воскресенье, 4 февраля 2018 г.

ალ ჯაუზის (1186-1256) ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ

       ბაღდადელი (არაბულენოვანი თურქი) სიბტ იბნ ალ ჯაუზი (1186-1256) დიდი არაბი მწერალის და მქადაგებელის აბულ-ფარაჯა იბნ ალ-ჯაუზის შვილიშვილი (ქალიშვილის მხრიდან) იყო. მამამისი გავლენიანი მამლუქი იყო. მან დაწერა 40 ტომიანი შრომამირატ აზ-ზამან ფი ტარიხ ალ-აიჰან“ – „ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით“. რომლის დიდი ნაწილი სხვათა შრომებიდან გადმოწერილია. ამის მიუხედავად იგი მაინც ძალიან ფასეულია რადგან მასში შემნონახულია ისეთი ცნობები რომელიც სხვებთან დაკარგულია. 40 ტომეულში განსაკუთრებულ ღირებულებად მეცნიერები ალ-ჯაუზის თანადროულ ამბებს თვლიან.
ცნობები დავით აღმაშენებელზე
         წელი ხუთას თექვსმეტი (=1122-1123).
         მაშინ მოხდა დიდი ომი ილ ღაზისა და ურწმუნოებს შორის თბილისის გამო.
         მოთხრობა მისი (ომის) მიზეზის შესახებ.
         თბილისის მცხოვრებთა ერთ-ერთი გვარი, რომელსაც უწოდებენ ბანუ ჯაფარ-, ფლობდა (ქალაქს) ორას წელიწადს. შემდეგ (ამ გვარის) მოხუცები გადაშენდნენ და დარჩნენ (მხოლოდ) ყმაწვილები, რომელთაგან თითოეული (მართავდა თბილისს) ერთ თვეს (სხვა წყაროებით თბილისს ჯაფარიდების შემდეგ მართავდა ხალხი). ასე დაჰყვეს მათ ორმოც წელს. დავითმა, მეფე აფხაზთა და ქართველთა, ძლიერ შეავიწროვა ისინი. მათ (ყმაწვილებმა) გაგზავნეს ტოღრულ იბნ მუჰამად შაჰთან, არანის ბატონთან, კაცი. მან გამოგზავნა თავისი შიჰნა. მან კი სარგებლობა არ მოიტანა. მათ მისწერეს (აგრეთვე) ნაღმ ად-დინ-სა და მხარეთა მფლობელებს შამს ად-დინ ტუღანს, არზანისა და ბითლისის ბატონს, სულთან ტუღრილსა(?) და სხვებს. შეხვედრის ადგილი დათქმული იყო თბილისის კართან. შეჩერდა იგი (ნაღმ ად დინ ილ ღაზი თბილისიდან) უფრო ნაკლებ, ვიდრე ნახევარი დღის (სავალ გზაზე). მხარეების ლაშქართაგან არცერთი არ მოსულიყო (ავტორი ტყუის, რომ შეამციროს მუსლიმთა მარცხის სირცხვილი). ჩამოვიდა დავით მეფე მთიდან დიდი ლაშქრით. დაამარცხა ისინი და ხელთ იგდო მათი ქონება და მრავალი ნივთი. ნაღმ ად დინი და დუბაისი გაიქცნენ. შემდეგ დაესხა დავითი თბილისს და დაიპყრო იგი მახვილით. მან გადაწვა და გაძარცვა იგი. შემდეგ მოალბო (ქალაქის) მცხოვრებთა გული, და მათ თხოვეს მას ზოგი რამ. მან (დავითმა) მისცა მათ ზოგიერთი პრივილეგია. ისინი აქამდე არსებობენ. იმ (პრივილეგიებში შედიოდა) რომ იგი (დავითი) არ დაკლავდა იქ (თბილისის მუსლიმთა უბანში) ღორს, ამოკვეთთდა (მუსლიმთათვის მოჭრილ) დირჰემებსა და დინარებზე ალლაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელებს, შეასრულებდნენ (მუსლიმი) მცხოვრებლები პარასკევ დღეს აზანსა და ხუტბას, არ შევიდოდა (ურწმუნო) აბანოში მუსლიმებთან ერთად და, რომ არ შეავიწროვებდა ურწმუნო მუსლიმს. ყველა ეს (პრივილეგია) დღეს(აც) აქვთ მათ. დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო ხოლმე მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს. მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებელთათვის, სუფიებისა და პოეტებისატვის. დააწესა მათთვის სტუმართმოყვარეობა. და თუ მოისურვებდნენ ისინი წასვლას თბილისიდან, ნებას დართავდა და მოამარაგებდა მათ მრავალი ქონებით. იგი (დავითი) მეტ პატივსა სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს ისლამის მფლობლები.
         მაშინ (516 წელს) მოხდა მიწისძვრა განძაში, ადრინდელი კანგა. მისი ერთ-ერთი მხარე შთაინთქა. ქალაქის ზღუდე დაინგრა. გაემართა მის წინააღმდეგ მეფე აფხაზთა და ქართველთა, მიადგა მას თავისი ლაშქრით, შევიდა (ქალაქში) და გარეკა დატყვევებული მცხოვრებლები თბილისში ისე, რომ ისინი ურმებს ეწეოდნენ. მუსლიმებს ცხვრებივით მიერეკებოდნენ. თბილისის მცხოვრებლებმა მრავალი მათგანი გამოისყიდეს და გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იწყეს ლაპარაკი თბილისის მცხოვრებლებმა: გარდა ამ წლისა ჩვენ რა გაგვაღატაკებდა!

Комментариев нет:

Отправить комментарий