четверг, 29 октября 2020 г.

საქართველოსა და ერზინკის საამიროს ურთიერთობა ბაგრატ V დიდის ხანაში (ლ. თავაძე)

მიუხედავად გიორგი V ბრწყინვალის (1314-1346) მიერ გატარებული რეფორმებისა თუ ქვეყნის ხელახალი რეორგანიზაციისა, საქართველოს საერთაშორისო წარმატებები საკმაოდ მკრთალად გამოიყურებოდა. საქართველო უკვე ვეღარ ახერხებდა იმ მასშტაბის სამხედრო კამპანიების წარმოებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში. ამ მხრივ გამორჩეულია ბაგრატ V დიდის მმართველობის პერიოდი. სომხური ჰიშტარაკანების მიხედვით ბაგრატის დროს საქართველოში „დიდ მშვიდობიანობას’’ ჰქონია ადგილი.1 აღსანიშნავია, რომ მშვიდობა არ გაგრძელებულა დიდი ხნის განმავლობაში. სტაბილურობა თემურ-ლენგის შემოსევებმა დაარღვია.2 ამდენად, ბაგრატის მეფობა პირობითად ორ პერიოდად შეიძლება დავყოთ:
1. თემურის შემოსევამდელი პერიოდი 1360-1386წწ.
2. ჩაღათაელთა მბრძანებლის, თემურ-ლენგის ლაშქრობების პერიოდი 1386-1395წწ.
მეორე პერიოდის შესახებ, ინფორმაცია მრავლად მოიპოვება, როგორც ქართულ, ასევე უცხოენოვან წყაროებში, სამაგიეროდ იშვიათია ცნობები იმის შესახებ, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი ბაგრატის მმართველობის პირველ ეტაპზე. წყაროთა სიმცირის გამო, ძნელია ნათლად აღადგინო ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ვრცელი სურათი.
წყაროთა მართლაც რომ მნიშვნელოვანი დეფიციტის გამო, ნებისმიერ ინფორმაციას, არამარტო 1360-1386წწ. არამედ საერთოდ XIV-XV საუკუნეების საქართველოს შესახებ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ გამორჩეული ადგილი ვახუშტი ბაგრატიონს უკავია. ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1756) ფუნდამენტურ ნაშრომში საქართველოს წარსულის შესახებ _ „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“ მრავალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის დაცული, საქართველოს XIV-XV საუკუნეების ისტორიის შესახებ. ვახუშტი, ისედაც დიდ ინტერესს იჩენდა, საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის მიმართ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გიორგი V ბრწყინვალისა და მისი მემკვიდრეების ისტორია, ვიდრე საქართველოს გაყოფამდე არ იყო „ქართლის ცხოვრებაში“ შესული „უწყებულ იყავ რამეთუ ბრწყინვალეს მეფის გიორგის ცხოვრება და მას ქუეითთა მეფეთა არღარა მოიპოების“.1 ვახუშტი ბატონიშვილმა თავად განიზრახა ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და XIV-XV საუკუნეების არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამოატივტივა. ვახუშტის ნაწარმოების ეს ადგილები უხვია ქრონოლოგიური თუ ფაქტოლოგიური მასალებით, ასევე მათი ანალიზით.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მრავალი თარიღი, რომლებიც ვახუშტის მოტანილი აქვს მის საისტორიო ნარატივში, ამოკრეფილია იმ სიგელ-გუჯრებიდან, რომელთა მონაცემები ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს არ ემთხვევა. ცთომილება, როგორც წესი ერთი ან ორი წელია (ზოგჯერ მეტი), თუმცა უმეტეს შემთხვევებში ვახუშტის ქრონოლოგია XIV-XV საუკუნეების მოვლენების ზუსტია.
ახლა რაც შეეხება ფაქტოლოგიასა და მის ვახუშტისეულ ინტერპრეტაციას. ამ შემთხვევაში, პრობლემა ისევ მისი სანდოობა-უნდობლობა გახლავთ. ბევრი მკვლევარი მათ ეჭვის თვალით უყურებს, ბევრიც უკრიტიკოდ იზიარებს. ვახუშტის ნაწარმოების კითხვისას ნათლად ჩანს ერთი რამ – ავტორმა კარგად იცის ფაქტოლოგია. უმეტესწილად ეს არის საქართველოსა და მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე კონფლიქტები, ასევე შიდაპოლიტიკური ბატალიები. თუ ეს უკანასკნელი ვახუშტის ძირითადად ქართულ მასალაზე დაყრდნობით მეტნაკლებად სწორად აქვს გაანალიზებული, პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს მცირე უზუსტობებს. ის რომ ვახუშტი ფაქტებს სწორად გადმოგვცემს ამას ჩვენ ქვემოთ არაერთხელ დავინახავთ, მაგრამ ტენდენცია ყოველი ქართულ-თურქული (ან მუსლიმური) შეტაკება წარმოაჩინოს საქართველოსა და ოსმალეთის პოლიტიკურ კონფრონტაციად, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ვახუშტიმ კარგად იცოდა ოსმალეთის ისტორია. ხშირად ის საქართველოს ისტორიის თხრობისას ოსმალეთის სულთნების ტახტზე ასვლასაც აღწერს და ერთგან მათი მეტნაკლებად სრული ქრონოლოგიაც აქვს მოცემული.1
ამდენად, ოსმალების საქართველოში ლაშქრობების, შესახებ ინფორმაცია ავტორს ხშირ შემთხვევაში საქართველოსა და ანატოლიის თურქულ საამიროებთან ბრძოლებში შეიძლებოდა აღრეოდა. ვახუშტის მატიანეში არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოსა და თურქული ქვეყნების კონფრონტაციას, სადაც კონკრეტული თურქული სახელმწიფოს დასახელებისაგან ვახუშტი თავს იკავებს. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია მოდის ბაგრატ V-ის (1360-1395) მეფობაზე. ვინაიდან, ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს პერიოდი ნაკლებად არის შესწავლილი, საჭიროდ ვთვლით საკითხს ნათელი მოვფინოთ.
1360წ. დავით IX (1346-1360) გარდაცვალების შემდეგ მისი უფროსი ძე ბაგრატ V გამეფდა. ბაგრატს ვახუშტი დიდის ეპითეტით ამკობს და შემდეგნაირად ახასიათებს: „იყო (ბაგრატი _ ლ.თ.) მხნე, ახოვანი, ტანითა ძლიერ, შუენიერებითა ჰაეროვანი, უცთური მოისარი, სამხედროთა სრული, სამღვდელოთა პატივისცემელი, მშვიდი, მოწყალე, შემართებელი ძლიერი. არამედ ამის მეფობისა მეორე წელს (1361 _ ლ.თ.) დაბნელდა მზე და უკუ-დგნენ სუანნი, გარდმოვიდნენ, მოსტყუევნნეს ქუთათისი და მოწუეს“.1
ქუთაისის სვანთა მიერ გაძარცვა და გადაწვა 1361წ. _ ბაგრატის მეფობის მეორე წლით თარიღდება და მზის დაბნელებას მოსდევს, რომელიც, მართლაც, 1361წ. მოხდა. ვახუშტის გარდა ეს მოვლენა თანადროული ბიზანტიელი ქრონისტის მიქელ პანარეტოსის მიერაც დასტურდება. მზის დაბნელება პანარეტოსის მიხედვით 1361წ. 5 მაისს, ოთხშაბათ დღეს 5 საათზე დაფიქსირდა. ამდენად, სვანების აჯანყება 5 მაისის შემდგომი ხანით არის განსასაზღვრი.2
მიზეზი სვანების უკუდგომისა და ქუთაისის გაძარცვისა სოციალური იყო. ამასთან, სვანეთის ერისთავის ვარდანისძის მიერ მხარდაჭერილი. ეს უკანასკნელი, სვანების დამარცხებისა და დამორჩილების შემდეგ, ერისთაობიდან გადააყენეს და დააპატიმრეს. საერთოდ სვანეთში კლიმატური პირობების გაუარესება3 შიმშილისა და ცენტრიდან რეგიონის მოწყვეტის საფრთხეს ქმნიდა, ამდენად, ხელისუფლების მხრიდან სოციალური პრობლემების უგულებელყოფა მსგავსი სავალალო შედეგებით სრულდებოდა ხოლმე.
ბაგრატს არ შეეძლო სვანეთის მოსახლეობის ამ გამოხტომის უპასუხოდ დატოვება და სრულიად საქართველოს ჯარით სვანეთის დასამორჩილებლად გაემართა. მეფის ბრძანებით არმია სამ ნაწილად გაიყო. კახეთის და ჰერეთის ჯარები რაჭველთა წინამძღოლობით რაჭიდან გაგზავნეს სვანეთის მიმართულებით. სამეგრელოდან, გურიიდან, აფხაზეთიდან და სომხეთიდან გამოსული ლაშქარი ოდიშიდან შეუსიეს ზემო სვანეთს, თავად მეფე ლეჩხუმელების წინგაძღოლით ძირითადად ქართლ-იმერეთის მოლაშქრეებთან და მესხებისგან შედგარი სამხედრო ნაწილებით ლეჩხუმიდამ შეესია ქვემო სვანეთს.
სვანეთის გადმოსასვლელები ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით, როგორც წესი, მხოლოდ შუა ზაფხულშია გახსნილი, ასე არის დღეს და ასე იყო ადრეც. ამდენად, სამხედრო ოპერაცია ზაფხულის ცხელი თვეებისათვის უნდა ყოფილიყო მომზადებული და შუა ზაფხულში განხორციელებული. ვახუშტის ცნობით: „ურჩნი და შემცოდენი თვისნი მოსწყვიდნა, მოსტყუევნა, და დაიმორჩილა ნებასა შინა თვისსა, აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი და უმეტეს პირველსა მორჩილ ჰყვნა“.1
   ისტორიკოსის ცნობით, სვანეთის ერისთავი ვარდანისძე ახალი ერისთავით შეცვალეს, რომელიც მეფის მომხრე გელოვანთა გვარის წარმომადგენელი იყო. გამარჯვებული მეფე ბაგრატი ქუთაისს წამოსულა და იქ დაბანაკებულა.2 ქუთაისში ჩამოსულ მეფეს ინფორმაცია მოუვიდა თურქთა მიერ სამცხის დარბევაზე: „ამავ ჟამთა მოერთუა ამბავი, რამეთუ თურქთა მოარბივეს სამცხე“.3 ვახუშტი ბაგრატიონი ამ შემთხვევაში არ აკონკრეტებს, თუ საიდან მოვიდნენ მარბიელი რაზმები, ის აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისინი იყვნენ თურქები. მისივე ცნობით, მეფე ბაგრატი მათ მდინარე „რახსს იქით“ დასწევია და იქვე დაუმარცხებია.4
   ამდენად, თურქები სამცხის სამხრეთ სანაპირო ტერიტორიის რბევით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული. თუ ვინ იყვნენ ეს თურქები და რა მიზანი ამოძრავებდათ მათ, ამ ფაქტზე ქართულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება თითქმის არავის არ გაუმახვილებია.1 არსებობს მეორე წყარო ამ შემოსევის შესახებ არსებული ცნობების შესავსებად _ ეს არის „ტარიხი ალ-ტაკვიმ“,2 რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ახი აინა-ბეგის შემოსევის შესახებ არზან არ-რუმსა და ლაზეთში.
   სამხედრო ოპერაცია ახი აინა-ბეგს 1361 წ. 6 აგვისტოს დაუწყია,3 ანუ მაშინ, როდესაც ის-ის იყო დამთავრდა ბაგრატ V დიდის სამხედრო ოპერაცია სვანეთში. ბაგრატს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საომარი კამპანია ზაფხულში უნდა დაეწყო და ზაფხულშივე უნდა დაემთავრებინა იმისთვის, რომ პრობლემები აღარ შექმნოდა უკან დაბრუნებისას _ განსაკუთრებით ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით მოძრაობისას დიდთოვლობის გამო. ახი აინა-ბეგის ამ სამხედრო ოპერაციას რ. შუკუროვი ტრაპიზონის, ანდაც არაკელის ნახევრად-დამოუკიდებელი (ან დამოუკიდებელი) სამთავროს წინააღმდეგ მიმართულად თვლის, ეთანხმება რა ამით ბრაიერსა და ვინფილდს.1 ტრაპიზონის იმპერიაში 1361წ. ივლისში მართლაც მოხდა თურქთა თავდასხმა, რომელმაც შეიწირა ბაიბურთის ამირა და ახი აინა-ბეგის მოწინააღმდეგე ხოჯა-ლაფიტი. პანარეტოსის ცნობით, „23 ივლისს, პარასკევს, 14 ინდიქტიონს, 6869 წელს (1361) ბაიბურტის გამგებელმა ხოჯა-ლაფიტმა წამოიყვანა რჩეული მეომრები დაახლოებით 400 და გამოილაშქრა მაცუკაში, ლარახანეს და ხასდენიხას წინააღმდეგ“.2
ამის შემდეგ მომხდარა ბრძოლა, სადაც იმავე პანარეტოსის ცნობით 200 მეტი თურქი დაუხოციათ და ბევრი ნადავლიც წაუღიათ. მათ შორის ცხენები და იარაღები. თავად ხოჯა-ლატიფს თავი მოსჭრეს და ზარ-ზეიმით ჩამოატარეს ტრაპიზონის ქუჩებში.3 ამდენად, ტრაპიზონში მართლაც მოხდა თურქთა შემოსევა, ოღონდ მასში ახი აინა-ბეგი არ მონაწილეობდა. ეს უკანასკნელი, როგორც რ. შუკუროვი ვარაუდობს, ეუფლება ბაიბურთს _ ხოჯა ლატიფის სამფლობელოს. ეს მოვლენა ახი აინა-ბეგის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობამდე (1361წ. 6 აგვისტო) და ხოჯა ლატიფის დაღუპვის შემდეგ (1361წ. 23 ივლისი) ანუ 1361 წლის 23 ივლისიდან – 6 აგვისტომდე უნდა მომხდარიყო, რასაც მოჰყვა მის მიერ („ტარიხი ტაკვიმის“ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ) არზრუმისა და ლაზეთის ტერიტორიაზე ლაშქრობა.
ლაშქრობა ტრაპიზონის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. ამას ადასტურებს მიქელ პანარეტოსიც. ის საკმაოდ დაწვრილებით აღწერს იმპერიაში მიმდინარე მოვლენებს და არაფერს წერს 1361წ. აგვისტოს ახი აინა-ბეგი ლაშქრობაზე. ახი აინა-ბეგის ლაშქრობა ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ მართლაც მოხდა, ოღონდ მას ადგილი 1361წ. ოქტომბერს ჰქონდა და არა აგვისტოში, ამასთან ის გოლახის ციხე-სიმაგრის ასაღებად იყო გამიზნული და არა ლაზეთის დასარბევად, ანდაც არზან არ-რუმის მიმდებარე ტერიტორიების (საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი; ბასიანი, თორთომი, იმიერტაო, ასევე გურჯი-ბოღაზი იგივე საქართველოს ყელი და ა.შ.). 1361წ. ოქტომბერში ტრაპიზონის წინააღმდეგ განხორციელებული ლაშქრობა ერთბაშად მიქელ პანარეტოსთანაც და „ტარიხი ტაკვიმში“ არის დაცული. ორივე წყარო ამ სამხედრო კამპანიის თარიღად ოქტომბერს დებს, იმ განსხვავებით, რომ პანარეტოსთან 1362 წელია მითითებული, ხოლო „ტარიხი ტაკვიმში“ 1361 წელი.1 უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება, რადგან 1362წ. ოქტომბრისათვის, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ახი აინა-ბეგი უკვე მოკლული იყო.2
„ტარიხი ტაკვიმის“ მიხედვით, ახი აინა-ბეგი ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ 1361წ. 15 ოქტომბერს გაემართა. პანარეტოსის მიხედვით მტერი ოქტომბერს შემოვიდა და ციხე-სიმაგრე გოლახას შემოარტყა ალყა, რომელიც იმავე ქრონისტის მიხედვით 16 დღეს გაგრძელებულა.1 ამდენად, ალყა 1361წ. 15 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, მიუხედავად საალყო მანქანების გამოყენებისა, ახი აინა-ბეგმა ვერაფერი გააწყო გოლახის ციხის წინააღმდეგ და, პანარეტოსის სიტყვით რომ ვთქვათ, სირცხვილნაჭამი და ხელცარიელი დაბრუნდა უკან.2 აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1361წ. 6 აგვისტოს ახი აინა-ბეგმა ილაშქრა არა ტრაპიზონის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებიც შეესაბამება „ტარიხი ტაკვიმის“ წყაროს და, რიგ შემთხვევებში, ავსებს კიდეც მას. მართალია, ამ შემთხვევაში ვახუშტის წყაროს მეორადი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ იგი სრულიად ეთანხმება „ტარიხი ტაკვიმის“ ცნობებს, როგორც ქრონოლოგიას, ასევე ბრძოლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს (ვახუშტის მიხედვით, ბაგრატი მტერს მდინარე არაქსის სამხრეთით წამოეწია, ანუ არზრუმის სანახებში. რაც შეეხება ლაზეთს, ის ნაწილობრივ საქართველოს შემადგელობაში შედიოდა).
ამდენად, ახი აინა-ბეგის 1361წ. 6 აგვისტოს შემოსევა და იმავე თვეს მიმდინარე მოვლენები საქართველო-ერზინკის კონფლიქტს უნდა მიეწეროს. იქამდე, სანამ ამ კონფლიქტს ვრცლად შევეხებოდეთ აუცილებელია მეტი წარმოდგენა შევიქმნათ ბაგრატ V დიდის მეტოქეზე _ ახი აინა-ბეგზე. ახი აინა-ბეგი, როგორც მისი სახელიდან ჩანს, შუა საუკუნეებში ცნობილი მუსლიმური საძმოს _ ფუტუვას წარმომადგენელი და მეთაური, ანუ ახი გახლდათ.3
ფუტუვას ორგანიზაციები, კ. კაენის თქმით, ორგანიზაციულობის თვალსაზრისით საფუძველს იღებს ბიზანტიური დიმებისა და ცირკის დაჯგუფებებიდან,1 ს. ვრიონისის აზრით, ისინი საკმაოდ ახლოს არიან ბიზანტიურ ნეანიაის (ახალგაზრდობა) ჯგუფებთან. ნაწილი მკვლევრებისა მათ სასანიდთა ეპოქის გილდიებს უკავშირებს, მაგალითად, ქალაქ ქტესიფონის გილდიებს და ა.შ.2 ფუტუვას ჯგუფები კონცეპტუალურად მართლაც ახლოს იყო ბიზანტიურ ნეანიაისთან, რაც სემანტიკაშიც ავლენს მსგავსებას, კერძოდ არაბულად ფატა ნიშნავს ახალგაზრდა კაცს, ხოლო ფიტიანი კი იხმარება იმავე კონტექსტში, ოღონდ მრავლობით რიცხვში.
ალტრუიზმი გახდა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი ეს საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული სუფიზმთან, თუმცა ეს ახალგაზრდული ფუტუვას საძმოები ყოველთვის არ იზიარებდნენ ალტრუიზმის სუფისტურ ხედებს და თავადაც მიეცემოდნენ განცხრომას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოხატული იყო უზომო ჭამა-სმაში, ქურდობასა და სექსუალურ აღვირახსნილობაში.3
ფუტუვას ჯგუფების გავრცელება, როგორც წესი მსხვილ ქალაქებში ხდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობა მათ ანატოლიაში მოიპოვეს. ისინი იქ სამ ძირითად ჯგუფად იყოფოდნენ:
1. ღაზიები – გამორჩეულები ქრისტიანებთან და ყველა „ურწმუნოსთან“ ბრძოლაში;
2. სელჩუკთა სამეფო კარის წარმომადგენლობა. აქ მათ, როგორც წესი, ძლიერი პოზიციები გააჩნიათ;
3. ქალაქის მოსახლეობა, სადაც მათ ძირითადად ახიებად ან რუნუდებად მოიხსენიებდნენ.
ახიები განსაკუთრებით დაწინაურებული პირები ხდებიან XIII-XIV სს. ანატოლიაში. ისინი წარმოადგენდნენ მეთაურებს ქალაქში მოსახლე პირებისა, რომლებსაც რინდებს (ანუ რუნუდები) უწოდებდნენ.1 ეს უკანასკნელები ძირითადად ხელოსანთა ფენიდან იყვნენ გამოსულნი. რუნუდები (რინდები) და ახიები შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდა, რომელებიც მათ მიერვე დაარსებულ თავშესაფარსა თუ საავადმყოფოებში იარაღ-ასხმულები დადიოდნენ და ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ჯარშიც მსახურობდნენ, როგორც დაქირავებული მეომრები.
როგორც XIV ს. მაროკოელი მოგზაური იბნ ბატუტა გადმოგვცემს, ეს ახალგაზრდა ხალხი, როგორც წესი, დანებით იყო შეირაღებული, რაც პრინციპში დამახასიათებელი მოვლენა უნდა ყოფილიყო ქალაქელებისათვის და ისიც ხელოსათა ფენიდან გამოსული რინდთა საძმოებისათვის. იმავე იბნ ბატუტას გადმოცემით, „არის ერთ-ერთი ჩვეულებათაგანი იმ მიწაზე (ანატოლიაში _ ლ.თ.) სადაც არ არის სულთანი, იქ არის ახი, რომელიც მოქმედებს, როგორც (იმ მხარის) მმართველი“ (იტ ის ონე ოფ ტჰე ცუსტომს ინ ტჰის ლანდ ტჰატ ინ ანყ პარტ ოფ იტ წჰერე ტჰერე ის ნო შულტან, იტ ის ტჰე Aკჰი წჰო აცტს ას გოვერნორ).2
როგორც ს. ვრიონისი შენიშნავს ახიები გამოჩენას მცირე აზიაში ფუტუვას ორგანიზაციების სუნიტური ზეგავლენის ქვეშ მოქცევა მოჰყვა. დევრიშები მნიშვნელოვნად განაპირობებდნენ ფუტუვების ალტრუისტულ განწყობას. სხვათაშორის მიუხედავად ფუტუვას ორგანიზაციების მუსლიმური აღმსარებლობისა და ისლამურ წიაღში წარმოშობისა ვრიონისის თქმით ამ ორგანიზაციებში, მაინც იყვნენ წარმოდგენილი სომეხი და ბერძენი მოსახლეობა. როგორც ვიცით ანატოლიაში მდებარე ქალაქების მნიშვნელოვან რიცხვს სომხები და ბერძნები შეადგენდნენ, ამდენად ფუტუვაში მათი მონაწილეობა გასაკვირი არ არის. ქრისტიანების რაოდენობა, ფაქტია, შეზღუდული უნდა ყოფილიყო. დაზუსტებულია, რომ ქალაქების კონიისა და სივასის რინდებში (რუნუდები) გაწევრიანებული იყვნენ სომხებიც.3
ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ახი აინა-ბეგის ჯარში მართლაც ყოფილიყო სომხურ-ირანულ-თურქული მკვიდრი მოსახლეობა და არა მომთაბარე თურქმანები. მათ მიერ 1361წ. ოქტომბერში გოლახის ალყის დროს საალყო მანქანების გამოყენებაც, რ. შუკუროვის აზრით, დამახასიათებელი იყო მკვიდრი მოსახლეობისათვის და არა ნახევრად ველური თურქმანებისათვის, რაც ადასტურებს ამ თვალსაზრისს.1
ამდენად, ახი აინა-ბეგი ანატოლიაში კარგად ცნობილი ახიების კატეგორიას მიეკუთვნეობდა და თავადვე მეთაურობდა ერზინკას ფუტუვას ახალგაზრდულ საძმოს. ახი აინა-ბეგი, როგორც ტრაპიზონის ქრონიკიდან ვიგებთ 1348 წლამდე ეუფლება ქალაქ ერზინკას (ერზინჯანი) სწორედ ამ წელს აწყობს ის სხვა მუსლიმ ამირებთან ერთად პირველ წარმატებულ ლაშქრობას ტრაპიზონის იმპერიაში.
1361წ. 23 ივლისსა და 6 აგვისტოს შორის ახი აინა-ბეგი ეუფლება ქალაქ ბაიბურთსა და ხოჯა-ლატიფის მთელ სამფლობელოებს, მისივე ხელში უნდა გადასულიყო ქალაქი სპერიც. ეს უკანასკნელი, ახი აინა-ბეგის შემდგომ პერიოდში მოსული მმართველის მუტახარტანის სამფლობელოს წარმოადგენდა,2 ამასთან ერზინკიდან ლაზეთსა და მის მიმდებარ ტერიტორიაზე მიმავალი გზა ბაიბურთსა და სპერზე იდო, ამდენად, ლაზეთისა და სამცხის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანია ჯარითა და სურსათით მნიშვნელოვანწილად სწორედ აქედანაც უნდა შევსებულიყო, ეს რომ არაფერი ვთქვათ ამ ტერიტორიის სამარშრუტო გზად გამოყენებაზე.
დავუბრუნდეთ საქართველოსა და ერზინკის 1361-1362 წლების კონფლიქტს. ამ შეიარაღებული კონფლიქტის ინიციატორი, როგორც აღინიშნა, ახი აინა-ბეგი იყო. მიზეზები, რომლებიც დღევანდელ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ, სამია: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახი აინა-ბეგის შემოსევისა ბაგრატ მეფის სვანეთში ლაშქრობა გახლდათ. ამ მოვლენაზე ვახუშტი ბაგრატიონს სპეციალურად აქვს გამახვილებული ყურადღება: „ხოლო თურქთა მათ ემცნოთ ტყუეთაგან მეფისა და სპათა შორის ყოფნა და ვიდოდნენ უშიშრად“.1 ვახუშტი სწორედ შენიშნავს, რომ არამარტო მეფე, არამედ მისი ჯარიც (სპა) სვანეთში მომხდარი აჯანყების ჩასახშობად იყვნენ გაგზავნილი და, ამდენად, უკიდურეს სამხრეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციების გადატანა, ქართველებს გაუჭირდებოდათ. მეორე მიზეზი, ამ ლაშქრობისა ნადავლის მოპოვება იყო. საერთოდ, თურქების მიერ განხორციელებული სამხედრო კამპანიები ხშირ შემთხვევებში, მსგავს წამოწყებებზე იყო ორიენტირებული და შესაბამისად არც ეს უკანასკნელი იქნებოდა გამონაკლისი. მესამე მიზეზი კი, რის გამოც ლაზეთი და არზრუმის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა, იყო ტრაპიზონისა და საქართველოს საერთო საზღვარი. როგორც წესი, ეს საზღვარი ერთობლივად კონტროლდებოდა და ამაზე პანარეტოსთან დაფიქსირებული ბაგრატ V დიდისა და ალექსი III კომნენოსის ხშირი შეხვედრებიც მეტყველებს.2 ეს მიუთითებს საერთო სამხედრო კოორდინაციის არსებობაზე საქართველოსა და ტრაპიზონს შორის, ეს კი ამ ორი ქვეყნის მეზობლად მყოფ ერზინკის საამიროს ყველაზე ნაკლებად აძლევდა ხელს.
ერზინკის მმართველი საქართველოს ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შემოიჭრა და სამცხის ტერიტორიის მორბევა დაიწყო. ვახუშტის ცნობით, ამის „მსმენელი მეფე მსწრაფლ წავიდა იბჩ (12000) რჩეულითა მხედარითა, გარდავლო ფერსათი და სამ დღე მსვლელ მიეწია რახს იქით“.3 ბაგრატს ამბავის მოსვლისთანავე შეუკრეფია 12000 მეომარი და ვახუშტის თუ ვენდობით, სამ დღეში ქუთაისიდან მდინარე არაქსის სამხრეთით დასწევია მტერს. ჩანს, მეფის მიერ აღებული ტემპი საკმაოდ სწრაფი იყო. ბრძოლაში მეფეთ მეფის ბაგრატ V დიდის მეომრებმა ახი აინა-ბეგის  ჯარი „მოსწყვიდნა ესრეთ, ვითარ მცირედნი გარდაიხუეწნენ“. მეფე სამცხეში ტყვეებითა და ალაფით სავსე დაბრუნდა.4 მდინარე არაქსის სამხრეთ სანაპიროსთან მომხდარი ბრძოლა ერზინკის თურქების კრახით დასრულდა. ეს ბრძოლა აგვისტოს დასაწყისში ან იმავე თვის შუა რიცხვებშია დასადები.
ახი აინა-ბეგი ერზინკაში დაბრუნდა. საქართველოსთან მარცხმა მას ვერ შეუშალა ხელი იმავე _ 1361წ. 15 ოქტომბერს ტრაპიზონის იმპერიის ციხე-სიმაგრე კუკოსის წინააღმდეგ წასულიყო. მის ამ ლაშქრობას პანარეტოსიც აღწერს. მართალია, პანარეტოსი ლაშქრობის თარიღად 1362წ. ოქტომბერს დებს, მაგრამ ინფორმაცია იდენტურია „ტარიხი ტაკვიმის“ ცნობისა და ამდენად, ერთწლიან ცთომილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. რაც შეეხება ზუსტ თარიღს ის „ტარიხი ტაკვიმშია“ მითითებული – 1361წ. 15 ოქტომბერი (1362წ. ოქტომბრისათვის ახი აინა-ბეგი უკვე მოკლულ იყო, ამდენად ის ამ წელსა და თვეს ტრაპიზონში ვერ გაილაშქრებდა. აქედან გამომდინარე, უპირატესობა აღმოსავლურ წყაროს ენიჭება და არა პანარეტოსს). პანარეტოსის მიხედვით, „ოქტომბერს, მეთხუთმეტე ინდიქტიონს, 6870 წელს ერზინკიდან მოვიდა ახიაინაკანი თითქმის 16 დღე ალყაშემორტყმული ჰყავდა გოლახის ციხე, დადგა მანქანები და სასტიკად იბრძოლა. მაგრამ ღვთის წყალობით ვერაფერი მოახერხა და წავიდა სირცხვილეული და ხელცარიელი“. ამდენად, ალყა 1361წ. 15 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელებულა, 31 ოქტომბერს კი ახი აინა-ბეგს უსარგებლო ალყა მოუხსნია და უკან გაბრუნებულა.1
ტრაპიზონის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის მიზეზი დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აქციისგან, თუმცა ერთის დამატება მაინც შეიძლება – ტრაპიზონში მას ის სტრატეგიული ობიექტები (კუკოსი, გოლახა) ჰქონდა ამოღებული მიზანში, რომელთა აღების შემდეგ, კიდევ უფრო ადვილად გაიკვალავდა გზას ქალაქ ტრაპიზონისკენ, რაც, როგორც უკვე დავინახეთ, არ განხორციელდა. საბოლოოდ ახი აინა-ბეგი 1362წ. 2 ან 3 ივლისს აღესრულა. „ტარიხი ტაკვიმში“ ის შახიდად, ანუ რწმენისათვის თავდადებულად არის გამოცხადებული.2 ის „ურწმუნოებთან“ (ამ შემთხვევაში იგულისხმება ქრისტიანები) ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შახიდის ეპითეტით მას არ შეამკობდნენ. ახი აინა-ბეგი ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ არ დაღუპულა, ეს კარგად ჩანს პანარეტოსის ქრონიკაში.
მიქელ პანარეტოსი იმპერატორ ალექსი III კომნენოსის (1349-1390) თანამედროვე და თანამებრძოლი იყო. ის არაფერს მსგავსს არ აღწერს მის ქრონიკაში. ამდენად, უფრო სავარაუდოა, ეს ახირებული თურქი საქართველოსთან ბრძოლაში დაღუპულიყო. ერზინკას მხოლოდ ორი ქრისტიანული ქვეყანა ესაზღვრებოდა საქართველო და ტრაპიზონი, ამდენად, თუ რომელიმე „ურწმუნო“ ქვეყანასთან ბრძოლაში ეწერა ახი აინა-ბეგს სიკვდილი ეს ამ ორი სახელმწიფოდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტური მიზეზების გამო გამოვრიცხეთ ტრაპიზონი, ამდენად გვრჩება მხოლოდ საქართველო. ასე რომ 1361წ. კონფლიქტი საქართველოსთან 1362წ. უნდა განახლებულიყო, რასაც ჩვენი ფრთხილი ვარაუდით ემსხვერპლა კიდეც ახი აინა-ბეგი. 1362წ. 2/3 ივლისის მოვლენების შესახებ, მხოლოდ მსგავსი არაპირდაპირი ინფორმაცია მოგვეპოვება და ამდენად, მეტი დეტალების დაზუსტება არ ხერხდება.
მიქელ პანარეტოსის, ო. თურანის მიერ გამოქვეყნებული „ტარიხი ტაკვიმისა“ და ვახუშტი ბაგრატიონის ცნობათა შეჯერებისა და განხილვის შემდეგ, ქართული ისტორიოგრაფიისათვის მრავალი უცნობი მოვლენის დაზუსტება თუ დათარიღება არის შესაძლებელი. ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულიმოვლენები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. 1361 წელს საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიაში მოხდა მზის დაბნელება. მიქელ პანარეტოსის ქრონიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ არამარტო დაადასტუროს ვახუშტის მიერ მოცემული თარიღი 1361წ. მზის დაბნელებისა, არამედ საათისა და წუთების ფარგლებში დააზუსტოს კიდეც „5 მაისს, ოთხშაბათს, მესამე ინდიქტიონის, 6869 წელს (1361) 5 საათზე მოხდა მზის დაბნელება ისეთი, როგორიც არ მომხდარა ჩვენს თაობაში, ასე რომ ზეცაში ვარსკვლავები გამოჩნდა და საათნახევრი მეფობდა (სიბნელე)“.1 აქედან გამოდინარე მზის დაბნელება 1361წ. 5 მაისს, ოთხშაბათ დღეს _ 5 საათზე მომხდარა და 6:30 წუთამდე გაგრძელებულა. ეს მოვლენა ერთგვარი წინამორბედი იყო იმ პროცესებისა, რომელიც ამის შემდეგ განვითარდა.
2. სვანების აჯანყება, რომლებმაც აიღეს, გაძარცვეს და დაწვეს ქუთაისი, 1361 წლის 5 მაისის შემდეგ, იმავე თვეს უნდა მომხდარიყო.
3. სვანების აჯანყება ჩახშობილ იქნა 1361წ. ზაფხულში (ივნის- ივლისი) დაახლოებით 1361წ. 6 აგვისტომდე.
4. 1361წ. 13 ივნისის შემდეგ (მას მერე, რაც დაამარცხეს და მოკლეს ბაიბურთის ამირა ხოჯა-ლატიფი) ვიდრე 6 აგვისტომდე ახი აინა-ბეგი დაეუფლა ბაიბურთსა და სპერს, რის შემდეგაც მან საქართველოში გამოილაშქრა.
5. 1361წ. 6 აგვისტოს ახი აინა-ბეგი საქართველოს ტერიტორიაზე _ ლაზეთსა და სამცხეში (იგულისხმება საერთოდ საათაბაგო და არა კონკრეტულად სამცხე) შემოიჭრა. კონფლიქტი აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა და ის ერზინკის მმართველის მარცხით დასრულდა.
6. 1361წ. 15 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე ახი აინა-ბეგი გოლახის ციხის აღებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
7. 1362წ. 2-3 ივლისს ახი აინა-ბეგი სავარაუდოდ საქართველოსთან ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო, რის შემდეგაც ის შახიდად შერაცხეს (გარემოებანი სრულად ცნობილი არ არის).
შენიშვნები
1. სომხური ანდერძ-მინაწერები (ჰიშტარაკანები) საქართველოს შესახებ XIV-XV სს. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1978, გვ. 26.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი III. რედ. ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა. თბ., 1979, გვ. 670-712. ასევე იხილეთ: კ. ტაბატაძე. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე. თბ., 1974; დ. კაციტაძე. საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე. თბ., 1975.
3. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ., 1973, გვ. 291.
4. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 864-865.
5. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 261.
6. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. VII. თბ., 1967, გვ. 194; ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 261.
7. ვ. სილოგავა. სვანეთის წერილობითი ძეგლები. I. თბ., 1986, გვ. 134, 138. ამ ძეგლებში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად გაჩენილ პრობლემებზეა საუბარი, რომელიც, მართალია, არ ეხება უშუალოდ 1361წ. აჯანყებას, მაგრამ მათ შორის კავშირი აქ აშკარაა. სვანეთში მსგავსი კლიმატური პირობების გაუარესებას ხშირად „მრავლისა უწესურისა საქმისა“ შემოსვლა მოჰყვებოდა შედეგად. ერთ-ერთი ასეთი „უწესური“ საქმე გახლდათ კიდეც 1361წ. ქუთაისის მორბევა და ძარცვა.
8. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 261.
9. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 261.
10. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 261
11. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 262.
12. თურქების ამ შემოსევას შეეხო მ. მახარაძე, რომელმაც იგი თეთრბატკნიანთა მბრძანებელის ქუთლუ ბეგის საქართველოში შემოსევას დაუკავშირა. ცნობა ლაშქრობის შესახებ, რომელიც ავტორმა გამოიყენა, დაცულია აბუ ბაქრ თიჰრანის „დიარბაქრის ისტორიაში“. ეს ლაშქრობა ქუთლუ ბეგის მოღვაწეობიდან გამომდინარე 1360-1389წწ. შორის არის განსასაზღვრი. მკვლევარი წერს, რომ ვახუშტის თურქების შემოსევის თარიღი მითითებული არა აქვს, ხოლო ზუსტი დრო ამ ლაშქრობისა, მისი აზრით არის 1364წ. ეს მაშინ როდესაც ვახუშტი ბრძოლის თარიღად ბაგრატის გამეფების მეორე წელს ანუ 1361 წელს ასახელებს (ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 261-262). აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორს არა აქვს გამოყენებული უახლესი მასალა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული. ამასთან, აბუ ბაქრის ცნობაში საუბარია თურქების მიერ ახალციხის დარბევაზე, რაც გამოხმაურებას არ პოულობს ვახუშტის თხზულებაში. ინფორმაცია, რომელიც აბუ ბაქრ თიჰრანის ცნობაშია დაცული, სხვა პოლიტიკური რეალობის ამსახველია. ამდენად, ავტორისეული იდენტიფიკაცია ვახუშტისთან დაცული თურქების შემოსევისა და აბუ ბაქრ თიჰრანის ცნობაში დაცული ქუთლუს ლაშქრობის იგივეობის შესახებ, არ მიგვაჩნია მართებულად. იხ. _ მ. მახარაძე. შემოესია თუ არა თეთრბატკნიანთა მბრძანებელი ქუთლუ საქართველოს. _ ქართული წყაროთმცოდნეობა, ტ. XI. თბ., 2006, გვ. 149-154.
13. ეს წყარო _ „ტარიხი ალ-ტაკვიმი“ თავის დროზე ო. თურანმა გამოაქვეყნა ანკარაში. ის როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო გამოყენებული აქვს რ. შუკუროვსაც. იხილეთ: O. თურან. Iსტამბულუნ ფეტჰინდენ ონცე ყაზილიმის ტარიჰი ტაკვიმტერ. Aნკარა, 1954; Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток (1204-1461). СПб., 2001, გვ. 211.
14. ო. თურან. ისტამბულუნ ფეტჰინდენ ონცე ყაზილიმის ტარიჰი ტაკვიმტერ, გვ. 80. აქ დაცულ ინფორმაციას ჩვენ რ. შუკუროვის ნაშრომზე დაყრდნობით ვიმოწმებთ, სადაც ჩვენთვის საინტერესო ნაწილი მკვლევარს თარგმნილი აქვს თურქულიდან. ვინაიდან, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი უშუალოდ აღნიშნულ წყაროზე, გვიჭირს მისი სრულად განხილვა.მასში დაცული ცნობები შესაძლოა, შეიცავს დამატებით მასალებს საქართველოს შესახებ.
15. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 211.
16. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 195.
17. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 195-196.
18. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 196; O. თურან. Iსტამბულუნ ფეტჰინდენ ონცე ყაზილიმის ტარიჰი ტაკვიმტერ, გვ. 80; Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 211.
19. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 211-212. საერთოდ ტრაპიზონის ქრონიკა, რომელიც მდიდარია ფაქტობრივი მასალით, იშვიათად, მაგრამ მაინც ურევს ახლო თარიღებს ერთმანეთში. ცთომილება, როგორც წესი, ერთი წელია. განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მიქელ პანარეტოსის გამგრძელებლის ინფორმაციის ანალიზისას, რომელმაც 1386-1390 წლების შემდეგი მოვლენები აღნუსხა და, როგორც ჩანს, პანარეტოსის ჩვენამდე მოღწეული ტექსტი მის მიერვე უნდა იყოს რედაქტირებული. ამ უცნობი გამგრძელებლის ინფორმაცია საფრთხილოა, რადგან ის საკმაოდ დიდი უზუსტობით გამოირჩევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიქელ პანარეტოსი მის ქრონიკაში აღწერს ბაგრატ V დატყვევებისა და თბილისის დაცემის ფაქტს, მაგრამ არ ასახელებს ბაგრატის განთავისუფლებას, რაც 1387წ. გაზაფხულს მოხდა. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მიქელ პანარეტოსის გარდაცვალება 1387წ. დასაწყისით განვსაზღვროთ.
20. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 211.
21. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 196.
22. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 209. ახი როგორც რ. შუკუროვი განმარტავს მომდინარეობს არაბული სიტყვიდან და ნიშნავს „ჩემი ძმას“, თუმცა ამ შემთხვევაში იხმარება, როგორც „ძმა“, ან „კეთილშობილი მამაკაცი“.
23. ჩ. ჩაჰენ. Pრე-Oტტომან თურკეყ. Lონდონ, 1968, გვ. 336-340.
24. შ. Vრყონის, ჟრ. თჰე Dეცლინე ოფ Mედიევალ Hელლენისმ ინ Aსია Mინორ ანდ ტჰე Pროცესს ოფ Iსლამიზატიონ ფრომ Eლევენტჰ ჩენტურყ ტჰროუგჰ ტჰე Fიფტეენტჰ ჩენტურყ. Bერკელეყ–Lოს Aნგელეს–Lონდონ, 1971, გვ. 397.
25. შ. Vრყონის, ჟრ. თჰე Dეცლინე ოფ Mედიევალ Hელლენისმ.., გვ. 397.
26. შ. Vრყონის, ჟრ. თჰე Dეცლინე ოფ Mედიევალ Hელლენისმ.., გვ. 398.
27. შ. Vრყონის, ჟრ. თჰე Dეცლინე ოფ Mედიევალ Hელლენისმ.., გვ. 399.
28. შ. Vრყონის, ჟრ. თჰე Dეცლინე ოფ Mედიევალ Hელლენისმ.., გვ. 401-402.
29. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 210-211.
30. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 213-215.
31. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 262.
32. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 202, 208.
33. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 262.
34. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 262.
35. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 196.
36. Р. М. Шукуров. Великие Комнены и Восток, გვ. 212; O. თურან. ისტამბულუნ ფეტჰინდენ ონცე ყაზილიმის ტარიჰი ტაკვიმტერ, გვ. 80.
37. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გვ. 194.

Комментариев нет:

Отправить комментарий