რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის
ანექსიას
1801 წელს ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა. ეს პოლიტიკური აქტი თითქმის მთელი საუკუნე მწიფდებოდა. ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა ძირითადად
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან მიმართებაში განიხილება. სინამდვილეში გეორგიევსკის ტრაქტატი გაგრძელება და იურიდიული გაფორმება იყო იმ სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა, რომელიც პეტრე I-სა და ვახტანგ VI-ს შორის არსებობდა, მათ მიმოწერასა და რუსი დიპლომატების წერილებში აისახა და დოკუმენტურად, მეფეების ხელმოწერით არ გაფორმებულა.
XVIII ს-ის I მეოთხედის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე არსებული უამრავი წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული, ფილოლოგიური და სხვა ხასიათის მასალები საშუალებას იძლევა კარგად დავინახოთ ამ მოვლენათა იქით დამალული ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისა თუ თავად ვახტანგ მეექვსის სახელმწიფოებრივ- პოლიტიკური ინტერესები, მომხდარი მოვლენები შევაფასოთ ობიექტურად, ისევე პირდაპირ და მძაფრად, როგორც ის სინამდვილეში მოხდა.
ასეთი ობიექტური და ვახტანგ VI-ისა და პეტრე I-ის სამხედრო- პოლიტიკური ურთიერთობის შეულამაზებელ-დაუფარავი შეფასების ნიმუში ქართულ ისტორიოგრაფიაში არის ივანე ჯავახიშვილის 1919 წელს გამოცემული შრომა - „დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“. ივანე ჯავახიშვილი, როგორც დიდი მეცნიერი და მკვლევარი, რომელსაც ნამდვილი ისტორიის მიზნად ჭეშმარიტების დადგენა და ასახვა მიაჩნდა და არა გაზვიადებული და ყალბი მოვლენების,ვერ შეეგუებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისეთ შეფასებას, რასაც ჩვენი ქვეყნის ანექსიიდან მოყოლებული, ცარისტული ოფიციალური ისტორიოგრაფია ახდენდა . წიგნის შესავალში მეცნიერი წერდა: „ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულს თხზულებაში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით, ავტორებს ისტორიული სიმართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკლი უნდა შევსებულიყო და ჩემი მონოგრაფიის მიზანსაც სწორედ ეს შეადგენდა. ამას გარდა, ვითარცა ისტორიკოსს, მე იმდროინდელი ამბების ფარული მამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადით გამოაშკარავება მაინტერესებდა“. (ჯავახიშვილი 1919:8)
ამ წიგნის გამოქვეყნებიდან სულ მალე, საქართველო კვლავ რუსული ჩექმის ქვეშ აღმოჩნდა და, ბუნებრივია, ვერავინ ვეღარ შეძლო ამ წიგნის მეცნიერული დასკვნების განმეორება და კიდევ უფრო ღრმად წარმოჩენა. დამოუკიდებლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში დაიწყო რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის ახლებური, ობიექტური შესწავლა-გააზრება. დაიწერა ბევრი კარგი ნაშრომი, თუმცა არ მომხდარა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, დიდი მეცნიერის მიერ გაკეთებული ობიექტური დასკვნებისა და ზოგიერთი მოვლენის მისეული შეფასების ანალიზი.
არადა, მეცნიერის მიერ გამოთქმული მწვავე, კრიტიკული შეხედულებები განსახილველი პერიოდის მოვლენებზე, აუცილებლად საჭიროებდა შემდგომში გაღრმავებას, კვლევის ამ მიმართულებით გაგრძელებას და შეფასებასა თუ გადაფასებას. საბჭოთა პერიოდის ქართულმა ისტორიოგრაფიამ, გააღრმავა კვლევა, ამას ვერ ვუარყოფთ, მთელი ისტორიული პროცესი ასახა, მოვლენა განიხილა მსოფლიო ისტორიული პროცესების განვითარების ფონზე, მაგრამ არც ივანე ჯავახიშვილის შეხედულებები გაიზიარა თუ გაიაზრა, ვერც საკუთარი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნებით ვერ მოგვცა მოვლენების შეფასების სრული ობიექტური სურათი. ნაწილობრივ მას ვხვდებით „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომში ჩართულ მამია დუმბაძის წერილში, უფრო სწორად,აქ ჩანს მკვლევრის სკეპსისი პეტრეს აღმოსავლური პოლიტიკის შედეგებისადმი. ივანე ჯავახიშვილის დასკვნების განმეორება მას არც შეეძლო და არც უცდია, თუმცა მან აღიარა, რომ ვახტანგმა „ვერ შეიცნო პეტრე დიდის ჭეშმარიტი მიზნები“ (ნარკვევები1973:425).
მოვლენები სწორადაა შეფასებული მერაბ ვაჩნაძისა და ვახტანგ გურულის მიერ, მაგრამ ავტორები ყველა ფაქტს ვერ განიხილავენ, ზოგადად ახასიათებენ ისტორიულ ვითარებას, რაც ვახტანგVI-ის რუსული ორიენტაციით შეიქმნა (ვაჩნაძე 2007:13-17) პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის სამხედრო- პოლიტიკურმა ურთიერთობამ მძიმე შედეგები მოუტანა ქართულ სახელმწიფოებრიობას, ის, რაც XVIII საუკუნის 20-იანსა და მომდევნო პერიოდის ქართლ-კახეთში დატრიალდა, მონღოლებისა თუ თემურ-ლენგის ხანაზე არანაკლებად ტრაგიკული იყო: მოიშალა სახელმწიფო მმართველობა, მეურნეობა, ფიზიკურად განადგურდა ხალხის უმეტესი ნაწილი, ქვეყანა განათლების კერების გარეშე დარჩა, ქვეყნის ინტელექტულური ძალა მთლინად ვახტანგ VI-ის ამალაში მოხვდა და საქართველოდან გავიდა, მათი კულტურული მოღვაწეობის ნაყოფი კი რუსეთიდან ან ვერ აღწევდა საქართველომდე, ანდა ისე დაგვიანებით, რომ მას ქართველი ერის სულიერ წინსვლაში აღარ შეეძლო მნიშვნელოვანი როლის თამაში.
ეს საშინელი ისტორიული დრამა კარგად აისახა ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში. ქვეყნის ტრაგედია ლამის მემატიანის სიზუსტით აღწერა დავით გურამიშვილმა, მაგრამ ის მაინც პოეტური თვალთახედვით აფასებდა მოვლენებს, თუმცა მკითხველს კარგად შეუძლია მისი დახმარებით ეპოქის სურათის ნათლად აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე არსებული უამრავი წყაროსა და ლიტერატურის სიაში შედის: ს. ჩხეიძის, დ. ბაქრაძის, ალ. ცაგარელის, პ. ბუტკოვის, ს. ბურნაშევის, ფ. სოიმონოვის, ზ. ავალიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, ვ. ლისცოვის, ვ. დონდუას, გ. ლეონიძის, გ. პაიჭაძის,დ. ლანგის, ე. ჯალალიანცის, მ. დუმბაძის, მ. პაპაშვილის, ა. გაწერელიას, ვ. გაბაშვილის, ზ. ედილის, გ. მაისურაძის, გ. პაპავას, ფ. სიხარულიძის, მ. სამსონაძის, მ. ქიქოძის, ა. ხახანაშვილის, ვლ. ტატიშვილის, რ. კალანდაძის და სხვათა ნაშრომები, მარი ბროსეს მიერ შედგენილი ქართველ მეფეთა მიმოწერები რუს მეფეებთან და დიპლომატებთან, კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შედგენილი აქტები და სხვა ისტორიული ნარკვევი თუ წყაროები... ამ და სხვა უამრავი მასალიდან ნათელი ხდება „იმდროინდელი ამბების ფარული მამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადით გამოაშკარავება“(ივანე ჯავახიშვილი).
მეცნიერი-ისტორიკოსი მემატიანე არ არის, ფაქტები რომ დაალაგოს და მხოლოდ მათზე ისაუბროს, ის უპირველესად ეპოქის სურათს აღადგენს ამ ფაქტებით და მოვლენებს აფასებს. ეპოქის სურათი კი იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ამ დროის დოკუმენტებში პირდაპირ არის ნათქვამი. სულ ახლახან, ქართულ ენაზე თარგმნილ (მთარმგმნელი სალომე კენჭოშვილი) იტალიელი ავტორის - ლუიჯი მაგაროტოს ნაშრომში - „საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1801)“ - ვკითხულობთ: „ომში ქართლის ჩაბმით პეტრე დიდს თავისი ჯარის არა მხოლოდ რაოდენობრივი და თვისებრივი გაძლიერება სურდა, არამედ, სავსებით შესაძლებელია, სპარსეთის დამარცხების შემდეგ ერთმორწმუნე ქართლში სამხედრო პროტექტორატის დამყარებასაც აპირებდა“ (მაგაროტო 2008:21) ლუიჯი მაგაროტოს ამ დასკვნის გასაკეთებლად სავსებით ეყო ის მასალები, რაც ხელთ ჰქონდა, მას ივანე ჯავახიშვილის წიგნი არ გამოუყენებია. XVIII საუკუნის დოკუმენტებსა და ლიტერატურაში კი პირდაპირ არსად წერია, რომ პეტრეს ქართლში სამხედრო პროტექტორატის დამყარება სურდა. „რაც გვატყუე, ის გვეყოფის“, - უბედავდა ვახტანგ მეფე ბორის თურქესტანიშვილს, კაცს, რომელიც მასა და რუსთა შორის დესპანობდა, რასაც ვერ გაუბედავდა პეტრეს და ვერც მის პოლიტიკურ მემკვიდრეებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართლის მეფემ არ იცოდა, რომ პეტრე პირველმა უბრალოდ გაწირა ის და მისი ქვეყანა და თურქესტანიშვილისადმი ნათქვამ სიტყვებს - გვატყუეო - მთელი რუსეთისა და პეტრეს მისამართითაც არ ამბობდა... (მიმოწერა 1861:155)
რუსეთის იმპერია ტერიტორიების გავრცობის ხარჯზე იქმნებოდა. ცხადია, საქართველოც, ადრე თუ გვიან, ამ სივრცეში მოსაქცევად მოიაზრებოდა. პეტრეს პოლიტიკამ გაანადგურა მთელი აღმოსავლეთი საქართველო, ეს ქვეყანა ადვილი დასაპყრობი გახადა. პეტრეს კასპიისპირეთში ლაშქრობის პროექტში გათვალისწინებული იყო ბაქოდან, მტკვრის დაყოლებით, თბილისში შემოსვლაც.
პეტრე ვერც თბილისში შემოვიდა და ვერც საქართველოს დაპყრობა მოასწრო, მაგრამ მის შემდეგდროინდელ რუსეთს ეს მიზნები არ დაუკარგავს, უბრალოდ, დროს ელოდა და ნაბიჯებს ზომავდა.
სამწუხაროდ, რუსული მიზნების განხორციელებას ხელს უწყობდა ქართველ მეფეთა პოლიტიკური რომანტიზმი და გულუბრყვილობაც. საქართველოს სამეფოები რუსეთისკენ ერთმორწმუნეობის გამო მიისწრაფვოდნენ, რაც ბუნებრივი იყო მაჰმადიანურ გარემოცვაში მოქცეული და გადარჩენისათვის მებრძოლი ქვეყნისთვის, მაგრამ სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლობა, მაგალითად: რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების, მისი ცუდი მოკავშირეობისა და ღალატის გაკვეთილების არაფრად ჩაგდება, ანდა მათი გადაბრალება ცალკეული პიროვნებებისათვის, იყო შეცდომა. სახელმწიფო ინტერესები ხშირად იყო აღრეული პიროვნულში. მაგალითად, ვახტანგ VI-ის რუსული ორიენტაცია დაუკავშირდა პეტრე I-ის პიროვნებას, მის მჭიდრო კავშირს მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან, პეტრეს ქართულ წარმომავლობაზე მოარულ ჭორებსა თუ სინამდვილეს. მაშინ, როდესაც ირანისა და ოსმალეთის სახელმწიფოები საგრძნობლად იყვნენ დასუსტებულნი, ამასთან, მათთან ურთიერთობის გამოცდილება დიდი იყო, მხოლოდ ერთმორწმუნეობაზე გაკეთებული არჩევანი ძალზე სუსტი არგუმენტიც იყო და, ბუნებრივად, უშედეგოც.
ვახტანგ VI-ის პოლიტიკური მარცხის გაუთვალისწინებლობამ, მაშინდელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შეუფასებლობამ, ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ დანგრევა, ორსაუკუნოვანი კოლონიური უღელი და ეროვნული ღირებულებების გაუფასურება გამოიწვია. უამრავი ადამიანი დაიღუპა ანტირუსულ აჯანყებებში, რუსეთის ომებში, მოხდა დემოგრაფიული აგრესია და დივერსია, იმპერიის ხელშეწყობით ჩაისახა სეპარატისტული რეჟიმები და სხვა.
XVII საუკუნესა და XVIII-ის დასაწყისში ირანის აგრესიას საქართველო დაუპირისპირდა არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეროვნული ცნობიერებით, და ამ პროცესში სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ისტორიკოსების - ფარსადან გორგიჯანიძისა და სეხნია ჩხეიძის და სხვა სწავლულთა წვლილი განუზომელი იყო. ვახტანგ VI-ის შემდეგ ეს უნარიც დაკარგა ერმა და ოსმალო- ყიზილბაშობის მსხვერპლად იქცა.
XVIII საუკუნის დასაწყისში რუსეთმა საზღვრები გადასწია დასავლეთით, დაიკავა ბალტიისპირეთი და ფინეთის უბის სანაპირო, ხმელეთით და ზღვით დაუკავშირდა ევროპას, კერძოდ, ნიშტადტის ზავით მიიღო: ინგრია, ესტლანდია ნარვითა და რეველით, ლიფლანდია რიგით, დაიწყო ახალი დედაქალაქის - პეტერბურგის მშენებლობა, სახელმწიფოში გატარებულმა რეფორმებმა გააძლიერა სახელმწიფოს იმპერიული ამბიციები. შვედეთთან 21-წლიანი ომის დამთავრებამდე რუსულ პოლიტიკაში გააქტიურდა აღმოსავლეთის საკითხი.
1709 წელს პოლტავასთან გამარჯვებამ რუსული ოპტიმიზმი იმდენად გაზარდა, რომ აღარავინ ეჭვობდა ომში პეტრეს გამარჯვებას, ეს იყო, რუსეთის გამორჩეულად მოძულე კარლოს XII ზავზე კარგახანს არ თანხმდებოდა. ამ დროს დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობა ქართლის სამეფოსა და ირანს შორის. ავღანელებისა და ოსმალების მიერ დასუსტებული ირანი მეტი გამწარებით ებღაუჭებოდა დაპყრობილ ქართლ-კახეთს. სხვა რომ არაფერი, მას ეს ძალა ავღანელებისაგან თავის გადასარჩენად სასიცოცხლოდ ჭირდებოდა. 1709 წელს ყანდაარში ავღანელთა ბელადმა - მირ-ვეისმა მოკლა ვახტანგის ბიძა, გმირი ქართველი მეფე - გიორგი XI. 1711 წელს იქვე მოკლეს ქართლის მეფედ ახლად დანიშნული ქაიხოსროც. ქართლის ვალის ადგილი განთავისუფლდა და 1712 წელს ვახტანგი ისპაჰანში გაემგზავრა ტახტზე დასამტკიცებლად, თუმცა უარი თქვა გამაჰმადიანებაზე, ირანი კი როსტომამდელი სტატუსით, ანუ ქრისტიანობით ქართველ მეფეს ტახტს აღარ მისცემდა. ამ მისთვის კრიტიკულ პერიოდში მას მაჰმადიანი ქართველი მეფეების იმედი უფრო მეტად ექნებოდა და პრინციპულად ითხოვდა ქართველი მეფეებისაგან სარწმუნოების შეცვლას. ვახტანგს სულხან-საბაც ახლდა, მას წინა მეფეებიც ხშირად იბარებდნენ სპარსეთში, ბოლოს, - 1711 წლის 10 დეკემბერს გამგზავრებულა ხორასანს ქაიხოსროს მიწვევით,დიპლომატიური მისია შეუსრულებია და დაბრუნებულა „მრავლისა ნიჭითა“. „მცირე უწყების“ ავტორის თქმით, საბა „ფრიად დაშვრა მეფეთა მსახურებისათვის ისპაჰანს, ყეენთან წასვლით“. საქართველოსთვის საჭირო პოლიტიკური შედეგები არც ამ და არც ევროპაში ვიზიტებს ჰქონია, საბას მოლაპარაკებებს საფრანგეთის მეფის - ლუდოვიკო XIV-ისა და პაპის - კლემენტე XI-ის კარზე ქართლის მეფისათვის რაიმე წარმატება არ მოუტანია. ეს ვიზიტი იმ რეალურმა საფრთხემ განაპირობა, რაც მეფე ვახტანგს მაჰმადიანობაზე უარის თქმის შემდეგ შეექმნა. ის შაჰმა როგორც ტყვე, ისე გაგზავნა ქირმანს, მის ადგილზე კი იესე ალი-ყული ხანი დანიშნა. გამაჰმადიანებულმა იესემ სისასტიკით ირანელ მოხელეებსაც კი გადააჭარბა: ასმენდა ქართველებს, ყურანს წვავენ და ყიზილბაშებს არ ინდობენო. მან ვახტანგიც დაასმინა შაჰთან. საქმე ის იყო, რომ ვახტანგს კიდევ უფრო გაეზარდა მოსახლეობაში ავტორიტეტი, რაც არც მანამდე აკლდა. მისგან ქრისტიანობის დაცვამ ხალხს იმედი მისცა, რომ ეს ჭკვიანი და მამაცი მეფე ოდესმე მოახერხებდა ტყვეობიდან თავდახსნას და სამშობლოში დაბრუნებას.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ საბას გაკათოლიკება და ვახტანგის მზადყოფნა იგივეს გასაკეთებლად პოლიტიკური აქტი და ქვეყნის გადასარჩენად არჩეული გზა იყო. ვახტანგი სპარსეთში რომ ხვდებოდა კათოლიკე ბერებს და მათთან თათბირობდა, ეს ცნობილია წყაროებით, დიმიტრი ბაქრაძეც წერს, რომ ვახტანგი ემზადებოდა კათოლიკობის მისაღებად, პირობას იძლეოდა, რომ ქართველებსაც მოაქცევდა და ჩერქეზებსაც, საფრანგეთის საკონსულოს გახსნიდა თბილისში და სხვა (ბაქრაძე1880:33), მაგრამ, არა მგონია, ისეთ ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ საბა და ვახტანგი, არ სცოდნოდათ ქართული რეალობა, ჩვენი ხალხის სარწმუნოების შეცვლის უპერსპექტივობა. ამას ვერავინ შეძლებდა ვერც პოლიტიკით, ვერც ფულითა და სხვა რაიმე დაპირებებით. ამ მხრივ ისტორია სხვას გვეუბნება, მეფეთა და არისტოკრატიის მიერ სარწმუნოების შეცვლა ხალხზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა და ვერც ახლა მოახდენდა. გარდა ამისა, საფრანგეთი და პაპის კარი კათოლიკე ხალხსაც ვერ შველოდა სხვა ქვეყნების აგრესიისაგან. ევროპისაგან დახმარების სურვილი, რა თქმა უნდა ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდათ, მაგრამ რამდენად იქნებოდა კათოლიკური რელიგიის ფაქტორი ამ მხრივ შედეგის მომტანი, ეს საეჭვოა.
სულხან-საბას ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, 1716 წელს ვახტანგი გამაჰმადიანდა, როგორც ვახუშტი ამბობს: „მხოლოდ სიტყვით და არა საქმითაც“. ირანელთა წინაშე მისი ავტორიტეტი განმტკიცდა, შაჰმა ტრადიციისამებრ დატოვა ირანში, ქართლის ჯანიშინად კი შაჰ ნავაზ-ხანის სახელით მისი ძე ბაქარი დანიშნა. ბაქარმა მამის მტრებს შეუტია, დააპატიმრა იესეც. შაჰს იმდენად ჭირდებოდა მამა-შვილის ერთგული სამსახური, რომ მისთვის თავდადებული იესეც არ დაინდო და მისი დაპატიმრების უფლება მისცა ბაქარს (პაიჭაძე1981:
ამ დროს, ოსმალეთის წაქეზებით, გაძლიერდა ლეკთა შეტევა ირანისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. ლეკთა მოთარეშე რაზმები გაჩნდნენ დარუბანდში, შემახასა, განჯასა თუ ქართლ-კახეთში. ლეკი მარბიელების ასალაგმავად 1719 წელს ვახტანგVI ირანის შაჰმა ქართლში დააბრუნა. მეფეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელ საქართველოში, რისი მიზეზიც მისი კულტუროლოგიური მოღვაწეობა იყო. ამან გააღვიძა ეროვნული ცნობიერება და განმათავისუფლებელი სულისკვეთება. მისი ერთი ქალიშვილი ცოლად ჰყავდა კახეთის ტახტის მემკვიდრეს, შემდეგში მეფეს - ერეკლე ნაზარალიხანის ძეს - თეიმურაზს, მეორე - იმერეთის მეფეს. ამან ვახტანგის ზოგადქართული გავლენა და ავტორიტეტი გააძლიერა. ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებული გამოვიდნენ ქართლ-კახეთი: 1719 წლის დეკემბერში, საფურცლეში შეხვდნენ ამ სამეფოების მმართველები და შეთანხმდნენ,1720 წლის გაზაფხულზე ლეკებთან ბრძოლაში გაიგზავნა საბარათიანოს მოწინავე სადროშოს ლაშქარი, შაჰის ბრძანებით, შირვანის ხანიც ჩაება ბრძოლაში, მაგრამ ლეკებმა მოკლეს. მართალია, ლეკებმა დიდი საფრთხე შეუქმნეს სომხეთ-აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს, - დაიკავეს ალაზანგაღმა ტერიტორია, მაგრამ ვახტანგი ამ დიდ საფრთხეს ისე აქტიურად არ უპირისპირდებოდა, როგორც ამას საქმე მოითხოვდა. იქნებ ლეკებისგან ირანის დასუსტებასა და შემდეგში მის ადვილად დამარცხებაზე ფიქრობდა.
ამასთანავე ის რუსეთისკენ იყურებოდა და სამხედრო ინსტრუქციას პეტრესგან ელოდა. კარგახანია მას რუსული ორიენტაცია რეალურად ესახებოდა, განსაკუთრებით 1715 წლიდან, სულხანის ევროპიდან დაბრუნების დროიდან. ისეთი მასშტაბური მოაზროვნე, როგორიც ის იყო, ვერ შეურიგდებოდა სპარსეთის ტოტალურ პოლიტიკურ-კულტურულ ზეწოლას. ქართველები ამ დროს რუსეთში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. მეფე არჩილისა და მისი შვილების მოსკოვში დამკვიდრების შემდეგ, კერძოდ კი, XVIIIსაუკუნის 10-იან წლებში დარეჯან არჩილის ასულის კარზე ბევრი ქართველი მოღვაწეობდა. პეტრე არჩილისა და მისი ოჯახის პატივისმცემელი იყო.ეს გაგრძელდა მაშინაც, როდესაც ამ დიდი ოჯახიდან მხოლოდ დარეჯანიღა დარჩა.
დარეჯანი ვახტანგის ბიძაშვილი იყო. ყველგან, პეტრესთან თუ რუს მოხელეებთან მიმოწერაში, ის მას დად მოიხსენიებს და ყველას მისთვის გაფრთხილებას ევედრება. ამ დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს დარეჯანის როლი რუსეთ-საქართველოს დაახლოებასა და ვახტანგის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ არჩევანში. ვახტანგსა და პეტრეს სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობაში დარეჯანის გამორჩეულ როლზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ შვედებთან ომისადმი მიძღვნილი აღლუმი პეტრემ დარეჯანის სასახლიდან დაიწყო, თუმცა იგი არ იყო მოსკოვის ცენტრი. შუაღამისას სადღაც გაჰქრა და დილამდე ჩაკეტილი საუბრობდა დარეჯანსა და ქართველებთან. სასაუბრო თემა აუცილებლად იქნებოდა კასპიისპირეთში მომავალი ლაშქრობის საკითხი (ტატიშვილი1959:21)
1715 წელს პეტრემ სპარსეთში დესპანად გაგზავნა არტემ ვოლინსკი, რომელსაც მისცა არა მარტო სპარსეთის დაზვერვის დავალება, არამედ ვახტანგთან ურთიერთობის დამყარებაც დაავალა.ვოლინსკიმ წარმატებით შეასრულა მისი დიპლომატიური მოვალეობა, ქართლის მეფესაც დაუკავშირდა და სავაჭრო ხელშეკრულებაც გააფორმა რუსეთ-ირანს შორის. პეტრეს შორსმიმავალი მიზანი იყო უკვე დასუსტებული ირან- ოსმალეთის ხელში ჩაგდება, მაგრამ პირველ ეტაპზე ეკონომიკური ინტერესების გატარება სურდა ამ ქვეყნებში, რაც შეეხება კასპიისპირეთს, ჯერ ეს რეგიონი „რუსეთის მფარველობის ქვეშ უნდა მოექცია, შემდეგ დაეპყრო და შიგ რუსი ჯარისკაცები უნდა ჩაესახლებინა“ (ივ. ჯავახიშვილი).ავღანელთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შიშმა, რუსი ავტორის - ბუტკოვის აზრით, დააჩქარა რუსეთის მოქმედება.თუ გავიხსენებთ ვოლინსკის მიერ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის შეფასებას, ასევე პეტრეს ქართულ კავშირებს, ძნელი აღარ იქნება იმაში დარწმუნება, რომ ამ საქმეში რუსეთი აუცილებლად გამოიყენებდა ამ ჯარს, თანაც, კასპიისპირეთის, ირან-ოსმალეთის დაპყრობაზე მეოცნებე იმპერატორს საქართველო თავის სატელიტურ სივრცეში პირველ რიგში ეყოლებოდა მოაზრებული.
პეტრეს მიერ ვოლინსკისადმი მიცემული ინსტრუქციაც მოწმობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა ვახტანგისაგან მიეღო ირანის შესახებ ცნობებიც, ქართლის მეფის ტყვეობიდან დახსნით კი იგი საბოლოოდ გადაეყვანა რუსულ ორიენტაციაზე.
1715 წლიდან რუსეთი კასპიისპირეთში გზავნიდა სამეცნიერო ექსპედიციებს კასპიის ზღვის რუქის შესადგენად, 1718 წელს პორუჩიკ კოჟინისა და ლეიტენანტ ურუსოვის მიერ შედგა კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს რუქა, 1719 წელს კი მთელი კასპიის ზღვის საერთო რუქა. 1720 წლის 22მარტს, საიდუმლო ინსტრუქციით პეტრემ არტემ ვოლინსკი ირანიდან ასტრახანის გუბერნატორად გადაიყვანა. მას ვახტანგVI უნდა დაერწმუნებინა, რომ პეტრე ქრისტიანებისადმი უაღრესად კეთილი განწყობილებით იყო განმსჭვალული და თან დაეიმედებინა, რომ რუსი ხელმწიფე მას მაჰმადიან ძლიერ სახელმწიფოებთან ბრძოლისას მფარველობას გაუწევდა. ივანე ჯავახიშვილის აზრით, რუსეთის ელჩიც და იმპერატორიც ცბიერად მოქმედებდნენ, მათ ქართლის მეფეს თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს პეტრეს ვახტანგის გაჭირვებული მდგომარეობა შეეტყოს და „მისი შველა და დახსნა სდომნოდეს სპარს-ოსმალთა კლანჭებისაგან და სწორედ ამიტომ აპირებდა სპარსეთთან ომს... მეფე ვახტანგმა და ქართლის სამეფოს გავლენიანმა წრეებმა ეს დიპლომატიური ხრიკები სინამდვილედ მიიჩნიეს, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს გულში სხვა რაიმე იდუმალი ზრახვა ექნებოდა და ვახტანგი დარწმუნებული იყო, თუკი მიემხრობოდა პეტრეს, ისიც გაილაშქრებდა საქართველოს მტრის წინააღმდეგ...“ თუმცა სამეფო დარბაზში აზრი ორად გაიყო, ბევრმა თითქოს წინასწარ შეიგრძნო მომავალი ტრაგედია, „მაგრამ მეფე ვახტანგი ისე იყო გატაცებული რუსთა ხელმწიფის წინადადებით, რომ არავითარი ეჭვი არ ებადებოდა...“ (ჯავახიშვილი1919:8
რუსეთს კასპიისპირეთის დასაპყრობად ჭირდებოდა საბაბი, რაც ადვილად მოიძებნა. 1721წლის 7 აგვისტოს შემახაში ლეკები დაესხნენ თავს რუს ვაჭრებს და გაძარცვეს. ამ თავდასხმის ორგანიზატორების - დაუდ-ბეგისა და სურხაი-ხანის გადაბირებაც სცადა რუსეთმა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ისინი თურქეთის აგენტები იყვნენ. პეტრე „თავისი მოქალაქეების დასაცავად“ (ეს ტერმინი იმ დროიდან აქტუალურია რუსულ პოლიტიკაში!..) ჯარით დაიძრა ასტრახანისაკენ 1722 წლის 15 მაისს, 274 ხომალდით დაუყვა მასკვა რეკას, და ოკით და ვოლგით გაემართა ასტრახანისაკენ.ასტრახანში გამოსცა მანიფესტი ლეკების წინააღმდეგ, დაპირდა მშვიდობას და მათგან მხარდაჭერა ითხოვა. ბორის თურქესტანიშვილის პირით მან შემოუთვალა ვახტანგს, რომ მალე მიადგებოდა სპარსეთის საზღვრებს და ის საჩქაროდ უნდა დასხმოდა თავს ლეკებს,ამასთან, „თავისი დაწყობილი ლაშქრით“ სპარსეთს შესეოდა და იქ მოეცადა, სანამ პეტრეს ცნობა მოუვიდოდა, თუ სად შეერთებოდნენ ერთმანეთს (ბუტკოვი 1869:12-16).
ვახტანგი გაემართა შეხვედრის ადგილისკენ 30 თუ 40-ათასიანი ჯარით. ამ ორ ციფრს ასახელებენ წყაროები, ორივე ეს ციფრი დიდია და თუ გავითვალისწინებთ ვოლინსკისეულ შეფასებას, საბრძოლო რაზმების „დაწყობილობას“, ამ დროისთვის ქართული ჯარის ეს რაოდენობა მეტად მნიშვნელოვანია.დიდი ენთუზიაზმი ახლდა ჯარისა და მისი სარდლის სულისკვეთებას. ისინი მოუთმენლად ელოდნენ რუსული ჯარის გამოჩენას კასპიისპირეთში, ბრძოლების გადატანაც მოუხდათ შაჰის უერთგულეს განჯის ხანთან. ამ დროს ვახტანგი შაჰისგან უკვე იყო დანიშნული აზერბაიჯანის ბეგლარბეგად და ლეკებთან ბრძოლა მისი მოვალეობაც იყო, მეფე იმედოვნებდა, რომ ამით შენიღბავდა მის ლაშქრობას კასპიისპირეთში, რაც გულუბრყვილობა იყო, მითუმეტეს განჯის ხანთან შებრძოლების შემდეგ. 20-25 დღის შემდეგ, განჯაში მდგარ ქართულ ჯარს გაუჭირდა (თუმცა ნოემბრის შუარიცხვებამდე მოუწია აქ დარჩენა), ვახტანგი წერილს წერილზე წერდა ხან იმპერატორს, ხან ვოლინსკისა და თურქესტანიშვილს, ჩქარა მოგვეშველეთ, თორემ ქართულ ჯარს ერთ ადგილზე დიდხანს დგომა არ შეუძლია ნუზლის (საკვების) ნაკლებობის გამოო. მეფე ირან-ოსმალეთიდან წამოსულ შესაძლო აგრესიაზეც მიუთითებდა (მიმოწერა1861:139). მას სამი თვე აჩერებდნენ და აიმედებდნენ,რომ პეტრე მოდიოდა და აგერ ახლა შეუერთდებოდა ქართულ ჯარს. აქ იყვნენ სომეხი მებრძოლებიც. როგორც ესაია ჯალალიანცი წერს, სწორედ განჯასთან და ვახტანგVI-ის სარდლობით მოხდა რეგულარული სომხური ჯარის ფორმირება (პაიჭაძე1960:60).
1722 წლის 23 აგვისტოს პეტრე დარუბანდში შევიდა. ნაიბი ქალაქგარეთ შეეგება და ქალაქის გასაღები გადასცა. დარუბანდშივე მოახსენეს, რომ ლეკებისგან შეწუხებული ბაქოს მცხოვრებნი მზად იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. პეტრემ იუარა, მე აქ მხოლოდ ავაზაკებთან საბრძოლველად ვარ, მინდა ჩემი ჯარით მშვიდობა მოგიტანოთ, თქვენგან მხოლოდ თავშესაფარი და პროდუქტები მინდაო.დარუბანდიდან იგი ბაქოსკენ გაემართა, იქიდან კი, მტკვრის შესართავით თბილისისკენ წამოსვლა ჰქონდა განზრახული.
ბაქოსადმი ინტერესს მეფე მალავდა, თუმცა ეს ქალაქი ამ სამხედრო კამპანიაში რუსეთის დასაკავებელი ტერიტორიის მთავარ პუნქტს წარმოადგენდა. პეტრე ლაშქრობის შედეგებმა დაარწმუნა, რომ ქართული ჯარის საჭიროება ამ ეტაპზე არ იყო, რეგიონში რუსეთის დასამკვიდრებლად პატარა, მოქნილი ჯარი, ფლოტი და სურსათის საწყობების აშენება კმაროდა კასპიისპირეთში. გაიცა კიდეც ასეთი შენობების აგებაზე ბრძანება ვოლგის დელტაზე. გილანის მთავარი ციხის - რეშტის აღება, ასევე ბაქოს დაკავება პეტრემ მომავალი წლისთვის გადადო, გილანში გაგზავნა პოლკოვნიკი შიპოვი და სოიმონოვი, რომელსაც ეკუთვნის ამ ლაშქრობათა აღწერა, მანვე შეადგინა მტკვრის შესართავის გეგმა (სოიმონოვი 1763:240).
პეტრეს მიზნები ვახტანგმა არ იცოდა. სომეხი ისტორიკოსის - ლეოს თქმით, პეტრე ჩქარობდა კასპიისპირეთის აღებას, ეშინოდა, ამ დროს შედარებით ძლიერ ოსმალეთს არ დაესწრო, არ წაერთმია ირანისთვის ეს ტერიტორია. ამიტომ შაჰს უთანხმდებოდა - დაგეხმარები ავღანელებთან ბრძოლაში, თუ კასპიისპირეთის ზოგ რეგიონს დამითმობო. არც ვახტანგმა და არც სომეხმა მელიქებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენო, - წერს სომეხი ისტორიკოსი. ირანთან ერთად პეტრე თურქებთან შეთანხმებასაც არ გამორიცხავდაო, - ამასაც უმატებს (ჯალალიანცი 1902: 65-66). ამ დროს ლეკები კახეთის ალაზნისგაღმა რაიონებს იკავებდნენ. განჯასთან დგომას, ალბათ, ვახტანგ VI-ს კახეთის მეფესთან ერთად მათთან შებრძოლება და ამ ტერიტორიის შენარჩუნება უნდა ეცადა. მაგრამ, ის იდგა და ელოდა და ვერ გაეგო მიზეზი, თუ რატომ „შეიქმნა დაყოვნება ხელმწიფისა“. (სეხნია ჩხეიძე).
მეფეს თავზარი დასცა პეტრეს უკან გაბრუნების ამბავმა. კატასტროფული მდგომარეობა შეექმნა მასაც და მის ქვეყანასაც. პეტრემ თბილისში სპეციალური ელჩი - გრაფი ტოლსტოი გაუშვა. ეს იყო მწერალ ლევ ტოლსტოის პაპა. მისცა ინსტრუქცია, რომ ყური არ ეგდო ვახტანგის თხოვნისთვის რუსული ჯარის მიშველებაზე,ეთქვა, რომ კასპიისპირეთსა და ბაქოში სრულ გამაგრებამდე ვერ მიიღებდა რუსეთის დახმარებას. ქართლის მეფე ჯერ კიდევ განჯაში იდგა, ტოლსტოი რომ მოვიდა თბილისში, მას ვახუშტი შეხვდა და მასაც თავზარი დასცა ამ ამბავმა, მამას საწრაფოდ შეატყობინა ელჩის მოსვლა. ვახტანგი ჩამოვიდა და შეხვდა ტოლსტოის. ელჩი არწმუნებდა პეტრეს გაბრუნების აუცილებლობაში, მომდევნო 1723 წლისთვის ჰპირდებოდა ახალი სამხედრო ექსპედიციის მოწყობას, გადასცემდა იმპერატორის დანაბარებს: დაერწმუნებინა სპარსეთის შაჰი, რომ რუსეთი მისი ინტერესების დასაცავად იბრძოდა კასპიისპირეთში, რადგან ოსმალეთს მთლიანად ირანის დაპყრობა უნდოდა. ლეკთა წინამძღოლებს - დაუდ-ხანსა და სურხაი-ბეგს, რუსეთის უტყუარი ცნობებით, თურქებთან აქვთ კავშირი და პირდებიან მას ირანის დაპყრობასო. რა დაემართებოდა ქართლს მომავალ წლამდე, ამას რუსი ხელმწიფე არ ეხებოდა. რუსთა დახმარებით ვახტანგს ერევნის დაკავება სურდა, რადგან არზრუმის ფაშა ემზადებოდა მის ასაღებად. ერევნის შემდეგ ფაშა თბილისის აღებას გეგმავდა. ვახტანგმა ისედაც კატასტროფული ვითარება კიდევ უფრო მუქ ფერებში დაუხატა ტოლსტოის, თხოვა, ასევე გადაეცა პეტრესთვის, ისიც ასე მოიქცა, პეტრემ სიტყვიერი თანხმობა განაცხადა ჯარის გამოგზავნაზე, ოღონდ ეს იქნებოდა 2000 კაცი. კიდეც რომ შეესრულებინა ეს დაპირება, ვახტანგს და საქართველოს ვერაფერში უშველიდა ასეთი პატარა კონტიგენტი, თუმცა ეს ჯარი არც ჩამოსულა, რაც შეეხება ერევანს, პეტრეს რჩევით, ის ვახტანგს თვითონ უნდა აეღო, თუ აიღებდა, რუსეთი ნებას აძლევდა - ეს ციხე თავად ჰქონოდა. მაშასადამე, რუსეთი,ჯერ არ დამკვიდრებული კავკასიაში, აქაური მიწა-წყლის ბატონ-პატრონად მოიაზრებდა თავს, მარტო სიტყვით კი არა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც გასცემდა კავკასიურ ტერიტორიებზე უფლებებს. აქედან მოყოლებული, იგი უეჭველად მოახდენდა ამ რეგიონის ანექსიას, როგორც კი საამისო დროს ჩაიგდებდა ხელთ.
1722 წლის დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა შაჰის ყულარაღასი, ჩამოიტანა ავღანელებისაგან ისპაჰანის აღებისა და ჰუსეინის დატყვევების ამბავი, ვახტანგს თხოვა დახმარებოდა შაჰს. ტოლსტოიმ დაინახა ქართლის მეფის გამოუვალი მდგომარეობა, ურჩია კიდეც - ცოტა ჯარით მაინც დაეხმარეო, მაგრამ მეფემ უარი თქვა.ტოლსტოი წერდა პეტრეს ქართლის მეფის გამოუვალ მდგომარეობაზე, ირანიც და ოსმალეთიც ქართლის მტერი გახდა და ალბათ მალე დაესხმებიან თავსო. ახალი შაჰი - თამაზი არ აპატიებდა ქართველ მეფეს ასეთ მძიმე დროს ღალატს და ქართლსაც ასე ადვილად არ დათმობდა. ირანული ორიენტაციის კახეთის მეფე კონსტანტინეც აქეზებდა შაჰ-თამაზს ვახტანგის წინააღმდეგ. მართლაც, შაჰმა ქართლის ტახტი კონსტანტინეს მისცა და თბილისის ირანულ გარნიზონს ბრძოლის დაწყება უბრძანა ვახტანგის გასაძევებლად. ქალაქს მოადგა კონსტანტინე ლეკთა დაქირავებული ლაშქრით. ვახტანგს იმერეთიდან და რაჭიდან მოუვიდა მაშველი, მაგრამ მის მდგომარეობაში ეს ძალა ვერაფერს შეცვლიდა, რუსეთიდან კი არათუ საჭირო, არამედ დაპირებული 2000 კაციც არ ჩანდა. ჯერ კიდევ განჯაში გალაშქრების წინ ვახტანგVI-ს არზრუმის ფაშამ შესთავაზა მოკავშირეობა და სანაცვლოდ მთელი საქართველოს მეფობას დაჰპირდა ( პაპაშვილი1992: 87). ეს რომ დიპლომატიური მანევრი იყო და ოსმალეთი ამას არ გააკეთებდა, ეს ცხადია და ვახტანგისთვისაც არ იქნებოდა დასაჯერებელი, ამის გამოც უარს იტყოდა, მაგრამ უარს სხვა მიზეზიც ჰქონდა: რუსეთის ყოვლისშემძლეობასა და დახმარებაზე ფანატიკურად მოიმედე მეფემ არათუ უარი თქვა, არამედ მისი ეს წინადადება პეტრეს აცნობა, თუმცა მისი ეს ნაბიჯი რუსეთის მეფეს შემდეგში არაფრად დაუფასებია და ყველა გასაჭირში მარტო მიატოვა ქართველი მეფე. თბილისთან ბრძოლების დროს არზრუმის ფაშამ ერთხელ კიდევ მისცა წინადადება ვახტანგს, - მიიღე თურქეთის პროტექტორატი და ქართლის მეფობას შეგინარჩუნებო. დარბაზმა ურჩია მეფეს ამ წინადადების მიღება, მაგრამ კრებას ტოლსტოი და თურქესტანიშვილიც ესწრებოდნენ და ისინი ამტკიცებდნენ, რუსეთის ჯარი მალე შემოვაო. ვახტანგმა ისევ პრიმიტიული დიპლომატია აირჩია: სანამ ფაშა სტამბულს შეატყობინებს და ცნობები მივა-მოვა, რუსის ჯარიც შემოვაო, დათანხმდა და ვედრებაც დაადევნა ვოლინსკისთან. წერდა: „ახლა თქვენის ძმობისაგან და მოწყალებისაგან მოველით, დიდმა ხელმწიფემ არ დაგვაგდოს და არ უგულვებელყოს, ამდენს მოგვეხმაროს. აქამდი რომ ფოცხვერის ჭანგისგან გამოხსნას ვეხვეწებოდით, ახლა ბაბრის ჭანგში არ შეგვაგდონ, თუ ამდენს ქრისტიანობას უპატრონებთ რასმე - კარგია, თუ არა და, ნება თქვენია...“ (მიმოწერა...149) ქრისტიანული ძმობისა და მოწყალების იმედზე მყოფი მეფე ისევ მოტყუებული და იმედგაცრუებული დარჩა. 1723 წლის 4მაისს თბილისში შევიდა კონსტანტინე, მისმა დაქირავებულმა ლეკებმა ააოხრეს ქალაქი, ივნისში თურქებიც შემოიჭრენ და მათ კონსტანტინემ უბრძოლველად ჩააბარა თბილისი. ვახტანგი ცხინვალში გაიხიზნა. იგი აღარ ჭირდებოდა პეტრეს. ივლისში რუსული ჯარის 4 პოლკი მატიუშკინის სარდლობით ბაქოში შევიდა, დაიკავა და 4000 ჯარისკაცი განალაგა, წლის ბოლოს ამ ჯარმა მტკვრის შესართავი დაიჭირა. 1723 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში დაიდო ხელშეკრულება რუსეთ-ირანს შორის. ირანი თმობდა კასპიისპირა ქალაქებს:ბაქოს, დარუბანდს და სხვებს, სანაცვლოდ რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ავღანელებსა და ლეკებთან ბრძოლაში. ვინაიდან ამ ტერიტორიისადმი პრეტენზიები ჰქონდა თურქეთსაც, რუსეთი ემზადებოდა მასთან საომრად, მაგრამ მონახა გამოსავალი: იცოდა რა ოსმალეთის ინტერესები ქართლ-კახეთში, ის, რომ არზრუმის ფაშა ლეკების ბელად დაუდ-ხანსა და ავღანელთა ბელად - მირ-მაჰმუდთან ერთად აპირებდნენ ლაშქრობას აღ. საქართველოში, შესთავაზა თურქეთს ზავი, რომელიც გაფორმდა კიდეც 1724 წლის 12 ივნისს. ამ ზავით რუსეთმა მისცა თურქეთს პროტექტორატი აღ. საქართველოზე, თურქეთმა კი ცნო მისი კასპიისპირა დაპყრობები. მაშასადამე, რუსეთმა, თითქოს მიზანმიმართულად შეუწყო ხელი ქართლ- კახეთის სამეფოს განადგურებას, ჯერ მისი გამოყენება სცადა საკუთარი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, მერე კი, როგორც მისი კუთვნილი, ისე გადასცა საქართველოს მტერს - ოსმალეთს ვახტანგისა და ქართველების კუთვნილი ქვეყანა... ვახტანგის დიპლომატია სრულად დამარცხდა. ეს მარცხი არც მისი დიპლომატიური ნიჭის ნაკლებობით აიხსნება და არც მისი შეცდომებით. რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც იყო რუსული დიპლომატიის ის უხეში და აგრესიული მეთოდები, რითაც ის მომდევნო პერიოდშიც და ახლაც გამოირჩევა. ტყუილსა და ღალატს, რომელსაც, როგორც სეხნია ჩხეიძე და ივანე ჯავახიშვილიც წერენ, წინასწარ ვერ წარმოიდგენდა არათუ ვახტანგი, არამედ თვით ის დარბაზის წევრებიც, რომლებიც ვახტანგს რუსეთთან კავშირს უშლიდნენ და რუსეთის რეალური მოქმედებით შემდეგში სახტად დარჩენილან.
1724 წლის ივლისში ვახტანგ VI დიდი ამალით მოსკოვს გაემგზავრა, პეტრემ კიდევ ერთხელ გაამჟღავნა თავისი უგულობა ქართველი მეფის მიმართ, რუსეთში კი არა, სალოღში დაესახლოსო. ეს იყო პატარა ციხე- სიმაგრე, თავად ვახტანგის მიერ გამაგრებული ჩრდ. კავკასიაში. როდესაც უთხრეს, რომ მოსკოვში ითხოვდა ცხოვრების ნებას, აღშფოთება ვერ დაუმალავს, ბუტკოვის მასალებში ვკითხულობთ პეტრეს სიტყვებს, „დახეთ, რა უბედურებაშია და ამპარტავნებას მაინც არ იშლისო“. ასტრახანში ცხოვრების ნება არტემ ვოლინსკიმ ხელმწიფის გარეშე მისცა (ბუტკოვი1869:63).
„პრინცი“ ვახტანგი, ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ღირსეული მეფე, ყველა გზამოჭრილი, ასტრახანიდან კვლავ პეტრესკენ ხელგაწვდილი რჩებოდა, 84 მხლებლით გაემართა კიდეც მოსკოვს, მაგრამ ცარიცინშივე გაიგო პეტრეს გარდაცვალების ამბავი, მაინც არ დაიხია უკან, ახლა მისი გერმანელი მეუღლის იმედს მოეჭიდა. სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა, წინასწარ გაგზავნა მოსკოვში საცხოვრებელი ადგილის შესარჩევად, ქართველების დაბინავებაში მას დარეჯან არჩილის ასული უნდა დაეხმარებინა.
აქვე უნდა გავიხსენოთ მეფე არჩილის გულმდუღარე წერილები პეტრესადმი ჯერ შვედებისგან დატყვევებულ ალექსანდრეზე, მერე დარეჯანზე: ეს ერთი ასულიღა დამრჩა, მემკვიდრეს მისგან მოველი და დამეხმარე მის კეთილად დაბინავებაშიო. პეტრეს ერთი ბრძანება იყო საჭირო, რომ რომელიმე დიდებული დაქორწინებულიყო დარეჯანზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ამის მიზეზი ნათელია: თავად უნდოდა სრული უფლება ქართულ მემკვიდრეობაზე... დარეჯანი უმემკვიდროდ გადაეგო...
დარეჯანის სასახლეში სულხან-საბამ დაასრულა თავისი ლექსიკონი, თუმცა დიდხანს არ უცოცხლია, 1726 წლის იანვარში გარდაიცვალა. ის, რომ ასტრახანში აღარ გაჰყვა ვახტანგს, მიუთითებს მისი პოლიტიკისადმი მწერლის გულგატეხილობასა და ნიჰილიზმზე. ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა... (ლეონიძე 2004:121-130)
ამრიგად, პეტრე I-მა დაიწყო იმპერიის საზღვრების გაფართოება სამხრეთით, სადაც შეეჯახა ირანისა და ოსმალეთის ინტერესებს. თავისი იმპერიული მიზნების ასასრულებლად მან სცადა ქართლის სამეფოს გამოყენება, რომლის აშკარად გამჟღავნებულმა რუსულმა პოზიციამ გააღიზიანა ირან-ოსმალეთი, მტრების წინაშე პირისპირ დამდგარ საქართველოს კი რუსეთმა დაპირებული დახმარება აღარ გაუწია. ამ პოლიტიკამ დაანგრია ქართული სახელმწიფო, ტრაგიკული შედეგები მოიტანა ცხოვრების ყველა სფეროში. პეტრე ატყუებდა ვახტანგს საკუთარი ელჩების საშუალებით, რომლებიც შემდეგში, მისი რუსეთში ყოფნისას, არც მალავდნენ თავიანთ მიზნებს, დასცინოდნენ და საყვედურობდნენ მას მოუხერხებელი დიპლომატიისათვის, პეტრემ თავისი მიზნები განახორციელა და საქართველოს საწინააღმდეგო ხელშეკრულებები გააფორმა ქართველთა მტრებთან - ირან-ოსმალეთთან, ვახტანგს კი, თავიდან, მათგან დახსნას ჰპირდებოდა. რუსეთი არა გასათავისუფლებლად, არამედ მისთვის საინტერესო სხვა ტერიტორიებთან ერთად, საქართველოს დასაპყრობადაც მოიწევდა სამხრეთისაკენ. ეს ჩანს თურქეთთან დადებული ხელშეკრულებითაც, რომლის I მუხლით მან აღ. საქართველო თურქეთს დაუთმო. რომ დასცლოდა და თბილისშიც ჩამოსულიყო (რაც ბაქო-დარუბანდის ლაშქრობის გეგმით იყო გათვალისწინებული), ისევე ჩააყენებდა რუსულ ჯარს ამ ქალაქში, როგორც ეს ბაქოში გააკეთა.
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში დასახელებული პეტრეს უკან გაბრუნების მთავარი მიზეზი იყო ეპიდემიის გავრცელება რუსულ ჯარში. მკვლევართა ნაწილი დოკუმენტებიდან ამის დამადასტურებელ მასალას უარყოფენ. ეპიდემია მასიური არ ყოფილა, თანაც პეტრე მოელოდა ასეთ მდგომარეობას და ყოველნაირად მოემზადა ჯარის სამედიცინო მომსახურეობის თვალსაზრისით (პაიჭაძე1981: 99). ასე რომ, ესეც „გაზვიადებული, ყალბი“ ცნობა იყო.
ვახტანგ VI-ის მწარე გამოცდილების გაუცნობიერებლობამ და დავიწყებამ XVIII საუკუნის ბოლოს გამოიწვია ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევა, მხოლოდ ერთმორწმუნეობასა და კეთილმეზობლობაზე დამყარებულმა დიპლომატიამ ქართველ ხალხს ორსაუკუნოვანი კოლონიური უღლის სიმწარე მოუტანა.
დამოწმებანი:
ბაქრაძე 1880: ბაქრაძე დ. ვახტანგ VI.1880
ბუტკოვი 1869: Бутков П.Г. Матерялы для новой истории Кавказа. 1ч. , СПБ., 1869.
ვაჩნაძე... 2007: ვაჩნაძე მ., ვ. გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. 2007.
ლეონიძე 2004: ლეონიძე გ. სულხან-საბა ორბელიანი. 2004.
მაგაროტო 2008: მაგაროტო ლ. საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1801). 2008.
მიმოწერა...1861: Переписка на иностранных языках Грузынских царей с Российскими государями, от 1659 по 1770 г.. СПБ. 1861.
ნარკვევები...1973: საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV., 1973.
პაიჭაძე 1960: პაიჭაძე გ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIIIს.-ის I მეოთხედი).1960.
პაიჭაძე 1981: პაიჭაძე გ. ვახტანგ VI. 1981
პაპაშვილი 1992: პაპაშვილი მ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი. 1992.
სოიმონოვი 1861: Соймонов Ф. И. Описание Каспийского моря. СПБ., 1763
ტატიშვილი 1959: ტატიშვილი ვლ. ქართველები მოსკოვში.1959.
ჯავახიშვილი 1919: ივანე ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის.1919.
ჯალალიანცი 1902: ესაია ჯალალიანცი, ქართველი მეფის ვახტანგის მოსვლა განჯას „მოგზაური“.1902.
Комментариев нет:
Отправить комментарий