1922 წლის დასაწყისისათვის ევროპულ პოლიტიკაში ძირითადი განსახილველი საკითხი იყო საბჭოთა რუსეთთან ანტანტის ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რაც ინგლისურ-ფრანგული მოლაპარაკებების დროს ყოველთვის მწვავე კამათის საგანი ხდებოდა.
ვინაიდან საფრანგეთის მოქალაქეები ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბოლშევიკების მიერ მეფის რუსეთის ვალების გადახდაზე უარის თქმით, ისინი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად აყენებდნენ ბოლშევიკების მიერ ვალების საკითხის უპირობოდ დადებითად გადაწყვეტას და რჩებოდნენ სანიტარული კორდონის პოლიტიკის მომხრეებად. ამ თემასთან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ინგლისის მთავრობის მეთაურს, ლოიდ ჯორჯს, რომელსაც აინტერესებდა რუსეთის ბაზრის დაბრუნება.
საბჭოებთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხი უშუალოდ ეხებოდა კავკასიელებს, რადგან რუსეთის ყოფილი იმპერიის ნავთობის დაახლოებით 90% მაშინ მოიპოვებოდა კავკასიის რეგიონში, გროზნოს და ბაქოს ნავთობსაბადოებში, რომლებიც საბჭოთა რუსეთის სხვა საწარმოებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ 1918-1921 წლებში. ანტანტის ქვეყნებმა, აცნობიერებდნენ რა კავკასიის ეკონომიკურ მომხიბვლელობას, რეგიონის ბუნებრივი რესურსები პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციეს, რითაც კიდევ უფრო გააღვივეს დაპირისპირება დასავლეთის მოკავშირეების ბანაკში.
1922 წელს ევროპაში არ ყოფილა არც ერთი საერთაშორისო თუ სხვა სახის კონფერენცია, არც ერთი უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც ეს საკითხი ღიად თუ ფარულად განსაკუთრებული განხილვის საგნად არ ქცეულიყო.
1922 წლის 6 იანვარს კანის კონფერენციაზე ევროპის რეპარაციების და ეკონომიკური აღორძინების პრობლემასთან ერთად უნდა განხილულიყო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების და რუსული ვალების პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო მომავალ კონფერენციაზე ბოლშევიკების მოწვევის, სანამ ისინი არ დათანხმდებოდნენ წინასწარ წაყენებულ მთელ რიგ პირობებს, საფრანგეთის მთავრობის მეთაური – არისტიად ბრიანი იძულებული გახდა დაეთმო ლოიდ ჯორჯისთვის ამ საკითხში და დათანხმებულიყო მომავალ კონფერენციაში ბოლშევიკების მონაწილეობაზე, რადგან იგი ისწრაფოდა შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ევროპულ საქმეებში და ზოგადად ფრანგულ-ბრიტანული ალიანსი.
აღსანიშნავია, რომ 1922 წლის დასაწყისში, კავკასიამდე მოაღწია ხმებმა, რომ ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანია „როიალ დაჩ შელლ“-ი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოლშევიკებთან, ბაქოს ნავთობის ყიდვასთან დაკავშირებით. ასეთი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ბოლშევიკები მოიპოვებდნენ აღნიშნული კომპანიის მფლობელის – ჰენრი დეტერდინგის მხარდაჭერას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ინგლისურ და ევროპულ პოლიტიკაში. 4 და 5 იანვარს კავკასიელების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ბრიანს და ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრებს განსაკუთრებული ნოტით მიმართეს. ამ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ კავკასიის რესპუბლიკების დევნილ წარმომადგენელთა მიერ 1921 წლის 10 ივნისს ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად, სახელმწიფოების ან კერძო პირების მიერ საოკუპაციო ხელისუფლებასთან დადებული ნებისმიერი გარიგება „ჩაითვლებოდა ყოველგვარ იურიდიულ ძალას მოკლებულად და გამოცხადდებოდა ბათილად“ [3, 5].
გაცილებით უფრო დეტალურად კავკასიის დევნილი მთავრობების პოზიცია დაფიქსირებული იყო 5 იანვრის ნოტაში. ამ დოკუმენტის მთავარი თეზა იყო კავკასიის ჩართვა აღორძინებადი ევროპის ეკონომიკურ სისტემაში.
„მაშინ, როცა დიდი სახელმწიფოები იკრიბებიან, რათა ხელი მოჰკიდონ ევროპის ეკონომიკური აღორძინების პრობლემის მოგვარებას, ჩვენ, კავკასიის ხალხების წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ კავკასიის საკითხი შესაფერის ადგილს დაიკავებს ეკონომიკური აღორძინების სისტემაში...
იმავდროულად, თავისი წიაღის სიმდიდრეებით, ნავთობით, მანგანუმით, სპილენძით, ქვანახშირით და სხვა მინერალებით, თავისი ტყეებით, ბამბის, შალის, აბრეშუმის თამბაქოს და სხვა საქონლის წარმოებით, კავკასია წარმოადგენს ნედლეულის ერთერთ მნიშვნელოვან წყაროს ევროპის მრეწველობისთვის“ [ 3, 5].
დოკუმენტის ბოლოს ავტორები აყენებდნენ ორ ძირითად რეკომენდაციას:
„1) ჩართულ იქნან კავკასიის რესპუბლიკები – სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილო კავკასია, საქართველო – ევროპის ეკონომიკური აღორძინების სისტემაში, როგორც რუსეთისგან აბსოლუტურად გამოყოფილი ერთეული.
2) მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ ევროპის აღორძინებაში კავკასიის რესპუბლიკების მონაწილეობის პირობების და ფორმების შესწავლის პროცესში, ჩვენ ვიქნებით მიწვეული და მოსმენილი, როგორც ამ რესპუბლიკების კანონიერი წარმომადგენლები“ [2, 49].
დოკუმენტის ავტორები იტყობინებოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კავკასია იმყოფება ბოლშევიკების ოკუპაციის ქვეშ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ არ იმუშაოს ოკუპანტებისთვის.
„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ამბოხებები და ომი გაგრძელდება უსასრულოდ და ხელს შეუწყობს მხოლოდ ამ კუთხის განადგურებას“ [3, 7]. ამგვარად, კეთდებოდა საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილ მთავრობას გააჩნდა შესაძლებლობა, მოსახლეობის უკმაყოფილების მეშვეობით წინააღმდეგობა გაეწია კავკასიის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციისათვის.
ქართული ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლობა გენუის კონფერენციაზე ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდა მოეპოვებინა ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა და რაც შეიძლება შეევიწროებინა საბჭოთა რუსეთის მომხრეთა წრე.
როგორც ცნობილია, გენუის კონფერენცია ქართული ემიგრაციისათვის უშედეგოდ დასრულდა. ქართული ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლობა არ დაუშვეს კონფერენციაზე და ამას ლოიდ ჯორჯის ახსნა-განმარტება მოაყოლეს – კონფერენციაზე ევროპის საკითხები იხილება, საქართველო კი აზიას ეკუთვნისო.
გარდა ამისა, საბჭოებმა არათუ აღიარეს მეფის ვალები, არამედ პირიქით, სამოქალაქო ომის დროს ე. წ. „ინტერვენციით“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოტივით, იქით მოთხოვეს დასავლეთის სახელმწიფოებს 30 მილიარდი რუბლი ოქროთი.
მიუხედავად ყველაფრისა, 1922 წლის 25 იანვარს, საქართველოში გამოგზავნილ წერილში ნ. ჟორდანია ერთგვარ ანგარიშს აბარებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს და დადებითად აფასებს გაწეულ მუშაობას. იგი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მიზანი: „ევროპის პოლიტიკური წრეებისათვის საქართველოს მდგომარეობის გაცნობა და მათი თანაგრძნობის მოპოვება – შესრულებულია ჩვენს სასარგებლოდ“. ამ წერილში ჟორდანია თავის თანამებრძოლებს აცნობებს, რომ გენუის კონფერენციაზე საქარველოს დელეგატების დაშვების საკითხი ვერ გადაწყდა დადებითად, რადგან მხარი არ დაუჭირა ინგლისმა, საფრანგეთმა და ბელგიამ კი მხარი დაუჭირეს [1, 3]. ამავე წერილში ჟორდანია წერს, რომ ევროპის ბურჟუაზია საქართველოს საკითხით რომ დაინტერესებულიყო, მას უნდა ჰქონოდა მატერიალური ინტერესი ჩვენი ქვეყნიდან. ევროპა შეურიგდება და იცნობს იმ რეჟიმს რუსეთში და ჩვენშიც, რომელიც მას მისცემს ფაქტიურ საშუალებას ეკონომიკური საქმიანობისა და იქაური სიმდიდრის გამოტანისა (იგულისხმება ნავთი და მარგანეცი) [1, 3]. ჟორდანია მოუწოდებს „ამხანაგებს“ საქართველოში, რომ „პასიური თავის შენახვის ტაქტიკიდან აქტიურ ტაქტიკაზე გადავიდნენ“. იგი საუბრობს ინგლისის ინტერესებზე, რომელსაც ბაქოს ნავთის გატანა საქართველოს გავლით სურდა. ის წერს: „საქართველოს ხალხმა არ უნდა გაატანოს ინგლისელ კაპიტალისტებს არც ნავთი, არც მარგანეცი, სანამ საქართველოს უფლებები არ იქნება აღდგენილი [1, 10]. ფაქტიურად იგი ამ წერილში საქართველოში დარჩენილ თანაპარტიელებს აჯანყებისაკენ და შეიარაღებული დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს.
მეოთხე წერილში ჟორდანია კვლავ ამ თემაზე საუბარს განაგრძობს: „აი, გენუაში (იგულისხმება კონფერენციაზე ი. გ.) ამბავი რომ მოსულიყო, საქართველოში ნავთ-სადენი დაანგრიესო, ამას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ექნებოდა, ვიდრე აჯანყებას“ [1, 11].
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჟორდანია (და არა მარტო ის) ძალიან საღად აფასებდა ევროპაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მან კარგად იცოდა, თუ ევროპა ეკონომიკური თვალსაზრისით არ დაინტერესდებოდა კავკასიის რეგიონით, არანაირ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. თუმცა, საინტერესოა, რამდენად საღად აფასებდა ის საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას? ჰქონდა თუ არა ჩვენი ქვეყნის ანტიბოლშევიკურ ძალებს 1922 წლის იანვარში ბოლშევიკთათვის რეალური წინააღმდეგობის გაწევის ძალა და შესაძლებლობა?
ვისი და რისი იმედი ჰქონდა ჟორდანიას, როცა ის თავის წერილებში დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებდა თანაპარტიელებს. ეს ცალკე განხილვის თემაა, რომელსაც ამ სტატიაში არ შევეხები. ქართული პოლიტიკური ემიგრაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენდა რაპალოში გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულება, რამაც კიდევ უფრო გაააქტიურა ქართული დიპლომატია. როგორც ცნობილია, რაპალოს ხელშეკრულებით გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ორმხრივად უარი თქვეს ძველ ხელშეკრულებაზე და დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ ამბავმა უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ანტანტის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში. პარიზში ეჭვობდნენ, რომ ამგვარად მოსკოვი და ბერლინი ცდილობდნენ გაერღვიათ სანიტარული კორდონი და გაეძლიერებინათ ზეწოლა პოლონეთზე, რუმინეთზე და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე. ფრანგულ პრესაში ანტანტასთან რუსეთის ახალი ომის შესახებ ჭორებიც კი ტრიალებდა.
რაპალოს ხელშეკრულებას ეხებოდა ნ. ჟორდანიაც ერთ-ერთ წერილში, რომელიც გამოგზავნა საქართველოში სოც. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან 1922 წლის 23 ივლისს. წერილში იგი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთმა გაიფუჭა ურთიერთობა საფრანგეთთან, რადგან მან კავშირი დაამყარა გერმანიასთან. ამის შემდეგ საფრანგეთისათვის ერთი რამ გახდა ცხადი: „სანამ რუსეთში ბოლშევიკებია, მანამ მას მოსვენებით ძილი არ შეუძლია, გერმანია-რუსეთის კავშირი საშიშარია რუსეთის ყველა განაპირა სახელმწიფოებისათვის“ [1, 12]. „საფრანგეთი ცდილობს თავის ორბიტაზე შემოიყვანოს ინგლისის პოლიტიკა... საფრანგეთის ორბიტაზეა ჩვენი საქმეც.
ჩვენი ორიენტაცია მხოლოდ აქეთ შეიძლება იყოს, ვინაიდან მხოლოდ ეს ხაზი ეთანხმება ჩვენს ინტერესებს. მარტო ის არის დაინტერესებული ჩვენი თავისუფლებით“ [1, 13].
ამრიგად, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ძალიან რეალურად აფასებდა იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას ევროპაში. ისინი ხვდებოდნენ, რომ რაპალოს ხელშეკრულებამ ერთგვარად „ბედის ჩარხი“ ქართული დიპლომატიური ძალებისაკენ შეაბრუნა, რადგან ამ ხელშკრულების საფუძველზე ისინი უფრო ადვილად დაარწმუნებდნენ ფრანგულ დიპლომატიას, თუ რა საშიშ ძალას წარმოადგენდა გერმანიასთან შეთანხმებული რუსული ბოლშევიზმი.
ამის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეხვედრის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ქართულ-ფრანგულ წრეებს შორის, ქართული დიპლომატია ყველანაირად ცდილობდა მოეგო ფრანგული გავლენიანი წრეების გული და მოეპოვებინა მათი მხარდაჭერა.
ამის ნათელი დადასტურებაა 1922 წლის 10 მაისს პარიზში ევგენი გეგეჭკორისა და რაიმონდ პუანკარეს შეხვედრა, სადაც ქართული მხარის წარმომადგენელმა საფრანგეთის მთავრობის მეთაურს გააცნო ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდნენ საქართველოში, კერძოდ როგორ ემზადებოდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის. საფრანგეთის მთავრობისაგან ჭირდებოდათ მხოლოდ გარანტიები, რომ მათ მიერ „დღეს განდევნილი ბოლშევიკები ხვალ ისევ არ დაბრუნდებიან კავკასიაში კიდევ უფრო დიდი ძალებით და ყველაფერს არ გაანადგურებენ თავის გზაზე. ჩვენ ხელს გვიშლის ის ფაქტიც, რომ ჩვენ შეიძლება ზურგიდან თურქეთი დაგვესხას თავს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლშევიკების შემოჭრის დროს. შეგვიძლია ჩვენ ის გარანტია მაინც მივიღოთ, რომ თურქეთი ნეიტრალიტეტს მაინც შეინარჩუნებს მაშინ, როცა ჩვენ გავილაშქრებთ ბოლშევიკების წინააღმდეგ?“ [2, 32]. პუანკარე შეპირდა, რომ როგორც კი ანტანტა დადებს ხელშეკრულებას თურქეთთან, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთმა თავი შეიკავოს კავკასიის მიმართ აგრესიული ქმედებებისგან.
გეგეჭკორის შეკითხვაზე, თუ რა სახის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ანტანტასა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, პუანკარემ უპასუხა, რომ საფრანგეთი საქართველოს გაუწევს დახმარებას „იარაღით, აღჭურვილობით და ფინანსებით. მაგრამ მე უნდა გულახდილი ვიყო თქვენთან: ჩვენ არ შეგვიძლია დაგეხმაროთ შეიარაღებული ძალებით.
ეს უნდა იცოდეთ და ნუ გექნებათ ამის იმედი... ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის წინააღმდეგ ომს, თუმცა თუ ისინი თვითონ გამოგვიცხადებენ ომს ჩვენ, პოლონეთს ან რუმინეთს, ჩვენ მათ აუცილებლად ვუპასუხებთ“ [5, 92].
ესმოდა რა, რომ იმ დროს ეს იყო მაქსიმუმი, რის იმედიც შეიძელებოდა ჰქონოდა, გეგეჭკორმა უპასუხა: „როგორც ხედავთ, გენუის კონფერენციაზე ძირითად საკითხად იქცა ნავთობის პრობლემა. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, თქვენო უმაღლესობავ, რომ მანამ ჩვენთან შენარჩუნდება ბოლშევიკური რეჟიმი, ვერცერთი სახელმწიფო ვერ მოახერხებს კავკასიის ნავთობის მოპოვებას. გარდა ამისა, ქართველი ხალხი ყოველთვის შეძლებს ჩვენი სიმდიდრეების ექსპლუატაციისათვის ხელის შეშლას, მათი ტრანსპორტირების შეუძლებლად გახდომის გზით. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ როგორც ნავთობის, ისე მისი ტრანსპორტირების საშუალება, ნავთობსადენი, უნდა იყოს იმ სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ, რომელიც ამ მომენტისთვის ეხმარება ქართველ ხალხს. ასეთ სახელმწიფოდ, ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩვენ მივიჩნევთ საფრანგეთს. ... რა თქმა უნდა, ჩვენც არ მოვითხოვთ საფრანგეთის არმიის დახმარებას, მაგრამ ვთვლით რომ უფლება გვაქვს ყველაფერი დანარჩენის მიღების იმედი ვიქონიოთ“ [2, 34].
21 ივნისს ჩხენკელმა პუანკარეს გადასცა მემორანდუმი, რომელშიც საფრანგეთს სთავაზობდა საქართველოსთან პრივილეგირებულ მდგომარეობას, სტრატეგიული ალიანსის დონეზე.
საქართველოს მთავრობა თანახმა იყო პრივილეგირებული მდგომარეობა მიენიჭებინა საფრანგეთისათვის პორტების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში. ამის გათვალისწინებით ჩხენკელი აღნიშნავდა: „რაც შეეხება ბაქოს ნავთობს, უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი გზა მისი გატანისა ევროპაში გადის საქართველოზე. ამ გზის ფლობის შემთხვევაში კი საფრანგეთი მოიპოვებს რეალურ იარაღს ამ მნიშვნელოვანი რესურსის მსოფლიო განაწილების პროცესში“ [5, 69].
27 ივნისს ჩხენკელი ვიზიტით ეწვია პერეტტი-დე ლა როკკას, რომელიც იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური და კომერციული საქმეების დეპარტამენტის დირექტორი. ჩხენკელმა საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ საფრანგეთს ნებისმიერი ფორმით აეყვანა თავის დაცვის ქვეშ საქართველო (პროტექტორატი, მანდატი, ალიანსი და სხვა). კერძოდ, ჩხენკელი აღნიშნავდა, რომ რადგან საქართველო წარმოადგენდა კავკასიის კონფედერაციის შექმნის ე. წ. წყაროს და კერას, ის რთავს კავკასიის სხვა რესპუბლიკებსაც საფრანგეთის გავლენის სფეროში და რითაც საქართველო ხდება მყარი დასაყრდენი საფრანგეთის მშვიდობიანი ექსპანსიისათვის ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში [5, 68-69].
ფრანგები დაინტერესებული იყვნენ იმ ვითარებით, რომელიც მაშინ კავკასიაში მწიფდებოდა, თუმცა ქართველებისთვის კონკრეტული დახმარების გაწევას ისინი უკავშირებდნენ ასევე ახლო აღმოსავლეთში ზოგად მდგომარეობას. პირველ რიგში ეს უკავშირდებოდა ქემალისტებთან შეთანხმების მიღწევას, რომელიც დაეფუძნებოდა კრემლისგან ანკარის ჩამოშორებას და დასავლურ სახელმწიფოებთან დაახლოებას. ამის შემდეგ მოვლენები კავკასიელებისთვის არასასურველად წარიმართა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელმაც ხელი შეუშალა საფრანგეთს დაეჭირა უფრო აქტიური პოზიცია კავკასიის საკითხში, იყო ქემალისტების დამოკიდებულება, რომელთა ჩამოშორებაც მოსკოვთან კავშირისგან ვერ მოხერხდა (მიუხედავად პარიზის მცდელობებისა).
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1922 წელს ევროპაში არ ყოფილა არცერთი საერთაშორისო თუ სხვა სახის კონფერენცია, არცერთი უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხი ღიად თუ ფარულად განსაკუთრებული განხილვის საგნად არ ქცეულიყო. მართალია, კანისა და გენუის კონფერენციებზე ემიგრანტულ მთავრობას ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყოლია გაგზავნილი, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკითხი ორივე კონფერენციაზე სერიოზული განხილვისა და მსჯელობის საგანი გახდა.
ქართული პოლიტიკური წრეების აქტიური წარმომადგენლები – აკაკი ჩხენკელი და ევგენი გეგეჭკორი უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავდნენ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ჯერ არისტიდ ბრიანთან და შემდეგ რაიმონდ პუანკარესთან. შეხვედრების ძირითადი თემა იყო კავკასიის გათავისუფლების გზების ძიება ბოლშევიკური ძალებისაგან. დევნილი მთავრობის წარმომადგენლები მთელ იმედებს საფრანგეთზე ამყარებდნენ, რომელსაც შეეძლო მატერიალურად დახმარებოდა აჯანყების მოწყობაში ქართულ ძალებს და ასევე გაემართა მოლაპარაკება ქემალისტებთან და მიეღწია მათი ნეიტრალიტეტისათვის საქართველოს მიმართ. სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა თანახმა იყო პრივილეგირებული მდგომარეობა მიენიჭებინა საფრანგეთისათვის პორტების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში.
სამწუხაროდ, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. მისი მთავარი მოკავშირე – საფრანგეთი გადამწყვეტ მომენტში ვერ აღმოჩნდა მისი საიმედო ძალა. პუანკარეს მთავრობამ ვერ უზრუნველყო ქართველებისათვის მიცემული პირობის შესრულება და ვერ მიაღწია თურქული მთავრობის კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას ქართული ძალების მიმართ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საქართველოში შეიარაღებული აჯანყების წარმატებით განხორციელებისათვის.
დამოწმებული
წყაროები
და
ლიტერატურა:
1. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2113, ანაწ.1, საქ. №31.
2. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2113, ანაწ.1, საქ. №35.
3. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2130, ანაწ. 1, საქ. №29.
4. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2130, ანაწ.1, საქ. №25.
5.
Георгий Мамулиа, Борьба за Свободу и независимость Кавказа (1921-1945), Тбилиси-Париж, 2012
Комментариев нет:
Отправить комментарий