среда, 3 октября 2018 г.

კლავდიოს პტოლემაოისი (II ს.) „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ და ცნობები საქართველოს შესახებ

კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. 100–170) მოღვაწეობდა დაახლოებით 127–151 წლებში ალექსანდრიაში (ეგვიპტეში)1. ცნობილია როგორც მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, ასტროლოგი და ბერძნული ანთოლოგიის ფუძემდებელი. მასვე უკავშირდება გეოგრაფიაში სივრცული აზროვნების ჩამოყალიბება. პტოლემაიოსი არის ავტორი იმ მეცნიერული ტრაქტატებისა, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონია ისლამური და ევროპული მეცნიერების მრავალმხრივ განვითარებაში. საუკუნეების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გეოგრაფის მათემატიკურ-ასტრონომიული ტრაქტატი – „დიდი კრებული“ (13 წიგნად, მასზე დართული ცხრილებით). ნაშრომი არაბულ ენაზე ითარგმნა IX საუკუნეში (ხალიფა ალ-მამუნის ბრძანებით) სახელწოდებით – „ტაბრირ-ალ-მაჯისტი“ (ანუ „ალ-მაჯისტი“), ხოლო შუა საუკუნეებში ცნობილი გახდა „ალმაგესტი“-ს სახელით. მასში ნათლადაა გამოხატული პტოლემაიოსის გეოცენტრისტული ხედვა. როგორც ნაშრომიდან ირკვევა, გეოგრაფმა დედამიწა დღის სიდიდისა და პარალელებზე მზის შუადღის ჩრდილების მიხედვით დაჰყო სარტყლებად, ხოლო დედამიწის წრეწირი – 360 ნაწილად (გრადუსად), გრადუსები - 60 ნაწილად (წუთად) და წუთები – 60 ნაწილად (წამებად) და წლის ხანგრძლივობა წუთის სიზუსტით განსაზღვრა.
გეოგრაფის და ასტრონომის ნაშრომებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, რომელშიც გვაწვდის ცნობებს ძველი საქართველოს შესახებ. „Geographica” რვა თავისაგან შემდგარი წიგნია. სახელმძღვანელომ, შეიძლება ითქვას რადიკალური ზეგავლენა იქონია და ძირითადი მიმართულება მისცა ტოპოგრაფთა მიერ კონკრეტული კონცეფციის ჩამოყალიბებას. ფაქტიურად ეს ნაშრომი წარმოადგენდა ისეთი ტიპის მოცემულობას (თანამედროვე გაგებით ატლასს), რომელზეც ასახულია ადამიანის მიერ ათვისებული სამყარო, იგივე „oikumene“. მასზე დაყრდნობით შემუშავდა 26 რეგიონალური და 67 შედარებით მცირე არეალის რუკა, რომლებზეც ილუსტრირებული იყო, სიბრტყეზე მოცემული სფეროს (დედამიწის) გამოსახულება სამი განსხვავებული მეთოდის პროექტირებით2, როგორიცაა მაგალითად: არეალის სიბრტყითი, სტერეოგრაფიული (ანუ პერსპექტივში დანახული მოცემულობა) და კონიკური პროექცია. დატანილი და აღნიშნული იქნა 400-მდე პუნქტი (რომელთა გეოგრაფიული განედი ხშირად არაზუსტად იყო განსაზღვრული) და 8000 გეოგრაფიული დასახელება მათთვის მინიჭებული კოორდინატების, გრძედებისა და განედების გეოგრაფიული განფენილობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პუნქტებს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დიდ და მცირე ქალაქებს მინიჭებული ჰქონდა სპეციალური ინდიკატორი მკვეთრად გამოხატული სიმბოლოებით.
პტოლემაიოსი „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“-ს შედგენისას ფლობდა ანგარიშებს და ცნობებს იმ პირთაგან, რომლებიც უშუალოდ მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ეძლეოდათ საშუალება გაცნობოდნენ კონკრეტული პუნქტების კულტურასა და ტრადიციას.
პტოლემაიოსის ნაშრომი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ იგი შედგენილია სხვადასხვა დროის წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა მაგალითად ჰეროდოტეს3, ერატოსთენეს4, პოსიდონიოსის5, მარინუს ტირენელის6, პოლიბიოსის7, ფსევდო სკილაქს კარიანდელის, ან უფრო მოგვიანო ავტორების – სტრაბონის8, პლინიუს – უფროსის9, პომპონიუს მელას10 და თუნდაც მისი თანამედროვე – ფლავიუს არიანეს11 ნაშრომები. მათ მიერ აღწერილი ინფორმაციის შედარებითი ანალიზი შესაძლებელს ხდის თუ რა საზღვრებში უნდა მოხდეს კოლხეთისა და იბერიის ქალაქთა ლოკალიზება და მათ შორის ვექტორთა დადგენა.
გარდა ამისა, გეოგრაფის ხელში ხვდებოდა სამხედრო ექსპედიციების მონაცემებიც. რომაელთა ლეგიონში მყოფი მენზორების (მიწის მზომელები) მიერ, ყოველი საომარი ოპერაციის დროს იქმნებოდა უნიკალური ინფორმაციის შემცველი „იტინერარიები“ (რუკა – მეგზური), რომლებზეც დატანილი იყო განვლილი გზების სიგრძე და მანძილი, ეს ყველაფერი კი ბოლოს თავს იყრიდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში (რომლის ხელმძღვანელიც სწორედ პტოლემაიოსი გახლდათ). როგორც ინგლისელი მეცნიერი, ჯ. ბეიკერი შენიშნავდა: „ძველი კლასიკური დროის ეპოქაში ევროპული კონტინენტის გამოკვლევა ძირითადად წილად ხვდა რომის ლეგიონებს... წარმოდგენა რომ გვქონდეს გეოგრაფიული შემეცნების ნამდვილი განვითარების შესახებ, აუცილებელია რომის ლაშქრობათა ისტორიის შესწავლა.
მიუხედავად პტოლემაიოსის თეორიაში არსებული ცდომილებებისა, მისი ატლასი ერთ-ერთ ძირითად ნიმუშად ითვლებოდა წლების განმავლობაში, ხოლო დეტალური მონაცემების ჩამონათვალი მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ისტორიითა და გეოგრაფიით დაინტერესებული მკვლევარებისათვის. ამასთან დაკავშირებით X საუკუნის ისტორიკოსმა და გეოგრაფმა ალ-მასუდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ფილოსოფოსმა (კლავდიოს პტოლემაიოსმა) თავის წიგნში „გეოგრაფია“, მოგვცა დედამიწის, მისი ქალაქების, მთების, მასზე არსებული ზღვების, კუნძულების, მდინარეებისა და წყაროების აღწერა. მან აღწერა დასახლებული ქალაქები და ადგილმდებარეობანი, აღნიშნა, რომ მის დროს ქალაქების რიცხვი 5530-ს შეადგენდა და დაასახელა თვითოეული ქალაქი კლიმატური სარტყლების მიხედვით. ამ წიგნში მან დედამიწის მთები წითელი, ყვითელი, მწვანე და სხვა ფერებით აღნიშნა, დაასახელა 200-მდე მთა. მოიხსენია მათი სიდიდე და მათში არსებული მადნები და ძვირფასი ქვები. ამ ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ დედამიწას გარს ერტყმის ხუთი ზღვა. მან ჩამოთვალა ამ ზღვებში არსებული დასახლებული და დაუსახლებელი კუნძულები, ისინი, რომლებიც ცნობილია და ანდა არაა ცნობილი... ყველა ეს ზღვა წიგნში – „გეოგრაფია“ გამოსახულია სხვადასხვანაირი ფერებით, ისინი სხვადასხვა სიდიდისა და ფორმისანია... (მაგრამ მათი სახელები წიგნში – ბერძნულია და ამიტომ ძნელია მათი გაგება)“. XVII საუკუნის თურქი მწერალი ჰაჯი ჰალიფიც თავის ბიბლიოგრაფიულ კრებულში, არაბული ტრადიციის მიხედვით იძლევა ჯერ გეოგრაფიის განსაზღვრას, ხოლო შემდეგ საუბრობს არაბული გეოგრაფიული მეცნიერებისათვის კლავდიოს პტოლემაიოსის შრომების მნიშვნელობაზე, დაწყებული VIII საუკუნიდან XVII საუკუნემდე. მართლაც, უდავოა გეოგრაფიული სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომლის ანალიზითაც შესაძლებელია წარმოდგენა შევიქმნათ რომის იმპერიის მიერ წარმოებული და გავლილი გზის შესახებ, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, წარმოუდგენლად დიდი როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ შესწავლა დასავლეთში XIII ს-დან დაიწყო, როდესაც სახელმძღვანელოს ასლი შემთხვევით შეისყიდა ბიზანტიელმა ბერმა Maximus Planudes-მა (ასლი ამჟამად ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება, სამწუხაროდ არ შეიცავს რუკებს). იქ შემონახულია მხოლოდ აგათოდემონის შენიშვნები და მის მიერ შემუშავებული რუკის რეკონსტრუქცია. მოგვიანებით თვით პლანუდესმა სცადა აღწერილობის მიხედვით შეექმნა რუკა.
პტოლემაიოსის გეოგრაფიით ამავე პერიდში დაინტერესდა Nikephoras Gregoras-ი (1295–1359წწ.), რომელმაც ტექსტის კუთხეში ჩაამატა მინაწერები და კომენტარები რუკასთან დაკავშირებით.
1400 წელს ბერძნული ასლი (26 რუკა) მიიღო ფლორენციელმა Palla Strozzi-იმ, რომელმაც დაარწმუნა ბიზანტიელი მკვლევარი Emmanual Chrysoloras-ი ტექსტი ეთარგმნა ლათინურად. ამ პერიოდში საკმაოდ იშვიათად ხდებოდა ბერძნული ტექსტების თარგმნა, ამიტომ ეს შემთხვევა საკმაოდ დიდ პოპულარიზაციას გაუწევდა პტოლემაიოსის „გეოგრაფიას“. Chrysoloras-ის მიერ წამოწყებული თარგმანი დაასრულა მისმა მოწაფემ Jacobus Angelus-მა 1406–1410 წლების ფარგლებში. აქ თავმოყრილი იყო იშვიათი გაფორმებით შესრულებული ხელნაწერთა ასლები. გამომცემლების მიერ ჩასწორებული ეს ნაშრომი XV საუკუნის გამოცემების საფუძვლად იქცა.
Angelus-ის მიერ ლათინურად ნათარგმნი ხელნაწერი შემორჩენილი არაა, მაგრამ 1427 წლით დათარიღებული ასლი, რომელიც კარდინალი ფილასტერის მეთვალყურეობით შეიქმნა ინახება საფრანგეთში, Nancy-ის ბიბლიოთეკაში და ცნობილია Nancy Codex-ის სახელით.
პტოლემაიოსის გეოგრაფიის მიხედვით რუკები დაამუშავა და განავითარეს: P. del Massajo (1448–1472წწ. ფლორენციელი კარტოგრაფი); Nicholaus Germanus (1464–1471წწ.). მან შექმნა შედარებით მცირე ზომის (უფრო მოსახერხებელი) რუკები. შეიმუშავა რუკის ტრაპეციული ფორმა; Francesco Berlinghieri; Henricus Martellus (1480წ.).
შვიდი გამოცემა დაიბეჭდა XV ს-ში, რომელთაგან ექვს გამოცემაში მოცემული იყო დიდი ზომის რუკები ფოლიოთი, ხოლო დანარჩენი (33) შემდეგ საუკუნეებში. თანამედროვე გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, რომელიც გეოგრაფიაში არსებული მონაცემების მიხედვით ივსებოდა და სწორდებოდა, უფრო გაზარდა მისი როლი და ფასეულობა. ამის შედეგი იყო თუნდაც ის, რომ 1730 წელს დამატებით კიდევ 50 გამოცება გამოვიდა.
XX ს-ის დასაწყისში პტოლემაიოსის გეოგრაფიის კვლევას დიდი დრო დაუთმო Henry N. Stevens-მა. მან, სახელმძღვანელოში „Ptolemy’s Geography. A Brief Account of All printed Editions (down to 1730)“, წარმოადგინა მოკლე ანგარიში იმ ავტორთა შესახებ, რომელთაც დაამუშავეს და განავითარეს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელო და რუკები 1475–1730 წლების ჩათვლით (მათი რაოდენობა მოიცავს 62 გამოცემას).
პტოლემაიოსის ატლასზე დაყრდნობით, 1475 წლიდან 1624 წლის ჩათვლით განვითარებული რეგიონალური, საზღვაო რუკებისა და ატლასების ნუსხა აქვს დართული და განხილული Patrick Gautier Dalché-საც სახელმძღვანელოში „The Reception of Ptolemy’s Geography (End of the Fourteenth to Beginning of the Sixteenth Century)“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს „გეოგრაფიის სახელმძღვანელოს“ როლსა და ზეგავლენაზე.
პტოლემაიოსის მიერ აღქმული სამყაროს გაანალიზებასა და შესწავლაში, ასევე დიდი როლი შეასრულა А. Б. Дитмар-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომლის ნარკვევში – „От Птолемея до Колумба“ ძალიან კარგად ჩანს თუ რა ზეგავლენა იქონია „გეოგრაფია“-ში მოცემულმა ინფორმაციამ შემდეგდროინდელ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე.
გეოგრაფიული სახელმძღვანელოს გააზრების თვალსაზრისით დიდი როლი შეასრულა A. Aaboe, და G. Toomer-ის მიერ „გეოგრაფიის“ თეორიული ნაწილის ანოტირებულმა თარგმანმა. ნაშრომი ამარტივებს ანტიკურ პერიოდში აღქმული სამყაროს ანალიზის საშუალებას.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კლავდიოს პტოლემაიოსის გეოცენტრისტული მეთოდებით შექმნილმა კოორდინატთა სისტემამ გრადუსის სიგრძის უზუსტობა გამოიწვია, საქართველოს ძველი ისტორიის მკვლევარებიც – პ. იოსელიანი, პროფ. ს. კაკაბაძე, ე. თაყაიშვილი, ს. ჯანაშია, აკად. ი. ჯავახიშვილი, ს. გორგაძე, პ. ინგოროყვა და სხვ. ამ მონაცემებს აქტიურად იყენებდნენ.
სარგის კაკაბაძე ნაშრომში „ქართულ სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები“, განიხილავს ისტორიულ შიდა-ქართლში დამკვიდრების შემდეგ ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრების საფუძვლის ჩაყრისა და ამის შედეგად თანდათან განსაზღვრულ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა განვითარების საკითხებს. მეცნიერულ დასაბუთებას ავტორი ახდენს სტრაბონის, პლინიუსის, კლავდიოს პტოლემაიოსის, ანონიმი სომეხი ავტორისა და სხვა მოგვიანო პერიოდის ისტორიულ-გეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე.
ტექსტში მოყვანილი ცნობის მიხედვით, სტრაბონის პერიოდის იბერიის დასავლეთი საზღვარი დაახლოებით ლიხის მთაზე გადიოდა. აღმოსავლეთით იბერია საზღვრავდა კავკასიის ალბანეთს. პლინიუსის აღწერილობაში კი ყურადღება გამახვილებულია მთავარ ქალაქთა აღწერაზე, როლის მიხედვითაც იბერიის მთავარი ქალაქი ყოფილა მდინარეზე მდებარე „ჰარმასტ“-ი (=არმაზციხე) და „ნეორის“-ი, შემდეგ კი ოლქი თაზი (= ტაშირი) და თრიარი „პარიადრის მთებამდე” (კაკაბაძე 1924).
II-III სს-ის იბერიის ტერიტორიული მოცულობის განვითარების გარკვევისათვის ს. კაკაბაძეს მნიშვნელოვან წყაროდ მოაქვს კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული აღწერილობა მითითებული საზღვრებით. იქვე ჩამოთვლილია ცხრა პუნქტიც: ლუბიონი, აგინნა, უასაიდა, უარიკა, სურა, არტანისსა, მესტლეტა, ძალისა, ჰარმაკტიკა. ამ მოცემულობიდან ავტორი ადვილად არჩევს სამ სახელს 1. არტანისსა რომელსაც უკავშირებს ისტორიულ არტანს (ძველად ის ცნობილი იყო როგორც ოლქი, პტოლემაიოსთან კი აღნიშნულია პუნქტის მნიშვნელობით); 2. მესტლეტა რომელიც მკვლევარის მოსაზრებით ბერძნული დამწერლობის ნიადაგზე უნდა აღნიშნავდეს მცხეთის ფორმაშეცვლილ სახელს (εστλήτα=Μεστχητα). 3. მესამე სახელს წარმოადგენს არმაზი. ავტორის მოსაზრებით „Αρμοκτίκα“ შესაძლოა ყოფილიყო პლინიუსის ზემოთ მოხსენებული Harmastus-ი. τίκα დაბოლოების გამო, ავტორი არ გამორიცხვას ვარაუდს, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა დაკავშირებული ყოფილიყო მეგრულ-ჭანურ კილოს საფუძველთან (კაკაბაძე 1928).
ს. კაკაბაძე, იბერიის გეოგრაფიული საზღვრების შესასწავლად, განიხილავს მოგვიანო პერიოდის უსახელო სომხურ გეოგრაფიაში დაცულ იბერიისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების აღწერილობასაც. ცნობები საინტერესოა იმ მხრივ, რომ თავისი მოღწეული სახით წარმოადგენს სხვადასხვა დროის შესწორებათა, ან დანართების შემცველ ნაწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ანონიმი თვითონ ასახელებს თავის მთავარ წყაროს – ეს გახლავთ პაპპი ალექსანდრიელი, რომელიც ცხოვრობდა თეოდოსი დიდის დროს (IV ს. II ნახევარში) და რომელსაც დაუწერია (ჩვენამდე არაა მოღწეული) „Χωρογραφία οίκυμενική“. თავის მხრივ პაპპი დამოკიდებული ყოფილა პტოლემაიოსზე. ანონიმი პაპპს სამჯერ იხსენებს: „(პტოლემაიოსისაგან) აიღო ცნობები და შეამოკლა პაპპმა ალექსანდრიელმა, რომლისაგან ჩვენ ავიღეთ ცნობები“. ანონიმის მიხედვით, მისი გეოგრაფიის მოკლე რედაქციის შესწორებათა შემდეგ ვღებულობთ შემდეგ სრულ სიას ქართლის (იბერიის) ოლქებისას: კლარჯეთი, შავშეთი, არტაანი, სამცხე აჭარა, გორათის ხევი, ტანის ხევი, მანგლისის-ფორი (ხევი), ქვეშის-ფორი (ხევი), ბოლნისის-ფორი (ხევი), პარუარი, თარი, დვანი, აჩაბეთის ხევი, გვერდიშირის ხევი, საცხუმეთი (საცხენეთი), ქსნის ხევი, ცხაზმა, წოფო-ფორი (ხევი), კოლბო-ფორი (ხევი), ძორო-ფორი (ხევი), ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, კანგარქი, კუხეთი, ხერკი, ერწო, თიანეთი, წობენორი. სახელების წარმოშობის გამო იბერიის აღწერილობა ანონიმს გადაღებული აქვს ბერძნული დედნისაგან, კერძოდ პაპპი ალექსანდრიელის ნაწარმოებიდან, ამიტომ როგორც იბერიის, ისე კოლხეთის აღწერილობა არსებითად შეიძლებოდა IV ს-ის დასასრულის ხანასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ანონიმს, ბერძნულიდან ამ გეოგრაფიულ აღწერილობის გადმომღებს, თავის მხრივ თვით ტექსტში არ შეეტანა რაიმე ცვლილებები, შესწორებანი და დამატებები (კაკაბაძე 1924).
ნაშრომი გასათვალისწინებელია იმ მხრივაც, რომ აქ განხილულია იბერთა ეთნიკურ-კულტურული ერთეულის ჩამოყალიბების საკითხები და იბერიის ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეთა რაოდენობის განსაზღვრის მცდელობა, რაც ქმნის შესაძლებლობას წარმოვიდგინოთ გარკვეულ პერიოდში მიმდინარე სოციალური მდგომარეობის მიახლოებითი სურათი.
სტრაბონის მონაცემთა დეტალური ანალიზი, რომელიც თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობით პტოლემაიოსის აღწერილობის ანალიზის საშუალებას იძლევა, გადმოგვცა თ. ყაუხჩიშვილმა „სტრაბონის გეოგრაფია“-ში. მესამე თავში, მოცემულია იბერიის დეტალური აღწერილობა, რომელსაც პარალელურად ახლავს ტექსტის ბერძნული ვერსიაც. ამ მონაცემების მიხედვით, იბერია უმეტესად დასახლებული ყოფილა არქიტექტურულად მოწყობილი, კრამიტის სახურავებიანი ქალაქებითა და დაბებით, ბაზრებითა და სხვა საზოგადო დაწესებულებებით. ქვეყნის ნაწილი ისაზღვრებოდა კავკასიონის მთებით, რომელიც სამხრეთის მიმართულებით მოიცავდა მთლიანად იბერიას და აღწევდა არმენიასა და კოლხეთამდე. მისი დაბლობი უხვი ყოფილა მდინარეებითაც, რომელთა შორის სიდიდით გამოირჩეოდა არმენიიდან გამომავალი მდ. მტკვარი. აღწერილობის მიხედვით ეს მდინარე კავკასიონიდან წამოსულ არაგოსს და „სხვა წყლებსაც“ იერთებდა, რომლებიც შემდეგ ვიწრო ჭალებით ჩაედინებოდნენ ალბანიაში. სტრაბონის ცნობით, იბერები უმეტესად მიწათმოქმედნი, მშვიდობიანი და „არმენელთა და მიდიელთა“ მსგავსად „განწყობილნი“ ყოფილან. მათი დიდი ნაწილი, რომლებიც მთიან მხარეში, სკვითებისა და სარმატების მსგავსად ცხოვრობდნენ ბრძოლის უნარიანობით გამოირჩეოდნენ (ყაუხჩიშვილი 1957; ლორთქიფანიძე 1968; აპიანე 1959; ყაუხჩიშვილი 1964). სტრაბონის დროს, იბერიის არეალში ექცეოდა სამხრეთ-დასავლეთის კუთხეებიც: ჯავახეთი, სამცხე, კოლა არტაანი, აჭარა და კლარჯეთი. ასეთივე საზღვრებია მითითებული X საუკუნის ისტორიკოსის, კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაშიც (ძიძიგური 1982).
ტექსტში ასევე დეტალურადაა გადმოცემული იბერიაში შესასვლელი ოთხი კარიბჭე (შესასვლელი – კოლხეთიდან, ჩრდილოეთიდან, ალბანიიდან და არმენიიდან) და აქ მოსახლე ოთხი გვარის საკითხი.
არანაკლებ საყურადღებოა ს. გორგაძის ნაშრომი „წერილები საქართველოს ისტორიიდან“. იბერიაში მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციის აღწერისას, მკვლევარის მიერ ფარსმან მე-3-ისა და ამაზასპის მეფობის ხანაზეა გამახვილებული16 ყურადღება. მისი აღნიშნვნით „... სწორეთ მათ დროს ცხოვრობდა ცნობილი მწერალი კლავდიოს პტოლომეი, რომელმაც, სტრაბონის მსგავსად, დაგვიტოვა ბერძნულს ენაზე კოლხიდისა, ივერიისა და ალბანიის მოკლე გეოგრაფიული აღწერა ქარტითურთ, ... ივერიას – დასავლეთით ედო კოლხიდა, ჩრდილოეთით - სარმატია კავკასიონის ქედის გასწვრივ, დიდი სომხეთი. აქ პტოლომეის აღნიშნული აქვს მხოლოდ შემდეგი სოფლები და ქალაქები: სოფ. ლუბიონი, აგინნა, უასედა, უარიკა, სურა (ავტორის მოსაზარებით, შემოკლებული Seusamora ანუ წიწამური), არტანისსა (რომელიც არმაზის ჩრდილოეთითაა მთებისკენ ნაჩვენები), მესტლეტა (Mestleta), ძალისა და არმაკტიკა (=არმაზ-ქალაქი), რომელიც პტოლომეის ქარტით დიდი სომხეთის საზღვარზე ძევს, მტკვრის პირად“ (გორგაძე 1911–1913).
პტოლემაიოსის კვლევების შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და დღემდე აქტიურად გრძელდება ამ კოორდინატთა სისტემის მიხედვით საქართველოს პუნქტების ლოკალიზაციის განსაზღვრა – ნ. ლომოურის, გ. ლორთქიფანიძისა და გ. ყიფიანის მიერ ჩატარებული კვლევებით. აღსანიშნავია ვილენა ჯოჯუას მიერ შედგენილი ანტიკურ ქალაქთა ჩამონათვალიც, რომელშიც პტოლემაიოსის მიერ აღნიშნული ყველა პუნქტია მოცემული (თუმცა მასში უმეტეს პუნქტთა ლოკალიზება ვერ ხერხდება) (ჯოჯუა 1976).
ნ. ლომოურმა, 1955 წ. გამოქვეყნებულ სტატიაში „კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ ცნობები საქართველოს შესახებ“, კ. მიულერის, პ. მონტანოს, ფრ. ვილბერგის, ფრ. ნობეს, ედ. სტევენსონისა და ორი ხელნაწერის ფოტოტიპიურ პუბლიკაციაზე დაყრდნობით გადმოსცა კრიტიკული აპარატი და რაც მთავარია საქართველოსა და მისი მეზობელი მხარეების აღწერილობა. ეს საშუალებას იძლევა უფრო ნათლად იქნას გააზრებული პტოლემაიოსის მონაცემები.
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს „გეოგრაფიული სახელმძღვანელოს“ ნარჩევ ადგილებს, რომლებიც საქართველოსა და მისი მეზობელი მხარეების აღწერილობას შეიცავს. გარდა საკუთრივ კოლხეთისა და იბერიის აღწერილობისა წარმოდგენილია ალბანიის, არმენიისა და აგრეთვე სარმატიის სამხრეთ ნაწილისა და კაპადოკიის ჩრდილო ნაწილის აღწერილობაც, რადგან ნაწილი ტერიტორიისა, რომელიც პტოლემაიოსის მიხედვით იბერია-კოლხეთის გარეთ არის მოქცული, ისტორიულად ქართულ მიწებს წარმოადგენდა. ამის გარდა, ამიერკავკასიის და მისი მიმდგომი ადგილების ერთიანი აღწერა საშუალებას მოგვცემს უფრო სრულად გავიგოთ პტოლემაიოსის მონაცემები.
ბოლოს დავძენთ იმას, რომ ტექსტი თარგმნა და შენიშვნების დაურთო ნოდარ ლომოურმა. შესავალი ეკუთვნის მადონა მშვილდაძეს.
შენიშვნები
1. მეტი მის ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი არ არის. ალექსანდრია იყო აღმოსავლური ფილოსოფიისა და ხელოვნების, ვაჭრობის, განუწყვეტელი შრომისა და უძველესი ტრადიციების ქალაქი. სწორედ ალექსანდრიელ წარმომადგენლებს მიუძღვით დიდი დამსახურება მათემატიკური გეოგრაფიის დარგში. ზოგიერთი მწერალი ალექსანდრიას „ხმელეთისა და ზღვის გასაღებს“ უწოდებდა. ამ ქალაქში წარმოიშვა დაწესებულება, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი მნიშვნველობა ჰქონდა ელინისტური ფილოსოფიის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში – ესაა მუზათა სასახლე – „მუზეუმი“, რომელიც თავისი მხატვრული კოლექციებით აღემატებოდა რომსა და ათენას. ალექსანდრიას ჰქონდა უდიდესი ბიბლიოთეკა გადამწერლების დიდი შტატით – 900 კაცით.
2. პტოლემაიოსის გეოგრაფიულ რუკათა კრებულში, ათვისებული ხმელეთის ასახვისას არსებული (დედამიწის) სიმრუდისათვის აუცილებელი შეიქნა ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელიც სიბრტყეზე, სფერული ზედაპირის ნაწილის გამოსახვას შესაძლებელს გახდიდა. ეს პრობლემა პტოლემაიოსმა პროექციის მეთოდის წამოყენებით გადაწყვიტა, რომელიც საფუძვლად დაედო კარტოგრაფიის შემდგომ განვითარებას. კარლ რიტერის თქმით, სწორედ პტოლემაიოსის გეოგრაფიული რუკები წარმოადგენენ ყველა ახალი გეოგრაფიული რუკის საფუძველს. თუ ისინი არ იქნებოდნენ, საეჭვოა, რომ ჩვენ რუკებს მიეღწიათ სრულყოფილების თანამედროვე ხარისხამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“-ს ზეგავლენას ხედავენ კ. მილერი და კუბიჩეკი XIII ს-ში შექმნილ Tabula Peutingeriana-ზეც. მათი დაკვირვებით, რიგ შემთხვევებში, აშკარად შეიმჩნევა პტოლემაიოსისა და კასტორიუსის რუკათა იდენტურობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პუნქტების დასახელება დამახინჯებული სახითაა გადმოცემული, ზოგადი სიტუაცია იმდენად მსგავსია, რომ გარკვევით შეიძლება შეინიშნოს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“-ს გამოყენება.
3. ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ძვ. წ. 484–406წწ.). მან მოიარა ეგვიპტე, ლიბია, ფინიკია, სირია, პალესტინა, ბაბილონი, მაკედონია, თრაკია, კოლხეთი, სკვითების ქვეყანა (შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროები) და სავარაუდოდ აზიის სხვა შორეული ქვეყნები, რომელთა შესახებაც იგი იძლევა საინტერესო გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და ისტორიულ ცნობებს. პროფ. ფ. გ. მიშჩენკოს განმარტებით: „ჰეროდოტეს გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობები თავის დროისათვის მეტად ვრცელი იყო. საკმარისია შევნიშნოთ, რომ მისი ცოდნა ეგვიპტის შესახებ მოიცავდა თანამედროვე აბისინიას, რომ სახელი მეროეს პირველად მისგან გახდა ცნობილი, რომ მის მიერ პირველადაა განსაზღვრული კასპიის ზღვის თანამედროვე მდგომარეობა და მისი ურთიერთობა სხვა წყლებთან...“. კასპიის ზღვა პტოლემაიოსთან გვხვდება „ჰირკანიის ზღვის“ სახელწოდებით.
4. ერატოსთენე (ძვ. წ. 276–194წწ.) მუშაობდა მათემატიკის, ასტრონომიის, გეოდეზიის, გეოგრაფიის, ქრონოლოგიის, სიტყვაკაზმული მწერლობისა და გრამატიკის დარგებში. ერატოსთენემ პირველმა მოახდინა დედამიწის სიდიდის განსაზღვრა. დაკვირვებათა საფუძველზე კი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ ერთი და იმავე საშუადღეო ხაზზე მდებარე ორი ქალაქისათვის ჯერ გამოვიანგარიშებთ შუადღისას მზის სიმაღლის სხვაობას, ხოლო შემდეგ მანძილს ამ ქალაქებს შორის, მაშინ შესაძლებელი გახდება დედამიწის სფეროს სიდიდის გამოანგარიშებაც. ერატოსთენემ თავის „გეოგრაფია“-ს დაურთო რუკებიც, რომელთაც იარსებეს პირველი საუკუნის ბოლომდე.
5. პოსიდონიოსი (ძვ.წ. 135–45 წწ). ერატოსთენეს მსგავსად ემხრობოდა მოსაზრებას დედამიწის სფერობრიობის შესახებ.
6. მარინუს ტირენელს (II ს.) ეკუთვნის არა მარტო გეოგრაფიული შრომა, არამედ მსოფლიო რუკაც, რომელიც შეადგინა ფინიკიის ქალაქებში შეკრებილი მასალების საფუძველზე. ეს რუკა ინახებოდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. მარინუსის მიერ, მერიდიანები და პარალელები გამოსახულია სწორი ხაზებით, რომლებიც სწორი კუთხით კვეთენ ერთმანეთს. მაშინდელ დროში, ცნობილი დედამიწის ნაწილისათვის (განედის 30 გრადუსიდან 40 გრადუსამდე) პროექციის ეს, „ბრტყელად“ წოდებული ხერხი იძლევა სწორკუთხედების ქსელს. ეკვატორისათვის, როგორც საშუალო განედისათვის, ქსელი უნდა შემდგარიყო კვადრატებიდან.
7. პოლიბიოსი (ძვ. წ. 200–120წწ.) – იმოგზაურა ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. მან, თავის „საყოველთაო ისტორიაში“ (40 წიგნად) 34 წიგნი დაუთმო გეოგრაფიულ და ტოპოგრაფიულ ცნობებს.
8. სტრაბონი (ძვ. წ. 69–20წწ.) – შეაჯამა ძველი ბერძნული და ძველი რომაული საზოგადოების გეოგრაფიული ცოდნა და აღწერა მის დროში ცნობილი თითქმის ყველა ქვეყანა და მხარე. ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი, სათაურით „გეოგრაფია“ (17 წიგნად). იმ ქვეყნების შესახებ ცნობებს, რომლებიც სტრაბონს თვითონ არ უხილავს, კრებდა ერატოსთენეს, არტემიდორის, აპოლოდორის, ჰიპარხეს, პოლიბიოსის, ეფორის და პოსიდონის ნაშრომებიდან.
9. პლინიუს უფროსი (ახ. წ. 23–79წწ.) რომაელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური. ეკუთვნის ნაშრომი „ბუნების ისტორია“ (27 წიგნად). პირველი წიგნი ეძღვნება გეოგრაფიას, მეორე წიგნში იძლევა ცნობებს ასტრონომიის, ფიზიკური გეგრაფიისა და მეტეოროლოგიის შესახებ. მეშვიდე წიგნში კი უშუალოდ საუბრობს ინდოეთის, ჩინეთის, სპარსეთის, ეთიოპიისა და შავი ზღვის სანაპიროების ქვეყნების შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველად სწორედ პლინიუსთან ვხვდებით საყოველთაოდ ცნობილ აზრს დედამიწის სფეროსებრი მოყვანილობის შესახებ. გერმანელი მეცნიერი, ალექსანდრე ჰუმბოლდტი, პლინიუსის ნაშრომს შემდეგნაირად ახასიათებს: „პლინიუსის დიდ ენციკლოპედიურ ნაშრომს შინაარსის სიმდიდრით არ შეიძლება შეედაროს ძველი დროის არც ერთი ნაწარმოები“.
„გეოგრაფიული სახელმძღვანელო“
წიგნი მეხუთე
თავი მეექვსე
კაპადოკიის მდებარეობა
1. კაპადოკია ისაზღვრება დასავლეთიდან გალატიითა და პამფილიის ნაწილით იმ ხაზზე, რომელიც მიემარტება პონტოდან, ვიდრე წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 64°37°40 ქვეშ. სამხრეთიდან კილიკიით, ხაზით [რომელიც მიემართება] აქედან ტავროსის მთებზე [გადავლით] ვიდრე ამანოსის მთებამდე, წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 70°–37°20 ქვეშ, [შემდეგ] სირიის ნაწილით, აქედან ამანოსის მთების გაყოლებით ევფრატის იმ ადგილამდე, რომელიც 71°20–38° ქვეშ მდებარეობს; აღმოსავლეთიდან დიდი არმენიით ევფრატის გაწვრივ, ნაჩვენები ზღვარიდან ადგილამდე, სადაც [ევფრატი] ყველაზე ჩრდილოეთით უხვევს აღმოსავლეთისაკენ; ეს ადგილი მდებარეობს 71°–42°30 ქვეშ. აქედან მოსხური მთების1 ხაზზე წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 73°–44°45 ქვეშ, ხოლო აქედან ნაჩვენებ ზღვართან შემაერთებელი ხაზით. ჩრდილოეთიდან [ისაზღვრება] ევქსინის პონტოს ნაწილით გალატიის ამისოდან ვიდრე ზღვარამდე, რომელიც მდებარეობს 72°20–44°45 ქვეშ.
2. ამ ნაწილის სანაპიროს აქვს შემდეგი აღწერილობა:
... 5. კაპადოკიის პონტო, სიდენეს გასწვრივ:
ისხოპოლისი2 68°20–43°20
კერასუსი3 68°50–43°20
ფარნაკია4 69°20–43°05
ნავსადგური ჰისოსი5 70°45–43°20
ტრაპეზუსი6 70°50–43°05
6. მდ. კისიუსის გასწვრივ:
ოფიუსი7 71°–43°25
ნავსადგური რიძუსი8 71°10–43°35
ათენის ციხე9 71°–43°45
კორდილე 10 71°20–43°45
მორთულა11 71°40–43°45
მდ. არხაბიოსის შესართავი 12 72°–44°
ქსილინე13 72°05–44°10
მდ. კისას შესართავი14 72°10–44°20
აფსოროსი 72°10–44°20
მდ. აფსოროსის შესართავი15 72°20–44°20
ამისგან გამოიყოფა მდინარეები გლაუკოსი და ლიკოსი16 72°3043°45 ქვეშ.
მდ. აფსოროსის სათავე 72°45–43°
მდ. ლიკოსის სათავე 71°15–43°
სებასტოპოლისი17 72°20–44°45
შენიშვნები
1. მოსხური მთები ს. ჯანაშიას აზრით იყო აღმ. პონტოს მთაგრეხილის ნაწილი გადაჭიმული ჭოროხის ქვემო წელიდან, ვიდრე ტრაპეზუნტ-ბაიბურდის ხაზამდე. თანამედროვე მეცნიერთა შეხედულებით კი უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა: მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, კარასუს (ჩრდილოეთ ევფრატი) და არეზს შორის მოქცეული მთები: შედგებოდა: არსიანის ქედის, შავშეთის ქედის, აჭარა-იმერეთის ქედის, ერუშეთის ქედის, ერუშეთის მთიანეთის, ნიალისყურის ქედის, სამსარის ქედის, ჯავახეთის ქედის, თრიალეთის ქედის, სოღანლუღის ქედის, კარგაფაზარის ქედის, ჩახირბაბის ქედის, ალაჰიუეკბერის ქედისგან. ფართო მნიშვნელობით ზოგჯერ ფარავდა ნაწილობრივ პარიადრის შემადგენელ ზოგიერთ ქედს.
2. ისხოპოლისი დღევ. ტირობოლუ?, (ანუ ანტიკ. ტრიპოლისი), ვაკფიკებირის მახლობლად. იხსენიებს სტრაბონიც. მასთან ახლოს მდებარეობდა ფილოკალეია (დღევ. გიორელე) და არგირია დღევ. (ჰალკოვა).
3. კერასუსი, ძვ. კერასუნტი დღევ. ვაკფიკებირი.
4. ფარნაკეა შემდგომში ახალი კერასუნტი, დღევ გირესუნი.
5. ნავსადგური ჰისოსი ტრაპეზუნტის სამხრეთ-დასავლეთით. უდრის არიანეს ჰისოსის ნავსადგურს, რომელიც ტრაპუზუნტის მომდევნო პუნქტი იყო აღმოსავლეთისაკენ. ჰისოსი კი სუსარმია-სურმენეს უდრის.
6. ტრაპეზუსი, ტრაპეზუნტი დღევ. ტრაპიზონი.
7. ოფიუსი უდრის არიანეს ოფიუსს და Tab. Peut. ოპიუნტს (It. Romana, 648). არიანეს მანძილის მიხედვით კარგად ემთხვევა ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით 47–48 კმ-ით დაშორებულ დასახლებულ პუნქტ ოფს. შემდგომ ერქვა სოტიროპოლი, ქართულად სატრაპელა.
8. რიძუსი იცნობს არიანეც და უდრის ქ. რიზეს.
9. ათენის ციხე უდრის არიანეს ქ. ათინას (ფაზარი).
10. კორდილე V ს-ის ანონიმი „პერიპლუსში“ ათენიდან 6–7 კმ-ზე ახსენებს პუნქტ კორდილას, ხოლო XI ს-ის ქართული სვინაქსარი რიზესა და აფსარონს შორის ასახელებს პუნქტ კორდილოს. დღევ. ჩაიელი. ქ. კორდილეც არსებობდა ანტიკურ ხანაში, ოღონდ ძვ. კერასუნტსა და ტრაპეზუნტს შორის და უდრის დღევ. აკჩაკალეს.
11. მიულერის აზრით უნდა წაკითხულ იქნას როგორც პორთულა. ეს კი გავს არიანეს პრიტანისსა და ფსევდო სკილაქსის პორდანის, რომელიც უნდა უდრიდეს დღევ ფორტუნა სუს.
12. არიანეს არქაბისი უდრის დღევანდელ ორხოფს ანუ ორჯი ჩაის.
13. ?
14. Tabula Peutingeriana-ზე სადგურ აბგაბესას (დამახინჯებული არქაბე) და აფსაროსს შორის არის პუნქტი კისა. მიულერისა და რუგეს აზრით უნდა იყოს ხოფას სამხრეთით, ზღვის პირას მდებარე სოფელი კისე.
15. ჭოროხის შესართავი. კოლხეთისა და კაპადოკიის საზღვარი პტოლემაიოსის ცნობით რიონზე გადის, რაც შეცდომაა. პტოლემაიოსის ეპოქაში ეს საზღვარი ჭოროხზეა, ხოლო კოლხეთის სამეფოს პერიოდში ტრაპიზონ-რიზეს რაიონებში.
16. ალბათ იგულისხმება ოლთუ-ჩაი და თორთუმი.
17. აქ არ იგულისხმება დიოსკურია-სებასტოპოლისი. ლამბერტი ამბობს რომ ფაზისის (რიონის) შესართავთან არსებობდა სებასტოპოლისი, რომელიც ახლა წყლის ქვეშ არის მოქცეულიო. კიპერტიც აღნიშნავს, რომ ტრაიანეს დროიდან ფაზისი სებასტოპოლისადაც მოიხსენიებოდაო.
თავი მერვე
აზიის სარმატიის მდებარეობა
7. სამხრეთიდან [აზიის სარმატია ისაზღვრება] ევქსინის პონტოს ნაწილით, ვიდრე მდ. კორაკოსამდე და კოლხეთის, იბერიისა და ალბანიის სასაზღვრო ხაზით, რომელიც ჰირკანიის ანუ კასპიის ზღვამდე მიემართება; ამ მხარის აღწერილობა შემდეგია:
8. კოროკონდამის შემდეგ იგივე პონტოში:
ჰერმონასა1 65°–47°30
სინდების ნავსადგური2 65°30–47°50
სოფელი სინდა 66°–48°
ნავსადგური ბატა 66°30–43°40
სოფელი ბატა 3 66°20–47°30
მდ. ფსიუხროსის შესართავი 66°40–47°30
სოფ. ახაია5 67°–47°30
9. კერეკეტიდის ყურე6 67°30–47°20
ქ. ტაძოსი7 68°–47°30
ტორეტიკის კონცხი8 68°–47°
ქ. ამფსალიდა9 68°30–47°15
მდ. ბურკას შესართავი10 69°–47°15
ოინანთეა11 69°40–47°15
10. მდ. თესირიოსის12 შესართავი 69°40–47°
კარტერონ ტეიხოსი (ძლიერი კედელი)13 70°–46°50
მდ. კორაკოსის შესართავი14 70°30–47°
შემდეგ კოლხეთის კიდურა მიჯნასთან მდებარე ზღვარი 75°–47°
11. შემდეგ [საზღვარი მიჰყვება] იბერიის მიჯნას. აქ მდებარეობს სარმატიის კარი15 75°–47° ქვეშ.
... 14. სარმატიას ჰკვეთენ აგრეთვე მთები, რომლებიც ჰიპიისა16 და კერავნისად17 იწოდება და აგრეთვე კორაქსის მთა18, რომლითაც მთავრდება იბერიასა და კოლხეთზე გამავალი მთები – კავკასად წოდებული და აგრეთვე ამ მთების ტოტი, რომელიც ჰირკანიის ზღვისაკენ მიმართება და იწოდება აგრეთვე კავკასად.
15. ჰისოსის მთების კიდურა წერტილებს აქვთ შემდეგი მდებარეობა 74°–54° და 810–520.
კერავნიისას – 82°30–49°30 და 84°52°
კორაქსისას – 69°48° და 75°48°
კავკასიისას – 75°47° და 85°48°
სარმატიის კარებს – 81°–48°30°
ალბანიის კარებს19 – 81°47°
... 17. [სარმატიაში მოსახლეობენ] სვარდენებს ქვევით ხაინდები, ხოლო მდ. რას აღმოსავლეთით ფთერიოფაგები, მატერები და აქვეა ნესიოტიდა (კუნძულების ქვეყანა); შემდეგ, იაქსამატებს ქვევით – სირაკენები, ხოლო სირაკენებს იქით, მეოტიდის ტბასა და ჰიპიის მთებს შორის – ფსესიები, შემდეგ თემეოტები, მათ ქვევით – ტირამბები, შემდეგ ატურიკანები, შემდეგ კორაქსების მთებამდე – არიხები20 და ზინხები21 (ჯიქები)...
...25. კავკასიის მთასა და კერავნის მთებს შორის – ტუსკები და დიდურები22, კასპიის ზღვის გასწვრივ – უდები, ოლონდები, ისონდები23 და გერები24; მთის ქედების ძირში, კიმერიული ბოსფორის ორივე მხარეს – ბოსფორანები, ხოლო პონტოს გასწვრივ ახაიელები25, კერკეტები26, ჰენიოხები27 და სუანნოკოლხები28; ალბანიის იქით – სანარები29.
შენიშვნები
1. პოლის ჰერმონასასს იხსენიებს ფს. სკილაქსი და სტრაბონი. მდებარეობდა ტამანის ნკ.-ზე და შევიდა შემდგომში ბოსფორის სამეფოს შემადგენლობაში.
2. ანტიკური ქ. გორგიპია. სტრაბონი სინდების დედაქალაქს უწოდებს. აღწერილობით დღევ. ანაპა უნდა იყოს.
3. ბატას იცნობს სტრაბონიც. დღევ გელენჯიკის მახლობლად ან ნოვოროსიისკთან.
4. ?
5. არიანეს „ძველი ახაია“. მისივე მონაცემებით გელენჯიკსა და ტუაფსეს შუა, გელენჯიკიდან 64–65 კმ-ზე.
6. საძიებელია სადღაც მდ. შაფსუხოს რაიონში.
7. მიულერის აზრით ეს სახელი უნდა შესწორდეს „ლაზოს“-ად და დაუკავშირდეს არიანესთან მოხსენიებულ „ძველ ლაზიკას“. ეს უკანასკნელი V ს. ანონიმის გადმოცემით ნიკოფსისადაც იწოდებოდა. ქართული წყაროებისათვის კარგად ცნობილი ნიკოფსიის სახელი შენახული უნდა იყოს მდ. ნიკაფსუხოს სახელწოდებაში (ი. ჯავახიშვილი, ფ. ბრუნი). ამ მდინარის მახლობლად, მდ. ფსებეს ნაპირას, სოფ. ნოვო-მიხაილოვსკაიას გვერდით შერცენილია დიდი ტყით დაფარული ნაქალაქარი, პროფ. ბ. კუფტინის აზრით, ნიკოფსიის ნაშთი.
8. ამ კონცხის სახელწოდება უკავშირდება ტორეტების ტომის სახელს, შესაძლოა ტუაფსეს კონცხს უდრიდეს.
9. ტომაშეკის აზრით მდ. შახეს ნაპირას, გოლოვინის კონცხთან.
10. არიანეს ბორგისი. V ს. ანონიმით ჯერ ბრუქონტი, მოგვიანებით ქვია „მიზიგოსი“. ტომაშეკისა და ბრუნის ადრის უდრის მზიმთას.
11. ბრუნისა და ბანდის დაკვირვებით არიანეს ნიტიკე და უდრის გაგრას.
12. ?
13. ბ. კუფტინის დამაჯერებელი გამოკვლევით არის პიტიუნტი ანუ ბიჭვინთა.
14. იგივე კორაქსი. იმის გათვალისწინებით, რომ პტოლემაიოსი ამ მდინარეს რუკაზე დიოსკურია-სებასტოპოლისის ჩრდილოეთით უჩვენებს უნდა უდრიდეს ბზიფს.
15. მდებარეობით უნდა იყოს დარიალის კარი.
16. ეს მთები პტოლემაიოსს მოთავსებული აქვს კავკასიონის მთებიდან 6 გრადუსით ჩრდილოეთით. როგორც დამაჯერებლად გაარკვია კისლინგმა სინამდვილეში ისინი კავკასიონის მთაგრეხილის ნაწილია, დაახლ. იალბუზიდან აღმოსავლეთით ცენტრ კავკასიონამდე, ე.ი. ის ნაწილი საიდანაც იღებს სათავეს ჰიპოსი ანუ ცხენისწყალი.
17. სტრაბონის აღწერით კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთ კასპიის ზღვისპირა ნაწილი. პტოლემაიოსმა მოსწყვიტა ისინი კავკასიონს და მოათავსა ჩრდილოეთით, აზიის სარმატიის შიგნით. ეს შეცდომა ახსნა კისლინგმა.
18. პტოლემიოსისვე მითითებით ეს მთა იწყება იბერია-კოლხეთის დაახლ. საზღვართან, მიემართება დასავლეთისკენ და დაახლ. მდ. ბურკას (მზიმთა) გასწვრივ წყდება. ე.ი. კორაქსის მთების ქვეშ კავკასიონის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს უნდა გულისხმობდეს.
19. ზოგადად ალბანიის კარში დარუბანდს გულისხმობენ, თუმცა ამჯერად ალბანეთის ჩრდ. საზღვრის შუა ადგილზე არის ნაჩვენები და აქაური მრავალრიცხოვანი გადმოსასვლელებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს.
20. ყველა ეს ტომი სკვითურ-სარმატული მოდგმისაა.
21. სტრაბონის ზიგები, არიანეს ზიკხები, V ს. ანონიმის ზიხები, ქართული წყაროების ჯიქები. ჰეკატე მილეტელი, ფსევდო-სკილაქსი, არტემიდორე და პლინიუსი ჩრდ. კავკასიაში არ ასახელებს. პირველად ახსენებს სტრაბონი, შემდეგ არიანე, პტოლემაიოსი და სხვა შემდგომი ხანის ავტორები. აქედან ივარაუდება რომ სწორედ ძვ.წ. I ს-ში ჩამოსახლდნენ ჯიქები ჩრდ. კავკასიაში. პტოლემაიოსის მათ ათავსებს სარმატიის ტომებს შორის ყუბანისა და ლაბას სათავეებთან. საფიქრებელია, რომ ამით იგი ჯიქების ძველ ადგილსამყოფელს გაჩვენებს, მათი ჩრდ. კავკასიაში გადმოსახლებამდე. უდავოა ეს ცნობა ძველი წყაროებიდან უნდა ჰქონდეს აღებული. ეს კი პლინიუს უფროსი უნდა იყოს, რომელიც ჯიქებს მეოტურ ხალხებს შორის ასახელებს.
22. ი. ჯავახიშვილის აზრით უდრის თუშებსა და დიდოელებს.
23. ძველი ალბანიის ტომები.
24. ი. ჯავახიშვილის აზრით ნიშნავს ჰერებს.
25. სტრაბონი, დიონისე და სხვა ანტიკური მწერლები საბერძნეთიდან გადმოსახლებულებად თვლიან, თუმცა ეს ძნელი დასაჯერებელია. რეალურად ეთნიკური კუთვნილება გაურკვეველია.
26. უნდა ნიშნავდეს ჩერქეზებს.
27. ჭანურ-მეგრული ტომი. თავდაპირველად შავი ზღვის სამხრ-დას. სანაპიროებზე ცხოვრობდნენ, ამას პირველად ძვ.წ. IV-III ს-ის მწერალი ჰერაკლიდე გვამცნობს: „ფაზისის გაყოლებაზე ძველად ჰენიოხები ცხოვრობდნენ“. თანდათან მათი ერთი ნაწილი მიემართება აფხაზეთისკენ, ხოლო მეორე ნაწილი ითქვიფება ჭანების გაერთიანებაში.
28. სვანებისა და კოლხების ნარევი ხალხი.
29. შეეფერება ქართულ, სომხურ და არაბულ წყაროთა წანარებს. მართალია ავტორი ცდება მათ სამოსახლოს განსაზღვრაში, თუმცა ანტიკურ ავტორთაგან ერთადერთია, რომელიც ამ ტომს ახსენებს.
თავი მეცხრე
კოლხეთის მდებარეობა
1. კოლხეთს1 ესაზღვრება ჩრდილოეთის მხრიდან სარმატიის ზემოხსენებული ნაწილი; დასავლეთიდან ევქსინის პონტოს ნაწილი მდ. კორაკოსიდან2, ვიდრე კუთხემდე, რომელსაც ფაზისი ქმნის ზღვასთან შეერთებისას, შემდეგი აღწერილობით:
2. დიოსკურია ანუ სებატოპოლისი3 71°10–46°45
მდ. ჰიპოსის შესართავი4 71°–46°30
მდ. კიანეოსის შესართავი5 71°30–46°10
სიგანეონი6 71°30–46°45
ნეაპოლისი7 71°30–46°40
ქალაქი აია8 72°–45°30
მდ. ხარიუსტოსის შესართავი9 72°–45°15
მდ. ფაზისის შესართავი10 72°–45°
ქ. ფაზისი11 72°30–44°45
3. სამხრეთიდან [კოლხეთს] აღნიშნული ხაზით ესაზღვრება კაპადოკიის პონტო და მისი მომდევნო დიდი არმენიის ნაწილი, იმავე ხაზით, ვიდრე 74°–44°40 ქვეშ მდებარე წერტილამდე12.
4. აღმოსავლეთიდან – იბერია, ხაზით, რომელიც აერთებს აღნიშნულ ზღვარს კავკასიის მთებზე13 გადავლით 75°–47° ქვეშ მდებარე წერტილთან.
5. კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები14, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები15 და ეკრი[კ]ტიკის16 ქვეყნის მცხოვრებნი.
6. მის შიგნით ნაჩვენებია ქალაქები და სოფლები:
მეხლესოსი17 74°30–46°45
მადია18 74°15–46°15
სარაკე19 73°–45°
სურიონი20 73°20–44°40
ძადრისი21 74°–44°40
შენიშვნები
1. პტოლემაიოსი ძველ წყაროებზე დაყრდნობით ერთიანი კოლხეთის სამეფოს აღწერს, მის დროს კი უკვე დაშლილია.
2. იხ. თავი მერვეს შენიშვნა 14.
3. სოხუმთან.
4. უდრის არიანეს ჰიპოსს, რომელიც მისივე აღწერილობითა და მოცემული მანძილებით კოდორს უნდა აღნიშნავდეს.
5. როგორც ჩანს პტოლემაიოსმა ძველი წყაროების ცნობები აურია ფსევდო სკილაქსის მდინარე გუენოსი რომელთან ქალაქი გუენოსი იყო და უდრიდა მოქვს (არიანეს ტარსურას), აურია პლინიუსის მდინარე კიანეოსში, რომელიც ცალსახად მდ. ფაზის-რიონის შენაკადი იგულისხმება.
6. უდრის არიანეს სინგამეს და V ს. ანონიმის ზიგანეუმს, რომელიც არიანეს აღწერილობით ოქუმ-ერისწყალის საერთო შესართავია. სწორედ ერისწყლის ნაპირას მდებარე სოფ. გუდავას ძველად ზიღანევი ერქვა.
7. ?
8. ?
9. არიანეს მანძილებით უდრის მდ. ხობს. ამასთან მის ნაპირზეა სოფ. ქარიატა, ხოლო ხობის ერთ-ერთ შენაკადს ჰქვია კორათის წყალი.
10. დღევ რიონი ყვირილათი.
11. დღევ ფოთის რაიონში.
12. მდ. რიონზე კაპადოკიის პონტოს თან საზღვრის გატარება იმას ნიშნავს, რომ ამჯერად პტოლემაიოსი კოლხეთის შესახებ მასთან ახლო პერიოდის ვითარებას აღწერს, თუმცა რიონზე საზღვარი როდის გადიოდა უცნობია, რადგან არიანეს დროს ლაზიკის სამეფოს საზღვარი ჭოროხზეა, ხოლო კოლხეთის სამეფოს პერიოდში კიდევ უფრო სამხრეთ-დასავლეთით.
13. ლიხის მთა ანუ სურამის ქედი.
14. პირველად ლაზებს ახსენებს პლინიუსი.
15. ჯავახიშვილისა და ჯანაშიას აზრით მანრალები მეგრელების დამახინჯებული ფორმაა. ოღონდ ესაა არცერთი ავტორი ამ სახელს არ იცნობს.
16. უნდა იყოს ეგრისის მცირედ დამახინჯებული ფორმა, ისევე როგორც პლინიუსის კეგრიტიკე.
17. ერთ-ერთ ხელნაწერში მოცემულია მეხრესოსის ფორმით, რომელიც ჰგავს მოხირისს. ქ. მოხირისი კი უნდა ემთხვეოდეს სამტრედიის რაიონში, სოფ. დაბლაგომის მახლობლად მდებარე მუხურის ციხეს.
18. უკავშირდება პლინიუსის მათიუმს. არცერთის ლოკალიზაცია არ ხერხდება.
19. უნდა იყოს შორაპანის შერყვნილი ფორმა.
20. უნდა იყოს სოფელი ციხესულორი.
21. ?
თავი მეათე
იბერიის მდებარეობა
1. იბერია ისაზღვრება ჩრდ-დან სარმატიის დასახლებული ნაწილით1, დასვლეთიდან – კოლხეთით; სამხრეთიდან დიდი არმენიის ნაწილით, რომლის მდებარეობა არის 76°10′–44°40′,3 ხოლო აღმოსავლეთიდან ალბანიით, რომელიც აერთებს ამ ზღვარს 77°–47° ქვეშ მდებარე წერტილთან.4
2. ქალაქები და სოფლები [იბერიაში] შემდეგია:
სოფელი ლუბიონი5 75°40′–46°50′
აგინა6 75°–46°30′
უასაიდა 76°–46°20′
უარიკა7 75°20′–46°
სურა8 75°–45°20′
არტანისსა9 75°40′–46°
მესტლეტა10 75°40′–45°
ძალისა11 76°–44°40′
ჰარმაკტიკა12 75°–44°50′.
შენიშვნები
1. საზღვარი ავტორს კავკასიონის ქედზე გაჰყავს, არადა სხვა ანტიკური ავტორებით იბერიის ჩრდ საზღვარი მის გადაღმა გადიოდა.
2. ავტორით ეს საზღვარი ლიხის ქედზე და სკანდა-შორაპანზე გადიოდა.
3. ქვევით დიდი სომხეთის აღწერისას საზღვარს უფრო აზუსტებს ავტორი. მისი სიტყვით, საზღვარი იბერიასა და კოლხეთს შორის მდ. კიროსს ანუ მტკვარს მიუყვებოდა. ს. ჯანაშიას გამოკვლევით კი ეს შეცდომაა, რადგან ჯერ ერთი სტრაბონის, პლინიუსისა და დიონ კასიუსის ცნობით კარგა მანძილზე სამხრეთითაა ეს საზღვარი და სამხრეთ-დასავლეთით ჭოროხის აუზამდეც აღწევს და მეორეც, ახ.წ. III საუკუნეები ქართლის სამეფოს ძლიერების ხანაა და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროს რომ არმენიის საზღვარმა რაღაც მომენტში მტკვრამდე (ამ სექტორში) ამოაღწია.
4. ალბანეთ-ქართლის საზღვარზე კარგ განმატებას გვაძლევს სტრაბონი: იბერიაზე მომდინარე მტკვარი „ვიწრო ხეობაზე გავლის შემდეგ შედის ალბანიაში. წყალმრავალ მდინარედ გაივლის რა მის (ე.ი. ალბანიის) და არმენიას შორის მდიდარ საძოვრებზე და შეიერთებს რა კიდევ დიდ რაოდენობა მდინარეებს, მათ შორის ალაზონიოსს... უერთდება კასპიის ზღვას“. როგორც კონტექსტიდან აშკარად ჩანს ალაზანი დასახელებულია მტკვირს შენაკადად მას შემდეგ, რაც იგი ალბანიაში შედის. ამრიგად ალაზანი ამ დროს ალბანიის მდინარე ყოფილა. გარდა ამისა, ალბანია-იბერიის საზღვარი რომ მდ. ალაზანზე ყოფილიყო, სტრაბონი ვეღარ იტყოდა მტკვარი „ვიწრო ხეობაზე გავლის შემდეგ შედის ალბანიაში“-ო, რადგან მტკვრის დინების გასწვრივ ასეთი ვიწრო ხეობა, აღმოსავლეთისაკენ უკანასკნელი, თავდება თბილისი მახლობლად, ხოლო ალაზნის მიმდგომი ადგილები ფართო ველებს წარმოადგენს.
აქვე უნდა მოვიტანოთ ქართულ წყაროებში დაცული ცნობა ჰერეთის (ანუ იგივე ალბანეთის) ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ცნობა ეხება კავკასიელი ტომების ეთნარქ-ეპონიმთა განსახლებას, შენახულია ლეონტი მროველის თხზულებაში და შემდეგ უფრო დაზუსტებულია ვახუშტის „საქართველოს გეოგრაფიაში“. ამ აღწერილობის მიხედვით ჰერეთსა და ქართლს (თუ ქართლს კახეთ-კუხეთსაც მივათვლით) შორის საზღვარი იწყებოდა ქ. ხუნანთან (მდ. ხრამის მტკვართან შეერთების ადგილზე), აქედან მიდიოდა ჩრდილოთისაკენ ვიდრე სოფ. ხაშმის მახლობლად მდებარე სამების ხევებამდე, გადადიოდა გომბორის უღელტეხილზე, მიჰყვებოდა მდ. თურდოს, სოფ. გულგულასთან ჰკვეთდა ალაზანს და სტორის ხეობის გაყოლებით მიადგებოდა კავკასიონს.
მართალია ეს ცნობა ბევრად გვიანი ხანისაა, (არაუგვიანეს V საუკუნის, რადგან ამ პერიოდიდან ჰერეთი საბოლოოდ შემოვიდა ქართლის სამეფოში), თუმცა თუ მას შევუდარებთ სტრაბონის მოყვანილ ცნობას, აშკარა ხდება, რომ ალბანეთ-იბერიის ძირითადი საზღვარი სწორედ აქ გადიოდა.
საინტერესოა, რომ ალბანიის აღწერაში პტოლემაიოსი ასახელებს უსახელო მდინარეს, რომელიც სავარაუდოდ ალაზანი უნდა იყოს (თავი მეთერთმეტე, შენ.2). თუ ეს ასეა, მაშინ პტოლემაიოსიც ადასტურებს ალბანეთის საზღვის ალაზნის დასავლეთით გატარებას.
5. უდრის პლინიუსის ლუპენიების ტომს და სომხური წყაროების ლბინების ტომს. ამ ტომს ალაზნის სათავეების მახლობლად უნდა ეცხოვრა. დასახლებული პუნქტი ლუბიინი კი უნდა ყოფილიყო პირიქითა ხევსურეთის სოფელ ლებაისკართან.
6. ტომაშეკის აზრით უნდა შესწორდეს ძაგინად და აღნიშნავდეს მდ. ფციის ზემოწელზე მდებარე სოფ. ძაღინას, სადაც ვახუშტის ცნობით: „არის ლითონი ვერცხლისა, მაგრამ აწ უსარგებლობისათვის დატოვეს“.
7. უასაიდას და უარიკას ლოკალიზაცია ვერ ხერხდება.
8. „სურა“ როგორც ირკვევა უნდა იყოს სოფელი არადეთი (შედის ბრეთის თემში), რომელიც ქარელის რაიონში, ქარელიდან ჩრდილოეთით, 7 კმ-ის დაშორებით, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.
9. არტანისა უნდა უდრიდეს დღევ. სოფელ არტანს თიანეთის რაიონში, თიანეთიდან 12-13 კმ-ზე.
10. მიულერის შესწორებით მესხეტა, რაც უდრის მცხეთას.
11. ძალისა – იბერიისა და ალბანიის საზღვარზე მდებარე პუნქტი, გაიგივებულია სოფ. ძალისასთან. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ-ის დაშორებით, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე.
12. იბერიის სამეფოს დედაქალაქის აკროპოლისი, ცნობილი სტრაბონთან, პლინიუსსა და სხვა ანტიკურ მწერლებთან; ქართული არმაზციხე მდებარეობდა მცხეთის მახლობლად, არმაზის ბორცვზე.
თავი მეთერთმეტე
ალბანიის მდებარეობა
1. ალბანია1 ისაზღვრება ჩრდილოეთიდან სარმატიის აღწერილი ნაწილით, დასავლეთიდან – იბერიით – ნაჩვენებ ხაზზე, სამხრეთიდან – დიდი არმენიის ნაწილით, [რომელიც მოდის] იბერიის საზღვრიდან ჰირკანიის ზღვამდე, მდ. კიროსის შესართავამდე, რომელიც მდებარეობას 79°40′–44°30′ ქვეშ; აღმოსავლეთიდან – ჰირკანიის ზღვის ნაწილით, რომელიც [ვრცელდება] აქედან მდ. სოანამდე, შემდეგი აღწერილობით.
2. მდ. სოანას იქით:
ქ. ტელაიბა 75°–46°40′
მდ. გეროსის შესართავი 84°30′–46°30′
ქ. გელდა 83°–46°30′
მდ. კასიუსის შესართავი 82°30′–46°
ქ. ალბანა 81°40′–45°40′
მდ. ალბანოსის შესართავი 80°30′–45°30′
ქ. გაიტარა 79°30′–45°
რომლის იქით არის მდინარე კიროსის შესართავი 79°40′–44°30′
3. ქალაქები და სოფლები ალბანიაში შემდეგია: იბერიასა და მდინარეს შორის, რომელიც გამომდინარეობს კავკასიიდან და უერთდება კიროსს2, რომელიც მიედინება მთელ იბერიასა და ალბანიაზე, გამოჰყოფს რა მათგან არმენიას:
ტაგოდა 77°30′–46°50′
ბაკრია 77°–46°30′
სანუა 77°40′–46°40′
დეგლანა 77°20′–45°45′
ნიგა 77°20′–45°15′
4. აღნიშნულ მდინარესა და მდინარე ალბანოსს შორის, რომელიც აგრეთვე კავკასიიდან მოედინება:
მოსეგა 79°–47°
სამუნისი 79°–46°40′
იობულა 78°–46°20′
იუნა 79°–46°
ემბოლაიონი 78°30′–45°40′
5. ადიაბლა 79°–45°30′
აბლანა 78°–45°15′
მამეხია 79°45′–45°40′
ოსიკა 77°30′–44°30′
სიოდა 78°15′–44°40′
ბარუკა 79°20′–44°40′
6. ამას გარდა ალბანიის კარები3, როგორც აღნიშნული იყო, მდებარეობს 80°–47° ქვეშ, მდ. ალბანოსსა და მდ. კასიუსს შორის:
ხაბალა 80°–47°
ხობოტა 80°30′–46°45′
მოძიატა 80°–46°20′
მიზია 81°–46°20′
ხადახა 81°–46°
ალამოსი 82°–46°15′
7. მდინარე კასიუსსა და მდ. გეროსს შორის:
თიაუნა 82°15′–46°40′
თაბილაკა 82°45′–46°50′
მდინარე გეროსსა და მდინარე სოანას შორის:
თილბისი 84°15′–45°50′
8. ალბანიის მახლობლად ძევს ორი ჭაობიანი კუნძული, რომელთა შორის [სივრცე] მდებარეობს 87°30′–45° ქვეშ.
შენიშვნები
1. ალბანიაში დასახელებული მრავალრიცხოვანი პუნქტებისა და მდინარეების ლოკალიზაცია ვერ ხერხდება.
2. ტომაშეკის, ი. ჯავახიშვილისა და სხვათა აზრით უდრის ალაზანს. ეს გაიგივება შესაძლოა იმაზეა დამყარებული, რომ სტრაბონთან და პლინიუსთან მოხსენიებული ალაზანი ძნელი საფიქრებელია პტოლემაიოსს გამორჩენოდა. გარდა ამისა პლინიუსი მდ. მტკვირს ანუ კიროსის ერთადერთ შენაკადად ალაზანს ასახელებს, ასევეა პტოლემაიოსთანაც. პლინიუსი ლაპარაკობს, რა მდ. ალაზანზე, უმატებს, „რომელიც მომდინარეობს კავკასიონიდან და მდ. კიროსს უერთდება“. პტოლემაიოსიც ზუტად ამ სიტყვებით განმარტავს თავის უსახელო მდინარეს.
3. იხ. თავი მერვე, შენიშვნა 19.
თავი მეთორმეტე
დიდი არმენიის მდებარეობა
1. დიდი არმენია ისაზღვრება ჩრდილოეთიდან კოლხეთის ნაწილით, იბერიითა და ალბანიით ზემოხსენებულ ხაზზე, რომელიც მიჰყვება მდინარე კიროსს1.
2. დასავლეთიდან – კაპადოკიით – ევფრატის დასახელებული ნაწილის გასწვრივ და კაპადოკიის პონტოს ხაზით მოსხურ მთებზე2 გადავლით კოლხეთამდე.
3. აღმოსავლეთიდან ჰირკანიის ზღვის ნაწილით, მდინარე კიროსის შესართავიდან 79°45′–43°20′ ქვეშ მდებარე წერტილამდე.
...5. არმენიის მთებიდან აღსანისნავია ე.წ. მოსხური მთები2, რომლებიც მიჰყვებიან კაპადოკიის პონტოს დასახელებულ ნაწილს, და მთა პარიადრი3, რომლის კიდურა წერტილებს აქვთ მდებარეობა: 75°–43°20′ და 77°–42°.
6. [არმენიაზე] მიმდინარეობენ შემდეგი მდინარეები: მდინარე არაქსი, რომელიც ზღვას უერთდება 79°45′–43°50′ ქვეშ მდებარე წერტილში, ხოლო სათავეები აქვს 76°30′–42°30′ ქვეშ მდებარე წერტილში. მიემართება რა აქედან აღმოსავლეთისაკენ კასპიის მთამდე და უხვევს რა შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, ის ერთი [ტოტით] უერთდება ჰირკანიის ზღვას, ხოლო მეორეთი-კი მდ. კიროსს 78°30′–44°30′ ქვეშ მდებარე წერტილში.
...9. მდინარეების ევფრატს, კიროსსა და არაქსს შორის მდებარე არმენიის ნაწილში შემდეგი ოლქებია: მოსხურ მთებთან – კატარძენე4, ე.წ. ბოხების5 ზევით; მდ. კიროსის გასწვრივ ტოსარენე6 და ტოტენე7, არაქსის გასწვრივ კოლთენე8, ხოლო მის ქვევით – სოდუკენე9, პარიადრის მთასთან სირაკენე10 და საკაპენე11.
10. ქალაქები ამ ნაწილში შემდეგია:
სალა 73°20′–44°20′
ასკურა 74°–44°10′
ბარაძა 75°20′–44°10′
ლალა 76°15′–44°
სანტუტა 77°20′–44°20′
სატაფარა 78°–44°20′
ტოგა 78°50′–43°30′
უარუთა 73°–43°
აძატა 73°45′–43°45′
ხალუა 74°–43°10′
სედალა 74°40′–43°45′
სურტა 74°30′–43°40′
ტასტინა 74°40′–43°
კოძალა 75°20′–43°30′
კოტომანა 75°15′–43°40′
ბატინა 76°10′–43°40′
დიძაკა 76°50′–43°10′
პტუსა 77°–43°45′
გლისმა 78°20′–43°40′
ხალუატა 78°45′–43°40′
საკალბინა 79°10′–43°15′
არსარატა 79°30′–43°15′
შენიშვნები
1. იხ. თავი მეათე, შენიშვნა 3.
2. იხ. თავი მეექვსე, შენიშვნა 1.
3. პარიადრი ვიწრო მნიშვნელობით მოიცავდა თანამედროვე ჯანიკის, გირესუნის, გიუმუშჰანეს, კოპის, მოსჯინის, სივრი დერესა და აკდაღის ქედებს; ფართო მნიშვნელობით კი პარიადრი ზოგჯერ ფარავდა სკიდისეს და მოსხური მთების იმ ნაწილს რომელიც აგრძელებს პარიადრეს და მოიცავდა ჩახირბაბის, კარგაფაზარის, სოღანლუღის, ალაჰიუეკბერის, ნიალისყურის და ლოქის ქედებს.
4. მიულერის, მაკვარტის და ჰიუბშმანის აზრით წარმოადგენს კალარძენეს შერყვნილ ფორმას, კალარძენე კი ქართული და სომხური წყაროების კლარჯეთს უდრის.
5. კავშირშია ჭოროხის სომხურ სახელ ვოხ-თან (ჰიუბშმანი).
6. მეცნიერთა აზრით უდრის სტრაბონის გოგარენეს ანუ ქართულ გუგარეთს.
7. ეს სახელი ზოგიერთ ხელნაწერში წარმოდგენილია ოტენეს ფორმით, ამის საფუძველზე მას აკავშირებენ სომხურ პროვინცია უტის, რომელიც მტკვრის ზემო დინებაზე მდებარეობდა.
8. სომხეთის არცახის პროვინციის ერთ-ერთი ოლქი – კოლთი.
9. უდრის სომხეთის სიუნიქის პროვინციის ერთ-ერთ ოლქს – სოტკს.
10. აირარატის პროვინციის ოლქი შირაკი.
11. უტის პროვინციის ოლქი შიკაშენე.
წიგნი მერვე
თავი მეცხრამეტე
...3. ცნობის ქალაქთაგან კოლხეთში დიოსკურიას აქვს ყველაზე გრძელი დღე 15 საათისა და 45 წუთის ტოლი და დაცილებულია ალექსანდრიას აღმოსავლეთისაკენ 1/3 და 1/5 საათით.
4. ფაზისს ყველაზე გრძელი დღე აქვს 15 საათისა და 30 წუთის ტოლი და დაცილებულია ალექსანდრიას აღმოსავლეთისაკენ 1/2 და 1/3 საათით.
5. იბერიის [ქალაქებიდან] არტანისას აქვს ყველაზე გრძელი დღე 15 საათისა და 35 წუთის ტოლი და დაცილებულია ალექსანდრიას აღმოსავლეთისაკენ ერთი საათით.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий