კაპუცინთა ორდენის მისიონერი ჯუსტინო ლივორნოელი, მისივე ცნობების თანახმად, 1666 თუ 1667 წელს1 ჩამოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში სამოღვაწეოდ. ეს მრავალმხრივ საინტერესო მისიონერი, როგორც მის მიერ პროპაგანდან ფიდესადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, თავის საქმიანობაში იყო მიზანმიმართული, აქტიური, მისიაში მკაცრი დისციპლინის დამცველი და მისიონერული მოვალეობის მტკიცე და უკომპრომისო შემსრულებელი2. საქართველოში მოღვაწე კაპუჩინი მისიონერებისაგან მას გამოარჩევდა ქართული ენის შედარებით კარგი ცოდნა. ამის მეოხებით მან ქართველ სასულიერო და საერო მმართველებს შორის დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა. თუ ჯუსტინოს ვერწმუნებით, მისი ძალისხმევით 1667 წელს3 მოხდა გორში კაპუჩინთა მისიონის დაფუძნება, აგება და გაფართოება. ამ მისიონს ის შვიდ წელზე მეტხანს ედგა სათავეში, რომლის დროსაც გორში კათოლიკობამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია4.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358; მ. თამარაშვილის თანახმად, ჯუსტინო ლივორნოელი 6 სხვა კაპუცინ მისიონერთან ერთად 1669 წელს ჩამოვიდა საქართველოში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902, გვ. 235).
2. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358 r-v.
3. მ. თამარაშვილის თანახმად, ეს მოხდა 1669 წელს (მ. თამარაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.235). მ. თამარაშვილზე დაყრდნობით ადრე ჩვენც ამას ვიზიარებდით (მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს. თბ., 1995, გვ.248).
4. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358 r-v.
კაპუცინთა მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას გარდაცვალების შემდეგ ჯუსტინო ლივორნოელი გორიდან თბილისში გადმოიყვანეს და უფროსის ადგილი დაიკავა.
1686 წლის 7 ოქტომბერს თბილისიდან პროპაგანდაში გაგზავნილ რელაციაში ჯუსტინო იუწყებოდა: „მამა სერაფინოს გარდაცვალების შემდეგ გამიწვიეს თბილისში, სადაც კანონის საფუძველზე თითქმის ყოველთვის ღირსეულად მეკავა უფროსის ადგილი...“1. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სერაფინო და მელიკოკა 1675 წელს გარდაიცვალა2, სწორედ ამ წელს უნდა გადმოეყვანათ ის გორიდან თბილისში. სერაფინო და მელიკოკას შემდეგ თბილისის მისიონის პრეფექტის ადგილი, ჩანს, დაიკავა ჯუზეპე და ბოგონიანომ, რომელსაც იგი 1686 წლის 3 სექტემბრამდე განაგებდა3. ამ უკანასკნელთან ჯუსტინო ლივორნოელს, როგორც მისი ცნობებიდან ირკვევა, განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 1686 წლის 6 სექტემბერს ის პროპაგანდას ატყობინებდა: „...მიმდინარე თვის სამ რიცხვს (ე.ი. 3 სექტემბერს-მ.პ.) ღირსეულმა მამაპრეფექტმა ჯუზეპე და ბოგონიანომ, კორსიკის პროვინციიდან, სამ თვე ნახევრის აუტანელი ავადმყოფობის შემდეგ თავისი ნეტარი სული უფალს ჩააბარა და ღმერთმა ის ისეთი სიყვარულით მიიღო, რომ მისი აღწერა ძნელია. მის დაკრძალვაზე ორივე სქესის ყველა წოდების უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მას ბოლო პატივი მიაგეს ასევე სომეხმა და ქართველმა მღვდლებმა“4.
1. Ibid.
2. მ. თამარაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.248.
3. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358 r-v.
4 Ibid.
როგორც ირკვევა, ჯუზეპე და ბოგონიანო დიდი დანაკარგი იყო საქართველოს მისიონისათვის. „ამ მიზეზით, - წერს ხსენებულ წერილში ჯუსტინო ლივორნოელი, - მისია უმეთაუროდ დარჩა, ასევე იგი მისიონერების გარეშე აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, სრულიად დაობლდა“1. ამას სხვა არანაკლები მიზეზებიც ჰქონდა: პირველი, სომეხ სასულიერო პირთა მიერ მისიონერების ტრადიციული დევნა; მეორე, 1684 წელს თბილისსა და გორში გაჩენილი ჟამიანობა; მესამე, თვით კათოლიკე მისიონერებს შორის შურიანობისა და ღვარძლის გაჩენა; მეოთხე, პროპაგანდის მიერ საქართველოს მისიონისადმი ნაკლები ყურადღება და ფინანსური ხელმომჭირნეობა2. „ამათგან პირველი, ქართლის მეფის გიორგი XI-ის მეშვეობით ადვილად დაიძლია, მაგრამ ავბედითმა ჟამიანობამ თვით პატრების სიცოცხლეც იმსხვერპლა“3.
1. Ibid.
2. Ibid.
3. მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 218.
ჩვენს ხელთ არსებული ჯუსტინო ლივორნოელის რელაციებიდან ჩანს, რომ ის ძალზე დაახლოებული იყო ქართლის მეფე გიორგი XI-თან. უფრო სწორად, მისი თაოსნობით მიმდინარეობდა გიორგი XI-ის მომზადება კათოლიკობის მისაღებად და ეკლესიათა გაერთიანებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაჭრა. მოწოდებით გულმხურვალე მისიონერი, როგორც მისი წერილებიდან ირკვევა, ვერ იტანდა უსაქმურობას. მისიონერში უპირატესობას ანიჭებდა თავდადებას, მოყვასისადმი სიყვარულს, სამართლიანობას, განათლებასა და აღმოსავლური ენების, განსაკუთრებით ქართული ენის, შესწავლის უნარს. მკაცრი და მომთხოვნი ჯუსტინიო, როგორც თავიდან გორის მისიონის პრეფექტი, ხოლო შემდეგ თბილისის მისიონის ვიცე-პრეფექტი, მისიონერთა ერთმა ნაწილმა მოიძულა და რომში მისი ცილისწამება დაიწყო1. ამას შედეგად, ალბათ, ის მოჰყვა, რომ ის ვიცე-პრეფექტობიდან გადააყენეს.
ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს შემდეგი არგუმენტი: თუ 1686 წლის რელაციებს ის ხელს აწერს, როგორც თბილისის მისიონის ვიცე-პრეფექტი2, 1687 წლის 1 ნოემბრის რელაციაში ეს არ ჩანს. უბრალოდ ასე აწერს: “თქვენი უსამღვდელოესობის ერთგული მსახური, ძმა ჯუსტინო ლივორნოელი, უღირსი კაპუჩინი და სამოციქულო რწმენის მისიონერი“3.
თავის ცნობილ ნაშრომში მიხეილ თამარაშვილმა ჯუსტინო ლივორნოელის მრავალი წერილებიდან მხოლოდ ორი დაიმოწმა4. წინამდებარე რელაციაში მოცემულმა ფაქტებმა მის ნაშრომში ასახვა ვერ პოვა. სწორედ ამიტომ აქვს მას მეტი მნიშვნელობა და, ვფიქრობთ, ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევართა ინტერესს გამოიწვევს. ამ ჯერზე საჭიროდ არ მივიჩნიეთ ამ რელაციაში მოტანილი ახალი ფაქტების დაზუსტება და კვლევა-ანალიზი. იგი სრულყოფილ სახეს მაშინ მიიღებს, როცა მთლიანად გამოვაქვეყნებთ ჯუსტინო ლივორნოელის ყველა რელაციას. ეს რელაცია, ჯუსტინო ლივორნოელის სხვა რელაციებთან ერთად, ვატიკანის არქივში დაცული დედნიდან ფოტოპირის სახით გადაიღო და საქართველოში ჩამოიტანა პროფესორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და უშურველად გადმოგვცა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358 r-v.
2. Ibid.
3. Ibid.
4. მ. თამარაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 262-266.
რელაცია დაწერილია იტალიურ ენაზე და დაცულია ვატიკანის არქივში. ტექსტში ზოგიერთი ადგილი არ იკითხება, თუმცა ამით ძირითადი აზრი არ იკარგება. ჩვენს სინამდვილეში ამ რელაციის თარგმანი პირველად ქვეყნდება.
„უგანათლებულესო და ფრიად პატივცემულო, დიდად თაყვანსაცემო ჩემო ბატონო და პატრონო!1
ვიცი, რომ თქვენი მოწყალება ეკუთვნის ჩიბოს2 კეთილშობილთა საგვარეულოს, რომელიც ნიადაგ კვებავდა ჩემს ნათელ რელიგიურ გრძნობებს სასიკეთო ძალ-ღონით და არაერთხელ განვიცადე თქვენი მოწყალებისა და თქვენი ძმის, უგანათლებულესი ჰერცოგის, ასევე მთელი თქვენი მოდგმის, მადლის ცხოველმყოფელი ძალა, სწორედ იმ წელს, როცა თქვენი წყალობით ვქადაგებდი ანტონაში. აქედან გავემგზავრე ამ მხარეებში, რომელშიც დავტოვე სიყმაწვილე, ჯანმრთელობა და აქ ავაღორძინე უმადურობა დედა-რელიგიისადმი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი და მოყვასის სულების სასარგებლოდ ღირსეულად ვეკიდებოდი ყველა მათ მიერ წარმოდგენილ და შეცვლილ [მამებს]. ვიქცეოდი ისე, როგორც ღმერთს სურდა და როგორც ესიამოვნებოდა მის მაღალ უსამღვდელოესობას და ჩემს პატრონებს, უფრო კი თქვენს მოწყალებას; თუკი ასე არ ჩავთვლიდი, მიუხედავად შვიდი წლის მანძილზე მძიმე პირობებისა, მე უფრო, ვიდრე სხვა რომელიმე დან (არ იკითხება), 20-ზე ნაკლები დღეც საკმარისი იქნებოდა ყველა მტკიცე კვანძები ჩამეჭრა, რათა უკან გავბრუნებულიყავი, სახელოვან გმირად წარვმდგარიყავი და ამ მისიას3 შეუცნობელ საქართველოში შვიდი წელი არ მივეჯაჭვებოდი.
მე საწყალი! იმდენად უმეცრად ჩავთვალე, რომ უფლისაგან მეტ დიდებასა და პატივს მივიღებ, თუკი 20 წლის მტკიცე ძღლუმადურ ჭაპანს გავაქრობ იმ დროს, როცა იტალიის საუკეთესო ქალაქებში შემეძლო ჭეშმარიტად თავის მოწონება იმდენი ენის [ცოდნის] წყალობით, რომელიც მოწყალე ღმერთმა გამომიგზავნა. ისე კი, ამიერიდან თითოეულს, როგორც მოესურვება, შეუძლია საქართველოში ჩირქი მომცხოს და თქვენი მოწყალების წმინდა სამსჯავროს წინაშე ჩემი საქციელი უკუღმართად წარმოადგინოს. თუმცა ვიცი, რომ თქვენი ანგელოზური სახისა და სამართლიანი მსჯელობის წინაშე ჭეშმარიტების შუქი არ დაიხშობა; არ ვცდილობ საკუთარი თავის გამამართლებელი საბუთების მოტანას; გარდა ამისა, ვგრძნობ როგორ ხარობს ჩემი გული, როცა თქვენს მოწყალებას ყველა ჩემს კეთილისმყოფელთა ყურადღებით მოსმენას ვთხოვ, თუკი ეს მისიას სასარგებლო სამსახურს გაუწევს.
მხოლოდ საჭირო არაა ჩემი სრულიად პირშავად გამოყვანა; ყოველ შემთხვევაში, გორის მისია - ჩემი დამსახურებაა. მე იგი დავაფუძნე, მწყობრში მოვიყვანე და შევინახე ( ), ვმართავდი 7 წელზე მეტხანს; ამის შესახებ ღირსეულ მამებს სტეფანო დ,ამ (არ იკითხება), მამა რაფაელე პარმელს და ძმა ანჯელო ვიტერბოელს შეუძლიათ მოგითხრონ. მათ იციან, თუ როგორ ვხელმძღვანელობდი [გორის მისიას] და როგორ მოვაქციე [კათოლიკურ] რწმენაზე 150 კაცი, რამაც ჩვენს ეკლესიას დიდებული საჩუქარი შესძინა; დაე, ჰკითხონ მამა ფრანჩესკო მარია ტორინოელს, მამა ბერნარდო მარია ნეაპოლელს და ძმა პოლიკარპო ნეაპოლელს, რადგან მათ მოწმობებს ვენდობი. იმ მისიის4 ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება მე მოვითხოვე; შემდეგ არა ერთხელ ვიხვეწებოდი, რაზეც დამემოწმება მამა ბერნარდო მარია, რომელსაც ვენდობი, რათა [გორის მისიას] წინანდელი დიდება არ დაეკარგა. მე იქ არ დავდივარ, ვინც მას მართავდა და [ახლა] მართავს, არაფერს ვწამებ. მამა ბონავენტურა და ლუკას და (-----) მამების დიონიზიო პიაჩენცელისა და კარლო პეშელის მოსვლის შემდეგ როგორ ვამარაგებდი ხანგრძლივად მას (გორის მისიონს - მ.პ.) სურსათით და სხვა საჭიროებებით ისე, რომ დამატებითი ხარჯები არ მომითხოვია; ვერც იმას დავადასტურებ (-------), გამოიღო თუ არა მან ნაყოფი. ამის მიზეზი უნდა ახსნას მამა დიონიზიომ, რომელიც ყველაზე მეტხანს ედგა მას სათავეში; მამა ბერნარდო მარიას წასვლის შემდეგ მამა ჯუზეპე და ბოგონიანო მისიიდან გაქცევას აპირებდა, თუ მე არ დავთანხმდებოდი მისი ხელმძღვანელობის ხელში აღებას. ასევე ავადმყოფმა, სიცოცხლეს გამოსალმებულმა, საჯარო და ნამდვილი ნებართვის საფუძველზე (-------) რამდენიმე თვის გამოკლებით, მამა ბერნარდო მარიას წასვლის შემდეგ, მისიას მუდამ მე ვმართავდი.
თქვენმა ბუნებრივმა გულკეთილობამ გაიძულათ მამა ბერნარდო მარიასაგან გაგეგოთ, რომ მისი უფროსობის დროს ჩვენს სარწმუნოებაზე ახალ მოქცეულთა რიცხვმა ძლივს მიაღწია 30-ს და თუ ახლა მე, ვისაც გადავცემ მისიას, ის 300-ზე მეტ კათოლიკეს მიიღებს, ამას თქვენს წმინდა ლოცვებსა და კურთხევას ვუმადლი; დაე, მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ თქვენს მოწყალებას გადასცენ დაწვრილებითი ანგარიში იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სარწმუნოების გავრცელების საქმე და ვნახოთ, მოიმატებს თუ არა [კათოლიკეთა რიცხვი]. მე ვნახე და ვიცი ყველა მისიონერი, რომლებიც ჩემამდე, ერთდროულად ჩემთან ერთად და ჩემი ჩამოშორების შემდეგ ამ მისიაში იყვნენ. მათი რიცხვიდან პრეფექტებმა მამა სერაფინომ და მამა ჯუზეპემ [ქართული] ენა ვერ ისწავლეს და მისიისათვის არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ; მათგან, ვინც ჩემთან იყო და ჩემს შემდეგ არის, მხოლოდ მამა ბერნარდო მარიაა, რომელმაც [ქართული] ენა იცის და ისიც ძლიერ იბნეოდა; ვერ იტყვი, რომ [ქართულ] ენას ფლობდა მამა რაფაელე და მამა ბონავენტურა, რადგან მათი ცოდნა იმის იქით არ მიდიოდა, რაც ექიმობისათვის არის აუცილებელი; ისინი იქ, თქვენს გვერდით იმყოფებიან და შეგიძლიათ ჰკითხოთ, აღსარება მიუღიათ თუ არა თუნდაც ერთი ადამიანისაგან; სხვა დანარჩენთ, თავშიც არ მოსვლიათ ქართული ენის სწავლა, მათ მისია არ უყვართ და ახლა მთებში დაეხეტებიან. თქვენმა მოწყალებამ და ყველა ჩემმა უფროსმა იცის, რომ არასოდეს მომიბეზრებია ისინი წერილებით ანდა საჩივრებით. დაე, მოინახოს თუნდაც ერთი მისიონერი, რომელიც იტყვის, რომ მე მას ვეჩხუბებოდი ანდა ვადარდიანებდი აქაური ცხოვრებით; თქვენი მოწყალება ასეთ ადამიანს უფრო უნდა ერწმუნოს, ვიდრე ნებისმიერ იმას, ვინც ჩემზე ლაპარაკობს. იმედი მაქვს, კურთხეული უფალი ისე მოაწყობს, რომ ჩემი მტრები, უფრო სწორად მისიის მოწინააღმდეგეები, არ მოისურვებენ სამოთხის კარს გვერდით ჩაუარონ და იძულებულნი გახდებიან ერთ-ნახევარ ფურცელი მოანდომონ მონანიების წერილს, როგორც პოლიკარპო ნეაპოლელმა, რომელმაც უარყო ყველაფერი ის, რაც მისიონერების წინააღმდეგ ჰქონდა ნათქვამი და თავისი ბოროტი საქციელის გამო ყველას პატიება სთხოვა, ხვადებსაც კი; სწორედ ასე წერს ძმა პოლიკარპო და შეგიძლიათ თვით მას ჰკითხოთ. და თუკი, მისიაში ყოველთვის მბრძანებლურობას ვიჩენდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდა მსახურება; ენების5 ცოდნამ ავტორიტეტი მომიხვეჭა და ეს აუცილებელი იყო იმის გამო, რომ სხვადასხვა წოდების ადამიანებს შორის ვტრიალებდი. მათ შორის იყვნენ წარჩინებულები და უბრალო ადამიანები და ყოველთვის პირველ ადგილზე მისიის ინტერესებს ვაყენებდი. არასოდეს უსაქმოდ არ ვყოფილვარ და თუ ამბობენ, რომ ოდესმე მისიონერების მიმართ უხეში ანდა უსამართლო ვიყავი, ზუსტად თქვან, როდის და როგორ იყო ეს; ამ სამყაროში შური ყოველთვის ძლიერია და თავისი გააქვს; მე ვმუშაობდი სამი პრეფექტის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელთაგან ერთ-ერთი მამა სტეფანო აქამდე ცოცხალია; არც ერთი მათგანისაგან საყვედური არ მიმიღია, პირიქით, ისინი მავალებდნენ მისიების მართვას და სამჯერ, როცა აქედან წასვლა დავაპირე, ისინი მეწინააღმდეგებოდნენ. დაე, თქვან მამებმა სტეფანომ, ბერნარდო მარიამ, რაფაელემ და სხვებმა კი დაწერონ. ქართულ ენაზე არსებობს ერთი ანდაზა, რომელიც დამახასიათებელია [ქართული] სიბრძნისათვის: „რაც გონებისთვის გაუგებარია, იგი დაუჯერებელია“; კაპუცინი, უფრო ზუსტად მისიონერი, რომელიც არ დაუთმობს ამხანაგს, არაფერს თაკილობს. საიდან შემეძლო ისეთი ძალის მოკრება, რომ მისიიდან მისიონერები გამეძევებინა ანდა რა ადამიანი, რა მღვდელი ვიქნებოდი მაშინ, თუ ასეთი რამ აზრად მომივიდოდა. ამაზეა ქართული ანდაზაც: რაც გონებისთვის გაუგებარია, მისი დაჯერება არ შეიძლება. მამა რაფაელემ იცის,რამდენი ვეხვეწე მას წერილებში, რომ არ წასულიყო; მამა ბერნარდო მარიამ იცის, რამდენი ვთხოვე მას, მისია არ დაეტოვებინა, თუმცა მორჩილების ორი აღთქმა დავდე; ასევე ვარწმუნებდი ძმა პოლიკარპოს. დაე, დაადასტუროს მამა ბონავენტურამ, როგორ ვთხოვდი მთავარს6 ჩარევას, რათა მას წასვლაზე ხელი აეღო და როგორი ტაქტითა და მორჩილებით შეასრულა მთავარმა7 ჩემი თხოვნა. დაე, ამის შესახებ თქვას მამა ბონავენტურამ; მაგრამ არაფერმა უშველა. მამა დიონიზიოს სახელით მისიის ელჩად წარვსდექი სპარსეთში, ასევე წარმოვადგენდი აქაურ მთავრსაც8 რომის ეკლესიასთან გაერთიანების ინტერესებში.
სწორედ ამ დროს მამა დიონიზიომ მისია დატოვა. არ ვიცი, წმინდა კონგრეგაციის მსახურებაში, რის გამო მახლავს წარმატებები ნაკლებად. ვაწუხებ თქვენი მოწყალების წმინდა თავს, რომელსაც, დე, ღმერთმა მეწამული კაპორი აღირსოს, რადგან იგი ჩემთვის ყოველთვის იქნება სიყვარულისა და წყალობის წყარო, როგორც ეს იყო ადრე და ახლაც გრძელდება. მაგრამ თუ ვინმეს არ ვარგივარ, დაე, მან ჩემზე უარი თქვას; დე, აქ ჩამოვიდნენ ყველაზე საუკეთესონი, დაე, ქართულ მიწაზე ეწვალონ და მაშინ ვნახავთ, ვინ რად ღირს. თუკი უფალი ოდესმე თქვენს წმინდა საზღვრებში მოსვლის წყალობას მაღირსებს, ანდა გავაღწიო ამ მხარეებიდან, ევროპის ყველაზე ველური კუთხე ჩემთვის ტაძარი იქნება. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი მოწყალების ბრძანებებს, როგორც ეს ჩემს გულს სურს, ისე სწრაფად ვერ ვასრულებ: პირველი, იმიტომ, რომ შემახასა და მის მეზობელ მხარეებში შავი ჭირი მძვინვარებს, რის შესახებაც მწერენ წერილებში და საუბრობენ [ქართლის სამეფოს] კარზე; მეორე, ვერავის ვუტოვებ ამ საბრალო სულებს და არ მინდა დავუშვა, რომ უსაქმო ლაპარაკმა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებაში ჩემი ძალისხმევა ნულამდე დაიყვანოს; დე, ვინც აქ უნდა ჩამოვიდეს, მალე მოვიდეს და მისია თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს; მესამე, იმ შეთანხმების გამო, რომელიც მაქვს აქაურ მთავართან9 და მის დიდებულებთან ჩვენს სარწმუნოებაზე მათი მოქცევისა და ჩვენს ეკლესიასთან გაერთიანების შესახებ; თუკი ეს მოხდება, მით უკეთესი, დიდად გავიხარებ. როგორც კი კურთხეული ღმერთი და თქვენი მოწყალება აქ მისიის ახალ მეთაურს გამოაგზავნის, დაუყოვნებლივ გადავცემ მას მისიონის მეურნეობას, მრევლს და ვიქნების მის განკარგულებაში. სხვა წერილში ვიუწყებოდი, თუ რა ადვილად შეიძლება შემახაში მისიის დაფუძნება და მისი შენახვა; 17 თვის წინ გორის პროვინცია ალაგოჯიდან10 ვწერდი, რომ მის მფლობელთან ანუ ხანთან ჩემი კარგი ურთიერთობის წყალობით, კარგი იქნებოდა იქ მისიის გახსნა და დასაწყისში ორი მღვდელი საკმარისი იქნებოდა; ახალი მისიონერების ჩამოსვლის დიდი იმედი მქონდა, რადგან მათი დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მათ იმედი სრულად გამიცრუეს და გორში ხელახლა მისიის გახსნასაც ვერ ვახერხებ. ვითვალისწინებდი, რომ ამ მამებიდან ძმა მიკელესთან ერთად ცხოვრება არავის სურდა, ხოლო მისი მარტო დატოვება იქ არ შემიძლია; აქედან თვით განსაჯეთ, როგორ გვჭირდება მისიონერები. და თუ თქვენი მოწყალება არ გამოგვიგზავნის ახალ მისიონერებს, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. მამა სილვესტრო და პანიკალე და მამა ანჯელო და ფილინე თავიანთი საქციელით ადასტურებენ იმას, რომ ისინი ნამდვილი და ღირსეული მღვდლები არიან. ისინი დაუღალავად სწავლობენ ქართულ ენას და მე ყოველთვის ვეხმარები ჩემი მოკრძალებული ცოდნით; ისინი მისიის მიმართ დიდ ინტერესსა და სიყვარულს ავლენენ. მაგრამ ძმა მიკელე შეიძლება აქ არ გამოეგზავნათ, თუმცა ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგში. დიდი მწუხარებითა და თვალებზე ცრემლებით გავიგე იმის შესახებ, რომ აქ სურთ გამოაგზავნონ (ან თვითონ ითხოვენ ან ვინმემ შესთავაზა მათი კანდიდატურა) დონ პიეტრო იარალაშვილი და დონ ჯოვანი ენიბეგაშვილი იმ მიზნით, რომ ისინი წარმოშობით ამ მხარეებიდან არიან და აქ რწმენის გავრცელების საქმეში დიდ სარგებლობას მოიტანენ. მან, ვინც ეს კანდიდატურები წარადგინა, სრულიად არ იცის ამ მხარეებისა და ქალაქების ცხოვრება ანდა სურს წმინდა კონგრეგაცია ბოროტი განზრახვით მოატყუოს. პირველი, როგორც კი დამშვიდებული და ბედნიერი დონ ჯოვანი აქ ჩამოვა, ის მაშინვე იგემებს იმას, რაც იგემა ადამიანმა, რომელსაც გვერდებზე ჯოხები მოხვდა და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რადგან მას აქ ბევრი ვალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამა-მისიონერებს მოუწევთ დიდი ძალისხმევა, რათა მას დაეხმარონ, რაც არაერთხელ მომხდარა და საკუთარი გამოცდილებიდანაც კარგად ვიცი; ეს ადგილობრივი გაიძვერა და გაქნილი მღვდლები ნებას მისცემენ თავს, აქეთ-იქით იარონ ქალაქში და მღვდლებად იწოდონ; ბევრ მათგანს არა ერთხელ გახადეს ტანთ, სცემეს და ქვებით დასდევდნენ თვით დიდი წოდების მღვდლები და ხელისუფალნი. ამის შესახებ შეუძლიათ თქვან პარციგ ვართაპეტმა, ტომას ვართაპეტმა, ვართან ვართაპეტმა, მინას ვართაპეტმა, ავეტიკმა, ალექსანდრემ, გრიგორიმ და სხვა მღვდლებმა, რომელთა მიმართაც თვით ნათესავები არიან ცუდად განწყობილნი, რადგან ისინი კათოლიკობის აშკარა მოწინააღმდეგეები არიან; რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ნადირობა და დევნა იმის მსგავსად, რაც ჩვენ არა ერთხელ გადავიტანეთ; და აქ ენის ცოდნა ვერ დაგეხმარება, ნაკვალევი მხოლოდ სხეულზეა, თუკი ამ ცოფიანთა წინაშე თავი მთელი დაგრჩა; ეს რამდენჯერმე გამოვცადე და ვიცი, რასაც ვამბობ. და ამგვარად, გარდა ჩვენი სახლისა, მამა ჯოვანისა და პიეტროს სხვა თავშესაფარი არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ დაიწყება საშინელი კინკლაობა, რომელიც წარსულში ზალინას, ჯოვანის მამის, გამო ბევრჯერ მოხდა პატრებს შორის, რადგან ის ყოველთვის უკიდურესი უპატივცემლობით ეკიდებოდა მისიონერებს. ჩვენს ქვეყნებში ქრისტეს სრულქმნილების (არ იკითხება) და განსაკუთრებით მათ გულითად მღვდელთმსახურთა წმინდანობასა და (არ იკითხება) წმიდა ეკლესიაზე, უწინარეს ყოვლისა, მსჯელობენ გარეგნულად იმის მიხედვით, თუ ეს როგორ გამოვლინდება რომში; მაგრამ არ იციან, რომ მამა ჯოვანიმ თავის დედას ყველაზე უღირსი წერილი მისწერა საკუთარი ხელით, რომლის შეთხზვა შეეძლო მხოლოდ სასოწარკვეთილ ადამიანს; მასში ის წყევლის იმ დღეს, როცა გაჩნდა ამ ქვეყანაზე და იმ საათს, როცა კათოლიკე მისიონერებს შეხვდა, წყევლის ნავსადგურს, საიდანაც გაემგზავრა იტალიაში, სადაც მას ისე ექცევიან, როგორც ძაღლს; ბოლოს ის წერს, რომ დედამისს ნუ ექნება ამ მატყუარებისაგან კარგის მოლოდინი და დააგდოს კათოლიკური სარწმუნოება. ეს წერილი ხელში ჩაუვარდა მამა პრეფექტს11, რამაც ძლიერ დაამწუხრა; ამ წერილმა კარგად დაგვაფიქრა და დავადგინეთ მისი დაწვა. ახლა, რადგან მამა პრეფექტს არ შეუძლია ამ ფაქტის დადასტურება, ფიცით ვდებ აღთმას მის ნამდვილობაზე, თუმცა იესო ქრისტეს უღირსი მღვდელი ვარ, მაგრამ თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური. და ამგვარად, თუკი ეს მღვდლები აქ ჩამოვლენ, ისინი პირველნი ჰკრავენ ფეხს კათოლიკურ სარწმუნოებას, დაარიგებენ წყევლას და ეკლესიისაგან განკვეთას, რადგან მისიონერებს არ შეუძლიათ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც ძალიან დიდი იქნება; საკმარისია ისიც, თუკი ისინი იქნებიან ისეთნი, როგორებიც იყვნენ სასკოლო ასაკში. მისი12 მეუღლე წელიწად-ნახევრის წინ გარდაიცვალა; მას შეუძლია დარჩეს იქ, სადაც ამჟამად იმყოფება და რწმენაში სრულყოფას მიაღწიოს.
დონ პიეტროს მისი უსამღვდელოესობა უნდა გაეცნოს; ის აქ გაუწონასწორებლობით გამოირჩეოდა; ქალაქში ამბობენ, რომ, თუ ის რომიდან ბევრ ღირსებას არ (არ იკითხება), დაანგრევს მთელ კათოლიკობას ამ ქვეყნებში და თუ ის აქედან შორს იქნება, ვერაფერს ავნებს. წარმომავლობით ის ქალაქში ყველაზე ცნობილი გვარეულობიდანაა, მაგრამ სიღარიბითაც ერთ-ერთი პირველია და დიდი გაჭირვებით გააქვთ თავი. თუკი ისინი აქ ჩამოვლენ, ძალიან შეიცვლებიან. პირველი, მისიაში მე არ ვიქნები; მთელი არსებით ვუთანაგრძნობ უბედური ცხოვრებით (--------) საწყალ მისიონერებს და აქაურ კათოლიკეებს, რომელთაც მათთან ექნებათ საქმე. თქვენს მოწყალებას შეუძლია მენდოს, რადგან აქ დავბერდი და მთელი სიგრძე-სიგანით ვიცნობ აქაურობას. მეც გამოვცადე მათი საშინელი დევნა; დაე, მოწყალე ღმერთმა მათხოვრად მაქციოს ამქვეყნად და ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იქნებოდა. თხოვნა, რომელიც თქვენს მოწყალებას გავუგზავნე ალაგ (--------)დან13 ეხებოდა ყველა აქაური ქვეყნის (--------) გარემოებას, რომ სომხები ითხოვენ წირვის დაყენებას სომხურ ენაზე, გამონაკლისია ლოცვა მოწყალებაზე (-----) ანდა თავისი შეხედულებისამებრ. თუკი ისინი ამაზე სიძნელეებს განიცდიან, მე (--------) გამოცდა ამ ენაზე მის უსამღვდელესოება ეპისკოპოსს აბრანელოდან [ჩავაბარე]; და (-----------) მამა-დომინიკელების შესახებ სხვა წერილში ვწერდი და არაერთხელ ველაპარაკე მამა პრეფექტს, თუ როგორ შეიძლება მარტივად ნამდვილი პროვინციის შექმნა. ჩვენ მასთან მაშინ ყველაფერზე შევთანხმდით, მართალია, იმ პირობით, რომ მისიონერები გვეყოლებოდა, რომლებიც ღმერთის, მისიისა და რელიგიის მიმართ თავდადებულნი იქნებოდნენ. ახლა ჩვენთვის ძალიან ადვილია ოსებში შეღწევა, რადგან აქაურ მთავარს14 მათი მრავალი სოფელი დაქვემდებარებული აქვს. ასევე იმის გამოც, რომ ის15 დაუმოყვრდა ჩერქეზების მთავარს, რომლის ქალიშვილი მის ვაჟიშვილს ცოლად შერთეს; ეს ქალიშვილი უკვე აქაა, რომლის წყალობით ამ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კავშირი და მეგობრული ურთიერთობები დამყარდა. მე ხშირად მქონდა საქმე ამ და სხვა ხალხთან. გარდა ამისა, უკვე შევთანხმდით იმაზეც, რომ მის სახელმწიფოში16 გადავიდეთ, რადგან ახლა სავსებით მშვიდად შეიძლება ჩერქეზეთსა და ამაძონებში დაფუძნება. ამის შესახებ ვესაუბრე მთავარს17, რომელიც ყველაფერზე თანახმაა. მე მინდოდა ასე გამეკეთებინა მისიები თბილისში, გორში, ალში, საციციანოში, კირსილვანიაში, საერისთავოებსა და სომხითში-ყველა ესენი აქაური მთავრის18 სამფლობელოა და მის საზღვრებშია; შემდეგი მისიები-ლორეში, განჯაში, შემახაში, კახეთში, სხვა ახლომდებარე სახელმწიფოებში, ქუთაისში, რაჭაში, გურიაში - ყველა ამ ქალაქში ვიყავი, ვცხოვრობდი და სარწმუნოებას ვავრცელებდი. შემახასა და განჯაში სომხური ანდა თურქული ენის ცოდნა აუცილებელია; აქ მცირე ხარჯებით მისიის ორგანიზება ძალიან ადვილია ანდა აქაური მთავრის19 მხარდაჭერით სულაც არ იქნება ხარჯი საჭირო; ლორესა და სომხითში სომხური ენის გარეშე ვერაფერს გააწყობ. სომხითი ამ მთავარს20 ეკუთვნის, ხოლო ლორეს ხანი თავისი გულითადობით ჩემთან ძალიან კარგ ურთიერთობაშია. ასე რომ, ამ მხარეებში ძალიან ადვილად შეიძლება ვადიდოთ ჩვენი უფალი და რომის წმინდა ეკლესია. სხვა დანარჩენ ადგილებში, გარდა ოსეთისა და ჩერქეზეთისა, სადაც საკუთარ და თანაც ძალიან რთულ ენაზე ლაპარაკობენ, ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. ყველა ამ მისიაში საკმარისია ორ-ორი მისიონერი, ოღონდ ისინი იყვნენ რწმენაში მტკიცენი, ჰუმანურები და არა მკაცრნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწყალეო ხელმწიფევ, თბილისის მისიის შენარჩუნებასაც ვერ შევძლებთ.
ამას ვწერ ნამუსის მოსაწმენდად. როცა სხვები მეთაურობდნენ, მე მხოლოდ ჩემზე მინდობილი მისიით ვიყავი დაკავებული; ახლა, როცა სხვა მოვა, რომელიც ჩემზე უფრო კარგი იქნება, ის უკეთ წარმართავს საქმეს, ვიდრე მე. თუკი კეთილმოწყალე უფალი მომანიჭებს წყალობას და მალე ვიხილავ აქაური მთავრის21 რომის ეკლესიასთან შეერთებას, დაუყოვნებლივ ვაუწყებ ამის შესახებ თქვენს მოწყალებას; ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დღეს მან22 მიიღო რწმენის სიმბოლოს წარმოთქმის წესი23, რაც მისთვის უდიდესი ნუგეში იყო, ხოლო ჩემთვის გამოუთქმელი სიხარული. მაგრამ მე ბევრად უფრო მეტი მინდა, მასაც გონების პირველი ნაყოფის მოკრეფა სწყურია, ხოლო შემდეგ ღიად გამოვიდეს; ამჯერად ის24 წმინდა საიდუმლოს მისაღებად ემზადება. ჩვენი ბატონი პაპის მადლი და კურთხევა, წმინდა კონგრეგაციისა და თქვენი მოწყალების უდიდესი მზრუნველობა მომცემს საშუალებას, რომ ეს ოდენ მნიშვნელოვანი დღე ვიხილო. ხოლო შემდეგ ბეჩავი არარაობა გავქრე, ჯანდაბამდე გზა მქონია, ოღონდ ამობრწყინდეს ჩვენი უფლის, ჩვენი დედა-ეკლესიის, წმინდა კონგრეგაციისა და თქვენი მოწყალების გამარჯვება და დიდება, რომლის წყალობით მინდოდა ასეთი ბედნიერი დღის დადგომა გამომეცხადებინა; ეს დღე, როგორც ვიმედოვნებ, შორს არ არის. თუ თქვენი მოწყალება ჩემს წინააღმდეგ არ არის განწყობილი, მსურს გამოგიგზავნოთ რუკა, რომელზეც გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება აქაური მისიების გაფართოება, რათა კიდევ უფრო გაბრწყინდეს რომის წმინდა ეკლესიის დიდება. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება და იგი მცირე ხარჯებით არის შესაძლებელი. თუ ყურს დამიგდებენ და დამეხმარებიან, ხოლო მე ამ საქმეს წარმატებით ვერ განვახორციელებ, მაშინ, დაე, რაც უნდათ ის დამმართონ; თუკი აქ მყოფი მისიონერებიდან რომელიმეს აქვს უნარი და იცის, როგორ შეინარჩუნოს ეს მისია, დაე, გამოჩნდეს, რაც ჩემთვის დიდი შვება იქნებოდა. მაშინ მეცოდინებოდა, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია; გეგებით ფეხქვეშ და თუ ღირსი ვარ თქვენი წმინდა ტანსაცმლის ჩრდილს ვეამბორები; თავს ვხრი თქვენი ლოცვა-კურთხევით, რომელიც ასე სწყურია ჩემს გულს; თქვენთვის ვევედრები ღვთიური მადლის საგანძურიდან ყველა იმ წყალობას, რომელთაც მხოლოდ თქვენი ანგელოზური გული ისურვებს.
ტიფლისი, 1686 წლის 22 დეკემბერი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური და ქვეშევრდომი, ძმა ჯუსტინო ლივორნოელი, უფროსი მოქადაგე, სამოციქულო რწმენის მისიონერი და საქართველოს მისიის უღირსი ვიცე-პრეფექტი.
შენიშვნები
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, f. 358 r-v.
2. უდავოა, წერილის ადრესატია სახელმწიფო მდივანი, კარდინალი ალდერანო ჩიბო-მალასპინა, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა 1676-1689 წლებში. იხ: Alderano Cybo-Malaspina (cardinale): https://it.wikipedia.org/wiki/Alderano_Cybo-Malaspina_(cardinale).
3. იგულისხმება გორის მისიონი.
4. იგულისხმება გორის მისიის.
5. ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენებიც იგულისხმება. ჩანს ჯუსტინომ, ქართული ენის გარდა, იცოდა სომხური და თურქული ენა.
6. ცხადია, იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI (1677-1688).
7. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-მ.
8. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
9. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-სთან.
10. „..da Alagogi nella provincia Di Gori..”. „...გორის პროვინცია ალაგოჯიდან...“ ძნელია ზუსტად ითქვას „ალაგოჯი“ რომელი ადგილია დღეს. შესაძლებელია, ეს იყოს „ალაგირი“?
11. იგულისხმება თბილისის კაპუცინთა მისიონის პრეფექტი ჯუზეპე და ბოგონიანო.
12. ე.ი. ჯოვანი ენიბეგაშვილის.
13. ე.ი. „ალაგოჯიდან“.
14. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
15. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI.
16. ე.ი. ჩერქეზეთში.
17. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
18. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ის.
19. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ის.
20. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
21. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ის.
22. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-მ.
23. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-მ მიიღო „ფილიოკვე“.
24. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI.
Комментариев нет:
Отправить комментарий