თანამედროვე ავარეთი ხუნძახის, გუნიბის, გერგებილის, გუმბეტის, ჩაროდინის, ბოტლიხის, ცუმადის, ცუნტის, ახვახის, კაზბეკის, ტლიაროტის თანამედროვე ადმინისტრატიული რაიონებს მოიცავს. რესპუბლიკის თანამედროვე გეოგრაფიაში, ავარულ ენაზე მოლაპარაკეთა ტერიტორიის ძირითად ნაწილს, ანდურ-ცეზური ჯგუფის ენით და კულტურით მონათესავე ხალხების ტერიტორიასთან ერთად, დაღესტანის დასავლეთი და ცენტრალური რაიონები უკავია. ავარეთი ყველა მხრიდან ანდის, სალატაუს, გიმრის და სხვა თითქმის ჩაკეტილი ქედებით არის შემოფარგლული. შიგნით მას მდინარე სულაკის შენაკადები – ოთხი ყოისუ (ავარეთის, ყაზიყუმუხის, ანდის, კარა) და აგრეთვე კავკასიის მთავარი ქედის მრავალი განშტოება (შიდა დაღესტანი) კვეთენ.
გამოკვლევის საგანია შუა საუკუნეების ავარეთის ტერიტორიაზე არსებული საკუთრივ ქრისტიანობის ისტორია. დაღესტანმცოდნეობაში მას ჩვეულებრივ როგორც ქართულ ქრისტიანულ კულტურას განიხილავენ. ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები VII-XVI საუკუნეებს მოიცავს. არქეოლოგიურ მასალაზე მითითებით, ავარეთში ქრისტიანობის ქვედა ზღვარად ჩვენ მივიჩნევთ VII საუკუნეს, ზედა ზღვარად, მთიანი ავარეთის მაჰმადიანური ეპიგრაფიკის მონაცემების შესაბამისად, XVI საუკუნეს...
ეს პრობლემა XIX საუკუნეში გაჩნდა, მაშინ, როცა მთიან დაღესტანში ქრისტიანული სიძველეები პირველად გამოვლინდა. თემის გამოკვლევისას, ავტორმა 1860-ანი წლებიდან 2000 წლამდე (მის ჩათვლით) გამოქვეყნებული ლიტერატურა გამოიყენა... ამ დისერტაციის ობიექტია დაღესტანის რაოდენობრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი – ავარები. ავარული ენა კავკასიური ენების დაღესტნის შტოს ანდურ-ცეზურ ჯგუფს ეკუთვნის. ენების ავარულ-ანდურ-ცეზურ ჯგუფში, საკუთრივ ავარული ენის გარდა, შედიან ავარელთა ენით და კულტურით მონათესავე ანდურ-ცეზური ხალხების ენები.
ცნება «ავარი» უკვე X საუკუნიდან არის ცნობილი. არაბი ავტორი იბნ რუსტეს მონაცემებით, ასე უწოდებდნენ სარირის მმართველს. მთიან დაღესტანში მცხოვრებ ავარებს იხსენებს იოანე დე გალონიფონტიბუსი, რომელიც 1404 წელს აღნიშნავდა, რომ კავკასიაში ცხოვრობენ «ჩერქეზები, ლეკები, იასები, ალანები, ავარები, ყაზიყუმუხები».
ავარელთა თვითდასახელება «მაარულალ» მომდინარეობს ავარული სიტყვიდან «მეერ», «მთა», ე. ი. მთიელებს ნიშნავს. ამ სახელს პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და მისი მეშვეობით ყოფილი ხუნზახის სახანოს მკვიდრს აღნიშნავდნენ და არა ეთნოსს. პ.კ. უსლარის აზრით, ეს სახელი მხოლოდ ხუნზახს ეხებოდა. ავარულენოვანი ეთნიკური ჯგუფები თავის თავს თემების მიხედვით უწოდებდნენ...
შუა საუკუნეების ავარეთის (VI-XI საუკუნეებში არსებული სარირის სამეფოს) ტერიტორიის ძირითადი ბირთვი საკმაოდ დიდი იყო და თანამედროვე დაღესტანის მთიან ნაწილს და მთისწინეთს მოიცავდა. ვ.გ. გაჯიევის აზრით, სარირი საერთოდაღესტნური, მრავალი ხალხის და ტომის მომცველი სახელმწიფო გახლდათ.
ჩრდილოეთით ის ალანებს და ხაზარებს ესაზღვრებოდა. ალ იაკუბი მას დარუბანდსა და ალანებს შორის ათავსებს. IX საუკუნის შუა ხანებში, სარირის შემადგენლობაში ხვდებიან პოლიტიკური წარმონაქმნების - კაიტაგის და შანდანის ტერიტორიის ნაწილები. X საუკუნის პირველ ნახევარში, სარირის გავლენის ქვეშ გუმიკი ექცევა. ამ დროს, ალ იაკუბის თქმით, არანის დასახლებათა უმრავლესობა სარირის მმართველს ეკუთვნის. XIII საუკუნის თხზულებაში ნათქვამია, რომ სარირი აფხაზს ესაზღვრება...
დადგენილია, რომ ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ-ბელაქანი, სალატავია), ავარელთა განსახლების ისტორიულ გეოგრაფიას არ ემთხვევა. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის ხალხთა ანდურ-ცეზური ჯგუფით დასახლებული მნიშვნელოვანი ტერიტორია, სარირის შემადგენლობაში არ შედის. სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან.
სარირის სახელმწიფო, ამიერკავკასიის განვითარებული სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი და საქართველო) პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ გავლენას განიცდიდა. ეს სახელმწიფოები თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მოსახლეობაში და ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად, დაღესტნის ხალხებში ქრისტიანობის გავრცელებას ხმარობდნენ.
დაღესტანში ქრისტიანობის შეღწევის დრო, ზუსტად დადგენილი არაა. ითვლება, რომ ქრისტიანობა დაღესტანში ვრცელდებოდა სამხრეთში ალბანეთიდან და სომხეთიდან (VIII საუკუნემდე და მისი ჩათვლით) და დასავლეთში საქართველოდან (ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე გავლენა მოახდინეს რელიგიურ-პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც გაჩნდნენ ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ. ამას აქტიურად იყენებდნენ ერთმანეთთან მებრძოლი ბიზანტია და სპარსეთი. ბიზანტიასთან მებრძოლ სპარსეთს კავკასიაში მოკავშირე სჭირდებოდა და ის დიდხანს უჭერდა მხარს სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის მმართველები მხარს სომეხ მონოფიზიტებს უჭერდნენ, რომელთაც ბიზანტიური ეკლესიისგან სრული გამოყოფა სურდათ.
დაღესტანში ქრისტიანობის შეღწევის დრო, ზუსტად დადგენილი არაა. ითვლება, რომ ქრისტიანობა დაღესტანში ვრცელდებოდა სამხრეთში ალბანეთიდან და სომხეთიდან (VIII საუკუნემდე და მისი ჩათვლით) და დასავლეთში საქართველოდან (ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე გავლენა მოახდინეს რელიგიურ-პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც გაჩნდნენ ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ. ამას აქტიურად იყენებდნენ ერთმანეთთან მებრძოლი ბიზანტია და სპარსეთი. ბიზანტიასთან მებრძოლ სპარსეთს კავკასიაში მოკავშირე სჭირდებოდა და ის დიდხანს უჭერდა მხარს სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის მმართველები მხარს სომეხ მონოფიზიტებს უჭერდნენ, რომელთაც ბიზანტიური ეკლესიისგან სრული გამოყოფა სურდათ.
კავკასიის რეგიონში, ერთმანეთს ეჯახება წინა აზიის სამი ძლიერი და ერთმანეთთან მოქიშპე სახელმწიფოს - არაბეთის, ირანისა და ბიზანტიის ინტერესები. სწორედ ამ ფონზე უნდა იყოს განხილული რელიგიური ვითარება ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის არც ისე დიდ ტერიტორიაზე, დაღესტანში.
სარირი განიცდის მისი უშუალოდ მოსაზღვრე კავკასიის ალბანეთიდან, საქართველოდან, ალანეთიდან, ხაზარეთიდან მომავალი ქრისტიანობის გავლენას. ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს ეთნოკონფესიურ ხასიათს მისცემს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში განიხილებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის განსხვავებათა ერთგვარი კონცენტრაცია.
სარირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ხუნძახის სანუცალო, XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ქვეშ ექცევა. ხუნზახის ზეგანზე ახალშექმნილი სახელმწიფოს მმართველი ნუცალის სახელი, ზოგი მკვლევარის აზრით, ერისთავის ხელქვეითი ადმინისტრატიული პირის ნაცვალის ტრადიციულ ქართულ წოდებას უახლოვდება ან მისგან უნდა მომდინარეობდეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტიანობასთან ზიარების ხარისხზე მიუთითებს ხუნზახის ზეგანზე არქეოლოგიური მასალებით ცნობილი X-XIV საუკუნეებით დათარიღებული ქართული ეკლესიების (დათუნა, ხუნძახი, ამიტლი, ხინი, ზაიბი, ობოდა და სხვ.) არსებობა. ხუნზახის ზეგანზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ქართული ცენტრალური სამეფო ხელისუფლება აკონტროლებს.
ხუნძახის სანუცალოს გარდა, სარირის დაშლის შემდეგ, შიდა დაღესტანში გამოიყოფა ავარეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები: ანდალალი და გიდატლი. აქ ქრისტიანული კულტურის არქეოლოგიურ და სხვა ძეგლთა დიდი ჯგუფი განიხილება. ეპიგრაფიკის მეშვეობით, ეს ძეგლები X-XV საუკუნეებით თარიღდება. კარტოგრაფირებისას, ისინი მწკრივდებიან ქრისტიანული ჰერეთიდან (VII-X სს.), მოგვიანებით კახეთიდან შიდა დაღესტნისაკენ მიმავალი საკომუნიკაციო გზების გასწვრივ.
წყაროების თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ მაღალმთიან ავარეთში, ქრისტიანობის გავრცელების ქვედა ზღვარი ა.წ. I საუკუნე უნდა იყოს, ზედა ზღვარი კი, უნდა იყოს სასაზღვრო ქრონოლოგიური ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის, რომელიც XVI-XVII საუკუნეებს შორის მერყეობს.
წყაროების თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ მაღალმთიან ავარეთში, ქრისტიანობის გავრცელების ქვედა ზღვარი ა.წ. I საუკუნე უნდა იყოს, ზედა ზღვარი კი, უნდა იყოს სასაზღვრო ქრონოლოგიური ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის, რომელიც XVI-XVII საუკუნეებს შორის მერყეობს.
XIII საუკუნის შუა ხანებში, პოლიტიკური კრიზისის შედეგად, ხუნზახის მთელი ზეგანი მაჰმადიანთა ჯარმა დაიპყრო. ხუნძახში პირველი მაჰმადიანური მმართველობა მკვიდრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში საქართველოს ბატონობის პერიოდი იყო, ღაზიური მმართველობა ხანმოკლე გახლდათ. ხუნზახში ბრუნდება ნუცალთა წინა სურაკატული დინასტია, საქართველოზე ორიენტირებული პოლიტიკური ხელისუფლების ტრადიციებით. მთიან დაღესტანში ორგანიზებულ ფორმებს იღებს ქართული ეკლესია, რომელსაც თავიდანვე საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფო მფარველობდა. XIII საუკუნის ბოლოსათვის, ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლებას თუ გავლენას დაღესტანის ზოგიერთი ოლქი ექვემდებარება. აქ, მაჰმდიანი სასულიერო წოდება ოქროს ურდოს მმართველი ზედაფენის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. XIV საუკუნეში, ხუნზახის სანუცალო მაჰმადიან სახელმწიფოთა გარემოცვაში აღმოჩნდა და მისი მმართველი ეკონომიკური აუცილებლობის ზეწოლით მაჰმადიანდება. მიუხედავად ნუცალის გამაჰმადიანებისა, ხუნზახის სანუცალოში ქრისტიანობის და მაჰმადიანობის ხანგრძლივი თანაარსებობის იშვიათი სიტუაცია იქმნება…
მართლმადიდებლობა აქ ხანგრძლივ ისტორიულ ტრადიციას ეყრდნობოდა, რომელიც XIV საუკუნემდე, თემურის ლაშქრობებამდე, პირდაპირ იყო დამოკიდებული ზოგადი აღმავლობის განმცდელი საქართველოს მხარდაჭერაზე, მაშინ, როდესაც XIV საუკუნის დასაწყისში ხუნზახის სანუცალოს სახელმწიფო რელიგიად ქცეულ ისლამს ჯერ-ჯერობით მხარს მხოლოდ ნუცალის ხელისუფლება უჭერდა, რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის.უეჭველია, რომ თემურის თავდასხმამ, XIV საუკუნის ბოლოს ქრისტიანობის პოზიციებს ავარეთში კრიტიკული დარტყმა მიაყენა, მაგრამ მაღალმთიან დაღესტანში, დიდოში, ქრისტიანობა ისლამს წინააღმდეგობას საქართველოს აქტიური მხარდაჭერით XVI საუკუნემდე უწევს...
ავტორს კვლევაში შეაქვს თქმულებები ავარული სოფლების დააარსების შესახებ, როგორც მთიან დაღესტანში ქრისტიანობის ისტორიის წყარო. გაქრისტიანების პროცესის, მისი გავრცელების არეალის, დაკრძალვის ქრისტიანული წესების შესასწავლად, ავტორი ავარეთის ქრისტიანული კულტურის სამარხ ძეგლებს იყენებს.
თავისი არსებობის დასაწყისიდანვე, ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) ავარეთში ორგანიზაციულ ფორმებს იღებს. ქრისტიანული რელიგიური ცხოვრების ძირითადი ფორმა იყო ეპარქია - საეკლესიო ოლქი ეკლესიის მქონე მოსახლეობით. ეკლესიათა შენახულობის მიუხედავად (მიწისზედა თუ არქეოლოგიური ძეგლები), ავარეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრება დღემდე კვლევის დამოუკიდებელი თემა არ გამხდარა... ავტორის მიზანია, ამ ძეგლების გეოგრაფიის და მათი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული წყაროების დადგენა.
მთიანი დაღესტანის მოსახლეობის იდეოლოგიაში მომხდარი ცვლილებები, მის მხატვრულ კულტურაში აისახება, განიხილება შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული ძეგლების ქრისტიანული სიმბოლოები და რელიგიურ-მითიური მოტივები (ძირითადად პეტროგრაფიკა და ქვის კვეთილობა). ავტორი ცდილობს ქრისტიანული სიმბოლოების მქონე პეტროგლიფების მნიშვნელობის გარკვევას. ახლებურად განიხილება ქრისტიანული კულტურის სამი გამორჩეული პეტროგრაფიული ძეგლი, რომლებითაც ადრე მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით იყვნენ დაინტერესებულნი. ერთ-ერთ მათგანზე არის «წმინდა ესტატეს სასწაულის» ქრისტიანული სიუჟეტი, რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული კავკასიაში... სჩანს ფართოდ გავრცელებული ძირითადი ქრისტიანული სიმბოლოები: ფარშევანგები, მტრედები, გრიფონები, სიცოცხლის ხე.
ანდალალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლების ერთ ჯგუფს (ნაწილობრივ გრაგმენტებს), «წნულის» ტიპის ორნამენტით შემკულ გარკვეული ფორმის ქვებს, ავტორი განიხილავს როგორც მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების კანკელების შემკულობის ფრაგმენტებს.
გაქრისტიანების პროცესთანაა დაკავშირებული დაღესტანში ქართული დამწერლობის გავრცელება. ეპიგრაფიკული ძეგლები მოგვითხრობენ ავარეთში ქრისტიანული კულტურის ქრონოლოგიური დიაპაზონის, ქართული დამწერლობის გავრცელების მასშტაბის და ქართულ გრაფიკულ სისტემაზე დაფუძნებული ადგილობრივი დამწერლობის არსებობის შესახებ.
ხუნძური ეპარქიის დიოცეზის დადგენისას, ავტორი იმოწმებს დადგენილ ფაქტებს, რომლებიც ეპარქიის ქართულ წარმოშობაზე, იქ ქართველი სამღვდელოების ყოფნაზე, წირვის ქართულად ჩატარებაზე და ქართული დამწერლობის არსებობაზე საუბრობენ. ავტორის დასკვნით, ხუნძური ეპარქიის ტერიტორია ხუნძახის სანუცალოს ისტორიულ ტერიტორიაზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო - ის გიდატლის, ანდალალის და სხვა თემებს მოიცავდა.
მთიან დაღესტანში, ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, ავარელი ხალხის ისტორიის ცალკე თავია და შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკურ ისტორიასთან განუყოფლადაა დაკავშირებული...
მთიან დაღესტანში, ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, ავარელი ხალხის ისტორიის ცალკე თავია და შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკურ ისტორიასთან განუყოფლადაა დაკავშირებული...
VII-X საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობების თანახმად, თანამედროვე დაღესტანის ტერიტორიაზე რამოდენიმე პოლიტიკური წარმონაქმნი - «სამეფო» (დარუბანდი, ლაკზი, ტაბასარანი, სარირი, ზირიხგერანი, კაიტაკი (ხაიდაკი), გუმიკი, ტუმანი, ფილანი, ჯიდანი, «ჰუნების» სამეფოები და სხვ) გამოიყოფა. ითვლება, რომ ეს წარმონაქმნები უფრო ადრე, სულ მცირე VI საუკუნეში არსებობდნენ. მათი განვითარების ზოგადი ტენდენცია, მეტ-ნაკლებად დიდი სახელმწიფოებრივი ერთეულების შექმნა იყო. დაღესტანის ხალხები, ძირითადად ამ ერთეულების ფარგლებში ჩამოყალიბდნენ. დღეს, მკვლევართა უმეტესობის აზრით, ავარელებით დასახლებული ტერიტორია სახელმწიფო სარირს შეესაბამება. ვ. მ. ბეილისის აზრით, სარირი VI საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. დღეს ეს საყოველთაოდ გაზიარებული აზრია.
სარირის სახელმწიფოს (VI-XI სს.) ძირითადი ბირთვის საზღვრები საკმაოდ დიდი იყო და თანამედროვე დაღესტანის როგორც მთიან ნაწილს, ისე მთისწინეთს და მოსაზღვრე მიწებს მოიცავდა. ვ. გ. გაჯიევის აზრით, სარირი იყო საერთოდაღესტნური, კავკასიის მასშტაბით დიდი და მრავალი ხალხის და ტომის გამაერთიანებელი სახელმწიფო.
არაბულენოვანი ავტორების თანახმად, სარირის ჩრდილოელი მეზობლები ალანები და ხაზარები იყვნენ. ალ-ისტახრი და იბნ-ხაუკალი მიუთითებენ, რომ ხაზარეთის დედაქალაქი სემენდერიდან სარირის საზღვრებამდე ორი ფარსახი გზა არის. ალ-იაკუბი სარირს დარუბანდსა და ალანებს შორის ათავსებს.
IX საუკუნის შუა ხანებში, სარირის შემადგენლობაში წარმონაქმნი კაიტაგი და შანდანის ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდნენ. X საუკუნის პირველ ნახევარში, მეზობელ სარირზე დამოკიდებული გუმიკი ხდება. XIII საუკუნის გეოგრაფიულ თხზულებაში მითითებულია, რომ სარირი ესაზღვრება აფხაზს (ე.ი. საქართველოს), ყივჩაღს და დარუბანდს. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის თანახმად, კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს დიდი ეთნიკური ერთეული ლეკეთი, რომელიც გადაშლილია «აღმოსავლეთით დარუბანდის ზღვიდან მდინარე ლომეკამდე» (თერგამდე). ა. ვ. გადლოს აზრით, ეს ლეკეთი სარირი უნდა იყოს. ზაქარია მიტილენელის VI საუკუნის სირიული ქრონიკის თანახმად, დასავლეთ დაღესტანში ავარულ მიწებს ბატ-დადუ (დიდოეთი) ჰქვია, ა. რ. შიხსაიდოვის აზრით, არაბი ავტორები სარირს მთლიანად მთიან დაღესტანს უწოდებდნენ. დ. მ. მამედოვის განსხვავებული აზრით, ამ დროს, დიდო, როგორც ცალკე მდგომი პოლიტიკური წარმონაქმნი გამოდის. დიდოელებს, IV-X საუკუნეებში დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია ჰქონდათ და სახელმწიფო დიდო, სარირის შემადგენლობაში არ შედიოდა.
საკამათო რჩება ჭარ-ბელაქანის თემთა ტერიტორიები (აზერბაიჯანის და საქართველოს ბელაქანის, ზაქათალის და ყვარელის რაიონების თანამედროვე საზღვრები). ჭარ-ბელაქანის კავშირის წარმოქმნის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მაგრამ ეს მოსაზრებები ერთმანეთს ერთ რამეში ეთანხმება: ეს კავშირი დაღესტნის ხალხების კახეთის ტერიტორიაზე გადასახლების შედეგად წარმოიქმნა. გადასახლებულმა დაღესტნელებმა ადგილობრივი მოსახლეობა დაიპყრეს და ის (ადგილობრივი მოსახლეობა) თემებს შორის გაიყვეს, რის შემდეგაც სოფლური თემების კავშირებად გაერთიანდნენ; ისინი კი, ერთმანეთის მოკავშირეები ხდებიან და ასე იქმნება ჭარ-ბელაქანის სოფლის თემების კავშირთა ფედერაცია. მაგრამ დღემდე გადაუწყვეტელია ავარელების კახეთში გადასახლების დროისა და მიზეზების საკითხი. ცნობილია, რომ კახეთში ავარული და წახური თემები XVI საუკუნემდეც არსებობდა. მუჰამედ-რაფის ცნობიდან, ჩვენ ვიგებთ რომ ცნება «გოლოდა» (ამ სახელით ცნობილია ჭარ-ბელაქნის ოლქის სწორედ ავარული დასახლებები), უკვე XIV საუკუნის დასაწყისისათვის იყო ცნობილი. ამ დროს, გოლოდა და წახური ყუმუხის შამხალის საკუთრებად, სამფლობელოდ ითვლებიან და ისინი ყოველწლიურ ხარკს სწორედ ყუმუხის შამხალს უხდიდნენ.
ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად, ჭარ-ბელაქნის ტერიტორია ისტორიულად ქართველებით დასახლებული ძველი ჰერეთის ნაწილი იყო. XI საუკუნის პირველ მეოთხედში, კახეთის და ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის შედეგად, ახალი სახელმწიფო გაჩნდა, რომელსაც ქართველები კახეთის სამეფოს უწოდებენ. სამეფოს შიდაადმინისტრატიული მართვა მოადგილე ერისთავების მეშვეობით ხორციელდებოდა. ორი საერისთავო იყო ალაზანის გაღმა-გაღმა მხარე და ელისენი. ელისენში, წუქეთის ეკლესიასთან არსდება ეპისკოპოსის კათედრა, რომლის სულიერ იურისდიქციასაც ემორჩილებოდა ელისენის, წუქეთის, შექის ოლქები, თანამედროვე ზაქათალა-ბელაქანის ოლქის ტერიტორია. ასე რომ, ზაქათალის ოლქი ჯერ კავკასიის ალბანეთის, შემდეგ ჰერეთის და XI საუკუნიდან კახეთის ნაწილი გახლდათ.
წინააღმდეგობრივია ცნობები ჩრდილო-აღმოსავლეთ დაღესტანში ავარული სოფლების და თემთა სალატავური კავშირის გაჩენის შესახებ. დ. მ. ატაევი ეფუძნება არქეოლოგიურ მასალას და თვლის, რომ ჩირ-იურთის თავდაცითი ნაგებობები სარირის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს. მაგრამ ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევების მასალების საფუძველზე ითვლება, რომ სალატავიის ტერიტორიულ თემთა უმრავლესობა XV საუკუნით თარიღდება. ისტორიულ მეცნიერებას XVI საუკუნეში სალატავიაში სოფლური თემების წარმოშობამდე აქ ავარული სოფლების არსებობის შესახებ სანდო ცნობები არ აქვს.
ამდენად, ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ-ბელაქანი, სალატავია) მათი განსახლების ისტორიულ ტერიტორიას არ ემთხვევა. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის (დიდოს) ტერიტორიები, სადაც ანდო-ცეზური ჯგუფის ხალხები ცხოვრობდნენ, სარირის შემადგენლობაში არ შედიან.
სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან. სახელმწიფო წარმონაქმნთა საგარეო-ეკონომიკური ორიენტაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ადრეულ შუა საუკუნეებში რელიგია გახლდათ.
ეთნო-კონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები
ქალკიდონის მსოფლიო კრების (451) შემდეგ, ეკლესიას გამოეყვნენ სომხური, კოპტური და იაკობიტური ეკლესიები. მონოფიზიტები ქრისტეს ორბუნებრიობას უარყოფდნენ და ამიტომ ისინი კრებამ დაგმო. 451 წლის შემდეგ, მონოფიზიტურ ქრისტოლოგიას ეგვიპტე და სირია მიემხრნენ, რომელთაც არაბთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ კონსტანტინეპოლის კონტროლისაგან თავის დაღწევის საშუალების გაჩენა გაუხარდათ. განხეთქილებას იყენებდნენ იმ დროისათვის უძლერესი და ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოები: ბიზანტია და სპარსეთი. მონოფიზიტებს მფარველობდა ირანი, მართლმადიდებლებს – ბიზანტია.
სპარსეთის ხელისუფლება მიზნად ამიერკავკასიის ქვეყნებთან იდეოლოგიური კავშირების განმტკიცებას ისახავდა და ამიტომ, მან სომხური, ალბანური და ქართლის ეკლესიების გაერთიანება სცადა. 506 წელს, დვინის კრებაზე, სომხურმა, ქართლის და ალბანურმა ეკლესიებმა, სპარსელთა ზეწოლით ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენად მონოფიზიტობა აღიარეს. ამის შემდეგ, სპარსეთის მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში ეკლესია ხდება.
ქართლში დიოფიზიტებს მრავალი მომხრე ჰყავდათ, მათ მხარს ბიზანტია უჭერდა. აქ, მონოფიზიტები საბოლოოდ VI საუკუნის ბოლოს გაანადგურეს. ვახტანგ გორგასალი აარსებს საკათალიკოსოს და საქართველოს ეკლესიის სათავეში სპარსელთა მიერ დანიშნული მთავარეპისკოპოსის ნაცვლად, კათალიკოსს აყენებს. პირველი კათალიკოსი დიოფიზიტი (მართლმადიდებელი) გახლდათ, რაც ე. წ. სპარსული ქრისტიანობისათვის – მონოფიზიტებისთვის ღია ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამით ხაზი გაესვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ მეტოქეობის საბოლოო შედეგი იყო 607 წელს აქამდე ერთიანი ქართული და სომხური ეკლესიების დაშორება ერთმანეთისგან.
ბიზანტიასთან მებრძოლ ირანს კავკასიაში მოკავშირე სჭირდებოდა და ამიტომ, ის დიდი ხნის მანძილზე მხარს სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას უჭერდა. სპარსეთის ხელისუფალნი მხარს ბიზანტიის ეკლესიისაგან სრული გამოყოფის მომხრე სომეხ მონოფიზიტებს უჭერენ.
მანამდე, სანამ ბიზანტია და ირანი ერთმანეთს გამანადგურებელ ომებში აუძლურებდნენ, არაბეთში გაჩნდა და სწრაფად განმტკიცდა ახალი რელიგია - ისლამი. ისლამის დროშის ქვეშ, არაბთა წარმატებული ექსპანსიის შედეგად, მოხდა მოვლენები, რომლებიც ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ. სირიის, მესოპოტამიის, ირანის დაპყრობის შემდეგ, არაბები კავკასიისკენ მიისწრაფიან. ასე შეეჯახა ერთმანეთს კავკასიაში წინა აზიის სამი ძლიერი სახელმწიფოს - არაბეთის, ირანის და ბიზანტიის ინტერესები. ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მცირე ტერიტორიაზე, დაღესტანში რელიგიური ვითარების განვითარება ამ მასშტაბური მოვლენების ფონზე უნდა იქნას განხილული.
სარირი, ამიერკავკასიის მეზობელი სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი, საქართველო) გავლენას განიცდიდა. ისინი, თავისი გავლენის ქვეშ ჩრდილო-აღმოსავლეთის კავკასიის ხალხების მოქცევას ცდილობდნენ და ამ მიზნის მისაღწევად რელიგიას იყენებდნენ. ამასთან, სარირს ქრისტიანობის გავლენის განცდა მის უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც (ხაზარეთი, ალანია) შეეძლო. შემდგომი ისტორიული ტრადიცია, სარირის საგარეო კონტაქტებს ეთნო-კონფესიური ურთიერთობების ხასიათს მიანიჭებს. შუა საუკუნეებში, რელიგიური განსხვავებები აღიქმებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, მსოფლმხედველობითი და ყოფითი განსხვავებების ერთგვარი კონცენტრაცია. ამ ფონზე, უკანა პლანზე გადადიოდა ეთნიკური, ეკონომიკური, ენობრივი და სხვა ურთიერთობები.
ალბანური ეკლესია
დღემდე გადაწყვეტილი არაა საკითხი, იყო თუ არა დაღესტანი ალბანეთის შემადგენლობაში. ალბანურ სახელმწიფოს თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტერიტორია ეკავა. უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების ხანაში, ის აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის ტერიტორიებს მოიცავდა.
ზოგი ავტორი, ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარუბანდზე ატარებს, ზოგი ამ საზღვარს მდინარე სულაკის იქით და უფრო შორსაც სწევს. ო. მ. დავუდოვი ა. წ. III საუკუნისათვის, ალბანეთის ერთ-ერთ ტერიტორიულ საზღვარს ე. წ. კერავნის მთებზე ატარებს, რომელსაც ანდის ქედთან აიგივებენ, და მდინარე სოანაზე, რომელსაც არღუნ-თერგის სისტემასთან აიგივებენ. V საუკუნიდან, ალბანეთი, უკვე სპარსეთის შემადგენლობაშია როგორც ცალკე პროვინცია, რომელშიც შედიოდნენ არანი, ჩოგა (დარუბანდის რაიონი) და ლბინი.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ალბანური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა კავკასიაში. ჩოგაში, (დარუბანდის რ-ნი) უკვე ა. წ. I საუკუნეში ქადაგებდა მოციქული თადეოსის (ის იესომ მოციქულ ბართლომესთან ერთად სპარსეთში და კავკასიაში გააგზავნა მისიონერად) მოწაფე ელისე. ამ ტრადიციაზე დაფუძნებით, ალბანური ეკლესია თავს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიად აცხადებს. სომხური ეკლესიის მსგავსად, ბიზანტიასთან ურთიერთობა ალბანურმა ეკლესიამაც 551 წელს გაწყვიტა და მის მეთაურს კათოლიკოსი ეწოდა. მაგრამ, ალბანური ეკლესია სისტემატურად და სტაბილურად მონოფიზიტური არ ყოფილა. ამიერკავკასიაში სასანიდთა პოლიტიკური გავლენის გაქრობას მონოფიზიტთა საეკლესიო ჰეგემონიის დამხობა ახლდა თან.
V საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში, ამიერკავკასიაში ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით, მიხრანიდების მმართველობის პერიოდში, ალბანეთის ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად დიოფიზიტებს (მართლმადიდებლებს) მიემხრო. მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ, ალბანური ეკლესია დიოფიზიტობას უარყოფს.
არაბული ხალიფატი სასანიდთა პოლიტიკას თანმიმდევრულად ატარებდა, ე. ი. მას ბიზანტიის გავლენის გაძლიერების ეშინოდა და ამიტომ ალბანეთში მონოფიზიტებს უჭერდა მხარს. მონოფიზიტების და ისლამის მოწინააღმდეგეებს, ალბანეთში, მხარს ერეტიკოსებად გამოცხადებული ქართველი კათალიკოსები უჭერდნენ. სომხური ეკლესიის დახმარებით, არაბულმა ხალიფატმა ალბანური ეკლესია მონოფიზიტურად აქცია და იერარქიულად სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას დაუმორჩილა; ლბანური ეკლსიის ღვთისმსახურების ენად ძველსომხური ხდება.
დაღესტნის მიწებზე მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევის ფაქტები უკვე VI-VIII საუკუნეებში სჩანს. VI საუკუნის დასაწყისში, მეფე ვაჩაგან ღვთისმოსავმა, ალბანეთის ყველა ოლქის ახალგაზრდობისთვის წერა-კითხვის სწავლება ბრძანა. VII საუკუნის ბოლოს, ვარაჩანის ჰუნებში, ხაზარეთში, მისიონერულ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა ეპისკოპოსი ისრაელი. ალბანელი მისიონერების მოღვაწეობის კვალი, ნამტვრევები ფილებისა «ალბანური ანბანის ასოებით, იპოვნეს დაღესტანში ავარულ სოფლებში: ხუშტადა, ქვედა გაკვარი, ტლონდოდა და დარგოს სოფელ ზემო ლაბკომახი. ძეგლთა ამ ჯგუფიდან გამოიყოფა VI-VII ნაქალაქართან (სოფ. ზემო ლაბკომახი) ნაპოვნი პატარა ფილა ალბანური წარწერით.
ალბანური დამწერლობის აყვავების ხანად V-VII საუკუნეები ითვლება. VII საუკუნის შემდეგ, ალბანური ეკლესია სომხური ეკლესიის კონტროლის ქვეშ მოექცა. სომხურ ეკლესიაში კი ოფიციალური ენა ძველი სომხური ენა - მონოფიზიტური ეკლესიის მიერ დაკანონებული ენა იყო, ალბანური დამწერლობა ხმარებიდან გამოდის. ავარულ და ზოგ სხვა დაღესტნურ ენებში, სომხურიდან შეაღწია ქრისტიანობის ისეთმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ, როგორიცაა «ხანჩ»- «ჯვარი». ზოგი ეტიმოლოგი, ცალკეულ ავარულ ოიკონიმებს - გაჩადა (ხაჩ-ადა), გოჩობ (ხაჩ-ობ) ჩაროდის რაიონში სომხურ ცნებას - «ხაჩ», «ჯვარი», «ეკლესია» უკავშირებს. ეს სახელები იხსნება როგორც «აული ეკლესიით»... ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დაღესტნის ტერიტორიაზე მონოფიზიტური ქრისტიანობის ადრეული შეღწევის (VIII საუკუნემდე, მისი ჩათვლით) შედეგს.
კავკასიის ალბანეთის უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო დარუბანდი, სადაც მდებარეობდა ქვეყნის კათალიკოსის (პატრიარქის) რეზიდენცია, რომელიც შემდეგ პარტავში (ბარდავში?) (552 წ.) გადაიტანეს. ვ. ვ. ბარტოლდი თვლიდა, რომ პატრიარქის კარი აქ 733 წლამდე რჩებოდა. მიუხედავად ირანის ძალაუფლების გაძლიერებისა და დარუბანდის გასასვლელის რაიონში და თვით ქალაქში დიდი სპარსული გარნიზონის ყოფნისა, დარუბანდი ამ პერიოდში კავკასიის დიდ ქრისტიანულ ცენტრად რჩებოდა. ჩვენ არ გაგვაჩნის პირდაპირი მონაცემები ზოროასტრიზმის მიმდევარ სპარსულ ხელისუფლებასთან ქრისტიანი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ იმას, რომ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში, ქალაქში ქრისტიანული ძეგლები იყო, მათ შორის V-VII საუკუნეების უზარმაზარი ქრისტიანული ეკლესია. ეს მოწმობს იმაზე, რომ ქრისტიან სამღვდელოებას ადრეული შუა საუკუნეების დარუბანდის სოციალურ სტრუქტურაში მაღალი ადგილი ეკავა. მ. მ. დიაკონოვის თქმით, სასანიდური ირანის ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქრისტიანები შეადგენდნენ, რელიგიური მეთაური გახლდათ შუამავალი შაჰსა და მის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. ანალოგიურ როლს ასრულებდა დარუბანდის ეკლესიის მეთაურიც, რომელიც შუამავალი იყო სასანიდურ ადმინისტრაციასა და ქალაქის ქრისტიანებს შორის, მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობებისა. ასეთი რჯულშემწყნარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ორივე მხარე დაინტერესებული გახლდათ ჩრდილოელი მომთაბარეებისგან ამიერკავკასიის და ირანის დასავლეთი პროვინციების დაცვით.
II საუკუნის პირველ მეოთხედში, არაბულ ხაზარული ომების შედეგად დარუბანდი ხალიფატის ნაწილი ხდება. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არაბებმა დარუბანდის რეგიონში ფეხი მოიკიდეს, სადაც მმართველი მაჰმადიანი დინასტია გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, დარუბანდი, დაღესტანში ისლამის გავრცელების უდიდეს ცენტრად იქცა.
ხალიფატის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად, 20-ანი წლების დასაწყისიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე შიდა დაღესტანში მრავალი ლაშქრობა ტარდება. დარუბანდის ამირები «ურჯულოთა» ქვეყნების წინააღმდეგ ლაშქრობებს ხშირად მეთაურობენ. დარუბანდის მმართველი, საზღვრისპირა ქალაქის გასამხედროებულ ცხოვრებაში არის უმსხვილესი საერო ფეოდალიც და ქალაქის და ოლქის ყველა მაჰმადიანის მეთაურიც. ხაშიმიდთა ადგილობრივი დინასტიის პირველი ამირა, ხაშიმ ბ. სურაკა, 876 წელს თავს დაესხა სარირს, გაწყვიტა მრავალი ადამიანი, ხელში ჩაიგდო მათი ქონება, ტყვედ წაიყვანა მათი ცოლ-შვილი და გამარჯვებული დაბრუნდა უკან. თავდასხმა მან 878 წელს გაიმეორა.
X საუკუნისათვის, დაღესტანის სამხრეთში ორი მეომარი სამთავრო - დარუბანდის და შირვანის სამთავროები გაჩნდა; ამასთან დაკავშირებით, სარირი მათი «რჯულისთვის მეომარი» მმართველების ხშირი თავდასხმების ობიექტად იქცა.
ქართული ეკლესია და დაღესტანი
ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მაღალმთიანი ზონისათვის, ქრისტიანული კულტურის უახლოეს ცენტრებს წარმოადგენდნენ ქართლი და კახეთი. იქიდან მიდიან მისიონერები, იქიდან მიდის ქრისტიანობის პროპაგანდა უკვე IV საუკუნიდან. საქართველოსთვის ქრისტიანულ-მისიონერული მოღვაწეობის ეს მიმართულება ბუნებრივი იყო, ვინაიდან სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი უკვე ბიზანტიის და სომხეთის გავლენის სფეროში შედიოდნენ. მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად მხოლოდ ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი რჩებოდა, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მაღალმთიან რაიონებს წარმოადგენდნენ. სახელმწიფოს მხარდაჭერით, აქეთკენ წარიმართა ქართული ეკლესიის ექსპანსია.
X საუკუნის შუა ხანებში, მეორე ნახევრის დასაწყისში, სარირის საზოგადოების მმართველი ზედაფენა და მისი გარემოცვა, ისევე როგორც ხუნზახის ზეგანის მოსახლეობის ნაწილი, ქრისტიანია. ურადას სამაროვნის დაკრძალვის წესმა შეინარჩუნა წარმართობის ელემენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის გაქრიასტიანებას ძველხუნზახური საზოგადოების ყოფა დიდად არ შეუცვლია. საუბარი ორრწმენიანობის ჩამოყალიბების შესახებ, შესაძლებელია. ორრწმენიანობისა, რომელშიც ერთმანეთისათვის უცხო სარწმუნოებათა თუ სარწმუნოებრივი კომპრომისი გაირჩევა. წარმართობას აღარ ჰქონდა მომავალი, ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა აწმყო. რაც შეეხება ქრისტიანობის სარირში შეღწევას, მისი ქვედა ქრონოლოგიური თარიღი ზუსტად დადგენილი არაა...
ჩვენი აზრით, ქრისტიანობის შეღწევა სარირში უნდა დაწყებულიყო VI საუკუნეში, აღმოსავლეთ საქართველოში «ასურელ მამათა» მოღვაწეობასთან ერთად. ზოგი მათგანი, აბიბოს ნეკრესელი, დავით გარეჯელი, სტეფანე ხირსელი, ამ პერიოდში სწორედ ჰერეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ.
ჯერ კიდევ V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასალის ეპოქაში, შეიმჩნევა საერისთავოს უშუალო გავლენა ხუნზახზე (ჯუანშერი, ცნობები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაზე; ლეონტი მროველი). იმავე წყაროს ცნობით, წუქეთის მთავრად დანიშნეს აბუხუასრო, რომელიც ასევე იყო «...თუშთა, ხუნზთა და ამ მთების ყველა წარმართთა ერისთავი». ამდენად, აბუხუასროს როგორც მთავარს, წუქეთის გარდა, კავკასიონის დიდი ქედის გადაღმა მდებარე ავარელებით დასახლებული ტერიტორიები ემორჩილებოდა. ...V-VIII საუკუნეებში, წუქეთის საერთავოს გავლენის ქვეშ მყოფ «ხუნზთა» ტერიტორიაზე მისიონერული მოღვაწეობა უნდა გაეშალათ ჰერეთის საეპისკოპოსოებს, მათ შორის «ასურელ მამებსაც».
ხაზს უსვამს რა სარირში ქრისტიანული იდეების შეხვედრას, ვ. ფ. მინორსკი მიმართავს იბნ-რუსტის გადმოცემას სარირის შესახებ: «როდესაც რომელიმე მათგანი გარდაიცვლება, ისინი მას საკაცეზე სდებენ და გააქვთ ღია ადგილზე, სადაც სამი დღით საკაცეზე სტოვებენ. შემდეგ ქალაქის მცხოვრებნი სხდებიან ცხენებზე და იცვავენ ჯაჭვ-ჯავშანს... ისინი შუბებით მიემართებიან მიცვალებულისაკენ, მაგრამ არ გმირავენ მას... მე ვკითხე მათ, თუ რატომ აკეთებენ ისინი ასე, და მათ მიპასუხეს: ჩვენთან იყო კაცი, ის მოკვდა და დამარხეს და სამი დღის შემდეგ მან საფლავიდან იყვირა.... და ეს ჩვეულება მათში უკვე სამასი წელია რაც არსებობს». მინორსკის მოჰყავს ამ თქმულების გარდიზის მიერ გადმოცემული სხვა ვარიანტიც: «სულმა მიმატოვა და თქვენ დამმარხეთ; სანამ საფლავში ვიყავი, ჩემი სული ჩემთან დაბრუნდა». მინორსკი ამაში ქრისტეზე გადმოცემის ანარეკლს ხედავს (ვ. ფ. მინორსკი, X-XI საუკუნეების შირვანისა და დარუბანდის ისტორია, მოსკოვი, 1963).
მინორსკის მოსაზრება გვაფიქრებინებს, რომ ქრისტიანობამ ხუნზახის ზეგანზე შეღწევა დაახლოვებით VI საუკუნეში დაიწყო, რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება როგორც «ასურელ მამათა», ისე საეპისკოპოსოების მოღვაწეობას ჰერეთში. ასე რომ, სარირში ქრისტიანობას შეიძლებოდა სამეფოს არსებობის ადრეულ ხანაში - VI საუკუნესა და VII საუკუნის დასაწყისში შეეღწია...
ხუნძახი, V-VIII საუკუნეებში განიცდის ჰერეთის – დიოფიზიტური, მართლმადიდებელი ქართლის ერთ-ერთი პროვინციის უშუალო გავლენას. VIII საუკუნეში სარირში ქრისტიანობის არსებობაზე ირიბად შეიძლება მიუთითებდეს 738-739 წლების მოვლენები, როდესაც ხაზარების დამარცხების შემდეგ, არაბი სარდალი მერვანი სარირის სიღრმეში შეიჭრა და ის დაიპყრო. ხანგრძლივი და გააფთრებული შეჯახებების შემდეგ, მერვანი სდებს შეთანხმებებს სარირის, ტუმანის, ზირიხგერანის, ხამზინის, ტაბასარანის, ლაკზის, ფილანის მმართველებთან და მათ ყოველწლიური ხარკის გადახდას აკისრებს. ალ-კუფის ცნობით, სარირის მცხოვრებნი იძულებული იყვნენ მიეღოთ გამარჯვებულის მიერ წაყენებული პირობები - ჯიზიას გადახდა ათასი მონის, ათი ათასი დინარის, 500 მუდი პროვიზიის სახით. აღსანიშნავია, რომ მერვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სცვლის, იმათ, ვინც მას იარაღის ძალით წინააღმდეგობა გაუწია არ ამაჰმადიანებს. ის მხოლოდ შეთანხმებებს სდებს, საკუთარი რელიგიური წარმოდგენების შემნარჩუნებელ ხალხებს პირობებს უყენებს.
დაპყრობილ მიწებზე პოლიტიკის გატარებისას, არაბებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაპყრობილი მოსახლეობის რელიგიას, იყვნენ ისინი «წიგნის ხალხები» (იუდევლები, ქრისტიანები, ზოროასტრელები) თუ «კაფირები» (ურჯულოები). ისლამი შემწყნარებელი იყო «წიგნის ხალხის» მიმართ, თუ კი ისინი თავს მაჰმადიანური სახელმწიფოს ქვეშევრდომებად აღიარებდნენ და იხდიდნენ ხარკს - ჯიზიას, რომელიც სხვაგვარად მორწმუნეთა შეწყნარებისა და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთგვარი ანაზღაურება იყო. მერვანმა წარმართ ხაზარებს მაჰმადიანური დამოკიდებულების შესაბამისად, მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა.
არაბთა შემოსევების შემდეგ, დაღესტანში გაჩენილ ისლამის ავანპოსტს - ალ-ბაბს (დარუბანდს) სარირი დიდხანს ებრძვის. დარუბანდის ამირები თავს ესხმიან სარირს, ძარცვავენ და აოხრებენ მას, მოსახლეობა მონობაში მიჰყავთ.
IX საუკუნის შუა ხანებში, ქრისტიანული სარირის შემადგენლობაში შედის კაიტაგი, VIII საუკუნეში არაბული პროვინცია არმინიას ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-ტერიტორიული ერთეული. მრავლისმთქმელია კაიტაგის მმართველი ადზარ-ნარსეს რელიგიური ძიებების გზა. იბნ-რუსტეს ცნობით, ის ერთდროულად მისდევდა სამ რელიგიას: ის პარასკევობით მაჰმადიანებთან ერთად ლოცულობდა, შაბათობით ებრაელებთან ერთად, კვირაობით კი, სალოცავად ეკლესიაში დადიოდა. ამას ის იმით ხსნიდა, რომ სამივე რელიგიის ჭეშმარიტებათა წვდომა სურს, იმის გაგება, თუ რომელი მათგანია უკეთესი. სარირის მმართველები ქრისტიანობაზე შეჩერდნენ. X საუკუნის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ხაზართა გავლენა ძლიერდება, რის შედეგადაც კაიტაგი ხაზარეთის შემადგენლობაში შედის.
X საუკუნის შუა ხანებიდან, ალ-ბაბის და შირვანის ბრძოლაში სარირი «მესამე ძალა» ხდება. ამირა მანსურს, შირვანთან ხანგრძლივი ბრძოლის გარდა, ჩრდილოეთიდან ალანების, სარირელების და რუსების შემოსევების მოგერიება უხდებოდა. ალ ბაბის ხალხმა, აგრესორ რუსებს ნადავლი წაართვა. შემდეგ წელს რუსები და ალანები შურისძიების მიზნით ბრუნდებიან. მანსური სარირის მიმხრობას ცდილობს და მისი მმართველის ქალიშვილზე ქორწინდება. როგორც სჩანს, მან სარირირს ნეიტრალიზაცია შესძლო. 1068 წლისათვის დარუბანდი საბოლოოდ ჰკარგავს «ურჯულოთა» წინააღმდეგ ისლამის ფორპოსტის ხასიათს, იმიტომ, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი მხარეები პერიოდულად დახმარებას სთხოვენ «ურჯულოებს» (სარირს, ხაიდაკს).
IX-X საუკუნეებში, სარირი არის თავისი დროის ძლიერი სახელმწიფოს - ბიზანტიის ირგვლივ შეკრული ქრისტიანულ სახელმწიფოთა კავშირის წევრი. X-XI საუკუნეებში, ქრისტიანული სარირი აღმოსავლეთი კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში გამოყოფას იწყებს. ის აქტიურად ერევა დარუბანდის, შირვანის, გაზიკუმუხის, მეზობელი სასოფლო თემების შინაურ ცხოვრებაში, სდებს შეთანხმებებს სხვა კავკასიურ სამფლობელოებთან და უნათესავდება კავკასიის მრავალ მმართველს. X საუკუნეში იცვლება ძალთა თანაფარდობა სარირსა (ცენტრი ხუნზახში) და აღმოსავლური კავკასიის მაჰმადიანურ საამიროებს - დარუბანდს და შირვანს შორის. თუ ადრე მას თავს ესხმოდნენ მაჰმადიანური დარუბანდი და შირვანი, X საუკუნეში, ქრისტიანული სარირი მეთაურობს ბრძოლას მაჰმადიანური ექსპანსიის წინააღმდეგ, თავის ირგვლივ აერთიანებს მრავალ მიწას და დასახელებულ საამიროებში ლაშქრობებს აწყობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий