მომთაბარეების ჩამოსახლების პირველი მცდელობები
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ისტორიული წყაროების მიხედვით, თურქმანულმა ტომებმა XV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ჩამოსახლება.1 ქართლის სამეფოში თურქულენოვანი მოსახლეობის ჩამოსახლება ირანის მხრიდან, ქართლისთვის თავდაცვის სამხრეთის ზღუდის მორღვევის საქმეს ემსახურებოდა. ქვემო ქართლის სამხრეთ აღმოსავლეთით „თათარი2 ელების3“ დასახლება პირველად, XV საუკუნის II ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობების შემდეგ მოხდა. თეთრბატკნიანთა თურქმანული სახელმწიფოს მბრძანებელი, უზუნ ჰასანი (1453-1478 წწ.) საქართველოს 1477 წელს შემოესია.4 როგორც ცნობილია, ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის ერთერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, მისი ლაშქრობები გახდა.5 უზუნ ჰასანმა საქართველოში დიდი სისასტიკე გამოიჩინა, როდესაც ვახუშტი ბატონიშვილი მისი ლაშქრობების ამბებს აღწერს, ძალიან ხშირად იყენებს სიტყვებს „მოარბიეს“, „მოსწყვიტეს“, „მოაოხრეს“. უზუნ ჰასანმა ლაშქრობასთან ერთად ქართლის საზღვართან „თათრის ელები“, ანუ მომთაბარე თურქმანები დაასახლა, მაგრამ მისი გარდაცვალებისთანავე მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505 წწ.) ჩამოსახლებული თურქმანები საზღვრებიდან მთლიანად განდევნა.6 ვახუშტის მიხედვით, მეფემ „უბრძანა ბარათიანთა და სომხითართა, მიუხდნენ ელთა, დატევებულთა ყეენისაგან საზღვართა ქართლისათა, სრულიად მოსრნეს და ტყუე-ყვნეს“.7 იგივეს მოგვითხრობს ბერი ეგნატაშვილი, „ჩაუხდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დახოცეს მრავალი თათარი ყაენისაგან შეწყალებულნი.8
1. დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი. ნაკვ. I. თბ. 1979, გვ. 109.
2. ქართული დოკუმენტური წყაროები თურქმანული მოდგმის ტომებს უმეტესად მოიხსენიებს, როგორც „ელი“ ან „თათარი“. ხოლო შედარებით მოგვიანო ხანის (XIX-XX სს.) ნარატიულ წყაროებში ისინი „თათრებად“ მოიხსენიებიან.
3. ელი (თურქ., აზერბ. ილ, ელ – ტომი, ხალხი), მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობაა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში (იხ. ვ. გაბაშვილი. ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში (შედარებითი შესწავლის ცდა). თბ. 1958; ვ. ჩოჩიევი. ელი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე). ტ. 4. თბ. 1979, გვ. 124).
4. უზუნ ჰასანი საქართველოში, პირველად, 1473 წელს შემოვიდა.
5. ბ. ლომინაძე. საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. თბ. 1979, გვ. 742; ნ. ასათიანი. აყ-ყოინლუს თურქმანთა შემოსევები. საქართველოს ისტორია. ტ. III. თბ. 2012, გვ. 127-129. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XIV
6. იხ. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტიდადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ.
1973, გვ. 385; ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება. ქართლის ცხოვრება. ტექსტი
დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ.
1959, გვ. 342, 479.
7. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 385.
8. ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, გვ. 342, 479.
ამ ამბებიდან სულ მალე, 1490 წელს, საქართველო ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა. ერთიანი ქვეყნის დაშლის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ ყველა ახალი დამპყრობელი დემოგრაფიული სურათის შეცვლას ცდილობდა და მუდმივად იბრძოდა იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე ქართლის საზღვართან ახლოს, მოგვიანებით კი უკვე საზღვარს შიგნითაც, სხვადასხვა მომთაბარე ტომები დაესახლებინათ.
საქართველოს დაშლის შემდგომ, ირანიდან წამოსულ ყოველ ახალ თავდამსხმელს თან მოჰყვებოდნენ მომთაბარე თურქმანული, ე.წ. „ელის ტომები“ და მათთვის სასურველ და ხელსაყრელ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ. თუმცა მტრის წასვლის შემდეგ ქართველები „მოსრვიდნენ გარემოთა თათართა“.
საქართველოში თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს ლაშქრობები უზუნ ჰასანის მემკვიდრის, იაყუბ ყაენის (1479-1490 წწ.), დროსაც გრძელდებოდა. იგი ქართლში 1488 წელს შემოვიდა. მან ქართლის სამეფოს წინააღმდეგ, ქვემო ქართლის მიმართულებით, საფუძვლიანი ღონისძიებებიც გაატარა. იაყუბ ყაენმა ძველი გაგის ციხის ნანგრევებზე აღჯაყალის ციხე ააშენა, ასევე განაახლა ქაოზიანიც, „და დაუწყო შენება ქაოზიანთა და აღჯაყალისა ციხესა“.9
9. ახალი ქართლის ცხოვრება. მესამე ტექსტი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ. 1959, გვ. 484; იხ. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული (სიგკ). ტ. I. თბ. 1960, გვ. 122-136.
მისი მიზანი, ქართლში მომდევნო ლაშქრობებისთვის და თურქმანული ტომების დასახლებისთვის საიმედო პლაცდარმის შეექმნა იყო. იაყუბ ყაენის გეგმით, მომავალში სწორედ ამ ციხეებიდან უნდა მომხდარიყო ქართლის სამეფოს საქმეების მართვა. მაგრამ მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505 წწ.) ჩამოსახლებული მომთაბარეები ამჯერადაც გაანადგურა და ციხეებიც დაანგრია. „მიუხდა და მოსრნა ელნი გარემონი, შემუსრა და დაარღვივა აღჯაყალა და
ქაოზიანი, აღიღო ალაფი მათი და მოვიდა ტფილისს“.10 ვახუშტი აღჯაყალას11 ასე აღწერს: „ხოლო ძუელად ადგილისა ამის სახელი არს ქურდვაჭრის ხევი, და აწ უწოდებენ აღჯაყალას, იაყუფ ყეენისაგან წოდებულს, რომელმან პირველ აღაშენა ციხე ესე“.12 აკად. დავით მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ ვახუშტის ცნობები აღჯაყალის აგების შესახებ გაზვიადებულია და იაყუბ ყაენმა, მხოლოდ განაახლა აღჯაყალას ციხე: „...მხოლოდ წერილობითი წყაროების მონაცემების საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ ციხესიმაგრე აღჯაყალა იაყუბ ყაენს კი არ აუგია, როგორც ამაში გვარწმუნებს ვახუშტი ბატონიშვილი, არამედ მას მხოლოდ განუახლებია იგი და, როგორც ეტყობა, მანამდე „დარღვეული“ კედლები შეუშენებია“.13
აღჯაყალა14 მნიშვნელოვან გზებზე მდებარეობდა და საქართველოს ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან აკავშირებდა. ამის შესახებ აკად. დავით მუსხელიშვილი აღნიშნავს, „აღჯაყალა, როგორც მნიშვენლოვანი ციხესიმაგრე საკომუნიკაციო გზაზე უნდა მდგარიყო... შესაძლებელია მდგარიყო იმ ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალზე, რომლის საშუალებითაც ქართლი (შიდა და ქვემო) უკავშირდებოდა სომხეთს და მახლობელ აღმოსავლეთს“.15 ციხესიმაგრე, როგორც ჩანს, უმთავრესად, მაინც თბილისის ადვილად დაკავების მიზნით აღადგინეს, მაგრამ რადგან, მას ძირითადად ქართველები აკონტროლებდნენ, პირიქით, დედაქალაქის დაცვის ფუნქცია შეიძინა. ირანელი მმართველები მუდმივად ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, ხოლო ქართველი მეფეების მხრიდან შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ.16
10. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 390.
11. აღჯაყალის შესახებ იხ.: აღჯაყალა (თეთრი ციხე), ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
(ქსე). ტ. II. თბ. 1977, გვ. 66; დ. მუსხელიშვილი. გაგის ციხე. საქართველო. ენციკლოპედია.
ტ. I. თბ. 1997, გვ. 527; დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 113-140; მ. ილურიძე.
აღჯაყალათა იდენტიფიკაციისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე (ისტორიის,
არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია). #2. თბ. 1989, გვ. 114-
121; გურჯიზადე. თბილისის დაპყრობის წიგნი. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ. თბ. 1975, გვ. 65, შენიშვნა: 66.
11. აღჯაყალის შესახებ იხ.: აღჯაყალა (თეთრი ციხე), ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
(ქსე). ტ. II. თბ. 1977, გვ. 66; დ. მუსხელიშვილი. გაგის ციხე. საქართველო. ენციკლოპედია.
ტ. I. თბ. 1997, გვ. 527; დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 113-140; მ. ილურიძე.
აღჯაყალათა იდენტიფიკაციისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე (ისტორიის,
არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია). #2. თბ. 1989, გვ. 114-
121; გურჯიზადე. თბილისის დაპყრობის წიგნი. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ. თბ. 1975, გვ. 65, შენიშვნა: 66.
12. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 307.
13. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 116.
14. საქართველოსა და მის ირგვლივ (დღევანდელი თურქეთის, სომხეთის და დასავლეთ ირანის
ტერიტორიაზე), როგორც მარინე ილურიძემ გამოიკვლია, ცხრა აღჯაყალა აღმოჩნდა. ავტორი
ჩამოთვლის თითოეულ მათგანს: გაგი-აღჯაყალა, ერევნის, ხახულის, ერზრუმ-ნარიმანის, ყარს-სელიმის, ჩილდირის, გიუმუშხანეს, მაჰმუდის და ყარსის არფაჩაის აღჯაყალა. თვით სახელწოდება
აღჯაყალა/ახჩაყალა თურქულია და თეთრ ციხეს ნიშნავს. ავტორი აღნიშნავს, რომ – აღჯაყალათა „სიმრავლე გვავალებს, რომ თითოეული მათგანის ლოკალიზებას დიდი გულისყურით და
სიფრთხილით მოვეკიდოთ“ (იხ. მ. ილურიძე. აღჯაყალათა იდენტიფიკაციისათვის, გვ. 121).
15. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 117.
16. იხ. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 113-140; დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები
საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, გვ. 109.
13. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 116.
14. საქართველოსა და მის ირგვლივ (დღევანდელი თურქეთის, სომხეთის და დასავლეთ ირანის
ტერიტორიაზე), როგორც მარინე ილურიძემ გამოიკვლია, ცხრა აღჯაყალა აღმოჩნდა. ავტორი
ჩამოთვლის თითოეულ მათგანს: გაგი-აღჯაყალა, ერევნის, ხახულის, ერზრუმ-ნარიმანის, ყარს-სელიმის, ჩილდირის, გიუმუშხანეს, მაჰმუდის და ყარსის არფაჩაის აღჯაყალა. თვით სახელწოდება
აღჯაყალა/ახჩაყალა თურქულია და თეთრ ციხეს ნიშნავს. ავტორი აღნიშნავს, რომ – აღჯაყალათა „სიმრავლე გვავალებს, რომ თითოეული მათგანის ლოკალიზებას დიდი გულისყურით და
სიფრთხილით მოვეკიდოთ“ (იხ. მ. ილურიძე. აღჯაყალათა იდენტიფიკაციისათვის, გვ. 121).
15. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 117.
16. იხ. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 113-140; დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები
საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, გვ. 109.
ბრძოლა, რომელიც ძირითადად მტკვრის დაბლობის დაუფლებისთვის მიმდინარეობდა და რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა, საბოლოოდ, XVI საუკუნეში ამ მხარეში ქართველების შემცირებით და თურქმანული ტომების ჩამოსახლებით დასრულდა. ქართლის სამეფოს პროვინცია, ძველი გარდაბანი, იგივე ხუნანის საერისთავო, ქართველებისგან დაიცალა. შემდგომ ხანებშიც ირანის შაჰები ყველა მათთვის ხელსაყრელ მომენტში ცდილობდნენ მომთაბარე ტომების ჩამოსახლებას და მათ უკვე ქართლისა და კახეთის შიდა რაიონებში განსახლებას. ამით ახალ „სახანოებსა“ და „სასულთნოებს“ ქმნიდნენ.17
მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ იმ ეტაპზე ჯერ არ იყო დასრულებული მათი მკვიდრად აქ დასახლება, რადგან ქართლის მეფეები და ფეოდალები მუდმივად აწიოკებდნენ და ანადგურებდნენ მათ სადგომებს.18
„სახანოები“ და „სასულთნოები“ ქვემო ქართლში
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ელი მოსახლეობის სახანოები და სასულთნოები არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. აქ სახელწოდება „სახანო“ – უფრო პირობითია, ხშირად „სულთანი“ და „ხანიც“ ერთმანეთშია არეული (მაგ., წყაროებში, უმეტესად, „ყაზახის ხანი“ დასტურდება, მაგრამ ერთ-ერთ ქრონიკაში გვხდება ასეთი ჩანაწერი: „ყაზახის სულთანი“). უცხოენოვან წერილობით ძეგლებში მათ სახანოს და მითუმეტეს, სასულთნოს ნაკლებად უწოდებენ და მოიხსენიებიან, როგორც „ტომი“, „საზოგადოება“, „ხალხი“ და ა.შ. გარკვეულ უხერხულობას ქმნის ის ფაქტიც, რომ მეზობლად მართლაც არსებობდა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ისეთი სახანოები, რომელნიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ თავიანთი ბიუროკრატიული სამოხელეო აპარატიც გააჩნდათ (განჯის სახანო, ყარაბაღის სახანო, ერევნის სახანო და სხვ.). ამიტომ, გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ელის ტომების სახანოები და სასულთნოები ტექსტში ყველგან აღნიშნულია ბრჭყალებით (მაგ., ბორჩალოს „სახანო“, ყაზახის „ხანი“, ბაიდარის „სულთანი“ და სხვ.).19
17. დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი,
გვ. 109-110.
18. იხ. დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, გვ. 109.
19. იხ. ა. ბოშიშვილი. ქართლის სამეფოს სამხრეთის საზღვარი და სამხრეთის პროვინციები
(XV-XVIII სს.). თბ. 2015, გვ. 73-74.
ირანის მესვეურები ქართლზე ყოველი ახალი თავდასხმის შემდეგ, მტკვრისპირა დაბლობზე მომთაბარე თურქმანულ ტომების ახალი ნაკადის დასახლებას ცდილობდნენ. მტკვრის მარჯვენა ნაპირის დაბლობში უკვე XVI საუკუნეში მომთაბარეობდნენ შამშადილოსა და ყაზახის ყიზილბაშური ტომები. ბოლოს კი, XVI საუკუნის შუა ხანებში, ირანის შაჰმა, თამაზ I-მა (1524-1576 წწ.) მოახერხა და პირველი „სახანო“ დააარსა, რომელიც მომთაბარე მოსახლეობის მიუხედავად, უმეტესად ქართლის მეფის მორჩილებაში იმყოფებოდა, და ისტორიაში ყაზახის „სახანოს“ სახელით არის ცნობილი. ყაზახის „სახანოში“ შედიოდა, ყიზილბაშური სახელმწიფოს ძირითადი ტომის ზულკადარის20 განშტოება შამშადილოს (შამს ად დინლუ) ტომი. ყაზახს შამშადილო მალე გამოეყო, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიასაც მათივე სახელი ეწოდა,21 ასე გაჩნდა „შამშადილოს „სახანო“.22 ბერი ეგნატაშვილის ცნობით, 1556 წელს შაჰ თამაზმა „დასუა ყაზახის ადგილსა და შამშადილუსა ხანი თვისი“.23 პირველ ეტაპზე, ქართლის მეფისადმი მორჩილებაზე მეტად ირანის ცენტრალური ხელისუფლების გავლენას განიცდიდნენ.
ქვემო ქართლში ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის შეცვლას განსაკუთრებული მონდომებით შაჰ აბას I (1587-1629 წწ.) ცდილობდა. მან, როგორც ცნობილია, XVII საუკუნის დამდეგს (1604 წ.) ქართლის მეფეს ჩამოართვა ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი (დებედას ხეობა), სადაც მისდამი ლოიალურად განწყობილი მმართველი მელიქი დაადგინა. ამასთან, მიწისმფლობელობის შეცვლასაც ცდილობდა. შაჰმა ამ ყველაფრის პარალელურად კიდევ ერთი მომთაბარე ტომი ბორჩალო ჩამოასახლა.24 „...შემდგომად, ოდეს მიუხუნა (აღჯაყალა)25 შააბაზ პე26 მეფეს გიორგის,27 მან გამოიყვანნა ელნი ბორჩალუ, და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ“.28 მდ. დებედის ხეობაში, ლორეს მხარეში, თურქმანული ტომის ბორჩალუს ჩამოსახლების შემდეგ გაჩნდა ლორეს „სახანო“. წყაროებში, ლორის „სახანო“ და ბორჩალოს „სახანო“ ხშირად ერთიდაიმავე მნიშვნელობით გამოიყენება. შაჰ აბასმა ამით ქართლს სამხრეთის კედელი მოარღვია და მის თავდაცვისუნარიანობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ქართველები საუკუნეთა განმავლობაში თავგამოდებით იცავდნენ ამ მნიშვნელოვან ზღუდეს. შაჰ აბას I-მა კი „მშვიდობიანად“ ჩაიგდო ხელში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მხარე, ამის შემდეგ ქართლის დაცვის კედელი მის საწინააღმდეგო პლაცდარმად იქცა.29 როგორც აკად. ნიკო ბერძენიშვილი წერდა, „ასეთი ღონისძიებით შაჰ აბასმა ლორე-დებედას საკითხი საბოლოოდ გადაჭრა, „ქართლის ალაყაფი მოარღვია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ერთის დაკვრით დამბლა დასცა“.30
20. XV საუკუნეში, შვიდი ძირითადი ყიზილბაშური ტომი (შამლუ, რუმლუ, უსტაჯლუ, თექლუ, ავშარი, ყაჯარი, ზულკადარი) არსებობდა, რომლებიც მალევე, სეფიანთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი გახდნენ (იხ. დ. კაციტაძე. ირანის ისტორია. III-XVIII საუკუნეები. მეორე გამოცემა. თბ. 2009, გვ. 370-371).
21. გურჯიზადე. თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 65, შენიშვვნა 65.
22. არის შემთხვევები, როდესაც შამშადილო „სასულთნოდაც“ მოიხსენიება, მაგ. 1781 წლის საჩივრის წიგნი (იხ. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. VII. სასამართლო არზა-ოქმები. ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო პროფ. ისიდორე დოლიძემ. თბ. 1981, გვ. 509-510).
23. ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, გვ. 365, 507.
24. იხ. ა. ბოშიშვილი. სამელიქო ქვემო ქართლში (შაჰ აბასის მიერ ქვემო ქართლის მიწების მიტაცების მცდელობა). „საისტორიო კრებული“. #2. მთ. რედ. მამუკა წურწუმია. თბ. 2012, გვ. 68; ა. ბოშიშვილი. მელიქის სახელო საქართველოში. თბ. 2013, გვ. 54-55;
25. აღდგენა ეკუთვნის აკად დავით მუსხელიშვილს (იხ. დ. მუსხელიშვილი. აღჯაყალა-გაგის ციხე, გვ. 121).
26. ვახუშტის მიხედვით, გიორგი X, ქართლის პე, ანუ 85-ე მეფე იყო.27. ქართლის მეფე გიორგი X (1600-1606 წწ.).
28. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 307.
29. ალ. ბოშიშვილი. ლორე – ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების სპეციალური გამოშვება „დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა“. თბ. 2012, გვ. 98; ალ. ბოშიშვილი. მელიქის სახელო საქართველოში, გვ. 60.
30. ნ. ბერძენიშვილი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. მიჯნაზე. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. IV. თბ. 1967, გვ. 127.
იგივე პროცესები გაგრძელდა შაჰ აბას I-ის მემკვიდრის სეფი I-ის (1629-1642 წწ.) დროსაც. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ირანის შაჰმა თურქმანი ელები ქციის ქვემო წელზე დაასახლა და „დაუყენა ბაიდარის31 სულთანი... ალავარის32 ქვეით ნაჯბადინამდე და ეკლესია ნაზარა-სოფლამდე. ხოლო ადგილსა ამას ეწოდებოდა წყალთაშუა და აწ ბაიდარი“.33
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ყარაიაზის ქვემოთ ცხოვრობდნენ დემურჩი ასანლუს ელები. ვახუშტის მიხედვით, „ყარაიის ჭალას ქუევით, მტკურის კიდეს, ესახლნენ ელნი დემურჩიასალნუ, სავსენი პირუტყვითა, რამეთუ ზამთარ სითბოთი და ტყითა და ბალახითა მოკლებულ არს ადგილი ესე და პირუტყუნი მათნი დგებოდნენ გარეჯის მთასა ზედა, რამეთუ რაოდენნი წყარონი სდიან მთასა მას, მლაშენი არიან და პირუტყუთა შემრგონი“.
დემურჩი ასანლუს ხალხი XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში ნადირ შაჰმა (1736-1747 წწ.) მთლიანად ხორასანში გადაასახლა. „აჰყარა შანადირ და დასხნა ხორასანს“.34 დემურჩი ასანლუს ტომის უკან დასაბრუნებლად ერეკლე II-მ (1744-1798 წწ.) გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ერეკლე II 1758 წელს ბორჩალოს ტომის „ხანს“ ბამანს შეურიგდა, ბამანმა კი ქართლის სამეფოს საზღვრებს გარეთ გასული ელები დააბრუნა, მათ შორის იყო დემურჩი ასანლუს ელიც. „ქორონიკონსა უმვ (1758 წ.) მოვიდა ბამანხან, ქართველს ბატონს შეურიგდა, მისცეს ბორჩალოს „ხანობა“, განჯას რაც ქართლის ელები იყო ყაზახ-ბორჩალო-დემურჩიასანლუსი, სულ მოიყვანა“.35
ქართლის საზღვრებში არსებული თურქმანული ელის „სახანოებისა“ და „სასულთნოების“ გარდა, არსებობდა კიდევ სხვა ტომებიც, რომელნიც ზოგი ზემოთ დასახელებული ტომებისგან, ზოგიც მოგვიანებით იყო ჩამოსული. ქართლის საზღვრებში, შემოსახლებული თურქმანულ-ყიზილბაშური ტომების გამრავლება და დანაწევრება მათ გადაადგილებასაც იწვევდა. ისინი სახლდებოდნენ არა მარტო სამხრეთის პროვინციებში, არამედ, შედარებით ჩრდილოეთითაც მოიწევდნენ და ქართული მოსახლეობისგან დაცლილ მხარეებს იკავებდნენ. XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე „ამ ხალხს გადაულახავს პირველად მიჩენილი საზღვრები და დაუპყრია ახალი ადგილები. დასავლეთით ისინი გადასულან სომხითში და მისულან შულავერამდე, ერთ მათგანს (ნასიბლუ) დმანისის ხეობამდეც მიუღწევია. განსაკუთრებით ისინი გაწეულან ჩრდილოეთით ქციის ხეობაში და აღმოსავლეთისაკენ ალგეთში. უკანასკნელ შემთხვევაში გასულან მტკვრის გაღმაც, ე.ი. მოკიდებიან ლილოების სამხრეთის და ყარაიის მიწას, სადაც უფრო კარგი საძოვარი ადგილები და სარწყავი რუებიც იყო გაყვანილი“.36
34. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 332.
35. პაპუნა ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა. თბ. 1981, გვ. 245.
36. იას. ლორთქიფანიძე. ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ნაწილი I და II, გვ. 249.31. ბაიდარის სახელწოდება ბაიდარლუს ტომის სახელიდან უნდა მომდინარეობდეს.
32. ავლავარი შეცდომითაა გამოცემისას, უნდა იყოს ალავარი (იხ. იას. ლორთქიფანიძე. ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ნაწილი I და II. წყაროების გამოკვლევა და საგეოგრაფიო ცნობები. ტფ. 1935, გვ. 289; ასევე, ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ატლასი, XVIII ს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა. თბ. 1997).
33. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 324; აკად. ნ. ბერძენიშვილმა ვახუშტის ამ ცნობაზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ „ეს ცვლილება ტოპონიმებისა შედარებით ახალი საქმეა და ტრადიცია (ვახუშტის დროს – ა. ბ.) ჯერ კიდევ ცოცხალია“ (იხ. ნ. ბერძენიშვილი. მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 312).
ელების გადაადგილება XVIII საუკუნეშიც გრძელდებოდა, რის შედეგადაც ქვემო ქართლის სხვადასხვა მხარეში ბევრი მათი სოფელი ყალიბდებოდა. მათ შორის: დურღაი იმირასან, ქეშალუ37 (ქოჩულო), სარაჯლუ.38 ამათ გარდა, ყოფილან „ელის კაცნი“, რომელთაც სამეფო ფულადი გადასახადი ეკისრებოდათ. ამათი სახელები დღეს სოფლებს შემორჩენიათ, ესენია: მოლა ბაბაოღლი (მოლაოღლი, ფოლადაურის ხევში), მუღანლუ, ზარგარი და ქაფანქჩი (ბოლნის-ქაფანქჩი) და სხვ.39 თბილისთან ახლოს შაჰ სეფიმ (1629-1642 წწ.) დაასახლა სეიდების ტომიც. მოგვიანებით, მათი სახელიდან ეწოდებოდა თბილისის ერთ-ერთ უბანს სეიდაბადი. „აქა დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს“. ამ უბანში „ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსრვილნი არიან“.40 სეიდაბადი, ადრე სოფელი, თბილისი იყო. ვახუშტიც თბილისის გეგმაზე აღნიშნავს ორი სახელით, „სეიდაბადი ან ტფილისი“.41
ბორჩალოს, შამშადილოს თუ სხვა თურქმანული ტომის საცხოვრისს ქვემო ქართლში მეფის დომენი წარმოადგენდა. ეს იყო ძირითადად ყაზახი, ბორჩალო, შამშადილო, ბაიდარი (მდ. ქციასა და მდ. მტკვარს შორის ტერიტორია – „წყალთაშუა“), ასევე, ყაიყულში მათ სეზონურ სადგომებად ჩანს ყაზანჩი და სხვა სოფლები. მომთაბარეების გადადგილების პარალელურად ქვემო ქართლში შემორჩენილი იყო ადგილობრივთა სოფლებიც, რომლებიც თანდათან დაიცალა. როგორც ჩანს, ქართველები უფრო ჩრდილოეთით გადასახლდნენ.42 ქვემო ქართლში მომთაბარეთა დასახლება ქართული ფეოდალური მეურნეობის მოშლას უწყობდა ხელს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქართლისგან ამ მხარეების საბოლოოდ გაუცხოვებას ითვალისწინებდა. დაუსრულებელი ბრძოლების შედეგად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არა მარტო მოსახლეობა და ადგილობრივი ქართული მეურნეობა ნადგურდებოდა, არამედ იცვლებოდა გეოგრაფიული სახელწოდებებიც. განადგურებული მოსახლეობის ადგილას მოსული ახალი თურქმანული ელი ძველ ტოპონიმიას არ იცნობდა და ახალ სახელწოდებებს ამკვიდრებდა. ამის შედეგად ბევრი ნასოფლარის სახელწოდება მივიწყებას მიეცა. XVIII საუკუნეში ქვემო ქართლის სამხრეთი პროვინციები ადგილობრივი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი იყო.43
37. დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი,
გვ. 110.
38. იხ. იას. ლორთქიფანიძე. ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ნაწილი I და II, გვ. 247-248.
39. ქართული სამართლის ძეგლები. ხელმწიფის კარის გარიგება; დასტურლამალი. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ივანე სურგულაძემ. თბ. 1970, გვ. 562-563.
40. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 334.
41. სეიდაბადი დღევანდელი აბანოთუბნისა და მიმდებარე ტერიტორიაა, იქამდე, სადაც დღეს 300 არაგველის ობელისკი დგას (იხ. თ. კვირკველია. ძველთბილისური დასახელებანი. თბ. 1985, გვ. 79; თ. ბერიძე. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბ. 1977, გვ. 73-74).
42. იხ. ა. ბოშიშვილი. ქართლის სამეფოს სამხრეთის საზღვარი და სამხრეთის პროვინციები (XV-XVIII სს.), გვ. 73.
43. ქვემო ქართლის დაკარგული ტოპონიმების შესახებ, უფრო ვრცლად, იხ. კ. ხარაძე. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. ქვემო ქართლი. თბ. 1991, გვ. 26; მ. კემულარია. ქვემო ქართლის ტოპონიმია (ბოლნისის, დმანისის, მარნეულის რაიონები). თბ. 2013 და სხვ.
„სახანოებისა“ და „სასულთნოების“ დამოკიდებულება ქართლის მეფეებთან ქართლის ტერიტორიაზე XVI-XVIII საუკუნეებში არსებობდა რამდენიმე „სახანო“ და „სასულთნო“: შამშადილოს, ყაზახის და ბორჩალოს „სახანოები“, ბაიდარისა და დემურჩი ასანლუს „სასულთნოები“. ისინი ქართლის მეფის (შამშადილოს შემთხვევაში, ხან კახეთის) მფლობელობაში იყო. ცნობილია, რომ, რადგან ისინი მესაქონლეობით იყვნენ დაკავებული, ამიტომ სეზონურად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილებს. მათ ჰყავდათ თავისი მმართველი („ხანი“, „სულთანი“ და სხვ.). მაგრამ, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ქვეყნის ტერიტორიაზე სეზონურად გადაადგილებას და მათგან სახელმწიფო გადასახადების აკრეფას ქართლის მეფის მიერ დანიშნული მოურავები და
სხვა მოეხელეები უზრუნველყოფდნენ და აკონტროლებდნენ. მაგ., 1703 წელს ქვემო ქართლის ელის მოსახლეობის ჩობანბეგად44 ვახტანგ V შაჰნავაზმა კონსტანტინე მუხრანბატონი დანიშნა. „...შეგიწყალეთ და გიბოძეთ... ჩვენის ელის ჩობანბეგობა რარიგადაც მისი წესია და სარგო გარიგებული ყოფილიყოს ამ კუალად თქუენთვინ წყალობა გვიქნია გქონდესთ და გიბედნიეროსთ...“.45 ვახტანგის შემდეგ, მოგვიანებით, ეს ბრძანება იესემ განაახლა. „ჩვენ მეფეთ-მეფემან პატრონმან იესემ ეს კურთხეულის მამის ჩვენის ბძანება ჩვენც ასრე დაგვიმტკიცებია“.46
ირანის შაჰების დემოგრაფიული პოლიტიკა, საქართველოში ეთნიკური სურათის მთლიან ცვლილებას ითვალისწინებდა. XV საუკუნიდან დაწყებული პროცესი, საქართველოში თურქმანული ელის დასახლება, ძირითადად, საქართველოს გადაშენებისკენ იყო მიმართული. დამპყრობთა მიზანი არა მარტო მოსახლეობის, არამედ ადგილობრივი მიწისმფლობელობის წესის შეცვლაც იყო. თუმცა ქართველმა მეფეებმა მოახერხეს და ჩამოსახლებული უცხოტომელები სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენეს. და მათ მიერ შექმნილი დოვლათი სახელმწიფო შემოსავლებში აღირიცხებოდა.
44. მწყემსების უფროსი, ასევე, გადასახადი ცხვრის ძოვებისათვის (დასტურლამალი. გვ. 837).
45. კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც). Hდ-9693.
46. ხეც. Hდ-9693.
45. კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც). Hდ-9693.
46. ხეც. Hდ-9693.
ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი „დასტურლამალის“ მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრულია ელის მოსახლეობის ვალდებულებები და გადასახადები.
დასტურლამალის მიხედვით დაკანონებული იყო, რომ ქვეყანაში აღწერა უნდა ჩატარებულიყო შვიდ წელიწადში ერთხელ.47 მაგრამ თურქმანული ტომების მდგომარეობა განსხვავებული იყო. ელი, დასტურლამალის მიხედვით, სამ წელიწადში ერთხელ აღიწერებოდა. განსაზღვრული იყო აღწერის გადასახადიც. კომლზე სამი აბაზი და აღამათის48 ორი შაური.49 ამის გარდა, ისინი იხდიდნენ მათთვის დადგენილ გადასახადებს, მაგ., „ინდოს ლანჩპარი“, რომელიც წარმოადგენდა კომლობრივ გადასახადს, და განსაზღვრული იყო ხუთი აბაზით; „ქოდავი“ – ერთი შაური; „სანავროზო“ კომლზე აბაზი; „სამასპინძლო“ და სხვ. სამ წელიწადში ერთხელ, ქართველი მეფის მიერ დადგენილი ჩობანბეგი დაითვლიდა მათ ცხვარს. ცალ-ცალკე აღნუსხავდა და ამის საფასურს, ას ცხვარზე, რვა შაურს აიღებდა.50 „ყეენის ფეშქაში“, რომელსაც ქართლის მეფე ირანში აგზავნიდა, განსაზღვრული იყო, რომ ელები ამ დროს ასი თუმანს მიართმევდნენ მეფეს.51
ასეთი ვითარება იყო მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში. 1723-1735 წლებში, ოსმალობის დროს ეს ხალხი თბილისის ვილაიეთში არიან გაერთიანებული.52 ყიზილბაშობის დროს კი მათზე ძალაუფლება ქართლის მეფეს დაუბრუნდა. მაგ., 1749 წელს, როდესაც თეიმურაზ II ირანიდან დაბრუნდა, თან ჩამოიტანა სიგელი, რომლის ძალითაც მას „ყაზახ-ბორჩალო“ კვლავ უნდა დამორჩილებოდა. „როგორც საქართველო,53 ეგრე ყაზახ-ბორჩალუ იმსახურეო“. მართლაც დაბრუნებულ თეიმურაზს, როგორც პაპუნა ორბელიანი აღწერს, „მოეგებნენ ყაზახისა და ბორჩალუს სულთნები, თავისი ჯარებით დახვდნენ ყმურად და მიართვეს მისართმევი“.54 ამის შემდეგ თეიმურაზ II-ის (1744-1762 წწ.) ტიტული, 1749 წელს გაცემულ შეწირულობის დოკუმენტში ასეა ჩამოყალიბებული „...ქართლისა და ყაზახ-ბორჩალოს ფლობით მპყრობელ-მქონებელმა, მეფეთ-მეფემან პატრონმან თეიმურაზ“.55 ასევეა, 1751 წლის დოკუმენტზე: „ქ. ჩვენ ღვთივ ცხებით გვირგვინოსანი, ქართლისა და ყაზახ-ბორჩალოს ფლობით მპყრობელ მქონებელი, პატრონი მეფე თეიმურაზ“.56
47. დასტურლამალი, გვ. 515-517; ა. თაბუაშვილი. ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის. თბ. 2010, გვ. 119.
48. აყამათ – ჯდომა, ყოფნა დროებით (იხ. დასტურლამალი. გვ. 780).
49. დასტურლამალი, გვ. 575-576.
50. დასტურლამალი, გვ. 553-575
51. დასტურლამალი, გვ. 573.
52. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ. წ. II. თბ. 2010.
53. აქ იგულისხმება ქართლი.
54. პაპუნა ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი, გვ. 156.55. გარეჯის ისტორიული დოკუმენტები. XIII-XVIII სს. ნაკვეთი I. გამოსაცემად მოამზადეს დოდო ლომიძემ, მანანა ჭუმბურიძემ და ზაზა სხირტლაძემ, ზეინაბ გურჯიძის და ლევან ბუკიას მონაწილეობით. თბ. 2008, გვ. 373; იხ. ასევე, გვ. 381 (1750 წ,); გვ. 392 (1753 წ.).
56. საქართველოს სიძველენი. ტ. II. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა. ექ. თაყაიშვილის რედაქტორობით. ტფ. 1909, გვ. 546.
საერთო ჯამში, XVIII საუკუნის ბოლოს სახელმწიფო შემოსავლები ელით დასახლებული მხარეებიდან 35000 მანეთს შეადგენდა (ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი 400 ათასი მანეთი იყო), ამას ემატება იქ მცხოვრები სამეფო ყმებიდან, იქ არსებული საბაჟოებიდან, ხელოსნებიდან, ჯარიმების შემოსავლებიდან აკრეფილი შემოსავლები.57
სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება ის, რომ XVIII საუკუნეში ერეკლე II-მ გაუკაცრიელებული მიწების შევსება იმ დროისთვის სამეფო კარისთვის უკვე სანდო, ეთნიკურად არაქართველების მეშვეობით სცადა. XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-მ მუღანის ველიდან სპარსელებისაგან შევიწროებული 250 თურქმანული ოჯახი გადმოასახლა, მათგან შეიქმნა სოფლები: მუღანლო, ყაფანახჩი და ყიზილ-ჰაჯილი.58 ქართლ-კახეთის მეფე მუდმივად აკვირდებოდა ჩამოსულებს და მათ ქვეყნიდან წასვლის საშუალებასაც არ აძლევდა. 1755 წელს ქართველმა მეფემ უკან დააბრუნა ერევნის სახანოსა და ყარა სუზე გადასახლებული მანამდე ქვემო ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ტომი.59 1756 წელს ახალციხეში საიალაღოდ მდგომმა ელებმა ირანში წასვლა გადაწყვიტეს. მათ ყაზახის მომთაბარეებმაც აუბეს მხარი. ამ გადაწყვეტილებაში მათ ისიც დაეხმარა, რომ ლეკები მათ სადგომებს მუდმივად ესხმოდნენ, სტაცებდნენ პირუტყვს და ხალხს. პაპუნა ორბელიანის სიტყვებით – „საქართველოს ელები ერთად, რომელნი იდგნენ ოსმალოს ქვეყანასა, დადვეს პირი და ფიცი, „ნუღარ მივალთ საქართველოში, ნუღარ ვემსახურებით ქართველ ბატონსაო, წავიდეთ ერანის ქვეყანაშიო“, აიყარა ყაზახის ხანიც...“, თეიმურაზ მეფემ სასწრაფო ზომები მიიღო, მათ ყაიყულში დაეწია და დემურჩი ასანლუსა და ბაიდარის „სასულთნოების“ ქეთხუდებისგან ერთგულების პირობა აიღო, უკან დააბრუნა და განდგომილი ელების მეთაურებიდან მძევლები აიყვანა. ასევე, ახალციხის ფაშისთვის მიყენებული ზარალიც აანაზღაურებინა.60 1760 წელს ფანა ხანის დამარცხების შემდეგ ერეკლემ ყარაბაღსა და ნახიჭევანში გადასახლებულთა დასაბრუნებლად ჯარი გააგზავნა, ააყრევინა ისინი და უკან დააბრუნა. მოგვიანებით ქვემო ქართლის ელების ერთი ნაწილი, თარაქამები, ალი-ბეგმა გადაიბირა ახალციხის საფაშოში დასასახლებლად.61
57. იხ. ა. თაბუაშვილი. ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის
მმართველობის მოდერნიზაციისათვის, გვ. 112.
58. ამ სახელწოდების სოფლები დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
59. ლ. ჯანიაშვილი. აზერბაიჯანელები. წიგნში.: „ეთნოსები საქართველოში“. საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა. გამოსაცემად მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. თბ. 2008, გვ. 113.
60. პაპუნა ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი, გვ. 241-242; ამ ფაქტს ომან ხერხეულიძე 1755 წლის ოქტომბრით ათარიღებს. იხ. ომან ხერხეულიძე. მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა. თბ. 1989, გვ. 45.
61. ლ. ჯანიაშვილი. აზერბაიჯანელები, გვ. 113. ამ დროიდან უკვე ხშირი იყო მესხეთში მომთაბარე თურქმანი ელის გადასვლა და იქ დადგომა. თურქმანული ელები ხშირად გადადიოდნენ ახალციხეში და იქვე სახლდებოდნენ. მესხეთში ადგილობრივი ფაშა მათ მესაქონლეობისთვის და საგადასახადო საკითხებში ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდა. ელის ნაწილი რჩებოდა, ხოლო ზოგიერთის უკან დაბრუნებაზე მეფეს უამრავი ბრძანების, თხოვნისა და ძალისხმევის გამოყენება უხდებოდა. მაგ., 1799 წელს გიორგი XII ყარსში გადასულ ელების ხელმძღვანელობას, მაჰმუდ აღას და სოლეიმან აღას, უბრძანებს, „რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და არაფრის ჯავრი არ ჰქონდეთ“.62
გიორგი XII-მ 1800 წელს ბრძანება გამოსცა. მეფე ახალციხეში გადასულ სარაჯლუს ტომის ქეთხუდებს უბრძანებდა, თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებულიყვნენ.63 სარაჯლუს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ტომის დაბრუნებაზე გიორგი XII-ის გამოცემული რამდენიმე ბრძანებაა შემორჩენილი. მეფემ ამ საკითხის უზრუნველყოფა თავის მოხელეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დაავალა, „შეუგროვოს ჯემშიდს64 სარაჯლუ და ჩამოიყვანოს მეფის სახასო ტერიტორიაზე და ჩააბაროს ჯემშიდს“.65 ასევე,
62. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების, ბატონიშვილების და ხანების მიერ გაცემული სპარსული საბუთები. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და კომენტარებით გამოსაცემად მოამზადა ნუგზარ დუნდუამ. თბ. 2010, გვ. 18-19.
63. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების, ბატონიშვილების და ხანების მიერ გაცემული სპარსული საბუთები, გვ. 19.
64. იგულისხმება ყარაბაღიდან დევნილი და ქართლ-კახეთს შეფარებული მელიქი ჯემშიდი,
რომელსაც უნდა დამორჩილებოდა ეს ტომი.
65. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების, ბატონიშვილების და ხანების მიერ გაცემული სპარსული საბუთები, გვ. 59.
კიდევ ერთ წერილში, რომელიც სარაჯლუს ქეთხუდას ისმაილ აღას მისამართით არის დაწერილი „ისმაილ-აღას ებრძანება, რომ წამოიყვანოს სარაჯლუ იეჯადადის სამასი კომლი და დაასახლოს თავის ძველ (მკვიდრ) ყიშლაღში, ამიერიდან ამ ტომთა და დედოფლის მამულებში მოსახლე ხალხთან სხვას არავის არ ექნება ხელი“.66
ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII ელების უკან დაბრუნების საქმეში ოსმალეთის სულთანსაც სთხოვდა დახმარებას. ფორმალურად სულთანს უფლება არ ჰქონდა ქართველი მეფის კანონიერი მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა, ამიტომ მან თარაქამები ქართლის საზღვრის გაყოლებით დაასახლა.67
როგორც ჩანს, ელების სასულიერო პირსაც ქართველი მეფე ამტკიცებდა. ჩვენამდე მოღწეულია გიორგი XII-ის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ბორჩალოს შეიხოლესლამის68 თანამდებობას მოლა მოჰამედს აძლევს. ბორჩალოს ვექილსაც ავალებს დაემორჩილონ ამ ბრძანებას. „გამოვიდა მაღალი ბრძანებულება მასზე, რომ... არღუნ-ხანმა, ბორჩალოს ვექილმა, მოხსენებული ადგილების ყველა რაიათმა, დანარჩენმა რიშსეფიდებმა და ქედხოდებმა, უწყოდნენ, რომ ამჟამად ბორჩალოს შეიხოლესლამის თანამდებობა მაღალადგილოვან, ღვთისმოსავ მოლა მოჰამედისათვის მიგვიცია და წყალობა გვიბრძანებია, რათა სამართლიანად და ერთგულად, შარიათის ღვთაებრივი კანონის შესაბამისად იმოქმედოს. დადგენილია, რომ ბორჩალოს მთელმა მოსახლეობამ მოხსენებული თავის ერთადერთ შეიხოლესლამად აღიაროს, მის ნათქვამს გაუგონონ და მის საბოლოო განაჩენს დაემორჩილონ...“.69
XV საუკუნიდან დაწყებული პროცესი, საქართველოში თურქმანული ელის დასახლება, ძირითადად, საქართველოს გადაშენებისკენ იყო მიმართული. დამპყრობთა მიზანი არა მარტო მოსახლეობის, არამედ ადგილობრივი მიწისმფლობელობის შეცვლაც იყო. მაგრამ ქართველმა მეფეებმა მოახერხეს და ჩამოსახლებულები სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენეს. მათმა არაერთმა წარმომადგენელმა თავი გამოიჩინა ქვეყნისთვის ბრძოლისა და აღმშენებლობის საქმეში. ირანის შაჰების პოლიტიკა ირანისთვის ბოლომდე წარმატებული ვერ აღმოჩნდა, მათთვის სასურველ საბოლოო შედეგს ვერ მიაღწიეს.
66. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების, ბატონიშვილების და ხანების მიერ გაცემული სპარსული საბუთები, გვ. 20.
67. ლ. ჯანიაშვილი. აზერბაიჯანელები, გვ. 113.
68. შეიხ ულ-ისლამი – მომდინარეობს არაბულიდან, იგი მუსლიმური სასულიერო იერარქიის,
ერთ-ერთ უმაღლესი, თანამდებობის პირია (იხ. სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში. წ. I. ნაკვ. 3, გამოსცა ვლ. ფუთურიძემ. თბ. 1965, გვ. 108).
69. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების, ბატონიშვილების და ხანების მიერ გაცემული სპარსული საბუთები, გვ. 41.
Комментариев нет:
Отправить комментарий