вторник, 2 января 2018 г.

ახალი შტრიხები საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის ისტორიიდან XIII-XIV ს-ში (ვ. კიკნაძე)

XIII ს-ის 30-იანი წლებიდან რომის პაპის კარმა აღმოსავლეთის ქვეყნებში მისიონერული საქმიანობა გააძლიერა. ამავე პერიოდში დაარსდა თბილისში პირველი კათოლიკური ეკლესია. ცნობილია რომის პაპისა და რუსუდან დედოფლის მიმოწერა; ასევე შემონახულია რომის პაპების წერილები დემეტრე II-თან, დავით ნარინთან, გიორგი ბრწყინვალესთან, ქართველ დიდებულებთან და ა. შ. (ტაბაღუა 1987. ტაბაღუა 1987. Gოლუბოვიცჰ 1919. თამარაშვილი 1904.).
მაგრამ ამჟამად, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რომის პაპების მონღოლთა კართან და საქართველოსთან ურთიერთობის ნაკლებად ცნობილ ან სრულიად უცნობ ფაქტებზე.
ევროპისა და რომის პაპების ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნებისადმი და კერძოდ მონღოლთა იმპერიისადმი, განპირობებული იყო როგორც პროზელიტიზმის იდეით და წმინდა მიწის კვლავ გამოხსნის მცდელობით, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესებით. თავის მხრივ, სარწმუნოებრივად მეტ-ნაკლებად ტოლერანტულად განწყობილი მონღოლი ყაენები (ისლამის მიღებამდე) დაინტერესებული იყვნენ ევროპის ქრისტიანული ქვეყნების ჩართვით მათი მუდმივი მტრების - ეგვიპტის სულთნების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მონღოლებთან ურთიერთობისას რომის პაპები ცდილობდნენ, შუამავლის როლი მათ იმპერიაში შემავალი ქართველებისათვის დაეკისრებინათ. ამავე საქმეში აქტიურად იყვნენ ჩაბმული სირიელი მონიფიზიტებიც.
განსაკუთრებით ინტენსიური იყო ილხანთა იმპერიის წარმომადგენლის არღუნ ხანის (1284-1291) ურთიერთობა ევროპასთან და რომის პაპებთან. ეს სწორედ ის არღუნია, რომელმაც დემეტრე II-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამიტომაცაა, რომ ქართველი მემატიანე, ე. წ. ჟამთააღმწერელი, რომელიც დემეტრეს კართან ძალიან დაახლოებული ჩანს, არღუნს უაღრესად უარყოფითად ახასიათებს. ქრისტიანობასთან და რომის პაპთან მის კონტაქტებზე, ქართველ მემატიანეს მინიშნებაც კი არსად აქვს. პირიქით, მას ჟამთააღმწერელი, ქვეტექსტით ქრისტიანობის ბოროტ მტრად სახავს, რადგან მემატიანის სიტყვით, არღუნმა ქრისტეს საგმობი საქმე ჩაიდინა: `საცნაურ იქმნა, ვითარმედ ამისთვის მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომელ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი (იგულისხმება ქრისტიანთა სისხლი, ვ. კ.) და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა (ე. ი. დემეტრე II-ის; ხაზი ჩვენია, ვ. კ.) ხელის შეხებად. მოკუდა არღუნ და ყოველნი გამზრახნი მისნი, რომელნი მეფისა სიკვდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს~ (ყაუხჩიშვილი 1959: 283-294).
არღუნმა, პირველი ელჩობა რომის პაპ ჰონორიუს IV-ს (პაპად აირჩიეს 1285 წლის 2 აპრილს) 1285 წელს გაუგზავნა. ამ ელჩობას მეთაურობდა `ისა (იზა) თარჯიმანი~ (Aბელ-ღემუზატ 1824: 356-359). Eს `იზა~ უნდა იყოს პიზის მოქალაქე `ისა ან პისოლი~ (ჩინურ წყაროებში `აი-სე~), რომელიც მინღოლებთან დიდი გავლენით სარგებლობდა და არღუნის კარზე ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მან უამრავი აღმოსავლური ენა იცოდა (Бартольд 1968: 233-234). სწორედ ამიტომ შეირჩა იგი ამ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად.
არღუნის წერილის დედანი არ შემორჩენილა, მაგრამ არსებობს მისი ლათინური ბწკარედული თარგმანი. არღუნი ჰონორიუს IV-ს არწმუნებდა, რომ მონღოლები ქრისტიანების მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. კერძოდ, ის წერდა, რომ მისი წინამორბედნი: ყაენი ჰულაგუ და მისი ძე აბაღა ქრისტიანებს ყოველმხრივ მფარველობდნენ და გადასახადსაც კი არ ახდევინებდნენო. Pირადად არღუნი რომის პაპის წინაშე პირობას დებდა, რომ `გაუფრთხილდებოდა ქრისტიანებს.~ ამავე დროს, არღუნი პაპს ატყობინებდა, რომ მასთან ელჩობის გაგზავნა გაცილებით ადრე სურდა, მაგრამ მისმა წინამორბედმა, ყაენმა აჰმედმა (1282-1284) შეუშალა ხელი, ვინაიდან აჰმედი მუსულმანი იყო (ჩაბოტ 1895:). ყველაზე მთავარი არღუნის წერილში ის იყო, რომ იგი პაპს სთავაზობდა ერთად დასხმოდნენ თავს `სარკინოზთა მიწას,~ რომელიც მათ ერთმანეთისგან თიშავდა. `სარკინოზთა მიწაში~ არღუნი გულისხმობდა სირიას (შამს), რომლის დაპყრობა მონღოლებმა ვერაფრით მოახერხეს. არღუნი დაბეჯითებით სთავაზობდა ევროპასა და რომის პაპს სარკინოზთა ხელიდან გამოეგლიჯათ სირია და გაენაწილებინათ (ჩაბოტ 1895: 192). ამ წერილში არღუნი ჯერ კიდევ არ ასახელებს წმინდა მიწებს, როგორც შეტევის ობიექტს, რაზედაც აპელირებას იგი უკვე შემდეგ წერილებში ახდენს. წერილი დათარიღებულია `ქათმის წლის~ 18 მაისით, რაც 1285 წელს შეესაბამება.
1287 წელს არღუნი მეორე ელჩობას გზავნის ევროპაში. ამ მისიის ხელმძღვანელად ნესტორიანელი ბერი, ბარ-საუმა დაინიშნა. მისი ელჩობა დაწვრილებითაა აღწერილი უნიკალურ სირიულ წყაროში _ `მარ იაბალახასა და რაბბან საუმას ისტორია~ (1317 წ.). სხვათაშორის, ამ `ისტორიის~ ანონიმი, მოვლენათა თანამედროვე ავტორი წერს: `არღუნმა გადაწყვიტა შეჭრილიყო, დაემორჩილებინა და დაეპყრო პალესტინისა და სირიის მიწები. [ის ამბობდა]: `თუკი დასავლეთის მეფეები _ ქრისტიანები არ დამეხმარებიან, მე (მარტო) ვერ შევძლებ ჩემი მიზნების მიღწევასო.~ ამიტომაც სთხოვა მან კათალიკოსს (ნესტორიანული სარწმუნოების მიმდევართა მეთაურს, ვ. კ.) შეერჩია ბრძენი, შემძლე და შესაფერი პირი ელჩობისათვის~. სწორედ მაშინ დაინიშნა ელჩობის მეთაურად ნესტორიანელი რაბბან საუმა. მან და მისმა მისიამ მთელი დასავლეთ ევროპა მოიარა და  დაწვრილებით აღწერა, რაც ნახა. საინტერესო დეტალია, რომ საუმასა და მის ელჩობას რომის წმ. პეტრეს ტაძარში უნახავთ სუფთა ტილო, რომელზედაც მაცხოვარი იყო გამოსახული. შესაძლოა, ეს იყოს ტურინის სუდარის პირველი ხსენება (Пигулевская 1958: 85).
როგორც ჩანს, ელჩობას რეალური შედეგი არ მოყოლია, მაგრამ ახალმა პაპმა ნიკოლოზ IV-მ საუმას მონღოლებთან მრავალი წერილი გაატანა. ასევე წერილები გაეგზავნათ ნესტორიანელ კათალიკოსს, ქრისტიან მონღოლ დედოფლებს, კერძოდ, დედოფალ ელეღაღს, იგივე ოლჯეთეი ხათუნს და დედოფალ თუკტანს, იგივე ნუკტან ხათუნს. პირველი არღუნის მეუღლე იყო (ასევე ერქვა მის ქალიშვილსაც); მეორე კი, აბაღა ყაენის მეუღლე, ანუ არღუნის დედა იყო (Рашид ад-Дин 1957: 113). პაპმა წერილი გაუგზავნა თვით არღუნსაც. ამჟამად ეს წერილი ორ ნაწილადაა გახლეჩილი და ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ორი ცალ-ცალკე წერილია; თუმცა სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ერთი წერილის ორ ნაწილთან (Пигулевская 1958: 44). თავის ეპისტოლეში პაპი ურჩევს არღუნს, იერუსალიმის აღებას არ დაელოდოს (როგორც ეს მის წერილში იყო ნათქვამი) და მოინათლოს. მართლაც, არღუნი თავის ერთ წერილში პაპს პირდებოდა, რომ იერუსალიმის აღების შემთხვევაში, იქ მოინათლებოდა (დ. ოჰსსონ 1835: 188). როგორც ჩანს, ორივე მხრიდან, ეს იყო დიპლომატიური თამაში. პაპი ცდილობს ქრისტიანობაზე მიაქციოს არღუნი და ამით მასზე გავლენა მოიპოვოს; არღუნი კი, ქრისტიანობის მიღებას მაშინ აპირებს, თუ პაპი და ევროპა დაეხმარება მას იერუსალიმისა და სირიის დაპყრობაში.
1289-1290 წ.წ. არღუნი მესამე ელჩობას აგზავნის პაპთან და ევროპის ქვეყნების მეთაურებთან. მანამდე, მან კიდევ ერთი წერილი მიიღო პაპ ნიკოლოზ IV-გან; ამ წერილში პაპი არღუნს სთხოვდა განსაკუთრებული მფარველობა აღმოეჩინა პაპის წარგზავნილი ღვაწლმოსილი მისიონერის, იოანე მონტეკორვინოსათვის (დ. ოჰსსონ 1835: 69). მესამე ელჩობას ხელმძღვანელობდა გენუელი წარმოშობის დიდვაჭარი ბუსკარელ დე გიზულფი. ამ პირის ელჩობის მეთაურად განწესება განაპირობა იმან, რომ გენუა განსაკუთრებით იყო დაინტერესებული აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობებით. გენუის უდიდეს სავაჭრო კორპორაციას კი, იმ პერიოდში სათავეში ედგა იაკობ დე გიზულფი, ჩანს ბუსკარელის ნათესავი. პაპის გარდა, ბუსკარელს და მის ელჩობას უნდა მოენახულებინათ საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზი და ინგლისის მეფე ედუარდ I. ამ ელჩობის ოფიციალური მიზანი იყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება წმინდა მიწის სარკინოზთაგან დასახსნელად. შემონახულია არღუნის წერილი საფრანგეთის უძლიერესი მეფის, ფილიპე IV ლამაზისადმი. წერილი უიღურული ანბანითაა ნაწერი. პერგამენტის სიგრძე 1 მ და 83 სმ-ს, ხოლო სიგანე 25 სმ-ს უდრის. იგი ინახება პარიზის ნაციონალურ არქივში (დ. ოჰსსონ 1835: 69).
ამ წერილში არღუნი კონკრეტულ ვადებსაც ასახელებდა, როდის უნდა დაწყებულიყო ერთობლივი ლაშქრობა. ყაენი წერდა: `ღმერთს მინდობილნი გავემგზავროთ ზამთრის ბოლო თვეში, პანტერის წელს (იგულისხმება 1291 წლის იანვარი, ვ. კ.) და დამასკოსთან დავიბანაკოთ გაზაფხულის პირველი თვის 15 რიცხვში~ (დაახლოებით 20 თებერვალს, ვ. კ.). არღუნი დაბეჯითებით მოითხოვდა ევროპის ქვეყნების მონაწილეობას ამ ლაშქრობაში და გამარჯვების შემთხვევაში, ფილიპეს პირდებოდა ყველა ქრისტიანისათვის წმინდა ქალაქ იერუსალიმის გადაცემას (დ. ოჰსსონ 1835: 71-72; ჰაენიშ 1949: 220).
საყურადღებო ფაქტია, რომ ამ წერილთან ერთად, ბუსკარელმა საფრანგეთის მეფეს ერთგვარი დიპლომატიური ნოტა გადასცა, რომელიც ძველ ფრანგულ ენაზე იყო დაწერლი. მასში, კიდევ ერთხელ, განმარტებული იყო არღუნის მიზნები. განმარტებებს დართული ჰქონდა ბუსკარელის საკუთარი კომენტარები. კერძოდ, იქ ნათქვამი იყო, რომ თუ მეფე (ფილიპე) თვით ჩაუდგებოდა სათავეში თავის ჯარს, სამაგიეროდ არღუნი `თან წაიყვანდა საქართველოს ორ ქრისტიან მეფეს, რომლებიც მისი ვასალები არიან და რომელთაც 20 000 ცხენოსნის და მეტის გამოყვანაც შეუძლიათ~ (ხაზი ჩვენია, ვ. კ.) (დ. ოჰსსონ 1835: 75). ეს ცნობა სრულიად უცნობია ქართული ისტორიოგრაფიისათვის. როგორც ჩანს, ქართველ მეფეებში არღუნი გულისხმობდა ახლად გამეფებულ ვახტანგ II-ს (1289-1292) და დასავლეთ საქართველოს მეფეს, დავით ნარინს. მართალია, დავით ნარინი მონღოლებს ფაქტობრივად არ ემორჩილება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჯერ ერთი, საქმე ეხება ქრისტეს საფლავისა და წმინდა მიწის გამოხსნას, რაც ყველა ქართველისა და მით უფრო მეფისთვის სანუკვარი ოცნება იყო და მეორეც, ვახტანგი ნარინის ძე იყო და ამიტომ მათი შეთანხმება ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით, გაცილებით ადვილი იქნებოდა (სხვათაშორის, ვახტანგს ცოლად შერთეს ოლჯათაი, არღუნის და).
ბუსკარელი არწმუნებს ევროპელ ხელმწიფეებს, რომ არღუნი ითვალისწინებს რა წმინდა მიწამდე გასავლელი გზის სირთულეებს და ზღვაზე (ხმელთაშუა ზღვაზე) ცხენების გადაყვანის სირთულეს, მზად არის საფრანგეთის მეფეს და მის დიდებულებს, ზღვის აქეთ 20 ან 30 ათასი ცხენი დაახვედროს. ამასთან, იგი მზად არის გადასცეს მას `საჩუქრის უფლება~ (ანუ ალაფის აღების უფლება), ან თვითონ გადაუხადოს დიდი თანხა. ამასთანავე, არღუნი პირობას დებს, რომ ევროპელებს დაახვედრებს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, ბურღულეულს, ფქვილს, სხვა სურსათსა და აქლემებს (დ. ოჰსსონ 1835: 76). დოკუმენტურად მტკიცდება, რომ წერილი ადრესატს ნამდვილად გადაეცა და ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ნესტორიანელ ბერს, საუმას. როგორც აღინიშნა, არსებობს ამ ნესტორიანელი ბერის და იმდროინდელი ნესტორიანელი კათალიკოსის, იაბალახას ანონიმური ისტორია, სადაც ეს ამბავიცაა აღწერილი. კერძოდ, ისტორიაში ნათქვამია: `როდესაც ის (საუმა) შევიდა (სასახლეში), ის (საფრანგეთის მეფე, ვ. კ.) წამოდგა მის შესახვედრად, მიესალმა და უთხრა: `რისთვის მოხველ შენ? და ვინ გამოგგზავნა?~ მან (საუმამ) უპასუხა: `მეფე არღუნმა და აღმოსავლეთის კათალიკოსმა (ანუ ნესტორიანელთა მეთაურმა, ვ. კ.), გამომგზავნეს მე, იერუსალიმთან დაკავშირებით.~ მან (საუმამ) აუხსნა მას (მეფეს) ყველაფერი, რაც კი იცოდა ამ საქმის შესახებ და გადასცა წერილები, რომლებიც მას თან ჰქონდა და ძღვენი და საჩუქრები, რაც მოტანილი ჰქონდა~ (ხაზი ჩვენია, ვ. კ.) (Пигулевская 1958: 87). როგორც ვხედავთ, წყაროში პირდაპირაა ნათქვამი, რომ წერილები საფრანგეთის მეფეს ნესტორიანელმა საუმამ პირადად გადასცა.
რომის პაპმა საჭიროდ ჩათვალა ბუსკარელის მისია ინგლისის მეფე ედუარდ I-აც გაეგზავნა. მისიას პაპმა საკუთარი სარეკომენდაციო წერილიც დაურთო. 1290 წლის 10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში პაპი ედუარდს ამცნობდა, რომ მასთან აგზავნიდა არღუნ ყაენის ელჩებს და საკუთარ წარგზავნილებს. კერძოდ, პაპი წერდა: `როდესაც ჩვენი ძვირფასი შვილები, წარჩინებულები: ანდრე, რომელსაც ადრე (კათოლიკობის მიღებამდე, ვ. კ.) ძაგანი (ძაგან) ერქვა, ღმერთისგან შეგონებული, ახლახან მიონათლა ჩვენს სამოციქულო კარზე ოსტიის ეპისკოპოსის ხელით, თავის ძმისშვილ დომინიკთან ერთად, რომელსაც ადრე (კათოლიკობის მიღებამდე, ვ. კ.) გორგი (გიორგი, ვ. კ.) ერქვა; და ბასკარელუს გიზულფი (ანუ იგივე ბუსკარელი, არღუნის ელჩი, ვ. კ.) გენუის მოქალაქე... არღუნის, მონღოლთა სახელგანთქმული მეფის დესპანები საჩუქრებით ჩამოვლენ თქვენს სამეფო კარზე; გთხოვთ, კარგად მიიღოთ და ყურადღებით მოუსმინოთ (მათ) და რაც შეიძლება სწრაფად გამოისტუმროთ უკან~ (ხაზი ჩვენია, ვ. კ.) (დ. ოჰსსონ 1835: 76).
მოტანილი ცნობა უნიკალურია, რადგან საუკუნეთა სიღრმიდან ორი უცნობი ქართველის მისიონერულ საქმიანობას გვისურათებს. შესაძლებლად მიგვაჩნია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ძაგანი და გიორგი აბულეთისძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. ამას გვაფიქრებინებს პაპის წერილში დაფიქსირებული განმარტება, რომ ისინი `წარჩინებულები~ ანუ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. დიდი ფეოდალების, აბულეთისძეთა გვარში კი, ეს სახელები (ძაგანი და გიორგი) გავრცელებული იყო. ამაზე მეტყველებს დავით აღმაშენებლის ანდერძში მოხსენიებული ძაგან აბულეთისძე (კლდიაშვილი... 1991: 65) და ასევე 1260 წელს შიომღვიმის ლავრის მიერ გაცემულ სიგელში მოხსენიებული `ძაგან აბულეთისძე და მისი ბიძა გიორგი~ (კლდიაშვილი... 1991: 66).
შესაძლოა, რომ პაპის მიერ დასახელებული აბულეთისძეთა წარმომადგენლების რომაულკათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასვლა იმითაც იყო განპირობებული, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ როგორც საქართველოს სამეფო კართან (გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპოქა), ისე მონღოლებთან. მაგალითად, ქართველი მემატიანე, `ჟამთააღმწერელი~ წერს, რომ 1282 წლისათვის სადუნ მანკაბერდელის ძემ, ხუტლუბუღამ ორი ძმა აბულეთისძე (სახელები არ არის დასახელებული) `მოაკუდინა~ (ყაუხჩიშვილი 1959: 281-282).
1291 წლის 21 აგვისტოს რომის პაპი საპასუხო წერილს უგზავნის არღუნს და აცნობებს, რომ მისი წერილი, საკუთარი დესპანის _ ძაგანის ხელით, ინგლისის მეფეს გადაუგზავნა (საინტერესოა, რომ პაპი კვლავ ძველი სახელით (`ძაგანი~) მოიხსენიებს დესპანს და არა მონათვლის შემდგომი სახელით, `ანდრე~!). ამ წერილში პაპი დაბეჯითებით ურჩევდა არღუნს დაეჩქარებინა ქრისტიანობის მიღება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რამდენიმე დღის შემდეგ, 23 აგვისტოს რომის პაპმა საჭიროდ ჩათვალა დამატებით გაეგზავნა წერილი არღუნისათვის. ეს იმით იყო განპირობებული, რომ პაპმა შეიტყო წმინდა მიწაზე ჯვაროსანთა უკანასკნელი სიმაგრეების: აკრისა და ტვიროსის დაცემა. Pაპი არღუნს არწმუნებდა, რომ ინგლისის მეფემ `აიღო ჯვარი (ანუ შეუდგა ქრისტეს საქმის აღსრულებას, ვ. კ.) და მალე ზღვას გადმოკვეთს შთამბეჭდავ (სამხედრო, ვ. კ.) ძალასთან ერთად.~ პაპი არღუნს აცნობებდა აგრეთვე, რომ თვით მან ყველა ქრისტიანულ ქვეყანას მოუწოდა მომზადებულიყვნენ სარკინოზებთან საბრძოლველად. საკუთრივ არღუნს, პაპი კვლავ მოუწოდებდა მიეღო ქრისტიანობა. პაპმა წერილები გაუგზავნა სხვა მონღოლ წარჩინებულებსაც. მაგალითად, ერთ-ერთ მონღოლ დედოფალს _ ურუქ-ხათუნს, უფლისწულ ყაზანს (შემდგომში ცნობილი ყაზან-ყაენი (1295-1304), ყაზანის ერთ-ერთ ვაჟს, რომელიც მონათლული იყო, მაგრამ 1304 წელს, ტახტზე ასვლის შემდეგ ქრისტიანობა უარყო და ოლჯაითუ დაირქვა. პაპმა წერილი მისწერა დიდ ნოინ თოღაჩარსაც (იგივე ჟამთააღმწერლის ტაჩარს, რომელსაც წვლილი მიუძღვის დავით უფლისწულის გადარჩენაში).
როგორც ჩანს, მონღოლთა და ევროპის მონარქების ერთობლივი ლაშქრობა, მიუხედავად რომის პაპის დიდი მცდელობისა, მაინც ვერ განხორციელდა. ამის მიზეზი საფრანგეთისა და ინგლისის პოზიცია იყო, რომლებიც ახალი, სერიოზული ლაშქრობისათვის მზად არ იყვნენ.
ბუსკარელ გიზულფი კი, კვლავ განაგრძობს დიპლომატიურ მოღვაწეობას. შემორჩენილია 1303 წლის ყაზან-ყაენის წერილი, რომელშიც ის იუწყება, რომ რომის პაპის, ბონიფაციუს VIII-გან ეპისტოლე მიიღო `ბისკარუნის ხელით~ (აქ უდავოდ იგივე ბუსკარელ გიზულფი იგულისხმება) (შპულერ 1955: 102), მაგრამ ეს ბუსკარელის ბოლო ხსენებაა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობანი ილხანებსა და ევროპას შორის თითქმის შეწყდა.
თუმცა წმინდა მიწის ურწმუნოთაგან გამოხსნის იდეა კვლავაც ცოცხლობს. ახლა უკვე რომის პაპის კარი აქტიურობს. ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა მთელ XIV საუკუნეს გაჰყვება. ეს აზრი თვალნათლივ გამოსჭვივის 1330 წლის სებასტოპოლის (სოხუმის) კათოლიკე ეპისკოპოსის, პეტრე გერალდის უნიკალურ წერილში, რომელიც კენტერბერის არქიეპისკოპოსს გაეგზავნა (დევს ბლოგზე).
პაპი იოანე XXII აგრძელებს კათოლიციზმის პროპაგანდას და აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალ და ახალ მისიებს გზავნის (ძირითადად ესენი იყვნენ ფრანცისკელები და დომიენიკელები).
1333 წელს პაპს სულთანიეში (სამხრეთ ზერბაიჯანი) და მახლობელ აღმოსავლეთში გაუგზავნია ორი მისიონერი: ფრანჩესკო დე კამერინო და რიჩარდ ინგლისელი. მათ დავალებული ჰქონდათ საქართველოს მეფეც მოენახულებინათ.
უნიკალური, მაგრამ ფრაგმენტული ცნობაა შემონახული იმის შესახებ, რომ ავინიონში, 1333-1334 წლებში, რომის პაპის იმდროინდელ რეზიდენციაში იმყოფებოდა მისიონერი `იოანე (ჟაკ) ქართველი~. მან სხვა მისიონერებთან ერთად, დაწვრილებითი ინსტრუქციები მიიღო და კათოლიკური დოქტრინა განიხილა. იოანე (ჟაკ) ქართველის სახელი შემონახულია პაპის კურიის მიერ გამოყოფილი სამოგზაურო თანხების ნუსხაში (რიჩარდ 1977: 178ნ. 41).
ევროპულ წყაროებში საინტერესო და ქართული ისტორიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი ცნობებია შემონახული 1329 წლიდან თბილისის კათოლიკური მისიის მეთაურად დანიშნულ იოანე ფლორენციელზე. ის თბილისის მისიის მეთაურად დაინიშნა მას შემდეგ, რაც პაპის მითითებით სმირნის (იზმირის) საეპისკოპოსო კათედრა 1329 წლის 9 აგვისტოს თბილისში გადმოიტანეს. უშუალოდ თბილისის კათოლიკურ მისიას იოანე ფლორენციელი 1330 წლის 7 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის სულთანიეს არქიეპისკოპოსი იყო. 1333 წლიდან, ჩანს შეთავსებით, ის სომხეთის კათოლიკურ მისიასაც ხელმძღვანელობს. ფრანგი მკვლევარის, ჟან რიშარის ცნობით, ნახჭევანში XVII ს-მდე ინახებოდა მის მიერ თარგმნილი რაღაც შრომა (რიჩარდ 1977: 179). 1343-1345 წ.წ. იოანე ფლორენციელი ევროპაში გაემგზავრა მისიის საქმეების მოსაწესრიგებლად. ამ პერიოდში, რომის პაპი მას ინგლისის მეფესთან გამგზავრებასაც კი ავალებს და ამისათვის 120 ფლორინს უხდის. თუმცა, ბოლო მომენტში, რაღაც მიზეზით, პაპმა ვიზიტი გააუქმა (ღიცჰარდ 1977: 179-180).
შემორჩენილია მისი თხოვნა რომის პაპისადმი, ნება დაერთოს გაემგზავროს პალესტინაში. Eს თხოვნა 1345 წლითაა დათარიღებული. იოანე ფლორენციელი 1347 წელს პერას მონასტერში გარდაიცვალა. ჟან რიშარის ცნობით, აღმოჩნდა მისი საფლავის ფილაც, რომელიც სტამბოლის მუზეუმში ინახება (რიჩარდ 1977: 180-181).
როგორც ვხედავთ, საქართველოსა და ქართველთა როლი XIII-XIV საუკუნეების დიპლომატიურ საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ვიმედოვნებთ, ამ პერიოდის უცხოური არქივებისა და წყაროების კვლევა დამატებით მასალას გამოავლენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий