I
ქართველთ მეფეების დროს ყმაწვილების აღზრდა ასე იცოდნენ: ყმაწვილი გახდებოდა თუ არა 6-7 წლისა, მას მაშინათვე ანბანის კითხვას დააწყებინებდენ, მაშინ ანბანს ხბოს და ძროხის ბეჭზე სწერდენ, მით ასწავლიდენ. დაბეჭდილი ანბანის წიგნებიც გვქონდა, მაგრამ ესენი მაშინ ძვირად ფასობდენ. ზოგს ოჯახში ყმაწვილმა ქართული ანბანი არც კი იცოდა, მაგრამ ზოგი ერთ ქართულ ლოცვებს კი
ზეპირათ სწავლობდენ. ნამეტურ „უფალო ღმერთოს“ ლოცვას, სადაც ბავშვის ნიჭიერების ვედრება არს გამოხატული.
ანბანის და საჭირო ლოცვების დასწავლის შემდეგ ყმაწვილს ასწავლიდენ სხვადასხვა საგმირო არაკებს, მაშინ, ჩვენში საგმირო არაკები დიდ მოდაში იყო შემოსული. საგმირო არაკების კითხვით ქართველნიც მთლად გმირობას ეჩვეოდენ.
მაშინდელ ქართველთ მოწაფეების ცემა სრულებით არ იცოდნენ. მაგალითადაც არ მოხდებოდა, რომ სადმე ოსტატს მოწაფე გაელახა. ჩვენი გლეხის წარსული ცხოვრება სწორეთ ადუღებული ბრძოლაა, საოცნებო სურათი დრამის თუ ტრაგედიის.
ვინც კი ჩვენი ისტორია იცის, ის ამაზე ცხადათ დარწმუნდება. გლეხთ ასეთს მნიშვნელობას თვით ჩვენი „ქართლის ცხოვრებაც“ გვიმტკიცებს, მაგალითებრ: „ქართლის ცხოვრების“ ცნობებით, მთელს ჩვენს წარსულში, ერთ ქართველ გლეხსაც ვერ ვნახავთ, რომ მას თავის სამშობლო ქვეყნის წინაშე რამე ღალატი ჩაედინოს, ვისთვისმე რამით ევნოს, ეს ბატონებო, მეტათ დიდი ღირსება არის ჩვენის გლეხ-კაცობისა.
მეფე ერეკლემ სპარსელებთან საქმე მაგრად დაიჭირა, განიზრახა მის
ძლევა, რაც სხვა მეფეებს არ ეძლივნათ. ამის ტრფობა მას ავღანისტანის გალაშქრების დროს ჩაენერგა. საქართველოს გაძლიერებისთვის მან სამუდამო ჯარის დაარსებაც განიზრახა, ამისთვის რომის სენატსაც მიმართა. რუსეთშიაც არა
ერთხელ იქმნა თხოვნა გაგზავნილი. 1765 წლების შემდეგ, სხვა და
სხვა პირთა დახმარებით თფილისში გაიხსნა ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა. ქარხანას განაგებდა რუსეთში ნასწავლი არტილერისტი. ამ ქარხანაში ჩამოსხმულ იქმნა 84 ზარბაზანი, 40 ზარბაზანიც მეფე ერეკლეს ეკატირინა იმპერატრიცასაგან მოუვიდა საჩუქრათ. რუსეთიდან ზარბაზნების მოტანას ასახელებენ 1771 წ. როცა მეფე ერეკლესთან, მინისტრად წარმოგზავნილ იქმნა ივან ლავრენტიჩ ლვოვი და 1772 წ. როცა ტოტლებენის მაგიერ გენერალ მაიორი სუხოტინი იქმნა წარმოგზავნილი. საქართველოში ზარბაზნების ჩამოსხმა და არტილერია ადრინდგანვე იყო.
არტილერისტებად ხშირად ევროპიელნიც ყოფილან. მეფე ერეკლემ რუსეთში ქართველთ შვილები ინჟინერიის სასწავლებლათაც გაგზავნა. ამის შესახები ერთი წერილი „წერაკითხვის სამართველოშიაც“ ინახება. მეფე ასე სწერს რუსეთში მყოფს გ. ჭავჭავაძეს: - „ამა და ამ თავადიშვილს ურჩიე რომ მანდ ინჟენერობა შეისწავლოს, რითაც იგი თავის მამულს დიდათ გამოადგება და შენთვისაც დიდი ვალის მოშორება იქმნება წინაშე მამულისა“. მეფე ერეკლეს დროს, 1780 წლის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა გერმანიელი იოსებ გეტინგი, კაცი თავის დროის კვალად განსწავლული და განვითარებული. ეს პირი მეფემ დიდის პატივით მიიღო, იგი დაადგინა თავის შვილების მასწავლებლად და შემდეგ არტილერიის გამგეთ. 1795 წ. გეტინგიც იღებდა ომში მონაწილეობას და
ცხარედ ბრძოდა. იგი სპარსელთა ტყვეთ ჩაუვარდათ და
თან
წაიყვანეს. იქ ამას ყეინი დარჩენას სთხოვდა, მაგრამ გეტინგს არ
უნდოდა იქ დარჩენა, რადგანაც ყეინის სძულდა მას ისე როგორც ბარბაროსი და საძაგელი ბილწი. რამდენიმე ხნის შემდეგ, მეფის განკარგულებით სპარსთაგან ტყვეების გამოსყიდვა დაიწყეს, ტყვეებთან უპირველესად გეტინგი იქმნა განთავისუფლებული და საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოში მოსული მეფის კარზედ სცხოვრებდა. ეს პირი მოესწრა მეფე ერეკლეს სიკვდილს, გიორგის და ბევრიც სხვა საყურადღებო ცნობებს. მეფემ და მეფის ძეთ მას თფილისში მამულები აჩუქეს. გეტინგმა საარტილერიო ხელოვნებას გარდა მესაათობაც იცოდა და მეფეების დროს, თფილისში მას საათის მაღაზიაც ქონდა, სადაც ქართველთ
შვილებს მესაათობასაც ასწავლიდა. 1800 წ. რუსეთში გადასახლდა. იქ ქართველთ ბატონიშვილებმა დიდის პატივით
მიიღეს და კარგი ულუფაც დაუნიშნეს.
XVIII საუკუნეში, საქართველოში მესაათეები სხვებიც იყვნენ, ერთი ვიღაც ებრაელი, სტამბოლიდან შემოსული და ერთიც ბერძენი. ამათ გარდა იყვნენ სხვა და სხვა ევროპიელნიც, რომელნიც მეფისა და ბატონიშვილებისაგან დიდს
პატივში იყვნენ. მე კარგად ვიცი, რომ XVIII საუკუნეში, თფილისში სცხოვრობდნენ გერმანელებიც, იტალიელნი, ფრანცუზნი, რუსებიც ხომ მრავლად და ინგლისელნიც, რომელთა ზოგნი ვაჭრები იყვნენ, ზოგნი მსწავლულ მოგზაურნი და ზოგნიც სხვადასხვა მიზნით აქ მოსულნი და მცხოვრებნი. ვინ იცის რამდენი ამათში მეტად უცხო და შესამჩნევი პირნიც
ყოფილან, რომელთაც ერთობ დიდი ზეგავლენა ჰქონიათ
ჩვენს მეფეებზე და სამეფოზე, დღეს კი ჩვენა მათის ცხოვრების და ვითარების არაფერი ვიცით. ამ ცნობებსაც დიდის წვალებით ვპოულობთ სხვა და სხვა ძველის ბარათების
მეოხებით.
ასე რომ საქართველოში, სამეფოდ 150 ზარბაზანი მეტი
ითვლებოდა, ეს ზარბაზნები დარიგებულ იქმნა მთელს საქართველოს ციხე სიმაგრეების და სოფლებისკენ. ამბობენ, რომ 1775 წ. იმერეთშიაც ჩამოასხმევინეს ზარბაზნებიო. საქართველოს ასეთმა გარემოებამ სპარსეთს ადრევე აუხილა თვალები, ამ თვალების ახილვისაგან გულმა ფანცქალი დაუწყო, მათ ვეღარ მოითმინეს, საქართველოს მომართეს, მუქარება
შემოუთვალეს, მუქარაში ყოველთვის შემდეგი დარიგება იხატებოდა: ქართველებმა რუსებს თავი დაანებეთ, საქართველოში
რუსები ნუ მოგყავთ, თორემ როცა იქნება ჩვენ შემოვალთ საქართველოში და მთლად აგიკლებთ, დედა მიწის პირზე მოგსპობთ. ჩვენ ამას ვეღარ ავიტანთ, რუსებს თავი დაანებეთ.
მათ მრისხანებას ფრთები 1760 წ. მიეცა, როცა თეიმურაზ მეფე რუსეთს გადასახლდა, იქ გარდაიცვალა. მეფე ერეკლე და მის დროის ზოგი ერთი კაცები სპარსეთის ყეინს უადვილესად არწმუნებდნენ ერთგულებას და მით მის ღრძო გულსაც აწყნარებდენ. მუქარება თუმც ისმოდა, მაგრამ ჭკვიან და ბრძენთ ქართველთაგან ეს მუქარება მალე ქარწყლდებოდა, აღა მაჰმად ხანის გაძლიერების შემდგომ კი საქმე სხვაფერ წავიდა, იმის ღრძო გული ვეღარავინ დააცხრო. ეს ბოროტი და სისხლით გაფუჭებული ხოჯა სპარსეთში რაღაც მანქანებით განდიდდა, ამ ძლიერებას უცხოვლესად დაეხმარა სპარსთა ფანატიზმიც. დაკოდილმა ხოჯამ ძირს ჩამოაგდო თავის მემკვიდრე ბიძა, ირანის ტახტის მფლობელი, მის მაგიერ ტახტი მან დაიკავა. ეს საქმე მთელს სპარსეთს ეოცა, მაგრამ გაოცება აქ რაღათ იყო საჭირო, მუსულმანების ფანატიზმმა სძლია ყველაფერს, მათმა ფანატიზმმა არამც თუ მარტოთ საქართველო დაამხო, არამედ დაამხო თვით სპარსთა ძალა, გამგეობა და უფლება. ქართველნი ქვეშევრდომნი იყვნენ სპარსეთის, მაშასადამე ერთგულნიც იქმნებოდენ იმ ყაენის, ვის ქვეშევრდომათაც იგულისხმებოდენ, ცხადი საქმეა ქართველნიც მფლობელის შაჰის მომხრენი უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველნი მოღალატეთ ჩაითვლებოდენ, ამიტომ ქართველნი, როგორც ერთგულ ქვეშევრდომნი ყაენს ემსახურებოდენ. მაგრამ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ბრძოლაში ძლეულ იქმნა ყაენი, ძლეულ იქმნენ მასთან მთელი ქართველობაც, აქ გაიმარჯვა აღა მაჰმად ხანმა, გაიმარჯვა ყველაზე და იმ ქვეშევრდომებზედაც, ვინც მის მოწინააღმდეგეს ეხმარებოდა, უანგარობა ქართველთაგან არც შეიძლებოდა, ქართველნიც აბა რაღა ფიქრი უნდა ყაენისათვის გადასაყლაპავ ლუკმად უნდა ქცეულიყვნენ.
მაინც ყაჯარმა ასეთი აზრი შეადგინა ქართველებზე: ქართველნი ჩემ მოწინააღმდეგეს ეხმარებოდენ, მე არ მომემხრენ, ეხლა მე ვიცი მათი დასჯა და პასუხის გება. მე შევანანებ, ქართველთ კი მოვერევი, იგინი ჩემგან მით უფრო არიან დასაცემ ასაკლებანი, რადგანაც ჩემი მეტოქნი სხვას მიემხრობიან, ნამეტურ რუსებს, რუსი მათი მერჯულეა, მისვლა-მოსვლაც აქვთ ერთმანერთში, თუ ასე არა ვქენ, მაშინ სპარსეთს ხელიდან კარგი ლუკმა გამოეცლება.
მართლაცა და ქეციან სპარსეთს, საქართველო ერთობ კარგ ლუკმას აწოდებდა, ამ ლუკმით იგინი წელში მაგრდებოდენ, სულს იბრუნებდენ. ეს ლუკმა შედგებოდა მრავალ გვარ გარდასახადისაგან. საქართველოს ლუკმა სპარსეთისათვის ცხონებათ ითვლებოდა, სიცოცხლის მიმცემ ძალად, უამისოდ იგინი იქმნება სულაც გაწყალებულიყვნენ, პირში სული შეხუთვოდათ.
საძაგელის ყაჯარის სიბილწეს და ქართველთადმი შეუბრალებლობას შემდეგი გარემოება და მტრობაც დაეხმარა: განჯის, ბაქოს, ერევნის, შუშის და სხვადასხვას კუთხის სომხებს სასტიკად სტანჯავდენ და აწვალებდენ ხსენებული ქვეყნის თათრები და ხანები, ამათის გულისთვის მეფე ერეკლე გადაეკიდა განჯის ჯავათ ხან ზიად ოღლის. ზიად ოღლის მეფე ერეკლე ერთ დროს შეებრძოლა კიდეც, განჯაზე საომრად წავიდა, თან 32 ათასი საუკეთესო მეომარი ქართველი წაიყვანა, ეს მეომარნი მთლად მიაჟლიტა! 8000 ურმიდან საქართველოში აღარც 300 ურემი დაბრუნდა, ხარი, კამეჩი, ცხენი, ჯარის იარაღი და სხვა საჭირო ნივთები მთლათ იქ დაიღუპა, მეომართაგანაც ძლიერ მცირე დაბრუნდენ, მტერზე გაიმარჯვეს, მაგრამ არც თვით დაეყარათ კეთილი. თვითაც ისე მცირედ დარჩნენ, რომ შემდეგ მტერზე უფლებაც ვეღარ მოახერხეს, ამ გარემოებამ ქართველებს დიდი თავზარი დასცა, დიდი მეხი დაარტყა, ყველა მწუხარებით იგონებდა 32 ათასი ქართველის დახოცვას და 8000 ურმის დაკარგვას, ქართველთ წუხილს გარეშე ამ გარემოებამ საქართველოსაც დიდი მარცხი მოუვლინა, დიდი უბედურება, 32 ათასი საუკეთესო ქართველი ჩაგრულ სომეხთათვის დაიხოცენ, იმოდენა განძიც დაჰკარგეს, ყველა ამის სანაცვლოთ ჰპოვეს ის, რომ 100-ოდე ოჯახი სომეხთ დევნულების თფილისში მოიყვანეს და ჰავლაბარში დაასახლეს. 32 ათას ქართველთ მეომართ მხედრების სანაცვლოდ და 8000 ურმის სამაგიეროდ ქართველთ 100 კომლი სომეხთ ოჯახი დარჩნენ, ამათ უნდა გაეწიათ მაგიერობა, ამით იშოშმინებდა მეფე გულს, მაგრამ ვერც ამაში აღმოჩნდა იგი შორს მხედველი. შემდეგ თვით მათივე ნათესავები გახდენ მეფის მოღალატე, გაჭირვების მეოხებით და სპარსთა და ვითომც მუქარებით თვით ესენივე მიემხრენ მეფის მტრებს, თვით ესენივე მოუძღოდენ ზიად ოღლის წინ, როცა კი ზიად ოღლი საქართველოზე ამხედრდა და მაჰმად ხანს მოუძღვოდა.
ერთხელ ყაენმა მეფეს შემდეგი პირობა შემოუთვალა: თქვენ, მე მძევლათ თქვენი ტახტის მემკვიდრის შვილი მომეცით, მეც ფიცით პირობას მოგცემთ, რომ დღეის შემდეგ მე ფეხი მანდეთ არ გადმოვდგა, ოღონდ თქვენ კი თავი დაანებეთ რუსებს და ნუ ემხრობით, ნუ გინდათ მათი მეგობრობა. მეფეთათვის ესეთი რჩევა დიდათ სამძიმოდ აღმოჩნდა. უარი განაცხადა. ამიტომ ყაენიც ამხედრდა, ამის ამხედრებას ზიად ოღლიც უწყობდა ხელს, იგი უფრო აქეზებდა, ათას ნაირის ბოროტებით მოსავდა. მას სასტიკად სურდა ირაკლი მეფის ჯავრის ამოყრა, საქართველოს დამხობა. ნატვრა აღუსრულდათ, რამდენიმე ხნის შემდეგ აღა მაჰმად ხანი 70000 ჯარის კაცით ამხედრდა და საქართველოზე წამოვიდა გასალაშქრავად. ამ დაგეშილ უსამართლო თათრის ჯარს მოემატნენ ჯამათ-ხანის ჯარის კაცნი და სომეხნიც. ესენი მალე წამოვიდენ საქართველოზე, ჯარს გზის მაჩვენებლათ და წინამძღოლათ თვით ჯამათ ხანი მოუძღვოდა.
ომში ქართველთ დიდი მხნეობა გამოიჩინეს, მაჰმად ხანი აყრას აპირებდა და წასვლას, მაგრამ იგი განჯელ და ერევნელთ შეაჩერეს უთხრეს: ერეკლე მეფეს ძლიერ ცოტა ჯარი ჰყავს, თქვენი მასთან ერთი დღის ბრძოლა მთლათ დასცემს, დაამხობსო. მაჰმად ხანმა შეისმინა განჯელთ ჯაშუშური რჩევა და ამაზე არც შესცდა. იგი ორ სამ დღეს კიდევ დარჩა, დასუსტებულ ქართველთ ბრძოლა უწყო კვლავ, და ამ ბრძოლით მთლათ აიკლო და დაამხო თბილისი. თბილისის დამხობის შემდეგ მცხეთამდისაც წავიდა, სოფლებს იკლებდა, ხალხს იტაცებდა, სხვათა მრავალთ მოსტაცებულებთ შორის, ტყვედ ჩავარდა, ერთი მეტად თვალ-ტანადი ყმაწვილი ქართველი ბიჭი, მცხეთელი, გლეხის შვილი, ანდრია, რომელიც თვალადობით და ტანადობით შესანიშნავ შესახედავობის ყოფილა.
II
უნდა ვთქვათ, რომ მცხეთელ ანდრიას გარდა სხვაც ბევრი შესანიშნავი ქართველ ყმაწვილები იპყრეს ტყვეთ და სპარსეთში წაიყვანეს, იქ ესენი გაათათრეს, მათგან საქართველოში აღარავინ დაბრუნებულა. იქ დაპატიმრებულებივით იყვნენ. უმრავლეს წაყვანილებთაგანი ყაენის და მის ახლო ნათესავების მსახურებათ იქმნენ დატოვებულები. აღა მაჰმად ხანი ბრძოლის შემდეგ სპარსეთში დაბრუნდა, გული აღევსო საწყაულით. ქართველის აღარაფრის შიში აღარ ჰქონდა. იგი ფიქრობდა: ერთი რომ კიდევ გავილაშქრო საქართველოზედ, მაშინ მთლათ დავამხობ მათაო. მაგრამ ეს ჯერ საჭარო არ არის, მე ჯერეთ შორიდან უნდა უმზირო ქართველთ საქმეს, თუ დღეის შემდეგ როგორ მომეპყრობიან, რა გვარ კავშირს დაიჭერენ ჩემთანაო. ყაენი დაშოშმინდა, მიეცა თავის ცხოვრებას. ქართველთ სამეფომ ტყვეების შესახებ სპარსეთთან მიწერ-მოწერა და ლაპარაკი გამართა, ზოგი ტყვეები განთავისუფლებულ იქმნენ, ზოგნი იქ დატოვებულ და გათათრებულ, მცხეთელი ანდრიაც მალე გაათათრეს, სახელად სადიხა უწოდეს. იგი ყაენის კარზე იქმნა დატოვებული მოსამსახურეთ.
მაინც ყაენის შინაურ მოსამსახურეთ უმეტესს ნაწილს გათათრებული ქართველები შეადგენდნენ, ქართველნი მას სამაგალითოდ ემსახურებოდნენ, სპარსთა ასეთი სამსახურის ნიჭი სულ არ ჰქონდათ. თვით ყაჯარი იყო მეტათ ცუდის თვისების კაცი, ადრე იგი მისმა მეტოქეებმა საჭურისი ჰყვეს, ამით ფიქრობდენ, რომ აღა მაჰმადხანს საყოველთაოდ ხელიდან გამოეცლება ტახტის მაძიებლობის ძალაო. ეს მის ბიძაშვილებმა მოუხერხეს პატარაობის დროს, რადგანაც კანონით ერთ დროს ირანის ტახტს მაჰმადხანი დაიჭერდა. გასაჭურისებამ აღა მაჰმად ხანზე ერთ ხნობით ბნელათ იმოქმედა. შემდეგ კი მან თვალები გაახილა, ტახტის დაკავების ოცნებას მიეცა, მაგრამ ტახტს რა ოხრათ დაარჩენდა, შვილები მას არ ეყოლებოდა და ცოლი. ტახტის დაჭერა უფრო ჯავრით მოინდომა, რადგანაც რათ გამასაჭურისეს მეო. ჯავრით კვდებოდა, ბევრსაც ნაღვლობდა, მაგრამ ვეღარას შველიდა თავს, საქმე წასული იყო. როგორც საჭურისი, იგი იყო ქოსა, გამხმარის სახის, ერთის შეხედვით 16-17 წლის ბიჭს ჰგავდა და მეორეს მხრით, მოხუცებულს დედაკაცს, სახე ჰქონდა ჩავარდნილი, ხმელი. ტანითაც დაბალი და მასთან გამხმარი. ხასიათით გოროზი, ბაიყუშის თვისების, მასთან გაუტანელი, მტერი ყველასი, ცბიერი და უპურ-მარილო. სადაც კი ქალს ან ვაჟს ნახავდა, მათის ჯავრით აღარ იცოდა რა ექნა, ყველას ეჩხუბებოდა, ყველას აგინებდა და აშინებდა, კაცის მოკვლაც წალასავებ მიაჩნდა. მან არც სამართალი იცოდა, არც სიმართლე, არც სიბრალული, არც ნამუსი ჰქონდა.
მაგალითსაც მოგახსენებთ, ვიდრე მცხეთელი ანდრია გამოიწვრთნებოდა, მანამ მას ქართველთ სხვა მონებიც ჰყავდა, რომელნიც მას ხელზე ემსახურებოდნენ. ერთხელ ყაენმა ეს მოსამსახურეები თვისკენ იხმო, მაგრამ გათახსირებულ ქართველთ მონებმა ყაჯარის დაძახება დროზე ვერ შეიტყვეს, დროზე ვერ მივიდნენ სისხლის მსმელს ყაენთან. ყაენი გაჯავრდა, როცა მონები მივიდენ, იგი გაცეცხლდა და დაუყვირა: თქვე გიაურებო, არ გესმისთ, რომ გეძახდით. ვერ გავიგეთ მზისა და მთვარის ფასო, მიუგეს მოწიწებით მონებმა, თქვენ კაი ყურები არა გქონიათ, მე გიჩვენებთ მაგის წამალს.
საჩქაროთ დაუძახა კარის კაცთა და მრისხანის ბრძანებით მიუგო ასე: ამ გიაურებს კაი ყურები არა აქვთ, წაიყვანეთ და ეხლავ ორივეს ყურები დასჭერით, რომ შემდეგისთვის კარგად გაიგონ ჩემი ბრძანება. ბრძანება მალე შეასრულეს, წაიყვანეს საბრალო მონები და შეუბრალებლათ ორივეს დასჭრეს ყურები. ყურების დაჭრის სიმწვავისაგან მათ მწარეთ ტირილი მორთეს. ტირილი ყაენმა გაიგონა, საჩქაროდ დაუძახა ამ მშვენიერ ქართველთ ყმაწვილებს და ასე უთხრა: თქვე გიაურებო, ჩემი მოწყალება თქვენ განა ეგრე მიიღეთ, თქვენ მადლობელი არა ხართ, რომ საქმე ანუ სასჯელი ყურების დაჭრით გაგითავდათ. კარგით, ხვალ გიჩვენებთ მე თქვენ საქმეს. დაუძახა საჩქაროდ კარის კაცთა და შეუბრალებლად უბრძანა შემდეგი: ხვალ, ეს გიაურები გაიყვანეთ და ორივეს თავები მოჰკვეთეთ. მეორე დღეს ბრძანება შეუბრალებლად იქმნა აღსრულებული.
ამბობენ, რომ ორივე ეს ყმაწვილები თავადის შვილები ყოფილან. ყველა ამ ქართველთ საჭურის მონების უფროსათ ქართველივე საჭურისი თავადი სუმბათაშვილი ირიცხებოდა, რომელიც ადრიდანვე იყო სპარსეთში ტყვეთ წაყვანილი და იქვე გარდაიცვალა 1830 წლებში თათრობაზე გადასული. ეს სუმბათაშვილი მომსწრე იყო ირაკლის, გიორგის და კარგი მეგობარი ალექსანდრე ბატონიშვილისა. სუმბათაშვილი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა და მიტომ გამოასაჭურისეს, ისპაანიდან განთავისუფლებულს თვით ბებიაჩემს ენახა ეს სუმბათაშვილი და მასთან მცხეთელი სადიხაც, ვისის მოთხრობითაც ვსწერ და რომელ მოხუცმაც ძლიერ ბევრი ამბები იცოდა სადიხაზე.
ზემო ხსენებულ ყმაწვილების უსამართლო სასჯელს მცხეთელი ანდრიაც კარგად უმზერდა. მას გული დაეთუთქა, ცხარეთ იტირა, მდუღარე ცრემლები დაღვარა, მაგრამ რას უშველიდა. თვითაც ეშინოდა, რომ ოდესმე იგიც ამ დღეებში არ ჩავარდნილიყო, ამის შიში მით უფრო ჰქონდა, რადგანაც აღა მაჰმად ხანი სისხლით გაუმაძღარი იყო, მან თურმე ძლიერ ბევრი ყმაწვილები დაახოცვინა. ახლად გათათრებულ ქართველთ გარდა მუსულმანებსაც ხშირად ახოცვინებდა, ზოგს უბრალოდ, უმიზეზოდ, ამით ყრილობდა თავის ჯავრს. ისეც მომხდარა ხოლმე, რომ ხშირად სადმე ახალ გაზრდა ცოლ-ქმარნი უნახავს, მათი ერთობა დიდად სწყენია, შეშურებია, უკანასკნელ იგინი დაუხოცვინებია და მით დაუკმაყოფილებია თვისი შხამიანი წადილი. ასეთის საქციელით მან მთელს ირანში ერთობ ცუდი სახელი დაიმსახურა. ახალგაზრდა და ცქვიტ ქართველ სადიხამ ყაჯარის ამბები კარგად იცოდა, მიტომ უფრო ეშინოდა, რომ ოდესმე მეც არ მომიღოს ბოლოვო. სადიხა, ანუ ანდრია მცხეთელი იყო, შესანიშნავი ღონისა, თავის დროს, იგი ტოლ-ამხანაგებში პირველ ღონიერ ყმაწვილ მოჭიდავეთ ითვლებოდა, ბევრს ერეოდა საკვირვლად.
მასთანვე ლაპარაკიც მარილიანად სცოდნია, თავის დროს კვლავ მაღალ ნიჭიერიც ყოფილა, იგი გაზრდილა სვეტის ცხოველის სასოფლო სკოლაში. სვეტი ცხოველის სკოლა ადრიდგანვე არსებობდა, იგი გაუქმებულ იქმნა 1795 წელს. შემდეგ დროის ქართველთა ვეღარ მოიცალეს სვეტი ცხოველის სკოლის გახსნა. პატარა ანდროს თავის მადლიანი წიაღი სვეტი ცხოველის სასწავლებლისაგან ჰხვედრია, იქ განათლებია გონება, იქ ანთებია გულში საქართველოს სიყვარული, მისი გაუქრობელი ლამპარი. მაშინ ანდრიასთანა ბიჭები საქართველოში უხვად იყვნენ, ყველა მათგანს უდიდესად სწამდა ჯერედ ზნეობა, სინიდისი, ქრისტიანობა და, მერე ქართველთ განმანათლებელი წმიდა ნინო, საქართველო და მისი პატივის ცემა მაშინდელ დროში, სკოლის გარეშე, მშობლებიც ამზადებდნენ ბავშვებს ასე: შვილებო, გაიზარდენით, იცანით თქვენი ქვეყნის გაჭირვება, ეცადეთ, რომ მხნე ვაჟკაცები გამოხვიდეთ. სადიხა 8 წლიდან 14 წლამდე სულ მის სამზადისში იყო, რომ თოფის სროლაში კარგად დახელოვნებულიყო, მერე ომში წასულიყო და ქვეყნის წინაშე ვაჟკაცობით თავი გამოეჩინა, მტერს გულადად შებრძოლებოდა. მომსწრე კაცებთაგან გამიგონია, რომ მაშინ 15-16 წლის ყმაწვილები ისე ეომებოდნენ მტერს, როგორც კარგნი ვაჟკაცნიო. მაგალითებრ სამას არაგველებში 200 - 16-18 ახალგაზრდა ბიჭები იყვნენო, მერე ამათ რა ქმნეს, იშვიათი საქმე, მაგალითია ჩვენს ისტორიაში, მშვენება თუშ-ფშავთ ახალ-გაზრდებისო. საქართველოს წმიდა სიყვარული იქამდის იყო აღორძინებული იმ დროის ქართველთ შორის, მათ ისე უდუღდათ ეს ნაკადული გულში, რომ მეომართ რაზმებს თვით ქართველთ დედა-კაცებიც კი ეკედლებოდნენ.
მართალია საქართველოს გაჭირვება ადგა, მართალია ხშირად მისი მანათობელი ლამპარიც ბნელდებოდა, უკანასკნელს დროს სხივიც ქრებოდა, მაგრამ მხნე და ერთგულ მამულიშვილების მეოხებით არც ქართველთ მტერს ადგებოდა კარგი დღეები, მათ ქართველნი ისე ჟლეტდენ, ისე სწყვეტდენ როგორც ცხვრის ფარას. ასეთ ღირს შესანიშნავს გმირობის და ვაჟკაცობის ცნობებს ჩვენის „ქართლის ცხოვრების“ გარდა თვით სახალხო ლექსებიც ხომ უხვად გარდმოგვცემენ. ქართველი ერის სული და გული ამ ლექსებიდან და ზეპირ თქმულებიდან სჩას, ეს ლექსები და თქმულებანი სარკეა მხნე და ვაჟკაც განვლილ დროთა. ქართველთ ცხოვრებაში ვისაც უნდა გაიცნას დიადი ქართლის ცხოვრება, მაშინ იმან ჩაიხედოს ქართულს სახალხო ლექსებში, თქმულებებში და იგი იქ დაინახავს ქართველ ერის ცხოვრებას, ქართველს გმირების წამებას, მათს აურაცხელს ტანჯვას, საქართველოს თვით არსებობისთვის უშურველად თავის შეწირვას. ასე იყო ადრე ქართველთ ვითარება, ასე იღვწოდენ მამულისა და ერის დასაფარავად ქართველნი და მათ მიტომაც შეინახეს თავიანთი ტკბილი და საყვარელი ქვეყანა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ქართველნიც ისევე დავემხებოდით 700-800 წლის წინეთ, როგორც კავკასიის სხვადასხვა სახელმწიფონი დაეცნენ თათრების მეოხებით. მაგალითს გვიმტკიცებს არმენიის დაცემა ჩვენზე 800 წლის წინეთ, ბიზანტიის 400 წლის წინეთ, ურუმიის ქალდიის 400 წლის წინეთ. ბალაკანის კუნძულთ სამეფოების 400 წლის წინეთ. ჩვენ ქართველთ კი თავი შევინახეთ, სამთელსავით ვდნებოდით, საყოველთაოდ ჩვენი სამეფოს მოსპობას თათრები ვერ ახერხებდენ.
ქართველ ერის ასეთი ბედნიერების მიზეზები იფარებოდა იმაში, რომ მაშინდელ ქართველთ შორის წრფელის მამულის შვილობით აღვსილი გლეხკაცნი მრავლად იყვნენ, მცხეთელ ანდრიასთანა ცქვიტ და მალხაზ ბიჭებს, ჩვენ ყველა ქართველის ოჯახში ვნახავდით. დრო იყო მაშინ ისეთი, ყველა ქართველი თავის დროის შვილი იყო, თავის დროის დიდების აჩრდილი, ნაშთი თავგანწირულების, ყველას თავქვეშ ედვა თოფი, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი. ქართველი რომ თავის დროის კვალად ასე არ ყოფილიყო მომზადებული, მაშინ იგინი ამოდელა მუსულმანთ მტრებთ შუა მომწყვდეული სრულიად ვერას გააწყობდენ, ერთს საუკუნეში გაჰქრებოდნენ. მთელი სპარსთ ოსმალნი ჩვენს სამშობლოზე ნავარდობდნენ, ჩვენთ ნაშთებს და ტაძრებს ანგრევ-აქცევდენ, მაგრამ მძლავრად ჩვენს დაცემას მაინც ვერ ახერხებდნენ, ქართველნი იმოდენად ძლიერ აჩრდილნი იყვნენ მხნე მამაპაპათა გმირობის, რომ იგინი მაინც თავისუფლად იფარავდენ საქართველოს დაუძინებელ მტრებისაგან. ასე გადარჩა საქართველო თავის დაუძინებელ მტრებს, ისეთი შვილები ჰყავდა ძველად საქართველოს, დიდიდან დაწყებული პატარამდე, ყველა საქართველოს სიყვარულში ლევდა სულსა და გულს.
ყველა ანდრიასავებ იღვწოდა თავის საყვარელის კეკლუცის საქართველოსთვის. დიაღ, იღვწოდა და მათს გმირულ ღწვას არც ჩვენი ისტორია დაიდუმებს, აი დღესაც ვშლით წინაშე მკითხველის ერთს ახალგაზრდა ქართველის გმირის ცხოვრებას.
როგორც ვთქვით, მცხეთელ ანდრია ტყვეობაში აღა მაჰმად ხანს ახლდა გვერდით, მგზავრობაც მასთან მოუხდა, მცირე დროის განმავლობაში ანდრიამ სპარსული ენაც შეისწავლა, ყაჯარის მონობას და მონურს გარემოებას დაემორჩილა. საქართველოში მისი მშობლები სტიროდნენ მით უფრო, რადგანაც ისიც შეიტყეს, რომ ანდრია მოკლული არ არის, არამედ აღა მაჰმად ხანს ახლავს გვერდითო, იმედი ჰქონდათ, რომ 1796 წ. ზაფხულში, ანდრია საქართველოში დაბრუნდებოდა, რადგანაც საქართველოს სამეფოს ხარჯით, სპარსეთიდან ქართველთ ტყვეების გამოსყიდვაც იწყეს, ბევრი ტყვე დაბრუნდა, ბევრი გზაში მოკვდა, ბევრი კიდევ არ გამოუშვეს იქიდან, არ გამოუშვეს ისინი, ვინც უფრო ტან-თვალადნი იყვნენ. მათშივე მოჰყვა საბრალო ანდრია, თუმცა ტყვეების დახსნის დროს ანდრიასაც ჰქონია იმედი თავის დახსნისა, მაგრამ ნატვრა ვერ აუსრულდა, მისსავე ბედის წრეში სხვადასხვა ქართველთ შვილებიც მოჰყვნენ. ყველა რჩეული ყმაწვილები ყაჯარის ბრძანებით დაკოდილ ჰყვეს, გამოასაჭურისეს. ამ დღიდან ანდრიამ გულში ჩაინერგა სვავის მაჰმად ხანის მტრობა და ოდესმე სამაგიეროს გარდახდა. ამის აზრისანივე იყვნენ ყველა ის ქართველნი, რომელნიც კი სპარსეთში იქმნენ პყრობილნი, საქართველოში არ გამოშვებული, იქ დაკოდილნი. ანდრიას გულში სასტიკათ ზღვავდებოდა სვავის მაჰმადხანის მტრობა.
პატარა ანდრიას და მის ამხანაგებს თვალწინ ხატათ და სარკეთ ედგათ ის წამების სურათი, როცა ამ სვავმა საქართველო დაარბია, როცა მოუმზადებელ ქართველებს მოულოდნელად დაეცა თავს, მოსპო თფილისი, დაწო ყველაფერი, ბევრს ალაგას უხვად ჟლიტა ქართველობა. ყველა ამ უბედურებათა მოგონება პატარა ვაჟკაც ანდრიას გმირის ცეცხლით ანთებდენ, გული და სული აუტირდებოდა, როცა კი მოიგონებდა საქართველოს ტანჯვა-ვაებას, რაც მათ თვალთ წინ მოხდა მძლავრის სვავის მეოხებით. პატარა ანდრიამ სპარსეთიდან საქართველოში დაბრუნებულთ ბევრ განთავისუფლებულ ტყვეს დააბარა შემდეგი: თუ სადმე ჩემს მშობლებს ნახავთ, აუწყეთ, რომ ანდრია ცოცხალია, იგი საქართველოს მტრის ყაჯარის მსახურია, ჩემ თვის ნუ სწუხან. თუ კარგად ვიქენ, საქართველოს უძლურებას ამ ძაღლს არ შევარჩენ, როცა იქმნება სამაგიეროს გადაუხდით. ასეთი ცნობები ქართველთ შორის ამბათ ვრცელდებოდა, მის დაჯერება კი არავის ჰქონდა, რადგანაც სპარსეთში პყრობილ ქართველ მონისაგან ვინ რას წარმოიდგენდა, ვინ მოიფიქრებდა, რომ საქართველოს სისხლის მსმელს მტერს საქართველოს გარეშე, ქართველთაგანი თვით სპარსეთშივე გამოუჩნდებოდა.
დრო ნელ-ნელა მიდიოდა, სხვადასხვა ჭორები საქართველოდან სპარსეთში მაჰმად-ხანის წინაშე შინათ გამცემთაგან ხშირად მიფრინავდენ, მტერს კვლავ ასმენდნენ, რომ მეფე ერეკლე და მისი შვილი გიორგი სახუმრო საქმეს არ ჩადიან, მათ სამუდამოდ გადაწყვიტეს რუსეთთან დაახლოვება, მისვლა-მოსვლაც მოახშირეს, რუსის კაცებიც ხშირად მოდიან საქართველოში, რუსის ჯარის მოსვლასაც ელიანო.
მალე წყეულმა კაცები გამოგზავნა და ერეკლე მეფეს კითხვა მისცა ასე: ერეკლე მეფე! შენ, მართლა აპირებ ჩემს ორგულობას, შენ არ გინდა, რომ მე ხარჯი მაძლიო, გინდა რომ ასეთ მორჩილებას თავი გაანებო, როგორც თქვენ ჩვენის წინაპრების ყოფილხართ? ამის მე არა ვიცი რა, ამას მარტოთ ახლა მასმენენ. თუ მართლა ასეა, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ მას ვერ მოესწრებით, რუსების მოსვლამდე მე მოვალ მანდ და სულ ყველას დაგამხობთ. საქართველოს ტახტს მე სხვას ჩავაბარებ. ვიმეორებ გაფრთხილებას, თორემ წელს, 1797 ივლისის გასვლამდის, მთელს საქართველოს დავიმორჩილებ, თქვენც კაი დღე არ დაგადგებათ. თუ ეს ასე არ არის და თქვენ ჩემი ერთგულები ბრძანდებით, მაშინ ამის ცნობა შემატყობინე, რომ მეც დავშოშმინდე.
მეფემ აცნობა შემდეგი: ჩვენ, თქვენთან საერთო აღარაფერი გვაქვს; თქვენ ჩვენ ისეთ დღეში მოგვათავსეთ, რომლის შემდეგაც ჩემი თქვენდამი ერთგულება შეუძლებელია. მოულოდნელად, ქურდულად, ავაზაკურად თავზე დამეცი, სხვების სიტყვით და მტრობით ქალაქი წამიხდინე, მთელი თფილისის სასახლეები დამიწვი, შენგან რამდენი კიდევ სხვა გაჭირება მომადგა კარსა, ყველას ვერ მოგითვლით, დღეს კი თქვენ მე მუქარებას მითვლით, დამონებას და თან მეგობრობას ითხოვთ! მე შევიყვარო ის კაცი, ვინც ჩემი მტერია, ვინც ჩემის ერის წინაშე ზიზღი დაიმსახურა, ეს როგორ შეიძლება, მე რომ დაგიმეგობრდე, მერე ჩემი ერი რას იტყვის, იგინი როგორ შეხედვენ ჩემს ასეთ საქციელს. არა, ეს არ შეიძლება, მე ჩემებურად უნდა მოვიქცე, როგორც გერჩიოთ, თქვენც ისე მოიქეცით, მობრძანდით და ჩვენც აქ დაგხვდებით, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ან ჩვენა და ან თქვენ, საქმე სამუდამოდ გავათაოდ. მეფის ასეთი პასუხი აღა მაჰმად ხანს დიდად ეწყინა, იგი მეორედ აღმხედრდა და საქართველოზე უკანასკნელ გასალაშქრავად გამოემგზავრა. მალე მოაღწია ბაქოს, იქიდან განჯას, აქედან მოუწოდა შაქ შირვანის ხანს თავის ჯარით, ერევნის, განჯისას, შუშისას და ყველა ამათის ლაშქრით მალე აპირებდა თფილისში მოსვლას. შუშიდან გამოსვლის პირველ დღეს, ერთ ალაგას ჩამოხტნენ ღამის გასათიებლად. ამ მგზავრობაშიაც ყაჯარს სადიხა ემსახურებოდა და ერთი ამის ამხანაგი ლეკის ბიჭი, იმ ღამეს, ჯარში, აღა მაჰმადხანის ფული დაიკარგა, დაკარგვის, ამბავი ყაჯარმა არ იცოდა, ყველას ეშინოდა. ნამეტურ სადიხას და მის ამხანაგს, ამათ ჩხუბიც მოუვიდათ ერთმანერთში, ჩხუბი ხანმაც შეიტყო, მას ძლიერ ეწყინა, სადიხას და მის ამხანაგს სასტიკად დაემუქრა, გათენდა მეორე დღე, ყეინმა სადიხას უბრძანა: სალოცველი ხალიჩა გაშალე და წყალი მომართვი. სადიხამ ხალიჩა მალე გაშალა, ვერცხლის სურით წყალი და ტაშტი მიუტანა. მაჰმად ხანმა დაასხა წყალი ტაშტში, მალე დაიბანა ხელ-ფეხი და განემზადა სალოცავად. ლოცვის დროს, სადიხას სურა და ტაშტი უნდა აეღო ხალიჩიდან, მიელაგებინა, ტაშტის აღების დროს, უცბად მარცხი მოუხდა, ტაშტიდან წყალი ხალიჩაზე დაეღვარა, ეს წყალი მაჰმადხანს მუხლებ ქვეშ შეუდგა, მაგრამ მინამ ლოცვა არ გაათავა, სმა არ ამოიღო. საბრალო სადიხაც სასტიკად შეშინდა, სახეზე ნაცრის ფერი დაედო, სულ კანკალი დააწყებინა. მანამ ხანი ლოცვას გაათავებდა, მინამ იგი მიწაზე დაემხო. ლოცვის გათავებამდის მაჰმად ხანს გული ბრაზით აევსო, სისხლი ყელში მოებჯინა, აღარ იცოდა რა ექმნა, როგორც იქმნა აღშფოთებით გაათავა თუ არა ლოცვა, მაშინათვე სადიხას მივარდა: ეს რა ქენი შე წყეულო, შეწ შემიბილწე დღეს მე ლოცვა, შენ კიდევ გიაურობ, ეს შენ განგებ ქენი, განგებ მოახდინე. შენ მტრობ მე. კარგი, მე გიჩვენებ შენ საქმეს, ხვალ, ჯუმას, როგორც გათავდება თუ არა ჩვენი ლოცვა, შენ და შენს ამხანაგს თავი მაშინვე მოგეჭრებათ. სადიხამ ტირილი დაიწყო, ბოდიში და პატიობის თხოვნა ვერ გაბედა.
ამ დროს, იქ შირვანის ხანიც იმყოფებოდა. ამას სადიხა ძლიერ შეებრალა. ყაჯარს სადიხას პატივობა სთხოვა. მზისა და მთვარის ბადალს დიდებულს აღა მაჰმადხანს, ჩვენ ყველა ხანები სადიხას და მის ამხანაგის პატიობას გევედრებით, გთხოვთ, რომ სადიხას მიუტევოთ. ჩვენ დაგვდეთ მისი ვალი.
არა, ეს არ შეიძლება მე მასზე გაჯავრებული ვარ. იგი გიაურია, გულით ქართველია, ჩემი ლოცვის დროს განგებ დაღვარა წყალი. მისი პატივი არ შეიძლება. ხვალ პარასკევია, როგორც გათავდება თუარა ჩვენი ლოცვა, მაშინათვე სადიხას და მის ამხანაგს თავები მოეკვეთებათ, პირველი მისთვის, რომ სადიხამ დღეს ჩემ წინ, ლოცვის დროს, მასხარობით წყალი დაღვარა და მეორე მიტომ, რომ გუშინ მათ ჩემი ფულიც დაკარგეს. შაქ-შირვანის ხანმა ვეღარა უთხრა რა სისხლის მსმელს სვავს.
თავ-მკვეთლებს ბრძანება მიეცათ, რომ ხვალ, მზათ იყავით, ჩვენი ლოცვის შემდეგ სალიხას და მის ამხანაგს თავები უნდა მოჰკვეთოსო. თავის მკვეთელნი მეორე დღისთვის მოემზადნენ. ეს ბევრს ეწყინა, მაგრამ ვინ რას იზამდა, აღა მაჰმად ხანის გოროზ გულს ვინ დაამებდა, მის ბოროტს ბალღამს ვინ დაშრეტდა, არავინ, იგი მტერი იყო ყველასი, შეუბრალებელი, უსამართლო, კაცის სისხლის მსმელი, ნამეტურ ქართველი ხალხის. მის ურჯულო გულს მარტოდ სადიხას უმანკო სისხლის დაღვრა და აწყნარებდა, მარტოდ ეს მისცემდა მის ბოროტ სულს შვებას. ხუთშაბათის საღამომ მოატანა. სადიხა და მის ამხანაგს ლაპარაკი მოუვიდათ, სადიხამ უთხრა:
ხვალ ჩვენი განკითხვის დღეა, მოდი ძმაო და ეხლა მაინც შევრიგდეთ, უკანასკნელად ძმურად დავიხოცნეთ. კეთილი, ძლიერ კარგი, მეც მენატრება შერიგება. მიუგო სადიხას ამხანაგმა.
ესენი მალე დაკავშირდნენ, მალე თავიანთ ბედზე საუბარი ჩამოაგდეს, მერე პირობაზე ფიცი დადეს და ჩუმად საუბარი დაიწყეს, ამათ საუბარს შირვანის ხანმა ყური მოჰკრა. რაღაცა შეატყო, ეჭვი აიღო, მაგრამ ხმა, კრინტი არ დასძრა. არავის არაფერი უთხრა, რადგანაც გარდა ჯავათ ხან ზიად ოღლის, აღა მაჰმად ხანის ყველა ხანებს სჭირდათ ჯავრი, ყველა იმას ნატრობდა რომ ეგები საჭურისი მალე ჩაძაღლებულიყო.
განჯის ხანს გარდა, ერეკლესთან სხვა ხანებს სამტრო არა ჰქონდათ რა. ესენი თავიანთ ჯარით საქართველოზე აღა მაჰმად ხანის ბრძანებით მოდიოდნენ, ეს რომ ასე არ ექმნათ, მაშინ მათაც დაარბევდა.
III
ხუთშაბათი დღე დაბინდდა, სადიხას და მის ამხანაგსაც უახლოვდებოდათ განკითხვა, ესენი დაღონებულ იყვნენ, ორნივ ერთმანერთს გაფითრებით უმზერდენ, იგინი დიდად უკმაყოფილონიც იყვნენ თავის უწყალო მხვედრზედ, სადიხამ ვეღარ მოითმინა და თავის ამხანაგს ასე მიჰმართა: ნეტა რა დავაშავეთ ისეთი რამ დანაშაული, რომ ხვალ ჩვენ თავები უნდა დაგვჭრან. ეს განა სამართალია?
ამხანაგებმა ერთმანერთს ხელი ხელს გადახვიეს, გადაჰკოცნეს და მერე ცრემლებიც მოერიათ თვალებში, ერთს მეორე ებრალებოდა სასიკვდილოთ. ახ ნეტა ჩვენმა ხანმა მაინც იკითხოს მიზეზი ჩვენის დახოცვისა. სთქვა ლეკის ბიჭმა. მაგას ვინ იკითხავს უსამართლოს ყაჯარისაგან. იგი სისხლის მსმელია, ჯერ ვერ გაძღა კაცის სისხლის სმით მისი ბოროტი გული და მიტომ უნდა ჩვენი სისხლის დაქცევა. სთქვა სადიხამ. ამათ საუბარმა რამდენსამე ხანს გასტანა, ერთმანეთს ფიცი მისცეს მტკიცე პირობაზე, მერე ერთმანერთს განეზიარა თავის ჰაზრი. სადიხამ გაუტყდა ამხანაგს და მიმართა ასე:
მეგობარო, გეტყვი შემდეგ რჩევას და სხვა შენ იცი, ვინემც ამ ძაღლმა ჩვენ დაგვხოცოს ხვალა, ამაღამ მოვახერხოდ და ჩვენ მოვკლათ იგი, ამით რამდენ სიკეთეს დავთესავთ ქვეყანაზე. ჩვენ, ჯანდაბას, ხვალ დაგვხოცონ, ასე იქმნება თუ ისე, ეს ხომ მაინც არ აგვცდება. ოო, მეც ეგ უნდა მეთქვა, მაგრამ შენი მერიდებოდა, მეც მაგ ჰაზრის ვარ, ჯაან ბიჭო, შენი კი ჭირიმე, შენი, ძალიან კარგი.
ამათ საუბარი ქმნეს, მასთან თათბირი და უკანასკნელ გადაწყვიტეს, რომ ამაღამ ძილის დროს როცა მთელი ჯარიც დაიძინებს, მის გუშაგთაც მიეძინებათ, სწორედ იმ დროს, ჩვენ უნდა აღა მაჰმად ხანი მოვკლათ უსათუოდ.
ამათ საუბარს ყური მოჰკრა შირვანის ხანმა, მათზე ალღო აიღო, მაგრამ ხმა არ გასცა, როგორც სთქვით ზემოდ, გაეხარდა კიდეც, რადგანაც მას აღა მაჰმადხანის მტრობაც ჰქონდა, საღამო დაბნელდა, მალე მოვიდა ღამის ლოცვის დროც.
მაჰმად ხანმა პური სჭამა, მალე „ახაშამ ნამაზიც“ ილოცა და მის შემდეგ დაწვა და დაიძინა, ამ ღამესაც სადიხას და მის ამხანაგს უნდა ემსახურნათ მისთვის, მის კარავში უნდა გაეთიებიათ ღამე და ეყურებინათ მისთვის, რომ არავის რა ექმნა.
შუა ღამისას აღა მაჰმად ხანი ღრმა ძილში შევიდა, სადიხას და მის ამხანაგს კი გული უფანცქალებდათ, საშინელს მდგომარეობაში იყვნენ ჩაცვივნული, არ იცოდენ, როგორ, რისთვის მოევლოთ ხელი, როგორ მოეკლათ თავის სისხლის მსმელი. უკანასკნელ ამათ გადაწყვიტეს საქმის შესრულება, ჩუმად შევიდნენ მაჰმად ხანის კარავში, თან შეიტანეს წინადვე მომზადებული გალესილი ცული და ხანჯალი. ერთ წუთში, მათ ორივემ ერთად დაჰკრეს თავში და ერთის მძლავრის დაკვრით თავი ისე მოაშორეს ტანს, რომ მაჰმად ხანს კრინტის დაძრაც ვერ შესძლებია.
ამათ მოქმედებას შირვანის ხანი თვალ-ყურს ადევნებდა, იგი კარგად მიხვდა, რომ ამ ბიჭებმა რაღაც ქმნესო, აღა მაჰმად ხანი უნდა მოეკლათ, მაგრამ ეს როგორ მოხდა, ამათ ისე როგორ მოკლეს, რომ მან ხმის ამოღებაც ვეღარ მოახერხაო.
მალე ამ ხანმა ეს ბიჭები თავისთან მიიხმო, ცნობა ჰკითხა, იგინი გამოუტყდნენ. ხანმა საჩქაროდ ფული აჩუქა, სხვა ტანისამოსი ჩააცო და გათენებისას უთხრა: აბა, ახლა თქვენ იცით, გასწით და გაიქეცით თქვენის ქვეყნისკენ, თავს უშველეთ.
ესენი მაშინათვე გაიქცნენ მარდათ და თავს უშველეს. გათენდა დილა, ლაშქარმა იწყო აღკაზმვა, მაგრამ მაჰმადხანი კი არ იღვიძებს. მის გაღვიძებას ვერავინ ბედავს. უკანასკნელ ისევ შირვანის ხანი მივიდა კარავთან, თან სხვა ხანებიც მიიყვანა, კარებიდან შესძახეს აღა მაჰმად ხანს, მაგრამ მისგან პასუხი არა ეძლეოდათ რა. უკანასკნელ მათ გაბედეს და კარებს ხელი შეახეს, გააღეს და შეიხედეს შიგ. კარავში ნახეს ის, რასაც შირვანის ხანიც ელოდა. საშინელი სურათი: აღა მაჰმად ხანის თავი ტანს მოშორებული ძირს ეგდო და ტანი ლოგინში მთლად სისხლში მოსვრილი.
ამ მოულოდნელმა ამბავმა ხანებს თავ-ზარი დასცა, ჯარში ჟრიამული განისმა, ყველა განცვიფრებით ამბობდა: რომ აღა მაჰმად ხანი მოუკლავთო! მკვლელების კვალს ვერ მიხვდენ, განჯის ხანს მზე დაუბნელდა, ლაშქარიც აირია, ხანებმა სთქვეს: ჩვენ ერეკლე მეფესთან სამტრო არა გვაქვს რა. ეხლა ჩვენი მასთან ომის დრო არ არის, ყველამ ჩვენს საბრძანებელს უნდა უპატრონოთ.
ყველა ხანები თავთავიანთ კუთხეებისაკენ წავიდენ, თავთავიანთ ჯარიც თან წაიყვანეს. სპარსეთის ჯარი დარჩა მარტოთ, ამათგან საქართველოზე გამოლაშქრება შეუძლებელი იყო, პირველი მიტომ, რომ იგინი ცოტანი დარჩნენ, გარდა ამისა მაჰმად ხანის ლეშიც სპარსეთში უნდა წაეღოთ დასამარხავად. სპარსეთის ჯარმაც შეუძლებელად სცნო საქართველოზე გამოლაშქრება, რადგანაც მათი ჯარის რიცხვი 8000 კაცზე მეტი აღარ იყო, ისინიც მაჰმად ხანს უგულოდ უმზერდენ, შიშით ემორჩილებოდნენ. სპარსეთის ჯარი უკან დაბრუნდა, მაჰმად ხანის ლეში წაიღეს. ასე და ამ გვარად საქართველო გადარჩა ამ მოუსვენარ სისხლის მსმელის მეორე გალაშქრებისაგან. ვინ იცის, იქნება ამ გალაშქრებით მაჰმად ხანს საქართველოსთვის არაფერი დაეკლო, იქმნება მას შენანებაშიაც ჩასთვლიდა მეორედ საქართველოზე გალაშქრება, ვინ იცის, იქმნება ქართველთ მუსრიც გაევლოთ და სამაგიეროც გადაეხადნათ, იქმნება ამით ქართველთ დიდათაც ესარგებლათ, ყველაფერი შეიძლება. ვინ იცის, ისეც შეიძლება ვიფიქროთ და წინააღმდეგაც. ხოლო ჩვენ იმასაც ვიტყვით, რომ მეორედ მოსვლით აღა მაჰმად ხანი ვგონებთ ვერას გააწყობდა, ქართველნი მასზე გაგულისებულნი იყვნენ, სასტიკს ბრძოლას გაუწევდენ, მთლად დასცემდენ, დიდათაც შეაწუხებდენ, მაგრამ ეს ასე არმოხდა, მცხეთელმა ანდრიამ უსამართლოს სამართლიერად მოსჭრა თავი, მის ბინძურ სისხლში გაისვარა ხელი, ხოლო ამ ბინძურობის გასვრით რამდენიმე სულიც დაიხსნა უბრალოდ სისხლის ღვრისაგან. დაუმატებთ, რომ ქართველთ რაც უნდა ეომნათ და მტერი დაემარცხებინათ, მაინც თვითაც სასტიკად გაუჭირდებოდათ, რადგანაც საქართველო ორი წლის წინეთ აოხრებული იქმნა ამ მტრისაგან, ქართველნი ჯერ წელშიაც არ გამაგრებულიყვნენ, ქალაქი არ გაშენებულიყო და აბა ასე უცბათ რაღას გააწყობდენ. გამარჯვება შეიძლებოდა ქართველთ მოხდენოდათ, ხოლო ამ გამარჯვებას დიდი ძალი ქართველობა კი შეაწყდებოდა, დიდი ზარალი მოხდებოდა, დიდი არევ-დარევა.
მცხეთელ ანდრიამ საქართველოში თავისუფლად მოაღწია. მის ქებას ხალხში საზღვარი არა ჰქონდა. იგი მალე წარსდგა მეფე ერეკლეს წინაშე და ყოველისფერი დაწვრილებით მოახსენა. ანდრიას თავზე ხელი გადაუსო, აქო მისი ყმაწვილ კაცობა და მერე შუბლზე აკოცა. ანდრია სადილად მეფესთან დარჩა, სასახლის ქალთა და კაცთა აუარებელი საჩუქრები მისცეს, მეფემ უთხრა: შვილო, ანდრია, იკურთხოს შენი დედის ძუძუები, რომ მაგეთი კარგი, ყოჩაღი მამულის შვილი გაუზდიხართ.
ანდრიამ მადლობა მოახსენა. მეფემ ამის მშობლები მოიხმო თავისთან, საკმარისი წყალობა მისცა. ანდრიასაც კითხვა მისცა: შენა, შვილო, ანდრია, რას ითხოვ, რითი დაგაჯილდოვო. მითხარ ჩემო საყვარელო ქართველო? ანდრია ჭკვიანი, შორს მხედველი ყმაწვილი კაცი იყო, მასთან მწიგნობარიც, მან კარგად იცოდა თავის სხეულის გარემოება, ამიტომ მეფე არ შეაწუხა; არა ინდომა რა და ასე მოახსენა: მე, დიდებულო მეფეო, თქვენი კარგად ყოფნის მეტი სხვა არა მსურს რა, სხვა არაფერი, - მე მსურს მწირ ბერად შედგომა, სხვა, ჩემს ცხოვრებას, აბა რა დანიშნულება უნდა ექმნეს, არაფრის, ისევ მორჩილებას ვისურვებ, რადგანაც ჯანითაც უძლური ვარ მეფემ სდუმნა ამაზე, მერე მიუგო. კეთილი შვილო, ნება შენი ასრულდეს.
ეს ამბავი მალე კათალიკოზს ანტონს II-ეს მოახსენეს. ანდრია ბერად შემოსეს და იოანე ნათლის მცემლის ეკლესიაში მისცეს ბინა. იქ სცხოვრობდა მოსვენებით და ქართულ წიგნების კითხვაში ატარებდა დროს. ეკლესიაში მასთან ხშირად მოდიოდნენ სხვადასხვა მნახავები და პატივს სცემდენ, ყველას ენატრებოდა ანდრიას ნახვა, გაცნობა და საუბარი, ყველა ლოცავდა და ქებით ახსენებდა ანდროს სახელს და ვაჟკაცობას, როგორც საქართველოს დაუძინებელის მტრის თავის მომკვეთის და სისხლის დამღვრელის. ყველა ქართველი სიამოვნებით ამბობდა.
მართალია, აღა მაჰმად ხანმა ჩვენ დაგვარბია, მაგრამ ეს უსამართლობა ღმერთმა მას დიდ ხანს არ შეარჩინა, მალე მოეკითხა ჩვენ სისხლის მსმელს, თვით ქართველის კაცისაგანვე მოეღო ბოლო, ჩვენის სისხლის დამლევის სისხლიც ქართველის კაცის ხელით დაიღვარა, ქართველმა მოჰკვეთა მას თავი სამართლიერად. ეხლა ჩვენ დაშოშმინებული ვართ. ჩვენს მტერს ღმერთმა არ შეარჩინა ჩვენი ცოდვები და ჩვენისავე ხელით მოეღო ბოლო. იკურთხოს ანდროს მარჯვენა.
ანდრომ დიდხანს კი ვეღარ იცოცხლა, 1800 წლის შუა რიცხვებში გარდაიცვალა. მისი პატიოსანი გვამიც ჩახუტებით მიისვენა თვის გულზე იმ სამშობლო ქვეყნის მიწამ, ვის ის სიყვარულით და სიბრალულითაც ანდრიამ თავის მტერს ერთის დაკვრით თავი მოაგდებინა.
აღა მაჰმად ხანის სიკვდილის შესახებ აღმოსავლეთის ერთა ისტორიის მცოდნე რუსის მწერლები სხვა ცნობებს გადმოგვცემენ. მაგალითებრ: შუშის ხანს აღა მაჰმად ხანი გადაეკიდა, მალე შუშას მოადგა, ქალაქი აიღო, ხანი დააპატიმრა, ამის სახლში თვით დადგა. ერთ საღამოს, როცა ხოჯა ლოცულობდა, მის ოთახში შევიდა სადიხ ხანი შაგიხსკისაო (?) ეს სადიხა უფროსი იყო შაჰის მთელის ცხენოსანთა ჯარისაო. ყეინს ჯავრი მოუვიდა და სადიხ ხანს დაუყვირა:
_ შე უმცირესო მონავ, როგორ გაბედე და ჩემს წინაშე ფეხი შემოდგი ჩემს დაუძახებლივ.
_ უღირსმა მონამ შეასრულა ბრძანება თავის ბატონისა, რომელიც საფარ ალიმ გარდმომცა, მიუგო კანკალით და ცახცახით. შაჰმა საფარ ალის დაუძახა.
_ მე შენ როდის გითხარი სადის ხანის დაძახება? ჰკითხა შაჰმა.
_ ნახევარ საათი გახლავსთ მას შემდეგ.
_ სტყუი შე ძაღლო! დაუყვირა შაჰმა და თან გულში ტყვია დაუმიზნა, მაგრამ უცბათ შეჩერდა.
_ უმცირესი მონათ მონის ჭია როგორ გაბედავს ტყუილს ზეციერის ღვთის და ქვეყნიური მზის წინაშე. იქმნება მავნე სულმა მომატყუა ჩემი ყურები, ვერ გაიგო ბრძანება თავის მბრძანებელისა.
_ თუ შენ ყურებს კარგად სმენა და გაგება არ შეუძლიანთ, მაშ მე ეგენი არ მინდა, წადი და დაგჭრან. საფარ ალი გავიდა, ბრძანება მალე აღასრულეს, ყურები დასჭრეს. საღამოს შაჰი თავის ოთახში იჯდა, ამ დროს, მას რაღაც მოელანდა, საფარ ალის დაუძახა, ეს მალე მივიდა, დასისხლიანებული ყურები და თავი შეხვეული ჰქონდა.
_ შენ განა ტირილსაცა ბედავ, მადლობელი არა ხარ, რომ სიცოცხლე გაჩუქე და მარტოდ ყურები დაგეჭრა? ჩემს მოწყალებას არ კმარულობ.
_ შენ აბას, როგორ გაბედე ჩემის ოთახის გვერდით ხმა მაღლა საუბარი. ხვალ ორივეს თავები დაგეჭრებათ, თქვენის და თქვენ გვარის საძაგლების თავებით შამქორის მინარას ავაგებ. გესმით თუ არა, გადით, წადით. საფარ ალი და აბასი გავიდნენ და მწარეთ დაღონდნენ, მერე ფიქრებს მიეცნენ. იგინი დაკავშირდნენ და იმ ღამეს თავიანთ მტანჯველს ძილის დროს თავი მოსჭრეს, მისი გვირგვინი გაქურდეს, სხვებმაც სახლი აიკლეს, ჯარი დაიშალა და უკან დაბრუნდა.
ეს ამბავი აღწერილი აქვს დუბროვინს, აქედან პოტომაც ისარგებლა. დუბროვინიდან 1867 წ. „ცისკარში“ დაიბეჭდა ცნობა და პოტოდან ბ. ი. ბაქრაძემ სთარგმნა და „მოამბეში“ დაბეჭდა. დუბროვინისაგან ეს ცნობები ჩვენ შეხამებულათ მიგვაჩნია, ასევე პოტოსი, საოცარია. ქართული ენა და მწიგნობრობა მათ არ იცოდენ და ქართველების შესახებს კი სწერდენ. განა შესაძლებელია, რომ აღა მაჰმად ხანს თავის ცხენოსანთა ჯარის უფროსის სადიხ ხანისთვის ისე მიემართა, როგორც სწერენ, არა გვგონია, მართალია ყეინი აზიური დესპოტ ტირანი იყო, მაგრამ მაინც იგი ვერ გაუბედავდა ისე ხსენებას, რადგანაც ცხენოსანთ ჯარის უფროსი ყოველთვის გვერდს ეყოლებოდა. ესენი სადიხას და ყურებ დაჭრილთ გვარტომობის შესახებ არას გადმოგვცემენ. ჩვენ, ადრე, ყველა ქართველის მოხუცისაგან შევიტყობდით, რომ ყეინს ქართველებმა მოსჭრეს თავიო. სადიხას ამბები თვით ირაკლი II-ის და გიორგი XII-ის შვილებს და შვილის შვილებსაც უამბნიათ, ეს ამბები რუსეთში მყოფ პ. იოსელიანსაც შეუტყვია, სადიხას სახელს და ცნობებს ესეც ახსენებს ერთს ნაწერში. ისიც კი უნდა მოგახსენოთ, რომ 1795 წ. შემდეგ, ქართველთა, თფილისში, მეფის სახლში კრება ქმნეს და საერთოდ გადასწყვიტეს, რომ შაჰი ქართველთ თვით სპარსეთში მოეკლათ, იქვე უნდა აეგოთ მისთვის ანდერძი. ამ საქმის შესრულებისათვის კაცებიც იქმნენ ამორჩეულნი, მათ დაუყოვნებლივ უნდა შაესრულებინათ ერის დავალება. მართალია ეს იქ ვერ მოხდა, შაჰი სპარსეთიდან დაიძრა და წამოვიდა, მაგრამ მაინც საქმე ისე იყო მოხერხებული, რომ იგი გზაში უნდა მოეკლათ, ორის პირისთვის რომ მას ყურები არ დაეჭრა და ამას არ გამოეწვია მისი სიკვდილი, მაინც იგი შუშას ვერ გამოაღწევდა. სადმე გზაში გაუთავდებოდა დღე. ამის მოკვლის ამბავი გრაფმა გუდოვიჩმა რუსეთის იმპერატორსაც აუწყა (1797 წ. 20 ივნისს), მომკვლელთ ვინაობას კი არ მოიხსენებს. ჩვენ ჩვენის მოსაზრებით უფრო ქართულ ცნობებს და გადმოცემას ვემყარებით, ასეც ამბობდენ ხოლმე: ხანის მკვლელნი ოთხნი იყვნენო, ორი ქართველი იყო და ორიც შუშელი სომეხი, ამათ წაახალისეს სადიხა და ამათის ქადაგებით მოსჭრეს თავი სადიხამა და მისმა ამხანაგმაო. როგორც გნებავდეთ, თქვენ ეს ისე მიიღეთ, მე კი მიტომ მოვიყვანე აქ, რომ მით ქართველი ერის სულიერი მდგომარეობის ცნობები და განძრახულებანი თავის მტერზედ არ დაკარგულიყო. აქ უმთავრესი მნიშვნელობა ერის გულის თქმას ეძლევა და მრავალ ფეროვან დრტვინვას.
Комментариев нет:
Отправить комментарий