среда, 3 января 2018 г.

სეხნია ჩხეიძის ბიოგრაფიისათვის (თ. ლაცაბიძე)

სეხნია ჩხეიძე პაპუნა ორბელიანთან და ომან ხერხეულიძესთან ერთად XVIII ს-ის ქართული საისტორიო მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. შეუძლებელია XVII ს-ის მეორე ნახევრისა და XVIII ს-ის პირველი ნახევრის საქართველოს და, არა მარტო საქართველოს (მხედველობაში გვაქვს ირანი, ავღანეთი...), ისტორიის შესწავლა სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთას“ გათვალისწინების გარეშე. სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ომან ხერხეულიძე იძლევიან XVII–XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გაბმულ თხრობას, რაც მეტად მნიშვნელოვანს ხდის ცალ-ცალკე და ერთად მათ დამსახურებას სამამულო ისტორიოგრაფიის წინაშე. სეხნია ჩხეიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდნენ მარი ბროსე1, ივ. ჯავახიშვილი2, დ. გვრიტიშვილი3, შ. ხანთაძე4, მ. გობეჯიშვილი1, გ. ანჩაბაძე2 და სხვები, მაგრამ ბევრი რამ ამ კუთხით კიდევ შესასწავლი და წარმოსაჩენია.

1. მარი ბროსე, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX ს-ის II ნახევრამდე, (ფრანგულ ენაზე), სანკტ-პეტერბურგი, 1857, გვ. 1-7
2. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. VIII, თბ. 1977, გვ. 357-362
3. დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. III, თბ. 1968, გვ. 202-206
4. შ. ხანთაძე, ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში, თბ. 1985, გვ. 119-123

მიჩნეულია, რომ სეხნია ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად ერთადერთ წყაროს მისივე თხზულება წარმოადგენს. თავდაპირველად ჯერ მარი ბროსემ3, ხოლო შემდეგ ივ. ჯავახიშვილმა მიმოიხილა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში - „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“, - სეხნია ჩხეიძის ცხოვრება მისივე თხზულების მიხედვით4. დიდი მეცნიერი შენიშნავდა, რომ „თვით ავტორი (სეხნია ჩხეიძე - თ.ლ.) თავის თხზულებაში ბევრგან ლაპარაკობს თავის თავზე“ და მასზე დაყრდნობით ზედმიწევნით აღნუსხავს ისტორიკოსის ცხოვრების გზას 1687 წლიდან (არაგვის ერისთავის, იასონის, განდგომის გამო გიორგი XI-ის არაგვის ხეობაში ლაშქრობა) 1723 წლამდე (როცა ირანის შაჰი „გაუწყრა მეფეს ვახტანგს“, ჩამოართვა მეფობა და „დაუჭირეს ჩხეიძე სეხნია, დაატყვევეს“).
„ამის შემდეგ, - აღნიშნავს ივ. ჯავახიშვილი, - ავტორს თავისი თავის შესახებ აღარავითარი ცნობები არა აქვს მოყვანილი, ამიტომ მისი ცხოვრების მიმდინარეობა და თავგადასავალიც გამოურკვეველი რჩება“5 შემდეგ, ივ. ჯავახიშვილზე დაყრდნობით, თითქმის იგივე გაიმეორეს პროფესორებმა დ. გვრიტიშვილმა6 და შ. ხანთაძემ7.

1. მ. გობეჯიშვილი, სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“, როგორც წყარო სეფიანთა სახელმწიფოს ისტორიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, თბ. 1973, გვ. 78-100; იხ. მისივე „Сведения Сехниа Чхеидзе о Кандахаре“, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, III, თბ. 1971, გვ. 273-277
2. გ. ანჩაბაძე, სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“, როგორც სამხედრო-საისტორიო წყარო, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1988, #4, გვ. 56-64
3. მ. ბროსე, დასახ. წიგნი, გვ. 1-7
4. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. წიგნი, გვ. 357-362
5. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. წიგნი, გვ. 359
6. დ. გვრიტიშვილი, დასახ. წიგნი, გვ. 202-206
7. შ. ხანთაძე, დასახ. წიგნი, გვ. 119-123

საქართველოს სიძველეთსაცავებში (საისტორიო არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დაცულია არაერთი საყურადღებო დოკუმენტი, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელი ხდება, შევავსოთ ისტორიკოსის ცხოვრების არა მარტო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი პერიოდი, არამედ შევისწავლოთ მისი „გამოურკვევლად დარჩენილი“ უცნობი „ცხოვრების მიმდინარეობა და თავგადასავალიც“. უფრო მეტიც, საშუალება გვეძლევა, გავარკვიოთ „მისი ვინაობისა“ და წარმომავლობის დღემდე უცნობი დეტალები. სწორედ ამ საკითხებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.
ცნობილია, რომ XVII ს-ის 50-იანი წლებისათვის ჩხეიძეთა საგვარეულოს სამი ძირითადი შტოა სახეზე – იმერეთის, რაჭისა და ქართლის. ჩხეიძეებს ქართლში XVII ს-ის 10-იანი წლებიდან ვხედავთ. ამავე საუკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე მათ ვხედავთ სოფელ იტრიაში, სურამთან ახლოს, სადაც ყალიბდება მათი მცირე სათავადო - საჩხეიძო.
ჩხეიძეთა საგვარეულოსადმი მიძღვნილ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ჩხეიძეების ქართლის შტოს სათავეებთან ქექაოზ ჩხეიძე დგას და მის თანამეცხედრედ ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის (1527-1556 წწ.) ასული სახელდება1.

1. ი. ჩიქოვანი, ი. ბიჭიკაშვილი, მ. ჩხეიძე, ჩხეიძეთა საგვარეულო (ისტორიული გენიალოგიური გამოკვლევა), თბ. 2004

ავტორები იმოწმებენ ქართლის მეფის სვიმონ II-ის მიერ გორგასალ ჩხეიძისათვის 1619 წელს მიცემულ წყალობის სიგელს1, რომლის გაცნობაც არანაირ საფუძველს არ იძლევა, ქექაოზ ჩხეიძე მივიჩნიოთ ქართლის ჩხეიძეთა სათავეებთან, ერთი უბრალო მიზეზის გამო - მასში, საერთოდ, არ არის ნახსენები იგი. არც მკვლევარი ო. სოსელია გვაწვდის რაიმე ცნობას ჩხეიძეთა სათავადოსადმი მიძღვნილ სპეციალურ ნაშრომში ქექაოზ ჩხეიძეზე2. ჩვენთვის უცნობია, სხვა რომელი წყაროებით სარგებლობენ ავტორები, როცა ქექაოზ ჩხეიძეს მიიჩნევენ ქართლის ჩხეიძეთა სახლის ფუძემდებლად, სამეფო კარის ნათესავად და გორგასალ ჩხეიძის მამად.
ვფიქრობთ, ეს უნდა მომდინარეობდეს მარი ბროსესაგან, რომელმაც ფრანგულ ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა ისტორიკოს სეხნია ჩხეიძის თხზულება და მასზე დაყრდნობით გამოთქვამდა ვარაუდს, რომ „აზნაური სეხნია ჩხეიძე შთამომავალი უნდა ყოფილიყო მეფე სიმონ I-ის დროს, კერძოდ, 1591 წელს ქართლში გადმოსახლებული ვინმე ქექაოზ ჩხეიძისა“3. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და არა მტკიცება იმისა, რომ სეხნია ჩხეიძე ნამდვილად ქექაოზ ჩხეიძის შთამომავალია. მარი ბროსეს ამ ვარაუდზე დაყრდნობით, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ქექაოზ ჩხეიძე დგას ქართლის ჩხეიძეთა სახლის სათავეებთან, თუმცა არ უთითებენ ვარაუდის ავტორს. ჩანს, რომ ავტორები არც სეხნია ჩხეიძის „ამბავი მეფეთას“ ხელნაწერს იცნობენ, რომელზედაც დართულ ქრონოლოგიურ ნუსხაში ლაპარაკია ქექაოზ ჩხეიძეზე. გარდა ამისა, გარკვევით არის მინიშნებული, რომ იგი სიმონ მეფის სიძეა. 1592 წლის ქვეშ სეხნია ჩხეიძე აღნიშნავს, რომ „...წავიდა მეფე სვიმონ ლიხთ-იმერეთის დაჭირვად, აიღო კაცხის ციხე კურასვანამდე და ქუთაისი. ამავე ქორონიკონს შეიბნენ მეფე სვიმონ და მამია დადიანი და იმერელნი. გაემარჯვა დადიანს და იმერელთ. თან გამოიტანა სიძე მეფემ ჩხეიძე ქექაოზ. ეს იყო იმერეთის თავი და სახლთხუცესი შორაპნისა და სულათ საჩხეიძოსი მქონე. ვითაცა მეფის სვიმონის და ედგა, იქ აღარ ამყოფა. მისცა სასაფალოდ ნიტრია, სარჩო მრავალნი“4.

1. სცსსა, ფ. 1450, დავთარი, 35, საბუთი #88
2. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), წიგნი I, თბ. 1973, გვ. 25-58
3. მ. ბროსე, დასახ. წიგნი, გვ. 1
4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი H - 2304

ამრიგად, თუ სეხნია ჩხეიძეს ქექაოზ ჩხეიძის შთამომავლად მივიჩნევთ, საბუთებიდან კარგად ჩანს, რომ სეხნია ჩხეიძე გორგასალ ჩხეიძის შთამომავალია, მისი შვილიშვილია. აქედან გამომდინარე კი, ქექაოზ ჩხეიძე, მართლაც, შეიძლება, მივიჩნიოთ გორგასალ ჩხეიძის მამად, მაგრამ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მკვლევართა მიერ დამოწმებული წყაროებსა თუ საბუთებში ამის შესახებ რაიმე მინიშნებაც არ არის. არის ერთადერთი, ისიც მხოლოდ სეხნია ჩხეიძის თხზულებისათვის დართულ ქრონოლოგიურ ნუსხაში დაცული ცნობა ქექაოზ ჩხეიძის შესახებ, რომელიც ადასტურებს მის ქართლის ჩხეიძეების სათავეებთან დგომას.ჩხეიძეთა ქართლის სახლს სისხლით ნათესაობა აკავშირებდა ქართლის სამეფო კართან, როგორც ბაგრატიონთა ძირითად, ასევე გვერდით, მუხრანულ შტოსთან. ამ უკანასკნელთა სახლის მეშვეობით ჩხეიძეები უკავშირდებიან სააკაძეთა ცნობილ გვარს.
ქართლის მეფის ბაგრატ VII-ის (1616-1619) თანამეცხედრის, დედოფალ ანას და მისი ვაჟის - მეფე სიმონ II-ის მიერ ზემოთ აღნიშნულ 1619 წელს გაცემული მიწის წყალობის სიგელიდან კარგად ჩანს ჩხეიძეთა ქართლის სამეფო კართან ახლო ნათესაური კავშირი. სიგელის მიხედვით, დედოფალმა ანამ და მეფე სვიმონმა „ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა მამიდაშვილსა ჩხეიძეს პატრონსა გორგასალს“, მის შვილებს ბეჟანს, ქაიხოსროს და დავითს უბოძეს „კარალეთი ვახტანგ ციციშვილის კერძი“1.
ამრიგად, თუ გორგასალ ჩხეიძე მამიდაშვილია ბაგრატ VII-ის (ამასვე გულისხმობს დედოფალი ანაც), მაშინ მისი დედა (სახელი ცნობილი არ არის), უნდა იყოს ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის ასული, და სიმონ I-ისა და დავით XI-ისა (დაუდ ხანი), მამიდა გიორგი X -ის, ბაგრატ VII -ისა და როსტომ მეფის.
1633 წელს როსტომ მეფის მიერ გორგასალ ჩხეიძის შვილის - ბეჟანისათვის ლიახვის ხეობაში მამულის წყალობის სიგელიდან კარგად ჩანს (კიდევ ერთხელ) ჩხეიძეთა ნათესაობა ქართლის სამეფო კართან: „ჩვენ მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი გიბოძეთ თქვენ ჩვენს მამიდაშვილს ჩხეიძეს ბეჟანს, ქაიხოსროს, დათუნას“2.

1. სცსსა, ფ. 1450, დავთარი 35, საბ.#88
2. იქვე, დავთარი 35, საბ. #92

როსტომი სიგელში ხაზს უსვამს მასთან ჩხეიძეთა მამიდაშვილობას. თუმცა იგი ბეჟან ჩხეიძეს მოიხსენიებს მამიდაშვილად, მაგრამ ცნობილია, რომ მისი მამიდაშვილი ბეჟანის მამა - გორგასალ ჩხეიძეა, რომელიც ამ დროს გარდაცვლილია (1629). ე.ი. გორგასალ ჩხეიძე დედის მხრიდან ენათესავება ქართლის სამეფო კარს.
ამავე დროს ირკვევა, რომ გორგასალ ჩხეიძეს მეუღლის მხრიდან ნათესაობა აკავშირებს ბაგრატიონთა მუხრანულ შტოსთან. ბაგრატიონთა ამ შტოს 1657 წლიდან ვხედავთ ქართლის სამეფო ტახტზე. ამ ორი გვარის ნათესაობაზეა ლაპარაკი გიორგი XI-ს მიერ 1688 წელს ქაიხოსრო ჩხეიძის სახელზე გაცემულ სიგელში. სიგელში ხაზგასმულია, რომ გიორგი XI ქაიხოსრო ჩხეიძეს - „ერთგულად და თავდადებით ნამსახურსა“, „ნათესავსა და ყრმას“ აძლევს სახასო მამულს – ფონას1. ამ შემთხვევაში არ ჩანს, როგორი ნათესაური კავშირია ჩხეიძეებსა და ბაგრატიონ-მუხრან-ბატონებს შორის. გიორგი XI მიუთითებს მხოლოდ, რომ ქაიხოსრო ჩხეიძე მისი ნათესავია. თუ რა აკავშირებდა ჩხეიძეებს მუხრან-ბატონებთან, ამის შესახებ მოგვიანებით გაცემული სიგელით ხდება ცნობილი. კერძოდ, 1729 წელს ვახტანგ VI-ის მიერ სეხნია ჩხეიძისათვის მიცემულ სიგელში ნათქვამია, რომ „...ბედნიერს პაპაჩვენს მეფეს შანავაზს (ვახტანგ V) თავისი დეიდაშვილის პაპაშენის ბეჟანისათვის (გორგასალ ჩხეიძის ვაჟი - თ.ლ.) ქვემო ბოლნისი წყალობა ექნა...“2. ამრიგად, ვახტანგ V (შაჰნავაზი) და ბეჟან ჩხეიძე დეიდაშვილები არიან. ე.ი. მათი დედები დები არიან.

1. იქვე, დავთარი 25, საბ. #61
2. იქვე, დავთარი 35, საბ. #120

აქ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს უნდა გაესვას ხაზი: ვახტანგ V-ის დედა დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის ასულია. ე.ი. ბეჟან ჩხეიძის დედაც გიორგი სააკაძის ასულია. ამრიგად, დასტურდება ჩხეიძეთა ნათესაობა ქართლის კიდევ ერთ დიდ ფეოდალურ გვართან - სააკაძეებთან. გიორგი სააკაძის სიძეა გორგასალ ჩხეიძე, ბეჟან ჩხეიძის მამა.
სეხნია ჩხეიძე - XVIII საუკუნის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და ისტორიკოსი, სწორედ ქართლის (იტრიის) ჩხეიძეთა სახლის წარმომადგენელია. საბუთებიდან ჩანს, გორგასალ ჩხეიძეს ოთხი ვაჟი ჰყავს: ბეჟანი, ქაიხოსრო, დავითი და ნიკოლოზი. ქაიხოსროსა და დავითის შთამომავლობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტები მათზე არაფერს მიგვანიშნებს. ნიკოლოზი სასულიერო პირი - ქართლისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო. ჩანს მხოლოდ ბეჟან ჩხეიძის შთამომავლობა - ქაიხოსრო, თეიმურაზი და სეხნია. საბუთებში ჩანს ქაიხოსროს შთამომავლობა. მიწის ნასყიდობის 1693 წლის წიგნის მიხედვით, მას ჰყავს ექვსი ვაჟი: თეიმურაზი, სეხნია, პაატა, ფარემუზ, გორგასალი და დავითი1.

1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Aდ-1610

სწორედ ქაიხოსროს ვაჟია სეხნია, ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. იგი ქართლის სამეფო კარის მოლარეთუხუცესია, ხშირად ჩანს დიპლომატიურ ასპარეზზე. მის სიახლოვეს სამეფო კართან ხელს უწყობდა ჩხეიძეთა ზემოთ აღნიშნული ნათესაური კავშირი ბაგრატიონთა მუხრანულ შტოსთან. სეხნია ჩხეიძე გორგასალ ჩხეიძის შვილის - ბეჟანის შვილიშვილია. ბეჟანი კი, როგორც ზემოთ ითქვა, ვახტანგ V-ის დეიდაშვილია. სეხნიასაც სწორედ ვახტანგ V-ის შვილებთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა. იგი ერთგულად ემსახურება მათ ისტორიის არცთუ მცირე მონაკვეთის მანძილზე. არც სამეფო კარია მის მიმართ უყურადღებოდ. 1707 წელს გიორგი მეფემ სეხნია ჩხეიძეს „უბოძა საბოძვარი მრავალი და ქართლის მოლარეთხუცობა“1. სეხნია ამ სახელოს უნდა ფლობდეს ქართლში ოსმალების გაბატონებამდე - 1724 წლამდე.
როგორც ზემოთ ითქვა, ივ. ჯავახიშვილი, შ. ხანთაძე და სხვები მიიჩნევენ, რომ 1723 წლის შემდეგ, სეხნია ჩხეიძის ტყვეობიდან დაბრუნების მომენტიდან, მისი ცხოვრების შესახებ ცნობები აღარ გაგვაჩნია. ამას კი იმით ხსნიან, რომ მის თხზულებაში სეხნია ჩხეიძე აღარ ფიგურირებს, აღარ იხსენიება.
საქართველოს სიძველეთსაცავეებში დაცულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში ქართლში სეხნია ჩხეიძის მდგომარეობაზე გვაძლევს ინფორმაციას. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარის მიხედვით, სეხნია ჩხეიძე იტრიაშია2. აქვეა მისი შვილი გიორგი და შვილიშვილი ქაიხოსრო. სეხნია ჩხეიძეს აფიქსირებენ აგრეთვე სოფელ ლუბრუმის აღწერის დროსაც3.

1. სეხნის ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა, საქართველოს ცხოვრება, მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძის მიერ, თბ. 1913, გვ. 49
2. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი I, ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. ს. ჯიქიამ და პროფ. ნ. შენგელიამ, თბ. 2009, გვ. 270
3. იქვე, გვ. 273

სეხნია ჩხეიძეს მამულები ეკუთვნოდა იმერეთშიც და ქართლშიც. სეფი-ხანის 1737 წლის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მას იმერეთში ეკუთვნის წიფა და ფონა. ქართლში, ხაშურის რეგიონში, იტრიის გარდა, იგი ფლობს გვერდისუბანს, ლუბრუმას და ჩუმათელეთს, ქვემო ქართლში სოფელ ღორისთავს1.
სეხნია ჩხეიძეს მამულები ჰქონდა ნაბოძები სურამის ჭალაშიც. ვახუშტის მიხედვით, სურამის ჭალა ქვიშხეთიდან, მდინარე შოლიდან იწყებოდა და გომთან, დაღალულას მინდვრამდე გრძელდებოდა2. სეხნია ჩხეიძეს ამ ვრცელი ჭალის ერთი მონაკვეთი, კერძოდ, ცხრამუხიდან ახალსოფლამდე მდებარე ტერიტორია, უნდა კუთვნებოდა.
1730 წლის ახლოს სეხნია ჩხეიძეს ვახუშტი აბაშიძე შესცილებია სურამის ჭალაში მამულებს, მაგრამ უსუფ ფაშას კვლავ სეხნიასათვის დაუტოვებია „შუა ჭალა“3. სურამის ჭალის ეს მონაკვეთი საბუთებში ჩხეიძის ჭალადაც იწოდება. ჩვენს დრომდე ხაშურში, ჭალის უბანში ფიქსირდება ტოპონიმი – ჩხეიჭალა (ჩხეიძის ჭალა), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ.

1. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმნა და შენიშვნები დაუდო ვ. თოფურიძემ, თბ. 1955, გვ. 442-445
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცოხვრება, ტ. IV, ტექსტები დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერების მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ. 1975, გვ. 377
3. სცსსა, დავთარი 35, საბ. #123

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც სეხნიას XVIII-ის 30-იანი წლების ცხოვრებიდან. ყურადღებას იქცევს ქართლის გამგებლის სეფი ხანის 1737 წლის 29.VI-28.VII-ით დათარიღებული ბრძანება, რომლითაც ზაზა-ბეგს (ამირეჯიბს - თ.ლ.) ავალებს, აღწეროს და ჩაიბაროს (ზავთი ქნას) სეხნია ჩხეიძის სოფლების მიერ ხაზინაში შესატანი გადასახადები. ბრძანებაში ნათქვამია: „...მირის თეთრი სეხნია ჩხეიძე მოსაცემს იყო, თითონ გაიქცა და იმისი მამულისა არ ვიცოდით, ვინ სჭამდა, ვინ უვლიდა, ახლა ამ ყარარზედ (?) ზაზა - ბეგს მივეცით სეხნია ჩხეიძის სოფლები: იტრია, გვერდისუბანი, ფონა, წიფა, ლუბრამა, ღორისთავი, ჩუმათელეთი, ზაზას უბოძეთ ამისი რაიათი რაც მოსავალი არის ამ მამულში, ის სულ მალუჯათისა არის, ზავთი ქენით...“1.
ამრიგად, როცა სეფი ხანის ეს ბრძანება იწერებოდა (1737 წლის 29 ივნისი-28 ივლისი), სეხნია ჩხეიძე ქართლში არ იმყოფება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი გაქცეულია. საბუთის შინაარსიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – სად არის გაქცეული სეხნია ჩხეიძე? ამ კითხვას ბრძანების სპარსულ ტექსტში ეძებნება პასუხი.
სპარსული ტექსტი, რომელიც მოცულობით საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, ქართულ ტექსტს იმეორებს, მაგრამ მასში მცირეოდენ განსხვავებასაც ვხედავთ. ეს უმთავრესად ეხება პასუხს კითხვაზე, - თუ სად გაიქცა სეხნია ჩხეიძე. მოგვყავს სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი: „გამოვიდა მაღალი ბრძანებულობა მასზე, რომ ამა წლის მალიათი დივანისა (დივანის გადასახადი) და მირის ფული სეხნია ჩხეიძეს (უნდა გადაეხადა), თვით ის, ხსენებული (ე.ი. სეხნია ჩხეიძე - თ.ლ.) გაიქცა ბაში-აჩუკში (დასავლეთ საქართველოში) და გამოურკვეველია, თუ მის კუთვნილ სოფლებს და გლეხებს ვინ უვლის და (ვინ) ფლობს“2.

1. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, გვ. 443
2. იქვე, გვ. 442, 445

ამ შემთხვევაშიც სამართლიანად დაისმის კითხვა, რატომ არის გაქცეული სეხნია ჩხეიძე დასავლეთ საქართველოში? სეხნია ჩხეიძის იმერეთში გაქცევის მიზეზი მისსავე თხზულებაში უნდა ვეძიოთ. ყოველ შემთხვევისთვის ამას გვაფიქრებინებს მის მიერვე 1737 წელს ქართლში დატრიალებული აღწერილი ამბები.
1736 წელს ირანის ტახტზე ნადირ-შახი ადის. მან ქართლის მმართველად სეფი ხანი გამოაგზავნა. ამასთან ქართლს დიდი გადასახადები დააკისრა - სამიათას სამასი თუმანი და ხუთასი მხედარი, რომელიც მუდამ ქალაქში უნდა მდგარიყო ცხენითა და იარაღით. სეხნია ჩხეიძე მიუთითებს: „ზემო ქართველთ ეს ვერ შესძლეს. უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე, ამილახვარი გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი“1.

1. სეხნის ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა, საქართველოს ცხოვრება, მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძის მიერ, თბ. 1913, გვ. 49

სეხნიას თხზულებიდან მოტანილი ამ ცნობიდან ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ უკუმდგარ ქართველთა შორის დაფიქსირებულია „სულ ზემო ქართლი“. ჩხეიძეებიც ზემო ქართლში არიან, აქ არის მათი რეზიდენცია - იტრია. უკუმდგარ ზემო ქართლელთა შორის უნდა ყოფილიყო სეხნია ჩხეიძეც. ერთი მხრივ, ის რაც ვერ შეძლო ქსნის ერისთავმა, გივი ამილახვარმა და ვახუშტი აბაშიძემ, ცხადია, ვერ შეძლებდა ისეთი მცირე სათავადო, როგორიც საჩხეიძო იყო ზემო ქართლში. მეორეც, სეხნია ჩხეიძე, რომელიც ბოლომდე ერთგული რჩება ვახტანგ VI-ის კურსისა, უკმაყოფილო რომ ყოფილიყო ქართლში ირანის გაბატონებისა, გასაკვირი არ უნდა იყოს. ამ და, ალბათ, კიდევ სხვა მიზეზების გამო, სეხნია ჩხეიძე აჯანყებულთა მხარეზე არის.
უკუმდგარმა დიდებულებმა მოლაპარაკება გამართეს სეფი ხანთან, მაგრამ უშედეგოდ. სეფი ხანმა ყიზილბაშთა ჯარი შეუსია ქართლს: „წამოვიდა ჯარი, დადგა ფხვენის, და იწყეს იქიდამ თარეშის გასევა, მიუხდნენ ქსნის ერისთავსა, რამდენჯერაც მივიდნენ, ბრძანებითა ღუთისათა, იმდენჯერ გაემარჯვა. კეხუს მიუხდნენ სამჯერ ამილახვარს გივსა, სამჯერვე გაემარჯვა და მოსწყვიტეს ყიზილბაში. ამაში გამოუსია თარეში მიუხდნენ დილაბანდზე სააბაშიოს და საჩხეგოს (საჩხეიძოსა) და სურამის ხეობასა, ბევრი წაახდინეს და დაწვეს საფალავანდისშვილო და გამოყოლება ააოხრეს, დაწვეს, სადაც სიმაგრე იყო, ღუთით ვერ ავნეს-რა“1. ასეთ ვითარებაში არ არის გასაკვირი, რომ სეხნია ჩხეიძეს იმერეთში ეპოვნა თავშესაფარი, თუმცა, როგორც ჩანს, მცირე ხნით.
როდის დაბრუნდა სეხნია ჩხეიძე ბაში აჩუკის ქვეყნიდან ქართლში, თავის მამულში? 1738 წელს ჩანს, რომ სეხნია ჩხეიძე უკვე ქართლშია.
1738 წლის 7 აპრილს ქართველი დიდებულები, მათ შორის სეხნია ჩხეიძეც, რუსეთის იმპერატორს ანას სთხოვენ ბაქარ ბატონიშვილის სამშობლოში დაბრუნებას, მისგან ანტიირანული ბრძოლის განახლებას და მის მეთაურობას2. ამ საბუთზე ხელმოწერით სეხნია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ვახტანგ VI-ისადმი და ანტიირანულ განწყობილებას.

1. იქვე.
2. დ. ლომიძე, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, თბ., 1978, #4 გვ. 134, მისივე, ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ. 2007, გვ.120

სეხნია ჩხეიძეს ჰყავს შვილები გიორგი, გორგასალი და ანახანუმი. ეს უკანასკნელი ვახუშტი ორბელიანის შვილის _ ვახტანგის მეუღლეა. ანახანუმის შვილია ესტატე ორბელიანი1. სეხნია ჩხეიძე XVIII ს-ის 40-იანი წლებიდან აღარ ჩანს წყაროებსა თუ დოკუმენტებში. პროფ. შ. ხანთაძე მიიჩნევს, რომ მისი „გარდაცვალება XVIII ს-ის 40-იანი წლების შემდეგაა საგულვებელი“2. მკვლევარ გ. იობაშვილს სავარაუდოდ მიაჩნია, რომ იგი 1745 წელს გარდაიცვალა3.
ვფიქრობთ, სეხნია ჩხეიძე XVIII ს-ის 40-იან წლებამდეა გარდაცვლილი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იგი თავის „ცხოვრება მეფეთაში“ ნამდვილად ვერ აუვლიდა გვერდს XVIII ს-ის 40-იან წლებში ქართლში დატრიალებულ ამბებს, კერძოდ, გივი ამილახვარის აჯანყებას, რომლის ძირითადი პერიპეტიები სწორედ სურამში, მის შემოგარენში განვითარდა და სათანადო ადგილს მიუჩენდა თავის თხზულებაში.
რატომღაც მკვლევარების ყურადღების მიღმა დარჩა ისტორიკოს პაპუნა ორბელიანის თხზულების „ამბავი ქართლისანის“ ცნობა სეხნია ჩხეიძის გარდაცვალების თარიღის შესახებ. პაპუნა ორბელიანი ასე იწყებს თავის თხზულებას: „ვინათგან ვიდრე აქამომდე აღწერილი იყო ამბავნი ესე ქართლისანი, აღმწერელსა ამისას ჩხეიძე სეხნიასა დაშთომოდა შემდგომნი ყოფილნი და ყოფადნი და მე, პაპუნა ორბელიანმა, ხელვყავ აღწერად...“4.

1. სცსსა, ფ. 1450, დავთარი 22, საბუთი 9
2. შ. ხანთაძე, დასახ. წიგნი, გვ. 123
3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, XI, თბ. 1987, გვ. 175
4. ხეც, H - 2304

პაპუნა ორბელიანის თხზულების გვიანდელ (1846 წ.) ხელნაწერში, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილის დაკვეთით არის გადაწერილი, პირდაპირ არის მითითებული, რომ „ვინადგან, ვიდრე აქამომდე აღწერილი იყო ამბავნი ესე ქართლისანი, აღმწერის ამისა ჩხერისძე (ჩხეიძე) სეხნიასაგან, და ვეღარ აღეწერა შემდგომად ამბავნი და მომკვდარიყო“1. ამავეს იმეორებს დ. ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკისეულ ხელნაწერიც.2
სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ 1739 წლის მარტში მომხდარი ამბის (ინდოეთზე ლაშქრობა) გადმოცემით მთავრდება, მაგრამ მას წინ უსწრებს 1739 წლის მაისში „ერთი საკვირველი და კაცთაგან ჭკუა მიუწვდომელი“ მოვლენის შესახებ თხრობა. პაპუნა ორბელიანი კი თავის თხზულებას იმავე წლის ივლისში მომხდარი ამბით იწყებს.
ამრიგად, სეხნია ჩხეიძე უნდა გარდაცვლილიყო 1739 წლის მაისის შემდეგ, არაუგვიანეს ივლისამდე. სეხნია ჩხეიძის განსასვენებელი იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში უნდა ვეძებოთ, რადგან ეს ეკლესია ტრადიციულად ჩხეიძეთა საძვალედ არის მიჩნეული XVII ს-ის 40-იანი წლებიდან.
სეხნია ჩხეიძის შემდეგ ქართლის ჩხეიძეები პოლიტიკურ სარბიელზე აღარ ჩანან, არც რაიმე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ან საქმიანობას ეწევიან. სეხნია ჩხეიძესთან მთავრდება ქართლის ჩხეიძეთა აქტიური სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობა.

1. ხეც, 9-37
2. ხეც, შ-3671

Комментариев нет:

Отправить комментарий