четверг, 15 февраля 2018 г.

კილიკიის არმენიის სამეფოს პოლიტიკური ისტორია

XI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიის დაიპყრო ვასპურაკანის, ანისისა და ვანანდის სომხური სამეფოები, რასაც მოჰყვა ადგილობრივთა აყრა-გადასახლების დაწყება იმპერიის დასავლეთ ნაწილში. სელჩუკების შემოსევების შემდეგ (XI საუკუნის II ნახევარი) ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. კილიკიაში სომხურმა მოსახლეობამ რაოდენობით თანდათანობით გადააჭარბა ადგილობრივს.
   სელჩუკების შემესევებისას კაპადოკიიდან ვანის ტბამდე მხარეებში ჩასახებული სომხური მოსახლეობა სრულ გულგრილობას იჩენდა და დახმარებას არ უწევდა ბიზანტიის ჯარებს. გაბრაზებულმა ავგუსტმა რომანოს IV დიოგენმა (1068-1071), რომელიც სელჩუკთა წინააღმდეგ სალაშქროდ  მიემართებოდა, სასტიკად დასაჯა სომხებით დასახლებული ქალაქი სევასტია (დღ. სივასი). შედეგად აღმ. პროვინციის ყველა სომეხმა მმართველმა, მათ შორის აღმოსავლეთის დომესტიკოსმა ფილარეტ ვარაჟნუნიმ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. 1071 წლის 25-26 აგვისტოს მანასკერტთან გამართულ ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა გაანადგურა ბიზანტიის ჯარები და თვით ავგუსტიც კი დაატყვევა. 1 კვირის შემდეგ რომანოზ დიოგენი სელჩუკი ტყვეებისა და დიდი თანხის სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა ამ დროს ბიზანტიის ტახტი ყოფილი ავგუსტის ვაჟმა მიხეილ VII დუკამ (1071-1078) დაიკავა, რომელმაც რომანოზი არ შეუშვა დედაქალაქში. დუკებისა და დიოგენეს ომმა 1072 წლის ზაფხულამდე, რომანოზის დატყვევებასა და მკვლელობამდე გაგრძელდა.
ამასობაში მიტოვებულ მცირე აზიაში სრული ქაოსი სუფევდა. ადგილობრივი მმართველები დამოუკიდებელი სამთავროების ჩამოყალიბებას ცდილობდნენ. 1071 წელსვე აღმოსავლეთის დომესტიკად ავგუსტმა მიხეილ დუკამ თავისი ბიძაშვილი ანდრონიკე დუკა დანიშნა, თუმცა ფილარეტმა არ ცნო მისი ბრძანება, შემოიკრიბა კაპადოკიის, კომაგენას, კილიკიისა და სირიის სომეხი მეთაურები და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებას შეუდგა. ფილარეტმა საკმაოდ დიდი სახელმწიფო შექმნა და თავს ავგუსტიც კი უწოდა, თუმცა მისი დიდება ცოტა ხანს გაგრძელდა.
1081 წელს ფილარეტის სამფლობელოებს შემოუტია დასავლეთ სელჩუკთა ლიდერმა, ალფ-არსლანის ძმისწულმა სულეიმან ყუთულმიშის ძემ, რომელიც რუმის პირველი სულთანი იყო (1077-1086). 1084 წლის 12 დეკემბერს სულეიმანმა აიღო ანტიოქია. 1086 წელს ფილარეტმა მალიქ შაჰის წინაშე ქედი მოიხარა და მცირე ხნით ისლამი მიიღო, თუმცა მისი სამეფო მაინც დაიშალა. ცოტა ხანში თვითონაც გარდაიცვალა.
ფილარეტის სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სამთავროებიდან ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა რუბენის სამთავრო. ჯერ კიდევ 1080 წელს ფილარეტმა თავისი სარდალი რუბენი მთიანი კილიკიის მმართველად დანიშნა. მისი სიკვდილის შემდეგ კი რუბენმა დამოუკიდებელ სამთავრო შექმნა და „მთების მბრძანებლად“ იწოდა.
რუბენ I-ის შემდეგ გამთავრდა მისი ვაჟი კოსტანდინ I (1095-1102). ამ დროს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. კოსტანტინმა დახმარება აღმოუჩინა მათ ანტიოქიის დაპყრობის საქმეში და საპასუხოდ გრაფისა და ბარონის ტიტულები მიიღო მათგან და ტავრის აღმოსავლეთით მიწებიც მიიერთა.
კოსტანდინის სიკვდილის შემდეგ სამთავრო მისმა ორმა ვაჟმა თოროს I-მა (1102-1129) და ლევონ I-მა (1102-1137) გაიყვეს. თოროსმა ჯერ მეზობელ მთავარ ვასილი გოხ კამსარაკანთან, შემდეგ კი ედესას გრაფებთან ბალდუინ II-სა (1100-1118; 1118-31 წლებში იერუსალიმის მეფე) და მის ძმა ჟოსლინ I-თან (1118-1131; მას თავისი და ბეატრისი მიათხოვა) კავშირში მოახერხა ტავრის მთებიდან სელჩუკების გაყრა და ბიზანტიის ანექსიიდან თავის დაღწევა. ბიზანტიის ავგუსტმა ალექსი I-მა მასპირველი სევასტისწოდება მისცა.
თოროსის სიკვდილის შემდეგ მთავრად დაჯდა მისი ძე კოსტანდინე II, რომელიც სასახლის ინტრიგების შედეგად რამდენიმე თვეში იქნა მოკლული. მაშინ ერთპიროვნული მთავარი გახდა თოროსის ძმა ლევონ I.
15 წლიანი რეგენტების მმართველობის პერიოდში ანტიოქიის სამთავრო დასუსტდა და ბევრი სამფლობელო დაკარგა. მათ შორის ციხე-ქალაქი ანაზარბი კილიკიელმა თოროსმა წაართვა. 1126 წელს მამის სამფლობელოების მისაღებად ანტიოქიაში ჩამოვიდა ბოემუნდ II ტარანტელი, რომელმაც მიწების დასბრუნებლად ომები აუტეხა ედესის გრაფსა და კილიკიელ სომხებს. 1130 წელს ბოემუნდი ანაზარბის ასაღებად დაიძრა. ლევონმა დამხმარედ დანიშმენდიანთა სახელმწიფოს ემირი ღაზი გიუმუშტეკინი (1104-1134) მოიწვია. დანიშმენდიანებმა გაანადგურეს ანტიოქიელთა ლაშქარი და მოკლული ბოემუნდის თავი ღაზიმ ბაღდადის ხალიფას გაუგზავნა.
მთავრის სიკვდილით გამოწვეული ქაოსით (6 წლით სამთავრო კვლავ იერუსალიმის მეფის სარეგენტოდ იქცა) ისარგებლა ლევონმა და ანტიოქიის სამთავროს წაართვა კილიკიის დაბლობში მდებარე ტარსი, მამესტია და ადანი, ხოლო სარვენტიკარი მარაშის ბარონ ბალდუინს.
1136 წელს ანტოქიის მთავარი გახდა აკვიტანიის ჰერცოგის ძე რაიმუნდი (მან ცოლად მოკლული ბოემუნდის ასული კონსტანცია შეირთო), რომელმაც იერუსალიმის მეფე ფულკის (1131-1143) ნებართვით ბალდუინ მარაშელთან ერთად გაილაშქრა ლევონის წინააღმდეგ. ლევონმა მისი დისშვილის, ედესის გრაფ ჟოსლენ II- (1131-1150) დახმარებით მოიგერია მტერი, რის შემდეგაც პირადად მოსალაპარაკებლად შეხვდა ბალდუინს. მარაშელმა მუხანათურად შეიპყრო ლევონი და გაგზავნა ანტიოქიაში.
მთავრის არყოფნით ისარგებლა დანიშმენდიანმა ემირმა მუჰამად ღაზის ძემ (1134-1142) და კილიკია დაარბია. მაშინ ლევონმა თავისუფლების სანაცვლოდ რაიმუნდს დაუთმო სარვენტიკარი, მამესტია და ადანი, გადაიხადა დიდძალი თანხა და დაბრუნდა კილიკიაში, რის შემდეგ ციხე-ქალაქები კვლავ დაიპყრო. მაშინ ომი განახლდა. 1137 წლის დასაწისში კ ჟოსლენ ედესელის ჩარევით ზავი დაიდო და ცოტა ხნით მტრები მოკავშირეებიც გახდნენ, რადგან ამ დროს რუმის სასულთნო შიდა ომებით იყო დასუსტებული და ამით გათამამებული ბიზანტიის ავგუსტი იოანე II კომნინოსი (1118-1143) მცირე აზიაში პოზიციების განმტკიცებას, პირველ რიგში კი კილიკიისა და ანტიოქიის დაუფლებას გეგმავდა და აქეთკენ მოემართებოდა.
სერიოზული მოკავშირის გარეშე დარჩენილმა ლევონმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მთავარ ციხე-სიმაგრე ვახკაში შეიკეტა. მისი ყველა ციხე-ქალაქი კი ბიზანტიელებმა აიღეს. შემდეგ იოანემ ანტიოქიაზე გაილაშქრა და რაიმუნდს აიძულა თავი ბიზანტიის ვასალად გამოეცხადებინა. შემდეგ კილიკიას მოუბრუნდა, ვახკა აიღო და დატყვევებული ლევონი ცოლთან და ორ ვაჟთან (რუბენი და თოროსი) ერთად გაგზავნილ იქნა კონსტანტინეპოლში. მთიანი კილიკიის სომეხთა სამთავრო 8 წლით ბიზანტიას შეუერთდა.
1140 წელს რუბენი სიკვდილით დასაჯეს. მალე ტყვეობაში გარდაიცვალა ლევონიც. თოროსმა გაუძლო ტყვეობას, 1143 წელს გაიპარა და 2 წლის შემდეგ ვახკასა და ამუდის ციხე-სიმაგრეების დაკავებით აღადგინა სამთავრო კილიკიის მთებში. თოროს II- (1145-1168) მყარი კავშირი დაამყარა მეზობელ ჯვაროსნებთან და 1151 წლისთვის აიღო ანაზარბი, ტარსი, მამესტია და დაიბრუნა დაბლობი კილიკია. მაშინ ბიზანტიის ავგუსტმა მანუილ I კომნინოსმა (1143-1180) ომი გამოუცხადა მას და ზედიზედ გზავნიდა ლაშქრებს მის წინააღმდეგ (როგორც საკუთარ, ისე მის მომხრე მეზობლებსა და სელჩუკებს). 7 წლის მანძილზე თოროსი ახერხებდა მათ მოგერიებას, თუმცა 1158 წელს თვით ავგუსტი გაუძღვა ჯარებს და დაამარცხა იგი და მთებში გამოკეტა. დადებული ზავით თოროსმა აღიარა თავი ვასალად. დაბლობი კილიკია ბიზანტიას დარჩა და იქ მისი ჯარი ჩადგა. ამიერიდან თოროსის კარზე მუდმივად უნდა ყოფილიყო ბიზანტიის წარმომადგენელი.
თოროსი არ ეგუებოდა ასეთ ვითარებას და მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, სიცოცხლის ბოლო პერიოდში მოახერხა ბიზანტიის წარმომადგენელისაგან თავის დაღწევა.
თოროსის გარდაცვალების შემდეგ კილიკიის ტახტი მისმა არასრულწლოვანმა ძემ რუბენ II- დაიკავა, რომლის რეგენტი ბაბუა (დედის მამა) თომა. ამას არ შეეგუა მისი ბიძა მლეხი, აჯანყდა და ძმისშვილი ტახტიდან ჩამოაგდო.
მლეხს (1169-1174) სურდა დაებრუნებინა კილიკიის სამთავროს ძველი დიდება და სრული დამოუკიდებლობა, ამიტომ წავიდა სარისკო ნაბიჯზე და ჯვაროსნებისა და ბიზანტიელების წინააღმდეგ კავშირი შეკრა ნურ ად-დინ ზენგისთან (ალეპოს ემირი 1146-1174, დამასკოს ემირი 1156-1174). მან განდევნა ტამპლიერები მისი სამფლობელოებიდან და უკრძალავდა ჯვაროსნებს მის ტერიტორიაზე გავლას. მლეხმა გადაიტანა დედაქალაქი სისში, 1174 წელს კი ახალი მოკავშირის დახმარებით მოიგერია ჯვაროსნები, გაანადგურა ბიზანტიელთა ჯარი და განდევნა ისინი დაბლობი კილიკიიდან.
1174 წელს დიდებულებმა მლეხი მოკლეს, რის შემდეგაც კილიკიის ტახტი მისმა ძმისწულმა რუბენ III სტეფანეს ძემ (1174-1187) დაიკავა.
მანუილმა გადაწყვიტა კილიკიის დაბრუნება და ჯარით გაგზავნა მისი ნათესავი ისააკ კომნინოსი, თუმცა რუბენმა დაამარცხა და ტყვედ იგდო.
რუბენმა შეცვალა საგარეო პოლიტიკა და კავშირი აღადგინა ჯვაროსნებთან. კავშირის განსამტკიცებლად 1181 წელს მან ცოლად  შეირთო ტორონის ბარონის ასული იზაბელი. 1182 წელს კი ყოფილი ტყვე ისააკ კომნინოსი, რომელიც გაენთავისუფლებინა და თავის მამიდაზე დაექორწინებინა, გადასცა ანტიოქიის მთავარ ბოემუნდ III- (1144-1201).
რუბენმა ტოროსისა და მლეხის მსგავსად გაილაშქრა მეზობლად მდებარე სომხური ჰეთუმიდების სამთავროს (ცენტრი ლამპრონის ციხე-სიმაგრე) დასაპყრობად, თუმცა ისიც დამარცხდა. ცოტა ხანში მოღალატეებმა შეიპყრეს კილიკიის მთავარი და ბოემუნდ ანტიოქიელს გადასცეს, რომელმაც რამდენიმე ციხე-სიმაგრის სანაცვლოდ გაათავისუფლა. რუბენმაც მალევე დაიბრუნა დაკარგული მიწები, რომლის დაცვის თავი ანტიოქიის მთავარს აღარ შესწევდა.
1187 წელს რუბენმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, რის შემდეგაც ტახტზე მისი ძმა ლევონ II (1187-1219) აიყვანა (ძე არ ჰყავდა) და თვითონ დრაზარკის მონასტერში გაიხიზნა, სადაც მალე გარდაიცვალა კიდეც.
ამ წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ ად-დინმა იერუსალიმი აიღო და ჯვაროსანთა მთავარი სახელმწიფო ხელში ჩაიგდო. ამას ჯვაროსანთა ახალი ლაშქრობა მოჰყვა, რომელიც საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა და შედეგად ამ რეგიონში ჯვაროსნებს მცირე მიწები შერჩათ.
ლევონ II- გამეფებისთანავე მოუწია რუმის, დამასკოსა და ალეპოს მუსლიმანური ჯარების მოგერიება. საფრთხის საბოლოოდ თავიდან ასაცილებლად ლევონმა საზღვრებზე ციხე-სიმაგრეები ააგო და მასში გარნიზონები ჩააყენა. კილიკია ისედაც ბუნებრივად იყო დაცული ხმელეთიდან ტავრის დიდი მთებით, რომლიდან გადმოსასვლელები ძალიან ვიწრო და ადვილად გასამაგრებელი იყო. ამის შემდეგ კი ქვეყანაში საბოლოოდ სიმშვიდემ დაისადგურა.
პოლიტიკურად აქტიურ რეგიონში მდებარეობა, ხელსაყრელი სანაპიროები, კილიკიის დაბლობის ნოყიერი მიწები, არმენების ვაჭრობისადმი დიდი მიდრეკილება და ლეონის რეფორმების შედეგად ქვეყანაში დამყარებული წესრიგი და სამართლიანობა გახდა საფუძველი კილიკიის სომხური სამეფოს ეკონომიკური და კულტურული აყვავებისა. ამ დროისთვის ქვეყნის ფართობი 40000 კმ2- უდრიდა, მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. დედაქალაქები ტარსი და სისი ძალიან გაიზარდნენ. დიდ წარმატებას მიაღწიეს სანავსადგურე ქალაქებმაც  - მერსინე, აიიასი, ადანა, სელევკია, ალექსანდრეტი. კილიკიელთა სახმელეთო ძალები 60000 ქვეითსა და 20000 ფეხოსანს შეადგენდა, ხოლო საზღვაო ძალები 150-200 ხომალდს.
თავისი მდებარეობისა და პოლიტიკური პოზიციის გამო დასავლეთის ლიდერებისთვის კილიკიის სამთავროს პალესტინის მიწებისთვის ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდნენ, საიდანაც უნდა განხორციელებულიყო მომავალი ლაშქრობები იერუსალიმის გამოსახსნელად. ამიტომ როგორც კი ლევონმა საღვთო რომის იმპერატორისადმი ფორმალური ვასალობის პირობით მეფედ კურთხევა მოითხოვა, ამაზე რომის პაპი და დასავლეთ ევროპის ლიდერები დათანხმდნენ. ამის წინააღმდეგი არც ბიზანტია იყო. შედეგად 1198 წელს ლევონი არმენიელთა მეფედ ეკურთხა ტარსში.
ამის შემდეგ ლევონმა ქვეყანა სრულიად ევროპულ ყაიდაზე მოაწყო და სახელმწიფო თანამდებობებიც ევროპულად გარდაქმნა.
1219 წელს ლევონის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ასულის - იზაბელის ქმარი. რადგან იზაბელი მცირეწლოვანი იყო, ერთხანს ქვეყანას რეგენტი კონსტანტინ ბარბარონ პაილი მართავდა (მისი დედის ძმის შვილი). 1222 წელს მან იზაბელი დააქორწინა და მეფედ მოიწვია ანტიოქიის მთავრის ძე ფილიპზე, რომელიც 1222 წლის ივნისში ეკურთხა კიდეც არმენიელთა მეფედ.
ფილიპი, მიუხედავად ფიცის დადებისა, ცუდად ექცეოდა არმენიულ წესჩვეულებებსა და ბარონებს, უპირატესობას ანიჭებდა ათინებს და დროის უდიდეს ნაწილს ანტიოქიაში ატარებდა. 3 წლის შემდეგ მოწყინდათ არმენიელ დიდებულებს და დაატყვევეს იგი. ფილიპი ციხეშივე გარდაიცვალა.
1226 წელს კონსტანტინ პაილმა დაითანხმა არმენიის კათალიკოსი და იზაბელი თავის ძე ჰეთუმზე დააქორწინა, რომელიც გახდა კიდეც კილიკიის არმენიის მეფე ჰეთუმ I (1226-1269).
ჰეთუმი ამ დროს 13 წლის იყო, ამიტომ მის სრუწლოვანებამდე ქვეყანას მამამისი მართავდა. საერთოდ ჰეთუმის მმართველობის დროს დიდ როლს თამაშობდნენ მისი ძმები: სმბატი (ისტორიკოსი, დიპლომატი) იყო არმიის სარდალი (გუნდსპატი ანუ სპარაპეტი) და პირველი დამხმარე მეფისა, ხოლო ლევონს ასევე მაღალი თანამდებობები ეჭირა.
1243 წლის გაზაფხულზე მონღოლებმა კიოსე დაღთან გაანადგურეს რუმის სულთანი ქეიხოსროვ II-ის ლაშქარი. ჰეთუმმა ჯერ ქეიხოსროვს უთხრა უარი დახმარებაზე, ბრძოლის შემდეგ კი მონღოლთა სარდალ ბაიჯუს გაუგზავნა ელჩად მამა და ძმა სმბატი. ხელშეკრულებით სომხებმა ივალდებულეს მონღოლთა ჯარების ლაშქრობის დროს სურსათ-სანოვაგით მომარაგება; თავის მხრივ მონღოლები აღიარებდნენ კილიკიის სამეფოს დამოუკიდებლობას და პირდებოდნენ დახმარებას მეზობლების თავდასხმის დროს. მეგობრული განწყობის დასადასტურებლად მონღოლთა სარდალმა ბაიჯუმ ხეთუმს გაეცა მასთან შეფარებული სულთან ქეი ხოსროვის ოჯახი. ხეთუმმა ეს მოთხოვნა შეასრულა.
მონღოლთა ლაშქრობის შედეგად რუმის სასულთნოში წარმოქმნილი ქაოსის დროს ერთმა თვითმარქვიამ თავი გამოაცხადა სულთან ალა ად-დინ ქეი ყუბად I-ად და 20000-იანი ჯარით დაიძრა კილიკიაზე. მეფის ძმა კოსტანდინემ მოახერხა მტრის დამარცხება და განდევნა.
მონღოლებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მეფის ძმა სმბატ სპარაპეტმა 1246-8 წლებში იმოგზაურა ყარაყორუმში. გრიგორ აკნერცის ცნობით გუიუქ ყაენმა უბოძა მას მიწები და სამფლობელოები და მისცადიდი იერლაყი და ოქროს პაიცზები“, ხოლო კირაკოსის ცნობით სუმბატს მისცეს სიგელები ბევრ ოლქებსა და სიმაგრეზე, რომელიც ადრე ეკუთვნოდა მეფე ლევონ II-, მაგრამ შემდეგ წაართვა რუმის სულთანმა ალა ად-დინმა.
1253-54 წლებში ჰეთუმმა თვითონ იმოგზაურა ყარაყორუმში, რომლის დროსაც ყაენმა მუნქემ მისცა იერლაყი, რომლითაც კრძალავდა მისი სამეფოს შევიწროვებას და კილიკიის ეკლესიებს ანიჭებდა საყოველთაო თავისუფლებას.
1256 წელს ხეთუმმა უფროსი ძე, 20 წლის ლევონი აკურთხა რაინდად და თანამმართველად დაისვა.
არმენიელთა მეფე ურჩევდა ჯვაროსან მმართველებს მიებაძათ მისი მაგალითისთვის და ეღიარებინათ მონღოლთა უზენაესობა, მაგრამ მხოლოდ მისი სიძე ბოემუნდ VI (ანტიოქიის მთავარი 1251-1268; ტრიპოლის მთავარი 1251-1275) გამოეხმაურა, რომელიც ეზიარა კიდეც იერლაყს 1259 წელს. კილიკიელთა ჯარები იბრძოდნენ მონღოლთა ჯარში 1258 წელს ბაღდადის აღებისას; ხოლო მათთან ერთად უკვე ანტიოქელებიც იბრძოდნენ ალეპოს ალყასა და დამასკოს აღების დროს 1260 წელს.
ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ეგვიპტელმა მამლუქებმა ძალა მოიკრიბეს და 1260 წლის სექტემბერში აინ-ჯალუტთან, მდ. ევფრატზე მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს მონღოლები (ბრძოლაში კიტბუგას ლაშქარში სომხებთან ერთად ქართველების რაზმიც იყო. (15-20000 მამლუქი, 10-12000 მონღოლი) და განდევნეს სირიიდან.
ჰეთუმის მეფობის ბოლო წლებში, მონღოლებთან კავშირის გამო კილიკია სულ უფრო მეტ თავდასხმებს განიცდიდა ეგვიპტელი მამლუქების მხრიდან. 1266 წელს მათმა ლაშქარმა 24 აგვისტოს მარისთან (დღევ. ტრაპესაკი, თურქ.) გაანადგურა ხეთუმის ჯარები (სარდლები პრინცები ლევონი, თოროსი და სმბატი), დაარბია კილიკია ადანამდე, ცეცხლს მისცეს დედაქალაქი სისი და ტყვედ გარეკა 40000 (?) სომეხი მეფის ძე ლევონის ჩათვლით. თოროსი დაიღუპა. ჰეთუმმა ტერიტორიული დათმობების საფასურად გამოისყიდა ვაჟი.
1268 წელს კილიკიის მოკავშირე ანტიოქიის სამთავრო მამლუქებმა დაიპყრეს. 1269 წელს კი ჰეთუმმა გვირგვინი საბოლოოდ მოიხსნა და ბერად აღკვეცილი ტარსის მონასტერში გამოიკეტა, სადაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც.
ლევონ III იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი. მას სურდა განეახლებინა სავაჭრო ხელშეკრულება იტალიელებსა და კატალონიელებთან. ცდილობდა, რომ გაეძლიერებინა მონღოლეთ-სომხეთის ალიანსი.
1271 წელს მარკო პოლო ეწვია კილიკიის სომეხთა სამეფოს და დადებითად შეაფასა ლევონის მეფობა, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ სამეფოს სამხედრო ძალები იყო ძალიან დემორალიზებული.
ლევონის მმართველობის პირველ წლებში კილიკია მეტად მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა. სამხრეთ-აღმ-დან ემუქრებოდნენ მამლუქები, ჩრდილოეთიდან რუმის სასულთნო, ხოლო ჰულაგიდებთან კავშირი ფორმალობა იყო, რადგან აღმოსავლეთის საქმეებით დაკავებულთ კილიკიისთვის არ ეცალათ.
1275 წელს მამლუქთა სულთანი კიდევ ერთხელ შეიჭრა ლევონის სამეფოში. სისთან ბრძოლაში სომხებმა სმბატ სპარაპეტის სარდლობით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. მამლუქებთან ბრძოლაში სომხებმა იმარჯვეს 1276 წელსაც (სარვანდიკართან), თუმცა ამ დროს დაიღუპა ლევონის ბიძა სმბატი.
რუმის სასულთნოსთან ომში რამდენიმე წარმატების შემდეგ ლევონი შეუერთდა მონღოლებს სირიაში შეჭრისას. ომი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა 1285 წლამდე, რომდესაც ეგვიპტის სასულთნოსა და კილიკიის არმენიას შორის დაიდო 10 წლიანი ზავი.
ლევონის საშინაო პოლიტიკა ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას. 1271 წელს განახლდა სავაჭრო ხელშეკრულება ვენეციელ ვაჭრებთან, 1288 წელს გენუელ ვაჭრებთან. ლევონის დროს იჭრებოდა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, რომელთაც საერთაშორისო მნიშვნელობაც ჰქონდათ. ლევონი მფარველობდა ისეთ შემოქმედებს, რომელნიც იყვნენ მაგ. ვარდან დიდი არეველცი, სტეფანოს ორბელიანი, ოვანეს ერზნკაცი, ვაგრამ რაბუნი, ტოროს როსლინი და სხვები.
ლევონ III გარდაიცვალა 1289 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ კილიკიის სომეხთა სამეფოს ტახტზე მისი ვაჟი, ჰეთუმ II (1289-93; 1294-96; 1299-1301) ავიდა.
ჰეთუმმა ჯერ კიდევ უფლისწულობაში მიიღო კათოლიციზმი და გახდა ფრანცისკანელთა ორდენის წევრი. იგი სათავაში ჩაუდგა ლათინოფილურ მიმდინარეობას და ცდილობდა არმენების გაკათოლიკებას და არმენიის ეკლესიის კათოლიკურთან უნიას, რათა ამ გზით დასავლეთის ქვეყნების მფარველობა მოეპოვებინა.
ტახტზე ასვლისთანავე ჰეთუმმა პაპის ლეგატის დახმარებით გადააყენა ანტილათინური განწყობის სომეხთა კათალიკოსი კოსტანდინე და მის ადგილზე აირჩიეს უფრო დამთმობი სტეფანოს IV. ხეთუმის მეფობის დროს დაიწყო სომეხთა სახელმწიფოს დაცემა. ამის მთავარი მიზეზები იყო პრო-ლათინური პოლიტიკის გამო შიდა დაპირისპირება და მეფე ლევონ III-ის მრავალრიცხოვან ძეებს შორის გაჩაღებული ბრძოლები. 1307 წელს ჰეთუმმა (უკვე ტახტიდან დაცურებულმა) მეფე ლევონ IV-თან ერთად ქ. სისში მოწვეული საეკლესიო კრება აიძულეს უნია გაეფორმებინა კათოლკურ ეკლესიასთან, რამაც საბოლოოდ გახლიჩა ქვეყანა და გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა ხალხსა და აზნაურობაში.
ჰეთუმი წარუმატებელი იყო საგარეო პოლიტიკაშიც. 1293 წელს ხეთუმ II-მ ტერიტორიული დათმობების ხარჯზე თავიდან აიცილა ეგვიპტელ მამლუქთა შემოსევები და ცოტა ხნით სიმშვიდე მოიპოვა. 1295 წელს იხანთა ტახტზე გადატრიალების შემდეგ ავიდა ყაზან არღუნის ძე. ხეთუმი გაემართა მის წინაშე მამლუქთა წინააღმდეგ კავშირის გასანახლებლად. ყაზანი რომელიც ხვდებოდა, რომ მუსლიმანური მხარეების მყარად სამართავად აუცილებელი იყო რელიიგიის შეცვლა და პირველი ილხანი გახდა, რომელიც გამუსლიმდა, კავშირზე დათანხმდა. 1299 წელს ილხანთა არმიამ სომხებთან და ქართველებთან ერთად გაანადგურეს მამლუქთა ლაშქარი, რის შემდეგაც მონღოლებმა ცოტა ხნით დაიუბრუნეს სირია, ხოლო კილიკიამ დაიბრუნა ადრე დაკარგული მიწები. მალევე ეგვიპტელებმა დაიბრუნეს სირია და ყაზანის შემდგომი მცდელობები სირიაში დასამკვიდრებლად წარუმატებელი აღმოჩნდა.
1304 წელს ყაზანის სიკვდილთან ერთად ილხანებმა ამ მხარისკენ ინტერესი დაკარგეს და მონღოლო-არმენიული კავშირიც დასრულდა. მათ გარეშე კი 1302 და 1304 წლებში ორჯერ დაამარცხეს მამლუქებმა არმენიელები და კვლავ მიიტაცეს სასაზღვრო მხარეები.
როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მიზეზი არმენიის სახელმწიფოს დაცემისა იყო ძმებს შორის ტახტისთვის ომები. 1293 წელს ძმების ზეწოლისგან ხეთუმი გადადგა ტახტიდან და გამოიკეტა ფრანცისკანულ მონასტერში. ტახტზე ავიდა მისი ძმა თოროს III (1393-1394). რამდენიმეთვიანი მეფობის შემდეგ თოროსმა დაუბრუნა ტახტი მონასტერიდან დაბრუნებულ ჰეთუმს, რომელმაც ახალი მოკავშირეების მოპოვების მიზნით თავისი და რიტა ბიზანტიის ავგუსტ მიხაილ IX პალელოლოგს მიათხოვა. ამ მიზნით ჰეთუმი თოროსთან ერთად გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც მოხდა კიდეც ნიშნობა. მათი არყოფნით ისარგებლა უმცროსმა ძმა სმბატმა და მეოთხე ძმა კოსტანდინის დახმარებით 1296 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. მას მხარში ამოუდგა კათალიკოსი გრიგორი VII-ც, რომელმაც სისში იგი მეფედ აკურთხა. ჰეთუმმა ტახტის დასაბრუნებლად დამხრებისთვის ბიზანტიას მიმართა, ხოლო სმბატი ყაზანთან გაემართა და შეირთო მისი ნათესავი. ერთი წლის შემდეგ, უკან დაბრუნებული ჰეთუმი და თოროსი სმბატის ბრძანებით დაატყვევეს და ბარძბერდის სიმაგრის სიბნელეში გამოჰკეტეს, სადაც თოროსი მოკლეს.
ამ დროს შემოიჭრნენ მამლუქები და რომლებმაც გააპარტახეს ქვეყნის რამდენიმე დასახლება და ტყვედ წაიყვანეს მრავალი ადამიანი. სმბატის მმართველობამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მალე სახალხო მღელვარებაში გადაიზარდა. ამით ისარგებლა კოსტანდინმა, რომელმაც 1298 წლის იანვარში ჩამოაგდო სმბატი და ავიდა ტახტზე. იგი იძულებული გახდა სიმშვიდის სანაცვლოდ დაეთმო აღმოსავლეთში მდებარე ყველა ციხე-სიმაგრე. კოსტანდინმა ერთ წლამდე გაძლო ტახტზე და შემდეგ დაუბრუნა ჰეთუმს, რომელიც ტახტზე ასვლისთანავე გაეთავისუფლებინა. ჰეთუმმა შეაგრიგა ძმები და კოსტანდინი და სმბატი ერთობლივად გაგზავნა კონსტანტინეპოლში.
1301 წელს ჰეთუმი კვლავ გადადგა 12 წლის ძმისშვილის ლევონ თოროსის ძის სასარგებლოდ ტახტიდან, თუმცა რეგენტად დაინიშნა და კვლავ რეალურ მმართველად რჩებოდა.
1305 წელს ლევონი დააქორწინეს მის ნათესავ აგნესა ლუზინიანზე. ამავ წელსვე ლევონი და ჰეთუმი ხელმძღვანელობდნენ სომხეთის არმიის ბრძოლას მამლუქთა წინააღმდეგ, რომელშიც კილიკიის სამეფოს არმია სასტიკად დამარცხდა და განადგურდა.
1306 წლის 30 ივნისს ლევონი ოფიციალურად აკურთხეს მეფედ. მისი პოლიტიკა იყო ბიძის, ჰეთუმის გაგრძელება და მიმართული იყო ქვეყნის ლათინიზაციისაკენ. 1307 წლის 19 მარტს სისში მან და ჰეთუმმა მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც გამოაცხადეს მიმართვა რომის პაპისადმი უნიის ტაობაზე. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც სასულიერო პირებში, ისე საზოგადოებაში, რაც სისხლიმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა. 20 მაისის ბრძანებით ლევონმა სავაჭრო პრივილეგიები მიანიჭა ვენეციელ ვაჭრებს.
შემოდგომაზე კილიკიაში მოვიდა ილხანთა სარდალი ფილარგუნი, რომელმაც მოითხოვა სისში მეჩეთის აგება, რაც ქვეყნის ისლამიზაციის დაწყების საწინდარი უნდა გამხდარიყო. ბიძა-ძმისშვილი წინააღმდეგი წავიდნენ, რის გამოც 17 ნოემბერს ბილარგუნმა ისინი ანაზარბის ციხე-სიმაგრეში დახოცა.
მაშინ კილიკიის ტახტზე ჰეთუმის მორიგი ძმა ოშინი უნდა ასულიყო, რომელსაც კონსტანტინეპოლიდან ახლადდაბრუნებული სმბატი დაუპირისპირდა. შიდა ბრძოლა ოშინმა (1308-1320) მოიგო ტახტი ტაიკავა. სმბატი გადაიხვეწა (სხვა ვერსიით ტყვედ ჩაუვარდა ოშინს და მოკლეს). ოფიციალურად ოშინი მეფედ 1309 წლის 4 სექტემბერს ეკურთხა ქ. ტარსის წმ. სოფიას ტაძარში.
ოშინი დასავლეთის დახმარების იმედით განაგრძობდა ლათინიზაციის პოლიტიკას და აძლიერებდა უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან, რაც სასტიკ წინააღმდეგობას აწყდებოდა მოსახლეობაში. საპასუხოდ ოშინი მასობრივ რეპრესიებს მიმართავდა და ყოველგვარ გამოსვლებს სისხლში ახშობდა.
ოშინი ტახტზე ასვლისთანავე დაესხა თავს ბილარგუნის რაზმს და გააძევა ქვეყნიდან. მიუხედავად ყაენის მიერ ბილარგუნის სიკვდილით დასჯისა ამიერიდან კილიკიის კავშირი მონღოლებთან სამუდამოდ შეწყდა. 1314 წელს კი მოხდა მონღოლთა პირველი თავდასხმა კილიკიაზე. ამიერიდან ისინი, თურქებით სამეფოს.
ამ პერიოდში კილიკიის საგარეო კურსი დასავლეთზე იყო ორინეტირებული თუმცა იქიდან დახმარება არასდროს მოდიოდა. მეტიც, არმენიის სამხედრო სამსახურში დგომის სანაცვლოდ ჯვაროსნულ ორდენებს კილიკიაში გადაცემული ჰქონდათ მამულები, თუმცა ისინი არასდროს ასრულებდნენ მოვალეობას. ამის გამო გაბრაზებულმა ოშინმა 1317 წელს რამდენიმე კათოლიკურ ორდენს წაართვა მამულები და მთელი ხაზინა, რამაც 1318 წლისთვის კილიკიასა და ჯვაროსნული კიპროსის სამეფოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კიპროსის მეფე ჰენრი II ლუზინიანი (1285-1306; 1310-1324) ისედაც უკმაყოფილო ოყო ოშინზე, რადგან მან შეიფარა ჰენრის მოწინააღმდეგე ძმის ამორი ტიროსელის (კიპროსის რეგენტი 1306-1310) ცოლშვილი, რომელნიც თავის მხრივ ოშინის და და დისშვილი იყო. ამას დაემატა ჰენრის მომხრე ჰოსპიტალიერთა კილიკიიდან განდევნა, რამაც ქვეყნები ომის ზღვარზე მიიყვანა. ამ დროს რომის პაპი იოანე XXII ჩაერია და მხარეები დაამშვიდა.
1320 წელს დრაზარკის სასახლეში ოშინი გარდაიცვალა. ერთი ცნობით ის მოწამლეს. მაშინ ტახტზე მისი ძე მცირეწლოვანი ლევონ V ავიდა. ამის გამო შეიქმნა რეგენტთა საბჭო მეფის დედისძმა ოშინ კორიკოსელის მეთაურობით.
ოშინ კორიკოსელი მეფე ოშინის ბოლო წლებში არმიის სარდალი იყო და წარმატებულად იცავდა ქვეყნის ჩრდ. საზღვრებს. 1318 წელს მან დაამარცხა ქვეყანაში შემოჭრილი ყარამანიდების ლაშქარი.
ოშინ რეგენტმა მეფეზე გავლენის გასაზრდელად დააქორწინა 1320 წლის დეკემბერშივე იგი თავის ქალიშვილ ალისაზე, ხოლო თვითონ შეირთო გარდაცვლილი მეფე ოშინის ქვრივი (მეორე ცოლი) ჟანა ანჟუელი. რეგენტის საქციელი არ მოეწონათ თავადებს, რამაც ქვეყანაში ახალი არეულობები გამოიწვია.
1321 წელს მონღოლები ისლამ გაზანის სარდლობით შეესივნენ კილიკიას და გააპატრახეს ქვეყანა.
1322 წელს უკვე ეგვიპტელი მამლუქები შემოიჭრნენ, თავს დაესხნენ ქ. აიიასს და დაანგრიეს მისი ციხე-სიმაგრე. მაშინ პაპ იოანე XXII-მ წერილი გაუგზავნა მონღოლებს, რითაც შეახსენა მათ შორის გაფორმებული ალიანსი და სთხოვა, რომ დახმარებოდა სომხებს. მისივე შუამდგომლობით კიპროსის მეფე ჰენრიმ დაივიწყა ძველი მტრობა და დამხმარე რაზმი გაუგზავნა სომხებს. სომეხთა კათალიკოსი, რომელიც ხედავდა ქვეყნის გამოუვალ მდგომარეობას, გაემგზავრა კაიროში და 1323 წელს გააფორმა 15 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება სულთანთან, თუმცა შემდგომ წელს მამლუქთა შემოსევები ისევ განახლდა და ქვეყანა პარტახდებოდა.
ამ დროს ძალაუფლების გასამყარებლად ოშინ კორიკოსელი განაგრძობდა ტახტის მოცილეთა მოშორებას. 1323 წელს მან მოჰკლა მეფის მამიდა იზაბელა (ამორი ტიროსელის ქვრივი) და მისი უფროსი ძე ოთხი ძიდან. იზაბელას მეორე ძე გი დე ლუზინიანი (მომავალში კილიკიის მეფე კოსტანდინ IV) კონსტანტინეპოლში იყო შეფარებული დეიდასთან - ბიზანტიის დედოფალ რიტასთან. ხოლო ორი სხვა ძე - ჟანი და ბოემუნდი ჰოსპიტალიერებმა გააპარეს როდოსზე.
რეგენტი ვერაფერს აკეთებდა ყარამანიდების, მამლუქებისა და ილხანების შემოსევების შესაკავებლად და უშედეგო ხსნას კვლავ ქვეყნის ლათინიზაციაში და პაპთან კავშირში ხედავდა. დაახლ. 1328 წელს პაპს თხოვა კიდეც კორიკოსში დაეარსებინა კათოლიკური ეპისკოპატი.
1329 წელს ლევონი სრულწლოვანი გახდა, მეფობას შეუდგა და უმალვე დაახოცინა რეგენტი ოშინი და მისი ასული, საკუთარი ცოლი ალისა.
ლევონს გაპარტახებული ქვეყანა ერგო და ხსნას წინაპრებივით ლათინურ სამყაროსთან დაკავშიურებაში ხედავდა, ამიტომ მაქსიმალურად უწყობდა ხელს რომისა და სომხური ეკლესიების გაერთიანებას.
1331 წელს ლევონი მეორედ დაქორწინდა. მისი ცოლი გახდა კათოლიკე პრინცესა, კიპროსის მეფე ჰენრი ლუზინიანის ნაცოლარი კონსტანცია სიცილიელი, რამაც გააძლიერა სისის სასახლის ლათინიზაცია. მეფის მეორე ქორწინებამ დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, მას აუმხედრდნენ ბარონებიც. მეფემ გადააყენა უნიის მოწინააღმდეგე კათალიკოსი აკოფ II და ეკლესიის თანხმობის გარეშე დანიშნა თავისი კანდიდატი. მაგრამ საეკლესიო კრება არ დაემორჩილა და აირჩიეს მხითარ I. მაშინ ბენედიქტე XII-მ პირდაპირ განუცხადა სომეხთა ეკლესიას და მეფე ლევონს, რომ მანამ ვერ მიიღებენ დახმარებას დასავლეთიდან, სანამ არ აღიარებენ კათოლიციზმს და უნიას არ გააფორმებენ ოფიციალურად. ასე რომ მოსახლეობის და ეკლესიის მასობრივი წინააღმდეგობის გამო კილიკიის სომხეთი გაკათოლიკებას გადაურჩა, თუმცა პაპისგან დამხარების იმედიც დაიკარგა.
1332 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუამ გამოხატა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის სურვილი და მის გეგმაში კილიკიას პლაცდარმის როლი უნდა შეესრულებინა. ამ მიზნით ფრანგთა მეფე პირდებოდა ლევონს თანხების გამოყოფას კილიკიის სიმაგრეების აღსადგენად. მაგრამ მალე ინგლისთან ურთიერთობა დაიძაბა და „ასწლიანი ომი“ დაიწყო, რამაც ჯვაროსნული ლაშქრობა ჩაშალა.
ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ ხმამ გააცოფა მუსლიმი მმართველები. ეგვიპტის სულთნის თანხმობით 1335 წელს კილიკიას თავს დაესხნენ დამასკისა და ხამის ემირები და ქვეყანა გააპარტახეს. ათასობით დევნილი დედაქალაქ სისს მიაწყდა. ლევონმა ელჩები აფრინა ეგვიპტის სულთანთან მშვიდობის სათხოვნელად, თუმცა სულთანმა არმენიელი ელჩები არ მიიღო.
ერთი წლის შემდეგ კილიკიაზე თავდასხმა განმეორდა, რასაც მოჰყვა ძარცვა და გადაწვა მთელი რიგი დასახლებებისა. სომეხმა ელჩმა პაპ ბენედიქტესგან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ პაპმა თხოვა საფრანგეთის მეფეს ხორბალი გაეგზავნა კილიკიაში და ეშუამდგომლა კუნძულურ სახელმწიფოებთან, მაგრამ ფილიპეს არ ეცალა კილიკიისთვის.
1337 წელს მამლუქთა მესამე თავდასხმა მოხდა, რასაც სრულიად კატასტროფული შედეგები მოჰყვა. ლევონმა მშვიდობის სანაცვლოდ დათმო მდ. პირამოსის მარცხენა ნაპირი და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო პორტი აიიასი. ამის მიუხედავად 1341 წელს მუსლიმებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და კვლავ დალაშქრეს კილიკია.
1342 წლის 26 აგვისტორს უნიის მოწინააღმდეგეთა მღელვარების დროს ლევონი მოკლეს. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტის მთავარი კანდიდატი მისი მამიდაშვილი გი დე ლუზინიანი გახდა, რომელიც ბიზანტიაში ცხოვრობდა და სერრეს ოლქის გუბერნატორი იყო.
გის ჩამოსვლამდე კილიკიას დროებით სათავეში მისი ძმა ჟანი ჩაუდგა. 1343 წელს გი კილიკიაში 300 ჯვაროსნის თანხლებით ჩამოვიდა და არმენიული ტრადიციით ეკურთხა მეფედ კოსტანდინ IV-ის სახელით.
ახალი მეფე, იმის ნაცვლად რომ თავდაცვითი ღონისძიებები გაეტარებინა მამლუქებისა და ყარამანიდების შემოსევებისგან თავის დასაცავად, ძალაუფლება გადასცა უნიის მომხრეებსა და ჯვაროსნებს, დევნა გამოუცხადა სომეხ თავადებს და ართმევდა მათ მამულებს. 1344 წელს სომეხმა თავადებმა ოშინ ბაკურანის მეთაურობით ადანში აჯანყება მოაწყვეს და მეფე 300 თანმხლებით სიცოცხლეს გამოასალმეს.
მაშინ არმენიის მეფედ დაჯდა მოკლული მეფის მამიდაშვილის შვილი, იზაბელა ლუზინიანისა და კოსტანდინ ნეგირ-ჰეთუმიდის შვილის, ნეგირის სენიორ ბალდუინის ძე კოსტანდინ V. მას ცოლად ჰყავდა ოშინ კორიკოსისა და ჟანა ანჟუელის ასული მარია.
ახალმა მეფემ პირველ რიგში მეტოქეების დახოცვა ბრძანა. კოსტანდინ III-ის ძმის (ჟანის) შვილებიდან ბოემონი მოკლეს, ხოლო ლევონმა კიპროსზე გაასწრო (მოგვიანებით იგი კილიკიის სომხეთის უკანასკნელი მეფე გახდა).
1346 წელს კოსტანდინმა გააერთიანა არმენიელ თავადთა ძალები, განდევნა ქვეყნიდან მამლუქთა და რუმელი თურქმენები და გაათავისუფლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე კაპანი.
1347 წლის ზაფხულში გაანადგურა მამლუქთა შემოჭრილი ლაშქარი, ხოლო შემოდგომაზე კიპროსის ფლოტის დახმარებით გაათავისუფლა საზღვაო პორტი აიიასი. კოსტანდინმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ წარმატებით და შესთავაზა ზავი მისთვის ხელსაყრელი პიურობებით. სულთანმა კი ამაზე უარი უთხრა, მიიღო ალეპოს ემირისა და რუმის სულთნისგან სრული მხარდაჭერა, დაესხა კილიკიას. მამლუქებმა აიღეს აიიასი, რუმელებმა აიღეს პაპერონის ციხე-სიმაგრე, ხოლო ალეპოს ემირმა კილიკიის აღმ. რეგიონები.
1348-49 წლებში ეგვიპტეში ატეხილი ტახტისთვის ომებით ისარგებლა კოსტადინმა ჰოსპიტალიერ რაინდების დახმარებით დაამარცხა ალეპოს ემირი და მიაღწია ალექსანდრეტის უბემდე.
კოსტანდინ V-ს მოწყინდა პაპის ცრუ დაპირებები და 1361 წელს კათალიკოს მესროპ I-ს სისში მოაწვევინა საეკლესიო კრება, რომელმაც სრულიად უკუაგდო უნია და გააუქმა ყველა კათოლიკური და ლათინური წესები ეკლესიაში.
ერთი წლის შემდეგ მეფე უძეოდ გარდაიცვალა და კილიკიის ტახტზე მისი ბიძაშვილი, კოსტანდინ VI ჰეთუმ ნეგირელის ძე (1362-1373) ავიდა, რომელმაც შეირთო გარდაცვლილი მეფის ქვრივი მარია.
კოსტანდინ VI-მ კავშირი გააბა კიპროსის მეფე პიერ I ლუზინიანთან (1358-1369), რის სანაცვლოდ პორტი და ციხე-სიმაგრე კორიკოსი გადასცა. პიერის სიკვდილის შემდეგ კილიკიის მეფე უკვე ეგვიპტის სულთან კავშირის გაბმას ცდილობდა. ამით უკმაყოფილო იყვნენ ბარონები, რომლებიც შიშობდნენ, რომ მეფე სულთანს მთელ ქვეყანას დაუთმობდა, ამიტომ სიცოცხლეს გამოასალმეს 1373 წელს და ტახტზე მოიწვიეს კიპროსში გახიზნული ლევონ VI ჟანის ძე ლუზინიანი (მისი დედა საქართველოს მეფე გიორგი V-ის ასული სოლდანა იყო).
ლევონი კიპროსზე იყო გაზრდილი ჯვაროსნების გარემოცვაში და თვითონაც 1360 წლიდან იყო ნაკურთხი რაინდ-ჯვაროსნად. 1374 წელს ჯვაროსანი-რაინდი ლევონ დე ლუზინიანი ჩავიდა ქალაქ სისში, სადაც 14 სექტემბერს მეფედ აკურთხეს, თუმცა მისმა ტახტზე ჯდომამ 7 თვეს გასტანა. კილიკიის სომხეთი მაშინ დასუსტებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1475 წლის გაზაფხულზე ქვეყანას მამლუქები შემოესივნენ. ლევონმა ვერ შეძლო წინააღმდეგობის ორგანიზება და სისში შეიკეტა. მამლუქებმა რიგ-რიგობით ყველა ქალაქი და ციხე-სიმაგრე აიღეს და სისს ალყა შემოარტყეს. დაჭრილი მეფე ბოლოს სიცოცხლის შენარჩუნების პირობით დანებდა და ოჯახითა და კათალიკოს პოღოს I-თან ერთად გაგზავნილ იქნა კაიროს საპყრობილეში.
ერთი წლის შემდეგ კათალიკოსმა გამოისყიდა თავი და დედოფალი მარიუნი ტყვეობიდან. ლევონის მეუღლე, რომელსაც ორივე ქალიშვილი ტყვეობაში დაეღუპა, იერუსალიმში, სომხურ მონასტერ სურბ აკობში (წმ. იაკობ) დასახლდა სიცოცხლის ბოლომდე.
რამდენიმე წლის შემდეგ კასტილიის მეფე ხუან I-მა ლევონ VI გამოიწყიდა. ნამეფარი ევროპაში გაემგზავრა და 20 წელი პატივით ცხოვრობდა ინგლისში, ესპანეთსა და საფრანგეთში. სომეხთა უკანასკნელი მეფე გარდაიცვალა პარიზში 1393 წლის 29 ნოემბერს და დაკრძალულ იქნა ცელესტინების მონასტერში. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ლევონის ცარიელი საფლავი გადაიტანეს სენ დენის მონასტერში, ხოლო მისი ნეშტი საფრანგეთის მეფეების ნეშტებთან ერთად განადგურებულ იქნა ფრანგი რევოლუციონერების მიერ.

Комментариев нет:

Отправить комментарий