воскресенье, 4 февраля 2018 г.

სტეფანე ბურნაშევის (1743-1824) ცნობები საქართველოს შესახებ (დ. მერკვილაძე)

1783 წლის 3 აპრილს, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით სამთვენახევრით ადრე, იმპერატორ ეკატერინე II-ის ფავორიტი და იმხანად იმპერიაში ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, გრიგოლ პოტიომკინი საიდუმლო ორდერით რუსეთის არმიის პოლკოვნიკ სტეფანე ბურნაშევს ატყობინებდა, რომ ეს უკანასკნელი მიივლინებოდა საქართველოში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან რუსეთის საგანგებო რწმუნებულად (კომისიონერად). „დიდი თავადი“ იქვე დასძენდა, რომ ერეკლეს მიღება „უმაღლესი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობაში“ და ამის შესაბამისი ტრაქტატით გაფორმება უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო (ბურნაშევი 1901: 1-2).
იმავე წლის მაისში სტეფანე ბურნაშევი უკვე საქართველოშია. აქედან იგი ინტენსიურ მიწერ-მოწერას აწარმოებს კავკასიის ხაზის სარდალთან, გრიგოლ პოტიომკინის ახლო ნათესავ პავლე პოტიომკინთან, რომლისაგანაც მუდმივ და დეტალურ სამოქმედო მითითებებს იღებს.
სტეფანე ბურნაშევი 1743 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა კურსკის წარჩინებული თავადური გვარის ოჯახში. 1759 წელს თექვსმეტი წლის ასაკში მიიღეს საინჟინრო კორპუსში კონდუქტორად. ორი წლის შემდეგ უკვე ინჟინერ-პრაპორშჩიკის თანამდებობაზეა გენერალ გრაფ შუვალოვის სამხაზველოში. მალე მონაწილეობა მიიღო ციხე-სიმაგრეთა მშენებლობაში, მეთაურობდა ჩერნიგოვის ციხის გარნიზონის საინჟირნო ნაწილს, ხელმძღვანელობდა საწყალოსნო კავშირგაბმულობის კომისიას და აგეგმარებდა საჭირო პროექტებს. 1766 წლიდან პორუჩიკის წოდებით აგრძელებდა სამხედრო სამსახურს (ბურნაშევი 1901: 41). რუსეთ-თურქეთის პირველი ომის დაწყებისთანავე ბურნაშევი თავისი სურვილით იწყებს სამსახურს ფრონტზე მოქმედ არმიაში და იღებს ჯერ კაპიტნის (1769 წელს), ხოლო მომდევნო წელს სეკუნდ-მაიორის წოდებას. ომში თავი გამოიჩინა, როგორც საზრიანმა სამხედრო მეთაურმა. გამოიგონა ახალი ტიპის საალყო კიბეები და ყირიმში საომარი მოქმედებებისას აიღო ქერჩი, არაბათისა და ენიკალეს ციხეები. ამ დამსახურებისათვის მან მიიღო პრემიერ-მაიორის წოდება და დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV კლასის ორდენით.
ომის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა პეტერბურგის საზოგადოებრივი შენობების აგებაში. 1775 წელს ბურნაშევს პოდპოლკოვნიკის ხარისხი მიენიჭა. 1778 წელს კი იგი შირვანის პოლკს მიუძღვება სალაშქროდ ყირიმში, სადაც გეომეტრიულად გადაიღო ყირიმის მთები და ახტიარის უბე. 1779-1782 წლებში აქტიურად მონაწილეობს ხერსონის ფორტიფიკაციების გამაგრებაში (ბურნაშევი 1901: 45-46).
საქართველოში საგანგებო რწმუნებულად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, 1782 წელს ს. ბურნაშევი დააწინაურეს პოლკოვნიკად რიაზანის კარაბინერთა პოლკში. ქართლ-კახეთის სამეფოში გეორგიევსკის ხელშეკრულების მიხედვით გამოსაგზავნი რუსული ჯარის მეთაურადაც ჩანს, აქ უკვე საგანგებო რწმუნებულად მოვლინებული ბურნაშევის დანიშვნა იყო გათვალისწინებული. ამიტომაც 1783 წლის 2 ნოემბერს ეგერთა ორ ბატალიონს საქართველოში უფრო ადრე ჩამოსული პოლკოვნიკი ბურნაშევი თბილისში თავად შემოუძღვა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში ს. ბურნაშევი ერთმანეთს უთავსებდა სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობას. თავისი ბატალიონებით იგი ერეკლეს გვერდში იდგა სხვადასხვა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში: 1784 წელს _ მუღანლოსთან ლეკების დამარცხება, 1785 წლის დასაწყისი _ ფათ ალი-ხანის მიერ შეგულიანებული გამდგარი განჯის ხანის დამორჩილება, იმავე წლის აპრილსა და მაისში _ ახალციხიდან გადმოსულ მარბიელ ლეკ-ოსმალთა ჯარის განადგურება. მიუხედავად ამისა, ქართლ-კახეთში რუსული ჯარის შემოსვლის შედეგად ამ სამეფოსათვის გამოწვეული გართულებები ბევრად აღემატებოდა აქ გამოგზავნილი ორი ბატალიონის სამხედრო შესაძლებლობებს. ს. ბურნაშევი ამავე დროს შუამავლობას სწევდა ქართლკახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით.
სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის მთავრობის დავალებით, ერეკლესაგან მოითხოვდა, არ ჩარეულიყო იმერეთის საქმეებში. უფრო ადრე, 1784 წლის სექტემბერში, მანვე უზრუნველყო ერეკლე მეფისა და პ. პოტიომკინის უშუალო შეხვედრა. ს. ბურნაშევს, როგორც კვალიფიციურ კარტოგრაფს, 1783-1784 წლებში საიმპერატორო კარისათვის შეუქმნია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და მისი სამეზობლოს არაერთი საინტერესო რუკაც. მათ შორის, სპეციალური სამარშრუტო რუკები: მოზდოკიდან თბილისამდე, ქუთაისიდან თბილისამდე, თბილისიდან ბამბაკში ორთნავამდე, კახეთის სამარშრუტო რუკა. ასევე ქართული სამეფო-სამთავროების გენერალური რუკა, მათ მიმდებარედ კავკასიის მთებში მცხოვრებ ხალხთა ჩათვლით და ა.შ.
განჯის სახანოზე ბატონობის აღდგენის მიზნით ერეკლესთან ერთად ლაშქრობის დროს, 1787 წლის 13 სექტემბერს ბურნაშევმა პ. პოტიომკინისაგან მიიღო საიდუმლო ბრძანება, თავის დაქვემდებარებაში მყოფ ეგერთა ორ ბატალიონთან ერთად დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო და გამოცხადებულიყო „ხაზზე“.
რუსეთში დაბრუნებული ს. ბურნაშევი მალევე ჩაება რუსეთ-ოსმალეთის ახალდაწყებულ ომში, სადაც ის მეთაურობდა რიაზანის კარაბინერთა პოლკს. მდინარე რიმნიკთან ბრძოლაში (1789 წლის 11 სექტემბერი) თავის გამოჩენის შემდეგ მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, ასევე დაჯილდოვდა III კლასის წმ. Gიორგის ორდენით 1790 წლის 30 მარტს. 1791 წელს ბურნაშევს ჩააბარეს კურსკის სამეფისნაცვლო სამართავად. ხოლო სამეფისნაცვლოს გაუქმების შემდეგ (1797 წლიდან), იგი გახდა კურსკის პირველი სამოქალაქო გუბერნატორი. მომდევნო წლის ბოლოს ბურნაშევს ხვდა პატივი, გამხდარიყო იმპერიის უმაღლესი დაწესებულების, სამთავრობო სენატის წევრი. მართალია, იმპერატორმა პავლე I-მა სხვა სენატორებთან ერთად იგი სენატიდან დაითხოვა, მაგრამ მალევე აღუდგა სენატორობა ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ.
პენსიაზე გასულმა ბურნაშევმა ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა თავის მამულში, კურსკის გუბერნიის სოფელ სპასსკოეში. აქვე იგი გარდაიცვალა 1824 წლის 31 მარტს. სპასსკოეში მას დაუწერია სხვადასხვა სახის ნაშრომები. არცერთი ეს ნააზრევი არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, კურსკში თავის მმართველობის ჟამს ბურნაშევმა გამოსცა კავკასიისადმი მიძღვნილი საკუთარი გამოკვლევები: 1. საქართველოს სურათი, ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა (1793 წელი); 2. სპარსეთში აზერბაიჯანული ოლქების აღწერა და მათი პოლიტიკური მდგომარეობა (1793 წელი); 3. მთიელ ხალხთა აღწერა (1794 წელი).
ბურნაშევის დასახელებული ნაშრომები უნდა იყოს ერთგვარი შემაჯამებელი მოხსენება-პატაკი, შედგენილი საგანგებო დავალებით, რუსეთის საიმპერატორო კარისათვის წარსადგენად, რათა იქ რაც შეიძლება სრული წარმოდგენა შექმნოდათ კავკასიაში იმხანად შექმნილ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ვითარების ირგვლივ. ასეთი სახის ცნობები პეტერბურგში ჰაერივით სჭირდებოდათ, ვინაიდან საიმპერატორო კარზე უკვე გადაწყვეტილი იყო სამხრეთ კავკასიის საქმეებში რუსეთის აქტიური სამხედროპოლიტიკური ჩარევა და მომავლისათვის ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორსმიმავალი, იმპერიის გასაფართოებელი ღონისძიებების განხორციელებაც იგეგმებოდა.
საქართველოს სურათი... არის საყურადღებო წყარო XVIII ს-ის 80-იანი წლების საქართველოს (და, ცალკეულ შემთხვევებში, ასევე მისი სამეზობლოს) ისტორიისათვის. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ იგი წარმოადგენს განსწავლული რუსი ოფიცრის, როგორც თვითმხილველის, დაკვირვებული თვალით აღწერილ ვითარებას. პოლკოვნიკი ბურნაშევი იმ დროს საქართველოში არსებულ ვითარებას გადმოგვცემს სხვადასხვა კუთხით: მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობა, სოციალურ-წოდებრივი სახე, ხალხის სახასიათო თავისებურებანი, სახელმწიფო შემოსავლები, მმართველობის ფორმა, ეკონომიკური ვითარება, ვაჭრობა, შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და ხალხებთან. დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო ხასიათის ცნობებს: ჯარის შეიარაღება და სამხედრო შესაძლებლობები, ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის წარმოების ადგილობრივი თავისებურებები.
სამხედრო საკითხების გადმოცემისას, ბურნაშევი, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, უფრო საკუთარი დაკვირვებების მიხედვით მსჯელობს. დანარჩენ შემთხვევებში, როგორც ჩანს, ის სხვადასხვა წყაროდან მომდინარე ცნობებსაც ემყარება. თავის წყაროებს ის არ ასახელებს. ეს ბუნებრივია და გამოწვეულია ნაშრომის სპეციფიკითა და მიზანდასახულობით. ავტორის მიზანია მოპოვებული ინფორმაციის შეჯამებაშეჯერება და ამ სახით მიწოდება ზემდგომი ადრესატისათვის, რის გამოც წყაროს მითითება უსარგებლო და უადგილო იქნებოდა. ზოგიერ საკითხებში (ქართველ თავადაზნაურთა სრული უსწავლელობა, სახელმწიფო თანამდებობებზე ძირითადად სომხების ყოფნა და სხვ.) ბურნაშევის ცნობები მაინცდამაინც მართებულად ვერ ასახავს იმდროინდელ რეალურ ვითარებას. მაგრამ ეს გარემოება ბურნაშევის არაობიექტურობის გამოვლინების ნაცვლად უფრო მისი მიკერძოებული წყაროს (სავარაუდოდ, სომხური წარმოშობის პიროვნების) მიწოდების შედეგი უნდა იყოს.
მნიშვნელოვნადაა გამახვილებული ყურადღება ქართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობაზე მეზობელ სახელმწიფოებთან. ცალკეა აღწერილი ქართული სამეფოში და მის ირგვლივ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ერეკლესა და ეკატერინეს შორის მფარველობითი ხელშეკრულების დადებამდე და ცალკე მსჯელობა ეთმობა ტრაქტატის შემდგომ ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. აშკარაა, რომ რუსეთის საგანგებო რწმუნებული გეორგიევსკის ტრაქტატს, სრულიად სამართლიანად, ერთგვარ გარდამტეხ მიჯნად აღიქვამს ერეკლესა და მისი სამეფოსათვის. ამ პირუთვნელი აღწერილობიდან თვალსაჩინოდ ვლინდება, თუ როგორ დამძიმდა ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად.
აღწერა საკმაოდ ობიექტურია და წარმოადგენს ბურნაშევის საგულისხმო პოლიტიკურ ანალიზს. რუსეთის რწმუნებულის მიზანია, საიმპერატორო კარს მიაწოდოს როგორც უკვე არსებული, ისე მოსალოდნელი ვითარების შეძლებისდაგვარად სრული ანალიზი და, მათ შორის, ერეკლე მეფის შესაძლო მდგომარეობა რუსული ჯარის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დატოვების შემთხვევაში. როგორც ჩანს, პეტერბურგში წინასწარვე განიხილებოდა ეს საკითხი, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან ეს აშკარა დარღვევა იქნებოდა ტრაქტატით გათვალისწინებული პირობებისა.
მეორეს მხრივ, ეს ნაშრომი ამ პერიოდის (XVIII ს-ის 80-იანი წლების) რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობის შესწავლისათვის უმნიშვნელოვანეს პირველწყაროს წარმოადგენს, ვინაიდან ავტორი ძირითადი აღწერილი მოვლენების თანამედროვეა და, ამავე დროს, აღნიშნული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორც იმპერიის საგანგებო რწმუნებული, რუსეთის საიმპერატორო კარის მითითებების უშუალო შემსრულებელიც.
ნაშრომი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და იმერეთის პოლიტიკური მდგომარეობა. ცხადია, „საქართველოში“ ქართლ-კახეთის სამეფო მოიაზრება, ხოლო „იმერეთში“ _ მთელი დასავლეთ საქართველო. პირველი ნაწილი ბევრად აჭარბებს მეორეს მოცულობით და ეს გასაგებიცაა: ბურნაშევი საქართველოში ყოფნისას ძირითადად სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში იმყოფებოდა (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა მას მოუწია მცირე ხნით იმერეთში გადასვლა), ამიტომაც აქ არსებული ვითარება უფრო უკეთ ჰქონდა შესწავლილი. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთის საიმპერატორო კარის ყურადღება ძირითადად სწორედ ერეკლეს სამეფოსაკენ იყო მიპყრობილი, რასაც ადასტურებს ხელშეკრულების გაფორმებაც სწორედ ამ უკანასკნელთან იმ დროს, როცა მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფაქტობრივად უარი ეთქვა იმერეთის მეფეს (სხვათა შორის, პირველ რიგში სწორედ სოლომონი იყო დაინტერესებული რუსეთის მფარველობაში შესვლით და არა ერეკლე, რომლის დათანხმებისათვისაც რუსეთის ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა და მასზე ზეწოლის არაერთ ხერხს მიმართა).
ბურნაშევის ეს თხზულება უდავოდ დაწერილია მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში. ის აქ იმყოფებოდა 1783 წლის მაისიდან 1787 წლის სექტემბრის ჩათვლით. საფიქრებელია, მისი დაწერა უნდა დაწყებულიყო 1784 წლის მეორე ნახევარში, ვინაიდან ნაშრომში იმერეთის მეფე სოლომონ I ცოცხალი აღარ ჩანს. ხოლო სოლომონი გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს (ძვ. სტილით). აქ ასევე თვითმხილველის პოზიციიდანაა აღწერილი ომარ ხანის შემოჭრა აღმოსავლეთ საქართველოში 1785 წლის სექტემბერს, იმერეთის მეფე დავით II-ის მიერ მის მოწინააღმდეგეთა და იმერეთში დავით არჩილის ძის გამეფების მიზნით, ამ უკანასკნელის დასახმარებლად ახალციხიდან გადმოსულ თურქთა და ლეკთა ჯარის განადგურება, რაც 1786 წლის იანვარში მოხდა.
ზემოთქმულს სრულად შეესაბამება ჩვენს ხელთ არსებულ გამოცემაში თავფურცელზე არსებული მითითება, რომ დასახელებული ნაშრომი შესრულებულია „პოლკოვნიკისა და კავალერის ბურნაშევის მიერ ტფილისში 1786 წელს“. თუმცა, ამავე დროს, ყურადღებას იქცევს ტექსტში არსებული აღნიშვნა, რომ გიორგი ერეკლეს ძის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი არის ოცი წლის. დავით ბატონიშვილი კი დაბადებულია 1767 წლის 1 ივლისს. ამიტომ ზემოხსენებული მითითება 1787 წელს უნდა განეკუთვნებოდეს. შეიძლებოდა ეს შენიშვნა უმნიშვნელო უზუსტობად მიგვეჩნია, რომ არა კიდევ ერთი გარემოება. ს. ბურნაშევი იმერეთის ტახტის მაძიებელ დავით არჩილის ძესთან დაკავშირებით ერთ ასეთ საინტერესო განცხადებას აკეთებს:
„თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ამჟამინდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ კი სულეიმან-ფაშას მიერ გაშვებულ იქნა იგი იმერეთში, მცირე დროის გასვლის გამო ჩემთვის უცნობია, თუ რა განზრახვით. ე.ი. ამ შემთხევაში ს. ბურნაშევი გადმოგვცემს მის მიერ უშაულოდ საქართველოს დატოვების წინ („მცირე დროით~ ადრე), ანუ 1787 წლის შემოდგომამდე მომხდარ ამბავს (პოლკოვნიკი ბურნაშევი ხომ საქართველოდან მიემგზავრება 1787 წლის სექტემბერში). თუ ნაშრომის შესრულების ზემოაღნიშნული მითითება ავთენტურია, მაშინ მასში დაცულ ამ მონაცემებსა და ნაშრომის შესრულების მითითებულ დროსთან არსებული ერთწლიანი შეუსაბამობა სავარაუდოდ შეიძლება აიხსნას შემდეგი გარემოებით: გამორიცხული არაა, ს. ბურნაშევს ნაშრომის ძირითადი ნაწილის წერა, მართლაც დაესრულებინა 1786 წლისათვის, თუმცა საქართველოდან წამოსვლამდე მასში კიდევ შეეტანა გარკვეული შესწორებანი და ჩამატებები.
ამრიგად, თხზულება საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა ბურნაშევს უნდა შეესრულებინა დაახლოებით 1784 წლის მაისიდან 1787 წლის სექტემბრამდე დროის მონაკვეთში.
საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების
პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა
შესრულებული მის უმაღლესობა ქართლისა და კახეთის მეფესთან ირაკლი თეიმურაზის ძესთან მყოფი პოლკოვნიკისა და კავალერის ბურნაშევის მიერ ტფილისში 1786 წელს.
საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მისი ძალა.
კახეთისა და ქართლის სამეფოებში, კავკასიის ქალაქებში და საქართველოს მეფის ქვეშევრდომობაში მყოფ ადერბიჯანის ქალაქებში ერევანსა და განჯაში, მცხოვრებნი მათი მიწებით, ქართველები, სომხები, ბერძნები, მაჰმადიანები, სხვადასხვა მთიელი ხალხები და ქურთები, 1783 წელს, სრულიად რუსეთის უმაღლესი ტახტის მფარველობაში საქართველოს შესვლისას მოითვლებოდა 42000 კომლი.
მდგომარეობა.
საქართველოში ბუნებით ქართველებს შორის სამი მდგომარეობაა: სამღვდელოება, თავადაზნაურობა და გლეხები. პირველნი უმეტესწილად კეთილშობილთაგან არიან. სომხებს შორის: თავად-აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები. ბერძნებს შორის: ვაჭრები, ხელოსნები, ხოლო უმეტეს წილად მემადნენი, რომელნიც ამუშავებენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სამეფო ქარხნებს. მაჰმადიანთა შორის: მოხელეთა საგვარეულოები (რომელთა თაობებიც სპარსეთში, ისევე როგორც საქართველოშიც, მეტად გამორჩეულია), ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები. მთიელი ხალხნი გლეხები არიან, მცირე მესაქონლეობით. მათი ნაწილი მოხეტიალეები არიან, მტაცებლები და მეტად მიდრეკილნი ომისკენ. ქურთები მომთაბარე ხალხია.
მესაქონლეობა მთელს საქართველოში ლეკთაგან მუდმივი თარეშის გამო დიდი არ არის, ცხენსაშენები პატარაა და აღსანიშნავი არაა.
პური საკმარისია, განსაკუთრებით ყაზახსა და შამშადილში,1 შესანიშნავი სიკეთისა და თვისებების. ბრინჯი უხვადაა, ასევე ფეტვი, ქერი და სიმინდი. ჭვავი და შვრია საერთოდ არ არის. ბამბა საკმარისია. სელი ბევრი არ არის, თესენ მხოლოდ საზეთო მარცვლისათვის. აბრეშუმი მეტად ბევრია, მხოლოდ საშუალო ხარისხისა.
ოქროსა და ვერცხლის მადნები საკმარისადაა, განსაკუთრებით ბევრი სპილენძის მადანია მთებში, რომლებიც ჰყოფს საქართველოს ერევნისგან, მათ ამუშავებენ თურქეთიდან გამოსული ბერძნების საშუალებით, რკინა ცოტაა და ცუდი, იყენებენ იქ რუსეთიდან ჩამოტანილს, ყიდულობენ რა მას ხუთჯერ უფრო ძვირად, ეს სიძვირე გამოწვეულია კავკასიის მთების გადავლით რთულად მიწოდების გამო.
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ცუდია და ხელოვნების გარეშე. მათ არ იციან მათი შერევა სხვა ლითონებთან. სპილენძისა კარგია, კალისა არ არის, ფოლადისა საშუალოა. რკინის ნაკეთობებს აკეთებენ კალასთან ერთად. არის მცირე ხელის ფაბრიკები აბრეშუმისა და ქაღალდის. უკანასკნელნი ძალზედ ბევრია.
ვაჭრები მიემგზავრებიან სპარსეთსა და ინდოეთში რუსეთიდან ჩამოტანილი არცთუ დიდი რაოდენობის საქონლით; ხოლო იქიდან ქარავნებით ღებულობენ აბრეშუმის, ბამბის, სპარსულ და ინდურ მატერიებს, ასევე ფაიფურის ჭურჭელს. დიდი ვაჭრობა აქვთ მათ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან მათი ხელნაკეთობებით, ანუ სპილენძის ჭურჭლით, ბამბის ქსოვილებით, მოჩითულით, შეღებილითა და თეთრით, ცხენის მოსართავებით, ხმლებითა და ხანჯლებით, რკინის მცირე საგნებით, სამოსით, ქუდებითა და ფეხსაცმლით: ვინაიდან ამ საჭიროებებით თითქმის მთელი კავკასიელი ხალხები და მთელი მეზობლები სარგებლობენ ტფილისელი სომხების შრომისმოყვარეობით. მცირე სავაჭროები ლამაზი საქონლით, ხელით ნაკეთობებითა და სასურსათო მარაგებით, ტფილისში 500-მდეა.
ღვთისმსახურება.
სარწმუნოების წეს-ჩვეულებები ქართველებში ბერძნულია.2 ღვთისმოსაობა ეკლესიებში დიდი არ არის. ღვთისმოშიშების გარეგნულ გამოხატვას გამოავლენენ გულმოდგინედ. მარხვების შენახვა უზომოა. ეკლესიები და მონასტრები დაცარიელებულია და იმყოფება უკიდურესად უყურადღებოდ დატოვებულ მდგომარეობაში. კეთილმოწესეობა მათში საერთოდ არ არის, სამღვდელოებას გააჩნია საკმარისი ძალაუფლება და უშუალო პატივისცემა, მათი ხმა სამეფო საბჭოში მნიშვნელოვანია. მთავარი უფროსობა სამღვდელოებაზე გააჩნია კათოლიკოსს ანუ უპირველეს მთავარეპისკოპოსს.
სომხები მიჰყვებიან გრიგორიანულ გადმოცემას.3 თავიანთ ეკლესიებს ინახავენ სუფთად და საკმაოდ მორთულია.
კათოლიკეთა 30-მდე ოჯახია. მათ ჰყავთ თავიანთი პატრები, გამოგზავნილნი რომიდან. ეს პატრები ასრულებენ ექიმთა მოვალეობებს და ყოველთვის მეფის უახლოესი ექიმები არიან. მათ ტფილისში ააგეს ვეებერთელა კათოლიკური ეკლესია, ქვისა, ევროპული ნიმუშით, მაგრამ მეფე ირაკლის მიერ ის გადაკეთდა ბერძნულად, საქართველოს ეკლესიაში გრიგორიანული ერესის შეტანის აღსაკვეთად, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ წარჩინებულ სასულიერო პირთან შეთანხმებით.
ბერძნებს გააჩნიათ საკუთარი ეკლესიები, არამდიდრული.
მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსრულება არ ეკრძალებათ. ტფილისში მათ აქვთ სამი მეჩეთი. თითოეული მათგანი გარკვეულ ვალდებულებაში იმყოფება ქართულ ეკლესიებთან, კისრულობენ რა ერთი-მეორისათვის თავდებობას დარბევისგან დასაცავად გაბატონებული სარწმუნოების შეცვლის დროს. ჩვენი ჯარის იქ ყოფნის უკანასკნელ წელს მაჰმადიანებს ნება ეძლეოდათ, თავიანთი მორწმუნეები მეჩეთებში შეეკრიბათ მათი ჩვეულების მიხედვით.4
ქურთები არიან წარმართები და თითქმის სარწმუნოების გარეშე.5 ზოგიერთები აღიარებენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას.
მთიელი ხალხები: ძურძუკები,6 ხევსურები, ფშავლები, მორჩილნი მეფისანი − ბერძნული კანონისანი.
ხალხის თვისებები.
მიწის მდებარეობა მთა-გორიანია, რაც აქცევს იქაურ მცხოვრებთ, როგორც ყველგან მთებში, უფრო მკაცრ ადამიანებად. სპარსელებთან მუდმივი კავშირისა და ურთიერთობების გამო, გადაიღეს მათი ზნე-ჩვეულებები. და თუმცა კი ბევრი მათგანი საკმარისად დაჯილდოებულია გონიერების ბუნებრივი უნარით, მაგრამ არ ზრუნავენ თავიანთი შვილების აღზრდისა და განათლებისთვის, და ამიტომაც არიან წინვერმჭვრეტელნი, ცრუები, არამდგრადი ხასიათის და ანგარებიანნი. ბევრი კეთილშობილთაგანი პირადად მამაცია, დიადი საქმეები, რომლებიც გამოარჩევს ნიჭიერებას, არა ჩანს. არ გააჩნიათ მიჯაჭვულობა თავიანთი ახლობელი ნათესავებისადმიც კი. ცხოვრება და საკვები მკაცრია. მისვლა-მოსვლა ურთიერთ შორის ცოტაა, სახალხო მხიარულობები არ არის, გარდა საცხენოსნო შეჯიბრებებისა ორჯერ წელიწადში, და ხშირად ფარიკაობისა. თავიანთი ადათები და ცხოვრება მიაჩნიათ აღმატებულად. ევროპულის მიმართ კი შეიმჩნევა მათი ზიზღი და მთელი თავიანთი სიღარიბის მიუხედავად სულელურად ამაყები არიან.
მმართველობის წესი.
ერთხელისუფლებიანობაა, მეფის ნება შეუზღუდავია. კანონები და დადგენილებები დაწერილი თითქმის არაა. დაქვემდებარებული ხელისუფლება ცოტაა, მთელი საქმე და სულ მცირეც კი დამოკიდებულია მეფის გადაწყვეტილებაზე. მას ერთადერთს ემორჩილებიან უყოყმანოდ და მოწიწებით, სხვა ჩინოსნებს − ბევრად ნაკლებად.
მეფეს ჰყავს თავისი დივანი ანუ საბჭო, რომელშიც მონაწილეობს ყველა მისი შვილი, კათოლიკოსი, მღვდელთმთავრები, საბჭოს წევრები, დივან-ბეგებად წოდებულნი და მხარეთა დიდებულები, რომლის რჩევის გარეშეც მეფეს აქვს ჩვეულება, არაფერი არ იღონოს, თუმცა კი თვითმპყრობელია. ჰყავს აგრეთვე საგანგებო მინისტრები: საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლების, სამხედრო განკარგულებების, რომლებიც, ისევე როგორც ყველა საქმიანი ადამიანი, ყოველთვის სომეხთაგან არიან, ვინაიდან ქართველ თავადთა საგვარეულოები თავიანთი სიამაყის გამო შეუფერებლად თვლიან თავიანთი შვილებისთვის უბრალო ანგარიშის სწავლებასაც კი.
სამხედრო, კარისკაცებისა და სამოქალაქო თანამდებობები, უმეტესწილად მემკვიდრეობითია საგვარეულოებში.
სამეფო კარი თავისებურად საკმაოდ ლაზათიანია, და არის მსგავსი ძველ ხელმწიფეთა კარისა გაუნათლებელ ხალხებში.
სახელმწიფო შემოსავლები.
ქვეშევრდომებისგან ფულადი და გლეხთაგან მიწის ნაწარმის სახით, ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის საბადოებიდან, საბაჟო მოსაკრებლებიდან, სარწყავიდან და თამბაქოს იჯარიდან, ქალაქების − განჯისა და ერევანისაგან, მეზობელი ხანების საჩუქრების ჩათვლით, აღწევდა ოთხას ათას მანეთამდე ოქროთი და ვერცხლით. მაგრამ ქალაქი ტფილისი ამას ზევით დამძიმებულია საგანგებო გადასახადებით, რამეთუ მისგან აიღება განუსაზღვრელი მოსაკრებელი, მეფის კეთილი ნების მიხედვით. მთელი შემოსავლების მეათედ ნაწილს, სამთამადნო შემოსავლების გამოკლებით, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, ღებულობს სახლთუხუცესი, სამეფო კარის მთავარი მოხელე.7
ჯარი.
ფულად ჯამაგირზე მყოფი ჯარები არ არის. ათი წელია, თავდასაცავად ლეკების მუდმივი მტაცებლობისგან, რომლებიც მათ ავიწროვებდნენ თვით ქალაქების გალავნებამდეც კი, იკრიბება მათში მურიგად წოდებული მილიცია, შემდგარი 4000 მეომრისგან, რომლებიც, მსახურობენ რა ერთ თვეს, ბრუნდებიან სახლში, ხოლო მათ ადგილზე დგებიან სხვები რიგის მიხედვით მთელი სახელმწიფოდან.8 ამ რიგით, განსვენებულმა უფლისწულმა ლეონმა, გაწმინდა თითქმის მთელი მიწა მთიელთა თავხედური ძარცვისაგან,9 მაგრამ ამჟამად მეფის ვაჟიშვილთაგან არცერთი არ მოღვაწეობს ასე ვაჟკაცურად და ამიტომ მორიგე ჯარიც, მოხელეთა მხრივ ბოროტად გამოყენებების გამო, არსად არ დგას გზების, სოფლებისა და გლეხების დასაცავად.
კეთილშობილები ყველანი მსახურობენ ცხენოსნებად, ისევე როგორც ყველა ქონების მქონე. ყველა მდგომარეობის მეომარი ჩვენს იქ ყოფნისას იკრიბებოდა 6000-მდე. მაჰმადიანებს, ყაზახელებსა და შამშადილელებს, საუკეთესო მეომრებს, რუსეთის მფარველობაში შემოსვლის დროიდან, არ ენდობოდა რა მათ მეფე, მათი აღშფოთების მიზეზით, მათ ჯარში არ იძახებდა. ყაბარდოელები და ოსები მეფის ომში მსახურობენ ჯამაგირის სანაცვლოდ, ასევე ლეკთა ზოგიერთი საგვარეულოც, რომელთაგან მეფეს, მათ ერთგულებაში დარწმუნებისათვის, ჰყავს მძევლები. ისინი უმეტესწილად შეიარაღებული არიან შაშხანებით, სარტყელში გაყრილი პისტოლეტებით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით, ხანჯლითა და ხმლით, და თავად მეფეც ამდაგვარადაა შეიარაღებული. საომრად გამზადებული უღარიბესი გლეხები კი, იარაღის უქონლობის გამო, მიდიან კომბლებით.
ქართული არტილერია გადაიტანება ურმებით, და თუმცა კი არცთუ მთლად სწორადაა გაკეთებული და გამართულიც არ არის, მაგრამ საშიშია მეზობლებისთვის, მათი მოწინააღმდეგეებისთვის, რამეთუ ამ უკანასკნელთ ველზე ის არ გააჩნიათ. ამჟამად მეფეს აქვს 12 საკუთარი ზარბაზანი, ჩამოსხმული ტფილისში. დენთს აკეთებენ თვითონ, მაგრამ პროპორციების არცოდნის გამო იგი უკიდურესად ცუდია.
უმაღლეს სამხედრო მოხელეს ეწოდება სარდარი, რომელნიც არიან სამნი, კერძოდ: კახეთში ერთ-ერთი თავად ჩალაკაევთაგანი, ქართლში ორი − ერთი ზემო ივერიაში თავად ამილახვართაგან, მეორე კი სომხითში თავად ორბელიანოვთაგან, ეს თანამდებობები მემკვიდრეობითია საგვარეულოებში. კათოლიკოსს ჰყავს თავისი სარდარი, გენერლები არიან მარჯვენა და მარცხენა ფრთის. არტილერიის უფროსი იწოდება თოლში-ბაშა. მეფის ადიუტანტები, უფროსები და უმცროსები, მიმბაშები ანუ ათასისთავები, ხუთასისთავები და ასისთავები, ესაულები10 და მედროშეები, და თუმცა კი ყველა ეს ჩინოსანი არსებობს, არასდროს თავიანთ ადგილზე არ არიან ხოლმე, არამედ ყოველთვის მეფის სიახლოვეს გროვდებიან ლაშქრობის დროს. მათი ხელქვეითები ლაშქრობის დროს დაეხეტებიან თავიანთ ნებაზე და დგებიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე. მათი სამხედრო ბანაკი ემსგავსება სავაჭროდ მოსული გლეხების თავყრილობას. მეწინავე რაზმები და გამშვები ყარაულები არ ჰყავთ, და ამის გამო, ისე არ გავა ღამე, რომ ცხენებს, ზოგჯერ კი ადამიანებსაც არ სტაცებდნენ მათი მოწინააღმდეგენი ბანაკიდან, ისევე როგორც ისინი უკეთებენ იგივეს თავიანთ მოწინააღმდეგეებს. სურსათს არ იმარაგებენ, ომში ყველა წასულს თან მიაქვს, რამდენიც შეუძლია, და ამის გამო ხშირად განიცდიან შიმშილს. ზოგჯერ მომარაგება ხდება ტფილისიდან, მაგრამ იშვიათად, და ამიტომ ლაშქრობის დროს სოფლებიდან მოკრებენ პურს და სხვა საკვებს გარჩევისა და დანიშნულების გარეშე. სურსათის უკმარისობა იქცევა ხოლმე იმის გარდაუვალ მიზეზად, რომ მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარის დიდი ხნით ველზე შენახვა. შამხედრო სიმკაცრე და მორჩილება საერთოდ არ არის, და ამიტომ საკუთარი მიწებისთვის ჯარის მყოფობა და ლაშქრობა მათი თავხედობის გამო უკიდურესად გამაჩანაგებელია, ნადავლი და ნაძარცვი არის საერთო ჯილდო ყველასთვის, ვინც ჯარში იმყოფება.
ციხე-სიმაგრეები.
ქ ა რ თ ლ შ ი
1. დედაქალაქი ტფილისი გარშემორტყმულია აგურის კედლებით, კოშკებითურთ, თხრილის გარეშე, არც მაინცდამაინც თავდაცვით მდგომარეობაში; მაგრამ რადგანაც საქართველოს მოწინააღმდეგეებს, თურქების გარდა, არ გააჩნიათ არტილერია, ამიტომაც თავისი ხალხმრავლობის გამო უსაფრთხოა.
2. გორი მდინარე ლიახვის მტკვარში ჩადინების ადგილასაა, თუმცა კი გამაგრებულია ძველებური წესის მიხედვით, მაგრამ თავისი მდებარეობის გამო არა მხოლოდ იქაური ხალხებისთვის, არამედ ევროპელებისთვისაც კი შესაძლოა ძნელად ასაღები იყოს.
3. მცხეთა კედლებითა და კოშკებით გამაგრებული მონასტერია, რომელშიც ძველთაგანვე გვირგვინდებიან ქართველი მეფეები, ძევს მდინარე მტკვარზე, მასში მდინარე არაგვის ჩადინების ადგილას.
4. ანანური ძველი ნიმუშის ციხე-სიმაგრეა კოშკებით; მდებარე მდინარე არაგვზე, რუსეთის მხრიდან საქართველოში კავკასიის მთებიდან გამომავალ გზაზე.
5. გორისციხე,11 ძველებური ციხე-სიმაგრის ნიმუში, კოშკებით, მეტად ძველი, მდებარეობს მდინარე თერგისპირა მთაზე, კავკასიონის მთებს შორის; მის გვერდით გადის გზა რუსეთიდან საქართველოში, გაყვანილი ჩვენი ჯარების მიერ; ადგილმდებარეობა მეტად მაგარია, იქ კორპუსის გასვლის შემთხვევაში შეიძლება დაარსდეს მაღაზია.
6. სურამი მცირე ციხეა თურქეთისა და იმერეთის საზღვრების სიახლოვეს; აგებულია კლდეზე, თავისი სიმცირის გამო დიდ გარნიზონს ვერ იტევს და ძლიერი შეტევის მოგერიება არ ძალუძს.
კ ა ხ ე თ შ ი
7. მთავარი ქალაქია თელავი, გაუმაგრებელი.
8. ქიზიყში სიღნაღი, წარმოადგენს დიდ სივრცეს, გარშემოვლებულს ქვის კედლებით, სადაც მტრის ძლიერი შემოსევის დროს ყველა გარშემო მოსახლეს მთელი თავისი ქონებითა და საქონლით შეუძლია მოთავსება. თუმცა კი მთელს საქართველოში მონასტრებსა და თითქმის ყველა სოფელს, რომლებიც შედგებიან მიწურებისგან, აქვთ ქვის ციხეები, სადაც თავს აფარებენ მტრის თავდასხმებისას.
მმართველი სახლი.
მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე ბაგრატიონს,12 თავისი წარმოშობა გადმოცემების მიხედვით აქვს წინასწარმეტყველისა და მეფის დავით იუდეველის შტოსგან,13 და თავისი წინაპრები ათას წელზე მეტ ხანს მიაჩნია საქართველოს ტახტზე. არა საშუალო გონების კაცია, იშვიათი მომთმენი, და უმაგალითოდ ღვთისმოსავი, თავისი 70-წლიანი მოხუცებულობის მიუხედავად, ყოველდღიურად და აუცილებლად სამჯერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და განსაკუთრებით თავის კაბინეტში ორსაათიანი ლოცვით, რომლისგანაც არანაირ შემთხვევას არ ძალუძს მისი მოწყვეტა. გასაოცრად მოღვაწეა, ფხიზლობს მთელი ღამე დილამდე, თავად უძღვება რა თავისი სახელმწიფოს საქმეებს. სძინავს ცოტა, დღისით იღებს ელჩებს, წარმოგზავნილთ სპარსელი მმართველი ხანებისგან და მთიელი ხალხებისგან. სამართალს განუჩენს თავის ქვეშევრდომებს, თვით ყველაზე უმცირეს დავებშიც კი. ჩახედულია აზიური პოლიტიკური წეს-ჩვეულებების სტეფანე ბურნაშევი და მისი ნაშრომი საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების... გამოცდილებაში, იყო რა საკმაოდ ხანგრძლივი დროით დიდი ნდობით აღჭურვილი ნადირ-შაჰთან, ინდოეთში მისი ყველა ლაშქრობისას;14 მაგრამ არაფრისკენ ისე არ ისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ. მეუღლე მისი, დედოფალი დარია გიორგის ასული,15 სამეგრელოს დადიანების სახლიდანაა, თავად ჩეკუანთა საგვარეულოდან.16 თავისი მეუღლეობის პირველ წლებში არ ჰქონია არანაირი გავლენა სახელმწიფო საქმეებზე და ნაკლებად იყო ცნობილი ქვეშევრდომების მიერ, რომლებიც იქაური ადათის მიხედვით მას ვერც კი ხედავდნენ. მაგრამ როდესაც მეფისწულებმა, მისმა შვილებმა დაიწყეს დავაჟკაცება, ხოლო მეფის ასულები მისთხოვდნენ უპირველესი და ძლიერი საგვარეულოების დიდებულებს, მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სამეფო საბჭოში და იმდენად ძლიერი შეიქმნა (როგორც ჩვეულებრივ მთელს სპარსეთში, მფლობელთა სახლებში, რაც უფრო მეტი ჰყავს ცოლს გაზრდილი შვილები, მით უფრო ძლიერი ხდება; რამეთუ თითოეულ მის ვაჟსა და სიძეს ჰყავს თავისი მომხრეები და შეადგენს პარტიას), ასე რომ ახლა ყველაფერი კეთდება მისი თანხმობით, და თავად მეფესაც მასთან ხანგრძლივი თანაცხოვრების გამო, მის მიმართ გააჩნია უსაზღვრო ნდობა.
მემკვიდრეს, მეფე ირაკლის უფროს ძეს, შობილს მეორე მეუღლისაგან, ამჟამინდელი დედოფლის გერს, გიორგი მეფისწულს,17 მეფის ყველა ვაჟს შორის გააჩნია მეტი ზნეობრივი სიკეთეები, მეტად ჩახედულია წმინდა წერილში, და უკიდურესად ღვთისმოსავია, და ამის გამო გარშემორტყმულია სასულიერო პირებით, თუმცა კი არ აქვს არანაირი ცოდნა მეცნიერებებში ქვეყნის გაუნათლებლობის გამო. მძიმეა სამხედრო სიქველეთა მიმართ, მშვიდობისმოყვარეა და მიდრეკილია კეთილმოწყობისკენ. საქართველოში საკმარისი გამოცემული კანონების უქონლობის გამო იმედია, რომ იგი თავისი მომავალი მეფობის დროს გამოსცემს სასარგებლო დადგენილებებს. არ არის რა ყვარებული დედოფლისგან, თავისი დედინაცვლისაგან, თავს არიდებს სამეფოს საქმეებში მონაწილეობას მმართველობის მათი წესის მიხედვით, გარდა იმისა, როდესაც მოწოდებულია მეფისაგან ერთადერთი მხოლოდ გამოსაჩენად. ჰყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი პირველი მეუღლისგან,18 რომელთაგან მისი უფროსი ძე თავადი დავითი19 20 წლისა, უზომოდ მგზნებარე თვისებებისა, იჩენს გონების უდიდეს სისწრაფეს, განსაკუთრებულ სიმამაცეს და ხალისს ომისკენ, და უკიდურეს სურვილს, შეისწავლოს ევროპული სამხედრო მეცნიერება.
პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთის მფარველობაში შემოსვლამდე.
ირაკლი მეფის სამფლობელოს შეადგენს ორი სამეფო − ქართლისა და კახეთისა, უკანასკნელს ფლობს იგი მემკვიდრეობით, თავისი მშობლის, მეფე თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ, გარდაცვლილისა ასტრახანში, გზად რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებისას.20 ის ქართლის მეფედ აღყვანილია შაჰ-ნადირის მიერ, თურქთაგან მისი (ქართლის) ომით მოპოვების შემდეგ.21 მეფე ვახტანგი, მაშინდელი მმართველი, ვერ შეძლო რა, წინ აღდგომოდა თურქულ ძალებს, მაშინ მთელი თავისი ოჯახით წარემართა რუსეთში, ვისი მემკვიდრეები ახლაც იქ იმყოფებიან.22 ამგვარად გაერთიანდა ორივე სამეფო. მათ მმართველად ქცეულ მეფე ირაკლის ჰქონდა ბედნიერი წარმატებები არა მხოლოდ სპარსელების წინააღმდეგ, რომლებიც ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ იყვნენ ურთიერთმტრობაში და დაყოფილნი იყვნენ სხვადასხვა სახანოებად, არამედ თურქების წინააღმდეგაც, რომელთაგან კაინარჯის ზავით დატოვებულია სიმშვიდეში.23 თავის მეზობელ სპარსელთათვის იქცა საშიშად, შეუერთა რა მათგან თავის სამფლობელოს ორი სახანო − განჯა და ერევანი.24 ხოლო შემდეგ, დაამარცხა რა საქართველოში შემოჭრილი ავარიის ხანი, წინამძღოლი მთიელი ხალხებისა,25 დაამყარა მათთან კავშირები, ეჭირა ბევრი მათგანისაგან მძევლები, ზოგიერთს ფულადი ანაზღაურების სახით აძლევდა ხარკს, ბევრს იწვევდა თავისთან სამსახურში და მათთან ერთად იბრძოდა სპარსელების წინააღმდეგ; თუმცა მრავალრიცხოვან ამ ხალხთაგან ყველასთან როდი ჰქონდა დამყარებული მშვიდობა. ასეთი კავშირების გამო მთის მცხოვრებნი, იყვნენ რა დამოუკიდებელნი, ბევრნი უფროსობის გარეშეც კი, საერთოდაც მტაცებლები და ვერაგები, არასდროს არ ანებებდნენ თავს ხშირი თავდასხმებით ქვეყნის გაჩანაგებას, თუმცა კი ყოველთვის იყვნენ დამარცხებულნი. არ შეეძლოთ რა დიდი თავყრილობით ღიად მიეყენებინათ საბოლოო განადგურება, გაიფანტნენ ტყეებსა და ხეობებში და დაიწყეს მისი აოხრება ნაწილობრივ და ქურდულად, რის გამოც ისინი ქართველებისთვის ხელმიუწვდომელნი გახდნენ. გზები გაუვალია, სოფლები დაცარიელებული და გლეხებისთვის ყანა-მინდვრებში ყოფნა აღარ იყო უსაფრთხო. ასეთ საყოველთაო მტაცებლობებს ხელმძღვანელობდნენ თვითონ ქართველი თავადები, რომლებიც, გაბოროტდნენ რა მეფეზე, მის წინააღმდეგ მათივე საკუთარი ღალატის გამო, გარბოდნენ დაღესტანში, და იქიდან, შეაგროვებდნენ რა მოთარეშეებს, ძიძგნიდნენ თავიანთ საკუთარ სამშობლოს. უფლისწულმა ლეონმა, როგორც ზემოთ ითქვა, დააცხრო მტაცებელთა თავხედობა, მაგრამ ყაჩაღობანი კი, ლეკების მიერ იმ უმცირესი გამოსასვლელების ცოდნის გამო, რომლებიც მათ თავად ქართველებმა უჩვენეს, დღემდე არსებობს. საჭიროა, რომ მათ შეიძინონ ერთსულოვნება და სიყვარული სამშობლოსადმი ამ ბოროტების ამოსაძირკვად.
ოსები და ყაბარდოელები ყოველთვის იყვნენ მეგობრულნი საქართველოსადმი და მეფის მოთხოვნით ახლაც ემსახურებიან მას ომში ფულადი ანაზღაურებით.
სპარსეთის მხრიდან ადერბიჯანის მთელი სახანოებიდან იბრაჰიმ-ხან შუშელს ჰქონდა მეფესთან უწყვეტი მეგობრობა26 წელი. დაეუფლა რა განჯას, იყოფდა მასთან ყოველწლიურ ხარკს, აყენებდნენ რა ქალაქში ორივე მხარისაგან მმართველებს.26
ნუხის ხანი,27 თავისი სამფლობელოს სიმცირის გამო, არასდროს არ ყოფილა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი. კავკასიის მთებთან თავისი მდებარეობის გამო მისი ქცევა ცვალებადია: ხან ლეკებსა და მთიელებთან ერთად მეფის წინააღმდეგაა, ხანაც არის მეგობრული.
ერევნელი ჰუსეინ-ხანი, ამჟამინდელის მამა, დამარცხებული მეფე ირაკლის მიერ, ჩავარდა არა მხოლოდ მისგან დამოკიდებულებაში, არამედ სრულ და სამუდამო ქვეშევრდომობაშიც, რის თაობაზეც იკისრა მან საზეიმო წერილობითი ვალდებულება და თავის სიკვდილამდე სანიმუშოდ ერთგული იყო მეფისა.28 სხვა ხანებს: თავრიზის, ურმიის, ხოის, ნახჭევნისა და სხვა მცირე მფლობელებს29 უმეტესწილად ყოველთვის თანხმობა ჰქონდათ მეფესთან. მისი პირადი გმირობებისადმი პატივისცემის გამო ხშირად უგზავნიდნენ საგანგებო საჩუქრებს, ხოლო მათ ქვეშევრდომებს შორის ვაჭრობა წარმოებდა დაუბრკოლებლად.
თურქეთის მხრიდან ახლო მყოფი ფაშებიდან ყარსის ფაშა ყოველთვის ინარჩუნებდა სამეზობლო მეგობრობას, თუმცა არ გააჩნდა მასთან არანაირი პოლიტიკური კავშირი.
ახალციხელი სულეიმან-ფაშა, მემკვიდრეობით ქართული ოლქის, სამცხე-საათაბეგოს მმართველი მთავრების საგვარეულოდანაა.30 თურქების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ უკვე 150 წელია ყველა მის ქვეშევრდომთან ერთად მიქცეულია მაჰმადიანობაში. ძველი დროიდან საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთობები, მიუხედავად მათ შორის ძველითგანვე საიდუმლო სიძულვილისა; რამეთუ ქართველი მეფეები მიიჩნევენ, რომ აქვთ მემკვიდრეობითი უფლება სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე, და ამიტომ თავიანთ ტიტულშიც საკუთარ თავს მოიხსენიებენ მის მემკვიდრეობით მთავრებად. თურქებთან რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, 1774 წელს უგზავნიდა ის მეფეს საჩუქრებს პორტასაგან, თურქეთის ინტერესებისაკენ მის მოსაზიდად და აიმედებდა მას პორტას მეფის კეთილგანწყობასა და მომხრეობაში.
საქართველოს მეფეს ყოველთვის შეუძლია იქონიოს საჭირო ცნობები კონფიდენტ მონაზვნებისაგან, და თვით სულთნის სასახლიდანაც, იქ ტყვედ მყოფი ქართველი ქალების მეშვეობით.
იმერეთის მეფეს, განსვენებულ სოლომონს, და მეფე ირაკლის ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთთან ძლიერი საგვარეულო მტრობა; და თუმცა კი გარეგნულად შერიგდნენ კიდეც სარწმუნოების ყველაზე უწმინდესი მოქმედებით, როგორიცაა წმინდა საიდუმლოებებთან ერთად ზიარება, ერთი-მეორესთვის მისი მირთმევით, შინაგანი უთანხმოებით მაინც ყოველთვის იხლიჩებოდნენ, იღებდნენ ორივე თავისთან მათ წინააღმდეგ ამხედრებულ ახლო ნათესავებს. მთელი ასეთი უთანხმოებების მიუხედავად, უარს არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს დახმარებაზე საერთო მაჰმადიანი მტრების წინააღმდეგ.
პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება საქართველოში, რუსეთის მფარველობაში მისი შემოსვლისა და იქ ჩვენი ჯარების შესვლის შედეგად.
სრულიად რუსეთის იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობაში საქართველოს მიღების შესახებ ტრაქტატის საზეიმოდ დადების შემდეგ, როგორც კი ჩვენი ჯარები შევიდნენ იქ, მთელი ადერბიჯანელი ხანები და სხვებიც უფრო იქით, სპარსეთში, ძლიერ შეშფოთდნენ, მიუხედავად მათი კეთილდღეობისა და სარგებლობისადმი რუსეთის კეთილი განწყობის შესახებ დაიმედებისა, წინასწარ შეიპყრო თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის შიშმა, და კიდევ უფრო განმტკიცებულნი იყვნენ ამ აზრში ოტომანთა პორტას შთაგონებით, რომელიც განუწყვეტელი მისიებითა და მმართველობისთვის არამცირე საჩუქრების დარიგებით ცდილობდა მათ რაც შეიძლება ძლიერად აღძვრას მეფის წინააღმდეგ, და ამასაც მიაღწია: იბრაჰიმ-ხან შუშელმა დაუწყო მავნებლობა თავიდან ყველა საიდუმლო ხერხით, თუმცა კი ეს შესამჩნევი იყო. მისი მეცადინეობით განჯა მორჩილებიდან განდგა. ერევნის ახალგაზრდა ხანს, თუმცა კი გაწეული დაუმორჩილებლობის გამო მეფის ბრძანებით სიცოცხლე მოუსწრაფეს თავის ძმებთან ერთად, მხეცთა ჭერისას, და მის ადგილზე დაყენებულ იქნა უსეინ-ხანის მცირეწლოვანი ძე,31 თავისი ტფილისელი ქრისტიანი დედის გამო მეფის ერთგული, მაგრამ იქ სულეიმან-ფაშას მუდმივი მოღვაწეობით ხრიკები ულევია. მეფეს ხარკს აღარ უხდიან სხვადასხვა საბაბით და ერევანიც მეფის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების უკანასკნელ მიჯნაზე დგას. სამეფო მფლობელობაში მყოფმა თათარმა ხალხებმა − ყაზახელებმა, შამშადილელებმა და შამქორელებმა, საუკეთესო მეომრებმა და მდიდარმა ადამიანებმა, მიატოვეს თავიანთი ნოყიერი მიწები, წავიდნენ შუშის ხანის მხარეში და ახლა მას ემსახურებიან მეფის წინააღმდეგ.
პორტამ, ვერ ჭვრეტს რა ადერბიჯანის ხანებს ძლიერებად, რომ შეძლონ ჩვენი ჯარების იქიდან გამოდევნა, განავრცო თავისი მტაცებლური და ხარბი ანგარებიანი წაქეზებანი დაღესტანზე ფულისა და დაიმედების მეშვეობით, რათა იმოქმედონ ერთობლივად ახალციხის მხრიდან. დაარწმუნა ავარიის უმა-ხანი,32 მთიელთა შესაძლებელი ძალების შეყრით აშკარა ომით წავიდეს მეფის წინააღმდეგ. სულეიმან ფაშას ნამდვილად ჰქონდა განზრახვა, თავისი მხრიდან მოეხდინა დარტყმა უმა-ხანის თანადროულად. ამის გაგება ძნელი არ იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ იმავე წლის გაზაფხულზე მან ღიად გამოგზავნა თურქული ჯარები ლეკებთან ერთად 4000 კაცის რიცხოვნობით, ზემო ივერიის დასარბევად, რომელთაც თავიანთი მოულოდნელი თავდასხმის წყალობით დაატყვევეს 600-ზე მეტი მოსახლე. მაგრამ უკანა გზაზე სურამში მდგარი ჩვენი ეგერთა რაზმის მიერ სასტიკად იქნენ დამარცხებულნი, და ყველა ტყვე განთავისუფლდა. ერთი თვის შემდეგ მან კვლავ გამოგზავნა თავისი რჩეული 3000 კაცი, ჩვენს ეგერებზე შურის საძიებლად, მაგრამ მათაც ისეთივე ხვედრი ეწიათ. ამასობაში უმა-ხანი, მოაგროვა რა 11000-მდე კაცი სხვადასხვა მთიელ ხალხთაგან, მოვიდა მდინარე ალაზანზე, და შეუერთდა რა აქ მთიელებსა და ბელაქნელებს, საქართველოს შეურიგებელ მტრებს, გაძლიერდა 20000-მდე. მეფემ, ეშინოდა რა თავდასხმისა ახალციხის მხრიდან, ვერ გაბედა ქართლისთვის ჯარების შეკრების დაკისრება. კახეთში იგი ახლობლების ჩაგონებით შეკავებულ იქნა ვიწრობ ადგილებში თავის დასაცავად. ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი, არ მოეწვია ყაზახელები, შამშადილელები და თავისი ქვეშევრდომი სხვა მაჰმადიანი ხალხები, რამეთუ ცნობილი იყო მათი შფოთვის შესახებ. ვერანაირმა ჩემმა, როგორც რუსული ჯარის მეთაურის, დარწმუნებამ ვერ შეძლო ებიძგა მეფისთვის, მოსულიყო ქიზიყში ჩვენს ჯართან და შეგვეტია მოწინააღმდეგისთვის მდინარე ალაზნის გადმოლახვისას; რამეთუ იგი უფრთხობდა უბედურებასა და ამასთან საბოლოო გაჩანაგებას. უმა-ხანი გადმოვიდა ალაზანზე რჩეული და ცხენკეთილი ხალხით, 11000-ის ოდენობით, მაგრამ ვერ გაბედა, შეეტია ჩვენი ბატალიონებისათვის, არამედ ღამით გაირბინა საქართველოს გაშლილი ადგილები და მიიმალა თურქეთის საზღვართან მდებარე მთების ხეობაში, დააქცია იქ ვერცხლის ქარხანა. მეფემ შეყარა რაღაც ჯარი და დაედევნა მას ჩვენს ბატალიონებთან ერთად, მაგრამ უმა-ხანს არ სტეფანე ბურნაშევი და მისი ნაშრომი საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების... სურდა ბრძოლაში ჩაბმა და გადავიდა ახალციხეში.33 სულეიმან ფაშა არ დაძრულა ადგილიდან, რამეთუ მიიღო აკრძალვა თავისი კარიდან, არ ემოქმედა აშკარად დროზე ადრე. მეფე შეურიგდა უმა-ხანს იმ დროს არსებულ გარემოებათა გამო, რომელიც საქართველოში სიმშვიდეს მოითხოვდა.
მიზეზები, რომელთაც უბიძგა მეფეს, შესულიყო რუსეთის ხელისუფლების მფარველობაში.
ძველი დროიდან ქართველი მეფეები, იყვნენ რა დამონებულნი მაჰმადიანების მიერ, ერთმორწმუნეობის გამო ყოველთვის ეძიებდნენ სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფეების დახმარებასა და მფარველობას, მაგრამ არ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მათ მოესურვებინოთ ცნობილ დამოკიდებულებაში ყოფნა. მათი ამჟამინდელი მიდრეკილების აღმძვრელი მთავარი მიზეზი კი შემდეგია: ბუნებითი მემკვიდრეები ქართლის სამეფო ტახტისა, რომელზედაც მეფე ირაკლი აღყვანილია შაჰ ნადირის მიერ, არსებითად მეფე ვახტანგის შთამომავლები არიან, რომელიც გაიქცა რუსეთში თურქების მიერ საქართველოს დაპყრობისას; თავადმა ალექსანდრემ, ბაქარ უფლისწულის ძემ და ვახტანგ მეფის შვილიშვილმა,34 მეფე ირაკლით უკმაყოფილო ქართლის თავადებთან ურთიერთობისას და მეფედ გახდომის შესაძლებლობაში დარწმუნებულმა, დატოვა რუსეთი იმ განზრახვით, რომ მემკვიდრეობით ასულიყო მამისეულ ტახტზე. იგი გამოცხადდა იმერეთის მეფე სოლომონთან, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის თანამოაზრეებთან, და ცდილობდა ორივე მეფეს შორის იმხანად არსებული საგვარეულო მტრობით წაექეზებინა იგი, გაეწია მისთვის დახმარება, რაც თუმცა კი ვერ მოახერხა. იქიდან წავიდა ახალციხის ფაშასთან და ცდილობდა, იგივესკენ აღეძრა მეზობელი სპარსელი ხანები. მეფეს ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები, უკიდურესად შინებოდა მოსალოდნელი არასაიმედო შედეგებისა, რამეთუ ქართლელებს იგი არ უყვართ იმ მიზეზით, რომ ყველა შემთხვევაში იგი უპირატესობასა და სარგებლობას აძლევს თავის მემკვიდრეობით ქვეშევრდომ კახელებს. დედოფალი, აქვს რა განსაკუთრებული გეგმები თავის შვილების თაობაზე, იმავე საშიშროების გამო გადაიხარა რუსეთთან ტრაქტატის დადებისკენ (და თუმცა კი იგი დადებულია მთელი სამეფოს ყველა მოხელისა და თვით მისი თანხმობით, ახლა ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ არ უსაყვედუროს მეფეს, ბრალს სდებს რა მას ქვეყნის გაჩანაგების გამო). საბჭოში მონაწილე თავადები, გონების მქონენი, არაერთ დღეს ანგარიშობდნენ თავიანთ პირად სარგებელს, აღძრულნი ამისკენ ანგარების სიყვარულით; რამდენადაც არ გააჩნიათ მათ წარმოდგენა სხვა უპირატესობების შესახებ, უკლებლივ ყველა ოცნებობს საკუთარი თავისთვის, რომ ოქრო და ვერცხლი გადმოეღვრებათ ყოველგვარი დამსახურების გარეშე.
მდგომარეობა, რომელშიც შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველო ჩვენი ჯარების გამოსვლის შემდეგ.
არცერთ ადერბიჯანელ ხანს, თავიანთი სიცუდის გამო, თუნდაც შეერთებული ძალებით, რაც არ შეიძლება მოხდეს მათი აზრების შეუთავსებლობის და არაერთსულოვნების გამო, არ ძალუძს მეფე ირაკლისთვის დიდი მავნებლობის მიყენება. არც თვით დაღესტნური ძალები არ არის საშიში, თუკი ოტომანთა პორტა35 არ მიიჩნევს საქართველოს საბოლოოდ გაჩანაგებას თავისთვის საჭიროდ. ხოლო თუკი იგი ამის გაკეთებას ჩაიფიქრებს, მაშინ ახალციხის ფაშა არ დაუშვებს აქამდე ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ომში დიდი და მყარი წარმატებების მოპოვებას, რამეთუ მას უკვე დიდი ხანია გუნებაში აქვს, გახდეს თვითმფლობელი. მისი საიდუმლო პირობა მეფესთან რუსეთის ტახტის წინაშე მისთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, ჩვენი დაპყრობების შემთხვევაში, იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების მიზეზს. დაღესტნელების შეკავება საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისაგან ძნელი არ არის ცოტაოდენი ფულითაც კი. ამავე საშუალებით მეფეს, მოიზიდავს რა მათ თავის სამსახურში, შეუძლია არა მხოლოდ იოლად გაუმკლავდეს ადერბიჯანელებს, არამედ ძველებურად შემოიმტკიცოს განჯა და ერევანი.
იმერეთის პოლიტიკური მდგომარეობა.
განსვენებულ მეფე სოლომონს,36 თავისი ჩინებული სიმამაცისა და თავისი ხალხის მართვის განსაკუთრებული უნარის წყალობით, იყო რა იშვიათი ხელმწიფე თავის მიწაზე, ჰქონდა მხურვალე სურვილი, შემოსულიყო სრულიად რუსეთის ტახტის მფარველობის ქვეშ. რუსეთის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება იწვევდა მასში ერთგვარი განსაკუთრებული გრძნობის აღძვრას და იმერეთში ჩამოსული ჩვენი ყველაზე მდაბალი მოხელეების მიმართაც კი იჩენდა უსაზღვრო პატივისცემას. თუმცა კი ყოველთვის ოტომანის პორტას მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ სულეიმან-ფაშასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი და მისი ნაშვილები იყო ძველი ჩვეულების მიხედვით. მისმა უკანასკნელმა წარუმატებელმა ექსპედიციამ აჭარლების, თურქეთის ქვეშევრდომების წინააღმდეგ, განხორციელებულმა სულეიმან-ფაშას თანხმობით, დააჩქარა მისი აღსასრული37 და მას შემდეგ ხელი ეწყობოდა ყოველგვარ შინააშლილობასა და შიდაარეულობას იმერეთში.
მისი (სოლომონის) უთანხმოება მეფე ირაკლისთან წარმოიშვა მისი ურჩი ვაჟის, მეფისწულ ალექსანდრეს,38 მხეცური ზნე-ხასიათის ადამიანის, და ასეთივე თვისებების მქონე მისი ღვიძლი ძმის, არჩილის, მეფე ირაკლის სიძის39 გამო. ისინი წავიდნენ იმერეთიდან და მიღებულ იქნენ ტფილისში ისე, როგორც საერთოდ არიან ჩვეულნი, მიიღონ თავიანთ საფარქვეშ მეორე სამეფოს მეამბოხე თავადები; ისევე როგორც ამჟამინდელმა მმართველებმა მეფე დავითმაც,40 იქიდან წამოსულმა, თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში; მეფე სოლომონმა ამგვარადვე მიიღო თავისთან საქართველოდან გაქცეული თავადი ერისთავის ვაჟი, ბრალდებული მეფე ირაკლის წინააღმდეგ ამბოხში, და დააქორწინა თავის ასულზე,41 და ასევე მეფისადმი არაკეთილგანწყობილი ბევრი სხვა თავადიც. აქედან მომდინარეობდა ორივე მხრიდან სხვადასხვაგვარი უკმაყოფილებანი, და თუმცა კი იგი, როგორც ზემოთ ითქვა, თავისი ვაჟისა და ძმის სიკვდილის შემდეგ შეურიგდა მეფე ირაკლის, შინაგანი უთანხმოება მაინც არსებობდა 1783 წლამდე.42 ამჟამინდელი მეფე დავითი, სოლომონ მეფის ბიძაშვილი, ცხოვრობდა სიღარიბეში, და ასევე მეფე სოლომონის ღვიძლი ძმის არჩილის ვაჟიც − მეფე ირაკლის ქალიშვილისაგან შობილი.43 დავითს თავის დედასთან, მეფის ასულთან ერთად, ჩამოერთვა სამემკვიდრეო სოფლები იმერეთში. ჩემდამი მინდობილობის შესაბამისად ბოლოს და ბოლოს მიეღწია შეთანხმებამდე ორივე მხრიდან: მეფე ირაკლის შვილიშვილი, ახალგაზრდა თავადი დავითი მეფე სოლომონის მიერ მიღებულ იქნა შვილის მაგიერად და მემკვიდრედ; ბიძაშვილი, ამჟამინდელი მეფე დავითი დააბრუნეს იმერეთში და მისცეს სოფლები. მეფე ირაკლის მხრიდან რამდენიმე სოფელი მიეცა თავად ერისთავს, რომელსაც წართმული ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმული მთელი მისი მამული.
სოლომონ მეფის სწრაფმა გარდაცვალებამ გაურკვევლობაში ჩააგდო უპირველესი თავკაცები ახალი მეფის არჩევისას. თავადმა წერეთელმა, ამჟამინდელი მმართველი მეფის სიძემ,44 თავისიანებს შორის პატივცემულმა, ნათესაობითი სიახლოვის წყალობით თავს იამებდა რა მომავალი უპირატესობებით, და სარგებლობდა რა განსვენებული მეფის გარდაცვალების გამო სხვების დათრგუნვით, მეფედ გამოაცხადა თავისი ცოლისძმა, თავადი დავითი, კანონიერი მემკვიდრისა და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმისშვილის საზარალოდ, და ამით ჩათესა შუღლი და შინააშლილობა, ადრე თუ გვიან ერთ-ერთის სიკვდილით რომ უნდა დასრულდეს. თავადი წერეთელი შეცდა თავის ვარაუდებში: მეფე ირაკლისგან გაქცეული თავადი ერისთავი, სიძე სოლომონ მეფისა და ღვიძლი ბიძა დედოფლისა, მეფე დავითის მეუღლისა, გაქცეულ ქართველთან, მღვდლის შვილ ბესარიონთან ერთად45 დაეუფლა მეფის ნებას, რამეთუ მეფე დავითი, ახალგაზრდა კაცი, აღზრდისა და განათლების გარეშეა, თუმცა კი განწყობითა და გულით მეტად კეთილი და პირადად ჩინებული სიმამაცისაა. თავადმა ერისთავმა, რომელიც მართავს მის ნებას, ირაკლი მეფისთვის სამაგიეროს მისაგებად მისი მამისთვის სოფლებისა და მთელი მამულების ჩამორთმევის გამო, არ დაუშვა, მეფე დავითს დაეკმაყოფილებინა მეფე ირაკლის შვილიშვილი დავითი მამისეული სოფლებით და დაესაჩუქრებინა თავადი წერეთელი მეფისთვის მისი არჩევის დროს პირდაპირი მემკვიდრის წინაშე უპირატესობის მინიჭებით გაწეული სამსახურის გამო, მისთვის სასურველი ციხესიმაგრეებითა და სოფლებით. ამ საქციელმა აიძულა ახალგაზრდა თავადი, გარეთ ეძია დახმარება. მეფე ირაკლიმ, მისმა პაპამ, ჩემი წარდგინების მიხედვით არ მიიღო სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, თუ არა თხოვნისა და რჩევების მიცემისა დავით მეფისათვის, უარი უთხრა რა თავის შვილიშვილს ყველანაირ პირდაპირ და სხვა დახმარებაზე, რასაც შეეძლო შიდაარეულობის გამოწვევა. თავადი წერეთელი, გაუცრუვდა რა იმედები, მიეკრა ახალგაზრდა თავად დავითს, პატივცემულ და ხალხით ძლიერ თავად წულუკიძეებთან46 ერთად, რომელთაც ასევე წართმეული ჰქონდათ თავიანთი ღირსებები და ძალაუფლება. მეფე ირაკლის დარიგებისა და ჩემგან ძლიერად დარწმუნების მიუხედავად, მოახდინეს შიდაარეულობა, გაემართნენ სულეიმან-ფაშასთან, რომლისგანაც მათ დასახმარებლად გამოგზავნილი ლეკები და თურქები დავით მეფის მიერ ერთიანად იქნენ განადგურებულნი. ყველა სოფელი გამონაკლისის გარეშე ჩამოერთვათ, დარჩნენ ისინი ალყაშემორტყმულნი მიუვალ ციხე-სიმაგრეში,47 საიდანაც თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ამჟამინდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ კი სულეიმან-ფაშას მიერ გაშვებულ იქნა იგი იმერეთში, მცირე დროის გასვლის გამო ჩემთვის უცნობია, თუ რა განზრახვით. თუმცა კი არ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ისინი მშვიდად შეეწყობიან ერთმანეთს.
სამეგრელოს დადიანი იმერეთის არც ძალიან წარჩინებული თავადების, ჩიქვანების საგვარეულოდან,48 ფეოდალური მმართველია, ისევე როგორც გურიელი,49 და მოვალეა, აღიარებდეს იმერეთის მეფის ძალაუფლებას. ამ ეშმაკმა და ვერაგმა ადამიანმა ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, ესარგებლა, და იმერეთის ამჟამინდელ ამღვრეულ მდგომარეობაში განიმტკიცა თავი თვითმპყრობელად, რისი გაკეთებაც სოლომონ მეფის დროს არ შეეძლო. მეფე დავითს სჭირდებოდა მისი დახმარება და დაუთმო მას თავისი სამფლობელოს ბევრი მიწა.50 ხოლო დადიანმა მიიღო რა ისინი, ზურგი შეაქცია დავით მეფეს. და თუკი დავით მეფე განმტკიცდება მმართველობაში მის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებზე გამარჯვებით ან მათთან შერიგებით მათი ძველი ჩვეულებების მიხედვით, მეფე ირაკლისთან მას არასდროს არ ექნება ჭეშმარიტი თანხმობა, სანამ არ დაუბრუნებენ სოფლებს თავად ერისთავს, იმერეთის დედოფლის ღვიძლ პაპას, რისი გაკეთებაც მეფე ირაკლის არ შეუძლია, რამეთუ ისინი დარიგებული აქვთ მეფისწულებს, მის შვილებს.
შენიშვნები
1. მხარეები მტკვრის მარჯვენა (სამხრეთ) სანაპიროზე, დღევანდელ აზერბაიჯანში. ყაზახი უძველესი დროიდან ქვემო ქართლის შემადგენელი მხარე იყო მდ. აღსტაფის ქვემო წელზე. უზუნ-ჰასანის ლაშქრობების შემდეგ აქ ჩნდებიან თურქმანული მოდგმის მომთაბარე ტომები. XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან ყაზახის მხარეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მოურავები მართავდნენ. შამშადილი ყაზახის აღმოსავლეთიდან მომიჯნავე მხარეს ერქვა. 1750 წელს თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ განჯის შავერდი-ხანის თხოვნის შესაბამისად მისი სახანო ფანა-ხან ყარაბაღელის შემოტევისაგან იხსნეს. ვინაიდან განჯის ხანმა ვერ შეძლო ლაშქრობის დაპირებული ხარჯების ანაზღაურება, მას საზღაურის სანაცვლოდ შამშიდილის მხარის დათმობა მოუწია, რომელიც ამ დროიდან ქართლ-კახეთის შემადგენლობაში გადავიდა.
2. იგულისხმება მართლმადიდებლური აღმსარებლობა.
3. იგულისმება სომხურ-მონოფიზიტური აღმსარებლობა.
4. ჩანს, იგულისხმება მინარეთიდან მორწმუნეების ხმამაღალი მოხმობა მეჩეთში სალოცავად მუეძინის მიერ.
5. უნდა იგულისხმებოდნენ იეზიდები, ქურთთა ერთი ნაწილი, რომელთაც თავისებური, გამორჩეული აღმსარებლობა (იეზიდიზმი) გააჩნიათ. ბურნაშევისაგან აღნიშნული შეფასება შეიძლება გამოწვეული იყოს სწორედ ამ გარემოებით (რომ ისინი არ აღიარებდნენ მისთვის ცნობილ არცერთ რელიგიას - ქრისტიანობასა და ისლამს).
6. დურძუკები, იგივე ძურძუკები ვაინახური წარმოშობის ხალხის (ჩეჩნები, ინგუშები) წინაპრების აღმნიშვნელი საერთო სახელია ძველ ქართულ წყაროებში.
7. იგივე სახლთუხუცესი, დიდმოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში, რომელიც უძღვებოდა სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას. განაგებდა სახელმწიფო გადასახადების, სამეფო ბაჟისა და იჯარის საქმეებს. მის დაქვემდებარებაში შედიოდა მრავალი სხვა მოხელე. წარმოადგენდა მეფის მარჯვენა ხელს სამეფოს მართვის საქმეში. ამ დროის ქართულ საბუთებში იგი ბურნაშოვთან დაფიქსირებული გამარტივებული ფორმით _ „სალთხუცესი“ მოიხსენიება. აღნიშნულ ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოში ეს თანამდებობა ერთდროულად რამდენიმე სახლთუხუცესსაც კი ეკავა. თავ-თავიანთი სახლთუხუცესები ჰყავდათ ძლიერ ფეოდალებსაც. ეს სახელო წყაროებში იხსენიება XV ს-დან.
8. იგულისხმება მორიგე ჯარი, იგივე მორიგე ლაშქარი, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოში რეგულარული არმიის ერთგვარ ჩანასახს წარმოადგენდა XVIII საუკუნის II ნახევარში. განზრახული იყო, მის ბაზაზე შექმნილიყო სახელმწიფოს მუდმივი ჯარი. 1774 წელს მიღებული იქნა საგანგებო დადგენილება _ „მორიგის ლაშქრის განაჩენი“, რის მიხედვითაც ყველა წოდების სრულწლოვანი მამაკაცი ვალდებული იყო, წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით ემსახურა მორიგე ჯარში. ასეთი სამსახურისათვის გლეხი თავისუფლდებოდა სასურსათო გადასახადისაგან. მორიგე ჯარისკაცთა რაოდენობა ერთხანს 5 ათასსაც აღწევდა. მათი საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრა ლევან ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ძეს. მორიგე ჯარის შექმნის მთავარ მიზანს ლეკთა თარეშის ალაგმვა და მეფის ხელისუფლების განმტკიცება წარმოადგენდა, რაც მნიშვნელოვანწილად განხორციელდა კიდეც. თუმცა ლევან ბატონიშვილის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი ნელ ნელა მოიშალა.
9. საუბარია ლევან ბატონიშვილზე, ერეკლე II-ის ძეზე. ლევანი დაიბადა 1756 წელს თბილისში. ჭაბუკობიდანვე გამოირჩეოდა სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობით. არაერთ ბრძოლაში გამოიჩინა თავი, როგორც შესანიშნავმა მეომარმა და ალღოიანმა მეთაურმა. მის სამხედრო ხელმძღვანელობის ნიჭს ფართო გასაქანი მიეცა მორიგე ჯარის სარდლობისას, როცა მთელი რიგი მწარე დამარცხებები აგემა ქვეყანაში მოთარეშე ლეკთა რაზმებს. 1781 წელს ვეჯინში მყოფი 25 წლის ბატონიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
10. იგივე იასაული, გვიანფეოდალურ საქართველოში იყო მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის რიგითი მოხელე. უშუალოდ სააღმსრულებლო საქმის გარდა, იასაულს გამოკვლევა-გამოძიებაც შეიძლებოდა დაკისრებოდა, ისევე როგორც გამოსაღებთა აკრეფა და სამეფო-სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამხედველობა.
11. სოფ. გორისციხე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1870 მ-ზე. აქ კარგად ჩანს ორი საბრძოლო კოშკის ნანგრევი.
12. ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში. 1762 წელს მამის, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, დაეუფლა ქართლის სამეფო ტახტსაც და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს მართავდა გარდაცვალებამდე, 1798 წლამდე. ერეკლეს მეფობის ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოს სიძლიერე ყველასათვის თვალშისაცემი გახდა. სამეფო არათუ საბოლოოდ განთავისუფლდა უცხოტომელთა ბატონობისაგან, არამედ რეგიონში ჰეგემონობის მოპოვებაც შეძლო და მეზობელი სახანოებიც კი დაიმორჩილა.
13. დამკვიდრებული გადმოცემის თანახმად, ბაგრატიონთა გვარი მომდინარეობს ისრაელის მეორე მეფის, ბიბლიური დავით წინასწარმეტყველიდან. ეს დებულება გატარებულია XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის ნაშრომში - ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.
14. ნადირ-შაჰი, ირანის შაჰი 1736-1747 წლებში, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან. შაჰ-თამაზ II-ის დროს წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანის ჯარს ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რითაც დიდი სახელი მოიხვეჭა. 1732 წელს მან ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, 1736 წელს კი თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. 1747 წელს ნადირ-შაჰი ხორასანში შეთქმულებმა მოკლეს. ახალგაზრდა ერეკლე უფლისწული ნადირ-შაჰს ინდოეთში ლაშქრობისას თან ახლდა 1737-1739 წლებში.
15. ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი (1734-1807), მეფე ერეკლე II-ის მესამე ცოლი და სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული. დაქვრივებული ერეკლე მეფე მასზე 1750 წელს დაქორწინდა. დარეჯან დედოფალი ძალიან მონდომებული იყო, რომ სამეფო ტახტი თავისი შვილების ხელში აღმოჩენილიყო, ამიტომ ათვალწუნებული ჰყავდა ტახტის მემკვიდრე, ერეკლეს უფროსი ვაჟი გიორგი (მეორე ცოლისაგან). 1803 წელს რუსულმა ხელისუფლებამ დედოფალი იძულებით გადაასახლა სანქტ-პეტერბურგში. იგი იქვე გარდაიცვალა 1807 წელს და უკანასკნელი განსასვენებელი ჰპოვა ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
16. იგულისხმება დადიანთა მეორე დინასტია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჩიქოვანთა (იგივე ჩიქვანთა) გვარის წარმომადგენელმა, გიორგი ლიპარტიანმა XVII ს-ის ბოლოს, როცა ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავროს გამგებლობა. 1704 წელს კი მისმა ძემ, კაცია I-მა დადიანის ანუ ოდიშის მთავრის ტიტული მიიღო.
17. გიორგი ბატონიშვილი (1746-1800 წწ.) _ ერეკლე II-ის უფროსი ძე (მეორე ცოლისაგან). სამეფო ტახტზე შეცვალა ერეკლე II. მას წილად ხვდა გიორგი XII-ის სახელით ყოფილიყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798-1800 წწ.). იგი ზოგჯერ გიორგი XIII-დაც იხსენიება. მისი გარდაცვალებიდან მალევე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით ქართლ-კახეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა და რუსეთის იმპერიის ნაწილად გამოცხადდა.
18. გიორგის პირველი მეუღლე იყო ქიზიყის მოურავის, პაპუნა ანდრონიკაშვილის ასული ქეთევანი (1754-1782 წწ.). ბატონიშვილმა მასზე ჯვარი დაიწერა 1767 წელს. ჯამში მათ 12 შვილი შეეძინათ _ 6 ძე და 6 ასული (აქედან ერთი ასული მალევე გარდაიცვალა). ქეთევან დედოფალი დაკრძალულია დავით-გარეჯის მონასტერში.
19. საუბარია დავით ბატონიშვილზე (1767-1819 წწ.), რომელიც გიორგი XII-ის უფროსი ძე და ტახტის მემკვიდრე იყო. თუმცა ტახტზე ასვლა აღარ ეღირსა. მამის გარდაცვალების შემდეგ, სამეფოს გაუქმებამდე 1800-1801 წლებში იყო ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი. 1803 წელს კი სხვა ბაგრატიონებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში, ქ. პეტერბურგს, სადაც ეწეოდა მრავალმხრივ სამეცნიერო მოღვაწეობას.
20. პოლკ. ბურნაშოვს აქ მცირე უზუსტობა მოსდის: ერეკლე II-ის მამა, თეიმურაზ II 1762 წლის 8 იანვარს პეტერბურგში გარდაიცვალა. მეფის ამალაში მყოფ ქართველებს სურდათ, მეფის ცხედარი სამშობლოში ჩამოესვენებინათ, მაგრამ გზად საქართველოსაკენ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული შეფერხებების გამო ეს ვეღარ მოხერხდა და საბოლოოდ თეიმურაზ II იმავე წლის 4 ივნისს დაიკრძალა ასტრახანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ვახტანგ VI-ის გვერდით.
21. 1735 წელს არფა-ჩაისთან (ყარსის მახლობლად) ოსმალებზე გამარჯვების შემდეგ ნადირ-შაჰმა აღადგინა ირანის ბატონობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და მათ შორის ქართლ-კახეთში. თუმცა იმ დროისათვის კახეთის გამგებელი თეიმურაზი მან ქართლის მეფედ დანიშნა მხოლოდ 1744 წელს, მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა და მისი ძემ, ერეკლემ, მოახერხეს ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვრისა და მის მხარდასაჭერად ქართლში შემოსული ოსმალთა ჯარის დამარცხება, რითაც ნადირმა აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენა შეინარჩუნა. Aმავდროულად კახეთის მეფედ ერეკლე II იქნა დამტკიცებული.
22. ვახტანგ VI (1675-1737 წწ.), გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე ქართლს როგორც ჯანიშინი განაგებდა 1703-1714 წლებში, როგორც მეფე _ 1716-1724 წლებში. ავღანელთა შემოსევებისაგან ირანის დასუსტების კვალდაკვალ ვახტანგმა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია რუსეთის იმპერატორ პეტრეს მოკავშირეობა, რომელიც ირანის ხელდებულ კასპიისპირეთში გეგმავდა ლაშქრობას. ამასთან არ მიიღო ოსმალთა შეთავაზება, რომელიც მოკავშირეობის სანაცვლოდ მისთვის მთელი საქართველოს გადაცემას ითვალისწინებდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ შაჰსაც უარი უთხრა სამხედრო დახმარებაზე. მაგრამ პეტრეს დაგემილი ლაშქრობა შუა გზაში შეწყდა, განრისხებულმა შაჰმა კი ქართლი კახეთის მეფე კონსტანტინეს გადასცა, რომელმაც დაქირავებული ლეკების დახმარებით 1723 წლის 4 მაისს თბილისი აიღო. ამავდროულად ქართლში თურქ-ოსმალები შემოვიდნენ და ვახტანგი იძულებული გახდა, მთელი ოჯახითა და დიდი ამალით 1724 წლის ივლისში რუსეთისაკენ აეღო გეზი. არ გამართლდა რუსეთში გადახვეწილი მეფის მოლოდინი იქიდან დახმარების მიღების თაობაზე. სასოწარკვეთილი ვახტანგი გარდაიცვალა ასტრახანში 1737 წლის 26 მარტს.
23. იგულისხმება ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ზავს სახელი ეწოდა სოფ. ქუჩუკ-კაინარჯის მიხედვით, რომელიც ამჟამად ბულგარეთში მდებარეობს. აქ 1774 წლის 10 ივლისს ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას მეომარ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს შორის. ზავის მიხედვით, დაუშვებელი იყო შურისძიების ყოველი გამოვლინება ყოფილი მოწინააღმდეგისა და მის მოკავშირეთა მიმართ. შესაბამისად, ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება ოსმალეთს არ აძლევდა საშუალებას, პასუხი მოეთხოვა ერეკლესათვის რუსეთთან ომის დროს მის მიმართ მტრული მოქმედებების გამო: ოსმალეთის მიწა-წყალზე (ახალციხის საფაშოზე) განხორციელებული თავდასხმებისა და მიყენებული ზიანის გამო.
24. როდესაც ერევნის სახანოში მაჰმად-ხანის მეთაურობით მომთაბარე თურქმანული ტომები შეიჭრნენ, 1749 წლის შემოდგომით ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს, თეიმურაზსა და ერეკლეს დახმარების თხოვნით მიმართა, ხოლო სამაგიეროდ ლაშქრობის ხარჯების ანაზღაურება და ყოველწლიური ხარკის ძლევა იკისრა. ქართლ-კახეთის ჯარმა ერევნის ციხესთან გამართულ ბრძოლაში მაჰმად-ხანის ლაშქარი დაამარცხა და სახანოდან განდევნა. ერეკლემ დამარცხებულ მაჰმად-ხანს ყარაბაღშიც მისდია, იქ ხარგვირაბის ციხე აიღო და მაჰმად-ხანის ცოლ-შვილი და ხაზინა იგდო ხელთ. ასევე ტყვეობიდან იხსნა ერევნის ხანის ძმა. ამ მოვლენების შემდეგ ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეთა მორჩილება აღიარა, მათი მფარველობა მიიღო და ხარკი იკისრა. ამავე ხანებში ყარაბაღის მოღონიერებული მმართველი ფანა-ხანი (ფანაჰ-ალი-ხანი) განჯის დაპყრობას ცდილობდა. ალყაშემორტყმული განჯიდან შავერდი-ხანიც ხარკის მიცემის პირობით შველას ქართველ მეფეებისგან ელოდა. თეიმურაზი და ერეკლე ლაშქრობისთვის საგანგებოდ მოემზადნენ, ფანა-ხანის სხვა მოწინააღმდეგე ძალებსაც დაუკავშირდნენ და 1750 წლის თებერვალში იარაღის ძალით ყარაბაღის ხანის ამბიციებს ფრთები შეუკვეცეს. განჯის სახანო კი ქართლ-კახეთის სამეფოს დაქვემდებარებაში მოექცა.
25 ავარიის ხანის დამარცხებაში _ ჩანს, იგულისხმება 1754 წლის 16 აგვისტოს მჭადიჯვრის ციხესთან ერეკლე მეფის სარდლობით ქართლ-კახეთში შემოჭრილი ავარიის ხანის (ქართული წყაროებით ხუნძახის ბატონის), ნურსალ-ბეგის ლაშქრის დამარცხება. იმ ჯერზე ნურსალ-ბეგმა მთელი დაღესტნიდან მოკრიბა ჯარი და ლეკთა იქამდე არნახული ძალებით შეიჭრა კახეთში. იქიდან არაგვის საერისთავოში გადავიდა, დუშეთი ააოხრა და მჭადიჯვრის ციხეს შემოადგა. აქ ნურსალ-ბეგს ქართლ-კახეთის ჯარი შეებრძოლა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეთაურობით. დაღესტნელთა ჯარმა ისეთი მძიმე დარტყმა მიიღო, ნურსალ-ბეგმა თავისი ლეკებით გაქცევით უშველა თავს. ხუნძახის ბატონმა რევანშის აღების მიზნით მეორე წელსაც ილაშქრა საქართველოში, ყვარლის ციხეს მიადგა და ვერ აიღო. მისი ეს ლაშქრობა კი საერთოდ მოიშალა, როცა ერეკლემ ჯარის ნაწილი ჭარის დასარბევად გაგზავნა (ნურსალ-ბეგის ლაშქარში მრავლად იყვნენ ჭარელი ლეკები).
26 იბრაჰიმ-ხან შუშელი, იგივე ყარაბაღის ხანი _ იბრაჰიმ-ხალილ ხანი, ჯევანშირთა საგვარეულოს წარმომადგენელი და სახანოს დამაარსებლის, ფანაჰ-ალი ხანის ძე. ხანის ტიტული მემკვიდრეობით მიიღო 1759 წელს. მისი შუშელად მოხსენიება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შუშა სახანოს დედაქალაქი იყო და აქ მდებარეობდა ხანის რეზიდენცია. იგივე მიზეზით ყარაბაღის სახანო ზოგჯერ შუშის სახანოდაც იხსენიება. იბრაჰიმ-ხანის მმართველობის ხანაში ყარაბაღის სახანო აზერბაიჯანულ სახანოთა შორის ერთ-ერთ უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად იქცა. 1778 წელს მთელს ჩრდილოეთ აზერბაიჯანში გაბატონებული ფათ ალი-ხანის შეგონებით განჯის ხანი ერეკლეს მორჩილებიდან განდგა. ერეკლემ არ გარისკა გაძლიერებულ მოწინააღმდეგესთან მხოლოდ საკუთარი ძალებით შებრძოლება და ფათ ალი-ხანის შორსმიმავალი გეგმებით შეშფოთებულ იბრაჰიმ-ხანს დაუკავშირდა და მასთან ერთად საერთო მტერს მარცხი აგემა. ამის შემდეგ განჯა გამარჯვებულთა ორივე მხარის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა: იქ ერთდროულად ერეკლე მეფისა და იბრაჰიმ-ხანის მოხელენი დასხდნენ, რომელნიც განჯას ერთმანეთთან შეთანხმებით განაგებდნენ. ამის შემდეგ აქედან აღებული ხარკიც ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს შორის თანაბრად ნაწილდებოდა.
27. უნდა იგულისხმეოდეს ნუხის მმართველი, მუჰამედ-ჰასან-ხანი (1783-1795) ჰუსეინ-ხანის ძე. ნუხის ანუ შაქის სახანო 1744 წელს დაარსა ჰაჯი-ჩალაბმა და 1755-მდე მართავდა მას.
28. ჰუსეინ ხან ერევნელი _ უნდა იყოს ჰუსეინ-ალი-ხანი, ერევნის სახანოს მმართველი დაახლ. 1750-1780 წლებში. 1779 წელს ჰუსეინ-ხანმა აღთქმული ხარკის ძლევა შეუწყვიტა ერეკლე II-ს. ურჩი ხანის დასამორჩილებლად ერეკლემ ერევანი დალაშქრა. ჰუსეინ-ხანმა მეფესთან სომეხთა კათალიკოსი მიაგზავნა მორჩილების აღიარებით და ხარკის გაღების თანხმობით. ერეკლემ ერევანში თავის სიძე იოანე მუხრანბატონი დააყენა ხანის თანამმართველად, რითაც ხანის უფლებამოსილება მეტისმეტად შეზღუდა. მეორე წელს ერეკლე კვლავ ლაშქრობს ერევანში იქ თავისი ბატონობის განმტკიცების მიზნით. ჩანს, ეს მოვლენები აქვს მხედველობაში პოლკ. ბურნაშოვს.
29. თავრიზის, ურმიის, ხოის და ნახჭევნის ხანები _ აზერბაიჯანული სახანოების მმართველები. მათგან პირველი სამი სახანო ირანის აზერბაიჯანის, იგივე სამხრეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნახჭევნის სახანო კი დაახლოებით დღევანდელ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიწა-წყალს მოიცავდა.
30. ახალციხის ფაშა სულეიმანი იყო შთამომავალი სამცხის ყოფილი ათაბაგებისა, რომლებიც ჯაყელთა საგვარეულო დინასტიას წარმოადგენდნენ. 1628 წლიდან, ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობისა და მისი საფაშოდ გარდაქმნის შემდეგ ამ მხარეს უკვე რჯულშეცვლილი ათაბაგები განაგებდნენ. სულეიმანი ახალციხის ფაშად დაინიშნა 1767 წელს. სულთნისაგან მას ჩაბარებული ჰქონდა იმერეთის საქმეებიც. 1769 წელს იგი ამ თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა 1770 წლიდან ისევ აღადგინეს და ფაშის თანამდებობა ეკავა გარდაცვალებამდე (1791 წლამდე). მას ორჯერ ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ერეკლესთან, პირველად 1769-1770 წლების რუსეთ ოსმალეთის ომში რუსეთის მხარეზე ერეკლეს ომში მონაწილეობის გამო და მეორეჯერ გეორგიევსკის ხელშეკრულებაზე ერეკლეს ხელის მოწერის შედეგად.
31. ერევნის ეს ხანი უნდა იყოს მაჰმად-ხანი, ჰუსეინ-ალი-ხანის ძე. მას ახსენებს თეიმურაზ ბაგრატიონი თავის ახალ ისტორიაში. ოღონდ ამ ახალი ისტორიის მიხედვით, მაჰმად-ხანის წინ ხანის ტიტულს მცირე ხნით ფლობდა მისი ძმა ყულამალი, რომელიც ერევნელებს მოუკლავთ და მაჰმად-ხანი მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლ. 1783 წლისათვის ერეკლეს ძალისხმევით გახდა ხანი. აღსანიშნავია, რომ ჰუსეინ-ალი-ხანის მემკვიდრე ხანებს სხვა წყაროები არ იცნობენ და მათი სახელები თეიმურაზ ბაგრატიონთან არის შემონახული, რაც სანდოობის თვალსაზრისით ამ მხრივ თეიმურაზის მონაცემების უპირატესობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს.
32. ომარ-ხანი, ავარიის ხანი, ქართული წყაროებით ხუნძახის ბატონი, ზემონახსენები ნურსალ-ბეგის ძე და მემკვიდრე. მისი მმართველობის დროს (1774-1801 წლებში) ავარიის სახანო მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა, იმდენად, რომ მის დაქვემდებარებაში მოექცნენ მეზობელი აზერბაიჯანული სახანოებიც. ომარ-ხანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ოსმალებთან და ხშირად მათი მითითებებით მოქმედებდა.
33. ბურნაშევი გადმოგვცემს 1785 წლის სექტემბერში ომარ-ხანის ქართლ-კახეთში ლაშქრობის ამბავს. მაშინ ქართლკახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით შეშფოთებულ ოსმალთა მიერ წაქეზებული ომარხანი 20 ათასი ლეკით საქართველოში შემოიჭრა. ჭარიდან ალაზანზე გადმოსულმა ომარ-ხანის ლაშქარმა სიღნაღთან მდგარ ერეკლესა და ბურნაშევის ჯარებს გვერდი აუქცია, დედოფლისწყაროზე გავლით ჯერ იორი, შემდეგ მტკვარი გადალახა და ქვემო ქართლში ახტალის მადანმომპოვებელი საწარმოები დაარბია, ბერძენი მემადნეების ნაწილი დახოცა, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანა და ახალციხის საფაშოში გადავიდა.
34. ალექსანდრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ვახტანგ VI-ის უფროსი ძის, ბაქარის შვილი. დაიბადა და აღიზარდა რუსეთში (დაბადების ზუსტი წელი უცნობია, დაახლ. 1724-28 წწ.). იყო რუსეთის გვარდიის ოფიცერი და ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი. ქართლის სამეფო ტახტის დაუფლების მიზნით გამოემგზავრა რუსეთიდან. იყო შირაზში ქერიმ-ხანთან, იმერეთში _ სოლომონ I-თან, 1782 წელს ალექსანდრე ამილახვართან ერთად ეწვია იმ დროს ერეკლეს მთავარ მეტოქეს ამიერკავკასიაში ყუბის მმართველ ფათ ალი-ხანს, რომელსაც იმ დროისათვის აზერბაიჯანის მთელი კასპიისპირა სახანოების მიწა-წყალი გაეერთიანებინა. ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა ამ უკანასკნელის ჩართვას ერეკლეს საწინააღმდეგო ღია ქმედებებში. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ერეკლე იმპერატორის მფარველობაში შესვლაზე დაიყოლია, მეფეს მოთხოვნა შეუსრულდა: ფათალი-ხანს ბატონიშვილის რუსული მხარისათვის გადაცემა აიძულა და იგი უკან რუსეთში დააბრუნეს. ალექსანდრე ბაქარის ძე გარდაიცვალა სმოლენსკში 1791 წელს.
35. იგულისხმება ოსმალეთის სულთნის ხელისუფლება.
36. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784 წლები) იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის ძე. სოლომონმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა სამეფო ხელისუფლების გაძლიერების მიზნით: მამულები ჩამოართვა მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილე აბაშიძეებს, გააუქმა რაჭის საერისთავო, მეფის მორჩილებაში მოიყვანა გურიისა და ოდიშის მთავრები, აკრძალა ქვეყანაში ფესვგადგმული ტყვეთა სყიდვა. იგი ასევე ზრუნავდა სამეფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის: ოსმალეთს შეუწყვიტა ხარკის ძლევა, მის დასამორჩილებლად გამოგზავნილი თურქთა ჯარი (რომელთაც მეფის მოღალატენიც შეუერთდნენ) სასტიკად გაანადგურა ხრესილის ბრძოლაში 1757 წლის დეკემბერში. მოგვიანებით ოსმალთა გარნიზონები განიდევნა ქუთაისის, ბაღდათის, ცუცხვათისა და შორაპნის ციხეებიდან. 1758 წელს სოლომონ I-მა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო ერეკლე II-თან და თეიმურაზ II-თან. მისი ზეობის ხანაში იმერეთის სამეფო შესამჩნევად გაძლიერდა.
37. ოსმალთაგან იმერეთის გაწმენდის შემდეგ სოლომონ მეფემ 1784 წლის გაზაფხულზე ოსმალთა მიერ დაპყრობილი ქობულეთის მხარის (ქვემო გურიის) განთავისუფლების მიზნით ილაშქრა ამ მიმართულებით (თუმცა საეჭვოა, ეს ლაშქრობა სულეიმან-ფაშასთან ყოფილიყო შეთანხმებული. რა ცნობაზე დაყრდნობით ასკვნის ამას პოლკ. ბურნაშოვი, უცნობია). იმერეთის ჯარმა აიღო ქობულეთის ციხე და ჩაქვის გავლით ბათუმამდეც მიაღწია. Mაგრამ მეფის ლაშქრობის გეგმის შესახებ დადიანმა აცნობა ფოთის ფაშას, რომელმაც ციხისძირთან ჯარი გადასხა და სოლომონ მეფის ჯარს ზურგში მოექცა. 1784 წლის 9 მარტს ნაჭიშკრავის ვიწრო გასასვლელთან უკან მობრუნებული მეფის ჯარი ჩასაფრებულმა მტერმა ორცეცხლშუა მოაქცია და დიდი ზიანი მიაყენა. ამ წარუმატებლობის შემდეგ ძალიან მალევე, ძვ. სტილით 23 აპრილს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ხონისკენ გასამგზავრებლად გამზადებული 49 წლის სოლომონ მეფე ცხენზე ამხედრებისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
38. მეფით უკმაყოფილო თავადებმა, რომელთაც თავკაცობდნენ სახლთუხუცესი დავით აბაშიძე და მოურავი თამაზ მესხი, 1778 წელს სოლომონ I-ის წინააღმდეგ აამხედრეს მეფის ერთადერთი ძე და მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. მეფემ აჯანყებულები დაამარცხა, მათ თანამდებობები და ყმა-მამული ჩამოართვა, ზოგი სამეფოდან გააძევა. ალექსანდრე ერთი ხანი სხვა აჯანყებულებთან ერთად ქართლში იმყოფებოდა. სოლომონმა მას განაშორა ერთ-ერთი გამდგარი თავადის, ევგენი აბაშიძის ასული, რომელიც მას აჯანყებულებმა შერთეს და ბერი წულუკიძის ასულ დარეჯანზე დააქორწინა. ალექსანდრე ბატონიშვილი ნაადრევად გარდაიცვალა 1780 წლის ოქტომბერში.
39. არჩილ ალექსანდრე V-ის ძე ბატონიშვილი. 1770 წელს არჩილმა იქორწინა ერეკლე II-ის ასულ ელენეზე. 1772 წლის ზაფხულში გაუფუჭდა ურთიერთობა ძმასთან, იმერეთის მეფე სოლომონ II-თან მას შემდეგ, რაც მისგან უარი მიიღო მოთხოვნილი მამულებისა და ციხეების გადაცემაზე და მეფის საწინააღმდეგო კავშირები გააბა ახალციხის ფაშასა და სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანთან. არჩილის დაბადების წელი უცნობია. გარდაიცვალა 1775 წელს.
40. დავით II, იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში, სოლომონ I-ის ბიძაშვილი, გიორგი VII-ის ძე. იგი ემხრობოდა სოლომონ I-ის ნაცვლად მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს გამეფების მოწადინე აჯანყებულებს, რის გამოც მეფემ იგი იმერეთიდან გააძევა და მანაც ერეკლესთან ჰპოვა თავშესაფარი. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დავითი იმერეთის დიდ თავადთა ნაწილის ხელშეწყობით გამეფდა, ვინაიდან ამ დროისათვის, ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული სოლომონის ძმისშვილი, დავით არჩილის ძე ჯერ არასრულწლოვანი იყო და არც სამეფოში არ იმყოფებოდა.
41. ელიზბარ ერისთავი (1738-1813), ქსნის ბოლო ერისთავის, გიორგის ძე. ერეკლე II-ის მიერ ქსნის საერისთავოს გაუქმების გამო მეფესთან ჰქონდა მძაფრი დაპირისპირება. ამის გამო გაიხიზნა იმერეთში. სოლომონ მეფემ იგი პატივით მიიღო და თავის ასული მარიამიც კი მიათხოვა ცოლად. იყო პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.
42. სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა 1778 წლიდან, მას შემდეგ, რაც თავის მხრივ დათბა ურთიერთობა ერეკლესა და ოსმალეთს შორის, ვინაიდან ქართლის მეფის ეს ნაბიჯი იმერეთის მეფეს მისთვის სახიფათოდ მოეჩვენა. 1782 წელს ქართლში გადასული სოლომონ I და ერეკლე II ალში შეხვდნენ ერთმანეთს და შერიგდნენ.
43. დავით არჩილის ძე, სოლომონ I-ის ძმისშვილი. მისი დედა იყო ერეკლე II-ის ქალიშვილი ელენე. სოლომონ I-ის მიერ გამოცხადებული იყო ტახტის მემკვიდრედ, თუმცა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ამ უკანასკნელის ბიძაშვილი, დავით გიორგის ძე ავიდა. ამ დროს თორმეტიოდე წლის უფლისწული კახეთში იზრდებოდა ანდრონიკაშვილების ოჯახში, სადაც მეორედ იყო გათხოვილი დედამისი ელენე. 1789 წელს დავით არჩილის ძემ იმერეთის თავადების ერთი ჯგუფის, დადიანისა და ერეკლეს დახმარებით მეტოქე დაამარცხა და ტახტზე ავიდა სოლომონ II-ის სახელით. ბედმა არგუნა, ყოფილიყო იმერეთის უკანასკნელი მეფე.
44. დავით გიორგის ძის გამეფებაში დიდი დამსახურება მიუძღვის იმ დროის იმერეთში გავლენიან სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, პაპუნა ქაიხოსროს ძე წერეთელს (1740-1790), ზემო იმერეთის სარდალსა და მოლარეთუხუცესს. პაპუნასა და ზოგადად წერეთლების დაწინაურება ასევე სოლომონ I-ის წყალობა იყო. დავით II-მ კი დახმარების სანაცვლოდ პაპუნა და ზურაბ წერეთლები დაასაჩუქრა ქ. ონით იქ მოსახლე სამეფო ვაჭრებითურთ, ასევე გადასცა ყმა-მამულები ზემო იმერეთსა და რაჭაში. ამავე დროს, პაპუნას ცოლად ჰყავდა მეფის და. მაგრამ ახალი მეფის კარზე უპირატესი მდგომარეობა ელიზბარ ქსნის ერისთავის ძემ მოიპოვა, რომელმაც დავით II-ზე გავლენის მოპოვება შეძლო და მისი პირველი მრჩეველიც კი გახდა. ამას დაერთო ისიც, რომ დავით II-მ აღადგინა სოლომონ I-ის მიერ გაუქმებულის რაჭის საერისთავო, რომლის მიწა-წყლის ნაწილსაც უკვე წერეთლები და წულუკიძეები ფლობდნენ. Uკმაყოფილო პაპუნა წერეთელი მეფეს განუდგა და ბერი წულუკიძესთან ერთად ტახტის მაძიებელ დავით არჩილის ძის მომხრეთა ბანაკს ჩაუდგა სათავეში. ორგულობის გამო მეფემ პაპუნას ჩამოართვა საწერეთლოს უფროსობა, ასევე - მის მიერვე ბოძებული ონი და წედისი რაჭაში.
45. მღვდლისშვილი ბესარიონი ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკია, იგივე ბესარიონ გაბაშვილი (1750-1791). Bესარიონი თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარიას შვილი იყო. ზაქარიას კათალიკოს ანტონ I-თან დაპირისპირების გამო სამეფოს დატოვება მოუხდა. მისი ოჯახი სოლომონ I-მა მიიღო და ბესარიონი დიპლომატიურ საქმიანობაში ჩააბა. სწორედ ბესარიონ გაბაშვილმა ჩამოიყვანა სოლომონის დავალებით ირანში მყოფი ალექსანდრე ბაქარის ძე იმერეთში 1779 წელს. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ბესარიონს დავით გიორგის ძის ბანაკში ვხედავთ. ახალი მეფის დავალებით იგი 1787 წელს რუსეთში გაემგზავრა დიპლომატიური მისიით, საიდანაც ვეღარ დაბრუნდა. დასნეულებული ბესარიონ გაბაშვილი გარდაიცვალა ქ. იასში (დღევანდელი რუმინეთი).
46. წულუკიძეები XVIII ს-ის II ნახევარში იმერეთის ძლიერი და გავლენიანი სათავადო სახლი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი მათ იმერეთის ერთ-ერთ `უწარჩინებულეს და შემძლებელ~ გვარად მოიხსენიებს. თავიდან ისინი რაჭის ძლიერ სათავადო სახლს წარმოადგენდნენ, თუმცა შემდგომ ქვემო იმერეთშიც ებოძათ მამული, სადაც წულუკიძეთა სათავადო ჩამოყალიბდა. ჰყავდათ მრავალი ყმა-გლეხი და დაქვემდებარებული აზნაური. წულუკიძეები განსაკუთრებით დაწინაურდნენ სოლომონ I-ის ზეობისას. ტექსტში გადმოცემული მოვლენების ხანაში წულუკიძეთაგან ყველაზე გავლენიანი პირები იყვნენ ბერი კაციას ძე წულუკიძე, პირველი ვეზირი სოლომონ I-ის დროს და მისი ძმა გიორგი. უდავოდ ისინი მოიაზრებიან ბურნაშოვის სიტყვებში: „პატივცემული და ხალხით ძლიერი თავადი წულუკიძეები“. ბერი წულუკიძეს ასევე ეჭირა ქვემო იმერეთის სარდლის, ქუთაისის მოურავისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები. სოლომონ I-მა მას „დიდებული თავადის“ წოდებაც კი უბოძა. წულუკიძეებს მეფე ორმაგად დაუმოყვრდა: ჯერ ბერის და გულქანი მოიყვანა ცოლად დაქვრივებულმა 1778 წელს, ხოლო სულ ცოტა ხანში მისი ასული დარეჯანი თავის ვაჟს, ალექსანდრეს შერთო. ბერი წულუკიძე პაპუნა წერეთელთან ერთად თავადთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელთაც დავით გიორგის ძე გაამეფეს. თუმცა შემდეგ განდიდებული ბერი მეფის საწინააღმდეგოდ იწყებს მოქმედებას, რის გამოც დავითმა მას მოურავისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები ჩამოართვა და ელიზბარ ქსნის ერისთვისშვილს გადასცა. განაწყენებული ბერი წულუკიძე პაპუნა წერეთელთან ერთად უფრო აქტიურად იწყებს დავით არჩილის ძის გამეფებისათვის ბრძოლას.
47. 1786 წლის 15 იანვარს პაპუნა წერეთელმა და ბერი წულუკიძემ ახალციხის საფაშოდან დავით I-ის წინააღმდეგ 1000 თურქი და 500 ლეკი შემოიყვანეს იმერეთში. მათ თან ახლდათ დავით არჩილის ძეც ბორჩალოელთა რაზმით. მაგრამ რაჭაში მეფის ჯართან შეტაკებისას 26 იანვარს მათ სასტიკი მარცხი განიცადეს და სხვავასა და კვარას ციხეებში ჩაიკეტნენ. სხვავას ციხეში შეხიზნულთა უმრავლესობა გაწყდა, კვარას ციხეში ალყაშემორტყმულებმა კი მეფეს პატიება სთხოვეს. ჯამში თურქ-ლეკთა ჯარი თითქმის სრულად განადგურდა, წერეთელმა და წულუკიძემ ახალციხეს შეაფარეს თავი. განრისხებულმა დავით I-მ ასევე ახალციხეში გადახვეწილ დავით არჩილის ძეს ამ გამოსვლის შემდეგ საუფლისწულო მამულები ჩამოართვა იმერეთში.
48. დადიანი ჩიქვანების საგვარეულოდან _ იგულისხმება დადიანთა მეორე დინასტია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჩიქოვანთა (იგივე ჩიქვანთა) გვარის წარმომადგენელმა გიორგი ლიპარტიანმა XVII ს-ის ბოლოს, როცა ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავროს გამგებლობა. 1704 წელს კი მისმა ძემ, კაცია I-მა დადიანის ანუ ოდიშის მთავრის ტიტული მიიღო.
49. გურიელები გურიის სამთავრო დინასტიას წამოადგენდნენ. აღნიშნულ ხანებში გურიაში მთავრობდა გიორგი V გურიელი. XVII ს-ის II ნახევარში იგი პერიოდულად ფლობდა მთავრის ტიტულს (1756-1758, 1765-1771 და 1776-1788 წლებში).
50. ამ დროს სამეგრელოს მთავარი იყო კაცია II დადიანი (1758-1788), ოტია დადიანის ძე. მან დახმარება გაუწია დავით გიორგის ძეს იმერეთის ტახტის დაკავებაში, რის სანაცვლოდაც მეფისაგან საჭილაო-სამიქელაო მიიღო. კაციას მემკვიდრემ, გრიგოლ დადიანმა კავშირი შეკრა იმერეთის ტახტის მაძიებელ დავით არჩილის ძესთან და მას ცოლად თავისი და, მარიამი მიათხოვა.
ბურნაშევის რუკა

Комментариев нет:

Отправить комментарий