суббота, 13 октября 2018 г.

მიქელ პანარეტოსი ( XIV ს) „ტრაპიზონის ქრონიკა“ (ტრაპიზონის იმპერიის ისტორია)

შესავალი
მიქელ პანარეტოსის ვინაობისა და ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც მისი ნაშრომიდან ჩანს, იგი ტრაპიზონის მკვიდრი უნდა ყოფილიყო და XIV ს-ის მეორე ნახევარში ეცხოვრა. „ქრონიკაში“ 1204-1426 წლების ამბებია აღწერილი, მაგრამ მიქელის დაწერილი 1386 წლამდე ამბები უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი სხვისი გაგრძელებული ჩანს.
„ტრაპიზონის ქრონიკა“ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ითვლება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოს მეზობლად, XIII ს-ის დასაწყისში ჩამოყალიბებული სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის შესასწავლად. ამ ქრონიკის მნიშვნელობა ისე დიდია, რომ უმისოდ შეუძლებელია ამ ქვეყნის ისტორიის შესახებ ასე თუ ისე საფუძვლიანი და თანმიმდევრული მსჯელობა.
ქრონიკის ტექსტი ერთადერთი ხელნაწერით არის შემორჩენილი. იგი გადაწერილია 1608 წელს და დაცულია ვენეციის წმ. მარკოზის მონასტრის ბიბლიოთეკაში, სადაც იგი XIX ს-ის დასაწყისში კარდინალ ბესარიონის (წარმოშობით ტრაპიზონიდან) წიგნებში აღმოჩინა ტრაპიზონის ისტორიის პირველმა გამოჩენილმა მკვლევარმა ი.ფ. ფალმერაიერმა. მის შემდეგ შრომა გამოსცეს ტაფელმა, თვით ფალმერაიერმა და სპირიდონ ლამბროსმა. უკანასკნელი ყველაზე სრულყოფილ გამოცემას წარმოადგენს, საიდანაც გამოკვლევებით ქართული თარგმანი მოამზადა ალექსანდრე გამყრელიძემ (გამოიცა 1960 წ.). ეს ნაშრომი გადაამუშავა და ხელახლა მცირე შესწორებებით გამოსცა სვიმონ ყაუხჩიშვილმა (გამოიცა 1967 წ.). ჩვენს მიერ აღებულ იქნა ორივე გამოცემა და და მას დავუმატეთ რამდენიმე შენიშვნა თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.
ამბავი ტრაპიზონის ბასილევსების1 დიდი კომნინოსებისა2, თითოეულმა როგორ, როდის და რამდენ ხანს იმეფა
დიდი კომნინოსის ბატონი3 ალექსის4 მეფობა5
1. მოვიდა დიდი კომნინოსი ბატონი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინეპოლიდან6, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან7 მისი მამიდის, თამარის, გულმოდგინებითა და ღვაწლით, და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი აპრილში, მეშვიდე ინდიქტიონს, 6712 (1204) წელს8. იმეფა 18 წელიწადს, გარდაიცვალა ორმოცი წლისა 6730 (1222) წელს, 1 თებერვალს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის კვირას9.
დიდი კომნინოსის ბატონი ანდრონიკეს მეფობა
2. 6730 (1222) წელს გამეფდა მისი ასულის მეუღლე ბატონი ანდრონიკე გიდოს-კომნინოსი10. ხოლო 6731 (1223) წელს, გიდონის მეფობის მეორე წელს, მოვიდა მალიქ სულთანი11, დაესხა თავს ტრაპიზონს და ყველაფერი მოაოხრა. გიდოსმა კი იმეფა 13 წელიწადს და გარდაიცვალა 6743 (1235) წელს.
იოანე აქსუხოსის მეფობა12
გიდოსმა სამეფო დაუტოვა თავის ცოლისძმას, დიდი ალექსის პირმშო ძეს, ბატონ იოანე კომნინოს-აქსუხოსს13, რომელმაც იმეფა ექვს14 წელიწადს და გარდაიცვალა 6746 (1238) წელს. ამბობენ, ცხენბურთის მოედანზე თამაშის დროს ცხენიდან გადმოვარდა, დაიმტვრა და მოკვდაო.
დიდი კომნინოსის მანუილის მეფობა
3. ხოლო იოანიკოსი ბერად აღიკვეცა და მეფობა იმავე 6746 (1238) წელს ერგო მის მეორე ძმას, ბატონ მანუილს16, დიდ კომნინოსს, ყველაზე სახელოვანსა და უბედნიერეს სარდალს. მისი მეფობის მეხუთე წელს, 6751 (1243) წელს, მეთხუთმეტე იდიქტიონს, იანვარში, დიდი ხანძარი გაჩნდა. იმეფა კი კეთილად და ღვთის საამებლად 25 წელიწადს. გარდაიცვალა 6771 (1263) წლის მარტში.
დიდი კომნინოსის ანდრონიკეს მეფობა
4. იმეფა სამ წელიწადს ამისივე (ე.ი. მანუილის) მოწვევითა და არჩევით17, დედოფალ ქალბატონ ანა ქსილალოესთან ნაყოლმა მისმა ძემ ბატონმა ანდრონიკე კომნინოსმა, და გარდაიცვალა 6774 (1266) წელს. და იმეფა თორმეტ წელიწადს ბატონ მანუილის ძემ, ქალბატონ ირინე სირიკენესთან ნაყოლმა, ბატონმა გიორგი კომნინოსმა18, რომელსაც ვერაგულად უღალატეს თავადებმა ტავრეზიონის მთაში19 და ტყვედ ჩავარდა ივნისში.
დიდი კომნინოსის იოანეს მეფობა
5. იმავე წელს სკიპტრა ერგო მის მეორე ძმას ბატონ იოანეს20, დიდ კომნინოსს. ერთი წლის შემდეგ მოხდა პაპადოპულოსის აჯანყება20. მაგრამ [იოანემ] თავი გაითავისუფლა, ჩავიდა კონსტანტინეპოლს, შეირთო ბასილევსის, ბატონ მიხეილ პალელოგოსის21 ასული, ბასილევსის ბატონ ანდრონიკე პალელოგოსის22 და, ქალბატონი ევდოკია ძოწითშობილი კომნინოს-პალელოგოსი. უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი კომნინოსის იოანეს და პალელოგოსის ასულის შეუღლება ჯერ კიდევ ბასილევს ბატონ მიხეილის დროს მოხდა; ხოლო როდესაც 10 დეკემბერს პალელოგოსი გარდაიცვალა, მის მემკვიდრედ დარჩა მისი ძე ბატონი ანდრონიკე, რომელმაც შეარცხვინა მამამისი თავისი ლათინთმომხრეობით.
შემდეგ, 6790 (1282) წლის აპრილში, მოვიდა იბერიის მეფე დავითი23, შემოერტყა ტრაპიზონს, მაგრამ ხელცარიელი გაბრუნდა უკან.
ხოლო 6791 (1283) წელს, აპრილის ოცდახუთს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, კონსტანტინეპოლიდან ტრაპიზონს ჩამოვიდა დიდი კომნინოსი ბატონი იოანე პალელოგოსის ასულით, რომელიც ფეხმძიმედ იყო და 6792 (1284) წელს იშვა დიდი კომნინოსი ბატონი ალექსი. მერე მოხდა კომნინოსზე, ბატონ გიორგიზე24, ანაზდეული თავდასხმა და შეიპყრეს იგი, რომელსაც მოხეტიალესაც ეძახოდნენ; ამის შემდეგ კი [მოხდა] ტახტიდან ჩამოგდება და მოულოდნელი გაქცევა ქალბატონ თეოდორა კომნინოსისა25, დიდი კომნინოსის ბატონ მანუილის პირველი ასულისა, რომელიც იბერიიდან მოყვანილი რუსუდანთან25 ეყოლა. და კვლავ დაჯდა ტახტზე კალოიოანე26 კომნინოსი, იმეფა სულ თვრამეტ წელიწადს, გარდაიცვალა ლიმნიას27, 16 აგვისტოს, პარასკევ დღეს, მეთხუთმეტე იდიქტიონს, 6805 (1297) წელს. ხოლო ამის მეფობაში დაიპყრეს თურქებმა ხალიბია28, და მოახდინეს ისეთი თავდასხმა, რომ მთელი მხარე გაპარტახდა. შემდეგ ნეშტი უვნებლად გადმოასვენეს ტრაპიზონს და დაკრძალეს ქრისოკეფალოსის ტაძარში29.
დიდი კომნინოსის ალექსის მეფობა
6. გამეფდა მისი ძე, ბატონი ალექსი30, დიდი კომნინოსი და ცოლად მოიყვანა ბექას31 ასული იბერიიდან. პალელოგოსის ქვრივი ასული წავიდა კონსტანტინეპოლს 6806 (1298) წლის 13 ივნისს, მეთერთმეტე ინდიქტიონს და კვლავ უკან დაბრუნდა ქვრივი 6809 (1301) წელს, მარტში მეთოთხმეტე ინდიქტიონს.
ბასილევსმა ბატონმა ალექსიმ გაილაშქრა თურქებზე, შევიდა კერასუნტში32, შეიპყრო კუსტუგანი33 6810 (1301) წლის სექტემბერში და მაშინ დაიხოცა მრავალი თურქი. ამავე წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს გარდაიცვალა დედოფალი ქალბატონი ევდოკია პალელოგოსის ასული.
6811 (1303) წლის 30 ნოემბერს, კვირა დღეს ციხეში გაჩნდა დიდი ხანძარი. მომდევნო წელს ივნისში, ხანძრით გაანადგურეს ლათინებმა 34 საზღვაო არეალში35, როდესაც დიდი ბრძოლა მოხდა.
6822 (1313) წლის 2 ოქტომბერს ბაირამ-ბეიმ36 გაძარცვა საქონლის სადგომები37.
ორშაბათს, ... სექტემბერს, 6827 (1318) წელს, სინოპელებმა38 გააჩინეს დიდი ხანძარი და ცეცხლმა გაანათა ქალაქის მთელი შენობები შიგნით და გარეთ.
7. დიდი კომნინოსი, ბატონი ალექსი გარდაიცვალა 3 მაისს, ხუთშაბათს, მეცამეტე ინდიქტიონს, 6838 (1330) წელს; იმეფა 33 წელიწადს 3 თვით ნაკლებ.
დიდი კომნინოსის ბატონი ანდრონიკეს მეფობა
8. გამეფდა მისი ძე, დიდი კომნინოსი ბატონი ანდრონიკე39 და დახოცა თავისი ღვიძლი ორი ძმა: ბატონი მიხელ-აზახუტლუ და ბატონი გიორგი-აღბუღა. ხოლო ბატონმა ანდრონიკემ იმეფა წელიწადსა და 8 თვეს და გარდაიცვალა 8 იანვარს, ოთხშაბათს, მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6840 (1332) წელს.
9. გადაეცა მეფობა მის ძეს, რვა წლის ბატონ მანუილს40 და იმეფა მან 8 თვეს. ხოლო მის მეფობაში მოვიდა ბაირამ-ბეი დიდი ჯარით თვით ასომატოსამდე41. მრავალი თურქი გაწყდა და ჯარი გაიქცა42. მაშინ ბევრი თურქული ცხენი იალაფეს, 30 აგვისტოს, კვირას, 6840 (1332) წელს.
22 სექტემბერს, ორშაბათს, პირველ ინდიქტიონს, 6841 (1332) წელს კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდა დიდი კომნინოსი ბატონი ბასილი43, დიდი კომნინოსის ბატონი ალექსის ძე, ბატონი ანდრონიკეს მომდევნო ძმა, და დაიპყრო მეფობა. მაშინ მან დიდი დუქსი44 ლეკის ჭაჭინჭეოსი და მისი ძე, დიდი დომესტიკოსი45 ჯაბა სიცოცხლეს გამოასალმა. თავისი ძმისწული46 ბატონი მანუილი გააძევა, ხოლო დიდი დუქსის მეუღლე სირიკენა ჩააქოლვინა. 13 თებერვალს, მართლმადიდებლობის კვირას, იმავე 6841 (1333) წელს, პირველ ინდიქტიონს, ამბოხებულმა საჭურისმა დიდმა დუქსმა იოანემ მახვილით მოკლა ბატონი მანუილი.
12 სექტემბერს, სამშაბათს, მეოთხე ინდიქტიონს, 6844 (1335) წელს ჩამოვიდა დედოფალი ქალბატონი ირინე პალელოგოსი, ბატონი ანდრონიკე პალელოგოსის ასული, და იმავე თვის ჩვიდმეტს, კვირას იკურთხა მეფედ ბატონი ბასილი.
5 ივლისს, პარასკევს, 6844 (1336) წელს მოვიდა ტრაპიზონს შეიხ-ჰასანი47, ტამარტას ძე48 და მოხდა ბრძოლა წმინდა კვირიკეს ახანტაკასა და მინთრიონთან49. მაგრამ ღვთის წყალობით თავდასხმა უკუგდებულ იქმნა და [მტერი] აოტეს. მაშინ მოიკლა იბრაიმ50 რუსტემ ბეის ძე.
2 მარტს, წმინდა ორმოცდაათდღიანი დიდმარხვის მეორე დღეს, 4 საათიდან 7 საათამდე მოხდა მზის დაბნელება. 6845 (1337) წელს აუჯანყდა მეფეს ხალხი იმდენად, რომ ციხის გარეთ51 შეიკრიბა და ქვების სროლა დაუწყო მას.
5 ოქტომბერს, მეშვიდე ინდიქტიონს, 6847 (1338) წელს დაიბადა ბატონი იონე კომნინოსი ალექსით წოდებული, ბატონი ბასილის მეორე ძე. იკურთხა გვირგვინი ბასილევსმა ბასილმა ტრაპიზონელ დედოფალ52 ქალბატონ ირინეზე53 8 ივლისს, 6847 (1339) წელს. გარდაიცვალა ბატონი ბასილი, დიდი კომნინოსი, 6 აპრილს, ხუთშაბათს, მერვე ინდიქტიონს, 6848 (1340) წელს. იმეფა 7 წელიწადსა და 6 თვეს.
10. ხოლო მისი შვილები ბატონი ალექსი-კალო-იოანე დედითურთ გაიგზავნა კონსტანტინეპოლს, მეფობა კი დაიპყრო დაქვრივებულმა ქალბატონმა ირინე პალელოგოსმა. მაშინვე აჯანყდნენ თავადები54 და წარმოიშვა ორი პარტია55. ბატონმა სევასტი ჭანიხიტისმა56 დიდმა სტრატოპედარხისმა57, სქოლარისებითა და მიზომატისებითურთ58 და ბატონმა კონსტანტინე დორანიტისმა, კავასიტისებმა, კამახინოსმა59 და ხალხის სამეფო ალაგიონის60 ნაწილმა წმინდა ევგენი ჩაიგდეს ხელთ; ხოლო ამიძანტარანტისები და ნაწილი თავადებისა და სამეფო ალაგიონისა დედოფლითურთ ციხე-დარბაზს დაეპატრონენ.
2 ივლისს, კვირას, 6848 (1340) წელს, ლიმნიიდან დიდძალი ლაშქრით მოვიდა დიდი დუქსი იოანე საჭურისი. მოხდა ბრძოლა, მონასტრის წინააღმდეგ მანქანებიც მოათრიეს. დაიწვა მონასტერი და მთელი ნაგებობებიც გადაიწვა. ჭანიხიტისი და სხვა თავადები ლიმნიაში გაგზავნეს ტყვედ და იქ გამოესალმნენ სიცოცხლეს. იმავე წლის იმავე თვეს გაილაშქრა ჩვენმა ჯარმა პარხალს62; დაარბიეს ამიდელები63 და ბევრი ალაფი აიღეს. მაშინ დაიხოცნენ დოლინოსის ძენი64.
5 ივლისს, პარასკევს, მეცხრამეტე ინდიქტიონს 6849 (1341) წელს გარდაიცვალა ბიზანტიის ბასილევსი ბატონი ანდრონიკე პალელოგოსი65. იმავე თვეს და იმავე დღეს დახოცეს თავადები ლიმნიაში. კვლავ იმავე წელს 4 ივლისს, ოთხშაბათს მივიდნენ ამიდელი თურქები. რომაელები66 უომრად გამოიქცნენ და დაიხოცა ბევრი ქრისტიანი, დაიწვა მთელი ტრაპიზონი შიგნით და გარეთ; დაიწვა ბევრი ხალხი – ქალები და ბავშვები. ამ უბედურების დატეხის შემდგომ, დამწვარი პირურტყვებისა და ადამიანების ავი სუნისგან შავი ჭირი გაჩნდა, მაგრამ ამაზე ადრე (ე.ი. არაუგვიანეს ივნისის თვისა) დიდი კომნინოსის ბატონი ალექსის ასულმა, ქალბატონმა ანამ, სახელდებულმა ანახუტლუდ67, სამონაზვნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიაში (ჭანეთში) და იქ გამაგრდა. ხანძრისა და თავდასხმის შემდეგ ანახუტლუ მოვიდა ლაზური ჯარით და დაიპყრო მეფობა იმავე წლის 17 ივლისს, სამშაბათს. პალელოგოსის ასული კი გადადგა ტახტიდან – იმეფა სულ ერთი წელიწადი და 3 თვე.
11. იმავე წლის იმავე თვის – ივლისის 30-ს, ორშაბათს, მოვიდა დიდი ქალაქიდან68 ალექსის ძმა ბატონი მიხეილ კომნინოსი 3 კატარღით და თან ახლდა სქოლარისი ბატონი ნიკიტა და ბატონი გრიგოლ მიზომატისი. საღამოს ჩავიდნენ თავადები ფიცით და მიტროპოლიტი ბატონი აკაკიოსი სახარებით და მიიღეს იგი როგორც თვითმპყრობელი. დილით კი, არ ვიცით როგორ, ხალხმა იგი შეიპყრო, ხოლო კატარღები გაძარცვეს ლაზებმა და ბევრი დახოცეს69 ისრებით. 3 აგვისტოს, პარასკევს, იმავე 6849 (1341) წელს კვლავ მოვიდნენ ამიდელი თურქები, მაგრამ, ღვთის წყალობით, ვერ გვძლიეს ჩვენ, არამედ სირცხვილეულნი, ცარიელნი წავიდნენ. იმავე თვის 7-ს, იმავე წელს გაიგზავნა დატყვევებული ბატონი მიხეილ კომნინოსი ინეონს70, შემდეგ კი ლიმნიას. იმავე თვის 10-ს, იმავე წელს, ქალბატონი ირინე პალელოგოსი ფრანგული კატარღით კონსტანტინეპოლს გაიგზავნა.
12. 10 სექტემბერს გაიქცნენ სქოლარისი ბატონი ნიკიტა და მიზომატისი ბატონი გრიგოლი, დორანიტისი ბატონი კონსტანტინე და ძე [მისი] იოანე და ძმა მიზომატისისა – მიქელი და სხვანი იმ პარტიისა და ვენეციელთა კატარღით მივიდნენ კონსტანტინეპოლს. მათ მოიცადეს იქ 17 აგვისტომდე და მერე წამოვიდნენ ბატონ იოანე კომნინოსთან, ბატონ მიხეილის ძესთან, ერთად; ორი კატარღა თავისი ჰყავდათ, სამი კი გენუელებისა და დაიპყრეს ტრაპიზონი 4 სექტემბერს, ოთხშაბათს, 6851 (1342) წელს, და იმავე თვის სექტემბრის 9-ს ქრისოკეფალოსის ტაძრის ამბიონში გვირგვინი დაიდგა. მის ჩამოსვლაზე მთელი ქვეყანა შეიკრიბა და მოხდა სასტიკი დევნანი და ბევრი ძარცვა-გლეჯა. მაშინ დახოცეს აგრეთვე თავადები ამიძანტარიოსები, გიორგის დედა სარგალე დაახრჩობინეს71 და მასთან ერთად დაახრჩობინეს ანა-ხუტლუც, რომელმაც იმეფა ერთ წელიწადს, ერთ თვეს და 8 დღეს.
13. ივნისში, 6851 (1343) წელს მოვიდნენ ამიდელები საომრად და გაბრუნდნენ ხელცარიელნი. მას შემდეგ, რაც ბატონი მიხეილის მცველი, დიდი დუქსი საჭურისი ლიმნიას მოკლეს მარტში, ჩავიდა დიდი დუქსი სქოლარისი, წამოიყვანა ბატონი მიხეილი, მოვიდა და გაამეფა 3 მაისს, ორშაბათს, 6852 (1344) წელს; ხოლო გვირგვინი დაიდგა იმავე თვის 21-ს. თავისი ვაჟიშვილი კი ჩამოაგდო და ჩასვა წმინდა საბას გამოქვაბულში72. ბატონმა იოანემ იმეფა ერთი წელი და რვა თვე. მას შემდეგ რაც უწარჩინებულესი თავსები სიცოცხლეს გამოესალმნენ, სქოლარისს, ბატონ ნიკიტას მიანიჭეს დიდი დუქსის პატივი73, გრიგოლ მიზომატისს – დიდი სტრატოპედარხისა, ლეონ კავაზიტისს – დიდი დომესტიკოსისა, კონსტანტინე დორანიტისს – პროტოვესტიაროსისა74, მის ვაჟიშვილს – ეპიკერნისისა75, იოანე კავაზიტისს – დიდი ლოგარიასტისისა76, სქოლარისის ვაჟიშვილს – პარაკიმომენოსისა77, მიქელ მიზომატისს – ამირჩანტარიოსისა78, სტეფანე ჭანიხიტისს – დიდი კოტოსტავლოსისა79.
ნოემბერში 6854 (1345) წელს, იმპეარატორმა ბატონმა მიხეილმა შეაპყრობინა დიდი დუქსი სქოლარისი, დიდი დომესტიკოსი მიზომატისი და სხვანი მათგან (მათი მომხრეებიდან). მაშინ გაიგზავნა ბატონი იოანე კომნინოსიც კონსტანტინეპოლს. 6855 (1346) წელს აღებულ იქნა წმინდა ანდრია80 და ინეონი.
15. სექტემბერში, 6856 (1347) წელს, პირველ ინდიქტიონს, გაჩნდა უეცრად მომაკვდინებელი სენი – ჭირი; ისე რომ, დაიღუპა ბევრი შვილი და ცოლ-ქმარი, ძმები, დედები და ნათესავები და მძინვარებდა [სენი] შვიდ თვემდე.
იმავე 6856 (1348) წელს, იანვარშია იანუელებმა81 კერასუნტი აიღეს, წარტყვევნეს და გადაწვეს. ამავე წლის 29 ივნისს, 1 ინდიქტიონს, მოვიდა ტრაპიზონს ბევრი თურქი. წინამძღოლობდნენ მათ ეზინკელი82 ახი აინა-ბეი84 და ბაიბურთელი83 მაჰმად ეიკეპტარისი და ამიდელთაგან თურალი-ბელი პოსდოგანისი84 და მათთან ერთად ჭაპნიდები85. იბრძოლეს 3 დღეს და გაიქცნენ სირცხვილეულნი და დამარცხებულნი და გზაში მრავალი თურქი დაიღუპა.
5 მაისს, სამშაბათს, 6857 (1348) წელს, მოვიდა კაფადან86 2 ფრანგული კატარღა. ჩვენიდან, დაფნუსიდან87, გავიდა ერთი დიდი კატარღა და სხვა პატარა და აგრეთვე ნავები საკმაოდ. მოხდა დიდი ბრძოლა და ღვთის შემწეობით იძლივნენ ფრანგები. დაიხოცნენ დიდი დუქსი იოანე კავაზიტისი, ბატონი მიქელ ჭანიხიტისი და სხვანი მრავალნი. კატარღის ცეცხლი წაეკიდა, ხმელეთზე მყოფი ფრანგები88 გაძარცვეს და დაატუსაღეს. კატარღები წავიდნენ.
15 ივნისს, 6857 (1349) წელს, კვლავ მოვიდა კაფადან 3 კატარღა და ერთი კი ამინსოდან89. და ებრი მოლაპარაკებისა, შფოთისა და დავის შემდგომ ჩამოვარდა ზავი გადაეცა მათ (ე.ი. ფრანგებს) ლეონტოკასტრონი90. მაშინ ბასილევსი ბატონი მიხეილი ავად ბრძანდებოდა. სქოლარისი ბატონი ნიკიტა მოვიდა კეხრინადან, გახდა დიდი დუქსი, ცოლად კი შეიერთო სამსონის ასული. ბატონმა მიხეილმა იმეფა 5 წელიწადსა და 7 თვენახევარს91.
16. 13 დეკემბერს, კვირას, 6858 (1349) წელს, ბატონი მიხეილ კომნინოსი ტახტიდან ჩამოაგდეს. იმავე თვის 22-ს, სამშაბათს, ჩამოვიდა ტრაპიზონს და დაიპყრო მეფობა ბატონი ბასილი კომნინოსის მეორე შვილმა, ბატონმა იოანემ, რომელსაც პაპის მიხედვით ბატონი ალექსიც ერქვა92, თან [მოჰყვა] დედოფალი და მისი დედა ქალბატონი ირინე, დიდი კომნინოსი. გვირგვინი დაიდგა წმინდა ევგენის ტაძარში 21 იანვარს, წმინდა სადღესასწაულო დღეს. ბატონი მიხეილი კი ჩასვა წმინდა საბას გამოქვაბულში93 და მონაზღვანდ აღკვეცა. ერთი წლის შემდეგ გაიგზავნა კონსტანტინეპოლს ტატა94 ბატონ მიქელ სამსონითურთ, რადგან მოხდა ბასილევსთან დამოყვრება.
იმავე 6858 (1350) წელს, მოხდა შფოთი და განხეთქილება თავადებს შორის. ივნისში შეიპყრეს დიდი სტრატოპედარხისი ბატონი თედორე დორანიტისი, რომელსაც პილელისს ეძახოდნენ, მისი ძმა პროტოვესტიარიოსი კონსტანტინე დორანიტისი და მტელი მისი ოჯახი და ყველანი დაატუსაღეს თავადთა სასახლეებში, ხოლო თვის 7-ს კვლავ მოიწვიეს.
იანვარში, 6859 (1351) წელს შეიპყრეს პროტოვესტიაროსად გამხდარი ლეონ კავაზიტისი და დაინიშნა პროტოვესტიაროსად პილელისი. მაშინ ტატა მიქელ სამსონი კატარღით ჩავიდა კონსტანტინეპოლს, რათა მოყვრობის [საქმე] გაერიგებინა, დედოფალი წამოეყვანა და წამოსულიყო. იმავე წლის მაისში, ხუთშაბათს, დაიპყრეს ციხე-დარბაზი პილელისმა და მისიანებმა. ცოცხლად შეიპყრეს ტყვედ დიდი დუქსი სქოლარისი. მაგრამ ხალხი აღელდა, კვლავ გაათავისუფლა იგი და მეფე ტრიპოლისს95 წავიდა. ხოლო პილელისი, მისი ვაჟი, მისი სიძე და ქსენიტოსის შვილები შეპყრობილები გაგზავნეს და დაატუსაღეს კეხრინაში96.
3 სექტემბერს, მეხუთე ინდიქტიონს. 6860 (1351) წელს, კონსტანტინეპოლიდან კატარღით მოვიდა დედოფალი კომნინოსი-კანტაკუზინოსი, ასული სევასტოპრატორის ბატონ ნიკიფორე კანტაკუზინოსისა97, ბიზანტიის ბასილევსის, ბატონი იოანე კანტაკუზინოსის ღვიძლი ბიძაშვილისა; და 28-ს პირველად მოხდა მისი კურთხევა ბასილევსთან ერთად წმინდა ეგვენის ტაძარში.
იმავე 6860 (1351) წელს, 22 სექტემბერს წავედით დედოფალთან, ბასილევსის დედასთან ერთად ლიმნიას კონსტანტინე დორანიტისის, პროტოვესტიარიოს პილელისის ძმის წინააღმდეგ, რომელიც იქ გამგებლობდა. დავრჩით 3 თვეს და უკან დავბრუნდით.
17. იმავე წლის იანვარში მივიდა პიკერნისი98 იოანე ჭანიხიტისი და თვითნებურად დაიპყრო ციხე ჭანიხა99. იმავე წლის აპრილში ბასილევსი და დედოფალი მივიდნენ იქ და მშვიდობიანობა დაამყარეს და იმავე წლის ივლისში დაახრჩობინეს კეხრინას ციხეში პილელისი, მისი ვაჟი და სიძე. იმავე 6860 (1352) წელს, წელს მოვიდა ბასილევსის და ქალბატონი მარია, დიდი კომნინოსი, და მისთხოვდა ხუტლუ-ბეგს, თურ-ალის ძეს, ამიდელთა ამირას. იმავე წლის იმავე თვეში გაილაშქრეს ვენეციელთა კატარღებმა გენუელების წინააღმდეგ და მრავალი ხომალდი დაიწვა.
იმავე ივნისის თვეში, 6862 (1354) წელს, სქოლარისი გაიქცა კერასუნტს და მას შემდეგ მომხდარი მიმოსვლანი და მოციქულობანი ვის შეეძლება აღწეროს?100
18. 25 მარტს, 6863 (1355) წელს, მოვიდა დიდი დუქსი სქოლარისი და მისი ძე, პარაკიმომენოსი, ტრაპიზონის ერთი კატარღითა და 11 ნავით; მასთან ერთად მოვიდა პროტოვესტიარიოსი ბასილი ხუპაკოსი101. ბევრი ლაპარაკი და დავა მოხდა და კვლავ დამყარდა მშვიდობა და წავიდნენ კერასუნტს.
იმავე 6863 (1355) წელს, მაისში, მერვე ინდიქტიონს, ბასილევსმა აღჭურვა ორი კატარღა და საკმაო რაოდენობით პატარა ნავები, გაილაშქრა დედით, დედოფლით და მიტროპოლიტითურთ სქოლარისის წინააღმდეგ კერასუნტს. მაშინ სქოლარისი კეხრინას იყო, ხოლო პარაკიმომენოსი – კერასუნტს. ბრძოლისა და ომის შემდეგ ჩამოვარდა მშვიდობიანობა და კერასუნტი დაემორჩილა ბასილევს. პარაკიმომენოსი კი წავიდა და მივიდა მამამისთან კეხრინას და იქ იყვნენ სქოლარისის ყველა მომხრენი. ბასილევსმა ფლოტი და დედოფალი ტრიპოლისს გაგზავნა. თვითონ წავიდა, წაიყვანა ცხენოსანი ჯარი, განვლო მანძილის ნაწილი წყლით, ნაწილი ხმელეთით და ყველანი კეხრინაში ჩაკეტა. მოხდა ბრძოლა და დაემორჩილნენ ბასილევსს და აღფრთოვანებით მიიღეს. ბასილევსი და ყველა მასთან მყოფნი უკან დაბრუნდნენ, ხოლო სქოლარისი და მისი მომხრენი იქნ დარჩნენ. მაშინ მოვიდა აგრეთვე პროტოვესტიარიოსი და თავისი მომხრეებიანათ ლიმნიდან.
დაახლოებით იმავე 6863 (1355) წლის აგვისტოში ქალდიის102 დუქსმა იოანე კავაზიტისმა გაილშქრა, მივიდა ხერიანას103, აიღო იგი და დაარბია. მაშინ იქნა გათავისუფლებული სოროგენაც და ბასილევსის ქვეშევრდოიმად გადაიქცა. იმავე წელს კონსტანტინეპოლიდან წამოვიდა დიდი კომნინოსი ბატონი მიხეილი, მოვიდა სულხატიოსამდე და უკან გაბრუნდა.
19. ოქტომბერში, მეცხრე ინდიქტიონს, 6864 (1355) წელს წავიდნენ დიდი დომესტიკოსი მიზომატისი და დიდი სტრატოპედარხისი სამსონი ტრიპოლისს, მივიდნენ კეხრინამდე, შეიპყრეს სქოლარისი და მისი მომხრენი, წამოვიდნენ და დამყარდა მშვიდობა.
20. 27 ნოემბერს, პარასკევს, მეცხრე ინდიქტიონს, 6864 (1355) წელს, ბასილევსთან ერთად ეშმაკის წაქეზებით გავილაშქრეთ ხერიანას წინააღმდეგ. პირველად მოვაოხრეთ და დავიპყრეთ და წარვტყვევნეთ, მაგრამ მეექვსე საათზე უთავბოლოდ გამოვიქეცით; უკან მცირეოდენი თურქები მოგვდევდნენ. მაშინ დაიხოცა 50-მდე ქრისტიანი, დაიღუპა მრავალი პირუტყვი და ქალდიის დუქსი იოანე კავაზიტისი ტყვედ ჩავარდა. ჩვენთან რომ არ ყოფილიყო უფალი, თვით მეც დავიღუპებოდი. მაგრამ ღვთის წყალობით გამიძლო ცხენმა, უკან მივდევდი ბასილევსს. გადავრჩით და სამი დღის შემდეგ მივაღწიეთ ტრაპიზონს. მაშინ დაებადა ბასილევსს ვაჟიშვილი ბატონი ანდრონიკე სხვა დედისგან და არა დედოფლისგან.
21. 19 დეკემბერს, მეათე ინდიქტიონს, 6865 (1356) წელს, წავედით ბასილევსთან ერთად ლიმნიას და ვიდღესასწაულეთ შობა კერასუნტს, ხოლო ნათლისღება – იასონისს104. მაშინ დაიხოცა 14 თურქი. მერე ჩავედით ლიმნიას და დავბრუნდით უკან. სულ დავრჩით 3 თვეს და მშვიდობით მივაღწიეთ ტრაპიზონს.
22. 6 არილს, დიდ ხუთშაბათს, მეათე ინდიქტიონს, იმავე 6865 (1357) წელს, დაებადა ბასილევსს ასული ქალბატონი ანა, ჩვენი დედოფლის თეოდორასაგან.
23. მაისში, მეათე ინდიქტიონს, იმავე 6865 (1357) წელს ბასილევსი წავიდა ჯარით პარხალს და მთელი ეს პარხალი შემოიერთა.
24. 11 ნოემბერს, შაბათს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, 6866 (1357) წელს, მოვიდა სინოპის დედოფალი (ე.ი. სინოპის ამირას მეუღლე), ქალბატონი ევდოკია, დიდი კომნინოსის, ბატონი ალექსის ასული. იმავე თვის 13-ს, ორშაბათს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, იმავე 6866 (1357) წელს, რადგან არ გვქონდა ნაზრუნევი გუშაგებზე, დიდი ჯარით დაესხა თავს მაცუკას105 ხაჯიმირი106, ბაირამის ძე და გაიტაცა ბევრი ტყვე, პირუტყვი და ქონება დაწყებული პალეომაცუკადან ვიდრე დიკესიმონამდე107.
25. იმავე წელს, 22 იანვარს კონსტანტინეპოლიდან ელჩად მოვიდა იოანე ლეონტოსტეთოსი.
26. 22 აგვისტოს, ოთხშაბათს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, 6866 (1358) წელს, მოვიდა ტრაპიზონს დედოფალი-ხათუნი, ქალბატონი მარია, ბასილევსის (იოანე ალექსი III-ის) და, რომელიც ამიდელ ხუტლუ-ბეგს ჰყავდა ცოლად.
29 აგვისტოს, ოთხშაბათს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, 6866 (1358) წელს, წავიდა ბასილევს ბატონ ბასილის ასული, ქალბატონი თეოდორა, ამირა ხაჯიმირზე, ბაირამის ძეზე, დასაქორწინებლად. მყარად ჰყავდა ხუპაკა, ბატონი ბასილი სქოლარისი.
27. 17 სექტემბერს, ორშაბათს, მეთორმეტე ინდიქტიონს, 6867 (1358) წელს, მწუხრის ლოცვის შემდეგ, ბასილევსს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც პაპის მიხედვით დაარქვეს ბასილი (მომავალი ბასილი II).
28. აპრილში, მეცამეტე ინდიქტიონს, 6868 (1360) წელს, წავიდა ბასილევსი ქალდიას, რათა ციხესიმაგრე108 აეგო. მაგრამ ბაიბურთიდან მოვიდა ხოჯა-ლატიფი109 300 მხედრით და შეუშალა ხელი. იოანე კავასიტისსაც მაშინ ჩამოართვეს გამგებლობა.
29. 5 მაისს, ოთხშაბათს, მესამე ინდიქტიონს, 6869 (1361) წელს, 5 საატზე მოხდა მზის დაბნელება ისეთი, როგორც არ მომხდარა ჩვენს თაობაში, ასე რომ, ზეცაში ვარსკვლავები გამოჩნდა და ერთსაათნახევარი მეფობდა [სიბნელე]. ბასილევსი ბატონი ალექსი, დედამისი ქალბატონი ირინე, ზოგი თავადი და მეც მათთან ერთად აღმოვჩნდით შემთხვევით მაცუკას, სუმელის110 მონასტერში. ბევრი ვილოცეთ და პარაკლისი გადავიხადეთ.
იმავე 6869 (1360) წელს, ექვსი თვის წინ, დეკემბრის 6-სს წავიდა ბასილევსი ლიმნიას, იქ დარჩა დაახლოებით სამნახევარ თვეს და უკან დაბრუნდა.
იმავე 6869 (1361) წელს, კონსტანტინეპოლიდან ელჩად მივიდა ლეონტოსტეთოსი ბასილევს იოანე (V) პალელოგოსისაგან, რომელსაც დამოყვრება უნდოდა ჩვენს ბასილევსთან.
6869 (1361) წელს, მეთოთხმეტე ინდიქტიონს, ივლისში, ოთხშაბათს, მწუხრის ლოცვიდან ერთი საათის შემდეგ, გარდაიცვალა დიდი დუქსი ნიკიტა სქოლარისი. მაშინ ბასილევსი დიდად მწუხარე იყო, დაესწრო მის გასვენებას და ეცვა მგლოვიარობის ნიშნად თეთრი, როგორც მეფეს შეჰფეროდა.
23 ივლისს, პარასკევს, მეთოთხმეტე ინდიქტიონს, 6869 (1361) წელს, ბაიბურთის გამგებელმა ხოჯა-ლატიფმა წამოიყვანა რჩეული მეომრები დაახლოებით 400 და გამოილაშქრა მაცუკას, ლარახანეს და ხასდენიხას წინააღმდეგ, მაგრამ მაცუკელები წინდაწინ დაეპატრონენ გასასვლელს, დახოცეს 200-მდე თურქი და უფრო მეტიც, ნადავლად ჩაიგდეს ბევრი ცხენი და იარაღი. თვით ხოჯა-ლატიფსაც თავი მოსჭრეს და მეორე დღეს მათი თავები ზეიმით მოატარეს მთელ ტრაპიზონში.
30. 13 დეკემბერს წავედით ხალიბიას ბასილევსთან ერთად ხაჯიმირის, ბაირამის ძის, ციხე-დარბაზში. კერასუნტის იქით იგი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და შემოგვიერთდა. ხალიბიიდან ხმელეთით წამოვედით კერასუნტს, თან გვახლდა ამირა ხაჯიმირი და თურქები ნაწილობრივ ჩვენი ქვეშევრდომები გახდნენ მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6870 (1361) წელს.
ოქტომბერში, მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6870 (1361) წელს ერზინკიდან მოვიდა ახაინიაკი111, თითქმის 16 დღე ალყა შემოარტყა გოლახას112 ციხეს, დაუდგა მანქანები და სასტიკად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და წავიდა სირცხვილეული და ხელცარიელი. მაშინ აღადგინა ბასილევსმა წმინდა ფოკას ტაძარი კორდილეში113 და ეს მონასტრად აქცია.
31. იმავე 6870 (1362) წელს გაჩნდა უცბად მომაკვდინებელი საზარდულის სენი და მთელ იმ წელიწადს მძინვარებდა. ზაფხულის თვეებში კი უფრო გაძლიერდა და დააზიანა და გადაასახლა ბევრი.
იმავე 6870 (1362) წლის მარტში ჩავიდნენ ბასილევსი, დედოფალი და დედამისი მესოქალდიას114, თან უცბად მომაკვდინებელი სენის გამო და თანაც იმიტომ, რომ იოანე კომნინოსი115 ანდრიანოპოლიდან გამოიქცა, სინოპს ჩამოვიდა და იქ გარდაიცვალა. როცა ივნისში სამეფო სახლი დაბრუნდა ქალდიიდან, ტრაპიზონის ციხე-დარბაზში არ შესულა სიკვდილის უსასტიკესი შიშით, არამედ კარვებში დადგნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელთან მინთროსის116 სერზე. მაშინ იქვე მოვიდა ჩელები117 ტაჯედინის ელჩი დამოყვრების საქმეზე. მაშინ ცოტაღა უნდოდა ზოგიერთს რომ ასჯანყებოდნენ ბასილევს. გაიქცა სატუსაღოდან ბატონი იოანეს ძეც; მივიდა კაფას, იქიდან კი გალატას118.
32-33. აპრილში, პირველ ინდიქტიონს, 6871 (1363) წელს მეფის კატარღით წავედით დიდებულ ქალაქს119 დიდი ლოგოთეტი120 ბატონი გიორგი სქოლარისი და პროტოსევასტოსი და პროტონატარიოსი121 მიქელ პანარეტოსი, სწორედ ის, ვინც ამას წერს, და ვეცით მოწიწებული თაყვანი. ვნახეთ აგრეთვე ბასილევსი ბატონი იოანე პალელოგოსი, ბასილევსი ბატონი იოსაფ მონაზონი კანტაკუზინოსი122, პატრიარქი ბატონი კალისტოსი, დედოფლები, მეფის ძენი და აგრეთვე თვით კაპიტანი და მოურავი გენუელებისა გალატაში123 – ლეონარდო დე-მუნტატო. მაშინ შევთანხმდით მოყვრობაზე, რომ ბასილევს პალელოგოსის ძეს წამოეყვანა ცოლად ტრაპიზონის ბასილევსის, დიდი კომნინოსის ბატონი ალექსის ასული. წამოვედით 5 ივნისს, იმავე, 6871 (1363) წელს, რათა 15 აგვისტოს შევხვედროდით მის (ე.ი. ტრაპიზონის მეფის) სიძეს ხუტლუ-ბეგს, თურ-ალის ძეს. მაგრამ ვერ შევხვდით მაშინ თურქებში გაჩენილი შავი ჭირის გამო. 27 დღის შემდეგ კვლავ დავბრუნდით ტრაპიზონს.
34. 27 ოქტომბერს, პარასკევს, მეორე ინდიქტიონს, 6872 (1363) წელს, როცა ბასილევსი მინდა გრიგოლის წყალთან ჩადიოდა დაღმართზე124, უეცრად დაესხნენ მას თავს თავად კავასიტისების გვარისანი, დიდი ლოგოთეტი ბატონი გიორგი სქოლარისი სხვანი და სდიეს მას იქიდან თვით ციხე-დარბაზამდე. კავასიტისები ხმელეთით რომ გარბოდნენ, მაშინ დაეწიენ მათ და შეიპყრეს, ხოლო დიდი ლოგოთეტი თავისიანებით კერასუნტს მივიდა, მერე კი ამინსუს125. მაშინ ტრაპიზონის მიტროპოლიტი ნიფონ პტერიგიონიტისიც, შეთქმულების მონაწილე, სუმელის მონასტერში ჩასვეს ტრაპიზონში. ხოლო 29 დეკემბერს, პარასკევს, დიდი ლოგოთეტი, ჯიანოტო სპინოლას და სტეფანე დაკნოპინის126 შუამავლობით, უკან დაბრუნდა.
35. აგრეთვე იმავე 6872 (1364) წელს, მეორე ინდიქტიონს, 19 მარტს, დიდ სამშაბათ დღეს, ჯერ კიდევ სურმელას მყოფი, გარდაიცვალა პლევრიტით დასნეულებული ტრაპიზონის მიტროპოლიტი ნიფონი. დაკრძალეს მღვდელმთავრობის შესაბამისად ქრისოკეფალოსში, მიტროპოლიტ ბარნაბას 127 საფლავში. დაადგინეს [მიტროპოლიტად] სკევოფილაქსი128 იოსებ ლაზაროპულოსი129 და წავიდა იგი კონსტანტინეპოლს.
36. 16 დეკემბერს, ორშაბათს, ცისკრისას, მესამე ინდიქტიონს, 6873 (1364) წელს, ბასილევს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც მანუელი დაარქვეს.
37. 13 აპრილს, იმავე 6873 (1365) წელს, აღდგომის დიდ კვირას, როცა ბასილევსი მოედანზე130 იყო, მოხდა შეხლა-შემოხლა კონსულსა და ბაილს131 შორის. მაშინ ჩამოვიდა ტრაპიზონის [სამიტროპოლიტო] ტახტზე ხელთდასმული მიტროპოლიტი ბატონი იოსებიც და ნააღდგომევს, სამშაბათს მოხდა მისი კურთხევა.
38. 14 ივლისს, მესამე ინდიქტიონს, 6873 (1365) წელს, ჩამოვიდა ამ სვებედნიერ ქალაქ ტრაპიზონს ბასილევსის სიძე ანირა ხუტლუ-ბეგი თავის მეუღლე დიდ კომნინოს ქალბატონ დედოფალ-ხათუნ მარიამითურთ და ესტუმრა ბასილევსს და შევიდა სასახლეში. ბინად იდგა კარვებში წმინდა იოანე ნათლისმცემელთან დაახლოებით 8 დღეს და მერე, დიდად პატივცემული, მშვიდობით წაბრძანდა უკან.
39. შემდეგ წელს ბასილევსი ავიდა პარხალს და ჩვენ ყველანი მასთან ერთად ავედით სპელიადან ფიანოეს, ავუარეთ განტოპედინსა და მარმარას, განვლეთ წმინდა მერკურიოსი მივედით ახანტაკას132 ქვეითნი და ცხენოსანი ორიათასზე მეტი. დავყავით რა ამირასთან 4 დღე, უკან გამოვბრუნდით ივნისში, მეხუთე ინდიქტიონს, 6875 (1367) წელს და ჩავედით ლაზიკაში, ადგილს, სახელად მაკროსეგიალოსს133 ჯარითურთ, ხმელეთითა და ზღვით, ბასილევსთან და დედამის დედოფალთან ერთად. თავ გვყავდა აგრეთვე ბასილევსის ასული ქალბატონი ანა134, დიდი კომნინოსი, რომელიც უნდა მითხოვებოდა ცოლად იბერთა და აფხაზთა მეფეს ბატონ ბაგრატ ბაგრატიონს135 მაკრიალში. ხოლო როცა წამოვედით, ბასილევსი ლარახანედან136 ლიმანით137 პირდაპირ ავიდა პარხალს, და მიაღწია ქალდიამდე.
40. 12 ნოემბერს, მეექვსე ინდიქტიონს, 6876 (1367) წელს, მიტროპოლიტი ბატონი იოსები გადადგა ტრაპიზონის ტახტიდან და შედგა [ბერად] ელევსის მონასტერში. 19 ივლისს, იმავე 6876 (1368) წელს, იგი წავიდა კონსტანტინეპოლს იმ თავდასხმის გამო, რომელიც მოახდინეს მეკობრეებმა არანიელებზე138. აგრეთვე მაშინ ჩემი საყვარელი შვილი კონსტანტინე, – ვაი, ვაი, მე საცოდავსა და ცოდვილს, – ზღვაში ჩავარდა ფერისცვალება დღეს წმინდა სოფიის139 მონასტერთან და დაიღუპა 15 წლისა. იმის შემდეგ ჩემი მეორე უსაყვარლესი შვილი რომანოზი, 17 წლისა, შარდის შეკავების სენით დაძაბუნებული გარდაიცვალა. სამთვენახევარს დარჩენის შემდეგ დავბრუნდი.
41. იმავე 6873 (1365) წელს, მარტში მოვიდა ქილიჯ-არსლანი და თავს დაესხა ჩვენს ქვეშევრდომობაში მყოფ ქალდიას. მაშინ ბასილევსმაც გაილაშქრა და იქ მივიდა. იანვარში, მეჩვიდმეტე ინდიქტიონს, 6877 (1369) წელს, ნათლისღების დღეს, ქურდულად აიღეს გოლახა თურქებმა. ამის გამო აოხრებული იქმნა ქალდია. მოსახლეობა გაჟლეტილ იქნა ერთი მხრით ომებში, მეორე მხრით კი იქაურ მუხთალ გამოქვაბულებში.
42. იმავე 6877 (1369) წელს, იანვრის დასასრულს, ბასილევსი კარგი ფლოტით ჩავიდა ლიმნიას, დარჩა იქ 4 თვეს და უკან დაბრუნდა.
43. მაისში, მერვე ინდიქტიონს, 6878 (1370) წელს, მეომართა მცირე რიცხვით წავიდა პარხალს140 მარმაროსის მხრიდან. ხოლო იმავე თვის 21-ს, პარასკევს, მოულოდნელად წააწყდა თურქებს, დაახლოებით 500 ცხენოსანს და სამას ქვეითს. მეფეს ჰყავდა დაახლოებით ასი ცხენოსანი. ამტყდარ ბრძოლაში გაიმარჯვა მეფემ, სდია მათ და იქიდან აგარიანთა თავები და მათი დროსა გამოგზავნა.
44. 13 აგვისტოს, სამშაბათს, მერვე ინდიქტიონს, 6878 (1370) წელს მოვიდა ტრაპიზონს მიტროპოლიტი ბატონი თეოდოსი141 და დაჯდა [სამიტროპოლიტო] ტახტზე. ის წამოსული იყო თესალონიკიდან და 20 წელიწადს მონაზვნობდა მთაწმინდაზე142. მერე ჩავიდა სვებედნიერ კონსტანტინეპოლს და გახდა მანგანონის მონასტრის წინამძღვარი. მას კი სინოდისაგან იქნა ხელდასმული და [ტრაპიზონს] გამოიგზავნა. 6 აგვისტოს წავედით ლაზიკაში და თვის ბოლოს, 6881 (1372) წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს. მას შემდეგ მივედით ბათუმს143, კარვები გარეთ, ცის ქვეშ დავდგით. გვყავდა 2 კატარღა და 40-მდე ნავი. იქ ვეებასეთ გურიელს144, რომელიც მეფესთან პატივისცემისათვის მოვიდა145. დავრჩით ექვს დღეს და უკან დავბრუნდით მეთერთმეტე ინდიქტიონს.
45. 13 იანვარს, მეფე წავიდა ხერიანას, მაგრამ მოვიდა დიდი თოვლი, ატყდა დიდი ქარბუქი, მოხდა უკანდახევა და 140 ქრისტიანი დაიღუპა: ზოგი მახვილის მსხვეპრლი გახდა, ზოგი კი, უმეტესობა სიცივით დაიხოცა მეთერთმეტე ინდიქტიონს, 6881 (1373) წელს.
46. 11 ნოემბერს, პარასკევს, 6882 (1374) წელს, მეთორმეტე ინდიქტიონს ჩვენი მეფის წინააღმდეგ ორი დიდი კატარღით და ერთი უმცრო მომცროთი მოვიდა ბიზანტიის ბასილევსის იოანე პალელოგოსის ძე146, ბატონი მიხეილი. დადგა 5 დღეს და გაბრუნდა ისე, რომ რაიმე მოულოდნელი თავდასხმა არ მოუხდენია. მასთან ერთად იყო პროტოვესტიარიოსი ბატონი იოანე ანდრონიკოპულოსი, რომელიც პალელოგოსის წასვლის შემდეგ თვითონ გამოვიდა და ჩვენი ბასილევსის ქვეშევრდომი გახდა.
47. 16 აპრილს, კვირას, მეთორმეტე ინდიქტიონს, 6882 (1374) წელს, ქალდიელებმა დაიპყრეს გოლახა და კვლავ გახდა იგი ბასილევსის სამფლობელო, მაგრამ მალე მტრებმა ისევ აიღეს იგი.
48. 14 მარტს, პარასკევს, მეთოთხმეტე ინდიქტიონს, 6884 (1376) წელს, ბასილევსის ძე, ბატონი დესპოტი147 ანდრონიკე, დიდი კომნინოსი, გადმოვიდა დიდი კომნინოსისა და ბასილევსის ანდრონიკეს სასახლიდან და როგორც კი შეიყვანეს სასახლეში, გარდაიცვალა. დაიკრძალა თეოსკეპატოსის მონასტერში148. მის გასვენებას ესწრებოდნენ მამამისი ბასილევსი, აგრეთვე დედოფლები: ბებიამისი და დედინაცვალი, ხოლო საქორწინო პირობა, რომელიც დადებული იყო იბერიასთან თბილისის მეფის დავითის149 ასულისათვის აღბუღას150 დისწულისათვის, გადატანილი იქნა ჩვენი მეფის უმცროს, ღვიძლ და კანონიერ ძესა და ჭაბუკ მეფეზე, ბატონ მანუილზე151, დიდ კომნინოსზე. როცა შუამავლობა ჩატარდა, წაბრძანდა მეფე და ჩვენც მასთან ერთად 10 მაისს, მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6885 (1377) წელს. ლაზიკაში რომ მივედით, მთელი ზაფხული, 15 აგვისტომდე იქ გავატარეთ, ადგილში [სახელად] მაკრეგიალუსს. მაშინ წამობრძანდა იგი (ე.ი. ქართველთა მეფის ასული) გონიადან152 მაკრეგიალუსს. მეორე დღეს დავიძარით და 30 აგვისტოს, კვირა დღეს, მივაღწიეთ ტრაპიზონს. ახალი წლის 5 სექტემბერს, შაბათს, პირველ ინდიქტიონს 6886 (1377) წელს, დაედგა მას სადედოფლო გვირგვინი და ეწოდა ევდოკია, პირველად კი გულქან-ხათუნი ერქვა. მეორე დღეს, კვირას, 6 სექტემბერს გაიმართა ქორწილი, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. აკურთხა ისინი თეოდოსი ტრაპიზონელმა, ხოლო გვირგვინი დაადგა მამამ და ბასილევსმა.
49. ბიზანტიელი და მუსულმანი ელჩების საშუალებით ბასილევსსა და ტაჯ-ედინ-ჩელებს153 შორის ბევრი მოლაპარაკების შემდგომ, ბასილევსი ასულით, ქალბატონ ევდოკიათურთ, 14 აგვისტოს, მეორე ინდიქტიონს, ორი დიდი კატარღით და ორი ნავით დაიძრა და ჩავედით კერასუნტამდე. მაგრამ ტრაპიზონიდან ამბავი მოვიდა, ქილიჯ-არსლანს განზრახული აქვს ტრაპიზონს თავს დაესხასო. ბასილევსმა გაგზავნა ასული კერასუნტს, თვით კი თავადებითურთ ტრაპიზონს წავიდა. გაამაგრა ციხე და შეამზადა ქვეყანა. სექტემბრის ბოლოს წამოვიდა, წაიყვანა კერასუნტიდან ასული, მიაღწია ინეონამდე, შეხვდა ჩელებს და შერთო მას თავისი ასული, ქალბატონი ევდოკია, 8 ოქტომბერს, მესამე ინდიქტიონს, 6888 (1379) წელს; მაშინ აიღო მეფემ ლიმნიაც.
50. თებერვალში დაიძრა მეფე ხმელეთითა და ზღვით ჭაპნიდების154 წინააღმდეგ. 4 მარტს, კვირას მესამე ინდიქტიონს, 6888 (1380) წელს, ორ ნაწილად გაჰყო ჯარი. ქვეითნი, დაახლოებით 600, პეტრომადან155 გაგზავნა, ხოლო ბასილევსმა კი წაიყვანა ცხენოსნები და მთელი დანარჩენი ქვეითი ჯარი, აიარა მთელი მდინარე ფილაბონიტისი საზამთრო სადგომებამდე და მოაოხრა მათი სადგომები; დახოცა დასწვა, მოიალაფა ისინი. აგრეთვე მრავალი ჩვენი ტყვე დროულად156 გაათავისუფლა; მერე მობრუნდა და ცოტა ხანს სთლავოპიასტეში157 დადგა. პეტრომადან წამოსულმა 600-მა [მეომარმა] კი კოცაუტა ააოხრა და დიდი ხოცვა-ჟლეტა, ალაფობა და ხანძრიანობა მოახდინა. უკანდახეულთ ომის შემდეგ, ბევრჯერ მოუხდათ ხელჩართული ბრძოლა დადევნებულ თურქებთან და მრავალი თურქი მოიკლა. რომაელები კი იმედოვნებდნენ და რა მეფის [შეხვედრას]158, სასტიკად იბრძოდნენ, ხოცავდნენ და ზღვის ნაპირისაკენ მიიწევდნენ. როცა ზღვის ნაპირას სთლავოპიასტესთან გავიდნენ და ვერ შეხვდნენ მეფეს, როგორც შეთანხმებული იყვნენ, ცოტა გაქცევისაკენ ქნეს პირი და 42 რომაელი მოკვდა. ხოლო დახოცილი თურქები, თურქი ქალები და ბავშვები კი 100-ზე მეტი დაითვლებოდა.
19 ივნისს, მეხუთე ინდიქტიონს, 6890 (1382) წელს, ბასილევს ბატონ ალექსის ძეს, ბატონ მანუილს, იბერიელ ქალბატონ ევდოკიასაგან შეეძინა ვაჟიშვილი, რომელიც მონათლეს და ბაბუამ და ბასილევსმა ბატონმა ალექსიმ, ბებიამ და დედოფალმა ქალბატონმა ირინემ და მიტროპოლიტმა თეოდოსი ტრაპიზონელმა უწოდეს მას ბასილი159, მისი ბაბუის მამის მიხედვით.
51. 9 ივლისს გაჩნდა საზარდულის სენი160 6890 (1382) წელს, მეხუთე ინდიქტიონს და დეკემბრამდე და იანვრამდე ტრაპიზონში ბევრი გაიჟლიტა. მოაოხრა აგრეთვე ძალიან მაცუკა, ტრიკომია და სირმენის161 კუთხე ვიდრე დრიონამდე.
52. 24 ოქტომბერს, მეათე ინდიქტიონს, 6895 (1386) წელს, მეფის სიძე ამირა ტაჯ-ედინი ლიმნიიდან დაიძრა მეფის მეორე სიძის, ხალიბიელ ხაჯიმირის ძის, სახელად სულეიმან ბეგის წინააღმდეგ. ჰყავდა 12000 ჯარი, მაგრამ ხალიბიაში რომ შევიდა, პირველად თვით ტაჯ-ედინი ჩამოაგდეს და დაჩეხილი იქ მოკვდა. ხოლო მისიანები დაიხოცა 3000-მდე, დანარჩენებმა კი დაიპყრეს 7000 ცხენი, ურიცხვი იარაღი და შიშველნი გაიქცნენ.
53.162 როგორც ამბობენ, ვიღაცა თათარმა ამირამ, რომელსაც ხანობაც ჰქონდა, სახელად კი ერქვა თემურლენგი163, ხატაეთის164 საზღვრებიდან გამოილაშქრა. ჰყავდა, როგორც მნახველნი ამბობენ, რვაასი ათასი ჯარი; მოვიდა და დაიპყრო მთელი სპარსეთი. მას შემდეგ შეიჭრა იბერიის მთებშიაც, ომის კანონით ხელთ იგდო საოცარი თბილისი165; ტყვედ ჩაიგდო გა მოჩენილი სარდალი ბაგრატ მეფე და მისი მეუღლე, ჩვენი ხელმწიფის ასული მშვენიერი ქალბატონი ანა, აგრეთვე მისი ძე – დავითი166. ხალხი კი გაჟლიტა მახვილით და გაანადგურა. რა ქონება იგდო ელთ, რა ხატები გაძარცვა და დასწვა, რამდენი თვალი პატიოსანი, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი წაიღო, არავის შეუძლია არწეროს. [ეს მოხდა] 21 ნოემბერს, 6895 (1386) წელს167.
54. გარდაიცვალა მეფე ბატონი ალექსი, დიდი კომნინოსი, დიდი კომნინოსის ბატონი ბასილის მეორე ძე, 20 მარტს, (დიდმარხვის) მეხუთე კვირის კვირა დღეს, დღის მეორე საათზე, ხოლო იმეფა 40 წელი და 3 თვე, 51 წლისა, 6898 წელს (1390)168.
5 მარტს, 6920 (1412) წელს, გარდაიცვალა ბასილევსი ბატონი მანუილი, დიდი კომნინოსი და დაიკრძალა თეოსკეპატოსში. ხოლო იმეფა 27 წელი169.
2 მაისს, 6903 (1395) წელს გარდაიცვალა დედოფალი ქალბატონი ევდოკია, ბასილევს ბატონ ალექსის170 დედა, რომელიც იბერიიდან იყო მოყვანილი.
55. 14 სექტემბერს, მეოთხე ინდიქტიონს, 6904 (1395) წელს, შაბათს, კონსტანტინეპოლიდან წმინდა ფოკას მოვიდა დედოფალი ქალბატონი ევდოკია, დიდი კომნინოსი, კატარღით და ერთი ნავით. თან მოიყვანა საცოლოები თავისი ქვრივი ძმის, ბასილევს ბატონ მანუილისათვის ფინალთროპენოსის ასული ქალბატონი ანა, ხოლო თავისი ძმისწულის, იმპერატორ ბატონ ალექსისათვის – კანტაკუზინოსის ასული ქალბატონი თეოდორა; და მეორე დღეს, კვირას, წვიმაში შემოვიდა ტრაპიზონში. ამ საქმეში კი მოციქულად იყო დიდი დუქსი ადმირალი სქოლარისი.
56. 6935 (1426) წელს, მეხუთე ინდიქტიონს, 12 ნოემბერს, ორშაბათს, ღამის 3 საათზე გარდაიცვალა აგრეთვე დედოფალი, ქალბატონი თეოდორა კანტაკუზინოსი, დიდი კომნინოსი, ჩვენი ხელმწიფის, ბატონი ალექსის მეუღლე; და დაიკრძალა პატივით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა ქრისოკეფალოსის ტაძარში, გიდონის171 განსასვენებელში...
57. იმავე წელს, ნოემბერში გოთიიდან172 მოვიდა დედოფალი ქალბატონი მარია, თეოდორელი173 ბატონი ალექსის ასული, და სიხარულით მიიღო ღვთის მოშიშმა დესპოტმა. მისმა მეუღლემ, ბატონმა დავითმა 174, დიდმა კომნინოსმა.
შენიშვნები
1. ბასილევსი უდრის ქართული გაგების „მეფეს“. ბასილევსის გარდა ტრაპიზონელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები ტრაპიზონის იმპერიის მმართველებს კოლხთა ან ლაზთა მტავრებადაც მოიხსენიებენ. თვით აქაური კომნინოსები კი თავს უწოდებენ „ბასილევსს და თვითმპყრობელს მთელი აღმოსავლეთისა, იბერთა და გაღმა მხარისა“. ზოგ შემთხვევაში „იბერთა და გაღმა მხარისა“-ს აღარ იხსენიებენ.
2. წოდება წარმოშობისა და მნიშვნელობის „დიდი კომნინოსის“ შესახებ მეცნიერთა შორის თანხმობა არ არსებობს.
3. ბერძნული კირ და კირა სწორედ ქართული გაგების ბატონსა და ქალბატონს უდრის.
4. ტრაპიზონის პირველი მეფე ალექსი I (1204-1222). მამამისი იყო მანუილ სევასტოკრატორი, ბიზანტიის ავგუსტ ანდრონიკე I კომნინოსის (1383-85) ძე. ანდრონიკესაც ჰყავდა ვაჟი ალექსი, რომელიც ასევე შემოეხვეწა გიორგი მესამის დროს საქართველოში და ბასილეზოსმოძღვარს სწორედ ის ჰგონია ტრაპიზონის მეფე.
5. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ ქრონიკას თავდაპირველად შიდა სათაურები არ ჰქონდა და გადამწერებმა დაუმატეს.
6. ძმების ალექსისა და დავითის კონსტანტინეპოლიდან საქართველოში წამოსვლის შესახებ პირდაპირი ცნობა არ არსებობს, ამიტომ არ ვიცით ისინი ბავშვობიდანვე იზრდებოდნენ ჩვენთან და შესაბამისად ქართულად იყვნენ აღზრდილნი თუ არა.
7. ფრაზას – „გამოილაშქრა კი იბერიიდან“ ემატება ნიკიტა ხონიატის (გარდ. 1210 წ.) ცნობა „ალექსის ძმას დავით კომნინოსს ფაზისთან მცხოვრები იბერთა ჯარიც ახლდა თან ამ ლაშქრობაშიო“ და ბასილი ეზოსმოღძვრის ცნობა ლაშქრობის შესახებ, რითაც დასტურდება ქართველთა მონაწილეობა და გარკვეულწილად ირკვევა ლაშქრობის მარშრუტი.
8. პანარეტოსი იყენებს წელთა ანგარიშს დასაბამიდან ბიზანტიური სათვალავით, რომელიც ქრისტეშობამდე 5508 წელს იწყებოდა. წელი იწყებოდა 1 სექტემბერს. ინდიქტიონები ანუ ქორონიკონები 15-15 წლიან ციკლებად ანგარიშდებოდა და არა 532 წლიანებად. პანარეტოსის ქრონიკის წლების სათვალავის გადმოსაყვანად ახალ წელთაღრიცხვაზე საჭიროა გავითვალისწინოთ ის, რომ იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე ბიზანტიური წელი ახალი წელთაღრიცხვის წელს ემთხვევა და ამ უკანასკნელის მისაღებად პირდაპირ 5508 წელი უნდა გამოაკლდეს ბიზანტიურ წელთა რაოდენობას, ხოლო სექტემბრიდან დეკემბრამდე კი ბიზანტიურ წელთა რიცხვს სწორი სათვალავის მისაღებად უკვე 5509 წელი უნდა გამოაკლდეს; ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გადმოყვანის დროს, რომელ თვეში მოხდა ამბავი, რათა ამის მიხედვით შევუთანასწოროთ იგი ახალი წელთაღრიცხვის თარიღს.
თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს: „ხოლო განარისხა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი პეფლაღონიისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელიც იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი“.
9. მართლმადიდებლობის დღესასწაული ბიზანტიაში დაწესებულ იქნა მეცხრე საუკუნეში, 843 წლის საეკლესიო კრების შემდეგ. იგი მოდიოდა დიდმარხვის პირველ კვირას.
10. ანდრონიკე I გიდოს-კომნინოსი (1222-35), ბასილევსის სიძე. უცნობია რატომ გადაეცა ტახტი მას და არა ალექსის ვაჟ იოანეს, რადგან იგი უკვე ამ დროს სრულწლოვანი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალშექმნილ იმპერიას ძლიერი და გამოცდილი ხელი სჭირდებოდა, ანდრონიკეზე კი თანამედროვეები ამბობდნენ „ძალიან შორსმჭვრეტელია და კარგად ერკვევა სამხედრო საქმეებშიო“.
11. მალიქ-სულთანი ანუ მელიქ სულთანი იკონიის სულთან ალა-ად-დინ ქაი ქუბადის ვაჟს ერქვა. მან დახარკა ტრაპიზონი და ჯარის გამოყვანა დაავალა.
12. ცალკე სათაურით ისტორიკოსი ლამბროსი გამოყოფს ამ (მეორე) თავის ნაწილს, როგორც უკვე სხვა მეფის ამბის გადმომცემს.
13. იოანე I აქსუხოსის (1235-38) მეფიობა მოკლე და უფერული იყო.
14. ავტორის ტექნიკური შეცდომაა, უნდა დაეწერა 3.
15. ცხენბურთის (პოლო) სათამაშო მოედანი მოედანი ტრაპიზონის გალავნის გარეთ მდებარეობდა. ეს თამაში შუა საუკუნეების ტრაპიზონსა და საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. თამარის ისტორიკოსის მოხსენიებული „ბურთობა“ (და ვეფხისტყაოსანშიც იხსენიება) სწორედ ამ თამაშს უნდა გულისხმობდეს.
16. მანუილ I (1238-1263) კომნინოსიც ალექსი I-ის ძეა და მან ნამდვილად სვიანად და კეთილად იმეფა. მის დროს ტრაპიზონის ეკლესიას ერთგვარი ავტონომია მოუპოვებია კონსტანტინეპოლისგან, რასაც ამტკიცებს ათონის მთაზე დაცული 1260 წლით დათარიღებული საბუთი. მანუელს პროქართული ორიენტაცია ჰქონდა, რის გამოც ქართველ ქალზე დაქორწინდა.
17. მანუილ I-ს 3 ცოლი და მრავალი შვილი ჰყავდა, რომლებიც ერთმანეთთან ქიშპობდნენ ტახტისათვის. ერთი ცოლი იყო ქართველი რუსუდანი, რომელთანაც ეყოლა ასული – თეოდორა; მეორე ცოლი იყო ანა ქსილალოე, რომელთან ეყოლა ანდრონიკე II (1263-1266), ხოლო მესამე ცოლი იყო ირინე სირიკენე, რომელთანაც შეეძინა გიორგი და იოანე II. და-ძმების დაპირისპირებაში ისახება საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირება.
18. გიორგი I კომნინოსის მეფობა პანარეტოსით 1266-80 წლებზე მოდის. ეს გიორგი უნდა იყოს მოხსენიებული კორიდეთის ბერძნული სახარების ქართულ მინაწერში, რომელიც ამირახორ ჟან ჭიას ძეს ეკუთვნის. იქ ნათქვამია: „მქონდა ორ ჭისი მამული ორთავე მეფეთაგან. თვით დავით მეფისაგან და ბერძენთა მეფე გიორგისაგან“. ამ მინაწერის საფუძველზე ისტორიკოსებს ასკვნიან რომ რიზეს მხარე და მდ. ჭოროხის შენაკადის მურღულის ხეობა, რომელზედაც მდებარეობს ამავე წარწერაში მოხსენიებული კორიდეთი და სხვა პუნქტები, ამ ხანებში ტრაპიზონის მეფისა და საქართველოს მეფეთ-მეფის საერთო საკუთრებას წარმოადგენს. მათი ასეთი თანხვედრი მოქმედება კი უნდა აჩვენებდეს გიორგის პროქართულ ორიენტაციაზე, რის გამოც მას დაუპირისპირდა პრობიზანტიური თავადები, რომელთა კანდიდატი იგივე განწყობის იოანე II იყო.
19. ტავრეზიონის მთაში ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ტრაპიზონის სამხრეთით გაწოლილი მთაგრეხილი, რომელსაც პონტოს მთების სახელით ვიცნობთ. გიორგიმ ილაშქრა სელჩუკების წინააღმდეგ, რომლებიც მის სასაზღვრო მხარეეებს არბევდნენ; შუა ბრძოლაში, ტავრეზიონის მთაში, მათ უღალატეს მთავრებმა, სარდლებმა და მეთაურებმა და იგი მტერს ჩაუვარდა ხელთ.
20. იოანე II მეფობდა 1280-84; 85-97 წლებში. აჯანყების შესახებ არაფერი ვიცით.
21. მიხეილ პალელოგოსი იყო ბიზანტიის ავგუსტი მიხეილ VIII (1261-1282). მან ჯერ ლასკარისები განდევნა და ნიკეას ავგუსტი გახდა 1259 წელს, 2 წლის შემდეგ კი ლათინები გააძევა კონსტანტინეპოლიდან და აღადგინა ბიზანტია. იგი გამორჩეული სამხედრო მეთაური და პოლიტიკოსი იყო. მისი შემდგომი მიზანი ტრაპიზონის დაქვემდებარება იყო. მისი გავლენიით იოანემ ტიტულიდან რომაელების მპყრობელი შეცვალა იბერიელთა მპყრობელით.
22. ანდრონიკე II პალელოგოსი მიხეილის ძე, ბიზანტიის ავგუსტი იყო 1282-1283 წლებში. მან გამეფებისთანავე უარყო მამის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიატური პოლიტიკა და საერთო ენა გამონახა მართლმადიდებლურ სამღვდელოებასთან.
23. იბერიის მეფე დავითი რუსუდანის ძე დავით ნარინია. მისი ლაშქრობა ტრაპიზონზე იქ მისი კანდიდატის დასმის სურვილით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ამ ლაშქრობის შედეგად მან ჭანეთი მიიტაცა. მისი სიკვდილის შემდეგ ატეხილი შიდაომის დროს ტრაპიზონმა ჭანეთი უკან დაიბრუნა და ბექა ჯაყელს გადასცა მოკავშირეობის სანაცვლოდ.
24. გიორგი კომნინოსი ზემოთნახსენები გიორგი I უნდა იყოს, რომელიც ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და ამიტომ ეწოდა მოხეტიალე.
25. თეოდორას მეფობა 1284-85 წლებში ივარაუდება. მისი დედა – რუსუდანი ქართული სამეფო ოჯახიდან არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამას პანარეტოსი აღნიშნავდა. ასე რომ იგი ქართველი დიდაზნაურის ასული უნდა ყოფილიყო.
26. კალო-იოანე იგივე იოანე II-ა. ეს მეტსახელი „კარგს“, „ლამაზს“, „მშვენიერს“, „კეთილს“ ნიშნავს.
27. ლიმნია = ბასილი ეზოსმოძღვრის ლიმონს და შავთელის აბდულმესიანის ლიმანს და მდებარეობდა მდ. თერმეჩაიზე (ძვ. თერმოდონი) მახლობლად, ტრაპიზონის იმპერიის უკიდურეს დას. ნაწილში და წარმოადგენს ანტიკურ ფანაგორიას, თანამედროვე თერმეს.
28. თ. უსპენსკის აზრით პანარეტოსი ხალიბიას უწოდებს იასონის კონცხის, უნიესა და ლიმნიის სამხრეთით მთაგორიან მხარეს, მთავარი ქალაქით ნეო-კესარიით (დღევ. ნიკსარი) და იგი მდ. კელკიტის ხეობით ერზინკასა და კამახამდე უწევდა. ქალდიაში კი პანარეტოსი ქართველი ისტორიკოსებივით ტრაპიზონის მხარეს გულისხმობს.
29. ქრისოკეფალოსის (ე.ი. ოქროსგვირგვინოვანი) ტაძარი ყოვლად წმინდა (პანაგია) ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული, ქალაქის გალავნის შიგნით მდებარეობდა და უმთავრეს წმიდათა-წმიდად ითვლებოდა ტრაპიზონში.
თ. უსპენსკის ვარაუდით, ოქროსგვირგვინოვანი ტაძარს კი არ უნდა რქმეოდა, არამედ ხატს. იგი ყოფილა სამიტროპოლიტო და სამეფო ტაძარი – უფრო აქ იდგამდნენ გვირგვინს და აქვე იკრძალებოდნენ ტრაპიზონის მეფეები. ახლა თურქთა მნიშვნელოვან მეჩეთად არის ქცეული და ორთაჯისარ-ჯამე ეწოდება.
30. ეს არის ალექსი II კომნინოსი (1297-1330). მან ბერძნული წყაროების (პაქიმერე, ნიკიფორე გრეგორასი) ცნობით მისი ბიძის ანდრონიკე II პალელოგოსის სურვილის წინააღმდეგ შეირთო ქართველი ქალი, ანუ ქართული ორიენტაცია აირჩია. ამას ადასტურებს ჟამთააღმწერელიც, რომელიც ამბობს რომ ბექა ჯაყელმა ქალი მიათხოვა კომნინოსსო, უბრალოდ კირ (ბატონი) ალექსის ნაცვლად შეცდომით კირ (ბატონ) მიხაელს უწოდებს სიძეს.
31. ბექა ჯაყელი სარგისის ძე, სამცხის მთავარი 1279-1308 წლებში და საქართველოს მანდატურთუხუცესი.
32. კერასუნტი, იგივე მესამე კერასუნტი, ანტიკური ფარნაკია, დღევ. გირესუნი.
33. კუსტუგანი ფალმეიერის აზრით ქუჩუკ-აღას უნდა გულისხმობდეს.
34. ლათინებში აქ იგულისხმებიან გენუელები, რომელთაც ტრაპიზონში თავიანთი შენობები და უბანი ჰქონდათ და ხშირად უთანხმოება მოსდიოდათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
35. „საზღვაო არსენალი“ – როგორც ჩანს ტრაპიზონთან ახლოს, ზღვისპირას არსებობდა ნავსამშენმებლო და საზღვაო იარაღ-მოწყობილობის საწყობის ფუნქციას ასრულებდა.
36. ბაირამ-ბეის სახელი ტექსტში დაწერილია ბერძნული დამახინჯებული ფორმის შესატყვისად.
37. „საქონლის სადგომები“ ფალმეიერის აზრით ეწოდებოდა საქონლის სახელდახელო საზაფხულო სადგომებს.
38. სინოპოლებში იგულისხმება სინოპელი თურქები. ქ. სინოპი და მისი მხარე კომნინოსებმა 1204 წელს დაიკავეს და 1214 წლამდე შეინარჩუნეს, ვიდრე ალექსი I რუმის სულთანს არ ჩაუვარდა ტყვედ მოულოდნელად და თავისუფლებისა სანაცვლოდ დაუთმო ეს მხარე და თავი რუმის ვასალად აღიარა.
39. ანდრონიკე III კომნინოსი (1330-1332). მან დახოცა ორი ძმა მიხეილი და გიორგი-აღბუღა.
40. მანუელ II კომნინოსი (1332).
41. ასომატოს „უხორცოს“ ნიშნავს. ასომატოსის ტაძარი ტრაპიზონთან ახლოს მდებარეობდა.
42. აქ ტექსტში ცოტა გაურკვევლად წერია. ისტორიკოსთან აზრით აქ ეწერებოდა „ხალხი“ ან „მასა“.
43. ბასილი I კომნინოსი (1332-1340) ეტყობა ეგრევე არ ასულა ტახტზე, ჯერ ძმისწული და მოწინააღმდეგენი მოიშორა თავიდან. მის კონსტანტინეპოლს ყოფნა და პალელოგოსის ასულზე დაქორწინება მის ანტიქართულ განწყობილებაზე მეტყველებს. ამიტომაც დახოცა მან ჭანური არისტოკრატია – ლეკი ჭანჭიძე, ჯაბა და სხვები.
44. დუქსი ანუ დუკა (საბას ლექსიკონით დუქსი – მეფის შემდეგი [უმცროსი], დუკა – თავადი) ბერძნების მიერ რომაელებისგან შეთვისებული სიყვაა. პირველად იგი ბერძნებშიაც ჯარის წინამძღოლს, მეთაურს ნიშნავდა (უფრო – ათასისთავს), როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ჯარში; შემდეგში კი ამ სახელს უწოდებდნენ პროვინციებისა და თემების გამგებლებსაც, რომელთა ხელშიაც სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება იყო გაერთიანებული. დუქსებად იწოდებოდნენ აგრეთვე დიდი ქალაქების მოურავები. მერე დუქსი ანუ დუკა დასავლეთში დიდ სააზნაურო ტიტულად იქცა თავადის, გრაფის და სხვათა მსგავად. ლეკის ჭაჭინჭიოსი, ერთ-ერთი უპირველესი ხელისუფალი იყო ამ დროს და სავარაუდოა – სწორედ ტრაპიზონის მოურავი.
ტრაპიზონის იმპერია სამ ოლქად იყოფოდა, რომელთაც სათავეში სწორედ „დუქსები“ ანუ „კეფალები“ (=თავი, მეთაური, მოურავი) უდგნენ. ეს ოლქები იყო: მაცუკის ანუ მაჭუკის, გიმორისა და თვით ტრაპიზონის. ეს დაყოფა უფრო სამხედრო ხასიათს ატარებდა. ტრაპიზონის დუქსი ანუ დიდი დუქსი ერეოდა სახელმწიფოს დიდი მნიშვნელობის როგორც სამხედრო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში.
45. დიდი დომესტიკოსი ტრაპიზონში უმაღლესი სამხედრო თანამდებობა უნდა ყოფილიყო.
46. მანუილი ბასილის სწორედ „ძმისწული“ იყო.
47. შეიხ ჰასანი ვინ იყო არ ჩანს.
48. ტამარტა ფალმერაიერის აზრით უნდა ნიშნავდეს „რკინის სხეულიანს“, „რკინის ტანიანს“, „რკინის კაცს“.
49. მინთრიონს (მინთროსის სერი ან მითრას სერი) თურქები ახლა „ბოზთეფეს“ უწოდებენ. ეს სერი თუ მთა ტრაპიზონს გადაჰყურებს და იქ ანტიკურ ხანაში მითრას საკურთხეველი ყოფილა.
უსპენსკის აზრით ახანტაკა ანუ ხალკოკონდილისის მიხედვით ახანტა, წმ. კვირიკეს ტაძართან ერთად მითრის მთასთან ახლოს მდებარეობდნენ. მაგრამ თუ ამ აზრს დავთანხმდებით, გამოვა, რომ
39 თავში მოხსენიებული ახალტაკა და ხალკოკონდილისის ტექსტის ახანტა სხვა გამოდის, რადგან ისინი ტრაპიზონიდან საკმაოდ მოშორებულია, პარხალის მხარეს არის და თანაც იქ თურქ ამირასთან მიდიან, იქიდან კი ლაზიკაში, მაკრეგიალს ჩადიან.
50. ფალმერაიერის ვარაუდის თანახმად უნდა იყოს სწორედ იბრაიმი. სხვები განსხავებულად კითხულობენ, მაგ. ბროსე წერს raemes.
51. ციხეში აქ იგულისხმება ტრაპიზონის მეფეთა სამყოფელი აკროპოლისი, მთავარი ციხე-დარბაზი.
52. ტექსტში ნახსენები სიტყვა „დესპინა“ პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ქალბატონი“, თუმცა ქართული გაგებით ნიშნავს დედოფალს – მეფის მეუღლეს ან დედას. თუმცა ერთ შემთხვევაში ამ ტერმინით ალექსი III-ის დაც მოიხსენიება.
53. ტრაპიზონელი ირინე, როგორც კარგად ჩანს ნიკიფორე გრიგორასის (XIV ს.) თხზულებიდან, მეფე ბასილს ადრევე ჰყოლია ხარჭად და რადგან პალელოგოსის ასული უშვილო გამოდგა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, კანონიერად შეირთო თავისი შვილების დედა. როდესაც ბასილი გარდაიცვალა და ძალაუფლება ხელთ ირინე პალელოგოსმა იგდო, ტრაპიზონელი ირინე ორივე შვილით კონსტანტინეპოლს გაისტუმრა ტყვეებად. ეს ამბავი ტრაპიზონის დიდებულთა შორის დიდ არეულობის გამომწვევი გახდა, რაზეც ნიკიფორე ვრცლად მოგვითხრობს.
54. „არხონი“ ადრეფეოდალურ ეტაპზე მთავარს, ერისთავს ნიშნავდა, უკვე XIII-XIV საუკუნეებისთვის, როდესაც სათავადოებმა დაიწყო ჩამოყალიბება არხონი სწორედ თავადის აღმნიშვნელი ხდება და ჩვენს წყაროში სწორედ ასეა, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ამ ტერმინით სასახლის დიდებული, „კარისკაცი“ იგულისხმება.
55. „ორ პარტიაში“ – იგულისხმება დაპირისპირებული მხარეები, ერთი პროქართული არისტოკრატია და მეორე ირინე პალელოგოსის დაჯგუფება, რომელსაც ძირითადად წარმოადგენდა კონსტანტინეპოლიდან მოწვეული სამეფო მცველი რაზმის ნაწილი, რომელიც ალაგიონის სახელით იხსენიება.
56. ჭანიხიტისი ციხე ჭანიხას მფლობელს ნიშნავს. მისგან წარმოიშვა გვარი ჭანიხელი ან ჭანისციხისელი, რომლის ბერძნული ფორმა იყო ჭანიზიტისი. ჭანიხას მდებარეობდა დღევ. გიუმუშჰანეს მახლობლად.
57. სტრატოპედარხისი ერთი ცნობით იყო: „მზრუნველი (გამგებელი, უფროსი) მხედრობის სურსათისათვის სასმელ-საჭმელისა და ყოველ საჭიროებათთვის“. ფსევდო კოდინოსის (XV ან XVI ს.) ცნობით დიდი სტრატოპედარხისი ფრიად მაღალ თანამდებობას წარმოადგენდა და მეცხრე ადგილი ეკავა რანგების ნუსხაში. არ არის გამორიცხული ამ თანამდებობის პირს რომელიმე საჯარისო ნაწილის სარდლობაც ჰქონოდა დაკისრებული.
58. სქოლარისი ადრებიზანტიურ ხანაში იმპერატორის გვარდიის რაზმებს, დაცვას, მეომრებს ეწოდებოდა, გვიანბიზანტიურ და ტრაპიზონულ ხანაში კი გვარად არის ქცეული. ანალოგიურად მიზომატისი, ჭანიხიტისთან, კავასიტისთან და სხვებთან ერთად გავლენიან არისტოკრატიულ გვარს წარმოადგენდა ტრაპიზონის იმპერიაში. კავასიტიდან შეიძლებოდა წარმომდგარიყო გვარი კავსაძე (სოფ. კავსა მდებარეობდა ქ. ამისო-სამხუნთან, საიდანაც გამოვიდა ალბათ გვარი), ჭანიხიტიდან ჭანიშვილი, სქოლარისიდან სხულარია.
59. კამახინების ანუ კომახინების გვარი ქალდიის ციხე კომახიდან წარმოსდგა. ე.ი. ისინი იყვნენ კომახელები. საქართველოში გავრცელებულია გვარი კომახიძე.
60. სამეფო ალაგიონი ტრაპიზონში ბასილევსის ცხენოსან მცველთა განსაკუთრებულ რაზმს წარმოადგენდა.
61. წმ. ევგენის ტაძარი და მონასტერი ქალაქის გალავნის გარეთ იყო და მნიშვნელობით მხოლოდ ქრისოკეფალოსს ჩამორჩებოდა. 1340 წელს ისე დაზიანდა ბრძოლების გამო, რომ თითქმის სულ მთლიანად განახლება დასჭირდა. თურქებმა ისიც მეჩეთად გადააკეთეს და იენი-ჯუმა უწოდეს.
62. პარხალი იყო საქართველოს ისტორიული მხარე ტაოში (დღევ თურქეთი), რომლის ცენტრი იყო დაბა პარხალი. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზს. პარხალი ანტიკური ხანიდან ტაოს ნაწილი იყო. მოვსეს ხორენაციის ცნობით „პარხარი იყო ტაიკის შიდა მხარე“. X საუკუნეში პარხალი დავით III კურაპალატის მამული იყო, შემდეგ ბიზანტიელებმა წაიღეს, მისი დამარცხების შემდეგ კი თურქ-სელჩუკებმა...
63. ამიდელები – თურქები ზემო მესოპოტამიის ქალაქ ამიდისა, რომელიც ახლა დიარბექირის სახელით არის ცნობილი.
64. დოლინოსის ძეთა ვინაობა და სადაურობა ვერ დგინდება.
65. ანდრონიკე III პალელოგოსი (1328-1341).
66. ბიზანტიელებში აქ, როგორც ნიკიფორე გრიგორასის ტექსტიდან ჩანს ირინე პოალელოგოსის დაქირავებული ჯარი უნდა იგულისხმებოდეს, რადგან მათზეა ნათქვამი, უომრად უკუიქცნენო.
67. ანა I ანა-ხუტლუ, ალექსი II-ის უფროსი ასული, ალბათ ბექას ასულთან ნაყოლი. ნიკიფორე გრიგორასის ცნობით ირინეს მოწინააღმდეგე პარტიამ დაარწმუნა ანახუტლუ სამონაზვნო სამოსი გაეხადა და ლაზიკას გაქცეულიყო. აშკარაა ამაში მას საქართველოდან ეხმარებოდნენ. პანარეტოსის ტექსტში ზუსტად არ ჩანს ეს როდის მოხდა, თუმცა აღწერილი საქმისთვის 2 თვე მაინც დასჭირდებოდა. რაც შეეხება ლაზიკას, იგი ალბათ უფრო რიზე-ათინას მხარეს უნდა გულისხმობდეს და არა დას. საქართველოს, რადგან არ იხსენიება საქართველოს მეფის უშუალო მონაწილეობა, იბერიელები და არ ჩანს ზოგადად ბიზანტია-საქართველოს შორის რაიმე პირდაპირი დაპირისპირება დიპლომატიის დონეზეც კი, რაც ალბათ შემოინახებოდა წყაროებში.
68. დიდი ქალაქი ანუ კონსტანტინეპოლი.
69. ე.ი. ანა-ხულტლუს მოყვანილი ლაზები დარჩნენ და თურქები მოიგერიეს.
70. ინეონი დღევ. ქ. უნიე იოსონიოსის კონცხის დასავლეთით.
71. ანა-ხუტლუმ იმეფა 1341 წლის 17 ივლისიდან 1343 წლის 4 სექტემბრის ახლო ხანამდე. ეს კი ბევრად მეტია 1 წელსა და 1 თვეზე.
72. წმ. საბას გამოქვაბული – კლდეში ნაკვეთი მონასტერი ახლ. ბოზ-თეფეს მთაზე. მასში ასვლა მხოლოდ თოკის კიბით იყო შესაძლებელი. იგი გადაჰყურებდა ზღვას, ქვემოთ გადაშლილ ტრაპიზონს და, როგორც ჩანს, ერთგვარ სატუსაღოდაც იყენებდნენ წარჩინებულ სახელმწიფო დამნაშავეთათვის.
73. ამ უწარჩინებულეს თავადებში (არხონტებში) ქართული ორიენტაციის არისტოკრატია იგულისხმება.
74. პროტოვესტიარიოსი ერქვა ბიზანტიის იმპერატორის სამოსსაცავისა და სალაროს გამგებელი. სამეფე კარზე მას რანგით მეექვსე ადგილი ეჭირა. სამეფო დარბაზობის დროს ასრულებდა აგრეთვე ობერცერემონმაისტერის თანამდებობასაც.
75. ეპიკერნისი ქართული გაგებით მეღვინეთუხუცესს უდრიდა.
76. დიდი ლოგარიასტისი ფინანსთა მინისტრი უნდა ყოფილიყო.
77. პარაკიმომენოსი ბიზანტიაში მესაწოლეთ-უხუცესი იყო, ხელმძღვანელობდა ფარეშებს და იცავდა მეფის ბეჭედს.
78. ამიჩანტარიოსი თურქებისგან შეთვისებული თანამდებობა იყო და იქაურ ამირ-ჩაუშს უდრიდა. იგი განსაკ. დავალებებს ასრულებდა და შიკრიკთუხუცესი უნდა ყოფილიყო.
79. დიდი კონტოსტავლოსი სავარაუდოდ დაქირავებული ჯარების სარდალი უნდა ყოფილიყო.
80. წმინდა ანდრია სავარაუდოდ გამაგრებული მონასტერი იყო ინეონის მხარეში.
81. იანუელებში აქ გენუელები უნდა იგულისხმებოდეს, რომელთაც მძლავრი ფაქტორიები ჰქონდათ შავ ზღვაზე და მათი ხომალდები ხშირად აწყობდნენ თავდასხმებს სანაპირო ქალაქებზე.
82. ეზეინკელი – ეზინკის, ერზინკის ანუ ერზინჯანის მხარის გამგებელს ნიშნავს. იგი იმპერიას სამხრ-აღმ-დან ესაზღვრებოდა და ხშირად აწიოკებდა მის მიწებს.
83. ბაიბურთი – ქალაქი მდ. ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილში, ტრაპიზონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზემო სპერში, კარინისა (არზრუმი) და ტრაპიზონის შემართებელ ხაზზე. ამ დროს იგი თურქი ამირას ხელში იყო.
84. ახისი, ეიკეპტარისი, პოსტოგანისი – ეს მაჰმადიანური სახელები ისეა ბერძნულში დამახინჯებული, რომ მისი ამოცნობა ვერ ხერხდება.
85. ჭაპნიდები ანუ ჭანიდები იგივე ჭანები არიან, რომელთაც ამ პერიოდისთვის თანთათან უკვვე ეკერება სახელი ლაზები, მათ დასახლებულ მიწებს კი ლაზიკა. ოღონდ პანარეტოსი ამ სახელით მოიხსენიებს აგრეთვე ჭანეთის ტერიტორიაზე დასახლებულ თურქებსაც, რაც აშკარად ცანს ტექსტის დაკვირვებით წაკითხვისას. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს, როდესაც თამარის ისტორიკოსები რუმის სასულთნოს საბერძნეთს უწოდებენ. შესაბამისად ტრაპიზონის წინააღმდეგ მებრძოლი ერზინჯანისა და ბაიბურთის მოკავშირე ჭანიდები არა წანები, არამედ აქ ცამოსახლებული თურქული ხახლები უნდა ყოფილიყვნენ.
86. კაფა – თეოდოსია, ძლიერი გენუელთა კოლონია გოთიაში (ყირიმი)
87. დაფნუსი – ახლ. ბოზ-თეფეს მთის ძირში წმ. ფილიპესთან მდებარე ყურე თუ ნავმისადგომი, სადაც გენუელებისგან დამწვარი საზღვაო არსენალი იდგა.
88. ხმელეთზე მყოფი ფრანგებიც გენუელები უნდა ყოფილიყვნენ. რაკი მათი თანამოძმეები დაესხნენ ქალაქს, ტრაპიზონელებმაც შური მათზე იძიეს.
89. ამინსო ანუ ამისო, დღევ. სამსუნი. ამ ბერძნულ კოლონიასთან თურქებმა დააარსეს თავიანთი სავაჭრო ახალშენი სამსუნი, შემდეგ თვით ამისოც აიღეს და ორივენი ერთ სახელში გააერთიანეს.
90. ლეონტოკასტრონი ანუ „ლომის-ციხე“ ახლანდელი გიუზელსერაი. დაფნუსის ყურის მიდამოებში უნდა მდგარიყო.
91. მიხეილ I 1341 წლის ივლისში ჩამოვიდა ტრაპიზონში გასამეფებლად, მაგრამ ანაუხტლუს მომხრეებმა შეიპყრეს და ლიმნიაში გაგზავნეს. ანას ტახტიდან ჩამოგდებისა და დასჯის შემდეგ, იოანე III კომნინოსი, მიხეილის ძე გამეფდა (1342-44), ხოლო მერე კვლავ მიხეილმა დაიბრუნა ტახტი 1344 წლის მაისიდან, გადააყენეს კი 1349 წლის დეკემბერში.
92. იოანე-ალექსი იყო ალექსი III კომნინოსი ბასილის ძე, ტრაპიზონელ ირინესთან ნაყოლი. იგი ხანგრძლივად მეფობდა (1349-1390) და ყველაზე ვრცლადაც არის აღწერილი მისი მეფობა. პანარეტოსი მისი თანამედოვე და კარისკაცი იყო. იგი ტახტზე დაჯდომისას 12 წლისაც არ იყო, მაგრამ მას მხარს უჭერდა ბიზანტიის უზუპატორი იოანე კანტაკუზინი (1341-1354), რომელიც დაინტერესებული იყო პალელოგოსების მოკავშირე მიხეილ I-ისა და იოანე III-ის თავიდან მოშორებით. ამიტომაც დაუმოყვრდა მას და 14 წლის ყმაწვილს მიათხოვა თავისი ნათესავი თეოდორა. მის დროს და მის შემდეგ ტრაპიზონის სამეფო ძლივს აკავებდა თურქი ამირების მოწილას. იგი ძირითადად ეკლესია-მონასტრების შენება-განახლებით იყო დაკავებული. მან დააარსა ათონის მთაზე დიონისიოს მონასტერი, რომელიც აღწერა ტიმოთე გაბაშვილმა.
93. იხილეთ შენ. 72.
94. ტატა უნდა ყოფილიყო თანამდებობა, რომელსაც უფლისწულის აღზრდა ევალებოდა.
95. ტრიპოლისი, დღევ ტირებოლი, ტრაპიზონსა და გიურესუნს შორის. აქედან იწყებოდა ერთ-ერთი მარჯვე გზა, რომელიც მტებში გადიოდა ერზინკასა და კამახასკენ, შემდეგ კი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა.
96. კეხრინა ანუ ჯენხრინა იყო ციხე-სიმაგრე ტრიპოლისსა და კერსაუნტს შორის, ოღონდ უფრო ქვეყნის შიგნით, მთებში.
97. სევასტოკტრატორი ბიზანტიაში XII საუკუნეში შემოიღეს და იმპერატორის შემდეგ მეორე კაცს წარმოადგენდა. ნიკიფორე ბიზანტიის უზურპატორ იოანე კანტაკუზინის ნათესავი იყო.
98. პიკერნისი ანუ ეპიკერნისი მეღვინეთუხუცესი უნდა იყოს.
99. ჭანიხა – ქალაქი და ციხე-სიმაგრე ქალდიაში, არგიროკასტრონის (გიუმუშ ჰანე) შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ამ მხარეში.
100. ეს ადგილი ტექსტში ძნელი ამოსაკითხია. როგორც ჩანს საუბარია მოლაპარაკებაზე, მოციქულების მიგზავნ-მოგზავნაზე.
101. ეს ბასილი ხუპაკოსი თავ 26-ში ხუპაკა-დ და სქოლარისად არის ნახსენები. როგორც ჩანს ბასილი სქოლარისს მეტსახელად ხუპაკა ჰქონდა.
102. ქალდია ტრაპიზონის სამეფოში ნახევრად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, რომლის დუქსები კავაზიტისები იყვნენ. მათ ელში იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო გზავ, რომელიც ზიგანის უღელტეხილით სამხრეთიდან ტრაპიზონს მიდიოდა. ეს მხარე მოიცავდა ფრიად მთაგორიან ტერიტორიას ზიგანიდან სამხრეთით არგიროკასტრონამდე (გიუმუშჰანემდე), მდ. კელკიტამდე და ბაიბურთამდე. მისი მთავარი ქალაქი არგიროკასტრონი („ვერცხლის ქალაქი“) იყო. თურქები აქ მეთოთხმეტე ს-ში იკიდებენ ფეხს, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც და გამუდმებული ბრძოლებია მათთან. სახელი მიიღო ხალიბების თანატომელ ხალდებისგან. ბიზანტიის ხანაში „თემა“ „ქალდეა“ მთლიანად მოიცავდა მომავალი ტრაპიზონის იმპერიის ტერიტორიას.
103. ხერიანი – ქალდიის ერთ-ერთი ციხე-ქალაქი, ახლანდელი ულუ-შეირანი თუ შირანი კელკიტის ჩრდილო დასავლეთით.
104. იასონი ანუ იასონიონი – იასონის კონცხი, ახლ. იასუნ-ბურნი. აქვე უნდა იყოს დასახლებული ადგილიც.
105. მაცუკა ანუ მაჭუკა, დღევ მაჩხა, ტრაპიზონის იმპერიის ერთ-ერთი ოლქი ანუ ბანდა სამიდან, რომლიც ტრაპიზონის სამხრეთით ახლ. ჯივიზლიკიდან (დიკესიმონი) ზიგანის უღელტეხილამდე და მტებამდ ვრცელდებოდა. მისი ცენტრი იყო ციხე-ქალაქი მაჩხა. ხანდახან მას პალეომაცუკასაც უწოდებენ. ეს სახელიც აქაური დასახლებული პუნქტიდან წამოვიდა.
106. ხაჯიმირს უსპენსკი და მილერი ჰაჯი-ომარან ანუ ომერად კითხულობენ.
107. დიკესიმონი – სოფელი მაცუკის ოლქში, ახლ. ჯივიზლიკი, ტრაპიზონიდან სამხრეთით 21 კმ.-ზე.
108. უსპენსკი თვლის რომ წერია ციხე-სიმაგრე, თუმცა ხახანაშვილი თვლის რომ გასასვლელი უნდა ეწეროს.
109. ხოჯა ლატიფს უსპენსკი ხაჯი-ლატიფად კითხულობს.
110. სუმელის მონასტერი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული IV ს-ში ათენელი მღვდლის ბარნაბეს მიერ ტრაპიზონთან ახლოს, მის სამხრეთით. არაბთა გამანადგურებელი თავდასხმის შემდეგ, VI ს-ში აღადგინა წმინდა სოფრონმა. ბიზანტიის, ტრაპიზონისა და ოსმალთა ეპოქაში მონასტერი ხელშეუხებლობას ინარჩუნებდა და მუდმივად აყვავებულ დროს განიცდიდა. ლოზანას კონფერენციაზე (1922-23) შეთანხმების შედეგად თურქეთმა და საბერძნეთმა მოსახლეობა გაცვალა, რამაც აქედან ბერძნების წავლა და მონასტრის გაუკაცრიელება გამოიწვია. ბერძნებმა თან წაიღეს აქაური საგანძური და პროვინცია მაკედონიის ქალაქ ვერიაში დააბრძანეს. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად. 2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
111. ახიაინაკი მეთხუთმეტე თავში მოხსენიებული ახის აინა-ბეი უნდა იყოს.
112. გოლახა ანუ გალახა ქალდიის ერთ-ერთი მთავარი ციხე-სიმაგრე იყო.
113. წმ. ფოკას ტაძარი და მონასტერი კორდილეში (დღევ. აჩაკალე) მდებარეობდა, შემდეგდროინდელი წმ. ათანასეს ადგილას.
114. მესოქალდია ანუ მესოქალდიონი იყო ციხე-სიმაგრე ქალდიაში.
115. იოანე III კომნინოსი მიხეილის ძე, მამამ ჯერ საბას მონასტერში დაატუსაღა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლს გაისტუმრა.
116. მინთროსის შესახებ იხ. შენ. 49. უსპენსკის აზრით მითრას ტაძრის ადგილზე აიგო იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. სხვების აზრით ცოტა სხვაგან.
117. ჩელები (თურქ) ანუ ქართული წყაროების „ჩალაბი“ ან შეიძლება „ჩალიბიც“ „ბატონს“, „წარჩინებულს“, „დიდებულს“, „განათლებულს“ ნიშნავს.
118. გალატა – გენუელთა უბანი შუა საუკუნეების კონსტანტინეპოლში.
119. დიდებული ქალაქი – კონსტანტინეპოლი.
120. დიდი ლოგოთეტი – საგარეო საქმეთა ანუ დიპლომატიის ხელმძღვანელი, შესაძლოა ნაწილობივ მთავრობის ხელმძღვანელიც.
121. პროტოსევასტოსი და პროტონოტარიოსი მაღალი ტიტულები სამეფო კარზე. გადასახადების ამკრებნი, აკრების ხელმძღვანელნი, საბუღების შემდგენელნი და მთავრობის მეთაურის სხვა დავალებათა აღმსრულებელნი.
122. იოასაფ მონაზონი კანტაკუზინოსი იგივე უზურპატორი იოანე კანტაკუზინია, რომელიც 1354 წ. ჩამოაგდეს და მონაზონია.
123. ტექსტში ნახსენები პოდესტა ქართულად მოურავის შესატყვისია.
124. წმ. გრიგოლი გულისხმობჰს წმ. გრიგოლ ნოსელის სახელობის ტაძარი, რომელიც თურქთა მიერ ქრისოპოლისის დაპყრობის შემდეგ სამიტროპოლიტოდ იქცა. აქ იყო დაკრძალული იმერეთის მეფე სოლომონ II.
125. ამინსუ, ამინსო, ამისო – დღევ სამსუნი.
126. როგორც ჩანს ისინი აქაური იტალიური ფაქტორიის ლიდერები იყვნენ. სავარაუდოდ დაკნოპინი დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს იტალიური გვარისა.
127. მიტროპოლიტი ბარნაბა პაპადოპულო-კერამევსის მიერ აღწერილ ერთ ტრაპიზონულ ხელნაწერშია მოხსენიებული.
128. სკევოფილაქსი სასულიერო წოდება და ტანამდებობაა, რომელსაც საეკლესიო სალარო-სამოსსაცავი ებარა.
129. იოსებ ლაზაროპულოსი იგივე იაონე ლაზაროპულოსი 1364-67 წლებში ტრაპიზონის მიტროპოლიტი იყო.
130. ტრაპიზონის უბან „მოედანზე“ გენუელებისათვის გადაცემული ლეონტოკასტრონი.
131. კონსულს ეძახდნენ ვენეციელთა ფაქტორიის მეთაურს, ხოლო ბაილს ანუ ბაილოს – გენუელთა ფაქტორიის მეთაურს ანუ მოურავს. ე.ი. ვენეციელებსა და გენუელებს შორის მომხდარა უთანხმოება.
132. ახანტაკას შესახებ იხ. შენ. 49.
133. მაკროს-ეგიალოსი ანუ მაკრეგიუალუსი – მაკრიალი ჭანეთში. მდებარეობს გონიასა და ხოფას შორის. ამ სახელის მდინარე, ხეობა და ადგილიც ახლაც არსებობს. ეს ტერიტორია ამ დროს საქართველოს შემადგენლობაშია.
134. ანა კომნინოსი თუ პანარეტოსის ცნობა მისი დაბადების შესახებ 1357 წ. 6 აპრილი (თავი 22) – სწორია – 10 წელზე ნაკლების გამოდის, რაც კანონიერ ქორწინებას ხელს სავარუდოდ შეუშლიდა და გამოვა, რომ ამ დროს მხოლოდ მათი ნიშნობა მოხდა.
135. ბაგრატ ბაგრატიონი ბაგრატ V-ა (1360-1393) დავით IX-ის ძე.
136. ლარახანე ერთ საბუთში ლაზეთის ადგილად მოიხსენიება.
137. ლიმანი რუსეთის იმპერიის დროს შედგენილ კავკასიის 5 ვერსიან რუკაზე მაკრიალის სამხრეთ-დასავლეთით 4–5 ვერსით არის დაშორებული, თუმცა შესაძლებელია დამახინჯებულად იყოს დაწერილი და ლიგანი-ლივანა უნდა ეწეროს, რაც ლიგანის ხევს, ნიგალის ხევს ნიშნავს, რომელიც ჭოროხის ხეობის მონაკვეთს მოიცავს ართვინიდან ფორჩხამდე. მოყოლებული 1297 წლიდან ჭანეთი ანუ ლაზიკა (ჭოროხის შესართავიდან ოფიმდე ჯერ სამცხის სამთავროს, შემდეგ კი აღდგენილი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. მასვე ეკუთვნის ნიგალი, ფანასკერტი და სპერის ნაწილი, ხოლო პარხალი ტრაპიზონის ხელშია. სპერის მეორე ნაწილი ქ. ბაიბურთით თურქების ხელთ არის და იქედან ესხმიან თავს სპერს, პარხალს, ჭანეთს და სხვა მიწებს. ამდენად ეს საქორწინო მგზავრობა სწორედ ჭოროხის ხეობით უნდა მომხდარიყო ლივანა-ნიგალისხევის გავლით.
138. ელევსის ანუ შეწყალების მონსტრის ადგილმდებარეობა ისევე, როგორც არიანელების ანუ არანიოტების სამყოფელი, რომელთა მხარეშიაც ივარაუდება ეს მონასტერი, გაურკვეველია. თავდამსხმელ მეკობრეებში ოსმალო-თურქებს ხედავენ, რომელთაც ნელნელა ხელთ იგდეს სელჩუკიანნი თურქების სამფლობელოები ანატოლიაში.
139. წმ. სოფიას ტაძარი და მონასტერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. იგი მდებარეობდა ქალაქის დასავლეთით, დაახლოებით სამიდოე კილომეტრზე, ზღვის ნაპირას. მისი აგება მანუილ პირველს მიწერება. ახლა მეჩეთად არის გადაკეთებული.
140. პარხლისთვის იხ. შენ. 62.
141. თეოდოსი ტრაპიზონში 1370-91 წლებში იჯდა მიტროპოლიტად.
142. მთაწმინდა – ათონის მთა.
143. შუასაუკუნეების ბათუმის ისტორიისათვის ეს ერთ-ერთი საიტერესო ცნობათაგანია. ამ ცნობიდან ჩანს რომ ამ დროს ბათუმი საქართველოს შემადგენლობაშია და გურიელის სამფლობელოა.
144. აქ მოხსენიებული გურიელი მართლაც შეიძლება კახაბერ გურიელი იყოს, რომელიც მოხსენიებულია ლეხოურის ანუ ძველი რეხეულის ეკლესიის ეკლესიის ხატის წარწერაში, როგორც დიმიტრი ბაქარაძეს აქვს ამოკითხული 1362 წლის თარიღის ქვეშ. თ. ჟორდანია რ ეჭვობს და მართლაც ჩანს, რომ ეს კახაბერი, იგივე კახაბერ გურიელია, რომელიც დ. ბაქარაძის აზრით, ჯუმთაის მთავარ-ანგელოზ გაბრიელის ხატის წარწერაში იხსენიება – ვითარცა ერისთავთ-ერისთავის გიორგი დადიანის ერთ-ერთი ძე (მეორე მანდატურთუხუცესი ვამეყი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ 1384 წელს დამჯდარა დადიანად); თუმცა თვითონ ბაქრაძე მათ ერთმანეთთან არ აიგივებს. ოღონდ თ. ჟორდანიას ეს კი ძალიან საეჭვოდ მიაჩნია, რომ პირველი წარწერის დასაწყისი ასოები მართლა ქორონიკონს აღნიშნავდეს და თარიღის მაჩვენებელი იყოს.
145. გურიელი ბაგრატის ვასალი იყო და ბუნებრივია უმასპინძლა მას და მის ძვირფას სტუმარს საერისთავოში.
146. იოანე პალელოგოსი იოანე V უნდა იყოს, რომელსაც 3 ჯერ წაართვეს კონტანტინეპოლის ტახტი, მაგრამ მაინც სიკვდილამდე იმეფა.
147. დესპოტის ტიტულს ბიზანტიაში იმპერატორის ძეები ატარებდნენ, უმეტესად ტახტის მემკვიდრეები და ძალიან იშვიათად სხვა წარჩინებული პირნი. ჩანს ტრაპიზონშიც ასე იყო.
148. თეოსკეპატოსი – ღვთივდაცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი და დედათ მონასტერი მითრას მთაზე.
149. თბილისის მეფე დავითში საქართველოს მეფე დავით IX იგულისხმება. გულქან-ხათუნი დავით IX-ისა და სინდუხტარ ჯაყელის ასული იყო. ე.ი. იგი თავიდან უნდა დაექორწინებინათ ალექსი III-ის უკანონო ვაჟ, ანდრონიკე კომნენოსზე, რომელიც 1376 წლის 14 მარტს დაიღუპა. 1377 წლის 6 სექტემბერს გულქან-ხათუნი მანუელ III-ს გაჰყვა ცოლად. მანუელი ალექსი III-ისა და იმპერატრიცა თეოდორა კანტაკუნეზის უფროსი ძე იყო. წყვილს ვაჟი ეყოლათ, რომელიც შემდეგ იმპერიას მართავდა ალექსი IV-ის სახელით.
1390 წლის 20 მარტს გარდაიცვალა ალექსი III. ტახტზე ავიდა იმპერატორი მანუელ III და გულქანი, რომელიც კორონაციისას იმპერატრიცა ევოდკიას სახელად აკურთხეს. მისი დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, გულქან-ხათუნი 1395 წლის 2 მაისს გარდაიცვალა.
150. მესხეთის მთავარი და საქართველოს ათაბაგი აღბუღა I ჯაყელი (1374-1391) შალვა ათაბაგის ძე, დიდი ბექას შვილიშვილი.
151. მანუილი მომავალი იმპერატორი მანუილ III-ეა (1390-1417).
152. გონია, დღევ. გომიო, ანტიკური აფსაროსი.
153. ტაჯედინ ბეი (1348-1387) თავიდან ამასიის ემირის ვასალი იყო. შემდეგ განუდგა და 1348 წელს შექმნა დამოუკიდებელი ბეილიკი ტერიტორიაზე – დღევ. ბაფრადან და ორდუდან ნიკსარამდე.
154. ჭაპნიდების შესახებ იხილეთ შენ. 85. ამ ადგილიდან კარგად ჩანს, რომ ამბავი ხდება ტრაპიზონის სამხრეთ-დასავლეთით და არა საკუთრივ ლაზიკაში ანუ ჭანეთში.
155. პეტრომას ციხე მდებარეობს ტრიპოლისსა და კორდილეს შორის ჩამომავალ ხეობაზე, ტრიპოლისიდან 26–27 კმ-ზე, ზღვის სანაპიროდან 2 საათის სავალზე. ციხემ ეს სახელი მეოცე საუკუნემდე შეინარჩუნა.
156. ეს ადგილი ტექსტში ბუნდოვანია.
157. სთლავოპიასტეში ფალმეირაირერი აქ ჩამოსახლებული სლავების დასახლებას გულისხმობს და ფიქრობს, რომ იგი ტრაპიზონის აღმოსავლეთით იყო, არადა თითქოს ტექსტი სხვა მიმართულებას გვაძლევს.
158. ეს ჩამატებული სიტყვა აზრით იგულისხმება და ამიტომ შემოიტანა ტექსტში ლამბროსმა. შეიძლებოდა ასეც გვეთარგმნა: „დაიმედებულნი, რომ მეფეს შეხვდებოდნენ (იპოვნიდნენ)...“
159. ამ ბასილის თვლიან მომავალი ალექსი IV-ედ, რადგან მანუილის სხვა შვილი არსად იხსენიება.
160. საზარდულის სენში იგულისხმება შავი ჭირი, რომელსაც ჯირკვლების გასივება ახასიათებს.
161. სირმენე ანუ სურმენე, ძველი სუსარმია, ანტიკური ჰისოსი.
162. ეს და დანარჩენი თავები უკვე მინაწერი ჩანს და პანარეტოსს აღარ უნდა ეკუთვნოდეს.
163. თემურ ლენგმა 1402 წელს ანგორასთან ოსმალების დამარცხების შემდეგ ანატოლიაზე ბატონობაც მოიპოვა. ამის გამო მანუილ III-მაც მას მოუხარა ქედი.
164. ხატაია ანუ ხატაეთი ქართულ წყაროებსა და ვეფხისტყაოსანში ჩინეთს ნიშნავს. ფალმერაიერი კი ამ სახელის ქვეშ ვარაუდობს ქვეყანას მდ. სირდარიასა და ჩინეთის დიდ კედელს შორის მდებარეს.
165. თბილისის შესახებ ეს შეფასება საინტერესოა.
166. ქართულ წყაროებში ეს დავითი პირველ ცოლ ელენესთან შეძენილი ჩანს, აქ კი მეორესთან. ი. ჯავახიშვილი უფრო ამ ცნობას ენდობა, რადგან ქართლის ცხოვრების გადამწერთ ბევრი შეცდომა და აღრევა აქვთ მოსული.
167. ეს ამბავი ოღონდ დავითის მოხსენიების ჯარეშე ორჯერ იხსენიება ქართულ ქრონიკებში – 1385 და 1387 წლების ქვეშ.
168. ალექსი III-ს გარდაცვალების ამ თარიღს ადასტურებს ერთ-ერთი ძველი ტრაპიზონული მინაწერი.
169. აქ ტექსტში შეცდომაა რადგან მანუილის გამეფებიდან 27 წელი 1417 წელზე მოდის, ამიტომ ზოგმა ავტორმა 5 წელი თანამეფობად ჩათვალა, ზოგმაც 27 – 22-ად გადააკეთა, არადა ერთი სომხური წარწერით მტკიცდება, რომ მანუილი 1415 წელსაც არის ცოცხალი. შესაბამისად მანუილს სწორედ 1417 წლამდე უნდა ემეფა.
170. ალექსი IV კომნინოსი მანუილის ძე.
171. გიდოსი ანდრონიკე I გიდოს-კომნინოსი უნდა იყოს.
172. გოთიაში ყირიმის ნკ-ს დიდი ნაწილი იგულისხმება, რომლის სამხრეთზე 1204-1235 ტრაპიზონის მეფის გავლენა ვრცელდებოდა, შემდეგ ნიკეას იმპერიამ დაიპყრო, თუმცა ბიზანტიის დაუძლურების შემდეგ ტრაპიზონმა მასზე სამხრეთზე გავლენა დაიბრუნა. იგი იხსენიება იმპერატორის ტიტულშიც „გაღმა მხარის“ სახელით.
173. თეოდორელში იგულისხმება თეოდოროს სამთავროს მკვიდრი. ეს სამთავრო ყირიმის სამხრეთში მდებარეობდა 1223-1475 წლებში. ცენტრი იყო ქ. თეოდორო, იგივე მანგუპი.
174. დავითი ტრაპიზონის მომავალი უკანასკნელი იმპერატორია (1458-1461) იოანე IV-ის ძმა.








Комментариев нет:

Отправить комментарий