понедельник, 15 января 2018 г.

უზუნ ჰანასნის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში (მ. მახარაძე)

თეთრბატკნიანებისა და საქართველოს ურთიერთობა ჯერ კიდევ XIV საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც თეთრბატკნიანთა მბრძანებელი ქუთლუ ტრაპიზონის იმპერატორის ალექსი III-ის მოწვევით შემოდის საქართველოში, კერძოდ სამცხეში. საქართველოში შემდგომ შემოსევებს თეთრბატკნიანები ახორციელებენ თემურ-ლენგის დროშის ქვეშ.
XV საუკუნის I ნახევარში ქართველებისა და თეთრბატკნიანთა ურთიერთობის შესახებ წყაროები არ მოგვეპოვება. ფაქტია, რომ ამ პერიოდში ქართველებს ურთიერთობა უფრო შავბატკნიანთა კონფედერაციულ სახელმწიფოსთან ჰქონდათ, რისი ნათელი დადასტურება შავბატკნიანთა შემოსევებია. მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა XV საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც თეთრბატკნიანთა სათავეში უზუნ ჰასანი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრბატკნიანთა მბრძანებელი თავდაპირველად საქართველოს სამეფოსთან ერთად გამოდის ანტიოსმალურ კოალიციაში, უკვე 1458 წელს იგი პირველად შემოიჭრება საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენიმე ციხეს არბევს.
მეორე შემოსევა უზუნ ჰასანმა მოაწყო 1462-63 წლებში, როდესაც ყუარყუარეს დაეხმარა საქართველოს მეფის, გიორგი VIII-ს წინააღმდეგ,6 ხოლო 1466-67 წლებში უზუნ ჰასანი მესამეჯერ ლაშქრობს საქართველოში. ამჯერად მისი სამიზნე ყუარყუარეს სამფლობელო – ახალციხე იყო. უზუნ ჰასანმა მეოთხე ლაშქრობა საქართველოში თერჯანის ბრძოლის წინ განახორციელა. ამ შემოსევას ჰასან რუმლუ 1470 წლით ათარიღებს და გადმოგვცემს, რომ `თავრიზში ერთი თვის ყოფნის შემდეგ რამდენიმე დიდი ამირა, ისეთები როგორიც არიან მოჰამედ ბეგი, სულეიმან ფანდუკი და ბაინდურ-ბეგი, ორი ათასი მხედრით თბილისისა და სომხეთის ქვეყნებისაკენ გაგზავნა, რათა ის ვილაიეთები დაპყრობისა და დამორჩილების სფეროში მოექციათ~, თუმცაღა, ჰასან რუმლუს გამომცემელი კარლო კუცია, სხვა ფაქტების არქონის გამო, უარყოფს ამ შემოსევას.
საქართველოზე გამოლაშქრებას, ოღონდ 1472 წლით, გადმოგვცემს მუნეჯიმ ბაშიც: `876 წელს უვეის ბეგი1 ჰაჯის ძმა ემირი გახდა თავრიზში. იქ ძალიან ბევრმა მეცნიერმა და დიდებულმა დაიწყო მოსვლა. მათ კარგად ეპყრობოდნენ. ისინი საპატიო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ ყარამანელი ფირ აჰმედ ბეგი2 თავისთან შეიფარა. მან რუმის სასულტნოზე შესჩივლა და მისგან დახმარება ითხოვა. ყარამანიანები, რომ მამაპაპისეულ ქვეყანაში უვნებლად დაბრუნებულიყვნენ, რუმის დასაპყრობად სამზადისის გამართვა გახდა საჭირო. თავრიზიდან ალაყათის გზით გაემართნენ. ჰაჯზე წასული მევლანა ალ ქუშჯუ აქ მათ ემსახურებოდა. აღმატებულად რომ გამოიყურებოდა და კეთილ გზას ადგა, რომელ გზასაც ირჩევდა, იმ გზით მიდიოდა. ჰასან ბეგი კი შემდეგ 877 (1472) წელს საქართველოსკენ გამოემართა, ამ ქვეყანას თავს დაესხა და გაანადგურა. უამრავი ციხე დაიმორჩილა. ბოლოს მეფე ბაგრატი დათანხმდა, რომ ხარკი გადაეხადა. ალექსანდრეს და ყუარყუარეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს. მეფე ბაგრატმა აჯანყება როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე ყუარყუარეს და ალექსანდრეს გადასცა. მისი ჯარი საქართველოს ქვეყანას მოედო და დაინაწილა. მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაატყვევეს და წამოიყვანეს. ის თავის სასულტნოს ცენტრში – თავრიზში – გამარჯვებული დაბრუნდა. თბილისი ემირ აზამს სუფი ჰალილ ბეგს იქტას სახით გადასცა. მისი მოსაზღვრე რაიონის გამგებლობაც მას უბოძა.
გადმოცემის მიხედვით, როდესაც (უზუნ ჰასანი) საქართველოს ტოვებდა, მასთან ბაგრატ მეფის ელჩი მოვიდა. ელჩს ხელთ 19 მისყალი3 ბადახში და 12 მისყალი ლალის ქვები ჰქონდა. ბაგრატს მათი ჩუქება და ამის გამო მეფობის უკან დაბრუნება უნდოდა. ჰასან ბეგი ამას არ დათანხმდა და ორივე ქვა მას უკან დაუბრუნა. როდესაც საქართველოდან გადიოდა, მას თან ჰქონდა ქონება, ძვირფასეულობა, პირუტყვი და გარდა ამისა, სამი ათასი ტყვე ჰყავდა. როდესაც ჰასან ბეგი საქართველოში იბრძოდა, მისი ნათესავი იუსუფჩა მირზა4 ყარამანების დასახმარებლად ანატოლიაში გაგზავნა. იუსუფჩამ თოყათსა და სივასს შეუტია და იქაურობა დაიპყრო. მასთან ერთად ფირ აჰმედ ყარამანიც იყო. აქ, სულტან მეჰმედის5 მიერ ყარამანში დანიშნული ვალი, მუსტაფაც6 იყო. ორივე შეებრძოლა ერთმანეთს 877 (1472) წელს. ამ ბრძოლაში იუსუფჩა მირზა დაიღუპა. ამის გამო ჰასან ბეგი შურისძიების მიზნით მაშინვე ანატოლიისკენ გაემართა და ერზიჯანის ახლოს რუმის ჯარს დაუპირისპირდა. ეს ჯარი გაანადგურა და რუმის ჯარის მეთაური ჰასან მურად ბეგი მოკლა. ამგვარ გამარჯვებაში მყოფ ჰასან ბეგს რუმის სულტანთან გამბედაობა შემატა და მეორე წელს 878 (1473) ბაიბურთის ახლოს მძლავრი შებრძოლება გამართა, სადაც მისი შვილი ზეინალ მირზა7 დაიღუპა და ჰასან ბეგი დიდ უბედურებაში ჩავარდა. ჰასან ბეგი ერჯიზანში ბრძოლის ველიდან გაიქცა. სულტანი მას არ გაედევნა და ჯარმაც მისი დადევნებისაგან თავი შეიკავა~.
აღსანიშნავია, რომ თურქულ ტექსტში ყვარყვარეს მაგივრად კონსტანტინეა ნახსენები.8 ასე რომ, ტექსტში `ალექსანდრეს და ყუარყვარეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს. მეფე ბაგრატმა აჯანყება, როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე ყუარყუარეს და ალექსანდრეს გადასცა~, ნაცვლად წერია `ალექსანდრეს და კონსტანტინეს მსგავსმა სხვა მბრძანებლებმაც მას მორჩილება გამოუცხადეს.
მეფე ბაგრატმა აჯანყება, როგორც კი წამოიწყო, ჰასან ბეგმა მის ხელთ არსებული ყველა ციხე კონსტანტინეს და ალექსანდრეს გადასცა~. მოვლენათა განვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ამ შემთხვევაში კონსტანტინე II-ზეა ლაპარაკი და არა ყუარყუარე II-ზე. მუნეჯიმ ბაშისა და ჰასან რუმლუს ცნობების შედარებისას, უპირატესობა უფრო მუნეჯიმ ბაშის ცნობას ენიჭება, რადგანაც მასში მოვლენათა თან მიმდევრობა კარგად არის დაცული. ცნობის დასაწყისში გადმოცემულია ყარამანიის ბეილიქის ანექსია ოსმალეთის იმპერიის მიერ, რომელიც 1471 წელს განხორციელდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საქართველოში ლაშქრობა.
ყოველივე ამის გამო 1470 წელს შემოსვლა თავისთავად გამორიცხულია. უზუნ ჰასანის მეოთხე ლაშქრობა გამოწვეული იყო ქართლში ბაგრატის გადმოსვლით, ქრონიკებში 1472 წლით დათარიღებული წარწერა გვამცნობს: `ქკს: რქ: აქა.../ლი.../ ბაგ.../გარდ.../~ ეს დაზიანებული წარწერა თ. ჟორდანიამ შემდეგნაირად აღადგინა: `აქა ქართლი დაიჭირა ბაგრატ მეფემან და კონსტანტინე გარდააგდო~. გიორგი VIII-ის დატყვევების შემდეგ კონსტანტინემ თავი მის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა, რამაც ბაგრატთან დაპირისპირება გამოიწვია. თუმცაღა ტყვეობიდან საქართველოს მეფის განთავისუფლების შემდეგ ბაგრატსა და კონსტანტინეს შორის უკვე ზავი ჩამოვარდა, მაგრამ მათ შორის მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გიორგი VIII-ს მიერ ერთიან სამეფო ხელისუფლებაზე ხელის აღებამ და კახეთის სამეფოს შექმნამ კვლავ დაპირისპირება გამოიწვია კონსტანტინესა და ბაგრატს შორის, რაც გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის სურვილით, ერთიან სამეფოს ჩასდგომოდა სათავეში. კონსტანტინემ და ალექსანდრემ დახმარებისთვის უზუნ ჰასანს მიმართეს. როგორც ალექსანდრე, ასევე კონსტანტინე უზუნ ჰასანის მოკავშირეები იყვნენ. ამას მოწმობს როგორც უზუნ ჰასანისა და ალექსანდრეს ელჩების ერთად ჩასვლა ვენეციაში, ისე კონტანტინეს ელჩობაც, სადაც იგი თავის მოკავშირედ უზუნ ჰასანს ასახელებს. საქართველოს ორივე მბრძანებელი მონაწილეობს თერჯანის ბრძოლაში უზუნ-ჰასანის მხარდამხარ.
საინტერესოა ევროპაში გაგზავნილი წერილების დათარიღებაც. პირველი წერილი, რომელიც უნგრეთის ელჩმა ვენეციაში გააგზავნა, 1471 წლის 12 აპრილითაა დათარიღებული: `სინიორიაში მოვიდნენ ელჩები საქართველოს მეფესი კონსტანტინესი, რომელიც უზუნ ჰასანის მოკავშირე და ნათესავია. იგი ამ გაზაფხულზე ოსმალების წინააღმდეგ საომრად გამოვა 30000 მხედრით. ამას გარდა, ხსენებული უზუნი მათ დაეხმარება უზარმაზარი ჯარით. თუ მან წარმატებას მიაღწია დიდი საქმე გაკეთდება~. მეორე წერილი, რომელიც რომის პაპისადმი იყო განკუთვნილი, 1471 წლის 10 სექტემბრითაა დათარიღებული და სავარაუდოდ ვენეციიდან გაიგზავნა: `თქვენი უწმინდესობის მინაწერიდან შევიტყვეთ იბერიის დიდად სახელოვანი და უბრწყინვალესი მეფის ალექსანდრეს უზუნ-ჰასანთან მოლაპარაკების შესახებ. ცნობა მოგვაწოდა კეთილშობილმა ჩვენმა მორჩილმა ძმამ პრიორმა ბერტუჩო კონტარინიმ და სხვა. ასეთი ცნობისთვის საუკუნო მადლობას მოგიძღვნით თქვენ უნეტარესობას, თქვენ, რომელმაც ელჩი გაგზავნეთ წინადადებით იმ მეფესთან. ჩვენ გვგონია, რომ ეს ძალიან ჭკვიანური და მეტად სასარგებლო საკითხია ქრისტიანთათვის. დიდ საქმეს გააკეთებდით მეფეებისადმი მოწოდებით, იმედისა და დაპირებების გაზრდით და ურჯულო სულთნის წინააღმდეგ დიდად გამამხნევებელი სიტყვებით. თუმცა ისინი ძლიერნი არიან და იბრძვიან თურქული ცბიერებით, მაგრამ შინაგანი სიძულვილი დიდ საქმეს გააკეთებს თურქეთის იმპერიის მრისხანე და ცბიერი ნიჭის მიმართ. ეჭვი არაა, რომ იმ მხრიდან მათ რაც შეუძლიათ, ჰყოფენ და აცალკევებენ, როგორც ეს ბარბაროსების მრისხანე ხალხს შეუძლია. ისე რომ, დიდად შემწყნარებელი ქრისტიანთათვის მტერზე ერთობლივად შესასევად და მის დასამორჩილებლად გაადვილებულია საერთო ლაშქრობა~. ნათელი ხდება, რომ როგორც კონსტანტინე II-ს, ასევე ალექსანდრე I-ს (კახთა მეფეს) უზუნ ჰასანთან დიპლომატიური ურთიერთობა დაუმყარებიათ მანამდე, სანამ თეთრბატკნიანთა მბრძანებელი საქართველოში შემოვიდოდა.
ყოველივე აქედან ნათელი ხდება უზუნ ჰასანის საქართველოში მეოთხე ლაშქრობის მიზეზები. ბაგრატ VI-ის ქართლში გადმოსვლამ საფრთხე შეუქმნა როგორც კონსტანტინეს, ასევე ალექსანდრეს სამფლობელოებს. მათ დახმარებისათვის უზუნ ჰასანს მიმართეს. თეთრბატკნიანთა მბრძანებელი საქართველოში შემოდის. ბაგრატი მას შეებრძოლება, მაგრამ მარცხდება.
დაპყრობილ ტერიტორიებს უზუნ ჰასანი თავის მოკავშირეებს, ალექსანდრეს და კონსტანტინეს უნაწილებს, ხოლო თბილისში თავის წარმომადგენელს ნიშნავს. ხელმოცარული ბაგრატი იძულებულია ზავი შესთავაზოს დამპყრობელს და ბადახშისა და ლალის თვლებს უგზავნის, თუმცაღა თეთრბატკნიანთა მბრძანებელი მის ხარკს არ თანხმდება. ამ დახმარების სანაცვლოდ, კონსტანტინესა და ალექსანდრეს საჯარისო ფორმირებები ოსმალთა წინააღმდეგ თერჯანის ბრძოლაში მონაწილეობენ.
შენიშვნები
1. უზუნ ჰასანის ძმა.
2. ყარამანიის ბეილიქის უკანასკნელი გამგებელი.
3. მისყალი, იგივე მისკალი, ძვირფასი ქვების საზომი ერთეული – 4.8 გრამი. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ლალის თვლები შესთავაზეს თეთრბატკნიანთა მბრძანებელს საქართველოში 1476/77 წლების ლაშქრობის დროსაც. მათ შუამდგომლობა იტალიელ მისიონერს ბარბაროს შესთავაზეს და სთხოვეს დაერწმუნებინა უზუნ ჰასანი, მოთხოვნილი 16 დუკატის ნაცვლად 4 ბალაში აეღო.
4. თეთრბატკნიანთა დიდგვაროვანი. შესაძლებელია ურჯულო ისაკი.
5. მეჰმედ II ფათიჰი (დამპყრობელი) ოსმალეთის სულთანი (1451-1481).
6. მეჰმედ II-ს შვილი.
7. უზუნ ჰასანის შვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий