воскресенье, 4 февраля 2018 г.

საქართველო – დაღესტნის ურთიერთობა XV–XVIII საუკუნეებში. ნაწილი I (თ. ბოცვაძე)

     შესავალი
     დაღესტანი ხალხმრავალი და უფრო მეტად მრავალენოვანი ქვეყანაა. დაღესტანში სხვადასხვა მონათესავე თუ არამონათესავე 30-მდე ეთნიკური ჯგუფი თუ ხალხი მოსახლეობს, რომლის ერთ ნაწილს საკუთარი და დამოუკიდებელი ენა აქვს, ხოლო ნაწილი კი დღესაც მეტყველებს 70-მდე დიალექტზე1. შემთხვევითი არაა, რომ დაღესტანი უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც „მთიანი ქვეყანა“ და „ენათა მთა“. დაღესტანში იმ ეთნიკურ ჯგუფებს თუ ხალხებს შორის, რომლებიც უმეტესად აღმოსავლურ კავკასიურ ენათა გაერთიანებაში ხვდებიან, ძირითადად გამოყოფენ ოთხ დაჯგუფებას: ავარულს ანუ უფრო სწორად, ავარულ - ანდიურ - დიდოურს2, ლაკურს3, ლეზგიურს და დარგუულს. ავარები ანუ ხუნძები ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია დაღესტანში. ავარულ - ანდიურ - დიდოურ ჯგუფში შემავალი ხალხები გეოგრაფიულად ძირითადად მოიცავენ დაღესტნის როგორც შიდა, ისე მთიან და მაღალმთიან ალპიურ ზონას, კერძოდ კი ანდალალის, გერგებიბილის, გუმბეტის, გუნიბის, კაზბეკოვის, კახიბის, რიტლიაბის, ტლიარატინის, უნცუკულის, ხუნძახის, ჩაროდინის, ბოთლიხის, ცუმადინის, ცუნტინის, კელენის ახვახის და ნაწილობრივ ბუინაკისა და ლევაშის რაიონებს. მეორე - დარგუულ დაჯგუფებაში ძირითადად დარგიელები გამოირჩევიან, რომლებიც რაოდენობისდა მიხედვით ავარების შემდეგ მეორე ხალხია დაღესტანში. ისტორიულად მოსახლე დარგუული დაჯგუფების ხალხები გეოგრაფიულად ძირითადად შუა დაღესტნის ფართობს მოიცავს. თვით დარგიელები განსახლებულნი არიან სერგოკალინის, აკუშინის და დახადაევის რაიონებში. დახადაევის რაიონის ცენტრალურ ზონაში მოსახლეობენ ყუბაჩელები, ხოლო ამავე რაიონის სამხრეთით - კაიტაღელები. რაც შეეხება ლევაშინისა და ცუდახარის რაიონებს, აქ ძირითად მოსახლე დარგიელებს გარდა სახლობენ აგრეთვე მცირე რაოდენობით ავარელები და ლაკები. კაიტაღის რაიონში კაიტაღელების გარდა ნაწილობრივ არიან აგრეთვე დარგიელები და ყუშიკელები. დაღესტნის ხალხებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლეზგიურ დაჯგუფებას, რომელიც აერთიანებს ლეზგიურ, ღულურ, რუტულურ, წახურულ, ტაბასარანულ, ხინალუღურ, კრიწულ, ბუდუხურ და უდურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს4. ამ ხალხებს შორის დამწერლობა მხოლოდ საკუთრივ ლეზგიურსა და ტაბასარანულს გააჩნია. ლეზგიურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს კიურინის დიალექტი ლეზგიური დაჯგუფების ხალხები გეოგრაფიულად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს მოიცავენ. კერძოდ, კურახის, კასუმკენტის, მაგარამკენტის, დოკუზპარინის და ახტინის რაიონებს. დაღესტნის კავკასიური წარმოშობის ხალხების მეოთხე დაჯგუფებას წარმოადგენს ლაკური. ლაკების ძირითადი მასა სახლობს დაღესტნის მთიანეთში - ლაკის, კულინისა და "ნოვო-ლაკის" რაიონებში. ნაწილი ლაკური მოსახლეობისა მომიჯნავე მხარეებში ბინადრობს - ლევაშის, აკუშინისა და რუტულისაში. დაღესტანში კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან თუ ხალხებთან ერთად ცხოვრობენ აგრეთვე არაკავკასიურ ენებზე მოლაპარაკე სხვა ხალხებიც. მაგალითად, ყუმიკები და მთის ებრაელები. ყუმიკები მიეკუთვნებიან თურქული მოდგმის ჩრდილო - დასავლურ (ყივჩაღურ) ჯგუფს. მათი ენა შედგება სამი ურთიერთთან ახლოს მდგომი დიალექტისაგან: ჩრდილოური (ხასავიურტის); საშუალო (ბუინაკის) და სამხრეთისა (კაიტაღის). სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ხასავიურტის დიალექტი. ყუმიკები კომპაქტურად სახლობენ უმეტესწილად დაღესტნის დაბლობ რაიონებში და გეოგრაფიულად განფენილნი არიან ხასავიურტის, ბაბაიურტოვის, ეიზილიურტოვის, ბუინაკის, ყარაბუდახკენტის კაიაკენტის და კაიტაღის რაიონებში. დაღესტნის მკვიდრთა ორგანულ ნაწილს შეადგენენ აგრეთვე მთის ებრაელები, რომელთა ენა - ტატური ირანული წარმოშობისად ითვლება5. ადრეულ საუკუნეებში საწარმოო ძალების განუვითარებლობამ და წარმოებით ურთიერთობათა შესაბამისმა დონემ, განსაკუთრებით არსებულ გეოგრაფიულ გარემოში, რამდენადმე განაპირობა დაღესტნის ხალხების კონსოლიდაციის ნელი პროცესი. მათი საუკუნოებრივი კონსოლიდაცია დღესაც გრძელდება. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში ერთ - ერთი ურთულესი პრობლემაა ამ ორი ქვეყნის ისტორიაში. ეს ურთიერთობა, თავის მხრივ, განპირობებული იყო არა მარტო სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკურ - კულტურული განვითარებით, არამედ მათი ურთიერთობითაც გარე სამყაროსთან - რუსეთთან, თურქეთ - ყირიმხანსა და ირანთან. აღნიშნული ურთიერთობანი ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ. მაგრამ დროდადრო პარალელურადაც ვითარდებოდნენ, თუმცა ისინი არსებითად არასოდეს არ დაცილებულან ერთმანეთისაგან. დაღესტნის მოსახლეობა, მიუხედავად მრავალხალხოვნებისა და მრავალეროვნებისა, ქართული წყაროებისა და ქართული საზოგადოებრიობისათვის უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე ცნობილი იყო უმეტესად ერთი საერთო კრებითი სახელით - ლეკები, ხოლო ქვეყანა ლეკეთად (შუა საუკუნეებში დაღესტნად). დაღესტნის ხალხების ეპონიმის სახელი ლეონტი მროველთან სწორედ ასეთნაირად გვხვდება: "პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს“. „ხოლო მას ჟამსა იყო ვინმე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი და მან გრძნებითა თვისითა დააბრმო ქეკაჰოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუმოიქცა"6. დაღესტნის ხალხებიდან ქართული წყაროები იცნობენ აგრეთვე დიდოელებს. ლეონტი აღნიშნავს: "მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზულ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და... გარდმოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი“. ლეონტი იცნობს აგრეთვე გეოგრაფიულ მხარესაც - დიდოეთს8; მაშასადამე ლეონტი იცნობს ლეკებსა და დიდოელებს, ხოლო მათ შესაბამისად ლეკეთსა და დიდოეთს. დაღესტნის ხალხები - ლეკები და დიდოელები9 უცნობი არ ყოფილა მეორე ქართველი ისტორიკოსის - ჯუანშერისთვისაც (XI ს), მაგრამ ლეონტისაგან განსხვავებით, მასთან კიდევ ერთ ახალ დასახელებას ვხვდებით - ხუნძებს და გეოგრაფიულ სახელს - წუქეთს ანუ წახურს10. XI ს. ერთ-ერთ ქართულ საისტორიო თხზულებაშიც „მატიანე ქართლისაი“ დაღესტანი ცნობილია ლეკეთის სახელით11. ლეკები გვხვდება აგრეთვე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან12 (XI-XII სს.); ლეკები, დიდოელები და დიდოეთი ფიგურირებენ ისეთ ბრწყინვალე ქართულ თხზულებაში, როგორიც არის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი13“ (XII-XIII სს.). XI ს. ბასილი ეზოსმოძღუარის თხზულებაში კი „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, ვხვდებით ღუნძების ხსენებას14; ლეკები, ღუნძები და ღუნძეთი კარგადაა ცნობილი აგრეთვე ისეთ ქართულ საისტორიო ძეგლში, როგორიც არის „ჟამთააღმწერელი“ (XIV ს.) იქ, სადაც მოცემულია თხრობა თათარ-მონღოლთა საქართველოში შემოსევისა და შემდეგ იმიერკავკასიაში მათი ლაშქრობის თაობაზე. ჟამთააღმწერელი გვამცნობს: „შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა - განეწყო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და გამარჯვებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე“15. დაღესტნის ხალხები თითქმის ერთიდაიგივე სახელწოდებებით გვხვდებიან ბერი ეგნატაშვილთა16, ვახუშტისთან, პაპუნა ორბელიანთან. ომან ხერხეულიძესთან, ფარსადან გორგიჯანიძესთან და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუასაუკუნეებში ქართველებს დაღესტნის ხალხების აღმნიშვნელად თითქოს კიდევ ერთი კრებითი სახელი უნდა ჰქონოდათ, კერძოდ, გულხადარ, გულვხადარი თუ გლუხადარ გლეხოდარი17, „ჭარის ომების ქრონიკაში“ იგი ცნობილი იყო „ბულკადარების“ სახელით18. დ.ბაქრაძის სიტყვით, ბულხადარებს საერთოდ მთაში მცხოვრებ ლეკებს უწოდებდნენ19. ჭარის ომების ქრონიკის20 შენიშვნებში გულხადარები მიჩნეულნი არიან მთიელ ანდიელებად. მ. კოცებუს და ზ. ედილის მიხედვით21 გულხადარებს თუ გლუხადარებს ქართველები იმ ლეკებს უწოდებდნენ, რომლებიც კახეთსა თუ საინგილოში ჩამოდიოდნენ სამუშაოდ. პეტრუშევსკის აზრითაც, კახეთში გლუხადარებად უპირველეს ყოვლისა ცნობილი იყვნენ დაღესტნელები22. წყაროების შინაარსობლივი შეჯერებისას ვრწმუნდებით, რომ გულხადარები კახეთის უშუალო მეზობლები არიან და ტერიტორიულად ცხოვრობენ ხუნძახში, საიდანაც ისინი სამუშაოდ თუ სალაშქროდ, პირდაპირ კახეთში გადმოდიოდნენ. ამიტომ ჩვენც სავსებით ვეთანხმებით დ.მეგრელაძეს, რომელიც იშველიებს ვახუშტის ატლასს, სადაც გულხადარა ნახმარია ხუნძახის აღმნიშვნელ სახელად და ამდენად თვითონაც ამ აზრისაა23. დაღესტნის ხალხებს იგივე სახელით - ლეკებით იცნობენ ბერძნულ - სომხურ - არაბული და სხვ. წყაროებიც. ასე, მაგალითად, სტრაბონი, რომელიც ეყრდნობა თეოფანეს, თავის გეოგრაფიაში წერს: „ალბანიის ზემოთ მთებში ცხოვრობენ ამაძონები... ამაძონებსა და ალბანელებს შორის სკვითები - გელები და ლეგები ცხოვრობენ24. ლეგები, რომლებსაც ანტიკური მწერლები სკვითური მოდგმის ხალხებად მიიჩნევენ, მოხსენებულნი არიან აგრეთვე პტოლემაიოსთან და პლინიუსთანაც25. სტრაბონის მსგავსად აქვს მოცემული ცნობები გელებისა და ლეგების შესახებ პლუტარქსაც26. სომხური წყაროებიდან აღსანიშნავია მოსე ხორენელის ცნობა. სპარსელებისა და სომეხ-ბერძენთა ერთ-ერთი დიდი ბრძოლის აღწერისას, რომელიც შედგა დცირავთან, ხორენელის სიტყვით, სომეხმა მხედართმთავარმა „კამსარ სპანდარტმა განგმირა ლეკთა მეფე გულადი შერგირი27“. IX-XIII სს. არაბი მოგზაურებისა და მწერლებისათვისაც დაღესტნის ხალხები ცნობილი იყო უმეტესად რამდენიმე სახელით, კერძოდ, ლაკზების (ლაქზები)28, გუმიკებისა29 და ზერეკერენების - ზირეხგერენების30 (შემდეგდროინდელი ყუბაჩელები - თ.ბ.). ზემოთ მოყვანილ ცნობებზე დაყრდნობით შეიძლება ვიფიქროთ - რომ დაღესტნის ხალხების ძირითადად აღმნიშვნელ კრებით სახელს - ქართულ-ლეკებს, სომხურ-ლეკებს, ბერძნულ-ლეგებს, არაბულ-ლაკზებს თუ ლაქზებს პირველსაწყის საფუძვლად ადრეულ საუკუნეებში დაღესტნის სხვებზე მეტად გაძლიერებული და გავლენამოპოვებული ერთ-ერთი ტომისა თუ ხალხის სახელი უნდა დადებოდა. იმ ისტორიული მასალების მიხედვით, რომლებიც ხელთ მოგვეპოვება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ტომი თუ ხალხი, რომელთაც ადრეულ შუასაუკუნეებში, განსხვავებით დაღესტნის სხვა მოძმე ტომებისა თუ ხალხებისაგან, დაახლოებით V საუკუნისათვის თავიანთი ძლიერი გაერთიანება შექმნეს, ლაქები უნდა ყოფილიყვნენ. წყაროების მიხედვით, ლაკების ამ გაერთიანება - სამეფოს უნდა ეარსება XI საუკუნემდე. ბუნებრივია, რომ რამდენიმე საუკუნის მანძილზე, დაახლოებით V-XI სს., სხვებთან შედარებით, ძლიერი გაერთიანების არსებობა შექმნიდა მისი ძირითადი მოსახლეობის სახელის გავრცობის საფუძველს უფრო ფართო მასშტაბით. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ ლაკური იყო და მასში არ იყვნენ მოხვედრილი სხვა მოძმე და მომიჯნავე ტომები, მაგალითად ლეზგები, ავარები და სხვ., განსაკუთრებით ისინი, ვინც დაღესტნის სამხრეთ რაიონებში ბინადრობდნენ. მაგრამ ყველა ისინი იმჟამად მაინც ცნობილი იყვნენ ლაკებად. მსგავსი მაგალითები ისტორიაში არც თუ ისე ცოტაა. არაბი  მწერლებიდან ლაკზების სამეფო პირველად მოხსენებული აქვს იბნ-ხორდადბეს31 (IX ს.). მასზე შედარებით სრული ცნობები მოეპოვებათ ალ-ისტარხსა და მასუდის, რომელთა ცნობებიც მოჰვავს მათ მომდევნო თითქმის ყველა არაბ მწერალს. ისტარხის მიხედვით, ბაბ - ულ - აბვაბის ანუ დერბენტის შემდეგ ტაბასარანის ქვეყანაა, რომლის "ხალხები ისეთივე გულადნი და მამაცნი არიან, როგორც ლაკზები და მათი ქვეყანა თითქმის ისევე მჭიდროდაა დასახლებული, როგორიც ლაკზებისა, ცოტა იმ განსხვავებით, რომ ლაკზები ტაბასარანელებს რიცხობრივად აღემატებიან და სამფლობელოც უფრო ვრცელი აქვთ“32. ალ-ისტარხის ამ ცნობებს თითქმის ზუსტად იმეორებს იაკუთიც33 (XIII ს.). შირვანის სამეფოს ისტორიის რიგი მოვლენების აღწერისას მასუდი (X ს) პირდაპირ აღნიშნავს: „შირვანის სამეფოს დასაყრდენს ლაკზთა სამეფო წარმოადგენს, რომლის მრავალრიცხოვანი ხალხი მაღალმთიან ადგილებში ცხოვრობს34. ლაკზების სამეფოს X ს. იმდენად დიდი გავლენა მოუპოვებია, რომ ერთ–ერთი თანამედროვე არაბული წყაროს მიხედვით, ლაკთა მეფე ალ-ბაბის სამეფოს ანუ დერბენტის სამეფოს მმართველადაც კი მოუწვევიათ35. როგორც წყაროებიდან ირკვევა, ლაკების სამეფო მდებარეობდა შირვანის მთელი ჩრდილო საზღვრის გასწვრივ. შირვანისაგან მას ჰყოფდა ბუნებრივი საზღვარი - კავკასიის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტო. მისი ტერიტორია დაახლოებით მოიცავდა თანამედროვე ყუბის დასვლეთით მდებარე და მდ.სამურის ზედა და შუა წელის რაიონებს36. XI საუკუნის 70-იანი წლებისათვის ლაკების ქვეყნის აღმოსავლური და დასავლური რაიონები შირვანშაჰ ფარიბურზის მიერ იქნა მიტაცებული37. არაბული წყაროების მიხედვით, ლაკთა თუ ლაკზთა სამეფოს დაცემა სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ქართველებისათვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო, თავის დროზე ლაკთა ძლიერი გაერთიანება - სამეფო, რამდენადაც ისეთი ქართული რაიონები, როგორიც იყო კახეთ - ჰერეთი თითქმის მათ უშუალო მეზობლად მდებარეობდნენ, ხოლო უფრო გვიან XI-XII სს. საქართველოს გარკვეული პოლიტიკური გავლენაც ჰქონდა მოპოვებული შაქ-შარვანსა და დერბენტზე. XI ს ქართველი ისტორიკოსები ლეონტი მროველი, ჯუანშერი და სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი (VII ს.) ჩვენის აზრით, თითქოს უნდა იცნობდნენ ლაკთა ამ სამეფოს. ამის მანიშნებლად შეიძლება გამოდგეს მათ მიერ მოხსენიებული ლეკთა მეფეები. ასე. მაგალითად, ლეონტით - „გადმოვიდა მეფე ლეკთა“38, ჯუანშერით - „მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა“39, და ბოლოს ხორენელით - „კამსარ სპანდარატმა განგმირა ლეკთა მეფე გულადი შერგირი“40. ზემოთ მოყვანილი ცნობები, რამდენადმე იძლევიან იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ ადრეულ საუკუნეებში ლაკ-ლეკთა სახელმწიფოებრივი გაერთიანების არსებობაზე და ამავე დროს მის მჭიდრო ურთიერთობაზე საქართველოსთან41, რადგან ქართველები მათ ხშირად მიმართავდნენ, როგორც დამხმარე ძალას, ერთი მხრივ, საკუთრივ შიდაკლასობრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, თავს წამომდგარი მტრის წინააღმდეგ. ადრეულ საუკუნეებში ლაკთა სამეფოს უპირატესობამ დაღესტნის სხვა დანარჩენ გაერთიანებებზე: ტაბასარანზე. ზირიხგერანზე, ხაიდაკზე, გუმიკზე, სერირზე, ჯიდანზე და სხვ. როგორც ჩანს, საფუძვლად დაუდო დაღესტნის მთელი ხალხების აღმნიშვნელ ერთ კრებით სახელს - ლეკებს, მითუმეტეს, რომ ლაკების ქვეყანა, წყაროების მიხედვით, ძირითადად მოიცავდა, როგორც საკუთრივ ლაკთა ტერიტორიას, აგრეთვე ლეზგიურსა და ნაწილობრივ ავარულ - ხუნძური დაჯგუფების ხალხებით დასახლებულ თემებსაც42. ამიტომ, ნიშანდობლივია ის გარემოება რიგი სპეციალისტებისა ლაკებს პირდაპირ ლეზგებთან რომ აიგივებენ და სამართლიანადაც. მაგალითად, ვ.მინორსკი, ნ. ტრუბეცკოი43; ს. გაბიევი44, ნ. კარაულოვი45 და სხვ. ლაკთა სამეფოში ლაკების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანნი ლეზგები იყვნენ და შემთხვევითი არ არის, რომ ამ სამეფოს ძლიერების დაცემის პერიოდშიც (X-XI სს. - დან.) მაინც ძირითადად მასში შემავალი ორი ხალხი განაგრძობდა დომინირებას - ლაკები და ლეზგები; მაგრამ ამჯერად ალბათ იმ განსხვავებით, რომ ლეზგები უფრო დაწინაურებულან. შეიძლება ამით აიხსნას ის ფაქტიც, რომ ამხანად დადესტანთან დაახლოებული რუსებისათვისაც დაღესტნის ხალხები ასევე ერთი კრებითი სახელით შეიქმნენ ცნობილნი - ლეზგებად. ქართველებს კი არ შეიძლებოდა დავიწყოდათ ლაკი თუ ლეკი, მით უფრო რომ XIV-XV სს. ლაკები კვლავ დაწინაურდნენ ერთ-ერთ ძლიერ ფეოდალურ სამფლობელოდ - ყაზი-ყუმუხის საშამხლოს სახელწოდებით. რომელსაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, როგორც ამ საუკუნეებში, ისე შემდგომშიც. XV-XVI სს. მიჯნაზე საქართველოს ბედი ორმა დიდმა მოვლენამ განსაზღვრა: ერთი იყო სამეფო - სამთავროებად დაშლა, რომელიც გაპირობებული იყო თვით ქვეყნის სიღრმისეული ძალების განვითარებით. ხოლო მეორე - იგი მოხვდა მტრული გარემოცვის რკალში (თურქეთ-ყირიმხანი, ირანი და მათზე დამოკიდებული სხვადასხვა სასულთნო-სახანოები). ოსმალეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ (1453 წ.), XV ს. 60-70-იან წლებში ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობამ, ვენეცია - გენუის კოლონიების მოშლამ და ბოლოს ყირიმის სახანოს ჩამოყალიბებამ და მისმა ვასალობამ46, ოსმალეთს საშუალება მისცა უშუალოდ გამეზობლებოდა კავკასიას (ერთი მხრივ საქართველოს - ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე მხრივ ადიღე-ჩერქეზეთს - იმიერკავკასიაში). ამიერიდან ოსმალეთი დამაბრკოლებელ ზღუდედ გადაიქცა ევროპის პროგრესის გავრცელებისათვის აღმოსავლეთსა და კავკასიაში; განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მოხვდა საქართველო; მით უფრო, რომ მას სამხრეთით კიდევ ერთი მაჰმადიანური ქვეყანა - სეფევიდების ირანი მეზობლობდა. დასავლეთ ევროპის ინტერესების ჩამოცილება მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან „ახალ საუკუნეთა“ ეპოქაში, საქართველოსთვის დიდი უარყოფით; მნიშვნელობის ფაქტი აღმოჩნდა47. მას შემდეგ რაც ქართველებს ყოველგვარი იმედი გაუქრათ დასავლეთ ევროპის მიერ საქართველოს მონაწილეობით ე.წ. „ჯვაროსნული ლაშქრობის“ მოწყობისა კონსტანტინეპოლის მუსლიმანური დამპყრობლების წინააღმდეგ. იგი მეტად რთულ ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში მოხვდა. საქართველოს პოლიტიკის მესვეურთა წინაშე აქტუალურ ამოცანად იდგა არა მარტო ქვეყნის "მაჰმადიანური გარემოცვისაგან" გამოხსნა, აღმოსავლეთის ჩამორჩენილი სახელმწიფოების პოლიტიკური გავლენა - ბატონობისაგან თავის დაღწევა არამედ ეკონომიური დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებაც48. მოვლენების შემდგომი განვითარებით ამ მტრული გარემოცვიდან საქართველოს თავის დაღწევის სამი გზა დაისახა: საკუთარი ძალებით თურქეთ - ყირიმხანის ან ირანის ვასალობით და ბოლოს ერთმორწმუნე რუსეთის ან კათოლიკური ევროპის მფარველობაში შესვლით. საკუთარი ძალებით ქვეყნის გაერთიანება და შემდეგ ამ მტრული გარემოცვიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა, საამისო არც სოციალურ - ეკონომიური პირობები იყო და მითუმეტეს არც პოლიტიკური. თურქეთ - ყირიმხანისა ან ირანის გენოციდური პოლიტიკის წყალობით გამორიცხული იყო მათი ვასალობაც. რუსეთის გამოჩენამ ჩრდ. კავკასიაში საქართველოსათვის შექმნა მტრული გარემოცვის გარღვევის რეალური შესაძლებლობა. რუსეთთან კავშირ-ურთიერთობის დამყარება კი თავის მხრივ არც თუ ისე ადვილი იყო; XV-XVIII სს. ამ ურთიერთობათა მთელი ისტორია თვალნათლივ მეტყველებს, რომ პრაქტიკულად მისი ხორცშესხმა სავსებით დამოკიდებული იყო იმიერკავკასიის იმ სხვადასხვა ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებზე, რომლებიც გეოგრაფიულად რუსეთსა და საქართველოს შორის მდებარეობდნენ და ამდენადვე განმსაზღვრელად ზემოქმედებდნენ. ასეთები იყვნენ ჩრდელო-დასავლეთ კავკასიიდან კასპიის ზღვამდე ადიღე - ჩერქეზეთი - ყარაჩაი, ყაბარდო - ბალყარეთი, ჩრდილო ოსეთი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი და დაღესტანი. ასე რომ, საქართველოსათვის აუცილებელი შეიქმნა მის ჩრდილო კავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობის გაბმა, განსაკუთრებით ყაბარდო - დაღესტანთან, რადგან XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, ყაბარდო და დაღესტანი შედარებით ყველაზე უფრო მსხვილ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებს წარმოადგენდნენ ჩრდილო კავკასიაში, რომელთა გავლენის ქვეშ არაერთი ფეოდალურ-ტომობრივი ერთეული იყო მოქცეული. კონკრეტულ - ისტორიულ სიტუაციათა გამო XV-XVIII სს. საქართველო-ყაბარდოსა და საქართველო - დაღესტანს შორის მეტად განსხვავებული ხასიათის ურთიერთობანი განვითარდნენ. მართალია საქართველომ ყაბარდოს საშუალებით XVI-XVIII სს. შესძლო რუსეთთან კავშირ-ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჟინებით ცდილობდა, რათა ეს ურთიერთობანი დაღესტნის საშუალებით განხორციელებულიყო. საქმე ისაა, რომ საქართველოსთვის უშუალო მეზობლად მდებარე დაღესტანი და მასზე გამავალი სამიმოსვლო გზები უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოხერხებული იყო, ვიდრე ყაბარდოსი, რადგან ყაბარდოსა და საქართველოს შორის ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ხალხები მოსახლეობდნენ: ოსები, ყარაჩაელები, ბალყარლები, ჩეჩენ-ინგუშები და სხვ, რომლებიც არცთუ ყოველთვის მორჩილებდნენ ყაბარდოს დიდ მთავრებსა და ქართლ-კახეთის მეფეებს; მათი ცვალებადი ვასალური დამოკიდებულება კი საკმაოდ აფერხებდა, გზების სეზონურ მოქმედებასთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობასაც. ყველა ამ სიკეთეს ისიც ემატებოდა, რომ საქართველო-ყაბარდოს ძირითად მაგისტრალზე ხევ-ყაბარდოს გზაზე, არაგვის საერისთავო იდო, რომელიც არცთუ ყოველთვის ცნობდა თავს ქართლისა თუ კახეთის მეფეთა ყმად. თუმცა რუსეთ - საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობა აღნიშნულ საუკუნეებში ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულად გამოიყურებოდა, მაგრამ იგი მაინც ვერ წყვეტდა ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე საქართველოს გასვლის საკითხს, რადგან პირიქით კავკასიაშიც ყაბარდოსა და ამ მაგისტრალს შორის იგივე დაღესტანი იდო. რუსეთის დახმარებით დაღესტანთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება საქართველოსთვის ორ კარდინალურ საკითხს წყვეტდა: ერთი მხრივ, დაღესტანი და შემდეგ მისგან განშტოებული ჭარ-ბელაქანი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობას უშიშარყოფდა შაქ-შარვანთან და კასპიის ზღვაზე, ხოლო, მეორე მხრივ კი, თითქოს ბოლო მოეღებოდა იმ მუდმივ თავდასხმებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს მიმართ XVII-XVIII სს. ასე რომ, XVI-XVIII სს. საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა დაღესტნის საკითხი, რადგან მას იყენებდა თურქეთ-ყირიმხანი და ირანი, ერთი მხრივ, დაღესტან - საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ხოლო მეორეს მხრივ კი, რუსეთ-დაღესტნის ურთიერთობათა დამყარების წინააღმდეგ. განსაკუთრებით თურქეთ-ყირიმხანი ცდილობდა დაღესტნის ფეოდალთა წყალობით საქართველოსათვის მტრული გარემოცვის რკალის შეკვრას და შიგ „ქართველობის“ მოხრჩობას. ასე რომ, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს, რამდენადაც საკუთრივ მათთან ურთიერთობის მიღმა „დიდ სამეულთან“ ურთიერთობის საკითხები და მისი მომავალიც წყდებოდა. საქართველო - ყაბარდოს და საქართველო - დაღესტნის ურთიირთობანი მეტად განსხვავებული გზებით ვითარდებოდნენ. ასე, მაგალითად საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობას განაპირობებდა, ერთი მხრივ, კავკასიაში თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის მომძლავრება, და ამ ნიადაგზე რუსეთთან დაახლოების ტენდენცია, ხოლო, მეორეს მხრივ, ყაბარდო - დაღესტანსა და საქართველო - დაღესტანს შორის შედარებით გამწვავებული ურთიერთობა, რის გამოც ყაბარდო და საქართველო დაღესტნის წინააღმდეგ ერთგვარ მოკავშირეებად გამოდიოდნენ. ასეთ სიტუაციას დაემატა ყაზან - ასტრახანის სახანოების შემოერთებაც, რამაც რუსეთს იმთავითვე ხელსაყრელი პოზიციები შეუქმნა კავკასიაში თურქეთ - ყირიმხანსა და ირანთან შედარებით. მართალია საქართველო - დაღესტნის ურთიერთობამ რამდენადმე განაპირობა საქართველოს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ პრინციპში საქართველო-დაღესტნის ურთიერთობა სრულებით არ იყო განპირობებული რუსეთთან დაახლოების საერთო ინტერესებით. პირიქით, საქართველოსა და დაღესტანს ერთმანეთისაგან ძალზედ განსხვავებულად ესმოდათ რუსეთთან თავიანთი ურთიერთობა და მისი როლის თავიანთი ქვეყნების ისტორიულ განვითარება. ქართველ პოლიტიკოსთა მიზანი ნათელი იყო: რუსეთთან დაახლოება, მისი დახმარებით ქვეყნის გაერთიანება, თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის ძალმომრეობის აღკვეთა და დაღესტნის საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა. ამას კი თავისთავად მოჰყვებოდა საქართველოს გასვლა ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე. XVI-XVIII სს. მანძილზე ქართველ პოლიტიკოსთა ძირითადი მონაპოვარი მხოლოდ რუსეთთან დაახლოება იყო, მაგრამ თავისთავად არც ეს მონაპოვარი იყო ისტორიულად უმნიშვნელო და, რაც მთავარია, იოლად მოპოვებული, რამდენადაც ქართველ ხალხს იგი დიდ ფასად დაუჯდა, რის პირუთვნელი მოწმეც XVI-XVIII სს, მთელი ისტორიაა. დაღესტნის მთავართა მიზანიც ნათელი  იყო - შეძლებისდაგვარად მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა, რასაც ფაქტიურად უფრო მეტად აღწევდნენ, ვიდრე საქართველოსა და ყაბარდოს მეფე-მთავრები. დაღესტნელები უფრო მოხერხებულად იყენებდნენ რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის წინააღმდეგობებს, ვიდრე საქართველო და ყაბარდო, რაშიც, სხვათა შორის, მათ ეხმარებოდა, ერთი მხრივ, მათივე მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობა, ხოლო, მეორეს მხრივ, კი ქართველი და ყაბარდოელი ხალხების თავდადებული ბრძოლა თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის წინააღმდეგ. დაღესტნელები მოჩვენებით თურქეთ-ყირიმხანსა და ირანს ერთდროულად ყმობა - ვასალობდნენ, ხოლო დროდადრო კი თავისი ნებით შედიოდნენ რუსეთის მფარველობა - ქვეშევრდომობაში. ასე რომ, დაღესტნის მთავრები ერთდროულად სამ ბატონს მორჩილებდნენ, ხოლო სამივე ბატონი კი ხან საჩუქრებით, ხან დაპირებებით, ხან ძალმომრეობით, და ხან გამოქომაგებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი მხარე. თავისთავად ცხადია, რომ ყოველივე ეს დაღესტნის მთავრებს დიპლომატიური მანევრებისათვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევდა. რასაც, სხვათა შორის, ისინი არც თუ ისე ურიგოდ იყენებდნენ თავიანთი ერთგვარად დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მანევრირებული დიპლომატია გააჩნდათ დაღესტნის გამგებლებს რუსეთის მიმართ, რაც განპირობებული იყო მისი კავკასიელი მომიჯნავე მეტოქე მეზობლების ყაბარდო - საქართველოს ახლო ურთიერთობით რუსეთთან და თვით რუსეთის ახლო გეოგრაფიული მდებარეობით საკუთრივ დაღესტანთან, მით უფრო, რომ რუსეთი უკვე ერთპიროვნული ბატონ - პატრონი იყო ვოლგა - ასტრახანის დიდი სავაჭრო მაგისტრალისა. რუსეთთან ურთიერთობით დაღესტანი რამდენიმე საკითხის მოგვარებას ცდილობდა. ჯერ ერთი, იგი ამით თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის თვალში თავის ხვედრით წონას ზრდიდა და ამით გარკვეულ შეღავათს მოელოდა; მეორეც, რუსეთთან ურთიერთობით იგი მის წინააღმდეგ იმ აქტიურობის განელებას აპირებდა, რომელსაც, რუსეთი იჩენდა ყაბარდო-საქართველოს გამო. საქართველო - ყაბარდო - დაღესტნის „სამკუთხედს“ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ „სამკუთხედის“ საკითხის მოუგვარებლად კავკასიაში გაბატონება, თუ გავლენის მოპოვება შეუძლებელი ჩანდა. მართალია, თითოეული მათგანი - რუსეთი, თურქეთ - ყირიმხანი და ირანი - დროდადრო ახერხებდა ერთ რომელიმე მათგანზე (საქართველოზე, ყაბარდოზე ან დაღესტანზე) ზეგავლენის მოპოვებას, თუ დროებით ბატონობას, ანდა რომელიმე ორ მათგანზე ერთად, მაგრამ სამივეზე ერთდროულად გაბატონება ვერც დიპლომატიითა და ვერც იარაღით დიდი სამეულის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ შესძლო. ამიტომ იყო, რომ რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ურთიერთობების შეცვლა აუცილებლად იწვევდა საქართველო - ყაბარდო - დაღესტნის ურთიერთობათა შეცვლასაც, რადგან ეს უკანასკნელნი კონკრეტულ - ისტორიულ სიტუაციისდა მიხედვით ორგანულად იყვნენ დაკავშირებულნი რომელიმესთან. მდგომარეობა კავკასიის ქვეყნებისათვის კიდევ უფრო რთულდებოდა იმით, რომ სამივე დიდი ქვეყნის ინტერესები კავკასიაში პრინციპულად ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ამდენად გამორიცხავდნენ კავკასიის გავლენის სფეროებად დაყოფას. ასე მაგალითად, თურქეთი კავკასიის  დაპყრობით (რომლისთვისაც მას ორი ტოლძალოვანი გზა ჰქონდა, ერთი ყირიმ - აზოვ - ტამან - ყაბარდო - დაღესტანი და მეორე საქართველო - შაქ - შარვანი - ბაქო - დარუბანდი) თავისუფლად იჭრებოდა კასპიის ზღვის სანაპიროსა და ვოლგის მაგისტრალზე, რითაც იგი ერთდროულად ორ მიზანს აღწევდა; ჯერ ერთი რუსეთს უჭრიდა გზას სამხრეთით - შავი და კასპიის ზღვებისაკენ და აღმოსავლეთით - შუა აზიისაკენ, მეორეც, საკუთრივ თურქეთი თავისუფლად იკვლევდა გზას ირანსა და შუა აზიაში. ირანი კავკასიის დაპყრობით დაახლოებით ორ ძირითად პრობლემას სჭრიდა; ჯერ ერთი, თავის ძირითად მოწინააღმდეგე თურქეთს დევნიდა კავკასიიდან და კასპიის ზღვაზე გაბატონებით მტკიცედ ინაღდებდა თავის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ ირანს საშუალებას აძლევდა რუსეთთან უფრო აქტიური პოლიტიკის წარმოებისათვის. რუსეთის სტრატეგიული მიზნები - კავკასიაში პოლიტიკური გავლენის მოპოვება და აქაურ ზღვებზე გასვლა იყო, მით უფრო, რომ ყაზან - ასტრახანის შემოერთების შემდეგ მის კავკასიურ პოლიტიკას რეალური პერსპექტივა შეექმნა. ბაქო-დერბენტ-შემახიის ხელში ჩაგდებით რუსეთი ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ასტრახანის უშიშარყოფას და ამდენად ახლო სავაჭრო ურთიერთობასაც აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ხოლო, მეორეს მხრივ, ყაბარდო - საქართველოს ხელდებულ - ქვეშევრდომობით საბოლოოდ სწყვეტდა კავკასიაში გაბატონების პრობლემას. ასე რომ, თითოეული მხარის სტრატეგიული მიზნის მთლიანი განხორციელება აუცილებელი კანონზომიერებით გამორიცხავდა დიპლომატიური „მრგვალი მაგიდის“ საფუძველზე შეთანხმების მიღწევას გავლენის სფეროების განაწილებაში. მართალია, დროდადრო ადგილი ჰქონდა ურთიერთსაწინააღმდეგო სამხედრო - პოლიტიკურ კავშირებსაც, მაგრამ ეს უფრო კონკრეტულ - ისტორიული სიტუაციით გამოწვეული მანევრები იყო, ვიდრე საკითხის გადაწყვეტა ან მორიგება. ასე, მაგალითად, ირანი რუსეთისათვის ერთსადაიმავე დროს მოკავშირესაც წარმოადგენდა (ოსმალეთისა და ბუხარის წინააღმდეგ ბრძოლაში) და მოწინააღმდეგესაც (კახეთისა და საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში)49; ასეთსავე მდგომარეობაში იყო ოსმალეთიც. იგი რუსეთისათვის თითქოს მოკავშირეს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ, ხოლო იმავე დროს მოწინააღმდეგესაც საქართველო-ყაბარდო-საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში. შექმნილმა ვითარებამ თითქოს კავკასიური პრობლემების გადაწყვეტის თავისებური დიპლომატია გამოუმუშავა თითოეულ მათგანს, რაშიც ერთი შეხედვით, გადამწყვეტი სიტყვის და მოქმედების უფლება ვითომ საკუთრივ კავკასიურ პოლიტიკურ წარმონაქმნებს საქართველოს, ყაბარდოს, დაღესტანსა და სხვ. ეძლეოდათ. ხდებოდა ისე, რომ რუსეთი, თურქეთ–ყირიმხანი თუ ირანი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლივ და დახმარების გარეშე კავკასიური პოლიტიკური წარმონაქმნები ხელთ ეგდოთ და შემდეგ კი ამ უკანასკნელებს თავის მხრივ, ასე ვთქვათ, "უარი ეთქვათ" დანარჩენი ორის ბატონობაზე თუ ყმობაზე. საკითხის ასე რიგად გადაწყვეტისას, რასაკვირველია, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ არა რუსეთსა და ირანს, არამედ უშუალოდ კავკასიელ გაერთიანებებს. რეალური შედეგი ის იყო, რომ საკუთარი დამოუკიდებელი ძალის უქონლობის გამო, XVI-XVIII სს. მთელ მანძილზე, თვითეული მათგანი ხან ერთი ბატონ - მფარველის ხელდებული თუ ყმა ხდებოდა, ხან ერთდროულად ორისა და მთელ რიგ შემთხვევებში კი სამთავესიც გამოდიოდა. ყოველივე ეს ისტორიული აუცილებლობით იწვევდა კავკასიის ადგილობრივი სამეფო - სამთავროებისა თუ სხვადასხვა. სახანო - სასულთნოებში ძალთა გარკვეულ გადაადგილებას, რის გამოც მათი უშუალო ურთიერთობაც უმეტეს წილად უკვე გაპირობებული ხდებოდა რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ურთიერთდამოკიდებულებით, რამაც, რასაკვირველია, თავისებური დაღი დაასვა კიდეც კავკასიის ხალხთა სოციალურ - ეკონომიურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებას.
შენიშვნები
1. Народы Кавказа, „Народы Дагестана”, Москва, I960, т.I, стр.403.
2. ვინაიდან დიდოელები ცნობილია აგრეთვე ცეზების სახელწოდებით, ამდენად სპეც. ლიტერატურაში არის მეორე ფორმულირებაც - ავარულ - ანდიურ - ცეზური იხ. З.А.Никольская, Аварцы. „Народы Кавказа“, т.I, Москва, 1960, стр.440, 463.
3. არნ. ჩიქობავას მიხედვით. იბერიულ - კავკასიური ენების ჯგუფი სამ ქვეჯგუფად იყოფა და არა ოთხად. ეს ჯგუფებია: 1. ხუნძურ - ანდიურ - დიდოური, 2. დარგუული და ლაკური, 3. ლეზგიური; არნ.ჩიქობავა, ენათმეცნიერების (შესავალი, თბილისი, 1952, გვ.369.
4. Л. И. Лавров, Лезгины. „Народы Дагестана“, Москва, 1955, стр.102-103; მისივე, Лезгины. „Народы Кавказа“, т.I, М., 1960, стр.503.
5. М.М.Ихилов, Горские еврей: „Народы Кавказа“, т.I, М., 1960, стр.554; მისივე, Горские еврей. „Народы Дагестана“, М., 1955, стр.226.
6. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.3–6, 12, 14 და სხვ.
7. „ქართლის ცხოვრება“, გვ.45, 66.
8. ქართლის ცხოვრება. გვ.27.
9. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა. ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.173, 220.
10. „ქართლის  ცხოვრება“, ტ.I, გვ.240.
11. „მატიანე ქართლისა“, „ქართლის ცხოვრება“, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.249.
12. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბილისი, გვ.344-345.
13. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, „ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი, 1959, გვ.111-112.
14. ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისი. „ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი. 1959, გვ.147.
15. ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი, 1959, გვ.252-253, 283.
16. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, „ქართლის ცხოვრება“, ტ.II, გვ.329, 401, 415, 421, 441; აგრეთვე, „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი, იქვე, გვ.454.
17. პაპუნა ორბელიანი,საქ-სც-ბა,გვ.180; М. Бpоссe, Пер, писка..., стр.226; М. А. Коцебу, Сведения о джарских владениях, 1826е История..., стр.252-253.
18. Хроника войн Джара, стр.10.
19. დ. ბაქრაძე, შენიშვნები ზაქათალის ოლქის შესახებ, გვ.9.
20. Хроника войн Джара, стр.54.
21. М. Коце6у, დას. ნაშრ. გვ.252-253; ზ. ედილი, საინგილო, გვ.35
22. И. П. Петрушевский, დას. ნაშრ., გვ.11
23. დ.მეგრელაძე, დასახ. სად. ნაშრ.. გვ.98.
24. თ.ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბილისი, 1957, გვ.136.
25. В. В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе, Вестник Древней Истории, 1947, №4, стр.222.
26. პლუტარქე, პომპეუსი, თბილისი, ტ.I, 1957, გვ.117.
27. Мойсей Xоренский (изд.Н.Эмина), М., 1858, гл. XXXVII. стр.194.
28. Ал-Мукадаси, „Лучшее из делений для познания климатов“, Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. XXXVIII, Тифлис, 1908, стр.18; აგრეთვე, Ал-Истархий, „Из книги путей царств“, СМОМПК, вып.29, Тиф., 1901, стр.16-17, 31; იხილეთ Ибн Хордадбе, „Книга путей и царств“, СМОМПК, вып.32, Тиф., 1903, стр.17; Масуди, „Книги сообщений и знаний“, СМОМПК, вып.XXXVIII, Тифл., 1908, стр.42; იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ., თბილისი, 1964, ნაკ.I, გვ.12, 20-21, 81.
29. Ибн-Русте, „Из книги драгоценных камней“, СМОМПК, вып.32, Тиф., 1903, стр.54; აგრეთვე, Масуди, დას. ნაშრ., გვ.52.
30. Масуди, დას. ნაშრ., გვ.52.
31. Ибн-Xордадбе, დასახ. ნაშრ., გვ.17.
32. Ал-Истархи, დასახ. ნაშრ., გვ.16-17.
33. იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ., თბილისი, 1964, ნაკ.I, გვ.21, არაბული ტექსტი ქართული თარგმანით და შესავლით გამოსცა ე.სიხარულიძემ.
34. Масуди, დასახ. ნაშრ., გვ.421; В.Ф.Минорский, История Ширвана и Дербенда, М., 1963, стр.191.
35. В. Ф. Минорский, История..., стр.100.
36. В. Ф. Минорский, История..., стр.108, 112.
37. В. Ф. Минорский, История..., стр.63, 112.
38. ქართლის ცხოვრება. ტ.I, გვ.45, 66
39. იქვე, გვ.173.
40. Моисей Хоренский, Ук. соч.. стр.194.
41. М. Р. Гасанов, Из истории экономических взаимоотношений Дагестана с Грузией (с древних времен до конца XIV в.). Проблемы развития экономики Дагестана, Махачкала, 1964, стр.142.
42. Очерки Истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.38.
43. В. Ф. Минорский, Ук. соч. 1930. стр.29, 108, 119, 192.
44. С. Габиев, Лаки, СМОМПК, вып.XXXVI, Тб., 1906, стр.7.
45. Н. С. Караулов, СМОМПК, вып.XIX, Тб., 1901, стр.63.
46. С. О. Шмидт, К характеристике русско-крымских отношений второй четверти XVI в., Международные связи России до XVII в., Москва, 1961, стр.366.
47. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, გვ.89.
48. ვ. გაბაშვილი, ფეოდალური საქართველოს ქალაქების ურთიერთობანი მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებთან, კრებული, ნარკვევები მახლობელი აღმსოავლეთის ქალაქების ისტორიიდან, თბილისი, 1966, გვ.164.
49. თ. ტივაძე, ირანთან პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI-XVII სს. მიჯნაზე, თსუ შრომები, ტ.113, თბილისი, 1965, გვ.207.

თავი პირველი
საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV - XVI საუკუნეებში
    ცნობილია, რომ X-XI ს-მდე საქართველო იმიერკავკასიის სხვადასხვა ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებთან კავშირის უწყვეტობითა და კეთილმეზობლობით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე მათი დაპყრობითა და შეერთებით. აღნიშნული მდგომარეობა არსებითად შეიცვალა X-XIსს.; ამ პერიოდში ეკონომიურად მომძლავრებული საქართველო უკვე მზად იყო თავისი შესაფერისი პოლიტიკური ექსპანსიისათვის. სიღრმისეული გაგებით, ეს ნიშნავდა ერთმონათესავეობის იდეით კავკასიური ძალების კონცენტრაციას საკუთართან, ერთიანი კავკასიური სამყაროს შექმნას და ამის შემდეგ უკვე შეტევაზე გადასვლას - არაკავკასიურ სამყაროზე. განსაკუთრებით ქმედითი იყო ეს იდეა X-XIII სს., როდესაც ქვეყნის სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების დონის მიხედვით „საქართველო მოწოდებული აღმოჩნდა ქცეულიყო იმ ცენტრად, რომლის გარშემო ერთიანდებოდა მთელი კავკასია“1. ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, ეს იყო ყოვლად პროგრესული მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობდა და საფუძველს შეუქმნიდა ამიერკავკასიისა და განსაკუთრებით იმიერკავკასიის ფეოდალურ საზოგადოებებს - უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში. ქართველი პოლიტიკოსები კავკასიის ამ დიდ გაერთიანებაში უპირველესად გულისხმობდნენ სომხეთის, აღმოსავლეთ კავკასიის - ძველი ალბანიის დიდ ნაწილს - შარვანსა და რანს და კავკასიის მთიანეთს. მაგრამ ქართველთა ეს დიდი პროგრესული საქმე კავკასიის გაერთიანებისა ხანგრძლივი დროით შეაფერხა თათარ-მონღოლთა შემოსევამ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, პროგრესული იდეების მატარებელ საზოგადოებას არასოდეს არ დაუვიწყია „კავკასიის ოდინდელი ერთიანობის შესახებ და შესაფერის მომენტშიც არ დაუყოვნებია ამ იდეის პრაქტიკულ სარბიელზე გამოტანა“2. რაკი ქართული ქრისტიანობა და ქართული დამწერლობა ის დიდი იარაღი იყო და საწინდარიც მისი შემდგომი აღმავლობისა და კულტურულ - ჰეგემონობისა კავკასიის ფეოდალურ სამყაროში3, ამდენად გასაგებიცაა თემურ-ლენგი ის დამოკიდებულება, რომელიც მან გამოიჩინა ქართველთა ამ საშუალებების მიმართ. ბუნებრივია, რომ თემურლენგი რომელიც კავკასიისათვის ოქროს ურდოს ებრძოდა, ჩრდ.კავკასიაში ყოველგვარი ქრისტიანული და ამდენადვე ქართული, მიუღებლად მიაჩნდა. ამიტომ მოეკიდა იგი მთელი სისასტიკით ქართული გავლენის ფესვების ამოძირკვას, კერძოდ კი ქრისტიანობისას. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ჩრდილო-კავკასიის ხალხები: ქისტნი, ღლიღვნი, ძურძუკნი, „ლეკნი ლეკოსისა ნათესაობანი“ და სხვანი, რომელნიც „იყვნენ ქრისტიანენი“, და ამავე დროს „იყვნენ ენითა ქართულითა მომზრახნი“, ან „იგინიცა ქართულისა ენისა მომზრახ იყვნეს ყოველნივე“4, თემურ-ლენგამდე ასე ვთქვათ პროქართულ ორიენტაციაზე იდგნენ; თემურლენგმა კი „რომელმანცა დაიპყრა იგინი, მიაქცივნა მრავლისა ტანჯვითა და სხვანი ლიქნითა და წყალობითა მრავალთა, დაუდგინნა არაბნი მოლანი (ესე იგი მოხმედისა სჯულისა მოძღუარნი და მასწავლებელნი), განუწესა მათ რათა ასწავებდნენ ყრმათა მათთა წერილსა არაბულისა ენისა, მისცა მათ ბრძანება ფიცხნი არღარა კითხვად და არცაღა სწავლად ქართულისა წიგნისა და რათა არცაღა ენა ქართული იზრახებოდეს მათ შორისა. მხოლოდ დაშთა ენა ქართული ლეკთა შორის ანწუხელთა, რომელნიცა დღეინდელად დღემდე ზრახვენ ქართულსა ენასა და უწყიანცა ენა ლეკთა“5. ასეთი პოლიტიკის შედეგად კავკასიის მთიანეთში საგრძნობლად იკლო ქართულმა გავლენამ. ქრისტიანობამ ნელ-ნელა დათმო პოზიციები და მისი ადგილი დაიჭირა ახალმა, მონოთეისტურმა რელიგიამ ისლამის სახით, რომელსაც დაღესტანში ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ ვინც არ მიიღებდა ისლამს იგი სიკვდილით ისჯებოდა6. თემურ-ლენგის პოლიტიკის წარმატება განაპირობა მის მიერ ოქროს ურდოს განადგურებამ და დაღესტნის დაპყრობამ. XIV ს.-დან მოყოლებული ისლამი ნელ-ნელა გადაიქცა არა მარტო ლეკების გაბატონებულ ტონებულ რელიგიად, რომელიც ექსპლოატაციის იარაღად ემსახურებოდა ფეოდალურ ზედაფენასა და ტომთა ბელადებს, არამედ ის გადაიქცა ყაზი-ყუმუხის საშამხლოსათვის „ურწმუნო“ მეზობელი თემების წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ დროშად. ნაზიმ ად-დინ შამის ცნობებიდან, რომელიც მოიცავს XIV ს. დასასრულისა და XV ს. მიჯნის პერიოდს, უკვე ერთი რამ აშკარად ჩანს, რომ „ყაზი-ყუმუჯხებისა“ და „აუხარელებისათვის“ (ლაკები და ავარები, - თ.ბ.), მეზობელ ე.წ. „ურწმუნოების“ წინააღმდეგ ბრძოლა ტრადიციულ ამბად გადაქცეულა. „ყაზი კუმუკლუკის ოლქსა და აუხარას ჯარს ჰქონდა ჩვეულება, - წერს ნიზამ-ად-დინ შაჰი, - რომ ყოველ წელსა და თვეს ბრძოლობნენ ურწმუნოების წინააღმდეგ“7. ასეთმა მდგომარეობამ კუმუხის მცხოვრებლები  გადააქცია „გაზად“ - „ყაზად“ ანუ „სარწმუნოებისათვის მებრძოლებად“. ხოლო ყუმუხი ყაზი-ყუმუხად. სწორედ ამ დროიდან ყაზი-ყუმუხელი შამხლები და მათი ქვეშევრდომი თემურ გაერთიანებათა ბელადები ეწევიან ე.წ. „რელიგიურ ომებს“, არა მარტო თავისი მეზობელი თემების მიმართ, არამედ თვით დაღესტნის ფარგლებს, გარეთ, ყაბარდოს, საქართველოსა და სხვათა წინააღმდეგაც. საერთოდ კი ასეთი სახის ომისათვის მთავარი ტონის მიმცემნი იყვნენ „ველური“ მომთაბარეები: თათარ-მონღოლები, თათარ - თურქმანები, თურქ - ოსმალები და ყიზილბაშები; ისინი იბრძოდნენ ადგილობრივი მაღალფეოდალური კულტურის მოშლისა და მის ადგილზე აღმოსავლურ - ბარბაროსულ - ფეოდალური ურთიერთობის დამყარებისათვის: მათ, ნ. ბერძენიშვილის სიტყვით, მაჰმადიანობა თავის ალმად აღიარეს და „გიაურთა“ (ქრისტიან მიწისმფლობელთა) წინააღმდეგ ბრძოლა საღმთო საქმედ“ გამოაცხადეს8. რამდენადაც თემურ-ლენგი ამ „მაჰმადიანური“ პოლიტიკის თანმიმდევრული გამტარებელი იყო, ამდენად შემთხვევითად აღარ გვეჩვენება რიგ გარემოებათა დამთხვევა XIV-XV სს. მიჯნაზე - საქართველოსა და ყაბარდოს მიმართ დაღესტნის გაერთიანებათა მხრიდან. „მაჰმადიანური“ პოლიტიკის დაღესტნისეულ წარმოებას ხელი შეუწყო იმ გარემოებებმაც, რომ საკუთრივ დაღესტანში სწორედ ამ პერიოდში (XIV-XVI სს.) ერთმანეთზე მიყოლებით ჩამოყალიბდნენ ძირითადად ფეოდალური სამფლობელოები და ე.წ. სათემო გაერთიანებები. ეს იყო ფეოდალურ ურთიერთობათა გამარჯვების დაწყების პერიოდი დაღესტანში. XIV-XV სს. სხვადასხვა ფეოდალურ გაერთიანებათა შორის დაღესტანში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ შედარებით მსხვილი პოლიტიკური და ეთნიკურ-კულტურული გაერთიანებები: ავარიის სანუცალო (ცენტრი ტანუსი), ყაზი-ყუმუხის საშამხლო (ცენტრი ყუმუხი), კაიტაღის საუცმიო (ცენტრი კალა-კორეიში), ტაბასარანის სამაისუმო (ცენტრი ზილი) და სხვ. თავისებური ადგილი ეკავა დერბენტს, რამდენადაც იგი შედიოდა შარვანის მფლობელთა განმგებლობაში. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის თვალსაზრისით ამ გაერთიანებათა შორის XIV-XVI სს. სხვებზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ავარიის სახანოსა და ყაზი-ყუმუხის საშამხლოს ეკავა. „ავართა მიწა“ მუჰამედ რაფის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერთაგანი იყო დაღესტანში. ამავე ავტორის სიტყვით, ავართა ხანი შემოსავალს ყველა სამფლობელოდან იღებდა. მას ეგზავნებოდა აგრეთვე გადასახადები და მეათედი წილი დაღესტნის ყველა მცხოვრებისაგან, დაწყებული ჩერქეზთა ქვეყნიდან შემახამდე9. ეს ცნობა თავისთავად მეტყველებს თუ რაოდენ ძლიერი იყო ავარიის სანუცალო. XV ს. ერთერთი ავარელი ნუცალის განდუნიკის ანდერძიდან ჩანს, რომ ავარიის სახანოს ჩრდილო საზღვრები ამ დროისათვის სალათავის მთებსა და ტარკს შორის მდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა10, რაც დაღესტნის სხვა მფლობელებთან შედარებით ყველაზე დიდ ფართობს შეადგენდა. დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ყაზი-ყუმუხის საშამხლოსაც, რომელიც ადრეულ საუკუნეებშიც ცნობილი იყო ასევე ძლიერ ლაკზის სამეფოდ. XI-XII სს. ლაკზის გაერთიანება შესუსტდა, XIV ს. 20-იანი წლებისათვის ოდნავ მოღონიერებული ყაზი - ყუმუხის საშამხლო მოჰამედ რაფის სიტყვით კვლავ დაეცა ავართა, კაიტაღელთა და თურქთა გაერთიანებული ძალებით“11. XIV ს. დასასრულისათვის ყაზი-ყუმუხის საშამხლო კვლავ ერთ-ერთ უძლიერეს გაერთიანებად რჩება. თემურ-ლენგის ძლიერი მხარდაჭერით ყაზი - ყუმუხი გადაიქცა არა მარტო პოლიტიკურ, ეკონომიურ და კულტურულ ცენტრად, არამედ მუსლიმანური იდეების ფორპოსტადაც. იგი უაღრესი თავდადებით ავრცელებდა ისლამს, როგორც თვით დაღესტანში, ასე მის ფარგლებს გარეთაც. XV საუკუნესა და XVI ს. მეორე ნახევარში ყაზი - ყუმუხის საშამხლომ საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვა მეზობელ სამხრეთ დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებებზე. ამჯერად მისი ტერიტორია მოიცავდა ყუმიკებისა და ლაკური ხალხებით დასახლებულ ტერიტორიებს. XV ს. შამხლები ატარებდნენ დაღესტნის ვალის ტიტულს, რაც მათ პირველობის უფლებას აძლევდა დაღესტნის სხვა მთავრებთან შედარებით“. იწოდებოდნენ რა დაღესტნის ვალიებად, შამხლები თავისი გავლენის ქვეშ აქცევდნენ აგრეთვე იმ თემებსაც, რომლებიც ფაქტიურად არ შედიოდნენ მათ სამფლობელოში. ასე რომ, XV–XVI სს. მიჯნაზე მთელ ჩრდილო – აღმოსავლეთ კავკასიაში საშამხლო გადაიქცა ყველაზე უფრო მსხვილ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნად. XVI ს. II ნახევრისათვის საშამხლოს საზღვრები ძირითადად გადაჭიმული იყო კაიტაღის, კიურიის, ავარიის, ყაბარდოსა და მდ.თერგის სასაზღვრო ხაზებიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე13. რამდენადაც ამ პერიოდისათვის ჩრდ. კავკასიაში ასეთსავე მსხვილ პოლიტიკურ დაქუცმაცებულ წარმონაქმს წარმოადგენდა ყაბარდოც, ამიტომ ფაქტიურად ჩრდ. კავკასიაში არსებულ სხვადასხვა ფეოდალურ - ტომობრივ ერთეულებზე გაბატონებისათვის XVI-XVIII სს. ერთმანეთს ძირითადად ეს ორი დაღესტანი და ყაბარდო ეცილებოდა14. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის შესწავლისას არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც თავისებური დაღი დაასვა ამ ურთიერთობას და რამდენადმე განსაზღვრა კიდეც მისი ხასიათი. სოციალურ–ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, მართალია ამ დროისათვის საქართველო და დაღესტანი ფეოდალურად დაქუცმაცებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მომავალი განვითარების ამოსავალი წერტილები მათ სხვადასხვა ჰქონდათ. ასე, მაგალითად, საქართველოსათვის XVI-XVIII სს. იყო დაჩიხულობის, უაღრესი დაქუცმაცებულობის პერიოდი, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო საწარმოო ძალების სტაგნაციითა და შინაფეოდალური თუ საგარეო ომებით, მაგრამ განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის პერიოდი კი განვლილი ჰქონდა. დაღესტნისათვის XV-XVI სს. დასაწყისი იყო ფეოდალურ ურთიერთობათა აღმავალი განვითარების პერიოდი, როდესაც აღმავალი ფეოდალური საზოგადოება, როგორც ნ.ბერძენიშვილი იტყოდა ხოლმე, ახალგაზრდული ბრძოლით მიიწევდა წინ15. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ დაღესტანში სწორედ ამ ხანებში ყალიბდება ერთიმეორეზე მიყოლებით ადრეფეოდალური გაერთიანებები: დერბენტის სახანო, ავარიის სანუცალო, ყაზი-ყუმუხის საშამხლო, კაიტაღის საუცმიო, ტაბასარანის სამაისუმო, ცახურის „სასულთნო და სხვ. მაგრამ ამ აღმავალ ფეოდალურ საზოგადოებებს შემდგომი ეტაპი ერთიან ფეოდალურ მონარქიად (გაერთიანებისა დაღესტანში არ გაუვლიათ. მართალია თავდაპირველად იყო საამისო ტენდენციები დაღესტნის ადრეფეოდალურ გაერთიანებათა ერთიან სახელმწიფოებრივ სისტემაში მოქცევისა, მაგრამ შექმნილმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა ხელი შეუშალეს ამ ცდებს. დაღესტნისა და საქართველოს ასეთმა განსხვავებულმა ვითარებამ თავისთავად განსაზღვრა ამ ორი მხარის მომავალი ურთიერთობა, რომელიც წინა საუკუნეებთან შედარებით გაცილებით უფრო რთული და დაძაბული გახდა. დუღესტნის ფეოდალური საზოგადოების განვითარების სპეციფიკა აღნიშნულ (საუკუნეებში ის იყო, რომ იგი ერთდროულად ვითარდებოდა სიღრმესა და სიფართეში; ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალები სათემო მიწების მიტაცებასთან ერთად იტაცებდნენ და ისაკუთრებდნენ აგრეთვე მეზობელი ქვეყნებისასაც (უმეტესწილად საქართველოსი და ყაბარდოსი). რაკი ფეოდალური მეურნეობის საფუძველს მიწათმოქმედება წარმოადგენდა, ამიტომ აღმავლობის გზაზე დამდგარი. ფეოდალური საზოგადოების, მისი ზედაფენის დაპყრობითი ლაშქრობების მიზანსაც ენგელსის სიტყვით, სწორედ მიწების მოპოვება შეადგენდა16. მაგრამ დაღესტანში ფეოდალური ურთიერთობის ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა საშინაო და საგარეო პირობების ზეგავლენით მეტად მახინჯი ფორმა მიიღო. თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის პოლიტიკურმა ზეგავლენამ, ქვეყნის შიგნით გააფთრებულმა შინაფეოდალურმა ომებმა და, ამასთან ადგილობრივმა წარმოებითმა გეოგრაფიამ (სახნავ - სათესი მიწების სიმწირე, ჭარბი მოსახლეობა, საწარმოო ძალების განუვითარებლობა), ეს თავდაპირველად თითქოს კანონზომიერი და პროგრესული მოვლენა, ქვეყნის ფეოდალური განვითარების თვალსაზრისით, გადააქცია ყველაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად მისი შემდგომი ნორმალური განვითარებისათვის. საქმე ისაა, რომ ეს თავდასხმები გადაიქცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაღესტნის ადრეფეოდალური საზოგადოების მეურნეობის ერთ ძირითად წამყვან დარგად. მთავარი მიზანი შეიქმნა არა მიწისა და რაღაც ტერიტორიის მოპოვება, არამედ ამ მიწაზე მოსახლე ხალხების ტყვეებად მოტაცება და მერე მისი რეალიზაცია უმეტესად თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ბაზრებზე, სადაც მონა - ტყვეებზე ძალზე დიდი მოთხოვნა იყო. ტყვის მოტაცება–გაყიდვის „მეურნეობა“ აწესრიგებდა რამდენადმე დაღესტნის ფეოდალურ ურთიერთობას. ტყვე და ამ „საქონლით“ ვაჭრობა საკმაოდ სარფიანი საქმე იყო; ამდენად ფართო მოხმარების საქონელზე მოთხოვნა შემცირდა, ამან კი დაღესტნის ხალხებში გამოიწვია წარმოების განვითარების სტიმულის ჩაკვლა; წარმოება დარჩა დაბალ დონეზე და საწარმოო ძალების განვითარებისათვის მოისპო ხელსაყრელი პირობები. მართალია XVI–XVIII სს. საქართველო და დაღესტანი ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, მაგრამ თვითეულ მათგანს თანდათან უმუშავდებოდა ტრადიციულ პოლიტიკამდე დაყვანილი ურთიერთობა, ერთი მხრივ, ურთიერთშორის, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთ-თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის მიმართ. დაღესტნის გაერთიანებათა შორის ყველაზე ახლო დამოკიდებულება საქართველოსთან საშამხლოს ჰქონდა XV-XVI სს. საშამხლოს საზღვრები ძირითადად გადაჭიმული იყო კაიტაღის, კიურიის, ავარიის, ყაბარდოსა და მდ.თერგის სასაზღვრო ბაზებიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე; ასე რომ, საშამხლოში საკუთრივ ლაკების, დარგიელებისა და ყუმიკების გარდა შედიოდნენ აგრეთვე ავარ-ხუნძთა და ლეზგების რიგი თემები17. შამხალთა რეზიდენციას წარმოადგენდა ყუმუხი, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდებაც - ყაზი-ყუმუხის საშამხლო. საშამხლოს ეს სახელი თითქმის XVII ს. 40-იან წლებამდე შერჩა, ვიდრე რეზიდენცია უფრო ჩრდილოეთით ტარკში არ გადაიტანეს, რის შემდეგაც მას ტარკის საშამხლო ეწოდა. XV ს. მეორე და XVI ს. პირველ ნახევარში საშამხლო - დაღესტანი ირანის გავლენაში ექცეოდა. ამას ის გარემოება აპირობებდა, რომ შარვანს ირანი ფლობდა და ამდენად საშამხლოც ზედ საზღვართან გამეზობლებული შაჰის ხელმწიფობასა სცნობდა. ასე, მაგალითად, XV ს. მეორე ნახევრისათვის დერბენტი და მისი სანახები შარვანის სახანოში შედიოდა, რომელიც თავის მხრივ სპარსეთის მრავალგზის შემოსეიის შედეგად მისი გავლენის ქვეშ იყო. შარვანზე დიდი ლაშქრობისას 1447, 1451, 1488 და 1500 წლებში ირანი მარტო შარვანით არ კმაყოფილდებოდა და მისი ჯარები „რწმენისათვის ბრძოლის“ დროშით იჭრებოდნენ საკუთრივ დაღესტანშიც, საიდანაც ტყვე-მონები მიჰყავდათ არდებილის ცნობილ ბაზრებზე18. ასეთსავე მეზობელს წარმოადგენდა ირანი კახეთისთვისაც, რაც ასევე ნიშნავდა ირანისათვის ხარკისა და ჯარის მიცემას19. ასე, რომ, საშამხლო და კახეთი ირანის მეზობლობით ასე რიგად იყვნენ დაკავებულნი. ეს გარემოება თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენდა შამხლის ურთიერთობაზე კახეთთან. საქმე ისაა, რომ კახეთი ირანის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო და ამდენად შამხალი ირანის საყმო ქვეყნის ძარცვას აგრე ხელაღებით ვერ ბედავდა. მეორე ფაქტორი ის იყო, რომ შუა და პირიქითი დაღესტნის რიგი თემები შამხლის გავლენას ჯერ კიდევ ნაკლებად განიცდიდნენ და ამდენად შამხალსაც მათი კონცენტრაცია - მობილიზება საქართველო–კახეთის წინააღმდეგ არ შეეძლო. მესამე ფაქტორი, რომელსაც დაღესტნის ურთიერთობა კახეთთან მწვავე დაძაბულობამდე არ მიჰყავდა ის იყო, რომ კახეთის სამეფო სხვა ქართულ სამეფო–სამთავროებთან შედარებით სოციალურ - ეკონომიურად და პოლიტიკურად უფრო წინ იყო და თავდაცვის გარდა ჯერ კიდევ დიდი უნარი გააჩნდა საპასუხო თავდასხმისათვის. ასე რომ, "შამხალს ამ დროს კახეთის მეფის რიდი ჰქონდა და მისი მომსმინოც იყო“20. იმ ფაქტორმაც, რომ ჩრდილო კავკასიაში ამხანად თურქეთ-ყირიმხანი ჯერ ფეხმოკიდებული არ იყო, რასაკვირველია, დიდი როლი შეასრულა საქართველო-დაღესტანს შორის მშვიდობის ერთგვარ სტაბილურობაში. უკანასკნელი აკორდი ერთიანი საქართველოს ქართულ–კავკასიური პოლიტიკისა იმიერკავკასიის ამ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებული წარმონაქმნების მიმართ ალექსანდრე დიდის (1412-1440 წწ.) მოღვაწეობა იყო. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, იწყება ის ტეხილი საქართველო-იმიერკავკასიის გაერთიანებების ურთიერთობათა შორის, რომელიც უკვე პრინციპულად განსხვავებულ სახეს იღებს ადრეულ საუკუნეებთან შედარებით. თემურ-ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ საქართველოში შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა, რაც ალექსანდრე დიდმა ქვეყნის აღდგენისა და განმტკიცებისათვის მაქსიმალურად გამოიყენა სამეურნეო საქმიანობის გამოცოცხლებამ, „მოოხრებულ ეკლესია-მონასტერთა“ აღდგენა-მოშენებამ და ცენტრალური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მოდერნიზაციამ, ალექსანდრე დიდს საშუალება მისცა ცნობილი ტრადიციული საერთო-კავკასიური პოლიტიკის განსახორციელებლად. ასე, მაგალითად, სამების ტაძრის 1439 წ. „სულთა მატიანედან ირკვევა, რომ მას მტკიცედ მორჩილებდნენ დარიალის ხეობის მთიულები, რაც ამდენადვე გულისხმობდა ჩრდილოეთის კარზე მის კონტროლსაც“, 1437 წ. ალექსანდრე დიდს, როგორც ვახუშტი გვაუწყებს, ხელმეორედ მოუყვანია მორჩილებაში განჯა და შარვანი, რომელთაც თურმე „არღარა ინებეს მათ ხარკისა მიცემა“, რისთვისაც მან „მოსრნა ურჩნი და ჰყვნა კვალადცა მოხარკედვე“. ვახუშტი აქვე დასძენს: „ამისნი მხილველნი შირვანელნი და დარუბანდელნი შეშინდნენ ძლიერებითა მისითა და მოერთნენ ყარაბაღსავე ძღვნითა დიდითა. ხოლო მეფემან დაამშვიდნა და გაუჩინა მათ ხარკნი და დაიმორჩილნა ყოვლითავე”22. თეიმურაზ ბატონიშვილი ხსნის რა, თუ რას ნიშნავს „ხარკი და ბეგარა ჩვეულებისამებრ ძველისა“, წერს: "ძველი ჩვეულება ლეკთა იყო ესე, რომელ ედგათ მათ საქართველოსა მეფეთაგან ხარკად ცხოვარნი და ბატკანნი ცხვართა, მაგრამ ჯერ იყო მათდა რათა ბატკანნი თვითოეულნი შეესვათ კისერთა თვისთა ზედა და ეგრეთ მოუყვანათ ტფილისს ანუ სადაცა იყოფოდიან მას ჟამად მეფენი, რათა არა დამჭლობილი იყო ბატკანნი შორის გზით ფერხითა მოყვანებული. მოუთხრობენ მრავალი ერთაგან საქართველოისათა, რომელ დღესა ერთსა თვით მეფე  თამარ გამოვიდა ავლაბრის კერძო გარე ქალაქისა ტფილისისა და იხილნა ლეკნი მომავალნი, რომელთაცა მოაქვნდათ ტვირთნი ცხენთა ზედა კიდებულნი, რომელთა შორის ნაბადნი, „მალნი და სხვადასხვა რკინისა იარაღნი იყვნეს, რომელსაცა მისცემდეს იგინი წლითი წლად ხარკად მეფისა“23. მოყვანილი ცნობიდან ჩანს, რომ ლეკების ხარკი შედგებოდა ცხვრის, ნაბდების, შალ-მატყლის, სხვადასხვა რკინის იარაღებისა და ნაკეთობებისაგან - ერთი სიტყვით, რაშიც დაღესტნელები იყვნენ დახელოვნებულნი და რაც მათი მეურნეობისათვის დამახასიათებელი იყო. დაღესტნის სამხრეთ რაიონების მორჩილებაში მოყვანა წამოწყებული პოლიტიკის პირველი საფეხური იყო, რომლის შემდგომი წინსვლა ამავე მხარის კულტურულ - იდეოლოგიურ ათვისებაში მდგომარეობდა. მით უფრო რომ თემურ-ლენგის ე.წ. მაჰმადიანური პოლიტიკის შედეგად ქრისტიანული, ამდენადვე ქართული კულტურულ - იდეოლოგიური გავლენა საკმაოდ შეირყა ლეკებს შორის, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი გვამცნობს, იყო „ძველად ნაშენებნი ეკკლესიანი და მონასტერნი, რომელნიმე სრულიად თლილითა ქვითა ნაშენნი; გარნა აწ რომელნიმე დარღვეულნი და სხვანი უქმად, რომელნიმე მიზგიდებად მათდა შეცვალებულნი; ოდეს მიიღეს მათ სჯული მოჰმედისა არღარა უტყვებდეს თვის შორის სამღვდელოთა. შემდგომად თემურლანგისა, თუმცაღა მეფემან სრულიად ივერიის მპყრობელმან ალექსანდრე პირველმან... განდევნა მუნით მოლანი, არაბთასი და მოაგნა იგინი კვალად პირველსავე წესსა”24. ქართველი პოლიტიკოსები, რასაკვირველია, ასე ადვილად არ აპირებდნენ საუკუნეების მანძილზე მოპოვებული პოზიციების დათმობას, მაგრამ XV ს. საქართველო თვით დადგა დიდი სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე, რის გამოც მისი ბრძოლა უკვე აღარ იძლეოდა დიდ ეფექტს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ „რომელთამე მცხოვრებთა მთის ლეკთა შორის იმალვოდეს მოლანი იგიIლეკთანი“...„კვალად გამოსჩნდეს, ხოლო მეფეთა საქართველოისა ოდეს სცნიან გამოჩინებაი მათი წარავლინიან ბრძანებანი და განსდევნიან”25. ეს ასე ხდებოდა ალბათ ვიდრე ქართველ პოლიტიკოსებს საამისო ძალა შესწევდათ, მაგრამ როდესაც XV ს. მეორე ნახევრიდან საქართველო შინაფეოდალური ომის კვამლში გაეხვია და აშკარად დაიწყო მისი სამეფო - სამთავროებად დაშლა, ბუნებრივია, საკუთარ თავზე ფიქრს მეტი დრო მიჰქონდა, ვიდრე საერთო კავკასიურ პრობლემებს, რაც თავის მხრივ ფართო შესაძლებლობებს და გასაქანს აძლევდა ლეკთა შორის „მიმალულ მოლებს“. ეს მომენტი კარგად აქვს შენიშნული თეიმურაზ ბატონიშვილს. იგი წერს: „და ჟამსა უცალოებისა მეფეთასა მიიღიან მათ ჟამი სივერაგისა მათისა და განადგინებდიან სარწმუნოებისაგან, უქადაგებდიან და ასწავებდეს ურჩებასა მეფეთასა და განდგომილებასა, ქურდობათა და ავაზაკობათა მაღლად ეტყოდიან და ქრისტიანობითა მტერობასა სამოთხესა შემყვანებლად“26. ამ მოვლენებს, რასაკვირველია, არანაკლებ შეუწყო ხელი საგარეო ფაქტორებმაც. ასე, მაგალითად, 1453 წ. დაეცა კონსტანტინეპოლი. 1460 წ. ტრაპეზუნდის სამეფო, 1475 წ. ოსმალებმა ხელთ იგდეს ვენეციისა და გენუის სავაჭრო ფაქტორიები შავი და აზოვის ზღვის სანაპიროზე - ტანა, კაფა და სხვ. XV ს. 60-70 - იან წლებში ჩამოყალიბდა ყირიმის სახანო, რომელიც უმალვე თურქეთის ვასალად და მის მომსმინედ გადაიქცა. და ბოლოს XV ს. დასასრულისათვის საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ირანში სეფევიდების დინასტიის გაბატონებით შეიძლება ითქვას, რომ მაჰმადიანური გარემოცვა ძირითადად გაფორმდა და მისი ზემოქმედებაც საგრძნობი გახდა. ასეთმა სიტუაციამ ბუნებრივია დაღესტნის ისლამიზაციის “საკითხი საბოლოოდ და დადებითად გადაწყვიტა. XV ს. დასასრულისა და XVI ს. დასაწყისისათვის დაღესტანში საკმაოდ მომძლავრდა მუსლიმანური მატერიალური კულტურის ძეგლები და არაბულ ენაზე შესრულებული წარწერები27. ქართულ სამეფო–სამთავროთა შორის პირველი საშიშროება კახეთის სამეფომ იგრძნო და მანვე გადადგა პირველი შორსმჭვრეტელი ნაბიჯები. საქმე ისაა, რომ კახეთი XV ს. დასასრულისათვის და XVI საუკუნეში წარმოადგენდა სხვა ქართულ სამეფო–სამთავროებთან შედარებით ყველაზე მეტად ცენტრალიზებულ და ეკონომიურად დაწინაურებულ ქვეყანას, რომელიც „აბრეშუმის ძაფებით“ საკმაოდ ახლო ურთიერთობით იყო დაკავშირებული მახლობელ აღმოსავლეთთან. თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ამიერკავკასიაში შემოტევისას, ბუნებრივია, რომ ერთი პირველი ობიექტთაგანი კახეთი იქნებოდა. საკუთრივ კახეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება საკუთარი ძალებით თითქმის გამორიცხული იყო. განსაკუთრებით უნდა გაზრდილიყო კახეთის შიში მას შემდეგ, რაც რომის პაპთა ინიციატივითა და ქართველების მხარდაჭერით ანტითურქული კოალიციის შედგენის ცდამ ე.წ. „ჯვაროსნული ლაშქრობისათვის“ საბოლოო მარცხი განიცადა (იგულისხმება 1458-1461 წწ ქართველი მეფე - მთავრების გამოხმაურება პაპის პიოს II-ის მოწოდებაზე და 1495-1496 წწ. კირ-ნილოს მღვდელ-მონაზონის გაგზავნა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან და პაპა ალექსანდრე VI-თან - თ.ბ.). XV ს. 90-იან წლებში ანტიოსმალური კოალიციის ინიციატორებად საქართველოდან ამჯერად მარტო კონსტანტინე ქართლის მეფე და მისი შვილი მოჩანს29; ეს გარემოებაც რამდენადმე ხსნის კახეთის სამეფო კარზე ამ დროს უკვე შემუშავებულ საკუთრივ კახური ინტერესებით განპირობებული ორიენტაციის არსებობას. სავსებით მართებულია ამ შემთხვევაში ი.ცინცაძის მოსაზრება. მართლაც შესაძლებელია, რომ კახეთის სამეფოსა და იმერეთში აღარ ჰქონოდათ ევროპის იმედი იმის შემდეგ, რაც 1458–61 წწ. გეგმები ჩაიშალა30. ასეთ ვითარებაში, როგორც ი. ცინცაძე აღნიშნავს, მართლაც დამახასიათებელი იყო კახეთის მეფის მიერ 1491–92 წლებში გადადგმული ნაბიჯი - შესთავაზა რა მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III დიპლომატიური ურთიერთობა31. კახეთის ნაბიჯის წინასწარგანზრახულობაზე, სხვათა შორის, ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი. საქმე ისაა, რომ XV ს. მეორე ნახევარში, როგორც ცნობილია, რომში კარდინალ ბესარიონის მონაწილეობით თურქეთის საწინააღმდეგო ლიგაში მოსკოვის აქტიური მონაწილეობის გეგმა შემუშავებულა32, რადგანაც ვერ მოხერხდა ევროპის სახელმწიფოების ერთიანი ანტითურქული კოალიციის შეკვრა მათი შინაგანი წინააღმდეგობის გამო. ი.ცინცაძის ვარაუდი, რომ ეს მომენტი არ შეიძლებოდა კახეთში არ სცნობოდათ, ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია. ასეთ საერთო ვითარებაში აშკარა ხდება თუ რატომ აიღო კახეთმა ასე ადრე სხვა ქართულ სამეფო–სამთავროებთან შედარებით ორიენტაცია რუსეთზე. პირველი მოსინჯვა უნდა ყოფილიყო სწორედ 1491 წ. კახთა მეფის ალექსანდრეს მიერ ქართული ელჩობის გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე ივანე III-სთან33. მართალია ოფიციალური საბაბი ამ ელჩობისა ის იყო, რომ ქართველ ელჩ მურატს ივანე III-სათვის ეცნობებინა ალექსანდრეს ტახტზე ასვლა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მისი მიზეზიც კახეთში უკვე მოსკოვისადში ჩასახული მისწრაფება იყო34. დამაჩქარებელი ფაქტორი საქართველო-რუსეთის დამოკიდებულებაში, ალბათ ისიც იყო, რომ კახეთ-საშამხლოს ურთიერთობა ნელ-ნელა მწვავდებოდა, ამ უკანასკნელში ისლამის გავრცელების გამო (თურქეთ - ყირიმხანის და ირანის გავლენასთან დაკავშირებით). XVI ს. დასაწყისშივე სეფევიდების ირანმა უკვე აქტიური მოქმედება დაიწყო კავკასიის მიმართ: 1502 წ. შაჰ - ისმაილ I დაიპყრო შარვანი, 1509 წ. – დერბენტი და მდ. სამურის სანახაოებში დასახლებული ლეზგური „თავისუფალი“ თემები. 1517-1520 წწ მისმა მემკვიდრემ შაჰ - თამაზმა ქათლ-კახეთი დალაშქრა. 1519 წ. მანვე დაიმორჩილა აჯანყებული შარვანი, რომლის საბოლოოდ დაპყრობა მხოლოდ 1538 წ. მოხერხდა35. 1551 წ. შაჰმა შაქის პროვინცია დაიპყრო. 1551-1554 წწ. შაჰ-თამაზმა საქართველო ოთხჯერ დალაშქრა. 1547 წ. შარვანი კვლავ აღსდგა ირანის წინააღმდეგ და კვლავ დამარცხებულ იქნა. ასე რომ, XVI ს. პირველ ნახევარში თითქმის განუწყვეტლივ ტრიალებდა სეფევიდების ირანის ხმალი მთელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. XVI ს. პირველ ნახევარში ირანს არც თურქეთი ჩამორჩა - ეს „შუა საუკუნეების ერთადერთი ნამდვილი სამხედრო სახელმწიფო“36. 1514 წ. თურქებმა ჩილდირის ველზე ქ. მაკის მახლობლად სასტიკად დაამარცხეს ირანი და აიღეს თავრიზი37, 1515 წ დადებული ხელშეკრულებით თურქეთს მიეკუთვნა დასავლეთ სომხეთი ქ.ერზერუმით და ნაწილი მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებისა. 1545 წ. გაზაფხულზე ყირიმის ხანი საჰიბ გირეი ჯერ ადიღეელებს დაესხა თავს, ხოლო შემოდგომაზე კი ყაბარდოელებს. 1547 წ. მანვე ადიღე - ჩერქეზეთის, ყაბარდოსა და დაღესტნის გავლით ასტრახანი დალაშქრა. როგორც ვხედავთ, თანმიმდევრულად იზრდებოდა დაძაბულობა ორ ძლიერ სამხედრო - ფეოდალურ სახელმწიფოთა თურქეთსა და ირანს შორის, რომელიც ბოლოს გადაიზარდა კიდევ 1548-1555 წწ. დიდ ხანგრძლივ ომში. ერთი პირველი სტრატეგიული მიზანთაგანი თურქეთისა ამ ომში იყო ჩრდილო - კავკასიის გზების გამოყენება ირანზე ზურგიდან თავდასასხმელად; მეორე - ამ ომში ყირიმის სახანოს ჩაბმა და ბოლოს - კავშირის გაბმა შუა აზიის უზბეკ მთავრებთან, რომლებიც თურქეთის მოკავშირეებად გამოდიოდნენ, იმდენად რამდენადაც ისინი თავს ესხმოდნენ ხოლმე ირანს38. ასე რომ, ირანს ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა. რაკი ყირიმ - ყაზან - ასტრახანის ბლოკის შეკვრას აპირებდა თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ, ამდენად მისთვის ჩრდილოეთ კავკასიის გზას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გზის მარშრუტს შეადგენდა: ყირიმი - აზოვი - ტამანი - ყაბარდო - დაღესტანი, რის შემდეგ იგი თავისუფლად იჭრებოდა, ერთი მხრივ, კასპიის ზღვის სანაპიროზე და ვოლგის მაგისტრალზე, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ამიერკავკასიაში აღმოსავლეთის მხრიდან. თურქეთ - ირანის ომი დამთავრდა ქ.ამასიაში დადებული ზავით. ამ ზავის მიხედვით საქართველო გაყოფილი აღმოჩნდა ირანსა და თურქეთს შორის. ასე, მაგალითად, ქართლ - კახეთი და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი ირანის გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო იმერეთის სამეფო თავისი სამთავროებითურთ და სამცხის დასავლეთი ნაწილი - თურქეთისა. ამავე დროს სომხეთის დასავლეთი ნაწილი ერგო თურქეთს, ხოლო მისი აღმოსავლეთი ნაწილი და აღმოსავლეთ კავკასია - ირანს39. უდავოა, რომ თურქეთ - ირანის ომმა 1548-1555 წწ. რამდენადმე იმოქმედა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე აღმოსავლეთისა და ჩრდ. კავკასიის მიმართ, დააჩქარა რა ყაზან - ასტრახანის შემოერთების პრობლემის გადაჭრა40.
   თურქეთ-ირანის ომმა და მისმა შედეგებმა კახელი პოლიტიკოსებისათვის ნათელი გახადა, რომ ამიერკავკასიისათვის და საერთოდ კავკასიისათვის დიდი ბრძოლა მათ შორის ამით არ დამთავრებულა. მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებამ (ყაზან - ასტრახანის შემოერთება და შარვანით დაინტერესება თ.ბ.), ქართველებისათვის თითქოს აშკარა გახადა ის ფაქტი, რომ რუსეთი ეს არის დაინტერესდა კავკასიით და დაუპირისპირდებოდა რა იგი ამის გამო თურქეთ - ირანს, ამდენადვე შეიძლებოდა მისი გამოყენება მათ წინააღმდეგ, როგორც მოკავშირე, დამხმარე ძალისა. დამაჩქარებელი ფაქტორის როლი რუსეთ - საქართველოს შორის ურთიერთობის აღორძინებისა თუ მისი შემდგომი განვითარებისა უდავოდ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობის გამწვავებამ შეასრულა. ინტერესმოკლებული არ არის ამ მხრივ საშამხლო - დაღესტნის პოზიცია თურქეთ - ირანის ომის პერიოდში. არაპირდაპირ ცნობებზე დაყრდნობით თითქოს უდავოა, რომ საშამხლოს პოზიცია პროთურქული იყო41. საქართველოსათვის საშამხლო - დაღესტნის პროთურქულ განწყობილებასა და მიდრეკილებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული საშამხლო მეტად საშიშ ძალად ხდებოდა კავკასიელი მეზობლებისათვის - განსაკუთრებით ყაბარდოსა და საქართველოსთვის. ამ პერიოდის საქართველო - საშამხლო - დაღესტნის ურთიერთობის ხასიათის გარკვევაში ძალზე მეტყველია 1557 წ. ივანე IV-სთან მოსკოვში ჩასული ყაბარდოელთა ელჩობა კავკლიჩ კანუკოვის მეთაურობით, რომელიც გამოგზავნილი იყო ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვასაგან. ეს ელჩობა ივანე IV მფარველობა - ხელდებულობას და მასთან ერთად, განსაკუთრებით, საშამხლოს წინააღმდეგ ასტრახანელ სარდალთა საბრძოლო დახმარებას სთხოვდა. ელჩებმა მეფეს მოახსენეს, რომ ყაბარდოელებთან ერთი ფიცითა და პირობით შეკრულნი არიან ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა, და მას თავს უკრავენ, რათა მეფემ და დიდმა მთავარმა მათაც იგივე უწყალობოს42. ყაბარდოელი ელჩები, როგორც ვხედავთ, მოსკოვში იყვნეს საქართველოს ერთგვარ წარმომადგენლებადაც. ამ ელჩობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველო - ყაბარდოს, საქართველო - დაღესტნისა და ყაბარდო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიისათვის. მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში იმ გარემოების გარკვევაა, რომელმაც განაპირობა საქართველო - ყაბარდოს დაახლოვება და მათი მხრივ კი რუსეთთან ურთიერთობა.
     მთავარი საფუძველი საქართველოს, განსაკუთრებით კახეთის მიმართ შამხლის სამტრო განწყობილებისა ის იყო, რომ თურქეთ–ყირიმხანის ხელშეწყობით მას სურდა ეს მდიდარი საქრისტიანო ქვეყანა მთიელებისათვის ტყვეებისა და სხვა საშოვრის დაუშრეტელ წყაროდ ექცია43. საშამხლოს მსგავსი მიზნები გააჩნდა ყაბარდოსადმი გარდა იმისა, რომ ყაებარდო მას ჩრდილო კავკასიაში ბატონობისათვის ეცილებოდა. თვით ყაბარდო თავისთავად წარმოადგენდა ნოყიერი საძოვრებით მეტად მდიდარ მხარეს, რომელიც არანაკლებ მიმზიდველი იყო დაღესტნის მესაქონლეობრივი მეურნეობისათვის. ყაბარდო ამასთანავე საკმაოდ „მდიდარი“ იყო აგრეთვე ტყვე - მონებითაც. ასე რომ, საშამხლო-დაღესტნის საკითხი საქართველო - ყაბარდოს დაახლოების ერთი ძირითადი მიზეზთაგანი იყო. ყაბარღო და კახეთი უფრო ძლიერ ფეოდალურ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ ვიდრე საშამხლო, ამიტომ საშამხლო კახეთ-ყაბარდოს მიმართ აშკარად ერიდებოდა ომს. იგი უმეტეს წილად კმაყოფილდებოდა სერიული, ქურდული, პატარა თავდასხმებით. ასეთ დაძაბულ მდგომარეობას კახეთ - საშამხლოს შორის უდიდესი ზიანი მოჰქონდა ვაჭრობისათვის, რადგან იკეტებოდა ძირითადი სავაჭრო–სამიმოსვლო გზა კახეთიდან თერგსა და ასტრახანზე. ამის გამო ფეოდალური კახეთი, XVI ს. საქართველოს ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე, განსაკუთრებული სიძნელის წინაშე აღმოჩნდა. საშამხლოს წინააღმდეგ უნდა გამოძებნილიყო მოკავშირე, რომელიც კახეთის მსგავსად სისხლხორცეულად იქნებოდა დაინტერესებული და ერთობლივი მოქმედებისათვის ძალ - ღონეს არ დაიშურებდა. ასეთი კი სწორედ ყაბარდო იყო. 1557 წ. ყაბარდოელთა დიდი ელჩობა მოსკოვში და მათი განცხადება, რომ მათთან „ერთი ფიცითა და პირობით შეკრულნი არიან ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა“, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების ფაქტობრივი დადასტურება უნდა იყოს. მოსკოვისადმი მიმართულ თხოვნაში მკაფიოდ ჩანს ორივე მხარის საერთო ინტერესები44. ყაბარდოელთა და ქართველთა ეს მოქმედება, რასაკვირველია, საშამხლო - დაღესტნის ყურადღებას არ შეიძლებოდა გამოპარვოდა, რამდენადაც იგი მის წინააღმდეგ რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს ბლოკს გულისხმობდა, რაც, რასაკვირველია, მისთვის არ იყო ხელსაყრელი. ჯერ ერთი, აღნიშნული ბლოკი ბარიერად იმართებოდა ამხანად დაახლოებულ თურქეთ - ყირიმხანსა და საშამხლო - დაღესტანს შორის; მეორე - აშკარად აძლიერებდა მის მეტოქეებსა და მეზობლებს - საქართველო - ყაბარდოსა და მესამე, ამ ბლოკს არ შეიძლებოდა არ ემოქმედა საშამხლოს ეკონომიურ ინტერესებზე, მის ვაჭრობაზე ვოლგა-ასტრახანის დიდ მაგისტრალზე. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ 1557 წელსვე მოსკოვს ჩამოსული საშამხლოს ელჩებიც, მეფეს უპირველეს ყოვლისა მფარველობაში მიღებასა და ასტრახანში თავიანთი ვაჭრების თავისუფლად მიმოსვლის ნებართვას თხოვენ45. საშამხლოს ამ თხოვნაში აშკარად ჩანს მისი დაინტერესება ვოლგა - ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალით და ბუნებრივია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა მასზე; არა და ასტრახანი ამხანად უკვე ერთ მძლავრ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა კასპიის ზღვის სანაპიროზე, სადაც ასტრახანის სარდლების სიტყვით, მრავლად მოდიოდნენ ყოველგვარი საქონლით შემახიიდან, დერბენტიდან საშამხლოდან, ტიუმენიდან გურგენჯიდან; ზარაიჩიკიდან და სხვა ადგილებიდან46. მოდიოდა ტყავი და ტყავეული, ხისა და ლითონის ჭურჭლეული, ლაგამ - აღვირ - უნაგირი, დანები, პური, ხორცეული, სხვადასხვა საკვები პროდუქტები და მრავალი ათასი წვრილმანი47. ასე რომ, შამხალი ასტრახანთან ურთიერთობის გაწყვეტას ასე იოლად ვერ შეელეოდა და ამდენადვე რასაკვირველია გასაგებია მისი ელჩობაც მოსკოვის სამეფო კარზე. 1558-1567 წწ. ყაბარდო - საშამხლო - დაღესტნის ურთიერთობა ძალზე დაძაბულია. ბუგუდაი შამხალი ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვას მოქიშპე ფშეაფშუკი კაიტუკინის დახმარებით რამდენჯერმე ლაშქრობს ყაბარდოში და ამარცხებს თემურყვას. ყაბარდო - საშამხლოს კონფლიქტში ივანე IV აშკარად ყაბარდოს მხარეზეა და მის დასახმარებლად დიდი რაოდენობის ჯარებსაც გზავსის, მიუხედავად იმისა, რომ ამხანადვე შამხალიც თხოვდა მას დახმარებას ყაბარდოელთა წინააღმდეგ; საერთოდ ამ მიზნით ყაბარდოში ექვსჯერ ჩამოვიდა რუსული ელჩობა და ოთხჯერ კი სამხედრო დახმარება. მეტიც, თემურყვას თხოვნით ასტრახანის სარდალმა ი.ჩერემისინოვმა ერთხელ თვით საშამხლოც დალაშქრა48. რუსეთის მხრიდან თემურყვასადმი სამხედრო დახმარებათა შორის ყურადღებას იპყრობს გ.პლეშჩევისა და გ.ვრასკის 1563 წ. სამხედრო ექსპედიცია. სარდლებმა ყაბარდოში კაიტუკინის მამულების დარბევის შემდეგ აიღეს ნაწილი თაგაურის ოსეთისა და აგრეთვე „მშანსკიე“ და „სონსკიე კაბაკი“49, რომლებიც, როგორც წყაროების შეჯერებიდან ვიცით, თავისთავში აუცილებლად გულისხმობდა საქართველო - ყაბარდოს სასაზღვრო რაიონებში მდებარე არაგვის საერისთავოს რომელიმე ნაწილს50. ის ფაქტი, რომ ფშეაფშუკო კაიტუკინს გარდა საკუთრივ ყაბარდოული მამულებისა დაულაშქრეს აგრეთვე მის ბატონობაში მოქცეული არაყაბარდოული ტერიტორიებიც - „ტატსკიე ზემლი“, „მშანსკიე“ და „სონსკიე კაბაკი“ ანუ თაგაურის ოსეთისა და არაგვის საერითავოს ნაწილი, მიგვანიშნებს, რომ ბუგუდაი შამხლის მოკავშირე ფშეაფშუკო კაიტუკინს ხევ-ყაბარდოს გზა ჩაკეტილი ჰქონია. ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ე.კუშევას აზრს, რომ ყაბარდოში 1562-1563 წწ. სამხედრო ექსპედიციების ერთ მთავარ მიზანთაგანს, საქართველოსთან ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებით ურთიერთობის უზრუველყოფაც შეადგენდა51. საამისო საფუძველს, თითქოს მოვლენების ლოგიკური განვითარებაც იძლევა. ასე, მაგალითად, 1563 წ. აპრილში შემახიაში შეხვედრას უშუალოდ მოსდევს ამავე წლის ზაფხულ - შემოდგომაზე (ოქტომბრამდე - თ.ბ.) პლეშჩევისა და ვრასკის ლაშქრობა ფშეაფშუკო კაიტეკინზე. ამავე წელსვე გამგზავრებულა მოსკოვში, როგორც ჩანს, ლევან კახთა მეფის ელჩობა, რომელიც უკან მხოლოდ 1564 წ. ნოემბერში გამობრუნებულა თხოვნადაკმაყოფილებული. ის ფაქტიც, რომ უკანდაბრუნებული ქართველთა ელჩობა საქართველოში ყაბარდოზე გამოვლით52 მოდის, თავისთავადაც მრავლისმეტყველია. ელჩობა კი როგორც ვიცით, დამთავრდა იმით, რომ ივანე IV ლევან კახთა მეფეს მფარველობა შესთავაზა და ჯარიც მისცა კახეთის ციხეებში ჩასაყენებლად53. ყაბარდო - საქართველოს დაახლოებამ და რუსული რაზმების გამოჩენამ ორივე ქვეყანაში, რასაკვირველია, სათანადო რეაქცია გამოიწვია, ერთი მხრივ, თვით ყაბარდოს ანტირუსულ დაჯგუფებაში, ხოლო მეორე მხრივ, საშამხლო - დაღესტანში. ის ფაქტი, რომ 1565 წ. თემურყვასთან ყაბარდოში ხელმეორედ გამოიგზავნა რუსული რაზმები დაშკოვისა და რჟევსკის სარდლობით, რომლებმაც 1566 წ. ზაფხულში კვლავ დაარბიეს ფშეაფშუკო კაიტუკინის მამულები54 და რომ ზუსტად ამავე წლის ზაფხულში ყაბარდოში დაიღუპნენ ბუგუდაი შამხალი და მისი ძმები, კაიტუკინის დასახმარებლად მოწყობილი ლაშქრობისას, თითქოს ეჭვს არ უნდა ტოვებდეს შამხლისა და ფშეაფშუკოს სამხედრო - შეიარაღებული ძალების ერთობლივ მოქმედებაზე საქართველო - ყაბარდოს ბლოკის წინააღმდეგ. მოსკოვის აშკარა და გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველო - ყაბარდოსადმი55, რასაკვირველია, თავისი გამართლება ჰქონდა. საქმე ისაა, რომ 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა ვერ შესძლო განეხორციელებინა თავისი ფართო შეტევითი გეგმები ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. ამ ფაქტორმა გამოიწვია საკუთრივ მისი საყრდენი პოზიციების თითქმის დაკარგვა ჩრდილო კავკასიაში, ერთი მხრივ, ადიღე - ჩერქეზეთში, ხოლო, მეორე მხრივ, ნოღაეთში56. ბუნებრივია, ამ გარემოებამ უფრო გაააქტიურა თურქეთ - ყირიმ - ხანი და საშამხლო. რუსეთს ამჯერად ჩრდ.კავკასიაში ერთადერთ დასაყრდენად მხოლოდ ყაბარდო დარჩა, ხოლო როდესაც ამ უკანასკნელს საქართველოც შეუერთდა, ჯერ 1557 წ ყაბარდოელებთან „ერთი ფიცითა და პირობით შეკრულობის“ საფუძველზე, ხოლო 1563 წ. კი ყაბარდოელებისაგან დამოუკიდებლივადაც, რასაკვირველია, კავკასიაში რუსეთისათვის ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ იყო და ისიც თავისთავად ცხადია, ყველა საშუალებებით შეეცადა მტკიცედ დაეცვა თავისი ეს უკანასკნელი პოზიციები. საქმე იქამდისაც კი მივიდა, რომ რუსეთის სამეფო კარი აშკარა პოლიტიკური მოსაზრებებით დაუნათესავდა ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვას ოჯახს. 1561 წ. ივანე IV ცოლად შეირთო თემურყვას ქალიშვილი კუჩენეი, რომელსაც ქრისტიანობის მიღების შემდეგ მარია ეწოდა57. რაკი საქართველო - ყაბარდოს ურთიერთკავშირი გამოწვეული იყო საშამხლო - დაღესტნის აგრესიული მოქმედებით, და ამ უკანასკნელის გამოც იყო აგრეთვე მათი რუსეთთან ურთიერთობა განპირობებული, ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში მოხვედრილმა რუსეთმა, მხარი უფრო ყაბარდო - საქართველოს დაუჭირა, ვიდრე საშამხლოს, მიუხედავად, მისი მხრიდანაც მფარველობა - ხელდებულებაზე - დაფიცებისა. რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს დაახლოების ერთ-ერთი ფაქტორი ერთმორწმუნეობაც იყო (ქრისტიანული), რომელიც ფეოდალურად განვითარებული ქვეყნებისათვის ერთგვარ "იდეოლოგიურ" ერთიანობას წარმოადგენდა და თავის მხრივ რამდენადმე ამტკიცებდა კიდეც ამ ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ - ეკონომიურ და კულტურულ ურთიერთობას; მით უფრო, რომ თურქეთ - ყირიმხანი, ირანი და საშამხლო - დაღესტანი საქართველო - ყაბარდოს მიმართ აშკარად ეწეოდნენ ე.წ. „ჰაზავატს“ ანუ საღმრთო ომს - ბრძოლას, ასე ვთქვათ, ურწმუნოების წინააღმდეგ. რელიგიურ საბურველში გახვეული ეს ძალმომრეობა ტყვე-მონებისა თუ სხვა საშოვრის მოსაპოვებლად, რამდენადმე მართლდებოდა კიდეც. ამის ერთი კონკრეტული ფაქტია, ყაბარდოში 1566 წ ლაშქრობისას დაღუპული ბუგუდაი შამხლისა და მისი ძმების საფლავის ქვა ტარკში, რაზეც გარკვევით აწერია, რომ ისინი დაიდუპნენ როგორც შაგიდები, ანუ დაიღუპნენ რწმენისათვის ბრძოლაში58. ნიშანდობლივია თეიმურაზ ბატონიშვილის შენიშვნაც „არაბ მოლათა“ საქმიანობის შესახებ დაღესტანში, რომლებიც ლეკებს „ასწავლიდნენ... ქრისტიანობათა მტერობასა სამოთხესა შემყვანებლად“59. რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს ბლოკის თურქეთ - ყირიმხანისა და მათ გავლენაში მოქცეულ საშამხლოზე აშკარა გამარჯვება იყო მდ. თერგისა და მდ. სუნჯის შესაყართან 1567 წ. თერგის ციხე - ქალაქის აგება, რომლის ინიციატორიც ყაბარდო იყო60. თერგის ციხე - ქალაქმა თავისი ბრწყინვალე სტრატეგიული მდებარეობით უშუალო კონტროლს დაუქვემდებარა თურქეთ - ყირიმხანისათვის ჩრდილო კავკასიის მაგისტრალური გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ61 და, პირიქით, მათი აგრესიისათვის გადაიქცა იგი დამაბრკოლებელ ზღუდედ ჩრდ.კავკასიაში. თურქეთ - ყირიმხანი ამ აქტს ძალზე მტრულად შეხვდა. მათ უმალ იგრძნეს საშიშროება ყაბარდო - საშამხლოს დაკარგვისა, რომლებიც ყირიმის ხანის სიტყვით, თურქეთის სულთნის ქვეშევრდომები და მასთან ერთად ერთი მუსლიმანური სარწმუნოებისანი იყვნენ62. მდგომარეობა დაიძაბა და გამწვავდა. პირველი ნაბიჯი, როგორც მოსალოდნელი იყო, საშამხლომ გადადგა. 1567 წ. შამხალი ივანე IV-ს თავის ელჩს სეტიკიმალდეშას უგზავნის ძვირფასი საჩუქრებით და მას მფარველობაში მიღებას თხოვს. თურქეთ - ყირიმხანის „დიპლომატიურმა ბრძოლამ“ ამ „ახალი ქალაქის“ თაობაზეც63 და ამასთან ერთად 1569 წ. სულთან სულეიმანის მიერ ასტრახანზე ლაშქრობამ, მიუხედავად მისი მარცხიანი ბედისა, რუსეთი, რომელიც 70-80-იან წლებში საგარეო და საშინაო გართულებებში მოჰყვა, იძულებული გახადა ხელმეორედ აღდგენილ - აშენებული თერგის ციხე - ქალაქი ჯერ 1571 წ., ხოლო შემდეგ 1578-1579 წწ. კვლავ მოეთხარა. 1574 წ. გარდაიცვალა ლევან კახთა მეფე და კახეთის სამეფო ტახტი დაიკავა ბრწყინვალე ქართველმა პოლიტიკოსმა, ალექსანდრემ, რომელსაც განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში მოუხდა მოღვაწეობა. XVI ს. ბოლო მეოთხედში კავკასიის ხალხები ისტორიულ მოვლენათა დაძაბულობის ახალ ბრუნვაში მოხვდნენ. თურქეთის ახალმა სულთანმა მურად III (1574-1590 წწ.) ისარგებლა რა თავისი საუკუნოებრივი მეტოქის - სეფევიდების ირანის შესუსტებით, ახალი ძალით შეეცადა ამიერკავკასიის ხელში ჩაგდებას. დაიწყო თურქეთ-ირანის დიდი და ხანგრძლივი ომი 1578 - 1590 წწ. რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 1578 წ. გაზაფხულზე თურქეთის ასი ათასიანი არმია მუსტაფა ლალა - ფაშას სარდლობით საქართველოს გზით დაიძრა ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად. საქართველოს დალაშქვრის შემდეგ ამავე წელს მან აიღო შემახა და დერბენტი64. შარვანის მმართველად სულთანმა ოსმან ფაშა დანიშნა. 1582 წლისათვის თურქეთმა მართალია მიაღწია თითქმის მთელი ამიერკავკასიის დაპყრობას, მაგრამ მისი ბატონობა არც თუ მყარი იყო ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების დაუცხრომელი ბრძოლის გამო. ასე, მაგალითად, 1582 წ. დასაწყისში შარვანის მმართველად დაყენებული ოსმან-ფაშა სპარსელების მოწოლისა და შარვანელთა აჯანყების შედეგად იძულებული იყო შამახა დაეტოვებინა და დერბენტში გაქცეულიყო65. მურად III უმალ გადამჭრელი ღონისძიებები მიიღო. 1582 წ. მისი ბრძანებით ყირიმის სახანოდან ოსმან ფაშას მისაშველებლად დაიძრა ყირიმის ხანი მუჰამედ - გირეი და კაფას ბეგლარბეგი ჯაფარ - ფაშა 3000 იანიჩრით66. ყირიმის ხანი, როგორც წყაროებიდან ირკვეეა, ლაშქრობას ჩამოცილებია67 და მარტო ჯაფარ - ფაშას მოუწია ოსმან ფაშასთან ჩასვლა. ამ ლაშქრობამ კავკასიის ხალხებში დიდი შიში გამოიწვია. ი.ფეჩევის ცნობით: "შამხალი და დაღესტნის სხვა მელიქები და საქართველოს თავადები ერთმანეთს დაუკავშირდნენ.... ვიდრე ესენი შირვანის ქვეყნის შემდეგ ჩვენს სამემკვიდრეო სამფლობელომდე მოვიდოდნენ თუ ჩვენ დროულად თადარიგი არ დავიჭირეთ. ეჭვი არ არის, რომ მათგან აოხრება ჩვენც არ აგვცდება. შემდეგ ყველა შეთანხმდა და განჯის ხანს იმამ - ყული ხანს წერილი მისწერეს და აცნობეს... შევკავშირდეთ სასწრაფოდ და ესენი მოვსპოთ, თუ არა ერთ - ორ წელიწადს კიდევ ასე თუ გაგრძელდა, ესენი ჩვენ ბოლოს მოგვიღებენ"68. განჯის ხანმა ასეთი ბლოკის შეკვრაზე შაჰს მისწერა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა და „უყოყმანოდ თვითონ აიღო მთავარსარდლობა“. ჯარის შეკრებისას გაირკვა, რომ „როცა მათ საქართველოსა და დაღესტნის ჯარები შეუერთდებოდა ძალიან დიდი ლაშქარი შედგებოდა“69. ასეთი კოალიციის შექმნისდა მიუხედავად, ოსმალებმა ოსმან ფაშას სარდლობით მაინც შეძლეს 1583 წ. მაისში მდ.სამურზე ამ გაერთიანებული ჯარების დამარცხება70. 1584 წ ოსმალებმა აიღეს ბაქო, 1585 წ. - თავრიზი. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ოსმალები საომარ მოქმედებას იწყებდნენ ჩრდილო კავკასიაში და შემდეგ თვით ასტრახანის წინააღმდეგაც. სულთან მურად III-სთან 1584 წ. გაგზავნილი რუსი ელჩის ბორის ბლაგოვის ცნობებიდან ირკვევა, რომ ოსმალეთს მთელს ჩრდილო კავკასიაში ნდომებია გაბატონება და ამდენად თავისუფალი მიმოსვლის დამყარება ყირიმიდან ასტრახანსა და ირანამდე71. 1585 - 1586 წწ. თურქეთ - ყირიმხანმა თერგზე ციხე - ქალაქის ჩადგმა განიზრახა და საამისოდ სათანადო მზადებასაც შეუდგა. თურქეთ - ყირიმხანის ასეთი "მუდმივი" გაბატონება, რასაკვირველია, არ სურდათ დაღესტნის მმართველებს და ისინიც ამიერკავკასიის სხვა გაერთიანებების გამგებლებთან ერთად საწინააღმდეგო ბრძოლის გზას დაადგნენ. ამასთან დაკავშირებით, ყურადღების ღირსია საშამხლოში მყოფი პრორუსული ორიენტაციის ყირიმის უფლისწულის სეადეტგირეისა და თვით შამხლის პოზიცია, რომელთაც გადაწყვიტეს ოსმალეთისა და ყირიმის ჯარებისათვის სპარსეთზე სალაშქროდ გზა არ მიეცათ და ამასთან არც ხაზინა გაეტარებინათ აზოვიდან დერბენტამდე. კახთა მეფე ელექსანდრეც, როგორც ჩანს, მათი თანამოაზრე ყოფილა. საქმე ისაა, რომ სეადეტ - გირეისა და შამხალს იგი აყენებდა საქმის კურსში თუ რა ხდებოდა პირაქეთ კავკასიაში. ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო კავკასიის ხალხებში, რომ 1586 წ. შემოდგომაზე, როდესაც შეიქმნა მცირე ნოღაეთზე და თვით ყირიმის სახანოზე ლაშქრობის სიტუაცია, მოსკოვიდან რუსული ორიენტაცის ყირიმელ უფლისწულს პირდაპირ მიეთითა, რომ მას დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს აგრეთვე დიდ ნოღაელებს, შამხალს, ტიუმენის ხანს, ქართველთა მეფეს, ყაბარდოელებსა და ყველა სხვა მთიელ თავადებს72. საშამხლო - დაღესტანი რომ ამხანად აშკარა ანტიოსმალურ ორიენტაციაზე იდგა, ჩანს ერთი მომენტიდანაც: ასე, მაგალითად, 1586 წ. შამხალს მოსკოვში თავისი ელჩი ხანბულატი გაუგზავნია, და გარდა მფარველობაში მისი მიღებისა, თერგზეც ხალხის გამოგზავნა მოუთხოვია, რათა მათ თურქები არ გაეტარებინათ და მათთვის არც საშუალება მიეცათ იქ ციხე - ქალაქის ჩადგმისათვის73. ასე რომ, საგარეო ფაქტორებმა საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ კავკასიელ ხალხთა ერთ ეტაპზე გაერთიანება გამოიწვია. შესაძლოა, ანტიოსმალური განწყობისა და ამ ნიადაგზე საშამხლო - დაღესტნის კახეთთან დაახლოებით აიხსნას ის ფაქტიც, რომ თევდორე მეფისადმი 1586 წ. მიწერილ კახთა მეფის სიგელში თერგზე ციხის აგებისა და საშამხლო - კახეთის გზის დაჭერის თაობაზე არაფერი იყო ნათქვამი74. სიგელი მოსკოვში ქართველმა ელჩებმა ჩაიტანეს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტი. კახთა მეფე თავის „აჯაში“ მხოლოდ მფარველობაში შესვლასა და ურჯულო მტრების - თურქებისაგან დაცვას მოითხოვდა. კახეთის მეფის ასეთი ნაბიჯი, რასაკვირველია, არ ნიშნავდა იმას, რომ კახეთისათვის საშამხლოს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ის ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეიძლება ყოფილიყო გარკვეული პერიოდი; როდესაც უნდა დაცულიყო ასე ვთქვათ „მშვიდობის სტატუსი“, მართალია ხანმოკლე, მაგრამ მაინც არსებული, ანგარიშგასაწევი და აღსანიშნავია. ეს კარგად ჩანს თვით საქართველოში 1587 წ. საპასუხო ელჩობიდან (როდიონ ბირკინი და პეტრე პივოვი). ასე, მაგალითად, არც მათ დანასაქმებში არსად არ არის აღნიშნული, რომ რუსთა მეფე თავის თავზე აღებულ ვალდებულებაში კახთა მეფეს, იღებს რა თავის მფარველობა - ხელდებულებაში, დაიცავს საშამხლოსაგან ან გაწმენდს საშამხლო - კახეთის გზას. ბირკინისა და პივოვის ელჩობიდან მათი ორი ძირითადი მიზანი ჩანს: კახთა მეფისაგან მფარველობა - ხელდებულების ფიცის მიღება და თერგზე ციხე - ქალაქის მშენებლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი კახთა მეფის მოსკოვურ თხოვნაში არ იყო, რაც მოვლენებს შედარებით სხვა ჭრილში წარმოგვიდგენს. კახეთის მხრიდან ამ „თითქოს რეალურ ინციატივაზე“ ეჭვი, და სამართლიანადაც, ნ. ბერძენიშვილმა მიიტანა75. ამიტომაც ცოტა უცნაურად გვეჩვენება ე.კუშევას დებულება თითქოს 1586 წ. კახთა ელჩობა მოსკოვში დაჟინებით სვამდა თერგზე რუსული ციხე - სიმაგრის აშენებისა და შიგ „ბევრი  ხალხის“ ჩაყენების საკითხსო76. წყაროებშიც საამისო ვარაუდის არაფერი ჩანს77. ხოლო თუ  საკითხი საკითხის დაჟინებით დასმას ეხება, შეიძლება ითქვას, რომ იგი, პირიქით, სწორედ რომ რუსეთის მხრიდან მოდიოდა. ე.კუშევა აღნიშნავს, რომ საკითხი თერგ-ქალაქის აღდგენის შესახებ მოსკოვში ჯერ კიდევ ადრე იყო გადაწყვეტილი ვიდრე 1586 წ. სექტემბერს ასტრახანში ქართველი ელჩები ჩამოვიდოდნენო78. კახელთა და ყაბარდოელთა დაცვის გარდა, თერგ - ქალაქის მშენებლობაზე, როგორც ს.ბელოკუროვი წერს, გავლენა იქონია აგრეთვე მოსკოვის ხელისუფალთა სურვილმაც, რათა განემტკიცებინათ თერგზე თავისი მდგომარეობა, უზრუნველეყოთ იგი და არ დაეშვათ რაიმე ცვლილებები თურქეთის მხრიდან79. ე.კუშევაც თითქმის ამასვე ფიქრობს; რომ ძირითადი მიზეზი ამ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებისა იყო თურქეთის ჯარებისათვის გზის გადაკეტვა ამიერკავკასიაში და ასტრახანზე სალაშქროდ, ხოლო, მეორეს მხრივ ის, რომ სულთანს თერგზე ციხე - ქალაქების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აეღო80. თ.ტივაძესაც მიაჩნია, რომ რუსეთს ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი თერგზე ციხე - სიმაგრის აგება და რომ ქართველი და ყაბარდოელი ქვეშევრდომების თხოვნა მისთვის  მხოლოდ საუკეთესო საბაბი აღმოჩნდა ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად81. ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობთ, რომ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობა საქართველო - რუსეთის ურთიერთობის განახლებისას არც თუ ისე დაძაბული უნდა ყოფილიყო. იგი, როგორც ჩანს, კახთა მეფის მიერ 1587 წ. (28 სექტემბერი) ხელდებულების ფიცის მიღების შემდეგ უნდა გართულებულიყო, რაც უმალ და ქმედითად აისახა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობაში სწორედ რომ ამ მომენტის შემდეგ. საამისო საბაბი ამჯერად თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ ფიცის მიღებისას ალექსანდრემ რუსეთს შამხლისგაგან თავის დაცვა მოთხოვა82. ფიცის მიღებისას ოფიციალურ ცერემონიალზე საშამხლო- დაღესტნის მტრად გამოცხადება და რუსეთის სამეფო კარისაგან დაცვის თხოვნა, ბუნებრივია, შამხალს გამოწვევა უნდა მიეღო. ეს ფაქტი კი თავისთავად სულ ცოტა იმ კავშირის გამეორებასა ჰგავდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 60-იან წლებში (საქართველო - ყაბარდო - რუსეთი). შემდგომმა მოვლენებმა საამისო საფუძველი უფრო მეტად გაუმაგრა შამხალს. 1588 წ. ივნისში მოსკოვში ჩამოვიდა ყაბარდოელთა ელჩობა "მთელი ყაბარდოს მიწიდან", რომლის შემადგენლობაში იყვნენ ყაბარდოს დიდი მთავრის კამბულატ იდაროვის შვილი კუდენეტი და თემურყვას შვილი მამსტრიუკი. ელჩობამ თერგზე ციხე - ქალაქის ჩადგმა და თურქეთ - ყირიმხანისაგან თავდაცვა მოითხოვა. ამასთან აღნიშნეს რომ ისინი არასდროს არ მიუდგებიან არც თურქეთს, არც ყირიმის სახანოსა და არც შამხალს83. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყაბარდოელთა ეს ელჩობა რამდენადმე გამოძახილი იყო რუსეთ - კახეთის ურთიერთობის განახლებისა. ინტერესთა ერთობამ, როგორც ჩანს, კახეთ - ყაბარდოს ურთიერთობა კვლავ გამოაცოცხლა, რასაც თვალნათლივ მოწმობს 1588 წ. დასასრულისათვის მოსკოვში ჩამოსული კახეთ - ყაბარდოს ერთობლივი ელჩობა, რომელსაც, რასაკვირველია შემთხვევითი ხასიათი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ გაერთიანებული ელჩობიდან ირკვევა, რომ 1587-1589 წწ საშამხლო - დაღესტანთან მათი ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებულა და მისი მოგვარებაც მათ გადაუდებელ ამოცანად გადაქცეულა. ყაბარდოელები კუდენეტი და მამსტრიუკი (იდაროვების ფეოდალური საგვარეულოდან - თ.ბ.) მოსკოვს, გარდა თურქეთ - ყირიმხანისაგან დაცვისა და თერგზე ციხექალაქის აგებისა, ითხოვდნენ აგრევე იმ ყაბარდოელი თავადებისა და მთავრების წინააღმდეგ დახმარებას, რომლებიც ერთგულებდნენ და ემსახურებოდნენ ყირიმის ხანსა და შამხალს84. ქართველმა ელჩებმა კი (ყაფლან ვაჩნაძე, ბერი კირილე და ჩერქეზი ხურშიტი) მეფეს შესჩივლეს: შამხლის მთიელები ღამით მოდიან და გლეხებს გვიტყვევებენო, ისინი თან მიჰყავთ და მუსლიმანებად აქცევენო85“. ქართველებმა მკვეთრად მოსთხოვეს საშამხლოს დალაშქვრა, ტარკის აღება და თერგ-კახეთის გზის დაკავება86. ელჩებმა ასევე პირდაპირ მოახსენეს: ალექსანდრე მეფემ იმიტომ ითხოვა მფარველობა - ხელდებულობა, რომ იგი შამხლისაგან დაგეცვათ, ხოლო თუ თქვენი ჯარი საშამხლოს არ დალაშქრავს, მაშინ მისგან ქართულ ქვეყანას ომით არც მომავალში ექნება მოსვენება. ამიტომ იყო საქართველომ თქვენ მოგმართათ, თორემ ისე მას დახმარებისათვის თურქეთისა და სპარსეთისათვისაც შეეძლო მიემართაო“87. ქართველებთან ერთად ჩამოსულ ყაბარდოელებსა და ჩეჩნეთ - ინგუშეთის წარმომადგენელს რუსეთის მეფისადმი თითქმის იგივე სათხოვარი ჰქონდათ88. ხელდებულთა ასეთმა დაჟინებითმა მოთხოვნამ, როგორც ჩანს, იმოქმედა რუსეთის სამეფო კარზე. ელჩებს მოახსენეს, რომ თევდორე მეფემ ბრძანება გასცა შამხალზე თერგქალაქიდან და ასტრახანიდან ჯარი გაეგზავნათ და ამასთან ერთად თერგ-კახეთის გზაც გაეწმინდათ, რათა მათ შორის თავისუფალი მიმოსვლა ყოფილიყო89. ყაბარდო - კახეთ - ჩეჩნეთ - ინგუშეთის ურთიერთობა რუსეთთან და ამ უკანასკნელის აშკარა საომარი მზადება საშამხლოს წინააღმდეგ, რასაკვირველია, შამხლისათვის უცნობი არ უნდა დარჩენილიყო და მან ამჯობინა მათთვის დაესწრო. 1589 წ. შამხალმა დრო იხელთა და კახეთს დაესხა თავს, მაგრამ ალექსანდრე კახთა მეფის მიერ დამარცხებული და უკუგდებული იქნა90. საინტერესოა ამ ლაშქრობის საბაბი. 1589 წ. ახლო ხანებში კახთა მეფე, როგორც ჩანს, შეცდილა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შამხალთან დაემყარებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა; მან შამხალს თავისი ელჩი გაუგზავნა და თან შეუთვალა: თუ გინდა მშვიდობით ცხოვრება, მაშინ ჩვენც მეგობრულად ვიცხოვროთ ერთმანეთში, როგორც ცხოვრობდნენ ადრე ჩვენი მამებიო. შამხალი დათანხმებულა და ამ შეთანხმების განმტკიცების მიზნით კახთა ელჩებისათვის მძევლებად კახეთში თავისი ვაჟი და ქალიშვილი გამოუყოლებია, რომლებიც შემდეგში კახთა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. მაგრამ, როგორც ირკვევა, ესეც მოჩვენებითი საქციელი ყოფილა, რადგან კახთა მეფის სიტყვით, ამიერიდან არა თუ მშვიდობა დამყარებულა, არამედ შამხალს უფრო გაუხშირებია კახეთზე თავდასხმები. გაბეზრებულ ალექსანდრეს მძევლები თავისთან დაუბარებია და უთქვამს: თქვენ მე არცერთი არ მადგებით და ამიტომ სჯობს ისევ თქვენ მამასთან იყოთო, და ისინი კვლავ უკან საშამხლოში გაუგზავნია91. ამით შეურაცხყჯოფილ შამხალს ჯარები შეუყრია და კახეთს დასხმია თავს. შამხალი ამასაც არ დაჯერებულა და ანტირუსული ორიენტაციის ყაბარდოულ მთავრებს შორის მოკავშირეებიც გამოუნახია - სოლოღი და ალკასი92. მიზანი ასეთი ახლო კავშირისა ის იყო, რომ სოლოღი და მისი ხალხი „შამხალთან და ყუმიკელ თავადებთან ერთად კავშირში ყოფილიყვნენ ხელმწიფის ხალხის წინააღმდეგ“93. (ე.ი.რუსეთის - თ.ბ.). ცოტა უფრო გვიან ცნობილი გახდა, რომ ამ კავშირს კიდევ უფრო შორეული მიზანდასახულება ჰქონია. თვით შამხლის შვილიშვილი აღიარებით, რადგან ალექსანდრე კახთა მეფე ხელდებული შეიქნა და მას საშამხლოს დალაშქვრასა და მისი გაქრისტიანებაა სთხოვდა, ამიტომ ვიდრე ალექსანდრე კახთა მეფეს მოსკოვის მეფე დაიცავდა, მანამდე შამხალს, სოლოღს ალკასს და თურქთა რაზმეულებს 1590 წ. ზაფხულისათვის კახეთი უნდა დაეპყროთ და ძაგემშიც ციხე - ქალაქი ჩაედგათ“94. შამხლის ასეთი გააქტიურება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ 1589 წლისათვის თურქეთ-ყირიმხანი თერგზე გავლით დიდ ლაშქრობას აპირებდა ამიერკავკასიასა და ირანში95. მართალია ეს ლაშქრობა არ შემდგარა, მაგრამ მისთვის მზადებას არანაკლები ეფექტი უნდა მოეხდინა შამხლის მოქმედებაზე. ალექსანდრე კახთა მეფეს სულთანმა წერილიც კი მოსწერა რომ ჯარების გამოგზავნას და ციხეების ჩადგმას აპირებდა კახეთში, რადგან მან რუსეთის, მფარველობა მიიღო96. ამისდა მიუხედავად, შამხალი დიპლომატიურად მოსკოვის ნეიტრალიზებასაც ცდილობდა და ამ მიზნით დროდადრო თერგ ქალაქში სარდლებთან თავის ელჩებს გზავნიდა (რის შესახებაც არაერთხელ ატყობინებდა თვით მეფეს ა.ხვოროსტინინი97). ასე თუ ისე, შამხალმა თავისას მიაღწია. თერგზე სარდლებმა ბრძანება მიიღეს, რომ საშამხლოზე რუსულ რაზმეულებს სალაშქროდ გაგზავნა არ დაეჩქარებინათ, რადგან ამ შემოდგომით შამხალი მფარველობის სათხოვრად მეფესთან თავისი ელჩის გამოგზავნას აპირებსო98. მოსკოვის უკან დახევა საშამხლო - დაღესტნის საკითხში გამოწვეული იყო რიგი ფაქტორებისა გამო: ჯერ ერთი, საშამხლოს აშკარა დაპყრობას შეეძლო ომი გამოეწვია თურქეთთან, ხოლო მეორეც იმიტომ რომ საშამხლო კახეთის მსგავსად ირანის ყოფილი მოხარკე იყო; მაგრამ, იმისდა მიუხედავად, რომ იგი თურქეთ - ყირიმხანს იყო მიტმასნებული, შაჰი მას მაინც თავის საყმო ქვეყნად თვლიდა, ხოლო რადგან რუსეთმა ირანს უკვე ერთი ასეთივე „ყმა“99 - კახეთი ხელიდან გამოაცალა, მიუხედავად "მეგობრობისა", მეორე გამოიწვევდა ირანთან მდგომარეობის გაუარესებას, რასაც, რუსეთი ჯერჯერობით მოერიდა. მოსკოვი ასევე იძულებული იყო ანგარიში გაეწია თავისი ხელდებულების ყაბარდო - კახეთისათვისაც, რადგან კავკასიაში ამხანად მხოლოდ ესენი შეადგენდნენ მის ერთგულ და რეალურ დასაყრდენს და მათი დაკარგვაც, ბუნებრივია, მას არ უნდოდა. 1588 წ. რუსეთმა კახეთ - საშამხლოს ურთიერთობის მოგვარება ირანის საშუალებითაც სცადა, მაგრამ შამხლის მოთოკვა ირანით, მაშინ როდესაც ფაქტიურად იგი ამხანად თურქეთის ყმა იყო, უშედეგოდ დამთავრდა. ირანი კი ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ თვლიდა შესაძლებლად თუ რუსეთი და ირანი ერთად შეკავშირდებოდნენ საშამხლოს წინააღმდეგ100. საქმეს არანაკლებ ართულებდა თვით შამხალიც, რომელმაც ქვეყნის საკითხი ოსტატურად გახლართა რუსეთ - ირან - ოსმალეთის პოლიტიკურ  ინტერესებში. იგი, ნ.ბერძენიშვილის უტყუარი შეფასებით მოსკოვს ზოგჯერ ხმლით ებრძოდა, ზოგჯერ კიდევ მოჩვენებით მორჩილებას უცხადებდა, ელჩებს უგზავნიდა, ყმობას უცხადებდა, ფეხს ითრეედა, დროს იგებდა (ოსმალეთს, ხან ირანს ემხრობოდა) და ამავე დროს კახეთს სასტიკად არბევდა და არც თერგ - კახეთის გზის გახსნას აპირებდა101. ასე რომ, 1589 წ. საქართველოშო მომავალ ს.ზვენიგოროდსკისა და ტ.ანტონოვს, კახთა მეფისათვის უფრო საშამხლოს დალაშქვრისა და თერგ - კახეთის გზის გახსნის დაპირება მოჰქონდათ, ვიდრე მისი განხორციელების რეალური საშუალებები; მიუხედავად იმისა, რომ კახთა მეფისადმი მისართმევ წყალობის სიგელში გარკვევით ეწერა, თითქოს მეფეს უკვე ებრძანა თერგისა და ასტრახანის სარდლებისათვის, რათა მათ საშამხლო დაელაშქრათ და თერგ - კახეთის გზა გაეხსნათ102 - მაგრამ, როგორც ჩანს, კახთა მეფეს მაინც დაბადებია ეჭვი და უნდობლობა, რადგან რუსი ელჩები ბოლო ხანებში თავგამოდებით ცდილობდნენ მის გაფანტვას103. კახეთის სამეფო კარი ჯიუტად მოითხოვდა ელჩებისაგან საშამხლოს დალაშქვრას და თერგ - კახეთის გზის გახსნას104. საამისო საფუძველი ქართველებისათვის დიდი იყო, რამდენადაც საშამხლომ ამხანად ძალზე გაახშირა საქართველოს მიმართ თავდასხმები. ს.ზვენიგოროდსკისა და ტ. ანტონოვთან საუბარში ქართველები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ კახ ბატონთან ყველაზე მტრულ დამოკიდებულებაში შამხალი იყო, რომ იგი დღისით და ღამით მალულად ესხმოდა მთებიდან კახეთს და დიდ ვნებას აყენებდა105,რომ სწვავდა სოფლებს, მიჰყავდა ხალხი ტყვედ და მერე ძალით სარწმუნოებას აცვლევინებდაო106. თუ რუსეთი კახთა მეფეს არ დაეხმარებოდა, მაშინ უფრო გათამამდებოდა შამხალი107. მართალია, რუსეთი საშამხლოს წინააღმდეგ ამჯერად, როგორც ჩვენს მიერ ზემოთ იყო მოცემული, აშკარა საომარ მოქმედებას მოერიდა, მაგრამ ქართველების თხოვნა მთლად უპასუხოდ მაინც არ დატოვა. რუსი ელჩების ჯერ კიდევ კახეთში ყოფნისას 1589 წ. შემოდგომაზე (ნოემბერი), რუსეთმა გ.პოლტევის საკმაოდ დიდი რაზმით ანტირუსული ორიენტაციის ყაბარდოელი ფეოდალების მამულები დალაშქრა (უმთავრესად სოლოღ ტაპსარუკოვისა), დაიპყრო და გადასწვა მისი სოფლები108. ე.კუშევას მიაჩნია, რომ ეს პრორუსული ყაბარდოელი მთავრების იდაროვებისა და კაიტუკინების თხოვნით იყო გამოწვეული; ჩვენ კი ვთვლით რომ ეს უბრალოდ საბაბი უნდა ყოფილიყო. ძირითადი მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თურქეთ - ყირიმხანი, შამხალი და ყაბარდოელი სოლოღი სწორედ ამხანად საომარ მზადებაში იყვნენ და არცთუ უიმედოდ აპირებდნენ გაერთიანებულ ლაშქრობას, ერთი მხრივ თვით რუსეთის109, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ110. მოვლენების შემდგომი მსვლელობა სავსებით ადასტურებს ამ მოსაზრებას. ჯერ ერთი, რუსეთმა, გრიგოლ პოლტევის რაზმეულით სასტიკად დაარბია ყაბარდოში სოლოღი და მისი მომხრე თავადები, რომელთა მამულები ხევ - ყაბარდოს გზაზე იდო და, რომლებიც მეგობრულ კავშირში იყვნენ თურქეთთან, ყირიმთან, საშამხლოსთან და სხვა ყუმიკელებთან111 და მეორეც, რაც ასევე ნიშანდობლივია, რუსეთს ამ ლაშქრობის ძირითად წარმატებად სწორედ რომ ხევ - ყაბარდოს გზის გახსნა მიაჩნია112. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, თვით შამხალიც არ უნდა დარჩენილიყო „ყურადღების“ გარეშე. მართლაც თერგ - ქალაქის სარდლებმა შამხალი მდ.კოისუზე ისე შეავიწროვეს, რომ თითქმის კიდეც განდევნეს მის ახლო სანახებიდან და აქ ფეხისმოკიდების მიზნით პატარა ციხე-ქალაქის ჩადგმაც კი განიზრახეს113. ამის შესახებ, სხვათაშორის, შამხალმა თვით კახთა მეფესაც მისწერა. რუსი ელჩების საქართველოში ყოფნა, ამ დროს რუსეთის მიერ მისი შევიწროება და მდ.კოისუს წართმევა, ამის თანადროულადვე მისი მოკავშირე ყაბარდოელი მთავარ - თავადების სასტიკი დარბევა, მაშინ როდესაც თურქეთ-ყირიმხანი ჯერ კიდევ ირანით იყო დაკავებული - რასაკვირველია, შამხლისათვის ვითარება არც თუ ისე სახარბიელო იყო და შექმნილი სიტუაციისდა მიხედვით მანაც გადაწყვიტა შესაფერისად ემოქმედნა. 1590 წ. აპრილის ბოლო რიცხვებში, როგორც ირკვევა, შამხალს მოციქულის პირით კახთა მეფისათვის შემოუთვლია: ამას წინათ ჩვენ ორნივე ოსმალეთის ხელქვეშ ვიყავით და ურთერთს ვმეგობრობდით. ეხლა შენ მოსკოვის ხელმწიფის საფარველში შეხველ და მე მარწმუნებდი, რომ შენი სურვილია რუსთა ჯარის გამოყვანა ოსმალთა ციხის, დარუბანდის, წინააღმდეგო. ეხლა კი ირკვევა, რომ შენ რუსთა ჯარი ჩემ წინააღმდეგ აგიმხედრებია, ტიუმენის ციხიდან დიდად შემავიწროვეს, კოისუც წამართვეს და იქ ციხის ჩადგმას აპირებენ. მოდი ისევ ძველი მეგობრობა განვაახლოთ; გავიგე ჩემი ძმის კრიმშამხალის ქალი შენი ვაჟის, გიორგისათვის გითხოვია. ჩემ ქალსაც გამოგიგზავნი და ჩემი ძმისასაც: აირჩიე, ერთი გიორგი ბატონიშვილს შერთე, მეორე, ყიზილბაშში რომ შვილი გყავს, იმას გაუგზავნე იმას გაუგზავნე, და შევიქნებით ურთიერთის ერთგული და ერთად ვიქნებით მტრების წინააღმდეგო114. შამხალთან ურთიერთობის გამოცდილებიდან კახთა მეფისათვის იმთავითვე ცნობილი გახდა რომ ესეც ცბიერული ნაბიჯი იყო. შამხალმა, როგორც ჩანს, ეს დიპლომატიური ნაბიჯი ყოველი შემთხვევისათვის გადადგა თუმცა კარგად იცოდა, რომ ნდობა დიდი ხანია რაც დაკარგული ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ მან როგორც ხელდებულმა თურქეთს თავისი თავი შეახსენა. დაუხმარებლობის შემთხვევაში შამხალმა სულთანს საკმაოდ მძიმე პერსპექტივა დაუსახა, რასაც არ შეიძლებოდა, მისი აზრით, თურქეთის ყურადღება არ მიექცია115. ჯერ ერთი, დღე-დღე ალექსანდრე კახთა მეფე რუსეთის დახმარებით საშამხლოს დაიპყრობდა და გააქრისტიანებდა; მეორეც, დაიპყრობდნენ რა საშამხლოს, ისინი შემდეგ დერბენტს, შემახას, შარვანს, განჯას და ყველა იმ ქალაქს მიადგებოდნენ, რომლებიც სულთანმა სპარსეთს წაართვა და, რაც მთავარია, ყველა ეს ქალაქი მოსკოვის მეფის ხელთ აღმოჩნდებოდა; ხოლო ამის შემდეგ, შამხლის აზრითვე, რუს - სპარსელთა გაერთიანებულ ჯარებს, ალექსანდრე კახთა მეფისა და სიმონ ქართლის მეფის ჯარებთან ერთად, თვით სტამბულამდე ვერაფერი ვერ გააჩერებდა116. როგორც ვხედავთ, ხელდებულები ყოველ ღონეს მიმართავდნენ თავიანთი მფარველების მიმართ, რათა ისინი თავის დასაცავად აემოქმედებინათ; თუმცა „პირველ რიგში“ ჯერ „საკუთრივ“ მფარველის ინტერესებიდან გამოდიოდნენ. ასე იყო კახეთის მხრიდანაც. კახეთის სამეფო კარზე ს.ზვენიგოროდსკისა და ტ.ანტონოვის ყურადღებას ორი მიმართულებით ამახვილებინებდნენ: ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთისათვის საშამხლოს დაპყრობის მნიშვნელობისა და ამ საქმეში კახეთის როლზე, ხოლო მეორე მხრით, კი თუ რუსეთი საშამხლოს არ დაიპყრობდა, მაშინ კახეთი მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყვეტდა117. 1590 წ. მაისში რუს ელჩებთან ერთად კახეთიდან მოსკოვს საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ თავადი სოლომონი და ჩერქეზი ხურშიტი. წყაროების შეჯერებისას ირკვევა, რომ ამ ელჩებს ყაბარდოდან მოსკოვში თან ყაბარდოელ მთავართა ელჩებიც გაჰყოლიათ, სულ 15 კაცის შემადგენლობით118. ქართველთა პირველი საჩივარი ამჯერადაც საშამხლოზე იყო და როგორც ყოველთვის, მეფისაგან ახლაც მისი დაპყრობა და თერგ-კახეთის გზის გახსნა მოითხოვეს119. ვფიქრობთ, აქ საქმე უნდა გვქონდეს ქართველ - ყაბარდოელთა კიდევ ერთ ერთობლივ ელჩობასთან. სულ მალე ამ ელჩობას მართლაც მოჰყვა 1591 წ. რუსთა და ყაბარდოელთა გაერთიანებული ლაშქრობა საშამხლოზე120, რომლის კონკრეტული გეგმაც ალბათ მოსკოვში შემუშავდა ქართველების, ყაბარდოელებისა და რუსების მიერ. რუსეთის მხრიდან ასეთი რადიკალური ზომის მიღება საშამხლოს მიმართ, როგორც ნ.ბერძენიშვილი აღნიშნავს, გამოწვეული იყო ირან - ოსმალეთის 1590 წ. ზავით, რის გამოც რუსეთ - ირანის პოლიტიკური მეგობრობა დროებით შეწყდა. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მარტო ირანთან მეგობრობის საკითხი არ არის, ან თუნდაც კახეთის დაჟინებული მოთხოვნა წლების მანძილზე. მართალია, ყოველივე ამან გარკვეული სტიმულატორის როლი შეასრულა, მაგრამ ძირითადი მაინც თურქეთთან დაკავშირებული მოვლენები უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ 1590 წ. თურქეთ - ირანის ომი, რომელიც 1578 წლიდან გრძელდებოდა, დამთავრდა სეფევიდების ირანისათვის არც თუ მომგებიანი ზავით. ოსმალეთმა თითქმის მთელი ამიერკავკასია ჩაიგდო ხელში121. ამიერკავკასიაში ფეხმოკიდებული თურქები შეუდგნენ ხანგრძლივი ბატონობისათვის მზადებას. დაიწყეს მთელი რიგი ქალაქების გამაგრება: განჯის, ბაქოს, შემახას, დერბენტისა და სხვ. რომლებშიც კი ოსმალთა გარნიზონები იდგნენ. კასპიის ზღვაზე გამოსვლამ თურქებს საშუალება მისცა აქ საკუთარი ფლოტის შექმნისა. ასე, მაგალითად, ნიზაბადასთას, სადაც ადრე რუსული სავაჭრო გემები მოდიოდნენ, ახლა უკვე თურქულს აკეთებდნენ ბუნებრივია; ყველაფერი ეს კეთდებოდა დაღესტნისა და საერთოდ ჩრდ.კავკასიის მიმართ აგრესიის შემდგომი გაგრძელებისათვის. მართალია საშამხლო - დაღესტანი თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა, იმას, რომ თურქეთი მას უშუალოდ იარაღით არ დაიპყრობდა, მით უფრო, რომ საშამხლო მის მიმართ ისე როგორც სხვების მიმართაც მთლად ერთგულიც არ იყო. ასეთ ვითარებაში, საშამხლო–დაღესტნის დაკავება–დაპყრობა, თურქეთის მხრიდან უკვე აშკარა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს, თერგ - ქალაქსა და ასტრახანს, როგორც მის დასაყრდენ პუნქტებს აღმოსავლურ და კავკასიურ პოლიტიკაში. საშამხლო - დაღესტნის საკითხი რუსეთის მხრივაც რადიკალურ გადაწყვეტას მოითხოვდა და მანაც ისარგებლა რა ხელსაყრელი სიტუაციით, რომელიც მას შემდგომში იურიდიულად გაამართლებდა, საშამხლოს აშკარა დაპყრობაზე წავიდა. მართლაც გამამართლებელი ბევრი რამ იყო. ჯერ ერთი, შამხალი და მისი ძმა კრიმშამხალი ერთმანეთს ებრძოდნენ საშამხლოს ტახტისათვის და მომავალი მემკვიდრე აშკარა პრორუსულ ორიენტაციაზე იდგა. მეტიც, იგი რუსეთს სთხოვდა დახმარებას შამხლის წინააღმდეგ ბრძოლაში. შამხლის წინააღმდეგ თხოვდნენ აგრეთვე დახმარებას ხელდებული ყაბარდო და კახეთი. ასე რომ, საშამხლოს დაპყრობით რუსეთი სამ მიზანს აღწევდა: პირველი, საშამხლო - დაღესტანს იერთებდა, იქ თავის კანდიდატურას სვამდა და ამით თითქმის უშიშარყოფდა თურქეთ - ყირიმისაგან თერგ - ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალს, მეორე, ასრულებდა ხელდებულების თხოვნას და კავკასიაში თითქმის უკვე კრავდა კიდეც რეალურ საიმედო სამკუთხედს - ყაბარდო - საშამხლო კახეთს. ეს ლაშქრობა, ასე ვთქვათ, იყო თურქეთ–ყირიმხანისათვის დასწრება, ვიდრე ისინი თვით დაიპყრობდნენ საშამხლოს. აღნიშნული ლაშქრობა საშამხლოზე, როგორც ვიცით, მოეწყო 1591 წ. ზაფხულში. ზასეკინმა მართალია აიღო ენდერი122 და სუნჯა - თერგის შესაყართან პატარა ციხეც აღადგინა123, მაგრამ ამ სამხედრო ექსპედიციამ კახეთისათვის საშამხლოს საკითხი ვერ გადაწყვიტა. იგი კვლავ ღიად დარჩა. თვით რუსეთმა კი ამხანად საკმაოდ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრდილო კავკასიაში, ჯერ თერგ - ქალაქის, მერე სუნჯის ციხისა და მდ.კოისუს ხელში ჩაგდებით. ასე რომ, ამჯერად რუსულმა ციხე - სიმაგრეებმა და რუსეთის ურთიერთობამ ყაბარდოელებთან და სხვა მთიელებთან უფრო საიმედოდ ჩაკეტა თურქეთ - ყირიმისათვის გზა დერბენტის „რკინის კარებისაკენ“, ვიდრე ეს იყო 60-იან წლები124. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ე. კუშევას: „რადგან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და სპარსეთის შაჰებს, ხუდაბენდისა და შაჰ-აბასს შორის, თურქეთის წინააღმდეგ შესაძლებელ სამხედრო კავშირის თაობაზე და ამავე დროს დერბენტ - ბაქო - შემახას შეერთებაზე რუსეთთან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაღესტანზე რუსეთის ლაშქრობები უფრო დიდ მიზნებს ისახავდნენ, კერძოდ, რუსული გავლენის განმტკიცებას დაღესტანსა და აზერბაიჯანში“125. რაკი საშამხლოზე რუსეთის 1591 წ ლაშქრობამ კახეთისათვის საჭირბოროტო საკითხები ვერ გადაწყვიტა, იგი კვლავ მთელი სიგრძე - სიგანით დაისვა 1592 წელსაც, როდესაც მოსკოვში კახთა მეფის ახალი ელჩები თავადი იორამი და კირილე არქიმანდრიტი ჩავიდნენ. ელჩები მეფეს საშამხლოს დაპყრობას, შამხლის მორჩილებაში მოყვანას, თერგ - კახეთის გზის გახსნასა და ტარკში რუსული ჯარების ჩაყენებასა სთხოვდნენ126. კახთა მეფე იმასაც ატყობინებდა მოსკოვს, რომ კრიმშამხალი, რომელსაც მთელი ყუმიკეთის ნახევარი ემხრობა, მასთან დიდ სიყვარულსა და მეგობრობაშია და ღვთის წყალობით შამხალსაც საქმე ცუდად წაუვიდა კრიმ - შამხალთან მტრობისა და შინააშლილობისა გამო127. საქმე ისაა, რომ ალექსანდრეს ამხანად ბატონიშვილ გიორგისათვის ამ კრიმ - შამხლის ელიმ - სალტნის ქალიშვილი დაუნიშნია და ამდენადვე დამოყვრებულა მასთან128. ამ ფაქტს კი ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ადრე კახთა მეფისათვის თვით შამხალს შეუთავაზებია თავისი ქალიშვილი თუ და, რაზეც ალექსანდრეს უარი უთქვამს და ამიტომ შამხალიც განუწყენებია.
           ფაქტია, რომ კახთა მეფეს საშამხლოს კართან დანათესავება დამოყვრებისას არჩევანი გაუკეთებია არა თვით შამხალზე, არამედ მის ძმაზე ელიმ-სალტანზე, რომელიც, როგორც კრიმ - შამხალი, პირველი მემკვიდრე იყო, არსებული წესის მიხედვით, საშამხლოს ტახტისა. ერთი შეხედვით ეს თითქოს კახთა მეფის მიერ დაშვებული შეცდომაა, რამდენადაც შამხალთან დამოყვრებას შეიძლებოდა კახეთისათვის კეთილმეზობლობა მოჰყოლოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კახთა მეფეს ამ არჩევანთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჰქონდა. ჯერ ერთი, შამხალი აშკარა თურქულ ორიენტაციაზე იდგა და კახთა მეფისათვის იგი თავიდანვე არ იყო ხელსაყრელი; მით უფრო, რომ მისი პრეტენდენტი ელიმ-სალტანი პრორუსული ორიენტაციისა იყო და რუსეთს დახმარებასაც კი სთხოვდა შამხლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამასთან მას ყუმიკეთის დიდი ნაწილიც თანაუგრძნობდა. ასე რომ, კახთა მეფე რეალური პოლიტიკოსი იყო და მომავლის თვალსაზრისით მისი არჩევანი მართლაც სწორი ჩანდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საშამხლოზე რუსეთის ლაშქრობისას კახთა მეფე კრიმ - შამხალსაც რომ გულისხმობდა, როგორც საიმედო მოკავშირეს. შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ 1594 წ. საშამხლოზე გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ვტყობილობთ ბორის გოდუნოვის სიგელში ქართველი ელჩებისადმი, სარდალ ანდრეი ხვოროსტინინს პირდაპირ ევალებოდა ტარკის დაპყრობისას და იქიდან შამხლის განდევნისას, ტარკის საშამხლოზე ალექსანდრე კახთა მეფის მძახალი კრიმ-შამხალი და დაესვა და თან გზებიც გაეხსნა თერგსა და ასტრახანში129. თურქეთ - ყირიმხანი ხედავდა, რომ ზასეკინის 1591 წ ლაშქრობა არ დამთავრებულა და რომ იგი მოსკოვის სამეფო კარზე კვლავ დღის წესრიგში იდგა. ამიტომ სულთანი მურად მეორე დაჟინებით მოითხოვდა მოსკოვისაგან ჩრდ.კავკასიაში რუსული ციხე - სიმაგრეების მოთხრას, დონისა და თერგის კაზაკების ალაგმვასა და თურქეთისათვის გზის გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ყირიმის ხანის საშუალებით რუსეთზე თავდასხმას130. ამასვე იმუქრებოდა ყირიმის ხანი ყაზი გირეი სულთან მურადის სახელით მოსკოვისადმი თავის სიგელებში და რუს ელჩებთან საუბარში131. მაგრამ ყველაფერ ამას ამხანად გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის კავკასიურ პოლიტიკაზე, პირიქით, იგი უფრო გაააქტიურა. ამის პრაქტიკული გამოხატულება ის იყო, რომ ქართველთა მეფის მოთხოვნის საბაბით (თავად იორამისა და კირილე არქიმანდრიტის 1592-1593 წწ. ელჩობა მოსკოვში - თ.ბ.) მოსკოვმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საშამხლოს დალაშქვრა. 1593 წელს ზაფხულში გადაწყდა აღნიშნული ლაშქრობა, რომლის სარდლად დაინიშნა ანდრია ხვოროსტინინი. ძირითადი მიზანი  ამ ლაშქრობისა იყო ტარკის დაპყრობა, შამხლის განდევნა, მის ადგილზე კრიმ - შამხლის დანიშვნა, თერგ - კახეთ - ასტრახანის გზების გახსნა - უშიშარყოფა132. შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო აგრეთვე ალექსანდრე კახთა მეფესა და ბატონიშვილ გიორგის133. ა.ხვოროსტინინის ლაშქრობა საშამხლოზე შედგა 1594 წ. ა.ხვოროსტინინს ქართველებმა და კრიმ - შამხალმა ვერ მიაშველეს ჯარები და ამან ალბათ გარკვეული როლიც ითამაშა ამ ლაშქრობის საერთო ბედზე. პირველი დიდი წარმატების შემდეგ ა. ხვოროსტინინი იძულებული გახდა დიდი ზარალის გაღებით კვლავ უკან, თერგ – ქალაქში დაბრუნებულიყო134. ზოგიერთი მკვლევარი მარცხის ერთ - ერთ მიზეზს ქართველებისა და კრიმ-შამხლის მხრიდან პირობის დარღვევაში ხედავს135. ნაწილობრივ შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ამას თითქოს თავისი მიზეზებიც ჰქონდა. თვით ქართველებს მიაჩნდათ, მაგალითად, რომ მათ დიდმა მთებმა შეუშალეს ხელი. ე. ნ. კუშევას უფრო მეტ საფუძვლად ქართველების მონაწილეობის მიუღებლობისა ამ ლაშქრობაში ის მიაჩნია, რომ თურქეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები ძირითადად კახეთთან ახლოს იყო განლაგებული და კახელებიც მას ხარკს უხდიდნენ. ამასთან, დერბენტშიც თურქეთის ფაშა იჯდა. მეორე მხრივ შესაძლებელია, რომ კახთა მეფეზე შაჰ-აბასმაც იმოქმედა, რომელსაც 1594 წ. შამხალმა თხოვნით მიმართა, რათა გამოქომაგებოდა მას136. ასეთ ვითარებაში ქართველებისათვის მართლაც ძნელი უნდა ყოფილიყო საშამხლოზე ჯარების გაგზავნა, ხოლო გეოგრაფიული გარემოს მომიზეზება კი მათთვის ერთადერთ გამოსავლად ჩანდა; ასე რომ 1594 წ.ა. ხვოროსტინინის ლაშქრობა საბოლოოდ მარცხით დამთავრდა და კახეთისათვის საშამხლოს საკითხი ამჯერადაც ღიად დარჩა. 1594 წ. ბოლოს, ა.ხვოროსტინინის ლაშქრობის შემდეგ, ივანე ვსევოლოდსკისთან ერთად მოსკოვში კახთა მეფის ელჩები თავადი იორამი და ჩერქეზი ხურშიტი ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ელჩობისას კახთა მეფე ბორის გოდუნოვს საშამხლოს დაპყრობის გარდა ყაზი-ყუმუხში ციხე - ქალაქის ჩადგმასა და ყუმიკეთზე გამავალი გზის გათავისუფლებასა სთხოვს, რათა კახთა ჯარებს შესაძლებლობა მიეცეთ რუს ჯართან გაერთიანებისა და ამდენად საშამხლოზე ერთობლივი ლაშქრობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კახთა მეფეს რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია137. კახელთა ამ ელჩობაში ყურადღებას იქცევს ერთი ახალი გარემოება: საქმე ისაა, რომ კახეთი პრინციპში უარზე არ არის და არც თავს არიდებს საშამხლოზე ლაშქრობაში მონაწილეობას, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც თურქეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები მის საზღვართანაა და შაჰიც ქომაგობს შამხალს მისთვის რასაკვირველია არაა ხელსაყრელი ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება, რადგან იგი უმალვე დაისჯებოდა თურქეთის ან სპარსეთის მიერ; ამიტომ კახთა მეფე ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობისათვის ერთგვარ გარანტიად მოითხოვს რუსული ციხე - ქალაქების კახეთთან ახლოს ჩადგმას, რათა ირანის თავდასხმის შემთხვევაში რუსთაგან ყოფილიყო ზურგმომაგრებული. 1594 წ. საშამხლოზე ლაშქრობისას კახელთა, ასე ვთქვათ, „დაღალატიანების" მიუხედავად, რუსეთის სამეფო კარი მაინცდამაინც არ „განრისხებულა“ კახეთზე და იგი კვლავ ცდილობს გაგებით მოეკიდოს კახელთა ელჩობებს და მის კიდევ მრავალგზის თხოვნას. საშამხლოზე ამ მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ, რუსეთი თვით შეეცადა შამხალთან თავისი ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა138. 1596 წ. დეკემბერში ქართველ ელჩებთან თავად იორამთან და ჩერქეზ ხურშიტთან ერთად საქართველოში რუსი ელჩები პეტრე სავინი და ანდრია პოლუხანოვი ჩამოვიდნენ, რომელთაც ახალი არაფერი არ ჩამოუტანიათ გარდა იმისა, რომ თითქოს შამხალი რუსეთის მეფის ქვეშევრდომობას აპირებდა და ამიერიდან კახეთს მისგან არც რაიმე ნავნები მოუვიდოდა და თერგ - კახეთის გზაც თავისუფალი იქნებოდა. ხოლო თუ ყველაფერი ეს ასე არ მოხდებოდა, მაშინ ბორის გოდუნოვისაგან თერგ - ქალაქის სარდლებს დავალება ჰქონდათ, რათა მათ საშამხლო შეევიწროვებინათ და მორჩილებაში მოეყვანათ139. საქართველოში რუსი ელჩების სავინისა და პოლუხანოვის ყოფნა, რასაკვირველია, შამხალს არ ეპიტნავებოდა, მით უფრო, რომ ყოველ ასეთ ელჩობას ასე თუ ისე მოსდევდა რუსეთ - საშამხლოს ურთიერთობის გამწვავება და რიგ შემთხვევაში კი რუსეთის მხრიდან ლაშქრობაც. ამიტომ იყო, რომ საქართველოდან დაბრუნებულ რუს ელჩებს ხევ - ყაბარდოს გზაზე პირიქით კავკასიაში თერგ - ქალაქის სარდლები გაძლიერებულ რაზმეულებს ახვედრებდნენ, რათა ისინი დაეცვათ შამხლის თავდასხმებისაგან. ბორის გოდუნოვს მისივე ხალხი მოახსენებდა ამ ამბავს, რომ შამხლისაგან ისინი დიდად შევიწროებულნი არიან, რადგან შამხალი საქართველოში მიმავალ გზას არ იძლევაო და ასევე იქიდან თქვენს სახელმწიფოშიო140. 1598 წლისათვის მდგომარეობა ისე ყოფილა გამწვავებული ერთის მხრივ, რუსეთსა და ანტირუსული დასის მოთავეთა სოლოღ ტაფსარუკოვისა და მის თანამოაზრე ყაბარდოელ თავადებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ კი, შამხალსა და რუსეთს შორის, რომ თერგის სარდლები არცთუ უსაფუძვლოდ ელოდნენ შამხლისა და ყუმიკელთა 15 ათასიანი რაზმეულის თავდასხმას ხევ-ყაბარდოს გზაზე141. თერგ - ქალაქის სარდლებმა საქართველოდან გადმოსულ რუს ელჩებს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად 1300 კაციანი რაზმი დაახვედრეს142. 1599 წ ბორის გოდუნოვს მოსკოვში რუსი ელჩების დაგვიანების მიზეზად პირდაპირ მოახსენეს, რომ შამხალმა მათ გზა არ მისცა, და ელჩები შუა გზიდან ორჯერ დაბრუნდნენ, რადგან საზღვარზე გამცილებლები არ დახვდათ და მათ გარეშე კი შეუძლებელი იყო წამოსვლაო143“. ბუნებრივია, რომ თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული შამხალი უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადადის, კახელები ამ გარემოების შესახებ პირდაპირ ახსენებდნენ პ.სავინსა და ა.პოლუხანოვს. ადრე შამხალი ჩვენი მეფის ალექსანდრეს დამჯერი იყოო, ხოლო მას შემდეგ რაც თურქებმა საქართველოს საზღვრებთან ყიზილბაშებს ქალაქები წაართვეს და თურქ სარდლებს დაუახლოვდნენ, შამხლისგან კახთა მეფესა და მის ქვეყანას დღენიადაგ მოსვენება აღარა აქვსო144. ალექსანდრე კახთა მეფე, როგორც ირკვევა, დროდადრო შამხალს გარკვეულ საჩუქრებსა და მოსაკითხს უგზავნიდა, რათა თავიდან აეცილებინა ხოლმე მოსალოდნელი თავდასხმა. კახელები 1597 წ. იგივე რუს ელჩებს ასე ახსენებდნენ ამ ამბავს: "ალექსანდრე შამხალს მოსასხამს უგზავნის, რათა მან თავის ხალხს კახეთზე სალაშქროდ წასვლა არ უბრძანოსო145". ან კიდევ, „ალექსანდრე მართალია შამხალთან არ მეგობრობს, მაგრამ ძალაუნებურად მოსაკითხს მაინც უგზავნის, რადგან სხვანაირად არ ხერხდება საქმის მოგვარებაო146. ასეთ საჩუქრებსა და „მოსაკითხს“ კახთა მეფეები, სხვათა შორის, შემდგომ საუკუნეებშიც უგზავნიდნენ შამხალსა და დაღესტნის ტომთა სხვა ბელადებს. 1598 წლისათვის ყაბარდოში პრორუსული ორიენტაციის დასისათვის მოვლენები დრამატულად წარიმართა. იგი თითქოს შესავალი აღმოჩნდა 1605 წ. საქართველოში დატრიალებული ტრაგედიისა. ამ წლებში თავადმა ყაზი ფშეაფშიუკოვმა მუხანათურად დახოცა თემურყვას შვილები - ძმები მამსტრიუკი და დომანიუკი, მეტად თანმიმდევრული პრორუსული ორიენტაციის დასის მოთავეები. მათი დაღუპვის ძირითად მიზეზად ე.კუშევა მათ რუსული ორიენტაციისადმი ერთგულებას მიიჩნევს147. ყაბარდოში დატრიალებული ტრაგედია ქართველებისათვის უცნობლად არ უნდა დარჩენილიყო, მით უფრო რომ პრორუსული დასის განადგურების შემდეგ იქ ქართველებისათვის ძალზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა: ჯერ ერთი, თერგ-კახეთის გზა საშამხლოს მტრული მოქმედებისა და მის წინააღმდეგ უეფექტო ბრძოლის წყალობით ისევ და ისევ დაკეტილი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ყაბარდოში ანტირუსული ორიენტაციის დასის გამარჯვებით რუსეთთან ურთიერთობისათვის იკეტებოდა მეორე, მაგრამ ამ პერიოდისათვის ერთადერთი ძირითადი გზაც - ხევ - ყაბარდოსი. ეს მით უფრო საგანგაშო იყო, რომ XVI ს. დასასრულისა და XVII საუკუნის დასაწყისში თურქეთ - ყირიმხანსა და ირანს შორის ამიერკავკასიისათვის კვლავ დატრიალდა ახალი, დიდი ომის სუნი. თავისთავად გასაგებია ქართველთა შიში და მათი კვლავ მიმართვა რუსეთის სამეფო კარისადმი. ქართველებს რუსეთის აქტიური ჩარევა მთელი საქართველოსათვის დიდ სარგებლობად მიაჩნდათ მით უფრო, რომ იგი მისი ქრისტიანი მოკავშირე იქნებოდა, რაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო საქართველოს მორალური სიმტკიცისათვის მის მძიმე ბრძოლაში148. 1598 წ. სავინსა და პოლუხანოვს კახთა მეფემ მოსკოვში თან თავისი ელჩები თავადი სოლომონი და მდივანი ლევანი გააყოლა. ელჩები მოსკოვში 1599 წ. ივლისში ჩავიდნენ. ქართველების მოთხოვნის პუნქტებს კვლავინდებურად საშამხლოს დაპყრობა და თერგ - კახეთის  გზის გახსნა შეადგენდა149. ყაბარდოში გამწვავებული შინაფეოდალური ომით შექმნილი სიტუაცია ქართველებს არანაკლებ აწუხებდათ, რადგან მასზე ძალზე იყო დამოკიდებული ხევ - ყაბარდოს გზის ბედი და ამდენადვე რუსეთ - საქართველოს ურთიერთობაც. ამიტომ სავსებით გასაგებია თუ ქართველი ელჩები ამ მხრივაც რატომ სთხოვდნენ ქმედით დახმარებას რუსეთს (რუსეთ - ყაბარდოს მთიან რაიონებში ოთხი ციხე - სიმაგრის ჩადგმას)150. ამ მოთხოვნის შესრულება რუსეთის მხრიდან ყაბარდოს დაპყრობას უდრიდა. საქმე ისაა, რომ სწორედ ამხანად, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყაზი ფშეაფშიუკოვმა ვერაგულად მოჰკლა თემურყვას შვილები. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყაბარდოს დიდ მთავრად სწორედ ამავე პერიოდში აირჩიეს სოლოღ ტაპსარუკოვი - ესეც აშკარა ანტირუსული დასის მოთავე. სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო იყო; თერგის ქალაქის სარდლების სიტყვით (1601 წ. 20/X), სწორედ ამავე პერიოდში მთავარი სოლოღი და თავადი ყაზი ერთმანეთში მშვიდობით მორიგებულან, ყველა სხვა ყაბარდოელ თავადებთანაც დაზავებულან და ორივე ერთად ყუმიკელებთანაც შეკრულან, ისე რომ შამხლის ერთი მემკვიდრის სურხაის შვილი მძევლად სოლოღთან ყოფილა, ხოლო მეორე მემკვიდრის ანდეის შვილი კი თავად ყაზისთან151. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შამხალი არცთუ ნაკლებ ქმედით მონაწილეობას მიიღებდა ყაბარდოში პრორუსული ორიენტაციის დასის მოთავეების განადგურების საქმეში. ასე რომ, ქართველთა თხოვნა ხევ - ყაბარდოს გზისა და ყაბარდოში 4 ციხესიმაგრის ჩადგმის თაობაზე არც თუ ისე რეალურ საფუძველს ყოფილა მოკლებული. თერგ-კახეთის გზის ჩაკეტვის პირობებში ხევ - ყაბარდოს გზის ჩაკეტვაც, რასაკვირველია, რეალურად მტრული გარემოცვის რკალის შეკვრას უდრიდა, რის საწინააღმდეგოდაც ასე გააფთრებით იბრძოდა საქართველო. ქართველი ელჩები მოსკოვიდან 1601 წ. შემოდგომაზე წამოვიდნენ მათ თან ბორის გოდუნოვის ელჩებიც ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი ახლდათ, რომელთაც კახთა მეფისათვის საშამხლოზე სარდალ ივანე რომოდანოვსკ - რიაპოლოვსკის მეთაურობით ლაშქრობისა და თერგ-კახეთის გზის გახსნის ამბავი მოჰქონდათ152. კახთა მეფის თხოვნისადმი ასეთი ენერგიული ზომების მიღება თითქოს გამოწვეული უნდა ყოფილიყო შექმნილი პოლიტიკური ვითარებით, რომელიც რუსეთისათვის არც თუ სახარბიელოდ წარიმართა. ანგარიშგასაწევია აგრეთვე ერთი სხვა დიდი ფაქტორიც. საქმე ისაა, რომ ეს-ეს არის მზადდებოდა თურქეთ - ირანის დიდი ომი. მომავალი ომის პირობებში რუსეთი კარგად მიხვდა კახეთის მნიშვნელობას, მითუმეტეს თუ იგი საშამხლოსაც დაიპყრობდა, თერგ-კახეთის გზას გახსნიდა და კახეთს უშუალოდ გაესაზღვრებოდა. ამხანად ე.ი. XVII ს. დასაწყისისათვის უნდა შემუშავებულიყო ალბათ რუსეთის კავკასიური პოლიტიკის კიდევ ერთი ძირითადი დებულება - კახეთთან მტკიცე კავშირი, რომელიც თავისთავად დაემატა აგრეთვე XVI ს. რუსეთის პოლიტიკის - ყაბარდოსთან მტკიცე კავშირის დებულებას153. ივანე რომოდანოვსკ - რიაპოლოვსკის ლაშქრობა საშამხლო - დაღესტანზე არ შემდგარა. ე.კუშევას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი ან ასტრახანში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელმაც სალაშქროდ განკუთვნილი სასურსათო მარაგი გაანადგურა, ან კიდევ ის გავრცელებული ყალბი ცნობა, რომლის მიხედვით თითქოს ამ დროისათვის კახთა მეფე გარდაცვლილიყო154. ჩვენის აზრით, აქ უფრო სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა რომ ირან - ოსმალეთი 1590 წ. ამასიის ზავის დადების რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შეუდგა დიდი ომის სამზადისს. ასეთ პირობებში კი კახეთს უდიდესი როლი ენიჭებოდა, რადგან ამიერკავკასიაში მხოლოდ ის იყო რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენი, რომლის საშუალებით რუსეთი აპირებდა მომავალში არა მარტო თურქეთის, არამედ თვით ირანის მეტოქეობას, მიუხედავად იმისა, რომ ირანი მასთან ერთგვარ მოკავშირედაც კი გამოდიოდა თურქეთის წინააღმდეგ. საამისო დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთ - ირანს შორის უკვე კარგა ხანი იყო რაც "მეგობრულ ვითარებაში" ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი 1594-1595, 1598 და 1600 წლებში155. ა.პ.ნოვოსელცევის გამოკვლევით 1602-1603 წლებში რუსეთ - ირანს შორის იმდენად მჭიდრო ურთიერთობა იყო დამყარებული, რომ თითქოს ერთობლივი ოპერაციების ჩატარებაზეც კი იყო მიღწეული ერთგვარი შეთანხმება თურქეთის წინააღმდეგ, კერძოდ რუსეთს მაგალითად დერბენტი უნდა დაელაშქრა156. ასეთ ვითარებაში კახელთა თხოვნა საშამხლოს თაობაზე რამდენადმე პასუხობდა რუსეთის ინტერესებსაც და ეს უკანასკნელიც ადრეულ წლებთან შედარებით ძალზე ჩქარა დათანხმდა ამ ლაშქრობაზე. მაგრამ, როგორც ირკვევა, მოვლენები სასურველად ვერ წარიმართნენ და ბოლოს რუსეთი იძულებლი გახდა დროებით მაინც შეეკავებინა თავი. ჯერ ერთი საშამხლოს დაპყრობა და დერბენტის აღება აშკარად ნიშნავდა თურქეთის წინააღმდეგ ომის თუ არა დიდი ბრძოლის დაწყებასა და ბუნებრივია რომ რუსეთი ამას მოერიდა. მართალია, თ.ტივაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუსეთი კავკასიაში არ ცდილობდაო ოსმალეთთან შეჯახებას157 და იშველიებს ე.კუშევას, მაგრამ რუსეთ -თურქეთის ურთიერთობა XVI ს. მიწურულსა და XVII ს. დასაწყისში იმის საუცხოო მაგალითია, რომ რუსეთი აშკარად ერიდებოდა თურქეთთან ომს. ამიტომ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ნ.ბერძენიშვილს158, ნ.სმირნოვს159, ი.ლურიესა160 და სხვა ისტორიკოსებს რომლებიც თვლიან რომ რუსეთი არ აპირებდა ოსმალეთთან ომის დაწყებას. რუსეთი მართალია მიდიოდა ოსმალეთთან შეჯახებაზე, მაგრამ იგი ომში არ გადაზრდილა. თ.ტივაძე აღნიშნავს დებულების სახით, XVI ს. მიწურულსა და XVII ს.დასაწყისის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ოსმალეთის იმპერიის მიმართ არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ძალზე დამახასიათებელი თავისებურება შეიმჩნევა, ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობდა თავიდან აეცილებინა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა ოსმალეთს არ შეეტყო მისი ირანთან და კახეთთან დაკავშირების ამბავი, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე რუსეთის სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლების საკითხზე161. თ.ტივაძის ამ დებულებას ვეთანხმებით მაგრამ აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ მოლაპარაკების წარმოება გაცილებით სხვა რამაა, ვიდრე უშუალოდ თურქეთთან ომზე წასვლა. მეორეც, შაჰ-აბასი არცთუ მაინცდამაინც მოხარული იქნებოდა რუსეთის მიერ საშამხლოსა და დერბენტის დაპყრობით; მით უფრო, რომ ირანი თავისი ძლიერების აშკარა აღმავლობის გზაზე იდგა და ძალის გამოყენებით თუ მოქნილი პოლიტიკით იგი რუსეთს საშუალებას არ მისცემდა "მეგობრობისდა" მიუხედავად ეს აქტი განეხორციელებინა. ვფიქრობთ, რომ 1601 წ. საშამხლოზე ლაშქრობის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზთაგანი რუსეთ-ირანის ურთიერთდამოკიდებულებაც იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ნ.ბერძენიშვილისა და თ.ტივაძის მოსაზრებას, რომ რუსეთმა ამჯერადაც ირანს გაუწია ანგარიში162. საშამხლოს ლაშქრობაზე ხელის აღება გამოწვეული იყო რუსეთისათვის თურქეთისა და ირანის მიერ შექმნილი არახელსაყრელი სიტუაციით; თუმცა, როგორც შემდგომი მოვლენებიდან ირკვევა, ეს დროებითი თავის შეკავება ყოფილა, რამდენადაც მზადდებოდა თურქეთ-ირანის დიდი ომი და რუსეთი თავისი სამხედრო მოქმედებით შეიძლებოდა აშკარა მოკავშირედ გამოსულიყო ირანისა თურქეთის. წინააღმდეგ რუსეთი კი ასეთ აშკარა, თითქმის იურიდიულად გაფორმებულ კავშირს ერიდებოდა, რადგან მას შეეძლო თურქეთ-ყირიმხანის საპასუხო რეაქცია გამოეწვია. ასე რომ, თურქეთ-ირანის ომის დაწყების წინ რასაკვირველია, სჯობდა ფორმალურად მაინც ნეიტრალურ პოზიციებზე დადგომა. მისი ასეთი პოზიცია პრინციპში ხელსაყრელი იყო ირანის და თურქეთისათვისაც. თუმცა ფაქტიურად უპირატესობა მაინც ირანს ეძლეოდა, რამდენადაც ირანისათვის დახმარების დროშით რუსეთს შეეძლო თავისი პოზიციების განმტკიცება დერბენტ-ბაქო-შემახაში; რაკი თურქეთი უკვე საომარ მოქმედებაში იქნებოდა ჩაბმული ირანის წინააღმდეგ, იგი ერთდროულად ვერ გამოვიდოდა რუსეთ - ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ირანიც წინ ვერ აღუდგებოდა რუსეთს მის ბრძოლაში საშამხლო-დაღესტნის წინააღმდეგ ამიტომ ჩვენ შემთხვევით არ გვეჩვენება, რომ თურქეთ - ირანის დიდი ომის დაწყების წინ, რომელიც გამალებით მწიფდებოდა და გარდაუვალიც იყო, რუსეთი შაჰის მიმართ "მეგობრული ურთიერთობის" განწყობის შენარჩუნების მიზნით, საშამხლოსა და კახეთის მხრიდან შაჰის ყმობაზე მაინცდამაინც უარს არ ამბობდა. ეს გარემოება არცთუ უმნიშვნელოა რუსეთ-ირანის ურთიერთობის შესასწავლად. XVI ს. დასასრულისა და XVII ს. დასაწყისის რუსეთ-ირანის ურთიერთობის გარკვევის მთავარ მომენტად გამოდგება კახეთისა და საშამხლოსადმი მათი დამოკიდებულება. საბჭოთა ისტორიკოსთა ერთ ნაწილში რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ რუსეთისა და ირანის პოლიტიკურ-ეკონომიური ურთიერთობა XVI-XVII სს. მიჯნაზე მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ასე, მაგალითად, ა.ნოვოსელცევი, რომელსაც საგანგებოდ აქვს შესწავლილი სწორედ ეს პერიოდი ასკვნის, რომ "რუსეთისა და ირანის მთავრობებს შორის ურთიერთობის გულწრფელობა ამ პერიოდში არ უნდა გაიდეალდეს: ერთიცა და მეორეც პირველ რიგში თავისი ინტერესებიდან გამომდინარეობდნენ. მაგრამ რამდენადაც ამ შემთხვევაში ეს ინტერესები ემთხვეოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ცალკეული შეხლა-შემოხლისა და ყურადღების გამახვილებისა, რაც სავსებით გასაგებია ფეოდალურ სახელმწიფოებს შორის, რუსეთ - ირანის ურთიერთობა მთლიანობაში მეგობრულ საფუძველზე ვითარდებოდა163. თ.ტივაძე, რომელმაც რუსეთ-ირანის ურთიერთობის თითქმის ეს პერიოდი ასევე სპეციალურად შეისწავლა, უდავოდ იზიარებს მას და თავის მხრიდან კიდეც უმატებს, რომ რუსეთისა და ირანის თითქმის ოცწლიანი ურთიერთობა (1587-1606 წწ.) "მეგობრული და კეთილმეზობლური ხასიათის მატარებელი იყო164. სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებთ ამ დებულებას, რადგან იგი არ დასტურდება ამ პერიოდის სწორედ რომ კონკრეტულ-ისტორიული მოვლენებით. ვიდრე ამ საკითხს განვიხილავდეთ, გვინდა აღვნიშნოთ თვით თ.ტივაძის წინააღმდეგობა თავისსავე დებულებასთან. ხსნის რა თავის დებულებას, იგი წერს: "რუსეთისა და ირანის მეგობრული ურთიერთობა არ გამორიცხავდა დიდი და სერიოზული წინააღმდეგობების არსებობას, აშკარად ეს წინააღმდეგობანი არ გამოვლენილა, რასაც თავისი ახსნა გააჩნია, მაგრამ კონფლიქტის გამოუმჟღავნებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ არარსებობას. ბუნებრივი არც იქნებოდა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო და მათი ინტერესები არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ამ ფარული წინააღმდეგობის აუცილებელი არსებობით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ირანი რუსეთისათვის ერთიდაიმავე დროს მოკავშირესაც წარმოადგენდა (ოსმალეთისა და ბუხარის წინააღმდეგ ბრძოლაში) და მოწინააღმდეგესაც (კახეთისა და საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში)"165. ჩვენის აზრით, თ.ტივაძე ამაში მართალია, მაგრამ აი აქ დაისმის სწორედ მთავარი საკითხი, თუ რამდენად თავსდება ეს ორი მომენტი ირან-რუსეთის თუნდაც არა გაიდეალებულ გულწრფელობაში, მეგობრულ ურთიერთობაში და რაც მთავარია კეთილმეზობლობაში. ცნობილია, რომ თურქეთ - ყირიმხანის გლობალური სტრატეგიის ერთ პირველ მიზანთაგანს შეადგენდა ირანის მორჩილებაში მოყვანა, კავკასიის დაპყრობა - იმიერში ადიღე - ჩერქეზეთი, ყაბარდო და დაღესტანი, ამიერში საქართველო - სომხეთ - აზერბაიჯანი, ხოლო შემდეგ ვოლგა - ასტრახან - კასპიის ზღვის დიდი მაგისტრალით შუა აზიასთან (ბუხარა) მჭიდრო კავშირის დამყარება. ამ მიზნის მისაღწევად თურქეთი არც დიპლომატიურ "ომს" ერიდებოდა და მით უფრო სამხედრო შეიარაღებული ძალებით ბრძოლებს, ლაშქრობებს თუ მრავალწლიან დიდ ომებს. ამასთან იყო პერიოდები, როდესაც მას ერთდროულად უწევდა ხოლმე თითქმის სამ ფრონტზე ბრძოლა - ევროპულ, რუსულ და ირანულზე. ასე რომ, გაძლიერებულ ოსმალეთს ყირიმის სახანოსთან ერთად თავისი მიზნის მისაღწევად მოქმედების უფრო ფართო მასშტაბი ჰქონდა და იგი ამის განხორციელებას უმეტესწილად იარაღით უფრო ცდილობდა, ვიდრე დიპლომატიით. კავკასიისა და შუა აზიის ფრონტზე მთავარ მტრად მას ირანი მიაჩნდა, ხოლო შემდეგ რუსეთი. თავისი ინტერესები გააჩნდათ, რასაკვირველია, რუსეთსა და ირანსაც. ირანის სტრატეგიულ მიზანს შეადგენდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის დაპყრობა, ამით ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალზე გასვლა და საერთოდ კასპიის ზღვაზე გაბატონება, თურქეთ - ყირიმხანისათვის როგორც ჩრდილო კავკასიის, ისე სამხრეთის გზის გადაკეტვა შუა აზიასთან და ბუხარის სახანოსთან  დასაკავშირებლად. რუსეთის ინტერესებიც ოსმალთა დამარცხების შემდეგ კასპიის ზღვაზე გაბატონებას გულისხმობდა: ვოლგა-ასტრხანის სავაჭრო მაგისტრალზე თავისი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცებასა და შემახა - ბაქო - დარუბანდ - საშამხლო - თერგის ხაზის ხელში ჩაგდებას. როგორც ვხედავთ, ირან-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არანაკლებ პრინციპულად უპირისპირდებოდნენ და ეჯახებოდნენ, ვიდრე ორივე მათი თურქეთ - ყირიმხანისას; გასაგებია რუსეთი და ირანი ერთმანეთთან რატომ მიისწრაფოდნენ სამხედრო - პოლიტიკური კავშირის  დადებისაკენ და რატომ ამყარებდნენ ერთნაირ იმედს ამ კავშირის შექმნაზე; მით უფრო, რომ ირანი "ნებაყოფლობითაც" კი უთმობდა რუსეთს. ბაქო - დერბენტ - შემახას. საქმე ისაა, რომ ამხანად გაძლიერებული თურქეთ - ყირიმხანი რეალურად ახორციელებდა თავის გეგმებს და შეტევაზე გადმოსული არათუ პრაქტიკულად აყენებდა დარტყმებს რუსეთ - ირანის სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ, რაც მთავარია, იგი საკუთრივ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგაც მოქმედებდა. ასე რომ, რუსეთსა და ირანს პირველ რიგში შეძლებისდაგვარად უხდებოდათ თავისი საკუთარი თავის დაცვაც და მომავალ მიზნებზე ზრუნვაც. ამიტომ მოხდა სწორედ რუსეთ - ირანის არანაკლებ მნიშვნელოვან წინააღმდეგობათა გადანაცვლება მეორე პლანზე და პირველზე კი საერთო მტრის თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ მოქმედება. მთავარი იყო ორივესთვის ამ ეტაპზე აქტიურად მოქმედება, თურქეთ - ყირიმხანის დამარცხება ან შესუსტება. თავისთავად ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთ - ირანს შორის იძულებითი "მეგობრული" ურთიერთობა დამყარდა, რადგან პირველი  ამოცანის შესრულება უფრო სისხლხორცეული იყო, ვიდრე მეორის. ამიტომ ირანი, რომელმაც ორი ხანგრძლივი ომი გადაიტანა თურქეთთან (1545-1555 წწ., 1578-1590 წწ.) და რომელიც ემზადებოდა კიდევ მესამე დიდი ომისათვის (1603-1612 წწ.), რუსეთისადმი რამდენადმე დამთმობი აღმოჩნდა, ხოლო ნეიტრალიზაციისათვის კი ბაქო - დერბენტ - შემახას მიმართ მის აქტიურ მოქმედებას, ასე ვთქვათ, "მეგობრულ ვითარებაში" თანხმობით შეხვდა. მით უფრო, ირანის მხრიდან ეს დათმობა ფაქტიურად არარსებული იყო, რადგან თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ მოქცეული საშამხლო - დაღესტანი რუსეთს არ მორჩილებდა და, რუსეთს იგი იარაღით უნდა ჩაეგდო ხელთ. რაც შეეხება ბაქო - დერბენტ - შემახას, ისიც ფაქტიურად თურქეთის ხელში იყო და რუსეთისათვის მისი დათმობით ირანი იმხანად არაფერს არ კარგავდა. ასე რომ, რუსეთ - ირანის მეგობრობა, როგორც ვხედავთ, აშკარად იძულებითი და ანგარიშიანი მეგობრობა იყო, მაგრამ რამდენად იყო იგი თუნდაც გაუიდეალებელი, გულწრფელი; მეგობრული და კეთილმეზობლური, ეს მეტად რელიეფურად გამომჟღავნდა მათ ურთიერთობაში. თ.ტივაძის აზრით, საშამხლოსა და კახეთის საკითხებმა მეტად თავისებური ასახვა ჰპოვეს რუსეთისა და ირანის ურთიერთდამოკიდებულებაში, რაც თითქოს იმაში გამოიხატებოდა, რომ ქრისტიანული რუსეთი კახეთის პატრონად აცხადებდა თავს, ხოლო საშამახლოს კი ირანის ქვეშევრდომად ცნობდა; ამასთან, რუსეთი ირანის ქვეშევრდომის საშამხლოსადმი გატარებულ საგარეო პოლიტიკას ირანის პრეტენზიებს უფარდებდა, ხოლო კახეთთან ურთიერთობის დროს კი იგი საჭიროდ არ თვლიდა, ირანისათვის ანგარიში ჩაებარებინა თავისი საქმიანობის შესახებ166. ჩვენის აზრით, რუსეთ - ირანის ასეთი ურთიერთობა კახეთ-საშამხლოსთან დაკავშირებით უფრო ფორმალურ მხარეს წარმოადგენდა, რაც თავისთავად განპირობდა მათ შორის თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ ერთგვარი სამხედრო - პოლიტიკური კავშირის დამყარების აუცილებლობით და რასაც მართლაც არ შეიძლებოდა არ მიეცა მათი ურთიერთობისათვის მოჩვენებითი გულწრფელობის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იერი. კონკრეტულ - ისტორიული მოვლენების მიხედვით კი, ჩვენის აზრით თავისებურება ის იყო, რომ რუსეთის ხელდებული კახეთი ფაქტიურად შაჰის საყმო ქვეყანას წარმოადგენდა; დროდადრო იგივე კახეთი ასევე ფაქტიურად ხარკს უხდიდა თურქეთის სულთანსაც. ამასთან ერთად, შაჰმა რუსეთის ხელდებული კახეთი ჯერ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრია, შემდეგ როცა საშუალება მიეცა, რუსეთის ხელდებული ალექსანდრე და მისი შვილი გიორგი კონსტანტინე ბატონიშვილს დაახოცვინა 1605 წ., ხოლო 1614-1616 წწ. კი მთელ კახეთში მეორედ მოსვლის ტრაგედია დაატრიალა. რაც შეეხება საშამხლოს, აქ უფრო სხვა მდგომარეობა იყო. საშამხლო ფაქტიურად არცერთ საყმო ქვეყანას არ წარმოადგენდა. ა.ნოვოსელცევის სამართლიანი შენიშვნით, იგი ლავირებდა რუსეთს, ირანსა და თურქეთ - ყირიმხანს შორის; უპირატესად კი ამ უკანასკნელისკენ უფრო იხრებოდა, რამდენადაც თურქეთი მისგან გეოგრაფიულად შორს იყო. შამხალს სულთნის დახმარებით რუსეთ - ირანისაგან თავის დაღწევის იმედი ჰქონდა. ხოლო რაკი შამხალი ძირეულად იყო დაინტერესებული რუსეთისა და ირანის დასუსტებით, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობდა ხელი შეეშალა ერთი მხრივ, რუსეთ - ირანის დაახლოებისათვის, და მეორე მხრივ, რუსეთ - კახეთის ურთიერთობისათვისაც167. ასე რომ, რუსეთის მხრივ საშამხლოს ცნობა შაჰის საყმო ქვეყნად სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ რეალურ სწორედ ასე იყო. თუ საშამხლო მაინცადამაინც საერთოდ შეიძლება ფაქტიურად ვინმეს საყმო ქვეყნად ჩაითვალოს, ეს მხოლოდ თურქეთ - ყირიმხანთან დაკავშირებით ითქმის. ამიტომ იყო, რომ საშამხლოს წინააღმდეგ რუსეთის მოქმედება ირანის მხრიდან არათუ წინააღმდეგობას ხვდებოდა, არაედ პირიქით, ირანი ეთანხმებოდა კიდეც მას, რამდენადაც რუსეთი ამით თურქეთ - ყირიმხნს ამიერკავკასიაში და საკუთრივ ირანში შემოსვლის ჩრდილო - კავკასიურ გზას უკეტავდა. რუსეთმა რასაკვირველია ეს იცოდა და ამიტომაც იყო, რომ იგი საშამხლოს მიმართ თავის საგარეო პოლიტიკას ირანს პრინციპში არ უქვემდებარებდა. რუსეთ - ირანის ურთიერთობას XVI ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს, მაგრამ რაც შეეხება მეგობრულსა და კეთილმეზობლურს, იგი შეგვეძლია მხოლოდ ბრჭყალებში ჩავსვათ, ისე როგორც ამას სავსებით სამართლიანად ხმარობდა ნ.ბერძენიშვილი168. რუსეთსა და ირანს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, არც თუ ისე უმნიშვნელო წინააღმდეგობები ჰქონდათ და ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ისინიც დროისდა მიხედვით საკმაო ძალით იჩენდნენ თავს, რასაც უკვე აშკარად ვეღარ წვდებოდა მათი “მეგობრული ურთიერთობის” საფარველი. მოითქვა სული თუ არა, შაჰ-აბასმა, უმალ თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას შეუდგა. მან კარგად იცოდა რომ კახეთ - ყაბარდო - საშამხლოს ხელში ჩაგდებას კავკასიაში ბატონობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მანაც თავისი პოლიტიკა სწორედ აქეთკენ წარმართა. ფორმალურად როგორც კახეთი, ისე საშამხლო შაჰის ყმები იყვნენ, თუმცა მისგან „ხელწასულნი“, მაგრამ შაჰი ენერგიულად ამოქმედდა მათ დასაბრუნებლად. ახლა ირანისათვის ისეთი დრო არ იყო, რომ მას კახეთ - საშამხლოს ორმაგი ქვეშევრდომობა ეცნო - რუსეთისა და ირანისა კახეთის მიმართ, ხოლო თურქეთ - ყირიმხანისა და ირანისა საშამხლოს მიმართ, როგორც ეს თურქეთ - ირანის 1578-90 წწ. და ამასიის ზავის შემდგომ წლებშიც იყო. რუსეთი ამ ხრივ საქმის კურსში იყო და დროისდა შესაფერისად იძულებული ხდებოდა კახეთ - საშამხლოს მიმართ ეცნო „მეგობრის“ ეს უფლებები; რაც შეეხება ყაბარდოს, აქ სხვა მდგომარეობა სუფევდა. საქმე ისაა, რომ ყაბარდო არც ფორმალურად და არც ფაქტიურად ირანის საყმო ქვეყანას არ წარმოადგენდა. იგი რუსეთის მფარველობა - ქვეშევრდომობაში იყო შესული და პრინციპში მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ უკვე ამხედრებულ შაჰ-აბასს აღარ ერიდებოდა "მეგობრის" განაწყენებისა და ყაბარდოს მისაკუთრებაც სცადა, რაშიც, როგორც წყაროებიდან ირკვევა, გარკვეული წარმატებებისთვისაც კი მიუღწევია. 1601 წ. 20/X თერგ - ქალაქის სარდლები ა.ხილკოვი და ვ.სჩეტინი ბორის გოდუნოვს ატყობინებდნენ, რომ ყაბარდოს დიდი მთავარი სოლოღ ტაპსარუკოვი, თავადი ყაზი ფშეფშიუკოვი და მრავალი სხვა ყაბარდოელი თავადი რუსეთს განდგომიან, შამხალთან  შეკრულან და შაჰ-აბასთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაუბამთ. ასე, მაგალითად, სპარსელი ვაჭრის, მუბიბ უსეინოვის ცნობით, მიმდინარე ზაფხულში (1601 წ.) სოლოღ ტაპსარუკოვს თავისი აზნაური გაუგზავნია შაჰ-აბასთან, რათა შაჰი მას მიდგომოდა და ამავე დროს ეთავდება რუსეთის ხელმწიფის წინაშე, თერგის ციხე-ქალაქში მძევლად მყოფი მისი შვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლების საქმეში169. შაჰი, როგორც ჩანს, დათანხმებულა, რადგან სარდლებისავე სიტყვით, მან გაგზავნა თავისი ელჩი რუსეთის სამეფო კარზე170.  ბუნებრივია, რომ შაჰ-აბასი, ასეთ ბედნიერ შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან. საშამხლოს და ყაბარდოს კავშირი, რომლის დამყარებაში ალბათ დიდი წვლილი შეიტანეს შაჰის აგენტებმა, სრულიად შესაძლებელია, რომ გულისხმობდეს მათ კავშირს კახეთთანაც, რამდენადაც კახეთი ამხანად, მიუხედავად რუსეთის "ხელდებულობისა", კვლავ შაჰთან იყო მისული. თუ  მართლაც ეს ასე იყო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული ”სამკუთხედის“ ხელში ჩაგდებისას შაჰს, დროებითი წარმატებისთვის მაინც მიუღწევია. შაჰ–აბასის მიერ. ამ "სამკუთხედის" თურქეთის წინააღმდეგ დიდ ომში გამოყენების ცდამ, როგორც ჩანს, ძალთა გარკვეული გადაჯგუფება გამოიწვია ყაბარდო-კახეთ–საშამხლოში არსებულ პოლიტიკურ დასებში. ასე მაგალითად, 1602-1603 წწ. მოსკოვში ქვეშევდრომად მიღების თხოვნით ჩამოვიდნენ შამხლის შვილის კაფირყუმუხი მფლობელის ანდიას ელჩი ატაი, შამხლის მეორე შვილის სურხაის ელჩი იბრაჰიმი და ენდერის მფლობელი შამხლის მესამე შვილის სულთან მაჰომედის ელჩი დერმიში171. შამხალი და მისი შვილები, როგორც ჩანს, სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციისა იყვნენ. 1603 წ. შამხლის შვილებს არც ქართველები ჩამოუვარდნენ და მოსკოვში დაბრუნებულ რუს ელჩებს ივანე ნაშჩოკინსა და ივანე ლეონტიევს კახეთიდან კირილე ქსანტოპული და მდივანი საბა გააყოლეს172. ქართველებმა მოსკოვს ამჯერადაც საშამხლოს დალაშქვრა მოსთხოვეს, ხოლო დაღესტანში სამხედრო მოქმედების სრული წარმატებისათვის კი ტარკსა, ტუზლუკსა (ბუზლუკი) და ბოინაკში ციხე-სიმაგრეების ჩადგმა; მათი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ყუმიკეთის, კაიტაღის და ყველა სხვა მთიელთა მეფის მორჩილებაში მოყვანა173. ქართველები, როგორც ჩანს, ძალზე კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი დაღესტნის ამ ადგილების სამხედრო - სტრატეგიულ და ეკონომიურ მნიშვნელობაში, რადგან მათი აზრით აქ ციხე - სიმაგრეების ჩადგმით შეეძლო მხოლოდ რუსეთს არათუ მთელ დაღესტანზე კონტროლის გაწევა, არამედ ასეთივე კონტროლის დაწესება, ერთი მხრივ, ტარკიდან დერბენტ - ბაქო - შემახაში მიმავალ, ხოლო, მეორე, მხრივ კი, ტარკიდან საქართველოში მიმავალ გზებზე, რამდენადაც ყველა ისინი სწორედ ამ ქალაქებზე გადიოდნენ174. ასე რომ, წარმატების შემთხვევაში რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა თერგ - ტარკ - დერზენტ - ბაქო - შემახასა და თერგ-კახეთის გზები, რაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც საკუთრივ რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვისაც. ქართველები ამასთანავე დასძენდნენ, რომ საშამხლოზე ლაშქრობისას ყაბარდოელებიც მიიღებდნენ მონაწილეობას175. რუსეთის სამეფო კარმა ქართველ ელჩებს პირდაპირ განუცხადა, რომ იგი ალექსანდრე მეფის თხოვნას აკმაყოფილებდა, ი.ბუტურლინის მეთაურობით დიდ ჯარს აგზავნიდა შამხალზე სალაშქროდ და რომ მასთან ერთად იქ ქალაქების ჩადგმასაც აპირებდა176. ქართველ ელჩთა მოსკოვში ყოფნისას (1603-1604 წწ.) მოხდა ერთი მეტად საყურადღებო მოვლენა, რომელსაც საგრძნობი კორექტურა შეაქვს რუსეთ - ირანის, რუსეთ - კახეთის, კახეთ - საშამხალოსა და საშამხლო - ირანის ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ 1603 წ. ივნისში, კახთა ელჩების საქართველოდან გამგზავრებიდან 1604 წ. მარტამდე (ალექსანდრე კახთა მეფის მიერ თერგ - ქალაქში სარდლებისადმი წერილის გაგზავნამდე. - თ.ბ.) როგორც ირკვევა, კახეთ - საშამხლო დაზავებულან და ამას სათანადო გაფორმებაც მიუღია. ასე, მაგალითად, 1604 წ. მარტში კახთა მეფე თერგის სარდლებს ნიკიფორე ტრახანიოტოვსა და ვლადიმერ მოსალსკის საგანგებოდ ატყობინებდა, რომ ახლა მას ლეკებთან და შამხლის ხალხთან ერთად ყოფნის და საერთო მტრის წინააღმდეგ გამოსვლის პირობა აქვს დადებული; რომ ლეკები და შამხალი თავს უკრავენ დიდ ხელმწიფესა და თან საუკუნო ქვეშევრდომობაში აყვანასა სთხოვენ177. ალექსანდრე კახთა მეფის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მისი ელჩები მოსკოვში, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საშამხლოს დაპყრობასა და დაღესტანში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხესიმაგრეების ჩადგმას მოითხოვდნენ, რასაკვირველია, არც თუ ისე უმნიშვნელო გარემოებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია საკუთრივ თვით საშამხლო - კახეთის ასეთი მორიგება; ვფიქრობთ, რომ საშამხლო - კახეთის ამ მორიგებაში შაჰ-აბასის ხელი უნდა ერიოს. ამხანად ირანთან დაახლოებული საშამხლოს დაპყრობა რუსეთის მიერ რასაკვირველია, შაჰისათვის არ იყო ხელსაყრელი და მანაც, როგორც ჩანს, საშამხლოზე ამ ლაშქრობის მოშლა რუსეთის კარზე მუდამ მომჩივანი კახეთის საშუალებით სცადა, მაგრამ შაჰის ამ სურვილს ერთდროულად დაუპირისპირდა რუსეთ - თურქეთის ინტერესები და საკუთრივ საშამხლოსიც. საქმე ისაა, რომ შამხალმა რაკი ირან - კახეთი, პირველი რუსეთის "მეგობარი", ხოლო მეორე იგივე რუსეთის ხელდებული ან, თუნდაც ირანის ყმა, ვერ გამოიყენა მასზე სალაშქროდ გამზადებული რუსეთის შესაჩერებლად, მან დახმარებისათვის ისევ თურქეთ - ყირიმხანს მიმართა, რომელმაც არ დააყოვნა და მასთან მისულ შამხალთან ერთად კახეთის დაპყრობის დიდი საბრძოლო გეგმა შეიმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი ამხანად რუსეთის ფორმალური ხელდებული და ირანის ფაქტიური ყმა იყო.
        1604 წ. ზაფხულში ყუმიკელები მრავალგზის დაესხნენ თავს კახეთს, ხოლო ამავე წლის ივნისში, ისარგებლეს რა კახთა მეფის ალექსანდრეს შაჰ-აბასთან ყოფნით, თურქებთან ერთად კახეთის ისეთი ცენტრიც კი აიღეს, როგორიც ძაგემი იყო. ხოლო შემოდგომაზე თურქებთან ერთად სულაც, ერთი მხრივ, ჩრდილო კავკასიაში რუსულ ციხე - სიმაგრეებზე და, მეორე მხრივ, მთელ ქართლ - კახეთზეც აპირებდნენ თავდასხმას178. რუსულ ციხე - სიმაგრეებზე თავდასხმას, როგორც წყაროებიდან ირკვევა, შამხალი და მისი მოკავშირეები მაინც მორიდებიან, მაგრამ მეორე განზრახვის მიმართ მათ უკან არ დაუხევიათ. 1604 წ. ოქტომბერში, როდესაც რუსი ელჩები ტატიშჩევი და ივანოვი უკვე კახეთში იყვნენ, კახეთს ერთი მხრიდან სალთან - მაჰმუდი მოადგა ყუმიკელთა გაერთიანებული ჯარით, ხოლო მეორე მხრიდან კი ოსმალთა რაზმები179. თურქთა და ყუშიკელთა რაზმები, როგორც ჩანს, თავდაპირველად ვერ გაერთიანებულან და კახეთში მარტოდ დარჩენილან. გიორგი ბატონიშვილსაც ამით უსარგებლია მას ჯერ ძაგემის მახლობლად თურქები დაუმარცხებია, ხოლო ერთი დღის შემდეგ ყუმიკელთა წინააღმდეგაც დაძრულა, მაგრამ სალტან - მაჰმუდს შებმა ვერ გაუბედია და კვლავ უკან გაბრუნებულა მთებში180. ორივე შემთხვევისას, სხვათა შორის გიორგი ბატონიშვილს თან რუს ელჩებს ამალად ჩამოყოლილი მეთოფეებიც ახლდნენ. გიორგი ბატონიშვილი თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისათვის რუს ელჩებს საქართველოში რუსეთის ჯარების გამოგზავნას, აქ ორისამი ციხესიმაგრის აგებასა და შიგ ამ ჯარის ჩაყენებას თხოვს181. თურქთა და შამხლის ასეთი გააქტიურების მიზეზი ქართლ - კახეთის მიმართ ის იყო, რომ ორივეს მეფეები გიორგი და ალექსანდრე, ნუგზარ არაგვის ერისთავთან ერთად შაჰ-აბასთან იყვნენ გაწვეულები თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად182. ასე რომ, 1602 - 1604 წწ. შამხალი და მისი ყაბარდოელი მოკავშირეების გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ აშკარად თურქეთ - ყირიმხანის პოლიტიკით იყო გამოწვეული და მიმართული იყო, ასე ვთქვათ, ერთდროულად რუსეთის, საქართველოსა და ირანის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, რუსეთი გულგრილი ვერ დარჩებოდა და ისიც დროისდა შესაბამისად ამოქმედდა. რამდენადაც საშამხლო - დაღესტანი თურქეთ - ყირიმხანის პოლიტიკის გატარების ერთი პირველი ორგანიზატორთაგანი იყო, ამდენად რუსეთმა თავისი დარტყმაც მის წინააღმდეგ მიმართა მით უფრო, რომ თურქეთ - ირანი უკვე ომში იყვნენ ჩართულნი. 1604 წ დასასრულსა და 1605 წ დასაწყისში რუსეთმა, მიუხედავად იმ ცნობის, რომ კახეთ - საშამხლო დაზავებული იყო და ამ უკანასკნელს ვითომ მოსკოვის ქვეშევრდომობაც კი სურდა, ეს "ზავი" არა სცნო და ამჯერად კახთა მეფის სურვილისდა მიუხედავად, საშამხლოს დასაპყრობად დიდი სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ივანე ბუტურლინის სარდლობით. მეტიც, მან კახეთში დარჩენილ გიორგი ბატონიშვილს კახეთის მხრიდან საშამხლოზე ლაშქრობაც კი მოსთხოვა ბუტურლინის ლაშქრობის თანადროულად183. რუსეთი კახეთ - საშამხლოს დაზავების უარყოფას ჯერ ერთი იმით აპირებდა, რომ ეს ლაშქრობა თვით ქართველების მიერ იყო მოთხოვნილი, ხოლო მეორეც ასეთი ზავი ადრეც მრავალჯერ დარღვეულა184. რუსეთი, რომელიც კახეთ - საშამხლოს რეალურ ურთიერთობაში არანაკლებ იყო გათვითცნობიერებული, რასაკვირველია, ცდილობდა საშამხლოზე ლაშქრობა კახეთის თხოვნად გაეფორმებინა და ამით თურქეთ - ირანის წინაშე რამდენადმე გაემართლებინა კიდეც თავისი მოქმედება. რუსეთმა, ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, საშამხლოს დაპყრობა, კახეთის შემოფიცება, თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებად და ირანისადმი "მეგობრობის" აქტად ჩათვალა. ამასვე აღნიშნავს ი.კუშევაც. მისი აზრით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაღესტნის დალაშქვრის თაობაზე, რომელიც ალექსანდრე კახთა მეფის გამოგზავნილი სიგელისდა მიუხედავად მიიღეს (1604 წ. მარტი), თავისთავში უფრო ფართო მიზნებს ისახავდა, ვიდრე კახთა მეფისადმი დახმარებას შამხლის წინააღმდეგ. ეს იყო სამხედრო მოქმედების წყალობით შაჰისაგან დათმობის გზით დერბენტ - ბაქო - შემახას მიღება185. 1605 წ. იანვარში ი.ბუტურლინი ცალკე კახთა მეფე ალექსანდრესა და ცალკე კახეთში მყოფ მიხეილ ტატიშჩევსა და ანდრია ივანოვს ატყობინებდა, რომ მათ აიღეს "ანდრეევის სოფელი" ანუ ენდერი, ერპელი, ყარა-ბუტაკი, ტარკი და რომ ამ ახალ ქალაქ ტარკში აიგო ქვის ციხე - სიმაგრე186. რუსეთის ასეთი აქტიური გამოსვლა, რასაკვირველია, არც თურქეთ - ყირიმხანისა და არც ირანისათვის არ იყო ხელსაყრელი; მით უფრო, რომ კახეთის პოლიტიკური მესვეურები რუსეთის ლაშქრის საქართველოში გამოგზავნასა და ორი - სამი ციხე - სიმაგრის ჩადგმას მოითხოვდნენ, რაც ასე მიუღებელი იყო შაჰისათვის, რომელმაც სწორედ იმხანად უკვე ფაქტიურად დაიბრუნა თავისი საყმო ქვეყანა - კახეთი. ბუტურლინის საპასუხო რეაქცია შაჰის მხრივ ის იყო, რომ 1605 წ. მარტში მან მის კარზე გაზრდილ, გამაჰმადიანებულ კონსტანტინე ბატონიშვილს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ალექსანდრე და ძმა გიორგი მუხანათურად დაახოცვინა. ხოლო მეორე მხრივ თურქეთისა და დაღესტნის ფეოდალთა გაერთიანებული ჯარების აქტიურმა მოქმედებამაც ბუტურლინის ლაშქრობის ბედი საბოლოოდ მარცხით დაასრულა; ამ ორი მოვლენით, ასე ვთქვათ, დასრულდა კიდეც ამ ურთიერთობათა ერთი მთლიანი ციკლი, რომელიც ასე რთულად და გადახლართულად მიმდინარეობდა XVI ს. მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მის ბოლო მეოთხედში. ასე რომ, დაღესტნის საკითხი რუსეთ - თურქეთ - ირანის პოლიტიკურ ურთიერთობაში XVI-XVII სს. მიჯნაზე ისეთ "გორდიუსის კვანძად" იქცა, რომ მისი გადაჭრა ხმლის ერთი მოქნევით შეუძლებელი ხდებოდა. XV-XVI სს. მოვლენების საბოლოო გაანალიზებისას შეიძლება ითქვას, რომ საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა ორ პერიოდს მოიცავს: XV-XVI სს. პირველი ნახევარი, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ახორციელებს, ასე ვთქვათ, შეტევით პოლიტიკას და XVI ს. მეორე ნახევარი, როდესაც დაღესტანი საქართველოსაგან ერთგვარ დამოუკიდებლობას აღწევს და მეტიც, თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული უკვე თვით გადმოდის შეტევაზე. ამავე პერიოდში კახეთისათვის ნათელი ხდება, რომ მტრული გარემოცვიდან თავდასაღწევად და რუსეთთან ურთიერთობის დასამყარებლად ლეკური საკითხი მისთვის ერთი პირველი სასიცოცხლო საკითხთაგანია. მართალია კახეთმა „ლეკურ საკითხს“ აღნიშნულ პერიოდში ასე თუ ისე გაართვა თავი, კახთა მეფისვე თქმით, "ხან მეგობრობით ხან საჩუქარ - ჯამაგირით და ხან ხმლის ძალით"187, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გადაუწყვეტია. კახეთისათვის კი ერთმორწმუნე რუსეთი უფრო ორგანული შეიქმნა მას შემდეგ, როდესაც იგი რამდენადმე გათვითცნობიერდა რუსეთის ინტერესებში დაღესტნის მიმართ, ანუ დაახლოებით XVI ს. ბოლო მეოთხედში. საქმე ისაა, რომ რუსეთისათვის ჩრდილო კავკასიის გზის მთლიანად ჩასაკეტად მთლად საკმარისი არ აღმოჩნდა ყაბარდო და თერგ - ქალაქი, რადგან ამ საიმედო ჩამკეტების მიმართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროთურქული ორიენტაციის საშამხლო - დაღესტანი "ციხის შიგნიდან გამტეხის ძალად გამოდიოდა და ამდენად თურქეთ - ყირიმსაც შესაძლებლობას აძლევდა ვოლგა - ასტრახანისაკენ გასაჭრელად. ამიტომ იყო, რომ რუსეთი ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდა მის დასალაშქრად. რიგ შემთხვევაში ყაბარდო - საქართველოს თხოვნით, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ამ ორივესაგან დამოუკიდებლივ. მართალია XVI ს. რუსეთი მიზნად არ ისახავდა კავკასიის მიმართ თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას თურქეთ - ყირიმხანთან და ირანთან დიდი კონფლიქტების გამო, მაგრამ მან იმდენი მაინც გააკეთა, რომ როგორც ერთს, ისე მეორეს საშუალება არ მისცა განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები, რაც ობიექტურად რამდენადმე ადგებოდა კავკასიის ხალხების წარმატებით ბრძოლას თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის სამხედრო ფეოდალური სახელმწიფოების წინააღმდეგ. მართალია, XV-XVI სს. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა ძირითადად მხოლოდ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით კახეთმა მთელი საქართველოსათვის ერთი საერთო საკითხი დასვა - საქართველო - რუსეთის ურთიერთობისა და მტრული გარემოცვიდან ამ გზით თავის დაღწევისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამხანად საშამხლოს საკითხი კახეთისათვის დადებითად ვერ გადაწყვიტა. 
შენიშვნები
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, ჟურ. „მნათობი“, №6, თბილისი, 1954, გვ.124.
2. ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ჟურ. ”მნათობი“, AR: 6, თბილისი, 1954, გვ.128.
3. ნ.ბერძენიშვილი, პ.ინგოროყვას წიგნის „გიორგი მერჩულეს გამო“, ჟურ ”მნათობი“, N12, თბილისი, 1956, გვ.129.
4. დავით ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს..., გვ.36.
5. იქვე, გვ.36-37.
6. Очерки истории Дагестана, Махачкала, 1957, т.I, стр.73, 84.
7. В.Г.Тизенгаузен, Сборник материалов относящихся к истории Золотой Орды, Извлеченные из персидских сочинений, т.II, М.-Л., 1940, стр.124; Очерки истории Дагестана, стр.62.
8. ნ.ბერძენიშვილი , საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, ჟურ. "მნათობი", №6, თბილისი, 1954, გვ.126-127
9. Извлечение из истории Дагестана, составленное Мухаммедом Рафи, Сборник сведений о кавказских горцах, вып.V, Тифлис, 1878, стр.10-11; იხ. Аварские народные сказания, Сборник сведений о кавказских горцах, вып.II, Тифлис, 1869, стр.6; იხ. А.Бакиханов, Гюлистан - Иран, Баку, 1926, стр.51.
10. Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.63.
11. Извлечение из истории..., стр.7.
12. Г.М.Магомедов, История Дагестана, Махачкала, 1961, стр.128
13. А.К.Бакиханов, დასახ. ნაშრ., გვ.38.
14. თ. ბოცვაძე, საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს., თბილისი,  1963, გვ.25.
15. ნ.ბერძენიშვილი, ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების მთავარი  ხაზი (თეზისები), თბილისი,  1964,  გვ.5.
16. К.Маркс и Ф.Энгельс, Соч., т.XVI, стр.442.
17. Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.93-94
18. И.П.Петрушевский, Очерки по истории феодальных отношении в Азербайджане и Армении в XVI-начале XIX вв. Л., 1949, стр.68; А.К.Бакиханов, Ук. соч., стр.74.
19. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.88.
20. ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., 1944, ნაკვ.I, გვ.14.
21. თ.ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წიგნი II, თბილისი, 1897, გვ.245-246; ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.IV, თბ., 1948, გვ.33.
22. ვახუშტი, საქართველოს ისტორია, ნაწ.I, თბილისი, 1885, გვ.300.
23. ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, 1848, გვ.36.
24. ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, 1884, გვ.37.
25. იქვე; გვ.37.
26. იქვე.
27. Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.85-89
28. ი.ცინცაძე, მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი, 1965, გვ.18, 20, 23-25.
29. მ.თამარაშვილი, დას.ნაშრ., გვ.65.
30. ი.ცინცაძე, მასალები..., გვ.23.
31. იქვე
33. К.Базилевич, Внешняя политика русского централизованного государства, Вторая половина XV века, 1952, стр.414. 33 С.А.Белокуров, Сношения..., стр.XVIII.
34. Н.А.Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв., М., 1958, стр.11.
35. А.Бакиханов, Гюлистан-Иран, Баку, 1926, стр.72.
36. Архив Маркса и Энгельса, т.VI, М., 1939, стр.189.
37. А.Бакиханов, დას. ნაშრ., გვ.77.
38. Е.Н.Кушева, Народы Северного Кавказа и их связи с Россией в XVI-XVII вв., М., 1963, стр.184.
39. История Азербайджана, т.I, стр.236-237.
40. Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.210.
41. Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.198, 238; А.Бакиханов, Ук. соч., стр.79-80, 82.
42. Кабардино-русские отношения в XVI-XVIII вв., Документы и материалы в 2-х томах, Москва, 1957, т.I, стр.5.
43 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.13.
44 თ.ბოცვაძე, საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1963, გვ.24-25
45 Кабардино-русские отношений..., т.I, стр.5; ПСРЛ, Т.XIII, I-я пол., стр.284.
46 იქვე, გვ.5
47 Английские путешественники..., стр.172.
48 Кабардино-русские отношения.., т.I, стр.7-8; ПСРЛ, т.XIII, 1-я пол., стр.284; т.XIII, 2-я пол., стр.313, 322, 324, 330, 338, 371; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.27, 43, 53, 347; С.А.Белокуров, Сношения..., стр.II, III, VII; Л.И.Лавров, Тарки XVI в., Ученые записки Института истории, языка и литературы, т.IV, 1958, стр.17; მისივე, Из эпиграфических находок Дагестанской экспедиций, „Сборник Музея антропологии и этнографий", т.XVII, Л., 1957, стр.379-380.
49 ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.371.
50 თ.ბოცვაძე, დას. ნაშრ., გვ.41 - 43; ნ.ბერძენიშვილი მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.19-21; М.А.Полиевктов, Экономические.., стр.29-30, 38; დ.გვრიტიშვილი, დას. ნაშრომი გვ.93-94; С.А.Белокуров, Сношения.... стр.156; Е.Н.Кушева, Народы..., стр.240-241.
51 Е.Н.Кушева, Народы..., стр.212.
52 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.12; ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.391.
53 საქართველოს ისტორია, დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 1958, გვ.280; ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოც., 1913, გვ.163.
54 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.13.
55 Е.Н.Кушева, Народы..., стр.237.
56 იქვე, გვ.222-224
57 ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.333. Кабардино-русские отношения..., т.I, стр.9-10.
58 Л.И.Лавров, Из эпиграфических.., стр.379-380.
59 ისტორია ქმნილი..., გვ.37
60 Кабардино-русские отношения .., т.I, стр.13.
61 Н.А.Смирнов, Кабардинский вопрос в русско-турёцких отношениях XVI-XVIII вв., Нальчик, 1948, стр.5-6, 16.
62 Кабардино-русские отношения.., т.I, стр.14, 23.
63 М.Н.Тихомиров, Россия в XVI столетии, М., 1962, стр.517.
64 А.П.Новосельцев, Русско-иранские политические отношении во 2-й пол. XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.451-452; А.Бакиханов, Ук. соч., стр.83.
65 იქვე, გვ.84
66 "იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ", თბილისი, 1964, გვ.67-68
67 Н.А.Смирнов, стр.34; Е.Н.Кушева, стр.260.
68 იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები..., გვ.69
69 იქვე.
70 იქვე, გვ.73; А.Бакиханов. Ук. соч., стр.85; Н.А.Смирнов, "Россия" и Турция в XIV-XVII вв., т.I, М, 1946, стр.127-128;
71 Н.А.Смирнов, Ук. соч., стр.34-35.
72 Ногайские дела, 1586, т.18, л.100.
73 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.113-114.
74 С.А.Белокуров, Сношения..., стр.10-13.
75 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.18.
76 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269.
77 С.А.Белокуров, Сношения..., стр.10-13.
78 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269
79 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.13.
80 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269.
81 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.178-179.
82 С.А.Белокуров, Сношения..., стр.41.
83 იქვე, გვ.45-46,49
84 იქვე, გვ48-50, 53
85 იქვე, გვ.55-56.
86 С.А.Белокуров, Сношения..., стр.58, 61.
87 იქვე
88 იქვე, გვ.60
89 იქვე, გვ.57, 60
90 იქვე, გვ.155,215.
91 С.А.Белокуров, Сношения..., стр.214.
92 იქვე, стр.136, 182-184.
93 იქვე, გვ.136.
94 იქვე, გვ.184
95 Н.И.Веселовский, Памятники.., т.I, стр.138-139.
96 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.169, 173.
97 იქვე, გვ.79
98 იქვე, გვ.80
99 С.А.Белокуров, Сношения..., стр.263-564.
100 იქვე
101 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.3.
102 С.А.Белокуров, Сношения..., стр.88, 96, 100, 162, 174.
103 იქვე, გვ.192-193, 200, 201.
104 С.А.Белокуров, დასახ. ნაშრ., გვ.163, 170, 173, 175, 185.
105 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.155.
106 იქვე, გვ.213
107 იქვე, გვ.215
108 იქვე, გვ.182
109 იქვე, 136
110 იქვე, გვ.182, 184
111 იქვე, გვ.181
112 იქვე, გვ.182
113 С.А.Белокуров, Сношения..., стр.181, 185, 189, 193.
114 იქვე, გვ.202, ნ.ბერძენიშვილი, მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.39
115 С.А.Белокуров, Сношения..., стр.
116 С.А.Белокуров, Ук. соч., 203.
117 იქვე, გვ.234
118 იქვე, გვ.237
119 იქვე, გვ.225, 234
120 С.А.Белокуров, დასახ.ნაშრ., გვ. CIV, 203, 255; ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ნაკ.I, 1944, გვ.51; История Азербайджана, т.I, стр.261.
121 С.А.Белокуров, დასახ.ნაშრ., გვ.203, 255; ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ნაკ.I, 1944, გვ.51.
122 С.А.Белокуров, Сношения..., стр. CIV, 253, 255.
123 Очерки истории Дагестана, გვ.131.
124 Е.Н.Кушева, Народы..., стр.278.
125 Е.Н.Кушева, Русско-дагестанские отношения XVI-XVII вв., стр.17.
126 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.253, 255.
127 იქვე, გვ.255-256
128 იქვე, გვ.202, 213.
129 С.А.Белокуров, Ук. соч.
130 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.68; С.А.Белокуров, Сношения..., стр. СXIX; Н.А.Смирнов, დასახ. ნაშრ., стр.140-148.
131 Крымские дела, кн.18, лл.234-238 об., 253 об.- 254 об., кн.19, лл.. об.-312, кн.20 лл.18, 24 об.-25; кн.21, л.281.
132 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.257.
133 იქვე, გვ.257, 260-261, 263.
134 ПСРЛ, т.XIV, I пол., стр.45-46; С.А.Белокуров, Сношения..., стр.266.
135 Е.Н.Кушева, Народы..., 283.
136 Н.И.Веселовский, т.I. III, 264, 273, 276, 286, 302, 317, 322. A.П.Новосельцев, Ук. соч., გვ.455, 457; Е.Н.Кушева, გვ.283.
137 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.264, 267.
138 Н.И.Веселовский, Ук. соч., т.II, стр.44.
139 С.А.Белокуров, Сношения..., стр.274-275, 277, 282.
140 С.А.Белокуров, Сношения..., стр.318.
141 იქვე, გვ.292-29 3,350; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.44.
142 С.А.Белокуров, Сношения..., стр.291, 350.
143 იქვე, გვ.318.
144 იქვე, გვ.350.
145 იქვე, გვ.302.
146 С.А.Белокуров, Сношения..., стр.303.
147 Е.Н.Кушева, Народы..., стр.285.
148 ნ.ბერძენიშვილი, მასალები, ნაკვ.I, 1944, გვ.79.
149 С.А.Белокуров, Сношения..., стр.319, 321, 324.
150 С.А.Белокуров, Сношения..., стр.324, 337.
151 იქვე, გვ.350.
152 იქვე, გვ.330, 336-337, 353.
153 Н.А.Смирнов, Политика России... стр.47.
154 Е.Н.Кушева, Народы..., стр.286; С.А.Белокуров, Сношения..., стр.430.
155 Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.44, 28-141; მისივე, т.I, გვ.287, 298-299, 352-371.
156 А.П.Новосельцев, Русско-иранские политические отношения во 2-й половине XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.456.
157 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.211-212; Е.Н.Кушева, Народы..., стр.290.
158 ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., ნაკ.I, 1944, გვ.35.
159 Н.А.Смирнов, Россия и Турция в XVI-XVII в. "Учёные записки", т.I, М., 1961, стр.441.
160 Я.Лурье, Русско-английские отношения и международная политика второй половины XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.441.
161 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.211
162 ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., ნაკ.I, 1944, გვ.84-85, 88; თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.195.
163 А.П.Новосельцев, Русско-иранские..., стр.455.
164 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.206.
165 იქვე, გვ.206-207.
166 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.208-209.
167 А.П.Новосельцев, Русско-иранские..., стр.456-457.
168 ნ.ბერძენიშვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.., მასალები, ნაკვ.I, 1944.
169 С.А.Белокуров, Сношения..., стр.350.
170 იქვე, 412.
171 С.А.Белокуров, Сношения..., стр.364-374; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.2, 4, 22, 27, 53.
172 იქვე, გვ.372.
173 იქვე, გვ.391, 395, 400-401, 402.
174 С.А.Белокуров, Сношения..., стр.401, 405.
175 იქვე, გვ.405
176 იქვე, გვ.402, 412.
177 С.А.Белокуров, Сношения..., стр.412.
178 С.А.Белокуров, Сношения..., стр.465-466.
179 იქვე, გვ.476.
180 იქვე, გვ.477.
181 იქვე, გვ.476, 482
182 იქვე, გვ.448, 455.
183 С.А.Белокуров, Сношения..., стр.454, 481.
184 იქვე, გვ.432.
185 Е.Н.Кушева, Народы..., стр.287; Русско -дагестанские отношения в XVI-XVII вв., стр.19.
186 С.А.Белокуров, Сношения..., стр.480.
187 С.А.Белокуров, Сношения..., стр.200.
თავი მეორე
საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVII-XVIII სს. 10-იან წლებამდე
     XVI-XVII სს. მიჯნაზე ძალთა განწყობილება წინა აზიის საერთაშორისო ურთიერთობაში ირანის სასარგებლოდ შეიცვალა და მან თავის მხრივ ძველი ვითარების გადასინჯვის საკითხი მკვეთრად დააყენა. რუსეთის პოზიციების შესასუსტებლად და ამიერკავკასიაში თავისი სრული ბატონობის უზრუნველყოფის მთავარ საწინდრად შაჰ-აბასმა, ამიერკავკასიის ქვეყნების სამხედრო - პოლიტიკური დაპყრობის გარდა, მათი ეკონომიური დაქვეითებაც მიიჩნია, რათა მომავალში მის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველგვარი საფუძველი მოეშალა მათთვის. ამიტომ იყო, რომ შაჰ-აბასმა, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ვ.გაბაშვილი, მტკიცედ გადაწყვიტა ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა და მათი ინკორპორაცია, რისთვისაც, ბუნებრივია ეკონომიური ომის საშუალებებმა მის პოლიტიკაში მთავარი დაიკავეს1. ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელების პირველი აკორდი ე.წ. "დიდი სურღუნი" - არეზის ჯუღის მოშლა იყო, რომელიც ამიერკავკასიის ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც ვაჭრობის ცენტრი და რომელიც XVI-XVII სს. მიჯნაზე წარმოადგენდა აბრეშუმის გასაღების ნამდვილ ბირჟას2. ამასთან ერთად, 1603 წ. დაწყებული ირან-ოსმალეთის ომი ირანის უპირატესობით წარიმართა და 1612 წ. დროებით შეწყდა კიდეც სტამბოლის ზავით, რომლის მიხედვით ირანმა დაიბრუნა აზერბაიჯანი, ქურთისტანის დიდი ნაწილი, ქართლ - კახეთი, სამცხე - საათაბაგოსა და სომხეთის ჩრდილო ნაწილი. შაჰის ფართო გეგმების განხორციელებას თითქოს აღარაფერი უდგებოდა წინ: თურქეთი დამარცხებული იყო, ხოლო რუსეთი, რომელმაც ეს-ეს არის თავი დააღწია გართულებულ საშინაო და საგარეო მდგომარეობას, ირანთან ომს ვერ გაბედავდა. მაგრამ შაჰს მაინც საქართველოს ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოვების პერსპექტივა აფიქრებდა, რამდენადაც ქართველებთან ერთმორწმუნეობა მას საფუძველს აძლევდა აქაურ საქმეებში ჩასარევად3. შაჰი არცა ფარავდა საერთოდ თავის დიდ განზრახვას, რომ სურდა თუნდაც სიცოცხლის ფასად გაეწმინდა ეს მხარე შავ ზღვასა და ყირიმამდე4. შაჰმა სცადა რუსეთისათვის დაესწრო და ყაბარდო - კახეთ - დაღესტნის საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა. მან ქართლ - კახეთიდან დაიწყო, რადგან ისინი ყიზილბაშობის წინააღმდეგ იბრძოდნენ ყოველგვარი ხერხით და ამით შაჰ-აბასის საერთო კავკასიურ გეგმასაც ძირს უთხრიდნენ5. 1614 წ. ზაფხულში შაჰ-აბასი "დიდი რისხვიანობითა და მრავლის ლაშქრით" წამოვიდა ქართლ-კახეთზე. ასეთი დიდი შემოსევისათვის ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა და ბუნებრივია, რომ მას მოჰყვა სასტიკი აოხრება, განსაკუთრებით კახეთისა. გ.ჟორდანია სხვადასხვა წყაროების შეჯერების საფუძველზე სამართლიანად ასკვნის, რომ შაჰ-აბასის ამ პირველი ლაშქრობის ხანგრძლივობა ყოფილა არა 50 დღე, როგორც ეს მიღებულია ისტორიულ ლიტერატურაში, არამედ, დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვე6. 1614 წ. ლაშქრობის მიზანი, როგორც წყაროებიდან ირკვევა, მარტო ქართლ-კახეთის დაპყრობა არ ყოფილა; შაჰს, როგორც ჩანს, განზრახული ჰქონია აგრეთვე იმიერკავკასიაშიც, ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობა. ასე, მაგალითად, თერგ - ქალაქის სარდალი პ.გოლოვინი 1614 წ. აგვისტოში მეფეს ატყობინებდა, რომ შაჰი ჯერ ყაბარდოზე, ხოლო შემდეგ ყუმიკეთში აპირებს ლაშქრობასო7, ხოლო იქ საიმედოდ ფეხისმოსაკიდებლად კი თვით ტარკში სპარსული ციხექალაქის ჩადგმასაცო8. შაჰ-აბასს ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობა მხოლოდ ქართლ - კახეთის დაპყრობის რასაკვირველია, ხევ-ყაბარდოს და თერგ-კახეთის გზების საშუალებით. ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო, მას საამისოდ წინასწარ ნიადაგიც უნდა შეემზადებინა, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ასეთი დიდი ლაშქრობის მოწყობა იმიერკავკასიაში მეტად სარისკო იქნებოდა. მართლაც, ნუგზარ არაგვის ერისთავი, ხევ-ყაბარდოს გზის ერთი ძირითადი ბატონ-პატრონთაგანი, ამხანად შაჰს გადაებირებინა და მასთან ერთად ის ყაბარდოელი მთავრებიც, რომლებიც იმიერკავკასიაში უშუალოდ ამ გზის მეორე ნახევარს ფლობდნენ9, რაც რასაკვირველია მას ერთგვარ გარანტიას მისცემდა კავკასიის მთებში უშიშარყოფისათვის. შაჰს მსგავსი ნიადაგი უნდა შეემზადებინა დაღესტანშიც, მაგრამ მისი პოლიტიკა აქ ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა. ასე, მაგალითად, იგი დაღესტნის სხვადასხვა გაერთიანების მთავართა მიმართ, ერთი მხრივ თითქოს არ იშურებდა ძღვენ - საჩუქრებს, ძვირფას ხალათებს, წყალობის ფირმანებს და სხვ.10, რომელთა მიზანიც ვითომ ის იყო, რომ ისინი გაერთიანებულიყვნენ ტარკის მფლობელ გირეისთან, ხოლო, მეორე მხრივ, შაჰი აშკარად ემზადებოდა დაღესტანში სალაშქროდ, რისთვისაც მან შემახიის ხანს შიხ ნაზარს ბრძანებაც კი მისცა 12000-იანი რაზმით ყუმიკეთის დაპყრობის თაობაზე11. მიუხედავად ამისა, შაჰმა მაინც შეძლო დაეყოლებინა ზოგიერთი დაღესტნელი მფლობელი საქართველოზე სალაშქროდ. ასე, მაგალითად, ტარკის მმართველი გირეი მზად იყო თავისი 1500-იანი რაზმით მონაწილეობა მიეღო ამ ლაშქრობაში12. ქართლ - კახეთში შაჰის გამანადგურებელმა ლაშქრობამ არც თუ ისე უსაფუძვლოდ გამოიწვია ყაბარდო - დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებათა შორის ძალთა გარკვეული გადაჯგუფება, მით უფრო, რომ შაჰი ლაშქრობას აპირებდა ყაბარდოსა და დაღესტანში. ამას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამაც. ამხანად რუსეთი შვეცია - პოლონეთის ინტერვენციის კრიზისიდან გამოვიდა და ამდენად ზურგმომაგრებულს საშუალება მიეცა კავკასიის მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკის წარმოებისათვის. ახალი დროისდა შესაბამისად ამოცანებიც შეიცვალა: თუ მაგალითად XVI ს. მის ძირითად კავკასიურ პოლიტიკას ყაბარდოსთან კავშირი შეადგენდა, ამჟამად მის წინაშე უფრო ფართო გეგმები დაისახა ქართველი ფეოდალების თავის მხარეზე მომხრობა; სომხურ სავაჭრო კომპანიებთან გარიგება აბრეშუმით ვაჭრობის განვითარებასთან დაკავშირებით და ბოლოს საკუთარი ვაჭრების საშუალებით შემახას ბაზართან და მასთან ერთად ირანის სხვა სავაჭრო ქალაქებთან დაკავშირება13. შაჰ-აბასის აგრესიის მზადებას ჩრდილო კავკასიაში არ შეიძლებოდა სათანადო გავლენა არ მოეხდინა კავკასიურ ქვეყნებსა და მის მმართველ პოლიტიკურ წრეებზე. ასე, მაგალითად, ყაბარდოელი თავადები სოლოღი, აიტეკ მურზა და სხვ. შაჰ-აბასს გაემიჯნენ და რუსეთს მიემხრნენ, ხოლო მუნდარ ალკასოვი, მისი ძმები და სხვ. პირიქით14. ასეთივე სიტუაცია შეიქმნა დაღესტანშიც, სადაც სხვადასხვა გაერთიანებების დიდმთავართა ნაწილი შაჰს ჩამოსცილდა და 1614 წ. შემოდგომაზე რუსეთს დაეფიცა ერთგულებაზე. ასე, მაგალითად, ტარკის მფლობელი გირეი, ყაზი-ყუმუხისა - ალიბეკი, ავარიის - მახტი, ყარაბუდაღის - სურხაი, ერპელის - ბუდაჩევი, შამხლის შვილი - ალბირიუი და სხვ. მფლობელები, რომლებიც მათი ძმები, შვილები ან ბიძაშვილები იყვნენ15. ტარკის მმართველმა ყუმიკელმა გირეიმ ცოტა მოგვიანებით საკუთარი ელჩიც კი (ტომოლდუკა) გაგზავნა მოსკოვში ერთგულების დასამტკიცებლად და მფარველობაში შესასვლელად; რუსეთმა მიიღო იგი, მიუხედავად იმისა, რომ ყუმიკელი ელჩის მოსკოვში ყოფნისას თვით გირეი შაჰ-აბასის კარზე იმყოფებოდა16. მიხეილ თევდორეს ძემ ასეთსავე მფარველობაში მიიღო ყუმიკეთის მეორე დიდი ენდერის მთავარი სულთან - მაჰმუდი17. თერგ-ქალაქის სარდლის პ.გოლოვინის სიტყვით ეს დაღესტნელი მთავრები აცხადებდნენ, რომ ისინი ერთმანეთში შეთანხმებულნი არიან, სურთ ერთგულად ემსახურონ დიდ ხელმწიფეს, იყვნენ საუკუნოდ მისი უდიდებულესობის ხელქვეით და რომ თერგ - ქალაქზე საომრად არასდროს არ წავლენ18. რუსეთის მიერ დაღესტნის მთავრების მფარველობაში მიღება მაშინ, როდესაც შაჰი დაღესტნის დაპყრობას აპირებდა, რასაკვირველია გამოწვევა უფრო იყო, ვიდრე შაჰისადმი ე.წ "ძმობის, მეგობრობისა და სიყვარულის" დამტკიცება. კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში რუსეთ - ირანის ინტერესები ერთმანეთს არანაკლებ უპირისპირდებოდნენ. რუსეთი, ბუნებრივია, გულგრილი ვერ დარჩებოდა შაჰ-აბასის ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობისას და ისიც მსგავსად შაჰისა, უკვე ნაცად "ძმობის, მეგობრობისა და სიყვარულის“, ასე ვთქვათ, მოჯადოვებული წრის ფარგლებში ამოქმედდა. შაჰის ლაშქრობით შეშინებულმა შამხალმა თავი მაინც შაჰის ყმად ცნო, რათა მისივე სიტყვით, შაჰ-აბასს საშამხლო ისევე არ დაერბია, როგორც საქართველო19. მიუხედავად შაჰის მიერ ყაბარდო - საშამხლოზე სალაშქროდ ნიადაგის წინასწარ შემზადებისა და თითქოს ერთგვარი წარმატებებისა, მან ვერ შეძლო მიზნის განხორციელება. ამისი პირველი მიზეზი უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლა იყო შაჰის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველი ციხე, ეკლესია-მონასტერი, სასახლე, ტყე, ხევი და სხვ. ომით უნდა აეღო20. ბუნებრივია, რომ იმიერკავკასიაში რაიმე წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, განსაკუთრებით, ქართლ-კახეთ-შარვანის საბოლოოდ დამორჩილების გარეშე, მაგრამ ქართლ-კახეთი, მიუხედავად სასტიკი აოხრება - განადგურებისა, ბრძოლას კვლავ დიდის შემართებით განაგრძობდა. შაჰის მიერ ქართლ-კახეთის აოხრება თვალნათლივი მაგალითი უნდა ყოფილიყო ყაბარდო - დაღესტნის მოსახლეობისათვის, მით უფრო, რომ შაჰი ამის შემდეგ მათზე აპირებდა თავდასხმას. საქმე იქამდის კი მივიდა, რომ შაჰის ერთგულმა ტარკის მთავარმა გირეიმ, რომელსაც განზრახული ჰქონდა თავისი ლაშქრით შაჰს მიშველებოდა საქართველოზე 1614 წ ლაშქრობისას, ვერ შეძლო ხალხის შეკრება, რადგან, მისივე სიტყვით, ყუმიკელებმა გირეის არ დაუჯერეს და მას შაჰ-აბასისათვის მისაშველებლად საქართველოზე სალაშქროდ არ წაყვნენ21. ამასვე ახსენებს 1615 წ. ლუკინო მიხეილ თევდორეს ძეს, ყუმაყელები ამბობენო, რომ ისინი შაჰს არც ქვეშევრდომობას სთხოვენ და არც მის სამსახურს აპირებენ. ხოლო თუ შაჰი მათზე წამოვა, მაშინ ყველა აღსდგება მის წინააღმდეგ და მას თავიანთ ქვეყანაში არ შემოუშვებენო22. 1612 წ. სტამბულის ზავით მართალია ირანი გამაჯვებული აღმოჩნდა, მაგრამ თურქეთისათვის ეს დროებითი მოვლენა იყო და ბუნებრივია შაჰის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში 1614-1615 წწ. დიდი ლაშქრობა მის ყურადღებას არ გამოპარვია. სწორედ ამ წლებში სულთანმა მეჰმედმა არაერთხელ მოსთხოვა შაჰს დაებრუნებინა მისთვის შემახა, დერბენტი, განჯა და სხვ. ამასთან სულთნის ელჩები გადაჭრით ითხოვდნენ პასუხს, რატომ დალაშქრა შაჰმა საქართველო, მაშინ როდესაც საქართველო მისი მოხარკეა, ხოლო ყუმიკელი მფლობელები კი მის სამსახურში არიანო23. თურქეთი ასეთსავე პრეტენზიას აცხადებდა ყაბარდოზეც. ასე რომ, იმიერკავკასიაში სალაშქროდ გამზადებული ირანისათვის თურქეთის მხრიდან თავის გახსენება არცთუ შემთხვევითი იყო. თურქეთის მოთხოვნები თუ მისაღები არა, ანგარიშგასაწევი მაინც იყო, რადგანაც 1615 წ. გაზაფხულზე ოსმალეთის ლაშქარი დიდი ვეზირის მეჰმედ - ფაშას სარდლობით დაიძრა ირანის საზღვრებისაკენ, მაგრამ იყო აგრეთვე ერთი ფაქტორიც, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა უნდა მოეხდინა ირანის აღნიშნული ლაშქრობის ჩასაშლელად. იმიერკავკასიაში 1616 წ. თერგ-ქალაქის სარდლის პრიკლონსკის მიერ მეფისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ შაჰის მოსალოდნელი ლაშქრობის თავიდან ასაცდენად, ყაბარდო - დაღესტნის მმართველებს დახმარებისათვის მიხეილ თევდორის - ძისათვის მიუმართავთ; მეფეს 1615 წ. იანვარში შაჰისათვის მართლაც თავისი კაცი შახნატოვი გაუგზავნია საგანგებო სიგელით და "მეგობრობისა და ძმობის" ნიშნით ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობის მოშლა უთხოვია24. რუსეთიც თავის მხრივ გულგრილად ვერ მოეკიდებოდა შაჰის მიერ ყაბარდო - დაღესტნის დაპყრობას და მან მისი მოგვარებაც უფრო "მეგობრობისა და ძმობის" ნაცადი ხერხით სცადა, ვიდრე იარაღით, როგორც ამას თურქეთი აპირებდა ასეთ საერთო ვითარებაში შაჰს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწია რუსეთისათვის მით უფრო, რომ ქართლ-კახეთის თავდადებული ბრძოლის პირობებში მისი "თხოვნა" კარგი გამოსავალი იქნებოდა, რამდენადაც მას ყაბარდო-დაღესტანზე ლაშქრობა აღარ შეეძლო და მისი მოშლა ამით გამართლდებოდა, ხოლო მეორე მხრივ კი თვით, რუსეთს დაუმტკიცებდა თავის "ძმობასა და მეგობრობას". სხვათა შორის, შაჰმა აოხრებული საქართველოდან წასვლაც რუსეთისადმი ამ "ძმობის და მეგობრობის" ნიშნით გაასაღა25ასეა თუ ისე, შაჰის უკან დახევა რუსეთის წარმატება იყო და მას რასაკვირველია, საკმაო ხვედრითი წონა შეემატა კავკასიელი ხელდებულების თვალში, რაც უმალ გამოიხატა კიდეც რუსეთთან მათი ურთიერთობის განახლებასა და მის შემდგომ ქმედით განვითარებაში. შაჰ-აბასის ლაშქრობის ჩაშლამ იმიერკავკასიაში აუცილებლად გადაარჩინა იქ მოსახლე ხალხები საუკუნოვან უბედურებას. მომავალ 1615 წ. ამ ლაშქრობის განხორციელება მით უფრო შეუძლებელი გახდა კახეთში შაჰ-აბასის წინააღმდეგ დიდი სახალხო აჯანყების დაწყებასთან დაკავშირებით. იგი 1615 წ. სექტემბერში, ალავერდობას დაიწყო. აჯანყება მოედო აგრეთვე შარვანსაც. კახთა მეფის თეიმურაზისა და შირვანელი დელი-მელიქის ერთობლივი ღონისძიებებით აჯანყებულებმა კახეთისა და შირვანის ციხეები აიღეს, მეციხოვნეები გაწყვიტეს და ორივე ქვეყანა ყიზილბაშთაგან გაწმინდეს26. შაჰ-აბასი გამძვინვარდა. ისქანდერ მუნშის სიტყვით, მაზანდარანში მისი „მძვინვარების ისეთი ცეცხლი ავარდა, რომ ყოველი მისი ნაპერწკალი ქვეყნიერების დამწველი მეხი იყო... შაჰმა მტკიცედ გადაწყვიტა საქართველოზე გალაშქრება და იქაურ ურჯულოთა დაქცევა"27. გამძვინვარებული შაჰის შურისძიებით გამოწვეული ლაშქრობის წინააღმდეგ კახეთიც შეუდგა მზადებას. ასეთ დროს, რასაკვირველია, მოკავშირე იყო საჭირო. დიდ სახელმწიფოთაგან ასეთი რუსეთი ან თურქეთ - ყირიმხანი, ხოლო პატარათაგან ყაბარდო და დაღესტანი უნდა ყოფილიყვნენ. უშუალო განსაცდელის წინ, 1616 წ. თებერვალში თეიმურაზ კახთა მეფემ თერგ - ქალაქის სარდალს პრიკლონსკის და ყაბარდოელ თავად მუნდარის აზნაურ არდაშოვის ხელით წერილი გაუგზავნა და მოახსენა, რომ "იგი მოსკოვის ძველ ხელმწიფეთა და ასევე ახალი მიხეილ თევდორის ძის მსახურია"28. თუ კონკრეტულად რას მოითხოვდა იგი, ამის შესახებ პრიკლონსკი არაფერს ამბობს, მაგრამ რაკი თეიმურაზი შაჰ-აბასის მიერ საქართველოს აოხრება - განადგურების შესახებ წერდა, ამდენად "სავარაუდებელია, რომ იგი სამხედრო დახმარებას ითხოვდა. თუმცა რუსეთმა უყურადღებოდ არ დატოვა თეიმურაზის თხოვნა და მას მართლაც გაუგზავნა თერგ-ქალაქის ცხენოსანთა ასეულის მეთაური ვ.ნადობნოვი, რომელმაც ყაზიყუმუხეთამდეც კი მიაღწია29, მაგრამ მას შაჰის საქართველოზე მეორედ ლაშქრობამ მოუსწრო და ამდენად მიზნებიც ჩაიფუშა; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ეს იყო თეიმურაზის თხოვნის სრული დაკმაყოფილება. ამის მიზეზი ძირითადად თვით რუსეთ - ირანის ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ შაჰის თვალსაზრისით, ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობის მოშლა, თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო რუსეთისათვის, რათა მას ამჯერად თავი შეეკავებინა შაჰის ქართლ - კახეთთან დამოკიდებულების საკითხში. ამის დამატებით საფასურად შაჰი იქამდეც მიდიოდა, რომ იგი თითქოს ხელსაც კი უწყობდა რუსეთს ჩრდილო - კავკასიაში მისი გავლენის განმტკიცებაში, რაც სხვათა შორის ორ არცთუ უმნიშვნელო მომენტში ვლინდებოდა. პირველი - შაჰი რუსეთს იქით თხოვდა, რათა მას სუნჯაზე და კოისუზე ხელმეორედ ჩაედგა რუსული ციხეები, რომ ყირიმამდე არ ჰყოლოდა მას მტრები, ხოლო მეორე მხრივ კი შაჰი დაღესტნის მთავრების თხოვნას რუსეთის მიმართ მფარველობა - ხელდებულობის თაობაზე „გაგებით“ ეკიდებოდა, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ფორმალურად თუ ფაქტიურად, მაგრამ ცნობდა კი დაღესტნის მთავრების, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაორებულ ქვეშევრდომობა - ყმობას რუსეთისა და ირანისადმი. თავის მხრივ, რასაკვირველია, ყველაფერი ეს მაინც შაჰის დიდი პოლიტიკის სარგებლიანობით იყო ნაკარნახევი, რუსეთის საშუალებით თურქეთ- ყირიმხანისათვის ჩრდილო კავკასიის გზების ჩაკეტვა და ამით თავისი კავკასიური ზურგის რამდენადმე უშიშარყოფა. რუსეთი, რასაკვირველია, გრძნობდა შაჰის ამ პოზიციას და ამიტომაც იყო რომ იგი მ.პოლიევქტოვის სამართლიანი შენიშვნით, XVII ს. დასაწყისში ირანისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებას იჩენდა, რაც თავისთავად გულისხმობდა აგრეთვე თურქეთის პოზიციების შესუსტებას კავკასიაში30. ასეთ საერთო ვითარებაში ალბათ რუსეთმა ქართველი ხელდებულებისადმი აშკარა მხარდაჭერა შაჰის "ძმობისა და მეგობრობის" საზღვრების დარღვევად მიიჩნია და როგორც ჩანს, თავი შეიკავა. დრო არ ითმენდა და როგორც წყაროებიდან ირკვევა, თეიმურაზს თურქეთ - ყირიმხანისათვის “მიუმართავს. 1615-1616 წწ. მას თურქეთსა და ყირიმის სახანოში თავისი წარმომადგენელი ხარიტონი ორჯერ გაუგზავნია. თურქეთისთვის მომენტი სწორედ რომ მეტად ხელსაყრელი იყო, მით უფრო, რომ იგი გამალებით ემზადებოდა ირანის წინააღმდეგ. თურქეთმა თეიმურაზს შაჰ-აბასის წინააღმდეგ ჯარით დახმარება სწრაფად აღუთქვა, რაც, სხვათა შორის, არც რუსეთისათვის და არც ირანისათვის საიდუმლოდ არ დარჩენილა31. ასე, მაგალითად, 1615 წ. მაისში მიხეილ თევდორეს ძემ და შაჰ-აბასმაც იცოდნენ, რომ თურქეთი ქართველთა დასახმარებლად საქართველოში შაჰის წინააღმდეგ ყაბარდოსა და ყუმიკეთზე გავლით თავის ვასალს ყირიმის ხანს აგზავნიდა32. უეჭველია, რომ ასეთი ფართო ღონისძიების მიღებისას, კახთა მეფე თავის მხრივ უნდა მოლაპარაკებოდა ყაბარდო - დაღესტნის მმართველ წრეებს, რომ თურქეთ-ყირიმხანის ჯარები საქართველოში მომავალ გზებზე მშვიდობით გამოეტარებინათ. სხვა შემთხვევაში ასეთი რამ აშკარად გამორიცხული იყო, რის ფაქტობრივი დადასტურებაც XVII-XVIII სს. ისტორიაა, როდესაც თურქეთ - ყირიმხანი თავისი ძლიერების პერიოდში იარაღითაც კი ვერ ახერხებდა ამის განხორციელებას. ეს გარემოება თავის მხრივ შეიძლება ორი მომენტით აიხსნას: პირველი, რომ ყაბარდო - დაღესტანს არ ავიწყდებოდა შაჰ-აბასის 1614-1615 წწ. ცდა მათზე ლაშქრობაზე, ხოლო მეორე კი, ის, რომ თეიმურაზის ცდებს ყაბარდო - დაღესტნის მმართველ წრეებთან, როგორც ჩანს, მაინც რაღაც წარმატება მოჰყოლია. ასე, მაგალითად, თვით დაღესტანში ყაზი - ყუმუხეთძა მთავარს ალიბეკსა და ენდერის მთავარ სულთან მაჰმუდს თეიმურაზისათვის კიდეც აღუთქვამთ შაჰ-აბასის წინააღმდეგ თავიანთი რაზმებით დახმარება33. შაჰმა, რასაკვირველია, კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა თურქეთ - ყირიმხანის ასეთი დახმარება კახეთისათვის, და ამასთან ერთად ყაბარდო-დაღესტნის მიმხრობაც. ამ კოალიციას შეეძლო მისი კავკასიური პოლიტიკისათვის სასიკვდილო ლახვარი ჩაეცა და ისიც ჩვეული ენერგიით ამოქმედდა. მან ყაბარდო-დაღესტნიდან დაიწყო. გზის მოსაჭრელად შაჰმა პირიქით, თვით მოითხოვა ყაბარდოსა და დაღესტნის მთავრებისაგან "დახმარება", რაც სხვას არაფერს  ნიშნავდა თუ არა ყირიმის ხანისათვის გზების ჩაკეტვასა და მის წინააღმდეგ სალაშქროდ გამოსვლას34. ასეთ ვითარებაში კი, რასაკვირველია, თავისთავად უკვე გამორიცხული იყო ამ უკანასკნელთა დახმარება საქართველოსათვის, რაც მის მიზანს შეადგენდა კიდეც. მაგრამ ეს არ იყო "თხოვნა"; შაჰმა დაღესტნისა და ყაბარდოს მთავრებს პირდაპირ უბრძანა ჯარებით დერბენტში "შეჭრილიყვნენ", ან არა და მათ სასტიკად ააოხრებდა35. შაჰმა მოხერხებულად შეატრიალა საქმე: ჯილდოების, ძვირფასი ხალათებისა და ფასიანი საჩუქრების უხვად გაცემით, ხოლო ზოგიც მუქარითა და ზოგიც კი ინტერესთა დამთხვევით, შაჰ-აბასმა ასე თუ ისე, მაინც შეძლო დაღესტნის რიგ გაერთიანებათა მთავრების გადაბირება და ამჯერად მათი საქართველოზე ამხედრება. ასე, მაგალითად, მიიმხრო კაიტაღის უცმი რუსტამ ხანი, დერბენტის ხანი, ტაბასარანის მაისუმი, ყაზი-ყუმუხეთის მმართველი ალიბეკი და როგორც ჩანს, ტარკის მმართველი გირეი და თვით სურხაი შამხალიც36. მდგომარეობა ქართველთათვის მით უფრო კრიტიკული შეიქმნა, რომ თურქეთმა ვერ შეძლო თავისი დაგეგმილი თავდასხმის განხორციელება ირანზე, ხოლო ყირიმის ხანის ლაშქრობაც თითქოს საქართველოს დასახმარებლად, დასაწყისშივე ჩაიშალა37. თეიმურაზი მარტოდმარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰ-აბასის პირისპირ. დადგა საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღე38. 1616 წ. შემოსევის შედეგად ისქანდერ მუნშის სიტყვით, რომ ვთქვათ, კახეთში „მოსახლეობის სუნიც კი აღარ იყო არსად დარჩენილი..." ისეთი ქვეყანა, რომელიც ყოველწლივ ურიცხვ სარგებელსა და შემოსავალს იძლეოდა, დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული"39. შაჰმა ხელი არც განჯას, არეშს, შემახას, შებერანს, ნახჭევანს, ბაქოს და სხვას დააკლო. ასე რომ, ამიერკავკასიის დიდ სავაჭრო-სახელოსნო ქალაქებში ვაჭარ - ხელოსნების აყრა, კულტურული მეურნეების ირანის სხვადასხვა ადგილებში გაფანტვა და მათ საცხოვრებელზე ყიზილბაშური ტომების შემოყვანა სრულიად გარკვეული პოლიტიკური (და ეკონომიური ომის) მიზანდასახულობის შესაბამისად იყო გამართული40. მართალია შაჰ-აბასის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა, მაგრამ რამდენადაც შაჰმა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შესძლო, ესეც მის დამარცხებას უდრიდა. მისი იმიერკავკასიაში ლაშქრობის საკითხი ამჯერადაც მოიხსნა დღის წესრიგიდან. მართალია შაჰ-აბასის მეორე შემოსევისას მის ლაშქარში იყვნენ დაღესტნის რიგი მთავრების რაზმებიც, მაგრამ მძიმე განსაცდელის ჟამს შაჰ-აბასისაგან დევნილმა ქართველობამ თავი კახეთის განაპირა დაღესტნის მთებსა და რაიონებს - დიდოეთს, ავარიას, წახურს და სხვ. შეაფარა თავი, რომელთაც არ შეასრულეს შაჰ-აბასის ბრძანება. რომ „რომელნი შემოვიდნენ თქვენ კერძთა მთათა შინა, თქვენ მონრენით იგინი და აღგავსნე მეცა ნიჭითა"41შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებმა ხერხემალში გატეხეს კახეთი და ამდენადვე მთელი საქართველოც. საქმე ისაა, რომ კახეთი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ XVI-XVII ს. თავისი სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობით წარმოადგენდა არა მხოლოდ ერთიანი საქართველოსათვის რეალური ძალის მქონე მებრძოლ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო ურთიერთობაში, იგი რამდენადმე მთელ საქართველოდაც იგულისხმებოდა, გამოხატავდა რა იმავ დროს სხვა ე.წ. "საქართველოებისათვისაც" ერთიან ინტერესებს რუსეთთან თუ თურქეთთან, ირანთან თუ დას.ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში. კახეთს საამისოდ ხელს უწყობდა ჯერ ერთი მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, ხოლო მეორეც სიახლოვე საერთაშორისო დიდ სავაჭრო-სატრანსპორტო და სატრანზიტო მაგისტრალებთან და ამისდა შესაბამისად ცხოველი ურთიერთობა ამ მარშრუტებზე განლაგებულ ცნობილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებთან42. გავერანება კახეთისა, რომელიც XVI და XVII სს. დასაწყისში წარმოადგენდა საქართველოს საიმედო სიმაგრესა და თავშესაფარსაც, სადაც მორბოდნენ ფეოდალური ექსპლოატაციის ზრდისა თუ გარეშე მტრების მოწოლით აყრილ-გაქცეული გლეხები იმერეთიდან, ქართლიდან, სამცხე-საათაბაგოდან, სომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან43, რასაკვირველია, საქართველოს მომავალი განვითარებისათვის დიდად საზიანო ფაქტორი იყო. ამ შედეგმა ყველაზე რელიეფურად თავი საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში იჩინა, რამდენადაც იგი თავის მხრივ აღმოჩნდა ერთი ძირითადი მიზეზთაგანი XVII-XVIII სს. საქართველოს საწარმოო ძალების სტაგნაციისა. კახეთ - დადესტნის ურთიერთობა, რომელმაც XVI ს. ბოლო მეოთხედში მწვავე ხასიათი მიიღო, XVII ს. პირველ ათეულშიც ასეთივე გამწვავებული დარჩა; მომრავლდა წვრილ-წვრილი თავდასხმები, რაც კახეთის სიძლიერის გამო ჯერ ვერ იზრდებოდა თავახსნილ თარეშში. უმეტესი ასეთი თავდასხმა, როგორც ჩანს, სათანადო საპასუხო დარტყმას იღებდა. ამ ხანის შესახებ ვახუშტი მოგვითხრობს: "არამედ უკეთუ მტერობდნენ ლეკნი, გარნა ვერ იკადრებდნენ ცხადად თვინიერ პარვით: ამისთვის წარავლინა თეიმურაზ ომანი - შვილი ქაიხოსრო... ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დასდგა მთასა ზედა, უწყო რბევა სრვა და ოხრება, და... ვერავინ წინააღუდგნენ“44. ასეთი ვითარება ალბათ შაჰ-აბასის შემოსევებამდე გრძელდებოდა. 1614-1616 წწ. შაჰ - აბასის ლაშქრობებმა და ე.წ. „ეკონომიურმა ომმა“ ქართლ-კახეთის ძლიერება, განსაკუთრებით კახეთისა, საუკუნოდ გატეხა, მაგრამ შაჰი, „გურჯისტანის საკითხს“ მაინც გადაუწყვეტლად თვლიდა და ეს მას არ ასვენებდა. საამისო საფუძველი შაჰს ის ჰქონდა რომ ქართლ - კახეთის ხმალი კვლავ ამოღებული იყო, ხოლო თეიმურაზ კახთა მეფე ერთი მხრივ მის წინააღმდეგ დასახმარებლად მოსკოვში წერილებსა და ელჩებს გზავნიდა (ასე, მაგალითად, 1617-1618 და 1642 წლებში)45, მეორე მხრივ კი, არც თურქეთს ივიწყებდა შაჰის წინააღმდეგ ასამხედრებლად. ასე, რომ, შაჰ-აბასს საკმაო საფუძველი ჰქონდა დაესაჯა კახეთი, რადგან იგი ირანს რუსეთს, თურქეთ-ყირიმხანს, ან კიდევ ორივეს ერთად უმხედრებდა. 1624 წ. შაჰ-აბასი დიდი ჯარით დაიძრა ქართლ-კახეთის "აღსაგავად მიწისა პირისაგან". მარტყოფის ველზე ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე საშთამომავლო გამარჯვებას მიაღწიეს46 და შაჰ-აბასის იდეა ქართველობის სრულად მოსპობისა საბოლოოდ დაასამარეს. თანამედროვე თურქი ისტორიკოსის ი.ფეჩევის სიტყვით, მთელი "ორმოცი წლის განმავლობაში შაჰს ასეთი მძიმე დანაკლისი არ ჰქონია"47. მარაბდის ომი შაჰ-აბასის მხოლოდ პრესტიჟის დაცვისა თუ აღდგენის ცდა იყო და მას შაჰისთვის, გამარჯვებისდა მიუხედავად, უკვე არსებითი მნიშვნელობა არა ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ეს დიდი სისხლის ფასად დაუჯდათ ქართველებს. შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ "საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში ახალი ტეხილი იწყება. საქმე ისაა, რომ თუ აქამდე დაღესტნის მთიელების კულტურულ და პოლიტიკურ მეურვეობაზე საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნდა მაორგანიზებელი ძალა, რომელიც მართალია რამდენადმე შეირყა თემურ-ლენგის აგრესიულ - მაჰმადიანური პოლიტიკის შედეგად, ახლა იგი შაჰ-აბასის ყიზილბაშურ - თურქმანული შემოტევის შემდეგ თითქმის მთლიანად გაქრა. დაუძლურებული კახეთ - ბარი დაღესტნის მთის სიმძიმის ქვეშ მოყვა. შაჰ-აბასის შემოსევებისას განსაკუთრებით წახურელი ალი სულტანი გაისარჯა, რომელმაც სანაქებო ერთგულების გამოჩენისათვის შაჰის ნდობა და საგანგებო პატივისცემა დაიმსახურა. "ოდეს შაჰ-აბაზ - ყაენი, - წერს ბერი ეგნატაშვილი, - მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოხრა სრულიად კახეთი, მაშინ თანაშემწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა"48. 1616 წ. შაჰ-აბასი თავის ფირმანში წახურელ ალი სულთანისადმი წერდა: "კვალად გვეუწყაო თქვენი ერთგული სამსახურის შესახებ ჩვენი ტახტისადმიო. ქება თქვენ! თქვენ ღირსეულად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა ერთგულებისა... განაგრძეთ სამსახური ასეთივე გულმოდგინებით და იმოქმედეთ ისე, რომ იგი ყოველმხრივ სასარგებლო იყოს ჩვენი სახელმწიფოსათვის"49. წახური დაღესტნის ის განაპირა რაიონი იყო, რომელიც კახეთს უშუალოდ საზღვრავდა და კახთა მეფეებს ალექსანდრესა და ლევანს თავის დროზე ყმადნაფიცობდა50. შაჰ-აბასის საქართველოდან გაცლის შემდეგ თეიმურაზმა ყოფილ ყმას თავისი უზღო. 1626-1628 წწ ზურაბ ერისთავის მოთავეობით კახელები "დაესხნეს თავსა სულთანსა წახეთისას და მოსრეს პირითა მახვილისათა ყოველნი მუნ მყოფნი... თვით იგიცა სულტანი შეიპყრეს და მოკლეს“51. ქართველებმა შამხალ-დაღესტნელ აბრაგებსაც მოხედეს, რომლებმაც ძნელბედობის პერიოდში ქართლ-კახეთს არც თავისი ხელი დააკლეს. გიორგი სააკაძის დაუღალავი ცდის შედეგად ეს თავდასხმებიც დროებით აღიკვეთა და ქვეყანამაც შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა. მართალია მარტყოფსა და მარაბდას ირანის სამეფო კარი თითქოს საბოლოოდ უნდა დაერწმუნებინა "გურჯისტანში" "ქართველების“ ლეკვიდაციის მიუწვდომლობაში და საქართველოს თურქმანულ-ყიზილბაშური ტომების სამომთაბაროდ გადაქცევის შეუძლებლობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, შაჰ-აბასს ეს განაზრახი ანდერძად თავის მემკვიდრეებისათვის მაინც დაუტოვებია. ამის გამო მისი სიკვდილის შემდეგ მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, როდესაც ირანის სამეფო ტახტზე შაჰ-სეფი დაჯდა. ასე, მაგალითად, 1630-1631 წწ., როდესაც ილდარ შამხალი რუსეთს უმტკიცებდა, ყველა ჩემი ყუმიკი შენი პირდაპირი ყმააო და რუსეთის ქალაქებში მისი ვაჭრების უბაჟოდ გატარების ნებართვას სთხოვდა52, იმავე დროს შაჰ - სეფის ბრძანებით საიდუმლოდ აგროვებდა ხალხს, რომ მის მხარეზე გადასული ყირიმელი უფლისწულის შაგინ - გირეის სარდლობით დაღესტნიდან დაძრულიყო, რათა ირანული ციხე - სიმაგრეები ჩაედგათ ყაბარდოში და ყაბარდოს გასწვრივ - სუნჯაზე, ტატარტუპთან და ქალაქ ელეცკისთან53. (ეს უკანასკნელი ე.კუშევას მიაჩნია, რომ არის მდ.თერგის მარჯვენა მხარეზე მდებარე ჯულადი - თ.ბ.). ტატარტუპის ხსენება, რომელიც ხევყაბარდოს გზის დარიალის მისადგომებთან მდებარეობდა, ალბათ შაჰის განზრახვაზე უნდა მიუთითებდეს, რათა უზრუნველეყო თავისი ლაშქრობა საქართველოზე ჩრდილო საზღვრებიდან54. 1632 წ. როგორც მოსალოდნელი იყო, შაჰ-სეფიმ წერილით მიმართა ილდარ შამხალსა და დაღესტნის სხვა მთავრებს, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო ექსპედიციაში. შამხალი მართლაც დათანხმებულა მიშველებოდა შაჰს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და თითქოს ძალზედ ჩქარობდა კიდეც; მაგრამ, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ენდერის მმართველ სულთან მოჰამედთან შინა აშლილობის გამო იგი საქართველოში მაინც ვერ ჩამოსულა55. დაღესტნის ფეოდალთაგან ამ ლაშქრობაში მხოლოდ ყაზიყუმუხელ მთავარს ტიუჩელევ-მურზას მიუღია მონაწილეობა თავისი 1500-იანი რაზმით56. არ არის გამორიცხული, რომ ამ მომენტისათვის ილდარ შამხალს აშკარა მოქმედებისაგან თავი შეეკავებინოს. საქმე ისაა, რომ სწორედ ამხანად (და საერთოდაც XVII-XVIII სს. ო.ბ.) საშამხლო - დაღესტანი ცხოველ სავაჭრო ურთიერთობაში ჩაება ყაბარდოსთან, თერგ - ქალაქთან, ასტრახანთან, მოსკოვთან და სხვა რუსულ ქალაქებთან. რაც მთავარია, მათ ვაჭრებსა და სხვა წარგზავნილებს, როგორც გამონაკლისს მათივე თხოვნით ძირითადად უბაჟოდ ვაჭრობის ნება ჰქონდათ მთავარი ისიც იყო, რომ რუსეთი თერგ - ქალაქით და 1635 წ. სუნჯაზე რუსული ციხე-სიმაგრის განახლებით, თითქმის სრულ კონტროლს უწევდა ერთი მხრივ ე.წ. "ყაბარდოსა და მიჩკიზის გზას" (საერთოდ მიჩკიზის მიწად იწოდებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთი - თ.ბ.), ანუ გზას  დაღესტან - ყაბარდო - ჩეჩნეთ - ინგუშეთს შორის და მეორე მხრივ კი დაღესტან - ასტრახანის გზას, რომლებსაც სისხლხორცეული მნიშვნელობა ჰქონდათ დაღესტნისათვის, მის სავაჭრო და სხვა ეკონომიური ურთიერთობისათვის გარე სამყაროსთან. ეს იყო სწორედ ერთი ძირითადი ეკონომიური საფუძველთაგანი მთელ XVII-XVIII სს., რომელიც აიძულებდა დაღესტანს პოლიტიკურად დაახლოებოდა რუსეთს - მიუხედავად მისი ხშირ შემთხვევაში უკვე ქვეშევრდომობისა თურქეთ - ყირიმხანისა და ირანისადმი. იყო აგრეთვე სოციალური ხასიათის ფაქტორიც, რომელიც არანაკლებ აიძულებდა დაღესტნის ფეოდალებს დაახლოვებოდნენ რუსეთს. ეს იყო, ერთი მხრივ, საკუთარი ყმა - გლეხების აყრა და გაქრისტიანებით ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხე-სიმაგრეებში თავის შეფირება, ხოლო, მეორე მხრივ, მეზობელ მხარეებზე თავდასხმის შედეგად მოპოვებული ტყვე - მონების რუსეთის მფარველობაში შესვლა59. დაღესტნელი ფეოდალები იძულებული იყვნენ თხოვნით მიემართათ რუსეთისათვის მათი უკან დაბრუნების შესახებ, რაზეც რუსეთი დროისდა შესაბამისად, უფრო სწორედ მათი ერთგულებისა და სამსახურის მოხედვით, ხან მიდიოდა დათმობაზე, ხან არა60. ეს გარემოება თავის მხრივ არცთუ უმნიშვნელო იყო, რადგან თვით ილდარ შამხლის სიტყვით, მათ ამ გაქცეული ხალხის გამო უდიდესი ზარალი მოსდიოდათ და ამასთან ხშირად თითქმის უხალხოდაც რჩებოდნენ61. რუსეთსაც არ შეეძლო დაღესტნისათვის გვერდი აევლო. აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობაში დაღესტანი თავისი სტრატეგიული და პოლიტიკური მდგომარეობით რუსეთისათვის გასავლელი ბარიერი იყო, რომელსაც შეეძლო ეს ურთიერთობა ან დაეჩქარებინ ან, პირიქით, დაებრკოლებინა. საინტერესოა მიხეილ თევდორის ძის წერილი ილდარ კრიმშამხლისადმი 1622 წ მაისში. ჩვენი სახელმწიფოს ბევრ ვაჭარზე - აღნიშნავდა მეფე წერილში, რომლებიც "თავის საქონლით მიმოდიან სპარსეთში ყუმიკეთზე გავლით, როგორც ცნობილი გახდა, შენ მათზე ძალმომრეობ, ძარცვავ და ამასთან ერთად ყველა საქონელზე ძალით ახდევინებ დიდ ბაჟს; ასევე ძალით ართმევ საუკეთესო საქონელს, ხოლო იმ ვაჭრებს კი რომლებიც გემებით მიდიან ან ყიზილბაშთა ქვეყანაში, ან დერბენტში, ან შემახაში, როგორც მაგალითად, ყაზანელები, ასტრახანელები, იაროსლავლელები, კოსტრომელები - და სხვ. და უამინდობის გამო მოადგებიან ხოლმე ტარკს ან ყუმიკეთისა და ყარაბუდახის სანაპიროს თქვენ მათაც ართმევთ ძალით საქონელს"62. საშამხლო - ყუმიკეთს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა დაღესტნის მეორე დიდი გაერთიანების კაიტაღის საუცმიოც. თერგ - ქალაქის სარდალი ხვოროსტინინი 1625 წ. მეფეს ატყობინებდა, რომ უცმი რუსტემი თერგ ქალაქ - შემახას გზაზე ჩვენ სავაჭრო ხალხს თავის სოფლებზე არ ატარებს და თანაც ძარცვავსო; არადა შემოვლა შეუძლებელია სხვა გზების უქონლობის გამოო. გარდა ზემოაღნიშნული მომენტისა, იყო კიდევ მეორეც. საქმე ისაა, რომ თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის მოძალებისას დაღესტნის წონა კიდევ უფრო იზრდებოდა, რამდენადაც მათ პოლიტიკაში იგი გასაღები იყო ვოლგა - ასტრახანის მაგისტრალზე გასასვლელად. ეს კი რუსეთისათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთი დაღესტანს მეტ ანგარიშს უწევდა, ვიდრე საქართველოს, როგორც მთელ XVI-XVII სს., ისე XVIII ს. პირველ ნახევარშიც. ასეთია საერთოდ რუსეთ-დაღესტნის დაახლოების ფაქტორები. მაგრამ აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაღესტანს რუსეთისაგან აშორებდა და ამდენადვე აკავშირებდა მას თურქეთ - ყირიმხანთან და ირანთან. საქმე ისაა, რომ რუსეთი მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იჩენდა დაღესტნის იმ თავდასხმებით, რომლებსაც ის აწარმოებდა ყაბარდო - საქართველოზე, როგორც მის ხელდებულებზე, რადგან რუსეთს ისინი დაღესტნის წინააღმდეგ დახმარებასა სთხოვდნენ და ისიც დროდადრო იძულებული იყო მათ დაჰყოლოდა. რადგან ყაბარდო - საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში უფრო თანმიმდევრულები იყვნენ, ვიდრე დაღესტანი. ამიტომ იყო, რომ XVI ს. მეორე ნახევარსა და XVII ს-ის მთელ მანძილზე შამხალი, რომელიც ასე თუ ისე თანხმდებოდა თუ ურიგდებოდა საქართველოს ქვეშევრდომობა ყმობას თურქეთ - ყირიმხანისა თუ ირანისადმი, თითქმის ყოველთვის შეურიგებელ პოზიციას იკავებდა, როდესაც საქმე ეხებოდა რუსეთ - საქართველოს, რუსეთ - ყაბარდოსა და საქართველო - ყაბარდოს დაახლოებას. ძირითადი საფუძველი შამხლის ასეთი პოზიციისა ის იყო, რომ მუსლიმანური თურქეთ - ყირიმხანი და ირანი პრინციპში მას საქართველოსთან ურთიერთობაში ხელს ვერ უშლიდნენ მიუხედავად იმისა, დროდადრო თითქოს გაბატონებასაც კი ახერხებდნენ ისინი დაღესტანსა თუ ქართლ-კახეთში. ამ მხრივ სულ სხვა პოზიციაზე იდგა რუსეთი. საქმე ისაა, რომ ქრიატიანული რუსეთისა და საქართველოს დაახლოება შამხლის თვალში საქართველოს რამდენადმე გაერთიანებას ნიშნავდა და ამდენადვე მასზე თავდასხმების აღკვეთასაც. ამასთან ერთად, რუსეთი არა თუ მყიდველი იყო ამ ტყვე - მონებისა, არამედ, პირიქით აქრისტიანებდა მათ და შემდეგ ამ „მონათლულებს“ საერთოდ ათავისუფლებდა შამხლისა თუ სხვა მთავრების ბატონობისაგან. 1635 წ. ილდარ შამხლის გარდაცვალების შემდეგ "ყუმიკეთის მთელმა მიწამ" შამხლად აირჩია სულთან მუჰამედი, რომელმაც ღრმა მოხუცებულობის გამო ეს ტიტული თავის შვილს აიდემირს გადასცა. აიდემირის შამხლად არჩევა და 1635 წ. ახლო ხანებში ენდერის მთავრის თხოვნით მდ.სუნჯაზე რუსული ციხე - სიმაგრის აღდგენა ამ ხანისათვის მეტად დიდი მოვლენა იყო, რამდენადაც ციხე- სიმაგრე ყაბარდო - დაღესტნისა და ამიერკავკასიაში მომავალი გზების თითქმის გზაჯვარედინზე იდო და თერგ-ქალაქის სარდლის სიტყვით  მისთვის გვერდის ავლას ვერავინ შეძლებდა63. ამასთან ისიც არის აღსანიშნავი, რომ კაიტაღის საუცმიოც პრორუსული ორიენტაციისა იყო64. შეიძლება ითქვას, რომ XVII ს. 30-იან წლებში რუსეთმა დაღესტანში შედარებით სტაბილურ მდგომარეობასა და გავლენას მიაღწია. ამ პოზიციებს ჩრდ. კავკასიაში ისიც ამაგრებდა, რომ ყაბარდო მთლიანობაში კვლავ მისი ერთგული იყო. თეიმურაზისათვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო რუსეთის წარმატებები ჩრდილო კავკასიაში. ასე, მაგალითად, 1638 წ. საქართველოში ჩამოსულ ელჩებს ვოლკონსკისა და ხვატოვს კახელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ყაბარდოელი და ყუმიკელი თავადაზნაურობა და მთელი მთა თქვენი დიდი ხელმწიფის მორჩილებაშიაო65. ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება თეიმურაზს, როგორც ჩანს მაშინვე უცდია, როცა 1635 წ. მოსკოვში თავისი ელჩი ნიკიფორე მიტროპოლიტი მიავლინა. ქართველთა ელჩმა მიხეილ თევდორეს ძეს მოახსენა რომ ისინი ურწმუნო ლეკებისაგან შეურაცხყოფილნი არიან, რომ ეს ლეკები როგორც თქვენი უდიდესებულობისათვის, ასევე ჩვენთვის არაკეთილმოსურნე მეზობლები არიან და ცოტა არეულ დროს ელოდებიანო. ადრე ლეკები ჩვენი მფლობელობის ქვეშ იყვნენ, როგორც მონები, ხოლო მათი წარჩინებულთა შვილები კი ჩვენი მძევლები იყვნენო; როცა ჩვენ შაჰთან წავიჩხუბეთ ამ დროს აჯანყდნენ ლეკები ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენზეც წამოვიდნენო... ახლა გთხოვთ თქვენი მხრიდან მცირე რაიმე ჯარი გამოგზავნოთ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ჯარით დავესხმით და ასე რიგად ღვთის წყალობით გავანადგუროთ და უწინდებურად მორჩილებაში მოვიყვანოთო66. და ბოლოს თეიმურაზი მეფეს მფარველობაში აყვანას და ყველა მტრისაგან დაცვასა თხოვდა67. 1637 წ. მოსკოვიდან დაბრუნებულ ნიკიფორესთან ერთად რუსი ელჩებიც ჩამოვიდნენ - თევდორე ვოლკონსკი და არტემ ხვატოვი, რომელთაც თან მხოლოდ საერთო დახმარების დაპირება და ერთგულების საფიცრის წიგნი მოჰქონდათ68. მიხეილ თევდორეს ძე თავის პასუხში უკიდეგანო მომავალი დაპირებით დაკმაყოფილდა - მოვიცადოთ და ვნახოთ როგორ იქნებაო; ფაქტიურად ეს უპასუხობას უდრიდა69, რაც ასეც გაიგეს ქართველებმა და აგრძნობინეს კიდეც ეს რუს ელჩებს. რუსმა ელჩებმა საქართველოში 1639 წ. აპრილამდე დაჰყვეს, ჩამოვიდნენ კი 1638 წ. აგვისტოში. ქართველებმა მათ ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან ციხე - სიმაგრის ჩადგმაც მოსთხოვეს, რაც, მათი აზრით, რუსეთისათვის ამჟამად, ადვილდებოდა, რადგან ყაბარდოელი და ყუმიკელი თავადაზნაურობა მისი უდიდესებულობის ხელქვეით იყვნენ და ამის გარდა თვით მეფეც შაჰთან, "ძმობასა და სიყვარულში" იყოო70. თეიმურაზის მთავარი საწუხარი ელჩებთან საუბარში ის არის, რომ მისი ქრისტიანული ქვეყანა მთლად ნადგურდება, ერთი მხრივ, შაჰისაგან, მეორე მხრივ, თურქეთისაგან და მესამე მხრივ ლეკებისაგან; რომ ეს უკანასკნელნი არბევენ მის ქვეყანას და მრავალი ხალხი მიჰყავთ ტყვედ71. თეიმურაზის მთავარი საზრუნავი ის არის, რომ რაიმე იმედის მომცემ დახმარებას მაინც მიაღწიოს მიხეილ თევდორის ძისაგან. ელჩებმა დაღესტნელთა ასეთი გამუდმებული თავდასხმები კახეთზე იმით ახსნეს, რომ თეიმურაზი დიდი ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არ იყო და ამიტომ საჭირო იქნებოდა მისი ქვეშევრდომად გახდომა და ერთგულების წიგნზე დაფიცება72თეიმურაზი კი უფრო პრაქტიკული თვალით უყურებდა საქმეს და ძირითად გამოსავალს ჯარის გამოგზავნასა და მის სამფლობელოში რუსული ციხე-სიმაგრის ჩადგმაში ხედავდა, რათა ლეკებს  მომავალში ვეღარ შესძლებოდათ თავდასხმა და მისი ქვეყნის გაპარტახება73. 1639 წ. აპრილში უკან დაბრუნებულ ელჩებს თეიმურაზმა მოსკოვს თავისი ელჩი ნიკიფორე ბერძენი გააყოლა, რომელსაც ბერძნულად დაწერილი დიდი სიგელი მიჰქონდა. ამ სიგელით კახეთის სამეფო კარს  თავის პირველ და უდიდეს სათხოვრად მეფისადმი ის მიაჩნდა, რომ მას ქართველთათვის ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ერთი დიდი მთავართაგანი ჯარითურთ გამოეგზავნა, რამდენადაც თეიმურაზის სიტყვით, ამ ლეკებმა მთელი კახეთი ააოხრეს, ქრისტიანული ეკლესიები დაანგრიეს და იგი შაჰზე და დანარჩენ სხვა მტრებზე უარესად გაძარცვეს. "...იმიტომაა, რომ გევედრები, - მიმართავს თეიმურაზი მეფეს, - ლეკების წინააღმდეგ დაგვეხმარო განსაკუთრებით და, თუ შესაძლებელია, სწორედ იმ ადგილას, სადაც ალექსანდე მეფის დროს ციხე იყო აგებული, ციხე კვლავ ააშენო, თუ არა და აქ, ჩვენი ქვეყნის მახლობლად იყოს აგებული ჩვენი მთების იმ ალაგას სადაც საუკეთესოდ გამაგრებული ადგილი გვეგულება. ეს ციხე იმდენად იყოს ჩვენგან დაშორებული, რამდენადაც თერგი ჩერქეზეთიდანაა. ამ ციხეში დამცველი ხალხი ჩასხი. მაშინ ლეკებიც თავიანთს მოიშლიან და დაწყნარდებიან, თუ არა და მაშინ ერთი მხრით თქვენ თქვენი ჯარით, მეორე მხრით მე მოვადგები და წინანდებურად დავიპყრობ და დავიმორჩილებო"74 (ვსარგებლობთ ივ.ჯავახიშვილის თარგმანით - თ.ბ.). თეიმურაზის აზრით, ეს ციხე-ქალაქი თუ სიმაგრე კარგი საიმედო თავშესაფარი იქნებოდა, მეორე მხრივ კი მას ამით სპარსეთთან ბრძოლის დროს ზურგიც გაუმაგრდებოდა. თეიმურაზის ეს განზრახვა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენია ირანს. თანამედროვე მოჰამედ თაჰერი პირდაპირ წერს, რომ თეიმურაზმაო "მზაკვრულად ურჩია (რუსთა ხელმწიფეს) რომ მიზანშეწონილი იქნება თუ ყოისუს ციხის სანახებში რამდენიმე სხვა ციხეც იქნება აშენებული, რომლებითაც ჩაიკეტება ჩერქეზეთიდან (ღვთის მიერ) დაცულ ქვეყანაში (ირანში) მოსასვლელი გზა და თუ რუსების მხრიდან დახმარება წამოვა საქართველოს ოლქში - ეს (ე.ი. დახმარების გამოგზავნა) ადვილად მოხერხდებაო"75.
        რომელ ციხეს გულისხმობს თეიმურაზ მეფე, სამწუხაროდ წყაროებიდან არა ჩანს; მაგრამ სავარაუდებელია მისი არსებობა ხევ - ყაბარდოს გზაზე ანუ საქართველოსა და ყაბარდოს შუა მდებარე ტერიტორიაზე, ან ჩრდ.ოსეთში, ან ჩეჩნეთ - ინგუშეთში, ან თვით საქართველოს მთიანეთის იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ წოვა-თუშები, თუშები, მოხევეები, მთიელები, ფშავ - ხევსურები და სხვ. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული ვითარებით ასეთი ციხე-სიმაგრის აშენება თითქოს უფრო ლევან კახთა მეფის დროს უნდა იყოს საფიქრებელი, ვიდრე ალექსანდრე კახთა მეფისა, რადგან XVI ს. დასასრულისა და XVII ს. პირველი ათწლეულის წყაროები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ სრულად გადმოგვცემენ, არაფერს ამის მსგავსს არ აღნიშნავენ. ამიტომ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ე.კუშევას, რომ შეიძლებოდა მართლაც ასეთი ციხე-სიმაგრე ივანე მეფის მიერ აშენებულიყო, 1563-1566 წწ. ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობებისას, როგორც დასაყრდენი პუნქტი მოსკოვ - კახეთის ურთიერთობაში76. ხოლო თუ ჩვენ ამას მივიღებთ, მაშინ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ციხე-სიმაგრე, ალბათ, XVI ს. 70-იან წლებში თერგ - ქალაქთან ერთად მოთხრილა, თუმცა კი კვალი მისი მნიშვნელობისა, როგორც ჩანს, ქართველებისათვის მთლად არ დაკარგულა, რაც განსაკუთრებით თეიმურაზის რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით მჟღავნდება. რუსეთ - საქართველოს შემდგომი ურთიერთობისათვის ხევ-ყაბარდოსა და მთა-თუშეთის გზების გამოყენება საკმაოდ გართულდა; მაშინ თეიმურაზმა დამოუკიდებლად სცადა საკითხის მოგვარება, 1640 წ ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, მან „განიზრახა შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ჰყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოსწვნა დაბნები". მაგრამ დიდოელებმა თავისი მოძმე სხვა ხალხები მიიმხრეს და მომხდური კახელები სასტიკად დაამარცხეს - "მოსწყვიტნეს მრავალნი"77. თეიმურაზის ეს მარცხიანი ლაშქრობა დიდოეთში მოთხრობილი აქვს თავად მიშეცკისაც78. 1639 წ. მოსკოვში გაგზავნილ ნიკიფორე მიტროპოლიტის ელჩობას თავის მხრივ მოჰყვა აგრეთვე მოსკოვიდან 1641 წ. კახეთში გამოგზავნილი საპასუხო ელჩობაც თავად მიშეცკისა და დიაკ კლუჩარევის შემადგენლობით. მიხეილ თევდორეს ძე თეიმურაზს ატყობინებდა რომ იგი მას მისი საჭიროებისათვის და აგრეთვე ჯარისათვის 20 000 ეფიმკას უგზავნიდა79. სრული პასუხი კი თეიმურაზს თავის თხოვნაზე უკვე კახეთში ჩამოსულმა ელჩებმა მოახსენეს: „ჩემმა ხელმწიფემ ჯარის გამოგზავნა არ ინება, რადგან თქვენი ქვეყანა მის საბრძანებელს დაშორებულია. შუაში სპარსეთის შაჰისა და მრავალი სხვადასხვა ყუმიკელი მფლობელების მამულებია, გზაც თქვენდამი დიდი და მეტად საძნელოა ვიწრო მთებში მდებარეობს. ამის გამო რუსთა მეფემ თქვენი ჯარის შესანახად ფული გამოგიგზავნათ და თქვენი ქვეყანა თქვენი საკუთარი ძალით უნდა დაიცვათ გარკვეულ დრომდეო"80. (ივ.ჯავახიშვილის თარგმანის მიხედვით - თ.ბ.). ასეთი დახმარება თეიმურაზს, რასაკვირველია, არ მოეწონებოდა, მით უფრო, რომ მისივე სიტყვით "მისი ქვეყანა თითქმის დაცარიელებული იყო, ხოლო ყუმიკელთა ხშირი თავდასხმებით კი მთლად განადგურებულიც"81. ამის შემსწრე და უშუალო მოწმეები რუსი ელჩებიც გახდნენ კახეთში ყოფნისას. ასე, მაგალითად, 1642 წ. ივლის - აგვისტოში ლეკ-ყუმიკელები ორჯერ დაესხნენ თავს ძაგემს. ერთხელ ისინი ნადავლით დაბრუნდნენ, ხოლო მეორედ ამხედრებულ თეიმურაზთან შებმა ვერ გაბედეს და გაეცალნენ82. ლეკ-ყუმიკელთა თავდასხმები იმდენად მოხშირებული ჩანს, რომ ელჩების სიტყვით, თეიმურაზი თვით გრემშიც კი ვერ ძლებდა, რათა ლეკ-ყუმიკელები აქაც უცნობლად არ მოსულიყვნენ და არ დასხმოდნენ თავს83. ასეთ ვითარებაში თითქოს სიმართლეს არ უნდა იყოს მოკლებული 1639 წ. მოსკოვში გაგზავნილი სიგელის ერთ - ერთი მინაწერი, სადაც ნათქვამია რომ ქართველი მეფეები ადრე ლეკებისა და დაღესტნის სხვა მაცხოვრებლებისაგან იღებდნენ ხარკსო, ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ პირიქით, ქართველები უხდიან ლეკებსო84. ასე რომ, მიუხედავად თეიმურაზის არაერთგზის მოთხოვნისა ლეკ-ყუმიკელთა წინააღმდეგ სამხედრო დახმარების მიღების თაობაზე, რუსეთის სამეფო კარი ჯერჯერობით თავს იკავებდა, რაც უპირველეს ყოვლისა იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ დაღესტანი და მასთან ურთიერთობა 20-40-იან წლებში რუსეთისათვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე კახეთი; მით უფრო, რომ დაღესტანთან დაკავშირებით რუსეთ-ირანის ურთიერთობა "ძმობისა და სიყვარულის" ძალით რამდენადმე მორიგებულ - შეთანხმებული იყო. დაღესტნის მთავრებზე ზემოქმედება, რუსეთს, როგორც ჩანს, მათ გამაღიზიანებლად და ამამხედრებლად მიაჩნდა, რასაც იგი ალბათ მოერიდა. ამის მეტყველი თითქოს ის ფაქტი უნდა იყოს, რომ 1614-დან 1642 წლამდე მოსკოვში დაღესტნიდან 20-მდე ელჩობა გაიგზავნა, თვით საშამხლოდან და მის მეზობლად მდებარე ორი მთავრისაგან 13-მდე და ყველა ამ ელჩობების დროს რუსეთის სამეფო კარი კახეთს არცერთხელ არ გამოქომაგებია. მიხეილ თევდორეს ძეს, რასაკვირველია, შეეძლო გამოეყენებინა მომენტები, როდესაც დაღესტნელი მთავრები სხვადასხვა მოთხოვნებით იყვნენ ჩამოსულები და მათთან თერგ-კახეთის გზისა და საერთოდ კახეთის სხვა თხოვნაც მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა. ასე, მაგალითად, XVII ს. პირველ ნახევარში დროდადრო რუსეთის ქვეშევრდომებად იყვნენ მიღებული ყუმიკელი მთავრები გირეი, სულთან მოჰამედი, ენდერეველი კაზანალპი, ყაფირ - ყუმიკელი მაჰომეტი, ერპელელი ბუდაჩეევი, ყარაბუდაღელი სურხაი, ყაზი - ყუმუხელი ალიბეკი, ავარელი შახტი, კაიტაღელი უცმი რუსტემ-ხანი, ავარელი ნუცალი და სხვ.85. აღსანიშნავია, რომ ქვეშევრდომად მყოფნი ვალდებული იყვნენ გაეწიათ "ხელმწიფის სამსახური", დაეცვათ გზები, გამოეყოთ მეგზურები, დამცველი რაზმები, უზრუნველეყოთ რუს ვაჭართა მშვიდობიანი მიმოსვლა და სახელმწიფო მოღალატეებზეც შეძლებისდაგვარად ელაშქრათ86. ამის საფასურად ფეოდალები იღებდნენ წლიურ გასამრჯელოს ფულისა და ნატურის სახით; თავისუფლდებოდნენ სავაჭრო ბაჟებისაგან, ხოლო მთელ რიგ შემთხვევაში "სამხედრო დახმარებასაც" კი იღებდნენ. თავის მხრივ მთავრები რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაფიცების შემდეგ, ასე ვთქვათ, მეტი გარანტიისათვის, აძლევდნენ მათ მძევლებს. ასე რომ, რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა თავისი მდგომარეობით და რამდენადმე ემოქმედა კიდეც დაღესტნელ მთავრებზე კახეთის ინტერესებისათვის. მეორე განმსაზღვრელი გარემოება და, ალბათ, ძირითადი, რუსეთ - ირანის ურთიერთობა იყო. როგორც სამართლიანად შენიშნავს პოლიევქტოვი, XVII ს. პირველ ნახევარში სეფევიდების სპარსეთი მსოფლიო მასშტაბით დიდ ძალას წარმოადგენდა და არც ისე ადვილი საქმე იყო მისი ათვალისწუნება... შეიარაღებული დახმარების აღმოჩენა კახეთისათვის, რომლის გეგმები თანდათან ანტისპარსული მოქმედების ელფერს ღებულობდა, მოსკოვს არ სურდა87. მით უფრო, რომ ირანი საქართველოს წინააღმდეგ გენერალურ შეტევაზე იყო გადმოსული, ხოლო ასეთ ვითარებაში კი რუსეთის გამოსვლა აშკარად დაარღვევდა მათ შორის არსებულ ე.წ. "ძმობისა და მეგობრობის" სტატუსს. არანაკლებ ანგარიშგასაწევი იყო რუსეთისათვის თურქეთ - ყირიმხანიც, რომელიც სწორედ 30-იან და განსაკუთრებით 40-იან წლებში ძალზე გააქტიურდა ერთი მხრივ, თვით რუსეთის წინააღმდეგ, შემოუტია რა მის სამხრეთ საზღვრებს აზოვის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ირანისა და დაღესტან - შირვან - საქართველოს წინააღმდეგ88. ეს გარემოებაც თავისთავად არცთუ ისე უმნიშვნელოდ აძვირებდა: რუსეთსა და ირანს შორის არსებულ "ძმობასა და მეგობრობას". რუსეთსა და ირანს ერთნაირად სჭირდებოდათ ერთმანეთი. ასე რომ, შექმნილი ვითარების გამო საქართველო ჯერ - ჯერობით ვერ ჯდებოდა რუსეთის აქტიურ საგარეო პოლიტიკის ორბიტაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი კვლავ დაჟინებით იღვწოდა რუსეთისაკენ, რამდენადაც მისი აზრით, მხოლოდ მას შეეძლო საქართველოსათვის რეალურად დაეჭირა მხარი თურქეთ - ირანისა და ლეკ - ყუმიკელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსი მიხეილის ძის გამეფების მეორე წელს (1646 წ.) თეიმურაზი კვლავ აგზავნის მოსკოვში ელჩს შახლიკუჩევს, რომლის პირით იგი მეფეს შაჰის წინააღმდეგ დახმარებასა სთხოვს და ამავე დროს; ჰპირდება რომ მოსკოვის მეფის სამსახურში გააგზავნის თავის შვილიშვილს გიორგის. უფრო მეტიც, თეიმურაზს მეორე შვილიშვილის - იოსებისათვის  მიხეილ ალექსის ძისათვის დის ხელიც კი უთხოვია89; ნათესავურ კავშირს მეტად უნდა განემტკიცებინა უკვე დამყარებული ურთიერთობა. თეიმურაზის ასეთ დაჟინებით სწრაფვას რუსეთისაკენ, მაშინ როდესაც ირანი თვით ცდილობდა ასეთივე დაჟინებით კახეთის ხელში ჩაგდებას, რასაკვირველია, შაჰ-აბას II (1642–1666 წწ.) არანაკლებ ამძვინვარებდა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ადრე, შაჰ-სეფიმ სთხოვა თეიმურაზს, რომ არ გაეგზავნა ელჩი მოსკოვში და მეგობრულად ყოფილიყო მასთან90. ხოლო შემდეგ, რაც მთავარია, თვით შაჰ-აბას II მისწერა მას, რომ თეიმურაზს მეგობრობის ნიშნად ირანში მისი რომელიმე შვილიშვილი გაეგზავნა91. შაჰ-აბას II რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შაჰ-სეფისაგან განსხვავებით უფრო აქტიურ პოლიტიკას დაადგა კავკასიაში და ამ მხრივ კიდეც ჰქონდა მოპოვებული გარკვეული წარმატებები, რასაკვირველია, თეიმურაზის ეს ნაბიჯი მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. ასე, მაგალითად, 1650 წლისათვის მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული დერბენტის სახანო, კაიტაღის საუცმიო, საშამხლო და სხვ.92. შაჰის ყურადღებას არ გამორჩენია დაღესტანში მესამე დიდი ენდერის გაერთიანების მთავარი კაზანალპიც, რომელიც რუსეთის ერთგულებისა და სამსახურისათვის, 1640-50 წწ. სურხაი შამხლის აქტიური მხარდაჭერით შაჰის ჯარებით რამდენჯერმე იქნა შევიწროებულ - დარბეული. კაზანალპის სიტყვით, სურხაი შამხალი შაჰის ყველაზე ერთგული ყმა იყო93. შაჰ-აბას II 50-იანი წლებისათვის, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო დაღესტანში და ბუნებრივია, რომ იგი უფრო ენერგიულად ამოქმედდებოდა საქართველოს წინააღმდეგ. 1648 წ. შაჰის ერთგულმა როსტომ ქართლის მეფემ თეიმურაზი დაამარცხა და შემდეგ იგი იმერეთშიც განდევნა; 1648 წ. ერთ თავის სიგელში როსტომი ამბობს: "თეიმურაზი იმერეთს გავაგდეთ, კახნი და დარბაისელნი ერთგულებაზე ვაფიცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ... ყაენმაც გვიბოძაო"94. მიაღწია რა ერთგვარ წარმატებას დაღესტანსა და ქართლ - კახეთში, შაჰ - აბას II წინაშე, როგორც ჩანს, კვლავ წამოიჭრა შაჰ-აბას I დროინდელი "სამკუთხედის საკითხი". რაკი შაჰს ქართლ - კახეთსა და საშამხლო - დაღესტანში ფეხი უკვე მოკიდებული ჰქონდა, ამდენად მისთვის რჩებოდა მესამე კუთხე - ყაბარდო, რის შემდეგ კავკასიაში გაბატონება თითქოს რამდენადმე წყდებოდა კიდეც მის სასარგებლოდ. სავსებით სამართლიანად შენიშნავს ნ.სმირნოვი, რომ მდგომარეობა XVII ს. მეორე ნახევრის ჩრდ.კავკასიაში საკმაოდ გართულდა, რადგან საქართველოში გაუთავებელმა შინაომებმა, ქვეყანა გაანადგურეს და ამან კი შაჰს დიდად შეუწყო ხელი თავისი გეგმების განსახორციელებლად ჩრდილო კავკასიისა და დაღესტნის მიმართ. ყაბარდოს ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად ალბათ ჯერ 1648 წ შაჰ-აბასი, როდესაც ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით სურხაი შამხალი თავს დაესხა ყაბარდოს და 1651 წ., როდესაც შაჰის ყმამ ზაალ არაგვის ერისთავმაც ყუმიკელებთან ერთად განახორციელა თავდასხმა ყაბარდოზე95. და იმავე 1651 წ., როდესაც სურხაი შამხალმა ყიზილბაშ - დაღესტნელთა გაერთიანებული ლაშქრით შეუტია სუნჯა - თერგ - ქალაქს, რათა გაეთავისუფლებინა "ყაბარდოს გზა" თვით ყაბარდოში წარმატებით ლაშქრობისათვის96. საამისო საფუძველი ირანისათვის ის იყო, რომ ყაბარდოელ ფეოდალთა დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ 1645 წ. რუსეთის მეფეს ერთგულების ფიცი მისცა97. შემახაში მყოფ არსენ სუხანოვს შემახის ხანმა, სხვათა შორის, სუნჯა - თერგ - ქალაქზე ლაშქრობის მიზეზები ისეთნაირად დაუხატა, თითქოს შაჰი არაფერ შუაში არ ყოფილიყოს; მისი სიტყვით, შაჰის მშვიდობიანი განწყობილება დღევანდელ რუს მეფესთან კვლავინდებური რჩება, მაგრამ რადგან თერგის სარდლები ავიწროვებდნენ შამხალსა და ყაბარდოელებს, ააგეს ციხე-სიმაგრე, ძარცვავდნენ სავაჭრო ქარავნებს, ხაზინას, ელჩებსა და სხვ. თითქოს "ამ უსამართლობის გამო" შაჰმა მასა და სხვა რვა ხანს, თერგზე ლაშქრობა, თერგის ციხე-ქალაქის მოთხრა და შემდეგ კი ასტრახანზე წასვლა უბრძანა98. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც შაჰის მიზნები საკმაოდ გაშიშვლებულია. თერგ-სუნჯაზე ამ ლაშქრობის შესახებ უნდა ჰქონდეს მოთხრობილი მოჰამედ თაჰერსაც, როდესაც იგი ეხება ირანის შაჰის ბრძანებით გაერთიანებული ჯარის თავდასხმას „თარქის“ (თერგის - ო.ბ.) ოლქში“, „რუსთა ქვეყნების ხელმწიფის" მიერ აგებულ ციხეებზე99. თერგ-ქალაქის სარდლების სიტყვით, ყიზილბაშთა ლაშქართან ერთად მონაწილეობა მიიღო აგრეთვე სურხაი შამხალმა, ენდერის დიდმა მთავარმა კაზანალპიმ, კაიტაღის უცმა ამირხან სულთანმა და სხვა ყუმიკელმა თავადებმაც100. თერგ-ქალაქის, სუნჯის და ყაბარდოს ხელში ჩაგდების ცდა ეს შაჰის შორსგამიზნული გეგმა იყო და მისი განხორციელება მართლაც ერთგვარად გადაწყვეტდა კიდეც რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას ამ უკანასკნელის მტრული გარემოცვის რკალში მოქცევის თვალსაზრისით. მაგრამ ამჯერადაც შაჰის ცდები მარცხით დამთავრდა. ირანს, როგორც მოსალოდნელი იყო, არც თურქეთ - ყირიმხანი ჩამოუვარდა. 1663 წ. მან აზოვში დიდი ლაშქარი შეჰყარა, რომელსაც ყაბარდოს გავლით თერგ-ქალაქი უნდა აეღო101, მაგრამ მისი ცდები აემხედრებინა ყაბარდო - დაღესტანი რუსეთის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა. XVII ს. მეორე ნახევრისათვის, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საქართველოთი ნაკლებ დაინტერესებულობისა, თეიმურაზი მაინც დაჟინებით ცდილობდა არ დაერღვია ურთიერთობა და მეტიც, იგი ყველა საშუალებას მიმართავდა, რათა რუსეთს საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეებიც დაკავშირებოდა. ასევე არ იშურებდა იგი არავითარ ძალ-ღონეს საერთო ქართული სამხედრო კავშირის შექმნისათვის, რომელიც რუსეთის აქტიური დახმარებით შეძლებდა წარმატებით ბრძოლას თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ102. რამდენადაც რუსეთთან ცხოველი ურთიერთობა და მით უფრო მისგან ქმედითი დახმარების მიღება შეუძლებელი ჩანდა დაღესტან - საქართველოს შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო, ხოლო საქართველოს კი ამ საკითხის გადაწყვეტა უკვე თავისით აღარ შეეძლო, ამდენად თეიმურაზმა მისი მოგვარებაც იმავე რუსეთს დაუკავშირა. მართალია დაღესტნის საკითხის გადაჭრას რუსეთის დახმარებით საქართველო ადრეც, ალექსანდრე კახთა მეფის დროსაც, აპირებდა, მაგრამ მაშინ დაღესტნის საკითხი ანტითურქული თუ ანტიირანული კოალიციისა და დიდი ქრისტიანული სამყაროს შექმნის თვალსაზრისით განიხილებოდა. ამ გარემოებას ხელს უწყობდა, ერთი მხრივ, რუსეთის საქართველოთი უფრო მეტი დაინტერესება, მეორე მხრივ, ის რომ დაღესტანთან ურთიერთობაში საქართველოს ჯერ არ ჰქონდა შეტევითი ინიციატივა დაკარგული. XVII ს. მეორე ნახევრისათვის კი მდგომარეობა საკმაოდ შეიცვალა და დაღესტნის საკითხმა საქართველოსთვის გაცილებით მწვავე ხასიათი მიიღო. შაჰ-აბასის შემოსევებით ეკონომიურმა დაუძლურებამ აღმოსავლეთით დაცარიელებულ და გაპარტახებულ ადგილებში პირიქითა კავკასიის დაღესტნური მოსახლეობის ჩამოწოლამ და შეტევაზე გადმოსვლამ, გამწვავებულმა შინაფეოდალურმა ომებმა და თურქეთ - ირანის მოძალეობამ, ქართველ პოლიტიკურ მესვეურთათვის თითქოს თვალნათელი გახადეს ქვეყნის მომავალი ბედის სიმძიმე და მისი საკუთარი ძალით მოგვარების შეუძლებლობა. დგება გარდატეხის მომენტი რუსეთის შეფასებაში თუ აქამდე ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთი პრინციპში თავისი მიზნების განხორციელებაში დამხმარედ მიაჩნდათ, ახლა იგი ძირითადი ხდებოდა, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი ძალის ტოლად ან თითქმის მის შემცვლელად უნდა გამოსულიყო. ასეთი კუთხით რუსეთს პირველად თეიმურაზმა შეხედა. საქმე ისაა, რომ მართალია თეიმურაზამდეც არსებობდა თურქეთ - ირანი და მათი მხრიდან ე.წ. მტრული გარემოცვის რკალის შეკვრის საშიშროებაც, მაგრამ პრაქტიკულად მთელი მისი მნიშვნელობის წარმოდგენა მხოლოდ მის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც საქართველო სამი მხრიდან გარშემორტყმული შეიქმნა თურქეთ - ირანისაგან და მათივე ხელშეწყობით დაღესტნის ფეოდალებისაგან. თეიმურაზმა სწორად აუღო სიტუაციას და ასევე სწორადვე განსჭვრიტა ქვეყნის მომავალიც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რუსეთზე ორიენტაციის საკითხი საბოლოოდ და ძირითადად XVII ს. გადაწყდა; XVIII ს. მეორე ნახევარში კი როდესაც მსგავსი ვითარება შეიქმნა და ამასთან უფრო მეტად მძიმეც, ერეკლე II იგი 1783 წ. ტრაქტატით პრაქტიკულადაც გადაწყვიტა. დამაჩქარებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში საქართველო - დაღესტნის მძფრად გამწვავებული ურთიერთობა იყო. ასეთი განწყობა, სხვათა შორის, არცთუ ძნელი შესაცნობი აღმოჩნდა არსენ სუხანოვისათვის, რომელმაც 1652 წ. ზაფხულ - შემოდგომა დაჰყო ქართლ-კახეთმი. ქართველებმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ ამხანად საშამხლო - რუსეთის გამწვავებული დამოკიდებულება და შეცდილან კიდეც მის გამოყენებას. ასე მაგალითად, თბილელმა ეპისკოპოსმა პირდაპირ მოახსენა არსენს, რომ ყუმიკები რუსეთის ხალხს ემტერებიან და რუსეთის ხელმწიფეს არ შეუძლია განა ყუმიკების წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოსო?! ეპიკოპოსი უფრო შორს წავიდა და ძირითადი გულისტკივილიც ბოლომდე თქვა: „ხელმწიფე რომ როგორმე ყუმიკებს დაიპყრობდეს, მაშინ კახეთიც მისი სახელმწიფოსი შეიქმნება, ხოლო როგორც კი კახეთს დაიჭერს, თბილისიც მისი, ხელმწიფისავე, გახდება"103. გამაჰმადიანებული როსტომის სამეფო კარზე თბილელი ეპისკოპოსის ეს გეგმა, ე.პოლიევქტოვის სიტყვით, სხვა არა იყო რა, თუ არა იგივე თეიმურაზისეული პროგრამა; ამ საუბარზე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ  როსტომმა რუსეთში თავისი ელჩი მაჰმეტ-ხან-ბეკი გაგზავნა (სხვა ცნობები ჩვენ ამ ელჩობის შესახებ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. თ.ბ.), ი.ცინცაძე საერთოდ დადებითად წყვეტს როსტომის რუსეთზე ორიენტაციის საკითხს: "როსტომს და მის ხელქვეით მყოფს მოწინავე ქართველობას, არ შეიძლებოდა არ დაენახა საით მიექანებოდა ირანის ხელქვეით მყოფი საქართველო. ამიტომ სრულიად ბუნებრივად გვესახება ის საუბარი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მესვეურებს სუხანოვთან ჰქონიათ. როსტომ მეფეს, ვითარცა პოლიტიკურ მოღვაწეს, რუსეთის გამოსვლა კავკასიონზე შეიძლება გახარებოდა და აქ საკვირველი და უცნაური არაფერია"104. ძნელია დავეთანხმოთ პატ. მკვლევარს ამ დებულებაში, რამდენადაც ამის უფლებას არც მოვლენების ლოგიკურობა გვაძლევს და მით უფრო კი რუსეთ - ირან - საქართველოს ურთიერთობის ამ პერიოდის მთელი ისტორია. ჯერ მარტო, ნ.ცინცაძის ამ დებულებიდან გამომდინარე, თეიმურაზ I მოღვაწეობის შეფასება გვაცლის საფუძველს, რათა როსტომის რუსეთზე ორიენტაცია როგორღაც მაინც გავამართლოთ. ი.ცინცაძე წერს: "თეიმურაზ I რუსეთზე ორიენტირების მომხრე პოლიტიკოსი მოჩანს. მან არ ისურვა ირანის წინაშე ქედის მოხრა. 50 წელი იბრძოლა და უთანასწორო ბრძოლაში დაეცა კიდეც. თეიმურაზი უშუალო მოწამე შეიქნა მისი გეგმების საშინელი მარცხის, რუსეთით იმედეულმა სამეფო დაჰკარგა, აუარებელი მსხვერპლი გაიღო, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით, და ბოლოს ყოველმხრივ დამარცხებული, თითქმის ყველას მიერ მიტოვებული, ირანის შაჰს მიუვიდა და ტყვეობაში სული დალია კიდეც"105. ჩვენი აზრით, ასეთი მსჯელობის შემდეგ თითქოს შეუძლებელი უნდა იყოს როსტომის მიერ რუსეთზე ორიენტაციის დაშვება, მით უფრო, რომ მის თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეს თეიმურაზს მთელი რიგი ცდებისდა მიუხედავად ასე რიგად დაუტრიალდა საქმე - ანუ რუსეთით იმედეულმა ჯერ სამეფო დაკარგა., მერე საკუთარი ოჯახის წევრები და რაც მთავარია ბოლოს მაინც ირანის შაჰის კარზე დაიღუპა. რა ისეთი განსხვავებული დახმარება უნდა გაეწია მაგალითად რუსეთს როსტომისათვის (რომელიც მას შეეძლო, მაგრამ არ გაუწია თეიმურაზს და ახლა მაინცადამაინც გაუწევდა როსტომს, შაჰის ერთგულ კაცს)? განა თეიმურაზი კანონიერი მეფე არ იყო და რუსეთს ნაკლებად უმტკიცებდა ერთგულებას?! რაც შეეხება ეკლესიის მესვეურების საუბარს არსენ სუხანოვთან, მათი აზრის გაიგივება როსტომ მეფის აზრთან, ვფიქრობთ, რომ არც ეს არის საბუთი. ამ შემთხვევაში მხედველობიდან არ უნდა გამოვტოვოთ ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილი იყო ამ დროს ეკლესიის; მესვეურთათვის და მეორე მხრივ პოლიტიკურ მოღვაწეთათვის. ეკლესიის მესვეურთათვის უფრო ადვილად მოჩანდა საქართველოს, ასე ვთქვათ, "სულიერი" გაერთიანება ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით, ვიდრე ეს შეეძლო განეხორციელებინა სახელმწიფო მოღვაწეს პოლიტიკურად. როგორც თვით ი.ცინცაძე წერს: "თურქეთის გაბატონების შემდეგ, გაჭირვებაში ჩავარდნილ აღმოსავლეთის პატრიარქებს, რუსეთის ეკლესია სიმდიდრითაც სჯობნიდა და, რაც მთავარია, მის ზურგს უკან მდგომ რუსეთის დიდ სახელმწიფოთაც"106. საამისო საფუძველი კი ქართველი ეკლესიის მსახურებს ის ჰქონდათ. რომ შაჰ-აბას I შემოსევებისა და ლეკ-ყუმიკელთა თავდასხმების შედეგად ქართლ-კახეთის ეკლესიათა უმრავლესობა, რუსი ელჩის მიშეცკის სიტყვით რომ ვთქვათ, მთლად დაცარიელებული იყო. რაც შეეხება როსტომ მეფის ელჩს მოსკოვში, მას, რასაკვირველია, გარკვეული მიზანი უნდა ჰქონოდა და ის არც თუ ისე უმნიშვნელო იქნებოდა გართულებულ საერთაშორისო ვითარებაში. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ი.ცინცაძეს იმაში, რომ ირანის შაჰისაგან დამოუკიდებლად და მასთან შეთანხმების გარეშე, ან თვით შაჰის დავალების გარეშე, როსტომს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო თუ ირანთან დამოკიდებულებას ისე არ გაწყვეტდა, როგორც ეს თეიმურაზმა მოიმოქმედა. მაგრამ თეიმურაზის მდგომარეობა არც ისე სახარბიელო ჩანდა, რომ მის გზას როსტომიც დადგომოდა107. ამ თავისი დებულებით ი.ცინცაძე, ჩვენის აზრით, თავისდაუნებურად თვით ვარდება წინააღმდეგობაში. საქმეც სწორედ ისაა, და ჩვენც ამას ვამტკიცებთ, როცა უარვყოფთ როსტომის რუსეთზე ორიენტაციის მომხრე პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხომ ცნობილია, რომ როსტომი სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე ირანის მომხრე და ერთგული დარჩა?! ჩვენის აზრით, როსტომ მეფის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნა, გამოწვეული უნდა ყოფილიყო თეიმურაზისა და მისი შვილიშვილის ერეკლეს გზის მოსაჭრელად, რომელიც ეს-ეს არის აპირებდა მოსკოვში გამგზავრებას. ასეთი დიპლომატიური ნაბიჯით როსტომი, როგორც ჩანს, ცდილობდა თუ აპირებდა ტახტის მოცილე თეიმურაზისა და მისი შვილიშვილის ნიკოლოზის ჩამოცილებას. თუ, რასაკვირველია, მოსკოვი "შეცდომაში შევიდოდა", როსტომი ამით მაშინ ორ საქმეს აკეთებდა - თავისას და შაჰისას. მოჩვენებითი ქვეშევრდომობით როსტომი ალბათ რუსეთს თავის თავს სთავაზობდა; ამასთან მას თითქოს ის პრიორიტეტი უნდა მისცემოდა თეიმურაზთან შედარებით, რომ ქართლ-კახეთის ტახტზე მკვიდრად მჯდომი იყო, ხოლო თეიმურაზი კი ტახტაცურებული და მაძიებელი. ასე რომ, როსტომის ანგაშით რუსეთს თეიმურაზისა და ერეკლესათვის კარი უნდა მოეხურა, რაც იმხანად თეიმურაზისათვის აშკარად ერთადერთი იმედის მოსპობას ნიშნავდა. მეორე მხრივ, როსტომი, თავისთავად ცხადია, რომ შაჰის საქმეს აკეთებდა. შაჰ-აბას II, ბუნებრივია, თანახმა იყო ასეთი ნაბიჯისა და სრულიადაც შესაძლებელია, რომ ეს მისი გეგმაც იყო - როსტომის ხელით მისი ხმალამოღებული და დაუძინებელი მტრის თეიმურაზის მოთოკვა, პრორუსული დასის დიდი ლიდერის განიარაღება შაჰის ასეთი ნდობის საფუძველი მისადმი ის იყო, რომ როსტომი ქართლ-კახეთის ტახტზე მისი წყალობით იჯდა, ხოლო თავის დროზე კი თვით შაჰიც ამავე როსტომის ხელშეწყობით გამეფდა ირანში. და საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ თუ შაჰი მიდიოდა როსტომის სამეფოში მშენებლობისა თუ სხვა მშვიდობიანი პოლიტიკისადმი ერთგვარ დათმობებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ თეიმურაზი და მისი ქვეყანა მას გააფთრებით ებრძოდა. შაჰს ამ შემთხვევაში საქართველოს დაკარგვისა არ ეშინოდა. სათანადო საბუთების უქონლობის გამო ძნელი სათქმელია, რამდენად მოტყუვდა რუსეთის სამეფო კარი როსტომისა თუ შაჰის დიპლომატიით, მაგრამ ერთი კი ნათელია, რომ რუსეთს თეიმურაზისა და მისი შვილიშვილისათვის კარი მაინც არ მოუხურავს. ხოლო თუ ჩვენი ვარაუდი საერთოდ სწორია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ როსტომისა და შაჰის ცდები მარცხით დამთავრებულა. შაჰი, რომ გულგრილად ვერ უყურებდა თეიმურაზის მიერ რუსეთის სამეფო კარზე ბატონიშვილ ნიკოლოზის გაგზავნას, რამდენადაც მისი სახით მიაჩნდა, რომ ირანს შეიძლებოდა მეორე თეიმურაზი გაზრდოდა, იქიდანაც ჩანს, რომ 1653 წ. მან ყაბარდოში მოსკოვს მიმავალი ბატონიშვილის ხელში ჩაგდება უკვე ძალითაც სცადა108. წყაროებიდან აშკარავდება, რომ ყაბარდოზე გამავალი ბატონიშვილის შეპყრობა უცდიათ არა ყაბარდოედებს, არამედ ყუმიკელ მფლობელებს (ბიბაგამეტოვს, კაზანალპის და სხვ.), რომლებიც აშკარად შაჰის დავალებით მოქმედებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყუმიკელებმა ტყვეები შაჰთან გაგზავნეს ირანში109. 1655 წ. თეიმურაზმა უკვე. მერამდენეჯერ მოსთხოვა მოსკოვს ყუმიკებზე 50 ათასიანი რაზმით ლაშქრობა და მათი მორჩილებაში მოყვანა110. რადგან, მისი სიტყვით, ისინი ირანის შაჰთან იყვნენ შეკრულნი და ამდენად დიდ ზიანს აყენებდნენ როგორც რუსეთს, ისე საქართველოს. 1658 წ. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი მრავალტანჯული თეიმურაზი ყაბარდოზე გავლით „წარვიდა თვითცა რუსეთს ვედრებად რუსთა ხელმწიფისად”111. თეიმურაზ I ცდები მოსკოვში უშედეგოდ დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მოსკოვის სამეფოსადმი საქართველო განსაკუთრებით კარგად იყო განწყობილი, მაგრამ ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, მოსკოვმა რეალურად ვერ გამოიყენა ეს და ვერც გამოვიდა საქართველოს გამაერთიანებლისა და მისი ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ დამრაზმველის როლში112, და მაინც ქართველებს რუსეთზე აღებული პოლიტიკური გეზისათვის არ გადაუხვევიათ; თავის მხივ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობდნენ ან უნდა არსებულიყვნენ სხვა ორიენტაციის პოლიტიკური დასებიც, როგორც ეს რიგ მკვლევარებს მიაჩნიათ. ასე, მაგალითად, ი.ცინცაძე საბუთების თავისებური გაანალიზების შემდეგ რატომღაც ასკვნის, რომ სპარსეთზე ან თურქეთზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსების არსებობა საქართველოში, რუსეთის სამეფოს სამხრეთით სისუსტემ განაპირობა, თორემ მაჰმადიანი კოსტანტინე და როსტომიც პრინციპულად რუსეთს არჩევდნენ, იმდენად აუტანელი იყო ირანელი შაჰების ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკა საქართველოში”113. სამწუხაროდ, ჩვენ ხელთ არ მოგვეპოვება ის საბუთები, რომლებიც დაგვარწმუნებდნენ, რომ კონსტანტინე და როსტომი პრინციპულად რუსებს არჩევდნენ და არა სპარსეთს; მაგრამ სამაგიეროდ მთელი მათი პოლიტიკური მოღვაწეობა და მისი პრაქტიკული შედეგები სწორედ, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ - ორივე იყო პროსპარსული ორიენტაციისა და დარჩნენ კიდეც ბოლომდის. ვერ დავეთანხმებით ავტორს მაგალითად იმაშიც, რომ როსტომის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ირანის მიერ ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკას. პირიქით, როსტომის მეფობის დროს, შაჰ-სეფიმ და შაჰ-აბას II ე.წ. "ჯიქურ გასპარსელების უხეში პოლიტიკა“, რომელსაც ასე თავგამოდებით ატარებდა შაჰ-აბას I, შეცვალეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ქართველობის“ კულტურულ - მშვიდობიანად გასპარსელების პოლიტიკით. ამის თვალნათლივ მაგალითს წარმოადგენს სწორედ გამაჰმადიანებული როსტომის მოღვაწეობა; მის დროს ხომ არაერთხელ შეილახა ქართველთა ეროვნულ - სარწმუნოებრივი გრძნობა და ამასთან რამდენადმე მოიკიდა ფეხი კიდეც სპარსულ - მაჰმადიანურმა წესმა, როგორც სახელმწიფო მმართველობაში, ასევე ყოფა - ცხოვრებაშიც. მაგრამ, ასეთი პოლიტიკა საბოლოო გამარჯვებისათვის ხანგრძლივ და დიდ დროს მოითხოვდა, რადგან, ერთი მხრივ ქართველობა არ დრკებოდა ადვილად, მით უფრო, რომ ეს ხორციელდებოდა არა მთელი საქართველოს მასშტაბით; არამედ მარტო ქართლისა (კახეთი ხმალამოდებული იყო 1648 წლამდე და დასავლეთი საქართველო მოწევეტილი), ხოლო, მეორე მხრივ, პრინციპში ამ პოლიტიკამ ირანს სასურველი შედეგი მაინც ვერ მოუტანა; როსტომის დროს ქართლ-კახეთი უფრო მოშენდა და გამაგრდა, რაც, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენოდა შაჰს. ამიტომ მოხდა, რომ შაჰმა კახეთი, რომელიც 1648 წ. როსტომს "უბოძა", 1657 წ კვლავ უკან ჩამოართვა და სელიმ ხანს გადასცა. სელიმ ხანს რასაკვირველია, არ დაუყოვნებია და მანაც ვახუშტის სიტყვით: "მოიყვანა ელნი და დასხნა შიგნით და გარეთ კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიონი, ალავერდი და განიყუნეს წმიდანი ეკკლესიანი, რამეთუ იყუნენ ასევე მროწელთა მათთა სადგურად და იყო ჭირიცა დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან”114. მოჰამედ თაჰერის სიტყვით, ჩამოსახლებული ელები შაჰის ბრძანებით დაუყოვნებლივ უნდა შედგომოდნენ ციხე - სიმაგრეების აშენებას, ხვნა-თესვას, შენებასა და დასახლებას115. ასე რომ, შაჰ-აბას II კახეთის მიმართ კვლავ დაუბრუნდა ძველ პოლიტიკას. რაც შეეხება ქართლს, შაჰმა იგი კვლავინდებურად დატოვა, რადგან მის მიმართ ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკაზე გადასვლას შეეძლო იგი კახეთივით აეჯანყებინა. არადა შაჰს არ შეეძლო კახეთი მშენებარე ქართლთან ერთად დაეტოვებინა და ისიც საბოლოოდ აშენებულ - მომაგრებულიყო, როგორც ეს იმ პერიოდში შეიმჩნა, როცა კახეთი როსტომს ჰქონდა სამმართველოდ 1648-1657 წწ. კახეთისათვის ახალი არ იყო ეს ჯიქურ გასპარსელების უხეში პოლიტიკა, რომელსაც მან 1659 წ. ბახტრიონით უპასუხა. ბახტრიონი შაჰ-აბას მეორესათვის მარტყოფის ველი იყო, რომელსაც კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა ირანის სამეფო კარი "გურჯისტანში" "ქართველობის" ლიკვიდაციის მოუწვდომლობაში116. აღსანიშნავია, რომ საქართველოსათვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, მსგავსად შაჰ-აბას I დროისა, დაღესტნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამჯერადაც წინააღმდეგ გამოვიდა - მეტიც, იგი აუჯანყდა - შაჰ-აბას II-ს. შაჰმა სასწრაფოდ დაუგზავნა რაყამები დაღესტნის შამხალ სურხანი-ხანსა და სხვა მთავრებს, რათა მათ მორჩილებაში მოეყვანათ "ცთუნებისა და ურჩობის უდაბნოში მოხეტიალე და დღედაბნელებულები" ანუ აჯანყებული დაღესტნელები. სურხაი შამხალმა შაჰს სხვათაშორის, თითქმის იგივე პასუხი გაუგზავნა, როგორც მაშინ ტარკის მმართველმა გირეი-ხანმა. სურხაი-ხანი შაჰს ახსენებდა: - "ხალხი ფიქრობსო, რომ ვაი თუ დაღესტანში ციხეები ააშენოთ, ისე როგორც კახეთში, და ისინი რაიათობის ბორკილებში მოაქციოთ, ამიტომ ჩემს ბრძანებას და აკრძალვას არ ემორჩილებიანო"117. დაღესტნის ხალხისათვის მაინ მაინცადამაინც არ იყო ხელსაყრელი საქართველოს გათურქმანება-გასპარსელება და ამდენადვე ირანის უშუალო გამეზობლებაც, რამდენადაც ისინი ამაში ხედავდნენ თავიანთი თავისუფლების დაკარგვას; მათ, როგორც ჩანს, ერჩიან ირანისადმი მხოლოდ ისეთი ყმობა, როდესაც ირანი გეოგრაფიულად მოშორებული იქნებოდა და უმეტესწილად ძალის პოზიციის ნაცვლად "თხოვნა" თუ "მოსყიდვის", მორიგება" თუ "გარიგების" პოლიტიკით იხელმძღვანელებდა. ასე რომ, როსტომ მეფის დროს ადგილი ჰქონდა არა ჯიქურ გასპარსელების უხეშ, არამედ, პირიქით, კულტურულ-მშვიდობიანი გასპარსელების პოლიტიკას; ხოლო რაც შეეხება ი.ცინცაძის ზემო-აღნიშნული დებულების მეორე ნაწილს, რომ საქართველოში სპარსეთზე ან თურქეთზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსების არსებობა განაპირობა თითქოს რუსეთის სამეფოს სამხრეთით სისუსტემ118, ჩვენი აზრით, არც ეს შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ცნობილია, რომ საქართველოში გარდა იმ პერიოდისა, როდესაც საქართველო გაერთიანებული იყო ერთიან ფეოდალურ სახელმწიფოდ, თავის სოციალურ-პოლიტიკურ - ეკონომიური ინტერესებიდან გამომდინარე, თვითოეულ ადრეფეოდალურ გაერთიანებასა თუ შემდეგდროინდელ ქართულ სამეფო-სამთავროების მმართველ წრეებში ყოველთვის არსებობდა იმ პერიოდის რომელიმე დიდ სახელმწიფოზე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური დასები. დიდ სახელმწიფოთა სისუსტე-სიძლიერეს, რასაკვირველია, ჰქონდა თავისი განმაპირობებელი მნიშვნელობაც, რადგან ამა თუ იმ დასის მოთავე ხშირად სახელმწიფო მართვის სათავეშიც იდგა და ამისდა მიხედვით ახორციელებდა პოლიტიკას, მაგრამ ეს უკვე საკითხის მეორე მხარეა. ბახტრიონმა, როგორც ჩანს, შაჰ-აბას II კახეთის მიმართ კვლავ შეაცვლევინა პოლიტიკა. 1658 წ., როსტომ ქართლის მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზმა დაიკავა, რომელმაც თავისი შვილი არჩილი ჯერ იმერეთში (1663 წ.), ხოლო შემდეგ (1664 წ.), შაჰ-აბას II დასტურით, კახეთში გაამეფა. მოვლენების განვითარებით და არა ქრონოლოგიურად ამით თითქოს დამთავრდა XVII ს. პირველ ნახევარში ქართველი ხალხის მიერ "დიდი ბრძოლების გადახდის ხანა". ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამი იყო სწორედ 1614-1616, 1624-1626 და 1657-1659 წლები, როდესაც ირანის შაჰებმა ცეცხლითა და მახვილით სცადეს "გურჯისტანში", "ქართველობის" ლიკვიდაცია. ვფიქრობთ, როშ ქართლ-კახეთს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს შესაფერისი პოლიტიკური მოღვაწეები დაურჩნენ თეიმურაზისა და როსტომის სახით, რომელთაც თავიანთი პოლიტიკით ირანთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში "ქართველობისა" და ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი აშკარად გადაარჩინეს (მიუხედავად იმისა რომ სათანადო მსხვერპლის გაღებისას ისინი სხვადასხვა მდგომარეობაში იყვნენ). კახეთის მიმართ ირანის ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა ხმალი დაპირისპირებოდა და თეიმურაზიც ასე ხმალამოღებული დახვდა ირანის შაჰებს: ის მსხვერპლი, რაც მან და კახეთმა გაიღო, ასიათასჯერ უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება კახეთსა და საქართველოს მოსწეოდა, რომ არა მარტყოფი, მარაბდა და ბახტრიონი. თეიმურაზმა საერთოდ სწორად აუღო ალღო იმ პერიოდში ძალთა განლაგებასა და მიმართულებებს; იმხანად მისგან რუსეთზე აღებული გეზი ასევე სწორი და ამავე დროს ერთადერთიც იყო. თეიმურაზის მთელი უბედურება ის იყო, რომ იგი მოხვდა რუსეთ-ირანის, თურქეთ-რუსეთძსა და თურქეთ-ირანის ურთიერთობათა ისეთ სტადიაში, როდესაც თითოეული მათგანისაგან საქართველოს ინტერესების აშკარა დაცვა შეიძლებოდა მათ შორის "განხეთქილების ვაშლად" ქცეულიყო. ასე, მაგალითად, რუსეთს, რომელიც ერთგვარ კავშირში იყო ირანთან და თავის ურთიერთობას "ძმობითა და მეგობრობით" ნათლავდა, მისი საქართველოზე აშკარად გამოქომაგების გამო შეიძლებოდა, ერთი მხრივ ირანთან, ეს მოჩვენებითი "ძმობაცა და სიყვარულიც" დაეკარგა, ხოლო, მეორე მხრივ კი, გაემწვავებინა ურთიერთობა თურქეთთან (რომელიც ფლობდა რა სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს, ამდენად გულგრილი ვერ დარჩებოდა). საქართველოს ინტერესები მით უფრო თურქეთ-ირანის ურთიერთობაში არ თავსდებოდა, რადგან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზთაგანი მათ შორის იმ დიდი ომებისა, რომლებიც XVI ს. 40-იან წლებში დაიწყო და თითქმის ასი წელი გაგრძელდა ის იყო, რომ დროისა და ძალის შესაბამისად ერთი მათგანი საქართველოს ან (სრულად დაპყრობას ან კიდევ ხელმეორედ განაწილებას უპირებდა. ამის ნათელი დადასტურებაა მათ შორის პერიოდულად დადებული ზავები: 1555, 1592, 1612, 1618 წლებში და ბოლოს 1639 წელს, როდესაც საქართველო რამდენჯერმე იქნა გადანაწილებული ოსმალეთსა და ირანს შორის 1639 დადებული ზავი კი თითქმის ასი წლის მანძილზე აღარ დარღვეულა და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის განაწილების ამ ბოლო ვარიანტმა ორივე მხარე რამდენადმე დააკმაყოფილა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საქართველოს ცდებიც თურქეთ - ირანის კარზე უშედეგოდ დამთავრდებოდა. თეიმურაზის საგარეო პოლიტიკის უკუღმართობა მისი პირადი უუნაროების ბრალი არ იყო. მან ყველაფერი სცადა რაც შეიძლებოდა რუსეთის, ირანისა თუ თურქეთის კარზე მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამდენად ჩვენ სავსებით გეთანხმებით ი.ცინცაძეს თეიმურაზის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასებაში, რომ..."იგი პოლიტიკაში მოლექსე" "კი არ იყო, არამედ საქართველოს პროგრესულ მოწინავე წრეების სათავეში მყოფი ხელისუფალი, ფეოდალური საქართველოს დაჩიხული მდგომარეობიდან გამოსავალი გზების შეუდრეკელი მაძიებელი, მოწინავე საქართველოს მეთაური, საქართველოს ჯიქურ გასპარსელების წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი, საქართველოს მოამაგე მწერალი, რომელმაც ერთ ხანს "ირანის სამეფო კარის საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკის შეცვლა შეძლოოო"119. მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა როსტომ ქართლის მეფე, რომელმაც არანაკლებ დიდი წვლილი შეიტანა "ქართველობის" გადარჩენაში. საქმე ისაა, რომ ირანის სამეფო კარის მიერ "კულტურულ - მშვიდობიანი" გზით "საქართველოს გასპარსელების" პოლიტიკის გატარებისას, როსტომმა თავისი კულტურულ - სამეურნეო მოღვაწეობით შეძლო სპარსულ - ყიზილბაშურ გარესამოსელში "ქართველობის" ძირითადი ბირთვის, შეიძლება ითქვას არათუ შენახვა, არამედ მომძლავრებაც. ამიტომ შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ როდესაც XVII ს. მეორე ნახევარში საქართველო "აღდგომისა და "გამოხსნისათვის" ძალას იკრებდა და საამისოდ ირაზმებოდა, თავისი ეკონომიურ-პოლიტიკური მდგომარეობით სწორედ ქართლმა შეძლო შეესრულებინა ამ დიდ საქმეში წამყვანი როლი. XVII ს. პირველ ნახევარშივე ჩაეყარა საფუძველი საქართველოსთვის ერთ დიდ განსაცდელსაც; სპარსეთისა და ოსმალეთის ხელშეწყობით ქართულ მიწაზე შემოიხაზა მომავალი კონტურები ახალი პოლიტიკური ერთეულების ე.წ. "უბატონო" "ლეკური" თემების, კერძოდ, ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს სახით. აღნიშნული ერთეულები საბოლოოდ XVII-XVIII სს. მიჯნაზე ჩამოყალიბდნენ120 და ისინი ირან-თურქეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხელისშემშლელ გარემოებად იქცნენ121. XVII ს. მესამე მეოთხედში, როდესაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ერთგვარად დამყარდა საგარეო მშვიდობა, ქართლიცა და კახეთიც შესამჩნევად მომძლავრდა. 1658 წ., როსტომ ქართლის მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზმა დაიკავა, რომელმაც თავისი შვილი არჩილი გაამეფა ჯერ იმერეთში 1663 წ., ხოლო შემდეგ 1664 წ. შაჰ-აბას II-ის დასტურით კახეთში. როსტომმა, ვახტანგმა და არჩილმა შესძლეს მოახალშენე ლეკთა მორჩილებაში მოყვანა და პირიქითა დაღესტნელ ლეკთა თავდასხმების დროებითი ალაგმვაც. კახეთისათვის ასეთი პირობა საკმაო აღმოჩნდა, რომ ხიზან-ბოგანო გლეხები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსულიყვნენ და მათაც ქვეყნის მოშენებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ. ვახუშტის სიტყვით არჩილის დროს "შენდებოდა კახეთი, ვინადგან იყო მშვიდობა და უმტრობა და ნიჭვიდა და სწყალობდა ყეენი არჩილს, რამეთუ ვერცაღა თუ ლეკნი იკადრებდნენ ხდომასა"122. ჭარელ ლეკთა არჩილისადმი დამოკიდებულების ფაქტობრივი დადასტურება უნდა იყოს თითქოს ასეთი უმნიშვნელო ფაქტი 1667-1668 წწ. არჩილმა თავის ძმას ლუარსაბს ქორწილი გადაუხადა. ჭარელებმა ქორწილზე ლევან კახთა მეფის დროიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებით ყინული მოიტანეს ცხენით და არა ზურგით. არჩილმა როგორც ჩანს, ამ აქტში, ურჩობა დაინახა და ამიტომ "შეიპყრნა და სტანჯა იგინი, აღკიდა კვალად ტვირთად და მოაღებინა კვალად მუნიდამეცა ტვირთითვე ყინული"123. XVI-XVIII სს. და შემდეგაც თოვლ-ყინულს, როგორც გამოკვლეულია, მეტად დიდი გამოყენება ჰქონია ყოფა-ცხოვრებაში124. მასზე დიდი მოთხოვნილება იყო დუქან-ბაზრებში, სადაც აცივებდნენ ღვინოებს, ხორცეულს, თევზეულს და სხვა საჭმელ-სანოვაგეს. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ყველა თავადიშვილის ოჯახს საცხოვრებელ სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსში ე.წ. საყინულეც ჰქონდა. ყინულის მოჭრა და მისი მოტანა კოლექტიურ შრომას მოითხოვდა. ყინულის მოსაჭრელად 10-20 ურემი და მეტიც მიდიოდა ხოლმე. თოვლ - ყინულის ზიდვა თვით საქართველოში საბატონო და სამოხელეო გამოსაღების ერთ პუნქტთაგანს შეადგენდა. მაგალითად, ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით თრიალეთელებს ...სძეთ... თოვლის ზიდვა". ლევან კახთა მეფის დროს, როდესაც კახეთის ქალაქებში გარდა იმისა, რომა მდებარეობდნენ ამიერკავკასიის დიდ სავაჭრო-სატრანსპორტო გზებზე, თვით წარმოადგენდნენ აგრეთვე ცხოველ სავაჭრო - სახელოანო ცენტრებს, სავსებით შესაძლებელია, რომ თოვლ-ყინულზე დიდად გაზრდილიყო მოთხოვნილება, რასაც ალბათ მთლად ვერ აკმაყოფილებდა ადგილობირვი ძალები. სწორედ ამ გარემოებას უნდა გამოეწვია ლევან კახთა მეფის ცნობილი გადაწყვეტილების მიღება: ..."მოიყვანნა ლეკნი და დახსნა ფიფინეთს ზიდვად ყინულისად ზაფხულისათვის კავკასიდამ"125. ჭარულ-ლეკური თემების ზედა ფენასაც, ჩანს გარკვეული ვალდებულებები ეკისრათ სხვადასხვა საჩუქარ-ძღვენებისა თუ მოსართმევების სახით, რაზეც თითქოს უნდა მეტყველებდეს აგრეთვე "არჩილიანის" ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.ბაზარში:
"იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები:
მოკრძალვით, გულს ელმოჭდობით, მშიშრად ვითა
ცხვართ ვაცები;
ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რის მომტაცები"126.
       მომაზრებული კახეთი ბუნებრივია დაღესტნელთა თითოეულ გამოხდომას სათანადო რეაქციით პასუხობდა; ასე იყო, მაგალითად, არჩილის კახეთში მეფობის უკანასკნელ ხანს 1674-1675 წწ., როდესაც ვახუშტის სიტყვით: "...იწყეს ლეკთა ჭურმურტთა ავაზაკობით კირთება გაღმა-მხართა და ელისენთა შინა". ვახუშტისვე სიტყვით, "შეიკრიბნა არჩილ სპანი; მოიყვანნა ქართველნი წარავლინა და მიუხდნენ ჭურმუტს, შემუსრნეს სიმაგრენი, მოსყვიტნეს, მოსტყვევნნეს და მოვიდნენ გამარჯვებულნი: ამისთვის მარადის ემატებოდა და შენდებოდა კახეთი და იყუნენ შეერთებულნი ქართველთათანა ყოვლითურთ"127. კახეთის ასეთი მოშენება-გაძლიერება, რასაკვირველია, არ მოსწონდა შაჰ სულეიმანს (1664-1694 წწ.) და როდესაც 1676 წ., ვახტანგ V გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო ტახტისათვის ბრძოლამ ქვეყნის საშინაო საქმეები ძალზე არია, მან მისი დალაგება მოგვარება თავისი სურვილისამებრ სცადა. შაჰ სულეიმანმა 1676 წ. მოუწოდა გიორგი XI და "მისცა ქართლი“, რომელსაც გიორგი 1676 წ. 1680 წლამდე განაგებდა128. რაც შეეხება კახეთს, შაჰმა მის მიმართ კვლავ შეცვალა პოლიტიკა და იგი ამიერიდან ყიზილბაშ ხანებს გადასცა, რომელთა რეზიდენცია ყარაღაჯში იყო და რომელთა მმართველობამაც თითქმის 1703 წლამდე გასტანა, ვიდრე კახეთში კვლავ ქართველი, თუმცა გამაჰმადიანებული დავით II არ დაჯდა, შემდეგში იმამ-ყული-ხანის სახელით ცნობილი. ირანის კარი საქართველოს მიმართ უკვე მესამეჯერ ცვლიდა თავის პოლიტიკას. საქმე ისაა, რომ ქართველების ჯიქურ გასპარსელების უხეშმა პოლიტიკამ და გასპარსელების "კულტურულ-მშვიდობიანმა" გზამ საბოლოოდ მას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა; პირიქით, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, კახელები "...მოსრულთა მალე ექმნებოდიან და მოსვრიდიან, ვინადგან ამ ჟამებთა აღივსებოდა ქართლიდამ კაცით კახეთი და აშენდებოდა მრავალნი უშენნი დაბნები და აგარაკები"129. ამიტომ იყო რომ კახეთის მმართველი ყიზილბაში ხანები (1677 წ. ბეჟან-ხანი, 1683 წ. აზიზ-ყული ბანი, 1692 წ. ქალბალი - ხანი და სხვ.) მეტად მტრულად მოეკიდნენ კახეთის გაძლიერებასა და იქ ქართველთა მომრავლებას. შაჰის აშკარა მხარდაჭერით ხანები კვლავ დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ ქვეყნის თურქმანებით დასახლებას, მაგრამ ამჯერად მათ გარდა საკუთარი სამხედრო ძალებისა და თვით ჩამოსახლებული თურქმანების, ძირითადად გამოიყენეს დაღესტნელები და უკვე მომძლავრებული ჭარ-ბელაქნელი ლეკები შექმნილ ვითარებაში ლეკთა "უბატონო თემები" კავკასიის პირიქით დაღესტნელ-ლეკთა "სადგურად და "საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ურდოების გამტარ არტერიად გადაიქცა130. რაკი ჭარ-ბელაქნელ ლეკთა ძლიერება დაღესტნელ ფეოდალთა მჭიდრო კავშირსა და ოსმალეთ-ირანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, ამდენად ბრძოლა მათ წინააღმდეგ იყო აგრეთვე ბრძოლა კავკასიას პირიქითა დაღესტნიდან მომდინარე აბრაგთა დასტებისა და მათ ზურგში მდგომი თურქეთ-ირანის წინააღმდეგ. ამიტომ ძნელი არ იყო ყიზილბაში მოხელეების ბეჟან ხანის, აბაზ-ყული ხანისა და სხვათა საქმიანობის პირველივე ნაბიჯების შეცნობა. ვახუშტის თქმით: "...ხანმა მისცა ნება და ძალი ლეკთა და დაუწყეს კახეთს კირთება და ტყვევნა, არა თუ ლაშქრით, არამედ ავაზაკობით. კვალად აღაზუავნა უმეტეს ჭარელნი და ელიფადარი დასხმული ხანთაგანვე, რამეთუ თუცა მოჰკლიან კახნი ლეკთა ანუ თათართა შერისხვიდა ხანი ანუ მოაკუდიანებდი, ანუ მიაცემინის სისხლი მეტყველი: რამეთუ არა ჯერ არს გიაურთაგან მუსლიმნის სიკუდილი და თუცა მოჰკლიან თათართა კახი არა რაი ავნის, რამეთუ "ესრეთ ჯერ არს" და იყო ამით ჭირი დიდი"131. ბუნებრივია, ასე ზურგმომაგრებული დაღესტნელები და ჭარელები "კვლად ეკირთებოდნენ მარადის და სადაც შეხუდიან კახნი მოსყვეტდენ"132. ყიზილბაშ ხანთა მხარდაჭერამ ლეკური მოსახლეობის გაძლიერებისათვის კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში და აშკარა პასიურობამ ლეკ-აბრაგთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი პოლიტიკოსებისათვის ნათელი გახადა ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და მათაც ამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმართეს. ამჯერად ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო მოქმედებას სათავეში ქართლის მეფე გიორგი XI უდგება. გიორგი XI საქმიანობა, როგორც ჩანს, შაჰ-სულეიმანს არ გამოპარვია მხედველობიდან. გიორგი XI ერთგულებაში თავიდანვე დაეჭვებულმა შაჰმა 1688 წ. გადააყენა იგი და მისი სამეფო ქართლი ერეკლე I უბოძა. გიორგი ქართლის ტახტზე 1691 წ. კვლავ დაბრუნებულა და სპარსელთა წინააღმდეგ შეთქმულებას სათავეში მაინც ჩადგომია. როგორც წყაროებიდან ირკვევა, პირველ რიგში ქართველთა მობილიზებისა და საშამხლო-დაღესტანთან კავშირით უცდია გიორგის ირანის ბატონობის მოსპობა აღმოსავლეთ საქართველოსა და კავკასიაში. აღსანიშნავია, რომ საშამხლო ამხანად სწორედ მეტად გაძლიერებული იყო და მისი გავლენაც თითქმის მთელს დაღესტანზე ვრცელდებოდა133. ბუდაი შამხალთან მოლაპარაკებას გიორგი აჰმად ბეგ ალი აღას შვილის მეშვეობით აწარმოებდა; ამ კავშირის უფრო მეტი სიმტკიცისა და გარანტიისათვის გიორგისა და ბუდაის ერთმანეთისათვის მძევლები უნდა გაეცვალათ - გიორგის თავისი ძმისწული ვახტანგ VI, ამ დროს ბატონიშვილი, ხოლო ბუდაი შამხალს კი შვილი. კვალად ეზრახა, - წერს ვახუშტი, - გიორგი მეფე შამხალსა, რათა მწე ექოს და მან (შამხალმა) აღუთქვა (მოკავშირეობა) აჰმად-ბეგ ალი ადის შვილის დესპანობითა. ამისათვის წარავლინა ძმისწული თავისი ვახტანგ მძევლად შამხლისა თანა"134. აღნიშნული მომენტი, სხვათა შორის, გერგეტის მატიანეში თვით ვახტანგ ბატონიშვილსაც აქვს მოთხრობილი: "მე, ვახტანგ, გამაგზავნა ლექში (ლეკეთი = დაღესტანს - თ.ბ.) და მე, ბრძანებითა მისთა, შემოვიარე აქ და მივდიოდი, რათა შეგვეწიონ სპარსთა ზედა"135. შაჰ-სულეიმანისათვის უცნობელი არ უნდა დარჩენილიყო, არც ის რომ ამხანად არჩილ მეფე კვლავ რუსეთში მიდიოდა და ისიც ენერგიულად ამოქმედდა. შაჰმა ამჯერადაც საშამხლოთი დაიწყო. რათა ამით მოეჭრა გზები ძმების - გიორგისა და არჩილისათვის და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი გართულებები. მართლაც, ვახუშტის სიტევით, "მიუგზავნა ნიჭი დიდი ყეენმან შამხალსა", წინადადებით "ვინადგან გიპყრავს გზა" - რუსეთს მიმავალი არჩილ მეფე "შეიპყარ და წარმომივლინეო". შამხალი დაჰყვა შაჰის ნებას და დაარღვია გიორგი მეფისათვის მიცემული "ფიცი და პაემანი". ვახუშტითვე, მან "მოიბირა ყილჩიყო ჩერქეზ ბატონი ყეენის გამო, რათა შეიპყრას არჩილ და მისცეს ყეენსა". მაგრამ, როგორც ცნობილია, შამხალმა არჩილი ხელთ ვერ ჩაიგდო. შამხლის ღალატმა, ბუნებრივია, გიორგი მეფის მიერ მომზადებულ შეთქმულებასაც გამოაცალა საფუძველი. ვახტანგი, რომელიც საშამხლოში მიდიოდა მძევლად და რომელსაც ამ ამბავმა ხევში მოუსწრო, ვახუშტის სიტყვით, "წამოვიდა და მოვიდა გორს"136. ქრონოლოგიურად ეს ამბები 1692-1693 წწ. თავსდება137. ასე რომ, გიორგის ცდა ქართლ-კახეთის აჯანყებათა და შამხლის დახმარებით ბოლო მოეღო ირანის ბატონობისათვის, მარცხით დამთავრდა. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, საშამხლოს.  პოლიტიკა არასტაბილური და მერყევი იყო. ასე, მაგალითად, 1685-1686 წწ. ბუდაი შამხალმა, რომელიც თითქოს რუსეთს ქვეშევრდომობდა, არჩილ მეფეს საიდუმლო წერილი მოსწერა და შემოუთვალა, რომ მას და მის წინაპრებს მოსკოვის მეფეთაგან წყალობა და სარგებლობა არასდროს არ მიუღიათ და ამიტომ სჯობს, რომ არჩილმა ისევ მასთან (შამხალთან) დაიჭიროს კავშირი და ერთად სცნონ ერთი ხელმწიფე138. (ეს წერილი, სხვათა შორის, ხელთ ჩაუვარდა რუსეთის საგანგიოს - თ.ბ.) "ერთი ხელმწიფე" თურქეთის სულთანი უნდა იყოს, რაზეც თითქოს უნდა მეტყველებდეს ერთი ასეთი ფაქტი: 1689-1690 წწ. არჩილი დავით თურქესტანიშვილს აგზავნის თურქეთის სულთანთან. ალბათ, იმერეთის ტახტზე ასვლის სანქციის მისაღებად. ყირიმის სახანოში მიმავალი დავითი შამხალმა შეიპყრო, მაგრამ ნაცვლად მისი გაძარცვისა და დატყვევებისა მან, პირიქით, ყირიმის ხანთან უშუამდგომლა მას და ამდენადვე, შეიძლება ითქვას, სულთნის წინაშეც. "მივიდა დავით შეწევნითა შამხლისათა ყირიმის ხანისთანა და იგი აღძრულიყო შეწევნად არჩილისად წინაშე ხონთქრისა"139. შამხლისა და ყირიმის ხანის "შუამდგომლობას" გაუჭრია სულთანთან, რადგან მან "წარმოავლინა ყაფუჩი თვისი და დავით მისთანა"... და "შთაიცვა არჩილ ხალათი ხონთქრისა და დაემორჩილნენ იმერნი"140 (1690 წ.). 1692-1693 წწ. კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, შამხალმა ირანის შაჰს გაუწია სამსახური და შეეცადა რუსეთს მიმავალი არჩილი შეეპყრო კიდეც და შაჰისათვის გაეგზავნა. 1695 წ. შაჰმა კახეთის მმართველად ქალბალი ხანი გამოგზავნა, რომელიც მსგავსად წინამორბედი ყიზილბაში ხანებისა, თანმიმდევრულად შეუდგა ირანის პოლიტიკის გატარებას. მის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ჭარ-ბელაქნელი ლეკები გარდა იმისა, რომ  თვით "უმეტესად მძლავრობდნენ ელისენ გაღმა-მხარსა", ამავე დროს "იყუნენ მესადგურე ეტიკნი დაღისტნელთა" და ვახუშტის სიტყვით, "იყო ამათ მიერ ტყვევნა, ოხრება და კლვანი კაცთა, მზირობით, ავაზაკობითა და პარვით"141. თავმობეზრებულმა კახელებმა ქალბალი ხანს სთხოვეს "რათა ნება სცეს ჭარელთა ზედა და შემოსრონ იგინი"142. სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ კახელებმა მართლაც დალაშქრეს ჭარი, მაგრამ კარგად დაწყებული ბრძოლა წააგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბალი ხანმა "განიხარა, ვინადგან ენება დამდაბლება კახთა". ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ, ამის შემდეგ იწყეს უმეტესი კირთება, ტყვევნა და რბევა კახეთისა ლეკთა"143. ასე რომ, ქალბალი ხანი აშკარად თუ ფარულად ჭარ-ბელაქნელ ლეკთა და კახელთა ურთიერთობაში შეგნებულად ლეკთა მხარეზე იდგა. "მარადის იყოფოდნენ წარჩინებულნი კახნი მის წინაშე და ევედროდენცა შეწევნასა ლეკთა ზედა, არამედ იგი უზრუნველ იყო, რამეთუ აძლევდნენ მას ხარკსა და მორჩილებდნენ და კახთა ეტყოდა ტკბილად და ნიჭვიდა მრავლითა"144. 1703 წ. დასრულდა ყიზილბაშ ხანების თითქმის 30-წლიანი მმართველობის ხანა კახეთში, როდესაც შაჰმა კახეთის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართველს, მაგრამ მაინც ქართველ მეფეს დავით II იმამ ყული ხანს ჩააბარა. კახეთში ყიზილბაშ ხანების 30 წლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში, მდგომარეობა არსებითად შეცვალა. ირანის კარმა ამჯერად თავის ერთ ძირითად მიზანთაგანს მიაღწია - კახეთის დასუსტებას. ამასთან, მან ეს მოახერხა არა მარტო ყიზილბაშთა ჯარითა და მომთაბარე თურქმანების დახმარებით, არამედ დაღესტნელ და ჭარ-ბელაქნელ ლეკთა საშუალებითაც. ირანის მეორე ძირითადი მიზანთაგანიც აღსრულდა თითქოს, ეს იყო აღმოსავლეთ კახეთის "გალეკება", "ნაცვლად გათურქმან - გაყიზილბაშებისა. "გალეკება" კი ირანის შაჰისათვის იმდენად იყო ხელსაყრელი, რამდენადაც ეს ამ მხარისა და მოსახლეობის გამუსლიმანებასაც ნიშნავდა. ყიზილბაშ ხანთა მმართველობა, თუ მისი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დავით II მოღვაწეობისა, ინერციით XVIII ს. 10-იან წლებამდე გაგრძელდა, ვიდრე "ლეკთა დაიპყრეს ელისენი და იწყეს ლაშქრობა"; და როდესაც "დაუტევა იმამ - ყული - ხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იყოფიდა მუნ"145. სწორედ 1710 წ. ახლო ხანებში მიიჩნევს ა.ბაკიხანოვიც ჭარული თემების წახურელ თემებთან გაერთიანებას146 ანუ ჭარ-ბელაქნისა და ელისენის საბოლოოდ ლეკთა მიერ გაახალშენებას. ძირითადად ამით დასრულდა თითქოს დაღესტნელ მოახალშენეთა ფეხის მოკიდების პროცესი ქართულ მიწა-წყალზე. ამიერიდან საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება: თუ აქამდე საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა შემოისაზღვრებოდა საქართველო - "პირიქითა" დაღესტნის ურთიერთობით და თავდასხმებიც უპირატესად და ძირითადად იქიდან მომდინარეობდა, ამიერიდან საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა დამატებით მოიცავს აგრეთვე, ასე ვთქვათ, პირაქეთა "დაღესტანსაც" - ჭარ-ბელაქანს; ქართულ მიწა-წყალზე შემოტევებსაც ძირითადად უკვე ეს ჩამოსახლებული წახურელ-ავარელი "ლეკები" - ჭარელები ახორციელებენ147. ამიერიდან დაიწყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ასწლიანი ლეკური ომი", რომელიც თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის ხელშეწყობით, საქართველოს აღდგენა - მოშენებისათვის სათანადო პირობებს განუხრელად და თანმიმდევრულად სპობდა. თუ ამ პირობებს მაინც ჰქონდა ადგილი თათარ-მონღოლთა ბატონობისა და თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ, ამიერიდან ასეთი პირობები რამდენადმე ხანგრძლივი ვადით უკვე ვეღარ იქმნებოდა. საქმე ისაა, რომ ეს ადრეული შემოსევები თუ ბრძოლა - ომები და ამის შედეგად გაბატონება, მაინც დროის კონკრეტულ მონაკვეთში თავსდებოდა და ქვეყნის საერთო ძალების მობილიზების შემთხვევაში მისი უკუგდებაც შედარებით ხანგრძლივი ვადით ხერხდებოდა ასე რომ, საერთო ჯამში აღნიშნული ბრძოლა - ომები იყო, ასე ვთქვათ, მომენტალური, ხოლო თავსმოხვეული ბატონობა კი დროებით წყვეტილი, რომლის შუა პერიოდებში გაცილებით ადვილად ახერხებდა ერთიანი საქართველო აღდგენა - მოშენებას. დროდადრო ამას დაშლილი საქართველოს თვით ცალკეული სამეფო - სამთავროებიც კი ახერხებდნენ, ვიდრე მათ შაჰ-აბასის ხმალი არ მიწვდა. შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, კახეთის აოხრებით დაღესტნელებს გზა გაეხსნათ148. ამიერიდან ზემოთ მოყვანილი დებულების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. საქმე ისაა, რომ, ლეკთა თავდასხმები წინა პერიოდთან შედარებით გახშირდა და დამსხვილდა; ამასთან, სწრაფი ტემპით დაიწყო ქართულ მიწა - წყალზე პირიქითა კავკასიის ლეკურ მოახალშენეთა კომპაქტურად ჩამოსახლებისა და დამკვიდრების პროცესი, რასაც თურქეთ-ირანის ხელშეწყობით XVII-XVIII სს. მიჯნიდან მოჰყვა ამ ლეკური მოსახლეობის ზედა ფენისა და დაღესტნის ფეოდალთა თითქმის განუწყვეტელი ე.წ. "ასწლიანი ლეკური ომი" და ამისდა შესაბამისად "დროშემოუსაზღვრელი ბატონობა, ვიდრე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე. მდგომარეობა აღდგენა - მოშენების თვალსაზრისით კიდევ იმით მძიმდებოდა, რომ ამის პარალელურად თვით თურქეთი და ირანი ამყარებდნენ აგრეთვე თავიანთ უშუალო ბატონობას "ოსმალობისა" თუ "ყიზილბაშობის" სახით. "ასწლიანი ლეკური ომის" დედაარსი ასეთი იყო: "ლეკნი მოსრნიან, ტყვენი და საქონელნი წარიყვანიან: ხოლო კახნი ეწეოდნენ მდევრობით, ხან მათ სძლიან და ოდესმე ამათ და იყო მარად-დღოვანი ესე ვითარ ხდომა. გარნა დაზავდიანცა და კვალად იწყიან უძვირესი სხდომანი"149. ხოლო რაკი "ლეკური ომი" და კულტურული მეურნეობა - მიწათმოქმედება, ნიკო ბერძენიშვილის სიტყვით, შეუთავსებელი მოვლენები იყო150, თავისთავად გასაგებია თუ რაოდენ გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო იგი ქართული საწარმოო ძალების განვითარებისათვის; მეტიც, მან ერთი პირველთაგანი როლი შეასრულა ამ ძალების სტაგნაციისა და თვით სტაგნაციის პერიოდის გახანგრძლივებას და ამდენადვე საქართველოს ჩიხში ყოფნის საქმეში. ძნელია დაღესტნური ტომების მოსახლეობის საქართველოს, კერძოდ კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გაჩენის, განვითარებისა და საბოლოოდ ჩამოყალიბების მთელი პროცესის თანმიმდევრულად წარმოდგენა, თვით ამ ჩამოსახლების სპეციფიურობისა და ამავე დროს საბუთების უქონლობის გამო, მაგრამ მისი ძირითადი მომენტების გაცნობა რამდენადმე მაინც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას. ლეკური მოსახლეობის საქართველოში ჩამოსახლების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით მკვლევართა შორის ძირითადად ორი ჯგუფი არსებობს. პირველი, რომელსაც მიაჩნია, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ XVII ს-დან იღებს სათავეს, განსაკუთრებით, შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ (დ.ბაქრაძე, ალ.ხახანაშვილი, თ.ბატონიშვილი, მ.დუმბაძე, დ.მეგრელაძე, თ.პაპუაშვილი და სხვ.) და მეორე (ნ.ბერძენიშვილი, ი.პეტრუშევსკი და სხვ.), რომელსაც მიაჩნია, რომ ავარულ-წახურული "ლეკური" თემები ჯერ კიდევ XVI-XVII სს-მდე უნდა არსებულიყვნენ151. მკვლევართა ეს ორი ჯგუფი სხვადასხვა კუთხით უდგება ზემოაღნიშნულ საკითხს, თორემ თვით ჩამოსახლების წარმოდგენა თავის ისტორიულ განვითარებაში, ჩვენის აზრით, არ გამორიცხავს ორივე ჯგუფის ძირითად ფაქტორებს. ასე მაგალითად, პირველ ჯგუფს მიაჩნია, რომ "ლეკური" თემები კახეთში გაჩნდნენ შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, უარყოფენ რა იმავე დროს საერთოდ "ლეკური" მოსახლეობის რამდენადმე არსებობას XVI-XVII საუკუნემდე. ამ ჯგუფს შეიძლება დავეთანხმოთ მხოლოდ იმაში, რომ XVI-XVII საუკუნემდე ადგილი არ ჰქონდა ალბათ დიდი ჯგუფების თუ მთელი სოფლების კომპაქტურად დასახლებას, ყოველ შემთხვევაში ისეთი მასშტაბით, როგორც შაჰ-აბასის შემდეგ და განსაკუთრებით კი XVII ს. ბოლო მეოთხედში იყო; ხოლო ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ XVI-XVII საუკუნემდე ეს ჩამოსახლება საერთოდ არ ყოფილა. მკვლევართა მეორე ჯგუფი კი მართალია იმაში, რომ ისინი XVI-XVII საუკუნემდე და სავსებით სამართლიანადაც უშვებენ ლეკთა ჩამოსახლებას ქართულ მიწა-წყალზე, მაგრამ რამდენადმე აჭარბებენ, როდესაც "უბატონო თემების" გაჩენის დროდ XVI საუკუნემდელ პერიოდს მიიჩნევენ (ი.პეტრუშევსკი). მ.დუმბაძე აღნიშნავს, რომ პეტრუშევსკი სწორედ შენიშნავსო, რომ ავარული სოფლების გაჩენა კახეთში სწრაფი ან ერთროული მიგრაციის შედეგი კი არა, არამედ ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყოო. მაგრამ, იგი იმავე დროს კატეგორიულად უარყოფს რა პეტრუშევსკის აზრს XVI ს-მდე დაღესტნური მოსახლეობის საქართველოში არსებობის შესახებ, ამბობს, რომ ეს განცხადება დაუსაბუთებელია და არაა სწორიო152. მ.დუმბაძეს პეტრუშევსკის ეს მიდგომა, როგორც ჩანს, მხოლოდ XVII-XVIII სს. მიმართ მიაჩნია სწორად. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პეტრუშევსკის ზემოაღნიშნული დებულება გასათვალისწინებელია გაერთიანებული საქართველოს ხანაში დანშემდეგ მისი დაშლიდან სამეფო-სამთავროებად ვიდრე XVIII ს. დასასრულამდე. საქმე ისაა, რომ X-XIII სს. 30-იან წლებამდე საქართველომ საკუთარი ძალის შესაბამისად თავისი პოლიტიკურ-კულტურული და მასთან ერთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, სარწმუნოებრივი (ქრისტიანული) საზღვრები საკმაოდ ვრცლად გადაჭიმა - დასავლეთიდან აღმოსავლეთით ე.წ. "ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდის“, ხოლო ჩრდილოეთით კი ხუნძახაშდე. ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზმი დაპყრობილი თუ შემოერთებული ქვეყნების მიმართ სხვადასხვა პოლიტიკას მიმართავდა: ნაწილს უშუალოდ იერთებდა, ნაწილს ყმადნაფიცად იხდიდა, ზოგისაგან ერთდროულ ხარკს იღებდა და ზოგსაც რეგულარულ ხარკს აკისრებდა. როგორც, სამართლიანად შენიშნავს მ.ბერძნიშვილი, ძირითადი განმსაზღვრელი საქართველოს პოლიტიკისა დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა იყო. აქედან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსები იმ ტერიტორიას, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა ჭარბობდა "სამეფოდ იჭერდნენ", ანუ უშუალოდ იერთებდნენ და მმართველობის ქართულ სისტემას ამყარებდნენ, ხოლო სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენდნენ, იმას დამოკიდებული ქვეყნების სხვაგვარ რიგებში აქცევდნენ ან "ყმადნაფიცობის (ვასალის) ან მოხარკისა153. ამხანად წყაროების მიხედვით საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ: აღმოსავლეთით შარვანი და რანი; ჩრდილოეთით: ქაშაგუთი (ადიღე-ჩერქეზეთი - თ.ბ.), ოვსეთი, დურძუკეთი (ჩეჩნეთ-ინგუშეთი - თ.ბ.), დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი (ეს ოთხი უკანასკნელი დაღესტანში შემავალი რაიონებია. - თ.ბ.); რაკი საქართველოს მმართველი წრეები (XV სს. ასე დაჟინებით და თანმიმდევრულად ცდილობდნენ განსაკუთრებით დურძუკეთის, დიდოეთის, ღუნძეთისა და ლეკეთის "წარმართობიდან მოქცევას" და გაქრისტიანებას, როგორც ჩანს, ისინი ამ მხარეების ყმადნაფიცობას არა სჯერდებოდნენ და ცდილობდნენ მათ სამუდამო შემოერთებას, "სამეფოდ დაჭერას", რაც თავის მხრივ უკვე პრაქტიკულად ნიშნავდა პირველ ნაბიჯებს ერთიანი კავკასიური სამყაროს შექმნის გზაზე. პირველი ასეთი ცდა კი ქართველებს დაღესტნის სამხრეთით მდებარე რაიონის წახეთ-წახურის მიმართ უნდა განეხორციელებინათ, რომელიც საისტორიო წყაროებში ცნობილია როგორც წუქეთის, წახეთის, ზახურის, წახურის, საფურის და ცაკურის სახელწოდებებით154. ეს გარემოება იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ წახურ - წუქეთზე გადმოდიოდა ყველაზე დიდი გზა, რომელიც წახურის ხეობიდან ქურმუხის ხეობაში გადმოდიოდა და სარუბაშ-ელისუს გზით კახში და ბოლოს მდ.ალაზნამდე ჩამოდიოდა. ეს გზა გაღმა მხარის ანუ ძველი ჰერეთ - კახეთისათვის იგივე დარიალის კარი იყო155 და მას ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო სხვათა შორის უძველესი დროიდანვე მეორე შესაფერისი სახელიც "რკინის ჭიშკარი" შეარქვეს156, ქურმუხის ხეობაში მომავალი ეს გზა, ალბათ, ქართულ წყაროებში ცნობილი "გზა ბელაქნის" უნდა იყოს. ამ გზაზე ყველაზე დიდი სტრატეგიული პუნქტები წახური და კაკი იყო, რომლებიც "დარაჯად ედგნენ ამ თავისებურ "დარიალის კარს" და "იცავდნენ დანარჩენ საქართველოს"157. ამის მოწმობაა ამ რაიონებში დღემდე შემორჩენილი დიდი ციხე-სიმაგრეების ნაშთები. ინტერესს არაა მოკლებული, სხვათა შორის, აქვე შემორჩენილი ერთ-ერთი სოფლისა და მდინარის სახელწოდებაც- სოფ.ყიფჩაღისა და მდ.ყივჩაყ-ჩაისა, რაზეც დაყრდნობით სავსებით სამართლიანად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დავით აღმაშენებელს თავის დროზე ამ დაღესტნისეული "დარიალის კარისა" თუ "რკინის ჭიშკრის" დასაცავად ყიფჩაღთა ერთი ნაწილი აქაც დაესახლებინა158. ბუნებრივია, რომ დიდოეთის, ღუნძეთის, ლეკეთისა და სხვათა ყმადნაფიცობის დროს ეს დაღესტნისეული დარიალის კარი თუ ჭიშკარი ღია იქნებოდა ქართული და ლეკურ-დაღესტნური ტომების თავისუფალი მიმოსვლისათვის, მაგრამ დაძაბულობის შემთხვევაში კი ალბათ დაკეტილი. რაკი საქართველო - დაღესტნის ურთიერთობისათვის წახეთ-წუქეთს ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, მისი "სამეფოდ დაჭერისათვის" ჯერ კიდევ ადრე, თვით საქართველოს გაერთიანებამდისაც უზრუნიათ. ასე, მაგალითად, VII-VIII სს არჩილის მეფობის დროს (668-718 წწ.) წუქეთი საერისთავოს სახით კახეთის სამეფოში შემოდიოდა159 და მისი ერისთავი აბუხუასრო გარდა თვით წახურელებისა "ერისთავობდა აგრეთვე თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა"160. რამდენადაც წახურ-წუქეთი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში შემოდიოდა, ამდენად მისი მოსახლეობა ქართველების მიერ, ასე ვთქვათ, "წარმართობიდან მოქცეული" ანუ გაქრისტიანებული უნდა ყოფილიყო. ამის დადასტურებაა თითქოს ვახუშტის ცნობა, რომ ჰერეთში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი - "მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა"161. საერთოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ VII-VIII სს. დაწყებულა თუშთა, (117) ხუნძთა და წახურელთა გაქრისტიანება, რამდენადაც ჯუანშერი მათ ცალკე გამოჰყოფს "ყოველთა წარმართთაგან მთისათა"162. ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ წახურ - წუქეთის გარდა, ქართველებს ავარიის სხვა ნაწილის "სამეფოდ დაჭერაც" მოუხერხებიათ. მაგალითად, დიდოეთისა. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდოელები არც თუ ყოველთვის ცნობდნენ ამას, რაზეც მეტყველებს მათი აჯანყება თამარ მეფის დროს"163 და აშკარა ურჩობა ლევან კახთა მეფის დროს164. ქართული წყაროების მიხედვით წახური და დიდოეთი ასე თუ ისე XVI ს-მდე ჰერეთ-კახეთის შემადგენლობაში ჩანან. ამის ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ როდესაც გიორგი VIII (1446-1476 წწ) კახეთში არსებული საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად სამოურავოები შემოიღო, ეს ცვლილება სხვასთან ერთად დიდოეთსა და წახურსაც შეეხო. ვახუშტის სიტყვით, "მაშინ მოისპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა ვითარცა არიან დღემდე. მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა"165. ასე რომ, XXVI სს. საქართველოსა და დაღესტნის მოსახლეობის თავისუფლად ურთიერთმიმოქცევისა და ემიგრაციისათვის დამაბრკოლებელი ზღუდეები პრინციპში არ არსებობდა. ჯერ ერთი, დაღესტნის განაპირა რაიონების საქართველოს "ყმადნაფიცობის" თუ "სამეფოდ დაჭერის" გამო, ხოლო, მეორე მხრივ, დაღესტნისეულ "დარიალის ჯვარზე" ქართველთა გავლენის გამო. რაკი ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, სახნავ - სათესად და საცხოვრებლად ვარგისი მიწების სიმცირე დაღესტნელ ტომებს ბარზე დამოკიდებულს ხდიდა, ხოლო დაწინაურებული ბარი კი მთის ჭარბ მოსახლეობას დაბლობისაკენ გზას უხსნიდა166, ბუნებრივია, რომ დაღესტნელთა ცალკეული ოჯახების ჩამოსახლებას კახეთში აუცილებლად ჯერ კიდევ ადრე X-XV საუკუნეებშიც ექნებოდა ადგილი. ი.პეტრუშევსკიც ძირითადად სწორად ხსნის დაღესტნის მოსახლეობის საქართველოში ჩამოსვლის ეკონომიურ საფუძველს: "В условиях земледельческо-скотоводческого, полукочевого хозяйства дагестанцы, зимние пастбища (кишлаги), которых находились на южной стороне Главного хребта, периодически перекочевывали сюда и при грузинском (кахетинском) владычествею Это обстоятельство, как и малоземелье, привлекло дагестанцев в Кахетию небольшими группами".167. ლეკები, როგორც ეს შესწავლილია რიგი ავტორების მიერ, მოიწევდნენ საქართველოსაკენ და აქ ესახლებოდნენ. ისინი ჩამოდიოდნენ სამუშაოდ, ხელზე მოსამსახურეებად, მიწის მუშებად, მკალავებად, ნახშირის გამომწველებად, ქვის მთლელებად, მეწაღეებად, მკერავებად, დურგლებად და სხვ. შირაქსა და აღიზლოში მოჰყავდათ თავიანთი ცხვრის ფარები და საზამთრო საძოვრებს აქ მართავდნენ168. ასე, რომ საძოვრების, სამუშაოს საძებრად, სავაჭროდ ხარკის ჩამოსატანად თუ დაქირავებულ ლაშქრად ჩამოსული დაღესტნელები ეცნობოდნენ რა მკვიდრი მოსახლეობის ინტენსიურ მეურნეობას, სიმდიდრეს და სხვ. როგორც მ.დუმბაძე შენიშნავს, აქ დარჩენის გუნებაზე უნდა დამდგარიყვნენ169. მხოლოდ იმაში ვერ დავეთანხმებით მ.დუმბაძეს, რომ ჩამოსახლებულები და დაღესტნიდან მოდენილი ახალი ტალღები თავიდანვე უდიდეს ზიანს აყენებდნენ დაწინაურებულ და მდიდარ, განვითარებული მიწათმოქმედების მქონე კახეთის მოსახლეობას170. ასეთი მდგომარეობა ძირითადად შეიძლება XVII ს. დასასრულიდან ვივარაუდოთ, ხოლო რაც შეეხება უფრო ადრინდელ პერიოდს, ვფიქრობთ, პირიქით უნდა ყოფილიყო: ლეკები ერწყმოდნენ ქართულ ფეოდალურ ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას და რამდენადმე თავისი წვლილიც კი შეჰქონდათ მის განვითარებაში. არ არის გამორიცხული აგრეთვე ქართველ მეფე-მთავართა მიერ თავის საგარეო, კლასობრივ თუ შიდაკლასობრივ ბრძოლებში მოწვეული და გამოყენებული "დიდოთა", "ლეკისა და კავკასიის", "ლეკნის და ყივჩაყნის" თუ "ლეკნისა და თარასნის"171 რაზმეულთა ნაწილის საქართველოში დარჩენისა მუდმივ საცხოვრებლად172. ლეკური მოდგმის იმ სამხედრო ნაწილებს, რომლებაც ქართულ ფეოდალურ ლაშქარში უხდებოდათ ბრძოლა, არ შეიძლებოდა არ განეცადათ ფეოდალური საქართველოს კულტურული გავლენა173. ამას კი თავის მხრივ არ გამოეწვია მათში საქართველოში დარჩენის სურვილი, მით უფრო თუ ერთგულებისა და სამსახურის გამოჩენისათვის ისინი აყვანილი იქნებოდნენ ქართულ თავადაზნაურულ წოდებაში და ამისდა შესაბამისად ებოძებოდათ ყმა-მამულებიც. ამ პერიოდში, ჩვენის აზრით, შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა მთიელთა ბარში ჩამოსახლების - დ.გვრიტიშვილისეული კლასიფიკაციით ორ ფორმას. პირველი: ქართველ მეფე-ერისთავთა თუ მთავართა მიერ წინასწარი შეთანხმებით გარკვეული ჯგუფების გადმოყვანასა და დასახლებას თავის მიწა - წყალზე და მეორე - ეკონომიურად შევიწროვებული გლეხების ნებაყოფლობით დაყმობას ქართველი ფეოდალებისადმი174. დაღესტნელთა საქართველოში ჩამოსახლების პროცესი უნდა გაინტენსივებულიყო თათარ - მონღოლთა ჩრდილო კავკასიაში გაბატონების შედეგად, როდესაც მათ იმიერკავკასიის ველები დაიჭირეს და თავის სამომთაბაროდ აქციეს, რის გამოც მთას შემოხიზნული ადგილობრივი მოსახლეობა - ჩერქეზ-აფხაზური მოდგმის ტომები, ოსები, ღუნძ - ღილღვები თანდათან ამიერკავკასიისაკენ წამოვიდნენ და პირაქეთი კავკასიის ტომებს - აფხაზებს, დვალებს, ფხოველებსა და სხვ. შეერივნენ. ჩამოწოლა - ჩამოსახლების ეს პროცესი, როგორც სამართლიანად შენიშნავს ნიკო ბერძენიშვილი, ზოგგან ნელა და შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, ზოგგან კი განსაკუთრებით ქართლში, ის სწრაფი და მტკივნეული აღმოჩნდა175. ვფიქრობთ, რომ ლეკურ - დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლების პროცესი X-XVI სს. ბოლო მეოთხედამდის ხელა, ნაკლებ მტკივნეულად და შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, რის გამოც მოხდა ალბათ, რომ ქართულ წყაროებში ის ნაკლებად აისახა, ვიდრე ოსებისა ქართლში176. ეს გარემოება კი განპირობებული იყო იმით, რომ ლეკურ - დაღესტნური ტომები, ცალკეული პიროვნება თუ მცირერიცხოვანი ჯგუფები ამ პერიოდში არ აწარმოებდნენ ქართველ თავადაზნაურთა წინააღმდეგ საადგილმამულო ბრძოლას, ანუ უფრო ზუსტად მათ ქართული თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა არ დაუყენებიათ საფრთხის წინაშე, რაც სხვა შემთხვევაში გამოიწვევდა სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ ოსების მიმართ. ასეთ ვითარებაში ძნელი არ უნდა ყოფილიყო ჯერ ერთიანი საქართველოს, ხოლო შემდეგ კი ძლიერი კახეთის სამეფოს „ქართველობისათვის“ ამ ჩამოსული ტალღების შეერთება - შესისხლხორცება. ამიტომ იყო, რომ ლევან კახთა მეფის დროს (1520-1574. წწ.), როდესაც კახეთი "აღვსილი იყო მშვიდობით", თუმცა "კავკასთა არა მორჩილებდენ" მას, მაგრამ, ვახუშტის სიტყვით, "გარნა ვერც არას ჰყოფდნენ სავნოს მისსა"177, მან 1549 წ. ახლო ხანებში თამამად ჩამოასახლა ლეკურ-დაღესტნური ტომების ერთი პარტია თავის სამეფოში. "ხოლო მთის ძირს არს ფიფინეთი, სად დასხნა მეფემან ლევან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდგომად იწოდა ჭარი და ყვეს სიმაგრე"178. ინტერესმოკლებული არ არის ზ.ედილის შენიშვნა ვახუშტის ამ ცნობასთან დაკავშირებით. იგი თვლის, რომ ლევანმა ლეკები თავდაპირველადვე ფიფინეთში კი არ დაასახლა, რომელიც ქართველებით მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და სადაც მართლაც მრავალი ნასახლარი და სამი ეკლესიაც ყოფილა აგებული, არამედ იქვე მდინარის მეორე, მოპირდაპირე მხარეზე, საიდანაც პირდაპირი გზა მიდიოდა ჭარში. თვით სახელი ჭარი ლეკურად გზა-კვალს ნიშნავსო რითაც ლეკები დაღესტნისაკენ მიმავალ გასავალს აღნიშნავდნენო179. თ.პაპუაშვილს დადგენილი აქვს, რომ ჭარი-ჩორი, გამოითქმება ჭარად, ჩარად და საერთოდ ნიშნავს კარს180. თუ ყველაფერი ეს ასეა, მაშინ ვახუშტის ცნობაც შეიძლება სხვაგვარად გავიგოთ და რაც მთავარია, ეს გაგება უფრო ახლოს იქნება თვით ისტორიულ ვითარებასთან. ასე მაგალითად, ლევანმა ლეკები თავდაპირველად ჩამოასახლა ჭარში ფიფინეთის მოპირდაპირედ და მის ახლო, სადაც ისინი იყვნენ "ვიდრე არჩილამდე", ხოლო არჩილის "შემდგომად" ე.ი. 1675 წ. ზევით, როდესაც ყიზილბაში ხანების მმართველობის პერიოდი დაიწყო, მათ, ჭარელებმა ფიფინეთი დაიჭირეს და ვახუშტითვე რომ ვთქვათ მას "ეწოდა ჭარი". ასე რომ, ჩვენის აზრით, ზ.ედილის შენიშვნა მთლად სიმართლეს არ უნდა იყოს მოკლებული. ქართული წყაროების მიხედვით ეს არის პირველი კომპაქტური ლეკური ახალშენი, რომელსაც ალბათ მომავალში სხვა ახალშენებიც მოჰყვა. პერიოდი XVI ს. 80-იანი წლებიდან XVII ს. 10-იან წლებამდე, ლეკურ - დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლების თვალსაზრისით, შეიძლება ერთგვარ გარდამავალ პერიოდად მივიჩნიოთ ანუ პერიოდად, როდესაც, ალქსანდრე კახთა მეფის სიტყვით, "ათასწლოვანმა ყმებმა" გავლენა - მორჩილებიდან დაიწყეს გამოსვლა და თანდათან მოაწვნენ ბარს. განსხვავებით წინარე ხანასთან, ახლა დამახასიათებელია შეიარაღებული ლეკურ დაღესტნური დიდი ჯგუფების ცდა, რათა დაიკავონ ქართველებით დასახლებული ხეობები და სხვ. თუ XVI ს. 80-იან წლებამდე კახეთის სამეფო მაინც ახერხებდა მტკიცე ხელით და შედარებით ადვილად აელაგმა მთიელი აბრაგები და ლეკურ-დაღესტნური ტომების მეთაურები რამდენადმე მორჩილებაშიც ჰყოლოდა, ამიერიდან ბრძოლა მათ წინააღმდეგ ძალზედ გაძნელდა. შეიძლება ქართველებს მეტი წარმატებისათვის მიეღწიათ, რომ არა თურქეთ-ირანის შემოტევა, განსაკუთრებით ირანისა, შაჰ-აბასის მეთაურობით. შაჰ-აბასმა თავისი პოლიტიკით დიდად შეუწყო ხელი ლეკურ-დაღესტნური ტომების ბელადებს და ფეოდალებს თავიანთი მიზანი რამდენადმე მაინც განეხორციელებინათ. 1562 წ., მიუხედავად იმისა, რომ წახური ჯერ კიდევ კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შემოდიოდა181. შაჰ-თამაზმა წახურის მფლობელ ადიკურკულუბეგს საგანგებო ფირმანი უბოძა, სადაც აღნიშნავდა, რომ “ეს მფლობელი ჩვენი ერთგული ყმათაგანია. მისადმი ჩვენი მონარქიული მოწყალების გამო, მის მიწებს ნურავინ  შეეხება საქართველოს სამეფოს მოხელეთაგან, ერიდონ მის ჩივილსა და უკმაყოფილებას. საქართველოს მთავარს, ლევან-ხანს ევალება, რომ თვალყური ადევნოს ამ ჩვენი ბრძანების აღსრულებას"182. ირანის შაჰს არც თურქეთის სულთანი ოსმან II ჩამორჩა და მანაც იმავე ადიკურკულუბეგს, როგორც ერთგულ ყმას, სამემკვიდრეოდ მთელი რიგი სოფლები დაუმტკიცა 1592 წ.183. 1603 წ., ერევნის აღების შემდეგ შაჰ-აბასმა "მოუღო ალექსანდრეს კაკი და მის წილ მოსცა შვიდასი თუმანი ყოველ წელსა”184. შაჰმა ალექსანდრეს ჩამორთმეული მიწები გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს უწყალობა და იგი სულთნის პატივშიც აიყვანა. ასე ჩაეყარა საფუძველი ელისუს სასულთნოს185. ირანს ამჯერადაც არ ჩამორჩა თურქეთი. 1607 წელს ოსმან II წახურელ ალი სულთანს ერთგული სამსახურის საფასურად სოფლები - კახი, მუშაბაში, ზერნა, ლექეთი, ყუმი და ალაგიოზი უწყალობა186. თურქეთ - ირანის ასეთი ხელშეწყობით და დახმარებით, რასაკვირველია, კახეთისათვის მოიშალა დაღესტნური "დარიალის კარი", ხოლო ლეკურ - დაღესტნური ტომებისათვის კი იგი ფართოდ გაიხსნა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს, ჩვენის აზრით, ბუტურლინის საშამხლო - დაღესტანზე ლაშქრობასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ფაქტი; კახეთში მყოფი რუსი ელჩები ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევიჩი 1605 წ. იანვარში ბატონიშვილ გიორგის მოახსენებენ, რომ ყუმიკელები, რომლებიც გამოექცნენ დიდი ხელმწიფის ჯარებს მის სამფლობელო მიწებზე ძეგამთან ახლოს დასახლებულან, ხოლო სხვები კი თავისი ცოლებით, შვილებით და სხვა ნათესავებით ძეგამში ცხოვრობენო187. არ არის გამორიცხული სხვა მსგავსი მოვლენებიც. ცნობილია მაგალითად, რომ მთა-თუშეთში დასახლებულ ბარის ქართველებთან ერთად, რომლებიც ბატონყმობას ანდა სპარსელებისა და თურქების ბატონობას გამოექცნენ, დიდი რაოდენობით, იყვნენ აგრეთვე ჩრდილო-კავკასიელი მთიელები, კერძოდ, დიდოელები, ხუნძები, ლეკები, ქისტები და სხვ. (დართლოში, ფარსმანში, გირევში და სხვ.)188. ლეკურ-დაღესტნური ტომების ჩამოსახლება უფრო გაინტენსივდა შაჰ-აბასის მიერ ქართლ-კახეთის აოხრების შემდეგ, რომელმაც მართლაც გაუხსნა გზა დაღესტნელებს კახეთში. მაგრამ არ იქნებოდა სწორი, რომ "ლეკური უბატონო თემების" კახეთში გაჩენა ანუ მათი, ასე ვთქვათ, ერთდროულად და მასობრივად შემოჭრა მაინცადამაინც შაჰ-აბასის შემოსევებისათვის დაგვეკავშირებინა, როგორც ეს საერთოდ დღესაა ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული. შაჰ–აბასმა, რასაკვირველია, შექმნა ხელსაყრელი პირობები ლეკურ-დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლებისათვის, რამდენადაც დააცარიელა ჩრდილო - აღმოსავლეთ კახეთის რაიონები და ამდენად ეს მხარე ნაკლებ წინააღმდგომი გახადა მოახალშენეებისათვის, მაგრამ, მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ ქართველებისათვის შესაძლებელი გახადა ამ მოახალშენეთათვის წინააღმდეგობა გაეწიათ და აჩქარებული ჩმოსახლების პროცესი რამდენადმე კვლავ შეენელებინათ. შაჰ-აბასის დროს რომ ჩამოსახლებულიყო კომპაქტურად ძირითადი მასა ჭარ-ბელაქნელი "ლეკების" ე.წ. "უბატონო თემები", მაშინ ჩვენის აზრით, ქართლ - კახეთს XVII ს. მესამე მეოთხედში დაახლოებით 1648-1677 წწ. ძნელია, რომ შეძლებოდა ამ მოახალშენეთა ისეთ მორჩილება ყოლა, როგორც ეს სინამდვილეში იყო (იხილეთ 20-30-იან წლებში კახელთა წახურელ ალი სულთანზე ლაშქრობა სარუბაშში და მისი სიკვდილით დასჯა. აგრეთვე 1664-7 წ. არჩილ მეფის ლაშქობა ჭურმუტელებზე. - თ.ბ.) ვფიქრობთ, რომ ეს გარემოება თავის მხრივ იმითაც უნდა განპირობებულიყო, რომ შაჰ-აბასის დროის წახურელ-ავარელნი ჯერ მხოლოდ ჩამოსახლებით დაკმაყოფილდნენ და იყვნენ, ასე ვთქვათ, ამ ახალი ტერიტორიების შეგუებისა თუ ათვისების პროცესში. XVII ს. მესამე მეოთხედის მშვიდობიან ხანას კომპაქტურად ჩამოსახლებისათვის არ უნდა შეეშალა ხელი. მეტიც, ალბათ ქართველები ურიგდებოდნენ კიდეც ასეთ მდგომარეობას, თვლიდნენ რა, რომ ეს მოსახლეობა დასჯერდებოდა უკვე მიღწეულს, ხოლო სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მათი გამოყენებაც კი ერთგვარ დემიტარილიზირებულ ზონად პირიქითა დაღესტანსა და კახეთს შორის მომავალში დაღსტნიდან სხვა ახალი ტალღის შესაჩერებლად. ამ მხრივ საინტერესო უნდა იყოს თავად მიშეცკის ერთი ასეთი ცნობა: «А которые деревнишкн меж Крыму и Базару, и те деревнишки отданы кумыцким людем для того, как пойдут на Теймураза царя горские люди, кумыки, и они Теймуразу царю подают весть, чтоб з гор кумыцкие люди на него Теймураза царя бесвестию не пришли и над самим над ним дурна какова не учинили»189. ფაქტია, რომ XVII ს. მესამე მეოთხედში წახურელ - ავარელები ნომინალურად ჯერ ისევ ცნობენ თავის ყმობას კახეთის მიმართ190, რაც რასაკვირველია სავსებით არ გამორიცხავდა დროდადრო დაღესტნის ტომთა სხვა ბელადებისა თუ ფეოდალების თავდასხმას კახეთზე. მდგომარეობა დაღესტნელ და ჭარ-ბელაქხელ "ლეპებთან" დამოკიდებულება - ურთიერთობაში მკვეთრად იცვლება XVII ბოლო მეოთხედსა და XVIII ს. დასაწყისში, როდესაც კახეთს ყიზილბაში ხანები განაგებდნენ. მათი მმართველობის პერიოდში, მათიიე აშკარა ხელშეწყობით, ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში და განსაკუთრებით კი შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, უკვე ფენა-ფენად დადებული წახურელ - ავარული "ლეკური" მოახალშენეები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და გაფორმდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს სახით, ანუ ავარულ (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის და ჯინიხის) და წახურელ (ელისუს, ყარადულაკის. სუვაგილის და წახურის) ლეკთა "უბატონო თემებად". სწორედ ამ პერიოდში და შემდეგ. XVIII ს. მთელ მანძილზე ლეკთა ჩამოსახლების პროცესი საქართველოსთვის მეტად სწრაფი და მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, რაც უმალ აისახა კიდეც ქართულ წყაროებში. ასე რომ ჭარ - ბელაქნის საზღვრები, მის მცირე პოლიტიკურ ერთეულ ელისუს სასულთნოსთან ერთად ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური საზღვრების გარეშე საბოლოოდ XVII ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში მოექცა. ამიერიდან მათი ჩრდილოეთი საზღვარი გასდევდა კავკასიის მთავარ ქედს, რომლის გადაღმა ცხორობდნენ სოფ.ბელაქნის პირდაპირ - ჭურმუტელები, სოფ.კატეხის პირდაპირ - კესერუხები, სოფ.ჭარის - კალელები. სოფ.მუხარის - მიშლიშები, სოფ.ჯინიხის - კუსურები, ხოლო ელისუს სასულთნოს გადაღმა კი წახურები191. დასავლეთის მხრიდან ამ თემებს ესაზღვრებოდა კახეთის სამეფო, სამხრეთით შირაქის ველი, ხოლო აღმოსავლეთით კი შექის ანუ ნუხის სახანო. მთელი ეს ტერიტორია ძველად ჰერეთის ფარგლებში შედიოდა. კერძოდ იგი შეადგენდა მის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილს და ექვემდებარებოდა მაჭის ერისთავს (XI ს.); XV ს. კი კახეთში გატარებულ სამხედრო - ადმინისტრაციულ რეფორმებთან დაკავშირებით აღნიშნული ტერიტორია უკვე წუქეთის, ელისენისა და ჭიაურის სამოურაოებში მოექცა. წახურელ - ავარულ "ლეკთა" "უბატონო თემების" კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ტერიტორიებზე საბოლოოდ ჩამოყალიბება - დამკვიდრება რამდენადმე განპირობდა აგრეთვე სოციალური მომენტით, რომელიც არ შეიძლება არ აღინიშნოს. ბუნებრივია რომ ლეკურ - დაღესტნური ტომების ჩამოსახლებას ფეოდალური კახეთის სხვადასხვა სოციალური კლასები სხვადასხვა კუთხით უყურებდნენ და ამისდა შესაბამისადაც მოქმედებდნენ. ასე მაგალითად, XVII ს. ბოლო მეოთხედამდე კახეთის მიწათმფლობელი არისტოკრატიის დამოკიდებულება დაღესტნელ მთიელთა ჩამოსახლებისადმი მაინცდამაინც არ იყო გამწვავებული. ჯერ ერთი, ლეკები სახლდებოდნენ ალბათ იმ ტერიტორიაზე, სადაც თათარ-მონღოლთა, თემურ ლენგის თუ შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად ქართული მოსახლეობა რამდენადმე შეთხელებული ან ზოგან გაუკაცრიელებულიც იყო. ქართველი ფეოდალისათვის ხელსაყრელიც კი იყო ასეთი ჩამოსახლება, მით უფრო თუ მთის მკაცრი ცხოვრებით შევიწროვებული ავარელ - წახურელი ნებაყოფლობით შედიოდა მის "ბატონყმობის რიგში". მეორეც და რაც მთავარია, ჩამოსახლებულებს იმთავითვე ქართველ ფეოდალთა მიწისმფლობელობა საფრთხის წინაშე არ დაუყენებიათ და ამდენად სამამულო ნიადაგზე მათი ურთიერთობაც მწვავე კონფლიქტში არ გადადიოდა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად ქართლში ოსთა ჩამოსახლების დროს. მდგომარეობა არსებითად შეიცვალა XVII ს. ბოლო მეოთხედში, როდესაც დაიწყო ლეკთა "უბატონო თემების" საბოლოო ჩამოყალიბება და რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო უკვე, აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ქართველ ფეოდალთა მიწისმფლობელობის საკითხი. ამიერიდან ლეკთა ჩამოსახლება დაუნდობელ სამამულო ბრძოლაში გადადის, რამდენადაც მათი ქართულ მიწა-წყალზე დასახლების "წინაპირობა უკვე ფეოდალური მიწისმფლობელობის დარღვევა იყო, რაც თავისთავად ცხადია მეტად მტკივნეულად მოქმედებდა ქართველ ფეოდალთა ინტერესებზე. ქართველი თავადაზნაურობა თავს არ ზოგავს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენადაც ისინი ყმა მამულის აშკარა დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. ამან იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ერთ-ერთი ქრონიკის ანონიმური ავტორის მოხდენილი თქმით "კახეთში თავადები აღარ დარჩნენ, ხოლო ჭარში კი ვაჟკაცებიო"192. XVII ს. ბოლო მეოთხედში შექმნილი მდგომარეობა ძირითადად XVIII, ს. მთელ მანძილზეც გაგრძელდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩამოსახლებისადმი დამოკიდებულების საკითხში თვით გაბატონებული ფეოდალური კლასის შიგნითაც არ არსებობდა ერთიანობა. ცნობილია, რომ ფეოდალთა ერთი ნაწილი ადგილზე დარჩა და ახალი პირობებისდა მიხედვით წარმართა თავისი "ბატონყმობის რიგი". მართალია, ისტორიკოსთა ერთი ნაწილი უარყოფს თავდაპირველ ლეკთა "ჯგუფური ანუ კოლექტიური სენიორიის", ხოლო შემდეგ კი მისგან გამოყოფილი ფეოდალური ზედაფენის შემადგენლობაში ყოფილი კახელი ფეოდალების არსებობას193, მაგრამ აღნიშნული ფაქტი წყაროებისა და გამოკვლევების საფუძველზე არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.
          ასე, მაგალითად, თ.პაპუაშვილი სავსებით სამართლიანად ამტკიცებს, რომ შემდეგში ლეკური გაბატონებული კლასის ერთ - ერთი შემადგენელი ყოფილი კახელი თავადიც იყო194. ტიპიურია ამ მხრივ ა.გალაჯოვის საქმე ზაქათალის წოდებრივ - საადგილმამულო კომისიის მასალებში: 1862 წ. ე.წ. "ბეგთა კომისიისათვის" ა.გალაჯოვს წარუდგენია საბუთი, რომელიც წარმოადგენდა კახეთში მცხოვრებ თავად ვაჩნაძეების მოწმობას იმის შესახებ, რომ ბელაქნელი გალაჯოვები სინამდვილეში ვაჩნაძეების ჩამომავალნი არიან და რომ კერძოდ, ალ.გალაჯოვი არის ადამ ვაჩნაძის შთამომავლობის მეხუთე თაობის წარმომადგენელი. ალ.გალაჯოვისვე განცხადებით, სოფ.ბელაქანი წარმოადგენდა მათი გვარის კუთვნილებას ლევან კახთა მეფის დროიდან, რომელსაც ბელაქანი და მისი მიმდგომი სანახები ვაჩნაძეებისათვის სამემკვიდრეოდ უწყალობია. ა.გალაჯოვის განცხადებით, როდესაც ლეკებმა დაიპყრეს კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილი, ბელაქნის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა აქაურობა დატოვეს და გაიხიზნენ, ხოლო აქ დარჩა შეძლებული ხალხი, რომელთაც იმ მიზნოთ, რომ შეენარჩუნებინათ თავისი ქონება, უღალატეს მამაპაპურ სარწმუნოებას და მიიღეს მუსლიმანობა. კომისიის გამოკვლევით, ა.გალაჯოვი - ვაჩნაძე ბელაქანს შემდეგ, ლეკების დროსაც მართავდა195. მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. რაც შეეხება ქართველი გლეხობის დამოკიდებულებას წახურულ - ავარულ ტომთა ჩამოსახლებისადმი, შეიძლება ითქვას, რომ მან შედარებით ნაკლები ცვლილებები განიცადა XVIII ს. 20-30-იან წლებამდე; თუმცა, ერთი შეხედვით, თითქოს დიდ ცვლილებებს უნდა ჰქონოდა ადგილი მათი მხრიდანაც XVII ს. 80-იან წლებში ან როდესაც კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქართულ მიწა-წყალზე ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს პოლიტიკური ერთეულები ჩამოყალიბდნენ. გლეხები, გამომდინარე თავისი სოციალ-ეკონომიური მდგომარეობიდან ლეკთა ჩამოსახლებას ორი გარემოებით უდგებოდნენ. პირველი, როდესაც ლეკურ - დაღესტნური ტომები ძირითადად იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც თათარ -მონღოლთა, თემურ ლენგისა თუ შაჰ-აბასის მიერ გაუკაცრიელებული ან შეთხელებული იყო. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ შემცირებული ქართული მოსახლეობა ორმაგ ექსპლოატაციაში ხვდებოდა: საკუთარი, ფეოდალურისა და უცხო ძალის. ასეთ პირობებში კი გლეხი რამდენადმე კარგავდა ცხოველ ინტერესს მამულისადმი; მით უფრო, რომ ლეკთა დასახლებას ამ დროისათვის არავინ უყურებდა, როგორც დამპყრობელთა შემოსევას მართლაც, როგორც სამართლიანად შენიშნავს გ.თოგოშვილი, გლეხობა მამულისაგან თავის დაღწევის გზების ძიებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე მისი დაცვით. უკიდურეს შემთხვევაში, ყმა - გლეხის დაინტერესება მამულის დაცვით ექსპლოატაციის ორმაგი უღლის პირობებში, როდესაც ეს მამული ფეოდალის საკუთრებაა, შედარებით უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო196. ტიპიურია თითქოს ამ მხრივ დავით II მიმართვა ვახტანგ VI-სადმი 1721 წ. "თქუენც მოგეხსენებათ მრავალ ჯერ მტრისაგან მოთხრილი და შეწუხებული გლეხი კაცი ადვილად მოტყუვდება. ამათ ლეკის პირი დაიჭირეს და ლეკს მიუდგენ და, რომელიც ლეკს მიუდგნენ, ისინი ქუეყანას მტერობენ"197. გლეხობის ასეთ პოზიციას ადგილი უნდა ჰქონოდა ძირითადად XVII ს. 80-იან წლებამდე. მაგრამ, ქართველი გლეხობა ლეკურ-დადესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე დასახლებას კლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისითაც უყურებდა, რამდენადაც იგი მასში თავის მოკავშირეს ხედავდა; ამას თავის მხრივ ის გარემოება უწყობდა ხელს, რომ ლეკურ - დაღესტნურ ტომებში ფეოდალური ურთიერთობის შედარებით დაბალი დონე და მასთან ერთად პატრიარქალურ - თემობრივ ურთიერთობათა ძლიერი გადმონაშთები იყო. ასე, მაგალითად, ფეოდალური ექსპლოატაციით ილაჯგაწყვეტილი ქართველი გლეხობა ლეკებთან მისულა და შემდეგ მათთან ერთად თავიანთი ბატონების მამულები აუწიოკ - დაურბევიათ. ვახუშტი ბატონიშვილი იმამ ყული-ხანის მმართველობის აღწერისას მოგვითხრობს, რომ "ამ ჟამთა იწყეს გლეხთა მომლავრებისათვის ლეკთა ლტოლვად და მისვლად ლეკთთანა, რამეთუ იკლიან რაიმე მებატონეთა თვისთაგან და მუნ მისრულნი ეტიკობდენ და დაესხიან დაბნებთა, არვე-მროწელთა, კაცნი მოსრიან ტყვენი და საქონელნი წარიყვანიან"198. ზაქათალის წოდებრივ - საადგილმამულო კომისიის მიერ შეკრებილი ზოგიერთი ცნობიდან ირკვევა, რომ სოფ.ბაიდარლო მაგალითად თავისი ნებით გადასულა ლეკების მხარეზე ისე როგორც სოფ.ჩობანქოლის მცხოვრებლები199. მეტად ტიპიურია კახეთში 1719-1722 წწ. შექმნილი მდგომარეობის აღწერა დავით II - იმამ ყული - ხანის წერილში ვახტანგ VI-სადმი, სადაც დავითი მეტად შეშფოთებული აღნიშნავს, რომ გავაზელებმა და გაღმა მხარის სოფლებმა "ნამეტნავის ძალის წამოტანებით და ზოგი გლეხის კაცის უჭკობით" ლეკებს "პირი მისცესო", ხოლო "რახან გლეხი კაცი იმათს პირობას დაიჭერს, ზოგი ასეთი თავადიც არს, რომ ისინიც მიჰყუებიან და ამაში საქმე უფრო გაძნელდებაო". დავითი სასოწარკვეთილი განაგრძობს "ახლა ხომ იმ სოფლებმა პირი მისცეს, მათს ლაშქარში ერეკებიან და როგორც შექი და ყაბალა ლეკო მიუდგენ და იმათს ლაშქარში ერევიან და როგორც იმათთან შარვანს არბევენ, ნახეს რომ იმათ არ გარდახდათ რა, ამათაც ისე ქნეს: ლეკნი და ესენი ერთად მუდამ ქუეყანას არბევენ, დღე არ გამოვა, რომ არსად მოუხდენ... ამდენი ომი და ხმალს ქვეშ ყოფნა... კაცისაგან არ გაიძლება და ამაში ამ ქვეყნის კაცი დიაღ შესჯერდა“. გლეხმა კაცმა სამუშაოდ ვეღარ მოიცალა და "ყანა რაც მომკეს ისინი სწვენ"... "გლეხ კაცს ამას ემოციქულებიან: ჩვენი პირობა დაიჭირეთო და როგორც გავაზს არას უსცოდებთო ისე, თქუენ აღარას შეგცოდებთო და ამ მოხდომაშიგაც ამავ სიტყვით ბევრი ელაპარაკნათ, თქუენც მოგეხსენებათ, გლეხს კაცს მოკლე ჭკვა აქვს, რასაც თვალით არ ნახავს, მის მეტი არა იციან რა"... "ეჭვს იქით ვართ, რომ რაც გლეხი კაცი დარჩომილა, ესენიც პირს მისცემენო"200. იმამ ყული - ხანის მიხედვით გამოდიოდა, რომ ქართველი გლეხობის გადასვლა ლეკების მხარეზე გამოწვეული იყო, ერთი მხრივ იმით, რომ ლეკები მათ "ემოციქულებოდნენ" და ვითომ ისინი მათ წინაშე "არაფერს შეცოდებდნენ", ხოლო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ "გლეხს კაცს მოკლე ჭკვა" ჰქონდა. ქართველი გლეხობის ასეთ დამოკიდებულებას უფრო ღრმა სოციალურ - ეკონომიური საფუძვლები ჰქონდა, რაც მას აიძულებდა სხვა თვალით და სხვა ჭკუით დაენახა შექმნილი სიტუაცია და ამისდა მიხედვით თავის სასარგებლოდ გამოეძებნა შესაბამისი გამოსავალიც. თავი და თავი კი ის იყო, რომ ამ დროისათვის საკმაოდ მოიშალა ე.წ. "ბატონყმობის რიგი"201, რომელიც მეტნაკლები სიზუსტით რამდენადმე მაინც ანორმირებდა ფეოდალურ - წარმოებით ურთიერთობას რაკი "ბატონყმობის რიგი“, რომლის დედააზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მებატონეს მტკიცედ უნდა დაეცვა თავისი უფლება - მოვალეობა, ხოლო ყმა-გლეხს კი მასზე განწესებული "სამსახური" "უდების დადებით" მოიშალა, ბუნებრივია, რომ ბატონისაგან ყმის ექსპლოატაციამ ყველაზე უფრო მძიმე და იმავე დროს ყველაზე მავნე სახე მიიღო. "უდების დადება" კანონით დაწესებულ ნორმაზე გაცილებით მეტია; იგი ყმის გაძარცვისა და გატყავების უღვთო სახეობა იყო და ვ.დონდუას სიტყვით რომ ვთქვათ: გლეხობის მოსპობასა ნიშნავდა202. ვახტანგ VI "სამართლის წიგნის" 214-ე მუხლი სწორედ ამისი ნათელი დადასტურებაა: "უდების დადება კაცის კვლის ოდენი არის, ამად რომე ბოლო აღარ მოეღების"203. "ბატონყმობის რიგი" XVII ს. ბოლო მეოთხედსა და XVIII ს. პირველ მეოთხედში, როგორც ჩანს, საერთოდ იმდენად მოშლილი იყო, რომ დაღესტნელ აბრაგთა თავდასხმებისდა მიუხედავად, მას შემდეგაც კი როცა მათ "უბატონო თემები" შექმნეს, კახეთის გლეხობამ "ლეკობაში" თუ "გალეკებაში" "უბატონობა" დაინახა და ამან კი თავის მხრივ მას საბოლოოდ ყოველგვარი დაბრკოლება დააძლევინა. ასე რომ, კახელი გლეხი, ნ.ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, "გალეკებაში" "უბატონობას" ეძებდა204, და ეს რასაკვირველია არსებითად ცვლიდა ვითარებას. ეს ტენდენცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იგი ნელ - ნელა კახეთის მთელ გლეხობას მოედო და ამისდა შესაბამისად XVIII ს. 20-იან წლებში ლეკებმაც თითქმის მთელი კახეთი დაიპყრეს205, ვიდრე რასაკვირველია გლეხებმა, იმამ ყული - ხანის თქმით, "თავისი თვალით" არ ნახეს საბოლოო შედეგი ლეკებთან მათი გაერთიანებისა. ეს ფაქტორი თავის მხრივ კი იმით განპირობდა, რომ "უბატონო თემებმა" მათში ფეოდალიზაციის განვითარება - გაღრმავებასთან დაკავშირებით, ქართული სოფლები ნელ-ნელა დაბეგრეს და ამისდაშესაბამისად თანდათან მებატონე თემებადაც იქცნენ. ასე, რომ, ამიერიდან ყოფილი „უბატონო თემების“ მებატონე ლეკური ზედაფენა მიწებისა და ყმების შეძენის მიზნით კახელ ფეოდალებს არა მარტო შეებრძოლა, არამედ მას მებატონეობაშიც შეეცილა, ეს კი კახელი გლეხისათვის მიუღებელი იყო, რამდენადაც კახელი გლეხი უბატონობისათვის იბრძოდა და არა ძველი მებატონის ახლით შეცვლისათვის206. ტენდენცია გლეხთა მიერ ლეკებისათვის „პირის მიცემისა“ XVIII ს. პირველი მეოთხედის დასასრულამდე მაინც შემორჩა207, რის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მოსული ლეკის წიმააღმდეგ გაერთიანდა გლეხი და თავადი, რადგან „ლეკიანობა“ ერთნაირად ანადგურებდა. ასე რომ, კახეთის გლეხობის მომხრობა ლეკურ - დაღესტნური ტომებისადმი მათი კომპაქტურად ჩამოსახლების პერიოდში, გამოწვეული იყო არა „გლეხი კაცის უჭკობით“. არამედ ბატონყმური ძარცვის ნიადაგზე გამწვავებული კლასობრივი ურთიერთობით; ხოლო ყოველივე ამან კი თავის მხრივ რამდენადმე განაპირობა კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს პოლიტიკური ერთეულების საბოლოოდ და წარმატებით ჩამოყალიბება.
შენიშვნები
1. ვ. გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო ურთირთობათა შუქზე, ნარკვევები მახლ. აღმ. ქალაქების ისტორიიდან", თბილისი, 1966, გვ.180-181.
2. ვ. გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, მასალები.., ნაკ.I, გვ.62.
3. ვ. გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, მასალები.., ნაკ.I, გვ.110-112; .
4. Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.381.
5. საქართველოს ისტორია, ტ.I, დამხ. სახ., თბილ., 1958, გვ.290.
6. გ. ჟორდანია, ქართული აბრეშუმის კულტურის განადგურების ერთი ცდის შესახებ, „ცისკარი“, №5, 1963, გვ.142.
7. С. А. Белокуров, Сношения.... стр.541, Русско -дагестанские отношения XVII-первой четверти XVIII вв. (документы н материалы), Махачкала, 1958, док.№3. стр.33-34: Н. И. Веселовский, Памятники.... т.II, стр.350-351.
8. Н. И. Веселовскии, Памятники... т.II, стр.223, 348, 353 და სხვ.
9. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1955, გვ.334; თ.ბოცვაძე, დას. ნაშრ., გვ.65-66; Кабардино-русские отношения..., т.I, стр.88; С.А.Белокуров, Сношения..., стр.541. Н.И. Веселовский, Памятники... т.II, стр.223, 299.
10. А. Бакиханов, დასახ. ნაშრ., გვ.96; Г.Алкадари დასახ. ნაშრ., გვ.59
11. H. И. Веселовский, Памятники... т.II, стр.350-351
12. იქვე, გვ.352.
13. Н. А. Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв, М., 1958, стр.47.
14. С.А.Белокуров, Сношения.... стр.541.
15. Русско-дагестанские отношения..., док.№4, стр.35; док.№5, стр.37.
16. იქვე, საბუთი N6, გვ.40-42; საბ.N9, გვ.47.
17. იქვე, საბ.N7, 8, გვ.43-46
18. იქვე, საბ.N5, გვ.37.
19. С. А. Белокуров, Сношения..., стр.539; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.353.
20. ნ. ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია, თბილისი, 1946, გვ.335.
21. Н. И. Веселовский, Памятники..., т.II, стр.352.
22. იქვე, გვ.381.
23. Н. И. Веселовский, Памятники..., т.II, стр.330-344, 350.
24. М. А. Полиевктов, Материалы но истории грузино-русских взаимоотношений (1615-1640 гг.), Тбилиси, 1937, док.№2. стр.31; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.533.
25. Русско-дагестанские отношении..., док.6, стр.42.
26. А. Бакиханов, Ук. соч., стр.97-98; М.А.Полиевктов, Материалы… стр.24.
27. გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964, გვ.106.
28. М. А. Полиевктов, Материалы… стр.32.
29. იქვე, გვ.33.
30. М. А. Полиевктов, Материалы… стр.XXVII
31. იქვე, გვ.25, 29-30.
32. М. А. Полиевктов, Материалы… стр.29-30; Кабардино-русские отношения..., т.I, док.№58, стр.91-92.
33. М. А. Полиевктов, Материалы… стр.25.
34. იქვე, გვ. 30-31.
35. იქვე, გვ.31.
36. А. Бакиханов, დასა. ნაშრ., გვ.98-99; М.А.Полиевктов, Материалы… стр.42.
37. Кабардино-русские отношения..., т.I, стр.91-92, 405.
38. საქართველოს ისტორია, 1946, გვ.335.
39. გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964, გვ.111-112.
40. ვ. გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები.., ნარკ. მახლ. აღმ. ქალაქ. ისტორია, თბილისი, 1966, გვ.181.
41. ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.178.
42. ნ. ბერძენიშვილი, Очерк из истории развития феодальных отношений В Грузии (XIII-XVI вв.), საქართველოს ისტორიის „საკითხები“, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.90-91 და სხვ.; Ш. А. Месхиа, Города и городской строи феодальной, Грузии XV-XVIII вв, Тбилиси. 1959, стр.99. და სხვ. ვ.გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები..,ნარკვევები.., თბილისი, 1966, გვ.174-175; კ.კუცია, სეფიანთა ირანის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება, თბილისი, 1966, გვ.25-32, 47, 55 და სხვ.
43. ვ. გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები.., გვ.175.
44. ვახუშტი, საქს ც-ბა, გვ.175.
45. М. А .Полиевктов, Материалы… стр.41-42.
46. ნ. შენგელია, თურქი ისტორიკოსის მუსტაფა ნაყიმის ცნობები გიორგი სააკაძის შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ.33, 1960, გვ.256-257.
47. ი. ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ტექსტი თარგმანითურთ გამოსცა ს.ჯიქიამ, თბილისი, 1964, გვ.85.
48. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, თბ., 1959, გვ.414; იხ. "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა", არჩილიანი, ტ.II, 1937, გვ.82, ალ.ბარამიძის და ნ.ბერძენიშვილის რედ.
49. საქ. ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე 88, ფურცელი 11.
50. С.А.Белокуров, Сношения..., стр.59.
51. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქ-ს ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ტ.II, გვ.414
52. Русско -дагестанские отношения.., док.№38, стр.90-91; док.№40.
53. იქვე, საბN43, გვ.94-95; Е.Н.Кушева, Народы..., стр.309-310.
54. Е.Н.Кушева, Народы..., стр.310, 313.
55. Русско -дагестанские отношения.., док.№45, стр.97; док.№46, стр.100-101.
56. იქვე, საბ.N46, გვ.100.
57. Русско -дагестанские отношения.., документы №28, 29, 30, 38, 39, 40, 49, 50.  стр.97; док.№46, стр.100-101. И.Попко, Терские казаки с стародавних времен, вып.I, СПб., 1880, стр.XI, 183 და სხვ. Хождение купца Федота Котова в Персию, Москва, 1958, стр.69, 72; А.Олеарий, Описание путешествия в Московию, СПб., 1906, стр.463-464.
58. Русско-дагестанские отношения..., документы №№ 10, 36, 50, 60, стр.49, 88, 110-112, 133 და სხვ.
59. Русско-дагестанские отношения..., документы №№ 47, 49, 50, 74, 75, стр.102, 107, 110-113, 161, 163 и т.д.
60. იქვე, საბ.76, გვ.164 და სხვ.
61. იქვე, საბ.47, გვ.102.
62. Русско-дагестанские отношения..., док. №№ 20, 49, გვ.74, 104, და სხვ.
63. Русско-дагестанские отношения..., док. №60, стр.133;
64. Р.Г.Маршаев, «Сношения Кайтага и Казикумуха с Русским государством в перв. пол. XVII в.», Москва, 1954, автореферат канд, диссертации.
65. М. А. Полиевктов, Материалы..., стр.280.
66. М. А. Полиевктов, Материалы..., გვ.117-118, 197, 308; М.Броссе, Переписка..., стр.XXVIII.
67. М. А. Полиевктов, Материалы, стр.192, 273, 277 и т.д.
68. იქვე, გვ.170-173.
69. იქვე, გვ.197, 308; დ.მეგრელაძე, დას. ნაშრ., გვ.79.
70. იქვე, გვ.280, 308.
71. იქვე, გვ.310-311, 335.
72. იქვე, გვ.311.
73. М. А. Полиевктов, Материалы..., стр.312, 316.
74. М. Бросе, Переписка на иностранных языках Грузинских царей с Россйскими государями от 1639 г. по 1770 г., СПб., 1861, стр.20-21, 42; М.А.Полиевктов, Посольство князья Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию, Тифлис, 1928, стр.32.
75. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვ.ფუთურიძის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30, თბილისი, 1964, გვ.384.
76. Е. Н. Кушева, Ук. соч., стр.241.
77. ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, (ზ.ქიჭინაძის გამოცემა), თბილისი, 1913, გვ.189, 377.
78. М. А. Полиевктов, Посольство князья Мышецкого Ключарева в Кахетию 1640-1643 гг., Тифлис, 1928, გვ.158.
79. М. А. Полиевктов, Посольство князья Мышецкого Ключарева в Кахетию 1640-1643 гг., Тифлис, 1928, გვ.18.
80. იქვე, გვ.149-150, 32.
81. იქვე, გვ.158.
82. იქვე, გვ.122-123, 129-130.
83. იქვე, გვ.57
84. М.Броссе, Переписка..., стр.52-53.
85. Русско-дагестанские отношения..., стр. стр. 47-49, 58-62, 73-76, 94-95, 129-131, 139-144, 146-154, 167-169.
86. Акты исторические, т.IV, 1842, стр.162.
87. М. А. Полиевктов, Посольство кн. Мышедкого стр.8-9, 16-17; იხ.მისივე, К вопросу о сношениях Ростома Карталинского с Москвою, Известия „ИЯИМК“, №V-VI, Тбилиси, 1940, стр.523.
88. Русско-дагестанские отношения..., док.№ 61, გვ.134-137; А. А. Новосельский, Борьба Московского государства с Татарами в пер. пол. XVII в., Москва, 1948, стр.360; Н. Д. Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв., М., 1958, გვ.48-50; Е. Н. Кушева, Народы..., стр.312-313, 316, 322-323.
89. М. Броссе, Переписка.... стр.X.
90. М. А. Полиевктов, Материалы..., стр.115, 294.
91. М. А. Полиевктов, Посольство князя Мышецкого... стр.147.
92. Русско-дагестанские отношения ..., стр.169.
93. Русско-кабардинские отношения ..., т.I, док. №165, стр.268; Русско-дагестанские отношения..., док. №80, стр.176; Е.Н.Кушева, Народы..., стр.322.
94. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ტ.II, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., 1959, გვ.427; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.II, გვ.464.
95. Н. А. Смирнов, Политика России стр.52.
96. Русско-кабардинские отношения..., т.I, док. №188, გვ.298-299; М.А.Полиевктов, Посольство столника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию 1650-1652, Тифлис, 1926, стр.34-35.
97. Русско-дагестанские отношения..., док. №85, стр.182-184; док.№86, стр.185186; док. №87, стр.188-189; იხ. Русско-кабардинские отношения..., т.I, док. №193, 194, 195, стр.302-306.
98. Русско-кабардинские отношения..., т.I, док.165, გვ.264-265; ი.ციციშვილი, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1965, გვ.69, 79.
99. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვ.ფუთურიძის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30. თბილისი, 1964, გვ.384-385.
100. Русско-дагестанские отношения ..., док. №85, стр.182.
101. Армяно-русские отношения в XVII в., Сборник документов под ред. В. А. Парсаняна, Ереван, 1953, стр.19-20.
102. М. Д. Полиевктов, К вопросу о сношении Ростома Карталинского с Москвою, стр.523.
103. ი. ცინცაძე, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ,  თბილისი, 1965, გვ.64, 73.
104. ი. ცინცაძე, ვასილ გაგარა.., გვ.44.
105. იქვე, გვ.54.
106. ი. ცინცაძე, დასახ. ნაშრ გვ.49.
107. იქვე, გვ.42.
108. ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.188; Армяно-русские отношении в XVII , Стр.20-41; გ.პაიჭაძე, მასალები რუეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658 წწ.), საისტორიო მოამბე, გვ.445, 447 და სხვ.
109 Армяно-русские отношения в XVII в., стр.21; გ.პაიჭაძე, მასალები.., გვ.455, 447, 455 და სხვ.
110 გ. პაიჭაძე, მასალები.., გვ.455-456, 458 და სხვ.
111 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.188-189; გ.პაიჭაძე, მასალები.., გვ.461-469; იხ. ვ.მაჭარაძე, ჩანაწერები თეიმურაზ პირველის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წ., თბ., სახ. უნივ შრომები, ტ.113, თბილისი, 1965, გვ.437-455.
112 ნ. ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.150-151.
113 ი. ცინცაძე, დას. ნაშრ., გვ.52.
114 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.189
115 მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.389, 393.
116 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.189-190; მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.392-393.
117 მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.392-393.
118 ი. ცინცაძე, დას. ნაშრ.
119 ი. ცინცაძე, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ,  თბილისი, 1965, გვ.55.
120 საქართველოს ისტორია, თბილისი, 1946 წ.. გვ.370; თ.პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი (კაკ-ენისელი) XIX ს. პირველ მესამედში. საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი, 1953, გვ.9, 61; მისივე, აღმოსავლეთ კახეთის სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, ი.გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ.III. 1959, გვ.181.
121 ნ. ბერძენიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966. გვ.275.
122 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.
123 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.
124 ჯ. სონღულაშვილი, თოვლისა და ყინულის შენახვის ხალხური წესები თბილისის სანახებში, აკად. ს.ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXII-13, 1962, გვ.171.
125 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.165.
126 „არჩილიანი“, დას. გამოცემა. ტ.II, გვ.39.
127 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.
128 იქვე, გვ.85-86, 90-92.
129 იქვე, გვ.198.
130 ნ.ბერძენიშვილი, საქართველო XVIII საუკუნეში, საქ.-ს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.198; მ.დუმბაძე, დას. ნაშრ., გვ.21.
131 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.196.
132 იქვე, გვ.196.
133 А. Бакиханов, Ук. Соч., стр.101.
134 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.97.
135 ქ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVIII სს., მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30, თბილისი, 1954, გვ.242.
136 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.96-97, 325-327, 382; М.Броссе, Переписка стр.136.
137 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.382; ქ.შარაშიძე, დას. ნაშრ., გვ.244.
138 М. Броссе, Переписка... стр.XX.
139 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.322.
140 იქვე, გვ.323-324.
141 იქვე, გვ.197-198.
142 იქვე, გვ.197.
143 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.198.
144 იქვე.
145 იქვე, გვ.202.
146 А. Бакиханов, Ук. Соч., стр.102.
147 დ. მეგრელაძე, დას. საკანდ. დისერ., გვ.90.
148 ნ. ბერძენიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966, გვ.268.
149 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.203.
150 ნ. ბერძენიშვილი, აღმ. კახეთის წარს., საქ. ისტ. საკითხები, ტ.III, გვ.271.
151 И. Петрушевский, Джаро-беллканские вольные общества в первой трети XIX в.. Тифлис, 1934, стр.11; საქართველოს ისტორია, დამხ. სახელმძ., თბილისი, 1958, გვ.245.
152 მ. დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953; И.Петрушевский, Ук. соч., стр.13.
153 მ. ბერძნიშვილი, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები XIII საუკუნის დამდეგს, კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ52.
154 ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244; ვახუშტი, აღწერა.., გვ.96; ბერი ეგნატაშვიი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.414; არჩილიანი, ტ.II, თბილისი, 1937, გვ.82; А.Бакиханов, Ук. Соч., стр.128; Хроника войн Джара в XVIII столетии, Им. Аз. ГНИИ, Баку, 1931, стр.15, 23; С.Л.Белокуров, Сношения стр.59, 293.
155 ზ. ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.45.
156 ა. ჩხენკელი, მზიან საინგილოში, თბილისი, 1957, გვ.7.
157 ზ.ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.45.
158 ა. ჩხენკელი, დას. ნაშრომი, გვ.7; ქ.ჩხატარაიშვილი - უცხოელები XII ს. საქართველოს ლაშქარში, კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ.174.
159 ვახუშტი, აღწერა..., გვ.95; მისივე, საქ-ს ცხოვრება.
160 ჯუანშერი, ცხოვრება..., "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244
161 ვახუშტი, აღწერა..., გვ.95-96.
162 ჯუანშერი, ცხოვრება..., "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244; ვ.ლაგაზიძე, თუშეთის ისტორიიდან (XVII-XVIII სს.), "მაცნე", გვ.4, თბილისი, 1965, გვ.72.
163 ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, "ქართლის ცხოვრება", ტ.I,  გვ.111-112.
164 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.348.
165 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.158.
166 ზ. ანჩაბაძე და მ.ცინცაძე, საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნისა და XIII ს. I ნახევარში. კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ.148-149; ზ.ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.35.
167 И.Петрушевский, Ук. соч., стр.11.
168 ზ. ედილი, საინგილო, გვ.35; Аварцы, "Народы Кавказа", т.I, М., 1960. стр.443; Даргинцы, стр.471; იქვე, Лакцы, стр.491; იქვე, Лезгины, стр.507-508; იქვე, Цахуры, стр.549; М.А.Коцебу, Сведения о Джарских владениях - 1826; Сборник. История, география и этнография Дагестана, XVIII-XIX в. М., 1958, стр.252; მ.დუმბაძე, საარქივე საბუთები ჭარ-ბელაქნის შესახებ, საისტორიო მოამბე, ტ.4, თბილისი, 1950, გვ.505.
169 მ. დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953, გვ.13.
170 იქვე.
171 ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, "ქართლის ცხოვრება", ტ.I გვ.45-46; იხ.ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.220; იხ.ცხოვრება მეფეთა-მეფისა დავითისი "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.344-345; იხ.ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, "ქართლის ცხოვრება", ტ.II გვ.19.
172 ქ. ჩხატარაიშვილი, დას. ნაშრ. გვ.162.
173 ზ. ანჩაბაძე, და მ.ცინცაძე, დას. ხაშრ., გვ.150
174 დ. გვრიტიშვილი, დვალთა ვინაობის და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, „მიმომხილველი“, ტ.I, თბილისი, 1949, გვ.119.
175 საქართველოს ისტორია, დამხ. სახ., თბილისი, 1958, გვ.245
176 გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV ს. დამლევამდე), სტალინირი, 1958, გვ.185-224.
177 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.164.
178 ვახუშტი, აღწერა..., გვ.96; მისივე, საქართველოს ცხოვრება, გვ.165.
179 ზ. ედილი, დას. ნაშრ.., გვ.36.
180 თ. პაპუაშვილი, დას. საკანდ. დის., გვ.37.
181 С.А.Бeлокуpов, Сношения ..., стр.59, 293.
182 Акты Кавказской археографической комиссии, т.II, дополнение II, док. №I, стр.1085.
183 საქართველოს ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე N88, ფ.8-9.
184 ვახუშტი, საქს ც-ბა, გვ.169.
185 თ.პაპუაშვილი, დას. საკანდ. დის., გვ.55.
186 საქ. ცსსა ფონდი 236, აღწ.2, საქმე N9 88, ფ.12.
187 С. А. Бeлокуpов, Сношения ..., стр.481.
188 ვ.ლაგაზიძე, დას. ნაშრ., გვ.71-72.
189 М. А. Полиевктов, Посольство кн. Мышецкого… стр.159.
190 თ.პაპუაშვილი, დას. საკ.დის., გვ.59.
191 М. А. Коцебу, Сведения о джарских владениях, История, география и этнография Дагестана. XVIII-XIX вв., М., 1958, стр.252.
192 Хроника войн Джара в XVIII столетии, стр.8.
193 В. Иваненко, Гражданское управление Закавказьем. იხ. Утверждение русского владычества на Кавказе, т.XII, Тифлис, 1901, стр.269; იხ. С.Авалиани, Крестьянский вопрос в Закавказье, т.III, Одесса. 1914 стр.119; И.Петрушевский, Джаро-Белаканские вольные общества стр.58.
194 თ. პაპუაშვილი, აღმოსავლეთ კახეთის.., გვ.185-186.
195 ცსსა ფ.236, აღწერა I, საქმე II, ფურც. 253-271; თ.პაპუაშვილი, დასახ. სტატია, გვ.185-186.
196 გ. თოგოშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.209-210.
197 დ.მეგრელაძე, მასალები... საბ. N14, გვ.163.
198 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.122.
199 ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე N21, ფურც.2; იქვე, საქმე N22, აღწერა 1,  ფურცელი 188.
200 დ. მეგრელაძე, მასალები XVIII ს. ოციანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის, მასალები საქ. და კავკ. ისტორ., ნაკვ.33, თბილისი, 1960, გვ.164-165; იქვე, საბუთი №11, 14, 16, 18 და სხვ.
201 „საქართველოს სიძველენი“, ე.თაყაიშვილის რედ., ტფილისი, 1909. გვ.502; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ.II, ნ.ბერძენიშვილის რედ., თბილისი, 1953, გვ.102; დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობიდან, თბილისი, 1955, გვ.234.
202 ვ. დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია. თბილისი, 1959, გვ.27.
203 ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, გამოც. თ.ენუქიძისა, თბილისი, 1955.
204 ნ. ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965. გვ.163.
205 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.211.
206 ნ. ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, გვ.164.
207 თ. პაპუაშვილი, აღმოსავლეთ კახეთის.., გვ.182.


Комментариев нет:

Отправить комментарий