სვანეთის ისტორიული-გეოგრაფიის საკითხები, ფაქტობრივად შეუსწავლელია მეტიც, შეიძლება ითქვას, დღემდე არ გამხდარა სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ობიექტი.
გეოგრაფიული კუთხით სვანეთი ბევრად უკეთესადა გამოკვლეული, ვიდრე ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით. სვანეთის შუა საუკუნეების ადმინისტრაციული დაყოფა, ურთიერთმიმართება სვანეთის სამ ნაწილს შორის (ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი და კოდორის (დალის) ხეობა, დღემდე შეუსწავლელია. ბუნდოვანია, რა ადმინისტრაციული „ოლქებისგან“ შედგებოდა ეს კუთხე, რა საზღვრებში მოიაზრებოდა, სად იყო ამ ოლქების ცენტრები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მდიდარი და საინტერესო მასალა გვხვდება წერილობით ძეგლებში, ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ მონაცემებში.
განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა სვანეთის სამთავროს საზღვრების საკითხი მისი რუსეთთან მიერთების შემდეგ. შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა სამთავროს საზღვრები, ამ კომისიაში შედიოდა ბესარიონ ნიჟარაძე, რომელსაც დაწვრილებით აქვს აღწერილი ეს მოგზაურობა სვანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში[2]. სხვადასხვა კუთხით კვლევებს ვხვდებით შ. ჩართოლანის, გ, გასვიანის, რ. ყენიას, ა. სილოგავას შრომებში. თითქმის წყაროს ტოლფასია ე. თაყაიშვილისა და ბ. ნიჟარაძის ნაშრომები.
ჩვენი მიზანი ამ სტატიაში სვანეთის XII–XV საუკუნეების ისტორიული-გეოგრაფიის საკითხების განხილვაა, წერილობითი წყაროების მონაცემების საფუძველზე. კვლევის მომავალ მიზანს კი წარმოადგენს სვანეთის სამივე რეგიონის – ზემო სვანეთი (დღევანდელი მესტიის რაიონი), ქვემო სვანეთი (დღევანდელი ლენტეხის რაიონი) და კოდორის, ანუ დალის ხეობა – ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის შექმნა, თავისი შიდა დარაიონებითა და ისტორიული საზღვრებით.
სვანეთის წერილობითი ძეგლების მონაცემების საფუძველზე საშუალება გვეძლევა მეტ-ნაკლებად მაინც გავარკვიოთ როგორი იყო მითითებული პერიოდის სვანეთის ადმინისტრაციული სურათი.
შუასაუკუნეების სვანეთის, როგორც ერთი მთლიანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის განმსაზღვრელად, სვანეთის წერილობით ძეგლებში, მკაფიო ფორმულირებაა ჩამოყალიბებული: “ერთობილი ხევი სუანეთისა”, “ერთობილი ხევი ლალვერს შემოღმართ და უშგულს ჩამოღმართ”, “სრულიად სუანეთისა ხევი უშგულსა და ლალვერს შუა”, “ერთობილი ხევი უშქულსა და ლალვერს შუა” და ა.შ. ასეთი ფორმულირება გვხვდება XIII საუკუნიდან მოყოლებული, XV საუკუნის ბოლომდე. ამ საზღვრებში იგულისხმება “სრულიად სვანეთი”, ე.წ. ზემო სვანეთი (დღევანდელი მესტიის რაიონი), როგორც სვანეთის ძირითადი პოლიტიკური (და არა ტერიტორიული) ერთეული, ბალსზემო და ბალსქვემო ნაწილებით. ამ ტერიტორიაზე იყო განთავსებული სვანეთის ერთიანი, მმართველი ადმინისტრაციული ერთეული (საერისთავო, შემდგომ ბალსქვემოთ სამთავრო) ადმინისტრაციული (და არა მხოლოდ დასახლების მაჩვენებელი, ვინაიდან აქ შემოდიოდა თუნდაც ცანა-ც) პუნქტია, ხოლო ლალვერი, როგორც საბუთებიდან ჩანს, დასავლეთი საზღვარია. ლალვერის ლოკალიზება რთულია, ვინაიდან ის, საბუთების მონაცემებით და ჩვენ მიერ მოძიებული მასალით, ოთხ ადგილას დავადასტურეთ. ჩანს, ეს სახელწოდება კონკრეტული, ერთი ადგილის კი არა, არამედ პუნქტის ბუნებრივ-გეოგრაფიული ხასიათის აღმნიშვნელია.
ტოპონიმი „ლალვერი“ წყაროებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება: „ლალვერ, ლალავერ, ლარვერ, ლარველ“[3]. თუმცა, მისი ძირითადი ფორმა, ჩანს „ლალვერია“, ვინაიდან ამ სახით ყველაზე ხშირად გვხვდება როგორც დოკუმენტებში, ისე ეთნოგრაფიულ მასალაში.
ტერმინის შინაარსი ნაწილობრივ გაურკვეველია. მთხრობელთა ახსნით, ის რბილმიწიან ადგილს, მდელოს უნდა ნიშნავდეს; „ლაარა – მდელო, სათიბი, ვერ-მიწა“[5]. ამდენად, ის შეიძლება სრულიად სხვადასხვა ადგილს ერქვას და ასეცაა. ჩვენთვის საინტერესო ლალვერი კი, რომლის ლოკალიზებაც, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოვახდინეთ ადგილზე კვლევით, საბუთების მიხედვით სვანეთის უკიდურესი დასავლეთი ადმინისტრაციული პუნქტი უნდა იყოს, ვინაიდან, მითითებულია: “უშგულს ჩამოღმართ და ლალვერს შემოღმართ”, რაც “უშგულს ქვევით და ლალვერს ზევით” ნიშნავს, აგრეთვე “უშგულსა და ლალვერს შუა” სვანეთის ქვეშ, სვანეთის ყველა თემია ჩამოთვლილი, რომელნიც თავისი ძირითადი ეკლესიების “თავსდებობით” არიან წარმოდგენილნი: “მთავარმოწამე სეტისა, მაცხოვარი ლაშხერაშისა, მთავარმოწამე ხიდისა, მთავარანგელოზი კაშაშისა, მთავარმოწამე სუფისა, მთავარანგელოზი ფხოტრელისა, მაცხოვარი ქართუანისა, მთავარანგელოზი ლაბესყალდისა, მთავარანგელოზი მეზრისა, მთავარანგელოზი გულასა, მაცხოვარი ლატალისა, მაცხოვარი მულახისა, მაცხოვარი წურემისა, მთავარმოწამე იფარისა, მაცხოვარი ჰადისა, კვირიკე კალისა, ღვთისმშობელი უშგულისა” [3, 112]. ეს დოკუმენტი მკვლევართა მიერ XV საუკუნის ბოლოთი თარიღდება, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ XV საუკუნის I ნახევარში უნდა იყოს შედგენილი (რის საფუძველსაც ქვემოთ დამოწმებული მეორე დოკუმენტი იძლევა).
“ერთობილი სვანეთის” აღმნიშვნელად, XIII-XV საუკუნეების საბუთებში და ჭედური ხატების წარწერებში, სხვადასხვა ეპითეტებია გამოყენებული: “ერთობილი სუანეთი”, “ერთობილი ხევი”, “სუანეთისა ყოველი ხევი”, “სრულიად ხევი”, “ხევო ბედნიერისა სუანეთისაო”, “დიდისა სუანეთისათვის” [3, 105-107; 1,62,65].
ზემო სვანეთი გეოგრაფიულად ბალის ქედით ორ ნაწილად იყოფა. სწორედ აქედან მომდინარეობს დღეს დამკვიდრებული სახელდებები: “ბალსზემო და ბალსქვემო” სვანეთი. ეს ფორმულირება აშკარად, შედარებით გვიანდელია ვინაიდან ბალის ქედი, როგორც შიდა ადმინისტრაციული საზღვარი, მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს შედგენილ საბუთებში გვხვდება. მანამდე, ანუ “ერთობილი სუანეთის” არსებობის პირობებში, ბალის ქედს, როგორც გამყოფს, მხოლოდ გეოგრაფიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც დოკუმენტებშიც შესაბამისადაა ფორმულირებული: “ზემო ხევი და ქვემო ხევი”, “ამერ-იმერი” [3, 106]. ჩანს, რომ ბუნებრივი დაყოფის პრინციპი ისეთივეა, როგორც ზოგადად საქართველოსთვისაა დამახასიათებელი: ამერ-იმერი, აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო, რაც ცალსახად გეოგრაფიულ პრინციპზეა დაფუძნებული.
ეთნოგრაფიული მასალითაც ანალოგიური სურათი ვლინდება, დღევანდელი ფორმულირება ასეთია: “ლექვაავიშ (ლექვა-დასავლეთისკენ) – დასავლელი ანუ ბალსქვემოელი, ქვემოხეველი” და “ლეჟაავიშ (ლეჟააღმოსავლეთისკენ) – აღმოსავლელი, ანუ ბალსზემოელი, ზედახეველი”. გამოიყენება აგრეთვე “მუჩვააბირ” – “ჩვაბ” დასავლეთი, აქედა – დასავლელი და “მუჟააბირ” – “ჟააბ” აღმოსავლეთი, შესაბამისად აღმოსავლელი (5). სვანეთის “ერთობილი ხევი” ეკლესიურად ორ ნაწილად იყოფოდა, ბალსზემო სვანეთი ცაგერის საეპისკოპოს ეკუთვნოდა, ხოლო ბალსქვემო – ცაიშელს: “თუ ქვემო ხევს გამოაჩნდეს – ცაიშელმან დაიჭიროს რჯული ... ცაგერელმან – ზემოთ დაიჭიროს [3, 111].
წერილობითი წყაროების მონაცემებითა და ეთნოგრაფიული მასალით ჩანს, რომ “ერთობილი სვანეთი” თემების (ხეობების) გაერთიანებას წარმოადგენდა. ყველა საბუთი, რომელიც სვანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, დგება ყველა თემის (ხევის) მონაწილეობით. საბუთებში ჩამოთვლილია შიდა ადმინისტრაციული, ყველა შემადგენელი ნაწილი, რომელთაც სრული უფლება და აგრეთვე მოვალეობაც ჰქონდათ საერთო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებისა. ეს ჩანს, თავდაპირველად ერთიანი სვანეთის სახელით შედგენილი საბუთების თავში მოთავსებული ფორმულირებებიდან: “სუანეთისა ყოველი ხევი”, “სრულიად ხევი”... [3, 105, 107].
ყოველ დოკუმენტში, რომელიც “ერთობილი სვანეთის” სახელით იქმნება, არის ჩამონათვალი იმ თემებისა, რომელნიც მონაწილეობენ ამ დოკუმენტის შედგენასა და, შესაბამისად, დადგენილების განხორციელებაში. საინტერესოა, რომ თემები არ ფიქსირდებიან თავიანთი სახელწოდებით. ისინი წარმოდგენილნი არიან თემის მთავარი სალოცავის სახელით, რაც სრულიად ლოგიკურია არა მხოლოდ შუა საუკუნეების სვანეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ამ პერიოდში საზოგადოების ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრს ეკლესია (თემის მთავარი სალოცავი) წარმოადგენდა. ამდენად გასაგებია, რომ “ერთობილი სვანეთის” სახელით შედგენილ დოკუმენტებში მონაწილე თემები არა თავისი, არამედ თავიანთი მთავარი ეკლესიის სახელით და “თავსდებობით” არიან დაფიქსირებულნი: “მთავარმოწამე სეტისა, დედა ღმრთისა უშგულისა, მაცხოვარი მულახისა, მთავარმოწამე ფხოტრელისა, მაცხოვარი ლატალისა” და ა.შ.[3].
XV საუკუნის ბოლოს, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მძიმე პერიოდია, ანალოგიური პროცესები განვითარდა სვანეთშიც. ერთიანი საქართველოს და სახელმწიფოებრივი მმართველობის მოშლამ, “ერთობილი ხევის” დაყოფა და ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია. 1503 წლით დათარიღებული “ჯაფარიძეების სასისხლო სიგელის” თანახმად, სვანეთს ჩამოერთვა მისი ორგანული ნაწილი, “რაჭის მთიულეთი”, დღეს რაჭის კუთვნილი ტერიტორია; ქვემო სვანეთი დადიანებმა დაიპყრეს. შიგნით მიმდინარე პროცესებმა კი, ზემო სვანეთის ორ ნაწილად – სვანეთის სამთავროდ და ე.წ. “თავისუფალ სვანეთად” დაყოფა განაპირობა. ეს პროცესები ნათლადაა ასახული სვანურ წერილობით ძეგლებში.
XV საუკუნის ბოლოს შედგენილ ორ დოკუმენტში, მანამდე მხოლოდ გეოგრაფიული საზღვარი – ბალის ქედი, უკვე ადმინისტრაციულ გამყოფად ფიქსირდება. ფორმულირება “ერთობილი სუანეთი” ამ დოკუმენტებში, ნაცვლად წინა საუკუნეების ფაქტოლოგიისა, “უშგულსა და ლალვერს შორის”, მხოლოდ ბალსზემო სვანეთს მოიცავს, რაც მოხსენიებულია “ატკვერსა და ბელას შუამან” – ფორმულირებით: “თქუენ, ხევსა ბალსზემოცა და ატკვერსა ქვემოთცა”; “თქუენ ხევსა დაგრჩომოდეს ბალს ზემოთაცა და ატკვერს ქვემოთაცა” [3, 119-120]. ბელას//ბალის ქედი ცნობილია, რაც შეეხება მეორე, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთით უკიდურეს საზღვარს – “ატკვერი”, უშგულიდან ქვემო სვანეთში გადასასვლელი უღელტეხილის სახელწოდებაა. (“ცაანხან ანღრიხ ი იჰაალჰ ატკვერი ზაგართეჟი” - ცანადან მოდიან და უახლოვდებიან ატკვერის ზეგანს) [4, 36; 5.].
ამასთანავე, იცვლება მონაწილე თემების შემადგენლობა. დოკუმენტში, რომელიც XV საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება, ჩამოთვლილი ეკლესიები, მხოლოდ ბალსზემო სვანეთის თემების სალოცავებია: “მაცხოვარი ლატალისა, მაცხოვარი მუჟალვისა, მაცხოვარი წურემისა, მთავარმოწამე გრდაშისა, მაცხოვარი ელისა, მთავარმოწამე იფარისა, წმ. კვირიკე კალისა, დედა ღმრთისა უშგულისა”. საბუთის ბოლოში ცალკეა მოხსენიებული მთავარმოწამე სეტისა [3, 109].
ამ დოკუმენტების მონაცემების მიხედვით ჩანს ის რთული პროცესები, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, სვანეთშიც მიმდინარეობდა. ეს ისეთივე მრავალი ასპექტის მომცველია, როგორც სხვა კუთხეებში განვითარებული მოვლენები. აქ იკვეთება შიდა პრობლემების გარკვეული სპექტრი, რომლის განხილვა ამ სტატიის ფარგლებს სცილდება და ჩვენი მომავალი კვლევის საგანია.
ამრიგად, XII-XV საუკუნეების სვანეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სურათი, წერილობითი დოკუმენტების მიხედვით ასე გამოიყურება: XV საუკუნემდე, ზემო სვანეთი ერთიანი ადმინისტრაციულპოლიტიკური და ერთერთი წამყვანი ერთეულია, რომლის მმართველები საქართველოს სამეფო კარზე მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობენ, მისი საზღვრები მთის რაჭიდან “ლალვერამდე” გრძელდება. გეოგრაფიული თვალსაზრისით დაყოფილია “ბალსზემო და ბალსქვემო” სუანეთად, “იმერ-ამერად”, “ზედა ხევად და ქვედა ხევად”. XV საუკუნიდან, აღნიშნული გეოგრაფიული დაყოფა ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ხასიათს იძენს: ბალსქვემო სვანეთში ყალიბდება “სვანეთის სამთავრო”, ბალსზემო ნაწილი კი, ტრადიციული, “ერთობილი სუანეთის” სახელწოდებით, ცალკე ერთეულის სახით ყალიბდება. ბალსზემო სვანეთის შემადგენლობაში იგულისხმებიან შემდეგი თემები (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ პრინციპით): ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი, მუჟალი, წვირმი, იფარი, ადიში, კალა, უშგული. თვითოეული თემი, სინამდვილეში, ლოკალური ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც სოფლების საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიცავდა, დადგენილი იყო საზღვრები, გააჩნდა თავისი მოქმედი და “თავსდებობით” მოსახსენიებელი ეკლესია, რომლის სახელითაც ის მონაწილეობას ღებულობდა ერთიანი ინტერესების განხორციელებაში.
წყაროები
და ლიტერატურა:
1. მ. ახალაშვილი, X-XV სს. წარწერები სვანეთის ჭედური ხელოვნების ძეგლებზე, თბ., 1987.
2. ბ. ნიჟარაძე, ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე, ტ. II, თბ., 1964.
3. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტ. I, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიეროსაცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ, თბ., 1986.
4. სვანური პროზაული ტექსტები, ტ. I, თბ.,
5. ხ. იოსელიანი, სვანეთის ეთნოგრაფიული დღიური.
Комментариев нет:
Отправить комментарий