среда, 31 октября 2018 г.

ჰომეროსი: ილიადა – ქება IX–XVI

ქება მეცხრე. ელჩობა
ასე იცავდნენ თავს ტროელნი, ხოლო აქაველთ
ძრწოლა შეუდგათ – მოცახცახე ლტოლვის მეგზური,
სულს უწეწავდა მამაცთ დარდი აუტანელი.
თითქოს ქარები აღელვებენ ლურჯ ზღვას თევზმრავალს,
5 ბორეასი და ზეფიროსი, თრაკიის მხრიდან
გამოქროლილნი. უცბად ზვირთი ჩაშავებული
აიბურცება, მიემსხვრევა წინწკლებად ნაპირს.
ასე აქაველთ სულიც მკერდქვეშ იფლითებოდა.
აგამენონი მწუხარებით გულგანგმირული
10 მიმოდიოდა, აგზავნიდა მჟღერხმიან მაცნეთ,
რომ ბჭობად ეხმოთ ბელადები, ოღონდაც ჩუმად
და სახელდებით. მბრძანებელი ბევრს თვით ეახლა.
დაღონებულნი ისხდნენ... ადგა აგამენონი,
ცრემლი სდიოდა, ვით მთის ნაკადს – შავი ტალღები,
15 ციცაბო კლდიდან რომ მოჰყვება და მოემსხვრევა.
გმინვა აღმოხდა და მიმართა გმირმა არგიველთ:
„ბრძენნო ბელადნო, მბრძანებელნო არგიველთანო!
დაიდმა ზევსმა გარდუვალი ვნება მარგუნა.
თითქოს აღმითქვა სასწაულით შინ დაბრუნება
20 დამაქცევარად ბჭემაღალი ილიონისა.
მიმუხთლა! ახლა მაიძულებს არგოსს გაქცევას
სახელგატეხილს და ამდენი ხალხის დამღუპველს!
უეჭველია, ასე ნებავს ზევსს ყოვლისშემძლეს.
მან მრავალ ქალაქს დაულეწა კოშკი მაღალი,
25 კვლავაც დალეწავს, ზღვარი არ აქვს მის ძლიერებას.
ახლა მისმინეთ, რასაც გეტყვით, ის აღასრულეთ:
უნდა გავიქცეთ, დავუბრუნდეთ სანუკვარ მამულს,
ჩვენ ვერ დავაქცევთ ტროას ფართოქონგურებიანს!“
ასე ამბობდა. ღრმა დუმილმა მოიცვა ყველა.
30 სულდათრგუნვილნი უხმოდ ისხდნენ აქაველთ ძენი.
ბოლოს წარმოთქვა დიომედემ კეთილშობილმა:
„ატრევსის ძეო! არ მივიღებ სიტყვას უგუნურს,
კრებაზე ასე ხდება ხოლმე და ნუღარ გიკვირს.
ხალხის წინაშე მიწუნებდი ამასინებზე
35 შენ მამაცობას, მიწოდებდი მხდალს და ცუდ მებრძოლს,
მაგრამ არგიველთ, ყრმას თუ ჭარმაგს, ეს არ ეშლება!
მხოლოდ ერთი რამ მოგანიჭა ცბიერმა ზევსმა –
მამაცთა შორის გერგო კვერთხი ძალაუფლების,
არა სიმტკიცე – უმაღლესი უფლება კაცთა!
40 ბეჩავო, ნუთუ მართლა გჯერა, რომ აქაველნი
შენ რომ გგონია, მართლა ისე უძლურები ვართ?
აგრე მხურვალედ თუ გწყურია ლტოლვა, ინებე!
გზა გახსნილია, ზღვასთან ყველა გემი მზადა დგას,
ასე მრავლად რომ მოაქროლე შენ მიკენიდან.
45 აქ დარჩებიან თმახუჭუჭა სხვა აქაველნი,
სანამდის ტროას დააქცევენ! იქნებ სხვებსაც სურთ?
სხვაც მოგყვეს თუნდაც საყვარელი სამშობლოსაკენ!
მე და სთენელოს იქ ვიბრძოლებთ, სანამ არ ვნახავთ
ტროის აღსასრულს! მჯერა, ღმერთი ჩვენ შეგვეწევა!“
50 ასე წარმოთქვა და ყიჟინა დასცეს აქაველთ,
გმირის მხნე სიტყვა აოცებდათ, ცხენთა მხედვნელის.
ბოლოს წამოდგა და მხედარმა ნესტორმა ბრძანა:
„ტიდევსის ძეო, ვით ბრძოლაში ხარ უმტკიცესი,
ისე ბჭობაში თანატოლებს ერჩევი სიბრძნით.
55 ვინცა ვინ არის აქაველი, შენს აზრს ვერ დაგმობს,
ხმასაც ვერ დაძრავს, მაგრამ არ თქვი ბოლომდე მაინც.
ჯერ ჭაბუკი ხარ, უეჭველად ძედ მერგებოდი,
ძედ უმრწემესად. მაგრამ მუდამ ამბობ გონივრულს
არგიველთ შორსი და მეტყველებ სამართლიანად.
60 აწ კი სიბერით მოქადული მე ვიტყვი სიტყვას,
ბოლომდე ვიტყვი შენს წინაშე და ვერვინ დაგმობს
ჩემს ნათქვამს, ვერც თვით მბრძანებელი აგამენონი.
მხოლოდ უკეთურს, უთვისტომოს და უსახლკაროს
უყვარს სისხლისღვრა, დამღუპველი კაცთა მოდგმისა!
65 აწ გვმართებს ღამეს მორჩილ ვექმნეთ შავად ჩამომდგარს,
ჯარმა ივახშმოს, გუშაგები კი გამოვიდნენ
გალავნის გარეთ და განლაგდნენ გათხრილ სანგართან.
ჭაბუკთ მივანდოთ საქმე ეგე. შემდეგ გამართე,
ატრიდო, რაკი მბრძანებელთ მბრძანებელი ხარ,
70 უხუცესთათვის ლხინი: გმართებს და ძალგიძს კიდეც.
ბევრი გაქვს ღვინო: აქაველებს თრაკიელთაგან
ყოველდღე ზღვიდან ხომალდებით შემოაქვთ ხოლმე.
ყველას მოუხმე, მბრძანებელო ხალხთა მრავალთა!
მეინახეთა მრავალთ შორის მას მოუსმინე,
75 ვინც უკეთ გირჩევს. აქაველებს სჭირდება ახლა
კეთილი სიტყვა – მტერი ლამის ზედ მოგვდგომია
და სწვავს ხომალდებს. ვის ჰგვრის შვებას ამის შეხედვა?
ამაღამდელი ღამე მოგვსპობს, ან იხსნის ლაშქარს!“
თქვა და უსმინეს გულისყურით, დაემორჩილნენ.
80 ღამის გუშაგთა დასს წარუძღვნენ აბჯარასხმულნი
ძე ნესტორისი – თრასიმედე, ლაშქართა მწყემსი,
ასკალაფოს და იალმენოს – არესის ძენი,
მხნე მერიონე, აფარევვსი, დეიპოროსი,
კრეიონტის ძე ლიკომედე, მძლე, ღვთაებრივი.
85 შვიდ მოყმეს მოჰყვნენ გუშაგები, თითოს ას-ასი,
ლაღად მოსდევნდნენ ჭაბუკები შუბშემართულნი.
მივიდნენ, დასხდნენ სანგარსა და გალავნის შუა,
ცეცხლი დაანთეს და სავახშმოდ იწყეს მზადება.
ატრიდმა უხმო აქაველთა ლაშქრის უხუცესთ
90 კარავში, ლხინი შესთავაზა გულის საამო.
მირთმეულ ნუგბარს გაუწვდინეს ხელი გმირებმა
და როს დაიცხრეს მათ შიმშილი სმითა და ჭამით,
თავდაპირველად წამოიწყო ნესტორმა სიტყვა,
ადრეც რომ მუდამ აზრის სიღრმით იყო რჩეული.
95 ასე ამბობდა და ურჩევდა ბრძენი მოხუცი:
„კაცთა მეუფევ აგამენონ, სახელმორჭმულო!
შენით დავიწყებ და შენითვე მოვრჩები სათქმელს:
მრავალი ხალხის ხელმწიფე ხარ, ზევსმა გარგუნა
კვერთხი, კანონ, სჭრი სამართალს, ხალხს აძლევ რჩევას.
100 შენ გევალება სიტყვის თქმაც და სიტყვის მოსმენაც,
უკეთუ კეთილს გეტყვის ვინმე გულის კარნახით,
მისი სრულყოფაც, თუნდაც შენ არ გევალებოდეს.
ახლა გაუწყებთ, რაც მოგინია დღეს უკეთესი.
იმაზე კარგი აზრი ფიქრად არვის მოუვა,
105 რაც გულში მიდევს აქამომდე სწორედ იმ დღიდან,
როცა შენ, მეფევ ღვთაებრივო, ბრისეს ასული
ძალით წაგლიჯე გმირ აქილევსს, რისხვით ანთებულს,
არ დაგვიჯერე! აგამენონ, რა არა ვცადე,
რომ ეს არ გექნა! მაგრამ გძლია სულწასულობამ.
110 უმამაცეს გმირს, უკვდავნიც რომ განადიდებენ,
ჯილდო წაჰგვარე, მაგრამ ახლა მაინც, მეფეო,
ერთდ ვიფიქროთ, ვით მოვალბოთ პელიდის გული,
საამო ძვენით, ალერსიან, მეგობრულ სიტყვით“.
მყისვე მიუგო ხალხთა მწყემსმა აგამენონმა:
115 „მოხუცო, მცდარა როდი იტყვი ცოდვათა ჩემთა,
დიახ, შევცოდე! მაგრამ ღირს კი ერთ ხალხის ფასად
ერთი მოკვდავ, ზევსმა გულით ვინც შეიყვარა,
ვინც აღაზევა, ანაცვალა აქაველთ ტომი!
დიახ, შევცოდე, როს მივენდე გულს აღბორგებულს
120 და მზად ვარ თვითონ ვზღა ეს ცოდვა უზომო ძვენით.
აქვე ჩამოვთვლი ჩემს საბოძვარს ყველას წინაშე:
შვიდი სამფეხა, ათიც კიევ ოქროს ტალანტი,
ოცი კარდალა მოლაპლაპე, თორმეტი ცხენი
ფეხმარდი, მძლავრი, მარულაში გამრჯვებული,
125 მართლაც მდიდრულად იცხოვრებდა, გაუჭირვებლად
კაცი, რომელსაც ექნებოდა იმდენი ოქრო,
რამდენიც ჯილდოდ მოიპოვეს ჩემმა ცხენებმა!
ხელგარჯილობით განთქმულ შვიდ ქალს ვუძღვნი უბიწოს,
ლესბოსს პელიდი რომ დაესხა, მაშინ ვიგულე
130 ჩემად ისინი, ქალთა მჯობნი მშვენიერებით.
მე მათთან ერთად დავუბრუნებ, ვინც წამიგვრია –
ბრესის ასულსა, და შევფიცავ დიად ზენაარს –
მის სარეცელზე არ ავსულვარ, არც შევხებივარ,
როგორც სჩვევია მოკვდავთ შორის კაცსა და დიაცს.
135 მიიღებს ამას ყოველივეს და კიდევ, ოდეს
დაგვამხობინებს ღმერთი ტროას პრიამოსისა,
ოქრო-სპილენძით ხომალდები გაავსოს თვისი,
ნახოს, ვით გავჰყოფთ აქაველნი საბრძოლო ნადავლს.
ტროელ ქალთაგან, ვინც გულს უნდა, ის აირჩიოს,
140 ელენეს გარდა, არგიველის, მშვენთა მშვენისა.
თუ მივალთ არგოსს, აქაველთა კეთილ მხარეში,
სიძედ გავიხდი, გავუტოლებ ჭაბუკ ორესტეს,
ერთადერთ ჩემს ძეს, ფუფუნებით შობილს და ნაზარდს.
მშვენიერ სახლში სამი ტურფა ასული ჰყვავის –
145 ქრისოთემისი, ლაოდიკე, იაფიანასა.
გულის საამოდ ვინც ეგულვოს, ძღვენიც არ მინდა,
იეს შეირგოს, წაიყვანოს პელევსის სახლში.
მზითევს კი ისეთს მივცემ, არვის რომ არ ხვდომია.
შვიდს აყვავებულს და ხალხსავსე ქალაქს ვუბოძებ:
150 უხვ კარდამილეს, ამწვანებულს ჰერეს, ენოპეს,
უსაჩინოეს ფერას, ველზე გაშლილ ანთეას,
პედასს, მტევნებით მთლად დახუნძლულს და აიპეას –
ესაზღვრებიან ეს ზღვისპირა ქალაქნი პილოსს,
იქ ცხოვრობს ხალხი საქონლით და ცხვრებით მდიდარი,
155 მას რომ დოვლათით განადიდებს, როგორც ღვთაებას
და კვერთხის მფლობელს გადაუხდის ხარკს აურაცხელს.
ამას ვიქმ ყოველს, შეგვირიგდეს ოღონდაც გმირი!
მხოლოდ ჰადესი არა ცნობს ზავს, მაგრამ ჰადესი
ყველაზე მეტად სძულთ ღმერთებსაც და მოკვდავებსაც.
160 უნდა დამითმოს! მას ეს მართებს: ძალაუფლებით
და ასაკითაც მეტი ვარ და ვამაყობ კიდეც!“
ატრიდს მიგო მყის ნესტორმა გერენიელმა:
„სახელგანთქმულო აგამენონ, ხალხთა მეუფევ!
ძღვენს სათაკილოს არ სთავაზობ ფეხმარდ აქილევსს!
165 მაშ, კარგი, ახლა მოციქულნი გავგზავნოთ ჩქარა,
რჩეულნი გმირნი აქაილევსის კარავს მიადგნენ.
დავასახელებ და იმათგან არც ველი უარს:
წარგზავნილთ გაჰყვეს მეთაურად მხნე ფოინიქსი,
წავიდეს გმირი აიანტიც და ოდისევსი,
170 შიკრიკად ახლდეს ოდიოსი და ევრიბატე.
ხელზე გვასხურეთ წყალი, ვიყოთ მსასოოვარნი,
ჩუმად ვილოცოთ, შეგვიწყალოს ეგების ზევსმა!“
ასე ბრძანა მან ყველასათვის საამო სიტყვა.
ხელზე ასხურეს გმირებს წყალი მაცნეთ უმალვე,
175 თასნი პირთამდე შავი ღვინით მოყმეთ აავსეს,
მიართვეს ყველას, დაჰყვნენ რიგებს მარჯვენა მხრიდან.
წმინდა ზედაშე ასხურეს და მიირთვეს ღვინო
და გაიკრიფნენ მსწრაფლ ატრიდის კარვიდან ელჩნი.
მიჰყვა ნესტორი, რჩევა მისცა და ყოველ მათგანს
180 წამუყო კიდეც, უფრო მეტად – მეფე ოდისევსს,
იღონეთ რამე, ვინძლო ნებას დაგყვეთო გმირი.
უხმოდ გაუდგნენ ხმამრავალი ზღვის სანაპიროს,
ბევრი ილოცეს ქვეყნის მომცველ ღმერთის წინაშე,
პელიდის გულის მოსალბობად რომ შეწეოდა.
185 როს მირმიდონელთ ხომალდებს და კარვებს მიადგნენ,
ნახეს აქილევს, გულს იტკბობდა მჟღერი ფორმინგით;
ნატიფად მორთულ საკრავს ვერცხლის ჯორა შვენოდა.
იგი გმირს ერგო, ეტიონის ციხის დამლეწავს.
სულს იამებდა, უმღეროდა გმირთ დიდებას.
190 მხოლოდ პატროკლე იყო იქვე, ელოდა ჩუმად
ეაკიდს, სანამ მორჩებოდა მისი გალობა.
ამ დროს მივიდნენ. ოდისევსი წინ მიუძღოდა.
გმირის წინ დადგნენ. წამოიჭრა განცვიფრებული
და ფორმინგითურთ გაემართა მათკენ აქილევს.
195 პატროკლეც ადგა, სტუმრებს თვალი როგორც კი მოჰკრა.
მოსულთა მიმართ აქილევსმა კეთილი სალმით:
„მეგობრებს გტხედავთ ჭეშმარითად! გიჭირთ, ეტყობა!..
აქაველთ შორის მაინც ყველას თქვენ მირჩევნიხართ!“
ასე უთხრა და ღვთაებრივმა გმირმა სტუმრები
200 სავარძლებზე და ძოწეულის ფარდაგზე დასვა,
შემდეგ პატროკლეს, მის გვერდით მდგომს, მიმართა ასე:
„დიდი ფიალა, მეგობარო, აქვე მოგვართვი
და ყოველ ჩვენგანს წინ დაუდგი თასი ღვინისა,
ჩემს ჭერქვეშ თავმი მოუყრიათ სასრუველ სტუმრებს!“
205 პატროკლემ სიტყვა შეუსრულა მოძმეს საყვარელს,
თვით კი ხის დაფა დადო იქვე კოცონის შუქზე,
ზედ ხერხემლები დაალაგა თხისა და ცხვრისა,
დაკოდილ ტახის სუკიც დადო ცხიმით მბზინავი.
ავტომენდონტი შეეშველა, პელიდმა დაჭრა
210 ხორცი ნაჭრებად, წამოაცვა შამფურზე შემდეგ.
ამ დროს პატროკელ უფრო მეტად აგზენბდა კოცონს.
როცა მინავლდა ცეცხლი, დაცხრა ღაჟღაშა ალი,
გაჩხრიკა გმირმა ნაკვერჩხლები, შამფური დადო,
წმინდა მარილი მოაყარა, ხორცი ორკაპზე
215 დაატრიალა, შეწვა, შემდეგ შეჰმატა ტაბლას.
პატროკლემ ლამაზ ხონჩით პური შემოიტანა,
თვით მიაწოდა აქილევსმა ნუგბარი სტუმრებს.
შემდეგ ღვთაებრივ ოდისევსის პირისპირ დაჯა.
ღმერთებისადმი ზორვა სთხოვა ძმობილ პატროკლეს.
220 იმანაც ცეცხლში მყის ჩააგდო წმინდა ზვარაკი.
სტუმართ ხელები წაუწვდინეს საზრდოს გემრიელს.
როცა იჯერეს გული ჭამით, მოხუც ფოინიქსს
წამუყო გმირმა აიანტმა. მიხვდა ოდისევს,
თასი აავსო, ხელი ჰკიდა გმირს, მიესალმა:
225 „დღეგრძელი იყავ, აქილევსო! მეგობრულ სუფრას
აქ არაფერი არ აკლია, ატრიდის ჭერქვეშ
რაც იპოვება, აქაც გვალხენს გულის საამოდ,
მაგრამ ამჯერად სანადიმოდ როდი გვაქვს საქმე!
ღმერთშემოსილო! ჩვენ მოველით საზარ განსაცდელს,
230 არ ვიცით, გემებს გადავარჩენთ, თუ არ ჩანს შველა,
სანამ შენ, გმირო, საბრძოლველად ძალას მოიკრებ!
ჩვენს ხომალდებთან ტროელებმა ბანაკი დასცეს
და მათს საშველად შორეთიდან მოსულმა ჯარმა.
კოცონს ანთებენ, ბანაკიდან გვემუქრებიან,
235 რომ ვერაფერი შეაჩერებთ, დაწვავენ გემებს.
ზევსიც მოუვლენს ხოლმე ტროელთ კეთილ სასწაულს,
ელვით ელვარებს! და ჰექტორიც იქადის ძალით,
ზევსის იმედით შმაგობს, სულაც არაფრად აგდებს
არც კაცს და არც ღმერთს საშინელი სიცოფით სავსე.
240 ინატრის: ოღონდ გათნდესო ღვთიური დილა,
უნდა მოგლიჯოს ხვალვე კიჩო ხომალდებისა,
აბობოქრებულ ხანძარს მისცეს გემი და ჩვენ კი
მოგვსპოს საკუთარ ხომალდების კვამლში დამხრჩვალნი.
ო, გული მითრთის, ვაი თუ ეს მუქარა ღმერთმა
245 მას აღუსრულოს და გვარგუნოს ბედმა ტროაში,
შორს ცხნმრავალი არგოსიდან, განადგურება!
ადრე თუ გვიან, აღსდექ გმირო! აქაველთ ძეებს,
ესოდენ ჩაგრულთ, ააცილე ტროელთ სიცოფე!
თვითონ ინანებ, მაგრამ უკვე გვიან იქნება,
250 თუ ბოროტება მოხდა, რაღა გამოასწორებს.
დროით ისაზრე დაღუპვისგან ხსნა დანაელთა!
ო, საყვარელო! განა მამამ არ დაგარიგა,
როცა ფთიდან აგამენონს გაახლა ლაშქრად:
– შვილო, სიმტკიცეს ათენა და ჰერა გიძღვნიან,
255 როს ისრუვებენ, შენ კი გმართებს დათრგუნო მკერდში
ამაყი სული: სათნეობა გერჩიოს მუდამ.
შუღლს მოერიდე, სანამ შეძლებ, რომ კიდევ უფრო
ყრმამ თუ მხცოვანმა შენ გადიდოს არგიველთ შორის.
ასე გითხრა და დაივიწყე... ო, ახლა მაინც
260 დაგიცხრეს რისხვა დამღუპველი! აგამენონი
გიბოძებს მრავალს ძვირფასეულს, თუ დამშვიდდები.
გინდა, მისმინე, ჩამოგითვლი მე ყოველივეს,
რასაც გპირდება აგამენონ ერისმთავარი:
ცეცხლშეუხებელ შვიდ სამფეხა, ათ ოქროს ტალანტს,
265 ოც კარდალასაც მოელვარეს, თორმეტ მარდ მერანს,
მრავალ მარულის მონაწილეს და გამარჯვებულს.
კაცი ნამდვილად ოქრო-ვერცხლით აივსებოდა,
გაუჭირვებლად იცხოვრებდა, თუ იმდენ ჯილდოს
თავს მოუყრიდა, რაც ცხენებმა ატრიდს არგუნეს!
270 შვიდ ქალს უბიწოს გიძღვნის, მარჯვე ხელმოსაქმეებს,
ლესბოსელთ. ოდეს შენ დაამხე ტურფა ლესბოსი,
თვით აირჩია ლამაზთ შორის ულამაზესნი
და მათ დაგითმობს. დაგიბრუნებს მას, ვინც მოგტაცა –
ბრისეს ასულსა. და დიადი ფიცით გაუწყებს,
275 არ ჩასწოლია სარეცელში, არ მოხვევია,
ვით ხდება ხოლმე მამაცთა და დიაცთა შორის.
ახლავ მიიღებ ყოველივეს და კიდევ, როცა
პრიამეს ტროას იავარვყოფთ ღმერთის შეწევნით,
ოქრო-სპილენძით შეგიძლია აავსო გემი.
280 თვით ნახე, როგორ გავყოფთ ნადავლს აქაველები,
თვით აირჩიე ტყვე ქალთაგან ოცი ტროელი,
გარდა არგიველ ელენესი, მშვენთა მშვენისა.
თუ აქაველნი კეთილ არგოსს დავუბრუნდებით,
სიძედ გაგიხდის, შეგიყვარებს როგორც ორესტეს –
285 მხოლოდშობილ ძეს, ფუფუნებით გაზრდილ ყმაწვილკაცს.
მას უცხოდ ნაგებ სასახლეში ქალი ჰყავს სამი:
ქრისოთემისი, ლაოდიკე, ამფიანასა.
რომელიც გსურდეს, გულს რომელიც უფრო გიამებს,
პელევსის სახლში წაიყვანე, გერგება მზითვად,
290 რაც კი არავის მიუცია პატარძლისათვის.
შვიდ ქალაქს მჭიდროდ დასახლებულს მოგცემს სამეფოდ:
ენოპეს, ჰერეს საძოვრიანს, დე კარდამილეს,
ფერეს, ანთეას – თვალუწვდენელ ვაკეზე გაშლილს,
აიპეიას, პედასს – ზვრებით, ვენახით მდიდარს.
295 ყველა ქალაქი ზღვის პირას დგას, პილოსის საზღვრად.
იქ ცხვარ-მრავალი, ჯოგ-მრავალი ხალხი ბინადრობს,
ღმერთივით შენდა სადიდებლად ხარკს აურაცხელს
გადაგიხდიან შენი მეფურ კვერთხის მორჩილნი.
მყის შეასრულებს ნათქვამს, როცა შუღლს შეეშვები.
300 მაგრამ ატრიდი თუ ისევ გძულს და მისი ძღვენიც,
მაშინ სხვა მაინც შეიბრალე, სხვა აქაველნი,
ბანაკში სასოწარკვეთილნი, შეიწრებულნი!
მაშინ, ვით ღმერთი, სპათა შორის მოიხვეჭ სახელს!
სძლევ ჰექტორს, იგი მოგეჭრება, თავს გაუვიდა,
305 ისე მძვინვარებს! ტოლად არ თვლის არცერთ დანაელს,
ამდენი გემით რომ მოსულან მის შესახვედრად!
ასე მოუბარს აქილევსმა უთხრა ფეხმარდმა:
„ლაერტის ძეო, ოდისევსო, ჭკუაულევო!
მინდა გაუწყო გულახდილად, რაც მიფიქრია.
310 სხვა რა ვიღონო, რომ შეწყვიტოთ ფუჭი ჭრიჭინი,
თავს რომ მაბეზრებს, ერთ სითყვას რომ მეორე მოსდევს?
მე მძულს ატრიდი, ვით კარიბჭე ჯოჯოხეთისა;
სულში ერთს მალავს, ხოლო ბაგით მეორეს ამბობს.
პირდაპირ გეტყვით, რაც მგონია ახლა მთავარი:
315 ვერც აგამენონ, დანაელი ვერც სხვა რომელი
გულს ვერ მომილბობს! რა მადლობა ერგო იმ ვაჟკაცს,
ვინც მიწყივ ტროელთ სპას ებრძოდა მკლავმოუღლელი!
ერთი ფასი აქვს თქვენში მხდალსაც და მეომარსაც,
ერთი ფასი აქვს უსულგულოს და ძალგულოვანს,
320 ყველა ერთია – უქმად კვდება, თუ საქმე მოკლავს!
ჯილდოდ რა მერგო საიმისო, რაც იგრძნო გულმა,
როს მიწყივ სული დასაღუპად მემეტებოდა?
ვით ჩიტი თავის ფრთაშეუსხამ, ღინღლიან ბარტყებს
საზრდოს ნისკარტით აძლევს, თავი არ ედარდება,
325 ისე რამდენი გამითენდა უძილო ღამე
და რამდენი დღე დამიღამდა სისხლიან ომში,
როს მამაცურად მტრის ფალანგებს ვერკინებოდი!
გემით მივადექ და თორმეტი ციხე დავლეწე,
ფეხით მივადექ და ავიღე ციხე თერთმეტი,
330 ყოველ ქალაქში ვპოვე განძი აურაცხელი
და რაც მოვხვეჭე, აგამენონს მივართვი ყველა.
ის კი გემებთან იყო ხოლმე, იღებდა ნადავლს,
ბევრს იტოვებდა თავისთვის და ცოტას გასცემდა.
რაც გასცა ჯილდო, ყველა გმირს და ყველა თემისთავს
335 შერჩა აქამდე. მხოლოდ მე ერთს აქაველთ შორის
წამგვარა ქალი სანუკვარი. დღეს მისით ტკბება
ავხორცი მეფე! რად ებრძვიან მტერს არგიველნი?
რისთვის შეკრიბა ეს მხედრობა აგამენონმა?
ლამაზთმიანი ელენესთვის შეკრიბა განა?
340 ნუთუ ცოლები უცოდველნი მიწიერთ შორის
მხოლოდ ატრევსის ძეებს უყვართ? ქველი ვაჟაცი
ყველა თავისას უფრთხილდება და თავს ევლება.
მეც ხომ მიყვარდა, იარაღით თუმც მოვიპოვე!
იგი წამგლიჯა მან ხელიდან და მომატყუა!
345 იმედი ნუ აქვს, ახლა ვიცნობ, ვეღარ შემაცდენს!
დე შენთან ერთად, ლაერტიდო, და სხვებთან ერთად
იფიქროს, როგორ ააცდინოს გემებს ხანძარი.
მან ხომ უჩემოდ მართლაც ბევრი რამ გააკეთა:
ააგო მტკიცე გალავანი, გაჭრა სანგარიც
350 ფართო სანგარი, პალოებიც ჩაარჭო შიგნით.
მაგრამ ყოველი ამაოა, ჰექტორის ძალას ვერ შეაკავებს!
სანამ ვიყავ აქაველებთან.
გმირი ჰექტორი ციხის ბურჯებს ვერ სცილდებოდა,
სკაიას ბჭესთან და მუხასთან იბრძოდა მხოლოდ.
355 ერთხელ იქ შემხვდა და ჩემს რისხვას ძლივს გადაურჩა.
აწ აღარა მსურს შერკინება ღვთიურ ჰექტორთან.
ხვალ ზევსს მივუძღვნი და სხვა უკვდავ ღვთაებებს ზვარაკს,
გემებს დავტვირთავ, ჩავაცურებ მყისვე ტალღებზე
და ხვალვე, თუკი სურვილი გაქვს და ეს გაწუხებს,
360 სისხამ დილაზე ნახავ როგორ გაიჭრებიან
ჩემი გემები თევზმრავალი ჰელესპონტიდან.
თუ ბედნიერ გზას დამილოცავს მიწისმრყეველი,
მესამე დღესვე ბორცვებიან ფთიას ვეწვევი.
იქ საკმაოა, რაც დავტოვე ტროას მოსულმა,
365 და აქედანაც ბევრი მიმაქვს ოქრო, სპილენძი,
რკინაც, დიაცნით მიმყვებიან წელქამრიანნი.
მიმაქვს, რაც მერგო, ოღონდ ერთი განძის საამო
შერჩა მბრძანებელ აგამენონს, ჩემს შემგინებელს!
აუწყეთ, რასაც გეუბნებით, ყველას წინაშე
370 ამცნეთ ყოველი! და სხვებიც, ვით მე, განრისხდნენ,
თუკი ეცდება რომელიმე დანაელ ვაჟკაცს
კვლავ შეუგინოს პირისწყალი მარდის ურცხვმა!
თუმცა ძაღლივით თავხედია, ვერც გამიბედავს
თვალი მსწოროს! არც სიტყვა მსურს მისი, არც საქმე!
375 რაკი ვერაგმა ერთხელ შეძლო ჩემი შერცხვენა,
მეორედ სიტყვით ვერ შემბორკავს, კმარა, გამცილდეს!
როგორ წაართვა ჭკუა ზევსმა ღრუბელთბატონმა!
მძულს მისი განძიც და თვითონაც არაფრად მიღირს!
მან რომ ათმაგი ან ოცმაგიც შემომთავაზოს,
380 რამდენიც დღს აქვს და რამდენსაც კიდევ მოიხვეჭს,
მომცეს ყოველი, ორქომენში, ეგვიპტელთ თებეს
რაც ინახება უთვალავი განძი ქალაქის,
რომესა ასი ბჭე აქვს, თითოდან ორას-ორასი
მხეარი ეტლით, მარდ ცხენებით გამოდის ხოლმე.
385 მომცეს იმდენიც, რაც მიწაზე ქვიშა ჰფენია –
ვერ მომიბრუნებს გულს ამითაც აგამენონი,
სულის ამომგდებ ბოღმას სანამ არ გამიქარწყლებს.
მე არ დავისვამ ცოლად ასულს თემისთავისა,
თუნდაც მშვენებით აფროდიტეს ედავებოდეს
390 და ხელოვნებით თვალმცეცხლია ქალღმერთ ათენას,
არა, არ მინდა! დე მოძებნოს სხვა აქაველი,
ვინც მას შეჰფერის, მეფურ ძალით ჩემზე მაღლა დგას.
თუკი ღმერთები დამინდობენ, შინ დავბრუნდები,
იქ გამირიგებს კეთილშობილ ქალწულს პელევსი.
395 ბევრი ქალია ჰელადაში, ლამაზ ფთიაში,
ციხე-ქალაქთა და ქვეყნებსი მეფეთ ასული,
მე შევიყვარებ რომელიმეს იმ ქალთა შორის!
ო, გულს სწყურია კეთილშობილს საყვარელ ქალთან
წმინდა კავშირი საქორწინო, მთელი ცხოვრება
400 მინდ ვიკმარო მონახვეჭი მოხუც პელევსის.
სიცოცხლეს რაღა შეედრება! – არც ეს სიმდიდრე,
რითაც ჰყვაოდა ილიონ გალაღებული,
მშვიდობიან დროს, აქაველთა შემოსევამდე,
არც განძი, სალი კდლის კამარა რომ ეფარება
405 პითოსს, სხივოსან აპოლონის დიად ტაძარში!
შეიძენ ყოველს: ხარებს, ცხოვარს ვერცხლისმატყლიანს,
მშვენიერ ცხენებს დარახტულეს, ოქროს სამფეხებს,
მაგრამ სულს როდი დაიბრუნებ, სულს ვერ მოიხვეჭ,
ვეღარ დაიჭერ, თუ ბაგიდან ერთხელ გაფრინდა.
410 დედამ ვერცხლისფერმუხლიანმა მაუწყა ასე:
ორი რამ ხვედრი მიმაცილებს საფლავის ზღურბლთან:
თუ დავყოვნდები ტროელთ ციხის დასალეწავად,
შინ ვეღარ წავალ, სახელი კი ჩემი დარჩება,
თუ დავბრუნდები შინ, ვეწვევი საყვარელ მამულს,
415 სახელს ვერ ვპოვებ, სიცოცხლეს კი გავიხანგრძლივებ
და არ მეწვევა ავბედითი სიკვდილი ადრე.
ამასვე გირჩევთ ყველა თქვენგანს, შინ გაემგზავრეთ,
ვერ მოეწსრებით იავარქმნას ილიონისა!
შორით მქუხარმა კრონიონმა, ღრუბელთბატონმა
420 მფარველი ხელი დააფარა, ხალხს ძალა მისცა.
უკან დაბრუნდით, გადაეცით ყველა აქაველს,
ვით გმართებთ ელჩებს, გარუვალი ჩემი პასუხი.
დაე, თვითონვე უმჯობესი რამ მოიფიქრონ,
რომ იხსნან გემნი და ძლეული სპა აქაველთა იმ გემთა გვერდით.
425 ხოლო რაცა აქამდე გსურდათ,
ის არ მოხდება, ჩემი რისხვა გარდუვალია!
აქ დარჩეს ჩვენთან ფოინიქსი და სამშობლოსკენ
წამოგვყვეს სწრაფი ხომალდებით სისხამ დილაზე,
თუკი ისურვეს, – სრულებითაც არ ვატან ძალას“.
430 ასე ბრძანა და ხანგრძლივ დუმილს ზარდაცემული
მიეცა ყველა: გულმრისხანედ ბრძანებდა იგი.
ბოლოს წარმოთქვა ფოინიქსმა ცრემლმორეულმა,
ჭაღარა გმირი თრთოდა გემთა დაღუპვის შიშით:
„თუ გულში გიდევს, აქილევსო, შინ დაბრუნება
435 და სულაც არ გსურს ჩვენს ხომალდებს ცეცხლი შთანთქმელი
რომ ააშორო, გულში რისხვა ჩაგბუდებია,
შვილო ძვირფასო, როგორ დავრჩე აქ მე უშენოდ?
ერთად გაგვიშვა ჩვენ მოხუცმა გმირმა პელევსმა,
როცა ფთიიდან გაგაყოლა ატრიდის ლაშქარს.
440 ჭაბუკო, მაშინ იყავ ომში გამოუცდელი
და საფიხვნოზეც, სად დიდებას იხვეჭნენ კაცნი.
მწვერთნელად გამოგყევ, რომ საბჭოზე გებრწყინა მუდამ
მჭევრმეტყველებით, მოქმედებით – ყოველ საქმეში.
არა, უშენოდ, საყვარელო შვილო, არ ძალმიძს
445 დარჩენა, თუნდაც ყოვლისშემძლე ღმერთმა ინებოს
სიბერის ნაცვლად მიძღვნას სიტკბო სიყმაწვილისა,
წლები, ელადა რაც დავტოვე ქალმშვენიერი,
როს მამის, მოხუც ამინტორის, რისხვას გავექეც –
ორმენიდისა, თმამშვენიერ ქალქულის გამო.
450 მისდამი ვნება ცოლს – დედაჩემს აჰყრიდა პატივს.
მუხლთ მომეხვია, შემევედრა, მამაზე ადრე
ქალწულს შევრთვოდი, რომ მოხუცი შესძულებოდა.
ასეც მოვიქეც. მამაჩემმა შენიშნა მალე,
დამწყევლა, საზარ ერინებს ევედრა, დიაცს
455 აღარასოდეს ღირსებოდა ჩასმა კალათში
ჩემგან შობილ ძის. შეუსრულეს თხოვნა ღმერთებმა –
ქვეშეთის ზევსმა, პერსეფონემ მარად უწყალომ.
რისხვით აღვენთე, მსურდა რვალით მომეკლა მამა,
დამაშოშმინეს უკვდავებმა, გულს ჩამინერგეს,
460 რომ კაცთა შორის ჭორს და სირცხვილს ვერ ავცდებოდი,
თუ აქაველნი მიწოდებდნენ მშობელ მამის მკვლელს.
აუტანელი გახდა ჩემთვის სევდა-ნაღველი,
დაბოღმილ მამის გვერდით მიწყივ სახლში წრიალი.
მეგობრები და ახლობლები სულ გარს მეხვივნენ,
465 მევედრებოდნენ ერთსულოვნად, შინ ვყოფილიყავ.
მრავალი ცხვარი და მრავალი ხარი დაკლული,
ქონით მბზინავი ღორი უხვად იყო ეზოში,
გამოტანილი შესაწვავად ჰეფესტოს ალზე.
ბლომად მოხუცის დოქებიდან შეისვა ღვინო.
470 ცხრა ღამეს ჩემთან ათენებდნენ სულ გადაბმულად,
გუშგებს ცვლიდნენ და წამითაც არა ქრებოდა
ცეცხლი ეზოში, გალავანი რომ ერტყა მტკიცე
და შინაც – ჩემი სამთიობოს კარებთან ახლოს.
ხოლო მეათ ბნელი ღამე როცა დამიდგა,
475 სამთიობოში ოსტატურად ჩაბმული კარი
გამოვამტვრიე, გადავევლე მაღალ გალავანს,
ვერც ქალმა მნახა შინაურმა, ვერც ვინ გუშგმა.
გადავიქროლე ვრცელი ვაკე ელადის მხარის,
ფთიას ვეწვია, მთაგორიან მშობელს მერანთა,
480 პირდაპირ – პელევსს. მან კეთილად მიმიღო მაშინ
და შემიყვარა, მოხუც მამას ვით უყვარს პირმშო,
გვიან შობილი და დიდძალი განძის მემკვიდრე.
მიბოძა ბევრი სიმდიდრე და ხალხი მრავალი.
დოლოპთ ვმეფობდი და ვცხოვრობდი ფთიის მხარეში.
485 შენ იქ აღგზარდე, აქილევსო, უკვდავთ სადარო!
გულით მიყვარდი და შენც სხვას არ ეკარებოდი
სტუმართა შორის, ის კი არა, არ ჭამდი სახლშიც,
სანამ მუხლზე არ დაგისვამდი, მოვჭრიდი ნაჭერს,
ბაგესთან ფრთხილად მოგადებდი ღვინის ფიალას.
490 რამდენჯერ მკერდთან დამისველე კიდეც ქიტონი,
მოუქნელ ყმაწვილს მაჭარი რომ დაგექცეოდა.
ბევრი ზრუნვა და ბევრი შრომა შემხვდა შენს გამო.
ვფიქრობდი, რაკი არ მარგუნეს შვილი ღმერთებმა,
ძედ შენ მყოლოდი, ო, აქილევს, ღმერთთა სადარო!
495 ვფიქრობდი, შენვე უღირს ბედსაც ამაცილებდი!
დაიცხრე გული, შვილო ჩემო, არ მართებს მამაცს,
თვით უთნო იყოს, თუკი ღმერთიც კი ხდება სათნო –
ჩვენზე დიდებით, ძლიერებით უზესთაესი!
ღმერთსაც მორჩილი აღთქმით, ზორვით, გუნდრუკის კმევით,
500 წმინდა ზედაშით გულს მოულბობს ხოლმე მლოცველი,
თუმც მის წინაშე ცოდვილია და დამნაშავე.
ლიტები – ზევსის ასულები, დაღარულები,
ელამ თვალებს რომ აცა-ბაცად ახამხამებენ,
მიწყივ მზრუნველნი გულისწყრომას – ატეს – კვალდაკვალ
505 მისდევენ, მაგრამ ფეხმარდია, ჩამოუქროლებს,
ყველასთან ასწრებს ამა ქვეყანად და სწყლავს კაცთა ტომს,
ხოლო ლიტები – ლოცვის ღმერთნი ჰკურნავენ მოწყლულს.
ვინც ზევსის ასულთ ღირსეულად მიეგებება,
შველასაც ჰპოვებს და მის ლოცვას ისმენენ ღმერთნი.
510 თუ გულღრძო ვინმე არ მიღებს, კრონიონ ზევსთან
მყის მიირბენენ, შესჩივლებენ, გულისწყრომა კი
თან მისდევს ცოდვილს და ღირსეულს სასჯელს მიაგებს.
უზღე, აქილევს, რაც ეკუთვნის კრონიდის ასულთ,
რასაც ისურვებს სული ყველა კეთილი კაცის!
515 რომ არ ეძლია ახლანდელი და მერმინდელი
ესოდენ ბევრი ძღვენი ატრიდს, ბოღმას დამღუპველს
აღარ დახსნოდა, არც მე გთხოვდი რისხვის დაცხრომას,
არგიველთ დაცვას, თუმც სწყურიათ შეწევნა შენი!
მრავალს იძლევა და შემდეგშიც გპირდება მრავალს,
520 მდაბალი თხოვნით სახელგანთქმულ გმირებს გაახლებს,
რჩეულ არგიველთ, უსაყვარლესთ შენთვის ესოდენ.
აბუჩად ნურც მათს სიტყვას იგდებ, ნურც მათ ვედრებას.
სამართლიანად მრისხანებდი, უფლებაც გქონდა.
ბევრი გვსმენია ჩვენ თქმულება ძველ გმირებზედაც,
525 რისვა მხურვალე ედებოდა ხოლმე მათს სულსაც,
მაგრამ ტბილ სიტყვით მოლბებოდნენ და მოსაკითხით.
მახსოვს მე ერთიც, არ ახალი, ძველი ამბავი,
მინდა გიამბოთ, მეგობრებო, თუ როგორ მოხდა:
იბრძოდნენ ერთხელ კურეტნი და ეტოლიელნი,
530 შეებნენ ერთურთს კალიდონის მისადგომებთან.
ეტოლიელნი მათს საყვარელ ქალაქს იცავდნენ,
ხოლო კურეტებს სურდათ ბრძოლით დაემხოთ ციხე.
არტემის, ოქროსტახტიანი, განრისხებია
ოინევსს, მას რომ ნაყოფიერ ბაღიდან ძღვენი არ მიუცია.
535 ჰეკატომბე უძღვნა სხვა ღმერთებს,
მას არ შესწირა მსხვერპლი, დიად კრონიდის ასულს
არ ისურვა თუ არ ახსოვდა, დიდად შესცოდა.
მრისხანე ღმერთის წულმა, მშვილდით გალაღებულმა,
თეთრეშვიანი შმაგი ტახი მყისვე მიუშვა,
540 დათარეშობდა ოინევსის ბაღში ნადირი.
ერთი-მეორეს მიაწვინა, ძირფესვიანად
ამოუთხარა ტანმაღალი ვაშლი, ხეხილი.
ბოლოს ის მოკლა მელეაგროს ოინეიდმა,
მოუხმო ციხით მონადირეთ, მრავალ მწევრითურთ.
545 ისეთი იყო, მცირე ძალით ძვრასვ ვერ უზამდნენ,
მრავალი მოყმე სავალალო კოცონს შეერთო.
სასტიკი შუღლი მის გარშემო ატეხა ღმერთმა,
ჯაგრით დაფარულ ტყავის, თეთრი ეშვების ეშხით
ერთურთს შეებნენ კურეტნი და ეტოლიელნი.
550 სანამ თან ჰყავდათ ეტოელიელთ მელეაგროსი,
კურეტებს ერთობ გაუჭირდათ, აღარ შეეძლოთ
გალავნის გარეთ ბრძოლა, თუმც კი არ აკლდათ ძალა.
მაგრამ ამ დროს გმირ მელეაგროსს რისხვა მოედო,
საზრიან კაცსაც მკერდში გულს რომ უფორიაქებს.
555 ძვირფას დედაზე დაიბოღმა – ალთაიეზე.
მიუწვა ლამაზ კლეოპატრეს – ცოლს, ევენინეს
მეუღლის, მსუბუქფეხებიანმარპესეს ასულს
და იდეოსის, იმდროინდელ მამაცი გმირის.
თვით ისრისმფლობელ ფოიბოსზე მას აღუმართავს
560 მშვილდი ფეხნატიფ ნიმფას გამო და იმ დროიდან
მშობელმა მამამ, ღირსეულმა დედამ უწოდეს
ასულს სახელად ალკიონე, რამეთუ დედა
იზიარებდა ხვედრს ტანჯული ალკიონისა,
მას დასტიროდა დღენიადაგ, ღმრთის წარტაცებულს.
565 იწვა თვის ცოლთან, სულის შემძვრელ რისხვით აღსავსე,
გამძვინვარებულ დედის წყევლით: იგი ხომ ღმერთებს
თხოვდა, რომ შური მიძიეთო მოკლული ძმისთვის.
ხშირად შმაგქმნილი მიწას სცემდა ხელებს გოდებით,
საშინელ ჰადესს, პერსეფონეს ევედრებოდა,
570 მუხლზე რომ ეჯდა, მკერდს ურწყავდ ცხარე ცრემლებით –
ჩემს შვილს სიკვდილი არგუნეთო! და ბნელში მქროლავს
ესმა ერინისს ერებოსში გოდება გულღრძოს.
მალე ჭრიალი და გრუხუნი გაიღო ბჭემან,
მტრისგან ძლეულმან. ეტოლიელთ შესარიგებლად
575 გმირს მიუგზავნეს ღმრთის რჩეულნი მოგვნი სვიანნი,
ჯილდოც აღუთქვეს, ოღონდ ეხსნა მოყმეს ლაშქარი.
რაც კი რამ იყო კალიდონზე საუკეთესო –
ორმოცდაათი ქცევა მიწა მას მიუჩინეს.
აირჩიეო ნახევარი ვენახიანი,
580 ნახევარი კი სულ ყამირი გაუტეხელი.
ევედრებოდა მას მოხუცი მამა ოინევს,
თივთონ ეახლა სამთიობოს მაღალ პარმაღთან,
აკაკუნებდა კარზე, თხოვდა დაბეჯითებით.
ევედრებოდნენ დები, დედა ევედრებოდა.
585 მაგრამ სულ უფრო უარობდა, თხოვდნენ მოძმენიც,
ყველაზე მეტად ვინც უყვარდა და პატივს სცემდა.
გული ვერაფრით მოუბრუნეს, სანამ საწოლი
არ შეარყია მტერთა დარტყმამ. კოშკში შეიჭრნენ
მძლე კურეტები და აღაგზნეს ცეცხლით ქალაქი.
590 მაშინ წამოდგა ნორჩი ცოლი მელეგროსის,
ქვითინით მოყმეს ამცნო ყველა უბედურება,
დაპყრობილ ქალაქს რაც მოელის და მოქალაქეთ:
კაცებს ჩეხავენ, მოსდებია ცეცხლი მთელ ქალაქს,
ლამაზქამრიან ქალებს, ბალღებს წაასხამენო.
595 სული აენთო, როს სცნო გმირმა საქმე საზარი,
ინება გასვლა, შეიმოსა ელვარე აბჯრით
და განაშორა დამღუპველი დღე ეტოლიელთ.
გულისთქმას აჰყვა, თუმც წინასწარ არ მიუღია
ჯილდო მრავალი. ვაებისგან იხსნა ქალაქი.
600 შენ ასეთი რამ არ იფიქრო, გულ დაიმონს
არ დაუმონო! დამღუპველი იქნება უფრო
ხომალდთა დახსნა ხანძრისაგან!
ბრძოლად ძვენთათვის
აღსდეგ და, ვით ღმერთს, გადიდებენ აქაველები!
605 ვერ ჰპოვებ სახელს, თუმც გადასწყვეტ შედეგს ბრძოლისა!“
მყისვე ფეხმარდმა აქილევსმა მიუგო მოხუცს:
„ფოინიქს, მამი! ღვთაებრივო! არა მჭირდება
მე ეს დიდება, მჯერა, ზევსი მომაგებს პატივს
და ეს შემრჩება სპათა წინაშე, სანამდის სუნთქვა
610 დამივლის მკერდში და იძვრიან მძლავრი ფეხები.
ერთ რამეს გეტყვი და, მოხუცო, გულს ჩაიმარხე:
სულს ნუღარ მიმღვრევ, ვედრებით და ოხვრა-გოდებით
აგამენონის საამებლად! ის არ გიყვარდეს
ისე, რომ ვისაც შენ უყვარხარ, შესძულდე, გმირო!
615 შენ კაცი იგი შემიგინე, ვინც შემაგინა!
(მო, ჩემთან ერთად მოილხინე მეფურ პატივით).
პასუხს ესენი მიუტანენ, შენ კი აქ დარჩი,
ფაფუკ საწოლზე მოისვენე. ხვალ, სისხამ დილით,
ერთად ვიფიქროთ, შინ გავწიოთ, თუ დავრჩეთ აქვე“
620 თქვა და პატროკლეს მეყსეულად გმირმა წამუყო:
გაუმზადეო სარეცელი, სურდა, რომ სტუმრებს
დროზე ეფიქრათ გაბრუნება. მძლე აიანტმა,
ტელამონიდმა ღვთაებრივმა მიმართა მოყმეთ:
„ლაერტის ძეო ოდისევსო, ჭკუა ულევო!
625 დროა, წავიდეთ.
ვხედავ ამ გზით სასურველ შედეგს
ვეღარ მივაღწევთ. მალე უნდა ვუთხრათ პასუხი
დანაელთ, თუმცა, სასიკეთოს ვერაფერს ვეტყვით.
გველოდებიან, სხედან სპანი. ხოლო პელიდმა
გულს ჩაინერგა სიამაყე ზღვარს გადასული!
630 სასტიკს არაფრად ჩაუგდია თვით მეგობარიც,
მას მთელს ბანაკში ყველასაგან რომ გამოვარჩევდით,
გულქვას, უგრძნობელს!
ძმაც კი იღებს მოკლული ძმისთვის,
მამა-შვილისთვის გამოსასყიდს და ამ დროს მკვლელი
ხალხში თავსა გრძნობს არხეინად, თუ განძს გაიღებს.
635 საზღოს მიმღები შურისმგებელ სულს და ამაყ გულს
დააცხრობს ხოლმე. მაგრამ ღმერთმა შენ უბოლოო
რისხვით აგინთო გული მხოლოდ ერთი ქალისთვის!
ჩვენ ხომ შვიდს გაძლევთ – უკეთესებს უკეთესთ შორის,
სხვა მრავალ ძღვენსაც! შეიმოსე სიკეთით სული!
640 შენს კარავს მაინც სცემდე პატივს: ჭერქვეშ გეწვიეთ
დანაელთ ელჩნი! შენგან ველით აქაველთ შორის
ყველაზე უფრო მხარდაჭერას და მეგობრობას!
მყისვე ფეხმარდმა აქილევსმა მიუგო მოყმეს:
„ტელეამონის ძევს იანტო, კეთილშობილო!
645 შენ გულით ამბობ, ვგრძნობ, ყველაფერს, მაგრამ, მამაცო,
რისხვა შემიძრავს სულს, როგორც კი გამახსენდება,
ვით შემიგინა პირისწყალი არგიველთ შორის
ატრიდმა, თითქოს ვინმე ბილწი ბოგანო ვიყო!
უკან დაბრუნდით, თქვენს გამომგზავნს ასე აუწყეთ:
650 გულში ფიქრადაც არ გავივლებ, კვლავ ვღვარო სისხლი,
სანამ ჰექტორი ღვთაებრივი, აბჯარასხმული
არ მოადგება მირმიდონელ კარვებს, ხომალდებს,
როს დაწვავს გემებს არგიველთა და მოსპობს ლაშქარს.
აქ კი, კარავთან, ჩემს შავფერდა ხომალდთან იგი,
655 რაც უნდა დიდად მძვინვარებდეს, ვფიქრობ, დაცხრება!“
თქვა და აიღეს უხმოდ თასი ორფსკერიანი,
ასხურეს ღვინო. ოდისევსი გაუძღვა ელჩებს.
ამ დროს პატროკლემ მონა ქალებს და თვისთა მოძმეთ
უბრძანა, მალე ფოინიქსის რბილი საწოლი
660 გაეწყოთ. მათაც გაუშალეს მოხუცს მორჩილად
ვერძის საწყმისი და საბანი უნაზეს სელის.
იქ მოისვენა, ელოდა რა ნათელ განთიადს.
აქილევს დაწვა ურდულგაყრილ კარავის შიგნით.
მიუწვა გვერდით ლესბოსელი ფორბასის ქალი,
665 ლამაზღაწვება დიომედა, ტყვექმნილი მისგან.
იქით პატროკლე ისვენებდა და გვერდით ეწვა
იფისი, ქალი ტანკენარი. იგი პელიდმა
უძღვნა, როს დასცა ენიევსის ციხე სკიროსი.
როცა მიადგნენ ელჩნი კარავს აგამენონის,
670 აქაველთ ძენი შეეგებნენ ოქროს თასებით,
მოყმეთ ერთურთის მიყოლებით ეკითხებოდნენ.
პირველმა ბრძანა თემისთავმა აგამენონმა:
„მძლეო ოდისევს, აქაველთა დიდებავ, ბრძანე,
ისურვებს გმირი აგვაცილოს შთანთქმელი ალი,
675 თუ კვლავ გაგვიდგა, ამაყ სულში იმარხავს მტრობას?“
ასე მიუგო ოდისევსმა მრავალტანჯულმა:
„დიდებით მშვენო აგამენონ, ხალხთ მეუფევ!
არ სურს დააცხროს მტრობა, ძველი მრისხანებით დუღს,
კვლავ სძულხარ, გმირი უარს ამბობს შენს საბოძვარზე.
680 შენ და არგიველთ რჩევას გაძლევთ, ამ უბედურ ჟამს,
თუ ვით დაიცვათ გემები და სპა განწირული.
თვით იმუქრება, უკვე ხვალვე, გამთენიისას,
ორმხრივხოფიან გემებს ზღვაში ჩავაცურებო.
გმირს განუზრახავს სახლში წასვლა ურჩიოს სხვასაც:
685 ვერასდროს, უთქვამს, აღსასრულს ვერ მოვესწრებითო
ილიონისა. დააფარა მეხისმტყორცნელმა
მფარველი ხელი, ამაღლდაო სიმტკიცე ხალხის.
ასე მოგვიგო. თანამგზავრნიც ამას გეტყვიან –
აიანტი და ორივ მაცნე, ორივ ჭკვიანი.
690 ფოინიქსი კი იქვე დარჩა, პელიდმა ბრძანა –
ხვალ გამყვებაო სანუკვარი მამულისაკენ.
მაგრამ თუ არ სურს, გმირი მოხუცს ძალას არ ატანს“.
ასე ამბობდა. ღრმა დუმილმა მოიცვა ყველა
ზარდაცემული: სასტიკ სიტყვას ამბობდა იგი.
695 ხმა არ გაიღეს დიდხანს დარდით დანაელებმა.
კეთილშობილმა დიომედემ წარმოთქვა ბოლოს:
„მძლეო ატრიდო აგამენონ, ხალხთა მეუფევ!
ჯობდა არ გეთქვა გულზვიადი აქილევსისთვის,
არც შეგეძლია ძღვენი: იგი, ისეც ამაყი,
700 ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაამაყდება!
მოვეშვათ პელიდს, დარჩეს იგი, სამშობლოსაკენ
წავა თუ არა, ცხადია, რომ ბრძოლად გამოვა.
თავის გულისთქმით, თუ ეს უნდა ღმერთს ყოვლისშემძლეს.
მისმინეთ და, რაც გითხრათ, კვერი დამიკრას ყველამ:
705 ხამს დავისვენოთ, მანამ უნდა ვიმაგროთ გული
პურ-ღვინით, ღვინოს სიმხნევეც და სიმტკიცეც მოსდევს.
ხვალ კი, ეოსი რომ იელვებს ვარდისთითება,
მხედარნი გემთა წინ გააწყვე და სპაც ქვეითი,
გული აღუგზნე, შეუერთდი მეწინავეებს!“
710 ასე თქვა და მხნედ ყველა მეფემ დასცა ყიჟინა,
გაოცებულმა დიომედეს გაბედულ სიტყვით.
ბოლოს ასხურეს ზედაშე და თავის კარვებში
ძილისშორისის საჩუქრებით დატკბნენ მოყმენი.

ქება მეათე. დოლონია
თავ-თავის გემთან კეთილშობილ ყველა აქაველს
კეთილი ძალით ძლელს მთელი ღამე ეძინა,
მაგრამ ხალხის მწყემსს აგამენონს, მართლმორჭმულ ატრიდს
არ უგემნია ტკბილი ძილი ფიქრმოძალებულს.
5 ვით ელავს ელვა ლამაზთმიან ჰერა დედოფლის,
აშხაპუნებდა თქორი, მავნე სეტყვა ტკაცუნებს,
გადაათეთრებს თოვლით ველებს შმაგი ქარბუქი,
ან კაცთამჟლეტი ომი საზარ ხახას დააბჩენს, –
ისე გორგავდა აგამენონ, გულის სიღრმიდან
10 მტანჯველი დარდი მოხეთქავდა, თრთოდა ნაწლევი,
ოდეს ხედავდა ტროელთ ბანაკს. გმირს აოცებდა
ილიონის წინ მოგიზგიზე ურიცხვი ცეცხლი,
ხმა სალამურთა, ხორხოცი და გნიასი ხალხის.
ხოლო აქაველთ ბანაკის და გემთა შემყურე
15 თმებს ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა და ხელს აღაპყრობდა
ზევსისკენ, მწარედ უკვნესოდა ამაყი გული.
ბოლოს ეს აზრი მოეჩვენა საუკეთესოდ:
ენახა ნესტორ, ნელევსის ძე, რომ მასთან ერთად
მსწრაფლ მოეწვია საბჭო, რამე აზრს დასდგომოდნენ
20 დანაელთ ლაშქრის დაღუპვისგან გადასარჩენად.
ადგა ჩაიცვა აჩქარებით გმირმა ქიტონი,
ქათქათა ფეხზე შემოიწნა ლამაზი წუღა,
მხრებზე მოისხა ლომის დიდი, მწითური ტყავი,
ვეება, ქედით – კოჭებამდე, შუბი აიღო.
25 იშითვე თრთოდა მენელაოს და მის თვალებსაც
არ მიეკარა რული: ვახ-თუ უბედურება
ელისო ლაშარს, უნაპირო ზღვით რომ მოვიდა
ტროის მხარეში და ჩაება აბეზარ ომში.
30 ავაზის ტყავი, ჩამოიმხო ჩაჩქანი თავზე
რვალმოელვარე, შუბი იპყრა ხელთ წამახული
და გაემართა, რომ აღეგზნო ძმა, არგიველთა
ხელისუფალი უმაღლესი, ღმერთის სადარი,
გემის კიჩოსთან დიდებული საჭურვლით მოსილ
35 ძმას შეხვდა, მისთვის ეს სტუმრობა საამო იყო.
უმალ მიმართა მძლე მებრძოლმა მენელაოსმა:
”რად აღჭურვილხარ ასე, ჩემო ძვირფასო ძმაო,
გსურს განა ტროელთ გაუგზავნო ვინმე მსტოვარი?
მე ვაღიარებ, მეშინია, ვინმემ ეს საქმე
40 თვით არ ითავოს და თამამი გულის პატრონი
ღამის წყვდიადში არ წავიდეს მზვერავად მარტო“.
ჰქვა და მიუგო კაცთ მეუფე აგამენონმა:
„გვჭირდება რჩევა, მენელაოს ღმერთშემოსილო,
რომელსაც ძალუძს დაიცვას და გადაარჩინოს
45 არგიველთ გემნი. შეიცვალა ზევსის გულისთქმა:
ჰექტორისაკენ მიდრკა მისი სული მოწყალე!
არცა მინახავს, არც მსნენია, რომ მარტოსულმა
ერთ დღეს ამდენი სასწაული საქმე აკეთოს,
რაც დააწია აქაველებს გმირმა ჰექტორმა,
50 თუმც არც ქალღმერთის ძე ბრძანდება და არცა ღმერთის.
მაგრამ რაც შეძლო, არგიველნი ივიშვიშებენ
იმაზე დიდხანს, სპას ისეთი დღე დაათენა!
წადი, მოუხმე აიანტს და გმირ იდომენევსს,
გემისკენ გასწი, მე ნელევსის ღვთაებრივ ძესთან
55 თვით წავალ და ვთხოვ ადგეს. ეგებ ინებოს კიდეც
გუშაგთა ნახვა, რომ უბრძანოს სიფხიზლე ღამით.
მას ხომ მორჩილად მოუსმენენ, გუშაგთ უფროსობს
მისი ძე, იქვე ჰყავს მეაბჯრე იდომენევსის,
მხნე მერიონე. მათ მივანდეთ ბანაკის დაცვა“.
60 ომახიანმა ჰკითხა ბელადს მენელაოსმა:
„მე რას მიბრძანებ, აგამენონ, რას დამავალებ?
დავრჩე იმათთან და შენს მოსვლას ველოდო განა,
თუ კვლავ ვიჩქარო, როცა რჩევას მივცემ მეომრებს?“
კვლავ მენელაოსს უთხრა მეფე აგამენონმა:
65 „იქ დარჩი, ვინძლო ერთმანეთი სულ არ აგვებნეს
ამ ხეტიალში – ბევრი გზაა ფართო ბანაკში.
სადაც კი მიხვალ, რჩევა მიეც, რომ ფრთხილად იყონ,
მამის სახელით, გვარ-ტომობით მიმართე მებრძოლთ,
რიდით მოეპყარ, არავისთან არ იყოყოჩო.
70 ჩვენც სხვებთან ერთად გავისარჯოთ, ეს გვერგო ბედად!
ზევსმა მის შობილთ დაგვატეხა თავს გასაჭირი!“
ასე თქვა, ჭკუა დაარიგა და ძმა გაუშვა.
თვითონ წავიდა სწრაფად მოხუც ნესტორისაკენ.
შავ გემთან ნახა, თავისსავე კარვის პირდაპირ,
75 რბილ ქვეშაგებზე იწვა, ჰქონდა თან საჭურველი –
ფარი ბაკმული, ორი შუბი, ელვარე ზუჩი,
ჭრელი სარტყელიც იქვე ეგდო, ჯერ კიდევ გმირი
წელზე ირტყამდა ხოლმე, ლაშქარს რომ მოუძღოდა,
არ ნებდებოდა, არ უხრიდან ჯერ ქედს სიბერეს.
80 იდაყვს დაეყრდნო, სარეცლიდან წამოიწია
და ატრევსის ძეს შეეკითხა გმირი ხმამაღლა:
„ვინა ხარ? რას დაძრწი გემთა შორის ღამის წყვდიადში,
მებრძოლთ ბანაკში მარტოდმარტო, როს სძინავს ყველას?
მეგობარს ეძებ, თუ გაქცეულ ჯორს გაეკიდე?
85 რას გსურს? ხმა გამეც, ჩუმად ნუკი მოიპარები!“
მყისვე მიუგო მამაც მეფეს აგამენონმა:
„ნელეიადო ნესტორ, ბურჯო დანაელების!
შენ ხედავ ატრიდ აგამენონს, რომელსაც ზევსმა
არგუნა ჯაფა უსასრულო, სანამდის მკერდში
90 შთენია სუნთქვა და ლასლასი ფეხს შეეძლება.
ჰო, ასე დავძრწი, ჩემთა თვალთა არ ატკბობს ძილი,
თავში სულ ფიქრი მიტრიალებს აქაველთ ბედზე,
შიში გულს მიკლავს, აღარ შემწევს ძალა, სიმტკიცე
რომ შემრჩეს სულის, გული უკვე აღარ მიდგება
95 აწ საგულეში, მიცახცახებს, მითრთის მუხლები!
თუ რამეს ფიქრობ, – ვხედავ, ძილი არ გეკარება, –
ადექ, მივიდეთ გუშაგებთან, ვინ იცის, შრომით
ყველას დააწყდა სახსრები და ძილს მისცემია,
დავიწყებია საგუშაგო საფათერაკო.
100 მტერი ახლოა გულზვიადი და ჩვენ არ ვიცით,
ღამის წყვდიადში თავდასხმა ხომ არ გვემუქრება“.
უთხრა ნესტორმა, მხნე მხედარმა გერენიელმა:
„ძლევით მოსილო აგამენონ, ხალხთა მეუფევ!
ჰექტორს განზრახვას ახლა ზევსი წინამბჭობელი
105 არ შეასრულებს, როგორც ზვიად ვაჟკაცს ჰგონია,
მასაც დალახვრავს უფრო მეტად, როს აქილევსი
გულს მოიბრუნებს წრესგადასულ მრისხანებისგან.
მე მიხარია შენ გეახლო, სხვაც გავაღვიძოთ –
ტიდიდი – გმირი შუბოსანი და ოდისევსი,
110 მერე ფეხმარდი აიანტიც, ძეც ფილევსისა,
ვინმემ იჩქაროს და მოუხმოს კრებად აიანტს,
მებრძოლს ღვთაებრივს და თემისთვის იდომენევსსაც,
მათი გემების სადგომი ხომ არ არის ახლოს.
ხოლო საყვარელ ჩემს მეგობარს, გმირ მენელაოსს
115 ვერ ვაპატიებ, გინდ გეწყინოს, მე მაინც გეტყვი, –
მხართეძოზე წევს, გაიძულებს მარტო იშრომო!
თვითონაც სხვებთან ერთად ახლა ოფლს უნდა ღვრიდეს,
სხვებს სთხოვდეს კიდეც, აღარ ითმენს აწ ვითარება!“
ნესტორს მიუგო კვლავ ბელადმა აგამენონმა:
120 „მოხუცო, გირჩევ, საყვედური მისი თქვა სხვა დროს:
ზანტია ხშირად, თითქოს, შრომას გაურბის კიდეც,
მაგრამ სიზანტით ეს როდი სჭირს, ან უმეცრებით.
მუდამ მე მიცდის, ჩემგან ელის საქმის დაწყებას.
ახლა დამასწრო, ადგა, მყისვე მოვიდა ჩემთან.
125 გავუშვი, რათა უხმოს გმირებს, ვინც შენ ახსენე.
ვიჩქაროთ, ვიცი, მათ მივუსწრებთ ახლა გოდოლთან,
გუშაგთა რაზმთან ერთად, ვბრძანე მე იქ შეკრება“.
ატრიდს მიუგო კვლავ მხედარმა გერენიელმა.
„ო, თუ აგრეა, არგიველი ვინ რაღას ჰკადრებს,
130 ყველა მოუსმენს, რასაც ბრძანებს, რასაც აკრძალავს“.
ასე თქვა, მკერდზე მყის მოისხა ფართო ქიტონი,
ფეხზე შეიკრა მშვენიერი წაღები შემდეგ,
მოისხა მხრებზე ორხაული, ფათოდხვეული
ძოწის ქლაინა, აქარგული, ხაოიანი.
135 ხელი ჩაავლო შუბს, წამახულს ბასრი სპილენძით,
გასცდა სპილენძისქიტონიან აქაველთ გემებს.
გამოაღვიძა ოდისევსი თავდაპირველად
მაღლივ მყვირალმა მხნე მხედარმა გერენიელმა,
უმალვე მისწვდა ლაერტიდის სულს ხმა ნესტორის.
140 კარვიდან სწრაფად გამოსულმა ბელადებს უთხრა:
„ნეტავ, რას დახვალთ გემთა შორის ღამის წყვდიადში,
მარტოდ-მარტონი? გარდუვალი რა საქმე გაჩნდა?“
მყისვე მიუგო გმირს ნესტორმა გერენიელმა:
„ლაერტის ძეო, მძლე ოდისევს ჭკუაულევო!
145 ნუ წყრები! გაჩნდა მართლაც საქმე უცილობელი!
მოგვყევ და სხვებიც გავაღვიძოთ, ახლავე ყველამ
ხამს გადავწყვიტოთ, ვიბრძოლოთ, თუ გაქცევა გვმართებს!“
მყისვე შებრუნდა ოდისევსი ჭკუაულევი,
მხარზე მოიგდო უმალ ფარი და გმირებს გაჰყვა.
150 ნახეს ტიდიდი დიომედე, აბჯარასხმული
დაწოლილიყო კარვიდანს შორის.
თანამებრძოლთაც იქვე ეძინათ, თავთით ფარი დაედოთ, შუბი
ტარით ჩაერჭოთ და სპილენძი შორს ციალებდა
ღამის წყვდიადში, როგორც ელვა მამა ზევსისა.
155 მებრძოლთ შუაში ქვეშაგებად ტიდიდს დაეგო
ველური ხარის ტყავი, თავქვეშ – ხალი ბრწყინვალე.
ახლოს მივიდა, აღვიძებდა გერენიელი,
ფეხიც კი წაჰკრ, აყვედრიდა დაურიდებლად:
„ტიდევსის ძეო, არხეინად მთელ ღამეს გძინავს,
160 დაგვიწყებია, რომ დაიპყრეს ტროელთ ზეგანი,
გემთან მოგვადგნენ, ვიწრო ზოლი გვყოფს ერთურთისგან?“
ასე თქვა. გმირი სარეცლიდან წამოხტა მყისვე,
მოხუცს მიმართა საპასუხოდ ფრთიანი სიტყვით:
„მოუსვენარო, თავს არასდროს ანებებ შრომას!
165 განა არა გყავს აქაველი შენზე უმცროსი,
რომ შეჰფეროდეს რიგრიგობით ჩვენი თავმოყრა,
ბანაკში ძებნა? დაუღლელი ვინმე ხარ მართლაც!“
მიუგო მოყმეს მხნე მხედარმა გერენიელმა:
„სამართლიანად, გონივრულად ამბობ, ძვირფასო.
170 შვილებიცა მყავს, მეომრებიც გარს მახვევიან,
შემეძლო სხვებიც მომეგზავნა თქვენს შესაკრებად.
მაგრამ სასტიკი ხვედრი ელის ახლა აქაველთ:
მახვილის წვერზე აწერია სპას ბედისწერა –
ან სამარცხვინოდ დამარცხება, ან გადარჩენა!
175 გასწი ფილევსის ძესთან ახლავ, მარდ აიანტთან
მოიხმე: შენ ხომ უმცროსიც ხარ და გეცოდები!“
მყისვე მოისხა ამ სიტყვაზე ყრმამ ლომის ტყავი,
მწითური, თხემით – კოჭებამდე, შუბს სტაცა ხელი.
სწრაფად წავიდა, გააღვიძა, უხმო ბელადებს.
180 როს მიაღწიეს ღამის გუშაგთ ერთად თავმოყრილთ,
მათს წინამძღოლებს, ნახეს, როდი დაეწყოთ თვლემა,
ფხიზლადვე ისხდნენ, აღჭურვილნი, აბჯარასხმულნი.
ნაგაზები რომ დარაჯობენ ცხვრებს მოუსვენრად,
სურს რომ იკრავენ დამშეული, ძლიერ ტყიურის,
185 ატყდება ხოლმე მოდარაჯე კაცთა და ძაღლთა
განგაში მხეცის დასაფრთხობად. სადღაა ძილი!
აქაველთ თვალზე გამქრალიყო ძილი საამო,
მრისხანე ღამის მზირნი წყვდიადს თვალს უშტერებდნენ,
ვაი-თუ ველზე მოდიანო ტროლეთ რაზმები.
190 ხლისით შეხვდა მათ მოხუცი, წასაქეზებლად
(გულმხიარულად მიაგება ფრთიანი სიტყვა):
„ასე იფხიზლეთ, საყვარელო შვილებო, ნურვინ
იფიქრებს ძილზე, არ ვახაროთ მტერი ჩვენზედა!“
ასე თქვა. სანგარს გადაევლო, მიჰყვნენ მეფენი
195 არგიველთანი, ვინც კი იყო ბჭობად მოსული.
ახლდნენ მერიონ და განთქმული ძე ნესტორისი
ისინიც თურმე თემისათვის მოუწვევიათ.
სანგარი განვლეს გალავნის წინ ღრმად ამოთხრილი,
მინდორს მიადგნენ, სად არ იყო გვამების გროვა,
200 სად ჰექტორს აღარ უჟლეტია სპა არგიველთა,
რომელნიც მხოლოდ შავმა ღამემ გადაარჩინა.
იმ ველზე დასხდნენ და მიმართეს ერთმენეთს სიტყვით,
კეთილი რჩევა პილოსელმა ნესტორმა ბრძანა:
„ვინმეს ხომ არ სურს, მეგობრებო, მხნე გულს მიენდოს
205 და მიაღწიოს სულზვიადთა ტროელთა ბანაკს?
ვინძლო შემოხვდეს მტერს, გარე-გარ მოხეტიალეს,
ან მოისმინოს საუბარი ტროელ ბელადთა:
რა გადაწყვიტეს, მოშორებით ილიონიდან
რჩებიან ისევ ხომალდებთან, თუ ქალაქისკენ
210 ფიქრობენ წასვლას, თითქოს უკვე სძლიეს აქაველთ?
თუ ეს გაიგო, დაგვიბრუნდა კვლავ უვნებელიც,
დიდება ელის ცისქვეშეთში, დიდი სახელი
მოკვდავთა შორის, საამაყო ჯილდოც ძვირფასი!
ვინცა-ვინ არის მეთაური ნავ-ხომალდების,
215 ვინცა-ვინ არის, დაბრუნებულს შავ ცხვარს აჩუქებს,
ჩვილი კრავითურთ – რა სჯობია ასეთ საბოძვარს!
გაინაწილებს მუდამ ზეიმს და ლხინს მეგობრულს“.
ასე თქვა. არვინ უპასუხა. დუმდნენ ყველანი.
პირველმა ბრძანა დიომედემ ომახიანმა:
220 „ნესტორ! მიმიწევს გული, მიხმობს სული მამცი,
რომ მტრის ბანაკში შევაღწიო, შორს როდი არის.
მაგრამ მეორეც თუ ისურვებს ვინმე წამოსვლას,
მეტი სიმხნევე მელის, მეტიც მხიარულება.
ორი რომ მიდის, ერთიც ფიქრობს, ფიქრობს მეორეც –
225 საქმეს რა უფრო წაადგება. ჭკუა ერთსაც აქვს,
მაგრამ ზანტია ერთის აზრი, სულის მხნეობა“.
ასე ამბობდა და მოსურნეც გამოჩნდა ბევრი:
ორთავ აიანტს წასვლა სურდა, არესის მსახურთ,
სურდა მერიონს, სურდა მამაც ნესტორის ძესაც,
230 სურდა შუბოსან მენელაოსს – ატრიდს თმისთავს,
სურდა ოდისევს ჩუმად შესვლა ტროელთ ბანაკში.
მუდამ საფრთხისკენ მიუწევდა გული ლაერტიდს.
მაგრამ წამოდგა ხალხთა მეფე აგამენონი:
„ტიდევსის ძეო დიომედევ, უსაყვარლესო,
235 თვით აირჩიე, ვინც გენებოს და ვინც გგონია
უმამაცესი, ხომ ხედავ, რომ სწყურია მრავალს.
გულის ნადები აქაო-და არ გამიგონო,
კარგს ნუ დათმობ და ცუდს ნუ იხმობ ამა საქმისთვის,
გვარ-ტომს ნუ მისდევ, მეფე იყოს თუნდ მეფეთ შორის!“
240 ასე თქვა. ბედი აშინებდა მენელაოსის.
ისევ მიუგო დიომედემ ომახიანმა:
„თუკი იბრძანებთ, მეგობარი თვით ავირჩიო,
ოდისევსს როგორ დავივიწყებ ღმერთების რჩეულ?
არვინ ასეთი გულითადი არ მეგულება.
245 მტკიცეა ჭირშიც და შრომაშიც, უყვარს ათენას!
თუ წამყვა, ცეცხლსაც გადავლახავთ გავარვარებულს,
ისე მრავალ ხრიკს იტევს ხოლმე მისი გონება“.
თქვა ოდისევსმა, ღვთაებრივმა მრავალტანჯულმა:
„ტრიდიდო, ძლიერ ნუკი მაქებ და ნურც მაძაგებ,
250 მიცნობს არგიველთ ყველა გმირი და თემისთავი.
გვიჯობს გავწიოთ, ღამე გარბის, ახლოა დილა.
შორს მიილივნენ ვარსკვლავები, ორ წილზე მეტი
გზა განვლო ღამემ და მესამე წილიღა დარჩა“.
ასე წარმოთქვა, შეიმოსნენ მტკიცე საჭურვლით,
255 ტიდიდს უბოძა ორლესული რვალის ხანჯალი
მძლე თრასიმედემ (დარჩენოდა გმირს ხმალი გემზე).
ფარიც მიართვა. თავზე ხარის ტყავით დაწნული
ზუჩი დაჰხურა, უკბილო და უბიბილოო.
ასეთი ჩაჩქით იმშვენებენ ხოლმე თავს ყრმები.
260 ოდისევსს მისცა მერიონემ მშვილდიც, კაპარჭიც,
ხმალიც, თავზე კი დაახურა ტყავის ჩაჩქანი,
შიგნიდან მჭიდროდ ამოწნული ხშირი ღვედებით,
გადატკეცილი. ხოლო გარეთ ეკიდა ჩაჩქანს
ტახის ეშვები, აქეთ-იქით მიქანაობდა
265 თეთრ, ლამაზ მწკრივად, გაყოფილი იყო შუაში.
ავტოლიკოსმა ელეონის ციხინდა იგი,
როს ჰორმენიდი ამინტორის სახლი დაამხო,
წაიღო, მისცა სკანდიაში გმირ ამფიდამანტს
კითერიელსა. მან საამო ძღვნად მისცა მოლოსს,
270 ხოლო მოლოსმა – ემრიონეს, მამაც ვაჟიშვილს.
ახლა ამ ზუჩმა დაამშვენა გმირი ოდისევს.
მათ საშინელი საჭურველი მსწრაფლ შეიმოსეს
და გაემართნენ. თავკაცები დატოვეს მარტო.
მათ მოუვლინა სასწაულად ათენამ წერო
275 გზიდან ხელმარჯვნივ. ვერ ხედავდნენ ღამის წყვდიადში
ფრთოსანს გმირები, მაგრამ მჟღერი ყივილი ესმათ.
იხარა ბრძენმა ოდისევსმა, ქალღმერთს შესძახა:
„მისმინე ზევსის მძლე ასულო, შენ მეგულები
შრომაში შემწედ, და ამიტომ შენგან არ ვფარავ,
280 რაც მიფიქრია... იყავ ახლაც კეთილმოწყალე!
კვლავ ხომალდისკენ დაგვაბრუნე ძლევამოსილნი,
ოდეს მოვრჩებით საქმეს, ტროელთ საბედისწეროს!“
ღმერთს შეევედრა დიომედეც, მძლე მეომარი:
„ო, მეც მისმინე, უძლეველო ზევსის ასულო!
285 მეყავ მეგზურად, როგორ ახლდი მამაჩემს ტიდევსს
თებე-ქალაქში. ასოპოსის პირას დასტოვა
გმირმა სპილენძისკვართიანი აქაველები,
რათა კადმოსელთ მოვლენოდა მშვიდობის ცნობით.
გზად კი სასმენად საზარელი რამ ჩაიდინა
290 და შენ, ქალღმერთო, შეეწიე, კეთილმოწყალევ!
ყავ სიყვარული და ბრძოლაში მეოხ-მეყავი!
ფართოშუბლიან და ბრწყინვალე მოზვერს გიზორავ,
ქედფიცხელს, კაცს რომ ჯერაც უღლით არ მოუხრია,
მსხვერპლად შეგწირავ ოქროცურვილ რქით დამშვენებულს“.
295 ასე ილოცეს და უსმინა ღმერთმა პალასმა.
როს დაამთავრეს ღაღადისი, ორივ გაიჭრა,
როგორც ლომები უკუნეთში, სიკვდილის ველზე
გადაიარეს სისხლის გუბე და გვამთა გროვა.
ამ დროს ჰექტორმა ტროელთ ძილის ნება არ დართო.
300 ბჭობად შეკრიბა თავკაცები კეთილშობილნი,
მოუხმო ყველას ერისმთავარს, ბრძენ მოთათბირეს.
და რა შეკრიბა, საზრიანი სიტყვა უბრძანა:
„დიადი განძის საფასურად ვინ დამპირდება
საქმეს მამაცურს? ჯილდოს მართლაც მიიღებს მდიდრულს:
305 ეტლს და ამაყად ქედმორკალულ ფეხმარდ ულაყებს,
მჯობთა უმჯობესთ, რასაც ვნახავთ აქაველთ გემთან,
ვინც კი გაბედავს (ღმერთმა მისცეს დიდების ძალა!)
ღამის წყვდიადში ხომალდების ჩუმად დაზვერვას.
ისევ იქ დგანან დარანდული მძიმე გემები,
310 თუ აქაველნი, ჩვენი ძალით ღონემიხდილნი,
ერთურთს ურჩვენ უკულტოლვას და აღარ ნებავთ
შრომით მაშვრალი გუშაგები ჰყავდეთ ამაღამ?“
ასე ამბობდა, ღრმა დუმილი იყო პასუხად,
ტროელებს ახლდა ვინმე დოლონ, ძე ევმედესი
315 ოქრომრავალი მეომარი, სპილენძმრავალი,
შეუხედავი, თუმც ფეხმარდი. მის მამას, მაცნეს,
ხუთი ასული გარს ეხვია ძე ჰყავდა ერთი.
ტროელთ წინამძღოლს ასე უთხრა მაშინ დოლონმა:
„ჰექტორ, აღმენთო ახლა სული, გული მიმიწევს –
320 ღამის წყვდიადში აქაველთა გემნი დავზვერო.
აღაპყარ კვერთხი, შემომფიცე, იმედი მომეც,
ცხენებს ქედფიცხელს რომ მარგუნებ, რვალით მოოჭვილ
ეტლსაც, ლომგული აქილევსის დამამშვენებელს.
როდი ვიქნები ცრუმაცნე და ამაოდ მთქმელი:
325 თავით ბოლომდე ვნახავ ბანაკს, ვიხილავ გემებს,
აგამენონის ხომალდებსაც, აქაველთ თავკაცთ,
რომელნიც ბჭობენ იომონ, თუ დასტოვონ ბრძოლა“.
ასე თხოვდა და პრიამეს ძემ შემართა კვერთხი:
„ზევსი მყავს მოწმედ, ჰერას ქმარი, რისხვით მქუხარი!
330 არ ამხედრდება სხვა ტროელი პელიდის ცხენზე,
მხოლოდ შენ გელის ეს დიადი პატივ-დიდება!“
თქვა და ამაო ფიცი მისცა გულის აღმგზნები.
გმირმა მოიგდო ბეჭზე მრუდე მშვილდი, კაპარჭი,
მხრებზე რუხი მგლის ბანჯგვლიანი ტყავი მოისხა,
335 ქრცვინის ჩაფხუტი ჩამოიცვა, შემართა შუბი
და გემებისკენ გაუტია, მაგრამ უკანვე
როდი ეწერა კვლავ მოსვლა და ამბის მოტანა.
შორს მოიტოვა ცხენთა რემა და ბრობო მხედართა,
ძნელ გზას დაადგა. მსტოვრის მოსვლა შენიშნა მალე
340 ზევსის შობილმა ოდისევმა და მეგზურს უთხრა:
„ვატყობ, ტროელთა ბანაკიდან მოდის ეს კაცი,
მაგრამ არ ვიცი, ჩვენს ხომალდებს მიერჩის მსტოვრად,
თუ ვისმე გვამის გასაძარცვად მოიძურწება?
მივუშვათ, გვერდზე ჩაგვიაროს გულდანდობილმა,
345 შემდეგ მივეჭრათ და ხელიდან ვეღარ წაგვივა.
იცოდე, როცა შეეცდება ჩვენგან გაქცევას,
უყელე, რომ სულ გემებისკენ ეჭიროს გეზი,
შუბი მრისხანედ მოუღერე, რომ ვერ დაგვისხლტეს“.
ასეც გადაწყდა და გზისპირას, გვამთა გროვასთან
350 ორივე ჩაჯდა. გაურბინა უგნურმა ცხვირწინ.
იმდენზე გასცდა, რამდენსაც ხნულს გაიტანს ჯორი:
მათ ხომ უფრო შორს გააქვთ ხოლმე, ვიდრე ზანტ ხარებს
ერქვანი, ხნულში ღრმად ჩამჯდარი, კულან-მაგარი.
ფეხდაფეხ მიჰყვნენ. ჩქამი ესმა, მყისვე შეჩერდა.
355 გულში გაივლო, ბანაკიდან თუ მომდევენო,
რომ ისევ უკან გამიხმონო ჰექტორის ნებით.
როგორც კი შუბის მისაწევი მანძილი დარჩა,
მყის იცნო მტრები და სილტოლვად მოსწყდა ფეხმარდი.
სწრაფად მდევრები გამოენთნენ მსტოვარს გაქცეულს.
360 როგორც კბილბასრი მისდევს ხოლმე ორი მწევარი
ქურციკს თუ კურდღელს, წამოაგდებს და არ ეშვება,
წარაფის გასწვრივ მიხტის მსხვერპლი წივილ-წივილით,
ასე ტიდიდი და ოდისევს ქალაქთმნგრეველი
ლაშქარს მოწყვეტილს მსტოვარს წამით არ ეშვებოდნენ.
365 როდესაც ლამის აქაველთა გუშაგს წაადგა
ლტოლვილი, ტიდიდს შეაპარა ეჭვი ათენამ,
ვინძლო აქაველს რომელიმეს რვაის კვართიანს
არა რგებოდა წილხვდომილი მისი დიდება.
მსოტვარს ოროლი მოუღერა და შეუყივლა:
370 „დადექ, ტიალო! არ აგცდება ჩემი ხელშუბა
და იმედი მაქვს, ვერ წაუხვალ გარდუვალ სიკვდილს!“
თქვა და გასტყორცნა, მაგრამ განგებ გვერდზე უმიზნა:
მარჯვენა მხართან გაუქროლა ელვარე შუბმა,
მიწას დაერჭო. მოყმე შედგა გახევებული.
375 ბაგეს აუტყდა თრთოლვა, პირში კბილებს – კაწკაწი.
გაფითრდა. მსტოვარს მყის მიეჭრნენ გმირნი ქოშინით
და ხელი სტაცეს. შეღაღადა აცრემლებულმა:
„ო, შემიბრალეთ! გამოსასყიდს მოგცემთ უთვალავს,
სახლში მიყრია ოქრო-ვერცხლი, რკინა, სპილენძი,
380 ვერც კი დაითვლით, მამაჩემი იმდენ განძს მოგცემთ,
თუ ყური მოჰკრა, რომ ცოცხალი აქაველთ ტყვე ვარ“.
პასუხად უთხრა ოდისევსმა ჭკუაულევმა:
„იყუჩე და გულს განაშორე სიკვდილზე ფიქრი.
სჯობს მიპასუხო, ოღონდ მარტო სიმართლე მითხრა:
385 გემებთან ახლოს მარტო რატომ დაეხეტები
ღამის წყვდიადში, როცა ქვეყნად ყველა კაცს სძინავს?
მკვდრების გაძარცვა გინდა, ბრძოლის ველზე რომ წვანან?
იქნებ ჰექტორმა გამოგზავნა, რომ ჩვენ დაგვზვერო,
თუ შენმა გულმა გიკარნახა გემებთან ბრძოლა?“
390 ფერმიხდილ დოლონს მუხლთ უთრთოდა, როცა მიუგო:
„ჰექტორმა ჩემდა სავალალოდ გადამაცდინა,
დამპირდა მტკიცეფლოქვებიან პელიდის ცხენებს,
ეტლს გიბოძებო საუცხოოს, რვალით მოოჭვილს.
მაგრამ მიბრძანა ღამის წყვდიადს შევფარებოდი,
395 თქვენს მტრულ ბანაკთან მოვსულიყავ და დამეზვერა –
ისევ აქ დგანან დარანდული მძიმე გემები,
თუ აქაველნი, ჩვენი ძალით ღონემიცლილნი,
ერთმანეთს ურჩევთ უკულტოლვას და აღარ გნებავთ
შრომით მაშვრალი გუშაგები გყავდეთ ამაღამ“.
400 ღიმილით უთხრა ოდისევსმა ჭკუაულევმა:
„ო, საჩუქარი შენს სულს დიდი მოსურვებია –
პელიდის ცხენნი! სასტიკია მისი ცხენები –
კაცი არ არის, არ უჭირდეს მართვა იმათი,
გარდა დიადი აქილევსის, ქალღმერთის ძისა!
405 ესეც მითხარი, ოღონდ იყოს მხოლოდ სიმართლე:
როს მოდიოდი, სად დატოვე გმირი ჰექტორი?
სადაა მისი საჭურველი, მარდი ცხნები?
სად დგას ტროელთ სპა, სად – ბანაკი, სად – გუშაგები?
რა აზრს დაადგნენ – მტკიცედ თუ აქვთ გადაწყვეტილი,
410 აქვე დარცნენ ქალაქგარეთ, თუ სურთ, ხომალდებს
მოსცილდნენ, თითქოს უკვე დასცეს აქაველები?“
ოდისევსს უთხრა ევმედეს ძემ დოლონმა ისევ:
„გმირო, სიმართლეს მოგახსენებ.
როცა წამოვედ, ჰექტორი დარჩა მოთათბირე თემისთავებთან,
415 მყუდრო ადგილას, სად საფლავი არის ილოსის.
გუშაგებზედაც მკითხე, ბევრი არაფერია,
რომ შეძლონ დაცვა ბანაკისა ან ფხიზლად ყოფნა.
სადაც კოცონი ღვივის, მხოლოდ იქ დგას გუშაგი,
გუშაგი გუშაგს სიფხიზლეს სთხოვს.
ამ დროს შორქვეყნელთ,
420 ტროელთ ქომაგებს არხეინად სძინავთ და ღამით
ბანაკის დაცვას მარტო ტროელ მოყმეთ ანდობენ,
თვით დედაწული ახლო-მახლო რაკი არ ახლავთ“.
კვლავ ჩაეკითხა დოლონს მაშინ გმირი ოდისევს:
„როგორ, ტროელებს შეერივნენ მოკავშირენი,
425 თუ ცალკე სძინავთ? მსურს ვიცოდე, აბა, მითხარი!“
ოდისევსს უთხრა ევმედეს ძემ დოლონმა ისევ:
„გეტყვი ყველაფერს და მოგითხრობ სიმართლეს მხოლოდ.
ზღვასთნ კარიელთ და მშვილდოსან პეონთ რაზმია,
აიქ ლელეგთა, კავკონთა და ღვთიურ პელაზგთა;
430 თიმბრესთან დგანან ლიკიელნი და მისიელნი,
მეონიელთა მხედრობა და სპა ფრიგიელთა...
მაგრამ რად გინდათ, რატომ მკითხავთ წვრილად ყველაფერს?
თუ ორივეს გსურთ შეაღწიოთ ტროელთ ბანაკში,
აგერ კიდეზე ახალმოსულ თრაკიელთ ნახავთ.
435 მათ ახლავთ მეფე რესოს, ვაჟი ეიონევსის.
მინახავს მისი მშვენიერი, ფიცხელი რაშნი,
თოვლზე სპეტაკნი, მარულაში ქარზე სწრაფები.
ოქრო და ვერცხლით მოოჭვილი ეტლი აქვს რესოსს.
თვით შვენის ოქროს საჭურველი, თვალს ვერ უსწორებ!
440 ისეთი მოსავს მშვენიერი აბჯარ-ბექთარი,
რომ კაცს კი არა, უკვდავ ღმერთებს დაამშვენებდა!
ახლა მალემსრბოლ აქაველთა ხომალდს მიმგვარეთ,
ან აქ დამტოვეთ შბორკილი და როცა უკან
მოხვალთ, გმირებო, უეჭველად თვით დარწმუნდებით –
445 სიმართლეს ვამბობ, თუ სიმრუდე ისმინეთ ჩემგან“.
მრისხანედ უთხრა დიომედემ შეუდრეკელმა:
„დოლონ, თუმც ბევრი რამ გვიამბე, გულს არ გაივლო
იმედი ხსნისა, რაკი ახლა ხელთ ჩაგვივარდი!
დღს რომ გაგიშვათ კვლავ ბანაკში თავისუფალი,
450 შენ ისევ მოხვალ აქაველთა სწრაფ ხომალდებთან
დასაზვერავად ან აშკარად შესარკინებლად,
მაგრამ თუ სული ჩემს ხელთა ქვეშ აღმოუტევე,
შემდეგ არგიველთ ვეღარაფერს დააკლებ შენა!“
ასე თქვა.
თრთოლვით რომ შეახო ნიკაპზე ხელი
455 მავედრებელმა, დიომედემ მაშინ აძგერა
ყელში ხანჯალი, გადაუჭრა მყისვე ძარღვები,
ჯერ კდევ მეყტველს დაუხეთქა მიწაზე თავი.
მსტოვარს მოაძვრეს მუზარადი ქრცვინის ტყავისა,
მოქნილი მშვილდი და ვეება შუბი წაჰგლიჯეს
460 და ოდისევსმა ეს ყოველი უძღვნა ათენას,
ხელაღპყრობილმა შეჰღაღადა მხურვალე ლოცვა:
„ზორვა, ღმერთქალო, გიხაროდეს! შენ ოლიმპოზე
მუდამ პირველნი შეგღაღადებთ, ოდეს ვლოცულბოთ!
მიგვყევ თრაკიელთ ცხენ-მხედართა ბანაკისაკენ!“
465 ასე თქვა, შემდეგ საჭურველი მწვანე ჟოლოზე
დადო, ნიშანიც ზედ დაურთო გამოსაჩენი:
ღერო, შტოები მოამტვრიეს მწიფე ჟოლოსი,
რომ შავ ღამეში ამ ადგილს არ ასცილებოდნენ.
გადაიარეს გვამთა გროვა, სისხლის ნაკადი.
470 და თრაკიელთ განაპირა ბანაკს მიადგნენ.
მებრძოლთ ეძინათ შრომის მაშვრალთ და საჭურველი
გვერდით, ლამაზად მოკაზმული ეწყო სამ რიგად
და ყოველ რიგში ჩამდგარიყო წყვილი მერანი.
რესოსს ეძინა შუაგულში, მარდი ცხენები
475 გვერდით ეყენა, საუცხოო ეტლზე მიბმულნი.
პირველად იგი ოდისევმა აჩვენა ტიდიდს:
„აჰა, ეს კაცი, დიომედევ, ჰა, ეს ცხნებიც,
ჩვენ რომ დოლონმა მიგვანიშნა, აწ განგმირულმა.
დაიწყე, ძალა საშინელი წარმოაჩინე,
480 დრო არ გვაქვს ბასრი იარაღით უქმად დგომისა.
ცხენებს მიხედე! ან მტერს დასცხე, სხვა ჩემზე იყოს!“
ტიდიდს შთაბერა თვალმცეცხლია ათენამ ძალა,
ჩეხვა დაიწყო გმირმა, გმინვა გაისმა ირგვლივ,
ხმლით განგმირულთა სისხლმა წითლად შეღება მიწა.
485 ლომი რომ არვეს წააწყდება, ფარას დაუცველს,
თხათა და კრავთა სისხლის მდომი მსწრაფლ დააცხრება, –
ასე თორმეტი თრაკიელის მოსრა ტიდიდმა.
ხოლო იმავ დროს ოდისევსი ჭკუაულევი
გვამებს, აჩეხის ორლესულით ტიდიდის მიერ,
490 ფეხებით სწრაფად დაითრევდა, გვერდზე გაჰქონდა,
რათა ცხენები თრაკიელთ, სქელფაფრიანნი,
თან წაჰყოლოდნენ თვინიერად, არ შემკრთალიყვნენ,
როცა გვამებზე გაივლიდნენ მიუჩვეველნი.
ბოლოს მიადგა დიომედე თვით მძინარ მეფეს
495 და იგი იყო მეცამეტე, ვისაც სიცოცხლე
წარსტაცა. მოყმეს თავს წაადგა სიზმარში ჩაფლულს,
ათნას რჩევით მოსული ძე ოინეიდის.
ერთ მთლიან ფლოქვად ქცეულ ცხენებს ახსნა სადავე
ერთურთს მიაკრა ოდისევსმა, გამოატარა,
500 მშვილდს სცემდა, ფიქრად არ მოსვლია, ჭრელი მათრახი
აეღო მეფის ჩუქურთმებით მორთულ ეტლიდან.
შემდეგ ტიდევსის ძეს ნიშანი მისცა მან სტვენით.
ის კი ფიქრობდა, სამამაცო რა ვქნაო კიდევ:
ეგების ეტლი დავითრიო საჭურველით სავსე,
505 ხელნაზე ვტაცო ხელი, ან მთლად ციმ-ციმ წავიღო,
თუ მეტ თრაკიელს ავართვაო სული მახვილით?
როცა ამ ფიქრში იყო, მაშინ მიუახლოვდა
თვითონ ათენა და მიმართა მძლე დიომედეს:
„გაცლა იფიქრე, ო, ტიდევსის ძევ სულზვიადო!
510 გემს გამოფუღრულს დაუბრუნდი, ვერც კი გააღწევ,
თუ ტროელთ ღმერთი გააღვიძებს, მტრად მოვლენილი“.
ასე უთხრა და მოყმემ იცნო ხმა ქალღმერთისა,
სწრაფა ამხედრდა, ოდისევსი ორსავე მერანს
მშვილდს სცემდა, ცხენნი მიგელავნენ ხომალდებისკენ.
515 ამ დროს მზრუველმა აპოლონმა შორსმოისარმა
შენიშნა, გმირეს რომ თან ახლდა ღმერთი ათენა,
გამწყრალი მყისვე გაექანა ტროელთ ლაშქრისკენ.
იქ გააღვიძა თრაკიელი ჰიპოკოონტი,
მეფე რესოსის ნათსავი.
წამოხტა გმირი,
520 ფერი წაერთვა, რომ შეხედა ცხენების სადგომ
ცარიელ ადგილს, ჯერაც მფეთქავ მებრძოლთ გვამებს.
გმინვით ეძახდა სახელს თავის მოძმეს საყვარელს.
ტროელთ ბანაკში საშინელი განგაში ატყდა.
მოიჭრნენ გმირნი საზარ საქმით გაოცებულნი,
525 გემს შეფარებულ აქაველთა ნამოქმედარით.
როს მიაღწიეს ადგილს, სადაც დასცეს მსტოვარი,
შმაგი ცხენები შეაჩერა მყის ოდისევსმა,
ტიდიდმა ხელში სისხლიანი დავლა აიღო,
მისცა ოდისევსს, კვლავ ამხედრდა, ცხენს აჩქარებდა,
530 მაგრამ მორჩილად მიგელავდნენ გამოფუღრული
გემებისაკენ, იქითკენვე უწევდათ გული.
პირველად ნესტორს შემოესმა თქარუნი და თქვა:
„ო, არგიველთა საყვარელო თემისთავებო!
ვცდები თუ არა, მაინც ვიტყვი, მე გული მიგრძნობს:
535 ფეხმარდ მერანთა თქარა-თქური მოესმა ყურთა.
ნეტავ ლაერტის ძე მოქროდეს, ან დიომედე
ერთ მთლიან ფლოქვად გადაქცეულ ტროელთა ცხენით!
მაგრამ გული თრთის, ახა-ვაი, თუ დაზარალდნენ
ტროელთ ბანაკში არგიველთა მძლე მეომრები!“
540 სიტყვა ბოლომდე არც კი უთქვამს, ამ დროს გამოჩდნენ,
დაიქვეითს. შეეგებნენ აღტაცებულნი.
გაშლილი ხელით, ტკბილი სიტყვით არგიველები.
პირველმა ჰკითხა მათ ნესტორმა გერენიელმა:
„გვამცნე, ოდისევს, აქაველთა ლაშქრის დიდებავ,
545 როგორ ჩაიგდეთ ხელთ ცხენები? განა ტროელებს
შეხვდით ჯიქურად? თუ გზად ღმერთმა გაჩუქათ რაშნი,
მზის ნათელ სხივებს მშვენებით რომ ემსგავსებიან?
ბევრი მინახავს ტროელები, ვიცი, რომ უქმად
არ ვისვენებდი გემების წინ, თუმც ვარ ჭაღარა,
550 მაგრამ ჯერ ასეთ ბედაურებს არ მოვსწრებივარ!
უეჭველია, ღმერთი შეგხვდათ გზად და გიბოძათ!
ორივ უყვარხართ ერთნაირად ზევსს ღრუბელთმარეკს
და ზევსის ასულს, თვალმცეცხლია ქალღმერთ ათნას!“
მიუგო მოხუცს ოდისევსმა ჭკუაულევმა:
555 „ნესტორ, ნელევსის ძევ, აქაველთ ლაშქრის დიდებავ!
ღმერთს, თუ ინებებს, უკეთესი ცხენებიც ძალუძს
გვაჩუქოს, ღმერთი ხომ უსაზღვროდ მძლავრი ბრძანდება!
ჰოდა, მოხუცო, თრაკიელთა რაშნი ბანაკში
მხოლოდ ახლახან გაჩდნენ. მათი მეფე ტიდიდმა
560 მოკლა, დააკლა ზედ თორმეტი თანამებრძოლიც.
ერთიც მოვკალით, მეცამეტე, მსოტვარი გემთან,
იგი ამ ღამით მზირად ჩვენი დიადი ლაშქრის
გამოეგზავნათ ჰექტორსა და სხვა დიდებულებს“.
თქვა და ერთ ფლოქვად ქცეულ ცხენებს თხრილზე გადაჰყვა
565 ამაყი მოყემე, გმირთა დასით გარსშემორტყმული.
მალე მიადგნენ დიომედეს მშვნიერ კარავს,
კოხტად დაჭრილი ღვედებისგან შეკრულ სადავით
თავალას მიაბეს ბედაურნი, სად დიომედეს
ჰყავდა სხვა რაშნიც, ტკბილი პურით ნასაზრდოებნი.
570 ხოლო დოლონის საჭურველი მძლე ოდისევსმა
გემზე წაიღო, შესწირავდნენ ვიდრე ათენას.
შემდეგ ჩაყვინთეს ზღვის ტალღებში, ოფლი და მტვერი
ჩამოირეცხეს წვივებზე და მუხლისთავებზე
და როცა ზღვის წყლით განიწმინდნენ ოფლისგან, მტვრისგან,
575 გამოაცოცხლეს სხეული და გული ხალისით,
ლამაზად გათლილ გობში ტანი კვლავ განიბანეს,
სხეული ზეთით დაიზილეს სურნელოვანით
და სანადიმოდ დასხდნენ. თასით დიად ათენას
ღვინო უსხურეს საზედაშე, თაფლზე უტკბესი.

ქება მეთერთმეტე. აგამენონის გმირობა
ტითონის ტკბილი სარეცელი დათმო ეოსმა,
სხივი საამო მოაფინა მოკვდავთ და უკვდავთ.
ამ დროს ერისი აქაველთა სწრაფსრბოლ გემებთან
საბრძოლო ნიშნით მოავლინა ღრუბელთბატონმა.
5 ბანაკის შუა რომ ეყენა ოდისევსს გემი,
ერისი დადგა ზედ, მისი ხმა რომ მისწვდენოდა
შორეულ კარვებს აიანტის, აქილევსისა,
მრავალხოფიან ხომალდებით სულ განაპირას
აქეთ და იქით მდგომთა თვისი ძალის იმედით.
10 საშინელი ხმით შემოჰკივლა შუღლის ქალღმერთმა
აქაველ მოყმეთ და ყოველთა გულში შთაბერა
ძალა ფიცხელი, კვლა და კვლაცა ომის მსურველი.
ყველას ეტკბილა სისხლისმღვრელი ბრძოლა იმ წამსვე,
ვიდრე ფუღურო ხომალდებით შინ დაბრუნება.
15 ატრიდიც ბრძოლად სარტყლის შეკვრას ხმამაღლივ სთხოვდა
სპას არგიველთა და თვითონაც ისხამდა სპილენძს.
თავდაპირველად მძლავრ ფეხებზე საბარკულები
მჭიდროდ შეიკრა გმირმა ვერცხლის წვივსაკრავებით;
მკერდს დიდებული სამკერდული შემოტმასნოდა,
20 იგი კინირეს მიუცია საძღვნოდ ოდესღც:
ხმა გავარდნილა კვიპროსშიაც, რომ აქაველებს
სურთ ხომალდებით დალაშქრონო ქვეყანა ტროის,
და იმ დღეებში ძვენით მეფე უამებია.
სამკერდულს ათი დაჰყვებოდა ფოლადის ზოლი,
25 თორმეტი ოქროს ხაზი, ოციც – თეთრი ბრპენისა.
კლაკვნით იწევდნენ დრაკონები ზევით, კისრამდე,
სამ-სამნი, მსგავსნი ცისარტყელის, რომელსაც ზევსი
ღრუბელს დააფენს ხოლმე კაცთა გასაოცებლად.
მხარზე აისხა ხმალი, ვადა უელვარებდა
30 ოქროს სამჭავლით, ხმლის ქარქაში ჰქონდა ვერცხლისა
და ოქროს ღვედზე იყო იგი დაკიდებული.
ასწია ყოვლის დამფარველი ვეება ფარი,
ირგვლივ რომ ერტყა ათი სალტე სპილენზ-რვალისა
და გარდიგარდმო ოცი ბრპენის თეთრი კორტოხი,
35 ამოჩრილიყო მათს შუაში შავი ფოლადი,
საზართვალება გორგო ბოლოს ფარს ამშვენებდა,
რომელსაც თან სდევს სილტოლვაც და საშინელებაც.
ვერცხლისა ჰქონდა სახელური ფარს, ზედ დრაკონი
იკლაკნებოდა; ერთმანეთზე გადაეხლართა
40 მას სამი თავი, ამოსული ერთი კისრიდან.
ზუჩი დაიდო, ოთხი ჰქონდა ზედ ოდრიკალი,
ძუის ჯიღაზე ირხეოდა მკაცრი ბიბილო.
ორი ოროლი ხელთ აიღო, რვალით ნაჭედი,
სპილენძის სხივი შორს, ზეცამდე, ულაპლაპებდა.
45 გრგვინვით მაღლიდან ათენა და ქალღმერთი ჰერა
ესალმებოდნენ ოქროუხვი მიკენის მეფეს.
ყოველმა მოყმემ თავის მეაბჯრეს უბრძანა მაშინ
ცხენნი დაეწყოთ და სანგრის წინ მწკრივად ჰყოლოდათ.
თვით კი ქვეითად წინ გაიჭრნენ აბჯარასხმულნი,
50 შუბშემართულნი. საზარელი გნიასი ატყდა,
მხედრებს გაასწრეს და სანგრის წინ დაეწყვნენ ბრძოლად.
შორს მოჰყვებოდნენ ცხენოსნები; ძრწოლა და შიში
მათ შეაპარა მაღლით ზევსმა, ციდან ცვარ-ნამი
ასხურა სისხლში აღეული. იგი უქადდა
55 ჰადესის შავბნელ სავანეში შთანთქმას მამაცებს.
ტროელთ ზეგანი ეპყრათ, ბრძოლად ემზადბოდნენ,
ჰექტორს შეუდგნენ, პულიდამანტს და გმირ ენეასს,
რომელსაც, ვით ღმერთს, ადიდებდა ყველა ტროელი,
ანტენორის ძეს – სამს: პოლიბოსს, ღმერთეებრ აგენორს
60 და მათ უმრწემეს ძმას – აკამანტს, უკვდავთა სადარს.
ჰექტორს პირველთა შორის ეპყრა ბაკმული ფარი.
როგორც ვარკსვლავი გამოჩნდება ღრუბლის ქულიდან,
დროდადრო ბრწყინავს და დროდადრო მიიმალება,
ისე ჰექტორიც, მეწინავე სპათა დამწყობი,
65 კვლავ მეომართა ბოლო რიგებს უბრუნდებოდა.
რვალი ელავდა, როგორც ელვა ეგიოხ ზევსის.
როგორც მომკელნი ეწყობიან ხოლმე პირისპირ,
ქერის თუ ხორბლის მოსამკელად მდიდრის ყანაში,
სვეს მიჰყვებიან შესახვედრად, ძნა ძნაზე ცვივა, –
70 ასე მიაწყდნენ ტროელნი და აქაველები
ერთურთს, ფიქრადაც არ მოსვლია არვის გაქცევა.
ერთვარად მისცეს თავი ბრძოლას, ბრდღვენდნე, ვით მგლები.
უბედურების მიზეზს ერისს შვება მიეცა,
ღმერთთაგან მხოლოდ იგი გახდა მოწამე ჟლეტის.
75 სხვა ღმერთნი ბრძოლას განერიდნენ დიდიხანია,
მშვიდად სუფევდნენ თავ-თავიანთ სავანეებში,
დიდი ოლიმპოს მთაგრეხილზე რომ უდგას ყოველს.
მაინც კილავდნენ ღრუბელთმარეკ სასტიკ კრონიონს,
რომელმაც ტროელთ მიანიჭა ძლევის დიდება.
80 ყურს არ უგდებდა დრტვინვას მამა, ყველას გასცილდა
და ცალკე იჯდა, სიხარულით თვისით ამაყი,
ჭვრეტდა ტროელთა ციხე-ქალაქს, აქაველთ გემებს,
სპილენძის ციგლიგს, ბრძოლის ველზე მკვლელსა და მოკლულს.
სანამდის დილა მიილია და დღემ იძალა,
85 აქაც და იქაც ისრის წვიმა სპობდა მეომრებს.
შეშისმჭრელი რომ სადილს იწყობს, სერის ჩეროში
მოიკალათებს, მას შემდეგ რაც გაძღა მარჯვენა
კორომთა ბელვით და სულს ტკბილი სიმშვიდე ელის,
გრძნობას დაიპყრობს საზრდოს ნდომა, სწორედ ასეთ დროს
90 დანაელებმა გაარღვიეს ტროელთ ფალანგნი.
ატყდა ყიჟინა უცაბედი. თავდაპირველად
აგამენონმა ბიენორი დასცა სვიანი,
ზედ მიაყოლა ოილევსიც, ცხენთ მარბიელი,
როს წინ აღდგა ჩამომხტარი რვალის ეტლიდან.
95 ბასრი ოროლი განუწონა შუბლში მოსისხარს,
ვერ დააკავა შუბისწვერი სპილენძის ზუჩმა,
ძვალი გააპო, გაიჭედა თავის ქალაში,
სისხლი და ტვინი აღურია, გზნება დააცხრო.
თეთრად ელავდა მტერთა გვამნი. მამაცთა მეფემ
100 აგამენონმა ტყავკაბა და კვართი გააძრო.
შემდეგ მიეჭრა ანტიფოსს და ისოსს ჯიქურად –
პრიამოსის ძეთ – ერთს საკუთარს და ერთს ნაბუშარს.
ეტლსა მართავდა ბუში, ხოლო გმირი ანტიფოს
გულმხნედ იბრძოდა. ამასწინათ აქილევსს ძმები
105 შეეპყრა, როცა ცხვრებს მწყემსავდნენ იდას კალთებზე,
წკნელით შეეკრა, მაგრამ საზღოს ფასად გაეშვა.
ახლა ისინი ატრევსის ძემ დასცა ძლიერმა,
ზედ ძუძუსთავთან გაუყარა ოროლი ისოსს,
ხოლო ანტიფოსს ორლესული ჩასცხო ყვრიმალში,
110 სწრაფად ახადა მშვენიერი ბექტარი მოკლულთ
და გაახსენდა: აქაველთა გემთან ენახა,
როს იდას მთიდან მოიყვანა ტყვენი პელიდმა.
ლომი უმწეო ირმის ნუკრებს რომ დააცხრება,
საზარ კბილებით ბუნაგისკენ მყის გააქანებს,
115 ჭანგებით დაფლეთს, ნორჩ სიცოცხლეს მოსტაცებს ბედკრულთ.
რაც უნდა ახლოს იყოს დედა, ვეღარ უშველის,
რადგან მის გულსაც შიშის თრთოლვა დაუფლებია:
წყვდიად ჭალაში, ხშირ ბუჩქებში მიქრის ფეხმარდი,
ოფლი სდის ღვარად და გაურბის ნადირს ულმობელს, –
120 ასე განწირულთ ხელი ვერვინ ვერ შეაშველა:
თვით გაურბოდნენ ტროელები მამაც არგიველთ.
შემდეგ კი მისწვდა პეისანდროსს და ჰიპოლოქოსს
თურმე მათ მამას – ანტიმაქოსს პარისისაგან
დიდძალი ქრთამი მიუღია და თავსა სდებდა,
125 რომ მენელაოსს არ მივცეთო ისევ ელენე.
ამ კაცის ორსავ ძეს მიეჭრა აგამენონი,
ისინი ეტლზე იდგნენ, ცხენებს მიაგელვებდნენ,
მაგრამ ბოლომდე აღარ შერჩათ ხელში სადავე.
ორივ დაიბნა და მივარდა ვით შმაგი ლომი
130 მებრძოლთ ატრიდი; საწყალობლად მათ შეღაღადეს:
„ატრევსის ძეო, ნუ დაგვღუპავ! მიიღე საზღო:
ბევრი განძი აქვს ანტიმაქოსს, ბევრი სპილენძი,
ბაჯაღლო ოქრო, ოსტატურად ნაჭედი რკინა.
ხალისით მოგცემს აურაცხელ განძს მამაჩვენი,
135 თუ ხმას მიაწვდენ, რომ აქველთ გემებთან გყავართ!“
ასე ევედრნენ შეწყალებას სათნო სიტყვებით,
მაგრამ პასუხმა არასათნომ შეზარა სმენა:
„ანტიმაქოსის ძენი თუ ხართ, რომელიც ტროელთ
ურჩევდა, როცა მათ ეწვია მენელაოსი
140 ელჩად ღვთაებრივ ოდისევთან ერთად მისული:
აქვე მოვსპოთო, არ გავუშვათ აქაველებთან, –
მაშინ ამ ბოღმას ღირსეულად მე გაზღვევინებთ!“
თქვა და ძლიერი დარტყმით დასცა პეისანდროსი,
მკერდგანგმირული ყრმა პირაღმა დაასკდა მიწას.
145 ჰიპოლოქოსი ძირს გადმოხტა, ისიც განგმირა,
ხელი მოჰკვეთა ორლესულით, მოსხიპა თავი,
გვამი გაგორდა, ვით დოლაბი ძალით დაძრული.
შემდეგ გასწია, სად შეეკრათ რკალი ფალანგებს,
მიჰყვნენ საბარკულმშვენიერი აქაველებიც.
150 ქვეითი ქვეითს გაედევნა, მხედარი – მხედარს
(ცად აიმართა მტვრის ყომრალი კორიანტელი,
ცხენთა ფლოქვების მძლავრი ცემით ველზე აღმდგარი).
რვალი აძგერეს ერთურთს სპათა, აგამენონი
სპობდა ოტებულთ და ყიჟინით ჯარს ამხნევებდა.
155 შთანთქმელი ალი ყაჩაღურად ტევრს რომ შეებმის,
მყისვე სანახებს გადააწვდენს ცეცხლს ქარაშოტი
და ხე ტკაცუნით ენარცხება ხანძრით ძლეული.
ასე ატრიდის ხელით ტროელთ თავნი ცვიოდა,
სპათა ლტოლვილთა, ქედფიცხელი ცხენნი გრუხუნით
160 მიაქროლებდნენ ბრძოლის ველზე ეტლებს ცარიელს
მხედართ ეძებდნენ, ისინი კი მინდვრად ეყარნენ
ცოლებზე უფრო ყვავ-ყორანთა საამებელად.
ხოლო ჰექტორი გაარიდა კრონიდმა ბრძოლას,
მარცხი აშორა, სისხლისღვრა და შმაგი განგაში.
165 ატრიდი მაინც არ მოეშვა, სპაც წააქეზა,
მტერი აოტა, სად ილოსის იდგა ტაგრუცი.
ილტვოდნენ სპანი, ქალაქისკენ უწევდათ გული
და იყო ერთი რია-რია ლეღვის ხის ახლო.
ფეხდაფეხ სდია, ხელი სისხლში დაალტო მეფემ.
170 მაგრამ მუხასთან, კარიბჭესთან შედგნენ ტროელნი
და ოტებულთა უკანასკნელ ბრბოებს ელოდნენ.
მორობდნენ სპანი, ვით ზმულით გაურბის ზროხა
შუაღამეისას დამშეული ლომს, მთელ ჯოგს რომ ზარავს,
მაგრამ მხოლოდ ერთს აღასრული მოელის მისგან,
175 კისერს მოუგრეხს, როს ჩაავლებს ალესილ ღოჯებს,
გაშმაგებული დააცხრება სისხლს და შიგნეულს.
ასე მისდევდა აგამენონ სულმოუთქმელად,
ჩამორჩენილებს სულსა ხდიდა შუბით, სრბოლის დროს
პირქვე, პირაღმა ასკდებოდნენ მიწას ტროელნი –
180 ატრიდის მსხვერპლნი – მძვინვარებდა ბასრი ორლი.
როს ღვაწლისამძლე ქალაქსა და მაღალ გალავანს
მიადგა, მაშინ ზევსი – მამა ღმერთთა და კაცთა
ჩამოსულიყო წყალმრავალი იდას თავქედზე,
მარჯვენა ხელში ელვა ეპყრა.
მყისვე მიმართა ღმერთების მაცნეს,
185 ქალღმერთ ირისს ოქროსფრთებიანს:
„გასწი, ირისო, გადაეცი ბრძანება ჰექტორს:
ჯერ შორით ნახოს, ხალხთა მწყემსი აგამენონი
ვით დარევია და მუსრს ავლებს აბჯროსანთ რიგებს!
თვით გაერიდოს ატრიდს, მაგრამ სხვები აღაგზნოს,
190 რომ გაუმართონ ხელჩართული ბრძოლა აქაველთ.
მაგრამ როს ისრით ან ოროლით მოერევიან,
ეტლზე ამხედრდეს, მივცემ ღონეს, ძალგულოვნებას,
მტერს მუსრს გაავლებს და როს სწრაფმსრბოლ გემს მიადგება,
მზეც დაეშვება და წყვდიადი დადგება ღამის“.
195 ასე უთხრა და ნებას დაჰყვა ფეხმარდი ირის,
იდას თხემიდან ილიონის მხარეს გასწია.
ნახა ჰექტორი ღვთაებრივი, პრიამოსის ძე
მხედართა დასში მბზინავ ეტლზე აღმართულიყო.
წინ აელანდა და აუწყა მარდმა ირისმა:
200 „ჰექტორ, პრიამეს ძევ, გონებით ზევსის სადარო!
მამამ მიბრძანა და გაუწყებ მეუფის ნებას:
ჯერ შორით ნახე, ხალხთა მწყემის აგამენონი
ვით დარევია და მუსრს ავლებს აბჯროსანთ რიგებს!
თვით განერიდე, მაგრამ სხვები აღაფრთოვანე,
205 რომ გაუმართონ ხელჩართული ბრძოლა აქაველთ.
მაგრამ რომ ისრით და ოროლით მოგერევიან,
ეტლზე ამხედრდი, ზევსი მოგცემს ძალგულოვნებას.
მტრებს მუსრს გაავლებ და როს სწრაფმსრბოლ გემს მიადგები,
მზეც დაეშვება და წყვდიადი დადგება ღამის“.
210 ასე აუწყა და გაფრინდა ირის ფეხმარდი.
აბჯარასხმული მყის გადმოხტა ეტლიდან ჰექტორ,
შუბი შემართა წამახული, სპა მოიარა,
გული აუნთო მხედართ, ბრძოლა გაჩაღდა ისევ,
კვლავ აქაველთა დასახვედრად დადგა ლაშქარი.
215 არგიველთ მყისვე გაამაგრეს ფალანთა წყობა.
თავდაპირველად გამოიჭრა აგამენონი,
გულანთებული წინ უსწრებდა მეწინავეებს.
გვამცნეთ, მუზებო, ოლიმპო რომ გეგულვით სახლად,
ვინ შეეგება აგამენონს შესარკინებლად,
220 ტროელთა, გინა მოკავშირე მებრძოლთა შორის?
– ანტენორის ძე იფიდამანტ, მძელე ბუმბერაზი –
მთაგორიანის, ცხვართა მშობელ თრაკიის მკვიდრი.
იქ აკვნიდანვე აღუზრდია ყმაწვილი კისევსს –
მართლმორჭმულ პაპას, თეთრფეხება თეანოს მშობელს.
225 მაგრამ ყმაწვილი ჭაბუკობას რომ მოიყარა,
პაპამ თავისთან დაიტოვა და ქალიც შერთო.
დიდების ჟინმა სარეცელი დაათმობინა
მას საქორწინო, გაემართა თორმეტი გემით,
მაგრამ დატოვა პერკოტეში სწრაფი ხომალდნი.
230 ფეხით გაუდგა რაზმთან ერთად გზას ტროასაკენ.
ახლა სწორედ ის შეეტაკა პირველად ატრიდს.
როგორც კი ერთურთს მეომარნი მიუახლოვდნენ,
სტყორცნა ატრიდმა, გაუქროლა შუბმა მოშუღარს,
ხოლო ტროელმა სარტყლის ქვემოთ მოარტყა შუბი,
235 მძლავრად დააწვა შუბისტარსა, ძალაც ერჩოდა,
მაგრამ ამაოდ შეეჭიდა მოოჭვილ ქამარს,
ვერცხლმა გაღუნა შუბისწვერი, ვით რბილი ბრპენი.
აგამენონმა მყის უტაცა ხელი შუბისტარს,
გამძვინვარებით გამოგლიჯა, ვით მძლავრმა ლომმა,
240 ქედზე მახვილი დაჰკრა, მყისვე ძირს დაანარცხა.
მიწას განრთხმულმა მიიძინა სპილენძის ძილით.
საბრალო, იგი სხვებს იცავდა, ცოლი კი დათმო,
ალერსიც კი არ ღირსებია. უძღვნა ბევრი რამ –
ასი მოზვერი მოულალა, დაპირდა ნობათს –
245 კიდევ ათას თხას და ტარიგებს ურიცხვ ფარიდან.
მაგრამ ატრიდმა ტანშიშველი დატოვა მტვერში,
ძლეულს აართვა საჭურველი და თან წაიღო.
კოონტმა მოჰკრა თვალი ატრიდს, მძლე მოემარმა,
უფროსმა ვაჟმა ანტენორის. გული მოუკვდა,
250 თვალთ დაუბნელდა, ძმა რომ ნახა მიწას განრთხმული.
შეუმჩნეველად მიეპარა გვერდიდან ატრიდს,
შუბი აძგერა და იდაყვთან დაჰკრა ბუნიკი,
ხელი გაუპო გმირს ელვარე ილეკროს წვერმა.
შიშის ციებამ აათრთოლა აგამენონი,
255 მაგრამ არ დათმო ბრძოლის ველი, კოონტს მიეჭრა,
მრისხანედ შუბი მოუღერა – ქარში ნაზარდი.
კოონტი ამ დროს გულმოდგინედ თავის საყვარელ ძმას
ფეხში სწვდომოდა, მოუხმობდა საშველად მოძმეთ
და მიათრევადა უზარმარზარ ფარს მინდობილი.
260 ბოძალი დასცა წამახული მოყმეს ატრიდმა
და მიაყოლა იფიდამანტს, წააძრო თავი.
ასეთი მწარე ხვედრი ერთოთ ატრიდის ხელით
ანტენორის ძეთ და ჰადესის მღვიმეს შთაინთქნენ.
ის კი, ძლიერი, დაერია სხვა ტროელებსაც,
265 შუბი აძგერა, ხმლით აჩეხა, ლოდით გააპო.
მჩქეფარე სისხლი კვლავ სდიოდა ახალ იარას.
ჭრილობა შეშრა, შავი სისხლი როცა შედედდა,
მწველმა ტკივილმა შეძრა გმირი ატრიდის სული.
ვით მშობიარეს წეწავს ხოლმე ბასრი ისრები,
270 ელეითიებს – ჰერას ასულთ მზად რომ აქვთ ხოლმე
მშობელ დიაცთა სატანჯველად, ისე შეიჭრა
აგამენონის სულში ბასრი ტანჯვა ულევი.
ეტლზე ავიდა და უბრძანა სადავეთმპყრობელს
სწრაფად ცარიელ გემებისკენ გეზი აეღო,
275 ხმამაღლივ უხმო დანაელებს ტანჯვით აღვსილმა:
„არგიველთ გმირნო მეთაურნო, ო, საყვარელნო!
ახლა თქვენ გმართებთ ბრძოლის ცეცხლი აშოროთ გემებს,
მე კი როდიღა დამანება ღრუბელთმარეკმა
ეს დღ ბოლომდე ტროელებთან მედგრად მებრძოლა!“
280 ეს თქვა. მათრახი დასცხო ცხენებს ლამაზფაფრიანთ
და გააქროლა მყის მეაბჯრემ ხომალდებისკენ.
ქედზე მოადგათ რაშებს ქაფი, ბუღი ავარდა.
ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდა დაჭრილი მეფე.
თვალი რომ ჰკიდა აგამენონს ლტოლვილს, ჰექტორმა
285 ტროელთ ლაშქარს და ლიკიელებს მხნედ შეუძახა:
„ტროელთა ძენო, ლიკიელნო, დარდანელებო!
გაქვდნდეთ კაცობა, სამამაცნო ზნე გაიხსენეთ!
უმამაცესი გმირი სტოვებს ბრძოლას და ძლევას
მარგუნებს ზევსი! მჟღერფეხება ცხენით მიაწყდით
290 ზვიად დანაელთ, მოიხვეჭეთ სახელ-დიდება!“
ასე შესძახა, სიმამაცე შთაბერა ყველას.
ვით მონადირე თეთრღოჯიან ძაღლებს აქეზებს
გამოსადევნად ლომისა თუ ტყიური ტახის,
ისე ტროელებს მიმართავდა აქაველებზე
295 ჰექტორ, სადარი კაცთმჟლეტი ღმერთის არესის.
დიად საქმეზე მეოცნებე წარუძღვა ლაშქარს,
მტერს ეცა, როგორც ქარაშოტი, ზეცად მბრუნავი
ძირს რომ აწყდება და ღვინისფერ ზღვას ააქაფებს.
რომელი იყო პირველი და რომელი ბოლო,
300 ვინც დასცა გმირი, როს არგუნა კრონიდმა ძლევა?
– ასაიოსი, ავტონოოს, შემდეგ ოპიტე,
დოლოპ, კლიტიდი ოფელტიოს, აგელაოსი,
აისომნოსი და ოროსი, ჰიპონოოსი –
სპათა ბელადნი ჩინებულნი, სხვაც – უამრავი.
305 ვით ზეფიროსი მიარეკავს ღრუბელზე ღრუბელს,
ცივი ნოტოსი შმაგი ბერვით აწეწავს, აშლის,
იბორცვებიან ზღვის ტალღბი, ბრუნავს მორევი,
ქაფებს აშხეფებს მრავალ მხრიდან ქარიშხლის ქროლვით,
ისე ცვიოდა მოლაშქრეთა თავები ირგვლივ.
310 აღსრულდებოდა კიდეც საქმე გამოუვალი,
ლტოლვილნი სპანი ხსნად ხომალდებს მიაწყდებოდნენ,
რომ დიომედე არ მოეხმო ომში ოდისევსს:
„რაო, ტიდიდო, რისთვის დავთმეთ ზნე სამამაცო?
ჩემთან ჩამოდექ! საშინელი სირცხვილი გველის,
315 თუ გემს აიღებს გმირი ჰექტორ, ზუჩმოქანავე!“
რქვა და მიუგო დიომედემ შეუკრთომელმა:
„მე აქაც ძალმიძს მედგრად დგომა, რა ბედენაა
სიმხნევე ჩვენი, ღრუბელთმარეკ ზევსს ნდომებია
ტროელთ არგუნოს გამარჯვება, არა ჩვენს ლაშქარს!“
320 თქვა და იმავ წამს დააქვეყნა თიბრრაიოსი,
მკერდში, ძუძუსთან დასცა შუბი;
მძლე ოდისევსმა ღმრთის მსგავს მოლიონს, მის მებჯრეს, მოუღო ბოლო.
დასტოვეს იქვე, ბრძოლის ჟინი სადაც დუცხრეს.
თვით სპათა შორის გაიარეს; როგორც ტახები
325 მწევრებს ანაზდად ძალმოსილნი შემოუტევენ,
ისე ტროელებს დაერივნენ, ხოლო აქაველთ
სული მოითქვეს ლტოლვილებმა ჰექტორის მიერ.
ხელთ იგდეს ეტლი, ორნი ძენი პერკოსიელი
მეროპოსისა, იგი იყო სახელოვანი
330 ბედის მცნობელი, არ აძლევდა თვის შვილებს ნებას,
სასტიკ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. არ დაუჯერეს.
პირქუშ სიკვდილთან ბედისწერას მიჰყავდა ძმები.
მათ დიომედემ, შუბოსანმა სახელგანთქმულმა
დღე მოუსწრაფა და მოსტაცა აბჯარ-ბექთარი.
335 ჰიპოდამანტი დასცა, შემდეგ ჰიპეიროქოს
მძლე ოდისევსმა. იდას მთიდან შემყურე ზევსმა
თანაბარ ომში შეარკინა სპანი ერთმანეთს.
შუბით ბარძაყში აგასტროფოს დაჭრა ტიდიდმა,
პაიონიდი. არ ჰავდა გვერდით ცხენები,
340 რომ გაექუსლა და შეძრწუნდა სული მოყმისა.
ეტლი შორს დარჩა, თვით ქვეითად იბრძოდა გმირი
მეწინავეთა შორის, სანამ სული არ დათმო.
შენიშნა მტერი მძელ ჰექტორმა, საზარ ყიჟინით
მათკენ გაიჭრა, თან ტროელთა ფალანგნი გაჰყვნენ.
345 გულმა უმატა ძგერას, როცა მას მოჰკრა თვალი
ტიდიდმა და მყის იქავე მდგომ ოდისევს უთხრა:
„უბედურება დაგვტრიალებს თავს - მძლე ჰექტორ!
მაგრამ ფეხი არ მოვიცვალოთ, აქ შევეგებოთ!“
თქვა და გასტყორცნა მძლავრად შუბი გრძელჩრდილიანი,
350 მოარტყა კიდეც შეუცდომლად პრიამიდის თავს
ჩაჩქანის ზემოთ, მაგრამ რვალი ისხლიტა რვალმა,
მშვენიერ სხეულს ვერ შეეხო, თვალამოღებულ
ზუჩს ვეღარ გასცდა სამმაგს, ღმერთი აპოლონისგან ნაჩუქარს.
გმირი უკუიქცა, რაზმს შეერია,
355 მუხლთ მოეკეცა, მძლავრი ხელით დაეყრდნო მიწას,
თავი ჩაქინდრა, ღამე თვალზე გადაეფარა.
მაგრამ ტიდიდი სანამ ოროლს, შორს გადაფრენილს,
მეწინავეთა შორის გაჰყვა ამოსაძრობად,
სული მოითქვა, გონს მოეგო გმირი ჰექტორი,
360 შეახტა ეტლს და საზარ სიკვდილს უმალ გაექცა.
შუბით მისდევდა, მისძახოდა მძლე დიომედე:
„ძაღლო, გაექეც ისევ სიკვდილს? თავს განსაცდელი
დაგტრიალებდა. კვლავ შიშველა აპოლონ ღმერთმა!
მასზე ლოცულობ, სანამ ისრის სტვენას მოისმენ!
365 გაგისწორდები, თუ შეგხვდები ოდესმე კიდევ,
ვინძლო მეც მყავდეს ღმერთთა შორის ვინმე მფარველი!
ახლა დავამხობ სხვა ტროელებს, ვისაც მივწვდები!“
პაიონიდის საჭურველის აყრა ეწადა,
როცა პარისმა, თმამშვენიერ ელენეს ქმარმა,
370 მშვილდით ნიშანში ამოიღო ძე ტიდევსისა,
ამოეფარა საფლავის სვეტს მოხუც ილოსის,
დარდანოსის ძის, ძველისძველ დროს განთქმული კაცის.
რა დაინახა, აგასტროფოსს რომ აშიშვლებდა,
ფარს მხრიდან გლეჯდა, ზუჩს - თავიდან, ხოლო სამკერდულს
375 მკერდზე აცლიდა დიომედე, დაჭიმა მშვილდი,
სტყორცნა ისარი და ამაოდ როდი გარჯილა:
მარჯვენა ტერფში მოახვედრა, გაკენწლა სეფქამ და ძირს დაეცა.
მოზეიმე პარის სიცილით
მოსცილდა საფარს და შესძახა ძლევით ამაყმა:
380 „მოგხვდა! ამაოდ მაშ ისარი არ გაფრენილა!
მუცელში მორტყმით, გმირო, სულსაც ამოგართმევდი!
და რამდენადმე ამით შვებას მოვგვრიდი ტროელთ,
შენ რომ თავზარს სცემ, როგორც ლომი – კიკინა კრავებს!“
მოყმეს უშიშრად უპასუხა მძლე დიომედემ:
385 „ვერაგო, თმებით მოამაყევს, ქალთა შემცდენო!
აშკარად, ხელში იარაღით რომ შემხვედროდი,
ვერ გიშველიდა ვერც მშვილდი და ვერც ისრის სეტყვა.
შენ მხოლოდ ტერფი გამიკაწრე, ამდენს იკვეხნი!
მე კი – რა! თითქოს ბავშვს მოერტყას, ანდა ნაზ გოგოს!
390 ასე ბლაგვია ისრის წვერი სუსტი კაცისა!
სხვაგვარად მიქრის ჩემი: როცა სხეულს მიაღწევს,
შიგ შეიჭრება და უსულოდ დასცემს მეომარს.
საბრალო ქვრივი დარდით ღაწვებს იხოკავს მაშინ,
ობლდება ბავშვი, მიწა სისხლით ირწყვება. ირგვლივ
395 ჩიტებს გაუდით რია-რია და არა ქალებს!“
ეს თქვა თუ არა, ოდისევსი ჩამოეფარა,
ჩაჯდა გმირი და გაგლეჯილი ტერფიდან მყისვე იძრო ისარი.
დაურბინა ტკივილმა ტანში.
ეტლზე ავიდა და მეაბჯრეს სთხოვა გაქცევა
400 ამოფუღრული გემებისკენ.
გულს ტანჯვა ფლეთდა.
მარტოღა დარჩა შუბოსანი გმირი ოდისევს,
არგიველები ირგვლივ შიშის ზარმა გაფანტა.
ამოიოხრა, ასე უთხრა თავის მამაც გულს:
„ვაი, რომ მელის! შევრცხვე და ბრბოს შიშით გავექცე?
405 მით უარესი, თუ მომისწრებს ბრბო მარტოშთნილს!
სხვა დანაელნი კრონიონმა მიჰფანტ-მოჰფანტა!
თუმც რად მიშფოთებს სულს სანუკვარს ასეთი ფიქრი?
მხოლოდ უღირსი იხევს ხოლმე ბრძოლის ველიდან,
უეჭველია, კეთილშობილს სხვაგვარად მართებს –
410 მედგრად იცდიდეს, მას მოკლავენ თუ მოკლავს თვითონ!“
როცა ეს ფიქრი გმირს უმღრევდა გულს და გონებას,
მოადგა ტროელ ფაროსანთა რიგების სწრაფად,
გარს შემოერტყნენ და საიკვდილი ეწადათ მისი.
ტახს რომ მწევრები და ჭაბუკი მდევრები ალყას
415 შემოარტყამენ უსიერი ტყიდან გამოსულს,
ღრიჭო ხახიდან ღოჯები რომ მოუჩანს თეთრი,
მიესევიან. აღრჭიალებს საშინლად კბილებს.
მაგრამ მრისხანეს არ სტოვებენ მაინც მდევრები.
ასე ესხმოდნენ თავს ოდისევსს კრონიდის რჩეულს,
420 ის თავს იცავდა. ბასრი შუბით დეიოპიტე
დაჭრა პირველად მან მხარს ზემოთ. შემდეგ თოონი
და ენომოსი დასცა გმირმა ერთურთის გვერდით,
ქერსიდამონტი, ეტლიდან რომ დაბლა ხტებოდა,
ბაკმული ფარის ქვემოთ დაჭრა მუცელში შუბით.
425 ყრმა ძირს განირთხა, მიწა ხელით ჩაბღუჯა მწარედ.
გვამნი დასტოვა. ჰიპასიდი ქაროპე დასცა,
ძმა საყვარელი სახელოვან გმირის სოკოსის.
საშველად სოკოს გამოიჭრა ღმერთთა ბადალი
ახლოს მივიდა და შესძახა გააფთრებულმა:
430 „ოდისევს! შრომით დაუღლელო და ცბიერებით
დაუშრეტელო! იმაყებს, რომ ორ ჰიპასიდს
ბრძოლაში სძლიე და წარსტაცე აბჯარ-ბექთარი,
ან ჩემი შუბით ძირს განრთხმული სულს განუტევებ!“
თქვა და ოროლი ფარს აძგერა ოდისევსისა,
435 ელვარე ფენა გაირბინა ძლიერმა შუბმა,
მყისვე გააპო მოხატული აბჯარ-ბექთარი,
გმირს ფერდზე კანი გააცალა, მაგრამ ათენამ
არ დაანება რვალს წიაღი მოყმის სხეულის.
იგრძნო, რომ სიკვდილს არ უქადდა სპილენძი.
440 ოდნავ უკუდგა გმირი და შესძახა ჰიპასოსის ძეს:
ავის მთესველო, არ აგცდება ახლა დაღუპვა!
შენ გადამიდექ ფრიგიელთა ფალანგთან მებრძოლს
და ამიტომაც წინასწარვე სიკვდილს გიმისნებ.
შუბით ძლეული მომანიჭებ სახელ-დიდებას,
445 ჰადესს – რშებით მოამაყეს სულსაც არგუნებ!“
ეს თქვა თუ არა, მყის სოკოსმა აქცია ზურგი
და მომართული შუბი მოყმეს ქედში ჩაერჭო
ზედ ბეჭთა შუა და გამჭოლად გააპო მკერდი.
ზათქით დაცემულს ოდისევსმა ჰრქვა მოზეიმემ:
450 „სოკოს, ო, ძეო ცხენთა მხედვნელ ჰიპასოსისა!
ვერ გაექეცი სასიკვდილო ხვედრს, საცოდავო!
აწ ვეღარც დედა ღირსეული და ვეღარც მამა
ვერ დაგიხუჭავს თვალს, შეხვდები მტაცებელ ფრინველთ,
ფრთების ფართქუნით დასაფლეთად დაგაცხრებიან!
455 მე კი, თუ მოვკვდი, არგიველნი დამდებენ პატივს!“
ასე შესძახა და ძლიერი სოკოსის შუბი
ფარს და იარას მოაშორა მძლე ოდისევსმა,
სისხლი იარაღს თან ამოჰყვა. სული შეეკრა.
ტროელთ როგორც კი ოდისევსის შენიშნეს სისხლი,
460 ერთურთს შესძახეს და ერთისკენ გაიჭრა ყველა.
უკან იხევდა გმირი, მოძმეთ შველასა თხოვდა.
სამჯერ იყვირა, რაც კი ხმა აქვს ერთ ადამიანს,
სამჯერ ისმინა ეს ძახილი მენელაოსმა,
ატრიდმა იქვე მყოფ აიანტს სწრაფად მიმართა:
465 „ტელამონიდო, აიანტო კეთილშობილო!
ხმა მესმის გმირი ოდისევსის, ხმა მომხმობელი!
ასე ჰგავს, თითქოს, შესევია, ტანჯავს მარტოსულს
ტროელთა რაზმი, ასპარეზზე გზა მოუჭრიათ.
უნდა დავიცვათ ოდისევსი, ჩქარა, ძმობილო!
470 შიშით ვთრთი, მარტო ტროელთ სორის არ დაიღუპოს,
თუმც მამაცია! დარდი მოგვსპობს მაშინ აქაველთ!“
თქვა და გაიჭრა უკვდავთ სადარ მოყმის თანხლებით.
მალე შენიშნეს ოდისევსი. ბრბო გარს უვლიდა,
ვით მთის ფერდობზე მგლები, სისხლის მოწადინენი.
475 ქორბუდა ირემს. მონადირემ ფრთიანი ისრით
დაჭრა, თუმც ვეღარ დააკავა. მიქრის ფეხმარდი,
სანამდის სისხლი მხურვალეა და მუხლი ერჩის.
მაგრამ როს ძალას დაუწრიტავს ავი ისარი,
მგლები დაფლეთენ, გაშმაგებით დააცხრებიან
480 პირქუშ მუხნარში. ამ დროს ლომი მოჰყვა დაიმონს,
მგლები გარბიან და ნადავლი რჩება მძლავრ ნადირს.
ბრძოლანაცადი ოდისევსის ირგვლივ ასევე
დაძრწოდა ტროელთ მკლავმაგარი მოყმე მრავალი,
ის კი უშიშრად იცილებდა შუბით გარშემო.
485 ტელამონის ძეს აღემართ კოშკივით ფარი,
გმირს წინ ჩაუდგა, გაიფანტნენ ირგვლივ ტროელნი.
გამოიყვანა ოდისევსი მენელაოსმა,
სანამ მეეტლე ეტლს საშველად მოაქროლებდა.
ტროელთ შეება აიანტი, დორიკლოს დაჭრა,
490 პრიამოს მეფის ბუში, იქვე დასცა პანდოკოს,
შემდეგ – ლისანდროს, პირასოსი და პილარტოსი.
როგორც მდინარე ველს დატბორავს დიდროობისას,
მთით მოვარდნილი, ზევსის თქეშით დამძიმებული,
მუხას მოათრევს, ფიჭვის მორებს, ადუღებს მორევს
495 და შლამს თუხთუხით მიაქანებს ღვინისფერ ზღვისკენ,
ისე ყოველი აამტუტა ტელამონიდმა.
ცხენ-კაცს აპობდა.
მაგრამ ჰექტორ ამ ორმოტრიალს
როდი ხედავდა, მტერს უტევდა მარცხენა მხარეს,
აზვირთებული სკამანდროსის სანაპიროზე,
500 სად თვლა არ ჰქონდა გვამებს, იდგა ბრძოლის გნიასი.
იდომენევსთან, გერენიელ ნესტორთან ახლოს
გმირი ჰექტორი უსაზარლეს საქმეს იქმოდა,
შუბით ცხენდაცხენ დანაელთა მუსრავდა ფალანგს
მაინც ბრძოლის ველს არ დათმობდნენ დანაელთ სპანი,
505 თმამშვენიერი ელენეს ქმარს, გმირ ალექსანდროსს,
რომ მახაონი ბრძოლისაგან არ მოეწყვიტა:
მარჯვენა მხარში დაჭრა მოყმე სამწვერა ისრით.
მის გამო შიში გულს მოედო მამაც დანაელთ,
მხნე მახაონი ვინძლო მტერმა არ მოგვიკლასო.
510 იდომენევსმა იმწუთსავე შესძახა ნესტორს:
„ნელიდო ნესტორ, სიქადულო აქაველთ ლაშქრის!
დაუყოვნებლივ ეტლზე ადი და მახაონიც
თან გაიყოლე, გემებისკენ გაქუსლე ცხენით.
მრავალ მებრძოლს სჯობს დასტაქარი სახელოვანი,
515 წყლულს რომ მოარჩენს, ამოაცლის ისარს იარას“.
როდი ეურჩა ამ სიტყვაზე გმირი ნესტორი,
მყის მოაყენა ეტლი, ჩასვა შიგ მახაონი,
სახელგანთქმული ძე აქიმის შესანიშნავის.
მათრახი დასცხო ცხენებს, გული რომ მიუწევდათ
520 და სიხარულით მიფრინავდნენ გემებისაკენ.
ამ დროს მეაბჯრემ ჰექტორისა, მხნე კებრიონტმა,
შენიშნა ტროელ სპათა რღვევა და გმირს მიმართა:
„ჰექტორ! ჩვენ როცა დანაელთა ფალანგებს ვუტევთ,
იქ, ველის კიდეს, სადაც ბრძოლა გაჩაღებულა,
525 ლაშქარი ღელავს, არეულა ცხენი თუ კაცი,
ტელამონიდი ავიწროვებს, ვცნობ სპათა ბელადს:
მას მხარს უმშვენებს ფარი თვისი უზარმაზარი.
შმაგი რაშები მივაგელვოთ, იქ უფრო მეტი
ქვეით-მხედართა ბრბო სასტიკად შერკინებულა,
530 ერთურთს ჩეხავენ და ყიჟინა ქუხს გამუდმებით“.
თქვა და მათრახი ფაფარაყრილ ცხენებს უცხუნა
ზუზუნით გმირმა კებრიონტმა, მორჩილნი რაშნი
მეომართ შორის მიფრინავდნენ მჩატე ეტლითურთ,
გვამნი, ფარები გადათქერეს, სისხლმა შეღება
535 ქვემოთ სპილენძის ღერძი, ზემოთ – ძარა ეტლისა.
სისხლს აშხეფებდა ეტლის თვალი, ცხენთა ფლოქვები.
მიისწრაფოდა პრიამიდი, რომ სპათა შორის
შთანთქმულს ლაშქარი გაეფანტა.
არივ-დარია ჯარი და ოროლს მოსვენებას აღარ აძლევდა.
540 რიგდარიგ გაჰყვა და გააპო აქაველთ სპანი
შუბით, მახვილით და ვეება კლდის ნამსხვრევებით.
და მაინც თავი მოარიდა ტელეამონის ძეს:
გაახელებდა ზევსს, უმძლავრეს გმირს რომ შებმოდა.
მეუფე ზევსმა მოუვლინა შიში აიანტს,
545 შეკრთა, მოიგდო ზურგზე ფარი შვიდტყავიანი,
უკუმიიქცა, ვით ნადირი, თვალს აცეცებდა
და ფეხაკრეფით გაეცალა ნელ-ნელა ტროელთ.
ფეხმრუდ ხარების ფარეხიდან როცა ამაყ ლომს
სდევნიან გლეხნი გაბედულნი, ავი ძაღლები
550 არ ანებებენ მხეცს საქონელს გასატაცებლად,
ღამით ფხიზლობენ, ის კი ხარბად კვლავ ეტანება,
მაგრამ მშვინვარებს სულ ამაოდ, მოიერიშეს
გზას უღობავენ გლად კაცთა ხშირი შუბები,
ცეცხლმოდებული მუგუზლები და მათი შიშით
555 დილის რიჟრაჟზე იპარება გულდარდიანი.
ტელამონიდიც უკუიქცა გაოგნებული,
გმირს აშინებდა აქაველთა გემების ბედი.
ზანტი ვირი რომ ყანობირში შეეხეტება,
ბავშვებს სჯაბნის, ბევრი სახრე ემსხვრევა ფერდზე
560 და მაინც სძოვს მაღალ თაველს, მარდი ყმაწვილნი
ურყტამენ, მაგრამ რა ფასი აქვს მათს ბავშვურ ძალას!
როცა გაძღება თავთუხებით, ძლივს იცილებენ.
ასე აიანტს, ტელამონის ძეს, ტროელთ სპანი
და შორქვეყნელი მოკავშირე მებრძოლნ შუბით
565 ზედ ფარზე სცემდნენ და მგზნებარედ ერეკებოდნენ.
ხანდახან გმირი მოიცემდა ხოლმე შმაგ ძალას,
მობრუნდებოდა და ფალანგებს ატორტმანებდა
მამაც ტროელთა, ზოგჯერ ისევ გარბოდა სწრაფად,
მაგრამ გზას მაინც უკეტავდა მტერს გემებისკენ.
570 ხშირად აიანტ მძვინვარებდა ორ ლაშქარს შორის,
მარტოსულს ბევრი შუბი, მამაც ტროელთ ნატყორცნი,
მისკენ მსწრაფველი, შვიდტყავიან ფარში ხვდებოდა,
ბევრი ოროლი შუაგზაზე ჩაესო მიწას,
არ შეხებია გმირის თეთრ ტანს სისხლს მწყურვალი.
575 ევემონოსის ძემ შენიშნა მძლე აიანტი –
ევრიპილოსმა, როს გმირს შუბთა ღრუბელი ადგა.
ახლოს მივიდა, მოელვარე სტყორცნა ოროლი,
სპათა ბელადი აპისაონ, ფაუსოს ძე
გულს ქვემოთ, ღვიძლში დაჭრა, უმალ იქვე ჩაკეცა.
580 მივარდა მკერდზე ასაგლეჯად აბჯარ-ბექთარის.
მაგრამ შენიშნა ფაუსოსის ვაჟის მძარცველი
პარისმა, ღმერთის მსგავსმა, სწრაფად მოზიდა მშვილდი,
ფრთიანი ისრით გაუკვეთა მარჯვენა თეძო,
სეფქა გადიმსხვრა, დაამძიმა მოყმის ბარძაყი.
585 გმირი რაზმისკენ უკუმიდგა, გაექცა სიკვდილს,
მაშინ ყველას გასაგონად შესძახა ლაშქარს:
„მამაც დანაელთ თემისათავნო, ბრძენნო ბელადნო!
ტროელთ შეებით, ააშორეთ ტელამონის ძეს
დღეს სიკვდილისა! ისრით ტანჯულს, ვგონებ, არ ძალუძს,
590 თვით იხსნას თავი ჩეხვისაგან! მტრის შესახვედრად
დავდგეთ, დანაელთ სადიდებელ აიანტისთვის!“
ასე იძახდა ყრმა დაჭრილი, დანაელები
მხარს ამოუდგნენ ევემონიდს ფარშემართულნი,
შუბი ხელთ ეპყრათ.
უვნებელი ტელამონიდი
595 მათთან მიიჭრა და პირისპირ მტერს შეეგება.
ასე იბრძოდნენ აბჯროსნები გულანთებულნი.
ბრძოლის ველიდან ნესტორს რაშნი მიაქროლებდნენ,
ქაფმორეულნი და მახაონს, მართლმორჭმულ მოყმეს.
მოხუცი იცნო აქილევსმა პელეიონმა.
600 გემის კიჩოზე იდგა ამ დროს ფეხმარდი გმირი.
ხედავდა ბრძოლას, აქაველთა ცრემლისმგვრელ ლტოლვას.
ხმამაღლა უხმო ხომალდიდან საყვარელ მოძმეს,
მამაც პატროკლეს, გამოვიდა კარვიდან იგი
არესის მსგავსი... და ეს იყო საწყისი გლოვის.
605 ჰკითხა პირველად პელეიონს პატროკლემ მაშინ:
„რტომ მომიხმე, რას მიბრძანებ, გმირო აქილევს?“
ჰქრვა და მიუგო აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა:
„ო, მენეტიდო, მეგობარო უსაყვარლესო!
ვფიქრობ, მუხლებში არგიველნი ჩამიცვივიან
610 სულ მალე! ვეღარ გაუძლებენ ამდენ გასაჭირს.
მაგრამ იჩქარე, მენეტიდო, და ნესტორს ჰკითხე,
ვინ მიჰყავს მოხუცს, ბრძოლის ველზე დაჭრილი გმირი?
ასკლეპიოსის ძეს მახაონს ჰგავს ის სავსებით
ზურგიდან, სახის დანახვა კი ვერ მოვასწარი,
615 ისე უეცრად გამიქროლეს სწრაფმა ცხენებმა”.
ასე თქვა და მყის მეგობარი დაემორჩილა,
სწრაფად გავარდა ხომალდთა და კარავთ გასწვრივ.
ამ დროს გმირებმა მიაღწიეს ნესტორის კარავს,
მასაზრდოებელ მიწაზედაც დაადგეს ფეხი.
620 ცხენები ახსნა მყის მსახურმა ევრიმედონტმა,
ხოლო მხურვალე ოფლი კვართზე შეაშრა გმირებს,
როცა ნაპირზე ქარს მიენდვნენ გასაგრილებლად.
შემდეგ კარავში ორივ დაჯდა რბილ სავარძელზე,
სასმელს ხუჭუჭა ჰეკამედე მათ უზავებდა, არსინოოსის ქალი.
625 იმ დღეს, როს ტენედოსი
დასცა პელიდმა, მოხუცს თვითონ აქაველებმა
უძღვნეს ქალწული უპირველეს მრჩეველს და მჭობელს.
ტაბლა დაუდგა ჰეკამედემ, შავი ფეხებით
დამშვენებული, მოკიაფე. სპილენძის სინზე
630 ხახვი დაუწყო მათ სასმელზე დასაყოლებლად,
დასდო ფქვილი და გოლეული, ლამაზი თასი,
რომელიც ნესტორს წამოეღო თურმე სახლიდან,
ოქროს სამსჭვალი ჰქონდა იმ თასს, ოთხ სახელურზე
ორ-ორი ოქროს მტრედი იჯდა, თითქოს კორტნიდნენ
635 თასის ზედაპირს. ორი ფსკერი ჰქონდა ფიალას.
მძიმე თასს ტაბლას ვერ მოსწყვეტდა ვინმე იოლად,
სასმელით სავსეს. ადვილად კი ძლევდა მოხუცი.
შიგ ჰეკამედემ გააზავა, ქალღმერთის მსგავსმა,
ღვინის ნარევი პრამნეულის. თხის ყველი დაფშხვნა
640 სპილენძის ცხავით, მოაყარა ზედ თეთრი ფქვილი.
როცა სასმელი მოამზადა, თქვა – ინებეთო.
ღვინით დაიცხრეს მეომრებმა უმალ წყურვილი
და საამური საუბარი გააბეს შემდეგ.
უცბად კარებთან ღმრთის სადარი პატროკლე გაჩნდა.
645 თვალი რომ ჰკიდა ბერიკაცმა, წამოდგა მყისვე,
ხეი ჩაავლო, სთხოვა, მოდი, დაგვეწვიო.
მაგრამ ეურჩა მენეტიდი, სიტყვა მოუჭრა:
„არა, დრო არ მაქვს, და, მოხუცო, ვერ დამითანხმებ,
ქველია ჩემი წარმომგზავნი, მაგრამ მრისხანეც.
650 მიბრძანა, გკითხოთ, ვინ მოგყავდათ დაჭრილი წეღან.
ახლა მეც ვხედავ მძლე მახაონს, ხალხთა მბრძანებელს.
ვიჩქარი ისევ, რომ აქილევსს ეს მოვახსენო.
შენც კარგად იცი, ღვთაებრივო, ეჭვიანია,
უბრალო კაცსაც ბრალეულად მიიჩნევს ხშირად“.
655 უთხრა ნესტორმა, მხნე მხედარმა გერენიელმა:
„ნეტავ, პელიდი ასე რად სწუხს დანაელებზე,
მახვილით ძლეულ მებრძოლებზე? იცის კი განა,
რაც სჭირს ჩვენს ლაშქარს? თუ ვინმე გვყავს საუკეთესო,
ბანაკში გვიწევს ოროლით და ისრით დაჭრილი!
660 ისრით დაკოდეს დიომედე, მძლე მეომარი,
შუბით – ოდისევს და ატრიდი აგამენონი.
ეს თემისთავიც ძლივს დავიხსენ ბრძოლის ველიდან
მხარში დაჭრილი. მაგრამ ციხეთ დამაქცევარი
მძლავრი პელიდი როდიღა სწუხს აქაველებზე!
665 იქნება ელის, ჰელესპონტთა, ამ უშედეგო
ომში აქაველთ ხომალდების აბრიალებას,
ერთი-მეორის მიყოლებით ჩვენს სიკვდილს საზარს?
ძალა სადღა მაქვს, მოქნილ სახსრებს შორის რომ ჩქეფდა!
ნეტავ, ჭაბუკი ვიყო, ღონით სავსე, ვით წინათ,
670 როცა ვებრძოდით გამეტებით ძლიერ ელეელთ,
ჯოგის მტაცებელთ. როცა ვაჟი ჰიპოროქოსის,
იტომენევსი მე განვმგმირე, ელიდის მკვიდრი,
ნადავლი სრულად გამოვგლიჯე. ჯოგს რომ იცავდა,
მეწინავეთა შორის დასცა ჩემმა ოროლმა.
675 იმავდროულად გაიფანტნენ შიშით რაზმები.
ელეებისგან წამოვასხით დიდი ნადავლი:
ორმოცდაათი ფარა, ჯოგიც იყო ამდენი,
ღორთა კოლტი და უთვალავი არვე თხებისა,
ცხენების რემა, ფაშატები სულ ასერგასი,
680 ბევრ მათგანს თანაც მშვენიერი კვიცი მოსდევდა.
ღამით მოვლალეთ საქონელი მოხუც ნელევსის პილოსში.
გულით გაიხარა ჩემმა მშობელმა,
რომ ბრძოლად გასულ ჭაბუკს დავლა მომყვა ამდენი.
დილაადრიან მაცნეებმა მოუხმეს ყველას,
685 ვისაც კი ვალი ჰქონდა რამე ელიდის მხარეს.
მოგროვდა ხალხი პილოსელი, გაიყვეს დავლა.
ბევრი გვემართა ეპეელთა ვალი იმჟამად,
როს რიცხვნაკლული ხალხი პილოსს იტანჯებოდა:
ძველ დროს ჰერაკლე მოსდგომია ჩვენს ციხე-ქალაქს,
690 მამაცნი მცველნი დაცემულან მასთან ბრძოლაში.
ნელევსის სახლში მეომარი თორმეტი ძმიდან
მარტო მე დავრჩი, სხვა არავინ გადარჩენილა!
გულზე მოსულნი ამის გამო ეპეელები
აბჯარასხმულნი გვიქადოდნენ დიდ ბოროტებას.
695 მოხუცმა თვითონ დაიტოვა, ვით საზღაური,
ჯოგი და ფარა უხვად, ხოლო მწყემსი – სამასი.
ელიდის მხარეს დიდი ვალი ემართა ნელევსს.
ოთხი მერანი მარულაში გამარჯვებული,
ეტლიც, სამფეხაც ჰქონდა დოღში დათქმული ჯილდოდ,
700 მაგრამ ისინი თავხედურად წაჰგვარა მაშინ
მძლე ავგეასმა და მეეტლე გააგდო უკან.
მოხუცმა მისი საქმითა და სიტყვით ნაწყენმა,
თავისთვის ბევრი დაიტოვა, სხვა ხალხს დაუთმო,
რომ გულნაკლულნი გაყოფის დროს არვინ ჰყოლოდა.
705 ჩვენ ნადავლს ვყოფდით და ნელევსის ციხე-ქალაქში
ღმერთს მსხვერპლს ვწირავდით. ხოლო მტერი მესამე დილით,
მტერი სპილენძის აბჯრიანი და ცხენმრავალი,
ჯიქურად მოგვაწყდა. მოჰყვა ორი ყრმა მოლიონი,
ჯერ კიდევ შმაგი ბრძოლის ყადრი რომ არ იცოდნენ.
710 არის ქალაქი კლდეზე ერთი, ფრიოესოსი,
ალფეოსის წინ, ქვიშიანი პილოსის ბოლოს.
ალყა დაარყტეს მტრებმა, სურდათ ციხის დაქცევა.
მაგრმ როგორც კი ველს მიადგნენ, ათენა მაცნედ
მყის მოგვევლინა ოლიმპოდან ღამით, გვაუწყა
715 მათი ამბავი, მოუყარა ქალაქთან ტავი
აღგზნებულ ლაშქარს. მამაჩემმა ნელევსმა იმ დროს
ბრძოლაში გასვლა ამიკრძალა, ეტლი დამალა,
ჭაბუკი ხარო, სამამაცო ზნის უმეცარი.
მე უცხენოდაც მოვიხვეჭე მხედართა შორის
720 დიდი სახელი. ბრძოლად მიხმო ასე ათენამ.
მინიეიოს არის ერთი მდინარე და ზღვას
არენეს ახლოს ერთვის. იქვე მხედარნი დილას
ველოდებოდით, ქვეითნი კი გვემატებოდნენ.
იმ ადგილიდან დავიძარით საჭურვლის ძალით
725 და შუადღისას ალფეოსის მდინარის პირას
ზევსს ყოვლისშემძლეს აღვუსრულეთ აღთქმული ზორვა.
ღმერთი ალფეოსსაც – ხბო, მოზვერი – პოსეიდონსაც,
ათენას უღელდაუდგმელი ხარი შევწირეთ.
შემდეგ სერობდა რაზმი რაზმის გვერდით, ერთობლივ.
730 ბოლოს დავწექით ალფეოსის ნაპირის გასწვრივ,
არ აგვიყრია საჭურველი. ეპეელნი კი
ქალაქთან იდგნენ უკვე, მისი ნგრევა სწყუროდათ.
მაგრამ მანამდის წინ აღუდგათ არესის საქმე.
როგორც კი მიწას დაანათა მზემ მოელვარემ,
735 ზევსს და ათენას შევევედრეთ და მტერს შევებით.
პილოსელებმა ეპეელებს რომ შეუტიეს,
მოყმე განვგმირე და მოვტაცე მარდი ცხენები
მებრძოლ მულიოსს, ავგეასის – ბელადის სიძეს,
უფროს ასულის, ქერათმიან აგამედეს ქმარს.
740 რაც კი რამ ქვეყნად სამკურნალო ბალახი ხარობს,
ყველა იცოდა. შემეფეთა და დავკარ შუბი.
ძირს დაენარცხა, მე კი უმალ მის ეტლს შევახტი,
მეწინავეთა შორის გავჩნდი და ეპეელნი
ერთი-მეორის მიყოლებით ილტვოდნენ.
745 მოყმე, მათი ბელადი, აბჯროსანი რა ნახეს მკვდარი.
ლტოლვილთ მოვედე, ვით მძვინვარე შავი გრიგალი,
ეტლი ხელთ ვიგდე მე ერგასი თითოსგან ორ-ორს
შუბით განგმირულს ვაღრღვნევინე მიწა კბილებით.
ორ აკტორიდსაც, მოლიონებს, არ დავინდობდი,
750 რომ მრავლის შემძლე მიწისმრყეველს, მათს მშობელ მამას
არ დაეფარა შავი ღრუბლით და არ ეშველა.
პილოსელ მოყმეთ ზევსმა ძლევა არგუნა მტერთა
მედგრად მივდევდით მინდორ-მინდორ ლტოლვილთ და ვსპობდით,
თან გზადაგზა ვაგროვებდით მდიდრულ საჭურველს,
755 სანამ ცხენები მივაგელვეთ უპრასიოსში,
იქ ოლენიეს ტინი გახლავთ, ალესიოსის
სერიც იქვეა. მაგრამ ამდროს უკვე ათენამ
შემოგვაბრუნა. იქ ბოლო მტერს ავართვი სული.
უპრასიოსით პილოსისკენ ვაჭენეთ ცხენნი.
760 ღმერთთაგან სპა ზევსს ადიდებდა, კაცთაგან – ნელიდს!
ოდესღაც ვიყავ მე ასეთი, გმირთა მძლეველი!
ხოლო პელიდი სიმამაცეს თვის თავს უნახავს.
თუმც ვიცი, იგლოვს ვაი-ვიშით ჩვენს იავარქმნას!
ძმაო, განა შენ არ გმოძღვრავდა მენეტიოსი,
765 როცა ფთიიდან გაგაყოლა ატრიდის ლაშქარს?
მე და ოდისევს გახლდით იმ დროს პელევსის სახლში,
კარგად გვესმოდა, მამაშენი რას გარიგებდა,
პელევსის პალატს, ლაღად მორთულს ვეწვიეთ მაშინ,
რომ ბრძოლად გვეხმო აქაველთა ქვეყნის ლაშქარი.
770 მაშინ ვიხილეთ აკტორიდი მენეტიოსი,
შენც, აქილევსიც იქ იყავით, ხოლო პელევსი
ელვისმოყვარე ზევსს სწირავდა მოზვერის ნეკნებს,
ეზოში იდგა, ხელში ოქროს თასი ეჭირა
და წმინდა ალზე ასხურებდნენ კამკამა ღვინოს.
775 ზვარაკის ნაწილს თქვენა წვავდით. მე და ოდისევს
შევდექით ბჭესთან. აქილევსი გაოცებული
შეგვხვდა, მოგვკიდა ხელი, მყისვე შინ შეგვიყვანა,
საჭმელ-სასმელი მოგვაწოდა, ვით სტუმრებს შვენით.
და როცა დავტკბით მისგან უხვად ნამასპინძლევით,
780 სიტყვა დავიწყე, მოგიწოდეთ ლაშქრად წამოსვლა,
თქვენც ბრძოლა გსურდათ. გარიგებდნენ მამები ჭკუას.
პელევსი თავის პირმშოს, პელიდს, ეუბნებოდა:
სხვას აჯობეო, მიწყივ გწადდეს გამოჩენაო.
მენეტიოსი შენ გმოძღვრავდა კეთილშობილი:
785 „შვილო, პელიდი გვარ-ტომობით შენზე მეტია,
შენ კი – ასაკით. მას მეტი აქვს ძალა და ღონე,
მაგრამ შენ რჩევა გააგონე ყოველთვის ბრძნული.
ვით მეგობარმა, გზა აჩვენე და გამოგყვება“.
ასე გირჩია მამამ, მაგრამ შენ გავიწყდება!
790 ო, ახლა მაინც გაუბედო რჩევა აქილევსს!
განა ღვთით, ძმური შეგონებით არ შეგიძლია
გული შეუძრა? მოძმის სიტყვას დიდი აქვს ძალა.
თუკი რაიმე ნამისნევი აშფოთებს მის სულს,
თუკი რაიმე კრონიდისგან აცნობა დედამ,
795 შენ ჩაგრთოს ომში და გაახლოს მირმიდონელნი,
ვინძლო დანაელთ მოევლინო ძლევის შუქურად.
ნება ყოს, მისი საჭურველი რომ შენ აისხა,
იგი ეგონოთ ეგებ ტროელთ, გაექცნენ ბრძოლას,
დანაელნი კი ბრძოლის ველზე სულს მოითქვამენ,
800 უკვე მაშვრალნი. ხანმოკლეა ომში მშვიდობა.
დასვენებული თქვენი რაზმი სპას ბრძოლით დაღლილს
ხომალდებიდან უკუაქცევს გალავნისაკენ“.
ასე თქვა. მკერდში შეუტოკდა გული პატროკლეს.
გემების გასწვრივ პელიდისკენ გაქანდა გმირი.
805 მაგრამ ღმერთის მსგავსი ოდისევსის გემს რომ მიადგა,
სად მოედანი და სახალხო სამსჯავრო იყო,
ირგვლივ ბომონნი აღმართულნი უკვდავ ღმერთების,
შეხვდა დაჭრილი ევრიპილოს ევემონის ძე,
თეძოში ჰქონდა გმირს გაყრილი ბასრი ისარი.
810 კოჭლობდა გმირი, დასდიოდა ოფლი ღვარ-ღვარად,
ცივად ბეჭებზე ჩაურბენდა, სისხლი მოჩქეფდა
ღია ჭრილობას, სული მაინც რჩებოდა მტკიცე.
რომ დაინახა, სიბრალული იგრძნო პატროკლემ
და თანაგრძნობით მიაგება ფრთიანი სიტყვა:
815 „ვასი, აქაველთ მებრძოლნო და თემისთავებო!
ნუთუ სანუკვარ მამულიდან და მოძმეთაგან
შორს თეთრ სხეულით ილიონის ძაღლებს დააძღობთ?
დგანანღა სპანი, მითხარ, გმირო, ზევსის ნაზარდო,
ომში საოცარ გმირ ჰექტორთან შესარკინებლად?
820 თუ სულს ღაფავენ დათრგუნვილნი მისი მახვილით?“
მყისვე მიუგო ევრიპილოს ევემონიდმა:
„არა, პატროკლევ, არსაიდან ხსნა აღარა აქვს
აქაველთ ლაშქარს, შავ გემებთან ელით დაღუპვა!
ვინცა ვინ გვყავდა მთელს ლაშქარში უმამაცესი,
825 ბანაკში გვიწევს დაკოდილი, ან ბრძოლის ველზე
რვალით დაშლილი. ტროელთ ძალა მიწყივ მატულბოს...
მიშველე, ძმაო, მიმაცილე შავფერდა გემთან,
სეფქა ამგლიჯე და თბილი წყლით მომბანე წყლულზე სისხლი,
მალამო სამკურნალო ზედ დამაფინე.
830 ამბობენ, იცი შენ ეს საქმე აქილევსისგან,
მას კი ქირონი ასწავლიდა, კენტავრი სათნო.
პოდალეიროს გვყავს აქაველთ და მახაონი,
მაგრამ ეს, ვგონებ, მოწყლულია, ახლა კარავში
თვით წევს უმწეო და გამოცდილ დასტაქარს ელის,
835 ის კი ველზე დგას, ეგებება არესის რისხვას“.
მენეტიოსის ძემ მიუგო კეთილშობილმა:
რით დამთავრდება ჩვენი საქმე, რაღა ვიღონოთ?
ვიჩქარი, რათა ყოველივე ვუამბო პელიდს,
რაც მე მიბრძანა აქაველთა მცველმა ნესტორმა.
840 მაგრამ ნაწამებს, ევრიპილოს, ვერც შენ დატოვებ!“
ხელი მკერდის ქვეშ შეაშველა, მიჰყვა კარვამდე.
მსახურმა კარვის კალთა – მოზვრის ტყავი გასწია.
დანით ამოსჭრა წამოწოლილს მწარე, ფრთიანი
ისრის წვერი და მოუბანა წყლულზე თბილი წყლით სისხლი,
845 შემდეგ კი გახეხილი ბალახის ფესვი
ზედ მოაყარა, დაუამა უმალ ტკივილი,
სისხლი შეჩერდა, წყლული გაშრა და განიკურნა.

ქება მეთორმეტე. გალავანთან შერკინება
მენეტიოსის მამაცი ძე მაღალ კარვის ქვეშ
ევრიპილოსის წყლულს უვლიდა, როს ქუხდა ბრძოლა
არგიველთ და ტროელთ შორის.
ამიერიდან ვერ დაიცავდა დანაელებს მტკიცე სიმაგრე,
5 გემების გასწვრივ აღმართული, ვეღარც სანგარი,
მის წინ გაჭრილი: ჰეკატომბე არ უძღვნეს ღმერთებს,
არცა ილოცეს, რომ გემნი და ხალხის დოვლათი
ეხსნა სიმაგრეს, არა ღმერთთა ნებით აგებულს.
დიდხანს ვერ გაძლო მიწის პირზე იმ გალავანმა:
10 სანამ გმირ ჰექტორს სული ედგა, ხოლო პელიდი
განს გამდგარიყო, მტკიცედ იყო ჯერ კიდევ ტროა,
აქაველთ ვრცელი გალავანი იდგა უვნებლად.
მაგრამ, რომ ტროელთ გმირნი ბრძოლის ველზე დაეცნენ,
ბევრი მოისპო არგიველიც, გადარჩა ბევრიც
15 და მეათე წელს პრიამოსის დაინგრა ციხე,
ხოლო გემები თ არგიველნი შინ გაეშურნენ,
პოსეიდონმა, აპოლონმა გამართეს ბჭობა:
როგორ მიეშვათ გალავანზე ყველა მდინარე,
იდას მთიდან რომ ზღვას შეერთვის აბობოქრებულს:
20 ჰეპტაპოროსი, კარესოსი, რესოს, როდიოს,
აისეპოსი, გრენიკოსი და სკამანდროსი,
სიმოეისიც, რომლის პირას ფარ-მუზარადი
ქვეყნის ეყარა და გვამები ნახევარღმერთთა.
ყველა მდინარე აპოლონმა მიმართა ერთ გზით –
25 გალავნისაკენ, ცხრა დღე-ღამე ზევსმაც მიწყივად
დელგმა დაურთო, რომ ზღვის ტალღებს წაეღოთ ციხე.
მიწისმრყეველიც სამკბილათი იდგა ზვირთებთან
და ყოველივეს წყალში ჰყრიდა ძირფესვიანად –
მორებს და ლოდებს, აქაველთა ნაშრომ-ნაჯაფარს.
30 ზედ ზღვისპირამდე გაასწორა მიწასთან ციხე
და ყოველივე ნაგებობა, ფართო ნაპირი
გაავსო ქვიშით, მოამწყვდია მდინარეები
ძველ კალაპოთში, სადაც ადრე მილივლივებდნენ.
ასე ენებათ პოსეიდონს და ღმერთ აპოლონს
35 ერთად ეშრომათ მომავალში. ხოლო ამჟამად
კვლავ ბრძოლა ატყდა გალავანთან. გაიღეს ზათქი
კოშკის ძელებმა. არგიველნი, ზევსის ნაგვემნი,
გემების ახლოს გალავანში ჩაკეტილიყვნენ,
დამარბეველი გმირი ჰექტორის შიშით დამფრთხალნი.
40 ის კი, ვით წინათ, მძვინვარებდა მსგავსი ქარიშხლის.
მონადირეთა და ძაღლების ალყაში მყოფი
ტახი ან ლომი ბრდღვინავს ხოლმე, თვალანთებული,
წრე მის წინაშე შეიკვრება, როგორც კედელი,
თავს დაატყდება ბასრ ოროლთა ღრუბელი მრუმე,
45 მაგრამ მამაცი გული როდი აუთრთოლდება.
არსად არ გარბის, გულადობით თავსაც იღუპავს:
ხან აქ აწყდება, ხან იმ მხარეს სცდის მონადირეთ,
და საითაც კი გაიჭრება, გაეცლებიან.
ასე ჰექტორიც წინ მიქროდა, სანგრის გადასვლას
50 სთხოვდა ტროელებს, მაგრამ მათი ფიცხი ცხენები
ყალყზე დგებოდნენ, ფრუტუნებდნენ შეშინებულნი
ზედ თხრილის პირას, თავზარს სცემდათ ფართო სანგარი,
არც გადახტომა ეგებოდა, არცა გადასვლა.
მას მთელს სიგრძეზე ნათალი კლდის წიბო გასდევდა.
55 ერთი-მეორის მიყოლებით ორსავე მხარეს
ხშირ-ხშირად იყო ამოჩრილი ბასრი სარები,
აქაველებს რომ დასაცავად თხრილში ჩაერჭოთ.
შიგ მსუბუქთვლიან ეტლით ცხენი ვერ ჩააღწევდა,
მხოლოდ ქვეითნი კვლავ ცდილობდნენ როგორმე ჩასვლას.
60 პულიდამენტმა ბოლოს მამაც ჰექტორს შესძახა:
„ჰექტორ! ტროელთა ბელადნო და მოკავშირენო!
უგუნურებაა ამ სანგარზე ცხენთა ჭენება,
ეტლით გადასვლა არ იქნება. ყოველ ნაბიჯზე
ბასრი სარია და მას იქით – აქველთ ციხე.
65 თხრილში ვერ ჩავალთ, იქ მხედრები ვერ იბრძოლებენ,
სივიწროვეა, აგვაგებენ სარებზე ყველას.
თუ მეხისმტყორცნელს ჭეშმარითად უნებებია
მტრის შემუსვრა და ხსნა ტროელთა მამაც მხედრობის,
მეც ხომ ეს მინდა: აქაველებს დაუყოვნებლივ
70 ბოლო მოეღოთ არგოსიდან შორს გადმოხვეწილთ.
მაგრამ თუ უცბად მოგვიბრუნდნენ, დაიწყეს თვითონ
გემთა წინ ბრძოლა, ღრმა სანგარში ჩამოგვრეკავენ.
მე კი ღრმად მჯერა, ვერვინ წავა ამბის წამღები
მტრის გასადევნად შუბშემართულ აქაველთაგან.
75 მისმინეთ, ძმანო და ჩემს რჩევას დაემორჩილეთ:
ცხენნი დავტოვოთ, სანგრის პირას მივანდოთ მსახურთ,
თვით კი ქვეითა, შემოსილნი სპილენძის ჯავშნით,
წავჰყვეთ გმირ ჰექტორს. აქაველთა სპა ვერ გაგვიძლებს,
ვერ შეგვაჩერებს, ვერ წაუვა ბედის მუქარას“.
80 დაემორჩილა ჰექტორ რჩევას პულიდამანტის,
ეტლიდან მყისვე ძირს გადმოხტა აბჯარასხმული.
და ფიცხელ ცხენებს აღარც სხვები მიჰკარებიან.
ჰექტორის შემდეგ ყველა მოყმე ჩამოქვეითდა.
მსახურთ უბრძანეს ტროელების თემისთავებმა
85 ცხენები მწკრივი მზად ჰყოლოდათ სანგარის პირას.
ჯარი გაიყო, შემჭიდროვდა მტკიცე რიგები –
ხუთ დიდ ნაწილად და ბელადებს ბრძოლაში გაჰყვა.
პულიდამანტი და ჰექტორი წარუძღვნა ერთ რაზმს,
სიმრავლითა და სიმამაცით მოწადინებულს
90 ციხის დანგრევის და გემებთან მტრის იავარქმნის.
მათ კებრიონე მიჰყვა, უფრო სუსტი კებრიონეს,
მეორეს, ეტლთან მიუჩინა საქმე ჰექტორმა.
პარის, აგენორ, ალკათოოს გაუძღვნენ სხვა რაზმს,
ხოლო მესამეს – ჰელენოს და დეიფობოსი –
95 პრიამეს ძენი, მათვე ახლდათ გმირი ასიოს,
გმირი ასიოს ჰირტაკიცი, ამხედრებული
არისბეს მხრიდან, სელეენტის სანაპიროდან.
მეოთხე ლაშქარს მიუძღოდა ძე ანქისესი –
გმირი ენეას, ანტენორის ორი ძეც ახლდა –
100 არქელოქოს და აკამანტი ბრძოლანაცადნი.
მოკავშირეთა ჯარს გაუძღვა გმირი სარპედონ,
თან გაიყოლა გალავკოსი და ასტეროპეოს,
ორივ უყვარდა – მამაცთ შორის უმამაცესნი.
თვით კი სიმხნევით აჭარბებდა ყველა წინამძღოლს.
105 ასე ეჭირათ თადარიგი, ფარშემართულნი
მტრიკენ იწვევდნენ მგზნებარენი, ოცნებად ჰქონდათ –
ვერ შეგვბედავენ, გემებისკენ განილტვიანო.
როგორც ტროელნი, ისე ტროელთ მოკავშირენი
დაემორჩილნენ კეთილ რჩევას პულიდამანტის.
110 მხოლოდ ჰირტაკიდს არა სურდა, ასიოსს მამაცს
ცხენნი მიენდო მეეტლისთვის სანგართან ახლოს.
ფიცხი ცხენებით ესწრაფოდა არგიველთ გემებს.
ეგ შლეგი! აბა ბედს როგორღა გაექცეოდა,
რას ყოყოჩობდა – ეტლით უკან არ მომიწევსო
115 გემთსადგომიდან გაქროლება ილონისაკენ!
თავხედს მისწვდა დევკალიდის იდომენევსის.
მარცხნივ მიქროდა გემებისკენ, სად აქაველნი
მსუბუქ ეტლებით სცილდებოდნენ ბრძოლის სარბიელს.
120 ზედ კოშკს მიადგა ასიოსი ფეხმარდ ცხენებით,
ვერც საკლიტური ვერ იხილა, ვერც ბჭე დახშული:
ფართოდ გაეხსნათ, რომ ეშველათ ბრძოლიდან მოსულ
მოლაშქრეთათვის, შეემალათ ნავ-ხომალდებთან.
ჯიქრუ მიეჭრა მეოცნებე, მოსდევდნენ სხვბიც
125 საზარ ყიჟვინით, მათ ეგონათ, რომ აქაველნი
ვერ შეგვბედავენ, გემებისკენ განილტვიანო.
ვაი, მათ ჭკუას! კოშკთან ორი შემოხვდა მოყმე,
მამაცნი შვილნი შუბოსანი ლაპითებისა:
პერითოოს – გმირის ვაჟი პოლიპოიტე
130 და ელეონტევსის, სულთმხუთავ არესის მსგავსი.
მაღლა შემართულ გოდოლის წინ იდგა ორივე,
ვით ტყიან ბორცვზე მოშრიალე მუხა ამაყი,
დღენიადგა რომ ქარიშხალი, წვიმა ძირს უთხრის,
მაგრამ მიწაში გაუშლია ფართოდ ფესვები.
135 მათაც მკლავის და მამაცობის იმედი ჰქონდათ,
ურყევად იდგნენ და ელოდნენ ფიცხელ ასიოსს.
როს მტერი შმაგად გალავნისკენ ბრძლის ყიჟინით,
ფარშემართული მოიწევდა, მოსდევდ მოყმეთ:
ბელად ასიოს, იამენოსს, ოინომაოსს,
140 ასიოსის ძეს ადამანტს და ორესტეს, თოონტს,
იმ დროს ლაპითნი, ბჭესთან მდგომნი გემთ დასაცავად
უხმობდნენ ლამაზ საბარკულთა მფლობელ აქაველთ.
მაგრამ ზედ ციხეს რომ მოაწყდა ტროელთა ძალა
და დანაელთა მეომრებმა შექმნეს განგაში,
145 ორივ კარიბჭის წინ გავარდა და მტერს შეება.
ველური ტახი გულუშიშრად ხვდება მუხნარში
მონადირეთა და დაგეიშილ ძაღლთა თავდასხმას,
ბუჩქნარს გაარღვევს ლაწა-ლუწით, ფესვებიანად
ამოთხრის ხეებს და ჭახანი ისმის ეშვების,
150 სანამ ოროლი მოუსწრაფებს ნადირს სიცოცხლეს.
ასე გაჰქონდა ლაპითბის მკერდზე რვალს ჟღერა
მტერთაგან ნაკრავს, ფიცხი იყო კვეთება მათი,
ირგვლივ მყოფ სპათა და საკუთარ ძალის იმედით.
ვეება ლოდებს მეომრები მაღალ კოშკიდან
155 მომხვედურს სტყორცნიდნენ და იცავდნენ გემებს და ბანაკს.
როგორც ფარფატით დაეშვება თვალისმომჭრელი
თოვლი, ქარბუქი რომ მოხვეტავს, აღმძღვრელი ღრუბლის
და ფანტელებად ნაყოფმრავალ მიწას დააფენს,
ისე აქაველთ და ტროელთა ხელით ცვიოდა ისრის ფანტელი.
160 უზარმაზარ ქვების დარტყმისგან
ყრუდ გუგუნებდნენ ფარები და მუზარადები.
შეჰყვირა, ბოღმით ბარძაყზედაც დაირტყა ხელი
ბრგე ასიოსმა ჰირტაკიდმა ცოფმორეულმა:
„მამაო ზევსო, შენც გამხდარხარ ცრუთა მოყვარე!
165 ვერც ვიფიქრებდი, რომ შეძლებდნენ აქაველები
ჩვენს სიმამაცეს, მკლავთა ძალას წინ აღდგომოდნენ!
მაგრამ არც ფუტკრებს, არც აბეზარ და ჭრელ კრაზანებს
ბუდეს კლდე-ღეზე, მტვრიან გზებზე რომ მოიწყობენ,
არ სურთ არაგზით, მიატოვონ მღვიმე საამო
170 და მიმტაცებელ გლეხებს, ბავშვებს კბენენ სასტიკად,
ასე, თუმც ორად ორი დარჩა, ბჭეს არ სტოვებენ,
სანამ არ ძლევენ ყველას ან თვით არ იძლევიან!“
ასე ღაღად ყო, მაგრამ როდი უსმინა ზევსმა,
ჰექტორის სახელ-დიდებაზე ზრუნავდა იგი.
175 სხვა რაზმი ამ დროს მტერს ებრძოდა მეორე კოშკთან.
არ ძალმიძს გითხრათ ყველაფერი მე, როგორც ღმერთმა
ვრცელი გალავნის გაყოლებით გაჩაღდა ბრძოლა,
სულმილეულნი არგიველთა სპანი ლოდებით
იცავდნენ გემებს. მოიღუშნენ დარდით ღმერთებიც –
180 ტროის ბრძოლაში დანაეთლა ლაშქრის ქომაგნი.
ერთურთს შეუდგნენ ლაპითები საშინელ ომში
პერითოოს-გმირს ვაჟმა პოლიპოიტემ
შუბით დამასოს გაუნგრია რვალის საღაწვე,
სპილენძმა დარტყმას ვერ გაუძლო, ოროლის წვერმა
185 ძვალი გააპო, ჩაეჭედა თავისქალაში,
სისხლში არია ტვინი. გზნება დაუცხრო მომხვდურს.
მზე დაუბნელა პილონოსს და ორმენოსს ბოლოს.
ანტიმაქოსის ძე განგმირა მძლე ლეონტევსმა – ჰიპომაქოსი.
შიგ სარტყელში გაურჭო შუბი.
190 იძრო მახვილი ქარქაშიდან, ბრბოს გაერია,
პირველი დასცა ანტიფატე, აძგერა ხმალი
და სულთმობრძავი დაენარცხა მიწას პირაღმა.
იამენოსი, მენონი და ბოლოს ორესტე
ერთი-მეორის მიყოლებით ძირს დაანარცხა.
195 იმ დროს, როს აბჯარს მოლაპლაპეს ხდიდნენ დაცემულს,
პულიდამანტს და ჰექტორს მოჰყვა ჭაბუკთა რაზმი
სიმრავლით, სიმხნით, სიმამაცით გულმიცემული
ციხე-გალავნის დასანგრევად, გემთ დასაწველად.
მაგრამ სანგართან მამაცთა სპა შედგა ყოყმანით:
200 გულაგზნებულებს სასწაულად გამოეცადა
მაღლით არწივი, ჩაუქროლა მარცხნიდან ლაშქარს.
ბრჭყალებში ჰყავდა სისხლიანი ვეება გველი,
ჯერაც ცოცხალი. იბრძოდა და იკლაკნებოდა.
გადაიზნიქა, მიმტაცებელს კისერთან ახლოს
205 მკერდზე უკბინა, და ტკივილით გამწარებულმა
არწივმა გველი ჩამოაგდო მხედრობის შუა.
თვით კი ყივილით გააყოლა ქარ-ნიავს ფრთები.
ძრწოლა მოჰგვარა ტროელთ ჭრელი გველის დანახვამ,
მათს წინ მიწაზე განრთხმულიყო ღვთის სასწაული.
210 პულიდამანტმა ასე უთხრა გუმტკიცე ჰექტორს:
„ჰექტორ, ყოველთვის რად მაყვედრი, როცა ბჭობისას
სამართლიანად ვიტყვი ხოლმე? ხამს მოქალაქემ
ჭეშმარიტება არ უარყოს გინდა საბჭოზე,
გინდა ბრძოლაში, არამედ შენს ნებას იცავდეს.
215 მე მოგახსენებთ, რაც მგონია დღეს სასიკეთო:
ნუღარ შევუტევთ დანაელებს ნავ-ხომალდებთან.
ჩვენ აგვიხდება სასწაული, თუ ბრძოლის მსურველ
ტროელებს მართლაც სასწაულად მოვლინებია
მაღლით არწივი, მარცხნისაკენ გამოქროლილი.
220 ცოცხალი გველი სისხლიანი ეჭირა ჭანგით,
მაგრამ გაუშვა, სანამ ბუდეს მიადგებოდა
და ვერ მოასწრო მართვეთათვის მირთმევა მისი.
ჩვენც, თუმც აქაველთ კარიბჭეს და მაღალ გალავანს
ძალით დავლეწავთ, დაგვითმობენ გზას აქველნი,
225 მაგრამ უკანვე იმავე გზით ვერ დავბრუნდებით,
ბევრი დაგვრჩება აქ ტროელი. აქველთ სპანი
დასცემენ რვალით, გემებისთვის თავდადებულნი.
ასე ახსნიდა მოგვიც, ვისმა ნათელმა სულმა
უწყის ყოველი სასწაული. ხალხსაც სწამს მისი“.
230 მწყრალად შეხედა და მიუგო გმირმა ჰექტორმა:
„პულიდამანტო, არა მგამა სიტყვა ასეთი!
შეგეძლო, რჩევა უკეთესი გეაზრებინა!
თუკი ეს, რაც თქვი, წრფელი გულით გქონდა ნათქვამი,
ეტყობა, ჭკუა შენთვის ღმერთებს მიუტაცნიათ.
235 შენ ამბობ, ნება დავივიწყო მგრგვინავი ზევსის,
რაც მიგვანიშნა და მე რისიც მმართებს სრულყოფა?
არა ღმრთის მწამდეს, არამედ ცად მფრინავი ჩიტის?
ჩირად არ მიღირს მე ჩიტები, რა მენაღვლება,
მარჯვნივ გაჰკრავენ – აღმოსავლით, დილის, მზის მხარეს,
240 თუ მარცხნივ, პირქუშ და ფერმიმქრალ დასავლეთისკენ.
ჩვენ მხოლოდ დიად ზევსის ნებას უნდა ვერწმუნოთ,
მოკვდავ კაცთა და მარადნეტარ ღმერთთა მბრძანებლის!
ყველაზე დიდი სასწაული ქვეყნის დაცვაა!
რად გეშინია შერკინების და ომის საფრთხის?
245 ტროელთა ძენი თუ არგიველთ გემების გვერდით
ვეყრებით მკვდრები, ნუ გექნება სიკვდილის შიში;
შენ სული მტრებთან შესაბმელად როდი მიგყვება!
მაგრამ თუ ბრძოლას გაექცევი, ან სხვა მეომარს
აცდუნებ სიტყვით, განარიდებ საომარ საქმეს,
250 ამ ჩემი შუბით ამოგხდება სული, იცოდე!“
ასე წარმოთქვა. გზა განაგრძო. გაჰყვნენ რაზმები
საზარ ყიჟინით. ზევსმა, მეხით გალაღებულმა,
იდას თხემიდან ქარი აღძრა და გემების წინ
დაატრიალა მტვრის ქარქვეტი. აქაველ გემებს
255 სული დაუმცრო, აღამაღლა ტროელთ დიდება.
ენდვნენ სასწაულს ღვთაებისას, ენდვნენ თვის ძალას
და აქაველთა ციხის ნგრევა დაიწყეს ტროელთ.
ქონგურებს გლეჯდნენ, ლაწა-ლუწი გაჰქონდა გოდოლს,
ძალაყინებით ძირს ურყევდნენ ღრმად ჩათრხრილ ბოძებს,
260 მაღალ კოშკების დასაყრდენად მიწაში ჩასმულთ.
იმედი ჰქონდათ. რომ გალავანს მალე დაშლიდნენ.
მაგრამ ჯერ ფეხსაც არ იცვლიდა სპა დანაელთა.
ფარებით მტკიცედ კოშკს იცავდნენ, ქვებით, შუბებით
ებრძოდნენ ტროელთ, შემოსეულთ გალავნის ძირას.
265 ორივე გმირი აიანტი გოდოლს იცავდა,
მეციხოვნეებს დაუვლიდნენ, გულს უმაგრებდნენ,
ზოგს მოფერებით მიმართავდნენ, ზოგს კი მრისხანედ,
თუ თვალს მოჰკრავდნენ ბრძოლის ველით შემობრუნებულს:
„ო, არგიველნო, წინანი ხართ თუ უკანანი,
270 თუ ლაშქარის შუა მოქცეულხართ, – ყველას ხომ ერთი
არ მოსდგამს ძალა, – დღეს ერთი გვაქვს ჩვენ განსაცდელი!
თვით ხედავთ! გულში ლტოლვას ფიქრად ნურვინ გაივლებს,
როს გალავანთან თავზარს დასცემს მტრების ყიჟინა!
წინ გაიჭერით, ერთმანეთიც ბრძოლით აღაგზნეთ!
275 ვინძლო ინებოს კრონიონმა მაღლით ელვარემ
ხსნა მოგვანიჭოს და მივსდიოთ მტერს ქალაქამდე!“
ასე აქაველთ ამხნევებდნენ აიანტები.
თითქოს გადმოსკდა თოვლის თქორი ხშირ ფანტელებად
ზამთრის ჟას, ოდეს ზევსი გრგვინავს მეხთამტყორცნელი,
რომ კაცნი თოვლში გაახვიოს, სტყორცნის თვის ისრებს,
280 ქარს მიაყუჩებს, განუწყვეტლივ ბარდნის და ბარდნის,
ფარავს მწვერვალებს და ალესილ კლდეთა წვეროებს,
გაშლილ ველ-მინდვრებს, კაცტა ნაშრომს და ნამუშაკევს,
ნაპირს ეფრქვევა, შეესევა კიდეს ზღვაური,
285 ტალღა თარეშობს, ფიფქებს შთანთქავს. სხვას ყოველივეს
ზედ აფენია თეთრად, ბორგავს ზევსის ქარბუქი.
ასე მიქროდნდნ აქედან და იქიდან ქვები –
ტროელთ ბანაკში, ტროელთაგან – აქაველთ მხარეს.
სწრაფად ტყორდნიდნენ, ბურჯს გაჰქონდა გრიალ-გრიალი.
290 როდი შეძლებდნენ ტროელნი და გმირი ჰექტორი,
ბჭე შეელეწათ, შეემტვრიათ საკლიტურები,
რომ ძეს – სარპედონს მამა-ზევსი არ შეწეოდა.
ვით რქამრუდ ხარებს ლომმა, მოყმემ მტერს შეუტია.
მყის აიფარა მკერდზე ფარი მან მორკალული,
295 მძიმე სპილენძით მოჭედილი და მოელვარე.
ქველ ოქრომჭედელს კრავის ტყავი ოქროს სამსჭვალით
ფარის სიმრგვალის გაყოლებით გადაუჭიმავს.
მკერდზე ეფარა გმირს, ხელთ ეპყრა ორი ხელშუბა;
გაიჭრა ლომი, მოწადინე სისხლის და ხორცის,
300 მამაცი სული აღგზნებია, ცხოვართ საჟლეტად
უნდა შევარდნა შემორაგულ ფარეხში უმალ,
თუმც ძელყორის წინ კომბლიანი დახვდნე მწყემსები,
ფხიზელ ნაგაზთა ხროვით ფარას რომ დარაჯობდნენ.
ფიქრად არ მოსდის დაცხრეს, სანამ სისხლს არ იგემებს.
305 გადაევლება ძელყორეს და მიიღებს დარტყმას,
უმალვე შუბით განგმირული დაენარცხება.
ასე სარპედონს წინ უსწრებდა სული, ღვთაებრივს,
სურდა გალავანს თავს დასხმოდა, ბურჯი დაემხო.
მიმართა გლავკოსს, ძეს სვიანი ჰიპოლოქოსის:
310 „გლავკოს! ყველასგან რატომ ვყავართ გამორჩეული,
ნადიმში რატომ მოგვართმევენ სავსე ფიალებს,
ვითარცა ღმერთებს, ლიკიაში რად გვადიდებენ?
ქსანთოსის პირას რად გაშლილა ჩვენი მამული,
დოვლათიანი, თავთუხიან-ვენახიანი?
315 ჩვენ ლიკიელთა მეწინავე გმირებთან გვმართებს
მგზნებარე ბრძოლა, უპირველესთ პირველთა შორის.
დე თოროსანმა ლიკიელმა ვერცერთმა ვერ თქვას:
ვრცელი ლიკიის სახელმწიფოს უქმი მეფენი
განაგრძობენო, მიირთმევენ ნოყიერ საზრდოს,
320 ტკბილ ღვინოს სვამენ, მაგრამ ძალა როდი მოსდგამთო.
არა! გვადიდონ, ვით პირველნი ლიკელთ შორის!
ო, საყვარელო! ჩვენ რომ ომზე დღეს უარი ვთქვათ,
უბერებელი და უკვდავი დავრჩეთ ორთავე,
კარგი იქნება. მაშინ წინ არც გავიჭრებოდი,
325 არც ჩაგირთავდი სამამაცო ბრძოლის საფრთხეში,
მაგრამ ჩვენ ახლაც, ვით ყოველთვის, სიკვდილი გვახლავს,
მოკვდავი მას გვერს ვერ აუვლის.
რაკი ასეა, წინ - დიდებისკენ! ან დავეცეთ მტრის სადიდებლად!“
ასე მოუხმო და გლავკოსიც არ გაერიდა.
330 ორივ გაიჭრა ლიკიელთა დიდი ლაშქრის წინ.
პეტროსის ძე მენესთევსი შეკრთა, როს ნახა –
ემუქრებოდა მის კოშკს ძალა დამანგრეველი.
მიმოიხედა, ვინძლო ვინმე აქაველთაგან
საბედისწერო ჟამს მის ლაშქარს მიშველებოდა.
335 იხილა ბრძოლით უმაძღარი აიანტები,
ერთურთის გვერდით, იქვე ტევკროს ახლად მისული;
მაგრამ იქამდე არ შეეძლო ხმა მიეწვდინა –
ცამდე აღწევდა ღრიანცელი, იდგა გრუხუნი
გამსკდარ ფარების, მუზარადის, საკლიტურების.
340 ბჭე ძიგძიგებდა, შემორტყმოდა ბრბო საშინელი,
სურდა გაეპოთ. გაეხლიჩათ, შიგ შეჭრილიყვნენ.
აიანტებთან მსწრაფლ აფრინა მაცნე თოოტი,
„გასწი, თოოტი, ღვთაებრივო, უხმე აიანტს,
გვიჯობს ორივე! ახლა მართებთ ჩვენი შეწევნა,
345 რამეთუ სწორედ აქ ატყდება ბრძოლა საზარი!
მოისწრაფვიან ლიკიელნი, რომელთ წინათაც
ქარიშხალივით ბრძოლის ველზე შეჭრა ჩვეოდათ.
თუ ჯაფა ადგათ, ცხარე ბრძოლაც გაჩაღებულა,
ერთი მოვიდეს აიანტი, ტელამონის ძე,
350 ტევკროსიც მოჰყვეს, მოისარი სახელოვანი“.
ასე უბრძანა, მალემსრბოლიც დაჰყვა მის ნებას,
რვალისკვართიან აქაველთა გალავნის ბოლოს
ორთავ აიანტს მიეახლა მაცნე და უთხრა:
„ღვალისკვართიან აქაველთა ქველნო ბელადნო!
355 ღმერთშემოსილი, საყვარელი ძე პეტეოსის
გთხოვთ, თუნდ ნაწილი თქვენ იტვირთოთ მძიმე შრომისა.
უჯობს ორივე! ახლა გმართებთ მათი შეწევნა,
რამეთუ სწორედ იქ ატყდება ბრძოლა საზარი!
მიისწრაფვიან ლიკიელნი, რომელთ წინათაც
360 ქარიშხალივით ბრძოლის ველზე შეჭრა ჩვეოდათ.
თუ ჯაფა გადგათ, ცხარე ბრძოლაც გაჩაღებულა,
ერთი მივიდეს აიანტი, ტელამონის ძე,
ტევკროსიც მიჰყვეს, მოისარი სახელოვანი!“
თქვა და ხალისით დაეთანხმა ტელამონის ძე,
365 ფრთიანი სიტყვით ოილევსის ძეს მიუბრუნდა:
„გმირო აიანტ, ლიკომედევ გულუშიშარო!
დარჩით, დანაელთ შთაათონეთ ბრძოლა გმირული.
მე კი საშველად მივიჩქარი მოძმეთა ჩემთა,
მტერს იქ შევმუსრავ და უმალვე თქვენთან გავჩნდები“.
370 თავისიანებს ასე უთხრა, ტელამონის ძეს
გაჰყვა ტევკროსიც, მამით ძმები იყვნენ მოყმენი.
ტევკროსს თან მიჰყვა პანდიონი, მშვილდი მიჰქონდა.
მენესთევსის კოშკს როს მიადგნენ გალავნის შიგნით,
ნახეს, რომ მართლაც მტერი ბურჯებს შემოსჯარვოდა.
375 გადაუვლიათ მიწაყრილი, ვით სასტიკ გრიგალს
ლიკიელთ ლაშქრის უმამაცეს მეფე-ბელადებს.
მებრძოლი მებრძოლს საომარი ყიჟინით შეხვდა.
პირველად დასცა მეგობარი სარპედონისა
ტელამონის ძემ – ეპიკლევსი დიდსულოვანი.
380 მარმარილოს ქვას ხელი სტაცა: ეგდო ვეება
ლოდი, ბასრი და წამახული, სანგრის კიდესთან.
ჩვენი დროისას ორ მოწიფულ ვაჟკაცსაც დაძვრა
ძნელად შეეძლო, მან კი სტყროცნა ლოდი იოლად.
ზუჩი ბაკმული გაუჭყლიტა და თავის ქალა სულ მიუმსხვრია.
385  მოყმე მოსწყდა როგორც მყვინთავი მაღალ კოშკიდან.
სულმა ძვლები დატოვა მყისვე.
ტევკროსმა გლავკოს – ძლიერი ძე ჰიპოლოქოსის,
გალავნით მისკენ გამოჭრილი, ფრთოსანით დაჭრა,
იქ, სადაც ტანს ვერ უფარავდა თორნი მეომარს.
390 მოყმე გალავანს მიეფარა, ვინძლო აქაველთ
არ შეენიშნათ დაკოდილი, ყბად არ აეღოთ.
ბოღმა მოაწვა გმირ სარპედონ, ოდეს გლავკოსის
გაცლა შენიშნა. ბრძოლის ველზე თვით დარჩა მაინც.
ბასრი ოროლი თესტორის ძეს ალკამონს სტყორცნა,
395 უკვე მოქაჩა, შუბს ბარბაცით მოჰყვა სხეული
და აჟღრიალდა რვალის მძიმე აბჯარ-ბექთარი,
მაგრამ ძალუმად ამოგლიჯა მოყმემ დიბლიგი,
მოსწყდა შუბისწვერს მტერი, მიწას პირქვე დაასკდა.
მაღლით გაიხსნა გალავანი, გზა გაიცალა.
400 აიანტი და ტევკროს დახვდნენ ყრმას ერთდროულად,
ერთმა ისარი განუწონა ფარს კაცის სიგრძეს
და გმირის სარტყელს, მაგრამ ზევსი შვილს შეეწია,
აზრად არ ჰქონდა ხომალდებთან დაღუპვის მისი.
ფარი გაუპო აიანტმა, შუბმა გამჭოლად
405 გაკვეთა, მტერი უკუიქცა გულდაზაფრული.
ბრძოლის ასპარეზს მაინც როდი გარიდებია,
იმედი ჰქონდა, რომ დიდება არ ასცდებოდა.
ლტოლვილმა უთხრა ლიკიელებს, ღვთაების სადართ:
„ო, ლიკიელნო! სიმამაცე რად გაგეცალათ?
410 განა მე ძალმიძს, გაცილებით მძლავრიც რომ ვიყო,
ბურჯიც დავამხო და გავკაფო გზაც ხომალდისკენ?
მომყევით! ერთად შრომა ძლევის საწინდარია!“
ეს რომ თქვა, ლაშქარს მრთლაც შერცხვა სვიანი მეფის,
მტკიცედ შეიკრა, გაბედულად მიჰყვა წინამძღოლს.
415 არგიველებმაც გაამაგრეს თვისნი ფალანგნი
გალავნის შიგნით, მათს სიმხნევეს მხნე ძალაც დახვდა:
როგორც ლიკიელთ არ შეეძლოთ დანაელთ ძლევა,
ბურჯის გარღვევა, გზის გაკაფვა ხომალდებისკენ,
ისე უჭირდათ დანაელთაც კარზე მომდგარი
420 ლიკიელთ ლაშქრის უკუგდება ციხის ზღუდიდან.
ვით ორი გლეხი ყანობირთან წაკინკლავდება,
ხელთ აქვთ საზომი – უტევანი, დგანან სამანთან,
სადაც სვე გადის, ყაყანებენ, მეტს იჩემებენ,
ასევე ჰყოფდა სპას კედელი, აქეთ-იქიდან
425 ერთურთს უპობდნენ მკერდზე აკრულ მოზვერის ღვედებს,
მდიდრულ ტყავკაბას, ბაკმულ ფარებს მსუბუქს და დიდსაც.
ბევრს სამარცხვინოდ მიეწია ბასრი სპილენძი,
ზურგი გაუპო, ხერხემალი გადაუმსხვრია,
მრავალს კი მკერდი გაუნგრია – ფარმაც ვერ იხსნა.
430 კოშკიც, სანგარიც შეიღება მებრძოლთა სისხლით,
აქაც და იქაც, აქაველთა და ტროელთ მხარეს.
მაგრამ აქაველთ არ იცვალეს ფეხი, არ შედრკნენ.
როგორც ურყევად დგას სასწორი დიასახლისის,
თუ ქალი პინას გულმოდგინედ აწონასწორებს,
435 რომ მშიერ ბავშვებს მიუჩინოს კერძის საზრდელი,
ისე ლაშქარმა მტრის ლაშქარი ვერ გადაწონა,
სანამ ჰექტორი გმირულ საქმით დიადმა ზევსმა
არ დაამშვენა. გაარღვია გმირმა გოდლედი.
გამაყრუებელ ხმით შესძახა ტროელთა ლაშქარს:
440 „ტროელნო გმირნო, გაანგრიეთ არგიველთ ზღუდე
და მათს ხომალდებს ალი სტყორცნეთ ყოვლის შთანთქმელი!“
ასე აღაგზნო, კიდით-კიდე ხმა მისწვდა ყველას,
გოდოლს მიაწყდნენ, სწრაფად იწყეს ასვლა კედელზე,
ყოველ ღრიჭოდან გამოჩრილი შეხვდათ სათხედი.
445 ჰექტორს ხელთ ლოდი აეტაცა, იქვე რომ ეგდო
ძირგანიერი, კენწეროსკენ თანდათან წვრილი.
მას ცვენ დროის ორი კაციც, თუნდ მჯობთა მჯობი
ეგრე იოლად ბერკეტითაც ვერ დაუდებდა
ურემს, მაგრამ ლოდს მოერია მოყმე ადვილად.
450 შეუმსუბუქა ტვირთი ვაჟკაცს ცბიერმა ზევსმა.
მწყემსს რომ საწმისი მიაქვს, ფეხსაც არ მოუნელებს,
იგი ვერც კი გრძნობს, ხელს არ უშლის ტვირთის სიმძიმე.
ასე მსუბუქად კარიბჭისკენ მიჰქონდა ჰექტორს
ვეება ლოდი. კარი დახვდა მტკიცედ დახშული
455 საკლიტურებით, შიგ გაყრილი მძიმე საძალნი
სალტის შეეკრათ ორივ, ურთულს ეჭირა კარი.
დადგა ყრმა ბჭესთან. დარტყმა რომ არ გაცუდებოდა,
ლაჯი გაშალა, გაიზნიქა, შუაში დასცხო.
ორივ საძალი ჩამოგლიჯა, შიგ დაეხეთქა
460 ლოდი. კარიბჭემ დაიქუხა, ვეღარც ურდულმა
უშველა, ირგვლივ გაიფანტა მყის ნაფოტები.
ბჭეში შეიჭრა საშინელი გმირი ჰექტორი.
ღამესა ჰგავდა ქარიშხლიანს, რვალი ელავდა,
ყრმა მთლად სპილენძის თორნ-ჯავშანით შემოსილიყო.
465 ხელთ შუბი ეპყრა, გმირს ღმერთიც ვერ დააკავებდა,
როცა კარიბჭე შევლო. ცეცხლი ენთო თვალებში.
ტროელთ უბრძანა ბრბოდ მოჯარულთ, რომ მეყსეულად
გალავნის თავზე აჭრილიყვნენ. ასეც მოიქცნენ,
დაუყოვნებლივ შეესივნენ კოშკს და გალავანს,
470 გახსნილ კარიბჭეს.
გაიფანტნენ დანაელთ სპანი,
გემს მიაშურეს. საშინელი განგაში ატყდა.

ქება მეცამეტე. ბრძოლა ხომალდებთან
ზევსმა ჰექტორი და ტროელნი მტერს შეატოვა,
რომ ვაება და ომის ჯაფა არ ასცდენოდათ,
ხოლო თვით თვალნი სხივოსანნი მიაპყრო შორეთს –
თრაკიელთ მიწას - ცხენოსანთა, მისიელების –
5 მხნედ მორკინალთა, მხარეს განთქმულ ჰიპემოლოგსთა –
რძით გაზრდილ, ღატაკ, მაგრამ მუდამ მართალი ხალხის.
ტროისკენ თვალი შუქმოსილი არ მიუმართავს.
როგორ ეგონა, რომ უკვდავთა შორის კვლავ ვინმე
ქომაგად ტროელთ ან დანაელთ აღუჩნდებოდა!
10 მაგრამ არ დადგა უქმად ღმერთი პოსეიდონი,
ომს და კვეთებას რომ დამზერდა მთის მწვერვალიდან.
ტყიან სამოსის ციცაბოზე ჩამომჯდარიყო
თრაკიის მხარს. შორს მოსჩანდა იდე დიადი,
აქაველთ გემნი და ქალაქი პრიამოსისა.
15 ზღვის წიაღიდან ამოსული სთნავდა დანაელთ,
ტროელთა ძალით დათრგუნვილებს, დრტვინავდა ზევსზე.
ადგა მრისხანე, გამოიჭრა მთის მწვერვალიდან,
თრთოლვა შეუდგათ მუხნარსა და უღელტეხილებს,
განაბულთ ტერფქვეშ უკვდავ ღმერთის პოსეიდონის.
20 სამი ნაბიჯი რომ გადადგა, მეოთხეზევე
გაჩნდა აიგას, ზღვის ყურეში სადაც ეგულვა
ოქროს სასახლე, სხივმოსილი, მარად უხრწნელი.
ეტლში შეაბა რაშნი რვალისფლოქვებიანნი,
შმაგად გაფრენილთ ერხეოდათ ოქროს ფაფარი,
25 ოქრო აისხა, მარჯვენაში ოქროს მათრახი
შვენოდა ღმერთსა, შედგა სწრაფად კაშკაშა ეტლზე
და ზღვის ზვირთებზე გააქროლა, შეძრა ჯურღმული.
თავი ამოყვეს ვეშაპებმა, იცნეს მეუფე.
ლაღად გაშლილ ზღვას მყის რაშებმა გადაუქროლეს,
30 სპილენძის ღერში წყლის ჭავლეს თითქმის არ ეხებოდა.
ხომალდებისკენ ფეხმარდ მერნებს აეღოთ გეზი.
არის ყურეში ერთი მღვიმე ზვირთების ზემოთ,
ტენედოსის და კლდე-პიტალო იმბროსის შუა.
იქ შეაჩერა რაშნი ღმერთმა პოსეიდონმა.
35 მოხსნა ეტლიდან, მისცა საზრდო ამბროსიული
და მკვირცხლ ფეხებზე ამოაკრა ოქროს ხუნდები,
ჯაჭვით დააბა, რომ ადგილზე კვლავ დახვედროდნენ
და თვით გასწია აქაველთა მხედრობისაკენ.
ტროელთ სპა მძლავრი, ვით გრიგალი, ალი მგზნებარე,
40 ჰექტორს საომრად მიჰყვებოდა საზარ ყიჟინით,
გულმიცემულნი ოცნებობდნენ: დავწვავთ გემებს
და აქაველებს ხომალდებთან მივაჟუჟავთო.
მაგრამ ღრმა ზღვიდან ამოსული ქვეყნისმრყეველი
პოსეიდონი არგიველთ სულს აღაზევებდა.
45 კალქანტს ემსგავსა, სახითა და ომახიან ხმით,
თავდაპირველად სიტყვა უთხრა ფიცხ აიანტებს:
„აიანტებო! თქვენღა ძალგიძთ ხსნა აქაველთა,
გამკობთ სიმხნევე, ლტოლვაც ფიქრად არ გაგივლიათ.
სხვაგან ტროელთა მძლე მარჯვენის შიში არა მაქვს,
50 ქონგურებიან გალავანში ბრბოდ შემოჭრილთა,
ყველგან მამაცად დახვდებიან აქაველთ სპანი.
აქ კი უსაზღვრო შიში მიპყრობს, ვაი თუ გვძლიონ,
აქ ხომ ღველფივით მოგიზგიზებს სპა მოჰყავს ჰექტორს,
თავის თავს ყოვლისშემძლე ზევსის შვილს რომ უწოდებს!
55 ნეტავ, ღმერთებმა ჩაგინერგონ გულში სიმტკიცე,
რომ თქვენი თავიც გაამხნევოთ და სხვაც შემკრთალი!
რაგინდაც შმაგი იყოს, გემებს არ დაანებებთ,
თუნდ აქეზებდეს თვითონ ზევსი ოლიმპიელი!“
თქვა და თვით კვერთხით ღმერთი ქვეყნის შემარყეველი
60 შეეხო გმირებს, საშინელი ძალით აღავსო.
მსუბუქ-ყო მათი სახსრები და მძლავრი მარჯვენა.
თვით კი გაიჭრა, ვით ალალი, ცად მოლივლივე,
ციცაბო კლდიდან სანადიროდ რომ ჰკრავს ირაოს,
რათა დააცხრეს ფრინველს, შიშით აფრთხიალებულს.
65 იმასა ჰგავდა პოსეიდონ ქვეყნის მრყეველი.
პირველად იცნო ღმერთი გმირმა ოილევსის ძემ,
პირველად მანვე უთხრა მამაც ტელამონიონს:
„უეჭველია, აიანტო, ოლიმპოს მკვიდრი
ემსგავსა მისანს და გვიბრძანა დაცვა ხომალდთა.
70 არ კალქანტია იგი, ბრძენი ჩიტთამჩხიბავი,
კვალიც შევიცან, მძლავრ წვივებით ღვთაება, ჩვენგან უკუქცეული.
ღმერთის ცნობა ძნელია როდი.
ჰოდა, ვგრძნობ კიდეც, მკერდში გული გამხნევებული
საომრად მიწევს წინანდელზე უფრო მგზნებარედ,
75 მძლავრი მხარ-მკლავი და სახსრები ბრძოლად ამენთო“.
ჰრქვა და მიუთო აიანტმა ტელამონიდმა:
„ოღონდაც! შუბზე მეწვის ხელი ბრძოლის სურვილით,
სული აღმენთო, მოუსვენრად მითრთის ტერფები,
ლამის წამიღონ! ახლა მინდა მარტო გავიჭრა
80 პრიამეს ძესთნ, მძვინვარესთან შესარკინებლად!”
ასე ერთმანეთს უთხრეს სიტყვა აღგზნებულმა
ბრძოლის კოცონით, ღმერთმა გულში რომ გაუღვივა.
იმ დროს ღვთაება აქეზებდა მათს უკან მდგომ სპას,
ნავ-ხომალდებთან სულს დაშრეტილს რომ იბრუნებდნენ.
85 მებრძოლებს, სასტიკ ჯაფით ძალაგამოლეულებს,
გულს მოსწოლოდათ მწუხარება, რაკი ხედავდნენ
ტროელთა ლაშქრის გალავანთან ბრბოდ შემოსულს.
მათი ზეიმი ცრემლებს ჰგვრიდათ, სირცხვილს და სიკვდილს
ვერ ავიცდენთო. მაგრამ ღმერთი ქვეყნის მრყეველი
90 ანაზდად გაჩნდა, წამოშალა ფალანგნი სპათა.
პირველად ტევკროსს და ლეიტოსს მიადგა ღმერთი;
იქ – პენელეოსს, მამაც თოანტს და დეიპოროსს,
აქ – მერიონეს, ანტილოქოსს, ბრძოლანაცადებს
ფრთიანი სიტყვით მიმართავდა გასამხნევებლად:
95 „ვაი, სირცხვილი, არგიველნო ჭაბუკნო!
მე ვთქვი, რომ დაიცავდით მამაცურად ზღვად მცურავ გემებს!
მაგრამ თუ შიშით თქვენც ასპარეზს გამოქცევიხართ,
საბედისწერო დღ დამდგარა! გძლევენ ტროელნი!
ახა-ვაიმე! ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა,
100 რა სასწაული, რომ მეგონა არ მოხდებოდა:
ტროელნი გემებს თავს ესხმიან, წინათ დაზაფრულ
და მოცახცახე შვილებს ჰგავდნენ, უსიერ ტევრში
ფეხაკრეფილებს, ომისათვის არ გაჩენილებს,
საზრდოდ განწირულთ ტურა-მგელთა და ფოცხვერთათვის.
105 განა ტროელნი აქაველთა შიშით არ თრთოდნენ,
ვერ უდგებოდნენ წინ წამითაც მათს სიმამაცეს!
ახლა კი, დახეთ ციხიდან შორს, გემთან იბრძვიან!
მეფის საქციელს მოჰყვა ეს და სისუსტე ჯარის,
მბრძანებლის ჯიბრით რომ არ უნდა გემების დაცვა
110 და მტრის ალყაში დასაღუპად თავსაც იმეტებს!
გრცხვენოდეთ! თუნდაც დამნაშავე იყოს საშინლად
გმირი ატრიდი, თემისთავი აგამენონი,
თუნდ პელიდისთვის აეყაროს მართლაც პატივი,
ერთი წამითაც არ გმართებდათ უკან დახევა!
115 ჩვენც თავს ვუშველოთ: კეთილშობილ გულს ეშველება!
ზნეს სამამაცოს თქვენ ივიწყებთ, მთელს მხედრობაში
უმამაცესნი! მე თავს რისხვას არც დავატეხდი
მეომარს, თუკი მხდალია და გაურბის ბრძოლას,
მაგრამ თქვენს გამო აღშფოთებით შემეძრა სული!
120 ვაი-ბეჩავნო! თქვენ მოუტანთ ვაებას ყველას
ამ სიძაბუნით! გონს მოეგეთ, საით წაუხვალთ
სირცხვილს, ყვედრებას! გადამწყვეტი იწყება ბრძოლა!
ჰექტორი უკვე თავს დაესხა მაღალ ხომალდებს;
ბჭენი დალეწა, დაამტვრია საკლიტურები!“
125 ასე უხმო და გაამხნევა სპა აქაველთა.
აიანტებთან დადგნენ გმირნი კედლად შეკრულნი.
არესს, ათენას – სპათა განმწყობს როდი შეეძლოთ
შვება არ ეგრძნოთ მათი ნახვით: მძლე მეომართა
ფალანგი ტროელთ და ღვთაებრივ ჰექტორს ელოდა.
130 შუბი ებჯინა შუბს, ფარი-ფარს გაუთავებლად,
ჩაჩქანი – ჩაჩქანს, და კაცი კაცს ედგა მხარდამხარ.
ზუჩის თავბოლო კაშკაშებდა, ზუჩი და ზუჩი
ხშირ ფალანგებში ირხეოდა ხოლმე მრისხანედ,
ვაჟკაცთა ხელში შემართული შუბი ტოკავდა.
135 ტროელთ მიეჭრნენ, შერკინება სწყუროდათ გმირებს.
მაგრამ დაასწრეს, ტროელებმა დასცხეს,
ჰექტორი ეკვეთა, როგორც მძიმე ლოდი, კლდეს მოხეთქილი.
როს შემოდგომით მთის ნაკადი ანგრევს წახნაგებს,
თქეში გააპობს პიტალო კლდის საძირკველს მტკიცეს,
140 ლოდი მოფრინავს, ტკაცა-ტკუცი ხეებს გაუდის,
არსად არ უხვევს, ჯიქურ მოდის, სანამდის ველზე
დაენარცხება. იქ კი ბოლოს წყნარდება შმაგი.
მას ჰგავდა ჰექტორ, ისწრაფოდა ზედ ზღვამდე გაჭრას,
გემთა, კარავთა, აქაველთა გვამების გავლით,
145 მაგრამ, როს შეხვდა მტრის ფალანგებს შემჭიდროებულთ,
ზედ მივარდნილი შედგა.
მედგრად აქაველთ ძენი
ორმხრივ წამახულ ოროლებით და ხმლებით დახვდნენ.
უკუაქციეს. დაიხია ძლეულმა ძალით.
ყურისწამღები ხმით შესძახა ტროელთა რაზმებს:
150 „ტროელებო და ლიკიელნო, დარდანელებო!
შესდექით, დიდხანს აქაველნი ვერ გამიძლებენ,
თუნდაც კოშკივით წინ აღმართონ მთელი ლაშქარი.
შუბით გარშემო მიმოვფანტავ, თუკი ნამდვილად
ღმერთი მყავს შემწედ, ყოვლისშემძლე, ჰერას მეუღლე!“
155 ასე შესძახა, აღაზევა სული მებრძოლთა.
დეიფობოსი მეოცნებე, პრიამოსის ძე,
სპას გამოეყო, მკერდს მიიკრა ბაკმული ფარი,
წინ მიიწევდა ტერფმსუბუქი, ფარს შეყუჟული.
მაგრამ უსწორა მერიონემ ელვარე შუბი
160 და ბაკმულ ფარში გაეჭედა შმაგი დიბლიგი,
ვერ გაატანა მოზვრის ტყავში, და შუბისტარი
ზედ გადაემსხვრა, სულშეძრულმა დეიფობოსმა
ოროლის შიშით მოიშორა ფარი ბაკმული,
ტყავგადაკრული. მერიონე მეგობართ კერებულს
165 კვლავ შეუერთდა გამწყრალი და ბედზე მჩივანი,
რომ შუბთან რთად გამარჯვებაც დაჰკარგა ნაღდი.
სწრაფად წავიდა აქაველთა ბანაკისაკენ,
რომ დიდი შუბი მოეტანა თვისი კარვიდან.
სხვები იბრძოდნენ, საშინელი გმინვა ისმოდა.
170 ტევკროსმა დასცა მძლე მებრძოლი თავდაპირველად –
იმბრიოს, ვაჟი მენტორისა, ცხენმრავალ კაცის.
აქაველთ ლაშქრის შემოჭრამდე პედაიოსში
მედესიკასტე ესვა ცოლად, პრიამეს ბუში.
მაგრამ გემებით არგიველთა სპა რომ მოადგა
175 ილიონს, ომში ტროელთ შორის ბრწყინვალე მოყმე.
პრიამეს სახლში, ვით მეფის ძეს, ერგო პატივი.
მას შიგ ყვრიმალში დასცხო შუბი ტელამონიდმა და კვლავ დააძრო.
მოიკვეთა, როგორც კოპიტი
სერზე გაშლილი, შესამჩნევი უკვე შორიდან,
180 რვალით მოჭრილი, მწვანე შტოით დანარცხებული.
დაეცა მოყმე და ჟღრიალი გაიღო თორნმა.
მივარდა ტევკროს, რომ აერთვა აბჯარ-ბეთქარი,
მაგრამ ჰექტორმა მოელვარე ოროლი სტყროცნა.
შენიშნა გმირმა, ძლივს გაუსხლტა შუბს, შმაგად ნასროლს,
185 ამფიამაქოსს, აქტორიონ კტეატოსის ძეს,
ბრძოლად შემოჭრილს, განეწონა მკერდში ოროლი.
ზათქით დაეცა და გაიღო ზრიალი თორნმა.
გაიჭრა ჰექტორ, რომ ჩაჩქანი რვალით ნაჭედი
მსწრაფლ ხელთ ჩაეგდო განგმირული ამფიმაქოსის.
190 მაგრამ აძგერა აიანტმა თავდამსხმელს შუბი.
ვეღარ გაკვეთა შუბმა ტანი, ირგვლივ სპილენძით
შემოსალტული, მაგრამ ფარის შუაგულს მოხვდა,
ძალა იგრძნო და უკუიქცა ჰექტორი. მოკლულთ თავი ანება.
გაათრიეს გვამნი არგიველთ.
195 ამფიმაქოსი სტიქიოსმა და მენესთევსმა,
მხნე ათენელთა ბელადებმა თან წაიყვანეს,
ხოლო იმბრიოსს მიათრევდნენ აიანტები,
როგორც ლომი – ჯიხვს, კბილგაბასრულ ძაღლების ნადავლს.
ამაყად მიაქვს ფოთლებაშლილ ხშირ ბუჩქნარებში,
200 სისხლიან ყელში ჩაუვლია ხარბი ღოჯები.
ასე ეჭირათ გვამი მაღლა, აიანტები
მკერდზე აგლეჯდნენ ბექთარს, თავი ძირს ჩაქინდრული
ოილევსის ძემ მოაკვეთა, შურისმგებელმა
შორს მოისროლა, როგორც ბურთი, ტროელებისკენ
205 და გმირ ჰექტორის ფეხების წინ გაგორდა თავი.
რისხვით აინთო პოსეიდონ მისი ბადიშის
მკვლელობისათვის, სასტიკ ომში რომ სძლია მტერმა.
მოისწრაფოდა აქაველთა ბანაკისაკენ,
დანაელთ გულს აღაგზნებდა ტროელთ საგლოვად.
210 იდომენევსი ღმერთს შემოხვდა, გმირი მეგობარს
დასცილებოდა სულ ახლახან, ბრძოლის ველიდან
ახლად მოყვანილს და მუხლს ქვემოთ სასტიკად დაჭრილს.
მოყმე მოძმეთა მოყვანილი მიანდო აქიმს,
თვით კი დაბრუნდა, კვლავ ბრძოლის ველს მიესწრაფოდა.
215 მამაცს მიმართა პოსეიდონ მიწისმრყეველმა,
ომახიან ხმით ანდრემონის ძის თოანტისა,
პლევრონის მკვიდრის, კალიდონის მთიან მხარეში
ეტოლიელთა მეფის, ღმერთეებრ პატივდებულის:
„კრეტელთ მრჩეველო იდომენევს, რა უყავ ქადილს,
220 აქაველთ ძენი რომ ეტყოდნენ ტროელთა ლაშქარს?“
მას შეესიტყვა იდომენევს, კრეტელთ ბელადი:
„თოანტო, ვგონებ, დამნაშავეს ვერ ნახავ ვერვის,
ძალას არ ვზოგავთ, მზად ვართ კიდეც მტერს შვერკინოთ.
სიმხდალეს არვინ შეუბორკავს, არვინ გვყავს უქმად,
225 არვინ გაურბის სასტიკ ბრძოლას. მაგრამ ეტყობა,
ზევსს ყოვლისშემძლეს ურჩევნია, შორს არგოსიდან
აქვე იხილოს უსახელოდ დაცემა ჩვენი!
შენ კი თოანტო, მარდ მტკიცე სულით განთქმულო,
მუდამ ამხნევებ, ვინც ივიწყებს ზნეს სამამაცოს,
230 ახლაც ნუ დათმობ სულს მებრძოლთა, შთაბერე ძალა!“
მყისვე მიუგო პოსეიდონს მიწისმრყეველმა:
„ო, იდომენევს, ნურც გასცლია ტროელთ ნაპირებს,
შინ ნურც წასულა, სათამაშოდ ქცეულა ძაღლთა,
ვინც თვისი ნებით დაეთხოვოს ჭირ-ვარამს ბრძოლის!
235 გასწი, აისხი იარაღი, ჩვენ ერთად გვმართებს
დღეს მოქმედება. შესაძლოა, გავუძლოთ ორმაც,
ორი უძლურიც ძლიერია, თუ ერთად იბრძვის,
ჩვენ კი ცალ-ცალკე უძლიერესთ ვერკინებოდით!“
თქვა და კვლავ ღმერთი დაუბრუნდა კაცთა საზრუნავს.
240 იდომენევსი კეთილნაგებ კარავს მიადგა.
შეიარაღდა, ხელთ აიღო ოროლი ორი
და გამოიჭრა, როგორც ელვა, რომელსაც ზევსი
ყოვლადძლიერი ტყორცნის ხოლმე ოლიმპოს მთიდან
კაცთ სასწაულად, მოქრის, იწვის თვალისმომჭრელი...
245 ასე მსრბოლს ვაჟკაცს უელავდა მკერდზე სპილენძი.
შეხვდა მსახური მერიონე სახელგანთქმული.
კარავთან, სადაც რვალის შუბის აღება სწადდა,
მოყმეს მოჩქარეს სიტყვა უთხრა იდომენევსმა:
„მოლოსის ძეო მერიონევ, ფეხმარდო კაცო,
250 აქ რას მოსულხარ, დაგიგდია ბრძოლა სასტიკი?
ისრით დაკოდისლ სალმობა ხომ არ მოგრევია?
იქნება ბრძოლის ამბავს მეტყვი? თუმცა მე თვითონ
იქ მივალ, არა კარვის ჩრდილში მოსასვენებლად!“
ბრძენმა მსახურმა მერიონემ მიუგო ბელადს:
255 „რვალისაბჯროსან კრეტელთ მეფევ იდომენევსო!
მოვედი, ვინძლო შენს კარავში ამეღო შუბი,
თუკი შემოგრჩა. რაცა მქონდა, ნაფოტად იქცა,
დეიფობოსის ფარს რომ მოხვდა, უზომოდ მძლავრის“.
კვლავ უთხრა კრეტელთ წინამძღოლმა იდომენევსმა:
260 „შუბი თუ გინდა, ერთსაც ნახავ და ბარე ოცსაც
კარვის კედელთან ჩამწკრივებულს და მოელვარს.
ყველა მათგანი ომში მოკლულ ტროელთ ავართვით.
გავბედავ, ვიტყვი, ბრძოლაში შორს როდი ვიდექი,
ამიტომ უხვად შუბებიც მაქვს, ფარებიც რვალის,
265 თორნ-მუზარადნი მოკაშკაშე-მოელვარენი“.
ბრძენმა მსახურმა მერიონემ მიუგო ისევ:
„ჩემს კარავშიაც, შავ გემშიაც უხვად მიყრია
ნაალაფევი ტროის მხრიდან. შორსა მაქვს ოღონდ.
თვით მე ვიქადი: არ მჩვევია სიმხნის დაკარგვა.
270 მებრძლთ სახელის მოსახვეჭელ სასტიკ ბრძოლებში
მეწინავეთა შოის მყისვე გავჩნდები ხოლმე.
იქნებ სპილენძისქიტონიან აქაველთ ჯარში
სხვამ ეს არ იცის, მაგრამ, ვგონებ, შენ მაინც მიცნობ!“
კვლავ უთხრა კრეტელთ წინამძღოლმა იდომენევსმა;
275 „ვიცი მე შენი სიმამაცე, თქმა აღარ გინდა!
ყველაც გაიგებს, თუ გემებთან დავრჩით საფარში,
რადგან იქა ჩანს ხოლმე ძალა ჩასაფრებულთა.
იოლად იცნობ მებრძოლს მამაცს და კაცს წახდენილს.
ფერი ფერსა ცვლის ნირწამხდარი მოყმის სახეზე,
280 სიმტკიცეს აცლის მინავლული ძალი სულისა.
ხან ერთ მუხლს ჩახრის, ხან ორივე ჩაეკეცება,
მკერდში გაუდის ბაგა-ბუგი გულს აძგერებულს.
სიკვდილის შიშით აკაწკაცებს კბილებს მთრთოლვარე.
ფერი არ მისდის მამცს, გული უცემს თანაბრად,
285 ზის მტკიცედ სანგარს ჩასაფრებულ მამაცთა გვერდით,
მტერთან ბრძოლაში მალე ჩაბმის მსასოოველი.
შენს სიმამაცეს იქ სწორედ რომ ვერ გაკილავდნენ!
მტერთან მორკინალს თუ გნახავდნენ მოწყლულს ან მოკლულს,
არა კისერი, არა ზურგი განიპებოდა,
290 შეაგებებდი გულმკერდს ოროლს, გულისკოვზს ისარს,
მეწინავეთა შორის მედგრად მტრისკენ გაჭრილი.
კმარა ბაასი! ბავშვებივით ვთამაშობთ თითქოს!
ვაი-თუ ვინმემ თავხედური გვაკადროს სიტყვა!
შედი კარავში, კვლავ დაბრუნდი შუბშემართული!“
295 დაემორჩილა მერიონე არესის მსგავსი,
აიღო შუბი, მოჭედილი ელავარე რვალით,
ბრძოლის წყურვილით ანთებული გაჰყვა წინამძღოლს.
გეგონებოდა, მოქრის არეს, კაცთა მმუსვრელი,
თან ძე მოჰყვება – შიშის ღმერთი, მისებრ უშიში
300 მამაცის სულსაც რომ თავზარს სცემს საზარ ბრძოლის ჟამს.
მთიან თრაკიას მოჰვებიან ეფიროსისკენ,
ან ფლეგიელებს თავს ესხმიან, არც შეისმენენ
ხალხის ხმას, ძლევას არგუნებენ მხოლოდ ერთს, რჩეულს.
ასე გაიჭრნენ მერიონეც და იდომენევს
305 ბრძოლის ველისკენ, შემოსილნი ელვარე რვალით.
გზად მერიონემ მიაძახა გმირ იდომენევსს:
„ო, დევკალიდო, სად გსურს ბრძოლის ალში ჩაება?
მარჯვენა კიდეს მხედრობისა, თუ შუაგულში?
იქნება მარცხნივ? მე მგონია, იქ უფრო მეტად
310 სჭირდება შველა ხუჭუჭთმიან აქაველთ ლაშქარს“.
მიუგო კრეტელთ წინამძღოლმა იდომენევსმა:
„გემთა შუაგულს მამაცურად სხვებიც იცავენ:
აიანტები და ტევკროსი, აქაველთ შორის
მძლე მშვილდოსანი, მორკინალიც არანაკლები.
315 იქ იკმარებენ, რომ გააძღონ გაუმაძღარი
ომით ჰექტორი, თუნდაც უფრო ძლიერი იყოს!
გაუჭირდება, თუმც სიშმაგე მოსჭარბებია,
მათს სიმამაცეს მოერიოს და მკლავთა ძალას,
თუნდ ერთი გემი გადაბუგოს, უკეთუ ზევსი
320 თვით არ გატყორცნის ხომალდისკენ ფიცხელ ჩირაღდანს.
ტელამონიდი არ დაუთმობს მოყმეს ბრძოლაში,
მოკვდავის შობილს და დემეტრეს ნაყოფით ნაზარდს,
თუკი სპილენძით ან ქვით ძალუძს იყოს ვნებული.
თვით აქილევსსაც, სპათა მნგრეველს, არ შეუდრკება
325 ხელდახელ ომში, ჩამორჩება მხოლოდ სიმარდით.
მარცხენა მხარეს მივაშუროთ და მალე ვნახავთ,
სხვას განვადიდებთ, თუ დიდებას მოვიმკით თვითონ!“
თქვა და გაიჭრა მერიონეც არესის მსგავსი,
ნაჩვენებ ლაშქარს მიაღწია გმირმა ფეხმარდმა.
330 იდომენევსი რა იხილეს – ქვა და პიტალო
ველს მოანგრევდა, მოჰყვებოდა მძლავრი მეაბჯრე,
ერთხმად იხუვლეს, შეეგება ყველა ერთობლივ
და ხომალდების კიჩოებთან ატყდა გნიასი.
როს მოსისინე ქარს ქარქვეტი შეეხეთქება
335 გაგანია დღეს, ბუღით როა გზა დაფარული,
გაშმაგებულნი მტვრის სქელ ღრუბელს აიტაცებენ.
ასე გააფთრდა მაშინ ბრძოლა, აენთოთ გული
შესარკინებლად და ორლესულ რვალთა კვეთებად.
გარს სარბიელი გადაშავდა შუბისტარებით,
340 ისე გრძელით და ისე ხშირით, ვით ტყე უღრანი.
თვალს ჭრიდა ჩაჩქნის ელვარება (ცეცხლი ეკიდა),
შუქი ბექთართა, სხივოსანთა ფართა, ბაკმულთა.
მართლაც გულადი უნდა იყოს ამის მნახველი,
რომ სიმხნე შერჩეს და ყელს სული არ მიებჯინოს!
345 მრავლის შემძლე და უძლეველმა კრონიონებმა
ორ აბჯარასხმულ ტომს ასეთი ურვა არგუნეს.
ზევსი ტროელებს და გმირ ჰექტორს მოსავდა ძლევით,
განადიდებდა ამით იგი ფეხმარდ აქილევსს,
მაგრამ აქაველთ აღსასრული ტროის კედლებთან
350 არ სურდა, მხოლოდ თეტისსა და მის ძეს ალხენდა.
პოსეიდონი არგიველებს გაჰყვა ბრძოლაში,
ჭაღარა ზღვიდან ამოსული, სწყალობდა მოყმეთ,
ტროელთა ძალით დათრგუნვილებს, დრტვინავდა ზევსზე
ორივ ღვთაება ერთი სისხლის და მოდგმისაა,
355 მხოლოდ ზევსს, ადრე დაბადებულს, უნახავს მეტი.
უფროსის შიშით ხალხს აშკარად ვერ ქომაგობდა,
მოკვდავის სახით მოევლინა ღმერთი მებრძოლებს.
ღმერთებმა შუღლის, დამღუპველი ბრძოლის ბაგირი
ორივე ლაშქრის წინ გაჭიმეს და გადანასკვეს
360 გაუწყვეტელი, ზედ მრავალს რომ მიემსხვრა ფეხი.
სპათა აღმგზნები მეომარი, უკვე ჭაღარა
იდომენევსი ტროელთ შეხვდა და ჰყო სილტოლვად.
კაბესიელი ოთრიონევს დასცა, ახლახან
ტროას მოსული, მოიმედე სახელ-დიდების.
365 პრიამოსს სთხოვა მან ასული, ტურფა კასანდრე,
ძღვენი არ მისცა, მაგრამ დიდი საქმე იქადა:
გავაძევებო ქალაქიდან ძეებს.
ასულს დაპირდა პრიამოსი, მისცემდა კიდეც
და ამიტომაც თავდადებით იბრძოდა გმირი.
370 იდომენევსმა მას ელვარე სტყორცნა ოროლი,
დაჭრა ამაყად გამოჭრილი, სპილენძის თორნმა
ვერ იხსნა მოყმე, ჩაეჭედა მუცელში შუბი.
ზათქით დაეცა და ამაყად უთხრა მძლეველმა:
„ოთრიონევსო! მე უდიდეს კაცად ჩაგთვლიდი,
375 თუ აღასრულებ, რაც აღუთქვი მოხუც პრიამოსს,
იგი ხომ ცოლად ულამაზეს ასულს დაგპირდა.
ჩვენც დაგპირდებით, შევასრულებთ კიდევაც აღთქმას:
მიიღებ ასულს ატრიდისას, საუკეთესოს,
მას საქორწილოდ არგოსისან მოვიხმობთ, ოღონდ
380 დაგვანგრევინე ილიონი ლაღად ნაგები!
გამომყევ, გემთან დავამთავროთ ჩვენ გარიგება,
განა მზითევზე ხელმომჭირნე მაჭანკლები ვართ?“
თქვა და ფეხებით დაითრია ბრძოლის ველიდან,
მაგრამ მიეჭრა ასიოსი შურისმგებელად.
385 იგი ცხენებს წინ მოუძღოდა. ზედ მის ბეჭებთან
მოფრუტუნეებს წარმართავდა მარჯვე მეეტლე.
მიეჭრა ტიდიდს, მაგრამ უმალ დაასწრო გმირმა,
ხორხში, წვერს ქვემოთ გაუტარა ბასრი ოროლი.
მიწას დაასკდა, როგორც ალვა, მუხა ან ფიჭვი,
390 რომელსაც მთაში შეშისმჭრელნი გალესილ ცულით
გარს უვლიან და ჭრიან გემის მორად განზრახულს.
ასე განირთხა თვის ეტლის წინ გმირი ასიოს,
კბილთა ღრჭიალით რომ ფხოჭნიდა სისხლიან მიწას.
მეეტლეს ჭკუა გაფანტვოდა, გაშეშებული
395 და ფერმიხდილი იდგა, მტერსაც ვერ გაქცეოდა.
მას ანტილოქემ ბასრი შუბი ბრძოლისმოყვარემ
მკერდქვეშ აძგერა, ვერ დაიცვა რვალის ჯავშანმა
შუქმოელვარემ, ჩაიძირა ნაწლავში შუბი.
ამოიგმინა, ჩამოვარდა ძვირფას ეტლიდან.
400 ანტილოქოსმა, ნესტორის ძემ მარდი ცხენები
მსწრაფლ გააქროლა რვალმშვენიერ აქაველებთან.
დეიფობოსი იდომენევსს ასიოსისთვის
შურისმგებელი მსწრაფლ მიეჭრა ელვარე შუბით,
მაგრამ შენიშნა, რვალს გაექცა მომაკვდინებელს
405 იდომენევსი, უზარმაზარ ფარს შეეფარა,
მოზვრი ტყავით და მოელვარე რვალით გაჭედილს.
ზედ გარდიგარდმო ფარს ჰშვენოდა ორი კაუჭი,
მის ქვეშ შემალულს შუბმა თავზე გადაუქროლა.
წვერიღა გაჰკრა და ჟღრიალი გაიღო ფარმა.
410 მაგრამ ძლიერ ხელს შუბი ფუჭად არ დასცდენია:
ჰიპასიდს მოხვდა, ხალხთა მეფეს, მამაც ჰიპსენორს,
მკერდში ჩაეჭდო, ჩაუკეცა იქვე მუხლები.
დეიფობოსმა მყის შესძახა ძლევით ამაყმა:
„ავიღე სისხლი ასიოდის და ახლა, მჯერა,
415 ჰადესის პირქუშ სასახლეში შევა შვებითაც,
გმირს მივუჩინე ღირსეული თანამეგზური!“
ასე რომ ბრძანა, არგიველნი მით აღაშფოთა,
ყველაზე მეტად ანტილოქეს სული მებრძოლი.
მან არ დატოვა განგმირული მეგობრის გვამი,
420 სწრაფად მიიჭრა, მიაშველა ელვარე ფარი.
იმავდროულად დაიხარა ორი მებრძოლი –
ექიოსსი ძე მეკისტევსი და ალასტორი,
გლოვა-გოდებით გემებისკენ წაიღეს გვამი.
იდომენევსი არ ცხრებოდა, არ იღლებოდა,
425 რომ ტროელთათვის მოეტანა ღამის წყვდიადი,
ან თვით ეგემნა და აქაველთ ლაშქარი ეხსნა.
ესიეტაოს-ღვთისშობილის ძე დასცა გმირმა –
ალკათოოსი, გმირ ანქისეს ძვირფასი სიძე.
ჰიპოდამიას ქმარი იყო, მეფის ასულის,
430 თავს რომ ერჩივნათ მამასა და ღირსეულ დედას:
იგი მშვენებით, დიდი ჭკუით, სიტყვით და საქმით
მეგობარ ქალებს ყველას სჯობდა, აკი ამიტომ
ერგო ქმრად ტროის მოქალააქე საუკეთესო.
ეს კაცი დასცა გმირის ხელით პოსეიდონმა,
435 ამოუღამა თვალი, ფერხნი მყის დაუბორკა,
აღარც გაქცევა, არც დამალვა შეეძლო მოყმეს,
შიშით შკრული, ვით ბოძი, ხე ტოტებმაღალი
გაშეშებული იდგა იგი, იდომენევსმა
მკერდში აძგერა შუბი, კვართი გაჭრა სპილენძის,
440 ომში მრავალგზის რომ იცავდა გმირს სიკვდილისგან.
ბექთარმა, შუბით გაპობილმა ყრუ ხმა გაიღო,
მოყმე დაეცა, შუბისწვერი გულს განეწონა,
და გულისძგერამ აათრთოლა თვით შუბისტარი.
მალე არესმა ძლიერება დააცხრო გმირის.
445 იდომენევსმა, ღვაწლისამძლემ, რიხით შესძახა:
„ო, დეიფობოს, ღირსეულად ხომ ვუზღე ვალი?
სამი დავაკალ ერთს!
შენ კვეხნა გჩვევია მხოლოდ,
ტიალო! აბა ერთი თვითონ მოდი და ნახავ –
ზევსის ნაზარდი რა ვაჟკაცი მოვსულვარ ტროას!
450 მან შვა მინოსი, კრეტის მცველი,
მინოსმა შობა დევკალიონი, სვიანი ძე,
დევკალიონმა მე მშობა, კრეტის უთვალავი ტომის მეუფე
და ხომალდებმა მომიყვანეს იქიდან დროას,
შენს დასაღუპად, შენი მამის, ყველა ტროელის!“
455 ასე თქვა. მაგრამ ყოყმანობდა დეიფობოსი:
რა ექნა, ვინმე ტროელ ვაჟკაცს შეერთებოდა
და ორს ებრძოლათ, თუ პირისპირ ესინჯა ძალა.
ამ ფიქრში იყო და იაზრა: უმჯობესია
გამოვძებნოო ენეასი. რაზმების ბოლოს
460 იხილა გმირი. მრისხანებდა კვლავ პრიამოსზე,
რამეთუ მეფე არ მოსავდა მამაცს პატივით.
მის წინ დადგა და მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„ენეას, ტროელთ მბრძანებელო, თუკი ახლობელთ
ბედი გაწუხებს, შეეწიო უნდა მეგობრბს.
465 წამო, დავიცვათ ალკათოოს, რომელიც ჭაბუკს,
სიძედ რომ გერგო, თავის სახლში თავს გევლებოდა.
იდომენევსმა დასცა იგი, მძლე შუბოსანმა“.
ასე უთხრა და მკერდში სული აუბობოქრა.
დევკალიდისკენ გამოიჭრა ბრძოლის მსურველი.
470 მაგრამ არ შედრკა, ყმაწვილივით იდომენევსი.
იდგა ურყევად, ვით მთის ტახი ძალმოცემული,
მონადირეთა თავდასხმას რომ მოელის სასტიკს
უკაცურ ტყეში, აუბურძგლავს მრისხანედ ქედი,
თვალი უკვესავს მხეცს, ვით ალი წვეტიან ღოჯებს
475 აჩენს, მზად არის ყირამალა დაუშვას მტერი.
ასე ელოდა იდომენევს ფეხმოუცვლელად
მისკენ გამოჭრილ შმაგ ენეასს, მხოლოდ მებრძოლებს
მხნედ მოუხმობდა: ასკალაფოსს და დეიპოროსს,
აფარევსსა და მერიონეს, ბრგე ანტილოქოსს.
480 ომნაცად გმირებს მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:
„აქეთ, ო, აქეთ, საყვარელნო, ნუ მტოვებთ მარტო –
საშინელია ენეასი! იგი თავს მესხმის,
ორთაბრძოლაში, კაცთ კვლაში ვინ შეედრება!
ბრწყინავს პირველი სიყმაწვილის ფერით და ძალით!
485 ჩვენ რომ ტოლფერნი ვიყოთ ხანით, ვითარცა სულით,
ან მე ან იგი გამარჯვებით ვიამაყებდით!“
ასე ამბობდა, ერთსულოვნად მივიდნენ მასთან
მებრძოლნი, გვერდით ამოუდგნენ, ფარი შემართეს.
ხოლო ენეას აქეზებდა თავის ლაშქარსაც,
490 უხმობდა პარისს, დეიფოროსს, ღმერთეებრ აგენორს,
ტროელთა რაზმებს მასთან ერთად რომ მოუძღოდნენ.
ყველა მოვიდა, როგორც მძლავრ ვერძს მიჰყვება ფარა
იალაღიდან სარწყულებლად და მწყემსიც ხარობს.
ასე ლაღობდა სულით მოყმე, მძლე ენეასი,
495 როცა ხედავდა მისკენ სწრაფად მომავალ ლაშქარს.
ალკათოოსის ირგვლივ ბრძოლა გაჩაღდა მძაფრი,
ვეება შუბებს იღერებდნენ, სპილენძი მკერდზე
ხშირი კვეთებით ჟღრიალებდა ყურის წამღებად.
ორი მედგარი აბჯროსანი, ორი მამაცი
500 ენეასი და იდომენევს, არესის მსგავსნი
ერთურთს უშენდნე რვალს, სიკვდილის მომასწავებელს.
პირველად სტყორცნა იდომენევსს მხნე ენეასმა.
შენიშნა შუბი, აიცდინა დამხვდურმა რვალი.
შეტოკდა შუბი და ჩაეჭდო მიწაში თრთოლვით,
505 ფუჭად ძლიერი გმირის ხელით გამოტყორცნილი.
იდომენევსმა დაჭრა შუბით ოინომაონ,
გაუპო რვალმა სამკერდული და ნაწლავები
გამოუყარა. მტვერში ხელით ფხოჭნიდა მიწას.
იდომენევსმა მოკლულს შუბი გრძელჩრდილიანი
510 ისევ ააძრო, მაგრამ თორნი ვერ ააგლიჯა
მოკლულს მკერდიდან, დააყარა მტერმა ისარი.
ისე მოქნილნი როდი იყო, რომ მეყსეულად
შუბს მივარდნოდა, აეცდინა ოროლიც სხვისი.
მედგარი ბრძოლით და სიკერპით გაშორდა სიკვდილს.
515 ფეხებს გაჰყავდათ ნელა-ნელა ბრძოლის ველიდან.
ოროლი სტყორცნა, აღვსებულმა ბოღმით და ბრაზით,
კვლავ ააცდინა, ასკალაფოსს ეწია შუბი – ენიალიოს-ღვთაების ძეს.
520 მხარი ოროლმა გაუპო, ნები დაცემულმა შეახო მიწას.
ხმამოგუგუნე ძლიერ არესს კიდევ კარგახანს
არ გაუგია, რომ დაეცა მისი გმირი ძე:
ოლიმპოს თხემზე ოქროს ღრუბლით გარემოცული
ყოვლადძლიერი ზევსის ნებით იჯდა ღვთაება,
525 იქ სხვა ღმერთებიც იყვნენ, ბრძოლას ვინც არიდა.
ასკალაფოსის გვამთან ფიცხლად შეიბნენ გმირნი.
დეიფობოსმა ააგლიჯა ზუჩი ელვარე.
არესის მსგავსმა მერიონემ მას ჰკრა ოროლი,
ზუჩი, თვალთ გასწვრივ გახვრეტილი, გააგდებინა.
530 მჭახე ჟღრიალით გადაგორდა ჩაფხუტი იქვე.
ქორივით ეცა მერიონე, კუნთში ჩასული
შუბი უკავნვე გამოგლიჯა და მეყსეულად
კვლავ თვის რაზმისკენ უკუმიდგა, ხოლო პოლიტემ –
ძმამ დაკოდილ ძმას მკერდზე მძლავრად მოხვია ხელნი.
535 ბრძოლის ველიდან გაიყვანა, ეტლამდე მიჰყვა.
მარდი ცხენები, ბრძოლის გნიასს არიდებულნი,
ელოდნენ. ეტლზე შემდგარიყო ცხენთმარბიელი.
მყის გააქანეს, დეიფობოს მწარედ კვნესოდა,
სისხლი მოსჩქეფდა ჭრილობაზე ტკივილით ტანჯულს.
540 ბრძოლა გაგრძელდა, ირგვლივ იდგა კვნესა-გოდება.
კალეტორის ვაჟს ენეასი შეხვდა – აფარევსს,
ბასრი ოროლი განუწონა თავდამსხმელს ხორხში.
თავი ჩაკიდა, ზედ დააწვა ფარი და ზუჩი,
მოყმეს სიკვდილი დაუეფლა სულის შთანთქმელი.
545 ანტილოქოსმა თვალი მოჰკრა ოტებულ თოონეტს
და გაიმეტა სასიკვდილოდ: გადაუწყვიტა
მარჯვენა მხრიდან ყელს რომ მაღლა მიჰყვება ძარღვი,
ბარბაცით შედგა მოყმე, შემდეგ დაასკდა მიწას,
მთრთოლვარე ხელნი მეგობართა მხარეს განართხო.
550 ანტილოქოსი აბჯარ-ბექთარს აგლეჯდა ტროელს,
თან მტერს მოჯარულს თვალს წამითაც არ აცილებდა.
ფართო ფარს ჩხვლეტდნენ მეომრები, მაგრამ ამაოდ.
თეთრ სხეულს მაინც ვერ შეახეს ბასრი სპილენძი.
პოსეიდონი ანტილოქოსს, ნესტორის პირმშოს
555 თვითონ იცავდა გულმოდგინედ შუბით ღრუბლისგან:
შორს როდი იდგა, მებრძოლთ შორის დაქროდა ღმერთი.
შუბს არ აღირსა მოსვენება, მიწყივ უთრთოდა
მოღერებული საბრძოლველად. ბასრი სპილენძი
ახლოს საგმერად, შორს სატყორცნად მზად ჰქონდა მუდამ.
560 შენიშნა გმირი ადამანტმა ასიოსის ძემ,
მყის გამოიჭრა, ალესილი სპილენძის წვერი
ფარში აძგერა, მაგრამ ოროლს წაართვა ძალა
პოსეიდონმა, ყრმის სიცოცხლე არ დათმო ღმერთმა.
ვით შერუჯული პალო, ფარში შერჩა ბუნიკი,
565 ხოლო დიბლიგი დაბლაგული ეგდო მიწაზე.
სპას მოეფარა ადამანტი, გაექცა სიკვდილს.
ოროლით მისწვდა მერიონე ლტოლვილს,
ბოქვენთან ჩააჭდო შუბი, იმ ადგილას, სადაც ჭრილობა
უბედურ მოკვდავს საზარ ტანჯვას აგემებს ხოლმე.
570 ზედ წამოეგო სპილენძს მოყმე და ფართხალებდა,
ვით ურჩი ხარი, სიჯიუტეც რომ ვეღარ შველის
და მეჯოგეებს გაბაწრული ეთრევინება.
ასე ბორგავდა მიჭედილი, ცურავდა სისხლში,
მაგრამ სულ წამით: ამოგლიჯა შუბი ტანიდან
575 მტერს მერიონემ. თვალს წყვდიადი გადაეფარა.
ჰელენოს შეხვდა დეიპოროსს – თრაკიელს და ხმლით
შუბლი გაუპო, ააგლიჯა ჩაფხუტი თავზე.
მიწაზე ეგდო ზუჩი, სანამ აქაველ მხედარს
წილად არ ერგო ფეხებშუა გაგორებული.
580 დეიპოროსის თვალს წყვდიადი მოედო ღამის.
ომნაცად ატრიდს მენელაოსს ყრმა შეებრალა,
მეფე ჰელენოსს დაექადნა, შემართა შუბი,
მან კი მყის მშვილდი მოიმარჯვა მტრის შესახვედრად.
ერთს შუბი ჰქონდა საიმედოდ, ხოლო მეორეს
585 გაჭიმულ ლარზე გადებული ბასრი ისარი.
გულში უმიზნა ფრთაშესხმული ისარი ატრიდს,
მაგრამ სამკერდემ აისხლიტა ბოროტი რვალი.
საცეხველიდან იფანტება ხოლმე ველ-მინდვრად
ბარდის მარცვალი მოლისფერი, შავი ლობიო,
590 თუ ანიავებ, როცა სტვენით ქრის ქარიშხალი.
მენელაოსის სამკერდულზე ასე აიჭრა
და ასხლეტილი შორს დაეცა ველზე ისარი.
ატრევსის ძემ კი, ომნაცადმა მენელაოსმა
მშვილდიან ხელში მშვიდოსანი ისე დაკოდა,
595 რომ შუბისწვერით მიაჭედა ზედვე მტევანი.
სიკვდილს გაექცა, მეგობართა დასს მიაშურა,
ხელს მიჭდობილი იფნის ტოტი მოსთრევდა მიწას.
იგი სულდიდმა აგენორმა მყის მოაცილა,
ხელი შუკრა რბილ სახვევით მოხერხებულად,
600 მებჯრეს მუდამ თან დაჰქონდა თემისთავისთვის.
პეისანდროსი შეხვდა ამ დროს გმირ მენელაოსს,
უახლოვდება ტროელს ბედი სიკვდილის სამანს.
შენ, მენელაოს, შენ დააცხრე ყრმის მგზნებარება!
ერთურთს მიეჭრნენ და იმავ წამს სტყორცნა ატრიდმა,
605 მაგრამ ამაოდ, გაუქროლა ოროლმა გვერდით.
პეისანდროსმა მენელაოსს, დიდებით მოსილს,
ფარი გაუპო, მაგრამ ვერ კი გასცილდა შუბი,
შინ გაიჭედა, შუბისტარი ძირში გადატყდა.
გული მოეცა ყრმას, ეგონა ვძლიეო მტერი.
610 ატრიდმა დასცა ხმალი ვერცხლის სამსჭვალიანი,
მაგრამ ბაკმულმა ფარმა იხსნა პეისანდროსი,
სპილენძის ცული მოიმარჯვა მან მოლაპლაპე
და შეუტია, შეერკინნენ ერთურთს მებრძოლნი.
დასცხო ჩაჩქანზე, სადაც ჯიღა აფოფრილიყო,
615 ზედ ზუჩის თხემთან. მან კი შუბლში ჰკრა პეისანდროსს, წარბთან.
გაისმა ძვლის ღრჭიალი. თვალნი მიწაზე
გამოუცვივდა და მაშინვე დაეცა მოყმეც.
ფეხით ზედ შედგა მენელაოს, აბჯარს აგლეჯდა
და გაჰყიოდა ამაყი და გამარჯვებული:
620 „ასე დატოვებთ ცხენთმარბიელ დანაელთ გემებს
დამღუპველ ომით გაუმაძღარ ტროელთა სპანი!
მეტ თავლაფდასხმას ვერც იფიქრებთ, რაც თქვანგან მერგო,
თქვენ ძაღლთაპირნო!
ზევსის რისხვაც არ გაშინებდათ –
იგი ხომ სტუმარ-მასპინძლობის არის მფარველი
625 და ნაცარ-ტუტად აქცევს მალე თქვენს მაღალ ციხეს!
ცოლიც წამგვარეთ ახალგაზრდა, განძიც გაზიდეთ,
ურცხვად წახვედით მეგობრულად ნამასპინძლევნი!
ახლა სურვილი გწვავთ, ზღვადმავლა აქაველთ გემებს
რომ ცეცხლი მოსდოთ! მაგრამ ბოლოს მაინც დაწყდებით,
630 რაგინდაც ხარბად ემსახუროთ არესის საქმეს!
მამაო ზევსო! შენზე უთქვამთ, სიბრძნით სჭარბობსო
კაცთაც და ღმერთთაც, ყოველივე მოდისო მისგან.
ნუთუ ესოდენ სწყალობ ტროელთ უპირსწყლოებს,
მოძალადეებს, უმაძღართა მოაქამომდე
635 ყველა კაცთათვის საძულველებს ხოცვა-ჟლეტითა?
ბოლო აქვს ყოველს – ძილისშორისს თუ ტრფიალებას,
ტკბილი ჰანგს, უმწიკვლო გოგოს ცეკვით აღძრულ ჟურანტელს,
უფრო სანუკვარს, ვიდრე ბრძოლის ღრიანცელია.
მაგრამ ტროელებს ეამებათ ომი უფრორე!“
640 მყის საჭურველი სისხლის ორთქლით აბოლქვილ სხეულს
ახადა გმირმა და მეაბჯრეთ გადაულოცა.
კვლავ მეწინავეთ შორის ჩადგა მენელაოსი.
პილაიმენევს მეფის ვაჟი ჰარპალიონი მას თავს დაესხა.
მოჰყოლია ტროაში მამას,
645 მაგრამ სამშობლოს უბედური ვერ დაუბრუნდა!
ფარში აძგერა ატრიდს შუბი ანაზდეულად,
მყისვე გაექცა სიკვდილს, თავის ხალხს მიაშურა,
სულ მზერად იქცა, ვინძლო შუბმა არ მიწიოსო.
650 მაგრამ მოარტყა მერიონემ ლტოლვილს ისარი
მარჯვენა მხარეს უკანალთან და ბასრმა რვალმა
ძვალი გააპო, ბუშტში ჩარჩა. სულ დაიგრიხა
სიმწრით, მოძმეთა ხვევნაში ყრმას აღმოხდა სული,
შემდეგ, ვით ჭია, გაიშალა სისხლიან ველზე.
655 მიწა დაალტო შავი სისხლის სქელმა ნაკადმა.
პაფლაგონელნი აწრიალდნენ მოყმის გარშემო,
მოკლული ეტლზე დაასვენეს, ილიონისკენ
მიაცილედნენ, მამაც ახლდათ ცრემლთა მფრქვეველი,
აღარ შეეძლო შვილისათვის შურისძიება.
660 მაგრამ პარისი შურისგების გრძნობით აღინთო:
ახსოვდა მისი მასპინძლობა, როს პაფლაგონელთ
ეწვია სტუმრად. მტერს ისარი სტყორცნა ფრთიანი.
ევქენორ იყო ძე მისანი პოლიიდოსის,
კაცი მორჭმული, აყვავებულ კორინთოს მკვიდრი.
665 იცოდა თუმცა ბედისერა, ილიონისკენ წავიდა მაინც.
პოლიიდოს სულ აფრთხილებდა:
შინ მოკვდებიო მძიმე სენით, ან ბრძოლის ველზე
აქაველთ გემთან მოგიღებენ ბოლოს ტროელნი.
ყრმა სახადივით გაურბოდა ომსაც, აქაველთ
670 რაც არ სჩვევიათ, სასტიკ სენსაც და ფუჭ სატანჯველს.
ყვრილამში მოხვდა მას პარისის ბასრი ისარი,
სული გაფრინდა, თვალს წყვდიადი გადაეფარა.
ასე იბრძოდნენ მეომარნი, ალმოდებულნი.
გმირ ჰექტორს ზევსის რჩეულს, შორით არც კი ესმოდა,
675 გემებთან, მარცხნით თუ რა მარცხი ელოდა ლაშქარს არგიველთაგან.
და სულ მალე მტრის ჯარს დიდება არ ასცდებოდა.
ამხნევებდა მიწისმრყეველი
აქაველთ სულებს, თვის ძალასაც არ იშურებდა.
ჰექტორი იმ დროს კარიბჭესთან იბრძოდა მედგრად,
680 სადაც თვით სძლია ფაროსანთა დანაელთ სპანი.
პროტესილაოს თემისთავის და აიანტის
გემები იდნგნე იქვე, ზღვიდან ამოთრეულნი.
იმ მხარეს იყო გალავანი ერთობ დაბალი.
ფიცხელ ცხენებს და მამაც მებრძოლთ ეკისრათ დაცვა,
685 სპას ბეოტიელთ, ქიტონიან იაონების,
ფთიელთა, ლოკრთა, სახელოვან ეპეელთ რაზმებს.
თუმცა ხომალდებს თავდამსხმელებს არ ანებებდნენ,
მაინც ვერ სძლევდნენ ქარიშხლიან ჰექტორის ძალას.
რჩეულ ათენელთ პეტეოსის ძე მენესთევსი
690 ედგა წინამძღვრად, შემდეგ იყო სპა ფეიდასის,
სტიქიოსის და ბიანტისა.
ეპეელთ ახლდათ ამფიოსი და ფილევსის ძე მეგეს, დრაკიოს,
ფთიელთ მედონტი და პოდარკე ბრძოლის მოსურნე.
იყო ღვთაებრივ ოილევსის ბუში მედონტი,
695 ოილიადი აიანტის ძმა უმრწემესი.
შორს ფილაკეში თავის დროზე გადახვეწილა,
როს ძმა მოუკლავს დედინაცვლის – ერიოპისის,
იფიკლოსის ძე ფილაკიდთა მოდგმიდან იყო.
ორივ სარდლობდა დიდსულოვან ფთიელთა რაზმებს.
700 გემებს იცავდნენ ბეოტიელ სპათა მხარდამხარ.
გმირი აიანტ, ოილევსის ფეხმარდი ვაჟი
არ შორდებოდა მხნე აიანტს, ტელამონის ძეს.
უღელში შებმულ ხარეს გააქვთ სვე ხოდაბუნზე,
შავებს, ტოლძალებს. მიათრევენ გულდაგულ ერქვანს,
705 რქის ძირას ოფლი ჟონავს, ჯუფთად ვლიან ტაატით,
და სვლის დროს ქედი ქედთან მიდის, რომ კვლავ დასცილდეს.
სვეს გაიტანენ და ბელტები ბელტებზე წვება.
ასევე ერთურთს მხარში ედგნენ აიანტები.
ტელამონის ძეს მოჰყვებოდა ბევრი ვაჟკაცი
710 თანამებრძოლი, მეყსეულად მის ფარს იღებდნენ,
თუ გმირის მუხლებს დაღლილობა შეეტყობოდა.
იოლიადს კი არვინ გაჰყვა ომში ლოკრთაგან.
მათ ხელჩართული ბრძოლა როდი ემარჯვებოდათ,
არც რვალის ზუჩი ჰქონდათ, ცხენი ძუით შემკული,
715 არცა ფარები, არც მაღალი შუბები იფნის,
მხოლოდ მშვილდები და გრაგნილი ტყავი შვენოდათ.
იმედიანად მოსულიყვნენ ტროას მხარეში.
ისრით უცდომლად თავზარს სცემდნენ ტროელთ ფალანგებს.
ელვარედ რვალი, მედგრად იდგნენ მეწინავენი,
720 სპილნეძის ჯავშნით მოსილ ჰეტორს, ტროელთ ებრძოდნენ,
ხოლო მათ უკან ზუზუნებდა სეფქა ლოკრების.
ტროელთ წაერთვათ სიმამაცე ისრით დაბნეულთ.
სირცხვილეულნი გემებს დათმობდნენ, რათა დღებნელნი
შეკედლებოდნენ ტროას, ქარით ახმაურებულს,
725 რომ საყვედურით პულიდამანტს არ მიემართა:
„ჰექტორ! არა გსურს სხვისი რჩევა, კაცო სასტიკო!
ღმერთმა გარგუნა სხვაზე მეტი სამხედრო ნიჭი,
შენ კი სიბრძნითაც გინდა იყო აღმატებული!
ეგრე არ არის, ერთს რომ ჰქონდეს ყველა სიკეთე!
730 ღმერთი ანიჭებს ვაჟკაცს რჩეულს უნარს ბრძოლისა,
სხვას კი – სიმღერის, კითარის და როკვის ნიჭს აძლევს,
სხვას კიდევ მკერდში ბრძენი ზევსი აუნთებს ჭკუას,
მისი ნაყოფით ზნეკეთილობს კაცობრიობა,
მისით შენდება ქალაქები, მისი სწამს ყველას.
735 შენც გწამდეს რჩევა, მე რომ ახლა კარგი მგონია.
შემოგნთებია ცეცხლის რკალად გარშემო ბრძოლა,
მას შემდგ, ციხე რაც აიღეს ტროელთ ჯარებმა,
ზოგი დაეხსნა ბრძოლას, ზოგი ახლაც შებმია
მტერთ სიმრავლეს, გაფანტულან გემები გასწვრივ.
740 ბრძოლას მოეშვი და მოუხმე სპათა წინამძღოლთ
და გადავწყვიტოთ ერთად საქმე მნიშვნელოვანი:
ერთბაშად დავცხოთ მტრის ხომალდებს მრავალმერხიანს,
თუკი ინება ძლევა ღმერთმა, ან იქნებ ახლავ
უკუმივიქცეთ, სანამ გვძლევენ!
აბა, რა გითხრა?
745 შიშით ვთრთი, ვინძლო გუშინდლისთვის
არ დაგვიბრუნონ აქაველებმა სისხლიანი ვალი: გემებთან
მოგველის გმირი, ვეჭვობ, ბრძოლად კვლავ არ ჩაებას!“
ასე ამბობდა პულიდამანტ.
მიიღო რჩევა სამართლიანი და გადმოხტა ეტლიდან ჰექტორ,
750 მყისვე მიუგო, მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„პულიდამანტო, დააყოვნე აქ ყველა მოყმე,
მე კი წავალ და ბრძოლის ქარცეცხლს დავუბრუნდები,
კვლავ აქ გავჩნდები, როს ბრძანებას გადავცემ ყველას“.
თქვა და გაიჭრა ტანით მსგავსი თოვლიან მთათა.
755 შემოუფრინა მოწოდებით ტროელთა რაზმებს.
პულიდამანტთან, პანთოიდთან, ძლევის მოყვარე
გმირთან მივიდა ყველა, ვისაც მისი ხმა ესმა.
ჰექტორ ეძებდა დეიფობოსს, მეფე ჰელენოსს,
ადამანტის ძეს ასიოსს და ჰირტაკოსის ძეს –
760 ისევ ასიოსს, მეწინავეთ შორის ეძებდა.
ნახვით კი ნახა, მაგრამ არა ყველა ცოცხალი:
ზოგი მიწაზე განაპირა გემებთან იწვა
ფერმილეული, სულმიხდილი არგიველთ ხელით,
ზოგი მოწყლული შუბ-ისრისგან იტანჯებოდა.
765 ბრძოლის მარცხენა ფრთაზე ნახა მხოლოდ ღმერთებრი
ალექსანდროსი, თმამშვენიერ ელენეს ქმარი,
თავის ლაშქარს რომ ამხნევებდა შესარკინებლად,
გმირს წინ დაუდგა და მიმართა ყვედრებით ასე:
„სახელამაზო მექალთანევ, მაცდუნებელო!
770 სად გყავს ჰელენოს, დეიფობოს ან ასიოსი
ადამანტის ძე, ასიოსი – ჰირტაკოსის ძე?
ოთრიონევსი სადღა არის? დღეს დაიქცევა,
დღეს – ილიონი, დღეს მოგელის შენვე დაღუპვა!“
მყის შეესიტყვა ალექსანდროს ღმერთის სადარი:
775 „ჰექტორ! შენ გინდა ბრალი დასდო უბრალო კაცსაც!
ადრე ეგების ვგავდი კიდეც უქმს და უზრუნველს,
ახლა კი არა! მეც ხომ დედამ მშობა ვაჟკაცად!
იმავ ჟამიდან, გემებთან რომ ატეხე ბრძოლა,
იმავ ჟამინდა დანაელებს აქ ვებრძვით მიწყივ.
780 მაგრამ დავკარგეთ მეგობრები, შენ ვინც ახსენე.
მხოლოდ ჰელენოს მეფე, გმირი დეიფობოსი
გასცილდნენ ბრძოლას მტრის შუბებით მკლავში დაჭრილნი,
მაგრამ სიკვდილი ააცილა მოყმეთ კრონიდმა.
გაგვიძეხ, ჰექტორ, სადაც გული მიგიწევს, გმირო!
785 ყველანი მზად ვართ თან გამოგყვეთ, ჩვენს სიმამაცეს,
ვფიქრობ, წუნს მანამ ვერ უპოვი, სანამ გვაქვს ძალა,
ხოლო ძალას ზევით ბრძოლა არვის არ შეუძლია!“
ასე მიუგო და დააცხრო ძმის მკაცრი სული.
ორივ გაიჭრა იქით, სადაც გაფიცხდა ბრძოლა,
790 სადაც იბრძოდნენ კებრიონე, პულიდამანტი,
ორთაიოსი, პოლიფეტე, ფალკე, პალმისი,
ასკანიოსი და მორინი, ჰიპოტიონის
ორი ვაჟკაცი, ჩამოსული ასკანიიდან
წინამორბედთა შესაცვლელად მხოლოდღა გუშინ.
795 ზევსმა აღანთო, მტერს ეკვეთნენ, ვით ქარიშხალი.
ქუხს მამა-ზევსი, ველზე მიქრის ქარი მრისხანე,
შეეხეთქება ზღვას ღმულით, მიჯრით და მიჯრით
აამთაგორებს მოგუგუნე ზვირთების წყებას,
მაღლა აღმართულს, აქაფებულს, ათუხთუხებულს.
800 ასე ტროელნიც შემჭიდროვდნენ, მიჯრით და მიჯრით.
რვალის კიაფით და ზრიალით მიჰყვნენ ბელადებს.
ჰექტორ წინ ედგა სპას, კაცთმჟლეტ არესის მსგავსი.
მკერდზე ეფარა ვეება წრე ბაკმული ფარის,
ტყავგადაკრული, მოჭედილი უხვად სპილენძით.
805 თავზე ჩაჩქანი ერხეოდა შუქმომფინარე,
ფარშემართული ყოველ ფალანგს ემუქრებოდა,
ყველგან ბედს სცდიდა, ვინძლო რიგი გავარღვიოო.
მაგრამ ვერსაით ვერ აკრთობდა სულს აქაველთა.
გამოიწვია აიანტმა, წინ გამოჭრილმა:
810 „აქ მო, ტიალო! რა შორიდან გვაფრთხობ არგიველთ,
ომის საქმეში უმეცარნი არც ჩვენ გახლავართ!
ჩვენ მხოლოდ ზევსის საშინელმა ძალამ დაგვრთგუნა.
გულში იმედი გიკიაფებს, ალბათ, რომ დღესვე
დალეწავ გემებს, მაგრამ ჯერ ხომ გვიჭრის მარჯვენა!
815 უფრო ცხადია, რომ გოდლედი თქვენი ქალაქის
ჩვენს ხელთ იქნება, გასწორდბა უმალ მიწასთან!
მე შენ გიცხადებ, შორს არ არის დღე, როს ლტოლვილი
შეევედრები მამა-ზევსსაც და ყველა უკვდავს,
ქორ-შევარდენზე უსწრაფეს-ყონ მარდი ცხენები,
820 თვალს რომ მოსწყდები, ააყენებ მტვრის კორიანტელს!“
ამას ამბობდა, როს ანაზდად მარჯვნივ იხუვლა
არწივმა, ერთხმად სასწაულით გამხნევებულმა
შესძახა ჯარმა. მაგრამ მტკიცედ გმირმა მიუგო:
„აბა, რას მიედ-მოედები, ზვაობა ამაოდ!
825 ნეტავ ისევე უეჭველად ვიყო ძე ზევსის,
მარად ცოცხალი და დედოფალ ჰერას შობილი,
განდიდებული, ვით ათენა და აპოლონი,
როგორც ის არის უეჭველი, რომ არ აგცდებათ
დაღუპვა ყველას, შენც მათ შორის, თუ გამიბედავ,
830 შემოეფეთო ჩემს შუბს! იგი გაგიპობს სხეულს!
უდაბნოს ფრინველთ და ტროელთა ძაღლებს გააძღებ
მაგ შენი გვამით, აქაველთა გემთან ძლეული!“
ასე უთხრა და წინ გაიჭრა, საზარ ყიჟინით
მიჰყვა მხედრობა, მხნედ შესძახა უკანა რაზმმაც,
835 იქუხა სპამაც არგიველთა, არა ჰკარგავდა
გულის სიმტკიცეს და ელოდა ტროელთა დარტყმას.
ხმამ ერთობლივმა მიაღწია ეთერს, ზევსის შუქს.

ქება მეთოთხმეტე. ზევსის მოხიბლვა
ხმამ შეაშფოთა მხნე ნესტორიც კარავში მყოფი,
ასკლეპიოსის ძეს მიმართა ფრთიანი სიტყვით:
„ძმაო მახაონ, რა მოჰყვება ამ უგვან საქმეს?
გემებთან ჩვენი მებრძოლების გმინვამ იმატა!
5 ჩემთან იყავი, წითელ ღვინით იჯერე გული,
წყალს თმახუჭუჭა ჰეკამედე გაგითბობს ახლავ
და სისხლიან მტვერს მოგაცილებს მყისვე სხეულზე.
მე სერზე ავალ და გავიგებ, რა ხდება ჩვენს თავს“.
ფარი ბაკმული, ძისეული აიღო გმირმა,
10 ის დარჩა მხედარ თრაშიმედეს რვალით მბზინავი,
თვით კი იბრძოდა მამის ფარით. მოხუცმა შუბი
ხელთ იპყრა, წვერზე წამახული სპილენძი ჰქონდა.
კარვის წინ დადგა, მყის იხილა სასირცხვო საქმე:
გარბოდნენ სპანი, მიჰყვებოდნენ კვალში ტროელნი
15 გულმიცემულნი, დაქანცულა აქაველთ ციხე!
ზღვა რომ შავდება მუნჯი ჭავლით, მგრგვინავ გრიგალის
სწრაფ შემოტევას მოასწავებს ადრე და მალე.
მხოლოდ შავდება, როდი იძღვრის, არც შეირხევა,
სანამ გრიგალი, ზევსის მაცნე, აატორტმანებს.
20 ასე მოხუცი ყოყმანობდა, შეეძრა სული
ორგვარი ფიქრით: დანაელთა სპას შეშველებოდა,
თუ მისულიყო ხალხთა მეფე აგამენონთან.
ბოლოს ფიქრებით აღელვებულს ეუკეთესა
ატრიდთან წასვლა. ამ დროს სპანი ჟლეტდნენ ურთიერთს
25 და ჟღრიალებდა მათშ მძლავრ ტანზე რვალი საზარლად
ორლესულთა და ორბუნიან ოროლთა ცემით.
ნესტორს შემოხვდნენ თემისთავნი ღმერთშემოსილნი,
ადრე დაჭრილნი წამოსულან ხომალდებიდან –
ტიდევსის ძე და ოდისევსი, აგამენონი.
30 ბრძოლის ველიდან შორს ეყენეთ მათ ხომალდები,
ჭაღარა ზღვიდან სულ პირველებს აუთრევიათ ხმელეთზე.
შემდეგ სხვებთან ერთად აღმართეს კოშკიც.
ფართო თუმც იყო სანაპირო, ორმხრივხოფიან
ხომალდებს მაინც ძლივს იტევდა. სპა იდგა ვიწროდ.
35 ამოეთრიათ აქაველებს გემნი ქვიშაზე,
ყურე გაევსოთ, სანაპირო კონცხთაშორისი.
სამი ბელადი, მოწადინე ბრძოლის თვალთვალის,
ერთურთის გვერდით მოდიოდა. შუბს ეყრდნობოდნენ.
დარდი უკლავდათ გულს. შემოხვდათ გმირი ნესტორი
40 და კიდევ უფრო სული მათი აფორიაქდა.
მყისვე მიმართა მოხუცს მეფე აგამენონმა:
„ნესტორ, დიდბავ აქაველთა, ნელეიადო!
აქ რად შემოგხვდი, რად დასტოვე ბრძოლა მძვინვარე?
ო, გული მითრთის, რომ არ სრულქმნას სიტყვა ჰექტორმა:
45 ტროელთა დასში დაიქადა მოყმემ ამაყმა,
აღარ მივალო ილიონში, სანამ მგრის გემებს
ცეცხლს არ მივცემო, არ ომვსპობო თავად მხედრობას.
ასე იქადა და ქადილი სრულდება კიდეც!
ნუთუ საბარკულმშვენიერთა აქაველთ ჯარი
50 გულში ჩემდამი სიძულვილს გრძნობს, ვით აქილევსი,
რომ აღარ უნდა მტერს შეებას გემის კიჩოსთან?“
უთხრა ნესტორმა მას, მხედარმა გერენიელმა:
„აღსრულდა საქმე! ვეღარ შეძლებს თვით მამა ზევსი,
რაც მოხდა, იგი მოახდინოს უკვე სხვაგვარად!
55 დაეცა ციხე, ჩვენ რომ დიდი იმედი გვქონდა –
მტრისგან დაიცავს ხომალდებსაც და მხედრობასო.
ხომალდებისკენ მოიწევენ ჯიუტად მტრები,
ირგვლივ მოგვადგნენ, ვერც გაიგებ, ბევრიც ეცადო,
საით გარბიან არგიველნი აგრე ურიგოდ.
60 ყველგან – გნიასი, ყველგან – გმერა, გმინვა – ცათამდე!
განვსაჯოთ ახლა, რა მოჰყვება ამ საზარ საქმეს?
იქნებ გონებამ გვიხსნას. ხოლო თქვენ შერკინებას
არ გირჩევთ, ბრძოლა როდი მართებს დაჭრილ მეომარს“.
კვლავ შეესიტყვა კაცთა მეფე აგამენონი:
65 „ნესტორ, თუ ბრძოლა გაიმართა გემის კიჩოსთან,
ვერც გალავანი გადაგვარჩენს, ვერც ღრმა სანგარი,
დანაელებმა რომ იღვაწეს. იმედი გვქონდა,
მტრისგან დაიცავს ხომალდებსაც და მხედრობასო.
ეჭვი არ არის, ყოვლადძლიერ ზევსს სურს იხილოს
70 შორს არგოსიდან უსახელოდ აქაველთ ჟლეტა.
დრო იყო, იგი დანაელებს სწყალობდა გულით,
დრო დადგა, ვხედავ, ტროელთ სწყალობს, ვით ნეტარ ღმერთებს,
დიდებით ამკობს, ჩვენ კი მკლავთა ძალა შეგვიკრა!
ისმინეთ, რასაც გეტყვით, ყველა ასე მოვიქცეთ:
75 ზედ ზღვის კიდესთან ახლო მდგომი ჩვენი გემები
დავძრათ, ჩავუშვათ სათითაოდ ღვთაებრივ ზღვაში.
გემბანზე დავდგათ, სანამ ღამე უკაცრიელი
ჩამოწვებოდეს. იქნებ შეწყდეს მათი თავდასხმა.
შემდეგ ჩავუშვებთ ზღვის ნაპირას დარჩენილ გემებს.
80 არ მრცხვენის ღამის მწუხრში ლტოლვა მწუხარებისგან,
სჯობს რომ გაექცე ბედს, ვიდრეღა სიკვდილს დანებდე!“
ცერად გახედა და მიუგო მხნე ოდისევსმა:
„ო, აგამენონ, ეგ რა სიტყვა დასცდა შენს ბაგეს?
რა ულმობელი! სჯობს ჯაბანთა ჯარს თავკაცობდე,
85 ვიდრე ჩვენ გვყავდე მეთაურად, ჩვენ, ვისაც ზევსმა
სიყმაწვილიდან სიბერემდე საქმე საბრძოლო
დაგვიდო წესად, სანამ რვალი სულს ამოგვართმევს.
შენ გსურს დატოვო ხალხმრავალი ტროელთ ქალაქი,
რომლის გარშემო ესოდენი ურვა გვეწვია?
90 ჩუმად! აქაველთ შორის ვისმე არ ესმას სიტყვა,
რომლითაც კაცი არ ისურვებს დაგესლოს ბაგე!
ვის ძალუძს სიტყვა შეათანხმოს ჭკვიანურ აზრთან,
ვინ ფლობს კვერთხს, ვის ჰყავს სპა ამდენი, აურაცხელი,
რამდენიც შენა, თემისთავო არგიველთ ტომის!
95 შენს აზრს უარვყოფ და იმ სიტყვას, რასაც შენ ამბობ!
ამ გაგანია ომში გინდა შემოგვთავაზო,
რომ ზღვაში გემნი ჩავაცუროთ ტროელთ საამოდ,
ისეც ბრძოლის დროს მოლხინართა, მოზეიმეთა?
არც ერთს დაღუპვა არ აგვცდება, სპა ვერ გაუძლებს,
100 როცა ხომალდი ზღვის ტალღებზე ატივტივდება:
სულ უკან-უკან ყურებაში ზნე სამამაცო გამოეცლებათ.
შენი რჩევა დაგვღუპავს, მეფევ!“
მყის შეუყვირა ხალხთ მეუფემ აგამენონმა:
„ჰოი, ოდისევს! საყვედურით სული შემიძარ!
105 მე ხომ აქაველთ არ ვუბრძანებ მათს უნებურად
ტალღებში მრავალმერხიანი გემი ჩაუშვან.
თქვას უკეთესი რჩევა კაცმა, ვინც გინდა იყოს,
ყრმა თუ მოხუცი, გამახარებს ამით დიახაც!“
მაშინ წარმოთქვა დიომედემ კეთილშობილმა:
110 „თქვენს წინაშეა კაცი იგი! ძებნა არ უნდა
კეთილის მრჩეველს! მაგრამ ნურვის მოხვდება გულზე,
თუკი თქვენს შორის უმრწემესი ვიწყებ ლაპარაკს.
ჯეროვნად მმართებს ვიამაყო ჩამომავლობით,
ტიდევისის სისხლით, თებეში რომ ფარავს საფლავი.
115 პართევსს ეყოლა სამი ვაჟი, პლევრონს ცხოვრობდნენ,
მთაგორებიან კალიდონში, მდიდარ მხარეში:
გმირი აგრიოს და მელანტი, მხნე ოინევსი.
მათ შორის მამა ტიდევსისა ყველასა სჯობდა.
იქვე ესახლა. მამაჩემი მიადგა არგოსს
120 გადახვეწილი, ასე სურდა ზევსს და სხვა ღმერთებს.
ცოლა დაისვა ადრესტოსის ასული მაშინ
სახლის უფალმა სვეკეთილმა. მას ეკუთვნოდა
ხოდაბუნები თავთუხების, უხვი წალკოტი,
ჯოგი მრავალი და აქაველთ შუბის ტყორცნაში
125 ყველასა სჯობდა. მაგრამ თქვენც მშვენივრად უწყით.
ასე, რომ არ მაქვს გვარ-ტომობა არც მე უგვანი.
ჩემს რჩევას ახლა თქვენც მოისმენთ. გეტყვით ალალად:
თუმც დაჭრილნი ვართ, სარბიელზე უნდა გავიდეთ,
ლაშქარს ვეჩვენოთ, მაგრამ ომში ნუ ჩავებმებით,
130 ისრებს ვერიდოთ, რომ ჭრილობა არ მოგვემატოს.
სხვა წავაქეზოთ: რამდენია, გულს რომ აჰყვება,
გულს აჩვილებულს და შორსა დგას ბრძოლის ველიდან“.
ასე მოუბარს ყურადღებით უსმინა ყველამ.
წავიდნენ, გმირებს წინ გაუძღვა აგამენონი.
135 მათ შესცქეროდა პოსეიდონ მიწისმრყეველი,
გამოეცხადა თემისთავებს მოხუცის სახით,
ხელი ჩაავლო მარჯვენაზე ბრგე აგამენონს
და მიაგება ატრევსის ძეს ფრთიანი სიტყვა:
„ატრიდო, ახლა აქილევსის უგლიმი გული
140 ძგერს სიხარულით, როს აქაველთ ვაებას ხედავს,
არ შერჩენია სიბრალულიც მცირეოდენი!
დაე, დაინთქას, შეარცხვინოს ღმერთმა ზვიადი!
შენ კი, ატრიდო, ნეტარ ღმერთებს არ ეჯავრები.
ეგების მალე ტროელთ მეფე-თემისთავებმა
145 გზაზე აყარონ ბუღი მტვრისა, ეგების მალე
ნახო ლტოლვილნი ბანაკიდან და გემებიდან!“
თქვა და ყიჟინით ეტლისაკენ გაქანდა ღმერთი,
თითქოს იქუხა კაცმა ცხრა თუ ათი ათასმა
ომში საზარელ შეტაკების მოსასწავებლად.
150 მიწისმრყეველის მკერდს ასეთი გრგვინვა აღმოხდა.
ყველა აქაველს ჩაუნერგა გულში სიმძლავრე,
რომ დაუღლელად ცაბმულიყვნენ ისევ ბრძოლაში.
ოლიმპოს იყო ჰერა ოქროს ტახტის მფლობელი,
მწვერვალს მიაპყრო თვალი ღმერთმა, უმალ შეიცნო
155 გმირთ სდიდებელ ბრძოლის ველზე შმაგად გაჭრილი
ძლიერი მაზლი და ძმა თვისი, შვება მოეცა.
ზევსიც შენიშნა მდგომი ჩანჩქერმრავალ იდაზე
და ქალღმერთს გული შეეკუმშა მისადმი ბოღით.
ფიქრებს მიეცა დედოფალი ხარისთვალება,
160 თუ ვით დაეპყრო ღვთაებრივი გონება ზევსის.
ბოლოს ეს აზრი მოეჩვენა საუკეთესოდ:
იდაზე მისვლა, დამშვენება სამკაულებით –
ვინძლო დაწვესო ჩემთან, ტრფობის ალმურით დატკვებს,
მშვენიერებით მოხიბლული მიეცეს ტკბილ ძილს
165 და მის წამწამებს დაეუფლო ძილისშორისი.
შევიდა ჰერა სამთიობოს, იგი ჰეფესტოს
აეგო მისთვის. მკვრივ კარებზე იდუმალ კლიტეს
ჯერ რომელიმე სხვა ღვთაება არ შეხებია.
ჰერამ ჩაკეტა მოელვარე საკლიტურები.
170 ამბროსიული სითხით, ოდნავ თუკი რამ ეცხო,
მშვენიერ სხეულს მოაშორა: უნატიფესი
ციური ზეთით დაიზილა ტანი ქათქათა.
სუნამო ზევსის სასახლეში ოდნავ შეხებით
დაბლა მიწამდე, მაღლა ცამდე აფრქვევდა სურნელს.
175 მკერდი საცხებლით დაიზილა, თმა დაივარცხნა,
ცბიერად წნული ნაწნავები, ამბროსიული
კულულთა ტალღა გადმოღვარა უკვდავ თავიდან.
სურნელოვანი კვართი ეცვა, ათენას მიერ
უცხოდ ნაქარგი, მოქსოვილი. ძუძუებს ზემოთ
180 შეკრა პერანგი ძვირფას ოქროს ღილკილოებით.
წელზე მოირგო ფოჩიანი ჭრელი ქამარი,
ბიბილოებზე – სამთვლიანი საყურეები,
მოთამაშე და მოციმციმე. ეშხით ელავდა.
თავზე მანდილი მოიხურა სულ სიფრიფანა,
185 ახალთ-ახალი, მზის სხივებზე აელვებული.
ფეხი შეიკრა წვივსაკრავით, თავალისმომჭრელად
სამკაულები ლამაზ ტანზე ააელვარა.
სამთიობიდან გამოსულმა გაიხმო გვერდით
პირმშვენიერი აფროდიტე და ასე უთხრა:
190 „ჩემო ასულო საყვარელო, გსურს შეასრულო
ჩემი სურვილი? თუ შენს გულში რისხვა მძვინვარებს,
რომ მე დანაელთ, შენ კი ტროელთ ექომაგები?“
მყის უპასუხა აფროდიტემ, ზევსის ასულმა:
„ო, დედოფალო ღირსეულო, კრონისის წულო,
195 რა გსურს? გული მთხოვს აგისრულო, რასაც მიბრძანებ,
თუ შემიძლია და საერთოდ თუ შეიძლება“.
ცბიერი სიტყვით დედოფალმა მიუგო ასულს:
„მო, საყვარელო, მომეც ძალა, ვნება-სურვილი,
რომლითაც იპყრობ გულს უკვდავთა ღმერთთა და კაცთა.
200 შორს მივალ, რათა მოვიხილო მიწის სამანთან
უკვდავთან მამა ოკეანე, დედა ტეთისი.
მათ გამომზარდეს, სათნოებით თავს მევლებოდნენ,
ოდეს მიმიღეს რეასაგან, როს მგრგვინავ ზევსმა
კრონოს მიწის ქვეშ, უნაყოფო ზღვათ აქვეშ შთანთქა.
205 მინდა ვეწვიო, რომ სასტიკ შუღლს მოვუღო ბოლო.
დიდი ხანია საქორწინო საწოლს და ხვევნას
განრიდებიან საყვარელნი, მტრობა ღრღნის მათ სულს.
თუ შევარიგებ მშობლებს, თუკი მათ სარეცელზე
ავიყვან და კვლავ სიყვარულით შეერთდებიან,
210 მარად პატივით შემხვდებიან და ვეყვარები“.
მყის აფროდიტემ მომხიბვლელი ღიმილით უთხრა:
„არ შემიძლია წინ აღვუდგე მე შენს ბრძანებას –
შენ ხომ დიადი ზევსის ხვევნა გრგებია წილად“.
ასე უთხრა და შემოიხსნა ნემსით ნაჩხვლეტი
215 სარტყელი, იგი ყველა წადილს იტევდა: ტრფობის,
ტრფობის განდობას, სურვილს, ჩურჩულს სიყვარულისა,
სიტყვებს მომნუსხველს გონებისა და გონიერთა.
ჰერას მიართვა და ასეთი სიტყვა მიუგო:
„აჰა სარტყელი მოხატული, უბეს ჩაიდე,
220 მასში იპოვი, რასაც ეძებ. ვფიქრობ არ მოხვალ,
სანამ საწინდელს არ ეწევი და გულისნადებს“.
შვილს გაუღიმა დედოფალმა ხარისთვალებამ,
ღიმილით უბეს ჩაიცურა ჭრელი სარტყელი.
კვლავ შინ შებრუნდა აფროდიტე, ასული ზევსის.
225 ჰერამ დასტოვა მეყსეულად ოლიმპოს თხემი,
პიერიის მთებს, გაშლილ ველებს ემათიოსის
და თრაკიელთა თოვლიან ქედს გადაუქროლა,
არ ეხებოდა ტერფით მიწას ცად მოლივლივე.
ათონის მთიდან ჩამოვიდა ზვირთმრავალ ზღვაზე.
230 ლემონსს ეწვია და ღვთაებრივ თოანტის ქალაქს.
ძილისშორისი ნახა, ღვიძლი ძმა სიკვდილისა.
ხელი მოჰკიდა ხელზე, უთხრა სახელმიგებით:
„ძილო, ღმერთთა და ყველა კაცთა მძლე მბრძანებელო!
თუკი ოდესმე მისრულდები სიტყვას ხალისით,
235 დღესაც მისმინე! უსაზღვროა მადლობა ჩემი.
ძილო, სძლიე და დამიძინე თვალები ზევსის,
როს სარეცელზე სიყვარულით ჩავეკონები.
ჯილდოდ მიიღებ ტახტს მშვენიერს, ოქროთი ნაჭედს,
ღმერთი ჰეფესტო კელოვანი და ხელოვანი
240 შენთვის შეამკობს და მდიდრული ფარდაგით მორთავს,
რომ მოასვენო მეინახემ ნაზი ფეხები“.
დედოფალ ჰერას მოახსენა ძილმა ნეტარმა:
„ჰოი, ქალღმერთო ღირსეულო, კრონოსის წულო,
ყველა ღვთაებას, ზეცად მსუფევს თუ ქვეყნად მცხოვრებს,
245 მე ვძლევ ადვილად, მივაძინებ ხოლმე ტალღებსაც
ძველი ნაკადის – ოკეანის, ყოველთა მშობლის.
მხოლოდ კრონოსის ძესთან, ზევსთან, ვერ მივალ ახლოს,
ვერ მივაძინებ, სანამ თვითონ არ მოისურვებს.
მახსოვს, მან მეხით მომიყვანა ერთხელაც გონზე,
250 როს სულმაღალი ბრუნდებოდა კრონიონის ძე
ილიონიდან, ტროელთ ციხის დამაქცეველი.
იმ დღეს მოვნუსხე ყოვლად ძლიერ ზევსის გონება,
ტკბილად მოვთენთე. შენ კი ლომგულ გმირს თავს დაესხი
და შეარყიე ზღვის ლაჟვარდი შმაგი ქარიშხლით,
255 მოყმე გარიყე შორს, კოოსის ნაპირებისკენ,
მოსწყვიტე ყველას. გაიღვიძა ზევსმა და მეხით
მიყარ-მოყარა ყველა ღმერთი. და მე მით უფრო
მერჩოდა, ალაბათ მომისროდა ზღვის ჯურღუმლისკენ.
ღმერთთა და კაცთა დედოფალმა ღამემ მიშველა.
260 მას შევეფარე. დაშოშმინდა ზევსი მრისხანე,
ვეღარ გაბედა ძალადობა წინაშე ღამის.
შენ კი მიბრძანებ, კვლავ საშიში საქმე ვიტვირთო?“
მიუგო ჰერამ, დედოფალმა ხარისთვალებამ:
„ძილისშორისო, რად ეძლევი აბეზარ ფიქრებს?
265 ნუთუ გგონია, ზევსი ტროელთ ისე დაიცავს,
როგორ ჰერაკლეს, საყვარელს ძეს, იცავდა იგი?
მომყევ! სანაცვლოდ ქარიტს მოგცემ ნორჩსა და ნატიფს,
ბოლოს და ბოლოს მოეხვევი, ცოლად დაისვამ,
ვინც სიყვარულით აგაკვნესა – შენს პასითეას“.
270 ასე რომ უთხრა, სიხარულით შესძახა ძილმა:
„მაშ დაიფიცე სტიქსის წყალი, მოწყალე ღმერთო,
ხელით შეეხე, დედოფალო, მადლიან მიწას
და ზღვას კამკამას, დაე, ფიცის იყონ მოწმენი
ქვეშეთის ღმერთნიც, თანაარსნი ძველი კრონოსის,
275 შემფიცე, ცოლად რომ მარგუნებ ნორჩს, ნატიფ ქარიტს,
ვინც სიყვარულით ამაკვნესა – ჩემს პასითეას!“
თქვა და უსმინა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ.
ხელნი აღაპყრო ფიცი დასდო, ქვეშეთის ღმერთებს
მოუხმო, ქვეყნად ტიტანებად სახელდებულთა.
280 როგორც კი მორჩა ფიცს საშინელს, ორივ აფრინდა,
დათმეს სამანი ლემნოსისა, იმბროსის მხარე.
გარს ღრუბლის ფთილა მოეფინათ, სწრაფად მიქროდნენ.
წყალუხვი იდგა, ტყის ნადირთა დედა, იხილეს.
ლექტოსთან ზღვის ჭავლს რა გასცილდნენ, სამყაროს თავანს
285 გადაუქროლეს, ტერფით წვერებს არხევდნენ მუხის.
ერთურთს დასცილდნენ. ძილი კრონიდს ემალებოდა.
დიდ ნაძვზე დაჯდა, იდას მთაზე რომ აჭრილიყო,
ამაყი თავით ჰაერს ჰკვეთდა, ეთერს წვდებოდა.
თავს იფარავდა ძილი ნაძვის შავი ტოტებით.
290 ფრინველს ემსგავსა ხმაწკრიალას, მთების ბინადარს.
ღმერთნი ქალკიდად თვლიან იმ ჩიტს, კაცნი კიმინდად.
ჰერა ეწვია იდას მთაზე გარგაროსის თხემს.
იქ დაინახა იგი ზევსმა ღრუბელთმარეკმა.
და რა იხილა, სული შეძრა ძლიერმა ვნებამ
295 იმავ სახმილით, რითაც დატკბა პირველ ტრფობისას,
როს ეზიარა მშობელთაგან ფარულად ჰერას.
ცოლს შეეგება და სახელით მიმართა ზევსმა:
„ჰერავ, ოლიმპოს მწვერვალიდან ასე რად მოხველ,
ვერც ფეხმარდ რაშებს ვხედავ სადმე და ეტლიც არ ჩანს“
300 ცბიერად უთხრა დედოფალმა ჰერამ მეუფეს:
„მივდივარ, რათა მოვიხილო მიწის სამანთან
მშობელი ღმერთი ოკეანე, დედა ტეთისი,
მათ გამომზარდეს, სათნოებით თავს მევლებოდნენ.
მინდა ვეწვიო, რომ სასტიკ შუღლს მოვუღო ბოლო.
305 დიდიხანია საქორწინო საწოლს და ხვევნას
განრიდებიან უკვდავები, მტრობა ღრღნის მათს სულს.
აქ მყავს მერანნი წყალმრავალი იდას მთის ძირას,
მე მიმელიან, გადიფრენენ ზღვასა და ხმელეთს.
მაგრამ მოვედი და გეახელ ოლიმპოს თხემზე,
310 რისვხას ვერიდე, არ მინდოდა შენს უნებურად
ნაკადთა მფრქვეველ ოკეანეს მღვიმეს ვწვეოდი“.
მყისვე მიუგო ჰერას ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
„ნება შენია, მოესწრები წასვლას შემდეგაც.
ახლა კი დავწვეთ, კვლავ ვიგემოთ ტრფობის ალმური.
315 ასეთი ტრფობა არც ქალღმერთის, არც ქალწულისა
გულს არ მდებია, სული ასე არ აღმგზნებია
არც მაშინ, როცა იქსიონეს ცოლი მიყვარდა
რომელმაც შობა პერითოოს, სიბრძნით ღვთის სწორი,
ან აკრისიეს ქალს დანაეს როცა ვეტრფოდი,
320 რომელმაც შობა პერსევს, მოყმე სახელოვანი.
ასე არ ვთრთოდი, როცა ვფლობდი ფენიქსის ასულს,
(ვინც შვა მინოსი, ღვთაებრივი რადამანთოსი),
არც როს სემელე და ალკმენე მესვა თებეში
(ალკემენემ შვა მძლე ჰერაკლე დიდსულოვანი,
325 სემელემ შობა დიონისე, კაცთა სიამე),
არც როს ვეტრფოდი თვით დემეტრეს - დალალმშვენიერს,
ლეტოს, მომხიბვლელს, ან თვით შენ, ჰერავ ღმერთქალო!
დღეს შენ აღმანთე და აღმავსე ტკბილი წადილით!“
ცბიერად უთხრა დედოფალმა ჰერამ მეუფეს:
330 „ო, კრონიონო საშინელო, რა სიტყვას ბრძანებ?
გინდა აქ დავწვეთ, სიყვარულის სიტკბოს მივეცეთ?
აქ, იდას თხემზე, საიდანაც ჩანს ყოველივე?
რა გველის მაშინ, რომელიმე ღმერთმა თუ გვნახა
ჩახუტებულნი და ყველა ღმერთს უამბო ღვარძლით?
335 როგორ გავბედავ, სარეცლიდან როცა ავდგები,
შინ დაბრუნებას, სად გამოვყო სირცხვილით თავი?
მაგრამ თუ შენს სულს ეამება, რასაცა ბრძანებ,
გაქვს სამთიბიო, საყვარელმა ძემ რომ შეგიმკო –
კოჭლმა ჰეფესტომ, კარს მოარგო საკლიტურები.
340 იქ დავწვეთ, როცა მოსვენებას ისრუვებ, ღმერთო!“
ჰერას მიუგო მყისვე ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
„მენდე, ვერც ღმერთი, ვერც მოკვდავი თვალსაც ვერ მოგვკრავს,
შემოგეხვევა შენ გარშემო ოქროს ღრუბელი,
შიგ ვერ შეაღწევს შუქმფინარი მზე – ჰელიოსიც,
345 რომლის მახვილ თვალს არაფერი გამორჩენია“.
თქვა და ძლიერად მოეხვია ზევსი მეუღლეს.
მიწაზე მყისვე ამოხეთქა მოლმა ხასხასამ,
ლოტოსმა ფოთოლნამიანმა, ხშირმა სუმბულმა,
მოქნილ კვირტებით ღმერთნი ნაზად ასწიეს მაღლა.
350 იწვნენ უკვდავნი, მოებურათ ოქროს ღრუბელი
და მოწვეთავდა იმ ღრუბლიდან წვიმა კამკამა.
ასე ეძინა გარგაროსის მწვერვალზე მამას,
ტრფიალით ძლეულს და მეუღლის მკერდს ჩახუტებულს.
მსწრაფლ აქაველთა გემს მიადგა ძილისშძორისი,
355 და პოსეიდონს საამური ამბავი უთხრა,
მის წინ დადგა და მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„მედგრად, ღვთაებრივ, იყავ შემწე დანაელების!
უბოძე ძლევა თუნდ მცირედი და წამიერი,
სანამ ზევსს სძინავს. ტკბილი თვლემა მოვგვარე მამას.
360 ჰერამ აცდუნა სარეცლით და ტრფობის სიამით“.
თქვა და გაფრინდა სახელოვან კაცთა ტომისკენ,
ოდეს აღაგზნო დანაელთა ქომაგად ღმერთი.
მეწინავეთ შორის ჩადგა და მხნედ შესძახა:
„ო, არგიველნო! ისევ ჰექტორს ვარგუნებთ ძლევას?
365 გემებს დავუთმობთ და აღვავსებთ სახელ-დიდებით?
იმიტომ გასდის თავს მზვაობარს, რომ აქილევსი
ფუღურო გემთან რჩება ჩვენზე განრისხებული.
მაგრამ ისიც არ დაგვჭირდება, თუ ერთობლივად
მტრებს მივეჭრებით, მხარს ავუბამთ ერთი-მეორეს!
370 მისმინეთ, რჩევა მომიცია, თქვენც დამიჯერეთ:
რაც კი ფარი გვაქვს ბაკმული და საუკეთესო,
მკერდი დავიცვათ, დავიხუროთ მუზარადები,
რვალის შუბები მოვიღეროთ, მტერს შევხვდეთ მედგრად,
წინ გაგიძღვებით, არ მგონია, გმირი ჰექტორი
375 გზად გადაგვიდგეს, რაზომ შმაგიც არ უნდა იყოს.
ვინც ძლიერია და არა აქვს ფარის იმედი,
სუსტს მისცეს თვისი, თვით კი დიდი ფარი ატაროს!“
თქვა და დასთანხმდა ყველა დიდი მოწადინებით.
მეფეებს წყლულიც დაავიწყდათ, დარაზმეს ჯარი.
380 გმირმა ტიდიდმა, ოდისევსმა, აგამემნონმა
სპა მოიარეს, საჭურველი ბევრს შეუცვალეს,
ძლიერთ არგუნეს ბასრი რვალი, უძალოთ – ბლაგვი.
როს აღიჭურვნენ მოკაშკაშე, მტკიცე სპილენძით,
დაიძრნენ. ლაშქარს მიუძღოდა პოსეიდონი,
385 ღმერთს ყოვლისშემძლე ხელში ეპყრა ბასრი მახვილი,
ცეცხლოვან ელვის დასადარი. რომ შეხვდეს კაცი,
შიშის ზარს დასცემს, სულს გაუფრთხობს მარტო შეხედვა.
ტროელთ ლაშქარი შეაგება ლაშქარს ჰეტორმა.
შუღლი შეუდგათ საშინელი ღმერთ პოსეიდონს,
390 ძლიერს, შავთმიანს და გმირ ჰექტორს ზუჩმოელვარს,
ეს ძვირფას ტროელთ, ის არგიველთ ლაშქარს იცავდა.
ზღვა აღდგა, ტალღა შეეხეთქა ბანაკს ღმუილით.
საზარ ყიჟინით შეერია ლაშქარი ლაშქარს.
ზღვის ნაპირებთან ასე შმაგად ზვირთი არ ბორგავს,
395 გამოტყორცნილი ბორეასის მძვინვარე სუნთქვით,
კოცონიც ასე არ გუგუნებს ხანძრად ქცეული,
როს მოედება მთაში ტევრს და ხეებს ნთქავს ხარბად,
ქარი არ ღმუის მაღალმთიან მუხის წვეროზე,
როს დააცხრება ხეს მძვინვარე, გაშმაგებული,
400 როგორც გრგვინავდა ხმა ტროელთა და აქაველთა,
ერთი მეორეს გაცოფებით რომ აწყობდნენ.
ჯერ გმირ აიანტს სტყორცნა ბასრი შუბი ჰექტორმა,
როცა უტევდ აიანტი. უწია სწორად.
მკერდზე, საკიდი ღვედი სადაც ღვედს ედებოდა,
405 ერთი მახვილის, ხოლო ერთიც ბაკმული ფარის,
იქ მოახვედრა. ღვედმა იხსნა. განრისხდა მოყმე,
რა ნახა, რვალი მის მარჯვენას ამაოდ გასცდა.
უკუდგა ჰექტორ და ანაზდად გაექცა სიკვდილს.
მაგრამ დაკოდა აიანტმა უკუქცეული
410 ლოდით. ქვა-ღორღი ძირს ეყარა გემთა საბჯენად,
მებრძოლთ ფეხებში ედებოდ. ერთი გასტყორცნა,
მკერდში, ფარს ზემოთ, ყელთან ახლოს მოარტყა ჰექტორს,
როგორც ჩიკორი, გაფრენილი ბზრიალ-ბზრიალით.
დიადი ზევსის დამანგრეველ დარტყმით თვით მუხა
415 ძირფესვიანად ყირავდება, ხეს ასდის მყრალი
გოგირდის კვამლი. დგას გამვლელი სულმიხდილივით
გაშეშებული. ზევსის მეხი დამღუპველია.
ასე დაემხო მეყსეულად გმირი ჰექტორი,
შუბი ხელიდან გაუვარდა, მკერდზე დაეცა
420 ფარი ბაკმული, აჟღრიალდა ჭრელი აბჯარი.
ყიჟინით მისკენ გამოიჭრნენ აქაველთ ძენი,
სურდათ გათრევა, უამრავი ოროლი სტყორცნეს,
მაგრამ ვერ შეძლო ხალხთა მეფის დაჭრა ვერც ერთმა,
ვერ მოახვედრეს, რადგან მყისვე გმირს აეფარნენ
425 პულიდამანტი, ენეასი და აგენორი,
ლიკიის მეფე სარპედონი, ქველი გლავკოსი.
არ იყო კაცი, რომ ჰექტორის ხსნა არ ეფიქრა.
ფარი აღმართეს დასაცავად. მყის მეგობრებმა
ხელი დაავლეს, გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.
430 ფეხმარდნი ცხენნი ახლოს ჰყავდათ, მყუდრო ადგილას
დიდებულ ეტლთან, იქვე იდგა ქველი მეეტლე.
ეტლმა ციხისკენ გააქანა მკვნესარი გმირი.
მაგრამ როროგორც კი მოლივლივე ნაკადს მიადგნენ -
ღვთაებრივ ქსანთოსს, უკვდავ ზევსის შობილ მდინარეს,
435 მოყმე მიწაზე დაასვენეს, მობანეს სახე მოკამკამე წყლით.
ძლივს თვალებში გამოიხედა.
წამოიწია და გადმოსკდა პირიდან სისხლი.
ისევ წაიქცა, კვლავ თვალებში ღამე ჩაუდგა:
ჯერ კიდევ სული დარტყმით ჰქონდა გაბრუებული.
440 არგიველთ ჰექტორს თვალი მოჰკრეს, ბრძოლიდან გასულს
და უფრო ფიცხლად შეუტიეს ზვიად ტროელებს.
პირველად მარდმა აიანტმა ოილევსის ძემ
დასცა სატნიოს, როს დაატყდა თავს ბასრი შუბით,
ნიმფა ნეადას შესძენია იგი ყრმა მწყემსი
445 ენოპოსისგან, ნაპირებთნა სატნიოესის.
მძლე აიანტმა ოილიდმა ბოქვენში დაჭრა
და ძირს განრთხმული შუბოსანის გვამის გარშემო
შეიქმნა ერთი ხოცვა-ჟლეტა მებრძოლთ შორის.
პულიდამანტი შურისმგებლად შუბმოღერებით
450 გაიჭრა, სტყორცნა პროთოენორს ბასრი ოროლი,
არეილიკოს-მამაცის ძეს, მხარი გაუპო
და განრთხმულს ხელით აფხოჭინა შავი ტალახი.
პულიდამანტი გაამაყდა, შესძახა კიდეც:
„იტყვის კი ვინმე, რომ პანთოიდს მძლავრი მარჯვენით
455 ახლა ამაოდ უყროცნია შუბი ვეება?
ვიღაც არგიველს მოხვდა იგი და, იმედი მაქვს,
ყავარჯნად იხმარს, რომ ჰადესის ეწვიოს მღვიმეს“.
თავხედის სიტყვამ დაამწუხრა არგიველთ სპანი.
ყველაზე მეტად აიანტის სული დაფლითა,
460 ტელამონიდის. სწორედ მის წინ დაეცა მოყმე.
მრისხანე გმირმა დაადევნა ტროელს ოროლი.
პულიდამანტი ძლივს გაექცა შავ ბედისწერას,
განზე გადახტა. რვალი მისწვდა ანტენორის ძეს,
გმირი არქელოქოსს. მას არგნა დაღუპვა ღმერთმა.
465 შუბმა დალახვრა, სად ერთდება თავთან კისერი,
ხერხემლის ზემოთ, გაუწყვიტა ბედკრულს ძარღვები.
დარტყმით ძლეული ტუჩ-პირით და თავის უადრეს
დაემხო მიწას, ვიდრე მუხლებს ზედ შეახებდა.
რისხვით შსძახა პულიდამანტს მძლე აიანტმა:
470 „პულიდამანტო, მითხარი მაინც, პროთოენორის
სანაცვლოდ სიკვდილს ეს მებრძოლი თუ იმსახურებს?
არც თუ ურიგო მხედარი ჩანს, არც უგვარტომო,
იგი ანტენორს, ცხენთა მხედვნელს ძედ თუ ერგება,
ეგების ძმადაც, მისი მოდგმის ჩანს მეომარი“.
475 ასე თქვა, ნაღდად კი იცოდა. დადრმა მოიცვა
ტროელთა სული. აკამანტმა შური იძია
ძმის გვამის გამთრევ პრომაქოსზე, ბეოტიელზე.
ღვარძლით ამბობდა აკამანტი გამარჯვებული:
„უქმად ქედმაღლად მოქადნულნო აქაველთ მცველნო!
480 საბრძოლო ჯაფა და ვაება განა მხოლოდღა
ჩვენი ხვედრია? არ აგდებათ თქვენც სივალალე!
ხომ ხედავთ, როგორ მიიძინა ამ მეომარმა
შუბით ძლეულმა! შურისგებამ არ დაახანა!
გონიერია, ვინც დატოვა ამ ჩემს ძმასავით
485 შურისმგებელი, ძმა ძმისათვის სისხლის ამღები!“
არგიველები შეურაცხყო თავხედის სიტყვამ.
ყველაზე მეტად პენელევსის სული აღელდა.
მიეჭრა, მაგრამ აარიდა ტროელმა თავი.
მხნე პენელევსმა მაშინ დასცა ილიონევსი,
490 ძე ფორბანტისა, ჯოგმრავლისა. ჰერმესს უყვარდა
ფორბანტი ფრიად და სიუხვირთ ავსებადა მის სახელს,
სხვა ძე არ ესვა მოხუცს, მარტო – ილიონევსი.
ისიც განგმირა პენელევსმა, თვალის ფოსოდან
გუგა უმალვე ამოუგდო, თავისქალაშიც
495 გავიდა შუბი. ჩაიკეცა ბედშავი მოყმე
ხელებგაწვდილი. ქარქაშიდან იძრო მახვილი,
კისერში დასცა გმირმა, თავი იქვე გაგორდა,
ჯერ კიდევ თვალში გასჩხეროდა შუბი, მომგვრელი
საზარ სიკვდილის. ვით ყაყაჩოს, მის თავს სისხლიანს
500 ტროელთ ზეიმით აჩვენებდა ყრმა მზვაობარი:
„ტროელთა ძენო, მოახსენეთ ილიონევსის
საყვარელ მამას, მშობელ დედას – ძე დაიტირონ!
ვერც პრომაქოსის ახალგაზრდა ცოლი გამოვა
მის შესახვედრად სიხარულით, ოდეს ტროიდან
505 შინ დავბრუნდებით ხომალდებით აქაველთ ძენი!“
ეს თქვა და ტროელთ სახე შიშის ფითრმა დაფარა,
და სიკვდილისგან სალტოლველად გაექცა თვალი.
ახლა, მუზებო, სახლად რომ გაქვთ ოლიმპოს თხემი,
მამცნეთ, პირველმა ვინ აიღო ნადავლი ომში,
510 აქაველთ ძლევა როს არგუნა მიწისმრყეველმა?
ტელამონიდმა აიანტმა დასცა ჰირტიოს
გირტიოსის ძე, მძლე ბელადი მისიელების.
ანტილოქოსმა ფალკე დასცა და მერმეროსი,
მერიონემ კი მორინი და ჰიპოტიონტი.
515 ტევკროსმა დასცა პროთოონტი და პერიფეტე,
ჰიპერენოროს – მძლე ატრიდმა, მან სპათა ბელადს
ფერი გაუპო. გაიარა შუბმა სტომაქი
და გამოყარა ნაწლავები. შიშველ წყლულიდან
გაფრინდა სული, გმირს ჩაუდგა თვალში წყვდიადი.
520 ყველაზე მეტი ოილევსის ძემ აიანტმა
გაანადგურა, ვერვინ სჯბოდა მას, როგორც მდევარს
ლტოლვილ მებრძოლთა, თავზარს რომ სცემთ ზევსი დიადი“
სანამ აპოლონს აიგიდა ხელთ ეპყრა წყნარად,
თანაბრად ფრენდა სეფქა, მებრძოლთ თანაბრად სპობდა,

ქება მეთხუთმეტე. განდევნა ხომალდებიდან
გადაირბინეს სანგარი და განვლეს ძელყორე,
ბევრიც დაკარგეს განგმირული დანაელთ მიერ
და მაშინ შედგნენ თვის ეტლებთან შიშით ფერმკრთალნი
და მთრთოლვარენი. ამ დროს ადგა იდაზე ზევსი,
5 ოქროსტახტიან ქალღმერთ ჰერას ნაალერსევი.
უმალ შენიშნა ტროელნი და აქაველთ სპანი:
რიგებ არეულ ლტოლვილ ტროელთ ხარბად მისდევდნენ
არგიველები, მათთან იყო პოსეიდონიც.
ჰექტორიც ნახა ძირს განრთხმული, მასთან მწუხარედ
10 მსხდომი მოყმეც. გრძნობამიხდილს სუნთქა უჭირდა,
სისხლი მოსჩქეფდა, გაეგმირა მამაც აქაველს.
ყრმა შეეწყალა ღვთაებათა და კაცთა მამას,
ჰერას მრისხანედ მიუბრუდან და ასე უთხრა:
„შენი ხრიკია, ბოროტმქმედო, მარად ცბიერო,
15 გმირი ჰექტორის და მებრძოლი ხალხის დათრგუნვა!
ჯერ არც კი ვიცი, რას მოიმკი ამ ვერაგობით,
მაგრამ ცხადია, ელვის მათრახს ვერღარ ასცდები!
ნუთუ არ გახსოვს, ვით ეკიდე ზეცად? ფეხებზე
ორი ბორკილი გედო, ხელზე – გაუწყვეტელი
20 ოქროს ხუნდები. ეთერსა და ღრუბელთა შორის
ცად ქანაობდი. ოლიმპოზე წუხდნენ ღმერთები,
სცადეს და ვერვინ შეგეწია. ვისაც კი მივწვდი,
ზეცის ზღურბლიდან გადმოვუშვი ფრიალ-ფრიალით.
ძლივს დაჰყვათ სული. მაგრამ ამით როდი დამცხრალა
25 რისხვა ღვთაებრივ ძის – ჰერაკლეს ტანჯვათა გამო.
შენ დაადევნე ბორეასი და ქარიშხალი,
უდაბურ ზღვაზე უმზადებდი უბედურებას,
ხალხმრავალ კოოსს გადახვეწე, უცხო მხარეში.
მე დავაბრუნე სამშობლოში – ცხენმრავალ არგოსს
30 მოყმე, რომელსაც დიდი ჯაფა გდახდომია.
კარგად გახსოვდეს, მოერიდე ვერაგულ ფანდებს,
არ გმართებს ღვარძლი შეაზავო ტრფობის ალერსით,
ღმერთთაგან ჩუმად რომ მაგემე მოსახიბლავად!“
თავზარი დასცა ქალღმერთ ჰერას ზევსის ნათქვამმა
35 და მეყსეულად მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„მოწმედ მეყავით, დედამიწავ, ცავ უნაპიროვ,
სტიქსის ნაკადნო – საშინელნო დასაფიცარნო,
ზარის მომგვრელნო თვითონ ნეტარ ღვთაებათათვის!
შენი თავის მზემ, ზევსო, ჩვენი სასიყვარულო
40 სარეცელის მზემ, – მას ხომ ლიქნით არ შემოგფიცავ, –
პოსეიდონი მიწისმძვრელი ჩემ გამო ტროელთ
როდი ვნებს, ჰექტორს როდი სდევნის და იცავს მის მტერს!
თვითონ სწადია საკუთარი გულის კარნახით.
თვით შეებრალა აქაველნი, გემს მიჭეჭყილნი.
45 განა არა თუ? მეც ვურჩევდი, მაგრამ ყოველთვის
შენი გზით დადის, შენი ნებით, შავღრუბლიანო!“
ასე თქვა ჰერამ. ღვთაებათა და კაცთა მამას
ჩაეცინა და მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„ამიერიდან, დედოფალო ხარისთვალებავ,
50 უკვდავთა დასში ერთი აზრით თუ შევთანხმდებით,
პოსეიდონიც, რაც არ უნდა სხვასა ფიქრობდეს,
მყის აზრს შეიცვლის, მიენდობა ჩემსა და შენს გულს,
ახლა, მას შემდეგ, რაც გულწრფელად ფიქრი გამანდე,
გასწი ღმერთების საფიხვნოზე, უბრძანე ირისს
55 იდაზე მოსვლა, აპოლონსაც – ვერცხლისმშვილდოსანს.
მაცნე ეწვიოს აქაველთა სპას რვალისკვართიანს
და პოსეიდონს მოახსენოს ჩემი ბრძანება:
ბრძოლას მოეშვას, დაუბრუნდეს მყუდრო სავანეს.
ისევ ჩააბას ფოიბოსმა ომში ჰექტორი,
60 სიმხნევე მისცეს და განკურნოს სატანჯველისგან,
გმირი სულს რომ ფლეთს. აქაველნი გარეკოს ისევ,
აღავსოს შიშით, გააქციოს შეძრწუნებულნი.
ამ სიჩქარეში ტროელები თავს დაესხმიან
პელიდის გემებს, აქილევსი ჩააბამს ბრძოლად პატროკლეს.
65 მას კი ილიონთან მოუღბს ბოლოს
მძლავრი ჰექტორი, ბევრ მძლეთამძლე მოყმის მძლეველი.
მტერი ჩემს ძესც – გმირ სარპედონს მოკლავს.
მას შემდეგ შურისმგებელი აქილევსი განგმირავს ჰექტორს.
მაშინვე გემებს განვაშორებ ტროელთ მხედრობას,
70 ვეღარაფერი შემაჩერებს! და აქაველნი
ათენას რჩევით აიღებენ ქალაქ ილიონს.
მანამ ჩემს რისხვას არ დავაცხრობ და არც სხვა ღმერთებს
მივცემ უფელბას, გაუწოდონ ხელი დანაელთ.
უნდა შესრულდეს აქილევსის ნება-სურვილი:
75 ასე დავპირდი, თავის დახრით თანხმობა მივეც
თეტისს, როდესაც მუხლმოყრილი მევედრებოდა –
კოშკთა მლეწველი აქილევსის სახელ-დიდებას“.
თქვა და მორჩილად დაჰყვა ნებას ქალღმერთი ჰერა.
იდას თხემიდან ოლიმპოსკენ მსწრაფლ გაეშურა.
80 როგორც სწრაფია კაცის აზრი, რომელსაც ძალუძს
მთელი ქვეყანა მოიაროს გონების ძალით:
„აქ ვიყავიო და იქაცო“ – ბევრს მოიგონებს,
ისევე სწრაფად დედოფალმა გადაიფრინა,
ოლიმპოს მწვერვალს მიაღწია. მრავალი ღმერთი
85 იხილა ზევსის სასახლეში. შემოეგებნენ
და მიესალმა თვითეული თასით დედოფალს.
ჰერამ მიიღო ღვაწლამაზი თემიდასაგან
თასი, რადგან ის გამოიჭრა ყველაზე უწინ
შესაგებებლად და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
90 „ო, ჰერა, რატომ მოხველ ასე შიშით შეძრული?
ჩანს, კრონოსის ძემ, შენმა ქმარმა დაგცა თავზარი!“
მას უპასუხა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ:
„რად მეკითხები, ო, თემიდავ? განა არ იცი,
რა სასტიკი და გულგოროზი ვინმე ბრძანდება?
95 სჯობს დასხდეთ ღმერთნი, სავანეში მეინახენი.
უკვდავთა შორის შენც მოისმენ, რა ცუდი საქმე
ზევსს განუზრახავს. გულით ვერვინ ვერ გაიხარებს
ამა საქმითა, ვერც მოკვდავი, ვერც ღვთაება,
რა ნეტარი და მხნეც არ იყოს მოაქჟამამდე!“
100 თქვა და დაბრძანდა დედოფალი. ყველა ღვთაება
შეშფოთდა. ქალღმერთს ბაგეზე აჩნდა ღიმილი,
შავ წარბებს ზემოთ კი შუბლს სხივი არ დაჰფენია.
ანაზდად ღმერთებს მიუბრუნდა განრისხებული:
„უგნურნო! ჩვენო ხომ ზევსის სამტროდ ჭკუა არ გვყოფნის!
105 ამაოდ ვცდილობთ მის მოდრეკას სიტყვით თუ ძალით.
იგი ამჟამად ცალკეა და ჩვენზე არც ფიქრობს,
აბუჩად გვიგდებს, მიაჩნია, რომ უკვდავთ შორის
შეუდარებლად სჭარბობს ყველას ძალაუფლებით.
რა გაეწყობა, რაც არ უნდა თავს დაგვატეხოს,
110 მოთმენ გვმართებს. არ დაინდო, ვგონებ, არესიც –
დღეს ბრძოლის ველზე სანუკვარი დაეცა მოყმე,
ასკალაფოსი, არესი რომ თავის ძედ თვლიდა“.
ეს რომ თქვა, მყისვე ძარღვიანი ხელი არესმა
მოქნილ ბარძაყზე დაიკრა და გმინვით შესძახა:
115 „ნუ გამამტუნებთ, თუ ძის გამო, ოლიმპოს მკვიდრნო,
შურისმგებელად აქაველთა გემებს ვეწვევი!
თუმც მოსჯილი მაქვს ზევსის მიერ ელვადაცემულს –
სისხლის გუბეში, მტერში ვიწვე გვამებთან ერთად!“
თქვა და უბრძანა მყისვე შიშს და საშინელებას –
120 რაშნი შეებათ ეტლში, იპყრა ხელთ საჭურველი,
ალისმფრქვეველი. მაგრამ ზევსი წინათ აროდეს
განრისხებულა ღმერთთა დასზე ასე სასტიკად.
სწორედ ამიტომ უკდავთ ბედით შეშფოთებული
ბჭესთან მივარდა მყის ათენა, დასტოვა ტახტი.
125 მკერდიდან ფარი, თავზე ზუჩი მოგლიჯა არესს,
შუბი წაართვა წამახული, გვერდზე გადადო
და მრისხანე ღმერთს შეუძახა მოგუგუნე ხმით:
„შმაგო, უგნურო, ფეთიანო, რისთვის გაქვს ყური,
თუ არა ისმენ? სირცხვილიც და ჭკუაც დაკარგე?
130 ვეღარ გაიგე, თეთრხელება ჰერა რას ამბობს?
იგი ოლიმპოს დაუბრუნდა ახლა ზევსისგან.
იქნებ გსურს, რაკი ზევსის რისხვას მაინც ვერ ასცდი,
კვლავ შეირცხვინო თავი, შამდეგ დაბრუნებულმა
თვითეულ ჩვენგანს შეამთხვიო უბედურება?
135 მალე ტროლეთა, ძალგულოვან აქაველთ ჯარზე
ხელს აიღებდა ზევსი, ღმერთებს თავზარს დაგვცემდა,
ვერ ასცდებოდა მას ვერც მრუდი და ვერც მართალი!
დამყევ ნებას და ნუ იძიებ შურს შვილის გამო,
მასზე მამაციც, მასზე მძლავრიც ბევრი დაეცა,
140 კვლავ დაეცემა ბრძოლის ველზე. სად გაგონილა,
გარდუვალ სიკვდილს კაცთა მოდგმა გადაარჩინო!“
თქვა და არესი ტახტზე დასვა გაცოფებული.
ჰერამ კი ზევსის სასახლიდან უხმო აპოლონს
და უკვდავ ღმერთთა ფეხმარდ მაცნეს, მშვენიერ ირისს.
145 ფრთიანი სიტყვა მიაგება ღმერთებს ქალღმერთმა:
„ზევსმა მიბრძანა, რომ მოგიხმოთ იდგას მწვერვალზე.
იცოდეთ, როცა მიხვალთ, ნახავთ ზევსს ღრუბელთმარეკს,
მისი სურვილი და ბრძანება მყის შეასრულეთ“.
ასე უბრძანა, სასახლეში დაბრუნდა ჰერა,
150 ტახტზე დაბრძანდა. ისინი კი გაფრინდნენ უმალ.
მყის წყალუხვ იდას, ტყის ნადირთა დედას, ეწვივნენ.
იქ, გარგაროსის თხემზე ნახეს მეუფე ზევსი.
მჯდომარე კრონიდს ადგა ღრუბლის შარავანდედი.
იდგნენ ღმერთები ღრუბელთმარეკს ზევსის წინაშე,
155 და მან მოწყალედ შემოხედა. მყის აღსრულდება
ელოდა მაცნეთ ზევსის ძვირფას ცოლის ნებისა.
პირველად ირისს მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„პოსეიდონთან, უსწრაფესო ირისო, გასწი,
ამცნე ყოველი, საიმედო მაცნედ მეყავ მე!
160 დაუყოვნებლივ დათმოს ბრძოლა, კვლავ დაუბრუნდეს
ან ღმერთთა კრებულს ოლიმპოზე, ან ზღვას ღვთაებრივს.
თუ არ ისურვოს შესრულება ნაბრძანებისა,
მაშინ გულს ჰკითხოს და გონებას – გაუძლებს განა
ჩემთან შეხვედრას, თვით რაც უნდა ძლიერი იყოს?
165 პოსეიდონზე ძალითაც და ხნოვანებითაც
მეტი ვარ, მაგრამ მას ერთადერთს არ ეშინა
ტოლად ჩათვალოს, ვის წინაშეც ყველა ცახცახებს!“
დაემორჩილა ირის, ქარისფეხებიანი
და იდას მთიდან მყის დაეშვა ილიონისკენ.
170 როგორც მოწყდება ღრუბელს თოვლი, ან ცივი სეტყვა.
გაეკიდება ქარ-ბორეასს, ეთერში შობილს,
ისე ანაზდად გზა ირისმა გადაიფრინა,
მივიდა, უთხრა პოსეიდონს დანაბარევი:
„მოვედი შენთან, შავთმიანო, მიწისმრყეველი,
175 დიადმა ზევსმა ფაროსანმა აქ მომავლინა.
დაუყოვნებლივ დათმე ბრძოლა, კვლავ დაუბრუნდი
ან ღმერთთა კრებულს ოლიმპოზე, ან ზღვას ღვთაებრივს.
თუ არ ისურვებ შესრულებას ნაბრძანებისა,
ზევსი გიქადის, რომ მაშინვე შესარკინებლად
180 გამოიჭრება. გირჩევს თავი არიდო ბრძოლას.
შენზე მეტია ძალითაც და ხნოვანებითაც.
ეს შენც ხომ იცი, მაგრამ მაინც არ გეშინია,
ტოლად ჩათვალო, ვის წინაშეც ყველა ცახცახებს“.
გაოგნებულმა უპასუხა მიწისმრყველემა:
185 „ჰაი-ჰაი, რომ ძლიერია! მაგრამ თავხედობს,
რაკი ტოლი ტოლს აგერ მბოჭავს ჩემს უნებურად!
სამი ძმა გავჩნდით კრონოსისა და რეასაგან:
ზევსი, მე, შემდეგ აიდესი – ქვეშეთის ღმერთი.
სამად გაიყო ეს სამყარო, სამივეს წილად.
190 სამარადისოდ სამფლობელოდ ზვირთმოგუგუნე
ზღვა შემხვდა. ქვეშეთს, უკუნეთში მეფობს აიდეს,
ხოლო ღრუბელს და ეთერს შორის ზევსს ერგო ზეცა.
ჩემთვის საერთო დარჩა მიწა, ოლიმპოს თხემი.
არა, მე ზევსის წესი არ მწამს! ხომ დიადია
195 და ძალმოსილი, თავის წილხვედრს ფლობდეს მესამედს,
მე ნუ მაშინებს მკლავსი ძალით, ვით საწყალობელს!
ის ურჩევნია, თვის ასულებს და ვაჟიშვილებს
მიხედოს, მკაცრი სიტყვა უთხრას.
თვით გააჩინა და სურთ თუ არა, უნდა მის წესს დაემორჩილონ!“
200 ისევ მიუგო მას ირისმა ქარისფეხებამ:
„ეს ვუთხრა განა, შავთმიანო მიწისმრყეველო,
პასუხად კრონიდს – სიტყვა მკაცრი და საშინელი?
ეგების ოდნავ შეარბილო? სათნოა გული
კეთილშობილთა. ერინიაც უფროსებს შველის“.
205 კვლავ უპასუხა პოსეიდონმა მიწისმრყეველმა:
„ქალღმერთო ირის, გონივრულად ამბობ სიმართლეს.
კარგია, როცა მაცნეს ძალუძს რჩევა კეთილი.
გამოგიტყდები, გულს მიმსჭვალავს ძლიერი წყენა,
როცა ამაყად იქადნება და პატივს აჰყრის
210 მისთვის თანასწორს და ბედითაც მასავით სვიანს.
ახლა, თუმც კი მწყინს, მმართებს დავყვე მის ნება-სურვილს.
ვაცხადებ, მაგრამ ჩავიმარხავ ამ ქადილს სულშიც:
უკეთუ ჩემდა უნებურად და ათნასი,
ჰერას, ჰერმესის და ჰეფესტოს დაუკითხავად
215 ქალაქ ილიონს შეიწყალებს მტკიცებურჯიანს,
რომ არგიველნი გამარჯვების არა ჰყოს ღირსნი,
იცოდეს, მტრობას არ ექნება ჩვენსს საზღვარი!“
ასე წარმოთქვა და დასტოვა სპა აქაველთა.
ზღვაში ჩაეშვა. ოხვრა დასცდათ არგიველთ გმირებს.
220 აპოლონს უთხრა მაშინ ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
„რვალისაბჯრიან გმირ ჰექტოთან წადი, ფოიბოს,
ქვეყნის მომგარსველს, მიწისმრყეველს უნებებია
ღვთაებრივ ზღვაში ჩასვლა, რისხვას გაურბის იგი.
ეჰ, რომ სმენოდათ ამ სასტიკი ბრძოლის ამბავი
225 ქვეშეთის ღმერთებს, მობინადრეთ კრონოსის ახლოს!
კიდევ კარგი, რომ, თუმც მრისხანებს, არ მეურჩება,
წინაშე ჩემსა უკან იხევს, თორემ ეს საქმე
ორივეს დიდი ოფლის ფასად დაგვიჯდებოდა!
მაგრამ, მიიღე აიგიდა ფოჩებიანი,
230 მოიღერე და მით დააფრთხე სპა აქაველთა!
შორსმოისარო, ჰექტორზე კი იზრუნე კვლავაც,
სიმტკიცე მიეც, სანამ ლტოლვილ აქაველ გმირებს
ხომალდებთან და ჰელესპონტის პირას მირეკავს.
სიტყვას ვიტყვი და ერთდროულად მოჰყვება საქმეც,
235 რომ ომის ჯაფას გადაურჩნენ აქაველები“.
ასე ბრძანა და არ ეურჩა მამას აპოლონ,
იდას ქედიდან გადმოიჭრა, ვით შევარდენი,
ქედანთა მტერი, უსწრაფესი მტაცებელთ შორის.
ველზე იხილა პრიამოსის ძე ღვთაებრივი,
240 წამომჯდარიყო, მოსულიყო გონზე ჰექტორი,
მეგობრებს სცნობდა, სულიც აღარ ეხუთებოდა
ეგიოხ ზევსის ნებით ვაჟკაცს მიეცა ძალა.
ახლოს მივიდა და მიმართა შორსმოისარმა:
„პრიამოსის ძევ, ჰექტორ! ლაშქარს განშორებული
245 დაღონებული აქ რად ზიხარ, რა დარდი გსერავს?“
მძიმედ სუნთქავდა და მიუგო გმირმა ჰექტორმა:
„ვინ ხარ, კეთილო ღმერთო, სიტყვით რომ მომეგებენ?
არა გსმენია, აქაველთა ხომალდების წინ
ლაშქარს რომ ვსპობდი, აიანტმა მკერდს შემალეწა
250 ლოდი ვეება, სიმამაცე დააცხრო ჩემი?
მეგონა უკვე ვიხილავდი ჰადესის მღვიმეს,
რაკიღა გული სანუკვარი მიბნედილიყო“.
შორსმოისარმა აპოლონმა მიუგო მოყმეს:
„მხნედ იყავ, ძლიერ ქომაგს მხედავ, კრონიდის მიერ
255 შენდა მფარველად მოვლინებულს იდას თხემიდან.
ფოიბოსი ვარ, აპოლონი ოქროსხმლიანი,
შენ და შენს ქალაქს რომ გიცავდით წინათაც მედგრად.
მიჰყევ სპას, მხედრებს მოუწოდე მრავალრიცხოვანთ,
ამოფუღრული გემებისკენ მიმართონ რაშნი.
260 წინ წარვუძღვები და თვითონვე გზას გავუკვალავ
ცხენებს, სილტოლვად სპას მივაქცევს აქაველების!“
ეს თქვა და სპათა ბელადს ძალა შთაბერა ღმერთმა.
ცხენი რომ გაწყვეტს ხოლმე საბელს, თავლაში მდგარი,
გამოფრინდება და ფლოქვებით აჰყრის კოლბოხებს,
265 მიჭენავს, ცურვას მიჩვეული შმაგ მდინარეში,
თავი ამაყად აღუმართავს და ძლიერ ქედზე
ფაფარს აიფრენს, თვით ამაყობს თავისი მშვენებით.
მიაქროლებენ ფაშატებთან მარდი ფეხები.
მას ჰგავდა ჰექტორ, გამოიჭრა გმირი, რომ ესმა
270 ხმა ღვთაებისა, აღაგზნებდა ბრძოლად მხედრობას.
როცა მისდევენ ველურ ქუციკს, ქორბუდა ირემს
ჯიუტი, ფიცხი მწევრები და მონადირენი,
ციცაბო კბოდე, დაბურული ჭალა იფარავს
ნადირს და მდევარს დასაჭერად არ სწყალობს ბედი.
275 გამოაღვიძებს ღრიანცელი ლომს ფაფარაყრილს,
გზაზე გამოდის, ბრბოს გაფანტავს აქლოშინებულს.
ასე მისდევდნენ დანაელნი ტროელთა ძეებს,
ხმილთა და შუბით ზურგს უპობდნენ, მაგრამ შენიშნეს
გმირი ჰექტორი, გამოჭრილი მხედრობისაკენ,
280 ყველა შეკრთა და აღარ შერჩათ გული საგულეს.
ანდრიამონის ძე თოანტი სპას ამხნევებდა,
ეტოლიელი მოყმე, ისრის ტყორცნით განთქმული,
ომში მედგარი, აქაველთა კრებაზეც ბრძენი,
თუმც, ვით მჭევრმეტყველს, ბევრი ჰყავდა მოყმე მოცილე.
285 იგი, სიფიცხით აგზნებული, ასე ამბობდა:
„ბიჭოს! რა ნახა -სასწაული ჩემმა თვალებმა!
სიკვდილს გაექცა ჰექტორი და აგერ არ არის?
ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ ეს ზვიადი მოყმე
სულს გააფრთხობდა აიანტის მძლავრი მარჯვენით.
ცხადია, ღმერთმა დაიფარა და აღადგინა
290 ჰექტორი, მრავალ დანაელის მუხლთა მსხვრეველი.
რა დღეს დაგვაყრის, წინასწარ ვჭვრეთ! ზევსის ნებით დგას
ლაშქრის წინ იგი, ანთებული ბრძოლის სახმილით.
ერთ რჩევას მოგცემთ და ყველანი დამყევით ნებას.
295 ლაშქარს ვუბრძანოთ, გემებისკენ აიღონ გეზი,
ჩვენ, ვინცა-ვინ ვართ მიჩვეულნი უმამაცესად,
მტერს დავხვდეთ, ვინძლო შევაჩეროთ აღმართულ შუბით,
ვფიქრობ, გმირს, რაგინდ გზნებით გული ბრძოლად ერჩოდეს,
დანაელთ რამზში შესაჭრელად აღარ გაუწევს!“
ასე მოუბარს ყურადღებით უსმინა ყველამ.
300 მყის დიომედე და ორვე მძლე აიანტი,
ტევკროს, მეგესი, მერიონე დადგნენ საომრად,
სხვებსაც მოუხმეს – კეთილშობილ არგვიელ გმირებს,
რომ დახვედროდნენ მამაც ჰექტორს და სპას ტორელთა.
305 მათს უკან გემებს აფარებდნენ თავს აქაველნი.
მოაწყდნენ მტრები, მოუძღოდა მტკიცე ნაბიჯით
ჰექტორი, სულ წინ მოდიოდა თვით აპოლონი,
მკერდს უფარავდა სქელი ნისლი, ხოლო ხელთ ეპყრა
ღმერთს აიგიდა საშინელი, მხატვარ ჰეფესტოს
310 რომ მიუძღვნია ზევსისათვის კაცთ დასაფრთხობად.
ამ აიგიდით მოუძღოდა ლაშქარს ფოიბოს.
მჭიდრო რიგებით არგიველნი ელოდნენ მომხვდურს.
ყიჟინა დასცდა ორსავ ლაშქარს, ლარს მოსწყდა უცბად
ბასრი ისარი, გადიქროლა რვალის ოროლმა,
315 მრავალ მშვენიერ მოყმეს ტანში ჩაეჭდო შუბი,
მრავალიც გზაში, თეთრ სხეულთა დაუწაფებლად
მიწაში ჩარჩა მოცახცახე, სისხლის მწყურვალი.
სანამ აპოლონს აიგიდა ხელთ ეპყრა წყნარად,
თანაბრად ფრენდა სეფქა, მებრძოლთ თანაბრად სპობდა,
320 მაგრამ როგორც კი დანაელებს შეხედა ღმერთმა
და აიგიდა აუქნია, ხაფად დასჭექა,
სული შეეძრათ, დაავიწყდათ ზნე სამამაცო.
როგორც ხართა ჯოგს, თხათა არვეს ღამის წყვდიადში
მიმოფანთავენ მტაცებელი მხეცები უცბად,
325 როს ახლო-მახლო მათი მწყემსი არ ეგულებათ,
ისე გაფანტა აქაველნი, მოჰგვარა ძრწოლა
მათს გულებს ღმერთმა, ხოლო ჰექტორს - ძლევა-დიდება.
მებრძოლი მებრძოლს შეერკინა სასტიკ ბრძოლაში.
სტიქიოს დასცა ჰექტორმა და არკესილაოს.
330 ერთი – რვალმოსილ ბეოტიელთ ჯარის ბელადი,
მეორე – სანდო მეგობარი მენესთევსისა.
რვალს შეეწირნენ ენეასის მედონტ, იასოს.
მედონტი იყო ბუში ღმრთეებრ ოილევსისა,
ოილიადი აიანტის ძმა უმრწემესი.
335 შორს, ფილაკეში, ყრმა მას შემდეგ გადახვეწილა,
რაც დედინაცვლის ძმა მოუკლავს – ერიოპისის.
იასოსი კი ათენელთა იყო ბელადი,
ძედ სფელოსისა წოდებული, ბუკოლიონის.
პოლიტემ დასცა ექიოსი, პულიდამანტმა
340 მოკლა მეკისტე, აგენორმა კი – კლონიოსი.
პარისმა ახლოს გარბენილი დეიოქოსი
დასცა და რვალმა გაატანა მეორე მხარეს.
ტროელნი მოკლულთ რომ ძარცვავდნენ, შეშინებული
აქაველები იმ დროს ირგვლივ მიმოიფანტნენ
345 და სანგარს გაღმა გზას ეძებდნენ გადასარჩენად.
ომახიანი ხმით ჰექტორი ეტყოდა ტროელთ:
„გემებს დაჰკარით, ჯერ მოეშვით სისხლიან ნადავლს.
თუკი შევნიშნავ ვისმე ლტოლვილს ხომალდებიდან,
იქვე დავამხობ! უბედურის ცხედარს, ცხადია,
350 ცეცხლს ვერ მისცემენ ვერცა ძმები და ვეღარც დები,
არამედ ძაღლთა ხროვა დაგლეჯს ქალაქის ბჭესთნ!“
თქვა და მათრახი დასცხო ცხენებს, უმალ გაფრინდა,
ტროელთ ყიჟინით ამხნევებდა და ღრიანცელით
მიჰყვნენ წინამძღოლს მხედრები და სწრაფი ეტლები
355 საზარ გრუხუნით. აპოლონმა სპათა წინაშე
სანგრის ნაპირი მყის ტერფებით ჩამოანგრია,
თხრილში ჩაყარა, გაუკვალა ლაშქარს სავალი
ისე ფართო და ისე ვრცელი, რასაც გაიფრენს
შუბი, თუ კაცი შორს გასტყორც
370 მეტადრე ნესტორ ლოცულობდა, აქაველთ ბურჯი,
ვარსკვლავიანი ზეცისაკენ აღეპყრო ხელი:
„მამაო ზევსო! თუ ოდესმე შენთვის არგოსში
ვისმე შეუწვავს მოზვრისა და ვერძის ფერდები,
შეგვედრებია შინ მშვიდობით კვლავ დაბრუნებას,
375 არ დაივიწყო და გვაშორე დღე იავარქმნის!
ტროელთ ბოლომდე ნუ დააცლი აქაველთ ძლევას!“
ასე ილოცა. და იქუხა ზეციდან ზევსმა,
კეთილშობილი ნელევსის ძის ლოცვა ისმინა.
ტროელთ მიიღეს კეთილ ნიშნად ეს სასწაული,
380 ბრძოლის მწყურვალნი უფრო ფიცხლად ეკვეთნენ ლაშქარს,
უზარმაზარი ზვირთი ზომაულევი ზღვისა
გემბანზე მაღლა აღზევდება, ქარიშხლის ძალით
აღბორგებული, გადაივლის ტალღაზე ტალღა...
ასე გაიჭრნენ ტროელები შმაგი ყიჟინით,
385 ცხენთა ჭენებით და ხომალდებს შესარკინებლად
შუბით მიაწყდნენ. მათ იმედი ჰქონდათ ეტლისა,
ამათ – გემების, მტკიცედ იდგნენ აქაველები,
საზღვაო ბრძოლის დროს სახმარი ძელშუბით შეხვდნენ,
ერკინებოდნენ შემოჭრილ მტერს თავგამეტებით.
390 გმირი პატროკლე, სანამ ტროელთ აქაველები
უმკლავდებოდნენ გალავანის კიდესთან ჯერაც,
ომის მოყვარე ევრიპილეს კარავში იჯდა,
გულს უქარვებდა საუბრით და მძიმე ჭრილობას
შავთა ტკივილით დამაცხრობელ წამალს ადებდა.
395 მაგრამ როგორც კი დაინახა გალავნის აქეთ
შმაგი ტროელნი, არგიველთა განგაშიც ესმა,
შეჰყვირა გმირმა და ბარძაყზე დაიკრა ხელი,
დარდი მოედო, მწუხარე ხმით მიმართა დაჭრილს:
„ო, ევრიპილე, აღარ ძალიძს შენთან დარჩენა,
400 რაც გინდა მთხოვო, საშინელი ბრძოლის ხმა მესმის!
ახლა მსახურმა შენ მოგხედოს, ხოლო მე წავალ
გმირ აქილევსთან, დავითანხმო ვინძლო სალაშქროდ.
ეგების, აბა რას გაიგებ, – მოულბეს გული,
დიდი ძალა აქვს მართალ სიტყვას, მეგობრის ნუგეშს“.
405 ასე მოუბარს ფერხნი უკვე მიაქროლებდნენ.
აქაველნი კი ტროელთ ისევ ებრძოდნენ მედგრად,
მათს მცირე ლაშქარს გზას უჭრიდნენ ხომალდებისკენ,
ტროელნიც ღონეს არ ზოგავდნენ, რომ დაეშალათ
მტერთა ფალანგი, შესეოდნენ გემებს და კარვებს.
410 ლარი და ხაზი გაასწორებს ხოლმე ხომალდის
მორებს ჭკვიანი ხუროს ხელში, მხატვრობის სიბრძნე
ვინც კარგად იცის, გამოწვრთნილმა ათენას მიერ.
ასე მათ შორის ბრძოლის ხაზი გაწონასწორდა,
მებრძოლი მებრძოლს შეერკინა ხომალდთა ახლოს.
415 ჰექტორი შეხვდა გმირ აიანტს, განთქმულს დიდებით.
ერთი გემისთვის შებმულიყვნენ, მაგრამ ამაოდ
ის მცველის მოკვლას, გემის დაწვას მიესწრაფოდა,
ეს კი – გაგდებას ავსულისგან მოგვრილი მტერის.
კალეტორ დასცა – კლიტიოსის ძე აიანტმა,
420 ხომალდთან ცეცხლის მომტანს შუბი აძგერა გულში.
ძირს დაეხეთქა, გაუვარდა კვარი გზნებული.
თვალი რომ მოჰკრა თვის ახლობელს გმირმა ჰექტორმა,
შავი ხომალდის წინ განგმირულს, დასჭექა მძლავრად,
ბრძოლად აღაგზნო ტროელთ სპა და ლიკიელნი:
425 „ტროელთა ძენო, ლიკიელნო, მძლავრნო დარდანნო!
სდექ! გეშინოდეთ ამ ჭყლეტაში უკანდახევის!
უმჯობესია დაიცავით კლიტიოსის ძე,
რომ ხომალდისკენ არ წაიღოთ თორნი აქაველთ“.
ასე შესძახა და აიანტს სტყორცნა ოროლი,
430 მაგრამ აძგერა მასტორის ძეს, მამაც ლიკოფრონს,
მეაბჯრეს მისას, კითერიელს, მის სახლში მცხოვრებს
მას აქეთ, რაიც კაცი მოკლა კითერიაში.
თავის ქალაში, ყურისძირთან განგმრია იგი,
ტელამონიდის გვერდით მდგომი. გემის კიჩოდან
435 გადმოყირავდა, ყრმას დაემსხვრა სულის სიმტკიცე.
შეკრთა, უმრწემეს ძმას შესძახა მძლე აიანტმა:
„ტევკროს! დავკარგეთ, საყვარელო, წრფელი ძმობილი!
რაც კითერიდან მასტროიდი მოვიდა ჩვენთან,
ვით ძვირფას მშობლებს, ისე სცემდა მას ყველა პატივს.
440 ჰექტორმა დასცა! აბა, სად გაქვს ბასრი ისარი,
და საზარელი მშვილდი, ძღვენი აპოლონისა?“
თქვა და გაუგო ძმამაც, მყისვე მის გვერდით გაჩნდა,
მძლავრ ხელში ჰქონდა მშვილდი, ბეჭზე – მჭიდრო კაპარჭი,
სულ გაეჭედა ფრთოსან ისრით, ტროელთ მუსრავდა:
445 პეისენორის ძე კლეიტოს განგმირა მოყმემ –
პულიდამანტის მეგობარი, პანთოიდისა.
მეეტლედ ჰყავდა, დიდი ჯაფა ადგა, შმაგ ცხენებს
იქით მართავდა, სადაც მჭიდროდ იდგნენ ფალანგნი,
იღწვოდა ტროელთ საამებლად, მაგრამ სიკვდილმა
450 როცა უწია, აღარავის შეეძლო შველა.
უკან, კისერში მოხვდა სეფქა გლოვის მომგვრელი,
ძირს დაენარცხა და ცხენები უკუმიაწყდნენ,
გაიხრიგინა ცარიელმა ეტლმა. მაშინვე
პულიდამანტმა ეს შენიშნა, ცხენებს მივარდა,
455 პროტიაონის ძეს მიჰგვარა, გმირ ასტინოეს,
რომ მას სადმე შორს არ გაესვა, თვალი სჭეროდა.
თვით კი საომრად დაუბრუნდა მეწინავეებს.
ტევკროსმა სეფქა კვლავ გამართა, აბჯროსან ჰექტორს
აიძულებდა კიდეც ბრძოლის ველი დაეგდო,
460 ამოართმევდა უძლეველ გმირს სულ უეჭველად,
მაგრამ ვერ შეძლო აეცდინა ზევსის განგება –
გმრი დაიცვა და წარსტაცა დიდება ტევკროსს.
მშვიდლი გამართა მშვენიერ, მოზიდა ლარი,
მაგრამ გაუწყდა და ისარი გაექცა გვერდზე.
465 წვერწამახული. გაუვარდა ხელიდან მშვილდი.
შეძრწუნდა ტევკროს და შესძახა ძმას შეშფოთებით:
„ვაი ჩემს თავსა! დაიმონი საბრძოლო გეგმას
მიშლის, მშვილდიც კი გამომტაცა ახლა ხელიდან!
ლარიც გაწყვიტა, მე ხომ დიდი ხანი არაა,
470 ისრის სატყორცნად მორკალულ მშვილდს მოვარგე იგი!“
ტევკროსს მიუგო აიანტმა ტელამონიდმა:
„თავი ანებე, საყვარელო, მშვილდსაც და ისარს,
რაკი დანაელთ მტრობს ღვთაება, ხელიდან გაცლის.
შუბი შემართე და მოიგდე ბეჭებზე ფარი,
475 შეები ტროელთ, წააქეზე ლაშქარიც ბრძოლად.
ეგრე იოლად ნუ შერჩები მტერს, ძლევით ამაყს,
ჩვენი გემები. კვლავ შევუდგეთ ზნეს სამამაცოს!“
ასე თქვა, მშვილდი კვლავ კარავში დატოვა გმირმა,
მხარზე მოიგდო ხორკლიანი, ოთხფენოვანი
480 ფარი. ჩაჩქანი დაიხურა, ზედ ცხენის ძუით დამშვენებული.
ერხეოდა მრისხანედ ზუჩი.
ბასრი, სპილენძის წვერიანი შუბი ხელთ იპყრა.
ისევ დაბრუნდა და აიანტს დაუდგა გვერდით.
ნახა თუ არა დამსხვრეული მშვილდი ტევკროსის,
485 ჰექტორმა ისევ წააქეზა ტროელთ მხედრობა:
„ტროელნო და თქვენც ლიკიელნო, მძლენო დარდანნო!
იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო
ამოფუღრული გემების წინ! მე თვითონ ვნახე
სვიან მეომრის მშვილდ-ისარი ზევსმა დალეწა.
490 მუდამ ცხადია კაცისათვის ზევსის განგება,
ჩანს ხოლმე, როდის აღმაღლებს მოკვდავს დიდებით,
როდის დაამცრობს, არ დაინდობს, არ შეეწევა.
ახლაც აკნინებს არგიველებს ჩვენს სადიდებლად.
მთელი მხედრობით შევუტიოთ გემებს! თუ ვინმე
495 ხმლითა და ისრით მოიწყლა და სიკვდილს ეწია,
მოკვდეს! სახელი ხომ დარჩება, რაკი სამშობლოს
აქ შეეწირა! მაგრამ იხსნის სახლს და დედა-წულს,
შთამომავლობას გადაარჩენს, თუ აქაველნი
შავი გემებით თვის სამშობლოს მიაშურებენ!“
500 ასე ამბობდა, ყველას მისძა ძალაც, სიმხნევეც.
იქით აიანტ ღაღადებდა რაზმის წინაშე:
„გრცხვენოდეთ, ძმანო! სჯობს გავბედოთ: ან მტერს შევაკვდეთ,
ან იავარქმნა ავაცილოთ ფუღურო გემებს!
იცით, თუ გემებს ხელთ ჩაიგდებს გმირი ჰექტორი,
505 ფეხით მოუწევს ყოველ ჩვენგან ტროიდან წასვლა!
გესმით, ყიჟინით რომ აღაგზნებს ტროელთ მხედრობას
და გემის დაწვას მიესწრაფვის გამძვინვარებით?
ცხადია, როკვად როდი უხმობს სპას, ბრძოლა ნებავს!
არ დაგვრჩეია ჩვენც სხვა აზრი, სხვა საფიქრალი,
510 ვიდრე შევებათ მტერს ხელი-ხელ გადახლართულნი!
სჯობს მყის სიცოცხლე მოვიხვეჭოთ, ანუ სიკვდილი,
ვიდრე მარადღე სასტიკ ბრძოლივ ვიტანჯებოდეთ,
და ხელჩაქნეულ ლაშქარს ვახლდეთ ნავ-ხომალდებთან!“
ასე ამბობდა. ყველას მისცა ძალაც, სიმხნევეც.
515 პერიმედევსის ძე სქედიოს დასცა ჰექტორმა,
ფოკეელთ მეფე, აიანტმა – ლაოდამანტი,
ქვეით მებრძოლთა წიანმძღოლი, ანტენორის ძე.
პულიდამანტმა კილეინელ ოტოსს წარსტაცა
თორნი, მეგობარს ფილეიდის, ეპეელთ მეფეს.
520 მყის სტყორცნა გვერდით ჩამოქროლილ მეგესს ოროლი
პულიდამანტმა, ააცილა. როდი ინება
აპოლონ ღმერთმა მოყმის მოკვლა მებრძოლთა შორის.
კროისმოსს ოხვდა მკერდში შუბი წვერწამახული.
ზათქით დაეცა და მძლეველი გმირს ხსნიდა ბექთარს.
525 გმირ პულიდამანტს ლამპეტიდი დოლოპსი შეხვდა.
ლამპოსმა შობა იგი, შვილმა ლაომედონტის,
ბრძენმა, საომარ საქმეებით სახელგანთქმულმა.
შეხვდა ფილეიდს, ჯიქრუ მოსულს, ფარის შუა წრე
შუბით გაუპო, მაგრამ მოყმე დაიცვა თორნმა,
530 მკერდზე აკრულმა, ფილევსმა რომ მისცა ეფირეს
ციხე-ქალაქში, სელეენტის პირას, თემისთავ
ევფეტეს მიერ მეგობრულად ნასახსოვრები.
მისცა, სისხლისმღვრელ ომში მტრისგან რომ ეხსნა თავი.
მართლაც უშველა, იხსნა მისი ძე სიკვდილისგან.
535 მეგესმა ჩაჩქანს, იქ, სად კეფას უფარავს მებრძოლს
მრგვალი სპილენძი, გამეტებით შუბი აძგერა,
ბიბილო მოსჭრა ფაფრიანი, მტვერში გაგორდა
და გაეშალა მოკიაფე ძოწის ფოჩები.
და როცა იგი მტერს ებრძოდა ძლევის მოსურნე,
540 მძლავრი ქომაგი გამოუჩნდა – მენელაოსი.
შუბშემართულმა შეუმჩნევლად ზურგიდან მხარში
ოროლი დასცა, გაანგრია მკერდი სპილენძმა
და წინ გაიჭრა, დაენარცხა პირქვე მებრძოლი.
ორივ მივარდა, რომ სპილენძის თორნე აერთვათ,
545 მაგრამ ჰექტორმა მყის შესძახა მოყმის ახლობელთ,
არცხვენდა გმირი, მეტადრე ძეს ჰიკეტაონის,
გმირ მელანიპოსს, პერკოტეში ჯოგს რომ მწყემსავდა,
სანამ ილიონს აქაველნი შეესეოდნენ.
მაგრამ როგორც კი გემებს მოჰყვნე მრავალხოფიანს,
550 ტროას მოიჭრა ტროელთ რაზმში გამორჩეული,
ძესავით იგი შეუყვარდა მეფე პრიამოსს.
ჰექტორმა უთხრა სიტყვა მოყმეს, უკმაყოფილომ:
„ო, მელანიპოს! აქ დავტოვოთ? ნუთუ სრულიად
არ გტკივა გული განგმირული მოყვასის გამო?
555 იქნებ ვერ ხედავ, ვით იბრძვიან მისი აბჯრისთვის?
მომყევ, არ არის დრო არგიველთ შორით ვებრძოლოთ.
ჩვენ უდა ვძლიოთ, სანამ მტერმა ძირფესვიანად
არ დააქცია ილიონი და თვით არ მოგვსპო!“
თქვა ა თან გაჰყვა მყისვე მოყმე ღმრთის სადარი.
560 ხოლო არგიველთ აღაგზნებდა ტელამონიდი:
„გამაგრდით, ძმანო! და აღივსეთ სირცხვილით გული!
ყველას საგმირო სარბიელზე რცხვენოდეს მოძმის.
ვინც სირცხვილს იგრძნობს, უფრო მეტა ის გადარჩება,
ლტოლვილს არც ხსნა მიეგება, არცა სახელი!“
565 ასე თქვა, მაგრამ თვით მზად იყო სპა დასაცავად.
გულში ჩაიდეს გმირის სიტყვა, რვალის კედელი
გემს შემოავლეს. მაგრამ ზევსი მტერს აღაგზნებდა.
ყრმა ანტილოქოსს მოუწოდა მენელაოსმა:
„არვინ არის, გმირო, ჭაბუკო აქაველთ შორის
570 არც შენზე სწრაფი, არც ძლიერი შეტაკებისას.
ეჰ, წინ გაჭრილი ამ ტროელს რომ შერკინებოდი!“
უკუდგა, ოდეს წააქეზა ანტილოქოსი.
ყრმა გამოეყო მეწინავეთ. მიმოიხედა,
სტყორცნა ოროლი, ზარი დასცა ტროელთ, რა ნახეს ძალა მოყმისა.
575 არც ამაოდ გაიჭრა შუბი:
ჰიკეტაონის ძე, მამაცი მელანიპოსი,
მკერდგანგმირული, ამაყად რომ ჩაება ომში,
მიწას დაასკდა, აჟღრიალდა აბჯარ-ბექთარი.
ანტილოქოსი მას მიეჭრა, ვით ძაღლი-მოწყლულ
580 ირემს, რომელსაც მონადირემ ბუჩქიდან მხლტომელს
ისარი დასცა, მოუცარა მარდი ფეხები.
შენც, მელანიპოს, ასე შეგხვდა ანტილოქოსი,
აბჯრის მოსურნე. მაგრამ ჰექტორს ვერ დაემალა.
მისკენ გაიჭრა, გაარღვია მებრძოლთ კედელი.
585 ანტილოქოსი ეგრე ფიცხიც, ვერ გაუჩერდა,
ნადირის მსგავსად, სისაძაგლეს რომ სჩადის ხოლმე,
ქოფაკს რომ დაფლეთს, ან საქონელს ყელს გამოღადრავს,
ტყისკენ გარბის, სანამ მოვე მტელი სოფელი.
ასე გაიქცა ნესტორიდიც. დასცა ყიჟინა
590 და დააყარეს ტროელებმა ისხარი ისრის.
მტერს მიუბრუნდა, როს მეგობართ დასს მიაღწია.
ამ დროს ტროელნი, ვით ლომები, სისხლის მთქვლეფელნი,
გემეს მიეჭრნენ, აღასრულეს სურვილი ზევსის:
ის მიწყივ მათს სულს ამაღლებდა, ხოლო არგიველთ
595 ძალას ართმევდა, ტროელ სპათა წამქეზებელი.
გულით სწყუროდა ჰექტორისთვის დიდება ძლევის,
რომ მოსდებოდა ნავ-ხომალდებს შთანთქმელი ალი,
თეტისის აჯა სრულქმნილიყო საბედისწერო.
ერთი რამ სურდა ზევსს შორსმჭვრეტელს, ამას ელოდა,
600 თვალით ენახა პირველ გემის აბრიალება.
და იმ ჟამიდან გემებიდან გარდუვალ ლტოლვას
უსჯიდა ტროელთ, დანაელებს – დიდებას ძლევის.
ასე ინება. წააქეზა გმირი ჰექტორი,
თვითონაც გულით მოწადინე, ისე მძვინვარე,
605 როგორც არესი შუბოსანი და უარესი –
ცეცხლი, მთის ფერდზე მოჩახჩახე უსიერ ტევრში.
ტუჩს ქაფი ადგა, მოღუშული წარბების ქვემოთ
ცეცხლს აკვესებდნენ თვალნი მისნი, მრისხანედ ზუჩი
შეერხეოდა გრიგალივით მოვარდნილ ჰექტორს.
610 გმირის ქომაგი თვითონ ზევსი იყო ზეცაში
და მხოლოდ იგი აღაზევა მოკვდავთა შორის,
რამეთუ დიდი დღე პრიამიდს აღარ ეწერა.
უახლოებდა მას უკვე ჟამს საბედისწეროს
პელიდის ხელით თვით ათენა.
ჰექტორს სწყუროდა,
615 რომ გაეხლიჩა დანაელთა მხედრობის მწკრივი
და იქ იწევდა, სადაც მჭიდროდ სპა შეკრულიყო.
ვერ გაარღვია ვერსად რიგი დიდად მოსურნემ.
როგორც გოდოლი, იდგა ჯარი. ციცაბო ტინი
ქაფიან ზღვასთან აღმართული, ამაყად ხვდება
620 სტვენ მოვარდნილ ქარაშოტის შმაგ შემოტევას,
თავხედ ტალღებსაც, ტყლაშუნით რომ შეასკდებიან.
ასე ხვდებოდნენ დანაელნიც ტროელთ უშიშრად.
ის კი, ვით ცეცხლი მოელვარე, მიეჭრა რაზმებს
ისე მრისხანედ, როგორც ხომალდს გაქცეულს ტალღა,
625 ქარმა რომ ღრუბელს ჩამოწველა. ქანაობს გემი,
ქაფით ივსება. მოგუგუნე გრიგალის სუნთქვა
წეწავს აფქიოს, ფერდაკარგულ მენავეთ გული
შიშს წაუღია. ცურვით სიკვდილს ძლივსღა გაასწრეს.
ასე უთრთოდათ გული მკერდში მამაც აქაველთ.
630 ის კი, ვით ლომი, თავს დაესხა. რქამრუდე ხარებს,
ნამიან ველზე ათასობით რომ ბალახობენ, ერჩის ნადირი.
ნორჩი მწყემსი თუმც ჯოგთან არის,
არ იცის ბრძოლა, რქამორკალულ საქონლის დაცვა,
გამოუცდელი ყრმა მოუვლის ჯოგს ხან წინიდან,
635 ხან უკან გარბის. მტაცებელი შუაში შედის,
ყელს გამოღადრავს ხარს და ჯოგი გაიფანტება.
ასე გაექცნენ აქაველნი ზევსსა და ჰექტორს.
გმირმა განგმირა პერიფეტი, ბრგე მიკენელი,
ძე კოპრევსისა, ვინც ერვრისთევსს ჰყავდა მსახურად
640 და ჰერაკლესთან ხშირად მაცნედ დაუდიოდა.
ამ უხეირო მამამ შობა ძე ხერხიანი –
მარდი მსრბოლელი და ბრძოლაშიც გამობრძმენდილი.
ჭკუით ბრწყინავდა იგი მუდამ მიკენელთ შორის.
დიდი სახელი მოუპოვა მებრძოლმა ჰექტორს:
645 როცა გარბოდა, ფარს წაედო ანაზდეულად,
ხელთ რომ ეჭირა, კოჭებამდე იცავდა მოყმეს.
პირქვე დაემხო, აგრუხუნდა საფეთქლის ირგვლივ
რვალის ჩაჩქანი დაცემისგან. რომ დაინახა
გმირმა ჰექტორმა, მიირბინა, წაადგა თავზე,
650 მკერდში აძგერა შუბი და გმირს მოძმეთა თვალწინ
სული აართვა. მათ ვერ შეძლეს მიშველებოდნენ,
შეძრწუნებულნი იყვნენ გმირი ჰექტორის შიშით.
იქვე ხომალდებს მოეფარნენ, ყველაზე ადრე
რომ ამოეღოთ ზღვიდან. მაგრამ მისდია გმირმა.
655 კვლავ დაიხია არგიველთა სპამ სხვა გემისკენ,
ისე წავიდა მათი საქმე. დადგნენ კარვებთან
მჭიდროდ, დაძვრად კი არ შეეძლოთ, ერთად შეკრიბა
ისინი შიშმა და სირცხვილმა. მიწყივ ერთმანეთშ
შეძახილებით ამხნევებდნენ, მეტადრე – ნესტორ,
660 თვითეულ მოყმეს ახლობელთა მზეს აფიცებდა:
„იყავით კაცნი, არგიველნო, იგრძნეთ სირცხვილი
ყველას წინაშე! გაიხსენეთ, გულით ვინც გიყვართ,
ცოლი და ბავშვი, დედა-ძენი თუ შენაძენი,
მშობლები, ყველა, ვინც მკვდარი გყავთ, ანუ ცოცხალი!
665 მათი სახელით – არ მყოფთაცა, გემუდარებით,
მაგრად დექ, სპაო! ლტოლვას, სპაო, ნუღარ ეცდები!“
ასე ამბობდა და აუნთო სიმტკიცე ყოველს.
მათ წინ გაფანტა თვით ათენამ შავი ღრუბელი
ცით მოვლენილი, შუქი გაკრთა, სივრცე გაეხსნათ
670 ხომალდთა მხარეს, ბრძოლის ველიც გამოჩნდა მაშინ.
იხილეს ჰექტორ საშინელი, და ყველა რაზმი,
რაც კი მის უკან უქმად იდგა, ისიც იხილეს –
რამდენი გმირი ხომალდებთან იბრძოდა მედგრად.
დიად აიანტს გული უკვე არ უდგებოდა
675 ვიწრო ადგილას შეჯგუფებულ აქაველთ რაზმთან.
გემბანზე ახტა და ღონივრად მიალაჯებდა,
თან იღერებდა უზარმაზარ ძელშუბს გემისა.
ოცდაოი წყრთა სიგრძე ჰქონდა იმ ძელს გარანდულს.
როს მოჯირითე, გამოწვრთნილი ცხენოსნობაში,
680 რემაში რაშებს ამოარცევს – ოთხს, ულამაზესს,
შეკაზმავს, გასწევს, გააჭენებს ქალაქისაკენ
დატკეპნილი გზით, ბრბო ყმაწვილთა, დამფრთხალ დიაცთა
მისჩერებია განცვიფრებით. მოყმე კი მარჯვედ
ჩქარი რბოლის დროს გადახტება ცხენიდან ცხენზე.
685 ასე გემიდან გემზე გმირი გადადიოდა
ფართო ნახტომით. ცას აღწევდა მისი ყიჟინი.
ტელამონიდი აქეზებდა მიწყივ დანაელთ
გემთ დასაცავად, მაგრამ ამ დროს გმირი ჰექტორი
როდი რჩებოდა უქმად ტროელ მებრძოლთა შორის.
690 შმაგი არწივი დააცხრება ხოლმე ფრთოსანთა
გადამფრენ გუნდებს, მდინარესთან რომ ისვენებენ,
ღერღეტი, წერო თუ გედები გრძელკისრიანნი.
ასე დააცხრა ჰექტორ გემებს შავჭვინტიანებს,
მას აქეზებდა, აშმაგებდა დიადი ზევსი.
695 ხოლო წინამძღოლს მოჰყვებოდა ტროელთ ლაშქარი.
კვლავ ხომალდებთან საშინელი ბრძოლა განახლდა,
გეგონებოდა, სპა იბრძვისო დასვენებული,
ისე მგზნებარედ შეერკინა მებრძოლი მებრძოლს.
ასეთი იყო მეომართა სულისკვეთება:
700 სასოწარკვეთილ აქაველებს ომში დაღუპვა
გადაეწყვიტათ, ხოლო ტროელთ, სიმხნით აღსავსეთ,
იმედი ჰქონდათ, გემებს დავწვავთ, მტრებსაც მოვსპობთო.
ასეთი აზრით შეერკინა მებრძოლი მებრძოლს.
ჰექტორმა გემის კიჩოს სტაცა მძლავრი მარჯვენა.
705 ამ მჩატე გემმა, მშვენიერმა, პროტესილაოს
ჩამოიყვანა, მამულში კი ვერ დააბრუნა.
ხომალდის ირგვლივ ტროელნი და აქაველები
ხელჩართულ ომში ჩაბმულიყვნენ, აღარ აკრთობდათ
შორით ნასროლი ისარი და შუბი ელვარე:
710 ერთურთს პირისპირ შეხვედროდნენ სულანთებულნი,
კვეთდნენ მახვილით ორლესულით, ხმლითა და ხანჯლით,
ორივე მხრიდან წამახული სპილენძის შუბით,
შავვადიანი სატევრები ბევრი ეყარა,
მებრძოლთ ხელიდან გაფრენილი, მხრიდან ახსნილი,
715 და შავი სისხლით მორწყულიყო მიწა ფხვიერი.
ჰეტორი გემს ხელს არ უშვებდა, არ სცილდებოდა,
კიჩოს კიდეზე ჩაფრენოდა, ეტყოდა ტროელთ:
„მომეცით კვარი! შემჭიდროვდით, შეებით მედგრად!
გვაჩუქა ზევსმა დღეს, სიკეთის მომნიჭებელი,
720 გვარგუნა გემნი, არა ღმერთთა ნებით მოსულნი,
ამდენი ჭირი მომ მოგვაგეს ტროელ მოხუცთა
სიფრთხილის გამო. მე მინდოდა გემებთან ბრძოლა,
ხოლო ისინი გვაკავებდნენ ციხე-ქალაქში.
მაგრამ თუ მაშინ დაგვიბნელა კრონიდმა ჭკუა,
725 ახლა თვით გვიხმობს და მიგვიძღვის ღრუბელთმარეკი!“
თქვა და არგიველთ შეუტიეს უფრო მძვინვარედ.
ვეღარ გაუძლო აიანტმა – დასცხეს ისრები.
მტერს გაეცალა გარდუვალი სიკვდილის შიშით,
გემის კიჩოდან მიაღწია მერხს შვიდტერფიანს.
730 ირგვლივ მალი-მალ თვალს ავლებდა ტროელთ და ლახვარს
ჩასცხებდა ხოლმე, ცეცხლის აღმგზნებთ გემიდან ჰყრიდა,
თან განუწყვეტილივ ამხნევებდა დანაელთ ლაშქარს:
„ო, მეგობრებო, დანაელნო, არესის სპანო,
იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
735 იქნება ფიქრობთ, რომ ზურგს უკან ვინმე გვყავს შემწე?
ან გალავანი გეგულებათ, ჩვენ რომ დაგვიცავს?
არ არის ახლოს ციხე, კოშკით გამაგრებული,
რომ შევეფაროთ და მაშველთა იმედი გვქონდეს.
ტროელთა ველზე აბჯარასხმულ ამ ჯარს ზედ ზღვასთან
740 მივუსრესივართ, შორს სამშობლოს სანახებიდან!
ხსნა ჩვენს ხელთაა, ხსნა არ ძალუძს სულს დაკნინებულს!“
ასე თქვა. შუბით აწყდებოდა გრძელჩრდილიანით
ტროელთ, თუ ვინმე გემის კიჩოს მივარდებოდა
ხელში ჩირაღდნით, ჰექტორისგან წაქეზებული.
745 ხვდებოდა ყოველ მათგანს შუბით მძლე აიანტი,
ასე განგმირა გემების წინ თორმეტი მოყმე.

ქება მეთექვსმეტე. პატროკლეა
ასე იბრძოდნენ ბაგირმტკიცე ხომალდებისთვის,
როცა პატროკლე ლაშქართ მწყემს პელიდს ეწვია.
მხურვალე ცრემლი დასდიოდა, როგორც მთის ნაკადს
კლდის ნაპრალიდან მოსჩქეფს ხოლმე შავი ჩქერები.
5 შეხედა მოძმეს, შეებრალა ფეხმარდ აქილევსს
და მოფერებით მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„რაო, პატროკლევ, რად ცრემლოობ, ვით ნორჩი გოგო,
დედას რომ მისდევს, ატატებას ჰვედრის ტირილით,
ებღაუჭება კაბას, წამსვლელს კალთაზე ეკვრის
10 და შესციცინებს ცრემლიანი – ამიყვანეო.
იმასა ჰგავხარ შენც, პატროკლევ, ცრემლებს რომ აფრქვევ.
იქნებ რაიმე მირმიდონელთ გინდა გვაცნობო?
იქნებ მარტო შენ იცი რამე შინაურებზე ?
კარგად არისო აკტორის ძე მენეტიოსი,
15 ამბობენ, პელევს ეაკიდიც მხნედ ბრძანდებაო.
მართლაც საზარი იქნებოდა მათი სიკვდილი!
იქნებ არგიველთ ბედზე შფოთავ, ეგრე უწყალოდ
უსამართლონი გემებთან რომ ისრისებიან?
გულში ხვაშიადს ნუ ჩაიკლავ, მითხარ, ვიცოდე“.
20 ამოიოხრა და მიუგო გმირმა პატროკლემ:
„აქაველთ შორის უქველესო გმირო აქილევს!
ცრემლი შემინდე! დიდი ურვა ერგო აქაველთ,
ყველას, ვისაც კი უმამაცეს მეომრად თვლიდნენ,
უწყალოდ დაჭრილს სული ხდება შავ ხომალდებთან!
25 ისრით დაკოდეს დიომედე, ხელჩართულ ომში
ოროლით დაჭრეს ოდისევსი, აგამენონი,
ევრიპილოსიც ბარძაყჭია შუბით მოწყლული,
მათ აქიმები თავს მზრუნველად დასტრიალებენ.
შენ კი, აქილევსს, მხოლოდ შენ ერთს არ გეწვის გული!
30 ო, შენებრ რისხვს დაუცხრომელს არ მოვსწრებივარ!
ვის შეუძლია ჩვენი მოდგმა გადაარჩინოს,
თუკი არგიველთ სამარცხვინო ხვედრს არ აშორებ?
გულუკეთურო! არ შეგფერის მამად პელევსი,
დედად თეტისი არ გერგება! შავმა კლდეებმა
35 და ზღვამ გშვეს გულქვად, როგორებიც თვითონ არიან!
თუ ღვთაებრივი სასწაული რამ გულს გიშფოთებს,
თუ ზევსის რამე საიდუმლო გიამბო დედამ,
მე ჩამრთე ომში, მე მომანდე მირმიდონელნი!
დანაელთ ბედის მანათობლად ეგების ვერგო!
40 მხრებზე ავისხამ შენს საჭურველს შეუდარებელს:
ვინძლო ბრძოლის დროს აქილევსად მიგულვოს მტერმა,
აქაველ მოყმეთ ღონემიხდილთ შვება მიეცეთ.
იშვიათია დასვენების წუთი ომის დროს.
დასვენებული ჩვენი რაზმი ბრძოლით დამშვრალ
45 ტროელთ მხედრობას გემებიდან გაჰრის იოლად“.
ასე სთხოვდა და ვერ განსჭვრიტა, რასაცა სთხოვდა:
სიკვდილსა სთხოვდა უბედური და არადყოფას!
ამოიოხრა და მიუგო გმირმა ფეხმარდმა:
„აბა, რას ამბობ, ო, პატროკლევ, კეთილშობილო!
50 მისნობა როგორ შემაშინებს? ღვთაებრივ დედას
ზევსის სურვილზე არაფერი ჩემთვის არ უთქვამს.
მაგრამ გულს მსჭვალავს, სულს მიშფოთებს სასტიკი რისხვა,
როს ვხედავ – კაცი თანასწორის გაძარცვას ცდილობს
მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებით აღემატება!
55 და არც დაცხრბა რისხვა ჩემი: ბრძოლაგადახდილს
აქაველებმა შემირჩიეს ჯილდოდ ასული:
შუბით ვირგუნე, როს დავთრგუნე მტკიცე ქალაქი
და თვითნებურად გამომტაცა ხელიდან ქალი
აგამენონმა, თითქოს ვინმე ბოგანო ვიყო!
60 მაგრამ რაც მოხდა, რას გავაწყობ! არც ეგ ივარგებს,
რომ რისხვას ზღვარი არ დავუდო. ის კი ცხადია,
არ დავწყნარდები, სანამ აქვე ჩემს ხომალდებთან
და ჩვენს ბანაკთან არ ატყდება ომის გნიასი...
კარგი, პატროკლევ, შეიმოსე ჩემი ბექთარით
65 და წინ გაუძეხ მირმიდონელთ, ომს მოწყურებულთ.
ვხედავ, გარშემო ტროელ სპათა შავი ღრუბელი
გემს მოსჯარვია, ზღვის კიდესთნა მიჭეჭყილები
ძლივს იკიდებენ აქაველნი ფეხს ქვიშროვანზე.
თავს დასტყდომია ტროა აგრე გალაღებული:
70 ვეღარ ხედავენ ბრძოლის ველზე პელიდის ჩაჩქანს
თვალისმომჭრელს და მოელვარს! მათს გვამებს მიწა
ვერ დაიტევდა, აგამენონს რომ არ ეძალა.
ბანაკს და გემებს მოსდგომია მტერი თამამად,
აღარ მძვინვარებს დიომედე მძლე მარჯვენაში
75 მძლავრი ბოძალი, რომ აშოროს ლაშქარს მოძალე.
აგამენონის საძულველი ბაგე-პირიდან
ხმა აღარ ისმის, კაცთამჟლეტი ჰექტორი ოდენ
გრგვინავსს ტროელთა შორის მყოფი, მძლავრი ყიჟინით
ველს აზანზარებს და სასტიკად მუსრავს აქაველთ!
80 კმარა! პატროკლევ, ააშორე ხომალდებს ცეცხლი,
მტკიცედ დაჰკარი, რომ გემები არ გადაბუგონ,
გზა არ მოგვიჭრან სანუკვარი – შინ წასასვლელი!
ოღონდ მისმინე და ეს რჩევა გულს ჩაიბეჭდე:
სახელ-დიდება მომიხვეჭე დანაელთ შორის,
85 რომ მშვენიერი ქალიშვილი უკან მომგვარონ,
თან მოსაკითხი მომიტანონ აურაცხელი,
გემს ააცდინე განსაცდელი და დამიბრუნდი!
მეხისმტყორცნელმა თუნდ დიდებით გაგამამაცოს,
მაინც უჩემოდ ნუ გაბედავ ბრძოლის მოყვარე
90 მტრის იავარქმნას, ნუ შებღალავ ამით ჩემს სახელს.
გულანთებულმა სიმამაცით სძლიე ტროელნი,
მაგრამ სპას ნუღარ წარუძღვები ილიონისკენ,
რომ ოლიმპოდან მათდა შემწედ უკვდავი ვინმე
არ მოგვევლინოს: აპოლონს ხომ უყვარს ტროელნი!
95 როგორც კი გემებს გადაარჩენ, მყისვე დაბრუნდი,
აქაველები მოსასპობად იქვე დატოვე!
მამაო ზევსო! ო, ათენავს! დიდო აპოლონ!
ნეტავ ტროელთა, არგიველთა მხედრობამ სრულად
მოსპოს ერთურთი! მხოლოდ ჩვენღა გავექცეთ სიკვდილს,
100 მხოლოდ ჩვენ დავცეთ ილიონის ამაყი ციხე!“
ამ საუბარში იყვნენ, როცა ტროელთ თავდასხმას
ვეღარ გაუძლო აიანტმა – ისხარს ისართა.
ზევსის ძალამ და სწრაფმოისარ მტრის სიმამაცემ
დათრგუნა გმირ, მოელვარე რვალის მუზარადს
105 წკრიალ-წკრიალი გასდიოდა, სპილენძის წიბოს
ხვდებოდა რვალი, და აიანტს მხარიც დააწყდა
ფარის სიმძიმით, აქამდე რომ ეჭირა მტკიცედ.
მაინც ვერ დაძრეს, თუმც ოროლებს თვლა აღარ ჰქონდა.
ხშირ-ხშირად, მძიმედ, ღრმად სუნთქავდა, ოფლი ღვარ-ღვარად
110 სდიოდა, მაგრამ არ შეეძლო ერთი წამითაც
მას შეყოვნება -საფრთხეს ისევ საფთხე მოსდევდა.
გვამცნეთ, მუზებო, ვის ოლიმპო გეგულვით სახლად,
როგორ მოედო აქაველთ გემს ცეცხლი მსახვრალი?
მიეჭრა ჰექტორ და იფნის შუბს აიანტისას
115 სწვდა ორლესულით და დიბლიგი შუა გაუპო.
ამაოდ სცადა აიანტმა ტელამონის ძემ
მოღერებული შუბის ტყორცნა, ბასრი ბუნიკი
მოსწყდა შუბისტარს, დაენარცხა მიწას წკრიალით.
მყის გულის თრთოლვით აიანტი მიხვდა, რომ ღმერთებს
120 ასე სწადიათ, რომ მის ყოველ მოწადინებას
მაღლით მგრგვინავი ზევსი ჩაშლის ტროელთ შემხიდე.
რაღა გზა ჰქონდა, უკუმიდგა. მყისვე ტკაცუნით
ცეცხლი მოედო გემს, ზედ ალმა გადაირბინა.
ამ დროს ფეხმარდმა აქილევსმა რისხვით ბარძაყზე
125 ხელი დაიკრა და შესძახა მამაც პატროკლეს:
„გმირო პატროკლევ! ო, იჩქარე, ჩემო მხედარო!
ვხედავ, გიზგიზებს უკვე გემზე ცეცხლი შთანთქმელი.
თუ ხომალდები ხელთ ჩაიგდეს, გზაც მოგვეჭრება!
თორნ-იარაღით შეიმოსე, მე სპას მოვუხმობ!“
130 ასე ბრძანა და ყრმამ ელვარე რვალს ხელი ჰკიდა.
თავდაპირველად მოიწვართა საბარკულები,
ვერცხლის კავებით იკვრებოდა ზედ მჭიდროდ იკა.
განიერ მკერდზე სამკერდული ეაკიდისა
სწრაფად აისხა, ვარსკვლავებით გაბრწყინებული.
135 მხარზე ღვედი და ხმალი ვერცხლისსამსჭვალიანი
აისხა რვალისპირიანი, ფარს დასწვდა ბაკმულს,
თავზე მოირგო მოელვარე ზუჩი, მრისხანედ
უთრთოდა ჯიღა, ცხენის ფაფრით დამშვენებული.
ხელში რაც მოხვდა, იმ შუბს მისწვდა, როდი ინდომა
140 ბოძალი გმირი ეაკიდის: მძიმე რამ იყო
მტკიცე იფანი. ვერაკაცი აქაველთაგან
ძვრას ვერ უზამდა. აქილევსი კი შუბს მსუბუქად
ხმარობდა ხოლმე! თურმე ქირონს მამამისისთვის
მტრის სავალალოდ პელიონზე მოუკვეთია.
145 ცხენთა შეკაზმვა ავტომედონტს სთხოვა პატროკლემ,
მძლე აქილევსის შემდეგ ყველა გმირზე ღირსეულს,
ყველაზე ერთგულს და ბრძოლაში ყველაზე ამტანს.
ავტომედონტმა მიაყენა ხელნასთან ცხენნი –
ქსანთოს, ბალიოს – ფრთაშესხმულნი, ქართუმალესნი.
150 ცხენნი პოდარგემ შვა, ჰარპიამ, ოდეს ზეფიროსს
ეწვია ველზე ოკეანის შმაგ ნაკადებთან.
სწრაფი პედასიც მოიყვანა. აქილევსს ერგო
ეს ცხენი, როცა ეტიონის ციხე დალაშქრა.
ტოლს არ უდებდა უკვდავ რაშებს მოკვდავი ცხენი.
155 იმ დროს პელიდი მირმიდონელთ კარვებს ეწვია,
ბრძოლად განაწყო, როგორც მგლები ხორცისმჭამელნი.
აულაგმავი თავხედობა მგლებს გულში უდევთ,
ქორბუდა ირემს მთის წარაფთან დასცემენ ოდეს.
უწყალოდ ფლეთენ. სისხლით წითლად უღვივით ხახა.
160 შემდეგ მაძღარნი შავ წყაროსთან მიხროვდებიან,
შესმული სისხლი ლაშზე დასდით, გასკდომაზე აქვთ
სტომაქი, მაგრამ გული სავსე რცება სიხარბით.
მირმიდონელთა გუნდის თავნიც ომში მგლებს ჰგვანან.
165 ფეხმარდ პელიდის სპა შეუდგა ყრმას კეთილშობილს,
მათ შორის იყო აქილევსიც ბრძოლისმოყვარე,
ყიჟინით ცხენებს აღაგზნებდა, ფაროსან მოყმეთ.
ორმოცდაათი მოეყვანა ხომალდი პელიდს,
ზევსის რჩეულ გმირს, ტროის მხარეს, ყოველ ხომალდზე
170 ორმოცდაათი მოყმე იჯდა ხოფის საბელთან.
ხუთი თავკაცი შეერცია ომში წინამძღვრად,
თვით კი მთელს ლაშქარს თავკაცობდა ხელმწიფურ ნებით.
თორნმოელვარე მენესთიოს უძოდა ერთ რაზმს –
სპერქეიოსის ძე, მდინარის, ცით ჩამოღვრილის:
175 მალულა თურმე შმაგ ნაკადთან შვა პოლიდორემ –
პელევსის წულმა, ქალმა ღმერთთან შეერთებულმა.
თუმც ისიც უთქვამთ, პერიერიდ ბოროსგან ჰყავსო,
რომელმაც მასზე იქორწინა დიდძალ საფასით.
მეორე რაზმი მოჰყვებოდა მამაც ევდოროსს.
180 იგი ფერხულში უებარმა, ფილანტის ქალმა შვა – ჰოლიმელემ.
ჰერმეს ღმერთი მხიარულ ქალწულს
დამონებია, როს ტკბილხმიან გუნდში უხილავს,
ოქროსისრიან არტემისის დღესასწაულზე.
კოშკში შესულა, საიდუმლოდ შეუღლებულა
185 ქალწულთან ღმერთი. და შვა ქალმა ძე მშვენიერი –
ევდოროს – სწრაფი ასპარეზზე, შმაგი ბრძოლაში.
ელეითიამ, მშობიარის შემწემ, ამ ქვეყნად
გამოაჩინა ძე, აჩვენა მზის ბრწყინვალება
და ექეკლესმაც, აქტორის ძემ, ცოლად დაისვა
190 შინ პოლიმელე, როს გაიღო საზღო დიდძალი.
ხოლო ფილანტმა, მხცოვანმა, შინ, თვის სასახლეში
გაწვრთნა ყმაწვილი, შეუყარდა გულით, ვით შვილი.
მესამე რამზს კი მოუძღოდა პეისანდროსი – მაიმალის ძე.
მირმიდონელთ შორის ვერვინ
195 მხედრად ვერ სჯობდა, აქილევსის მეგობრის გარდა.
მეოთხე იყო ფოინიქსი, მცხოვანი გმირი,
მეხუთე რაზმთან – ალკიმედოტნ, ძე ლაერკვესის.
რაზმებს თავკაცნი დაუყენა, მწყობრად დააწყო.
და ხელმწიფური სიტყვა უთხრა მათ აქილევსმა:
200 „მირმიდონელნო, გაიხსენეთ მუქარის სიტყვა,
გემებთან ტროელთ რომ უთხარით, როს სამართლიან
რისხვით ვიწვოდი. თქვენ ხომ მაშინ მეც შემარცხვინეთ:
შე საზარელო, ალბათ შხამით გაგზარდა დედამ,
რომ შენს მეგობრებს გემებიდან არ იშორებო!
205 ბარეღამ სახლში დავბრუნდეთო, დაუნდობელო,
რაკიღა გული ბოროტ ბოღმით გგსივებია!
განრისხებულნი ამ სიტყვებით მხვდებოდით ხოლმე.
ახლა დაგიდგათ ბრძოლის ჟამი, ამას ნატრობდით!
მაშ, ვისაც ერჩის გული, ტროელთ შეებას მედგრად!“
210 თქვა და აუთნო ყველას სული და სიმამაცე.
მეფის სიტყვაზე უფრო მჭიდროდ შეიკრნენ სპანი.
ვით კირითხურო აგებს კედელს მტკიცე ქვებისგან,
მიჯრით დააწყობს, შეკრავს და გზას დაუხშობს ნიავს,
ისე ეკვროდა ერთურთს რვალის ფარ-მუზარადი.
215 ფარი ბაკმულ ფარს, კაცი კაცს და ჩაჩქანი ჩაჩქანს
შენივთებოდა, ეხებოდა ზუჩს ბოლო ზუჩის –
ათრთოლებული, ისე მჭიდროდ სპანი შეიკრნენ.
სულ ყველაზე წინ იდგა ორი ბრგე აბჯროსანი –
ავტომედონტი და პატროკლე, ჩქარობდნენ გასვლას
220 და ერთი სული ჰქონდათ,სანამ ომს დაიწყებდნენ.
კარავს შევიდა აქილევსი, თავი ახადა
ლამაზ კიდობანს, ვერცხლისმუხლა თეტისის ნობათს,
გემით მოტანილს, ქლაინებით, ქიტონით სავსეს,
ხაოიანი თექებით და ქარსაცავ ნოხით.
225 თასიცა ჰქონდა მშვენიერი, მისგან არაკაცს
ღვინო არ უსვამს, არ რგებია მისგან არაღმერთს
წმინდა ზედაშე, გარდა თვითონ მამა-ზევსისა.
სწორედ ეს თასი ამოიღო, ჯერ ხომ გაფერა
გოგირდით, შემდეგ გამორეცხა მოკამკამე წყლით.
230 ხელდაბანილმა მერმე ღვინით გაავსო თასი.
ეზოში დადგა და ასხურა წმინდა ზედაშე,
ზეცის შემყურე ლოცულობდა. შენიშნა ზევსმაც:
„ზევსო, დოდონთა და პელაზგთა უფალო, მკვიდრო
ცივი დოდონის, სადაც შენი მკითხავებია –
235 სელები, ფეხს რომ არ იბანენ, მიწაზე წვანან!
შენ ხომ ჩემს ლოცვას, ლმობიერო, მოაპყარ ყური,
მადიდე ფრიად, დაამცირე აქაველთ ხალხი,
ახლა კიდევ გთხოვ, შემისრულე ერთი სურვილიც!
მე ვრჩები დრომდე ხომალდების ჩემის სადგომთან,
240 ხოლო მეგობარს ბრძოლად ვუშვებ და მირმიდონელთ.
ამათ არგუნე ძლევა, ზევსო წინასწარმჭვრეთო!
გული მამაცი განუმტკიცე, იგრძნოს ჰექტორმაც,
შეძლებს თუ არა შეერკინოს მარტო პატროკლე,
თუ მკლავნი მისნი მძვინვარებენ მხოლოდღა მაშინ,
245 ოდეს მეცა ვარ გამოსული არესის კვალზე!
ხოლო როს გმებს განაშორებს ხანძარს და სიკვდილს,
კვლავ დამიბრუნე უვნებელი ნავ-ხომალდებთან
აბჯრით მოსილი, ყველა მამაც მოძმის თანხლებით!“
მავედრებელმა ასე უთხრა. უსმინა ზევსმაც
250 ერთს ნაწილს თხოვნის, მეორე კი ყურად არ იღო,
აღაკვეთინა ხანძარი და ბრძოლა გემებთან,
მაგრამ უვნებლად დაბრუნდება აღარ აღირსა.
მოყმე, ზედაშე რომ ასხურა, მორჩა ლოცვასაც,
კარავს შევიდა, ჩადო თასი კვლავ საესავი.
255 გულმა არ უქნა, გამოვიდა ისევ კარვის წინ,
რომ კვლავ ეხილა ტროელთა და აქაველთ ბრძოლა.
ამ დროს პატროკლეს მიჰყვებოდა სპა, შემართული
მტერთან საომრად, რომ ტროელებს შეტაკებოდნენ.
ისევე სწრაფად გამოცვივდნენ, ვით კრაზანები,
260 გზის გაყოლებით რომ ცხოვრობენ. ბალღებს სჩვევიათ
მარადღე მათი დაფეთება მყუდრო ბუდეში.
ჭკუაუსრული ბევრს მოუტანს სხვასაც სიავეს.
თუ ვინმეს ამ დროს მოგზაური გაივლის ახლოს
მყისვე ფრთოსნები კვლავ უშიშრად გამოცვივიან
265 უმწეო მწერთა და ბუდეთა გადასარჩენად.
ამ გულითა და ასეთივე სულისკვეთებით
მირმიდონელნი გამოცვივდნენ ხომალდებიდან.
მათ კიდევ უფრო ამხნევებდა გმირი პატროკლე:
”მირმიდონელნო, მეგობარნო ფეხმარდ პელიდის!
270 იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
ვადიდებთ პელიდს, იგი არის არგიველთ შორის
უმხნესი, ხოლო თქვენ ხართ მისი მძლე მეაბჯრენი!
ატრიდმაც იგრძნოს, თუ რაოდენ დამნაშავეა,
რომ მოაყივნა გულუმხნესი აქაველთ შორის!“
275 ასე ამბობდა და აღაგზნო გული მით უფრო.
მიეჭრნენ ტროელთ და მათს ძახილს გაეხმიანა
საზარ ქუხილით მისადგომი ნავ-ხომალდების.
ტროელთ, როგორც კი თვალი მოჰკრეს მამაც პატროკლეს,
მეაბჯრის გვერდით მოელვარეს დიდებულ თორნით,
280 გული შეუკრთათ. შეტორტმანდა სპათა ფალანგი.
იფიქრეს, ალბათ, უქმად მყოფმა პელეიონმა
რისხვა დააგდო და კვლავ მიდრკა მეგობრობისკენ.
თვალის ცეცება იწყეს, ვინძლო მტერს გავექცეთო.
ხოლო პატროკლე მოლაპლაპე შუბით შეიჭრა
285 მტირს შუაგულში, სადაც მჭიდროდ იდგა მხედრობა
პროტესილაეს, მართლმორჭმულის, გემის გარშემო.
გმირ პირაიქმს, რომელს მოჰყვა პეონთა ჯარი
შორი ქვეყნიდან ამიდონტის, სად დის აქსიოს,
მარჯვენა მხარში დასცა შუბი. დაასკდა მიწას
290 მტერი მკვნესარი. მყისვე ირგვლივ შემოეფანტა
ყველა პეონი: მათ პატროკლემ მოჰგვარა ძრწოლა,
რაკი ბელადი დასცა, ომში უმამაცესი.
გემი რომ იხსნა, მოგიზგიზე ცეცხლი დაშრიტა.
დათმეს ხომალდი, სანახევროდ დამწვარი, მტრებმა,
295 სულ აირივნენ, დანაელნი ფუღურო გემებს
მყისვე მიადგნენ, ატყდა ერთი აურ-ზაური.
მთის თვალუწვდენელ მწვერვალიდან მოქუფრულ
გვერდზე გაფანტავს ხოლმე ზევსი ელვისმტყორცნელი,
გადაიშლება თვალწინ ველი, კლდე და ბორცვები,
300 ცისქვეშ ეთერი უბოლოო და უსასრულო.
ასე გემს ცეცხლი ააცილეს დანაელებმა,
მაგრამ ჯერ კიდევ არ ცხრებოდა ცეცხლი ბრძოლისა:
თუმცა ტროელნი აქაველთა ომნაცად ლაშქარს
გაექცნენ, გემებს არც თუ ძლიერ მოსცილებიან;
305 კიდევ მხნედ იდგნენ იძულებით უკუქცეულნი.
გაუხშოებულ სარბიელზე კაცი კაცს კლავდა,
ბელადი-ბელადს. მძლე პატროკლემ თავდაპირველად
არიელიკოს ბასრი შუბით დასცა ლტოლვილი,
უკან, თეძოსთან გაატანა რვალმა ბოლომდის.
310 მენელაოსმა ამ დროს თოანტს დასცა ოროლი
შიშველ გულმკერდში, ფარს ასცდა და ძვლები დალეწა.
ამფიკლოსს თვალი ფილეიდმა მოჰკრა თავდამსხმელს,
დაასწრო, თეძოს დასცა შუბი, სად კაცის ფეხი
315 მსხვილი კუნთებით შემოსილა. ოროლის წვერმა
ძარღვები გაჭრა და გმირს თვალში ჩაუდგა ღამე.
ანტილოქოსმა ატიმნიოს განგმირა შუბით
და ნაწლავებში ჩაიძირა სპილენძის წვერი.
მოყმე დაეცა მის ფეხებთან. მარისმა შუბი
320 მყის მოუღერა ანტილოქოსს, ძმის მოკვლის გამო
განრისხებულმა. წიანუსწრო მას თრასიმედემ,
სანამ სტყორცნიდა მტერი, თვითონ დასცა ოროლი
ზედ ბეჭისთავზე, შუბისწვერმა ძარღვი გაწყვიტა,
ხელი მოკვეთა, დაუმსხვრია ძვალი და რბილი.
325 ზათქით დაასკდა მიწას, თვალში ღამე ჩაუდგა.
ასე ბედკრული ძმები ძმათა ხელით მოკლულნი,
ჰადესს შთაინთქმნენ, სარპედონის მძლე მეგობრები,
ამისადოროს მოისარის ძენი, რომელმაც
ოდესღაც კაცთა სავალალოდ ჰკვება ქიმერა.
330 ოლივესის ძემ აიანტმა კლეობულოსი
ცოცხლად ჩაიგდო მაშინ ხელში და ადგილზევე
მოყმეს სიცოცხლე მოუსწრაფა ბასრი მახვილით.
სისხლში გახურდა ორლესული, თვალი დაუვსეს
მოყმეს სიკვდილმა მეწამულმა და ბედისწერამ.
335 პენელეოსი და ლიკონი შეიბნენ. შუბმა
მოყმეთ უმტყუნა, ოროელები სტყორცნეს ამაოდ.
ხმალდახმალ შეხვდნენ. წინაუსწრო გმირმა ლიკონმა,
ცხენისძუიან ზუჩში დაჰკრა, სპილენძის ხმალი
ზედ გადაემსხვრა. ყურთან ხმალი პენელაოსის
340 ყელში ვადამდე ჩაიძირა. კანს დაეკიდა
თავი მოჭრილი. გაცამტვერდა სიმტკიცე მოყმის.
წამოეწია მერიონე მაშინ აკამენტს,
ეტლზე ასვლის დროს მოასხეპა მარჯვენა მხარი.
გმირი დაეცა, ჩაეღვარა თვალში წყვდიადი.
345 იდომენევსმა შიგ ხახაში ჩასცა ერიმანტს
ლახვარი, ტვინი გაიარა რვალმა და გარეთ
გამოჰყო თავი, თეთრი ძვლები დაემსხვრა მოყმეს,
კბილნი დასცვივდა, გადმოკარკლულ თვალთაგან სისხლი
სდიოდა, ნესტორს და გახლეჩილ ხახასაც უხვად,
350 სანამ სიკვდილის შავი ღრუბლით არ დაიფარა.
მტერს სძლევდნენ ზვიად დანაელთა თემისთავები.
მძვინვარე მგლები თავს ესხმიან თხებსა და ბატკნებს.
ფარას აცდენილთ, გამოუცდელ მწყემსს მთის ფერდობზე
რომ გაუშვია გაფანტულად. თვალს რომ მოკრავენ,
355 მიესევიან ათრთოლებულ, უძლურ სულდგმულებს.
ასევე სპობდნენ ტროელთ სპას, მხოლოდღა გაცლა
რომ სურდათ მათგან, დავიწყნოდათ ზნე სამამაცო.
სულ იმის ცდაში იყო ამ დროს მძლე აიანტი,
ჰექტორს შებმოდა რვალით მოსილს.
ის კი ბრძოლაში გამობრძმედილ, იფარავდა მხრებს ბაკმულ ფარით,
360 აკვირდებოდა ისართ სტვენას, ოროლთა ზუზუნს.
უკვე ხვდებოდა, გამარჯვება რომ ეცლებოდა,
მაინც რჩებოდა დასაცავად ერთგულ მოძმეთა.
ვით ოლიმპოდან აიჭრება ზეცად ღრუბელი,
365 როს ჭექა-ქუხილს მამა ზევსი აპირებს ხოლმე,
ისე გარბოდნენ სანგარს გასცდნენ, ხოლო ჰექტორი
მარდმა ცხენებმა გააქროლეს, ჯარი დატოვა,
ხომალდების წინ გათხრილ სანგრით დაბრკოლებული.
370 მრავალმა ცხენმა მიამსხვრია თხრილში ხელნები,
მრავალი ეტლი შიგვე ჩარჩა მხედართა მძლეთა.
პატროკლე ლაშქარს აღაგზნებდა მტერთა მდევარი,
ტროელთ უქადდა ძლევას. ირგვლივ გზები გოდებით
აავსეს ლტოლვილთ, ღრუბლებამდე აღწევდა სვეტი
375 ავარდნილ მტვერის, ყირა-ყირა გადადიოდნენ
ცხენები, უკან, ტროისაკენ გაჭენებულნი.
პატროკლეს სადაც თვალს მოჰკრავდა ლტოლვილთა ბრბოებს,
მიიჭრებოდა მძლე ყიჟინით. ეტლის ფერსოსთან
ცვიოდნენ მტრები, იმსხვრეოდნენ გრუხუნით ეტლნი.
380 ზედ გადაევლნენ ფართო სანგარს ფიცხი ცხენები,
უკვდავნი, პელევსს რომ აჩუქეს თვითონ ღმერთებმა.
ფიცხლად მიქროდნენ, მათს მბრძანებელს სისხლი სწყუროდა,
ეძებდა ჰექტორს, მაგრამ იგი შოს გაჭრილიყო.
მიწას ამძიმებს ქარიშხალი და კვნესის მიწა
385 შემოდგომაზე, როცა ღვართქაფს მოუვლენს ციდან
ზევსი, მრისხანებს კაცთა მოდგმის დანაშაულზე,
მსჯავრს რომ იტყვიან უსამართლოს და ძალადობენ,
არ დაგიდევენ არც ღვთის რისხვას და არც სიმართლეს.
ამ დროს იწყება დიდროობაც მდინარეების,
390 პიტალო კლდიდან ჩანჩქერების ისმის გუგუნი
ღვინისფერ ზღვისკენ მიიღვრება ღრიალით წყალი.
მთიდან გადმოქუხს, აჩანაგებს კაცის ნახელავს. . .
ასეთი შმაგი თქარა-თქურით ილტვოდნენ ცხენნი.
პატროკლემ უმალ გზა მოუჭრა წინა ფალანგებს,
395 უკან განდევნა, კვლავ ხომალდთა მხარეს მილალა,
არ დაანება ქალაქს შესვლა. შეყარა ერთად
გემთა, მდინარის, ციხის შუა გადაშლილ ველზე.
დათარეშობდა, მრავალ გმირზე შური იძია.
პირველად გულში დასცა შუბი მამაც პრონოოს,
400 ბაკმულ ფარს გვერდი აუარა, დაუმხო ძალა. გრუხუნით დასცა.
ენოპოსის ძეს ფესტორს შეხვდა იქვე.
დიდებულ ეტლში იჯდა ეგ უბედური,
მობუზულიყო, შეებორკა შიშს, მთრთოლავ ხელით
სადავეს ვეღარ იოკებდა. სპილენძის შუბი
405 მარჯვენა ყბაში გაუყარა გმირმა, კბილები
გააყრევინა, ეტლიდან ძირს გადმოათრია,
როგორც მეთევზემ, ზღვის კიდეზე დაკიდულ კლდეზე
ელვარე ანკესს მოზრდილ თევზს რომ ამოაყოლებს.
ასე მოზიდა რვალის შუბით, მიწაზე დასცა,
410 პირვე დამხობილს გაუფრინდა მყისვე სიცოცხლე.
ერიალოსი რომ მიეჭრა, სალი ფიქალით
გადაუჩეხა თავისქალა, შუა გაუპო
მძიმე ჩაჩქანში შემალული. შუბლგანგმირული
მიწას დაასკდა. თავს დააცხრა სულთამხუთავი.
415 ამფოტეროსი, ერიმანტი, ეპალტე, პირის,
ტელეპოლემოსი, ექიოსი დამასტორიდი,
პოლიმელოსი არგეადი, იფევს, ევიპოს
ერთი-მეორის მიყოლებით დასცა მიწაზე.
და რა იხილა სარპედონმა მრავალი გმირი
420 პატროკლეს ხელით განგმირული, მენეტიადის,
შესძახა მყისვე საყვედურით სულდიდ ლიკიელთ:
”გრცხვენოდეთ! ილტვით? აი, თურმე რა გმირები ხართ!
მე მინდა შევხვდე ამ აბჯროსანს, მე მინდა ვნახო,
ვინ არის იგი! დაგვაწია ბევრი ვაება,
425 გადაუმსხვრია მრავალ ტროელს მტკიცე სახსრები!’
ასე შესძახა და ეტლიდან ჩამოხტა მყისვე.
ეს რომ იხილა მენეტიდმა, ისიც ჩამოხტა.
ვით ორი ორბი, ნისკარტმრუდე, ჭანგმორკალული,
პიტალო კლდესთან მიეჭრება ერთურთს ყივილით,
430 ისე მივარდნენ მეომრები ერთიმეორეს.
მათ შემხვედვარეს აუჩვილდა გული ზევსს ცბიერს,
ასე მიმართა ჰერას – დას და მეუღლეს თვისას:
„ვაი-ვაი! ვხედავ, რომ სარპედონს, გმირს უძვირფასესს,
პატროკლეს ხელით უწერია დღეს დამარცხება!
435 გული მიღელავს, ორ აზრს შუა აღბორგებული:
ვერ გადავწყვიტე – ავაცალო საგლოველ ბრძოლას
შვილი, ლიკიის ნაყოფიერ ველს მივაყენო,
თუ მენეტიდის ხელით დაშრტეს მზე სარპედონის?!“
მყისვე მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:
440 „პირქუშო ზევსო, რასა ბრძანებ, შავღრუბლიანო!
მოკვდავი მოყმე, განწირული აწ ბედისწერით,
გსურს სავალალო სიკვდილისგან დაიხსნა სულაც?
ნება ყავ, მაგრამ ყველა ღმერთი არ მოგიწონებს!
ერთ სიტყვას გეტყვი, დაიმარხე გულში, კრონიდო:
445 თუკი უვნებლად შინ გაუშვებ მამაც სარპედონს,
იცოდე, ვით შენ, შეიძლება სხვა ღმერთსაც სურდეს,
ძე საყვარელი ააცილოს ომს სავალალოს:
აქ ბევრი იბრძვის პრიამოსის ქალაქის ბჭესთან
შვილი უკვდავთა. ღმრთთა დრტვინვას უნდა ელოდე!
450 რაგინდ გიყვარდეს, რაგინდ გული გეწვოდეს, ღმერთო,
შვილი გაუშვი სასიკვდილოდ შესარკინებლად,
მენეტიოსის ძის, პატროკლეს ხელით დაეცეს.
შემდეგ, სარპედონს როს დატოვებს სული, ძილს მორჩილს
და სიკვდილს უთხარ, წაასვენოს გმირის სხეული
455 უცხო ქვეყნიდან ნაყოფიერ ლიკიის მხარს.
იქ დამარხავენ მეგობრები, ძმები, სახსოვრად
საფლავზე სტელას აღმართავენ, ვით მოკლულს შვენის“.
ასე თქვა.
კაცთა და უკვდავთ ამამამ ირწმუნა
მიწას ზეციდან სისხლიანი ასხურა ცვარი,
460 ადიდდა შვილი, პატროკლეს რომ უნდა მოეკლა
შორს სამშობლოდან, ბორცვებიან ტროას მხარეში.
გმირი გმირს შეხვდა შემტევი და მოიერიშე,
დაჰკრა პატროკლემ და განგმირა თრასიდემოსი,
უმამაცესი სარპედონის მსახურთა შორის:
465 სტომაქში ჩასცა შუბი, ძალა გამოაცალა.
კვლავ შეუტია სარპედონმა, მაგრამ ოროლი
გვერდით გაექცა და პატროკლეს რაში პედასი
მხარში დაკოდა, ცხენს ხროტინით გაექცა სული.
მიწას დაასკდა, გაუფრინდა მძლავრი სიცოცხლე.
470 ორმა სხვა ცხენმაც გაუწია სხვადასხვა მხარეს,
სადავეები აიხლართა, როს კიდურბმული
რაში დაეცა. ხერხს მიაგნო ავტომედონტმა:
მყის ქარქაშიდან იძრო ხმალი გრძელპირიანი,
უმალ გადაჭრა კიდურბმული ცხენის საბელი
475 მაშინ გასწორდნენ ეტშლი მარდი ბედაურები.
კვლავ იწყეს სამკვდრო-სასიცოცხლო დავა გმირებმა.
მტერს სარპედონმა ააცდინა შუბი ელვარე.
მარცხენა მხართან გაუფრინა პატროკლეს შუბმა,
არ შეხებია. ახლა თვითონ სტყორცნა ოროლი
480 და ფუჭად როდი გაჰფრენია ხელიდან შუბი:
მკერდში მოარტყა გმირ სარპედონს, გულისფიცარზე.
დაეცა გმირი, ვით ეცემა მუხა ან ვერხვი
ან დიდი ფიჭვი, შეშისმჭრელნი მთაში რომ ჭრიან
ბასრი ცულებით, უზარმაზარ მორს სახომალდეს.
485 ასე ეტლის წინ ეგდო, კბილებს სიმწრით ღრჭიალი
გაუდიოდა, ხელით მიწას ფხოჭნიდა მოყმე.
ვით ლომი, ჯოგს რომ თავს დაესხმის მოულოდნელად,
ფეხმრუდე ხართა შორის ზვიად კუროს ძირს დასცემს
და ღმუის ღოჯებჩაშობილი კურო მოწყლული,
490 ისე პატროკლეს მიერ გვემულ ლიკიელთ მეფეს
გმინვა აღმოხდა და შესჩივლა სვიან მეგობარს:
”გლავკოს, ძვირფასო, კაცთა შორის უმამაცესო,
ახლა შენ გმართებს შუბშემართულს უშიშრად ბრძოლა,
დაუნდობელი შერკინება, თუ ხარ ვაჟაცი!
495 იჩქარე, მამაც ლიკიელთა თემისთავებთნა,
ყველა აღაგზნე საბრძოლველად სარპედონისთვის.
ჩემი გულისთვის შეებრზოლე რვალით არგიველთ,
თორემ სირცხვილი არ აგცდება ჩემგან – წინაშე
შთამომავალთა შორეულთა, თუ აქაველნი
500 გემებთან ძლეულს ამაცლიან მკერდიდან ბექთარს!
მედგრად დაჰკარი და საომრად ჯარი აღძარი!“
ასე მომჩივანს მყის დაუხშო სიკვდილის ხელმა
თვალი და ნესტო, მკერდზე ფეხით შეადგა მტერი,
შუბი მოსწია, თან ამოჰყვა გულისფიცარი.
505 სულიც და შუბიც ამოართვა გმირს ერთდროულად.
მის მოჭიხვინე ცხენებს მისწვდნენ მირმიდონელნი,
ხელში ჩაიგდეს, მეფის ოხრად შთენილი ეტლი.
მეგობრის გმინვა შეესმა და შეკრთა გლავკოსი,
გული მოუკვდა, დახმარება რომ არ შეეძლო.
510 მარცხენა კუნთზე მიიჭირა ხელი, იარა
გმირი ტევკროსის ნაისრალი ისევ სტანჯავდა,
გალავნის მხრიდან, მეგობართა შემწედ მოსულის
დარდით შესძახა შორსმოისარ აპოლონს მოყმემ:
„გესმას, უფალო, ნაყოფიერ ლიკიის მხარეს,
515 თუ ტროას სუფევ! ყველგან ძალგიძს, რომ სათნო ეყო
დარდიან ვაჟკაცს, ვინც ჩემსავით გაწამებულა!
ჭრილობა მტანჯავს, ხელი მეწვის სასტიკ ტკივილით,
სისხლი ჩქეფს წყლულზე განუწყვეტლივ, აღარ ჩერდება,
ხელი მხრებიდან მიშეშდება დაბუჟბული.
520 ვეღარც შუბს ვიჭრ, ომში აბა ვით ჩავერთვები,
მტერს ვით შევხვდები! დაიღუპა უმხნესი გმირი სარპედონ!
ზევსმაც ვერ უშველა ძეს უსაყვარლესს!
ო, შემეწიე, დამიამე წყლული, უფალო,
ძალა მომეცი, რომ კვლავ შევძლო მამაც ლიკიელ
525 მოყმეთ აღგზნება და ბრძოლაში შესვლა გულდაგულ,
მეგობრისათვის ღირსეულად მეც მტერს შევხვდები!“
ასე ევედრა.
გმირს უსმინა აპოლონ ღმერთმა.
მყისვე სალმობა დაუამა, მტანჯველ წყლულიდან
სისხლის ნაკადი შეუჩერა. სული აღუნთო.
530 გული მიეცა გლავკოსს, იგრძნო, ადრე და მალე
მისი ლოცვი ხმას რომ უსმინა მაღალმა ღმერთმა.
ჯერ დაუარა სპათა განმწყობ ლიკიელ მოყმეთ
და მოუწოდა, რომ ებრძოლათ სარპედონისთვის.
შემდეგ წავიდა ტროელთ მხარეს ფართო ნაბიჯით.
535 შეხვდა პანთოიდ პულიდამანტს, ღმრთეებრ აგენორს,
ენეასს, ჰექტორს რვალშემოსილს გამოეცხადა
და მეყსეულად მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„ჰექტორ, სპა დათმე სახელოვან მოკავშირეთა,
შორს სამშობლოდან რომ ებრძვიან თავგამოდებით
540 მამაც აქაველთ?
მათი დაცვაც არ მოგდის ფიქრად!
დაეცა გმირი სარპედონი, ლიკილეთ მეფე,
რომ ხელმწიფობდა სიმართლიდ და სიმხნევით სულის.
რვალის არესმა ის დააცხრო პატროკლეს შუბით.
აღსდექით, ძმებო, აღივსენით შურისძიებით,
545 არ გაგვიძარცვოს, არ დასცინოს ჩვენს მიცვალებულს
სპამ მირმიდონთა, მძვინვარეთა დანაელთ გამო,
შუბით რომ მოვსპეთ ხომალდებთან აურაცხელნი!“
თქვა და ტროელნი საშინელმა დარდმა დასერა,
სევდამ სრულიად უსასოომ.
550 ყრმა უცხოელი იყო ტროელთა ბურჯი მაინც:
სპა უთვალავი მათი მიაშველა და თვით იყო რჩეული სიმხნით.
შემოუბრუნდა დანაელებს გაშმაგებულნი,
შურისმგებელი მოუძღოდა ჰექტორი ლაშქარს,
ხოლო აქაველთ მენეტიდი ძალას აძლევდა,
555 სიმხნეს ჰმატებდა აიანტებს, თავადაც მხნეებს:
„აიანტებო, მტრის შეხვედრა გეამებოდეთ,
იყავით გმირნი, ვით ყოველთვის, ან უფრო მეტად!
დაეცა მოყმე, ვინც დაგვესხა პირველთაგანი!
ნეტავ, სარპედონს წავათრევდეთ, გვამს დავცინებდეთ,
560 მკერდზე საჭურველს ავაცლიდეთ და მის მეაბჯრეს,
ცხედარს რომ იცავს, ავკეპავდეთ დამღუპველ რვალით!“
ასე აღაგზნო, მაგრამ თვით მათ არც აკლდათ ცეცხლი.
და ფალანგები ორივ მხრიდან რომ გაამაგრეს,
ტროელთ, ლიკიელთ, მირმიდონელთ და აქაველებს
565 მოკლულის ახლოს საშინელი ბრძოლა შეექმნათ,
ატყდა ყიჟინა და სასტიკი ხმალთა კვეთება.
ზევსმა მოჰფინა ბნელი ღამე ბრძოლის სარბიელს,
რომ საზარელი ხოცვა-ჟლეტა ატეხილიყო.
ტროელთ ჯერ სძლიეს თვალმახვილი აქაველები,
570 მირმიდონელთა შორის დასცეს მოყმე მედგარი,
ძე აგაკლევსის, ღვთაებრივი ეპეიგევსი.
მეფობდა ადრე იგი ქალაქ ბუდეიოსში,
მაგრამ მას შემდეგ, ნათესავი რომ შემოაკვდა,
პელევსსს და თეტისს შეეხიზნა ვერცხლისფერხებას.
575 აქილევსს გაჰყვა სპათა მნგრეველს შემდეგ ცხენმრავალ
ქალაქ ილიონს, ტროელთ ტომის დასალაშქრავად.
ლამის წაავლო ხელი ცხედარს, მაგრამ ჰექტორმა
თავში ქვა დასცა და შუაზე გადაუჩეხა
მტკიცე ჩაჩქანში შემალული, უსულო სხეულს
580 პირქვე დაემხო, მყის სიკვდილიც წაადგა მოყმეს.
პატროკლეს რისხვა შემოენთო მეგობრის გამო,
მეწინავეებს გამოეყო, ვით სწრაფი ქორი,
რომელიც მისდევს მოფრთხიალე ჭკებს და შოშიებს.
ასე ლიკიელთ, ო, პატროკლევ, ცხენთმარბიელო,
585 და ტროელთ დასცხე, მეაბჯრისთვის შურისმგებელმა!
ითაიმენოს-მამაცის ძე სთენელაოსი
განგმირე, ქვით რომ გადაუჭერ კისრის ძარღვები!
მეწინავენი გაიქცნენ და გაჰყვა ჰექტორიც.
რასაც გაიფრენს მანძილს შუბი, ოდეს ვაჟკაცი
590 ძალას სცდის ხოლმე მებრძოლი ან მოასპარეზე,
და სტყორცნის ზვიად მეტოქეებს სულის ამომხდელთ,
მეტოქეს ასე გაეცალა ტროელთ ლაშქარი.
უკუქცევისას ლიკიელთა მეფემ გლავკოსმა
მოკლა ბათიკლევს, ქალკონის ძე სულით მაღალი,
595 რომელსაც ტურფა ელადაში ჰქონდა სამკვიდრო,
მირმიდონელთ შორის განძით იყო განთქმული.
მოულოდნელად დასცა მკერდში შუბი გლავკოსმა.
როს მოუბრუნდა მდევარს გმირი. და ბათიკლევსი
ზათქით დაეცა. ელდა ეცათ აქაველთ გმირებს
600 სიკვდილის მომსწრეთ.
სიხარულით შეუდგათ ტროელთ.
მიცვივდნენ მოკლულს ერთობლივად, მაგრამ აქაველთ
სიმტკიცის ყავლი არ გასვლოდათ, მტერს მედგრად დახვდნენ.
მაშინ განგმირა მერიონემ ლაოგონოსი
ოენტორის ძე, იდაელი ზევსის ქურუმი,
605 რომელსაც ხალხი პატივს სცემდა, როგორც ღვთაებას.
ზედ ყურის ძირში, ყბასთან მოხვდა მოყმეს ოროლი,
ძვლები დასტოვა სულმა, ღამის წყვდიადი დადგა.
მხნე ენეასმა მერიონეს სტყორცნა ოროლი,
სწადდა მოერტყა მემორისთვის ბაკმულ ფარის ქვეშ.
610 მან შორიდანვე შეამჩნია და რვალს გაექცა,
გადაიხარა. ქედზე შუბმა გრძელჩრდილიანმა
გადაუფრინა, მიწას მოხვდა და შუბისტარი
კარგახანს თრთოდა, სანამ დაცხრა რისხვა არესის.
ბასრი ოროლი მოძიგძიგე ჩაეფრო მიწას,
615 ფუჭად ნასროლი ენეასის მძლავრი ხელიდან.
მყის ენეასმა გულნაკლულმა შესძახა მაშინ:
„ო, მერიონე, თუმც მროკველი ბრძანდები მარდი,
ჩემი ოროლი დაგაცხრობდა, რომ მოგხვედროდა!“
უმალ მიუგო მერიონემ, მხნე შუბოსანმა:
620 „გაგიძნელდება, თუმცა მძლეობ ომში, ენეას,
ყველა მეომარს გაუმკლავდე, ვინც შემოგხვდება,
ძალას მოსინჯავს. როგორც ყველა, შენც მოკვდავი ხარ!
მეც რომ მომერტყა შენთვის მკერდში ბასრი სპილენძი,
თუმც მხნე ხარ, მკლავის იმედიც გაქვს, მომანიჭებდი
625 მე დიდებას და სულს კი – ჰადესს, კვიცებით მდიდარს!“
ასე მოუბარს საყვედურით უთხრა პატროკლემ:
„ო, მერიონე, რაღად ხარჯავს სიტყვას ამაოდ?
ტროელთ ლაშქარი შენს ნათქვამზე არ დანებდება
სიკვდილს, ვიდრეღა შავი მიწა არ დაფლავს გვამებს!
630 მკლავი წარმართავს ბრძოლას, ხოლო სიტყვები ბჭობას.
არ მწამს კაფია, როცა მტერი ასაკაფია!“
თქვა და გაიჭრა კიდეც, მიჰყვა ყრმა შუბოსანი.
ვით შეშისმჭრელნი ატეხავენ ცულით ხათქა-ხუთქს
ტყიან ბორცვებზე და სივრცეში ხმა იფანტება,
635 ისე გაისმა სპათა შორის კიდით კიდემდე
რვალის გუგუნი, გაუფლეთელ ფარების დვრინი,
ზედ შეხეთქება შუბისა და ხმალ-სატევრისა.
უერთგულესი მეგობარიც კი ვერ იცნობდა
მაშინ სარპედონს: ისრებითაც, სისხლით, ტალახით
640 თავით ფეხამდე ისე იყო მთლად დაფარული.
გვამის გარშემო განუწყვეტილვი ღვიოდა ბრძოლა.
როგორც ბუზები ზუზუნებენ ბადიის ირგვლივ,
რძე როს ჩხრიალებს დიდ დერგებში შესადედებლად,
ისე მებრძოლნი ირეოდნენ გვამის გარშემო.
645 ზევსი ბრძოლის ველს თვალს სხივოსანს არ აცილებდა.
უმზერდა მოყმეთ გამუდმებით წინამბჭობელი,
პატროკლეს ხვედრზე ბევრს ფიქრობდა, ეჭვი გაუჩნდა:
ან ჰექტორს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აქვე,
გმირ სარპედონის ძვლებთან მოყმე უნდა დაეცხრო
650 ბასრი სპილენძით და ბექთარი შემოეძარცვა,
ან შერჩენოდა კვლავ პატროკლეს სიმხნე მებრძოლის.
ამ ფიქრში იყო, სასურველად ეჩვენა ბოლოს
რომ პელევსის ძის, აქილევსის, მამაც მეგობარს
ტროის ლაშქარი და ჰექტორი ზუჩმოელვარე
655 ქალაქისაკენ გაედევნა სულის ამომხდელს.
ჯერ ზევსმა ჰექტორს სულმდაბლობა გულს ჩაუნერგა.
ეტლით გაიქცა გმირი, სხვებსაც, ტროელთ მხედრობას
ლტოლვა უბრძანა, ზევსის სასწორს დაემორჩილა.
აღარც მამაცი ლიკიელნი შემორჩნენ ბრძოლას,
660 ყველა გაიქცა, როს ბელადი გულგანგმირული
გვამთა გროვაში დაიგულეს: ბევრი დააკვდა
მყომეს, რაც ზევსმა გააჩაღა ბრძოლა მის ირგვლივ.
სარპედონს მხრიდან ააგლიჯა დანაელთ თორნი
რვალმოელვარე და უბრძანა ღრმა გემებისკენ
665 მისი წაღება მამაცმა ძემ მენეტიოსის.
ამ დროს აპოლონს უთხრა ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
„გასწი, ფოიბოს, გამოსტაცე ისრების სარპედონ,
განწმინდე იგი სისხლისა და ტალახისაგან.
შორს, მდინარესთან კამკამა წყლით განბანე, წასცხე
670 გვამს ამბროსია და შემოსე უხრწნელ სამოსით.
მერმე უბრძანე მოჩუმათ და სწრაფ მოციქულთ –
სკივდილს და ძილსა, ტყუპებს, მალე გმირი მიჰგვარონ
უხვნაყოფიან, ფართოდ გაშლილ ლიკიის მხარეს.
იქ დამარხავენ მეგობრებით, ძმები და სტელას
675 აღუმართავენ სამარეზე, ვით შვენის მოკლულს“.
ასე უბრძანა, არ ეურჩა მამას აპლლონ.
იდას თხემიდან ბრძოლის ველზე დაეშვა სწრაფად.
ისრებს მოსტაცა სარპედონი, ღმერთის სადარი,
შორს, მდინარესთან, კამკამა წყლით განბანა, წასცხო
680 გვამს აბროსია და შემოსა უხრწნელ სამოსით.
მერმე უბრძანა მოჩუმათე და სწრაფ მოციქულთ –
სიკვდილს და ძილსა, ტყუპებს, მყისვე მათ წაიყვანეს
უხვნაყოფიან, ვრცლად გადაშლილ ლიკიას გმირი.
იმ დროს პატროკლე აჩქარებდა გმირ ავტომედონტს,
685 რაშით მისდევდა ტორელთ, სიკვდილს იახლოვებდა,
ეგ უგუნური! რომ ესმინა პელიდის სიტყვა,
შავ სიკვდილს და ხვედრს აიცდენდა მუხთალს, საგლოველს.
მაგრამ მეტია ზევსის განსჯა კაცის განსჯაზე:
იგი ძრწოლას ჰგვრის მამაცს, ძლევას წარსტაცებს მოყმეს,
690 რომელსაც თვითონ აქეზებდა შესარკინებლად.
პატროკლეს გულის მან აღავსო მძვინვარე ჟინით.
ვინ პირველი და ვინ, პატროკლევ, უკანასკნელი
განგმირე, ოდეს სასიკვდილოდ გიხმეს ღმერთებმა?
ჯერ ადრესტოსი, ავტონოოს, შემდეგ ექეკლოს,
695 მერმე მეგადი პერიმოსი, მელანიპოსი,
ეპისტორი და ელასოსი, მულიოს დასცა,
შემდეგ პილარტეც. სხვები ლტოლვით ეძებდნენ საშველს.
იმ დღეს დასცემდნენ კიდევ ტროეას აქაველთ ძენი
პატროკლეს ხელით, შუბოსანი ისე შმაგობდა,
700 რომ ღმერთს აპოლონს, ტროელთ შემწედ კოშკზე შემართულს,
არ ჰქონდა განზრახული მოყმის სიკვდილი.
სამჯერ მიაწყდა მძლე პატროკლე მაღალ გალავანს,
სამჯერვე იგი უკუაგდო აპოლონ ღმერთმა,
უკვდავი მკლავით, რვალის ფარით იგერიებდა.
705 მაგრამ მეოთხედ რომ მიეჭრა, ვით დაიმონი,
ღმერთმა მრისხანედ მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„უკან, პატროკლევ! შენ ხომ ბედად არ გიწერია
შუბით დაქცევა ტროელთ ციხის და არც აქილევსს,
შენზე უდიდესს, უძლიერესს შეუდარებლად!“
710 ეს რომ თქვა, მყისვე გაერიდა გმირი პატროკლე
შორსმოისარი აპლონის დამღუპველ რისხვას.
ჰექტორ ერთ ფლოქვად ქცეულს ცხენებს სკაიას ბჭესთან იჭერდა.
იგი სულ ფიქრობდა – კვლავ მტერს შებმოდა.
თუ გალავანში შეეყვანა თავისი ლაშქარი.
715 ამ ყოყმანისას აპოლონი გამოეცხადა,
სახე მიიღო შეღერებულ, მოწიფულ მოყმის,
მხედარ ჰექტორის ბიძის – ჭაბუკ ასიოსისა,
ჰეკაბეს ღვიძლი ძმის, დიმანტის ძის, ფრიგიაში,
სახელი რომ ჰქონდა, ნაპირებთან სანაგარიოსის.
720 მას მიემგვანა და ზევსის ძემ თქვა აპოლონმა:
„ჰექტორ, გაექეც ბრძოლას? შენ ხომ ეს არ შეგშვენის!
რაგვარ სუსტი ვარ, იმგვარ შენზე მძლავრი რომ ვიყო,
შეგაგინებდი სისხლისმღვრელი ომიდან გასვლას!
გაბრუნდი, ცხენი გააჭენე პატროკლესაკენ,
725 ვინძლო გარგუნოს აპოლონმა ძლევის დიდება!“
თქვა და შეუდგა ღმერთი ისევ კაცთა საჯაფარს.
უბრძანა მყისვე კებრიონეს გმირმა ჰექტორმა,
ეტლი მტრებისკენ მიემართა. ხოლო აპოლონ
ჯარს შეერია, არგიველთა შორის ატეხა
730 ბრძოლა ჰექტორის და ტროელთა განსადიდებლად.
დანაელთ ჰექტორს გვერდს უვდლიდა, არვის შებმია,
მიაჭენებდა ფეხმარდ ცხენებს პატროკლესაკენ.
მის შესახვედრად პატროკლემაც დასტოვა ეტლი,
ცაციით შუბი მოიღერა, მარჯვენაში კი
735 არ ეტეოდა მარმარილო წიბოიანი.
სტყორცნა ძლიერად, ლოდი დიდხანს არ მიფრინავდა
და არც ამაოდ უტყორცნია: მოხვდა მეეტლეს,
პრიამოსის ბუშს – კებრიონეს, როს კადნიერად
ცხენებს მართავდა. შუბლში მოხვდა ლოდი სასტიკი,
740 გადაუტყავა მყის წარბები, თავისქალაში
ძვლები დაუფშხვნა. თვალებიც კი გადმოუცვივდა
მეაბჯრის მტვერში. მეყსელად მყვინთავის მსგავსად
ეტლს გამოევლო მოყმე, სულმაც დასტოვა ძვლები.
მწარედ დასცინა მას პატროკლემ, ცხენთა მხედნავმა,
745 „ო, ღმერთო ჩემო! რა მჩატეა, რა სწრაფად ყვინთავს!
თევზმრავალ ზღვაში ეგ როგორმე რომ გასულიყო,
ბევრს აამებდა, როს ნიჟარებს მოკრეფდა ფსკერზე,
მღლევარე ზღვაშიც ისკუპებდა გულარხეინად.
თუმცა ველზეა, მაინც როგორ მარდად ჩაყვინთა!
750 ვხედავს, გყოლიათ მყვინთავები თურმე ტროელებს!“
ასე დასცინა და მივარდა კებრიონეს გვამს,
ვით ლომი, ბაკს რომ ანადგურებს მკერდში ნარქენი
და თავს იღუპავს სიშმაგით და გულუშიშროებით,
ასე მიეჭერ კებრიონეს შმაგად, პატროკლევ!
755 ჰექტორ ჩამოხტა შესახვედრად მყისვე ეტლიდან,
და ლომებივით წაიკიდნენ მოკლულის გამო.
მთის ქედზე ლომნი, დამშეულნი, ერთი ირმისთვის
თავს არ ზოგავენ და მძვინვარედ ებრძვიან ერთურთს.
ასე იბრძოდა კებრიონეს გვამისთვის ორი:
760 გმირი ჰექტორი და პატროკლე მენეტიადი.
უწყალო რვალით მტრის განგმირვა მოსწყურებოდათ.
თავსი ჩაავსლო ხელი ცხედარს მტკიცედ ჰექტორმა,
პატროკლემ ფეხით დაითრია და მათს გარშემო
დანაელთ ძენი და ტროელნი შეიბნენ მედგრად.
765 ევროს და ნოტოს რომ ატეხენ ხოლმე ქიშპობას,
ზეგანზე მუხნარს ეხლებიან გაწიწმატებით,
წიფლები და კოპიტები, მკვრივი კორდები
შეირცხვიან, ხე შტოებით ხეს უტყლაშუნებს,
ველს ეფინება დამსხვრეულთა ხეთა ხათქუნი.
770 ასე ტროელნი შეეხეთქნენ შმაგას აქაველთ,
ფიქრად არ ჰქონდა სამარცხვინო გაქცევა ვისმე.
მრავლად ეყარა კებრიონეს გარშემო შუბი,
მრავლად ისარი ფრთაშესხმული მიწაში ერჭო,
მრავალი ლოდი შეეხეთქა მებრძოლთა ფარებს.
775 ის კი მტვრის ბუღში დიდბული იწვა უძრავად
და ხელოვნება მეეტლისა დავიწყებოდა.
სანამ ჰელიოს მიაღწევდა ზეცის შუაგულს,
ორივე მხრიდან მოფრინავდნენ შმაგი ისრები.
ხართა გამოსხსნის ჟამს მიადგა მზე-ჰელიოსი
780 და სძლიეს ბედის უნებურად აქაველებმა:
ისრის წვიმაში და ტროელთა ყიჟინის ხმაში
გვამს მიტაცებულს ააგლიჯა აბჯარ-ბექთარი.
ხოლო პატროკლე, ტროელთათვის სიავის მდგომი,
სამჯერ შეიჭრა მათს რიგებში, მსგავსად არესის
785 საზარ ყიჟინით. სამჯერ დასცა ცხრა-ცხრა მხედარი.
მაგრამ მეოთხედ რომ მიეჭრა, ვით დაიმონი,
მაშინ, პატროკლევ, აღსასრულიც გეწია უცებ.
შენს წინააღმდეგ ფოიბოსი მოიჭრა შმაგი
და ვერ იცანი ღმერთი, ხალხში სწრაფად მავალი.
790 ირგვლივ წყვდიადი მოხვეოდა, წინ მოიწევდა.
დადგა ზურგს უკან, ფართო ბეჭზე დაარტყა ხელი,
მყისვე თვალები დაუბნელა მამაც პატროკლეს.
ჩაჩქანი მოყმეს გადაუგდო აპოლონ ღმერთმა –
ძირს მიგორავდა, აჟღრიალდა ცხენთა ფლოქვებთან
795 ზუჩი სათვალეგახვრეტილი.
ჯიღის ფაფარი სისხლით და მტვერით დაიფარა.
არა სჩვეოდა ადრე ამ ჩაჩქანს მიწიერი მტვერით შებილწვა.
წინათ ღმერთკაცის აქილევსის შუბლზე ელავდა
ეს მუზარადი, ზევსს კი სურდა, ჰექტორის თავზე
800 ენახა იგი: ახლოს იყო ყრმის აღსასრული.
პატროკლეს შუბი დაელეწა გრძელჩრდილიანი,
მძიმე, სპილენძით გაჭედილი. მხრებიდან ფარი,
ფეხის ტერფამდე რომ სწვდებოდა, ძირს დაენარცხა.
ახსნა სპილენძის სამკერდული მძლე აპოლონმა,
805 სულს გაოგნება დაეუფლა, სახსრებს – სისუსტე.
გაშეშდა გმირი. ბასრი შუბითზურგთან მოადგა
და გაუყარა ბეჭებშუა დარდანმა მოყმემ,
მძლე ევფორბოსმა პანთოიდმა, თანატოლთ შორის
შუბის ტყორცნით და ფეხმარდობით გამორჩეულმა.
810 ჯერ კვლავ ყმაწვილმა ოცი კაცი დასცა ეტლიდან,
როცა პირველად გამოვიდა ბრძოლის სასწავლად.
მან, ო, პატროკლევ, იარაღი პირველმა ჩაგცა,
თუმცა ვერ გძლია. ამოგგლიჯა წყლულიდან შუბი
და მიიმალა მეომრებში. როდი გაბედა
815 პატროკლეს, უკვე აბჯარახსნილს, შერკინებოდა.
მან კი, დამცხრალმა ღმერთის დარტყმით და მტრის ოროლით,
მეგობრებისკენ დაიხია, გაექცა სიკვდილს.
ჰექტორმა, როგორც კი შენიშნა მოყმე სულდიდი,
უკუქცეული, დაკოდილი ბასრი სპილენძით,
820 მიეჭრა, შუბით დაასწრო და წელს ქვემოთ დაჰკრა,
ზედ საზარდულთან, ნაწლავებში ჩაეფლო რვალი.
დაეცა გმირი, დააღონა დანაელები.
მძლავრ ტახს ამარცხებს ხოლმე ლომი გაშმაგებული,
როს ზედაზენზე შეიყრება ორივ ზვიადი,
825 დასარწმუნებულად მოწანწკარე მთის ნაკადულთან.
უკვე დამაშვრალს მოერევა ტახს ლომი მძლავრი.
ასე პატროკლეც, დამღუპველი უკვე მრავალთა,
დასცა ჰექტორმა, ამოართვა ოროლით სული.
ძლევით ამაყმა მიაძახა სიტყვა ფრთიანი:
830 „ალბათ, იმედი გქონდა ციხეს რომ დაგვიქცევდი,
ჩვენს ცოლებს მაშინ წაართმევდი თავისუფლებას,
გემით ტყვეებად წაასხამდი სამშობლოს მხარეს!
ო, უგუნურო! მათთვის მიქრის ჩემი ცხენები
ბრძოლის ველისკენ, შუბით ვბრწყინავ ომისმოყვარე
835 ტროელთა შორის, იმედიც მაქვს, მათ ავაცილებ
მონობის ხვედრსაც! შენ კი დაგფლეთს აქვე ყორანი!
ბედკრულო! გმირმა აქილევსმა კი ვეღარ გიხსნა!
ალბათ, გიბრძანა, როცა ბრძოლის ველზე გიშვებდა,
არც იფიქროო დაბრუნება ღრმა ხომალდებთნა,
840 სანამ კაცთამჟლეტ ჰექტორს ქიტონს, სისხლით აბოლქვილს,
შენი ხელებით არ ააგლეჯ მძლავრი მკერდიდან!
ეტყობა, ასე შეგიცდინა, უგნურო, სული!“
სუთქვაშეკრულმა ძლივს მიუგო სიტყვა, პატროკლემ:
„ჰექტორ! იხიარე, აპოლონის, ზევსის შეწევნით
845 გამარჯვებულმა! ეს მათ მძლიეს! მათ ხომ ადვილად
ძალუძთ ყოველი! საჭურველიც მათ გამომტაცეს!
მაგრამ შენებრი კიდევ ოცი რომ შემხვედროდა,
დაეცემოდა განგმირული ჩემი ოროლით.
ბედმა, ლტოს ძემ, ევფორბოსმა – კაცმა მოკვდავმა
850 მომიღეს ბოლო, შენ კი მოხვედ უკვე მესამე.
სიტყვას მოგიგებ უკანასკნელს, გულს ჩაიმარხე:
ქვეყნად სიცოცხლე შენც ხანგრძლივად არ დაგრჩენია,
შენს წინაშე დგას სიკვდილი და სასტიკი ხვედრი,
ბოლოს მოგიღებს აქილევსი, მძლე ეაკიდი!“
855 ეს თქვა და მყისვე დაეუფლა სიკვდილი მოყმეს.
ჩუმად გაფრინდა სხეულიდან სული ჰაერში,
ბედს დასტიროდა, გამქრალ ძალას და სიჭაბუკეს.
ხოლო პატროკლეს, უკვე მოკლულს, უთხრა ჰექტორმა:
„რატომ მიქადი წინასწარვე მრისხანე სიკვდილს?
860 კაცმა არ იცის, იქნებ თვითონ მძლე აქილევსი
ჩემზე უადრეს, ჩემი შუბით დათმობს სიცოცხლეს?“
ასე თქვა. ტერფით დააწვა და ააძრო შუბი
მოკლულს, ფეხი ჰკრა, გვამი პირვე გადააბრუნა.
შემდეგ ანაზდად მიუბრუნდა გმირ ავტომედონტს,
865 ძლიერ მეაბჯრეს სახელგანთქმულს ეაკიდისა.
ის კი უმალვე გააქროლეს მარდმა, უკვდავმა
ცხენებმა, ძღვნად რომ ერგო პელევსს ღმერთებისაგან.








Комментариев нет:

Отправить комментарий