вторник, 30 октября 2018 г.

ჰომეროსი: ილიადა – ქება I–VIII

ილიადა (ბერძნ. Ἰλιάς) – ნიშნავს „ტროას მიკუთვნებულს“. ილიადა ევროპის ერთერთი პირველი წიგნია რომელიც ევროპაში დაიწერა და დღემდეა შემონახული. იგი ჰომეროსის დაწერილი 15.693 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემაა და ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი.
ილიადა დაიწერა ძვ.წ. VIII საუკუნეში. მისი ორიგინალი დამწერლობა ჰომეროსული ბერძნულით და იონიკური დიალექტითაა შესრულებული და შესდგება 24 წიგნში (ქებაში) გაერთიანებული 15.693 სტრიქონისაგან. იგი ძვ.წ. VIII საუკუნეში დაიწერა და XVI საუკუნეში გადაითარგმნა. ბრძოლაში ერთვება ორი მხარე მეფე აგამემნონი და მეომარი აქილევსი. ილიადაში თხრობა იწყება აქიელების მეფის აგამემნონის მიერ აპოლონის ტროელი ქურუმის ქრისეს ქალიშვილის ქრისეიდას მოტაცებით. სასოწარვეთილი ქრისესი დახმარებას აპოლონს სთხოვს და ისიც სამეფო ჯარს ეპიდემიას უვლენს. ცხრადღიანი ეპიდემიის შემდეგ აქილევსი აკრიტიკებს აგამემნონს და აიძულებს ტყვე უკან დააბრუნოს. მაგრამ ის თანხმდება აქილევსის ტყვე ქრისეიდაში მხოლოდ ერთი ტყვის ბრისეიდას გაცვლას. გაბრაზებული აქილევსი ჯართან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებს. ამასობაში აქილევსი დედამის ფეტიდას ეუბნება, ზევსს სთხოვოს ბრძოლისას ბერძნების ისეთ სირთულემდე მიყვანას რომ მისი დახმარება დასჭირდეთ. ზევსი აგამემნონს სიზმარს უვლენს რომელშიც მოუწოდებს რომ ტროას თავს დაესხას. აგამემნონი სიზმარს ითვალისწინებს, თუმცა ბერძნულ არმიას ცდის და ეუბნება სახლში დაბრუნდნენ. მხოლოდ ოდისევსის ჯარი რჩება ათენას შთაგონებით. ოდისევსს ქრისეიდა მამასთან მიჰყავს და ეპიდემიაც ჩერდება. ცხრა წლიანი ალყა ლამის ჩაიშალოს, მაგრამ სიტუაციას იხსნის ოდისევსი. ოდისევსი სჯის თერსიტესს, რიგით დეზერტირ ჯარისკაცს. სადილობის შემდეგ ბერძნების ჯარი ლაგდება ქალაქ ტროას შემოგარენში. ამაზე საპასუხოდ ტროას მეფე ტრიამიც აგზავნის ჯარს. სანამ ორი არმია ერთმანეთს შეეჯახება მისი ძმისაგან ჰექტორისგან იძულებით პარისი სიტყვით გამოდის და ელენეს ქმარს მენელაუსს დუელში იწვევს. ბრძოლაში პარისი მარცხდება, თუმცა სასიკვდილო დარტყმამდე მას აფროდიტე იხსნის და ელენესთან წაიყვანს (დასაწოლად) ჰომეროსი მეორე სიმღერაში აღწერს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის ძალებს. ტროის კედლებთან აგამემნონის წინამძღოლობით 1.186 გემმა მიაღწია 130 ათას მეომარზე მეტი შემადგენლობით. ჯარი შესდგებოდა ელადის სხვადასხვა ნაწილის მეომრებისაგან, როგორიცაა არგოსი, არკადია, ათენი, ლოკრიდა, იტაკა, ეპირი, კრეტა, ლაკედემონი, მიკენე, როდოსი, ფესალია, ფოკიდა, ევბეა, ელიდა, ეტოლია და სხვები. ხოლო ტროას მხარეს ჰეკტორის წინამძღოლობით იბრძოდნენ დარდანელების, კარიელების, ლიკიების, მეონების, მიზების, პაფლაგონელების, პელასგების, თრაკიელების და ფრიგიელების ჯარები. რადგან ტროას ომი ელენეს მოტაცებით დაიწყო მესამე სიმღერაში ბრძოლაში ერთვებიან ელენეს კანონიერი ქმარი მენელაოსი და ფაქტიური ქმარი პარისი. მენელაოსი იმარჯვებს, თუმცა დაჭრილი პარისი ქალღმერთ აფროდიტეს ბრძოლის ველიდან გაჰყავს რითაც ბრძოლა დაუსრულებელი რჩება. აქიელებს ათენა, ხოლო ტროელებს აპოლონი, არესი და აფროდიტე მფარველობს. მეხუთე სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ აყენებს ჭრილობებს აქიელი მეომარი დიომედე უკვდავ ღმერთებს არესს და აფროდიტეს. ქალღმერთი ათენას ძალისაგან შეშინებული ტროას ლიდერი ჰექტორი ტროაში ბრუნდება და ქალღმერთს დიდებულ მსხვერპლს სწირავს. მას პარისის საქციელის სრცხვენია და თავის ცოლ ანდრომაქას აიმედებს რომ მაინც გაიმარჯვებენ. მეშვიდე სიმღერაში ჰექტორი უბრუნდება ბრძოლის ველს და აქეელების ყველაზე ძლიერ მებრძოლს იწვევს ორთაბრძოლაში. გამოწვევაზე აიაქს დიდი პასუხობს. ისინი დაღამებამდე იბრძოდნენ თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასობაში კი ზევსი ტროელებისკენ გადაიხარა, ხოლო პოსეიდონი აქიელების ერთგული რჩება. აქიელების წარმომადგენლობა აქილევსთან მიდის, რომლის არმიაც აგამემნონთან უთანხმოების გამო უმოქმედოდ დგას. თავდასხმის საწინააღმდეგოდ ტროელებმა თითქმის გაანადგურეს აქეელების ფლოტი, თუმცა ქალღმერთმა ჰერამ მოახერხა ზევსის დაძინება და თავისი რჩეულები სიკვდილისაგან იხსნა. როდესაც აქილევსმა გადამწვარი ფლოტი დაინახა ტროელების დასასჯელად 2.500 მეომარი გააგზავნა პატროკლეს მეთაურობით. თავად აგამემნონთან უთანხმოების გამო არ გაჰყვა მეომრებს. შერკინებისას მეთაური პატროკლე დაიღუპა ევფორბეს და ჰექტორის მახვილით. მეგობრის მოკვლის გამო შურისძიების წყურვილით შეპყრობილი აქილევსი ჰექტორს ყელს გამოჭრის და მოკლავს. ილიადის დასასრულს ოცდამეოთხე სიმღერაში ნახსენებია, რომ აქილევსი იწყებს დავას რომ პატროკლეს ცხედარი მამამისს პრიამოსს არ გადასცენ, თუმცა 12 დღის შემდეგ მაინც აძლევს მას.
აქიელები:
აგამემნონი – მიკენიის მეფე და ბერძნების მეთაური.
აქილევსი – მირმიდონების ლიდერი ნახევრადღმერთი გმირი მეომარი.
ოდისევსი – იტაკას მეფე, ძლევამოსილი ბერძენი მეთაური და „ოდისეას“ გმირი.
აიაქს დიდი – ტელამონის შვილი.
მენელაუსი – სპარტას მეფე, ელენეს ქმარი და აგამემნონის ძმა.
დიომედესი – ტიდეოსის შვილი და არგოსის მეფე.
აიაქს მცირე – ტელამონის შვილი და აიქს დიდის თანამებრძოლი.
პატროკლე – აქილევსის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. ზოგიერთი ცნობით საყვარელი.
ნესტორი – პილოსის მეფე და აგამემნონის მრჩეველი.
ტროელები:
ჰექტორი – მეფე პრიამოსის შვილი და ტროელების ჯარის მხედართმთავარი.
ენეასი – ანქისეს და აფროდიტეს შვილი.
დეიფობი – ჰექტორის და პარისის ძმა.
პარისი – ელენეს შეყვარებული.
პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე.
პოლიდამასი – ტროელი ჯარის ერთ-ერთი მეთაური.
აგენორი – ტროელი მებრძოლი, რომელსაც აქილევსის დამარცხება უნდოდა.
სარპედონი – ზევსის შვილი, ტროელების თანამებრძოლი, გლაუკუსის მეგობარი და ლიკიანელი მთავარსარდალი.
ევფორბე – მეომარი, რომელმაც პატროკლე პირველად დაჭრა.
დოლონი – ტროელების ჯაშუში ბერძნებთან.
ანტენორი – მეფე პრიამოსის მრჩეველი, რომელიც ბრძოლის დასასრულს ელენეს დაბრუნებას ეწინააღმდეგება.
პოლიდორუსი – პრიამოსის და ლაოთეს შვილი.
პანდარუსი – ცნობილი მშვილდოსანი და ლიკაონის შვილი.
ჰექუბა – პრიამოსის ცოლი და ჰექტორის, პარისის და კასანდრას დედა.
ელენე – ზევსის შვილი, მენელაუსის ცოლი, პარისის და შემდგომ დეიფობუსის შეყვარებული.
ანდრომაქე – ჰექტორის ცოლი და ასტიანაქსის დედა.
კასანდრა – პრიამოსის ქალიშვილი, რომელსაც აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა. მაგრამ მან ღმერთი უარყო და დაიწყევლა.
ბრისეიდა – ბერძნების მიერ შებყრობილი ტროელი ქალი.
ღმერთები
ტროელებისკენ:
არტემისი
აპოლონი
აფროდიტე
არესი
ერისი
ლეტო
სკამანდერი
ფობოსი
დეიმოსი
აქაელებისკენ:
ჰერა
ათენა
პოსეიდონი
ირისი
თეტისი
პროტეუსი
ნეიტრალური:
ზევსი
ჰადესი
ჰერმესი
ჰეფესტო

ქება პირველი. ჟამიანობა. რისხვა
რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი!
გმირთა სულები გადახვეწა ქვეშეთის მხარეს,
გვამნი დაყარა ყვავ-ყორანთა დასაყივარად
5 და ძაღლთა წილად ... ზევსის ნება მაშინ აღსრულდა,
მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე
აგამენონ და აქილევსი, ღმერთის სადარი.
რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი?
– ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხებულმა.
10 სასტიკი ჭირი ჯარს შეჰყარა, მუსრი გაავლო:
რად მოეპყრაო უპატიოდ ქურუმს ატრიდი!
მოსულა ქრისე აქაველთა მალემსრბოლ გემთან,
სურდა ასული გამოეხსნა ურიცხვი ძღვენით.
ხელთ ჰქონდა ოქროს კვერთხი უფალ აპოლონისა,
15 თავსაკრიანი, აქაველებს ევედრებოდა,
ყველაზე მეტად – ორსავ ატრიდს, სპათა მესვეურთ:
„სპანო საბარკულმშვენიერნო! ატრევსის ძენო!
ოლიმპოს ღმერთნი შეგეწიონ, რომ პრიამოსის
ციხე დალეწოთ და მშვიდობით ეწვიოთ მამულს!
20 ოღონდ ასული დამიბრუნეთ, ძვენი ინებეთ,
პატივი დასდეთ შორსმოისარ უფალ აპოლონს!“
ერთხმად გაისმა აქაველთა მძლავრი ყიჟინა –
მოგვს პატივი ვცეთ, მივიღოთო ძღვენიც მდიდარი.
მხოლოდ ატრიდმა გულთან ახლოს არ გაიკარა
25 მამის ვედრება, მოიშორა მრისხანე სიტყვით:
„გასწი, ბებერო! ხომალდებთან აღარ გიხილო!
ფეხს ნუ აითრევ და ნურასდროს ნურც მობრუნდები,
თორემ ვერ გიხსნის ვერც კვერთხი და ვერც ღვთის გვირგვინი!
ქალს ვერ გავუშვებ, ტყვეობაში შემაბერდება,
30 არგოსში წავალთ, მოვაშორებ მშობლიურ მხარეს,
რომ სარეცელიც დამიმშვენოს სელის მბეჭველმა.
ნუღარ მარისხებ, გამეცალე ცოცხალი თავით!“
ასე თქვა, თრთოლვით შეისმინა სიტყვა მოხუცმა.
უხმოდ გაუყვა მრავალხმიან ზღვის სანაპიროს... გასცილდა გემებს.
35 შეევედრა გულამომჯდარი
ლამაზთმიანი ლეტოს პირმშოს უფალ აპოლონს:
„მიხსენ მე, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,
კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა,
სმინთევსო! თუკი შემიმკია ტაძარი შენი,
40 თუ შემიწირავს საზვარაკო მსუყე ბარკალი
ჯიხვთა და ხართა, შემეწიე!
რაც ცრემლი ვღვარე,
ბასრი ისრებით აზღვევინე დანაელთ ლაშქარს!“
ასე ღაღად-ყო და სხივოსან აპოლონს ესმა.
გული ირისხა, გადმოიჭრა ოლიმპოს მთიდან,
45 ბეჭზე კაპარჭი მოსალტული, მშვილდი მოეგდო
და ფრთოსან ისრებს აწივლებდა სისწრაფე სრბოლის, –
ღმერთი მაღალი მოღელავდა პირღამიანი.
გემებთან ახლოს ჩაიმუხლა, სტყორცნა ისარი,
ზარისმცემელი ვერცხლის მშვილდი ააზუზუნა.
50 მუსრი გაავლო მაწანწალა ძაღლებს, სახედრებს,
შემდეგ სიკვდილიის მთესველ ისრით მისწვდა მხედრობას.
გვამთა შთანთქმელი კოცონები დააგზნო ყველგან.
ცხრა დღე და ღამე ღვთის ისარი მუსრავდა ლაშქარს.
მეათე დღეს კი კრებდა უხმო ხალხს აქილევსმა.
55 ხელთეთრა ჰერამ შთააგონა ვაჟკაცს ეს აზრი,
ქალღმერთს დანაელთ სპათ ხილვით გული ეწვოდა.
ოდეს აქაველთ მოიყარეს კრებაზე თავი,
ადგა ფეხმარდი აქილევსი და ასე ბრძანა:
„აგრე მგონია, მრავალტანჯულთ გვმართებს, მეფეო,
60 შინ გავეშუროთ, თუ გვწადია, გავექცეთ სიკვდილს;
აქაველთ მუსრავს სნეულება, სასტიკი ომი!..
ქურუმს მივმართოთ, ან მისანმა აგვიხსნას ეგებ –
სიზმრის ამხსნელმა (სიზმარსაც ხომ ზევსი მოგვივლენს) –
აპოლონ ღმერთი ასე რისთვის შემოგვწყრომია?
65 აღთქმის გატეხამ განარისხა, თუ ითხოვს ჩვენგან
ასზვარაკეულს და საზორავს ვერძთა და ჯიხვთა,
რომ შეგვეწიოს, აგვაშოროს იავარყოფა!“
ასე თქვა. მაშინ თესტორის ძე კალქანტი ადგა,
ფრთოსან ჩიტებზე მჩხიბაობით სახელგანთქმული,
70 წარსულის, აწმყოს და მყოფადის საქმეთა მცოდნე.
ილიონისკენ გემებს იგი გამოსძღოლია,
აპოლონისგან რაკი ერგო მისნობის ნიჭი.
ახლაც კეთილი აზრით უთხრა გმირს თესტორიდმა:
75 „ო, აქილევსო, ღვთის რჩეული, გიბრძანებია
აგიხსნათ რისხვა შორსმმუსვრელი აპოლონისა.
მე თანახმა ვარ, ოღონდ შენგან ზენაარს:
შემფიცე, გმირო, რომ დამიცავ სიტყვით თუ საქმით!
ვშიშობ – ვაი თუ მხოლოდ მეფე გავაგულისო,
80 – არგიველთა და აქაველთა ლაშქრის უფალი.
მდაბიოს მართებს არ აღაგზნოს სახმილი რისხვის,
ძრწოდეს, თუ სცოდა!
მეფე ბოღმას თავდაპირველად
გულში ინახავს, ჯავრს სანამდის არ ამოიყრის...
მაშ, თვით განსაჯე, შეძლებ იყო შემწე, შემხიდე?”
85 ფეხმარდმა გმირმა აქილევსმა მიუგო კალქანტს:
„ღვთის ნება გვამცნე გაბედულად, რაც უნდა იყოს!
ვფიცავ აპოლონს, ზევსის რჩეულს, რომელსაც, კალქანტ,
შენც ჰფიცავ ხოლმე, როს დანაელთ ღვთის ნებას ამცნობ –
სანამდის პირში სული მიდგას და ვჭვრეთ მზის ნათელს,
90 დანაელთ შორის შენზე ვერვინ ხელს ვერ შემართავს!
თუნდ იყოს იგი თვით მრისხანე აგამემნონი,
მთელს მხედრობაზე ზვიადობით აღმატებული“.
მაშინ თამამად თქვა მისანმა სწორუპოვარმა:
„აღთქმას და ზვარაკს არ მოითხოვს! ღმერთი შემოგვწყრა,
95 რაკიღა ქრისე დაუმცირა აგამემნონმა,
ასული აღარ დაუბრუნა, ძღვენიც უარყო.
არვის დაგვინდობს ამისათვის შორსმოისარი
და არ მოიშლის არგიველთა განადგურებას,
სანამ არ მივგვრით მშობელ მამას პირმშოს შავთვალას,
100 და ჰეკატომბეს არ შევწირავთ კუნძულ ქრისეზე.
მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება ღმერთი მრისხანე“.
ეს თქვა თუ არა, აგამემნონ ზეწამოიჭრა –
სივრცეთმპყრობელი ატრევსის ძე განრისხებული.
უგლიმი გული აღვსებოდა ბოღმით და ბრაზით,
აალებული თვალებიდან სულ ცეცხლსა ყრიდა.
105 კალქანტს შეხედა ღვარძლიანად და უთხრა ასე:
„შე ყიამყრალო! სასიკეთო რომ არ დაგცდება,
და გეამება ხალხს აუგი აუწყო მხოლოდ!
არასდროს გითქვამს სიტყვა გულის მაამებელი.
და აი ახლაც დანაელებს ამცნობ ღვთის ნებას,
110 თითქოს ხალხს ღმერთი შორსმმუსვრელი განრისხებია,
რომ არ მივიღე ქრისეისის გამოსასყიდი!
როგორ მეწადა ეს გოგონა შინა მყოლოდა,
ლამის მერჩივნა კლიტემნესტრას, ჩემს შესართველად
ქალწულად მოსულს! ქრისეს ასულს ხომ ვერვინ სჯობნის
115 ვერცა მშვენებით, ვერც გონებით და ვერცა საქმით.
მაგრამ მაინც ვთმობ, რაკი არ ჩანს ხსნა არსაიდან,
ვინძლო მხედრობის ავაცილო გაცამტვერება!
ოღონდ სანაცვლოდ სხვა საუნჯე უნდა მომართვათ,
საკადრისია არგიველთა შორის მე დავრჩე
120 მთლად გაძარცვული? თქვენ ხომ ხედავთ, ვთმობ, რაც მებადა!“
მაშინ მიუგო აქილევსმა ღმერთის სადარმა:
„ატრევსის ძეო, თვალხარბო და გაუმაძღარო!
აქაველ მოყმეთ დიდსულოვანთ რა შეუძლიათ მოგართვან?
განა აქვთ საერთო საუნჯე სადმე?
125 ციხე-ქალაქთა ნანგრევებში განძი გავყავით,
და რაც გავყავით, ხელყოფა ხომ არ გეკადრება.
სჯობს ღვთის გულისთვის შენი დათმე და აქაველნი
სამგზის, ოთხწილად მაგ დანაკარგს გადაგიხდიან,
როცა მტკიცე ტროას დაანგრევენ ზევსის შეწევნით!
130 მყისვე მიუგო მძლე ატრიდმა აგამენონმა:
„უბადლო კი ხარ, აქილევსო, ღმერთის სადარო,
მაგრამ ნუ ფლიდობ, ასე უცბად თვალს ვერ ამიხვევ,
შენ არხეინა გსურს განძს ფლობდე, მე კი დამტოვო უაზნოქმნილი!
დაბრუნებას მირჩევ ქალისა?
135 მაშინ აქაველთ დიდსულოვანთ სამაგიეროდ
შესაფერისი სხვა საუნჯე უნდა მიბოძონ!
თუ არ ინებებთ, თვითონ მოვალ, დავეუფლები
სიმდიდრეს შენსას, აიანტის, ოდისევსისა,
ვაი – უბედურს, ვისაც რისხვით თავს დავატყდები!
140 მაგრამ ამაზე შემდეგ ვიტყვით, ახლა კი დროა
შავმკერდა გემი ჩავაცუროთ ღვთაებრივ ზღვაში,
მძლე მეხოფურნი შევარჩიოთ, დავსხათ ზვარაკი,
ტურფაღაწვება ქრისეისი დავსვათ გემბანზე.
ხომალდს წარუძღვეს მჭევრმეტყველი ვინმე რჩეული –
145 იდომენევსი, აიანტი ან ოდისევსი,
ან თვითონ შენა, პელევსის ძევ უმამაცესო,
ზორვა ვყოთ, ვინძლო შეგვიწყალოს შორსმოისარმა!“
ცერად გახედა აქილევსმა, მრისხანედ უთხრა:
„ეჰ, შე ურცხვობის საბუდარო, პატივმოყვარევ!
150 ვინღა ისურვებს შეასრულოს ბრძანება შენი?
ვინღა შეებმის შეუპოვრად ტროელთა ლაშქარს?
განა მოვსულვარ, რომ ტროელებს, შუბის მტყორცნელებს
შევრკინებოდი? მე არ მახსოვს მათგან ზიანი:
ცხენთა რემა და ჯოგი როდი გაუტაცნიათ
155 უხვნაყოფიან და ხალხმრავალ ფთიიდან ტროელთ,
ჯეჯილი როდი უთელიათ! გვაშორიშორებს
ჩრდილის დამფენი მთაგრეხილი, ზღვა – მოგუგუნე.
შენდა შემხიდედ შევიკრიბეთ, შენს სახიეროდ,
მენელაოსის ნამუსისთვის ვიბრძვით, პირძაღლო!
160 აინუნშიაც არას აგდებ, მეც მემუქრები,
ჩემი ნადავლის მიტაცებას იქადი კიდეც,
აქაველებმა რომ მომიძღვნეს ბრძოლით დაქანცულს.
მე ანაკლები სულ მხვდებოდა შენზე ნაკლები,
ოდეს ვიკლებდით აყვავებულ ციხე-ქალაქებს.
165 თუმც შერკინების სისასტიკე ჩემი მკლავების
ხარჯზე წყდებოდა, როს გაყოფა დაიწყებოდა,
შენ უდიდესი წილი გქონდა, მე – უმცირესი...
უხმოდ ბანაკში ვბრუნდებოდი ბრძოლით მაშვრალი.
ახლა ფთიაში მივიჩქარი, ო, რა ტკბილია
170 შინ დაბრუნება მალემსრბოლი გემებით! კმარა –
შენგან შერცხვენილს არ მსურს შენი განძი ვამრავლო!...“
მყისვე მიუგო თემისთავმა აგამემნონმა:
„თავიდან მომწყდი, გაიქეცი, თუ გული გერჩის!
და არ გეგონოს, რომ ვერ დაგთმობ! ღირსებას ჩემსას
სხვაც ჰყავს ქომაგი, უწინარეს – ზევსი დიადი!
175 ყველაზე მეტად შენა მძულხარ ბელადთა შორის!
შენ მხოლოდ ომი გიხარია, სისხლისღვარა გატკბობს,
თუმც ძალა გამკობს, ეგეც ღვთისგან მოგნიჭებია!
შენი გემებით გამეცალე! მხედრობას შენსას –
180 მირმიდონელთა ტომს უმეფე! არად მიღირხარ!
რა ბედენაა რისხვა შენი! გიქადი თვითონ:
რაკი აპოლონს ქრისეისის გაშვება უთქვამს,
დავთმობ! ჩემივე გემით წავა, ჩემს რაზმს ვაახლებ...
თვით კი აწ მნებავს ბრისეისი ლამაზღაწვება
185 შენ გამოგტაცო, რომ შეიცნო, ამაყო კაცო,
ჩემი უფლების სისასტიკე! დე ყველა ძრწოდეს,
ვინცა ეცდება გამიტოლდეს და გამეჯიბროს!“
ასე თქვა. პელიდს მწუხარება მოჰგვარა ამით.
ფიქრით მი-და-მო ორ აზრს შუა კრთებოდა გული:
190 ან უნდა ეძრო ხმალი, თეძოს რომ ეხლებოდა,
დამხვედურს დასხმოდა, დაცაეკლა აგამენონი,
ან დათრგუნა მრისხანება, გული დაეცხრო.
როცა ამ ფიქრით ემღვრეოდა სული, გონება,
საზარელ მახვილს იშიშვლებდა, ცით მოევლინა
195 ათენა ჰერას დავალებით: ღმერთს თეთრხელებას
თურმე ორივე მოყმის ბედით გული ეწვოდა.
ღმერთქალი გმირის ქერა კულულს ხელით შეეხო –
მისთვის საჩინო, სხვათათვის კი უჩინოქმნილი.
შეკრთა აქილევს, უკუმიდგა, იცნო პალასი,
200 ათენას თვალნი შესაზარი ცეცხლით აენთო.
ქალღმერთს მიმართა აქილევსმა ფრთიანი სიტყვით:
„ფაროსან ზევსის პირმშოვ, მამცნე, რად მომევლინე,
აგამემნონის ვერაგობა გსურდა გენახა?
მითქვამს და ვიცი, რომ ნათქვამი ამისრულდება:
205 ამ თავხედობას გადაჰყვება ამპარტავანი!“
ფეხმარდ აქილევსს თვალმცეცხლია ათენამ უთხრა:
„ცით მოველ, რათა რისხვა დათმო, დაგვემორჩილო.
მე მომავლინა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ,
ორივე მოყმის ბედით გული ეწვის თანაბრად.
210 სჯობს შუღლს ერიდო, დაიმშვიდო მრისხანე გული,
სიტყვებით კენწლე, ხოლო მახვილს ნუ შეეხები.
მითქვამს და ვიცი, რომ ნათქვამი ამისრულდება:
მოვა დრო, სამჯერ უძვირფასეს ჯილდოს მიიღებ
დამცირებისთვის! დაშოშმინდი, დაგვემორჩილე!“
215 ქალღმერთს ფეხმარდმა აქილევსმა ასე მიუგო:
„ვალად მმართებსო შევასრულო სურვილი თქვენი,
რაც უნდა რისხვით ვმძვინვარებდე, დაგყვებით ნებას,
ვინც ღმერთს მორჩილებს, მოწყალებას მისგანვე ელის“.
მძლავრი მარჯვენა დააბჯინა ვადას ვერცხლისას,
220 საზარი ხმალი კვლავ ჩააგო, ღმერთს დაუჯერა.
ათენამ მყისვე მიაშურა ოლიმპოს მწვერვალს,
ეგიოხ ზევსის სრა-სასახლეს და უკვდავ ღმერთებს.
ხოლო პელიდმა კვლავ მიმართა განრისხებულმა
ატრიდს – თემისთავს, გულში ბოღმა არ დასცხრომია:
225 „მშიშარავ, ირმისგულიანო, ძაღლისთვალებავ,
მემთვრალევ, ლოთო! არ აგისხამს თორნ-მუზარადი
და სანგარიშიაც არასოდეს ჩასაფრებულხარ
ლაშქართან ერთად, სიკვდილივით შიშს გვრიდა ბრძოლა.
რა სათქმელია, ბანაკში მყოფს არაფრად გიღირს
230 ომნაცად მებრძოლს გამოსტაცო მონაპოვარი!
კაცთა შთანთქმელო, ლაჩართ ზედა მეფობის ღირსო,
ვაჰ, სხვა დროს ვინღა შეგარჩენდა მაგ თავხედობას!
გეტყვი ჩემს სათქმელს და შეგფიცავ საფიცარს ჩემსას, –
ამ კვერთხსა ვფიცავ, აწ რომ ვეღარ აიყრის ფოთლებს,
235 ან შტოებს, მთაში მოკვეთილი ერთხელ ხიდან,
არც იყვავილებს, რადგან მძიმე ბრინჯაოს ცულმა
შტონი მოსხეპა და ფოთოლნი... დღეს ხელთ უპყრიათ
აქაველთ ძეებს, კრინიონის წესთა დამცველებს...
დე საწინდარად ექმნეს კვერთხი ზენაარს ჩემსას –
240 დრო მოვა, კვლავაც აქაველებს მოენატრებათ
პელევსის შვილი, შენც ინანებ, როდესაც ლაშქარს
ვეღარ დაიხსნი კაცთამჟლეტი ჰექტორის ხმლისგან.
დაღუპვა გელით, სინანულით მჯიღს იცემ მკერდში,
რადგან შენ დათმე, შენ შერისხე უმამაცესი!“
245 ასე მიმარათა პელევსის ძემ. ძირს დასცა კვართხი
ირგვლივ ოქროთი მოოჭვილი. თქვა და ჩამოჯდა.
პირისპირ ჰყავდა აგამენონ გააფთრებული.
ნესტორმა ამოდ მოუბარმა, პილოსის მეფემ,
გოლულვით ტკბილი სიტყვით მიმართა მოყმეთ.
250 უკვე გამქრალა ქვეყნად მოკვდავთ ორი თაობა,
მის დროს შობილი და პილოსში დასახლებული.
მესამე მოდგმას ხელმწიფობდა ახლა მოხუცი.
კეთილი გულით მიუბრუნდა თანამებრძოლებს:
„ღმერთო, აქაველთ მიწას დიდი ურვა დაატყდა,
255 გაიხარებენ პრიამე და პრიამეს ძენი,
ყველა ტროელი სიხარულით სულსაც აღივსებს,
თუ ყური მოჰკრა თქვენს ქიშპობას, დანაელთ შორის
სწორუპოვარნო ბრძოლის ველზე თუ საფიხვნოზე!
ნებას დამყევით, თქვენ ხომ ჩემზე უმრწემესნი ხართ!
260 ბევრი მიხილავს მამაცი და სვიანი გმირი
და ხშირად ტკიბილი საუბარიც მქონია მათთან.
მაგრამ ვერც ვნახავ, არც მინახავს ვინმე სადარი
პერითოესი, გინდ დრიანტის ხალხის ბელადის,
ექსადიესი, კაინევსის, პოლიფემისა,
265 ეგეოსის ძის თესავესისა, უკვდავთა სწორის!..
აი, ვინ იყო მოკვდავთაგან დიდების ღირსი!
თვით უძლეველნი უძლიერესთ ძლევდნენ სპილენძით,
ტოლს არ უდებდნენ მთის ურჩხულებს და ამარცხებდნენ.
მათ ვმეგობრობდი, როს განვშორდი პილოსის მხარეს,
270 აპიეს მიწას შორეულსა. თვითონ მიმიხმეს.
რაც ძალა მქონდა, მეც ბრძოლაში მხარს ვუმაგრებდი.
ვინ შეედრება დღეს იმ გმირებს ძალგულოვნებით,
ვინ გაუბედავს შერკინებას? მაგრამ ჩემს რჩევას
ყურად იღებდნენ, არც თქვენ გაწყენთ ნათათბირევი.
275 შენ, აგამენონ, რაც არ უნდა ძლიერი იყო,
აქაველთ ჯილდოს – ლამაზ ასულს ნუ სტაცებ პელიდს.
და შენც აქილევსს, მოერიდე მასთან ქიშპობას!
არ ღირსებია ესოდენი დიდება არც ერთს
მეფეს სკიპტროსანს, ზევსის მიერ აღზევებულსა.
280 შენ განთქმული ხარ სიმამაცით, გშობა ქალღმერთმა,
მაგრამ ის შენზე ძლიერია: უთვალავ ხალხს ფლობს.
გული იყუჩე, აგამენონ, მე გთხოვ, მხცოვანი,
დაიცხრე რისხვა აქილევსზე, ყველა აქაველს
აღემატება, უძლეველი ბურჯი ბრძოლისა!“
285 უმალ მიუგო მამაცთ მეფემ აგამემნონმა:
„სამართლიანად, გონივრულად ბრძენებ, მოხუცო!
მაგრამ ამ კაცმა აღზევება მოიწადინა,
სურს მბრძანებელად მოევლინოს ლაშქარში ყველას,
მე კი ფიქრადაც მორჩილება არ გამივლია!
290 განა მამაცად რომ უშვიათ უკვდავ ღვთაებებს,
იმიტომ აძლევს თავს უფლებას პირში მაგინოს?
სიტყვა მრისხანედ ჩამოართვა გმირმა ფეხმარდმა:
„მხდალად მიხმობენ და ლაჩარი ვიქნები მართლაც,
თუ შენს ბრძანებას უდრტვინველად დავემონები!
295 სხვისგან ელოდე მორჩილებას და არა ჩემგან!
აინუნშიაც არ ჩავაგდებ მე შენს ბრძანებას!
ერთს კიდევ გეტყვი და განსაჯე გულში, მეფეო:
ქალისთვის არც შენ, არც არავის შევებრძოლები –
ნება თქვენია, თქვენვე მიგაქვთ თქვენივე ჯილდო!
300 ოღონდ გახსოვდეს, ჩემს მალემსრბოლ, შავ ხომალდებზე
სხვას უნებართვოდ ვეღარაფერს ვერ ახლებ ხელსა!
თუ გული გერჩის, ერთი სინჯე, იხილოს ყველამ –
ეგ შენი შავი სისხლი შუბლზე ვით დამეღვენთოს!“
ასე კენწლავდნენ ერთურთს გმირნი მხედართმთავარნი.
305 წამოიმართნენ, წამოშალეს აქაველთ კრება.
მირმიდონელთა გემებისკენ გამწყრალ აქილევსს
გაჰყვა ერთგული მენეტიდი და რაზმი მისი.
აგამენონმა ჩააცურა ზღვაში ხომალდი,
ოცი მენიჩბე შეარჩია, დასხა ზვარაკი
310 დე ქურუმ ქრისეს ქალიშვილი დასვა ხომალდზე.
გემს მიუძღოდა ოდისევსი, ჭკუაულევი.
სწრაფად გასწიეს, სველ შარაზე გაფრინდა გემი.
ლაშქარს უბრძანა მხნე ატრიდმა – განწმენდილიყვნენ.
აქაველთ მტვერი სხეულისა ზღვას გაატანეს.
315 აპოლონისთვის აარჩიეს შემდეგ ზვარაკი,
ჯიხვნი და ხბონი უნაყოფო ზღვის პირას დაწვეს,
აბოლქვილ კვამლით ცას აღწევდა მსხვერპლის სურნელი.
ასე იღვწოდნენ არგიველნი.
ატრიდს კი რისხვა არ დასცხრომია და ახსოვდა, რაც დაიქადა.
320 მალე მოიხმო ევრიბატე და ტალთიბიოს,
მრისხანე მეფე თვის შიკრიკებს ასე მოძღვრავდა:
„ჩემო ერთგულნი, აქილევსის ბანაკს ეწვიეთ,
ხელი ჩასჭიდეთ, აქ მომგვარეთ ბრისეს ასული.
თუ არ დაგითმოთ, გამობრუნდით, მე თვითონ მივალ,
325 ძალით მოვტაცებ და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ!“
ასე დამოძღვრა, დაადევნა მრისხანე სიტყვა.
უხმოდ გაუდგნენ მრავალხმიან ზღვის სანაპიროს.
ბანაკს ეწვივნენ, მირმიდონელთ მალემსრბოლ გემებს,
და იქ იხილეს აქილევსი კარავთან მჯდომი, ჩაფიქრებული.
330 ნახვა მათი როდი ეამა.
ორივ დაიბნა.
შიშით ძრწოდნენ, ელოდნენ რიდით.
დანაბარევი ვერც რა უთხრეს და ვერც რა ჰკითხეს,
მალე მიუხვდა გულისწადილს, მიმართა გმირმა:
„სალამი თქვენდა, უკვდავთა და მოკვდავთ მაცნენო!
335 თქვენ კი არა და ბრალი ატრიდს მოეკითხება –
მან მოგავლინათ ჩემი ნორჩი ბრისეისისთვის.
ძმაო პატროკლევ, მოიყვანე და მიეც ქალი,
დე წარიტაცონ, მაგრამ თვითვე მეყოლონ მოწმედ
ღმერთთა წინაშე, ყველა მოდგმის კაცთა წინაშე,
340 წინაშე მეფის მძვინვარისა, რომ დრო დადგება –
დაუმძიმდება ჩემი გაცლა, არ აცილდება
ლაშქარს შერცხვენა და სიკვდილი... მძვინვარებს ალბათ,
არ ძალუძს აწმყოს და მყოფადის დაკავშირება,
არ იცის, როგორ უზრუნველყოს ხსნა მხედრობისა“.
345 ასე თქვა. ძმობილს მენეტიდი დაემორჩილა,
ხელით მოჰგვარა კარავიდან ლამაზღაწვება,
მოციქულთ მისცა. გზას გაუდგნენ აქაველთ მხარეს,
თან ქალი გაჰყვათ ნაღვლიანი.
ცრემლმორეულმა პელიდმა მყისვე მეგობრები დატოვა მარტო,
350 ჭაღარა ზღვასთან დაჯდა, ტალღებს ბნელს გაცქეროდა,
ცრემლებს იწმენდდა ძვირფას დედის მავედრებელი:
„დედაო, როცა მშობე ქვეყნად საწუთრო-მცირე,
რატომ დიდება არ მარგუნა მაღლით მგრგვინავმა
დიადმა ზევსმა, რად ღირსება არ მომანიჭა?
355 ძალა-უფლებით აგამენონს თავს გაუვიდა,
წილ-ხვედრი ჩემი მომტაცა და თვითონ ფლობს ნადავლს!“
ასე გოდებდა ცრემლიანი.
დედა უსმენდა
მოხუც ნერევსის სავანეში, ზღვის ჯურღმულებში.
თეთრქაფა ზღვიდან ღრუბელივით ამოფრთხიალდა,
360 ახლოს მიუჯდა ცრემლის მფრქვეველ პირმშოს საყვარელს.
ეფერებოდა, ხელს უსვამდა, ეტყოდა ტკბილად:
„რა, შვილო ჩემო, რადა გმინავ, შენს გულს რა დარდი
შემოსევია? ხვაშიადი გამაგებინე!..“
ამოიხვნეშა და მიუგო გმირმა ფეხმარდმა:
365 „განა არ იცი? ყოვლის მცოდნეს რაღა გიამბო?
დავესხით თებეს, ჰეტიონის ღვთაებრივ ქალაქს,
იავარვყავით, რაც ხელთ ვიგდეთ, შინ წამოვასხით;
აქაველებმა, ვით წესია, გაიყვეს დავლა:
ატრიდს ვარგუნეთ ქრისეს ქალი ლამაზღაწვება...
370 მალე მოადგა აპოლონის ქურუმი ქრისე
არგიველთ გემებს რვალით ნაჭედს, შავფერდებიანს,
სურდა ასული გამოეხსნა ურიცხვი ძღვენით.
ხელთ ჰქონდა ოქროს კვერთხი უფალ აპოლონისა, თავსაკრიანი.
აქაველებს ევედრებოდა.
375 ყველაზე მეტად ორსავ ატრიდს, სპათა ბელადებს
ერთხმად გაისმა აქაველთა მძლავრი ყიჟინა –
მოგვს პატივი ვცეთ, მივიღოთო ძღვენიც მდიდარი.
მხოლოდ ატრიდმა გულთან ახლოს არ გაიკარა
მამის ვედრება, მოიშორა მრისხანე სიტყვით.
380 წავიდა ქრისე გულნატკენი. ვერცხლისმშვილდამ კი
მალე უსმინა მღაღადებელს – უყვარდა ქრისე:
უსმინა და ჯარს დამღუპველი ისრები სტყორცნა.
მუსრი გაავლო ხალხს.
უკვდავი ღმერთის ისრები
თავით ბოლომდე მთელს ბანაკში სიკვდილს თესავდნენ.
385 ბრძენმა კალქანტმა გვამცნო ნება ფოიბოსისა.
დავაცხროთ-მეთქი, პირველმა ვთქვი, ღმერთი მძვინვარე.
რისხვით აინთო აგამენონ, ზეწამოიჭრა,
მემუქრებოდა, აღასრულა კიდეც ქადილი!
ქრისეში მიჰყავთ აქაველებს ასული მოგვის,
390 მსუბუქ ხომალდით აპოლონი ზვარაკი მიაქვთ.
ჩემთან კი მეფის ორი მაცნე მოვიდა ახლა,
ბრისეს ასული გამომტაცეს, ჯილდო ძვირფასი!
დედაო, შენ ხომ ძლიერი ხარ, შენ შემეწიე,
ოლიმპოს წადი, შეევედრე ზევსს ყოვლისშემძლეს,
395 სიტყვით ან საქმით თუ ოდესმე გიამებია.
სიყმაწვილის ჯამს მე მსმენია, მშობლიურ სახლში
ამაყად გითქვამს, რომ თვით ზევსი, ღრუბელთმქუფრავი
უკვდავთა შორის შენღა იხსენ მძიმე ხვედრისგან;
ოდეს ღმერთებმა გაუბედეს მამას შეთოკვა –
400 პოსეიდონმა, ათენამ და ხელთეთრა ჰერამ,
ქალღმერთო, შენღა დაამსხვრიე ზევსის ბორკილი!
მრავალქედიან ოლიმპოზე უხმე ასხელას
(ღმერთნი ბრიარეს უწოდებენ, კაცნი – ეგეონს), –
საშინელ ტიტანს, რომ აჭარბებს მამასაც ძალით.
405 კრონიდთან დაჯდა ბუმბერაზი, მძლავრი, ამაყი.
ღვთაებებს შიში შეეპარათ, უკუდგნენ მყისვე...
ეს მოაგონე, მუხლზე ხელი მოხვიე აჯით,
რომ მამას ჩვენსას ტრიელების ეჭიროს მხარე,
არგიველები გემებამდე, ზღვამდე მიჭეჭყოს,
410 მოსრას და მოსპოს. დაე, მეფის შეიცნოს ფასიც,
იგრძნოს ატრიდმაც ქედმაღალმა – რა დააშავა,
რომ შეურაცხჰყო გულუმხნესი აქაველთ შორის!“
პასუხად უთხრა შვილს თეტისმა თვალცრემლიანმა:
„შვილო, რად გზარდე, ვარამისთვის მხოლოდ შობილო!
415 ღმერთმა ქნას, შეძლო აქვე დარჩე უცრემლ-უნაღვლოდ,
მცირე გაქვს დღენი სიცოცხლისა, ახლოა ბოლო,
ყველა მოკვდავზე უფრო ადრე შეხვდები სიკვდილს!...
ავ დღესა გშობე, შვილო ჩემო, მშობლიურ სახლში...
წავალ თოვლიან ოლიმპოზე და ელვისმტყორცნელს
420 წვრილად ვუამბობ ყოველივეს, იქნებ მისმინოს.
ხოლო შენ დარჩი მირმიდონელთ მალემსრბოლ გემთან –
განრისხებული და ლაშქრობას თავი არიდე.
მეხისმტყორცნელი წუხელ შორეთს, ოკეანეში
ღმერთებთან ერთად ეთიოპებს სტუმრად ეწვია.
425 მეთორმეტე დღეს დაბრუნდება ოლიმპო მთაზე.
მაშინ სასახლეს მივადგები სპილენძით ნაგებს,
მეუფის მუხლებს მოვეხვევი და გულს მოვულბობ“.
თქვა და დატოვა. მოყმე სატრფოს ლამაზსარტყლიანს,
ატრიდის მიერ მიტაცებულს, დარდობდა ისევ...
430 ჭკუაულევი ოდისევსიც ამ დროს მიადგა
აპოლონ ღმერთის ზვარაკითურთ ლაღ ქრისეს ყურეს.
მსუბუქი გემი შესრიალდა ღრმა ნავსადგურში.
სწრაფად დაკეცეს იალქნები შავი ხომალდის.
ანძა ბაგირით დაუშვეს და მოარგეს ბუდეს.
435 ნავსაყუდელში დაამაგრეს გემი უმალვე –
ქვები ჩაყარეს, ნავსაბმელით მიაბეს სადგომს.
სანაპიროზე გადმოვიდნენ, ჩამოიყვანეს
ხმელეთზე ხბონი – ჰეკატომბე აპოლონისა.
მშობელ მიწაზე ქრისეისი ჩავიდა ბოლოს.
440 საკურთხეველთან მიიყვანა ის ოდისევმა,
მოხუცს მიჰგვარა. მიესალმა ბრძნული სიტყვებით:
„ატრიდის ნებით ფოიბოსის ქურუმს გეახელ,
თან მომყავს ქალი, ჰეკატომბეს ვუძღვნი აპოლონს დანაელთაგან.
მუხლს მოვიდრეკთ მის საამებლად,
445 ვინ გაგვირისხდა და არგიველთ ურვა არგუნა“
თქვა და მიჰგვარა ქრისეისი, მოხუცი შვებით,
სანუკვარ პირმშოს ჩაეკონა.
აქაველებმა წმინდა ზვარაკი მიიყვანეს საკურთხველთან.
წყლით განიბანნენ, მარილი და ქერი აიღეს,
450 ლოცვა წარმოთქვა ქრისემ ცისკენ ხელაპყრობილმა:
„გენუკვი, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,
კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა!
შენ გულმოწყალე იყავ, ოდეს გეაჯებოდი,
შენ განმადიდე, როს დათრგუნე აქაველები!
455 ახლაც მისმინე, აღასრულე მოხუცის აჯა,
დანაელთ დასჯა აკმარე და სენი აშორე!“
ასე ღაღადყო და სხივოსან აპოლონს ესმა.
მყის წმინდა ზვარაკს მარილი და ქერი აყარეს,
გადაუწიეს მათ კისერი, გამოჭრეს ყელი,
460 ტყავი გააძვრეს და ბარკლები ქონში ორკეცად
გახვიეს, ზედვე შემოაწყვეს ხორცის ნაჭრები.
ნელ ცეცხლზე წვავდა მათ მოხუცი და წითელ ღვინოს
ზედ ასხურებდა. ყრმებს ხუთკბილა ეჭირათ ხელში.
ბარკლები შეწვეს და იგემეს შიგნეულობა,
465 რაც დარჩა, ისიც წვრილად დაჭრეს და შამფურებზე
წამოგებული ნაკვერჩხლებზე ააშიშხინეს.
როს დაამთავრეს სამზადისი, დასხდნენ ნადიმად.
საერთო ლხინში არვინ დარჩა მოულხენელი.
როცა დაიცხრო შიმშილი და წყურვილი ყველამ,
470 ყრმებმა მარჯვნიდან დაუარეს, ღვინით პირთამდე
სავსე სასმისი მეინახეთ ჩამოურიგეს.
მთელი დღე ჰანგით აამებდნენ უფალ აპოლონს,
ხმამაღლა პეანს უმღეროდნენ ყრმა აქაველნი.
მას ადიდებდნენ, ისრის მტყორცნელს, მას ახარებდნენ.
475 მზე ჩაესვენა და წყვდიადი ჩამოწვა ღამის.
ძილს მისცეს თავი ზღვაოსნებმა გემის სადგომთან.
ღამე ვარდისფერთითებიან ეოსს გაეპო,
როს გზას გაუდგნენ აქაველნი ბანაკისაკენ.
ზურგქარი ვერცხლისმშვილდოსანმა თან მიადევნა.
480 ანძა დადგეს და თეთრი აფრა ააფრიალეს,
ქარმა დაბერა მეყსეულად, გემის კიჩოსთან
აფორიაქდნენ, ახმაურდნენ უმალ ზვირთები.
გემი მიქროდა და ტალღბზე კვალსა სტოვებდა.
როს მიაღწიეს აქაველთა მხედრობის ბანაკს,
485 გამოათრიეს ზღვის ნაპირზე გემი შავმკერდა,
მაღლა ქვიშაზე ააცურეს, მორი დაუდეს
და გაიფანტნენ თავ-თავიანთ ხომალდებისკენ.
ამ დროს შავმკერდა გემთან მარტო იჯდა მრისხანე
ყრმა ღვთისმიერი, აქილევსი, გმირი ფეხმარდი.
490 აღარც ბჭობაში – გმირთ დიდების მოსახვეჭელში,
აღარც ბრძოლაში აღარ იყო. დარდი სერავდა
მის გულს, ნატრობდა ბრძოლასა და თევგამოდებას.
ბოლოს გავიდა თორმეტი დღ და დაუბრუნდნენ
მარადიული ღვთაებანი დიად ოლიმპოს.
495 წინ მიუძღოდა ზევსი. დედას შვილის ვედრება ახსოვდა,
ადრე ამოვიდა ქაფიან ზღვიდან,
დილის ბურუსში გაეშურა ოლიმპოს მთისკენ.
განმარტოებულს ელვისმტყორცნელ კრონიონს შეხვდა
მრავალქედიან ოლიმპოს მთის მაღალ მწვერვალზე.
500 წინ დაუჩოქა, მეყსეულად მარცხენა ხელი
მუხლზე მოხვია, მარჯვენა კი ნიკაპს შეახო,
მავედრებელმა ასე უთხრა უკვდავთა მამას:
„თუკი ოდესმე, მამა ზევსო, მიამებია
სიტყვით ან საქმით, ამისრულე ერთი მუდარა!
505 შური მიძიე პირმშოსათვის
საწუთრო-მცირე
აგამემნონმა დაამდაბლა, მამაცთა მეფემ,
ჯილდო წაართვა და თვითონვე დაეპატრონა.
შური იძიე, ზეციურო მეუფე ზევსო!
იყავ ტროელთა შემწე, სანამ აქაველები
510 არ მიაგებენ კვლავ აქილევსს კუთვნილ ღირსებას“.
ასე ამბობდა. უბრად იჯდა ღრუბელთმქუფრავი.
თეტისი კვლავაც ჩახვეოდა მეფის მუხლებს.
ფეხქვეშ განრთხმული ელოდა და ევედრებოდა:
„აღთქმა მომეცი და თანხმობით დახარე თავი.
515 ან უარმყავი, უშიშარო, თქვი და ვირწმუნებ,
უკვდავთა შორის მე რომ გძულვარ ყველაზე მეტად“.
ამოიხვნეშა და მიუგო ღრუბელთმქუფრავმა:
„ვწუხვარ, რომ ჰერას კვლავ აღუძრავ სიძულვილს ჩემსას.
დამამცირებელ სიტყვებს მეტყვის და გამაშმაგებს,
520 უკვდავთ კრებულში განუწყვეტლივ ისეც მაყვედრის,
რომ თითქოს ტროელთ ვეხმარები მძიმე ბრძოლაში.
გამცილდი ახლა, ოლიმპოზე თვალი არ მოგკრას.
სხვა დანარჩენზე მე ვიზრუნებ და შევასრულებ:
აჰა, დამშვიდდი, თანახმა ვარ, დაბლა ვხრი თავსა.
525 ეს უკვდავთათვის უდიდესი საწინდარია –
სიტყვას არ გავტეხ, განმტკიცებულს სამარადისოდ,
და არ აღსრულდეს – არ იქნება, რასაც კვერს დავკრავ!“
თანხმობის ნიშნად ძირს დახარა შავი წარბები,
მყისვე კრონიდის უჭკნობ თავზე სურნელოვანი
530 თმები შეირხა და ოლიმპო იძრა დიადი.
შემდეგ ვერცხლისფერმუხლიანი თეტისი ადგა
და ოლიმპოდან გაეშურა ზღვის ჯურღმულისკენ.
ზევსი დაბრუნდა სასახლეში.
წამოიშალნენ ძვირფასი მამის შესახვედრად მარადუკვდავნი,
535 ვერვინ გაბედა, კრონიდს რომ არ შეგებებოდა.
ოლიმპიელი ტახტზე დაჯდა. ქალღმერთმა ჰერამ
იგრძნო ყოველი, ზევსთან ნახა გმირის მშობელი,
ღმერთი ვერცხლისფერმუხლიანი – შვილის ნერევსის.
ღვარძლით მიმართა მეყსეულად ქალღმერთმა კრონიდს:
540 „ვერაგო, შენთან რომელ უკვდავს მოუნდა ბჭობა?
შენ ხომ გჩვევია საიდუმლო ფიქრებს მიეცე
და მე ყოველი დამიმალო! შენი სურვილით
აროდეს გითქვამს ჩემთვის ერთიც რამ ხვაშიადი“.
მას უთხრა ზევსმა, უკვდავთა და მოვკდავთა მამამ:
545 „ნუ გაქვს იმედი, ყოველივე იცოდე, ჰერა,
დაგიმძიმდება ცოდნა ეგე, თუმცა ცოლი ხარ!
რისი გაგებაც შეიძლება, არც გაიგება
შენზე უადრეს არც მოკვდავთა, არც უკვავთ მიერ.
ხოლო თუ ღმერთთა უკითხავად გადავწყვეტ რასმე,
550 ნუღარ ჩამკითხავ, ნურც მიხვედრას ეცდები შენით!“
ზევსს კვლავ შესძახა ხარისთვალა ქალღმერთმა ჰერამ:
„ღრუბელთმქუფრავო! კრონიონო, აბა რას ბრძანებ?
მე არც მიკითხავს, უშენოდაც არ მდომებია მივხვედრილიყავ.
რაიც გინდა, ასრულებ კიდეც.
555 მხოლოდ ერთს ვშიშობ, ვაი თუკი გადაგიბირა
ღმერთმა ვერცხლისფერმუხლიანმა, ნერევსის შვილმა!
თანხმობა მიეც, როგორც ვატყობა და განიზრახე
არგიველთ ჯარზე პელიდისთვის იძიო შური“.
560 ჰერას მიუგო კრონიონმა ღრუბელთმქუფრავმა:
„მაოცებ, ამჩნევ ყოველივეს და მითვალთვალებ,
მაგრამ ვერაფერს ვერ იღონებ, ამით მხოლოდღა
მე განმარისხებ, უარესი დღეც დაგადგება!
თუ ასე მოხდა, ჩანს, რომ მსურდა ეს მომხდარიყო!
565 იყუჩე, ჰერა, და ჩემს ნებას დაემორჩილე!
თორემ ვერ გიხსნის ღვთაებათა მთელი კრებული,
თუ ქედზე ჩემი უძლეველი ხელი დაგადე“.
თქვა... და შეძრწუნდა ხარისთვალა ქალღმერთი ჰერა,
ხმა გაიკმინდა, დაიოკა გულისთქმა მყისვე.
570 ზევსის სავანეს ღმერთთა ჩუმი ისმოდა ოხვრა.
ოლიმპიელი დიდოსტატი ჰეფესტო ადგა,
სანუკავრ დედას ამშვიდებდა, მშვენიერ ჰერას:
„აბა, როგორი ასატანი იქნება ჩემთვის,
მოკვდავთა გამო თუ ერთმანეთს წაეკიდებით!
575 რაღა დარჩება სიკეთისგან, როცა ნადიმზე
ღმერთების დასში ბოროტების ზარ-ზეიმია!
დედავ, გარწმუნებ, სანუკვარო, – თუმცა თვით ხარ ბრძენი, –
დაემორჩილე ზევსს, მეუფეს, რათა უკვდავმა
რისხვით ნადიმი უდარდელი არ აგვიშალოს.
580 თუ მოინდომებს ოლიმპელი, მეხით ელვარე
ყველა ღვთაებას დაბლა დასცემს უძლიერესი!
ეცადე, დედავ, ტკბილი სიტყვით დაიყოლიო,
დაუყოვნებლივ მოწყალებით მოგვხედოს ყველას!“
ასე წარმოთქვა და წამოდგა, ბრწყინვალე თასი
585 ორფსკერიანი მიართვა და კვლავ უთხრა დედას:
„დედავ, ითმინე, რაც არ უნდა გული გერჩოდეს,
შვილს ნუ მომასწრებ შენს სატანჯველს, ზევსის განაჩენს,
ვერ გადაგარჩენ გულმოკლული, ვერც შეგელევი!
არ ძალუძს არც ერთ ოლიმპიელს ზევსს შეერკინოს!
590 აკი ერთხელაც გულაღგზნებულს მოსაშველებლად,
ფეხთ ხელი მტაცა, გადამტყორცნა ზეცის ზღურბლიდან:
მთელი დღე სწრაფად ძირს მივქროდი და მზის ჩასვლის ჟამს
ღვთაებრივ ლემონსს დავენარცხე, ძლივს დამყვა სული.
სინტიელებმა იქ მიმიღეს და მომიარეს“.
595 ასე თქვა, ჰერამ გაიღიმა – ხარისთვალებამ,
შვილს ღიმილთვე ჩამოართვა ელვარე თასი.
ჰეფესტომ თასით კრატერიდან ამოღებული
ნექტარი ღმერთებს დაურიგა.
მარჯვნიდან დაჰყვა.
ცის ნეტარ ღმერთებს აუვარდათ სიცილ-ხარხარი,
600 როცა ჰეფესტო თასით ხელში დაკელანობდა.
ასე მთელი დღე, მზის ჩასვლამდე, ნეტარნი ღმერთნი
გულს იხარებდნენ და იტკბობდნენ საერთო ლხინით,
ფორმინგის ხმებით, აპოლონი რომ აჟღერებდა,
ნარნარ მუზების მოძახილი ისმოდა ტკბილი.
605 მაგრამ როდესაც ჩაესვენა მზის ელვარება,
ძილმორეულნი თვის სავანეს ეწვივნენ ღმერთნი,
ყოველს ცალ-ცალკე რომ აუგო კოჭლმა ჰეფესტომ
ოლიმპოს მთაზე ოსტატობით და შთაგონებით.
ზევსი ეწვია სამთიბიოს – ოლიმპოს მეფე.
610 იქ, სადაც მუდამ მიმწუხრისას ტკბილ ძილს ელოდა.
შევიდა. დაწვა. გვერდით ჰყავდა ქალღმერთი ჰერა.

ქება მეორე. სიზმარი. ბეოტია, ანუ ხომალდთა სია
ყველას ეძინა ამ დროს – ღმერთებს და მხედრობასაც.
ტკბილი ზმანება მხოლოდ კრონიდს არ მიეკარა,
ფიქრს მისცემოდა – აქილევსის ღირსებისათვის
ვით შევმუსროო ხომალდებთან სპა აქაველთა.
5 ბოლოს ეჩვენა უმჯობესად – სწვეოდა ატრიდს,
მძლე აგამენონს ავბედითი ძილისშორისი.
მყისვე მოუხმო და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
„გასწი, ზმანებავ ავბედითოო, აქაველთ გემთან,
ეძილისშორე აგამენონს, ძეს ატრევსისა,
10 დაბეჯითებით უთხარ, რასაც ძეს ატრევსისა,
ბრძოლად ჩააბას თმახუჭუჭა აქაველები,
ტროელთა ქალაქს აიღებთ-თქო ფართოქუჩიანს,
სხვაგვარად როდი ფიქრობენ-თქო ოლიმპოს მკვიდრნიც,
უთხარი – ჰერამ დაითანხმა მავედრებელმა.
15 თავს დასტრიალებს ტროას დიდი უბედურება!“
ასე უბრძანა და ზმანებამ უსმინა ნათქვამს,
სწრაფად გაფრინდა აქაველთა ხომალდებისკენ,
ატრიდს ეწვია, აგამენონს, ნახა კარავში,
ამბროსიული ძილი ბელადს დაუფლებოდა.
20 თავთან დაუდგა, ნელევსის ძეს ემსგავსა ნესტორს,
მოხუცს, რომელიც აგამენონს ყველას ერჩივნა.
ასე აუწყა ღვთაებრივმა ძილისშორისმა:
„გძინავს, ატრევსის – ბედაურთა მხედვნელის ძეო,
სად გაქვს ძილის დრო, ბრძენო მოყმევ, ამდენი ხალხი
25 რომ გაბარია და ამდენი გაქვს საზრუნავი?
კარგად მისმინე, რასაც გეტყვი: ზევსის მაცნე ვარ –
მაღალ ზეცაშიც შენზე ზრუნავს კვლავ გულმოწყალე.
გიბრძანებს ბრძოლად გაიყვანო აქაველები,
ტროელთა ქალაქს აიღებთო ფართოქუჩიანს,
30 სხვაგვარად როდი ფიქრობენო ოლიმპოს მკვიდრნიც,
ჰერამ ყველანი დაითანხმა მავედრებელმა,
ზევსი მოუვლენს ტროა-ქალაქს უბედურებას.
გულს ჩაიმარხე, რაც გითხარი, არ დაგავიწყდეს,
როცა დაგტოვებს ძილი სულის დამატკბობელი“.
35 ეს თქვა თუ არა, გაფრინდა და გაუჩინარდა.
ფიქრებს მიეცა აგამენონ, აღუსრულებელს,
ეგონა, მალე დაანგრევდა პრიამეს ქალაქს.
უგნურმა მახეს ვერ აუღო ღვთისას გუმანი!
კვლავ გადაწყვიტა მოეტანა უბედურება.
40 სასტიკ ბრძოლაში დანაელთა და ტროელთათვის.
ძილი გაუფრთხა, ყურში მაცნის ხმა ღვთაებრივი
ჯერ კიდევ ჟღერდა.
გადაიცვა მჩატე ქიტონი,
ახალთ-ახალი, მოსასხამი წამოიხურა,
მოქნილ ფეხებზე გადაიწნა კოხტა წაღები,
45 მხარზე მოიგდო ორლესული, ვერცხლით ნაჭედი,
ხელთ იპყრა კვერთხი უძლეველი, მამისეული,
რვალით მოსალტულ აქაველთა გემებს ეწვია.
ოლიმპოს მისწვდა განთიადის მაცნეს ეოსი,
ზევსს და სხვა ღმერთებს მოელვარე შუქი მოჰფინა.
50 ამ დროს უბრძანა ატრევსის ძემ მჟერხმიან მაცნეთ
კრებად მოეხმოთ თმახუჭუჭა აქაველები.
დასჭექეს ბუკი და მოგროვდა მყისვე ლაშქარი.
ბჭობდა ჩამოსხდნენ თემისთავნი დიდსულოვანნი
ნესტორის გემთან – პილოსელთა სვიანი მეფის.
55 აქ მოიწვია სათათბიროდ აგამენონმა.
„მისმინეთ, ძმანო! ღვთაებრივი ვნაზე ზმანება,
ამბროსიული იყო ღამე...
პილოსელ ნესტორს
ჰგავდა თვისებით, გარეგნობით და აღნაგობით.
დამიდგა ღმერთი სასთუმალთან და ეს მაუწყა:
60 „გძინავს, ატრევსის – ბედაურთა მხედვნელის ძეო,
სად გაქვს ძილის დრო, ბრძენო მოყმევ, ამდენი ხალხი
რომ გაბარია და ამდენი გაქვს საზრუნავი?
კარგად მისმინე, რასაც გეტყვი: ზევსის მაცნე ვარ –
მაღალ ზეცაშიც შენზე ზრუნავს კვლავ გულმოწყალე.
65 გიბრძანებს ბრძოლად გაიყვანო აქაველები,
ტროელთა ქალაქს აიღებთო ფართოქუჩიანს,
სხვაგვარად როდი ფიქრობენო ოლიმპოს მკვიდრნიც,
ჰერამ ყველანი დაითანხმა მავედრებელმა,
ზევსი მოუვლენს ტროა-ქალაქს უბედურებას.
70 გულს დაიმარხე, რაც გითხარო. და რა თქვა ესა,
მყისვე გაფრინდა. ტკბილი ძილი გამიქრა კიდეც ...
თქვით, აქაველნო ვით აღვჭურვოთ თორნ-მუზარადით?
ჯერ სიტყვით გვმართებს გამოვცადოთ სიმხნევე მათი.
ვეტყვი ხომალდებს დაემგზავრეთ მრავალხოფიანს,
75 თქვენ კი გაქცევა არ ურჩიოთ და დაუშალეთ“.
ეს თქვა და დაჯდა. მეყსეულად წამოდგა ნესტორ,
ქვა-ღორღიანი და კლდოვანი პილოსის მეფე,
კეთილი გულით უხუცესმა მიმართა კრებას:
„ო, საყვარელნო, არგიველთა მხედართმთავარნო!
80 აქაველთაგან ეს სიზმარი სხვას რომ მოეთხრო
ყალბათ ჩავთვლიდით და ზიზღითაც ზურგს შევაქცევდით,
მაგრამ ჩვენს შორის იგი ნახა ყველაზე ქველმა!
მაშ აქაველნი ვით აღვჭურვოთ თორნ-მუზარადით?“
როგორც კი ეს თქვა, გაეცალა დასს თემისთავთა.
85 ყველა წამოდგა, ხალხთა მფლობელს დაემორცილა –
კვერთხის მპყრობელი ბელადები და სპარაზენნი.
მღვიმეებიდან ფუტკრები რომ გამოცვივიან,
გუნდი და გუნდი დაფუთფუთებს და მტევნებივით
აიხორხლება გაზაფხულის გაშლილ ყვავილზე ,
90 მერე ბზუილით ველს ყოველმხრივ მოეფინება, –
ასე ხომალდებს, გაშლილ კარვებს გასცილდნენ სპანი,
ნაპირის გასწვრივ ესწრაფოდნენ ბელადთა კრებულს
მათ შორის ოსა მიმოქროდა – ზევსის შიკრიკი
და აღაგზნებდა აქაველრთ სპას თვით აღგზნებული.
95 კრებაზე თავი მოიყარეს, მიწა აკვნესდა
ხალხის სიმძიმით და გნიასით,
ხმამოგუგუნე ცხრა მაცნემ ძლივსღა დააწყნარა ბრბო ბობოქარი.
ლაშქარი დაჰყვა ზევსის შობილ მეფეთა ნებას.
როცა მიყუჩდა, დაშოშმინდა სპა აქაველთა,
100 აგამენონი წამოიჭრა, მამაცთა მეფე.
ხელთ კვერთხი ეპყრა კოჭლ ჰეფესტოს გამოჭედილი,
რომელიც თურმე ზევსს აჩუქა ოდესღაც ღმერთმა,
ღრუბელთმარეკმა ზევსმა ჰერმესს გადაულოცა,
მან კი თავის მხრივ ცხენთა მხედვნელს მიუძღვნა პელოპსს,
105 ხოლო პელოპსმა ხალხთა მეფე ატრევსს დაუთმო,
მან სიკვდილის წინ კი – თვიესტეს, ხვასტაგით მორჭმულს,
ხოლო თვიესტმა დაუტოვა ქველ აგამენონს,
არგოსისა და უთვალავი კუნძულის მფლობელს.
იმ კვერთხს დაეყრდნო და მიმართა მეფემ არგიველთ:
110 „ძვირფასო გმირნო დანაელნო, არესის ყმანო!
დიადმა ზევსმა გამიმეტა დასაღუპავად,
როს სასწაულით მიმანიშნა ბჭემაღალ ტროის
გაცამტვერება და მშვიდობით შინ დაბრუნება,
ფუჭი იმედი გამიღვიძა, სახელშერცხვენილს
115 მარგუნა არგოსს უკუქცევა დამღუპველ სპათა!
ჩანს, ყოვლისშემძლე კრონიდს ასე უნებებია...
მან მრავალ ციხეს მოუნგრია კოშკი მაღალი,
კვლავ მრავალს დასცემს ზვიად გოდოლს მძლეთამძლე ზევსი!
ჩვენ კი სირცხვილი დაგვიბედა შვილთა წინაშე,
120 რაკი ამაოდ აქაველთა სპა უთვალავი
შესჭიდებია ტროელთ რაზმებს მცირერიცხოვანს,
ვერც მორევია და ბრძოლასაც არ უჩანს ბოლო.
ვთქვათ, აქაველებს და ტროელებს ფიქრად მოსვლოდათ,
ზავი დაედოთ, დაეთვალათ თვისი ლაშქარიც,
125 ქვეყნად რამდენი ტროელია, მწკრივად მდგარიყო,
ხოლო აქაველთ სპა გაგვეყო ათეულებად
და მერიქიფედ მიგვეჩნია თითო ტროელი,
ბევრ ჩვენს ათეულს მერიქიფე არ ეყოფოდა!
აი ამდენად, გეუბნებით. აქაველთ ჯარი
130 ჭარბობს ტროელებს ქალაქში მყოფთ, მაგრამ ბევრია
სხვა ქვეყნებიდან მათს საშველად მოსული მოყმე.
ბევრი ვეცადე, ვერ ვეწიე მაინც საწადელს,
ვერ დავანგრიე ილიონი კეთილნაგები.
უკვე გავიდა დიად ზევსის ცხრა წელიწადი,
135 დალპა ძელები. დაიძენძა ბაგირი გემის...
სულმოუთქმელად შინ მიგველის ტკბილი ცოლშვილი,
ძალუმად გვიწვევს, რომ დავეხსნათ ბრძოლას საწადელს...
ბოლო არ უჩანს საქმეს, რამაც აქ მოგვიყვანა.
მისმინეთ, ახლა რასაც გეტყვით, მერწმუნეთ ყველა:
140 გემით ვესწრაფოთ უსაყვარლეს მშობლიურ მიწას,
ჩვენ ვერ დავანგრევთ ტროას მტკიცე გალავნებიანს!“
მისმა ნათქვამმა შეძრა სული, ყველა მებრძოლი
აფორიაქდა, გინდ სმენოდა და გინდა არა.
ბრბო აიშალა, როგორც ზვირთი იკაროსის ზღვის,
145 თითქოს ევროსი და ნოტოსი დარევიანო,
მეუფე ზევსის ღრუბლებიდან გამოქროლილნი.
ვით ზეფიროსი ააღელვებს ჯეჯილს ველებზე,
თავს დააცხრება და შეარხევს მაღალ თავთუხებს,
ისე აღელვდა მთელი კრება, მძლავრი ყიჟინით
150 მიაწყდა გემებს, დააყენეს კორიანტელი,
დადგა მტვრის ბუღი.
არწმუნებდნენ ყიჟინით ერთურთს –
სწრაფად გემები ჩავუშვათო ღვთაებრივ ზღვაში.
სანგრებს ანგრევდნენ, უკვე თხრიდნენ გემის საბჯენებს,
ცას ასწვდა წასვლის მოწადინე ხალხის ყიჟინა.
155 ბედისწერასაც ასცდებოდნენ, შინაც გასწევდნენ,
რომ ქალღმერთ ჰერას ათენასთვის არ მიემართა:
„ვაგლახ! ფაროსან ზევსის შვილო, მუხლმოუღლელო.
ნუთუ სანუკვარ მამულისკენ არგიველთ აჯრი
უნდა ილტვოდეს, უნაპირო ზღვა გადალახოს,
160 პრიამოსის და ტროის სპათა გასახარებლად,
დათმოს ელენე არგოსელი, რომელსაც ბევრი
ყრმა შეეწირა სამშობლოდან ტროას მოსული?
ჯაჭვისპერანგა აქაველებს ეწვიე სწრაფად,
ტკბილი სიტყვებით ყველა მოყმე დაიყოლიე,
165 ორმხრივხოფიან ხომალდს სრბოლად ნუ გაამზადებს“
ეს თქვა. ათენა დაჰყვა ნებას თვალებრბრიალა.
ზეგარდმოიჭრა ოლიმპოდან და მეყსეულად
მივიდა კიდეც აქაველთა სწრაფმსრბოლ გემებთან.
ნახა ოდისევს, მჭევრმეტყველი, ზევსის სადარი,
170 იდგა აღჭურვილ შავ ხომალდთან და არ იძვროდა,
გულში და სულში ჩასახოდა ჭმუნვა მეომარს.
ახლოს მივიდა, თვალმცეცხლია ათენამ უთხრა:
„ღმერთის შობილო, ლაერტიდო, ბრძენო ოდისევს!
ნუთუ სანუკვარ მამულისკენ, ნუთუ შინისკენ
175 გარბიხართ მრავალმერხიანი შავი ხომალდით
პრიამოსის და ტროელ სპათა გასახარებლად,
ელენეს დათმობთ არგოსელსა, რომელსაც ბევრი
ყრმა შეეწირა სამშობლოდან ტროას მოსული?
აბა, აქაველთ მიაშურე, მედგრად იშრომე,
180 დაიყოლიე ყველა მოყმე ტკბილი სიტყვებით –
ორმხრივხოფიან ხომალდს სრბოლად ნუ გაამზადებს!“
ასე თქვა. მოყმეს ეცნაურა ხმა ქალღმერთისა,
ისე იჩქარა, მოსასხამიც მოსძვრა მხრებიდან
და ევრიბატემ, ითაკელმა მაცნემ აიღო.
185 გმირი წავიდა შესახვედრად აგამენონის,
მამისეული თან მიჰქონდა კვერთხი სამეფო.
ჯაჭვისპერანგა აქაველთა გემებს მიადგა.
მეფეს ხვდებოდა სახელოვანს თუ მებრძოლს ცნობილს,
შეჩერდებოდა, მიმართავდა მაშინვე მოკლედ:
190 „შე უგუნურო! განა გმართებს მხდალივით შიში,
შენცა დამშვიდდი, დაამშვიდე გარშემო ყველა,
არავინ არ იცის ატრევსის ძის ფიქრთა სამანი.
მან გამოგვცადა, მაგრამ ახლა დასჯის აქაველთ,
თანაც ხომ ყველა არ გვესმოდა, რასაც ამბობდა.
195 თუ გაგვირისხდა, სასტიკ სასჯელს მოუვლენს ლაშქარს:
ღმერთის ნაშიერს, სვიან მეფეს დიდი აქვს ძალა –
ზევსმა უბოძა, ზევსს უზომოდ უყვარს ატრიდი“.
თუ შეხვდებოდა მეამბოხეს, კვერთხსაც დასცემდა,
მრისხანე სიტყვით მოიყვანდა ხოლმე ჭკუაზე:
200 „შე უგუნურო! იყუჩე და ერწმუნე მუდამ
შენზე ღირსეულთ. უძლურო და ბრძოლის მოშიშო,
არც ომში და არც თათბირებზე ხარ სათვალავში!
ხომ ვერ ვიმეფებთ ჩვენ ყველანი აქაველებზე,
მრავალმეფბა არ ეგების, ერთი ხამს მეფე,
205 ერთი უფალი! ვისაც ცბიერ კრონოსის წულმა
კვერთხი უბოძა და კანონი, მეფეც ის არის!“
დაიმორჩილა ძალით სპანი და საფიხვნოზე
მოცვივდა ხალხი გემებიდან, ბანაკებიდან –
გუგუნით, თითქოს ნაპირს ზვირთი მრავალხმიანი
210 შეხეთქებია და ზღვის დვრინი თან გაჰყოლია.
ყველა დაწყნარდა, ყველამ მშვიდად მოიკალათა,
მხოლოდ თერსიტე ყრანტალებდა უზომოდ ყბედი,
თავში სულ მყრალი უბჟუოდა სიტყვები თავხედს,
მიზეზს ეძებდა, რომ მეფენი ელანძღა მუდამ,
215 და არავითარს სამარცხვინოს არ თაკილობდა.
ტროაში მოჰყვა ლაშქარს გონჯი, უსაზიზღრესი,
ელამი, კოჭლი, კუზიანი, მოხრილი მხრები
ზედ გულის კოვზთან რომ შეყროდა, თავის კინკრიხო
წაწვეტებოდა, უწესრიგოდ ეყარა ღინღლი.
220 სძულდა ოდისევს, უფრო მეტად კი – აქილევსი,
მიწყივ ლანძღავდა.
ამჟამად კი მძლე აგამენონს
უშვერი სიტყვით მიმართავდა.
უკვე აქაველთ დრტვინვა გაისმა, მრისხანებამ მოიცვა ყველა.
ის კი ყაყანით მისდგომოდა მძლე აგამენონს:
225 „რაღა გაწუხებს, ან რითა ხარ უკმაყოფილო?
რვალით აგევსო ჩარდახები, ბევრი მხევალიც
ჩაგიმწყვდევია, აქაველნი თავდაპირველად
რომ აგირჩევენ, ციხე-კოშკთა დამაქცეველნი.
კვლავ ოქრო გინდა რომ მოგართვას ტროელმა ვინმემ
230 ცხენთა მხედვნელმა და ძე თვისი გამოისყიდოს,
ვინც მე მოგგვარე შებორკილი, ან სხვა მებრძოლმა?
სხვა გსურს დიაცი, რომ ტრფიალით ისიამტკბილო,
უჩუმრად დაიმარტოხელო?
განა შეგფერის იყო ბელადი და მხედრობა გასწირო უღვთოდ?
235 ო, სულმდაბალნო, მხდალნო, ქალნო, არ-აქაველნო!
გავყვეთ ხომალდებს სამშობლოსკენ, დარჩეს მარტოკა,
ტროის ციხესთან ელაციცოს წაგლეჯილ ნადავლს,
ეგება მიხვდეს – ბრძოლის ველზე ვინ ემსახურა!
მან დაამცირა აქილევსი, მოყმე უებრო,
240 ჯილდო წარსტაცა და დღეს თვით ფლობს.
მაგრამ მგონია დიდად არ სწუხს გმირი, თორემ შენს სიცოცხლეში
ეს იქნებოდა ვერაგობა უკანასკნელი!“
ასე იყბედა მძლე ატრიდის მაგინებელმა.
მყის ღვთაებრივი ოდისევსი მიიჭრა მასთან,
245 რისხვით შეხედა და შესძახა გამძვინვარებით:
„ჰოი, თერსიტევ, ყაიმყრალო, რეგვენო, ყბედო!
როგორა ბედავ, მხედართმთავარს პირში ეჩრები!
არავინ არის მოკვდავთ შორის შენზე უგვანი,
ვინც კი ილიონს მოჰყოლია ღვთაებრივ ატრიდს.
250 ნუ გაგიჩრია პირში ყველა მეფის სახელი,
მათს ძვირს ნუ ამბობ, გაქცევაზეც ხმა არ გაიღო!
მაგრამ ვინ იცის, საქმე როგორ დაგვირგვინდება,
სიამეს მოვმკით თუ სიავეს აქაველთ ძენი?
შენ აგამენონს, ატრევსის ძეს, ხალხთა მეუფეს
255 გულარხეინად ლანძღავ, თითქოს ბევრს აძლევენო
დანაელები მონაპოვარს, ყბად აგიღია.
მაგრამ მე გეტყვი და მერწმუნე, არ გავტეხ სიტყვას,
თუ კვლავ ილაყბებ, როგორც ახლა, მაშინ იცოდე:
თავი არ შერცეს ძლიერ მხრებზე მამაც ოდისევსს,
260 დღიდან მამაც ნუ ერქმევა ტელემაქოსის,
ტანსაცმელს ხელით ტანზე თუ არ შემოგაძარცვავ,
და აკივლებულს არ გაგაგდებ ხომალდებისკენ
ხალხის დასიდან, სამარცხვინოდ, მკაცრად გაწკეპილს!“
265 უთხრა და დასცხო მყისვე კვერთხი ქედზე, ბეჭებზე,
მოკუნტულ მებრძოლს გადმოსცვივდა ცხარე კურცხალი,
წითელი ზოლი ოქროს კვერთხმა ზურგზე დაატყო,
იქვე უმწეოდ ჩაიკეცა ათრთოლებული.
ტკივილმა სახე დაუმანჭა, მორწყული ცრემლით.
270 ჭმუნვა გაქრა და ყველამ გულით გადიხარხარა.
ერთი-მეორეს შეჰყურებდა, ამბობდა ზოგი:
„ღმერთმანი, ბევრი კარგი საქმის მოთავე გახლავს,
გზიანად განსჯის ოდისევსი, წყვეტს ბრძოლის ბედსაც.
ახლაც ჩვენს შორის მან ითავა კეთილი საქმე,
275 როს გაცოფებულ მეამბოხეს ხმა ჩაუწყვიტა.
რაღა თქმა უნდა, ეს თავხედი ვეღარ შეჰკადრებს
აქაველთ მეფეს უშვერ სიტყვებს ამიერიდან!“
ასე ამბობდნენ.
გმირი ოდისევსს, ქალაქთა დამპყრობს,
ხელთ კვერთხი ეპყრა.
ათენას კი თვალებბრიალას
280 მიეღო მაცნის გარეგნობა, ხალხს აჩუმებდა
წინა რიგებში, მოშორებით მდგომ აქაველთაც,
მოუსმინეთო, მიიღეთო რჩევა გმირისა.
კეთილი გულით მიმართავდა ლაშქარს ოდისევს:
„ხედავ, ატრიდო აგამენონ, რომ აქაველნი
285 შენს სახელს სირცხვილს უმზადებენ სამარადჟამოს,
სიტყვას გატეხენ, ლაშქრობის წინ რომ მოგცეს, მეფევ,
როცა გულდაგულ მოიწევდნენ ილიონისკენ –
ქალაქს ავიღებთ, გამარჯვებით დავრუნდებითო.
როგორც ბალღები მეძუძურნი, ქვრივნი დიაცნი,
290 დღეს შესტირიან ერთურთს და შინ მიუხარიათ,
ძნელია ბრძოლა და იმიტომ მიუხარიათ!
როს მოგზაური ცოლს სცილდება, თვე გასრულდება,
გემი მზადაა, მაგრამ კაცი დგას დარდიანი,
აჩერებს შმაქი ქარიშხალი, ზღვის მღელვარება.
295 ჩვენ კი ცხრა წელი გაგვისრულდა, ომი არ დაცხრა,
მე როდი ვდრტვინავ, მაგრამ ვიტყვი, რომ აქაველნი
ისე დარდობენ ხომალდებთან, როგორც ის მგზავრი:
რცხვენიათ დაცდაც, არხეინად შინ დაბრუნებაც.
ცოტა ხანს კიდევ მოვითმინოთ, ო, საყვარელნო!
300 ვნახოთ, ღირს ვენდოთ მკითხაობას ბრძენი კალქანტის?
ხომ ყველას გვახსოვს, – მოწმენი ვართ, რაც მაშინ მოხდა, –
ყველას, სიკვდილი ბედისერით ვისაც არ ერგო.
ახლახანს იყვნენ აქაველთა გემნი ავლიდთან,
პრიამოს მეფის მწუხარების მოსასწავებლად.
305 მახსოვს, ნაკადთან შევიკრიბეთ, საკურთხეველზე
მსხვერპლად რჩეული ჰეკატომბე შევსწირეთ ღმერთებს,
სადაც ჭადრის ფესვს ამოსჩქეფდა წყარო კამკამა.
ჩვენ სასწაული იქ ვიხილეთ ჭრელი დრაკონი
საზარი, ზევსის მოვლენილი დღისით და მზისით,
310 საკურთხევლიდან გასრიალდა. ხეს შემოერტყა.
ზემოთ ბეღურის პაწაწინა ბარტყები იყვნენ,
შეფარებოდნენ ხშირ ფოთლებს და ჭადრის წვეროებს.
რვა იყო, მეცხრე – დედა, მათი გამომჩეკელი,
ყველა ჩაყლაპა, საცოდავად რომ ჭყლოპინებდნენ.
315 ბედშავი დედა არ მოსცილდა, ფრენდა გარშემო,
ზეაიკლაკნა, მასაც პირი ნაკრტენზე სტაცა.
როგორც კი შთანთქა ბარტყები და პატარა ჩიტი,
თვით იქცა მსხვერპლად სასწაულის: ვინც გააჩინა,
მანვე აქცია ქვად – ცბიერი კრონოსის შვილმა.
320 ხმაგაკმენდილნი შევცქეროდით, შეძრწუნებულნი
ჰეკატომბესთან ამ ღვთაებრივ, საზარ სასწაულს.
კალაქანტმა გვითხრა, ღმერთთან ნების მაუწყებელმა:
„რატომ გაჩუმდით, თმახუჭუჭა აქაველებო?
ამ სასწაულით ხომ თვით ზევსმა მოგვცა ნიშანი,
325 რომ უკვდავება მოსავს სახელს, გვიან მოხვეჭილს.
რამდენი ჩიტიც გადაყლაპა წეღან ურჩხულმა, –
რვა იყო, მეცხრე – დედა, მათი გამომჩეკელი,
სწორედ იმდენხანს ჩვენც ვიბრძოლებთ, მეათე წელს კი
დავაქცევთ ტროას, ქალაქს ფართოფოლორცებიანს“.
330 მან ასე გვითხრა.
ყველაფერი სრულდება ახლა,
გამაგრდით, ლამაზ საბარკულით მოსილო ყრმანო,
სანამ პრიამეს დიად ციხეს სულ არ დავლეწავთ!“
თქვა და გაისმა არგიველთა მძლავრი ყიჟინა,
გაეპასუხა ამ ხმას გრგვინვით შემოგარენი.
335 ხოტბას ასხამდნენ აქაველნი ღვთიურ ოდისევსს.
სიტყვა წარმოთქვა გერენელმა გმირმა ნესტორმა:
„ღმერთმანი, მართლაც ბავშებივით ვმსჯელობთ ყველანი,
თითქოს ბრძოლისა არაფერი არ გაგვეგება!
რაღა ფასი აქვს მაშინ ლოცვას ან წმინდა აღთქმას?
340 იქნებ სულ ცეცხლმა შთანთქა ბჭობაც, ზრუნვაც მამაცთა,
ზედაშე, ხელის ხელთ მიცემა ნიშნად კავშირის?
ერთურთს სიტყვებით ვეჯიბრებით, ვერ წავადექით
საქმეს ვერაფრით, დიდი ხანი დავყავით აქა.
ატრიდოს ახლაც, როგორც ადრე, სულით ძლიერით
345 იმეფე, ბრძოლად წაუძეხი მამაც არგიველთ!
თითო-ოროლა აქაველნი გინდ არ წამოგყვეს,
არ აუხდება მაინც მხდალებს გულის წადილი,
არ დავბრუნდებით არგოსს, სანამ არ დავრწმუნდებით
ნატყუარია თუ წრფელია აღთქმა კრონიდის.
350 ძლევა გვიმისნა ფაროსანმა მძლეთამძლე ზევსმა,
იმ დღესვე, როცა არგიველნი გემებზე დასხდნენ –
ილიონისთვის სიკვდილის და ტანჯვის მომგვრელნი.
მხარმარჯვნივ ელვით გვანიშნებდა ღმერთი სიკეთეს!
დე, ნურვი ფიქრობს შინ გაქცევას, ტროელთ ცოლების
355 ხვევნით სანამდის არ დატკბება და არ მიუზღავს
ელენეს დარდის და ფარული ცრემლებისათვის!
და თუკი ვინმეს მაინც გული შინ მიუჩქარის,
მრავალხოფიან შავ ხომალდებს შეახოს ხელი
ყველაზე ადრე და იქ ჰპოვოს სიკვდილი თვისი!
360 შენს რჩევას ვისმენთ და შენც ჩვენსას უსმინე, მეფევ!
ცუდს არას გეტყვი, გონივრულ აზრს ათხოვე ყური:
ფილებად დაჰყავ სპა, ატრიდო, და ფრატრიკებად,
ფრატრია გაჰყვეს ფრატრიას და ფილე კი ფილეს.
თუ აქაველებს დაარწმუნებ, ასე იბრძოლონ,
365 მაშინ შეიცნობ ტომესა და ბელადებს შორის
მხდალსა და მამაცს და იმასაც გაიგებ მაშინ –
ღმერთების ნებით ვერ ვძლევთ ტროას ქონგურებიანს,
თუ უძლურნი ვართ, ანდა ბრძოლის ვართ უმეცარნი?“
ასე მოუბარს უპასუხა აგამენონმა:
370 „ყველა აქაველს ბრძნული ბჭობით სჯობნი, მოხუცო!
მამაო ზევსო, ათენავ და აპოლონ ღმერთო!
ათი მრჩეველი კიდევ მომცა,ნეტავ ასეთი,
ქედს მოიხრიდა ჩემს წინაშე ტროა-ქალაქი,
ციხე, ქცეული ნაცარ-ტუტად აქაველთ მიერ.
375 მაგრამ კრონიდი ფაროსანი მხოლოდ ვაებას,
საბედისწერო და ამაო მტრობას თავს მახვევს.
ტყვე ქალისათვის წავეკიდე ფეხმარდ აქილევსს,
დავცილდი ჩემდა სავაგლახოდ აღელვებული.
თუკი ოდესმე შევრიგდებით, უეჭველია,
380 ვეღარაფაერი ვერ ააცდენს ტროად დაღუპვას.
ახლა სადილი გვმართებს, შემდეგ შევუდგეთ არესს,
შუბის წვერები წავმახოთ და ფარი გავეროთ,
უხვი საკვები მივცეთ ყველამ დარახტულ ცხენებს,
ეტლი გავსინჯოთ და ბრძოლაზე ვიფიქროთ მხოლოდ,
385 მთელი დღე ერთურთს შევეჯიბროთ არესის ველზე.
არ ეღირსება დასვენება სპათა ფალანგებს,
მარტო ღამე თუ დააოკებს კაცთ მძვინვარებას,
ოფლი გაწუწავს მებრძოლთ მკერდზე აზიდულ ფარის
ღვედებს, ხელები დაგვაწყდება შუბისტარებზე,
390 ელვარე ეტლში ბედაური გაიქაფება...
თუ ვინმეს ვნახავ, რომ გაურბის ხელჩართულ ბრძოლს,
მიილტვის შავი გემებისკენ, აღარ დავინდობ,
ძაღლებისა და ყვავ-ყორნების საყვლეფად ვაქცევ!“
მოყმეთ ყიჟინა დასცეს, თითქოს ზვირთი შხუილით
395 შეასკდა ნაპირს, აქოჩრილი ნოტოსის მიერ,
კლდეს შეელეწა, გარს რომ უვლის ყოველთვის ტალღა,
როგორც კი ქარი დაუქროლებს რომელიმე მხრით.
მყის გაიფანტნენ აქაველნი ხომალდებისკენ,
კვამლი ავარდა ყველგან, სადილს ეშურებოდნენ.
400 ყველა თავის ღმერთს მსხვერპლს სწირავდა, ევედრებოდა
ხსნას სიკვდილისგან და არესის რისხვისგან შველას.
მსუქანი ხარი ხუთწლიანი აგამენონმა
მსხვერპლად შესწირა ყოვლისშემძლე უფალ კრონიონს,
აქაველთ შორის ღირსეული ბელადნი იხმო,
405 თავდაპირველად ნესტორს თხოვა და იდომენევსს,
ორთავ აიანტს, ტიდევსის ძეს – გმირს სახელოვანს,
შემდეგ ოდისევსს, ზევსის სადარს ენამჭევრობით.
თვითონ მოვიდა მენელაოს კეთილშობილი,
რამაც აუნთო ძმას გონება, უწყოდა კარგად.
410 მოზვერთან დადგნენ და აიღეს მათ წმინდა ქაერი,
ღმერთს შეჰღაღადა აგამენონ ერისმთავარმა:
„ზევსო სვიანო, ზეცის მკვიდრო, შავღრუბლიანო!
არ დაგვიბნელო მზე, წყვდიადი თვალს არ მოჰფინო,
სანამ არ ვაქცევთ ნაცარ-ტუტად ჭერს პრიამოსის,
415 კვამლში გახვეულს, ბჭესთან ცეცხლს არ ავაგიზგიზებთ,
და შემოვახვევ რვალით ქიტონს ჰექტორს გულმკერდზე,
ხოლო გარშემო მანამ მოყმის მოძმე მრავალი
პირქვე გართხმული მიწას კბილით ჩააფრინდება!“
ასე თქვა, მაგრამ არ ესმოდა კრონინონს ლოცვა:
420 მსხვერპლი მიიღო. ხოლო ტანჯვა არ მოუშალა.
ილოცეს, ქერი და მარილი აყარეს შემდეგ,
ყელი გამოჭრეს, ამოიღეს ოთხში ზვარაკი,
მყისვე ნეკნები მოაშორეს, ორკეცი ხორცით
დაფარეს, ზედვე დააფინეს რბილი ნაწილი,
425 დაწვეს ყოველი მშრალი და ფოთოლგაცლილ შტოებზე.
შამფურს ააგეს, აალებულ ჰეფესტოს ცეცხლზე
დაატრიალეს და იგემეს შიგანი მსხვერპლის,
სხვა დანარჩენის, ნაწილ-ნაწილ, წვრილად დაჭრილი,
გათლილ შამფურზე ფრთხილად შეწვეს, შემდეგ აიღეს.
430 მორჩნენ საზრუნავს და მაშინვე გამართეს ლხინი,
ყველა შეექცა, არავინ დარჩა მოულხენელი.
სმითა და ჭამით როცა ხალხმა იჯერა გული,
ბრძენმა ნესტორმა თქვა, მხედარმა გერენიელმა:
„ატრევსის ძეო, აგამენონ ერისმთავარო,
435 თუ კიდევ დიდხანს აქ დავრჩებით და დროს დავკარგავთ,
ვერ შევასრულებთ ღმრთის მონდობილ საქმეს დიდებულს.
უბრძანე რვალისქიტონიან აქაველთ მაცნეთ,
ძახილით უხმონ ხომალდებთნ ყველა მოლაშქრეს,
ჩამოვუაროთ არგიველთა დაწყობილ რიგებს
440 და მეყსეულად გავაღვიძოთ შმაგი არესი“
ასე თქვა, დაჰყვა აგამენონ ერისმთავარი,
მქუხარეხმიან მებუკეებს უბრძანა მეფემ –
ბრძოლად მოეხმოთ თმახუჭუჭა აქაველები.
ყიჟინა დასცეს მაცნეებმა, სწრაფად მოგროვდნენ,
445 გარს შემოუდგნენ ატრეიონს ქველნი მეფენი
სპათა დასწყობად და ათენაც მათთანვე იყო,
ხელთ აიგიდა ეპყრა მარად შეუმუსვრელი,
ოქრომოსილი ქანაობდა ზედ ასი ფოჩი
და თითო ფოჩი ასი ხარი ეღირებოდა.
450 ელვის სისწრაფით დაუარა აქაველთ ლაშქარს,
ბრძოლად მოუხმო, სიმტკიცე და ძალა შეჰმატა,
გული აღუგზნო მოყმეთ მტერთან შესარკინებლად.
ომი გაუხდათ უამესი, ვიდრე გემებით
ტკბილი სამშობლო მიწისაკენ შემობრუნება.
455 თითქოს მთის თხემზე ავარდნილა ცეცხლი სასტიკი,
უსიერ ტყეს წვავს, შემოგარენს ანათებს ალი,
სპილენძი ისე ლაპლაპებდა, როს სპა დაიძრა,
შუქს ჰფენდა ეთერს და ელავდა ვიდრე ცათამდე.
ვით უთვალავი ფრინველები გუნდი და გუნდი –
460 გრძელყელიანი გედების და წეროებისა
აზიის ველზე, კვასტრიოსის სანაპიროზე
აქეთ და იქით დაფრთხიალებს, ფრთებს ატყლაშუნებს,
მაღლით შრიალი დაეშვება, ისე გაცვივდნენ
აქაველები კარვებიდან, ხომალდებიდან
465 სკამანდრიოსის ველზე, და მყის ცხენთა ფლოქვებქვეშ,
გმირების ფეხქვეშ აგუგუნდა საზარლად მიწა.
სკამანდრიოსის ველს მოედო სპა უთვალავი,
როგორც ფოთლები, ვით ყვავილნი ვარდობისთვეში.
ვით უთვალავი ბუზთა გუნდი რიალ-რიალით
470 ირევა სოფლად, მწყემსის ქოხთან, გარშემო უვლის,
გაზაფხულის ჟამს, რძე ქოთნებში როს მიჩხრიალებს,
ისე ურიცხვი იყო ჯარი აქაველების,
გულანთებული მტრის გათელვის, ბრძოლის წყურვილით.
როგორც მწყემსები, თხათა არვე რომ აირევა,
475 გამოარჩევენ სხვა მრავალთა შორის თავისას,
ისე აწყობდნენ ჯარს რამზებად წინამძღოლები.
მათ შორის იყო აგამენონ ერისმთავარი,
თვალებით ჰგავდა და იერით ზევსს მეხისმტყორცნელს,
არესს სხეულით, ხოლო მკერდით – თივთ პოსეიდონს.
480 როგორც მთელს ჯოგში ერთი კურო გამოირჩევა,
და ახოვნებით ყველა მოზვერს დაჯაბნის ხოლმე,
იმ დღეს ისეთი ძალა მისცა მაღალმა ზევსმა
ხალხთა მეუფე აგამენონს, გმირს ურჩეულესს.
მიმღერეთ ახლა, ო, მუზებო, ოლიმპოს მკვიდრნო, –
485 თქვენ ღმერთები ხართ, შეგიძლიათ ჭვრეტა ყოველის,
ჩვენი კი, უმეცართ, მხოლოდ ძველი თქმულებით ვიცით
წინამძღოლები დანაელთა და მესვეურნი.
მე ბევრს ვერ ვიტყვი და ვერ შევძლებ ყველას ჩამოთვლას,
ათი ენა და ათი პირი რომ მქონდეს კიდეც,
490 ხმა-მოუღლელი და ძლიერი, სპილენძის მკერდი.
მუზებო, მკვიდრნო ოლიმპოსი, ზევსის ასულნო,
თქვენ გამახსენეთ, ილიონზე ვინც გაილაშქრა,
ჩამოთვლი გემთა მეთაურებს და ყველა ხომალდს.
ბეოტიელებს მოუძღოდნენ: პენელეოსი,
495 არქკესილაოს, კლონიოსი, პროთოენორი
და ლეიტოსი, – ჰირიასა და ავლიდაში,
სქონოსს, სკოლოსში დასახლებულთ, ეტეონოსის
ხევში, გრაიას, მიკალესოსს, თსეპეიაში,
ჰარმას გარშემო, ელესიოსს და ერითრეში,
500 ელეოსშიაც, ჰილესა და პეტეონშიაც,
ოკალეეში, მედენოში, მდიდრულ ქალაქში,
ევრეტრისს, კოპეს და მტერდმრავალ ქალაქ თისებში,
კორონეიას, ბალახიან ჰალიასტროში,
პლატაიაში და გლისანტში რომ ჰქონდათ ბინა,
505 ჰიპოთებეში – უხვ ქალაქში, წმინდა ორქესტოსს,
ჭალაში, სადაც სამსხვერპლო აქვს ღმერთ პოსეიდონს,
მიდეიაში და არნეში, სად ჰყვავის ვაზი,
შორს ანთედონში და ღვთაებრივ, წმინდა ნისაში.
ორმოცდაათი გემი იყო და ყოველ მათგანს
510 ბეოტიელი მოჰყვებოდა ასოცი მოყმე.
ასპლედონსა და მინიოსის ორქომენს მცხოვრებთ
ასკალაფოს და იალმენოს, არესის ძენი
უძღოდნენ. შობა ასტიოქემ აკტორის სხვენზე
ისინი, როცა შეეუღლა მორცხვი ქალწული
515 მწველი, ფარული სიყვარულით უმძლავრეს არესს.
ძმებს ოცდაათი გემი ჰყავდათ ჩამწკრივებული.
სქედიოსი და ეპისტროფოს – ძენი ნავბოლიდ
იფიტოსისა მოუძღოდნენ მამაც ფოკეელთ,
კიპარისოსში, პითონეში, ღვთაებრივ კრისას,
520 დავლიდასა და პანოპევსში, ანემორეას,
ჰიამპოლისის მიდამოში დასახლებულებს
და ღვთაებრივი კეფისოსი სანაპიროსთან,
ლილაიაში სამოსხლო ჰქონდათ წყლის პირას.
ორმოცი გემო მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.
525 ფოკეელები მიჯრით მიჰყვნენ მარცხენა მხრიდან
ბეოტიელებს, ესწრაფოდნენ მტრის ჯართან შებმას.
იილევსის ძე აიანტი ლოკრებს მთავრობდა,
ტელამონის ძე აიანტის ვერ შესადარი,
მაგრამ აქველთ შორის სელის თორნის მოსილი
530 გმირი ყველაზე მარჯვედ ფლობდა საბძოლო ბოძალს.
სახლ-კარი ჰქონდათ ლოკრებს კინოსს, კალიაროსში,
ოპოენტს, ბესას, სკარფესა და ავგეიაში,
ბოაგრიოსის ნაპირებთან, ტარფეს, თრონიოსს.
ორმოცი გემი მოჰყვა ლოკრებს შავფერდიანი,
535 ლოკრებს – ევბეის მიღმა მხარეს დასახლებულებს.
ევბეას მცხოვრებ, გულადობით განთქმულ აბანტებს,
ერეტრიაში, ქალკიდაში, ჰისტაიაში,
ზღვისპირა ქალაქ კერინთოში, მაღალ დიონში,
კარისტოში და სტირას მხარეს დასახლებულებს
540 არესის მოდგმის ელფენორი მეთაურობდა,
ქალკოდონტის ძე, აბანტების მხნე წინამძღოლი.
გრძელთმებიანი აბანტები მას მოჰყვებოდნენ,
იფნისტარიან ოროლებით სწყუროდათ მხედრებს
მომხვდურთა მკერდი დაელეწათ, აბჯრით დაცული.
545 ორმოცი გემო მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.
კეთილად ნაგებ ციხე-ქალაქ ათენის მკვიდრებს,
სად ერექთევსმა დაივანა, ნაყოფიანი
მიწის ნაშობმა (აღუზრდია იგი ათენას
და დიდ ტაძარში ათენისა მოყვანია,
550 სადაც მოყმენი ათენელთა თავს ავედრებნდნე
ყოველ წლის ბოლოს ხბორების და ბატკნების ზორვით),
წინ მენესთევსი მოუძღოდა პეტეოსის ძე,
მისი სადარი მოყმე ქვეყნად არა შობილა,
რომ ისე მარჯვედ შეძლებოდა სპათა დაწყობა.
555 მხოლოდ მხცოვანი ნესტორი თუ შეედრებოდა.
ორმოცდაათი მათ ჩამოჰყვა შავი ხომალდი.
სალამინიდან აიანტმა თორმეტი გემი
ჩამოიყვანა, ათენელთა ფალანთან დადგა.
არგოსში მცხოვრებთ, ტირინთოსში გალავანიანში,
560 ჰერმიონეში, ღრმა ყურეში მდგარ ასინეში,
ტროიძენსა და ვაზით განთქმულ ეპიდავროსში,
აიგინაში, მასეტაში მცხოვრებ აქაველთ
წინამძღოლობდნენ დიომედე უმამაცესი
და სთენელოსი, საყვარელი ძე კაპანევსის.
565 მათ მოჰყვა მოყმე ღვთაებრივი – ევრიალოსი,
ტალაონიდი მეფის, გმირი მეკესტევსის ძე.
ყველას სარდლობდა დიომედე უმამაცესი.
ოთხმოცი გემი მოჰყვა გმირების შავფერდიანი.
კეთილად ნაგებ ციხე-ქალაქ მიკენის მკვიდრნი,
570 კეთილად ნაგებ კლეონეში, უხვ კორინთოში,
ორნეიეში მოსახლენი, არაითირეს
და სიკიონში, სად ადრესტოს მეფობდა წინათ,
ჰიპერესიეს და ბჭემაღალ გონოესაში,
პელენოში და ეგიონის შემოგარენში,
575 ეგილოსში, ჰელიკეში დამკვიდრებულნი
ასი ხომალდით აგამენონს წამოეყვანა.
სპა ჰყავდა ატრიდს ყველაზე მხნე, ყველაზე მეტი,
მეფე სპილნეძის ელვარებით იყო მოსილი
და ამაყობდა გმირთა შორის გამორჩეული,
580 თვისი სიმხნევით და ლაშქართა თვისთა სიმრავლით.
ლაკედემონის ხეობებში მცხოვრები ხალხი,
ფარისს, სპარტასა და მტრედებით განთქმულ მესეში,
ბრისეიეში და მშვენიერ ავგეიეში,
ამიკლესა და სანაპირო ქალაქ ჰელოსის,
585 ლაასის მკვიდრნი და მხარეთა ოიტილოსის –
ძმამ მოიყვანა ატრიდისა – მენელაოსმა
სამოცი გემით, ცალკერძოვე დააბანაკა.
თვით ამხედრებდა, თავის ძალის სჯეროდა მამაცს,
ბრძოლად უხმობდა, მას სწყუროდა ყველაზე მეტად
590 ელენეს ტანჯვა-ვაებისთვის შურისძიება.
იქვე მოსულან პილოსს, თრიოსს და არენეში,
უხვი აიპიში, ალფეოსის ხევსი მცხოვრებნი,
კიპარისეენტს, ჰელოსსა და ამფიგენიას,
პტელეოსსა და დორიონში, სადაც მუზებმა
595 თრაკიელ მგოსანს ხმა წაართვეს თამირისს, მოსულს
ექალიედან, ევრისტოსის ექალიედან
იგი ზვიადად აცხადებდა, გავიმარჯვებო,
თუნდაც მუზებს რომ გამაჯიბრონ, ზევსის ასულებს.
თვალი დაუსვეს და ღვთიური სიმღერის ნიჭი
600 გაქრა, მუზებმა დაავიწყეს კითარის დაკვრა.
ნესტორ უძღოდა სპას, მხედარი გერენიელი.
ოთხმოცდაათი გარანდული გემო ჩამოჰყვა.
არკადიაში, კილენის მთის ფერდობზე მცხოვრებთ,
სად დგას ტაგრუცი, საფლავია ეპიტიოსის,
605 ფენეოსში და არვემრავალ ორქომენოსში,
რიპეს, სტრატიეს და ენისპეს, სად მიწყივ ქარი
ქრის და ნავარდობს, ტეგეეში, მანტინეეში,
პარასიეს და სტიმფელოსში დამკვიდრებულებს
აგაპენორი მეფე, ვაჟი ანკაიოსის
610 სამოცი გემით მოუძღოდა და ყოველ ხომალდს
ბევრი მოჰყავდა მხნე მხედარი არკადიელი.
მათ თვით უბოძა ხალხთ მეუფე აგამენონმა
მტკიცე გემები, რომ გაეპოთ ზღვა ღვინისფერი,
რაკიღა თვითონ ზღვაოსნობა ეძნელებოდათ.
615 ბუპრასიისა და ღვთაებრივ ჰელიდის მცხოვრებთ,
ჰირმინესა და მირსინოსის მიღმა მოსახლეთ,
ოლენიეს ტინს, ალისიას თვისად რომ სცნობენ,
ოთხი ბელადი მოუძღოდა, თვითეულ მათგანს
ათი გემი და ეპეელი მოჰყვა მრავალი.
620 ეს ოთხი იყო: ამფიმაქოს და თალპიოსი,
(ერთი ძე იყო კტეატოსის და აკტორიდი
ევრიტოსის ძე კი – მეორე), ამარინკიდი
დიორესი და ღვთის სადარი პოლიქსენიოს –
აგასთენიდეს, ავგეიდელთ ბელადის წული.
625 დულიქიელთა მამაც ტომებს, მკვიდრებს ექინის
წმინდა კუნძულთა, ელიდის ზღვის წინ მდებარეთა,
მეთაურობდა მძლე არესის მსგავსი მეგესი,
ძე ფილევსისა, დიად ზევსის საყვარელ მხედრის.
დულიქაიაში მამის რისხვას გაეცა იგი.
630 ორმოცი გემო მოჰყვა მოყმეს შავფერდიანი.
კეფალენიელთ მოუძღოდა გმირი ოდისევს,
ითაკას მცხოვრებთ, ნერიტოსში – ტყით დაბურულში,
კროკილეაში და სუსხიან ეგილიპეში,
ძაკინთოსშიაც და სამოსის მიდამოებში,
635 ეპიროსშიაც რომ სახლობდნენ და მის პირდაპირ.
მათ მოჰყვა სარდლად ოდისევსი ზევსის სადარი,
თორმეტი გემი ჰყავდთ წითელფერდებიანი.
ეტოლიელნი მოჰყვნენ თოანტს ანდრემონის ძეს,
პლევრონის მკვიდრნი, ოლენოსის და პილენესი,
640 ზღვის სანაპირო ქალკიდესი და კალინდონის.
აწ აღარ იყვნენ არც ინევს და არც ძენი მისნი,
გარდაიცვალა მელეაგროს ქერათმიანი
და თოანტს ერგო ეტოელთა ქვეყნის მეფობა.
ორმოცი გემი მას ჩამოჰყვა შავფერდიანი.
645 იდომენევსი შუბოსანი უძღოდა კრეტელთ,
კნოსოსში, მაღალგალავნიან გორტინში მცხოვრებთ,
ლიკტოსს,მილეტოსს, ფესტოსა და თეთრ ლიკასტოსში,
რიტიონშიაც, სხვა ხალხმრავალ ქალაქებშიაც.
ასქალაქიან კრეტის მამაც მოსახლეობას
650 მეთაურობდნენ იდომენევს და მერიონე –
ენიალოს კაცთამჟლეტის ბადალი გმირი.
ორმოცი გემი მათ ჩამოყვა შავფერდიანი.
სვიან ჰერაკლიდს ტლეპოლემოსს, ახოვან მოყმეს
ცხრა გემით მოჰყვნენ უძლეველი როდოსელები.
655 როდოსს ესახლნენ როდოსელნი სამ დიდ ქალაქში –
იელოსოსში, ლინდოსსა და კამერიოსში.
მათ შუბოსანი ტლეპოლემოს მეთაურობდა.
ჰერაკლესაგან შეეძინა ასტიოქეას,
როცა მდინარე სელეენტთან მოჰყვა ბუმბერაზს.
660 ეფირეს ქვეყნად იავარმქმნელს მრავალ ქალაქის.
ტლეპოლემოსი სასახლეში როს დავაჟკაცდა,
ბოლო მოუღო მამამისის საყვარელ ბიძას,
მოხუცს, არსის შთამომავალს, ქველ ლიკიმნიოსს.
გემნი ააგო, ხალხი მრავლად შემოიკრიბა,
665 ზღვას მისცა თავი, გამოექცა შურისძიებას
ჰერაკლეს შვილთა და ბადიშთა.
მას თავს გადახდა მრავალი ჭირი და როსოსში დასახლდა ბოლოს.
სამ ფილად გაჰყო ჩამოსულნი, ზევსი სწყალობდა,
ადამიანთა და ღმერთების მამა-უფალი,
670 დიდი სიმდიდრე ხალხს უბოძა კრონოსის წულმა.
ნირვესს სიმედან მხოლოდ სამი ხომალდი მოჰყვა,
ნირევსს, მემკვიდრეს ხაროპის და აგლაიესი,
ნირევსს, ილიონს მოსულთ შორის უმშვენიერესს,
ყველაზე ლამაზს, გარდა ფეხმარდ აქილევსისა.
675 ცოტა მოჰყავდა ხალხი, მეტი ძალა არ ჰქონდა.
ნისირეს მცხოვრებთ, კრაპათოს და კასოსის მკვიდრებს,
ეფრიპილოსის ქალაქ კოსის, კუნძულ კალიდნის –
ფიდიპოსი და ანტიფოსი წინამძღოლობდნენ,
ორი ძე მეფე თესალოსის, ჰერაკლიდისა.
680 მათ ოცდაათი გარანდული გემო ჩამოჰყვა.
ახლა ვუმღეროთ პელაზგიკურ არგოსში მცხოვრებთ,
ალოსს, ალოპეს, ტრექისსა და ფთიას რომ ფლობენ.
ლამაზ ქალებით სახელგანთქმულ ჰელადის მკვიდრებს
ჰქვიათ ჰელენნი, აქაველნი, მირმინდონელნი.
685 მათს ორმოცდაათ გემს აქილევს მეთაურობდა.
მაგრამ მქუხარე ბრძოლა უკვე აღარ ახსოვდათ,
აღარ ჰყავდათ წინამძღოლი.
ხომალდთა შორის იწვა ფეხმარდი აქილევსი, რისხვით აღვსილი
ლამაზთმიანი ბრისეისის დაკარგვის გამო.
690 ლირენსოსიდან მოიყვანა, როცა დალეწა
ლირენსოსი და თებე მაღარლგალავნიანი,
მოკლა მინეტოს, ეპისტროფოს შუბისმტყორცნელი,
სელეპიადელ მეფის შვილნი – ევენოსისა.
იწვა მწუხარეთ, მაგრამ ბრძოლა მალე ელოდა.
695 ფილაკეს მცხოვრებთ, პარასოსის ყვავილოვანის,
ქალღმერთი დემეტრეს წილხვდომილის და იტონისა,
ზღვის სანაპირო ანტრონესი და პტელეოსის, –
პროტესილაოს ჰყავდა მეფედ, სანამ ცოცხლობდა,
ახლავ შავ მიწას იყო გმირი მიბარებული.
700 ის ფილაკეში გულმწუხარე ცოლს დაეთხოვა,
აუგებელი დარჩა სახლიც.
დასცა ტროელმა, როცა ყველაზე უწინარეს დატოვა გემი.
ბელადი ჰყავდა და ძველ ბელადს სპა დასტიროდა.
ახლა პოდარკე მიუძღოდა არესის მოდგმის,
705 ძეი იფიკლოსის ფილაკიდის, არვემრავლის,
პროტესილაოს ასაკითაც, ძალითაც სჯობდა
თავის უმცროს ძმას.
უბელადოდ არ დარჩა ჯარი.
710 ორმოცი გემი მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.
დასახლებულნი ბოიბედის ტბასთან, ფერეში,
ბოიბესა და გლაფირეში, იაოლკოსში –
თორმეტი გემით მოეყვანა ძეს ადმეტოსის, ევმელოსს.
იგი ალკესტისმა შესძინა მეფეს,
715 ულამაზესმა პელიასის ასულთა შორის.
მეთონესა და თავმაკიეს, მელიბოიას
და სუსხიანი ოლიძონეს მოსახლეობის
შვიდ გემს მოუღვა ფილოკტეტე, მძლე მშვილდოსანი.
ყოველ ხომალდზე იყო მოყმე ორმოცდაათი,
720 მეხოფური და მეომარიც უმამაცესი.
მაგრამ თვით გმირი აუტანელ ტკივილს ებრძოდა
კუნძულ ლემნოსზე, სად აქაველთ დატოვეს მარტო
საშინელ ჰიდრას საზარელი გესლით მოწყლული...
მალე არგიველთ ფილოკტეტე გაახსენდებათ
725 შავფერდებიან ხომალდებთან.
არ დარჩა ჯარი უმეთაუროდ, მაგრამ სწუხდა ბელადის გამო.
მედონი, ბუში ოილევსის, რაზმებს აწყობდა.
იგი შესძინა რენემ ქალაქთმმსურველ ოლივესს.
ქვაღორღიანი ოთომეს და ტრიკეს ბინადართ,
730 ექალიესი, ექალიურ ევრიტოს ციხის –
მეთაურობდა ორი ვაჟი ასკლეპიოსის –
პოდალეიროს, მახაონი – მარჯვე აქიმნი.
მათ ოცდაათი გარანდული გემი ჩამოჰყვა.
ორმენიაში და ნაკადთან ჰიპერეიის,
735 ასტერიონში, ტიტანოსის თეთრ თხემთან მცხოვრებთ
ევრიპილოსი ახლდა, შვილი ევემონოსის,
ორმოც შავფერდა ხომალდს იგი მეთაურობდა.
არგისასა და გირტონეში, თუ ელონეში,
ოლოოსონში, თეთრ ქალაქში დასახლებულებს
740 წინამძღოლობდა მხნე, მამაცი პოლიპოიტე,
პერითოსის ძე, უკვდავი ზევსის შობილის.
იგი შესძინა პერითოოსს ჰიპოდამეამ,
იმავ დღეს, როცა კენტავრები დასაჯა გმირმა,
ეთიკელებთან ჩამოყრილნი პელიონიდან.
745 მარტო არ იყო, ლეონტევსიც ახლდა მხედრობას,
კაინევსის ძის კორონოსის პირმშო მამაცი.
ორმოცი გემი მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.
ოცდაორ გემით კიფოსიდან მოვიდა გუნევს,
ენიენელნი მოჰყვნენ და მხნე პერაიბელნი.
750 ცივ დოდონესთან ცხოვრობდნენ და ყანას ხნავდნენ
ტიტარესიოს ნაპირებზე, სადაც მდინარე
პენეიოსის მხარეს ზვირთთა ლივლივით მიდის,
თუმც არ შეერთვის ვერცხლის ტალღებს პენეოსის,
მხოლოდ ზემოდან გადაუვლის ზვირთი, ვით ზეთი,
755 რადგან საზარი სტიქსის წყლიდა მოსდგამს სათავე.
პროთოოსს მოჰყვნენ მაგნეტები, ტენთრედონის ძეს,
პენეოსსა და პელიონთან დასახლებულნი.
პროთოოს იყო წინამძღოლი, გმირი ფიცხელი,
ორმოცი გემი მოიყვანა შავფერდიანი.
760 ესენი იყვნენ დანაელთა მხნე ბელადები.
ვინ ვთქვა ყველაზე თვალსაჩინოდ, მიმღერე, მუზავ! –
ვის ჰყავდა ცხენი საუცხოო ატრიდთა ჯარში?
რემა მოასხა ევმელოსმა ფერეტიადმა –
მოაქროლებდა ფრინველივით ფრთაშესხმულ რაშებს,
765 ერთფერთ, ერთნაირთ, ერთი ხსნისას, ტოლებს და სწორებს,
პიერიაში აპოლონის მიერ გაზრდილებს.
ქვეყნად მოჰქონდათ მათ არესის საშინელება.
ყველასა სჯობდა აიანტი ტელემონის ძე,
სანამ აქილევს მრისხანებდა, მჯობნის მჯობნელი,
770 უებრო იყო ბედაურიც პელევსის ძისა.
მაგრამ ამჟამად უქმად იდგა გმირი ხომალდთან,
განრისხებული ერისმთავარ აგამენონზე.
სანაპიროზე ერთობოდა მისი მხედრობა,
ბადროს ტყორცნა და მშვილდოსნობა გამართულიყო,
775 ცხენებიც უქმად თავთაივანთ ეტლებთან იდგნენ,
შეექცეოდნენ ტკბილ ლოტოსს და ველურ ნიახურს.
მეფის ჩარდახში ეწყო ეტლის მოსართავები.
არესის რჩეულს, ფეხმარდ ბელადს დანატრებულნი
მერანნი უქმად ვრცელ ბანაკში დასეირნობდნენ.
780 დაიძრნენ სპანი, თითქოს ცეცხლი მოედო მიწას,
კვნესა აღმოხდა, როგორც ზევსის მძვინვარების დროს,
როს ტვიფოევსით აპობს ხოლმე ქვეყანას ღმერთი,
არიმოისთან, ტვიფოევსის სამთიობოსთან.
ისე კვნესოდა დედამიწა მებრძოლთა ფეხქვეშ.
785 მინდორი სწრაფად გაიარა აქაველთ ჯარმა.
ტროელთ ეწვია მალემსრბოლი მაცნე ირისი,
ფაროსან ზევსის მოციქული, მრისხანე ცნობით.
ტროელნი ბჭობდნენ პრიამოსის ბჭესთან იმჟამად,
ჭაბუკს თუ მცხოვანს მოეყარა მეფესთან თავი.
790 მათ შორის დადგა და მიმართა მაცნემ ფეხმარდმა,
ხმით მიემსგავსა პრიამეს ძეს, მამაც პოლიტეს,
თვისი სიმარდის იმედით რომ იდგა გუშაგად
მაღალ ყორღანზე მცხოვან გმირის აისვეტესი,
რათა გაეგო აქაველთა თავდასხმის დროზე.
795 მიიღო მისი გარეგნობა და თქვა ირისმა:
„მოხუცო, მრავალსიტყვაობა ახლაც გჩვევია,
ვით მშვიდობის ჟამს, მაგრამ გელის სასტიკი ბრძოლა.
მე არაერთგზის მოვსწრებივარ სისხლისმღვრელ ომებს,
მაგრამ არასდროს არ მინახავს ამდენი ხალხი!
800 ფოთლებივით და ქვიშასავით ურიცხვი ჯარი
მოემართება საბრძოლველად ქალაქისაკენ...
ჰექტორ! მე მოგცემ სასარგებლო რჩევას, მისმინე:
ბევრი შეყრილა მოკავშირე ტროელთ ქალაქში,
მრავალ ენაზე მოსაუბრე, მრავალ ქვეყნიდან.
805 ყოველ ტომს თითო მიუჩინე მოყმე რჩეული,
რომ უწინამძღვროს მხედრობას და მოქალაქეებს“.
ასე უბრძანა და მიუხდვა ჰექტორი ქალღმერთს.
კრება დაშალა. აღიჭურვა ლაშქარი სწრაფად,
გახსნეს კარიბჭე, გამოცვივდნენ მებრძოლნი გარეთ,
810 ქვეითები და ცხენოსანნი. ატყდა გნიასი.
ქალაქთან ახლოს, ველის პირას, ერთი ბორცვი დგას,
აქეთ-იქიდან შეიძლება შემოუარო,
ბატიეიას ეძახიან ოდითვე კაცნი,
ხოლო უკვდავნი – ფეხმსუბუქი მირინეს საფლავს.
815 ბორცვთან გაიყვნენ ტროელნი და მოკავშირენი.
ტროელთ ჰექტორი მიუძღოდა ზუჩმოელვარე,
მის გვერდით იდგა რჩეული და დიდძალი ჯარი,
ბოძალით ბრძოლას ესწრაფოდა გულანთებული.
დარდანელთ მოჰყვა ანქისეს ძე. გმირი ენეას.
820 იგი ანქისეს აფროდიტემ შესძინა, როცა
იდეს ჭალაში თანაეყო მოკვდავს ქალღმერთი.
მარტო არ იყო, ანტენორის ორი ძე ახლდა:
არქელოქოს და აკამანტი, ომში ნაცადნი
იდეს ფერდობის, ძელეიას მხარის ბინადრართ,
825 რომელნიც სვამდნენ წყაროს შავი აისეპოსის,
ლიკაონის ძე მოუძღოდა, მძლე პანდაროსი,
რომელსაც მშვილდი თვით აპოლონ ღმერთმა უბოძა.
ადრასტეაში, ველ-მინდვრებში აპაისოსის,
პიტეიაში, ტერეიეს ფერდობზე მცხოვრებთ
830 ადრესტოსი და ამფიოსი წინამძღოლობდნენ,
ძენი პერკოსელ მეროპისა, სახელგანთქმული
მისნის, რომელიც ძვირფას შვილებს ნებას არ რთავდა,
დამღუპველ ომში წასულიყვნენ.
მათ არ უსმინეს –
ბედმა უბიძგა ბედკრულთ შავი სიკვდილისაკენ.
835 პერკოტესა და პრაკტიონის მხარეს მოსახლეთ,
სესტოს, აბიდოს და ღვთიური არისბეს მკვიდრებს
წინამძღოლობდა ასიოსი, ჰირტაკეს წული
სწორედ ასიოსს არისბედან მოჰყავდა რაშნი,
ვეება, ფიცხნი, სელეენტის სანაპიროდან.
840 ჰიპოთოოსი მოუძღოდა შუბოსან პელაზგთ,
უხვნაყოფიან ლარისაში დასახლებულებს,
არესის მოდგმის ჰიპოთოოს და პილაიოს.
ორივე იყო ტევტამიდი ლეთოსის ვაჟი.
აკამანტსა და პერითოოს თრაკიელები
845 ქარიშხლიანი ჰელესპოტნის მხრიდან წამოჰყვნენ.
კიკონ ევფემოს მოუძღოდა შუბშემართულებს,
ტროიძენოსის ძე, კეადის – ზევსის შობილის.
პეონნი მოჰყვნენ პირაიქმეს, მშვილდმორკალულნი,
ამიდონედან და წყალუხვი აქსიოსიდან,
850 აქსიოსიდან, ასეუ უხვად რომ რწყავს ქვეყანას.
პაფლაგონიელთ მოუძღოდა მხნე პილემენე,
ველურ ჯორებით სახელგანთქმულ ენეტეს მხრიდან,
კიტოროსის და სესამოსის მიდამოებში,
პართენიოსის ნაპირებზე დასახლებულებს,
855 ერითინიოსს, კრომნასა და ეგიალოსში.
ჰალიძონების ეპისტროფოსს, ოდიოსს მოჰყვნენ
ვერცხლის შორეულ საბადოდან – ალიბეს მხრიდან.
წინამძღოლობდნენ მისიელებს ქრომის, ენომოს –
კაცი ჩიტებით მარჩიელი; ვერ არგო ცოდნამ:
860 ბედს ვერ გაექცა, აქილევსმა მოკლა ფეხმარდმა.
წყალში დაახრჩო, ტროელთა და სხვათა მმუსვრელმა.
ფორკისს მოჰყავდა ფრიგიელნი და ასკანიოსს –
ასკანიიდან, ანთებულნი ბრძოლის წყურვილით.
ანტიფოს, მესთლე მოუძღოდნენ მეონიელებს,
865 ტალაიმენეს ძენი, შობილთ გიგაიესთან
მეონიელნი მოჰყვებოდნენ ტმოლოსს შობილნი.
კარელთ, მოუბართ ბარბაროსულ ენა-კილოზე,
მილეტში, ფთირეს ტყით დაფარულ კალთებზე მცხოვრებთ,
მაიანდროსის ნაპირებთან, მიკალეს თხემთან.
870 ამფიმაქოსი მოუძღოდა და ქველი ნასტე,
ამფიმაქოს და ნასტე – ძენი ნომიონისა,
რომელიც ომშიც კოპწიობდა, როგორც ქალწული,
მაგრამ ბედშავი სიკვდილისგან ვერ იხსნა ოქრომ:
ბოლო მოეღო მდინარეში პელიდის ხელით
875 და ოქრო შერჩა გამარჯვებულს – ფეხმარდ აქილევსს.
სარპედონსა და სვიან გლავკოსს ლიკიელები
მოჰყვნენ ქსანოთსის ხეობიდან და ლიკიიდან.
ქება მესამე. ფიცი. ალექსანდროსისა და მენელაოსის შერკინება
სპათა საბრძოლო წყობა მოჰყვა მამაც ბელადებს
და გამოიჭრნენ ტროელები მძლავრი ყიჟინით.
ასე ყივიან წეროები ცის კაბადონზე,
ზამთრის ქარბუქს და თავსხმას როცა თავს დააღწევენ.
5 გუნდი და გუნდი გადუფრენს ჭავლს ოკეანის
და ქონდრისკაცებს ემუქრება საზარ სიკვდილით,
გამძვინვარებით დააცხრება ცის წიაღიდან.
უხმოდ დაიძრნენ აქაველნი, რომ ერთსულოვნად
მტერსაც შებრმოდნენ და ერთმანეთს მიშველებოდნენ.
10 თითქოს მთის თხემზე ნოტოსს ნისლი დაუფენია,
მეხრეთა მტერი, ღამესავით ქურდთა ქომაგი,
ქვა რომ ისროლო, ნისლში მანძილს თვალს ვერ გააწვდენ...
ასე ავარდა ტერფებიდან კორიანტელი,
სწრაფად მიმავალთ ბუღი მტვრისა უკან რჩებოდათ.
15 როცა მიადგნენ ერთურთს სპანი შესარკინებლად,
ტროელთ ღმერეებრი გამოეყო ალექსანდროსი,
ვეფხისტყაოსანს მორკალული მშვილდი ბეჭებზე,
ხოლო თეძოზე ხმალი სცემდა, სპილენძის ოროლს
იგი ამაყად იღერებდა, ყველა არგიველს
20 შესარკინებლად მოუხმობდა და ორთაბრძოლად.
მენელაოსმა თვალი მოჰკრა, ღმერთის არესის
რჩეულმა გმირმა, როცა მოყმე სპას გამოეყო.
ისე იხარა, როგორც ხარობს მშიერი ლომი,
ქორბუდა ირემს, ველურ ქურციკს რომ წააწყდება.
25 გამძვინვარებით ბრდღვინავს, თუნდაც თვითონ იმავ დროს
ფეხმარდ მწევართა, მეძებართა ალყა გარს ერტყას.
ასე იხარ მოყმემ, როცა ალექსანდროსი
თვალნათლივ ნახა, შურისგება მყის განიზრახა,
ეტლი დათმო და ძირს გადმოხტა აბჯარასხმული
30 მაგრამ ტროელმა, ღვთის სადარმა, როცა შენიშნა,
როგორ ბრწყინავდა მეწინავე, გული შეუკრთა,
ხალხს მიეფარა და ანაზდად გაექცა სიკვდილს.
თითქოს ურჩხული ხეობაში ანხაო მგზავრმა,
უკუმიიქცა და სახსრები აუცახცახდა
35 ანაზდეულად ლტოლვილსა და ღაწვგაფითრებულს.
ამაყ ტროელთა მწკრივში ასე ჩაკარგულიყო
შეძრწუნებული ღვთის სადარი ალექსანდროსი.
როს თვალი ჰკიდა, შეარცხვინა მოყმა ჰექტორმა;
„ლამაზო პარის, მექალთანავე, მაცდუნებელო!
40 არ შობილიყავ, ან უცოლოდ დახშობილიყავ, –
მე ვინატრებდი! განა ბევრად ეს არა სჯობდა,
ვიდრე სირცხვილი, სიძულვილი საყოველთაო!
ხედავ, ხარხარებს თმახუჭუჭა სპა აქაველთა,
შენ რომ ეგონეთ გმირი, შენი მშვენების გამო.
45 ლამაზი კი ხარ, მაგრამ მხდალი, სულით უძლური.
მაინც გაბედე ბობოქარი ზღვა დაგეძლია,
ერთგული ხალხი შეგეკრიბა, უცხო ტომებთან
შეპარულიყავ, მოგეტაცა ღირსება ქალის, –
დაი და რძალი შეგრჩენოდა მხნე თოროსანთა.
50 ეს შესძელ ხალხის, მამაშენის საუბედუროდ,
შენს ბედზე შესძელ შენდა ჭირად, საამოდ მტერთა.
რად არ შეხვდები მენელაოსს, არესის რჩეულს?
ნახავ, რა კაცის ათქვირებულ ცოლს დაეუფლე!
შენ რომ კითარა, აფროდიტეს მადლი არ გეცხოს –
55 ლამაზი თმები და იერი, მტვრად იქცეოდი!
მხდალნი ყოფილან ტროელები, თორემ ქვის ქიტონს
შემოგავლებდნენ ესოდენი ჭირის მიზეზო!“
მყისვე მიუგო ღვთაებრივმა ალექსანდროსმა:
„ჰექტორ, სწორი ხარ და ნებაც გაქვს ჩემი ყვედრების.
60 მკერდში შენ გიცემს გული მტკიცე, როგოც სეკირა –
ხის მჭრელის ხელით ხეს რომ აპობს და როცა გემის
ძელებს გამოთლის, ძალას აძლევს მოწადინება...
ასევე ურყევ სულს ფლობ, მაგრამ ნუ დაამცირებ
სასიყვარულო მადლს ოქროვან აფროდიტესი.
65 ღვთაების ჯილდო არასოდეს დაიწუნება,
რადგან თვით გვაძლევს, ვერ მოვიხვეჭთ ჩვენი სურვილით!
შენ გინდა ბრძოლად გამოვიდე, მტერს შევერკინო?
უბრძანე ტროელთ და აქაველთ – დაწყნარდეს ყველა,
შუაში გავალთ მე და გმირი მენელაოსი,
70 ელენესათვის შევებმებით სპათა წინაშე.
ვინც გაიმარჯვებს ჩვენ ორს შორის, ყველა საუნჯეს
გაითავისებს და დიაცსაც სახლში წაიყვანს.
თქვენ კი, ფიცის და მეგობრობის ერთგულნო, დარჩით ტროაში!
წავლენ აქაველნი გემებით არგოსს,
75 ლამაზ ქალებით დამშვენებულ აქაიაში“.
ასე ბრძანა და გულს მოეშვა ღვთაებრივ ჰექტორს,
შუაში ჩადგა, ჩაარიგა ტროელთა ფლანგნი.
ხელთ ეპყრა შუბი, დაშოშმინდა მაშინ ლაშქარიც...
მაგრამ მოზიდეს მშვილდნი გმირმა აქაველებმა,
80 მრავალს ოროლის და შურდულის ტყორცნა ეწადა.
ხმამაღლივ ლაშქარს მოუწოდა აგამენონმა:
„არგოსის მკვიდრნო. აქაველნო! იყუჩეთ, ყრმანო!
ზუჩმოელვარე ჰექტორს სიტყვა უნებებია!“
ასე უბრძანა, დააოკა ბრძოლის წყურვილი.
85 ლაშქარს მიმართა ღვთაებრივმა გმირმა ჰექტორმა:
„ყური მომაპყართ, ტროელნო და მხნე აქაველნო,
აი, რა უნდა ალექსანდროსს – ამ ბრძოლის მიზეზს:
ტროელთ მოუხმოს და აქაველთ, აბჯრით შემოსილთ,
უხვნაყოფიან ველზე დადონ შუბ-ფარ-შიმშერი.
90 თვითონ შეხვდება მენელაოსს, არესის რჩეულს
და ელენესთვის მას საჯაროდ შეერკინება.
ვინც გაიმარჯვებს იმ ორს შორის, ყველა საუნჯეს
დაეუფლება და დიაცსაც სახლში წაიყვანს.
ჩვენ კი ძმობა ვთქვათ და შევიკრათ ღვთაებრივ ფიცით!“
95 ასე ამბობდა, სპა უსმენდა სულგანაბული.
მენელაოსმა კი ასე თქვა კეთილშობილმა:
„მეც მომისმინეთ! დარდი სერავს ჩემს გულს საზარი,
დიდიხანია ამას ვფიქრობ: დროა, შერიგდნენ
ტროელები და არგიველნი. ბევრი გხვდათ ჭირი
100 ალექსანდროსის და ატრიდის ქიშპობის გამო.
ვისაც ჩვენს შორის უწერია სიკვდილი ბედად,
ნურც გადარჩება, თქვენ კი ახლავ უნდა შერიგდეთ.
მსხვერპლად შევწიროთ თეთრი კრავი და შავი ცხვარი
მზესა და მიწას, სხვა ზვარაკი – დიად კრონიონს.
105 უხმეთ პრიამოსს და თვითონვე თქვას ზენაარი,
რაკი მის შვილთა სიტყვას კაცი ვეღარ ენდობა.
დე, ვერვინ შეძლოს ღმრთის წინაშე ფიცის გატეხა.
ვერ ერწმუნება ჭაბუკის გულს, ფუქსავატ ნათქვამს
ხოლო მოხუცი მუდამ განსჯის წინდახედულად,
110 ორსავე მხარეს იგი მხოლოდ კუთვნილს მიუზღავს“.
აქაველთ ჯარმა და ტროელთა სპამ გაიხარა,
იგრძნეს, რომ ბოლო ეღებოდა ომის სატანჯველს.
ცხენნი დააცხრეს, ეტლებს ახსნეს მოსართავები,
განიარაღდნენ, საჭურველი ახლოს დაიდვეს.
115 მებრძოლთა შორის მხოლოდ ვიწრო მინდორი დარჩა,
ჰექტორმა ორი მალემსრბოლი გაგზავნა ტროას,
კრავნი მოასხით და პრიამოსს თხოვეთო მოსვლა.
იგივე უთხრა ტალთიბიოსს აგამენონმა –
ზვარაკად კრავნი მოეყვანათ ხომალდებიდან.
120 დაემორჩილა მალემსრბოლი ატრიდის ნებას.
ირისს უნდოდა თეთრხელება ელენესათვის
სიტყვა ეთქვა და ძვირფას მულის სახე მიეღო,
რომელს ქმრად ჰყავდა ჰელიკაონ ანტენორიდი.
ღმერთი ემსგავსა პრიამოსის ქალს ლაოდიკეს,
125 ჩარდახს შევიდა, სად ელენე ქსოვდა მშვენიერ,
ორხაულ ფარდაგს. აესახა ზედ შერკინება
ტროელ მხედართა და აბჯროსან აქაველების,
ბრძოლა, არესის მკაცრი ხელით ტანჯვის მომგვრელი.
ასე მიმართა ქალს ფეხმარდმა მაცნე ირისმა:
130 „ძვირფასო ნიმფავ,ნახე საქმე გასაკვირველი
ტროელ მხედართა და აბჯროსან აქაველების!
ნახე ლაშქარი, არესის ხმით გულანთებული
ველზე რომ იდგა, სისხლისმღვრელი ომი სწყუროდა.
როგორ დაწყნარდა! ბრძოლა შეწყდა და მეომარნი
135 ფარს დაყრდნობიან, ჩაურჩვიათ შუბი მიწაში.
მხოლოდ გმირ პარისს, მენელაოსს – არესის რჩეულს
სწადიათ ერთურთს შეერკინონს რვალის შუბებით,
რომ შენ სანუკვარ მეუღლედ გცნოს გამარჯვებულმა“.
უთხრა და სულში ჩაუღვარა გრძნობა უტკბესი –
140 ფიქრი ქალაქზე, პირველ ქმარზე, ნათესავებზე.
ადგა ელენე, სხივმოსილი სპეტაკ ქსოვილით,
სამთიობოდან გამოვიდა, მდუღარე ცრემლი
თვალზე მოადგა. მოახლენი მიჰყვნენ: აითრე –
პიტთევსის ქალი და კლიმენე თვალებციმციმა.
145 მალე მიადგნენ სკაიას ბჭეს, მაღლა აღმართულს.
იქ იყვნენ: მეფე პრიამოსი და თიმოიტე,
პანთოს, ლამპოსი, კლიტიოსი, ჰიკეტაონი,
უკალეგონ და ანტენორი. ბრძენი მოხუცნი
ისხდნენ სკაიას კარიბჭესთან მაღალ გოდოლში.
150 მცხოვანთ აწ ბრძოლა არ შეეძლოთ, მაგრამ ბჭობის დროს
მძლეობდნენ სიტყვით, ვით ჭალებში – ჭიჭინობელა,
ხეთა შტოებში დამალული და მოჭახჭახე.
ერთდ მოგროვდა კოშკში ტროელ მოხუცთა დასი.
თვალი რომ მოჰკრეს მათთან მოსულ ლამაზ ელენეს,
155 ერთურთს მიმართეს დარბაისელთ ფრთიანი სიტყვით:
„ვერ გაამტყუნებ, რომ ტროელნი და აქაველნი
ასეთ ქალისთვის ომს და ხანგრძლივ ტანჯვას ითმენენ:
მართლაც რომ ქალღმერთს შეედრება იგი მშვენებით!..
მაგრამ სჯობს, ქალი მშვენიერი დროზე მოგვშორდეს,
160 გემს დაუბრუნდეს დამღუპველი სანუკვარ ყრმათა!“
ხოლო მოხუცმა პრიამოსმა ქალს დაუყვავა:
„მომიახლოვდი, საყვარელო ასულო ჩემო!
აქედან ნახავ პირველ ქმარსაც და ახლობლებსაც.
შენ უბრალო ხარ, ბრალი ღმერთებს მიუძღვით მხოლოდ:
165 შემოგვისიეს აქაველნი, ცრემლის მომტანნი.
ჩამოჯექ, მითხარ მე სახელი დიდებულ კაცის –
ვინ არის ის ყრმა ახოვანი? აქაველთ შორის
მასზე მაღალი მეომფარი სხვაც შეიმჩნევა,
მაგრამ ასეთი მშვენიერი თვალს არ უხილავს,
170 და არც ასეთი სვიანი ყრმა: მეფეს ჰგავს იგი!“
მოხუცს მიუგო მშვენიერმა ქალმა, ქალთამზემ:
„უნდა მიყვარდე, მამამთილო, თან შიშიც მქონდეს!
ნეტავ, სიკვდილი მღირსებოდა, როცა გამოვყევ
შენს შვილს, დავტოვე საქორწინო, ტკბილი საწოლი,
175 ძმები, ასული საყვარელი და მეგობრები.
ასე არ მოხდა და ამიტომ ცრემლად ვიღვრები!..
შენს შეკითხვაზე გიპასუხებ, დიდო მეფეო:
ეს კაცი გახლავს ატრევსის ძე აგამენონი,
სვიანი მეფე და მებრძოლი ძალგულოვანი.
180 მაზლი ერქვა და, ვაგლახ-უღირსს, მყოლოდა მაზლად!“
გაოცდა მეფე, აღტაცებით წამოიძახა:
„ქუდბედიანო და ნეტარო ატრევსის ძეო,
რამდენ აქაველს წინამძღოლობ, აბჯრით შემოსილს!
ოდესღაც ვაზით სახელგანთქმულ ფრიგიას ვიყავ,
185 შევხედე ფრიგიელთ, მარად რაშებზე ამხედრებულებს,
ატრევსისა და ღვთის სადარი მიდონის ლაშქარს.
ბრძოლად იწვევდნენ სანგართოსის სანაპიროსთნ,
მათს მხედრობაში მოკავშირედ მეც ვითვლებოდი.
ამაძონები ჩვენ გვებრძოდნენ კაცთმოძულენი,
190 აქაველებთან თუმც სიმრავლით რას მოვიდოდნენ!“
როცა იხილა ოდისევსი, ჰკითხა მოხუცმა:
„მითხარი, შვილო საყვარელო, ეს ვინღა არის?
ერთი თავით რომ დაბალია აგამენონზე,
მაგრამ, მგონია, არის უფრო მხარბეჭიანი.
195 გმირს საჭურველი ნაყოფიერ მიწაზე უდევს,
ვერძივით დადის მეომართა ფალანგებს შორის.
მე ვერძს მაგონებს, ამაყად რომ ვერცხლისფერ მატყლით
დახუჭუჭებულ ცხვრების ფარას მიუძღვის ხოლმე“.
უთხრა ელენემ მშვენიერმა, ზევსის შობილმა:
200 „ეს ლაერტიდი, ჭკუაუხვი ოდისევსია,
ითაკის ხალხის და კლდოვანი მიწის აღზრდილი,
მრავალთ მრავალი ხრიკითა და სიბრძნით აღსავსე”.
მყის ანტენორმა ჩამოართვა სიტყვა ელენეს:
„ჭეშმარიტია შენი სიტყვა, სვიანო ქალო!
205 ოდესღაც ჩვენთან მოციქულად იყო ოდისევს,
შენს გამო. ახლდა მენელაოსს არესის რჩეულს.
მე მივიწვიე, მეგობრულად გავუმასპინძლდი.
გავიგე სიბრძნეც, ხასიათიც ორივე გმირის.
ტროელთა დასში თუკი ერთად გამოჩნდებოდნენ,
210 ფართო მხარბეჭით მოძმეს სჯობდა მენელაოსი,
თუ დასხდებოდნენ, ახოვანი ჩანდა ოდისევს.
როცა კრებაზე გმირებს ჰქონდათ რამე სათქმელი,
მენელაოსი სიყტვას მალე იტყოდა ხოლმე.
ბევრს არ ამბობდა, როდი იყო ენაწყლიანი
215 და მჭერმეტყველი. შედარებით მასზე უმცროსი
ჭკუაულევი ოდისევსიც წამოდგებოდა,
დინჯად ძირს მიწას დასცქეროდა თვალებდახრილი,
კვერთხს არ არხევდა, მარჯვენაში ეჭირა მტკიცედ,
ჩვეულებრივი მეომარი გეგონებოდა.
220 ჰგავდა ან უგნურს, ან რამეზე განაწყენებულს,
მაგრამ როგორც კი მძლავ ხორხიდან ბგერას დაძრავდა,
თოვლის ბუქივით ბაგეთაგან ბორგავდა სიტყვა!
ვინ გაბედავდა ვაჟკაცისთვის სიტყვა მოეჭრა?
კარგად ვიცნობდით ტროელები მაშინ ოდისევსს“.
225 შემდეგ აიანტს რომ შეხედა, ჰკითხა მოხუცმა:
„ეს აქაველი ვინღა არის ესოდენ მძლავრი,
სხვებზე მაღალიც და ყველაზე მხარბეჭიანი?“
მეფეს მიუგო ღვთაებრივმა ქალმა ელენემ:
„ტელეამონის ძე აიანტი – აქაველთ ბურჯი!
230 ხოლო კრეტელთა სპას მოუძღვის იდომენევსი,
ერთად შეყრილან წინამძღოლნი კრეტელთა ლაშქრის.
მას ხშირად ძმურად მასპინძლობდა მენელაოსი,
როცა კრეტიდან გვეწვეოდა სვიანი გმირი.
სხვასაც ბევრს ვხედავ აქ თვალმახვილ აქაველ მოყმეს,
235 ყველას კარგად ვცნობ, შემიძლია ჩამოგითვალო.
ორი არა ჩანს მხოლოდ ლაშქრის დამწყებთა შორის:
კასტრო-მხდარი, პოლიდევკოს – მხნე მეომარი,
ჩემთან ერთად რომ შვა ამ ქვეყნად ძვირფასმა დედამ.
იქნებ არ დათმეს მხიარული ლაკედემონი,
240 იქნებ გემებიც მოაყენეს აქ საზღვაოსნო,
მაგრამ არა სურთ ჩაერიონ ქმრების დავაში,
ჩემი მტანჯველი, მწველ სირცხვილით შეწუხებულებს!“
ასე ამბობდა, მაგრამ ამ დროს გმირებს ფარავდა
ლაკედემონში მშობლიური წიაღის მიწის.
245 ილონიდან მოციქულებს ცხვარი მოჰყავდათ
ვერლთა ზვარაკად ღვინო – გულის დამატკბობელი
ესხა თხიერში, იდაიოსს მიჰქონდა, მაცნეს,
ოქროს თასებიც და ფიალა შუქმოელვარე.
ეახლა მოხუც პრიამოსს და ასე მიმართა:
250 „ლაომედონტის ძევ, მობრძანდი, გთხოვენ ბელადნი
მხედარ ტროელთა, რვალით მოსილ აქაველების!
სურთ ბრძოლის ველზე მათ ეწვიო, რომ ფიცი დასდონ.
ალექსანდროს და ღვთაებრივი მენელაოსი
შუბებით გავლენ ქალის გამო შესარკინებლად.
255 ვინც სძლევს, ქალსაც და საგანძურსაც დაეუფლება.
ჩვენ ძმობას ვიტყვით, ღვთაებრივ ფიცს, ტროას დავიცავთ,
ხოლო ცხენმრავალ არგოსს წავლენ არგიველები,
ქალმშვენიერი აქაიაც აქაველთ ელის“.
ასე თქვა. მოხუცს ელდა ეცა. მხლებლებს უბრძანა,
260 ეტლში შეებათ ბედაურნი. შვებით დათანხმდნენ.
კოფოზე დადგა პრიამოსი, აღვირს მოსწია,
გვერდს უმშვენებდა ანტენორი. სკაიას ბჭიდან
ველზე გავიდნენ, გააქროლეს მარდი ცხენები.
როს მიაღწიეს ტროელთა და აქაველთ ლაშქარს,
265 ჩამოხდნენ ცოცხალ არსებათა გამზრდელ მიწაზე
და ტროელთ და აქაველთა პირისპირ დადგნენ.
მათ შეეგებნენ მამაცთ მეფე აგამენონი და ჭკუაუხვი ოდისევსი.
უკვე მზად ჰყავდათ ზვარაკი წმინდა ფიცისთვის,
ერთ ფიალაში არიეს ღვინო,
270 მეფეთ წყალი ასხურეს ხელზე,
აგამენონმა ორლესული მძლავრი მარჯვენით
იშიშვლა მაშინ ქარქაშიდან, ხუჭუჭა მატყლი
წააჭრა ბატკნებს საზვარაკოს,
ორმა შიკრიკმა რჩეულ ტროელთ და აქაველებს გაუნაწილა.
275 მეფე ატრიდმა ლოცვით ხელნი აღაპყრო მაღლა:
„იდას თხემიდან მბრძანებელო მამაო ზევსო!
ყოვლის მხედველო, ყოვლის მსმენო მზეო-ჰელიოს!
წყალნო და მიწავ, ღმერთნო, სულთა სასუფეველში
დამსჯელნო კაცთა, ვინც ცრუ ფიცის დადება სცადა!
280 მოწმედ გვეყავით, შეგვინახეთ ფიცი გულწრფელი:
თუ ალექსანდროს დაამარცხებს გმირ მენელაოსს,
შეინარჩუნებს ელენეს და ყველა საგანძურს,
ჩვენ კი გავცურავთ ზღვადმავალი გემებით მაშინ.
თუ ალექსანდროსს სძლევს ატრიდი ქერათმიანი,
285 ტროელთ ელენე დაგვიბრუნონ და საგანძური,
ხარკი მიუზღან არგიველებს შესაფერისი,
რომ ეს ამბავი გადაეცეს შთამომავლობას.
თუ უარს ყოფენე პრიამოსი და ძენი მისნი,
პარისის ცოდვა ხარკით მაინც გამოისყიდონ,
290 კვლავ ავმხედრდებით, სანამ ვპოვებთ კუთვნილ საზღაურს,
კვლავ აქ დავრჩებით, სანამ ბრძოლის დასასრულს ვნახავთ“.
თქვა და ცხვრებს ყელი გამოღადრა სასტიკ სპილენძით,
ორივე დასცა სულთმობრძავი ათრთოლებული,
ბასრმა მახვილმა გააცალა სიცოცხლის ძალა
295 მოხაპეს მბზინავ კრატერიდან თასებით ღვინო,
ზვარაკს ასხურეს, უკვდავ ღმერთებს ლოცვით მიმართეს,
ასე ღაღადყო ტროელთ და აქაველთ ჯარმა
„ზევსო დიადო, და ღმერთებო, მარად უკვდავნო!
ვინც კი პირველი შეეცდება ფიცის დარღვევას,
300 ტვინი დასთხიოს, ვით თასიდან იღვრება ღვინო
და ვერაგის ცოლს ეხვეოდეს უცხოტომელი!“
ასე ევედრნენ, მაგრამ ზევსმა არ შეიწირა...
ლაშქარს მიმართა პრიამოსმა, ტროელთა მეფემ:
„გესმათ, ტროელნო, აქაველნო აბჯარასხმულნო!
305 გშორდებით, ტროას ვუბრუნდები მაღარლბორცვიანს.
ძალა არ მყოფნის, რომ ჩემივე თვალით ვიხილო
საყვარელ შვილის შერკინება მენელაოსთან.
ზევსმა უწყის და სხვა უკვდავმა ღმერთებმა მხოლოდ
მებრძოლთა შორის სასიკვდილო ბოლო ვის ელის“.
310 ასე თქვა, ეტლში ჩასვა ვერძი ქველმა მოხუცმა,
კოფოზე დადგა და მოზიდა სადავეები,
გვერდს უმშვედნებდა ანტენორ
ბრწყინვალე ეტლი შემოაბრუნეს, გააქროლეს ილიონისკენ.
მაშინ ჰექტორმა პრიამეს ძემ და ოდისევსმა
315 გაზომეს ბრძოლის ასპარეზი, შემდეგ ჩაყარეს
წილის სპილენძის მუზარადში, რომ გაერკვიათ,
ვის ერგებოდა შუბის ტყროცნა თავდაპირველად.
ირგვლივ ლაშქარი ლოცულობდა ხელაპყრობილი.
ბევრი ტროელი ღაღადებდა და აქაველი:
320 „იდას თხემიდან მბრძანებელო მამაო ზევსო!
ვინც მიზეზია დამღუპველი შუღლის და ომის,
დამარცხებული დაანარცხე ჰადესის მღვიმეს,
ჩვენ კი ფიცი და მეგობრობა კვლავ განგვიმტკიცე!“
ჰექტორმა თვალი მოარიდა, ისე უყარა
325 ჩაჩქანში წილი, პარისს ერგო პირველი ტყროცნა.
დასხდნენ მებრძოლნი, მიატოვეს მარდი ცხენები
და ათასფერი საომარი აკაზმულობა
თორნ-მუზარადით აღიჭურვა ღვთიური გმირი
ალექსანდროსი, ლამაზთმიან ელენეს ქმარი.
330 ჯერ თეთრ ფეხებზე დაიმაგრა საბარკულები,
მჭიდროდ შეკრულნი, ვერცხლის სალტით შემოსალტულნი.
წვივი დაიცვა, მორგებული თორნი ჩაიცვა,
სახელოვანი საჭურველი ლიკაონის ძმის,
მხარზემოთ ხმალი გადაიგდო, ვერცხლის სამსჭვალი
335 და რვალის პირი რომ შვენოდა, ფარი ხელთ ეპყრა.
მოყმეს ჩაჩქანი მოკაშკაშე ეხურა თავზე,
ზუნჩზე მრისხანედ ქანაობდა ძუა მერნისა.
მძიმე შუბს დასწვდა, ხელთ რომელიც პირველად მოხვდა.
იმავდროულად აღუჭირვა მენელაოსიც
340 როცა აისხეს იარაღი თავ-თავის რაზმში
ორივე ჩადგა ტროელთა და აქაველთ შუა.
თვალნი მრისხანედ უელავდათ, შიშის ზარს სცემდნენ
ლამაზაბჯროსან აქაველებს და მხედარ ტროელთ.
მიუახლოვდნენ ერთურთს გმირნი და დათქმულ ადგილზე,
345 შუბი შემართეს მძვინვარებით.
ალექსანდროსელმა პირველმა სტყორცნა მტერს ორგული გძელჩრდილიანი.
ატრიდს მრგვალ ფარზე შეელეწა შუბი, სპილენძმა
ვერ გააღწია, გაიღუნა მყისვე ბუნიკი.
მომხვდურს სპილენძი მოუღერა მენელაოსმა,
350 მამაზეციერ ზევსს მიმართა მხურვალე ლოცვით:
„შენ შემეწიე, რომ ოჯახის შემგინებელი
ალექსანდროსი ჩემი ხელით მიწას დაასკდეს.
რომ მოერიდოს შორეული შთამომავლობაც
კეთილი სტუმარ-მასპინძლობის ბოროტად ზღვევას“.
355 ასე თქვა მძლავრად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი
პარისს მრგვალ ფარში ჩაეჭედა მძიმე ოროლი,
მყის გაარღვია თეთრი ფენა მძლავრმა სპილენძმა,
აბჯარი გაჭრა მოოჭვილი, შიგ გაატანა
და საზარდულთან დაუფხრიწა ნაზი ქიტონი.
360 შავ სიკვდილს უკან გადახტომით გაექცა მოყმე.
იშიშვლა მეფემ ხმალი ვერცხლის სამსჭვალიანი,
მუზრადს დასცა, მაგრამ რვალი ჩაჩქნის კიდეზე
სამ-ოთხ ნატეხად გადაემსხვრა და გაუვარდა.
ზეცას შეხედა და შეჰყვირა მენელაოსმა:
365 „ზევსო! ღვთაება არ მეგულვის შენზე ბოროტი!
იმედი მქონდა დამესაჯა ალექსანდროსი
და ხელში ხმალი შემომემსხვრა, ამაოდ ვტყორცნე
თურმე ოროლიც: მე არ ძალმიძს მისი განგმირვა!“
მტერს თავს დაესხა, ხელი სტაცა ზუჩის ფაფარზე
370 და დაითრია აქაველთა მხედრობისაკენ.
ნაზ ყელთან მტკიცედ ჩაეჭიდა ღვედს მჭიდროდ დაწნულს,
ნიკაპის ქვემოთ რომ შეეკრა მძიმე ჩაჩქანი.
მიჰგვრიდა ლაშქარს, დიდ სახელსაც მოიპოვებდა.
რომ აფროდიტეს არ დაეხსნა თვისი რჩეული
375 და ხარის ტყავი დაჭიმული არ გაეწყვიტა,
მხოლოდ ჩაჩქანი მენელაოსს შერჩა ამაოდ.
ბრაზით ჰაერში გაიქნია, ლამაზაბჯრიან
აქაველთაკენ მოისროლა, მათ შეინახეს.
კვლავ მიეძალა რვალის შუბით, ბრძოლა სწყუროდა,
380 მაგრამ ქალღმერთმა აფროდიტემ სქელი ბურუსი
გარს შემოავლო, ყრმა რჩეული თვალს მოაშორა.
მალე დატოვა სურნელოვან სამითიობოში.
სწრაფად წავიდა ელენესთან, მაღალ ქონგურზე
ნახა ტროელი დიაცებით გარშემორტყმული
385 და ფრთხილად კეთილსურნელვან კაბას შეეხო.
ქალღმერთი მოხუც ქალს ემსგავსა, ხნიერ მოახლეს,
ლაკედემონის ქალაქში რომ კაბას უქსოვდა,
გულით და სულით რომ უყვარდა მეფის ასული.
ასე მიმართა აფროდიტემ მშვენიერ დიაცს:
390 „შინ დაბრუნდიო, ალექსანდრე გიხმობსო, ქალო,
სამთიობოში გელოდება ყრმა სხივნათელი,
ვერც იტყვი, ქმარი რომ მამაც მტერს შეხვდა ახლახან,
იფიქრე, ფერხულს საცა არი შეუდგებაო,
ან ძილს ინებებს შუშპრობიდან ახალ მოსული“.
395 ასე უთხრა და აუწეწა სული ელენეს...
მაგრამ როგორც კი შეამჩნია ქალმა ქალღმერთის
მკერდი ქათქათა, ელვარება ვნებიან თვალთა,
ასე მიმართა აფროდიტეს ელდაცემულმა:
„ოი, სასტიკო! კვლავ შეცდენა გწადია ჩემი?
400 ან გსურს ხალხმრავალ, რომელიმე შორეულ ქალაქს,
ფრიგიისა და მეონიის ციხეს მიმგვარო?
ვინმე საქმარო იქაც ხომ არ შეგირჩევია?
მენელაოსმა დღეს რაკიღა სძლია პარისი,
სურს კვლავ ოჯახში დამაბრუნოს უღირსი ქალი...
405 რად მომევლინე ჩემთვის ისევ ავის მზრახველად?
შენ თვითონ წადი შენს რჩეულთან, დათმე ღმერთები,
ნაზი ტერფებით აწ ოლიმპოს აღარ შეეხო,
ვნებით ეწამე, უალერსე, სანამ მოკვდავი
გიწოდებს მხევალს ან მეუღლეს!
ომის ველიდან
410 გაქცეულს აღარ ვეახლები! მრცხვენია კიდეც
გავიზიარო სარეცელი! ტროელ დიაცთა
დაცინვას სადღა გავექცევი? მაკმარე ტანჯვა!“
რისხვით მიუგო აფროდიტემ, ზევსის ასულმა:
„ხმა გაიკმინდე, უბედურო! თორემ მე ძალმიძს
415 ისე უზომოდ შეგიძულო, როგორც მიყვარდი!
ორივე ხალხის მძვინვარებას შენკენ მოვმართავ
და არ აგცდება საშინელი სიკვდილი ხვედრად!“
თრთოლვა მოჰგვარა ამ სიტყვებმა მწყაზარ ელენეს.
ვერცხლებრ მბზინავი მოსასხამი წამოიხურა,
420 ქალთაგან ჩუმად გაჰყვა ქალღმერთს სასახლისაკენ.
მალე მიადგნენ სამთიობოს ალექსანდროსის.
ორი მხევალი მყის შეუდგა შინაურ საქმეს.
ჩუმად შევიდა კოშკში ქალი, მომჯადოებლად
მას უღიმოდა აფროდიტე. და სავარძელი
425 თვითონ აიღო, ქმრის წინაშე დაუდგა დიაცს.
დაჯდა ელენე, ფაროსანი ზევსის შობილი,
მეუღლეს თვალი მოარიდა და უთხრა ასე:
„ბრძოლის ველიდან ნეტავ მოსვლა არ გღირსებოდა
ჩემი ქმრის ხელით დალეწილს და განადგურებულს!
430 აკი ტრაბახით აგვიკელი – გმირ მენელაოსს
ორთაბრძოლაში დავჯაბნიო ძალით და შუბით?
აბა წადი და ერთხელ კიდევ გამოიწვიე!
თუმცა, არ გირჩევ, გიჯობს სახლში იძინო მშვიდად
არ მიეკარო მენელაოსს ქერათმებიანს.
435 ასე უგნურად შერკინება აღარ გაბედო,
ძრწოდე, ოროლმა არ დაგძლიოს ვინძლო გმირისა!“
პასუხად უთხრა ქალს პარისმა ფრთიანი სიტყვა:
„ნუ დამიღონებ, მეუღლეო, გულს საყვედურით.
დღეს ათენასთან ერთად მძლია მენელაოსმა.
440 მეც მელის ძლევა, ხომ ჩვენცა გვყავს ღმერთი მფარველი!
მო, დავწვეთ ახლა, ვიგრძნოთ სიტკბო ტრფიალებისა!
მკერდში არასდროს აღმგზნებია ასეთი ალი,
არც იმ ბედნიერ დღეს, როდესაც გამოგიტაცე
ლაკედემონის ქალაქიდან სწრაფი ხომალდით
445 და კრანაეში შეგვაერთა ტკბილმა ალერსმა...
შენი წადილით გული ახლაც ალამპრებულა!“
თქვა და წავიდა საწოლისკენ, თან მიჰყვა ცოლი
ერთად დიდებულ სარეცელზე დაწვნენ ნებივრად.
ატრევსის ძე კი ამ დროს მინდვრად, როგორც ნადირი
450 ისე დაძრწოდა, ალექსანდრე ვნახოო იქნებ.
მაგრამ ტროელებს და მათს სვიან მოკავშირეებს
როდი შეეძლოთ მოყმის კვალი ეჩვენებინათ,
თუმცა არ სურდათ დაემალათ მეგობრულ გრძნობით,
მათაც კი სძულდათ, ვით სიკვდილი აუცდენელი.
455 მაშინ ხმამაღლა განაცხადა აგამენონმა:
„მისმინეთ, სპანო ტროელთა და მოკავშირეთა!
ყველამ იხილა გამარჯვება მენელაოსის.
მაშ, დაგვიბრუნეთ ელენე და მიტაცებული
განძი ყოველი და ახლავე ხარკი გაიღეთ,
460 რომ ხსოვნა გაწვდეს ჩვენს შორეულ შთამომავლობას!“”
აქაველებმა მოწონების ყიჟინა დასცეს.

ქება მეოთხე. ფიცის გატეხა. აგამენონის მიერ ლაშქრის შემოვლა
კრონიდის ოქროს სასახლეში ისხდნენ ღმერთები
და ბაასობდნენ, დედოფალი ჰებე ნარნარად
ოქროს ფიალით ურიგებდა უკვდავებს ნექტარს.
ერთურთს ეტყოდნენ სადღეგრძელოს და ტროის მხარეს
5 გადასქცეროდნენ, როცა ზევსმა ინება ჰერას გაწიწმატება,
დამცინავად ჩაუარაკა:
„მენელაოსის მოკავშირედ ორ ქალღმერთს ვხედავ:
ჰერას არგიველს და ათენას ალაკომენეს,
მაგრამ ორივე შორს ბრძანდება, შორით უმზერენ და ეს ამშვიდებთ.
10  აფროდიტე კი მომღიმარი
თან ახლავს რჩეულს, ბედს სწევს ხოლმე.
ახლაც დაიხსნა მოყმე, სიკვდილის მოლოდინით ათრთოლებული,
თუმც აშკარაა, რომ დაჯაბნა მენელაოსმა.
აბა, რას იტყვით, როგორ გნებავთ დამთავრდეს საქმე?
15 ისევ აღვაგზნოთ ბრძოლის ცეცხლი, შუღლის საზარი,
თუ ორ ტომს შორის სანუკვარი ზავი დამყარდეს?
უკეთუ ყველას სიამოვნებს მათი მშვიდობა,
არ დაინგრევა პრიამოსის ქალაქიც მაშინ
და შინ წაიყვანს მენელაოს ლამაზ ელენეს“
20 ამოიოხრეს ათენამ და ჰერამ.
ქალღმერთნი გვერდი-გვერდ ისხდნენ, ტროელთათვის ავს იზრახვიდნენ,
მაგრამ პალასი ჩუმად იყო, მრისხანე სიტყვით
ზევსს არ მიმართა, თუმც ბორგავდა მის სულში ბოღმა,
ჰერამ ვერ შეძლო დაოკება მძვინვარე რისვის:
25 ”„ჰოი, სასტიკო კრონიონო, რა ბრძანებაა –
რატომ არაფრად ჩამითვალე მოწადინება?
ქანცი გაუწყდათ ცხენებსაც კი, როს ჯარი დავძარ
პრიამოსის და მისი მოდგმის გადასათქერად.
ჰქმენ, რაცა გნებავს, ამით ყველა ღმერთს ვერ აამებ!“
30 მრისხანედ უთხრა ქალღმერთს ზევსმა ღრუბელთმქუფრავმა:
„ბოღმით აღვსილო! პრიამოსმა და მისმა მოდგმამ
რა ბოროტება შეგამთხვიეს, რომ გწყურის მიწყივ
გაცამტვერება ილიონის, სვიან ქალაქის?
შენ რომ შეგეძლოს შეაღწიო გალავნის შიგნით,
35 ცოცხლად შთანთქავდი პრიამოსსაც, მის ნაშიერთაც
და ყველა ტროელს, დაიცხრობდი მაშინღა ბოღმას!
ჰქმენ, რაცა გნებავს! ღვარძლიანად თუნდაც ვიავოთ,
ჩემ და შენ შორის არ იელვებს მტრობის სახმილი.
ერთს კიდევ გეტყვი, დაიხსომე, გულს ჩაიბეჭდე:
40 როს რისხვით გზნებულს მსურს დავლეწო ციხე-ქალაქი,
სამშობლო კაცთა, გულის შენის მაამებელთა,
თავისუფლება მომეც, რისხვას ნუ გამინელებ!
გითმობ ამ ქალაქს, თუმცა გული მეთანაღრება.
მანათობელ მზის და ხომლიან ცის კამარის ქვეშ
45 რაც ქალაქი ჩანს, მოკვდავთაგან დასახლებული,
ყველაზე მეტად ილიონი გულს ეფონება,
პრიამოსი და სპა შუბოსან პრიამოსისა.
მარადღე იქ ჩემს საკურთხეველს ზორვა შვენოდა,
ზედაშე, კვამლი და ყოველი, რაც ღმერთს ეკუთვნის“.
50 ზევსს კვლავ მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:
„ყველაზე მეტად ქვეყნად ვეტრფი სამ ციხე-ქალაქს,
არგოსს, სპარტას და მიკენს ფართოფოლორცებიანს.
იავარჰყავი, თუ შეგძულდა, ყველა მათგანი.
არ დავიფარავ არც ერთს და არც შენ გაგიდგები.
55 რაც უნდა მწარედ გულს მიკლავდეს მათი მოსპობა,
ძალა არ შემწევს მრისხანების, მძლავრზე ძლიერო!
მაგრამ ამაოდ დაიხარჯა ქალღმერთის გარჯა?
მეც ხომ ღმერთი ვარ, ვით შენ! მოდგმით ჩვენ ხომ ერთნი ვართ!
მე, უძველესსა ქალ-ღვთაებას, კრონოსის ასულს,
60 გული სავსე მაქვს სიამაყით, დად და მეუღლედ
შენ რომ გეკუთვნი, შენ – მეუფეს ყველა უკვდავის!
მაგრამ დავეხსნათ შუღლს, შევრიგდეთ, ერთურთს შევუნდოთ.
მე – შენ და შენ კი მე დამითმე და ყველა ღმერთმა
ჩვენვე მოგვბაძოს!.. მაშ, უბრძანე ახლავ ათენას
65 ჩაებას ტროელთ და აქაველთ სისხლისმღვრელ ომში.
ისე მოიქცეს, რომ ტროელებს დაარღვევინოს
პირველად ფიცი აქაველთა გასაწბილებლად“.
ასე მოუბარს დაეთანხმა უკვდავთა მამა,
ფრთიანი სიტყვა მიაგება ქალღმერთ ათენას:
70 „სწრაფად ეწვიე ტროელთა და აქაველთ ბანაკს,
ისე მოიქეც, რომ ტროელებს დაარღვევინო
პირველად ფიცი აქაველთა გასაწბილებლად“.
ქალღმერთს, ისედაც მოწადინეს, გული მიეცა,
ოლიმპოს მთიდან გადმოიჭრა, როგორც მთიები,
75 კრონოსის ძე რომ სასწაულად მოუვლენს ხოლმე
ზღვას მინდობილ სპას, ან მხედრობას – მტერეს შერკინებულს
და ნაპერწკლები სცვივა ვარსკვლავს აურაცხელი...
იმ ვარსკვლავივით მოსწყდა ზეცას მაშინ ათენა,
განცვიფრებული შესცქეროდა ტროელთ მხედრობა
80 და სპა საბარკულმშვენიერი აქაველების.
ასე ეტყოდნენ მებრძოლები ერთიმეორეს:
„კვლავ საძულველი, სისხლისმღვრელი ატყდება ომი,
ანდა მშვიდობას დაამყარებს ელვისმტყორცნელი, –
ლაშქართა შორის ბრძოლის საქმე მას ეკითხება“.
85 ასე ამბობდნენ ტროელნიც და აქაველებიც,
როცა ქალღმერთი მოელვინა ტროელთა ლაშქარს –
ლაოდოკოსის სახე ჰქონდა – ანტენორიდის
და კითხვა კითხვით დაეძებდა ღვთიურ პანდაროსს.
მალე იპოვა ლიკაონის მამაცი შვილი.
90 გარს მოჯარვოდა ფართოსანთა რაზმი პანდაროსს –
აისეპოსის ხეობიდან მოსულ მოყმეთა.
მივიდა ღმერთი და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
„ხომ გამიგონებ, ლიკაონის გულადო ვაჟო?
ხომ შეგიძლია მენელაოსს დასცე ისარი?
95 ტროელთ მადლობას და დიდებას მოიხვეჭ უმალ,
ყველაზე მეტად დაგიმადლის ალექსანდროსი,
განძის აგავსებს, თუკი ნახავს, რომ მენელაოს –
ატრევსის ძე და სიქადული ღმერთი არესის,
ისრით ჭედული დასაწვავად კოცონზე აჰყავთ.
100 გაბედე, მოსპე მენელაოს სახელოვანი!
ჯერ ფიცი დასდე, რომ ლიკიელს ვერცხლისმშვილდოსანს
მსხვერპლად შესწირავ ნორჩ ტარიგთა ასზვარაკეულს,
თუ ძელეიეს ციხე-ქალაქს დაუბრუნდები“.
ასე უბრძანა და უგუნურის გული აღაგზნო,
105 ყრმამ მოიმარჯვა მშვილდი ფეხმალ ქურციკის რქისა,
რომელს ოდესღაც მონადირემ ჩასაფრებულმა
კლდიდან ასხლეტილს განუწონა მკერდში ისარი.
გულგანგმირული ტინს დაასკდა ქურციკი უმალ.
თექვსმეტ მტკაველზე აღმართოდა საბრალოს რქები.
110 სწორედ ისინი შეაერთა რქების ოსტატმა,
მშვილდი გამართა და ოქროთი მოავარაყა.
მოყმემ ეს მშვილდი დაუმიზნა, დაბლა დასწია.
რაზმი მშვილდოსანს აეფარა დიდი ფარებით,
რომ აქაველებს, არესის ძეთ, არ წინა ესწროთ,
115 სანამ დასცემდა მენელაოსს, ძეს ატრევსისა.
კაპრაჭს ახადა ხუფი, მხოლოდ ერთი დააძრო
ისარი, შავი სატანჯველის წყარო ფრთიანი,
სწრაფად გაჭიმულ ლარს მოარგო და აღთქმა მისცა
ვერცხლისმშვილდოსან აპოლონ-ღმერთს, ლიკიას შობილს, –
120 შემოგწირავო ნორჩ ტარიგთა ასზვარაკეულს,
თუ ძელეიეს ციცხე-ქალაქს დავუბრუნდები.
მძლავრად მოზიდა ისრის ბოლო და ხარის ძარღვი,
ძუძუსთავს ძარღვი ზედ მიადო და მშვილდს – ბუნიკი.
როგორც კი შუა გაიღუნა მშვილდი, რქის ჭახანს
125 ლარის ზუზუნი თანვე მოჰყვა, ისარი ბასრი
მყისვე გაფრინდა მტრების სიკვდილს დახარბებული.
მაგრამ არ დაგთმეს, მენელაოს, დიდმა ღმერთებმა,
მომნიჭებელმა ნადავლისა – ასულმა ზევსის.
გადაგეფარა, დაუშალა სიკვდილის მომგვრელს
130 შეხება შენი. აგაცილა, ვით ნაზმა დედამ,
ბუზს რომ აუქშევს ხოლმე ტკბილად ჩაძინებულ შვილს.
იქით მიმართა მან სპილენძი, სად ოქროს ბალთა
კრავდა წელსარტყამს და ორმაგი ელავდა თორნი.
ბასრი ფრთოსანი მყის დაეჭდო ატრიდის სარტყელს,
135 გააპო კიდეც წელსარტყამა ულამაზესი,
ჯავშანიც უცხოდ მოკაზმული გაფლითა უმალ,
რვალის ქამარშიც გააღწია, სხეულს ისრისგან
რომ იფარავდა, ვერ გაუძლო სპილენძის ფენამ
ბუნიკის ძალას, გაიკაწრა მეომრის კანი
140 და ჭრილობიდან ამოხეთქა წითელმა სისხლმა.
ძოწით რთავს ხოლმე ფინიკურ სპილოს ძვალს ქალი
მეონიელი – ცხენთა მდიდრულ საყბეურისთვის,
ხოლო პატრონი შინ ინახავს.
ბევრ მხედარს უნდა ხელში ჩაიგდოს, მაგრამ განძს ვერ დაუფლებია,
145 ცხენი და მხედრის სახლოვან, მეფურ სამკაულს.
და შენც ასევე, მენელაოს, ძოწისფერ სისხლით
აგიფორაჯდა თეთრი თეძო, ლამაზი ფეხი.
მამაცთ მეუფე აგამენონს თავზარი დასცა
ძმის ჭრილობიდან მომჩქეფარე სისხლის ნაკადმა,
150 შედრკა არესის სანუკვარი მენელაოსიც,
როცა იხილა ჩაჭედილი წვერი ისრისა.
მაგრამ კვლავ გული სიმამაცით აევსო ვაჟკაცს.
აგამენონმა შეაშველა ძმას ხელი ოხვრით,
სპაც იქვე იდგა ნაღვლიანი. ალერსით უთხრა:
155 „ძმაო, ძვირფასო, მე გაგწირე, როს ფიცი დავდე,
აქაველთ გამო შეგარკინე ტროელთ მხედრობას.
მათ კი შენ დაგჭრეს, დაარღვიეს აღთქმა ღვთიური!
რაღა ფასი აქვს ზენაარს და ზედაშენს, ზვარაკს,
ან ერთგულების ნიშნად ნები ნებს რად დაერთო,
160 თუ აღთქმას აღარ აღასრულებს ღმერთი მაღალი,
თუმც გვიან, მაგრამ მაინც მოსთხოვს აღთქმის საზღაურს,
შვილების, ცოლის და საამო სიცოცხლის ფასად!
ჩემს სულს ღრმა რწმენა დაეუფლა და გული მითქვამს,
რომ ილიონის ბჭე ოდესმე განადგურდება,
165 პრიამოსიც და სპა შუბოსან პრიამოსისა.
მაღლივ მეუფე კრონიონი, ეთერის მკვიდრი,
ტროელთა თავზე აიგიდას მოიქნევს საზარს,
გაუტანლობით გულგამწყრალი. ასე იქნება!“
მაგრამ მე მომკლავს მწუხარება, ო, მენელაოს,
170 თუ სულთმობრძავი აქა ჰპოვებს სიცოცხლის სამანს!
მელის უწყალოდ გაწბილებულს უწყალო არგოსი,
აქაველებსაც სამშობლოში დარდი დასერავს.
ჩვენ აქ დავტოვებთ პრიამოსის, ტროელთ საამოდ ლამაზ ელენეს.
შენი ძვლებიც დაინაცრება
175 შორეულ ტროის მიწა-წყალზე დაშლილ-დაფშვნილი.
მაშინ ტროელიც გულზვიადი ამაყად იტყვის,
მენელაოსის საძვალეზე ფეხით შემდგარი:
„ასემც იყრიდეს ხოლმე მტრის ჯავრს აგამენონი!
ამაოდ ჩვენკენ წამოასხა სპა აქაველთა
180 და კვლავ გაუდგა სამშობლოს გზას დაცლილი გემით,
აქ კი დატოვა უპატრონოდ მენელაოსი!
იტყვის და მაშინ ჩემს ფერხთა ქვეშ გაიპე, მიწავ!“
დაღვრემილს გული გაუმაგრა მენელაოსმა:
„მხნედ იყავ, შიშის ზარს ნუ დასცემ აქაველთ ლაშქარს.
185 ვერ მომაყენა სასიკვდილო დარტყმა სპილენძმა,
იგი დააცხრო მოოჭვილმა ქამარმა, ბალთამ
და წელსარტყამმა, გაჭედილმა ოსტატთა მიერ“.
მაშინ მიუგო გმირს მეუფე აგამენონმა:
„თუკი ასეა, მენელაოს, ძვირფასო ძმაო,
190 ახლავ გასიჯასვ ნაჭრილობევს ქველი მკურნალი
და მწარე ტკივილს დაგიამებს მისი მალამო“.
თქვა და მიმართა ტალთიბიოსს, ღვთაებრივ მაცნეს:
„ო, ტალთიბიოს, მახაონი მაახლე ახლავ,
ასკლეპიოსის ძე, მკურნალი სახელოვანი.
195 ნახოს ატრევის ვაჟი, ქველი მენელაოსი,
ტროელ მშვილდოსანს თუ ლიკიელს რომ დაუჭრია
მათდა საამო-სასახელოდ, ჩვენს სადარდებლად“.
დაემორჩილა სიტყვას მაცნე და შეერია
იგი სპილენძისქიტონიან აქაველთ შორის.
200 ხალხს რომ გახედა, დაინახა მხნე მახაონი,
იდგა და ირგვლივ ფაროსანთა სპა მოსჯარვოდა,
ცხენმრავალ ტრიკეს მხრიდან მასთან ერთად მოსული.
გვერდით დაუდგა და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
„გასწი, მახაონ, აგამენონ მოგიხმობს ახლავ,
205 ნახე ატრევსის ძე, სვიანი მენელაოსი,
ტროელ მშვილდოსანს თუ ლიკიელს რომ დაუჭრია,
მათდა საამო – სასახელოდ, ჩვენს სადარდებლად“.
მისმა ნათქვამმა აუმღვრია სული მახაონს.
მსწრაფლ გაიარეს აქაველთა სპა უთვალავი,
210 მიადგნენ დაჭრილ ატრიდს ქერა კულულებიანს
და კეთილშობილთ, მის გარშემო ერთად თავმოყრილთ.
მათ შორის იყო მენელაოს, ღმერთის სადარი.
მკურნალმა სცადა მკვრივ თორნიდან ისრის აგლეჯა,
მძლავრად მოსწია, გაეღუნა ფხა ისარს ფრთიანს,
215 გაირღვა თორნი მოელვარე და წელსარტყამი,
მჭიდროდ ნაჭედი მესპილენძე ოსტატთა მიერ.
გასინჯა, ფრთხილად გამოსწოვა სისხლი დაისრულს,
შემდეგ მკურნალმა დააფინა დაჭრილს მალამო,
მამამისისთვის ბრძენ ქირონს რომ ესწავლებინა.
220 როცა ბელადნი მენელაოსს თავს ევლებოდნენ,
ფარ-შიმშერიან ტროელთ სპა ბრძოლად დაიძრა.
კვლავ აღიჭურვა და აღინთო სრულად ლაშქარი.
იქ ვერ ნახავდი აგამენონს ჩათვლემილს უქმად,
შემკრთალს, შედრეკილს, თუ ბრძოლისგან თავმოძულებულს.
225 ომს ესწრაფოდა სახელის და დიდების მომტანს.
რვალით ელვარე ეტლი დათმო, გაუშვა რაში –
ძლივს ამაგრებდა მოჭიხვინე ცხენს მეჯინიბე
ევრიმედონტი, ზე ჰეირად პტოლემეოსის.
უბრძანა ახლოს ყოფილიყო, სანამდის ლაშქარს
230 შემოივლიდა და საომრად სპას დააწყობდა.
ფეხდაფეხ გაჰყვა მებრძოლთ რიგებს აგამენონი.
სადაც კი შეხვდა სწრაფცხენიან დანაელ მებრძოლს,
უფრო აღაგზნო საბრძოლველად მგზენებარე სიტყვით:
„ო, არგიველნო! სიმამაცე მოიხმეთ შმაგი!
235 დიადი ზევსი არ იქნება ვერაგთა შემწე,
ფიცის გამტეხთა, პირველ ჩვენთა შემგინებელთა!
დაიჩეხება ხმლებით მათი თეთრი სხეული,
საყვარელ ცოლებს და ძუძუთა ბავშვებს მოვტაცებთ,
ხომალდზე დავსხამთ, როცა ქალაქს მოვუღებთ ბოლოს!“
240 და თუ ნახავდა – ბრძოლას ვინმე თვალს არიდებდა,
არ დაინდობდა, შესძახებდა განრისხებული:
„ვაი, სირცხვილო! არგიველნო! თქვე უბადრუკნო,
მხდალი შველივით რას გაშეშდით ზარდაცემულნი?
ველზე გაჭრილნი შედგებიან ხოლმე მაშვრალნი
245 და მათ ძარღვებში არ ბოგინობს სული და ძალა.
თქვენც ასე დგახართ და აყოვნებთ ბრძოლის დაწყებას.
განა მოელით, სანამ მოვა ყველა ტროელი
ჩვენს ხომალდებთან, აქაფებულ, თეთრ ზღვის კიდეზე,
რომ იქ გაიგოთ, თუ რა ხეირს დაგაყრით ზევსი?“
250 ასე უვლიდა, ამხნევებდა მებრძოლთა რიგებს,
მიადგა კრეტელთ, როცა განვლო მხედართა დასი.
იდომენევსთან იდგნენ, ბრძოოლად ემზადებოდნენ
მათი ბელადი ტახსა ჰგავდა გამძვინვარებულს,
იქვე ფალანგებს აღაგზნებდა მხნე მერიონე.
255 მათი შემყურე აგამენონ აივსო ლხენით
და იდომენევსს ტკბილი სიტყვით მიმართა მოყმემ:
„გმირო, ცხენმრავალ დანაელთა მებრძოლებს შორის
ომშიც, საქმეშიც მუმდა მყავხარ გამორჩეული,
ზეიმის ჟამსაც, როცა მწდენი შუშხუნა ღვინოს
260 შეუზავებენ მონადიმე არგიველთ ხოლმე.
და წინამძღოლნი თმახუჭუჭა აქაველების
შეექცევიან სასმისს, მაგრამ შენი ფიალა
მიწყივ სავსეა: სვამ ჩემსავით, რაც გულს სწყურია.
გასწი ამაყად, ვით ყოველთვის, მტერთან საომრად!“
265 პასუხად უთხრა კრეტელების მხედართმთავარმა:
„ატრიდო, მარად გიერთგულებ რჩეულ მეგობარს,
მოცემულ სიტყვას მე არასდროს არ გადავსულვარ.
ნუ დაყოვნდები, გაამხნევე სხვა აქაველნიც.
შევუდგეთ ბრძოლას! წმინდა ფიცი გატეხეს ტროელთ,
270 პირველად მათვე ელით ტანჯვა, განადგურება,
ვინც ფიცი დაგმო, შეურადცხგვყო მუხანათურად!“
ასე ამბობდა და გასცილდა გულმხნე ატრიდი,
სპა გაიარა და მიადგა გმირი აინტებს.
ბრძოლის თადარიგს შესდგომოდნენ ლაშქარმრავალნი.
275 როცა სერიდან ხედავს ხოლმე მწყემსი შავ ღრუბელს,
ზღვაზე დაფენილს, ზეფირი რომ მიერეკება,
შორიდან შავი ეჩვენება, მჭვარტლივით შავი,
ზღვის ზემოთ მსრბოლი და ქარიშხლის წინამორბედი.
შეძრწუნებული მწყემსი ფარას მღვიმეში სდევნის, –
280 სწორედ იმ ღრუბელს ჰგავდნენ სპანი აიანტისა,
სისხლისმღვრელ ბრძოლას ესწრაფოდნენ ხშირნი ფალანგნი,
ხშირი ფარ-შუბი შეემართათ მრისხანედ მაღლა.
მათი შემყურე ცას ეწია აგამენონი,
ფრთიანი სიტყვა მიაგება რჩეულ ვაჟკაცებს:
285 „ჯაჭვისპერანგა არგიველთა ქველნო ბელადნო,
აიანტებო! არ გიბრძანებთ ხალხის ანთებას
ბრძოლის სახმილით, თქვენ ისედაც აქეზებთ ლაშქარს.
ზევსო მამაო, ათენავ დ მძლეო აპოლონ!
ყველას ძარღვებში სიმამაცე რომ ჩქეფდეს მსგავსი,
290 ძირს განირთხმოდა პრიამოსის ციხე-ქალაქი,
გმირთა მარჯვენით ნაცარტუტად იავარქმნილი“.
ასე უთხრა და გაემართა სხვათა მოხილვად.
შეხვდა ნესტორი პილოსელი, ტკბილმოუბარი,
რაზმებს აწყობდა, საბრძოლველად სულს აღუნთებდა.
295 თან პელაგონი, ალასტორი და ქრომიოსი
ახლდნენ წინამძღოლს, ჰაიმონიც, მეფე ბიანტიც.
მხედრები თვისი ეტლებითურთ წინ დააყენა,
მათ უკან ბევრი გულუმხნესი იდგა ქვეითი –
ბრძიკუს ბურჯები. ხოლო მხდალნი შუა მოექცნენ,
300 რათა ებრძოლათ იძულებით ან თვისი ნებით.
თავდაპირველად მხედრებს მისცა რჩევა მოხუცმა –
მწკრივს ნუ დაშლითო, რია-რია ნუ ირევითო:
„არვინ მარულა არ გამართოს წინასწარულად,
წინ არ გაიჭრას ტროელებთან შებმის მსურველი
305 და არც ჩამორჩეს: ამით თქვენს თავს დააუძლურებთ.
ვინც თავის ეტლით შეეხლება ეტლს შემხვედურისა,
შუბი იმარჯვოს წამახული, ხსნა ჰპოვოს ამით.
ასე ვანგრევდით ჩვენც გალავნებს, ციხე-ქალაქებს,
ასე შემოგვრჩა გონება და სული ძლიერი“.
310 დინჯად ურჩევდა სპას მოხუცი მრავალნაცადი.
მისი შემყურე ცას ეწია აგამენონი,
ფრთიანი სიტყვა მიაგება გულმხიარულმა:
„ნეტავი, ნესტორ, რაც გული გაქვს, ისე გერჩოდეს
მუხლები მოხუცს, შეგრჩენოდა ცინცხალი ძალა!
315 მაგრამ სიბერე მოგრევია! სხვებს მორეოდა,
შენ კი, ნეტავი, კვლავ გებრწყინა ჭაბუკთა შორის!“
ატრიდს ნესტორმა უპასუხა გერენიელმა:
„ენა ვერ იტყვის, როგორ მინდა ისეთი ვიყო,
როგორიც მაშინ, როცა ვძლევდი ერევთალიონს!
320 ერთად ყოველი ღმერთს კაცთათვის არ ემეტება:
მაშინ ჭაბუკი ვიყავ, ახლა მთრგუნავს სიბერე.
და მაინც შევძლებ გავამხნევო სიტყვით მხედრობა,
აი, პატივი ერთადერთი, რაც რჩება მოხუცს.
დაე ბოძალი უმრწემესმა მხედრებმა ტყორცნონ,
325 ჩემს შემდეგ შობილთ, თვისი ჯანის იმედი რომ აქვთ“.
ასე თქვა გმირმა და გასცილდა გულმხნე ატრიდი.
ნახა მენესთევს პეტევსის ძე, მძლე მეომარი,
უქმად მდგომარე ათნელთა რაზმიც იხილა,
და იქვე იყო ოდისევსი, ჭკუაულევი,
330 გარშემო – სპანი ბრძოლანაცად კეფალენელთა,
უქმად იდგნენ, არც სმენიათ ომის გნიასი.
ამ დროს ფალანგნი ბრძოლით ერთურთს ელეწებოდნენ
ტროელ მხედართა – სწრაფმსრბოლელთა და აქაველთა.
შმოეშველა აქაველთა ახალი ტალღადც,
335 დასცო ტროელებს და გაჩაღდა ბრძოლა საზარი.
უქმად რომ ნახა სპა, განრისხდა აგამენონი,
ფრთიანი სიტყვით ერისმთავრებს ასე მიმართა:
„პიტევსის ძეო, ღვთაებრივი მეფის მემკვიდრევ,
შენც, ვერაგული ნიჭითა და ხრიკით სავსეო,
340 ნეტავ ვიცოდე, რას ელით და რას იმალებით?
უპირველესად თქვენ შეგფერით გაიზიაროთ
მეწინავეთა ხვედრი – ფიცხელ ბრძოლაში ჩაბმა,
თქვენ კი პირნველნი მობრძანდებით ხოლმე ნადიმზე,
როს უხუცესთა წვეულება ელით აქაველთ.
345 იქ გეამებათ შებრაწული ხორცის ნაჭერი,
ღვინით შექცევა, გულს რამდენიც გაუხარდება,
აქ კი უყურებთ სეირს ყველა, თუნდ აქაველთა
ათი ფალანგი თქვენზე ადრე მტერს შეერკინოს“.
ჭკუაულევმა ოდისევსმა მიმართა მეფეს:
350 „ატრიდო, ეს რა სიტყვა დასცდა შენთა ბაგეთა?
შენ ამბობ – ბრძოლას გავერიდეთ? თუ აქაველნი
ტროელთ მხედრობას თავს დავატეხთ არესის რისხვას,
ნახავ, თუ გინდა მონაწილე გახდე ბრძოლისა,
რომ ტელემაქეს მამა ტროელ მეწინავეთა
355 შორის იქნება! ამაოა ეგ საყვედური!
შენიშნა ვაჟკაცს განრისხება აგამენონმა,
უკან წაიღო თვისი სიტყვა და ასე უთხრა:
”ლარეტის ძეო, ოდისევსო ჭკუაულევო!
მე არც საყვედურს მოგახსენებ, არცა გიბრძანებ.
360 კარგად ვიცი, გული გიცემს კეთილშობილი,
კეთილმზრახველი და ჩემსავით ერთს ფიქრობ შენა!
მაგრამ ისწრაფე! მო შევრიგდეთ, რაც მოხდა, მოხდა!
რაც ცუდი ითქვა, უკვდავება გადაგვავიწყონ!“
ასე უთხრა და გაემართა სხვათა მოხილვად.
365 ნახა ტიდიდი დიომედე უმამაცესი,
ცხენებთან იდგა, თვალისმომჭრელ, ბრწყინვალე ეტლთან,
იქავე იყო სთენელოსიც, კაპანევსის ძე.
მათაც მრისხანედ მიუვარდა აგამენონი,
ფრთიანი სიტყვით საყვედური აკადრა მწარე:
370 „ცხენთა მხედვნელი ტიდევსის ძევ, რა გაცახცახებს?
ბრძოლის სარბიელს ნირწამხდარი მისჩერებიხარ!
ჩვევად არ ჰქონდა ტიდევსს შიშით ასე წახდენა,
ყველაზე უწინ შეებმოდა ხოლმე მტრის ლაშქარს.
ას ამბობენ, მე მის ბრძოლას არ მოვსწრებივარ,
375 მაგრამ – ნუ იტყვი – თურმე, ვერვინ შეედრებოდა.
ოდესღაც სტუმრად და არა მტრად მისკენ გვეწვია,
პოლინიკესთან ერთად სწადდა სპათა თავმოყრა
ღვთაებრივ თებეს გალავანთა დასალაშქარავად.
ითხოვეს ჯარი სახელოვან მოკავშირეთა.
380 დაპირდნენ, თხოვნის შესრულებაც უნდოდათ, მაგრამ
უცბად საზარი სასწაული ანიშნა ზევსმა.
მყისვე გაგვშორდნენ. როს დაბრუნდნე, ვეს ამწვანებულს
ეწვივნენ ისევ – სანაპიროს აისეპოსის
იქიდან ელჩად გააგზავნეს აქაველებმა
385 ტიდევსი თებეს, სად კადმოსელთ შეხვდა ვაჟკაცი,
ქველ ეტეოკლეს სასახლეში მოქეიფეებს.
ნამგზავრი იყო მხნე მხედარი, მაგრამ არ შედრკა,
მარტო რომ დარჩა კადმოსელთა მრავალა შორის.
გამოიწვია საბრძოლველად და ყველა მოყმე
390 ადვილად სძლია, შეეწია ათნა ვაჟკაცს.
ბოღმით აღივსნენ კადმოსელნი მოჯირითენი
და გაბრუნებულს იდუმლად ყრმა ორმოცდაათი
კვალში ჩაუდგა ორი მეფის მეთაურობით.
ესენი იყვნენ მაიონტი ჰაიმონიდი
395 და უძლეველი პოლიფონტი ავტოფონტის ძე.
მაგრამ ტიდევსმა მათაც ავი ხვედრი არგუნა:
ყველა დახოცა, ერთს აჩუქა სიცოცხლე მხოლოდ
შინ გააბრუნა მაიონტი ღვთაების ნებით
ასეთი იყო გმირი ტიდევს, მაგრამ ძე შეხვდა
400 ომში უმწეო, ბჭობაში კი მამაზე მჭევრი“.
ასე თქვა, მაგრამ დიომედემ არ უპასუხა,
რიდით ისმინა დასარიდალ მეფის ყვედრება.
ვერ მოითმინა ახოვანმა კაპანევსის ძემ:
„სიცრუეს ამბობ, თუმც სიმართლეც იცი, ატრიდო,
405 გვეამაყება, რომ მამებზე გულმხნესნი ვართ:
ზევსის იმედით შვიდბჭიანი თებეც დავლეწეთ,
თუმცა არესის გალავანთან მცირე სპა მოგვყვა,
ღვთის სასაული გვწამდა, ზევსის გვქონდა იმედიც.
ჩვენი მამები უგუნურებას გადაჰყვნენ მხოლოდ.
410 მამათ დიდებას ჩვენს დიდებას ნუ შეადარებ!“
რისხვით შეხედა დიომიდემ და შეედავა:
„ჰაი დედასა!... იყუჩე და დამიგდე ყური!
მე ბრალს ვერ დავდებ, როს ატრიდი ასე აღაგზნებს
ლაშქარს საბარკულმშვენიერი დანაელების.
415 დიდება – ბელადს, თუკი ძლევენ აქაველები
ტროელთა ლაშქარს და ილიონს იავარყოფენ,
ვაებაც ბელად უნდა ერგოს, თუ დაგვამარცხეს!
გვიჯობს, ვისწრაფოთ, გავიხსენოთ ზნე სამამაცო!“
ბრძანა და მყისვე ძირს გადმოხტა მაღალ ეტლიდან,
420 დაიჟღრიალა იარაღმა და სამკერდულმა,
უმძლავრეს მტერსაც ძრწოლას ჰგვრიდა ბრძოლად გაჭრილი.
თითქოს მქუხარედ ეხეთქება ზღვა სანაპიროს,
ზვირთი ზვირთს მისდევს, ზეფიროსით აგორებული,
ზღვის შუაგულში აქოჩრილი, გრუხუნით კლდეზე
425 დაშლი-დაფშხვნილი, როს კლდის უკან ნელი ტყლაშუნით
ტალღა და ტალღა მარილიან ქაფს მოიყენებს.
ასე მიჰყვება დანაელთა ფალანგი ფალანგს,
ბრძოლად ისწრაფვის, ბელადების ბრძანება ისმის,
თვით მეომარნი კრინტს არ სძრავენ, საკითხავია –
430 ამდენ ხალხს მკერდში დახშობია ბგერა ყოველი?
ჩუმად მიდიან და მორჩილად, აბჯარი ბრწყინავს
ჭრელი, მდიდრული, საოცარი. რაზმს მისდევს რაზმი.
ამ დროს ტროელნი ცხვრებსა ჰგვანან. მდიდრის ფარეხში
ბევრია ცხვარი, იწველება რძე, მიწყივ ისმის
435 კრავთა პეტელის საპასაუხო მათი კიკინი.
ასეთი იდგა ღრიანცელი ტროელთ ლაშქარში.
ერთი არ ჰქონდათ ოღონდ ბგერა, სხვადასხვა იყო
ენა სხვადასხვა მიწა-წყალიდან შეკრებილ ხალხთა.
მათ აღაგზნებდა თვით არესი, ამათ – ათენა.
440 საშინელება, შიში გაჩნდა, შუღლი – ერისი,
დაი არესის, მეგობარი კაცთამმუსვრელის.
თავდაპირველად ძლივს დახოხავს, რომ იგრძნობს ძლას,
თავით ცას სწვდება, ტერრებით კი მიწას ეხება.
ხალხს დაერია, მძვინვარებას თესავდა ირგვლივ,
445 ბრბოში დაძრწოდა, კვნესას ბოლო აღარ უჩანდა,
როს შეხვდნენ სპანი, საბრძოლველად შეღერებულნი,
შეასკდა შუბი შემხვედურთა შუბს, ტყავს მოხვდა ტყავი,
მებრძოლთა ძალა დაიძაბა რვალით მოსილთა.
ფარები ფარებს შეელეწნენ, ატყდა ჭახანი.
450 ძლევის ყიჟინას შეერია მომაკვდავთ კვნესა,
ხმა მძლეველთა და ხმა ძლეულთა, სისხლმა იჩქეფა.
დიდროობის ჟამს გადმოსკდება ორი მდინარე
და გაშლილ ველზე შეახეთქებს ტალღებს ბობოქარს,
სათავეს იღებს მთიდან, ჩადის თვით უფსკრულამდე.
455 მათი შხუილი შეაშფოთებს მწყემსს მთის მწვერვალზე, –
სწორედ ასე შორს ღფიანცელი ისმოდა ბრძოლის.
ანტილოქოსმა მეწინავე ტროელი დასცა –
ტალისიადი ექეპოლოს, განკვეთა შუბით
სქელფარფლიანი ჩაჩქნის სალტე, შუბლი გაუპო,
460 ძვლებში ჭახანით გაეჩხირა რვალის ბუნიკი,
გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს.
გმირი მაღალი გოდოლივით ძირს დაენარცხა.
მყის ფეხში სტაცა მოკლულს ხელი ელეფენორმა,
ქალკოდონტის ძემ, დიდსულოვან აბანტთა მეფემ,
465 ისრებს არიდა, საბარკულთა აძრობა სცადა,
მაგრამ მცირე ხანს შერჩა მძარცველს მოწადინება:
გვამის წამთრევი აგენორმა დიდსულოვანმა
როგორც კი ნახა წახრილი და ფარ-დაშვებული,
დასცა ბოძალი სპილენძისა, დაძრა მოძალე.
470 სული აღმოხდა გმირს, ბრძოლა კი უფრო გაჩაღდა,
ერთურთს ვით მგლები, ტროელნი და აქაველები
შეჭიდებოდნენ და კაცი კაცს აღარ ინდობდა.
აგერ აიანტ ტელამონის ძეს განუგმირავს
ანთემონის ძე, ახალგაზრდა სიმოისიოს,
475 იგი მშობელმა სიმონეტის ნაპირთა შობა,
როს იდას ძირას, ბარში თავის არვეს ეწვია.
სიმოისიოს იმად ერქვა. მაგრამ ყრმამ დედა
ვერ გაახარა: მოკლე იყო მისი სიცოცხლე,
შუბით შუაში შეუწყვიტა ტელამონიდმა.
480 წინ მიიწევდა, როცა მკერდში შუბმა უწია,
მარჯვენა ძუძუს განეწონა, გაძვრა ბეჭიდან.
მიწას დაასკდა მოყმე, როგორც ვერხვი მთრთოლვარე,
ნოტიო ველზე ამოზრდილი, ნასათუთევი,
სწორი, ხასხასა, ნეტარებით რტოებგაშლილი.
485 ალვას მეეტლე რომ შეარჩევს, ელვარე რკინით
მოჭრის და მოხრის ეტლის ბორბლად, მტვერში მიაგდებს,
უწყალოდ ხმება ხოლმე მშობელ მდინარის პირას.
სიმოსიოს ასე ეგდო ჯავშანახსნილი
აიანტისგან. მას კი ამ დროს პრიამეს ვაჟმა
490 ყრმა ანტიფოსმა შუბი სტყორცნა ორმოტრიალში,
მაგრამ აუცდა, ოდისევსის მეგობარს ლევკოსს
მყის გადუვარდა, დაენარცხა მოკლული მოკლულს.
რისხვით აინთო ოდისევსი მეგობრის გამო,
495 მეწინავეებს გამოეყო, შემართა შუბი,
მიმოიხედა, მოელვარე ოროლი სტყორცნა,
ტროელთა სცადეს აეცდინათ დარტყმა მოყმისა,
ის კი ამაოდ არ გარჯილა: დასცა ოროლი
პრიამოსის ბუშს დეოკოონტს, აბიდოსიდან –
500 ფეხმსუბუქ ცხენთა საძოვრიდან შინ დაბრუნებულს.
შურისმგებელმა ოდისევსმა შუბი აძგერა
ზედ საფეთქელზე, მეორე მხრით გავიდა შუბი,
გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს.
ზათქით დაეცა, აზრიალდა მძიმე ჯავშანი.
505 ჰექტორმა უკან დაიხია, ტროელთ რაზმებმაც.
არგიველებმა შეუყივლეს, გვამნი გაძარცვეს,
კვლავ წინ გაიჭრნენ, გაგულისდა აპოლონ ღმერთი,
ტროელთ აღმგზნები პერგამოსის ბჭიდან ჰყვიროდა:
„წინ, მეომრებო! ნუ დაუთმობთ არგიველთ ბრძოლას,
510 ქვის მკერდი არ აქვთ და სხეული მტკიცე რკინისა,
სპილენძის დარტყმა აინუნში რომ არ ჩააგდონ.
ლამაზთმიანი თეტისის ძე აქილევსიც ხომ
გვერდით არა ჰყავთ, გულის დამღრღნელ რისხვით მოცული“.
ასე გრგვინავდა ღმერთი, მაგრამ ზევსის ასული
515 ტრიტოგენია აღაგზნებდა აქაველთ ლაშქარს,
იქ გაჩნდებოდა, სადაც შემდრკალ რაზმს შენიშნავდა.
ამარინკოსის ძეს დიორესს უმუხთლა ბედმა,
წიბოიანი ლოდი მოხვდა მარჯვენა წვივში:
თრაკიელთ მეფემ სტყორცნა ხელით – აინოსიდან
520 ტროას მოსულმა იმბრასიდმა – გმირმა პიროსმა.
მუხლზე ძარღვები გადაუჭრა, ძვალი დალეწა,
პირქვე დაამხო უტიფარმა ქვამ დიორესი.
მთრთოლვარე ხელნი მეგობართა მხარეს განართხო
ყრმამ სულთმობრძავმა. გაუქროლა მკვლელმა პიროსმა,
525 მუცელში შუბი აძგერა და სულ გამოშიგნა.
გადაეფარა მყის წყვდიადი მეომრის თვალებს.
პიროსს თოანტმა სტყორცნა შუბი ეტოლიელმა,
მკერდში, ძუძუსთან, შიგ ფილტვებსი გავიდა შუბი.
სწრაფად მიეჭრა, გამოგლიჯა ბასრი ოროლი,
530 იშიშვლა ხმალი მოოჭვილი გმირმა თოანტმა,
დასცა, გააპო, ამოართვა სული მომაკვდავს.
ბექთარის აცლა ვეღარ შეძლო, შუბი შემართეს
და შეუტიეს გრძელთმიანმა თრაკიელებმა.
თუმცა მძლავრი იყო და ვეება, ძალგულოვანი,
535 მაინც აჯობეს, უკუმიდგა, გაცლა არჩია,
ასე სისხლიან ველზე ეგდო ერთურთის გვერდით
თრაკიელთა და ეპეიელთ შუბით მოკლული
ორი ბელადი, სხვაც მრავალი იმათ გარშემო.
ვერვინ იტყოდა ძვირს საგმირო ამა საქმეზე,
540 ვინც უვნებელი მტრის ბასრ მახვილს გადურჩებოდა,
ვისაც ათნა დაიხსნიდა ბრძოლის ველიდან,
მძვინვარე ისარს ააცდენდა ომის თვითმხილველს.
იმ დღს მრავალი აქაველი, ბევრიც ტროელი
ერთურთის გვერდით დამხობოდა სისხლიან მიწას.

ქება მეხუთე. დიომედეს გმირობა
ამ დროს ათენამ ტიდევსის ძეს, გმირ დიომედეს
მეტი სიმტკიცე მიანიჭა, ძალგულოვნებით
გამოარჩია, მოუპოვა დიდი სახელი.
ალი აუნთო ჩაუმქრალი შუბ-ფარ-შიმშერზე,
5 ისე ელვარე, ვით ვარკვლავი შემოდგომისა,
ცად მოკაშკაშე, ოკეანის წყლით განბანილი.
თავსა და მხრებზე გმირს ეს ალი გადასდიოდა,
როცა ქალღმერთმა გაიყვანა ბრძოლის ქარცეცხლში.
ტროელთა შორის იყო დარეს სახელოვანი,
10 ჰეფესტოს მოგვი, ორი ვაჟი ჰყავდა სვიანი –
იდაიოსი და ფეგევსი, ომში განთქმულნი.
სპას გამოეყვნენ, წინ გაიჭრნენ მტრის შესახვედრად ამხედრებულნი.
დიომედე ქვეითად იყო.
ერთურთს პირისპირ რომ მიადგნენ, მყისვე ფეგევსმა
15 გრძელჩრდილიანი მოუღერა მომხვედურს ბოძალი
წვერწამახული, მოელვარე.
მხარმარცხნივ გასცდა, არ გაუკენწლავს შუბს.
სპილენძი შემართა მაშინ
ტიდიდმა, მის ხელს შუბი ფუჭად არ უტყორცნია:
ძუძუებს შუა გაურა, დასცა ფეგევსი.
20 იდაიოსმა მშვენიერი ეტლი მყის დათმო,
გულაძგერებულს არ შეეძლო ძმის გადარჩენა.
თვითონაც თავს ვერ დააღწევდა შავ ბედისწერას,
მაგრამ ჰეფესტომ მოახვია ღამის წყვდიადი,
რომ შვილებზე დარდს მამა თან არ გადაჰყოლოდა.
25 ამ დროს შეიპყრო მტრის ცხენები მძლავრმა ტიდიდმა
და გააყოლა მოყმეთ ფართო ხომალდებისკენ.
ტროელთ იხილეს მხნე დარესის ვაჟთაგან ერთი
შეძრწუნებული და მეორე მიწას განრთხმული.
სულგანაბული შედგა ყველა.
30 მაშინ ათენამ ხელი ჩაავლო და შესძახა მძვინვარე არესს:
„არეს, ო, არეს! ბჭისმლეწველო, პირსისხლიანო!
ხომ არ დავტოვოთ ტროელნიც და აქაველებიც,
რომ მამა ზევსმა თვით არგუნოს ძლევის დიდება,
ჩვენ კი დავესხათ, ვინძლო ზევსის რისხვას გავექცეთ?“
35 ასე უთხრა და გაიყვანა შმაგი არესი,
დატოვა ველზე, სკამანდროსის სანაპიროზე.
უკუაქციეს ტროელები დანაელებმა,
მარჯვედ იბრძოდნენ ბელადები.
აგამენონმა პირველმა დასცა ოდიოსი, ჰალიძონთ მეფე,
40 ოროლი სტყორცნა ლტოლვილს, შუბი ზურგში მოარტყა,
და ბეჭებს შუა გაუყარა, გაუპო მკერდი.
მიწას დაასკდა, შორს გაისმა აბჯრის ჟღრიალი.
იდომენევსმა ფაისტოსი, მეონიელი
ბოროსის ვაჟი, ტარნესიდან ტროას მოსული
45 განგმირა მძლავრმა შუბოსანმა, ეტლზე ამავალს
მარჯვენა მხარე შეულეწა;
მიწას დაასკდა მყისვე ტროელი და თვალთ ღამე გადაეფარა.
იდომენევსის რაზმელებმა მყის გააშიშვლეს.
სკამანდრიოსი მონადირე, ძე სტროფიოსის,
50 მენელაოსმა ბასრი შუბით მაშინ განგმირა.
მარჯვედ მოისარს, გაზრდილს ქალღმერთ არტემისისა,
ნადირი რომ ვერ გაურბოდა მთისა და ტევრის,
ვეღარ უშველა არტემისმა ისრის მოყვარემ,
ვერც შორსმოისრის სიამაყემ და ხელოვნებამ.
55 მენელაოსმა შუბოსანმა ჭაბუკ მეომარს,
სულ ერთი წამით შორი-ახლო მკერდში ოროლი.
პირქვე დაეცა ... შორს გაისმა აბჯრის ჟღრიალი.
ფერეკლოს დასცა მერიონემ, ძე ტეკტონესი,
60 ჰარმონიდისა, გაწაფული ყოველ საქმეში.
ერთობ უყვარდა ფერეკლოსი ქალღმერთ ათენას,
ამან აუგო პარისს გემი ხოფებრავალი, –
სათავე ტროელთ და საკუთარ უბედობისა:
მოყმე ღვთაებრივ ბედისწერას ვერ ჩასწვდომია.
65 წამოეწია მერიონე ლტოლვილ მეომარს,
შუბი დუნდულას მოახვედრა, საშარდე ბუშტი
გაჭრა ბუნიკმა, შიგვე ჩარჩა, იბღავლა მოყმემ,
მუხლთ მოეკვეთა და სიკვდილი მყის დაეუფლა.
მეგესმა მოკლა პედაიოს, ანტენორის ძე.
70 ბუში იშვილა ღვთაებრივმა თეონამ თურმე
და ქმრის საამოდ გამოზარდა, ვით საკუთარი.
მოყმეს მიეჭრა ფილეიდი, მძლე შუბოსანი,
კეფაში დასცა მოოჭვილი ბასრი ოროლი,
ბუნიკი გასცდა კბილებს, ენა გაეპო ჭაბუკს,
75 მიწას დაემხო მოყმე, ცივ რვალს ჩაასო კბილი.
ევრიპილოსმა ღვთაებრივი ჰიპსენორ მოკლა,
დოლოპიონის, ძალგულოვნის ძე, სკამანდროსთან
ქურუმ-ყოფილი და ღვთის დარად ხალხის რჩეული
ევრიპილოსი, სვიანი ძე ევაიმონის,
80 ლტოლვილს სირბილით დაეწია, ბასრი მახვილი
მხარში დაჰკრა და ყრმას დაღლილი ხელი მოჰკვეთა.
დავარდა ხელი სისხლიანი.
თვალი დაუვსო მოყმეს სიკვდილმა და მოირამ დაუძლეველმა.
ასე გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა საზარი.
85 მაგრამ ტიდევსის ძეს თვალს მაშინ ვერ მიაწვდენდი,
ვის გვერდით იყო, ტროელთა თუ აქაველთ შორის.
ისე ბორგავდა, ვით მდინარე დიდროობისას,
შემოდგომით რომ აზვირთდება, ხიდ-ბონდებს დაშლის,
ვეღარ აჩერებს ჩაკირული მძლავრი თაღები,
90 ვერც მწვანე ველთა მობიბინე სანაპირონი,
როცა იქუხებს ზევსის წვიმით აზვავებული
და გადაუვლის ვაჟკაცების ნაჯაფარ ყანებს.
ასე შეირხა ტროელების ხშირი ფალანგიც,
ვეღარ გაუძლო დიომედეს მძვინვარე ძალას.
95 მალე შენიშნა ლიკაონის განთქმულმა ვაჟმა,
თუ ვით არხევდა გმირი ველზე ტროელთ ფალანგებს.
მყისვე მიზანში ამოიღო მან დიომედე
სტყორცნა ისარი ველზე მსრბოლელს, მარჯვენა მხარეზე
ფრთიანი ისრით შეუნგრია გმირს სამკერდული,
100 ბეჭში ჩაეჭდო რვალი, სისხლმა შეღება თორნი.
ძლევის ყიჟინა დასცა მყისვე ლიკაონის ძემ:
„მტკიცედ, სულდიდო ტროელებო, ცხენთა მხედვნელნო!
დაიჭრა ქველი აქაველი, ვგონებ, ვერ შეძლებს
დიდხანს გაუძლოს ისარს, თუკი ლიკიის მხრიდან
105 ამაოდ ზევსის ძეს, მეუფეს, არ მოვუხმივართ!“
ასე ზვაობდა, მაგრამ ისარს ყრმა არ დანებდა,
ოდნავ უკუდგა, მოეფარა ეტლსა და ცხენებს.
სთენელოსს უხმო, კაპანევსის ვაჟს სახელოვანს:
„ო, კაპანიდო, მეგობარო, ჩამოხედ ეტლით
110 და სწრაფად მხრიდან ამომგლიჯე მწარე ისარი!“
ასე ევედრა. სთენელოსი მყისვე ჩამოხტა,
მის ზურგთან მდგომმა ამოგლიჯა მხრიდან ისარი.
სისხლმა იჩქეფა მეწამულმა ყრმის ქიტონიდან.
ღმერთს შეღაღადა დიომედემ კეთილშობილმა:
115 „ყური მომაპყარ, უძლეველო ზევსის ასულო!
მეც და მამაჩემს თუკი შემწედ მოვლინებიხარ
ოდესმე, ახლაც, ო, ათენავ, ჰყავს სიყვარული,
მეოხ-მეყავი, რომ მტერს მივწვდე შუბის სატყორცნად,
ვიცნ თვით დამასწრო. თავხედურად აცხადებს კიდეც,
120 რომ დიდხანს აღარ მიწერია მზის სხივთა მზერა!“
ასე ღაღად-ყო და უსმინა მოყმეს ათნამ,
მეომფრი სახსრებს მოქნილობა, ძალა შეჰმატა,
მიუახლოვდა და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
„ახლა, ტიდიდო, შეერკინე კვლავაც ტროელებს!
125 სული აგინთე უშიშარი, მამისეული,
ფარის მრხეველი ტიდევსისა, მამაცი მხედრის.
ბინდი გაცილე, შენს თვალებს რომ გადაფარვოდა,
ახლა ღმერთსაც და მოკვდავ კაცსაც გაარჩევ კარგად.
გასწი და ღმერთმა თუ ისურვა შენი გამოცდა,
130 ოლიმპიელზე, დიომედევ, ხელს ნუ შემართავ,
ვინც უნდა იყოს! მაგრამ ბრძოლად თუ აფროდიტე
გამოცხადდება, შეუტიე მყისვე სატევრით!“
ასე უთხრა და ჩამოცილდა მოყმეს ათენა.
კვლავ მეწინავეთ შორის ჩადგა მხნე დიომედე.
135 წინათ თუ მის სულს მოსდებოდა ბრძოლის სახმილი,
ახლა სამმაგი ცეცხლი სწვავდა.
ლომს ჰგავდა იგი,
ცხვრების ფარეხთან რომ დაჰკოდა მწყემსმა მსუბუქად.
ძელყორის იქით მსრბოლს ვერ მისწვდა, მხოლოდღა ძალა
ლომს გაუღვიძა, მყის იმედიც დაჰკარგა ძლევის.
140 მწყემსი ფარეხში მიიმალა, ერთურთს მიაწყდნენ
ცხვრები რიალით, გადაჯეგა ერთმა მეორე ...
ბაკს გადმოევლო შემაღლებულს მძვინვარე ლომი...
ასე შევარდა დომედეც ტროელთ რიგებში.
ასტინოს მოკლა, ჰიპეირონ ხალხთა მეუფე,
145 ერთს ზედ ძუძუზე დასცა შუბი ბუნიკიანი,
ხოლო მეორეს ორლესულით მხარი მოსხეპა,
ჩამოათალა მყის ხერხემალს მეომრის ბეჭი.
შემდეგ მიეჭრა პოლიიდოსს და სვიან აბანტს,
ევრიდამანტის მამაც შვილებს, სიზმრის ამხსნელის.
150 ვაგლახ, მოხუცმა ვერ აუხსნა ვაჟებს სიზმარი!
განგმირა, თორნი ააგლიჯა მათ დიომედემ.
შემდეგ შეება ქსანთოსს, თოონს ფენოპოსის ძეთ –
დუხჭირ სიბერის ჟამს შეძენილთ.
მილეულ მოხუცს
სხვა ძე არ ესვა სამემკვიდროდ, ხოლო ვინც ჰყავდა,
155 დასცა მამაცმა, უბედურებს ტკბილი სიცოცხლე
მყის მოუსწრაფა. მამას ცრემლი და შავი სევდა
არგუნა: ვეღარ დაუბრუნდნე ომის ველიდან,
ვერ მოეხვივნენ მშობელს, დარჩა ქოენბა არმად.
იქვე ხელთ იგდო პრიამოსის ორი ძე გმირმა –
160 ერთ ეტლში მდგომნი – ექემონი და ქრომიოსი.
ასე დაესხმის ხოლმე ლომი, ერთბაშად დასცემს
ხბორებს ჭალაში, მწვანე მოლზე მოიალაღეთ.
ორივ ძირს დასცა ტიდევსის ძემ მათს უნებურად,
სული აართვა, თორნი ახსნა, ხოლო ცხენები
165 მეაბჯრეთ მისცა გასარეკად ხომალდებისკენ.
კაცთა მმუსვრელი როს შენიშნა ენეას გმირმა,
ბრძოლის ქარცხეცხლში გაერია, ისრის ზუზუნში,
მიმოიხედა, პანდაროსი ვნახოო ეგებ
და მალეც ჰპოვა ლიკაონის ძე გულზვიადი.
170 შემოეფეთა და მიმართა აღშფოთებულმა:
„პანდაროს! მშვილდი და ფრთიანი ისრები სად გაქვს?
სახელს რა უყავ, ვერავინ რომ გეცილებოდა?
შენთან რომელი ლიკიელი მოსულა ახლოს!
ზევსს აღთქმა მიეც, მოყმეს ისრით მოუღე ბოლო,
175 ვინც გინდა იყოს!
ბევრი ჭირი არგუნე ტროელთ,
მრავალთ, ჯანმრავალთ მან მუხლები გადაუმსხვრია.
ღმერთია განა ტროელებზე განრისხებული ზვარაკის გამო?
ღვთის რისხვა ხომ დაგვღუპავს კიდეც!“
ენეასს უთხრა ლიკაონის სვიანმა ვაჟმა:
180 „გმირო, სპილენძისქიტონიან სპათა მრჩეველო!
ტიდევსის პირმშოს მომაგონებს მე ეს ვაჟკაცი:
ფარსა ვცნობ მისას და მუზარადს ნასვრეტებიანს,
ცხენებსაც, მაგრამ იქნებ ღმერთიც იყოს, რა ვიცი!
თუ იგი მართლაც არის მძლავრი ძე ტიდევსისა,
185 ეტყობა, ღმერთის უნებურად როდი მძვინვარებს,
მას ღმერთი იცავს, მხრებზე ნისლი დაუფენია
მოფრენილ ისარს მეყსეულად აშორებს ხოლმე.
უკვე გავტყორცნე მეც ისარი და მოვახვედრე
მარჯვენა ბეჭში, ერთიანად გავუპე თორნი,
190 მეგონა, ჰადესს გავისტუმრე, თურმე სადა ხარ!
ეტყობა, ჩემზე თვით ღმერთია განრისხებული.
ცხენები არ მყავს, თან არა მაქვს საბრძოლო ეტლი,
შინ კი თერთმეტი მეგულება – ძელიის მხარეს.
ახალთ-ახალი, დიდებული, სპილენძის ბორბლით აელვებული.
195  ყოველ ეტლთან ჯუფთი ცხენი დგას
თეთრი ქერით და ასლით მოვლილ-გასუქებული.
მოხუცმა მამამ – ლიკაონმა სახლში ამაოდ
მირჩია განა ტროისაკენ ომში მიმავალს –
საომარ ეტლზე ამხედრებულს, რომ ცხენოსანი
200 სასტიკ ბრძოლაში ტროელთ ლაშქარს წინ გავძღოლოდი.
არ დავუჯერე, მაგრამ სჯობდა, მიმეღო რჩევა.
მსურდა ცხენები დამეზოგა, ციხე-ქალაქში
არ მოჰკლებოდათ კვება რჩეულ საზრდოს ჩვეულებს.
ასევე ფეხით გავეშურე ილიონისკენ
205 მშვილდის იმედით, მაგრამ მშვილდი ვერ შემეწია!
ორ კეთილშობილ ბელადს ვსტყორცნე ბასრი ისრები:
ტიდევსის ძეს და ატრევსის ძეს, ორივ დავჭერი,
სისხლი ვადინე, მაგრამ უფრო დავბოღმე მხოლოდ.
ვხედავ, უკუღმართ ბედზე მოვხსენ დედაბოძიდან
210 მშვილდი, როდესაც გადავწყვიტე ილიონისკენ.
სპას გავძღოლოდი საამებლად გმირი ჰექტორის.
თუ კვლავ მეღირსა დაბრუნება, თუ კვლავ ვიხილავ
მამულს და ცოლშვილს და დიდებულ სასახლეს ჩემსას,
დაე მაშინვე უცხო მტერმა მომსხიპოს თავი,
215 თუ მშვილდ-ისარი ცეცხლს არ მივცე, თუ ნამსხვრევებად
სულ არ ვაქციო: მეგზურობა ვერ გამიწია!“
ტროელთ ბელადმა ენეასმა მოყმეს მიუგო:
„ასე ნუ იტყვი! თუმც ვერაფერს მივაღწევთ მართლაც,
სანამ პირისპირ მას ცხენდაცხენ არ მივეჭრებით,
220 მხოლოდღა მაშინ იარაღით გამოვცდით მოყმეს.
მომყევი, ეტლზე შემომიდექ, ნახავ ახლავე
ტროსის რაშები მინდორ-ველზე როგორ მიქრიან
ფრთაშესხმულები შეტევის თუ უკუქცევის დროს.
გაგვაქროლებენ ბობოქარნი ისევ ქალაქში.
225 თუ დიომედეს კვლავ არგუნებს კრონიდი ძლევას.
მომყევ, ხელთ იპყარ მათრახი და სადავეები,
მე კი ეტლს დავთმობ, რომ პირისპირ შევხვდე მეომარს,
ან შენ შეები, ხოლო ცხენებს მე დავიურვებ!“
გმირს უპასუხა ლიკაონის ძემ მშვენიერმა:
230 „ენეას, თვითონ შენა მართე შენი ცხენები,
ეტლს უფრო მარჯვედ, უფრო მარდად გააქროლებენ,
როს ტიდევსის ძეს მივეჭრებით.
და თუ გვძლევს გმირი,
ფეხი დაებმით, შეკრთებიან, ბრძოლის ასპარეზს
ვერც გააღწევენ, თუ ნაცნობი ხმა არ შეესმით.
235 ამ დროს დაგვესხმის თავს ტიდიდი ძალგულოვანი,
ბოლოს მოგვიღებს და რაშებსაც თვით გაიტაცებს.
ამიტომ გვიჯობს, რომ შენ გეპყრას ეტლის სადავე,
იმავდროულად მე მტერს ვტყორცნი ოროლს წამახულს“.
ასე ისურვეს, ორივ დადგა მოხატულ ეტლზე.
240 ტიდევსის ძისკენ გააჭენეს რაშნი ფეხმარდნი.
შენიშნა გმირნი სთენელოსმა, კაპანევსის ძემ
და ტიდევსის ძეს მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„ტიდევსის ძეო დიომედევ, სულზე უტკბესო!
ვხედავ ვაჟკაცებს, შენთან ბრძოლას მოესწრაფვიან, ძალაულევნი.
245  ერთს, მოისარს, მამაც პანდაროსს
ეამაყება, რომ შვილია ლიკაონისა,
მეორე გახლავს ენეასი, ანქისეს ვაჟი.
თავს მის ძედ თვლის და აფროდიტე ეგულვის დედად.
ეტლითნ გავქუსლოთ, რა ჯანია! ზომას არ ასცდე,
250 მეწინავეთა წინ ნუ წახვალ, ერიდე სიკვდილს“.
მრისხანედ უთხრა დიომედემ ძალგულოვანმა:
„სიტყვა არ დაძრა გაქცევაზე! ვერ დამარწმუნებ,
ბრძოლის ველიდან არ სჩვევია ჩემს ჯილაგს ლტოლვა,
ანდა მიმალვა: ჯერაც მომდგამს ძალა ზვიადი!
255 არც მიდნა ეტლი, როგორც მხედავ, ასე ფეხდაფეხ
მივალ, პალასი არ მიბრძანებს შიშითა ვთრთოდე.
ვეღარ იხსნიან სევდავსებულთ მარადი ცხენები,
ხელიდან ვეღარ გამისხსლტება, ახლავ ერთ-ერთი
გინდ დაიმალოს. ამას გთხოვ, გულს ჩაიმარხე:
260 თუკი დიდებას მომანიჭებს ბრძენი ათენა,
და ვძლევ ორთავეს, აქ დააბი მარდი ცხენები,
მტკიცედ მოზიდე სადავენი ეტლის კაუჭებს.
არ დაგავიწყდეს, რომ ენეასს წაჰგვარო რაში.
და თორნმშვენიერ აქაველთა ბანაკში გყავდეს.
265 შორს მოგუგუნე ზევსმა მისცა ამ ჯიშის ცხენი
ნორჩ განიმედის საფასურად ტროსის ვაჟიშვილს.
მზის და ეოსის სავანეში არ ჰყავთ ბადალი რაშებს.
ანიქსეს, ხალხთ მეუფეს, მიუჩენია
მათთვის ჭაკები, არც იცოდა ლაომედონტმა.
270 ამ ჯიშის ცხენი შეეძინა ანქისეს ექვსი,
ოთხი საკუთრად გამოზარდა საჯინიბოში.
შიშის მომგვრელი ორი ცხენიც მისცა ენეასს.
თუ ხელთ ჩავიგდეთ, ხომ უდიდეს სახელს მოვიხვეჭთ!“
ოდეს გმირები ბჭობდნენ, სწრაფად ჩამოუქროლეს
275 მტრებმა, ფიცხ რაშებს ტროელები მოაგელვებდნენ
თავდაპირველად ლიკაონის ვაჟმა შეჰყივლა:
„ტიდევსის ძეო, სიმამაცით სახელგანთქმულო!
თუმც ფთაშესხმული მწარე ისრით ვერ დაგაჩოქე,
შუბით გამოგცდი, ვინძლო ზუსტი მქონდეს მიზანი!“
280 თქვა და გასტყორცნა გმირმა შუბი გრძელჩრდილიანი,
ფარს განუწონა, ფარი გაჭრა ბასრმა სპილენძმა
და გმირის აბჯარს შეეხეთქა რვალი ხმაურით.
გახარებულმა მყის შესძახა ლიკაონის ძემ:
„მოგხვდა! ო, ვესავ, დიდხანს შენი კვნესა არ გასტანს!
285 ბოლოს ხომ მაინც მომანიჭე სახელ-დიდება!“
უმალ მიუგო დიომედემ კეთილშობილმა:
„ამაოდ მტყორცნე, ო, მოტყუვდი! მაგრამ ჩვენ ალბათ
ვერ მოვისვენებთ, სანამ ერთ-ერთს ბედად არ ხვდება
სისხლით გააძღოს არეს, ომით გაუძღომელი!“
290 ეს თქვა თუ არა, შუბი სტყორცნა, ხოლო ათნამ
მიმართა რვალი თვალებშუა, კბილებს რომ გასცდა,
ენა გაფლითა, ცხვირიც გაჭრა სასტიკმა რვალმა,
შუბის ბუნიკი გაეჩხირა მოყმეს ნიკაპში.
ეტლიდან მიწას დაენარცხა ელვარე ჯავშნის
295 საზარ გრუხუნით.
შედრკნენ ტროსის მარდი ცხენები,
მოყმეს სული და ძლიერება გამოეცალა.
ფარ-შუბოსანი ენეასმა ეტლი დატოვა:
ვაი-თუ მტრებმა მომტაცონო მოკლულის გვამი.
გვერდით დაუდგა, როგორ ლომი ძალაზვიადი,
300 შუბი შემართა, მრგვალი ფარი იმარჯვა გმირმა,
მტერს ახლოს მოსულს უქადოდა სულის ამოხდას
საზარ ყიჟინით.
მაგრამ ამ დროს ტიდევსის ვაჟმა
ლოდს უზარმაზარს ხელი სტაცა, ორი კაცის რომ
დღს ძვრას ვერ უზამს. მან კი მარტომ შემოიქნია
305 და გმირს ბარძაყზე შეახეთქა, ზედ მენჯის ძვალთან,
რომელსაც ჰქვია მეჯის ფოსო. სულ დაამსხვრია
ქვამ ძვალი იგი და გადაჭრა ბარძაყის ძარღვიც,
გადაატყავა, განგმირული მუხლზე დაეცა,
ძლიერი ხელი წინ უძღოდა დაუშვა გმირმა,
310 მიწას დაემხო.
თვალთ წყვდიადი გადაეფარა.
არ ასცდებოდა აღსასრული მეფე ენეასს,
რომ აფროდიტეს, ზევსის ასულს, არ შეენიშნა.
დედამ, ვინც შობა ანქისესგან, ლამაზ მწყემსისგან,
საყვარელ პირმშოს მოაფარა თეთრი ხელები,
315 წინ გაუშალა მოსასხამი შუქმოელვარე,
მტრისგან დაიხსნა, რომელიმე დანაელ მხედარს
რვალით რომ გული არ გაეპო ენეასათვის.
ასე გაიხმო კვიპროსელმა ბრძოლიდან შვილი.
ამ დროს ახსოვდა დარიგება კაპანევსის ძეს,
320 ხმამოგუგუნე დიომედემ რომ მისცა ძმობილს.
ფლოქვებთქარუნა ცხენნი ბრძოლის ველს მოაშორა,
სადავეები მყის მოჭიმა ეტლის კავებზე.
ცხენნი გადენა ენეასის, იქ, სად რაზმები
იდგნენ საბარკულმშვენიერ აქაველების.
325 მყის დეიპოლოსს, უსაყვარლესს ტოლფერთა შორის,
სულით და გრძნობით უახლოესს მან დაავალა
ხომალდებისკენ გაელალა, თვით კი უშიშრად
ეტლზე ამხედრდა, ხელი ჰკიდა ელვარე აღვირს
და ტიდიდს მიჰყვა მოთქარუნე მარდი ცხენებით.
330 ის კი კვიპროსელს კვლავ მისდევდა საზარი შუბით,
რაკი უწყოდა, რომ ქალღმერთი არ ეკუთვნოდა
ომის აღმძღვრელი ქალღმერთების ძალშეუვალ დასს,
როგორც ათენა ან ენიო კოშკთა მნგრეველი.
მისწვდა თუ არა, ბრბოთა შორის გზის გამკვალავი,
335 შუბი შემართა ტიდევსის ძემ დიდსულოვანმა,
ძალუმად სტყორცნა და მტევანთან ქათქათა ხელი გაკენწლა.
მყისვე გააღწია შუბის ბუნიკმა
ქარიტთა ნაქსოვ ამბროსიულ სამოსს ქალღმერთის
და ხელის ნებთან ამოჩქეფა უკვდავმა სისხლმა,
340 დღენეტარ ღმერთებს რომ სდით ხოლმე, ოლიმპიელებს.
ისინი პურს არ მიირთმევენ, არც ყურძნის მტევანს,
მათ სხვა სისხლი აქვთ, უკვდავებიც იმიტომ ჰქვიათ.
მწარედ შეჰკივლა, გაუვარდა ხელიდან შვილი.
მსწრაფლ შეეშველა აპოლონი, ყრმა აიტაცა,
345 ღრუბლით დაფარა, რომელიმე დანაელს ვინძლო
არ განეგმირა რვალით, სული არ ამოერთვა.
მაშინ მრისხანედ დიომედემ შესძახა ქალღმერთს:
„ზევსის ასულო, ომს დაეხსენ და მიიმალრე!
არ კმარა განა სუსტ ქალებს რომ შეაცდენ ხოლმე?
350 თუ კვლავ გაბედავ გაერიო მებრძოლთა შორის,
მჯერა, ხსენებაც თავზარს დაგცემს შერკინებისა!“
განშორდა ღმერთი დაბნეული, დარდმორეული.
ირისმა ბრბოდან გაიყვანა.
ტანჯვას ღვთაება სულ მიებნიდა, დაცაეჭკნო მშვენება მისი.
355 ბრძოლის გნიასში შეამჩნია ღმერთი არესი,
მის შუბს და მერანს გარს წყვდიადი შემოხვეოდა,
ძმის წინ მუხლებზე დაემხო და გულამხვინჩვით
ეტლსა და ცხენებს სთხოვდა ოქროსმოსართავიანს.
„ძმავს საყვარელო! მომაშველე სწრაფად ცხენები,
360 ვინძლო ოლიმპოს მივაღწიო, უკვდავთ საცხოვრისს,
ჭრილობა მტანჯავს საშინელი, დამჭრა მოკვდავმა
ტიდიდმა, ის ხომ თვით მამა ზევსს შეერკინება!“
არესმა მისცა ცხენნი ოქროს ავჟანდიანნი.
ეტლზე ავიდა გულმწუხარე, ირისიც აჰყვა,
365 მტკიცედ ეჭირა სადავენი ღვთაებას ხელში,
შოლტი უცხუნა და მორჩილად გაფრინდნენ რაშნი.
მსწრაფლ მიაღწიეს ოლიმპოს თხემს, ღმერთთა საცხოვრისს.
ირისს ფერხთ ქარი შედგომოდა, შედგა ღმერთქალი,
ცხენნი გამოხსნა, ამბროსია და საზრდო მისცა.
370 ხოლო კიპრისი მყის დაემხო დედის მუხლებთან,
დიონემ გულში ჩაიხუტა ტურფა ასული,
ნაზად ეფერა და მიმართა ალერსიანად:
„ვინ გიმტრო, შვილო, რომელ უგნურ ზეციერს სურდა
შენი ცრემლები, თითქოს ავი რამ ჩაგედინოს?“
375 ამოიოხრა აფროდიტემ, ღმერთმა ღიმილის:
„ძალგულოვნება დიომედემ, დამჭრა, ტიდიდმა,
ბრძოლის ველიდან ენეასი როცა გამყავდა,
ძე სანუკვარი და ყველაზე უსაყვარლესი.
განა ტროელთა და აქაველთ ბრძოლა მძვინვარებს,
380 ახლა დანაელთ თვით ღმერთებზე აღმართეს ხელი!“
ქალღმერთს დიონემ უპასუხა სახელგანთქმულმა:
„გამხნევდი, შვილო საყვარელო, თუნდაც გიმძიმდეს,
ოლიმპოს მკვიდრებს ბევრი ტანჯვა გამოგვიცდია
კაცთაგან, ოდეს ღმერთნი ერთურთს ვუგებდით მახეს.
385 ასე შებოჭეს ოტოსმა და ეფიალტესმა
არესი, ორმა მამაცმა ძემ ალოესისა.
ღმერთი ცამეტი თვე სპილენძის დილეგში ეგდო,
ვერც დაიხსნიდა თავსა ბრძოლით გაუმაძღარი,
ერიბოიას პირმშვენიერს, მათს დედინაცვალს,
390 რომ ჰერმესისთვის არ გაენდო საქმე ფარული.
მან იხსნა არეს, ბორკილებით ძლეული ღმერთი.
ჰერაც ასევე დაიტანჯა, ამფიტრიონის
ძემ როს ძუძუში გაუყარა მწარე ისარი.
ქალღმერთს ტკივილის დაამება აღარ ეღირსა!
395 თვით აიდესიც, ღმერთთა შორის უსასტიკესი,
ისრით იმავე კაცმა დაჭრა, ზევსის შობილმა,
ზედ კარიბჭესთან, მკვდართა გვერდით აგემა ტანჯვა.
ზევსის სამკვიდროს, ოლიმპოს თხემს ეწვია ღმერთი,
გულდარდიანი, დატანჯული, ავბედით ისარს
400 ბეჭი გაეპო, აიდესის სული შეეძრა.
დაჭრილს პეანმა გაუყუჩა ტკივილი წამლით,
მალე განკურნა არაშვილი წუთისოფლისა.
ავთა საქმეთა საზარქმედი მშვილდით უშიშრად
შეურაცხყოფდა უკვდავ ღმერთებს, ოლიმპოს მფლობელთ!
405 შენს წინააღმდეგ აღამხედრა ათენამ გმირი.
უგუნური კაცი! არ კი უწყის ტიდევსის შვილმა,
რომ ვინც ღმერთებზე ხელს აღმართავს, დღეს მოისწრაფებს.
შვილებს კალათში ვერ ჩაისვამს, ვერ უხმობს მამად
ბრძოლის ველიდან დაბრუნებულს მხოლოდშობილი.
410 დაე ტიდიდი ჩაუფიქრდეს, თუმც ძალა მოსდგამს,
სხვასაც, მასზე მძლავრს, შენთან შებმა როდი შერჩება!
ეგიალეა, ადრესტოსის ბრძენი ასული,
ძილში იკივლებს, შინაურებს ფეხზე წამოჰყრის,
გულდასერილი ახალგაზრდა ქმარზე წუხილით,
415 ერთგბული ცოლი ცხენთა მხედვნელ დიომედესი“.
ასე უთხრა და შვილს მოსწმინდა უკვდავი სისხლი.
ხელი მოურჩა. დაუამდა ტკივილი მწარე.
ამ დროს ათენა და თვით ჰერა ყოვლის მხედველი
ღვარძლიან სიტყვით აღვიძებდნენ რისხვას კრონიდის,
420 თავდაპირველად თვალმცეცხია ათენამ უთხრა:
„ზევსო, მამაო, მითხარ, ხომ არ გამირისხდები?
აქაველ ასულს კვიპროსელი, ვგონებ, აცდენდა,
რომ კვლავ მის რჩეულ ტროელ ვაჟკაცს ნდობოდა ქალი.
და, იქნებ, როცა მიეფერა მდიდრულ სამოსზე,
425 ოქროს სარტყელმა გაუკაწრა ნაზი ხელები?“
ასე თქვა. ღიმი მოეფინა ღმერთთა მეუფეს.
მოიხმო ოქრო-აფროდიტე და ტკბილად უთხრა:
„შენ არ შეგშვენის, შვილო ჩემო, ომის გუგუნი.
მიხედე ვნებამორეული ტრფიალის ალმურს,
430 ბრძოლის სადავე ათენას და არესს დაუთმე“.
ასე მიმართეს ოლიმპოზე ერთურთს ღმერთებმა.
ამ დროს ენეასს თავს დაესხა გმირი ტიდიდი,
თუმცა უწყოდა, რომ სწყალობდა ყრმას აპოლონი,
თვით დიად ღმერთსაც არ შეუდრკა, სურვილი სწვავდა
435 მოყმის მოსპობის და მის აბჯრის დაუფლებისა.
სამგზის მიეჭრა აღგზნებული, სამგზის შემართა
ძლიერმა ღმერთმა აპოლონმა მეომფრი ფარი,
როცა მეოთხედ მიეძალა, ვით დაიმონი,
მრისხანედ უთხრა აპოლონმა ისრის მტყროცნელმა:
440 „გონს მოდი, შესდექ! არ გაივლო გულში ფიქრადაც,
ღმერთს გაუტოლდე! არასოდეს დაემსგავსება
ქვემეთრევ კაცთა ჯილაგს მოდგმა უკვდავ ღმერთების!“
ასე უბრძანა. შორიახლო შედგა ტიდიდი,
შორსმოისარი აპოლონის რისხვით შემდრკალი.
445 ღმერთმა ჭაბუკი ენეასი ბრბოს გაარიდა
და პერგამოსის თხემზე დასვა თავის ტაძარში.
იქ მოყმეს ლეტო და არტემის – ისრის მტყორცნელი
კვლავ უბრუნებდნენ ძალასა და მშვენიერებას.
შექმნა ვერცხლისფერმშვილდოსანმა აპოლონ ღმერთმა
450 ამ დროს აბჯროსან ენეასის ცოცხალი ხატი.
მის ახლოს ტროელთ და აქაველო სპა აირია,
ხარის ტყავს, მკერდზე გადაჭიმულს, აპობდნენ გმირნი,
დიდთა თუ მცირე ფართა ბრწყინვა თვალებს ჭრიდა.
შმაგ არესს უთხრა სხივოსანმა აპოლონ ღმერთმა:
455 „არეს, ო, არეს! კაცთა მჟლეტო, ბჭეთა მნგრეველო!
განა არ გინდა გაიყვანო ბრძოლის ველიდან
მოყმე, რომელიც თვით მამა ზევსს არ შეუდრკება?
ჯერ ხელში დაჭრა კვიპროსელი შუბით და შემდეგ
მე შემეგება საშინელი, ვით დაიმონი!“
460 ასე უთხრა და პერგამოსის თხემზე დაბრუნდა.
ხოლო არესი გაეშურა ტროელთ საშველად,
თრაკიელთ მეფის აკამანტის სახე მიიღო,
პრიამოსის ძეთ, ზევსის შობილთ შეჰყივლა ღმერთმა:
„ზევსის შობილი პრიამოსის ძენო სვიანნო!
465 დიდხანს გსურთ ჟლეტა შეარჩინოთ აქაველთ ლაშქარს?
თუ უცდით, სანამ კარიბჭესთან მოიჭრებიან?
ღვთიურ ჰექტორის დარი კაცი უკვე დაეცა –
ამაყი მოყმე ენეასი, ანქისის ვაჟი!
შევებათ, ბრძოლის ქარცეცხლიდან დავიხსნათ მოძმე!“
470 ასე თქვა. მებრძოლთ კვლავ შემატა ძალგულოვნება.
ჰექტორს მიმართა სარპედონმა მაშინ ვედრებით:
„გმირო, რა იქნა საამაყო სიმტკიცე შენი?
მოკავშირეთა სპაც არ გსურდა, ამბობდი, ქალაქს
მარტოც დავიცავ, ძმა-სიძეთა ძალაც მყოფნისო.
475 აბა, მითხარი, სად არიან? ვერც ერთს ვერ ვხედავ!
ომს გაურბიან, ვით ძაღლები ლომს გაშმაგებულს.
ჩვენ კი თავს ვსწირავთ, დახმარებაც ამასა ჰქვია!
შორიდან მოვედ მოკავშირედ, შენდა შემხიდედ,
შორს მეგულება ლიკია და ქსანთოს-მდინარე,
480 ცოლი იქ მივის საყვარელი, პატარა პირმშო,
განძი დიდძალი, უპოვარს რომ სიხარბეს მოჰგვრის.
მაგრამ ლიკიელთ წამოვყევი, ახლაც მზადა ვარ
შევება ვაჟკაცს, თუმც აქ არა მაბადია რა,
რომ ან წამგვარონ ან წამართვან აქაველებმა.
485 შენ კი არც იძვრი, მხედრობასაც არ მოუწოდებ,
რომ მტკიცედ იდგნენ და ცოლშვილი დაიცვან მედგრად.
ვინძლო არა გხვდეს მახე ყოვლის შემამთხვეველი,
შენც, შენიანნიც მტერს არ ერგოთ ტყვედ და ნადავლად!
მალე თქვენს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს მოსპობენ!
490 ახლა ეს ფიქრი უნდა გქონდეს დღითა და ღამით,
ეაჯებოდე მოკავშირეთ, შორიელ მეფეთ,
დაეხსნან ქადილს და აღივსონ ბრძოლის წადილით!“
თქვა სარპედონმა და გაკენწლა ჰექტორის გული.
აბჯარასხმული დაქვეითდა გმირი ეტლიდან.
495 შუბი შემართა, დაიარა სწრაფად ლაშქარი,
გული აღაგზნო, მეომართა, გაჩაღდა ბრძოლა.
შემოუბრუნდნენ კვლავ აქაველთ ტროელთა სპანი.
არგიველები შემჭიდროვდნენ, როდი შემდრკალან.
გეგონებოდათ, ბრეს ფანტავსო კალოზე ქარი,
500 ალოობაზე მოსულაო ოქროსთმიანი
დემეტრე, ქარის სუთქვათ ხორბალს აცილებს ბრელოს
და თეთრად ველზე მიმოფენსო... სწორედ ასევე
თავით ფეხამდე აქაველნი გათეთრებულან:
ცას სპილენძისფერს ცხენთა ფლოქვით მოედო მტვერი,
505 როს მისაქციელს მიაღწიეს.
ეტლებს მხედრბი
ზედ ახეთქებდნენ მტრებს, სადავეს მართავდნენ მტკიცედ.
ბნელი მოჰფინა ველს არესმა, ტროელთა შემწემ,
მათ შორის მსრბოლი აპოლონის მიენდო ნებას –
ოქროსისრიან ფოიბოსის, ვინც დაავალა
510 ტროელთ შეწევნა, დანაელთა მძლავრი ქომაგი
ათენა რაკი დაიგულა სხვაგან წასული.
თვით ენეასი გამოიხმო მაღალ ტაძრიდან,
და განამტკიცა ხალხთა მწყემსის მკერდი მამაცი.
დადგა ენეას სპათა შორის კვლავ დიდებული,
515 ყველას ეამა, როს იხილეს გმირი უვნებლად,
მაგრამ შეკითხვა ვერვინ მისცა, სხვა დარდი ჰქონდათ,
სხვას რასმე ვერცხლისმშვილდოსანი აიძულებდა,
კაცთა მმუსვრელი არესი და შმაგი ერისი.
ამ დროს ორივე აიანტი, მძლე დიომედე
520 და ოდისევსი ბრძოლის ჟინით სპას აღაგზნებდნენ,
მაგრამ თვითონაც ტროელთ შიში არ ჰქონდა ლაშქარს.
ურყევად იდგნენ და ელოდნენ, ვით ღრუბლის ქულა,
უქარო დღეს რომ წამოქუფრავს მთაზე კრონიდი.
წევს ჩაშავებულ-ჩაჟამებული, სანამდის სძინავს
525 ქარ-ბორეასს და სხვა ქარიშხალს, რომელთა ბაგე
მძლავრი შებერვით ცაზე ღრუბლებს წამოშლის ხოლმე.
ასე ელოდნენ გულუშიშრად ტროელთ მოყმენი,
ხოლო ატრიდი ამხნევებდა დანაელთ ლაშქარს:
„იყავით მხნენი, აღამაღლეთ სული მედგარი,
530 მებრძოლს რცხვენოდეს ბრძოლის ველზე თანამებრძოლის,
ვინც გრძნობს ამ სირცხვილს, უფრო მეტად ის გადარჩება,
ხოლო ლტოლვილი ვერც ხსნას ჰპოვებს და ვერც დიდებას!“
თქვა და მყის შუბი მეწინავე ვაჟკაცსა სტყორცნა –
მამაც მეგობარს ენეასის, მძლე დეიკოონტს,
535 პერგასიდს; ტროელთ პრიამოსის ძეთა შორისაც
არ ერჩოდათ, ისე ომში უწევდა გული.
ფარში უწონა შუბი გმირმა აგამენონმა,
ფარმა კი ვეღარ შეაჩერა ბასრი სპილენძი,
სარტყელსაც გასცდა და ჩაიფლო მუცელში შუბი,
540 მიწას დაასკდა, აგრუხუნდა მოყმის აბჯარი.
დასცა დანაელთ გმირნი მაშინ მძლე ენეასმა –
დიოკლეს ძენი კრეთონი და ორსილოქოსი.
მათი მშობელი იყო ფერეს მკვიდრი მდიდარი,
გვარი მოსდგამდა ალფეიოს-მდინარისაგან,
545 რომლის ნაკადი პილიონის მიწას ჩაუდის.
მან შვა მრავალთა მოყმეთ მეფე ორსილოქოსი.
ორსილოქოსმა შვა დიოკლეს დიდსულოვანი,
ხოლო დიოკლესს შეეძინა ტყუპი ვაჟები –
ორსილოქოსი და კრეთონი ბრძოლანაცადნი,
550 ორი ვაჟაცი, მოწიფული, შავფერდა გემით
არგიველთ მოჰყვნენ ცხენმრავალი ტროის მხარეში,
ატრევის ძეებს – აგამენონს და მენელაოსს;
სახელს ეძებდნენ, საგლოველი სიკვდილი ჰპოვეს.
ვით ლონი ორნი მაღალი მთის ქედზე ნაზარდნი,
555 ძუ ლომის ძუძუ უღრან ტყეში რომ უწოვიათ,
ცხვრებს იტაცებენ, დეკეულებს რქამორკალულებს
და კარ-მიდამოს კაცთ უქცვენ, სანამ თვითონაც
კაცთა ხელითვე ნატყორცნ რვალით დაეცემიან, –
ასე ძლეულნი ენეასის მტკიცე მარჯვენით
560 მიწას დაასკდნენ ძმები მაღალ ფიჭვთა სადარნი.
აღშფოთდა მაშინ ატრევსის ძე მენელაოსი,
მეწინავეებს გამოეყო რვალით მოსილი,
შუბი შემართა, აღაგზნებდა მის სულს არესი
ფარული აზრით: ვინძლო სძლიოს ენეასმაო.
655 მაგრამ შენიშნა ნესტორის ძემ ანტილოქოსმა
და თვით გაიჭრა, რომ ხალხთ მწყემსს, მტრის ბოროტებით
რისხვად ანთებულს, სპათა მძიმე შრომის ნაყოფი არ წაეხდინა.
ამ დროს გმირნი შუბმოღერებით
ერთურთს უქადდნენ შერკინების ჟინით აღვსილნი.
570 გვერდით დაუდგა ანტილოქოს ატრიდს და თუმცა
მგზნებარე იყო ენეასი, ვეღარ თავს იდვა
ერთიმეორის ღირს ორ მამაც მოყმესთან ბრძოლა,
მათ კი მოკლულნი გაათრიეს თავის რაზმებთან,
მწუხარე მოძმეთ მისცეს გვამნი სვეუბედურთა.
575 თვითონ დაბრუნდნენ, მეწინავეთ შორის იბრძოდნენ.
დასცეს არესის მსგავსი მოყმე პილაიმენევს,
პაფლაგონიელ ფარისმფლობელ ვაჟკაცთა მეფე.
იგი განგმირა შუბოსანმა მენელაოსმა,
ყელში აძგერა წინამდგომელს ბასრი ოროლი.
580 ანტილოქოსმა მყის მეეტლე მიდონიც მოკლა
ატიმნიადი, როცა იგი ცხენს აბრუნებდა.
იდაყვზე მოხვდა ქვა, აღვირი სპილოსძვლიანი
და მოელვარე გაუვარდა, მტვერში დაეცა,
ანტილოქოსმა ხმალი ჩასცხო ყრმას საფეთქელში,
585 ამოიგმინა მან, მშვენიერ ეტლის ძარადან
ძირს გადმოეშვა თავდაყირა. მხრებით ჩაემხო
ერთხანს ქვიშაში, სანამ ცხენმა არ გაჰკრა გვერდი
და გააგორა; ანტილოქოს ცხენს სცემდა მათრახს
და ეტლს არგიველთ ლაშქრისაკენ მიაქროლებდა.
590 ჰექტორმა გმირნი რა შენიშნა, შმაგი ყიჟინით
მყის გამოიჭრა და თან მოჰყვნენ ტროელთ ფალანგნი,
წინ მოუძღოდნენ არესი და მძლავრი ენიო,
გუნდი და გუნდი მეომართა მოჰყვა ფიცხელი.
მტკიცე მარჯვენით ღმერთი არეს შუბს იღერებდა,
595 ხან წინ გაუსწრო ჰექტორს, ხან კი მიჰყვა კვალდაკვალ.
ღმერთი რომ ნახა, დიომედე შეკრთა დიადი.
ვით მგზავრი, ფართო ველ-მინდორზე გზას აცდენილი,
უცაბედად რომ წააწყდება ნაკადს ქაფიანს,
ზღვაში შევარდნილს, შეკრთება და უკან დაიხევს,
600 ასე ტიდიდიც უკუმიდგა და სპას შესძახა:
„ძმანო, რად გიკვირს, რომ ჰექტორი ზუჩმოელვარე
გახდა პირველი შუბოსანი და მძლე მებრძოლი?
მიწყივ ღვთაება თან დაჰყვება, სიკვდილს აცილებს!
ახლაც გვერდით ჰყავს, კაცის სახით – ღმერთი არესი!
605 მტერთან პირისპირ მიმართულნო, უკუმოდექით,
უკვდავ ღმერთებთან შერკინება არვინ გაბედოს!“
ასე თქვა, მაგრამ მსწრაფლ მოიჭრნენ სპანი ტროელთა.
ჰექტორმა დასცა ორი მოყმე, ომში ნაცადი:
ერთ ეტლში მყოფნი მენესთევსი და არქიალოს.
610 ამას როგორც კი თვალი მოჰკრა ტელამონიდმა,
იქავე გაჩნდა და ელვარე ოროლი სტყორცნა,
დასცა ამფიოს სელაგიდი; შორს, პაისოში
ვრცელი ველ-მინდვრის და დიდძალი განძის მფლობელი.
ბედს პრიამოსის დასაცავად წამოჰყოლია.
615 სარტყელში მოხვდა აიანტის შუბი მეომარს
და შიგნეულში გაეჩხირა გრძელჩრდილიანი.
ზათქით დაეცა. მოირბინა ყრმამ ღვაწლისამძლემ,
რომ აეყარა საჭურველი, მაგრამ ტროელნი
ოროლს სტყორცნიდნენ, ბევრი შუბი ისხლიტა ფარმა.
620 ტერფით დააწვა გვამს, ბოძალი მოკლულს მოძალემ
მყის ამოგლიჯა, ვერ აართვა აბჯარ-ბექთარი
ოღონდ მხრებიდან, დაუშინეს ისარი მტრებმა.
ზვიად ტროელთა ალყის შიში გმირს შეეპარა:
ბევრნიც იყვნენ და ძლიერებიც ხმალ-შუბოსანნი.
625 თუმც მძლავრი იყო, დიდიც იყო, სახელოვანიც,
მაინც უკუდგა უფრო დიდი ძალით ძლეული.
ასე შეიბნენ აბჯროსანნი ფიცხელ ბრძოლაში.
ტლეპოლემოსი ჰერაკლიდი, ვეება, მძლავრი
ბოროტმა ბედმა შეახვედრა მამაც სარპედონს.
630 ოდნავ უკუდგნენ გმირნი, ერთურთს როს შეეჩეხნენ –
ღრუბელთმარეკი ზევსის ძე და ზევსის ბადიში.
ასე მიმართა მტერს პირველად ტლეპოლემოსმა:
„ლიკიის მეფევ სარპედონო! ნეტავ შენ რა გრჯის,
აქ რომ შიში თრთი, უმეცარო ბრძოლის ველისა?
635 ტყუის, ვინც გაქებს და გადიდებს ზევსის შვილობით.
ახლოს ვერ მიხვალ იმ გმირებთან, ვინც ზევსმა შობა
უხსოვარ დროს და უუძველეს ვაჟკაცთა შორის.
ამბობენ, ძალა შესაშური ჰქონდა ჰერაკლეს
იმ დროს, მამაჩემს, კადნიერს და ლომგულ მეომარს.
640 აქ მოსულს სურდა წაეგვარა ლაომედონტის
რაშნი, სპა ახლდა ექვსი გემით, რაზმი მცირედი.
ტროა დალეწა, შარა-შუკა ქმნა უკაცური!
შენ კი, ჯაბანო, სიკვდილისკენ მიუძღვი ლაშქარს.
ვგონებ, ტროელთა ტომის მცველად ვერ გამოდგები,
645 ამაოდ მოხვედ ლიკიიდან. ასჯერ ძლიერიც
რომ იყო, ჩემგან ჰადესის ბჭეს ეწვევი მკვდარი!“
ლიკიის მეფემ სარპედონმა უმალ მიუგო:
„ტლეპოლემოსო! ვინც დალეწა ბჭე ილიონის,
ლაომედონტის უგუნურების გამო დალეწა:
650 კეთილისმყოფელს მეფემ სიტყვა უთხრა უშვერი,
რაშნი არ მისცა, შორი გზიდან ამ მიზნით მოსულს.
შენ კი წინასწარ ამას გეტყვი: შავ ბედს, სისხლისღვრას
ვეღარ ასცდები, აეგები ჩემს შუბს, მარგუნებ
ძლევა-დიდებას, სულს კი – ჰადესს, კვიცებით განთქმულს!“
655 ასე თქვა გმირმა.
მოიღერა იფნის ოროლი,
ტლეპოლემოსმაც სტყორცნა შუბი, ბასრი სპილენძი
მოსწყდა მათს ხელებს. სარპედონმა დასცა ლახვარი
მტერს ყელში, გარეთ გაატანა მყის შუბისწვერმა.
გადაეფარა გმირის თვალებს ღამის წყვდიადი.
660 ტლეპოლემოსის შუბი ფერდში მოხვდა სარპედონს,
ხორცი გაკვეთა, გაატანა, ძვალს მოხვდა წვერი,
მაგრამ სიკვდილი ააცილა შვილს მამა ზევსმა.
მყის სარპედონის მეგობრებმა მოიწადინეს
სამშვიდობოზე გაეყვანათ გმირი მოწყლული.
665 არვის მოსვლია ამ დროს ფიქრად, აეძრო შუბი,
სწრაფად გასცლოდნენ ოღონდ ბრძოლას. ამ დღეში იყვნენ,
როცა ცდილობდნენ აქაველნიც რვალმშვენიერნი,
ტლეპოლემოსიც გაეყვანათ სამშვიდობოზე
ბრძოლის ველიდან.
თვალი მოჰკრა მას ოდისევსმა
670 სულდიდმა, გულმა მოყვარულმა მყის რეჩხი უყო,
და ორ აზრს შუა მერყეობდა სულით და გონით:
რა ექნა, ზევსის ძეს დასხმოდა, თუ სხვა ლიკიელთ
და მრავალთათვის ამოერთვა სპილენძით სული?
მაგრამ არა მას, გმირ ოდისევსს, ეწერა ბედად
675 მეხთამცემელის, ზევსის შვილის ბრძოლაში მოკვლა.
ლიკიელთ მიმართ მიუქცია გული ათენამ.
კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოს დასცა,
ალკანდროსი და ჰალიოსი, შემდეგ ნოემონ
და პრიტიანისი, მეტსაც სძლევდა გმირი ოდისევს,
680 რომ ჰეტორს – ჩაჩქანმოელვარეს არ შეენიშნა:
რაზმს გამოეყო მოკიაფე რვალით მოსილი
და ზარდამცემი დანაელთა.
მეგობარს შვებით შეხვდა სარპედონ და მთრთოლვარე ხმით შეეგება:
„ნუ დამაგდებო დანაელთა ნადავლად, მიხსენ,
685 ო, მეგობარო! და უკვე თქვეს ციხე-ქალაქში
დამთმოს სიცოცხლემ! ვხედავ, ბედად არ მიწერია
შინ მისულს ჩემი სანუკვარი ქვეყნის მიწაზე
რომ გავახარო მეუღლე და ძე უწლოვანი!“
ეს მიაძახა, მაგრამ ჰექტორს არა უთქვამს რა,
690 არა ჰყოფნიდა მოთმინება, ბრძოლად გაიჭრა
არგიველთ მდევრად და მრავალთა სულთამხუთველად.
ხოლო სარპედონ ღვთაებრივი ველზე ჩამოსვეს
ეგიოხ ზევსის მშვენიერი წიფელის ძირას.
და მაშინ შუბი ამოაძრო მყის ბარძაყიდან
695 მისმა მამაცმა მეგობარმა, მძლე პელაგონმა.
სულმა დატოვა, დაუღამდა თვალნი სარპედონს.
კვლავ დასცად კვნესა, დაუქროლა ქარ-ბორეასმა
გამოაცოცხლა. სამშვინველით აევსო მკერდი.
არგიველთ სპანი მედგრად დახვდნენ არესს და ჰექტორს,
700 მჭიდროდ შეკრულნი: არც გარბოდნენ ხომალდებისკენ,
არც წინ გაჭრილან. ნელა თმობდნენ ბრძოლის სარბიელს,
რა ესმათ, ტროელთ გვერდით თვითონ არესი დგასო.
ვინ იყო პირველ, ანუ ბოლო, რომელთ აღხადა
ჰექტორმა ფარი და ბექთარი, ანუ არესმა?
705 უკვდავთ სადარი ტევთრანტი და გმირი ორესტე,
ტრექოსი, აინომაონტი ეტოლიელი,
ენოპოსის ძე ჰელენოსი, ორესბიოსი
ჰილეს მცხოვრები, სიმდიდრეზე დახარებებული.
კეფისის ტბასთან ჰქონდა სახლი, სად იყვნენ სხვანიც
710 ბეოტიელნი, ნაყოფიერ ყანის მფობელნი.
ეს რა იხილა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ –
მამაც არგიველთ ხოცვა- ჟლეტა შერკინებისას,
სწრაფად ათენას მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„ვაგლახ, ასულო უძლეველო ეგიოხ ზევსის!
715 მე და შენ სიტყვა მენელაოსს ვამცნეთ ამაო –
ვითომ რაო და, ტროას დასცემ ქაონგურებიანს,
შინაც მიხვალო. ჩვენ კაცთამჟლეტ არესსა ვწყალობთ,
მაგრამ თვით გვმართებს ფიქრი ბრძოლის სიმამაცეზე!“
თქვა და მას აჰყვა თვამცეცხლია ღმერთი ათნა;
720 ჰერამ შეკაზმა რაშნი ოქროსავჟანდიანნი,
ქალღმერთმა ძველთაძველი მოდგმის, კრონოსის შვილმა
და ეტლს მოარგო მორკალული სპილენძის თვლები
რვამანიანი, რკინის ღერძზე სწრაფად მბრუნავი
ფერსო ოქროსი, უჟანგავი, სპილენძის სალტე
725 ზედ მორგებული, ხილვად ერთი რამ საოცარი.
მორგვი ვერცხლისა ელვარებდა მომრგვალებული,
ძარაც ვერცხლისა და ოქროსი, კაშკაშა ღვედით
იყო შეკრული, ორი კავი ზედ მოსდებოდა
მათ შუა ვერცხლის დიდი ხელნა იყო გაჩრილი.
730 ჰერამ გამართა ზედ უღელი, შიგვე გააბა
ოქროს სადავე და ხელთ იპყრა, უკვდავნი რაშნი
გამოაქროლა აღგზნებულმა ბრძოლის წყურვილით.
ამ დროს ათენამ, ეგიოხი ზევსის ასულმა,
მჩატე პეპლოსი ტანთ გაიძრო, ნაკეც-ნაკეცად
735 დაბლა დაუშვა მის მიერვე ნაქსოვ-ნაკაზმი.
ნაცვლად აიღო მეხისმცემელ ზევსის ჯავშანი
და შეიმოსა ცრემლის მომგვრელ საბრძოლო აბჯრით.
მკერდთან მოიგდო აიგიდა ფოჩებინი,
ზარდამცემი და შემოსილი საშინელებით:
740 შუღლით, მძლავრებით, ლტოლვით, დევნით, ერთად ყოველით
და გორგოს თავით, საზარელი უღჩხული სახით –
უმრისხანესი სასწაული ეგიოხ ზევსის.
ჩაჩქანი ჰქონდა ოქროვანი, ოთხბალთიანი,
მოზარნიშნული, ას ქალაქს რომ გადასწვდებოდა.
745 ასე ფიცხელი შედგა ეტლზე, შემართა შუბი
მძიმე, ძლიერი და იმ ლაშქარის დაცამლეწველი,
რომელსაც რისხვა წილად ხვდება ზევსის ასულის.
ჰერამ მათრახი ფეხმარდ რაშებს დასცხო, განახვნეს
გრუხუნით ბჭენი ზეცათანი მყისვე ჰორებმა,
750 რომელთა ოლიმპოს და ცისკიდის დაცვა მიენდოთ,
ხან ღრუბელს შლიან, ხან შეკრავენ ცის კარიბჭესთან
ამ ბჭეთა გავლით გააქროლეს რაშნი ღმერთებმა.
მალე იხილეს უკვდავთაგან შორს მყოფი ზევსი,
მარტო მჯდარიყო ბორცვებიან ოლიმპოს თხემზე.
755 ცხენი მოთოკა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ
და კრონოსის ძეს, ღრუბელთმარეკს ასე მიმართა:
„მამაო ზევსო! ნუთუ რისხვას არ გგვრის არესი?
რამდენი გმირი და როგორი მოსპო და მოსრა –
მძლე აქაველი მოძალადემ!
მზარავს სილაღე
760 ვერცხლისმშვილდოსან აპოლონის და კვიპროსელის,
განუსჯელად რომ ეს უგნური ომში ჩააბეს.
ზევსო მამაო! ხომ არ მიწყენ, თუ არესს ბრძოლას
დავათმობინებ დარტყმით, იქნებ მძიმე დარტყმითაც?“
მყისვე მიუგო ჰერას ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
765 „დე, აუმხედრდეს მას ათენა – ძალისმხმეველი,
მისი ალაგმვა უფრო კარგად მას ეხერხება“.
დაემორჩილა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა,
რაშებს მათრახი დასცხო, ისევ გაფრინდნენ რაშნი,
ხომლიან ცას და მიწას შუა მოლივლივენი.
770 რამდენ სივრცესაც კაცის თვალი გაატანს ხოლმე,
როცა სერიდან გადასცქერის ზღვას ჩაშავებულს,
იმდენს ერთბაშად ქედზვიადნი ღმერთთა მერანნი
გადაივლიან, ტროას მივლენ, სად ერთ ნაკადად
შეერთებულა სიმოეის და სკამანდროსი.
775 იქ კი რაშები დააოკა ქალღმერთმა ჰერამ,
მოხსნა უღელი და მოჰფინა მრუმე ღრუბელი,
სიმოეისმა ამბროსია აგემა რაშებს.
ისე ჩქარობდნენ, ვით ქედნები მოფრთხიალენი,
მსუბუქ რონინით არგიველთა სპას მიელტვოდნენ
780 მისაშველებლად და წაადგნენ ურიცხვ მეომარს
ცხენთა მტერფავი დიომედეს გარშემო შეყრილს.
დასად ეხვივნენ, ვით ლომები სისხლისმსმელები,
ან ვით ტახები მძლენი, ძნელად გასაფანტავნი.
და იქ ქალღმერთმა, მხრებქათქათა ჰერამ შესძახა,
785 სახე მიიღო რვალისხმიან მოყმის – სტენტორის,
რომლის ყივილი ორმოცდაათ კაცის ხმას ჰგავდა:
„სირცხვილი, სპანო უსუსურნო, თვალ-ტანად ბრგენო!
წინათ, ღმერთებრი აქილევსი მტერს რომ ებრძოდა,
ტროელნი ვერც კი სცილდებოდნენ ტროის კარიბჭეს,
790 თრთოდნენ პელიდის ულმობელი შუბის წინაშე!
დღეს კი იბრძვიან ხომალდთა წინ, შორს განავნიდან!“
თქვა და აღაგზნო სიმამცე და ძალა სპათა.
ტიდიდთან მიდის თვალმცეცხლია ღმერთი – ათენა,
ხედავს, რომ ეტლთან ახლოსა დგას მეფე, ჭრილობას
795 იგრილებს, გმირმა პანდაროსმა რომ მიაყენა.
ოფლი წურწურით დასდის ღვედზე, რომლითაც ფარი
უპყრია მოყმეს. უშეშდება ხელი, ღვედს ასწევს
და სისხლიანი ჭრილობიდან სისხლს იწმენდს ხოლმე.
გადაიხარა ცხენებისკენ და უთხრა ღმერთმა:
800 „ასეთ ვაჟიშვილს გმირი ტიდევს ვერ გააჩენდა!
ტანმორჩილს გული ბრძოლისათვის მუდამ ერჩოდა.
ოდესღაც მე მას ავუკრძალე მტერთან კვეთება,
როს ერთადერთი აქაველი სულანთებული
თებეს მოვიდა კადმოსელთა მოდგმასთან ელჩად.
805 ვუბრძანე, მშვიდად ექეიფა მტრის სასახლეში.
მაგრამ სიშმაგე ნამაცური მიწყივ სჩვეოდა,
ბრძოლად იწვევდა და იოლად სძლევდა კადმოსელთ.
სწორედ ასეთი გმირთაგმირის შემწე ვიყავი!
შენც გეახლები და ყოველთვის გიცავ, გამხნევებ,
810 რომ გულმხნედ შეხვდე, შეერკინო ტროელთა ლაშქარს.
ან მაშვრალი ხარ და დაგიცხრა შმაგი გმირობა.
ან გძლევს სიმხდალე უსულგულო! და ამის შემდეგ
შვილი ხარ განა ტიდევსისა – ოინეიდის?!”
ჰრქვა და მიუგო დიომედემ ძალისმხეველმა:
815 ”გიცან, ქალღმერთო, ეგიოხი ზევსის ასულო!
გულწრფელად გეტყვი ყოველივეს, არც რას დავფარავ:
არც დაღლილობა, არც სიმხდალე არ მთრგუნავს ახლა,
არამედ მახსოვს გარუვალი შენი ბრძანება:
არც ერთ ნეტარ ღმერთს არ შევება, გარდა ერთისა –
820 თუ ზევსის ასულ აფროდიტეს ომში ვიხილავ,
ბასრი სპილენძი წამახული ვაძგერო უმალ.
ამიტომ ვიხევ ახლა უკან, ყველა არგიველს
იგივე ვუთხარ, რომ სპას თავი აქ მოეყარა:
ვხედავ, არესი თვით წარმართავს ბრძოლის სადავეს!“
825 კვლავ გმირს მიმართა თვალმცეცხლია ღმერთმა ათნამ:
„გმირო ტიდიდო, დიომედევ, გულის რჩეულო!
ნურც არესს უფრთხი, და ნურც უკვდავს სხვას რომელიმეს,
თვით მე ვიქნები შენი შემწე, შენი შემხიდე!
მიეჭერ არესს მჟღერფეხება ცხენებით გულმხნედ,
830 შეხვდი, შეები, ნუ შეგაკრთობს მისი სიშმაგე,
თვით ამასწინათ მე აღმითქვა და ქალღმერთ ჰერას,
ტროელთ შებმოდა, მოვლენოდა შემწედ არგიველთ,
მაგრამ მათ უმტრო და კვლავ ტროელთ შველის ვერაგი!“
835 თქვა და სთენელოსს მყისვე ეტლი დაათმობინა,
თვითონ უბიძგა და მორჩილად ჩამოხტა მოყმეც.
დიომედესთან დადგა ეტლზე ქალღმერთი თვითონ,
ბრძოლით გზნებული,
მუხის ღერძმა დაიჭრიალა
მრისხანე ღმერთის და მამაცი მოყმის სიმძიმით.
840 ხელში მათრახი და სადავე იპყრა ათენამ
და არესისკენ გააქანა შმაგი ცხენები.
იგი პერიფანტს, ეტოლიელთ ბელადს თავს ადგა,
ძეს მხნეს და ძლიერს სახელოვან ოქესოსის,
სისხლიან არესს აეხადა აბჯარ-ბექთარი.
845 ჰადესის ზუჩი ჰქონდა ქალღმერთს, რომ ღმერთს არ ეცნო.
კაცთა მმუსვრელმა რომ იხილა მძლე დიომედე,
იქვე დააგდო პერიფანტი უზარმაზარი,
სადაც განგმირულს ამოხადა სული ახლახან.
სწრაფად მიეჭრა დიომედეს, მერანთა მტერფავს.
850 ზედ მივარდნილი ღმერთი უცებ გადაიხარა
ცხენების მხარეს, საყევრისკენ, სპილენძის შუბი
სტყორცნა მეომარს მოწადინემ სულის ამოხდის.
ხელი უტაცა თვალმცეცხლია ქალღმერთმა ბუნიკს,
გვერდზე ამაოდ ღმერთის ოროლს რომ გაექროლა.
855 მაშინ უშიშრად შეუტია ღმერთს დიომედემ
სპილენძის შუბით, ძალა მისცა დიბლიგს ათენამ
და ზედ ბოქვენთან, სადაც არესს ერტყა სარტყელი,
დაჭრა ტიდიდმა და გაფლითა უკვდავი ტანი.
შუბიც დააძრო, და ხაფი ხმით იბღავლა ღმერთმა,
860 თითქოს ცხრა, გინა ათი ათას კაცს ეღრიალოს,
ძლიერ მეომარს, გადამწყვეტი, სასტიკ ბრძოლის წინ.
შიშმა შეაკრთო აქაველნიც, ტროელთა სპანიც,
ისე ღმუოდა ღმერთი ომით გაუმაძღარი.
როგორც შავია ზეცა, მრუმე ღრუბლით მოცული,
865 როს შმაგად სუნთქავს ქარიშხალი, ქარი-ხორშაკი,
ისე ეშავა რვალმოსილი არესი ტიდიდს,
ვრცელი ზეცისკენ მიმავალი.
სწრაფად ავარდა
უკვდავი უკვდავთ სამკვიდროზე, ოლიმპოს თხემზე.
ზევსთან ჩამოჯდა და მწუხარე ღმერთმა აჩვენა
870 უკვდავი სისხლი ჭრილობაზე აჩქეფებული.
მძიმედ კვნეოსოდა და ეტყოდა ფრთიანი სიტყვით:
„მამაო ზევსო! ნუთუ რისხვას არ გგვრის ეს საქმე?
ღმერთნი ერთმანეთს როდი ვინდობთ, ღმერთი ღმერთსა ვნებს
უკეთურებით, როს სიკეთე მოგვაქვს კაცთათვის.
875 ყველა გემდურის: ხარ მძვინვარე ასულის მამა,
გულში რომ მხოლოდ ბოღმა აქვს და ბოროტი საქმე!
სხვა ყველა ღმერთი, ვინც კი სუფევს ოლიმპოს თხემზე,
გემორჩილება და მზად არის მორჩილი იყოს,
მხოლოდ ერთს ვერა და ვერა ფლობ სიტყვით თუ საქმით,
880 ხელსაც კი უწყობ, უბოროტეს ასულის მამავ!
ახლაც სულდიდი დიომედე, ძე ტიდევსისა,
ველური რისხვით წააქეზა ღმერთებთან ბრძოლად.
ადრე კვიპროსელს გაუკაწრა ნაზი იდაყვი,
ახლა კი შუბით მე მეძგერა, ვით დაიმონი!
885 მიშველა მხოლოდ ფეხმარდობამ, სხვაგვარად დიდხანს
გვამების საზარ ზედახორას ზედ ვეგდებოდი.
არ ამცდებოდა სატანჯველი დამღუპველ რვალის“.
ღრუბელთმარეკმა შეხედა და მრისხანედ უთხრა:
„ჩემთან ნუ ღმუი, შე მერყევო, მესხვადასხვიევ!
890 ოლიმპოს მკვიდრთა შორის მძულხარ ყველაზე მეტად:
შენ მხოლოდ შუღლი, მხოლოდ მტრობა და ბრძოლა გატკბობს!
დედის სული გაქვს – მიწყივ ჭინჭყლი და ჭირვეული, ჰერასი!
მას ხომ სისტყვით ძლივსღა მეც ვიმორჩილებ!
ახლაც, ვეჭვ, მისმა ჩაგონებამ შეგრძრა ტკივილით!
895 მაგრამ არ ძალმიძს კვლავ გიყურო ასე წამებულს,
შენ ხომ შვილი ხარ ჩემი, დედამ შენ ჩემგან გშობა.
სხვისი რომ იყო, გულბოროტო, დიდი ხნის წინათ
ურანიდებთან ჯოჯოხეთში გადაგკარგავდი!”
თქვა და უბრძანა აქიმობა პეანს კრონიდმა.
900 მან მალამოთი დაუმატა ტკივილი არესს,
განკურნა ღმერთი სიკვდილისთვის არგაჩენილი.
როგორც თეთრ რძეში გაერევა ლეღვის ნაჟური
და როგორც სწრაფა იდღვიბება, დედდება ხოლმე,
ისევე სწრაფად მოარჩინა პეანმა ღმერთი.
905 ჰებემ განბანა და შემოსა.
დაჯდა არესი ზევსის მახლობლად, მოამაყე თვისი დიდებით.
იმ დროს კრონიდის სავანეში დაბრუნდნენ კიდეც
არგიველთ ჰერა და ათენა ალალკომენე.
ასე დათრგუნეს ღმერთი არეს – კაცთა მმუსვრელი.
ქება მეექვსე. ექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა
უკვდავთ დატოვეს ტროელთა და აქაველთ ბრძოლა,
მაგრამ აქა-იქ ისევ ენთო ომის სახმილი
და კვლავ უტევდნენ სპანი ერთურთს ბასრი შუბებით
სიმოეისის და ქსანთოსის სანაპიროზე.
5 ჯერ აიანტმა, აქაველთა ბურჯმა, გააპო
ტროელთ ფალანგნი და მოჰფინა ხალხს შუქი შვების,
როს თრაკიელთ შორის დასცა უმამაცესი
ევსოროსის ძე აკამანტი ძალისმხმეველი.
ცხენისძუიან მუზარადში დასცა სპილენძი
10 და გაატანა შუბისწვერმა ძვლებში ხრიალით,
შავი წყვდიადი მოკლულს თვალზე გადაეფარა.
აქსილოს დასცა დიმედემ კეთილშობილმა,
ძე ტევთრანისა არისბეში ცხოვრობდა იგი,
ყოვლად მდიდარი და ყოველთა კაცთა მოყვარე.
15 გზის პირას მცხოვრებს ღია ჰქონდა სტუმრისთვის კარი.
მაგრამ ვერავინ იხსნა მოყმე მეგობართაგან,
ვერვინ უშველა, ორს მოუსპო მხნე დიომედემ
სიცოცხლე: მას და კალენიოსს, ეტლით ეძგერა
და განუყრელნი სამარეშიც ჩავიდნენ ერთად.
20 ევრიალოსმა დასცა დროეს და ოფელტიოს,
აისეპოსიც, პედასოსიც, ნიმფამ რომ უშვა
გმირ ბუკოლიონს – მშვენიერმა აბარბარეემ.
ბუკოლიონი, უფროსი ძე ლაომედონტის,
დედამ ფარულად, უქორწინოდ შობა.
25 ჭაბუკი ფარას მწყემსავდა, თანაეყო როს ნიმფას ტრფობით.
მან მუცლად იღო და ტყუბი ძე შესძინა მოყმეს.
ერთად გაუფრთხო სული ტყუბებს მეკისტიადმა
და მშვენიერ მხრებს ააგლიჯა აბჯარ-ბექთარი.
ასტიალოსი დასცა იქვე პოლიპოიტემ,
30 პიდიტე დასცა ოდისევსმა პერკოსიელი
სპილენძის შუბით, ტევკროსმა კი – არეტაონტი.
ანტილოქოსმა აბლეროსი სძლია ოროლით,
ხოლო ელატოს – მამაცთ მეფემ აგამენონმა,
პედასს მცხოვრები, სატნიონტის სანაპიროზე.
35 ლტოლვილ ფილაკოსს ლეიტოსმა მოუღო ბოლო,
ევრიპილოსმა გააშიშვლა მელანთიოსი.
ადრესტოს ცოცხლად ხელთ ჩაიგდო მენელაოსმა,
როცა ცხენები, ბრძოლის ველზე შიშით დამფრთხალნი,
გაქანებულნი ზედ შეასკდნენ მთის ჟოლოს ბუჩქებს,
40 ხელნა გახლიჩეს და გაცვივდნენ ილიონისკენ,
საითაც სხვათა მრავალ ცხენსაც აეღო გეზი.
ეტლიდან თვლისკენ გაგორებულს, პირვე დაცემულს,
ზედ წამოადგა მისკენ მსრბოლი მენელაოსი,
მუქარით შუბი შეემართა გრძელჩრდილიანი.
45 ადრესტოს ფეხზე მოეხვია და შეევედრა:
„სიცოცხლე მომეც და ღირსეულს საზღოს მიიღებ!
დიდი საუნჯე სახლში უდევს მდიდარ მამაჩემს –
სპილენძი, ოქრო და ილეკრო ძნელად საჭედი.
ხალისით მოგცემს აურაცხელ გამოსასყიდსაც,
50 თუკი გაიგო, რომ ტყვედ გყავარ აქაველთ გემთან!“
ასე თქვა. უკვე აუჩვილა გული, ფიქრობდა –
ვინმე მეაბჯრეს აქაველთა ხომალდებისკენ გავატანოო ტყვე.
მაგრამ მყის აგამენონი
თავს წამოადგა მისკენ მსრბოლი და შეუძახა:
55 „ბეჩავ, რას ვხედავ, მენელაოს, ახლა ესოდენ
ლმობიერი ხარ? მშვენიერი საქმე კი გიქნეს
ტროელთ შენს ჭერქვეშ! არვის ასცდეს შავი სიკვდილი
ჩვენი ხელითა! არვის, ჩვილსაც – დედის წიაღში
რომ ფშვინვიერობს! დაე, მკვიდრნი ილიონისა
60 გაწყდნენ ყველანი უკუბოოდ, დაუკრძალავად!“
უთხრა და გმირმა ძმას განზრახვა შეაცვლევინა,
სიმართლე უთხრა! ადრესტოსი ქერათმიანი
მყის უხმოდ, ხელით მოიშორა.
აგამენონმა მუცელში ჩასცა შუბი, მკერდზე დაადგა ფეხი
65 და ამოჰგლიჯა შუბისწვერი მიწაზე განრთხმულს.
ამ დროს ნესტორი არგიველებს გულს უმაგრებდა:
„დანაელთ გმირნო, მეაბჯრენო ღმერთის არესის!
დროს ნუ დაკარგავს ბრძოლის ნადავლს დახარბებულნი,
ვინძლო მეტ-მეტი წავიღოთო ხომალდებისკენ.
70 ჯერ მოვსპოთ მტერი, შემდეგ ძალგვიძს გულარხეინად
ხელი მივჰყოთ და გავაშიშვლოთ მათი ცხედრები!“
ასე თქვა, სული სიმამაცით აუნთო ყველას.
არესის მსახურთ – აქაველებს სულის სიმდაბლით
ძლეული მტერი შეასწრებდა კიდეც ქალაქში,
75 რომ არ ერჩია ჰექტორისთვის, ენეასისთვის
პრიამოსის ძეს, ბრძენ ჰელეონოსს, ჩიტებზე მჩხიბავს:
„ენეას, ჰექტორ! ტვირთი გაწევთ ყველაზე მეტი,
ზრუნვა ტროელთა მხედრობაზე, ლიკიელ ხალხზე.
ომშიც, ბჭობაშიც ერთნაირად ხართ ჩინებულნი!
80 აქ დახვდით, ბჭესთან შეაჩერეთ ლტოლვილნი სპანი,
სანამ ცოლებთან შევარდნილან, ქალის კალათში
თავი ჩაურგავთ და გამხდარან მტრის სახარხარო!
როცა ფალანგებს გაამხნევებთ, ჩვენ აქ დავრჩებით,
შევერკინებით დანაელებს, რაც უნდა ძლიერ
85 გვიჭირდეს ბრძოლა. გვაიძულებს გარდუვალობა!
შენ კი ისწრაფე, ჰექტორ, ტროას! და ჩემი რჩევა
დედაჩვენს უთხარ: მოუყაროს დიაცებს თავი
კოშკში, სადაც დგას თვალმცეცხლია ღმერთის ბომონი,
გახსნან ათენას დიად ტაძრის წმინდა კარიბჭე,
90 უცხო პეპლოსი, დიდებული, ყველა საუნჯეს
რაცა სჯობია მეფის სახლში, რაც თვითონ უყვარს,
მუხლზე დაუდოს თვალმცეცხლია ათენას, ქალღმერთს.
თორმეტი უღელდაუდგმელი და ერთწლიანი
მოზვერი დაკლას, ვინძლო ღმერთმა ლოცვა ისმინოს
95 და შეიწყალოს ილიონი და დედა-წულნი,
ვინძლო ტროიდან უკუაგდოს გმირი ტიდიდი,
შმაგი მებრძოლი და აღმძვრელი შიშის და ლტოლვის,
აქაველთ ტომში, ვფიქრობ, უმხნეს-უმამაცესი!
ასე აქილევს ვერ გვაფრთხობდა – მეფე მამაცთა,
100 ძე, ვით ამბობენ, ქალღმერთისა!
ეს ხომ ბრძოლაში
უფრო მძვინვარებს, სიმამაცით ვინ შეედრება!”
ასე ამბობდა და ჰექტორმაც ისმინა რჩევა.
სწრაფად ეტლიდან ძირს გადმოხტა აბჯარასხმული,
ბასრ შუბს იქნებდა, გარს უვლიდა ტროელთა რაზმებს,
105 ომში უხმობდა, გააჩაღა კიდევაც ბრძოლა,
დადგნენ ტროელნი, შეეგებნენ აქაველთ ლაშქარს.
არგიველთ სპანი შეკრთნენ, ბრძოლის გზნება მინავლდა,
ფიქრობდნენ, ღმერთი ჩამოხდაო ხომლიან ციდან,
ის თუ გვებრძვისო, ისე მტკიცედ იდგნენ ტროელნი.
110 ჰექტორი ტროელთ კვლავ უხმობდა ომახიანად:
„გულმხნე ტროენლო და სვიანნო მოკავშირენო!
იყავით მძლენი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
მცირე ხნით წავალ ილიონში დაგეთხოვებით
მოხუცებს ვნახავ და დიაცებს ვეტყვი, მხურვალედ
115 ილოცონ, ღმერთებს ჰეკატომბეს ზორვა აღუთქვან“.
თქვა და გაუდგა გზას ჰექტორი ზუჩმოელვარე.
გმირის ნაკვალევს ეხებოდა, ქედზე ურტყამდა
შავი რამ ტყავი, ვეება ფარს შემოხვეული.
ამ დროს გლავკოსი, ძე სვიანი ჰიპოლოქოსის
120 და ტიდევსის ძე შეხვდნენ ერთუღტს ბრძოლის წადილით,
როს ორივ მხრიდან ისწრაფოდნენ საპირისპიროდ.
პირველმა შემხვდურს მიაგება სიტყვა ტიდიდმა:
„ვინ ხარ, რომელი კაცთაგანი, ზვიადო მოყმევ?
ადრე არ მახსოვს, სამამაცო ომში მენახო.
125 დღეს კი, ასე ჰგავს, სიგულვანით აჭარბებ ყველას,
რაკი გულდინჯად გრძელჩრდილიან ჩემს შუბს მოელი.
მხოლოდ ბედკრულთა შვილნი სცდიან ჩემს უშრეტ ძლაას!
თუ უკვდავი ხარ, მოვლენილი მაღალ ზეციდან,
იცოდე, ღმერთებს მე არასდროს შევერკინები!
130 დრიანტის ძემაც, ლიკურგოსმაც ცოტა იცოცხლა,
რაკი აღმართა ხელი ზეცად მცხოვრებ ღმერთებზე.
ოდესღაც შმაგი დიონისეს მხლებელთ დაესხა,
წმინდა ნისემდე მიჰყვა. მათ კი სუროს და ვაზის
კვერთხი დააგდეს, კაცთა მმუსვრელ ლიკურგოსისგან დაკოდილებმა.
135 დიონისეც შეშინებული
ტალღებს შეერთო და თეტისმა მიიღო ღმერთი,
ათრთოლებული მძვინვარებით შმაგი მოყმისა.
ყველა ნეტარი ღმერთი იყო აღშფოთებული,
ზევსმა კი იგი დააბრმავა.
სულ მცირე ხნითღა
140 შერჩა სიცოცხლე უკვდავთათვის საძულველ მოყმეს.
ნეტარ ღმერთებთან არა, არ მსურს მე შერკინება!
თუ მოკვდავი ხარ და ნაზარდი მიწის ნაყოფით,
ახლოს მოიწი და სიკვდილის ზღურბლსაც მიაღწევ!“
მყისვე მიუგო მამაცმა ძემ ჰიპოლოქოსის:
145 „სულდიდო გმირო, მოდგმას ჩემსას რად მეკითხები?
რაც არის მოდგმა ხის ფოთოლთა,იგია კაცთა:
ქარი მიწაზე მიახვეტავს, კვლავ აყვავდება
მუხა, ადრიან გაზაფხულზე აიყრის ფოთლებს.
ასეა კაციც: ზოგი ჩნდება, ზოგი კი ქრება.
150 მაგრამ თუ გინდა წინაპართა ჩემთა ამბავი,
ახლავე გეტყვი, ბევრმა იცის, რა გვარი მოგვდგამს.
ცხენმრავალ არგოს აღმართულა ეფირეს ციხე,
სადაც ცხოვრობდა სისიფოსი, განთქმული კაცი,
ბრძენი სისიფოს ეოლიდი, ვინც შვა გლავკოსი.
155 გლავკოსმა შობა უცოდველი ბელეროფონტი,
ღმერთებმა უძღვნეს მას მშვენება და სიმამაცე.
პრიოტისს სურდა დაეღუპა მოყმე უმწიკვლო
და გააძევა არგიველთა მრისხანე მეფემ,
რომლის კვერთხის ქვეშ ზევსს მონობდა ხალხი დიდძალი.
160 ანტიეიამ, მეფიც ცოლმა, ისურვა ყრმასთან
იდუმალ ტრფობით ტკბობა, მაგრამ არ დაჰყვა წადილს
კეთილშობილურ გრძნობით სავსე ბელეროფონტი.
ცილი დასწამა ყრმას ქალმა და პროიტისს უთხრა:
– შენ მომიკვდიო, ბელეროფონტს თუ არ მოაშთობ!
165 ჩემთან, არ მდგომთან, მოინდომა სიტკბო ტრფობისა, –
ასეთი ცილი სწამა; მაშინ განრისხდა მეფე,
მაგრამ მოკვლა კი ვერ თავს იდვა – შეძრწუნდა სულით.
მოყმე ლიკიას გადახიზნა, თან გაატანა
ავი ნიშნები, ფირფიტებზე ამოკაწრული –
170 სიმამრისათვის, რომ მისგანვე დაღუპულიყო.
გაშორდა ღმერთთა შემწეობით, მშვიდობიანად
ეწვია ქსანთოსს აზვირთებულს, ლიკიის მიწას.
კეთილად დახვდა მბრძანებელი ლიკიელ ხალხის.
ცხრა დღეს პურობდა, ცხრა დღეს ხბორებს უკლავდა მეფე,
175 და როს მეთედ ადგა ეოს ვარდისთითება,
სტუმარს მოსთხოვა მან ჩვენება იმან ნიშანთა,
საყვარელ სიძეს – პროიტოსს რომ გამოეგზავნა.
როცა ნიშანი ნახა ავის მაუწყებელი.
ჭაბუკის მოკვლა დაავალა სასტიკ ქიმერას,
180 მას უკვდავ ღმერთთა, არა კაცთა, მოსდგამდა ჯიში:
თავი ლომისა, ტანი თხისა, კუდი დრაკონის.
საშინლად ქშენდა, ეფრქვეოდა ხახიდან ალი.
ყრმამ სძლია, ღმერთთა სასწაულით გამხნევებულმა,
შემდეგ ეომა ომნაცად ხალხს, განთქმულ სოლიმებს,
185 ბრძოლა ასეთი საშინელი არც მოსწრებია.
მესამედ შეხვდა მამაკაცთა მსგავს ამაძონებს.
როს ბრუნდებოდა შინ, კვლავ დიდი საფრთხე ელოდა,
საფარში დახვდნენ ლიკიელთა მამაცნი სპანი,
და მათგან ვერვინ ვერ იხილა კვლავ სახლი თვისი.
190 ყველა გაწყვიტა უცოდველმა ბელეროფონტმა.
ბოლოს მიუხვდა მეფე მოყმეს ღვთაებრივ მოდგმას,
შინ დაიტოვა, მიათხოვა თვისი ასული.
მისცა ბრწყინვალე ნახევარი მეფურ დიდების,
ლიკიელთაგან დიდებული წილი მიიღო –
195 სამეფოდ ვრცელი ბაღები და ხოდაბუნები.
ბრძენ ბელეროფონტს შეეძინა სამი მემკვიდრე:
ჰიპოლოქოსი, ისანდროსი, ლაოდამია.
ლაოდამიას პირმშვენიერს ზევსი შეეტრფო,
მან სარპედონი შობა, გმირი რვალშემოსილი.
200 ბოლოს შეძულდა ყველა უკვდავს ბელეროფონტი,
ალეიოსის ველს მიენდო მოხეტიალე.
გულს ღრღნიდა დარდი, გაურბოდა კვალს კაცთა მოდგმის.
არესმა, ბრძოლით უმაძღარმა დასცა ისანდროს,
როცა სოლიმებს, ომნაცად ხალხს, ებრძოდა გმირი.
205 ასული მოკლა არტემისმა, მძლე შვილდოსანმა.
ჰიპოლოქოსი დარჩა. მისგან მე ვარ შობილი.
აქ გამომგზავნა და მიბრძანა, მუდამ მეცადა
სხვისთვის მეჯობნა, მიწყივ ბრძოლის გზნებით აღვსებულს.
210 ეფირეში და ლიკიაში სახელგანთქმულნი.
აჰა, ესერა ჩემი სისხლი, ვამაყობ ამით!“
აღივსო შვებით დიომედე კეთილშობილი,
სპილენძის შუბი ნაყოფიერ მიწას ჩააჭდო
და მიესალმა სახელგანთქმულს, მამაცთა მეფეს:
215 „შენ ხარ სტუმარი მამა-პაპურ ადათით ჩემი!
ოდესღაც პაპა ოინევსი გმირ ბელეროფონტს
ოცი დღ სახლში მასპინძლობდა, როგორც მეგობარს.
ერთურთს უბოძეს საჩუქარიც საუკეთესო:
პაპამ მიართვა მას სარტყელი ძოწით ელვარე,
220 ბელეროფონტმა – ოქროს თასი ორფსკერიანი,
ახლაც შინ მიდევს თასი იგი, სადაც დავტოვე.
მამა არ მახსოვს, ჩვილი დავრჩი ტიდევსს, როდესაც
თებე-ქალაქთან აქაველნი დამარცხებულან.
დღეიდან არგოსს მეგობრად და სტუმრად მეგულვი.
225 მეც ლიკიაში თუ გეწვიე, მიგულე ასე.
ერთურთს დავშორდეთ, შევერიოთ შუბებით ლაშქარს.
ბევრს ვნახავ ტროელს, სახელოვან მოკავშირესაც,
ბევრსაც ვძლევს, ვისაც შემახვედრებს ღმერთი მაღალი.
შენც სხვა აქაველს, ვისაც შეძლებს, გაუსწორდები!
230 გავცვალოთ ახლა საჭურველნი, ყველამ იცოდეს,
როგორ ვამაყობთ პაპათა დროს დაწყებულ ძმობით!“
ასე ამბობდნენ და ჩამოხტნენ მყის ეტლებიდან,
ხელი ხელს მისცეს, მეგობრობა ერთურთს შეჰფიცეს.
გლავკოსს წაართვა ამ დროს ჭკუა კრონიდმა ზევსმა:
235 ოქროს აბჯარი რვალისაში გააცვლევინა –
ასზროხიანი ტიდიდს მისცა ცხრაზროხიანში!
მიადგა მუხას, სკაიას ბჭეს გმირი ჰექტორი.
ტროელნი ქალნი და ქალწულნი შემოეგებნენ
ზოგი შვილს სწუხდა, ზოგი ძმას და ზოგიც მეუღლეს.
240 მან კი უბრძანა, ილოცეთო უკვდავთა მიმართ,
ზეცის მკვიდრთადმი – ბევრს ვაება ემუქრებაო!
მიუახლოვდა პრიამოსის სახლს ლაღად ნაგებს.
სწორად ნათალი ტერასები გასდევდა გასწვრივ
მის ორმოცდაათ სამთიობოს, მიჯრით მიწყობილ
245 თლილი ქვებისგან აშენებულს.
იქა ცხოვრობდნენ
პრიამეს ვაჟნი პირმშვენიერ მეუღლეებთან.
მეორე მხარეს კი თორმეტი ოთახი იყო,
მიჯრით მიწყობილ თლილი ქვებით აშენებული,
მოხუც პრიამეს ასულების სამთიობონი –
250 იქ პირმშვენიერ, მორცხვ ცოლებთან იყვნენ სიძენი.
ჰეკაბეს, ძვირფას დედას, გზაში შეხვდა ჰექტორი,
ლაოდიკესთან – თვის ასულთან მიმავალ მოხუცს,
ხელი მოჰკიდა მორიდებით ჰექტორს მშობელმა:
„სად მიხვალ, შვილო, რად დატოვე მძვინვარე ბრძოლა,
255 ალბათ თუ გძლევენ საძულველი აქაველები,
ქალაქის კედელს შესევიან... შენ ჩვენთან მოხველ,
ლოცვა-ვედრებით რომ ზევსისკენ აღაპყრო ხელნი?
ნუღარ აყოვნებ, შვილო ჩემო, მოვიტან ღვინოს,
რათა ასხურო ზევსისათვის და ღმერთებისთვის,
260 შემდეგ თვითონაც ნება-ნება გული იმაგრო;
კაცს, შრომით დაღლილს, კვლავ უახლებს ღვინო ძალ-ღონეს,
შენც, შვილო ჩემო, ამ საზარმა ბრძოლამ დაგღალა“.
დედას მიუგო გმირთა გმირმა ზუჩმოელვარემ:
„არ მომიტანო ტკბილი ღვინო, ძვირფასო დედავ,
265 ჩემს ძალას დასცემს, ჯანს დავკარგავ და სიმამაცეს,
როგორ გავბედავ, უწმინდური ხელით ვასხურო
ზვარაკს ზედაშე? სისხლიანი რომ ვლოცულობდე,
ღრუბელთა შემკრებს ვადიდებდე, როგორ იქნება!
მაგრამ შენ წადი და ეწვიე ათენას ტაძარს,
270 ნელსურნელოვან საკმეველით ქალებთან ერთად,
უცხო სამოსი უმდიდრესი, ულამაზესი,
რაც გეგულება მეფის სახლში, რაც უფრო გიყვარს,
აიღე, მუხლზე დააფინე ქალღმერთ ათნას.
თორმეტი ხარი, ერთწლიანი, ლაღი მოზვერი
275 ტაძრად წაასხი საზვარაკოდ. ვინძლო გისმინოს,
ქალაქს მოხედოს, ქალებსა და უცოდველ ბალღებს,
წმინდა ტროიდან დიომედე ყოს ოტებული –
მძვინვარე გმირი, გასადევნად რომ გვეძალება.
საზღოსმოყვარე ღმერთის ტაძარს ეწვიე, დედავ!
280 მე კი პარისთან გეახლები, თუ გამიგონა,
ეგებ საომრად წავიყოლო.
ო, ნეტავ აქვე
მიწამ პირი ყოს, ჩაიტანოს! კრონიდმა შობა
ტროის, პრიამეს და მის შვილთა დასაღუპავად.
მას რომ ჰადესის ჯურღმულებში მოვესწრო შთანთქმულს,
285 ვგონებ, გულს ყველა სატანჯველი გადამეყრება!“
ასე ამბობდა. ჰეკაბემაც მოუხმო მსახურთ,
მათ მოიყვანეს ილიონის მანდილოსანნი.
დედა შევიდა სურნელოვან სრა-სასახლეში,
ტურფად ნაქარგი მოსასხამი შემოენახა,
290 სიდონელ ქალთა ნახელავი. ღვთაებრივ პარისს
მოუტანია, რა მოსულა ზღვით სიდონიდან,
როცა ელენე თან მოჰყავდა კეთილშობილი.
სხვათაგან ერთი შეარჩია ათენასათვის,
საუკეთესო, სინატიფით გამორჩეული,
295 როგორც ვარსკვლავი, მოციმციმე, შუქმოელვარე.
ტაძრად მივიდა და თან მიჰყვნენ მანდილოსანნი.
მიუახლოვდნენ ქალაქის კოშკს, ათენას ტაძარს,
კარნი განახვნა მათ წინაშე ტურფა თეანომ,
კისეს ასულმა, ცოლმა მხედარ ანტენორისა.
300 იგი ტროელებს აერჩიათ ღმერთის ქურუმად.
ხელნი აღაპყრეს, შეღაღადეს ვედრება ქალღმერთს
და ის სამოსი ქალ-ქურუმმა ტურფაღაწვებამ
მუხლზე დაუდო პირმშვენიერ ღმერთქალის ბომონს
და აღავლინა ლოცვა ზევსის ასულის მიმართ:
305 „ომში ძლიერო ათენაო, ქალაქთმეოხო!
გადაუმსხვრიე დიომედეს ოროლი ბასრი
ჰქმენ ისე, რომ თვით დაენარცხოს სკაიას ბჭესთან!
აწ თორმეტ მოზვერს, თითოწლიანს, უღელდაუდგმელს,
ტაძრად მოვასხამთ საზვარაკოდ, ვინძლო გვისმინო,
310 ქალაქს მოხედო, ქალებსა და უცოდველ ბალღებს!“
ასე ღაღადყო, არ ისმინა ათენამ ლოცვა.
როცა მლოცველნი შველას თხოვდნენ კრონიდის შობილს,
უკვე პარასის სავანესთან იყო ჰექტორი.
ეს სახლი მისთვის მთაგორიან ტროის მხარეში
315 სახელმოხვეჭილ კირითხუროთ უშენებიათ.
ჰქონდა ლამაზი ეზო-ბაღი და სამთიობო
ტროის ციხეში, პრიამეს და ჰექტორის სახლთან.
კარებს მიადგა მოყმე, ეპყრა მარჯვენა ხელში
თერთმეტწყრთიანი გრძელი შუბი და ელვარებდა
320 სპილენძის წვერი წამახული, სალტე ოქროსი.
ჰექტორს ძმა დახვდა უმაქნისი, თვის სავანეში
ფარ-ისრისა და საჭრუვლების სინჯვით გართული.
იქვე ელენე არგიველი, პირმშვენიერი
შინამოახლე ქალებს საქმეს უნაწილებდა.
325 ასე მიმართა ძმას ჰექტორმა მოსაყივნებლად:
სევდავსებულო, რისხვის დროც კი არა გცოდნია!
ტროელთა მოდგმა იღუპება, ქალაქის ბჭესთან
მტერს ერკინება, შენთვის ტროა-ქალაქის ირგვლივ
ბრძოლა მძვინვარებს, განა შენ თვით სხვას არ აძაგებ,
330 თუ ნახავს ვისმე, გამოქცეულს ბრძოლის ველიდან?
გასწი, სანამდის ილიონი ცეცხლს არ შთაუნთქავს!“
მყისვე მიუგო ალექსანდრემ ღმერთის სადარმა:
„ჰექტორ, ნება გაქვს მლანძღო, შენგან მეკუთვნის კიდეც.
გულს გადაგიხსნი, მოთმინებით მომაპყარ ყური:
335 განა ტროელთა გამარისხეს, განა რისხვისთვის
ვიჯექ ქუშად? მსურდა დარდებს დავნებებოდი...
აწ კი მეუღლემ შთამაგონა კეთილი სიტყვით –
ბრძოლაში გასვლა, მეც მგონია, ასე სჯობია:
ცვალებადია გამარჯვება მოკვდავთა შორის...
340 თუ შეგიძლია – დამელოდე, ავისხამ აბჯარს,
თუ გინდა – წადი, ვიჩქარებ და წამოგეწევი!“
თქვა მან. არცა რა უპასუხა ქველმა ჰექტორმა.
სტუმარს ელენემ მშვიდი სიტყვა უთხრა ალერსით:
„მრავალ ვაების მომგვრელ ქალის მაზლო ზვიადო,
345 ნეტავ იმ დღესვე, როცა ქვეყნად მშობელმა მშობა,
მძვინვარე გრიგალს ავეტაცე უდაბურ მთაზე,
ან ზათქიანი ზღვის ტალღებში ჩავეგდე უმალ,
ზვირთი მშთანთქავდა, ეს ამბებიც არ მოხდებოდა...
მაგრამ ვაი, რომ თვით ღმერთებმა ინებეს ასე!
350 რა იქნებოდა, უფრო ქველი ქმარი მოეცათ,
ეგრძნო სირცხვილი, ეცნო თვისი მოვალეობა!
ეს ბედოვლათი ბედოვლათად დარჩება მუდამ,
როდი შერჩება! რაც ეკუთვნის, იმას მოიმკის!
შემოდი ჩვენთან და ჩამოჯექ, დამშვიდდი, მაზლო!
355 შენს სულსა სტანჯავს საზრუნავი აურაცხელი,
უღირს ქალისთვის, ალექსანდრეს შეცდომისათვის.
ღმერთმა გვარგუნა ავი ხვედრი: სიკვდილის მერეც
შემდგომ თაობებს შემოვრჩებით უღირს სიმღერად“.
მყისვე მიუგო ქალს ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
360 „ნუ მთხოვ ჩამოვჯდე, თუმცა სათნო ხარ,
არ დაგთანხმდები –
გული მიმიწევს – მივეშველო მამაც ტროელებს,
ბრძოლის ველზე რომ მიმელიან, მოიმედენი.
შენ კი პარისი წააქეზე, რომ აღიჭურვოს
და დამეწიოს ქალაქიდან ველზე გასვლამდე.
365 სახლში შევივლი და მცირე ხანს თუ დავყოვნდები:
ჯალაბსა ვნახავ, ძვირფას ცოლს და შვილს პაწაწინას
არ ვიცი, იქნებ ვერც დავბრუნდე ბრძოლის ველიდან.
იქნებ ღმერთებმა დამცენ იქვე დანაელთ ხელით“.
ასე უთხრა და განეშორა ზუჩმოელვარე.
370 სწრაფაც მიადგა თვის სასახლეს ლაღად აზიდულს.
შინ ვერა ჰპოვა ანდრომაქე ტურფაღაწვება,
შვილთან და ლამაზპეპლოსიან ძიძის თანხლებით
კოშკზე ასულა. მოთქვამდა და ცრემლებსა ღვრიდა.
ჰექტორმა შინ რა ვერა ნახა ცოლი უზადო,
375 ზღურბლთან შეჩერდა, მოახლეებს ეკითხებოდა:
”ნუ დამიმალავთ, დიაცებო, მამცნეთ სიმართლე:
სად არის ჩემი ანდრომაქე, იქნებ მულებთან
წავიდა, იქნებ რძლებს ეწვია მორთულ-მოკაზმულთ?
იქნებ ათენას ტაძარშია, სადაც ტროელი
380 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ?”
მას გამჭრიახმა მეკუჩნავე ქალმა მიუგო:
„ჰექტორ, რაკი გსურს, მოგახსენებ მხოლოდ სიმართლეს.
არცა მულებთან, არც მოკაზმულ რძლებთან წავიდა,
არცა ათნას ტაძარშია, სადაც ტროელი
385 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ.
არა, კოშკშია ილიონის, შეშფოთდა ძლიერ,
ოდეს გაიგო, აქაველნი მოგვეძალენო,
გაიქცა ციხის გალავნისკენ თავგამეტებით,
როგორც შეშლილი. მასთან არის ძიძა და ბავშვიც“.
390 ასე უთხრა და გამოვიდა ჰექტორი გარეთ,
ლაღად აზიდულ სასახლეებს კვლავ ჩაუარა,
ვრცელი ქალაქი განვლო თითქმის, სკაიას ბჭისკარს
მიუახლოვდა, სადაც იდო გზა ბრძოლის ველის.
იქ დახვდა თვისი ანდრომაქე, სწრაფად მოიჭრა,
395 ღირსეულ გვარის პირმშო, ქალი ჰეტიონისა.
ტყიან პლაკეში, ფერდობებზე ცხოვრობდა იგი, –
პლაკიის თებეს, კილიკიელთ მთავარი მძლავრი.
მთავრის ასული ცოლად ესვა ჰეტორს აბჯროსანს.
შეხვდნენ ერთმანეთს, ცოლს მოსდევდა მოახლე ქალი
400 და ხელთ ეჭირა ჩვეილი ბავშვი, ჯერეთ უენო,
მათი შობილი, მშვენიერი, ვარსკვლავთსადარი.
მამა ეძახდა სკამანდრიოსს, ტროის მცხოვრებნი
კი – ასტიანაკტს: ტროის ბურჯი ჰექტორიაო.
მამა შვილს ჩუმად შესცქეროდა და იღიმოდა.
405 იქავე იდგა ანდრომაქე ცრემლმორეული.
ხელი ჩაავლო ძვირფას ქმარს და მიმართა ასე:
„ეგ სიმამაცე გღუპავს, კაცო გასაოცარო:
არ გეცოდება არცა ჩვილი, დედაც ბედშავი!
დაგიქვრივდები, უბედური. არგიველები
410 თავს დაგესხმიან ვაგლახ, შენგან დატევებულსა
მიწამც გამისკდეს! ვეღარასდროს შვებას ვერ ვპოვებ,
თუ ბედისწერამ დაგვაშორა, ხვედრად ვაება
არ ამცილდება
არც მამა მყავს, არც სათნო დედა!
მოხუცი მამა აქილევსმა მოკლა ფეხმარდმა,
415 როცა ქალაქი დაანგრია კილიკიელთა,
მაღალბჭიანი თებე.
მოკლა თვით ჰეტიონი,
ვერ კი გაბედა გაეძარცვა; გულით შეძრწუნდა:
მოხუცი დასწვა აღჭურვილი ძვირფას საჭურვლით.
ფერფლზე ტაგრუცი ააშენა და მის გარშემო
420 ნიმფებმა, ზევსის ასულებმა, გორა აღმართეს.
და ჩემმა ძმებმაც, – დამრჩენოდა შვიდი ღვიძლი ძმა, –
ერთ დღეს ჰადესის ჯურღმულებში სავანე ჰპოვეს.
სვეუბედურებს აქილევსმა მოუღო ბოლო,
ჯოგში მიაგნო ბოჩოლებს და ხუჭუჭა კრავებს.
425 მუხნარი პლაკეს დედოფალი, დედაი ჩემი
ტყვედ წაიყვანა სხვა საბრძოლო ალაფთან ერთად,
თუმცა გაუშვა, უთვალავი საზღოს საფასით.
დედაც მომიკლა ფოიბოსმა საკუთარ სახლში!
ჰექტორ, შენა ხარ ჩემი ყველა – მამაც და დედაც!
430 შენ ჩემი ძმაც ხარ ერთადერთი, ქმარიც უბადლო!
ნუ წახვალ, დარჩი, შემიბრალე, ნუ დამიობლებ
შვილს და შენს ცოლსაც ნუ დასტოვებ ქვრივ-ოხრად, ჩემო!..
ჩვენი ლაშქარი დააყენე იქ, ლეღვის ხესთან,
სად გალავანზე მტერს ამოსვლა ეადვილება.
435 სამგზის დაგვეცნენ იმა მხრიდან აქაველები,
იდომენევსი და ორივე მძლე აიანტი,
ატრევის ძენი, ტიდევსის ძე, მძლავრი მებრძოლი.
ალბათ ურჩია რომელიმე ბრძენმა მისანმა,
ან, შესაძლოა, გულმა უგრძნო ყოვლის მცნობელმა“.
440 პასუხად უთხრა ქალს ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
„მეც ეს მაშფოთებს, ჩემო კარგო, მაგრამ ტროელთა
და გრძელკაბიან ტროელ ქალთა წინაშე სირცხვილს
სად გავექცევი, თუ ლაჩრულად გავექეც ბრძოლას?
გული არ მიზამს. გავწაფულვარ სიგულვანეში,
445 ტროელთა შორის მარად პირველს ბრძოლა მწყუროდა,
ჩემთვის და ჩემი მამისათვის სახელ-დიდება!
განა არ ვიცი, ჩემს გონებას და გულსაც სჯერა –
ოდესმე მართლაც დაინგრევა ტროა-ქალაქი,
დაიღუპება პრიამე და პრიამეს ტომი.
450 მაგრამ გულს მიკლავს ხვედრი უფრო არა ტროისა,
მშობელ პრიამეს, მცხოვან დედის ჰეკაბეს ბედი,
საყვარელ ძმათა და მოყმეთა უმამაცესთა,
გამძვინვარებულ მტრების ხელით ძლეულთა გმირთა, –
არამედ შენი, მეუღლეო, მყოფადი შენი!
455 ტყვედ გაგიტაცებს აქაველი, თავისუფლებას
წაგართმევს ძალით და არგოსში უცხო ქალთათვის
მოჰყვება ქსოვას... მესეისის ან ჰიპერეის
წყაროებიდან წყალს მოიტან მკაცრ იძულებით!
ცრემლებმორეულს გნახავს ვინმე და იტყვის ასე:
460 „ეს ხომ ჰექტორის ცოლიაო, ის სიმამაცით
ცხენოსან ტროელთ ყველას სჯობდა ტროაში მებრძოლთ...
იტყვის და გულში გაგიელვებს კვლავ სევდა ძველი,
ქმარს გაიხსენებ; ხომ აგხსნიდა მონობის უღელს!
უწინამც მიწამ პირი მიყოს, სანამ ტყვედ გნახავ
465 და შენ გოდებას გავიგონებ საწყალობელსა!...“
თქვა და შვილისკენ საალერსოდ წავიდა მამა,
მაგრამ პაწაწამ შეჰყვირა დგამდელის მკერდში
თავი ჩამალა, აშინებდა მამის შეხედვა,
ჯავშნის სპილენძი მოელვარე, ჩაჩქნის თავ-ბოლო
470 მრისხანედ ცხენის ფაფარივით ათრთოლებული.
ტკბილი ღიმილი მით მოჰგვარა მამას და დედას.
ჩაჩქანი იძრო მეყსეულად გმირმა ჰექტორმა,
მიწაზე დადო მოელვარე, ხელთ აიყვანა
ძვირფასი პირმშო, უნანავა, ასწია მაღლა
475 და თქვა ზევსის და სხვა უკვდავთა მავედრებელმა:
„ზევსო, უკვდავნო ღვთაებანო, გემუდარებით
ჩემებრ განთქმული გამიზარდეთ პირმშო ძვირფასი.
იყოს მორჭმული, მძლე მეუფე ტროის მხარისა.
დაე მასზე თქვან, ოდეს ბრძოლის ველიდან მოვა:
480 მამასაც სჯობსო! დაე მტრების დათხიოს სისხლი,
დამხვედურსა სძლიოს, დედის გული აავსოს ლხენით!“
თქვა და საყვარელ ცოლს გადასცა ძე სანუკვარი.
დედამ მიიკრა სურნელოვან მკერდზე პატარა
და ცრემლიანი იღიმოდა. მოლბა ჰექტორი,
485 ცოლს მოეხვია, ხელით ნაზად ეფერებოდა:
„ჩემო კეთილო, რად იკლავო გულს დარდით აგრე?
ბედი თუ მწყალობს, ჰადესს ვერვინ ვერ გამაგზავნის.
მაგრამ ბედს ვერც ვინ გაექცევა მიწის შვილთაგან,
ქვეყნად შობილი, გინა მხდალი, გინა გულადი.
490 წადი, საყვარელო, დამშვიდებით მიხედე ოჯახს,
ქსოვას და ქარგვას; მოახლენი დასაქმე შინა,
ბრძოლის საქმე კი მხოლოდ ჩვენი საზრუნავია
ტროელ მამაცთა, და ყველაზე მეტად კი ჩემი!“
თქვა და აიღო ზუჩი გმირმა ჯავშანელვარემ.
495 ხოლო შინისკენ ადრომაქე წავიდა უბრად,
ხშირ-ხშირად უკუ მოხედავდა და ცრემლებს ღვრიდა.
მალე მიადგა თავის ბინას ლაღად აზიდულს,
კაცთამმუსვრელი ჰექტორის სახლს.
იქ დახვდა ბევრი მოახლე თვისი და სატირლად აღაგზნო ყველა.
500 მათ ასე ცოცლად დაიტირეს გმირი ჰექტორი.
ფიქრობდნენ, რომ შინ სისხლიმღვრელი ბრძოლის ველიდან
ვეღარ მოვაო, ვერ წაუვა აქაველთ რისხვას.
პარისმაც აღარ დააყოვნა შინ, შეიმოსა
რვალმოოჭვილი დიდებული აბჯარ-ბექთარით.
505 სწრაფად გაიჭრა ფეხმარდობით იმედეული.
ზოგჯერ თვალშავი ცხენი, ქერით ნასათუთევი,
გაწყვეტს საბელს და მიქრის მძლავრი ფლოქვების ცემით,
სჩვევია ფართოდ მოჩუხჩუხე ნაკადში ცურვა,
ჭიხვინებს, ძლიერ ქედზე უცემს თავმოღერებულს
510 ხშირი ფაფარი, თვითონ ხარობს თვისი მშვენებით.
ფეხნი ფაშატთან, ნაცნობ ველთან მიაქროლებენ.
ასე პარისიც, პრიამოსის ძე, პერგამოსის
გზით მოდიოდა, მოელავდა, როგორც შუქურა,
მხიარული და მოამაყე, მალე მიუსწრო
515 ღვთაებრივ ჰექტორს, როს დატოვა ძმამ ის ადგილი,
სადაც ახლახანს ესაუბრა თვის ცოლს თვინიერს.
პირველად უთხრა ღვთაებრივმა ალექსანდროსმა:
„ალბათ დიდი ხნით დაგაყოვნე, ვერ მოვედ დროზე,
როგორც მიბრძანე, შეგაფერხე, დამაგვიანდა?“
520 ჰრქვა და მიუგო მას ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
„შე კაი კაცო! ალალმართალს ვის შეუძლია
ომში დაგცინოს: მებრძოლი ხარ მართლა მამაცი!
მხოლოდ აყოვნებ, გეზარება შრომა და მე კი
გული მიკვდება, შენზე აუგ სიტყვას რომ ვისმენ
525 მათგან, ვინც შენთვის ღვრის უწყალოდ სისხლსაც და ოფლსაც.
ახლა ვიჩქაროთ! ვისაუბროთ მხოლოდ მას შემდეგ
როდესაც ზევსი უკვდავ ღმერთთა სამადლობელოდ
თავისუფლების თასს ტროაში დაგვაცლევინებს,
როცა აქაველთა სპას განვდევნით, რვალმშვენიერთ!“

ქება მეშვიდე. ჰექტორისა და აიანტის შერკინება

მყის კარიბჭისკენ გაემართ გმირი ჰექტორი,

ალექსანდროსიც მიჰყვა, მოყმეთ გული აღეგზნოთ
კვლავ ბობოქარი და გმირული ბრძოლის წადილით.
თითქოს ზღვაოსანებს მიადევნა ზევსმა ზურგქარი,
5 როს ხოფმრავალი ხომალდები ზვირთებს აპობდნენ
და მეხოფურებს აატკივა სახსარი შრომამ,
ასე მიიჭრნენ ტროელებთან მათი თავკაცნი.
არეითოოს მეფის შვილი დასცა პარისმა
მენესთიოსი, არნეს მკვიდრი, არეითოოსს
10 რომ შესძენია, როს შერთვია ფილომედუსას.
ჰექტორმა ბასრი შუბით დასცა ეიონევსი
ქედში, სპილენძის ზუჩის ქვემოთ, ძვლები გაუპო.
ჰიპოლოქოსის ძემ გალავკოსმა, ლიკიელთ მეფემ
იფინოსის ძე ფიცხელ ომში შუბით განგმირა
15 ყრმა დექსიადე, ცხენდაცხენ რომ მიეჭრა სწრაფად.
მიწას დაასკდა, დაელეწა მყისვე სახსრები.
ოდეს იხილა თვალმცეცხლია ათნამ ბრძოლა
და არგიველთა სპა სასტიკად დამარცხებული,
ოლიმპოს მთიდან გარდმოიჭრა ილიონისკენ.
20 მის შესახვედრად აპოლონიც გამოემართა
პერგამოსიდან. ღმერთს ტროელთა დიდება სურდა.
უკვდავნი ერთურთს ხშირფოთლოვან მუხასთან შეხვდნენ.
თავდაპირველად აპოლონმა მიმართა ქალღმერთს:
„ზევსის ასულო, მღელვარებით გულანთებულო,
25 ოლიმპოს მთიდან რად მოიწევ, რას მიესწრაფვი?
გსურს გადახარო გამარჯვება დანაელთ მხარეს?
განა ტროელნი არასოდეს შეგბრალებია?
მიიღე, ღმერთო, რჩევა ჩემი, ფრიად კეთილი:
მოდი, შევწყვიტოთ ხოცვა-ჟლეტა. როს განახლდება
30 კვლავ შერკინება, ნუმც დაცხრება, სანამ აღსასრულს
არ ნახავთ ტროის! რაკი უკვდავთ გულს ეამება
იავარყოფა, დაცალეწვა ამ ციხე-ბურჯის!“
უმალ მიუგო თვალმცეცხლია ღმერთმა ათენამ:
„დე ასეც მოხდეს, მოისარო! ვფიქრობდი ასეც,
35 როს ოლიმპოდან აქაველთ და ტროელთ ვეწვიე.
მაგრამ მაუწყე, როგორ გინდა დააცხრო ბრძოლა?“
ისევ მიუგო აპოლონმა შორსმოისარმა:
„ჰექტორს, ცხენთ მხენავს, სიმამაცე გულს ჩავუნერგოთ,
რომ გამოიხმოს დანაელი ვინმე ვაჟკაცი
40 შესარკინებლად და ფიცხელი ბრძოლა გამართოს.
მაშინ სპილენძისლეკვერთხიან აქაველთ სპანი
თვით მოუხმობენ, ვინც გმირ ჰექტორს შეერკინება“.
ასე უთხრა და დაეთანხმა მყისვე ათენა.
ამ დროს პრიამეს საყვარელმა ძემ ჰელენოსმა
45 იგრძნო, ღვთაებას მოთათბირეს რაცა ეწადა.
მიუახლოვდა და მიმართა ღვთაებრივ ჰექტორს:
„ჰექტორ, პრიამეს ძევს, გულისხმით ზევსის სადარო!
ხომ ერწმუნები გულმოდგინე ჩემს ნათათბირევს?
ნება ყავ, დასხდნენ ტროელნი და აქაველები,
50 გამოიწვიე აქაველთა შორის მძლეთამძლე
და შეერკინე უმოწყალოდ, შეურიგებლად.
შენ ახლა ბედად დამარცხება არ გიწერია,
ასე გავიგე მარადუკვდავ ღმერთთა თათბირი!“
დიდად იხარა მისი სიტყვით გმირმა ჰექტორმა,
55 ტროელთ ფალანგებს გამოეყო, წინ გამოიჭრა.
ხელთ ეპყრა შუბი. სპა დაწყნარდა სულგანაბული,
აგამენონმაც შეაჩერა აქაველები.
ამ დროს ათენა, აპოლონიც შორსმოისარი,
ვით მარბიელი ორბები და ქორ-შევარდენნი,
60 ზევსის მუხაზე ჩამოსხდნენ და სპას შეხაროდნენ:
გუნდად და გუნდად ირხეოდნენ ხშირი რაზმები,
რისხვით ელავდნენ ჩაფხუტები, შუბ-ფარ-შიმშერი.
თითქოს აიჭრა ზეფიროსი, ზღვას დაუქროლა,
აათამაშა ზვირთთა ვარჯი, ჩაშავდა წყალი...
65 ასე ღელავდნენ აქაველთ და ტროელთ ლაშქარნი,
ველზე ისხდნენ და თან უსმენდნენ ჰექტორის სიტყვას:
„ყური მომაპყართ, ტროელნო და მძლე აქაველნო, მინდა გაუწყო“
ასე ბრძანა და ყველა დუმდა: რცხვენოდათ მებრძოლთ
უარი ეთქვათ, ჰო-ყოფაც ხომ თავზარს სცემდა...
ბოლოს წამოდგა მენელაოს, სასტიკ საყვედურს
95 ამბობდა იგი, გული დარდით აკვნესებოდა:
„თქვენ აქაველნი უნდა გერქვათ? არა, ქალები
ვაი სირცხვილო, ხომ მოგვეჭრა თავი, ჩვენს შორის
თუკი ვერავინ ვერ შეება ღვთაებრივ ჰექტორს!
წყლად დაიღვრებით თქვენ ყველანი, მტვრად დაიყრებით,
100 თქვე უსულგულო, უსაქმურო, უღირსო ხალხო!
აბჯარს ავისხამ და მე გავალ, ღმერთების ნებით,
ვიცი, ზეცაში გამარჯვების წილი იყრება“.
ასე ამბობდა და ისხამდა ძვირფას საჭურველს.
მაშინ დათმობდი, მენელაოს, სიცოცხლეს ალბათ,
105 ჰექტორის ხელზე სულს დალევდი, მძლეთა მძლე გმირის,
რომ აქაველთა თემისთავებს არ დაეშალათ!
თვითონ ატრიდი წამოიჭრა, აგამენონი,
ძმას ხელი სტაცა მარჯვენაზე და არწმუნებდა:
„ღმერთშემოსილო მენელაოს, დაღლილ-დაქანცულს
110 არ გმართებს ბრძოლა. გონს მოეგე, გული დაიცხრე!
ბოღმით აღვსილი შენზე ძლიერს ნუ შეებმები,
ჰექტორს ღვთაებრივს, ის ხომ ყველას შიშის ზაფრას ჰგვრის!
თვით აქილევსიც ერიდება მასთან პირისპირ
შეხლას, და ის ხომ შენზე ბევრად უმძლავრესია!
115 იყავ შენს რაზმთან, დაიყუჩე გული, დაწყნარდი.
აქაველთაგან სხვას მოვნახავთ მასთან მეომარს.
რაც უნდა მამაცი იყოს, ბრძოლას დახარბებული,
მუხლებს მოიყრის სიხარულით, თუკი უვნებლად
გადაურჩება ორთაბრძოლას ფიცხელს, საზარელს!“
120 ასე უთხრა და ძმას განზრახვა შეაცვლევინა,
მართლიც უთხრა! ატრევსის ძე დაჰყვა მის ნებას,
მეაბიჯრეებმა სიხარულით ახსნეს ბექთარი.
შემდეგ ნესტორმა აქაველებს მიმართა სიტყვით:
„ვაგლახ, ეწვია დიდი სევდა აქაველთ მიწას!
125 მწარედ ცრემლს დაღვრის ცხენოსანი მოხუცი პელევს,
მირმინდონელთა სვიან ტომის ბრძენი მრჩეველი.
მახსოვს სიხარულს ვერ მალავდა, როს თავის სახლში
მეკითხებოდა არგიველთა წარმომავლობას.
ახლა გაიგებს, რომ თავზარს გვცემს ყველას ჰექტორი
130 და უეჭველად შეღაღადებს უკვდავ ღვთაებებს,
რომ მისი სული ჯურღმულებში შთანთქან ჰადესის!
მამაო ზევსო, ათენავ და აპოლონ ღმერთო!
ნეტავ ყრმა ვიყო, ვით იმ ხანად, როს კელადონტთან
პილოსელთა და არკადიელთ სპანი შეიბნენ
135 თებეს კოშკებთან, და ნაპირთან იარდანოსის!
სპას მოუძღოდა ღმერთის სადარი ერევთალიონ,
არიეთოოს-გმირის ეცვა აბჯარ-ბექთარი,
არეითოოს გმირის, კომბლედ სახელდებულის
ასე ეძახდა ყრმა თუ ქალი ჭრელსარტყლიანი.
140 არა მშვილდით და არა შუბით იბრძოდა გმირი,
არამედ რკინის კომბლით ფლეთდა ფართო ფალანგებს.
ის ლიკურგოსმა სძლია, მაგრამ არა ძალ-ღონით,
ვიწრობში შეხვდა, ვერ იხმარა რკინის კომბალი;
მარჯვედ მოუჭრა ლიკურგოსმა გზა, შუბისწვერი
145 მუცელში ჩასცა, დაანარცხა მიწას პირაღმა
და ღვაწლისამძლემ საჭურველი, არესის რვალი
ახსნა განგმირულს და ბრძოლის ჟამს თვით ატარებდა.
როცა მოხუცდა ლიკურგოსი, დაკარგა ძალა,
ერევთალიონს, თანამებრძოლს, მისცა აბჯარი.
150 თავს გაუვიდა ახალ აბჯრით გაამაყებულს,
ვაჟკაცთ იწვევდა, მათ კი შიშმა წაართვა ძალა.
გული ამენთო, სიმამაცის იმედი მქონდა,
გავბედე, თუმცა გახლდით ლაშქრად ყველაზე მრწემი.
პირისპირ შევხვდი და ამრგუნა ძლევა ათნამ!
155 ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი კაცი
მიწაზე ეგდო უილაჯოდ ხელებგანრთხმული.
ახლა რომ ვიყო იმავე ხნის, არა უძლური,
მალე ჰპოვებდა მტერს ჰეტორი ზუჩმოელვარე!
თუმც ლაშქრად ბევრი გულფიცხელი აქაველი გვყავს,
160 ვერავინ ბედავს შეერკინოს ღვთაებრივ ჰექტორს!”
ასე არცხვენდა სპას მცხოვანი და მყის ცხრა გმირი
წამოიმართა: აგამენონ იყო პირველი,
მკლავმოუღლელი დიომედეც ადგა ტიდიდი,
ძალისმხმეველი ორი გმირი აიანტები,
165 იდომენევსი და ძმობილი იდომენევსის
არესის სწორი მერიონე, გმირი უბადლო,
ევაიმონის ძე ბრწყინვალე ევრიპილოსი,
ანდრაიმონის ძე თოანტი და ოდისევსი.
ყველა მზად იყო ღვთიურ ჰექტორს შერკინებოდა.
170 კვლავ თქვა ნესტორმა, ცხენოსანმა გერენიელმა;
„რიგ-რიგად ვყაროთ, ძმებო, წილი, ვისაც შეხვდება,
მწამს, გაახარებს ვაჟკაცს, ლამაზ საბარკულიანს.
თვითონაც ძლიერ გაიხარებს, თუკი უვნებლად
გადაურჩება ორთაბრძოლას ფიცხელს, საზარელს!“
175 ასე წარმოთქვა, აირჩიეს გმირებმა წილი,
აგამენონის, ატრევსის ძის, ზუჩში ჩაყარეს.
სპა ერთსულოვნად აღაპყრობდა ზეცისკენ ხელებს
მღაღადებელი, ღმერთს შესთხოვდა ბევრი მათგანი:
„მამაო ზევსო! შეახვედრე წილი აიანტს,
180 ან ერისმთავარს მიკენისა, ოქრომრავალის“.
ასე ამბობდნენ და ნესტორი ჩაჩქანს ანჯღრევდა,
და ამოვიდა ყველასათვის ნანატრი წილი აიანტისა.
მაცნემ ლაშქარს ჩამოუარა,
მარჯვნიდან დაჰყვა და აჩვენა ყველა აქაველს.
185 ნიშანი თვისად ვერვინ სცნო, ბოლოს შიკრიკი,
ხალხში რომ ჩაჩქანს ატარებდა, მასაც მიადგა,
ვინც ის ნიშანი ზუჩში ჩასდო, მძლე აიანტმა
მაცნეს მარჯვენა გაუწოდა, წილი მიიღო,
იცნო ნიშანი და შეჰყვირა გულანთებულმა,
190 მიწაზე დადო და მიმართა სპას აღტაცებით:
„წილი ჩემია! გული ლხენით ახლა ამევსო,
ისე მწყურია გამარჯვება დიად ჰექტორზე!
სანამ საჭურველს ავისხამ და შევიმოსები,
ილოცეთ, ძმანო, კრონიონი მეუფისადმი,
195 უხმოდ ილოცეთ, რომ ტროელებს არ გააგონოთ,
თუნდაც ხმამაღლა: ჩვენ ხომ შიში არა გვაქვს ვინმესი!
ვინც უნდა იყოს, ასპარეზს ვერ დამათმობინებს,
ვერც ძალით, ვერცა ბრძოლის ფანდით, ვგონებ, უმეცრად
არ გავუზრდივარ სალამინში ჩემს მამას, მშობელს!“
200 ასე თქვა. უფალ ზევსს მიმართეს ლოცვით დანაელთ.
შეღაღადებდნენ ზეცის მიმართ თვალაპყრობილნი:
„ზევსო მამაო! მძლევ, დიადო, იდას მფლობელო!
ძლევა არგუნე აიანტს და სახელ-დიდება!
თუკი ჰექტორიც გიყვარს, თუკი ჰექტორზეც ფიქრობ,
205 მას სხვა, ამას სხვა სიხარული უბოძე ძლევის!“
ასე ამბობდნენ.
აიანტი ელვარე რვალით იმოსებოდა;
როს აისხა აბჯარ-ბექთარი,
წინ გამოიჭრა, ვით არესი, ომში ჩაბმული,
მამაცთა შორის, კრონიონმა გულის დამღრღნელი
210 შუღლით ერთმანეთს საბრძოლველად რომ მიუსია.
არესსა ჰგავდა აიანტი, აქაველთ ბურჯი,
შუბლმოღუშული გმირი ფართოდ მოალაჯებდა
და ერთი ამბით იღერებდა შუბს გრზელჩრდილიანს.
ყველა არგიველს გულს მოედო აღფრთოვანება
215 და ყველა ტროელს აუთრთოლდა სახსარი შიშით.
თვით ჰექტორსაც კი შეუქანდა გული ძლიერი.
მაგრამ დამალვა, არიდება არ ეგებოდა:
თვითონვე იხმო აქაველი შესარკინებლად.
სწრაფად მოადგა აიანტი, წინ, ვით გოდოლი,
220 სპილენძის ფარი აეფარა შვიდტყავიანი,
ჰილეს მცხოვრები სახელოვან კაცის ნაჭედი,
ფარს გადაკრული ჰქონდა შვიდი ტყავი ხარისა,
მერვე სპილენძის ზედაპირი ალამპრებული.
მკერდზე მიედო გმირ აიანტს, ტელამონის ძეს.
225 ჰექტორს დაუდგა წინ, შესძახა განრისხებულმა:
„ჰექტორ, დღეს ნახავ, პირისპირ რომ შემერკინები,
დანაელთ შორის სხვა გმირები როგორნი გვყვანან
ფალანგთმნგრეველი აქილევსის, ლომგულის გარდა!
იგი გემებთან, თავის რაზმთან წევს მხარ-თეძოზე,
230 აგამენონზე, ხალხთა მწყემსზე განრისხებული.
ჩვენ კი ბევრნი ვართ, ვისაც შენთან ბრძოლა სწყურია,
ბევრი ვართ-მეთქი! მაშ, დაიწყე, ნუღარ აყოვნებ!“
მას უპასუხა მძლე ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
„კეთილშობილო აიანტო, ხალხთა მეუფევ,
235 რად მცდი ამაოდ, თითქოს ვინმე ყმაწვილი ვიყო,
ანუ დიაცი, უმეცარი საომარ საქმის.
ომიც ვიცი და სისხლიანი ხოცვა და ჟეტა!
ძალმიძს მარჯვნივ და გინა მარცხნივ ავიკრა ფარი,
ფარშემართული ბრძოლის ველზე არ დავიღლები.
240 ქვეითად ძალმიძს ომახიან ყიჟინას გავჰყვე,
ფეხმარდ ფაშატზე ამხედრებულს ძალმიძს ჯირით.
მხოლოდ შენნაირ მეომართან არა მჩვევია
ჩუმად მიპარვა! არა! ასე, აშკარად, მედგრად!“
თქვა და ძალუმად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი
245 და შვიდტყავიან, გამობერილ ფარში მოარტყა,
კაშკაშა სპილენძს რომ ეფინა ზედ მერვე ფენად.
ექვსი ტყავკეცი რომ შეგლიჯა შუბმა, შეჩერდა მეშვიდე ტყავში.
აიანტმაც, ღმერთის სადარმა,
მოიღერა და სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი
250 და იარაღი ბაკმულ ფარში გაურჭო ჰექტორს.
შუქმოელვარე ფარი გაჭრა ძლიერმა შუბმა,
თორნი გააპო მოხატული, სწრაფად ჩაეჭდო
ნეკნებს ქვეშ, მყისვე გაუფხრიწა ნაზი ქიტონი.
გმირი უკუდგა მეყსეულად, გაექცა სიკვდილს.
255 კვლავ მოიღერეს მათ შუბები გრძელჩრდილიანნი,
შეიბნენ, როგორც სისხლისმსმელი, შმაგი ლომები,
ვით ტყის ნადირნი, ტახნი, ძნელად დასაძლევენლნი.
ფარის შუაში პრიამიდმა მოარტყა შუბი,
ვეღარ გააპო, შუბისწვერი მოდრიკა რვალმა.
260 ფარსვე უმიზნა აიანტმა, გაღმით გავიდა
შუბი გამჭოლი, უკუიქცა მყის თავდამსხვმელი,
ყელს მიწვდა რვალი, შავი სისხლი აამჩქეფარა.
როდი შეწყვიტა ბრძოლა გმირმა ზუჩმოელვარემ,
გადაიზნიქა, მძლავრი ხელით მოგლიჯა ლოდი,
265 ველზე რომ ეგდო, შავი, მქისე, უშველებელი:
გაშლით ტყორცნა და შვიდტყავიან ფარს მოახვედრა
შიგ შუაგულში, აჟღრიალდა ჟრალი სპილენძი.
უფრო დიდ კლდე-ლოდს ხელი სტაცა ტელამონიდმა,
დაძაბა ძალა, მოიქნია, სტყორცნა ძალუმად
270 და გაამსხვრია დოლაბის ქვამ ფარი ბაკმული,
დაუზიანა ჰექტორს მუხლი, პირაღმა დასცა,
ფარიც დაამხო. აპოლონი მყის გაჩნდა შემწედ.
ხელჩართულ ომში ხმლით აჩეხვა არ ასცდეობდათ,
რომ არ ხლებოდნენ მათ მაცნენი ღმერთთა და კაცთა,
275 ერთი ტროელი, მეორე კი აქაველთაგან,
ტალთიბიოს და იდაიოს, ორი ბრძნე-კაცი.
მებრძოლთა შორის კვერთხი გადეს და ტროელთ მაცნემ
მიმართა კეთილგონიერმა იდაიოსმა:
გეყოთ, შვილებო, საყვარელნო, აწ შერკინება.
280 ორივ ერთგვარად თქვენ უყვარხართ ზევსს ღრუბელთმარეკს
ორივ გმირი ხართ, ყველა ვხედავთ, უმამაცესნი.
მწუხრი ჩამოწვა, მაშ, მივეცეთ ღამის სიამეს“
მიუგო და ჰრქვა აიანტმა ტელამონიდმა:
„შენ რაც თქვი, იგივ თქვას ჰექტორმა, ო, იდაიოს!
285 მან იხმო ბრძოლად ჩვენი გმირი უმამაცესი.
მისგან დაიწყე, მეც მზადა ვარ, თუ ის ისურვებს!“
მას უპასუხა მძლე ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:
„ღმერთმა გაჩუქა შენ, აიანტ, ძალაც და ჭკუაც,
აქაველთ შორის შუბოსანო ურჩეულესო!
290 შევწყვიტოთ დღეს ჩვენ ორთაბრძოლა და შერკინება.
შემდეგ კი შევხვდეთ და შევებათ, სანამ არ გაგვყრის
დაიმონი და ორთაგან ერთს არგუნებს ძლევას.
მწუხრი ჩამოწვა. მაშ, მივეცეთ ღამის სიამეს.
გასწი გემებთან, გაახარე აქაველთ სპანი,
295 მეგობარნი და სანუკვარნი, ვინც გეგულება.
მე გავახარებ პრიამოსის ციხე-ქალაქში
ტროელთ მამაცებს, გრძელკაბიან ტროელ დიაცებს,
ჩემ გამო ლოცვად რომ დამდგარან დიად ტაძარში.
ერთურთს მივუზღათ სახსოვარით ახლა პატივი,
300 ოდესმე ეს თქვას აქაველთა და ტროელთ მოდგმამ:
გულის მჭამელი შუღლით შეხვდნენ გმირთაგმირები,
მაგრამ დასცილდნენ მეგობრული გრძნობით სავსენი“.
თქვა და უბოძა ხმალი ვერცხლისსამსჭვალიანი,
ლამაზ ქარქაშით, ლამაზ ღვედით დამშვენებული.
305 მძლე აიანტმა ძოწეულის სარტყელი მისცა.
ასე დასცილდნენ, ერთი გაჰყვა აქაველთ რაზმს,
ხოლო მეორე იჩქაროდა ტროელთ ლაშქრისკენ.
შვებით შემოხვდნენ, უვნებელი რომ დაუბრუნდა,
რომ გადაურჩა აიანტის უძლეველ ძალას.
310 შინ შეიყვანეს, ვისაც ცოცხალს არც კი ელოდნენ,
ასევე შეხვდნენ აიანტსაც აქაველები.
მოჰგვარეს ძლევით აღტაცებულ მხნე აგამენონს.
ხალხთა მბრძანებლის, ატრევის ძის, ჭერქვეშ შემოსულთ
აგამენონმა ხუთწლიანი ხარი დაუკლა,
315 მსხვერპლად შესწირა ყოვლისშემძლე უფალ კრონიონს.
ფიცხლავ შრომობდნენ, გაატყავეს და ნაჭერ-ნაჭერ
აქნეს, ცვრიანი ხორცი შემდეგ შამფურს ააგეს
ფრთხილად შეწვეს და როცა მორჩნენ, მოთალეს მწვადი.
შრომა დამთავრდა და პურობა დაიწყო დიდი.
320 ერთობლივ ლხინში არვინ დარჩა მოულხენელი.
ხოლო აიანტს პატივი სცეს განსაკუთრებით
სუკის ნაჭერებით თვით ატრიდმა აგამენონმა.
როცა იჯერეს გული, როცა დაცხრა შიმშილი,
პირველად იწყო სჯა-ბაასი ბრძენმა ნესტორმა,
325 ადრეც რჩეულმა სიბრძნით და მჭერმვეტყველებით.
კეთილმზრახველი გმირი ასე ურჩევდა კრებულს:
„ატრიდო, და თქვენც აქაველთა მხედართმთავარნო!
ბევრი დაეცა აქაველი რვალმშვენიერი,
ვისაც არესმა სკამანდროსის სანაპირონი
330 დაალტობინა სისხლით. ჰადესს შთანთქა სულები.
სისხამ დილაზე ხამს შესწყვიტონ ბრძოლა აქაველთ.
ჩვენც გულმოდგინედ გმირთა გვამნი ასპარეზიდან
გამოვიტანოთ საზიდრებით, ერთად ცეცხლს მივცეთ,
ნავ-ხომალდებთან, რომ მამათა ძვლები შვილებმა
335 შინ წაასვენონ, როს სამშობლო მხარეში მივლენ.
შემდეგ აღვმართოთ ყველასათვის ერთი ტაგრუცი,
იქვე ავაგოთ გალავანი, კოშკი მაღალი,
რომ საიმედო კედლად გვექცეს ჩვენ და ხომალდებს.
ბჭე გავუმაგროთ მტკიცედ შეკრულ საკლიტურებით,
340 ეტლებს და ცხენებს დავუტოვოთ გზა გასასვლელი,
შემდეგ გალავნის გარეთ ფართო სანგარი გავჭრათ,
გარს შემოვარტყათ, რომ ცხენოსნებს, გინდა ქვეითებს
გზა შეუშალოს, თუ ტროელთა სპას თავს დაგვესხმის“.
ასე თქვა. ყველამ მოიწონა მოხუცის რჩევა.
345 ტროელნიც ამ დროს ილიონს ბექობზე იდგნენ,
ხმამაღლა ბჭობდნენ პრიამოსის სასახლის ახლოს.
იწყო თათბირი ანტენორმა თავდაპირველად:
„ტროელთა სპანო, დარდანელნო, მოკავშირენო!
ყურნი მომაპყართ, გეტყვით, რასაც მითქვამს ეს გული.
350 ახლავ გადაწყდეს არგიველი ელენე მივცეთ
სხვა განძთან ერთად კვლავ ატრიდებს. გავტეხეთ ფიცი
და ვერაგულად ვიბრძვით. მჯერა, რომ სასიკეთოს
ვერას ვეწევით, სანამ, რაც ვთქვი, არ ასრულდება“.
თქვა და ჩამოჯდა. ღმრთის სადარი ვაჟკაცი ადგა
355 ალექსანდროსი, თმამშვენიერ ელენეს ქმარი.
ფრთიანი სიტყვა მიაგება მან მეყსეულად:
„ანტენორ, სიტყვა გითქვამს ჩემთვის მიუღებელი!
სჯობდა სხვა რჩევა რამ კეთილი გესურვებინა!
თუკი რაც ბრძანე, წრფელი გულით იყო ნათქვამი,
360 შენი გონება, ვეჭვობ, ღმერთებს მიუტაცნიათ!
ტროელთა, ცხენთა მომთოკველთა წინაშე წრფელად
ვიტყვი: ვერ დავთმობ ჩემს მეუღლეს დალალმშვენიერს!
ხოლო საუნჯე, არგოსიდან რაც მოვიტანე,
მზადა ვარ გავცე, საკუთარიც დავურთო უხვად!“
365 თქვა და ჩამოჯდა. მაშინ ადგა ტროელთ წინაშე
მერე პრიამოს, დარდანიდი, ღმერთთა ტოლფერი.
კეთილმზრახველი გმირი ასე ურჩევდა კრებულს:
„ტროელთა სპანო, დარდანელნო, მოკავშირენო!
ყურნი მომაპყართ, გეტყვით ყველას, რას მითქვამს გული.
370 ახლა ქალაქში გაითნეთ ღამე, ვით წინათ,
მხოლოდ გახსოვდეთ ფხიზლად იყვნენ ღამის გუშაგნი.
ხვალ კი მივიდეს იდაიოს ფართო გემებთან,
ატრევსის ძეებს აგამენონს და მენელაოსს
შუღლის აღმძვრელი ალექსანდრეს აზრი გადასცეს.
375 მათ გონიერი სიტყვა უთხრას: ისურვონ იქნებ,
ბრძოლას ერიდონ, სანამ მოკლულთ გვამებს დავწვავდეთ
შემდეგ შევებათ, ვიდრე გაგვყრის კვლავ დაიმონი,
ერთს ან მეორე მებრძოლ მხარეს შემოსავს ძლევით“.
მოხუცს უსმინეს ყურადღებით, ირწმუნეს კიდეც.
380 და მეომრები დამშვიდებით შეუდგნენ ვახშამს.
დილით წავიდა იდაიოს ხომალდებისკენ,
დანაელთ დასში შეხვდა მაცნე არესის მსახურთ,
გემის კიჩოსთან აგამენონს, მამაცთა მთავარს.
შუაში ჩადგა და აუწყა ხმამაღლა მაცნემ:
385 „ატრიდო, და თქვენც თემისთავნო მთლად აქაველთა!
მეფე პრიამოსს, სხვა ბელადებს ტროის მხარისა,
ვინძლო საამო იყოს თქვენთვის, სურთ გამცნონ აზრი
ალექსანდროსის, რომლის გამოც აღიძრა შუღლი.
ის განძი, მრავალმერხებიან გემით ტროაში
390 რაც მოიტანა (ნეტავ, მანამ ტალღებს შთანეთქა!)
სურს დაგიბრუნოთ, საკუთარიც დაურთოს უხვად,
მენელაოსის ახალგაზრდა ცოლის გაშვებას
კი უარსა ჰყოფს, მერე რამდენს სთხოვდნენ ტროელნი!
ესეც მიბრძანეს მოგახსენოთ: ისურვოთ იქნებ
395 ბრძოლას ერიდოთ, სანამ მოკლულთ გვამებს ცეცხლს შევრთავთ,
შემდეგ შევებათ, ვიდრე გაგვყრის კვლავ დაიმონი,
ერთს ან მეორე მებრძოლ მხარეს შემოსავს ძლევით“.
თქვა და მოიცვა ღრმა დუმილმა აქაველთ დასი.
ბოლოს წარმოთქვა დიომედემ კეთილშობილმა:
400 „ალექსანდროსის განძს ჩვენს შორის ნურვინ მიიღებს,
თვითლ ელენესაც! გონნაკლულსაც კი გაეგება,
რომ ტროელთ ქალაქს მალე ელის იავარყოფა!“
ასე წარმოთქვა და ხმამაღლა შესძახა ყველამ,
გმირ დიომედეს ვაჟკაცურ სიტყვით გზნებულმა.
405 აგამენონმა იდაოსს მიმართა შემდეგ:
„შენ თვითონ გესმის, იდაიოს, აქაველთ სიტყვა,
ასე ინებეს მათ პასუხი, მეც ასე ვფიქრობ!
ხოლო რაც მოკლულთ შეეხება, მეც ხომ მანდა ვარ:
გვმართებს, პატივი ვუზღათ მოყმეთ, დღემოსწრაფებულთ,
410 მიცვალებულნი ხამს მოვალბოთ ცეცხლის ალმურით.
ზევსმა მისმინოს, ჰერას ქმარმა მეხთამტყორცნელმა!“
თქვა და ზეცისკენ, ღმერთთა მიმართ აღაპყრო კვერთი.
იდაიოსიც გზას გაუდგა ილიონისკენ.
ამ დროს საფიხვნოს იყვნენ ერთად ტროელთა სპანი
415 და დარდანელნი, იდაიოსს ელოდნენ, მაცნეს.
ისიც დაბრუნდა, შუა ჩადგა, უთხრა ამბავი.
ყველა წამოდგა და სამზადისს მყისვე შეუდგა:
ვინ ძლეულთ გვამთა მოსატანად, ვინ – ტყიდან შეშის.
არგიველებიც გაეცალნენ ფართო ხომალდებს:
420 ვინ ძლეულთ გვამთა მოსატანად, ვინ ტყიდან შეშის.
მზემ ჰელიოსმა სხივი სტყორცნა გაშლილ ველ-მინდორს,
გასცდა რა ნელა მონანავე ჭავლს ოკეანის,
ზეცის გზას ადგა, ველზე შეხვდნენ ლაშქარნი ერთურთს.
ცნობა უჭირდათ ასპარეზზე მოკლულ მოყმეთა.
425 წყლით რომ განბანდნენ, სისხლს და ტალახს მოაცილებდნენ,
ურემზე დებდნენ ცხედრებს, ღვრიდნენ ცრემლებს მხურვალეს.
მაღლივ გოდება პრიამოსმა აკრძალა: უხმოდ
კოცონზე გვამებს ასვენებდნენ გულმწუხარენი,
ცეცხლს რომ მისცემდნენ, ბრუნდებოდნენ კვლავ ილიონში.
430 იქით მშვენიერლეკვერთხიან აქაველთ გმირნი
კოცონზე გვამებს ასვენებდნენ გულმწუხარენი,
ცეცხლს რომ მისცემდნენ, კვლავ ხომალდებს უბრუნდებოდნენ.
ჯერ კიდევ დილა არ დამდგარა, ღამის ბინდ-ბუნდში
კვლავ სამუშაოდ გაემართნენ აქაველები.
435 იქ სად ცხედრები დაწვეს, ყველას ერთი ტაგრუცი
აუგეს, იქვე გალავანი აღმართეს მალე,
მტკიცე კოშკები დასაცავად გემთა და სპათა.
ბჭე გაუმაგრეს მტკიცეს შეკრულ საკლიტურებით.
ეტლებს და ცხენებს დაუტოვეს გზა გასასვლელი,
440 შემდეგ გალავნის გარეთ ფართო სანგარი გაჭრეს,
ღრმად ამოთხარეს და ჩაარჭვეს მრავალი პალო.
ასე იღწვოდნენ თმახუჭუჭა აქაველები.
ამ დროს ღმერთები ელვისმტყორცნელ კრონიდთან ისხდნენ,
უკვირდათ რვალისკურტაკიან აქაველთ საქმე.
445 პოსეიდონმა მათ მიმართა მიწისმრყეველმა:
„ზევსო მამაო, ამ უსაზღვრო დედამიწაზე
რომელი კაცი ღმერთს გაანდობს აწ თავის სურვილს?
ხედავ, ამღამით თმახუჭუჭა აქაველებმა
გემებს კოშკები მიუშენეს და მის წინ გაჭრეს
450 სანგარი, მაგრამ ღმერთებს განა შესწირეს მსხვერპლი?
მათ შეაქებენ ყველგან, სადაც სხივს აფრქვევს დილა,
დაივიწყებენ, რაც ავუგეთ შრომით მაშვრალმა
მე და აპოლონ ფოიბოსმა მძლე ლაომედონტს!“
მრისხანედ უთხრა პოსეიდონს ღრუბელთმარეკმა:
455 „ბიჭოს! რას ამბობ, ძალმრავალო, მიწისმრყეველო?
მესმის, სხვა ღმერთს რომ აშინებდეს ზრახვა უკვავთა,
შენზე უსუსურს სულითა და მკლავის სიმტკიცით!
შენ გადიდებენ ყველგან, სადაც სხვის აფრქვევს დილა.
შემდეგ ნება ყავ, თმახუჭუჭა აქაველები,
460 სწრაფი გემებით რომ გასწვენ მშობლიურ მხარეს,
დაამხე კოშკნი, ზღვას მიეცი საძირკვლიანად,
კვლავინდებურად სანაპირო დაფარე ქვიშით,
კვალიც რომ გაქრეს აქაველთა დიადი ბურჯის!“
ასე ერთურთთან საუბრობდნენ ოლიმპოს ღმერთნი.
465 მზე ჩაესვენა და განსრულდა აქაველთ საქმე.
ხბორები დაკლეს და სამხრისად ემზადებოდნენ.
ამ დროს გემები, დატვირთულნი ლემნოსურ ღვინით,
მოადგნენ ნაპირს. გმირ ევნეოსს გამოეგზავნა.
ჰიპსიპილეს ვაჟს, შობილს მეფე იესონისგან.
470 ორ ატრეიონს, აგამენონს და მენელაოსს
საჩუქრად უძღვნა მან ათასი მეტრონი ღვინო,
სხვა აქაველნი ცვლით იძენდნე თმავარჯოანნი:
ვინ რვალ-სპილენძით, ვინ ჭაღარა რკინით, ვინ ტყავით
მრუდერქიანთა საქონელთა, ვინ თვით მოზვერით,
475 ვინ ტყვე მონებით. მხიარული ლხინი გაჩაღდა.
და მთელი ღამე აქაველნი ველზე სერობდნენ,
ხოლო ტროელნი ნადიმობდნენ ციხე-ქალაქში.
მთელს ღამეს ქუხდა ზევსი ნიშნად ცოდო-ბრალისა,
შიში შეუდგათ მოქეიფეთ ფერის ამხდელი:
480 ღვინოს ასხამდნენ თასებიდან, ვერვინ ბედავდა,
სანამ ზედაშეს ასხურებდა, თვით დაელია.
დაწვნენ და ძილის საჩუქართა იგემეს სიტკბო.

ქება მერვე. ღმერთების ბჭობა. შეწყვეტილი ბრძოლა

მიწას ეფინა ყვითელპეპლოსიანი,

როს კრებად უხმო ღმერთებს ზევსმა ელვისმტყორცნელმა;
მრავალბორცივან ოლიმპოს მთის მწვერვალზე, მჯდომი
ბრძანებდა სიტყვას, ყველა ღმერთი უსმენდა ჩუმად:
5 „მისმინეთ სიტყვა, ყველა ღმერთნო, ყველა ქალღმერთნო,
ახლა გაგანდობთ, რასაც მკერდში მითქვამს მე გული.
ღმერთქალთა შორის, ღმერთთა შორის ნურვინ იფიქრებს
ჩემი ბრძანების გარდავლენას, ყველა ერთობლივ
მე მმორჩილებდეს, ვიქმ საქმესა დაუბრკოლებლად!
10 ვინც ღმერთთა შორის ჯანყს ისურვებს, უმალ გავიგებ.
ტროელთა, გინა დანაელთა შემწედ ჩასული
სირცხვილნაჭამი კვლავ ოლიმპოს დაუბრუნდება,
რათა იტანჯოს: ხელსა ვტაცებ, შთანვთქამ ტარტარში,
იქ, სად უღრმესი ჯურღმულია დედამიწის ქვეშ,
15 სად რკინის ბჭენი და სპილენძის ფილაქანია
ჰადეს შორს არის ტარტარიდან, ვით ცა-მიწიდან.
იქ იგრძნობს, ყველა ღმერთს რამდენად ვაჭარბებ ძალით!
გნებავთ, გაბედეთ და დარწმუნდით ყველანი, ღმერთნო:
მაღალ ზეციდან ახლავ ოქროს ჯაჭვს ჩამოვუშვებ,
20 რაც კი ღმერთია ოლიმპოზე, რაც კი ღმერთქალი,
ჩაებღაუჭეთ და ვერ შეძლებთ ზეცით მიწამდე,
წელში რომ გაწყდეთ, ჩაათრიოთ ზევსი ზესთამნე!
მე კი უკეთუ კეთილ მიჩანს თქვენი წათრევა,
დედამიწითურთ, და თვით ზღვითურთ ჯაჭვს ამოვზიდავ,
25 გარს შემოვახვევ ამ მარჯვენით ოლიმპოს მწვერვალს,
მთელი სამყარო ზედ უმწეოდ დაეკიდება,
ეგზომ ღმერთთა და ეგზომ კაცთა ვარ უზესთაეს!“
ასე ბრძანა და ღრმა დუმილი ჩამოდგა. ყველას
თავზარი დასცა, ისე მკაცრად ბრძანებდა ზევსი.
30 ბოლოს ათენამ, თვალმცეცხლიამ, მიმართა უფალს:
„ყოველისშემძლეო, მამა ზევსო, ზესთა მეუფევ!
ჩვენ კარგად ვიცით, ხარ მძლეთამძლე ძალისმხმეველი.
ოღონდაც გულით თანავუგრძნობთ მამაც დანაელთ,
თუ მათს სასტიკ ბედს აღასრულებს, ელით დაღუპვა,
35 მაგრამ ომში არ ჩავებმებით, თუ შენ გვიბრძანებ.
მხოლოდღა რჩევას მივცემთ მამაც არგიველ მოყმეთ,
რომ შენს მძვინვარე რისხვას ყველა თან არ გადაჰყვეს“.
გაუღიმა და უთხრა ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
„ნუ გეშინია, შვილო, მე ხომ არა გულისთქმით
40 მითქვამს, რაცა ვთქვი, მინდა შენი მოწყალე ვიყო!“
თქვა და შეაბა ეტლში რაშნი რვალისფეხება,
შმაგად მფრინავნი და მრხეველნი ოქროს ფაფართა.
თვითონაც ოქრო შეიმოსა, ოქროს მათრახი
ხელთ იპყრა, შედგა მოელვარე, ლაპლაპა ეტლზე.
45 ცხენნი მორჩილნი გააჭენა, სწრაფად გაფრინდნენ
მოლივლივენი ხომლიან ცას და მიწას შორის
ნადირთა დედის, უხვწყლიან იდას მთისაკენ,
გარგაროსისკენ, სად ჭალა და ბომონი ჰქონდა.
იქ დააოკა ცხენნი კაცთა და ღმერთთა მამამ.
50 გამოხსნა და გარს მოახვია სქელი წყვდიადი.
თვით თხემზე დაჯდა სიდიადით განბრწყინებული,
ტროელთა ქალაქს დასცქეროდა, აქაველთ გემებს.
გული იჯერეს რომ ჭამადით გრუზა აქაველთ.
კარვებს მიადგნენ, შეიმოსნენ აბჯარ-ბექთარით,
55 ტროელნიც ამ დროს ციხე-კოშკში აბჯარს ისხამდნენ,
ლაშქარ-მცირენი, მაგრამ მაინც სისხლიან ომის
მოწადინენი იძულებით, რომ დედაწულნი დაეცვათ.
გახსნეს ყველა კარი. სპა გამოცვივდა
ცხენშეკაზმული თუ ქვეით, ატყდა გნიასი.
60 რაზმი რაზმს შეხვდა გამოჭრილი საპირისპიროდ,
ხმალ-სატევარი შეეხალა, შუბნი და ძალა
კაცთა სპილენძის თოროსანთა, ბაკმული ფარი
ფარს შეელეწა, საშინელი ატყდა გრუხუნი,
ერთურთს შეერთო ძლევის ვაშა, სიკვდილის ვიში
65 მკვლელთა, მოკლულთა და ქვეყანა დაალტო სისხლმა.
სანამდის იყო დილა, წმინდა დღე იზრდებოდა,
ისარნი ამათ და იმათაც მუსრავდნენ შმაგად.
მაგრამ როგორც კი მიაღწია მზემ ცის შუაგულს,
ოქროს სასწორზე მამამ დადო ორი წილხვედრი,
70 სიკვდილის წილი, გაუღვიძარ ძილში შთანთქმელი
მხედარ ტროელთა, კურტაკიან აქაველთ სპათა.
ხელი ასწია. აქაველთა საბედისწეროდ
დაბლა დაეშვა, ნაყოფიერ მიწამდე წილი,
ხოლო ტროელთა აღიმართა ხომლიან ცამდე.
75 დაიგრუხუნა, ცის ლაჟვარდი გაკვეთა ელვით,
აქაველთ რაზმებს სტყორცნა ცეცხლი. ყველა შეძრწუნდა,
სახეს მოედო ფერმიხდილი საშინელება.
ოდომენევსი შეძრა შიშმა, აგამენონიც,
აიანტებიც, მძლე არესის ორი მსახური.
80 მხოლოდ ნესტორი ამ საშინელ ორმოტრიალში
ვეღარ დაიძრა, თურმე ცხენი დაშავებოდა:
ალექსანდროსმა, თმამშვენიერ ელენეს ქმარმა,
ცხენი იქ დაჭრა, სად ფაფარი თავისქალიდან
კისრისკენ მიდის: სახიფათო მხარეა ფრიად!
85 ყალყზე შემართა, ცხენს შიგ ტვინში მოხვდა ისარი,
გონდაკარგულმა, ჯანგაცლილმა სხვბიც დააფრთხო.
ცხენს რომ მივარდა და ცდილობდა მხცოვანი მეფე
მისი სადავე გადაეჭრა, ჰექტორის რაშნი
ლტოლვილთა შორის შემოჭრილნი მოაქროლებდნენ
90 საშინელ ჰქტორს! დასტოვებდა მოხუცს სიცოცხლე,
რომ კეთილშობილ დიომედეს არ შეენიშნა.
შეჰყვირა გმირმა და მოუხმო მამაც ოდისევსს:
„ლაერტის ძეო, ოდისევსო, ჭკუაულევო!
ზურგს როგორ აქცევ და გარბიხარ, ვით სულმდაბალი?
95 უფრთხილდი, შუბი არ გაგირძონ ლტოლვილს ბეჭებში!
შესდექ! განვდევნოთ მოხუცისგან მძვინვარე მოყმე!“
ვერ გაიგონა ღვთაებრივმა მრავალტანჯულმა.
როცა მის გვერდით ხომალდისკენ მიჰქროდა სწრაფად.
ტიდიდმა მარტომ გადაწყვიტა მოხუცის დაცვა,
100 გაიჭრა, ეტლის წინ დაუდგა ანაზდეულად
და ნელევსის ძეს მიაგება ფრთიანი სიტყვა:
„მოხუცო, მედგრად შეგიტიეს ახალგაზრდებმა!
ძალა გელევა და სიბერემ დაგაძაბუნა.
მეეტლეც უკვე უძლური გყავს, ცხენებიც ზანტი.
105 მოდი და ეტლზე ამომიდექ, შენ თვითონ ნახავ:
ენა ვერ იტყვის, ვით ჩვევიათ ტროსის ქურანებს
გინდ აქეთ ფრენა, გინდ იქით დევნაც და ლტოლვაც.
გუშინ ენეასს გამოვტაცე, სპათა გამფანტველს.
შენი ცხენები სხვას მიანდე, ხოლო ესენი
110 მხედარ ტროელებს მივაგებოთ. ჰექტორიც ნახავს,
ჩემს ხელში შუბი მძვინვარებას შეძლებს თუ არა“.
არ იუარა ეს ნესტორმა გერენიელმა.
მის ცხენებს ზრუნვა არ მოაკლეს მაშინ მეაბჯრეთ
სთნელოსმა და გულმამაცმა ევრიმედონტმა.
115 თვით დიომედეს ეტლზე დადგნენ თანამებრძოლნი.
სადავეს დასწვდა მყის ნესტორი, გადაუჭირა
ცხენებს მათრახი და მიუხდნენ უმალვე ჰექტორს.
მის წინ გამოჭრილს ტიდევსის ძემ სტყორცნა ოროლი,
ვერ მოახვედრა, მაგრამ მისვე სადავეთმპყრობელს,
120 თებაიოსის ძეს მოარტყა, მხნე ენიოპევსს
ზედ ძუძუსთავთან, როცა იგი ცხენს მათრახს სცემდა.
მიწას დაასკდა, გვერდზე გახტნენ მარდნი მერანნი.
ძალა დაუშრტა ენიოპევსს, სული გააფრთხო.
გმირ ჰექტორს გული შეუკუმშა სასტიკმა დარდმა,
125 ებრალებოდა მეგობარი, მაგრამ მეეტლეს
ახალს დაუწყო ირგვლივ ძებნა, არ დაუყოვნდათ
დიდხანს მის ცხენებს, ღირსეული გამოჩნდა მოყმეც
არქეპტოლემოს იფიტიდი, მას დაავალა
მარდ ცხენთა მართვა და ხელთ მისცა სადავეები.
130 ვეღარაფერი დაიხსნიდა სისხლისღვრისაგან
ცხვრებივით ქალაქ ილიონში შეყუჟულ ლაშქარს,
რომ კაცთა მამას, ღმერთთა მამას არ შეენიშნა.
ელვა ვერცხლისფერცეცხლოვანი სტყორცნა ქუხილით,
ძირს დაანარცხა დიომედეს ცხენის ფეხებთან.
135 მაღლა ავარდა საშინელი გოგირდის ალი.
უკან მიაწყდნენ ძრწოლით ცხენნი ათრთოლებულნი,
ნესტორს წაართვეს მყის დაწნული სადავეები.
შეძრწუნებულმა დიომედეს მიმართა ლომგულს:
„ტიდიდო, ცხენი მოაბრუნე ახლავე სილტოლვად,
140 ვერ გრძნობ, რომ ზევსი დღეს დიდებას არ მოგანიჭებს?
ახლა კრონიდი განადიდებს მხოლოდ მძლე ჰექტორს,
შემდეგ, თუ ნებავს, ჩვენც შეგვმოსავს ძლევის დიდებით.
ვერვინ გადავა წინამბჭობელ ზევსის განგებას
ძლიერიც იყოს, მასზე ბევრად მძლავრია იგი!“
145 მყისვე მიუგო დიომედემ კეთილშობილმა:
„გონივრულს ამბობ განგებაზე, ბრძენო მოხუცო,
მაგრამ გულს მიღრღნის, სულს მოედო მწველი იარა!
როდესმე ტროელთ დასში იტყვის გმირი ჰექტორი:
მიაშურაო გემს ტიდიდმა შეძრწუნებულმა.
150 იტყვის ტრაბახით. გასკდი, მიწავ, წინაშე ჩემსა!“
მოყმეს მიუგო კვლავ ნესტორმა გერენიელმა:
„რას ბრძანებ, გმირო, თოროსანო ტიდევსის ძეო?
ჰექტორმა კიდეც რომ გიწოდოს სუსტი, ლაჩარი,
არ ირწმუნებენ არც ტროელნი, არც დარდანელნი,
155 არც დიდსულოვან ტროელთ ცოლნი, შენ რომ დაუმხე,
გროვად და გროვად დაუნარცხე რჩეული ქმრები“.
ასე თქვა. ფლოქვებთმოთქარუნე ცხენნი გაქცეულ სპას გაადევნა.
მყის ჰექტორმა და ტროელებმა
სასტიკ ყიჟინით დააყარეს ისართა სეტყვა.
160 ომახიანად მისძახოდა გმირი ჰექტორი:
„ტიდიდო, როგორ გსურს იდიდო დანაელთ შორის,
სავსე თასებით რომ გამკობდნენ მონადიმენი?!
აწ რაღა ეთქმით; დიაცადღა მათ მოვლენილხარ!
გაჰქრი, გომბიოვ, გოგო-ბიჭავ! ვიდრე მე დამცემ,
165 კოშკზე აძვრები, ტყვედ წაასხამ გემზე ჩვენს ცოლებს,
მანამ დაგამხობ, დაიმონთან დაიკარგები!“
და ორ აზრს შუა ყოყმანობდა გმირი ტიდიდი:
უკუექცია ცხენნი, თუ მტერს შებმოდა მედგრად?
სამჯერ ეს აზრი უკარნახა გულმა და ჭკუამ
170 სამჯერ იქუხა ბრძენმა ზევსმაც იდას თხემიდან
ტროელთ აუწყა საჭოჭმანო ბრძოლაში ძლევა.
ჰექტორი ტროელთ ამხნევებდა ომახიანად:
„ტროელთა ძენო, ლიკიელნო, მძლენო დარდანნო!
იყავთ მამაცნი, გულადობა თან გახლდათ შმაგი!
175 ვგრძნობ, კრონიონი მეხით გვამცნობს კეთილმოწყალე
ძლევა-დიდებას, დანაელთა კი დანთქმას და სირცხვილს!
უგუნურთ იგულვეს გალავნები გადასარჩენად,
უბადრუკ გოდოლს შეჩერება ჩემი არ ძალუძს!
სანგრებს იოლად გაანგრევენ, გავლენ ცხენები.
180 მაგრამ, როცა კი მივადგები გემებს, გახსოვდეთ,
მზად გქონდეთ ცეცხლი მოგიზგიზე და მუგუზლები,
ცეცხლს მივცემთ გემებს და არგიველთ ზედ გემების წინ
გავანადგურებ გაგუდულებს იმ ხანძრის კვამლით!“
ასე შესძახა. მიუბრუნდა, მიმართა ცხენებს:
185 „ქსანთოს, პოდარგოს, ღვთაებრივო ლამპოს, აითონ!
დღეს მიზღავთ თქვენ მე დიდებული საზრდოს სანაცვლოს:
ხშირად სვიანი ეტიონის ქალს ანდრომაქეს
მოურთმევია თქვენთვის პური უადრეს სხვაზე,
ღვინოსაც წყალში გიზავებდათ გულის საამოდ,
190 ჩემზე უადრეს, უსაყვარლეს ქმარზე უადრეს!
გასწით, გაკურცხლეთ, ო, მერანნო! მტერს გამოვტაცოთ
ნესტორის ფარი, ცას რომ აღწევს მისი დიდება,
ლამის სულ ოქრო მოვლებია წრესაც, სახელურს.
გმირ დიომედეს, ცხენთა მხედნავს, მხრებიდან ავხსნათ
195 აბჯარ-ბექთარი საოცარი, ჰეფესტოს ქმნილი!
თუ შევძლებთ, ეჭვიც არ გვექნება, რომ აქაველნი
ამღამვე სწრაფმსრბოლ ხომალდებით გაგვეცლებიან!“
ასე ზვიადად ბრძანა.
მაშინ განრისხდა ჰერა,
ტახტზე შეტოკდა, შეარხია ოლიმპოს თხემი.
200 მყისვე მიმართა პოსეიდონს, ღვთაებას დიადს:
„ყოვლადძლიერო! ახა-ვაი ! ... მიწისმრყევალო!
გული არ გტკივა ოდნავ მაინც დანაელთ გამო,
ჰელიკესა თუ აიგაში ტკბილი ზვარაკით
რომ გიზორავენ? გაუმარჯვე, მეოხ ეყავი!
205 დანაელთ მფარველთ რომ გვენება ყველას ერთპირად,
ტროელთაც ვძლევდით და შორს მგრგვინავ კორონიონ ზევსსაც,
ისიც კი, იდას მარტო მჯდომი, შეგვიდრკებოდა!“
უკმაყოფილოდ უთხრა მძლავრმა მიწისმრყეველმა:
„ყიამიმწვარო ჰერავ! ეს რა სიტყვა წამოგცდა?
210 სულაც არა მსურს, კრონიონთან გაბედოს ვინმემ
შებმა ჩვენს შორის! ის ხომ ყველას სჭარბობს სიმძლავრით!“
ასე ერთმანეთს მიმართავდნენ მაღალნი ღმერთნი.
ხოლო გემებთან, სანგარსა და გალავანს შორის
სულ გაეჭედა სივრცე ცხენთა და კაცთა დასებს,
215 შევიწროებულთ, არესივით მათ მიდგომოდა
გმირი ჰექტორი, თვით ზევსისგან განდიდებული.
ცეცხლით მოსპობდა ზღვასთან გემებს, დედოფალ ჰერას
აგამენონი აქაველთა გასამხნევებლად
რომ არ აღეძრა, თუმც თვით გმირსაც ესა სწყუროდა:
220 ფართო ნაბიჯით მიაშურა გემებს და კარვეს,
ხელით ეჭირა ძოწეული სამოსის კალთა.
დადგა ატრიდი ოდისევსის მაღალ ხომალდზე,
რომ მიეწვდინა ხმა შუაში მდგომი გემიდან
ტელამონიდის აიანტის და აქილევსის ბანაკებისთვის.
225 მოსდგებოდნენ თავსა და ბოლოს
საიმედონი მკლავის ძალით და სიმამაცით.
მქუხარე ხმით მან შეუძახა დანაელთ ლაშქარს:
„სირცხვილი თქვენდა, სახით მშვენნო, საქმით უგვანნო!
რა იქნა თქვენი დაქადება ჩვენ ვართ, რაც ვართო,
230 ლემნოსზე ეგრე მედიდურად რომ ღაღადებდით?
ლხინის დროს თქვლეფდით რქოსან ხარებს, სცლიდით ძირამდე
ფიალებს, ღვინით სულ პირამდე ალიცლიცებულს.
ას, ორას ტროელს, თქვენ ამბობდით, თითოეული
თავს აუვალთო! ახლა ერთიც არ ღირხართ ყველა,
235 ერთი ჰექტორი?! ცეცხლით გემებს მოადგა იგი!
ზევსო მამაო! ქვეყნის ძლიერ მეფეთა შორის
ვისა სჯი ასე და ვის ართმევ სახელ-დიდებას?
მე გვერდი როდი ამივლია შენი კერპისთვის,
ხოფმრავალ გემით როს ვესწრაფე ამ ცოდვისტრიალს?
240 არა, ხბოს ფერდთა კვამლი ყოველ ბომონს ვაკმიე.
გულით მეწადა დამელეწა მაღალი ტროა.
ერთი სურვილი შემისრულე ოღონდაც, ზევსო,
შეგვაძლებინე მტრებს გავექცეთ, ნუღარ დაუთმობ
დასაღუპავად აქაველთა ლაშქარს ტროელებს!”
245 თქვა და მოულბო გული მამას, ცრემლთა მფრქვეველმა.
ზევსმა ნიშანი მისცა ხალხი გადარჩებაო:
ზეცით არწივი მოუვლინა, სანდო ფრთოსანი
მძლავრი ჭანგებით ჩაებღუჯა ნაზი შვლის ნურკი,
ბომონის ახლოს სისხლიანი მსხვერპლი დააგდო,
250 სად აქაველნი თაყვანს სცემდნე ზევსს ღრუბელთბატონს.
როცა რწივი ნახეს ზევსის მოვლინებული,
მედგრად შეებნენ ტროელთა სპას. გაჩაღდა ომი.
თუმც ბევრი იყო დანაელი, ვერ შეეცილნენ
ტიდიდს დიდებას.
ქედფიცხელი ცხენების გმირმა
255 სანგართა მიღმა გაიყვანდა და მტერს შეება.
პირველად დასცა ფრადმონის ძე აგელაოსი,
მოყმე მეაბჯრე, როცა შიშით ცხენს აბრუნებდა,
ზურგი აქცია მტერს. ტიდიდმა ბასრი ოროლი
ბეჭებში ჩასცა და სისხლიან მკერდში გაურჭო.
260 ძირს დაენარცხა, აჟღარუნდა ტანზე ჯავშანი.
აგამენონ და მენელაოს მიჰყვნენ გმირ ტიდიდს,
შემდეგ ორივე აიანტი, მკლავმოუღლელნი,
იდომენევსი და ძმობილი იდომენევსის
მხნე მერიონე, კაცთა მმუსვრელ არესის სწორი.
265 ევაიმონის ძე მათ მიჰყვა ევრიპილოსი,
ხოლო ტევკროსი მეცხრე იყო.
შემართა მშვილდი,
ტელამონის ძის აიანტის ფარს ამოუდგა.
გვერდზე გასწევდა ხოლმე თვის ფარს ტელამონიდი,
მაშინ ტევკროსიც შეხედავდა ტროელთ და ისარს
270 როდი აცდენდა, სულს ღაფავდა მტერი დაჭრილი.
ვით დედას ჩვილი, კვლავ აიანტს მივარდებოდა,
ისიც მზრუნველად შემალავდა ბაკმულ ფარის ქვეშ.
რომელს მოუღო ტროელთ შორის ტევკროსმა ბოლო?
ჯერ ორსილოქოსს, ოფელესტეს, შემდეგ ორმენოსს,
275 დაიტოროსს და მხნე ქრომიოსს, ღვთის სწორ ლიკოფონტს,
პოლიემონიდ ამოპაონს და მელანიპოსს,
ერთი მეორის მიყოლებით დასცა მიწაზე.
აგამენონმა შვება იგრძნო, როცა იხილა
ტროელთ ფალანგთა შემმუსვრელი მხნე მშვილდოსანი.
280 აღტაცებული მივიდა და ასე მიმართ:
„ტელამონის ძევ, გმირო ტევკროს, ყრმავ საყვარელო!
დასცხე ტროელებს! შენ იქნები დანაელთ შუქი!
დიდებით მოსავ მამაძუძეს, სვიან ტელამონს,
ბავშვობიდანვე გზრდიდა გმირი, თავს გევლებოდა.
285 თუმცა შორისაა, განადიდე მისი სახელი!
მე ამას გეტყვი და ნათქვამი ამისრულდება!
თუ ათნა და მამა ზევსი, ღრუბელთბატონი,
შემეწევიან, რომ დავლეწო ტროის ბურჯები,
ჩემს შემდეგ ჯილდოს შენ მიიღებ, გმირო, ღირსეულს:
290 სამფეხას უცხოდ მოელვარეს, ან ეტლს და ცხენებს,
ან ნორჩ შიმუნვარს, სარეცელი რომ დაგიმშვენოს“.
ასე მოუბარს მყის მიუგო უბადლო გმირმა:
„ატრევსის ძეო, განა მე თვით ამას არ ვცდილობ?
შენ რად მაქეზებს? წამითაც კი, სანამ მაქვს ძალა,
295 არ ჩავიმუხლებ! რაც ხანია მტერი განვდევნეთ
ილიონისკენ, იმას აქეთ ვმუსრავ უწყალოდ.
უკვე რვა ვტყორცნე წამახული სეფქა-ისარი,
ყველა მიზანში მოხვდა მებრძოლს, ვინც წინ დამიდგა.
და მხოლოდ ამას, ამ მძვინვარეს, ვერ მოვერიე!“
300 ეს თქვა თუ არა, კვლავ გატყორცნა ფრთოსანი სეფქა
მოკვლა სწყუროდა, უმიზნებდაო ღვთაებრივ ჰექტორს,
მაგრამ აუცდა, გორგითონს სამაგიეროდ
გაუპო გული, სახელოვან პრიამოსის ძეს.
იგი ეყოლა მეფეს, როცა მეუღლედ ესვა
305 კასტიანირა მშვენიერი, აისიმელი.
ვით ყანობირში თავს ყაყაჩო გადახრის გვერდზე,
ნაყოფისა და გაზაფხულის ნესტრის სიმძიმით,
ისე ჩაქინდრა ყრმამ ჩაჩქანით ძლეული თავი.
ტევკროსმა ისევ მშვილს მოარგო ფრთოსანი სეფქა,
310 მოკვლა სწყუროდა, უმიზნებდა ღვთაებრივ ჰექტორს
და კვლავ აუცდა, აპოლონმა გმირს განაშორა.
სამაგიეროდ მის მეეტლეს, არქეპტოლემოსს,
ბრძოლის მოწადეს, ბასრმა სეფქამ ძუძუ გაუპო.
მიწას დაასკდა და ფრუტუნით ფეხმარდი რაშნი
315 გაექცნენ, სული და სიცოცხლე დათმო ჭაბუკმა.
ჰექტორს თუმც გული შეეკუმშა მოკლულზე დარდით
ებრალებოდა მეგობარი, მაინც დატოვა.
იქვე, გვერდით მდგომ ძმას მოუხმო, მხნე კებრიონეს,
ცხენთა სადავე ხელთ იპყარო. ძმაც დაჰყვა ნებას.
320 თვით კი ჩამოხტა მოელვარე ეტლიდან სწრაფად,
ერთი საზარლად შეჰყივლა და ლოდს სტაცა ხელი,
ტევკროსს მიეჭრა ანთებული მოკვლის წადილით.
იმავ წამს მტერმა კაპარჭიდან იძრო ისარი,
ლარს მიაბჯინა და როდესაც მშვილდი მოზიდა
325 მაშინ ჰექტორმა იმ ადგილას, სადაც ლავიწი
ყელს ჰყოფს მკერდისგან, სად სიკვდილის საფრთხე იქმნება,
მოარტყა შემხვდურს კლდის ნათალი უზარმაზარი.
ძარღვი გაეჭრა, დაუბუჟდა მტევანი ხელის,
მუხლთ მოეკეცა, გაუვარდა მშვილდი მოისარს.
330 არ მიატოვა აიანტმა ძმა დაცემული,
სწრაფად მიიჭრა, ზე აღმართა ბაკმული ფარი.
ორი ერთგული მეგობარიც მყის მიეშველა.
ექიოსის ძე მეკისთევსი, ყრმა ალასტორი,
შავ გემებისკენ გააქანეს მძიმედ მგმინავი...
335 კვლავ სიმამაცე ტროელთა სპას შეჰმატა ზევსმა,
ღრმა სანგრებისკენ გადარეკეს აქაველები.
პირველთა შორის წინ გაიჭრა ჰექტორ ზვიადი
როგორც მწევარი მისდევს ხოლმე ლომს ან ველურ ტახს,
კვალში მიჰყვება და სისწრაფის თვისის იმედით
340 ხან ფერდზე გაჰკრავს, ხან გავაზე კბილს, არ ეშვება,
ისე მისდევდა თმახუჭუჭა აქაველთ ჰექტორ,
მუსრი გაავლო უკუქცეულთ. სხვები გარბოდნენ.
მაგრამ როს გასცდნენ მესერს და სანგარს ლტოლვილნი,
როს ტროელებმა მრავალ მებრძოლს მოუღეს ბოლო,
345 შეჩერდნენ გემთა სიახლოვეს აქაველები.
გული მოიცეს, გაამხნევეს ერთურთი.
ღმერთებს ლოცვით მიმართეს და ზეცისაკენ აღაპყრეს ხელნი.
მოაქროლებდა ხშირფაფრიან ცხენებს ჰექტორი,
გორგოსთვალება, კაცთამჟლეტი არესის მსგავსი.
350 როცხა ამ დღეში სპა იხილა, ჰერა შეწუხდა
და მყის ათენას მიეგება ფრთიანი სიტყვით:
„ვა-ვაი! ზევსის ქალიშვილო! ნუთუ დანაელთ
დაღუპვის პირად ერთხელ მაინც არ შევეწევით?
ვხედავ, ვერავინ გადურჩება დღეს მძვინვარებას
355 ერთი გმირისას! ვინ გაუძლებს ღვთაებრივ ჰექტორს,
ბოროტი საქმე რაოდენი მათ შეამთხვია!“
მყისვე მიუგო თვალმცეცხლია ღმერთმა ათენამ:
„დიდი ხნის წინათ დააცხრობდა რისხვას და სულსაც,
მშობლიურ მხარს არგიველთა ხელით ძლეული,
360 რომ მამაჩემი კვლავ სულმრუმედ არ მძვინვარებდეს.
იგი უგლიმი მარდღე და მარადღამითაც
ხელს მიშლის, განა დამიხსომა, რომ მისი შვილი
ვიხსენ მტანჯველი მონობისგან ევრისთევსისა!
გმირმა ღაღადყო და მაღალი ერისიონით
365 შვილის საშველად მიმავლინა მაშინ კრონიდმა.
მე რომ წინასწარ არ შემეცნო მისნობის ძალით,
რომ მტკიცებჭიან ჰადესს ძაღლი უნდა სწვეოდა,
იმ დღს ქვესკნელის ღმერთის, საზარ ერებოსისგან,
დაინთქებოდა კიდეც გმირი სტიქსის ნაკადში.
370 მე შემიძულა და თეტისის ნებას ასრულებს:
ფეხს უკუცნიდა და ლაციცით წვერზე შეეხო,
ქალაქთმმუსვრელი აქილევსის დიდებას სთხოვდა.
აბა, კვლავ მითხრას, საყვარელი ასული ხარო!
ნუღარ აყოვნებ, მჟერფეხბა რაშნი შეკაზმე,
375 მე კი მანამდე ვესტუმრები დარბაზებს ზევსის.
მრისხანე აბჯარს ავისხამ და ვნახავ, თავხედი,
ზუჩმოელვარე პრიამეს ძე, გმირი ჰექტორი
შვებით შეგვხვდება ბრძოლის ველზე გამოცხადებულთ?
ბევრი ტროელი საკუთარ გვამს ძაღლებს და ფრთოსნებს
380 არგუნებს დღესვე აქაველთა ნავ-ხომალდებთან!“
ასე უთხრა და დაეთანხმა ქალღმერთი ჰერა,
კაზმავდა ცხენებს ოქროს ლაგამ-ავჟანდებიანს,
ჰერა, ქალღმერთი ღირსეული, კრონოსის წული.
იმ დროს კრონიდის სასახლეში ქალწულ ათენას.
385 თხელი სამოსი იატაკზე ნაკეც-ღვარებად
ჩამოეშალა, მისივ ხელით ნაქსოვ-ნაქარგი.
ნაცვლად აბჯარი ტანთ აისხა ღრუბელთბატონის
და საჭურველი შეიმოსა გლოვის მომგვრელი.
ცეცხლოვან ეტლზე შედგა, შუბი მაღლა შემართა,
390 მძიმე და მძლავრი, მრავალ სპათა დამამსხვრეველი,
სპათა, რომელთაც რისხვა ელის ზევსის ასულის.
ჰერამ მათრახი დასცხო ცხენებს, გრგვინვით განახვნეს
ბჭენი ზეცისა მის წინაშე მყისვე ჰორებმა,
(ოლიმპოს მწვერვალს დარაჯობენ და ზეცის თავანს,
395 წაგრაგნილ ღრუბელს ხან გაშლიან, ხან შეკუმშავენ).
ამ გზით, ამ ბჭიდან გააჭენეს ეტლი ღმერთებმა.
ზევსმა რომ მოჰკრა იდას მთიდან თვალი, განრისხდა,
მაცნედ ირისი დაადევნა ოქროსფრთიანი:
„გასწი, ირისო, მოაბრუნე, არ მისცე ნება,
400 თორემ ერთმანეთს ცუდ ბრძოლაში შევეგებებით!
უთხარ, რომ ვბრძანებ, აღვასრულებ კიდეც, რაც ვბრძანე:
ცხენებს დავუმსხვრევს ფეხებს, შებმულთ ელვარე ეტლში;
მათ გადმოვათრევ, დავალეწავ ეტლსაც მიწაზე!
მგრგვლივ მბრუნავ ათ წელს ქალღმერთები ვერ მოირჩენენ
405 ღრმა წყლულს, ნამეხარს! დაიხსომებს კარგად ათენა
თვალებბრიალა, თუ რა გულით შეება მამას!
მაგრამ ჰერაზე არ ვარ მწყრალად, ვეღარ ვმრისხანებ:
უკვე ჩვევად აქვს, რც მსურს, უმალ ჩაშალოს იგი!“
ასე უბრძანა და ქარიშხლის მსგავსი ირისი
410 იდას თხემიდან ოლიმპოსკენ მყისვე გაიჭრა.
მრავალბორცვიან ოლიმპოს მთის მისადგომებთან
შეხვდა, კრონიდის სიტყვა უთხრა მაცნე ქალღმერთებს:
„რა გსურთ, თქვენს მკერდში გული აგრე რატომ ბობოქრობს?
გიკრძალავთ ზევსი შეეწიოთ არგიველთ ლაშქარს.
415 ასე გიბრძანებთ, აღასრულებს კიდეც, რაცა თქვა:
ცხენებს დაუმსხვრევს ფეხებს, შებმულთ ელვარე ეტლში,
თქვენ გადმოგათრევთ, დაალეწავს ეტლსაც მიწაზე.
მგრგვლივ მბრუნავ ათ წელს ვერ მოირჩენთ სასტიკ იარას
ღრმა წყლულს, ნამეხარს! დაიხსომებ კარგად, ათენავ,
420 თვალებბრიალავ, თუ რა გულით შეები მამას!
მაგრამ ჰერაზე კრონიონი ვეღარ მრისხანებს:
ჩვევად გქონია, რაც სურს, უმალ ჩაშალო იგი!
შე უსირცხვილო ძუკნავ, ნუთუ ბედავ, საზარო,
უზარმაზარი შუბი გეპყრას ზევსის წინაშე?“
425 სიტყვას რომ მორჩა, მყის გაფრინდა სწრაფი ირისი.
მაშინ ათენას მიუბრუნდა ქალღმერთი ჰერა:
„ა-ვახმე! რა ვქნა, ზევსის ქალი, მე თავს ვერ ვიდებ,
ბრძოლას კრონიდის უნებურად მოკვდავთ მხარდამხარ!
დაე იცოცხლოს ერთმა, ხოლო მეორე მოკვდეს,
430 რაც სურს განგებას. გულსა ჰკითხოს, განსაჯოს ზევსმა
ტროელთ რა ელის, დანაელებს რა უწერიათ“.
ასე წარმოთქვა, მოაბრუნა რაშნი ფეხმარდნი,
ფაფარაყრილნი როს გამოხსნეს ცხენნი ჰორებმა,
ღვედით მიაბეს ამბროსიით სავსე თავლაში,
435 ხოლო ეტლი კი მიაყუდეს კრიალა კედელს.
ქალღმერთნი ოქროს სავარძლებზე სხვა ღმერთთა გვერდით
დასხდნენ მდუმარედ, სასტიკ დარდით გულდასერილნი.
ზევსმა ცხენები, ლამაზთვლიან ეტლში შებმულნი
იდით ოლიმპოს მოაჭენა, ღმერთთა კრებულთან.
440 რაშნი გამოხსნა დედამიწის შემარხეველმა
პოსეიდონმა, ეტლს ზედ ტილო გადააფარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზე ზევსი შორითმგრგვინავი
და მის ფერხთა ქვეშ აცახცახდა ოლიმპოს თხემი.
გაოგნებულნი მოშორებით ისხდნენ ათენა
445 და ჰერა. კითხვას ვერ ბედავდნენ, ვერც ენის დაძვრას.
თვითონ კრონიდმა შეაგება სიტყვა ქალღმერთებს:
„რამ დაგაღონათ, დედოფალო ჰერავ, ათენავ?
განა მოყმეთა საამაყო ბრძოლას ვერ შერჩით,
ტროელთა თქვენთა საძულველთა იავარმყოფელს?
450 დიახაც, მკლავი უძლეველი და ძალა მომდგამს,
რაც კი ღმერთია ოლიმპოზე, გზას ვერ მომიჭრის!
თქვენ კი შეგიპყროთ თრთოლვამ გული, ნაზი სახსრები,
ჯერ კიდევ სანამ ბრძოლის ქარცეცხლს მიადგებოდით.
მე თქვენ გიბრძანეთ, და რაც ვბრძანე, ვიქმოდი კიდეც.
455 თქვენსავე ეტლში დამეხილნი ვეღარასოდეს
ვერ მოხვიდოდით ოლიმპოზე, ღმერთთა სამეფოს!“
ასე ბრძანა და ოხვრა დასცდათ ათენას, ჰერას
გვერდი-გვერდ ისხდნენ, ტროელთათვის ავს იზრახავდნენ.
ხმა არ გაიღო გულმრისხანე ათენამ, მამას
460 ვეღარ შეჰკადრა სიტყვა, თუმცა კი ბოღმა აღრჩობდა.
ჰერამ კი გულში მრისხანება ვერ დაიტია:
„პირქუშო ზევსო! ეს რა სიტყვებს ბრძანებ, სასტიკო?
განა არ ვიცით, ხარ უძლეველ ძალისმხმეველი.
მაგრამ გვეწყალვის დანაელნი, გულადი ტომი,
465 რომ აღსრულდება ხვედრი მათი, ელით დაღუპვა!
თავს შევიკავებთ ბრძოლისაგან, როგორც გვიბრძანე,
მხოლოდღა რჩევას მივცემთ, რათა არგიველთ სპანი
თავით ბოლომდე არ გადაჰყვნენ შენს სასტიკ რისხვას“.
მას მიუბრუნდა და მიუგო ღრუბელთმარეკმა:
470 „სისხამ დილაზე შეგიძლია ნახო, თუ გნებავს,
ხარისთვალება დედოფალო ჰერავ, კრონიდი
ყოვლადძლიერი ვით დაამხობს არგიველთ ლაშქარს:
მკლავს მოსვენებას არ აღირსებს შმაგი ჰექტორი,
სანამ ფეხმარდი აქილევსი არ ამხედრდება,
475 როს ხომალდებთან შეებმება ლაშქარი ლაშქარს,
შეეხლებიან გმირ პატროკლეს ცხედრი გარშემო.
აჰა, ესერა ხვედრი მათი! მე კი რა მგამა,
თუნდ მრისხანებით გადახვიდე სულ ბოლო საზღვარს
ზღვის და მხლელეთის, სად კრონოსი და იაპეტი
480 გამომწყვეულან. ვერცა ქარით, ვერც მზის სინათლით,
ვერ დატკბებიან მათს გარშემო ღრმა ჯურღმულია!
მე მითქვამს, შენ რომ იქამდისაც წახეტიალდე,
არ მგამა რისხვა, თავხედურად თუმცა მეგლისპები!“
ეს თქვა და ჰერაც გაუყუჩდა ხარისთვალება.
485 ამ დროს ჩაეშვა მზის ლამპარიც ოკეანეში
და შავი ღამე მოუტანა ნოყიერ მიწას.
მწუხრი ჩამოდგა სამწუხაროდ ტროელთა ლაშქარის,
ღამე ჩამოდგა სასურველი აქაველ სპათა.
ტროელ მეომრებს მხნე ჰექტორმა ბჭობად მოუხმო,
490 მოცილდა გემებს, მდინარისკენ, ტრიალ მინდორში
გავიდა, სადაც არ ეყარა გვამთა გორები.
ჩამოქვეითდნენ და უსმენდნენ ჰექტორის სიტყვას,
ზევსის რჩეულის. ხელში ეპყრა ლომგულს ხელშუბა
თერთმეტწყრთიანი, შორს აფენდა სხივების არილს
495 შუბის ბუნიკი და გარშემო ოქროს არშია.
გმირი დაეყრდნო შუბს და ტროელთ მიმართა სიტყვით:
„ყური მომაპყართ, ტროელნო და მოკავშირენო!
იმედი მაქვს, რომ მოვსპობთ გემებს, ყველა აქაველს,
მოზეიმენი კვლავ ილიონს დავუბრუნდებით.
500 ღამემ მოგვისწრო, ღამემ იხსნა სპა არგიველთა,
და მოგუგუნე ზღვის ნაპირას მათი გემები.
დავემორჩილოთ ჩვენც შავ ღამეს და ვყოთ სერობა.
ფაფარაშლილნი გამოხსენი ცხენები მარდად
და, მეომრებო, მიუჩინეთ უხვად საზრდელი;
505 სწრაფად მოასხით ქალაქიდან ჯოგი და ფარა
ნასუქ-ნაზარდი და პურ-ღვინო ცხოველმყოფელი.
შემდეგ იჩქარეთ, მოიტანეთ შეშა უზომო,
რომ მთელი ღამე, ვიდრე დილის რიბი-რაბომდე
კოცონთა ალი, დაიფიონი ცას დაეფინოს.
510 ღამის წყვდიადში თმახუჭუჭა აქაველებმა
ვინძლო ზღვის ტალღებს გასაქცევად არ მისცენ თავი,
ვინძლო უშიშრად და უსაფრთოდ გემს არ მიადგნენ.
ვერცერთმა შინაც თავის იარას ვერ მოუაროს,
წამახულ შუბით დაკოდილმა, ისრით ძლეულმა,
515 გემს მიღწეულმა. ეკრძალვოდეს ყველა ცრემლმრავალ
ბრძოლის ატეხას ცხენთა მხედნავ ტროელთ წინაშე!
მაცნენო, ზევსის საყვარელნო, თქვენ აუხსენით,
ყველა ყმაწვილს და თმაშერთვილულ მოხუცს ქალაქში
ღვთის მიერ შექმნილ კოშკებიდან ველს უდარაჯონ.
520 ხოლო დიაცებს, მათზე სუსტებს, მართებთ დიახაც
სახლში კერია გააჩაღონ, ყველა ფხიზლობდეს,
მტერი რომ გარეთ დაგვიგულებს, შინ არ შეგვეჭრას.
როგორც მე ვამბობ, ასე იყოს, ტროელთა სპანო!
დღეს ჩვენ მოგვიტანს სარგებლობას ჩემი ნათქვამი,
525 ხვალ ტროელთ სხვასაც ვეტყვი – მამაც ცხენთა მხედნავებს.
ვესავ მლოცველი, ზევსის, ღმერთთა მსასოოველი
მე გავაძევებ შემოსეულ მძვინვარე ძაღლებს,
(ავმა განგებამ შავ გემებთან რომ მოგვაყენა).
ღამის წყვდიადში ხამს ბანაკიც დავიცვათ ფხიზლად.
530 ხვალ კი სისხამზე საჭურველი ავისხათ მალე
და ხომალდებთან გავაჩაღოთ ბრძოლა სასტიკი.
ვნახოთ, ტიდიდი, დიომედე ძლევამოსილი
მე უკუმაგდებს ქალაქისკენ, თუ მე მას მოვსპობ
ბასრი სპილენძით და ნადავლი წამყვება შინა?
535 ხვალ ჩვენს წინაშე გამოჩნდება, როგორ გაბედავს
შეხვდეს ჩემს ოროლს! იგი ერთი პირველთაგანი
დაენარცხება თავის ურიცხვ ლაშქართან ერთად
ამომავალი მზის წინაშე! ნეტამც კი ისე
გავხდე უკვდავი, განმადიდონ მარად ჭაბუკი,
540 ვით აპოლონი ან ათენა, როგორც ეს დილა
მოუტანს სიკვდილს უეჭველად არგიველთ ლაშქარს!“
ჰექტორის სიტყვას მხნე ყიჟინით შეხვდნენ ტროელნი.
ცხენები ოფლით გაღვარულნი სწრაფად გამოხსნეს,
თავ-თავის ეტლთან სადავეებს ახვევდნენ გმირნი.
545 შემდეგ მოასხეს ქალაქიდან ჯოგი და ფარა,
პურ-ღვინო უხვად მოიტანეს ცხოველმყოფელი.
მერე იჩქარეს, დაახვავეს შეშა უზომო,
ქარმა ზეცამდე აიტანა კვამლის ღრუბელი.
550 ისხდნენ ტროელნი ველზე ღამით და ოცნებობდნენ,
ურიცხვი ცეცხლით ჩახჩახებდა მთელი მიდამო.
გეგონებოდა, ნათლ მთვარეს სხვიმშვენიერი
ვარსკვლავთა ხომლი მოჰფენია უქარო ცაზე,
555 ამ დროს ჩანს ბორცვი, ველ-მინდვრები, ზვიადი მთები,
მაღლით ეთერი განფენილა უკიდეგანო,
ჩანან მთიებნი. შესციცინებს მწყემსი მათ შვებით.
სწორედ ამდენი შავ გემთა და სკამანდროსს შორის
560 ჩანდა კოცონი, ილიონის წინ მოგიზგიზე.
ათასი ენთო და ყოველთან ორმოცდაათი
მებრძოლი იჯდა ალანძული კაშკაშა ალით.
ცხენები ეტლთან თეთრი ქერით და ტკბილი სპელტით
565 იცხონებოდნენ ტახტმშვენიერ ეოსის ცდაში.










Комментариев нет:

Отправить комментарий