вторник, 6 февраля 2018 г.

ალ-ფარიკის (1116-1181) ცნობები დავით IV-ის, დემეტრე I-ის და გიორგი III-ის შესახებ.

აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი იყო არაბი ისტორიკოსი და მოგზაური. მოიარა სირის, ბაღდადი, ხლათი და საქართველო და ამ ქვეყნებში რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა. წელს საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე წელი დაყო მეფე დემეტრე I-ის სამსახურში, დემეტრესთან ერთად მოიარა მთელი სამეფო ალანიიდან დარუბანდამდე. ალ-ფარიკს ეკუთვნის მისი მშობლიური ქალაქის ისტორიათარიხ მაიაფარიკინი“. თხზულება წარმოადგენს ერთგვარ მოკლე ენციკლოპედიას, რომელშიაც გადმოცემულია სახალიფოსა და მთელი რიგი მუსლიმანური სახელმწიფოების ისტორია VII-XII საუკუნეებში. თხზულებას პირველხარისხოვანი წყაროს მნიშვნელობა აქვს XII საუკუნის საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ეს ეხება განსაკუთრებით მეფე დემეტრე I-ის ხანას, მოცემულია ცნობები აგრეთვე დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის შესახებ.
მაიაფარიკინის ისტორია
მე ვნახე ისინი (დერბენდის ახლოს მცხოვრები არაბები) 549 (1154) წელს, სახელდობრ როდესაც გავემგზავრე . თბილისს და დავრჩი იქ იმ ზამთარს. შემდეგ შევედი აბხაზთა მეფის, თბილისის მფლობელის, სამსახურში და მასთან ერთად გავედი თბილისიდან მის ლაშქარში მყოფი. მეფემ დაიწყო თავის სამფლობელოს შემოვლა კიდით-კიდემდე; ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა. მეც მასთან ვიყავი. ერთ დღეს, როდესაც ჩვენ გავჩერდით დარბანდის ვილაიეთში, - ეს არის ხაიზურანის (ხაზარანის) დარბანდი, - რომლის შესახებაც ამბობენ, რომ პირველად ააშენა ხოსრო კუბაზმა, მეფემ დატოვა ლაშქარი კოშკში მთის ძირას. დარუბანდის მეფე იგია ამირა აბუ ელ მუზაფარი გამოვიდა აბხაზთა მეფის სამსახურად და აახლა მას მსახურნი მისნი იქ ყოფნისა და ლხინისათვის საჭირო ნივთებით და სურსათ-სანოვაგით, რადგანაც იგი იყო სიძე აბხაზთა მეფისა და ცოლად ყავდა მისი ასული.
აბხაზთა მეფე მაშინ იყო დიმიტრი, დავითის ძე, დავითიანი რომელიც ჰუსამ ალ მასიჰად (მესიის მახვილად) იწოდებოდა. მეფე და მისი ლაშქარი დაბანაკდნენ იმ ველზე და მეც მათთან ერთად ვიყავი“. ერთი საათი არ გასულიყო, რომ იმ სოფლებიდან ლაშქართან ხალხის ჯგუფი მოვიდა. მე დავინახე ერთი მათგანი, რომელმაც იმ ადგილთან გაიარა, სადაც მე ვიდექი. იგი არაბულად ლაპარაკობდა. მე გამიკვირდა ეს და ვუთხარი: „საიდან ხარ, ყმაწვილო? მე ჯერ არ მინახავს ამ ქვეყანაში, რომელიც არაბულად ლაპარაკობდეს“. მან მიპასუხა: „მე იმ სოფლიდან ვარ“ - და მიუთითა სოფელს ამ მთის შუაში მწვერვალზე რომ იყო. ვკითხე: საიდანაა ეს არაბული მეტყველება? თქვა: მეცა და ყველანი ჩვენს სოფელში არაბები ვართ და ჩვენ ვლაპარაკობთ არაბულად.“ ვკითხე: „რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ?“ მიპასუხა: „ჩვენ მოვედით აქ დაახლოებით 500 წლის წინათ, ან მეტი ან ნაკლები“. ვკითხე: „რომელი არაბებიდან ხართ თქვენ? „თქვა: „ჩვენ ბანუ უმაიას, ქინდის (ძვ. არაბული ტომები არაბეთის ნკ-დან) და სხვა ტომებიდან ვართ, მაგრამ ახლა ერთმანეთში ავირიეთ“. ვკითხე: „რამ მოგიყვანათ ამ მხარეში?“ მითხრა: „არ ვიცი“. ვუთხარი: „ეჭვი არაა, რომ თქვენ ჰუსეინის (ხალიფა ალისა და მუჰამედის ასულ ფატიმას ძე. მოკლეს ქერბალასთან 680/1 წელს), მშვიდობა მას, - მკვლელების შთამომავალნი ხართ, იმათთაგანი, ვინც გაექცა მუხთარ იბნ აბუ უბაიდას (მავალების აჯანყების მეთაური ერაყში 684-685 წლებში). თქვა: „საიდან იცი?“ ვუპასუხე: „დაწერილიდან, რომ ჰუსეინის მკვლელთა ერთი ჯგუფი გამოიქცა დარბანდში“.
ის ღამე გავიდა. მეორე დილით ჩემთან მოვიდა ეს კაცი. თან ხალხი ახლდა. ერთხანს ვისაუბრეთ. მათ შორის ერთი მოხუცი იყო, სახელად მუჰამად იბნ იმრანი. მე დავუწყე მათ გამოკითხვა ამ მხარეში მათი ცხოვრების შესახებ, როგორ დაემკვიუდრნენ აქ და უკან არ დაბრუნდნენ. მიპასუხა: „ეს ადგილი ჩვენს სამშობლოდ იქცა“. ვკითხე: „როგორ არ დაგავიწყდათ არაბული ენა?“ მიპასუხა: „ჩვენ გადავცემთ მას ერთმანეთს და არ ვტოვებთ არაბულ ლაპარაკს. ყოველი ქალი ჩვილს მხოლოდ და მხოლოდ არაბულად ესაუბრება და ბავშვი იზრდება არაბულ ენაზე“. ვკითხე: „როგორია თქვენი მდგომარეობა აქ?“ მიპასუხა: „ძალიან კარგი. ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისგან განცალკავებით და ეს მიწა, ზომით 5 კვადრატული ფარსანგი, ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ ვთესავთ იმას, რაც გვჭირდება და არავინ გვიშლის ხელს. ეს ამირა, დარბანდის პატრონი, დიდი ყურადღებით გვექცევა და ყველაფერს გვაძლევს უხვად, რაც გვჭირდება. ასე იყო ყოველი მმართველის დროს. ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ“. შემდეგ დაუმატა: „იცოდე, რომ ჩვენ გამოვექეცით მუხთარ იბნ აბუ უბაიდას. მას კიდევ ერთი ტომი გამოექცა. არც ჩვენ და არც ისინი არ ჩაუვარდნენ მას ხელში. ხომ არ იცი, სად წავიდა ის მეორე ჯგუფი და სად არიან დღემდე?“. ვუპასუხე: „მეორე ჯგუფი გაიქცა მოსულში და ალ-ჯაზირას მთებში. მუხთარმა კაცი გაუგზავნა იბრაჰიმ ალ აშთარ ან-ნაჰაის და მოითხოვა ისინი. ისინი კი გაიქცნენ სანასინის (სასუნი, მხარე არმენიაში) მთაზე, მაიაფარიკინის ზემოთ რომაა და დარჩნენ მეფე სანხერიბთან, სანასინის მეფესთან. ეს არის არმანთა ერთი ჯგუფი“. მან თქვა: „სწორი თქვი, მაგრამ დარჩა ვინმე მათ შთამომავალთაგან ახლა?“ ვთქვი: „დიახ, ისინი სომეხთა ერთ ჯგუფს შეადგენენ“. მათ გაატარეს ეს დღე ჩემთან და დაბრუნდნენ მთაში. მე კიდევ ორი დღე დავრჩი იმ ადგილას ლაშქართან ერთად. შემდეგ იქიდან წავედით.
515 წელს (1121) ტიფლისის ხალხმა მოციქული გაუგზავნა ნაჯმ ად-დინ ილ ღაზის (ართუკის ძე, მარდინისა და მაიაფარიკინის მფლობელი) და მოწვია იგი, რათა ჩაებარებინათ მისთვის ტიფლისი. იგი (ქალაქი) მანამდე მისი ხალხის ხელთ იყო თითქმის 40 წლის განმავლობაში. მისი გამგებელი დაახლოებით 200 წელს იყო ერთი გვარი მის მცხოვრებთაგან, რომლებსაც უწოდებენ ბანუ ჯაფარს. შემდეგ ამოწყდნენ მათი (ამ გვარის) უხუცესები და გადაშენდნენ. მათი ძალაუფლება მისი ხალხის ხელში გადავიდა. მართავდა (მას) მისი ხალხი და ყოვე თვეს მათ საქმეს განაგებდა ერთ-ერთი მათგანი. იყვნენ ასე 40 წელს.
მეფე დავითი, მეფე აბხაზთა და ქართველთა მათ ძლიერ ავიწროვებდა და ისინი გადაშენდნენ. გაუგზავნეს კაცი სულთან თოღრულ ბეგს (სელჩუკიანი უფლისწული, ირან-ერაყის სულთანი 1132-34 წლებში. იგი ამ დროს 11 წლის იყო და მის მხარეს მართავდა ათაბაგი ქეთ-ღონდი), დიდ სულთან მუჰამმადის ძეს (1105-1118), განჯისა და არანის მალიქს (1120-1122 წლებში), რომელმაც გამოუზავნა მათ შიჰნა.
მაგრამ ქართველთა მეფის მხრიდან შევიწროვებამ იმძლავრა. ასე გაგრძელდა ერთ ხანს. მაშინ შეთანხმდნენ, რომ გაუგზავნიდნენ მას (მეფეს) ყოველ წელს 10000 დინარს და იქნებოდა მათთან შიჰნა 10 მხედრით. ამ პირობაზე დარჩნენ რამდენიმე ხანს.
შემდეგ გაუგზავნეს მოციქული ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის და მოიხმეს იგი. ისიც გამოემართა დიდი ლაშქრით. თან ახლდა დუბაის იბნ სადაკა (ნურ ად-დავლა დუბაის II - 1108-1125; . ჰილლასა და ცენტ. ერაყის გამგებელი), მეფე არაბთა, რომელიც იყო ნაჯმ ად-დინის სიძე, მისი ასულის გოჰარ ხათუნის ქმარი. იგი სწორედ ამ წელს მოსულიყო მასთან. ასე წამოვიდა ამ ლაშქრებით.
შეუთვალა მან (ილ-ღაზიმ) შამს ად-დავლა ტუღან-არსლან ალ-აჰდაბს (კუზიანი), არზანისა და ბითლისის მფლობელს, რომელსაც ეკუთვნოდა ქალაქი დვინიც და უბრძანა, რომ მისდგომოდა (თბილისს) აღმოსავლეთის მხრიდან. იგი წამოვიდა და წამოიყვანა ყადი ალამ ად-დინ იბნ ნაბათა, ძე მისი - ყადი ალამ ად-დინ აბულ ფათჰ ალ-ქაბირი, რომელიც ახლა (1176 .) მარდინის ყადია და ვაზირი, აბუ თამამ იბნ აბდუნი. მათ მიაღწიეს არზან რუმს. დარჩნენ ყადი და ვაზირი არზან რუმში, ხოლო შეიყვანა ლაშქრები (ილ-ღაზიმ) ყარსის ვილაეთიდან თრიალეთის გზით. შეთანხმებულნი იყვნენ, რომ შეკრებიულიყო ლაშქარი მთლიანად ტიფლისის კართან. სულთანი თოღრულ ბეგი განჯის მხრიდან გამოემზადა, ტუღან არსლან ალ-აჰდაბი დვინიდან გამოემართა. ნაჯმ ად-დინმა იქამდე იარა, ვიდრე მასა და ტიფლისს შორის არ დარჩა მთა, ნახევარი დღის სავალზე.
გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დემეტრე დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით, დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენ და ჯერ არ მოსულიყო ლაშქარი არც სულთან თოღრულ ბეგის და არც შამს ად დავლა ალ-აჰდაბისა და მის თანმხლებითა. ქართველები და მუსლიმები შეებრძოლნენ ერთმანეთს დიდი ბრძოლით. დამარცხდა ნაჯმ ად დინი. დიდძალი ხალხი ამოუხოცეს. ურწმუნოებმა ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ნაჯმ-ად დინი და დუბაისი მცირე რაზმით გაიქცნენ, ისე რომ დარჩნენ მათთან (ქართველებთან) ტყვეები ამ ჩვენს დრომდე.
მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი ტიფლისს 548 (1153/54) წელს და გავჩერდი იქ. შემდეგ შევედი აბხაზთა მეფის (დემეტრეს) სამსახურში და დავრჩი მასთან. მასთან ერთად წავედი და ვიმოგზაურე მის სამფლობელოში სამოცდაათზე მეტი დღის განმავლობაში. მან გადაიარა ალ-ლანი, დარბანდის მხარე და აბხაზის ვილაეთი. ერთ დღეს აბხაზის ვილაეთში მივაღწიეთ დიდ კოშკს მთის ძირას, რომელიც ცადაზიდულ ციხე-სიმაგრეში იდგა. იქ ჩამოხდა მეფე და მითხრა: „მავანო, ამ ციხეში არის არაბულის მცოდნე ერთი ტყვე კაცი ილ-ღაზის მცველთა რაზმიდან. ადი ხვალ მასთან, ნახე და ჰკითხე - საიდანაა იგი?“. მე გადავწყვიტე გამეკეთებია ეს და ვთქვი: „ვთხოვ მეფეს, რომ გაათავისუფლოს იგი. ის რამე გავათენე. როდესაც დადგა განთიადი, დაჰკრა ბუკმა გამგზავრებისამ, რადგანასც (მეფეს) მოსვლოდა ამბავი, რომ მის ერთ-ერთ ვილაიეთში მის წინააღმდეგ არეულობა დაწყებულიყო. როცა მეფეს ეს ამბავი მოუვიდა, გაემგზავრა მეფე და მისი ხალხი და აღარ იყო ამ ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა.
როდესაც განადგურდა ნაჯმ ად-დინი და უკან დაბრუნდა იმათთან ერთად, ვინც გადარჩა, გაემართა მეფე აბხაზთა (დავითი) ნადავლითა და ტყვეებით დაბანაკდა ტიფლისთან და ერთხანს ალყაში ჰყავდა. შემდეგ გაანგრია მისი კედელი დასავლეთის მხრიდან, შევიდა ქალაქში მახვილით, გადაწვა იგი და გაძარცვა. 3 დღის შემდეგ დაეზავა მის მცხოვრებლებს და მოალბო მათი გულები. აღუთქვა მათ წყალობა და მოუხსნა იმ წლის უშრი, მაუნა აკსატი და ხარაჯა (გადასახადები და ვალდებულებანი), დაუდო მუსლიმებს ყველა პირობა, რაც მათ მოისურვეს იმ პირობათაგან რომლებიც ძალაშია ახლაც. ეს პირობებია: რომ არ გადავიდოდა ამ ქალაქის მუსლიმთა უბანში ღორი, არც დაიკვლებოდა იქ და არც იქნებოდა გასაყიდად ბაზარზე; მოუჭრა მათ დირჰემები, რომლის ერთ მხარეზე იყო სახელები სულთნისა და ხალიფასი, მეორე მხარეზე - ალლაჰისა და სახელი წინასწარმეტყველისა, - მშვიდობა მათ. მისი (მეფის) სახელი კი დირჰემის კიდეზე იყო ამოტვიფრული. ქალაქში გამოცხადდა, რომ ვინც მუსლიმანს რაიმე ვნებას ან ზიანს მიაყენებდა, ნებას რთავდა დაუსჯელად მისი მოკვლისა. პირობა დაუდო რომ აშკარად შეიძლებოდა აზამისა და სალათის შესრულება და ყურანის კითხვა; რომ წარმოეთქვათ ხუტბა პარასკეობით, ელოცათ და მოეხსენებიათ ხალიფა და სულთანი და არ მოეხსენებინათ მინბარიდან მათ გარდა არავინ. დაუდო პირობა, რომ თბილისში, ისმაილის აბანოში არ შევიდოდა არც ქართველი, არც სომეხი და არც იუდეველი. და განსაზღვრა ამ წელს ქართველის სამსახური 5 დინარით, იუდეველის - 4 დინარით, მუსლიმის - 3 დინარით.
მეფემ მიაგო მუსლიმთ უდიდესი პატივი. მეცნიერებს, ღვთისმეტყველებს და სუფიებს ისეთი ღირსება და პატივი ჰქონდათ, რაც არ ჰქონიათ თვით მუსლიმანებთანაც კი. მე ვნახე ყველა ეს პირობა ძალაში იყო მაშინაც. როცა ჩავედი იქ 548 (1153/54) წელს. მე ვნახე აბხაზთა მეფე დემეტრე, რომლის სამსახურშიც ვიმყოფებოდი, როგორ ჩამოხდა ტიფლისში და დარჩა იქ რამდენიმე ხანს. ერთ პარასკევ დღეს მივიდა ჯამეში, დაჯდა ქვის საჯდომზე ხატიბის პირდაპირ და ფეხი არ მოუცვლია, ვიდრე არ ჩაათავეს ხუტბა ხატიბმა და ხალხმა. მთელი ხუტბა მოისმინა, შემდეგ გავიდა და შესწირა ჯამეს 200 წითელი დინარი. მე ვნახე ალიმები, მქადაგებლები, დიდებულები, სუფიები და მლოცველები, რომელთაც პატივით იღებდა იგი და ასაჩუქრებდა. ისე კეთილად ექცეოდა, რისი მსგავსიც არ არსებობს. მე ვნახე იქ ისეთი პატივისცემა მუსლიმებისა, რაც მათ ბაღდადშიც კი არ ექნებოდათ“.
როგორც ამბობენ, 516 (1122/3) წელს ქალაქ ჯანზაში (განჯა) მოხდა მიწისძვრა, მისი ნაწილი დაზიანდა და ჩამოინგრა მისი კედლები. მეფე დავითი გამოვიდა და დაიძრა მისკენ. მან აიყვანა ტყვედ მისი მოსახლენი და ცხვრებივით ურმებზე შესმული გარეკა. მან გაძარცვა ყველაფერი, რაც იქ იყო. მან მოიყვანა მისი ხალხი ტიფლისში. და ტიფლისის მცხოვრებლებმა გამოისყიდეს მათი დიდი ნაწილი და გაუშვეს თავისუფლებაზე.
549 (18 მარტი 1154-6 მარტი 1155) წელს ანისის ამირამ ფაჰრ ად-დინ შადადმა არზრუმის მფლობელ იზზ ად-დინ სალთუკს ქალიშვილი სთხოვა ცოლად. იზზ ად-დინმა პირობა მისცა, მაგრამ შემდეგ მან ტავისი ასული არზან-ბითლისის ამირას ფახრ ად-დინ დავლათ შაჰს მიათხოვა. შეურაცხყოფილმა შადადმა გადაწყვიტა, რომ სალთუკი დემეტრე მეფის ხელით დაესაჯა. მან შეატყობინა სალთუკს, რომ ჩემი ხელისუფლება ანისში დასუსტდა, მოდი და იყიდე ქალაქი ჩემგან მე ვეღარ ვუძლებ ქართველებს და არ შემიძლია მათი უკუგდება, მე ვიქნები შენს სამსახურში და პატივს გცემ შენ. მაგრამ როდესაც სალთუკი მივიდა შადადმა შურის საძიებლად, გაგზავნა კაცი დემეტრესთან რომელიც იქვე ახლოს იყო 1 დღის სავალზე ანისიდან და შეატყობინა სალთუკის მოსვლა. დემეტრე წავიდა ქართველთა ლაშქრით და დილით ანისში იყო, იგი თავს დაესხა სალთუკს და დახოცა მრავალი მისი ხალხი. ეს იყო საშინელი დღე მუსლიმთათვის. სალთუკი ტყვედ ჩავარდა. შემდეგ დიარ-რაბის, დიარ-ბაქრისა და სირიის მუსლიმმა გამგებლებმა ის გამოისყიდეს 100000 დინარად. მეფემ გაათავისუფლა სალთუკი, ოღონდ დააფიცა, რომ ვიდრე ცოცხალი იყო აღარ დასცემდა მახვილს დემეტრესა და მისი შვილების წინააღმდეგ და აღარც ლაშქრით შეეყრებოდა მათ.
556 (1161) წელს ანისის სამღვდელოება აუჯანყდა შადადიან ამირა ფადლუნს (V), დაამხო და ქალაქი გიორგი აბხაზთა მეფეს გადასცა. ეს მოხდა მუსლიმური კალენდრის ჯუმადა ალ-ულას თვეში (=28 აპრილი-27 მაისი) . ამას ვერ შეეგუა შაჰ არმენი და შეკრიბა დიდი კოალიცია აბხაზთა მეფის წინააღმდეგ, რომელშიც სირიის, დიარ-ბაქრის, ალ-ჯაზირას და ჰიჯაზელ არაბთა ლაშქრები შევიდნენ. კოალიციაში შევიდნენ მარდინის მფლობელი, ილ-ღაზის შვილიშვილი ნაჯმ ად-დინ ალბი, არზრუმელი იზზ ად-დინ სალთუკი, არზან-ბითლისელი ფახრ-ად-დინ დავლათ შაჰი და აგრეთვე ყარსისა და სურმარის ამირა. ალბი ართუკიანს არ სურდა საქართველოსთან ომი, მაგრამ შაჰ არმენ სუქმან მეორეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ისე ნელა მოდიოდა, გზაში შეიტყო კოალიციის მარცხის ამბავი და უკან, მარდინში დაბრუნდა.
შაჰ არმენი და მოკავშირეები ივლისის ბოლოს მიადგნენ ანისს და შემოეწყვნენ მას. გიორგი მეფე სწრაფად დაიძრა მათ წინააღმდეგ. მეფის მიახლოებისას იზზ ად-დინ სალთუკს გაახსენდა ის ფიცი, რომელიც მან მისცა დემეტრეს - თავის სიცოცხლეში არ გამოსულიყო მისი შვილების წინააღმდეგ, ითხოვა ცხენი და ჩამოშორდა მოკავშირეებს. ბრძოლა მოხდა შაბანში (26.07-23-08, 1161. სომხური წყაროებით 4 აგვისტოს) ანისის კარებთან. და როდესაც ჩამოშორდა სალთუკი დამარცხდა მუსლიმთა ლაშქრები. გაიქცა შაჰ არმენი ანისის კარიდან, და აგრეთვე არზანის მფლობელი თავისი ცხენით. ტყვედ იქმნა მუსლიმთაგან ურიცხვი... მოიკლა უმეტესობა მისი მიმდევრებისა და ბედნიერია ის, ვინც გადაურჩა ბრძოლას. ტყვედ ჩავარდნენ დიდებულები სუქმანის სახლიდან: ხლათის დედოფლის ძმა დედით და ისბაქირდის (იგივე ისფაირდი, მდ. ბოტანის ჩრდ. შენაკადზე) მფლობელი ჰალდრი კირკ ტუღი.
557 (1162) წლის შაბანში (16.07-13.08) ქართველთა ლაშქარმა, რომლის რაოდენობა 30000- აღწევდა, ხელთ იგდო დვინი. ქართველებმა რევანში აიღეს აჰდაბიანებზე გარნისთან (1131 .) მარცხის გამო, დაწვეს დვინის მეჩეთები, დაანგრიეს ის მინარეთი, რომელზედაც ელაგა ქართველ მეომართა თავის ქალები და ისინი პატივით გადმოსვენეს ტიფლისში.
შემდეგ ქართველებმა დაარბიეს განჯის სანახები. მაშინ მათ წინააღმდეგ გაერთიანდნენ მარაღის მფლობელი ნუსრათ ად-დინ არსლან-აბა აჰმადილი და შაჰ არმენი სუქმან მეორე. უკანასკნელს ამჯერადაც მხარს უჭერდა ფახრ ად-დინ დავლათ შაჰ აჰდაბი. ისინი პირველად დაუკავშირდნენ და შემოიერთეს აზერბაიჯანის ათაბაგი შამს ად-დინ ელდიგუზი და (ერაყ-ირანის) სულთანი არსლან შაჰი. ბრძოლა მოხდა 558 წლის 9 შაბანს (1163 წლის 13 ივლისს) გერგერთან (გარგარი, მდ. გარგარზე, ლორეს სამხრეთით). მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ. ნადავლის ერთი ნაწილი წაიღო სულთანმა, მეორე კი ერგო შაჰ არმენს. სუქმანიდ ნადავლში იყო 3 საპალნე. ერთს შეადგენდა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი; მეორეს - მეფის სამლოცველო, რომელშიც იყო ძვირფასი ქვებით მოჭედილი სახარებები, რომელთა მსგავსი არსად მოიძებნებოდა და რომლის ფასიც არავინ იცოდა; მესამეს - მეფის ხაზინა, სავსე ოქრო-ვერცხლით, რომლის შეფასებაც სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო. . ხლათის დივნის ქათიბთა შეფასებით შაჰ არმენის ნადავლი 30-ჯერ აღემატებოდა იმას, რაც მან ორი წლით ადრე დაკარგა ანისის კარებთან. გამარჯვების აღსანიშნავად ზეიმი გაიმართა. ასევე მოხდა ბითლისშიც 3 აგვისტოს.
559 წლის ჯუმადა ალ-ულას თვეში (მარტ-აპრ 1164) ქართველები შევიდნენ ანისში. ქართველთა ჯარი დამარცხდა სურმარის ამირასთან - იბრაჰიმთან ბრძოლაში. ელ დიგუზმა დროებით დაიკავა ანისი, შემდეგ დატოვა ქალაქი და განჯაში დაბრუნდა, რათა საომრად შეხვედროდა ქართველებს. 559 წლის მიწურულში (20.10-17.11 შორის) ელდიგუზმა გადასცა ანისი შადადიან ამირას შაჰან შაჰს.

Комментариев нет:

Отправить комментарий