სვანეთში დაცულია 12 წარწერიანი ზარი1.
მათგან 9 ზარი შეწირულია
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის იმდროინდელი გვირგვინოსნების,
მამა-შვილის - ალექსანდრე II-ისა
(1574-1601, 1602-1605 წწ.)
და დავით I-ის
(1601-1602 წწ.) მიერ.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რომ 1601 წლის ზაფხულში, ჯანმრთელობაშერყეულ ალექსანდრე II-ს მეფობა წაართვა მისმა უფროსმა ძემ და სამეფო ტახტის მემკვიდრემ - დავით I-მა. იგი იყო მეუღლე კახეთის დედოფალ ქეთევან აშოთანის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა (შემდგომში სპარსეთის შაჰინშაჰ აბას
I-ის ბრძანებით წამებულისა და წმინდანად შერაცხულისა) და მამა კახეთისა
(1606-1648 წწ.) და ქართლ-კახეთის (1625-1632 წწ.) მომავალი მეფის თეიმურაზ I-ისა. მეფე დავით I
კახეთს წელიწადზე ოდნავ მეტხანს განაგებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფობა კვლავ მამამისმა -
ალექსანდრე II-მ დაიბრუნა2.
ზარებზე ამოტვიფრულ წარწერებში აღნიშნულია, რომ სვანეთის ეკლესიებს ეს შესაწირი შესწირეს კახეთის ზემოხსენებულმა მეფეებმა (ჩამოვთვლით სათითაოდ):
1. „მეფემან, პატრონმან ალექსანდრე“.
2. „მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან, პატრონმან ალექსანდრე“.
3. „მეფეთ-მეფემან ალექსანდრე, ძემან ლეონისამან“.
4. „მეფეთ-მეფე ალექსანდრე“.
5. „ღვთივ გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან, პატრონმან ალექსანდრე“.
6. „კახეთის ხელმწიფემან, პატრონმან ალექსანდრემ“.
7. „ღმრთივ გუირგუინოსანმან,
მეფეთ-მეფემან, პატრონმან ალექსანდრე“.
8. „კახთა მეფემან, პატრონმან დავით“.
აქ უცვლელი სახით მოვიყვანეთ ზარებზე დაფიქსირებული
მეფეთა ტიტულატურის ყველა ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან
მეტ-ნაკლებად განსხვავდება.
წარწერებიდან ირკვევა, რომ ზარები თავიდანვე ყოფილა განკუთვნილი
კონკრეტულად ამ თუ იმ ეკლესიისთვის.
კახთმეფენი
აცხადებენ, რომ ზარები შესწირეს შემდეგ ეკლესიებს (ჩამოვთვლით სათითაოდ):
1. „შევწირეთ სვანეთს, ადიშს, წმიდას გიორგის“.
2. „თქუენ - სუანეთს, ღობრის, ზარდილაშის მთავარანგელოზსა“.
3. „წარმოვეც კახეთით ზარი ესე სამსახურებელად
წმიდისა ტაძრისა შენისა წინასწარმეტყუელ იონა ლატალისაო“.
4. „შემოგწირეთ თქუენ სუანეთს, სეტის მთავარანგელოზს“.
5. „ესე ზარი შემოგწირეთ...
წმინდა მაცხოვარს“.
6. „შემოგწირეთ...
თქუენ - მოწამეთა მთავარსა, წმიდას გიორგის სეტისასა“.
7. „შევსწირე მაცხოვარსა მუჟალისსა“.
8. „შემოგწირე ზარი ესე ჩუენ... ლაშთხუერის წმიდათა მთავარანგელოზთა“. მხოლოდ ერთადერთ ზარზე არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელ ეკლესიას შესწირეს ეს ზარი. აღნიშნულია, რომ ეწირება „ზარი ესე სუანეთს, მთავარანგელოზთ“.
ცხრავე ზარი შეწირულია კახთმეფეთა „გასამარჯუებლად, სადღეგრძელებლად,
მეფობისა
წარსამართებლად, ცოდვათა შესანდობელად
და დღესა განკითხვისასა
მფარველობისათვის“3.
აღნიშნული ზარებიდან მხოლოდ ერთზეა მითითებული მათი კახეთიდან სვანეთში გაგზავნის თარიღი, რომელიც აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილის განსაზღვრით
- 1600 წელს შეადგენდა4.
დანარჩენი ზარების სვანეთში გაგზავნის პერიოდად მიჩნეულია ათწლიანი მონაკვეთი, კერძოდ, - 1592-1602 წლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზარებზე წარწერები ამოკვეთილია მათი გაგზავნის წინ, მაშინ ნათელი ხდება ისიც, რომ კახეთის სამეფო კარზე ზუსტად სცოდნიათ სვანეთის იმ სოფლების დასახელებებიც,
სადაც ეს ეკლესიები მდებარეობდა5.
ლატალის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია აგრეთვე ვერცხლის ჯამი წარწერით: „მაცხოვარო ლატალისაო, ჩუენ...
თქვენთა მონდობილმან მეფეთ-მეფე ალექსანდრემ
შემოგწირე ჯამი ესე ჩვენათ სადღეგრძელოთ და გასამარჯუებლად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელათ, ამინ!“.
აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი შესაძლებლად
მიიჩნევდა, რომ ჯამის წარწერაში მოხსენიებული „მეფეთ-მეფე ალექსანდრე“ ყოფილიყო კახეთის ხსენებული გვირგვინოსანი
ალექსანდრე
II, რომელმაც სვანეთის ეკლესიებს არაერთი ზარი შესწირა6.
ზემოხსენებული ფრიად საყურადღებო ისტორიული მოვლენა შეისწავლა მკვლევარმა ხათუნა იოსელიანმა7. მან დასვა კითხვა, თუ რატომ აგზავნიდნენ კახთმეფენი სვანეთის ეკლესიებში ზარებს, რა ინტერესი გააჩნდათ მათ? მითუმეტეს, რომ იმხანად უკვე საუკუნეზე მეტი იყო გასული საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლიდან.
მკვლევარმა სამართლიანად
დაასკვნა, რომ კახეთის ხსენებულ მეფეებს, რომლებიც იმხანად უკვე დამოყვრებულნი იყვნენ სამეგრელოს მთავართან მანუჩარ დადიანთან (რომელმაც 1590 წელს ცოლად შეირთო ალექსანდრე II-ის ასული ნესტან-დარეჯანი)8, სურდათ „დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი მოკავშირის გაჩენა სვანეთის სახით, ამიტომ ცდილობდნენ ურთიერთობის დამყარებას სვანეთთან“9.
ხათუნა იოსელიანი მიუთითებს: „ყველა ეკლესია, რომელსაც კახეთის მეფეები ზარებს სწირავენ, ე.წ. თავისუფალ ანუ ბალსზემო სვანეთში მდებარეობს - მოყოლებული ლატალიდან, რომელიც ბალსზემო სვანეთის ბოლო სოფელია, დამთავრებული
მისი უკიდურესი ჩრდილო აღმოსავლეთი პუნქტით -
სოფელი ჟაბეშით... ბალსქვემო სვანეთი -
სამთავროს წარმოადგენს, ხოლო... ბალსზემო ანუ თავისუფალი სვანეთი, როგორც ჩანს, უკვე შედარებით დამოუკიდებელია და იგი არც სვანეთის მთავრისა და არც იმერეთის მეფის მორჩილებასა
და ქვეშევრდომობაში არ იმყოფება. სწორედ სვანეთის ამ ნაწილთან ცდილობს ურთიერთობის
დამყარებას კახეთის სამეფო ხელისუფლება,
ვინაიდან იგი სრულიად საღად და სწორად აფასებს ამ დროს „თავისუფალი“ სვანეთის მდგომარეობასა
და შესაძლებლობას.
შინაომებში გახვეულ დასავლეთ საქართველოში
თითოეული რეგიონის პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მცირე გადანაცვლებასაც კი შეიძლებოდა რომელიმე მხარის სასარგებლოდ შეეცვალა ძალთა თანაფარდობა.
ბალსზემო სვანეთი, ამ შემთხვევაში, პოტენციურ მოკავშირედ სასურველი იყო, ალბათ სამხედრო თვალსაზრისით -
საჭიროების შემთხვევაში მას შეეძლო მოლაშქრეები გამოეყვანა ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ. ალბათ ამით იყო განპირობებული ის, რომ
XV-XVII საუკუნეებში სვანეთის ეკლესიებს ხატებსა და ძვირფას ნივთებს მრავლად სწირავენ, როგორც სამეგრელოს მთავრები, ისე იმერეთის მეფეები.
ამრიგად, სამეგრელოსთან
უკვე დამოყვრებული კახეთი, ცდილობს დასავლეთ საქართველოში გაიჩინოს კიდევ ერთი მოკავშირე. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი ფრთხილად მოქმედებს და ურთიერთობის დამყარებას იწყებს ტრადიციული ფორმით -
შესაწირავებს აგზავნის ბალსზემო სვანეთის თითქმის ყველა ძირითად ეკლესიაში, რაც ჩვენი აზრით, უდავოდ არის პირველი ნაბიჯი, სამომავალოდ, სერიოზული კავშირის დასამყარებლად.
სხვანაირად, ალბათ, ძნელად თუ აიხსნება აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს საერთო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით,
კახეთის მეფეთა მიერ სვანეთისადმი გამოჩენილი ყურადღება, ცხადია, იგი არ არის მხოლოდ ქველმოქმედება და მხოლოდ „ღვთის მოშიშობისა და რწმენის“ საფუძველზე ჩატარებული ღონისძიება“10.
შენიშვნები
1. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტ. II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ (თბილისი,
1988), გვ. 443.
2. საქართველოს მეფეები, რედაქტორები: მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი (თბილისი, 2000), გვ.
214-216.
3. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ.
IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ.
447-454.
4. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში
1910 წელს (პარიზი, 1937), გვ. 345.
5. ხ. იოსელიანი, კახეთის მეფე ალექსანდრე II და სვანეთი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი (თბილისი, 2005), გვ. 194.
6. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს (პარიზი, 1937), გვ. 359.
7. ხ. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 192-204.
8. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხვიშვილის მიერ (თბილისი, 1959), გვ. 375.
9. იქვე, გვ. 199.
10. ხ. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 199-201.
Комментариев нет:
Отправить комментарий