среда, 3 января 2018 г.

იოანე ბატონიშვილის უცნობი მასალები ლაშა გიორგის ისტორიისათვის (კ. კეკელიძე)

იმ ლიტერატურულ კოლონიაში, რომელიც 1801 წლის ისტორიული აქტის შემდეგ, ფეხს იკიდებს რუსეთში, განსაკუთრებულ ყურადღებას ისტორიოგრაფია იპყრობს; თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზნად ეს კოლონია საქართველოს ისტორიის გაშუქებასაც ისახავს. ეს გამოწვეული იყო, სხვათა შორის, ეროვნული თავდაცვის საჭიროებითაც. ასეთი შრომებით ამ კოლონიას უნდოდა დაენახვებინა შემოსული ძალისათვის, რომ ქართველები მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მატარებელი არიან, ამისათვის ისინი ღირსი არიან ახალი ცხოვრების პირობებში შესაფერისი ადგილისა და ყურადღებისა. მეორე მხრით, ამ კოლონიის მოღვაწენი გრძნობენ, რომ უცხო რუსიფიკატორული რეჟიმის ბატონობისას შესაძლებელია ქართველების გათქვეფა და გადნობა იმ უსაზღვრო ოკეანეში, რომელსაც «რუსეთის იმპერია» ეწოდებოდა. ამის ასაცილებლად საჭიროდ უცვნიათ მათში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება და ეროვნული კულტრული ტრადიციების განმტკიცება. ამ ნიადაგზე უნდა წარმოშობილიყო ისტორიული შრომები ბატონიშვილების დავითის, თეიმურაზის და ბაგრატისა1. ამგვარ შრომათა რიცხვს განეკუთვნება ბატონიშვილის იოანეს «ისტორია ქართლისა», რომელიც მოთავსებულია მის «კალმასობაში», როგორც ორგანული ნაწილი ამ ღირსშესანიშნავი ენციკლოპედიური შრომისა.
ეს «ისტორია» ცნობილი გახდა 1911 წლიდან, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილ იქნა გაგრძელება . ჭიჭინაძის მიერ გამოცემულიკალმასობისა“. მოთავსებულია ის საქართველოს მუზეუმის ხელნაწერში H 2134, რომელიც 1923 წელს დაბრუნდა საქართველოში რუსეთიდან. ეს არის ავტოგრაფი, რომელიც ერთადერთ ცალად შენახულა, სხვა ცალი მისი არსად არ არსებულა, ვინაიდან, «კალმასობა» ამ შრომით იხურება, მისი შედგენის დროდ დაახლოებით 1825-1828 წლები შეიძლება მივიჩნიოთ. სამშობლო ქვეყნის ისტორიას ავტორი იწყებს პრეისტორიული, - ნოესა და მისი შვილების, - დროიდან და მოჰყავს ის 1518 წლამდე, როდესაც საქართველოს შაჰ-ისმაილი შემოესია.
რას წარმოადგენს ეს შრომა? ზოგადად და ძირითადად ის არის ვახუშტის ისტორიის შესაფერისი ნაწილის თავისი სიტყვით გადმოცემა და გარდათხრობა. ავტორი კვალდაკვალ მისდევს ვახუშტის, მას დაუცავს ზუსტად როგორც არქიტეკტონიკა ვახუშტის შრომისა, ისე მისი გეგმა, მეფობათა და მოთხრობათა თანმიმდევრობა, განსაკუთრებით კი ქრონოლოგიური თარიღები და გამოანგარიშებანი. ჯერ მას გადმოუცია ვახუშტის ისტორიის პირველი ნაწილი, სამეფოს გაყოფამდე, მერე მოგვითხრობს მისსავექართლის ისტორიას“, რომელიც, როგორც ვთქვით, 1518 წლამდეა მოყვანილი. მას განზრახვა ჰქონია საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების ისტორიაც გადმოეცა, ყოველ შემთხვევაში ერთს ადგილას ის შენიშნავს, რომ წერეთელთა შთამომავლობას «იმერეთის ისტორიაში» მოვიხსენებო, ხოლო ავ-გიორგისდროინდელი შფოთის მიზეზთა შესახებ ამბობს, რომ მათუეჭველესად მოვიხსენებ კახთა საკუთარსა ისტორიასა შინაო“.
«კალმასობაში» მოთავსებული «საქართველოს ისტორიის» (და არა «ქართლის ისტორიის») ავტორს, იოანე ბატონიშვილს, ასახელებს . ხახანაშვილიც (Очерки III, 292-3), მაგრამ ეს ისტორია მას თვითონ არ უნახავს და არც შეეძლო ენახა, რადგანაც მისი შემცველი ხელნაწერი მის დროს ცნობილი არ იყო; ამით აიხსნება მისი განცხადება, რომ აღნიშნული შრომა შეიცავს ამბებს საქართველოს გაქრისტიანებიდან XVIII საუკუნის გასულამდეო: ფარგლები იოანეს «ისტორიისა», როგორც დავინახეთ, ასეთი არაა.
იოანე რუსეთში ცხოვრობდა ისეთ წრეში, რომელიც რელიგიური კრძალულებით ეპყროებოდა საქართველოს წარსულს. იქ მყოფი ბატონიშვილები და დიდებულები, იქაური ქართული ინტელიგენცია, საუკეთესო დამცველნი და მატარებელნი იყვნენ ქართული ეროვნული და ისტორიული ტრადიციებისა. მათ წრეში საქართველოს სამეფოს მოგონება და ქართული ტრადიციები ჯერ კიდევ ცოცხალი და შეურყეველი იყო. ამ წრის მსოფლგაგება, რომელიც დამყარებული იყო XVII-XVIII საუკუნეების ქართველ მეცნიერთა და მწერალთა შრომებზე, აგრეთვე ცოცხალ გადმოცემებზე, ასაზრდოებდა იოანესაც. იმათ ის ეცნობოდა როგორც ცოცხალ საუბარში ქართველებთან, ისე ქართულ მატიანეებში, ქრონიკებში, გეოგრაფიულსა და საისტორიო თხზულებებში, ყველაზე მეტად კი ვახუშტის შრომებში, რომელთაც გარკვეული მიმართულება და ხასიათი მისცეს იოანეს ისტორიოგრაფიულ მუშაობას, როგორც მეთოდის2, ისე შინაარსის მხრივ.
მიუხედავად ამისა, იოანეს შრომა მაინც არ არის უბრალო განმეორება ვახუშტის ისტორიისა; მას ქართულ საისტორიო მწერლობაში საკუთარი, დამოუკიდებელი მნიშვნელობაც აქვს, და საკმაოდ შესამჩნევი. პირველ ყოვლისა, იოანე ბატონიშვილს ვახუშტის მოთხრობა ალაგ-ალაგ ისეთი დეტალებით გაუვრცია, რომლებშიაც შემონახულია ტრადიციული, გადმოცემითი ცნობები ჩვენი წარსული ცხოვრებისა, ისეთი ცნობები, რომლებიც ყოფილ სამეფო ოჯახში იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დღეს კი ჩვენთვის მკვდარი და დაკარგულია. თან ვახუშტის ისტორიიდან ამოღებულ ამბებს ის ხანდახან, თუმცა არც ისე ხშირად, ავსებს ვახტანგის მიერ რედაქტირებული «ქართლის ცხოვრებიდან» (ცნობილია, რომ ვახუშტი შემოკლებით გადმოგვცემს ვახტანგის შრომას); ამკობს მას საქართველოს ფეოდალურ გვაროვნობათა შესახებ ისტორიულ-გენეალოგიური ცნობებით, - იშვიათია ისეთი გვარი, რომელიც ამნაირი ცნობებით არ იყოს განმარტებული, - ძველი გეოგრაფიული ნომენკლატურის თანამედროვეზე გადმოტანით და ისეთი პირადი განცდებისა და რწმენის გამოთქმით, როგორიცაა, მაგალითისათვის, შენიშვნა: გიორგი ლაშა იყოთვითრჩეული, ვითარცა მოსდგამთ ბაგრატოვანთა გუართა დანაჟებულება“, ანადა - ერისთავებიაწუხებდენ ხალხს, ვითარცა აწცა ესრეთ არიან ერისთავნი“.
საყურადღებოა, რომ ავტორს არ სურს ბრმად მიჰყვებოდეს ვახუშტის, ის მას ხშირად ეჭვის თვალით უყურებს და ამიტომაც კრიტიკულად უდგება. სიტყვიერი გამოხატულება ამ კრიტიკული მიდგომისა მოცემულია ჯერ კიდევ «კალმასობის» იმ ნაწილში, რომელსაც ჩვეულებრივ «მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის» ეწოდება; აქ ნათქვამია: „ვახუშტი, ბუში ბაგრატიონთა, აღზარდა ვახტანგ მეფემან მოსკოვსა შინა და იყო კარგი მეცნიერი. ამან განავრცელა ქართლის ისტორია და აღწერა კარგად. აგრეთვე მეფეთა შთამომავლობანიცა. გარნა, ვინაითგან გამოძებულ იქმნა კახთა მეფეთაგან, ამისთვის ისტორიასა შინა, თვისსა მიერ ქმნილსა, შურითა მოუთხრობს საქმეთა მათთა, შეწევნითა ცხვირმოჭრილისა ორგულობასა ზედა მეფისსა ამილახორის შვილისა3, და ამისათვის ძრახვენ ქართველნი და არაჭეშმარიტ ისტორიად რაცხვენ, ვინაითგან შურითა მეფეთა და მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა4. საბუთიანია თუ არა ასეთი ბრალდება, ამის განხილვაში ახლა ჩვენ ვერ შევალთ, როგორც უნდა იყოს, ,ამ ბრალდებას იოანე «ქართლის ისტორიაშიც» იმეორებს. აი ზოგიერთი მაგალითი იოანეს კრიტიკისა.
1. «შემდგომად წლისა ქრისტეს აქეთ 314-სა მოვიდა წმიდა მოციქული ნინა იერუსალიმით სომხითს. ვახუშტი რომ სწერს იჭვნეულებას; რომ ნინოს დროს არ იყო კონსტანტინე დიდიო, კონსტანტინემ მიიღო მეფობა ქრისტეს აქეთ 303, მოიქცა ქრისტიანედ 306-ში და ნიკიის კრებაც მოხდა 325-ში».
2. «შემდგომად სამისა წლისა (ვახტანგის დროს ეპისკოპოსად მიხაილის დასმისა) წარმოემართა სპარსთა მეფე იეზდიგურ, ძე ბარამ-გურისა. ვახუშტის იეზდი-გურის მაგიერ ხოსრო დაუწერია, მაგრამ ვახტანგის დროს იყო იეზდიგური, ხოლო კვალად ხოსრო წელსა ქრისტეს აქეთ 540-ში გამეფდა. ხოლო ხოსრო არა თუ სახელი არის, არამედ არაბულად ნიშნავს მეფესა და უპირველეს მთავარსა, და ესეთ იწოდა ხოსრო იეზდიგურ, ესე იგი მეფე იეზდიგურ, ხოლო საკუთრად სახელით ითქმის ქეიხოსრო“.
3. ჯაფარ ამირ-მუმლმან «წარმოავლინა მხედრობითა დიდითა ამილბარი თვისი, ზედწოდებით ბუღა, მაგრამ თათრული სახელი არის ნამდვილ ბუდაღ».
4. შემდგომად არპასლანისა «დაჯდა ადგილსა მისსა სულთანი ხორასნისა ჯალაქუ. ვახუშტის დაუწერია სულთან ჯაქუ, არამედ სწორე სახელი ამისი არის ჯალაქუ».
5. დავით აღმაშენებლის მეფობაში «მოვიდა დაფარვით, დავრიშის სახით, მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი გამსტრობად ივერიისა და ხილვად მეფისა დავითისა, და ეგრეთვე ამავე სახედ ბერძენთა მეფე ალექსანდრე. თუმცა ვახუშტის დაუწერია ალექსანდრე, მეფე ბერძენთა, გარნა ალექსანდრე უწინ იყო ამა დავით მეფეზედ, ხოლო ამა რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა. მოთხრობისამებრ სხვათა ისტორიათა. არამედ მე ალექსანდრე დავწერე, და ესეცა მოვიხსენე აქა».
6. «სულტანი ჩარა ასლანის ძე ნურაჰდარ. ჩარა ასლან ითარგმნების სპარსულისაგან «ლომ-სახიანი». ვახუშტის დაუწერია ნურქარდინ, გარნა ესე არ არს სახელი, არამედ ნურაჰდარ უნდა სახელად».
7. «იქორწინა რუსუდან მეფემან ტონღანშას შვილსა ზედა, რომელიცა იყო მძევლად მოყვანილი დროსა თამარ მეფისასა5. ვახუშტის ტურღულის ძე დაუწერია, რომელსა არა სცოდნია გვარი მისი. ესე ტონღანშა, რომელიც დავსწერეთ ზევით, ხორასნისა მეფისა ძე, მძევლად მოყვანილი დროსა თამარ მეფისასა, ესე იყო იგი, რომელსა ეწოდა ქართულად სახელი ნათლობისა დიმიტრი. ამან შეამკო ხატი ღვთისმშობელისა და დააწერინა სახელი თვისი და რუსუდან დედოფლისა; ხოლო ქართველნი უწოდდენ ხვარასანთ ტყვეთა მხსნელად».
8. «აღნიშნავს რა ალექსანდრე მეფის მიერ საქართველოს სამ სამეფოდ გაყოფის ფაქტს, იოანე ამბობს: მთელი საქართველო იტყვის აწ «ამ სამეფოს ასე სამად განყოფასა. ხოლო ვახუშტი შურითა კახთა მეფეთასა უარჰყოფს ზოგან და ზოგან კი დაამტკიცებს, და ამისათვის არა არს ბევრი მისგან დაწერილი სარწმუნო».
9. აგვიწერს რა საქმეთა მდგომარეობას საქართველოში ალექსანდრე მეფის (დიდის) შვილების დროს და კახეთში დიმიტრის ძის დავითის მეფობის ფაქტს, იოანე ამბობს: «ვახუშტის დაუწერია, რომ არ იყო გაყოფილი კახეთი ქართლისაგან და არცა მეფე იჯდაო, არამედ, თუმცა გაყოფილი იყო და მეფედაც იჯდა დავით შემდგომად მამისა თვისისა, გარნა ჯერეთ არ იყო კურთხეული მეფედ და იწოდებოდა მეფედ, რომელსა წერილნი მისნი აცხადებენ და ესეთვე ევროპიელთა მეისტორიენი სწერენ გაყრასა კახთასა და მეფობასა დავითისასა. იხილე ძველთა მატიანეთა შინა».
ყველაზე მეტად საყურადღებოა ის ცნობები, რომელნიც, ვახუშტისაგან განსხვავებით, იოანეს შემოუტანია თავის შრომაში სხვადასხვა წერილობითი, ლიტერატურული წყაროებიდან, თვით ამ წყაროების დასახელებით. ჯერ ჩამოვთვალოთ უცხოური ისტორიანი თუ მეისტორიენი, რომელთაგან იოანეს ამოუწერია ცნობები უცხოელთა თუ ქართველთა შესახებ. ესენია: ბიბლია, როსტომიანი (ძალიან უხვადაა გამოყენებული), ნეტარი იერონიმე, იოსებ ფლაბიოსი, იუსტინიანეს ისტორიკოსი, სახელი არაა ნაჩვენები (ასურეთის მეფის ნინის შესახებ), ღუნების (ჰუნების) ისტორია, ბერძენთა და ბიზანტიელთა ისტორია, ხრონოგრაფი და მატიანე, სომეხთა მეფის ისტორია, სომეხთა მეისტორიენი, ევროპიელთა ისტორია, ფრანციცული მეისტორიე, მეისტორიე ბარონ ლეტერნი, სპარსთა, მონღოლთა, თურქისტანის, ჯიღათელი (თემურლენგის შესახებ) ისტორია, არაბთა მეისტორიენი, ვიკენტი რომაელი, ნიკოლოზ მეისტორიე (ჩერქესთა ეპონიმის ჩარგუზის შესახებ), კონსტანტინე მაკედონელის მიერ აღწერილი ისტორია (ხუნძახისა და ავარიის შესახებ), ნემეცის ისტორიკოსი, ნიკოლოზ თესალონიკელის ისტორია, არქიმანდრიტი იოანიკე და სხვ. ჩვენთვის უფრო საყურადღებოა წმიდა ქართული, დღეს უმეტეს შემთხვევაში უცნობი წყაროები საქართველოს შესახებ. აი ეს წყაროები:
1. «ძველნი მემატიანენი», ამ სახელით შეიძლება ავტორი გულისხმობდეს «ქართლის ცხოვრებაში» შეტანილ ქრონიკებს და მატიანეებს.
2. «ცხოვრება სამცხე-საათაბაგოსი» და «აღწერა სამცხე-საათაბაგოსი», ეს შეიძლება ვახუშტის ცნობილი შრომები იყოს.
3. «ცხოვრება ანტონ ჭყონდიდელ-გარეჯელისა» უცნობი ძეგლი.
4. «ოლთისელი ხუცის გიორგის აღწერილობა», საიდანაც ავტორს მოჰყავს დავით სოსლანის გენეალოგია. ისიც უცნობია.
5. იოსებ თელაველის წიგნი «წესნი მეფეთა აღწერილობისანი», საიდანაც ავტორი გვაცნობს მეტად საინტერესო ცერემონიას მეფეთა კორონაციის და გლოვა-დატირებისას.
6. იოსებ ახალციხელი მღვდლის «მოთხრობა» ქართლში «სადედოფლო» მამულების დაწესების შესახებ ბაგრატ IV-ის დროიდან.
7. «გუჯარი წყალობისა ბარათიანთა»; აქედან ამოღებულია მრავალი ცნობა მეფის ალექსანდრე დიდის შესახებ. ეს ალბათ ის გუჯარია, რომელსაც ვახუშტიც ასახელებს თავის წყაროთა შორის. უფრო მეტია ისეთი წყაროები, როგორც დავინახეთ, ლაშა გიორგის ისტორიაში. ზემოჩამოთვლილი ქართულ-უცხოური წყაროებიდან ავტორს მოჰყავს ხშირად ვრცელი და საინტერესო ექსცერპტები და ისეთი ცნობები, რომელთაც პირველად ამ წყაროებით ვეცნობით. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ შევჩერდებით «ლაშა გიორგის ისტორიაზე», რომელიც შეადგენს წინამდებარე ჩვენი ექსკურსის სპეციალურ საგანს.
დღესდღეობით ცნობილია სამი რედაქცია ლაშა გიორგის ისტორიისა: პირველი მათგანი ამ რამდენიმე წლის წინათ აღმოაჩინა და გამოსცა პროფ. .ჯავახიშვილმა შემდეგი სათაურით: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე. გიორგი ლაშას ისტორია ამ ძეგლით შედგენილია გიორგის გარდაცვალებისა და რუსუდანის გამეფების წელს, ესე იგი 1223 .6. მეორე რედაქცია შემოუნახავს . . «ჟამთააღმწერელს» თავის თხზულებაში, რომელიც, როგორც გარკვეულია, დაწერილია XIV საუკუნეში. მესამე რედაქცია, რომელიც წარმოადგენს პირველი ორი რედაქციის შერწყმა-შეერთების ცდას, ჩვენ გვაქვს ქართლის ცხოვრებისვახტანგისეულ რედაქციასა და ამაზე დამოკიდებულს ვახუშტის ისტორიაში; ამ მესამე რედაქციას დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს და იმაზე არც შევჩერდებით.
პირველი ორი რედაქცია განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ფაქტობრივად, ისე იდეოლოგიურად. ფაქტობრივი მხრით: პირველმა რედაქციამ იცის მონღოლების ორჯერ შემოსევა და დამარცხება: ბალის წყალზე და ერთი წლის შემდეგ ბარდავის ჭალაში, მეორე რედაქციამ იცის მხოლოდ ერთი შემოსევა, რომელიც დამთავრდა საგიმის მდინარეზე ქართველების დამარცხებით. პირველი რედაქცია მოგვითხრობს, რომ რუსუდანს თხოულობდნენ ხლათის სულტანი და შარვანშა. ეს მოთხრობა მეორე რედაქციამ არ იცის. მეორე რედაქცია თავის მხრივ შეიცავს ვრცელ მოთხრობას განძელთა განდგომისა და აღმოსავლეთში ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მონღოლთა გამოჩენის შესახებ, რაც პირველმა რედაქციამ არ იცის. ასევე თვალსაჩინოა იდეოლოგიური განსხვავება ამ ორ რედაქციას შორის; ეს განსხვავება ეხება ლაშა გიორგის ზნეობრივი ფიზიონომიის შეფასებას. პირველი რედაქცია ამ მხრივ ასე გვიხატავს გიორგის: „ვიტყოდით ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდეს მეფედ დაჯდა ნერგი, კეთილი მოზარდი და ყუავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, უმანკო გონებითადამოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა. მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, მონისაცა ერთისა მათრახისა არა დამკვრელი“. მეორე რედაქცია კი სულ სხვანაირად გვისურათებს მას, ის პირდაპირ გამანადგურებელ დახასიათებას იძლევა: «იყო ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თვითბუნება, სახეობის მოყუარე, ღვინის მოყუარე, გემოთ-მოყუარე, სმასა და ჭამას შექცეული“ (ჟამთააღმწერელი), ბილწი, მემრუშე, რომელმაც «არა ინება ქორწინება ცოლსა თანა შჯულიერსა, არამედ ხასად მოიყვანა ველისციხიდან ერთი ქალი. თანამოასაკეთა და რინდთა გადაკიდებულმა, რომელთა კამპანიაში მან ცალი თვალიც კი დაკარგა. გიორგიმ განიშორა ვეზირნი დედისა თვისისანი და მათ მაგიერ დაიახლოვაკაცნი უგუნურნი, მეფის კარსა ზედა ყოფისა არა ღირსნი“. ჟამთააღმწერლის შეხედულებით, ეს იყო მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც საქართველოს თავს დაატყდა მონღოლების შემოსევის სასით. ამ შემოსევას ის უყურებს, როგორც ღვთისაგან სამაგიეროს მიზღვევას უკეთურებათათვის: „ამისათვის აღმოსცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოჲსა მოოხრებისანიო“.
ვის მხარეზეა ამ შემთხვევაში სიმართლე? „ჟამთააღმწერლისდახასიათება შედეგი უნდა იყოს უფრო მისი მორალიზატორული ტენდენციისა და მისტიკურ-ასკეტიკური სულისკვეთებისა, ვიდრე სინამდვილის ანარეკლი, მით უმეტეს, რომ რამდენიმე გვერდით წინ ამ დახასიათებამდე მასაც კი წამოსცდენია უნებლიეთ, რომ გიორგი იყოუხვი, არავისათვის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი და მოწყალე“. ავტორი პირველი რედაქციისა, თანამედროვე გიორგის მეფობისა, უფრო სწორად უნდა გადმოგვცემდეს როგორც ფაქტებს გიორგის მეფობისას, ისე მის ზნეობრივ პროფილს. მაგალითად, ფაქტების მხრივ გიორგის მეფობაში ორგზითი შემოსევა მონღოლებისა დამოწმებულია თანამედროვე მუსლიმანთა მწერლის იბნ-ალ ათარის მიერ, რომლის ცნობით პირველად მონღოლები საქართველოში 1220 წელს შემოვიდნენ, ხოლო მეორედ ერთი წლის შემდეგ, 1221 წელსო. რაც შეეხება გიორგის ზნეობრივ ფიზიონომიას, პირველი რედაქციის დახასიათებას სავსებით უჭერს მხარს იოანე ბატონიშვილი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მის მიერ გამოყენებული წყაროები.
ახლა განვიხილოთ, რას იძლევა ახალს იოანეს «ისტორია» ლაშა გიორგისა და მისი მეფობის შესახებ. ჯერ შევეხოთ შრომის ფაქტობრივ მხარეს.
1. განდგომილ განძელთა მიერ ქალაქის კარებთან მისულ მეფეზე თავდასხმის ეპიზოდში «ჟამთააღმწერელი» გადმოგვცემს, რომ მეფის თანამხლებელნი ეუბნებოდნენ მას: «სიკვდილამდის ვიღვაწოთ და დავდვათ თავი სასიკვდილოდ და არა ვარცხვინოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა». იოანესისტორიითკი მათმოახსენეს მეფეს: ვივლტოდეთ, მეფეო, უკუეთუ არა, ჩავცვივდეთ ხელსა შინა მტერთასა! მაშინ მეფემან უბრძანა: მე მამაცობისა თქვენისა მინდობილი წარმოველი აქა და აწ რათა ვივლტოდეთ განძელთა ფეიქართაგან? და მყის ხმა უყო და აღმოიწოდა ხმალი და მიმართა განძელთა. მაშინ თანამხლებელთა მეფისათა იხილეს რა ესე, იგინიცა გულმოდგინედ ზედა დაესხნენ განძელთა მათ“.
2. იოანეს «ისტორიაში» მოყვანილია ვრცელი მოთხრობა სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი პაექრობის შესახებ გიორგის დროს, რაც ჩვენმა ისტორიამ არ იცის. «ასურეთის კერძო, ადგილსა შინა სომეხთასა, განითქვა ამბავი ესე, რომელ ქართველნი და სომეხნი ცილობდენ ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა დროსა თამარ მეფისასა, რომელთაც დასამტკიცებლად სარწმუნოებისა შესწირეს ორთავე კერძოთა საღმრთო მსხვერპლი და წმიდა კრავი დაუგეს ძაღლთა. ხოლო სომეხთა შეწირული უკვე შთანთქა ძაღლმან მან და ქართველთა შეწირულისაგან განივლტო ძაღლი იგი. და ამას ზედა აქუნდათ მრავალი შუღლი და უბნობა. მაშინ დანიელ, ვართაპეტი ასურელი, კაცი ფიცხელი თვისსა ენასა ზედა სწავლული, აღსდგა და თანაწარმოიყვანა რაოდენიმე სამღუდელონი. მოვიდა ეჩმიაწინს, იქიდან გამოეთხოა იქაურს მწყემსთმთავარს და წარმოვიდა ტფილისსა, რომელიც იქადდა: მე ვაჩვენო სასწაული ქართველთაო! მოვიდა და დადგა ეკლესიასა სომეხთა სახლთა შინა. ხოლო რაოდენისამე დღისა შემდგომად სთხოვა მეფესა მიღება თვისი და მეფემანცა ინება და მიუწოდა თვისად. მეფემან მიიღო ჯეროვნისა პატივითა და გამოჰკითხა მოსვლისა მისისა მიზეზი. მაშინ ვართაპეტმან ჰკადრა მეფესა, რათა კვალად გამოსცადოს სასწაულნი მათნი. მაშინ მეფემან უბრძანა: ხვალე შემოკრბით ჩვენ თანა და მეცა მოუწოდო სამღვდელოთა ჩემთა და მაშინ იტყოდე, თუ რა გნებავს! ხოლო ხვალისი დღე შემოიკრიბენ ყოველნი სამღვდელონი ქართველთანი და სომეხთანი და დასხდენ ერთად მეფე და კათალიკოზი და სხვანი განრიგებით, და წინა დასხდნენ დანიელ ვართაპეტი და სხვანი თანამზრახი მისნი. მაშინ უთხრა მეფემან: უფალო დანიელ, იტყოდე რა გნებავს! მაშინ დანიელ მიუგო: ჰოი მეფეო, მნებავს მე, რათა კვალად შევსწიროთ მსხვერპლი და დაუგოთ წმიდა კრავი ძაღლთა, ვითარცა დროსა მეფისა თამარისასა, ამად რომელ, ჰგავს, ჩვენსა შემწირველსა ჰქონიეს მწიკვლი რაჲმე და მისთვის მომხდარა საქმე იგი, და აწ გაცნობოთ ჭეშმარიტება. ამას ზედა ყოველთა სამღვდელოთა აღმოუტევეს ხმა თვისი: არა განვცადოთ ღმერთი! იგიცა კმასაყოფელ არის თქვენდა, რაჲცა შეგემთხვათ თქვენ. ხოლო კათალიკოზი იტყოდა: უკუეთუ მოიქცეთ ყოველნი აქმყოფნი სომეხნი, მე ვყო კვალად სიტყვისამებრ თქვენისა! ხოლო იგინი იტყოდეს: ჩვენიცა შეწირული ეგოს შეუხებელად, ინებეთ ესეო! მაშინ მეფემან: არა, მამაო, უკუეთუ მე მაშინ დავსწრებოდი, არამცა მექნევინებინა საქმე ესე, ვინაითგან საშინელ და შემაძრწუნებელ არის ესე; ხოლო უკუეთუ გნებავს, მოვიღოთ ორნი ჭურჭელნი და ვაკურთხოთ აიაზმა და მერე დავბეჭდოთ და დავდგათ ეკლესიათა შინა და დავბეჭდოთ კარიცა ეკლესიისა და დაუდგინოთ მცველნი ქართველთა და სომეხთანი. შემდგომად ორმეოცისა დღისა განვახვნეთ იგინი და ვიხილოთ: რომლისა ნაკურთხსა აეშვას მყრალი სუნი, იგი იქმნების შეცთომილ სარწმუნოებისაგან! ესე სიტყვა მეფისა ყოველთა მოიწონეს და დაამტკიცეს ესე. ხოლო ხვალისა დღე შემოკრბენ ყოველნივე და მოიღეს თვის-თვისნი ჭურჭელნი და ცალკერძო დადგნენ სომეხნი და ცალკერძო ქართველნი, და იწყეს აიაზმისა ხდა. ხოლო სომეხნი ჰმადლობდეს ხმამაღლა, ვითარცა მღვდელნი ბაალისნი, და მერე ჩაასხეს მირონი, და დასრულდა კურთხევა. ორისავე კერძოდ: და დაბეჭდეს ორთავე ბეჭდითა აიაზმისა ჭურჭელნი იგი და შეიღეს ეკლესიად, დასდგეს ერთი მარცხნით კერძო და ერთი მარჯვნით კერძო, და მერე დაკლიტნეს კარნი ეკლესიისანი და დაბეჭდეს იგიცა და დაუდგინეს მცველნი ქართველთა და სომეხთანი. შემდგომად ორმეოცისა დღისა შემოიკრიბენ ყოველნივე და მივიდნენ ეკლესიად, განახვნეს კარნი საყდრისანი და წარმოიღეს აიაზმანი იგი და დასდგეს საშუალ მოედნისა. მოვიდნენ ყოველნი სამღვდელონი და საერონი, მეფე და კითალიკოზიცა, განიხილნეს ბეჭდები და მერე განხსნეს და აღმოიღეს ტაკუკითა წყალნი. მაშინ მგემებელთა სომეხთა და ქართველთა სამღვდელოთა და საეროთა აიაზმისაგან ქართველთასა იტყოდეს ვითარმედ არის გემოთი ვითარცა ახალი აღმოღებული წყაროსა წყალი. ხოლო ოდეს აღმოივსეს სომეხთა აიაზმა, ვერვინ მიიტანა ცხვირთან, რომელ ჰყროდა იგი, ვითარცა დამდგარი გუბისა წყალი. და ესეთ სირცხვილეულნი სომეხნი აყვედრიდეს ვართაპეტსა მას, ხოლო ქართველნი ადიდებდეს ღმერთსა სასწაულისა ამისთვის; და მერე მრავალნი სომეხნი მოიქცნენ ქართველთა სარწმუნოებასა ზედა. ხოლო ვართაპეტი იგი კვლავ წარმოდგა და აღიარებდა სჯულსა თვისსა და კვლავ ითხოვდა სხვასა რასამე სასწაულსაცა. მაშინ მეფე განრისხდა და უბრძანა: ვინაითგან ქრისტესა არა აღიარებ ორისა ბუნებითა და წმიდათა კრებათა მიერ დამტიცებულსა სიმვოლოსა უარჰყოფ, ვითარ ძალგიძს სასწაულისა რასამე ყოფა მოწაფესა ევტვიხისა და დიოსკორესასა? მაშინ კადნიერად იტყოდა ვართაპეტი: არს სარწმუნოება სომეხთა ჭეშმარიტი და თვინიერ სარწმუნოებისა ამისა არვინცა სცხონდეს და არცა ვირწმუნო სარწმუნოება და სასწაული ეგე თქვენი!
ამასზედა გასწყრა მეფე და კათალიკოზი, კადნიერებასა ზედა მასსა, და მყისვე ბრძანა მეფემან განყრა მათი ტფილისთგან, რომელნიცა არა მიიყვანეს სახლად თვისსა, არამედ კრწანისამდის მიიყვანეს ქვევითად და იქიდგან განუტევნეს მამულად თვისსა“.
3. იოანე გადმოგვცემს დაწვრილებით ლაშა გიორგის სამისიონერო მოგზაურობას ფშავ-ხევსურეთში, იქ ეკლესიებისა და ჯვრების აღმართვას. „ჟამთა ამათ შინა ადგილ-ადგილ იყო ფშაველთა შინა ქრისტიანობა, გარნა ვერა ეპყრათ რიგიან, ქურდობდენ და ესხათ ოროლი და სამ-სამი ცოლი და იქცეოდენ არაწმინდებით. მაშინ მეფე გიორგი წავიდა ფშავს და წარიღო მოჭედილი ჯვარი და ნაწილი წმიდისა გიორგისა; მოეგებნენ ფშაველნი, მეფემან შეიწყნარა კარგად და უჩვენა გზა ჭემმარიტებისა და დაუდგინა მღვდელნიცა და ქადაგნიცა. ქმნა მცირე ეკლესია და დაასვენა იქ ჯვარი იგი; და დაასვენა ნაწილიცა იგი და მიუბოძა ბავრაყი და აგრეთვე ხევსურეთსა შინაცა მიბრძანდა და მათცა მისცა ჯვარი და ბავრაყი, და იგინიცა მხიარულ იქმნეს და ნათელ იღეს. ხოლო ფშაველნი უწოდებენ ჯვარსა მას „ლაშარის ჯვარად“, ხოლო ხევსურნი „გუდანის ჯვარად“, და მოძმედ ბაგრატიონთა უწოდებენ „გიორგის და ჯვართა მათ ბაგრატოანთა მოძმის ჯვარად“.
დღესდღეობით ცნობილია სამი რედაქცია ლაშა გიორგის ისტორიისა: პირველი მათგანი ამ რამდენიმე წლის წინათ აღმოაჩინა და გამოსცა პროფ. ი.ჯავახიშვილმა შემდეგი სათაურით: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე. გიორგი ლაშას ისტორია ამ ძეგლით შედგენილია გიორგის გარდაცვალებისა და რუსუდანის გამეფების წელს, ესე იგი 1223 წ.6. მეორე რედაქცია შემოუნახავს ე. წ. «ჟამთააღმწერელს» თავის თხზულებაში, რომელიც, როგორც გარკვეულია, დაწერილია XIV საუკუნეში. მესამე რედაქცია, რომელიც წარმოადგენს პირველი ორი რედაქციის შერწყმა-შეერთების ცდას, ჩვენ გვაქვს „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციასა და ამაზე დამოკიდებულს ვახუშტის ისტორიაში; ამ მესამე რედაქციას დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს და იმაზე არც შევჩერდებით.
პირველი ორი რედაქცია განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ფაქტობრივად, ისე იდეოლოგიურად. ფაქტობრივი მხრით: პირველმა რედაქციამ იცის მონღოლების ორჯერ შემოსევა და დამარცხება: ბალის წყალზე და ერთი წლის შემდეგ ბარდავის ჭალაში, მეორე რედაქციამ იცის მხოლოდ ერთი შემოსევა, რომელიც დამთავრდა საგიმის მდინარეზე ქართველების დამარცხებით. პირველი რედაქცია მოგვითხრობს, რომ რუსუდანს თხოულობდნენ ხლათის სულტანი და შარვანშა. ეს მოთხრობა მეორე რედაქციამ არ იცის. მეორე რედაქცია თავის მხრივ შეიცავს ვრცელ მოთხრობას განძელთა განდგომისა და აღმოსავლეთში ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მონღოლთა გამოჩენის შესახებ, რაც პირველმა რედაქციამ არ იცის. ასევე თვალსაჩინოა იდეოლოგიური განსხვავება ამ ორ რედაქციას შორის; ეს განსხვავება ეხება ლაშა გიორგის ზნეობრივი ფიზიონომიის შეფასებას. პირველი რედაქცია ამ მხრივ ასე გვიხატავს გიორგის: „ვიტყოდით ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გვრცხვენოდეს მეფედ დაჯდა ნერგი, კეთილი მოზარდი და ყვავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, უმანკო გონებითა“ და „მოყვარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა. მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, მონისაცა ერთისა მათრახისა არა დამკვრელი“. მეორე რედაქცია კი სულ სხვანაირად გვისურათებს მას, ის პირდაპირ გამანადგურებელ დახასიათებას იძლევა: «იყო ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თვითბუნება, სახეობის მოყუარე, ღვინის მოყვარე, გემოთ-მოყვარე, სმასა და ჭამას შექცეული“ (ჟამთააღმწერელი), ბილწი, მემრუშე, რომელმაც «არა ინება ქორწინება ცოლსა თანა სჯულიერსა, არამედ ხასად მოიყვანა ველისციხიდან ერთი ქალი. თანამოასაკეთა და რინდთა გადაკიდებულმა, რომელთა კამპანიაში მან ცალი თვალიც კი დაკარგა. გიორგიმ განიშორა ვეზირნი დედისა თვისისანი და მათ მაგიერ დაიახლოვა „კაცნი უგუნურნი, მეფის კარსა ზედა ყოფისა არა ღირსნი“. ჟამთააღმწერლის შეხედულებით, ეს იყო მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც საქართველოს თავს დაატყდა მონღოლების შემოსევის სასით. ამ შემოსევას ის უყურებს, როგორც ღვთისაგან სამაგიეროს მიზღვევას უკეთურებათათვის: „ამისათვის აღმოსცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოხრებისანიო“.
ვის მხარეზეა ამ შემთხვევაში სიმართლე? „ჟამთააღმწერლის“ დახასიათება შედეგი უნდა იყოს უფრო მისი მორალიზატორული ტენდენციისა და მისტიკურ-ასკეტიკური სულისკვეთებისა, ვიდრე სინამდვილის ანარეკლი, მით უმეტეს, რომ რამდენიმე გვერდით წინ ამ დახასიათებამდე მასაც კი წამოსცდენია უნებლიეთ, რომ გიორგი იყო „უხვი, არავისათვის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი და მოწყალე“. ავტორი პირველი რედაქციისა, თანამედროვე გიორგის მეფობისა, უფრო სწორად უნდა გადმოგვცემდეს როგორც ფაქტებს გიორგის მეფობისას, ისე მის ზნეობრივ პროფილს. მაგალითად, ფაქტების მხრივ გიორგის მეფობაში ორგზითი შემოსევა მონღოლებისა დამოწმებულია თანამედროვე მუსლიმანთა მწერლის იბნ-ალ ათარის მიერ, რომლის ცნობით პირველად მონღოლები საქართველოში 1220 წელს შემოვიდნენ, ხოლო მეორედ ერთი წლის შემდეგ, 1221 წელსო. რაც შეეხება გიორგის ზნეობრივ ფიზიონომიას, პირველი რედაქციის დახასიათებას სავსებით უჭერს მხარს იოანე ბატონიშვილი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მის მიერ გამოყენებული წყაროები.
ახლა განვიხილოთ, რას იძლევა ახალს იოანეს «ისტორია» ლაშა გიორგისა და მისი მეფობის შესახებ. ჯერ შევეხოთ შრომის ფაქტობრივ მხარეს.
1. განდგომილ განძელთა მიერ ქალაქის კარებთან მისულ მეფეზე თავდასხმის ეპიზოდში «ჟამთააღმწერელი» გადმოგვცემს, რომ მეფის თანამხლებელნი ეუბნებოდნენ მას: «სიკვდილამდის ვიღვაწოთ და დავდვათ თავი სასიკუდილოდ და არა ვარცხვინოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა». იოანეს „ისტორიით“ კი მათ „მოახსენეს მეფეს: ვივლტოდეთ, მეფეო, უკუეთუ არა, შთავცვივნეთ ხელსა შინა მტერთასა! მაშინ მეფემან უბრძანა: მე მამაცობისა თქვენისა მინდობილი წარმოველი აქა და აწ ვითა ვივლტოდეთ განძელთა ფეიქართაგან? და მყის ხმა უყო და აღმოიწოდა ხმალი და მიმართა განძელთა. მაშინ თანამხლებელთა მეფისათა იხილეს რა ესე, იგინიცა გულმოდგინედ ზედა დაესხნეს განძელთა მათ“.
2. იოანეს «ისტორიაში» მოყვანილია ვრცელი მოთხრობა სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი პაექრობის შესახებ გიორგის დროს, რაც ჩვენმა ისტორიამ არ იცის. «ასურეთის კერძო, ადგილსა შინა სომეხთასა, განითქვა ანბავი ესე, რომელ ქართველნი და სომეხნი ცილობდენ ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა დროსა თამარ მეფისასა, რომელთაც დასამტკიცებლად სარწმუნოებისა შესწირეს ორთავე კერძოთა საღმრთო მსხვერპლი და წმიდა კრავი დაუგეს ძაღლთა. ხოლო სომეხთა შეწირული უკუე შთანთქა ძაღლმან მან და ქართველთა შეწირულისაგან განივლტო ძაღლი იგი. და ამას ზედა აქუნდათ მრავალი შუღლი და უბნობა. მაშინ დანიელ, ვართაპეტი ასურელი, კაცი ფიცხელი თვისსა ენასა ზედა სწავლული, აღსდგა და თანაწარმოიყვანა რაოდენიმე სამღვდელონი. მოვიდა ეჩმიაწინს, იქიდან გამოეთხოა იქაურს მწყემსთმთავარს და წამოვიდა ტფილისსა, რომელიც იქადდა: მე ვაჩვენო სასწაული ქართველთაო! მოვიდა და დადგა ეკლესიასა სომეხთა სახლთა შინა. ხოლო რაოდენისამე დღისა შემდგომად სთხოვა მეფესა მიღება თვისი და მეფემანცა ინება და მიუწოდა თვისად. მეფემან მიიღო ჯეროვნისა პატივითა და გამოჰკითხა მოსვლისა მისისა მიზეზი. მაშინ ვართაპეტმან ჰკადრა მეფესა, რათა კვალად გამოსცადოს სასწაულნი მათნი. მაშინ მეფემან უბრძანა: ხვალე შემოკრბით ჩვენ თანა და მეცა მოუწოდო სამღვდელოთა ჩემთა და მაშინ იტყოდე, თუ რა გნებავს! ხოლო ხვალისი დღე შემოკრბენ ყოველნი სამღვდელონი ქართველთანი და სომეხთანი და დასხდენ ერთად მეფე და კათალიკოზი და სხვანი განრიგებით, და წინა დასხნეს დანიელ ვართაპეტი და სხვანი თანამზრახი მისნი. მაშინ უთხრა მეფემან: უფალო დანიელ, იტყოდე რა გნებავს! მაშინ დანიელ მიუგო: ჰოი მეფეო, მნებავს მე, რათა კვალად შევსწიროთ მსხვერპლი და დაუგოთ წმიდა კრავი ძაღლთა, ვითარცა დროსა მეფისა თამარისასა, ამად რომელ, ჰგავს, ჩვენსა შემწირველსა ჰქონიეს მწიკვლი რაიმე და მისთვის მომხდარა საქმე იგი, და აწ გაცნობოთ ჭეშმარიტება. ამას ზედა ყოველთა სამღვდელოთა აღმოუტევეს ხმა თვისი, ვითარმედ: არა განვცადოთ ღმერთი! იგიცა კმასაყოფელ არის თქვენდა, რაცა შეგემთხვათ თქვენ. ხოლო კათალიკოზი იტყოდა: უკუეთუ მოიქცეთ ყოველნი აქმყოფნი სომეხნი, მე ვყო კვალად სიტყვისამებრ თქვენისა! ხოლო იგინი იტყოდეს: ჩვენიცა შეწირული ეგოს შეუხებელად, ინებეთ ესეო! მაშინ მეფემან: არა, მამაო, უკუეთუ მე მაშინ დავსწრებოდი, არამცა მექნევინებინა საქმე ესე, ვინაითგან საშინელ და შემაძრწუნებელ არის ესე; ხოლო უკუეთუ გნებავს, მოვიღოთ ორნი ჭურჭელნი და ვაკურთხოთ აიაზმა და მერე დავბეჭდოთ და დავსდგათ ეკლესიათა შინა და დავბეჭდოთ კარიცა ეკლესიისა და დაუდგინოთ მცველნი ქართველთა და სომეხთანი. შემდგომად ორმეოცისა დღისა განვახვნეთ იგინი და ვიხილოთ: რომლისა ნაკურთხსა აეშვას მყრალი სუნი, იგი იქმნების შეცთომილ სარწმუნოებისაგან! ესე სიტყვა მეფისა ყოველთა მოიწონეს და დაამტკიცეს ესე. ხოლო ხვალისა დღე შემოკრბენ ყოველნივე და მოიღეს თვის-თვისნი ჭურჭელნი და ცალკერძო დადგნენ სომეხნი და ცალკერძო ქართველნი, და იწყეს აიაზმისა ხდა. ხოლო სომეხნი ჰმადლობდეს ხმამაღლა, ვითარცა მღვდელნი ბაალისნი, და მერე შთაასხეს მირონი, და დასრულდა კურთხევა. ორისავე კერძოდ: და დაბეჭდეს ორთავე ბეჭდითა აიაზმისა ჭურჭელნი იგი და შეიღეს ეკლესიად, დასდგეს ერთი მარცხნით კერძო და ერთი მარჯვნით კერძო, და მერე დაკლიტნეს კარნი ეკლესიისანი და დაბეჭდეს იგიცა და დაუდგინნეს მცველნი ქართველთა და სომეხთანი. შემდგომად ორმეოცისა დღისა შემოკრბენ ყოველნივე და მივიდნენ ეკლესიად, განახვნეს კარნი საყდრისანი და წარმოიღეს აიაზმანი იგი და დასდგეს საშუალ მოედნისა. მოვიდნენ ყოველნი სამღვდელონი და საერონი, მეფე და კითალიკოზიცა, განიხილნეს ბეჭდები და მერე განხსნეს და აღმოიღეს ტაკუკითა წყალნი. მაშინ მგემებელთა სომეხთა და ქართველთა სამღვდელოთა და საეროთა აიაზმისაგან ქართველთასა იტყოდეს ვითარმედ არის გემოთი ვითარცა ახალი აღმოღებული წყაროჲსა წყალი. ხოლო ოდეს აღმოივსეს სომეხთა აიაზმა, ვერვინ მიიტანა ცხვირთან, რომელ ჰყროდა იგი, ვითარცა დამდგარი გუბისა წყალი. და ესრეთ სირცხვილეულნი სომეხნი აყვედრიდეს ვართაპეტსა მას, ხოლო ქართველნი ადიდებდეს ღმერთსა სასწაულისა ამისთვის; და მერე მრავალნი სომეხნი მოიქცნენ ქართველთა სარწმუნოებასა ზედა. ხოლო ვართაპეტი იგი კვალად წარმოდგა და აღიარებდა სჯულსა თვისსა და კვალად ითხოვდა სხვასა რასამე სასწაულსაცა. მაშინ მეფე განრისხდა და უბრძანა: ვინაითგან ქრისტესა არა აღიარებ ორისა ბუნებითა და წმიდათა კრებათა მიერ დამტიცებულსა სიმვოლოსა უარჰყოფ, ვითარ ძალგიძს სასწაულისა რაჲსამე ყოფა მოწაფესა ევტვიხისა და დიოსკორესასა? მაშინ კადნიერად იტყოდა ვართაპეტი: არს სარწმუნოება სომეხთა ჭეშმარიტი და თვინიერ სარწმუნოებისა ამისა არვინცა სცხონდეს და არცა ვირწმუნო სარწმუნოება და სასწაული ეგე თქვენი!
ამასზედა გასწყრა მეფე და კათალიკოზი, კადნიერებასა ზედა მასსა, და მყისვე ბრძანა მეფემან განყრა მათი ტფილისთგან, რომელნიცა არა მიიყვანეს სახლად თვისსა, არამედ კრწანისამდის მიიყვანეს ქვევითად და მუნიდგან განუტევნეს მამულად თვისსა“.
3. იოანე გადმოგვცემს დაწვრილებით ლაშა გიორგის სამისიონერო მოგზაურობას ფშავ-ხევსურეთში, იქ ეკლესიებისა და ჯვრების აღმართვას. „ჟამთა ამათ შინა ადგილ-ადგილ იყო ფშაველთა შინა ქრისტიანობა, გარნა ვერა ეპყრათ რიგიან, ქურდობდენ და ესხათ ოროლი და სამ-სამი ცოლი და იქცეოდენ არაწმინდებით. მაშინ მეფე გიორგი წარვიდა ფშავს და წარიღო მოჭედილი ჯვარი და ნაწილი წმიდისა გიორგისა; მოეგებნენ ფშაველნი, მეფემან შეიწყნარნა კარგად და უჩვენა გზა ჭემმარიტებისა და დაუდგინა მღვდელნიცა და ქადაგნიცა. ქმნა მცირე ეკლესია და დაასვენა იქ ჯვარი იგი; და დაასვენა ნაწილიცა იგი და მიუბოძა ბავრაყი და აგრეთვე ხევსურეთსა შინაცა მიბრძანდა და მათცა მისცა ჯუარი და ბავრაყი, და იგინიცა მხიარულ იქმნეს და ნათელ იღეს. ხოლო ფშაველნი უწოდებენ ჯვარსა მას „ლაშარის ჯვარად“, ხოლო ხევსურნი „გუდანის ჯვარად“, და მოძმედ ბაგრატიონთა უწოდებენ „გიორგის და ჯვართა მათ ბაგრატოანთა მოძმის ჯვარად“.
რაც შეეხება გიორგის მორალურ ფიზიონომიას, ის არც ისე ცუდი ყოფილა, როგორც „ჟამთააღმწერელს“ დაუსახავს, აქ სრულიად გაბათილებულია ის ბრალდებანი, რომელთაც გიორგის უყენებენ „ჟამთააღმწერლის“ დროიდან დაწყებული. საინტერესოა, რომ იოანე უჩვენებს ამ ბრალდებათა წყაროსაც. იმ სარწმუნოებრივი პაექრობის შემდეგ, რომელიც სომეხთა დამარცხებით დამთავრდა, იოანე შენიშნავს: „წასულმან მან ვართაპეტმან მათმან დასწერა მრავალნი ძაგებანი მეფისანი და ამასთან სახების დასხმა, და ამა წერილთაგან სხვათაცა მეისტორიეთა სომეხთასა გამოწერეს სჯულისა მტერობისა გამო და დაწერეს მეფისა აუგი. ხოლო მობაძავმან მათმან ვახუშტიმ ბუშმან და სხვათაცა დასწერეს მისისაგან აღწერილნი ქართველთა ძაგებანი და შეუდგნენ კვალთა მათთა მტერნი მეფისა და მამულისანი“.
იოანეს განსაკუთრებით ყურადღება მიუქცევია გიორგის ცხოვრებიდან ორი ფაქტისათვის: ცალი თვალის დაკარგვისა და ხასის მიყვანისათვის. ეს ბუნებრივიც არის: გიორგის ამორალობას ჩვეულებრივ ამ ორი ფაქტით ასაბუთებდნენ. მართლაც, „ჟამთააღმწერილი“ გადმოგვცემს შემდეგს: „შეიყვარნა თანამოჰასაკენი მსმურობითა და დედათა უწესოთა თანააღრევითა და ესოდენ უსახურობათა მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღვინისა, ტფილისს მყოფი, წაიყვანეს რინდთა თანა, რათა იქ განიძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რინდნი, იქ მეფისა მისლვისა არამგონებელნი და ღვინითა უცნობოქმნილი, ზედამოეტევნეს, მგვემელნი ძლიერად, ვიდრემდი ერთიც თვალი, მარჯვენე ხედვისაგან უხედვო ყვეს“. იოანეს „ისტორიაში“ კი ეს ამბავი ასეა გადმოცემული: განძელთა დამარცხების შემდეგ “იყო მეფე მშვიდობასა შინა, განცხრომასა და ნადირობასა, სწყალობდა თანაშეზრდილთა და ერთასაკოვანთა თავადთა ძეთა და მათის თხოვნითაცა აღუსრულებდა სათხოვართა სხვათა. და ამას ზედა არამცირედი შური ქონდათ კარისკაცთა მეფისათა ყრმათა მათზედა და ამხილებდენ მეფესა. ხოლო დღესა ერთსა, ვითარცა არის ჩვეულება ბურთაობისა და ჩოგანისა თამაშობისა მოედანსა ზედა, ოდეს არბევდეს ცხენთა და ენებათ ბურთისა გატანა, მაშინ ბარათიანთაგანი ვინმე ჭაბუკი, კარგი ცხენოსანი, მეცადინეობდა გატანად ბურთისა. ხოლო მეფეცა მეცადინეობდა არა დანებებად, და ამასობასა შინა მოახვედრა ბარათაშვილმან მეფესა უცებად ჩოგანი იგი თვალსა შინა და დიდად განუტეხა, ესრეთ რომელ თითქმის თვე ერთი ძვილ-სადამე განუმთელეს მეფესა და ამის გამო მცირედ ხედვისაგან მოკლებულ იქმნა ცალის თვალითა, ხოლო მეფემან არცაღა თუ ერთი ურიგო სიტყვა ჰკადრა ყრმასა მას“. ამგვარი გაშუქება ამ ფაქტისა სავსებით ახალია ჩვენს ისტორიოგრაფიაში.
მეორე ფაქტი გიორგის ცხოვრებიდან - ეს ხასის მოყვანა და დასმა. იგივე „ჟამთააღმწერელი“ მოგვითხრობს: „მისულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხეს, იხილა ქალი ფრიადქმნული კეთილი და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და... მსწრაფლ თვისად მიიყვანა და შეიყვარა“; „არა ინება ქორწინება ცოლსა თანა სჯულიერსა, ამისთვის შეკრებს კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ვაზირნი და მოახსენებდენ: არა ჯერ არის, რათა მხევალი გესვას და არა ცოლი... ხოლო მეფესა არა ენება, ამისთვის წაჰგვარეს ქალი იგი და ქმარსავე მისსა მისცეს, ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებელად“.
ეს ეპიზოდი იოანეს „ისტორიაში“ სულ სხვანაირად არის გადმოცემული, ისეთი დეტალებით, რაც ჩვენმა ისტორიამ არ იცის. აქ ნათქვამია: „ინება მეფემან ლაშა კახეთსა შინა წასვლა და წავიდა მცირისა უკუე კაცითა და მოვლო ადგილ-ადგილ კახეთისა ადგილნი და გამოიკითხა საქმენი მათნი; და ვისაცა მოხელეთა შეეწუხებინათ ვინმე უსამართლოდ, იგი მოხელენი განპატიჟა და ყოველთა აჩვენა კმაყოფილება. ხოლო ჟამსა ამას იყო დღესასწაულობა ჭერემისა ეკლესიისა, და იქ მოილოცავდენ ერნი კახთანი. ინება მეფემანცა იქ წასლვა სადღესასწაულოდ; ხოლო მისულმან მეფემან მოილოცა წმიდა ესე ეკლესია და მერე იწყო ქვეითად სიარული ერთა შორის და ჭვრეტა განცხრომათა მათთა. ჟამსა ამას შინა იხილა ქალი ვინმე მშვენიერი, რომელიცა სთნა მეფესა და მშვენიერებამან მისმან მოიცო გული მეფისა, ვინაჲთგან მეფეცა იყო ჭაბუკი კაცი, და უბრძანა ერთსა თვისსა სანდოსა მსახურსა, რათა გამოიკითხოს საქმე მის ქალისა და ვისიშვილობა და ანუ უქორწინია ანუ არა. წარვიდა მსახური იგი და მეზობელთაგან გამოკითხა ვითარება ქალისა მის; ხოლო მეზობელთა აცნობეს, რომ იგი ქალი და მშობელნი მისნი სცხოვრებენ ახაშენს სოფელსა შინა, და ესე ქალი არს ქალწულ და შვილი გაღარიბებულთა და ძველთა თავადთა კლდე-კარის ერისთავთა გვარისა მიწობლიძეთა მონათესავეთაგანნი, გარდმოცვივნულნი არშაკუნიანთა დროთავე შინა, და აწ გლეხად მცხოვრებნი, რომელთაცა გლეხთა აწ სთხოვს ამას ველისციხელი გლეხი კაცი შვილისა თვისისათვის სასძლოდ, ხოლო დედ-მამა ამა ქალისა არა მნებებლობენ; და აქვთ ჯერეთცა ლაპარაკი, და თვით იგი გლეხნი ამბობენ: ჩვენგან აქვს მიცემული ნიშანი ქალსა მას, ხოლო ჰკითხა კაცმან მან სახელი ქალისა მის და უთხრა: სუსანა ეწოდებისო. წამოვიდა კაცი იგი ყოველივე აუწყა მეფესა. მაშინ მეფემან მოუწოდა მოძღუარსა თვისსა და აფიცა, რათა არავის უთხრას მღუდელმან მან საიდუმლო ესე მთელსა, და წარგზავნა მღუდელი იგი დედმამისა თანა მის ქალისა და ითხოვა ცოლად თვისად. ხოლო მათ ძნიად აღუჩნდათ საქმე ესე და სთქვეს: ჩვენ აწ თითქმის გლეხად შერაცხილნი ვართ, და აწ ვითა ეგების მეფემან ჩვენმან გლეხთა ასული მიიყვანოს ცოლად თვისაო? გარნა მცნობმან ამისმან მეფემან კვალად გაგზავნა მღუდელი იგი და იძულებით წარმოიყვანა ქალი იგი და იდუმალ ყოველთა იკურთხა მოძღვრისა თვისისაგან გვირგვინი, გარნა დედოფლად არა აღმოაჩინა იგი, ამისთვის, რომელ მრავალთა დიდებულთა ნებავდათ, რათა მეფისთვის მიეთხოებინათ ასულნი ანუ დანი თვისნი, ვითარცა სუროდა იოანე მხარგრძელსა, შალვა ახალციხელსა და ვარდანის ძესა. შემდგომად ამისა წარმოვიდა მეფე და დედოფალი სუსანა დაუტევა თიანეთს, და თვით მოვიდა ტფილისსა შინა, წელსა 1205. მცნობმან დამან მეფისამან რუსუდან ქორწინებასა ზედა მეფისასა იწყო განრისხება და შეურაცხყოფა თავისა თვისისა და ერთა დიდებულთა და დიდებულთა ცოლებისა, რომელიცა იტყოდა: ვითარ ეგების თამარ მეფისა ძესა ესვას ცოლად გლეხთა ასული და ვიყვნეთ ხელსა ქუეშე მისსა და ვხადოდით დედოფლად? და მაშინ შემოკრიბა ყოველნი და თანახმად თვისად აღძრნა იგინი. და ეტყოდენ მეფესა დატევებად ცოლისა თვისისა. ხოლო მეფე იგი არარასა პასუხსა უგებდა დასა თვისსა და სხვათა დიდებულთა; ხოლო კვლავ აიძულებდენ მეფესა, რათა დაუტეოს იგი და მოიყვანოს თვისად მეფეთა სქესთაგანი ვინმე. ხოლო მეფე ეტყოდა: მაცადეთ, ვყო სიტყვათამებრ თქვენთა!“.
მეტად საინტერესოა შემდეგი ბედი ამ ქალისა. შემდგომად ერთისა წლისა გიორგის ფშავ-ხევსურეთში სამისიონერო მოგზაურობიდან, გადმოგვცემს იოანე, „კვლავ შეიქნა არეულობა მთასა მას შინა. მაშინ მიუწერა მეფემან დედოფალსა სუსანას, რათა გარდავიდეს და დაამშვიდოს იგინი. ხოლო დედოფალი უკვე წავიდა, მოეგებნენ სრულიად ფშაველ-ხევსურნი და დიდისა პატივითა და სიხარულით მიიღეს, და ყოველნივე დამორჩილდენ ბრძანებასა მისსა. მაშინ მცნობმან მეფემან დამშვიდებისათვის მთიურთა ხალხთა ჯილდოდ უბოძა დედოფალს პირიქით ფშავისა სოფელი ერთი, რომელნიცა ინახევდენ დედოფლისა საჯოგე ულაყსა ცხენსა, ეს განუჩინა ხარკად დედოფალმან. ხოლო დედოფალმან დაჰყო იქ ვიდრე სამი თვე და მრავლისა ქვევითად სიარულითა, ვინაითგან ვიწრო და კლდიანი ადგილები არს და ძნელად სასიარულო ცხენითა, გაცივდა ღამე დედოფალი ნაოფლი და შეიქმნა ძლიერად ავად, რომელ წამოიღეს ხელისა სკამითა, და ვერარა არგო რა მკურნალმანც, და მთის ამოსავალს საშუალ ადგილს გარდაიცვალა დედოფალი იგი, რომელიც გადმოდის გზა ესე ბაჩალზე თიანეთის მხარეს. სადაც დედოფალი ესე მიიცვალა, იქ არს ცხრა ან ათერთმეტი ხე არყისა მდგომარე და ყოველწლივ ფშაველნი მივლენან იქ, მიიყვანენ საკლავთა და ჰკლავენ და ისადილებენ იქ, და გადაიხდიან აღაპსა, შესვამენ ღვინოსა და ლუდსა და შეავედრებენ ღმერთს სულსა დედოფლისასა, რომელიცა აწ არს ესრეთცა7, ხოლო აცნობეს ესე მეფესა, მეფე იქმნა დიდად მწუხარე და მივიდა თიანეთს და ბრძანა დამარხვა მისი ხარჭოჲს ეკლესიასა შინა 1207, აგვისტოს 20. ხოლო ყრმა იგი დავით წამოიყვანა და მიაბარა დასა თვისსა რუსუდანს. შემდგომად ყოვლისა ევედრნენ დიდებულნი, რათა შეირთოს ცოლი მეფემან, გარნა არღა ინება და დაადგრა უცოლოდა”.
საიდან ამოიღო იოანემ ეს ცნობები, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იოანე ბატონიშვილის „ისტორია“ საინტერესოა არა მარტო ფაქტებით, არამედ წყაროების აღნიშვნითაც; კერძოდ ეს უნდა ითქვას ლაშა გიორგის ისტორიის შესახებ, აქაც აღნიშნულია წყაროები, რომელთა მომეტებული ნაწილი დღეს უცნობია. გადმოგვცემს რა ამბავს იმის შესახებ, რომ ბარათაშვილმა მეფეს ჩოგნით თვალი დაუზიანაო, ისტორიკოსი შენიშნავს: „ვახუშტის შურითა, ვითარცა სხუანიც მრავალნი, უგინებიან თვისსა აღწერასა შინა, აგრეთვე მეფე ესე შეურაცხ უქმნია, ვითამცა ღამე სიარულში ცუდთა საქმეთა ზედა შემთხვეოდეს თვალისა გამოთხრა. გარნა პატიოსანსა მას მღუდელმონაზონსა უფრორე დაეჯერება, ვიდრეღა ამას, ვითარცა აქებს მეფისა ამის მოთმინებასა მღუდელმონაზონი გამრეკელისძე იოსებ წერილსა შინა თვისსა“. საინტერესოა, რომ იოანე კარგად იცნობდა „ჟამთააღმწერლის“ ისტორიას, მაშასადამე, იმას უნდა სცოდნოდა ისიც, რომ პირველი წყარო ამ ეპიზოდის სხვანაირი რედაქციისა, ყოველ შემთხვევაში ჩაწერილი სახით, არის „ჟამთააღმწერელი“ და არა ვახუშტი, მაგრამ თავი ვერ შეუკავებია და ჯოხი მაინც ვახუშტის გადაატეხა. ვინაა მის მიერ დასახელებული მღვდელმონაზონი იოსებ გამრეკელისძე, რომელსაც ეს ეპიზოდი, იოანეს რედაქციით, ჰქონია გადმოცემული, არ ვიცით. ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იოანე იოსების სახელით ორ ისტორიკოსს იცნობს: ახალციხელსა და თელაველს; შეიძლება იოსებ გამრეკელისძე იგივე იოსებ ახალციხელია, ყოველ შემთხვევაში ის ვერ იქნება იოსებ თელაველი. ამას ძიება ესაჭიროება. ძიება ესაჭიროება აგრეთვე იმასაც, იყო თუ არა იმ დროს ბარათაშვილთა გვარი, რომელიც დოკუმენტებით XV საუკუნიდან იხსენიება8.
ვახუშტის ცნობით, მათ თავიანთი თავი გამოჰყავთ ქაჩიბაძეთაგან. მართლაც, ქაჩაბიძე ბარათა, რომლისაგან თითქოს შთამომავლობენ, მოხსენებულია 1428 წლის ახლო ხანებში (ქრონიკები II, 232). იოანეს ცნობით, ბარათიანთა გვარის იყო თვით ბანელი ეპისკოპოზი იოანე, რომელიც ვაჩე კარიჭისძესთან ერთად კონსტანტინეპოლს გადასახლდა ბაგრატ IV-ის გამეფებისას.
იოანე უჩვენებს წყაროს სომხებთან მომხდარი პაექრობისასაც. „იხილე ესე ბაასი“, შენიშნავს ის თავისი შრომის აშიაზე, ძველთა მატიანეთა შინა და ბერძენისა ბენედიკტეს სიმვოლოს აღწერასა შინა, რომელმანცა დასწერა წელსა ქრისტეს 1218-სა, თუ მაშინდელის შურით სომეხნი ქართველთა ვითა ჰრყვნიდიან“. რომელია ეს „ძველნი მატიანენი“ ან ვისია ისინი, არაფერი ვიცით ამის შესახებ. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ცნობილ ქართულ მატიანეებს ვერ ვიგულისხმებთ, რადგანაც მათში ამ პაექრობის შესახებ არაფერია ნათქვამი, არც თუ სომხური მატიანეები იცნობენ მას. უცნობია აგრეთვე ისტორიაში ბერძნის მწერალი ბენედიტკე და მის მიერ 1218 წელს დაწერილი „სიმვოლო“, სადაც ქართულ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობის შესახებ ყოფილა ლაპარაკი.
ამას მსგავს წყაროს იოანე უჩვენებს აგრეთვე იმ პაექრობის აღწერისას, რომელსაც ულუ დავითის დროს ჰქონია ადგილი. აქ ნათქვამია: „ამავე წელსა (1251) შინა შეკრბენ სომეხთა სამღუდელონი და იწყეს ორ ბუნებასა ზედა ქრისტესსა და ორსა ნებასა ზედა ბაასი და ცილობა, რომელ ერთსა ბუნებასა მხოლოდ დაამტკიცებდენ და ერთსა ნებასა და ერთსა მოქმედებასა, და სხვანიცა მრავალნი წვალებანი აღმოაჩინეს და მარტო ღვინითა უპუროდ იტყოდენ ზიარებასა ერთსა და მერე თევზითა პირისა გახსნასა; და ჰყვეს დიდი აღრეულება ერთა შორის, გარნა ქართველთა სამღუდელოთაგან იძლივნენ და მოთავენი მათნი და მეამბოხენი გარეკეს ტფილისიდგან. რომელსაცა მოიხსენებენ მეისტორიენი ევროპიელთანი; ამას კვალად მოიხსენებს თვისსა სიმვოლოს შინა ვიკენტი რომაელი, მას ჟამისა შფოთისა ამა საქმისათვის“. ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქროს კაცმა, რომ ბენედიკტე ბერძენი, ავტორი „სიმვოლოსი“, არის იგივე ვიკენტი რომაელი და მისი „სიმვოლო“, მაგრამ ეს ორი პაექრობა, - ლაშა გიორგის და ულუ დავითის დროისა, - დიდად არის დაშორებული ერთიმეორეს, რომ მათი აღწერა ერთსა და იმავე პირს, თანამედროვეს, შესძლებოდა. თუმცა ეს ასეც რომ იყოს, არც ამ ვიკენტი რომაელის შესახებ ვიცით რა.
იოანე სხვა წყაროებსაც უჩვენებს ამ პაექრობისას, ესენია: ასურელი ვართაპეტი დანიელი და „სხვანი მეისტორიენი სომეხთანი“, აგრეთვე კათოლიკოზი ექვთიმე. არაფერი ვიცით ვართაპეტის დანიელის, მით უმეტეს „სომეხთა სხვა მეისტორიეთა“ შესახებ, რომელთაც ამ პაექრობის შესახებ ჰქონიათ ცნობები. აქ საძიებელია ისიც, თუ რას ნიშნავს „მოვიდა ეჩმიაწინს, გამოეთხოვა იქაურსა მწყემსთმთავარსა“. თუ „მწყემსმთავრად კათოლიკოზია ნაგულისხმევი, აშკარა lapsus-თან გვაქვს საქმე, ვინაიდან ამ დროს სომხის კათოლიკოზები ჯერ ეჩმიაძინში არ მსხდარან; შეიძლება უბრალო ადგილობრივი მღვდელთმთავარია ნაგულისხმევი. ვინაა კათოლიკოზი ექვთიმე? რომ ეს მოგონილი პიროვნება არაა, ჩანს ისეთი ნიშანდობლივი ჩვენებისაგან როგორიცაა მისი თხზულება „წყობილ-ლექსობა“, რომლიდანაც იოანეს ციტატა მოჰყავს: „ჩვენგან ძლეული ტერტერა მეფესა ლანძღავს აუგად“. საქართველოს ისტორიაში ცნობილია რამდენიმე ექვთიმე კათოლიკოზი: ექვთიმე I ზარზმელი (დაახლ. 1047-1055 წ.) და ექვთიმე II (დაახლ. 1324-1340 წ). არცერთი ამათგანი არაა „წყობილ-ლექსობის“ ავტორი ექვთიმე კათოლიკოზი.
საქმე ისაა, რომ ეს ექვთიმე თითქოს თანამედროვე ყოფილა აღნიშნული პაექრობისა. „წყობილ-ლექსობაში“ ის ამბობს: „ჩვენგან ძლეული“, თვითონ მონაწილე ყოფილა ამ პაექრობისა; იმ ორ ექვთიმეზე კი ეს არ ითქმის. თუ მხედველობაში გვექნება ის გარემოება, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება სრული და ზუსტი სია მეცამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის კათოლიკოსებისა, შეუძლებელი არ იქნება, თუ ექვთიმეს სწორედ ამ დროის ერთ-ერთ, ამდეხან უცნობ, კათოლიკოზად მივიჩნევთ. არავითარი კვალი არ ჩანს დღეს ექვთიმეს თხზულება „წყობილ-ლექსობისა“.
მეფის „სჯულიერი ქორწინების“ და არა „ხასის დასმის“ სიმართლეს იოანე ასე ადასტურებს: „კვალად ამტკიცებს სჯულიერსა ქორწინებასა მეფისასა კათალიკოზი ევთვიმი, აგრეთვე მოძღვარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, აგრეთვე დავით-საულიანშიაც მოიხსენებს ლაშას სჯულიერსა ცოლსა. აგრეთვე კათალიკოზი ანტონი იტყვის თვისსა „წყობილ-სიტყვასა“ შინა: ვახუშტიმ თუმცა ისტორია აღწერა ქართლისაო, არამედ დასწერა შურით ბევრი სიცრუვეო“. საბრალო ვახუშტი! იოანემ ამ შემთხვევაშიც ყალბი ცნობების წყაროდ ის გამოიყვანა, მხოლოდ ანტონ კათოლიკოზის ავტორიტეტზე დაყრდნობით, თუმცა მას უნდა სცოდნოდა, რომ პირველი წერილობითი წყარო მეფის მიერ „არა სჯულიერი“ ცოლის დასმისა არის „ჟამთააღმწერელი“ და არა ვახუშტი. ყოველ შემთხვევაში რა „შური“ და ანგარიშები უნდა ჰქონოდა ვახუშტის ლაშა გიორგის და სხვა, მისი დროიდან დაშორებულ, მეფეთა მიმართ, რომ მათ შესახებ ინსინუაციები ეთხზა? მეფის „სჯულიერი ქორწინების“ მოწმე ყოფილა იგივე ზემოთ მოხსენებული ექვთიმე კათოლიკოზი და მოძღვარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, რომელმაც ჯვარი დასწერა მას. ხარჭაშოს გუნბათიანსა და კეთილშენ ეკლესიას თიანეთში უჩვენებს ვახუშტიც თავის გეოგრაფიაში, აქ შემდეგში ისხდნენ ხარჭაშნელები. არც ამ გიორგი ხარჭაშოელის შესახებ მოგვეპოვება ცნობები. მეფის „სჯულიერი“ ცოლი მოხსენებული ყოფილა აგრეთვე „დავით-საულიანშიც. რა არის ეს „დავითსაულიანი“? უეჭველია, ეს ისეთი თხზულებაა, რომელსაც სახელწოდება მიუღია ებრაელთა მეფეების დავითისა და საულისაგან9. ასეთი თხზულება დღეს არსადა ჩანს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ის ჯერ კიდევ არსებობდა; ყოველ შემთხვევაში 1810 წლის კატალოგში, რომელიც, როგორც დღეს ირკვევა, დავით რექტორს ეკუთვნის, ნათქვამია: „სულ-დავითიანის წიგნი დიდი, ოცი დასტა ქაღალდი უნდა, თუ გადაიწერა“10. ხელთ ჰქონია იგი, როგორც ვხედავთ, იოანე ბატონიშვილსაც, მაგრამ ამ საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულში ის უკვე საძიებელი გამხდარა. ამაში გვარწმუნებს პლ. იოსელიანის მიწერ-მოწერა აკად. მ. ბროსესთან: აი რას ვკითხულობთ აქ: „საულ-დავითიანი ძნელი საშოვნელი წიგნი ყოფილა აქა, ერთს ადგილას მიმასწავლეს და ეგების ვიშოვნო; ბატონიშვილთ პეტერბურღში უნდა ქონდეთ „იგი“ (1838 წ. 12 მაისი); „საულ-დავითიანი“ ერთი იპოება თელავის ქალაქში და არ იძლევიან, ვეცდები, როგორმე ჩავიგდო ხელში“ (1838 წ. ივნისის 23). „საულ-დავითიანი“ მოვატანინე თელავით და ფულიც გამივიდა მის მოტანაზედ. ის არის წიგნი სრულიად უქმი და უხმარი. რა სწერია? ისტორია დავით მეფისა და საულისა ანუ გადმოწერილი დაბადებიდან ორი წიგნი მეფეთა“ (1840 წ. ოქტომბრის 10)11. პლ. იოსელიანის მოსაზრება, რომ ეს წიგნი პეტერბურღში უნდა ჰქონდეთ ბატონიშვილებსო, გამართლებულია იოანე ბატონიშვილის ციტაციით. მაგრამ პ. იოსელიანი მართალი არ უნდა იყოს, როდესაც „საულ-დავითიანად“ „მეფეთა პირველსა და მეორე წიგნებს“ ბიბლიიდან თვლის; ბიბლიურ წიგნებში ლაშა გიორგის ცოლის შესახებ ლაპარაკი ვერ იქნებოდა. ეს რაღაც სხვა თხზულებაა, რომელიც უეჭელად უნდა მოიძებნოს.
დასასრულ ორიოდე სიტყვა ფშავ-ხევსურეთში ლაშა გიორგის სამისიონერო საქმიანობისა12 და აქ მისი ცოლის, სუსანას, მოღვაწეობისა და გარდაცვალების შესახებ. ყველაფერი ის, რაც სუსანას შესახებაა აქ მოთხრობილი, ალბათ დამყარებულია ადგილობრივს თქმულება-გადმოცემებზე, რომელთა კვალი დღეს უკვე აღარ ჩანს, ყოველ შემთხვევაში არსებულ ლიტერატურაში ვერ ვპოულობთ ვერაფერს ამის მსგავსს. ლაშა გიორგის შესახებ კი ფშავ-ხევსურეთში უამრავი გადმოცემა არსებობს. ჯერ კიდევ ვახუშტი ამბობდა თავის გეოგრაფიაში: „ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვეცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯვარსა“. ამ ცნობის გამოძახილია იოანეს ინტერპრეტაცია „ლაშარის ჯვარი“-სა. ასეთი გაგება ამ სახელისა ადგილობრივაც გაბატონებულია. ვაჟა-ფშაველა „ლაშარის ჯვარის“ შესახებ წერდა: „ამ ადგილს წინათ ყოფილა აშენებული ლაშა გიორგისაგან ეკლესია წმიდის გიორგის სახელზე, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმიდის გიორგისა შეუწირავს. ხალხს ეს გარემოება დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდევაც გაუღმერთებია. მეორე გორაზე არის აშენებული თამარის სალოცავი, რომლის დღეობას „ღელეობა“ ეწოდება. როგორც ამ სალოცავს, ისე ლაშარის ჯვარს ერთად „მოდე-მოძმეს“ ეძახიან როგორც თამარი და გიორგი და-ძმად ჰყავთ წარმოდგენილი“. ამ უკანასკნელ გადმოცემას ეხმაურება იოანეს ცნობა, რომ „გიორგის მოძმედ ბაგრატოანთა უწოდებენ“ და მის მიერ შეწირული გუდანისა და ლაშარის ჯვარს - „ბაგრატოანთა მოძმის ჯვარსო“13.
რა გვეთქმის იოანეს შრომაში, კერძოდ ლაშა გიორგის ისტორიაში, გამოყენებული წყაროების შესახებ? აღნიშნული წყაროების კვალის მიგნება თავისთავად, მათი ღირებულებისაგან დამოუკიდებლივ, მეტად საგულისხმოა: ძველი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა ჯერ არც აღმოჩენილია სავსებით და არც გამოყენებული, კიდევ მოსალოდნელია ახალი მასალების და წყაროების აღმოჩენა, რაც ჩვენს წარმოდგენას ამათუიმ საგანზე არა მარტო შეავსებს, შესაძლოა შესცვლის კიდევაც ზოგ შემთხვევაში. საჭიროა ძიება, ძიება და კიდევ ძიება ამ მასალებისა და წყაროებისა. ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასკვნებისას საჭიროა სიფრთხილე, ყოველ შემთხვევაში თავშეკავება კატეგორიული და უაპელაციო ტონისაგან.
მეორე - სანამ ლაშა გიორგის ისტორიაში გამოყენებული წყაროები აღმოჩენილი არაა, ძნელია მათი ღირებულების შესახებ საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ. ერთი კი შეიძლება ითქვას: ის გარემოება, რომ ლაშა გიორგის პიროვნების შეფასებაში ეს წყაროები, როგორც ზემოთაც იყო ნაჩვენები, სავსებით უჭერენ მხარს ლაშას თანამედროვე მემატიანეს, ჩვენ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ წყაროებში იმდენად ფანტაზიისა და ხალხური შემოქმედების ანარეკლი არა გვაქვს, რამდენადაც სინამდვილისა და სიმართლის გამოძახილი და კვალი.
ასეთია ლაშა გიორგის ისტორია იოანე ბატონიშვილის შრომაში.
შენიშვნები
1. მხედველობაში გვაქვს «ნამდვილი ისტორია, აღწერილი მეფის გიორგის პირმშოს ძის დავითის მიერ». მეორე ნაწილი ამ ისტორიისა (1819-1840 წწ.) დავითს არ შეიძლება ეკუთვნოდეს, ვინაიდან დავითი 1819 წ. გარდაიცვალა. ისიც კი საეჭვოა, რომ მას პირველი ნაწილი (1744-1819) ეკუთვნოდეს: ჯერ ერთი, აქ დავითზე ყველგან მესამე პირითაა ლაპარაკი, მეორე - დავითი იყო ვოლტერიანი, ურწმუნო და თავისუფლად მოაზროვნე კაცი. ეს ნაწილი კი, ისე, როგორც მეორე, სავსეა რელიგიური ელემენტებითა და ცრუმორწმუნეობით. თუ მხედველობაში გვექნება ზოგადი ხასიათი და სტილი, ორივე ნაწილი ერთს ავტორს უნდა ეკუთვნოდეს, ეს ავტორი არის ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც თხზულებაში არაერთხელ ახსენებს თავის თავს.
2. ვახუშტისა და იოანეს მეთოდის საილუსტრაციოდ საკმარისია მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ულუ დავითის ისტორიაში იოანე გადმოგვცემს: „ლაშას ძე დავით იყო ტანად მაღალი, ლამაზი მორფ-ნაკვთობითა, მხარბეჭიანი, მხნე და მამაცი, და ამისათვის სახელსდვეს პაპისა მისისა სახელი „სოსლან დავით“. „სოს“ ითარგმნების ნაძვის ხედ: ვინაიდან ნაძვი არის თავიდამ ბოლომდის სწორედ აღზრდილი და კარგი სანახავად, ამისთვის ტანადობასა მისსა მიაწერდიან „სოსლანსა“. ამნაირად სახელი „სოსლანი“ იოანეს გამოჰყავს რუსული სიტყვიდან сосна. ვახუშტიც ხომ ამგვარი ეტიმოლოგიური მეთოდით ხელმძღვანელობდა, როდესაც, მაგალითისათვის, გეოგრაფიული სახელი „რანი“ გამოჰყავდა რუსული სიტყვიდან ранить, „დვალეთი“ სიტყვისაგან два лета.
3. ეს არის ალექსანდრე ამილახვრისშვილი, ძე სახლთუხუცესის დიმიტრი ამილახვრისშვილისა, რომელიც პაატა ბატონიშვილთან ერთად სულისჩამდგმელი იყო ირაკლის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებისა. შეთქმულების აღმოჩენის შემდეგ ის ცხვირის მოჭრით დასაჯეს. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა ალექსანდრე ბაქარის ძეს, მაგრამ 1779 წელს რუსებმა დარუბანდში შეიპყრეს და ვიბორღის ციხეში ამოაყოფინეს თავი.
4. ძველი საქართველო, ტ. I, განყოფ. 3, გვ. 47. ეს ბრალდება ყველაზე ადრე ანტონ კათალიკოსმა წაუყენა ვახუშტის «წყობილსიტყვაობაში», სადაც ნათქვამია: ვახუშტიმ «მდურვა მიიღო სამართლიადრე, რამეთუ ვითმე მტერობოთნიცა თქმანი გამოჩნდეს წერილთა შინა მისთა მრავლადო“.
5. ეს ამბავი თამარის ისტორიაში ასე გადმოუცია იოანეს: ტონღაშა ხვარასნელმა ზაქარია მხარგრძელს, მის მიერ ხვარასნის მორბევის შემდეგ, მძევლად მისცა შვილი თოხთამიშ, რომელიც თამარმა „მიიღო ესრეთ, ვითარცა მეფისა შვილთა შვენის, და უბოძა საბოძვარნი დიდ-დიდნი, მასაცა და თანამყოლელთა მისთა ერთა, და ადრეთვე არტაანი და მისნი სოფლები მსახურებისათვის მისისა საჭიროებისათვისა. და რა იხილა ესეგვარი პატივი თოხთამიშ და განიხილა სჯული მართმადიდებელთა, ითხოა გულსმოდგინედ და ნათელიღო კათალიკოზისაგან, და მას ზედა უმეტეს შეიყვარა თამარ მეფემან“.
6. ლაშას მეფობის წინანაწილი ამ მატიანისა, ყოველ შემთხვევაში თამარის ისტორია, დაწერილია თამარის გარდაცვალებისა და გიორგის გამეფების წელს. ამას ადასტურებს შემდეგი სიტყვები, რომლებიც თამარის გარდაცვალების ამბებს მოჰყვება: «ჟამსა ჯეროვანსა დასვეს გიორგი, ძე მისი, მეფედ მასვე წელიწადსა, რომლისა წელნიცა მრავალ-ჟამეულ არიან და ცხორება მათი კეთილ-წარმართებულ აქა ცვალებადსა თანა და მერმესცა დაუსრულებელსა».
7. სიტყვებიდან - „სადაცა დედოფალი ესე მიიცვალა „სიტყვებამდე-“ აწ არის ესეთცა“ მოთავსებულია ავტორის მიერ შენიშნვაში.
8. იოანე ბატონიშვილი ამ გვარის ისტორიას ვახტანგ გორგასლანის დროიდან იწყებს მისი წარმომადგენელი მას თითქოს აბაშეთიდან გამოუყვანია: „მოთხრობისაებრ ძველთა იტყვიან, რომელ აბაშეთს შინა ბარათამ ვინმე აბაშმან ძლიერად მსახურა ვახტანგს და თანაგამოჰყვა აქ დედაწულითურთ თვისით... ვახტანგმა უბოძა მამული სომხითსა შინა და დაასახლა აქ. და აგრეთვე თავადობა, და იქიდან ჩამოდიან ბარათიანნი“.
9. ამას თითქოს ადასტურებს ზ. ჭიჭინაძის ცნობა ამ წიგნის შესახებ: „ამბავი მეფე დავითის და საულის შესახებაო“ (ქართული მწერლობა XIII-XVI საუკუნეებში, გვ.2).
10. А Цагарели, Сведения III, 266; დოც. ტ. რუხაძის მიერ მოწოდებული ცნობით, ამ თხზულების სათაური “დავით-საულიანი” მოხსენებული ყოფილა ხელნაწერებში: საქართ. მუზეუმის A 1767 და ლენინგრადის აკადემიისაში H 65.
11. საქართვ. მუზ. S 4797, ამონაწერი მომაწოდა დოც. ს. ყუბანეიშვილმა.
12. იოანე თამარის სამისიონერო საქმესაც აგვიწერს ასე: „მოვლო თამარ მეფემან კავკასიის კერძონი და ბრძანა უმაღლესთა მთათა ზედა ეკლესიათა აღმართებად, ეკლესიანი აწცა მრავალ არიან ამა ზემო ხსენებულთა მთათა შინა და იქ მცხოვრებნიც აღიარებენ თამარ მეფისაგან აღშენებასა და მერე გელაქუნის მთის კერძო ახალციხემდინ, მუნცა ყოველთა მაღალთა ადგილთა ეკლესია და ბაღი. ოსთა და ჩერქეზთა უმეტეს დამტკიცებისათვის, და აგრეთვე მუშკულეთს სვანეთსა შინა, რაჭის კერძოსა აღაშენა ეკლესია და იქ დაასვენა ხატი ღვთისმშობლისა. მოოჭვილი ძვირფასად, და იქ დაჰმოკიდა თმა თვისი ნაწნავი, რომელსა იტყვიან ექვსსა მტკაველსა. და აწცა არის იქ ეკლესიასა შინა. ხოლო სვანნი და გარემო მის მთის ერნი ესრეთ ესვენ ღვთისმშობელისა მას ხატსა, რომელ არა ძალუძთ ტყუილად დაფიცება ვისიმე მას ზედა. და უთუოდ აღიარებს დასაფიცებელი უკეთუ შეაგდონ რაჲმე მისგან ნაქმარი უკუე საქმე, და ხადიან იგინიცა დედად ღვთისა ხატსა მას და ეგრეთვე ესვენ თმასა მას თამარისასა“.
13. გუდანისა და ლაშარის ჯვარის შესახებ იხ. „Материалы по Археологии Кавказавых.. X, გვ. 13, 17, 53, 86, 134; ნ. ურბნელის აზრით, „ლაშარის ჯვარის“ დაკავშირება ლაშა გიორგის სახელთან შეცთომაა, აქ ჩვენ გვაქვს, მისი სიტყვით, არა ლაშას (აქედან ვითომცდა ლაშარის) სახელი, არამედ ფშავ-ხევსურთა სამხედრო პრაქტიკით შექმნილი სახელწოდება „ლაშარის“ ჯვარი (ივერია, 1888 წ. №176). ეს, შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий