суббота, 10 февраля 2018 г.

რუხის ბრძოლა (1780 წ.) და მისი მნიშვნელობა (პ. გაბისონია)

გვიანი შუა საუკუნეების ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მიგრაციული პროცესები განვითარდა, რამაც ღრმა კვალი დაამჩნია ამ მხარის ეთნიკურ სურათს. მოყოლებული XVI საუკუნიდან ადიღეურ-აფხაზური მოდგმის ტომები ეტაპობრივად მკვიდრდებოდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთამდე. ეს პროცესი XVIII საუკუნის II ნახევრამდე მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ განუხრელად ხორციელდებოდა. ამ მიგრაციის დროს ადიღეურ-აფხაზური მოდგმის ტომები, რომლებსაც ქართული საისტორიო წყაროები ტრადიციის მიხედვით ისევ აფხაზებად, ოღონდ ,,უღმთოდ და უსჯულოებად მოქცეულ აფხაზებად“ იცნობს, მკიდრ ქართულ მოსახლეობას ადგილზე აღარ აჩერებს, ანუ მათთან თანაცხოვრებას ვერ იწყნარებს. აქედან მოყოლებული ქართული მოსახლეობა ან გაჟლეტის ან ტყვედ გაყიდვის ობიექტი ხდება. აფხაზურ ენაში ტყვის სინონიმად სიტყვა ,,აგრუა“ _ იგივე მეგრელი ხდება.
თავის მხრივ ოდიშის (სამეგრელოს) ჯერ ერისთავები, შემდეგ კი მთავრები ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ლაშქრობებს აწყობენ. ამ მხრივ აღსანიშნავია ოდიშის ერისთავ მამია III დადიანის და გურიის ერისთავ მამია I გურიელის ერთობლივი საზღვაო ლაშქრობა შავიზღვისპირეთში ჯიქების წინააღმდეგ, რომელიც მარცხით დამთავრდა. ოდიშის პირველ მთავარ ლევან I დადიანსაც საომარი მდგომარეობა ჰქონდა ჯიქთა ტომებთან. ლევან II დადიანმა 1628 და 1634 წლებში მდინარე კელასურს იქითა აფხაზეთში ილაშქრა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
აფხაზი მფლობელები ოდიშის მთავრის სიუზერენობას აღიარებდნენ, გამოყავდათ ლაშქარი საჭიროების შემთხვევაში, ზოგჯერ გასაჭირში მყოფი სამეგრელოს მთავრები აფხაზებს აფარებდნენ თავს, მაგრამ როგორც კი სამეგრელოს მთავრის ხელისუფლება შესუსტდებოდა, აფხაზები უმალვე იწყებდნენ თარეშს და ახალ ექსპანსიას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ. თუ ჯერ კიდევ XIV საუკუნეში იტალიური საისტორიო წყაროების მიხედვით სოხუმი სამეგრელოს სანავსადგურო ქალაქი იყო, XVII საუკუნის შუა ხანაში საზღვარი სამეგრელო _ აფხაზეთს შორის მდინარე კელასურზე გადიოდა, სადაც ლევან II-მ სანაპიროდან მთებისაკენ სიმაგრეთა მთელი სისტემა შექმნა აფხაზური ტომების თავდასხმების აღსაკვეთად. ლევან II-ის შემდეგ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე აფხაზი მფლობელები შარვაშიძეები უფრო მეტად აქტიურდებიან.
1660-იანი წლებიდან დასავლეთ საქართველოში შინა ომი დაიწყო, რითაც აფხაზებმა და მათმა მონათესავე ადიღეური მოდგმის ტომებმა კარგად ისარგებლეს. 1672 წელს ჟან შარდენის ცნობით, აფხაზებმა სამეგრელოს სამთავროს ტერიტორია ისგაურიდან (ტყაურუ, სკურჩა) ანაკლიამდე საფუძვლიანად დაარბიეს. Aმ დარბევაზე ამახვილებდა ყურადღებას ვახუშტი ბატონიშვილი, როდესაც წერდა: ,,ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან“. აფხაზები ძარცვავენ ცაიშის და წალენჯიხის ეკლესიებს, არბევენ და ტყვეებად მიჰყავთ მოსახლეობა. იტალიელი კათოლიკე მისიონერის ძამპის ცნობით „სამეგრელო სამეგრელო აღარ არის... მუდამ აფხაზის დაცემის შიშია“. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ დადიანის სამფლობელო ,,აბაზგებმა გაანადგურეს... აიკლეს მოქვი, ხოფი, ქიაჩი, ზუგდიდი“. XVII საუკუნის 60_70-იან წლებში აფხაზთა ამ თავდასხმებს ხელმძღვანელობს საუსტან შარვაშიძე. აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ტერიტორია მდინარე კელასურიდან ღალიძგამდე, რასაც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: ,,იყო ჭირი დიდი ოდიშს, როგორც აღვწერეთ და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდნენ ნავებითა და ხმელეთს და სტყვევნიდნენ, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქვს ეპისკოპოსნი“.
ვახუშტიმ ძალიან კარგად დაინახა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩვეულებრივი, ფეოდალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ომი. ნიშანდობლივია მისი ტერმინი _ ,,დაეშენებოდნენ“, ანუ ეს იყო ახალი ტერიტორის, სამკვიდრებელისათვის ბრძოლა.
1681 წელს, როდესაც ოდიშის მთავარი ლევან III გარდაიცვალა, გარკვეული არეულობით ისარგებლა საუსტან შარვაშიძის ვაჟმა სავარეხმა (სორეხ) და თავი ოდიშის მთავრად გამოაცხადა. თუმცა ის წინ ვერ აღუდგა სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივ გამგებელ გიორგი ჩიქვანს, იგივე ლიპარტიანს. სავარეხმა ოდიშის სამ თავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე კონტროლი მაინც შეინარჩუნა.
აფხაზი მფლობელები მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით არბევდნენ ქართულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული მოსაზრებით მაინც იყვნენ კავშირში ქართულ ფეოდალურ სამყაროსთან. თვითონ მათი ფეოდალური სახლის კულტურული გარემო მაინც ქართულ კულტურას და ენას უკავშირდებოდა. ისინი დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ. 1689 წლისთვის არჩილ მეფეს, რომელიც აფხაზეთში გადავიდა, ღირსეული მასპინძლობა გაუწია აფხაზთა უპირველესმა თავადმა ზეგნაყ შარვაშიძემ (ვახუშტი).
მიუხედავად იმისა, რომ სორეხ შარვაშიძემ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია მიიტაცა, ეს მიწაწყალი მაინც სამეგრელოდ იწოდებოდა და სორეხი აფხაზთა უპირველეს ზეგნაყს, მის ბიძას არ ემორჩილებოდა. 1685 წელს აფხაზები სორეხის სამფლობელოს შემოესივნენ და აიკლეს. ზეგნაყის შემდეგ მისმა შვილებმა მდინარე ბზიფსა და ენგურს შორის ტერიტორია დაინაწილეს. უფროსმა როსტომმა დაისა-კუთრა მდინარეებს _ ბზიფსა და კოდორს შორის მიწა-წყალი, შუათანა ჯიქეშიამ კოდორსა და ღალიძგას შორის ტერიტორია (აფხაზურად „აბჟუა“ _ შუა ნაწილი), ხოლო უმცროსმა ყვაპუმ ღალიძგასა და ენგურს შორის მიიღო სამფლობელო. ყვაპუს მემკვიდრის მურზაყანის სახელის მიხედვით ამ ტერიტორიას შემდგომ სამურზაყანო ეწოდა. ყვაპუმ ბზიფის აფხაზეთიდან გადმოასახლა თავად-აზნაურთა რამდენიმე გვარი: ანჩაბაძე, ემხუარი, მარღანია, ინალიფა, რომლებმაც თავიანთი მოკიდებული გლეხებიც წამოიყვანეს. Mაგრამ მიუხედავად ამისა ღალიძგასა და ენგურს შორის მოსახლეობა ძირითადად მაინც ქართული დარჩა, რასაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ გაცემული დოკუმენტებიც ადასტურებს.
აფხაზებმა განდევნეს მდინარე კელასურსა და ღალიძგას შორის ტერიტორიაზე მოსახლე ქართული მოსახლეობა და თვითონ დამკვიდრდნენ. მათ ამ პროცესისი განხორციელება ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორიაზე ვერ მოახერხეს. აქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული იყო, ხოლო გაბატონებული მდგომარეობა აფხაზმა ფეოდალებმა მოიპოვეს.
1702 წელს იმერეთი ფაქტობრივმა მმართველმა გიორგი აბაშიძემ და სამეგრელოს ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა ერთობლივად გაილაშქრეს აფხაზებზე და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს (ვახუშტი). ენგურსა და ღალიძგას შორის მიწა-წყალი ისევ ოდიშის სამთავროს იურისდიქციაში მოექცა, თუმცა ამ მხარის გამგებლობა ყვაპუ შარვაშიძის მემკვიდრეებს დარჩათ.
1703 წელს ოსმალეთის იმპერიამ დასავლეთ საქართლოს სრული დაპყრობა განიზრახა. თუმცა მათი ეს მცდელობა მალევე მარცხით დამთავრდა. ქართველებთან ერთად აფხაზებმაც მიიღეს მონაწილეობა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1723 წლისთვის თურქ-ოსმალებმა მაინც მოახერხეს საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურებში: ფოთში, ანაკლიაში და სოხუმში თავიანთი მეციხოვნეების ჩაყენება. შარვაშიძეებმა მალე მოახერხეს ოსმალებთან საერთო ენის გამონახვა. 1744 წელს მანუჩარ შარვაშიძე ბათუმის ბეგად იჯდა, ზურაბი სოხუმის, ხოლო შერვანი ფოთის ციხეს განაგებდა. ზურაბმა თავისი ძმისწული ქელაიშ აჰმად ბეგი (მანუჩარის ძე) თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, ხოლო მეორე ძმისშილს ბექირ ბეის (შერვანის ძე) აბჟუა უბოძა. შემდგომში ამ ორმა სამეგრელოს წინააღმდეგ ლაშქრობის მოწყობაში, რასაც რუხი ბრძოლა მოჰყვა, დიდი როლი ითამაშეს.
XVIII საუკუნის II ნახევარში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლამ დასავლეთ საქართველოში ფართო გაქანება მიიღო და ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში იმერეთის სახელოვანი მეფე სოლომონ I (1752_1784) ჩაუდგა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ომში ოსმალები სასტიკად დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას ოდიშის და გურიის სამთავროების ლაშქარიც ეხმარებოდა. სამეგრელოს ჯარს კაცია დადიანი სარდლობდა და მას სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შარვაშიძეც თან ახლდა, რომელიც ხრესილის ბრძოლაში გმირულად დაეცა.
სოლომონ I-ის მოწვევით 1770_1771 წლებში დასავლეთ საქართველოში რუსეთის სამხედრო საექსპედიციო კორპუსი იმყოფებოდა. იმერეთის და რუსეთის გაერთიანებულმა ჯარმა იმერეთიდან ოსმალები გააძევა. ოსმალებმა სამეგრელოში დაცალეს ანაკლიისა და რუხის ციხე-სიმაგრეები. ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში სამეგრელოს მთავარი კაცია II დადიანი (1758_1788) იმერეთის მეფეს და რუსების საექსპედიციო კორპუსს კი ეხმარებოდა, მაგრამ საკმაოდ ორჭოფული მდგომარეობა ეკავა, რადგან ხრესილის ბრძოლის შემდეგ მას სოლომონ I-თან ურთიერთობა დაეძაბა. 1774 წელს, ქუჩუკ კაინარჯის ზავის შემდეგ ოსმალეთს იმერეთი ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. სულთნის კარმა სამეგრელოში პოზიციების განმტკიცება გადაწყვიტა და ასეთ ვითარებაში, კაცია II-მ რადგან რუსებთან და იმერეთის მეფესთან ერთად მათ წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა, აფხაზი მფლობელები წააქეზა სამეგრელოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოეწყოთ. აფხაზი თავადები ამ ლაშქრობისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ. საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეკრებილი მოლაშქრეების გარდა, მათ მოუწოდეს მეზობლად მცხოვრებ ჯიქებს, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ადიღეურ_ჩერქეზული მოდგმის ტომებს, ყირიმელ თათრებს სამეგრელოში ერთობლივ ლაშქრობაზე. ოსმალებმა მათ ზარბაზნებიც მიაშველეს.
გაერთიანებულ კოალიციას სათავეში ჩაუდგნენ: აფხაზ თავადთაგან უპირველესი ზურაბ შარვაშიძე, სოხუმის ციხის გამგებელი და ზურაბის მემკვიდრე ქელაიშ აჰმად ბეგი, აბჟუას მფლობელი ბექირ ბეი. გადამწყვეტ მომენტში სამეგრელოს მთავარს განუდგა და მათ მიემხრო სამურზაყანოს გამგებელი ლევან შარვაშიძე. ზოგიერთი წყაროს ცნობით გაერთიანებული ჯარის სარდალი არა ზურაბ შარვაშიძე, არამედ ქელაიშ აჰმად ბეგი იყო.
კაცია II დადიანი მოახლოვებულ საფრთხეს კარგად მომზადებული შეხვდა. შეკრიბა ოდიშის, ლეჩხუმის და სვანეთის ლაშქარი, მაგრამ ისტორიკოს ნიკოლოზ დადიანის სიტყვებით: „რა სცნო სიმრავლე და ძალი შარვაშიძეთა, მაშინ თუმცა იყვნენ მტერად მეფე სოლომონ და დადიანი, მაგრამ მაინც მიუწერა ავრათი მეფესა და შეუთვალა: მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოისა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა და ნუ მოიხსენებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვნითა გულითა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“. სოლომონ I-მა უმალ გაიაზრა თუ რა საფრთხის მატარებელი იყო დასავლეთ საქართველოსთვის აფხაზთა და მათი მოკავშირეების თავდასხმა სამეგრელოს სამთავროზე. ის თავისი ლაშქრით სოფელ ბანძასთან მივიდა, იქ დაიბარა გურიის მთავარი ჯარით, შემდეგ გაერთიანებულ ლაშქარს თავად წარუძღვა და რუხის ციხე-სიმაგრესთან შეუერთდა ოდიშის მთავრის მოლაშქრეებს. დადიანი და მისი თანამებრძოლები სოლომონს დიდი სიხარულით შეეგებნენ.
ბრძოლა გაიმართა 1780 წლის მარტში რუხის ციხესთან ახლოს ენგურის ნაპირას და ის ისტორიაში რუხის ბრძოლის სახელით შევიდა. სიმრავლით შეგულიანებული მომხდურები ნიკო დადიანის სიტყვებით: „შემდგომად რაოდენიმე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი მიურიდებლად გამოვიდნენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა. მეორესა დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართენ ზარბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქათ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი, და შეიქმნა საშინელი ბრძოლანი. მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერთ-ოდიშართასა და მიუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი, და შევიდნენ სპანი მეფისა და დადიანისანი რაზმსა შუა. და მხილველი ამისანი აფხაზნი ვერ წინაღუდგნენ, და ილტვოდნენ აფხაზნი მრავალნი და შეპყრობილიცა წარმოიყვანეს მრავალნი ტყვედ და გამარჯვებული და მხიარულ ქმნილნი უკმოიქცნენ“.
რუხის ბრძოლაში ქართველთა დიდმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა აფხაზთა შემდგომ შეტევებს ოდიშის სამთავროზე და მათ ექსპანსიას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ ბრძოლის მონაწილე პოეტმა ბესარიონ გაბაშვილმა _ ბესიკმა პოემა ,,რუხის ბრძოლა“ დაწერა. მომდევნო საუკუნეშიც არ განელებულა ამ ომის მიმართ ინტერესი. რუხის ბრძოლას პოემები უძღვნეს გრიგოლ დადიანმა (კოლხიდელმა) და დავით დადიანმა (ნოღელმა). შემოინახა ზეპირთქმულებანიც, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა კრებულ ,,ძველ საქართველოში“ გამოაქვეყნა. ამ ზეპირთქმულებების საფუძველზე მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ შესანიშნავი მოთხრობა „რაინდები“ დაწერა.
რუხის ბრძოლის შემდეგ აფხაზეთში შიდა დაპირისპირება დაიწყო და უკვე სამეგრელოს მთავარი ჩაერია მათ შიდა საქმეებში. სამურზაყანოს ტერიტორია ისევ სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში დარჩა. აფხაზებს ამის შემდეგ აღარ უცდიათ ქართული ტერიტორიების შემდგომი ათვისება.

Комментариев нет:

Отправить комментарий