вторник, 23 октября 2018 г.

თეათინელი და კაპუცინელი მისიონერების მოღვაწეობა XVII საუკუნის ქართლში (მ. თამარაშვილი)

წიგნიდან „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“
თავი V
XVII საუკუნის ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა (1600-1640)
ამ საუკუნეშიაც, თუმცა საქართველოს უბედურების მეტი არაფერი უნახავს, კათოლიკობას ახალი და საუკეთესო დრო დაუდგა. ამ საუკუნის პირველ წლებშივე ევროპელ მისიონერებს კვლავ გაეხსნათ გზა საქართველოში შემოსვლისა. შეუწყვეტლივ მოდიოდენ და ჰფენდენ კათოლიკობასთან ერთად ევროპის სწავლა-განათლებასაც. ჩვენ, თუ სრულიად არა, უმეტესი ნაწილი მაინც შევკრიფეთ იმ საბუთებისა, რომელიც შეეხება იმ დროს საქართველოში მისიონერების მოსვლას, მათ შრომას და კათოლიკობის ხელახლავ გავრცელებას. მეტად შორს წაგვიყვანდა შეკრებილი საბუთები ყველა რომ შემოგვეტანა წერილში; ამიტომ მოვიხსენიებთ მარტო იმათ, რომელიც უფრო ყურადსაღებია.
მტერმა საქართველოს მოაშორა ლათინის მისიონერები, მაგრამ ქართველთ მთავრებისა და ერის გულში ვერ ამოხოცა მიდრეკილება და პატივი, რომელიც იმ მისიონერებისათვის ჰქონდათ ძველის დროიდანვე. ზემოდ მოყვანილ საბუთებს გარდა, ქართველების თანაგრძნობას მისიონერთადმი კვლავ გვიმტკიცებს შემდეგი ფაქტებიც.
ალექსანდრე კახეთის მეფემ და მანუჩარ სამცხის ათაბაგმა სპარსეთში რა ნახეს ლათინის მისიონერები, თავიანთ სამეფოში გამოიწვიეს. მაგრამ სხვადასხვა გარემოებისა გამო მისიონერებმა ვერ შეიძლეს მთავრების სურვილის დაკმაყოფილება. 1597 წ. სპარსეთში მოსული პორტუგალელი მისიონერი ანტონიო ამ გარემოებას 1610 წ. ესე აღგვიწერს:
„მანუჩარ ხან მთავარმა, რომელიც ქართველების ერთი სამთავროს პატრონია, ესედ მითხრა ისპაჰანში, დიდათ მოხარული ვიქნები, უკეთუ რამდენიმე თქვენი მღვდელი წამომყვება ჩემს სამეფოში და თუ ერთ მკურნალსაც თან წამოიყვანს უფრო დიდად პატივცემული იქმნებიანო. იმავე დროს პატრი მელიქორი დეზანჟი, მეფის პალატში (სპარსეთში) ყოფნის დროს, დაჰპირდა წაჰყოლოდა ალექსანდრე მეფეს, საქართველოს ერთ მთავართაგანს, მაგრამ ლუდოვიკო პერეირე დელჩერდა, რომელიც (ისპანიიდან) ელჩად იყო სპარსეთს გაგზავნილი, არ დათანხმდა მის წასვლას, რადგან არ უნდოდა მოშორება“.
ესევე მისიონერი მოგვითხრობს, თუ მანუჩარ როგორ ხშირად დაიარებოდა მათ ეკლესიაში და როგორ აღტაცებით ისმენდა მათ წირვა-ლოცვას. 1621 წ. ნეაპოლში ერთი პატარა, მაგრამ შესანიშნავი წიგნაკი დაიბეჭდა ამ სათაურით: „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ პატრი პავლე მარია ფაიანცელი დომინიკიანის მიერ“. იმ რამდენიმე ფურცლიან წიგნაკში ჩამოთვლილია საქართველოს ოთხი-სამეფო, სხვა და სხვი გზა ევროპიდან საქართველოდ შემოსასვლელი, მოკლედ აღწერა მისის შემოსვლისა საქართველოში და ლაპარაკი ქართველებთან. აქ მოვიყვანთ იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს საგანს შეეხება.
„მე ნეტარის რომის პაპის წარმომადგენელი ელჩი აბაზ უძლიერესის სპარსეთის მეფის წინაშე, ვიყავი საქართველოში 1616 წ. ივნისის და ივლისის თვეებში. იქ რაც შევნიშნე შესახებ ქვეყნისა, მცხოვრებთ ბუნებისა, მათი სარწმუნოებისა და მათი კეთილი მომზადებისა მწყემსის (პაპის) უფროსობის აღსაარებლად, აქ მოვიხსენიე ძრიელ მარტივად... „კაცები თეთრი არიან და მშვენიერი სახისა, საკმაოდ პატიოსანი ზნეობა აქვსთ; თათრულად აცვიათ, თითქმის ყველას ტანისამოსი აბრეშუმისა აქვს, რადგან აბრეშუმი ბლომად იშოვება იქ; ძლიერ მკვირცხლი ნიჭი აქვთ და გულ ფიცხელნი არიან. „დედაკაცები ტანმაღალნი და შვენიერი მოყვანილობისანი არიან; ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ ხელით და თან დააქვთ შვილდისარი და ისართსაწყობი.
ქართველები ყველა ქრისტიანენი არიან. ბერძნის ტიბიკონისა, აქვსთ მშვენიერი ეკლესიები, ჩვენებურის მსგავსი; დიდრონი არ არიან და აქვსთ საშუალო ზომის სამრეკლო და ზარები.
მარტო მღვდლებმა და განათლებულმა პირებმა იციან ბერძნული წერა-კითხვა და ენა, თათრულს თითქმის ყველანი ლაპარაკობენ, მაგრამ მათი საკუთარი და ბუნებითი ენა ქართულია, რომელიც, ვგონებ, ძრიელ ადვილათ შეისწავლოს კაცმა. რამდენიმე ასო აქვთ ჩვენებურის ასოების მზგავსი, მათი გამოთქმა, ვგონებ, ცოტათი განსხვავდებოდეს ჩვენებურის გამოთქმისაგან. „ძლიერ დიდი პატივის ცემა აქვთ ჩვენი უნეტარესის რომის პაპისა, რომელსაც აღიარებენ ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ. ამ პატივის დასამტკიცებლად მე ვითარცა პაპის სახელით სპარსეთის მეფესთან რომიდან მოსულ მღვდელს ესეთი მორჩილება გამომიცხადეს: 1) ხელებსა და ფეხებზე მაკოცეს; 2) გულმოდგინედ მთხოვეს კურთხევა თავიანთვის, თავიანთი შვილებისა, მამულისა და საქონლისათვის; 3) ჩემთან აღსარების თქმას ნატრობდენ, მაგრამ არ დავთანხმდი; 4) დიდ პატივად რაცხვიდენ, როცა წავიდოდი მათ ეკლესიაში, სადაც იძულებულ ვიყავი მუდამ ხელი გამეშვირა, რომ ეკოცნათ მღვდლებს, კაცებს და დედა კაცებს; 5) ჩემთვის ალერსის გამოცხადებას ერთმანერთს არ აცდიდენ; 6) სარწმუნოების შესახებ ბევრი საეჭო რამე მკითხეს, რასაც ჩვენში დიდ ყურადდებას არ ვაქცევთ, გაკვირვებით და სარწმუნოებით ისმენდენ ჩემს პასუხს; 7) ზოგიერთი თავიანთი ჩადენილი საქმე გამიმჟღავნეს და როდესაც ჩემგან სცნეს, რომ ცუდათ ექმნათ, მაშინვე სიმდაბლით შენდობა მომთხოვეს და უნდოდათ მათთვის შესაფერი საკანონო მიმეცა; 8) ვამხილე რა ზოგიერთი მათი ცრუ-მორწმუნეობა, შეცთომილება, მაშინვე ადვილად მოიშალეს.
მათმა მღვდლებმა არა ერთხელ მითხრეს მათში გავრცელებული ერთი წინასწარმეტყველება: რომაელი ქრისტიანები, რომლებსაც დიდ ბედნიერად რაცხვენ, უნდა მოვიდენ ჩვენს ქვეყანაშიო. ეს წინასწარმეტყველება მათ წინაპრებს გაულექსავთ და ჩემს წინაშე რამდენიმე გზის იგალობეს. მრავალ გზის მითხრეს, რომ თქვენი მღვდლები ჩვენში რომ მოვიდენ, მაშინვე მივცემთ ეკლესიებს, სახლებს და სხვა ყველაფერსო. უზომო წყალობად ჩასთვლიან, რომ ჩვენ უქადაგოთ და შვილები გაუწვრთნათ. ამ ცოტა გარემოებისაგან შეუძლია კაცმა სცნოს, თუ რა დიდი იმედი უნდა გვქონდეს მათში კათოლიკე სარწმუნოების წარმატებისათვის“.
ეს მოხსენება მოკლეა, მაგრამ ფრიად ყურადსაღებია, რადგან ამტკიცებს უძველესი დროიდან ქართველთა უცვალებელ თანაგრძნობას ლათინთა მოძღვართადმი და ეგრეთვე იმას, რასაც პაპი პავლე მესამე სწერდა ლუარსაბ მეფეს 1545 წ. და რასაც პაპი პიო მეორე 1458 წ. ამბობდა, ესე იგი საქართველოს ერი და მთავარნი პაპას სცნობდენ ყველა ქრისტიანების თავად და აღიარებდენ ქრისტეს მონაცვლედ. ამის მეტი არც კია საჭირო, რომ კაცი ნამდვილ და ერთგულ კათოლიკედ შეირაცხოს. ეგრეთვე ამ მოხსენებიდან სჩანს, რომ, თუმცა იმ დროს საქართველოში არ ყოფილან ლათინის მისიონერები, მაგრამ ერი სულით და გრძნობით კათოლიკე ყოფილა.
მის წინათ, ესე იგი 1613 წ., საქართველოში ყოფილან ორი ლათინის მოძღვარი პატრი გვილელმო, წმიდა აგვისტინეს წესისა და პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი. სამწუხაროდ, იმათი მოსვლის შესახებ განსაკუთრებული ცნობები არა გვაქს. ამას მხოლოდ იხსენიებს დომინიკიანი პატრი გრიგოლ ორსინი თავის მოხსენებაში, რომელიც 1626 წ. წარუდგინა რომაში პროპაგანდას საქართველოს შესახებ. ეს მოხსენებაც საკმაოდ შესანიშნავია და ამიტომ მოგვყავს შემდეგი ნაწილი.
„ქართველთა შორის კათოლიკე სარწმუნოების გავრცელება ძლიერ ადვილ საქმედ მიმაჩნია და აი რატომ: 1) რადგან ადვილად დასაყვავებელი, მორჩილი, უბრალო და კაი მდგომარეობის ხალხი არიან; 2) რადგან სამოციქულო რომის წმინდა საყდარს რამდენიმე გზის მორჩილებისა, გულმხურვალებისა და ერთგულების გრძნობით სავსე წიგნი მოსწერეს; 3) ესევე გულ-მხურვალება სამოციქულო საყდრისადმი გავლილ წლებში, ესე იგი 1613 წ. კახეთის მეფე თეიმურაზმა და სხვა ქართველმა თავადებმა დაუმტკიცეს პორტუგალელს პატივცემულ პატრი გვილელმოს3 წმიდა აგვისტინეს წესისას და კატალანიელს პატრი ივანე თადეოზს კარმელიტანს, რომელიც დღესაც ცოცხალია. ორთავეს იქ ეკლესიები და ადგილები მისცეს საცხოვრებლად. ხსენებულმა თავადებმა იმ პატრებს სთხოვეს საიდუმლოების მიღება, მათთან აღსარება სთქვეს და ეზიარნენ მათისავე ხელით. ესეთ საქართველოში აღასრულეს ყველა წესი და ტიბიკონი კათოლიკე სარწმუნოებისა, თუმცა ხსენებულმა მონაზონებმა იქ ვერ დაამყარეს თავიანთი სახლი და ეკლესია აბაზ სპარსეთის მეფის მიერ ატეხილი სამწუხარო ომის მიზეზით, რადგან მათი იქ მოსვლის ცოტა ხნის შემდგომ მოხდა ომი და აბაზმა ბევრი ქართველთაგანი დაატყვევა, გადაასახლა და იქაურობა ერთიან მოაოხრა, რაის გამო თეიმურაზ მეფე თავის თავად-აზნაურებიანათ ივლტოდა; 4) კათოლიკე სარწმუნოების ადვილად გავრცელება მით უფრო დასაჯერებელია, რომ ქართველები მეტად ღვთის მოშიშნი არიან, სარწმუნოების ერთგულნი მსახურნი, მოსავნი ღვთის მშობლისა, მთავარ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და სხვა წმიდათა, მეტადრე წმიდა გიორგისა, რომელსაც განსაკუთრებით თაყვანს სცემენ... მთელ მსოფლიოში, სადაცკი სარწმუნოების გავრცელება საჭიროა, ხსენებული ქართველების ქვეყანა პირველი უნდა იყოს, ამიტომ მე ყველაზედ უმცირეს სამოციქულო მისიონერთაგანი სიმდაბლით და დიდის თხოვნით ვავედრებ მას თქვენს უწმიდეს უფალს პაპს ურბანო მერვეს და პრაპაგანდას, რადგან ქართველი ერი დიდათ ღირსია სამოციქულო საყდრის მადლისა და წყალობისა... ზემოხსენბული მიზეზების გამო, ესე იგი, რომ დიდი პატივი აქვთ პეტრესი და პავლესი, რომისა და რომის პაპისა“.
ესეც ცხადად და ერთ პირად ამტკიცებს ქართველების კათოლიკობისადმი მიდრეკილებას და იმათი ერთის ნაწილის კათოლიკობასაც, რადგანაც კათოლიკე მღვდლებისაგან საიდუმლო მიუღიათ და იმ მღვდლებსაც ყველა საიდუმლო და კათოლიკე წესები შეუსრულებიათ. ამის ასრულება შეუძლებელი იქმნებოდა, ერი კათოლიკე რომ არ ყოფილიყო. ქართველების ერთგულება და გულმხურვალება კათოლიკე სარწმუნოებისადმი ძლიერი რომ არ ყოფილიყო, ესე სხვა და სხვა დროს მრავალნი პირნი არ მოიხსენიებდენ მათ იმნაირის ქებით და თანაგრძნობით. იმავე დომინიკიანელმა გრიგორ ორსინმა ეგრეთვე აღწერა სპარსელებისგან საქართველოს აოხრება და ქეთევან დედოფლის წამება, რადგან იმ დროებში, ესე იგი 1624 წ. ორსინი სპარსეთში იყო.4
იმ ხანებში, როგორც ცოტა ქვემოდ ვნახავთ პროპაგანდის წერილიდან, ერთი დომინიკიანი ანჯელო ჩითადინელიც ყოფილა საქართველოში, მაგრამ დაბეჯითებით არ ვიცით, თუ რომელ წელში. ეს კია რომ 1625 წელზედ უწინ უნდა ყოფილიყო. იმისი წარდგენილი მოხსენება ვერ ვიპოვეთ. გარნა ქვემო წერილიდან სჩანს, იმასაც, მსგავსად ზემოდ დასახელებული მისიონერებისა, პროპაგანდისათვის მოუხსენებია, რომ ქართველებს დიდად უყვარსთ რომის ეკლესიაო.
სახელოვანი მგზავრი, რომაელი პატრიციო პეტრე დელლა ვალლე ამბობს, რომ ზემოხსენებული პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი შაჰ-აბაზმა გაუგზავნა თეიმურაზს, რათა მისი პირველი ცოლის სიკვდილის გამო ნუგეში ეცა და მიესამძიმრებინაო. ესევე მგზავრი დასძენს, რომ მეფემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა და ქართველმა თავადებმა ის პატრი მიიღეს დიდის პატივით იმიტომ კი არა, რომ შაჰის გამოგზავნილი იყო, არამედ უფრო იმიტომ, რომ კათოლიკე მღვდელი იყოო; რის გამოც თავიანთ ეკლესიაში აწირვინეს, ეკლესია და სახლიც მისცეს, რათა მათთან დარჩენილიყოო.
ჩვენს მწერლობაში საკმაოდ ცნობილია ქართველების ნამდვილი და ერთგული მეგობარი პეტრე დელლა ვალლე, რომელმაც ესდენი თანაგრძნობა და შემწეობა აღმოუჩინა სპარსეთში ტყვედ წაყვანილ ქართველებს და განსაკუთრებით ანუგეშა დატყვევებული ქეთევან დედოფალი. იმან რაც ნახა და გაიგონა საქართველოსა და მისი გაჭირვებულის ერისა, თითქმის ყველა აღწერა თავისი მგზავრობის წიგნში, მეტადრე თავის მოხსენებაში, რომელიც 1625 წ. წარუდგინა პაპს ურბანო მერვეს საქართველოს შესახებ. იმან თავის წერილებში არაერთგზის აღნიშნა ქართველების მიდრეკილება კათოლიკობისადმი, მათი სიყვარული, პატივისცემა და გულმხურვალება რომის პაპისადმი. იმანვე სთქვა, რომ ცხადად არა სჩანს, ქართველებიც ბერძნებსავით გაშორდნენ თუ არა კათოლიკე სარწმუნოებასაო. სხვა მისიონერებთან ერთად ისიც მოწმობს, რომ ბოლო დროებში ქეთევან დედოფალს კარმელიტანების წესის პატრები ეწეოდნენ სულიერად და მათი ჩაგონებით გამხნევებული კათოლიკედ აღესრულაო. ვრცლად მოგვითხრობს, სპარსეთში ქრისტიანედ დარჩენილი ქართველები როგორ ერთგულად მისდევენ კათოლიკე სარწმუნოებას და რომ იმ ქართველებს ხშირად თვითვე ნათლიად უდგებოდა; მოგვითხრობს ეგრეთვე, როგორ ხშირად დაიარებოდენ პატრების წირვაზე, სხვათაშორის, ბატონი მერაბ, რომელიც სიმონ მეფეს სიკვდილამდე ტყვეობაში ახლდა, მისი ვაჟი ბატონი ვახტანგ და მისი ძმისწულები ბატონი ბეჟან და ავთანდილ და სხვები...
ერთის სიტყვით, დელლა ვალლემ დიდად შეაბრალა ურბანო პაპს საქართველო და მისი ერი; მათი ერთგულების გარდა, ისიც მოახსენა, რომ ქართველები მუდამ ებრძვიან ქრისტიანობის ყოვლად ძლიერ მტრებს სპარსელებს და ოსმალებს სარწმუნოების დაცვისათვის; მტრებს არა ერთხელ ამოუწყვიტეს ერთიანად მხედრობაო, ამიტომ რომის ეკლესია დიდად დავალებულია ქართველებისაგან, რომელნიც ღირსნი არიან, სარწმუნოებრივი დახმარების გარდა სხვა შემწეობაც აღმოუჩინოთ და სხ...
ქართველების გულკეთილობამ, უბრალოებამ და მათმა სიყვარულმა კათოლიკობისადმი დელლა ვალლე იმ ზომამდე მიიზიდა, რომ თავისი პირველი ცოლის სიკვდილის შემდგომ, მეორე ცოლად შეირთო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალი, თინათინ წიბა (di ziba), სპარსეთში დედასთან ერთად ტყვედ წაყვანილი, იქვე დაობლებული და თავისისავე დახსნილი. დელლა ვალლემ სახელი შეუცვალა და მარიუჩა დაარქვა თინათინს, რომელიც თურმე დიდად უყვარდა ქეთევან დედოფალს.
ზემოთ დასახელებული დომინიკიანი პატრების მოხსენებამ და პეტრე დელლა ვალლეს მოთხრობამ ისე იმოქმედა რომის პაპსა და კარდინალებზე, რომ მალე მიაქციეს საქართველოს ყურადღება, შეუდგნენ თათბირს და გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ მისიონერები გაეგზავნათ. პაპის ბრძანებით, პროპაგანდის კარდინალებმა 1626 წ. მაისის ოთხს, გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მისიონი მიენდოთ თეათინის წესის მონაზონებისათვის, რომლებისგანაც ხუთი დანიშნეს აქ წამოსასვლელად. გარნა დელლა ვალლემ კარდინალებს არ ურჩია პირველადვე ხუთის მონაზონის ერთად გაგზავნა შიშის გამო ოსმალებისა, რომლებიც მკაცრად ადევნებდენ თვალ-ყურს მისიონერებს და ადვილად არავის უშვებდენ აქეთ. იმისი რჩევის თანახმად კარდინალებმა დაადგინეს ხუთის მაგიერ სამი მონაზონის გამოგზავნა, პეტრე ავიტაბილეს წინამძღვრობით. ეს გადაწყვეტილება პრაპაგანდამ აცნობა პეტრე ავიტაბილეს შემდეგის წერილით:
„მათ ღირსებას პეტრე ავიტაბილეს, თეათინელების მონაზონს.
პროპაგინდის კრებამ, 4 მაისისამ, განიხილა თქვენი წერილი და გამოიძია თქვენი ამხანაგების ვინაობა, აგრეთვე მიიღო თქვენი უფროსი ჯენარლისაგან კაი მოწმობა თქვენის და თქვენის ამხანაგების ნიჭიერებისა და კარგის თვისების შესახებ. ამიტომ ბატონმა კარდინალებმა გადაწყვიტეს თქვენის ამხანაგებითურთ გაგგზავნონ ქართველებთან, რომელთა შესახებ ბ. პეტრე დელლა ვალლემ ბევრი რამ მოგვითხრო, მეტადრე გვაუწყა, რომ კარგად მომზადებულნი არიან წმიდა სამოციქულო საყდართან შესაერთებლადო. აწ შეგიძლიათ თქვენის ამხანაგებითურთ წასასვლელად მოემზადოთ ლოცვითა და თავგანწირულებით წმიდა მისიონისათვის; შეგიძლიათ მათაც უჩვენოთ ამ წერილის ერთი პირი. როცა აქ მოხვალთ, თანახმად თქვენი უფროსის ბრძანებისა, რომელსაც აქამდე მიიღებდით კიდეც, ხსენებული პეტრეც მოგცემთ შესაფერს და საჭირო დარიგებას. ჩვენც მოგცემთ თავის გასაცნობელ წიგნს, ყველა საჭირო უფლებას და ნივთებს და მაშინვე გაგისტუმრებთ ხსენებულის მისიონისათვის. ღმერთსა ვთხოვ, გაკურთხოს და გარდმოგივლინოს თავისი წმიდა მადლი. რომით, 9 მაისისა, 1626 წ.“.
პატრებს პეტრე დელლა ვალლემ ყოველი საჭირო დარიგება ვისცა მომავალის მგზავრობისათვის თუ ოსმალეთსა და თუ საქართველოში. ეგრეთვე პროპაგანდამ, საჭირო ნივთების გარდა, მისცა მათ 11 სხვადასხვა სასულიერო უფლება და პრივილეგია, რათა დიდის სიადვილით და ნაყოფიერად აღესრულებინათ თავიანთი მისიონი საქართველოში. ესედ მომზადებულნი იმავე, წელს ივლისის 23 დღესა წამოვიდენ რომიდან საქართველოსკენ და თან წამოიღეს პაპის ოთხი წერილი საქართველოს ოთხ მეფესთან, ესე იგი, გურიელთან, დადიანთან, იმერეთის მეფესთან და თეიმურაზთან, რათა კარგად მიეღოთ ის მონაზონები და ნება მიეცათ საქართველოში კათოლიკე სარწმუნოების ქადაგებისა. პროპაგანდამაც იმათ ერთი წიგნი გაატანა დასავლეთის საქართველოს მიტროპოლიტთან. აქ მოვიყვანთ იმას და თეიმურაზთან მოწერილ წიგნსა. ხოლო დანარჩენებს მოვიყვანთ ყველას თავის შესაფერ ადგილს.
„დასავლეთის5 ქართველთა მიტროპოლიტს
თქვენო ყოვლად ბრწყინვალე უსამღვდელოესობავ.
პროპაგანდის კრების ბატონმა კარდინალებმა სხვა და სხვა მოხსებიდან და ამ ბოლო დროს წერილიდან, რაც წარმოადგინა დომინიკიანე ანჯელო ჩითადინელმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, მანდ იყო, სცნეს დიდი სიყვარული ქართველთ ერისა რომის წმიდა ეკლესიისა და სამოციქულო საყდრისადმი, რომელზედაც სჯდა მთავარ მოციქული დიდებული პეტრე და განსაკუთრებული ერთგულება, რომელიც აქვთ რომში დასვენებულის იმავ წმიდა პეტრესა და პავლეს ნაწილებისადმი. რადგანაც კარდინალებსა სურთ ამ სიყვარულისათვის ქართველთ ერს მიაგონ სამსახური, როგორათაც იმავე ერს მიაგეს ნეტარ ხსენებულმა რომის მღვდელთ მთავრებმა პიო მეორემ და პავლე მესამემ, ამიტომ გადაწყვიტეს გამოგზავნონ სამი მღვდელი პატრი პეტრე ავიტაბილე, პატრი ფრანჩისკე აპრილი და პატრი იაკობ სტეფანო, რათა მოვიდენ, ნახონ თქვენი მეუფება, ვითარცა სასულიერო მთავარი მაგავე ერისა და გაგიზიარონ სხვა და სხვა განზრახვა მოქმედებისა თქვენის ერის და თქვენის სულის ცხონებისათვის. ხოლო უკეთუ თქვენთვის სათნო საყოფელი იქმნეს ამ აზრით მათი ნახვა, მოუსმინეთ და ერწმუნეთ ყველაფერში, რაც კი მოგახსენოსთ ბატონი კარდინალების მხრივ. გარდა ამისა თქვენს მფარველობას ავედრებენ ხსენებულ მღვდლებს და დიდათ გთხოვენ, რამდენათაც შესაძლებელია, ადვილად მოუპოვოთ სადგომი სახლი და ეკლესია, რათა შეიძლონ წირვა-ლოცვა და ყოველი სულიერის მსახურების ასრულება, რაც კი შეეხება სულის ცხონებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რაც სიკეთეს ხსენებულ მღვდლებს მიაგებთ, კარდინალები ისე ჩასთვლიან, ვითომც იმათთვის მიგეგოსთ და მზათ იქმნებიან, როცაკი საჭირო იქმნება, თქვენს მეუფებას სამსახური გაუწიონ. ღმერთს სთხოვენ თქვენთვის ყოველ გვარს ბედნიერებას. რომიდან, 20 ივნისს, 1626 წ.“.
წერილებიდან არა სჩანს, ამის პასუხი მიიღეს თუ არა. მოგვყავს ურბანოს პირველი წერილი თეიმურაზთან.
„პაპი ურბანო მერვე, თეიმურაზს, კახეთის მეფეს.
კეთილშობილო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი.
საქართველო, ეგრეთ უხვი თვალუწვდენის ტყეებით და დამშვენებულის ჭირნახულით, მალე მოირწყვის დაუშრეტელი წყაროს წყლით, უკეთუ გამოიღო ნაყოფი, რომელსაც ევროპა და რომი მოელის. ჩვენ გვწამს მომავალი მისი ბედნიერება. გიგზავნით ღვთიურ მეცნიერებაში განსწავლულ მღვდლებს, რომლებიც სხვას არას ნატრობენ, თუ არა ერის გაბედნიერებას. უკეთუ ესენი თქვენს ქვეყანაში დაადგინეთ, თქვენი მამობრივი მფარველობა არ მოაკელით და თუ თქვენმა ერმაც გულმოდგინებით მოუსმინა მათ სიყვარულით სავსე სიტყვები, მაშინ ჩვენთა მეფეთა საპატიო და ეგოდენთა გვართა სამკვიდრებელი რომის ქალაქი დიდად და უზომოდ დავალებულ იქნება თქვენგან. იტალიისათვის დიდად სასიქადულოა, რომ კახეთის მეფემ მოუსმინოს რჩევა მღვდლებს, რომელთაც უნდათ განამზადონ გზანი უფლისანი და წრფელჰყონ ალაგნი მისნი. როგორა გგონიათ, კეთილშობილო მეფევ? განა ცოტა რამეა ის სიკეთე, რასაც ჩვენი მღვდლები თქვენის დიდებულებისაგან მოელიან, ეგრეთვე რომის ქება და უმაღლესის მწყემსის მომადლიერება? უკეთუ თქვენი უმაღლესი ნიჭი ნატრობ დიდებას, ცხადია, არაფერს დაზოგავთ, რათა თქვენი სახელი იქოს და იდიდოს ქრისტიანების დედა ქალაქსა და ყველა ტომთა საერთო სამშობლოში. რადგან თქვენის სამსახურით, რომელსაც მოგვაგებთ, ღირსი შეიქმნებით ყოოლის მპყრობელის განსაკუთრებულის მფარველობისა, იმ ყოვლის მპყრობელისა, რომელიც თავისად რაცხს ყველა სამსახურს, რასაც კი მიაგებენ უცხოთა და გლახაკთა, ეგრეთვე ჩვენც დაუცხრომელად ვილოცავთ უფლის მიმართ, რათა გაგიღოს ზეცის კარი, გიწინამძღვროს თავისი სჯულის გზით და შემდგომ მოგაგოს უკვდავების და გამარჯვების სუფევა. თქვენი ერიც დიდად კმაყოფილი დარჩება ამ მღვდლებისგან, რადგან ესენი ევროპიდან აზიას იმიტომ კი არ მოდიან, სიმდიდრე, ან შეძლება რამ შეიძინონ, არამედ მათი მიზანი და ნატვრა მარტო ერის ბედნიერება და მეფეთათვის დიდების შეძენაა. ოჰ! რამდენათ ბედნიერ შეიქმნებით, უკეთუ ეცდებით, რომ თქვენმა ქვეშევრდომმა ერმა მოისმინოს მათი სასარგებლო მოძღვრება, რომელიც ამოღებული აქვთ ქრისტეს მკერდიდან, და რომელსაც შეუძლია კაცი ანგელოზად აქციოს და ქვეყანა სასუფევლად შესცვალოს. რომამდე მოაწია ყველა თქვენის უბედურების ამბავმა და მასთანვე მოგვითხრეს საოცარი და შეუდრეკელი სიმხნე, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ.
ეგრეთვე ვუწყით, თუ რამდენი სიმტკიცე სარწმუნოებისა გამოიჩინა დედა თქვენმა, რომელმაც ქრისტიანობაზე ხელის აღებას თავისი სამეფოს დაკარგვა და სიკვდილი არჩია. მაშ, ეგოდნათ განთქმულის დედის შვილო და ეგოდენთა განსაცდელთა მძლეველო, მოუსმინეთ ჩვენს მღვდლებს ყოველი რჩევა, რომელსაც მოგახსენებენ სარწმუნოების სახელით და რომელიც შეიქმნება მშვენიერი სამკაული თქვენის განუდრეკელი მხნეობისა. ხოლო ჩვენის სამოციქულო კრებულით ჩვენც დიდათ აღვამაღლებთ თქვენს სახელს და ვევედრებით ღმერთს, რომ მოსცეს მხნეობა და ძლევა მოსილება თქვენს მხედრობას, რათა გამარჯვებული ქვეყნიერს მტრებზე, გვირგვინოსანი წარსდგეთ საუკუნო ბედნიერების მამულში. რომიდან, 4 ივლისს, 1626 წ.“.
აი ესეთი თავის გასაცნობელის წიგნით აღჭურვილნი გაუდგნენ გზას ის სამი მისიონერი, მოვიდენ მესინას და იქ თავიანთი ძნელი მგზავრობის სამზადისს შეუდგნენ. მესინაში სამგზავროდ მზადებასა და ხომალდის ცდაში რომ იყვნენ, მოულოდნელად მოვიდა თეიმურაზ მეფის ელჩი, რომელიც გაეგზანა პაპთან, ისპანიის და ევროპის სხვა მთავრებთან, რათა შემწეობა ეთხოვა სპარსეთის წინააღმდეგ. ქართველთა ელჩის მოსვლამ დიდად განახარა სამი მისიონერი და დანარჩენი იქ მყოფნი მათის წესის მღვდლები, რომლებიც დიდის პატივით მოეპყრნენ და მიაგეს ყოველნაირი სამსახური, რაც კი შესაძლებელი იყო. სანამ თეათინელების მგზავრობის ამბავს განვაგრძობდეთ, საჭიროდა ვთვლით იმ ქართველის ელჩისა ვთქვათ ცოტა რამ. თეათინელი წესის ისტორიკოსები იმ ქართველთა ელჩისას მოგვითხრობენ შემდეგ ამბავს. იგი იყო წმიდა ბასილის წესის მონაზონი, ნიკიფორე ერბახი, ანუ ერბაჩო (საქართველოში ნიკოლოზ ბერად წოდებული) და ახლდა თან ორი თავისის წესის მონაზონი (ცხადია, ქართველები) და ერთიც მოენე. თუმცა ბევრი თანმხლებელი არა ჰყავდა, მაგრამ მისი ღირსეული ქცევა ცხადყოფდა მის დიდებულობას, განკრძალულებას და პატიოსნებას და თავის მონაზონებრივის ცხოვრებით ყველას თავს აყვარებდა. თავის მამისას ამბობდა, რომ ერთი უპირველესი თავადთაგანი და საქართველოს ჯარის უფროსი იყოო, მრავალ გზის დაუმარცხებია სპარსელები და სხვათა შორის, ერთხელ 20000 ქართველით ამოუწყვეტია 90000 კაცი სპარსელების ჯარისა. ევროპაში ამის წასვლის დროს, საქართველოს ჯარის უფროსად ყოფილა მისივე ბიძაშვილი, რომელიც არა ნაკლებ მხნეობას იჩენდა ომში. სამწუხაროდ, იმ პირების საკუთარი სახელი მოხსენებული არ არის. ხოლო ნიკიფორეს ძმისწულს (ანუ დის წულს) რქმევია ზურაბ ერისთავი ყარაყალხანისა (Caracalcan). ელჩს დიდად გაეხარდა, რა სცნო, სამი მისიონერი პაპის წერილითურთ მიდიოდა მეფე თეიმურაზთან.
თეათინელებმა ნიკიფორე გაისტუმრეს ნეაპოლს, საცა მიიღეს იგი დიდის პატივით მათისავე წესის მღვდლებმა. ნეაპოლიდან ქართველთ ელჩი პირდაპირ მადრიდს წავიდა, რათა ისპანიის მეფე აღეძრა სპარსეთთან საომრად. გარნა მის ელჩობას მადრიდში პირველად დიდი ყურადღება არ მიაქციეს, რაის გამო ნიკიფორე იძულებული გახდა, ქალაქის ერთ საზოგადო სასტუმროში დამდგარიყო. მაგრამ მალე მისმა ნეაპოლში ნაცნობმა თიათინელმა ბერებმა მადრიდს თავიანთი წესის მღვდელს მისწერეს ნიკიფორეს ვინაობა და ამ სახედ, მისი საშუალებით, იგი გააცნეს ისპანიის მთავრობას. უკანასკნელი რა დარწმუნდა, ნიკიფორე მართლა ელჩი იყო, საჩქაროდ დიდის ამბით წააყვანინა საზოგადო სასტუმროდან და დააბინავა ერთს სახელმწიფო პალატში, სადაც მის ღირსებას შესაფერად მოეპყრო; იქიდგანაც რომას დიდის დიდებით გამოისტუმრა.
თუმცა ნიკიფორე ისპანიის მთავრობისგან კმაყოფილი გამობრუნდა მაგრამ არა სჩანს, თუ რა შემწეობა აღმოუჩინეს. ის კი ცხადია, რომ მისი თხოვნა სპარსეთის მიმართ ომის გამოცხადებისათვის ადვილი ასასრულებელი არ იყო, რადგან იმ დროს ევროპის მთავრები სპარსეთს მეგობრულად ეპყრობოდენ, რათა მასაც ევროპელებთან ერთად ებრძოლა ოსმალეთის წინაღმდეგ.
ნიკიფორე, ანუ ნიკოლოზ რომას ჩავიდა თუ არა, დიდის პატივით მიიღეს, რადგან ისპანიაში მყოფის პაპის ნუნციოსგან შეიტყეს, რომ ისპანიის მეფეს იგი მიეღო, როგორც ქართველი მეფის ელჩი. ხოლო პაპმა ის მაშინ მიიღო, როდესაც კათოლიკე სარწმუნოება აღიარა. ნიკოლოზმა პაპს მიართვა თეიმურაზ მეფის წერილი, რომელიც დიდად ყურადსაღებია, რადგან ამ წერილით მეფე აღიარებს თავისს სარწმუნოებას, პაპს ქრისტიანების მამად და მთავრად სცნობს და ჰპირდება ყველა ნაირს მორჩილებას და პატივს.
აი მისი წერილი:
„რომის დიდს მწყემსსა.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. აღვიარებთ და თაყვანს ვცემთ იმავე ერთარსებას, ერთს ღვთაებას და ერთს სუფევასა. სიხარულით სავსე მოგმართავთ და ვისწრაფვით თქვენის სიწმინდისადმი, რადგან სარწმუნოება და სწავლა-მოძღვრება, რომელიც მოციქულებმა ასწავეს, განუხრწნელად დავიცავით და ეგრეთვე კვლავ აღვედით ჩვენს ივერიის სამეფო ტახტზე. აღმოსავლეთიდან გწერთ რომს, საიდანაც, როგორც მზე, დიდად ბრწინავთ და ანათებთ მთელს ქვეყანას და, ვითარცა ქერაბიმი და სერაბიმი, სჭვრეტთ ყოვლად წმიდა სამებასა, ეგრეთვე ჰფენთ სოფლად ნათელს, რომელსაც ღვთის მიერ ღებულობთ: თქვენ ხართ პატივი ქრისტესი და საფუძველი სარწმუნოებისა, რაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ჰგადაგეს, თქვენ ყოველივე უწყით. პეტრემ განასწავლა სოფელი და განაბრწყინა. ესევე ვალდებულება გაძევთ თქვენ აღჭურვილი ერთისა და იმავე ძალითა თქვენ ხართ ყველაზე უდიდესი და უმეტესად ამაღლებული მწყემსი. ამ წერილით მოკრძალულნი წარვსდგებით თქვენს წინაშე და რიდითა და მისალმებით ვემთხვევით თქვენს მოციქულებრივ ფეხთა, ვინაიდან ყველას უკვდავების წყალს ასმევთ საუკუნო ცხოვრებისათვის. ვითხოვ თქვენგან კურთხევას და ცოდვების შენდობას, რადგან თქვენ ხართ სვეტი სარწმუნოებისა, მთავარი მთელი ქვეყნისა და უპირველესი საყდარი ყოველთა. დარწმუნებული ვართ, რაც უნდა გთხოვოთ, ყოველსავე სიამოვნებით მოგვანიჭებთ. ღვთის შეწევნით და თქვენის უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით მივიღეთ მეფობა. აწ გთხოვთ, თქვენი ბრძანებით დაგვამტკიცოთ. ჩვენც ჩვენის მხრივ გპირდებით მორჩილებას და პატივისცემას. ოსმალებთან და სპარსელებთან მუდამ უთანხმოება გვაქვს და ხშირადაც ჩხუბი მოგვდის მათთან. მაგრამ ღვთის შეწევნით არცერთ მათგანს დავემორჩილეთ. მხოლოდ თქვენი ქვეშევრდომნი ვართ, რაც გნებავთ, გვიბრძანეთ და ყველაფერს აღვასრულებთ. როგორათაც ღმერთი მამაა ყველა არსთა, მსგავსათვე თქვენც ხართ მამა ყოველთა მორწმუნეთა. თქვენის შუამდგომლობით მსურს დაკავშირება ისპანიის მეფესთან. ამის შესახებ მას მივწერეთ. ამიტომ გევედრებით და გთხოვთ, თქვენც ეცადოთ, რათა იგი დათანხმდეს. მღვდელი ნიკიფორე მოგართმევთ ამ წერილს, რომელიც აღვწერეთ ძლიერ მარტივად. აწ ჩვენი უდიდესი ნატვრა ეს არის, რომ შევიქმნეთ სათნო საყოფელი თქვენის უწმიდესობისა. თქვენ ხართ პირველი საყდარი და გაქვთ უსაზღვრო ხელმწიფება. გვიბრძანეთ და ყველაფერში დაგემორჩილებით. ქართლიდან, 20 ნოემბერს, 1622 წ.“.
ეს წიგნი ქართულად დაწერილი მიუტანია ნიკიფორეს რომს და იქ უთარგმნიათ ლათინურად. ჩვენ ბევრი ვეძებეთ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიპოვეთ ქართული დედანი.
თეიმურაზ მეფის მხრივ ამაზე უკეთესი წერილის მიწერა და პაპისადმი უკეთესად გამოცხადება თვისთა კათოლიკე გრძნობათა, რიდისა, პატივისა, მორჩილებისა და სიყვარულისა, აღარ შეიძლებოდა. ეს წერილიც ცხადად ამტკიცებს იმას, რომ, როგორც ზემოდ ვთქვით, ქართველი ერი სულით და გულით კათოლიკე იყო, თვით იმ დროსაც, როდესაც საქართველოში ლათინის მისიონერები აღარ მოიპოვებოდენ.
აქ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ წერილის სინამდვილე საეჭვოდ შექმნა ერთმა გარემოებამ: თეიმურაზს შემდეგ უარი უყვია, პაპთან წიგნი არ მიმიწერიაო. ამ ამბავს თეათინელი მისიონერი ლამბერტი ესე აღგვიწერს: „შეიძლება კაცმა იჭვი შეიტანოს, რომ ნამდვილი მისი დაწერილი იყოს, რადგან როდესაც ჩვენ მივედით საქართველოში და გადავეცით პაპის წიგნები, მან ცხადად უარჰყო, პაპისათვის არასოდეს მიმიწერია წიგნიო. ცხადია, იმიტომ სთქვა, რომ ვერ გაბედა ამნაირი თავისი საქციელი გაემართლებინა საზოგადოების წინაშე, შეეშინდა შეურაცხყოფისა ბერძნების მხრივ, რომლებიც იმ დროს მასთან იყვნენ, ვინაიდან ბერძნებს დიდად სძულთ პაპის მიმართ მორჩილება. ეს აზრი მე მტკიცედ მიმაჩნია და ვერ დავიჯერებ, ნიკიფორეს ის წიგნი გაეყალბებინოს, რადგან მასთან ათი წლის განმავლობაში დაახლოვებული ვიყავ და დავრწმუნდი, რომ იგი იყო გულწირფელი, წყნარი თავის საქმეში და ყოვლად მტკიცე რომის მღვდელთმთავრისადმი პატივისცემაში“.
ნიკოლოზ რომში ერთ წელიწადზე მეტი დარჩა. მიზეზი ხანდაზმულობისა ის იყო, რომ მას თეიმურაზის მეფის წერილის გარდა, სხვა არაფერი მოწმობა ჰქონდა, რომელსაც უეჭველ ეყო მისი ელჩობა. რომში დიდი პატივისცემით მიიღეს, მაგრამ მის თხოვნას პირველშივე ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს. ამიტომ ვენეციაში მისწერეს იქ მიმსვლელის მგზავრებისგან რამე შეეტყოთ მისი ვინაობისა. ჯულფელმა (სპარსეთშია) ვაჭრებმა, თეიმურაზის ამბავი, რაც კი შეეტყოთ, მიუთხრეს, მაგრამ ნიკიფორესი კი არაფერი იცოდენ. მისი რომაში დიდხანს დარჩენა უნაყოფო როდი ყოფილა. გარდა იმ საქმისა, რისთვისაც იყო მოსული, დიდად ხელი შეუწყო შედგენას ქართულ-იტალიურის ლექსიკონისას, რომელიც დაიბეჭდა რომში 1629 წ. საკმაოდ შეისწავლა იტალიური6 და მასთანვე ცოტა ქართულიც ასწავლა სტეფანე პაოლინას, რომელმაც ნიკიფორესთან ერთად შრომა მიიღო იმ ლექსიკონის გამოცემისათვის. ნიკიფორემ დიდი მონაწილეობა მიიღო აგრეთვე რომში ქართულის სტამბის დაარსების საქმეში. პაპს და კარდინალებს კარგად გააცნო საქართველო და მიუთხრა თეიმურაზ მეფის თავგადასავალი. ვაპირებთ ამ საგანზე მისი ნალაპარაკევი თეიმურაზის სხვა ამბებთან ერთად ცალკე წერილში მოვიყვანოთ. რომში ნიკიფორემ თეიმურაზი გააცნო თეოფილეს სახელით, ეგრეთვე პირადათაც განუმარტა და განუმეორა პაპს ყოველივე, რასაც თეიმურაზ წერილით თხოულობდა, ესე იგი; 1. რომ კანონიერად ეცნო და დაემტკიცებინა თეიმურაზ ივერიის მეფედ; 2. მეფისათვის წერილი მიეწერა, ახსნა ებოძებინა და მიეღო იგი რომის ეკლესიის შვილად; 3. მიეწერა ისპანიის მეფისათვის და ეცნობებინა, რომ თეიმურაზ შეიქმნა პაპის ერთგულ შვილად და მისი თავი შეევედრებინა მისთვის; 4. ეგრეთვე თავის გასაცნობელი წერილი მიეწერა ნეაპოლისა და პოლონეთის მეფეთათვის. რადგან მათ ქვეყნებზე უნდა გაევლო ნიკიფორეს საქართველოში დაბრუნების დროს. მასთანვე ნიკიფორემ წერილით წარადგინა მოხსენება იმის შესახებ, თუ ქართველთ ერი რა სარწმუნოებას აღიარებდა. 20 ივნისს 1628 წ. გამოიძია პროპაგანდის კრებამ, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, და ერთპირად დაადგინა, ქართველები ძლიერ ცოტათი განსხვავდებიან კათოლიკე სარწმუნოებისგანო.
იმავე დროს საჭიროდ დაინახა ნიკიფორემ, ევროპის სხვა სამთავროებიც დაევლო და საქართველო გაეცნო მათთვის. პაპს სთხოვა იქაურ მთავრებთან თავის გასაცნობელი წიგნები. პაპმაც ადვილად მისცა წერილები შემდეგ მთავრებთან: ისპანიის მეფესთან, ნეაპოლის მეფის მაგიერთან, ფლორენციის დუკასთან, უნგრეთის და ბოჰემიის მეფესთან, პოლონეთის და შვეიცის მეფესთან და ეგრეთვე საფრანგეთის მეფესთან. გარდა ამისა, პაპმა მისწერა იმ მთავრებთან მყოფ თავის ნუნციებს, ნიკიფორე წარედგინათ მთავრებთან, ვითარცა საქართველოს მეფის ელჩი. რადგან იმ ექვს მეფესთან ნიკიფორეს შესახებ მიწერილი წერილები პაპისა ბევრად არ განირჩევა ერთმანერთში, ამიტომ მარტო ერთს მოვიყვანთ აქ ნიმუშად.
„ქრისტესმიერ ჩვენს ფრიად საყვარელს შვილს ისპანიის კათოლიკე მეფეს ფილიპეს, პაპი ურბანო VIII.
ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. ჩვენი საყვარელი შვილი ნიკიფორე ერბახი, წმიდა ბასილის წესის მონაზონი, საქართველოს მეფის ელჩი, როგორც თქვენის წერილიდან მტკიცდება, ღირსია ქრისტიანე მეფეთა მფარველობისა. როდესაც რომში იყო საქართველოს მეფისა და სარწმუნოების საქმის გამო, რამდენათაც შემეძლო, მწყემსებრივი მზრუნველობა და მამობრივი სიყვარული გამოვუცხადეთ. ახლა ბრუნდება თავისს ქვეყანაში და ჩვენ ჩვენის მოციქულებრივი წერილით ვავედრებთ ყველა მთავრებს, რომლების პროვინციებშიაც უნდა გაიაროს. ჩვენ არ ვინებეთ აქიდან ისე გაგვესტუმრებინა, რომ ჩვენი მღვდელთმთავრული გულკეთილიბა არ გამოგვეცხადებინა ამ პირისათვის, რომელსაც თქვენმა დიდებულებამ მოუწონა და ურჩია ეს კეთილი და დიდი მგზავრობა. რომიდან. 18 ნოემბერს 1628, მღვდელთ მთავრობის მეექვსე წელსა“.
რომიდან წასვლის დროს, პროპაგანდამ ნიკიფორეს გადასცა პაპის წიგნი თეიმურაზთან შემდეგი წერილითურთ:
„ნიკოლოზ ერბახს, წმიდა ბასილის მონაზონს.
ამასთან მიიღებთ პაპის წერილს პასუხად იბერიის მეფის წიგნისა, რომელიც თქვენ მოუტანეთ მის უწმიდესობას. მაშ კეთილ-ინებეთ და წარუდგინეთ მის ხელმწიფებას და შემდგომ მოილაპარაკეთ მასთან, პროპაგანდის შესახებ, როგორათაც მოხსენებულია წერილში და თავის დროზედ პროპაგანდას მოსწერეთ ყველაფერი დაწვრილებით იმის შესახებ, რასაც აღასრულებთ თანახმათ ზემოხსენებული წერილისა. რომიდან, 9 ოქტომბერს, 1628 წ.“.
პაპის მიწერილობის თანახმად ნუნციებმა ყველგან დიდი პატივით მიიღეს ნიკიფორე და წარადგინეს მთავრებთან, რომლებიც არავითარ პატივს ზოგავდენ მისთვის. ფლორენციაში ტოსკანიის დუკამან დიდის პატივით მიიღო ნიკიფორე, დიდი ხარჯი გაუწია და წასვლის დროს თავისი შეკაზმული ძვირფასი ცხენიც აჩუქა, რათა უფრო ადვილად ემგზავრა. იქიდან გერმანიაში წავიდა. ამის შემდგომ აღარ ვუწყით მისი ამბავი, ვიდრე საქართველოში დაბრუნებამდე აგვისტოს თვეში 1623 წ. ევროპაში მგზავრობის დროს თეათინის წესის მღვდლები დიდად ეწეოდენ ნიკიფორეს. სადაც კი სახლი ჰქონდათ, ყველგან დიდის პატივით მიიღეს და აღმოუჩინეს ყოველგვარი შემწეობა. რომაში ხომ სულ თავიანთ მონასტერში ჰყავდათ და დიდის პატივისცემით ეპყრობოდენ.
თეიმურაზთან ნიკიფორეს ხელით გაგზავნილი პასუხი შემდეგის შინაარსის არის.
„პაპი ურბანო მერვე. საყვარელს შვილს, საქართველოს მეფეს, თეიმურაზ ხანს.
უუძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი.
ქვეყნიერ მთავრობათა, რომელნიც საუკუნო მეფის მოხარკენი არიან, სუსტი საფუძველი აქვთ, უკეთუ არ არიან დამყარებულნი იმ შეურყეველ კლდეზე, რომელსაც ვერ სძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, როგორადაც დაამტკიცა ყოვლად ძლიერმა უფალმან. ამიტომ ქრისტიანე ხელმწიფენი, რომელთაც კარგად იციან საუკუნო ცხოვრების მეცნიერება და ამ ზეციერის მეცნიერებით მართვენ თავიანთ სამეფოს, გამარჯვებით დაგვირგვინებულნი მოდიან რომის მღვდელთ მთავრის მოციქულებრივ ფეხთა სამთხვევლად და უცხადებენ თავიანთ შვილობრივს მორჩილებას. ძალნი ზეცისანი ამხედრებულან ახალის მთავრობის დასაცველად, ვინაიდან თქვენს ხელმწიფებას აწ სურს ჩარიცხოს თავი კათოლიკე მეფეთა კრებაში. ჭეშმარიტად ღვთიური სახიერება ევლინება საქართველოს და ამისი ცხადი ნიშანიც ის არის, რომ ამ ბოლო დროს, ვითარცა მფარველნი ანგელოზნი, მოგევლინათ მოძღვარნი და მოგიტანეს საუკუნო სიბრძნის რჩევანი. ღმერთი, რომელიც გაბნეულ ისრაელს შეჰკრებს და გაჰკურნებს ყველა ტომთა, აღარასოდეს მოგაკლებთ თავისს მოწყალებას. ამიტომ ჩვენც მამობრივის სიყვარულით მივიღეთ საყვარელი შვილი წმიდა ბასილის მონაზონი ნიკიფორე ერბახი, რომელიც თქვენის წერილით მოგვივლინეთ თქვენ მოწმად და თქვენის პირობის თავდებად. ხოლო აწ სიმდაბლით ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელთა არის გული მეფეთა, რათა სანატრელი დასასრული მოსცეს თქვენის უმაღლესობის კეთილს განზრახვას, რამდენათაც შეიძლება, მალე შეხვიდეთ რომის დედა ეკლესიის წიაღსა მოვლენილის ანგელოზების წინამძღვრობით. გვნებავს თქვენი ახსნა ყოველის საეკლესიო დაბრკოლებისგან და ეგრეთვე ზიარგყოთ ეკლესიის ყოველი შენდობისა, ვითარცა მოზიარენი არიან ხოლმე ყველანი შეერთებულნი საიდუმლოებით წმიდა პეტრეს მოსაყდრე პაპებთან. ამ სულიერ წყალობას განიჭებთ ხელითა ჩვენის პატივცემულის ძმის მირის ეპისკოპოსისათა, რომელიც აწ უნდა დამკვიდრდეს ნახჩევანის ეპარქიაში. უკეთუ ვერ მოვიდა, მაშინ მის მაგიერობას გასწევენ თეათინელი წესის მღვდლები, რომლებიც უკვე წარმოვგზავნეთ თქვენს ქვეყანაში სახარების საქადაგებლად. თუ, ვინიცობაა, ამ მღვდლებმაც თქვენამდე ვერ მოაწიეს სხვა და სხვა დაბრკოლებათა გამო, მაშინ განკარგულებას მოვახდენთ, რომ სპარსეთიდან მოვიდენ აგვისტინიანის წესისა, ანუ კარმელიტანების მონაზონები, რომლების საშუალებითაც ჩაითვლებით ღვთის რჩეულ შვილთა რიცხვში. როდესაც მათ წინაშე, ჩვეულებისამებ, კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებთ და თქვენ მიერ გამოცხადებულის მორჩილების მოწმობას ჩვენდამი წარმოგზავნით, მაშინ, მოციქულებრივის ძალით, რომლითაც ყოვლის შემძლებელი მეფეთა მსაჯული სამეფოთა სცვლის და ამტკიცებს, ჩვენის მღვდელთ მთავრულის კურთხევით და დიდებით დაგამტკიცებთ მეფედ. ეგრეთვე ვეცდებით დაგიმეგობროთ ძმურის სიყვარულით ქრისტიანე ხელმწიფენი და მეტადრე ისპანიის მეფე, რომლის მეგობრობასაც ნატრობთ. პროპაგანდის კარდინალთა კრებამ თვით ნიკიფორეს აუწყა, რაც უმთავრესად თქვენის დიდებულებისაგან მოითხოვება და რასაც რომა მოელის თქვენგან. მიუცილებლად საჭიროა იგულმოდგინოთ და იზრუნოთ, რათა ეპისკოპოსთა და მღვდელთა, რომლებიც საქართველოში ერს უვლიან სულიერად, იარონ ერთად უფლის სახლში და თქვენთან ერთად სცნონ პეტრე მოციქულის უპირატესობა და პატივი სცენ ეკლესიის ხილულ თავს, რომელიც ზის რომის საყდარსა. ჩვენ ამის უკეთეს საშუალებას არას ვხედავთ საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და არც ამის უსაჭიროესს, რომ მიიღოთ ზეციური მფარველობა. ჩვენის მღვდელთ მთავრულის უფლების დიდებად. ჩვენის სამწყსოს ცხონება მიგვაჩნია, ამიტომ დიდად მოხარული და გამარჯვებული ვიქნებით და ნიადაგ ვაქებ-ვადიდებთ ზეციერ მამას, თუ გვეღირსა შეტკბობა და შეთვისება მოციქულებრივის სიყვარულით თქვენებრ დიდებით და სიმხნით განთქმულის მეფისა; მაშინ შეგამკობთ ყოველის სულიერი სიკეთით, რომელსაც კათოლიკე მეფენი სააქაო მფლობელობის სახელზე უფრო მეტად აფასებენ. რომიდან, 2 დეკემბერს 1628.“.
შემდეგში ვნახავთ, რომ თეიმურაზ მეფემ პაპის წერილს საკმაოდ ყურადღება მიაქცია. აწ დავუბრუნდეთ თეათინელების მგზავრობის ამბავს.
1626 წ. დეკემბერში, ორი მისიონერი სიცილიიდან აღმოსავლეთის გზას გაუდგნენ; მესამე იქვე დარჩა სნეულობის გამო. გზაში ბევრი ტანჯვა გამოიარეს და ბოლოს კოსტანტინეპოლს მივიდენ მარტის თვეში. იქ საფრანგეთის ელჩმა დიდის პატივით მიიღო მისიონერები. იმ დროს იქვე იმყოფებოდა ერთი ქართველი თავადი, თეიმურაზის ელჩი, სახელად მორაო (მოურავი ანუ მავრო), რომელსაც მეფის მინდობილებანი აღესრულებინა და საქართველოს დაბრუნებას აპირებდა.
იმავე დროს სპარსეთსა და ოსმალეთს ომი გაემართათ, ამის გამო საქართველოს გზებიც ბევრს ადგილას შეკრული იყო. მისიოენერებმა, კოსტანტინეპოლში იმ ქართველის ყოფნა რა შეიტყეს, ელჩის რჩევით, დაუახლოვდენ და მასთან ერთად დააპირეს წასვლა საქართველოს. ქართველ ელჩსაც დიდად გაეხარდა მათი ნახვა და დაარწმუნა, თეიმურაზს ძალიან გაეხარდება თქვენი მისვლა და დიდის პატივისცემით მიგიღებთო. საფრანგეთის ელჩმა ის თავადი რამდენჯერმე მიიწვია თავისთან სადილად, რომ მინიონერები უფრო დაეახლოებინა და დაემეგობრებინა მისთვის.
ოსმალეთის მთავრობამ ხელახლა დაუწყო ბარბაროსულად დევნა მისიონერებს. იმ თეათინელ მღვდლებს ევროპის ხელმწიფეების ჯაშუშობა დასწამა, ამიტომ მაშინვე დააპატიმრა ორივე და დიდი ტანჯვა მიაყენა. მოსამართლებმა მალე სიკვდილით დასჯაც გადაუწყვიტეს და მათი თავების მოკვეთის დღეც დანიშნეს. მათ გადარჩენას აღარავინ მოელოდა. საფრანგეთის ელჩი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერას გახდა და თავისი სტუმრები სიკვდილისაგან ვერ იხსნა. ერთიღა საშუალება დარჩათ: მიმართეს ერთ ურიას, რომელიც ერთგული მეგობარი იყო იმ მისიონერების მსაჯულ-ვეზირისა, და დაჰპირდენ ბლომად ფულის მიცემას, თუ დაიხსნიდა როგორმე სასიკვდილოდ გამზადებულებს. მართლაც, ურიამ მალე მოინადირა ვეზირი დიდის საჩუქრებით და სიკვდილით აღარ დაასჯევინა მისიონერები. იმ ორი კაცის სიკვდილისაგან დახსნა სამი ათას ოქროდ დაუჯდა საფრანგეთის ელჩს. ვეზირმა სიკვდილით დასჯა აპატია პირობით, რომ ისევ უკან გაბრუნებულიყვნენ.7 ამიტომ სექტემბრის 28-ს, იმავე ნავით, რომლითაც მოვიდენ, სამივე ისევ უკან გაგზავნეს იტალიაში. მესინაში მობრუნებულ მისიონერებს იმდენმა განსაცდელმა სრულიათ არ გაუტეხა გული, არამედ საქართველოს შემწეობის სურვილით აღფრთოვანებულთა სხვა საშუალებას მიმართეს დაბრკოლების დასაძლევად. 1628 წ. იანვრის თვეში, დაადგნენ ჰალეპოს გზას, იქიდან სპარსეთს წავიდენ, რადგან პირდაპირ საქართველოს შემოსვლა არ შეეძლოთ. სპარსეთიდან ერევანს მოვიდენ. იქ, სხვათა შორის, ერთი გამაჰმადიანებული სომეხი გადაემტერა მისიონერებს, სხვადასხვა ცილი დასწამა და საქმემ იქამდე მიაწია, რომ მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მისიონერები მისი ხელიდან გადარჩენას სასწაულად სთვლიან. შემდგომ მრავლის შეწუხებისა და განსაცდელისა, როგორც იყო, მოვიდენ გორს 14 დეკემბერს 1628 წ.
ამ მგზავრობისათვის სიტყვა ასე იმიტომ გაგვიგრძელდა, რომ გვინდოდა მკითხველთათვის გვეჩვენებინა, თუ ამ საუკუნეშიაც რაოდენ შეწუხებას ითმენდენ მასიონერები ოსმალების ხელში. აქიდან შეგვიძლია საკმაოდ ვიგულისხმოთ, თუ რა დიდი უბედურება უნდა გამოევლოთ XVI საუკუნეში მისიონერებს, რომელთაც საქართველოსთან მისვლა-მოსვლა ერთიანად შესწყვიტეს. ეს ამბავიც ცხადად ამტკიცებს იმას, რაც მეხუთე თავში ვთქვით ამის შესახებ.
იმ დროს გორში მოსულ მისიონერებს საქართველო სპარსელებისგან ერთიან გაოხრებული დახვდათ. იქაურობას ჯერ ისევ ეტყობოდა მტრის ცეცხლისა და მახვილის კვალი: მცხოვრებნი აღარსად სჩანდენ, ზოგი გაეწყვიტათ და ზოგიც შორს გადაესახლებინათ; მრთელი შენობა აღარსად დარჩენილიყო, მტერს ყველგან ნაცრად ექცია თლილის ქვის სახლები. საქართველოს ამნაირმა სამწუხარო სურათმა დიდად დააღონა გულდამწვარი მისიონერები.
მისიონერების გორში მოსვლის დროს თეიმურაზ მეფე თავისი ამალით გორის გარედ სოფლად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის ჩვეულებისამებრ, სანამ მეფეს ნახავდენ, გაუგზავნეს საჩუქრები: ხატები, კრიალოსნები და სხვა მსგავსი ევროპული ნივთები. თუმცა ძვირფასი არ იყო მათი ძღვენი, გარნა მეფეს ძლიერ სასიამოვნოდ დაურჩა. შემდგომ წარსდგნენ მეფის წინაშე, რომელმაც მშვენიერ ტახტზე მჯდომარემ, ყველა თავის დიდებულთა თანადასწრებით, მიიღო დიდის პატივით ისინი. რადგან კოსტანტინეპოლსა და ჰალეპოში შეესწავლა თათრული პატრი იაკობს, წარდგომისთანვე თათრულად მოახსენა ესედ:
„დიდ სულოვანო და დაუძლეველო მეფევ, რამდენათაც დიდათ შევსწუხდით რომის პაპთან ერთად შევიტყეთ რა ყოველი უბედურება, რომელიც დაატყდა თავს თქვენს დიდებულებას და თქვენს ქრისტიანე სამეფოს, ეგოდონათ ახლა უფრო მოხარული ვართ, რომ განვლო იმ საშინელმა დრომ, აღმობრწყინდა სიმშვიდე და ღვთის მოწყალებით კვლავ დაეპატრონეთ თქვენს დაკარგულს სამეფოს. მართალია, დიდს განსაცდელში ჩავარდით, გარნა გამოიჩინეთ დიდი სიმხნე და ხასიათის სიმტკიცე; ესეთი თქვენი თვისება ღირსია ქებისა და დიდებისა. გარნა ყოველი დიდება უნდა მიეგოს ღვთის ძლიერ მკლავსა, რომელმაც თქვენ მოგცათ ძალა და გაგამხნევათ. ნუნციოდ წარმოგზავნილი ვართ თქვენის დიდებულებისადმი რომის პაპისგან, რომელმაც მოგვანდო მის შვილად გცნოთ და თქვენგან მოვიპოვოთ ეს წყალობა და უფლება, რომ უშიშრად დავრჩეთ თქვენს სამეფოში და ვიქადაგოთ კათოლიკე სარწმუნოება. აქ განძის საძებნელად და გასამდიდრებლად არ გხლებივართ; ჩვენი ფიქრი, ჩვენი საუნჯე და ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ზრუნვა ხალხის ცხონებისათვის. ღვთის შემწეობით იმედი გვაქვს ჩვენს საწადელს ვეწიოთ, თუ თქვენც თქვენის ძლიერი მფარველობით და გულკეთილობით შეგვეწევით“.
შემდგომ მიართვეს მეფეს პაპის წიგნი, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. წიგნი იქ მყოფმა ბერძნის მღვდელ-მონაზონებმა, რომელნიც იმ დროს გორში ბლომად იყვნენ, ბერძნულად სთარგმნეს და შემდგომ მეფეს ქართულად წაუკითხა ერთმა ბერძენმა. ამან წიგნის ზოგიერთი აზრი გადაუსხვაფერა. მისიონერებმა რა შენიშნეს, თარჯიმნის ნებსითი შეცდომა გაასწორეს. მაშინ კრძალვისა და პატივის გამოსაცხადებლად მეფემ პაპის წიგნი თავზე დაიდო. პატრებსაც ყველანაირ შემწეობას დაჰპირდა. მაშინვე არ გამოისტუმრა გორსა, არამედ რამდენსამე დღეს თავისთან დაიჭირა, ხშირად თავის სუფრაზედ მიიწვევდა და რაც შეეძლო პატივს სცემდა მათ. ხშირად ემუსაიფებოდა თუ ევროპის საქმეთა შესახებ და თუ სულიერ საგნებზე. მისიონერებმა თავი ძალიან შეაყვარეს მეფეს, განსაკუთრებით პატრმა იაკობმა. იმავე დროს მეფესთან, სხვა დიდებულთა შორის, საქართველოს კათალიკოსი და ალავერდელი მიტროპოლიტიც იყვნენ. კათალიკოსი ძლიერ თანაუგრძნობდა მისიონერებს, მაგრამ ალავერდელი კი იმდენათ არა. ალავერდელი თუმცა აღიარებდა, რომ პაპი იყო ყველა კათოლიკების თავი, მაგრამ ბერძნები უფრო მიაჩნდა, რადგან მთაწმიდაში მათთან იყო აღზრდილი და ნასწავლი. მაინც წინააღმდეგი არ იყო იმისი, რომ მისიონერები გორში დარჩენილიყვნენ. როდესაც სამეგრელოს შესახებ ვილაპარაკებთ, ვნახავთ, რომ იქ მისული ესევე ალავერდელი შეიქმნება მხურვალე კათოლიკე და დიდად შეეწევა მისიონერებს.
რამდენისამე დღის უკან, თეიმურაზმა მისიონერები გორს გამოისტუმრა, მისცა მათ ერთი სახლი და ერთიც პატარა ეკლესია სპარსელების ომისგან დიდათ დაზიანებული. მისიონერებმა სახლიც და ეკლესიაც შეაკეთეს და იქვე დაბინავდენ. მისიონერები თავიანთ პირველ წერილებში თეიმურაზის შესახებ მოგვითხრობენ: თეიმურაზი 50 წლისა იქმნება (1929 წ.), ძლიერ მშვენიერი შეხედულობისა და თეთრ-წითური დიდრონი თვალები და სურათი ცხვირი აქვს; საშუალოზე უფრო მაღალი ტანისაა; კარგად იცის ქართული, თათრული და სპარსული, რა ენებსაც მჭევრმეტყველად ლაპარაკობს; მეტად ნაზი და ქცევაში თავაზიანია; საუკეთესო პოეტია, რადგან შეადგინა ისტორია იოსებისა (Ziosefo); ყველა საქმეში ძლიერ ნიჭიერია და ომში მარჯვე. მისთვის რომ ბედს არ ეღალატნა, უპირველეს სარდლად უნდა შერაცხულიყოო.
როდესაც შეურიგდა სპარსეთის მეფეს, სთხოვა გაეგზავნა მისთვის ქეთევან დედოფლის გვამი რომელიც დიდის პატივით ინახებოდა ისპაჰანს აგვისტინიანთ მონაზონების მონასტერში. იმ მონაზონებმა რა შეიტყეს თეიმურაზის ესეთი სათხოვარი, 1627 წ. მაშინვე სამნი მონაზონნი წამოვიდენ საქართველოს, რა წამოიღეს თან ნაწილი ქეთევანისა, მაგრამ გზაში დასნეულდენ და ერთი ამხანაგიც მოუკვდათ. ამის გამო ისევ უკან გაბრუნდენ. მეორედ კიდევ სცადეს მგზავრობა, მაგრამ კვლავ დასნეულდენ გზაში. ხოლო მესამედ რო დაადგნენ ორნი გზას, დიდის შეწუხების შემდგომ, თეათინელების ჩამოსვლის ცოტა წინეთ, 1628 წლის ივნისის პირველს, გორში მოვიდენ წმიდა აგვისტინეს წესის მონაზონნი პატრი ამბროზიო და ძმა პეტრე, რა თან მოიტანეს ქეთევან დედოფლის ნაწილი. თეიმურაზმა დიდის პატივით მიიღო პატრი ამბროზიო, თავის სასახლეში დააყენა, თავის დიდებულებით მის წირვას დიდის მოწიწებით დაესწრო. რა შეიტყო, იმ პატრს თან მოეტანა დედი მისის ნაწილი, დიდათ გაეხარდა და თვითვე ახარა დედოფალს ეს ამბავი. პატრი ამბროზიომ მესამე დღეს დასასრულ წირვისა, რომელსაც დაესწრნენ მეფე-დედოფალთან ერთად ყველა დიდებულნი, სპარსულად სიტყვა წარმოსთქვა და ბოლოს ჩააბარა წმიდა ნაწილი თეიმურაზს. მეფემან დიდის პატივით, სასოებით და გულ მხურვალებით მიიღო თავისი დედის ძვირფასი ნაშთი, ჩაასვენა ძვირფას კუბოში და შემდგომ დიდის ამბით წაასვენეს სამიტროპოლიტო ეკლესიაში, სადაც ასაფლავიან მეფენი და შესაფერს ადგილს დაასვენეს. მეფემა და დედოფალმა დიდი მადლობა გადაუხადეს პატრი ამბროზიოს და უთხრეს, მზად ვართ, რაც გინდა, გვთხოვე და აგისრულებთო. პატრი ამბროზიომ მხოლოდ ესა სთხოვა, გორში ერთი ადგილი გვიბოძეთ, სადაც შეგვეძლოს დადგომა და თქვენთვის და თქვენთა ქვეშევრდომთათვის სამსახურიო. მეფემ დიდის სიამოვნებით შეიწყნარა თხოვნა და უბოძა ის ადგილი, რომელიც თვით პატრმა აირჩია, ეგრეთვე მისცა რამდენიმე სოფელი და ყმა. პატრი ამბროზიომ მაშინვე დროებით პატარა სახლი და ეკლესია გაიკეთა. შემდგომ ინდოეთს გაგზავნა თავისი ამხანაგი მორჩილი ძმა პეტრე, რომელმაც მალე მოიტანა საჭირო ფული; იმითი მალე ააშენეს ეკლესია, რომელიც საქართველოში ერთ საუკეთესო ეკლესიად ითვლებოდა. დიდი ხალხი დაიარებოდა თურმე იმ ეკკლესიაში და კვირა-უქმეეობით თვით მეფეც ხშირად ესწრებოდა წირვას თავისი დიდებულებითურთ.
ცალკე წერილში ვაპირებთ, მოვიყვანოთ პატრი ამბროზიოს დანარჩენი მოხსენება ქეთევან დედოფლის წამებისათვის.
თეათინელები გორში დაბინავდენ თუ არა, მაშინვე დაიწყეს ქართულის ენის შესწავლა და ხალხში მკურნალობა. იმ დროს ექიმობა საქართველოში უდიდეს საჭიროებას შეადგენდა, თუ იმიტომ, რომ აქ მკურნალები აღარ მოიპოვებოდენ, რადგან ყველა სპარსეთს გადაესახლებინათ და თუ კიდევ იმიტომ, რომ შაჰ-აბაზის მიერ მიყენებული ეგოდენი უბედურება საქართველოში ხშირად აჩენდა სხვადასხვა სნეულებას. ამ გარემოების გამო დიდძალმა ხალხმა მიმართა ახლად მოსულ მისიონერებს სნეულებისაგან გასაკურნებლად. მისიონერებმა ისე გაითქვეს სახელი, რომ შორი ადგილებიდგანაც ჩამოჰყავდათ გორს სნეულები საწამლებლად. მათმა თავგანწირულებამ, უანგარობამ და გულკეთილობამ მალე გახადა იგინი ხალხის საყვარელი და რომიდგან მოსულ კი არა, ზეციდბან ჩამოსულ ღვთის კაცებს ეძახდენ.
თეიმურაზმა რომ გაიგო, მისიონერები ასეთი სახელ განთქმული მკურნალები არიანო, მიუწოდა თავისთან, რათა განეკურნებინათ მისი მეუღლე, დარეჯან დედოფალი, რომლის მორჩენაზე სპარსეთის გამოჩენილ ექიმებს სულ ხელი აეღოთ. რა მიიწვია, ცრემლის ღვრით შეეხვეწა, თქვენის ცდითა და ლოცვით განკურნეთ ჩემი ძვირფასი მეუღლე, მის უკეთესი ქვეყანაზე არავინ გამაჩნიაო. იმათ ჯერ თვითონ ილოცეს და მერმე დედოფალს ურჩიეს, წამლებზედ უფრო ღვთის იმედი ჰქონოდა. შემდეგ მისცეს მსუბუქი წამლები, რომელიც არც მავნებელი და არც მარგებელი იყო. დედოფალი მალე მთლად განიკურნა. მისი ასე ჩქარა და მთლად განკურნება ყველამ სასწაულად მიიჩნია. რა იხილა თეიმურაზმა მეტის სიხარულთ აღარ იცოდა, რა ექმნა. ერთს თავის მოხსენებაში, პატრი ლამბერტს მოჰყავს თეიმურაზის მიერ
იმ შემთხვევაში ნათქვამი სიტყვები. „ახლა დიდ მადლობას ვწირავ ღვთის სახიერებას, რომ მომივლინა ჩემს სამეფოში ორი კაცი, რომლებიც, მსგავსად წმიდა კოზმასა და დამიანესი, ჰკურნებენ ყოველთა სნეულებათა“.
დედოფლის განკურნებამ ძალზე გაუთქვა სახელი პატრებსა და მათს ეკლესიას დიდძალი ხალხი აწყდებოდა. ერს ხორციელად კურნებასთან ერთად სულიერად კურნებაც დაუწყეს. მოსულს ერს ეკლესიაში უქადაგებდენ, ასწავლიდენ საქრისტიანო მოძღვრებას და ეგრეთვე გულში უნერგავდენ პაპისადმი მორჩილებას. ხალხიც დიდის გულმოდგინებით უსმენდა მათ ყოველ დარიგებასა და მოძღვრებას. სასულიერო საგნებშიაც ხალხს ძლიერ შეაყვარეს თავი, რადგან თავიანთ ნათქვამს თავიანთის საქმით და კეთილის ცხოვრებით უმტკიცებდენ. ესეთი მათი ქცევა იქ მყოფმა ბერძნის მონაზონებმა ვეღარ აიტანეს და მტრობა დაუწყეს; არა მარტო ხალხში, არამედ თვით მეფის სახლშიაც დაიწყეს მათზე ძვირის ლაპარაკი, ნაირ ნაირი ცილი დასწამეს რომის პაპს და ყველა ლათინებს, რათა თუ მეფისა და თუ ხალხისათვის შეეძულებინათ ისინი და გაედევნინებინათ საქართველოდან. მათს ამგვარს მტრულს ქცევას მთაწმიდას ბერძნებთან გაზდილი ხსენებული ალავერდელი თანაუგრძნობდა. იმასთანვე იყო ერთი ბერძნის მონაზონი ფილიპე, რომელმაც სხვებზე უფრო მომეტებულად თავი იჩინა პაპისთვის ძვირის ლაპარაკით. მისიონერებმა ესეთი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანეს და რამდენიმე ქართველი ეპისკოპოსის წინაშე ბერძნებს დაუწყეს ბჭობა და ხსენებული ბერძენი ფილიპე ისე გაამტყუნეს, რომ გაბრაზებულმა პასუხი რა ვეღარ მისცა, მივარდა ჯოხით და მით თავ-პირი უნდა დაემტვრია პატრი პეტრე ავიტაბილესთვის. ამან ნაცვლად წინააღმდეგობისა, დაუჩოქა, თავი მოუდრიკა და უთხრა: მაცხოვარი ასე გვიბრძანებსო. მაშინ ბერძენი ძრიელ შერცხვენილი განშორდა იქიდან. ყველა დამსწრეთ დიდად გაკიცხეს ბერძნის ესეთი საქციელი და მასთანვე მეტად აქეს პატრი პეტრეს მოთმინება და მისი უსაზღვრო სიმდაბლე. ეს ამბავი რა შეიტყო თეიმურაზმა, მაშინვე დაიბარა ბერძენი ფილიპე, დიდად უსაყვედურა და მასთანვე სასტიკად აუკრძალა, ამიერიდან არასოდეს არც პაპისა და არც ჩემი კეთილის მყოფელის და საყვარელის პატრებისთვის რაიმე ცუდი არ წამოგცდესო.
1629 წ. აგვისტოს 14-ს მობრუნდა ევროპიდან ნიკიფორე და მიართვა მეფეს ზემოდ მოყვანილი პაპის წერილი. მისმა მოსვლამ ძლიერ გაახარა მისიონერები და მათი მისიონის წარმატებასაც დიდად შეუწყო ხელი, რადგან მოვიდა თუ არა, მიუთხრა მეფეს ის პატივისცემა, რომელიც მიეღო ევროპაში თეათინელი წესის მღვდელთაგან. შეიტყო თუ არა თეიმურაზმა, მაშინვე მისიონერებს ბოდიში სთხოვა, ვწუხვარ, რომ თქვენი ვინაობა აქამდე არ ვიცოდი და ვერ მოგეპყარით იმ პატივით, როგორისაც ღირსნი იყავით; მასთანვე ბრძანება გასცა, რომ ამას იქით მათთვის ულუფა ეძლიათ. მასთან ფულითაც კარგად შეეწია. ფული მისიონერებმა ეკლესიის შემკობას მოახმარეს.
რა ნახა ერმა მეფის ესეთი მიდრეკილება კათოლიკობისად მისიონერებისთვის მფარველობა, დაუყოვნებლივ მას მიბაძვა დაუწყო. ხალხმა დაუბრკოლებლად დაიწყო უკლებლივ მათ ეკლესიაში სიარული. გულმოდგინებით უსმენდა მათ მოძღვრებას და მისდევდა მათ სწავლასა და დარიგებას. ამას არ კმარობდენ, ბევრი მათგანი, რამდნადაც შეეძლოთ, ნივთიერადაც ეწეოდა მისიონერებს. იმდენი ხალხი ეჩვენებოდა მისიონერებს, რომ, თუმცა იგინი დღედაღამ შრომობდნენ მათი სულიერისა და ხორციელის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ვერ ასდიოდენ. ამის გამო იძულებული გახდენ, სხვა ახალი მისიონერები დაებარებინათ რომიდან. ამის თაობაზე რომს პირველი წიგნი გაგზავნა პატრი პეტრე ავიტაბილემ და აუწერა, ხალხი რა სიყვარულით ხვდებოდა მათ, აუწყა ეგრეთვე მისიონის საინტერესო ამბები. სამწუხაროდ თეათინელების ეს პირველი და საინტერესო წიგნი ჯერჯერობით ვერსად ვპოვეთ. ხოლო მისი შინაარსი მოკლედ მოყვანილია ჩვენ მიერ ზემოდ დასახელებულ ნილოს ისტორიაში. რა ნახა პატრი ავიტაბილემ რომ მუდამ დღე მატულობდა მორწმუნეთა რიცხვი და სტოვებდენ ბერძნის სარწმუნოებას და უერთდებოდენ რომის ეკლესიის წეს-დოგმებს, სიჭიროდ სცნო მიეწერა რომს, რათა გამოეგზავნათ სხვა მისიონერები, რადგან შესამუშავებული ვენახი ძლიერ დიდი და ნაყოფიერი იყო. ეგრეთვე აუწყა მეფის გულუხვობის საქმე, მისი უზომო მფარველობა, რაც იყო უმთავრესი მიზეზი კეთილის ნაყოფისა, რომელიც გამოიღო მათმა ქართველთა შორის მოღვაწეობამ; ეგრეთვე ახსენა, რომ მთელ სამეფოში სრული თავისუფლება ჰქონდათ ქადაგებისა და საცა მიდიოდენ, ყველგან ხალხი აღტაცებით ეგებებოდა მათ. უსმენდა გულმოდგინებით მათ დარიგებას და დიდ სურვილს აცხადებდენ რომის ეკლესიასთან შეერთებისათვის. ამ ამბავმა დიდად გაახარა პაპიცა და პროპაგანდას კარდინალებიც.
ნიკიფორეს თუ წერილით და თუ პირად ბევრი რამ დააბარეს შესახებ კითოლიკე სარწმუნოების გავრცელებისა საქართველოში. ესეც შეჰპირდა ერთგულად ეშრომა ერთობის დასამყარებლად. რა მობრუნდა, მაშინვე შეუდგა თავის დაპირებათა აღსრულებას. გარნა, სამწუხაროდ, ზედ მიწევნით არ ვიცით, თუ რა იმოქმედა დაბრუნებულმა კათოლიკობის სასარგებლოდ, რადგან მისი პირველი რომს მიწერილი წიგნიც დაკარგულია ისე, როგორც მისიონერების პირველი წიგნები. ის კი ცხადია, რომ მისიონერები მუდამ მისი მადლიერნი იყვნენ. ეგრეთვე რომი კმაყოფილებას უცხადებს ყოველი სამსახურისათვის, რაც იმან პირველშივე მიაგო მათ და რაც რომში აცნობა თავისი წერილით. პროპაგანდაც მას პასუხად სწერს:
„მამა ნიკოლოზ ერბახს.
თქვენი სეკრეტართან, ოქტომბრის 22-ს, მოწერილი წიგნი განიხილეს კარდინალებმა პროპაგანდის კრებაში, რომელსაც დაესწრო მათი უწმიდესობაც. პაპმა და კარდინალებმა დიდად გაიხარეს, რომ მანდ მშვიდობით ჩასულხართ; ეგრეთვე გაიხარეს, რა სცნეს თქვენი მოღვაწეობა მაგ მეფისა და მისი მინისტრების წინაშე მათ სულთა ცხონებისათვის, თქვენმა ღვაწლმა სავსებით გაამართლა ის მოლოდონი, რომელიც ამათ ჰქონდათ თქვენ შესახებ. ამიტომ საჭიროა არ დასცხრეთ და იმავე გულმოდგინებით იშრომოთ, ვიდრე შეერთების საქმე დასრულდებოდეს ისე, როგორათაც ნატრობს მათი უწმიდესობა და პროპაგანდა ღვთის სადიდებლად და მთელის იმ ერის საცხონებლად. ამიტომ ღმერთს ევედრებიან თქვენთვის, რათა მოგანიჭოთ წყალობა თვისი. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენის კეთილის შრომისათვის ზეცას მიიღებთ დიდ სასყიდელსა. რომიდან, 1 ივნისისა, 1630“.
პაპი თავის წერილში, რომელიც ნიკიფორეს გამოატანა, სთხოვდა თეიმურაზს, კათოლიკე სარწმუნოება დიდი ამბით საქვეყნოდ აღეარებინა და მასთანვე ცდილიყო, რომ მისი სამეფოს ეპისკოპოსები, მღვდლები და ერიც მის მაგალითს შესდგომოდენ. როდესაც ამას სწერდა პაპი, ჯერ დაწვრილებით არ იცოდა საქართველოს ყოველი გარემოება, თორემ ამას იგი ასე ჩქარა არ მოსთხოვდა. პაპის თხოვნამ თეიმურაზი დიდად დააფიქრა და ბოლოს, ვეღარ გაბედა ყველაფრის ცხადათ შესრულება იმიტომ კი არა, ვითომ თვით არა სურდა, არამედ სხვადასხვა გარემოების გამო, რომელიც იძულებულ ჰყოფდა, ასეთ საქმეში ძლიერ ფრთხილად მოქცეულიყო. ასეთი გარემოება, სხვათა შორის, შემდები იყო: ჯერ იგი თავისს ტახტზე კარგად გამაგრებული არ იყო; თუმცა თავადები მორჩილებდენ, მაგრამ მათ შორის კიდევ მოიპოებოდენ ძლიერნი და გავლენიანი პირნი, რომელნიც მისი კმაყოფილნი არ იყვნენ და ეძებდენ რაიმე მიზეზსა, რათა თავიანთი განდგომილების დროშა აღემართათ. იმავე დროს, როგორც ზემოთ ვთქვით, ბერძნების მღვდელ-მონაზონობა დიდძალი იყო მის სამეფოში, ისინი არ იშლიდენ ღვარძლის დათესვას, რათა ხალხი აეღელვებინათ ლათინების წინააღმდეგ იმათ თანაუგრძნობდა ალავერდელიც, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ყველას წინაშე. თეიმურაზს რომ საქვეყნოდ დაეტოებინა ბერძნის წესი და შესდგომოდა ლათინის წესსა, უეჭველად ბევრს განხეთქილების მიზეზს მისცემდა და არა მარტო სასულიერო საქმეებს შეაფერხებდა, არამედ თვით სამეფო ტახტსაც დიდ განსაცდელში ჩააგდებდა. თეიმურაზმა ახლა კი სამწუხარო გამოცდილებით იცოდა, თუ რამდენათ ძვირად დაუჯდებოდა მას რომლისამე თავადის განდგომა და გადამტერება. ამიტომ ძლიერ ფრთხილობდა, რათა ასეთი უბედურების მიზეზი არავისთვის მიეცა. ხოლო იგი ეცადა პაპის მოთხოვნილება სხვა გზით დაეკმაყოფილებინა. ამას პატრი იაკობ იმ დროს რომში მიწერილის წიგნით ესე აუწერს: „მოიფიქრა ამ ყოვლად ბრძენმა მეფემ, რომ საიდუმლოდ აღასრულოს, რათა თავიდან აიცილოს ყოველი განხეთქილება და შფოთი. ამის გამო დაადგინა საიდუმლოდ წარმოსთქვას სარწმუნოების სიმბოლო, რათა მით გამოაცხადოს თავისი თავი რომის ეკლესიის შვილად და ესე მისიონერთათვის მფარველობისა და დახმარების აღმოჩენით ხალხი ნელ-ნელა შეაჩვიოს ლათინურს წესსა, რომ შემდგომ უფრო უშიშრად შეიძლოს საქვეყნოდ კათოლიკე სარწმუნოების აღსარება. ამასთანვე თეიმურაზმა დააპირა თავისი გადაწყვეტილება რომისათვის ეცნობებინა, რათა იქ ამის ერთგულობაზე ეჭვი არავის შეეტანა. მაგრამ უძნელდებოდა, თავისი ყოველი აზრი წერილობით გამოეცხადებინა, ამიტომ დააპირა ელჩის გაგზავნა, რათა ყველაფერი კარგად აეხსნა. გასაგზავნ ელჩად პატრი პეტრე ავიტაბილეს უკეთესი კაცი ვერავინ ჰპოვა; იმას განუცხადა თავისი აზრი, მიანდო მის მაგივრად გამოეცხადებინა პატივი, მორიდება, მორჩილება და ერთგულება. ეგრეთვე მისცა პაპთან შემდეგი წერილი და გაისტუმრა რომას.
„ჩვენ ბატონს ურბანო მერვეს, უუმაღლესს მწყემსსა.
თეიმურაზ ხან, ივერიელთა მეფე.
დიდ მადლობას ვუძღვნით თქვენს უწმიდესობას თქვენის ლოცვა-კურთხევისათვის. მივიღეთ თქვენის უწმიდესობის წერილი პატრი პეტრე და პატრი იაკობ თეათინელი მონაზონებისაგან. როგორც იყო ამ ხანებში ესენი მშვიდობით მოვიდენ აქ, ვითარცა სანატრელ იყო. ჩვენც ეს მამები დიდის სიამოვნებით და წმიდა ამბორისყოფით მივიღეთ და მივაგეთ ყოველნაირი პატივი: არ დავზოგეთ არავითარი სამსახური რაც კი მათ ეჭირებოდათ. ეგრეთვე ვუბოძეთ საუკეთესო ადგილი თავიანთ სადგომოდ და ერთი ეკლესიაც, რათა თავისუფლად იყვნენ და ღმერთი ადიდონ დღე და ღამ ღვთის ტაძარში; ყველა ჩვენ ქვეშევრდომთაც ვაცნობეთ ჩვენი სურვილი, რომ გვნებავს ამ მამებმა უშიშრად და თავისუფლად აღასრულონ ღვთის მსახურება თავიანთი სჯულისა და წესისამებრ, რათა არავინ გაბედოს მათი შეურაცხყოფა და რაიმე ვნების მიყენება. მასთანვე ვუბრძანეთ ყველას, რომ მათ მოეპყრან კრძალვით, გულუხვად ემსახურონ და აღმოუჩინონ შემწეობა, რათა უფრო ადვილად ემსახურონ ღმერთსა და ილოცონ ჩვენთვის.
რაც შეეხება, უნეტარესო მამაო, თქვენს წერილსა, რომლითაც გვითვლით ჩვენის ერითურთ გულმოგინედ და მორჩილებით მოუსმინოთ ამ მამებს მოძღვრება, მტკიცედ და შეურყევლად დავრჩეთ ქრისტეს სარწმუნოებისა და უფლის გზაზედ, ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ ყოვლის მპყრობელ ღმერთს მუდამ ჟამ მადლობას ვწირავთ, რადგან, დიდი კოსტანტინეს დროიდან ვიდრე აქამდე, ქრისტეს სარწმუნოება და მისი სიყვარული ისე შეუცვლელად დავიცევით, თითქოს ღვთის მიერ ჩვენს გულში ღრმად აღბეჭდილი ყოფილიყოს ის სიყვარული და ის სარწმუნოება. მართალია, ჩვენი სამეფო 1614 წლიდან ვიდრე 1628 წლამდე ხელში ჩაუვარდათ უწყალო სპარსელებს რომელთაც ერთიან მოაოხრეს და ყოველგვარი უბედურება შეამთხვიეს, მაგრამ მაინც კი სარწმუნოება შეურყევლად და მტკიცედ დაიცვა. ჩვენც დიდათ ვიმეცადინეთ, რათა არავითარი მწვალებლობის შეცდომილება შემორეოდა ჩვენს სარწმუნოებას ეგრეთვე დიდი სასოება გვაქვს ღვთისა, რომ ამავე სარწმუნოებაში მტკიცედ დავრჩეთ და განუხრწნელად დავიცვათ იგი ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. ამას ვსასოებთ მეტადრე ახლა, როცა ღვთის წყალობით და თქვენის უწმიდესობის მამობრივის ლოცვა-კურთხევით მშვიდობიანათ ვიმყოფებით ჩვენს სამეფოში. აი, ეს ქრისტიანე სირწმუნოება იყო მიზეზი იმისა, რომ ერთხელ დედა ჩვენი წავიდა სპარსეთის მეფესთან სათხოვნელად, რომ ყველა მის ხელში ჩავარდნილ ქართველებს, რომლებსაც სარწმუნოების უარი ეყოთ, შესძლებოდათ თავისუფლად და უშიშრად დაბრუნებულ იყვენ სამშობლოში და შესდგომოდენ თავიანთ უწინდელ სარწმუნოებას. მაგრამ, საუბედუროდ, სულ სხვა მოხდა; იმ უსჯულო სპარსელების მეფემ, რა ვერ დასძლია მისი სიმტკიცე და სიყვარული ხორცის სიწმიდისა და სარწმუნოებისათვის ჯერ დაატყვევა, შემდგომ თუ ჩემზე და თუ დედაჩემზე გაბრაზებულ-განძვინარებულმა მეფემ და მისმა ულმობელმა ერმა მწარედ დაუწყეს ტანჯვა მას და ასე დატანჯულმა სული განუტევა. ერთი წელიწდია, რაც ისპაჰანიდან წმიდა აგვისტინეს წესის ყოვლად პატივცემულმა მამა ამბროზიომ მოგვიტანა მისი გვამის ნაწილები. ამ სიკეთისათვის ჩვენც უხვად დავასაჩუქრეთ მამა იგი: მივეცით მამული, რათა საცხოვრებლად საკმაო შემოსავალი ჰქონდეს, ეგრეთვე ვუბოძეთ ადგილი, რათა შესაფერი ეკლესია აიშენოს და როგორც სასუფეველის სავანეში, მუდამ ილოცოს ჩვენთვის.
რაც შეეხება ჩვენის სამეფოს აწმყო მდგომარეობას, ძლიერ სამწუხაროა. თვით ეს თიათინელი მამებიც თვალით ხედვენ თუ ხისა და თუ ქვის შენობათა ნანგრევებს. ამის შესახებ ყველაფერს თვითვე მოახსენებენ თქვენს უწმიდესობას. მაგრამ ყველაზე უფრო სატირელ მდგომარეობაში ჩვენი ეკლესიებია, რადგან მტრებმა არა მარტო წაიღეს ძვირფასი წმიდა ჭურჭლები, არამედ ყველა შესამოსლები, სამკაულები და თვით ხატებიც კი წაიღეს და ასე ერთიან გაძარცვეს. ამის გამო დიდად ვევედრებით თქვენს უნეტარესობას, ხსენებულ მამებს უშოვნოთ ყველა ეს, რაც ეჭირებათ თავიანთი ეკლესიის საჭიროებისათვის და შესამკობლად, რათა უმეტესის სიადვილით გაეხსნათ გზა სანატრელის შეერთებისათვის. დასასრულ, უკეთუ ჩვენში თქვენი უწმიდესობისათვის რაიმე სამსახურის მიგება შეგვიძლია, გთხოვთ გვიბრძანოთ და, რაც კი შეგვიძლია, ვეცდებით, ყოველივე მაშინვე აღვასრულოთ, რათა სიკეთისათვის მაგიერი მოგაგოთ. საქართველოთი, 5 იანვარს, 1629 წ.“.
ეს თარიღი შეცდომით უნდა იყოს, ამის ნაცვლად უნდა იყოს 1630 წ., რადგან მისიონერები გორს მოვიდენ 14 დეკემბერს 1628 წ. შეუძლებელია, პატრი პეტრე 20 დღის შემდგომ გაბრუნებულიყო იტალიას. ყოველი გარემოება გვიჩვენებს, რომ პ. პეტრე გაბრუნდა იტალიას, არა მაშინვე, არამედ რამდენისამე ხნის შემდგომ. ლამბერტი მის გორიდგან გაბრუნებას სდებს 3 აგვისტოს 1630 წ. ამის მსგავსი წერილი გაატანა აგრეთვე პროპაგანდისათვის.
იმ წერილთან ზაქარია კათალიკოსმაც გაგზავნა წერილი პაპთან და პროპაგანდასთან. წერილები არ მოგვყავს, რადგან ბევრი არაფრით განსხვავდება თეიმურაზის წერილებისაგან. მათში მხოლოდ შესანიშნავი ის არის, რომ კათალიკოსი პაპს სთხოვს შესამოსლებს და ბარძიმებს საქართველოს გაღარიბებულის ეკლესიისათვის.
პატრი პეტრე ავიტაბილე რა ჩავიდა რომს, პაპს ვრცელი მოხსენება წარუდგინა საქართველოს მდგომარეობის შესახებ თუ მოქალაქობრივ, თუ სარწმუნოების მხრივ. ერთი მოხსენება მოყვანილია კლემენტე გალანოს წიგნში, რომელიც აღწერილია სომხის ეკლესიისა და რომის ეკლესიის შეერთების შესახებ. ხოლო პაპს თეიმურაზ მეფისა, სხვათა შორის, ეს მოახსენა:
„1. თეიმურაზის ერთგულება რომის მამამთავრისადმი, ეგოდენია, რომ, როცა, შეიტყო თავის სამეფოში მოსვლა მის მიერ წარგზავნილ მღვდლებისა ერის სულიერად აღზრდისათვის, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო და მიიღო იგინი დიდის პატივით. კათოლიკე სარწმუნოებისადმი თავისი მიდრეკილება იმითი გამოაცხადა, რომ, როდესაც იქ მყოფმა ბერძნებმა რომაელების სახელი გაიგონეს, დაიწყეს შფოთი და უნდოდათ სწრაფად განეძევებინათ მისიონერები მთელი სამეფოდან, მხნედ დაიფარა პატრები ბერძნებისაგან, ზოგს მათგანს ძლიერ დაემუქრა და ზოგიც დასაჯა; ერთხელ ისე გაცხარდა, რომ ხელი დაიდო ხმალზე და ამოძრობას უპირებდა, თანაც დაიძახა: მირჩევნია თქვენ ყველა აქ მყოფი ბერძნები ამოგწყვიტოთ, ვიდრე ერთი ამ მონაზონთაგანი გავდევნო ჩემი სამეფოდანო. ბოლოს იმ ბერძნებს მწვალებლები უწოდა.
2. მეფე მეტად დიდი ნიჭიერი და განსწავლული კაცია; კარგად იცის ძველი და ახალი აღთქმა (საღვთო წერილი), კრებათა და წმიდა მამათა წერილებიც.
3. ბერძნებს თუმცა წინად მისთვის ერჩიათ, რომ ჩვენთან არ ებჭო სული წმიდის გამომავლობის შესახებ და თან ეთქვათ, რომ ისინი, ესე იგი ჩვენ, ფილოსოფიაში ძლიერ გამოცდილი არიანო, ამიტომ ადვილად შეუძლიათ მოატყუონ კაცი თავიანთის ფილოსოფიურის ბჭობითა; მაგრამ დიდის სიამოვნებით ბჭობდა ხან ჩვენთან და ხან ბერძნებთან. ერთხელ სთხოვა ბერძნებს, რათა მისთვის განემარტებინათ, ლათინებს სული წმიდის გამომავლობა როგორ სწამთო; როცა განუმარტეს, მაშინ უთხრა: სწორედ მეც ეგრე მწამს და კარგად რომ სცნობდეთ და გესმოდესთ ის, რასაც ასწავლით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენც ლათინების აზრისა იქნებოდითო.
4. ლათინებზე მეტად მაღალისა და კაი აზრის არის, მათ სახელს დიდის მოწიწებით ახსენებს ხოლმე და მათ უწოდებს სახარების და ღვთის სამსახურის ერთგულ და ჭეშმარიტ დამცველებს. ხალხს ავედრებს წმიდა საიდუმლოთა ხშირად მიღებას და ყოველდღივ წმიდა წირვას ესწრება. ძლიერ უკვირს, რომ კათოლიკები ისე მტკიცე და თავგანწირულნი არიან ქრისტეს სარწმუნოების გავრცელებისათვის და რომ მზად არიან ამისათვის თავი დასდონ და სისხლი დაღვარონ ხოლმე.
5. ვინაიდან დედა მისი იმდენათ კეთილმორწმუნე იყო, რომ სპარსეთის მეფის ბრძანებით, სარწმუნოების გამო სისხლი დაღვარა საკვირველის მხნეობით, ამიტომ დიდი იმედია, ესეც განათლდეს ზეციერის მადლით, რათა დაუტევოს ძველი შეცდომილების გზა და თავისი ერითურთ შეუერთდეს რომის ეკლესიას. იმდენათ უფრო მოსალოდნელია, რომ ღვთის განგებულებით რომაელი მისიონერები მოვიდენ ამის სამთავროში იმ დროს, როდესაც იქაურობა მთლად გავერანებული იყო და როდესაც კაცობრივი სიბრძნე ურჩევდა საქართველოს სხვა სამთავროებში მოსულიყვნენ, ვიდრე მის სამეფოში.
6. ამ საერთო შეერთების იმედს ისიც გვაძლევს, რომ მისი ერის უმეტესი ნაწილი ძლიერ მიდრეკილია კათოლიკობისა და რომის წესებისადმი, ასე რომ, როდესაც ჩვენს ქადაგებას ისმენენ და წირვა-ლოცვას ესწრებიან, ცრემლ მორეულნი ყურად იღებენ ამ ეკლესიის წესებს და მისის სიყვარულით აღტაცებულნი არიან“.
მისიონერმა კარდინალებიც ნახა, მათაც მოახსენა ყველაფერი და დაარწმუნა, რომ თეიმურაზ მეფე, დედოფალი, საქართველოს კათალიკოსი და მრავალი ქართველობა რომის ერთგული და მორჩილი არიო. შემდგომ აღჭურვილმა მათის წყალობით პატრი პეტრემ ბევრნაირი საჭირო უფლება და ეგრეთვე ნივთიერი შემწეობაც მოიპოვა. სხვა უფლებათა შორის იმის ნებართვაც გამოიტანა, რომ საქართველოში მისიონერებს ლათინური არა მარტო ლოცვები, არამედ თვით ლათინური წირვაც ქართულს ენით ეთქვათ, ისე როგორც ნახჩევნის სომხის კათოლიკებს ჰქონდათ ნება ლათინურის წესის სომხურის ენით აღსულებისა. აქ საჭიროდ ვთვლით პატრი პეტრეს მგზავრობისათვის სიტყვა ცოტას ხნით შევაჩეროთ და მის ახალ ამხანაგებს ყურადღება მივაქციოთ.
როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ მისიონერები მოვიდენ საქართველოში თუ არა, მალე აცნობეს რომაში მშვიდობით ჩამოსვლა, თეიმურაზის მიერ კარგად მიღება და ერის მიდრეკილება კათალიკობისადმი. როგორც შემდეგი დროის წერილებიდან სჩანს, მეფეს და კათალიკოსსაც მისიონერებთან ერთად წერილი მიუწერიათ რომში. ეს პირველი წერილები დაკარულია და ჯერაც მათი კვალისათვის არ მიგვიგნია. ამ პირველი ამბავის მიწერისათანვე გამოითხოვეს სხვა ახალი მისიონერები. პროპაგანდამაც საჩქაროდ მოამზადა ორი მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩი და არქანჯელო ლამბერტი, რომლებიც 18 ოქტომბერს 1630 წ. წავიდენ მესინას, რათა იქიდან დასდგომოდენ აღმოსავლეთის გზას საქართველოში შემოსასვლელად. არც მათი მგზავრობა იცოდა პატრი პეტრემ და არც ამის რომს გაბრუნება იცოდენ იტალიაში, ისე რომ მალთაში შეხვდა პეტრე ავიტაბილე იმ ორ ახალ მისიონერს, რომლებიც ერთმანეთს მალე განშორდენ. რა გამოიარეს არზრუმში, მრავალნი ქართველნი ნახეს, რომლებიც იქ ცხოვრებდენ და რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი ქართველი ეპისკოპოსი აზრუმელად წოდებული8. ისინი ჩავიდენ გორს 12 მაისისას 1631 წ. მათი მოსვლა ყველასათვის სასიხარულო შეიქმნა. ორი დღის შესვენების შემდგომ ენახულნენ მეფეს, რომელიც იყო საპორწელში (Saporzeli), გორიდან ერთი დღის სავალზე, სადაც მოელოდა ქუთაისის მეფეს ალექსანდრეს, რომლისათვისაც უნდა მიეთხოვებინა თავისი დაქვრივებული ქალი, ზურაბ ბეგის ნაცოლარი. იქ მეფესთანვე მოსულიყვნენ, ქორწილზე დასასწრებლად, დიდძალ თავად-აზნაურობას გარდა, ზაქარია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და მონასტრის წინამძღვარნი. მისიონერებმა, ჩვეულებისამებრ, ჯერ მიუგზავნეს მეფეს საჩუქრები: ერთი მშვენიერი სამზილიანი საათი, რომელიც ჩარექებსაც რეკდა, რამდენიმე მწვანე და ოქროცურვილი შუშის ჭურჭელი, ოთხი მშვენირი ხატი, საუცხოვო სარკე, რამდენიმე კრიალოსანი და ორი წყვილი ხელთათმანი. მოგზაურს პეტრე დელლა-ვალლესაც გამოეტანებინა თეიმურაზისათვის სათავაზებლად ერთი მშვენიერი წმიდა გიორგის ხატი, აბრეშუმით და ოქროთი შემკული და ერთიც ძვირფასი კრიალოსანი დედოფლისათვის. ეგრეთვე დედოფალსაც მიართვეს სარკე, მოქარგული ხელთათმანები და ბევრი სხვადასხვა კრიალოსნები. შემდგომ ამისა წარსდგნენ მეფის წინაშე, რომელმაც, დიდებულთა თანადასწრებით, მიიღო დიდის სინარულით და მადლობა მოახსენა საჩუქრებისათვის; ეგრეთვე დიდათ დაუმადლა, რომ ყოველგვარი შეწუხება გამოიარეს, რათა მის სამეფოში მოსულიყვნენ. მეფემ იგინი მაშინვე სადილად მიიწვია, ყველას თავს დასხა: მარჯვნივ იგინი და მარცხნივ იქ მყოფი ეპისკოპოსები. ეგრეთვე სთხოვა მათ, რომ იქ დარჩენილიყვნენ თავისი ქალის ქორწინებამდე, მაგრამ მათ არ ინებეს და მალე გამობრუნდენ გორს. მეფეს გადასცეს ორი წერილი ერთი პაპისა და ერთიც პროპაგანდისა. პაპის წიგნი ვერ ვპოვეთ და არც ვიცით, თუ რა იყო მისი შინაარსი. მხოლოდ პროპაგანდის შემდეგი წიგნი გვაქვს ხელში.
„იბერიის, ანუ გიორგიანების მეფეს.
ჩვენმა წმიდა პაპმა და პროპაგანდის კარდინალებმა, თქვენ მიერ გამოცხადებულ გულკეთილ პატივსა და შეწყნარებაში, რომლითაც მიიღეთ მანდ მოსული თეათინელი პატრი პეტრე და მისი ამხანაგნი, სცნეს უწინდელი დიდიხნის სიყვარული, რომელიც ქართველ ერს აქვს წმიდა სამოციქულო საყდრისადმი, და ეგრეთვე ის პატივი, რომელიც აქვს თქვენს ხელმწიფებას ამავე საყდრისა და ხსენებული პროპაგანდის კრებისადმი, ვინაიდან ასე უფრო იმისთვის მოეპყარით, რათა უმეტესად შესწევნოდით მაგ მოძღვრებს. თქვენი საქციელი უფრო შესანიშნავი იმითია, რომ ეს ჰყავით თქვენის სამეფოს თვით ისეთი არეულ-დარეულობის დროს, როდესაც მოსალოდნელი არც კი იყო, რომ ასეთის გულკეთილობის თვალი გქონოდათ. პაპმა და პროპაგანდამ რა სცნეს თქვენი მეგობრული საქციელი, დიდათ კმაყოფალი დარჩნენ და პაპმა სამადლობელოდ ინება თქვენთან განსაკუთრებულის წიგნის გამოგზავნა და პროპაგანდამ თქვენი ხელმწიფებისადმი დიდის მადლობის მოხსენება. ალბად ღვთის განგებითაა, რომ ხსენებულ მამათა მისიონს ასე კეთილად დაუხვდენ, რათა იმათაც ანუგეშონ და სულიერი შემწეობა აღმოუჩინონ ერს, რომელიც ეგოდენ შეწუხეაშია. ამიტომ პაპმა და პროპაგანდამ ინებეს ამ მისიონერებს ორიც მიუმატონ პატრი იოსებ ჯუდიჩი და პატრი არქანჯელო ლამბერტი, რომლებიც არიან ცხოვრებით და ზნეობით სამაგალითონი, გაწვრთნილნი სხვა და სხვა საგნებში და უფროსიერთად საღვთისმეტყველოში მეტად დახელოვნებულნი. ამიტომ ესენი შეიძლებენ მაგ ორი მოძღვრის მაგივრობა გასწიონ და საჭირო სულიერი სამსახური გაუწიონ მაგ ძველ საქრისტიანოსა, თუ ვინიცობაა მათ სიკვდილი, ანუ სხვა რამ დიდი უბედურება ეწიათ, რაც აგრე მოსალოდნელია ამ ჩვენს საწუთრო ცხოვრებაში. აწ ჯერ არს, რომ თქვენმა ხელმწიფებამ მიხედოს სახიერების თვალით არა მარტო მათ დიდის ხნის გზავრობისაგან შეწუხებას, არამედ იმ სიყვარულსაც, რომლითაც სამოციქულო საყდარი ჰგზავნის მათ, მხოლოდ იმ აზრით, რომ მაგ ერის სულთა შეეწივნენ და გაუადვილონ განხორციელება იმ წმიდა მიზნისა, რომლისათვისაც წმიდა კრება მუდამ ფხიზლობს და შრომობს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენის ხელმწიფების ესედ ქველმოქმედების საქმეს ყოვლის მპყრობელი ღმერთი დააგვირგვინებს დიდებით სააქაოს წინაშე ყოველთა ქრისტიანეთა და შემდგომ საუკუნო ცხოვრებაშიაც; ეგრეთვე სამოციქულო საყდარიც თქვენ მარადის მადლობით მოგიხსენიებსთ. დანარჩენს კრების მაგიერ მოგახსენებენ ხსენებულივე მისიონერები. რომიდან, 31 აგვისტოს 1630 წ“.
ამ ორმა მისიონერმა ზაქარია კათალიკოსსაც მოუტანეს საჩუქრად ერთი საეპისკოპოსო ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოჭედილი მიტრა და ერთიც ოქრომკედის ძვირფასი ფილონი, მაგრამ ორივე ლათინურის ფორმისა. რა საკვირველია, არც ერთი გამოადგა კათალიკოსს, ამიტომ ორივე უთავაზა თეიმურაზ მეფეს. ეგრეთვე ამასაც გადასცეს პაპისა და პროპაგანდის წიგნი. პაპის ამასთან მოწერილი წიგნიც დაკარგულია, ხოლო პროპაგანდის წიგნი აი ეს არის:
„საქართველოს პატრიარქს.
„თქვენის მეუფების წერილი, სავსე სიყვარულით წმიდა საყდრისადმი და ეგრეთვე პატივისცემით, რომელიც აღმოუჩინეთ თეათინელ მოძღვრებს, პროპაგანდის კრებაზე განიხილეს და მეტად სასიამოვნოდ დაურჩათ პაპსა და კარდინალებს, რომელთაც ქება შეასხეს თქვენს გულმოდგინებასა და გულმხურვალებას. ამიტომ საჭიროდ დაინახეს, პაპმა განსაკუთრებული წერილით და კარდინალებმა ამ წიგნით პატივი გცენ და გამოუთქმელი მადლობა მოგახსენონ. ვინაიდან პროპაგანდამ თქვენს მეუფებაში ჰპოვა ეგოდენი გულმოდგინება და სიყვარული მაგ ერის სულის ცხონებისათვის თანა მოღვაწეობის გამო, ამიტომ რათა უფრო ნაყოფიერი ჰყოს ეგ თქვენი ერთგულება, ინება და გზავნის მანდ პატრი ჯუზეპე ჯუდიჩის და პატრი არქანჯელო ლამბერტის თეათინელებს, რომლებიც სამაგალითო არიან მოძღვრებით და ცხოვრებით, რათა თქვენის მფარველობით უფრო ხელი შეუწყონ ერის ცხონების საქმეს და შეიძლონ საჭირო სულიერი სამსახურის გაწევა, მეტადრე მაშინ, თუ ვინიცობაა მანდ მყოფ თეათინელებს სიკვდილი, ან სხვა რამ უბედურება ეწიათ. აწ ინებეთ და აღმოუჩინეთ მათაც თქვენი მოწყალება და მფარველობა და ყოველგვარი შემწეობა, რაც კი საჭირო იქმნეს სულთა ცხონებისათვის. გარდა ამისა, რომ ესეთი თქვენი სიკეთე დიდათ სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის, პაპი და კარდინალებიც სამუდამოდ თქვენნი მადლობელნი იქმნებიან, არასდროს დაივიწყებენ თქვენს ამაგს და კიდეც ეცდებიან, სამაგიერო მიაგონ თქვენს მეუფებას. ყოველისფერს უკეთესად მოგახსენებენ თვით ეს მისიონერები. რომიდან, 31 აგვისტოს, 1630“.
ამ წიგნთან ერთად გამოუტანებიათ რომიდან ერთი წიგნი საქართველოს მიტროპოლიტთანაც, მხოლოდ საქმე ის არის, რომ გამოურკვეველი რჩება, ეს მიტროპოლიტი რომელი უნდა იყოს, საქართველოსი თუ კახეთისა? ამ დროს საქართველოს მიტროპოლიტი სრულებით არ არის მოხსენებული მისიონერების წერილებში და არც ისა სჩანს, მისიონერებს რაიმე მიმართობა ჰქონდათ მასთან თუ არა. ხოლო, ის კი ვიცით, რომ კახეთის მიტროპოლიტთან ალავერდელთან დაახლოვებულნი იყვნენ. მაგრამ, როგორც ზემოდ ვთქვით, ალავერდელი პირველად კაის თვალით არ უყურებდა მისიონერებს და მათზე გადამტერებულ ბერძნებს თანაუგრძნობდა; ისიც ვიცით, რომ ალავერდელი ფარულად ცდილა ესენი თეიმურაზისათვის მოეშორებინა. არა სჩანს, ამას რაიმე სიკეთე ექნას მისიონერთათვის, მაშასადამე არც პრაპაგანდა მოსწერდა უსაბუთოდ ასეთ სამადლობელ წერილს. ვინაიდან მისიონერების პირველი წიგნები არა გვაქვს ხელში, ამიტომ, შეიძლები ვთქვათ, რომ ალავერდელმა პირველად მისიონერებს, თუ ნივთიერად არა, მოქალაქობრივად მაინც რაიმე სიკეთე უყო, რადგან პატივს სცემდა მისიონერებს, რომელნიც განათლებულ-განსწავლულნი პირნი იყვნენ. ამიტომ ჩვენა გვგონია, რომ ეს წერილი ალავერდელ მიტროპოლიტთან უნდა იყოს მოწერილი.
„საქართველოს მიტროპოლიტს.
პროპაგანდის კრების კარდინალებმა თეათინელ მოძღვართა მანდაური მისიონის წარმატება და საზოგადოდ მათი ყველა კაი ამბავი ჩათვალეს ცხად ნიშნად იმისა, რომ მაგ მისიონს ყოვლის მპყრობელი ღმერთი განსაკუთრებით სწყალობდა. ამათ იმედი ჰქონდათ, მანდაური ერიც მიიღებდა მისიონერებს პატივით და სიყვარულით, მაგრამ ის კი არ ეგონათ, რომ თქვენი მეუფება ეგოდენ პატივსა და სიყვარულს აღმოუჩენდა. ამიტომ ჩვენმა ბატონმა კარდინალებმა ინებეს, რათა განსაკუთრებითი მადლობა მომეხსენებინა თქვენთვის მათი სახელით, რასაც სიხარულით ვასრულებ ამ წერილის საშუალებით. თქვენმა ქცევამ ისინი დაარწმუნა, რომ სავსებით ზრუნავთ თქვენდამი მონდობილის ერის ცხონებისათვის; ამიტომ ინებეს გამოგზავნა თეათინელთა პატრი ჯუზეპე ჯუდიჩის და არქანჯელო ლამბერტისა, რათა არა მარტო მოუარონ სულიერად მაგ ერსა, არამედ, სიკვდილის, ან სხვა რამ უბედურის შემთხვევის დროს, დაიჭირონ მანდ მყოფის მისიონერების ადგილი. მაშ კეთილ ინებეთ, ნახეთ ესენი და სიამოვნებით მოუსმინეთ, ეგრეთვე ხელი შეუწყეთ, რათა შეიძლონ ღვთის სამსახურის მანდ უფრო ადვილად შესრულება. ესეთი თქვენი შემწეობა დიდათ სათნო საყოფელი იქმნება პაპისათვის და ჩვენთა ბატონთა კარდინალთათვის, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის. ვავალებ ზემოხსენებულ მამებს, პირადად უფრო ბევრი რამ მოგახსენონ. რომიდან 31 აგვისტოს, 1630 წ.“.
ზემოდ ბევრ გზის დასახელებულ მონაზონს ნიკიფორე ერბახს საქართველოში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა თავისი სიტყვითა და საქმით, ამიტომ რომიდან მასაც სწერენ განსაკუთრებით და იმ ორი მისიონერის თავს მას აბარებენ:
„მამა ნიკიფორე ერბახს.
ვინაიდან პროპაგანდის კრებამ კარგად დაიხსომა თქვენი ბრძნული მოქმედება და განსაკუთრებული გულმოდგინება, რაიცა აქ ყოფნის დროს გამოიჩინეთ საქმეთა წარმოებაში, მანდ მისიონის დასახმარებლად გზავნის რა პატრი ჯუზეპე ჯუდიჩის და არქანჯელო ლამბერტის, ისარგებლა ამ შემთხვევისაგან და ინება გაგახსენოსთ თავისი თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული; მასთანვე გავედრებს ამ მამებს და გთხოვს, თქვენც ხელი შეუწყოთ მათ მოძღვრებას და ერთგულებას, რათა მაგ სამეფოში შეიძინოთ ერი და მიაგოთ სამსახური წმიდა საყდარსა, რომლის პატივისათვისაც თავს იდევით ეგრეთი შორი და განსაცდელიანი მგზავრობა და რომელმაც თქვენი სახელი საქებური გახადა. მათვე ვანდობ, რათა პირადად ყველაფერი მოგახსენონ. რომიდან, 31 აგვისტოს 1630 წ.“.
ესეთი თავის გასაცნობელი წიგნები უნაყოფოდ არ დარჩენილა. ახალ მისიონერებს საჭირო მფარველობა არ აკლდათ, ამიტომ ერთგულად შეუდგნენ ხალხის გაკათოლიკებისათვის ცდასა და შრომას.
მისიონერებმა გორში თეიმურაზის მიერ ნაბოძარის ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმიდა პეტრეს ეკლესია უწოდეს. მერე სანამ ქართულს შეისწავლიდენ, ქადაგება თათრულის ენით დაიწყეს. ხალხი ისე ბლომად მოდიოდა რომ ეკლესია ვეღარ იტევდა, ყველანი დიდის გულმოდგინებით უსმენდენ და მოწიწებით მისდევდენ მათ სწავლა-დარიგებას. ამის შესახებ ერთი ყურადსაღები წერილი გაუგზავნიათ რომას. ის წერილი ხელთა გვაქვს, მაგრამ უთარიღო და ხელმოუწერელია. ხოლო ვფიქრობთ, ლამბერტისა იყოს, 1632 წ. გაგზავნილი. წერილში ეს გარემოებაა აღწერილი: „ქართველები, რომლებსაც ჩვეულებად არა აქვთ ეკლესიაში ხშირად სიარული, როდესაც კი მოდიან, ძლიერ უხამსად იქცევიან, ჩვენის მამების ქადაგებით, სულ მთლად გამოიცვალნენ. მისიონერებმა ჩააგონეს, თუ რაოდენის მოკძალებით და პატივით უნდა იყვნენ ხოლმე ღვთის სახლში. ამიტომ ახლა ხშირად მოდიან ჩვენთან და მოკრძალებით ესწრებიან ყველაფერს; ღვთის სიტყვას სასოებით ისმენენ და გვემორჩილებიან; წირვაზე და სხვა ღვთის მსახურებაზე დიდის მოწიწებით და კრძალვით დადიან. ასე რომ ერთიანად გამოიცვალნენ და ის აღარ არიან, რაც უწინ იყვნენ, რაიცა ცხადად მოწმობს, თუ რამდენად იმოქმედა მათზე ღვთის ძლიერებამ და მადლმა... ქართველები, რა ხედავენ, მეფე-დედოფალი და პატრიარქი ესოდენ დიდ პატივსა, გულკეთილობას და სიყვარულს უცხადებენ ჩვენს მისიონერებს, ამნაირის მაგალითით წაქეზებულნი, ცდილობენ მათ მიჰბაძონ და მათსავით მოეპყრან პატრებს. ეს ხალხი ჩვენდამი პატივისცემისა და მორჩილების გამოცხადებით ცდილობს მეფესა, დედოფალსა და პატრიარქს აამონ და მათი გული მოიგონ. ეგრეთვე როდესაც მეფე მათ ავედრებს მისიონერებსა და ეუბნება ისე მოეპყარით, როგორც წმიდა კაცებსაო, იმათ მეფის ესეთი დავედრება ბრძანებად მიაჩნიათ და მოვალედ სთვლიან თავიანთ თავს, დაემორჩილონ მისიონერებს და დაიცვან მათი დარიგებანი. ამიტომ სასიქადულოდ მიაჩნიათ პატრების მიცემული დარიგების ერთგულად ასრულება“.
პატრი პეტრე ავიტაბილემ რა მიიღო საქართველოში წამოსაღები. საჭირო წერილები და აგრეთვე რაც კი სჭიროდა, დაუტევა რომი და შემოიარა იტალიაში თავისის წესის მონასტრები, რათა საქართველოსთვის ახალი მისიონერები ეშოვნა. მოკლე ხანში წამოსაყვანად შეჰკრიბა ექვსი მოძღვარი: პატრი იერონიმე კარაფა, პატრი ქრისტეფორე კასტელი, პატრი ჯუსტო პრატო, პატრი ანტონ ჯარდინა, პატრი სერაფინო ფილენჯიერი და პატრი ვინჩენცო კარაფა; იმათთანვე იყვნენ ორნი მორჩილნი ძმანი: ძმა გაითანო ქორლიტო და ძმა მათე ფლორენო. მისიონერები თავიანთ წერილებში ზოგჯერ ამ ექვსის მღვდლის მაგიერად იხსენიებენ მარტო ოთხ მღვდელს. ესენი ყველა ერთად პატრი ავიტაბილესთან მესინიდან 9 ოქტომბერს, 1631 წ. წამოვიდენ და ჩამოვიდენ გორს 10 ივლისს 1632 წ. როგორც წინა მგზავრობაში, ისე ახლაც ოსმალებმა დიდი შეწუხება მიაყენეს, ისე რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. რაც ჰქონდათ, ყველაფერი გზაში წაართვეს, გარდა ცოტაოდენი ფულისა, რომელიც შემთხვევით გადარჩა ოსმალების გაუმაძღრობას. აზრუმს რომ მოვიდენ, იქ ცოტა სული მოითქვეს, სომხებისაგან შემწეობა მიიღეს და მათგან სახარჯო ფულიც ისესხეს. იქიდან ტფილისში მომავალ ქარავანს გამოჰყვნენ. აზრუმიდან საქართველოში შემოსასვლელად ორი გზა იყო, ერთი ყარსიდან და მეორე არტაანიდან. ორსავე ადგილს ოსმალები მგზავრებს ხარჯს ახდევინებდენ. ქარავანი არტაანის გზით წამოვიდა, მაგრამ არტაანს არ შეიარა, სხვა გზით აუხვია, რათა ხარჯი არ გადაეხადა.. ქარავნის წინამძღვრები ტფილისის მცხოვრები სომხები იყვნენ. ეს რა შეიტყო არტაანში მყოფმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა საფარ ფაშამ (ახალციხის ათაბეგია, მაგრამ იმ დროს ახალციხე სპარსელებს სჭერიათ და არა ოსმალებს, ამიტომ ის ფაშა არტაანში ყოფილა), საჩქაროდ გაგზავნა ჯარი და მთელი ქარავანი და მასთან ერთად ის პატრებიც დაატყვევა. იმ დროს ფაშის მკურნალი იყო ერთი ფრანგი, ივანე პორსელი, პატრების ნაცნობი. იმან რა ნახა პატრები, მაშინვე ფაშას გააცნო, თუ რა პატიოსანი პირნი იყვნენ. ფაშამაც დიდად პატივი სცა და უკანვე დაუბრუნა, რაც მის ჯარის კაცებს წაერთმიათ. ეგრეთვე მათი თხოვნით, სომხებსაც, რომლებიც მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაესაჯა, ბევრი აპატივა და მათი საქონელიც უკან დაუბრუნა, მაგრამ, რაც გადასახადი იყო, სრულიად გამოართვა. პატრები დიდის პატივით გაისტუმრა, ქარავანსაც ნება მისცა წასვლისა. სომხები სიკეთის მაგიერ, იმ პატრებს გადაემტერნენ და თავიანთი დატყვევება და ხარჯის გადახდა მათ დააბრალეს. გზაში ისინი მისცვივდენ პატრებს და, რაც ჰქონდათ თუ ფული და თუ ნივთი, ყველაფერი წაართვეს. ესედ ცარიელი პატრები მივიდენ გორს. შესვენების შემდგომ წარსდგნენ მეფესთან, მიართვეს ის ცოტა საჩუქრები, რაც გადარჩენოდათ ოსმალების და სომხების წაგლეჯისაგან; მასთანვე გადასცეს პაპისა და პროპაგანდის შემდეგი წერილები.
„პაპი ურბანო მერვე იბერიის მეფეს.
ბრწყინვალე და უძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი.
თქვენი სახელგანთქმულობა და თქვენის შესანიშნავის გამარჯვების ხმა თქვენის ქვეყნის საზღვრებს გამოსცდა, გამოიარა ევროპის ქვეყნები, ხმელთაშუა ზღვის მღელვარე ტალღები და მოაწია რომის მღვდელმთავრამდე, რომელიც დიდად ანუგეშა. თქვენი დიდებულება კარგად ხედავს, რომ თქვენი სამთავრო ახალისა და ზეციური სიმტკიცით შეიჭურვა და აღარც მოაკლდება მას ანგელოზთა გუნდის შემწეობა, ვინაიდან ვატიკანის მღვდლები სიხარულით მოდიან მანდეთკენ ხალხის საცხონებლად მოღვაწეობისათვის. სარწმუნოება, რომელსაც ისინი ჰქადაგებენ, არის მფარველი მეფეთა და მაცხოვრებელი ერთა. უკეთუ, საბედნიეროდ, ეს სარწმუნოება მოეფინა მთელს თქვენს პროვინციებს, მაშინ ნახავთ, მძვინვარება მოისპოს, მშვიდობა დამყარდეს, არეულობა დასცხრეს და გულისთქმანი დაწყნარდენ. თქვენი წიგნის მომტანმა ჩვენმა საყვარელმა შვილმა პეტრე ავიტაბილემ დაგვარწმუნა, რომ თქვენს ხელმწიფებას მოახსენებს ყოველ რჩევას და დარიგებას, ჩაგონებულს ზეციერის სიბრძნის მიერ. აწ ვთხოვთ მოწყალე ღმერთს, აკურთხოს თქვენი მეფობის სკიპტრა, მისმა ყოვლის მპყრობელმა მკლავმა განაძლიეროს თქვენი ხმალი და თქვენი მხედრობა და გაამარჯვებინოს, როგორც უწინ გაამარჯვებინა დიდს კონსტანტინეს, რომელსაც ივერია თავის სარწმუნოებრივის განათლების მიზეზად სცნობს. რა დაუწყო პატივისცემა სამღვდელოებას, მაშინვე იხილა ცაში თავისი გამარჯვების ნიშანი, წმიდა ჯვარი, რომლის ძალითაც განაბნია მტერნი და რომელსაც ეკლესია თაყვანსცემს და დაუსვენებია რომის მამამთავრის გვირგვინზედ. როდის გვეღირსება, თქვენ გეამბოროთ, ვითარცა განსწავლულს კონსტანტინე მეორეს? როდის გამობრწყინდება სიხარულისა და ცხოვრების დღე, რომ წარმოგვივლინოთ თქვენი ღვთის მოშიში ელჩები, რათა თქვენ მაგიერ გვემთხვიონ მეფეთა ამბორით გაკეთილშობილებულ მოციქულებრივ ფეხთა? როდის იქმნება, რომ კათოლიკე უძლიერესთა მეფეთა თავიანთი სულიერი ძმა გიწოდონ? მაშ, ნუღარ აყოვნებთ, სძლიეთ ყოველ სიძნელესა. როგორც უწინ იბერიის სამეფო იყო თეატრი თქვენის გამარჯვებისა, ისე ახლა ვატიკანი შეიქმნას ტაძრად თქვენი სარწმუნოებისა. რომა დიდის აღტაცებით მიიღებს თქვენს სანატრელ ელჩებს, როდესაც აქ წმიდა პეტრესადმი მორჩილების გამოსაცხადებლად მოვლენ, იმ პეტრესადმი, რომელსაც შეჰყავს მეფენი საუკუნო ბედნიერებისა და გამარჯვების სასუფეველში. იმედი გვაქვს ჩვენი ცხოველი ნატვრა აღგვისრულოს ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა, რომელსაც ლოცვათა შინა დაუცხრომელად გავედრებთ თქვენა და თქვენს სამეფოსა. ამიტომ გვნებავს, ისევ მობრუნდეს თქვენთან მღვდელი პეტრე ავიტაბილე, რომელიც, როგორათაც სცნობთ, აღვსილია სიყვარულით და სახარებრივის გულმოდგინებით და რომელსაც, იმედია, არ მოაკლოთ თქვენი მფარველობა, რადგან თქვენის დიდებულებისათვის არავითარ შეწუხებას ერიდება და კისრულობს ასეთის განსაცდელით აღსავსე მგზავრობას. თუ ეს და თუ მანდ მყოფნი თეათინელი და აგვისტინიანების პატრები მართლაც რომ ღირსნი არიან თქვენი დიდებულების წყალობისა. მათ დასტოვეს ყოველი სიკეთით სავსე თავიანთი სამშობლო, ნათესავები, საყვარელი მეგობრები და მანდეთ წამოვიდენ არა იმისთვის, რომ შეჰკრიბონ ქვეყნიერი სიმდიდრე და ისიამოვნონ, არამედ იმისთვის, რომ ჯოჯოხეთებრივ მგლებს გამოსტაცონ პირიდან თქვენის ერის სულნი და შეუერთონ ქრისტეს სარწმუნოებას9. იგივე პატრი პეტრე თქვენს დიდებულებას უფრო ვრცლად მოახსენებს ყოველ ჩვენს აზრსა. ღმერთსა ვთხოვთ, მოგმადლოთ სულის წმიდის ნიჭით სავსე ბედნიერება. რომიდან. 21 ივნისს, 1631. მღვდელმთავრობის მერვე წელსა“.
როგორათაც სჩანს ამ წერილიდან, პაპი არ დათანხმებულა, რომ თეიმურაზს მხოლოდ კერძოდ აღეარებინა კათოლიკობა და ამიტომ სთხოვს კათოლიკე სარწმუნოება საქვეყნოდ და დაურიდებლად აღიაროს. ამას იმიტომ სთხოვს, რომ თეიმურაზმა პაპს სთხოვა, რომ იგი საქვეყნოდ კათოლიკე მეფედ შეერაცხა და სხვა კათოლიკეთა მეფეთა რიცხვში ჩაეთვალა. თეიმურაზმა ვერ შეასრულა პაპის ასეთი მოთხოვნილება, არა იმიტომ, რომ იგი კათოლიკობაზე მიდრეკილი არ ყოფილიყოს, ან არ სდომებოდეს; არა. ამის წინააღმდეგობა ბევრნაირად დაამტკიცა; არამედ უფრო იმიტომ ვერ აღასრულა, რომ, სამწუხაროდ, თავისი სამეფოს მშვიდობიანობით ბევრ ხანს ვერ დასტკბა, რის გამო აღარ დასცალდა, რომ საქვეყნოდ თვითონ სამეფოიანად შეერთებოდა კათოლიკე ეკლესიას. პროპაგანდამაც თავისი მხრით თეიმურაზ მეფეს ეს წერილი გამოუგზავნა.
„იბერიის მეფეს თეიმურაზს.
თეათინელმა პატრი პეტრემ პროპაგანდის კრებას მოახსენა, რომ თქვენს ხელმწიფებას კეთილ უნებებია და მისა და მის ამხანაგთათვის დიდი პატივი და სიკეთე მიუგია. ამის შეტყობაზე დიდად განიხარეს ბატონმა კარდინალებმა. ამიტომ ინებეს, ამ წერილით მოგახსენოთ უდიდესი მადლობა. ეგრეთვე იმედი აქვთ თქვენის პატიოსნებისა, კვლავ გამოიჩინოთ გულმოდგინება და არ მოაკლოთ თქვენი წყლაობა მაგ სამოციქულო მისიონს. ამისათვის ევედრებიან ღმერთს, რათა ამ სიკეთისათვის, მოგაგოთ ფრიად უხვი სასყიდელი, შეგირჩინოსთ ეგ გულკეთილობა და სიყვარული. მაგ თქვენი სიყვარულის გამო ეს მოძღვარნი ჰკისრულობენ ესეთს შორს მგზავრობას, ყველანაირ შეწუხებას და განსაცდელს, რათა სამაგიერო მოგაგონ. ეგრეთვე დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რომ ბატონი კარდინალები მარადის დავალებულ იქმნებიან თქვენგან და ეცდებიან მოგაგონ მაგიერი თქვენის ხელმწიფების შესაფერი სამსახური, თუ სულიერად და თუ ხორციელად. რომიდან, 17 მაისისა, 1631“.
პეტრე ავიტაბილემ როგორათაც ზაქარია კათალიკოსის წიგნი წაიღო პაპთან, ისე მოუტანა პასუხიცა, რომელიც მოთავსებულია ამ ყურადსაღებ წერილში.
„პაპა ურბანო მერვე.
ზაქარიას, მთელის იბერიის მიტროპოლიტად წოდებულს.
ბწყინავდეს მაგ ერის გულთა შინა ქრისტე, მზე სიმართლისა. განიხარეთ მართალთა კრებულთან ერთად, ვინაიდან სააზიო იბერიაში გამოჩნდენ ყვავილნი ღვთის მადლისანი. ვსასოებთ, მანდეთკენ მალე დამწიფდეს ნაყოფი, რომელიც იქნება ტკბილი ბაგეთა ჩვენთათვის და ღირსი ანგელოსთა ტაბლაზე მისართმევად. მაგ შორეული პროვინციიდან მობრუნებული ჩვენი საყვარელი შვილი პეტრე ავიტაბილე თეათინელი მღვდელი, დიდის სიხარულით და მოციქულებრივის სიყვარულით მივიღეთ და მოვუსმინეთ. გვაუწყა, მანდ, ღვთის შემწეობით მოვლენილ რომის ეკლესიის მღვდელთათვის მეფესა და მიტროპოლიტს რა დიდი შემწეობა აღმოუჩენიათ. ვევედრებით სახიერ ღმერთს, რომელიც შემოჰკრებს გაბნეულ ისრაელის ერს, რათა, როგორც დაიწყო, ისე თვითვე შეასრულოს და ვატიკანის მთა-წმიდას შემოუერთოს იბერიის მეფე და ერი. ვინაიდან უფალმა ეს ადგილი აღირჩია სარწმუნოების ტაძრად, რათა მღვდელთ მთავრის კლიტით გაეღოს ზეციერი სასუფეველის კარი მორწმუნე ერთა. ყოველთა ტომთა დედაქალაქი რომა ელოდება ნუგეშისცემა მიღოს თქვენი სამეფოსაგან: თქვენი სახელი კიდეც განითქვა მთელს იტალიაში. დიდათ განიხარეს კარდინალთა კრებამ, გვირგვინოსან მეფეთა და კათოლიკე ეკლესიის ყველა რჩეულთა, როდესაც შეიტყეს, რომ საქართველოში თქვენის მეთაურობით ეკლესია დაარსდა ჩვენის მღვდლებისა. ეგ ეკლესია იქნება სამკვიდრებელი არა მარტო ზეციერთა სათნოებათა, რომელნიც ქვეყანას ბედნიერებას მიანიჭებენ, არამედ მანდედან მუდამ აღავლენენ ზეცად მეფეთა მფარველ ლოცვას, რათა მოუპოვონ ანგელოსთა გუნდთა შემწეობა და რათა ორკეცად გაიმარჯვოთ: სძლიოთ მტერთა და ეგრეთვე გულის თქმათა. გვნებავს, ესევე პატრი პეტრე თქვენთან მობრძანდეს, რათა მოგახსენოთ ჩვენი თქვენდა საკეთილდღეოდ ზრუნვა. ეს პატრი ღირსია, ქართველებმა, რაც შეიძლება, პატივი სცენ, რადგან თქვენის ცხოვნებისათვის სტოვებს თავისს სამშობლოს და ივიწყებს თავისს ნათესაობას. მისგანვე სცნობთ მიზეზსა, თუ რატომ არ მოჰყავს თან ამ საშიშო გზაში თქვენ მიერ ნათხოვნი მკურნალები და მხატვარნი. დიდათ ვნატრობთ, ყველაფერში ენდოთ და, რაც შეგიძლიათ, შეეწიოთ. სიკეთეს ღმერთი გადაგიხდით, რადგან თვითვე ბრძანებს, რომ ვინც ჩემს მღვდლებს სიკეთეს მიაგებენ და უცხოთ შეიწყნარებენ, მე თვითონ შემიწყნარებენო. უკეთუ თქვენს მფარველობას არ მოაკლებთ მანდ მყოფ თეათინელ და აგვისტინიან მღვდლებსაც, რომლებიც სათნოებით შემკულნი და სიყვარულით აღჭურვილნი არიან, მაშინ შეიქმნებით ღირსი ღვთის მოწყალებისა. ვთხოვთ მოწყალე ღმერთს თქვენსა და საქართველოს სამეფოს ბედნიერებას და აგრეთვე კათოლიკე სარწმუნოების გაძლიერებას. რომიდან, 21 ივნისს 1631 წ. მღვდელთ-მთავრობის მერვე წელსა“.
ამ ორი წიგნიდან ცხადათ სჩანს, რომ საქართველო უკვე მომზადებული ყოფილა რომის ეკლესიასთან შესაერთებლად. ამისი ცხადი საბუთი რომ არა ჰქონოდა პაპს, თავის დღეში არ მოიწერებოდა ასეთის შინაარსის წერილებს. პატრი ავიტაბილესთვის თეიმურაზს პირადად დაებარებინა (ისე ჰგავს, კათალიკოსსაც თავის წიგნში მოუხსენებია), რომ იტალიიდან მკურნალები და მხატვრები მოეყვანა, რათა უკანასკნელთ სპარსელებისგან გაფუჭებულ-დანგრეული ეკლესიები შეეკეთებინათ და მკურნალთაც ბოლო მოეღოთ იმ სენთათვის, რომელნიც მტრისგან აოხრებულ ქვეყანაში ხშირად ჩნდებოდენ ხოლმე. კაცნი, რომელთაც ითხოვდენ, იტალიაში ბევრი ეძებეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იშოვეს. მიზეზი ის იყო, რომ მოხელე ერის კაცნი მისიონერებსავით მოყვასის სიყვარულით არ იყვნენ გამსჭვალულნი, რათა სამშობლოში ყველაფერზე ხელი აეღოთ და შორეულს განსაცდელიანს მგზავრობას დასდგომოდენ. სხვადასხვა წერილებიდანაც ცხადათ სჩანს, რომ ამისთვის ბევრ პირს სთხოვეს, საჩუქარსა და სასყიდელსაც ბევრს დაჰპირდენ, მაგრამ ყველამ უარი უთხრა. ერთიც ვერ ჰპოვეს ისეთი, მისიონერებს გაჰყოლოდა.
პროპაგანდამ, როგორც მეფეს, ისე კათალიკოსსაც მოსწერა მადლობისა და თავის გასაცნობელი წერილი. წერილში თუმცა მარტო მიტროპოლიტია დასახელებული, მაგრამ ყოველ ეჭვ გარეშე საქართველოს კათალიკოსი ზაქარია უნდა ვიგულისხმოთ, ვგონებთ ალექსი „კათალიკოსი“ მიტროპოლიტად მიეღოთ.
„იბერიის მიტროპოლიტს.
კარდინალებმა თეათინელი პატრი პეტრე ავიტაბილესაგან მოისმინეს ყოველი პატივისცემა და სიკეთე, რაც თქვენმა მეუფებამ მიაგო მას. ამიტომ ინებეს, პატრი პეტრე თქვენთან უწიგნოთ არ გამოესტუმრებინათ, არამედ გამოუთქმელი მადლობა მოეხსენებინათ თქვენთვის ამ წიგნის მოწერით: ეგრეთვე გევედრებიან, მომავალშიაც არ მოაკლოთ მათ თქვენი გულკეთილობა და აღმოუჩინოთ მას და მის ამხანაგებს ყოველი შემწეობა, რასაც სასარგებლოდ და საჭიროდ დაინახავთ, რათა შეიძლონ მაგ ქვეყანაში ღვთის სამსახურის ადვილად აღსრულება და რათა თქვენს მეუფებასაც ემსახურონ სიყვარულით სულთა ცხონების საქმეში. ამითი დიდად დაავალებთ პროპაგანდის კრებას, რაც მეტადრე დიდათ სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის. ამიტომ ევედრებიან სახიერს ღმერთს, რათა მოგანიჭოთ ყოველივე მადლი და სულიერი შეწევნა, რაც კი საჭიროა მის საცნობლად და სამსახურებლად. რომიდან, 17 მაისისა, 1631 წ.“
როგორც ზემოთ ვთქვით, ნიკიფორე მონაზონი საქართველოში დიდ გავლენიან პირად ითვლებოდა და მისიონერებსაც ბევრს ეწეოდა, რადგან რომშივე მიეღო კათოლიკობა; ამიტომ პროპაგანდა მას არ ივიწყებს. როგორც თვით ნიკიფორე ხშირად სწერდა რომაში, ისე პროპაგანდაც მას წერილებს არ აკლებდა, როცა კი შემთხვევა მოიტანდა. ახლაც პროპაგანდამ პატრი ავიტაბილეს გამოატანა მასთან ეს წერილი:
„მამა ნიკიფორე ერბახს,
დიდის სიამოვნებით მოისმინეს კარდინალებმა მოხსენება ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენის შუამდგომლობით იბერიის მეფემ პეტრე ავიტაბილეს და მის ამხანაგებს მიაგო. მათ განიხარეს წმიდა მამასთან ერთად არა მარტო მინიჭებულის სიკეთის გამო, არამედ თვით თქვენის კათოლიკე გულმოდგინებისათვისაც, რაიც იმავე პატრი პეტრემ ყველაფერი დაწვრილებით გვაუწყა. ამისთვის კარდინალებმა მიბრძანეს დიდი მადლობა მოგახსენოთ, რასაც ვასრულებ ამ წერილით, ამასთანვე გთხოვ, მუდამ ერთგული იყოთ სარწმუნოებისა და ზემოხსენებულ მამებთან ერთად იღვაწოთ მანდაური ერის ცხონებისათვის, ეგრეთვე აღმოუჩინოთ მათ ყველა გვარი შემწეობა, რათა თქვენმა შრომამ, მეტაგრე დიდის მგზავრობის დროს გაწეულმა, გამოიღოს სანატრელი ნაყოფი და ღვთის წინაშე შეიქმნეთ დიდათ ღირსეული. ამიტომაც ღმერთს ვსთხოვთ თქვენთვის ყოველს სიკეთეს. რომით, 17 მაისისა, 1631 წ.“.
პატრი პეტრეს და მისი ამხანაგების მოსვლაზე, ხალხში ხმა გავრცელდა, ევროპიდან დიდძალი ფული ჩამოიტანესო. ხმამ თეიმურაზის ყურამდე მიაწია. იმ დროს თეიმურაზს დიდათ სჭიროდა ფული, ამიტომ პატრი პეტრე რომ ინახულა და გაისტუმრა, მაშინვე ორი თავისი კარის კაცი მიუგზავნა და შეუთვალა 10000 სკუდი მასესხეო. პატრი პეტრეს დიდათ გაუკვირდა მეფისგან თხოვნა. ფიქრადაც არც კი წარმოიდგენდა ამდენი ფულის მოტანას და თუ ჰქონდა ფული, სწორედ იმოდენი ჰქონდა, რომ დღიურის საჭიროებისათვის ჰყოფნოდა. ამიტომ შეუთვალა, ფული არა მაქვს და საიდან გასესხოო. მეფემ არ დაუჯერა და ხელმეორედ გამოუგზავნა კაცი ფულის სათხოვნელად. მაგრამ რაც არა ჰქონდა, მისგან აბა რას წაიღებდენ. ამის გამო ცოტა უსიამოვნება ჩამოვარდა მეფესა და პატრებს შუა. შემდგომ პატრი იაკობ, რომელიც მეფეს დიდათ უყვარდა, წარსდგა მის წინაშე და კარგად აუხსნა, რაიმე რომ გვქონდეს არაფერს დავზოგავთ თქვენთვის, რადგან თქვენგან ბევრი სიკეთე გვახსოვს და დიდად დავალებული ვართო. რა დარწმუნდა მეფე, რომ ბერების მიერ დიდის სიმდიდრის მოტანის ამბავი უბრალო ჭორი იყო, ეწყინა და მდაბლად ბოდიში და შენდობა მოსთხოვა პატრებს. ამ შემთხვევამ მაინც კი სამწუხარო გავლენა იქონია თეიმურაზზედ, რადგან ცოტა არ იყოს გული გაუგრილდა და ამის შემდგომ აღარ უცხადებდა იმ ერთგულებას, რომელიც აქამდე ბევრნაირის საქმით დაუმტკიცა.
იმ დროებში ზაქარია კათალიკოსსა და მიტროპოლიტს ალავერდელს შუა უთანხმოება ჩამოვარდა. ალავერდელს, როგორც მთა წმიდის ბერძნებში განსწავლულსა და მათის წესების მიმდევარს, გამოეცხადებინა ყველგან, ქართველის მღვდლების მიერ შესრულებულ ნათლიღებას ძალა აღარა აქვსო, რის გამოც ბევრი წარჩინებული ქართველი მისგანვე ხელმეორედ მოინათლა. ზაქარია კათალიკოსი კი ალავერდელის აზრისა და ქცევის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ხალხის ხელმეორედ მონათვლა აუკრძალა. ამით რომ ვერას გახდა, შეაჩვენა კიდეც ალავერდელი და მწვალებელი უწოდა, რადგან იგი მეორედ ნათლავდა ხალხს. ეს რომ შეიტყეს პატრებმა, გულმოდგინებით გამოიძიეს ქართველი მღვდლების მიერ ნათლიღების შესრულება და რამდენიმე გზის კიდეც დაესწრნენ ნათლიღების შესრულებას. ყოველივე კარგად რომ ნახეს, დარწმუნდენ, რომ მათი ნათლიღება ბერძნების მიერ შესრულებულ ნათლისღებაში ბევრად გაირჩეოდა, რადგან მღვდელი თურმე მარტო ლოცვებს კითხულობდა წყალზე და ლოცვებს რომ გაათავებდა, წავიდოდა; ხოლო იქ დამსწრენი შემდგომ ნათლავდენ ბავშს ლოცვის წარმოუთქმელად და ნათლიაც მირონს სცხებდა. ესე ყველა რომ შეიტყეს კარგად, თვითონაც დარწმუნდენ, რომ ნათლისღება მართლა უკანონოდ შეუსრულებიათ მღვდლებს და ალავერდელი გაამართლეს. მერე ეცადენ და როგორც იყო, ორთავ შორის მშვიდობა დაამყარეს. ამ გარემოების შემდგომ პატრებმაც დაიწყეს ხელმეორედ მონათვლა თუ ახალგაზდებისა და თუ ბავშებისა, რომლებიც მშობლებს სიხარულით მოყავდათ მათთან მოსანათლავად.
ზემოდ ვნახეთ, რომ პაპი თავის მესამე წერილში თეიმურაზს უმეორებდა, კათოლიკე სარწმუნოება საქვეყნოდ აღიარე და ეცადე ყველა შენი ქვეშევრდომნიც შენს გზას დაადგნენო. თხოვნა თეიმურაზმა ვერც წინედ შეასრულა და ვერც ახლა იმ მიზეზების გამო, რომლებიც ზემოდ დავასახელეთ, ესე იგი, ეშინოდა, ორგულ თავადებს ხელზე არ დაეხვიათ და ხელმეორედ არ გასდგომოდენ. გარდა ამისა, თეიმურაზს აღარ დასცალდა, შემდეგში შესაფერი დრო შეერჩია და ამნაირად თუ თავისი და თუ პაპის სურვილი აესრულებინა. ჯერ მისმა სიძემ ქართლის ერისთავმა ზურაბ ბეგმა დაუწყო ორგულობა, მიიწვია სიმონ ტფილისის ხანი და თეიმურაზის მაგივრად საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ამ ამბის შეტყობაზე თეიმურაზმა შემოიკრიფა ჯარი და შეება რამდენჯერმე, მაგრამ ვერაფერი გააწყო, რადგან ბევრი მისი თავადი სიმონს მიემხრო. ამისთვის დამარცხდა, საქართველოს მეფობაც ჩამოერთვა და კახეთიღა დარჩა. გარნა სამეგრელოდან მოსულმა ზებედე მონაზონმა ცხარედ ამხილა ზურაბ ერისთავს, ქრისტიანე მეფის ადგილას გამაჰმადიანებულის სიმონ ხანის დაყენებისათვის. მხილების ზეგავლენით ზურაბმა მალე შეინანა თავისი ცოდვა, სიმონი ღალატით მოაკვლევინა, შეურიგდა თეიმურაზს და დაუბრუნა ჩამორთმეული ადგილები.
ეგრეთვე ბერძნებიც, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, მისიონერების მიზეზით არ ასვენებდენ არც მეფეს და არც ერს. მათმა განუწყვეტელმა ჩიჩინმა საკმაოდ დააფიქრა თეიმურაზ და გული ააცრუვებინა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბერძნის პატრიარქნი თავიანთ მოციქულებს ხშირად ჰგზავნიდენ თეიმურაზთან და ხან ემუქრებოდენ და ხანაც აქეზებდენ, მისიონერები შენი სამეფოდან განდევნეო. ბერძნებს უფრო იმის დარდი აწუხებდათ, არ დაჰკარგოდათ ის დიდი შემოსავალი, რომელიც საქართველოდან გაჰქონდათ ყოველ წლივ. პატრი არქანჯელო ლამბერტი, 12 თებერვალს 1634 წ. (ეს თარიღი სწორე არ არის, უნდა იყოს 1633 წ.) ბერძნების პატრიარქის მოქმედების შესახებ ასე სწერს რომში თავის უფროსს:
„მეც თან წავყევი და რომ მივედი მეფესთან, თავისი ჩვეულებისამებრ, ალერსიანად მიგვიღო, თუმცა სწორედ იმ დროს იერუსალემის პატრიარქისგან მიეღო ერთი საჩუქარი და წერილი, რომელიც განგებ მოეტანა ერთ ბერძენს. იმ წერილით პატრიარქი თეიმურაზს სთხოვდა, შევიტყე, რომ თქვენს სამეფოში მიგიღიათ ფრანგი კათოლიკები; რაც შეიძლება საჩქაროდ განდევნეთ ეგენი მანდედან, რადგან ეგენი ისეთი ხალხია, რომ კაცს ადვილად მოატყუებენ, შავს თეთრად დაანახვებენ და თეთრს შავად მოაჩვენებენ, ვინაიდან ფილოსოფიაში ძლიერ დახელოვნებული არიანო. პატრიარქსაც (საქართველოს კათალიკოსსაც) მოსწერა იმის მაგვარი წერილი. მაგრამ არც ერთზე ჰქონია გავლენა და არც მეორეზე“.
იმ დროს საქართველო ბერძნებს ყოველ წლივ თურმე მოწყალებად აძლევდა ექვსიათასს სკუდსა იერუსალემის წმიდა ადგილებისათვის.
დასასრულ, თეიმურაზმა ვეღარ შეასრულა პაპის სურვილი იმიტომ, რომ როდესაც როსტომ ხანი 130000 ჯარით შემოესია საქართველოს, იძულებული გახდა თავისი თავისათვის ეშველა, არა თუ პაპის სურვილის ასრულებისათვის ეზრუნა. რა ნახა თეიმურაზმა, რომ თავისი ერისთავები და ჯარი ვეღარ შეჰკრიბა სპარსელების შიშის გამო, 18 თებერვალს 1633 წ. დაუტევა საქართველო და დედოფლით, კათალიკოს-ეპისკოპოსებით და სამასამდე დედაკაცით შეეხიზნა თავის სიძეს იმერეთის მეფეს. ამ გარემოებამ ბოლო მოუღო როგორც მის მეფობას, ისე მისიონერთა იმედებსაც, საქართველოს ერი რომისათვის შეერთებინათ. მისიონერები ამასაც დასძენენ: რადგან თეიმურაზმა ამ ბოლო დროს ჩვენზე გული აიცრუა და წინანდელსავით აღარ გვეპყრობოდა ღმერთმა დასაჯა და სახელმწიფოზე ხელცარიელა დასვაო.
როგორც სჩანს, თეიმურაზ მარტო მისიონერებს არ გაორგულებია, არამედ თვით თავის ქვეშევრდომებთანაც სულ სხვანაირად დაუწყია თავის დაჭერა. აი რას მოგვითხრობს მისიონერების ისტორიკოსი თეიმურაზის შესახებ: „ის სულ სხვა კაცად შეიცვალა: ყველას მტრად გადაეკიდა, თავის ქვეშევრდომებს სასტიკად ეპყრობოდა, ახალი ხარჯი გააწერა და ყველაფერს ძალით ართმევდა; მისთვის სამართალი აღარ იყო. თავის კანონად თავისი სიხარბე და ჟინი გაიხადა“. როსტომი რა მიუახლოვდა გორს, მისიონერები წინ წარსდგნენ და პატივით მოიკითხეს. იმანაც დიდის პატივით მიიღო, დაუმტკიცა ყოველი პრივილეგია, რაც თეიმურაზისგან ჰქონდათ, გაამხნევა და დაჰპირდა თავის მფარველობასაც. ეგრეთვე ბრძანება გასცა, რათა არავის შეეწუხებინა პატრები. როსტომმა გორის ციხის აშენება დაიწყო და ორმოც დღეში დაასრულა კიდეც. იმდროსვე პატრებს სთხოვა გორის ციხის რუკა გადაეღოთ შაჰთან გასაგზავნად. თხოვნა შეუსრულა ახლად მოსულმა პატრი ქრისტეფორემ, რომელმაც მხატვრობა იცოდა. ციხესთან გადახატა გორის რუკაცა, რომელიც რომას გაგზავნა.
მისიონერები მოგვითხრობენ ერთს ყურადსაღებს ამბავს, რომელიც მომხდარა 1634 წელს. ერთი ახალგაზდა ქართველი 15 წლის ვაჟი, გაკათოლიკებული, სახელად ნასყიდა ლოპამონი, გორში პატრებს ემსახურებოდა. იმან რა ნახა მათი შინაური მონაზონური ცხოვრება, ძლიერ მოეწონა და დააპირა თვითონაც მათთან მონაზონად შედგომა, რათა მათსავით სათნოებით ეცხოვრა. რადგანაც ახალგაზდა ქალზედ უკვე დანიშნული იყო, მოინდომა მისი გაშვება. ამაზედ მოილაპარაკა პატრებთან და შეატყობინა თავისი დანიშნულის მამას, ჩემს მაგიერ სხვა სასიძო მონახე შენის ქალისთვის, რადგან საქვეყნო ცხოვრებაზე ხელი უნდა ავიღოო. ეს ამბავი ძლიერ სამწუხაროდ დაურჩა ქალის მამას, ბევრი ურჩია და ეხვეწა ჩემს ქალს თავს ნუ დაანებებო. ამითი რომ ვერაფერი გააწყო, მიმართა სომხებს, რომლებიც პატრებს მტრობდენ და უთხრა: თუ დღეს ქართველებს აფრანგებენ, ხვალ სომხებსაც ამასვე უზამენო. მაშინვე მას ბლომად შეუერთდენ სომხები, ძალით გამოიყვანეს პატრების სახლიდან ნასყიდა და ცემა-ტყეპით მიიყვანეს გორის ციხის უფროსთან, რომელიც იყო მაჰმადიანი. ამასთან რომ ვერაფერი გააწყეს, წაიყვანეს ტფილისს, დაასმინეს არა მარტო კათალიკოსს, არამედ თვით როსტომ ხანსაც და სთხოვეს სიკვდილით დაესაჯა, თუ კათოლიკე სარწმუნოებას არ უარყოფდა. ვიდრე ნასყიდას საქმე გადასწყდებოდა, მას ბევრი შეურაცხობა მიაყენა მოჩივარ-გაბრაზებულმა ხალხმა, რადგან ხელში ჰყავდათ. ეგრეთვე შეამჩნიეს ერთი ბერძნის მღვდელ-მონაზონი, რომელიც აყვედრიდა მას ქვეყნიერობის დატოვებას და მონაზონად შედგომას; თავის ნათქვამის საბუთად იმას ეუბნებოდა, რომ თვითონ ძალიან ვნანობ უცოლშვილობასო და გირჩევ შენს ახალგაზდა მშვენიერს დანიშნულს თავს ნუ დაანებებო. ლოპამონმა იმის ლაპარაკს სრულებით ყურადღება არ მიაქცია და ყოველი შეურაცხყოფა დიდის სულგრძელებით აიტანა, შეუწყვეტლივ ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის საჭირო მადლი და სიმხნე მიეცა: ყველას პასუხად იმას აძლევდა, რომ ის უარს ვერ ჰყოფდა კათოლიკე სარწმუნოებას და მზათ იყო მისთვის სისხლიც დაეღვარა. ყოველი ეს ამბავი რომს დაწვრილებით მისწერა პატრი პეტრემ, რომელიც, სხვათა შორის, ამბობს ასე. მეორე დღეს ლოპამონის გასასამართლებლად მოხდა კრება, რომელსაცა კათალიკოსთან ერთად ბევრი ქართველი ეპისკოპოსი და თვით როსტომ ხანიც დაესწრო. ბევრის გამოძიების შემდგომ კათალიკოსმა სიტყვის თქმა მიანდო ჩვენ მიერ ხშირად ხსენებულს მონაზონს ნიკიფორე ერბახს. ჯერ მოუბრუნდა და მოახსენა როსტომს, სიკვდილის ღირსი არ არის, რადგან სარწმუნოება არ გამოუცვლია და სპარსელების წინააღმდეგ არაფერი უმოქმედებიაო: ქართველების და კათალიკების სარწმუნეობა ერთი და იგივეაო; მათ შორის სხვა არაფერი განსხვავებაა, თუ არ ის, რომ ფრანგები უფრო ერთგულად და მორწმუნებით იცავენ ქრისტეს სარწმუნოებასო. მერე მიმართა კათალიკოსს (რადგან თეიმურაზთან ერთად ზაქარია კათალიკოსიც გაიქცა იმერეთში, ამისთვეს როსტომ ხანმა კათალიკოსად დანიშნა ერთი ახალგაზდა ეპისკოპოსი, რომელიც იყო მეგობარი კათოლიკებისა და რომლის შესახებ მისიონერები ამბობდენ: კაი მეომარი და მონადირე არისო), და ბევრი საყვედური უთხრა მას გულფიცხელობისათვის და შემდგომ დასძინა: ყოველდღივ ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან, და უფრო მომეტებული მათგანი მაჰმადის სარწმუნოებასაც ღებულობს. მაშ, ვისაც კი უნდა გაფრანგება, რაღად უნდა დაეშალოს?“ ესეთი პასუხი და მსჯელობა დიდის კმაყოფილებით მოისმინეს ყველა იქ დამსწრე ეპისკოპოსებმა და ქართველ წარჩინებულ პირთა. ასე რომ სომხები და ბერძნები დიდად შერცხვენილნი დარჩნენ. ეს ამბავი თუმცა მალე აცნობეს რომს, გარნა პეტრე ავიტაბილემ დაწვრილებით ჰალეპოდან აცნობა 10 სექტებერს, 1638 წ. ნასყიდა მაშინვე განათავისუფლეს იქიდან. იგი პეტრე ავიტაბილესთან ერთად დიდის სიხათულით პატრებთან გაბრუნდა გორს, სადაც უფრო გულმოდგინებით შეუდგა თავის ახალ მონაზონურს ცხოვრებას; მოკლე ხანში ყველასთვის სამაგალითო შეიქმნა. მალე პატრების სამონაზონო ტანისამოსიც ჩაიცვა და შეიქმნა მათი მორჩილი ძმა. სახელად ანდრია უწოდეს. რადგან იგი პ. პეტრე ავიტაბილეს ძლიერი მიაჩნდა, თან წაიყვანა იტალიას, რათა იქ უფრო კარგად განსწავლულ იყო. გარნა პატრე ავიტაბილეს ინდოეთში წასვლა და იქ ახალის მისიონის გახსნა მიანდეს. ამიტომ თავის მეორე ამხანაგად აირჩია ქართველი ძმა ანდრია და 1639 წ. ოქტემბერში ორი მღვდელი და ის ანდრია წავიდენ ინდოეთის გოა ქალაქს. იქ ანდრიას გულმოდგინებით დაუწყია სხვებთან ერთად შრომა ხალხის მოსარჯულებლად და თავისი მოღვაწეობის მოკლე ხანში ისეთი სახელი მოუხვეჭია, რომ თურმე პატრი წმიდას უწოდებდენ. მაგრამ, სამწუხაროდ ბევრი აღარ უცოცხლია. თუმცა ზედმიწევნით არ ვიცით, როდის გარდაცვლილა ანდრია, მაგრამ ჩვენის ფიქრით უნდა გარდაცვლილ იყოს ან 1641 წ. ან 1642 წ., რადგან იმ დროს გარდაცვლილა, როდესაც ჯერ გოაში თეათინელ პატრებს საკუთარი ეკლესია არა ჰქონიათ. ანდრიას გარდაცვალების შესახებ პეტრე ავიტაბილე რომაში თავის უფროსს ვრცელ მოხსენებას უგზავნის. თარიღი არ აქვს. რაკი საკმაოდ ყურადსაღებია ის წერილი, მოვიყვანთ აქ მის ერთს ნაწილს.
„ამ ჩვენის კურთხეულის ძმის განშორება ჩვენთვის დიდად სამწუხაროა, გარნა ღმერთს დიდს მადლობას ვსწირავთ და იმედი გვაქვს მისის მამობრივის განგებისა, რომ ანდრია იქნეს ჩვენი მფარველი ამ დიდს უდაბნოში. მისის სიკვდილის ამბავი მოეფინა არა მარტო მთელს ქალაქში, არამედ შორ ადგილებშიაც. ვინც კი იცნობდა, ყველანი წმიდანად რაცხვიდენ, როგორც თვითვე მოგვითხრეს. რადგან მის გვამს უზომო პატივი მიაგეს, ამიტომ საჭიროდ ვრაცხ ეს მოგახსენო. წმიდა დომინიკეს დიდებული წესის მამებს უნდოდათ თავიანთ ეკლესიაში დაესაფლავებინათ, მაგრამ თავიანთი სურვილი გვიანღა განაცხადეს. წმიდა თერეზიას (კვრმელიტანების) მამები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მონასტერში უნდა დასაფლავებულიყო და არა სხვაგან, თუ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს სახლზე ახლო იყვნენ და თუ იმიტომ, რომ ინდოეთში მოსვლის დროს პირველად მათ მიგვიღეს. ხოლო რა სცნეს, ჩვენი აზრი სულ სხვა იყო, მოიწადინეს გვამი მოეპარათ პირველ ღამეს, როდესაც ჯერ არ იყო დასაფლავებული, რისთვისაც გამოგზავნეს ორი თავიანთი მონაზონი და სამიც მარჯვე ერის კაცი, რათა წაესვენებინათ იქ, სადაც უნდოდათ. ღვთის განგებით ადრე შევიტყეთ ესა, ვიფხიზლეთ და ვიღონისძიეთ და ესედ ავიცილეთ თავიდან უსიამოვნება, რომელიც ადვილად შესაძლებელია მომხდარიყო, იმათ რომ გვამი მოეპარა. ამიტომ დავასაფლავეთ წმიდა აგვისტინეს მონაზონების მონასტერში, რადგან ერთი თვის წინათვე მათმა უფროსმა დიდის ვედრებით გვთხოვა. თავისს მონაზონებითურთ მოვიდა, კვირა დღეს მხარზე გაიდვეს და წაასვენეს მუსიკით, გალობით და დიდის გამოჩვენებით; წირვა-ლოცვა შეუსრულეს და აუგეს მას ყოველი წესი, რომელიც მათ კანონად აქვთ შეუსრულონ მარტო თავიანთი პროვინციის უფროს, პროვინციალს. ესეც უნდა მოგახსენო, რომ, როდესაც ჩვენი კურთხეული ძმა ავად იყო, იმ მონაზონებმა დიდის სიყვარულით მოუარეს; ასევე მოიქცნენ კარმელიტანებიც“.
ძმა ანდრია მეორე ქართველი მონაზონია, რომელიც კათოლიკე სარწმუნოებისათვის ინდოეთში ასრულებს წმიდად თავის სიცოცხლეს. ყველა საბუთებს რომ მოეწია ჩვენამდე, ვინ იცის, რამდენი ასეთი ქართველი მოემატებოდა ერთგულ კათოლიკეთა რიცხვს! როგორც ზემოდ ვთქვით, როსტომ ხანმა, თავისი ურიცხვი ჯარით ქართლ-კახეთი ერთიან დაიჭირა და თეიმურაზ თავისიანებით იმერეთს გადაიხვეწა. გარნა როსტომ მაინც არ იყო უშიშრად და მოსვენებით, რადგან თეიმურაზის სახელის გაგონებაზე ყველა თრთოდა, ეშინოდა თავს არ დამეცესო და ჩემიანებმა არ გამცენო. შიში მით უფრო ჰქონდა, რომ ხალხი მალე შემოსწყრა, რადგან ახალ კანონად შემოიღო 30 კომლზე ერთის მშვენიერის ვაჟის გამორთმევა შაჰისათვის გასაგზავნათ. ამის გამო მთელ ღამეს სულ ფხიზლობდა და დროს ატარებდა, დღისით კი დილიდან საღამომდე ეძინა. თავისი საშიშარი მოწინაადმდეგე რომ ხელში ჩაეგდო, მოინდომა ლევან დადიანთან დამეგობრება, დაკავშირება, რათა თეიმურაზ შუაში მოემწყვდიათ როგორმე. ამისთვის როსტომმა, თავისიანების შეგულიანებით, დადიანს მოსთხოვა ცოლად მისი და მარიამ, სიმონ გურიელის ნაცოლარი. მოციქულად, სხვათა შორის, თბილელი გაგზავნა. მისი წინადადება დადიანმა სიხარულით მოისმინა, თუმცა მისი და სრულებით არ თანხმდებოდა; მაინც თავის მხრივ გამოუგზავნა მოციქულები; მათ შორის იყო ნიკიფორე ერბახიც, რომელიც თეიმურაზთან ერთად წასულიყო ჯერ იმერეთს და მერე სამეგრელოს. მოციქულები რომ მოვიდენ გორს და ნახეს მისიონერები, ძლიერ მოეწონათ და სთხოვეს, რომ დადიანის სამეფოშიაც მისულიყო ერთი, ანუ ორი კაცი. ნიკიფორემაც ურჩია და დაარწმუნა დადიანი კარგად მიგიღებთო და დაჰპირდა, მეც შეგეწევითო. ამაზე მისიონერებმა უარი ვეღარ უთხრეს და ელჩებს თან წაჰყვნენ პატრი არქანჯელო ლამბერტი და პატრი ჯუზეპე ჯუდიჩი 23 ოქტომბერს, 1634 წელს. მართლაც დადიანმა ძლიერ კარგად მიიღო იგინი, როგორათაც ვნახავთ უფრო ვრცლად შემდეგ (VI) თავში. დადიანმა თუ ცემით, თუ მუქარით და თუ მოტყვილებით, როგორც იყო, დაიყოლია თავისი და, როსტომ ხანს მისთხოვებოდა. მალე დიდის ამბით გამოისტუმრა მარიამ ქართლსა10. მას თან გამოჰყვნენ სამეგრელოდგან და გურიიდან წარჩინებულნი და ეგრეთვე ეპისკოპოსნიც. პირველად მოვიდენ გორს. გურიელის მოწინავე პირით სამეგრელოში გაეცნოთ ლამბერტი და ჯუდიჩი და აქ რომ პატრები დაინახეს, ბევრი ეხვეწნენ პატრი ავიტაბილეს, ერთი-ორი მათგანი გურიაშიაც წამოვიდენ, იქ ძლიერ კარგად იქნებიან მიღებულნიო. მათ ხვეწნაზე ავიტაბილემ უარი ვეღარ უთხრა და 1634 წ. გააყოლა თან პატრი ქრისტეფორე კასტელი და პატრი ანტონ ჯარდინა და ძმა ქლაუდიო, რომლებიც დიდის პატივით მიიღო გურიის მთავარმა, მალაქია კათალიკოსმა.
გორში რომ შემცირდენ მისიონერები, პატრი ავიტაბილე იძულებული გახდა იტალიიდან ახალი მისიონერები დაებარებინა, 1637 წ. გორს მოვიდა ორი ახალი მისიონერი ფრანჩისკე მაჯო და კლემენტე გალანო, რომლებმაც საკმაოდ განითქვეს სახელი თავიანთის წერილებით.
მაჯო მაშინვე შეუდგა ქართულისა და თათრულის ენის შესწავლას. იმან ქართული ისე მალე და კარგად შეისწავლა, რომ დასწერა თავისი შესანიშნავი სინთაგმათონად წოდებული გრამატიკა ქართულ-ლათინურად. ხოლო კლემენტე გალანომ, რა ნახა, ყველა მისი ამხანაგები მარტო ქართველების სწავლასა და გაკათოლიკებაში იყვნენ გართულნი და სომხებს, რომლებიც საქართველოში იმ დროს ბლომათ იყვნენ, სრულებით ყურადღებას არ აქცევდენ, დაიწყო სომხურის ენის შესწავლა, მიმართა სომხის მღვდლებს გორსა და ტფილისში და მალეც შეისწავლა ის ენა. გარნა ბევრ ხანს აღარ დარჩა აქ, მალე წავიდა ჯერ სამეგრელოს და იქიდან კოსტანტინეპოლს, სადაც დააარსა სომხებისათვის სკოლა და დასწერა თავისი შესანიშნავი წერილი სომხისა და რომის ეკლესიის შეერთების შესახებ.
ზემოდ ვნახეთ, რომ საქართველოს, ორი-სამი საუკუნის განმავლობაში, თავისი კათოლიკე ლათინის ეპისკოპოსი ჰყავდა; ხოლო როდესაც მოაკლდათ ტფილისის კათოლიკებს თავიანთი საკუთარი მწყემსი, მეტადრე XVI საუკუნის განმავლობაში, არა სჩანს, იმ დროს რომელ ეპისკოპოსზედ იყვნენ დამოკიდებულნი საქართველოს კათოლიკენი. ხოლო XVII საუკუნეში კი ეს კათოლიკენი 1633 წ. ისპაჰანში მყოფ ლათინის ეპისკოპოსს დაუქვემდებარეს. ამ განკარგულებას პროპაგანდა აცნობებს საქართველოს მისიონერებს შემდეგის წერილით:
„საქართველოში მყოფ აგვისტინიანებისა და თეათინლების უფროსს მამებს.
პროპაგანდის კრების რჩევით პაპმა ისპაჰანში ეპისკოპოსად განაწესა პატრი ივანე თადეოზ და თანაშემწედ და შემდეგში მისვე მოსაყდრედ მისცა პატრი ტიმოთე კარმელიტანი; ეგრეთვე მიანიჭა მას მრავალი უფლება და ძალა, რათა მოიხმაროს თუ სპარსეთის სამთავროსა და თუ საქართველოს სამეფოს ქრისტიანების დასახმარებლად. ბატონმა კარდინალებმა ინებეს, გაუწყოთ თქვენ და თქვენ მამებსაც, რათა მაგ ერის სასიკეთოდ და თქვენის მისიონის საჭიროებისათვის მიმართოთ ხსენებულ ეპისკოპოსს. მას ნაბრძანები აქვს, შეგეწიოთ მაგ მისიონში და მეტადრე იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა საეპისკოპოსო ღირსების უფლება. რომით, 5 იანვარს, 1633 წ.“.
ივანე თადეოზ კარმელიტანი პატრია, რომელიც 1613 წ. სპარსეთიდან მოვიდა თეიმურაზის მისასამძიმრებლად, ცოტა ხანს საქართველოში დარჩა და ისევ მალე წავიდა ამტყდარის ჩხუბის გამო.
აქ ყურადსაღებია ის, რომ საქართველოს კათოლიკების ყურისგდება-უფროსობა მიუნდვიათ ისევ შორს მყოფის ლათინის ეპისკოპოსის და არა ნახჩევნის ეპისკოპოსისათვის, რომელიც საქართველოზე გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე ისპაჰანში მყოფი ეპისკოპოსი. ეს გარემოება ნათლად გვიჩვენებს, რომ ნახჩევნის არქიეპისკოპოსს არც ერთ დროს არავითარი გავლენა ჰქონია საქართველოს კათოლიკებზე. ასე რომ არ ყოფილიყო, პროპაგანდა უეჭველად რამე მოიხსენებდა ამ წერილში.
აქ უნდა მოვიხსენოთ ის შესანიშნავი გარემოებაც, რომ რომაში პროპაგანდის საეკლესიო კოლეგია, სადაც ყველა გვარ-ტომის სამღვდელოება სწავლობს, საქართველოს მიზეზით დაარსდა. მისიონერებმა საქართველოს მდგომარეობა კარგად რომ გაიცნეს და შეიტყვეს ისიცა, რომ ამ ქვეყანას სამღვდელოება მეტად უვიცი და მოუმზადებელი ჰყვანდა, რომას თხოვნა დაუწყეს თუ სიტყვიერად და თუ წერილობით ამ მხრივ შემწეობა აღმოგვიჩინეთო. უთვლიდენ კარგად განსწავლულ მღვდლებზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის წარმატებაო. ეს გარემოება ყურად იღო პაპმა, ურბანო მერვემ და აღმოსავლეთის ყველა ტომთათვის პროპაგანდის კოლეგია დააარსა. ორის ბულლით დაადგინა, რომ ოროლი მოწაფე მუდამ უნდა იწვრთნებოდეს ამ კოლეგიაში. ამათში, ცხადია, უნდა ყოფილიყვნენ ქართველებიც, რომლებსაც დღევანდლამდე ორი ადგილი აქვთ. ქვემოდ ვნახავთ, რომ მართლაც ბევრი ქართველი გაწვრთვნილა ამ კოლეგიაში.
გურია-სამეგრელოს მისიონი ძალიან გაძლიერდა, რადგან მთავრებმა და ერმა ძლიერ კარგად და დიდის პატივით მიიღეს მისიონერები. ამიტომ პატრების უმეტესი ნაწილიც იქ წავიდა. მათ სამეგრელოში გადასახლებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქართლში ვეღარ ხედავდენ უწინდელებრ კათოლიკე სარწმუნოების მოსარჩლე მეფეს, მისიონის მფარველს დედოფალს (თეიმურაზის მეუღლეს დარეჯანს მისიონის მფარველს და დედას ეძახდენ) და აღარც თავიანთ ერთგულ კათალიკოსს. მათ ადგილას გამაჰმადიანებული როსტომი იყო, რომელიც თუმცა დაჰპირდა პატრებს თავის მფარველობას და შემწეობას, მაგრამ მალე ბრძანება გამოსცა ვინც გამოიცვლის სარწმუნოებას და მაჰმადიანობის ნაცვლად სხვა სარწმუნოებას მიიღებს, სიკვდილით დაისჯებაო. არც ახალი კათალიკოსისაგან დიდს სიკეთეს მოელოდენ. ამიტომ იმედი აღარ ჰქონდათ საქართველოში მათ მოღვაწეობას ისეთი ნაყოფი გამოეღო, როგორც წინად მოჰქონდა. თეიმურაზიც როსტომ ხანს არ ასვენებდა. გამუდმებული ომი ძლიერ გულს უტეხდა პატრებს.
ყოველ ამას დაერთო ისიც, რომ ადვილად ვეღარ შოულობდენ ახალ მისიონერებს, რომელთაც ძველების ადგილის დაჭერა შესძლებოდათ. ამ სხვა და სხვა გარემოებამ თეათინელი პატრები იძულებულ ჰყო, რომ ისე დიდის შრომით და ეგრედ ნაყოფიერად დაწყებული ქართლის მისიონი დაეტოვებინათ და თითო-თითოდ სამეგრელოს გადასულიყვნენ. გორში დარჩნენ მარტო ორი მღვდელი და ერთი მორჩილი ძმა. რაკი ახალი მღვდელი ვეღარ მოუმატეს მისიონს, ადგნენ და სამეგრელოს გადავიდენ. ასე მოლოდნელად და სანანულად დაასრულეს თეათინელებმა თავიანთი მისიონი ქართლში. 1638 წ. გორში მათგანი აღარავინ იყო.
სანამ თეათინელები გორს მოშორდებოდენ, იქ მყოფი აგვისტინიანი მონაზონებიც ბევრნი დაიხოცნენ ჟამით. ბოლოს დარჩენილ იყო მარტო ერთი მღვდელი და ისიც ისპაჰანს წავიდა და აღარც კი დაბრუნებულა. წასვლის წინათ თავისი ეკლესია თეათინელებს მიანდო. ხოლო თეათინელებმა არა მარტო ის ეკლესია, არამედ თავიანთიც უპატრონოდ დასტოვეს. გარნა, როგორც სჩანს, შემდეგში აგვისტინიანები ისევ მობრუნებულან, ვინაიდან ზემოდ დასახელებული მოხსენება აგვისტინიანმა პატრი ამბროზიომ რომას მისწერა 1640 წელს გორიდან. ხოლო მას შემდგომ აღარ ვუწყით, თუ რამდენ ხანს კიდევ დარჩნენ აგვისტინიანები გორში.
თეათინელებს, როგორც დაიწყეს, ისე ბოლომდე რო შერჩენოდათ გულის სიმაგრე და აქეთ-იქით ბევრი ადგილისათვის ხელი არ ჩაევლოთ, მათი შრომა საქართველოში უეჭველად დიდს ნაყოფს გამოიღებდა და ბევრი მიმდევარიც ეყოლებოდათ, რადგან ძლიერ განათლებული და თავ-განწირულნი პირნი იყვნენ.
შენიშვნები
3. პრაპაგანდის ერთი წერილიდან სჩანს, რომ პატრი გვილელმო საქართველოში მოსულა 1608 წ. მეფეს და პატრიარქს დიდის პატივით მიუღიათ. თავის მონასტრის საქმეების გამო შემდგომ გაბრუნებულა ისპაჰანს, გარნა ქართველთ პატრიარქი ბევრს შეხვეწია, აქ ისევ მალე მობრუნდიო. როდესაც გამობრუნებულა კვლავ საქართველოში, გზაში თათრებს მოუკლავთ.
4. მისიონერების სიტყვით, შაჰ-აბაზს, რა აუოხრებია საქართველო, სპარსეთს ტყვედ წაუყვანია 60 ათასი კომლი და მათ მაგიერ შემდეგში ბლომად გადმოუსახლებია სპარსელები და სომხები.
5. სიტყვა „დასავლეთი“, ჩვენის აზრით, შეცდომით არის ნახმარი, უნდა იყოს „აღმოსავლეთი“.
6. ნიკიფორეს რომ შეუსწავლია იტალიური, ამას თვით ლამბერტიც მოწმობს, რადგან მასთან, როცა საჭირო იყო, იტალიურად ლაპარაკობდა.
7. ამ წერილში ხშირად მოხსენიებულია ევროპის უწინდელი სხვა და სხვა ფული, მაგ. Ducato, Zecchino, Scude, Piastra. ამათი ღირებულობის განსაზღვრა, ანუ შედარება ახლანდელ სახმარ ფულთან შეუძლებლად მიგვაჩნია, რადგან ამ სახელის ფულებს არც ყოველთვის და არც ყველა სამთავროში ერთი და იგივე ღირებულება ჰქონდათ. გარნა უალაგო არ იქნება, აქ აღვნიშნოთ ზოგიერთი მათი გასავალია. რომაული ოქროს ფული ძექინი (Zecchino), 1775 წლის შემდგომ, ღირდა 11 ფრანკად და 80 ჩენთეზიმად; ვერცხლის ფული სკუდი (Scudo) 5 ფრანკად 38 ჩენთეზიმად. პიემონტეს პროვინციის ძექინი 1755 წლის შემდგომ ღირდა 11 ფრანკად და 94 ჩენთეზიმად; სკუდი 7 ფრანკად და 5 ჩენთეზიმად. ტოსკანიის პროვინციის ძექინი ფასობდა 11 ფრანკს ად 2 ჩენთეზიმს, სკუდი 5 ფრანკს 54 ჩენთეზიმს. ვენეციის ძექინი ღირდა 12 ფრანკად და სკუდი 6 ფრანკად და 66 ჩენთეზიმად. ოსმალეთის ორმოც ფარიანი პიასტრი, ანუ ყურუში, წინათ ღირდა 2 ფრანკი; 1811 წელს მისი ფასი ჩამოვიდა 83 ჩენთეზიმზე; ხოლო 1818 წ. 79 ჩენთ., ახლა კი ღირს 27 ჩენთ. ჩვენებურად მარჩილი, უწინ უდრიდა სამ აბაზს. სპარსეთის თუმანი ღირდა 29 ფრანკი და 64 ჩენთ. ხოლო აბაზი 97 ჩენთეზიმად.
8. ესევე ლამბერტი ერთ თავისს რომში მიწერილ წიგნში ამბობს, რომ აზრუმის გარეშე რამდენიმე ქართველების სოფელიაო, რადგან უწინ აზრუმი ქართველთ მეფეებისა ყოფილაო.
9. ასე იმიტომ ამბობს, რომ იმ დროს ქართველები ბლომად გადადიოდნენ მაჰმადიანობაზე.
10. ვახუშტის ქრონიკებში შეცდომით არის ამ ქორწინების წელიწადი 1638 წ. აღნიშნული, იმ დროს როცა ეს იყო 1634 წ.

თავი VII
ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1660-1700)
მართალია თეათინელმა მისიონერებმა ქართლი დასტოვეს და სამეგრელოს გადავიდენ, მაგრამ საქართველოს ამ ნაწილიდან სამუდამოდ არ წასულან, არამედ კიდევ დაბრუნების იმედი ჰქონდათ. იმათ შემდგომ გორში კიდევ იყენენ აგვისტინიანი მონაზონები, ვინაიდან ნოემბრის 19 დღეს 1640 წ. აქიდან მისწერა პატრი ამბროზიომ რომს ზემოდ ხსენებული წერილი ქეთევან დედოფლის წამების შესახებ. ხოლო ის კი არ ვიცით, აგვისტინიანები შემდგომ აქ კიდევ რამდენ ხანს დარჩნენ. თეათინელები არამც თუ ქართლს ვეღარ დაბრუნდენ, არამედ, როგორც ზემოდ ვნახეთ, სამეგრელოს მისიონის მართვაც გაუჭირდათ მისიონერების რიცხვის სიცოტავის გამო. რადგან რომი საქართველოდან დიდ ნაყოფს მოელოდა, უმისიონეროდ აღარ დასტოვა. ამიტომ წმიდა ფრანცისკეს მონაზონებს, ეგრედ წოდებულ კაპუცინებს, მიანდო საქართველო და მასთან სამეგრელოს მისიონიც იმ შემთხვევაში, თუ თეათინელი პატრები იქ საკმაოდ მისიონერების გაგზავნას ვეღარ შეიძლებდენ.
ახლა შევუდგებით იმის განხილვას, თუ რა შრომა გასწიეს კაპუცინთა ორდენის ბერებმა საქართველოში კათოლიკობას გასავრცელებლად. როგორც სხვა დროებისა, ისე ამათი დროების საბუთები ბევრი დაკარგულია, მაგრამ მაინც ბევრი აღმოვაჩინეთ სხვა და სხვა არქივებში და ყველა რომ გამოიცეს, ცალკე წიგნი დასჭირდება იმ საბუთებს. გარნა ყველას მოყვანას არ გამოვუდგებით. უმთავრესებს და რაც ჩვენს საგანს შეეხება, აქ მოვიყვანთ. ხოლო დანარჩენ წერილებს, თუ საჭიროდ დავინახეთ, შემდეგში ცალკე გამოვსცემთ. ამ საბუთების მოყვანის დროსაც, როგორც აქამდე, ჩვეულებრივ დავიცვავთ ქრონოლოგიურ წესს.
რომმ საქართველოს მისიონი კაპუცინებს მიანდო თუ არა, მალევე შეუდგა მათ გამოგზავნას. პროპაგანდამ 1661 წ. ივნისის ცამეტს, დეკრეტით პირველ გზობის გამოსაგზავნად დანიშნა რვა კაფუცინი: პატრი ბონავენთურა სორენტელი, პ. ბერნარდო, წმიდა ონოფრიო, პ. კიპრიანე ქავალი, პ. იოსებ ბორგოინანო. პ. კარლო სანმარინელი, ძმა ანდრია თევრიკოლელი და ძმა ანჯელო ვიტერბელი. უფროსად დაუნიშნა პატრი ბონავენტურა და ყველანი დაუყოვნებლივ გამოისტუმრა. ოსმალებს რომ კოსტანტინეპოლში ერთად ნახულ იმათთვის რამე არ ევნოთ, ორ ჯგუფად გაიყვნენ; ერთი წინ წავიდა და მეორე რამდენიმე დღის შემდეგ უკან გაჰყვა. იმათგანი ერთი, პატრი კიპრიანე სმირინს მივიდა თუ არა, იქვე გარდაიცვალა. უფროსმა თავის ამხანაგებითურთ სამეგრელოზედ გამოიარა. იქიდან საქართველოს გზას რომ დაადგა, ერთ მდინარეში ცხენი წაექცა და წყალში დაირჩო. მისმა ამხანაგებმა გზა აღარ განაგრძეს და დროებით სამეგრელოშივე შეჩერდენ. უფროსის სიკვდილმა, გზაში გამოვლილმა შეწუხებამ და თუ სხვა გაჭირვებამ ძლიერ გული გაუტეხა პატრი ბერნარდოს. ვეღარ გაბედა მგზავრობის გაგრძობა სამისიონეროდ და რომლითაც მოვიდა, იმავ ხომალდით გაბრუნდა კოსტანტინეპოლს. სამეგრელოში დარჩნენ მარტო პატრი კარლო და ძმა ანდრია. ვეღარც იმათ გაბედეს ქართლს წასვლა. ამიტომ სამეგრელოში თეათინელებთან დარჩნენ დროებით. ხოლო დანარჩენი ამხანაგები წავიდენ აზრუმისკენ, საიდანაც ქართლში უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროს ომების გამო ამ გზით ვეღარ შემოვიდენ, არამედ სპარსეთი მოიარეს და ესეთ დიდის გაჭირვებით, როგორც იყო, მოვიდენ ტფილისს. მათი აქ შემოსვლის თვე არა სჩანს. უნდა ყოფილიყო ან 1662 წლის დამლევი, ან 1663 წლის დამდეგი. პირველში მიუღია იგინი ქართველ ეპისკოპოსს თბილელს და კაი პატივითაც მოჰპყრობია. კაპუცინებს რა შეუტყვიათ, მეფის მკურნალი რომს ნასწავლი, ქიოს კუნძულის ბერძენი, კათოლიკე არიო, მაშინვე მისთვის უცნობებიათ თავიანთი მოსვლა. ის მკურნალი, სახელად ანდრია ეპიფანე, იმ დროს იქ არ ყოფილა, არამედ თან ხლებია იმერეთს საომრად წასულ მეფეს. ამას თავის იქ მყოფის ძმისათვის შემოუთვლია, რათა თავის მობრუნებამდე კაპუცინები თავის სახლში მიეღო და კარგად მოჰპყრობოდა. როდესაც მობრუნდა, დიდი პატივისცემა დაუწყო კაპუცინებს და ყოველგვარი შემწეობის აღმოჩენა; მერე მეფეს წარუდგინა და გააცნო. ამის შუამდგომლობით მეფემაც ისინი პატივით მიიღო და არა თუ ნება მისცა აქ დარჩენისა, არამედ თვითონვე იყიდა ქალაქის შუა ადგილს ორი სახლი და კაპუცინებს აჩუქა, რათა ერთში დამდგარიყვნენ და მეორეში წირვა-ლოცვა შეესრულებინათ. რადგან მათი უფროსი აქ მოსვლისათანვე სამეგრელოს მდინარეში დაირხრჩო, უფროსობა დარჩა პატრი სერაფინო მელაკოკელს.
ტფილისში დაბინავების ამბავი მალე აცნობა რომის პროპაგანდას და თავის უფროსს. ოთხი წიგნი გვაქვს მიწერილი. მიწერილებია ერთი 1663 წ. 7 მაისს; მეორე, 28 ივნისს; მესამე 2 ივლისს და მეოთხე, 23 ოქტომბერს. შინაარსით თითქმის ერთმანეთსა ჰგვანან, ამიტომ ჩვენც აქ მარტო ერთს მოვიყვანთ.
„ტფილისში მიგვიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა. ჩვენი მოსვლა ვაცნობეთ ბატონ ანდრია ეპიფანეს, გვარათ ქიოელს, ჭეშმარიტსა და მეტად ერთგულს კათოლიკეს, რომელიც მეფეს ახლდა იმერეთთან ატეხილის ომის დროს. მან გამოგზავნა თავის მამულში მყოფი თავისი ძმა, რომელმაც დიდის სიხარულით მიგვიღო თავის სახლში. დღევანდლამდე მასთან აქ ტფილისში ვართ... ვენახულეთ მეფესა, დედოფალს, კათალიკოსს და სხვა მთავრებსა. დავაარსეთ სახლი და ახალი მისიონი. თუმცა ეს ქართველი მეფე გამაჰმადიანებულია, მაგრამ მაინც ძლიერ კარგად მიგვიღო, ორი სახლი მოგვცა, რათა ერთში ჩვენ დავდგეთ და მეორეში პატარა ეკლესია მოვათავსოთ. ეკლესიაში უკვე ვწირავთ და მთელი ქალაქი ესწრება. ღვთის მსახურების შესრულების დროს ეკლესია ქალაქის საუკეთესო პირებით ივსება: ესწრებიან ქართველები, სომხები, მამაკაცები, დედაკაცები, ეპისკოპოსები და მღვდლები... თვით დედოფალი, რომელიც ქართველი ქრისტიანია, ორჯელ მოვიდა და დაესწრო წირვას თავისი ორი შვილით და ყველა თავისი მხლებლებითურთ. ერთმა ქართველმა მღვდელმა, რომელიც დედოფლის სასახლეში დაიარება, მითხრა, რომ დედოფალმა ძლიერ აქო თქვენი წესი და წირვის შესრულება, ქართველ მღვდლებს საყვედური უთხრა, სასოებით არ სწირავთო და დაუმატა, რომ პატრებს შემწეობას აღმოვუჩენ კათალიკოსის წინაშეო... ეს მთავარი არა თუ არ გვიშლის საღვთო მსახურების აღსრულებას, არამედ კარგადაც ვყევართ მიღებული, რადგან ხედავს, რომ ოქროსა და ვერცხლს არ ვეძებთ. როგორც თვითონ პატივს გვცემს, ეგრეთვე უნდა, რომ სხვებიც პატივით მოგვეპყრან. როდესაც კარგად შევისწავლით ქართულს ენას და ქადაგებას შევიძლებთ, იმედი მაქვს, მეტად დიდი ნაყოფი გამოიღოს ჩვენმა შრომამ, რადგან კაი გულის ხალხია; კაი მაგალითით და მოძღვრებით ადვილათ მიიღებენ კათოლიკე სარწმუნოებას“.
ტფილისს მოსული კაპუცინები დიდ დაჭირვებაში იყვნენ ფულის მხრივ, რადგან სახარჯო ფული ჰქონდა იმათ უფროსს, რომელიც ფულთან ერთად სამეგრელოს მდინარეში დაიღუპა. ამ მხრითაც ხსენებულმა მკურნალმა ანდრია ეპიფანემ დიდი შემწეობა აღმოუჩინა იმათ, ყველაფრით დაეხმარა და რომშიაც მათ შესახებ რამდენიმე გზის წერილები გაგზავნა. აქ მოვიყვანთ შემოკლებით მის ერთ წერილს, რომელიც ზემოდ მოყვანილ პატრი სერაფინოს წერილთან ერთად გაგზავნა რომას 7 ივლის 1663 წ.
„...დასასრულ, რაც შეიძლებოდა, ვეცადე მეფის წინაშე და მოუპოვე მათ ქალაქის შუა ადგილს სახლი და მიწა, საცა მოაწყეს პატარა ეკლესია და ყოველდღივ ასრულებენ მღვდელთმოქმედებას. მათ წირვას მთელი ხალხი დიდის სიხარულით ესწრება და ყველას უკვირთ. ღვთის სახიერების იმედი მაქვს, როდესაც შეისწავლიან კითხვას და ქართულ ლაპარაკს, ბევრი რამე გააკეთონ. კითხვას და ქართულ ლაპარაკს მევე ვასწავლი, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს. ღმერთია მოწმე, რომ არაფერს ვზოგავ, მათ შევეწიო, რითაც კი შემიძლიან; გარდა ამისა, პატრები იმდენად რა შეისწავლიან ქართულ ენას, რომ ქართველ მღვდელ-მონაზონებთან შვიდ საიდუმლოთა შესახებ საუბარს შეიძლებენ, მოკლე წიგნს შევუდგენ ამ საიდუმლოთა შესახებ. ამ წიგნში განსაკუთრებით აღვნიშნავ ყოველ შეცთომას, რომელსაც სჩადიან ქართველები ამ საიდუმლოთა აღსრულების დროს, შეცდომებს ვუსწორებ და თანაც ვასწავლი, როგორ უნდა შეასრულონ სისწორით. ვევედრები ღვთის სახიერებას, რათა თავისის მადლით შემასრულებინოს ჩემი სურვილი. უკეთუ თქვენს უმაღლესობას სასიამოვნოდ დაურჩება, გამოვგზანი, რათა დააბეჭდინოთ. უფლის შემწეობით მისიონი კარგად დამყარდა. მისიონერები ყველა თავიანთ ვალდებულობას ასრულებენ; მეტადრე როდესაც სცნობენ ამ ერის რაიმე სათნო საყოფელს, დიდის სიამოვნებით ასრულებენ, რათა მათი გული მოიგონ. აწ საჭიროა, თქვენმა უმაღლესობამ ამ მისიონს მოაწოდოს საჭირო შემწეობა. უამისოდ ჩვენი შრომა უქმი იქნება. პირველად საჭიროა, ამ მისიონს წლიური სარჩო აძლიოთ, ამიტომ, რომ აქ კაპუცინების ჩვეულება არ გამოდგება, ტომარას ვერ აიკიდებენ და კარდაკარ ვერ ივლიან პურისა, ღვინისა და სხვა საჭირო სურსათის ჩამოსათხოვად, გარდა ამისა მთავარმა მათ მარტო ცარიელი სახლი მისცა. უკეთუ თქვენმა უმაღლესობამ მათ სარჩო არ გამოუგზავნა, სხვაგან მისი შოვნა არ შეუძლიათ; აქ უფულოდ წყლის გარდა არაფერი იშოვება, ფულიც ადვილად იხარჯება, რადგან აქ ძლიერ ბევრი ხალხია. აქაური მკვიდრის გარდა, აუარებელი ვაჭრები არიან აღმოსავლეთიდან მოსული; ამიტომ აქ ცხოვრება იაფი არ არის; აქიდან სცანით, თუ რა ხარჯი მოუნდებათ. მე კარგად გამოვიანგარიშე ვნახე, რომ, რა გინდ დიდი დამზოგველობა გამოიჩინონ, მაინც დღიურად დასჭირდებათ რომაულ ფულად ნახევარი სკუდი. - მეორედ, გარდა ამ წლიურ სარჩოსი, საჭიროა ამ თავითვე თქვენი უმაღლესობა შეეწიოს მანდედან ამ მისიონს შენობის საქმეში; შენობა კი მიუცილებლად საჭიროა, ვინაიდან მეფის მოცემული სახლი ორია, ერთი მეორეს პირდაპირ და შუაში გზა არის; ერთი ეკლესიად გადააკეთეს, მაგრამ პატარაა და ხალხი ვერ დაუტევია. ამიტომ საჭიროა მეზობლისაგან პატარა ადგილის ყიდვა ეკლესიის გასადიდებლად, რათა აქაური ჩვეულების თანახმად, შიგ ადგილები გაიყოს მამაკაცებისთვის ცალკე და დედაკაცებისთვის ცალკე. მეორე სახლში პატრების სადგომია. ამ სახლისა და ეკლესიის შუა საჭიროა პატარა ხიდის გაკეთება, გზით გავლა არ დასჭირდეს კაცს და ოთახიდან პირდაპირ ეკლესიაში გადავიდეს. აწ თქვენვე განსაჯეთ, საჭიროა თუ არა გაკეთება, -მესამედ საჭიროა თქვენმა უმაღლესობამ პატრებს ევროპული წვრილი საჩუქრები გამოუგზავნოს, რათა ხანდისხან აქაურ მოწინავე პირებს უთავაზონ მათი გულის ადვილად მოსაგებად... რაც შეეხება მეფისათვის საჩუქარს, არა ერთგზის მოვილაპარაკეთ პატრებთან, თუ რის მირთმევა იქმნება უფრო უკეთესი; ყველამ ერთპირად ვარჩიეთ, რომ ყველაზედ უფრო მომეტებულად მეფეს სასიამოვნოდ დაურჩება ერთი იტალიური მდიდრული ცხენის იარაღის ან არა და, ამ ცხენის იარაღის ნაცვლად, კარგი იქმნება რამდენიმე ძველებური კარგი ჯაჭვის პერანგი, ისეთი, შუბმა ვერ გაატანოს; ეს უდიდესი საჩუქარი იქმნება ქართველებისათვის, რომლებიც ომის დროს (საუცხოვო მეომარნი და მეტად მარჯვე ცხენოსანნი არიან) ამ პერანგს ქვეშ ჩაიცმენ და გრძელის შუბებით ომობენ... არ ეგონოს თქვენს უმაღლესობას, ეს ხარჯი უბრალოდ წავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ამ საჩუქრებით მათ გულს მოვიგებთ, ჩვენის საჩუქრისათვის ორკეცად მოგვაგებენ, ვინაიდან ქართველებს ჩვეულებად აქვსთ და ვალადაც რაცხვენ, რომ მიღებული საჩუქარი ორ კეცად გადაუხადონ. იმედი მაქვს, ამ ნაირის საჩუქრების წყალობით, მეფე პატრებს ძალიან შეეწიოს. ტფილისი, 7 ივლისს, 1663 წ., დოქტორი ანდრია ეპიფანე“.
ესევე ანდრია, 11 მაისისას 1664 წ. სწერს რომის კარდინალს სხვა ვრცელ წიგნს და აუწყებს, რომ კაპუცინების მისიონის საქმე ძლიერ კარგად მიდის, ყველა მათ მღვდელ მოქმედებას დიდძალი ხალხი ესწრებაო; იმედოვნებს, რომ მისიონი ყველგან მოეფინებაო; ეგრეთვე აუწყებს ბატონიშვილს კახეთის მეფედ დანიშვნას. თანაც ჰპირდება, რომ, მეფის შემწეობით კაპუცინების მისიონი მალე გავრცელდება კახეთში და იმერეთშიაც, რომლის მთავარი ამ მეფის სიძე არის, მაგრამ საჭიროა, რომიდან სხვა ახალი მისიონერები მალე გამოგზავნოთო.
ხსენებული პატრი სერაფინეს ერთი წერილი კიდევ გვაქვს. ეს წერილი მიუწერია რომში თავის უფროსისთვის 20 მაისისას 1664 წ. ამაში იხსენებს სხვა წერილებს, რომლებიც ამავე წლის პირველ თვეებში მიუწერია კარდინალებისათვის. სამწუხაროდ, ის წერილები ვერ ვიპოვეთ. ამ წერილებში ფულის შემწეობის გარდა, სთხოვს სხვა მისიონერებსაც, რომელთაგან ერთს მაინც უნდა სცოდნოდა ინჟენერობა და მეხანიკა, რათა შესძლებოდა მტკვარში იმნაირის წისქვილების გაკეთება, როგორც რომის მდინარეზე ყოფილა; და თან თხოულობს მათ პლანებს, რადგან მეფეს მოუსურვებია ასეთი წისქვილების გამართვინება; მასთანვე სთხოვს მეფისა და დედოფლისათვის საჩუქრების გამოგზავნას: საათებს, დურბინდებს, ძვირფას კრიალოსნებს და კათალიკოსის საჩუქრადაც ერთ ბარძიმს. ამ საჩუქრების წყალობით იმედი მაქვს მეფემ სამუდამო შემწეობა გვაძლიოსო; ეგრეთვე სთხოვს ეკლესიისთვისაც ერთ ზარს, რადგან ქართველებსა და სომხებსაც ჰქონიათ თავიანთ ეკლესიებში.
რადგან იმ დროებში მეტი მკურნალი არ მოიპოვებოდა საქართველოში, ხსენებულ ანდრია ეპიფანეს, მეფის ექიმს, დიდი სახელი ჰქონდა თურმე მოხვეჭილი, მასთანვე შემოსავალიც არ აკლდა პატრებმა თუმცა ამასავით ნამდვილი ექიმობა არ იცოდენ, მაგრამ მკურნალობის საქმისა ცოტად, თუ ბევრად ესმოდათ. რა დაბინავდენ, დაიწყეს ამათაც წამლობა უსასყიდლოდ, მალე იმ ზომამდე განითქვეს სახელი, რომ მდიდარი და გლახაკი, ყველანი ამათთან მოდიოდენ. ამ გარემოებამ დიდად ხელი შეუშალა ეპიფანე ექიმსა, სახელის დამცირების გარდა, მასთან მიმსვლელი აღარავინ დარჩა, რის გამო დიდი ზარალი ეძლეოდა. ეს ექიმი, 2 ოქტომბერს, 1664 წ., კახეთიდან სწერს დიდს სამდურავს ტფილისში ერთ კაპუცინს და სთხოვს, რომ მკურნალობაზე ხელი აიღონ; თუ რამე გჭირიათ, რომ მოვბრუნდები, ყველაფერს გიშოვიო, მაგრამ, როგორც ვიცით, კაპუცინებს არ დაუშლიათ და განუგრძიათ ხალხის წამლობა.
რომამ მაშინვე არ მიაქცია ყურადღება კაპუცინების თხოვნას, და არ მიაშველა არც საჭირო ფული და არც ახალი მისიონერები. წერილით რომ ვერას გახდენ, კაპუცინებმა გადაწყვიტეს, ერთი თავიანთი ამხანაგი გაეგზავნათ რომს, ყველაფერი კარგად აეხსნა პროპაგანდისათვის და რაც კი საჭირო იყო, მიეცათ. იქ გასაგზავნათ დანიშნეს პატრი კარლო სანმარინელი და მალეც გაისტუმრეს. მეფის წერილთან ერთად თავიანთი წერილებიც გაატანეს, რა შიგ აუწერეს თავიანთი გარემოება დაწვრილებით და სხვათა შორის, ესეც მოახსენეს: გარდა ამისა ეს ქართველი მეფე თუმცა კი გამაჰმადიანებული ქართველია, მაინც თავის ქვეყანაში დიდის სიყვარულით მიგვიღო, მოგვცა ორი სახლი, ერთი საეკლესიოდ და ერთი ჩვენთვის ბინად, კაის თვალით გვიყურებს, ხშირად თავის სახლში გვიწვევს და ქართველ ბერებზედ უკეთესად მივაჩნივართ. ჩვენის უნეტარესის პაპი ალექსანდრესი (VII) დიდი პატივისცემა აქვს. ჩვენ ყველაფერი ვუამბეთ მისი. კიდეც მოსწერა წიგნი, რომელსაც თქვენი უმაღლესობა ნახავს ამ წერილთან ერთად. სხვა რამეც დაგვაბარა და ყველაფერს პატრი კარლო მოგახსენებთ. გევედრებით აუსრულო მისი სათხოვარი, რადგან მთელს ჩვენს მისიონს დიდს სარგებლობას მოუტანს. ამ მეფეს საქართველოს უდიდესი მთავრებიც ემორჩილებიან. მისი დიდი პატივისცემა აქვთ და ეშინიათ კიდევაც მისი, თუ მისი სიმდიდრისა და თუ მისი ძლიერების გამო... ტფილისი 5 ოქტომბერს, 1664 წ. პატრი სერაფინო მელიკოკა...“
იმ პატრსავე გაატანა წერილი კაპუცინების მფარველმა ექიმმა ეპიფანემ, კარდინალთან. გაახსენა თავისი წინანდელი წერილები, აუწყა აწმყო გარემოება და ეგრეთვე მისიონის საჭიროება და სთხოვა აქაურებისათვის ჯეროვანი ყურადდება მოექციათ. წიგნში სხვათა შორის, ამასაც სწერს:
„თქვენს უმაღლესობას დიდის სიჩქარით მოვსწერე ეს წერილი სწორეთ იმ დროს, როდესაც მეფესთან ერთად ვიყავი კახეთში, რომელიც მისი პირველის შვილის სამთავროა. აქ ყოფნის დროს ტფილისში მყოფმა ჩვენმა მისიონერმა პატრებმა, მაცნობეს, წასასვლელად ემზადებოდა ქარავანი და პატრი კარლო სანმარინელიც მას უნდა გაჰყოლოდა. ხოლო სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ქარავანი იძულებული გახდა ჩვენის მეფისათვის დაეცადა, ამიტომ იმ წერილთან ამ წიგნსაც ვუმატებ. თქვენს უმაღლესობას ვაუწყებ, რომ ხსენებულმა მეფემ რა შეიტყო პატრის წასვლა, დაიბარა სხვებთან ერთად და ჩემის პირით ბევრი რამ უთხრა, ყველაფერს თვითვე მოგახსენებს; ეგრეთვე პაპისათვისაც მისცა წერილი ქართულად, რომელიც მე ვთარგმნე ლათინურად. მასთანვე უჩვენა ჯაჭვის პერანგი, რომელსაც აქაურები ტანისამოსის ქვეშ იცმენ, როდესაც საომრად მიდიან, და ბევრის ხვეწნის შემდგომ დაავალა მას, რათა შეეტყო, თუ მას სად აკეთებენ, რომ რამდენიმე ხელი წამოეღო. გასტუმრების დროს უთავაზა მას ერთი ცხენი სამგზავროდ. უკეთუ გნებავთ, ამ მისიონის საქმე კარგად წავიდეს, კეთილ ინებეთ და ასიამოვნეთ მეფე იტალიური წვრილი საჩუქრებით... ტფილისს, 7 ოქტომბერს, 1664 წ., ექიმი ანდრია ეპიფანიო“.
მეფე შაჰნავაზ (ვახტანგ V) თუმცა გამაჰმადიანებულა, მაგრამ სულით და გულით ისევ ქრისტიანედ დარჩენილა და თუ კათოლიკობისა და თუ პაპისა დიდი პატივისცემა ჰქონია; რასაც ცხადად გვიჩვენებს შემდეგი წერილი მისი, პაპთან გაგზავნილი, რომლის დედანი ვერ ვიპოვეთ.
„მადლითა და წყალობითა ღვთისათა, ჩვენ იესეიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატოანი ძლიერი და მფლობელი საქართველოსი, ღვთივ გვირგვინოსანი მეფე შაჰნავაზ; დიდსა, მარადის დიდებულსა, ღვთისაგან ეგრეთ პატივ მოსილს და გაძლიერებულს, რომლის უძლიერესი არავინ არის, მტერთაგან უძლეველს, ღვთის მოწყალებით უუდიდეს ყოველთა პატრიარქთა ზედა, წმიდა პეტრეს მოსაყდრეს, მთელ ქვეყანაზედ სიმართლის დამცველს, მთელი ქვეყნის ქრისტიანების მთავარს, ყოველთა მაღალ ღირსებათა მქონეთა უფრო ღირსეულს, სამგზის გვირგვინით დაგვირგვინებულს, შემკობილს რომის დიდ პაპთა სახელით, მამათ მთავართა მამას და ბატონს, დამოუკიდებელს და უმაღლეს ბატონს ალექსანდრე მეშვიდეს ჩვენის მსახურების და პატივის ნატვრას სიმდაბლით ვაუწყებთ. დიდება ყოვლად მოწყალე ღმერთსა, რომ თქვენის პატიოსანის სახელის დიდებულებისა და თქვენი კარგად მყოფობის ამბავმა ჩვენს ყურამდე მოაწია, ვინაიდან თქვენმა უნეტარესმა საყდარმა ქვეყანაზედ მოჰფინა თქვენის უძლიერესობის ნათელი და იცვავს მას უვნებლად.
გარდა ამისა, თქვენი მდაბალი მღვდლები, რომლებიც მონაზონებრივ ცხოვრებენ, ჩვენს ქვეყანაში მოვიდენ; ჩვენც, თქვენდა მსახურებად და საამებლად, ვუბოძეთ სადგომი და კარგად მოვეპყარით. მათ აღაშენეს ეკლესია, სადაც ადიდებენ ღმერთსა და ლოცულობენ თქვენი უნეტარესობის სიმრთელისათვის. გარნა დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ, რაც ამათ თქვენი ბრძანება აღარ მიუღიათ, რის გამო ერთი მათგანი, კარლო მარია, მოდის მანდ, თქვენს წმიდა ფერხთ ემთხვიოს და ჩვენი ამბავი მოგახსენოსთ. ჭეშმარიტად ვნატრობთ, თქვენ გაამოთ, ამისათვის დიდათ გევედრებით, გვიბრძანოთ რა სამსახურის მოგება შეგვიძლია. ნუ დაგვივიწყებთ“.
ამ წერილს თარიღი არა აქვს. მაგრამ არ უნდა იყოს 1664 წ. ოქტომბერში დაწერილი. პატრი კარლო რა მივიდა რომს, თუ პირად და თუ წერილით საქართველოს ყოველი გარემოება მოახსენა კარდინალებს, რომელნიც დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. ამისი დაწერილი მოხსენება ხელში ჩაგვივარდა მხოლოდ ერთი, სადაც, სხვათა შორის, ამბობს:
„ერთი ქართველი, რომელიც კოსტანტინეპოლში ჩვენს პატრებს ხელმეორედ მოენათლათ და რომის კათოლიკობა მიეღებინებინათ, აგერ ოთხი წელიწადია, საქართველოში უზიარებელი იყო. მივედით თუ არა, მაშინვე მიიღო საიდუმლო; ხოლო რამდენიმე თვის შემდგომ დასნეულდა, წმიდა საიდუმლო კვლავ მიიღო დიდის სასოებით, ასე რომ მთელის ქალაქისათვის სამაგალითო გახდა მისი სათნოება და შემდგომ მიიცვალა. იქ თიათინელებისაგან ხელმეორედ მონათლული ერთი მეგრელიცაა, რომელიც ხშირად ამბობს აღსარებას და ღებულობს წმიდა ზიარებას... ეგრეთვე საიდუმლოდ მოვნათლეთ ურიცხვი ბავშვი, რომლის ჯეროვან ნათლიღებაზე ვეჭვიანობდი. დასასრულ საქართველოში დავტოვე ბერძნისი ანტიოქიის პატრიარქი18, რომელიც იქ დასავლელად მოვიდა, რადგან იქაურობა მის უფლების ქვეშ არის. იმ ზომამდე გვცა პატივი, რომ ბევრმა დიდებულთაგანმა გვითხრა, თუ ეს პატრიარქი თქვენს ეკლესიაში მოვიდა და იქადაგა, რომ თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართო, მაშინ ყველანი მიიღებენ თქვენს სარწმუნოებასო. ამ სიკეთეს მისგან მოველით ალეპოს კონსულის საშუალებით. ეგრეთვე თვით პატრიარქიც დაგვპირდა ამას და კიდეც ეთქვა რამდენიმე ეპისკოპოსისათვის. შემდგომ რა იქმნა, არ ვიცით, რადგან მე წამოვედი“.
პატრი კარლო ამ წერილშივე იხსენიებს საცეცხლურს, რომელიც დაუბარებია მეფის ძმას კათალიკოსს რომელიც ძლიერ კარგი ქრისტიანე ყოფილა. არც ამ წერილს აქვს თარიღი, მაგრამ უნდა იყოს დაწერილი 1664 წ., რადგან ეს პატრი ამავე წლის დამლევს იქიდან გამოისტუმრეს საქართველოში. პატრი კარლოს რომში კარდინალებისათვის ბევრი საეჭვო კითხვების განმარტება უთხოვნია. სხვათა შორის უთხოვნია გამოეთქვათ თავიანთი აზრი ფულის სარგებლისა და ყმების გაყიდვის შესახებ. კაპუცინების აზრი ყოფილა, რომ საქართველოში ყმების გაყიდვას თუ მაინც და მაინც არ დაიშლიდენ, მარტო ქრისტიანებისთვის მიეყიდათ. ამის პასუხად ამ პატრს 30 დეკემბერს 1665 წ. პროპაგანდა ფიცხელ ბრძანებას უთვლის: ქრისტიანი ყმები არავინ უნდა მიჰყიდოს არც მაჰმადიანებს და აღარც ქრისტიანებს, რადგან ესეთი ვაჭრობა დიდად დამამცირებელია კათოლიკე სარწმუნოებისა; ამიტომ ასეთი ვაჭრობა აკრძალულიაო. საცა კი შემთხვევა მოგეცეთ, საჭიროა ეცადოთ თქვენის ამხანაგებითურთ მოსპოთ ესეთი მავნე და ბოროტი ჩვეულება და, რა მოსპოთ, უფრთხილდით ხელმეორედ არ განაახლონ ესეთი ჩვეულება. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ფულის გასესხების დროს, არასდროს უნდა გამოერთვას კაცს ასში ოცის თავი... ეგრეთვე წმიდა კრებას ნებავს, ეკლესიაში მისიონერებმა იხმარონ ახალი კალენდარი და სრულიად დაიცვან, რაც მასშია განწესებული. მასთანვე ეცადეთ, მანდაური ქრისტიანებიც ამის ხმარებას შეეჩვიონ...
პატრი კარლოს ესეც ეკითხა: თუ გაკათოლიკებული ქართველები ისევ წინანდელ სარწმუნოებას მიუბრუნდენ და შემდგომ ხელმეორედ მიიღეს კათოლიკობა, ვალდებულნი არიან თუ არა, ხელმეორედ სთქვან აღსარება, რომელიც ამ დროს ჰყვეს უწინდელ თავიანთ მღდელთანაო. ამის პასუხად მიიღო საჭიროა ხელმეორედ სთქვანო.
საკმაო სახარჯო მისცეს პატრი კარლოს და გამოისტუმრეს რომიდან საქართველოს, თან გამოაყოლეს ოთხი ახალი მისიონერი: პატრი პავლე ნორჩელი, პატრი იპოლიტე ფლორენციელი, პატრი ევანგელისტა მესინელი და ძმა ივანე-ანტონ ფერმოელი. ამან წამოიღო წერილები უფროს პატრთან, მეფესთან და ეპიფანე ექიმთან. ამ ეპიფანეს პროპაგანდა წერილით დიდ მადლობას უძღვნის მისიონერების შემწეობისათვის და კვლავ სთხოვს თავისი შემწეობა არ მოაკლოს მათ. ერთ ძვირფას კრიალოსანსაც უგზავნის თავისი მეუღლისათვის. ტფილისის უფროსს პატრს ერთი პატარა ყუთით უგზავნიან ხატებს, კრიალოსნებს, რათა კათოლიკებში დაარიგონ გასაძრიელებლად. ამას ორ-სამ წიგნს სწერენ კარდინალები სხვა და სხვა საქმის თაობაზე. ჩვენ მოვიყვანთ მარტო იმ წერილს, რომელიც შეეხება რომის კოლეგიაში ქართველ ბავშების გაგზავნას.
„პატრი სერაფინე მელიკოკელ პრეფექტოს, 30 დეკემბერს, 1666 წ.
სულიერის შემწეობისათვის ქართველთა, რომელნიც დიდი მოწადინე არიან კათოლიკე სარწმუნოების მისაღებად, როგორც გვაუწყა პატრი კარლო18 (ეს გაკათოლიკებული მაკარიოზი პატრიარქია, რომლის შესახებ უკვე წინა თავში ვილაპარაკეთ.) სანმარინელმა და რათა მათ მოსავლელად მზად გვყავდეს რამდენიმე მუშაკი, როგორც ამას ყოველდღიური საჭიროება თხოულობს, ვიფიქრეთ მოვანდოთ თქვენს ერთგულებას, ურბანოს კოლეგიაში გამოსაგზავნათ მათშივე იპოვოთ ორი ახალგაზდა, რომელთაც სურდეთ საეკლესიო წოდებაში შესვლა, და აქ გამოგზავნოთ სანდო მგზავრთან ერთად; მასთანვე გამოატანოთ თქვენი წერილიც. გარნა საჭიროა განსაკუთრებული ყურადდება მიაქციოთ, რათა რამდნათაც შეიძლება, კათოლიკე დედ-მამის შვილები იყვნენ, არც 15 წლისაზე ნაკლები და არც 20 წლისაზედ უმეტესი. ნიჭიერნი და გულის ხმიერნი იყვნენ, რათა შეიძლონ მეცნიერების შესწავლა, მეტადრე ჯანმრთელი და კარგი ზნეობისა უნდა იყვნენ, წყნარნი, მორჩილნი, სათნოებისადმი მიდრეკილნი, რათა შემდგომ უნაყოფოდ არ დარჩეს მათი შენახვა და გაწვრთნა. ამას ეცდებით და აღასრულებთ ესედ. მომიხსენიეთ თქვენთა ლოცვათა შინა“.
სამწუხაროდ, არ ვიცით, იმ დროს, რომელი ქართველი ბავშვები გააგზავნეს პროპაგანდის კოლეგიაში.
ამ წიგნთან ერთად მეფესთანაც გამოატანა პროპაგანდამ ეს წიგნი:
„ტფილისის მეფეს. 10 ოქტომბერს 1665 წ.
მანდაური ერის სულიერი საჭიროებისათვის პროპაგანდის წმიდა კრება გზავნის ახალ მისიონერებს. ამ შემთხვევის გამო კარდინლები მავალებენ, რათა მათის სახელით მივუძღვნა უდიდესი მადლობა თქვენს დიდებულებას ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მანდაურის მისიონისთვის მიგინიჭებიათ და რაცა არა ერთხელ გვაუწყეს მანდ მყოფმა მისიონერებმა. ამნაირმა თქვენმა მოპყრობამ გაამხნევა ეს მონაზონები, რათა შესდგომოდენ დიდს და ძნელ მგზავრობას, მასთანვე დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათი მისწრაფება თქვენთვის დიდად სათნო საყოფელი იქმნება, მათი ესეთი შრომა დაგარწმუნებთ, რომ მათ მარტო ოდენ სიკეთის მიტანა სწადიათ და მხლოდ ერის სულიერად მოვლა-პატრონობისათვის ზრუნვენ. ამის გამო კარდინალები დიდად გავედრებენ მათ, რათა ყოველნაირი შემწეობა აღმოუჩინოთ ყოველთვის, როდესაც კი საჭირო იქმნეს თქვენი გულმოწყალე მფარველობა. დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რომ თქვენი ესეთი საქციელი ღირსეული და დიდად სათნო-საყოფელი იქმნება ღვთის წინაშე. ეგრეთვე პროპაგანდის წმიდა კრებაც მეტად დავალებული იქნება თქვენგან ყოველის სიკეთის გამო, რომელსაც თქვენის უმაღლესობის გულკეთილობით მიაგებთ ხსენებულ მონაზონებს. დასასრულ ხელთ გემთხვევით“.
რომიდან წამოსვლის დროს თუ ამ კაპუცინს და მას ამხანაგებს დაჰპირდენ შემწეობის გამოგზავნას მისიონერებისათვის, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს დაპირება, ისევ დაპირებად დარჩა: რომიდან არაფერი მოუვიდათ; საქართველოში, ხალხის სიღარიბის გამო, საჭირო შემწეობა ვერავინ აღმოუჩინა. კაპუცინებს მისიონერთა მომატებით ხარჯიც მოემატათ, მაგრამ შემწეობა კი არსაიდან მოსდიოდათ. აღარც წამლობა შეეძლოთ ამ დროებში ხსენებულის ექიმის ეპიფანეს გამო, რომელმაც რომს შესჩივლა, კაპუცინებმა დიდი ზარალი მომცეს თავიანთი უსასყიდლო ექიმობით, რადგან ჩემთან აღარავინ მოდისო. ამის გამო პროპაგანდამ აუკრძალა მისიონერებს ხალხის წამლობა, კაპუცინებმა რა ნახეს, შემწეობა საკმაო არ მოსდიოდათ და რჩენაც უჭირდათ, რამდენიმე თვის შემდგომ პატრი კარლო ხელმეორედ გაგზავნეს რომს, რათა საკმაო შემწეობა ეშოვნა. რა მივიდა აზრუმს, ავად გახდა, ამიტომ ვეღარ გაბედა წასვლა და ისევ უკან გამობრუნდა, ხოლო მისიონის საჭიროება და თავისი მგზავრობის გარემოება აზრუმიდანვე 20 დეკემბერს 1666 წ., რომში აცნობა ერთი იქიდან წამსვლელი დომინიკიანის საშუალებით. სხვათა შორის, ამ წერილში მოახსენა:
„დიდის გულმოდგინებით ვევედრები თქვენს უმაღლესობას, მოგვცეთ რაიმე შემწეობა ამ საბრალო მისიონისათვის, რომელიც აღმოსავლეთის მისიონებში ყველაზე უფრო ნაყოფიერია... პატრი გაბრიელს19 და ყველა პატრებს ამ დროს მოლაპარაკება აქვთ საქართველოს ეკლესიის ლათინის ეკლესიასთან შეერთების შესახებ.
იმედია ცოტა ხანში დიდი სარგებელი მოვიტანოთ. ამიტომ ნუ ინებებთ, ამდენმა შრომამ ფუჭად ჩაგვიაროს. იესო ქრისტეს წყლულების პატივისათვის გევედრები, შეეწიეთ ამ მისიონს, რადგან თუ არ თქვენის შემწეობით, შეუძლებელია აქ ცხოვრება; სიგლახაკის გამო ყმებსა ჰყიდიან და იმითი სცხოვრებენ. უკეთუ ინებებთ და მოიღებთ თქვენს მოწყალებას ქართველ ერზედ, თავსა ვსდებ სამუდამო საცხოვრებლად ამ მხარეს და აქვე სასიკვდილოდ... ვბრუნდები საქართველოში, რადგან მხოლოდ იმას ვნატრობ, აქ ვიმსახურო“...
პატრი კარლოს ამის მსგავსი წერილი, რომელშიც იხსენიებს საქართველოს ეკლესიის შეერთებისათვის მოლაპარაკებას, მიუწერია თავიანთი უფროსისათვისაც. უფროსსაც მიწერილი წიგნი წარუდგენია პროპაგანდისათვის და ესეც თავის აქტებში იხსენიებს ამ წერილს. წერილი კი ვერ ვიპოვეთ. რაკი რომიდან არაფერ შემწეობას არ გზავნიდენ, ტფილისს რა მობრუნდა პატრი კარლო, იძულებული გახდა კვლავ დასდგომოდა გზას და წასულიყო რომას შემწეობის სათხოვნელად. უფროსმა პატრმა სერაფინომ თვის წერილში ასწერა აქაური გარემოება და საჭიროება; ეგრეთვე ახალ ეკლესიის აშენებისათვისაც შემწეობა მოსთხოვა; ამ წერილზე სხვა დანარჩენ ექვს მისიონერსაც ხელი მოაწერინა 28 თებერვალს 1667 წ. და გაისტუმრა პატრი რომს. პ. კარლომ ტფილისიდან სამეგრელოში გაიარა და იქ ცოტა შეჩერდა. იქიდან თეათინელებმაც გაატანეს წერილი სამეგრელოს მისიონის შესახებ, როგორადაც მოვიხსენიეთ წინა თავში. ვიდრე რომს ჩავიდოდა, რადგან იქ მისი საქართველოდან გაბრუნება არ იცოდნენ, ტფილისში 17 სექტემბერს 1667 წ. რომიდან მოსწერეს მისი აზრუმიდან გაგზავნილი წერილის პასუხი. ამ წერილით პროპაგანდა ჰპირდებოდა შემწეობის მიცემას, მაგრამ არა ეგოდენს, რაოდენიც ამას ეთხოვა წერილით; ეგრეთვე ამ პატრს ნიშნავდა საქართველოში მყოფი კაპუცინების უფროსად, რადგან პატრი სერაფინო უფროსობას თავს ანებებდა. პატრი კარლომ საქართველოს მისიონის თაობაზე ბევრი ელაპარაკა კარდინალებს და წერილებითაც ერთი ვრცელი მოხსენება წარუდგინა. ამ მოხსენების ზოგიერთ ნაწილს აქ მოვიყვანთ.
„... მთელი საქართველოს უმთავრესი ქალაქი ტფილისია, რომელშიც 70 ანუ 80 ათასი სული სცხოვრებს; ამათგანი მომეტებული სომხები და ქართველები არიან. გარნა, ამ დროებში ბევრი მაჰმადიანობას ღებულობს, თუ სიგლახაკის მიზეზით და თუ ხარისხის შეძენისათვის, და კიდევ იმისთვის, რომ სპარსეთის მეფეს აამონ. ჩვენი და მეტადრე გაბრიელა ფრანგის პატრის შრომის ნაყოფია, რომ ხელი შევუშალოთ გაჰმადიანებაზე და სარწმუნოებაში დავიცვათ: ბევრისგან ბევრს ავაღებინეთ ხელი ასეთს განზრახვაზე... ტფილისში 8 ოჯახამდე კათოლიკე იქმნება; გარდა ამისა ჩვენთან აღსარებას ამბობენ მრავალნი თუ მამაკაცები და თუ დედაკაცები და მეტადრე ძლიერ ბევრი ბავშვი. გორში უმთავრესი ბატონი, რომელსაც ბევრი სოფელი აქვს, თავის ოჯახობით ნამდვილი კათოლიკეა. ქუთაისშიაც ერთი ოჯახია კათოლიკე... ყველა მთავრები თავისუფლებას გვაძლევენ ქრისტიანე სარწმუნოების ყოველგვარი სამსახურის აღსრულებისას. გარნა ბევრნი, რომლებიც ჩვენთან ენდობიან და ეზიარებიან, ფრთხილად არიან, არავითარი დევნულობა დაუწყონ თავიანთმა მონაზონებმა და ეპისკოპოსებმა... იქაურების უმთავრესი ურიგო ჩვეულება ეს არის, რომ თავიანთ ქრისტიანე ქვეშევრდომებს თათრებზე ჰყიდიან: ამის უმთავრესი მიზეზი მათი გლახაკობაა. ამის წამალი ეს არის, ნელ-ნელა შევაგნებინოთ თავიანთი შეცთომილება... იქ ძლრიერ ბევრი ეკლესია, მარტო ტფილისში 15 ეკლესიამდე იქნება, ზოგი ქართველებისა და ზოგი სომხებისა; კათოლიკებისათვის კი არც ერთია: პატარა სახლში ვასრულებთ წირვას. ეგრეთვე გორშიაც იქმნება 12 ეკლესიამდე ზოგი ქართველებისა და ზოგი19 თავრეზში მყოფი კაპუცინების უფროსი იყო და საქმეების გამო ტფილისს მოსულიყო. სომხებისა; მათ შორის ერთი მშვენიერი ეკლესიაა, რომელიც 20 წლის წინეთ ეკუთნოდა აგუსტინიანებს, რომლებსაც ერთი მშვენიერი მონასტერიც ჰქონდათ. ეს ეკლესია დღეს დედოფალს ეკუთნის და ქართველი მონაზონები ასრულებენ იქ მღვდელ-მოქმედებას. გორში ეგრეთვე არის კიდევ სხვა პატარა ეკლესია, რომელიც 20 წლის წინეთ ეკუთნოდა თეათინელ პატრებს. თუმცა ბევრი მოწინაადმდეგე იყო, მაგრამ მეფემ მაინც ბრძანება გამოსცა, ის ეკლესია ჩვენ მოგვეცეს. გარნა ეხლა ისევ მათ ხელშია, რადგან არც მისიონერები გვყავს და არც საკმაო საშუალება გვაქვს, იქ დავდგეთ. ქუთაისშიც ბევრი ეკლესიაა, იქვეა აგრეთვე თეათენელი პატრების ეკლესიაც. იქაური მეფე ამ ეკლესიის მოცემას დაგვპირდა თუ წავედით და იმ ქალაქში დავდექით. თეათინელი პატრების ერთი სხვა ეკლესიაც გურიელის სამთავროშია. გარდა ამ ქალაქებისა, სოფლებში და მთელს პროვინციაში აღურაცხველი ძველის ძველი ეკლესიებია, რომლებსაც აქვთ სამრეკლოები და ზარები, როგორც ჩვენში; მათშივე ინახავენ წმიდა ზიარებას; ჩვეულების თანახმად, მეტად მშვენიერი ნაშენი ეკლესიებია... ...ერთ დროს შეიძლება უკან დავიბრუნოთ აგუსტინიანი პატრების ეკლესიაც, მონასტერი და ბაღი გორში, უკეთუ იქ დავდექით და დედოფალს წამლობით რამე სამსახურს გავუწიეთ, ანუ რამ საჩუქარი ვუთავაზეთ... ტფილისში ერთი პატარა ეკლესიის გასაშენებლად თქვენის მოწყალების დახმარება საჭიროა... მისიონერებმა მარტო ქართული ენა შეისწავლეს. თუ აქაურის ზნე-ჩვეულობის უცოდინარების გამო და თუ იმიტომ, რომ აქ ჯერ კარგად დაბინავებული არა ვართ. ტფილისში ჩვენს სკოლაში ძლივს გვყავს 25 მოწაფე; ყველა ეს მოწაფები ჩვენთან აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან, ვითარცა ნამდვილი კათოლიკეთა შვილები. საქართველოს სახლებში ძლიერ ბევრი მონაზონია. ბევრი მათგანი ჩვენს წირვაზე მოდიან. კიდევ ბევრს ახსოვს, რომ 20 ანუ 30 წლის წინეთ გორსა და ქუთაისში აგუსტინიანე და თეათინელ ბერებს დიდი სარგებელი მოჰქონდათ და ბევრი კათოლიკეც ჰყავდათ. ეხლაც ძლიერ ნატრობენ, რომ ამ ქალაქებშიაც დავდგეთ... 28 ნოემბერს. 1668 წ.“.
პატრი კარლოს მეორედ რომში მიბრუნება უნაყოფოდ არ დარჩენილა, რადგან პროპაგანდამ მისცა საკმაო შემწეობა არა მარტო თავიანთ სარჩოდ, არამედ თვით ახალ ეკლესიისთვისაც, რომლის აშენებაც მალე დაიწყეს. ვგონებთ ეს პატრი უკან აღარ მობრუნებულიყოს საქართველოს, როგორც თავის წერილებშია მოხსენებული, სნეულობის გამო იტალიაში დარჩენის ნება უთხოვია. გარნა მალე, ესე იგი, 1669 წ. შვიდი სხვა კაპუცინი გამოგზავნეს საქართველოს: პატრი ჯუზეპე ანტონი რომაელი, პ. ფრანჩისკე მონთეკატინელი, პ. სტეფანე ამელიელი, პ. რაფაელ პარმელი, პ. ჯუსტინო ლივორნელი, პ. ფრანჩისკე პიემონთელი და ძმა ბართლომე სანჯულიანელი.
ტფილისს მოვიდენ თუ არა, მესამე დღეს პატრი ჯუსტინო, პატრი ფრანცისკე და ძმა ანდრია გაგზავნეს გორს მისიონის დასაარსებლად. მისიონმა გორში დიდი სარგებლობა მოიტანა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი შეწუხება და დევნულებაც გამოიარა მეტადრე სომხებისგან. როგორც სჩანს კაპუცინების ისტორიიდგან:
„პირველში იმათთვის, საჭირო იყო დიდის მოთმინებით აღჭურვილიყვნენ, რათა აეტანათ ის შეურაცხყოფა, რომელსაც მათ აყენებდენ განსაკუთრებით სომხები. სომხები იმ ზომამდე გადაეკიდენ, რომ ჯოხით ცემა დაუპირეს და როცა პატრებს ქუჩაში დაინახავდენ ქვებს უშენდენ. სქიზმატიკი სომხების მძულვარება განსაკუთრებით ცხადდებოდა პატრებთან ბჭობის დროს; ყოველთვის დამარცხებულნი და შერცხვენილნი დგებოდენ, რადგან პასუხის გაცემა არ შეეძლოთ; ბჭობის შემდგომ უფრო უარესად ემტერებოდენ. გულში ჩადებულის ეშმაკეული სიმძულვარისაგან სომხები იქამდე მივიდენ, მეტის სიბრაზის გამო პატრებს პირში ფურთხება დაუწყეს. თავიანთის მტრობით უეჭველად დიდათ ავნებდენ მისიონერებს, რომ ქართველები არ გამოჰქომაგებოდენ; ქართველებისა კი სომხებს ძალიან ეშინიათ. რადგან ქართველები ჭეშმარიტების მოყვარენი არიან, ადვილად შეიყვარეს მისიონერები და სიამოვნებით უსმენდენ მათ საზოგადო და კერძო ქადაგებას და ხშირად ზოგიერთი მათგანი კათოლიკეც ხებოდა. ამის გამო ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკლესიას და ჩვენს ეკლესიაში მოდიოდენ; ერთის სიტყვით, იქვე ასრულებდენ ყველა ვალდებულობას რაც კი შეეხება ნამდვილს რომის კათოლიკეს. ხუთი თვის განმავალობაში, მარტო გორს 300 ბავშზე მეტი მონათლეს. ეს გარემოება საკმაო იყო, ხსენებული სქიზმატიკების გულში მუდამ აღგზნებული ყოფილიყო შურის ცეცხლი და უზომო სიძულვილი წინააღმდეგ კათოლიკებისა და უფროსი ერთად მისიონერებისა, რომლებსაც არ აკლებდენ გაუპატიურებას და ყველანაირად ცდილობდენ, ერში მათთვის სახელი გაეტეხათ“.
არა ვგონებთ, ამ წერილში შეცთომით იყოს თქმული ეს სიტყვები „ქართველები ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკლესიასო“, რადგან უწინ ქართველები სხვადასხვა მიზეზების გამო სომხის სარწმუნოებაზედაც გადადიოდენ. უკვე მეხუთე თავში მოვიყვანეთ ნიკიფორე ერბახის სიტყვები. კრებაში გამოთქმული, რომლითაც აცხადებდა ბევრი ქართველების გასომხებას.
ამის მსგავსი სხვა საბუთიც ვპოეთ აგუსტინიანი პატრი ამბროზის მოხსენებაში, რომელიც 1640 წ. გორიდან მისწერა რომს. ამ სამწუხარო გარემოებას ესე აღწერს:
„ჩვენი მონაზონები ამ ქრისტიანებში დიდის სიკეთის ქმნას შეიძლებენ რამდენიმე სოფლის ყიდვით, როგორც შვებიან სომხები. თუმცა ქართველებს დიდი სიმძულვარე აქვთ სომხებისა სარწმუნოების მხრივ, გარნა, როდესაც მათი ყმები ხდებიან, ბევრი მათგანი გადადის სომხის წესზე. ამაზე უარესიც ვნახეთ: ზოგიერთმა მდიდარმა ურიებმა, რომლებიც საქართველოში სცხოვრებენ, გააურიავეს რამდენიმე თავიანთი ყმა და მოსამსახურე. ქართველები უეჭველად დიდის სიამოვნებით მიიღებენ ლათინურ წესსა, თუ ჩვენი ყმები გახდენ“.
რადგან ქუთაისშიც თხოულობდენ მისიონერებს, ახალ მოსულ კაპუცინთაგან ზოგიერთი იქაც გაგზავნეს. ამათი აქ მოღვაწეობა არა ნაკლებ ნაყოფიერი შეიქმნა; თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ხშირი ომების გამო დიდ ხანს ვერ დარჩნენ. მიუხედავათ ამისა, მისიონის საქმე კარგად მიდიოდა და კათოლიკობა დაუბრკოლებლივ ვრცელდებოდა. ერთი მოკლე მოხსენება გვაქვს კათოლიკობის წარმატების შესახებ: „არა მარტო გორში, არამედ ქუთაისსა და ტფილისშიაც მისიონერები სული წმიდის შემწეობით მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდენ. კათოლიკობას ავრცელებდენ არამარტო მდაბიოთა შორის, არამედ ქალაქის თვით მოწინავეთა შორისაც. გააკათოლიკეს თვით ეპისკოპოსები და ტფილისის მეფის ძმაც. ამათ კიდევაც აღიარეს პაპის მორჩილება, განსაწმედელის არსებობა და წმიდანების დიდება. ეს სამი უმთავრესი მუხლია, რომლითაც ქართველები განსხვავდებიან ჩვენგან“.
სამწუხაროდ, აქ დასახელებული ქართველი გაკათოლიკებულთა ეპისკოპოსების სახელები არ ვიცით, რადგან ამ დროის საბუთებიც გვაკლია. ამ ხანებში კაპუცინებისათვის დევნა დაუწყიათ, მაგრამ დაწვრილებით ცნობები არა გვაქვს. ეს კი ცხადია, რომ უმთავრესი მდევნელნი სომხის მღვდლები ყოფილან. ამას იხსენიებენ პროპაგანდის აქტები და სხვა წერილებიც. დევნულობა მალე დაწყნარებულა თუ კაპუცინების ცდით და თუ ახლად გაკათოლიკებული ქართველების შემწეობით. სომხები ხშირად სდევნიდენ კაფუცინებს თუ გორსა და თუ ტფილისში, მაგრამ, ძლეულნი მისიონერთა კაცთმოყვარეობით და მოთმინებით, ზოგჯერ მდევნელნიც, ერის კაცნი, თუ საეკლესიო პირნი, უსმენდენ მათ და კათოლიკე ხდებოდენ.
საქართველოს კათოლიკოსმაც ერთ გზით დაუწყო კაპუცინებს მტრობა, უფრო გამორჩენის აზრით, რადგან კაფუცინებს, ახალი ეკლესიის აშენების დროს, მისთვის, ვითარცა ჩვეულება იყო, საჩუქარი არ მიეცათ. ამის გამო კათოლიკოსმაც მათი სკოლა დააკეტვინა. თუმცა მისმა მტრობამ დიდ ხანს არ გასტანა. ისევ დაუმეგობრდა და სკოლაც გააღებინა. თუ ამის და ამ დროს მომხდარი სხვა ამბის შესახებ ორი წერილი გვაქვს მისიონერებისა. პირველი არის უფროსი პატრის სერაფინოს წერილი, რომს 1671 წ. გაგზავნილი, რომლიდანაც ეს მოგვყავს:
„...კვლავ გავმართე სკოლა, რომელიც წარსულ წელს დაიკეტა საქართველოს კათოლიკოსის ბრძანებით (თურმე ჩვენი ეკლესიის აშენების გამო დიდი საჩუქარი უნდოდა). შიგ ყმაწვილები ბლომად გვყავს. ყმაწვილებს ვასწავლით ქართულს, იტალიურს და ლათინურს, ეგრეთვე ყოველდღივ ვუხსნით საქრისტიანო მოძღვრებას. გარდა ამისა, მათ ყოველკვირაობით ეკლესიაში ვამეორებინებთ ნასწავლ მოძღვრებას, რასაც დიდი ხალხი ესწრება. დღისით, თუ ღამით ჟამ-კანონს ხოროთი ვასრულებთ და წირვასაც ვგალობთ დიდის დიდებით. ვქადაგებთ ეკლესიაში და ეგრეთვე გარეთაც, როდესაც მარჯვე დრო მოგვეცემა და ხალხის მოქცევის იმედი გვაქვს. გამუდმებით ბაასი გვაქვს მეტადრე სომხების და ქართველების მონაზონებთან და ეპისკოპოსებთან. ბაასი ხშირად უნაყოფოდ არ რჩება. ერთმა ჩვენგანმა ქართულად სთარგმნა რომის კათეხიზმო და მალე დაასრულებს. გვინდა დავაბეჭდინოთ მათ წმინდა კრებას. მრავალნი გაენდვნენ და მრავალნი კიდევ ენდობიან და ეზიარებიან ჩვენთან, მაგრამ ფარულად, რადგან თავიანთი ეპისკოპოსების ეშინიათ. ერთი თავისი ნებით მოვიდა გასულ თვეში. ეგრეთვე სწორეთ ამ დილასაც მოვიდა აღსარებისთვის ორი დედაკაცი, რომელსაც უკვე ვათქმევინე. ჯერ კათეხიზმო ვასწავლე და, რადგან მათი მიღებული ნათლიღების სინამდვილის ეჭვი მქონდა, შემდგომ თუობით 1 მოვნათლე იმ დროს, როცა ამ განდობილს ერთი ქალიშვილი მოვუნათლე. დღე რო გამოხდა ჩემთან აღსარება სთქვა ფარულად ერთი ქართველი ეპისკოპოსის ძმამ. ყოვლად წმიდა ღვთის მშობლის ხარების დღეს ჩვენთან ერთმა არაბმა აღსარება სთქვა და ეზიარა. აგერ სამი დღეა გორიდან მომწერა პატრი ჯუზეპე კორსომ, რომ ის მახლობლად ოსეთის მთის გვერდობზე მისულა, რათა შეეტყო იმ ქვეყნებში ქადაგება შეიძლებოდა თუ არა; იქ დარჩენილა ათი დღე ერთი სნეულის ბატონის საწამლებლად, კიდეც მოუნათლავს და აღსარება უთქმევინებია; უიმისოდ უნათლავი მოკვდებოდა, რადგან მოხუცი იყო; შემდგომ სხვა 17 კაციც გაუწვრთნია და მოუნათლავს. მომავალში ჩვენთან აღსარების თქმას შეჰპირებიან. სოფლებში, საცა ხშირად დავიარებით საექიმოდ, დიდი სარგებლობა მოგვაქვს, რადგან ბავშვებს ვნათლავთ, მათ მღვდლებს ვწვრთნით და გლეხკაცებსაც აღსარებას ვათქმევინებთ. რამდენიმე ოჯახი ყველა თავიანთი შვილებითურთ გავაკათოლიკეთ. 3 ცხადათ და დანარჩენი ფარულად. იმათ ჩვენს ეკლესიაში დიდის ამბით მოვუნათლეთ ერთი ქალიშვილი შაბათ დღეს... ტფილისი, 30 მარტს. 1671 წ. პატრი სერაფინო მელიკოველი“.
პროპაგანდა, 7 ივლისსა 1670 წ., სწერს ამავე პატრს სერაფინოს, რომ ორი ახალგაზრდა ქართველი გაგზავნოს პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლელად. ამ ორი ქართველის სამგზავროდ ფული მიუცია 50 სკუდი იმ კაპუცინებისათვის, რომლებიც ამ დროს რომიდან საქართველოს მოდიოდენ. ამათგანი ერთი იყო შესანიშნავი პატრი ბერნარდე ნეაპოლელი.
ერთი სხვა ვრცელი მოხსენებაც გვაქვს, რომელიც მოკლედ შეიცავს მისიონის თითქმას ყველა შესანიშნავ ამბებს. 1671 წელს ახლად მოსულ პატრი ბერნარდე ნეაპოლელს იგი დაუწერია და გაუტანებია რომს მიმავალი პატრი ფრანცისკე პიემონტელისათვის, რომელიც შავ ზღვაში დაღუპულა. ეს რა შეუტყვიათ ტფილისში, ხელმეორედ დაუწერინებიათ იგივე მოხსენება, თანაც დაუმატებინებიათ რაც წინანდელ დაწერილის შემდგომ მომხდარა და გაუგზავნიათ რომს. ამას თარიღი არა აქვს. ვგონებთ დაწერილი უნდა იყოს 1672 წ. საკმაოდ ვრცელი წერილია, ამიტომ ჩვენც მარტო იმ ადგილებს მოვიყვანთ. რაც უფრო შეეხება ჩვენს საგანს. ვინაიდან იგი ერთმა ძველებურმა ფრანგულმა გაზეთმა ფრანგულად გამოსცა, ამისათვის ჩვენც ფრანგულის ტექსტის მოყვანას ვარჩევთ.
„ათი წელიწადია, რაც თქვენის ყოვლად უმაღლესობის ბრძანებით კაპუცინები წამოვიდენ საქართველოს კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. მოკლე დროს განმავლობაში ღვთის ძლიერლებამ ისე დააგვირგვინა მათი შრომა, რომ დიდათ საძრახისი იქმნება ეს ამბავი სიჩუმით დაფარული დარჩეს. მისი გამოქვეყნება შეეწევა ღვთის დიდების გამობრწყინებას და მასთანვე შეიქმნება თქვენთვის ერთი საშუალება, როდესაც ამა ყველას სცნობთ, კარგად მართოთ ეს მისიონი და გაუძღვეთ მის წარმატებას. ...ამ დროს წამლობის მიზეზით კაპფუცინები ეცადნენ და მოიგეს თბილელი ეპისკოპოსის გული, როგორათაც უკვე მოგებული ჰქონდათ კათალიკოსისა. თუ ერთთან და თუ მეორესთან და ეგრეთვე დანარჩენ საეკლესიო პირებთან დაიწყეს ხშირად ბჭობა. შემდგომ ბევრი და მრავალგზის ილაპარაკეს რომის პაპის ხელმწიფების და უპირატესობის თაობაზე.... უდიდესი რწმუნება და ნდობა დავიმსახურეთ მეფის სახლში; მეტადრე ჩვენი ხორცის სიწმინდის სახელგანთქმულობამ კარები გაგვიღო დედოფლის სასახლისა, რომელიც სხვათათვის დახშულია; იქ თავისუფლად შესვლა, დედაკაცებთან სხვის დაუსწრებლად ლაპარაკი შეგვეძლო; თუ ვინმე შემოგვესწრებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდარა. მეფე გვაქცევდა უდიდეს ყურადდებას და გვიცხადებდა უდიდეს პატივისცემას; ერთი დიდი სახლი და ბაღი მოგვცა. ჩვენი სინიდისიერება და მეცნიერება ერს დიდათ სწამდა და ამიტომ იბერიელების და ქართველების სათნო საყოფელი ვიყავით, ამათგანი რამდენიმე კიდეც იყო ჩვენს სარწმუნოებასთან შემოერთებული, როდესაც კათალიკოსმა დევნა დაგვიწყო. შემდგომ რა მოგვივიდა რამდენჯერ შემწეობა და ეგრეთვე ახალი მისიონერები, ავაშენეთ საჯაროდ ეკლესია, იქამდე კი კერძოდა გვქონდა. ამის აშენების დროს კათალიკოსს საჩუქარი არაფერი მივეცით, თუმცა ჩვეულებად აქვს ყველას უბრძანოს ხოლმე და გამოართვას ეკლესიის აშენების დროს, თვით სომხებსაც, რომლებიც მასზე დამოკიდებულნი არ არიან. ჩვენს წინააღმდეგ ყველა ღონისძიება იხმარა; ჯერ ხალხს აუკრძალა ჩვენთან ბავშვების მობარება ჩვენს ეკლესიაში მოსვლა; შემდგომ მივიდა მეფესთან და ბევრი ეცადა, გავედევნეთ მთელი იბერიიდან.
ესეთ სამწუხარო მდგომარეობაში ჩავარდნილთა, მოვილაპარაკეთ. მეფეზე კათალიკოსის დიდ ზემოქმედებას სხვა ვერაფრით ვეწინაღმდეგებოდით, რათა სამწუხარო შედეგი აგვეცილებინა თავიდან, თუ არ მეფისავე გულკეთილობით, რომელიც მას ჰქონდა ჩვენდამი. ეს მისი გულკეთილობაც შერყეული იყო ნათესაობის გამო, რადგან იგი კათალიკოსი ძმის (ან დის) წულია20. გარდა ამისა ჩვენის დიდის გაჭირვების შესამსუბუქებლად გავწყვიტეთ ექიმობით მოგვეპოებინა ღონისძიება. ამან ძლიერ დაგვიმცირა სახელი და ეგრეთვე ბევრის მეგობრობაც მოგვაკლო. გარნა მეფის გულმოწყალებამ სძლია და ჩვენმა განუწყვეტელმა სამსახურმა გაიმარჯვა კათალიკოსის მრისხანებაზე. იგი გარეგნად შეგვირიგდა და ამით ვითომ დაჰფარა თავისი მტრობა და ლათინთა სარწმუნოების მიმართ სიმძულვარე. იტალიიდან მოსულმა შემწეობამ მალე გვიშველა, დავიწყეთ უსასყიდლოთ კურნება; სკოლაც კვლავ გავაღეთ, რადგან დაკეტილი იყო ბავშვების წასვლის გამო. შემდგომ დავიწყეთ ეკლესიაში ჟამ-კანონის თქმა, ღამით გალობა და თუ დიდისა და თუ პატარა მარხვის დაცვა, რომლებიც აქეთ ძლიერ ბევრი იციან... ამ საშუალებით შემდეგ დიდ მარხვაში დიდი ხალხი მოვიზიდეთ და გულმოდგინებით ვუქადაგებდით, რადგან საზოგადოთ ეს ერი დიდი მოსურნეა ღვთის სიტყვის მოსმენისა. ამ დროს ჩვენი ყოველი შრომა ძლიერ კარგად წავიდა; ას კაცამდე თუ ტფილისს და თუ გორში მოვიდა ჩვენთან და აღსარება სთქვა; სხვა ბევრმა ჩვენი სარწმუნოება აღიარა და დაიწყო საიდუმლოს ხშირად მიღება, თუმცა კი ფარულად, შიშის გამო. ამნაირად იქმნა ჩვენი მისიონის დასაწყისი და წარმატება. ახლა საქმე ისეა წასული, რომ ყველაფერი იმედს გვაძლევს, სარწმუნოება დიდ წარმატების გზას დაადგეს, განსაკუთრებით ვიდრე ეხლანდელი მეფე ცოცხალია. ეხლა გვაქვს ორი სახლი და ორი ეკლესია ერთი ტფილისსა და ერთი გორში. ისიც არა ფარულად, არამედ ცხადად და ყველას წინაშე (რაც იშვიათია აღმოსავლეთში)... მესამე სახლიც გვქონდა იმერეთში ქუთაისსა, მაგრამ ომებისა და ეგრეთვე ცხოვრებისათვის საჭირო ღონისძიების უქონლობის გამო თავი დავანებეთ; ხოლო ისევ შევიძენთ, როდესაც შეძლება გვექმნება. გურულები და ოსები გვიწვევენ იმათთან წასასვლელად: პირველნი 20 სხვა კაპუცინები კათალიკოსს მეფის ძმად რაცხავენ. იმიტომ, რომ მღვდლები ჰყავდეთ, ხოლო მეორეთ მკურნალები სჭირიათ... მარტო ეს არ არის: პირველში თუ სასაცილო და სამასხარო ვიყავით, ეხლა მთელის სამღვდელოებისაგან დიდათ პატივცემული ვართ ჩვენის მეცნიერების გამო; ამიტომ მღვდლები, ეპისკოპოსები და თვით კათალიკოსიც, როცა გაუჭირდებათ, რჩევას გვთხოვენ. ხალხსაც, რომელმაც შეიტყო ჩვენი უანგარობა, დიდათ უკვირს, რომ ეგრედ შორიდან მოსულნი აქ თავგანწირულად ვშრომობთ სულთა ცხონებისათვის და სასყიდელს კი არ დავეძებთ. ეხლა, გარდა იმ მცირედი რიცხვისა, რომელიც ღმერთმა გამოირჩია ყოველ ოჯახში, ეგრეთვე გარდა ერთის ურიის ჩამომავალი აბრაჰამ იბერიელი მღვდლისა, რამდენიმე ოჯახი თავიანთის ყმებით აღიარებენ კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგი ფარულად და ზოგი ცხადად... სწავლის დროს ბავშვებს ვწვრთით სარწმუნოებისა და კეთილ ზნეობაში. გარნა თავიანთის ხასიათის სისუსტისა და თუ მათის მშობლების სიხარბის გამო, ისწავლიან თუ არა ქართულ წერა-კითხვას და რა მოიზდებიან, მიდიან სკოლიდან და ქუჩებში ყველანაირ ბოროტ ჩვეულებას ითვისებენ. ამ სენის საწინააღმდეგოთ, რადგან კარგა ხანია სურდათ ლათინურის და და იტალიურის სწავლა, დავაწყებინეთ გრამატიკის სწავლება ამ ენებზე, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ როდესაც მათ იტალიანური იციან, მაშინ ვერც თავიანთი ამხანაგებას დაცინვა და ვერც თავიანთი მშობლების სიმკაცრე მათ ვერ აშორებს ჩვენგან და სარწმუნოებისაგან... იმერეთში ერთ სოფლის ბატონთან პატრი ანჯელო ვიტერბელმა გაატარა ცოტა ხანი მკურნალობის გამო; მისი დარიგებისა და კაი ყოფაქცევის მიზეზით დაიბარეს პატრი ჯუზეპე კორსელი. თავისი მეცადინეობით მიაღებინა კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც წინათვე გაეცნოთ, არა მარტო მრავალ წევრს იმ კეთილშობილი ოჯახისას, არამედ მრავალ გლეხთაც, რომელთაც სარწმუნოება აღიარეს, ასიოდე კაცი მას გაენდო და ერთგულათაც დარჩნენ. მრავალმა სხვამაც, რომელიც ან კარგად, ან სულ არ იყო მონათლული, დიდის ამბით მიიღეს ნათლისღება, თუმცა მშობლები არ იყვნენ თანახმა. ამას ესეც უნდა დავუმატოთ, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი პატრები საქართველოში არიან, ათას სულზე მეტი ხელახლავ მონათლეს ზოგი კერძოდ ზოგი საჯაროდ, რადგან წესიერად არ იყვნენ მონათლულნი. ეგრეთვე ტფილისში ჩვენ მიერ ფარულად განსწავლული კათოლიკები წინეთ ვერ ბედავდენ გამოცხადებით აღესრულებინათ კათოლიკობა, თავიანთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჰფარავდენ, გულში კი ჰქონდათ ჩანერგილი; ახლა სულ ერთიან შეიცვალა. სარწმუნოების წარმატება ეგოდნათ შესანიშნავია, რომ ახლა სულ აღარაფრად ვრაცხვთ, რაც უწინ დიდ რამედ მიგვაჩნდა. კაცს ეგონება რომ უწინდელი დრო მარტო თესვის დრო იყო, ახლა კი მკისა... გარდა იმისა, რომ, როგორც კი შემთხვევა მოგვეცემა, ხშირად ვუქადაგებთ ერსა. უკანასკნელ დიდმარხვიდან ეკლესიაში ზეპირად ბავშებს რიგ-რიგად ვამეორებინებთ საქრისტიანო მოძღვრებას ბელარმინესგან შედგენილს. ერთმა ჩვენთაგანმა სთარგმნა ქართულად. მოძღვარი შემდგომ უფრო ვრცლად უმარტებს კათეხიზმოს წესზედ. უწინარეს ამ წვრთნისა, იმავე ენაზედ ამბობენ ღვთის მშობლის „სავარდის“ ლოცვას მის საიდუმლოს თავებს კითხულობენ. თავისი ბრწყინვალებით და დიდებულებით ეს ცერემონია მუდამ დიდ ხალხს იზიდავს. ხოლო ერი დიდ განცვიფრებაში იმან მოიყვანა, რომ ღვთის მშობლის მიძინების დღეს, პირველ გზობის მოისმინა ბავშის ქადაგება მარიამის დიდებასა და ხელმწიფებაზედ... სოფლებში წამლობის დროს ბევრი დავიყოლიეთ, კარგად ჩავაგონეთ და დავატოვებინეთ თავიანთებური შეცთომილებანი, თუმცა კი თავიანთი ჩვეულების დაგვარ მუდამ ბჭობდენ. ამ უკანასკნელთა შორის მოიპოვება ერთი დიდათ შესანიშნავი პირი არდაშელი რომელსაც აქვს ნათესაობა დიდ ოჯახებთან, პირველ ერისთავთან და თვით მეფესთანაც. ამან თავისი მამის ეპისკოპოსის ბრძანებას ყურადღება არ მიაქცია, ჯერ გორში მოვიდა ჩვენთან და შემდგომ ტფილისში, დიდის სიხარულით და მოწადინებით დაუტევა აღმოსავლეთელების შეცთომილება და შემოგვიერთდა. ამისი საშუალებით დიდი იმედი გვაქვს, რომ კათოლიკე სარწმუნოება ძლიერ გავრცელდეს...“.
პროპაგანდა 14 მარტს 1672 წ. პიემონტელ პატრი ფრანცისკეს სწერს, რომ თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო საჩქაროდ გაგზავნოს რომში დასაბეჭდათ. ამას გარდა ამ დასაბეჭდ კათეხიზმოს შესახებ სხვა საბუთები არაფერი გვაქვს. ამიტომ დანამდვილებით არ ვიცით ეს კათეხიზმო დაიბეჭდა თუ არა.
კათოლიკობის გავრცელების საქმე ამნარად წინ მიდიოდა, ყოველი წოდების პირი უერთდებოდა კაპუცინებს. სჩანს მეორედ კიდევ მოუწადინებიათ და ლაპარაკი დაუწყიათ საქართველოს ეკლესიის რომის ეკლესიასთან შეერთებისათვის. მოუწადინებიათ არა მარტო კაპუცინებს, არამედ თვით კათოლიკოსსაც. ამის შესახებ თუმცა მისიონერების წერილი არავითარი გვაქვს, მაგრამ ერთის, თვით ამ საქმეში მყოფი პირის საბუთი კი მოგვეპოება. იგია ერთი სომეხი პეტროს ბედიგ (მისი უწინდელი სახელი მანუკ ავეტიკ იყო), რომელიც ბავშობიდანვე წასულა სპარსეთიდან რომს, საცა სწავლა დაუსრულებია და შემდგომ უცხოვრია ვენაში. იქიდან სპარსეთს გაჰყოლია მათე არქიეპისკოპოსს, რომელსაც პაპის წიგნი მოჰქონდა შაჰთან. იგი დარჩა სპარსეთში 1672 წლიდან 1676 წლამდე. ხოლო თავისი აღწერილობა გამოსცა ვენაში 1678 წელს. ამან აქ მეფე ერეკლე პირველიც ნახა. სხვათა შორის, იგი მოგვითხრობს:
„იქვე ზის მათი პატრიარქი, რომელიც პატიოსანია და მიდრეკილია რომის ეკლესიასთან შესაერთებლად. ამის წინათ თვით განგებ მივიდა კაპუცინებთან მოსალაპარაკებლად. ამათგანი ახლა რამდენიმეა ზემო ხსენებულ ქალაქში (ტფილისში) და მთელი ხალხი პატივსა სცემს... კაპუცინების უფროსის საშუალებით ხსენებულმა პატრიარქმა თავისი აზრი გამოუცხადა ნეტარ ხსენებულ პატრი პრისკოს და მეც, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა ვეღარ შეიძლო, რადგან დიდი მთავარი (მეფე) მისი ძმისწული განუდგა სპარსეთის მეფეს და მიჰმართა ოსმალებს. ამიტომ მთელი საქართველო სულ არეულ-დარეულია სპარსეთის მეფის შიშის გამო; ამ საქმისთვის მოსალაპარაკებლად პატრიარქთან მისვლა ჩვენც ვეღარ შევიძელით... სპარსეთის სხვადასხვა ადგილებში მოიპოვებიან კათოლიკები, რომელთა შორის უმეტესნი არიან სომხები და ქართველები და ზოგიერთი სპარსელებიც. როდესაც ხსენებული პატრი პრისკო მეორედ სადილად მიიწვია შაჰმა, იქ დაესწრო ეგრეთვე ქართველების უწინდელი უძლიერების თეიმურაზ მეფის შვილის შვილი, ერეკლე... ხოლო იმავე პატრმა გვაუწყა, თუ როგორ გამოეცხადებინა ხსენებულ ერეკლეს თავისი მიდრეკილება კათოლივე სარწმუნოებისადმი ერთის თავის საყვარელის დიდათ თავგანწირულის მისიონერის, კაპუცინის ანტონ რუფინოს საშუალებით და ეთქვა, დიდის სიამოვნებით მივიდოდი ხსენებულ პატრი პრისკოსთან, სპარსელების ჩვეულების წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო“.
მისიონერებმა 1671 წლიდან 1674 წლამდე ბევრი წერილი გამოგზავნეს რომს აქაური მისიონის შესახებ, ეგრეთვე განგებ პატრი ანჯელო ვიტერბელიც გაგზავნეს, რათა აქაური გარემოება კარგად ეცნობებინა, და თუ ფულით და თუ კაცით საკმაო შემწეობაც ეთხოვნა. არც ეს წერილები და არც ამ პატრის მოხსენება ხელთ არა გვაქვს. ხოლო მოგვეპოება ერთი წერილი, რომელიც პატრ უფროსს სერაფინოს გაუგზავნია 19 ოქტომბერს 1674 წ. და სადაც იხსენიებს თავის წინანდელ გაგზავნილ წერილებს. იქვე მოგვითხრობს, რომ ერთ გაკათოლიკებულ ახალგაზრდა ქართველს ტფილისში ცხვირი მოუჭრია კათოლივე სარწმუნოების გამო, რათა სპარსეთის ყეინთან აღარ გაეგზავნათ. კაპუცინებს წინათ თურმე მისი რომსა გაგზავნა მოუნდომებიათ სასწავლებლად კარდინალის ნებართვაც აუღიათ, მაგრამ მეფეს არ დაუნებებია, რადგან მისი მოყვანილი ყოფილა იმერეთიდან. ის ახალგაზდა ქართველი თავადი ალავერდის შვილი ყოფილა, რადგან კარდინალი თავის წერილში ასე უწოდებს: Nobile Georgiano Deodato. ამის სამგზავროდაც 25 სკუდი გამოუგზავნია.
იმავე წერილში კარდინალი აცნობებს პატრ უფროსს, რომ ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო კარგად შეასწოროს და გაუგზავნოს რომს საბეჭდათ. პატრი უფროსი ხსენებული წერილით ეგრეთვე უთვლის კარდინალს თავის თხოვნას სომეხთა შურისა და დევნის შესახებ. როგორც ჩანს, წინეთ რომისათვის უთხოვნია, რომ საქართველოს მისიონი დაევედრებინათ ევროპის ყველა იმ მთავრებისათვის, რომელთა ქვეყნებშიც სომხები სცხოვრობდენ, რათა აქ სომხებს აღარ ედევნათ მისიონერები. აქამდინ არ მოვიყვანეთ იმერეთის მეფის და რაჭის ერისთავის წერილები, რადგან მათ თარიღი არ უზის და ზედ მიწევნით არ ვიცით, რომელ წელიწადს ეკუთვნიან. ის წერილები მოხსენებულია მარტო აქ დასახელებულ კაპუცინის წერილში, რომლითაც კარდინალს აუწყებს ესედ:
„იმერეთში ორ ადგილს გვიწვევენ; იქაური მთავრების წერილები ხელში მაქვს, აქამდინ ვერ შევიძელით წავსულვიყავით. ქუთაისს მყოფ ჩვენს ერთგულს კათოლიკეს მივანდე, რომ აცნობოს, როდესაც საკმაო საშუალება მექმნება, თუ ორთავ ალაგს არა, ქუთაისს მაინც გავგზავნი მისიონერებს, რადგან იქ უფრო მეტად სასარგებლონი არიანო“.
აი ეს ხსენებული წერილებიც:
„ქ. მეფე ბაგრატ ვიკადრებ მესტუმროვო. ჩვენ მაგიერად ფრანგსა პატრი სერაფიონს და მის ამხანაგებს მრავალნი მოკითხვა მოგახსენეთ. აწ თუ ჩვენი თავი უნდათ ორიოდე კაი მეცნიერი და კაი აქიმი პატრი მათის კაი საექიმოს წამლებით და წიგნებითა მოვიდენ და ღვთით ვეცდებით, რომ ალაგიც გაუჩინოთ და სარჩოს საქმეც გაურიგოთ და როგორიც წიგნიც უნდოდეს იმისთანა წიგნიც რომის პაპს მიუწეროთ. სიკეთის მეტი ამ ქვეყანას მაგათ არა უშამს რა ესემცა არ გიქმნიათ რომე არ წამოხვიდეთ“.
წერილი რაჭის ერისთავისა შაშიტასი. Dell Eristavi di Racia in Imereti, detto Sciascia:
„ქ. შაშიტა ერისთავი ვიკადრებ ძმაო ბატონო პატრი სერაფინო და მისნო ამხანაგნო მრავალი თქვენისა კაისა და ჭკუანისა თავის შესაფერი მოკითხვა და ნახვის ნატრა მოგვიხსენებიათ. აწე მეფემანცა წიგნი მოგწერათ და ჩვენც ყველას დიდათ გვეამების რომე ორიოდე კაი მეცნიერი და აქიმი პატრი აქ იქნებოდეთ. სიკეთის და კარგად მოპყრობის მეტი თქვენ აქა არა გიშავდეს რა და ალაგისა და სარჩოს საქმეც გაგირიგოთ და რომ პაპთანაც როგორიც წიგნი გინდოდეთ იმისთანა წიგნი მიგიწეროთ“.
ზედმიწევნით არ ვიცით, თუ როდის შეუსრულეს ეს თხოვნა კაპუცინებმა და როდის ჩავიდენ იმერეთს. არც ის ვიცით, პაპსა მეფე ბაგრატმა მისწერა წერილი თუ არა, რადგან ამ დროების საბუთი ბევრი გვაკლია. ზემოდ ვნახეთ, რომ კაპუცინებმა რომიდგან საკმაო შემწეობა მიიღეს და ტფილისში გაიშენეს ეკლესია. ამ შემწეობის საშოვნელად იძულებულნი გახდენ ორ-სამ გზის განგებ კაცი გაეგზავნათ, რადგან წერილები ვერას აწყობდენ. ამის შემდგომ გავიდა რამდენიმე წელიწადი, რომ კაპუცინებს საკმაო შემწეობა აღარ მოსდიოდათ რომიდან, რის გამოც ისე უწინდელათ სიგლახაკეში ჩაცვივდენ. თავიანთ გაჭირვებას პროპაგანდას თითქმის ყველა წერილებში უმეორებდენ კაფუცინები და განუწყვეტლივ სთხოვდენ შემწეობას. რომი შემწეობის შესახებ კაპუცინთა თხოვნას ადვილად ყურადღებას არ აქცევდა ორი მიზეზის გამო: პირველად საქართველო იმიტომ მიანდო კაპუცინებს და არა სხვა მონაზონებს, რომ ისინი სხვებზე უფრო გლახაკურად სცხოვრობდენ. რომს იმედი ჰქონდა, დაგლახაკებულ საქართველოში ამათ დიდი ხარჯი არ დასჭირდებოდათ; მაგრამ სულ წინააღმდეგი გამოდგა. მეორე მიზეზი იყო, რომ თეათინელებს უწინ არც ქართლსა და არც სამეგრელოში ეგოდენი სახარჯო არ მოუთხოვიათ, როგორც კაპუცინებსა; ამის გამო პროპაგანდა ხშირად ეკითხებოდა თეათინელებს, რასაც ესენი საჭიროდ დაინახავდენ, იმას უგზავნიდა, და არა იმდენს, რამდენსაც კაპუცინები სთხოვდენ.
თავის დროზე რომ ვეღარ მიიღეს კაპუცინებმა რომიდან საკმაო შემწეობა, პატრი რაფაელი გაგზავნეს რომს და წერილები გაატანეს. ამას აგრეთვე მეფემაც გაატანა ორი წერილი: ერთი პაპთან და ერთი კაპუცინების გენერალთან, რათა შემწეობა მიეცათ. აქვე მოგვყავს მეფის ორივე წერილი.
შაჰ-ნავაზის წიგნი პაპი კლემენტე მეათესადმი - ქართულად მიწერილი.
„ქ. ბრძანებითა ღვთისათა და წყალობითა მეუფისათა, რომელიც განაგებს ყოველთა არსთა, შესაქმისთა ქვეყანისათა იპყრობს და მჭირველობს მისთა ძალითა დადგინებული ხელმწიფე, ტახტსა ზედა მჯდომარე ვახტანგ გორგასლანისა და დავით აღმაშენებელისათა წინასწარმეტყველისა დავითისა და სოლომონის ტომი და ნათესავი, მპყრობელი და მფლობელი ქართლისა და კახეთისა, მპყრობელი და მჭირავი საბარათიანოსა და სომხითისა, მპყრობელი და მჭირავი ლიხთ იმიერისა და ლიხთ ამიერისა, მპყრობელი და მჭირავი საათაბაგოსი, ტაოსი, ბასიანისა, ლიგანისხევისა და ჯავახეთისა, მპყრობელი და მჭირავი ოდიშისა და გურიისა, მპყრობელი და მჭირავი აფხაზეთისა, სვანეთისა, რაჭისა, ლეჩხუმისა, მპყრობელი და მჭირავი ოსეთისა, დვალეთისა, ხევსურეთისა, ფშავისა, თუშეთისა და მათთა გარეშემოთა მამორჩილებელი და ხელისა ქვეშე მქონებელი მეფე ხელმწიფე...
მოგიკითხავ სიყვარულითა და გაქებ სახელის დიდებით თქვენ აღმაღლებულო და ყოველთა ცისკიდეთა ქვეშთა საჩინო მნათობო ელვარეო, მწყემსად ცხვართა პირმეტყველთა გამორჩეულო და ქრისტეს მცნებისა ქადაგებად გამოჩენილო, მაღალისა და აღმატებულისა სამოციქულოსა საყდარსა გამორჩევით და უსასყიდლოდ დადგინებულო, პეტრე მოციქულისა ტახტის მჭირველო და ცხვართა მისთა დამცველო კლდეო სიმტკიცისაო, ვითარც უბრძანა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან: შენ ხარ კლდე და ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო და მოგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო სიმართლისა და მართლის განჩინებისა საქმისათვის ბოროტისათვის შემკვრელო და კეთილისათვის გამხსნელო და მრავალთა სულთა ხელთა ქვეშე მქონებელო, სიყვარულითა მათისა ცხოვრებისა თავისმდებელო, მამაო მართლმორწმუნეთა შვილთა მოყვარეო ზე აღმატებულო და დიდებულო...
მრავალნი თქვენის სახელი გასულისა და სიკეთეზედან ხმა გასმენილს თავის მოკითხვა და კარგად ყოფნის ნეტარება მოგვიხსენებია. მერე ეს მოგახსენოთ - ეს თქვენი გამოგზავნილი პატრები მოვიდეს აქა და აქ მყოფობა და დადგომა მოინდომეს ჩვენს ქვეყანასა არც საყდარი ჰქონდა და არც დგომილი იყვნენ. ჩვენ თქვენის სახელისა და სიკეთისათვის კიდეც შევიწყნარეთ, კარგაც მოვეპყარით, სასახლე და სადგომიც მივეცით და საყდარიც აღვაშენებინეთ. ამდენი ხანია, აქ არიან არც ჯამაგირი მოუვიდათ, აღარც თქვენი წყალობა. ეს არ ვიცით, თუ გამოუგზავნეთ რამე და არ მოუვიდა. თუ არ მოიგონეთ და არ გამოუგზავნეთ, ეს ვერ შევიტყეთ სადაც სხვაგან, ან ისპაანს და თავრეზს, სადაც გარეშემოში თქვენის სახელით დადგინებული პატრები არიან, ყველას წელიწადში ჯამაგირი მოუა. ამათ ხუთი წელიწადია არა მისვლია რა, თუ ჩვენს ქვეყანას ყოფისათვის არას უგზავნით და არას ნაღვლობთ, ჩვენც არ დავაყენებთ, საყდარს ისევ დავაქცევთ და ამათ გამოვყრით, თუ მათი აქ დგომა გინდათ, ჯამაგირი მართალი გაურიგეთ როგორც სხვა ალაგის დგომს პატრებს აქვს და ეს პატრი რაფაელი ისევ გამოგზავნეთ. ამან ჩვენის ქვეყნის ენა იცის და ყოველს კაცს იცნობს და ყველანი ეწყობიან და ყველას სიყვარული აქვს ამისი და თქვენის სახელისათვის დიდათ სჯობს ამის აქ ყოფა“.
ეს წერილი დაუწერია თბილელ ეპისკოპოსს, ამას უჩვენებს იტალიანური ზედ წარწერა. რიცხვი არ აქვს. გარნა მეორე წიგნის რიცხვიდან სჩანს, რომ დაწერილია 1675 წ. ივლისში.
შაჰნავაზ მეფის წიგნი კაფუცინების გენერალ პატრი ბონავენ-თურა ლეკარტისადმი, 1675 წ. ივლისის თვეში (ქართულად):
„ქ. წყალობითა და განგებითა ღვთისათა, რომელი უფლებს და განაგებს მეუფების ტახტსა და წყალობის მისთა მოსავთათვის რომელმან განაგო მეუფება დავითისი კოსტანტინესი მიხაელისა და ლეონისა მისისავე განგებისა და საფარველისა ქვეშე მისსა მეფობის ძალითა მისითა დადგინებული დამყარებული ხელემწიფე სრულიად საქართველოსა, მპყრობელი მქონებელი და მჭირავი იესიან დავითიან სოლომონიან ბაგრატოვან გვარითა და მოდგმობითა მეფობასა შინა წარმოვლილი და დამყარებული ხელმწიფე მეფე...
ოგიკითხავ სიყვარულითა და ხსენებულ გყობ სარწმუნოებითა თქვენ ღირს და პატიოსანს მონაზონთა დასისა განმამშვენებელთა ეკლესიათა შემამკობელსა სულისა საუნჯესა და ღვთისათვის თავგარდადებით საკუთარ მონასა და საუკუნოს მოლოდინებისათვის გარჯისა შეჭირვებისა არა მზარებელსა, ქრისტესათვის თავ გადადებულსა და მისისა მცნებისა აღსრულებისა მოსაწადესა დიდისა სამოციქულოსა რომისა საყდრისა და მასზედ მპყრობილისა პაპისა რჯულისა ქვეშე მყოფსა, სულისა სიყვარულისათვის წამებად გამზადებულსა, მისთა მორჩილთა მონაზონთა უცთომელად და კეთილად წინამძღვარსა და განმგესა პატრსა... მრავალი მოკითხვა და კარგად ყოფნის სიხარული მოვახსენოთ. მეორე ეს მოვახსენოთ. ეს უმცროსნი მორჩილნი და ხელქვეშ მყოფნი პატრები ამდენი ხანია აქ არიან. ჩვენ თქვენის სათნოსა და დიდისა რომ პაპისა სათნოსა და სიკეთისათვის ამათ სასახლე და ალაგი მივეცით და საყდარი ავაშენებინეთ, რომ თქვენი საყდარი აქ არ ყოფილ იყო. კარგად იღვაწიან და არიგებენ, მაგრამ ეს ხუთი წელიწადია არც ჯამაგირი მოსულია და არც არა გინაღვლიათ ამათი. რისათვის ისე მოიძულეთ და ხელიდან გაუშვით, რომ ამათი არა ინაღვლეთ რა. ისპაანს, თავრეზს, სადაც თქვენი პატრები დგანან, ყველას ჯამაგირი და წყალობა მოსდის. ამათ არა მოსდის რა. ეს ვერ შეიტყვეს აქ მდგომა პატრებმა, თუ გამოგიგზავნიათ რამე და არ მოსულა. თუ არ გინაღვლიათ და არ გამოგიგზავნიათ რა, რისათვის აგრე უზამთ. დიად თქვენს მცნებას და სწავლას და ლოცვას ეკერძებიან და უდგანან. თუ თქვენ არას ინაღვლით და არ გინდათ, არც ჩვენ გვინდა. აღარავის დავაყენებთ. საყდარსაც დავაქცევთ და ამათ გამოვჰყრით. თუ თქვენ გინდათ, მართლა ყური უგდევით, ჯამაგირს ნუ დააკლებთ, რომ ილოცონ და დარჩნენ. ახლა პატრი რაფაელი წამოვიდა, ამას საქართველოს კაცი დიაღ კარგა გაეწყო. ჩვენი ენა და წიგნი კარგად ისწავლა. ეს ისევ გამოგვიგზავნეთ. მანდ ნუ დააყენებთ. თქვენთვისვე სჯობს. ჯამაგირისა და სარჩოს საქმე მართლა გაურიგეთ, რომ ამისი ჭირნახული არ მოიშალოს. სხვას ჩვენს და აქაურს ამბავს ეს მოგახსენებს“.
ეს ორივე წიგნი პატრი ბერნარდეს ლათინურად უთარგმნია აგვისტოს თვეში 1675 წ. ეს ნათარგმნი ჩვენ ვერ ვიპოვეთ. მეფის ეს მუქარა კაპუცინების განდევნის შესახებ ჩვენ არ უნდა მიღოთ ნამდვილ მუქარად. ეს რომ ნამდვილი ყოფილიყო, მაშინ აღარ სთხოვდა პატრი რაფაელის უკან დაბრუნებას. მეფემ კარგად იცოდა, რომ კაპუცინებს თუ იმერეთსა და თუ სხვა ადგილებში იწვევდნენ, თუ მათ თავის სამეფოდან განსდევნიდა, სხვაგან სიხარულით შეიწყნარებდენ. ხოლო თუ ასე მისწერა, მარტო იმიტომ, რომ მათთვის საჭირო შემწეობა უფრო ადვილათ გამოეგზავნინებინა. ამავე კაპუცინების არქივში ბევრი სხვა წერილებიც შეგვხვდა. ჩვენ ზოგიერთს მოვიყვანთ აქ. ვგონებთ უადგილო, არ იყოს. ამ წერილებს ბევრს თარიღი არ აქვს. ამ უთარიღოთაგანი ერთია, რომელსაც პატრებს სწერს, ვგონებთ სპარსეთიდან, ალექსი გიორგიანიანი (Ghiorghianiani), ძმა ფარსადან ბეგისა, რომელსაც ჰქონია სოფლები გორის ახლოს.
„ქ. ღ ̃თნ პატრის სერაპინოსა და პატრი რაფაელისა და სულერთობით პატრების ჭირი და სატკივარი ყველა ამ თქვენს ნახვისა და სამსახურის დიდად მონატრეს ამ თქვენს ალექსის მისცეს მრავალი თქვენის კაისა და ჭკვიანის თავის შესაფერი მოკითხვა ნახვისა და სამსახურის დიდათ ნატრა მომიხსენებია და ნათლით სავსეს ხელებზედ მთხვევა. აწე აქაურს ამბავს იკითხავდეთ, რა თქვენ გამოყრივარ, ათი წიგნი მომიწერია და თქვენ პასუხი არ მომწერეთ. რა გავიგონე ფრანგზისის ელჩი ბანდარაბაზის მოსულაო და ლევჰის ხელემწიფე მომკვდარაო და ამ ელჩის წასვლა არ უნდა ლივჰსაო, ძმა გაუგზავნია ყეინის კარს რუბსათი უყონ და გამოუშვან მანდ საქართველოს წამოვიდესო. აწე რაც ამბავი გაგეგონოს, თქვენ ყველა წიგნათ მომწერეთ. მე მწვავეთ მინდა რომს წასვლა, თუ ღმერთმან ხელი მომიმართა. თქვენც მომეხმარეთ ეგების ღმერთმან იპრიანოს ასეთი საქმე მომიხდინოს, რომ წავიდე რასაც ჩემს ესტატეს წიგნსა და ენას ასწავლით, თქვენ იცით. თუ პატრის ანტონს გამოაგზავნით რომ ხელსა და ფეხს ვაკოცო და შენდობა მოვთხოვო და მე და ის ხოჯა აზარია ერთათ ისპაანს წავიდეთ ელჩთან კაი იქმნება, თორემ თქვენ კარგად იყვენით. ამბავი შემატყობინეთ ბატონო. ჩემი ძმის სოფელში ვიქმნები“.
აქ ხსენებული პატრი სერაფინო უფროსად იყო ვიდრე 1675 წლამდე. მაშ ეს წერილი ამაზედ უგვიანეს არ უნდა იყოს მიწერილი. ესტატეს მიერ ქართულად დაწერილი ეს შემდეგი წიგნი პატრებს მიურთმევიათ შაჰნავაზის შვილის გიორგისათვის, როდესაც, მეფის სხვაგან ყოფნის დროს, მისი ადგილი ეჭირა.
„ქ. ღმერთმან ბატონის შვილის გიორგის ჭირი პატრებს მისცეს მერე თქვენ მოგეხსენება თუ ბედნიერის მამის თქვენისაგან რა პატივი გვქონდა, ანუ როგორ მეგობარია ჩვენი თავათ ანუ ჩვენც როგორც თავშედებით გვიმსახურებია თქვენთვის აწ მარტო მე აქ ვარ სამი პატრი თქვენს სამსახურზე არიან. არც მოსამსახურე მყავს, არც ვისმე ვიცნობთ აქა. ისე, მარტო მე ვარ სახლთხუცესმან ციციმ ერთი ბიჭი წყალობა გვიყო ახლა გორელმა ნაზარამ შემოგვიხდა და ის ბიჭი წაგვართო. აწა ამისთანა კაცმან რომ, ისე გვიყოს, ნახეთ თუ სხვა რას გვიზამს. თუ ამის სამართალი დაგვემართება ის არის, თუ არა და დასტური გვიბოძე. აქ სადგომი პირი აღარა გვაქვს, რომე ყოველი კაცი გვზაბუნოს ჩვენი დიდი აუგი და სირცხვილი ჩვენი გალახვა და ჩაგვრა სირცხვილით შინიდამ ვერ გავსულვარ“.
არც ამ წიგნს აქვს თარიღი. ვგონებთ ესეც უნდა იყოს 1675 წინ მიცემული. მისიონის საქმე მუდამ დღე წარემატებოდა. მისიონერები ყველგან უახლოვდებოდენ ერსა. თავიანთ მკურნალობით და სწავლა-დარიგებით ყველა წოდების წარმომადგენელთ იზიდავდენ. ხალხი მათ გულგრილად არ უყურებდა, მეტადრე როდესაც სცნო მათი უანგარობა. ამის გამო დიდ თანაგრძნობის უჩენდა პატრებს და მათ შრომა-ცდას ყურადუღებელ არ სტოვებდა. ქართველთა ესეთმა მოწადინებამ მისიონერებს იმედი მისცა და გული გაუკეთა. ამის გამო ისენი ხშირად სწერდენ რომში და უთვლიდენ, რომ საქართველო ყველა მისიონზე უფრო საუკეთესო არისო. აქ უფრო ბევრი ნაყოფი მოგვაქვს ვიდრე სხვაგანაო. პატრი ჯუზეპე რომაელმა, 10 დეკემბერს 1675 წ., მისწერა რომში ერთი წერილი საკმაოდ ვრცელი, რომლითაც აცნობა საქართველოს სხვადასხვა გარემოება. ამ წერილიდან მოვიყვანთ ერთ ნაწილს.
„მთელი აზია დავიარე ინდოეთამდე და დავრწმუნდი, რომ საქართველოს მისიონი ყველაზე უფრო ნაყოფიერია მთელს აზიაში. რადგან ეს ქრისტიანების ქვეყანაა ოსმალებსა და სპარსელებს შუა. მომეტებული ნაწილი სპარსელებს უჭირავთ და უმცირესი ოსმალებს; ხოლო ბევრს ადგილს კი ქრისტიანე მთავრები განაგებენ დამოუკიდებლად. ამის გამო ძლიერ დიდი თავისუფლებაა: ქადაგება, ზარების რეკვა, ეკლესიების გაშენება სრულიად თავისუფალია. ეს ყველაფერი დაუბრკოლებლად ხელს უწყობს უდიდესის ნაყოფის გამოღებისათვის, ჭეშმარიტად ღირსია, რომ კაცმა ყველა შეწუხება იტვირთოს, სისხლი დაღვაროს და თავისი ცხოვრება გასწიროს. ოჰ! როგორ დასწყდებოდათ გული წმიდა პეტრე ნოლასკელს და წმიდა პავლინოს აქაური სამწუხარო სრვა რომ ენახათ! უმანკო ბავშებს, თუ ვაჟებს და თუ ქალებს, სავაჭრო მეიდანზე ჰყიდიან ოხერ ფასად, რათა მით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა. გვესმის და ვხედავთ მათს ჟღავილს და ტირილს: ამ დროს ზოგი მდინარეში თავს იგდებს, ზოგი თვალებს ითხრის და ზოგიც ცხვირს იჭრის, რათა ურწმუნოებმან აღარ იყიდონ და წმიდა სარწმუნოება არ დაატოვებინონ... ნაყოფის გამოღება ადვილია. შეიძლება ამ მონათლულ სულთა შესყიდვა და გაგზავნა იმისთანა ადგილს, საცა შეეძლოთ ქრისტიანურად ცხოვრება და სიკვდილი, რადგან, ვინც უნდა იყოს მყიდველი, ოსმალო, ბერძენი, სომეხი თუ ევროპელი, კმარა, რომ მომეტებული ფასი მისცეს და იმას დარჩეს. თითოს ჩვეულებრივი ფასი არის 25 ან 30 რომაული სკუდი... ეს საზიზღარი ჩვეულება იმიტომ გავრცელდა ასე ადვილად, რომ ბატონები უღმრთონი და მრავლად არიან, რადგან საქართველო სავსეა თავადებით, რომლებსაც ჩვენში ბარონებს ვეტყვით. ამათ განუსაზღვრელი უფლება აქვთ, თავიანთ ქვეშევრდომებს რაც უნდათ, ის უყონ, ასე რომ დამშლელი არავინა ჰყავთ. ბატონების ხელშია ყმათა ქონება, სიცოცხლე და ნამუსი, ამიტომ ყოვლადის სიადვილით, როგორც უბრალო რამე ნივთს, ოსმალებზე ჰყიდიან... ქართველები არასდროს არ ყოფილან მოვაჭრენი. აქ უცხო ვაჭრები მოდიან. გარნა ბოლოს დროს სპარსელებმა ტფილისი საქართველოს დედაქალაქი განადიდეს და გაავსეს იგი სომხებით, რის გამოც დაიწყო ცოტა ვაჭრობა“.
იგივე პატრი ამ წერილით ეგრეთვე შემწეობას სთხოვს ტყვეების დასახსნელად.
მისიონერები, როგორც სამეგრელოს ისე ქართლში მხნედ ებრძოდენ ამ საზიზღარ ჩვეულებას, ტყვეთა გაყიდვისას, თუ ერთიან ვერ სპობდენ, მაინც უნაყოფო არ რჩებოდა მათი ცდა. ხშირად მრავალნი უკანდგებოდენ ამ სამარცხვინო ვაჭრობისაგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებდა. ესეთი გულშემატკივრობით მოყვასის შესაწევნელად ყველას საყვარელი ხდებოდენ და ყველასაგან იმსახურებდენ დიდ პატივისცემას, რაც დიდათ ეწეოდა კათოლიკე სარწმუნოების გავრცელების საქმეს.
ხსენებული პატრი თავის ვრცელ წერილებში აღგვიწერს გორში და მის გარეშე დარჩენილ მამულებსა და სოფლებს აგუსტინიანი და თეათინელი პატრებისას. სხვათა შორის იხსენიებს ორ სოფელს; ერთი ყოფილა სკვითი (Squitti), გაშენებული არდაშელის მამისაგან ახლოს იქვე და მეორე ტინისხიდი (Tinischidi) ლიახვის გაღმა ყოფილა. ეს მამულები თავადებს ჩავარდნიათ ხელში, მაგალითად, პაპუნია ფალავანდელს ჰქონია სკვითი, და ტინისხიდი ჰქონია ლევან ბატონიშვილს, ხოლო ზოგიერთ თავადებს, როგორც არდაშელს და სხვებს, შეუგულიანებიათ კაპუცინები, რათა ის ფრანგების უწინდელი მამულები ისევ უკან დაებრუნებინათ.
ამავე წერილებით პატრი აცნობებს მეფის განდგომას სპარსელების წინააღმდეგ, რის გამოც მისი ორი შვილი, რომლებიც განაგებდენ ორს უმთავრეს პროვინციას, ოსმალებთან გაუგზავნია, ვგონებთ, ახალციხისკენ და თვითონაც მომზადებულა გასაქცევად, თუ ვინიცობაა, სპარსეთის ჯარი შემოვიდოდა. ეს მომხდარა უფრო იმის გამო, რომ ერეკლე პირველი, რომში კარგად ცნობილი, ერთი წლის წინეთ რუსეთიდან სპარსეთში მოსულა და შაჰისთვის უთხოვნია საქართველოს მეფობა, რადგან მას უფრო ეკუთნოდა.
ესევე პატრი 1676 წ. პირველ იანვარს, სწერს რომში და აუწყებს მისიონის დიდ განსაცდელში ჩავარდნას არეულობის გამო, რადგან მოელოდენ თუ სპარსელების და თუ ოსმალების შემოსევას საქართველოში. გარნა კაპუცინებს გადაეწყვიტათ სრულებით არ დაენებებინათ თავი მისიონისათვის, და იმისათვის სიცოცხლეც გაეწირათ.
ამ დროების გვაქვს ერთი წერილი, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც დამწერის სახელი უჩანს. ეს წერილი, ვგონებთ, საქართველოდან მისულს ერთს კაპუცინს უნდა წარედგინოს პროპაგანდისათვის. ამ წერილში ის აღუწერს მოკლედ საქართველოს მისიონის გარემოებას და ქვეყნის მდებარეობას. სხვათა შორის წერილში აცხადებს:
„თორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს მისიონმა უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე სხვა ქვეყნების მისიონმა 60 წლის განმავლობაში გამოიღო. გარდა ორი ეკლესიისა, გვაქვს სკოლა რომელშიც სწავლობენ 40-50 მოწაფემდე; კაპუცინების საქართველოში მოსვლის დროს ნათლიღების შესრულების წესი თითქმის ერთიან დატოვებული იყო და ღვთიური ბრძანების წინააღმდეგ ბევრი ურიგობა ხდებოდა. რამდენათაც შეიძლებოდა, ეს ნაკლულევანებანი მოისპო და ნათლისღების შესრულების ნამდვილი სახე აღდგენილ იქმნა, რადგან ხელთნაწერი საქრისტიანო მოძღვრება მთელ საქართველოში მოვფინეთ. მისიონერებმა მთებში მცხოვრებთაგანი ასობით დანათლეს, ეგრეთვე ნათლავენ ურწმუნოთა ბავშებსაც წამლობის დროს, როდესაც სიკვდილის პირას არიან. მესამე მისიონის დამყარება საჭიროა კახეთშიაც, რომელიც ცალკე და უდიდესი სამთავროა, მშვენიერია ჰაერითა მთელს მხარეში, ყველაფრით ძლიერ უხვია, ასე რომ არ განსხვავდების ევროპისაგან. იქ ხშირად მიდიან მისიონერები ტფილისიდგან“.
ზემოდ დასახელებული პატრი ჯუზეპე აპრილის პირველს 1677 წ. სწერს რომსა და აუწყებს სპარსელებისაგან მოწამლულ მეფის სიკვდილს. ხოლო ამავე წლის პირველის დეკემბრის წერილით აცნობებს, რომ ერეკლე მეფის ოჯახობა გაუკურნებიათ ჭირისაგან. ერეკლე სპარსეთს გაბრუნების დროს დაჰპირებია დიდ შემწეობას. იმისასვე ამბობს, ძლიერ დიდი პატივისცემა აქვს რომის ტახტისაო. ეგრეთვე მოუთხრობს, რომ როდესაც ერეკლე გაბრუნებულა სპარსეთს, ყეენს უთხოვნია გამაჰმადიანდიო; რადგან იმას ქრისტეს სარწმუნოების უარი არ უყვია, სპარსელებს მოუწამლავთ.
ამავე წელს ესევე პატრი დაუბარებია საწამლებლად გიორგი გურიელს, გამოუგზავნია ოთხი ცხენოსანი და ერთი აზნაური წასაყვანად. წასულა გურიას, მალე გაუკურნებია თუ გურიელი და თუ მისი მეუღლე, რის გამოც გიორგის მისთვის უჩუქებია ერთი ძვირფასი ვერცხლის ჭურჭელი. ამავე დროს მიუცია პატრისათვის ის წერილი, რომელიც მოვიყვანეთ გურიაში კათოლიკობის აღწერის დროს და რომლითაც ჰპირდება მათ ეკლესიის დაბრუნებას და ოცი მოსახლის მიცემას, რისგამო ამან მისწერა პროპაგანდას და სთხოვა ახალი მისიონერების გამოგზავნა გურიისათვის.
პატრი ჯუზეპე საზოგადოთ გორში სცხოვრობდა. აქ ამას ერთ ღამეს ათი ავაზაკი დასცემია და მათი სახლი სულ ერთიანად გაუქურდავთ. ეს და მისი ამხანაგი პატრები ავაზაკებს გასძალებიან. ამ შეტაკებაში ერთი ავაზაკთაგანი მოკლულა და ერთიც დაჭრილა. პატრი ჯუზეპეც დაუჭრიათ ფეხში, რის გამოც განკურნების შემდგომ დაკოჭლებულა. ამ ამბავს სწერს რომში პირველ დეკემბერს 1679 წ. გურიიდან, სადაც ხელახლავ წასულა შაჰნავაზის შვილის, გიორგი მეფის თხოვნით. გარნა გურიის მთავარს მერე აღარსად გაუშვია, იქ დაუჭერია, რათა იქ დაბინავებულიყო და სხვებიც მოეყვანა. იმის იქ ყოფნაში გურიის მისიონის გასაძლიერებლად რომიდან სამეგრელოში მოსულა სამი კაპუცინი. იმათ ტყვილი ამბავი გაუგიათ, პატრი ჯუზეპე მოუკლავთო და შეშინებულნი, გურიაში წასვლის ნაცვლად, ისევ უკან გაბრუნებულან კოსტანტინეპოლს.
კათოლიკობის საქმე თანდათან ძლიერდებოდა, მეტადრე მეფეების მფარველობით და შემწეობით. როგორც შაჰნავაზი, ისე მისი მოადგილე გიორგი მეფეც კარგად ეპყრობოდენ კაპუცინებს და თავიანთს მფარველობას არ აკლებდენ. ხოლო სომხები კი პატრებს მოსვენებას არ აძლევდენ, და მარჯვე დროს ეძებდნენ, რომ ედევნათ. მეორედ დევნა დაუწყეს 1679 წ. თუმცა კი, როგორც უნდოდათ, ისე ვერ ავნეს მათ. ამას უფროსი პატრი რომში სწერს ესედ:
„თქვენს უაღმატებულესობას უნდა მოვახსენო ერთი დევნილობა, რომელიც აღდგომის უკან სომხებმა დაგვიწყეს: ისარგებლეს იმ შემთხვევით, რომ ახალი მისიონერები აღარ მოდიოდენ, რაც ჩვენ უკანასკნელ მდგომარეობაში გვაყენებდა; ეგრეთვე რა ნახეს, რომ სააღდგომოდ ჩვენთან 60 კაცზე მეტი გაენდვნენ და გაკათოლიკების ეჭვი შეიტანეს მათზე, სომხების მღვდლებმა და ერის კაცებმა კრება ჰყვეს წინააღმდეგად მისიონისა, რათა ან ჩვენ გავედევნეთ საქართველოდან და ან ჩვენი ეკლესია დაენგრიათ. ხოლო იმ შემთხვევისათვის, თუ ვერ შეისრულებდენ წადილს, წერილით დაადგინეს, რომ ყველას, ჩვენს ეკლესიაში მომსვლელებს, გადაეხადათ 200 პიასტრი მეფისა და ქართველების პატრიარქისათვის; მაგრამ ღვთის წყალობით თავიანთი ბოროტი განზრახვა ვერ შეასრულეს, რადგან კურთხეულმა უფალმა იმისთანა გული მისცა ამ ქართველთა მეფეს, თუმცა კი გამაჰმადიანებულია, რომ კრინტიც არ დასძრა სომხების სასარგებლოდ: საკმარისი იქმნებოდა მარტო ერთი სიტყვა ეთქვა, რომ ჩვენი ეკლესია ერთიანად დაენგრიათ. ამნაირად, იმის წყალობით, რომ მისიონერებმა, მისვლა დაიგვიანეს, აქაურმა მისიონმა დიდი გაჭირვება გამოიარა... პატრი ჯუზეპე ბორგოინანელი. ტფილისი, 15 მაისისა, 1679 წ.
ამ დევნილობის ამბავი მოხსენებულია ეგრეთვე ერთ ქართულ წერილში, რომელიც 1679 წ. ნეაპოლში პატრი ბერნარდესთან მიუწერია ერთ კათოლიკეს სახელად ესტატე იეგანელს ზურაბის შვილს (Estate de Jegani):
„ქ. ღმერთმან ტკბილმან ყოვლის მპყრობელმან მამა ღმერთმან, ძემან მაცხოვარმან და სულმან წმინდამან, რომელი მამისა და ძისაგან გამოვალს, თქვენ უზენაესად მადლი მოგცეს, ვითარცა ივანე ოქროპირს და გრიგოლ თეოლოგოსს, როგორც უბოძებია და გაქვს ჩვენო სულიერო და მაცხონებელო ჩვენის ნებით მამაო სულიერო.... მერე თქვენი უღირსი და ცოდვილი, რომელი მოელის თქვენგან ცხონებას თქვენის წვრთნითა. აწ თუ იკადრებოდეთ, მრავალი თქვენის პატიოსნის და სიკეთე შემკობილს და ღვთის მეტყველების და სიწმიდით თავის შესაფერი მოკითხვა ნახვის დიდი ნატვრა მოგვიხსენებია. მერე ამას წინეთ წიგნები მოგეწერა, მომივიდა ღმერთმან სასუფეველი გაღირსოს, როგორ გაქვს ოთხჯერ მე გამიგზავნია წიგნი არ ვიცი მოგივიდა თუ არა და ესეც მოგახსენოთ ჩემთვის წმიდა ბერნარდის ხატი გამოგეგზავნა. ღმერთმან კარგად გამყოფოს და წმიდა ბერნარდე მეოხე იყოს შენი თუ აქაურ ამბავს იკითხვიდე მოქალაქენი ორჯერ დაიგროვეს შუღლი ქნეს მაგრამ კათოლიკე ეკლესია ძლიერ იყო და რომელიც კათოლიკე ვნახე შეიტყეს თქვენთან წიგნის მოწერა თქვენს ხელზე მთხვევა მოგახსენეს“.
ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი ჯუზეპე აგზავნის რომში გორს ნამყოფს პატრი ჯუზეპე რომაელს და ატანს წერილს. კარდინალს სხვათა შორის ამას სწერს:
„ღვთის მადლით მისიონის საქმე კარგად მიდის და დიდი ნაყოფი მოგვაქვს. თუმცა კი სხიზმატიკი სომხები ხანდისხან გვეწინააღმდეგებიან და საშინლად გვდევნიან, როგორათაც პატრი ჯუზეპე ანტონი მოგახსენებს, იგივე გაუწყებთ თუ რა საშუალება უნდა იხმაროს კაცმა მათს დასამდაბლებლად“.
ამ უფროსს მომზადებული ჰყოლია პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად ხუთი ყმაწვილი, რომელთა შესახებ წინათვე მოუწერია რომში. კარდინალი, 29 აპრილს 1679, პასუხად სწერს, რომ ამ ხუთ ყმაწვილში გამოგზავნოს სამი უფრო ნიჭიერი, რათა პროპაგანდის კოლეგიაში განაგრძონ სწავლა. ეგრეთვე აუწყებს 7 კაპუცინის გამოგზავნას საქართველოში“.
ნეაპოლის სკოლაში ერთი ახალგაზდა ქართველი თავადიშვილი ყოფილა. მისის გვარისა და იქ მოსვლის შესახებ ცნობა არაფერი გვაქვს. ამას პროპაგანდის კოლეგიაში შესვლის ნება უთხოვია. ამიტომ პროპანდიდან ნეაპოლის ნუნციოს ამ წერილს უგზავნიან.
„მათს უსამღვდელოესობის ნეაპოლის ნუნციოს, 16 ივლისს 1681.
პროპაგანდის კოლეგიაში შესვლის ნება ითხოვა ერთმა გამოჩენილმა ქართველ ოჯახის შვილმა, რომელიც მანდ ნეაპოლში სწავლობს სამოქალაქო მეცნიერებას. ბატონი კარდინალები ნატრობენ, შეიტყონ მისი ვინაობა, ზნეობა და ეგრეთვე ის, თუ რა სარგებლობის იმედი იქმნება, უკეთუ მისი თხვონა შეიწყნარეს. ამის გამო ბრძანეს თქვენთან მოწერა, რომ შეიტყოთ და მისცეთ ერთი გარკვეული მოხსენება, რომელსაც მოელიან თქვენის უზომო გულკეთილობისაგან. ამ მოხსენების მიხედვით ესენი იმ გზას დაადგებიან, რომელსაც უფრო სასარგებლოდ დაინახვენ, ვთხოვთ ღმერთს თქვენს ბედნიერებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალგაზდა ქართველი ნეაპოლში კარგა ხნის მოსულ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ დროს საშუალო სასწავლოში ყოფილა. არც კაპუცინების მოყვანილი უნდა ყოფილიყო, თორემ თვით კაპუცინები ითხოვდენ მის ადგილს, და მისი ამბის შესატყობლად რომიც მათ მიმართავდა და არა ნუნციოს. ჩვენ მიერ ხშირად დასახელებული პატრი ბერნარდე ნეაპოლელი, საქართველოში ათი წლის შრომის შემდგომ, წავიდა თავის მამულ ნეაპოლში შესასვენებლად. ამან პროპაგანდას წარუდგინა საქართველოს მისიონის შესახებ საკმაოდ ვრცელი მოხსენება, რომლისაგანაც მოგვყავს ეს შემდეგი ნაწილი:
„პროპაგანდის წმიდა კრების აღმოსავლეთის მისიონებში, საქართველოს მისიონი არა მარტო საუკეთესოა, არამედ, ჩემის აზრით, მას ეკუთნის უპირველესი ადგილი ყველა სხვა მისიონთა შორის თუ იმისთვის, რომ თავისუფლება არის ყველა სამოციქულო და საეკკლესიო სამსახურის აღსრულებისა, ისე როგორც ევროპაში, თუ იმ ნაყოფის გამო, რომელიც ყოველდღივ მოაქვს და მომავალშიაც გამოიღებს, უკეთუ საკმაოდ შემწეობა ექმნა და თუ ეგრეთვე ხალხის თვისებათა გამო. ქართველი ხალხი ყველა აღმოსავლეთის ტომებზე უფრო განათლებული, უფრო განვითარებული და უფრო პატიოსანია და დიდი ნიჭიცა აქვს, რაის გამო უფრო მომზადებულია შეითვისოს სარწმუნოების ჭეშმარიტება, რა დარწმუნდება თავის საღის ჭკუისა და საღმრთო წერილის შემწეობით. ...რაც შეეხება პროპაგანდის კოლეგიაში მისაბარებლად საქართველოდან ახალგაზდობის გზავნას, უნდა მოგახსენოთ რომ ეს მეტად ძნელი საქმეა და ეს სიძნელე არა ერთგზის გამოგვიცდია. ჯერ ერთი მგზავრობას დიდი ხარჯი უნდა, გარდა ამისა, იძულებულნი არიან ოსმალების ადგილებზე დიდხანს იარონ და აქ საშიშია ტყვედ არ ჩაუარდენ ურწმუნოთ. მეორე მხრივ იქაურ სკოლებში, რომლებშიც ჩვენი პატრები ასწავლიან, კარგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეიძლება მოწაფები პატარაობითვე ძლიერ კარგად აღიზარდნენ, გარნა, სამწუხაროდ, რა გახდებიან რვისა ან სულ ბევრი, ათის წლისა, მშობლებს ჩვენგან გაჰყავთ და აყენებენ ხელობაზე. მაგრამ უშემწეოდ არ უნდა დავტოვოთ ის ახალგაზდობა, რომელიც თავისი მიდრეკილებითა და ნიჭით და ყველა სხვა კაი ხასიათით ბევრითა სჯობია აღმოსავლეთის სხვა ტომის ახალგაზდობას. ჩემის აზრით, კარგი იქნება, წმიდა კრებამ კეთილ ინებოს, რათა საუკეთესო მასწავლებლის ხელმძღვანელობით საქართველოშივე, ჩვენის მისიონების სახლებში, თუ სამოქალაქო და თუ საეკლესიო მეცნიერებაში აღიზარდნენ ოთხი ან მეტი ყმაწვილი, სხვებზე ნიჭიერი და მათ შესანახავად გაღებულ იქმნეს იგივე ხარჯი, რაც საჭირო იქნებოდა რომის კოლეგიაში საქართველოს ორი ანუ ოთხის ყმაწვილის გასაზრდელად. ამნაირად არა მარტო გზის ხარჯი გადარჩება, არამედ ერთი და იმავე ფულით ორჯელ მეტი ყმაწვილის შენახვა შეიძლება საქართველოში ვიდრე რომში“.
ამ მოხსენებას თარიღი არა აქვს; ვგონებთ, უნდა იყოს წარდგენილი 1680 წ. პროპაგანდა ამ წერილებით წარდგენილ მოხსენებას არ დასჯერებულა, რადგან 18 აპრილს 1681 წ. პ. ბერარდეს ნეაპოლში სწერს და რომში იბარებს, რათა სიტყვიერად მოახსენოს საქართველოს სრული ამბავი; ეგრეთვე ატყობინებს, თან წამოიღოს თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო რათა იქვე დაიბეჭდოს. ქართულად ნათარგმნი საქრისტიანო მოძღვრების დაბეჭდვის შესახებ ხშირად იყო მიწერ-მოწერა რომსა და საქართველოში მყოფ კაპუცინების შუა. არა სჩანს, ეს წინად დაბეჭდეს, თუ არა. ხოლო რა მოვიდა ნეაპოლელი პ. ბერნარდე რომს, საქართველოდან თან მოტანილი თავის მიერ ნათარგმნი ქართულად კათეხიზმო დააბეჭდინა 1681 წ. ამ წიგნის სათაური არის ესა: „ქ. საქრისტიანო მოძღვარება სიმოვლებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა კაპუცინი და მქადაგებელი და მღრთის მეტყველი იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულის ენითა. ქ. კს. ჩ. ქ. პ. ა. (1681 წ.)“. ესევე სათაური პირველად იტალიანურად აწერია. ესევე წიგნი დაბეჭდვის წინად განუხილავს ქართველ კათოლიკეს ენიბეგანთ ზალინას. რის გამო იტალიანურის ენით აწმებს და ქართულად ხელს აწერს ესედ:
„შემოწმება. მე ზალინ ენიბეგი ქართველი პირველი კათოლიკე, მოწაფე ტფილისში მყოფ მისიონერი კაპუცინებისა, სადაც სპარსეთის მეფის მოჯამაგიერე ზის, რომელთანაც ვიყავი და ვარ მოენე და მდივანი ქართულის, სომხურის, სპარსულის, თათრულის და იტალიანურის ენისა. ვამოწმებ, რომ ღვთისმეტყველი პატრების შემოწმებით და წმიდა კრების სეკრეტარ ეპისკოპოსის ჩიბოს ბრძანებით, წავიკითხე და გარდავიკითხე ყველანაირი სიფრთხილით ეს წიგნი, შედგენილი სამოციქულო მისიონარი პატივცემული მამა ბერნარდე მარია ნეაპოლელისაგან, არაფერი ვპოვე წინააღმდეგ რომის კათოლიკე სარწმუნოებისა, ანუ კეთილის ზნეობისა, რადგან სიტყვა-სიტყვა ნათარგმნია კარდინალ ბელარმინოს პატარა საქრისტიანო მოძღვარებიდან ქართულს ენაზედ. ეს ამ სამეფოში ძლიერ დიდათ სასარგებლო იქმნება, რადგან საიდუმლოების შესახებ ცნობები სულ არეულ-დარეულია და ვერც ხელთნაწერით დაუკმაყოფილებიათ ეგოდენი პროვინციების საჭიროებისათვის, ამისთვის დიდათ საჭიროდ ვრაცხავ, რომ ეს დაიბეჭდოს. ქ. მე ენიბეგანთ ზალინა, როგორც ზემოთ წერილია, დავამტკიცე“. ეგრეთვე ამოწმებს იტალიანურად საქართველოდან ახლად გაბრუნებული პატრი ჯუზეპე ანტონ რომაელი და ხელს კი ესეც ქართულად აწერს.
ეს წინასიტყვაობა ცხადათ გვიჩვენებს იმ დროს კათოლიკობის გავრცელებას მთელს საქართველოში. რადგან ხსენებული ეგოდენი პროვინციების საჭიროებად ჩვენ თავდაპირველად უნდა ვიგულისხმოთ კათოლიკების სულიერი საჭიროება, და არა იმათი, რომლებიც ჯერ არ იყვნენ შეერთებულნი კათოლიკე ეკლესიასთან. პატრი ბერნარდეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რადგან, იმან, რა შეისწავლა ქართული, ბევრი წიგნი თარგმნა ქართულად; ზოგი თვითვე შეადგინა ამავე ენაზე და ზოგიც ძველი წიგნებიდან გადმოსწერა თუ საკუთრივ კათოლიკებისათვის და თუ საზოგადოდ ქართველების სასარგებლოდ. ამან თავისი მოღვაწეობით დიდი სიყვარული და პატივი დაიმსახურა ქართველთ ერისა, მეტადრე კათოლიკებისა, ნეაპოლში ყოფნის დროს ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთში. თუ მიღებულის და თუ გაგზავნილის რამდენისამე წერილის პირი ჩვენ გვაქვს, იქიდან ზოგი ზემოთ უკვე მოვიყვანეთ და ზოგსაც აქ მოვიყვანთ.
• წერილი ასთანდარა გოგინას ქალისა, რომელიც პატრი ბერნარდეს განდოშვილი ყოფილა. ეს ქართულად მიუწერია ნეაპოლში 1682 წ.
„ქ. უღირსი, ცოდვილი უცოდინარე თქვენის ფეხის მიწა-მტვერი შვილი თქვენი ასთანდარ მოგახსენებს ჩემო საიქიოთ დიდო იმედო. ამ წუთს ქვეყანასა დიდ იმედათ მისაჩნეველო, მისახედაო, ყოველსა ჟამთა ტკბილათ სახსენებელო ბატონო ჩემო სულიერო მამავ. მრავალი თქვენისა ღვთიანასა და ღვთის და ყოვლად წმიდისა სიყვარულით სავსეა თავისი შესაფერი მოკითხვა და სამსახურისა დიდათ ნატრა მომიხსენებია. ბატონო ნეტაი ამ წიგნსა რომ შენ გნახამს. ვაი ჩვენ რომ უღირსი ვიყავით მალე გაგვეყარე გაყრა ღმერთმან ნუ ქნას. როგორც სული, ხორციდამ არ განიყრება უსიკვდილოთ იმ გვარად ჩვენი სულიერობას მამაშვილობა არ გაიყრება. უმეტესად ახლა უფრო შენი სიყვარული ყოვლად წმინდა ღვთის მშობელი წმინდა ფრანჩისკე მამა ჩვენი ამოდ და მხიარულად გამყოფოს ბატონო მამაო ჩემო დიაღ მიხარიან მე ცოდვილი უღირსი უცოდინარე რომ მანდიდამ მომიგონებ, წიგნს მომწერ და მომიკითხვი. ბატონო, აქაური რა მოგახსენო. ვინც სიმართლის გზაზე მართლა დგას, ღვთის ბაღში პეტრეს ბადით ახალ თევზებს იჭერენ. ვინცა და იუდასავით უკუდგნენ, ცოტა საქმისათვის შესწუხდნენ მაგრამ ახლა მართალი კათოლიკე უჯესტესად გამრავლდა რა თქვენ წაბძანებულხართ ალამუაც უკუდგა სიმართლის გზისაგან არაფერი იქმნება შენ კარგად იყავ ბატონო მამაო ჩემო. შენვე იცი, რომ პეტრეს და პავლეს სიყვარული მაქვს დიაღ გულში, შენგან წყალობა იყოს. იმათი სახე და ყოვლად წმიდის სახე ცოტათი მოდიდოთ მიბოძეთ. კრიანოსნისა და ჯვარისა შენ იცი, ბატონო შორისა ვარ უცნობი უმსახურო ვარ, მანდ ქალებთან ჩემ მაგიერ მრავალი მოკითხვა მოახსენე, თუ უკაცრავად არ ვიყო, ბატონო, თქმა არ ვარგა, მაგრამ კიდევ გულია; რაც ჩემის უცოდინარობით შემიძლია ჩემის ცოდვილის პირით თქვენთვინ ლოცვა არ დამიკლია ბევრს თავს ვეღარ შეგაწყენ, ბატონო, დაიწერა ეს წიგნი თიბათვის დამდეგსა“.
ნეაპოლიდან საქართველოში 1682 წ. გამოგზავნილი პასუხი პატრი ბერნარდესი ესტატესთან ქართულად „ქ. სულიერის სიყვარულითა თქვენის ნახვის და ალერსის სამსახურის დიდად და უზომოდ მონატრე პატრი ბერნარდო მარიამ ვიკადრებ, ჩემო სულის შვილო, ნიადაგ ჟამთ სახსენებელო, ბატონო ესტატევ, მრავალი მაგათის ქრისტიანის და მტკიცედ კათოლიკეს და ყოვლის ნათლითა აღვსილს თავის შესაფერი მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა მომიხსენებია. აწ ფრა21 პოლიკარპომა თქვენი მართალს რჯულზედ სიმტკიცე თქვენის ჯალაბის რჯულება და მამისაც ყველა თითო-თითოდ შემატყობინა. კურთხეულ ღმერთი ყოვლის სიკეთის მომქმედი ღმერთიც და ღვთის მშობელი ყოვლად წმინდა თქვენი თავი, თქვენი სახელი, თქვენი შვილნი ნახოს. ვისგან გეშინოდეს ბატონო შვილო“.
ამ პატრთან თვით ტფილისის კაპუცინებსაც ჰქონდათ ხშირი მიმოწერა. აქაური გარემოება მისთვის მიუწერია 1682 წ. პ. ჯუზეპეს. წერილი დაკარგულია. ხოლო ამის შემდგომ მიწერილი წიგნი გვაქვს, რომლიდანაც მოგვყავს შემდეგი.
„.... თქვენს ღირსებას ვაუწყებ, რომ ამ ჟამად მისიონი ძლიერ კარგ მდგომარეობაშია სულიერად. ამ გავლილ ნოემბერში წმიდა იუბილეს გამო ასამდინ აღსარება სთქვეს და ეზიარნენ, ხოლო საშობაოდ კი სამოცმა. ტფილისში 200 კათოლიკეა. მაგრამ ამ დიდ მარხვაში საქადაგებლად ეშმაკმა აქ მოუსია ერთი ვართაფეტი, რომელიც ჯოჯოხეთებრივი სიბრაზით სავსეა წინააღმდეგ მისიონისა და ამ საბრალო კათოლიკებისა. ესენი ჯერჯერობით მტკიცედ არიან. სამი წლის წინეთ ამ გაეშმაკებულმა მღვდელმა აქ იქადაგა და მით ჩვენ ბევრი გვავნო; მაგრამ ახლა უფრო ძლიერ ცდილობს და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ზომას ხმარობს, აგულიანებს ერს, რათა ჩაგვაქვაონ და ან აქედან განგვდევნონ. ამას კიდევაც შეასრულებდნენ, უკეთუ მეფე ჩვენი მომხრე არ ყოფილიყო. ახლა ვნახოთ, რა მოხვდება ამ დიდ მარხვაში.... ვბედავ მოგახსენო, რომ ძლიერ კარგი იქნება, უკეთუ პროპაგანდის თხოვნით განთქმულმა ვენეციის და ჯენოვის რესპუბლიკამ და ეგრეთვე მათმა უმაღლესობამ დიდმა დუკამ უჩვენონ თავიანთი რისხვა მოვაჭრე და მანდ მცხოვრებ სომხებს, ან მოსაჩვენებლად დაამწყვდიონ და საქონელიც გამოართონ, ვიდრემდე დაჰპირდებოდენ თავიანთი ეჩმიაძინის უბოროტესი სამღვდელოების გასწორებას. ამას ბევრი დრო აღარ დასჭირდება, მაშინათვე შესრულდება, რადგან ამის შეტყობაზე პატრიარქს (ელიზბარს) დიდათ შეეშინდება, რომ არ დაჰკარგონ მანდაური ვაჭრობა და მოწყალებანი... ტფილისიდან 5 მარტსა, 1683 წ. პატრი ჯუზეპე ბოგონანელი“.
ესევე პატრი ამავე წლის 22 მარტს რომში სწერს, რომ იმ მოსულ ვართაპეტს ბევრი უქადაგებია მათს წინააღმდეგ და მთელი ქალაქი აუღელვებია; შემდგომ სომხებს ბევრი ფული უძლევიათ მეფისათვის მათს გასაძევებლათ და კათოლიკების დასასჯელად. მაგრამ მეფე სრულებით არ დათანხმებულა; რაის გამო თავიანთი ბოროტი წადილი ვეღარ შეუსრულდებათ. ამიტომ სთხოვს პროპაგანდას, რომ მათის დაფარვისათვის მეფეს მადლობის წიგნი მოსწერონ და რაიმე საჩუქარი გამოუგზავნონ.
ეგრეთვე ახლად მოსული პატრი კარლო, ამავე წლის 30 აპრილს, სწერს რომში და აუწყებს, რომ მას ჰყავს სკოლაში ოცდაათზე მეტი მოწაფე და ორმოცი განდოსშვილი; მასთანვე მოუთხრობს სომხების მიერ დევნულობას და მეფის მფარველობას სომხების წინააღმდეგ: ეკლესიას თავზე დაგვაქცევდენ თუ მეფე არ გამოგვსარჩლებოდაო.
პირველშივე სომხებმა რაკი ვერ მოსპეს ერთიანად პატრების მისიონი ტფილისში, კათოლიკე სარწმუნოების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება: ყველა ღონისძიება მათ წინააღმდეგ იხმარეს. ამას უფრო ნათლად დაგვანახვებს ქვემოდ მოყვანილი საბუთები. ქართველებმა კი მეფიდან დაწყობილი თითქმის ყოველთვის გულშემატკივრობა და თანაგრძნობა აღმოუჩინა ლათინის მისიონერებს და ბევრ შემთხვევაში დაიცვა ისინი სომეხთა მიერ უწყალო და უსამართლო დევნულობისაგან. ამასაც უფრო ცხადად დავინახავთ შემდეგი საბუთებით.
გიორგი მეფემ თავის მამას შაჰნავაზს ბევრით გადააჭარბა მისიონერების პატივისცემასა და ლათინის ეკლესიისადმი მიდრეკილობაში. ამას, ქვემოდ 21 მორჩილი ძმა.
მოყვანილ საბუთებს გარდა, გვიმტკიცებს ეს წიგნიც., რომს მიწერილი.
„მეფემ კერძოდ დამავალა, როდესაც თქვენს მაღალს ღირსებას მოვსწერ, ყოველთვის კდემით მოვახსენო მოკითხვა ანუ ხელს კოცნა და გთხოვო თქვენი ამბავი და მისიონერების გამოგზავნა. აწ გულმოდგინეთ ვასრულებ ამ დავალებას ყოვლად ღირსეულის მეფისას, რომელიც ჩვენი დიდად საყვარელი შვილია; იმედი მაქვს თქვენთვისაც სათნო-საყოფელი იქმნეს. თქვენს ღირსებას აზრუმის გზით გამოვუგზავნე ერთი ვრცელი წერილი, მეორეს გწერ შემდგომ ჩვენის უფროსის მოსვლისა, რომელიც მოვიდა მოსკოვით, სადაც ჩვენი მეფე გზავნის კაცსა თავის ძმა არჩილთან... ტფილისი, 7 ნოემბერს, 1684 წ. პატრი ჯუზეპე“.
იმავე წლის პირველ თვეებში საქართველოში ჟამი გაჩენილა, და შვიდ თვეს არ მოსპობილა. ბევრი უმსხვერპლია თუ გორსა და თუ ტფილისში. ამ დროს კაპუცინებს დიდი კაცთმოყვარეობა აღმოუჩენიათ ერისათვის. გორში მყოფ პატრი კარლო პეშელის შესახებ გვაქვს ერთი ვრცელი წერილი, სადაც მოხსენებულია, სხვათა შორის, შემდეგი გარემოება: სენის გაჩენას დროსვე, ვისაც კი მოუსწრიათ, გორის მცხოვრებნი გახიზნულან მთებში; ამათ უთხოვიათ პატრი კარლოსთვის, რათა ისიც მათთან წასულიყო, რომ სიკვდილისგან თავი გადაერჩინა; პატრს არ უქმნია, იქვე დარჩენილა და დაუწყვია უპატრონოდ დარჩენილ ჭირიანთა მოვლა; რაც კი შესძლებია, მათთვის მოუგია ყველანარი სამსახური თუ სულიერი და თუ ხორციელი; თვითონაც დასნეუებულა, მაგრამ მალე გაკურნებულა. ამ დროს უფრო უშიშრად და გულს მოდგინეთ დაუწყვია სნეულების შემწეობა; ახალგაზდა გორელი ფრანცისკეს, თავის ერთგული მოსამსახურისათვის, რომელიც კათოლიკე ყოფილა, ერთგულ დედის მსგავსად, სამსახური არ დაუკლია, მაგრამ სიკვდილისგან ვეღარ გადაურჩენია: მისი სიკვდილის მეორე დღეს ამასაც მეორედ შეჰყრია ეს საშინელი ჭირი და გარდაცვლილა მეორე დღეს სექტემბერში; ასე რომ გორის მისიონი ამ დროს უპატროდ დარჩენილა“.
ტფილისში მყოფმა პატრებმა არა ნაკლები გულშემატკივრობა და შემწეობა აღმოუჩინეს გაჭირვებულ ხალხს იმ საშინელ დროს. კაპუცინების ესეთმა თავგანწირულებამ და კაცთმოყვარებამ მიიზიდა არა მარტო გიორგი მეფე, არამედ ბევრი ქართველი თავადიც, ვინც კი მოინდომა ერთიანად შეერთება რომის ეკლესიასთან. ამ ამბის შესახებ გვაქვს პატრი უფროსის შემდეგი წიგნი პროპაგანდაში მიწერილი.
„გავლილ მარტის ხუთს პატრი ჯუსტინო ლივორნოელი ისპაჰანს გავგზავნეთ მე და მეფემ, რათა აქ მოეყვანა ეპისკოპოსი ფრანჩისკე პიკეტი22 სასარგებლოდ ამ მისიონისა, რადგან ქართველ ბატონებს მოლაპარაკება აქვთ და უნდათ შეერთება რომის კათოლიკე ეკლესიასთან. ეს ხსენებული პატრი ტფილისს მობრუნდა 21 დეკემბერს. ამნაირად მე და პატრი კარლო პეშელი დავრჩით მარტო, ის გორში და მე ტფილისში. გავლილ ზაფხულს საქართველოში და კერძოდ ტფილისსა და გორში გაჩნდა ჟამი, რომლითაც საკმაოდ დაიხოცნენ; უფრო ბევრი გაწყდებოდა, მთებში რომ არ გაქცეულიყვნენ. გორის მცხოვრებთ პ. კარლოც მიიწვიეს, რათა მათთან წასულიყო, მაგრამ თავის სიცოცხლეს არჩია მათი სულების ცხონება და ეს სურვილი საქმით დაამტკიცა; ნამდვილათ შევიტყე, რომ ამან ბევრი იღვაწა ღვთის დიდის დიდებისა და იმ საბრალო სულთა ცხონებისათვის; ბოლოს მოუკვდა სახლის ერთი ახალგაზდა, რომელიც მას ემსახურებოდა, ორის დღის შემდგომ თვითონაც გარდაიცვალა. მე ტფილისში ვარ მორჩილ ძმა ბართლომე გვილანოელთან ერთად. იგი მეფემ მიიწვია, რომ მას ხლებოდა, მაგრამ მოახსენა, რომ ვერც მე დამტოვებდა მარტოკას და ვერც სახლს დაანებებდა თავს, რადგან ამ დროს ძლიერ გახშირებული იყო ქურდობა. მე მუდამ ქალაქში დავიარებოდი, და სიკვდილის განსაცდელში ვიყავი, მაგრამ არ ვერიდებოდი, ბევრი ჩვენი კათოლიკეთაგანიც მიიცვალა, მაგრამ არც ერთი მომკვდარა საიდუმლოების მიუღებლად. დაწვრილებით არა გწერ ყველას, რაც ღმერთმა ამ დროს თავის დიდებისათვის 22 ეპისკოპოსი ფრანგი და პაპის ელჩად გაგზავნილი შაჰთან. იმოქმედა ჩვენის საშუალებით, რადგან ქარვანის წასვლის გამო დრო აღარა მაქვს. ხოლო შემდგომ ეგ ბატონი კარდინალები და თქვენც, რა დაწვრილებით სცნობთ ამ დროის ამბავს, ძლიერ განიხარებთ და დარწმუნდებით კიდეც, რომ ხარჯი და შრომა ამ მისიონზე უბრალოდ არ წასულა. ამიტომ დიდათ გევედრები, მალე უშველოთ, რომ ეს მისიონი არ მოისპოს, რაც საშიშოა, რადგან უკანასკნელ მდგომარეობაში ვართ23. ეპისკოპოსი პიქეტი არ მოსულა, მაგრამ კი შემოგვპირდა მოსვლას. ტფილისი 2 იანვარს 1685 წ., პატრი ჯუზეპე ბოგოინანელი“.
ესევე პატრი ჯუზეპე ამავე წლის 8 აგვისტოს წერილით რომში აცნობებს, რომ სპარსეთში მყოფის პიქეტი ეპისკოპოსისაგან უარი მიუღია საქართველოს მოსვლისა მგზავრობის სიძნელისა გამო; ეგრეთვე სთხოვს პატრების გამოგზავნას გორისათვის, რომელიც უმღვდლოდ დარჩენილა. ამავე თხოვნას კიდევ უმეორებს და ეგრეთვე პროპაგანდას ავედრებს ერთ ქართველ კათოლიკეს, რომელსაც რომს გზავნის, ამ სიტყვებით:
„ეს ახალგაზდა ამ წიგნის მომტანი, სახელად ანჯელო, არის ქართველი კათოლიკე ლათინის ტიპიკონისა, პატარობიდანვე ამ მისიონში აღზრდილი, რომელშიც თექვსმეტ წელიწადზე მეტი მსახურებდა: მუდამ ნატრობდა ევროპაში წასვლას. როგორათაც თქვენვე ნახავთ, კაი ნიჭიერია, ახლა დრო აქვს, მუდამ კარგად იქცეოდა და ყველას კარგს მაგალითს აძლევდა; ამიტომ ღირსეულად შევრაცხე და სიმართლეც მავალებდა, რომ ეს გამომეგზავნა წმიდა კრებისათვის, რომელსაც გამოეყენებინა ისე, როგორათაც საუკეთესოდ შერაცხავდა. ამიტომ რაოდენათაც შემიძლია მას გავედრებ, რადგან კაი ყმაწვილია და ღირსია ყოველის სიკეთისა, უკეთუ მანდაც ისე მოიქცა, როგორც აქ იყო. მაგისგანვე შეგიძლიათ შეიტყოთ იმ მისიონის გარემოება, რადგან იტალიანური კარგად იცის... ტფილისი, 13 მარტსა, 1686 წ., პატრი ჯუზეპე ბოგოინანელი“.
ამ ქართველის მეორე სახელი მიხელი ყოფილა, მამამისს შერმაზანა და დედამისს თამარი რქმევია. იგი 22 წლისა მიუღიათ პროპაგანდის კოლეგიაში 10 დეკემბერს, 1686 წ.
პატრი ჯუსტინო ლივორნელი 8 ოქტომბერს 1686 წ. წერილით რომში აუწყებს უფროს პატრი ჯუზეპეს სიკვდილს და ახლად სამის მისიონერის მოსვლას; ეგრეთვე ასახელებს გაკათოლიკებულ აბრაჰამ ქართველ მღვდელს და მეფის მწერალს კათოლიკე ესტატეს. ამასთანავე იმედს აძლევს, მეფეც მალე გაკათოლიკდებაო.
ზემოთ ვნახეთ, რომ, სომეხთა მიერ დევნულობისაგამო, რომსა სთხოვდნენ, რათა იტალიის მთავრებს გამოეცხადებინათ თავიანთი რისხვა სომხების წინააღმდეგ. ამის გამო ფლორენციის დიდი დუკა კოზიმო მესამე სწერს გიორგი მეფეს ამ შემდეგ წიგნს:
„საქართველოს მეფეს, ტფილისს, 26 ნოემბერს 1686, ფლორენციიდან.
მათს უგანათლებულესობას, ფრიად საყვარელს ჩვენს მოკეთეს,
უგანათლებულესო ბატონო,
რამდენათაც დიდის სიამოვნებით ვსმენულობთ მაგ სამეფოში მოგზაურ პირებისაგან, რომ თქვენი ხელმწიფების უმაღლესობა სიყვარულს უჩვენებს რომის ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც მანდ წმიდა სამსახურს ასრულებენ ღვთის პატივის გასაძლიერებლად; ეგოდნათ უფრო დიდათ ვსწუხვართ, რა ვხედავთ, რომ ეგ თქვენი გულმოწყალება არ ეთანხმება სიყვარულს, რომელიც მათ დაქონდათ. ვინაიდან უმწეოთა უცველ-უფარულთ სომხები სდევნიან, მეტადრე მაგ ქალაქში საცა ეს ხსენებული მისიონერები რომის ეკლესიის მორწმუნებთან ერთად გამუდმებით მეტისმეტ შეურაცხყოფას ითმენენ. ჩვენ კი ასე არავის ვეპყრობით, რადგან ამ ჩემს სამთავროში უცხო ტომის ხალხი სრულის თავისუფლებით დიდის მყუდროებით სცხოვრობენ, მეტადრე სომხები, რომლებიც აქ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ასრულებენ თავიანთის სარწმუნოების წესებს; ეგრეთვე ჩვენის ბრძანებით ხალხიც მათ დიდ პატივს სცემს და ძლიერ კარგადაც23 გაჭირვებაში მისიონი იმიტომ იყო, რადგან ერთ პატრზე მეტი აღარ იყო. ეპყრობა, დაიმედებულნი თქვენის უმადლესობის ჩვენდამი ერთგულობითა და აღსავსე ღვთის მსახურების ერთგულობის გრძნობითა ჩვენს მოვალებად ვრაცხთ ვაუწყოთ თქვენს ხელმწიფებას ჩვენი უკმაყოფილება, შესახებ იმ ბოროტ მოპყრობისა, რომელსაც მანდ სომხები უყოფენ საბრალო კათოლიკებს და მათს მოძღვრებს. დარწმუნებული ვართ რომ ეს ჩვენი ნათქვამი შეაგულიანებს თქვენის ხელმწიფების უმაღლესობას, რათა ჯეროანი ღონე იღონოთ წინააღმდეგ ესეთის უსამართლო მოქცევისა, რომელიც ეწინაღმდეგება სიმართლეს და მთელის ქვეყნის აზრსა და იძულებული აღარ გავხდებით, რომ გამოვუცხადოთ ჩვენი განრისხება სომხებს, რომლებიც ჩვენს სამთავროში სცხოვრობენ ყოველგვარის შეღავათით და თავისუფლებით. მაშ იმედი გვექნება თქვენის ხელმწიფებრივის უმაღლესობის კაცთმოყვარეობისა, რომ ჩვენს გამო კეთილ ინებოთ და უბრძანოთ ყველას, რათა მომავალში კათოლიკე მისიონერებმა და რომის ეკლესიის მორწმუნებმა აღარ გამოსცადონ ეგრეთი შეურაცხოყოფა და დაჩაგვრა, ჩვენც გპირდებით სამაგიერო კეთილი მოგაგოთ. ვისურვი თქვენთვის ყველა საუკეთესო ბედნიერებას.
თქვენის უმაღლესის ხელმწიფების ყოვლად მხურვალე მონა კოზიმო მესამე, ტოსკანის დიდი დუკა“.
1687 წ. ტფილისში ქართულის ენის მცოდნე პატრთაგანი, მარტო პატრი ჯუსტინო დარჩა. მრევლის მოვლის გარდა იგი იძულებული იყო ქართული ესწავლებინა ახლად მოსულ მისიონერებისათვისაც. იმავე წელს აქაურის მისიონის ამბავს იგი სწერს რომს და მასთანვე აუწყებს ახლად გაკათოლიკებული ქართველების შემდეგს რიცხვსა და სახელებს:
„აქვე გაახლებთ ახალ კათოლიკეთა შესახებ ცნობას... ბატონი თამაზა, სამხედროს გენერალი და ბიძა მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი, ამან მიიღო კათოლიკობა 15 ივნისს, 1687 წ., ბატონი სულხან შვილი დიდი მინისტრისა* (*ეს უნდა იყოს სულხან საბა ორბელიანი), ბიძაშვილი მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი; თუ კეთილ ინებებს თქვენი უმაღლესობა, ნახავს, რა სათნო საქმე ჰქმნა ამან: თვით შეასწორა „საქრისტიანო მოძღვრება“, რომელიც მე ვთარგმნე; ამან მიიღო კათოლიკობა 15 აგვიტოს 1687 წ.; ეგრეთვე არიან სხვა სახლები და ოჯახები ლათინის წესისა, რომლებიც მარტო მისიონერებს ექვემდებარებიან; ამ მისიონის სხვა პირველი კათოლიკები არიან ეგრეთვე ბაინდურას შვილები: სტეფანე, იოსები, ფრანცისკე და ნინო; გარდა ამათი, არიან ესენიც: გიორგი დიდებაშვილი, მისი მეულე ეთერე და დედა მისი მინგული ქართველები; ხუცესი თავისი დედა თამარა და დები ანნა ხანუმი, შანუბანი და მარიამი, ქართველები; გიორგი მადლისშვილი, მისი მეუღლე და მეუღლის და... ტფილისი, ნოემბერს 1687 წ. პატრი ჯუზეპე ლივორნელი“.
ამავე წერილში გაკათოლიკებულ სომხებსაც ასახელებს, მაგრამ ესენიც მომეტებულად ქართველები ყოფილან, როგორათაც სჩანს მათის სახელებიდან, მაგალითად: თინათინა, ესტატე, ნასყიდა, ზალინა და მამაჯანა. ჰგავს ისინი წინეთ სომხის სარწმუნოებაზე გადასულან და იმიტომ სომხებად იხსენიებს. ამავე წერილით აუწყებს ეგრეთვე კარდინალს, რომ გიორგი მეფესაც მიუღია კათოლიკობა და კიდევაც რომში გაუგზავნია ახლად მოსული პატრი ანჯელო. ამ წიგნს აგზავნის მოსკოვით, სადაც მეფე თავის ძმა არჩილს, კახეთის მეფეს განგებ კაცს უგზავნის.
ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო პირთა შორის არ იყო, არამედ თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების წერილები:
„პატრი ჯუსტინომ კათოლიკობაზე გადაიყვანა საქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ, რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რამდენიმე მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო ეკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაბლესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის“. ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას, მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე - გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს.
„უნეტარესს მამას, ღვთის ეკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო ქრისტეს მონაცვლეს ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო მეთერთმეტეს.
თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს, რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად დიდებულს მღვდელთ-მთავრობას, და ესედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფეხთა წინაშე წარმომედგინა თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძლიერ მოწადინებულია, ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული ლაპარაკი გამეძლიერებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი პატრი ჯუზეპე ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძლიერ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან. შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკლესიას, და ესე გვიანდებოდა. გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7 დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე სარწმუნოებაში, რამდენათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძლიერ ერთგულად იცავს; მეტად სახელგანთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად გიგზავნით, რათა ვრცლად გაუწყოთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოთ რომ მეფე რომის ეკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ, მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად. ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკლესიის ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდანაც ცხადია, რომ ყველაფერში იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდან მეფე მეორედ ქორწინდება. ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული ბრძანდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვთარგმნე ეს წიგნები ლათინურად, რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ, რომ თავისი ძველისძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი: ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხავენ. თვით მეც ორგზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ მთავრებზე, ეს უფრო ძლიერი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია გამოიყვანოს დიდძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო ძლიერ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრისტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რამდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება უდიდესი მოწყალება. უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო, რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე. პატარობიდანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას, რომელსაც ძლიერ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამღვდელოესობას არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. - საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს მისიონერი“.
ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი საქართველო შეუერთონ რომის ეკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძლიერ მოწადინებულია, თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან მთლად განათავისუფლოსო.
ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა.
„ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა, ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად ბრწყინვალე ვარსკვლავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო, მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად წმიდა სამებაში, წარვდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი, მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას, რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა, გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო დარჩებოდა24. ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ, როგორც გყავთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი, რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა, რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი, რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით მას... (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან შვილთა მეფეთა საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ, გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია, გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა, რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა... ნეტაი ღმერთმა და ღვთის მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა, თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც24 რადგან დანარჩენ პატრებმა, რომლებიც ახლად მოსულნი იყვნენ, ქართული ჯერ არ იცოდნენ.
სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის; რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)“.
ამ წერილს ბოლოში აწერია: „რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა“.
ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის ნათარგმნი.
ახლა მოვიყვანთ მესამე წერილს.
„წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათასიტყვა-სიტყვა ეთარგმნა“.
ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი:
ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთმთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის მსახურთა მბრძანებელო, მრავალფეროვან ვარდით შემკობილ.. ღვთისმეტყველო, თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო, რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის ყოველდღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა, დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოს ღვთიურის დიდის ეკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა. სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს, თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა: „დამწყსენ ცხვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო“. შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ გეკუთნით. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელმა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ არასდროს გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი მტრების დამარცხებაზე. ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და პატრი ანჯელოც პირად მოგახსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375, ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს“.
ამ ექვთიმე ეპისქოპოსის გვარი ყოფილა რატიშვილი (Ractiscivili). მეფემ ტოსკანის გრანდუკასაც მისწერა წიგნი. ჩვენ კი ვერ ვიპოეთ ეს წერილი. ამის გამო პატრი ანჯელო ჯერ მივიდა ფლორენციაში და გადასცა დუკას წიგნი. ამანაც პატრი ანჯელოს კარგად მიღების შესახებ პაპს წიგნი მისწერა. ამისთვის პაპმაც შემდგომ მადლობა მოახსენა, ეგრეთვე იმისთვისაც რომ ეს დუკა საქართველოს მისიონერებს კარგად ეწევოდა. არც ის წიგნი გვაქვს, პატრი ჯუსტინომ პაპთან რომ გამოატანა მეფისა, ექვთიმე ეპისკოპოსისა და სხვა წარჩინებულ გაკათოლიკებულ ქართველთა შესახებ.
პაპმა დიდის სიხარულით მიიღო მეფის გაგზავნილი პატრი ანჯელო, რომელმაც გადასცა წერილები და პირადაც მოახსენა მეფის და ეპისკოპოსის დაბარება და საქართველოს გარემოება, პაპი ამ ამბის მოსმენაზე დიდათ კმაყოფილი და მოხარული დარჩა და ორივეს მისწერა შემდეგ წერილები.
„აზიელ ივერიის სამეფოს არქიეპისკოპოსს, ჩვენს პატივცემულ ძმა ექვთიმეს, პაპი ინოჩენციო XI.
პატიოსანო ძმაო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
სიტყვით ვერ გამოგვითქვამს ის სიხარული, რომელიც ვიგრძენით, რა ვსცანით ჩვენ საყვარელის შვილის კაპუცინი პატრი ანჯელო ფილინესა და თქვენის წერილისგან, რომ თქვენ სული წმიდის წინამძღვრობით მიგიღიათ, როგორც ჯერ არს, კათოლიკე სარწმუნოება და შემოერთებულხართ სულითა და გულით ამ წმიდა საყდართან, რომელიც არს მოძღვარი და დედა სხვა ყველა ეკლესიებისა. აწ მადლობას ვწირავთ ღვთის სახიერებას, რომ თქვენზე ესეთი მოწყალები მოიღო და თქვენც უფლისა მიერ მღვდელმთავრულის სიყვარულით გემთხვევით; ეგრეთვე ყოველს შემთხვევით ვისარგებლებთ, რომ გამოვაქვეყნოთ, თუ რამდენად შესანიშნავი და დიდი ნაყოფი მოიღო კათოლიკე ეკლესიამ აზიელ ივერიას სამეფოში. აწ ჯერ არს სავსებით გაამართლოთ ყველა ჩვენი მოლოდინი, რომელსაც გვაძლევს თქვენი ერთგულობა; ეცადეთ ყველა თქვენი ღონისძიებით ამავე ეკლესიის გავრცელების და დიდებისათვის მაგ ერში, რომელიც მუდამ თვალწინ გვყავს. ამ ხსენებულ პატრი ანჯელოს მივანდობთ, რომ ვრცლად ყველა ჩვენი აზრი და სურვილი მოგახსენოთ. იგივე გადმოგცემთ ჩვენი სიყვარულის წინდსა, რომელიც შესაფერია თქვენი სამსახურისა. მასთანვე სამარადისოთ განიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას. რომიდან, 14 მაისისა 1688, მღვდელთმთავრობის მეთორმეტე წელს“.
პაპის გაგზავნილი საჩუქარი იყო ერთი ძვირფასი და დიდნახელავი ბარძიმი.
პაპის პირველი წიგნი მეფისადმი:
„ქრისტეს მიერ ჩვენს დიდათ საყვარელს შვილს გიორგის, აზიელი იბერიის ბრწყინვალე მეფეს, პაპი ინოჩენციო XI.
ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. გამოუთქმელის აღტაცებით ვსცანით თუ თქვენის დიდებულების წერილიდან და თუ ჩვენ საყვარელ შვილის პატრი ანჯელო ფილინელის მიერ, რომელიც წარმოგვივლინეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით დაუტევეთ მაჰმადიანთა რჯული და წრფელი გულით აღიარეთ კათოლივე სარწმუნოება.
ვინაიდან ჩვენი მწყემსობრივის მოვალეობის უმთავრესი ზრუნვა არის იესო ქრისტეს პატიოსანის სისხლით დახსნილთა სულთა ცხონება, ამიტომ ისე არაფერს შეეძლო ჩვენთვის ნუგეში ეცა, როგორც გვანუგეშა თქვენის მოქცევის ამბავმა რადგან ამ თქვენს მოქცევას დიდათ ვაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ მაგ თქვენის მაგალითით დღიდან დღე უფრო განეფინოს ეს ჩვენი სარწმუნოება. ღირსეულ ქებას შევასხამთ რა მაგ თქვენს წარჩინებულ მოქმედებას, თქვენს დიდებულებას კათოლიკე ეკლესიის წიაღსა შინა შევიწყნარებთ და გრაცხთ თქვენც ჩვენს მორწმუნე და ქვეშევრდომ მეფეთა შორის; ეგრეთვე არ დავცხრებით და გულით ვევედრებით ყოველთა სიკეთეთა მომნიჭებელ ღმერთსა, რათა თავისი დაუშრეტელ სიყვარულის საუნჯიდან მოგაგოთ შესაფერი სასყიდელი მაგ თქვენის წარჩინებულ ღირსებისათვის. თქვენდამი ჩვენს სიყვარულის შესახებ ბევრს რამეს მოგახსენებს ხსენებული პატრი ანჯელო, რომელიც კვლავ მანდეთ ბრუნდება და რომელსაც დიდათ გავედრებთ. აწ ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო შვილო. თქვენს დიდებულებას მოციქულებრივ კურთხევას ვანიჭებთ. რომიდან, 14 მაისისა, 1688 წ.“.
პაპი ეგოდნათ მოხარული იყო გიორგის შეერთებისა რომის ეკლესიასთან, რომ არ დაჯერდა ამ წერილის გაგზავნას, და მოინდომა, დასაჩუქრება სულიერადაც, რის გამოც გამოუგზავნა ძვირფასი ვერცხლით მოჭედილი ღვთის მშობლის ხატი და მოსწერა მეორე წერილი, რომლითაც მას ანიჭებს სულიერ შენდობას.
„ქრისტეს მიერ უსაყვარლესო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. რა განვიცადეთ გამოუთქმელის სიხარულით, რომ თქვენმა დიდებულებამ, შემკულმა არა მარტო ბუნებრივის უზომო ნიჭითა, არამედ უმეტესად ღვთიური ზეგარდამო მადლით განათლებულმა, დაუტევა ძველი შეცთომის სიბნელე და სცნო ნათელი კათოლიკე ჭეშმარიტების, ვაკურთხებთ და დიდს მადლობას ვსწირავთ უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ზეციერ მამასა, რომელმაც თავის გამოუთქმელის სახიერების წყალობით მოგიყვანათ თქვენ საუკუნო ცხოვრების გზაზე. ამიტომ ჩვენც იძლებული ვართ გამოგიცხადოთ ჩვენი მამობრივი სიყვარული რომლითამე ძღვნითა თქვენდა სულიერ ნუგეშად და სულის ცხონების შესაწევნელად. საჭიროდ ვსცანით მივუძღვნათ თქვენს დიდებულებას საუკეთესო ხელოვნებით შემკობილი და ვერცხლით შემოჭედილი ღვთის მშობლის ხარების ხატი, რომლის ჩარჩოც აბანოზის ხისა არის; გარდავეცით ჩვენს საყვარელს შვილს პატრი ანჯელო ფილინელ წმიდა ფრანცისკეს ორდენის კაპუცინს, რომელიც ჩვენ წარმოგვიგზავნეთ, რათა მანდ მობრუნებისათანავე გადმოგცეთ თქვენ.
ვინაიდან გვსურს, რომ მუდამ დღე აღემატოს გულმხურვალება თქვენისავე სულის საცხონებლად, ამიტომ განიჭებთ ამ შემდეგ სულიერ წყალობას: ვიდრემდინ ეს ხსენებული ხატი თქვენთან გექნებათ, როდესაც იტყვით წმიდა ქალწული მარიამის ანუ მიცვალებულთა ჟამ-კანონს, შვიდ სინანულის ფსალმუნთ. „სავარდის“ მესამე ნაწილს, ანუ რომელსამე საავადმყოფოში სნეულთა სანახავად წახვალთ, შეეწევით ქრისტეს გლახაკთ; რაოდენ გზისაც შეასრულებთ აქ დასახელებულ რომელსამე ლოცვას და მასთანვე გულით შენანებულ აღსარებას იტყვით უფროსისაგან განწესებულ მღვდელთან და ეზიარებით კვირა ან უქმე დღეს, და ილოცავთ მწვალებლობის და გაყრილობის მოსასპობლად, კათოლიკე სარწმუნოების გასაძლიერებლად, ქრისტიანე მთავრებში ერთობის დასაცველად და წმიდა დედა ეკლესიის საჭიროებისათვის, კვირაში ერთგზის მიიღებთ თქვენი ყველა ცოდვების სრულ შენდობას; გარდა ამისა, არა სრულ შენდობას მიიღებთ, უკეთუ რომელსამე პარასკევს, უფლის ყოვლად წმიდა ვნების პატივისათვის, იმარხულებთ და იმავე დღეს ან მომავალ კვირას გაენდობით და ეზიარებით და ზემოდ ხსენებულისამებრ ილოცავთ; რაოდენ გზისაც გულისტანჯვის გამოძიებას იქმთ ცოდვათა შენანებით და პირობის დადებით, ყოველ გზის მიღებით ათი წლის და ორმოცეულს შენდობას; უკეთუ ამ გამოძიებას განაგრძობთ ყოველ დღივ ერთი თვის განმავლობაში და ბოლოს გაენდობით და ეზიარებით, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას; გარდა ამისა, უკეთუ ყოვლად წმიდის სამების პიტივისათვის იტყვით სამს „მამაო ჩვენოს“ და სამ „გიხაროდენს“, ან ხუთს, იესო ქრისტეს ხუთი წყლულების პატივისათვის რომელსამე ცოდვის გასწორებისაგან პირობის დადებით, ანუ მოისმენთ წირვას თვით სამუშაო დღეებშიაც, ან თუ შეასრულებთ ზემოთ აღნიშნულთაგან როველსამე საგანს, მიიღებთ ყოველ გზის ათი წლის და ორმოცეულის შენდობას. ხოლო სიკვდილის დროს ჭეშმარიტად მონანებული, ვითარცა ზემოდ, აღსარებას იტყვით და ეზიარებით, თუ შეგიძლიათ, თუ არა პირით ანუ გულმხურვალებით და შენანებული გამოთქვამთ იესოს სახელს, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას; დასასრულ, ყველა ეს ხსენებული შენდობანი შეგიძლიათ მიიღოთ მორწმუნე მიცვალებულთა შესაწევნელად. რომიდან. 22 მაისისა, 1688 წ.“.
პროპაგანდამაც თავის მხრით პატრი ანჯელოს გაატანა ეს შემდეგი წიგნი მეფესთან: „საქართველოს მეფეს. 3 აპრილს 1688 წ.
„არც ჩვენ ბატონ პაპისათვის და არც ამ პროპაგანდის წმიდა კრებისათვის იქმნებოდა იმაზე სასიამოვნო, რაც თქვენის დიდებულების და პატრი ჯუსტინო ლივორნელის წერილებიდან სცნეს, რომ თქვენ გიცნიათ ჭეშმარიტება და თქვენის შვილითურთ აღიარებთ კათოლიკე სარწმუნოებას; ეგრეთვე ისა, რომ, მაგ თქვენის მაგალითით, ვინც თქვენს სამეფოში ჭეშმარიტ გზისაგან დაშორებულნი იყვნენ, ახლა სიადვილით შემოდიან წმიდა დედა ეკლესიის წიაღში. თქვენის უმაღლესობის სახელით გამოგზავნილი პატრი ანჯელო ფილინელი პაპმა რა დიდის სიყვარულით მიიღო, ამას სცნობთ მისივე წერილიდან. ახლა მათ უმაღლეს მამა კარდინალებს სხვა აღარა სანატრელი აქვთ, თუ არ ეს, ევედრონ თქვენს დიდებულებას, რათა ყველანაირი თქვენის ერთგულებით შეუდგეთ მაგ თქვენს დაწყობილ საქმეს, რამდენათაც კი შეგიძლიათ; დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ, ესეთის მოქცევით მუდამ მოიპოვებთ თუ თქვენთვის და თუ თქვენის სამეფოსთვის ყოველ გვარ ბედნიერებას და შემდგომ ზეცას მიიღებთ საუკუნო სასყიდელსა. ბატონ კარდინლებთან ერთად ყოვლის მპყრობელსა ღმერთსა ვსთხოვ თავისი მადლი არ მოაკლოს თქვენს დიდებულებას“.
ამავე რიცხვით პროპაგანდა ტფილისის კაპუცინების უფროსსაც მადლობას სწერს, რომ კათოლიკე ეკლესიას თავიანთის ცდით შესძინეს ესეთი წარჩინებულნი პირნი. ეგრეთვე უგზავნის სარწმუნოების სიმბოლოს, რათა გაამეორებინონ აღსარება მეფეს, მისს შვილს და ძმას. ხელი მოაწერინონ და ისევ რომში გაუგზავნონ, იმიტომ ესეთი შესანიშნავი საქმე სახსოვრად დარჩეს. ეგრეთვე პ. ჯუსტინოს განსაკუთრებულს მადლობასა სწერს და აგულიანებს, რომ კარგად განასწავლოს კათოლიკე სარწმუნოებაში თუ მეფე და თუ სხვანი, რათა გულმხურვალებით დაიცვან იგი.
ვიდრემდე პატრი ანჯელო მობრუნდებოდა საქართველოში, სპარსელებს კიდევაც ომი დაეწყოთ ქართველების წინააღმდეგ. ამისთვის ამ პატრმა მოსვლისას მეფე ჰპოვა ომის ველზე, სადაც თან ახლდა ექვთიმე არქიეპისკოპოსი. ორივეს გადასცა პაპის და პროპაგანდის წერილები, რომლებიც დიდის პატივით მიიღეს. ხოლო საჩუქრად მოტანილი ხატი მეფემ იქ არ გამოართვა, არამედ ტფილისში პატრს წააღებინა თავიანთ მონასტერში, რათა, როდესაც მობრუნდებოდა, დიდის ამბით მიეღო ეს პაპის საჩუქარი.
როდესაც პატრი ანჯელო წასულა რომში, თან წაუყვანია ერთი ახალგაზდა თავადის შვილი პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად. ამას გვიჩეენებს მხოლოდ პროპაგანდის წიგნი კარდინალ ბარბერინისადმი მიწერილი:
„ბატონ კარდინალ ბარბერინის, 3 თებერვალს 1688.
პატრი ანჯელო ფილინელმა, მისიონერმა კაპუცინმა, თან მოიყვანა საქართველოდან ერთი ახალგაზდა 19 წლის კეთილშობილი ქართველი, სახელად სოლომანი და თხოვნა შემოიტანა, რომ ეს მიღებულ იქმნას პროპაგანდის კოლეგიაში, ვინაიდან ეს იმ ტომისაა, რომლის მოწოდებაც განსაზღვრა ნეტარ ხსენებულმა წმიდა ონოფრიოს კარდინალმა. ეს საქმე ბატონ კარდინალებმა თქვენ მოგანდეს. ამის უწყებით აწ ვასრულებ ჩემს მოვალეობას და მდაბლად თავს გიკრამ“.
პროპაგანდის სკოლაში რამდენსამე წლის სწავლის შემდგომ ეს ქართველი კაპუცინებთან მონაზონად შესულა, მაგრამ მის საქართველოში დაბრუნებისა არავითარი ცნობა არ გვაქვს. ეს მესამე ქართველი კათოლიკეა, რომელიც ევროპიელებთან შემონაზონებულა, რამდენათაც ჩვენ ვუწყით.
წინა თავში მოვიხსენიეთ იეზუიტი ივანე გოსტკოვსკი, რომელმაც ტფილისიდან 24 აგვისტოს 1690 წ. რომში კარდინალს წერილი მისწერა. ამის წერილის ერთიან მოყვანა გვინდოდა. მაგრამ სიმოკლის გულისათვის ვტოვებთ; ხოლო მოკლედ გავიხსენიებთ ამ წერილის შინაარსს. ეს იეზუიტი სწერს: მეფე გაშორებია სამეფოს; სპარსელებს მის ადგილს სხვა დაუყენებიათ; მთავრებს ერთმანერთში უთანხმოება ჰქონიათ, რისგამო ყველაფერი ძლიერ არეულ-დარეულა; არჩილიც მოსკოვიდან მობრუნებულა, მაგრამ ვერაფერი ჩაუგდია ხელში, რადგან იმერეთი ოსმალებს დაეპყროთ, თავის ნათესავებს შეხიზვნია; კათოლიკები გამრავლებულან ტფილისს არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, რომლების შიშით მისიონერების მტრებს მათთვის ვეღარაფერი უვნიათ. კათოლიკობა მუდავ დღე ვრცელდება და ახლად გაკათოლივებულნი ხშირად ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებს. მასთანვე ღმერთს ევედრება, რომ თავისი ახლად დასაწყობი მისიონი იმერეთში ტფილისის მისიონისავით მხურვალე და ნაყოფიერი შეიქმნას.
მეფის მაგალითს ბევრმა მიბაძა და კათოლიკობა მიიღო, მათ შორის უფრო შესანიშნავი ბარძიმ ერისთავია. რაც მეფის განშორებით დააკლდათ კათოლიკებს, ის იმან შეუთავა. ამ ერისთავის შესახებ ბევრი წერილები გვაქვს. რადგან იგი იყო მეფის შემდგომ მეორე პირი და ბევრნაირად შესანიშნავი, ჩვენც მოვიყვანთ მის შესახებ რამდენსამე საბუთს, რათა კარგად ვსცნოთ მისი ამბავი.
ამ ბარძიმმა მიიღო კათოლიკობა 1689 წ., ეს ამბავი მაშინვე აცნობეს რომში წერილით. კაპუცინების უფროსი ჯულიო რომში მის შესახებ პირველად ამ წერილს სწერს:
„ყოვლად ტკბილის უფლის სახიერებამ ინება ჩემი და პატრი სილიბისტრეს ნუგეშისცემა სწორედ ამ არეულ-დარეულობის დროს, რომელშიც იპოვება საბრალო საქართველო, ვინაიდან პაპის მორჩილებაში შევიდა ყველაზე უფრო შესანიშნავი პირი ამ სამეფოში. ამისთვის აღტაცებით გაუწყებ ამას და მასთანვე გევედრები, რომ თქვენც თანამონაწილეობა მიიღოთ ამ საქმეში. ამით თქვენს მისიონებსა დიდი პატივი მიენიჭება, რომის ეკლესია აღმაღლდება და ქრისტეს სარწმუნოება იდიდების, რადგან ახლა მთელს იბერიის სამეფოში განეფინება. აწ საჭიროა, უწყოდეთ, რომ ეს პირი სახელად ბარძიმი, რომელიც ეხლა შევუერთე წმიდა რომის ეკლესიას, არის ერთი უძლიერესი და უწარჩინებულესი საქართველოს მთავართაგანი და აქვს დიდი სამთავრო, სავსე მეომარი ხალხით; ეგრეთვე არის უკეთილშობილესი და ძლიერ დაახლოვებული ნათესავი მეფისა, რომელიც განივლტო. ამჟამად ეს ჰფლობს და მასთანვე არის მდივანბეგი, რისგამო აწინდელ მეფის შემდეგ ეს პირველი პირი არის. ისიც უნდა ვსთქვა, რომ ცოტათი წილი ამასაც უდევს იმაში, რომ საქართველო გიორგი მეფეს აუჯანყდა. გიორგიც მეტად განრისხებულა მასზედ. ეს ბარძიმი რადგან საკმაოდ მსასოებელი და გულისხმიერია, სრა სცნო თუ რანაირის უსამართლობით ეპყრობიან სპარსელები საქართველოს და თუ რა მოელის მას მომავალში, ამისათვის დიდათ ნატრობს, არა მარტო თავისგან, არამედ თვით მთელი სამეფოსგანაც მოაშოროს ეს მათი სამარცხვინო უღელი, აღმოფხრას ერისგან განხრწნილობა, შეცთომილობა, ცრუმორწმუნება და ურწმენობა, და დანერგოს ყველგან იესო ქრისტეს ნამდვილი და ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისგამო დიდათ შეიყვარა პაპი და ჩვენც გვევედრა, რომ მიგვეღო იგი წმინდა ეკლესიის მართალის შვილების რიცხვში. კიდევაც შევასრულეთ. მისი მიღებით დიდათ ვინუგეშეთ და მეტის სიხარულით ცრემლებსაც ვღვრიდით, რადგან ვხედავდით ესეთ ძლიერ მთავარს, რომლისაც ყველას ეშინია, დიდათ თავს იმდაბლებდა და თუ ჩვენ და თუ კათოლიკე ეკლესიას დიდს სიყვარულს უცხადებდა; ეგრეთვე მეტად მოწადინებულია, რომ ყველგან მთლად აღმოფხრას მაჰმადიანობა და შეცთომილება. როდესაც შევასრულეთ წესი მისი შეერთებისა, გვევედრა, რომ მიგვეწერა პაპისათვის, რათა მასაც ენებებინა და მიედო იგი წმიდა რომის ეკლესიის შვილად, ვინაიდან მის ტახტსა, რომელსაც ღვთის ტახტად უწოდებს და წმიდა პეტრესი სრული ქვეშევრდომია ყველანაირის სიმდაბლით, მორჩილობით და სიყვარულით, და ითხოვს მის წმიდა კურთხევას, რათა, მისი და ღვთის კურთხევით გაძლიერებულმა, შეიძლოს და შეასრულოს თავისი წმიდა და გულმხურვალე წადილი, ესე იგი მთელი სამეფო შეუერთოს კათოლიკე ეკლესიას; ეგრეთვე ევედრება მათ უწმიდესობას, რათა მისცეს საჭირო რჩევა და შეეწიოს თავისი რჩევით და ბრძანებით ვითარცა შვენის ჭეშმარიტს ქრისტეს მონაცვლეს, მამას და კათოლიკე ერის უმაღლესს მწყემსს, რათა დაიწყოს ეს შეერთების საქმე, რომელიც პაპის დიდათ სათნო საყოფელი იქმნება, რადგან შეეხება რომის წმიდა ეკლესიის ამაღლებას. ეგრეთვე უწყოდეს, რომ იგი მზად არის ყველაფერში დაემორჩილოს რასაც კი პაპი უბრძანებს. ღვთის შეწევნით საქმენი ძლიერ კარგად იქმნენ დაწყობილნი და იმედი მაქვს, რომ პასუხის მიღებამდე კარგად წავიდენ. გარნა კარგი იქმნება, სთხოვოთ პაპს, რომ ორი სიტყვა მოსწეროს ჩვენს ლტოლვილ მეფეს, რათა შეერთდეს ამ მთავართან და ერთად დაიწყონ ეს წმიდა საქმე უფრო მეტის ძალით და ეგრეთე იმისათვის, რომ ყველა ჩვენი რჩევა მიიღონ ისე, როგორც მის წარმომადგენელისაგან. ამას ამიტომ კი არა გწერ, რომ საქმეში რაიმე დაუძლეველ სიძნელეს ვხედავდეთ, ანუ ვითომც ჩვენ მას არ ვეხმარებოდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ორი მთავარი ერთმანერთს არ ენდობა. ორივე ერთ და იმავე წმიდა გზას რომ დაადგებოდეს, მაშინ უფრო ადვილათ დასძლევენ ყველა სიძნელეს და წინააღმდეგობას, ეგრეთვე თავს დაანებებენ ყველა უბრალო ქიშპობას, თუ კიდევ როგორმე დარჩა მათში ასეთი ქიშპობა: რადგან ორთავ დიდი პატივისცემა აქვთ პაპისა. ამ საშუალებით წინათვე წამალი დაედება ყველა იმ არა სასიამოვნო საქმეს რაც კი მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ჩვენმა ახალ გაკათოლიკებულმა ძალიან დამაიმედა, თანახმა ვარ ერთგულად შევუერთდე წინანდელ მეფესაო. ეს შეერთება ადვილად მოხდება, ორივე ერთი მეორეს ერთგულობაზე რომ დარწმუნდებოდენ. ამას მოველი საშუალებით ჩვენის ერთი ბერძნის ტიპიკონის კათოლიკე ეპისკოპოსისა, რომელიც ახლა გახდა ბირძიმის სულიერი მამა. ინებოს ღმერთმა და დაგვიცვას სიმშვიდით, როგორათაც ახლა ვართ და შეაერთოს ეს ორი მთავარი ერთმანერთთან. მერე ნახავთ, რომ საქართველო წმიდა ეკლესიის სამოთხე გახდება; ვინაიდან, მიუხედავად ეგოდენის არეულობისა, განსაცდელისა, შიშისა და დევნულობისა, ბევრნი გაკათოლიკდენ და შეიქმნენ მსასოებელნი, კეთილის მაგალითის მიმცემნი, უანგარონი და უყვარსთ ღმერთი.
კარგი იქმნება, რომ ამ წიგნის მომტანთან ერთად წამოვიდენ მონაზონებიც და მას გზის ხარჯიც მისცეთ მობრუნებისათვის. საჭიროა რომ ეგ აქედან გამოგზავნილი მალე წამოვიდეს; ეს რაც უფრო ადრე წამოვა, მით უფრო კაცი წინათვე აიცილებს იმ უბედურებას, რომელიც შეიძლება მოხდეს მაგის დაგვიანებით.
ეგრეთვე სათანადო იქმნება, რომ ერთი კარგი რამ სასულიერო ნივთი პაპმა საჩუქრად გამოუგზავნოს ამ წარჩინებულს ბატონს რადგან გიორგი მეფეზე ნაკლები ღირსებისა არ არის, თორემ საწყენოდ დარჩება.
რადგან ამ გაკათოლიკებულის ქართველის წერილის თარგმანში გამოსახულია ჯვარი და არის ეგრეთვე სიტყვა ერისთავი, უნდა აგიხსნათ ორივე. ამ ქვეყნის ჩვეულება ეგრეთია, რომ ქართულად არაფერს დასწერენ, თუ თავში ეს ასო ქ არ დაუსვეს, რაც ნიშნავს ჯვარსა. მისი სახელი ერისთავი ნიშნავს ერისმთავრობას. ამ ბატონს ეს ღირსება ძველის დროიდანვე აქვს მეფის პალატში. ნამდვილი მთავარია ერთის უდიდესის და უწარჩინებულესის სამთავროსი.
ჯვარის ნიშანი კვლავ იხმარება ბეჭედის მაგიერად, აღსარების, მოწმობისა და სხვა წერილებში. რაისგამო თავის ქართულად დაწერილ წიგნზე დაუსვა ასეთი ბეჭედი, თუმცა მას თავისი ბეჭედი საცალკეო აქვს, მაგრამ არ იხმარა, ჯერ ერთი იმიტომ რომ არავინ გაუგოს, მეორედ, უდიდესი სასოებისა გამო.
ჩვენმა გულითადმა კათოლიკე ეპისკოპოსმა, რომელიც ამ ახლად კათოლიკებული ბარძიმის სულიერი მამა გახდა, მთხოვა, ბარძიმი მეშოვნა მისთვის, რადგან ერთი უშნო ბარძიმის მეტი არა აქვს და არც ტფილისში იპოვება მისი გამკეთებელი. ამიტომ ვსწერ და ვსთხოვ წმიდა კრებას, რომ გამოუგზავნოს, რადგან იმას ბევრი სიკეთე მიუძღვის წმიდა სარწმუნოების წინაშე. ეგრეთვე როცა გვიჭირდა ყოველთვის გვეწეოდა ხოლმე, ვინაიდან ძალიან დიდი გავლენა აქვს მათზე, ვისაც კი შეუძლია შემწეობის აღმოჩენა.
ამ ჩვენის გაკათოლიკებულის ბატონის გულმხურვალებამ იქამდე მიაღწია, რომ არ დაჯერდა მოწერას ერთის წიგნისას, რომელიც მე ვთარგმნე, როგორც ზემოდ ვთქვი და ერთი სხვაც კიდევ დასწერა უფრო გულმხურვალებით აღსავსე. ეს წიგნი ვრცლად შეიცავს ქართულად მისი სარწმუნოების აღსარებას. დროს უქონელობის გამო ეს მეორე ვეღარ ვთარგმნე იტალიანურად. საჭიროა შეატყობინოთ მის მთარგმნელს, რომ გაჩუმდეს და ამ ბატონის გაკათოლიკებაზე არც წერილითა და არც სიტყვით არავის არა უთხრას. რათა არავითარი წინააღმდეგობა შეემთხვეს იმაში, რის აღსრულებასაც ფიქრობს და არც ამას რაიმე უსიამოვნება ემიზეზოს. ასევე უნდა დააბაროთ იმ მონაზონებს, რომლებიც საქართველოს მოდიან. ტფილისი, პირველი იანვარს, 1690, პატრი ჯულიო ქრემონელი“.
ცოტა ხნის შემდგომ ამავე უფროსმა პატრმა გაუგზავნა რომში ეს წიგნიც, რომელიც პირველზე არა ნაკლებ შესანიშნავია.
„ღვთის განსაკუთრებულის შემწეობით ამ ჩვენის მისიონის წარმატება ეგოდნათ დიდია, რომ არავის შეუძლია მასზე რაიმე ეჭვის შეტანა. ამისათვის მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, რომ გაუწყო ესა, რათა თქვენის გონიერებით სასოების გაძლიერების საშუალება მოგვცეთ, როგორათაც მოველით და მოგვაწოდოთ საჭირო დახმარება ამ საბრალო ქვეყნისათვის, რომელიც მართლა დიდს გაჭირვებაშია ჩავარდნილი. აწ უწყოდეთ, რომ ამ ჩვენ დიდათ გულმოდგინე ახალ კათოლიკე მდივან ბეგს ჯერ ჩემთან ბევრგზის ჰქონდა ვრცელი ლაპარაკი კათოლიკე სარწმუნოების და სულიერ საკითხავთა შესახებ, შემდგომ რა კარგად სცნო ყოველივე და გამოიძია ყველა ძალა თავის მიერ ახლად აღსარებულის სარწმუნოებისა, მიიწვია თავისი მღვდლები ბერძნისა ტიბიკონისა25, იმდენად ჩააგონა და ისე შეაყვარა მათ რომის ეკლესია, რომ არა თუ აღიარეს იმათაც რომის ეკლესიის სარწმუროება, არამედ მასთან ერთად საქვეყნოდ გამოაცხადეს მისი გამოსარჩლება და დაცვა სომხების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად უნდა მოგახსენო, რომ ღმერთს დიდად უყვარს ეს თავისი რძალი წმიდა ეკლესია, ვინაიდან გაჭირვებაში მოუვლენს მას კეთილ ანგელოზთა მისსავე დასაცველად; ამიტომ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მთავარს ნამდვილი მშვიდობის ანგელოზი, რადგან ჭეშმარიტი შვილია ეკლესიისა და დიდათ მოყვარე და მდაბალი მონა პაპისა. ამ შვიდი წლის წინეთ, როდესაც მთელი ქალაქი ჩვენს წინააღმდეგ ამდგარი იყო და უნდოდა ჩვენის ეკლესიის და სახლის დაქცევა, ამან, რადგან კაპუცინები უყვარდა, ლტოლვილ მეფეზე უკეთესად დაგვიცვა, დიდი სიმხნე გამოიჩინა, ხალხი ძალით განაშორა და მთელი არეულობა დააწყნარა; ახლაც როგორც ერთი მოციქულებრივი კაცი ისე იქცევა ჩვენის პატივის ასამაღლებლად და კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. ასეთ უბედურ დროებში ჩვენთვის სწორედ ასეთი ძლიერი მფარველი იყო საჭირო. სომხების პატრიარქმა25 ხოლო ტომით ქართველები საქართველოში მყოფ თავის მონაცვლეს, ვიკარიოზს, რომელიც ტფილისში სომხების უფროსია, უბრძანა რათა გამოეძია და დაესაჯა, ვინც კათოლიკები იყვნენ და ჩვენს ეკლესიაში მოდიოდენ. იგი წინააღმდეგი გაუხდა, და არა მარტო ხელი შეუშალა ასეთი საქმე ექმნათ ჩვენთვის, პირიქით ჩვენი თავიც კი შეაყვარა, შემდგომ მეფით და ყველა თავადებით ერთად მოვიდა ჩვენს ეკლესიაში, გალობიან წირვას დაესწრო და დიდი სიყვარული გამოგვიცხადა. რა ნახა სომხების პატრიარქმა, რომ ეს თავისი ჯოჯოხეთური მანქანება დარჩა ამაოდ და თავის თავისავე შესარცხვენად, გამოგზავნა ტფილისს იგივე ვართაპეტი, რომელმაც წინად არეულობა მოახდინა. გარნა ამ ვართაპეტის ცდა დღევანდლამდე დარჩა ისევ თავისა და თავისი პატრიარქის სამარცხვინოდ, რადგან ამ ვართაპეტმა დიდ ეკლესიასთან ახლო მყოფი ეკლესია დააკეტინა იმის გამო, რომ მის პატრონსა და მღვდელზე კათოლიკობის ეჭვი შეიტანა; ხოლო ბარძიმი თვით მივიდა იქ, გააღებინა ეკლესია, დაუწყო მას ქადაგება კათოლიკე სარწმუნოებაზე და ისე იმოქმედა, რომ თითქმის დაარწმუნა იმას შეერთებიყო და პაპის მორჩილებაში კათოლიკე სარწმუნოება ეღიარებინა. ამ მთავარმა ეს იმოქმედა ეგოდენის სიმტკიცით, გულმოდგინებით და გონიერებით, რომ ამ შემთხვევაში ვერავინ შეიძლო მისთვის რაიმე წინააღმდეგი ეპასუხებინა. იმ ვართაპეტს ქადაგებაც აუკრძალა. როდესაც ტფილისს ჩავიდა, დაიკვეხა, როგორც წინეთ ისპაჰანსა და თავრეზში ვქმენ, ისე აქაც, კათოლიკებს ჩვენს სარწმუნოებაზე გადმოვიყვანო. ახლა კი ვგონებ იმას ფიქრობს, თუ როგორ გაიქცეს ტფილისიდან, რათა ისეთი შრომისათვის კარგად არ სცემონ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ, ღვთის წმიდა მფარველობით, საქმე უფრო კარგა წავიდეს ამას იქით.
ჩემს გამოგზავნილს ახალგაზდა კაცს თუ მალე გამოგზავნით, ძლიერ კარგი იქმნება, რადგან მისი აქ ჩამოსვლით, თუ კიდევ დარჩება რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი კათოლიკობის წინააღმდეგ, პაპის კურთხევით სულ მოისპობა. ვინაიდან თუ ეს მთავარი, როგორც მეც ვურჩევ, ხსენებულ გიორგი მეფეს შეუერთდა, მთელი საქართველო სულ ადვილად მიიღებს კათოლიკობას. ტფილისი 18 მარტს, 1690 წ.
პატრი ჯულიო ქრემონელი, კაპუცინი პრეფექტო“.
რადგან კაპუცინების რომში მიწერილი წერილები ბარძიმის კათოლიკობისა და მის მოქმედების შესახებ, ერთი მეორეზე უკეთესია, ამიტომ ჩვენც არ გამოვტოვებთ და მოვიყვანთ პატრი სილიბისტროს ამ წერილსაც:
„არზრუმისკენ ეს არის ქარვანი მოდის. ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რომ დავუმატო ჩემი წერილიც და გაუწყო თუ რამდენათ კარგ მდგომარეობაში ვართ ღვთის შემწეობით. დიდათ მოხარული ვართ, რომ ქალაქში გვყავს ერთი მფარველი. მართლადაც უზომო და დიდათ გულ-მხურვალე კათოლიკეა, რაც კი შეუძლია მფარველობას არ გვაკლებს. ეს ის ბატონია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს საქართველოს მეფე, რადგან ყველაფერი ამაზედაა დამოკიდებული და ყველას ეს განაგებს თავისუფლად. ჩვენი უფროსი მოგწერდათ ამ ბატონის გულმოდგინებისას, თუ როგორ საჯაროდ ჰქადაგებს კათოლიკე სარწმუნოებას. ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ, თუ საქართველო არ შეუერთდა და არ მიიღო კათოლიკე სარწმუნოება, მინდა, რომ ჩემი ოჯახობა და ჩემის საერისთაოს ქვეშევრდომნი მაინც გახდენ კათოლიკენი. უნდოდა რომში გამოეგზავნა ერთი თავისიანი თავისი სრული მორჩილების გამოსაცხადებლად, მაგრამ უფროსმა პატრმა აცნობა, რომ საჭირო არ იყო. გარნა მგონია, რომ, მიუხედავად უფროსის რჩევისა, მანდ გამოგზავნოს ერთი სხვა ვინმე. რომიდან მოელის ბრძანებას, რადგან მზად არის აღასრულოს რაც კი ებრძანება. ცოტათი მაჰმადიანებისა რომ არ ერიდებოდეს, უეჭველად დიდს რასმე იმოქმედებს. გარდა ამისა, მის გულ-მხურვალებას ამტკიცებს უფროსი, რომელზედაც ისეა დამოკიდებული, როგორც უმორჩილესი შვილი. მართლაც საუცხოვო საქმე იქმნება, მაჰმადიანები ამ ქვეყნიდან რომ განიდევნებოდნენ. ტფილისი 27 მარტს, 1690 წ., პატრი სილიბისტრე“.
ესევე პატრი, 29 დეკემბერს 1689, სწერს რომში ბარძიმ ერისთავის შესახებ და ამბობს: სარწმუნოების აღსარების წიგნი ექვს-შვიდ გზის წაიკითხა, მერე წიგნს ემთხვია და კდემით თავზე დაიდო და სთქვა: ამაში სწერია ხალისი და სული წმიდისგან ჩაგონებული ჭეშმარიტება და ყველაც მრწამს სიმტკიცით. ეს დიდათ პატივცემულია ყველასაგან და ეგოდნათ ძლიერია, რომ ყველას ეშინია ამისი: ახლა მრავალნი კათოლიკობას დებულობენო.
იგივე პატრი ჯულიოც სწერს მარტში 1690, რომ ახალი კათოლიკები ბევრნი მოემატნენო; მათ შორის არიან ერთი წარჩინებული ქართველი დედაკაცი, სპარსეთის მეფის დეიდაშვილი (cugina) და ერთი უპირველესი თავადთაგანი თავის შვილებითურთ, რომელიც უწინ მაჰმადიანობაზე ყოფილა გადასულიო. ეგრეთვე ხელახლავ ამბობს ბარძიმ ერისთავის ქებას და მას ემადლიერება, როგორც თავის წინანდელ წერილებში.
ესევე პატრი იმავე წლის 30 აგვისტოს, კვლავ სწერს კარდინალს მისიონის წარმატების ამბავს და არწმუნებს, რომ ახალი გაკათოლივებულები თითქმის ყველანი დიდათ შესანიშნავი პირები არიანო; ეგრეთვე აუწყებს, რომ პატრიარქის გამოგზავნილ ვართაპეტს მათთვის დევნა დაუწყვია, 300 სკუდზე მეტი ფული დაუხარჯავს გავლენიან პირთა მოსამხრობლად, მაგრამ ვერ გაუმარჯვნია და მათთვის ვერაფერი უვნია. კაპუცინებისაგან რომში მიწერილი ქება და სიხარული ბარძიმ ერისთავის შესახებ რაომდენად საფუძვლიანი იყო, მის მიერ პაპთან მიწერილი ორი წერილიდანაც სჩანს, მართლადაც ეს წერილები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ერთგულად შესდგომია იგი კათოლიკობას. სამწუხაროდ, მისი ქართულად გაგზავნილ წერილთაგანი ვერც ერთი ვიპოვეთ. იძულებული ვართ ესენიც ლათინურიდან ვთარგმნოთ.
„მწყემსთა მწყემსს და მამათა მამას, ინოჩენციო მეთერთმეტეს.
სახსოვრად იყოს წინაშე ყველა ქრისტიანების ბატონისა და მთავრისა, რომელიც სამწყსოს საუკეთესო მცველია და რომლის წინაშე მტაცებელი მგელი ვერასდროს შეიძლებს მიახლოებას. თქვენ ხართ ქრისტეს სჯულისა და ზნეობის მთავარი, თქვენ ჰმართავთ ერს თანახმად შვიდის კრებისა და უზიარებთ მათ შვიდთა საიდუმლოთა მადლსა. უმაღლესმა მწყემსმა ღმერთმა ღირსეულად აღგირჩიათ ამ მორწმუნების წყაროსათვის, რომელიც ტკბილად მომდინარეობს და რომლისათვისაც ამბობს წმიდა სახარება: „მე ვარ წყალი ცხოველი, რომელნიც სვმიდენ ჩემგან, აღარა სწყუროდენ უკუნისამდენ“. შენ ხარ ხე კეთილი, რომელიც მოსცემ ნაყოფსა ტკბილსა; შენ ხარ უფალი და მთავარი. ახალი წმიდა მოციქული პეტრე, რომლისადმი მოგიწოდა შეუცდომელმა სიტყვამ: „შენ ხარ კლდე და ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მასო“; შენ ხარ ახალი ივანე ქროპირი, ბასილი კესარიელი და მოადგილე დიდისა კლემენტესა და სილიბისტრესი. შენ ოთხ მახარებელთათანა შესადარებელო და მათო თანამსგავსო; შენი ხმა განისმის ქვეყნის კიდით-კიდემდე და შენის მოწოდებით მოდიან ერნი სარწმუნოებაზე. შენ ხარ დიდი იმედი და მფარველი შენდამი შემოხიზნულთა, ვითარცა გოდოლი დაუძლეველი. შენ იგი, რომლისათვისაც ითქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი; და ვიცანი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“. შენ ხარ ჩემი უფალი, ჩემი მოძღვარი, ჩემი მამა და ჩემი მთავარი (ჯვარი ზის) ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ. ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, მე ვარ ცოდვილი და დატვირთული სიბოროტით, ვითარცა მეზვერე ანუ ის მონა, რომელსაც მიეტევნენ ათი დრაკანი, რადგან ვერ შეიძლო მისი გარდახდა. აწ ვისწრაფი შენდამი და გევედრები, ჰოი ყოველთა ქრისტიანეთა სასოებაო, საქებელო, დიდებულო, დიადო და ბრწყინვალეო, ამაღლებულო და გაძლიერებულო; შენ ხარ მთესველი მართლმადიდებელის სარწმუნოების თესლისა და აღმომფხვრელი ღვარძლისა ქრისტიანების გულთაგან; შენ ხარ თავი და მთავარი ქრისტეს სარწმუნოებისა. აჰ! მე ვარ შენი ცხოვარი ვნებული მგელთაგან, რომელთაც უნდათ ჩემი შთანთქმა. მტკიცედ მრწამს უმანკო ღვთისმშობელი მარიამი და მისი საყვარელი ძე, მისი ხარება, შობა, ტაძრად მიყვანება, თაბორზე ფერისცვალება, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, იერუსალემში შესვლა, მისი ვნება, ჯვარცმა, დასაფლავება, მკვდრეთით აღდგომა, ზეცას ამაღლება და სულიწმიდის მოფენა მოციქულთა ზედა, რომელთა თავსა განიყვენ ენანი ცეცხლისანი. მე ვარ შენი ერთგული შვილი ჭეშმარიტად შვიდი კრების აღმსარებელი; პირველი ნიკიისა, მეორე ეფესოსი, მესამე კოსტანტინეპოლისა, მეოთხე ქალკედონიისა და სამნი დანარჩენნი, რომელიც მოხდა ნიკიასა და კოსტანტინეპოლში. მრწამს შვიდი საიდუმლო: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, მღვდლის კურთხევა, გვირგვინის კურთხევა და უკანასკნელი ზეთის ცხება. ქვეშევრდომი შვილი ვარ და მორწმუნე სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიისა. შეგვაერთე შენს სამწყსოსა და გვიხსენ ჩვენ ამ ისმაელიტელების ნაშობ ბოროტ მგელთაგან. გარდმოავლინეთ ამ ჩვენ ცოდვილთა თავსა თქვენის მარჯვენის კურთხევა. ჩვენ ვსასოებთ თქვენს მოწყალებაზე და ვართ აღმასრულებელნი თქვენის სარწმუნოებისა და წესისა, ამისგამო მუხლმოყრილნი მიწამდე თავს დაგიკრავთ. ჰოი სვეტო და ქრისტიანების შეურყეველო საფუძველო! შენზე მონდობილობამ დაგვიხსნა. ამიტომ მარადის თქვენი ერთგული ვიქნებით და მომლოდინე თქვენის წყალობისა, ეგრეთვე ვევედრებით ქრისტე უფალს, რომ აღგვისრულოს ყოველი თქვენი ნატვრა და დაცულ იქმნას თქვენი ბრძანება. აწ ჩვენო ბატონო მთავარო, მოველით თქვენს ბრძანებას და თქვენს წყალობას. როდესაც ამ ჩვენს მხარეს და ქვეყანას მოაღწევენ თქვენი წმიდა სიტყვა და პატიოსანი ბრძანებანი, მაშინვე შევუდგებით მათ აღსრულებას და ვიტყვით დავითთან: „წარმართენ ლოცვანი ჩემნი ვითარცა საკმეველი შენს წინაშე“. გვიხსენ ჩვენ წარწყმედისაგან, ვითარცა იხსნა მორწმუნე ერი, ანუ ვითარცა მირელმა ნიკოლოზმა სამი უმანკო ყმაწვილი სიკვდილისგან. ჩვენს გულსა და თვალთ შენდამი მოვაქცევთ და ვიმედოვნებთ შენის სახიერებისგან და მოველით შენს პატიოსანს წერილს და ბრძანებას. რასაც გვიბრძანებთ ყველას აღვასრულებთ.
ჩვენო ბატონო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უბედურად არ წავსწყმდეთ, ჩვენო მამაო, უფალო ბატონო, ამინ. შეგვიწყნარებია და აღვიარებთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ყველა კრებას; ეგრეთვე აღვიარებთ და შევიწყნარებთ წმიდა სახარების ბრძანებათა. ამიტომ ვართ შენი ერნი და შენი სამწყსოს ცხოვარნი. შევცდით, აწ გვიპოეთ და შენის ძალით გამოგვიხსენით მგლის პირისაგან, როგორათაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღმოიხსნა ქვესკნელიდან ადამი, შეიტკბო და მიუყვანა მამა ზეციერს. ეგრეთვე შენც, ბატონო, მოგვიპოვე ჩვენ ცოდვილნი, ნუ დაგვივიწყებთ და ნუ დაგვტოვებთ. ბრძენს ერთი სიტყვაც ეყოფა. აწ მოველით შენს სიტყვას და მივიღებთ თუ არა შენს ბრძანებას, მაშინვე აღვასრულებთ. დაიწერა პირველ იანვარს, ქრისტეს აქეთ 1690. (ზის ჯვარი)“.
ხოლო მისი მეორე წიგნი არის შემდეგი:
„დიდება ღმერთსა, უნეტარესო მამაო,26
აჰა, შენთა წმიდა ფეხთა წინაშე ერთი დიდი ცოდვილი, სახელად ბარძიმი, საქართველოს ერისთავი. გარნა აქამდინ თვინიერ რჩევისა ვიყავი მოტყუილებული და სიბნელეში გართხმული ჩვენის ეპისკოპოსების სიცრუით და უმეცრებით. უმეცრებით ცთომილ ვიყავ ჭეშმარიტების გზისგან, გარნა აწ ღვთის მადლითა და წყალობით, ეგრეთვე ტფილისში მყოფის შენი პატრების მოძღვრებით და კეთილის მაგალითით ვსცანი ჩემი შეცთომილება და მივიღე კათოლიკე სარწმუნოება, რომელი სარწმუნოებაც სულის წმიდის ჭეშმარიტი სიტყვა არის. აწ დიდად მოხარული სიბნელისაგან გამოსვლითა ყოვლადის კდემით, სიმდაბლით და გულმხურვალებით ვემხობი შენის პატიოსანის საყდრის წინაშე. თუმცა ტფილისის მისიონის უფროსის წინაშე სულით-გულით და ცრემლთა ფრქვევით უარ ვყავი ჩემი უწინდელი შეცთომილება; გარნა აწ თქვენი სიწმიდის წინაშეც მათ კვლავ უარ ვყოფ და სამუდამოდ ვშორდები, რადგან ჭეშმარიტად და სიმტკიცით ვსცანი, რომ26 ეს ზემო წიგნზე უწინ დაწერილია შენ ხარ ჭეშმარიტი იესო ქრისტეს მონაცვლე და უწმიდესი პეტრეს მოსაყდრე, სასუფევლის კლიტეთა მქონე, ყველა მორწმუნეთა მამა, წინამძღვარი მოძღვარი. ამიტომ გთხოვ მიმიღოთ მე ვითარცა თქვენი მდაბალი მონა. მეც გპირდები, რომ რასაც ინებებთ, ყველა აღვასრულო წმიდა კათოლიკე ეკლესიის ასამაღლებლად, იესო ქრისტეს პატივისთვის და თქვენს სამსახურებლად; მზათ ვარ ამისათვის სისხლიც დავღვარო. კვლავ თქვენს წმიდა და სამოციქულო საყდარს შევსწირავ ჩემს თავს, ჩემს სახლობას და მთელს ჩემს ქვეშევრდომ ერსა. აწ სხვა არასფერს მოველი, თუ არ თქვენს წმიდა კურთხევას და რჩევას, რათა სულით და გულით წმიდა კათოლიკე ეკლესიის გავრცელებასა და განძლიერებას შევუდგე, რადგან ეხლა შეიქმნა იგი ჩემი უსაყვარლესი დედა.“.
ამ წერილების მიმტანი უნდა ყოფილიყო ახალგაზდა კაცი ერთი ქართველი, რომლის მალე დაბრუნებას პატრები ეშურებოდენ.
როგორც ამ წერილებმა და ისე კაპუცინების ზედ მოწერილმა ამბებმა დიდი სიხარული გამოიწვია რომში. ამიტომ პროპაგანდამ უწინარეს ბარძიმის პასუხისა, უფროს პატრს გამოუგზავნა შემდეგი მადლობის წერილი:
„საქართველოში პრეფექტოს, პატრი ჯულიოს, 20 ნოემბერს 1690.
თქვენმა მოწერილმა ამბავმა, რომლითაც გვაუწყეთ, რომ ღვთის შემწეობით, კათოლიკე სარწმუნოებაზე მოგიყვანიათ მთავარი ბარძიმი, დიდად გაახარა კარდინალები, რადგან შემოგიერთებიათ ისეთი, თუ მეომრებით და თუ სიმდიდრით, ძლიერი ბატონი რომლის გულმოდგინების წყალობით კათოლიკე სარწმუნოებას დიდი წარმატება მოელის. ეს ამბავი მაშინვე ვაცნობე ჩვენს ბატონს პაპს. ამანაც დიდად განიხარა ასეთი ამბავის მოსმენით და ამ სიხარულს თვითვე უცხადებს თავის წერილით. არ დასცხრეთ და გონივრად შეუდექით შრომას, რათა მოუპოვოთ საუკუნო ცხოვრება მაგ სულთა, რომელნიც მონდობილნი არიან თქვენს სიფხიზლეზე. თქვენს ლოცვაში მომიხსენიეთ“.
სანამ ბარძიმს პასუხს მოსწერდა, კაპუცინების თხოვნის თანახმად, პაპს გიორგი მეფისათვის მოუწერია 1691 წ. რჩევის წიგნი, რათა კვლავ დამეგობრებოდა ბარძიმს და მას შეერთებოდა, რომ მისი და თუ სხვა კათოლიკების დახმარებით ერთად ეზრუნათ საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს მტკიცდება პროპაგანდის ერთის წერილით, რომელიც 28 დეკემბერს 1690 წ. დაწერილა. ცოტა ხნის შემდგომ პაპის წერილი ბარძიმისათვისაც მოუმზადებიათ, მაგრამ პაპი ალექსანდრე მერვეს სიკვდილის გამო, ამ წიგნის გაგზავნა შეუჩერებიათ 1692 წლამდინ.
თუმცა კი ბარძიმი ერისთავი მუდამ მფარველი იყო კაპუცინებისა და იცავდა მათ სომხების წინააღმდეგ, გარნა ამათ რაღაცა შემთხვევის გამო მოუხერხებიათ და კვალად დაუწყვიათ კათოლიკების დევნა. ამ შემთხვევაშიაც, როგორც წინეთ, ბარძიმი გამოჰქომაგებია კაპუცინებს და კათოლიკე ერთ გაშმაგებულის სომხების უსამართლობისგან უხსნია. სამწუხაროდ, ამ დევნულობის შესახებ რომში გაგზავნილი წიგნი ვერ ვიპოეთ. ბარძიმის ამ დროის გამოსარჩლების ამბავი ვიცით მხოლოდ პროპაგანდის ერთი წერილიდან. ხოლო ამ დევნას კი მისიონერები იხსენიებენ თავიანთ წერილებშიაც. ამავე დროს გაჩენილა ჭირი, რომელსაც საკმაოდ უმსხვერპლია ხალხი. თუ ამ ამბავს და თუ მისიონის სხვა გარემოების შესახებ უფროსი პატრი სწერს ესედ რომში:
„შემდგომ ერეტიკოს სომეხთა მიერ დევნისა რომელთაც კარგად გაიმარჯვეს და ამიტომ გაამაყდენ, ღმერთმა შავი ჭირით დასაჯა ეს უბედური ერი. ჭირისგან შეშინებულნი და სინიდისისაგან მხილებულნი იქით-აქეთ დაიფანტნენ, რათა როგორმე გადარჩენილიყვნენ სიკვდილს და პატრონად ამ ქალაქისა, საიდანაც გადევნას გვპირობდენ, ჩვენ დაგვტოვეს... გამოუთქმელია თუ რაოდენი ზარალი ემიზეზათ მათ, წინეთ ხომ გლახაკები იყვნენ, ახლა კი ერთიანად გაუბედურდენ, რადგან სამი თვის განმავლობაში თუ გლახაკებმა და თუ ქურდებმა მთლად გაავერანეს ქალაქი... მაინც კი არ მოაკლდენ და კვლავ შემოვიდნენ ეკლესიის წიაღში ქართველები და მაჰმადიანებიც. მეფე ოთხგზის მოვიდა ჩვენს ეკლესიაში მთელის თავის წარჩინებულის თავადებითურთ, ცალცალკეც მოვიდენ საქართველოს უწარჩინებულესნი თავადნი და დიდათ შესანიშნავი ქალბატონებიც; რა ხედვენ ეკლესიას, ტრაპეზს და სხვა ყველაფერს ეგრედ კარგად შემკობილს და მოწყობილს ყველანი ღმერთს ადიდებდნენ და აღიარებდნენ, რომ კათოლიკე ეკლესია ქრისტიანების ჭეშმარიტი დედააო... ტფილისი, 22 ოქტომბერს, 1690 წ. პატრი ჯულიო“.
სომხები არა მარტო ტფილისში, არამედ გორშიც მტრობდენ კაპუცინებს, მათ მოსვენებას არ აძლევდენ და ხალხში ქადაგებას უშლიდენ. ამას უფრო კარგად დავინახავთ შემდეგ წერილიდან. ხოლო ეს კი დიდად საკვირველი და შესანიშნავია, რომ კაპუცინების მისიონი, მეტადრე ტფილისში, სომხების გამუდმებულ მტრობით და დევნულობით, არა თუ უძლურდებოდა, არამედ ყველანაირად უფრო მატულობდა და ყველას ყურადღებას იზიდავდა; რაის გამო მთელი აღმოსავლეთის საუკეთესო მისიონად მიაჩნდათ ყველა ესა. ამას სხვათა შორის გვიჩვენებს ხსენებული პატრი ჯულიოს წერილი:
„... მარტო გორია, რომ ვერც წინეთ და ვერც ახლა შეიძლო თავის გამოჩენა, რადგან ჩვენი ძმები დაიძაბუნეს სომხების მღვდლებმა, რომლებსაც ძალით ჩამოართვეს მათგან მითვისებული ჩვენი სახლი (პატრი კარლო პეშელის სიკვდილის შემდგომ ჩვენი ძმათაგანი აღარავინ მდგარა იქ, ამისთვის შეჩვენებულმა სომხების მღვდლებმა მიითვისეს ყველაფერი), გარნა ამ მისიონს კვლავ სჭირია გიორგი მეფის მობრძანება, რადგან დიდი ხარჯია საჭირო, რომ ეკლესია რიგიანად იქმნეს მოწყობილი... რამდენათაც ვიცნობ ქვეყანას, შემიძლია ყოვლადის სინამდვილით და ჭეშმარიტებით მოგახსენო, რომ ტფილისის მისიონი აღმოსავლეთის ყველა მისიონებსა სჯობს. ეგევე აზრი გავიგონე ბევრთაგან, რომელთაც ესმით და დაუვლიათ აღმოსავლეთი. ეს ისედაც ცხადად სჩანს. ქართველები ძალიან აფასებენ ჩვენს ძმებსა, რადგან მათ ჩვენი რიდი აქვთ, პატივს გვცემენ და გვიფარვენ კიდევაც. რაც უფრო მადალ ხარისხის პირნი არიან, მით უფრო მეტი პატივისცემა აქვთ ჩვენი... აქ ჩვენი მონაზონები ყველგან მიღებულნი არიან, თუ პალატში, თუ სახლებში და თუ მათ ეკლესიებში; ყველგან ჰქადაგებენ დაუბრკოლებლივ და არც შიშია, რომ მოუხდეთ რაიმე შფოთი ან მაჰმადიანებთან, ან ქართველებთან და ან სომხებთან. როდესაც ქალაქში დაიარებიან, ყველა მათ გზას უთმობს. თუ ჩვენთაგანს ვისმე გული უთქმიდეს პატივისათვის, აქ უძებნელად მოიპოვებს, რადგან ყველანი კდემით გვეპყრობიან და პატივს გვცემენ. აქაური კათოლიკები კაი გულმოდგინე და გაშინაურებულნი არიან; ხშირადაც ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. ესენი ჩვენს ეკლესიებში, აღმოსავლეთის წესისამებრ, როდი სდგანან ფეხზე თავდახურულნი* (*ოსმალეთში ქრისტიანები საზოგადოთ ქუდმოხდილნი ლოცულობენ ეკლესიებში), არამედ დაჩოქილნი, ჩუმად და თავმოხდილნი არიან. ეს რა ნახა იეზუიტმა პატრი კოსკოვსკიმ დადად განუკვირდა და გვითხრა: „ნეტაი თქვენ, რომ ამისთანა ბარბაროსულ ქვეყანაში ყოველ დღივ უფრო დიდს გულმოდგინებას ხედავთ, ვიდრემც თქვენს იტალიაშიო“. ხოლო იეზუიტი პატრი ლაპოლსკიმ, რომელიც ერთი წლის შემდგომ მოვიდა და ჩვენთან 25 დღე დარჩა, ყველაფერი რა კარგად შენიშნა, ნახა ახლად მოწყობილი ეკლესიის სიმშვენიერე, მეტადრე ხალხის ხშირი სიარული და მათი აღსარება, ზიარება ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ტირილითა სთქვა: „სად ვარ, იესოვ ჩემო. თვით პოლონეთშიაც არ მინახავს, რომ ჩვენი ქრისტიანები ეგრე ბლომად მოდიოდენ საიდუმლოების მისაღებათ, როგორც ამ ეკლესიაში ვხედავ“. იძახდა: „ოჰ! რა ბევრმა ჰთქვა აღსარება, ოჰ! რა ბევრნი ეზიარნენო“. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ, რაც მას ენახა იმაზე უფრო მომეტებულმა სთქვეს აღსარება და ეზიარნენ. ხოლო მათი რიცხვი ბევრად უფრო მომეტებული იქმნებოდა, მაგრამ, რადგან დევნულება ახლად დამცხრალიყო, ამიტომ, მეტადრე ახლებმა ზიარება ვერ გაბედეს, რათა არ შეენიშნათქო. ეგრეთვე წასვლის დროსაც გვითხრა: დიდის მწუხარებით ვშორდები ამ კურთხეულს ადგილს, გარნა ბევრი მექმნება ამაზედ სალაპარაკო და ბევრ რამესაც დავსწერ ამ საუკეთესო მისიონისასო... ტფილისი, 28 ნოემბერი 1691 წ., პატრი ჯულიო“. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს შევხვდით ამ იეზუიტის ნაწერების საქართველოს მისიონის შესახებ.
პატრი ჯულიოს რომში წინეთ გაუგზავნიათ ამ წერილის გარდა კიდევ სხვა წერილიც, რომელშიც აუწერია სომეხთა მიერ დევნულობა და კათოლიკების წარმატება. ამ წერილს კი ჩვენ ვერ შევხვდით. ხოლო პროპაგანდა 17 მარტს 1691 წ. ამ პატრს სხვათა შორის ესედ სწერს: „ბატონმა კარდინალებმა დიდად აქეს თქვენი ერთგულობა და დიდის გულმოდგინებით და სიამოვნებით მოისმინეს თქვენი გამოგზავნილი მოხსენება შესახებ მაგ მისიონისა, რომელიც მუდამ წარმატებაში მიდის, მიუხედავად იმ შფოთისა, რომელიც წინეთ აღძრეს კათოლიკე სარწმუნოების მტრებმა...“. ამავე წერილით აცნობებს ასი სკუდის გამოგზავნას მისიონის საჭიროებისათვის.
ზემოდ ვთქვით, რომ ბარძიმის წერილების პასუხის გამოგზავნა შეაჩერეს რომში პაპი ალექსანდრე მერვის სიკვდილის გამო. ხოლო აირჩა თუ არა ინოჩენციო მეთორმეტე, ამ გამოსაგზავნ პასუხსაც ყურადღება მიაქციეს. გარნა უწინდელი დაწერილი წიგნი აღარ გამოდგა, მისი შეცვლა საჭირო გახდა, რადგან საქართველოდან 1691 წ. ბარძიმის შესახებ უფრო კარგი ამბავები მისწერეს, რაის გამო საჭირო ხდებოდა, რომ ეს გარემოებაც მოხსენებული ყოფილიყო წერილში. ამიტომ 26 იანვარს 1692 წ. პროპაგანდა სწერს პაპის სეკრეტარს და აცნობებს, რომ ბარძიმს დიდის მხნეობით დაუფარავს კაპუცინები და კათოლიკები ახალ დევნულობისაგან. ამიტომ სთხოვს, რომ პაპმა თავის წერილში ამისთვის კერძო მადლობა მოახსენოს, ეგრეთვე დაასახელოს საჩუქრები, რომლების გაგზავნაც პაპს მოუნდომებია და რომლებიც შემდეგნი ყოფილან: ორი მედალი და ერთი ჯვარი ოქროსი, ერთი კრიალოსანი თავისთვის და ერთიც მის მეუღლისათვის და ერთი კრიალოსანიც მის ძმა დივანისათვის. გარნა წერილში არ არიან მოხსენებული ეს საჩუქრები. აი პაპის წერილიცა:
„ჩვენს საყვარელს შვილს, კეთილშობილ კაცს, საქართველოს თავადს ბარძიმს, პაპი ინოჩენციო მეთორმეტე.
საყვარელო შვილო, კეთილშობილო კაცო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
შევიტყეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით, დაგიტოვებიათ ის შეცთომილებანი, რაშიაც შობილ და აღზრდილ იყავით და მიგიღიათ კათოლიკე სარწმუნოება, რომლის გარეთ შეუძლებელია ცხონება და სავსე ხართ გულმოდგინებითა, რათა დაიცვათ და განავრცოთ ესევე სარწმუნოება. მასთანვე ვსცანით, რომ სქიზმატიკების მიერ გამართულ ფიცხელის დევნილობისაგან მხნედ დაგიფარავთ სამოციქულო მისიონერი კაპუცინები და ეგრეთვე ისინი, რომლებსაც თქვენის მიბაძვით მიუღიათ იგივე კათოლიკე სარწმუნოება. სათნოდ ვრაცხთ, რომ ამ წერილით ჩვენი დიდი მადლობა გამოგიცხადოთ, რათა ამნაირად როგორმე ვუპასუხოთ მაგ თქვენს უდიდეს ღირსებას. მასთანვე, როგორც იმედი გვაქვს, უეჭველია, უფრო შეგულიანდეთ და შეეწიოთ დაუცხრომელად ხსენებულ მისიონერებს და კათოლიკებს. რათა ამ მიზანს ეწიოთ, საჭიროდ ვრაცხთ, შეუერთდეთ გიორგი მეფეს. ამითი ჩვენ დიდად გვასიამოვნებთ, მასთანვე ეცადეთ, რომ დაურღვეველად დაიცვათ მეგობრობა. ამისი იმედი გვაქვს და ყოვლის სიკეთის მომნიჭებელ ღმერთს ვთხოვთ თქვენი კეთილშობილობისათვის უხვად ყველა სულიერს და საწუთრო სიკეთეს. მასთანვე ჩვენის მამებრივის სიყვარულით განიჭებთ მოციქულებრივი კურთხევას“.
არ ვიცით, თუ ვინ მოუტანა ეს წერილი ბარძიმს, რომელსაც დიდად სასიამოვნოდ უნდა დარჩენოდა პაპის ესეთი მადლობა და ქება. არც ის ვუწყით, თუ რა გაარიგა გიორგი მეფესთან ბარძიმმა. ხოლო ეს კი ცხადია ისტორიიდან, რომ სხვადასხვა გარემოებამ გიორგი მეფეს ხელი შეუშალა ბარძიმს შეერთებოდა და ცდილიყო მაჰმადიანების უღლისაგან საქართველო განეთავისუფლებინა. ეგრეთვე ვიცით, რომ შემდგომ გიორგი მეფე დაიბარა ყეენმა და მისცა ყანდაარის მართველობა, რათა აჯანყებული ავღანელები დაემორჩილებინა და მით აეცილებინა სპარსეთისათვის ის დიდი უბედურება, რომელიც მას მოელოდა. გიორგი იმ შორეულ ურწმუნოების ქვეყანაშიც დარჩა ერთგული და მორწმუნე კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელიც სულით და გულით მიიღო საქართველოში. იქ, როგორც ექიმები, მუდამ თან ახლდა სიკვდილამდე ორი კაპუცინის პატრი თავის მოძღვრებად. ამას სხვათა შორის, ცხადათ მოგვითხრობს მისივე თანამედროე პოლონელი მისიონერი კრუზინსკი ესედ: „ესეც საჭიროა მოვიხსენიოთ ამ მთავრის გალაშქრებისა, რომ... ქრისტიანედ დარჩა და კათოლიკედ მიიცვალა, როგორათაც მოგვითხრობენ. როდესაც მოჰკლეს, მას გულზე უპოვეს ჯვარი, ერთი ოქროს ჯვარიც თავის ჯარის დროშის ბურთში ჩაეტანებინა. ყველამ ვიცით, რომ წინათვე ის სრულიად შეერთებული იყო კათოლიკე ეკლესიასთან. ომისა და სიკვდილის წინა დღით წმიდა ზიარებაც მიიღო, რადგან მკურნალობის მიზეზით, ომში თან წაეყვანა ორი პატრი კაპუცინი, პატრი რეჯინალდო და პატრი ამბროზიო მილანელი, რომელიც ჩემი დიდი ნაცნობი და მეგობარია“.
ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი ჯულიო 1692 წ. რომში სწერს და ანგარიშს აძლევს რომიდან წამოღებულის და დახარჯულის ფულებისა, რომელთა რიცხვში 505 სკუდი დაუხარჯავს მონასტრისა და ეკლესიის შეკეთებაზე. ეგრეთვე ამ წერილში იხსენიებს, რომ ბარძიმ დივანბეგს ეკლესიისათვის შეუწირია ძვირფასი ფარჩა, რომლისაგანაც რამდენიმე ხელი სადღესასწაულო წირვის შესამოსელი გაუკეთებიათ. ამ პატრსვე აუშენებია ეკლესიის სამრეკლო, რისათვისაც თუ ბარძიმი და თუ სხვა კათოლიკები შესწევიან.
ამ დროიდან ვიდრე 1698 წლამდინ აღარა ვიცით თუ რა მომხდარა და მისიონის საქმე როგორ წასულა, რადგან მთლად გვაკლია ამ დროის საბუთები. მხოლოდ ეს შემდეგი წიგნი გვაქვს პროპაგანდისა ტფილისის კაპუცინების უფროსთან მიწერილი, რომლითაც სთხოვს ორ ახალგაზდა ქართველის გაგზავნას რომში სასწავლებლად:
„პატრი სილიბისტრე კაპუცინ პრეფექტოს, 11 ოქტომბერი 1697.
ეს წმიდა კრება ნატრობს და მისთანვე ზრუნავს, რომ ამ ჟამად ურბანოს კოლეგიაში დარჩენილი ცარიელი ადგილი შეავსოს ორი ახალგაზდა ქართველით, რათა მათ, სწავლის შემდგომ, თავის დროზე შეიძლონ შეწევნა სულიერად თავიანთი ტომისა, რომელსაც ეგოდნათ სჭირია კარგი მოციქულებრივი მუშაკნი. ამიტომ გთხოვთ მოსძებნოთ ორი ახალგაზდა და რაც შეიძლება მალე გამოგზავნოთ აქ. ამასთანვე გაუწყებ, რომ ის ყმაწვილები უნდა იყვნენ კარგი აგებულობისა, მრთელნი გონებით და სხეულით, გარეგნად უნაკლულონი; ჰქონდეს საკმაო ნიჭი, რათა მათგან შემდეგში სარგებლობის იმედი იყოს; არ იყვნენ უმცირესი თუთხმეტი წლისა და უდიდესნი, ოცისა, ანუ სულ ბევრი 21 წლისა; ეგრეთვე თუ შეიძლება ჰქონდეთ რომელიმე სწავლა დაწყებული...“
ვინ და ან როდის გაგზავნეს ეს ორი ახალგაზდა ქართველი რომში, ამაზე არც ერთი დოკუმენტი გვაქვს.
1698 წლის პირველს კაპუცინები რომში იმის აღწერას გზავნიან, თუ როგორ ასრულებენ საეკლესიო წესებს ტფილისში. ეგრეთვე აუწყებენ, რომ სკოლაში ჰყავთ 40 მოწაფემდე, რომლებსაც, წერა-კითხვის გარდა, ასწავლიან სარწმუნოების უმთავრესს საგნებს და ლოცვებს არა მარტო ქართულად, არამედ ლათინურადაც. მასთანვე ეუბნებიან, რომ სნეულთა წამლობა მათ ძლიერ შველის, რადგან ამის მიზეზით ხშირად დაიარებიან ბინაზე უმაღლეს ქართველ პირებთან და მაჰმადიანებთან, რომლებსაც იმეგობრებენ, რათა დევნილობის დროს შემწეობას მიმართონ, ვინაიდან მისიონის მოღვაწეობას სულმუდამ სჭირდებოდა მათი მფარველობა.
იმ დიდმა სიხარულმა, რომელიც მოუპოვა რომს და ტფილისის მისიონერებს თუ ბარძიმის ერისთავისა და თუ სხვა წარჩინებული ქართველების გაკათოლიკებამ, ბევრხანს არ გასტანა. დიდ შვებას, დიდი მწუხარება მოჰყვა და იმდენი შრომა სულების სასარგებლოდ მტერმა თითქმის ერთიან ფეხქვეშ გაქელა და მოსპო. სულ სხვადასხვა ნაირად ეპყრობიან მისიონერებს ქართველები და სომხები. პატრებმა თავიანთი მიუკერძავი და უზომო კაცთ-მოყვარეობით არა თუ მოიგეს ქართველების გული და მათი სიყვარული და მეგობრობა დაიმსახურეს, არამედ თვით ბარბაროსი და კაცობრიულ გრძნობას მოკლებულ თათრების გულიც მოარბილეს და მიიზიდეს. გარნა სომხების გაქვავებული შურით განძვინებული გული ვერავითარის სიკეთით მოალბეს. სომხების მოქმედება ძლიერ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს და გვიმტკიცებს არა მარტო მათს დაუცხრომელ მტრობას კათოლიკე სარწმუნოებისადმი, არამედ თვით კაცობრიობის წინააღმდეგადაც, რადგან აქვავებენ და სდევნიან იმათ, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს არ ზოგავდენ და ყველა ღონისძიებას ხმარობდენ, რომ აღმოეჩინათ ყოველგვარი შემწეობა საწყალ და გაჭირვებულ ხალხისათვის განურჩევლად სარწმუნოებისა და ერობისა. სომხების ასეთი უმოწყალო მოქმედების შესახებ კაპუცინების ერთი ვრცელი მოხსენება ჩაგვივარდა ხელში, რომელიც დიდათ გვაოცებს. ამ სამარცხვინო ამბის გამოქვეყნებას ჩვენს წერილში სიამოვნებით დავანებებდით თავს, ისტორიის საჭიროებას იგი რომ არ მოეთხოვა. ამიტომ იძულებული ვართ მოვიყვანოთ აქ ესეც. რადგან ეს წერილი საკმაოდ ვრცელია, უსაჭიროესის გარდა დანარჩენს გამოვტოვებთ.
„... აწ მოგახსენებ ამ საბრალო მისიონის დიდათ სამწუხარო დაჩაგვრის ამბავს. კათოლიკობის მტერმა წლეულს დაგვიწყო ეგრეთი სასტიკი დევნა, რომ მისი მსგავსი ჯერ არასდროს გვსმენია; მასთანვე ისე გაძლიერდა და გამტკიცდა ეს დევნულობა, რომ მარტო ღვთიურ შემწეობას შეუძლია დაგვიხსნას მისგან. მოკლედ გაუწყებ ამ დევნულობის ამბავს. ვინაიდან კათოლიკები კარგად გამრავლდენ და დაიწყეს ხშირად მოსვლა ჩვენს ეკლესიაში, კათოლიკე სარწმუნოების მტერმა სომხებმა ვეღარ მოითმინეს... ფულის მოსაკრებად პატრიარქისაგან გამოგზავნილმა ვართაპეტმა ყველა მღვდლებთან და ქალაქის ხუთ-ექვს მოწინავე პირებთან ერთად გადასწყვიტეს ჩვენი ეკლესიის დანგრევა და ჩვენი ამ ქალაქიდან გადევნა. მეფისაგან ნების ასაღებად ეს ბოროტები მივიდენ ვეზირთან და მისცეს 100 ოქრო (zecchini)... დაიმედებულთა, რომ ნებას გამოიტანდენ ამ დაწყევლილმა ეშმაკის მუშებმა ერთ ეკლესიაში პირველ გზის შეჰკრიბეს ყველა ისინი, რომლებიც წინააღმდეგნი არიან კათოლიკებისა... შემდგომ ვართაპეტმა უბრძანა ეკლესია დაეკეტათ და ზარები აღარ დაერეკათ, რათა ყველას მარტო ის ეფიქრათ, რის აღსრულებაც უნდოდათ. ხოლო ჩვენ გული არ გავიტეხეთ და არც ზარების რეკა შევაჩერეთ პარასკევამდე. მეორე დღეს ადრიან დილაზე ყველა მღვდლები შეიკრიბნენ ტერ დავითას ეკლესიაში, სადაც იდგა ის დაწყევლილი ვართაპეტი და მოელაპარავეს, რაც უნდა ეთქვათ მეფისათვის. შემდგომ დიდძალის ხალხითურთ მივიდენ მეფას სახლში და დაუცადეს ვიდრე მეფე გამოვიდოდა; რა გამოვიდა მეფე საწოლიდან, ყველა ეს საძაგელი ბრბო შევიდა შიგნით, სადაც დაიწყეს თავიანთი ეშმაკებრივი აზრების წარმოთქმა, ჩვენზე დრტვინვა და თქმა, რომ ნახევარი ქალაქი გაფრანგებულიაო, ამის თანახმი არა ვართ, არც გვინდა სომხები მათს ეკლესიაში დადიოდნენო, ისინი მატყუვრები არაინო... აღარ გვინდა პატრები ქალაქში დარჩნენ, არამედ ქალაქს გარეთ უნდა გავიდენო; სპარსეთის მეფემ რომ შეიტყოს, ნახევარი ქალაქი გაფრანგებულა, არც თქვენ მოგივათ კარგი საქმეო; ეგრეთვე რადგან იმათ ცოლი არა ჰყავთ, ნება არა აქვთ ვისმე აღსარება ათქმევინონო და სხვა ამნაირი ბევრი საძაგლობა უთხრეს... სადილობის შემდგომ უფროსი პატრი და პატრი ალექსანდრე წავიდენ ყულარ აღასთან, რომელსაც დაებარებინა ისინი ამ საქმის შესახებ მოსალაპარაკებლად. რა მივიდენ, იქვე დახვდათ მეფე, ვართაპეტი ოთხი სხვა მღვდელითურთ, მამასახლისი და აბედინაშვილი. შესვლისას ისინი მეფემ მიიწვია და თავისთან ახლო დასვა, ხოლო სხვა ყველანი ფეხზე იდგნენ. ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობდენ მეფე და ყულარ აღასი ვართაპეტთან და ეუბნებოდენ, რომ, ჩვენ ვითარცა მოციქულები, გამოგზავნილი ვიყავით პაპისაგან წმიდა სახარების საქადაგებლად, ჩვენ ყველას ვსწამლობდით დიდის სიყვარულით, ჩვენ აქ არ ვიყავით სიმდიდრისა მოსაპოვებლად, არამედ მარტო ყველასთვის სიკეთის საქმნელად და იმისთვის რათა გვესწავლებინა ჭეშმარიტი გზა სასუფეველისა. ვართაპეტმა უპასუხა მეფეს: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მაგათ ეკლესიაში რომელიმე სომეხი მივიდეს, ჩვენც ვიცით სწავლება და ჭეშმარიტი სასუფეველის გზის ქადაგება. რადგანაც მეფეს ბლომად მიეღო ფულები, 20 თუმანი, პატრებს უთხრა: გაიგონეთ რასაც ამბობს ეს ვართაპეტი, მართლადაც ძლიერ კარგი იქმნება, რომ ყველანი თავის ეკლესიებში იარებოდნენ, მაშინ ერთმანერთში ძმასავით ვიქმნებითო. პატრი ალექსიმ მიუგო: ბატონო ჩვენ ხომ ძალით არავინ მოგვყავს ჩვენს ეკლესიაში, იგი ყველასათვის ღია არის, ვისაც უნდა მოვა... მეფე წავიდა, პატრები დარჩნენ ყულარ აღასთან და სომხებთან, სადაც ბევრი ილაპარაკეს. ეს მატყუარა ყულარ აღა ლაპარაკში განგებ მუდამ ჩვენ გვესარჩლდებოდა და მათ აყვედრიდა; ვართაპეტმა რა ნახა ესა, თუმცა მოჩვენებით იყო, მაგრამ მაინც კი პატრების წინაშე ეს ყვედრება ვეღარ აიტანა, გაბრაზებული გავიდა თავის მღვდლებთან ერთად და დაიწყო შეჩვენება და წყევლა ყველა იმათი, ვინც არ დაკეტავდა დუქნებს და ჩვენის ეკლესიის და სახლის დასაქცევად არ მოვიდოდა.
ამ შეჩვენებისა და წყევლისაგან შეშინებულმა ვაჭრებმა და მედუქნებმა ყველამ დაკეტეს დუქნები, და ყველანი საშინელის ყვირილით, შეიარაღებულნი კეტებით და ცულებით, წამოვიდენ ჩვენი სახლისკენ. ამ გაბრაზებულ ეშმაკის მონების ყვირილი ისეთი იყო, რომ ქუჩებში ყველა დედაკაცები სახლებიდან გარედ გამოცვივდენ და ზოგიც თავიანთი სახლების ბანებზედ ავიდნენ, რათა იქიდან ეცქირათ ამ წარმოდგენისათვას, რომელიც მართლა მეორედ მოსვლის დღესა ჰგავდა, რა მოვიდენ, დიდრონის ქვებით, კეტებით და ცულებით დაიწყეს კარის შემტვრევა, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს კარი, რადგან მაგარი იყო. ხოლო ჩვენ შიგნით სახლში ვიყავით და ამ ყვირილისა, კეტების და ცულების ჯახა-ჯუხისა ვერაფერი გაგვეგო, რისთვის იყო; რადგან უფროსი პატრი და პატრი ალექბი მეფესთან იყვნენ, ჩვენ ვერ შევიტყეთ: ეს ამბავი მეფის ბრძანებით იყო, თუ არა. ამ ხალხმა რა ნახა, რომ კარიდან ადვილად შემოსვლა არ შეიძლებოდა, უმეტესობა ავიდა ბანებზედ, ჩვენი ბაღის წინ რომ იყო და იქიდან დაუწყეს სეტყვასავით ქვების სროლა ეკლესიასა და ყორეს დიდის ხმაურობით. ამ დროს, როცა ეს გაცოფებული ხალხი თავის ჯავრს ქვების სროლით იყრიდა, ჩვენის ბაღის ქვეითა გზით გაიარა ცხენით დივანბეგმა, რომელსაც თან ახლდა მრავალი თავისი კაცები, ამ ბატონმა, რა დაინახა ჩვენის სახლის გარეშე ეგოდენი ხალხი და გაიგონა რახა-რუხი, რომელსაც ჩვენს სახლს უყოფდენ, სასწრაფოდ გამოგზავნა შეიარაღებული კაცები, რომ დაეცვათ ჩვენი ეკლესია, სახლი და ჩვენ ყველანი. ისინი საჩქაროდ მოვიდენ ჩვენ კარებთან, მაგრამ რა ნახეს, რომ ხალხის სიმრავლის გამო კარებიდან ვერ შემოვიდოდენ, ავიდენ ბანზედ, რომელიც გადმოსცქეროდა ჩვენს ბაღს და საიდანაც ხალხი სარკმელებს და ეკლესიას ქვებს უშენდა. მდივანბეგის კაცები ხალხს მისცვივდენ ჯოხებით და შეაჩერეს კიდევაც; ზოგი მათგანი გადმოხტა ბაღში და მოეშველნენ კარებს, რომელიც უკვე ცოტა ჩაენტვრიათ. ხალხმა რა დაინახა, რომ იმ ბატონის კაცები შიგ იყვნენ, კარის მტვრევაზე ხელი აიღო. ჩვენი მოსამსახურე ჩინტეტი ყულარაღის სახლში პატრებთან იყო. რა გაიგო ქალაქში ეს ხმაურობა, საჩქაროდ გამოიქცა. ჩვენის სახლისკენ და ნახა თუ არა, რომ ხალხი კარებს ამტვრევდა, მაშინვე გაბრუნდა და შეატყობინა პატრებს, რომ ხალხი ჩვენს სახლს ანგრევსო. ეს ამბავი რა გაიგონა მოჩვენებულმა ყულარ აღასმა, გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და უთხრა მამასახლისს: დიდი ცეცხლი მოეკიდოს შენს სახლს, წადი ჩქარა შე ძაღლო და მოაშორე იქიდან ხალხიო. ესეც საჩქაროდ წამოვიდა ჩვენს სახლისკენ და ჯოხით გაფანტა მომეტებული ხალხი რომელიც უკვე დამცხრალიყო მდივანბეგის კაცების შიშით. ყულარ აღასმა შემდგომ პატრებს ჩვენს სახლამდე თავისი მეკარე გამოაყოლა. ამათ რა ნახეს უწყალო სომხების ეგოდენი ნასროლი ქვა მოთმინებიდან გამოვიდენ, ის კი არ აბრაზებდათ უფრო, რომ სომხების ნასროლის ქვებისაგან ასეთი ყორე დამდგარიყო, არამედ ისა, რომ ყულარაღამ ჯერ მოჩვენებით ჩვენს სასარგებლოდ ილაპარაკა და ბოლოს კი ამდენი ხალხი მოგვისია. ეს ხალხი ორ საათამდინ დარჩა ჩვენის სახლის წინ. შაბათს მამასახლისი მივიდა მეფესთან და გამოართვა ერთი წერალი, რომლის ძალითაც, თუ რომელიმე სომეხი მოვიდოდა ჩვენს ეკლესიაში უნდა გადაეხადა 12 თუმანი მეფისათვის; შემდგომ ასეთის კაცისათვის სომხებს ან თვალები უნდა დაეთხარათ, ან წყალში უნდა გადაეგდოთ. რა მიიღო ეს გასაკიცხი წიგნი, მთელ ქალაქში გამოაცხადებინა, როგორც ერთი ბრძანება რამ. ამის გამოცხადების შემდგომ თუ აქაური და თუ უცხო სომხები აღარ მოდიან ჩვენს ეკლესიასა და სახლში... ახლა უეჭველად საჭიროა, რომ წმიდა კრებამ სპარსეთის მეფისაგან მოგვიპოვოს რახამი (მეფის ნებართვა), თუ უნდა რომ მისიონი დარჩეს ამ ქალაქში. სხვა გავლილის დევნულობის დროსაც მეფე მუდამ გვეუბნებოდა ესეთ: „მოიპოვეთ ნება სპარსეთის მეფისგან, მერე უყურეთ თუ რას ვიქმ თქვენთვის: ეხლა არაფერის ქმნა შემიძლია, რადგან სომხები მეუბნებიან: რათ გყავთ აქ ეს ფრანგები, რომლებსაც არა აქვსთ სპარსეთის მეფის ნებართვაო... ცხადია რომ ამნაირად მისიონი აქ ბევრ ხანს ვერ გასტანს, ეს უწმინდური სომხები აქედან გვერეკებიან, აქ ამბობენ, რომ ამ მეფის შემდგომ, სპარსეთის მბრძანებელს აზრად ჰქონია, აქ ნამდვილი სპარსელი მაჰმადიანი გამოგზავნოს მის მაგიერად, რათა ბაგრატიონთ ჩამომავლობა მთლად ამოაგდოს; თუ ასე ჰქმნა, მაშინ ჩვენ აქ ურახამოდ დადგომა აღარ შეგვეძლება... საქართველოს ამბავი ისევ ეგრეთია, როგორათაც წინად მოგწერე. გიორგი მეფე ისპაჰანს არის და იმედით სცხოვრობს... ტფილისი 20 ივნისსა, 1698 წ. პატრი ამადიო ბრეშელი“.
კიდევ გვაქვს ერთი ამისთანა ვრცელი მოხსენება, რომელშიც აღწერილია სომხების მიერ ატეხილი, დევნულობა, ბარძიმის გამოსარჩლება კათოლიკების დაფარვა. ამ წერილს არც თარიღი აქვს და არც დამწერის ხელია მოწერილი. როგორც სჩანს, ერთ მესამე პირს გამოუკრეფია ტფილისიდან პატრი სილიბისტრეს წერილებიდან და პროპაგანდისთვის გადაუცია. ეს წერილი დაწერილი უნდა იყოს ან 1697, ანუ 1691 წელს, როცა სომხებმა დევნულობა გამართეს. რადგან ამას თარიღი არა ჰქონდა, ვერც ჩვენ შევიძელით მისი დროს განსაზღვრა; ამიტომ მოვიყვანთ მას აქ ბოლოში და შევამოკლებთ რამდენათაც კი შეილება.
„ტფილისის მისიონერი კაპუცინი პატრი სილიბისტრე იწერება ვრცელს მოხსენებას შესახებ ერეტიკოს სომეხთა მიერ ჩადენილის დევნისა. იმ ქალაქის კათოლიკების წინააღმდეგ. ამბობს, რომ ეს დევნა გამოწვეულ იქმნა კათოლიკების გულმხურვალების გამო. რადგან საჯაროდ აღიარებდნენ კათოლიკე სარწმუნოებას. ეგრეთვე სომხებმა ისარგებლეს ბარძამის იქ არ ყოფნით, რადგან იგი იქაურობას განშორებოდა შიშის გამო ჟამისა, რომელიც ძლიერ მძვინვარებდა; იქ დარჩენილ იყვნენ მარტო მაჰმადიანები. ამიტომ სომხები წინაღდგომოდენ კათოლიკებს და თავიანთისვე უფლებით გამოეცათ ბრძანება, რომლითაც უკრძალავდენ კათოლიკებს კაპუცინების ეკლესიაში წასვლას. თუ ვინმე წავიდოდა, მას ჯარიმად გადახდებოდა თორმეტი თუმანი, რომაული 15 სკუდი. ხოლო ეს წამსვლელი თუ დედაკაცი იქმნებოდა ვირზედ უნდა შეესვათ და ისე ქალაქი უნდა შემოეტარებინათ.
ეს რა შეიტყო მთავარმა, მაშინვე გაგზავნა რამდენიმე მოხელე და გამოაცხადებინა ამისი წინააღმდეგი ბრძანება. გარნა ეს ბრძანება შეურაცხებად მიიღეს და მაშინვე წავიდენ, ნახეს მაჰმადიანი ნახჩევნის მთავარი, ვეზირი, ციხის უფროსი და სხვა სამსახურის კაცები; ამ პირებს ჩააგონეს რომ მისიონერებს ქალაქის უმეტესი ნაწილი გაუფრანგებიათ, მალე ქალაქს ერთიან გააფრანგებენ და კიდევაც სპარსეთის მეფის წინააღმდეგაც ააჯანყებენო, თუ ისინი არ შეაშინეთ და ნაცვალსაც ნაცვლობა არ ჩამოართვით, რადგან ისიც ფრანგების ერთი წინაპართაგანიაო... სომხები გაამაყდენ ამ შეჩვენებულის გამარჯვებით, მასთანვე დაიყოლიეს ერთი სამსახურის კაცი და გაალახვინეს სამი კათოლიკე რომელთაც სიამოვნებით მოითმინეს ეს გალახვა, იქამდე, რომ თვითონვე აქეზებდენ მოხელებს კიდევ გვცემეთო და ეუბნებოდენ: სრულებით არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენის სიყვარულისათვის ჩვენმა გიორგიმ იტვირთაო, ჩვენც დავითმენთ ჭეშმარიტების სიყვარულისათვისო. ამ კათოლიკეთა შორის იყო ერთი მეტად პატიოსანი კაცი, რომელსაც ჰყავდა კვლავ სამი ძმა კათოლიკე. ეს მივიდა იმ ადგილს, საცა სხვა კათოლიკებს სცემდენ და ეს უთხრა მტარვალებს: „ჩემი ძმა გალახეთ ჭეშმარიტების მიღებისათვის, ესევე ჭეშმარიტება მე უფრო იმაზე წინ მივიღე, მაშ მეც შემბოჭეთ და გამლახეთ, რადგან მეც ვნატრობ ვნებას უფლისა ჩემისათვისო“. ეს თხოვნა განიმეორა და ამიტომ ესეც გალახეს. ხოლო ამან გალახვის შემდგომ ისეთი კარგი სიტყვა უთხრა, რომ ბევრმა მათგანმა შეინანა.
ქალაქში რომ არ სცხრებოდა სომხების თავგასულობა და დევნულობა, დედაკაცები, რომელთაც ერთი წლის წინეთ მიეღოთ კათოლიკობა, იძულებულნი გახდენ სხვაგან უშიშარ ადგილს შეჰფარებოდნენ. ბოლოს უფროსი პატრი წავიდა ნახჩევნის მთავართან და ვეზირთან და უთხრა თავისი აზრი, რომ ისპაჰანს სპარსეთის მეფესთან კაცის გაგზავნას ვაპირებო, რათა მას ვაცნობო ყველა უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ხდებაო, ამ კაცის გაგზავნაზე თქვენი თანხმობაც მომეცითო. ეს თანხმობა მისცა, მაგრამ დაავალა კი, თავისი სახელი არ გამოეცხადებინა და ესეც უთხრა, რომ მეც მინდა ამ საქმეს ბოლო მოეღოსო. ხოლო ვეზირს ამ ამბავისა მოერიდა და წავიდა ბარძიმ მთავართან და თან მიუტანა ნახჩევნის მთავრის წიგნიც და აუწყა თავისი აზრი. ბარძიმმა რა მოისმინა ეს ამბავი, იწყინა და ორგზის მისწერა ქალაქის მცხოვრებთ და დაემუქრა, თუ არ დასცხრებით, დაგსჯითო. ამავე ნაირად ჰყო მდივანბეგის ძმამაც, რომლისა მთელს საქართველოს ეშინია. გარნა ამითი არაფერი იქმნა და არ დასცხრნენ, რადგან სომხების მღვდლებმა ხალხის დიდ ნაწილთან ერთად დაატანეს ძალა და რამდენიმე კათოლიკეს ჩამოართვეს პირობის წერილი, რათა კათოლიკების ეკლესიაში აღარ ეარათ. ამ ხელწერილის მიმცემნი იყვნენ თორმეტნი. ეს ყველა რა შეიტყო დივანბეგის დედამ, მაშინვე წერილით თავისთან დაიბარა უფროსი პატრი. ხოლო ამან ბოდიში მოიხადა და შეუთვალა, ასეთის არეულობის დროს მისიონს თავს ვერ დავანებებო. გარნა შვილმა ოთხგზის მოსწერა უფროსს: მოდი ჩემთან, რადგან მინდა ეგ საქმე დავაბოლოვო ისე, როგორც თქვენ გინდათო. შეგულიანებული პატრი წავიდა მთავართან და შეატყობინა ყველაფერი. მთავარი (ბარძიმი) მაშინვე წამოვიდა ქალაქს, ნახა ნახჩევნის მთავარი და უთხრა: ეს საქმე მე უნდა დავაბოლოვო ისე, როგორც მე მინდა, თქვენ სრულებით ნუღარ გაერევით ამაშიო. ამანაც უპასუხა, რომ მე არაფერ შუაში ვარ და თვით ამ საქმისაგან ხელს ვიბანო, ამან მაშინვე გასცა ბრძანება და აუკრძალა ყველას, რომ არავის შეეძლოს ვისთვისმე დაეშალა პატრების ეკლესიაში სიარული, რადგან მინდა კაპუცინების მდგომარეობა შეიქმნეს ისეთი, როგორიც უწინ იყოვო. გარდა ამისა დააჭერინა სომხის მღვდლები და მათი უფროსი, რომელიც ორგზის გაალახვინა და ეგრეთვე გამოუცხადა, რომ უკან დაებრუნებინათ კათოლიკებისათვის ჩამორთმეული პირობის წერილები, სომხებმა რა ნახეს მისი ესე ფიცხელი და მკაცრი მოპყრობა, შეშინდენ და შეჰპირდენ, ხვალვე მოგართმევთ ამ წერილებსო. იმ დღესვე მიცემა აღარ შეეძლოთ, რადგან წიგნები უკვე ბევრის ხელში იყო გავლილი. მეორე დღეს სხვა მღვდლები მივიდენ ნახჩევნის მთავართან და შესჩივლეს, რომ სარწმუნოების საქმეში ერისკაცები ერევიანო. იმანაც უპასუხა: მაგ საქმისგან ხელი დამიბანია და არც ამას მოგისმენთო. ამ გარემოებაში, ერისთავის სასიამოვნებლად ერთმა ქართველმა მუშტები შემოჰკრა მღვდლების უფროსს და ბევრი უშვერი სიტყვაც უთხრა, რისგამო ქალაქის მცხოვრებნი მივიდენ ქართველების პატრიარქთან, რომელიც მთავრის ღვიძლი ძმა არის და სთხოვეს მას, რომ კათოლიკების წერილები მათ არ ჩამორთმევოდათ და დაჰპირდენ საჩუქრად ძექინების (ოქროების) მიცემას. იგიც შეჰპირდა. პატრი სილიბისტრემ ყველაფერი წერილით აცნობა ბარძიმ მთავარს. რომელმაც რა შეიტყო ეს, პატრი დააიმედა, რომ ამ წერილებს გამოურთმევლად არ დავსტოვებ, თვით სიკვდილიც რომ მემიზეზოსო, რადგან დედაჩემს ამისი პირობა მივეციო... რა ნახეს მღვდლებმა რომ არაფერი იმედი იყო, მას ჩააბარეს წერილები. შემდგომ დაუძახა ამათ და კარგად დაარიგა და ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ იგი კაპუცინების მფარველი იყო; რაისგამო მაშინვე წავიდა და უფროსი პატრი ნახა და უთხრა, მე თქვენს ეკლესიას ვეკუთვნიო, შუა ქალაქში მუდამ მას ხელს გაუყრის და ისე გაატარებს ხოლმე“...
ზემოდ დასახელებულმა, 1698 წელს მომხდარმა სომეხთა მიერ საშინელმა დევნულობამ დიდი ყურადდება მიიქცია რომისა და ეგრეთვე ევროპისაც. ამიტომ რომ მაშეს აფერ ღონისძიებას მიმართა, რათა სომხების ესეთი თავგასულობისათვის ბოლო მოეღო. ამავე დროში, საჭიროების გამო საქართველოდან რომში გაეგზავნათ პატრი ფილიპე სელანელი, რომელიც რომში თუ წინანდელი და თუ ამ დროს მოხდენილი დევნულობის ამბავი ყველაფერი კარგად შეატყობინა. პაპი იძულებული გახდა სპარსეთის მეფესთან ელჩი გაეგზავნა და წიგნი მიეწერა. იქ გასაგზავნად ამ კაპუცინზე უკეთესი კაცი ვერ ნახა პაპმა; ამისთვის ესევე დანიშნა თავის ელჩად და შაჰს მისწერა წიგნი 26 იანვარს 1699 წ. და სთხოვა, რომ მთელ მის სამეფოში კაპუცინებისა და მისიონისათვას თავისუფლება მიეცა და მფარველობა აღმოეჩინა სომეხთა მიერ დევნულობის წინააღმდეგ. ეს პატრი წავიდა სპარსეთში ამავე წლის 3 თებერვალს და პაპის წერილის გარდა, შაჰთან ეგრეთვე ევროპის მთავრების წერილებიც წაიღო.
ზემოდ ხსენებული დევნულობისას ეს კაპუცინი თავის წერილში ამბობს:
„როდესაც მე ამ საქმისათვის რომში ვიყავი, თუ ხსენებული უფროსი პატრისა და თუ სხვა მისიონერების წერილებიც მოვიდა, იუწყებოდენ მკაცრს დევნულობას, რომელიც სქიზმატიკ სომხებს აღეძრათ ორივე მისიონის წინააღმდეგ, საქართველოში ტფილისსა და განჯასა სპარსეთის სამეფოში. ამ დევნულობას იქამდე მიეწია, რომ უნდოდათ თურმე ერთიან გაენადგურებინათ მისიონი. ამ თავიანთ უბოროტეს წადილს კიდევაც შეასრულებდენ, მაღალ ღმერთს სახიერებით და მოწყალებით რომ არ გადმოეხედა, ქართველებისა და მაჰმადიანების გული სიბრალო მისიონერ კაპუცინების შეწევნის სურვილით რომ არ აღეძრა. თუმცა იმ დროს დევნულობა ცოტა დაწყნარდა, მაგრამ სომხები ეცადნენ და დააკეტინეს ჩვენი ტფილისის ეკლესია. ეხლა, კათოლიკეთაგანს არავისი შეუძლია იქ შესვლა, რადგან სიკვდილით დასჯიან“.
ამ პატრმა თუ მიტანილი წერილების საშუალებით და თუ ისპაჰანში მყოფის მისიონერების დახმარებით, მალე გამოიტანა ყეინისაგან, რასაც პაპი სთხოვდა. ყოველი მისი სათხოვარი მთავრობამ წერილებით აღუსრულა. ეს წერილი (ეგრეთ წოდებული რახამი) მაშინვე გამოუგზავნა ტფილისს, რათა ამით როგორმე შეღავათი მისცემოდა კათოლიკებსა და პატრებს. შაჰი ამ ბრძანებით კაპუცინებს ანიჭებდა ასეთ სიმართლეს: მათ შეეძლოთ ახალი ეკლესიები აეშენებინათ და ძველები შეეკეთებინათ; კაპუცინებს თავისუფლად უნდა ემგზავრათ სპარსეთის მთელ სამეფოში და არავითარი ბაჟი უნდა გამორთმეოდათ; თუ ვინმე შეეხიზნებოდათ სახლში, არავის შეეძლო მისი იქიდან გამოყვანა; ყველანი პატივისცემით უნდა მოჰპყრობოდენ კაპუცინებს, ვითარცა მთავრობის სტუმრებს; მათ ეკლესიებში მისვლა ქრისტიანებისათვის არავის უნდა დაეშალა და არც რამ ვნება უნდა მიეცა ვისმე გაკათოლიკებისათვის; ის სომხის მღვდლები, ვინც კათოლიკებს როგორმე დააშინებდენ, ფიცხელად უნდა დასჯილიყვნენ; კაპუცინებს სრული თავისუფლება ეძლეოდათ ყველანაირი საეკლესიო სამსახურის აღსრულებისათვის; რაიმე შეურაცხყოფა არავის უნდა მიეყენებინა მათი საჭმელის გამო; ადგილობრივ მთავრობას მათთვის მფარველობა უნდა აღმოეჩინა ყოველთვის და დაესაჯა ვინც ამ ბრძანების წინააღმდეგ მოიქცეოდა. შაჰმა ერთი სიტყვით მიანიჭა რაც სთხოვეს. ამაზედ მეტიც აღარ მოეთხოვებოდა სხვა სარწმუნოების მთავრობას. მთავრობის მიერ ამ უზომო მფარველობის აღმოჩენამ მაინც დიდად არაფრად იმოქმედა სომხებზე. ამათ თავიანთი ბოროტების იარაღი ხელიდან არ გააგდეს; როდესაც და სადაც გაუვიდოდათ, უწყალოდ სდევნიდენ კათოლიკობას, როგორც ამას შემდეგ თავშიაც ვნახავთ.
აქ ვაბოლოვებთ XVII საუკუნის განხილვას. ჩვენის აზრით ეს საუკუნე უნდა შეირაცხოს კათოლიკობისათვის ერთ საუკეთესო ხანად, რადგან, როგორც ვნახეთ, პაპის ყურადღების მიქცევა და მისიონერების შრომა უნაყოფოდ არ დარჩა. საქართველოს ყველა კუთხეში კათოლიკობას ქართველებმა მტრობა კი არ დაუწყეს აღმოსავლეთის სხვა ერთა მსგავსად, არამედ დიდი თანაგრძნობა აღმოუჩინეს. თუ საქართველო ერთიანად ვერ შეუერთდა რომის ეკლესიას, რაზედაც ერთ ორ გზის მოიწადინა, არ აუკრძალავს მაინც, რომ ქართველებს, ვისაც კი უნდოდა, მიეღო მისი სარწმუნოება. ამიტომ ამ გაკათოლიკებულ ქართველების რიცხვში არა მარტო მდაბიო ერის კაცი, არამედ საქართველოს თვით უწარჩინებულესნი პირნიც იყვნენ, როგორც, მაგალითად, ბარძიმ ერისთავი, გიორგი მეფე, ლევან დადიანი, ექვთიმე მთავარ-ეპისკოპოსი, დიდათ განათლებული ალავერდელი და სხვაც ბევრი მათი მსგავსი.
ეს საუკუნე არა მარტო, კათოლიკობისათვის იყო შესანიშნავი და საუკეთესო, არამედ, ამა თუ იმ მხრივ, თვით მთელს საქართველოსათვისაც. ამ საუკუნის აღწერა შეადგენს ერთ ვრცელს და ძვირფასს ნაწილს ჩვენის მატიანისას. ჩვენ ამის დაწვრილებით აღწერას არ გამოვუდგებით, რადგან ამ წერილის საგანს არ შეეხება. მხოლოდ აქ მოვიხსენიებთ რამდენიმე სიტყით.
ეს საუკუნე ჯერ იმითია ყურადსაღები საქართველოსთვის, რომ მისიონერებმა დაახლოვებით და ზედ მიწევნით გააცნეს ევროპას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი; აუწერეს ყოველი ჩვენი ავ-კარგი; გააცნეს, თუ რა უსაზღვრო ენერგიით იცავდენ ქართველები თავიანთს მიწა-წყალს; გამოაქვეყნეს ოსმალების და სპარსელების აღურიცხველი უღმრთოება, რომელსაც აყენებდენ ქართველ ერსა სარწმუნოებისა და თავისუფლების მოსასპობლად. მათმა სხვადასხვა აღწერილობამ მთელი ევროპა განაკვირვა და ქართველ ერისადმი სიმპატია დაუბადა; მანვე ყოველ შეგნებულს ადამიანს ცხადათ უჩვენა ქართველი ერის დიდი ღირსება; რაის გამო ევროპის მთავრები არ თაკილობდენ ჩვენ მეფეებთან დაახლოებას და მათ დამეგობრებას. რაც ამ საუკუნეში დაწერეს ევროპელებმა საქართველოს შესახებ, ვგონებთ, ეგოდენი არც ერთ საუკუნეში დაეწეროთ. ამას მოწმობენ ვრცლად აღწერილნი ისტორიანი, სხვათა შორის, პეტრე დელავალესი, პეტრე ავიტაბლესი, სილოსი, არქანჯელო ლამბერტისა, კლემენტე გალანოსი, ვერიჩელისა და ბევრიც სხვათა.
საქართველოსთვის ეს საუკუნე კიდევ იმითი არის დიდათ შესანიშნავი, რომ სწორედ მის პირველ წლებში, ესე იგი 1629 წ., როდესაც საქართეელოს ჯერ სიზმრადაც არ ექნებოთა ნახული სტამბა, რომში პატრებმა დაარსეს პირველად ქართული საბეჭდავი, გამოსცეს წიგნები და მით ევროპას ჩვენს ერთან ერთად გააცნეს ეგრეთვე ჩვენი ენა და ლიტერატურაც; გამოსცეს სხვადასხვა წიგნები, როგორც ლექსიკონი, გრამატიკა, კატეხიზმო და სხვა. ეს არ იკმარეს. იქვე დაარსეს ქართულის ენის შესასწავლად კათედრაც: პროპაგანდის კოლეგიაში სხვა ტომთა ენებთან ერთად ჩვენს ენასაც საპატიო ადგილი დაუთმეს. მასთან ბევრ ქართველის შვილებს გზა გაუხსნეს ევროპაში, მაღალ სასწავლოში სწავლა მიაღებინეს, რათა ესეთი განათლებულნი ქართველნი პატრებს მხარში ამოსდგომოდენ და ეღვაწნათ გასანათლებლად ქართველთა ერისა, რომლის ნიჭიერება ევროპამ კარგად სცნო და დააფასა.
ყოველივე ესე წვრილმანია შედარებით იმ მრავალგვარ და აღურიცხველ სიკეთესთან, რომელიც ლათინის მოძღვრებამ მიაგეს ქართველ ერს თვით საქართველოში და მის გარეშე. ამ საუკუნეში საქართველომ რაოდენი უბედურება და წამება არ გამოიარა! ამ უბედურების მიზეზნი იყვნენ: ერთის მხრით მისნი დაუძინებელნი და ძლიერნი გარეშე მტერნი, მეორეს მხრით შინაური უთანხმოება, ყოველსავე ამას ზედ დაურთეთ სხვა და სხვა, ბუნებისგან მოვლენილი უბედურება. ესეთ ბევრნაირად დაწყლულებულ საქართველოს შემოესწრნენ გულმოწყალე პატრები და როგორც ლმობიერათა დედათ, ყოველნაირი გულშემატკივრობა და შემწეობა აღმოუჩინეს. ქრისტიანებრივის სიყვარულით გამსჭვალულთ, მაღალის ზნით და გონებით შემკულთ და მოყვასის სიყვარულით გატაცებულთ, რა ნახეს ერთი მშვენიერი ქართველი ერი ეგოდენ მრავალნაირი უბედურებით შეჭირვებული, მწუხარესთან შესწუხდენ, მტირალთან ცრემლი ღვარეს, ყველას თავს შემოევლნენ და რამდენადაც კაცობრივი ძალა შესწევდათ, ყველას ნუგეში სცეს და ცრემლი მოსწმინდეს? ვინ ჩამოსთვლის მათ აუარებელს ამაგს ჩვენის ქვეყნისთვის! რაოდენი ტყვე დაიხსნეს, თუ გაყიდულნი და თუ გასაყიდნი: რამდენი ქართველი სიკვდილს გადაარჩინეს, რამდენი სისხლის ღვრა შეაჩერეს, რაოდენი მგელი კრავად აქციეს, რაოდენი შური, მტრობა და ძმის მკვლელობა მოსპეს და აღმოფხრეს, რამდენნი სნეულნი გაჰკურნეს, რამდენ გაჭირვებულს უშველეს და ცრემლი მოსწმინდეს? ვინ განსაზღვრავს მათ მიერ რჩევას, სწავლასა და დარიგებას, რომელსაც აძლევდენ ყველას, მეფითა და ეპისკოპოსებით დაწყებული, ვიდრე უკანასკნელ მონა-გლეხამდე? ვინ გაითვალისწინებს, თუ რა ყოვლადის უანგარობით სცდილობდენ ქართველის გულში ჩაენერგათ გრძნობა მამულის სიყვარულისა, მისის ერთგულებისა, ესწავლებინათ, რომ მისი წმიდა მოვალეობა იყო შეერთებულის ძალით მტრისაგან დაეფარა ქრისტიანე სამეფო! მათის ამაგის სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ხოლო საკმაოა ვთქვათ, რომ ლათინის მოძღვრები იყვნენ საქართველოში, როგორც მისნი ერთგული ნამდვილნი შვილნი და ეპყრობოდენ ქართველ ერს, როგორც დიდად გულდამწვარი მამა და ძმა: ცდილობდენ მისთვის აეცილებინათ ყველანაირი უბედურება და მოეპოვებინათ მისთვის ყველა გვარი სიკეთე თუ ნივთიერი და თუ გონებრივი, თუ საწუთრო და თუ სამარადისო. ამ თავიანთი სურვილის განსახორციელებლად იგინი არ ერიდებოდენ არავითარ შეწუხებას, ყველაფერს თავზე ღებულობდენ და ბევრ გზისაც თავიანთ სიცოცხლესაც მსხვერპლად სწირავდენ.
პატრების ეს მრავალგვარი სიკეთე და თავის განწირულება ჩვენთა წინაპართა საკმაოდ სცნეს და ჯეროვნადაც დააფასეს: კიდეც იმიტომ გაიხადეს ისინი თავიანთ ერთგულ მეგობრებად და მამებად; გულმოდგინებით უსმენდენ მათ რჩევას, ხშირად მათ სარწმუნოებასაც ღებულობდენ; მათ უწოდებდნენ ღვთის კაცებს და უსაზღვროდ ენდობოდენ.
აი ამისა და თუ სხვა მიზეზების გამო ეს საუკუნე პატრების წყალობით დიდად ყურადსაღები შეიქმნა საქართველოსთვის.
შენიშვნები
18. ეს გაკათოლიკებული მაკარიოზი პატრიარქია, რომლის შესახებ უკვე წინა თავში ვილაპარაკეთ.
19. თავრეზში მყოფი კაპუცინების უფროსი იყო და საქმეების გამო ტფილისს მოსულიყო.
20. სხვა კაფუცინები კათალიკოსს მეფის ძმად რაცხავენ.
21. მორჩილი ძმა.
22. ეპისკოპოსი ფრანგი და პაპის ელჩად გაგზავნილი შაჰთან.









 

Комментариев нет:

Отправить комментарий