეს ცხენებზე და ასე გაამგზავრეს და ჩაამწყვდიეს: პირველი - აბაზგიის მახლობლად ერთ ციხეში, რომელსაც სკოტორი ეწოდება, ხოლო მეორე - სხვა ციხეში, ზემოხსენებულ ალანთა საზღვრებში რომ მდებარეობს და ბუკოლუსი რომ ეწოდება.
რამდენიმე დღის შემდეგ ის და ნეტარი ანასტასი წაიყვანეს ზემოხსენებული ციხეებიდან: პირველი გადაგზავნეს ე.წ. სვანიდის (სვანეთი) ციხეში, თითქმის ცოცხალმკვდარი იმ წვალებათა და ტანჯვათა გამო, რომლებიც მან ბიზანტიონში განიცადა, და აგრეთვე გაჭირვებათა და შეწუხებათა გამო, რომლებიც მათ იქ (ლაზეთში) შეხვდათ. როგორც ზოგიერთები ამბობენ, მან შუაგზაში ჩააბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს (662 წლის 13 აგვისტოს). ამრიგად, მე ვამოწმებ, რომ ამ ოცდაორ ან ოცდაოთხ ივლისს განუტევა სული ნეტარმა ანასტასიმ, ვინაიდან იმავე ივლისის თვრამეტს ჩვენ ორივე მოგვიყვანეს ე.წ. მუკორისისში (მუხურისი) და ის ნეტარი, როგორც ვთქვი, ცოცხალმკვდარი იყო; მას აქეთ ის აღარც მინახავს; ის სვანეთის ციხეში, ხოლო მე ე.წ. თაკვირიის ციხეში, აბაზგიის მახლობლად.
სხვათა შორის მოკლეთვე გაუწყებთ იმასაც, რაც მე - დაუძლურებული ვიწექი ორი თვის განმავლობაში თაკვირიის ზემოხსენებულ ციხეში და ცოტაოდენი სიმშვიდე ვპოვე, მთავარმა კვლავ გადამაგზავნა აფსილიასა და მისიმიანის მხარეებში, რათა ფუსტას ციხეში დავემწყვდიეთ. საბოლოოდ რომ ვთქვა, ის შვიდი თვის განმავლობაში აქეთ-იქით მატარებდა ფეხით ყველა ზემოხსენებულ მხარეებში, რათა ფუსტას ციხეში დავემწყვდიეთ. საბოლოოდ რომ ვთქვა, ის შვიდი თვის განმავლობაში აქეთ-იქით მატარებდა ფეხით ყველა ზემოხსენებულ მხარეებში, ტიტველს, ფეხშიშველს, მშიერსა და მწყურვალს - და უნდოდა მეც გამოვესალმებინე სიცოცხლეს.
რამდენიმე დღის შემდეგ იქიდან გააძევეს ზემოხსენებული მთავარი. შემდეგ, მის ადგილას მოსული სხვა მთავარი თანაგრძნობით შემხვდა. სხვათა შორის, ზემოხსენებულ ფუსტელთა ციხიდან წამიყვანა და თავისი სახლის მახლობლად მომათავსა. ხოლო ერთი წლის შემდეგ (664 წლის მარტ-აპრილში) ზემოხსენებულ ციხეში გამგზავნა... მაგრამ იმავე დღეს, როდესაც მე გამაძევა, ის თვითონაც გაძევებულ იქნა იქიდან, და დახეტიალობდა ქრისტესმოყვარე აბაზგების ქვეყანაში. იქაურმა ქრისტესმოყვარე მმართველებმა ურჩიეს, რომ ჩემთან თანაგრძნობით ყოფილიყო და სრულიად არ ეწარმოებინა დევნა, ჩემგან სიტყვები ესმინა და არ გმინვა, და ისიც შეჰპირდა მათ, რომ, თუ ის იქიდან დააღწევდა თავს და აღიდგენდა მმართველობას, ყველაფერს შეასრულებდა ჩემს სანუგეშებლად. /უნდა ითქვას, რომ თვითონ ისინი, აბაზგიის ქრისტესმოყვარე მთავრები, თანამიგრძნობდნენ მე, საწყალს, თუმცა რა მიცნობდნენ./ რამდენიმე დღის შემდეგ, არ ვიცი საიდან, დახმარება მიიღო, კვლავ გაემართა და მმართველობა დაუბრუნა. მაგრამ არაფერი შეასრულა იმ დაპირებათაგან, რომლებიც აღუთქვა ღმერთს და ზემოხსენებულ ქრისტესმოყვარე მთავრებს. პირიქით, ამ კაცების ხელით გაჭირვებიდან გამოყვანილმა არამზადამ დაივიწყა დაპირება: უბრძანა გამოვეყვანე მე ფუსტელთა ციხიდან და სასწრაფოდ გავეგზავნეთ სქემარის ციხეში.
ამასობაში მოხდა ისე, რომ, როდესაც მე ზემოხსენებულ ციხეში მივყავდით, ის მმართველი კვლავ გააძევეს, და ის გაიქცა იქ, სადაც წინათაც იყო... ხოლო ახალმა
მმართველმა, გრიგოლიმ, ღმრთის წამბაძავი თავმდაბლობით თუ შეცოდებით მოუვიდა ეს, არ ვიცი, - მე კი დამაბრუნა ზემოხსენებულ სქემარის ციხის გზიდან და მომათავსა ხუთი სიგნის (5000 ნაბიჯი) მანძილზე თავისი ღვთივდაცული სახლიდან, მონაზონებისთვის სრულიად შესაფერის ადგილას, და უხვად მაწვდიდა მე სხეულისათვის საჭირო საგნებს.
დასასრულ, როდესაც სტეფანე, ნეტარი იოანე ხუცესის შვილი, მოვიდა ამ ქვეყანაში, როგორც ის ირწმუნებოდა, ჩემს საძებრად, იმათ (ქვეყნის მცხოვრებლებმა) დიდი ხალისით და სიამოვნებით მიიღეს ის, პატივი სცეს და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინეს ჩემს საპოვნელად. იქიდან, მათი დახმარებით, მიპოვე მე იმ წმინდა სტეფანემ... როგორც სულიერმა ცხენმა, მორიბინა მთელი ლაზიკე, აფსილია და აბაზგია და უშიშრად ქადაგებდა როგორც ჭეშმარიტების, ისე შემოტანილი ახალი მიმართულების შესახებ; ამ კაცის იქ ყოფნა მიზეზი აღმოჩნდა მრავალთა სარგებლობისა და ხსნისა და აგრეთვე ჩემი პირადი სიმშვიდისა და ნუგეშისა. ის უღირსი სახელი, რომელიც ჭეშმარიტებისაგან ნამდვილად განდგომილებმა ჩვენ მოგვაკუთვნეს, მაშინ გაქრა და ბევრისთვის ცხადი გახდა ჭეშმარიტება. ასეთი კეთილი საქმეები რომ განაწესა მან თავისი საკუთარი მოსვლით, ეს შესანიშნავი კაცი გარდაიცვალა წარსული ინდიქტიონის 8 იანვარს, ქრისტესმოყვარე კაცის, აბაზგიის მმართველის სახლში.
ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, რომ ზოგიერთი თქვენთაგან, რომელთაც აქვთ ღმრთის სიყვარული და მისდამი სწრაფვა ცოდნისამებრ, აქ მოსულიყო და დარწმუნებულიყო, თუ რა არის ჭეშმარიტება და რა არის მისი მაგიერი, რათა ისინი განმტკიცებულიყვნენ ორთოდოქსობოში და სემოტანილი ახალი მიმართულება სრულიად გამომჟღავნებულიყო და მეც, საწყალი, ნუგეშსა და შვებას ვპოვებდი... - თუ კი, როგორც გავიგე ჰიბერიამდე მიდიან იქ, რატომ აქაც არ მოდიან?
გევედრებით თქვენ, უწმინდესნო, თუ კი შესაძლებელი იქნება, გადმომიგზავნოთ ერთ-ერთი სარწმუნო, ჰიბერიაში მომავალი კაცის ხელით იმ დადგენილებათა კოდექსი, რომლებიც დააკანონა წმინდა და სამოციქულო სინოდმა, წმინდა და სამოციქულო მოწამის და უზენაესი პაპის მარტინეს წინადადებით, უხუცეს ქალაქ რომში, რადგან იქ გაცილებით უკეთ არის გაშლილი წმინდა მამების დოგმატები და მწვალებლური საზიზღროებანიც, როგორც წინანდელნი ისე ახლა აღმოცენებულიც.
ამრიგად, თუ თქვენ, როგორც გთხოვდით, გამომიგზავნით ღმრთის ჩაგონებით წმინდა კოდექსს, იმათ, რომლებიც წამოიღებენ მას და მოისურვებენ აქ მოსვლას სახელოვანსა და ღვთივდაცულ პატრიკიოს და თვთივ მაგისტროს გრიგოლისთან, თან იქონიონ მისდამი მიმართული წერილი ჰიბერიის ღირსსაქებ პატრიკიოსისა და პრეტორისაგან, მაგრამ თუ ისინი არ მოისურვებენ აქ მოსვლას, გადასცენ ის კოდექსი ჰიბერიის ზემოთხსენებულ სახელოვან პრეტორს, რომელიც ვალდებული იქნება გამოუგზავნოს ის ზემოხსენებულ ჩვენს უფალს და სახელოვან პატრიკიოსსა და ღვთივ მაგისტროს გრიგოლის.
2. თეოდოსი განგრელის მოგონებებიდან
ქვეყნის
გაჩენიდან 6118 წელს (=610), თუ ცოტა უფრო გვიან, როდესაც ღვთის შეწევნით ირაკლი (ჰერაკლე, 610-641) მეფობდა და როდესაც კონსტანტინეპოლის სასულიერო ტახტი სერგის ეჭირა (610-638), ქვეყანას მოედო მონოთელიტთა მწვალებლობა, რომელიც თითქმის 60 წელს მძინვარებდა. (აქვე მოკლედ მოხსენიებულია მონოთელიტი კეისრების მიერ მარტინე პაპის, მაქსიმეს და ანასტასის დევნის შესახებ). კონსტანტი (II, 641-668) არ დასჯერდა ამ ამბებს და ჯერ წმინდა მაქსიმე მისი მოწაფითურთ (ანასტასი) ჩაამწყვდია ციხეში, და რომ დაინახა, რომ მიუხედავად მრავალი ბრალდებისა, ისინი მაინც იცავდნენ ორთოდოქსობას, ბრძანა გაეძევებინათ ისინი თრაკიაში, ქალაქ ბიზიაში და ქალაქ პერბერისში.
იმავე კოსტამ, როგორც დრაკონმა, კვალვ მოაყვანინა ისინი თავისთან. როდესაც იმათ ასამართლებდნენ, ისინი კიდევ უფრო მეტად ჰკიცხავდნენ მას და მისიანებს. გაცოფებულმა კოსტამ მათ ხელები და ენები დააჭრევინა და ლაზიკეში გადაასახლა ისინი. ამის მიუხედავად, მარჯვენა მკლავზე მიიბა ანასტასიმ ორი ძალიან პატარა და წვრილი ჯოხი და იმით დაწერა წერილი, რომლითაც აღწერა მათი ამბავი ლაზიკეში.
როგორც საშინელი ფიცის ქვეშ გვიამბო
(668 წელს) ლაზიკის პატრიკიოსმა ლებარნიკიოსმა, რომელიც ღვთის განგებით ამის თანამხილველი ყოფილა და თავის თვალებს ძლივს უჯერებდა და დიდი საკვირველების უცნაურობის გამო.
მარტო ეს წერილი კი არ დაწერა მან (ანასტასიმ) ამ წესით, არამედ მრავალი სხვა წიგნიც და საკუთარი ნაშრომების და წმინდა ნაწარმოების ტომებიც, როდესაც ის იყო თავის უკანასკნელ, ე.ი. მესამე გადასახლებაში.
იმ ციხეში, რომელსაც თუსუმესი ეწოდება და რომელიც მდებარეობს სოფელ მოქვის ზემოთ აფსილიის მხარის საზღვარზე, პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, კავკასიის მთების ზედ ძირში, ქრისტესმოყვარე აბაზგებისა და ალანთა ტომის მახლობლად, ხუთი სიმიის (5000 ნაბიჯი) მანძილზე სოფელ ჯიხახორიდან, ე.ი. იმავე ლაზთა ქვეყნის ჭეშმარიტად ქრისტესმოყვარე პატრიკიოსისა და მაგისტროსის გრიგოლის პირველი სახლიდან, რომელსაც ის ამ წერილში ღირსეულად მიუძღვნის კეთილ ხსოვნას; იმ საცოდავი მმართველების იძულებით და განკარგულებით, რომლებიც მის წინ იყვნენ იქ ვიდრე მის დრომდე. ის ამ მესამე გადასახლების დროს შვიდჯერ იქნა გადანაცვლებული უხეირო ადგილებში და დიდად დაიტანჯა, და გარდაიცვალა ხსენებულ თუსავის ციხეში (666 წ. 11 ოქტომბერს).
შემდეგ, წმინდა და ნეტარხსენებული მაქსიმე..., რომლის ძეგლი ყოველ ღამე ლამპრებს აჩენს, იხილვება იმ დღიდან, როდესაც გარდაიცვალა, ვიდრე დღევანდლამდე..., როგორც ამას გვაცნობებს ზემოთმოყვანილი წერილი. ჩვენ თვითონაც საკუთარი ყურით გვსმენია იმ ადგილის მრავალი მმართველისა და მცხოვრებლებისგან, რომლებიც ფიცის ქვეშ გვიამბობდნენ დარწმუნებით ამ საკვირველებათა შესახებ. ხოლო იმათგან, რომელთაც საკუთარი თვალით უნახავთ ეს ლამპრები, ერთი დღესაც ცოცხალია, იმავე სქიმარის ციხის უფროსი მისტრიანე, რომელსაც თავის ჯარისკაცებთნ ერთად დარაჯობის დროს, არა ერთხელ და არა ორჯერ, არამედ ხშირად უნახავს ეს ლამპრები და პირველს მას უამბნია ყველასთვის.
ჩვენ კი ვერ შევძელით იქ მიგვეღწია, რადგან მეტად ძნელია ასვლა იმ მთაზე, ე.ი. კავკასიონის მწვერვალზე - მასზე უფრო მაღალი მთა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, თანაც ზამთარი იყო და გარდა ამისა იმ მხარეში ხალხი ღელავდა.
აი, ეს უწმინდესი და საკუთარი ხელით დაწერილი ზემოხსენებული წერილი გადმოგვეგზავნა ჩვენ..., მათი იმ მესამე გადასახლების ადგილიდან, ე.ი. ლაზიკიდან...
გადმოგცა ეს ჩვენ უმცირესთ, ე.ი თეოდოსის და თეოდორეს, მკვიდრსა და ნამდვილ ძმებს, საწყალსა და ცოდვილ ბერებს გრიგოლის ხელით; ის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინაძღვარი და ამბაა ალანთა მხარეში, რომელსაც ბეტარარუ ეწოდება, ამაღლების ეკლესიაში (?); გადმოგცა ეს წმინდა წერილი აგვისტოს ოცს, წინა ინდიქტიონის მეთერთმეტე წელს, როდესაც ჩვენ ჩვენს მიერ ხშირად მოხსენებულ ლაზთა ქვეყნიდან ვბრუნდებოდით.
მოხსენიებული ციხე-სიმაგრრების განმარტება
1. სქიომარი - უნდა იყოს კოდორის ხეობაში
მდებარე ციხე-სიმაგრე. „სგიმერ“ ზემო სვანურად მჟავე წყალს ნიშნავს. კოდორის
ხეობაში, მდ. ჩხალთის (აწგარა) მარჯვენა მხარეს, მის შენაკადებს: შოუდიდსა და
ყვარაშს შორის, მდ. გორანის (ჩხალთან მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას არის
მჟავე (მინერალურ) წყლებიანი ადგილი.
მდ. ჩხალთა მდინარეების
მარუხისა და ადანგეს შეერთების ადგილიდან იღებს სათავეს. მარუხი მარუხის
(მარუხბაში) მთიდან მოედინება, ხოლო ადანგე - ადანგეს უღელტეხილიდან. მარუხის
უღელტეხილზე გადმოდის ჩრდილო კავკასიიდან მომავალი გზა, რომელიც მოუყვება ჯერ
მდინარე მარუხს, შემდეგ მდ. ჩხალთას კოდორთან შესართავამდე, სოფელ ჩხალთამდე.
შემდეგ ეს გზა კოდორის ხეობის მთავარ გზას უერთდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსკენ,
ბარისკენ ეშვება. როგორც ჩანს სწორედ ჩხალთის შუა წელზე მდებარე მჟავე წყლებმა
მისცა სახელი აქაურ ციხე-სიმაგრეს.
სამხედრო-სტრატეგიული
თვალსაზრისით ჩრდ. კავკასიიდან მარუხის უღელტეხილზე გადმომავალი ეს გზა, რომელიც
ჩხალთის ხეობით პირდაპირ კოდორის ხეობის შუა გულში შედის, აუცილებლად გამაგრებული
უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ამ მხრიდან ალანთა თავდასხმის შემთხვევაში მთელი ხეობა დაუცველი დარჩებოდა. წლების უკან არქეოლოგმა შ. ჩართოლანმა ნასოფლარ აწგარას ზევით, მდინარე ჩხალთის მარცხენა მხარეს, უღელტეხილისკენ მიმავალ გზისპირას დააფიქსირა ბუჩქნარით დაფარული ნაკოშკარის ნაშთი, რომელიც 5-6 კმ-შია ზემოთ ნახსენებ მჟავე წყლებთან. შესაძლოა ძველი სქიმერის ციხე აქ იყო, თუმცა სამწუხაროდ მეტის თქმა არ შეგვიძლია, რადგან რუსთა ოკუპაციამდე კოდორის ხეობის დეტალური შესწავლა არ მომხდარა და დღეს მითუმეტეს
წარმოუდგენლად ჩანს ეს საქმე.
2. ჩახარი - უნდა იყოს ჩხალთის ციხე. ჩხალთის ციხე მდებარეობს მდინარე კოდორის და ჩხალთის შესართავთან, მარჯვენა მხარეს, კლდის თავზე. შემონახულია გალავნისა და მდინარის ნაპირებამდე არსებული ზღუდის ქვედა ნაწილი (სიმაღლე 6 მეტრი) და შინა ნაგებობების ნანგრევები, მათ შორის ნაეკლესიარის ფრაგმენტები. ჩახარი რკინას ნიშნავს და ზოგიერთ წყაროში პირდაპიურ რკინის ციხის სახელით იხსენიება. ამ სიმაგრის მახლობლად, კოდორის მარჯვენა მხარეს, დასახლება ბუძგურთან მდებარეობს რკინის საბადო. სავარაუდოდ აქ რკინას ოდითგანვე ამუშავებდნენ და ციხესაც აქედან შეერქვა ეს სახელი.
3. ბუკოლუსი-ბოკელე მისიმიანეთში მდებარეობს. იგი კლდეზე, მდინარე ყოლოჩის (კლიჩი) მარჯვენა მხარეს, კოდორის ხეობიდან ქლუხორის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სიმაგრე უნდა იყოს. სიმაგრეს დაახლოებით ოთხკუთხა გარშემოწერილობა აქვს და გალავანს შიგნით შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის საკულტო ნაგებობების ნაშთები. ასევე ქლუხორისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე გვანდრას მარცხენა მხარეს, სოფელ გვანდრადან 7 კმ-ის დაშორებით, შემორჩენილია ზღუდე კედელი, რომლის სიგრძე დაახლ. 30 მეტრია, ხოლო სისქე 1 მეტრი. ეს კლდე-კარი მდინარის ნაპირიდან უახლოეს კლდემდე კეტავს გზას. სამანქანო გზის ნაწილზე კედლის ნაწილი დანგრეულია. სვანურად „ბოგრე“ გადასასვლელს ნიშნავს და ქლუხორის უღელტეხილზე გადამავალ გზას უნდა უკავშირდებოდეს. ციხე-სიმაგრეს იცნობს აგათია რომელიც ბუქლოოსს უწოდებს.
4. თუსუმესი/თუსავი ანასტასის ცნობით სოფელ მოქვის ზემოთ, აფსილიის მხარის საზღვარზე, 5 სიმიის (5000 ნაბიჯი) მანძილზე სოფელ ჯიხახორადან, პატრიკიოს გრიგოლის ერთ-ერთი რეზიდენციიდან მდებარეობდა. ამ დროისთვის აფშილეთ-ეგრისის საზღვარი ცალსახად კოდორზე უნდა ყოფილიყო. თუსუმი კოდორის მარცხენა მხარეს დღე. ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. აქ არის პატარა სოფელი თოუმიში (კუტოლის თემში, ოჩამჩირიდან ჩრდ-დას-თით 25 კმ-ზე) და პატარა მდინარე თოუმიში (ტუმუში). თოუმიშსა და კოდორს შორის სოფელ ათარაში შემორჩენილია ძველი ციხის ნანგრევები. ამ ციხეს გვიან შუა საუკუნეების ნაგებობად მიიჩნევენ, რადგან გალავნის აღმ. მხარეს აღმართულ კოშკს სათოფურები გააჩნია.
უფრო ზევით, მდ. თოუმიშის სათავესთან, სოფელ ოტრონჯიასთან ასევეა ძველი ციხის ნანგრევები. ამ ტერიტორიის პირდაპირ, მდ. კოდორის მარჯვენა მხარეს კი უკვე წებელდას მხარეა, რომელიც აფშილეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა.
სოფელ ათარას ზევით, კოდორთან ახლოს არის ძველი სოფელი ფსკალი, რომელშიც ამავე სახელწოდების გორაზე დგას მომცრო ციხე-სიმაგრე, რომლის კედლების საერთო სიგრძე 125 მეტრია, ხოლო ფართობი 600 მ2. ციხე აგებულია მოზრდილი ქვის კვადრებით და კირის დუღაბით. ჩრდ-დას-ით დას ოთხკუთხა კოშკი. აქ აღმოჩენიული ადრეფეოდალური ხანის კერამიკული მასალის საფუძველზე ამ ნაგებობის ფუნქციონირებას ახ.წ. IV-V საუკუნეებიდან მაინც ვარაუდობენ. იმის გათვალისწინებით რომ თუსუმე აფშილეთის საზღვართან ანუ კოდორთან იყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ციხეთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სწორედ თუსუმე/თუსავი.
5. აქვეა საძიებელი ეგრისის პატრიკიოსთა ერთ-ერთი რეზიდენცია ჯიხახორა, რადგან იგი თუსუმედან 4-5 კმ-ზე მდებარეობდა. „ჯიხა“ მეგრულად ციხეს შიშნავს, „ხორა“ ბერძნულად ქვეყანას, მიწა-წყალს ან გამაგრებულ ადგილს.
6. ფუსტას ავტორები ხან მისიმიანეთში, ხანაც აფსილეთში უთითებენ. ფუსტა აშკარად სვანური ტოპონიმია. ფუსტი სვანურად იყო უფალი, ბატონი, ქვეყნის გამგებელი. სვანეთში არის ფუსტის სახელობის ეკლესიები და დღესასწაული. ამტყელის ტბის (კოდორის მარჯვენა მხარეს, მდინარის შუა წელის ჩრდილოეთით) სამხრეთ აღმოსავლეთით არის აფუსტას ხეობა (ა აფხაზური თავსართია). მკვლევარი ი. ვორონოვი აქ ფუსტას ციხეს უთითებს მდინარე ცივ წყალზე (ცივი წყალი მდ. ამტყელს უერთდება, ამტყელი კი კოდორს სოფელ ლანთასთან, იქ სადაც კოდორი მკვეთრად უხვევს დასავლეთისკენ). მის აღწერით, შემორჩენილია მშრალი წყობით აგებული ციხის კედლის ნანგრევები, რომელთა სიგრძე 350 მეტრს შეადგენს. ამ მიკრორეგიონში ბათის, ფალის, ლარის და ახისთას მთებზე სხვადასხვა საფორთიფიკაციო ნაგებობების ნაშთებია აღმოჩენილი. ა. ვინოგრადოვი ფუსტას ციხედ ფალის სიმაგრეს თვლის. აქედან კოდორის გაყოლებით გზა ბაგადას ვიწროების გავლით სოფელ ლათასკენ მიემართება, შემდეგ კი დალის ხეობაში შედის. ლათა სვანურად გამყოფ ადგილს, გასაყარს ნიშნავს.
7. სკოტორის ციხე-სიმაგრე პირდაპირ აფშილეთშია, აბაზგიის მახლობლად. აფსილეთ-აბაზგიის საზღვარი V-VII საუკუნეებში მდ. გუმისთაზე უნდა ყოფილიყო. აბაზგიის ცენტრი იყო ანაკოფია (ბერძნული ტრაქეა, დღევ. ახალი ათონი). ამრიგად სკოტორი მდ. გუმისთის აუზში, მდინარის აღმოსავლეთითა და დღევ. სოხუმის ჩრდილოეთით არის საძიებელი.
8. თაკვირიის ანუ თაკვერის ციხედ მიჩნეული ზუბის ციხე მდებარეობს ცაგერიდან სამხრეთით 14 კმ-ზე, ცხენისწყალ-კვერშოულას შესართავს ქვევით, მთებით შემოზღუდული ხეობის ცენტრში ამოზიდულ მაღალ კონცხზე. მდინარის კალაპოტი კონცხის გარშემო წრეს მოხაზავს და ნაგებობას მიუვალს ხდის. ზუბის ციხე მდებარეობს გზასაყარზე. ციხის ძირში, სამხრეთით ცხენისწყალზე ხიდი იყო გადებული. ამ ადგილიდან გზები მიემართება სამეგრელოსა და იმერეთისკენ.
9. მუხურისის ციხე ახლანდელ სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლაგომის მიდამოებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий